I

იყო ობოლი, სიობლეში აღმოიზარდა.

იმ ობლისათვის ამ ქვეყანას არვინ ზრუნავდა,

მაგრამ ზრუნავდა იმ ობლისთვის ღმერთი მაღალი.

მას მაზედ ჰქონდა მიქცეული მოწყალე თვალი.

დალოცა, ბრძანა: “აღვსილიყავ ჩემის მადლითა,

სული უმანკო გეგზნებოდეს საღმრთო ალითა,

გქონდეს ნათელი, წმინდა გული, ბრძენი გონება,

ძმობის, ერთობის, სიყვარულის მაღალი გრძნობა;

აზრი მდიდარი, ენა ტკბილი, სიტყვა დამწველი,

დიდების სხივით შეიმოსოს შენი სახელი!

და მან სიტყვამა და სახელმა ანათონ ლამპრად,

შენის სამშობლოს შვილთა გულნი აცხოვლონ მარად!”

II

აჰა, ობოლი! არვისა აქვს მასთან ერთობა,

მოძმებში მარტო, ცასთან, მთებთან, ზღვასთან აქვს ძმობა!

იგი მათთან არს, მათთან ცხოვრებს და მათთან უბნობს,

თავის ობლობას, მარტოობას ის მათ უამბობს.

შესცქერის ცასა ელვარესა, მზით ანთებულსა,

ზღვაზედ და ხმელზედ დიდებულად გადმოკიდულსა,—

ცას, გაბრწყინებულს მთოვარითა და ვარსკვლავებით,

ცას დაბნელებულს და მგრგვინავსა ელვით და ჭექით;

მთათა და მათ წვერთ, ცამდის ასულთ, უზარმაზართა,

თოვლის, ყინულის საუკუნო ტახტთა სპეტაკთა;

მათ ხეობათა, გაფურჩვნილის ტყეებით მორთულთ,

დაბლა, თვის ფეხთ-ქვეშ ბნელთ, წყვდიადთა, უძირო უფს-

კრულთ.

III

აჰა, ობოლი გარდავიდა მთასა და ტყესა,

მიდის და მისდევს ზღვის კიდისკენ დიდს მდინარესა.

ნახა შავი ზღვა ლურჯი, წმინდა, მიძინებული,

ვით ყრმა დედის გულს, თვის კიდეზე მისვენებული.

ყრმას ძილს სიზმარნი უცხო, ტკბილნი გულს უხარებენ,

ზღვას მიძინებულს სხივნი მზისა უალერსებენ;

მზე მას დასცქერის და მაზედა სხივს ათამაშებს,

ვრცელი, უსამზღვრო მკერდი ზღვისა ბრწყინავს, კაშკაშებს.

მიდის მზე თვის გზას და დიდებით ზღვას ჩაესვენა;

მყუდრო საღამო, გულთ საამო მას მოეფინა.

მთვარე, ვარსკვლავნი, ღამის მნათნი ცაში გაბრწყინდნენ

და თვის დიდს სარკეს, ზღვის უსამზღვროს გულს

ჩააცქერდნენ,

და მას სარკეში შთაიხატა ზეცა მეორე,

როგორც მაღლა ცა ვარსკვლავებით, მთვარით ელვარე!

IV

მაგრამ მოესმა ობოლს შორით გრგვინვა საზარო.

იმუსრებოდა, ინგრეოდა თითქოს სამყარო.

შეიძრა მძიმედ ზღვა თვის ძილში, დაიგრიალა,

განრისხებულმა ზვირთებით და ტალღით იელა,

და შეიმოსა იმ ზვირთებით და იმ ტალღითა,

როგორც მხედარი მეომარი აბგარ-აბჯრითა

აღდგა ვეშაპი, მთლად გაშავდა და დაიკლაკნა,

ასმინა მთა-ბართ საშინელი თვის დიდი ენა:

სჭექს, ქუხს და გრგვინავს, და მრისხანე ქაფს ზვირთებს

ასხამს,

პირქვე სცემს ნავებს, ჰლეწს ხომალდებს და უფსკრულში

სნთქამს!

თავის აბჯარით—მთა-ზვირთებით სცემს თავის კიდეს,

თვის საუკუნოს, მაგარ დარაჯს, თვის საპყრობილეს.

უკუ იქცევა, ჰფშვენს კვნესითა და ძალსა იკრებს

და ახლის ძალით და ღრიალით კვლავ დასცემს ზვირთებს:

ჰსურს, რომ გააპოს და გაგლიჯოს თვის საპყრობილე,

იმის დაცვისა ტყვეობაში ღმერთთან მოვალე.

მაგრამ უშიშრად უდგას ზღვასა კოლხიდა ძველი,

მშვენიერთ ასულთ, ძველად განთქმულთ, მიწა მშობელი,

მტკიცე კვარცხლბეკი, საფუძველი იალბუზისა,

ძველი ქვეყანა ოქროს კრავის და ბიბლიისა...

