თავი VIII. განათლება, მეცნიერება, საღვთისმეტყველო ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ისტორიულად ქრისტიანული სარწმუნოების დაცვასთან ერთად ბევრს აკეთებდა განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის. IV საუკუნიდან როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის ქართულ სამონასტრო ცენტრებში არსებობდა თეოლოგიურ–ფილოსოფიური და მთარგმნელობითი სკოლები. ეკლესია–მონასტრების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა სამონასტრო სკოლების რაოდენობაც. IV–XI საუკუნეებში ეკლესია–მონასტრებთან არსებულ სკოლებს XII–XIII საუკუნეებში დაემატა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ გელათში დაარსებული და "სხვა ათინად და მეორე იერუსალიმად“ წოდებული გელათის აკადემია. საგანმანათლებლო კერები იყო იყალთოში, გრემში, შიომღვიმეში. XVIII საუკუნეში ვახტანგ VI–ის მიერ შექმნილ "სწავლულ კაცთა კომისიის“ წევრთა უმრავლესობა სასულიერო პირი იყო. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ანტონ I სამართლიანად ითვლება დიდ ენციკლოპედისტად, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ქართული განათლების ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა, თელავისა და თბილისის სასულიერო სემინარიების დაარსება. მოქმედ ეკლესია-მონასტრებთან არსებულ სკოლებში სასულიერო პირები ასწავლიდნენ საერო და სასულიერო განათლების საფუძველებს. საქართველოს პროვინციებში სასულიერო პირთა ოჯახებში იყო წიგნები, ჟურნალ–გაზეთები.
XIX საუკუნეში, ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ქართველი სამღვდელოება კვლავ აგრძელებდა მისიონერულ–საგანმანათლებლო საქმიანობას. ნიჭიერი ახალგაზრდები ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიას ამთავრებდნენ, შემდეგ კი სასულიერო განათლების გასაღრმავებლად მიეშურებოდნენ ყაზანის, კიევის, პეტერბურგის სასულიერო აკადემიებში. XIX–XX საუკუნეების ქართველი სამღვდელოების უმრავლესობა სასულიერო აკადემიადამთავრებული იყო და გამოირჩეოდა ღრმა სულიერებითა და ინტელექტით. საკმარისია გავიხსენოთ ეპისკოპოსები: გაბრიელი (ქიქოძე), ალექსანდრე (ოქროპირიძე), ანტონი (გიორგაძე), პეტრე (კონჭოშვილი), დავითი (კაჭახიძე); კათოლიკოს–პატრიარქნი: კირიონ II, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე III, კალისტრატე, მელქისედეკი, ეფრემ II, რომელთაც მართლმადიდებლურ სამყაროში იცნობდნენ, როგორც გამოჩენილ თეოლოგ–მეცნიერებს.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ კათოლიკოს–პატრიარქები - კირიონ II, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მელქისედეკი - ცდილობდნენ, მცხეთაში ან თბილისში სასულიერო სემინარია გაეხსნათ, მაგრამ კომუნისტური ხელისუფლების უარყოფითი პოზიციის გამო ეს ვერ მოხერხდა. ოფიციალურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საზოგადოების თვალში ეკლესია მხოლოდ ნათლობასთან ან მიცვალებულის წესის აგებასთან გაიგივებულიყო და საზოგადოებისაგან სრულ იზოლაციაში ყოფილიყო.
1963 წელს უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ეფრემ II-ის ძალისხმევით მცხეთაში გახსნილი საღვთისმეტყველო სასწავლებელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიდ წარმატებად შეფასდა. რამდენიმე წელიწადში მისი ხელმძღვანელის, შემოქმედელი ეპისკოპოსის - ილიას ღვაწლით სასწავლებელი სემინარიად გადაკეთდა. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II პატრიარქად აღსაყდრების პირველი დღეებიდანვეე შეუდგა განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვას. იგი განსაკუთრებით დაინტერესდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შექმნილი ვითარებით, არაერთხელ შეხვდა როგორც პრაქტიკოს მასწავლებლებს, ასევე - პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის დარგის მეცნიერებს. უწმიდესმა აღნიშნა, რომ 70–90–იანი წლების სკოლებში ყურადღება ძირითადად გადატანილი იყო ამა თუ იმ საგანში ფაქტოლოგიური მასალის მექანიკურ დაზეპირებაზე, არადა აუცილებელია ღრმა აზროვნების სწავლება: "ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით განათლებულ ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენით, და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას“[33, I, 117].
უწმიდესი და უნეტარესი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებთან მასწავლებლის ურთიერთობის წარმატება დამოკიდებულია სიყვარულითა და რწმენით აღზრდაზე. პატრიარქი მოითხოვდა საბჭოთა სკოლის პროგრამებისა და სახელმძღვანელოების სერიოზულ გადამუშავებას, ხოლო პედაგოგებისთვის _ მეტი თავისუფლების მიცემას, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ, სრულად და შემოქმედებითად გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები, ვინაიდან დათრგუნული, შეშინებული პედაგოგი თავისუფალ, ლაღ თაობას ვერასოდეს აღზრდის. თუმცა, მისი უწმიდესობის აზრით, სკოლა ვერასოდეს შეძლებს იმის შევსებას, რაც ახალგაზრდას ოჯახმა უნდა მისცეს. მაღალი ზნეობრიობა, მიმტევებლობა, მოყვასის სიყვარული, სამართლიანობა – ეს ყველაფერი მოზარდმა ოჯახში უნდა შეითვისოს და, თუ მშობელნი პირადი მაგალითით არ გამოირჩევიან, ყოველგვარი მცდელობა ამაო იქნება. ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის სურვილითაა ნაკანახევი მისი უწმიდესობის მოწოდება მშობლებისა და პედაგოგებისადმი: "საქართველომ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან შეითვისა მაღალი კულტურის სხვადასხვა ნაკადი. მისთვის ახალი არ იყო კაცობრიობის სულის ყველაზე მტკივნეული და ამაღლებული პრობლემები: სულის სრულყოფისა და ადამიანის განღმრთობისა სარწმუნოებისა და სიყვარულის საშუალებით.“[33, I, 144]. უწმიდესი და უნეტარესი მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი მომავალი საზოგადოების განათლებასა და ცოდნაზეა დამოკიდებული. იმ ადამიანების გასაგონად, რომელნიც ცოდნასა და რწმენას ერთმანეთს უპირისპირებენ, იგი მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით პასუხობს: "ცოდნა, ღვთის შიშისაგან აულაგმავი, შობს ქედმაღლობას“.
