თავი V. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიებთან და არამართლმადიდებლურ კონფენსიებთან. ავტოკეფალიური მოძრაობის წარმატებით დაგვირგვინება
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და პირველი საეკლესიო კრების მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად კირიონ II–ის არჩევის შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ დაიწყო სერიოზული მუშაობა, რათა მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ მსოფლიოს მკაფიო წარმოდგენა შეჰქმნოდათ, რა მოხდა საქართველოში, და არ აღმოჩენილიყვნენ რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ტენდენციური ინფორმაციების ტყვეობაში. პირველ ყოვლისა, იყო სურვილი რუსეთის ეკლესიასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებისა, მაგრამ 1917 წლის აგვისტოში რუსეთის ახლადარჩეულმა პატრიარქმა ტიხონმა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქებს მცხეთაში 1917 წლის 12 (25) მარტს მიღებული დოკუმენტის გაუქმებისა და სინანულისაკენ მოუწოდა. ამიტომ 25 წლის მანძილზე საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ევქარისტული კავშირი არ არსებობდა.
1943 წლის 31 ოქტომბერს, დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის პატრიარქმა სერგიმ ოფიციალურად აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია, 1917 წლის 12 (25) მარტის სვეტიცხოვლის დამოუკიდებლობის აქტის კანონიერება და რუსი მრევლისადმი მიმართვაში დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის აღდგენა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების დოკუმენტს ხელს აწერდნენ პატრიარქი სერგი და სინოდის მუდმივი წევრები, მიტროპოლიტები: ალექსი, ნიკოლოზი, მთავარეპისკოპოსები: ანდრეი, ალექსი, იოანე.
1946 წელს საქართველოში ოფიციალური მეგობრული ვიზიტით ჩამობრძანდა რუსეთის პატრიარქი უწმიდესი ალექსი I. 1958 წელს იგი მეორედ ჩამოვიდა საქართველოში. 1945–1948 წლებში უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე სტუმრობდა მოსკოვს. 1951–1970 წლებში მოსკოვში არაერთხელ ჩატარდა საბჭოთა კავშირში არსებულ რელიგიურ კონფესიათა მეთაურების შეხვედრა, სამშვიდობო კონფერენციები. ამ შეხვედრებში მონაწილეობდნენ უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქნი: მელქისედეკ III, ეფრემ II, დავით V, ილია II. რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა დამყარდა.
1977 წლის 25 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებაზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი ამ სიტყვებით მიესალმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს: "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, აღსავსე უღრმესი პატივისცემით თავისი ერთმორწმუნე, მოძმე ქართული ეკლესიისადმი, გულით ხარობს ამ უწმიდეს ტაძარში გამეფებული სიხარულითა და ზეიმით. ეს სიხარული წმიდაა და ნათელი. ჩვენც სიხარულმა მოგვიყვანა აქ, რათა ერთხელ კიდევ დავუდასტუროთ კეთილმორწმუნე ქართველ ერს და მის ღირსეულ მწყემსმთავარს სრულიად რუსეთის ეკლესიის სამწყსოს სიყვარული"[34, 1978, 12].
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II პატრიარქ პიმენის ამ პოზიციას პატივისცემითა და რუსეთის ეკლესიისადმი სიყვარულით პასუხობდა. 1978 წლის მაისში მან მონაწილეობა მიიღო რუსეთში პატრიარქობის აღდგენიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში. აქ იგი შეხვდა და მომავალი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ესაუბრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მიტროპოლიტებს - მელიტონსა და ბართოლომეოსს (ახლანდელ მსოფლიო პატრიარქს), იერუსალიმის ეკლესიიდან – მიტროპოლიტ გერმანეს, რუმინეთის ეკლესიიდან - მიტროპოლიტ თეოქსტიტეს (შემდგომში პატრიარქს), ბულგარეთის პატრიარქ მაქსიმეს, ელადის ეკლესიის წარმომადგენელს - მიტროპოლიტ ვარნავას, კვიპროსის ეკლესიის მეთაურს - მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს, ჩეხოსლოვაკიის ეკლესიის მეთაურს - დოროთეს, პოლონეთის ეკლესიის მეთაურს - მიტროპოლიტ ვასილს, ამერიკისა და კანადის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს - მთავარეპისკოპოს თეოდოსის, სომხური ეკლესიის მეთაურს - პატრიარქ–კათოლიკოს ვაზგენს I–ს. რუსეთის ეკლესიის მეთაურის, უწმიდეს პიმენისადმი მიმართულ მისალმებაში მან აღნიშნა: "რუსული ეკლესიის ათასწლოვანი ისტორია - ეს არის ქრისტეს ჯვრის მტვირთელობის ათასწლოვანი გზა. ეს არის წმინდანთა დასები, ეს არის ქრისტიანული სიყვარული, ეს არის ბრძოლა ჭეშმარიტი რწმენისა და მამულისათვის. ეს არის სულიერ ფასეულობათა შექმნა და ზრუნვა მათი შენარჩუნებისათვის"[30, 234].
უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყოველთვის პატივისცემით იხსენებდა რუსეთის პატრიარქებს - უწმიდეს ალექსი I-სა და უწმიდეს პიმენს. მან 1990 წელს პატრიარქ პიმენის დაკრძალვაზე ასე დაახასიათა იგი: "როდესაც ჩვენ უწმიდესი პატრიარქის - პიმენის ცხოვრებას შორიდან ვუყურებთ, ვხედავთ მხოლოდ მის სიდიადეს, გვახსენდება სადღესასწაულო ღვთისმსახურებანი, წირვა–ლოცვანი, მაგრამ ვერ ვხედავთ იმ მძიმე განსაცდელსა და დევნას, რომელიც მან გადაიტანა, ვერ ვხედავთ იმ თავგანწირულ მსახურებას, მის უძილო, ლოცვით გათენებულ ღამეებს, მის ცრემლებსა და ტანჯვას, იმ მძიმე ჯვარს, რომელიც მას თავისი მხრებით მიჰქონდა"[30, 237].
უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ახლადარჩეულ პატრიარქ ალექსი II–ს ტრადიციული მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა შესთავაზა.
XX საუუნის 90–იან წლებში ბოლშევიკების მიერ მოდერნიზებული რუსეთის საბჭოთა იმპერია - საბჭოთა კავშირი - დაიშალა. ეს პროცესი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის, მათ შორის - საქართველოსათვის, საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა. რუსეთის პოლიტიკური წრეების წაქეზებითა და მხარდაჭერით გაძლიერდა სეპარატისტული ტენდენციები საქართველოს ისტორიულ მიწა–წყალზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რუსეთმა ფაქტობრივად ამ ტერიტორიების ანექსია მოახდინა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებრიობას ჯიუტად უმტკიცებს, რომ იგი რეგიონში იცავს მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც 300 000 ქართველი გამოძევებულია აფხაზეთის ტერიტორიიდან, 14 ათასზე მეტი ადამიანი კი დახოცეს საკუთარ მიწა–წყალზე. დახვრიტეს მამა ანდრია, დაარბიეს ეკლესიები.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის ბუნდოვან განცხადებებში თითქოს გმობდა ძალადობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერში ირიბად ქართველებს ადანაშაულებდა. რუსეთის პატრიარქმა ალექსი II–მ თბილისში ყოფნისას თავი აარიდა ამ პრობლემებზე მსჯელობას. ცხუმ–აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიებიდან სეპარატისტების მიერ გამოძევებულია ქართველი სამღვდელოება და ამ დროს რუსეთის ეკლესია, საქართველოს საპატრიარქოს გვერდის ავლით, ცდილობს იქ რუსი სასულიერო პირების დამკვიდრებას და ამას ამართლებს მოსახლეობის რელიგიური მოთხოვნილებით. ისეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე, რომ, როგორც რუსეთის სახელმწიფო, ასევე ეკლესია, საჯაროდ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ეკლესიის ტერიტორიულ ავტოკეფალიას, მაგრამ სინამდვილეში პირიქით იქცევიან. ამ თვალსაზრისით რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ ცხინვალის სეპარატისტული უკანონო შეიარაღებული ფორმირების აღლუმზე მონაწილეობს რუსეთის ვლადიკავკაზის ეპარქიის წინამძღოლი?
რუსეთის "პატრიოტ მეცნიერთა" წრეებში გაჩნდა მოსაზრებანი ახალი ათონის მონასტრის რუსეთის ეკლესიისათვის დაბრუნების აუცილებლობის შესახებ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II მკაცრად გმობს ყოველივე ამას. რუსეთის პატრიარქ ალექსი II–სადმი გაგზავნილ წერილში იგი აღნიშნავს: "მე მივიღე საკმაოდ უცნაური და გაუგებარი წერილი და აუცილებლად მივიჩნიე, გამეცნო იგი თქვენთვის, მით უმეტეს, რომ იგი რუსეთისა და საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიების ურთიერთობებს ეხება.... უპირველეს ყოვლისა, გვაოცებს, რატომ ერევიან მეცნიერები ორი ძმური ავტოკეფალიური ეკლესიის ურთიერთობაში? ვინ მისცა მათ ამის უფლებამოსილება? მე არ ვფიქრობ, რომ ეს თქვენგან მიეცათ. მტკიცება ახალი ათონის მონასტრის რუსეთის ეკლესიისათვის დაბრუნებისა იმ მოტივით, რომ იგი რუსი ოსტატების, რუსი ხალხისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხარჯებით აშენდა, არასწორია. მე შემიძლია მრავალი მაგალითი მოვიყვანო იმის თაობაზე, რომ ბევრი ქართული ტაძარი და შენობა მოსკოვში, პეტერბურგსა თუ რუსეთის სხვა ქალაქებში ქართველი მეფეებისა და თავადების მიერ არის აშენებული; ჩვენ რომ დღეს ერთმანეთს მსგავსი პრეტენზიები წავუყენოთ, ეს არ შეუწყობს ხელს ჩვენი ხალხებისა და ეკლესიების მეგობრობას... გარდა ამისა, მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც 1943 წელს რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია, საქართველოში არსებული ყველა რუსული სამწყსო და მონასტერი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას გადაეცა"[33, II, 421-422].
