თავი XII. პატრიარქი
ა) ურთიერთობა პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებთან, საზოგადო მოღვაწეებთან
უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს თავისი სასულიერო მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში საინტერესო შეხვედრები ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ მოღვაწეებთან, რელიგიურ ლიდერებთან. 1977 წელს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია დელიში შეხვდა ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს - შრი ფახრუდან ალი ახმედს და პრემიერ-მინისტრს - ინდირა განდის. ამ შეხვედრაზე ინდოეთის ხელმძღვანელობამ პირველად მიიღო ვრცელი ინფორმაცია საბჭოთა კავშირში შემავალი ერთ-ერთი რესპუბლიკის - საქართველოს, მისი ისტორიის, კულტურისა და რელიგიური აღმსარებლობის შესახებ.
1988 წლის აპრილში საქართველოში სტუმრად მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ შულცმა სურვილი გამოთქვა, შეხვედროდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. სიონის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმიდესობა გულთბილად მიესალმა საპატიო სტუმარს, განუმარტა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის როლი და მნიშვნელობა. თავის მხრივ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: "ის მიზნობრივი როლი, რომელიც საქართველოს ეკლესიამ შეასრულა ქართული კულტურის, ენისა და სულის ამაღლებასა და განმტკიცებაში, ნამდვილად შთამბეჭდავია."[34, 1988, 22, 17].
უწმიდესი და უნეტარესი ილია II 1991 წელს თბილისში შეხვდა და ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტს რიჩარდ ნიქსონს, 1995 წელს შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტს იონ ილიესკუს, 1996 წელს - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს რომან ჰერცოგს. მისი უწმიდესობა 1993 წელს თბილისში შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბორის ელცინს, ხოლო 2005 წელს მოსკოვში - პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. რუსეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრების დროს მისი უწმიდესობა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ურთიერთპატივისცემასა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო აღიარებას. 1995 წელს პატრიარქმა თავის რეზიდენციაში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას, ხოლო 2006 წელს - პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს. უწმიდესი და უნეტარესი არაერთხელ შეხვედრია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტებს: ჰეიდარ ალიევსა და ილხამ ალიევს.
1995 წელს უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს შეხვედრა ჰქონდა საბერძნეთის მეფე კონსტანტინესთან. Pპატრიარქმა ამ შეხვედრას ისტორიული უწოდა: "თითქოს აღდგა 1000 წლის წინანდელი ტრადიცია, როცა ბიზანტიის იმპერატორები ეწვეოდნენ ხოლმე საქართველოს და ჩვენი მეფეები ჩადიოდნენ საბერძნეთში. თქვენს ვიზიტში ჩვენ ვხედავთ ნიშანს ღვთის დიდი განგებისა და ამიტომაც ფსალმუნის სიტყვებით ვამბობთ: "ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა~. თქვენმა ჩამობრძანებამ საქართველოს მიწაზე წარსულ საუკუნეთა სუნთქვა მოიტანა და გაგვახსენა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებთან დაკავშირებული მოვლენები."[30, 354].
უწმიდესი და უნეტარესი ერევანსა და თბილისში არაერთხელ შეხვდა სომხეთის პარლამენტის სპიკერს კარენ დემირჭიანს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს: ლეონ ტერ-პეტროსიანსა და რობერტ ქოჩარიანს. ამ შეხვედრებზე განხილული იყო ქართულ-სომხური ურთიერთობის საკითხები.
უწმიდესი და უნეტარესი 2000 წლის დეკემბერში, წმიდა მიწაზე ქრისტეშობის დღესასწაულის აღნიშვნის დროს, შეხვდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარეს იასირ არაფატს. 2001 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მუჰამედ ჰათამთან შეხვედრისას მისმა უწმიდესობამ აღნიშნა: "საქართველო-ირანის ურთიერთობის ფესვები ძველი წელთაღრიცხვის შორეული წარსულიდან იწყება. იმ უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე არ დამცხრალა დაპირისპირება ჩვენს ქვეყნებს შორის. ირანი იყო სახელმწიფო, რომელსაც ყოველთვის სურდა, თავის მფლობელობაში ჰქონოდა ჩვენი მიწა-წყალი და ამ მიზნის მისაღწევად მკვეთრ ნაბიჯებს დგამდა. მიუხედავად ურიცხვი შემოსევისა, ქართველი ხალხი ბოლომდე არ გამტყდარა და მრავალგზის დარბეული და განადგურებული, შემდეგ კი ფენიქსივით აღმდგარი, კვლავ იწყებდა ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის"[30, 286]. უწმიდესმა და უნეტარესმა გამოთქვა რწმენა, რომ XXI საუკუნეში ორ განსხვავებული პოლიტიკური და რელიგიური სისტემის ქვეყანას შორის შესაძლებელი გახდებოდა ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა.
2001 წელს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის მიწვევით იმყოფებოდა კვიპროსში და შეხვდა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს. უწმიდესი და უნეტარესი ქართველი ხალხის სახელით მიესალმა მას და ბრძანა: "ჩვენ დიდი სიყვარულით ჩამოვედით თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში და გვაქვს სურვილი, გავაგრძელოთ საუკუნეთა მანძილზე არსებული ძმური ურთიერთობა. კვიპროსის სიწმიდეებსა და ეკლესია-მონასტრებს დიდ პატივს სცემდნენ ჩვენი მეფეები და დიდებულები, ამიტომაც ხშირად ეხმარებოდნენ. ამასთან, ქართველებიც მრავლად ცხოვრობდნენ აქ. მათ კოლონია ჰქონდათ ნიქოზიაში, რამდენიმე მონასტერი - ალამანის რაიონში, მათ შორის - ღალიას, იგივე ჟალიას ეკლესია, რომელიც განამშვენა და შეამკო თამარ მეფემ. ჩვენი ორი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კიკოს მონასტერს. აქ დღესაც დაცულია დიდებულთაგან შეწირული საეკლესიო ნივთები, მათ შორის - ერეკლე მეფისეული ცნობილი დაფარნა, რომელიც სახეს უფარავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლუკა მახარებლისეულ ხატს"[30, 253].
უწმიდესსა და უნეტარესს შეხვედრები ჰქონდა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრ ფრანსუა ჟისკარ დე სტენთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ კლარუს კინკელთან, ევროგაერთიანების კომისარ ტორბენ ხოლიოსთან, საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის სახელმწიფოთა ელჩებთან. ამ შეხვედრების დროს უწმიდესი და უნეტარესი ილია II საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული მნიშვნელობის, მსოფლიო გლობალური პოლიტიკის პრობლემებს იხილავდა. მისი უწმიდესობის დახვეწილ დიპლომატიას, მოვლენების სწორ ხედვას ერთხმად აღნიშნავდნენ ხოლმე შეხვედრიდან გამოსული სტუმრები.
პატრიარქობის ოცდაათი წლის მანძილზე უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მმართველ პოლიტელიტასთან. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველო, როგორც საბჭოთა იმპერიის ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკა, იმართებოდა მოსკოვის მიერ დანიშნული ადგილობრივი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნების მეშვეობით. 1972-1985 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე. იმ დროს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიზანად ჰქონდა დასახული, რომ საქართველო გადაექციათ საყოველთაო ათეიზმის ქვეყნად. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ახლადარჩეულ პატრიარქსა და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს შორის ურთიერთობა საკმაოდ რთული იქნებოდა. ე.შევარდნაძე ისე გადაიყვანეს მოსკოვში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად, რომ ერთხელაც არ შეხვედრია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
1978 წლის ოქტომბერში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ჩატარდა წმიდა შუშანიკის წამების დაწერიდან 1500 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. სხდომის პრეზიდიუმში მიწვეულ იყვნენ პარტიისა და საბჭოთა ორგანოების მაშინდელი ხელმძღვანელები, მეცნიერები. სხდომას ესწრებოდა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ეს იყო მისი ეპიზოდური შეხვედრა ე. შევარდნაძესთან. 1986 წელს მოსკოვის აეროპორტში ე. შევარდნაძე შემთხვევით შეხვდა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ხელი ჩამოართვა და ამ სიტყვებით მიმართა: "მე ვამაყობ თქვენით". თავის მხრივ, უწმიდესმა და უნეტარესმა წარმატება უსურვა მას და შეახსენა, საკუთარი სამშობლო არასოდეს დაგავიწყდესო.
1985-1989 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო ჯუმბერ პატიაშვილი. დროის ეს მონაკვეთი საბჭოთა კავშირში "პერესტროიკის" ანუ გარდაქმნებისა და რეფორმების ხანადაა ცნობილი. ძირგამომპალი საბჭოთა სისტემის გადარჩენის მცდელობა იყო კომუნისტური პარტიის მიერ XX საუკუნის 20-70-იან წლებში ჩადენილ დანაშაულთა მონანიების, თავისუფალი, დემოკრატიული აზროვნების დამკვიდრებისაკენ გადადგმული ნაბიჯები. ოფიციალურმა ხელისუფლებამ აღიარა ეკლესიასთან დამოკიდებულებაში დაშვებული შეცდომები და სინდისის თავისუფლების დეკლარირებული აღიარებიდან მის პრაქტიკულ განხორციელებას შეუდგა. გამარტივდა ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესიების ოფიციალური რეგისტრაცია და ამოქმედება. ასეთ ვითარებაში საპატრიარქოსა და საერო ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა კონსტრუქციული გახდა. ხელისუფლებამ ნება დართო საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, გაეხსნა თბილისის სასულიერო აკადემია. ჯუმბერ პატიაშვილი რამდენჯერმე შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს.
1989-1990 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო გივი გუმბარიძე. 9 აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოში, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობა დამყარდა - ერთი მხრივ, არსებობდა ოფიციალური ხელისუფლება, რომელსაც ხალხში არანაირი ავტორიტეტი აღარ ჰქონდა, და, მეორე მხრივ, - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც რეალურ ძალას ფლობდა და აკონტროლებდა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროს. გივი გუმბარიძის მმართველობის დროს საქართველოს საპატრიარქოს დაუბრუნდა ის ისტორიული შენობა, რომელიც 1923 წელს ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ ეკლესიას ჩამოართვა.
1990 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ დაემხო კომუნისტური მმართველობა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული წინამძღოლი ზვიად გამსახურდია. ზვიად გამსახურდია მორწმუნე პიროვნება იყო. იგი ჯერ კიდევ 1972 წელს უჭერდა მხარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას კანდიდატურას და მას საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ყველაზე გამორჩეულ, ნათელ პიროვნებად მიიჩნევდა.
1979 წლის 19 აგვისტოს ზვიად გამსახურდიამ ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა პატრიარქს: "უწმიდესო და უნეტარესო! დღეს, როდესაც აღსრულდა ქართველი ხალხის სანუკვარი ოცნება და თქვენ მოევლინეთ მამამთავრად ივერიის წმიდა სამოციქულო ეკლესიას, ყოველი ქართველის უწმიდესი მოვალეობაა, ამოგიდგეთ მხარში და თავისი თუნდაც მცირე წვლილი შეიტანოს ჩვენი ეკლესიის აღორძინების დიდ საქმეში. ჭეშმარიტად დიდი და სასიხარულო ცვლილებებია ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში, თქვენი მადლიანი ხელი დაეტყო ყოველივეს, ჭეშმარიტად არ ყოფილა განწირული წმიდა ივერია, მაგრამ, ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ წარსულის ზოგიერთი მანკიერება ჯერაც არ აღმოფხვრილა და ბევრი რამ მოითხოვს ყურადღებას"[27, 15585].
ზვიად გამსახურდია 1979-1989 წლებში სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლი იყო, ესწრებოდა წირვა-ლოცვებს, ცდილობდა ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესიების ამოქმედებას, მონაწილეობდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის ღონისძიებებში, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საპატრიარქოსთან.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II დაესწრო საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიას 1990 წლის 14 ნოემბერს, დალოცა სესიის მონაწილეები, ზვიად გამსახურდიას მიულოცა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ეროვნული მთავრობის გვერდით იდგა და ცდილობდა ეროვნული თანხმობის შენარჩუნებას, რომლის გარეშეც ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანას გაუჭირდებოდა საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან თავის დაღწევა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია მიესალმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წლის 9 აპრილს, მიულოცა ზვიად გამსახურდიას საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. უწმიდესი და უნეტარესი თვლიდა, რომ ეკლესია პირდაპირ არასოდეს არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესებში, რომ მისთვის ძნელია არჩევანის გაკეთება თანამემამულეთა შორის პარტიული ნიშნის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა ეკლესიის პოლიტიზაციისა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ არ დაუშვა მოვლენების ასეთი განვითარება. 1991 წლის შემოდგომაზე საქართველოში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით საქართველოს საპატრიარქომ სცადა საპატრიარქოში მოლაპარაკებები გაემართა ხელისუფლებასა და საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. უწმიდესმა და უნეტარესმა საგანგებო წერილებით მიმართა ზვიად გამსახურდიას, აკაკი ასათიანს, ბესარიონ გუგუშვილს, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებს, ოპოზიციას. "საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ თავის მწვერვალს მიაღწია, - ნათქვამი იყო წერილში, - ქართველი ქართველს დაუპირისპირდა, მოსალოდნელია ძმათა შორის სისხლისღვრა, არ უნდა მოხდეს ეს სამარცხვინო ფაქტი. ნუ ჩავიდენთ საშინელ ცოდვას ღვთისა და ერის წინაშე. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი თქვენს შორის და მშვიდობიან ვითარებაში გადაწყდეს ყველა სადავო საკითხი. თუ იქნება თქვენი სურვილი, მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ დიალოგში"[27, 6870].
სამწუხაროდ, არც ხელისუფლებასა და არც ოპოზიციას არ ეყო გონიერება, და საქართველოში დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება. ზ. გამსახურდია იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო. მისი მომხრეები გაღიზიანებული იყვნენ საქართველოს ეკლესიაზე, მაგრამ, დროთა ვითარებაში, მოვლენების ობიექტური შეფასების შემდეგ, მიხვდნენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია არჩევანს ვერ გააკეთებდა უღირს და ღირსეულ შვილებს შორის. ის, რაც მოხდა, იყო უბედურება, მაგრამ ეკლესია უნდა დარჩენილიყო ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ.
