1
1. ცხორებაჲ (ნეტარისა) იოდასაფისი, ძისა აბე(ნეს) ჰინდოთა მეფისაჲ, რომელი (მოაქ)ცია ნეტარმან მამამან ბალაჰვარ მოძღუარმან
2. გუაკურთხენ, მამაო!
3. იყო ვინმე მეფე ერთი ქუეყანასა ჰინდოეთისასა, ადგილსა, რომელსა ჰრქჳან ბოლაიტი, და სახელი მეფისა[ჲ] მის აბენეს.
4. და იყო იგი წარმართი ფრიად და დიდი სამეუფოჲ[თა] და აურაცხელ სიმრავლითა ერისაჲთა, ზარ (და საში)ნელ ყოველთა ზედა კაცთა, მძლე მტერთა მიმართ;
5. ლაღ, ამპარტავან და შუენიერ ხილვითა;
6. ღრმა სიბრძნითა და განგე(ბუ)ლებითა, მდევარ (სიტყუათა)...
7. (მოძ)ულე ქრისტეს მსახურთაჲ, სახელი მისი აბენეს.
8. (იყო იგი) შეყოფილი გონებითა ნე[ბათა] და საშუებელთა ამის სოფლისათა და დამონებულ ნებასა თავისა თჳსისასა, და ყოვლადვე ვერ წინააღმდგომელ შუებათა მიმართ განმხრწნელთა სულისათა.
9. არარას გულმან უთქუა სოფელსა შინა, რომელიმცა არა მოეცა, გარნა ამას ხოლო ჴუებულ იყო, რამეთუ არა ესუა მას წული შვილი.
2
1. 2. ხოლო მორწმუნენი ქრისტესნი და მონაზონნი კაცნი წმიდანი განმრავლდეს ქუეყანასა მისსა და რომელთამე მათგანთა ყოვლადვე დაეტევა ზრუნვა[ჲ] ამის სოფლისაჲ.
2. და ესენი ფრიად განკჳრვებულ იყუნეს მეფისათჳს, თუ ვითარ ეგოდენ მისცა თავი ნებასა თჳსსა და დაამონა იგი ქებათა ამ...თა.
3. და იწყეს ძაგებად საწუთროსა და ყოველთა საქმეთა მისთა.
4. (წარ)მოიტყოდეს დაფარულთა ვნებათა და საცთურთა და სიბოროტეთა აღსასრულისა მის(ისა)თა და ვითარმედ, ადრე წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ.
5. და მიიწია სიტყუაჲ მათი აბენესე მეფისა და ფრიად დამძიმდა ესე მის ზედა, რამეთუ ესრე თქუა გულსა შინა თჳსსა, ვითარმედ: წინააღდგომაჲ ესე ამათი მიზეზ რაჲსამე ექმნას საქმეთა მისთა დაჴსნისათჳს სუფევისა მისისა და განსარყუნელად განგებისა მისისა.
6. მაშინ აღიძრა იგი გულის წყრომითა ყოველთა ზედა ქრისტეანეთა და იწყო ძჳრის ჩუენებად კაცთა მათ ღმრთისათა და ყოველთა მიმართ, რომელნი ერჩდეს სიტყუათა მათთა.
7. მაშინ თანაშეწევნითა ეშმაკი[საჲთა] განიზრახვიდა ბოროტსა მათთჳს.
8. [და] დაამძიმა ჴელი მისი მათ ზედა, ვიდრემდის განმარტა ჴელი მისი მათ ზედა გუემითა და ტანჯვითა, და აკუეთნა მათ კაცნი უგუნურნი.
9. და იწყო მოყვანებად კერპთ მსახურთა პატივითა დიდითა, და ადიდნა კერპნი მათნი და თაყუანის-სცა წინაშე მათსა;
10. და უზორა და ეზიარებოდა დღესასწაულთა მათთა.
11. და ჴელი შეყვეს ყოველთა უგუნურთა და უმეცართა კერპთ მსახურებასა მეფისა თანა.
12. მაშინ განძლიერდა საცთური იგი კერპთ-მსახურებისაჲ, და დიდი ჭირი და იწროებაჲ მოიწია ყოველთა ეკლესიათა და კაცთა ზედა მორწმუნეთა, და ვერვინ დაითმინა, გარნა სრულთა ხოლო და ჭეშმარიტთა ქრისტეს აღმსაარებელთა.
3
1. 3. [დ]ა შემდგომად ამისა იკითხა მეფემან კაცი ერთი ახოვანთა მისთაგან(ი), რომელი ფრიად დიდებულ იყო და წარ[მატე]ბულ წინაშე მისსა ახოვნებისა და სიბრძნისა მისისათჳს.
2. ხოლო კაცსა მას დაეტევა საწუთროჲ ესე და შეუდგა სრულიად ქრისტესა, და იქცეოდა უდაბნოს სხუათა თანა ყოველთა მამათა.
3. და მეფესა არა ეცნა საქმე ესე.
4. მაშინ უთხრეს მეფესა საქმე მის[ი], და ფრიად შეწუხნა მისთჳს, და ბრძანა მოყვანებაჲ მისი.
5. და ვითარცა მოიყვანეს იგი და იხილა იგი ხატითა მონაზონთაჲთა და სამოსლითა შეურაცხითა, მსგავსად კაცთა მათ ღმრთისათა.
6. აღივსო გულის წყრომითა და იწყო გინებად მისა რისხვით, და ჰრქუა მას: ჵ უგუნურო, შენ იყავ პატივცემულ და წარჩინებულ წინაშე ჩემსა და აწ გიყოფიეს თავი შენი უგუნურთა თანა ს(აც)ინელ, და დაამჴჳ დიდებაჲ შენი, რომელი გაქუნდა წინაშე ჩემსა,
7. და წარსწყმიდე დიდებაჲ შენი, და იქმენ საკიცხელ და დასაქიქელ ერსა შორის, და შეუდეგ შენ გზასა მას უგუნურთა და წარწყმედულთასა.
8. და მერმე რაჲ-იგი შეამთხჳე სახლსა და შვილთა შენთა?!
9. მიუგო კაცმან მან ღმრთისამან და ჰრქუა: დაღაცათუ არაჲ ძეს სამართალი ჩემი წინაშე შენსა, თანა-გაც პატივი თავისა შენისაჲ და დაცვაჲ გონებისა მაგის შენისაჲ მტერთაგან მისთა.
10. ჰრქუა მას მეფემან: და ვინ არს მტერ გონებისა ჩემისა?
11. ჰრქუა მას კაცმან მან: მტერ გონებისა შენისა არს გულის წყრომაჲ შენი, რომელი აღსძრავს და შეაშფოთებს მას და წინააღუდგების კეთილთა მიმართ.
12. [ა]წ ისმინე სიტყუაჲ ჩემი და შემდგომად ცნობისა აღასრულე, რაჲ-იგი გნებავს.
13. ჰრქუა მას მეფემან: აჰა ესერა აღვიღებ რისხვასა ჩემსა შენგან;
14. აწ მითხარ, თუ გაქუს რაჲ განმართლებაჲ თავისა შენისაჲ?
15. ჰრქუა მას კაცმან: აწ მიბრძანე, მეფე, რომლისა საქმისათჳს აღიძრვი ჩემ ზედა, თავსა ჩემსა რაჲმე შევსცოდეა ანუ შენ მეფესა?
16. ჰრქუა მას მეფემან: არა უწყია, უკუეთუ შესცოდო თავსა შენსა, ჩემდა მომართ სცოდავ?
17. რამეთუ მე თანა-მაც განგებაჲ ცთომილთაჲ სამართალითა ჩემითა, სარჩელითა და სწავლითა ჩემითა და რაჲთა შევიწყნარო ყოველი [სი]მართლე ერისა ჩემისაჲ და დავსაჯო თანამდები ბრალისაჲ მათ შორის;
18. და უკუეთუ გან-რაჲმე-ჰრყუნა თავისა შენისაჲ, რომელსა არაჲ მოაქცევდეს, თჳნიერ შჯაჲ ჩემი, არა უწყია, ვითარმედ შრომასა შემამთხუევ მას შინა?
19. და აწ შენ ესრეთ ხარ ჩემ თანა, ვითარცა სხუანი ერისა ჩემისანი, რამეთუ, უკუეთუ ვინმე ბოროტი რაჲმე გიყოს, თანა-მაც, რაჲთა გისაჯო მისგან;
20. და ეგრეთვე შენ, უკუეთუ სხუასა ვისმე უყო, თანა-მაც, რაჲთა გისაჯო თავისა შენისაგან და უსაჯო თავსა ჩემსა შენგან და მერმე სახლსა შენსა და შვილთა შენთა, რამეთუ წარსწყმიდენ.
21. ჰრქუა მას წმიდამან კაცმან: თავი სამართლისაჲ არს მიზეზი რაჲმე სიტ[ყ]ჳს გებისაჲ ურთიერთას, და არავინ მოიღის სიტყუაჲ საშჯელისაჲ თჳნიერ განმართლებისა ცხადად, და არა აქუს ძლევაჲ საშჯელსა შინა თჳნიერ მსაჯულისა;
22. არამედ, მეფე, შენ თანა ორნი მსაჯულნი არიან, ერთი მათგანი სარწმუნო არს ჩემ თანა, ხოლო ერთი იგი საეჭუელ არს.
23. აწ უკუეთუ დასუა ჩუენ შორის, რომელი-იგი სარწმუნო არს, სამართალი საჯოს, ხოლო უკუეთუ დასუა, რომელი-იგი საეჭუელ არს ჩემ თანა, არა მერგოს მის თანა სიმართლე ჩემი.
24. ჰრქუა მეფემან: და ვინ არიან ორნი იგი მსაჯულნი, ანუ ვინ არს მათგანი სარწმუნოჲ ანუ საეჭუელი?
25. მიუგო კაცმან მან და ჰრქუა: სარწმუნო არს ჩემ თანა სიბრძნე და გონებაჲ შენი, ხოლო საეჭუელ ჩემდა არს გულის წყრომაჲ და ნებაჲ შენი.
26. ჰრქუა მას მეფემან: აჰა ესერა აღვიღებ შენგან გულის წყრომასა და ნებასა ჩემსა, და შემოვიღო შორის შენსა და ჩემსა სიბრძნე და სამართალი ჩემი, დაღაცათუ ჩანს გონება-წარწყმედულებაჲ შენი, აწ მითხარ ყოველი საქმე შენი და ვინ გაცთუნა.
27. ჰრქუა კაცმან მან ქრისტეს მოყუარემან: დასაბამი საქმისა ჩემისაჲ ესე იყო, რამეთუ მესმა სიტყუაჲ ერთი დღეთა ოდენ სიჭაბუკისა ჩემისათა და ჩასწუთა ნაწუეთი მისი ჩემ თანა, და ყოვლადვე ჴსენებაჲ მისი მაქუნდა გულსა შინა ჩემსა, რასაცა ვიქმოდე,
28. და აღორძნდებოდა დღითი-დღე, ვითარცა ნერგი რაჲ აღორძნდებინ, ვიდრემდის განსრულდა ნერგი იგი და ესევითარი ნაყოფი გამოიღო, რომელსა-ესე ჰხედავ ჩემ თანა.
29. ხოლო სიტყუაჲ, რომელი მესმა, ესე არს: ჰგონებნ უგუნური არსსა მას არა-არსად და არა-არსსა მას – არსად, რომელმან ვერ გულისჴმა-ყოს არსი იგი, ვერ თანა-წარჰჴდეს არა-არსსა მას.
30. ხოლო არსი იგი მერმე იგი სოფელი არს და არა-არსი – სოფელი ესე, რომლითა შენ შეპყრობილ ხარ.
31. და სიტყუაჲ ესე ყოვლადვე მეჴსენა გულსა შინა ჩემსა, ჟამითი-ჟამად განვიხილევდი მას.
32. და ვითარ-იგი ამხილებნ, სულსა ჩემსა განაკრძალებდა, და განწმდებოდა გონებაჲ შემწედ სულისა.
33. და მერმე აღმიდგის ნებაჲ მიდრეკად შუებათა მიმართ და განმაშორებნ ჩემგან, რომელი-იგი მიცნობიედ, ვიდრემდის შეითქუნეს სული და გონებაჲ.
34. მაშინ განქარდა საცთური ვნებათაჲ და დავინახე სოფელი ესე, ვითარ-იგი ყოვლით კერძო ცეცხლ არს.
35. და მიჩუენნა მე ყოველნი საცთურნი და საბრჴენი მისნი, რომლითა მოინადირნეს ყოველნი მოყუარენი მისნი.
36. მაშინ დავაყენე ნებაჲ ჩემი და აღმოვჰფხურენ მიზეზნი გულის თქუმისანი და მოვაცალე გონებასა ჩემსა ცნობად კეთილისა და ბოროტისა.
37. მაშინ აღმეძარცუა საბურველი მწუხარებისაჲ და მომქარდა სიმთრვალე გულის თქუმისაჲ, და გამოჩნდა სარცხჳნელი საწუთროჲსაჲ, და განვიცდიდი მომავალსა და განვიხილევდი წარმავალსა, და გამო(ვ)სცდიდი აღსასრულსა, ვიდრემდის კმა-ვყავ მეცნიერებაჲ ჩემი მას შინა.
38. დაღაცათუ მე არა განვიცდიდი, იგი გამომეცხადებინ, და მე არა ვჰკითხვიდი და იგი მითხრობნ ვნებათა მისთა, რომელნი ჰქონან არა მტერთათჳს, არამედ მოყუარეთა და მეგობართა მისთა მისთა მიმართ.
39. და მაშინ დავინახე, რამეთუ სიწმიდე მისი სიმრღჳე არს, და სიხარული მისი მწუხარებად, და სიმდიდრე მისი სიგლახაკედ, და სიმაღლე მისი სიმდაბლედ და შუებაჲ მისი სინანულ.
40. არავინაჲ ვპოვე სიმდიდრისაგან მისისა, თუმცა არა ჰქონდა მის თანა მიზეზი ურვისაჲ, რამეთუ ვერ განეგებოდა სიმდიდრე იგი, გარნა ურვითა მით, რომელი შეუდგს, ვითარცა გლახაკმან ვინმე პოვა ცხენი.
41. აწ ჰხედავა, ვითარ შეხოლო-უდგს ურვაი?
42. რამეთუ უჴმს მისთჳს საჭმელი და საჴმარი მისი და ადგილიცა და მსგავსნი მათნი.
43. და აწ ოდესმე დაილინენ გულის თქუმანი ესე, რომელ ერთი-ერთსა შე-ხოლო-უდგს?
44. და ვითარ არა მწუხარება არს და ტკივილ სოფელი ესე, რამეთუ არავინ არს, რომელმანცა განიხარა მათ შინა შვილთაგან, გინა თუ მონაგებთა, უკუეთუმცა არა ეწინეს.
45. ხოლო მიზეზნი ტკივილისა და გულის კლებისანი – მოლოდებითა მით მოწევნადთა ბოროტთაჲთა, გინა შემთხუევითა სენთაჲთა, გინა მოწევნითა ვნებათაჲთა, გინა თუ მოსლვითა სიკუდილისაჲთა თჳთ მის თავადისა ზედა.
46. მაშინ სიტკბოებაჲ იგი ვნებათაჲ განუმწარდის.
47. აწ უკუე შუებათა მათ მსწრაფლ შე-ხოლო-უდგს მწუხარებაჲ, თჳნიერ ღონისა განშორებაჲ.
48. მათგან ჩანს, რამეთუ ყოვლადვე არა ჯერ-არს შერევად სოფელსა ამას და უფროჲსღა მათ, რომელთა უცნობიან საცთურნი მისნი.
49. და უმეტეს ჯერ-არს მათდა მოძულებად და სივლტოლად მისგან, რომელთა მისცა თავი თჳსი უხუებით სოფელმან ამან, რამეთუ მოელიან დღითი-დღე და ჟამითი-ჟამად დაკლებასა ჟამთა დაკლებისაგან, და ეშინის მონაგებთათჳს, გინა თუ წარტაცებისათჳს სიკუდილისა, ოდეს-იგი არა მოელოდის.
50. მაშინ არღარა ნეფსით დაუტეოს სოფელი, რომლისაგან იგი შეპყრობილ იყო.
51. აწ ვსძაგებ, მეფე, შენდამი სოფელსა ამას და განგაკრძალებ მისგან, რამეთუ მოუღის, რომელი მისცის, და შეინანის, რომელი მიანიჭის, და მერმე ტჳრთ-მძიმე განუტევის;
52. ცოდვითა განსძარცჳს, რომელი შეუმოსიედ, ვიდრემდის განაშიშულის სარცხჳნელიცა მისი და შეჰმოსის მას სირცხჳლი და ყუედრებაჲ;
53. დაამდაბლის, რომელი აღამაღლის, ვიდრემდის ფერჴის საცემელ ყვის მტერთა მისთა.
54. მაცთური არს მორჩილთა მისთაჲ, მოძულე მოყუარეთა მისთაჲ, მცბიერ ერთგულთა მისთაჲ, დაამჴჳს, ვინ მიეყრდნის, და წარუკუეთის სასოებაჲ მოსავთა მისთა, განუმწარის სიხარული მოხარულთაჲ და ვერვინ განერის მშჳდობით, რომელი ჰყუარობდის მას.
55. რამეთუ დადვის სიტყუაჲ მისი და შეიკუეთნის უგუნურნი.
56. მათ აღუსრულიან, ხოლო მან უტყუვის.
57. დღეს განუმზადის ჭამადი ნოვაგთ-მოყუარესა და ხვალე შესაჭმელად მატლთა მისცის იგი.
58. დღეს ჰმსახურებდიან მას და ხვალე დაამსახურის იგი სხუათა.
59. დღეს ახარის მოშურნეთა მტერთა მიმართ და ხვალე ახარის მტერთა მის ზედა.
60. დღეს მეფედ გამოაჩინის და ხვალე დაამონის იგი სხუასა თანა.
61. დღეს განჰმარტის ჴელი მისი მიცემად და ხვალე განჰმარტის ჴელი მისი თხოვად.
62. დღეს დაადგის გჳრგჳნი შემკობილი ქვათაგან პატიოსანთა თავსა მისსა და ხვალე დაუცის ღაწჳ მისი სამარესა შინა.
63. დღეს შეამკვის მანიაკითა ქედი მისი და ხვალე ჴელ-ბორკილითა რკინისაჲთა დაამდაბლის იგი.
64. დღეს საყუარელ არნ იგი მეგობართა და ხვალე საძულელ მათდა.
65. დღეს აღუდგინნის მაქებელნი შესხმით და ხვალე აღუდგინნის მგურინავნი ტყებით.
66. დღეს საყუარელ არნ მახლობელობაჲ მისი და ხვალე საწადელ არნ განშორებაჲ მისი, და ამისა შემდგომად დაუმკჳდრის გეჰენიაჲ იგი გარესკნელი და ცეცხლი.
67. არცა სტირნ წარმავალთა, არცა სწყალობს დარჩომილთა.
68. ყოველი სთნავს ნაცვალად ყოვლისა და უპყრიეს დარჩომილი ნაცვალად წარსრულისა, დასხნის უკეთურნი ადგილსა სახიერთასა და ჩუკენნი ადგილსა ახოვანთასა, და ურწმუნონი ადგილსა მორწმუნეთასა.
69. და ყოველნივე შეკრიბნა გზასა დალევნისასა, ვიდრე მოღებადმდე საწადელისა მათისა, რამეთუ საწუთროჲსანი ამისთჳს მჴდომ არიან ურთიერთარს და შეიჭამებიან და იკბინებიან ვითარცა ძაღლნი, რამეთუ იციან სიმოკლე და იწროებაჲ დროჲსაჲ და ვითარმედ მსწრაფლ წარმავალ არს მათგან.
70. ამისთჳს ერთიერთსა უსწრობს და მოყუასი მოყუასსა ჰმძლავრობს, რაჲთა მო-რაჲმე-იტაცოს, ვიდრე განსლვამდე მისა.
71. ამისთჳს გარდარეული ჴდომაჲ და შური აქუს.
72. ხოლო (საუკ)უნოჲსანი [იგი] ცნ(ო)ბილ არიან მის მიერ, რომელმანცა-იგი იჩინნა, რამეთუ აქუს სასოებაჲ წარუვალობისაჲ, მერმ[ეთა] მათ კეთილთაჲ, რომელთა მიემთხუევიან წმიდანი.
73. ამისთჳსცა არა აქუს ჴდომაჲ და შური ურთიერთას და არცაღა გონებასა მოუვალს, რამეთუ მრავალ[ნი] სავანესა მას სურვიელ არიან, რომელი აღუთქუა მხოლოდ-შობილმან ძემან ღმრთისამან მამისა მიერ თჳსისა, რომელ არს ცათა შინა.
74. და ესე არიან ძმანი და მოყუასნი ჩემნი, რომელთა შევეყავ და შევიწყნარე.
75. ხოლო რომელთა ვჰგონებდი მოყუარედ და ძმად, იგინი უმტერეს არიან ყოველთა მტერთა ჩემთა.
76. ამისთჳსცა განვეშორე მათგან და მოვიძიე მშჳდობაჲ და მივსდევდი მას.
77. ესე არს ხატი სოფლისა ამის არა-ა(რს)ისაჲ, ხოლო უკუეთუ გნებავს ხატი საუკუნოჲსაჲ მის, მე მიგცე იგი, ვითარცა მოვიღე, არამედ ვერვის ჴელ-ეწიფების გულისჴმის-ყოფად ნიჭთა მათ ქრისტესთა წარუვალთა, უკუეთუ ვისმე არა აქუნდეს ფლობაჲ ნებასა და გონებასა თჳსსა ზედა.
78. მიუგო მეფემან და ჰრქუა მას: წარწ[ყ]მედულო, ვერ დაინახე და ვერცა რაჲ მოიპოვე, გარნა წარწყმედაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ აღილესე ენაჲ შენი გარდაქცევად ერისა,
79. და უკუეთუმცა არა დამედვა აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა, აღებასავე სიტყჳსა შენისასა, მი-მცა-ვსცენ ჴორცნი შ~ნი დასაწუველად.
80. და აწ აღდეგ და ივლტოდე ამიერ სამეფოჲსაგან ჩემისა.
81. და წარვიდა კაცი იგი მუნვე, უდაბნოსა გარე წმიდათა მამათა თანა.
82. მაშინ აღიძრა მეფე ყოველთა ზედა ქრისტეანეთა და უმეტეს მონაზონთა ზედა მეუდაბნოეთა, რამეთუ თქუა: ესე არიან მავნებელნი და წინააღმდგომნი ნებისა ჩემისანი შუებათა და განცხრომათა მიმართ.
83. და შესძინა ამის გამო დევნულებაჲ ყოველთა ქრისტეანეთაჲ და უმატა დიდებასა კერპთასა, და წარჩინებულ ყვნა მსახურნი მათნი.
