1. ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა იაკობისი, რომელი ებისკოპოს იქმნა ქალაქსა ნასიბინს
2. მოსჱ დიდმან წინაჲსწარმეტყუელმან, რომელმან განაპო ზღუაჲ მეწამული და განიყვანნა ჴმელსა ძენი ისრაჱლისანი
3. და აღმოუცენა წყალი უდაბნოსა ურწყულსა კლდისაგან ჴმელისა და განაძღო ბევრეული იგი ერი, და აღვიდა მთასა სინასა გარდამორთუმად მათა წიგნი შჯულისაჲ.
4. და ვიდრე გარდამოსლვადმდჱ მისა უღმრთო იქმნა ერი იგი.
5. და იქმნეს თავისა მათისა კერპი და თაყუანის-სცეს მას.
6. ამან წინაჲსწარმეტყუელმან ესე ყოველი არა თუ თავით თჳ[სით] რაჲმე ყო, არამედ ღმრთისა მოწყალები[თა],
7. რომელი-იგი მის ზედა გარდამოჴდა, მის მიერ შემძლებელ იყო ამას ყოველსა საქმედ.
8. და მე ვითარ შემძლებ[ელ] ვიქმნე აღებად პირისა ჩე[მისა] და აღძრვად ენისა ჩემისა სიტყუად, არამედ მინდობითა ძალსა (წმიდასა მას) და შეწევნითა მისითა აღვძრა ენაჲ ჩემი
9. და ვიტყოდი სათნოვებათა აბელისთა და ღმრთის-მოყუარებათა ენუქისთა და სიმართლესა ნოვესსა და სიწმიდით მღდელობასა მელქიზედეკისსა
10. და სარწმუნოვებასა აბრაჰამისსა და მოთმინებათა მისთა და სტუმართმოყუარებასა და შესაწირავთა მისთა მრავალთა და სათნოვებათა მისთა,
11. მოთმინებასა იობისსა მოწევნულთა მათთჳს მის ზედა, მადლობასა მისსა და სიყუარულსა მას მისსა უცხოთა მიმართ და გლახაკთა განურისხველობასა.
12. და კუალად მეგულების მე თხრობად ცხორებაჲ წმიდისაჲ ამის და სასწაულთა საქმენი წმიდისაჲ ამის კაცისაჲ და ვითხოვ შეწევნასა ღმრთისასა,
13. რაჲთა მომცეს მე ძალი აღწერად ჭეშმარიტებით და სიმართლით.
14. და მნებავს, რაჲთა იყოს ცხორებაჲ ესე ღირსსა და არზანიგსა ადგილსა, რაჲთა ყოველნი, რომელნი იკითხვიდენ მას, მოწრაფჱ იყვნენ მიმსგავსებად საქმეთა ამ[ის] წმიდისათა.
15. და აწ ლოცვითა მისითა ვითხოვ ღმრთისაგან წყალობასა და ვიწყებ მე თხრობად ცხორებასა მისსა.
16. ნასიბინი ქალაქი საზღვარსა ზედა არს სპარსეთისასა და ბერძენთასა.
17. და პირველ მისა ხარკსა წარიღებდეს მეფენი ბერძენთანი, რამეთუ მათსა ჴელმწიფებასა ქუეშჱ იყო.
18. იყო ქალაქსა ამას შინა კაცი ერთი მონაზონი, რომლისა სახელი – იაკობ.
19. და სიყრმითგან მისით აღეღო უღელი იგი მონაზონებისაჲ ქედსა ზედა მისსა.
20. და იყოფვოდა იგი განშოვრებულთა უდაბნოთა და თავსა ზედა მთათასა დაყუდებულ იყო.
21. და სიცხესა ზაფხულისა[სა] მზესა ქუეშე დასწუვიდა თავსა თჳსსა.
22. არა შევიდოდა იგი სართულსა ქუეშე საგრილად მზისათჳს, ხოლო ზამთრისა დღეთა იყოფვინ იგი ქუაბსა შინა ერთსა ფრიად იწროსა, რომელსა ვერ განემართებოდა.
23. და არცაღა იყო საზრდელი მისი იფქლისა და ქრთილისაგან, გინა რომლისაგანვე, რომელი იქმნების შრომითა ჴელთაჲთა.
24. არამედ მხლისაგან ველურისა უდაბნოჲსა იზარდებოდა და ნაყოფთაგან ხეთა ველურთაჲსა,
25. რომელთა ზედა კაცი არა შრომილ არნ, არცა მორწყულ არნ, ამათგან იყო ცხორებაჲ გუამისა მისისაჲ შემდგომად ღმრთისა.
26. და სამოსლად მისა იყო თმისაგან თხათაჲსა ქსოვილი და საბლარდნელად მისა იყო ფლასი ერთი მცირჱ.
27. და ფრიად შეაიწრებდა თავსა თჳსსა, დასცემდა და და[ა]მორჩილებდა გონებასა, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი ანგელოზებრ ქუეყანასა ზედა.
28. და ხილვაჲ მისი იყო სადიდებელად ღმრთისა, ვითარცა მოციქული იტყჳს, და ყოველსა ჟამსა იცვალებოდა დიდებითი დიდებად ხილვაჲ მისი.
29. და იყო იგი მხიარულ და სიტყუად მისა იყო დიდებაჲ ღმრთისაჲ.
30. და სიმშჳდითა გულ[ი]სა მისისაჲთა მოიგო დიდი კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, ვიდრემდის ყოველსა სათხოველსა,
31. რომელსა ითხოვდა ღმრთისაგან, მუნქუესვე მიეცემოდა მას დაუბრკოლებელად ყოველსა ჟამსა.
32. ევედრებოდა ლმობიერად ღმერთსა და ითხოვდა მას, რომელი ჯერ-არს ღმრთისაგან თხოვად, რომელ არს შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათაჲ,
33. წყალობაჲ და მადლობაჲ ღმრთისაჲ გარდამოსრულ იყო მის ზედა.