პატრიარქმა ასევე მკაცრად დაგმო ვლადიკავკაზისა და სტავროპოლის მიტროპოლიტ გედეონის მცდელობა "სამხრეთ ოსეთის ხალხისათვის სულიერი დახმარების აღმოჩენის შესახებ" და დასძინა: "უპირველეს ყოვლისა, მეუფე გედეონმა უნდა იცოდეს, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საქართველოს უძველესი ტერიტორიაა, თავისი განცხადებით იგი მტრობას სთესს არა მხოლოდ ქართველებსა და ოსებს, არამედ ქართველებსა და რუსებს შორისაც"[33, II, 424]..
სამწუხაროდ, რუსეთის ეკლესიამ მკაფიო პასუხი ვერ გასცა, თუ რატომ ხდება ყოველივე ეს, ვერც 1992 წლის ოქტომბერში, როდესაც უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ მიმართა რუსეთის პატრიარქ ალექსი II–ს და სთხოვა, გამოეყენებინა თავისი ავტორიტეტი აფხაზეთში დატრიალებული სისხლისღვრის შესაჩერებლად, და ვერც შემდგომ.
რუსეთ–საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე რთული არ ყოფილა არც ამოუცნობნიშნებიანი თვითმფრინავებით საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიების პერმანენტული დაბომბვა, არც ეკონომიკური ბლოკადა და არც ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, ბევრად უფრო მძიმე და შეურაცხმყოფელი იყო 2006 წლის შემოდგომაზე ქართველთა დამამცირებელი დეპორტაცია რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან და მათი დევნა ეთნიკური ნიშნის მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საშიშ ზღვარს გასცდა. ამ ვითარებაში რუსეთის საპატრიარქოს მიერ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II–ის მიწვევა მოსკოვში მართლმადიდებელი ენციკლოპედიის მე–13 ტომის პრეზენტაციაზე დასასწრებად, სცილდებოდა ენციკლოპედიის პრეზენტაციის ფარგლებს. ვიზიტი 2007 წლის 1–5 მარტს შედგა. მრავალრიცხოვანი ქართული დელეგაცია, რომელსაც პატრიარქი ხელმძღვანელობდა, ფიქრობდა, მსჯელობდა, როგორი შედეგები ექნებოდა ამ ვიზიტს. ყველა ღელავდა, მშვიდად მხოლოდ მისი უწმიდესობა იყო. მან პირველსავე ოფიციალურ შეხვედრაზე მკაფიოდ განაცხადა: "ჩვენ ჩამოვედით ფრიად საპასუხისმგებლო დროს, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები საგრძნობლად გართულდა... ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება და მივხვდებით, რომ მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები უნდა იყოს სტაბილური და მეგობრული. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. არსებობს შესანიშნავი ბრძნული გამონათქვამი: დილით, ამომავალ მზეზე ადრე ხედავ მეზობელს... რუსეთს უნდა სჭირდებოდეს ერთიანი, მეგობრული საქართველო."[35, 18-19].
პატრიარქმა 4 მარტს მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, უწმიდეს ალექსი II-სთან ერთობლივი ღვთისმსახურების შემდეგ, მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: "პრობლემები, რომლებიც წარმოიშვნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ღვთის მადლით, გადაწყდება ქართული სახელმწიფოს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წიაღში, ხოლო არჩევნები, რომელიც დღეს ტარდება აფხაზეთში, საიდანაც 300 ათასი მკვიდრი მცხოვრები გამოძევებულია, არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად."[35, 35]. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პოლიტიკა რთული ხელოვნებაა, მაგრამ, როგორც აზვირთებულ ოკეანეში გემის ბრძენ წინამძღოლს შეუძლია მისი სამშვიდობოზე გაყვანა, მის უწმიდესობას შესწევს ძალა ურთულეს დიპლომატიურ ლაბირინთებში მშვიდად გაიაროს და თავისი ქვეყნისა და დედა ეკლესიის ინტერესები დაიცვას უდიდესი ტაქტითა და ღირსებით.
უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური 1917–1918 წლებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობის აღდგენას. 1811 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა _ ალექსანდრე I–მა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან გაწყდა მრავალსაუკუნოვანი კავშირი. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II მსოფლიო პატრიარქ ბასილ III–ს წერილში მოკლედ მოუთხრობდა 1811–1917 წლების საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიას და აცხადებდა: "გულისხმავყოფ ბრძანებასა მოციქულისასა თანახმად ერთობისა მას სულისასა საკვირველისასა... სიყვარულით მოგიკითხავ, უნეტარესო მამაო, და წრფელითა გულითა გითხრა: "ქრისტე არს ჩვენს შორის“. ღვაწლი ჩემდა იქნების დაცვაი დოღმატთა მართლმადიდებლობისათა, რომელთა არცა გამცემელ ყოფილ არს ეკლესიაი ჩვენი, გზად ჩემდა იქმნების ზრუნვაი კეთილდგომისათვის წმიდათა ღმერთისა ეკლესიათა და კეთილი წარმატებისათვის ერისა ჩემის ზღუდედ ჩემდა იქმნების კანონი."[15, 206]. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო, რუსეთის ეკლესიის გავლენით, ერიდებოდა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან ურთიერთობას XX საუკუნის 20–60–იან წლებში. ერთადერთი შემთხვევა უკავშირდება 1928 წელს, როდესაც მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ახალ სტილზე გადასვლის გამო მხარდაჭერა სთხოვა.
ბოლშევიკური მმართველობის ხანაში სხვა მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიებთან პირადი კონტაქტები გაძნელებული იყო. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საბჭოთა კავშირის მიერ მტრულად შერაცხილი სამხედრო ორგანიზაციის, "ნატოს" წევრი ქვეყნის - თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა და ოფიციალური ხელისუფლება საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქოსთან თავისუფალ ურთიერთობას უკრძალავდა. დღეს ხშირად კამათობენ იმის თაობაზე, თუ რამდენად იყო გამართლებული 1962 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II-ის თანხმობა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში გაწევრიანების შესახებ. ამ ორგანიზაციის ეგიდით მოწყობილ სამშვიდობო ფორუმზე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისათვის მკაფიოდ განემარტათ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის მნიშვნელობა და მოეთხოვათ მათგან ამ ავტოკეფალიის აღიარება. 1963 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია მონაწილეობდა კუნძულ როდოსზე გამართულ მართლმადიდებელ ეკლესიათა სამშვიდობო ფორუმში, რომელზეც საქართველოს ეკლესია ყველაზე ახალგაზრდა ავტონომიურ ეკლესიად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა მეუფე ილიას მწვავე რეაქცია. მან განუმარტა დამსწრეთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის უძველესი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესია და მოითხოვს შესაბამის პატივისცემას. როდოსიდან დაბრუნებულმა ეპისკოპოსმა ილიამ ვრცელ მოხსენებით ბარათში უწმიდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს აუხსნა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ირგვლივ შექმნილი ვითარება. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ მას დაავალა, ემუშავა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებისათვის, მეცნიერებთან თანამშრომლობით მოეძია ავტოკეფალიის ისტორიული მტკიცებულებანი.
დაიწყო ამ მიმართულებით დაძაბული მუშაობა. 1970 წლის 2 მარტს უწმიდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს სამუშაო დღიურში ჩაუწერია: "კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქი ჩვენს ეკლესიასთან არ არის კეთილად განწყობილი, ცნობილმა ვიღაცამ (?) ყურში ბოროტად ჩაუჩურჩულა, ჩვენს პატრიარქობას არ სცნობს... ჩვენ ჩვენს გზას ვაგრძელებთ."[27, 3797].
მსოფლიო საპატრიარქოსთან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების საკითხებზე ინტენსიური მოლაპარაკებები გაგრძელდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა–კურთხევით. 1978 წლის 1–4 ივნისს, პატრიარქის მოწვევით, თბილისში იმყოფებოდა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვა-ნელობდა ქალკედონის მიტროპოლიტი მელიტონი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ფილადელფიის მიტროპოლიტი ბართოლომეოსი (ახლანდელი მსოფლიო პატრიარქი) და შვედეთის მიტროპოლიტი პავლე. საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა პირველი სერიოზული მოლაპარაკება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხებზე. 1978 წლის 16 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში შეხვედრა მოუწყო ქართველ მეცნიერებს. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორები: მ. ლორთქიფანიძე, ნ. ლომოური, ო. ჯაფარიძე, პ. ზაქარაია, შ. ლომსაძე, ი. სიხარულიძე, გ. მამულია, ნ. ასათიანი, რ. სირაძე, ა. ბოგვერაძე, დ. გოგოლაძე, თ. ბერაძე, ი. ლოლაშვილი, ბ. ლომინაძე. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ქართველ მეცნიერებს სთხოვა, ინტენსიურად ემუშავათ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაზე. მანვე აღნიშნა, რომ მოსაგვარებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი. საჭირო იყო, მყარი ისტორიული მტკიცებულებების მქონე საბუთებით დაემტკიცებინათ ბერძნული საპატრიარქოებისთვის, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაური V საუკუნიდან კათოლიკოსის, ხოლო XI საუკუნიდან - კათოლიკოს–პატრიარქის ტიტულს ატარებდა. მეცნიერებმა აღუთქვეს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ინტერესების დასაცავად. მართლაც, უმოკლეს დროში შეიქმნა ნ. ლომოურის, ბ. ლომინაძის, დ. გოგოლაძის, ა. ბენდიანიშვილის ნაშრომები საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის ცალკეულ საკითხებზე.
