1

     1.     ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდათა მამათაჲ სტეფანჱსი და ნიკონისი
    2.     ორნი მონაზონნი შემოვიდეს იერუსალჱმდ თაყუანისცემად წინაშე ჯუარსა ცხოველსმყოფელსა და იყოფოდეს ზოგად სენაკსა შინა იერუსალჱმს.
    3.     და სახელი ერთისაჲ მის სტეფანე და მეორისაჲ მის ნიკონ.
    4.     ხოლო ნიკონ იყო დიდისა ქალაქისა ჰრომისაჲ და სტეფანე – სხჳსა ქუეყანისაჲ.
    5.     და ვითარ გამოჴდა თუე ერთი, ჰრქუა სტეფანე ნიკონს: ძმაო, ვინაჲ გნებავს მისლვის?
    6.     ჰრქუა მას ნიკონ: ვინაჲცა ინებოს იესუ ქრისტემან, მუნცა წარვალ.
    7.     ჰრქუა მას სტეფანე: გნებავსა, უკუეთუმცა წარვედით უდაბნოდ მე და შენ ერთად და მუნ აღვაშჱნნეთ სენაკები: ერთი შენთჳს და ერთი ჩემთჳს, და ვჰმსახურებდეთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა?
    8.     ჰრქუა მას ნიკონ: ცხოელ არს ქრისტე, ღმერთი ჩუენი, რამეთუ ესე მაქუს მეცა გულისსიტყუაჲ, ვინაჲთგან გამოვედ ქალაქით ჩემით და ამას ვეძიებ, რამეთუ გული-მითქუმიდა სურვიელად, რაჲთამცა ვიხილენ ძმანი იგი, რომელნი უდაბნოს გარე არიან.
    9.     ჰრქუა მას სტეფანე: მაშა აღდეგ ძალითა ღმრთისაჲთა და წარვიდეთ.
    10.     მაშინ თაყუანის-სცეს წინაშე ჯუარსა ქრისტესა ორთავე და განვიდეს უდაბნოდ, ვითარცა თქუეს, და იხილნეს მამანი და ძმანი ყოველნი და დაადგრეს მათ თანა სამ დღე და მერმე ითხოვეს მამათაგან, რაჲთა იყოფოდიან მათ თანა.
    11.     და ვითარცა ესმა მამათა, განიხარეს ფრიად და აღუშჱნეს მათთჳს სენაკები: ერთი სტეფანჱსთჳს და ერთი ნიკონისთჳს.
    12.     და შეუქმნეს მათ თითო სარკუმლები და მისცეს მათ ყოველი საჴმარი დაყუდებისათჳს, რაჲცა ჴმდა.
    13.     და შევიდა თითუეული თჳსსა სენაკსა, და შეაყენნეს თავნი თჳსნი.
    14.     ხოლო ძმათა დაყვნეს კარნი მათნი მათ ზეღა და წარვიდეს და მისცემდეს მათ პურსა და წყალსა და მარილსა, სარკუმლით შესცემდეს.
    15.     სამისა დღისა შემდგომად ითუალვიდეს.
    16.     და ესრჱთ იყო განგებაჲ მათი.
    17.     ხოლო ჟამსა მესამესა ილოცვიდეს ათორმეტითა ფსალმონითა და ეგრევე მეექუსესა ჟამსა ათორმეტითავე ფსალმონითა და კუალად მეცხრესა და სამწუხროსა ეგრევე ილოცვიდეს ათორმეტითავე ფსალმონითა.
    18.     ხოლო საზრდელსა რომელსა მიიღებდეს შემდგომად სამისა დღისა, კჳრიაკესა შინა ორგზის სამ-სამით იმარხვიდეს და ჰმსახურებდეს ღმერთსა ლოცვითა და მარხვითა და მღჳძარებითა ორმეოცდაშჳდსა წელსა.
    19.     ხოლო კართა მათთა არა განაღებდეს, გარნა ახუსებით-ახუსებამდე.
