1

     1.     ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ხარიტონისი მოღუაწისაჲ და აღმსაარებელისაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ
    2.     მრავალ არიან სახენი და სწავლანი წმიდათა მამათანი, რომელნი ვიდოდეს კეთილითა სარწმუნოებითა და ჯერ-არს მისა, რომელსა-იგი უნდეს განხუმაჲ წიგნთა სულიერთაჲ და ვსებად მათ მიერ, ვითარცა წყაროთაგან დაუწყუედელად მცენარეთა წყალი ცხორებისაჲ, და ყოვლითა ძალითა დამარხვად მცნებათა უფლისათა.
    3.     და რაჲთა ევლტოდის ზაკულებისაგან, რომელი დაუც მტერსა გზასა ზედა, ვითარცა თქმულ არს, და ჩუენ, უძლურთა ამათ და დაჴსნილთა ამის ჟამისათა, გჳჴმს, ვითარცა მცირედ მსმენელთა ჴმანი სიტყუათანი ზედაჲს-ზედა, რაჲთა ესრჱთ შეიწყნაროს სასმენელმან, რომელი ითქუა მისა მიმართ.
    4.     და ვჰგონებ, ვითარმედ ჯერ-არს, დაღაცათუ ჴმაწულილ ვარ, რაჲთა არა მივსცე თავი ჩემი დავიწყებასა, რომელი შეიქმნების დუმილისაგან, რომელი-იგი ჯერ-არს ქადაგებად ერდოთა ზედა ცხორებისათჳს ნათესავისა კაცთაჲსა, არამედ უფროჲსღა წარმოვიღო ანბავი, რომელი მესმა მცირედი ნაწილი სათნოებათაჲ წმიდისა ხარიტონისთაჲ, რომელი-იგი იყო სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა.
    5.     და აწ საცნაურ არს, ვითარმედ ღმერთმან აღახუნა ბაგენი ჩემნი ქებად წმიდისა მის დიდებასა, არამედ რაჲთა მსმენელთა მათ სარგებელ ვეყო, ნუუკუე ინებონ მიბაძვებაჲ და შური ეგევითართა მათ სათნოებათაჲ, დაღათუ გულითა მძიმე ვართ, რომელთა-ესე უდებ გჳყოფიან მცნებანი ღმრთისანი, რამეთუ გჳყუარს ამაოებაჲ და ვეძიებთ სიცრუვესა, ვითარცა თქუა დავით წინაწარმეტყუელმან.
    6.     არამედ ვითარცა კლდჱ არს გული კაცისაჲ, და რაჟამს დაეცემინ მას ზედა ნაწუეთი სიტყუათაჲ, დაუცადებელად განჴურიტის იგი და სურვილით ისწრაფინ დათმენად, რომელი-იგი წმიდათა მათ დაითმინეს წინა-აღმდგომთა მათთაგან და ხილულთა.
    7.     ამიერითგან ვიწყო თხრობად წმიდისა მისთჳს.
    8.     იყო ჟამი, ოდეს, ვითარცა ბნელსა, უღმრთოთა ნისლსა დაეპყრნეს ყოველნი ეკლესიანი ღმრთისანი და, ვითარცა ქარისა სასტიკისაჲ, ესრჱთ იყო ზახილი მდევართაჲ მათ მორწმუნეთა ზედა.
    9.     და შეაძრწუნებდეს გულთა მათთა და, ვითარცა სიმაღლჱ ღელვისაჲ, ეგრჱთ ხლდებოდა.
    10.     და მრავალნი ქრისტიანეთაგანნი დაინთქნეს უღმრთოებასა შინა.
    11.     რამეთუ ივლიანოს, რომელი-იგი იყო ერთგულად მსახური ეშმაკისაჲ, რაჲჟამს იყვნეს სადევენი ბერძენთა მეფობისანი ჴელთა მისთა, დაღაცათუ პირველითგანვე იყო კერპთმსახურ, არამედ ქრისტიანეთა უტევებდა თაყუანისცემად ყოველთა ღმრთისა, თჳნიერ ყენებისა.
    12.     ხოლო ოდეს მოიკიცხა ეშმაკისაგან, რომელსა-იგი ჰმსახურებდა, ყოველნი, რომელნი კერპთმსახურნი იყვნეს, მათ ფრიად პატივსა უყოფდა და ადიდებდა.
    13.     ხოლო ქრისტესა ღმრთად აღმსაარებელთა პირველად სტანჯვიდა ფიცხლითა ტანჯვითა და მისა შემდგომად მოსწყჳდნის ბოროტითა სიკუდილითა.
    14.     რომელთამე მწინკულევანებისა მახჳლითა მოსწყუედდა და მჴეცთა შესაჭმელად მისცემდა და რომელთამე ცეცხლითა წარსწყმედდა და რომელთამე შეკრულთა ქვითა მძიმითა ზღუასა დაანთქმიდა.
    15.     და ამის გამო ბრძანა ყოველთა ქალაქთა, რომელნი იყვნეს მეუფებასა მისსა ქუეშე, რაჲთა განაცხადონ ბრძანებაჲ მისი სავაჭროთა შოვრის და რაჲთა იქმნეს მსწრაფლ ნებაჲ მისი ღმრთისაგან მოძულებული.
    16.     ხოლო ყოველთა რომელთა დაედვა საფუძველი სარწმუნოებისა თჳსისაჲ სარწმუნოებასა ზედა ქრისტჱს მიერ მაცხოვრისა, ვითარცა კლდესა, შეურყეველად დაშთეს იგინი, ჰხედვიდეს რაჲ სატანჯველთა მათ უშჯულოთასა, ვითარცა ისარსა ყრმათა ჩჩჳლთასა, ვითარცა წერილ არს, და შეიმოსეს გჳრგჳნი მოწამებისაჲ დაუჭნომელი.
    17.     ხოლო რომელთა-იგი ეპყრა მცნებაჲ მაცხოვრისაჲ თჳნიერ სასოებისა, ემსგავსნეს იგინი მათ, რომელთა-იგი დაედვა საფუძველი თჳსი ქჳშასა ზედა უსუსურსა და ადვილად დაჴსნილსა.
    18.     და რაჟამს მოიწიის ღუარი ძლიერი და ქარი სასტიკი, ვერღარა შეუძლიან თავს-დებად მტერისა იგი ბრძოლაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, დაინთქნეს იგინი ურწმუნოებითა და სახილველ იყო, ვითარცა სიმრავლჱ მგელთაჲ რაჲ შეუჴდის სამწყსოსა დიდძალსა, ესრჱთ იყვნეს განრისხებითა მდევართაჲთა კრავნი იგი პირმეტყუელნი მწყემსისა მის ჭეშმარიტისანი აქა და იქი განბნეულ და განლიგებულ.
    19.     და ამის გამო ყოველთა რომელთა ეუწყა დაწერაჲ წიგნისაჲ მის, სავაჭროთა ზედა ივლტოდეს იდუმალ, და სხუანი უგრძნულად შეიპყრნეს სახლთა შინა თჳსთა და შეუტევეს საპყრობილესა.
    20.     და რომელნიმე მათგანნი დაემალნეს ადგილთა უცნაურთა და ღამით ივლტოდეს.