4
1. 4. და ვიდრე-იგი ცთომასა მას შინა იყო მეფე იგი, ესუა მას ყრმაჲ წული, რომელ არა შობილ იყო ყრმაჲ ეგევითარი შუენიერი მათ ჟამთა შინა.
2. და აღივსო მეფე იგი სიხარულითა დიდითა და უწოდა სახელი მისი იოდასაფ, და თქუა: ესე მიყვეს კერპთა ჩემთა, რამეთუ ვადიდენ იგინი.
3. და წარჰმატა შუება წარწყმედულებასა მისსა, და შეკრიბა სიმრავლე ვარსკულავთ მრაცხუველთაჲ, რაჲთა იხილოს საქმე ყრმისაჲ მის.
4. ხოლო მათ ყოველთა თქუეს ერთბამად, ვითარმედ: მიიწევის ყრმაჲ ესე დიდებასა მეფობისასა, რომელ არავინ მიწევნულ არს ეგევითარსა მეფობასა და სიმაღლესა ქუეყანასა ჰინდოეთისასა.
5. ხოლო იყო კაცი ერთი მათ შორის უფრო სარწმუნოჲ ყოვლითა მეცნიერებითა.
6. ამან თქუა: მე ესრე ვჰგონებ, ვითარმედ დიდებაჲ ესე, რომელსა მიემთხუევის ყრმაჲ ესე, არა არს ამის სოფლისა დიდებაჲ, არამედ ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ დიდი წინამძღუარი იყოს გზასა მას ჭეშმარიტებისასა.
7. და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე მეფესა, აღივსო მწუხარებითა და ზოგად განეყო სიხარული იგი მისი.
8. და მერმე ბრძანა აღშენებად ქალაქი თჳსაგან ყრმისა მისთჳს.
9. და იყო ყრმაჲ იგი მუნ შინა.
10. და მიავლინნა რომელნი-იგი სარწმუნო იყვნეს მის თანა მსახურებად ყრმისა მისთჳს და ფუფუნებად (და ვითარ აღიზარდა ყრმაჲ იგი ჰასაკითა და ცნობითა, მერმე ბრძანა განყენებაჲ კაცთაჲ მისგან).
11. და ამცნო მსახურთა, რაჲთა არა წარმოიღონ წინაშე მისი ჴსენებაჲ სიკუდილისაჲ და სალმობისაჲ, არცა საუკუნოჲსაჲ, და არცა სიმართლისაჲ და არცა ცოდვისაჲ, და არცა სიბერისაჲ და არცა სიჭაბუკისაჲ, და არცა სიგლახაკისაჲ და არცა სიმდიდრისაჲ,
12. და რაჲთა ყოველსა, რომელსა სალმობაჲ რაჲმე შეემთხჳოს მათგანსა, განიყვანონ მიერ, რაჲთა არა იხილოს ყრმამან მან.
13. ესე ამისთჳს ყო მეფემან, რაჲთა არა ხილვაჲ ამისი მიზეზ რაჲსამე ექმნეს გამოძიებისა და მის გამო შჯულისაცა მკითხველ იქმნეს ქრისტეანეთაჲსა.
5
1. 5. და მერმე ბრძანა განსხმაჲ ყოველთა ქრისტეანეთაჲ, მღდელთა და ყოველთა მორწმუნეთაჲ სამეუფოჲსაგან თჳსისა.
2. და ქადაგი წარავლინა და ჴმობდა იგი ძლიერად: ამას იტყჳს აბენეს მეფე: უკუეთუ ვინმე ვპოო თქუენგანი შემდგომად სამისა დღისა, დასაწუველად მივსცნე იგინი.
3. და არღარავინ დარჩა ქრისტეანეთაგანი ქუეყანასა მას, ვიდრემდის ჴსენებაჲცა მათი ასწყჳდა.
4. და ესუა მეფესა მას კაცი ერთი თანამზრახვალი.
5. და ფრიად სარწმუნო იყო წინაშე მისსა და წარჩინებულ.
6. და იყო კაცი იგი სახიერ და კეთილის მყოფელ და საყუარელ ყოველთა შორის კაცთა, არამედ მეგობარნი ვინმე მეფისანი ეშურებოდეს მას და მძიმე უჩნდა უაღრესობაჲ იგი მისი მათგან, და ეძიებდეს მისთჳს ჟამსა მარჯუესა, რაჲთამცა შთააგდეს იგი ბოროტსა.
7. და განვიდა ოდესმე მეფე მოხილვად გარეშე ქალაქსა და (იყო) მზრახვალიცა იგი მისი მის თანა, და მიიწია ადგილსა რომელსამე.
8. და იხილა თანამზრახვალმან მან კაცი ერთი მდებარე ხესა ქუეშე, რომლისა თანა იყო ვნებაჲ ფერჴსა და ვერ ეძლო აღდგომად.
9. და ჰკითხა სეფე-კაცმან მან საქმე მისი.
10. ხოლო მან ჰრქუა მას: მჴეცისაგან შემემთხჳა ესე, არამედ წარყვანება შენ თანა, ჰპოო ჩემ თანა სარგებელი, უფალსა თუ უნდეს!
11. ჰრქუა კაცმან მან სამეუფომან: მე ვყო ესე, დაღაცათუ არა ვპოო შენ თანა სარგებელი, არამედ მითხარ, რაჲ არს შენ თანა სარგებელი იგი, რომელსა შენ იტყჳ?
12. ჰრქუა ვნებულმან მან: მე კაცი ვარ სიტყჳსა მკერვალი.
13. ჰრქუა მას სეფე-კაცმან მან: ვითარ შეჰკერავ სიტყუათა?
14. ჰრქუა ვნებულმან მან: უკუეთუ იყოს სიტყუათა შინა წყლულებაჲ, შევკერო, რაჲთა არა მოიწიოს მის მიერ ვნებაჲ.
15. ხ~ სეფე-კაცმან მან არად შეჰრაცხა სიტყუაჲ იგი, არამედ ბრძანა [წარყვა]ნებაჲ მისი მოღუაწებისათჳს.
16. ხოლო მეგობართა მათ მეფისათა დაუგეს საბრჴე სეფე-კაცსა მას და ჰრქუეს მეფესა: არა უწყია, მეფე, ვითარმედ საყუარელსა ამას შენსა ჰნებავს დაპყრობად მეფობაჲ შენი და რაჲთა დაიმკჳდროს საყდარი სუფევისა შენისაჲ, რამეთუ დაუცხრომელად გარდააქცევს ერსა?
17. აწ უკუეთუ გნებავს, რაჲთა უწყოდი ჭეშმარიტად, არქუ მას, ვითარმედ: აჰა ესერა დაუტეობ სოფელსა, რამეთუ ცრუ არს, და მნებავს შერთვად მონათა მათ ღმრთისათა, რომელნი განვაბნიენ.
18. მაშინ იცნა სიტყუაჲ ჩუენი გამოცდასა მას შინა, და ვითარ გაზრახოს საქმე, რომლითა სცნა ორგულებაჲ მისი.
19. რამეთუ კაცთა მათ იცოდეს სეფეკაცისაჲ მის გულ-ჩჳლობაჲ ეგევითართათჳს სიტყუათა საუკუნოჲსა ცხორებისათჳს, და ამით ესევითარითა ჰგონებდეს წარწყმედასა მისსა მტერობით.
20. ჰრქუა მათ მეფემან: უ[კუეთუ არა ვ]პოო ესე მსგავსად სიტყჳსა [თქუენისა], არღარა განვიკითხო იგი.
21. და მოუწოდა მეფემან საყუარელსა მას მისსა და გამოსცდიდა მას და ჰრქუა: შენ უწყი, ვითარ შეყოფილ არს გონებაჲ ჩემი სოფელსა ამას და ვითარ აღვასრულენ დღენი ჩემნი,
22. და აწ ვჰხედავ, ვითარ ცუდად დავშურები და მეშინის, ნუუკუე მოიწიოს აღსასრული და ცარიელი ვპოო ყოვლისა მისგან.
23. აწ მნებავს, რაჲთა ვიღუაწო საუკუნოჲსა მისთჳს ძლიერად, ვითარცა ესე მოღუაწე ვარ სოფელსა ამას შინა, არამედ არარაჲ არს სხუაჲ ჩემდა, გარნა შერთვად მონათა მათ ქრისტესთა, რომელთა-იგი მრავალი ჭირი შევამთხჳე.
24. აწ რასა იტყჳ, ერთგულო თანამზრახვალო ჩემო?
25. და ვითარცა ესმნეს კაცსა მას სიტყუანი იგი მეფისანი, აღიძრა სურვილითა ქრისტესითა სიტყუათა მათ ზედა და ცრემლოოდა.
26. და ჰრქუა მას: ცხონდინ მეფე, ცხონდინ უკუნისამდე!
27. დაღაცათუ წარუვალი იგი ძნიად შესაპყრობელ არს, არამედ ჯერ-არს ძიებაჲ მისი, და წარმავალი ესე, დაღაცათუ რაჲმე ტკბილ არს, არამედ უმჯობეს არს დატევებაჲ მისი, რამეთუ არს და ვითარცა არა არს, და რომელთა უხარის, ვითარცა არა უხარის,
28. და რომელნი იშუებენ, ვითარცა არა იშუებენ, და რომელთა შჭირს, ვითარცა არარაჲ შჭირს, რამეთუ ერთი იგი წარმავალსა შინა მოკლე და წარუვალსა შინა არაჲ, ხოლო ჭირი იგი ღმრთისათჳს მოკლესა შინა მოკლე და სრულსა მას შინა საუკუნო.
29. აწ წარჰმართე გულის სიტყუაჲ ეგე შენი, რამეთუ კეთილ არს, რაჲთა წარმავალისა ამის დატევებითა წარუვალი იგი სუფევაჲ მოიყიდო.
30. და დამძიმდეს სიტყუანი ესე წინაშე მეფისა და აღივსო მანკიერებითა მისთჳს, არამედ არაჲ გამოუცხადა მას.
31. მაშინ კაცმან მან გულისჴმა-ყო, ვითარმედ საცთური დაგებულ არს მისთჳს, რაჟამს იხილა ცვალებულად ფერი პირისა მისისაი.
32. და მიიქცა სახედ თჳსა დიდითა მწუხარებითა და არაჲ უწყოდა, თუ ვინაჲ არს საცთური ესე, რომელ შთავარდა, ანუ ვინ განკურნოს გონებაჲ მეფისაჲ მისთჳს.
33. და დაადგრა უძილად ღამესა მას.
34. და მოეჴსენა კაცი იგი სიტყუათა მკერავი.
35. მოუწოდა და ჰრქუა მას: შენ მეტყოდე ოდესმე, ვითარმედ: განვჰკურნებ სიტყუვათა წყლულთა.
36. ჰრქუა მას კაცმან: და არსცა ეგრეთ, ნუუკუე გიჴმსა რაჲა აწ?
37. ხოლო მან ჰრქუა მას: ესეოდენთა ჟამთა ვჰმსახურებდ მეფესა ამას და არასადა ვიხილე მკსინვარებაჲ მისი ჩემდამო, რამეთუ ერთგულებით ვიდოდე მის წინაშე.
38. ხოლო დღეს მძიმედ ვიხილე იგი ჩემდამო და ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ არა მაქუს მშჳდობაჲ მის თანა.
39. ჰრქუა მას ვნებულმან მან: და რაჲ მიზეზი იყო შორის შენსა და მისსა?
40. ხოლო მან ჰრქუა: არარაჲ უწყი, თჳნიერ სიტყუაჲ ერთი მრქუა მე და მე ვაუწყე უმჯობესი, და მე ვჰგონებ, ვითარმედ ცდით გამომცადა მე სიტყჳთა მით.
41. და უთხრა ყოველი იგი სიტყჳს გებაჲ, რომელი ყოფილ იყო შორის მათსა.
42. ჰრქუა მას ვნებულმან მან: აწ უკუე ამის გამო წყლულ არიანა სიტყუანი შენნი?!
43. ხოლო მე განვკურნნე შეწევნითა ღმრთისა მაღლისაჲთა.
44. ესე უწყოდე, რამეთუ ბოროტი იჭჳ აქუს მეფესა შენდამი და ჰგონებს, ვითარმედ ეძიებ დაპყრობად მეფობასა მისსა, და ზაკუვით აზრახეს მას სიტყუაჲ ეგე.
45. აწ აღდეგ ხვალე და და(იყჳნე თა)ვი შენი და განიძარცუე სამოსელი შენი და შეიმოსე ძაძაჲ და მივედ მეფისა.
46. და უკუეთუ გკითხოს მეფემან, თუ რაჲ არს ესე, არქუ მას: რომლისათჳსცა შენ მიწოდე, აჰა ესერა მე განმზადებულ ვარ, დაღაცათუ სიკუდილი უადვილეს არს კაცსა ზედა ფუფუნეულსა, ვიდრეღა თავს-დებად ცხორებაჲ ესე, არამედ არა მნებავს თჳნიერ შენსა ცხორებაჲ.
47. რამეთუ მიზიარე კეთილთა მათ სამეუფოთა, მეცა თანა-მაც, რაჲთა გეზიარო ჭირთა შინა ამის სოფლისათა, და ვითარცა ვინუკვე შენ მიერ, აწ ვიტანჯო შენ თანა, რაჲთა შენ თანაცა ღირს ვიქმნე სასურველსა.
48. აწ აღდეგ, მეფე, რამეთუ კეთილსა გულმან გითქუა.
49. და ყო კაცმან მან, ვითარცა ასწავა ვნებულმან მან.
50. და აღმოვიდა იჭჳ იგი გულისაგან მეფისა მისთჳს.
51. და განბოროტნა მონათა მათ ზედა ღმრთისათა და აღივსო გულის წყრომითა და შურითა.
6
1. 6. და დღესა ერთსა განვიდოდა მეფე მოვლად გარემო ქალაქისა და იხილნა ორნი კაცნი, გამომავალნი ქალაქით, ქრისტეანეთაგანნი.
2. მოუწოდა და ჰრქუა: ვინაჲ კადნიერ იქმნენით არა განსლვად ქუეყანით ჩემით, ანუ არა გესმა[ა], ვითარ ჴმობდა ქადაგი იგი ჩემი თქუენდა მიმართ?
3. ჰრქუეს მას: აჰა ესერა განსლვასა ზედა ვიპოენით ქუეყანით შენით.
4. ჰრქუა მათ მეფემან: და რამან დაგაყენნა აქამომდე?
5. ჰრქუეს მათ: უპოარებამან საგზლისამან, რამეთუ დიდ არს ჩუენ ზედა გზაჲ ესე.
6. ჰრქუა მათ მეფემან: ვის ეშინინ სიკუდილისაგან, იგი არღარა დროებნ საგზლისათჳს.
7. ჰრქუეს წმიდათა მათ კაცთა: უკუეთუმცა გუეშინოდა შენგან, შე-მცა-გუესწრაფა განსლვაჲ, რ~ სიკუდილი არა საძნაუ[რ] არს ჩუენ თანა, არამედ საწადელ არს, რომლისა მიერ განსუენებასა მოველით ურვათაგან ამის სოფლისათა.
8. ხოლო შიში, რომელი აქუს მოყუარეთა ამის სოფლისათა, რომელთა გამოირჩიეს იგი საუკუნესა მას ზედა ცხორებასა, იგი არა შიშ არს ჩუენდა, არცა სიხარული მათი სიხარულ არს ჩუენდა.
9. მიუგო მეფემან და ჰრქუა მათ: ვითარ იტყჳთ ამას?
10. და თქუენ სთქუთ, ვითარმედ ბრძანებისა ჩემისაგან განხუალთ ქუეყანით ჩემით, ამას არა შიშისათჳს სიკუდილისა ჰზამთა?
11. ჰრქუეს მოწამეთა მათ ქრისტესთა: ჩუენ არა შიშისათჳს სიკუდილისა ვივლტით, არამედ, რაჲთა არა შემწე გექმნეთ ბოროტის-ყოფასა ჩუენ ზედა და მიზეზ გექმნეთ უღმრთოებასა შენსა, რომელი გეგულების მოწევნად ჩუენ ზედა, ხოლო შიში შენი არაოდეს მოსრულ არს გულსა ჩუენსა.
12. მაშინ აღივსო მეფე იგი გულის წყრომითა დიდითა და ბრძანა დაწუვაჲ მათი ცეცხლითა.
13. და სრულ იქმნა წამებაჲ მათი ქრისტესთჳს, ჭეშმარიტისა ღმრთისა, და ბრძანებაჲ დაიდვა შორის ყოველსა ერსა, რაჲთა, ვისცა მოჰხუდეს ქრისტეანეთაგანი, მოკლან.
14. მაშინ აღიძრნეს ყოველნი კერპთ მსახურნი და განძლიერდებოდეს საქმენი მათნი ბოროტნი, და იწყეს მიახლებად მეფისა სიკუდილითა და ბოროტის-ყოფითა მათითა.
15. და განამრავლეს ქუეყანასა მას მოწყუედაჲ ყოველთა ქრისტეანეთაჲ, და მრავალნი მღდელნი და უდაბნოს მყოფნი მონაზონნი დაწუნეს ცეცხლითა.
16. და მიერითგან დაიდვა წესად ქუეყანასა ჰინდოეთისასა დაწუვაჲ ცეცხლითა მკუდართა მათთაჲ წარმართთა შორის.
17. და არღარავინ დარჩა სუფევასა მისსა ქუეშე ერთიცა მორწმუნეთაგანი, რომელიმცა საცნაურ იყო ქრისტეანედ, გარნა რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი აღსაარებისათჳს სამებისა წმიდისა და სასოებისათჳს აღთქუმისა მის უტყუველისა,
18. რაჲთა ღირს იქმნენ მადლსა მარტჳლობისასა ქრისტესთჳს, [მა]ლვით ნაპრალთა შინა ქუეყანისათა იყვნეს.
19. და (ი)ყვნეს მრავალნი, რომელთა აქუნდა სარწმუნოებაჲ იესუ ქრისტესი ფარულად და ვერ შეუძლებდეს გამოცხადებად, ვითარცა-იგი სხუანი მოწამენი და აღმსაარებელნი სამებისანი.
20. და ესე ბოროტის ჩუენებანი მრავალნი და სატანჯველნი ფრიადნი აღასრულნეს მონათა მათ ზედა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა ჭეშმარიტთა.
7
1. 7. ხოლო ძე იგი მეფისაჲ აღიზარდა კეთილითა სიჭაბუკითა სისრულესა შინა ჰასაკისასა.
2. და იყო შუენიერ ხილვითა, და აქუნდა მას გონებაჲ მტკიცე და სრული.
3. და იღუწიდა მამაჲ მისი, რაჲთა არა აკლდეს წურთილებაჲ სიბრძნისაჲ და სწავლულებისაჲ, რომელი ჯერ-არნ მეფეთათჳს.
4. არამედ ესე ხოლო, რაჲთა არარაჲ უთხრან ამის საწუთროჲსა ამაოებაჲ და არცა სიკუდილისა შემთხუევაჲ და აღსასრულისა ქონებაჲ ცხორებასა კაცთასა.
5. და ესე ამისთჳს ქმნა, რამეთუ ჰგონებდა მეფე, ნუუკუე მიზეზექმნეს ყრმასა მას სა(უკუნოჲსა) გზისა ძიებისათჳს და რჩულისა საქმეთა გამოკითხვისათჳს.
6. ხოლო ყრმაჲ იგი ფრიად მიმღებელ იყო სიბრძნისა და გონება-შემწყნარებელ სწავლულებისა და გამომეძიებელ ყოველთა სიტყუათა გონიერებისათა, რომელ არასადა ყოფილ იყო ნათესავსა მას შორის ეგევითარი.
7. ხოლო მეფე იგი განკჳრვებულ იყო საქმეთა მის ყრმისათა და არაჲ იცოდა, თუ რაჲ ჯერ-არს მისთჳს: სიხარული მეცნიერებასა და სისრულესა მას მისსა, ანუ ურვაჲ და მწუხარებაჲ სიტყჳსა მისთჳს ვარსკულავთ მრაცხუველთაჲსა, რომელი თქუეს შობასა მისსა.
8. ხოლო ყრმამან მან გულისჴმა-ყო იჭჳთ შეწყუდევაჲ მისი ქალაქსა მას შინა, და ვითარ არავის შეუტეობდა მამაჲ მისი მის ზედა და არცა ვიდრე მას ფლობა-სცემდა განსლვად.
9. და გულს ეტყოდა ამის ჯერისათჳს.
10. და მერმე მოიქცა და თქუა: მამაჲ ჩემი უფროჲს არს ჩემსა და ყოველივე იცის, რაჲ ჯერ-არს ჩემდა და მე არა მიღირს, რაჲთამცა იჭჳ მაქუნდა მისა მიმართ უმჯობესისა ჩემისათჳს.
11. და იყო ესრეთ, ვიდრემდის შეიძინა სისრულესა სიბრძნისა მისისასა, და თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღაცათუ მამმ~აჲ არს ჩემი, არამედ არავე უჯერო არს, თუ მეცა ვიხილო თავისა ჩემისათჳს უმჯობესი,
12. რამეთუ თჳთ ჰასაკი მაქუს და არარას უმეტესობასა ვჰხედავ მათ თანა, არამედ მიღირს-ვე, არარაჲთა უმჯობეს[ს]ა თავისა ჩემისასა მათგან ველოდი, და არა თჳთ გამოვიძიო, რაჲ-იგი ჯერ-არს, ვითარცა ყოველი კაცი ჰყოფს.
13. ხოლო მამაჲ მისი ფრიად ჰყოფდა ნებასა მისსა და არა განამრავლებდა მისლვასა მი[ს]სა ყოველსა ჟამსა.
14. და დაიდვა ყრმამან მან გონებასა თჳსსა ამის ჯერისათჳს, რაჲთა ჰკითხოს მამასა თჳსსა.
15. და მერ(მე თქუა): არა არს შეწყუდეულებაჲ ჩემი, გარნა მამისა ჩემისა მიერ;
16. თუ ვჰკითხო, არა მითხრას ჭეშმარიტი, და შფოთსაცა შევაგდო გონებაჲ მისი გამოძიებითა ჩემითა, არამედ სხჳთ ვიღუაწო ზედა-მიწევნად საქმისა ამისთჳს.
17. და იყო მსახურთა შორის მის ყრმისათა კაცი ერთი, რომლისაჲ უმეტესი სიყუარული აქუნდა ყრმასა მას უმეტესისა ნუკევისა მისისათჳს, და მის მიერ ჰგონებდა ცნობასა საქმისა მისისასა.
18. და იწყო მისა მიმართ განმრავლებაჲ სიყუარულისაჲ და პატივის-ცემისაჲ, და წინა-უყოფდა ყოველთა კეთილთა და შემდგომთაცა უქადებდა.
19. და დაიჯერა ესე მზარდულმან მან, და იცოდა სიმართლე ენისა მისისაჲ.
