უგვანთა ტრფობა, უგრძნოთ ტკბობა ვისა გსმენია?
მეც მმართებს მოვთქვა, ცრუ მიმოთქმა რაიც მთმენია:
ჯერეთ ნორჩ ხანში, უცხოს ხალხში ოდესა ვრბოდი, -
არა ვარ მცირე დასამცირე, ამას ვამბობდი;
შვენებით სრული, გაბადრული მსწრაფლ ვამაყობდი,
ამით ვიცოცხლე, არც სიცოცხლე არ მომწყენია.
ხედავთ ამ სოფელს დაუნდობელს, ვით დამწვა გული,
მლიქვნელის ენით დამონებით მიპყრა სალ-გული;
ტყვეთ მიმცა ჭირსა გასაჭირსა, მყო დაკარგული,
აწ ცრემლით ვჩივი და ვერვისთვის შემისმენია.
ვინც რომ ვის ენდოს და მიენდოს, ჩემებრ კრულება
იყოს, იწყევლოს და ეწყევლოს ბედის კრულება!
იქ განიკითხონ და იკითხონ ეს შეკრულება,
სად ჩემი ჩაგვრა და დაჩაგვრა დამითმენია!