34. და ასწავებდა გზასა მას ჭეშმარიტებისასა და იგინი არა ერჩდეს სწავლასა მისსა.
35. მაშინ ჰბასრობედ მათ და ეკიცხევედ საქმისა მისთჳს, რომლითა ეშმაკსა განელიგვნეს გონებანი მათნი, დაუტევეს დამბადებელი და ჰმონებდეს დაბადებულთა.
36. მას ჟამსა აღეგზნა გულსა ამის წმიდისასა შური საღმრთოჲ, ვითარცა ელია წინაჲსწარმეტყუელისასა,
37. იხილნა რაჲ კაცნი წარწყმედასა შინა კერპთმსახურებისასა, ვითარცა ელია ისრაჱლნი.
38. გარდამოჴდა იგი მიერ მთით, სადა-იგი დამკჳდრებულ იყო, და წარემართა იგი სპარსეთა, რაჲთამცა მოიხილა ნერგი იგი ქ˜ჱანობისაჲ,
39. რაჲთა ულოცოს მათ და ასწავოს და განამტკიცნეს იგინი სარწმუნოვებასა ზედა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა
40. და რაჲთა არა შეიცვალნენ ჭეშმარიტებისაგან სიცრუვედ და წარწყმდენ იგინი საუკუნოდ.
41. და ვითარცა მიიწია იგი კარად ქალაქისა ერთისა, რომელსა ეწოდა ბეჲდა, რომელი იყო საზღვართა შინა სპარსეთისათა,
42. და იყო კარსა ზედა ამის ქალაქისასა წყაროჲ ერთი აღმომდინარჱ, რომლისაგან იყო ცხორებაჲ ქალაქისაჲ მის.
43. და მონაზონი ერთი თანა-წარჰვიდოდა კარსა მის ქალაქისასა.
44. და იხილა, ქალები მრავალი წყაროსა მას ზედა რცხიდეს სამოსელსა მათსა და ტკეპნიდეს იგინი ფერჴითა მათითა, აღმოხუეწიინი ურცხჳნოდ სამოსლითა მათითა.
45. და ვითარცა იხილეს მათ მონაზონი იგი, არა თუ თავნი და წჳვნი მათნი მოიბურნეს სამოსლითა ქალთა მათ,
46. არამედ იწყეს ჴმითა მაღლითა სიცილად და ჰბასრობდეს და ეკიცხევდეს მას.
47. არცა შეირცხჳნეს მისგან, ვითარცა მოხუცებულისა, და არცა შეიკდიმეს სქემისა მისგან პატიოსნისა, რომელი ემოსა წმიდასა ბერსა,
48. არამედ თუალითა ურცხჳნოჲთა ჰხედვიდეს და ჴმობდეს მის ზედა სიტყჳთა უშუერითა და საქიქელითა, ბილწად და უგუნურად ეცინოდეს მას.
49. მაშინ, ვითარცა იხილნა იგინი წმიდამან ბერმან ესევითარსა ურცხჳნოვებასა და სილირბესა შინა და ესმა მას, რომელსა იგინი ჴმობდეს მისა მიმართ, შეწუხნა იგი ფრიად მათთჳს.
50. და ენება, რაჲთა ძალითა ღმრთისაჲთა აჩუენოს მათ ზედა სასწაული, რაჲთა მოაქცინეს იგინი ამის ესევითარისაგან სიწბოჲსა და ურცხჳნოვებისა.
51. და დაწყევა წყაროჲ იგი და მუნქუესვე განჴმა.
52. და კუალად დასწერა ჯუარი ქალებსა მას და მუნქუესვე დაშავნა სისპეტაკჱ პირთა მათთაჲ და იქმნა, ვითარცა ყორნისა ნაკრტენი.
53. და განსპეტაკნა სიშავჱ თმათა მათთაჲ და იქმნა იგი სპეტაკ, ვითარცა თოვლი.
54. და იქმნნეს ხატნი მათნი, ვითარცა ფურცელი ლეღჳსაჲ, რაჟამს ეცის მყინვარი, და ესრეთ საზარელ და საშინელ იყო ხილვაჲ მათი.
55. მაშინ, ვითარცა იხილა ქალებმან მან პირები და თმაჲ ერთმან ერთისაჲ, ვითარ-იგი მყისა შინა საქიქელ იქმნნეს და რამეთუ განჴმა წყაროჲ იგი,
56. იწრაფეს და შევიდეს ქალაქად და აუწყეს მოქალაქეთა ყოველი ესე ყოფილი.
57. ხოლო იგინი შეკრბეს მყისა შინა და გამოვიდეს ძიებად მონოზნისა მის და სდევდეს მას მოწრაფებით.
58. და ეწინეს მას, რამეთუ თანა-წარსრულ იყვნეს იგინი ქალაქსა მას.
59. და ვითარცა ეწინეს მას, დაცჳვეს ყოველნი წინაშე საკჳრველისა ბერისა, თავყუანის-სცემდეს და ამბოვრს-უყოფდეს ფერჴთა მისთა,
60. რაჲთამცა ამით ვითარ დააცხრვეს გულის-წყრომაჲ მისი.
61. ხოლო ბერმან ვითარცა იხილნა იგინი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ ეგევითარითა ცრემლითა ტიროდეს წინაშე მისა და იტყოდეს: ჵ წმიდაო მამაო,
62. ცხორებაჲ ამის ქალაქისაჲ ამის წყაროჲსაგან არს, რომელსაცა ზედა დაშენებულ არს; და უკუეთუ ესე განჴმეს, ყოველი ესე სული მოისრვის წყურილითა და ქალაქი აღოჴრდეს.
