I

ვინა ხარ, ეჰა, მშვენიერო, მოხვედი სითა?

ხარ ამ ქვეყნისა, თუ ციური მოფრინდი ცითა?

შენი მზერითა აქამომდე ვინ დასტკბებოდა,

ცა, თუ ცის ქვეშე შენით, ტურფავ, გაბრწყინდებოდა?

ვინა გალობდნენ შენს შვენებას, ცასა ციერნი,

თუ ფეხთ მოდრეკით, განკვირვებით აქ ქვეყნიერნი?

ხარ ანგელოზი, სამოთხითგან გადმოფრენილი,

ჩვენ სამშობლოსა დასატკბობლად აქ მოვლენილი,

ან თუ სატანა ჯოჯოხეთმა მოგგზავნა ხმელად,

მოგცა შვენება, გადმოგაგდო გულთ სავნებელად?

ან ხარ ასული ამ ქვეყნისა, ვით სხვა ასული,

მაგ ლამაზ მკერდ-ქვეშ, როგორც სხვათა, შენც გიძგერს გული?

აბა მაშ გვითხარ: ვით შემკულხარ ეგრეთ მდიდრულით

ჰარმონიითა, სიტურფითა, შვენებით სრულით?

ვინ ბედნიერმა და სად, როგორ ეგრეთ აღგზარდა,

ან ვისი თვალი, შენით მთვრალი, მარად გიმზერდა?

აღმოსავლეთის ყვავილთ შუა თუ გაიშალე,

ან თუ ჩრდილოთ ხარ, წყვდიადს სტუქსე, მოხველ აქ მალე,—

მოგესალმებით ნათლის გულით შენ მშვენიერსა,

შენც გაუღიმე სიმშვიდითა ძველსა ივერსა,

სადაც ბუნებამ დიდებულად ზღვასა და ბართა

შესამკობელად ფრიალონი წინ აღუმართა;

სადაც მთათ წვერნი ცისა კიდეს ებჯინებიან,

ველნი კი მარად ყვავილებით იმოსებიან;

და მათზედ რბიან წალკოტთ შუა წყალნი მცინარნი.

აქ სიყვარულსა სტვენენ მარად ბულბულნი წყნარნი;

რა ფუფუნებით ზამთარ-ზაფხულს ვარდნი შლილობენ,

ღამით ზეფირი, დილით ნამი მაზედ ხარობენ!

აქა ცა არის ლურჯი, წმინდა, მნათი მარად ჟამს!

აქა დავითი და თამარი სულსა კიდევ სწამს;

აქ რუსთაველის ლექსნი კვალად ატკბობენ ყურსა;

აქა ისმენენ ბესიკისას მღერას ციურსა.

აი, სად მოხველ! და, აქ ყოფა თუ მოგეწონა,

გაგიშლით გულსა ფიანდაზად შენ ფეხთა წინა.

იყავ შვენება, ნეტარება ივერიისა,

იყავ ჩვენთვისა ცით ვარსკვლავი, შუქი მთვარისა!

II

მაგრამ აქ ხშირად ჰპოვებ ტაძართ, შთენთ დიდებულთა,

პალატთ ნანგრევთა და მონასტერთ აოხრებულთა,

მაგარ სადგურნი, ფრიალოთგან გადმოკიდულნი,

უფსკრულს უმზერენ დარღვეულნი, დატევებულნი;

წმიდა საფლავნი ნანგრევთ-შუა ხშირად არიან,

მოუხსენებელთ, უპატრონოთ ტყენი ჰბურვიან;

არ აცხოვლებენ შთენთ და საფლავთ წირვა, ცისკარი,

მხოლოდ დროებით მათზე ჰბერავს გრიალით ქარი!

რას ნიშვნენ შთენნი, ეს ნანგრევნი, — შენ გსურს იკითხო?

გსურს ივერიის შავი ბედი აღმოიკითხო?

ჩვენ ნურას გვკითხავ, ჯვარი არის, — მიდი მის კარსა.

რაც ლმობიერმა გულმა გკითხოს, — ჰკითხე მას ჯვარსა.

მირიანის დროს ხელში ეპყრა წმიდა ასულსა,

აწ ძველს ტაძარში მასა ჰპოვებ წმიდად დაცულსა.

ესე არს ჩვენი ისტორია და ჩვენი ბედი:

ეკლის გვირგვინი, სასოება და კვლავ იმედი!..