1979 წლის 2–8 მაისს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II თანმხლებ პირებთან ერთად სტამბულში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის - უწმიდესი დიმიტრიოსის მიწვევით. "თითქმის რვაასი წელია, რაც კონსტანტინოპოლში არ ყოფილა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, – განაცხადა მისმა უწმიდესობამ, - ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა და ღვთის ლოცვა–კურთხევით ჩამოვედი ამ ქალაქში, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იყო ცენტრი ეკლესიური, კულტურული და სამეცნიერო ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ჩვენი ეკლესია მუდამ გრძნობდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება მსოფლიო საპატრიარქოს, ის მუდამ უნდა ყოფილიყო იმ ძალად, რომელიც დააკავშირებდა ავტოკეფალიურ ეკლესიებს."[34, 1979, 2, 12-13]. . საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი შეხვდა მსოფლიო საპატრიარქოს მმართველ მღვდელმთავრებს, გაიმართა აზრთა გაზიარება მართლმადიდებელ ეკლესიათა ურთიერთობის საკითხებზე. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შეხვედრაზე განაცხადა: "როდესაც წერილს ან მილოცვას გვიგზავნის კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო, სწორად არ არის მოხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ისე როგორც წოდებულია V საუკუნიდან... საეკლესიო ფორუმებსა და კონფერენციებზე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კანონიერად უნდა იკავებდეს თავის ადგილს... როცა ხდება კუთვნილი VI ადგილის დარღვევა, ეს გავლენას ახდენს საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე და მის ავტორიტეტზე მთელ მსოფლიოში... ჩვენ გვსურს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს... არ ვითხოვ ახალი რამის მოცემას ან დამტკიცებას, ჩვენ გვინდა აღვადგინოთ წინანდელი ჩვენი მდგომარეობა, რომელიც, სამწუხაროდ, 1811 წელს დავკარგეთ."[34, 1979, 2, 11].
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სახელით გამოსულმა ქალკედონის მიტროპოლიტმა მელიტონმა აღუთქვა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურს, რომ ეს საკითხები დადებითად გადაიჭრებოდა დასაბუთებული ისტორიული მასალების გაცნობის საფუძველზე.
დაძაბული მოლაპარაკებები 11 წელი გაგრძელდა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიისა და დიპტიხის საკითხებში არავითარ კომპრომისზე არ მიდიოდა. 1982 წლის 3 ივლისს მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აწერდნენ უწმიდესი და უნეტარესი ილია II და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის 13 მღვდელმთავარი, ნათქვამი იყო: "თუ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო სადავოდ მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ადგილს დიპტიხში, იმ შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქოს გაუჭირდება მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ მოწყობილ ღონისძიებებში."[27, 10417].
საქართველოს საპატრიარქომ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ 1981 წელს საბერძნეთისა და კვიპროსის ეკლესიების მიერ შედგენილ კალენდარში საქართველოს ეკლესია არ იყო მოხსენიებული ისტორიულად მის კუთვნილ მე-6 ადგილზე. მის უწმიდესობას მოუბოდიშეს, რომ იძულებული იყვნენ დაეცვათ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალიური ეკლესიებისათვის განკუთვნილი რიგი. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, ქართველ მეცნიერებთან კონსულტაციის შემდეგ, მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს დაუგზავნა დასაბუთებული, ისტორიული დოკუმენტებით გაჯერებული წერილები, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიულ ავტოკეფალიასა და დიპტიხში მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მისი კუთვნილი მე–6 ადგილის კანონიერებას ამტკიცებდა. პატრიარქმა ილია II-მ მოძმე ეკლესიებისგან წერილობითი მხარდაჭერა მოითხოვა. მისი უწმიდესობის მოთხოვნას დადებითად გამოეხმაურნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი უწმიდესი პიმენი (1982 წ. 29. IX), პრაღისა და ჩეხოსლოვაკიის მიტროპოლიტი დოროთეოსი (1982 წ. 16.VII), ბულგარეთის პატრიარქი მაქსიმე (1982 წ. 16.V), ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი უწმიდესი ნიკოლოზ VI (1982 წ. 1.IX). მრავალმხრივ საგულისხმო იყო იერუსალიმის პატრიარქის დიოდოროსის პასუხი: "ძმური სიყვარულით მივიღეთ ჩვენთვის ძალზე საყვარელი თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის წერილი, რომელმაც მოგვაგონა და უკან მოგვახედა ეკლესიური ფაქტებისაკენ, გვიჩვენა უძველესი დროიდანვე დადგენილად სრულიად მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია... დაბეჯითებით მოგახსენებთ, რომ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთსულოვნებით საქართველოს მოწამებრივმა, მაგრამ, ამავე დროს, დიდებულმა საპატრიარქომ უნდა მიიღოს თავისი შესაბამისი ადგილი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დიპტიხში."[27, 1374, 8701]. უწმიდესსა და უნეტარეს ილია II–ს წერილს დაუყოვნებლივ უპასუხა მსოფლიო პატრიარქმაც: "მივიღე და შესაფერისი ყურადღებით გავეცანით ჩვენი წმიდა სინოდის კრებაზე ჩვენთვის ძალზე საყვარელი და სასურველი თქვენი უნეტარესობის და წმიდა სინოდის ძმურ წერილს, რომელიც შეეხება წმიდა დიპტიხში თქვენი ეკლესიის ადგილს ისტორიული და კანონიერი მონაცემებით. გაცნობებთ, რომ იგი განსახილველად გადაეგზავნა სინოდის საბჭოს."[27, 8701].
1988 წლის აგვისტოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II–ის მოწვევით, თბილისში ჩამობ-რძანდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი უწმიდესი დიმიტრიოსი, რომელმაც მოილოცა ქართული ეკლესია–მონასტრები, ხელოვნების მუზეუმში დაათვალიერა ქართული საეკლესიო სიწმინდენი. მსოფლიო პატრიარქი გააოცა ეკლესია–მონასტრებში მრევლის, ძირითადად ახალგაზრდობის, სიმრავლემ. საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის წევრებთან და ქართველ მეცნიერებთან გაიმართა მსჯელობა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიხში VI ადგილის დაკავების შესახებ. გადაწყდა, აღნიშნულ საკითხებზე გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები.
1988–1989 წლებში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების საკითხებზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მიტროპოლიტები: ქრიზოსთომოსი და დამასკინოსი. უწმიდესი და უნეტარესი ილია II განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ყველა სიტყვას, რომელიც აღიარების ტექსტში უნდა შესულიყო. მოლაპარაკებები იყო რთული, მაგრამ კონსტრუქციული. 1990 წლის 7 იანვარს (ძვ. სტ. 25 დეკემბერს), სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვის დამთავრების შემდეგ, მიტროპოლიტმა ქრიზოსთომოსმა ოფიციალურად გამოაცხადა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიისა და მისი მეთაურის საპატრიარქო ტიტულის აღიარების შესახებ.
1990 წლის 4 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ხელმოწერით მიიღო ორი სიგელი:
"1. საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი", რომლის თანახმადაც მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება "ცნოს და დაამტკიცოს საქართველოს წმიდა ეკლესიის ავტოკეფალია და დამოუკიდებელი სტრუქტურა".
2. კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქის - დიმიტრიოსის - განჩინებით, საქართველოს უწმიდესი ეკლესია პატივდებული იქნა საპატრიარქო ღირსებითა და ადგილით, როგორც ადრიდანვე იხსენიებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში. პატრიარქის ტიტულია: "მთავარეპისკოპოსი მცხეთა–თბილისისა და კათოლიკოს–პატრიარქი სრულიად საქართველოისა."[34, 1990, 3, 5-8].
მისმა უწმიდესობამ გულითადი მადლობა მოახსენა მსოფლიო საპატრიარქოს ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის და გამოთქვა რწმენა, რომ დიპტიხის საკითხიც ასევე სამართლიანად გადაწყდებოდა.
საქართველო მოუთმენლად ელოდა მისი უწმიდესობის სამშობლოში დაბრუნებას. ერთი წელი სრულდებოდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის სისხლიანი დღეებიდან, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა მკაფიოდ აყენებდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს. როგორც 1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა წინ უსწრებდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ისე მოხდა 73 წლის შემდეგაც. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობის სიგელებით ხელდამშვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაბრუნდა სამშობლოში. თბილისის აეროპორტიდან საპატრიარქო რეზიდენციამდე ბედნიერებისაგან აცრემლებული, ერთ მუშტად შეკრული ქართველობა აცილებდა თავის ღირსეულ სულიერ წინამძღოლს. 28 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში წარმოთქმულ სიტყვაში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა ქართველ ერს ისტორიული დღე და აღნიშნა: "ამჯერად ხელთ გვაქვს ის საბუთები, რომელთაც საქართველო 1500 წლის მანძილზე ელოდა... ისინი იმდენად დიდი მნიშვნელობის საბუთებია, რომ ვერასდროს, ღვთის წყალობით და ღვთის ლოცვა–კურთხევით, ვერავინ ვეღარ შეახებს ხელს საქართველოს ეკლესიას."[34, 1990, 3, 4]. სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა მის უწმიდესობას, მარტო ეს ეყოფოდა ისტორიაში შესასვლელად.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობას ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. 1991 წლის 29 აპრილს თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლის მერის მოადგილის მეშვეობით გამოიძახა მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი და მოუწყო დაკითხვა. თურქეთის ხელისუფლება XV საუკუნიდან არ სცნობს მსოფლიო საპატრიარქოს და კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქებს ადგილობრივი ბერძნული თემის ეკლესიის მეთაურებს უწოდებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა თურქეთის პრეზიდენტ თურგუტ ოზალისადმი გაგზავნილ წერილში ხმა აღიმაღლა მსოფლიო საპატრიარქოს პატივისა და ღირსების დასაცავად, დაგმო მსოფლიო პატრიარქის დაკითხვის ფაქტი და გამოთქვა რწმენა, რომ მსგავსი ინციდენტი არ განმეორდებოდა. უწმიდესმა და უნეტარესმა გაამხნევა მსოფლიო პატრიარქი. "საქართველოს საპატრიარქო მუდამ თქვენთან იქნება", – განუცხადა მას უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც დემოკრატიული მსოფლიოს რელიგიურ კონფენსიათა ლიდერები თურქეთის ხელისუფლების განაწყენებას მოერიდნენ და შექმნილ ვითარებაში დუმილი ამჯობინეს. თავის მხრივ, მსოფლიო საპატრიარქომ მკაცრად დაგმო რუსეთის იმპერიული პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მოუწოდა რუსეთის საპატრიარქოს, თავი შეიკავოს რელიგიური სეპარატიზმის მხარდაჭერისგან.
