ეს სოფელი, სამყო ძნელი, მჩვენებელი ჭმუნვის ალთა!
რა ვიშვებით, მყისვე ვსტირით, ვით წინად მგრძნი მომავალთა,
მოვიზრდებით წიგნის კითხვით, არ გაგვიშრობს მწვრთნელი
თვალთა,
ჟამი გვიროკს, იგი გვიძახს: შეუდექით სიბრძნის კვალთა.
რა ჰასაკსა შევალთ, ახლად ჭირი უფროს გვემრავლების!
თვალი გულს ჰსცვლის, გული გრძნობას, გრძნობა ტრფობას
ემსჭვალების;
სახე რამე საყვარელი დაგვატყვევებს თვისებრ ნების,
და გლახ შეგვიქმს პატიმარად, მკვნესარად და მთქმელად ვების.
ოდეს შევალთ ხანსა სრულსა, მაშინ კვლავცა სხვა გვაქვს წუხვა:
არა ვკმაობთ საკმაოთა, ნდომა ჩვენი უზომ, უხვა,
გვსურს დიდება, გვსურს პატივი, გვსურს სახელის განთქმა, ქუხვა;
რა ვერ ვპოვებთ საწადელსა, შეგვექმნების შურით ჭმუხვა.
ოდეს წელთა ტვირთვის ზიდვით ქედსა მშვილდებრ მოვიხრებით,
ყოველთავე მოვძაგდებით, ზნე გვეცვლების გრძნობის კლებით;
სიკვდილისა წინამძღვარად მოვლენ სენნი მახვილ ღებით,
მათგან ერთი გვცემს და გვეტყვის: “ახით ნაშვნო, მოკვდით ვებით!”