რთული იყო უწმიდესისა და უნეტარესის ურთიერთობა სამხედრო საბჭოსთან იმ დროს, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი, ეკონომიკური სიძნელეები და პოლიტიკური კრიზისი გრძელდებოდა. სამხედრო საბჭო, თ. სიგუას, თ. კიტოვანისა და ჯ. იოსელიანის სახით, გადაულახავი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ასეთ ვითარებაში 1992 წლის 7 მარტს მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ჯერ - სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - სახელმწიფოს მეთაურად, ხოლო 1995 წლიდან საქართველოს პრეზიდენტად იქნა არჩეული.
თბილისში დაბრუნებული ე. შევარდნაძე პირველად სიონის საპატრიარქო ტაძარში მივიდა და ამით ყველას მიანიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს გაუჭირდებოდა მრავალრიცხოვანი სერიოზული პრობლემების მოგვარება. უწმიდესი და უნეტარესი ილია II თვლიდა, რომ უმძიმესი ვითარებიდან საქართველოს გამოსაყვანად აუცილებელი იყო ე. შევარდნაძისათვის მხარდაჭერა და არა პარტიულ-ნომენკლატურული წარსულის გამო მისი კრიტიკა. Uუწმიდესმა და უნეტარესმა არაერთხელ დააფიქსირა მისადმი მხარდაჭერა. 1993 წელს, როდესაც რუსეთის რეაქციული ძალების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო გამძაფრდა დაპირისპირება, პატრიარქმა საგანგებო წერილებით მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს, მსოფლიო პატრიარქს, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს, რუსეთის პრეზიდენტსა და პატრიარქს და მოუწოდა სწორად შეეფასებინათ აფხაზეთში დატრიალებული მოვლენები და სასწრაფოდ მიეღოთ ზომები სისხლისღვრის შესაწყვეტად.
1993 წლის 31 დეკემბერს ე. შევარდნაძემ ამ სიტყვებით მიულოცა ახალი წელი მის უწმიდესობას: "ძვირფასო ბატონო ილია, აფხაზეთში გამგზავრების წინ გადავწყვიტე ორიოდე სიტყვით შეგეხმიანოთ და ახალი წელი მოგილოცოთ, თქვენ და მთელ ქართველ ხალხს ვუსურვო, რომ ასეთი მძიმე წელი აღარ განმეორებულიყოს საქართველოს მომავალ ისტორიაში. პირადად თქვენ გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისათვის, თქვენი ლოცვა-კურთხევისათვის, რომელიც რწმენას, ძალასა და ენერგიას მატებს ჩვენს მრავალტანჯულ ხალხს. გილოცავთ ახალ წელს"[27, 7191].
1996 წელს ელიას მთაზე საფუძველი ჩაეყარა წმიდა სამების საკათედრო ტაძარს. პრეზიდენტი ე. შევარდნაძე ყოველმხრივ დახმარებას უწევდა ტაძრის მშენებლობას. 1997 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II-ის აღსაყდრებიდან 20 წლისთავზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მისი უწმიდესობა დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოთი - "წმიდა დავით აღმაშენებლის ორდენით". დაჯილდოების დროს პრეზიდენტმა ე. შევარდნაძემ აღნიშნა: "ძნელია ეს გზა, ერისა და ყოველი ჩვენგანის სულიერი განწმენდის გზა, მაგრამ თქვენი ლოცვა-კურთხევითა და შეგონებით მჯერა, საქართველო ამ გზას გაივლის. მე ვიცი, თქვენ არ გსურდათ ხმაურიანი ყოფილიყო თქვენი საიუბილეო თარიღების აღნიშვნა, მაგრამ ერი ცხოვრობს ამ თარიღებით, ფიქრობს და ლოცულობს თქვენთან ერთად, რადგან თქვენ ერის, დროისა და ისტორიის კუთვნილება ხართ"[27, 16459]. 2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ სამოციქულო ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება-კონკორდატი პრეზიდენტისა და პატრიარქის სერიოზული თანამშრომლობის შედეგია.
ე. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეეცადა საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული ეროვნული სიწმიდეები უცხოეთში გამოფენაზე გაეტანა. ეკლესიისა და ხალხის კატეგორიული მოთხოვნით ეს მცდელობა ჩაიშალა. ე. შევარდნაძეს მიმართეს საპროტესტო წერილით, რომელსაც 100 000-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს: "ბატონო პრეზიდენტო, ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ინტენსიური სულიერი ექსპანსიის დროს, დაუშვებლად მიგვაჩნია, საქართველო მაცხოვრის შობის 2000 წლისთავის საიუბილეო დღესასწაულს ეროვნულ სიწმიდეთა გარეშე შეხვდეს. კეთილმორწმუნე ქართველი ერი უმორჩილესად გთხოვთ, არ დაუშვათ ეროვნულ სიწმიდეთა საზღვარგარეთ გამგზავრება"[27, 2203, 14537].
2003 წლის ნოემბრის "ვარდების რევოლუციის" დროს ე. შევარდნაძე გადადგა საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მის ამ ნაბიჯს მამაცური და ერის წინაშე პასუხისმგებლობის გამომხატველი უწოდა. უწმიდესი და უნეტარესი ქრისტიანული სიყვარულითა და პატივისცემით მოიკითხავს ხოლმე ექსპრეზიდენტს. 2005 წლის 30 აპრილს ე. შევარდნაძემ ასე შეაფასა საქართველოს სულიერ წინამძღოლთან თავისი მრავალწლიანი ურთიერთობა: "ვამაყობ იმით, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ თანამოაზრენი და საქართველოს ბედნიერებისათვის მებრძოლნი ვართ. რამდენად დალხინებული ვართ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ უფლისა და ჩვენი ხალხის წინაშე პირნათელნი ვართ. რომ არა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და თქვენი უწმიდესობის დიდი ღვაწლი, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო დიდ სიძნელეებთან და მსხვერპლთან იქნებოდა დაკავშირებული. ყველაფრისათვის დიდი მადლობა"[27, 16458].
2004 წლიდან საქართველოს პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი. ახალგაზრდა პრეზიდენტის ინაუგურაცია-კურთხევა შესრულდა გელათში, წმიდა დავით აღმაშენებლის საფლავთან. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს: "თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! ყველაფერი ამქვეყნად ღვთის განგებით ხდება. განგებამ უფლისამ დაგადგინათ დღეს თქვენ ამ დიდებულ ტაძარში, რათა მოგენიჭოთ მადლი ღვთისა ჩვენი ქვეყნის წარსამართებლად. ეს არის წმიდა დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული ის სავანე, რომელიც საუკუნეთა მანძილზე იყო სიმბოლო ქართველი ერის სიბრძნისა და გონიერებისა, რწმენისა და სულიერი სიმაღლისა; ეს არის ის წმიდა ადგილი, სადაც დაღვრილია მრავალი ცრემლი და აღვლენილია მრავალი ლოცვა უფლის წინაშე საქართველოს მთლიანობისა და კეთილდღეობისათვის. თქვენი წარმატების დიდი გარანტი არის ხალხის ნდობა. ეს მეტად სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ იგი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც გაკისრებთ და მას გაფრთხილება უნდა. არიან ხელისუფალნი, რომელნიც სათნოეყოფიან კაცთა და მხოლოდ მიწიერი საზრუნავით მოცულნი ცდილობენ დროის შესაბამისად იმოქმედონ. ასეთი ადამიანები ვერ ქმნიან სახეს ისტორიისას. არიან ხელისუფალნი, რომელნიც თავისი ქმედებებით, უპირველეს ყოვლისა, სათნოეყოფიან უფალს და ჯილდოდ მიწიერ დიდებასაც იღებენ. როგორც წესი, მათი სახელი საუკუნეებს ახსოვთ. არჩევანი თქვენზეა. აქ, ამ ტაძრიდან იწყება თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მოღვაწეობის პირველი დღე. ინებოს ღმერთმა, რომ ეს გზა იყოს ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და კეთილწარმატების მომტანი… გელათში, წმიდა დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დადება სიმბოლურია და დიდად საპასუხისმგებლო, ვინაიდან აქ არა მარტო დღევანდელი, არამედ მთელი ზეციური საქართველო დგას და თქვენგან "ჩუეულებისაებრ მამულისა სვლას" მოითხოვს"[27, 15764].
2004-2007 წლებში პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ეკონომიკური რეფორმები. საქართველომ ივალდებულა შეიარაღებული ძალების გადაყვანა ნატოს სტანდარტებზე. ჩატარდა სასამართლო და პოლიციის სისტემების რეორგანიზაცია, გადაიდგა ნაბიჯები სამოქალაქო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისაკენ, მაგრამ ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების გაუფასურების ტენდენციაც აშკარაა. მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად უპირისპირდებიან საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და მის მეთაურს. არის მცდელობა, გადასინჯულ იქნეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატი, რომელიც, ფაქტობრივად, არ მუშაობს. სამწუხარო გაუგებრობა მოხდა 2007 წელს აჭარაში, ფერიის მთაზე, სადაც დაანგრიეს მშენებარე ეკლესია. უწმიდესი და უნეტარესი ასე ახასიათებს შექმნილ ვითარებას: "მიმდინარეობს საეკლესიო საკითხებზე არაკორექტული, ხშირ შემთხვევაში კი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური მსჯელობები. ყველაფერ ამას ერთგვარი ორგანიზებული სახე აქვს და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ეკლესიის წევრები, ისე მის გარეთ მყოფი პირები. ჩვენთვის გაუგებარია აღნიშნულ პროცესებში იმ ადამიანთა მონაწილეობა, რომელთაც ეკლესიასთან კავშირი არა აქვთ, ვინაიდან მათ ამის არც ცოდნა, არც მორალური და იურიდიული უფლება არა აქვთ; ხოლო ისინი კი, რომელნიც ეკლესიის წევრად მიიჩნევენ თავს და ეკლესიასა და მის იერარქს კი საჯაროდ განიკითხავენ, არღვევენ უძველეს საეკლესიო წესსა და ტრადიციას, რომლის უგულებელყოფაც ნებისმიერი მოტივით სრულიად გაუმართლებელია… პრობლემები ყველა საზოგადოებასა და ყველა დროში იყო, არის და იქნება, ისევე - როგორც ეკლესიაში, ოღონდ მათდამი მიდგომა და შესაბამისი ქმედებაა ორგვარი. ერთის საფუძველი სიძულვილი, მიზანი კი ზიანის მოტანაა, მეორისა _ სიყვარული და გამოსწორების სურვილი. Oორივე დამოკიდებულება ადვილად იცნობა. ეკლესიასთან დაკავშირებით დღეს მიმდინარე პროცესებიც ნათლად ავლენს, თუ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე"[38, 583].
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, არაერთხელ აღუნიშნავს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში, ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში. 2007 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების სრული მხარდაჭერა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის, მისი უწმიდესობის მიმართ და გამოთქვა იმედი, რომ პატრიარქის აღსაყდრების 30 წლისთავის იუბილე გახდება ჩვენი ეკლესიის სიდიადის წარმოჩენის საუკუთესო საშუალება…
უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს სასულიერო პირად ყოფნის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მრავალი საინტერესო შეხვედრა ჰქონდა მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებთან, არაქრისტიანული დენომინაციების სულიერ ლიდერებთან. Uუწმიდესი და უნეტარესი კარგად იცნობდა რუსეთის პატრიარქებს: ალექსი I-ს, პიმენს. 1997 წელს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი II-სთან ერთად სერგი რადონეჟელის ლავრაში საღმრთო ლიტურგიაზე უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ განაცხადა: "სწორედ აქ, ამ ლავრაში, წმიდა სერგის მფარველობითა და კურთხევით, ავირჩიე ჩემი ცხოვრების გზა - ბერობა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა სწორედ აქ, წმიდა სერგის ტაძარში დამასხა ხელი მღვდელმონაზვნად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენებიდან უკვე მრავალი წელი გავიდა, ლავრასა და მის დამფუძნებლებთან სულიერსა და ლოცვით კავშირს მუდმივად ვგრძნობ"[30, 243].
უწმიდესი და უნეტარესი არაერთხელ შეხვდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქებს: უწმიდეს დიმიტრიოს I-სა და ბართოლომეოს I-ს. 1992 წელს უწმიდეს ბართოლომეოს I-თან შეხვედრის დროს მან აღნიშნა: "ჩვენ ფრიად ვიწონებთ და მეტად ვაფასებთ მსოფლიო საპატრიარქოს ღვაწლსა და შრომას მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთსულოვნებისა და მსოფლიოში მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის"[30, 213].
განსაკუთრებით თბილი, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრიარქ უნეტარეს ნიკოლოზ VI-სთან. უნეტარესი ნიკოლოზ VI განცვიფრებული და აღფრთოვანებული იყო უწმიდესისა და უნეტარესის პიროვნებით, მისი ყურადღებით და ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა საქართველოში. ერთხელ მან ისურვა პატრიარქის მშობლიური კუთხის, ხევის, ნახვა. როგორც თვითონ ბრძანებდა, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყოველი ახალი ჩამოსვლა მას განუმტკიცებდა იმ აზრს, რომ ქართველი ადამიანისათვის სტუმარი ღვთის წყალობად არის მიჩნეული.
უნეტარესი ნიკოლოზ VI-ის გზა განაგრძეს უნეტარესმა პართენიოსმა და პეტრე VII-მ.
უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა იერუსალიმის პატრიარქებთან: უწმიდეს ბენედიქტე I-თან და დიოდოროსთან. 2000 წელს, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე, უწმიდესი და უნეტარესი ილია II და მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები ეწვივნენ წმიდა ქალაქ იერუსალიმს, შეხვდნენ და ესაუბრნენ უწმიდეს დიოდოროსს.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II არაერთხელ შეხვდა რუმინეთის პატრიარქ თეოკსტიტეს, ბულგარეთის პატრიარქ მაქსიმეს, სრულიად კვიპროსის ეკლესიის მეთაურს, მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს, ამერიკისა და კანადის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს, მიტროპოლიტებს: თეოდოსს, ჰერმანეს. 1999 წელს ვაშინგტონში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა უნეტარეს თეოდოსს: "თქვენი უნეტარესობის მოწვევით, სიხარულით ვესტუმრეთ აშშ-ს. ეს არის ჩემი მეოთხე ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, მაგრამ იგი განსაკუთრებულია იმით, რომ ამჟამად აქ ჩამოვედით დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოდან. ჩვენი მიზანია, განმტკიცდეს ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიებისა და გაღრმავდეს თანამშრომლობა ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის"[27, 14221].
უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ელადის ეკლესიის მეთაურ უნეტარეს ქრისტოდულოსთან, სერბეთის ეკლესიის მეთაურ უწმიდეს პავლესთან. 1996 წლის აგვისტოში უწმიდეს პავლესთან შეხვედრისას მისმა უწმიდესობამ აღნიშნა: "სერბი და ქართველი ხალხის ისტორია აღსავსეა მძიმე განსაცდელებითა და ტრაგიკული მოვლენებით. ჩვენი ხალხები მუდამ მედგრად იცავდნენ თავიანთ მიწა-წყალს უცხო დამპყრობელთაგან, იცავდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ენასა და კულტურას. განსაცდელის დროს ჩვენი ეკლესიები მუდამ ჩვენი ერების გვერდით იდგნენ და მისი ჭირისა და ლხინის მოზიარენი იყვნენ"[27, 4662].
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს არამართლმადიდებლური ქრისტიანული კონფესიების ლიდერებთან: რომის პაპთან, ანგლიკანური ეკლესიის მეთაურთან, აღმოსავლეთის კოპტურ-მონოფიზიტური ეკლესიების მეთაურებთან. Uუწმიდესი და უნეტარესი ბევრჯერ შეხვდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსებს: ვაზგენ I-ს, გარეგინ I-ს, გარეგინ II-ს. გულითადი მეგობრობა აკავშირებს მას კავკასიის მუსლიმანთა საბჭოს თავმჯდომარესთან შეიხ ალახ შუქურ ფაშა ზადესთან.
მის უწმიდესობას ასეთივე მეგობრული ურთიერთობა აქვს საქართველოში არსებულ არამართლმადიდებლური კონფესიების ხელმძღვანელებთან. 2002 წლის 11 სექტემბერს თბილისში გარდაიცვალა სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, მთავარეპისკოპოსი გევორქ სერაიდარიანი, რომელიც 30 წელი მსახურობდა თბილისში. Uუწმიდესი და უნეტარესი ილია II დაესწრო მის დაკრძალვას, დაეხმარა სომხური ეპარქიის წარმომადგენლობას, რათა განსვენებული მთავარეპისკოპოსის ნეშტი დაეკრძალათ წმიდა გიორგის სახელობის სომხური ეკლესიის ეზოში.
პატრიარქთან ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები და გამოხატავენ თავიანთ პატივისცემასა და მადლიერებას მისადმი.
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქართული სულისა და ქართული ხასიათის მქონე პიროვნებაა. მას არაერთხელ აღუნიშნავს: "მიუხედავად მრავალეროვანი მოსახლეობისა, საქართველოში არასოდეს ჰქონია ადგილი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ნიშნით დევნას, ამიტომაც არის, რომ აქ გვერდიგვერდ საუკუნეებია მშვიდობიანად მკვიდრობენ მუსლიმები, იუდეველები, ქრისტიანები და სხვა რელიგიების მიმდევარნი. მაშინაც კი, როდესაც მწვავდებოდა ურთიერთობა ამა თუ იმ სახელმწიფოსთან, საქართველოში მცხოვრები ამ ქვეყნის წარმომადგენლებისადმი დამოკიდებულება კვლავ შემწყნარებლური რჩებოდა. ურთიერთობის ეს წესი არ შეცვლილა ჩვენს თანამედროვე ყოფაშიც. მოყვასისადმი ასეთი მიდგომა ქართველ ადამიანში მართლმადიდებლური სარწმუნოების დიდი პატივისცემიდან და სიყვარულიდან მომდინარეობს"[30, 363].
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შეხვდა 1989 წელს თბილისში ჩამოსულ დედა ტერეზას, იუნესკოს გენერალურ მდივანს ფრედერიკო მაიორს. უწმიდესი და უნეტარესი არაერთხელ შეხვედრია დიდ გერმანელ დრამატურგს ჰერმან ვედეკინდს.
აი, რას წერდა პოლონელი დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი: "უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს პირველად 1995 წელს შევხვდი, საოცარი ადამიანია, ხშირად მასთან ურთიერთობისას თუ საუბრისას მიგრძვნია, რომ ეს არ არის უბრალო ადამიანი, იგი ზეციური სტუმარია დედამიწაზე… ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს, რამეთუ მას გადაშენება არ უწერია"[27, 15769].
პატრიარქი, როგორც დიდი თეოლოგი, მეცნიერი და შემოქმედი პიროვნება, ქართველი მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეების მეგობარი და ხელისშემწყობია. უწმიდესმა და უნეტარესმა 2001 წლის სააღდგომო ეპისტოლეში გაიხსენა ინტელიგენციასთან, ახალგაზრდობასთან თავისი ურთიერთობის პირველი წლები: "მსურს ერთგვარი სიამაყის გრძნობით აღვნიშნო, რომ საქართველოში ინტელიგენტთა შორის თითქმის არ ყოფილან მებრძოლი ათეისტები. მართალია, უმრავლესობამ კომუნისტურ პერიოდში ეკლესიურობა დაკარგა, მაგრამ ღვთისადმი შინაგანი რწმენა შეინარჩუნა და ამ გრძნობას ბოლომდე თან ატარებდა. ამიტომაც იყო, რომ 1977 წელს, როდესაც, ღვთის განგებით, საპატრიარქო ტახტზე ამირჩიეს, ეკლესიის დასახმარებლად პირველად ინტელიგენცია და ახალგაზრდობა მოვიდა. Dდიდი მადლიერებით მინდა გავიხსენო ქ-ნი ბაბო დადიანი, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე, გურამ პატარაია, ლევან ცუცქირიძე, ლამარა და გრიგოლ აბაშიძეები, ირაკლი აბაშიძე, ერასტი და ელენე ვაჩნაძეები, ნანა ხატისკაცი, მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილი, ლილი გეგელია, რეზო ჩხეიძე, მედეა ჩახავა, ზურაბ კიკნაძე, ელგუჯა გიუნაშვილი, გიორგი ცინცაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ბაჩანა ბრეგვაძე და სხვანი. მათ უთვალთვალებდნენ, ავიწროებდნენ, უშლიდნენ ჩვენთან სიახლოვეს, მაგრამ ისინი არ უშინდებოდნენ ზეწოლას. მინდა შევჩერდე ახალგაზრდებზეც, რომელთა ყოფნა ეკლესიაში მაშინ, ფაქტობრივად, თავგანწირვა იყო. რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა, მაგალითად, ზურაბ ჭავჭავაძეს, რომ წლების განმავლობაში შეენარჩუნებინა თანამშრომლობა და კავშირი საპატრიარქოსთან. ეს გზა გაიარა კომუნისტური მმართველობის დროს ეკლესიაში მოსული ახალგაზრდობის უდიდესმა ნაწილმა"[38, 804].
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ქართველი ინტელიგენციის - მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლებისათვის კომუნისტური მმართველობის ხანაში მომავლის იმედად იქცა. საპატრიარქოს კარი მუდამ ღია იყო მათთვის. ისინი ხვდებოდნენ ერის სულიერ წინამძღოლს და ამ შეხვედრებიდან გამოსულნი დიდხანს სიყვარულით უამბობდნენ ახლობლებს თავიანთი განცდების შესახებ. ინტელიგენციის წარმომადგენელთა მრავალრიცხოვანი წერილებიდან მოვიყვანთ ზოგიერთ ნაწყვეტს, მიძღვნილს უწმიდესისა და უნეტარესისადმი.
აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის შვილიშვილი, ქალბატონი ბაბო დადიანი ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება იყო. იგი სიონის საპატრიარქო ტაძარში უსმენდა უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, კალისტრატეს ქადაგებებს, 1977 წლიდან კი უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ს წირვა-ლოცვებზე იდგა მრავალგანსაცდელგამოვლილი ეს არისტოკრატი ქალბატონი. იგი მუდამ გრძნობდა პატრიარქის სითბოსა და სიყვარულს. 1980 წლის 20 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-სადმი გაგზავნილ წერილში იგი წერს: "უწმიდესო და უნეტარესო, მუხლმოდრეკით, ჩემი თავის უმდაბლესად დახრით, უღრმესი მადლობის გრძნობით ვეამბორები თქვენს ხელს. ვერ აგიწერთ ჩემს ბედნიერებასა და სიხარულს, გამოწვეულს თქვენი ესოდენ დიდი წყალობითა და ყურადღებით ჩემდამი. ვევედრები უფალს თქვენს ხანგრძლივ, ჯანმრთელ სიცოცხლეს ჩვენდა მფარველად"[27, 792].
პატრიარქისადმი სიყვარული, პატივისცემა და მოწიწებაა გამოხატული ცნობილი მეცნიერის კალისტრატე სალიას მიერ პარიზიდან გამოგზავნილ წერილში: "თქვენო უწმიდესობავ, უწინარეს ყოვლისა, მუხლმოდრეკით ვემთხვევი მარჯვენას თქვენსას. ლოცვა-კურთხევის თქვენგან მიღება და საუბარი დაუვიწყარ მომენტად დარჩება სამშობლოს განშორებულ, ტანჯულ, მიწურულს მიმდგარ ჩემს ცხოვრებაში. თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ბრძანდებით წინამძღვარი ისტორიით დატვირთული ქართული ეკლესიისა, რომლის მეთაურთ თავს ხშირად ედგათ მოწამის გვირგვინი და აკვირვებდნენ სამყაროს შეუდრეკელობით, მხნეობით, გამძლეობით, თავგანწირვით სჯულისა და სამშობლოს დასაცავად. დიდება თქვენ და იმ წმიდა გვირგვინს, რომლის ტარება ბედმა და ქართველმა ერმა მოგანდოთ"[27, 1846].
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 1987 წლის 31 ივლისს ასეთი შინაარსის წერილს უგზავნის მის უწმიდესობას: "თქვენო უწმიდესობავ, ღირსმყავით, რათა უღრმესი მადლობა შემოგბედოთ დიდი ილიას წმინდანად შერაცხვისათვის"[27, 963].
უწმიდესისა და უნეტარესის ყურადღებით აღფრთოვანებული პოეტი მორის ფოცხიშვილი კი მას თავის გადამრჩენელს უწოდებდა. ასაკში შესულმა პოეტმა მხედველობა დაკარგა, დეპრესიაში ჩავარდა და თავის მოკვლაზე დაიწყო ფიქრი. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და მოახსენეს, რომ მასთან შეხვედრა და საუბარი სურდა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს. პოეტი მადლიერებით ამბობდა, რომ მისმა უწმიდესობამ მეორედ აჩუქა სიცოცხლე.
1983 წლის 9 მაისს ივანე ჯავახიშვილის შვილმა ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილმა პატრიარქს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: "თქვენო უწმიდესობავ, გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ წერილისათვის, რომლის ღირსი გამხადეთ ჩემი დის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. თქვენი წმიდა სიტყვა უდიდესი ნუგეშია ამ მძიმე წუთებში ჩემთვის, მთელი ჩემი ოჯახისათვის"[27, 1779].
აკადემიკოსი როინ მეტრეველი მის უწმიდესობას მადლობას მოახსენებს ოქროს ჯვრით დაჯილდოების გამო.
აკადემიკოსი თამარ დეკანოსიძე 1980 წლის 12 ივნისს, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს გაცნობის შემდეგ, მისი უწმიდესობისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს: "თქვენო უწმიდესობავ, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ შესანიშნავი ეპისტოლესათვის. მასში მრავალი ფაქტია ჩვენი სამშობლოს ისტორიიდან, რომელთა ცოდნაც ბედნიერებაა. დიდი მნიშვნელობისაა თქვენი სწორი პოზიცია პოლიტიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის საკითხებში"[27, 1823].
უწმიდესისა და უნეტარესის პიროვნებით აღფრთოვანებული ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი წერს: "თქვენო უწმიდესობავ, ის შთაბეჭდილებები და განსაკუთრებული შეხვედრები, რაც განვიცადე თქვენთან, არასოდეს დამავიწყდება"[27, 9695].
ქეთევან ბაგრატიონი იმ დროს, როდესაც თბილისის ქუჩებში ძმათამკვლელი ომი მძვინვარებდა, საქართველოს გადარჩენის ერთადერთ იმედად მის უწმიდესობას მიიჩნევდა და იტალიიდან 1992 წლის 2 იანვარს გამოგზავნილ წერილში წერდა: `იმედი მაქვს, რომ, თქვენი უსპეტაკესი პიროვნების ლოცვა-კურთხევითა და ღვთის წყალობით, ისევ დაუდგება ჩვენს სამშობლოს მშვიდობიანი შობა და ჩვენი ერი, მისთვის ჩვეული სიბრძნით, კვლავ შეუდგება ღრმა იარების მოშუშებას~[27, 6291].
მწერალი გრიგოლ აბაშიძე უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-სადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს: "ჩვენი ბობოქარი საუკუნის ძნელ გზებზე დიდხანს უძღოდეს და მხნეობას მატებდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა სარწმუნოების დიდი ტრადიციების მქონე ქართველ ხალხს, თქვენს წმიდა სამწყსოს"[27, 732].
ინტელიგენციის განსაკუთრებული მადლიერება ერის სულიერი წინამძღოლისადმი კარგადაა გამოხატული წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ქართული ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები: "გვეამაყება, რომ ხართ ნათელი მაგალითი კაცთმოყვარეობისა, რომლის ნიადაგზეც იზრდება ჩვენი აწმყო და მომავალი. საქმეთა დიდ დინებაში პოულობთ დროს, რათა პირადად გაუწოდოთ ხელი და უნაზესი მამობრივი სიყვარულით ჩაიხუტოთ ჩვენი სამშობლოს წარჩინებულნი, მხატვარი თუ მწერალი, მუსიკოსი თუ ისტორიკოსი, მსახიობი თუ სპორტსმენი… არ მოჰკლებია თქვენი ლოცვა, დარიგება, საქართველოს მამავ-მოძღვარო"[27, 1341].
ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებიდან უწმიდესთან მეგობრობით ამაყობენ რამაზ ხუროძე, ლია სტურუა, რეზო ამაშუკელი, როინ მეტრეველი, ვახტანგ სართანია, გურამ დოჩანაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, სოფიკო ჭიაურელი, ლიანა ისაკაძე, პაატა ბურჭულაძე, შოთა ნადირაშვილი, თამაზ გამყრელიძე, თამაზ წივწივაძე და სხვები.