2

     1.     და სხუათა ვიეთმე შეიყუარეს ჟამი ესე წარწყმედითა სულთა მათთაჲთა, ვითარცა დჱმა, ვითარცა თქუა მოციქულმან და უვარ-ყვეს მაცხოვარი ქრისტჱ და უშიშად განცხადნეს, რამეთუ შეცვალეს ჩუკენთა მათ ცხორებაჲ იგი საუკუნოჲ იონდ ამისთჳს და წარმავალისა ცხორებისა.
    2.     ხოლო რომელნი-იგი იყვნეს ძლიერ შურითა კეთილად სარწმუნოებისაჲთა, ნებსით თჳსით მირბიოდეს უღმრთოჲსა მის მსაჯულისა, და ესრჱთ იტყოდეს, ვითარმედ: განმზადებულ ვართ ჩვენ განსლვად ცხორებისა ამისგან ფიცხლითა სიკუდილითა, რაჲთა არა განვვარდეთ პირისაგან ღმრთისა ჩუენისა.
    3.     და მას ჟამსა მოიწია ბრძანებაჲ მეფისაჲ მის ქალაქად, რომელსა ჰრქჳან იკონიაჲ, რომელი არს ჴელმწიფებასა ქუეშე ლუკანიაჲსასა.
    4.     და რამეთუ იყო განთქუმულ ნეტარი ესე წმიდაჲ ხარიტონ ქალაქსა მას შინა და ბრწყინვიდა მცნებათაგან მაცხოვრისათა, ვითარცა მონაჲ ერთგული, მყის შეიპყრეს და მიიყვანეს წინაშე მსაჯულისა მის უღმრთოჲსა.
    5.     და აწ ისმინეთ, რაჲ-იგი ჰრქუა წმიდასა მას, ანუ თუ მან რაჲ სიტყუაჲ მიუგო კადნიერად.
    6.     ჰრქუა მსაჯულმან მან: რაჲ ჰრქჳან მაგას, გინა რაჲ არს შჯული მაგისი?
    7.     ხოლო ვითარ ეუწყა, ვითარმედ წარჩინებულთაგანი არს მის ქალაქისათაჲ, ჰრქუა მას: რაჲსათჳს, კაცო, შენ წინა-აღუდეგ ბრძანებასა დიდებულისა მეუფისა და რჩეულისა ერისასა და არა გნებავს ზორვაჲ ღმერთთა უკუდავთაჲ?
    8.     მიუგო მოწამემან ქრისტჱსმან ესრჱთ: ჵ, მსაჯულო, რამეთუ ღმერთნი თქუენნი არა ღმერთნი არიან, არამედ ეშმაკნი არიან ბოროტნი და სავსენი ყოვლითა ამპარტავანებითა, რომლისათჳსცა გარდამოცჳვეს, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ყოველნი კერპნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნნა.
    9.     და სხუასა ადგილსა იტყჳს: ყოველნი ღმერთნი, რომელთა არა შექმნეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იგინი წარწყმდენ, რამეთუ დაბადებულისაგან არიან, გონებისა და მსახურ ღმრთისა, რომელმან შექმნა ყოველი, უკუეთუ მათ დაჰბადნეს ზესკნელნი და ქუესკნელნი და ესრჱთ უბადრუკნი იგი მოსწრაფე არიან, რაჲთამცა მათდა მიცვალეს დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ და წარწყმიდეს წესი იგი მათი, რომელი აქუნდა ანგელოზებრი და ღმრთისმსახურებაჲ, და ამისთჳსცა დამარხულ არიან სარჩელად საუკუნოდ.
    10.     და თქუა: რომელთა არა გამოიცადეთ, რაჲთამცა იცანთ ღმერთი?
    11.     ვითარცა თქუა მოციქულმან, გიპყრიან ესენი ღმერთ, რომელნი გაცთუნებდენ უცნებითა მათითა, რაჲთა ჰმსახურებდეთ დაბადებულსა და არა დამბადებელსა.
    12.     და ორისა ჯერისათჳს ამას ჰყოფენ: პირველად, რაჲთა იდიდებოდიან სახელითა ამით, რამეთუ მყრალნი იგი განსცხრებიან, ვითარცა მაღალნი ვინმე და ცუდად-დიდებისა მეძიებელნი, რაჲთა, ვითარცა ღმერთნი, პატივცემულ იყვნენ;
    13.     და კუალად, რაჲთა თქუენცა მათ თანავე მიგიყვანნენ ცეცხლსა მას დაუშრეტელსა, რომელი განმზადებულ არს მათთჳს.
    14.     ვითარ ესე წარმოთქუა წმიდამან მან, მიუგო მსაჯულმან მან და ჰრქუა: ჯერ-იყო ჩემდა, ხარიტონ, მყის გულისწყრომით მოკუეთაჲ თავისა შენისაჲ ღირსად შენდა მისაგებელად, რამეთუ აგინენ ღმერთნი, ყოვლისავე შემძლებელნი;
    15.     არამედ ფრიად მშჳდ არიან იგინი, და მეცა მათვე ვემსგავსები და გიბრძანებ შენ!
    16.     რაჲთა უზორო მათ და განიშორნე შენგან ცუდნი ესე სიტყუანი.
    17.     მიუგო მონამან ქრისტჱსმან და თქუა: უკუეთუ ღმერთ არიან, ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ჵ, მსაჯულო, არა ვიდრემე კეთილად ჰყოფენ თავს-დებასა გინებისა ამის ჩემისასა, არამედ ჯერ-არს შენდა, რაჲთა შური გაქუნდეს, ვითარცა დიდსა ფინეზს, და მყის განჰგურიმნე მგმობარნი იგი მათნი;
    18.     ხოლო უკუეთუ არა ღმერთ არიან, ცუდად იქადი და სცოდავ, ვითარცა წერილ არს, რამეთუ არცა ჭირმან, არცა სატანჯველთა განმაყენონ მე უფლისა ჩემისა ქრისტჱსგან, და არცა დაუტეო მე ღმერთი ცხოველი და მივიდე ეშმაკთა მოშურნეთა და მყრალობითა სავსეთა, რამეთუ მოწაფჱ ვარი მე დიდისა თეკლაჲსი, რომელი-იგი, ვითარცა ვარსკულავი, ბრწყინავს ნათლითა მოწამებისაჲთა ქალაქსა ამას შინა, და კუალად მოწაფჱ ვარი მე განთქუმულისა პავლჱსი, რომელმან ასწავა თეკლას ღუაწლი, რომელმან თქუა: ვინ განმაყენოს მე სიყუარულსა მას ქრისტჱსსა, ჭირმან ანუ იწროებამან, გინათუ დევნამან ანუ მახჳლმან?
    19.     ჰრქუა მას მსაჯულმან მან: უკუეთუ ჭეშმარიტად არა ღმერთნი არიან, რომელთა-ესე ჩუენ ვჰმსახურებთ კეთილითა სარწმუნოებითა, ვითარ უკუე ჩუენ ცხორებასა საუკუნესა მოგუცემენ?
    20.     მიუგო დიდმან ხარიტონ: მოკიცხულ ხართ თქუენ, ჵ, მსაჯულო, რაჟამს-იგი სთქუთ, ვითარმედ: კერპნი ეგე ღმერთ არიან, რომელთა სულ არა აქუს, და უვარ-ჰყოფთ ღმერთსა ჭეშმარიტსა.


3

     1.     ამისთჳსცა წიგნი ღმრთივ-სულიერი, ვითარ-იგი ჯერ-არს, იტყჳს მათთჳს, რამეთუ კერპნი წარმართთანი, ოქროჲსანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ჴელთა კაცთანი, პირ ადგს და არა იტყჳან, თუალ ასხენ და არა ხედვენ, ყურ ასხენ და არა ესმის, რამეთუ არა არს სულ პირსა მათსა.
    2.     ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ.
    3.     უკუეთუ წიგნისა იგი თქუმული არა გრწამს, მიაახლე ერთსა მათგანსა ცეცხლი, გინა ბრძანე განტეხაჲ წჳვთა მათთაჲ ცულებითა, და გულისხმა-ჰყო, რამეთუ არა არს მათ თანა სიტყუაჲ, ვითარცა-იგი რომელთა არა აქუს სულ, არცა ყოვლადვე ძრვა საკიცხელნი, რომელთა თანა არა არს ჴმაჲ, არცა სიტყუაჲ.
    4.     ხოლო სიტყუათა ამათგან განრისხნა გულისწყრომით უღმრთოჲ იგი და ბრძანა განშიშულებაჲ წმიდისაჲ მის, და რაჲთა განიპყრან იგი შოვრის ოთხთა და სცენ მას შოლტითა უწყალოდ.
    5.     და რაჟამს საქმით აღასრულა ბრძანებაჲ იგი მისი, ჰრქუა ღმრთის-მბრძოლმან მან: რასა იტყჳ, ხარიტონ, უზოროა ღმერთთა, ანუ ყოვლადვე მიგიხუნე ჴორცნი შენნი გუემითა ამით?
    6.     მიუგო მოწამე მან ქრისტჱსმან: არა უზორო უკუნისამდე, და უკუეთუმცა შესაძლებელ იყო ბევრჯერ სიკუდილი ჩემი ქრისტჱსთჳს მაცხოვრისა, სიხარულითმცა შევიწყნარე იგი და არცა უვარ-ვყო ღმრთეებაჲ მისი, რაჲთამცა უზორე ეშმაკთა ბოროტთა.
    7.     მაშინ უბრძანა მსაჯულმან მან უღმრთომან, რაჲთა კუალად ტანჯონ წმიდაჲ იგი ცეცხლითა მით, ვიდრემდის კნინ ერთღა და მი-მცა-იწივნეს ნაწლევთა მისთა ზედა.
    8.     მაშინ სულმცირე იქმნა წმიდაჲ იგი და უჴმოდ დაადგრა მრავალ ჟამ.
    9.     ხოლო მტარვალნი იგი სცემდეს მაგრიად და ვითარ მიაწიეს იგი სიკუდილდ, ბრძანა მწინკულმან მან დაცადებაჲ გუემისა მისგან არა თუ წყალობისა მისისათჳს, არამედ რაჲთა არა ადრე მოკუდეს და განერეს სატანჯველთა მათ, რომელნი-იგი მისთჳს ეგულებოდეს.
    10.     და ბრძანა საპყრობილედ მიცემაჲ მისი.
    11.     და აღიღეს წმიდაჲ იგი მტარვალთა მათ მჴრითა თჳსითა, რამეთუ ვერ ეძლო სლვად ფერჴითა თჳსითა, და შეაყენეს იგი საპყრობილესა, რაჲთა დაჰმარხონ იგი მეორისა ღუაწლისათჳს.
    12.     და რაჲთა არა განვაგრძო სიტყუაჲ მისთჳს, კუალად ბრძანა მოყვანებაჲ მისი დალიჭსა მას განსაკითხავსა შემდგომად წყლულებათა მათ მისთა კურნებისა.
    13.     და ყოვლისა პირველად იწყო უღმრთომან მან მისა მიმართ სიტყჳთა ტკბილითა და აღუთქუმიდა მას ნიჭსა მეფისაგან, ვ˜დ მზაკუვარი იგი.
    14.     და ვითარ ყოვლადვე არა ერჩდა მას წმიდაჲ იგი, კუალად გუემა წმიდაჲ იგი სხჳთა სატანჯველითა, უძჳრჱს პირველისა მის, რამეთუ შეწუა ცეცხლითა მკერდი მისი, ვითარცა შესაჭმელი ჴორცი.
    15.     და კუალად საპყრობილედვე მიაქცია წმიდაჲ იგი.
    16.     და შემდგომად მცირედთა დღეთა მიეგო მეფესა მას მისაგებელი მისი, რომელსა იგი ღირს იყო ღმრთისაგან დევნისა მის ქრისტიანეთაჲსა, და განვიდა ცხორებისა ამისგან ბოროტითა განსლვითა.
    17.     და სხუაჲ მეფჱ დაჯდა შემდგომად მისა და მის გამო განისწავლა, რომელი-იგი პირველსა მას მეფესა შეემთხჳა, და შეეშინა, რაჲთა არა უყოფდეს ქრისტიანეთა, ვითარ-იგი უყოფდა, და მოიწიოს მის ზედა რისხვაჲ ზეცით, ვითარცა პირველსა მას მეფესა ზედა.
    18.     და ბრძანა, რაჲთა დააცადონ ქრისტიანეთა დევნისაგან ყოველსა მისსა საბრძანებელსა.
    19.     და ვითარ ესე იქმნა, არავე დაჯერებულ იქმნა წმიდაჲ ხარიტონ, რაჲთამცა მოწამებითა მით ოდენ სარგებელ ეყო თავსა თჳსსა, არამედ ენება, რაჲთამცა სხუათაცა სარგებელ ეყო სათნოებათა მისთაგან და განისწავლნენ მოთმინებითა, რაჲთა ამის მიერ ღირს იქმნნენ უფროჲსღა მოსაგებელსა უფლისაგან კეთილსა.
    20.     და რაჟამს განუტევეს იგი საპყრობილისა მისგან, მაშინ, ვითარცა მოკუდა იგი სატანჯველითა მით და შეიმკო გჳრგჳნითა მოწამებისაჲთა, ესრჱთვე შეურაცხ-ყო სოფელი ესე და არღარა ინება, რაჲთამცა ცხოველ იყო თავით თჳსით, არამედ რაჲთა ცხოველ იყოს ქრისტე მის შოვრის, ვითარცა თქუა მოციქულმან პავლე, დაღათუ დიდ არს სიტყუად, რაჲთა მოწამჱ იგი ცხოველ იყოს და ეტჳრთნენ წყლულებანი ქრისტჱსნი ჴორცითა თჳსითა.