1994 წლის მაისში კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I პატრიარქის რანგში პირველად ეწვია საქართველოს. ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ–პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს ეკლესიამ ღირსეული მასპინძლობა გაუწია მას. 2003 წლის 19–24 სექტემბერს მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I კვლავ სტუმრობდა საქართველოს. მან იმოგზაურა ქუთაის–გაენათის, ხონის, ბათუმისა და სხალთის ეპარქიებში. მოილოცა ქართული სიწმიდეები. სამების საკათედრო ტაძრის დათვალიერების შემდეგ უწმიდესმა ბართოლომეოს I–მა განაცხადა: "ეს ტაძარი იქნება დიდი წარმატება თქვენი კათოლიკოს–პატრიარქისა, რომელსაც ბევრი რამ აქვს გაკეთებული, მაგრამ ეს იქნება გვირგვინი მისი მოღვაწეობისა"[36, 2003, 38]. პატრიარქმა ბართოლომეოსმა აღნიშნა, რომ "რაც უფრო მეტი პრობლემების წინაშე დგას საქართველო, მით უფრო მეტად იზრდება ხალხის რწმენა და მათი მხურვალე დამოკიდებულება მართლმადიდებლობისადმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი პრობლემებთან შესაბრძოლებლად ძალას იღებს შემოქმედი ღმერთისგან."[36, 2003, 38].
მსოფლიო პატრიარქის მიწვევით უწმიდესი და უნეტარესი ილია II არაერთხელ ჩავიდა კონსტანტინეპოლში, ეწვია ისტორიულ კაბადოკიას, მოილოცა ისტორიული საქართველოს - ტაო–კლარჯეთის _ ეკლესია–მონასტრები, გაამხნევა თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველობა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ალექსანდრიის საპატრიარქოს ურთიერთობები 1917–1970–იან წლებში მხოლოდ საახალწლო, სააღდგომო და საშობაო მილოცვებით შემოიფარგლებოდა. ალექსანდრიის უძველეს ეკლესიასთან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დაახლოების პროცესი დაიწყო 1976 წლიდან, როდესაც ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი ნიკოლოზ VI სოხუმში შეხვდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარეს, ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას. მიტროპოლიტმა ილიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ალექსანდრიის პატრიარქზე. 1981 წლის 20–31 ივლისს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოს. უწმიდესმა და უნეტარესმა ალექსანდრიის პატრიარქთან ერთად მოილოცა საქართველოს მოქმედი ეკლესია–მონასტრები. უწმიდესი ნიკოლოზ VI საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურს დაჰპირდა მხარდაჭერას საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. იმ დროს, როდესაც ქართველი სწავლულებისათვის საზღვარგარეთულ ქართულ სამონასტრო ცენტრებში მუშაობა აუხდენელი ოცნება იყო, ალექსანდრიის პატრიარქმა განაცხდა: "დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენ მიერ მოვლინებულ ქართველ მეცნიერებს, რომლებიც ალექსანდრიისა და კაიროს სამონასტრო ბიბლიოთეკებში დაცულ ქართულ ხელნაწერებს შეისწავლიან და მათ ფოტოპირებს გადაიღებენ."[34, 1981, 2, 9].
დარბაზობაზე უნეტარესმა ნიკოლოზ VI-მ განაცხადა: "კათოლიკოს–პატრიარქ ილია II–ის სახე საშუალებას მაძლევს ვთქვა, რომ დღეს საქართველოს ეკლესიაში ბატონობს სიბრძნე, სიყვარული და ძლიერება. იგი ძალზე ენერგიულად უძღვება ეკლესიის საჭეს და ღვთის შვილები უფლის მიერ დაკანონებული გზით მიჰყავს."[34, 1981, 2, 13].
1984 წლის 18–30 მაისს უწმიდესი და უნეტარესი ილია II ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ალექსანდრიის საპატრიარქოს, დაათვალიერა ადგილობრივი სიწმიდენი, მოილოცა წმიდა ეკატერინეს მონასტერი სინას მთაზე, დაათვალიერა მონასტრის უნიკალური ბიბლიოთეკა, სადაც ქართული ხელნაწერი წიგნებიც არის დაცული. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ მადლობა გადაუხადა ალექსანდრიის პატრიარქს და აღნიშნა: "ჩვენს ხალხებს დიდი ნიჭი მოჰმადლა უფალმა, ამიტომაც უფრო მძიმე იყო და არის ჯვარი ჩვენი ერებისა; თითქოს საქრისტიანოს საზღვრების დარაჯად დაადგინა უფალმა ისინი, ამიტომაც არიან უმეტესად გვემულნი და ჯვარცმულნი, მაგრამ, ღვთის შეწევნით, კვლავაც მკვდრეთით აღმდგარნი და ამაღლებულნი."[34, 1984, 2, 12].
ალექსანდრიის უძველეს საპატრიარქოსა და საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას შორის გულითადი, მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. ალექსანდრიის პაპმა და პატრიარქმა ნიკოლოზ VI–მ განსაკუთრებით შეიყვარა საქართველო. 1981 წლიდან მოყოლებული იგი ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა საქართველოში. საქართველოსაკენ მისი ასეთი ლტოლვა ახლობელთა გაოცებასაც იწვევდა. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ქართული სტუმარ–მასპინძლობის წესის დაცვით ხვდებოდა სასურველ სტუმარს. უწმიდესი ნიკოლოზ VI-ის პოზიციამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. 1984 წლის ზაფხულში უნეტარესმა ნიკოლოზ VI–მ ამ სიტყვებით მიმართა ქართველ მრევლს: – მე ალბათ, მეტად ვეღარ შეგვხვდებით, მაგრამ ლოცვებით მუდამ თქვენთან ვიქნები.
ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი ნიკოლოზ VI 1984 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა. მისი საქმე განაგრძეს უნეტარესმა პართენიოსმა და პეტრე VII–მ.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მიზანი იყო ყველა მართლმადიდებელ ეკლესიასთან ძმური, მეგობრული ურთიერთობის დამყარება, მაგრამ მთავარი მაინც პირველი ოთხი საპატრიარქო იყო: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის. საქართველოს სამოციქულო ეკლესია უძველესი დროიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული იერუსალიმისა და ანტიოქიის ეკლესიებთან. V საუკუნეში პალესტინაში მოღვაწეობდა პეტრე ქართველი, რომელმაც დააარსა ქართული მონასტერი. აქედან მოყოლებული XIX საუკუნემდე ქართველები მრავლად იყვნენ წმიდა მიწაზე არსებულ ქართულ მონასტრებში. ვახტანგ გორგასლის დროს უკვე აშენდა დიდი მონასტერი, რომელიც XI საუკუნის 30–50–იან წლებში განუახლებია ჯვრის მონასტრის სახელით გიორგი – პროხორე ქართველს. XIV საუკუნეში ქართველები გოლგოთას ფლობდნენ და მაცხოვრის საფლავის კლიტენი ქართველთა საკუთრება იყო. ისტორიულმა ქარტეხილებმა ქართველების პოზიციები შეასუსტა იერუსალიმში, განსაკუთრებით - XIX საუკუნეში, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში ყოფნის დროს. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყოველი მცდელობა იერუსალიმის საპატრიარქოსთან ურთიერთობის აღდგენისა XX საუკუნის 20–60–იან წლებში უშედეგო აღმოჩნდა. მხოლოდ 1977 წლის შემდეგ დაიწყო იერუსალიმის საპატრიარქოსთან ინტენსიური მოლაპარაკებები. 1980 წლის 29 მაისიდან 5 ივნისამდე მისი უწმიდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი იერუსალიმის პატრიარქის, ბენედიქტე I–ის მიწვევით იერუსალიმში იმყოფებოდა. მთელი მსოფლიო გააოცა იმ ფაქტმა, რომ ქართველ პატრიარქს აღტაცების შეძახილებითა და ცრემლებით შეხვდნენ ქართველი ებრაელები, რომლებიც გამოხატავდნენ უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას მისი უწმიდესობისა და, მისი სახით, სრულიად საქართველოს მიმართ. ისრაელის რელიგიის საქმეთა მინისტრმა უწმიდესთან შეხვედრაზე განაცხადა: – ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება საქართველოს ებრაელებთან თბილი, მეგობრული ურთიერთობის თვალსაზრისით. საუკუნეთა მანძილზე ამ ურთიერთობებში არ ყოფილა არავითარი გაუგებრობა. მადლობა თქვენ ამისათვის.
ამ ოფიციალურ შეხვედრაზე პირველად დაისვა ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხი. იერუსალიმის პატრიარქ ბენედიქტესთან შეხვედრაზე უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ განაცხადა: "ჩვენი ჩამოსვლის მიზანია, აღდგეს ის ძველი, ტრადიციული ურთიერთობანი, რაც გვქონდა ადრე. წარსულში ჩვენი ქვეყნების ავბედითობამ შეწყვიტა ეს ძმური ურთიერთობა და დღეს კი, ვფიქრობ, დადგა დრო იერუსალიმის ეკლესიამ შეასრულოს ის დიდი მისია, რაც დედა ეკლესიას ეკუთვნის"[34, 1980, 1, 10]. 300 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც წმიდა ქალაქ იერუსალიმს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური ესტუმრა.
1981 წლის 17–20 სექტემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მისი უნეტარესობა, წმიდისა ქალაქისა იერუსალიმის პატრიარქი დიოდოროს I, რომელმაც განაცხადა, რომ "ეს შეხვედრა იყო ისტორიული იმიტომ, რომ პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩვენ, ორი ეკლესიის მამამთავრებს კვლავ მოგვეცა ერთობლივი თანამწირველობის შესაძლებლობა."[34, 1981, 2, 17]. ქართველოლოგიისათვის დიდი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იერუსალიმის პატრიარქის დაპირებას, რომელიც მან კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში სტუმრობისას აკადემიკოს ელენე მეტრეველს მისცა, რომ იგი ინსტიტუტს მიაწვდიდა ჯვრის მონასტერში დაცული იმ ქართული ხელნაწერების მიკროფილმებს, რომლებიც აქამდე არ იყო შესწავლილი. საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის აღდგა ისტორიული ურთიერთობანი.
