თავი X. ერისა და ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე
"მკაცრი იშვიათად ვარ, მაგრამ, თუ ეს შეეხება სამშობლოსა და ეკლესიის ბედს, შეუვალი ვხდები. ღვთისა და ერის მოღალატეს მკაცრი სასჯელი შემიძლია დავადო, ამავე დროს, სულ ველოდები მისგან სინანულს და, თუ მოინანიებს, მზად ვარ ყველაფერი ვაპატიო"[30, 379], - ბრძანებს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
მძიმე და საპასუხისმგებლოა ერის სულიერი წინამძღოლობა. ადამიანების უმრავლესობა გარედან ხედავს პატრიარქის საქმიანობას. პატრიარქი ლოცვაზეა, პატრიარქი წირავს, ტაძარში საზეიმოდ იმოსება, ზოგიერთს აინტერესებს, ოქროსია თუ არა პატრიარქის მიტრა, კვერთხი... უწმიდესი გრძნობს ამას და გვაფრთხილებს: "როდესაც თანამედროვე ისტორიკოსები და ზოგჯერ ღვთისმეტყველნიც ეკლესიაზე წერენ, უფრო ხშირად მის გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას ან წარსულის მიხედვით აფასებენ მის როლს. ეკლესია გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია"[30, 436].
მისი უწმიდესობის პატრიარქობის ოცდაათწლიანი ხანა, ესაა ხილული და უხილავი წინააღმდეგობების დაძლევის პერიოდი. 1977 წლის 25 დეკემბრიდან, როდესაც მისმა უწმიდესობამ სვეტიცხოველში განაცხადა, რომ შეგნებული ჰქონდა ის საპატიო მოვალეობა, რომელიც დააკისრა წმიდა ტაძრის თაღებქვეშ მაღალმა ღმერთმა, პატრიარქს ერთი დღეც არ ჰქონია მშვიდი ცხოვრება. საბჭოთა იმპერიის მესვეურნი ცდილობდნენ ეკლესია ხალხისგან მოწყვეტილი ყოფილიყო. სათქმელად ადვილია, სიონის საპატრიარქო ტაძარს მრევლი მოაწყდაო, მაგრამ ამ ძიების პროცესში მყოფ ადამიანებს მოფერება, გაფრთხილება და ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ღირებულებებთან ზიარება სჭირდებოდათ. ხელისუფლებას აღიზიანებდა ხალხის ეკლესიისაკენ შემობრუნება. როგორც მისმა უწმიდესობამ გაიხსენა, მას პირდაპირ უთხრეს, რომ იქნებ უმჯობესი ყოფილიყო მხოლოდ დიდი საეკლესიო დღესასწაულების დროს ეწირა სიონში. პატრიარქი არ დასთანხმდა ამ წინადადებას. მისთვის ყველაზე რთული იყო 1977 წლის 9 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე პერიოდი. როგორი სისასტიკით იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ იგი ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდა. უწმიდესსა და უნეტარესს საყვედურიც კი არ უთქვამს იმ ადამიანებისათვის, რომელთაც უსამართლო ცილისწამებით გული ატკინეს მას; მაგრამ პატრიარქობის პირველივე დღეებიდანვე იგი მტკიცე და შეუვალი იყო ეროვნული და საეკლესიო ინტერესების დაცვაში.
XX საუკუნის 90-იანი წლების ახალგაზრდობა, ვერც მომდევნო თაობა სიღრმისეულად ვერ გაიაზრებს 60-80-იანი წლების საბჭოთა პოლიტიკური სისტემის რეალობას. ამ დროს ბეწვის ხიდზე უნდა გევლო, რათა შეგენარჩუნებინა შენი მრწამსი, გებრძოლა მრევლთან მისასვლელ გზებზე ხელისუფლებისაგან შექმნილ დაბრკოლებათა გადასალახავად.
უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის მზარდმა ავტორიტეტმა ოფიციალური ხელისუფლება შეაშფოთა. მათ დაიწყეს ეკლესიის შიგნით დასაყრდენი ძალის ძიება, რათა შიდასაეკლესიო არეულობით ეკლესიის მიმართ საზოგადოების უნდობლობა გამოეწვიათ. ამას ემსახურებოდა 1982-1983 წლების საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მოვლენები, როდესაც არნახული შეტევა დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ. საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობის მიერ მიღებული დადგენილება "მავნე ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებათა წინააღმდეგ ბრძოლა" ფაქტობრივად ეროვნული და სარწმუნოებრივი ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ ბრძოლას შეეწირა რამდენიმე მაღალი იერარქიც.
პატრიარქი ჩვეული სიბრძნითა და შეუპოვრობით ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდიდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტს. ოფიციალური ხელისუფლების სურვილი - საქართველოს ეკლესია თავისი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოეყენებინა - უშედეგოდ დამთავრდა.
1983 წელს, მოსკოვის მითითების შესაბამისად, საქართველოში დიდი ზეიმით უნდა აღენიშნათ გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პატრიარქს მოსთხოვა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიაც გამოხმაურებოდა ამ მნიშვნელოვან თარიღს. მაშინ უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო გადაწყვეტილება, აღენიშნა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 1500, ავტოკეფალიის აღდგენიდან 65 და თავისი პატრიარქად აღსაყდრებიდან 5 წლისთავი. საქმეში ჩაუხედავი ზოგიერთი პიროვნება კი ამტკიცებდა, თითქოს მისი უწმიდესობა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ერიდებოდა ოფიციალურ საერო ხელისუფლებასთან დაპირისპირებას. კონფრონტაცია-დაპირისპირება არ არის მისი უწმიდესობის ცხოვრების წესი, მაგრამ 1980 წლის დასაწყისში უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის წერილი, გაგზავნილი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ პატარიძისადმი, ბევრ კითხვას სცემს პასუხს. საქმე ეხება საერო ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს ეკლესია-მონასტრებში საკონცერტო ღონისძიებების ჩატარების შესახებ.
"ჩვენთვის გაუგებარია, - წერდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II,- რატომ ანგარიში არ გაუწიეს იმას, რომ შიომღვიმის მონასტერი მოქმედი მონასტერია, ამ მონასტერს ჰყავს წინამძღვარი და აქ ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა; ხომ საკითხავია, რა უნდა ქართულ მონასტერში ორღანს?.. გადავავლოთ თვალი სხვა ტაძრების მდგომარეობასაც. მეტეხის ტაძარში, სადაც დაკრძალულია წმიდა დიდმოწამე შუშანიკი, ახალგაზრდული თეატრია, სპექტაკლები და ცეკვები იმართება; ბიჭვინთის დიდებულ ტაძარში, სადაც იყო კათედრა დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებისა, ამჟამად ორღანია და კონცერტები იმართება; თბილისში წმიდა ნიკოლოზის ეკლესია საკონცერტო დარბაზადაა ქცეული; ანჩისხატის საპატრიარქო ტაძარში სახელოსნოა, ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში აბანოა, წყნეთის ეკლესიაში - პურის საცხობი. საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში მრავალი მონასტერი, ეკლესია გადაქცეულია საწყობებად, სახალხო გართობისა და დასასვენებელ ადგილებად. მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი ქვეყანა, სადაც ასე უპატივცემულოდ ეპყრობიან უძველეს სიწმიდეებს. ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ეკლესია-მონასტრები ჩვენმა წინაპრებმა სალოცავად ააშენეს და არა გასართობ ადგილებად... ჩვენ სინანულით მივსტირით ათონის ივერთა მონასტერს, იერუსალიმის ჯვრის მონასტერს იმ დროს, როდესაც საქართველოში არსებულ ტაძრებსა და მონასტრებს უდიერად ვექცევით... მე, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ვალდებული ვარ ღვთისა და ერის წინაშე, ვთქვა გულწრფელი, გულმართალი სიტყვა ამ უაღრესად დიდი და სულიერად ფაქიზი საქმის შესახებ"[27, 6578].
