უწყალო სიყვარულო, რად მკოდე ესდენ ძნელად;
რისთვისა მყავ მღერალი საუკუნოდ მკვნესელად?
რად მაჩვენე შვენება გულის დასატყვევნელად,
სახე სხვათა სახეთა შობილი დამჩაგვრელად?
ვიცი, - მისი იხმარენ მშვილდნი ჩემად საწყლველად;
და ჰინდელნი ლესულნი საკვდად, განსაისრველად.
უწყალო სიყვარულო და სხვა.
გრძნეულთა მათ მახვილთა ესე რა ჰსჭირებიან,
ყოვლნი მათგან კოდვილნი მათვე ემსჭვალებიან?
გული მიწყლეს, გრძნობანიც სრულიად მათკენ ჰრბიან,
ესზომად ჰსწყურთ სიახლე, რაზომათაც ვნებიან,
თვით გონებაც მათ მისდევს, ვაი რჩომილსა ხელად!
უწყალო სიყვარულო და სხვა.
მათ მოსისხლეთა ჩემთა ოდეს განვიცდი თვალით,
მიზიდულ ვარ მათდამი უხილავითა ძალით.
ხან აღმიტაცებს თრთოლა, ხან შმაგი ცნობა მთვრალით,
უძრავად ვმდუმარეობ და ვიწვი წვლილის ალით,
ოხვრაღა მაქვს სიცოცხლის ნიშნად, შესამცნეველად.
უწყალო სიყვარულო და სხვა.
ოდეს ვჰშორავ მას მიზეზს ჩემისა ვალალების,
სოფელი მჩანს სამარედ, სადგურად ოდენ მკვდრების;
ვჰრბი და მსდევენ დასები სევდის და მწუხარების.
მასვე საგანს ვეძიებ, გარნა ვერსადა მხვდების;
სულთქმა ჰქუხს, ჰსწვიმენ ცრემლნი, დღე შემექმნების ბნელად.
უწყალო სიყვარულო და სხვა.
ბედნიერო ჭაბუკნო, თუ გწადსთ მრთლად დაცვა გულთა,
ეკრძალენით ვარდთ, ზამბახთ, საროზედ აღზარდულთა!
თვარა თვალთავე თქვენთა, მათ მიერ მიზიდულთა,
ძალუძსთ მონად ქმნა თქვენი ვითა ტყვედ მისყიდულთა;
ვერღა გკურნოსთ ჩივილმან, გინა ჰსხდეთ ჩემებრ მთქმელად:
უწყალო სიყვარულო და სხვა.