XX საუკუნის საგანმანათლებლო სისტემა ძირითადად საბჭოურ იდეოლოგიურ დოგმებზე იყო დაფუძნებული, პოლიტიზირებული იყო ყველა სასწავლო დისციპლინა. საქართველოსა და საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების სასწავლო საგნების ნუსხასა და სწავლების შინაარსს განსაზღვრავდა საბჭოთა კავშირის განათლების სამინისტრო. ოფიციალური ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობდა ეროვნული ცნობიერების მოსპობის გზით ახალი საბჭოთა ხალხის ფორმირებას. აქედან გამომდინარე, იდევნებოდა ის სასწავლო საგნები, რომელთა სწავლება ეროვნულ სულისკვეთებას აამაღლებდა ახალგაზრდობაში. საქართველოში შეზღუდული იყო ქართული აგიოგრაფიის სწავლება. სასკოლო პროგრამიდან რამდენჯერმე ამოიღეს იოანე საბანისძის "აბო ტფილელის წამება“. სამაგიეროდ, შეიტანეს საქართველოს საკოლმეურნეო ცხოვრების ამსახველი ნაწარმოები - კონსტანტინე ლორთქიფანიძის `კოლხეთის ცისკარი“. ქართველ კლასიკოსთა შემოქმედების სწავლებისას მასწავლებლებს მითითება ეძლეოდათ, ყურადღება გაემახვილებინათ არა ნაწარმოების ღირებულებებზე, არამედ - იდეურ მხარეზე. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ფაქტობრივად აღარ ისწავლებოდა (დასწრება არ იყო სავალდებულო), მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირად წოდებული რუსეთის ისტორიას IV კლასიდან X კლასის ჩათვლით 500 საათი ჰქონდა დათმობილი.
ისტორია მომავლის წინასწარმეტყველებაა წარსულით. გარდასულ გმირთა სიდიადის, ზნეობრივი მაგალითების, სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადების ჩვენება მომავალი თაობების სულიერი განსპეტაკების საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, სამშობლოს ისტორიის სწავლებით ახალგაზრდობა დიდ წინაპართა საქმეების დამფასებელი და გამგრძელებლი ხდება. უწმიდესი და უნეტარესი გრძნობდა საბჭოთა განათლების სისტემის ხარვეზებს და ცდილობდა, აღმოეფხვრა საბჭოთა პერიოდში სკოლასა და ეკლესიას შორის საგანგებოდ შექმნილი გაუცხოება. საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნა სასწავლო კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი. სასწავლო კომიტეტმა თავის გარშემო შემოიკრიბა ნიჭიერი, პერსპექტიული და მორწმუნე სპეციალისტები, რომელთაც მიზნად დაისახეს შეემუშავებინათ ახალი პროგრამები და სახელმძღვანელოები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის.
ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის პარალელურად საზოგადოებაში თანდათან იმსხვრეოდა საბჭოთა იდეოლოგიური დოგმები. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საქართველოში კომუნისტურმა იდეოლოგიამ სრული კრახი განიცადა. დევნილი საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა ახალი სიდიადით გაბრწყინდა. ხელოვნურად შექმნილმა გმირებმა (სინამდვილეში ანტიგმირებმა) დატოვეს ისტორიის ასპარეზი და მათი ადგილი დაიკავეს ჭეშმარიტმა გმირებმა. ისევ დაუბრუნდა ქართველთა მეხსიერებას აბო ტფილელის, იოანე, ექვთიმე, გიორგი მთაწმინდლების, დოსითეოზ ქუთათელის, ექვთიმე გაენათელის, ფილადელფოს კიკნაძის, იმერთა მეფე სოლომონ II-ის, სოლომონ ლიონიძის, 1918–1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოსათვის თავდადებულთა სახეები, ახალი სიდიადით გამობრწყინდა ბოლშევიკური იდეოლოგიისაგან "ანტისაბჭოელად, ხალხის მტრებად~ მონათლული უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის, მიტროპოლიტ ნაზარის სახეები. საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მარქსიზმ–ლენინიზმის საფუძვლების სწავლება შეიცვალა რელიგიათა ისტორიის სწავლებით, რომლის პროგრამები და სახელმძღვანელოები მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლებზე იყო აგებული. ახალგაზრდობა დაეწაფა ქრისტიანულ ფასეულობათა შესწავლას, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში შეიქმნა სამლოცველო სახლები, აშენდა ეკლესიები, საპატრიარქოს ეგიდით გაიხსნა გიმნაზიები, ლიცეუმები. განათლების სისტემა ეროვნულ ტრადიციებზე გადავიდა.
XXI საუკუნის დასაწყისში ვითარება კვლავ შეიცვალა. ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით დაიწყო განათლების სფეროში ეკლესიის როლის კრიტიკა, ხოლო 2004 წელს დამტკიცებული განათლების ახალი კანონის შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაუქმდა სამლოცველო ოთახები, რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და რელიგიური გრძნობების დაცვის საბაბით შეწყდა რელიგიათა ისტორიის სწავლება, საქართველოს ისტორია ინტეგრირებულ იქნა მსოფლიო ისტორიასა და გეოგრაფიასთან. ახალი კანონი მოითხოვს თავის შეკავებას ეროვნული ღირებულებების წარმოჩენისაგან. ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო“ მონიტორინგს ატარებს საქართველოს ისტორიის სწავლებაზე, რათა არსად აღმოჩნდეს ფრაზა ან წინადადება, რომელიც მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს ეროვნული უმცირესობებისათვის.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II ინტელიგენციის, მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ "ინტელიგენცია ხალხს უნდა დაეხმაროს ჭეშმარიტების შეცნობაში; მაგრამ როგორ შეძლებს იგი ამას, თუ თავად იქნება მოწყვეტილი ღვთაებრივი სიბრძნის წყაროს – ეკლესიას? ... ინტელიგენცია უნდა იქცეს მრევლის იმ ნაწილად, რომელიც ვითარცა ანთებული სანთელი, წყვდიადში მყოფ ერს ღვთისაკენ მიმავალ გზას გაუნათებს."[33, I, 278]. მიუხედავად ამისა, მაინც აღმოჩნდნენ ისეთები, რომელთაც სჯერათ, რომ რწმენა და მეცნიერება შეუთავსებელია. უწმიდესი და უნეტარესი ბრძანებს: "განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე - სულიერს?! ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია, იგი ადამიანის ინტელექტის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა.“[33, I, 373].