1983 წლის 18 ნოემბერს ქართველ ახალგაზრდებს (სოსო წერეთელს, ძმებ ივერიელებს, გეგა კობახიძეს, დავით მიქაბერიძეს), რომელთაც საბჭოთა სინამდვილისადმი პროტესტის ნიშნად თბილისის აეროპორტიდან სცადეს თვითმფრინავის გატაცება და უცხოეთში გაქცევა, საბჭოთა სასამართლომ ულმობელი განაჩენი გამოუტანა - ისინი უნდა დაეხვრიტათ, მათ შორის - ბეთანიის მონასტრის მღვდელი თეიმურაზ ჩიხლაძე, რომელიც იმ თვითმფრინავში არ იმყოფებოდა. ოფიციალური ხელისუფლება საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით შეეცადა საზოგადოებრივი აზრის შექმნას დახვრეტის მუხლის მხარდასაჭერად, მაგრამ მეცნიერებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ახალგაზრდების დასაცავად. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1984 წლის 14 აგვისტოს საგანგებო წერილით მიმართა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს პავლე გილაშვილს: "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდისა და ჩემი სახელით, მოგმართავთ თხოვნით თქვენ და პრეზიდიუმის წევრებს, შეიწყალოთ და სიცოცხლე შეუნარჩუნოთ მათ, ვინც დაკავშირებულნი არიან თვითმფრინავის გატაცების მცდელობასთან"[27, 10708]; მაგრამ ხელისუფლებას საზოგადოების დაშინების მიზნით მათი დახვრეტა გადაწყვეტილი ჰქონდა და სასწრაფო წესით აღასრულა განაჩენი.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II შეუვალი და მტკიცე იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების აღორძინების, ახალი მღვდელთავრების კურთხევის საქმეში და არ ითვალისწინებდა ოფიციალური ხელისუფლების "რეკომენდაციებს".
დღეს სიამაყით ვამბობთ, რომ 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია, მაგრამ ეს იოლად არ მომხდარა. 1977-1990 წლებში სტამბულსა და თბილისში არაერთი დაძაბული მოლაპარაკება გაიმართა. მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბერძენმა მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ წმიდა მირონს თავიანთი ხარჯებით გამოგზავნიდნენ ხოლმე. პატრიარქი წამოდგა, მისი სახე შეუვალი გახდა. - ქართველი ხალხი ასეთ აღიარებას არ მიიღებს, ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობას, რომ ავტოკეფალიური ეკლესია მირონს კონსტანტინოპოლიდან იღებს, ვერავინ იკისრებს, - განაცხადა მან.
პატრიარქი დაემშვიდობა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს... შეთანხმება ვერ შედგა. ბერძნები წავიდნენ, აეროპორტიდან დარეკეს მსოფლიო საპატრიარქოში და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურის პოზიციის შესახებ მოახსენეს. მსოფლიო საპატრიარქო იძულებული გახდა დაეთმო და მიეღო საქართველოს ეკლესიის მიერ წამოყენებული პირობები.
XX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ცხოვრებამ დიდი გამოცდა მოუწყო როგორც მთელ ერს, ასევე საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. 1989 წლის 9 აპრილს საქართველო იყო ერთიანი და დიადი. მართალია, მთავრობის სასახლესთან სისხლი დაიღვარა, მაგრამ ზნეობრივად ამაღლებულმა ქართველმა ერმა დაამარცხა საბჭოთა იმპერია. ვერც კომენდანტის საათი და ვერც თბილისის ქუჩებში მოგრიალე ტანკები ვეღარ შეაჩერებდნენ ქართველი ხალხის სწრაფვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ.