უწმიდესი და უნეტარესი რომ არა, ბევრი ადამიანი საერთოდ გამოეთიშებოდა ცხოვრების დინებას. დიდი მწუხარების დროს მისი უწმიდესობა თითოეული ქართველის გვერდითაა და ანუგეშებს მათ. "დღეს განსაკუთრებით გვსურს მუხლმოდრეკით კაბის კალთაზე გემთხვიოთ და ათასი მადლობა გადაგიხადოთ. რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ, ყოველივე უფერულია თქვენდამი უღრმესი პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატავად… თქვენ შეძელით ჩვენში, შვილგარდაცვლილ დედებში, გაგეღვიძებინათ სიცოცხლის სურვილი, აზრი ამქვეყნად ცხოვრებისა და თუ რომელიმე ჩვენგანი საზოგადოების სრულფასოვანი წევრია, ამას თქვენ უნდა გიმადლოდეთ, თქვენო უწმიდესობავ"[27, 14414]., - წერს ქალბატონი მზია კაცაძე.
საქართველოს ისტორიაში იშვიათია შემთხვევა, დიდმა ადამიანმა სიცოცხლეშივე ასეთი აღიარება და საზოგადოების ყველა ფენის სიყვარული დაიმსახუროს. მისი უწმიდესობა, ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენს.
ბ) პატრიარქის აღსაყდრების დღის აღნიშვნა
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, მორწმუნე მრევლი განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავს უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღესასწაულებს.
1978 წლის 24 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო წირვა აღასრულა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. ტაძარი საქართველოს ყველა კუთხიდან მოსული ხალხით გაივსო, ყველას სურდა უწმიდესისა და უნეტარესისათვის მიელოცა პატრიარქად აღსაყდრების დღე. საღამოს ხელოვნების მუშაკთა სახლში გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (მახარაძე). ინტელიგენციას, მორწმუნე მრევლს უჩვენეს დოკუმენტური ფილმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრების შესახებ.
1980 წლის 25 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, რომელიც პატრიარქის აღსაყდრების მესამე წლისთავს მიეძღვნა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა შიომ (ავალიშვილი) მის უწმიდესობას მიმართა: "უკვე სამი წელი გვაშორებს იმ ღირშესანიშნავ 25 დეკემბრის თარიღს, როდესაც მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ღვთის განგებამ კათოლიკოს-პატრიარქის გვირგვინი დაადგა თავის რჩეულს თავზე. მე ვულოცავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიასა და ქართველ მორწმუნე ხალხს ღვთისგან კურთხეულ ამ ახალ დასაწყისს ჩვენი სულიერი აღმავლობისას. ცნობილი ამბავია, რომ ადვილი როდია სულიერი ცხოვრების აღმავლობის გზაზე დაყენება... ღვთის მაღალი განგება დიდი ხნის წინათ გამზადებდათ თქვენ მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მისასვლელად, იმ დიდი ნათლის წიაღში, რაც ღვთისგან რჩეულთა ხვედრია მხოლოდ. ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რომ პატრიარქის გვირგვინი ოქროსია თუ არა? ჰოი, ადამიანურო სიმდაბლევ თუ ცნობისმოყვარეობავ!.. პატრიარქის გვირგვინი არც ოქროსია და არც ბრილიანტებით შემკული რაღაც... პატრიარქის გვირგვინი ღვთის მადლია, ნათლით მოსილი... პატრიარქის გვირგვინს ფასი არა აქვს, იგი არ იყიდება და არც ბრძოლით მოიპოვება... პატრიარქის გვირგვინი არ იწონება და არც იზომება, არც მხატვარია მისთვის ვინმე, არც ხელოვანი გამომჭედელი, თვალით ხილული... მას ჭედავს მხოლოდ უხილავი ღმერთის მარჯვენა... და მოგილოცავთ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, რომ თქვენი მოღვაწეობით დაიმსახურეთ ასეთი ხელთუქმნელი წმიდა გვირგვინი.
ყოველი დღე ჩვენი საეკლესიო შრომისა გვარწმუნებს იმაში, რომ ქართველ მორწმუნე ხალხს ღმერთთან სიახლოვე სწყურია, უყვარს ქრისტე და ქრისტიანობა... მაშასადამე, არა ცოდვებით დაღუპვა, არამედ მარადიულობა და უკვდავება სწყურია ჩვენს სულს... ჩვენი ლოცვა, ჩვენი მადლობა და თაყვანისცემა მაღალ ღმერთს იმისათვის, რომ თქვენი სახით მოგვივლინა დიდი მოძღვარი მარადიულობისა და უკვდავების გზის მასწავლებლად. ხომ ცნობილია, რომ მორწმუნე ერის სიყვარულსა და პატივისცემას ოქრო-ვერცხლით ვერ შეისყიდი, ვერც ბრძოლითა და ძალადობით მოიპოვებ... ხალხმა რომ გული გაგიხსნას და შეგიყვაროს, ამისათვის ღვთისგან რჩეული უნდა იყო და მადლით მოსილი. ღმერთი უნდა უძღოდეს წინ საქმეებს შენსას და მისი ტკბილი სიყვარული გზას გინათებდეს... ჩვენ გილოცავთ, თქვენო უწმიდესობავ, რომ მაღალმა ღმერთმა მოგანიჭათ ეს დიდი ჯილდო, და ასე უანგაროდ უყვარხართ გულით კეთილ და პატიოსნებით სავსე მორწმუნე ქართველ ხალხს. ქრისტიანთათვის რა უნდა იყოს და სად უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, რისი მოწმენიც ჩვენ გახლავართ ამ დიდ ტაძარში. ანგელოზის დღეს _ ორშაბათობით, საქართველოს ანგელოზები, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, იკრიბებიან ხოლმე ამ ტაძარში და იესო ქრისტე ლოცავს ჩვენს შვილებს და ცამდე ასულნი აღტაცებით ვუყურებთ ხოლმე, თუ როგორ უპყრიათ ჩვენს მომავლებს სახარება წმიდა ხელებზე, და მაღლდება ზეცისაკენ სული ჩვენი ერისა... გილოცავთ თქვენ, ჩვენო მამავ და მასწავლებელო, მთელ ამ სიკეთეს და ვულოცავთ ჩვენს მრევლსა და სამშობლოს ჩვენსას, რომ ჩვენი მომავალი უწმიდეს ხელებს უპყრიათ სახარების საღაღადებლად. ზოგჯერ დაჩოქება უმძიმს ხოლმე ახალგაზრდასაც, ჩემს მოხუც გულს კი უყვარს იგი და ემსუბუქება... მე მაჩოქებს ხოლმე ღვთის სიყვარული... და ვიჩოქებ ახლაც იმ გულითა და იმ სიხარულით, როგორითაც აქ დგანან ფრთებგაშლილი ჩვენი ბავშვები ორშაბათობით - ანგელოზის დღეს"[34, 1980, 2, 45].
1981 წლის 25 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ აღინიშნა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების მეოთხე წლისთავი. უწმიდესსა და უნეტარესს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ურბნელმა მთავარეპისკოპოსმა კონსტანტინემ (მელიქიძე). მისმა უწმიდესობამ მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და განაცხადა: საქმენი, რომელნიც საქართველოს ეკლესიაში კეთდება, უფლის ნებაა, ამიტომ ყველამ მადლობა უნდა შევსწიროთ უფალს წყალობისათვის.
მთავარეპისკოპოსმა თადეოზ იორამაშვილმა ლექსით მიულოცა მის უწმიდესობას აღსაყდრების დღე:
"მაცხოვრის კვერთხის მპყრობელი ხელით,
შეჭიდებული უხილავ მტერთან,
სიმხნით და ღვაწლით აღურიცხველთა
უძღვი ცად მიმართ ცხოვართა შენთა.
აყვავებული სანთლები ხატთან
სიკეთის დღეთა იყავნ მაცნენი,
სიწმიდის მადლით და სასწაულით
მშობელთა ლოცვით აღმონაკვესნი
იმედმოსხმულან შენი დღეები,
სიყვარულს ყოველს რომ უწილადებ,
შენი ფიქრია, შენი მამული
სამარადისოდ ნათლით ბრწყინავდეს,
თუ საქართველო წმიდა ჯვარია,
ნატრობ სამოთხის კართან იყოსო,
შენი სიცოცხლე ერს უხარია,
მრავალჟამიერ, კათოლიკოსო."
საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში 25 დეკემბრის, პატრიარქის აღსაყდრების დღის, საზეიმოდ აღნიშვნა ტრადიციად იქცა. თუ პირველ წლებში მხოლოდ სამღვდელოება და მორწმუნე მრევლი იკრიბებოდა, ხოლო მეცნიერებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები მისალოცი წერილებით კმაყოფილდებოდნენ, XX საუკუნის 80-იანი წლებიდან უკვე ისინიც აქტიურად ჩაერთვნენ საყოველთაო საზეიმო დღეების აღნიშვნაში.
1987 წლის 25 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების ათი წლისთავი განსაკუთრებულ საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. საზოგადოების წარმომადგენლები სასულიერო პირებთან ერთად ცდილობდნენ, გამოეხატათ პატრიარქისადმი დიდი პატივისცემა და სიყვარული. თავიანთ გამოსვლებში ისინი აღნიშნავდნენ უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის განსაკუთრებულ დამსახურებას. პატრიარქმა მრავალმხრივ საინტერესო სიტყვით შეაჯამა საზეიმო სხდომა, მადლობა მოახსენა ყველას კეთილი სურვილებისათვის და აღნიშნა: "უკვე ათი წელი გავიდა, რაც პატრიარქის უღელს ვეწევი, რომელიც, მართალია, მეტად მძიმეა, მაგრამ, ამავე დროს, დიდია შეწევნაც ღვთისა. თუ ადამიანი მის ნებას ასრულებს, უფალი მას მისი წილხვედრი ჯვრის ზიდვას უადვილებს. არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ ამ ხნის მანძილზე რა გავაკეთე. როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ, გავაკეთე ის, რაც შევძელი, ხოლო უკეთესი სხვამ გააკეთოს. რაც გაკეთდა, იმ საქმეთა აღმსრულებელი უფალი, ყოვლადწმიდა სამებაა, ხოლო ჩვენ ვმადლობთ ღმერთს, რომ მის ნებას ხანდახან მაინც ვასრულებდით... მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს მღვდელმთავრებს, რომელნიც ბევრს აკეთებენ ჩვენი ეკლესიისა და ხალხისათვის. ხშირად მორწმუნეთათვის შეუმჩნეველი რჩება ის დიდი ჯაფა, რომელსაც ეპისკოპოსები ეწევიან, მაგრამ ეს ალბათ ასეც უნდა იყოს, რადგან მთავარი ისაა, ღვთის საქმე გაკეთდეს. მინდა ასევე დავლოცო და მადლობა მოვახსენო ჩვენს მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს, დიაკვნებს, მგალობლებს იმ დიდი სულიერი მოღვაწეობისათვის, რომელსაც ისინი მრევლისათვის ეწევიან, მადლობა მოგახსენოთ თქვენ და მთელ ქართველ ერს იმ დიდი სიყვარულისათვის, რომელსაც იჩენთ"[33, II, 68-69].
კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღის აღნიშვნა მარტოოდენ საზეიმო მილოცვებითა და სურვილებით არ მთავრდებოდა. უწმიდესი და უნეტარესი თავის შემაჯამებელ სიტყვაში პირუთვნელად აფასებდა განვლილი წლების საქმიანობას და, ამავე დროს, სამომავლო გეგმებზეც საუბრობდა. 1992 წლის დეკემბერში, როდესაც მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრების 15 წელი შესრულდა, საქართველოში როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ურთულესი ვითარება იყო. სამოქალაქო დაპირისპირება ჯერ არ ჩამცხრალიყო, დაძაბულობა იყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მიუხედავად ამ ურთულესი ვითარებისა, საპატრიარქოს ისტორიულ რეზიდენციაში, სადაც 1991 წლიდან სამუშაოდ გადავიდა მისი უწმიდესობა, ჩატარდა საზეიმო შეხვედრა, მანამდე კი სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა საზეიმო წირვა. იყო მილოცვები, კეთილი სურვილები. პატრიარქმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და საგულისხმო სიტყვით მიმართა საზოგადოებას:
"მართლაც დიდია და ისტორიული დღევანდელი დღე, მაგრამ არა იმიტომ, რომ დღეს თხუთმეტი წელი შესრულდა ჩემი ინტრონიზაციიდან, არამედ დიდია იგი იმ მოვლენების მნიშვნელობით, რომლებიც ამ 15 წლის მანძილზე მოხდა ჩვენი ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში. განვლო წამების თხუთმეტმა წელმა. იმდენად მძიმეა ჯვარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, რომ XX საუკუნეში მხოლოდ უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ გაუძლო მის ტარებას ოცი წლის მანძილზე. მეტად მძიმე იყო ჩემი აღსაყდრების დრო, როცა ოფიციალურად თითქმის თავისუფალი იყო ეკლესია, სინამდვილეში კი იდევნებოდა; მაგრამ უფრო მძიმე წლებიც ჰქონია საქართველოს ეკლესიას, უფრო მეტად ყოფილა იგი შევიწროებული. მაგალითად, კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია დააპატიმრეს და დახვრეტაც კი მიუსაჯეს. ისეთი პერიოდიც ჰქონია საქართველოს ეკლესიას, როდესაც საკათოლიკოსო საბჭოს (სინოდის) მთელი შემადგენლობა ციხეში იჯდა და მის შენობაში, რომელიც დღეს ისევ საპატრიარქო რეზიდენციას წარმოადგენს, მხოლოდ მდივანი დარჩა - ეს იყო მღდელმონაზონი ეფრემი, რომელიც შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა... საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოში არსებული 1500 ეკლესიიდან მხოლოდ ორმოცდაათიღა დარჩა მოქმედი.
აი, ასეთ მძიმე დროს მომიხდა მე ღვთის განგებით კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება... ამგვარ პირობებში, როცა მოქმედებდა არაოფიციალური დევიზი, რაც უფრო ბევრი ცუდი იქნება ეკლესიაში, მით უფრო კარგია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხისადმი. საქმეს ისიც ართულებდა, რომ მე, როგორც იმდროინდელი რეჟიმისათვის საშიშ პიროვნებას, ისე მიყურებდნენ, მაგრამ ღვთის განგებას წინ ვერავინ დაუდგება და აი, 1977 წლის 25 დეკემბერს ამ ტაძარში შედგა ჩემი აღსაყდრება.