    20.     და ყოველნი, რავდენნი იყვნეს მათ უდაბნოთა და ადგილთა შინა, მოვიდოდეს მათა და იკურთხეოდეს მათგან.


2

     1.     და მრავალნი კურნებანი იქმნებოდეს მათ მიერ, და ეშმაკნი განჴდებოდეს და ვაებით წარივლტოდეს მათგან.
    2.     და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე იდიდებოდა საქმეთა მათთა მიერ, ვითარცა წერილ არს: ნეტარ არს მის მონისაჲ, რომლისა მიერ უფალი თჳსი იდიდოს.
    3.     და ვითარცა იხილა ეშმაკმან, ვითარმედ მცხინვარებასა ნათლისასა უძლევიეს, და ყოველი ძალი მისი დაჴსნილ არს, მოუწოდა გუნდთა მოყუასთა მისთასა და ჰრქუა მათ: რაჲ-მე უკუე უყოთ იმათ, რომელთა მიერ ძლეულ ვართ, რამეთუ განაქარვეს ყოველი ძალი ჩუენი და ამაო იქმნნეს საქმენი ჩუენნი?
    4.     მოვედით და ბრძოლა-უყოთ მათ, ნუუკუე შეუძლოთ დაჴსნად გზათა სიმართლით სლვისა მათისათა.
    5.     ხოლო ჟამი იგი იყო ზატიკობისაჲ, და კარნი სენაკებისა მათისანი განღებით იყვნეს წესისაებრ მათისა ახუსებისათჳს ჩუეულებისაებრ მათისა, და სხდეს სენაკებთა თჳსთა.
    6.     ხოლო სტეფანე აღიღო „ცხორებაჲ მამისა ანტონისი“, განაღო და იკითხვიდა მას შინა.
    7.     და ვითარ იკითხვიდაღა იგი მას შინა, აღიხილნა ნიკონ თუალნი თჳსნი და მიხედნა და იხილა სტეფანჱს თანა დედაკაცი ჭაბუკი, ეხუეოდა და აკოცებდა.
    8.     მაშინ იცვალა გონებაჲ ნიკონისი მოყუარისა და საყუარელისა მიმართ და ჰრქუა რჩეულსა მას სტეფანეს: ჵ, ძმაო მტყუვარო და მეძაო, რომელი იმოსები გარეშჱთ სამოსლითა ცხოვართაჲთა და შინაგან – მგელ მძჳნვარე მტაცებელ.
    9.     და მიხედნა სტეფანე ნიკონს და იხილა კუალად მანცა დედაკაცი, მჯდომარჱ მარცხენით ნიკონისა.
    10.     ხოლო სტეფანე მიუგო და თქუა: ვაჲ ჩემდა შენ მიერ, ვითარ დავლიენ ჟამნი წელთა ჩემთანი შენ თანა და მე ვჰგონებდი, ვითარმედ ქრისტეანესა თანა დამკჳდრებულ ვარ, და არა უწყოდე, ვითარმედ ცუდად წოდებულ იყო სახელი ქრისტესი შენ ზედა.
    11.     ვაჲ მე, საყუარელო შენ გამო, ანგელოზო უსხეულოო, ვითარ იძლიე გულისთქუმითა დედათაჲთა!
    12.     ვაჲ ჩემდა შენ მიერ, არწიო შუენიერო, ვითარ დაგჴდეს ფრთენი შენნი და მოუძლურდი!
    13.     ვაჲ მე, მოყუასო ჩემო, ვითარ განშორებულ იქმენ ჩემგან საუკუნოდ.
    14.     ვაჲ მე, ზღუდეო მაღალო და დიდო, ვითარ აღიძარ და დაეცი საფუძველითურთ!
    15.     ვაჲ მე, გურიტო უმანკოო, ვითარ შეგიძლო გუელმან სიფრთხილითა მისითა!
    16.     ვაჲ მე, ხეო ტკბილო, ვითარ შეგემთხჳა ქარი ფიცხელი, და აღიფხურნეს ძირნი შენნი, და შთაჰვარდი სიბნელესა!
