სიყვარულსა შეუპყრივარ აწ შენსა,
გეტრფის გული
სურვილ რგული.
ამის ნაცვლად რად მცემ მე სენსა?
პირო მზეო, განმინათლე ბნელ გული:
თმა გიშერო,
ღამის ფერო,
სიგრილესა მიმეც დაგული.
მშვილდო ხრილო, ნუ მეზიდვი საკვდავად;
განშლით მყარე
სევდა მყარე,
ახლად მექმენ სულის ჩამდგავად!
მელნის ტბათა გარ-მდგომელნო მცველადა,
შავნო ჰინდნო,
მახვილთ მზიდნო,
ნუ მექმნებით მე გლახ მკვლელადა!
ღაწვნო ვარდნო, რად განმაძებთ ბულბულსა,
ეშყის მსტვენსა,
ტრფობის მჩვენსა,
ოდენ თქვენის ხედვით სულ-დგმულსა?!
ბაგე ლალო, მარგალიტებთა მცველო,
მომემტკბარე,
განმახარე
საამოთა სიტყვათა მთქმელო.
ბროლის ველო, ორთა მათ საბუდარო,
მნათო ყელო,
სავედრველო,
მცირ არს, რაზომცა გემუდარო!
საროვ ნაზო, რტოთა მათ შენთა რხევა
მტაცებს გულსა
ხელებულსა:
ამად მაქვს მე გრძნობათა რყევა!
შვენებანო, აღსავსენო სიამით,
მიმიახლეთ,
განმანათლეთ, -
შემისმინეთ მკვდარსა აჯა მით!