1987 წლის ოქტომბერში უწმიდესი და უნეტარესი ილია II კვლავ ესტუმრა წმიდა ქალაქ იერუსალიმს. ამ ვიზიტის დროს მსოფლიომ თვალნათლივ დაინახა ქართველი ერის ტოლერანტობისა და სხვა ერებისადმი სანიმუშო პატივისცემის ნაყოფი. ქართველი ებრაელები კვლავ დიდი სიყვარულით შეეგებნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს - დიდი ხნის წინ თბილისიდან, ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, ონიდან, კულაშიდან წასული ებრაელები მოდიოდნენ შვილებით, შვილიშვილებით და აღტაცებულნი ოვაციებს უმართავდნენ უწმიდესსა და უნეტარესს. იერუსალიმის მთავარმა ჟურნალმა სტატიაში - "საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II–ის პილიგრიმობა იერუსალიმში" - ასე დაახასიათა საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელი: "კათოლიკოს–პატრიარქი ილია II არის გულღია, დინამიური პიროვნება. მან საქართველოს უძველესი ეკლესია, თბილისი, როგორც საბჭოთა კავშირის ერთ–ერთი რესპუბლიკის ცენტრი, ძველი მცხეთა, როგორც სასულიერო დედაქალაქი, ახალი აყვავების გზით წაიყვანა. აღსრულდა პატრიარქის სურვილი, იერუსალიმში უკვე ქართველი ბერები და მონაზვნები არიან. ღვთის შეწევნით წმიდა მიწაზე ქართველებს აქვთ ადგილი, სადაც აშენდება მონასტერი. მართალია, ჯვრის მონასტერი ჯერჯერობით ისევ ბერძნების ხელშია, მაგრამ ღვთის შეწევნით დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელს". 2000 წელს ქრისტეშობის დიდ დღესასწაულზე მისი უწმიდესობა მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად კვლავ ჩაბრძანდა იერუსალიმში.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ანტიოქიის საპატრიარქოსთან ისტორიული ურთიერთობის აღდგენა. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV–V ს.ს.). ქართული სამწყსო ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა. ანტიოქიის პატრიარქებს შუა საუკუნეებში პრეტენზია ჰქონდათ ქართულ სამწყსოზე, მაგრამ XI საუკუნის 50–იან წლებში გიორგი მთაწმინდელის დასაბუთებული პასუხის შემდეგ, რომელმაც ანტიოქიის პატრიარქს შეახსენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა, პრეტენზიები შეწყდა. XV–XIX საუკუნეებში, მაჰმადიანთა მძლავრობის ხანაში, ანტიოქიის საპატრიარქო, რომელიც ბიზანტიის იმპერიაში შედიოდა, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა, თუმცა საპატრიარქომ მოახერხა თავის გადარჩენა და აღმოსავლეთის (სირია, ლიბანი) ქრისტიანული ცენტრის ფუნქცია შეინარჩუნა. მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის დიდი ავტორიტეტის მქონე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი ეგნატე IV 1981 წლის ოქტომბერში ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას. უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ საპატიო სტუმარს დაათვალიერებინა თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობანი, შესრულდა ერთობლივი წირვა. საზეიმო მიღებაზე გამოითქვა რწმენა, რომ ურთიერთობა, რომელიც ამ ორ ეკლესიას საუკუნეთა მანძილზე ჰქონდა, კიდევ უფრო გაღრმავდებოდა.
უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ, როგორც საეკლესიო პოლიტიკის უდიდესმა სპეციალისტმა, ყოველთვის კარგად იცოდა, რომ მართლმადიდებელ მსოფლიოში ექვსი ბერძნული საპატრიარქო ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრისას გადამწყვეტ როლს ასრულებდა. გარდა ამისა, საზღვარგარეთ არსებული ქართული ისტორიული სამონასტრო ცენტრების უმრავლესობა ამ ექვსი საპატრიარქოს ტერიტორიაზეა. ამიტომ ჩვენი ეკლესიისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას ათენისა და სრულიად ელადის, კვიპროსის ეკლესიებთან. ჯერ კიდევ ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტობის დროს, 1976 წლის 17–20 ივნისს, იგი იყო უშუალო მასპინძელი ათენისა და ელადის ეკლესიათა მრავალრიცხოვანი დელეგაციისა, რომელშიც 7 მიტროპოლიტი და 11 მღვდელი შედიოდა. მიტროპოლიტ ილიას ასეთი ჩანაწერი აქვს გაკეთებული: "პირველად ერთგვარი ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, იგრძნობოდა რაღაც დაძაბულობა და უნდობლობა ბერძნების მხრიდან, შემდეგ თითქოს გალღვა ყინული... მათ გამოთქვეს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობისა, მოითხოვეს სტუდენტების გაცვლა. საქართველოს ეკლესიამ ხელიდან არ უნდა გაუშვას ეს მომენტი. სტუდენტების გაგზავნით მივაღწევთ სამ მიზანს: 1. შევიძენთ ბერძნული ენის სპეციალისტებს; 2. ქართული ეკლესია მათი მეშვეობით უფრო დაუკავშირდება ბერძნულ ეკლესიას; 3. ამ სტუდენტების მეშვეობით ჩვენი ეკლესია და ქართველი მეცნიერები დაუკავშირდებიან ათონის ივერთა მონასტერს და იქ დაცულ ქართულ ხელნაწერებს"[27, 2585].
უწმიდესისა და უნეტარესის ძალისხმევით ელადის ეკლესიასთან დამყარდა მეგობრული ურთიერთობა. 2002 წელს ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულოსი ჩამოვიდა საქართველოში, შეხვდა მის უწმიდესობას, წმიდა სინოდს, ქართველ მეცნიერებს, გამოხატა აღფრთოვანება საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების აღმავლობის გამო და საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. მან აღნიშნა: ჩვენი დღევანდელი თანამწირველობა არის უმაღლესი გამოხატულება მოძმე ეკლესიების საჭეთმპყრობელთა ერთიანობისა და წარმოადგენს ბეჭედს გააზრებული, ორმხრივი სიყვარულისა და ურთიერთრწმენისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ღვაწლითა და ლოცვა–კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას სხვადასხვა დროს ესტუმრნენ ბულგარეთის პატრიარქი მაქსიმე, რუმინეთის პატრიარქი თეოქსტიტე, ჩეხოსლოვაკიის ეკლესიის მეთაური დოროთეოსი, ვარშავისა და პოლონეთის მიტროპოლიტი ვასილი, სერბეთის პატრიარქი პავლე; ამერიკისა და კანადის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები: ჯერ - თეოდოსი, შემდეგ - ჰერმანე. უწმიდესი და უნეტარესი ილიაც II სტუმრობდა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს, ხვდებოდა არა მარტო ეკლესიათა მეთაურებს, არამედ - ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებსაც. მისი უწმიდესობა თავის მისასალმებელ სიტყვას ყველგან საქართველოს ისტორიის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის უნიკალურობისა და თავისთავადობის რაობის ახსნით იწყებდა. გასული საუკუნის 70–90–იან წლებში მსოფლიომ ძალიან ცოტა რამ იცოდა საქართველოზე, ქართველ ხალხზე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური იყო ქართველი ერის ის სულიერი წინამძღოლი, რომელსაც მსოფლიოსათვის უნდა გაეცნო ყოველივე ეს. ამ შეხვედრებმა, პატრიარქის საოცარმა პიროვნულმა ხიბლმა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების თვალში კიდევ უფრო აამაღლა საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი. ამიტომ იყო, რომ 1990 წელს, როდესაც მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია, ყველამ მხარი დაუჭირა და საგანგებო მოლოცვები გამოუგზავნა მის უწმიდესობას.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ისტორიულად, ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა განსხვავებულ რელიგიურ კონფენსიებთან ურთიერთობას, რომელიც ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ეყრდნობოდა. შუა საუკუნეებში მონღოლების, ირანელებისა და ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი მეფეები და კათოლიკოს–პატრიარქები ცდილობდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მოკავშირეობით განემტკიცებინათ სახელმწიფოებრიობა და დაეცვათ მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება. ამ მიზნებს ემსახურებოდა ქართველ მეფეთა და კათოლიკოს–პატრიარქთა წერილები, გაგზავნილი რომაული კათოლიკური ეკლესიის მეთაურებისადმი. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ისარგებლა აღმოსავლეთის ქვეყნების მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით და "პროპაგანდა დე ფიდეს" ორგანიზაციის მეშვეობით აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოშიც, კათოლიკობის მქადაგებლებად გამოგზავნა მისიონერები, რომელნიც ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ თუ მართლმადიდებლობას დატოვებდნენ და გადავიდოდნენ კათოლიკობაზე, რომის პაპი დაიცავდა მათ ირან–ოსმალეთის ძალმომრეობისაგან. XV საუკუნის 30–იან წლებში ქართველმა სასულიერო პირებმა ხელი არ მოაწერეს ფერარა–ფლორენციის კრების ოქმს, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის კათოლიკურთან გაერთიანებას ითვალისწინებდა.
