სძგერს გლახ-გული, საყვარელო, მლოდე შენი უწყლავს თმენას;
ჰსცემს სურვილის წამთა ხშირად, მარამ აგრძნოს ვისსა სმენას?
გზის გუშაგად მდგომარესა ხან აჩრდილნი მაცთუნებენ,
ხან ფოთოლნი შერხეულნი შრიალითა მცემენ ზრზენას;
ზოგჯერ ღამის სიწყვდიადე მომაჩვენებს გიშრის თმასა,
ზოგჯერ ცისა გაელვება ბროლის ფიცრით შუქთა ფენას.
თვით ნიავთა ნელი ქროლაც წარმომიდგენს სუნთქვას ტკბილსა,
რომელიცა ცეცხლ მოდებულს ლალით გამო მბერდა ლხენას!
მახსოვს, ოდეს ტრფობის წინდად შეიწირე სული ჩემი,
ამა ბაგით შენსა ბალახშს გარდმოვიდა... ჰმადლა ზენას!
იგი ამად არ გემსხვერპლა რომე მომკლა მოშორვებით,
კავშირ ექმნა ორთა გვამთა ცხოვრებისა ერთად დენას!
ნუ თუ დაჰგმო შენსა პყრობილს თვისთა გრძნობათ ლაღად მოთქმა?!
რა ვჰყო, ენა აშიკისა არ ჰგავს სხვასა გრილთა ენას!