4

     1.     მაშინ იწყო სლვად გზასა მას, რომელი მივალს ქალაქად ღმრთისა იერუსალემდ, რაჲთა ემსგავსოს ელიას და იოვანეს, რომელნი-იგი ღმერთსა შეუდგეს.
    2.     და ვითარ მიიწია მახლობელად იერუსალემსა, შეემთხჳვნეს მას კაცნი ავაზაკნი და ფრიად უწყალონი, რომელნი არაჲთ ბოროტითა უნაკლულევანჱს იყვნეს პირველთა მათ, შეერაცხა დათხევაჲ სისხლისაჲ, ვითარცა არარაჲ, რომელნი სხდეს გზასა ზედა მზირად მიმავალთათჳს.
    3.     და ვითარ იხილეს წმიდაჲ იგი მომავალი გზასა ზედა მარტოჲ, მიუღეს მას ყოველი, რაჲცა აქუნდა საგზლად გზისა მისთჳს, და შეუკრნეს ჴელნი მისნი უკუმართ და დასდვეს ჯაჭჳ რკინისაჲ პატიოსანსა ქედსა მისსა.
    4.     და ესრჱთ უყვეს მართალსა მას, ვითარცა ძჳრისმოქმედსა, და მიითრიეს იგი ქუაბად თჳსა, რაჲთა მოკლან იგი ძჳრითა სიკუდილითა.
    5.     და ვითარცა-იგი წინაჲსწარ ჰურიანი იყუედრებოდეს, ვითარმედ ყვეს ტაძარი იგი ღმრთისაჲ ქუაბ ავაზაკთა, ესრჱთვე აწ წინა-აღმდგომი იგი მისი იხილვების კაცისა მისგან დიდისა ყოფილი.
    6.     რამეთუ იპოვა ქუაბი იგი ავაზაკთაჲ ეკლესია ღმრთისა და ვითარ გინა რომლითა სახითა, არამედ შემდგომმან სიტყჳსა ამისმან განგჳმარტოს იგი.
    7.     ხოლო კაცთა მათ ბოროტთა დაუტევეს წმიდაჲ იგი შეკრული ქუაბსა მას შინა პირველმოჴსენებულსა და იწყეს გზასა მას მიმოსლვად, ნუუკუე უბადრუკთა ღონჱ რაჲმე ყონ გზისა მის მიმავალ-მომავალთათჳს.
    8.     ხოლო წმიდაჲ იგი პირველად აღუტევებდა ღმრთისა მიმართ ჴმათა მადლობისათა შემთხუევისა მისთჳს დაუცადებელად და კუალად ჰბასრობდა ეშმაკსა, რომელმან უყო ესე.
    9.     და ესრჱთ ეტყოდა: რეცათუ ჩუკენი და მოშიში სიკუდილისათჳს, ესრჱთ მომიყვანე კაცისმკლველთა ამათ თანა და მიმეც ჴელთა ამათთა, ანუ რაჲთა დააბრკოლო გულისთქუმაჲ ჩემი, რაჲთა არა აღესრულოს იგი საქმით.
    10.     და აწ უკუეთუ პირველისა მიზეზისათჳს ჰყავ ესე, უკუე გიცნობიეს სამე იგი საქმით, რამეთუ მადლითა ღმრთისაჲთა შეურაცხ-ვყოფ ყოველსა სიკუდილსა, რომელი სიყუარულისა მისისათჳს იყოს.
    11.     და ყოვლადვე ვერ შემაძრწუნებ, რამეთუ აღმადგინოს მე უკუანაჲსკნელსა მას დღესა ცხორებასა დაუსრულებელსა, ოდეს-იგი მიგცეს შენ ცეცხლსა მას უოხჭნოსა.
    12.     და უკუეთუ ამისთჳს ჰყავ, რაჲთა არა აღესრულოს სურვილი ჩემი მარტოდმყოფებისაჲ ნებითა ღმრთისაჲთა, რომლითა ვცხონდები და ვიქცევი და ვიყოფი, შენ რაჲ სარგებელ ხარ, გინა მავნებელ, ჵ, არაწმიდაო.
    13.     ხოლო უკუეთუ იყოს ნებაჲ მისი, რაჲთა განვერე მე ამისგან, ვითარცა-იგი იჴსნნა სამნი ყრმანი საჴუმილისა მისგან ცეცხლისა შემწუელისა.
    14.     და კუალად თეკლა, განთქმული ცეცხლისაგან და მჴეცთაგან მძჳნვარეთა, ესრჱთვე შემძლებელ არს მოტაცებად ჩემდა პირისაგან მახჳლისა ამათ სისხლით შებღალულთაჲსა.
    15.     და ვითარცა-იგი იჴსნა ისაკი ჴელთაგან მამისა თჳსისათა, რაჟამს-იგი ეგულებოდა დაკლვაჲ მისი მამასა მისსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა, ეგრჱთვე ჩემდა შემძლებელ არს განრინებად.
    16.     და ვითარცა ესე თქუა, აჰა ესერა გუელი ბოროტი მივიდა ჭურჭერსა ერთსა, სავსესა ღჳნითა, რომელი დგა ქუაბსა მას შინა.
    17.     და ვითარ სუა და განძღა, წარმოსთხია ჭურჭელსავე მას შინა წამალი იგი მისი მაკუდინებელი და წარვიდა.
    18.     ხოლო რაჟამს მოვიდეს ავაზაკნი იგი, სუეს უძღებად ღჳნისა მისგანი, რამეთუ ფრიად წყურიელ იყვნეს.
    19.     ყოველნივე ერთბამად დაცჳვეს პირსა ზედა თჳსსა და მოკუდეს, ვითარცა-იგი შეჰგვანდა მათა მისაგებელად ბოროტისა, რომელი ყვეს მათ.
    20.     და მრავალნი კაცნი განერნეს ჴელთაგან მათთა შეგინებულთა კაცის-კლვითა.


5

     1.     ესე არს მოსაგებელი წმიდისა მის ღუაწლისაჲ, რომელი ყო კეთილად სარწმუნოებისათჳს.
    2.     ესე არს ნაყოფი სარწმუნოებისაჲ, რომელი აქუნდა ღმრთისა მიმართ ძლიერი და შეუორგულებელი.
    3.     ესრჱთ იჴსნნის ღმერთმან მსახურნი მისნი საფრჴისაგან მონადირეთაჲსა.
    4.     და ამის გამო საყოფელი იგი ავაზაკთაჲ იქმნა ტაძარ ღმრთისა წმიდა, რომელსა აწ ჰრქჳან „ძუელი ეკლესიაჲ“, რომელ არს ლავრასა ბრწყინვალესა ფარაჲსასა, რომელი აღიშჱნა დიდისა მისგან წმიდისა ხარიტონისა.
    5.     ესე არს სასყიდელი წყლულებათა მათ წმიდათაჲ.
    6.     არა თუ მეფესა ოდენ უღმრთოსა და ერისმთავარსა სძლეს წყლულებათა მათ, არამედ კუალად ავაზაკნი განასხნეს და ყოველსა ადგილსა სირცხჳლეულ ყვნეს.
    7.     ჵ, საკჳრველი ესე, რამეთუ ღონითა მით, რომლითა ეგულებოდა ეშმაკსა კაცისმკლველთა მათ მიერ დაყენებად გულისთქუმაჲ იგი მისი ღმრთისმსახურებისაჲ, ამისი უფროჲსღა განაგო ღმერთმან დიდებისამან, რაჲთა საქმით იქმნეს, რომელი-იგი წინა უყო კეთილად სარწმუნოებისათჳს, და რაბამ იყო და ვითარ იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ შეპყრობილ იქმნა იგი ჴელთაგან უღმრთოთაჲსა და დაეყენა იგი არა შესლვად იერუსალემდ.
    8.     და მიიყვანეს ქუაბად, ვითარცა ტყუეჲ.
    9.     ხოლო იგი შეიჭურა ბრძოლად უღმრთოთა მათ მიმართ არა ხოლო თუ მახჳლითა, არცა ისრის პირითა და არცა სხჳთა რაჲთ საჭურველითა, არამედ წინა-წარიძღუანნა ლოცვანი წმიდანი, ვითარცა დიდმან მოსე მთასა ზედა ამალეკისა მიმართ, დაღაცათუ ვერ შემძლებელ იყო განპყრობად ჴელთა თჳსთა კრულებისა მისგან, არამედ ლოცვითა მით წმიდითა და ღმრთისა შეწყნარებულითა სტყორცა უღმრთოთა მათ წამალი იგი გუელისაჲ ვითარცა ისარი და მოსცა მათ მსწრაფლ სიკუდილი.
    10.     და მისა შემდგომად რაჲ იყო, განიჴსნა თავით თჳსით კრულებისა მისგან და მკჳდრ იქმნა მონაგებისა მის, რომელი ბოროტად შეკრებულ იყო.
    11.     და იწყო კეთილად განბნევად მისა და უხუებით მისცემდა გლახაკთა და მამათა მათ, რომელნი იყვნეს უდაბნოსა, ვითარცა ღმრთისა მნემან.
    12.     და მას ჟამსა ფრიად მცირე იყვნეს მამანი უდაბნოს და ივლტოდეს პირისაგან უღმრთოთაჲსა და იყოფოდეს ქუაბთა კალამონისათა აქა და იქი.
    13.     ხოლო ნეშტითა მით მონაგებისაჲთა აღაშჱნა მონასტერი ესე მოსაჴსენებელი ეკლესიითურთ წმიდით, რომელი არს მას შინა, რომელი მაკარი, წმიდად მოჴსენებულმან, განაახლა სიწმიდითა, რომელი ეპისკოპოს იყო იერუსალემს წმიდასა, ღმრთისა ქალაქსა, რომელიცა-იგი იყო წმიდასა მას ნიკიისა კრებასა.
    14.     და მიერითგან ესრჱთ იწყო ქუაბსა მას შინა პირველმოჴსენებულსა დაყუდებად და აღასრულა თქუმული იგი წინაწარმეტყუელისაჲ, ვითარმედ: მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი.
    15.     და ვითარ წარჴდა ჟამი, მოვიდოდეს მისა სიმრავლჱ ერისაჲ, ჰურიათაჲ და წარმართთაჲ, და საკჳრველებითა მით, რომელთა იქმოდა უფლისა მიერ, დაარწმუნა მათ შეწყნარებად ნათლისღებაჲ მაცხოვრისაჲჲ და არა თუ ნათელ-ოდენ-იღებდეს, არამედ მონაზონცა იქმნებოდეს სწავლისა მისისაგან და შეურაცხ-ჰყოფდეს სოფელსა მის მიერ და იგი, ვითარცა ცეცხლი, მგზებარჱ სიმაღლესა ზედა, ვითარცა გოდოლსა სულისასა, ნათობდა სათნოებითა და ესრჱთ უბრძანებდა ყოველთა, რომელთა უნდა სივლტოლაჲ ღელვათაგან ამის სოფლისათა ნავთსაყუდელად მიმართ მარტოდმყოფებისა.
    16.     ხოლო ხედვიდეს მას იგინი ვითარცა ნავსა და მოსწრაფე იყვნეს, რაჲთამცა დაყუდნეს შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა, ნუუკუე ვინმე იტყოდის და თქუას, ვითარმედ: არა მსგავს არს ესე, რომელ-იგი შეემთხჳა ნეტარსა პავლეს, არამედ ფრიადცა მსგავს არს, რამეთუ პავლეს გუელმან უკბინა ჴელსა მისსა და დაიცვა იგი უვნებელად.
    17.     და არა მცირედნი ბარბაროზთა მათგანნი მოიყვანნა მაცხოვრისა მეცნიერებად, და ეგრევე ესე წმიდაჲ გუელისა მიერ იჴსნა ჴელთა მათგან, რომელნი უმჴნჱს იყვნეს ყოველთა მჴეცთა, და მრავალნი ქრისტიანენი და მონაზონნი სახედ მისა ყუნა და მისცა მათ მოძღურებაჲ, რაჲთა დაიცვნენ მცნებანი უფლისანი.
    18.     და ესრჱთ ჰმონებდა იგი ღმერთსა შრომითა და ნაკლულევანებითა ჴორცთაჲთა, ხოლო სულისა წარმატებითა, ვითარცა იტყჳს მოციქული: რავდენ გარეშჱ ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, ეგოდენ შინაგანი განახლდებინ.
    19.     და რამეთუ განმტკიცებულ იყო იგი ჭირთა მათგან სატანჯველთაჲსა და განძლიერებულ და უძლეველ ყოველთათჳს განსაცდელთა მომავალთა მის ზედა, რამეთუ შეერაცხა ჭირი, ვითარცა განსუენებაჲ და სიგლახაკეჲ, ვითარცა სიმდიდრჱ.
    20.     და სარეცელად მისა იყო ქუეყანაჲ ჟამსა ძილისასა.