ბევრი უბედურება გადაიტანა საქართველომ XVI–XIX საუკუნეებში: მასობრივი ხოცვა–ჟლეტა, ეკლესია–მონასტრების რბევა, მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნა მართლმადიდებლური სარწმუნოება. XVI–XVIII საუკუნეებში ირან–ოსმალეთის მიერ დაპყრობილ ქართულ მიწა–წყალზე რომის პაპის მიერ გამოგზავნილმა მისიონერებმა მოახერხეს ქართველთა მცირე ნაწილის კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადაყვანა... XIX საუკუნეში სომხებმა, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებაში თავიანთი მომხრეების მეშვეობით, იმპერატორ ნიკოლოზ II-ს გამოაცემინეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართველი კათოლიკეები სომხეთის მონოფიზიტური ეკლესიის იურისდიქციაში უნდა გადასულიყვნენ, ე.ი. გასომხებულიყვნენ. ამ ვითარებაში ქართველი მართლმადიდებლები გამოესარჩლნენ ისტორიული ძნელბედობის ჟამს სარწმუნოებაშეცვლილ თანამოძმეებს. ეს დავა გაგრძელდა XX საუკუნის პირველ მეოთხედშიც. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კირიონ II-მ წერილი გაუგზავნა რომის პაპს. "განგებამან ღმრთისამან, – აღნიშნავდა უწმიდესი კირიონ II, _ არა უცხო ქმნა ეკლესიაი ჩუენი ჰრომთათვის დიდისა, პეტრე და ანდრია პირველწოდებულთა, მათ მოწაფეთა ქრისტეისათა, რომელთა თესლი უბიწოდ განაბნიეს, მართალსა სარწმუნოებისაი არს სიყვარული და თვისობაი ორთა ამათ ეკლესიისთაი."[15, 209]. უწმიდესი კირიონ II ესარჩლებოდა ქართველ კათოლიკეებს, რომელნიც იდევნებოდნენ რუსულ–სომხური პოლიტიკის გამო საკუთარ სამშობლოში. "ვსასოებ, ვითარმედ უწმიდესობაი შენი არა უგულებელყოფს ქართველ კათოლიკეთა ეროვნულ–სარწმუნოებრივ ხასიათს"[15, 209], - წერდა მისი უწმიდესობა. მართლმადიდებელი ქართველი პატრიარქი გამოესაჩრლა რა კათოლიკური აღმსარებლობის ქართველებს, რომის პაპს მეგობრობა და თანამშრომლობა შესთავაზა.
საქართველოსა და რომაულ–კათოლიკურ ეკლესიათა შორის ურთიერთობა ეპისტოლარულ ფორმას არ გასცილებია 1917–1977 წლებში. 1978 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ცხუმ–აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (მახარაძე) ესწრებოდა რომის პაპის პავლე II-ის დაკრძალვას, ხოლო 1980 წლის 5–6 ივნისს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ვატიკანში, სადაც შეხვდა რომის პაპს. უწმიდესისა და უნეტარესის ჩანაწერებში ვკითხულობთ: "პაპი იოანე პავლე II შემხვდა კარებთან. გადავეხვიეთ ერთმანეთს, ქართულად მივმართე: "ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სახელით გულითადად მოგესალმებით. საქართველოს ეკლესია დიდი სიხარულითა და კმაყოფილებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ პაპი პოლონელია, მცირე ერის წარმომადგენელი. იგი უფრო გაიგებს მცირე ერების პრობლემებს თანამედროვე მსოფლიოში". პაპი ყურადღებით მისმენდა (თარჯიმანი თარგმნიდა), შემდეგ სხვა მაგიდასთან მივიდა, საიდანაც მოიტანა რუკების ატლასი, გადაშალა ევროპის რუკა, სადაც საქართველოც ჩანდა. დახედა და მერე მომმართა: ჩვენი ქვეყნები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს თავისი წარსულით. მოხაზა საქართველო და თქვა: სამხრეთით ძლიერი მუსლიმანური ქვეყნებია. მე დავუმატე: მათგან ბევრი განსაცდელი გვინახავს. პაპს აინტერესებდა ეკლესიისა და ხელისუფლების, კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოსთან ურთიერთობის საკითხები."[27, 145, 1839].
საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ დაათვალიერა ვატიკანის ბიბლიოთეკა, პაპის პირადი სამლოცველო, ვატიკანის ღირსშესანიშნაობანი. გადაწყდა, რომ ქართველი მეცნიერები დაეშვათ ვატიკანის არქივებში ქართულ დოკუმენტებზე სამუშაოდ. რომის პაპმა მის უწმიდესობას გადასცა ვატიკანის არქივებში დაცული იმ საბუთების მიკროფილმები, რომელნიც საქართველოს ისტორიას ეხებოდა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ განაცხადა: ჩვენი ეკლესიების გაყოფის მიუხედავად, ყოველთვის გვქონდა კულტურული და მეცნიერული თანამშრომლობა, საქართველოს ეკლესია და ქართველი ხალხია ის დიდი ხიდი, რომელიც აერთიანებდა ევროპისა და აზიის ორ დიდ კულტურას.
გამართლდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მოსაზრება. პოლონური წარმოშობის ახალმა პაპმა დიდი როლი შეასრულა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური იდეოლოგიისა და სოციალისტური სისტემის რღვევის საქმეში. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისში გაიხსნა ვატიკანის საელჩო, კავკასიაში რომაულ–კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო.
1999 წელს საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქის მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა რომის პაპი. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თბილისის აეროპორტში რომის პაპთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ეს ვიზიტი დიდი მნიშვნელობისაა როგორც საქართველოსათვის, ისე - მთლიანად კავკასიისათვის. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ და რომის პაპმა იოანე პავლე II-მ შეიმუშავეს ერთობლივი მიმართვა, რომელშიც აღნიშნული იყო: "ჩვენ ვიმყოფებით კავკასიის რეგიონში, საქართველოში, ამ განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის მქონე რეგიონში, რომელიც აერთიანებს ევროპისა და აზიის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურებს. დღეს ამ რეგიონში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სიტუაცია მეტად დაძაბულია. ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე მსოფლიო ვალდებულია მოახდინოს თავისი სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური ძალების მობილიზება გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. რომის ეკლესიასა და საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიებს შორის ურთიერთობა ძირითადად პოლიტიკურ, კულტურულ სფეროში ვითარდება"[27, 16469].
მიუხედავად ამგვარი ურთიერთობისა, 2003 წლის 15 სექტემბერს ვატიკანმა, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გვერდის ავლით, მოინდომა ქართულ სახელმწიფოსთან განსაკუთრებული ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც 27 მუხლისგან შედგებოდა და საქართველოში კათოლიკური ეკლესიის უფლებების გაფართოებისაკენ იყო მიმართული. საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური განცხადებით გააპროტესტა ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ ვატიკანს ასეთი ხელშეკრულება არც ერთ მართლმადიდებლურ სახელმწიფოსთან არა აქვს გაფორმებული. ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ხელისუფლება იძულებული გახდა, ხელშეკრულება აღარ გაეფორმებინა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია პატივს სცემს იმ მცირერიცხოვან ქართველ თანამემამულეთა რელიგიურ გრძნობებს, რომელთა წინაპრებიც ისტორიული ძნელბედობის ჟამს კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადავიდნენ, მაგრამ არასოდეს დახუჭავს თვალს რომაულ–კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელთა აქტიური პროზელიტიზმის პოლიტიკაზე და მოთმინებით შეახსენებს თავის თანამემამულეებს, რომ ძნელბედობა იყო მათი წინაპრების კათოლიკობაზე გადასვლის მიზეზი. ერთიანი ქართული ეროვნულ–სახელმწიფოებრივი ცნობიერების საფუძველი საქართვე-ლოში ყოველთვის იყო მართლმადიდებლური სარწმუნოება და ეკლესია.
მრავალსაუკუნოვანია ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა. ამ ურთიერთობებში ნეგატიურს პოზიტიური სჭარბობს. VII საუკუნის დასაწყისიდან ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის მოხდა ევქარისტული კავშირის გაწყვეტა, ვინაიდან სომხურმა ეკლესიამ არ მიიღო 451 წლის ქალკედონის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებანი; მიუხედავად ამისა, ქართველი და სომეხი ხალხი ერთად იბრძოდა არაბი, თურქ–სელჩუკი, მონღოლი, ირანელი და ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. შუა საუკუნეებში ქართული სახელმწიფო და ქართველი მეფეები _ ბაგრატ IV, დავით IV, გიორგი III, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, ალექსანდრე I, ვახტანგ V, ვახტანგ VI, ერეკლე II, თეიმურაზ II _ ყოველნაირად ეხმარებოდნენ მტრებისგან შევიწროებულ სომხებს, რომლებიც ტოვებდნენ თავიანთ სამშობლოს და საქართველოს აფარებდნენ თავს. თუ XVI–XVIII საუკუნეებში ირანი და ოსმალეთი მართლმადიდებელ ქრისტიანებს სასტიკად სდევნიდა, სამაგიეროდ, სრულ თავისულებას აძლევდა კათოლიკეებსა და მონოფიზიტ სომხებს, რითაც ისარგებლეს ეჩმიაძინის სომეხთა კათოლი-კოსებმა და დაიწყეს რელიგიური ექსპანსია საქართველოში. მათ აქ მიითვისეს მრავალი ეკლესია–მონასტერი და გადააკეთეს ისინი სომხურ ყაიდაზე.
XVI–XVIII საუკუნეებში ქართველთა გასომხება ძირითადად ოსმალთა მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე ხდებოდა. XIX საუკუნეში კავკასიაში დამკვიდრებულ რუსეთს ყველაზე საიმედო დასაყრდენად სომხები მიაჩნდა და ხელს უწყობდა ქართველი მაჰმადიანების თავიანთი მიწა-წყლიდან გაძევების ხარჯზე თურქეთიდან სომხების გადმოსახლებას (ძირითადად სამცხე–ჯავახეთში). XIX საუკუნეში ორი სომხური საკათოლიკოსო (ეჩმიაძინისა და კილიკიის) და ორი სომხური საპატრიარქო (იერუსალიმისა და კონსტანტინოპოლის) დიდი სომხეთის აღდგენის იდეით იყო გატაცებული. თუ ეს ვერ მოხერხდებოდა ოსმალეთის იმპერიის ხარჯზე, მაშინ საქართველოს ახალ სომხეთად გადაქცევა იყო განზრახული. ამიტომ XIX საუკუნეში კავკასიის ცენტრად გამოცხადებულ თბილისში დატრიალდა სომხური კაპიტალი, გააქტიურდა მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა. მათ ისარგებლეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებითა და რუსი ეგზარქოსების ხელშეწყობით და კიდევ უფრო გააძლიერეს რელიგიური ექსპანსია, ქართველთა გასომხება. ამის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს ეპისკოპოსმა კირიონმა, ივანე გვარამაძემ, მიხეილ თამარაშვილმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა, ვაჟა–ფშაველამ... მიუხედავად ამისა, ქართველობამ მაინც გაუწოდა დახმარების ხელი სომხებს 1914–1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთში დატრიალებული მასობრივი ხოცვა–ჟლეტისას და ათასობით ლტოლვილი შეიფარა...