    17.     ვაჲ მე კჳპაროზსა მაღალსა, ვითარ შეგმუსრა ქარმან სასტიკმან.
    18.     ვაჲ მე, წყაროო ტკბილო, ვინ შეგაზავა შენ სიმწარჱ და აღმრღუეულ იქმენ!
    19.     ვაჲ მე, უხუცჱსო ჴელოვანო, ვითარ დაგეძინა, და წარჴდეს ყოველნი საქმენი შენნი!
    20.     ვაჲ მე, წმიდაო და მართალო, ვითარ იძლია და წარჴდა გჳრგჳნი იგი შუენიერი.


3

     1.     ვაჲ მე, მენავეთმოძღუარო, გონიერო ჴელოვანო, ვითარ გაცთუნეს შენ ღელვათა, ვიდრემდის შეიმუსრა ნავი შენი!
    2.     ვაჲ მე, წმიდაო და მგალობელო, ვითარ იქმენ ბაგინ საეშმაკო!
    3.     ვაჲ მე, ტაძარო მეუფისა მაღლისაო, ვითარ იქმენ სადგურ ეშმაკთა!
    4.     ვაჲ მე, მოწაფეო იესუ ქრისტესო, ვითარ იქმენ სამკჳდრებელ ეშმაკთა მთავრისა!
    5.     და ვითარცა ესმა ესე ნიკონს სტეფანჱსგან, მიუგო და ჰრქუა: რაჲსა მაგინებ მე, ძმაო?
    6.     რაჲ უკუე ვყავ ბოროტი წინაშე შენსა, და მაგინებ მე?
    7.     აჰა ესერა ორმეოცდაშჳდი წელი არს ჩემი, ვინაჲთგან არღარა გამოსრულ ვარ სენაკით ჩემით შენდა, და არცა შენ ჩემდა.
    8.     ჰრქუა მას სტეფანე: არა გრცხუენის და არცა გეკდიმების მაგისგან, რომელი გიზის გუერდით და გეკოცნების და გეხუევის, ჵ, მეძაო და ბოროტისმოყუარეო!
    9.     ჰრქუა მას ნიკონ: მე მეტყჳა მეძვად?
    10.     გრცხუენოდენ შენ დედაკაცისა მაგისთჳს, რომელი შეგიტკბობდა და გეკოცნებოდა!
    11.     ხოლო სტეფანე გარდამოუჴდა სენაკით თჳსით ნიკონს და შეუჴდა ცემად მჯიღითა და ფერჴითა.
    12.     და იცემებოდეს ურთიერთას და აგინებდეს ერთიერთსა.
    13.     და რამეთუ სამართლად ჭეშმარიტად ეხილვა ნიკონს დედაკაცი სტეფანჱს თანა, და ეგრევე მასცა ეხილვა ნიკონს თანა, და ორნივე სამართალსა ზედა ჰბრძოდეს ერთიერთსა, ვითარცა-იგი თქუა ბარსენარაქ ბრძენმან, ვითარმედ: ჰბრძოდე ჭეშმარიტებისათჳს ვიდრე სიკუდილმდე, რამეთუ უფალი ჰბრძოდის შენ წილ.
    14.     ხოლო სტეფანე წარვიდა მამათა თანა, რომელნი იყვნეს უდაბნოს გარე, და ვიდრე ალექსანდრიადმდე მიიწია და აუწყა მათ ყოველივე, რაჲცა იყო.
    15.     ხოლო მამანი ფრიად მწუხარე იქმნნეს ნიკონისთჳს, თუ ვითარ იძლია.
    16.     ხოლო იგინი შეკრბეს და წარვიდეს წმიდისა ამბა ათანასი ალექსანდრელ ეპისკოპოსსა თანა და აუწყეს საქმჱ იგი, რომელი იყო შოვრის სტეფანჱსსა და ნიკონისსა.
    17.     ხოლო პატრიაქმან დააყენნა მის თანა ძმანი იგი და მამანი, ვიდრე ექუს დღედმდე, და ევედრებოდის ღმერთსა ამის საქმისათჳს.