სისხლის ცრემლითა მას ჯვარზედა არს წარწერილი

ჩვენის სამშობლოს ბნელის ეტლის მოთხრობა ბნელი!

გსურს სცნო მის აზრი, რაც ცრემლითა მასზედ სწერია?

აი ეს აზრი: “წმიდა ჯვარი და ივერია!”

მათთვის მხურვალედ მამა-პაპათ გულნი უძგერდნენ.

მათ დასაცველად მთელს აზიას მწარედ ებრძოდნენ.

ერთის ხელითა წმიდათ ტაძართ, პალატთ ვაგებდით:

და მეორეთი მტერსა ვცემდით, ხმალს არ ვაგებდით:

“ან სულ გავწყდეთო და ან მტერთა ვძლიოთ ეგება”.

სამშობლო მიწა ქართველთ სისხლმა სრულად შეღება!

მაგრამ კეთილი შენი გული, ვხედავ, ჭმუნვარებს,

მაგ ლამაზ თვალში მარგალიტი ცრემლი ელვარებს!

ხედავ, მაგათგან რაღა დაგვრჩა? მათ სამარენი,

და მტერთაგანა შემუსრვილნი მათნი არენი!

ერთი საუნჯეც დაგვრჩენია, — აი ის ჯვარი...

მაგრამ ქართველი მათთვის მოკვდეს, კვლავაც მზა არი! —

ჩვენი ივერი მშვენიერი არს სისხლის კალო,

გმირთა აკლდამი, გულთ საკლავი და სავალალო!

III

სული მიკვნესის, გული ჩემი მწარედ ღონდება,

რა საქართველოს მწარე ბედი მომაგონდება;

რა მაგონდება, რასაც დედა ნორჩს მომითხრობდა.

ის ჟამი იყო, საქართველოს სული ხდებოდა...

აჰა, ირაკლი, გმირთა გმირი, კახი პატარა:

“ურწმუნოთ მამულს არ მივცემო, არა და არა!”

იბრძვის მთა-ბარში, წინ და უკან, იბრძვის ზედ მტკვარზედ,

იბრძვის ოთხკუთხივ, გარეთ და შინ, ზედ თავის კარზედ;

ებრძვის ქრისტეს მტერთ, დღე და ღამე არ ხუჭავს თვალსა;

საფლავს დიდებულს არ ჩაიტანს სამშობლოს ვალსა!

მაგრამ ეგ ღვაწლი, დიდი ღვაწლი, კარგი კმა არი!

მტერთა დროშებით მოცულია ქალაქის კარი.

*

* *

როგორ თუ კმაა? მაშ ირაკლი საყვარელს მამულს,

ქრისტეს მცნებითა განათლებულს, ბუნებით შემკულს,

მისცემს ურწმუნოთ უომრად, სისხლ-დაუღვრელად?

წინ მტერი უდგეს, არ გავიდეს ბრძოლისა ველად?

როგორ? იკისროს — რაც თვით დასცა — სპარსთა მონება

და შერჩეს კიდევ თვალთ სინათლე, თავში გონება?!

ან რაღად უნდა ირაკლისა თავი ცოცხალი,

თუ ქართველთ მეფეს დაერქმევა ყეენის ვალი!∗

ან თუ აღარ ჰყავს ირაკლისა ერთგულნი ყმანი,

მამულისათვის სასიკვდილოდ მარადის მზანი?

ან თუ შამქორში, ასპინძაში სრულებით გაწყდნენ,

და მათ გმირთაგან ან მათ ძენი არსად არ დარჩნენ?

არა! თან ახლავს კიდევ გმირსა სამი ათასი;

სამი ათასი ქართველთ დასი არს დიდი დასი.

ძველნი თავადნი, აზნაურნი მას თან ახლავან,

მწარე ომებში დახვრეტილნი ჩვენ არა გვგვანან!

ქალაქის კარი მაგრად მათგან არს დაჭერილი;

“აქ სულ გავწყდეთო!” ნათლად გულში აქვთ დაწერილი. —

კრწანისის ბოლოს გურამისძე ზარბაზნებს მართავს,

ან მტერს სულ გასწყვეტს, ან მტრის ხელით მოიკლავს ზედ თავს.

მოხუცი მეფე მკვირცხლის თვალით დღეს მტრის ურდოს ზომს,

ხვალ გაუმართავს მტერს ჩვენებურს, მამა-პაპურს ომს.

მაგრამ უეცრად რა ძმა-ყმათა თვალთა მიაქცევს,

თვალთგან ცრემლთ ცხართა უნებურთა მიწაზედ აქცევს.