20. (და ვითარცა) ცნა ყრმამან მან, ვითარმედ უპოვნია ადგილი კაცისა მის თანა, და ჰკითხა იდუმალ და ჰრქუა: გკითხავ შენ საქმესა ერთსა;
21. უკუეთუ მითხრა იგი ჭეშმარიტად, უწყი, ვითარმედ მეგობარი ჩემი ხარ და საყუარელი უმეტეს ყოველთა კაცთა, და შენცა სადგური ჰპოო ჩემ თანა;
22. ხოლო უკუეთუ დამიმალო, დასასრული ჰყო სიყუარულისა ჩემისაჲ და განწყუედაჲ იმედისა შენისაჲ დღეს და შემდგომადცა ჟამთა, რომელ მოველი მეფობასა მამისა ჩემისასა.
23. ხოლო მზარდული იგი გულ-პყრობილ იყო მისა მიმართ სიმართლისა მისისათჳს და დამალვისა სიტყუათა მისთათჳს, თუ რაჲმე უთხრას, და ჰრქუა მას: მკითხე რაჲცა გნებავს, რამეთუ არაჲ დაგიფაროს სულმან ჩემმან.
24. ჰრქუა მას ყრმამან მან: მითხარ მე, რაჲ არს საქმე ჩემი და მამისა ჩემისა, რომელ ესრეთ შეუწყუდევივარ (ესრეთ)სა ადგილსა და გაუყენებივარ კაცთაგან და კაცნი ჩემგან?
25. მიუგო მზარდულმან მან და ჰრქუა: მე გითხრა საქმე ესე და ზედა-მიგაწიო ჭეშმარიტად, რამეთუ ვარსკულავთ მრაცხუველთა არწმუნეს საქმე ესე მამასა შენსა ამის ჯერისათჳს, რაჟამს მოსრნა მამამან შენმან კაცნი იგი ღმრთის მსახურნი და განაბნინა ქუეყანით მისით.
26. ჰრქუეს მას წინაჲსწარმცნობელთა მათ, ვითარმედ: შენ მათ ყოველთასა უმეტეს ყოფად ხარ ღმრთის მსახურებისა გზასა მავალ.
27. ამისთჳს შეეშინა მამასა შენსა, ნუუკუე მისდრკე ნებასა მათსა და ერჩდე სიტყუათა მათთა და განგაყენა კაცთაგან, რაჲთა არა მიზეზ-ექმნე უცხოჲსა რჩულისა შემოღებად.
28. მიუგო ყრმამან მან და ჰრქუა მას: და (რანი კაც)ნი არიან ღმრთის მსახურნი ესე, რომელთა ესევითარ[ი] ბოროტი შეამთხჳა მამამან ჩემმან?
29. ხოლო მზარდულმან მან განუმარტა ყოველი საქმე ქრისტეანეთაჲ და მიაწია ყოველთა სათნოებათა მათთა ზედა.
30. ხოლო ყრმამან მან, ვითარცა ცნა ესე ყოველი, არღარაჲ მიუგო მას.
8
1. 8. და ვითარცა მოვიდა მამაჲ მისი, ჰრქუა მას: მინებს საქმისა რაჲსამე ცნობაჲ შენგან, რომლისა მიერ დიდსა ურვასა და მწუხარებასა შინა ვარ.
2. ჰრქუა მას მამამან მისმან: მკითხე, შვილო, რაიცა გნებავს.
3. ჰრქუა ყრმამან მან: მითხარ-ღა, მამაო და უფალო ჩემო, რომლისა საქმისათჳს გიყოფია შეწყუდევაჲ ჩემი ადგილსა ამას და რაჲსათჳს კაცთა აყენებ შემოსლვად ჩემდა?
4. ჰრქუა მას მამამან მისმან: მინებს, შვილო, რაჲთა არარაჲ იხილო, რომლითა ზრუნვიდეს გული შენი და კიდე-ვყვნე განმრყუნელნი შუებათანი ვნებანი შენგან.
5. ჰრქუა მას ყრმამან მან: უწყოდე, მეფე, რამეთუ საქმითა ამით, რომელი გიყოფია ჩემდა, [ყოველ]ნი საშუებელნი ჩემნი სიმწარე არიან ჩემდა, ვიდრეღა ჭამადიცა ჩემი უგემურვე არს სასასა ჩემსა,
6. და დიდი ურვაჲ მოაწიე ჩემ ზედა ამით ჯერითა, რამეთუ სული ჩემი სურვიელ არს ყოვლისა მიმართ, რომელი არს გარეშე კართა ამათ ჩემთა, დიდითა წადილითა.
7. ხოლო აწ გლოცავ, მამაო, და ვევედრები მეუფებასა შენსა, რაჲთა განმიტეო და განვიდე, და ვიხილო ქუეყანაჲ, არასადა რაჲ გარდავჴდე მცნებათა შენთა.
8. და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე მეფესა, შეუძნდა ფრიად, ვითარმედ შეიწრდა მის ზედა გონებაჲცა მისი მისგან და გულისჴმა-ყო, უკუეთუ დააყენოს ნებაჲ მისი მისგან, და განამრავლნეს ურვანი მისნი, განუმწარდეს ყოველი საშუებელი მისი.
9. მაშინ ჰრქუა მას: შვილო, უკუეთუ გნებავს რაჲ, დღე აჯდომაჲ და განსლვაჲ კაცთა თანა, იყავნ ნებისაებრ შენისა.
10. და ამცნო მეფემან, რომელნი-იგი განჰყვებიედ ყრმასა მას, რაჲთა ავლინებდენ ადგილთა შუენიერთა და აკრძალებდენ ყოველი რომელი უშუერ არს წინაშე თუალთა კაცთაჲსა,
11. და რაჲთა აღუდგინნენ გზათა ზედა სახიობანი, მემღერნი, რაჲთა ამით განცხრომითა შეაქციოს გონებაჲ მისი გამოძიებისაგან საქმეთა ამის სოფლისათა.
12. ხოლო იგინი ჰყოფდეს ბრძანებისაებრ მეფისა.
13. და განმრავლდა განსლვაჲ ყრმისაჲ მის, ვითარცა უნდა, გარემო ქალაქსა, სადაცა ჰნებავნ.
14. და დღესა ერთსა ვიდოდა რაჲ ყრმაჲ იგი, იხილნა ორნი ვინმე კაცნი: ერთი მათგანი ფრიად ვნებული სიგონჯითა და ერთი –მწუხარე, რომელი მიჰყვანდა სხუათა.
15. უდებ იქმნეს მოყუასნი მისნი და არარაჲმე განაშორნეს ვნებულნი იგი გზისა მისგან მისისა მ[ს]გავსად ჩუეულებისა მათისა.
16. და ვითარცა იხილნა იგინი ყრმამან მან, ზარგანჴდილ იქმნა ხილვისაგან მათისა, და ჰკითხვიდა მათთჳს მოყუასთა თჳსთა.
17. ხოლო მათ ჰრქუეს: ესენი კაცნი არიან, რომელთათჳს ვნებაჲ შემთხუეულ არს, ვითარცა კაცთა შეემთხჳის ვნებაჲ, და დარღუეულობაჲ ესე შინაგანისა სენისაგან არს, ხოლო მწუხარებაჲ ესე შემთხუევაჲვე არს ვნებისაჲ.
18. ჰრქუა მათ ყრმამან მან: და ესევითარი ყოველთა კაცთა შეემთხუევისა?
19. ჰრქუეს მას: არა ყოველთა, არამედ ზოგთა.
20. ჰრქუა მათ ყრმამან მან: უკუეთუ საცნაურ არიანა კაცთა შორის, რომელთა ესე შეემთხუევის და რომელთა არა?
21. ჰრქუეს მას: ზოგთა შეემთხუევის და რომელნიმე დაუშთებიან, არამედ გამორჩევით არაჲ იქმნების.
22. ჰრქუა მათ ყრმამან მან: და არავინ არს, რომელმანმცა იცოდა გამორჩევით ჭეშმარიტად, ვითარმედ ესე არა შეემთხუევის? ჰრქუეს მათ: არავინ არს.
23. მაშინ იწყო განზრახვად და გულის სიტყუად, და განჰკრთა გონებაჲ მისი და იცვალა ფერი მისი, და მიიქცა დამძიმებული ურვითა.
24. და შემდგომად ამისა განვიდა კუალად და იხილა ბერი ვინმე ერთი ფრიად მოხუცებული, დაღონებული ქუეყანად, რომლისა ფერი პირისა მისისაჲ დაშავებულ იყო და თმაჲ თავისა მისისაჲ სპეტაკ, და ჴორცნი მისნი შემჭნარ
25. და პირსა მისსა არღარა იყო კბილი და სიტყუაჲ მისი უშუერ, და ვითარცა ბღუნვით იყო სლვაჲ მისი.
26. და ვითარცა ბერი იგი იხილა, კუალად შეჰზარდა ხილვაჲ მისი და იწყო კითხვად მოყუასთა თჳსთა მისთჳს.
27. ხოლო მათ ჰრქუეს: ესე დაძუელებული არს დღეთაჲ, რომელი მიწევნულ არს შემატებითა დღეთაჲთა მოკლებასა ძალისასა, ვიდრემდის საზომსა ამას მოიწია, რომელსა ჰხედავ, და ყოველთა დღეთა მოაკლდების.
28. ჰრქუა ყრმამან მან: და ყოველთა ზედა მოიწევისა ესე?
29. ჰრქუეს: ჰე, მოიწევის, უკუეთუ დაუშთეს სიკუდილსა.
30. ჰრქუა ყრმამან მან: და შემდგომად ამისა რაჲღა-მე იყოს?
31. ჰრქუეს მათ: შემდგომად ამისა წარიყვანის იგი სიკუდილმან.
32. ჰრქუა ყრმამან მან: და ოდეს მოიწევის კაცი საზომსა ამას?
33. ჰრქუეს მათ: შემდგომად ოთხმეოცისა წლისა, გინა მე უმრავლეს ასისა.
34. ჰრქუა მათ ყრმამან მან: რაჲ არს წელიწადი? ჰრქუეს მათ: ათორმეტი თუე.
35. ჰრქუა მათ ყრმამან მან: და რაჲ არს თუე? ჰრქუეს მათ: ოცდაათი დღე.
36. ჰრქუა მათ ყრმამან მან: და შემდგომად ამისა ღონე არა არსა სიკუდილისაგან ანუ ესევითარისა სიბერისაგან და მაშინღა სიკუდილი?
37. ჰრქუეს მას: არა არს ამისგან ღონე.
38. ჰრქუა ყრმამან მან: ამათ შუვა ვნებანი იგი, რომელ ვიხილენ, სიგონჯე იგი და მწუხარებაჲ შე-ვეემთხუევიანა კაცთა, და ვერვინ გულ-პყრობილ იქმნებისა მისგან, თუმცა უშიშ იყო?
39. ჰრქუეს: ეგრეთ არს ესე, ვითარცა სთქუ.
40. ჰრქუა ყრმამან მან: ესე ყოველსა ქუეყანასა ესრეთ არსა? ჰრქუეს: ჰე, ესრეთ არს.
41. მაშინ თქუა ყრმამან მან: არღარა ჰამო არს ცხორებაჲ საწუთროთაჲ ამათ თანა, რომელნი ვიხილენ, და არავის აქუს მშჳდობაჲ სიკუდილისაგან ადრე გინა თუ ნელიად, და ახლოს არს ნელადი იგი ადრისაგან, და ახლოს არს დღე შემდგომად დღისა თჳსა შინა,
42. და მსწრაფლ შეუდგს თუესა წელიწადი და ადრე წარმავალ არიან წელიწადნი დალევნად ცხორებასა კაცისასა, დაღაცათუ საზომსა და დასასრულსა ცხორებისასა მიიწიოს. და წარვიდა ყრმაჲ იგი.
43. და ესე იყო გულის სიტყუაჲ მისი, ზედაჲსზედა მოუკლებელად აქცევნ სიტყუათა ამათ ზეპირით და გულსა შინა თჳსსა.
44. და მიერითგან იწყო ურვად და გულის სიტყუად, და არღარად შეჰრაცხა საშუებელი ამის სოფლისაჲ.
45. და განუმრავლდებოდეს ურვანი დღითი-დღე.
46. [დ]ა (ამა)ს ყოველსა თანა ესათნოებოდა მამასა თჳსსა;
47. და რაჟამს შეემთხჳის, იწყის განცხრომად და მხიარულებად, ნუუკუე ცნას მამამან მისმან, რაჲ-იგი არს გულის სიტყუაჲ მისი და დააყენოს იგი მიერითგან განსლვად ქალაქით.
48. და რაჟამს იხილის ვინმე მეტყუელი მეცნიერად, ყურად-იღებნ გულსმოდგინედ სიტყუათა მისთა, რაჲთამცა ესმა ვისგანმე ჭეშმარიტი რაჲმე, რომლითა განუქარდა მწუხარებაჲ გულისა მისისაჲ.
49. და მოუწოდა დღესა ერთსა მზარდულსა მას და ჰრქუა მას: არავინ იცია აქა კაცი, რომელი არა წესსა ზედა ჩუენსა ჰგიეს?
50. ხოლო მან ჰრქუა მას: იყვნეს აქა კაცნი, რომელნი მოგაჴსენენ შენ უწინარეს ამისსა, რომელთა ქრისტეანე და ღმრთის მსახურ სახელ-ედებოდა, რომელნი ეძულებოდეს სოფელსა ამას და საშუებელთა მისთა და ეძიებდეს, ვითარ-იგი იტყოდეს, სუფევასა საუკუნესა.
51. და წესი მათი არა მსგავს არს წეს[ს]ა ჩუენსა, და არცა საქმენი მათნი – საქმ[ესა ჩუენსა].
52. არამედ მეფე შეემტერა და განასხნა ქუეყანით ჩუენით და მრავალნი მათგანნი მოსრნა პირად-პირადითა ტანჯვითა და ცეცხლითა, ვითარცა-იგი გაუწყე შენ, და აწ არღარავინ ვიცი მათგანი ქუეყანასა ჩუენსა.
53. და ვითარცა წარმოუთხრნა მზარდულმან მან საქმენი მათნი, აღიძრა გონებაჲ მის ყრმისაჲ მათთჳს და სწადოდა ხილვაჲ მათი.
54. და იყო ვითარცა კაცი, რომელი ეძიებ[ს] წარწყმედულსა რასამე თჳნიერ ყოვლისა ღონისა.
55. და განაცხადა სიძულილი საწუთროჲსაჲ და ძაგებაჲ მისი, ვითარმედ: შეურაცხ არს საშუებელი ამის სოფლისაჲ წინაშე მის[ს]ა.
56. და სძაგებდა ყოველთა გზათა და მოყუარეთა მისთა, ვიდრემდის განჴდა ჰამბავი მისი ყოველთა ადგილთა,
57. და რომელთა ესმა, ადიდებდეს ღმერთსა სამებით ცნობილსა და ერთ-არსებით დიდებულსა, რომლისა ჰშუენის დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
9
1. 9. ესმა ვისმე კაცსა ღმრთის მოყუარესა, რომელი განშუენებულ იყო წესითა მონაზონთაჲთა და სავსე იყო იგი სულითა წმიდითა და ყოვლითა სიბრძნითა, რომლისა სახელი ბალაჰვარ, ქუეყანასა სარნადიბისასა.
2. ეუწყა ძისათჳს მეფისა, ვითარმედ: სწადის და სურვიელ არს შჯულსა იესუ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა.
3. და მოვიდა სამეუფოდ ნავითა და განიძარცუა სამოსელი მონაზონთა წესისაჲ და შეიმოსა სამოსელი ვაჭართაჲ.
4. და იწყო აღრევად [თანა] კაცთა.
5. და განამრავლა მისლვაჲ კარად მეფისა, ვითარცა სხუანი კაცნი, ვიდრემდის შეისწავლნა კაცნი და ცნა კაცად-კაცადისა მათისა სადგური წინაშე მეფისა და ძისა მისისა.
6. და ცნა სადგური მზარდულისაჲ მის წინაშე ძისა მეფისა.
7. და დაიხუედრა დღესა ერთსა სიტყჳს ყოფად მის თანა იდუმალ და ჰრქუა: მე კაცი ვარ ერთი უ[ც]ხოჲ და შორით მოსრულ ვარ, და ჩემ თანა ჭურჭელი არს დიდისა სასყიდლისაჲ და დამიფარავს იგი კაცთაგან, და ვერვისა გულ-პყრობილ ვიქმენ გამოცხადებად თჳნიერ შენსა,
8. რამეთუ ვესავ სიკეთესა შენსა და გონიერებასა შენსა, რაჲთა სათნო-მეყო და დამიფარო საქმე მისი ვისგანვე.
9. ჰრქუა მას მზარდულმან მან: გულპყრობილ იქმენ ჩემდა, რამეთუ მე ვიღუაწო ნებაჲ შენი ყოვლითა ძალითა ჩემ(ი)თა ერთგულებით, და არავის გამოუცხადო იგი, გარნა თუ ვისი შენ გენებოს.
10. ჰრქუა მას ბალაჰვარ: ჭურჭელი ესე, რომელი მე მაქუს, უმჯობეს არს წუნწუბასა წითელსა, რამეთუ ბრმათა აღუხილავს თუალთა და ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს, და კეთროანთა განსწმედს, მკელობელთა ავლინებს და უძლურთა განაძლიერებს და ნაკლულევანთა განამდიდრებს,
11. და ყოველსა სნეულებასა ჰკურნებს, და მტერთა ზედა მძლე ჰყოფს და ეშმაკთა აოტებს ახლის პიროვანთაგან, და ყოველსა საწადელსა გულისასა მოატყუებს კაცსა.
12. ჰრქუა მას მზარდულმან მან: არარას ვჰხედავ შენ თანა, კაცო ვინმე, სახესა უგუნურებისასა, გარნა სიტყუანი შენნი მსგავს არიან სიტყუათა მეტნობისათა გარდარეულად მეტყუელთასა,
13. რამეთუ იტყჳ რასამე, რომელი არასადა მასმიეს ესევითარი, და განმტყუვნებასა შენსა ვერვე დავიდებ გულსა ჩემსა სიბრძნისათჳს, რომელსა-ესე ვჰხედავ შენ თანა.
14. არამედ აწ მითხარ: რაჲ არს ჭურჭელი ესე, რომელსა შენ იტყჳ? მიჩუენე მე, რაჲთა ვიხილო!
15. უკუეთუ ჯერ-იყოს სამეუფოდ, ვაუწყო მისთჳს ძესა მეფისასა, რამეთუ არა ჯერ-არს ჩემდა, თუმცა უქე რაჲმე უფროჲს ზომისა და შემდგომად ხილვისა მისისა არა ეგრეთ პოვა, ვითარ-იგი ვაუწყე მისთჳს.
16. ჰრქუა მას ბალაჰვარ ბრძენმან: შენ ითხოვ, რაჲთა გიჩუენო იგი, და ჭურჭელსა მას ვერვინ შემძლებელ არს ხილვად, გარნა თუ ვის თანამე ორნი საქმენი იყვნენ: სიფრთხილე თუალთაჲ და სიწმიდე ცოდვათაგან,
17. ხოლო უკუეთუ იხილოს იგი მრუმედ მხედველმან და ცოდვათა ზედა დადგრომილმან, მიუღოს ნათელი თუალთაჲ და განურყუნას საცნობელი გონებისაჲ.
18. და მე კაცი ვარ მკურნალი და ვჰხედავ მრუმედ მხედველობასა შენსა და მეშინის, ნუუკუე სიბრწყინვალემან მისმან მისტაცოს ნათელი თუალთა შენთა, არამედ მასმიეს ძისა მეფისა რჩულიერად ქცევაჲ და სიწმიდით ცხორებაჲ ყოველთაგან საქმეთა უკეთურთა,
19. და მას თანა ყრმაღა არს და მახჳლ თუალითა, და მე ვესავ ღმერთსა, რაჲთა შემძლებელ იყოს ჭურჭლისა მის ხილვად.
20. ჰრქუა მას მზარდულმან მან: გულისჴმა-მიყოფიან ყოველნი სიტყუანი შენნი და მე კაცი ვარ განფრდილი ცოდვათა შინა და არღარა მნებავს ხილვად ჭურჭელი იგი, და ამას თანა იტყჳ,
21. ვითარმედ არა მახჳლად მხედველ ვარ და არა მნებავს საწუთროსა ზედა ხილვაჲ მისი, და მე ვჰგონე[ბ], ჭეშმარიტსა იტყჳ და არა სტყუვი.
22. ჰრქუა მას ბალაჰვარ: ჭეშმარიტსა გეტყჳ, გრწმენინ ჩემი და ნუ გეშინინ მეფისა ძისა თხრობად, რამეთუ იგი ღირსვე, არა ესევითარი ჭურჭელი დაფარვად მისგან სადგურეობასა ზედა შენსა წინაშე მისსა,
23. და უკუეთუ მიაწიო ესე მისა, შეიმატო პატივსა და დიდებასა წინაშე მისსა უმეტეს ყოველთა მოყუასთა შენთა.
24. მაშინ შევიდა მზარდული იგი წინაშე მეფისა ძისა და უთხრა მას ყოველი, რომელი ესმა ბალაჰვარისგან ბრძნისა.
25. ხოლო სულსა ამის ყრმისასა სწადოდა ხილვაჲ კაცთაჲ, რაჲთა ესმეს, ნუ რაჲ ვისგანმე სიტყუაჲ სარგებელისაჲ.
26. და ვითარცა ესმნეს სიტყუანი მზარდულისანი, და ვითარ იგი საკჳრველსა რასამე უთხრობდა ჭურჭლისა მისთჳს, იგრძნა, ვითარმცა სულითა და ჰგონებდა, ვითარმედ პოოს საწადელი მისი ბალაჰვარის თანა.
27. მაშინ ბრძანა შემოყვანებაჲ მისი და ჭურჭლისაჲ მის თანა ფარულად.
10
1. 10. და შეიყვანა ბალაჰვარ და აქუნდა თანა მოთხე მცირე და აჩუენებდა მით, ვითარმცა თუალი რაჲმე ედვა მას შინა.
2. ვითარცა დადგა იგი წინაშე ძისა მეფისა, მისცა მას მშჳდობაჲ და იწყო ლოცვად მისთჳს, ვითარცა-იგი ჯერ-არს წინაშე მეფეთა.
3. და ეგრევე სახედ პატივ-უყო ძემან მეფისამან, და მოიკითხა იგი სიხარულით და უბრძანა მზარდულსა, რაჲთა ადგილ-სცეს და განვიდეს მათგან.
4. და ვითარცა განვიდა იგი, უბრძანა ბალაჰვარს დაჯდომაჲ და ჰრქუა: მიჩუენე ჭურჭელი იგი, რომელ მოგიღებიეს.
5. მიუგო ბალაჰვარ და ჰრქუა: არა ჯერ-არს ჩემდა, თუმცა უდბად რაჲმე შეგამთხჳე და ჭურჭელი ესე ეგრე(თ) არს, [ვითარცა]-იგი გაუწყა მზარდულმან შენმან, და ვერვინ შემძლებელ არს ხილვად მისა, გარნა წმიდაჲ და უბიწოჲ, რომელი სრულ არს გონებითა.