    18.     ხოლო ნეტარი ნიკონ, ვინაჲთ დღითგან განვიდა ნეტარი სტეფანე მისგან, არა ჭამა და არცა სადა შესუა, არამედ ლოცვით და მარხვით და ტირილით დგა წინაშე ღმრთისა.
    19.     ხოლო ამბა ათანასი შეკრიბნა ყოველნი ეპისკოპოსნი ეგჳპტისანი და ყოველნი მამანი, რომელნი იყვნეს მუნ, და წარვიდეს მონასტრად ნიკონისა და სტეფანჱსა.
    20.     ხოლო ნიკონ პოვეს ვითარცა მკუდარი რაჲ, დამჭნარი პირი მისი მწუხარებითა და ტირილითა და ლოცვითა და მღჳძარებითა.


4

     1.     მით დღითგან ვიდრე მოსლვადმდე მათა ოცდაერთსა დღესა და ღამესა არაჲ ჭამა და არცა რაჲ შესუა მწუხარებისაგან ძმისა თჳსისა სტეფანჱსთჳს.
    2.     და ვითარცა იყო დღჱ ხუთშაბათი, დასხდეს ეპისკოპოსნი სმენად სიტყუათა სტეფანჱსთა და ნიკონისთა.
    3.     ჰრქუა ამბა ათანასი ეპისკოპოსმან სტეფანეს: რაჲ იხილე წმიდისაჲ ამის?
    4.     მიუგო სტეფანე და ჰრქუა: კეთილად სთქუ.
    5.     წმიდად გარეშე ჰმოსიეს სამოსელი ცხოვართაჲ სიმდაბლისაჲ, ხოლო შინაგან – მგელ მტაცებელ, და კუალად მეცა მაცთუნა, ვინაჲთგან დამსუა მის თანა ამას ადგილსა ორმეოცდაშჳდსა წელსა.
    6.     ჰრქუა მას ეპისკოპოსმან: რაჲ საქმჱ იხილე მის თანა?
    7.     სტეფანე თქუა: ვიხილე იგი, რამეთუ დედაკაცსა შეიტკბობდა და ეკოცნებოდა.
    8.     ჰრქუა ეპისკოპოსმან: იყო შენ თანა სხუაჲ, რომელმან წამოს, ვითარმედ იხილე იგი დედაკაცისა კოცნასა?
    9.     სტეფანე თქუა: არავინ მაქუს მოწამჱ, გარნა იესუ ქრისტე, რომელ-ესე ვჰმსახურებ მე, ვინაჲთგან ვარ ვიდრე დღენდღელად დღედმდე.
    10.     ეპისკოპოსმან ჰრქუა: რაბამი გაქუს, ვინაჲთგან აქა იყოფით?
    11.     ჰრქუა მას: ორმეოცდაშჳდი წელი.
    12.     ჰრქუა ეპისკოპოსმან: იხილე ოდესმე იგი დედაკაცისა თანა ზრახვასა ამისა გარეშე?
    13.     ჰრქუა მას: არა მიხილავს არაოდეს ესევითარსა საქმესა მოქმედად, ვითარ დღევანდლამდე, და ნეტარ, თუმცა დღესცა არა მეხილვა.
    14.     ჰრქუა ეპისკოპოსმან ნიკონს: ჭეშმარიტსა იტყჳს მოყუასი ესე შენი შენ ზედა ანუ არა?
    15.     მიუგო ნიკონ და ჰრქუა: პირველად ძმაჲ და მოყუასი იყო ეგე ჩემი, ხოლო ამიერითგან, ვინაჲთგან ტყუვილით ცილი თქუა ჩემ ზედა, რომელი-იგი არა იხილა, არა არს იგი ძმაჲ ჩემი და არცა მოყუასი.
    16.     გარნა მე სამართალსა ვიტყჳ წინაშე უფლისა, რომელი ხედავს ხილულთა და უხილავთა, რამეთუ ვიხილე მე დედაკაცი, მდგომარჱ მის თანა, იკოცნებოდეს და შეიტკბობდეს ურთიერთას.
