შენს ღირსებასა ნატრულობენ ყოვლნი ქალნია,
იტყვიან: თუმცა გვაქვნდეს ჩვენცა მისნი თვალნია!
ალვისა ტანი, მალოვანი ვერ ვიცანია,
ლერწმად ახატოს, ვინც დახატოს მისი ტანია,
ლაშ-ლოყა ლბილნი, მკლავნი წვრილნი, შავნი თმანია,
სადაფ მჩაგვრელად ფერი ვლიან ბროლ ფიქალნია.
უკეთუ მოვსთქვა მე რაცა შენ გეფერებიან,
ნუ თუ სხვა მნათნი შურითა დამემტერებიან,
ისარს მტყორცნიან გულ მესისხლედ აღმეგზნებიან!
მარიხი იტყვის, გულნი კრულნი არ მეხსნებიან,
თუმც ამას ვეღარ დაინახვენ ჩვენნი თვალნია.
ტანად სარო ხარ, ვარდებრ ღაწვნი შენნი ლბილობენ,
დალალ თმაშია გიშრის ბეწვნი ხშირად ყრილობენ,
ვაჰ, ძუძუ-მკერდი, კოკობ-ვარდი ნაზად შლილობენ,
და შენნი მნახნი ქართველ-კახნი შენზედ ცილობენ, -
სხვათ არ ვახსენებ, თორემ მათაც დასწვამს ალნია.
ალვად ნაზარდი, ყოვლ გზით მარდი, წყნარად მქცეველი,
ექმნეს მას დარად, ვის ნადარად უჩნს შენგან ველი,
საროს ტანისთვის დაგვეკარგვის სასუფეველი,
ნდომით ვიქნებით დღე და ღამე ცრემლის მკარგველი,
რეტი დაესხმის, ვის არ ესმის მისი ხმანია.