6. ხოლო იხილოს თუ იგი უძლურმან გონებითა, იგიცა მოაკლდეს და სახედველნიცა.
7. ხოლო მნებავს გამოცდაჲ შენი სიტყჳთა და სიტყჳს-ყოფაჲ შენ თანა, და უკუეთუ შემძლებელად გიხილო ხილვასა მისს[ა], გიჩუენო იგი,
8. რამეთუ შენთჳს მომიღებიეს და არა სხჳსა ვისთჳსმე, და მე ვესავ ღმერთსა, ვითარმედ მიწუთომილ ხარ საზომსა ხილვისა მისისასა, და მისწუთეცა, თუ უფალსა უნდეს.
9. რამეთუ გიხილე, ძეო მეფისაო, და მომითუალე და წინა-მიყავ პატივი შეუსწავლელად, ვითარცა იგი პატივ-სცი დიდებულთა პალატისა შენისათა.
10. მიუგო იოდასაფ, ძემან მეფისამან, ამისთჳს, რამეთუ ფრიად მაქუს სასოებაჲ სარგებელ[ისა]თჳს შენ [მიერ] და მოღებად საწადელი სულისა ჩემისაჲ შენგან.
11
1. 11. ჰრქუა მას ბალაჰვარ: [დაღაცა]თუ ჰყავ ესე, არავე საკჳრველ არს, რამეთუ ყოფილ არს მეფე ვინმე მორწმუნე, რომელი იყო სახიერ და მეძიებელ სიმართლისა.
2. და ვითარ იგი ვიდოდა დღესა ერთსა სიმრავლითა ერისაჲთა, იხილნა ვინმე კაცნი ორნი უნდოჲთა სამოსლითა, რომელი შეძერწულ იყო სანაგვით პოვნილითა.
3. და სიყჳთლე პირთა მათთაჲ აუწყებდა სიგლახაკესა მათსა და ჭირვეულობასა.
4. ხოლო მეფემან იცოდნა იგინი, და ვითარცა იხილნა იგინი, მსწრაფლ ჩამოვარდა წინაშე მათსა და მოეხჳა ქედთა მათთა და პატივ-სცა დიდითა პატივითა.
5. და რაჟამს იხილეს ესე მოყუასთა მისთა, განრისხნეს გონებათა შინა მათთა საქმისა მისთჳს, რომელი ყო მეფემან, და სიჩქურედ შეჰრაცხეს საქმე იგი მისგან, რამეთუ ესევითარი ჩუეულებაჲ [ა]რა აქუნდა მეფეთა მათთა.
6. და ვერ იკადრეს მხილებაჲ მეფისაჲ, და მივიდეს ძმისა მისისა, რომელი კადნიერ იყო წინაშე მისსა და უთხრეს, რაჲ-იგი ყო მეფემან და ჰრქუეს, რაითა ამცნოს მეფესა ესევითარისათჳს არღარა ყოფად.
7. და მივიდა მეფისა ძმაჲ იგი მისი და უთხრა, რაჲ-იგი ჰრქუეს მას.
8. და ვითარცა დაასრულნა სიტყუანი მისნი, მისცა პასუხი მეფემან, რომელი ვერ ცნა, თუ მიითუალა მეფემან სიტყუაჲ იგი მისი, ანუ განურისხნა მას.
9. ხოლო იყო ჩუეულებაჲ სამეუფოჲსაჲ მის ესრეთ, რაჟამს განრისხნის ვის ზედამე მეფე და უნებნ მოკლვაჲ მისი, წარავლინის ქადაგი, რომელსა ერქუა ქადაგი სიკუდილისაჲ, და ჴმა-ყვის კართა ზედა მის რისხვეულისათა და დასცის საყჳრსა,
10. და რაჟამს ესმის სახლისა უფალსა, ცნის ჭეშმარიტად, რამეთუ მოსიკუდიდ არს მსწრაფლ და ყოველმან ე[რმან] ცნ(ი)ს.
11. და შემდგომად მცირედთა დღეთა უბრძანა მეფემან ქადაგსა სიკუდილისასა, რაჲთა წარვიდეს და ჴმა-ყოს კართა ზედა ძმისა მისისათა.
12. და წარვიდა ქადაგი იგი, და ჴმა-ყო და დასცა საყჳრსა სიკუდილისასა კართა თანა მისთა.
13. და ვითარცა ესმა ჴმაი იგი ძმასა მეფისასა, სასო-წარკუეთილ იქმნა ცხორებისაგან და ყო ანდერძი, და იწყეს ტირილად და ტყებად სახლეულთა მისთა.
14. ხოლო მან შეიმოსა საგრაგნელი თჳსი, და წარვიდეს იგი და ცოლი მისი და შვილნი მისნი კარად მეფისა სასო-წარკუეთილნი ტირილითა და გოდებითა მრავლითა, და ისხმიდეს ნაცარსა პირთა მათთა.
15. მაშინ ბრძანა მეფემან შეყვანებაჲ მათი წინაშე მისსა.
16. ხოლო იგი ტიროდა და ევედრებოდა მას.
17. და ჰრქუა მას მეფემან: ჵ უბადრუკო და უნდოო ცნობ(ითა), ვითარ ესრე შეძრწუნებულ ხარ ქადაგისაგან ძმისა შენისა [...] ნიშანი სიკუდილისაჲ კართა ზედა შენთა და შენ უწყი,
18. ვითარმედ ძმაჲ შენი და ქადაგი მისი დაბადებულნი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან წარმატებად ნებისა მათისა და ვერცა გარემიქცევად მოწევნულსა მათ ზედა.
19. და შენ უწყი, ვითარმედ შეუცოდებელ ხარ წინაშე ძმისა შენისა, რომლითამცა თანა-მდებ იყავ სიკუდილსა.
20. მაშინ ვითარ განგიკჳრდა გარდასლვაჲ ჩემი და თაყუანის-ცემაჲ წინაშე მათსა, რომელნი-იგი ქადაგნი არიან უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელნი მომაჴსენებენ შემთხუევასა მისსა და მაუწყებენ სიტყუასა სახარებისა მისისასა.
21. და მას თანა უწყნი მრავალნი შეცოდებანი ჩემნი.
22. ჵ შენდა და რომელთა შეგიმკ [...მე] ესე, რომელი მ...მე და აწ მ[ით]ა ეუწყოს უგუნურებაჲ მათი, (ვითარცა-ესე) შენ გეუწყა.
23. და შეუნდო მეფემან ძმასა თჳსსა, და ფრიად სარგებელ ეყო მხილებაჲ მისი.
12
1. 12. მაშინ უბრძანა ოთხთა კიდობანთა შექმნაჲ, და ორნი მათგანნი – შეძერწულნი ოქროჲთა და ვეცხლითა და ანთრაკითა და თუალითა პატიოსნითა.
2. და უბრძანა შთადებად ძუალები მკუდართაჲ და ყოველი არაწმიდაჲ სიმყრალე, რომელი უშუერ არს წინაშე კაცთა.
3. და დაჰკრძალნა იგინი კლიტითა ოქროჲსაჲთა.
4. და მერმე უბრძანა ორთა მათ კიდობანთა სხუათა შეგოზაჲ ფისითა და ნავთითა.
5. და აღავსნა იგინი შინაგან ანთრაკითა და თუალითა პატიოსნითა და ყოვლითა სურნელებითა, რომლითა აღიძრვის გულის თქუმაჲ კაცთაჲ.
6. და და(ჰკრ)ძალნა [ს]აბლ[ი]თა (რომლი)თამე ძუელითა.
7. და მერმე უბრძანა შემოყვანებაჲ მო(ყუასთა) მათ მისთაჲ, რომელთა განუკჳრდა პატივის-ცემაჲ მეფისაჲ გლახაკთა მათ მიმართ წმიდათა.
8. და ვითარ დასხდეს წინაშე მისსა, ბრძანა შემოღებაჲ ორთა მათ კიდობანთაჲ, ოქრო-განრჩულვილთაჲ და სხუათაჲცა მათ.
9. და იწყო კითხვად, რაჲთა ფას-ყვნენ იგინი.
10. ხოლო მათ ჰრქუეს ორთა მათ კიდობანთათჳს ოქრო-განრჩულვილთაჲ: ვერ შემძლებელ არს გონებაჲ ჩუენი მიწუთომად საზომსა მათსა, რამეთუ ღირს არიან შთასადებელად ყოვლისა პატიოსნისა ჭურჭლისა,
11. ხოლო ორნი ესე ნავთითა შეგოზილნი უშუერ არიან გონებათა შინა ჩუენთა უნდოჲსაცა ფასისა.
12. მაშინ ჰრქუა მეფემან: უწყი, რამეთუ ესთენ არს გამოცდილებაჲ თქუენი და შეტყუებაჲ, – გარეშითა კაცისაჲთა (ჰხე)დავთ.
13. მაშინ ბრძანა ორთა მათ კიდობანთა ოქროშეძერწულთა განხუმაჲ.
14. და განჰკრთეს ყოველნი უშუერებისა მისგან, რომელი მათ შინა იდვა, და საყნოსელნიცა მათნი აღავსნა სიმყრალემან მათმან.
15. და ჰრქუა მეფემან: ესე სახე არს ყოველთა, რომელნი იმკვებიან სამოსლითა და ოქროჲთა, და შინაგანი მათი სავსე არს უგუნურებითა, მწუხარებითა და ტყუვილითა, სიბილწითა და ყოვლითა არაწმიდებითა, რომელნი უმყრალეს არიან ამის სოფლისა, რომელ გეცემიან.
16. და მერმე ბრძანა განხუმაჲ ორთა მათ კიდობანთაჲ მონაფთულთაჲ, და განათლდა სახლი იგი ბრწყინვალებითა მით თუალებისაჲთა.
17. და აღივსნეს ყოველნი იგი სურნელებითა მით გულის სათქუმელითა.
18. და ჰრქუა მეფემან: ესე სახე არს კაცთა მათ წმიდათაჲ, რომელთა თქუენ განგიკჳრდა პატივის-ცემაჲ ჩემი მათდა მიმართ, ოდეს იხილეთ სიძუელე სამოსელისა მათისაჲ გარეშითა თუალითა.
19. ხოლო მე შ(ინა)განსა მათსა ვჰხედევდ გონებითა ჩემითა.
20. მაშინ თქუეს კაცთა მათ, ვითარმედ ფრიად სარგებელ გუეყო სახე ესე და აწ უწყით, ვითარმედ ჭეშმარიტი ჰქმენ.
21. და თქუა ბალაჰვარ: ესე სახე არს შენი, ძეო მეფისაო, რომელი პატივ-მეც მხიარულებ[ი]სა სასოებისათჳს, რომელსა ჰგონებ ჩემ თანა.
13
1. 13. მაშინ აღდგა ძე იგი მეფისაჲ ინაჴით ჯდომისაგან და თქუა გულსა შინა თჳსსა: ჰგავს, თუ ესე არს საწადელი სულისა ჩემისაჲ, რომელსა ვეძიებდ.
2. და მიექცა ბალაჰვარს და ჰრქუა: ფრიად კეთილ არს სიტყუაჲ შენი და ცხად არს ჭეშმარიტებაჲ მისი.
3. მე ვჰგონებ, თუ ესე არს ჭურჭელი შენი, რომელ ჰფარავ, რამეთუ განამტკიცებს გულსა და განანათლებს თუალთა და განაძლიერებს გონებასა.
4. აწ უკუეთუ ესრეთ არს, ვითარ ვჰგონებ, მითხარ, და უკუეთუ სხუაჲ რაჲმე გაქუს გარეშე ამისა, რომელი მესმის, კმა არს სიტყუაჲ შენი ნაცვალად მისსა, რამეთუ ფრიად განანათლე გონებაჲ ჩემი სიტყჳთა შენითა და აღმძარცუე საბურველი მწუხარებისაჲ გულისაგან ჩემ[ი]სა.
5. აწ მეც მე სახე კეთილისაჲ.
6. და თქუა ბალაჰვარ. გამოვიდა მთესვარი ვინმე და გამოიღო თესლი კეთილი და იწყო თესვად.
7. და რომელიმე დავარდა გზის კიდესა და მუნთქუესვე აღიტაცეს მფრინველთა.
8. და რომელიმე დავარდა კლდესა ზედა, რომელსა ზედა იყო მიწაჲ და ნოტიე მცირედ, და აღმოსცენდა, და ვითარ მიიწინეს ძირნი მისნი სიჴმელესა კლდისასა, განჴმა.
9. და რომელიმე შთავარდა ეკალთა შინა, და ვითარ აღმოსცენდა, შეაშთვეს იგი ეკალთა და მოაკუდინეს.
10. ხოლო რომელი დავარდა ქუეყანასა კეთილსა და წმიდასა ვნებათაგან, დაღაცათუ მცირედ იყო, აღმოსცენდა და მრ(ავა)ლი ნაყოფი გამოიღო.
11. აწ მთესვარი იგი მიმცემელი არს სიბრძნისაჲ, ქრისტე ღმერთი ჩუენი, ხოლო თესლი იგი კეთილი, სიტყუანი წმიდისა პირისა მისისანი, ჭეშმარიტნი, და რომელი დავარდა გზის კიდესა და მფრინველთა წარიტაცეს, ესე იგი არს, რომელი ესმის ყურსა და თანა-წარჰჴდის გულსა.
12. და რომელი-იგი დავარდა ნოტიასა და აღმოსცენდა და განჴმა სიჴმელითა კლდისაჲთა, იგი არს, რომელი ესმის კაცსა და ეჰამის, და ცნის ჭეშმარიტებაჲ მისი წუთ ჟამ, და მერმე არა დაამტკიცის გონებაჲ მისი მას ზედა.
13. ხოლო რომელი-იგი აღმოსცენდა, ნაყოფი გამოაქუნდა და მერმე ეკალთა შეაშთვეს, ესე იგი არს, რომელი შეიწყნარის კაც[მან], და ოდეს საქმით აღასრულებნ შეწყნარებულსა მას, დაან(თქის) და შეაშთვის იგი გულის-თქუმამან.
14. ხოლო რომელი-იგი აღმოსცენდა და ნაყოფი გამოიღო მრავალი, იგი არს რომელი მოისუთულო თუალმან და შეიკრიბოს გულმან და წარიმართოს გონებამან, და დაამჴუნეს გულის-თქუმანი და განიწმიდოს გული ვნებათაგან.
15. ჰრქუა მას ძემან მეფისამან: მე ვესავ ქრისტესა, რაჲთა რომელი დასთესო ჩემ თანა, აღმოსცენდეს და მრავალი ნაყოფი გამოიღოს.
16. აწ მეც მე სახე საწუთროჲსაჲ და ვითარ აცთუნებს მოყუარეთა მისთა.
14
1. 14. ჰრქუა მას ბალაჰვარ: მსგავს არს საწუთროჲ ესე და ყოველნი მოყუარენი მისნი კაცსა, რომელსა სდევდა პილოჲ ამრიზებული და მიაწყუდია ჯურღმულსა საშინელსა.
2. და შთავრდომასა მას მისსა მა[ს] შინა პოვნა ორნი რტონი აღმოცენებულნი მას ზედა, და მოეკიდა და პოვა რაჲმე, რომელს[ა] ზედა დაიდგნა ფერჴნი თჳსნი.
3. და ვითარ (მი)ჰხედნა, იხილნა ორნი თაგუნი: ერთი თეთრი და ერთი შავი, რომელნი დაუცხრომელად შჭრიდეს ძირთა მათ ხეთასა.
4. და შთაჰხედ(ნა ჯურ)ღმულსა მას შინა და იხილა ვეშაპი, რომელსა აღემტკმო პირი და ეგულებოდა შთანთქმაჲ მისი.
5. ხოლო რომელსა-იგი ზედა ფერჴნი ედგნეს, ოთხნი თავნი იყვნეს ასპიტისანი გამოსრულნი ჴურელით.
6. და აღიხუნა თუალნი თჳსნი და იხილა რტოთა მათ ზედა მცირედი რაჲმე თაფლი და იწყო ჭამად.
7. და შეაქცია გემოვნებამან და სიტკბოებამან მისმან და არა გულისჴმა-ყო განზრახვად განსაცდელთა მათთჳს, რომელთაჲ არა უწყის, ოდეს უკბინონ, არცა რტოთა მათთჳს, რომელთა მოკიდებულ არს.
8. და ჰხედავს შეჭრასა ძირთა მისთასა თაგუთა მათგან და უფროჲსღა ვეშაპისა მისთჳს, და არცა განიზრახა, რომელსა (ჰხე)და(ვს) განმზადებულსა შთანთქმად მისა.
9. აწ პილოჲ იგი სახე არს სიკუდილისაჲ, რომელი (სდევნის ძეთა ა)დამისთა, და ჯურღმული არს სოფელი ესე, სავსე ყოვლითა ბოროტითა და საბრჴითა მავნებელითა.
10. ხოლო ორნი იგი რტონი არიან დღენი კაცისანი, და ორნი იგი თაგუნი – ერთი თეთრი და ერთი შავი – არიან ღამე და დღე დაუცხრომელნი მათ ზედა, რომელნი მსწრაფლ დაჰლევენ ცხორებასა კაცისასა.
11. და ოთხნი იგი ასპიტნი მსგავს არიან ოთხთა მათ ნივთთა, რომელთა ზედა აღგებულ არს გუამი კაცისაჲ, და ოდესცა ერთი მათგანი აღიძრას, წარვალს სიცოცხლე.
12. ხოლო ვეშაპი იგი, რომელსა აღეღო პირი და ეგულებოდა შთანთქმაჲ ძისი, სახე არს ჯოჯოხეთისაჲ, რომელსა შევლნენ მოყუარენი ამის სოფლისანი შემდგომად სიკუდილისა.
13. და მცირედი იგი თაფლ[ი] წუთ [ე]სე საშუებელი არს ამის სოფლისაჲ, რომლითა შეიტყუე(ბს) შეცთომილთა მცირედითა მით სიტკბოებითა გ(ან)ხრწ(ნ)ა(დი)თ(ა).
15
1. 15. და თქუა ძემან მეფისამან, რამეთუ მსგავსებაჲ ესე ჭეშმარიტ არს, და სახე ესე საკჳრველ, და აჰა ესერა განაცხოველე სული ჩემი სიტ(ყჳთა შენი)თა.
2. აწ მეც-ღა სახე ს(ოფლ)ისა ამისთჳს ამაოჲსა და მოყუარეთა მისთა, რამეთუ შესცთეს სიყუარულსა მისსა და შეურაცხ-ყვეს უმჯობესი ცხორებაჲ.
3. ჰრქუა ბალაჰვარ: სახე არს სოფლისაჲ და მოყუარეთა მისთაჲ, რომელნი ტრფიალ იქმნეს ეკალთა მათ თაფლ-ცხებულთა და შეურაცხ-ყვნეს ყუავილნი იგი სულნელნი მას შინა, რომელ არს მტერობაჲ ამის სოფლისაჲ, მსგავს არს კაცსა ვისმე, რომელსა ესხნეს სამნი მეგობარნი.
4. ერთი იგი უსაყუარელეს იყო მისა უფროჲს ყოველთასა [......]
5. [სი]რცხჳლეულ და ეტყოდა მას: არა მქონან ბაგენი ვედრებად შენდა, არამედ ჭირისაგან დიდისა მოვივლტი შენდა, (აწ) რ[...აჲა] მალხინებელი ჩემი შენ თანა.
6. მიუგო მან მხიარულებით და ჰრქუა: მე ვარ მეგობარი შენი, რომელმან დავიმარხე კეთილი შენი მცირედი და ა(წ აღ)ნადგინებითურთ მიგაგო შენ.
7. ნუ [გეში]ნინ, რამეთუ მე მოგზაურ გექმნე (და მეოხ ჭი)რსა შინა, არა მიგცე ჴელთა მტერთა შენთასა, არცა განგწირო.
8. აწ მხიარულ იქმენ, რამეთუ იქმნეს ჭირსა ამას შინა გამოყვანებაჲცა.
9. მაშინ იტყოდა კაცი იგი, თუ რომელსამე ამათ ორთაგანსა ზედა ვინანდე: გარდარეულსა მას ჩემსა სიძულილსა მეგობრისათჳს სიმართლისა ანუ გარდამეტებულისა მისთჳს სიყუარულისათჳს ჩემისა მეგობრისა მისთჳს სიცრუჲსა.
10. ჰრქუა მას ძემან მეფისამან: კეთილ არს სახე ესე და ფრიად საწადელ, არამედ მაუწყე შეტყუებაჲცა მისი.
11. ჰრქუა მას ბალაჰვარ: მეგობარი იგი პირველი ანგაჰრება არს, რომელსა შეიკრებს კაცი და სიყუარულისათჳს მონაგებთაჲ(სა არა ჰრიდებს სიკუ)დილსა,
12. და ყოველივე ჭირი და ღუაწლი არა შეჰრაცხის სიყუარულისათჳს მისისა, და ჟამსა განსლვისა მისისასა სიკუდილად (არარაჲ) არგის, გარნა ორნი ხოლო მჩუარნი [...](ს) საგრაგნელად მისა, და (მი)აგებს ა)მათ.
13. სხუაჲ მეგობარი პოვიან, რომლი(სა) თანა განისუენებედ.
14. და მეორე იგი მეგობარი არს ცოლი და შვილნი, რომლითა შეპყრობილ იქმნ(ის) გონებაჲ კაცისაჲ და ყოველსავე მათ(თჳს) იღუწინ, და სულნი და ჴორცნი მისნი განკაფნის ნებისათჳს მათისა,
15. და ესეცა არადვე სარგებელ ეყვის დღესა მას სიკუდილისასა, არამედ მცირედ ოდენ მოგზაურ ექმნიან გუამსა მას ვიდრე საფლავადმდე მისა და მერმე იქცი[ან] ზრუნვასა თავისა თჳსისასა და არარაჲ შჭირნ წარსრულისა მისთჳს.
16. ხოლო მესამე იგი მეგობარი, რომელი ყოვლითურთ შეურაცხ (იყო), არიან საქმენი კეთილნი: სიყუარული, მოწყალებაჲ, სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ, სიწმიდე და მსგავსნი ამათნი,
17. რომელნი შემძლებელ არიან თანამ(ოგზაუ)რ ყოფად და ჴსნად დღესა მას ნუ სასა და მცირედი იგი აღნადგინებ(ითურთ) დაუმარხავნ.
18. ესე არს სახე ამის სოფლისაჲ და მოყუარეთა მისთაჲ.
16
1. 16. ჰრქუა ძემან მეფისამან: უწყი, რამეთუ ყოველსა ჭეშმარიტსა იტყჳ და ცხად არს ესე წინაშე სულისა ჩემისა.
2. აწ მითხარ, ვითარ აცთუნებს სოფელი ესე და რომლითა ღონითა შესაძლებელ არს განრინებად მისგან.