63. არამედ შეიწყალჱ ურიცხჳ ესე კრებული და ნუმცა წარვწყმდებით უგუნურებითა ამათ ქალთაჲთა, რომელთა აქუს ნაყოფი კადნიერებისა მათისაჲ,
64. და ცოდვასა მათსა ნუ მოჰჴდი ერსა ამას, რომელთა არარაჲ შეგცოდეს.
65. მაშინ მოიქცა წმიდაჲ იგი მუნვე წყაროჲსა თავად და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად, ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და იტყოდა: უფალო, ნუ შეურაცხებ უგუნურებასა ამათსა,
66. არამედ შეუნდვე მათ და კუალად უბრძანე წყაროსა ამას, რაჲთა მდიდრად აღმოეცემოდის, ვითარცა პირველ და უფროჲს მისსა,
67. რაჲთა ჰრწმენეს მათ სახელი შენი წმიდაჲ და აღგიარონ შენ მხოლოჲ სახიერი ღმერთი.
68. და მუნქუესვე კუალად აღმოეცა წყაროჲ იგი პირველისა ფრიად უფროჲს, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.
69. და ვითარცა იხილეს მოქალაქეთა ესე სასწაული, ამბოვრს-უყოფდეს ტირილით ფერჴთა მისთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ქალებსაცა მას ულოცოს და კუალად ეგნენ.
70. ხოლო მოქალაქენი ესე ყოველნი გარდაექცინეს ეშმაკსა ქრისტეანობისაგა(ნ) წარმართობად.
71. და უბრძანა [მათ] ბერმან, რაჲთა დაუტევონ (შჯული) წარმართობისაჲ
72. და ჰმონებდენ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა და აღაშენნენ ეკლესიანი.
73. მაშინ სურვიელად შეიწყნარეს სწავლაჲ ბერისაჲ სასწაულთა მათთჳს, რომელნი იხილნეს მისგან, და ყოველნი იგი ვიდოდეს მის თანა და ეძიებდეს ადგილსა საეკლესიოდ.
74. და ვითარცა გამოიძიეს ადგილი, მუნქუესვე მრავლითა გულს-მოდგინებითა აღაშენეს ეკლესიაჲ და მოიქცეს ყოველნი სიხარულით ქრისტეანედვე.
75. გამოურჩინა და დაუდგინნა მათ ხუცესნი და დიაკონნი.
76. კუალად ევედრნეს იგინი ქალებისა მისთჳს განკურნებად და უბრძანა მათ, რაჲთა მოიყვანნენ მისა და შჯული დაუდვას მათ არღარა კადრებად ეგევითარსა ურცხჳნოვებასა,
77. რაჲთა სიმდაბლით ვიდოდიან, წიწვით და მორცხუედ იქცევოდიან, ვითარცა ჯერ-არს დედათა.
78. ხოლო იგინი არა მოვიდეს მისა სირცხჳლითა და დაუტევნა იგინი, ვითარცა იყვნეს, უმჯობესისათჳს სულთა მათთაჲსა და სიწმიდით ...
79. წინაშე მათსა, მეკარეთა ვერ იკადრიან დაყენებაჲ მისი.
80. ეგრეთვე წმიდასა ამას, ყოველი, რომელი უნდა ღმრთისაგან, მოსცემდა მას ღმერთი დაუპრკოლებელად.
81. ამისა შემდგომად განვიდოდა იგი კართა თანა ქალაქისა რომლისათამე და იხილნა კრებულად გლახაკნი მთხოველნი.
82. და ვითარცა იხილეს იგი შორით მომავალად, აღდგეს იგინი მყისა შინა და განსხირპეს ერთი მოყუასთა მათთაგანი ქუეყანასა ზედა
83. და დაბურეს იგი ზეწრითა მსგავსად მკუდრისა.
84. და ვითარცა მოიწია მათა, ევედრებოდეს მას, რაჲთა ლოცვაჲ მკუდრისაჲ აღასრულოს მის ზედა ბერმან და დაჰმარხონ იგი.
85. ხოლო წმიდამან შეიწყნარა ვედრებაჲ იგი მათი და დადგა აღმოსავალით და ევედრებოდა ღმერთსა,
86. რაჲთა შეუნდვნეს მას შეცოდებანი მისნი და შეჰრაცხოს იგი რიცხუსა წმიდათასა სასუფეველსა ცათასა.
87. და ვითარცა ევედრა ქრისტესა სულისა მისისათჳს, რომელი მკუდრად შეერაცხა და იყო იგი ცოცხალ,
88. შეიწირა ქრისტემან ლოცვაჲ იგი ბერისაჲ და სული იგი გამოიყვანა ჴორცთაგან და წარიყვანა იგი სასუფეველად, რომლისათჳს-ცა წმიდაჲ იგი ევედრებოდა;
89. აღუსრულა თხოვაჲ მისი და არა უგულებელს-ყო იგი, დაღაცათუ არა გამოსრულ იყო სული იგი ჴორცთაგან, ლოცვითა ბერისაჲთა გამოიყვანა იგი და ზეცად წარიყვანა.
90. ხოლო ვითარცა აღასრულა ბერმან ლოცვაჲ თჳსი მის ზედა, უბრძანა მათ დამარხვაჲ და თჳთ წარემართა გზასა თჳსსა.
91. და ვითარცა განეშოვრა მათგან, იწყეს მოყუასთა მის მკუდრისათა სიცილით და ბასრობით ჴმობად მისა, რაჲთა აღდგეს და წარვიდენ ერთობით გზასა თჳსსა.
92. და ვითარცა მრავალგზის უჴმეს და არა იყო სმენა, ჰგონებდეს, ვითარმედ მირულებულ არს.
93. და მივიდა ერთი მათგანი განღჳძებად მისა და ვითარცა აღჰჴადა ზეწარი პირსა მისსა, იხილა ფერი მიწისაჲ პირსა ზედა მისსა.
94. მყის დასდვა ჴელი საყნოსელთა მისთა და პოვა იგი, რამეთუ განცივებულ იყო და საშუმინველი დამცხრალ იყო ცხჳრთაგან მისთა.
