1
შავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი,
სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი,
მრჩობლად მხედნი, მით ერთითა პირითა
მათებურად სალ გულთ ამატკინავნი.
2
გაზაფხულის შემოსლვისა მხმობელნი,
ია-ვარდ-ზამბახთა მახარობელნი,
სხვა ყვავილთა და სხვა ამბავთ მთხრობელნი,
შავ ხავედ მოსილნი, ქუფრად მბზინავნი.
3
ერთი ერთის მიმდევარნი, ერთპირნი,
ორნი ერთის შესაპყრობლად მომბირნი,
საშიშარად შარას თვალშემაჭვირნი,
ხან მომკვლელ, ხან მომწყლვლელ, ხანცა მლხინავნი.
4
შემოკერბით, მოდით, ვნახოთ, ვინ არნი,
ორნი ტოლნი შავ მოსვითა მჩინარნი,
არ-მოწყენით მომღერალნი, მღიმარნი,
ყარიბისა ცრემლის დამადინარნი!