1917 წლის 25 სექტემბერს თბილისში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გევორქ V-ის (თბილელის) დეპეშა მოვიდა. იგი უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს ულოცავდა კათოლიკოს–პატრიარქად არჩევას. საქართველოს ეკლესია თვლიდა, რომ, კონფენსიური სხვაობის მიუხედავად, სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან ნორმალური ურთიერთობა აუცილებელი იყო. უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ წერილით მიმართა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გევორქ V–ს. ეს წერილი, ერთი მხრივ, დახვეწილი დიპლომატიისა და მეორე მხრივ, მართლმადიდებელი პატრიარქის არამართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურისადმი დამოკიდებულების ბრწყინვალე ნიმუშია. უწმიდესი კირიონ II წერდა: "მიმოვიხილავ გარემოსა ჩემსა და თვალთა გონებისა ჩემისა შევაყენებ ღვთისმოშიშსა ერსა ზედა ჰაიკანისასა ძმური ნათესაობით ქართლოსიან–ჰაოსიანთა... მოგიკითხავ, უწმიდესო მეუფეო, რათა წრფითა და ღვაწლითა ჩუენითა აღდგენილ იქნას ერთობა ჩვენდამი რწმუნებულთა ერთა. ერთობას ვიტყვი არა სარწმუნოებრივ–დოგმატურსა, არამედ მოქალაქეობრივ–განმათლებლობისასა, რათა დაემყაროს ჩუენ შორის ძმობაი და ურთიერთს გულისხმავყოთ. და რაითა სამშობლოს შინა ჩუენისა დაამკვიდროს სასუფეველი ღმრთისაი."[37, 49].
1922 წელს თბილისში ჩამოვიდა აქ დაბადებული და თბილისის ნერსესის სახელობის სომხური სემინარიის ყოფილი სტუდენტი კათოლიკოსი გევორქ V. იგი შეხვდა და ქართულ ენაზე ესაუბრა უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის. 1923–1940–იან წლებში ქართულ-სომხური საეკლესიო ურთიერთობა ეპისტოლარული ხასიათისა იყო. 1945 წლიდან ინტენსიური გახდა ურთიერთობები უწმიდეს კალისტრატესა და თბილისის სომხური ეპარქიის ყოფილ ეპისკოპოსს, იმხანად ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გევორქ VI-ს შორის. სომხური ეკლესიის ახალი მეთაური კათოლიკოსი ვაზგენ I ხშირად სტუმრობდა საქართველოს. გასაოცარი იყო მისი ინტუიცია და დიპლომატიური ნიჭი. უკვე 1962 წლიდან იგი საახალწლოდ მისალოც ბარათებს უგზავნიდა ჯერ იღუმენ, შემდეგ არქიმანდრიტ, შემდეგ კი _ მღვდელმთავარ ილია შიოლაშვილს. ვაზგენ I 1961 წელს პირველად შეხვდა არქიმანდრიტ ილიას და განჭვრიტა მისი დიდი მომავალი. 1977 წლის 25 დეკემბერს კათოლიკოსმა ვაზგენ I-მა მცხეთაში განაცხადა: "ქართული ეკლესია მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე უნიკალური ძეგლია... ძეგლი, რომელიც ქართველი ერის სულს განასახიერებს. მე მწამს ამ სულის უკვდავება, როგორც მწამს უკვდავება თვით ქართველი ერისა."[34, 1978, 1, 15].
1978 წლის 12-14 მაისს უწმიდესი და უნეტარესი ილია II სომხეთს სტუმრობდა. ეჩმიაძინში კათოლიკოსმა ვაზგენ I-მა თავის ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ჩვენთან იმყოფება უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II. უნდა აღინიშნოს, რომ იგი ახალი არჩეულია პატრიარქად. ამ უმაღლესი და უწმიდესი მსახურებისათვის საგრძნობლად ახალგაზრდაა, მხნე, ჯან–ღონით სავსე და, რაც მთავარია, დიდი ცოდნითა და გამოცდილებით შეიარაღებული... თავის სამშობლოში მას ყურს უგდებენ, მისი სწამთ, მისი სჯერათ, მას აფასებენ. ასეთი დიდი სიყვარული თავისი ერისა ბევრს არ ერგება წილად. ეს მან დიდი სულიერი სიმაღლით მოიპოვა."[27, 2217]. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მადლობა მოახსენა სომეხთა კათოლიკოსს და უთხრა, რომ ის, რაც XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა გააკეთა საქართველოსათვის, ის თქვენ სომხეთის ეკლესიაში XX საუკუნის 50–70–იან წლებში შეძელითო.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II ამის შემდეგ არაერთხელ ესტუმრა სომხეთს ისევე, როგორც კათოლიკოსი ვაზგენ I სტუმრობდა საქართველოს.
1978 წლის ნოემბერში ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, სადაც სომეხთა მეორე რელიგიური ცენტრი, კილიკიის სომეხთა საკათოლიკოსოა, მაჰმადიანმა ტერორისტებმა სომხების მასობრივი ხოცვა–ჟლეტა მოაწყვეს. მისმა უწმიდესობამ ოფიციალურ განცხადებაში დაგმო ეს ვანდალური აქტი და სომეხ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. "ჩვენ, ქართველები, – აღნიშნა მან, – ისტორიის დასაბამიდან ვცხოვრობთ უძველესი კულტურისა და ტრადიციის მქონე სომეხი ხალხის მეზობლად. ამ ხნის მანძილზე ერთად გადაგვიტანია მრავალი განსაცდელი, მტერთა შემოსევა და სხვა ბედუკუღმართობანი, და არ შეგვიძლია გულგრილი დავრჩეთ მათ თანამემამულეთა ტრაგედიის მიმართ."[37, 45].
პატრიარქის ამ განცხადებამ საქართველოში მცხოვრები სომხების დიდი კმაყოფილება გამოიწვია. ამის დასტური იყო ახალქალაქელი ხ. ოვსეპიანის გამოხმაურება: "ვბედავ და მოგახსენებთ უდიდეს მადლობას თქვენ, საქართველოს დიდებულ კათოლიკოს–პატრიარქს. სომეხი ხალხი არასოდეს არ დაივიწყებს თქვენს მაღალადამიანური და მოქალაქეობრივი სიყვარულით სავსე თანაგრძნობას."[37, 49].
უწმიდესი და უნეტარესი ილია II გამოესარჩლა ეჩმიაძინის საკათოლიკოსოს 1980 წელს, როდესაც საზღვარგარეთელი სომეხი კათოლიკენი ლანძღავდნენ და ამცრობდნენ მის მნიშვნელობას. ყოველივე ამას კარგად ხედავდა კათოლიკოსი ვაზგენ I და ცდილობდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან ურთიერთობაში დაეცვა ტაქტი და ყოფილიყო მისი პატივისმცემელი. უწმიდესმა ილია II-მ სათანადო პატივი მიაგო კათოლიკოს ვაზგენ I–ის ხსოვნას 1994 წელს ეჩმიაძინში და საგულისხმო სიტყვა წარმოთქვა: "დიდია მწუხარება სომხეთის სამოციქულო ეკლესიისა და სომეხი ხალხისა, იგი ემშვიდობება თავის ღირსეულ და ბრძენ მამამთავარს, რომელიც 39 წლის მანძილზე, ურთულეს პირობებში, იყო საჭეთმპყრობელი ეჩმიაძინის უძველესი საკათოლიკოსო ტახტისა... იმ დროს, როდესაც შეზღუდული იყო კავშირი უცხოეთთან, მან მოახერხა ურთიერთობა დაემყარებინა იქ მყოფ სამწყსოსთან, გაეღრმავებინა მათში სამშობლოს სიყვარული, გაემთლიანებინა ერი... შევთხოვ უფალს, რათა მისი უკვდავი სული დააწესოს იმ სავანეში, რომელშიც სომეხი ხალხის დიდებული წინაპარნი განისვენებენ."[27, 8441].
კათოლიკოს ვაზგენ I-ის გზა განაგრძო კილიკიური წარმოშობის ახალმა კათოლიკოსმა გარეგინ I–მა, რომელმაც 1997 წელს იმოგზაურა საქართველოში, მოიხიბლა ჩვენი ქვეყნით, მისი დიდებული ტაძრებით, ისტორიით. სამწუხაროდ, იგი მალე გარდაიცვალა. ამის შემდეგ სომხურ ეკლესიაში გაძლიერდა ტენდენცია ქართული ეკლესია–მონასტრების მითვისების, ისტორიის ფალსიფიკაციისა. სომხური საკათოლიკოსოს ხელშეწყობით, ერევანში გამოდის რუკა–ცნობარები, სამეცნიერო წიგნები, რომლებშიც გაყალბებულია საქართველოს ისტორია, სომხურადაა გამოცხადებული 650–ზე მეტი ქართული ეკლესია. სომხურ საეკლესიო ინტერნეტსაიტებზე ვრცელდება ისეთი ინფორმაციები, რომლებიც ხელს არ უწყობს ორი მეზობელი ხალხისა და ეკლესიის მეგობრულ ურთიერთობას.
ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებს სჯულშემწყნარებლობა და ტოლერანტობა. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ნახევარმილიონიან სომხურ დიასპორას საქართველოში აქვს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკოლები, თეატრი, პრესა, უმაღლეს სასწავლებელში - სომხურენოვანი განყოფილება, სომხური ეპარქია. ისტორია არ გვაპატიებს ჩვენი ორი ქვეყნისა და ხალხის ურთიერთობის გართულებას. Mმეცნიერებმა, პოლიტიკურმა და რელიგიურმა მოღვაწეებმა უნდა გავითვალისწინოთ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გამოცდილება და შევინარჩუნოთ ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა.
ისტორიულად საქართველო თავის თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევდა და ცდილობდა, მჭიდროდ დაჰკავშირებოდა ევროპულ ცივილიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ–კონფენსიური თვალსაზრისით ევროპის განვითარებული ქვეყნები _ ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია - სრულიად განსხვავებულნი იყვნენ საქართველოსაგან, მონღოლების, ირანისა და ოსმალეთის დამანგრეველი ლაშქრობების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მაინც ევროპის ქვეყნების დახმარების იმედი ჰქონდა. მართალია, XVI–XX საუკუნეებში ეს დახმარება სიტყვიერ მხარდაჭრას არ გასცილებია, მაგრამ ქართველობის ორიენტაცია არ შეცვლილა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ევროპის ქვეყნებთან კონტაქტებს იმ დროს ახერხებდა, როდესაც საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი სახელმწიფო იყო და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობა - საგრძნობლად შეზღუდული.