95. და ვითარცა იხილა, რამეთუ ცხოველებაჲ განშორებულ იყო მისგან, მყის აუწყა მოყუასთა, ვითარმედ ესე მომკუდარ არს.
96. და ვითარცა ესმა ესე სხუათა მათ ყოველთა, მყის დევნა-უყვეს წმიდათა მათ, ეწინეს და დაცჳვეს წინაშე მისსა და ამბოვრს-უყოფდეს ჴელთა და ფერჴთა მისთა
97. და ტირილით ლმობიერად ევედრებოდეს მას, რაჲთა შეუნდოს მათ უგუნურებაჲ მათი, რომელი ყვეს მისა მიმართ სიცოფითა სიგლახაკისაჲთა.
98. და აუწყეს მას მოყუსისა მის მათისათჳს, ვითარ იგი ცოცხალი განესხირპა და აწ მკუდარი პოვეს და რაჲთა კუალად აგოს სული მისი მისავე.
99. ხოლო ბერსა, ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე მათგან და რამეთუ ტიროდეს წინაშე მისსა,
100. შეეწყალნეს იგინი და კუალად იქცა მათ თანავე და მივიდოდა და დადგა მკუდარსა მას ზედა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად და ევედრა ღმერთსა,
101. რაჲთა კუალად აგოს სული კაცისაჲ მის ჴორცთავე მისთა.
102. და სული იგი, რომელ ლოცვითა ბერისაჲთა განსრულ იყო კაცისა მისგან, ლოცვითავე მისითა კუალად ეგო გუამსავე მისსა.
103. და აღდგა მკუდარი იგი და იწყო გალობად მოყუასთა მისთა მრავლითა ტკივილითა და ეტყოდა: იხილენ უფალმან და საჯენ ჩემ შორის და თქუენ შორის,
104. რამეთუ გამომიყვანეთ მე სასუფევლისაგან ცათაჲსა, რომელსა ღირს-ქმნულ ვიყავ ლოცვითა ამის წმიდისაჲთა,
105. და კუალად მაქციეთ მე ქუეყანასავე ამას, სავსესა სიცრუვითა და ზაკუვითა, და დამაკლენით მე კეთილნი იგი საუკუნენი,
106. რომელთა ვერღარა მივემთხუევი უღირსებითა ჩემითა.
107. ესე სასწაული აღასრულა წმიდამან მან, ვითარცა ყო პეტრჱ მოციქულმან, რაჟამს-იგი უტყუვეს ანანია და საფირა, ცოლმან მისმან, და მყის მოაკუდინნა იგინი.
108. ეგრეთვე წმიდასა ამას, ვითარცა უტყუვეს უგუნურთა მათ, ღმერთმან ჭეშმარიტ-ყო ტყუვილი იგი მათი.
109. ხოლო პეტრეს სულმან წმიდამან აუწყა ტყუვილი იგი მათი და მეცნიერებით მოაკუდინნა იგინი, არამედ ბერმან ამან წმიდამან უმეცრებით ულოცა კაცსა მას, ვითარცა მკუდარსა,
110. რამეთუ მკუდარი ეგონა ჭეშმარიტად, ხოლო ქრისტემან არა უგულებელს-ყო ლოცვაჲ იგი მისი და მკუდარ ჭეშმარიტ ყო იგი.
111. ესე წერილი აღმოიკითხჱდ უგუნურად მბასრობელთა და დასცხერიდ უგუნურად ბასრობისაგან მათისა და შეინანედ!
112. ამიერითგან დაუტევოთ ჴსენებაჲ ამისი და მივიცვალოთ სხუათა სასწაულთა და სათნოვებათა მისთა.
113. და შემოკლებულად ვიტყოდით და არა განვაგრძოთ.
114. არიოს – თავი იგი განწვალებისაჲ და მამაჲ ტყუვილისაჲ და დამბადებელი გმობისაჲ,
115. რომელმან მხოლოსა ძესა ღმრთისასა და სულსა წმიდასა აზმნო გმობაჲ და აღლესა ენაჲ მისი, ვითარცა ჴრმალი განმკუეთელი,
116. და იწყო სიცბილითა ტყუვილისაჲთა განწვალებად სამებისა ერთარსებასა და აღავსო ყოველი ეგჳპტჱ შფოთითა და წვალებითა სწავლისა მისისა მაკუდინებელისაჲთა
117. და მრავალნი იზიარნა მისსა მას წარწყმედასა, ვიდრემდის განისმნეს გმობანი მისნი ყოველსა ქუეყანასა.
118. ესე იყო დღეთა კოსტანტინე მეფისა მორწმუნისათა, რომელი-იგი იყო გჳრგჳნოსანი გჳრგჳნითა სარწმუნოვებისაჲთა, რომელმან მოაქცია ტყუე იგი ერისაჲ მის ისრაჱლისაჲ,
119. რამეთუ შვილნი ტაძრისა ღმრთისანი მოისრვოდეს ყოველსა ადგილსა წარმართთაგან.
120. ვითარცა იხილა მეფემან ღმრთივ გჳრგჳნოსანმან შფოთი ესე და განპებაჲ შჯულისაჲ, რომელი აღადგინა არიოს ურჩულომან, ბრძანა მეფემან,
121. რაჲთა მწრაფლ შეკრბენ ყოველნი მღდელთმოძღუარნი, განმგებელნი ეკლესიათანი, ქალაქსა შინა ნიკეაჲსასა, რაჲთა განაგონ შფოთი იგი და წვალებაჲ.
122. და ვითარცა ეუწყა ესე წმიდასა იაკობს მონაზონსა, განემზადა იგიცა აღსლვად ნიკეად ებისკოპოსთა თანა,
123. რაჲთა განაცხადოს შჯული მართლისა სარწმუნოვებისაჲ, ვითარცა მჴედარმან რაჲ ახოვანმან ცხადად აჩუენის ღუაწლსა შინა ახოვნებაჲ თჳსი.