6

     1.     ხოლო მღჳძარე არნ იგი ღამე ყოველ გალობითა, ვითარცა-იგი რომელთა უყუარნ ცხორებაჲ ამის სოფლისაჲ და წვიან იგი ცხედართა ზედა პილოჲს ძუალისათა, რაჲთა ღამე ყოველ ეძინოს მათ ზედა.
    2.     ამათ ცხედართა ზედა ჰგიედ საგებელი მრავალფერი და ჩჩჳლი, ხოლო მას უხარინ სამოსელი ძაძისაჲ, რომლითა დაიფარნის წყლულებანი იგი წმიდათა ჴორცთა მისთანი უფროჲს მათსა, რომელნი იმოსებიან სამოსლითა პატიოსნითა.
    3.     და ფრიადცა ესე ჯერ-არს ყოფად, რამეთუ სასოებაჲ იგი წმიდათაჲ დაუსაბამოჲ და წარუვალი აიძულებნ მათ, რაჲთა ადვილად დაითმინნენ შრომანი ქრისტჱსთჳს მაცხოვრისა.
    4.     და იყო იგი მოწყალე და ევნებინ ყოველთათჳს და სტუმართმოყუარე იყო იგი და სწყალობნ გლახაკთა და ძმათა-მოყუარე, მშჳდ და ყუდრო, არა გულმოწყე, მოძღუარ.
    5.     ყოვლითავე შეზავებულ იყო სიტყუაჲ მისი მარილითა სულისა წმიდისაჲთა.
    6.     და რასაღა გავაგრძელებ სიტყუასა, რამეთუ მოიღო მან დიდი ძლიერებაჲ საქმითა კეთილითა მადლისაგან ღმრთისა, რომელი დამკჳდრებულ იყო მის თანა, ვიდრემდის ეშმაკთაცა განასხმიდა და განჰკურნებდა ლოცვითა მისითა, ვითარცა სახარებაჲ იტყჳს, ყოველთა სნეულთა და უძლურთა.
    7.     და ამის მიერ მრავალი ერი, ვითარცა წყალი მდინარჱ, მოვიდოდეს მისა, ვიდრემდის უდაბნოჲ იგი აღივსო სიმრავლითა ერისაჲთა.
    8.     ხოლო ვითარ იხილა თავი თჳსი წმიდამან მან, რამეთუ შფოთმან მოიცვა იგი და განაშორა დაყუდებისა მისგან საყუარელისა მისისა და ღმრთისა თანა ზრახვითა ლოცვათა შინა მისთა.
    9.     და კუალად რაჟამს იხილა დიდებაჲ კაცთაჲ, რამეთუ განდიდნა მისა მიმართ, ისწრაფა სივლტოლად მისგან, რამეთუ არა უყუარდა მას პატივი კაცთაჲ და ესეთი მადლი იყო მის თანა, რამეთუ არავინ ესწორა მას სიმდაბლითა და მოთმინებითა, რამეთუ უწყოდა, ვითარცა გესლმან რაჲ შეჭამის რკინაჲ, ეგრჱთვე კაცთაგან დიდებისმოყუარებაჲ შემძლებელ არს წარწყმედად სათნოებათა.
    10.     მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა ყოველი განსაგებელი მისი და ვითარ ჯერ-არს მონაზონთა ზრდაჲ: ერთჯერ ჭამაჲ დღესა შინა და საზრდელსა დღისასა უმცროჲს განძღებისა, რაჲთა არა დამძიმდეს მუცელი მრავლითა საჭმლითა, დააბრკოლებდეს იგი ზე-დგომასა ლოცვასა შინა ღამისასა: და იყოს, რომელსა-იგი მიიღებდენ: პური და მარილი და სასუმლად მათა წყალი და, რაჲთა მოთმინე იყვნენ ლოცვასა შინა გალობასა ფსალმონთასა და იღჳძებდენ ექუსთა ჟამთა ღამისათა და შჳდგზის დღესა შინა ილოცვიდენ ჟამთა განჩინებულთა და ადიდებდენ შემოქმედსა ყოველთასა, ვითარცა წინაწარმეტყუელი დავით იტყჳს, და ნეშტთა მათ დღისა ჟამთა იწურთიდენ ფსალმონთა დავითისათა სენაკთა შინა თჳსთა, და რაჲთა იქმოდიან საქმესა თჳსსა უშფოთველად, გინათუ იკითხვიდენ წმიდათა წიგნთა შინა და შეჰკრებდენ სულისათჳს ნაყოფსა საჴმარსა, ვითარცა ვინ შეკრიბის სამოთხისაგან მრავალნი ხისა ნაყოფნი კეთილნი და გულისსათქუმელნი საჭმლად.
    11.     და უკუეთუ აღმოსცენდეს გულისსიტყუაჲ იგი ბოროტი გულსა ერთისა მათგანისასა, ყოველთა მის მტერისაგან აღმოჰკუეთენ გულისსიტყუაჲ იგი ბოროტი ძირითურთ, ვითარცა ღუარძლი ლოცვითა, დაუცადებელად, ვითარცა ცულითა მახჳლითა, რაჲთა არა შთავიდენ ძირნი მისნი გულსა ქუეყანისასა და ნაყოფად გამოიღოს ვნებაჲ სიტკბოებისაჲ გულისთქუმისაჲ მის მწარისაჲ.
    12.     და ამას ყოველსა თანა ასწავებდა, რაჲთა არა განვიდოდიან სენაკით თჳსით ყოველსა ჟამსა, არამედ დაუთმონ ყოვლითა ძალითა მათითა დაყუდებასა, რომელი არს დიდებაჲ ყოველთა სათნოებათაჲ.
    13.     ხოლო უკუეთუ ვინმე ჰრეკოს კარსა ნაკლულევანმან პურისაგან, არასადა განუტეოს იგი ცალიერი.
    14.     და ესე უწყოდის, რამეთუ რაჲ-იგი მისცეს მას, ვითარმცა თჳთ ქრისტესა მისცა, უფალსა მას ყოველთასა.
    15.     რამეთუ მან თქუა: რომელმან კეთილი უყოს ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე მიყოფს.
    16.     და კუალად ჰრქუა მათ მამამან ჩუენმან ხარიტონ: ესე არს გზაჲ სამეუფოჲ, რომელი მიიყვანებს უცთომელად, რომელნი ვლენან მას ზედა, საყოფელთა უფლისათა.
    17.     რომლისათჳსცა თქუა სოლომონ: ნუ მიაქცევთ მარჯუენით, ნუცა მარცხენით, არამედ შეიკრძალეთ გზაჲ საშუვალი, რამეთუ მრავალნი აცხოვნნა.
    18.     და რაჟამს იხილნა ძმანი იგი წარმატებასა შინა და რამეთუ შემძლებელ არიან სხუათაცა სარგებელ ყოფად სწავლითა ღუაწლსა მოთმინებისასა, და მოვიდოდა მათა სიმრავლჱ ურიცხჳ მამებისაჲ და დედებისაჲ და აშფოთებდეს მათ.
    19.     ამის მიზეზისათჳს ვერ შემძლებელ იყვნეს წარმატებად სრულებასა.
    20.     და რაჲთა კუალად სხუანიცა მრავალნი მუაქცივნეს შიშსა ღმრთისასა.