3. ჰრქუა მას ბალაჰვარ: მე გაუწყო შენ, ძეო მეფისაო, თუ ვითარითა ღონითა შესაძლებელ არს განრინებად მისგან.
4. რამეთუ მსგავს არს ესე სახე კაცთა ვიეთმე მოქალაქეთა, რომელთაჲ იყო ჩუეულებაჲ მათი ესრეთ, რამეთუ რაჲ წელიწად[ს] მოიყვანიან კაცი უცხოჲ, უმეცარი საქმეთა მათთაჲ, და დასჳან [იგი] მეფედ ქალაქსა მათსა.
5. და ესრ(ეთ ჰ)გონებნ უმეცარი იგი, ვითარმედ მეფობაჲ მისი მტკიცე არს მათ ზედა უკუნისამდე.
6. და იწყის უდებებით ჭამად და სუმად და განცხრომად, რამეთუ ნებიერ ყვიან იგი წელიწადსა მას შინა და არა გულისჴმა-ყვის განზრახვად [… რჩ]ულისათ[ჳს].
7. და ვითარ გარდაჴდის წელიწადი იგი ერთი, შევიდიან მოქალაქენი იგი და განძარცჳან იგი და შიშუელი განაგდიან გარე განქიქებული და განაძიან ქუეყანასა უცხოსა, და არარაჲ აქუნ, რაჲმცა ჭამა და სუა, გინამცა შეიმოსა, ანუ არგო რაჲმე თავსა თჳსსა.
8. და პირველი იგი შუებაჲ და სიხარული სინანულად და მწუხარებად გარდაექცის.
9. და ესრეთ იყო ჩუეულებაჲ მათი.
10. და კაცი ვინმე ერთი დაადგინეს ოდესმე მეფედ მათ ზედა მსგავსად ჩუეულებისა, და კაცი იგი იყო ბრძენ.
11. და ვითარ დაადგინეს იგი მეფედ მათ ზედა, იხილა უცხოებაჲ თავისა თჳსისაჲ მათ შორის, არა გულ-პყრობილ იქმნა მათდა მიმართ და ეძიებდა კაცსა, რომელმანმცა აზრახა, თუ ვითარ ჯერ-არს ყოფაჲ მისი მათ შორის.
12. და პოვა ვინმე კაცი ერთი სარწმუნოჲ, რომელმან იცოდა ჩუეულებაჲ მოქალაქეთაჲ მათ, და უთხრა მას საქმე მისი და აუწყა (უცხო)ებაჲ მისი მათ შორის, და ვითარ ვერ გულ-პყრობილ არს მათდა მიმართ.
13. მაშინ ჰრქუა მას კაცმან მან: მე გაუწყო, რაჲ-იგი ჯერ-არს შენდა ყოფად: იწყე, რომელ არს ჴელთა ქუეშე შენსა, საგანძურთაგან განპარვად, რომელი ხოლო შეუძლო: ოქროჲ და თუალები პატიოსანი და ანთრაკი რჩეული და ყოველი ჭურჭელი პატიოსანი,
14. და წარეც იგი ქუეყანასა მას უცხოსა, რომელსა-იგი მიიყვანნიან მეფენი მათნი შემდგომად განძარცუვისა და განძებისა მათისა, რაჲთა მუნ გემარხვოდის ყოველი;
15. და ოდეს-იგი განიძო მათგან, მსგავსად ჩუეულებისა მათისა, ჰპოვო იგი, რომელი წარიძღუანე წინაშე შენსა, რაჲთა მუნ უმეტეს იშუებდე უეჭუელად, და სინანული და მწუხარებაჲ არღარა იყოს შენ ზედა, ვითარცა-იგი სხუათა მათ მეფეთა ზედა პირველ შენსა ყოფილთა.
16. და ყო მეფემან მან ზრახებისაებრ კაცისა მის გონიერისა და ბრძნისა.
17. და ვითარცა გარდაჴდა წელიწადი მისი, დაესხნეს მოქალაქენი იგი და განძარცუეს და განაგდეს იგი ქუეყანასა მას უცხოსა მსგავსად ჩუეულებისა მათისა, და მუნ პოვა ყოველი, რომელი წარეძღუანა წინაშე მისსა.
18. და იქცეოდა მუნ შუებით და განსუენებით მოუკლებელად, და არღარა აქუნდა შიში და ზრუნვაჲ ამაოთა მათ მოქალაქეთაჲ, და თავისუფალ იქმნა იგი სინანულისა მისთჳს საუკუნოჲსა ურგებისა.
19. რამეთუ ქალაქი იგი სოფელი ესე არს ამაოჲ, და მოქალაქენი იგი ეშმაკნი არიან (სოფლისა მ)პყრობელნი ამის ბნელისანი, რომელნი წინა დაუდებენ საშუებელთა მრავალთა საცთურისათა და უგუნურნი (ჰგონე)ბენ, ვითარმედ დაუსრულებელად ყოფად არს შუებაჲ მათი.
20. და მე ვესავ ქრისტესა, ვითარმედ მსგავს ვიყო კაცისაჲ მის მაზრახებელისაჲ და შენ მსგავსი იყო მეფისაჲ მის ბრძნისაჲ და გონიერისაჲ, რომელი არა ესვიდა უცხოთა მათ მოქალაქეთა და ვერცა შეიტყუვა მეფობამან მათმან.
21. აწ შენცა იღუაწე, რაჲთა განერე ეგევითართაგან საბრჴეთა საშინელთა, რამეთუ გზაჲ გიჩუენე და არღარა გიღირს უდებებად.
17
1. 17. ჰრქუა იოდასაფ: მე ვესავ ქრისტესა, ძესა ღმრთისასა, და წმიდასა ლოცვასა თქუენსა, რაჲთა ვიყო, ვითარცა-ეგე შენ ჰგონებ ჩემთჳს.
2. და ჭეშმარიტად მიჩუენენ აუგნი ამის სოფლისანი.
3. და აწ უწყი, ვითარმედ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ, და ყოვლადვე შეურაცხ იყო საქმე მისი ჩემ [თ]ანა, არამედ უფროჲსღა შეჰმატე სიძულილსა მისსა ჩემ თანა სიტყჳთა შენითა.
4. ხოლო აწ მითხარ: ყოველმან კაცმან ქუეყანისა შენისამან ესრეთ უწყნისა საქმენი ამის სოფლისანი, ვითარ-ესე შენ, და მასვე იტყჳანა, რასა-ესე შენ იტყჳ?
5. მიუგო ბალაჰვარ: არა, არამედ მე მათ კაცთაგანი ვარ, რომელნი შეეწყნარნეს ქრისტესა ღმერთსა ყოველთასა და დაუტევეს სოფელი ესე მოყუარეთა მისთა,
6. ხოლო ჩუენ განშორებულ ვართ გარე უდაბნოთა, მთათა, ღუაწლითა და მოქალაქობითა მონაზონებისაჲთა, რომელ-იგი არს მსგავსებაჲ და ხატი ანგელოზთაჲ.
7. ხოლო პირველ ვიყვენით სამეუფოჲსაგან მამისა შენისა.
8. და ვითარ ესმა საქმე ჩუენი და შეკრებაჲ ჩუენი ურთიერთას, განჰკრთა და შეშინდა, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ საწუთროჲსა რასამე საქმესა ვაცილობ(თ.
9. და) განიზრახა ჩუენ(თჳს), რ~ნი-იგი იზიარნა შუებასა და დიდებასა მისსა, რასა-იგი ჰგონებდა ჩუენთჳს.
10. ხოლო მათ აზრახეს გან(სხმაჲ) ჩუენი, მოკლვაჲ და დაწუვაჲ ცეცხლითა.
11. და ყო ეგრეთ მამამან შენმან, რამეთუ იგი შეურაცხ-ვყავთ და უდიდესი მეუფე, იესუ ქრისტე, გამოვირჩიეთ.
12. ჰრქუა იოდასაფ: რაჲსათჳს უკუე ყოველი ერი მტერ გექმნა და ურვილის მეტყუელ მოყუასთა შენთა?
13. ჰრქუა ბალაჰვარ: მტერობაჲ მათი იყო, ვითარ-ესე გესმა, ხოლო ძჳრის მეტყუელებაჲ მათი ვინაჲ ეწიოს კაცსა,
14. რომელნი იტყჳან და არა ტყუვიან, ილოცვენ და უძილ არიან, იმარხვენ და არა განძღებიან, ჭირსა შინა არიან და მოითმენენ, და კეთილთა ზედა ჰმადლობენ და უშურველ, რომელსა ზედა კაცნი მოშურნე არიან.
15. ჰრქუა იოდასაფ, რომელსა ზედა უშურველ არიან?
16. ჰრქუა ბალაჰვარ: უშურველ არიან მონაგებთა ზედა, ცოლთა და შვილთა, და არავის ეშინიან მათგანსა.
17. არცა მონაგებთა ზედა და არცა დედათა ზედა, რამეთუ მტერობაჲ კაცთაჲ არა არს გარნა მონაგებთათჳს, რაჲთა ფრიად შეიკრიბონ.
18
1. 18. ჰრქუა იოდასაფ: მაშინ ვითარ შეითქუნეს მტერობასა მათსა ზედა კაცნი და ესევითარნი საქმენი ჰქონან მათ, და კაცნიცა და დაწვალებულ არიან საქმეთა შინა მათთა?
2. ჰრქუა ბალაჰვარ: რამეთუ მეძიებელნი სოფლისანი დაღაცათუ მოშურნე და მტერ არიან ურთიერთას, საწუთროსა ზედა მტერ არიან, ხოლო მორწმუნეთა ზედა, რომელნი ჰმსახურებენ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, ესრე სახე არიან მათდა მიმართ.
3. რამეთუ მსგავს არიან ძაღლთა თითოფერთა და თითოეულთა ადგილთაგან შეკრებულთა, რომელნი შეკრბიან მძორსა ზედა და იკბინებიედ ურთიერთას, და იხილიან რაჲ კაცი მოგზაური, განი[შუე]ლნიან ურთიერთას და ყოველთავე ერთბამად მიჰმართიან და შემწე ექმნიან ურთიერთას.
4. მას ზედა რ~ ჰგონებედ, ვითარმედ მძორსა მათსა მოვალს კაცი იგი.
5. უძღებებისა და სიხარბისა მათისაგან ჰგონებედ ამას, უცხოდ რაჲ იხილიან კაცი იგი მათ შორის, დაღაცათუ მტერ იყვნიან, არამედ მის ზედა დაიგნიან და ვერ ცნიან, რამეთუ არარად უჴმნ კაცსა მას მძორი იგი მათი.
6. ეგრეცა მოყუარენი ამის სოფლისანი, რომელთა გამოირჩიეს იგი სასუფეველისა წილ, რამეთუ შეიჭამებიან ურთიერთას და დასთხევენ მისთჳს სისხლთა მათთა, და მას შინა დაჰლევენ დღეთა მათთა ძიებისათჳს პატივისა და დიდებისათჳს მისისა.
7. და შური იგი მაკუდინებელი მარადის დამკჳდრებულ არს გულთა შინა მათთა, (არამედ) რაჟამს იხილნიან მტერნი იგი ამის სოფლ[ის]ანი, რომელთა არარაჲ ზრუნვაჲ აქ[უს], გარნა რაჲთა განთავისუფლდენ მისგან და არარაჲთ ზ(იარ) იყვნენ მათ თანა სოფელსა ამას შინა,
8. ჰგონებედ მათთჳს, ვითარმედ საცთურ რა(ს)ამე უგ[ებ]ენ ამით ჯერითა, რამეთუ მასვე [ს]~ლსა ზაკულებისასა ჰგონებენ მორწმუნეთა თანა ქრისტესთა.
9. და ამისთჳს შეითქუნეს ურთიერთას მტერობად ჩუენ ზედა.
10. ესე განიზრახეს მცირედ მეცნიერებითა მათითა და არწმუნეს მამასა შენსა, ვითარმედ შეკრებაჲ ესე ჩუენი არა არს, გარნა წინააღდგომისა რაჲსათჳსმე მეფობისა მისისა.
11. და ჭეშმარიტი იგი ვერ გულისჴმა-ყო მამამან შენმან, ვითარმედ სიმაღლე იგი მისი და დიდებაჲ მეფობისა მისი(საჲ) მდაბალ და შეურაცხ-არს წინაშე მორწმუ[ნე]თა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და უმეტეს ხოლო მონაზონთა ჭეშმარიტთა,
12. რომელნი მებრ საძაგელადცა ჰხედვიდეს საშუებელთა მისთა, და მარადის უკჳრნ, თუ ვითარ ეგოდენ შეაპყრა გონებაჲ მისი საშუებელთა ამისსოფლისათა.
19
1. 19. ჰრქუა იოდასაფ ბალაჰვარს: დააცადე სიტყუაჲ და იწყ(ე) მოთხრობად სარგებელისა!
2. თქუა ბალაჰვარ: რამეთუ მკურნალმან ჴელოვანმან რაჟამს იხილის გუამი აღშფოთებული ძნელთაგან მავნებელთა და უნებნ კუალად-გებაჲ მისი სიმრთელედ, არა იწყის მისა ფუფუნებად საჭმლითა და სასუმლითა, რომლითა აღორძინებაჲ ჴორცთაჲ იქმნების,
3. რამეთუ უწყინ, უკუეთუ შეეყვნენ საჭმელნი და სასუმელნი ნივთსა, განმრყუნელ და მავნებელ არიან გუამისა და არა მარგებელ;
4. არამედ იღუწიან დაყენებითა და წამლითა (რომელთა მიერ ღმერთმან ყვის ოტებაჲ ვნებათაჲ) განგებით.
5. ხოლო რაჟამს განეშორის სენი და ნივთი განმრყუნელი ღმრთისა მიერ, მერმეღა ჰფუფუნებნ საჭმლითა და სასუმლითა, მაშინღა ცნის სასამან გემოჲ ჭამადთაჲ და ძალ ექმნის იგი, რომლისაჲ არა ჰნებავნ სიკუდილი.
20
1. 20. ჰრქუა იოდასაფ: მითხარ, წმიდაო მამაო ბალაჰვარ, ვითარ იყო დასაბამი მიწევნისა შენისაჲ საზომსა ამას, ანუ ვითარ მიემთხჳე საქმესა ამას მონაზონებისასა?
2. მიუგო წმიდამან ბალაჰვარ: რაჟამს შევეყავ სოფელსა ამას, ვიხილე, სცვალებდა რაჲ კაცთა საქმითი-საქმედ და ნათესავითი-ნათესავად და ვჰხედევდ კაცთა ამას შინა, ვითარცა საშრიალსა ზედა წინაშე მოწევნადთა ბოროტთა,
3. და ვჰხედევდ განცხრომასა შინა მოკლედ და შრომასა მოსაგებელისა მისისასა ფრიად, შევინანე წინაჲ[ს]წარი უგუნურებაჲ ჩემი და გარდამატებული ცთომაჲ ჩემი და ვიწყე ბუნებისაგან მწუხარებისა საქმედ სიმართლისა, და ვიწყე მწყსად გონებისა ჩემისა.
4. და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და დავაწულილადე განკითხვაჲ თავისა ჩემისაჲ, რაჲთა აღვაშენო დარღუეული იგი პირველი ჩემ შორის და რაჲთა მივიწიო საზომსა წმიდათა მამათასა.
5. და [ვ]ჰჴედნიდი გულსა ჩემსა დღითი-დღედ, ვიდრემდის მოიქცა სიყუარულად ქრისტესა და წადიერებად კეთილთა მიმართ.
6. და მერმე ვიწყე შენებად ნებისა და გულის-თქუმისა ჩემისა ჩუეულებისაგან მათისა, და დავადგინე ფლობასა ქუეშე ჩემსა და ვაიძულებდ ტჳრთვად კანონთა შჯულისათა და სიხარულსა მოთმინებისასა,
7. ვიდრემდის აღმეძარცუა წყუდიადი სიბნელისაჲ და მომქარდა სიმთრვალე უდებებისაჲ, და კადნიერ ვიქმენ შუებათა და გულის-თქუმათა.
8. და დავინახე აუგი საქმეთა ჩემთაჲ, რომელთა განვეშორე.
9. და გამომეცხადა უმეტესობაჲ მისი, რომელსა მივიცვალე.
10. და განდიდნა ამას შინა წადიერებაჲ ჩემი.
11. და ვაძოებდი თავსა ჩემსა, ვითარცა აძოებნ წინამძღუარი სამწყსოთა თჳსთა, რომელი მიაგებნ მორჩილთა და ურჩთა საქმეთა მათთაებრ.
12. ეს(რეთ ვი)ღუწიდ თავსა ჩემსა, ოდესმე პატივ-[ვ]სცი მოთმინებისათჳს და ოდესმე ვტანჯი უთმინოებისათჳს, ვიდრემდის შევიკრძალე, რომელი შევიყუარე, და განვიშორე, რომელი მოვიძულე.
13. ჰრქუა იოდასაფ: საქმე ესე, რომელსა იტყჳ და ჰქადაგებ შენ და მოყუასნი შენნი, თჳთ რაჲმე გამოჰნახეთა სიბრძნითა და მეცნიერებითა თქუენითა და ჰპოეთ მას შინა ჭეშმარიტებაჲ და გამოირჩიეთ სხუათაგან წესთა, ანუ ღმერთმან გიჴმო და ჴმა-ეცით?
14. ჰრქუა ბალაჰვარ: უმაღლეს და უდიდებულეს არს სიბრძნესა ამის სოფლისასა საქმე ესე, და უკუეთუმცა ქუეყანისა სიბრძნითა დადვეს შუენიერი ესე მოქალაქობაჲ მონაზონებისაჲ, ადვილმცა და ფართო იყო გზაჲ მისი.
15. და უკუეთუმცა კაცობრივითა საქმითა შექმნულ იყო ესე, სოფლისამცა სიყუარულსა აწუევდა და ყოველთა საშუებელთა და განსაცხრომელთა მისთა,
16. არამედ საქმე არს უცხოჲ, ქადაგებული ღმრთისა მიერ ჭეშმარიტისა განცხადებულად, დამჴსნელი საქმეთა წინააღმდგომთა ღმრთისათა,
17. ნებათა განმკუეთელი მიზეზთა გულის-თქუმისათა, მოძულე განცხრომისა და საშუებელთა მისთა განმაქარვებელი, და მწოდებელი ნებასა ღმრთისა ჩუენისა იესუჲს ქრისტესა.
18. და ესე ცხად არს, ვითარმედ ბრძანებაჲ არს ცათა და ქუეყანისა მეუფისაჲ, რომელი-იგი თანამოსაყდრე არს მამისა და ყოვლად წმიდისა სულისაჲ, რამეთუ უზეშთაეს არს გამოთქუმისა და უზეშთაეს ბუნებისა და ხილვისა.
19. და რომელთამე უჩუენა ღმერთმან წესი ესე წმიდაჲ პირითა წმიდათა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთაჲთა, ჰრწმენა და ცხონდეს, და რამეთუ ჭეშმარიტად წმიდათა მოციქულთა მიერ დაემტკიცა საკჳრველი ესე ანგელოზთამი მიმსგავსებული ცხორებაჲ.
21
1. 21. ჰრქუა იოდასაფ: რაჲ არს სიბრძნე ესე ქებული მეტნობითა და სისრულითა და ყოვლითა ძალითა პატიოსნითა სავსე და ვითარ არა ყოველნი კაცნი ირგებენ?
2. ჰრქუა წმიდამან ბალაჰვარ: მსგავს არს სახე სიბრძნისა მისისაჲ მზესა, რომელი მიეფინების ყოველთა ზედა კაცთა დიდთა და მცირეთაცა, და არავის დააყენებს, რომელნი ირგებდენ მისგან, და არცა განტფობად ვის უნდეს მისგან და არცაღა ახლოჲთ ჴელის მიყოფად რუპესა მისსა.
3. ხოლო უკუეთუ ვისმე არა უნდეს რგომის, არა ბრალეულ არს მზე.
4. ეგრეცა არს საქმე სიბრძნისაჲ კაცთა შორის დღედმდე აღდგომისა, რამეთუ ნათელი მისი ყოველთა ზედა მიეფინების, ვითარცა ნათელი მზისაჲ, და ახლოჲთ შესაპყრობელ არს.
5. ხოლო კაცნი ჰმატან მას შინა ურთიერთას, ვითარცა რაჲ მარგალიტი, რომელიმე ღირნ ასის ბევრის და რომელიმე ორის დანგის.
6. ხოლო რომელი ეძიებნ სიბრძნესა და მოიპოონ და შეიკრძალონ სიბრძნე იგი სულიერი არა სახელის დებით ხოლო, არამედ საქმით აღასრულონ, იყოს იგი ვითარცა მარგალიტი მრავალ სასყიდლისაჲ.
7. და უკუეთუ ვინმე დიდი იგი მარგალიტი ვერ მოიპოოს, მცირედიცა იგი, დაღაცათუ უნდოჲ არს, კეთილვე არს.
8. ჰრქუა იოდასაფ: არისმეა სიბრძნე, რომელსამცა ვერ მისწუთეს მეძიებელნი მისნი მრავალ ჟამ და მერმე მოიქცა და პოამცა?
9. ჰრქუა ბალაჰვარ: ესრეთ არს უმრავლესთა კაცთა საქმე სიბრძნესა შინა, რამეთუ სიბრძნე მრავლად ფერად განიყოფვის: რომელიმე ახლოჲ არს და განმარტებული,
10. და რომელიმე შორი არს და ძნიად მისაწდომელი, და რომელიმე ცხადი და რომელიმე დაფარული, და რომელიმე საჩინოჲ და რომელიმე ღრმაჲ.
11. და მსგავს არ[ს] სახე ამისი სახესა წყალთასა, რომელნი აღმოსცენდიან სიღრმისაგან ქუეყანისა, რომელიმე მათგანი ახლოჲ, ვითარცა წყარონი აღმომდუღარენი,
12. და რომელიმე კაც ერთ გინა ერთ ჰოროლ აღმოეცემის, და რომელიმე გუამთაგან ღრმათა აღმოეცენების, და რომელიმე ურწყულთა, რომლისა სიღრმესა შინა არა ჩანს წყალი.
13. და მერმე წყალნიცა მრავალსახე არიან;
14. და რომელიმე ზეზე არს და ტკბილ და ჰამო არს, და რომელსამე ზედა შეკრბის სიშორე და სიმრღჳე და სიმცირე, და რომელსამე ზედა შეკრბიან სიჰამოე და სიახლოე და სიმძაფრე.
22
1. 22. ჰრქუა იოდასაფ: უწყი ვინა თქუენსა გარეშე, რომელიმცა ქადაგებდა საწუთროჲსა დატევებასა და საშუებელთა მისთა შეურაცხ-ყოფასა?