124. და რამეთუ ქალაქი ნასიბინი ბერძენთა ჴელმწიფებასა ქუეშჱ იყო, და ხარკსა ბერძენთა მეფენი წარიღებდეს.
125. და ვითარცა შეკრბა წმიდაჲ ესე კრებული ნიკეას, და წმიდაჲ იაკობ მონაზონიცა იყო მათ თანა, და მრავალი უკუე სიტყჳს-გებაჲ იყო შორის მათსა.
126. და კუალად არიოსს მცბიერსაცა თანა იყვნეს მრავალნი სხუანიცა,
127. რომელნი სიტყჳთა ტყუვილისაჲთა შეუდგეს მას და ყოვლად ბოროტის ნებასა მას მისსა მიდრკეს მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი.
128. ხოლო იგინი უკუე ვერ გამოაცხადებდეს ამას წინაშე კაცთა, გარნა მათ ხოლო, რომელნი მათა ზიარ-იყვნეს სიცბილსა მას.
129. და იყვნეს იგინი სავსე ყოვლითა ზაკუვითა და საცთურითა მით ეშმაკისაჲთა და ფარულად, ვითარცა გუელნი, კბენდეს ბრჭალსა კაცთასა;
130. არამედ ძალმან ღმრთისამან და წყალობამან მისმან, რომელი მარადის სცავს წმიდათა მისთა ეკლესიათა და ყოველთა მორწმუნეთა,
131. რომელნი ჰმონებენ მას ჭეშმარიტებით, არა უგულებელს-ყვნა შვილნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი.
132. და იყვნეს არიოსს მცბიერსა თანა შჳდნი წინამძღუარნი ბერნი ბოროტნი, რომელნი ტყუვილსა მისსა ტყუოდეს და ნებასა მისსა ეზიარნეს.
133. და იყვნეს სიტყჳთა კეთილ და გონებითა – ბოროტ, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ:
134. „ერი ესე ბაგითა მათითა მადიდებს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშოვრებულ არიან ჩემგან“.
135. და კუალად იტყჳს იერემია: „ჭეშმარიტად მახლობელ ხარ შენ პირსა მათსა და განშოვრებულ თირკუმელთაგან მათთა“.
136. ვითარცა იტყჳს წმიდაჲ დავით, ვითარმედ: „პირითა მათითა აკურთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს“.
137. და კუალად: „ლბილ იყვნეს სიტყუანი მათნი უფროჲს ზეთისა, და იგინი იყვნეს, ვითარცა ისრის პირნი“.
138. ესრევე იყვნეს მზაკუვარნი იგი და უკეთურნი, რომელნი ლმობიერად ევედრებოდეს წმიდასა ალექსანდ[რ]ეს პატრეაქსა ალექსანდრიაჲსასა,
139. რაჲთა შეიწყალოს არიოს და განჰჴსნეს იგი კრულებისაგან მისისა.
140. ხოლო წმიდასა ალექსანდრეს ეშინოდა უკეთურთა მათგან და უნდა განმარჯუებად საქმე მათი.
141. და რამეთუ სხუანიცა მრავალნი მოსრულ იყვნეს სიწრფოვებით შეწევნად მათა უმჯობესისა გონებისათჳს, და ჰრქუეს მათცა წმიდასა ალექსანდროსს:
142. ღმერთი ჩუენი წყალობის-მოყუარე არს და უხარის მას წყალობაჲ ცოდვილისაჲ.
143. მიუგო მათ წმიდამან ალექსანდრე: ჭეშმარიტსა გეტყჳ, შვილნო ჩემნო, ვითარმედ ფრიად გარდარეული ცოდვაჲ არს წყეულისა შეწყალებაჲ, არიოს მცბიერისაჲ.
144. მაშინ წმიდამან ებისკოპოსმან იაკობ ქალაქისა ნასიბინისამან, რომლისა ცხორებაჲ ესე მიგითხარ,
145. აზრახა წმიდასა კრებულსა, რაჲთა იმარხონ შჳდ დღე და ყოველთა ღამეთა უძილად, ლოცვით განათიონ და ესრეთ ევედრნენ ღმერთსა,
146. რაჲთა მსგავსად ნებისა მისისა ყოს სამწყსოჲსა თჳსისათჳს შვილთა ეკლესიისათა.
147. და ვითარცა ესმა ესე ყოველთა ებისკოპოსთა წმიდისა იაკობისგან, სიხარულით შეიწყნარეს ზრახვაჲ მისი და იმარხეს შჳდ დღჱ და შჳდგზის ღამჱ ათიეს.
148. და მჴურვალედ ევედრნეს ღმერთსა ნებისა მისისაებრ განგებად სამწყსოჲ თჳსი და უკუეთუ ღირს არს არიოზ შენდობისა მისმიერისა, გამოუცხადოს მათ.
149. და მოიწია მეშჳდჱ დღჱ კჳრიაკჱ, რომელსა შინა მოელოდეს სასწაულსა გამოცხადებად მათა არიოსის შენდობისათჳს და განჴსნისა.
150. და ვითარ იყო ჟამი შეწირვად მსხუერპლთა საიდუმლოჲ, ყოველსა კრებულსა აღეპყრნეს ჴელნი მათნი ღმრთისა მიმართ.
151. მას ჟამსა აჩუენა ღმერთმან სასწაული ძალითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა არიოზს უშჯულოსა ზედა,
152. რამეთუ მოუწოდეს მას წმიდამან კრებულმან, რაჲთა უკუეთუ ღირს იყოს იგი, თანა-დაიხუედრონ ჟამის წირვასა.