7

     1.     მაშინ გამოჲრჩია ერთი უფროჲსი მათ ყოველთასა სათნოებითა და დაადგინა იგი მათ ზედა ნებითა მათითა, რაჲთა იყოს ადგილსა მისსა.
    2.     ხოლო მან მიიცვალა ერისა მისგან ადგილსა, რომელსა ჰრქჳან ბანაჲ.
    3.     და ფრიად ევედრებოდეს მას ძმანი იგი მრავლითა ცრემლითა, რაჲთა დაადგრეს მათ თანა, და არა ისმინა მათი, არამედ ეტყოდა მათ დამტკიცებულად, ვითარმედ: წარსლვაჲ ჩემი უმჯობჱს არს თქუენთჳსცა და ჩემთჳსცა.
    4.     და ესრჱთ ჰრქუა მათ: მე, შვილნო, უფლისა მიერ მივიცვალები ამიერ ადგილით, რაჲთა არავინ მოვიდოდის აქა თქუენდა.
    5.     და იყოს იგი კეთილ თქუენდა და ჩემდა.
    6.     და მე მამაჲ თქუენი ვარ და თქუენ შვილნი ჩემნი, რომელნი გშვენ ქრისტჱს მიერ, ვითარცა სახარებაჲ იტყჳს.
    7.     და აწ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვიყოფოდით სენაკსა შინა განმარტებულად, ვითარცა ფუტკარნი საყოფელსა შინა მათსა, და ნაყოფად გამოვიღოთ თაფლი სათნოებათაჲ, რომელი არს უტკბილჱს ყოვლისა.
    8.     და ვითარ დაასრულნა სიტყუანი ესე, მშჳდობაჲ დაუტევა მათ და აკურთხნა იგინი და შეჰვედრნა ღმერთსა და გამოვიდა მუნით.
    9.     და ვითარ ვლო დღისა ერთისა გზა ოდენ, მიიწია სხუასა ქუაბსა იერიქოჲთ კერძო უდაბნოსა ადგილსა და ფრიად დაყუდებულსა, ვითარცა-იგი ეძიებდა.
    10.     და ვითარ დაყო მუნ მრავალი ჟამი და იზარდებოდა იგი მდელოთაგან მცენარეთა და ჰმსახურებდა ღმერთსა დაუცადებელად ჩუეულებისაებრ მისისა, მაშინ გამუაცხადა იგი ღმერთმან, რომელმან ყოველივე განაგის ცხორებისათჳს კაცთაჲსა.
    11.     ვითარცა საფასჱ დაფარული, და შემძლებელი საქმითა კეთილითა არა მუაკლდებინ მას, რაჟამს სხუანი მიიღებედ მისგან, არამედ უფროჲსღა სხუათა აღაშჱნებნ და იგი სავსედვე ჰგიენ და არა არნ მის თანა ნაკლულევანებაჲ, რამეთუ მადლი სულისა წმიდისაჲ მარადის გარდაეცემინ, რომელნი ღირს არიან მისა.
    12.     ხოლო სიმდიდრესა ქუეყანისასა ოდეს ვინ გამოჲღის მისგან, მუაკლდის.
    13.     ხოლო აქა დიდი ესე ხარიტონ ორთავე სენთა განჰკურნებდა – სულისა და ჴორცთასა – სახელითა ქრისტჱს მაცხოვრისაჲთა.
    14.     და არა თუ სრულ ოდენ იყო მადლითა მით, არამედ მარადის გულს-ეტყოდა უფროჲსღა ზე-აღსლვად და უფროჲსღა მოიღებდა მადლისა მისგან, ვითარცა ვინ განისწავლის მკურნალობასა.
    15.     და რავდენგზისცა ჰკურნებნ სნეულთა, ეგოდენცა უფროჲს წარემატის სიჴელოვნესა გამოცდილებისა მისგან.
    16.     და კუალად ამასცა ადგილსა სახელდებულსა მრავალნი განიკურნნეს ჴელითა მისითა მადლისა მისგან ღმრთისა, რომელი დამკჳდრებულ იყო მის თანა, და მიემსგავსებოდეს მარტოდმყოფებასა მისსა.
    17.     რამეთუ ეტყჳნ მათ სიტყჳსა მისებრ მოციქულისა, ვითარმედ: მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა.
    18.     მაშინ აღაშჱნა მონასტერი ელპიდისი, კეთილად მოჴსენებული, და მისა შემდგომად განაფართა იგი კაცმან ვინმე განთქმულმან მარხვითა და მოღუაწებითა და უწოდა სახელი მონასტერსა მას დუკი, რამეთუ იყო ადგილსა მას კაცი მთავარ ყოფილი და სცვიდა ადგილსა მას ბოროტისაგან ჰურიათაჲსა, რომელნი მახლობელად მათსა იყვნეს, ხოლო მთავარი იგი იყო დუქსი.
    19.     და რაჲთა არა განვაგრძოთ სიტყუაჲ მისვე პირველისა მიზეზისაებრ, ვითარ იხილა მრავალი ერი მიმავალი მისა, და შფოთსა შინა იყო იგი თავადი და მოწაფენი მისნი, რამეთუ აბრკოლებდეს მათ დაყუდებად.
    20.     მაშინ უბრძანა მათ, ვითარ-იგი ჯერ-იყო ჯდომად მათა და წინა-აღდგომად ეშმაკისა.


8

     1.     და შემდგომსა მას თჳსსა მიუთუალა განგებაჲ ძმათაჲ მათ.
    2.     ამისა შემდგომად გამოვიდა მიერ ადგილით და წარვიდა სხუასა უდაბნოსა, მახლობელად თეკუასა დაბასა ვითარ ათხუთმეტ უტევან.
    3.     რამეთუ ღმერთი მისცვალებდა მას ადგილითი-ადგილად, რაჲთა იყოს მსახური იგი მისი განთქმულ ყოველსა ადგილსა.
    4.     და ვითარ კუალად მიმავალნი მისა განწმდებოდიან მისგან და იკურთხეოდიან ლოცვითა მისითა და ჰრწმენეს უფალი და მაცხუვარი, რამეთუ მათ ჟამთა უმრავლჱსი ერი წარმართი იყო და რაჲთა განჴსნნეს იგინი ვნებათა მათთაგან, რომელთა მიერ შეკრულ იყვნეს.
    5.     და ვითარ მუნცა შეკრბა სიმრავლჱ ძმათაჲ, რამეთუ დაუტევეს სოფელი მის მიერ და აღუთქუეს დამარხვაჲ მცნებათა ქრისტჱსთაჲ სახითა მონაზონებისაჲთა, რამეთუ ესმოდა მოძღურისაგან მათისა, ეტყოდა რაჲ მათ საღმრთოსა მას სიტყუასა: კეთილ არს კაცისა, რაჟამს აღიღოს უღელი თჳსი სიჭაბუკითგან თჳსით და დაჯდეს თჳსისაგან.
    6.     ხოლო იგინი საქმით აღასრულებდეს.
    7.     მამინ აღაშჱნა მუნ მონასტერი, რომელსა უწოდიან ასურებრითა ენითა სუკაჲ, ხოლო ბერძულითა – პალია ლავრაჲ.
    8.     და აწ მცირედ-მცირედ მოგჳყვანნა ჩუენ სიტყუამან თხრობად წესისა და ძალისა და საკჳრველებათა, რამეთუ წმიდაჲ იგი მარადის ზრახვიდა დაყუდებისათჳს და არა უნდა განშორებაჲ მისგან, ვინაჲთგან მიიწია დიდსა საზომსა სრულებისასა და იხილა ქუაბი დამოკიდებულსა არა ფრიად განშორებულად მონასტრისაგან, რომელსა ვიდრე აქამომდე უწოდიან ქუაბი დამოკიდებული წმიდისა ხარიტონისი, რამეთუ ვერვინ შემძლებელ არს აღსლვად მიერ თჳნიერ კიბისა, და იხილა, რამეთუ კეთილ არს მისა ყოფაჲ მას შინა.
    9.     და ვითარ გარდაჴდეს მცირედნი ჟამნი და მოუძლურდა გუამი მისი სიღრმითა სიბერისაჲთა და გარდამატებულითა მარხვითა, ვიდრემდის ვერ შემძლებელ იყო თავით თჳსით და რაჲთა არა აშრომებდეს ძმათა მსახურებისა მისისათჳს, ევედრა ღმერთსა და მუნთქუესვე გამოეცა გუერდით ქუაბისა მის წყალი მდინარჱ, წმიდაჲ და ცივი, რომელი ვიდრე დღენდელად დღემდე აღმოეცემის კადნიერებითა ამის კაცისაჲთა წინაშე ღმრთისა და მახლობელობითა მისითა ყოველთა ღმრთისა.
    10.     ჭეშმარიტად თქუა დავით წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ ყოს უფალმან, ლოცვანი მათნი ისმინნეს და აცხოვნნეს იგინი.
    11.     ესე საკჳრველი საქმჱ არა უმცირჱს არს საკჳრველებათა მოსჱსთა და სამსონისთა და ელიაჲსთა, რამეთუ მოსესცა კლდესა გამოეცა წყალი, ხოლო სამსონ ილოცა და აღმოუცენდა წყალი ცხოველთაგან, და ელისე, იყო რაჲ იერიქოს, დაატკბო წყალი იგი მწარჱ და შეუხებელი და ყო იგი მშობელ ცხოველთა.
    12.     და კუალად რაჲღა ვთქუა, რამეთუ რაჟამს ეუწყა მას ღმრთისა მიერ განსლვაჲ ჴორცთაგან, უფროჲს ღმრთისა მისლვაჲ, რამეთუ ესრე ჯერ-არს თქუმად მისჳს.
    13.     შეკრიბნა ყოველნი მამასახლისნი მონასტერთა მისთანი და პირველმოჴსენებულნი და ყოველნი ძმანი, დაარწმუნა მათ განსლვაჲ მისი ამიერ სოფლით მახლობელთა დღეთა და მერმე წარვიდა ფარად, სადა-იგი პირველად იწყო ღუაწლსა მონაზონებისასა.
    14.     და ვითარცა სამკჳდრებელი, დაუტევა ძმათა მათ სახელად და სარგებელად სულთა მათთა სიტყუანი ესე ნუგეშინისსაცემელად.
    15.     და ესრჱთ ეტყოდა მათ: შჳლნო ჩემნო, მოციქული იტყჳს: ჟამი ესე მცირე არს.
    16.     ხოლო ესე თქუა ცხორებისათჳს კაცად-კაცადისა ჩუენისა.
    17.     და აწ ვიდრე ესე ხართღა მას შინა, ზრუნევდით სულთა თქუენთათჳს, რამეთუ შემდგომად განსლვისა თქუენისა ამიერ სოფლით ვერღარა შემძლებელ ხართ სინანულად და არცაღა კეთილი რაჲმე ნაყოფი გამოღებად, რამეთუ წმიდაჲ დავით იტყჳს: არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ.
    18.     აქა – ღუაწლი და მუნ – გჳრგჳნი, რომელთა შჯულიერად იღუაწონ, აქა – ბრძოლაჲ უხილავთა მტერთა მიმართ და მუნ – მოსაგებელი, აქა – სირბილი და შრომაჲ და მუნ – ნიჭი და დიდებაჲ, აქა – კეთილი ვაჭრობაჲ და მუნ – განყოფაჲ შესაძინელისაჲ და რაჲთა შემოკლებულად ვთქუა: აქა – საქმჱ კეთილისაჲ და ბოროტისაჲ და მუნ – ორთავე მისაგებელი.
    19.     არამედ რაჲცა არნ აქა: გინა სიხარული, გინა შრომაჲ, მცირედთა ჟამთა არნ.
    20.     ხოლო რომელი მუნ იყოს, არღარა აქუს აღსასრული გინა მას, გინა ამას.