როგორც პატრიარქმა, პირველ რიგში, ჩემს უმთავრეს მოვალეობად ერისა და ეკლესიის გაერთიანება მივიჩნიე. ეკლესია თითქოს მოწყვეტილი იყო ერისგან, განსაკუთრებით მთავრობასა და ინტელიგენციას იყო დაშორებული. ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს ინტელიგენციის ცნობილ წარმომადგენლებს ყველა სფეროში. ჩვენდა სასიხარულოდ, მათაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს ეკლესიის მიმართ. ურთიერთშეხვედრებმა საოცარი შედეგი გამოიღო, უფალი მივიდა ყველასთან. თვით ისინიც კი, რომელთაც თავიანთი თავი ათეისტებად მიაჩნდათ, აღიარებდნენ, რომ საპატრიარქოს რეზიდენციაში სტუმრობისას სულიერი სიმშვიდე ეუფლებოდათ. ამ დროს მათზე გადმოდიოდა მადლი, რომელიც მიზეზი ხდებოდა ჭეშმარიტი რწმენის დაბადებისა. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მამამთავარი და მოძღვარი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ ადამიანებისა, რომელნიც ყოველდღიურად მოდიან ეკლესიაში, არამედ ყოველი ქართველისა, და, საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ყოველი მკვიდრისა. კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, ვისაც არ შეუძლია ან სულიერი ძალა არ ჰყოფნის ეკლესიაში მოსასვლელად. ასეთ კაცთან იგი თვითონ უნდა მივიდეს, მხრებით იტვირთოს და ისე მიიყვანოს უფალთან... და ბოლოს, იმ საოცრებასაც მოვესწარი, რომ საქართველო ორასი წლის შემდეგ ისევ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. თუმცა სიძნელე ისევ მრავალია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ერს იმის შეგნება სჭირდება, რომ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა ყოველი ჩვენგანის შინაგანი განთავისუფლებით უნდა დაიწყოს... ასე გავიდა თხუთმეტი წელი, რომელიც, როგორც ვთქვი, წამების წლები იყო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მუდამ ვგრძნობდით სიახლოვეს უფლისას, ვგრძნობდით, რომ ჩვენთან იყო ღმერთი; და, რადგანაც ჩვენთან არს ღმერთი, ვერავითარი მტერი, ვერც ხილული და ვერც უხილავი, ვერას დააკლებს ვერც საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და ვერც სახელმწიფოს."[33, II, 93-96].
უწმიდესისა და უნეტარესის ეს სიტყვა მრავალმხრივ საყურადღებოა ისტორიკოსებისათვის. მასში ნაჩვენებია ის ძირითადი მიმართულებანი, თუ როგორ უნდა დაიწეროს საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორია.
1997 წლის დეკემბერში ქართველმა ხალხმა განსაკუთრებულად აღნიშნა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 20 წლისთავი. საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, სადაც არაერთი საინტერესო მოხსენება იქნა წაკითხული უწმიდესისა და უნეტარესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ამ სტრიქონების ავტორმა შემდეგი სიტყვებით მიმართა მის უწმიდესობას: "თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ოცი წელი გვაშორებს იმ ღირშესანიშნავ დღეს, რაც საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მოხდა თქვენი აღსაყდრება. მოგესალმებით სიონის საპატრიარქო ტაძრის 70-იანი წლების იმ მრევლის სახელით, რომელიც თქვენ შექმენით საქართველოს ეკლესიაში და რომელიც მანამდე, სამწუხაროდ, არ არსებობდა. 1977 წლის ნოემბერში, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V, მის მოსახსენებელ პანაშვიდებს წესის მიხედვით აღასრულებდნენ ქართველი მღვდელმთავრები. მათი უმრავლესობა ხანდაზმული იყო. როდესაც თქვენ შემობრძანდით ტაძარში, საზოგადოების ის ნაწილი, ვინც არ გიცნობდათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ ქართველი მღვდელმთავარი შეიძლება ყოფილიყო ასეთი ახალგაზრდა და გამორჩეული. ბევრს უცხოეთიდან ჩამობრძანებული სტუმარი ეგონეთ.
თუ რა სავალალო მდგომარეობა იყო საქართველოს ეკლესიაში, კარგად ჩანს შემდეგი მონაცემებით: თეორიულად მოქმედი 15 ეპარქიიდან რეალურად 4-5 ეპარქიას ჰყავდა საკუთარი მღვდელმთავარი და ჰქონდა მოქმედი ეკლესიები... ექვსი პატრიარქი აირჩია საქართველომ საბჭოთა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, მაგრამ არც ერთი პატრიარქის კურთხევაზე ასეთი მრავალრიცხოვანი საზოგადოება არ შეკრებილა. ყველა გრძნობდა, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა იწყებოდა. ამას ალბათ ხელისუფლებაც გრძნობდა და მაქსიმალურად ცდილობდა ეკლესიის იზოლაციასა და შევიწროებას. საბედნიეროდ, თქვენი ბრძნული, მწემსმთავრული მოღვაწეობის გამო ამას ვერ ახერხებდა. პირველი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ეკლესიამ XX საუკუნის 70-იან წლებში გადადგა, იყო მრევლის შემოკრება და თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, იყავით პირველი მასწავლებელი სიონის მრევლისა, იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც მოვდიოდით ეკლესიაში, მაგრამ მცირეოდენი ეკლესიური განათლებაც არ გვქონდა, არ ვიცოდით ტაძარში დგომის წესი, ლოცვა, სასულიერო იერარქისათვის მიმართვის ფორმები. თქვენ ყველაფერს გვასწავლიდით.
პირველ ხანებში გვიჭირდა ტაძარში დიდხანს დგომა, მაგრამ თქვენ გვამხნევებდით და გვიხსნიდით წირვა-ლოცვაზე დასწრების მნიშვნელობას. თქვენი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ წარმართთა თავშესაფრად გადაქცეული საქართველოს უდიდესი ეკლესია-მონასტრები კვლავ აღორძინდა; ალავერდობა, თელეთობა, სვეტიცხოვლობა, ლომისობა კვლავ დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებად იქცა... დღეს ძალიან ადვილია ლაპარაკი აღორძინებული, გამშვენიერებული, გაძლიერებული ეპარქიების საქმიანობის შესახებ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული თეორიულად არსებული ეპარქიების პრაქტიკულად ამოქმედება... საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორია უკვე იწერება... თქვენ სიცოცხლეშივე უკვდავების ბინადარი გახდით... ვღელავ, საოცრად ვღელავ და არ ვიცი, როგორ გამოვხატო ის განსაკუთრებული სითბო, სიყვარული და პატივისცემა, რასაც თქვენ იმსახურებთ ქართველი ხალხისაგან, ქართველი მრევლისაგან. საქართველოში საერთოდ ასე იციან: დიდ ადამიანს ძალიან გაუშინაურდებიან ხოლმე. დრო, დისტანცია არის საჭირო, რომ ეს სიდიადე სრულად აღიქვა. განსხვავებული აზრის მოტრფიალე ქართველობა ერთსულოვანია თქვენს შეფასებაში. საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალზე ფიქრში გატარებული უძილო ღამეების, უმრავლესობისათვის დაფარული დიდი ღვაწლის დაფასებაა ერის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა თქვენდამი."
უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი დასკვნითი საზეიმო სხდომა გაიმართა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. უწმიდესსა და უნეტარესს მიესალმნენ მეცნიერების, ხელოვნების, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტმა ე. შევარდნაძემ გაიხსენა ოცი წლის წინა მოვლენები, ის დაძაბული ვითარება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში შეიქმნა ახალი პატრიარქის არჩევის წინ. რაოდენ დიდი იყო ინტელიგენციისა და ახალგაზრდობის სურვილი, საპატრიარქო ტახტზე ეხილათ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირველი პიროვნება საქართველოს ისტორიაში, ვინც წმიდა დავით აღმაშენებლის ორდენით დაჯილდოვდებოდა, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II იყო.
უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა ქართველ ერს: "ისევე როგორც პიროვნების განსაცდელი, ერის განსაცდელიც ღვთისგან მისი სულიერი ამაღლებისათვის ხდება. ახლა სწორედ ამ პროცესს გავდივართ და დარწმუნებული ვარ, ღვთის წყალობით იგი იქცევა ზეცად აღმყვანებელ ჩვენს სულიერ კიბედ. ის კი, ვინც გაურბის ღვთისგან დაშვებულ ამ გამოცდას და იოლ გზას ეძებს, უარს ამბობს დიდების გვირგვინზე. მე მივმართავ მთელ ჩვენს ერს, საქართველოს მოსახლეობას, გადადგით ნაბიჯები ერთმანეთისა და ღვთისაკენ. ეცადეთ, ყოველ თქვენს მოქმედებას სიყვარული ედოს საფუძვლად, რათა იყოთ მსახური უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი... ქართველნო, ერთად - ღვთისაკენ."[30, 439].
2003 წლის დეკემბერში საქართველომ აღნიშნა თავისი დიდი სულიერი წინამძღოლის აღსაყდრების 25 წლისთავი. "დროის უსასრულო მდინარებაში წუთიც კი არ არის 25, თუნდაც 70 წელი, მაგრამ ამქვეყნიური სათვალავით იგი ცოტა არაა. სრულიად ახალგაზრდა და მშვენიერი, ღვთიური ნათლით შთაგონებული აღზევდით თქვენ ქართული ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე... თქვენი პატრიარქობის პირველი დღეებიდანვე დაიწყო და თითქმის მთლიანად მოწესრიგდა საქართველოს ეკლესიური ცხოვრება. უანგარო ღვაწლი, რომელსაც თქვენი წინამორბედი პატრიარქები ეწეოდნენ მათთვის მძიმე მოღვაწეობის პერიოდში, თქვენ განამრავლეთ. ქართული ეკლესიის ნამდვილი გამოღვიძების მისია თქვენ გხვდათ წილად... წლების მანძილზე უმღვდლებოდ დარჩენილ ეკლესიებს თანდათან დაუბრუნდათ, ან უბრუნდებათ თავიანთი სახე... გელათის, იყალთოს, ტბეთის უძველესი, ოდესღაც ელადის სიმაღლეზე მდგარი, მაგრამ მტრისგან იავარქმნილი აკადემიების ნაფუძარზე კვლავ გაიღვიძა სიცოცხლემ... თქვენი მუდმივი საზრუნავი იყო და არის, ჩვენს ქვეყანაში, საერთოდ ჩვენს შორის, სუფევდეს ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული. თქვენ ერის ყველა შვილს მოუწოდებთ რწმენისა და სიკეთისაკენ... ღვთისგან განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევით ხელდასხმული ბრძანდებით... იყავით დღეგრძელი. დიდხანს მშვიდობიანად გემართოთ წმიდა საჭე ქართული ეკლესიისა"[34, 2005, 1, 5-6], - ამ სიტყვებით მიულოცა ჟურნალმა "ჯვარი ვაზისა" მის უწმიდესობას საიუბილეო თარიღი.
2007 წელს შესრულდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 75, ბერად აღკვეციდან 50, მღვდელთმთავრად დადგინების 44 და პატრიარქად აღსაყდრებიდან 30 წელი. ქართველი ხალხი განსაკუთრებულად ემზადებოდა მისი უწმიდესობის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად.
2007 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო მისი უწმიდესობის აღსაყდრების 30 წლისთავისა და მცხეთის ჯვრის მონასტრის 1400 წლის საიუბილეო დღესასწაულის ოფიციალური ნაწილი. საქართველოში სტუმრად ჩამობრძანდნენ: კონსტანტინოპოლისა და ახლისა რომისა მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოს I; კვიპროსის ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II; ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ქრისტეფორე; უკრაინის ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ვლადიმერი; ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ეკლესიის ეპისკოპოსი ნიფონი; იერუსალიმის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი თეოფილე, რუსეთის ეკლესიის ორენბურგის მიტროპოლიტი ვალენტინი, სერბეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ამფილოქი, რუმინეთის ეკლესიის მიტროპოლიტი იოსები, ბულგარეთის ეკლესიის მიტროპოლიტი დომეტიანი, ელადის ეკლესიის მიტროპოლიტი ამბროსი, ალბანეთის ეკლესიის მიტროპოლიტი იგნატიოსი, პოლონეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი სიმონი, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ირინეოსი. სტუმრებს საზეიმო მიღება მოუწყვეს საპატრიარქო რეზიდენციაში, სადაც სიტყვა წარმოთქვა ყოვლადუწმიდესმა ბართოლომეოს I-მა: "დიდია ჩვენი სიხარული, ვინაიდან თქვენთან ერთად ვიმყოფებით, უნეტარესო და უსაყვარლესო ძმაო, თქვენს სტუმართმოყვარე და ისტორიულ ქვეყანაში, საქართველოში, რომელთანაც ჩვენს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მჭიდრო, საუკეთესო სულიერი და, ამასთანავე, კანონიკური ურთიერთობა აკავშირებს… თავი მოვიყარეთ დღეს აქ, რათა ერთად აღვნიშნოთ მისი უწმიდესობის აღსაყდრებიდან 30 წლისთავი… თქვენ ისეთ მდგომარეობას გაუძელით, რომ ჩვენთვის, ვისაც ის უშუალოდ არ განგვიცდია, მისი აღქმაც კი არ ძალგვიძს, მაგრამ, ამავე დროს, თქვენ გადმოგეცათ სამწყსო, მოწყურებული ღვთისა და ღვაებრივ სიყვარულს, და, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს მეტად უჭირდა, თქვენ დიდი გამოცდილება და თავგანწირვის გრძნობა შეგძინათ… მოხარულნი ვართ, აღორძინების სულს რომ ვგრძნობთ. ეს არის სული ნუგეშინისმცემელი უფლისა ჩვენისა, რომელიც მსჭვალავს მოციქულთა ოფლით გაჟღენთილ და მოწამეთა სისხლით განბანილ ამ ქვეყანას. ეკლესიის ეს აღორძინება, მისი წინსვლა არ მოხდებოდა, თუკი 1977 წელს საპატრიარქო ტახტზე ესოდენ ღირსეული პიროვნება არ ასულიყო, არ იქნებოდა წინსვლა, თუკი ქვეყანას არ ეყოლებოდა ესოდენ ზნეობრივი, მშრომელი, შორსმჭვრეტელი, სიბრძნითა და მოთმინებით მმართველი პატრიარქი, რომელიც თავის ხალხს მეორე სულიერი დაბადებით მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და მის ძიებაში დააბრუნებდა"[36, 2007, 32, 10].
13 ოქტომბერს თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს I-მა მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ წარმოგზავნილ მღვდელმთავრებთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებთან ერთად საზეიმო ლოცვა აღავლინა. უკრაინის დელეგაციამ წაიკითხა უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს, მისალმება და გადაწყვეტილება, მისი უწმიდესობის ილია II-ის უკრაინის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოთი - თავად მიროსლავ ბრძენის ორდენით დაჯილდოების შესახებ.