საქართველოს უახლეს ისტორიაში სამარცხვინო ფურცლად დარჩება საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისათვის გაგზავნილი ერთი ტენდენციური წერილი, რომელშიც ჩანს საოცარი უმადურობა, ურწმუნოება და მკრეხელური რეკომენდაციები, თუ რა უნდა აკეთოს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ. მიმართვა იმდენად გამომწვევი და მიუღებელი ტონით იყო შედგენილი, რომ უწმიდესმა და უნეტარესმა 2003 წლის 27 ივლისს სამების საკათედრო ტაძრიდან უპასუხა წერილის ავტორებს და მათი სახით - ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ ესმის ან არ უნდა გაიგოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის როლი და დანიშნულება ჩვენი ერის ცხოვრებაში. მიმტევებელი და შემწყნარებელი სულიერი მამა საოცრად პირდაპირი და შეუვალია თავის პასუხში: "ადამიანის ცხოვრება რთულია, ეს არის განსაცდელითა და სხვადასხვა გამოცდით სავსე გზა. ბედნიერია ის, ვინც შეძლებს ამ გზაზე მსვლელობისას ნათლად გაარჩიოს, სად არის კეთილი და სად - ბოროტი, სად არის თეთრი და სად - შავი... ხშირია შემთხვევა, როცა ბოროტება ინიღბება, ფარავს თავის ნამდვილ სახეს და ცდილობს, კეთილად წარმოჩინდეს... ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა აღრევაა ყველაფრისა, როცა ბევრ რამეს ფული განსაზღვრავს, როცა უფროსი და უმცროსიც კი ვერ ცნობენ ერთმანეთს და დაპირისპირებაა თვით მშობლებსა და შვილებს შორის. ასეთ პირობებში ერთადერთ საყრდენად და ნავთსაყუდელად რჩება ეკლესია, მართლმადიდებელი, ჭეშმარიტი, სამოციქულო; მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ამ ბოლო დროს არაეკლესიური ადამიანები ცდილობენ აქაც შფოთი შემოიტანონ. ისეთი პიროვნებანი, რომელნიც არა მარტო არაეკლესიურნი, არამედ ურწმუნონიც არიან, რაღაც რეკომენდაციებსა და რჩევებს აძლევენ ეკლესიას პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით. ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საიდან მოდის ეს. ვიცით კიდეც... მე გული მტკივა, რომ მტერი როგორც ადრე, ახლაც თავისი მიზნებისათვის ქართველ ადამიანებს იყენებს... მივმართავ სრულიად საქართველოს, მტკიცედ იდგნენ ჭეშმარიტების გზაზე.“[40, 4-10, VIII].
ქართველმა ინტელიგენციამ, საზოგადოებამ გამოხატა თავისი პოზიცია ამ სამარცხვინო მიმართვის მიმართ. "მოძრაობა სულიერი და ზნეობრივი საქართველოსათვის“ სახელით შედგენილ პასუხში ნათქვამია: "ქრისტიანი თუნდაც იმით განსხვავდება არაქრისტიანისაგან, რომ მისი ზნეობა არასოდეს გამიჯვნია ეროვნულობას. თუ ყველაფერი ეს ასეა, მაშინ საზოგადოების სახელით ლაპარაკის უფლება ყველას არ უნდა ჰქონდეს... როდესაც არის მცდელობა, ეკლესიას გადააბრალო ქვეყნის გასაჭირი და უბედურება, ხელი შეახოცო მას, ეს, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივი საზღვრების დაკარგვის მომასწავებელია, ეს ეროვნული სახის გაუფერულებას ნიშნავს, ან კიდევ განზრახვას საზოგადოების თვალში ეკლესიის მიმართ უნდობლობის დამკვიდრებისა. ერთადერთი სიწმიდე, ერის სულიერი პოტენციალის სახით, ქვეყნის გარდაქმნის მძიმე პროცესს არ უნდა შეეწიროს. ქვეყნის მიწიერი პრობლემების მოგვარება სულიერების დაკარგვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ერის სულიერი წვრთნითა და ზნეობრივი სრულყოფით ეკლესიამ ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის სანუკვარი ამოცანა უნდა გადაწყვიტოს.“[27, 15764].
უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქობის პირველივე წლებიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ეკლესიისა და ინტელიგენციის ურთიერთობას. მისი აზრით, საქართველოს კულტურულ-ინტელექტუალური აღორძინება სულიერებით უნდა დაიწყოს. მეცნიერებისა და ინტელიგენციის სულიერება იქნება ჩვენი ქვეყნის განახლების სათავე. უწმიდესი და უნეტარესი ილია II მიიჩნევს, რომ "ინტელიგენციის და, საერთოდ, გავლენიან პიროვნებათა ბედნიერებაც და უბედურებაც იმაშია, რომ მათ თავიანთი მრწამსით, თავიანთი ცხოვრებით შეიძლება სულიერად გადაარჩინონ ან დაღუპონ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ _ გარშემო მყოფნი და სხვა მრავალნიც“[30, 132], ამიტომ მათი ნაბიჯები და ქმედება დიდ სიფრთხილესა და მოკრძალებას მოითხოვს.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური 1977 წლიდან ოფიციალური ხელისუფლების წინაშე სვამდა საკითხს სასულიერო აკადემიის გახსნის აუცილებლობის შესახებ. რუსეთის ეკლესიას ორი, სომხეთის სამოციქულო ეკლესიას კი ერთი აკადემია ჰქონდა, და რატომ არ უნდა ჰქონოდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებელი საქართველოს ავტოკეფალიურ სამოციქულო ეკლესიას?! როგორც უწმიდესი და უნეტარესი იხსენებს, ხელისუფლების წარმომადგენლები პატრიარქის შესახებ, რომელიც ასე დაბეჯითებით ითხოვდა სასულიერო აკადემიის გახსნას, გაკვირვებით ამბობდნენ – ჩვენი პატრიარქი, როგორც ჩანს, რეალობას მოწყვეტილია, რა დროს აკადემიის გახსნა ან ახალი ეკლესიების ამოქმედებაა საყოველთაო ათეიზმის ქვეყანაშიო. საქართველოს მთავრობა მოსკოვის უარს იმიზეზებდა, მოსკოვის ცენტრალური მთავრობა კი აცხადებდა, საქართველოს მთავრობაა წინააღმდეგიო. ამ ვითარებაში პატრიოტიზმისა და მოქალაქეობრივი ვაჟკაცობის მაგალითი აჩვენა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა რწმუნებულმა ბატონმა ანზორ წიკლაურმა, რომელმაც მოსკოვში ცენტრალურ მთავრობას შეატყობინა, რომ საქართველოს მთავრობა თანახმა იყო, დაფუძნებულიყო თბილისის სასულიერო აკადემია, ხოლო საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ნ. ჭითანავას მოახსენა, რომ მოსკოვი წინააღმდეგი არ იყო, რომ აკადემია გახსნილიყო თბილისში.