9

     1.     აწ, შვილნო ჩემნო, ნუმცა კიდე ვიქმნებით კეთილისა მისგან საუკუნოჲსა და მივსცემთ თავთა ჩუენთა სატანჯველთა დაუსრულებელთა მცირედთა ამათ ჟამთა ცოდვით აღსრულებად, რამეთუ უფალი იტყჳს: წარვიდენ კეთილისმოქმედნი ცხორებად საუკუნოდ და ბოროტისა-მოქმედნი სირცხჳლსა საუკუნესა.
    2.     ხოლო მე ესერა მივალ წინაშე უფლისა, და ჟამი წარსლვისა ჩემისაჲ მოწევნულ არს.
    3.     და აწ ყოვლისა პირველად დაიცევით სარწმუნოებაჲ ღმრთისა მიმართ და ნუ გარდაიცვალებით მისგან ჭირთა მათგან და ურვათა მომავალთა, რამეთუ აღდგომად არიან ეკლესიათა ზედა ღმრთისათა ნათესავნი და დევნონ იგი.
    4.     არა ხოლო თუ ესენი, არამედ კაცნიცა მტყუვარნი ქრისტჱს მიმართ, არიანოსნი, და ისწრაფდენ განყოფად ერთარსებასა წმიდისა სამებისასა თაყუანისსაცემელსა და სწორსა ბუნებითა ყოვლითა ძალითა მათითა, და სტანჯვიდენ, რომელნი-იგი არა ერჩდენ მრავალფერითა სატანჯველითა, არამედ უფალი, მჴსნელი ჩუენი, იტყჳს: განძლიერდით და ნუ გეშინინ, მიძლევიეს სოფელსა.
    5.     და კუალად იტყჳს: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოსიკუდიდ.
    6.     არამედ მისა გეშინოდენ, რომელი შემძლებელ არს მოწყუედად სულისა და ჴორცთა და წარწყმედად ორთავე გეჰენიასა ცეცხლისასა.
    7.     და ამისა შემდგომად ესრჱთ ეძიებდით მშჳდობასა და სიწმიდესა და ნუმცა დაჰვალს მზჱ გულისწყრომასა თქუენსა ზედა, ვითარცა თქუა მოციქულმან, არამედ განაგდეთ შემაწუხებელი იგი სიმდაბლითა, და აჰჴოცოთ თავთა თქუენთაგან ვნებაჲ იგი ძჳრისმოჴსენებისაჲ, რომელი სძაგს ღმერთსა, ვიდრემდის უჩინო იქმნეს, რაჲთა დაიცვნეს გულნი მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა.
    8.     და რაჟამს დასთესოს მტერმან გულთა შინა თქუენთა განზრახვაჲ მყრალობისაჲ, ისწრაფეთ, რაჲთა ადრე განსდევნოთ ლოცვითა და სატანჯველისა მის საუკუნოჲსა მოჴსენებითა.
    9.     და კუალად იტყოდა, რამეთუ: არა ჯერ-არს ზრახვად ჩუენებათა თანა ბოროტთა, რომელნი ეშმაკმან გამოუსახნის გონებასა და მუასურვის კაცსა გულისთქუმისათჳს ბოროტისა, რაჲთა არა შეიგინნენ ჴორცნი არცა ცხადად, არცა ძილსა შინა.
    10.     მოსწრაფე იყვენით ყოვლითა ძალითა თქუენითა სიწმიდისათჳს სულთა თქუენთაჲსა, რამეთუ უფალი იტყჳს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ, და ივლტოდეთ ანგაჰარებისაგან, ვითარცა კერპთმსახურებისა და გიყუარდინ უპოვრებაჲ, რაჲთა იყვნეთ გლახაკ სულითა და არა განჰვარდეთ ნეტარებისაგან სასუფეველისა, რამეთუ პავლე მოციქული განგაკრძალებს თქუენ სიტყჳთა: ჯერ-არს ჩუენდა არა მოგებად საჴმარი ჴორცთაჲ, გარნა რომელი უნებლიაჲთ მოგუეჴადების, რაჟამს-იგი თქუა: უკუეთუ გაქუნდეს საზრდელ და სამოსელ და კმა იყავნ ჩუენდა, უკუეთუ ვინმე თქუენგანი მიიწიოს დიდსა სათნოებასა ღმრთისა მიერ მონიჭებითა, ნუ ამაღლდებინ, ვითარმედ უქმნიეს რაჲმე დიდი საკჳრველი, რაჲთა არა შთავარდეს იგი სიღრმესა ამპარტავანებისასა, არამედ ჰრწმენინ კეთილად, რამეთუ თჳნიერ საღმრთოთა ნიჭთა ვერ შემძლებელ არს კაცი საქმედ რაჲსამე, ამისთჳს რამეთუ ყოველი მოცემული კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამოსრულ არს მამისაგან ნათლისაჲსა, ვითარცა წმიდაჲ იაკობ დასწერს, და კუალად ნეტარი დავით იტყჳს: არა თუმცა უფალმან აღაშჱნა სახლი ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი.
    11.     და უკუეთუ იხილოს ესე, რომელი-იგი უფალმან აღადგინა სათნოებითა, მაშინ ისწრაფენ მიმსგავსებად მისა და ნუ ხედავნ, რომელნი-იგი უდარჱს მისსა არიან, და ჰგონებდეს თავსა შინა თჳსსა მიწევნად სრულებისა, დააცადოს სრბაჲ თჳსი და თანამდებ იქმნეს პატიჟისა, ვითარცა ფარისეველი იგი ამპარტავანებისა მისისათჳს და ცთომისა.
    12.     ხოლო უკუეთუ არავინ იპოოს კაცთაგანი უვაღრჱს მისსა, შეატყუნ თავი თჳსი მცნებათა მათ უფლისათა სრულთა, რომელნი წერილ არიან: უკუეთუ ვინმე წარგიქციოს მილიონ ერთ, შენ მივედ მის თანა ორსა, და თუ ვინმე გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ მეორეჲცა ყურიმალი.
    13.     და კუალად, ვითარმედ: სიტყუაჲ მისცეთ ყოვლისათჳს სიტყჳსა უჴმარისა.
    14.     და უკუეთუ ვინმე ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა ცეცხლისასა, და რომელმან მიხედოს დედაკაცსა გულისთქუმითა, მუნთქუესვე იმრუშა გულსა შინა თჳსსა, და სხუაჲცა ესევითარი.
    15.     უკუეთუ ესე ყოველი ექმნას, რომლისაჲ ვერ მგონიეს, მერმე გულისხმა-ყავნ, ვითარმედ მონაჲ არს ბრძანებასა ქუეშე და ხადოდენ თავსა თჳსსა უჴმარად, ვითარცა უბრძანა უფალმან მოწაფეთა თჳსთა.
    16.     ხოლო უკუეთუ ვერღა აღესრულოს ესე ყოველი, განიზრახენ, რავდენ შორავს წმიდათა ამათ მცნებათა, და მაშინ ნუ ამაღლდებინ მისთჳს, რომელ-იგი უქმნიეს, არამედ უფროჲსღა აბრალებდინ თავსა თჳსსა ნაკლულევანებისა მისისათჳს, რომელი ვერ აღასრულა;
    17.     და ნუ იტყჳნ, რავდენგზის უმჯობჱს ვარ სხუათა, რამეთუ წმიდაჲ პავლე ესრჱთ იტყოდა, ვითარმედ: წინასა მას მივსწუდები და შემდგომსა მას დავივიწყებ და კრძალულებით ვსდევ განსა მას ზეცისა ჩინებისასა.
    18.     და უკუეთუ ვინმე იხილოს ძმათაგანი მცონარედ და დაჴსნილად მცნებათათჳს მაცხოვრისათა, ნუ განიკითხავნ, არამედ არქუნ თავსა თჳსსა სიტყუაჲ იგი ნეტარისა პავლჱსი: ვინ ვარ მე, რომელი განვიკითხავ სხჳსა მონასა უფლისა მისისათჳს: დგეს, გინათუ დაეცეს, არამედ დგეს?
    19.     რამეთუ შემძლებელ არს უფალი დამტკიცებად მისა.
    20.     ესრჱთ, ჯერ-არს სიტყუად თავისა თჳსისა, რაჲთა არა ძმაჲ შეურაცხ-ყოს და განიკითხოს და შევარდეს მასვე ცოდვასა და მოიჴსენოს, რამეთუ უძლურისაგან ბუნებისა არს.