14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, მისი შემოგარენი ხალხს ვერ იტევდა. ტაძარში მობრძანდნენ: მისი უწმიდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II, მსოფლიო პატრიარქი ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოს I, მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაციები, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები, სამღვდელოება, ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმიდესობის აღსაყდრების 30 წლისთავის მისალოცად მობრძანდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. უწმიდესი და უნეტარესი ილია II მიესალმა სტუმრებს, მადლობა მოახსენა ჩამობრძანებისათვის და აღნიშნა: "ეს 30 წელი, რომელიც საქართველომ განვლო, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველოს ეკლესია მუდამ გზას უჩვენებდა ქართველ ერს. მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო და იქნება ჩვენი ერისა და ჩვენი სულიერების განმამტკიცებელი, შემაერთებელი, შემდუღებელი. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ ეს ერთობა არ იყოს დარღვეული. ამ 30 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი გაკეთებულია. მახსენდება სიტყვები წმიდისა მეფისა დავით წინასწარმეტყველისა: `უფალი მეფობს~. როდესაც მეფე დავითს ხალხი აქებდა და ამბობდა, რომ მან გაამთლიანა ისრაელი, მეფემ გააჩუმა ისინი და უთხრა: "უფალი მეფობს". უფალი მეფობს, უფალი ქმნის, უფალი ამთლიანებს, ხოლო ბოროტი ძალა ანაწევრებს "[36, 2007, 32, 4].
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სახელით მის უწმიდესობას მიესალმა მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), რომელმაც აღნიშნა: "მრავალი ჩვენგანი მოწმეა იმისა, რომ მისმა უწმიდესობამ ამ 30 წლის წინ ჩაიბარა უცხო ქვეყნის მპყრობელობის შედეგად დამცრობილი ეკლესია, მატერიალურად უნივთო, ნაკლოვანი და ქანცმილეული, ათეისტ მმართველთა მძლავრობით დაშინებული სულ რამდენიმე ათეული სამღვდელო პირით. და აი, გავიდა 30 წელი და ჩვენ ვხედავთ, თუ რა წარმატებით შეეგება ჩვენი ეკლესია ახალ ათასწლეულს… თქვენი ყოველდღიური საქმითა და სიტყვით იყავით და ხართ ჭეშმარიტი მოძღვარი და მასწავლებელი, წმიდა ეტალონი არა მხოლოდ სულიერ-ეკლესიურისა, არამედ - ყოფითისა, ეთიკისა თუ ესთეტიკისა. ყველა ჩვენგანმა ყველაფერი თქვენგან შეისწავლა, უფრო სწორად თუ ვიტყვით, უნდა შეისწავლოს, რადგან თქვენ უკვდავი საღმრთო მაგალითი ბრძანდებით წყალობისა და ქველის საქმისა, ლოცვისა და მარხვისა. როგორც იტყვიან, ვინ აღრიცხავს თქვენს სახიერებას ზეცათა მამის გარდა? 30 წლის წინანდელ ქაოტურ სასულიერო დასში დაინერგა წესიერება და კანონი და თქვენი მორიდებით და კრძალვით ვერავინ იკადრებს უწესო სვლას. პატიოსნება და ღირსება თავის ადგილს იმკვიდრებს. მონასტრები, საეპისკოპოსოები და ეკლესიები წესითა და რიგით აღასრულებენ საღმრთო მსახურებას"[36, 2007, 32, 4-5].
15 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ: საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაციები, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავრები, სამღვდელოება, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები. უწმიდესსა და უნეტარესს საიუბილეო თარიღები მიულოცეს: მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს I-მა, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა იოსებმა, ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელმა, ეპისკოპოსმა ნიფონმა, რომელმაც ანტიოქიის პატრიარქის სახელით უწმიდეს და უნეტარეს ილია II-ს თვალ-მარგალიტით შემკული ოქროს პანაღია მიართვა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ბ-მა ჯონ ტეფტმა წაიკითხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მილოცვის ტექსტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სადმი: "თქვენო უწმიდესობავ, ამერიკელი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად აღსაყდრების 30 წლისთავს. თქვენი ხელმძღვანელობით ეკლესია გაძლიერდა. ვიცი, რაოდენ გაფასებთ ქართველი ხალხი თქვენ და ყველა თქვენს მიღწევას. გისურვებთ საუკეთესო ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს"[36, 2007, 32, 15].
მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს I-მა გაკვირვება და აღტაცება ვერ დამალა იმ საერთო ეროვნული ზეიმის მასშტაბებისა და მისი უწმიდესობის მიმართ ქართველი ხალხის განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო და აღნიშნა: "ვხარობთ გამოუთქმელი და კეთილი სიხარულით, რამეთუ ახლოდან დავინახეთ მადლი უფლისა, გარდამოსული მსხმოიარე ვენახსა ზედა საქართველოს ეკლესიისა… ვხარობთ უთვალავი დიდებული ტაძრის მშენებლობის ხილვით, პატიოსანი მონასტრებიდან გამომავალი ასკეტური ცხოვრების ძლიერი მაჯისცემით, ვხარობთ ყოველივე იმით, რასაც თვალით ვხედავთ, გონებით ვწვდებით და ყურით ვისმენთ. მთელი გულით გისურვებთ, რომ უფალმა ღმერთმა სამარადისოდ დაგიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, რათა არ დაინთქათ ამქვეყნიური ცხოვრების ბობოქარი და შემმუსვრელი ზღვის ტალღებში"[36, 2007, 32, 13].
უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილმა საიუბილეო დღეებმა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა მისი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის, ქართველი ერის წინაშე. ქართველმა ხალხმა თავისი სულიერი წინამძღოლის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა უდიდესი პატივისცემა და სიყვარული.
გ) პატრიარქის შემოქმედება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ღვთისგან დაჯილდოებულია მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭით. მისი ხელნაწერები ქართული კალიგრაფიის საუკეთესო ნიმუშია. გასაოცარია, როგორ მოახერხა მისმა უწმიდესობამ ასეთი დახვეწილი, ლამაზი კალიგრაფიის შენარჩუნება, მით უმეტეს, რომ სტუდენტობისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში მოღვაწეობის დროს ძირითადად რუსულ ენაზე უხდებოდა მუშაობა. პატრიარქი გრძნობს უნიკალური ქართული ანბანის თითოეული ასო-ნიშნის სიდიადეს და მას თავისი ხელწერით კიდევ უფრო ამაღლებულად წარმოაჩენს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფერწერით გატაცების შესახებ ძალიან ცოტამ იცოდა. პირველად საზოგადოებამ ამის შესახებ შეიტყო დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატვის დროს, 1978-1979 წლებში. დიდუბის ეკლესიის მოხატვაზე მუშაობდა ცნობილი მხატვარი ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე. მორწმუნენი ხედავდნენ, რომ უწმიდესი და უნეტარესი თითქმის ყოველდღე მოდიოდა ტაძარში. დიდუბის ეკლესიაში, ისტორიული გადმოცემების თანახმად, ჯვარი დაუწერია წმიდა მეფე თამარს. უწმიდესმა და უნეტარესმა დიდუბის ეკლესიის კედელზე თამარ მეფის ხატი შექმნა. წმიდა მეფე თამარის ოთხ ფრესკას, ეკლესიის კედელზე გამოსახულს, მიემატა მეხუთე - უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის მიერ შესრულებული.
საქართველოს ძველ საპატრიარქო რეზიდენციაში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დაწერა წმიდა დიდმოწამე გიორგის ხატი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია უწმიდესისა და უნეტარესის შემოქმედებაში. წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პორტრეტი იერუსალიმის ერთ-ერთ ქართულ მონასტერში ყოფილა, რომელიც, სამწუხაროდ, დროთა ვითარებაში დაიკარგა. უწმიდესმა და უნეტარესმა შექმნა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხატი, რომელიც ხელოვნების, ხატწერის ბრწყინვალე ნიმუშია. ახოვან მეფეს ერთ ხელში დროშა უჭირავს, მეორეში - ეტრატი. უყურებ ამ შთამბეჭდავ პორტრეტს და ჩვენ თვალწინ ცოცხლდება სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი დიდი მეფის შეუდრეკელი ხასიათი და ქრისტიანული სარწმუნოებისათვის თავდადება. უწმიდესისა და უნეტარესის მიერ არის შესრულებული წმიდა სამების ხატი, რომელზეც ამოტვიფრულია პატრიარქის მიერ შექმნილი ლოცვა: "სამებაო დაუსაბამოო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, დიდება შენდა! ყოვლადწმიდაო სამებაო, შემოქმედო ცათა და ქვეყნისაო, სიმართლითა და მოწყალებითა განმგებელო ყოველთა დაბადებულთაო, მადლობა შენდა! შენ გიგალობთ, შენ გაკურთხებთ და მარადის თაყვანს გცემთ შენ, სამწმიდაო, ერთარსებაო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, უფალო უფლებათაო, ღმერთო ძალთაო, და გევედრებით შენ, სიყვარულო და სასოებაო ჩვენო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე, და მოხედე ვენახსა ამას, და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენამან შენმან, ამინ"[30, 398].
საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. დედა ღვთისა მფარველობს და იცავს ჩვენს ხალხს. ღვთისმშობლის სახელობის მრავალი ეკლესია-მონასტერია საქართველოში, ჩვენმა წინაპრებმა ღვთისმშობლის არაერთი ხატი შექმნეს. "შენ ხარ ვენახიც" ხომ ღვთისმშობლის სადიდებელი ჰიმნია. უწმიდესისა და უნეტარესის შემოქმედებაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ერთ-ერთი გამორჩეულია. პატრიარქმა საგანგებოდ შექმნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა: "დედაო ღვთისავ, გარდამოიხილე ჩვენზე და გვაცხოვნე ჩვენ! ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, პატრონო ივერიისაო, ბრწყინვალე ვარსკვლავო ცისკრისაო, მზეო ქვეყნისაო, აღმატებულო ანგელოზთაო, შემწეო ყოველთა დავრდომილთა და შეჭირვებულთაო, მამისგან უფლის დედად გამორჩეულო და მფარველო ორთავ სოფლისაო, მოწყალე თვალით გარდამოიხილე შენს წილხვედრ ქვეყანას - საქართველოს და ურიცხვთა ცოდვათა ჩვენთა შენდობაი შესთხოვე ყოვლადწმიდასა სამებასა - მამასა, ძესა და სულსა წმიდასა. წყალობითა შენითა კვალად აღგვადგინე, მშიერნი დააპურე, შიშველნი შემოსე, საპყრობილესა შინა მყოფნი განათავისუფლე და სიმართლის გზაზე დააყენე, უძლურნი განკურნენ, მტირალთ ნუგეშიეც, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიეც და სულიერად აღამაღლე, ასაკოვანნი სიბრძნით აღავსე და მათი შთამომავალნი კეთილდღეობით გაახარე.
დედაო მოწყალეო, მოგვეც სიმტკიცე ჭეშმარიტი რწმენისა, სასოება, შიში ღვთისა და შეუორგულებელი სიყვარული ეკლესიისა და მოყვასისა, ერთგულება მამულისა და ქართული ენისა; მოგვმადლე გული წმიდა და სული წრფელი, გონება მახვილი და ღრმა, სხეული ჯანსაღი და უვნებელი; განამტკიცე ოჯახები ქართველთა და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა, აღავსე ბეღელნი ჩვენნი პურითა და ვენახები ჩვენნი - ყურძნითა, განამრავლე მოსავალი მიწისა და მონაგები პირუტყვთა.
ღვთისმშობელო დედაო, შეცთომილნი ძენი და ასულნი ივერიისანი ჭეშმარიტების გზაზე დააყენე, უცხოეთში მყოფნი ქართველნი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, მტრადმოსულნი უცხო ტომნი ჩვენს უვნებლად თვისავ ქვეყანასა შინა განაწესე, ხოლო ჩვენ, მკვიდრთა საქართველოისათა, მოგვეც ძალი ურთიერთთანადგომისა, რათა მწუხარეთა თანა ვტიროდეთ და შევეწეოდეთ მათ, ხოლო მხიარულთა თანა ვიხაროდეთ.
დედაო მარიამ, ერი ქართველთა, მთავრობა და ეკლესია ჩვენი სულიერად შეკარ და აღდგენილსა მამულსა შინა ჩვენსა ერთ განუყოფელ სამწყსოდ ღვთისად დაადგინე; ტაძრად შენდა ჰყავ საქართველო და ხილულ და უხილავ მტერთაგან კეთილსურნელ იათა მახვილითავე მარად დაიცევ. მერმეცა გევედრები, რათა შეეწიო მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა ახლობელთა და წინაპართა და სულნი მათნი შენის მეოხებით სავანესა მართალსა დააწესე. განუზომელია წყალობა შენი ჩვენ ზედა, ღვთისმშობელო დედაო, დიდებასა და მადლობას გწირავთ შენ, მეოხო ჩვენო, შენს ფერხთა ქვეშ განვაფენთ გულთა ჩვენთა და კანდლად აღგინთებთ ლოცვასა ჩვენსა, ზეცისა სასუფევლიდან ვიდრე საქართველომდე, ვითარცა ფიანდაზსა დაგიფენთ სიყვარულსა ჩვენსა და მთელისა ქვეყნის ყვავილებით განვამშვენებთ მას. მუხლმოდრეკით შეგთხოვთ, არ განგვშორდე არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და სრულიად საქართველო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მარჯვენით დაადგინე, რათა შენთანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, მამასა, ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ."[30, 399.
თვითონ უნდა იყო დიდი თეოლოგი, რომ სრულად შეაფასო უწმიდესისა და უნეტარესის მიერ შექმნილი ლოცვები... დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს ერთხელ აღმოხდა - ჰომეროსის ენა უნდა გქონდეს, რომ ამ დიდი მეფის "დიდნი საქმენი" სრულყოფილად აღწეროო. ალბათ მსგავსი განცდა დაეუფლება ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოინდომებს სრულად წარმოაჩინოს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა.
უწმიდესისა და უნეტარესის მიერ დიდი სიყვარულითაა დაწერილი წმიდა მეფეების - დავით წინასწარმეტყველისა და სოლომონის - ხატები. მისი უწმიდესობის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია სახელოვან წინაპრებს. შიოლა ღუდუშაურს მიუძღვნა მან როგორც სკულპტურული ნამუშევარი, ასევე ფერწერული ტილოც. უწმიდესისა და უნეტარესის მშობლების - ნატალია კობაიძისა და გიორგი შიოლაშვილის _ პორტრეტებიდან შემოგვცქერიან ღრმად მორწმუნე, ქრისტიანი ადამიანები.