მისმა უწმიდესობამ თბილისის სასულიერო აკადემიის გახსნის თაობაზე ოფიციალური განცხადება 1987 წლის 25 დეკემბერს გამართულ წმიდა სინოდის სხდომაზე გააკეთა. უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის ფუნქციონირებისათვის მოსამზადებელი მუშაობა თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1988 წლის 14 ოქტომბერს თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძრის პირდაპირ, სამსართულიან ისტორიულ შენობაში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია. აკადემიის გახსნაში უწმიდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია II–სა და წმიდა სინოდის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თბილისის სასულიერო აკადემია გელათის, გრემის, იყალთოს აკადემიათა დიდი ტრადიციების გამგრძელებლად გამოაცხადა და აღნიშნა: "აკადემიაში უნდა მიმდინარეობდეს არა მარტო მომავალი განათლებული სასულიერო პირების მომზადება, არამედ სასწავლებელი უნდა იქცეს კვლევის ცენტრად, რომელთანაც დაკავშირებულნი იქნებიან როგორც ჩვენი სასულიერო პირნი, ისე - მეცნიერები, კავშირი გვექნება როგორც უმაღლეს სასწავლებლებთან, ისე _ მართლმადიდებლურ და, საერთოდ, ქრისტიანულ უმაღლეს ცენტრებთან.“[34, 1988, 4, 7]. აკადემიის გახსნის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს: აკადემიის რექტორმა, წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი), რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მოადგილემ ილია რურუამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ნოდარ ამაღლობელმა, სასულიერო აკადემიის პრორექტორმა, პროფესორმა გიორგი ცინცაძემ და სხვებმა.
აკადემიასთან ერთად თბილისში გადმოვიდა მცხეთის სასულიერო სემინარია. აკადემიის პირველ ნაკადში ჩაირიცხა 15 სტუდენტი. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკადემიაში ლექციების წასაკითხად მიიწვია საერო უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერები. პირველ წლებში იყო სიძნელეები, საერო მეცნიერებს არ ჰქონდათ სასულიერო სასწავლებელში მუშაობის გამოცდილება. რთული იყო სასულიერო საგნების _ პატროლოგია, დოგმატური ღვთისმეტყველება, საეკლესიო სამართალი, რელიგიათა ისტორია – წაკითხვა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდა. 1998 წელს, სასულიერო აკადემიის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სხდომაზე სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ჭიათურის მთავარეპისკოპოსმა აბრაამმა აღნიშნა, რომ ათი წლის განმავლობაში სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუდენტთა რაოდენობა 30–დან გაიზარდა 200–მდე.
1990 წელს აკადემიაში შეიქმნა ქრისტიანული ხელოვნებისა და ქრისტიანული ანთროპოლოგიის სპეციალობები, ხოლო 1994 წლიდან მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. 1993 წელს დაარსდა საქართველოს ისტორიის კათედრა (გამგე პროფესორი სერგო ვარდოსანიძე), 1998 წელს - ღვთისმეტყველების კათედრა (გამგე პროფესორი ედიშერ ჭელიძე), იმავე წელს შეიქმნა ქრისტიანული ხელოვნების კათედრა (გამგე პროფესორი ზაზა სხირტლაძე). არსებულ კათედრებს 1999–2007 წლებში შეემატა ქართული ენისა და ლიტერატურის (გამგე პროფესორი გრივერ ფარულავა), უცხო ენების (გამგე პროფესორი იური მოსიძე), რელიგიათმცოდნეობის (გამგე პროფესორი ლელა ხაჩიძე) კათედრები. სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ლექციებს კითხულობენ: მარიამ ლორთქიფანიძე, გრივერ ფარულავა, რევაზ ბარამიძე, რევაზ სირაძე, სერგო ვარდოსანიძე, გურამ კაციტაძე, ლელა ხაჩიძე, ციალა ქურციკიძე, ზაზა სხირტლაძე, დიმიტრი თუმანიშვილი, ლამარა ქაჯაია, ბეჟან ჯავახია, ელდარ ბუბულაშვილი, მერი ჭელიძე, რუსუდან წიქვაძე, ზურაბ ჭუმბურიძე, გურამ ბედოშვილი, ნანა გელოვანი, ჯული შოშიაშვილი, გვანცა კოპლატაძე.
უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, სასულიერო აკადემია–სემინარიასა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტს დაემატა ხალხური სიმღერების უმაღლესი სკოლა (ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი), მოწყალების დების ინსტიტუტი (დეკანი მამა ადამი), მხატვარ–რესტავრატორობისა და ჭედური ხელოვნების ფაკულტეტი (დეკანი მამა იოსები), დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტი (დეკანი ზურაბ შევარდნაძე). თუ 1988 წელს აკადემიასა და სემინარიაში მხოლოდ 30 სტუდენტი იყო, ამჟამად აღნიშნულ სასწავლებლებში სტუდენტთა რაოდენობა 1000–ს აღემატება. თბილისის სასულიერო აკადემიამ ღირსეული ადგილი დაიკავა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. უწმიდესისა და უნეტარესი ილია II–ის განსაკუთრებული ზრუნვა სასულიერო აკადემიაზე იმითაც გამოიხატება, რომ იგი თვითონ ხელმძღვანელობს აკადემიის სასწავლო–სამეცნიერო საქმიანობას. მისი უწმიდესობა თვლის, რომ ყოველი წელი აკადემიის წინსვლით ხასიათდება და შორს არ არის ის დრო, როდესაც იგი ღირსეულ მეტოქეობას გაუწევს უფრო ხანგრძლივი ტრადიციების მქონე სასულიერო სასწავლებლებს.
