1 სევდის ბაღს შეველ შენაღონები:
მოკრეფად მსურდა ვარდის კონები.
ვარდმან შემრისხა თავმომწონები,
ისარი მტყორცა დასამონები:
სრულად მიმიღო ყოვლი ღონები;
მითხრა: «იფიქრე გულს ნაქონები,
მისთვის იქმნები დასაყოვნები!»
ვერ მივხვდი მახვილგანაწონები,
მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები
2 იასა ვჰკითხე - მუნ იდგა ნაზი:
ვარდსა რად უქმენ კართა სარაზი?
ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!
მანცა განმაგდო: «გარეგან გაზი,
შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი!
სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი!
შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი!
შენის გონებით იქნები რაზი:
ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!»
3 რა ია გამიწყრა, ნარგიზს მივმართე,
სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე,
ვეუბნებოდი: შენ წარმიმართე
იწროს გზის პოვნად - გზები გაქვს ფართე.
ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე:
ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე!
შავ გულსა ლხინი შენ მოუსართე!
შემომითვალოს: რა უკუღმართე?
რად მომიგონა მოუგონები?!
4 ნარგიზი ვნახე შებრალებითა,
ცრემლსა სცვარვიდა მორიდებითა;
მითხრა: «ყარიბო!» - მონაზებითა -
«ვარდი მით არის გულდაკლებითა,
რომ შენი იყო თავდადებითა -
შენ რისთვის დასთმე სხვისა ხლებითა?
თავი მოსწონდა, ჰყვანდი ნებითა -
რად გიკვირს გასწყრეს ცეცხლმოდებითა?
ნაცვალი მოგხვდა დანახსოვნები!»
5 დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები,
ბაღის კარს დავჯექ შენაძალები,
ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები,
ვიყავ ბედისა დამაბრალები.
ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები,
შეიქმნებოდენ ჭირნაკრძალები.
მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალები:
ბესიკი სიკვდილს არ ვემალები,
თავი მაქვს მისთვის შენაწონები!