XX საუკუნეში არაერთი გამოჩენილი მხატვარი მოღვაწეობდა საქართველოში, მაგრამ კანონიკური ხატწერის დიდი ტრადიცია თითქმის დავიწყებული იყო. უწმიდესი და უნეტარესი ილია II XX საუკუნეში ქართული კანონიკური ხატწერის ფუძემდებელია. მის უწმიდესობას სურდა, რომ საქართველოში კვლავ აღორძინებულიყო ტიხრული მინანქრის, ჭედური ხელოვნების ისტორიული ტრადიცია. ერთი შეხედვით, ეს განუხორციელებელ კეთილ სურვილად ჩანდა, მაგრამ, თუ დღეს ამ მხრივ წარმატებები გვაქვს, ეს მისი უწმიდესობის დამსახურებაა. ფოკის დედათა მონასტრის ტიხრული მინანქრის სკოლით, დედათა მიერ შესრულებული ნამუშევრებით ნებისმიერი ერი იამაყებს.
საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ XIX-XX საუკუნეებში ურთულესი პერიოდები გაიარა. ავტოკეფალიის გაუქმებისა და ეგზარქოსობის ხანაში ქართული წირვა-ლოცვა, გალობა რუსულმა შეცვალა. ერთეული ადამიანების თავგანწირვის წყალობით გადარჩა ქართული საგალობლების ნოტები, მაგრამ მუსიკათმცოდნეები მათ, როგორც ისტორიულს, ისე აღიქვამდნენ და ფიქრადაც არავის მოსდიოდა, რომ ეს უნიკალური ქართული საგალობლები კვლავ გამოეყენებინა. უწმიდესი და უნეტარესი ილია II პატრიარქად აღსაყდრების პირველი დღეებიდანვე შეუდგა ქართულ საეკლესიო საგალობლებზე ზრუნვას. ამ საქმეში მას დაეხმარა დიდი მუსიკალური ნიჭი და გატაცება. მისი უწმიდესობა აღნიშნავს: "მუსიკა ბავშვობიდანვე მიყვარდა, როგორც ამბობდნენ, საუკეთესო სმენა მქონდა. რა თქმა უნდა, ყველაზე საამო ჩემთვის ქართული საგალობლების მოსმენაა. ამასთანავე, საათობით შემიძლია ვიჯდე და ვუსმინო კლასიკურ მუსიკას. გამორჩეულად მიყვარს მოცარტი, ფალიაშვილი. ღმერთმა ყველა ერს მისცა სიყვარულის მადლი, მათ შორის - ჩვენც, ქართველებს, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს უძველეს ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო გალობაში ჩანს. ქართული გალობა არის სიყვარული უფლისადმი, ხოლო ქართული სიმღერა - სიყვარული მოყვასისადმი, მუსიკაში აჟღერებული და გადმოცემული"[30, 380].
უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, ძველი ქართული საგალობლების შესრულება დაიწყო ჯერ სიონის, შემდეგ - ანჩისხატის ტაძრებში. ამჟამად საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში აღდგა ძველი ქართული საგალობლების თანხლებით წირვა-ლოცვა. უწმიდესსა და უნეტარესს ეკუთვნის ბრწყინვალე საგალობლები: "გიხაროდენ, ფრიად მშვენიერო", "მოდი ჩემთან, უფალო", "უფალო იესო ქრისტე", "წმიდაო ღმერთო", "მამაო ჩვენო", "მრწამსი", "დიპტიქი", "მიცვალებულთა კვერექსი", "ჩემი ვედრება".
2007 წლის 4 მარტს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა შეასრულა "კირიეელეისონ". რუსეთის პატრიარქმა უწმიდესმა ალექსი II-მ სთხოვა მის უწმიდესობას, იქნებ ამ უძველესი და ულამაზესი საგალობლის ნოტები გვიშოვოთო. რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც შეიტყო, რომ ამ საგალობლის ავტორი უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ა.
ქართული მრავალხმიანი საგალობლების დაცვასა და განვითარებას ემსახურება მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით სამების საკათედრო ტაძართან შექმნილი ქართული საგალობლების უმაღლესი სკოლა, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ღრმად დაეუფლონ ქართულ გალობას.
უწმიდესისა და უნეტარესის შემოქმედების შესწავლა მომავალში სპეციალისტების საქმეა, მაგრამ არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით არ აღვნიშნოთ მისი საოცრად ჰარმონიული დამოკიდებულება ბუნებასთან. პატრიარქს უყვარს ბუნების შვილები _ ცხოველები, ფრინველები... განსაკუთრებით გატაცებულია მცენარეებით. იგი ყველას არიგებს, რომ უნდა შეეძლოთ ბუნების სილამაზის აღქმა და მისით ტკბობა. მის უწმიდესობას უყვარს ბუნებაში განმარტოება, რადგან ღრმად სწამს, რომ "ზოგჯერ განმარტოებითაც უნდა დავტკბეთ, რათა ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობისას იბადება დიდი იდეები"[30, 375].
პატრიარქის სახით საქმე გვაქვს უნივერსალურ პიროვნებასთან, რომელიც ჩვენ, ჩვეულებრივ ადამიანებს, მისი საოცარი უბრალოებისა და მოკრძალების გამო ჩვენნაირი გვგონია. ალბათ ესეც არ არის შემთხვევითი, რადგან უბრალოებაში არის სიდიადე.
დ) წარსული, აწმყო და მომავალი. სამების საკათედრო ტაძარი
საუკუნეთა მანძილზე ქართველი ხალხის ერთიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და სულიერი ცნობიერება იყო ის ძალა, რომელიც განსაზღვრავდა ჩვენს მეობას, სამშობლოსადმი თავდადებასა და სიყვარულს. "სამშობლო - ესაა ენა ქართული, ესაა სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ათასობით წმიდა მოწამისა, მეფეთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა; ესაა ჩვენი უთვალავი ტაძარი და მონასტერი, ჩვენი სიწმიდენი, ხელოვნება, არქიტექტურა, მწერლობა, ესაა ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი, ესაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. სამშობლო ჩვენი დიდი იმედია. მისადმი გრძნობა ისევე ამაღლებული და სათუთია, როგორც სიყვარული ღვთისადმი."[38, 225-226], - ბრძანებს უწმიდესი და უნეტარესი ილია II. მაგრამ მისი უწმიდესობისა და უნეტარესობისათვის უცხოა საქართველოს წარსულისადმი ადვოკატურ-გამოსარჩლებითი მიდგომა, ვინაიდან კარგად იცის, რომ, თუ ერი მარტო წარსულით ცხოვრობს, მას აწმყო და მომავალი არ აქვს; ამიტომ იგი აფრთხილებს თავის სამწყსოს: "საერთოდ, ძველ კულტურულ ქვეყნებს, ერებსა და ხალხებს წარსულით სიამაყე ახასიათებთ. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ იმის თაობაზე, თუ რა გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა და ეს გვახარებს. რა თქმა უნდა, ეს სიამაყე სამართლიანია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რას ვაკეთებთ, ან ჩვენი მომავალი თაობა რას გააკეთებს."[33, II, 71].
როგორც XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს აინტერესებდა, რა იყო ის ძალა, რამაც ურიცხვი მტრებით გარშემორტყმულ ერთ მუჭა ქართველობას შეაძლებინა მოეღწია XIX საუკუნემდე, მაშინ, როდესაც დიდი ქვეყნები _ ურარტუ, ასურეთი, ბაბილონი, ეგვიპტე და სხვა იმპერიები - გაქრნენ ისტორიის ასპარეზიდან, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ც დაახლოებით ამგვარად სვამს კითხვას და თვითონვე არგუმენტირებულად პასუხობს: "ჩვენ ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას, როგორ შეძლო ქართველმა ერმა, რომელსაც გამუდმებული ბრძოლა უხდებოდა თავის დასაცავად, ამგვარი დიდებული კულტურა შეექმნა? როდის მოიცალა ჯვრისა და სვეტიცხოვლის, სიონისა და გელათის აშენებისათვის? როდის მონახა დრო, შეექმნა ისეთი ხატები, როგორიცაა ხახულის ღვთისმშობელი, ან ისეთი მხატვრობა, როგორიც ატენის, ყინწვისის თუ უბისის ტაძრებს ამშვენებს? როდის შექმნა ასეთი მდიდარი და მრავალფეროვანი მწერლობა? ყველაფერი ეს იყო ღვთის წყალობისა და ქართველი კაცის შემოქმედებითი გენიის შედეგი."[33, II, 161].
უწმიდესი და უნეტარესი ილია II განსაკუთრებული მოკრძალებითა და მოწიწებით მოიხსენიებს წმიდა მეფე მირიანის, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელის, წმიდა თამარის ღვაწლს. დავით აღმაშენებელს ქრისტეს მხედარს უწოდებს, რომელმაც "თავისი ცხოვრებით, თავისი მოღვაწეობით სრულყოფის კიბის მაღალ საფეხურს მიაღწია. მან იცოდა, რომ ადამიანი გულსავსე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ მისი გული გახდება ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულისა წმიდისა, რაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ პიროვნება იგრძნობს, რომ მიუახლოვდა ღმერთს"[38, 286].
უწმიდესსა და უნეტარესს დავით აღმაშენებლის სახელი მარტო წარსულის გახსენებისათვის კი არ სჭირდება, არამედ - აწმყოსა და მომავლისათვის. პატრიარქი თვლის, რომ "ყოველი ერი, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ერთი გარკვეული იდეის განხორციელებას ემსახურება... ქართული იდეა ისტორიის მანძილზე და მომავალშიც სიყვარულის სამსახურია... სწორედ სიყვარულის სამსახურმა გადაარჩინა ჩვენი ერი და ქვეყანა... მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, მთავრობას, პარლამენტს, ყველა პოლიტიკურ მოღვაწეს, რაც უნდა განსხვავებული აზრისა და შეხედულებებისა იყოთ, ღვთისა და სამშობლოს სიყვარულის გამო, ამოუდექით ერთმანეთს მხარში"[33, II, 97-98].
საქართველომ 1977 წლიდან დღემდე მრავალი განსაცდელი გადაიტანა. 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის დასაცავად პირველი არასანქცირებული დემონსტრაცია გაიმართა რუსთაველის გამზირზე. 1980-იანი წლებიდან რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში გადაიზარდა. დემონსტრაციები, საპროტესტო აქციები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ მანამდე საზოგადოება პოლიტიკური საკითხების მიმართ ინდიფერენტული იყო, ახლა უკვე პოლიტიზებული გახდა. ეროვნული და პოლიტიკური ლოზუნგები ერთმანეთს ენაცვლებოდა, მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ლამაზი ფერებით იყო დახატული საქართველოს მომავალი, მაგრამ რეალური ცხოვრება უფრო მკაცრი და მძიმე აღმოჩნდა. 9 აპრილი, სამოქალაქო დაპირისპირება, ინსპირირებული ეთნოკონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა - ყოველივე ამან საზოგადოებაში ეროვნული შესაძლებლობებისადმი ერთგვარი ნიჰილიზმი და მომავლისადმი პესიმისტური განწყობილება გამოიწვია.
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართველ ერს მოთმინებისა და განვლილი ცხოვრების გონების თვალით შეფასებისაკენ მოუწოდებს. "ყველა გონიერ ადამიანს აღელვებს და აინტერესებს არა მარტო საკუთარი ბედ-იღბალი, არამედ თავისი ხალხის და, საერთოდ, მთელი მსოფლიოს აწმყო და მომავალი, - აღნიშნავს მისი უწმიდესობა, - როდესაც უყურებ მიმდინარე პროცესებს, ზოგჯერ გულგატეხილობა გეუფლება, გეჩვენება, თითქოს კაცობრიობა სადღაც უძირო უფსკრულისაკენ მიექანება და აღარ არსებობს ძალა, რომელიც მოახლოებულ ტრაგედიას შეაჩერებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისათვის არის შესაძლებელი. ოღონდ მთავარია, სწორ გზაზე ვიდგეთ და სწორად ვიცხოვროთ."[30, 439].
უწმიდესი და უნეტარესი ამხნევებს თავის სამწყსოს და აცხადებს, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი და შესწევს უნარი, დააღწიოს თავი სიბნელის წყვდიადს და აღადგინოს გაწყვეტილი კავშირი ღმერთთან.
როდესაც ეცნობი პატრიარქის მოსაზრებებს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ხვდები, რომ მისი აზროვნება დროს ყოველთვის უსწრებს, იგი კარგად იცნობს XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისის კაცობრიობის გლობალურ პრობლემებს. უწმიდესის მართებული შეფასებით, "სამწუხაროდ, მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებასთან ერთად ხდება ადამიანის ინდივიდუალური სახის დაკარგვა, უფასურდება სიცოცხლე, იქმნება ისეთი მექანიზმები, რომლებიც თითქოს აღარ ემორჩილება ადამიანის კონტროლს და, ფაქტობრივად, მისთვის მტრულ ძალად შეიძლება იქცეს. ყოველივე ამის პარალელურად კაცობრიობა აყალიბებს ერთიან კონტროლირებად სისტემას, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ჭეშმარიტი სარწმუნოებით აღვსილი, სიყვარულით, ნებისყოფითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები, რაზეც ნაკლებად ფიქრობენ"[38, 558].
უწმიდესი და უნეტარესი გულისტკივილს გამოთქვამს თანამედროვე ყოფის რეალობაზე _ ღირსება დაიკარგა, გული გაქვავდა, სიცოცხლე გაუფასურდა. ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო ეძიებს თავის ადგილს თანამედროვე მსოფლიოში. პატრიარქი გვაფრთხილებს, რომ წარსულისა და აწმყოს გათვალისწინებით საქართველომ მომავალზე სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. "საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს და, ბუნებრივია, განიცდის მის გავლენას; მაგრამ ჩვენი ღირსება სწორედ ის იქნება, თუ ჭეშმარიტ რწმენასა და ეროვნულ ღირებულებებს შევინარჩუნებთ, სხვათა გამოცდილებას გავითვალისწინებთ და ამ ყოველივეს დროის მოთხოვნილებებს შევუსაბამებთ."[38, 575].