10

     1.     და კუალად თქუა: რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს, რაჲთა არა უმეტჱსი საშჯელი მიიღოს.
    2.     ეკრძალენით, რაჲთა არა ჰყოფდეთ საქმეთა თქუენთა კაცთა სათნოებისათჳს, რაჲთა არა დააკლდეთ საუკუნესა მას მოსაგებელსა, განმზადებულსა თქუენთჳს, რამეთუ უფალი იტყჳს: ამენ გეტყჳ თქუენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი, და მაშინ ღირს იყვნეთ სიტყჳსა მისთჳს, რომელსა იტყჳს, რამეთუ: ღმერთმან განაბნივნეს ძუალნი კაცთმოთნეთანი და შემდგომი ამისი.
    3.     არამედ დაფარულ იყავნ ყოველი, რასაცა იქმოდით მარხვასა გინა მოწყალებასა, ანუ თუ ლოცვასა ტირილითა დაუცადებელითა, გინათუ სხუასა რასმე კეთილისა საქმესა, რაჲთა მიიღოთ სასყიდელი თქუენი მამისაგან ცხადად, რომელი ჰხედავს დაფარულად მისაგებელსა, რაჲცა-იგი ჰქმენით კეთილი.
    4.     ესე სიტყუანი ჰრქუნა მათ, რომელნი-იგი უსრულჱს იყვნეს, რამეთუ მახენი ეშმაკისანი ფრიად მრავალ არიან, და მცირედნი არიან, რომელნი ყოვლადვე არა მონადირებულ არიან მის მიერ.
    5.     და კუალად თქუა: უკუეთუ ვინმე მეოტ იქმნეს თქუენგანი ცოდვითა, მანქანებითა ეშმაკისაჲთა და უდებ-ყოფითა თავისა თჳსისაჲთა ითხოვდინ ესევითარი იგი უფლისაგან ტკივილითა გულისაჲთა ცოდვათა თჳსთათჳს და ნუ წარიწირავნ თავსა თჳსსა, არამედ მიუტევენ სასოებაჲ თჳსი მუნთქუესვე მოწყალებათა ღმრთისათა, რაჲთა არა დაინთქას მწუხარებითა უმეტჱსითა და მოირჩოს უსასოებითა და დაშთეს თჳნიერ სათნოებისა მიერითგან და მერმე მიაქციოს ყოველსავე უკეთურებასა, რამეთუ ესრჱთ არს წარკუეთაჲ სასოებისაჲ.
    6.     ამას მოიჴსენებნ, ვითარმედ ღმერთი მართლმსაჯული არს, დაღაცათუ შემძლებელ არს მიგებად კაცად-კაცადისაჲ საქმეთა მათაებრ, არამედ კუალად მოწყალე არს და სულგრძელ, ვითარცა წერილ არს: სწყალობხ უფალი ყოველთა კაცთა, ვითარცა შეეწყალა უძღები იგი შვილი, რაჟამს მოიწია მისა სინანულით, ვითარცა თქუა უფალმან: ცხოველ ვარ მე, რამეთუ არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ.
    7.     და სხუასა ადგილსა იტყჳს: მოვედით ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ.
    8.     და ესეცა ცხად არს, რამეთუ მაცხუვარი არს, რომელი ამითქუა დაგებითა დიდითა, ვითარცა მაღლისაგან ადგილისა უწესს, რომელთანი ცოდვანი აღმატებულ არიან თავთა მათთა, ვითარცა წერილ არს, და, ვითარცა ტჳრთმძიმჱ, დამძიმებულ არს მათ ზედა, რომელთანი წყლულებანი ცოდვისანი შეყროლებულ და დამპალ არიან მათ შოვრის.
    9.     და ესრჱთ ჯერ-არს, რამეთუ იტყჳს: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი არიან უძჳრჱსითა სალმობითა.
    10.     და აწ მოსწრაფე იყვენით დაბანად ფერჴთა წმიდათასა, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა, და სწყალობდით, რაჲთა თქუენცა შეიწყალნეთ.
    11.     და ვითარცა მაღალ ხართ თქუენ სათნოებითა, ეგრჱთვე პატიოსან იქმნნეთ, და განიწმიდენით გუამნი თქუენნი სიწმიდითა ქალწულებისაჲთა და დაცვითა ჴორცთაჲთა, რამეთუ ყოველნი, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ, დამჭნარ არიან ბაყლითა მრუშებისაჲთა.
    12.     არამედ ისწრაფეთ, რაჲთა იყვნეთ ქალწულთა მათ თანა, რომელთა-იგი სანთელნი აღნთებულნი აქუნდეს.
    13.     და ზეთი იგი განაბრწყინვებდა სანთელთა მათთა, რაჲთა მიეგებვოდით სიძესა მას ზეცისასა და არა დაშთეთ გარეგან სასძლოსა მას შემდგომად ყოვლისა ამის შრომისა, რომელ დამაშურალ ხართ ქალწულებისა მარხვისათჳს არა წყალობითა სხუათაჲთა, და ეკრძალენით, რაჲთა არა ინაჴით-იდგათ სამოსლითა მწინკულევანითა მეინაჴეთა მათ თანა ქორწილისათა.
    14.     და ბრძანოს სიძემან შეკრვაჲ ფერჴთაჲ და ჴელთა თქუენთაჲ და შთაგთხივნეს ბნელსა მას გარესკნელსა, რამეთუ მე ვევედრები ღმერთსა, რაჲთა არა შეგემთხჳოს ესევითარი.
    15.     ხოლო სიწმიდჱ იგი სამოსლისაჲ მუასწავებს სულისა სიწმიდესა.
    16.     და ვითარცა-იგი სამოსელი ოდეს დაბაყლდის და მერმე განირცხის და მოეგის პირველსავე მას სიწმიდესა, რომელი აქუნ მას, ეგრჱთცა სული, რაჟამს პირველად დაჰბადა ღმერთმან, წმიდა ყო ყოვლისაგან მწინკულევანებისა.
    17.     და იყო იგი ტაძარ და მსგავსად მისა.
    18.     ხოლო რაჟამს დაშავდა იგი უკუანაჲსკნელ ცოდვითა, ვითარცა კუამლი, და განირყუნა გონიერებითა იგი შუენიერებაჲ, უკუეთუ განირცხეს იგი ქველისსაქმითა და მოწყალებითა, და სხუაჲ თუ რაჲმე არს მსგავსი ამათი, კუალად მოიღოს შუენიერებაჲ იგი თჳსი, და მერმე, ვითარ ჯერ-იყოს, ღირს იქმნეს ხადილსა მას ზეცისა სიძისასა, რაჲთა განძღეს ზეცისა კეთილითა წარუვალითა ტაბლისა მისგან, რამეთუ განსპეტაკნა იგი საქმითა კეთილითა და მოიგო სამოსელი, ღირსი სიძისაჲ მის.
    19.     და სხუაჲცა მრავალი განსაწმედელად ცოდვათა მისთა ღმერთმან მისცა კაცთა, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ მათი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ, ვითარ ცრემლნი და აღსაარებაჲ და სულთქუმაჲ სიღრმითა გულისაჲთა, მარხვაჲ და ლოცვაჲ და რაჲთა მიუტევებდეთ თანანადებთა ჩუენთა, სიმდაბლჱ და სიმშჳდჱ და სხუაჲ ყოველი ესევითარი.
    20.     და თითუეული ამის ყოვლისაგანი დამაშურობელ არს ფრიად და მრავლითა ოფლითა სრულ იქმნების.


11

     1.     ხოლო მოწყალებისა საქმეჲ უშრომელად არნ უფროჲს ამათსა, რომელნი თქუმულ არიან;
    2.     განსწმედდეს უშუერებისაგან, რომელი არნ მის თანა, რამეთუ წერილ არს:
    3.     მოწყალებითა განწმიდნებიან ცოდვანი, რამეთუ საკჳრველმან დანიელ ჰრქუა ნაბუქოდონოსორს: ურჩულოებაჲ ცოდვათა შენთაჲ განიბანე მოწყალებითა და ბრალნი შენნი – ქველისსაქმითა გლახაკთა მიმართ.
    4.     და კუალად იტყჳს: მოწყალებაჲ მნებავს და არა მსხუერპლი.
    5.     და ესევითარი მრავალი შეიკრიბოს მოსწრაფემან წიგნთაგან წმიდათა.
    6.     ესე ითქუა მოწყალებისათჳს, ხოლო მოთმინებისათჳს რაჲ-მე ვთქუა, შვილნო ჩემნო?
    7.     ვიდრე უკუანაჲსკნელ სულისა აღმოსლვამდე ნუ გულპყრობილ იქმნებით არა შევრდომად მრავალთა განსაცდელთა, რამეთუ წერილ არს, შვილნო ჩემნო: უკუეთუ მოხუალთ მონებად ღმრთისა, განუმზადე თავი შენი განსაცდელთა, არამედ ნუ გეწყინებინ, ნუცა სულმოკლე იქმნებით, რამეთუ პავლე ბრძენი იტყჳს: სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს განცდად უმეტჱს ძალისა თქუენისა, არამედ გამოცდასა მას თანა გამოყვანებაჲცა ყოს, რაჲთა განსძლიერდეთ მოთმინებითა.
    8.     და კუალად თქუმულ არს: თმენით დაუთმე უფალსა.
    9.     მომხედა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაჲ და შემდგომი ამისი, ვითარცა წიგნი იტყჳს: მოთმინებაჲ გიჴმს თქუენ, რაჲთა ოდეს ნებაჲ ღმრთისაჲ ჰყოთ, მაშინ მოიღოთ აღნათქუემი.
    10.     და ვითარ ესე ყოველი და უმრავლჱსი ამისი ჰრქუა, რომელნი-იგი იყუნეს ჴელსა მისსა ქუეშე, ულოცა მათ და აკურთხნა იგინი.
    11.     და ვიდრე ასოჲსაცა ერთისა შელმობადმდე დაწვა იგი ცხედარსა ზედა სამკუდროსა და განირთხნა წმიდანი იგი ფერჴნი მისნი კეთილსა შინა სიშუენიერესა და მისცა სული თჳსი წმიდათა ანგელოზთა, რომელნი მოსრულ იყვნეს მისა, ვითარცა მოყუსისა თჳსისა.
    12.     და ვითარ შეისუენა, დაჰფლეს იგი მამათა, ვითარცა ჯერ-იყო.
    13.     მიიცვალა ცხორებისაგან ამის სოფლისა დაუსრულებელსა მას ცხორებასა, სადა-იგი არს განსუენებაჲ წარუვალი, რომელსა შინა არა არს წუხილი და არცა ტკივილი და სულთქუმაჲ, სადა-იგი არს მეცნიერებაჲ სამებისა წმიდისა თაყუანისსაცემელისაჲ პირისპირ, ვითარცა თქუა მოციქულმან განღმრთობილმან, და რომელთა დაიცვნეს გულნი მათნი წმიდად და უბიწოდ მისა მიმართ.
    14.     მაშინ გამოეცხადოს იგი გულითა წმიდათა, რომლისათჳს-იგი კუალად თქუა მოციქულმან: რომელი თუალმან არა იხილა და გულსა კაცისასა არა მოჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა, სადა-იგი არს სიხარული და მხიარულებაჲ მიუთხრობელი ნეტარებისა მისთჳს, რომელი დამარხულ არს ცათა შინა დევნულთა მათთჳს ქრისტჱსთჳს მაცხოვრისა.
    15.     რამეთუ მან თქუა: ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მიმართ სიცრუვით ჩემთჳს.
    16.     მაშინ გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ იყოს ცათა შინა, სადა-იგი არს საყოფელი ყოველთა მოხარულთაჲ, წინაწარმეტყუელთა, მოციქულთა და მოწამეთაჲ, მწყემსთა და მოძღუართაჲ და სხუათა ყოველთაჲ, რომელნი სათნო-ეყვნეს ღმერთსა.
    17.     და ესე რაჲ აღასრულა მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რომელი დამკჳდრებულ იყო მის თანა, ჭეშმარიტად მკჳდრ იქმნა ყოველთა წმიდათა თანა სასუფეველსა მას, რომელი განუმზადა ღმერთმან, ვითარცა თქუა, უწინარჱს სოფლის დაბადებისა, ამისთჳს რამეთუ იქმნა იგი მოციქულ.
    18.     და ვითარცა ანგელოზმან უფლისამან გამოიყვანა ნეტარი პავლე საპყრობილისა მისგან და უბრძანა, რაჲთა ასწავებდეს სიტყუათა ცხორებისათა დაუცადებელად, ეგრჱთცა წმიდაჲ ესე რაჟამს იყო საპყრობილესა, წარავლინა იგი ქრისტემან, რომელი არს სიბრძნეჲ ღმრთისაჲ და ძალი, რაჲთა ქადაგოს ღმრთეებაჲ მისი ცხორებისათჳს კაცთაჲსა.
    19.     და იგი ქალაქთა შინა იყო, ხოლო ესე – უდაბნოთა, ვითარცა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა კაცთა მიმართ სინანულსა.
    20.     და ჰრწმენა უფალი და მაცხუვარი, და ორნივე იგი მღდელ იქმნეს, რაჲთა აღავსნენ ყოველნი დიდებითა ღმრთისაჲთა.