1995 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II–ის ლოცვა–კურთხევით ქუთაისში დაარსდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, აღდგა გელათის სასულიერო აკადემია, რომლის რექტორად დაინიშნა ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი). გელათის სასულიერო აკადემია დაფუძნდა გელათის სამონასტრო კომპლექსთან. აკადემიაში ლექციებს კითხულობენ თბილისის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებლები, ადგილობრივი სწავლულები. მისი უწმიდესობა მიიჩნევდა, რომ გელათის აკადემია, რომელიც "მეორედ იერუსალიმად და სხუად ათინად“ დაფუძნდა, მიზნად ისახავდა უმაღლესი საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებას, სადაც უნდა მომხდარიყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თეოლოგიური შრომების თარგმნა-კომენტირება. ამ სკოლის ფილოსოფიური მიმართულება იმითაც წარმოჩნდა, რომ ითარგმნა წარმართი ფილოსოფოსის, ამონიო ერმისის ცნობილი ლოგიკური შრომები. რაც შეეხება გელათის აკადემიის საღვთისმეტყველო სიმაღლეს, იკმარებდა თუნდაც იმაზე მითითება, რომ სწორედ ამ აკადემიაში ითარგმნა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ურთულესი ტერმინოლოგიური ნაშრომები. აქვე განხორციელდა კატენებიანი ბიბლიის თარგმნა, რასაც გელათის ბიბლია ეწოდება და რაც უდიდესი მოვლენა იყო ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში. ამიტომ იყო აუცილებელი ქუთაისისა და გელათის ისტორიული ფუნქციის სრულად აღდგენისათვის ისეთი სამეცნიერო დაწესებულების შექმნა, რომელიც საერო და სასულიერო მეცნიერების გამაერთიანებელი იქნებოდა.
1995 წლის 25 მაისს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ერთობლივი ბრძანებით, "ქართული ენისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობის სულიერი და ზნეობრივი ამაღლებისა და მისი ინტელექტუალური განვითარების მიზნით," ქ. ქუთაისში დაარსდა გელათის მეცნიერებათა აკადემია. ამით აღდგა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ დაფუძნებული გელათის აკადემიის ტრადიცია. გელათის აკადემიაში ნამდვილ წევრებად არჩეულ იქნენ თვალსაჩინო მეცნიერები (სულ 21 წევრი). აკადემიის პრეზიდენტი 1995–2007 წლებში იყო ცნობილი ფილოლოგი მაგალი თოდუა. ამჟამად აკადემიის პრეზიდენტია პროფესორი მიხეილ ქურდიანი. აკადემია გამოსცემს ყოველთვიურ სამეცნიერო ჟურნალს, რომელშიც იბეჭდება მნიშვნელოვანი გამოკვლევები თეოლოგიის, ეკლესიის ისტორიის, ძველი ქართული ენის, ლიტერატურის, ქრისტიანული ხელოვნების მნიშვნელოვან პრობლემებზე. გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიის აღდგენით უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში სასულიერო განათლების სრული რეაბილიტაცია–აღორძინება მოახდინა. სასულიერო სემინარიები ფუნქციონირებს ახალციხეში, გორში, ფოთსა და ბათუმში. ყველა მოქმედ ეპარქიაშია სასულიერო გიმნაზიები, პროფილური სკოლები. სულ ამ ტიპის სასწავლებელთა რიცხვი 50–ზე მეტია. ბოლო პერიოდში შეიმჩნევა განათლების სამინისტროს მესვეურთა მიერ ერთგვარი სურვილი ამ სასწავლებლების სასწავლო პროგრამების კორექტირება–ოპტიმიზაციისა, რაც შეასუსტებს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებში სასულიერო ტრადიციებს, მაგრამ, ღვთის შეწევნით, სკოლები ინარჩუნებენ იმ მიმართულების ერთგულებას, რომელიც ქრისტიანული პედაგოგიკის მართლმადიდებლურ მრწამსს უკავშირდება.
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II ღირსეულად აგრძელებს საქართველოს საერო უნივერსიტეტებთან ურთიერთობის იმ ტრადიციას, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაუყარა უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II–მ. არ დარჩენილა უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მისი უწმიდესობა არ შეხვედროდა პროფესორ–მასწავლებლებს, სტუდენტებს. უწმიდესი და უნეტარესი არჩეულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, სულხან–საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად. საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში 2005 წლამდე იკითხებოდა რელიგიის ისტორიის (მართლმადიდებლობის) მოკლე კურსები, ფუნქციონირებდა რელიგიათმცოდნეობის კათედრები.
2005 წელს უწმიდესი და უნეტარესი ილია II არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსად. მისმა უწმიდესობამ აკადემიის წევრებს მიმართა: "მე თავს ვიხრი ჩვენი მეცნიერების წინაშე. დიდია თქვენი ღვაწლი, თქვენი წვლილი ერისა და ეკლესიის წინაშე... მე ვიტყოდი, რომ ის, რაც აქ ხდება, ისტორიული აქტია, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. ეს არის პირველი შემთხვევა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად იქნა არჩეული... საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დღეს მძლავრი სამეცნიერო ცენტრია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და, ამასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ მის გაძლიერებაზე. აღმასვლის პროცესი უწყვეტი უნდა იყოს"[30, 184].
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ყოველთვის ხაზგსმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია პოლიტიზირებული ძალა არ უნდა გახდეს, რადგან ეკლესია მოწოდებულია იმისათვის, რომ მთელ ერს ამთლიანებდეს. სასულიერო სასწავლებლები - აკადემია, სემინარია, გიმნაზია - მაგალითი უნდა იყოს საერო სასწავლებლებისთვისაც.
საქართველოში სასულიერო განათლების აღორძინებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს მართლმადიდებლურ სასწავლებლებთან კონტაქტებს, მათი გამოცდილება და მიღწევათა სწორად გააზრება დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს სასწავლებლებს. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა–კურთხევით, ჩვენი წარჩინებული სტუდენტები გაცვლითი პროგრამების მეშვეობით სწავლას აგრძელებენ მოსკოვისა და პეტერბურგის სასულიერო აკადემიებში, აგრეთვე საბერძნეთში, ჩეხეთში, კვიპროსზე, გერმანიაში, რომში. საქართველოს ეკლესიის მეთაური ზრუნავს არა მარტო სასულიერო განათლების პრობლემებზე, არამედ ზოგადად საბუნებისმეტყველო–ტექნიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებაზეც. პატრიარქთან ხშირად იკრიბებიან მეცნიერების სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და მსჯელობენ აქტუალურ საკითხებზე.
უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა–კურთხევით, 2005 წლის 8 თებერვალს, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დაარსდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი - "სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება და განვითარება“. ფონდის თავმჯდომარეა უწმიდესი და უნეტარესი ილია II, აღმასრულებელი მდივანი _ დეკანოზი გიორგი ზვიადაძე. ფონდის პრეზენტაციაზე მისმა უწმიდესობამ ასე განსაზღვრა ფონდის სამოქმედო გეგმა: "ეს ფონდი იზრუნებს არამარტო სულიერების განმტკიცებისთვის, არამედ კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის. ამიტომ, ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს მეცნიერებათა აკადემიასთან, ჩვენს უნივერსიტეტებთან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დახმარების ხელი გავუწოდოთ მეცნიერებს, მაგრამ მთავარი მაინც ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნება განმტკიცებაა."[30, 183].