უწმიდესი და უნეტარესი მოგვიწოდებს - ჭეშმარიტ თავისუფლებაზე საუბარი არ შეიძლება იქ, სადაც ზნეობრივ ცხოვრებაზე უარს ამბობენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II ჯერ კიდევ XX საუკუნის 80-იან წლებში ფიქრობდა, რა უნდა მოემოქმედა, რომ ქართველი ხალხი ღირსეულად შეხვედროდა ქრისტეშობის 2000 წლისთავს. იგი ხვდებოდა მეცნიერებს, კულტურის წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს, აინტერესებდა, რას შესთავაზებდნენ ისინი. დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მისმა უწმიდესობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში წმიდა სამების საკათედრო ტაძრის აშენების შესახებ. დაიწყო ადგილის ძებნა. გამოითქვა მოსაზრება, ტაძარი ვაკეში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე, აშენებულიყო, მაგრამ მისმა უწმიდესობამ დაარწმუნა ყველა, რომ საკათედრო ტაძრის აშენება ავლაბარში, წმიდა ელიას მთაზე ყველაზე სწორი იქნებოდა.
1988 წლის 5 თებერვალს შეიქმნა საკონკურსო კომისია მისი უწმიდესობის ილია II-ის თავმჯდომარეობით, ხოლო კონკურსი მომავალი ტაძრის პროექტზე გამოცხადდა 1989 წელს. საზოგადოების ცხოველი ინტერესი გამოიწვია საკონკურსოდ წარმოდგენილმა პროექტებმა. როგორც მისი უწმიდესობა აღნიშნავდა, კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები იყო გამოხატულება ჩვენი საზოგადოების მრწამსის, აზროვნებისა და კულტურისა. კონკურსზე გამარჯვებულად გამოაცხადეს არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის მიერ შესრულებული პროექტი. 1997 წლის 9 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს მოსახლეობას მიმართა: "ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო! როგორც თქვენთვის ცნობილია, თბილისში, მაცხოვრის შობის 2000 და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავთან დაკავშირებით, შენდება წმიდა სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც აღიმართება სადიდებლად ღვთისა და ჩვენი ერის სულიერი გაძლიერებისა და განმთლიანებისათვის. ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს სრულიად საქართველომ, ყოველმა ქართველმა, საქართველოში მცხოვრებმა ყველა ერის წარმომადგენელმა"[27, 10789].
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და საქართველოს პრეზიდენტ ე. შევარდნაძის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა ბატონი ირაკლი ანდრიაძე. განსაკუთრებულ საზეიმო ვითარებაში ათასობით მორწმუნის, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლის, წმიდა სინოდის, სამღვდელოების, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების თანდასწრებით, საზეიმოდ აკურთხეს ის ადგილი, სადაც ტაძრის საძირკველი უნდა გაეჭრათ. კურთხევის შემდეგ გაიჭრა საძირკვლის ადგილი, სადაც უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ჩააწყვეს შემდეგი სიწმიდენი: "ქვა სინას მთიდან, სადაც უფალმა მოსე წინასწარმეტყველს გადასცა ათი მცნება; ქვა იორდანედან, სადაც ნათელ იღო უფალმა; ქვა ნაზარეთიდან, სადაც ეხარა დედა ღვთისმშობელს მაცხოვრის შობა; ქვა იერუსალიმიდან, სადაც დაკრძალული იყო ღვთისმშობელი; მიწა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრიდან, აჭარიდან, გონიოდან, საიდანაც შემოვიდა მოციქული ანდრია; ქვა ფარავნის ტბიდან, საიდანაც შემობრძანდა წმიდა ნინო; სიწმიდეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ეკლესია-მონასტრებიდან"[27, 1535]. როგორც მისმა უწმიდესობამ განაცხადა: "წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. ტაძარი საქართველოში მუდამ იყო ჩვენი სულიერი და ფიზიკური სიმტკიცის გამომხატველი. იგი უმსუბუქებდა მძიმე ჯვრის მტვირთველობას ქართველ ერს და განამტკიცებდა მასში მომავლის რწმენას."[30, 188].
საქართველოში იმ დროისთვის არსებულ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც ამტკიცებდნენ, რომ ამ გრანდიოზული მასშტაბის ტაძრის აშენებისათვის შეუფერებელი დრო იყო და ვერც მოხერხდებოდა მისი აშენება. ასეთი აზრები არა მარტო ეკლესიის არაკეთილმოსურნეებს ჰქონდათ, არამედ _ გულწრფელ პატივისმცემლებსაც. როგორც მსახიობი გოგი ხარაბაძე იხსენებს, როდესაც ვეებერთელა ღრმული დავინახე, ვიფიქრე, ამის აშენებას მე ვერ მოვესწრები-მეთქი, მაგრამ მისი უწმიდესობა ყველას აოცებდა თავისი ოპიტმიზმით და ეს ოპტიმიზმი ხალხზეც გადადიოდა. იგი ყველას გასაგონად ამბობდა: "კაცობრიობა იმყოფება მსოფლიოში ისტორიის მეორე და მესამე ათასწლეულთა მიჯნაზე და ამიტომაც ქრისტეშობის 2000 წლისთავის, საქართველოს ოცსაუკუნოვანი ქრისტიანობისა და სამიათასწლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი თარიღის აღსანიშნავად არ მოიძებნება უფრო დიდი და ყოვლისმომცველი სულიერი და კულტურული მოვლენა, ვიდრე ეპოქალური ტაძრის აგებაა"[30, 190].
ტაძრის მშენებლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა მთელ საქართველოს. ყველა ადამიანი ცდილობდა, გულით შეეწირა თუნდაც მცირედი თანხა. ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო ტაძრის მშენებლობის ძირითადი დაფინანსება. უწმიდესი და უნეტარესი თავის სამუშაო დღეს სამების მშენებარე ტაძრის მონახულებით იწყებდა, ხვდებოდა მუშებს, მშენებლებს, აძლევდა რჩევა-დარიგებებს. მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობდა ეზოს კეთილმოწყობა და სულ რაღაც 8 წელიწადში წმიდა ელიას მთაზე წამოიმართა გრანდიოზული კომპლექსი, რომელიც თბილისის ყველა კუთხიდან მკაფიოდ ჩანს.
2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მოხდა წმიდა სამების საკათედრო ტაძრის საზეიმო კურთხევა. ათასობით მორწმუნე, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდი, სამღდელოება საგანგებოდ შეიკრიბა წმიდა სამების საკათედრო ტაძარში. დაიგუგუნა წმიდა სამების ზარებმა, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ტაძარში შებრძანდა. თითქოს მღელვარებამ მოიცვა იგი, მაგრამ მაინც მტკიცე ნაბიჯით გაემართა საკურთხევლისაკენ. პატრიარქი საზეიმო წირვისათვის შეიმოსა, თავზე ის გვირგვინი დაიდგა, რომელიც თავის დროზე ეხურათ უწმიდესსა და უნეტარეს კირიონს, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკს, ეფრემსა და დავითს. პატრიარქის ეს ოქროს გვირგვინი (მიტრა) ხომ მოწმე იყო XVII-XX საუკუნეების საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყველა წარმატებისა და წარუმატებლობისა.
უწმიდესმა და უნეტარესმა საზეიმო წირვის შემდეგ საზოგადოებას მიმართა: "თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ჩვენო ძვირფასო სტუმრებო, ძმანო და დანო. წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი". ჩვენ ვართ მომსწრენი ღვთის ერთი საოცრებისა: შეჭირვების ჟამს ქართველმა ხალხმა შეძლო აღეშენებინა დიდებული ტაძარი ესე წმიდისა სამებისა, სადიდებლად ღვთისა და მოსაქცევად ერისა ჩვენისა; მაგრამ, მოწყალე ღმერთო, ჩვენ ვიყავით ოდენ მდაბალნი მუშაკნი შენნი. ეს შენ მოგვეც გულისხმისყოფა და ძალა, რათა შენს სადიდებლად და ჩვენდა ნუგეშად მოგვერთმია ეს შესაწირი. აქ დაიღვრება მრავალი ცრემლი სინანულისა და განელდებიან გულნი ჩვენნი ცოდვათაგან მომყმარნი, განიწმიდება სული ჩვენი და აღდგება საქართველოც მკვდრეთით, ვითარცა ლაზარე. ივერიელნო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა, ისმინეთ სიტყვანი უფლისანი: "აჰა, ესერა მომიცემია წინაშე კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს" (გამ. 3,8). მაშ, შევიდეთ კარითა ამით, რათა ღირს ვიქნეთ სასუფეველისა. სცანით წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
წმიდანო მეფენო, დედოფალნო, მამამთავარნო და კათოლიკოს-პატრიარქნო საქართველოისანო, მღვდელმთავარნო, მოწამენო, ღირსნო მამანო და დედანო, იხარეთ სავანეთსა მართალთასა და თქვენი ლოცვით მეოხგვეყავით წინაშე ღვთისა, რათა განმტკიცდეს ჩვენში მართლმადიდებლური სარწმუნოება, სიყვარული და სასოება, რათა უფალმა მოგვანიჭოს მშვიდობა, ერთობა, სულთა ჩვენთა ცხოვნება და დიდი წყალობა.
სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მაცხოვრის შობის 2000 წლისთავისადმი მიძღვნილი და ჩვენი ოცსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის სიმბოლურად გამომხატველი წმიდა ტაძრის კუთხევა შედგა საქართველოს განსაკუთრებული მფარველის - წმიდა გიორგის ხსენების დღეს, შედგა იმ წელს, როცა შესრულდა 1700 წელი მისი წამებიდან. შევთხოვთ ღმერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, დიდმოწამე გიორგის, დალოცონ ყოველი ადამიანი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ წმიდა ტაძრის მშენებლობაში. წმიდა სამებამ დალოცოს, გააძლიეროს ისინი და მათი ოჯახები. ღვთივკურთხეულნო ივერნო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, ღმერთს ებარებოდეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა"[30, 201].
წმიდა სამების საკათედრო ტაძარი, უწმიდესის სიტყვით, "სიმბოლურად არის გამაერთიანებელი საქართველოს, მთელი ქართველი ხალხისა. მთავარი ის არის, რომ ქართველმა ერმა ამით შექმნა ავტოპორტრეტი და ყველას უჩვენა, თუ შინაგანად როგორი ძლიერი ყოფილა. ეს დაფარული იყო ჩვენში და გამოვლინდა... ამ ტაძარმა ჩვენს ხალხს თავისი თავის რწმენა და იმედი შესძინა"[30, 202].
მსოფლიოს ქრისტიანულ ქვეყნებში ქრისტეშობის 2000 წლისთავთან დაკავშირებით არაერთი ტაძარი აშენდა, მაგრამ წმიდა სამება მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. მის მნახველ უცხოელებს პირველად ასეთი კითხვა უჩნდებათ - საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობის პირობებში როგორ შეძლო ქართველმა ხალხმა, მისმა სულიერმა წინამძღოლმა ისეთი ტაძრის აშენება, რომელიც ეყრდნობა მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციებს და მასშტაბებით ნამდვილად გრანდიოზულია.
როდესაც ტაძარი მოილოცა მსოფლიო პატრიარქმა, უწმიდესმა ბართოლომეოს I-მა, განაცხადა, რომ ეს ტაძარი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის გვირგვინია.
ამჟამად უწმიდესისა და უნეტარესის ყოველდღიური მზრუნველობითა და ყურადღებით მიმდინარეობს ტაძრის მოწესრიგების შიდა სამუშაოები. ტაძრის საკურთხეველში, სადაც პატრიარქის ტახტი უნდა იყოს, წმიდა სამების ტახტია, პატრიარქის სავარძელი უფრო დაბლაა. როგორც უწმიდესი და უნეტარესი ილია II განმარტავს, "ასეთი ტახტი მხოლოდ სინას მთაზე დგას. იქ მაღალდასაჯდომელი საკურთხეველში აღმოსავლეთის მხარეს არის და მასზე არავინ ჯდება, არც ერთი პატრიარქი... ასეთი ტრადიცია, სინას მთის გარდა, არსად არ არის. ასე რომ, სინას მთის ტრადიცია დამკვიდრდება წმიდა სამების დიდ ტაძარში"[38, 198].
უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით მალე დაიწყება ტაძრის მოხატვა...
წმიდა სამების საკათედრო ტაძარი ჩვენი დროის ქართველების სავიზიტო ბარათი იქნება მომავალი თაობებისათვის. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: "ძალიან ხშირად მეკითხებიან, რა იყო მნიშვნელოვანი ჩემი პატრიარქობის პერიოდში… ჩემი პატრიარქობის დრო იყო მზიანი ღამე. მზიანი ღამე ისევ გრძელდება და მალე გათენდება"[44, 11].
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს: "სულიერება ხალხში თავდაპირველად გზას იკვლევს ცალკეულ მადლმოსილ პიროვნებათა წყალობით, შემდეგ კი ეს ნიჭი ეფინება მთელ ერს, აღამაღლებს მას. ამიტომაც პიროვნების როლი ქვეყნის ცხოვრებაში უდიდესია. არიან ადამიანები, ღვთის ნიშნით გამორჩეულნი, რომელნიც თესენ სიყვარულს, სათნოებას, ქმნიან, აშენებენ, თვითონ იწვიან და სხვას გზას უნათებენ"[33, I, 284].
თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ბრძანდებით ის პიროვნება, რომელიც სასულიერო პირად ყოფნის 50 და პატრიარქობის 30 წლის მანძილზე, საქართველოს ისტორიის უმძიმეს და ურთულეს პერიოდში, ჭეშმარიტებისაკენ მიუძღვით ჩვენს ერს. თქვენში აისახება ყველა ის განსაცდელი და წარმატება, რომელიც გადაიტანა ჩვენმა მრავალჭირნახულმა ხალხმა. ჩვენ დიდი წყალობა მოგვანიჭა უფალმა ღმერთმა, მოგვცა შესაძლებლობა, თქვენი დიდი სიწმიდისა და სიყვარულის ფრთებქვეშ შეხიზნულებმა გადავიტანოთ ეპოქის ყველა სირთულე და იმედით ვიყოთ განწყობილი მომავლისადმი.
წყაროები და ლიტერატურა:
1. პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936
2. ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941
3. ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002
4. ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907
5. სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997
6. კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001
7. სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004
8. ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992
9. ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987
10. აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე", თბილისი. 1984
11. იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989
12. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი
13. ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992
14. სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993
15. სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001
16. სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004
17. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი
18. გაზეთი "საქართველო", 1918, N71
19. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304
20. "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003
21. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი
22. სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005
23. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი
24. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი
25. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი
26. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი
27. საქართველოს საპატრიარქოს არქივი
28. სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000
29. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი
30. "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006
31. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი
32. საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები
33. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997
34. ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი
35. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები
36. "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი
37. ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.
38. "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006
39. შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975
40. გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო
41. ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3
42. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006
43. "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007
44. ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3
სერგო ვარდოსანიძე
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.