1 მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა:
ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა.
ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა,
ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა!
როდის იქნება შემომხედო გულსა მწირებსა?
2 ეტლ-შვენიერად მოარული გამსგავსე მთვარეს,
შენის ეშყითა მასა შევსტრფი, ღამე ვვლი გარეს;
უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს.
უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს?!
არ ვიცი, ვისსა გასწყობიხარ რჯულსა, ფირებსა?
3 თვით შენმა გულმა კარგად იცის, ვარ შენი მკვდარი:
შენმან სურვილმან ჩამოლია გული კლდე-მყარი.
პირველ შაქრისა გემო იყავ, ახლა ხარ მწარი:
სამართლიანი გზა დააგდე, დამიხშევ კარი!
ვინც რომ ამ ჭირში დამინახავს, დამიტირებსა!
4 მე ტკბილის გულით შემოგყურებ, შენ მემალები ―
გინდა რომ მოვჰკვდე შეუყრელი, არ გებრალები!
რამდენის რიგით ცეცხლით დამწვი, მით მჭირს ძალები!
შენსა მიჯნურსა შენი მოჰკლავს ცეცხლის ალები...
ერთხელ აღირსე შენი ხილვა შენსა მზირებსა!