1

ჰქმნა ღმერთმან ცანი, ქვეყანა შეამკო ზევით-ქვევითა,

ცანი აღავსნა ვარსკვლავით სფეროში შემოკრებითა,

შვიდნი ცთომილნი დაბადნა შუქ-ფენით ბურჯებს რებითა,

ექვსს დღეს მზადა ქმნა ესენი, სიტყვა ვსთქვა შემოკლებითა.

2

დაბადნა ანგელოზთ დასნი - ქერაბინ, სერაბინები,

კაცისა დასაბადებლად მიწისგან დასდვა ბინები,

ჰქმნა ადამ ხატად თავისად, ეტყვის: "ხარ დასაძინები.”

გვერდით უშენა მას ცოლი ადამის გასაკვირვები.

3

უკვდავად ქმნილი ადამ სცდა - დაეცა ეშმაკისაგან;

ჩვენ დაცემულნი ჯოჯოხეთს ტანჯულნი გენიისაგან:

ძე ღმრთისა განხორციელდა - ნახეთ სიმდაბლე ღმრთისაგან!

ჯვარცმით, დაფლვით და აღდგომით დაგვიხსნა ტყვეობისაგან.

4

ღმრთის მოწყალებას ვინ აღრაცხს, კაცზედ რამდენი მივა-და!

მოკლედ ვსთქვა ჩემნი საქმენი, რაც ხანი წამივლია-და,

სოფლისგან განსაცდელები მე ბევრი მამვლენია-და,

ქრისტესა გამოუხსნივარ, ჭირები მამლხენია-და.

5

რაც ამ სოფელსა ღმრთისაგან მომეცა წყალობანია,

არ ძალმიცს მისად სანაცვლოდ შევსწირო მადლობანია;

თუ, ვითა ღირსმყო ხარისხსა, დავიწყო წარმოთქმანია,

ორმოცდაოთხის წლისასა მერწმუნა მეფობანია.

6

ღმერთმან მომცა ეს სიმაღლე ნადირ-შაის მიზეზობით,

ჯერ მფლობელმყო კახეთისა, მერმე ქართლში მემკვიდრობით,

კახეთშია ჩემ ძეს დასვამს - ერეკლესა - მეფედ ხმობით,

ოცდაოთხის წლისა იყო, როს პატივ სდვეს ბატონობით.

7

მას ჟამს ჩემს დისწულს, მეფის ძეს, ანტონის, კაცსა ღმრთისასა,

ვარწმუნეთ პატრიარქობა ოცდაოთხისა წლისასა,

ბრალთა სიმრავლით უღირსსა მადლს მომფენს კურთხევისასა,

მცხეთას მოიღო კურთხევა, ზეთს მცხებდა მეფობისასა.

8

ვიყავ ქართლშიგან მტრისაგან ერთს ალაგს ვერ დავდგებოდი:

იქით და აქათ მუდამით ვლაშქრობდი, ვიარებოდი,

ავს დროს განსაცდელისაგან ჯარშია ვიმყოფებოდი.

სევდისა მოსაქარვებლად ამ სახლებზედა ვშვრებოდი.

9

ავაშენებდი სასახლეს, საწოლსა აივანებით,

შემკული ზევით-ქვევითა ლამაზად ბალახანებით,

შუაზედ აინახანა დახატვით მიჭვრიტანებით,

ეს შევასრულე სალხინოდ, შიგ ვსვემდი დოსტაქანებით.

10

უწინ, სიყრმის დროს, მენახა ნაშენი უცხოებითა,

სამნი მორთულნი სახლები ვარაყით, სარკეებითა,

მეფეებისგან ნაშენი კვეხნით და დაქადებითა,

თითოსა თითო აეგო დიდ ხარჯით და ფასებითა.

11

როსტომ მეფისგან ნაგები საწოლი სახელიანი,

ნახატი სურათებითა, ყვავილი ფერადიანი,

თვით როსტომ ფალავანი და დევნი ეხატა რქიანი,

შაემკო დიდად, დაედვა სახელად როსტომიანი.