სამწუხაროდ, ქართველთა ეს ერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. თავი იჩინა პირადმა ამბიციებმა, შექმნილი ვითარების რეალურად შეუფასებლობის ტენდენციებმა, გაჩნდა უამრავი პოლიტიკური პარტია თავისი ლიდერებით, დროშებითა და ჰიმნებით. თითოეული მათგანი ქართველ ხალხს ჰპირდებოდა სანუკვარ თავისუფლებას, ეკონომიკურ სასწაულებს, ქვეყნის დემოკრატიული მოწყობის მრავალფეროვან მოდელებს. პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას. პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები ხვდებოდნენ უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, საკუთარ ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდნენ უწმიდესთან გადაღებულ ფოტოებს და ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში, რომ უწმიდესი და უნეტარესი იწონებდა მათ პროგრამას. უწმიდესი და უნეტარესი ილია II მამაშვილურად განუმარტავდა მათ, რომ საქართველოში ადგილი არ უნდა ჰქონოდა დაპირისპირებას, რომ პარტიებად ქვეყნის დაყოფას კარგად გამოიყენებდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ხალხის მტრები, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა უნდა ეყრდნობოდეს მაღალზნეობას და არა ურთიერთუპატივცემულობასა და ცილისწამებას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია არის არა ცალკეული პარტიებისა და პიროვნებების ინტერესების გამომხატველი, არამედ იგი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ, რომ ეკლესია არასოდეს არ უნდა ჩაერიოს წვრილმან პარტიულ დაპირისპირებაში.
მიუხედავად იმისა, რომ უწმიდესისა და უნეტარესის ამ მკაფიო, მართალმა პოზიციამ პოლიტიკური პარტიის ბევრი ლიდერის გაღიზიანება გამოიწვია, დრომ დაამტკიცა მისი მართებულობა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ არაერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებს ურთიერთპატივისცემისა და შერიგებისაკენ, გამოთქვა მზადყოფნა მათ შორის მოლაპარაკებების საპატრიარქოში ჩატარებისა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო 1991-1992 წლებში შიდადაპირისპირებათა და გარე ძალების მეშვეობით სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გაეხვია. "ძმათა სისხლისღვრით გამოწვეული ტკივილი ბოლომდე გაცნობიერებული არ არის, - აღნიშნავდა მისი უწმიდესობა, - ტრაგედია მოხდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ სწორ გზას ვერ ვიპოვით, თუ მოვლენებს მიუკერძოებლად არ გავაანალიზებთ და ყველასთვის სამწუხარო შედეგის მიზეზებს არ აღმოვფხვრით... ერი დაიყო ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში, ოჯახებში... მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოვლინდა ეკლესიის მიმართაც. იმის ნაცვლად, რომ ეკლესია თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან და ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთისადმი, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს. განა შეიძლება ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?"[33, I, 275].
უწმიდესი და უნეტარესი ილია II მტკიცე, შეუვალი და პრინციპული იყო რუსეთის რეაქციული ძალების მიერ აფხაზეთსა და შიდა ქართლში ინსპირირებული კონფლიქტების შეფასებაში. იმ დროს, როდესაც საერო ხელისუფლება იარაღის ძალით იქნა დამხობილი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იყო ერთადერთი, რომელიც გამოხატავდა ქართველი ერის სულიერ და პოლიტიკურ ინტერესებს. პატრიარქმა საგანგებო წერილით მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს, მსოფლიო პატრიარქს, რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის პატრიარქს. მან დაუფარავად მიანიშნა რუსეთის აგრესიაზე ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ქვეყნის მიმართ და, როგორც 1922 წელს _ უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, დახმარებოდნენ საქართველოს. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში XX საუკუნის 90-იან წლებში დატრიალებული მოვლენებით შეძრწუნებულ თანამემამულეებს ამ სიტყვებით მიმართა: "ჩვენს სწრაფად ცვალებად და ურთიერთდაპირისპირებულ დროში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ ეკლესია არის ის ერთადერთი გადამრჩენელი ხომალდი, რომელსაც შესწევს ძალა, გადალახოს ცხოვრების გზის აბობოქრებული ტალღები და ნაპირზე მშვიდობით მიგვიყვანოს"[30, 437].