2. ჰრქუა ბალაჰვარ: ქუეყანასა ამას აწ ჩუენ ვართ და სხუაჲ არავინ არს, ხოლო სხუათა ქუეყანათა არიან კაცნი მართალნი, რომელნი შჯულიერად იტყჳან თავთა თჳსთა ენითა მათითა და ქადაგებენ წესიერებასა, და მრავალნი საქმენი წარწყმდებიან მათ შორის;
3. და რომელნიმე მათგანნი საქმით სიტყუასა აღასრულებენ და რომელიმე წინააღუდგების სიტყუასა თჳსსა საქმითა თჳსითა.
4. და უმრავლესნი მათგანნი შეცთომილ არიან საქმითა და სიტყჳთა მისთჳს.
5. და იწვალნეს საქმენი მათნი საქმეთაგან ჩუენთა.
6. ჰრქუა იოდასაფ: რაჲთა საცნაურ არს, ვითარმედ თქუენ უჭეშმარიტესსა ჰქადაგებთ მათსა, და საქმე ვინაჲცა მოიწია თქუენდა, ეგრეცა მათდა?
7. ჰრქუა ბალაჰვარ: ყოველი ჭეშმარიტებაჲ იესუჲს ქრისტეს მიერ მოეცემის კაცსა.
8. რამეთუ ყოველთა კაცთა უწოდა მისა.
9. რომელთამე ისმინეს და შეიწყნარეს ჴმაჲ იგი ყოვლითა წესითა და სამართალითა მისითა, და ნაყოფი მისი განსრულებული ღმერთსა მიუპყრეს, ვითარ-იგი ჯერ-იყო.
10. და რომელთამე არა აქუნდა გონებასა მათსა სიმტკიცე და მოთმინებაჲ, დაიმძიმეს, მოიწყინეს და წარწყმდეს.
11. აწ რაჲ სწორებაჲ არს დამმარხველისაჲ წარმწყმედელისა თანა, გინა აღმაშენებელისაჲ დამარღუეველისა თანა, და მოთმინისაჲ უთმინოჲსა თანა!
12. რამეთუ არავინ აღმოთქუას სიტყუაჲ შჯულისაჲ, გარნა ძირისაგან ჭეშმარიტისა ქადაგებულისა, არამედ განწვალა შორის ჩუენსა და მათსა ახალსახიობამან მათმან, და გამოირჩიეს საუკუნესა ზედა.
13. ხოლო ქადაგებაჲ ესე მოიღეს წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა პირველთა მათ მიმართ, და რომელნი სამართლით შეიწყნარებდეს და უცვალებელ იყვნეს, და ერთობით მოჰქონდა ქადაგებული იგი.
14. ხოლო წინაწარმეტყუელმან, რაჟამს აღასრულის ქადაგებაჲ თჳსი და განაცხადის მხილებაჲ საღმრთოჲ წინაშე კაცთა და არღარავის აქუნ სიტყჳს გებაჲ წინაშე ღმრთისა მიმართ უმეცრებისათჳს,
15. შეწირის ღმრთისა და დარჩის ერი და მრავალთა წელთა უპყრიედ წესი და სამართალი და მშჯავრი მისი.
16. და ამისა შემდგომად აღადგინნეს კაცთა შფოთნი და ბოროტნი, წარწყმიდეს ლოცვაჲ და შეუდგეს ნებათა და მოაკლდა სწავლულებაჲ და წარიღეს მეცნიერთა მეცნიერებაჲ მათი და არავინ დაშთა მათგანი, გარნა მცირედნი;
17. და იგინიცა შეურაცხ-იქმნნეს უგუნურთაგან.
18. და დაშრტა სიბრძნე და აღეგზნა უგუნურებაჲ.
19. და ამას შინა წარჴდა ნათესავი იგი და აღდგა სხუაჲ ნათესავი, რომელთა ესმინავე არა საქმე სწავლულებისაჲ.
20. და იწყო უგუნურებამან აღგზებად და განმრავლებად, და მეცნიერებამან მოკლებად და დაშრეტად, და გარდაცვალნეს სიტყუანი წიგნთანი უცხო პირად და სხუად ძალად ძალისაგან თჳსისა, და დაუტევეს გზაჲ სიმართლისაჲ.
21. და ამას თანა აღიარებდეს სიტყუასა წიგნთასა და გამოსთარგმანებდეს მსგავსად ნებისა მათისა, შეიწყნარებდეს გამოთქუმულსა და დაუტეობდეს სამართალსა.
22. და [იყო] სიტყუაჲ სამართლისაჲ, რომელი აქუს-ღა წინააღმდგომთა ჩუენთა ძირისაგან, რომელი ქადაგეს მოციქულთა.
23. აწ ჩუენცა აღვიარებთ წიგნთა მათ და წინააღუდგებით შეტყუებასა მათსა, რამეთუ [გამოხატულსა] ხოლო სცნობენ წიგნთაგან, და ჭეშმარიტებასა მისსა ვერ ღირს იქმნეს დამტკიცებად.
23
1. 23. კუალად თქუა ბალაჰვარ: მე ვჰგონებ, ვითარმედ არასადა ასმიეს მამასა შენსა ცოცხლებით და არცა ვინ სადა ზრახულ არს მისდა ერთგულებით, და არცა მას გულისჴმა-უყოფიეს მოღუაწებით.
2. ჰრქუა იოდასაფ: რომლისა ჯერისათჳს არა იღუაწეს ბრძენთა მისა მიმართ ესოდენთა ჟამთა?
3. ჰრქუა ბალაჰვარ: ამისთჳს, რამეთუ იცოდეს ადგილი სიტყჳსა მათისაჲ, და ოდესმე დააცადიან მხილებაჲ მათდაცა მიმართ, რომელნი უდაშნეს და უფროჲს სამართლის და სიტყჳს შემწყნარებელ იყვნიან მამისა შენისასა.
4. რამეთუ შე-ცა-ეყვის კაცი კაცსა მრავალთა ჟამთა და მეგობარ არიედ ურთიერთას, და არარაჲ განჰყოფნ მათ შორის, გარნა შჯული და სიბრძნე.
5. და დაღაცათუ ფრიად ეწყალინ, არამედ არავე გამოაცხადის საიდუმლოჲ იგი სიბრძნისაჲ.
6. თქუა იოდასაფ: ვითარ ეგების ესე ყოფად!?
7. ჰრქუა ბალაჰვარ: – ესე სახე არს მეფისაჲსაჲ მის, რომელი განაგებდა სამეუფოსა თჳსსა სიბრძნითა და მეცნიერებითა, და იღუწიდა მშჳდობისა მათისათჳს მრავლითა გულსმოდგინებითა და განგებითა საქმეთა საწუთროჲსათა,
8. ვითარ-იგი ჯერ-არნ მეფეთაჲ, რომელთა აქუნ სიყუარული ერისა თჳსისაჲ.
9. და ესუა თანამზრახვალი კაცი სახიერი და სარწმუნოჲ, განყენებული ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, რომელი ყოვლადვე სახიერებასა და კეთილსა აზრახებნ მეფესა კაცთა მიმართ.
10. და კაცი ესე მიწევნულ იყო საქმეთა შჯულისათა და მრავალ გზის შემთხუეულ იყო კაცთა მეცნიერთა და განყენებულთა სოფლისაგან.
11. და მასცა ესევითარი გონებაჲ აქუნდა ფრთხილი და მართალი, და ფრიად კადნიერებაჲ აქუნდა წინაშე მეფისა, არამედ არა გამოუცხადებდა დაფარულსა თჳსსა.
12. და ფარულად ეპყრა ღმრთის მსახურებაჲ კეთილი.
13. და რაჟამს იხილის მეფე კერპთა თაყუანის-ცემად და ადიდებნ რაჲ დღესასწაულსა მათსა, ფრიად შეელმის, ვითარცა ელმინ რაჲ კაცსა შვილისა თჳსისათჳს, რაჟამს შეაშთობნ მას ეშმაკი.
14. და მრავალ გზის უნებნ მას მის თანა სიტყჳსა ყოფაჲ შჯულისათჳს, და ჰკითხის მოყუასთა თჳსთა ამის ჯერისათჳს.
15. ხოლო მათ ჰრქუეს: შენ უმეცნიერეს ხარ შინაგანსა მისსა გონებასა, და უკუეთუ ჰპოვო ადგილი, ყავ სიტყუაჲ მის თანა, არამედ კრძალვაჲცა ჯერ-არს,
16. რამეთუ დაუძინებელ არს ეშმაკი ბოროტისათჳს, ნუუკუე განაკრთოს გონებაჲ მისი შენგან და ბოროტის ყოფადცა აღსძრა მოყუასთა შენთა ზედა.
17. და ფრიად იურვინ კაცი იგი მეფისათჳს და ეძიებდა ჟამსა, რაჲთამცა პოვა ადგილი მხილებისაჲ.
18. და წარჴდეს ამას შინა დღენი მრავალნი, და ჰრქუა მეფემან კაცსა მას ღამესა ერთსა: მოგუალე და მივივიდოდით ქალაქსა შინა, რაჲთა ვიხილოთ საქმე კაცთაჲ.
19. და იყო სლვასა მას მათსა ქალაქსა შინა, და მიემთხჳვნეს სანაგვესა რასამე დიდსა.
20. და იხილა მეფემან სინათლე რაჲმე ვითარცა ცეცხლისაჲ მუნით გამო.
21. და წარვიდა მეფე და თანამზრახვალი მისი ხილვად მისა.
22. და ვითარცა მიეახლნეს, პოვეს კაცი ვინმე, რომელსა გამოეთხარა სანაგვესა მას შინა მსგავსი ქუაბისაჲ და სხდეს მას შინა იგი და ცოლი მისი.
23. და იყო მათ ზედა სამოსელი უნდოჲ მსგავსად გლახაკთა.
24. და ჰხედვიდეს რაჲ ამას, ესმა მუნით გამო ჴმაჲ სიმღერისაჲ.
25. და ვითარ განიცდიდეს ჴურელით შეღმართ, იხილეს კაცი იგი, რამეთუ ინაჴით ჯდა სკორეთა მათ ზედა, და დედაკაცი იგი, რამეთუ უწდევდა და როკვიდა წინაშე მისა.
26. და შეასხამნ ქებასა, ვითარცა ჯერ-არნ მეფეთათჳს და უფლით ჰხადინ მას და იგი – დედოფლით.
27. და ორნივე აქებდეს თავთა მათთა, იხარებდეს და განსცხრებოდეს ტრფიალებითა ურთიერთას.
28. ხოლო მეფე იგი და თანამზრახვალი მისი მყოარჟამ ჰხედვიდეს და განიცდიდეს საქმესა მათსა, ვითარ-იგი მხიარულ იყვნეს ეგევითარსა ცხორებასა მათსა.
29. და წარვიდა მეფე იგი და თანამზრახვალი მისი განკჳრვებულნი მათგან.
30. და ჰრქუა მეფემან მოყუასსა თჳსსა: არასადა გჳნდა ცხორებაჲ ჩუენი მე და შენ და არცა ესრეთ მხიარულებით შევიწყნარეთ, [ვითარ]-ესე გლახაკი, რომელი ვიხილეთ სკორეთა მათ შინა ცოლისა თჳსისა თანა.
31. და მე ესრე ვჰგონებ, ვითარმედ ამას შინა არიან ყოველნი დღენი მათნი.
32. მაშინ პოვა თანამზრახვალმან ადგილი სიტყჳსაჲ მეფესა თანა და ჰრქუა მას: ანუ ჰგონებ, მეფე, ვითარმედ დიდებაჲ ესე და სუფევაჲ, რომელსა შინა ვიშუებთ, არა ესრევე სახედ შერაცხილ არს და საწუნელ წინაშე მათსა,
33. რომელთა იციან დიდებაჲ და სუფევაჲ საუკუნოჲ, რომელი განუმზადოს ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა.
34. და სახლებნი ესე ოქროქანდაკებულნი, რომელნი ვაშენ[ე]ნით, და სიშუენიერე ხატისაჲ და ბრწყინვალებაჲ სამოსელთა ჩუენთა[ჲ] ესრევე სახედ შერაცხილ არს წინაშე მათსა,
35. რომელნი ჰხედვენ მერმეთა მათ ჴელით-უქმნელთა ტაძართა და თუალთ-შეუდგამსა სამოსელსა, ვითარცა-ესე ჩუენ ვჰხედავთ იმათ თანა გარდარეულსა შეურაცხებასა.
36. და თავ-მ[ოთ]ნე[ო]ბაჲ ესე დიდებისა ჩუენისაჲ მსგა[ვს] იყოს თავ-მოთნეობასა იმათსა, რ[ომელსა] განვიკითხავთ და გჳკჳრს.
37. ჰრქუა მას მეფემან: და იცნი ვინა ესევითარ[ი]სა სახისა მეცნიერნი კაცნი?
38. ჰრქუა კაცმან მან: არიან კაცნი, რომელნი ჰმსახურებენ [ღმერთსა] და დაუტეობია სოფელი ესე და ყოველი ხატი ერის კაცობისაჲ შეურაცხუყოფიე[ს] და არიან აწ უდაბნოთა, მთათა და ქუაბთა შინა ქრისტეს სიყუარულისათჳს
39. და საუკუნოჲ იგი უხილავს და შეუყუარებია, გამოცადეს სოფელი ესე და პოვეს ყოველი დიდებაჲ მისი წარმავალი.
40. ჰრქუა მას მეფემან: და რაჲ არს სუფევაჲ საუკუნოჲ?
41. ჰრქუა თანამზრახვალმან მან: სუფევაჲ საუკუნოჲ შუებაჲ არს, რომელსა არა შეუდგს სიგლახაკ[ე];
42. და სიხარული არს, რომელსა არა შეუდგს ურვაჲ;
43. და სიმრთელე არს, რომელსა არა შეუდგს სალმობაჲ;
44. და მეფობაჲ არს, რომელსა არა აქუს აღსასრული;
45. და მშჳდობაჲ არს, რომელსა არა შეუდგს [ში]ში;
46. და ცხორებაჲ არს, რომელსა არა შეამრღუევს სიკუდილი, [დ]ა იგი არს სოფელი უხრწნელებისაჲ და მიიღებენ საწადელსა მათსა თჳნიერ შრომისა და რუდუნებისა.
47. ჰრქუა მეფემან: არის-მე ვინ-ა ამის ადგილისა ღირ[ს], ანუ ვითარ შესაძლებელ არს შესლვად ადგილსა მას?
48. ჰრქუა თანამზრახვალმან მან მეფესა: არავის ზედა დაჴშულ არს კარი ქრისტესი, რომელნი ეძიებენ შესლვად კარით.
49. ჰრქუა მეფემან: და რაჲ არს გზაჲ იგი?
50. ჰრქუა თანამზრახვალმან: მსახურებაჲ სამების[ა] წმიდისაჲ, რომელმან დაჰბადნა ყოველნი დაბადებულნი და დატევებად ყოველი სამსახურებელი, თჳნიერ მისა.
51. ჰრქუა მეფემან და რაჲ ყენება-გეყო შენ თხრობად ჩემდა ესევითარი გზაჲ ვიდრე აქამომდე?
52. ჰრქუა თანამზრახვალმან მან: არა ორგულებითა ჩემითა დავაცადე ესე აქამომდე, არცა ვჰრიდე გონება-უქმოებასა [შ]ენსა, რამეთუ სრულ ხარ ყოვლით კერძო, არამედ მა[ყ]ენებდა ზარი მეფობისა შენისაჲ.
53. ჰრქუა მეფემან: უკუეთუ საქმე ესე ჭეშმარიტ არს, არა გჳღირს, რაჲთა უდებ ვყოთ ძ[ი]ებაჲ მისი ყოვლითა მოსწრაფებითა და შრომითა.
54. და უკუეთუ საეჭუელ არ[ს], თანა-გუაც, რაჲთა ვყოთ ყოველი შრომაჲ ჩ[ემი], ვიდრემდის მივიწინეთ, ჭეშმარიტ თუ არს საქმე ესე, ხოლო დაფარვაჲ ესე ამის საქმისაჲ ჩუენგან დიდ შეცოდება არს წინაშე ჩემსა, დაღაცათუ გულ-პყრობილ ვარ შენდამი.
55. ჰრქუა თანამზრახვალმან მან: აწ უკუე მიბრძანება, რაჲთა მარადის გაუწყებდე საქმესა ამას და მოგაჴსენებდე ჟამითი-ჟამად?
56. ჰრქუა მეფემან: არა თუ ჟამითი-ჟამად, არამედ დაუცხრომელად.
57. დღე და ღამე განუსუენებელად იყავნ ზრახვაჲ ესე შენდა და ჩემდა, რამეთუ საქმე ესე საკჳრველ არს და არა ჯერ-არს უდებებით წარწყმედად ესევითარი შესაძინელი, არამედ ძიებად მოსწრაფედ.
58. და თქუა წმიდამან ბალაჰვარ: შემდგომად ამისა გუესმა, ვითარმედ მეფე იგი და თანამზრახვალი მისი მშჳდობით თანა-წარჰჴდეს სოფელსა ამას.
24
1. 24. [ჰრ]ქუა იოდასაფ: არღარა აქუს ყოვლით კერძოვე სიყუარული ამის სოფლისაჲ გონებასა და არღარა შევაქცევ თავსა ჩემსა მიზეზთა მიერ მისთა, არამედ მსურის ცხორებისა მისთჳს საუკუნოჲსა,
2. და აწ განმიზრახავს, რაჲთა დავადგრე შენ თანა, სადაცა იყო, და მოვითმინო სიმძიმე ცხორებისა შენისაჲ.
3. ჰრქუა წმიდამან ბალაჰვარ: უკუეთუ ჰ[ყო] ესე, ემსგავსო მდიდარსა მას, რომელი ემზახა გლახაკსა მას, რამეთუ გუესმა, ვითარმედ იყო ვინმე ჭაბუკი მდიდრისა შვილი, და უთხოვა მამამან მისმან ცოლად მისა ქალი ერთი შუენიერი და მდიდარი ნათესავთაგან თჳსთა.
4. და არა ინება ჭაბუკმან მან შერთვაჲ მისი.
5. და აღდგა და ივლტოდა პირისაგან მამისა თჳსისა.
6. და სლვასა მას მისსა შინა იხილა ასული ვინმე გლახაკისა(ჲ) სამოსლითა შეურაცხითა მჯდომარე კართა ზედა სახლისა თჳსისათა, იქმოდა რაჲ ჴელთსაქმარსა თჳსსა, და მას შინა ჰმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა.
7. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ვინაჲ ხარ, დედაკაცო, ანუ რომელთა კეთილთა ზედა ჰმადლობ ღმერთსა?
8. ხოლო მან ჰრქუა: არა უწყია, რამეთუ მცირემან წამალმან მრავალთაგან სენთა იჴსნის კაცი, ეგრეცა მცირედსა ზედა მადლობამან მოჰმადლის უდიდესი?
9. ხოლო მე ასული ვარ ბერისა ერთისა გლახაკისაჲ.
10. და ჴმა-უყო ჭაბუკმან მან ბერსა მას.
11. და ვითარ განვიდა მისა, ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს ასული ესე შენი მოცემად ცოლად ჩემდა?
12. ჰრქუა მას ბერმან მან: არა ჯერ-არს ცოლად შენდა ასული გლახაკისაჲ, რამეთუ შენ შვილი მდიდრისაჲ ხარ.
13. ჰრქუა ჭაბუკმან მან: ვიხილე სიბრძნე და გონიერებაჲ ასულისა შენისაჲ, და მე მთნავს იგი ცოლად ჩემდა, და აჰა ესერა მდიდართა შვილი დაწინდებულ იყო ჩემთჳს, და მე არა ვინებე.
14. აწ წინა-მიყავ თხოვაჲ ჩემი, რამეთუ კეთილად მპოო, უფალსა თუ უნდეს.
15. ჰრქუა მას ბერმან მან: დაღაცათუ შენ გთნავს ასული ჩემი, არამედ ვერ ძალ-გიც მიყვანებაჲ მისი სახლდ მამისა შენისა.
16. ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: მე აქა დავადგრე თქუენ შორის და თავს-ვიდვა ცხორებაჲ თქუენი.
17. ხოლო ბერი იგი იყო მდიდარ ფრიად ფარულად.
18. და შევიდა სახლსა მის ბერისასა და განიძარცუა სახე და [შეიმოსა] სამოსელი მათ გლახაკთაჲ.
19. და იწყო ბერმან გამოცდად მისა და აღწონად გონებისა მისისასა.
20. და ვითარ პოვა იგი ყოვლით კერძო ბრძენ და გონიერ და ცნა, ვითარმედ არა ტრფიალებითა უგუნურებისაჲთა მივიდა სიგლახაკედ, მაშინ უპყრა ჴელი მისი და შეიყვანა საუნჯესა თჳსსა.
21. და განახუნა საუნჯენი თჳსნი და უჩუენა მას ყოველი სიმდიდრე თჳსი და შუენიერებაჲ ადგილისაჲ მის, რომელ არასადა ეხილვა ეგევითარი ცხორებასა მისსა, და ჰრქუა მას: შვილო, ესე ყოველი შენი არს.
22. და მიერითგან იშუებდა ჭაბუკი იგი მარადის მას შინა სიხარულით და მხიარულებით.
25
1. 25. ჰრქუა იოდასაფ: მე ვესავ ქრისტესა ძესა ღმრთისასა, ვითარმედ ჩემთჳს იყოს სახე ესე, არამედ მესმა შენგან, იტყოდე რაჲ, ვითარმედ ბერმან გამოცადა გონებაჲ მის ჭაბუკისაჲო.
2. აწ შენ, ვითარ გნებავს გამოცდაჲ გონებისა ჩემისაჲ?
3. ჰრქუა ბალაჰვარ, რაჲთა გეშინოდის ღმრთისა და შეეყო ნებასა მისსა ყოველთა დღეთა შენთა და განეშორო ყოველთა ვნებათა სოფლისათა,
4. რამეთუ არა წარსწყმედს ღმერთი სასყიდელსა შრომისასა და არცა წარუმართებს საქმესა იჭჳსასა, და განძლიერდი, რამეთუ არა განმცდელ არს უფროჲს ძალისა.
5. დღითი-დღედ გეჴსენედ და იწურთიდი გონებასა შენსა, შეიპყრობდ საქმესა განცდით და ნუ სიტკბოებისათჳს შესცხარდები პირველ გამოცხადებისა, და ნუცა სიმწარისათჳს განაგდებ;
6. უკუეთუ კეთილ იყოს, განიკითხევდ გულსა შენსა, რაჲთა არა შეგიჴდეს იჭჳ და ნუ მსწრაფლ დაამტკიცებ მოწევნულთა გულის სიტყუათა ვიდრემდის არა გამოსცადო დაწყნარებულებით და კრძალვით,
7. რაჲთა არა მიდრკეს გონებაჲ [შენი] ნებასა და გულის-თქუმასა, შეგაეჭოს კეთილსა და მოგატყუას ბოროტი.