12

ერთი სრა მამის ჩემისა, მეფის ერეკლეს გებული,

ხელმწიფეთ საკადრისი და ქვეყნისგან მოწონებული,

სარკით და ოქროს ვარაყით შემთხვევით განათებული,

მეფეთ და დარბაისელთთვის სალხინოდ დამზადებული.

13

სრა ერთი მეფის ვახტანგის უცხოულებით ნაგები,

საკვირველი და საქები, მას უხდებოდა სარკები,

შუაზედ შანიშინი და აუზით შადრევანები,

ფერად-ფერადის ჯამებით შეხამებული ფანჯრები.

14

ავზს უხდებოდა შუაზედ ბროლისა ხომლის კიდება,

როს მეფე-სპანი ლხინობდენ, დღეს რომ შეჰქნოდა ბინდება,

შეღამდის, ხომლზედ განწყობილს კელაპტრებს მოეკიდება,

შიგ მსხდომნი კედლებს სჭვრეტდიან, ეგონისთ - გარს გვეკიდება.

15

ერთიცა სახლი, უზეშთე ერანშიც არ ნახულა-და!

იმ სრისა ქება, სიკეთე ქვეყანას ხმა განთქმულა-და,

როგორც მას ჰფერობს ქებანი, შესხმა არ ძალმიც სრულადა,

სხვებს სრებსა ყველას ის სჯობდა, მისებრივ არ დადგმულა-და.

16

სრას უხდებოდა ხელმწიფე თაჯითურთ ჯიღებიანი,

თვით მეფე ვახტანგ შიგ მჯდომი ძმებითურთ შვილებიანი,

გვერდს ახლდენ დარბაისელნი, მორთულნი, ბიღებიანი,

უკეთესს რაღას ნახევდა თვალითა კაცი ჭკვიანი?

17

როს დაუკრევდენ მგოსანნი, ტკბილად დაეწყოთ თქმანია,

მათს ხმაზედ ამღერდებოდენ ბულბული, იადონია,

ის ლხინი და სიხარული უცხო რამ გასაგონია,

მეც ბევრი ვნახე იმ სრაში ლხინი და უკუყრანია.

18

ამ ცრუმ სოფელმან არ იცის ბოლოსა გატანებაო:

მეფენიცა და სრებიცა სრულ ყველა განქარდებაო,

ვითარებისა ჟამთაგან სამნივე მოიშლებაო,

იმათ აჩრდილად ეს ჩემი სასახლე აშენდებაო.

19

იმ სრებსა რის გზით შევადრი ამ ჩემსა აგებულსაო?

მართლისა თქმა სჯობს ტყუილსა, ვერ დაუმძიმებ სულსაო;

სახლებთან ბოდიშს მოვითხოვ - ნუ დააკლდებათ გულსაო:

იმათი ერთი კედელი სჯობდა სულ აქა დგმულსაო.

პასუხი სახლისა

20

"მეფევ, რად გვწუნობ სრაებსა? სხვას აქებ, ჰბრძანებ რაებსა?

სიტყვით აგვიშლი დავებსა, მოჰყვებით თქვენ იგავებსა,

სხვაზედ გვიძახი ავებსა - მაგით ვერ ჩაგვყრი ვაებსა!

ჩვენც მოვიწონებთ თავებსა, უსტა ხელს დაგვითავებსა.

21

სიტყვებს მოგიგებთ ასებით, გკადრებთ - თქვენ გებაასებით:

არ ვართ იმ სრებზე ნასებით, ავშენდით დიდ-დაფასებით.

როს, მეფევ, დასხდეთ დასებით, ღვინოსა სვემდეთ თასებით,

გული გვაქვს ამით სავსებით ასფოდელოსა მსგავსებით.

22

ვისაც აქ მოსვლა სურისა, კარი არ დაეგულისა;

ვით ირემს წყარო სწყურისა, მე მათი ნახვა მსურისა,

მოყვარული ვარ სტუმრისა, ჩემ-შიგან შემოსულისა,

ჩემთვის უტკბოსნი სულისა, სასიხარულო გულისა.

23

ვერა მჯობს ერთი სახლია, მჭვრეტელთა გულსაწადია,

ახლოს მაქვს ტურფა ბაღია, მნახველთა დასაქადია,

მიბრძანდით, კარია ღია - ნახოთ კოკობი ვარდია,

საღი აუვსე თასია - უკუიყარონ დარდია.