უწმიდესმა და უნეტარესმა 1993-2007 წლებში კვლავ იმოგზაურა საქართველოს ყველა კუთხეში, შეხვდა მოსახლეობას, ადგილობრივ ინტელიგენციას, სასულიერო პირებს და მოუწოდა მათ, რომ არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება, რაგინდ მიმზიდველი პროგრამაც უნდა ჰქონოდა, არ დაეყენებინათ ქართველი ერის ერთიანობის ინტერესებზე მაღლა, რომ ის გამოცდა, რომლის წინაშეც უფალმა ქართველი ხალხი დააყენა, დაფიქრებისა და სულიერი ამაღლების საფუძველი უნდა გამხდარიყო...
XX საუკუნის მიწურულს საქართველოში მრავლად არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა აშკარად, დაუფარავად გაილაშქრა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ. ამ ორგანიზაციათა მრავალრიცხოვან ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა პუბლიკაციები, რომელთა ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას აფერხებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, რომელიც, მათი აზრით, შუასაუკუნოებრივი ტრადიციების დამცველი იყო. ამ ორგანიზაციებმა შეადგინეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გათანამედროვეობის მრავალი პროექტი, სცადეს ეკლესიის შიგნით დასაყრდენის მოპოვება, დაიწყეს ეროვნული ღირებულებების გამოცხადება ჩამორჩენილ აზროვნებად. ისინი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს ლიბერალიზაციას მოითხოვდნენ. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პასუხი ამ გამოწვევებზე კარგად ჩანს უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის საახალწლო, სააღდგომო და საშობაო ეპისტოლეებში, საკვირაო ქადაგებებში. ვინც გულდასმით გაეცნობა მათ, დაინახავს 1990-2007 წლების საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და სულიერი ცხოვრების ობიექტურ სურათს. `ზოგიერთს იქნებ ჰგონია, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა მიერ დადგენილი ქრისტიანული ღირებულებანი დროის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს. ასეთი ადამიანები სულიერებაში საერთოდ ვერ ერკვევიან და სარწმუნოებას მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მსგავსად განიხილავენ. მათ არ ესმით, რომ მართლმადიდებლობა ეს არის ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე, ქრისტეს ეკლესია კი არის სულიწმიდის მადლით განახლებული სიცოცხლე ქრისტესთან და ქრისტეში~[30, 435], - წერდა მისი უწმიდესობა.
გასაოცარი იყო ეკლესიის არაკეთილმოსურნეთა აქტიურობა 2002-2004 წლებში, განსაკუთრებით - სამების საკათედრო ტაძრის გახსნის წინ. მავანნი ამტკიცებდნენ, რომ ეკონომიკურად შეჭირვებულ საქართველოში მიზანშეუწონელი იყო ასეთი გრანდიოზული მასშტაბის ტაძრის მშენებლობა. ცნობისმოყვარე ჟურნალისტები პატრიარქს სთხოვდნენ, გამოეთქვა თავისი აზრი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირთა შესახებ. პატრიარქმა მშვიდად, ღიმილით უპასუხა მათ - სამების საკათედრო ტაძრის გახსნა ყველა კითხვაზე პასუხს გასცემსო. იგი არც შემცდარა. 