8. აწ მე ვევედრები შენთჳს მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, ღმერთსა დამბადებელსა ცათა და ქუეყანისასა, მტკიცესა და შეურყეველსა და სულსა წმიდასა თანაარსსა, რომელსა არა აქუს აღსასრული,
9. საშინელსა და სახიერსა, ძლიერსა და მოწყალესა, უხილავსა და გამოუთქუმელსა, მეუფესა კაცთ მოყუარესა, მეცნიერსა და არა უდებ მყოფელსა, რომელი ყოვლად ძლიერ არს.
10. და არა არს უძლურებაჲ მის თანა, რომელმან აღუთქჳს და არა ეცრუვის.
11. შეიწყნარის და არა განწირის, რომლისაგან ძრწიან ყოველნი დაბადებულნი და ქედ-დადრეკილ არიან წინაშე საშინელებასა ღმრთეებისა მისისასა,
12. რაჲთა წმიდა გყოს ჭეშმარიტ წინამძღუარ კეთილისა, თითის საჩუენებელ მოშიშებითა, ამხილველ ბრმათა, მასმენელ ყრუთა, მამხილებელ უდებთა და მტერ სოფლისა,
13. მოყუარე წმიდათა და მოძულე ვნებათა, ვიდრემდის მიგაწიოს ჩუენითურთ ადგილსა მას, რომელი აღუთქუა ქრისტემან პირითა მით უტყუველითა მოუგონებელსა, უსმენელსა და უხილავსა სასუფეველსა მისსა,
14. რამეთუ სასოებაჲ ჩუენი ფრიად არს მოწყალებათა მიმართ ქრისტესთა, ეგრეცა შიში ჩუენი სატანჯველთაგან მისთა.
15. თუალნი ჩუენნი განმარტულ არიან და ქედნი ჩუენნი დადრეკილ არიან წინაშე მისსა.
16. ვითარცა ესმა ესე ყოველი, განჴურდა იოდასაფ სიტყუათა მათ ზედა წმიდისა მამისა ბალაჰვარისთა და აღიჩჩუა გული და იწყო ტირილად, და ჰრქუა ბალაჰვარს: რავდენისა ჟამისაჲ ხარ, წმიდაო მამაო?
17. ხოლო მან ჰრქუა: ათორმეტისა წლისაჲ.
18. ჰრქუა მას იოდასაფ: ვითარ მეტყჳ ამას, რამეთუ გხედავ მოხუცებულად და სამეოცის წლის საგონებელ ხარ.
19. ჰრქუა ბალაჰვარ: ვინაჲთგან ვიშევ, ვარ სამეოცის წლის, ხოლო შენ მკითხენ ჟამნი ცხორებისა ჩემისანი;
20. და ცხორებაჲ სიცოცხლესა ჰრქჳან, და სიცოცხლე არარაჲ არს თჳნიერ შჯულისა ქრისტესისა და საქმეთა მისთა, და ესე არა იყო ჩემ თანა, გარნა ათორმეტით წლითგან.
21. ჰრქუა იოდასაფ: ვითარ უკუე ჰყოფ კაცსა, რომელი ჭამს და სუამს და მიმოვალ[ს] მკუდრად?
22. ჰრქუა ბალაჰვარ: ამისთჳს, რამეთუ ეზიარა მკუდართა მწუხარებითა და სიხარულითა და უღონოებითა, და ვერ რგომითა თავსა თჳსსა და ვერ გულისჴმის-ყოფითა კეთილთა ღმრთისათა, რომელ არიან მის თანა სიმრთელე და ფლობაჲ კეთილთა მიმართ.
23. უკუეთუ უნდეს, ვითარცა აწ ეზიარა მკუდართა სა[ქ]მითა, ეგრეცა ემსგავსა ჴელითა.
24. ჰრქუა იოდასაფ: უკუეთუ ცხორებაჲ იგი პირველი არა შეგირაცხია ცხორებად, თანა-გაც, რაჲთა სიკუდილიცა იგი მომავალი არა შეჰრაცხო სიკუდილად და არცა ბოროტად გიჩნდეს.
25. ჰრქუა ბალაჰვარ: ანუ არა გაუწყებსა განწირვაჲ თავისა ჩემისაჲ შემოსლვად შენდა, რამეთუ მე უწყი სიბოროტე მამისა შენისაჲ ჩემდა მომართ, რამეთუ არად შემირაცხიეს ბოროტად, არამედ ცხორებად საუკუნოდ.
26
1. ჰრქუა იოდასაფ: მითხარ მე სახე ნათესავისა ამის ჩუენისაჲ და გულს-მოდგინებაჲ მათი კერპთა მიმართ.
2. ჰრქუა ბალაჰვარ: მსგავს არიან, რომელთა ჰრწამს კერპთაჲ, კაცსა ვისმე, რომელმან შეიპყრა მჭურინავი, ვითარცა იტყჳს იგავით მეტყუელი ჩუენი, და უნდა დაკლვაჲ მისი.
3. და მოეცა სიტყუაჲ მჭურინავსა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს გნებავს დაკლვაჲ ჩემი, რამეთუ არა არს ჩემ თანა განსაძღებელი შენი?
4. ხოლო უკუეთუ განმიტეო მე, მიგცნე შენ სამნი მცნებანი და უმჯობეს იყვნენ შენდა ყოველთა მონაგებთა, და-ხოლო-[თუ]-იმარხნე იგინი, და [ა]რწმუნა კაცსა მას, რაჲთა განუტეოს, უთხრნეს ხოლო თუ სიტყუანი იგი.
5. ხოლო მჭურინავმან მან ჰრქუა, რაჟამს განუტევა: ესე არიან მცნებანი ჩემნი: ნუ ეძიებ მიუწდომელსა, და ნუ ინანი გარდასრულსა, და ნუ გრწამნ, რომელი არა იყოს.
6. და ვითარ განუტევა იგი, უნდა მჭურუნავსა მას გამოცდაჲ კაცისაჲ მის, ირგნა-ძი-ა მცნებანი მისნი?
7. და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე, თუ რაჲ საფასე განგერა ჴელთაგან შენთა, რამეთუ არს იჴუანჩსა შინა ჩემსა მარგალიტი ვითარცა კუერცხი სირაქლემისაჲ.
8. და ვითარცა ესმა კაცსა მას სიტყუაჲ ესე, დაითხია სინანულითა განტევებისა მისისათჳს, და უნდა კუალად შეპყრობაჲ მისი, და ჰრქუა მას: მოგუალე სახლად ჩემდა და მე კეთილად გიღუაწო და პატივით განგიტეო.
9. ჰრქუა მას მჭურუნავმან მან: ჵ უგუნურო, შემიყპარ და ვერ დამმარხე, გამცენ და ვერ დაიმარხე, რომლითა ვიჴსენ თავი ჩემი შენგან, ანუ არა გამცენა?
10. და აჰა ესერა შენ ინანი განტევებასა ჩემსა გარდასრულსა, და ეძიებ, რომელსა ვერ მისწუთები – შეპყრობასა ჩემსა, და გრწმენა არა ყოფილი, ვითარმედ მაქუს იჴუანჩსა ჩემსა მარგალიტი უფროჲსი ჩემსა.
11. შენ არა უწყია, ვითარმედ ყოველი გუამი ჩემი არა სწორავს კუერცხსა სირაქლემისასა.
12. და მიერითგან სარგებელ ეყვნეს კაცსა მას სიტყუანი იგი.
13. ეგრეთვე არს სასოებაჲ კაცთაჲ კერპთა მიმართ, რამეთუ დაჰბადნეს იგინი ჴელითა მათითა და თქუეს: ესე არიან დამბადებელნი ჩუენნიო.
14. რამეთუ სცვენ მათ მპარავთაგან და იტყჳან, ვითარმედ: ესენი არიან საცონი ჩუენნი ბოროტისაგან.
15. წარაგებენ მათ ზედა მონაგებთა მათთა და იტყჳან, ვითარმედ: ესენი არიან მზრდელნი ჩუენნი.
16. ეძიებენ მათ თანა, რომელსა არა ჰპოებენ, და ჰრწამს (ყოვლისა)გან, რომელი არა არს მათ თანა.
17. ჰრქუა იოდასაფ: ჭეშმარიტად ესე სახე არს მათი და ყოვლადვე საძაგელ არიან წინაშე ჩემსა, და არა არს სასოებაჲ ჩემი მათდა მიმართ, და სიტყუამანცა შენმან უფროჲსად აღმძრა სიძულილად მათდა,
18. არამედ აწ მითხარ მე: ვისდა მიჴმობ, ანუ რაჲ არს შჯული ესე, რომელი გამოირჩიე თავისა შენისათჳს?
19. ჰრქუა მას ბალაჰვარ: ესე არს გამორჩეული, რამეთუ ერთი არს მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ, სამებაჲ, სამგუამოვნებაჲ და ერთი ღმრთეებაჲ, და არა მრავალნი უფალნი;
20. იგი ხოლო მეუფე, და თჳნიერ მისა ყოველნი – სამეუფო;
21. იგი ხოლო დამბადებელ და ყოველნი დაბადებულ;
22. იგი ხოლო უჟამო და ყოველნი ჟამიერ, იგი ხოლო ძლიერ და ყოველნი უძლურ;
23. იგი ხოლო მაღალ და ყოველნი მდაბალ, დაუძინებელ, ღონიერ ყოვლისაგან, ყოველივე რაჲცა უნდეს, და იქმს და ყოველსავე მისწუთების.
24. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თჳნიერ მისა არარაჲ იქმნა.
25. შეუცვალებელი ჟამთაგან და მიუცვალებელი ადგილითი-ადგილად, და ყოველნივე ადგილნი სავსე არიან მისგან, სახიერ, მოწყალე, კაცთ მოყუარე და მა[რ]თლ მსაჯულ.
26. და განუმზადებიან მორჩილთათჳს საშუებელნი და ურჩთათჳს სატანჯველნი.
27. ამან, სამებით ცნობილმან და ერთარსებით აღსაარებულმან, გყავნ მეძიებელ ნებასა მისსა, რაჲთა სცხონდე ძალითა ერთარსებისა მისისაჲთა.
28. ხოლო უკუეთუ დაიმარხნე მცნებანი მისნი, მერმე იცნა, ვითარ ჯერ-არს მეცნიერებაჲ მისი.
27
1. 27. ჰრქუა იოდასაფ: რაჲ არს საქმე, რომელი ჰნებავს ღმერთსა?
2. ჰრქუა მას ბალაჰვარ: ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა რომელი გინდეს თავისა შენისათჳს, უყო იგი მოყუასსა შენსა, და რომელი შენთჳს არა გინდეს, იგი სხუასა არა უყო, და რაჲთა დაიმარხნე მცნებანი ქრისტესნი და ლოც[ვასა].....................
28
1. ...თა მისთაჲ და განსლვაჲ მათი მისგან.
2. და რამეთუ არავინ დაადგრებოდა მას შინა, არცა დიდი დიდებითა თჳსითა, და არცა ძლიერი ძალითა თჳსითა, და არცა ღონიერი ღონის ძიებითა თჳსითა, და არცა ბრძენი სიბრძნითა თჳსითა.
3. გულისჴმა-ვყავ, რამეთუ ვარ მე, ვითარცა ერთი მათგანი, და განმავალ ვარ, ვითარცა განვიდეს იგინი, და შეცვალებად ვარ, ვითარცა შეიცვალნეს იგინი.
4. და რამეთუ არა ვარ უდიდეს დიდთა მათ და უძლიერეს ძლიერთა მათ, და რომელი-იგი მოიწია მათ ზედა, მოიწევის ჩემ ზედაცა.
5. და ვცან, ვითარმედ ყოველი შეკრებული განიბნევის და ყოველი მონაგები წარეგების, გარნა შიში ღმრთისაჲ და სწავლაჲ ნებათა მისთაჲ იჴსნის საშჯელისა მისგან საუკუნოჲსა.
6. რამეთუ ესე არს საქმე, რომელსა არა აქუს სინანული აღსასრულისა.
7. ხოლო რაჟამს ესე გულისჴმა-ვყავ, ძიება-ვყავ თავისა ჩემისა უმჯობესი და ვაიძულე გარდასლვად ნებასა თჳსსა, დაღაცათუ მძიმე უჩნდა.
8. და დავაყენე გულის-თქუმათაგან, და აღჳრ-ვასხენ აღჳრითა შიშისა ღმრთისაჲთა, რაჲთა არა წარმიტაცოს და შთამაგდოს შფოთთა ამაოჲსა სოფლისათა.
9. და მერმე მესმა სიტყუაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი მოგუესწავა წიგნთაგან ზეგარდამოთა, ვითარმედ: ვყავ სოფელი ესე და ყოველი ხატი მისი წარმავალ, აწ აღიღეთ საგზალი, რამეთუ წარხუალთ ქუეყანად უცხოდ.
10. ეკრძალენით, რამეთუ უეჭუელად განხუალთ ამიერ სოფლით, ნურარას იჴმარებთ მისგან, გარნა რომელი კმა-გეყოს გზისა მის მოწევნამდე, რამეთუ მე განმიმზადებიეს ადგილი საუკუნოჲ, რომელსა შინა არიან ორ სავანე:
11. ერთი იგი სავანე არს ყოვლითა კეთილითა გამოუთქუმელითა და ყოვლითა საშუებელითა, აღსავსე მოწყალებითა, კაცთ მოყუარე[ბითა] ჩემითა, იყოს იგი მისაგებელად რომელთა შემიყუარეს მე
12. და ჰრწმენა ჴმაჲ მოციქულთა ჩემთაჲ და დაიმარხნეს მცნებანი ჩემნი, მას შინა სუფევდენ უხრწნელელებით და მათ ზედა სიკუდილი არა სუფევდეს, სადა-იგი არა არს შიში და ზრუნვაჲ ამის სოფლისაჲ.
13. ხოლო მეორე იგი სავანე სავსე არს სატანჯველითა, ჭირითა და იწროებითა, სირცხჳლითა და შურითა, აღგზებული რისხვითა და გულის წყრომითა, რომელმან შურ-მაგოს ყოველთა მოძულეთა ჩემთაგან,
14. რომელთა შეურაცხ ყვნეს მოციქულნი ჩემნი და დაივიწყნეს მცნებანი ჩემნი, და გარე-მიიქცინეს სასმენელნი მათნი ჴმისაგან მამხილებელისა.
15. ხოლო რაჟამს მესმა ჴმაჲ ესე, ვცან, რამეთუ სამართლით არიან სიტყუანი მისნი და ჭეშმარიტებით მცნებანი მისნი.
16. და აღვიღე საგზალი, რაჲთა მივიწიო სავანესა მას მშჳდობისა და მოწყალებისასა საქმითა კეთილითა და დამარხვითა მცნებათაჲთა.
17. და ვივლტი სავანისა მისგან საშინელისა დატევებითა ურჩებისაჲთა, დაღაცათუ ვერ მიწუთომილ ვარ მე და ვერცა ვინ სხუაჲ დიდებულთაგანი, რაჲ-იგი ქრისტემან თავს-იდვა ჩუენთჳს ჯუარსა ზედა და რაჲ-იგი თანა-გუაც ნაცვალად მისა,
18. რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი და ფრიად მეშინის, უკუეთუ არა მეოხ მეყოს წმიდაჲ ქალწული მარიამ და ყოველნი წმიდანი მისნი.
19. ჰრქუა იოდასაფ: და ვითარ შესაძლებელ არს მიწუთომად კეთილთა მათ, რომელთა იტყჳ?
20. და ჰრქუა ბალაჰვარ: რაჲთა დაუტეოს კაცმან სოფელი ესე და ყოველი ზრუნვაჲ მისი, გარნა საჴმარი ხოლო იპყრას.
21. შეიკრძალე განკითხვაჲ და დაადგერ სწავლულებასა და ნურარას დაამტკიცებ პირველ გამოცდისა, რ~ უმჯობეს არს მცირედი სიმართლე, რომელსა არა ერთოს ცოდვაჲ, ვიდრე მრავალთა სათნოებათა შინა აღრეულ იყოს ცოდვაჲ.
22. და უმჯობეს არს მცირედ მეტყუელებაჲ, ვიდრეღა [ა]რა მრავალ მეტყუელებასა, რომელსა ეპყრას ტყუვილი, რამეთუ თანა-აც კაცსა ბრძენსა,
23. რაჲთა წურთიდეს თავსა თჳსსა, ვითარცა წურთინ კეთილი წინამძღუარი ერსა თჳსსა და განაგებნ მოღუაწებით საქმეთა მათთა და აყენებნ სავნებელთაგან მათთა, და მერმე პატივ-სცის მორჩილთა.
24. ეგრეთვე თანა-აც კაცსა ბრძენსა, რაჲთა განიკითხვიდეს თავსა თჳსსა ყოველთა შინა საქმეთა მისთა, და ნებათა მისთა და მაშინ მიაგოს გონებითა თჳსითა თავსა თჳსსა სამართალი, მისაგებელი კეთილი, გინა ჯერი ჟამსა თჳსსა.
25. უკუეთუ კეთილ იყოს, პატივ-სცეს სიხარულითა, და უკუეთუ უჴმარღა იყოს, სწავლოს იგი სინანულითა.
26. და რამეთუ დაესაჯების კაცსა გონიერსა, რაჲთა განიკითხვიდეს გულის სიტყუათა თჳსთა და მეცნიერებით შეიწყნარ[ო]ს, და ეგრეთვე მეცნიერებით განაგდოს ბოროტი,
27. და რაჲთა სწუნობდეს თავსა თჳსსა და შეურაცხ-ჰყოფდეს სიბრძნესა თჳსსა გონებაჲვე თჳსი, რაჲთა არა შეუჴდეს სული თავ-მოთნებისაჲ,
28. რამეთუ ღმერთსა სძულს თავ-მოთნებაჲ და უყუარს სიბრძნე და სიმდაბლე, რამეთუ სიბრძნითა მიემთხუევის კაცი კეთილსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა და უგუნურებითა წარწყმდებიან სულნი მრავალნი, რამეთუ ყოვლისა სიმტკიცისა თავი არს შიში უფლისაჲ და სლვაჲ გზათა მისთა.
29. ეგრეთვე თავი ყოვლისა ბოროტისაჲ მიდევნებაჲ გულის თქუმათაჲ და დამონებაჲ ნებათაჲ.
30. ხოლო რაჟამს მოიწინენ შენ ზედა გულის სიტყუანი, რომელთა გონებაჲ შენი ვერ შემძლებელ იყოს განკითხვად.
31. ნუ დაჰბრკოლდები გამოცდად მისა, რამეთუ ეგევითარმან შეაშფოთ[ის] გონებაჲ და დაუბნელოს საცნობელი.
32. ხოლო შენ უფროჲსღა დაწყნარებულ იქმენ, რამეთუ მას შინა შემძლებელ იქმნის გონებაჲ განკითხვად და სული ცნობად უმჯობესისა.
33. და ნუ იტყჳ სულითა მოწყინებისაჲთა საქმისათჳს, თუ ვერ შესაძლებელ არს ესე ყოფადო, და არა გამოიძიო უმჯობესი მას შინა.
34. და ესე უწყოდე, რამეთუ ვერ შეიკრიბოს კაცმან ერთმან ყოველი სწავლულებაჲ.
35. ამისთჳს არა შეუგავს ბრძენსა, უკუეთუმცა მცირედი იგი სწავლაჲ შეურაცხ-ყო, ოდესღა დიდსა მას სისრულესა ვერ მისწუთა, რამეთუ ესევითარისა თუალნიცა ვერ შემძლებელ არიან ყოველსა სინათლესა მზისასა ტჳრთვად.
36. და მერმე არავე აყენებს მცირედი იგი სინათლე სლვად საქმესა მისსა, და არცა კუალად უმრავლესი იგი, რომელსა ვერ შეუძლო ტჳრთვად, განურყუ[ნის] მცირედისა მის ხილვისა სარგებელსა.
37. ანუ ვინ კაცთაგანი შემძლებელ არს ყოველთა საჭმელთა და სასუმელთა, რომელნი იხილნეს და გული-უთქუმიდეს, ერთბამად მიღებად?!
38. რამეთუ ვერვინ შემძლებელ არს მიღებად, გარნა მცირედისა მისგანისა, არამედ არავე დააბრკოლებს დაკლებაჲ უმრავლესთა მათ ჭამადთაჲ ცნობად გემოსა და განსაძღებელად სულისა მის ჭამადითა მით მცირედითა.
39. ხოლო სწავლულებაჲ და სათნოებაჲ უმრავლეს და უდიდეს და უპატიოსნეს მისა არს, თუმცა შეუძლო თუალმან ერთისამან წარმართებად და გულმან დატევნად და გონებამან შეწყნარებად.
40. რამეთუ ესე უფროჲსღა ძნიად მისაწუთომელ არს, ვიდრეღა რომელი-იგი სახედ ვაჴსენეთ მზისათჳს და ჭამადთათჳს,
41. რამეთუ ჰმატს მეცნიერი მეცნიერსა ღმრთისა მიერ, არამედ არავე დაბრკოლება არს, რაჲთა იჴუმიოს კაცად-კაცადმან, რაჲცა-იგი ცნა და მეცნიერებითა მით მცირედითა მოიპოვოს, რომელსა-იგი ვერ მეცნიერ არს.
29
1. 29. ჰრქუა იოდასაფ: ვითარ უკუე ჯერ-არს ჩემებრისათჳს, რაჲთა უჭეშმარიტესი გამოიძიოს დაწვალებულთა შჯულსა შინა?
2. ჰრქუა ბალაჰვარ: რაჲთა დაიმარხნეს ყოველნი, რომელსა ზედა შეკრბეს დაწვალებულნი შჯულსა შინა, რომელთა ჰრწამს უფალი იესუ და შეიკრძალნეს საქმენი, რომელსა ზედა არა დაწვალებულ იყვნენ, და მერმე იღუაწოს გამორჩევაჲ უმჯობესისაჲ ესრეთ:
3. პირველად გამოძიებითა წიგნთაგან და შეტყუებითა სახეთაჲთა და თანა-მოწამებითა გონებისა[ჲ]თა და წამებითა და საქმეთა ცხადთაჲთა და არა შეწყნარებითა იჭჳსაჲთა და არა განგებითა კაცობრივითა,
4. რამეთუ მდგომა[რე] საქმესა ზედა თჳსსა, სადაცა მიიწიოს, უმოლხინე არს ჩაჭრისაგან მსგავსთა შინა, ვინაჲცა მოიწინეს, ვიდრე დადგრომილი მას ზედა თჳნიერ მოწამისა და მეცნიერებისა, რამეთუ მდგომარე იგი სიმტკიცესა ზედა დგას სიმართლისასა და განიშორებს ცთომასა.
5. ხოლო წარმდები საქმესა ზედა თჳნიერ მეცნიერებისა და მოწამისა სცთების თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა.
6. ეგრეთვე არიან საქმენი ამის სოფლისანი, რამეთუ შეკრებაჲ საცნაურსა ზედა მის[ს]ა კმა არს უცნაურსა ზედა მისსა, რომელი იქმოდის კეთილსა, რაჲ-იგი ცნა, და დაუტეოს ბოროტი, რაჲ-იგი ცნას.
