ორ შენობასა ვხედავ თვალ-წინ, რა გათენდება:

ერთში მათგანში ჩანს სიცოცხლე და მოძრაობა;

ვითა საფლავი გაყინული არის მეორე,

არ აქვს მის წიაღს კაცთ სიცოცხლის ნიშანი მცირე.

ახალთ დროთ ტურფად ნაგებია ერთი შენობა,

მგზავრად მიმავლის თვალს იზიდავს მისი შვენება;

წალკოტი ჰყვავის მშვენიერად მის კედელთ გარე,

ზურმუხტ მდელოთი მოსილია იმისი არე,

გარეთ და შიგნით მის კედელი არის მორთული,

როგორც რომ სასძლოდ მშვენიერი ტურფა ასული;

მაგრამ მის კედელს, ამ დროთ ნაშენს, მისს კირსა და ქვას,

ვით სუსტს ასულსა, არცა ძალი და არც ღონე აქვას.

***

მეორე არის ძველთ წინაპართ სადგურის შთენი,

სავსე ღონითა, ღონით სავსით ხელით ნაშენი:

კოშკნი მაღალნი, ციხე ვრცელი, წმიდა ტაძარი,

დიდი პალატი, დიდი არე, როსმე მდიდარი,

დღეს კი უჭერო, უპატრონო, აოხრებული,

გრძელთ წელთ მოხუცი, დაჩაგრული, დახავსებული!

იმის წიაღში ამოსულა ბალახი მწარე,

შამბით და ეკლით მოცულია იმისი არე;

ვინც მას შეჰხედავს, დაფიქრდება და შეიბრალებს;

იმის დანახვა გულს აწუხებს, თვალს არ ახარებს.

***

იმ ერთს არა აქვს გრძლად დგომისა ღონე საკმარი,

მას დაანგრევენ სამოცის წლის სეტყვა და ქარი;

და რა კედელნი სუსტნი, ნაზნი დაინგრევიან,

მისი ნანგრევნიც მიწის პირზედ მსწრაფლ განქრებიან;

განქრება მასთან მისი კვალი და მის ხსენება,

არ აქვს წარსული, მომავალი მას არ ექნება.

***

ის კი მეორე, ის მოხუცი შვიდასის წლისა?

მას არ ეშინის არც დროთ დენის, არც ქარიშხლისა:

თუმცა მტრის ხელით შერყეული, შეგინებული,

მაინც დგას გმირად, გმირთა ხელით აღშენებული!

და თუ ოდესმე მის კედელნი დაინგრევიან,

შთენნი კი მისნი საუკუნოდ მთლად დარჩებიან;

დარჩება მისი საუკუნოდ ქვეყნად ხსენება.

მაგრამ დიდს წარსულს მომავალიც დიდი ექნება.

მას აქვს წარსული დიდი, გრძელი და ისტორია,

იმის წარსული მის კედლებზედ სისხლით სწერია!


1881 წ.