ფონდის მმართველ საბჭოში შედიან თვალსაჩინო ადამიანები, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწენი. ფონდის მიზანია დააფინანსოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტები. ფონდის ხელშეწყობითა და დაფინანსებით აღდგა ქართული ჟურნალების: "ცისკარის," ,,მნათობისა” და ,,ლიტერატურა და ხელოვნების” გამოცემა; დაფინანსდა მრავალი სამეცნიერო, ლიტერატურული, ისტორიული, სასწავლო-შემეცნებითი თუ ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნი და გამოცემა, მათ შორის:
ახალგაზრდა მეცნიერის ირაკლი გუნიას წიგნი "საქართველოს მონასტრები;"
ღვაწლმოსილი მეცნიერის, მიხეილ გაფრინდაშვილის ფუნდამენტური ნაშრომი "ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია";
პროფესორ ვახტანგ ჯობაძის ნაშრომი "ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში";
მწერალ შოთა ხოდაშნელის წიგნი "მოქანდაკე, რესტავრატორი – კარლო ბაკურაძე";
პროფესორ ამირან არაბულისა და ეთერ თათარაიძის წიგნი-ალბომი "შენდობით მომიხსენიეთ";
წიგნი - "შენი ცა ანა", რომელიც ეძღვენება ცნობილი ქართველი პოეტის ანა კალანდაძის 80 წლის იუბილეს.
მაყვალა ბერიანიძის წიგნი - "გულში დატეული დიდი საქართველო". წიგნი წარმოადგენს
ფონდის თანადგომით გამომცემლობა "ხელოვნებამ" დაბეჭდა ტრილოგიის პირველი წიგნი "საქართველოს სულიერი საგანძური", რომელშიც წარმოდგენილია საქართველოში არსებული ეკლესია-მონასტრების ისტორია და მათი მნიშვნელობა ჩვენი კულტურისა და სულიერებისთვის. ნაშრომი გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კულტურული თანამშრომლობა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან.
ამ პროგრამის ფარგლებში:
ჩაიწერა ლაზური ფოლკლორული სიმღერების პირველი კომპაქტ-დისკი;
დაფინანსდა ქართული დელეგაციის გამგზავრება, ისტორიულად ლაზურ ქალაქ არქაბიში (თურქეთი) გამართულ ფოლკლორულ ფესტივალზე, სადაც პირველად აჟღერდა საპატრიარქოს რადიო "ივერიის" სტუდიაში ჩაწერილი ახალი ლაზური სიმღერები;
დაარსდა კულტურული ცენტრი და სასტუმრო სახლი ფერეიდანელი ქართველებისათვის.
ფონდი დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის აუცილებელი პროექტების მეცნიერულად დამუშავებასა და მომზადებას. ამ მიზნით, ფონდთან შეიქმნა "ნავთობისა და გაზის" დროებითი კომისია, რომელიც მუშაობს საქართველოს ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი დარგის განვითარების ეროვნული პროგრამის შემუშავებაზე.
პატრიარქის ფონდი ყოველწლიურად ატარებს დიდ საერთაშორისო ფესტივალს - "აღდგომიდან ამაღლებამდე," რომლის მიზანია ახალგაზრდობის დაინტერესება ქართული და მსოფლიო კლასიკური ხელოვნებით, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა და ქართული კულტურით დაინტერესებულ უცხოელ შემსრულებულთა შემოქმედების პოპულარიზაციით საქართველოში.
2006 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის ფონდთან დაარსდა ქართული საგალობლისა და ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, რომლის მიზანია ლოტბარების მომზადება, სამგალობლო სასწავლებლებისა და ფოლკლორული ცენტრების დაარსება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.
ფონდი აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის საქმეში.
ფონდმა დააფინასა სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცული, XII-XIII საუკუნით დათარიღებული ერთ-ერთი უძველესი ქართული ხელნაწერი ძეგლის – ანჩის სახარების (ოთხთავი) რესტავრაცია.
ფონდი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო ტელემაუწყებელთან; მისი პატრონაჟითა და დაფინანსებით საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებით ტელეპროექტს; დაფინანსდა სხვადასხვა ჟანრის სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმები, მათ შორის, სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია "მირ"-ის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ წარმოდგენილი პროექტი - "ერის სულიერი აღორძინება"; ფონდის აქტიური მხარდაჭერით მაუწყებლობს დამოუკიდებელი ქართული ტელეკომპანია "იბერია".
ფონდი ზრუნავს გამოჩენილ და ახალგაზრდა ქართველ მხატვართა შემოქმედების პოპულარიზაციაზე. ამ პროგრამის ფარგლებში, მოეწყო მხატვარ რენო თურქიას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო და ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა. აგრეთვე, პერიოდულად ტარდება თემატური ნიშნით შექმნილი საბავშვო ნახატების გამოფენა-კონკურსი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ფონდი აქტიურად მუშაობს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო ეროვნული პროგრამის შექმნაზე. პროგრამის ამოქმედება დაგეგმილია 2008 წლის დასაწყისისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ხშირად იკრიბებიან ქართველი მეცნიერები, მწერლები, ხელოვნებისა და კულტურის მუშაკები, საზოგადოების წარმომდგენლები, სადაც მსჯელობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემას და იმ გზების ძიებას, რომელიც აღადგენს ჩვენი ხალხების მშვიდობიან თანაცხოვრებას ერთიან სახელმწიფოში.
უწმიდესმა და უნეტარესმა აღორძინებული "მნათობის" პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღნიშნა: "მწერლობა, ლიტერატურა არ შეიძლება წაიშალოს, არ შეიძლება დაეცეს პროზა და პოეზია ჩვენს სულში... რა იქნებოდა, რომ არა გვქონოდა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა? ვერ აღორძინდებოდა ის საერო ლიტერატურა, რომელსაც ასე ვეთაყვანებით და რომლითაც ასე ვამაყობთ. ქართული ლიტერატურა იყო, არის და იქნება ერის წინამძღოლი"[41, 2].