153. და ვითარცა აღდგა იგი საჯდომისაგან თჳსისა და შევიდა იგი გარე-განსავალად განსლვად ბუნებითსა მას თანანადებსა,
154. მას ოდენ ჟამსა ძალმან ღმრთისამან აჩუენა სასწაული ესევითარი მის ზედა ყოველი,
155. რაჲცა-რჱ იყო მუცელსა მისსა – ნაწლევნი და გულ-ღჳძლი ფირტჳთურთ – განკრბა განსავალსა მისსა
156. და დაეცა იგი ადგილსა მას მყრალსა, ვითარცა ღირს იყო,
157. და ბოროტად სულნი წარჰჴდეს რისხვითა ზეგარდამოჲთა და ლოცვითა წმიდისა მამისა ჩუენისა იაკობ ნასიბინელ ებისკოპოსისაჲთა,
158. რომელიცა შურითა საღმრთოჲთა აღიძრა მის ზედა, ვითარცა ფინეეზ მღდელი, რომელმან მოკლნა ორნი იგი, რომელნი ცოდვიდეს და მათ ძლით მოისრვოდა ერი იგი ღმრთისაჲ,
159. ხოლო მოკლვამან მათმან დააცხრვო რისხვაჲ ღმრთისაჲ და დაეყენა სიკუდილი, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა:
160. „დადგა ფინეეზ, იჴსნნა იგინი, დაეყენა სიკუდილი, შეერაცხა სიმართლედ თესლითი თესლამდჱ და მიუკუნისამდჱ“.
161. ესრეთვე ამან წმიდამან მოკლა უშჯულოჲ იგი და მცბიერი არიოზ წყეული საჭურველითა ღმრთისამიერითა,
162. რამეთუ ლოცვასა მისსა ღმრთისა მიმართ იქმნა ენაჲ მისი უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა.
163. და მით მოკლა ბილწი იგი და მცბიერი არიოს წყეული და იჴსნა სამწყსოჲ ქრისტესი წამლისა მისგან მისისა მაკუდინებელისა და წარმწყმედელისა,
164. ვითარცა წერილ არს: „მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს მან დიდებაჲ ღმრთისაჲ“.
165. შემდგომად სიკუდილისა არიოზ უღმრთოჲსა წმიდაჲ ესე კრებული განიბნია და წარვიდეს კაცად-კაცადი თჳსა ვანად სიხარულითა დიდითა.
166. და მოიქცა წმიდაჲ იაკობ საყდარსა თჳსსა ქალაქად ნასიბინდ, ვითარცა მჴედარი რაჲ ახოვანი,
167. რომელმან აუტნის მტერნი და მოელინ მოღებად გჳრგჳნსა მეფისაგან ღუაწლისა მისისათჳს.
168. და ყოველთა კაცთა, რაჟამს ესმოდა სახელი მისი, გზასა ზედა მოეგებვოდეს მას ქალაქებისაგან და ყოვლისა ქუეყანისა, რაჲთა იკურთხნენ მისგან.
169. და შემდგომად მცირედისა ჟამისა დიდმან მეფემან კოსტანტინე მორწმუნემან შეისუენა და ზეცისა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსან-იქმნა ნაცვალად ქუეყანისა.
170. და დაიმკჳდრეს მეფობაჲ მისი ძეთა მისთა შემდგომად მისა.
171. და ვითარცა ესმა საბურს, სპარსთა მეფესა, ვითარმედ მეფჱ კოსტანტინე გარდაიცვალა და ძეთა მისთა დაიპყრეს მეფობაჲ მისი, აღზუავნა გონებითა და განიმზადა გუნდი თჳსი,
172. რაჲთამცა ბრძოლა-უყო ბერძენთა და მძლავრობითმცა მოუხუნა საბრძანებელნი მათნი.
173. და მოადგენ იგი ქალაქსა ნასიბინს ერითა ურიცხჳთა, რამეთუ იყო იგი საზღვარი საბრძანებელისა მათისაჲ, და ვითარცა იხილა შეზღუდვილად ზღუდითა მტკიცითა,
174. უბრძანა ერსა თჳსსა, რაჲთა მოადგან გარემოჲს მისსა სხუაჲ ზღუდჱ უმაღლესი და აგოს მას ზედა ფილაკავანთა სიმრავლჱ სასროლად ქალაქისა.
175. და კუალად ქმნა ურმები მანქანებითა, რაჲთა ზღუდესა მიადგენ და მით გამოუღონ საფუძველი მისი.
176. და ვითარცა ესე ყოველი ქმნეს და ვერარაჲ ირგეს ამით, რამეთუ ლოცვაჲ წმიდისა იაკობისი სძლევდა ყოველთა სივერაგეთა მანქანებისა მათისათა,
177. და იხილა საბურ მეფემან, რამეთუ ამაო არს ყოველი ღონისძიებაჲ მათი,
178. მაშინ უბრძანა გუნდსა თჳსსა, რაჲთა დაყონ მდინარჱ იგი, რომელი შესდიოდა ქალაქსა და დააგუბონ იგი და მოუთხარონ გარემოჲს ზღუდეთა ქალაქისათა
179. და ოდეს აღმაღლდეს წყალი იგი, განუტევონ იგი მძაფრიად და მოადგეს ზღუდეთა მათთა და დაირღუენ,
180. რამეთუ უწყოდა უშჯულომან მან, ვითარმედ ზღუდენი მისნი ალიზისანი იყვნეს და თიჴაჲ ვერ დამდგრომელ არს წინაშე წყლისა.
181. და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ მეფემან საბურ: და დაგუბეს წყალი იგი და მერმჱ განუტევეს ერთბამად და მოადგა წყალი იგი ზღუდეთა მათ ქალაქისათა და მოიცვა იგი.
182. და ვერ შეუძლო თიჴამან წინა-აღდგომად წყლისა მის და დაალბო საძირკუელი ზღუდისაჲ მის და დაეცნეს ზღუდენი ქალაქისანი და დაირღუეს ყოვლით კერძოვე.
