ვუძღვნი იმერთ
არის ადგილი, მის შვენებას ვერ აღწერს ხელი,
როგორც ედემის, მის აღწერა ისეა ძნელი!
მისი შვენება ედემისა არის შვენება,
იმის შვენების მოშორება თვალს ენანება.
თვალს მოაშორებთ, თქვენი გული იმისკენვე რბის,
იმის კვლავ ნახვას სიხარულით გული მოელის.
ზაფხულს ზეფირი მას დაჰქროლავს და მაზედ ხარობს,
ზამთრით მზე მარად მაზედ მნათობს და მის გულს ათბობს;
ღამის მნათობნი სიხარულით მას დასცქერიან,
უხვად თვისს სხივსა ზამთარ-ზაფხულ მას უგზავნიან.
ესე არს მიწა საყვარელი ვარსკვლავთ და მზისა,
ზურმუხტ მდელოსი, ფურჩვნილ ყვავილთ და ნათლის ცისა!
***
დიდი შენობა მის დიდს მთაზე არს აღმართული,
ათასის წლისა ხავსით არის იგი მორთული.
დგას დიდებულად, გულამაყად, მტკიცედ და მაგრად,
თითქო უბრძანებს გარეშემო ხეობათ და მთათ:
“აქ ვდგევარ მარტო, უმეზობლო, ვდგევარ ლიტონი,
“მარტოც ვარ თქვენი მბრძანებელი, თქვენი პატრონი!..”
***
რა შენობაა ის შენობა?—ჰკითხეთ თითონ მას.
ათასის წლისა მის კედელი მოგცემთ თითონ ხმას.
იმის კედელი, ჯერაც მტკიცე, არ-დარღვეული,
იმ შენობისა დიდებული არის რვეული.
ის ჩვენ მოგვითხრობს: ”მე აღვშენდი ხელით ძლიერით,
“ათასმა წელმა ჩემს თავზედა განვლო გრიალით.
***
“ამ ათას წელში მრისხანებით მე მბერდნენ ქარნი,
“იძროდნენ მათგან ხეობანი, მთანი და ბარნი;
“სეტყვა და მეხი მრისხანენი ძლიერად მცემდნენ,
“ჩემს შერყევასა და დარღვევას თითქოს ცდილობდნენ.
“მაგრამ, ხომ მხედავთ... აწცა მაგრად, ვით ძველად, ვდგევარ,
“თუმცა ათასის წლის ხავსითა შებურვილი ვარ!
***
“აქ დაბლა მე ვარ მის მოწამე და იქ მაღლა—ცა,
“როგორც ამაღლდა საქართველო, როგორც დაეცა!
“აქ ჩემს წიაღში განისვენებს დიდი თამარი,
“თამარ ბრწყინვალე, თამარ ტურფა და მშვენიერი,
“პოეზიისა, ერის გულში, სხივით მორთული,
“ივერიისა ძეთ დიდება და სიყვარული!
“აქ განისვენებს... მის სახელი?...— დიდი დავითი!
“მათ გვამთ დიდებულთ მე ვარ მცველი, მე ვარ... გელათი”.
1879 წ.