2004 წლის 23 ნოემბერს, წმიდა გიორგობის დღესასწაულზე, საოცარი სანახავი იყო საქართველოს დედაქალაქი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველა მოქმედი ეპარქიიდან ათასობით მორწმუნე, ეპარქიის მღვდელმთავრებისა და სამღვდელოების თანხლებით, წმიდა ხატებითა და საეკლესიო დროშებით ელიას მთაზე წმიდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნაზე მიიჩქაროდა. მრავალრიცხოვანი მორწმუნენი იყვნენ მცხეთა-თბილისის ეპარქიის ეკლესიებიდანაც. სამების საკათედრო ტაძრის ეზოსა და შემოგარენში ასი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ეს იყო საუკეთესო პასუხი ეკლესიის არაკეთილმოსურნეთა მიმართ. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაუფარავად აღნიშნა, რომ მან თვითონ ნახა იმ გეგმათა მონახაზი, რომელიც საქართველოს ეკლესიის დაშლას ითვალისწინებდა და, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
უწმიდესი და უნეტარესი თავისუფალი აზროვნებითა და ქცევით გატაცებულებს შეახსენებს: "სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსებითა და პასუხისმგებლობით ხასიათდება. შეუძლებელია, საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს, შეუძლებელია, საზოგადოებას არ ჰქონდეს პასუხისმგებლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე და მან შექმნას რაიმე ღირებული; შეუძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და ააშენოს სრულფასოვანი სახელმწიფო"[30, 227]. უღირსებო ერის დამონება ყველაზე ადვილია. საუკუნეთა მანძილზე მტრები ყოველთვის ცდილობდნენ, ქართველ ხალხში ჩაეკლათ ეროვნული ღირსების გრძნობა, მაგრამ ამას ვერ ახერხებდნენ. უკიდურესი განსაცდელის ჟამს ერის წიაღიდან ამოიზარდნენ ზნეობრივად და სულიერად გაუტეხელი გმირები წმიდა შუშანიკის, წმიდა მეფე არჩილის, წმიდა აშოტ კურაპალატის, წმიდა დემეტრე თავდადებულის, წმიდა ცოტნე დადიანის, წმიდა ბერი თევდორეს, წმიდა ლუარსაბ II-ის, წმიდა ქეთევან დედოფლის, წმიდა ილია მართლის, წმიდა კირიონის, წმიდა ამბროსი აღმსარებლისა და სხვათა სახით, რომელთა მოწამებრივი ცხოვრება იყო ქართველი ხალხის ეროვნული ღირსების დაცვისა და სულიერი სიმტკიცის დიადი მაგალითი.
XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოსათვის აქტუალურია საკითხი, როგორ იპოვოს თავისი ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში. უწმიდესი და უნეტარესი აფრთხილებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც უყვარს საკუთარის უარყოფის ხარჯზე სხვისი მიბაძვა: "პოსტიმპერიულ საზოგადოებაში ხშირ შემთხვევაში უჩნდებათ არასრულფასოვნების განცდა, რაც მათ დამოუკიდებლობის მოპოვების ნაცვლად ხშირად ახალი "კეთილი ბატონის" ძიებისაკენ უბიძგებს. ამას შეიძლება პირობითად პროვინციალიზმი ვუწოდოთ, როცა არასრულფასოვნების განცდის გამო ხდება უპირობო აღიარება სხვისი პრიმატისა, მაქსიმალური დამსგავსება და მონური ლტოლვა მისადმი, საკუთარი ფასეულობების უგულებელყოფის ხარჯზე"[30, 427]. სამწუხაროა, მაგრამ ამ საშიშროების წინაშე რეალურად აღმოჩნდა ქართველი საზოგადოება. პატრიარქი ღიად აცხადებს: "თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიფოს არა აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუ თავისუფლებისაკენ, გააუფასურებს ეროვნულ ღირებულებებს, დაარღვევს ფორმასა და შინაარსს საზოგადოებრივი ცხოვრებისას"[30, 426].