    17.     ხოლო ჴორცნი ჩემნი წმიდა არიან ბილწებისაგან.
    18.     და ვინაჲთ დღითგან მოვედი ამას ადგილსა, არა მიხილავს დედაკაცი, გარნა იგი ხოლო, რომელი ვიხილე კოცნასა ამის მეძავისა თანა, რომელმან შემოგკრიბნა თქუენ ამას ადგილსა.
    19.     და ვითარცა ესმა სტეფანეს, განრისხდა გულისწყრომითა ფიცხლად და შეკრიბა შეშაჲ ფრიადი და აღაგზნა ცეცხლი წინაშე ეპისკოპოსთა მათ და შევიდა მას შინა და დადგა ზედა საჴუმილსა მას და იტყოდა ჴმითა მაღლითა: იესუ ქრისტე, უფალო მართალო, უკუეთუ არა მიხილავს ნიკონ დედაკაცისა თანა ამბოვრის-ყოფით კოცნასა სენაკსა შინა მისსა, შთამჴადე ცეცხლსა ამას შინა, და ნუმცა აღმოვალ მისგან!
    20.     და დაადგრა სტეფანე ცეცხლსა მას შინა ზე-მდგომარჱ ვითარ სამ ჟამ ოდენ და არა დაიწუა.


5

     1.     და ხედვიდა აღმოსავალით და ჴელნი თჳსნი განეპყრნეს სახედ ჯუარისა და ილოცვიდა გულსა შინა თჳსსა ღმრთისა მიმართ.
    2.     ხოლო ეპისკოპოსთა მათ და მამათა იწყეს გინებად ნიკონისდა და ეტყოდეს: ვაჲ არს შენდა, ნიკონ, რამეთუ ცილი დასდევ სტეფანეს ტყუვილითა შენითა, მოაკუდინე იგი ენითა შენითა, და აჰა ესერა ღმერთმან იჴსნა იგი ცეცხლისა მისგან, და არა დაიწუა, ამისთჳს რამეთუ დაიცვნა ჴორცნი თჳსნი წმიდად წინაშე უფლისა თჳსისა შეუგინებელად და ურცხჳნელად.
    3.     და ვითარცა იხილა ნიკონ სტეფანე, მდგომარჱ ცეცხლსა მას შინა და რამეთუ არა დაიწუა, შეშინდა მამათაგან: ნუუკუ ქვაჲ დაჰკრიბონ მას და ცეცხლსა მას შთააგდონ იგი.
    4.     მაშინ ღაღატ-ყო წინაშე ყოვლისა მის ერისა და თქუა: იესუ ქრისტე, რომელი ეჩუენე ბაბილონს სუსანაჲსთჳს უბრალოჲსა და მოუვლინე შენ მცირჱ იგი წინაწარმეტყუელი შენი დანიელ, და იჴსნა იგი უმჯავროებისა და სიკუდილისაგან, უკუეთუ მე ცილი დავსწამე ძმასა ჩემსა და თუ არა ვიხილე იგი დედაკაცისა თანა ხუევნასა და ამბორის-ყოფასა, შთამჴადე ცეცხლსა ამას შინა და ნუ აღმომიყვანებ ცოცხლივ მისგან!
    5.     მაშინ შევიდა ცეცხლსა მას შინა და დაადგრა ძმისავე თჳსისა თანა შოვრის ცეცხლსა მას შინა და არა დაიწუა, არამედ ორნივე ერთად დგეს ცეცხლსა მას შინა მსგავსად ყრმათა მათ, და არა შეეხო მათ ცეცხლი იგი ყოვლადვე არცა სამოსელსა მათსა და არცა თმასა მათსა.
    6.     ხოლო პირნი მათნი იქმნნის, ვითარცა პირნი ანგელოზთა ღმრთისათანი.
    7.     ხოლო ეპისკოპოსნი და მამანი განკჳრვებულ იყვნეს და იხარებდეს სიხარულითა დიდითა.