24

ჩემებრივ არვინ, მგონია, არ არის საზარონია,

როს ზაფხულისა დრონია, ყვავილნი დაუზრონია,

იმღერონ ტკბილნი ხმანია, ვით სტვენდეს იადონია,

ვინცა ლხინისა მდომია, ის არის გასაგონია!

25

ნუ მოუწყინებთ, მეფეო, თქვენს ჭირნახულსა სრასა-და!

ლხინი მინახონ, უბრძანეთ, ვინცა ვინ გვერდ გახლავსა-და,

თუ ავი მასპინძელი ვარ, ნუ ჰკადრებთ თქვენსა თავსა-და;

აწ მოგახსენებ ბოდიშით, - ხელი მიჰყავით სმასა და!

26

როს დასხდეთ აივანებში, ან ბალახანას სმიდეთო,

თუცა ვერ დამხიარულდეთ, ანუ თუ მოიწყინდეთო,

ნუმცა აიღებთ სუფრასა, დღე იყოს - შეიბინდეთო,

აქ შემობრძანდით ისევე - ლხინს ნახავთ, როგორც გინდეთო.

27

ვინც სმით დაიტანს ძალებსა, მეფევ, ნუ დამაბრალებსა,

თუ დალევს დიდს სასმელებსა, აუშლის საქციელებსა,

სიმთვრალე გაახელებსა, ეშმაკი დაახელებსა,

ცოდვაში გარევს მთვრალებსა, წარწყმედს, არ შეიბრალებსა.

28

ბევრსა ღვინოსა ნუ დალევთ. ცოტასა სმიდეთ გზიანად,

მართებულს ლხინსა ნახევდეთ წყნარად და ნამუსიანად,

აქ გაგიჩნდებათ ზნეობა, თქმა ხუმრობისა ზმიანად,

გალობა დასდებელისა, ვინც იტყვის ტკბილის ხმიანად.

29

ლხინს ნახევდეთ უცოდველსა, თქვენ განმინათლეთ არეო,

ზნეობა, საქციელები კარგ გვარად მოიხმარეო,

ჭირვეულობას ვინცა იქთ - და თავი მოიჩქარეო,

მეფევ, უბრძანე პანღურით, ცემით გააგდონ გარეო.

30

ვინცა ისხდეთ მართებულად ლხინშია არ მოწყენითა,

ხუმრობას ჩამოართმევდეთ ერთი ერთს კარგ მოსმენითა,

ვის შეუძლიან ხუმრობა სიტყვითა, თუმცა ზმენითა,

მეფეც გიბოძებთ წყალობას, საბოძვრით აივსენითა».

მეფის პასუხი

31

"სახლო, სიტყვები გვიბრძანეთ, ბოდიში მართებულები,

მადლს მოგახსენებთ მეფე და თავადნი, დიდებულები,

ლხინით, შვებით და უკუყრით გახლავართ მხიარულები,

აქ კაცი რის გზით მოიწყენს, სადამდის უდგეს სულები!

32

აქ რაცა კარგი სახლია, არ არის შენისთანაო,

მაგრამ მუხთალმან საწუთრომ ბოლო ვის გაუტანაო!

სჯობდა მეშოვნა სარქრადა მსგავსი მარჩბივისთანაო,

რაც რომ მე შენზედ ხარჯი ვქენ, იმისთვის მიმეტანაო.

33

ინდოეთს ხელმწიფესავით ჩემთვინა საქმე გაეგო,

თომასებრ უმუშაკოთა უცხო სასახლე აეგო,

ჩემს სარქარს ესე სიტყვები უწინვე ადრე გაეგო,

მესწავლებინა იმ გვარად - კეთილს საქმეზედ წაეგო.

34

სანამ საწოლი სარკითა, ვარაყით შეიმკობოდა,

ორისა წლითა უწინვე სრა ესე აშენდებოდა,

თებერვალისა თვეშია თამამად შესრულდებოდა,

მას ჟამსა ქორონიკონი უნ მანი ანი ჯდებოდა».