ჩვენი საზოგადოება იმდენად გაიტაცა ევროამერიკულ პროცესებში ინტეგრაციის პროპაგანდამ, რომ, ჩვენდა სამარცხვინოდ, დაგვავიწყდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღები. არც მარაბდობა, არც დიდგორობა, არც კრწანისობა გვახსოვს. სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებიდან და სახელმძღვანელოებიდან თანდათან ქრება სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მქონე მასალა, რომელიც ეროვნულ სიამაყესა და ქართველობას აღვივებდა ახალგაზრდობაში. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენი მეზობლებისათვის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია იმას ეფუძნება, რის დავიწყებასაც ჩვენ ვცდილობთ. უწმიდესი და უნეტარესი ილია II გვაფრთხილებს: "როგორც ადამიანისათვის მიწიერი სურვილებით გატაცება არის დიდი ცოდვა და უაზრობა, ასევე უაზრობაა სახელმწიფო ინტერესების შემოფარგვლა მარტო ყოფითი პრობლემებითა და მიწიერი საკითხებით. თუ ხელისუფლებას სურს, არ ჩაეფლოს ამაოების ჭაობში და არ უნდა, საზოგადოების წევრები გაწიროს უმიზნო ყოფისათვის, მას ყოველთვის და ყოველ საქმეში ცათა სასუფეველი უნდა ჰქონდეს და ყველგან და ყველაფერში ქრისტიანული ცხოვრების წესის დამკვიდრებას უნდა ცდილობდეს. ასეთი სახელმწიფოა სიცოცხლისუნარიანი, სულით ძლიერი და გაუტეხელი. აუცილებელია, რომ საქართველომ, როგორც ძველმა ქრისტიანულმა სახელმწიფომ, იხელმძღვანელოს ქრისტიანული ეთიკით და ააშენოს ეროვნული სახელმწიფო ჩვენს ტრადიციებსა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დაყრდნობით"[30, 426].
ეროვნული სახელმწიფოს აშენება, ეროვნულობის, ქრისტიანული ცხოვრების წესის დამკვიდრდება გარეგნულ ეფექტებს გამოდევნებით შეუძლებელია. ყველაფერ ამას დიდი ნებისყოფა და სულიერი სიმაღლე სჭირდება. საზოგადოების არც ერთი წევრი თავს დამცირებულად, უსასოოდ არ უნდა გრძნობდეს. უწმიდესი და უნეტარესი ბრძანებს: "იმის საშიშროებაც აშკარაა, რომ ჩვენი მთავარი ყურადღება მიპყრობილია ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური ეფექტების მიღწევაზე, ურთიერთობის ზნეობრივი მხარე კი სრულიად დავიწყებულია, უფრო მეტად, ლამის იძულებით ხდება ზნეობრიობის გადაგვარება, ეს კი სულიერი და ფიზიკური განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის. ღმერთი ნამდვილად არ გვაპატიებს თავაშვებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეს ყველამ უნდა გაითავისოს"[30, 431]. პატრიარქი იმ ადამიანთა საყურადღებოდ, ვისაც საქართველოს ეკლესიის დაშლა-დანაწევრება სურთ, აცხადებს, რომ ეკლესია შეუვალია და ამაოა მათი იმედები, ვინც ამაზე ოცნებობს.
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და საეკლესიო ინტერესები ერის სულიერი წინამძღოლის დიდ სიფხიზლესა და ყურადღებას მოითხოვს. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბრძენი წინამძღოლია. ყველა ქართველმა უნდა დაიმახსოვროს მისი სიტყვები: "მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანები, ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს. მიწიერ საცდურზე ნუ გავცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვინ იქნება"[30, 435].
წყაროები და ლიტერატურა:
1. პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936
2. ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941
3. ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002
4. ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907
5. სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997
6. კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001
7. სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004
8. ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992
9. ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987
10. აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე", თბილისი. 1984
11. იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989
12. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი
13. ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992
14. სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993
15. სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001
16. სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004
17. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი
18. გაზეთი "საქართველო", 1918, N71
19. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304
20. "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003
21. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი
22. სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005
23. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი
24. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი
25. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი
26. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი
27. საქართველოს საპატრიარქოს არქივი
28. სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000
29. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი
30. "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006
31. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი
32. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები
33. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997
34. ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი
35. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები
36. "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი
37. ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.
38. "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006
39. შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975
40. გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო
41. ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3
42. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006
43. "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007
44. ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3
სერგო ვარდოსანიძე
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.