    8.     და ღაღატ-ყვეს და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან ყო ესევითარი საკჳრველი მათ მიერ.
    9.     და ვითარ დგეს წმიდანი იგი ცეცხლსა მას შინა, არქუეს ეპისკოპოსთა მათ: ილოცეთ და ევედრენით წინაშე მჴსნელისა ჩუენისა იესუჲსა და ჩუენცა თქუენ თანავე, რაჲთა გჳჩუენოს ჩუენ, რომელმან ესე საქმჱ ქმნა ბოროტი თქუენ შოვრის.
    10.     მაშინ ილოცვიდეს წმიდანი იგი ცეცხლსა მას შინა მდგომარენი და იტყოდეს: იესუ, მაცხოვარო სოფლისაო, იესუ, სასოო განწირულთაო, იესუ, ცოდვათა მომტევებელო, იესუ, მკუდართა განმაცხოველებელო, იესუ, ჴელის-ამპყრობელო მონათა შენთაო, რომელნი ბოროტსა შინა დაინთქმოდიან, იესუ, მწუხარეთა მახარებელო, იესუ, რომელი მოგზაურ ექმნები მონათა შენთა ყოველსა ადგილსა, იესუ, გჳრგჳნთა მომნიჭებელო წმიდათა შენთა მჴნეთაო, იესუ, სიკუდილისა დამთრგუნველო და მომაკუდინებელო, იესუ, ჯოჯოხეთისა შემმუსრველო, იესუ, ეშმაკისა მარცხუენელო, იესუ, მტერისა შემმუსრველო, იესუ, ბოროტისა განმაქარვებელო, იესუ, დამთრგუნველო გუელისაო.
    11.     იესუ, დამწუველო ვეშაპისა მის დიდისაო, იესუ, შემომკრებელო ამის კრებისა წმიდისაო – სადიდებელად შენ ღმრთისა გამოაცხადე ძალი შენი დღეს და აღმოგჳყვანენ ცეცხლისა ამისგან და შთააგდე მას შინა მტერი ჩუენი, რაჲთა ვიხილოთ დაწუვაჲ მისი!
    12.     და მასვე ჟამსა შინა გამოვიდა ჴმაჲ, ღაღადებდა მსგავსად დედაკაცისა კბილთა ღრჭენით და თქუა: ქუესკნელისაგან ქუეყანისა განვიდევნე, და სახელმან ქრისტესმან შემკრა და მომიყვანა აქა.
    13.     და მე ვარ ეშმაკი.
    14.     და დაადგრა ცეცხლსა მას შინა მსგავსად თხისა მურტისა და ჴმა-ყო ჴმითა მაღლითა და თქუა: მე ვარ მანივთებელი ბოროტისაჲ.
    15.     და თუალნი მისნი მსგავს იყვნეს ორთა სანთელთა აღნთებულთა, და ალი გამოვიდოდა პირისა მისისაგან, და კბილთა თჳსთა იღრჭენდა და ხედვიდა ყოველსა მას ერსა.
    16.     და ღაღატ-ყვეს ყოველთა მამათა და თქუეს: დიდებაჲ შენდა, ღმერთო.
    17.     რამეთუ ჰყავ ნებაჲ მოშიშთა შენთაჲ და დააგდე ეშმაკი ქუეშე ფერჴთა მათთა, რამეთუ დაუტევეს ყოველივე და შენ მხოლოჲ შეგიყუარეს.
    18.     და იყო მაშინ სიხარული დიდი მამათაჲ, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: არაოდეს ყოფილ არს ქუეყანასა მას ეგჳპტისასა ესევითარი საკჳრველი.
    19.     ხოლო ყოველი კრებული ერისაჲ მიიღებდეს მათგან სარწმუნოებით ევლოგიასა სამოსლისა და თმისა მათისაგან საკურნებელად და დაადგრეს მუნ სამ დღე.
    20.     ხოლო ძმანი იგი იხარებდეს და მხიარულ იყვნეს და იღჳძებდეს და ჰმადლობდეს მჴსნელსა, რომელმან უჩუენა მათ ჴსნაჲ მოხათა თჳსთაჲ სამართლად.