გენანის ძმანი, შენნი ყმანი? მჭმუნვარე ნუ ხარ;

წინ გაქვს სხვა ვალი, იშრე თვალი, ჩვენთვის ნუ სწუხარ!

აგერ მზე ჩადის და აბრწყინებს მეტეხზედ ჯვარსა,

მის მადლი ძლევას, გამარჯვებას მისცემს შენს ჯარსა!

აჰა, თენდება ის დიდი დღე, ძნელი საამბოდ...

ქართველნო, ყური დამიგდევით, უნდა გიამბოთ:

სამი ათასი სამოც ათასს წინ დაუხვდება...

დღეს ჩვენი მტკვარი სისხლის ფერად შეიღებება!

აბა შეხედეთ ჩვენს ქართველთა პატარა დასსა,

როგორ იღვწიან და ებრძვიან სამოც ათასსა!

მაგრამ რა გითხრათ, რა გიამბოთ? ჩვენს უღონო სულს,

ჩვენს გაყინულსა, გაქვავებულს და უგრძნობელს გულს

მწარე მოთხრობა წარსულ დროთა არ აცხოველებს,

გმირთ მამა-პაპათ ბნელი ეტლი არ მოგვგვრის ცრემლებს!

ჩვენ არც კი ვიცით, იმ უბედურთ რაც დაგვდეს ვალი,

ჩვენსა გარეშე ვერას ვხედავთ: ბნელი გვაქვს თვალი...

ოღონდ მამათგან დაშთომილი მამული ვსჭამოთ,

და ჩვენთ მოყვასთა, ჩვენთ ნათესავთ-ძმათ ცილი ვწამოთ;

ოღონდ კი ჩვენთვის მზე მნათობდეს და ცაში ნუ ჰქუხს,

რა გვენაღვლება, რაც რომ მოხდა მაშინ სოღანლუხს!..

თუ ნათლად გვქონდეს გულის გრძნობა და ნათლად პირნი,

ბევრს მოგვითხრობდნენ არაგვისა და მტკვრის ნაპირნი.

IV

არაგვისა და მტკვრის კიდენო, სამშობლო კიდევ,

თაყვანს გცემ დილით და მზის ჩასვლით თაყვანს გცემ კიდევ.

დიდი მოთხრობა თქვენზედ არის სისხლით ჩართული,

მაგრამ შენთ შვილთა სხვით რითმე გვაქვს თვალი გართული.

თვალ-წინ გადგვიშლი მშვენებათა უხვთა, მდიდართა,

გვიხარის ჩქეფა და კამკამი შენთ წყალთ მცინართა,

უხვად ვიყნოსებთ ჰაერს წმინდას, სუნნელოვანსა,

სიხარულითა შევმზერთ შენს ცას ლაჟვარდოვანსა.

ის კი არ ვიცით და არ გვესმის, მისთვის არ ვზრუნავთ,

რა ისტორიის დედა-მიწას ფეხითა ვთრგუნავთ!

მას აღარ ვფიქრობთ, იმ გმირს მაშინ რა ცეცხლი სწვავდა,

სამშობლო ქვეყნის აღდგინება თუ აღარ სწამდა...

...............

*

* *

გმირო, სცან ტკბილი განსვენება შენ მხოლოდ იმ ჟამს,

როცა ქართველნი დაატირდნენ თელავში შენს გვამს...

გრძელი სიცოცხლე ირაკლისა არს ბრძოლა გრძელი,

მოსათხრობელად, საამბობლად, სათქმელად ძნელი.

*

* *

და დასავლეთის ქრისტეს ერნო, თქვენ რას შვრებოდით,

როცა ქრისტესთვის თქვენ თვალ-წინა, თქვენს კარს ვწყდებოდით?

თქვენ ირაკლისა ღიმილითა თავსა უკრავდით,

რჩევას აძლევდით და ქებისა ტაშსა უკრავდით!

თავიანთ საქმეც ბევრი ჰქონდათ თქვენს მამა-პაპათ:

უამბორებდნენ ზოგნი რომში თვისთ წმიდათ პაპათ;

ზოგნი თვისთ მთავართ აღსრულებდნენ მონებით ნებას

და მათ სასახლეთ კეკლუცთ დიაცთ უძღვნიდნენ ქებას!

და შვილებსაც-კი ხშირად გაზისთ შავი ბეჭედი.