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია XXI საუკუნის დასაწყისში ეროვნული მეცნიერული და ინტელექტუალური ღირებულებების მოწინააღმდეგეთა პასუხად მტკიცე ქომაგად დაუდგა ქართულ მეცნიერულ–ინტელექტუალურ ძალას. 2005 წლის 7–9 ნოემბერს სტამბულში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე "მშვიდობა და შემწყნარებლობა" პატრიარქი კვლავ შეეხო თანამედროვეობის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას - ცივილიზაციათა დიალოგის საკითხებს - და აღნიშნა, რომ კვლავ აქტუალურია ცივილიზაციათა დიალოგის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც ხალხებს საშუალებას მისცემს, გააერთიანონ ძალები გლობალური და ლოკალური საკითხების გადასაჭრელად. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს ერის სულიერი წინამძღოლის მინიშნებაზე, რომ თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ყოფს და აპირისპირებს, ღმერთი აერთიანებს და არიგებს. პატრიარქი შეახსენებს ყველას, ვისთვისაც მეცნიერება, ერის ინტელექტუალური პოტენციალი მეორეხარისხოვანია, რომ "ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს ის სამეცნიერო მონაპოვარი, რაც მას გააჩნია... მრავალ დარგში საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მკვლევარები ჰყავს. საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამეცნიერო სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს. მის ჩამოყალიბებას დიდი თანხა და დიდი დრო სჭირდება. გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, ქვეყანამ არ გამოიყენოს ის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც მას გააჩნია"[42, 11]. ქართველი მეცნიერები, მწერლები, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები შექმნილ რთულ ვითარებაში ერის ინტელექტუალური პოტენციალის მფარველად და გადამრჩენლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მიიჩნევენ.
XIX საუკუნემდე საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ორიგინალური თუ ნათარგმნი საღვთისმეტყველო ლიტერატურის პრობლემა არ არსებობდა. V საუკუნიდან ქართულ ენაზე ითარგმნა წმიდა წერილის ცალკეული წიგნები, აქედანვე იღებს სათავეს ორიგინალური სასულიერო მწერლობა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული საღვთისმეტყველო ლიტერატურის განვითარებას. ამ მიზნით დიდი სამუშაოები სრულდებოდა როგორც საქართველოში, ასევე - საზღვარგარეთის ქართულ სამონასტრო ცენტრებში. ათონის ივერთა მონასტერი გამორჩეული იყო შუა საუკუნეებში როგორც ორიგინალური სასულიერო ლიტერატურის შექმნის, ასევე მთარგმნელობითი თვალსაზრისით. ამ დიდმა ტრადიციებმა, XV-XVIII საუკუნეების რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, მაინც მოაღწია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ანტონ I-ის მოღვაწეობის დრომდე. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ქართული საღვთისმეტყველო ლიტერატურის განვითარება, ქართულ ენაზე წმიდა წიგნების გამოცემა საქართველოში დამკვიდრებული რუსი ეგზარქოსებისათვის მიუღებელი გახდა. მიუხედავად ამისა, XIX საუკუნეში მაინც მოხერხდა აუცილებელი სასულიერო წიგნების გამოცემა ქართულ ენაზე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წელს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით, დაიწყო საპატრიარქოს ოფიციალური ჟურნალის "სვეტიცხოვლის" გამოცემა, რომელშიც უნდა ასახულიყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საქმიანობა. ჟურნალის რედაქტორი იყო პავლე ინგოროყვა. სამწუხაროდ, ექვსი ნომრის მეტი ვერ გამოიცა.
1918 წელს მღვდელ ქრისტეფორე ციცქიშვილის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი "ახალი სიტყვა", რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის, საკათოლიკოსო საბჭოს, კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II–ის მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი. ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიათა უმრავლესობას პოლემიკური ხასიათი ჰქონდა. გამოვიდა ჟურნალის მხოლოდ 9 ნომერი.
1918 წელს კათოლიკოს–პატრიარქ კირიონ II-ის ლოცვა–კურთხევით დაიბეჭდა საეკლესიო კალენდარი, რომლის არც ერთ ეგზემპლარს ჩვენამდე არ მოუღწევია.
1921 წლიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სურდა გამოეცა საპატრიარქოს უწყებანი, მაგრამ საოკუპაციო ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. 1927 წლიდან ყოველწლიურად უნდა გამოცემულიყო `საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, მაგრამ გამოიცა მხოლოდ 1927 და 1928 წლებისა.
გასული საუკუნის 40–იან წლებში უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ აღადგინა საეკლესიო კალენდრის გამოცემა. განსაკუთრებული მოვლენა გახდა 1963 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ეფრემ II–ის ლოცვა–კურთხევით "ახალი აღთქმის" გამოცემა. მართალია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრა, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი მეცნიერული კომენტარებით აქვეყნებდა ბიბლიის ტექსტებს, წმინდანთა ცხოვრებას, მაგრამ ეკლესია მართლმადიდებლური წიგნების ნაკლებობას განიცდიდა; ამიტომ ეს მაინც დიდი მოვლენა იყო.
უწმიდესისა და უნეტარესის კათოლიკოს–პატრიარქ დავით V–ს დროს მოხერხდა საქართველოს ეკლესიის კალენდრის (1976, 1977 წლების) ცალკე წიგნებად გამოქვეყნება, რომელთა შინაარსიც, საეკლესიო დღესასწაულების გარდა, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოიცავდა საქართველოს ეკლესიის ისტორიისა თუ მართლმადიდებლური დოგმატიკის საკითხების შესახებ. საეკლესიო კალენდარმა ოფიციალური ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია.
