სადაც გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფაცა მქონდეს ნებისა.

რუსთაველი.


ნუ დაატყვევებთ შროშანსა, ნუ ჩასვამთ გალიაშია:

ღმერთმა შეასხა მას ფრთები, ფრინავდეს,სტვენდეს ბაღშია.

ნუ დაატყვევებთ არწივსა: მთა-კლდეა მისი სამშობლო,

მის სანავარდო ცა არის, მის სადგურია ფრიალო.

ნუ დაატყვევებთ გულს ტურფას: იმისი გული ზღვა არის;

ვინც უყვარს, დეე მას წაჰყვეს, სიკვდილი არის სხვა მისთვის;

ღმერთმა მას მისცა ის გული, მის არსი იმის გულია,

იმის სიცოცხლე და შვება მხოლოდ ის სიყვარულია!

ნუ დაუტყვევებთ კაცს აზრსა, თუმც იყოს არა მცნებისა;

დეე, მაღლა თქვას, წარმოთქვას,—მაშია ყოფა ნებისა.

ღვთის ქმნილს გალია არ შვენის, რად იყოს ტყვეობაშია?

ბევრით სჯობია სიკვდილი სიცოცხლეს გალიაშია.


1882 წ.