183. ვითარცა იხილეს ესე მკჳდრთა ქალაქისათა, რამეთუ დაეცნეს ზღუდენი მათნი, დაეცა მათ ზედა ზარი და შეიპყრნა იგინი შიშმან მიუთხრობელმან
184. და წარიწირეს სასოვებაჲ ცხორებისა მათისაჲ და ენება თავთა მათთაჲ მიცემად მეფისა სპარსთაჲსა მონებად მისა.
185. ხოლო წმიდაჲ იაკობ, მწყემსი იგი მათი ჭეშმარიტი, მინდობილ იყო ძალსა და სახიერებასა ღმრთისასა უფროჲს სიმტკიცესა ზღუდეთასა,
186. ნუგეშინის-სცემდა მათ და ეტყოდა: ნუ გეშინინ, შვილნო ჩემნო,
187. ნუცა შესძრწუნდებით, რამეთუ არა მისცემს ქალაქსა ამას ქრისტე ღმერთი ჩუენი ჴელთა მეფისა უშ[ჯ]ულოჲსათა, ნუ გეშინინ!
188. მაშინ, ვითარცა იხილა საბურ მეფემან სპარსთამან, რამეთუ დაეცნეს ზღუდენი ქალაქისანი, განიხარა მან სიხარულითა დიდითა
189. და უბრძანა გუნდსა თჳსსა, რაჲთა შევიდენ ყოვლით კერძო-ვე და დაიპყრან ქალაქი.
190. და ვითარცა აზმნეს მჴედართა შესლვად ქალაქად, ვერ შეუძლეს მათ თიჴისაგან და უყისა, რომელი აღდგომილ იყო წყლისა მისგან,
191. რამეთუ დაეფლვოდეს საჴედარნი მათნი და ერიცა ქუეთმავალი და მკჳრცხლი დაჰვიდოდა უყსა მას შინა.
192. და ვითარცა ვერ შემძლებელ იქმნნეს შესლვად მას დღესა შინა, უბრძანა, რაჲთა განეშორნენ მცირედ, ვიდრემდის განჴმეს საფლავი იგი უყისაჲ მის, და ესრეთ დაიპყრან ქალაქი იგი.
193. ვითარცა იხილეს ესე ყოველი მყოფთა ქალაქისათა, რაჲ-იგი იქმნა, აღიპყრნეს ჴელნი მათნი ცად
194. და ილოცვიდეს ღმრთისა მიმართ ლმობიერითა გულითა მწყემსისა მათისა თანა წმიდისა იაკობისა, რაჲთა იჴსნნეს იგინი ჭირისა მისგან.
195. და გამოვიდეს ყოველნი ერთბამად – მამანი და დედანი და ყრმანი – და იწყეს შჱნებად ზღუდისა შინაგან ნარღუევსა მას
196. და შეწევნითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა წმიდისა იაკობისითა აღაშენეს ზღუდე ქალაქისაჲ ყოვლით კერძოვე ღამესა ერთსა უმაღლესი და უმტკიცესი პირველისასა
197. და მოადგეს თავსა მისსა საბრძოლი კაცისთავოვანი და განმტკიცნეს გონებითა და ნუგეშინის-ცემულ იქმნნეს და ევედრნეს წმიდასა იაკობს, მწყემსსა მას მათსა სულიერსა,
198. რაჲთა აღჴდეს ზღუდესა მას და წყევოს გუნდი იგი სპარსთაჲ.
199. და ვითარცა აღვიდა იგი სიმაღლესა მას ზღუდისასა, რაჲთამცა დაწყევნა იგინი, და მიხედა სიმრავლესა მას ურიცხჳსა ერისასა, რომელსა შეეცვა ქალაქი იგი.
200. შეეწყალნეს იგინი და მოეჴსენა სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, ვითარმედ: „აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ნუ სწყევთ“, და დაეყენა წყევისაგან ერისა მის.
201. არამედ ესე ხოლო ილოცა, რაჲთა მოუვლინოს მათ ღმერთმან ზილი და ბზიკი ფესანგი,
202. რაჲთა ამით განიბნინენ იგინი მიერ ადგილით, რაჲთა წარვიდენ მიერ და არავინ მათგანი მოისრას.
203. და ისმინა ღმერთმან ლოცვისა მისისაჲ, ვითარცა მოსე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, და მყისა შინა მოუჴდა მათ გუემაჲ ესე ღმრთისამიერი ლოცვითა წმიდისა იაკობისითა.
204. და გამოჴდა ქუეყანით მათ ზედა ზილი კაცთა ზედა და ბზიკი საჴედართა ზედა მათთა და მწრაფლ განაბნინა იგინი,
205. რამეთუ იყო მათ თანა პილოვებიცა მრავალი საბრძოლელად და მათ ზედაცა იყო ბზიკი იგი, ვიდრემდის ვერ დამდგომ იქმნნეს იგინი წინაშე ბზიკისა და ზილისა.
206. და ვითარცა განიბნია ლაშქარი იგი პირსა ზედა თჳსსა, იხილა საბორ მეფემან სპარსთამან, რამეთუ ზღუდენი ქალაქისანი აღშენებულ იყვნეს უმაღლეს და უმტკიცეს პირველისა
207. და გუნდი მისი მოუძლურებულ არს ბრძოლად და განბნეულ და ყოველი სიმარჯუე მათი ამაო-ქმნულ არს, ზარი განჰჴდა მას და შეეშინა.
208. მიჰხედა ზღუდესა და იხილა წმიდაჲ იაკობ ებისკოპოსი, ვიდოდა რაჲ ზღუდეთა ზედა.
209. და ემოსა მას ძაძისა იგი სამოსელი და კუნკული ედგა თავსა მისსა.
210. და ვითარცა იხილა საბურ მეფემან, ეგონა, ვითარმედ მეფჱ ბერძენთაჲ მოსრულ არს,
211. რამეთუ ღმრთისა განგებითა გამოუჩნდა თუალთა მისთა ძაძისა იგი სამოსელი პურფირად მეფისა და წმიდაჲ იგი კუნკული – გჳრგჳნად.