1977 წლის 25 დეკემბერს ახლადარჩეულმა პატრიარქმა ილია II-მ კომპეტენტური, მცოდნე კადრების ნაკლებობის გამო თავის თავზე აიღო 1978 წლის საეკლესიო კალენდრის შემდგენელ–რედაქტორობა და კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა წინა წლების კალენდრებში არსებული მასალები. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყოველწლიური კალენდარი თავისი მეცნიერული დონით, დამწყები მორწმუნეთათვის აუცილებელი ლოცვებით, საეკლესიო დღესასწაულების მოკლე მიმოხილვით საზოგადოებისათვის სასურველ გამოცემად იქცა. 1977–1986 წლებში მისი ტირაჟი შეზღუდული იყო, მაგრამ ხალხი მაინც ახერხებდა საეკლესიო კალენდარში არსებული აუცილებელი მასალის გადაწერასა და გამრავლებას. პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, 1980–1982 წლებში კალენდრებში დაიბეჭდა "ფსალმუნნი დავითისი", ძველი და ახალი აღთქმის წიგნების ცალკეული თავები. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, ყოველწლიურ სქელტანიან საეკლესიო კალენდარს დაემატა მცირე ფორმატის "ჯიბის კალენდარი" (1979 წლიდან) და კედლის კალენდარი. ამჟამად გამოდის როგორც საპატრიარქოს ოფიციალური კალენდარი, ასევე იბეჭდება ეპარქიების მიერ მომზადებული კალენდრებიც.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1978 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით გამოვიდა საქართველოს საპატრიაქოს ილუსტრირებული ჟურნალი "ჯვარი ვაზისა", რომელიც თავისი მრვალფეროვანი შინაარსით, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყოველდღიური საქმიანობის მიმოხილვით საქართველოს ეკლესიის უკანასკნელი ოცდაათწლიანი ისტორიის ყველაზე სანდო წყაროდ იქცა. ჟურნალი ემსახურება მისი უწმიდესობის მიზანს - სრულიად საქართველოს სულიერ გამთლიანებას. ჟურნალის საგანგებო ნომრები - "ტაო–კლარჯეთ–მესხეთი", "საინგილო", "აფხაზეთი", "აჭარა", "კახეთი", "იმერეთი", "რაჭა–ლეჩხუმ–სვანეთი", "სამეგრელო", "გურია", "შიდა ქართლი" - ქართველობას აცნობს ამ რეგიონებში არსებულ პრობლემებს და ცდილობს დააფიქროს საზოგადოება მათი მოგვარების გზებზე.
1978–1990 წლებში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით მცირე ტირაჟით გამოდიოდა "საღვთისმეტყველო კრებული", რომელშიც იბეჭდებოდა თეოლოგიური, ფილოსოფიური, ისტორიული ხასიათის გამოკვლევები და თარგმანები.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბიბლიის სრული ტექსტის დაბეჭდვას. უწმიდესისა და უნეტარესი ილია II–ის ლოცვა–კურთხევით შეიქმნა ბიბლიის მეცნიერულად დადგენილი ტექსტის გამომცემელთა ჯგუფი, რომლის მრავალწლიანი შრომის შემდეგ 1989 წელს დაიბეჭდა ბიბლიის სრული ტექსტი ახალ ქართულ ენაზე. ამას მოჰყვა ბიბლიის ძველ ქართულ ენაზე დაბეჭდვაც. მართალია, ტირაჟი მცირე იყო, მაგრამ იმდენად დიდი იყო მოთხოვნილება, რომ გამოცემა რამდენჯერმე განმეორდა. საპატრიარქოს შეკვეთით, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტმა მილიონობით ტირაჟით გამოსცა "ახალი აღთქმა და ფსალმუნნი".
უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, 1989 წლიდან დაიწყო გაზეთ "მადლის" გამოცემა. 1999 წლის 7 იანვრიდან გამოდის "საპატრიარქოს უწყებანი", რომელიც თავისი შინაარსით მრავალფეროვანია და მოიცავს საეკლესიო ცხოვრების ყველა სფეროს. საქართველოს საპატრიარქოს ეგიდით გამოდის ჟურნალები: "კარიბჭე" და "კრიალოსანი". საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყველა ეპარქიას აქვს თავისი გაზეთები და ჟურნალები: "ხვამლი", "თაბორი", "ფუძე", "დედაეკლესია"~, "სამრეკლო", "კანდელი", "მრევლი". საპატრიარქოში არსებობს საღვთისმეტყველო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისია (თავმჯდომარე ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)), გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტი (თავმჯდომარე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)), საინფორმაციო სამსახური - პრესცენტრი (თავმჯდომარე ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)), საგამომცემლო განყოფილება (თავმჯდომარე პროფესორი გვანცა კოპლატაძე). საპატრიარქოს აქვს თეოლოგიური ლიტერატურით მდიდარი ბიბლიოთეკა. საინტერესო მუშაობა მიმდინარეობს საპატრიარქოს არქივში (უფროსი მზია კაცაძე), დამუშავდა უნიკალური ფონდები. პატრიარქის აღსაყდრების 30–ე წლისთავს ეძღვნება საპატრიარქოს არქივის მასალებზე დაყრდნობით გამოცემული შესანიშნავი წიგნი-ალბომი "პატრიარქი", რომელიც შეადგინა ქალბატონმა მზია კაცაძემ.
საპატრიარქოს რადიო "ივერია" თავისი ეროვნული შინაარსის გადაცემებით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. 2007 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ქართულმა ტელემაუწყებლობა "ივერიამ", რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი ანდრიაძე.
2007 წლის მაისში, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, დაარსდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის საერო უნივერსიტეტი. საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში არიან: ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე, პროფესორები: სერგო ვარდოსანიძე, ზაზა აბაშიძე, სერიოზული სამუშაო შეასრულა. 2007 წლის ივნისში ჯგუფი გაფართოვდა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა პარმენ მარგველაშვილი. განისაზღვრა უნივერსიტეტის პროფილი და სპეციალობები. განზრახულია შეიქმნას სამი ფაკულტეტი: 1. ჰუმანიტარული (ისტორია–ფილოლოგია), 2. სოციალურ მეცნიერებათა (ფილოსოფია, იურისპუდენცია, ეკონომიკა), 3. საბუნებისმეტყველო-ტექნიკური. მეცნიერთა ჯგუფებს დაევალათ შეედგინათ სასწავლო გეგმები. მიმდინარეობს მუშაობა საგანთა მიხედვით სილაბუსების შედგენაზე. უნივერსიტეტის მიზანია ეროვნული მნიშვნელობის მეცნიერებათა მიღწევების შენარჩუნება და განვითარება, იმ ტრადიციების დაცვა, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე მნიშვნელოვანი იყო ქართული სახელმწიფოს ინტერესებისათვის.
წყაროები და ლიტერატურა:
1. პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936
2. ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941
3. ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002
4. ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907
5. სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997
6. კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001
7. სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004
8. ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992
9. ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987
10. აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე", თბილისი. 1984
11. იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989
12. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი
13. ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992
14. სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993
15. სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001
16. სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004
17. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი
18. გაზეთი "საქართველო", 1918, N71
19. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304
20. "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003
21. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი
22. სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005
23. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი
24. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი
25. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი
26. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი
27. საქართველოს საპატრიარქოს არქივი
28. სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000
29. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი
30. "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006
31. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი
32. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები
33. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997
34. ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი
35. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები
36. "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი
37. ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.
38. "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006
39. შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975
40. გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო
41. ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3
42. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006
43. "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007
44. ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3
სერგო ვარდოსანიძე
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.