ობოლი ჰკვირობს. “რა არს,—ფიქრობს,—მაღლით ღვთის

ნება?

სად შევისწავლო მის უსამზღვრო დიდი ქმნილება?”

V

ქვეყანავ ღმერთთა, მიწავ გმირთა, ელლინთ მამულო,

მტარვალთ ხელითა დანგრეულო და წამებულო,

დიდო აკვანო, დიდო კერავ განათლებისა,

დიდო სამშობლოვ ჰომერის და თემისტოკლისა,

შენ შეიშვილე და შენ იძმე იგი ობოლი,

და შენთ ძეთ სწავლით და მათ სიბრძნით აწ შემკობილი,

უკვე ჭაბუკი ზღვას მოაპობს და ნავით უმზერს

შორს ცას სამშობლოს და სპეტაკსა იალბუზის წვერს!

უმზერს და თვალთა მათ შვენებას ვეღარ აშორებს...

სამშობლო მიწას უამბოროს, გული აშურებს...

გადმოხტა, მიწას უამბორა და თაყვანი სცა,

და მას ეზმანა, რომ მან მიწამ მის გულს ხმა-მისცა!

VI

წავიდა, მიდის, აჰყვა მასვე დიდსა მდინარეს,

უმზერს მთა-ბართა, თვის საყვარელს სამშობლო მხარეს.

ნახა: აქ კლდენი, ფრიალონი გზად იჭრებიან,

ძველნი ტაძარნი დანგრეულნი კვალად დგებიან;

იქ გზას უჭრიან ღრე-კლდეებში, მთებით ბარს რუთა;

აქა აგებენ მაღალ კოშკებს, მაგარ სადგურთა,

იქა—ტაძართა, დიდ პალატთა და მაგარ ციხებს;

იქ მდინარებში სდგმენ დიდთ კედელთ და სდებენ ხიდებს;

ესმის ყოვლის მხრით მაღალი ხმა წერაქვ-ბარისა,

ჭექა ნაღმისა და საამო ხმა სიმღერისა.

ნახა, სამშობლო ცხოვრებისთვის ახლად დგებოდა,

ახლის ცხოვრებით და დიდებით იმოსებოდა.

*

დიდების სხივით შემოსილი ნახა თამარი,

იმისი სახე მშვენიერი და მოღიმარი,

მისი სიტურფე, მის სინაზე, მისთ თვალთ ნათელი,

ივერის მთა-ბართ და ერისა მანათობელი!

მაშინ აღმოხდნენ იგი ლექსნი მის მაღლის სულით,

ლექსნი დამწველნი, ლექსნი ტკბილნი, სავსენი სიბრძნით,

მოკამკამენი წყაროს წყალნი, ცით ნაპერწკალნი,

ალმას-ზურმუხტნი, მარგალიტნი, უფასო თვალნი!

VII

მეფე-შვენება ზის თვის ტახტზედ ფიქრით მოცული,

თლილსა თითებში მას უპყრია დიდი რვეული,

ბროლის მკერდ-ქვეშა წრფელი გული ძლიერად უძგერს!

დიდებულთ კრება ტრფიალებით თვის მეფეს უმზერს,

ჰკვირობს მის სიბრძნეს, მის სიტურფეს და მის შვენებას,

ელის მისს ნაზს ხმას, მისს ნაზს ღიმილს და მშვიდს

ბრძანებას...

ბრძანა: “მსურს ვნახო, ვინც წარმოთქვა ესე ლექსები,

ტურფად წყობილნი, მარგალიტნი, საგოგმანები”.

მოჰგვარეს იგი; არს ჭაბუკი და მშვენიერი.

ნათელს თვალებში მას უბრწყინავს მადლი ციური:

გონების სიბრძნე, სულს სიმშვიდე და გულწრფელობა,

ძმობის, ერთობის, სიყვარულის მაღალი გრძნობა!

მეფემ-მშვენებამ გადაავლო თვალი ნათელი,

არ გამოჰკითხა მას არც გვარი, არცა სახელი;

უბრძანა მხოლოდ: “ეს ლექსნი გულს ვით ჩაგინერგდნენ,

გულთა დამწველნი ვით აღმოხდნენ, ვით დაიწერნენ?”

—დიდო მეფეო! მაგ რვეულში რაც დაიწერა,

შენმა ნათელმა, მშვენიერმა სახემ შთამბერა.—

ნათელი მეფე მას უმზერდა ტკბილის ღიმილით,

უთხრა: “ეს ლექსნი შთაბერილნი გაქვს შენ ცით მაღლით:

იყავ დიდებულ და დიდებულთ იყავ შვენება,

ჩემის სამეფოს გვირგვინისა შენ ხარ დიდება!”

ვინ იყო იგი და რა იყო იმის სახელი?—

ის იყო შოთა, დიდი შოთა რუისთაველი!


1881 წ.