6

    1.     და მესამესა ღამესა გამოეცხადა უფალი წმიდასა ამბა ათანასოს და ჰრქუა მას: დაადგერ აქა შენ და ერი ესე, რაჲთა დაჰმარხნეთ რჩეულნი ესე, რომელთა აღასრულეს ნებაჲ ჩემი და მმსახურეს გონებითა კეთილითა ორმეოცდაშჳდ წელ, რამეთუ მნებავს მათი მოყვანებაჲ ჩემ თანა, რაჲთა არა იყოს ბიწი გუამთა შინა მათთა, რამეთუ შემიყუარეს და შეიყუარეს მამაჲ, რომელ არს ცათა შინა.
    2.     ხოლო რაჟამს დაჰმარხნე იგინი, მერმე გამოირჩიენ ორნი ბრძენნი ბრძენთა ამათგან ძმათა და შეიყვანენ იგინი ადგილსა მათსა, რაჲთა მმსახურებდენ.
    3.     და შემდგომად სამისა დღისა ჰრქუა სტეფანე ამბა ნიკონს, რამეთუ: ვიხილე ღამესა ამას კაცი მოხუცებული და ემოსა სამოსელი ბრწყინვალჱ და მრქუა მე: მოვედით მონასტრად, რამეთუ მნებავს სიყუარულისა დიდისა ყოფად ხვალე თქუენ თანა ჰრქუა მას ნიკონ: გუალე, წარვიდეთ, ძმაო, სიხარულით, რამეთუ ბერი იგი, რომელი იხილე, ამბა ანტონი არს კურთხეული და ჰნებავს სულთა ჩუენთა მიყვანებად და შემიყვანებს ჩუენ, ვინაჲცა-იგი თავადი იყოფის მუნ.
    4.     ხოლო იგინი მაშინ აღდგეს, ილოცეს და თითოეული თჳსსა სენაკსა შევიდეს და დაჯდეს.
    5.     და მას ღამესა ჰმსახურეს უფალსა წესისა მათისაებრ და დაწვეს და დაიძინეს.
    6.     ორთავე ჟამსა შინა ერთსა შეჰვედრნეს სულნი მათნი ჴელთა შინა უფლისათა, ხოლო ძმათა აღიმსთუეს განთიად და პოვნეს აღსრულებულნი სენაკებსა შინა მათსა.
    7.     და იყო ხილვაჲ პირთა მათთაჲ მსგავსად ვარდისა შუენიერისა.
    8.     და დაადგრეს მამანი სამ დღე მათ ზედა გალობით და მერმე დაჰმარხნეს გუამნი მათნი წმიდანი მუნვე.
    9.     ხოლო ამბა ათანასი ეპისკოპოსი უთხრობდა მამათა, რომელი-იგი უბრძანა მას ქრისტემან, და გამოარჩივნა ორნი ძმათაგან და დასხნა მათსა სენაკებსა ერთი სტეფანჱსა ნაცვალად და ერთი ნიკონისა წმიდათა მათ საყოფელთა შინა და დააყუდნა, ვითარცა-იგი უბრძანა მას ქრისტემან, უფალმან ჩუენმან.
    10.     და დაწერა ცხორებაჲ ესე და დადვა ამბა ათანასი ალექსანდრელ წმიდამან პატრიაქმან, რაჲთა იყოს მათ თანა ყოველთა ძმათა, რომელნი იკითხვიდენ მას შინა, გონიერად ეკრძალებოდიან ეშმაკსა და ყოველთა საფრჴეთა მისთაგან და ადიდებდენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ძალი მონათა მისთა, რომელნი ესვიდეს მას ყოველსა ჟამსა, რამეთუ მისი არს სუფევაჲ და დიდებაჲ და პატივი და ძლიერებაჲ და მადლობაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
    11.     ითარგმანა ცხორებაჲ ესე წმიდათა მამათაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა საბაჲს ლავრასა.