212. და ჰრქუა განმზრახთა და საკუთართა თჳსთა, რომელთა ეზრახა მისდა მოსლვაჲ და ბრძოლაჲ ქალაქსა ნასიბინს, ვითარმედ ბერძენთა მეფჱ მომკუდარ არს:
213. „რაჲსათჳს შემიტყუვეთ მე, ჵ ბოროტნო განმზრახნო, და მეტყოდეთ მეფისა აქა არა ყოფასა და ამით ეძიებდით სიკუდილსა ჩემსა?
214. არა აჰა ესერა მე ვხედავა თუალითა ჩემითა მეფესა ბერძენთასა ზღუდეთა ზედა მავალსა და გჳრგჳნი თავსა ზედა მისსა?
215. და ერი ჩუენი განიბნია და ჩუენ ვითარ განვერნეთ სიკუდილისაგან?
216. ხოლო მე ვიდრე გამოსლვად მათამდჱ ქალაქით და მოსრვად ჩუენდა შური ვიძიო ტყუვილისა თქუენისათჳს ჩემდა მომართ!“
217. და უბრძანა მჴედარათა, რაჲთა თავები დაშჭრან ყოველთა განმზრახთა და მოგუთა და მისანთა მისთა. და ყვეს ეგრე.
218. ხოლო იგი მუნქუესვე აღიყარა მრავლითა შიშითა და მიიქცა ქუეყანად თჳსა და ზოგი აბჯრისა მათისაჲ და ჭურჭრისაჲ და კარვები დაუტევეს შიშისაგან.
219. ესევითარი სასწაული ქმნა ღმერთმან წმიდისა იაკობის მიერ, ვითარცა ყო ეზეკია.
220. და არა უმცირეს არს ესე ეზეკიაჲსსა მას, არამედ უფროჲს და უმეტეს, რამეთუ განწირულ იქმნნეს მოქალაქენი იგი, რაჟამს ზღუდენი მათნი დაეცნეს,
221. არამედ ლოცვითა წმიდისა იაკობისითა იოტნეს მტერნი იგი.
222. ხოლო მე ფრიად დამიკჳრდების სიმშვიდე კაცისაჲ მის ღმრთისაჲ, ვითარ-იგი არა სწყევა მტერთა მათ,
223. რაჲთამცა გარდამოჴდა ცეცხლი და დაწუნა იგინი, ვითარცა-იგი უყო ელია წინაჲსწარმეტყუელმან სამთა მათ ერგასისთა,
224. ვითარ დაწუნა იგინი ცეცხლითა ზეგარდამო და რამეთუ არცა უბრძანა ქუეყანასა, რაჲთა განაღოს პირი თჳსი და დანთქნეს იგინი,
225. ვითარცა მოსჱ წინაჲსწარმეტყუელმან დაანთქნა დათან და აბირონ, რომელნი უჴდებოდეს მოსეს“.
226. არამედ მოიჴსენა მან სიტყუაჲ იგი მჴსნელისა ჩუენისაჲ, რომელი ჰრქუა მოწაფეთა – იაკობს და იოვანეს, ძეთა ზებედესთა, რაჟამს-იგი განჴადნეს სამარიტელთა მათ:
227. „უფალო, ვთქუათ, რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს და აჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო“:
228. არამედ ისმინეთ, ვითარ-იგი ჰრქუა მათ უფალმან, ვითარმედ: „არა უწყით, თუ რომლისა სულისანი ხართ“.
229. და წმიდამანცა ამან არარაჲ ითხოვა ღმრთისაგან, რომლითამცა სიკუდილსა და წარწყმედასა შესთხინა იგინი,
230. არამედ – მწერი ესე და მცენარჱ უძლური, რომლისა მიერ განიოტნა მტერნი იგი მშჳდობით ქუეყანით მისით და არავინ მათგანი მოწყდა.
231. ესევითარი კადნიერებაჲ მოეპოვა ნეტარსა მას იაკობს ღმრთისა თანა ფრიადითა მით მოღუაწებითა მისითა,
232. ვიდრემდის ყოველსა ნებასა გულისა მისისასა აღუსრულებდა დაუყდუნებელად.
233. და ამისსა შემდგომად დაუტევა მან საწუთროჲ ესე სოფელი და მივიდა იგი წინაშე ღმრთისა საუკუნეთა მათ განსასუენებელთა,
234. რომელნი განმზადებულ არიან მოღუაწეთათჳს და რომელთა შეიყუარეს ღმერთი ყოვლითა გულითა მათითა და სულითა მათითა.
235. და მუნ დაემკჳდრა სასუფეველსა ცათასა.
236. ხოლო ამისა შემდგომად კუალად უკუე განძლიერდეს სპარსნი ბერძენთა ზედა და წარიღეს მათ ქალაქი ნასიბინი.
237. ხოლო მკჳდრნი ქალაქისანი განისხნეს მიერ ადგილით და თანა-წარიღეს მათ გუამი წმიდისა იაკობისი ებისკოპოსისაჲ
238. და იტყოდა მორწმუნე იგი ერი: „არა ვიყვნეთ ჩუენ ჴელმწიფებასა ქუეშე წარმართთასა“ და მიიწინეს ბერძენთა მეფისა.
239. და მისცა მათ მეფემან ქალაქი სამკჳდრებელად.
240. და აღაშენეს ეკლესიაჲ ფრიად შუენიერი და მბრწყინვალჱ და დადვეს მას შინა გუამი წმიდისა იაკობ ებისკოპოსისაჲ.
241. და მეოხებითა და ლოცვითა მისითა მომეცინ ჩუენ უფალმან ყოველთა მორწმუნეთა ქრისტეანეთა მადლი მისი,
242. რომლითა შეუძლოთ დიდებად სახელსა წმიდისა სამებისასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.