ვუძღვნი ვას. აბაშიძეს

I

ვნახე სიზმარი: აღვსულიყავ მას მთას წმიდასა,

სადაც გალობენ ანგელოზნი ღვთის დიდებასა.

ჩვენი სამშობლო, მშვენიერი ჩვენი ივერი,

მაგრამ ივერი უსულდგმულო, ივერი მკვდარი

გარდაშლილიყო ზღვის კიდემდინ ჩემთ თვალთა წინა,

სიცოცხლის ცეცხლი გამქრალიყო მის წიაღს შინა.

მზის სხივნი, უხვად ბრწყინვალენი, მაზედ მნათობდნენ,

მაგრამ უსულოს და გაყინულს ვეღარ ათბობდნენ;

წყალნი ჩნდნენ, მაგრამ შემდგარიყო მათ მდინარება,

ყვავილთ და მდელოს აღარ ჰქონდათ თვის მცენარება;

აღარ იძროდნენ აღარც ხენი, აღარც ნიავი,

ბუნება იყო სრულად მკვდარი, სრულად უძრავი.

ვხედავდი მრავალთ მაგარ სადგურთ, ტაძართ დიდებულთ,

მაგრამ შემუსვრილთ, დარღვეულთა და დატოვებულთ.

ეგრეთ უსულო ჩემთ თვალთ-წინა იდო ივერი,

მაგრამ მკვდარიც კი იყო ტურფა და მშვენიერი.

ეგრეთ ასულსა ტურფას, წმიდას, ახლად მიცვლილსა,

გულ-ხელ დაკრეფილს, გაციებულს და ფერმიხდილსა

აღარ აცხოვლებს ცა ბრწყინვალე და ქვეყნის შვება,

მაგრამ მის სახეს კვლავ უბრწყინავს თვისი შვენება.

II

ვნახე სიზმარი: კვლავ აღვედი მას მთას წმიდასა,

სადაც გალობენ ანგელოზნი ღვთის დიდებასა.

ვხედავდი ივერს, გარდაშლილსა ჩემთ თვალთა წინა,

სიცოცხლის წყაროს გაეღვიძნა მის წიაღს შინა.

მზის სხივნი, უხვად ბრწყინვალენი, მაზედ მნათობდნენ

და მის მთა-ბართა და ხეობათ უხვად ათბობდნენ;

წყალნი, ნაკადნი ფრიალოთგან, ქუხილით სჩქეფდნენ,

მოკამკამენი მდინარენი ველებზედ რბოდნენ;

ზურმუხტნი ველნი და ყვავილნი კაცთ და ბუნებას

უხვად და მდიდრად უგზავნიდნენ თვისს სუნნელებას;

მაგარ-სადგურნი და პალატნი, წმიდა ტაძარნი

თვის ნანგრევთაგან დიდებულად იყვნენ ამდგარნი;

მხიარული ხმა წერაქვთ-ბართა, საღმრთო ხმა ზართა,

მაღლა შესძახდა განღვიძებულთ მთათა და ბართა;

ვხედავდი ივერს მის ძეთ ხელით, ძლიერის ნებით

ტურფად მორთულსა მშვენიერის შენობეებით;

ვხედავდი მაღლა ცას ნათელსა და მშვენიერსა,

დაბლა მიწაზედ—ერს მშრომელსა და ბედნიერსა.

გამომეღვიძა.......


1879 წ.