არ დაიდუმებს ისტორია, ნუ გაქვსთ იმედი!

მართლმადიდებელთ წმიდა სისხლი კისერს გედებათ,

მაგრამ მოგკითხვენ, მაგიერი როსმე გეგებათ!..

V

გონება ხელობს, განშმაგებულს აზრი მერევა,

სარწმუნოებას გულის ჭმუნვის ძალა ერევა.

მაშინ, მოყვასნო, მზა ვარ გკითხოთ, მითხარით ერთი:

ნუთუ მართლა გწამთ, რომ არსებდეს და იყოს ღმერთი?

თუ დაბადება სამყაროსი იყო მის ნება,

და თუ ეს აზრი არ არს შტერთა და ცრუ ზმანება,

თუ მართლა მნათობთ, ცას და ზღვათა, მთათა და ველებს

თავის შუქითა, სიუხვითა ის აცხოველებს;

თუ მან დაგვბადა, მან გვცა გრძნობა, ჭკუა და ენა,

თუ მან ეს ტყენი, ეს მდელონი აღმოაცენა;

თუ თვის ქმნილებას საზღვარი და კანონი მისცა,

და სული საღმრთო და ცხოველი შთაბერა და სცა;

თუ ქვეყანასა წესი მისგან მიენიჭების,

თუ ნათელი არს და ნათელი ჭეშმარიტების, —

მაშ საქართველო ასე მწარედ რისთვის დაემხო?!...

შენ არ მოგვსლია გულს ეს გმობა, პატარა კახო,

როს გადაავლე შენს ქალაქსა ავლაბრით თვალი

და დაინახე, ოთხის კუთხით ავარდა ალი?!

*

* *

რად მიმაქციე ტურფა სახე, ტურფა ასულო?

ეწყინა ჩემგან ღვთისა გმობა, იგრძენი, სულო!

VI

მაგრამ რას ვროტავ უბედური და რასა ვყბედავ!

მე შემოქმედის განკიცხვასა როგორა ვბედავ?

ვარ მომაკვდავი, ქმნილი მიწით, მსხვერპლი მიწისა;

შთამომავალი ადამისა, თესლი ბიწისა;

სიკვდილი მელის და სიკვდილსა ვერ გავექცევი,

საფლავს მკვდარიცღა არ დავრჩები, მიწად ვიქცევი,

ვბედავ კი მივწვდე მოკლე ჭკუით მაღალ ღვთაებას,

მსურს უბედურსა, გზა ვუჩვენო ციურსა ნებას;

ვბედავ ვიძიო ზენა-სიბრძნე მე სუსტის ძალით,

ვბედავ განვსჭვრიტო ღვთის განგება მე ბნელის თვალით?

ღმერთო კეთილო! მომიტევე შენს დაბადებულს,

ნუ მკითხავ გმობას გაშმაგებულს, გულგადაგებულს.

რა ვქნა ცოდვილმა, გულსა და სულს ცეცხლი მედება,

რა საქართველო დანგრეული მომელანდება;

რა ფიქრს მომივა; თვით ნანგრევნიც იქნება განჰქრნენ

და მათ სახელნი, მათ ხსენებაც აღარსად დარჩნენ...

VII

მომიახლოვდა მაშინ ტურფა, მშვიდი ასული,

გრძნობითა სახე უბრწყინავდა, უძგერდა გული:

“გწამდესო, ღვაწლნი მამა-პაპათ არ განჰქრებიან,

გწამდეს, ეს შთენნი დიდებულად კვლავ აღსდგებიან:

მართლმადიდებელთ ჭეშმარიტი, ღმერთი ძლიერი

მოგფენსთ თვისს სხივსა, თვისს სიუხვეს, და თქვენი ერი,

ქრისტეს ჯვარისთვის წამებული, კვლავ გამრავლდება,

თქვენი სამშობლო დანგრეული კვლავ აღყვავდება;

ამიერ თქვენთან დავამყარე წმიდა კავშირი,

ამიერ თქვენთან მე ვიქნები სტუმარი ხშირი!..

......................................

VIII

დავემხე წმიდა, მშვენიერის ასულის წინა,

უამბორებდი მის ფერხთ მტვერსა: — ტურფავ! ხარ ვინა?

თუმცა პასუხი მშვენიერმა არარა მომცა,

მაგრამ ნათელი და სიცოცხლე მოკლულს გულსა სცა!..


1859/1879 წ.

∗ ვალისპარსულად ნიშნავს ყეენის მოადგილეს.