1979 წლის 15 იანვარს იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II არჩეულ იქნა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტად. ამან მას საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერთა შეხვედრებში. უწმიდესი და უნეტარესი ყველგან საუბრობდა საქართველოზე, მის ისტორიაზე, უძველეს სამოციქულო ეკლესიაზე. ამ შეხვედრებით მან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა მსოფლიოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიების მეთაურებთან და მოიწვია ისინი საქართველოში. ამ შეხვედრებმა და პირადმა კონტაქტებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების საქმეში. ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ კომუნისტური მმართველობის დროს, როდესაც თითქმის შეუძლებელი იყო საეკლესიო წიგნების გამოცემა დაბეჭდა "ახალი აღთქმა", "სამოციქულო", "კონდაკი". უწმიდესი და უნეტარესი ილია II 1963–1997 წლებში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში წევრობის პერიოდს ასე აფასებს: "საბჭოთა იზოლაციის დროს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ყოფნამ ჩვენს ეკლესიას საშუალება მისცა, რომ იგი მსოფლიოს გაეცნო, როგორც დამოუკიდებელი ეკლესია. ასე რომ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მართლმადიდებელი ეკლესიების ყოფნა ერთგვარად მათი მისიონერული მოღვაწეობის გაგრძელებასაც წარმოადგენდა"[38, 526].
უწმიდესი და უნეტარესი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში სხვადასხვა დროს შეხვდა პროტესტანტული, ლუთერანული, ანგლიკანური ეკლესიების მეთაურებს, ამ ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს, მეცნიერების, ხელოვნების წარმომადგენლებს. მისმა შეხვედრებმა ახალი სტიმული მისცა ევროპაში ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებას. ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები აღტაცებას ვერ ფარავდნენ: მათ წინაშე მანამდე უცნობი ქრისტიანული აღმოსავლეთის დიდი ცივილიზაციისა და უძველესი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური იყო. მომხიბლავი გარეგნობა, დახვეწილი მანერები, ევროპული ცივილიზაციისა და თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ზოგადი პრინციპების ღრმა ცოდნა მათ ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურისადმი უდიდესი პატივისცემით განაწყობდა.
უწმიდესი და უნეტარესი სტუმრობდა აზიის ქვეყნებსაც. იგი შეხვდა და საქართველოს სამოციქულო ეკლესია გააცნო ეგვიპტის კოპტთა პატრიარქს შენუდა III–ს, მალაბარიის ინდოელთა მონოფიზიტ პატრიარქ–კათოლიკოსს ბასილ მართომა მათე I–ს, ეთიოპიის მონოფიზიტ პატრიარქს აბუნა თეკლე–ჰაიმანოტს, სირიელ იაკობისტთა პატრიარქს მარი იაკობ III–ს, აღმოსავლეთის მონოფიზიტ პატრიარქს მაქსიმე V–ს. უწმიდესმა და უნეტარესმა ქართული სტუმართმოყვარეობით უმასპინძლა საქართველოში საპასუხო ვიზიტით ჩამოსულ სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს, მეცნიერების, ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლებს. საქართველოს, ქართველების შესახებ საინფორმაციო მასალებს ბეჭდავდნენ ევროპის, აზიის, აფრიკის, ამერიკის ქვეყნების წამყვანი გამოცემები.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II მსოფლიოში ცნობილი რელიგიური ლიდერია, მას დიალოგი შეუძლია არა მარტო არამართლმადიდებლური ქრისტიანული კონფენსიების წარმომადგენლებთან, არამედ სხვა აღმსარებლობის ადამიანებთანაც. ამის დასტურია კავკასიის მუსლიმანთა ლიდერის შეიხ ალახ შუქურ ფაშა ზადესა და უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც აისახება ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობაში.
2001 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მუჰამედ ჰათამის მიწვევით უწმიდესი და უნეტარესი ილია II ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ირანში, შეხვდა პრეზიდენტ ჰათამსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერს ალი ჰამეინეს. პატრიარქმა შემდეგი სიტყვებით მიმართა მათ: "მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების - ირანისა და საქართველოს - რელიგიური ლიდერები და სასულიერო მოღვაწენი, ჩვენი ხელისუფალნი და საზოგადოება მზად არიან, რათა მსოფლიოს ვუჩვენოთ მაგალითი იმისა, რომ რელიგიური განსხვავებულობისა და წარსულში დაპირისპირების მიუხედავად, შეგვწევს უნარი ურთიერთპატივისცემისა, უნარი მშვიდობიანი და მეგობრული თანაარსებობისა."[30, 286].
მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი საოცრად შემწყნარებელია, იგი არაფერს არ თმობს, როდესაც საქმე ეხება სამშობლოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას. ამის მაგალითია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მსოფლიო ეკლესიათა საბჭოსთან ურთიერთობა. როდესაც ამ ორგანიზაციამ განსხვავებულ კონფენსიათა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობათა განხილვა გადაზარდა ერთიანი მსოფლიო ეკლესიის შექმნის მცდელობაში, ერთობლივი ლოცვების ჩატარების შესაძლებლობასა და მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიუღებელ გადაწყვეტილებებში, 1997 წლის 20 მაისს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევითა და წმიდა სინოდის განჩინებით, საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ უარი თქვა ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობაზე და გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან. "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უარს ამბობს ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობაზე და გამოდის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან და ევროპის ეკლესიათა კონფერენციიდან... მართლმადიდებლები არ მიიღებენ მონაწილეობას ეკუმენურ მსახურებაში, საერთო ლოცვებსა და ღვთის თაყვანისცემაში."[27, 1937, 158].
პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას იმხანად სხვადასხვა შეფასება მიეცა, მაგრამ დრომ აჩვენა მისი მართებულობა. ამ ნაბიჯით ჩვენმა ეკლესიამ თავიდან აიცილა გლობალიზაციისათვის დამახასიათებელი ტენდენციების საეკლესიო სფეროში შეჭრა და დაიცვა მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდე.
თავისი თამამი ნაბიჯებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია XX საუკუნის 70–80–იან წლებში საქართველოს პოლიტიკური, სულიერი და კულტურული ცხოვრების ცენტრში აღმოჩნდა. ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებდნენ, რომ ისინი ვეღარ ახერხებდნენ ეკლესიის საქმიანობის სრულ კონტროლს, მის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას. 1977–1990–იან წლებში თბილისს სტუმრობდნენ მსოფლიოს მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, პოლიტიკური მოღვაწეები. ისინი ხვდებოდნენ უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს. თუ 1923–1977 წლებში თვალში საცემი არ იყო ის ფაქტი, რომ საპატრიარქო რეზიდენცია სულ 3–4 ოთახისგან შედგებოდა, ახლა უკვე აშკარა უხერხულობა იქმნებოდა. საბჭოთა იდეოლოგიური სამსახურები კვლავ აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში სინდისის თავისუფლება გარანტირებული იყო საბჭოთა კონსტიტუციით, რომ ეკლესიას ყველაფერი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა. მაგრამ 1977–1988 წლებში პატრიარქს საპატრიარქო რეზიდენცია არ ჰქონდა, სიონის საპატრიარქო ტაძრის გარშემო უსახური სახლები იყო ჩამწკრივებული. ხელისუფლებამ ერთხანს გრიგოლ ორბელიანის მოედანზე არსებული საზღვარგარეთთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოების შენობა დაუთმო საპატრიარქოს უცხოელი საპატიო სტუმრების მისაღებად.
ჯერ კიდევ 1967 წელს, ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსად ყოფნის დროს, მეუფე ილიამ წმიდა სინოდის სახელით საქართველოს სსრ მთავრობის თავმჯდომარეს მოსთხოვა საპატრიარქოსათვის დაებრუნებინათ 1923 წელს ჩამორთმეული რეზიდენცია. 1977 წლიდან ოფიციალური ხელისუფლება გრძნობდა, რომ შექმნილი უხერხული ვითარების გამოსწორება მხოლოდ საპატრიარქოსათვის რეზიდენციის გამოყოფით შეიძლებოდა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1984 წლის 2 თებერვალს განმეორებითი თხოვნით მიმართა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ე. შევარდნაძეს და მოითხოვა საპატრიარქოსათვის ისტორიული შენობის დაბრუნება. მთავრობა ყოყმანობდა. ბოლოს, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1984 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას გადაეცა ნახევრად ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სპორტკომიტეტის ყოფილი შენობა. 1990 წელს, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურთა კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, ოფიციალური ხელისუფლება იძულებული გახდა, აღედგინა ისტორიული სამართლიანობა და 1923 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის უკანონოდ წართმეული საპატრიარქო რეზიდენცია, სადაც მოღვაწეობდნენ უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს–პატრიარქნი - კირიონი, ლეონიდე, ამბროსი - დაუბრუნა კანონიერ მფლობელს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს ისტორიულმა რეზიდენციამ დაიბრუნა თავისი ფუნქცია. აქ თამამად შეიძლება საპატიო სტუმრების, საერო და სასულიერო პირების მიღება და ღირსეული მასპინძლობა.
წყაროები და ლიტერატურა:
1. პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936
2. ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941
3. ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002
4. ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907
5. სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997
6. კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001
7. სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004
8. ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992
9. ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987
10. აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე", თბილისი. 1984
11. იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989
12. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი
13. ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992
14. სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993
15. სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001
16. სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004
17. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი
18. გაზეთი "საქართველო", 1918, N71
19. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304
20. "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003
21. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი
22. სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005
23. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი
24. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი
25. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი
26. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი
27. საქართველოს საპატრიარქოს არქივი
28. სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000
29. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი
30. "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006
31. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი
32. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები
33. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997
34. ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი
35. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები
36. "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი
37. ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.
38. "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006
39. შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975
40. გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო
41. ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3
42. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006
43. "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007
44. ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3
სერგო ვარდოსანიძე
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.