12

     1.     და არა დაშთეს უდაბნოჲ უნაყოფოდ მორწმუნეთაგან.
    2.     და ვითარცა-იგი იყვნეს ჟამსა მას კაცნი, რომელთა ეცნა უფალი და მაცხუვარი ქადაგებითა მით, და განჰყიდდეს ყოველი, რაჲცა აქუნდა, და სასყიდელსა დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა.
    3.     ეგრჱთვე აქა ყოველთა, რომელთა დაეტევნეს საქმენი ამის სოფლისანი ზრახებითა ამის ნეტარისაჲთა, მუაქუნდა საფასჱ მათი და მისცემდეს სულიერსა მას მამასა, რაჲთა განუყოს გლახაკთა.
    4.     ხოლო იგი განჰვლიდეს ზღუასა ამის სოფლისასა სულმცირედ განგებითა და სწავლითა მისითა სულიერითა.
    5.     ამისთჳს, რომელი ჰხადოდის დიდსა ამას მოციქულად, არა სცთეს და კუალად წინაჲსწარმეტყუელად, დაღაცათუ ჟამი იგი წინაწარმეტყუელებისაჲ არა იყო.
    6.     რამეთუ რჩული და წინაწარმეტყუელნი ვიდრე იოვანჱსამდე იყვნეს.
    7.     არამედ არავე ნაკლულევან იყო ამისცა მადლისაგან, რამეთუ გჳთხრა მან ღმრთისა მიერ სიკუდილი თჳსი, ვითარცა მოსე, რომელი-იგი შეუდგა ღმერთსა, ვითარცა წერილ არს, რაჟამს ჰრქუა მას: აღვედ მთად და შეეძინე მამათა შენთა.
    8.     ესრჱთვე წმიდასა მას აუწყა ქრისტემან მაცხუვარმან აღსასრული ცხორებისა მისისაჲ და ჭირი იგი, რომელი ყოფად იყო წმიდათა ეკლესიათა ზედა და ესე სადიდებელად წმიდისა მისთჳს ყო ღმერთმან, რამეთუ იტყჳს: ვადიდნე მადიდებელნი ჩემნი.
    9.     და კუალად რაჲთა აჩუენოს კადნიერებაჲ მისი წინაშე თჳსსა, დაღაცათუ ცხონდა იგი განგებით ცხორებისათჳს, რომელნი-იგი მოქცეულ იყვნეს მის მიერ უფლისა და მაცხოვრისა, რაჟამს-იგი და მცირედღა მომკუდარ იყო ორგზის სატანჯველთა მათგან.
    10.     და ამისა შემდგომად განაცოცხლა იგი, რომელმან განაცხოველნის მკუდარნი.
    11.     და არა იყო ღუაწლი მისი ამისა შემდგომად მთავართა მიმართ და ჴელმწიფებათა უღმრთოთა, არამედ იღუწიდა იგი მდევართა მიმართ მთავართა და ჴელმწიფეთა და სოფლისმპყრობელთა და სულთა მიმართ უკეთურთა განმწარებულთა, რომელნი წინა-აღუდგებიან და ჰბრძვენ ქრისტიანეთა.
    12.     და ჭეშმარიტად ეწოდების მას მოწამე, რამეთუ სულითა და ჴორცითა თჳსითა იტანჯა მტერთაგან ჭეშმარიტებისათჳს ხილულთა და უხილავთა და ორკერძოვე გჳრგჳნოსან იქმნა და, ვითარ ჯერ-არს, ფიცხლად მარხვისა ამისისათჳს თქუმად და სწავლად.
    13.     არამედ ვითარცა-იგი იყო პეტრე, თავი მოციქულთაჲ, და სტეფანე, თავი მოწამეთაჲ, ეგრჱთცა ესე იყო თავი ყოველთაჲ, რომელნი პალესტინეს მონაზონ ქმნულ იყვნეს.
    14.     და ესრჱთ აძოებდა კრავთა თჳსთა ადგილსა მწუანვილსა და ზრდიდა მათ წყალთა ზედა განსასუენებელთასა სულიერითა მით მოძღურებითა თჳსითა და მიცემითა თავისა თჳსისაჲთა სახედ ყოვლისა კეთილისა, ვიდრემდის მო-ცა-აქცევდა სულთა მათთა და მიიყვანებდა გზათა სიმართლისათა, ვითარცა წერილ არს: და გარდაცვალნა იგინი კრაობისა მისგან მწყემსად სხუათა და განსწავლნა იგინი მცნებათაებრ სახარებისათა.
    15.     ხოლო ყოველი, რომელი ქმნა ღმერთმან მის მიერ საკჳრველთა საქმჱ, მიუტეოთ იგი მხოლოსა ღმერთსა, რომლისა მიერ ცხონდებოდა კეთილითა სარწმუნოებითა და მისთჳს დაითმინა ჭირი ვიდრე სიკუდიდმდე კერპთმსახურთაგან უღმრთოთა.
    16.     ხოლო ჩუენ მცირედი ყოვლისაგან, რომელი გუესმა სათნოებათა მისთაჲ, ვითარცა უწყით, რომელ-იგი არა სმენილ იყო, რაჲთა არა დაავიწყდეს გარდასლვითა ჟამთაჲთა, რამეთუ წმიდანი იგი, რომელნი შემდგომად მისსა იყვნეს მრავლითა ჟამითა და განთქუმულ იყვნეს სათნოებითა მონაზონებისაჲთა.
    17.     რომელთამე მათგანთა საქმენი ღმრთისა დამაჯერებელნი აღიწერნეს ცხორებასავე მათსა ფარულად მოსწრაფეთა მიერ კაცთა, რომელთანიმე – შემდგომად სიკუდილისა.
    18.     ხოლო ვიდრე აჴსოვნედღა საქმენი მათნი სიხარულისა მისთჳს და არარაჲ დაშთა საქმეთა მათთაგანი.
    19.     ხოლო საქმენი ამის წმიდისანი არავინ აღწერნა მას ჟამსა, რამეთუ მონაზონნი ფრიად მცირედ იყვნეს მათ ჟამთა და ღმრთისმოყუარენი, და არა ხოლო თუ ესენი, არამედ ქრისტიანენიცა მცირედვე იყვნეს და მიმოდავლტოლილ დევნისა, მისგან.
    20.     არამედ მამანი იგი მათ მონასტერთანი, რომელნი-იგი წინა აღაშჱნნა, სამკჳდრებელად დაუტევებდეს, რომელნი შემდგომად მათსა იყვნეს, ჰამბავსა სათნოებათა მისთასა პირისპირ ვიდრე აქა ჟამადმდე.


13

     1.     ყოველი, რომელი ითქუა, დაჰმარხეს ჩუენდა მომართ, და უკუეთუ სხუაჲ რაჲმე საკჳრველი იქმნა ღმრთისა მიერ, ვითარცა არს, დავიწყებულ იქმნა სიგრძითა ჟამთაჲთა, რამეთუ ცხონდა იგი მრავალ ჟამ მონაზონებასა შინა.
    2.     და ესრე ვჰგონებ, ვითარმედ მსგავს არს იგი ნეტართა მათ ენოქს და მელქიზედეკს, რომელთა ღმერთი დააჯერეს: არა უმტრო აბრაჰამისსა და არცა მოსჱსსა.
    3.     და ესე წიგნისაგან გჳცნობიეს ამისთჳს.
    4.     ერთი იგი ჴორცითურთ მიიცვალა, და მეორემან ათეული მიიღო აბრაჰამისგან მამადმთავრისა, ვითარცა მღდელმან ღმრთისა მაღლისამან, და არა მუაჴსენა წიგნმან ესრჱთ მწულილად, ვითარ აბრაჰამ და მოსე, ესრჱთცა ესე.
    5.     დაღაცათუ ვერ მივსწუედით ყოველთა საკჳრველთა საქმეთა მისთა, რომელ ქმნნა მის მიერ მაცხუვარმან უმეცრებითა ჩუენითა, რამეთუ მრავალნი ჟამნი გარდასრულ იყვნეს.
    6.     არამედ ვითარ შეეტყუების, უფროჲს იყო ყოველთა, რომელნი იყვნეს შემდგომად მისა წმიდანი მამანი.
    7.     ვითარცა იყო თავ ყოველთა შემდგომად ელიაჲსსა და იოვანჱსა საკჳრველთა.
    8.     და აჩუენა განგებაჲ იგი მარტოდმყოფებისაჲ, და ესე მსგავსად ძალისა ჩემისა ვთქუ: ხოლო შენ, ხარიტონ, სახელტკბილო, რომელი გჳრგჳნოსან გყო სიბრძნემან მადლითა სათნოებისაჲთა, ვითარცა წერილ არს, გჳრგჳნი მადლისაჲ მოიღო თავსა შენსა.
    9.     ნუ დასცხრები ვედრებად ნათესავისათჳს ქრისტეანეთაჲსა და უფროჲსადღა, რომელნი ცხონდებიან მარტოდმყოფებითა, დაღაცათუ ვერ შენებრ, რამეთუ სიბოროტჱ მტერისაჲ და მახენი მისნი მრავალ არიან, და არა არს მისგან სივლტოლაჲ, რომელ განჰმზადა ჩუენ უდებთათჳს და ესრჱთცა საჴმარ არს ჩუენდა უფროჲსი შეწევნაჲ ჴელისაგან ქრისტჱსისა, რომელი შემძლებელ არს ყოვლისა და ღმერთ არს ყოველთა, და მისი არს დიდებაჲ და ძალი თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.