7. და მოსწრაფე იყოს ღმრთისა მიმართ ერთგულებით საქმეთა შინა დაფარულთა და ცხადთა.
8. ხოლო რაჟამს ყოს ესე, განუღოს ღმერთმან კარი მეცნიერებისაჲ და აუწყოს ნებაჲ თჳსი და ადვილად დაარღუევდეს ძნელოვანთა საცთურთა ეშმაკისათა.
9. ჰრქუა იოდასაფ: ვითარ იყოს მოწრაფებაჲ კაცისაჲ ერთგულებით შჯულსა შინა?
10. ჰრქუა ბალაჰვარ: ესრეთ იყოს, რაითა განაშორნეს გულსა თჳსსა მაწუეველნი ნებისანი და მაზრზენელნი გულის-თქუმისანი, და მიაახლნეს ასოთა მისთა პირველთა საქმენი შჯულისანი და ჭეშმარიტი მოთმინებაჲ და სარწმუნოებაჲ.
11. და ოდეს ყოს ესე, მოიპოოს ნაყოფი მეცნიერებისაჲ და აღსძარცოს ღმერთმან მწუხარებაჲ და იჭჳ.
12. ჰრქუა იოდასაფ: ყოველსავე მსგავსსა შინა ჯერ-არსა ლოდებაჲ?
13. ჰრქუა მას ბალაჰვარ: ეგრეთ არს, არამედ არა ჯერ-არს იჭჳ პირველისა მისთჳს, რომელი ესწაოს კაცსა, არამედ იღუაწოს აღებად მსგავსისაჲ მის პირველითა მით სწავლულებითა, სახითა და შეტყუებითა გონებისაჲთა.
14. ჰრქუა იოდასაფ: ვითარ იტყჳ, უკუეთუ ვინმე განიკითხვიდეს მსგავსთა მათ ყოვლითა შრომითა და გონებითა თჳსითა და ვერ გამოცნას ჭეშმარიტი ამაოჲსაგან, კმა ეყო [ზედა] დადგრომაჲ და არღარა გამოძიებაჲ, რომლისათჳნ ეგოდენ მიჰჴდის ღმერთი მსგავსთათჳს?
15. ჰრქუა მას ბალაჰვარ: კეთილ არს ყოვლისა საქმისათჳს განკითხვაჲ, და გარდასრული თუ რაჲმე ვერ ცნას, თანა-აც კეთილად განზრახვაჲ და გულს-მოდგინედ ძიებად წინამდებარისა საქმისათჳს,
16. ვიდრემდის განუქარდეს მსგავსი იგი წამებითა ჭეშმარიტითა, ანუ მას შინა ჟამთაცა გარდასლვითა გამოეცხადოს.
17. ხოლო ნუმცა სასო-წარკუეთილ არს მას შინა ღმრთისა მიმართ და მის მიერსამცა მოელის გამოცხადებასა, და ნუმცა დაჰბრკოლდების ძიებასა მისსა გულს-მოდგინედ, რამეთუ ოდესმე გონებაჲ დაბრკოლდის პირველ შემთხუევასა საქმისასა.
18. ხოლო ოდეს მოთმინებით მოიქცის, კუალად გულს-მოდგინედ განიკითხავნ კეთილითა სასოებითა და გამოცდილებითა გარდასრულთა საქმეთა მათ, წინამდებარესა მას იჭუსა მოუჴდის.
19. მაშინ ღირს იქმნის აღებად იჭჳ მსგავსისაჲ მის, ვიდრემდის დაინახის კარი შესავალი და არა შესცთის უგზოსა.
20. და მერმე არა შეუგავს ბრძენსა, უკუეთუ ერთი რაჲმე კარი ვერ ცნას სწავლულებისაჲ, თუმცა მის გამო უსასო იქმნა ცნობასა მეორისასა.
21. და არცა უმეცრებისათჳს ერთისა რაჲსამე საქმისა შეუგავს განტევებაჲ ცნობილისაჲ მის საქმისაჲ, რამეთუ არა ყოველსა, რომელთა ეძიებნ კაცი, მისწუთის მეცნიერებასა, და არცა ყოველი, რომელი ცნის, ირგის, და არცა ყოველი უმეცრებაჲ მავნებელ არს.
22. ხოლო უმტკიცესნი საბრჴენი ეშმაკისანი ორნი არიან: პირველი ესე, რაჲთა შეუგდოს გულსა კაცისა ბრძენისასა, რამეთუ ვითარმედ არა არს შენ თანა სიბრძნე და არცა გონიერებაჲ, და არარაჲ სარგებელი არს სწავლულებასა შინა, და არცა უმეცრობაჲ დააბრკოლებს რას კაცსა.
23. და უჩუენის ვინმე კაცი მიშუებული სოფელსა შინა და ეტყჳნ: აჰა ეგერა ესოდენთა პატივთა მიემთხჳა ისი და დიდებაჲ მოიგო თჳნიერ სწავლულებისა.
24. და შენ რაჲსათჳნ დაშჯი თავსა შენსა და აშთობ ჭირითა?
25. არამედ სუ და ჭამე და იშუებდ, რამეთუ ხვალე მოჰკუდები, და ნუ მოიხდი ნეფსით სიკუდილსა პირველ მოწევნამდე მისა შენ ზედა ჟამსა თჳსსა.
26. და ამით და ესევითარითა მახჳლითა განსწონ გულსა მისსა და ამით დააბრკოლებნ ძიებისაგან სწავლისა, და ფართოებასა შეახედვებნ, რაჲთა მის ძლით მოინადიროს ჩუეულებითა საშუებელთაჲთა და ზრზენითა გულის-თქუმათაჲთა.
27. და უკუეთუ ამით ვერ სძლის და იხილის, რამეთუ მოთმინე იქმნა, მიივლტინ მეორისა მის ისრისა [განჴურვე]ბულისა.
28. ოდეს ცნის, ვითარმედ მარცხენით კერძონი იგი საბრჴენი შეუსწავლიან, მოუჴდის მარჯუენით კერძოსა მას აბჯარსა მისსა და მსგავსითა იწყის ბრძოლად მისა, რომელი მას არა შეუსწავლიედ.
29. და დასცის მი[ს] ზედა სული მოწყინებისაჲ, ვიდრემდის მოაძულვის ყოველი იგი, რომელი უქმნიედ მოღუაწებაჲ, და საწუნელად აღუჩენნ თავსა თჳსსა, და შეურაცხად და უგუნურად.
30. და აჩუენებნ ცნობასა მისსა და სიძულილი შთაუგდის მოყუსისა და მასწავლელისაჲ და ეტყჳნ: ვერ ჴელ-გეწიფების განსრულებად საქმესა ამას შინა და ვერ თავ-ადგამ და ვერ[ცა] გიძლავს ტჳრთვად კანონთა.
31. აწ რაჲსათჳს აჭირვებ თავსა შენსა და დააშრო[ბ], რომელსა ვერ მისწუთები?
32. და ამას თანა ეტყჳნ: უკუეთუ კეთილად გნებავს სრულ-ყოფაჲ და არა უტყუვი ღმერთსა, იმარხე ორმეოცით და ნაცრითა და ძაძითა და ტირილითა მარადის იქცეოდე.
33. ესევითართა ძნელოანთა აწუევნ, ანუმცა მოაწყინა და შეაურვა და მით ჩაჭრა, ანუ მეტად აღამაღლა და მერმე ქუეყანად დააკუეთა.
34. და ამით ურვითა დააბნელის გონებაჲ მისი და ვერღარა უძლავნ განკითხვაჲ საქმეთა წულილადთაჲ.
35. და ვერ დაუთმენნ ეგევითართა გულის სიტყუათა.
36. და ამათ ორთა ისართაგან მრავალნი წყლულნი და მომწყდარნი არიან კაცთა შორის, ამისთჳს რამეთუ სული მალე არს შეწყნარებად წინააღდგომთა ნაყოფთა გონებისათა,
37. რამეთუ გონებაჲ და ნებაჲ მჴდომ არიან ურთიერთას და მარადის ბრძოლაჲ დამკჳდრებულ არს შორის მათსა სულსა ზედა, და ნებაჲ მეგობარ არს სულისა, ხოლო გონებაჲ მაჭირვებელ,
38. რამეთუ ნებამან [აი]ხუნა სულისაგან ყოველნი სიმძიმენი და წინა-უყვნა ყოველნი საწადელნი გულის-სათქუმელნი და არას მოიჴსენებნ ზრუნვასა და შიშსა.
39. ხოლო გონებამან შეაყენა იწროებასა და ჭირით ასწავა ცხორებაჲ და მიუხუნა გულის-თქუმანი და ამხილა ვნებაჲ და ტანჯვაჲ მომავალი სიფართით და შუებით ცხორებათა ზედა, და შეანანა უდებებაჲ [პ]ირველი და ამხილა მოწევნადი.
40. ხოლო სული მიდევნებასა ნებისასა უმოსწრაფე არს, არამედ შეკრებული საცთურთავე ამათ ნებათაჲ არიან ორნი საქმენი.
41. პირველად ესე, რაჲთა დაიჭიროს თავი თჳსი ყოვლისაგან ურგებთა, ხოლო მეორე ესე, რაჲთა ფრიად გწადოდის და მოსწრაფე იყო მცირედისა მისთჳს კეთილისა, რომელ მოიგე, გულს-მოდგინედ ეძიებდე, რომელსა ვერ მისწუეთ.
42. ესე შეიკრძალე და ესე შეისწავე, და ამით შეიჭურე და უფალი ღმერთი მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი იყავნ შემწედ შენდა ყოველთა შინა საქმეთა შენთა,
43. რამეთუ არა არს ძალი და ღონე, გარნა იესუ ქრისტეს მიერ, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
30
1. 30. ჰრქუა იოდასაფ: მესმა შენგან სიტყუაჲ, და გამოთქუმაჲ ღმრთისა დიდებისათჳს.
2. აწ შესძინე კუალად უგანცხადებულესადრე, რომელ ვითამცა თუალითა მიჩუენებ.
3. ჰრქუა ბალაჰვარ: გამოუთქუმელ არს ხატი ღმრთეებისაჲ და გონებაჲ ვერ მისწუთების გამოძიებად, ვითარ-იგი არს, და ვერცა ყოველნი ენანი შემძლებელ არიან ღირსებით ქებად მისა.
4. და მიუწდომელ არს დაბადებულ[თა]გან მეცნიერებაჲ მისი, გარნა რომელი მან გამოუცხადა მათ პირითა წინაწარმეტყუელთაჲთა, რამეთუ ვერვინ უთხრას მისთჳს კაცთა, გარნა რომელი უწინარე საუკუნეთა იშვა მისგან უფალი იესუ ქრისტე, რომელი გამოვიდა მისგან.
5. მან გამოთქუა იგი, რამეთუ თუალთ-შეუდგამ არს ხატი მისი, და წინაწარმეტყუელთა წამეს მისთჳს და არწმუნეს კაცთა უფლებაჲ მისი ნიშებითა და სასწაულებითა, რომელი მოსცა მათ, რომელი ვერვის სხუასა ძალ-უც ჩუენებად ეგევითარისა ძალისა,
6. რამეთუ ყოველსავე ნებასა მისსა იქმს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა და ყოველთა უფსკრულთა.
7. ჰრქუა იოდასაფ: რაჲ დაამტკიცებს ცნობასა ღმრთისასა?
8. ჰრქუა ბალაჰვარ: ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველი, რომელი დამკჳდრებულ არს შორის მათსა, სულიერნი და გუამნი.
9. და უკუეთუმცა იხილე ჭურჭელი რაჲმე შექმნული, დაღაცათუმცა მოქმედი მისი არა ჰნახე, სწამემცა, ვითარმედ უვის შემოქმედი.
10. ეგრეთვე ნაშენები, დაღაცათუმცა მაშენებელი მისი ვერ იხილე, არამედ გონებაჲ წამებს, ვითარმედ უვის მაშენებელი.
11. ხოლო მე, რაჟამს ვიხილე თავი ჩემი და განვიცადე საკჳრველად აგებულებაჲ ჩემი, დაღაცათუ ვერ ვიხილე შემოქმედი ჩემი, უწყი, რამეთუ, მან დამბადა, ვითარცა უნდა, და გამომსახა, ვითარცა ინება, თჳნიერ კითხვისა ჩემისა.
12. და უკუეთუმცა მე ვიყავ დამბადებელი თავისა ჩემისაჲ, უმეტესმცა ვყავ [ყოველთა] დაბადებულთა სიშუენიერითა ტანისაჲთა და სისრულითა ჰასაკისაჲთა, არამედ მან დამბადა, ვითარცა ინება, უმეტეს მყო მრავალთა დაბადებულთა მისთა და უნაკლულეს ზოგთა.
13. და მერმე გულისჴმა-ვყავ ამითცა, რამეთუ განმიყვანებს ამის ცხორებისაგან თჳნიერ კითხვისა ჩემისა.
14. და ვჰხედავ საქმეთა მომავალთა ჩემ ზედა, სადაჲთ არა უწყ[ი], და ვერ ვიცი საზომი ცხორებისა ჩემისაჲ და რაჲ შემემთხუევის ბოროტი მას შინა.
15. და ვჰხედავ ყოველსავე კაცსა ესრე სახედ, ვითარცა თავსა ჩემსა, რამეთუ ვერვინ [შემძლებელ არს] შემატებად გინა მოკლებად ჰასაკსა თჳსსა, არცა მიცვალებად დაძუელებულისა და ვერცა კუალად შედგმად, თუ რაჲმე მოჰვარდეს მისგანი.
16. ვერ შეუძლეს ამას მეფეთა მეფობითა მათითა და ვერცა ბრძენთა სიბრძნითა მათითა, და ვერცა მარჯუეთა სიმარჯჳთა თჳსითა და ვერცა ძლიერთა ძალითა თჳსითა.
17. და მერმე ვჰხედავთ შემოსლვასა ღამისასა შემდგომად დღისა და მოწევნასა დღისასა შემდგომად ღამისა და ქცევასა სამყაროჲსასა.
18. ამის გამო ვცანთ, რამეთუ დაბადებულთა ამათ უვის დამბადებელი, რამეთუ არა მსგავს არს მათა.
19. და უკუეთუმცა მსგავსი მათი იყო, იყომცა ვითარცა ერთი მათგანი და მის ზედაცა[მცა] მოიწეოდეს მოწევნად [რ~ნი] თითოეულსა მათგანსა ზედა მოიწევიან.
20. და ყოველსა რომელსა ვჰხედავთ, შექმნული არს, და ქმნულებაჲ მათი წამებს, რამეთუ რომელიმე არს შედგმულებით და რომელიმე გამოხატვით, და რომელიმე შენაწევრებული და რომელიმე ჟამთა შინა საზომით, მოკლებით და აღორძინებით, ძრვით და დაყუდებით.
21. არარაჲსაგან დაჰბადნა და თჳნიერ მაგალითისა გამოსახნა.
22. თქუა: იყავნ, და იყვნეს. და ოდეს უნდეს, აღასრულნეს ყოველნი.
23. და მერმე კუალად აღადგინნეს, ვითარცა პირველ იყვნეს.
24. ბრძანებაჲ მისი უგანმკუეთელეს არს უფროჲს მახჳლისა ორპირისა და უმალეს არს კამკამებასა ელვისასა, მოიყვანნის და მოვიდიან, და განაქარვნეს და განქარდენ, და კუალად მოაგნეს და მოეგნენ.
25. [და] კურთხეულ არს და დიდებულ, და უფროჲსად ამაღლებულ სახელი სამებისა წმიდისაჲ უკუნისამდე.
31
1. 31. თქუა იოდასაფ: ყოველი რომელი სთქუ განგებისათჳს დაბადებულთაჲსა, ვითარმედ თჳნიერ მისა არარაჲ იქმნა, შევიწყნარე, რამეთუ დამასაჯე ჭეშმარიტითა წამებითა და განცხადებულითა სახითა,
2. არამედ ვინაჲ სცან, ვითარმედ აღდგომაჲ არს შემდგომად სიკუდილისა და მიგებაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ?
3. ჰრქუა ბალაჰვარ: ორთაგან საქმეთა საცნაურ არს, რამეთუ განწვალებულ არს ცხორებაჲ მორჩილთა და ურჩთაჲ სოფელსა ამას შინა,
4. და რამეთუ ვჰხედავთ მრავალთა ურჩთა შუებით და დიდებით და განსუენებით განჰვლიან სოფელსა ამას, და მრავალნი მორჩილნი სიგლახაკით და შეურაცხებით და ჭირით განვლენან ამიერ სოფლით, უწყი,
5. რამეთუ მართლმსაჯულმან მან ოდეს არა ადიდნა მორჩილნი მისნი სოფელსა ამას შუებითა და პატივითა, მერმესა მას სასუფეველსა განუმზადებიეს მათთჳს პატივი წარუვალი, უკუეთუ არა ურჩებაჲმცა არა ვნებაჲ იყო და არცა მორჩილებაჲ სარგებელ მოქმედთა მათთათჳს.
6. ხოლო მეორედ ამით საცნაურ არს ქადაგებითა მოციქულთაჲთა, რამეთუ ახარებდეს კაცთა მისაგებელსა საუკუნესა მორჩილთათჳს და განაკრძალებდეს სატანჯველისათჳს საუკუნოჲსა ურჩთა.
7. და მე შევიწყნარე წამებაჲ მათი დაფარულსა ზედა ამისთჳს, რამეთუ აჩუენეს ნიშები და სასწაულები, რომელი ვერვის კაცთაგანსა ჴელ-ეწიფების ეგევითარისა ძალისა ჩუენებად გარნა ძალითა მხოლოჲსა ღმრთისაჲთა.
32
1. 32. ჰრქუა იოდასაფ: მითხარ-ღა, ოდეს მოციქულნი ესე კაცნივე არიან მათისავე ნივთისაგან და მათივე სახითა, ვითარ განჰყოფ კაცთაგან, და ვინაჲთ უწყი, თუ ჭეშმარიტსა იტყჳან?
2. ჰრქუა ბალაჰვარ: ამით უწყი ჭეშმარიტებაჲ სიტყჳსა მათისაჲ, რამეთუ განეყვნეს სოფელსა ამას და მყოფთა სოფლისათა, და წინააღუდგებოდეს ნებათა მისთა, და უჴმობდეს სიმართლისა დამორჩილებად ყოველსა შინა საქმესა:
3. გულის წყრომასა და მშჳდობასა, და სიგლახაკესა და სიმდიდრესა, სიმდაბლესა და სიმაღლესა, და მომდოვრებასა გზათაგან მძლავრთაჲსა, და სასწორად სიმართლისად შორის პატიოსანთა და უპატიოთა,
4. და მოთმენად შურის გებისა, და დატევებად ნებისა და დათმენად ჭირისა, და ტჳრთვად მცნებათა და თავსდებად საშჯელი სამართალი, ვიდრე მიედგას კაცსა.
5. და მას შინა არიან სიმძიმენი ტჳრთისანი გარდარეულნი, და უღელი მაჭირვებელი და იწროჲ წინაშე მათსა.
6. ხოლო უკუეთუმცა იყვნეს ცრუ მოწამენი ღმრთისანი და მტყუვარნი, არამცა ესევითართა საჭიროთა და იწროთა გზათა ავლინებდეს კაცთა, არამედ უფროჲსმცა წინა-უყოფდეს მათ,
7. რომელი-იგი შეაშუს ბუნებასა კაცთასა, და ვრცელი იგი გზაჲ და ფართოჲ კარიმცა უჩუენეს, რომელ არს საწადელი თუალთაჲ და სანებელი გულთაჲ.
8. და მი-მცა-უშუეს შუებათა და გულის-თქუმათა მიმართ და ფართოებით ცხორებად, და ესევითარითამცა მოიმძევლნეს გულნი კაცთანი, არამცა ლოცვითა და მარხვითა და მოთმინებითა ჭირსა შინა,
9. და განსწორებითა მდიდართა და გლახაკთაჲთა განაკრთვნეს გულნი კაცთანი, ამის გამო ვცანთ, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳან და საქმენიცა მათნი წამებენ, რამეთუ დაბადებულთა ვერ ჴელ-ეწიფების ჩუენებად ეგევითართა სასწაულთა და ნიშებთა.
10. ჰრქუა იოდასაფ: უკუეთუმცა აღ-ვინმე-დგა კაცი და სიცრუვით იტყოდა თავსა თჳსსა მოციქულად ღმრთისა და ესე სახესავე საქმესა ქადაგებდა, ვითარმცა საცნაურ იყო –ჭეშმარიტსა იტყჳს ანუ ცრუსა?
11. ჰრქუა ბალაჰვარ: დაფარულთა მისთამცა გამოაცხადნეს საქმენი მისნი და საქმითავემცა მისითა დაჰჴსნა ქადაგებაჲ თჳსი,
12. რამეთუ მოთმინებასა ასწავებენ და თჳთ ვერ მოთმინე არიან, სახიერებასა ასწავებენ და თჳთ მანკიერებასა აღასრულებენ და ვერ შემძლებელ არ(ია)ნ ყოფად სასწაულისა, რომელიმცა კაცთაგან ვერ შემძლებელ იყო ყოფად,
13. რამეთუ უკუეთუ წინაწარმეტყუელთაგანმან ვინმე შეისუენის, იპოვის წიგნთა შინა მისთა უწყებაჲ, თუ ვინმე მომავალ არნ შემდგომად მისსა.
14. ჰრქუა იოდასაფ: მაშა, უკუეთუმცა იპოვა ვინმე კაცი, რომელმან იცნოდნა წიგნნი პირველნი და საქმენი გარდასრულნი და მათ მიერმცა მეცნიერ ქმნულ იყო მომავალსაცა,
15. და იცოდამცა სახელი წინაწარმეტყუელისა წარსრულისაჲცა და მომავალისაჲცა, და მომავალიმცა აჩემა თავსა თჳსსა, რაჲ არს შეტყუებაჲ მისი და სიცრუვისა მისისაჲ?
16. ჰრქუა წმიდამან ბალაჰვარ: სიტყუაჲ ღმრთისაჲ უძლეველი და ნათელი მისი დაუშრეტელი და ჭეშმარიტებაჲ მისი განუქარვებელი, რამეთუ ღმერთმან არა მოავლინის წინაწარმეტყუელი ნათესავსა შორის,
17. გარნა საცნაური ვინმე ერსა შორის, და კაცი იგი პირველ მოვლინებისა საცნაურ არნ სიწმიდით, ჭეშმარიტებით, სიმშჳდით, უბიწოებით ჴორცითა, მშჳდობის მოყუარებითა.
18. არა არნ იგი გულ-მწყრალ, არცა ანგაჰარ, არცა ამპარტავან, არცაღა ყოვლითურთ საეჭუელ არნ უჯეროჲსა გზასა.
19. ხოლო რაჟამს წარავლინის ღმერთმან ქადაგებად, განაძლიერის საქმითა და სიტყჳთა.
20. უკუეთუ პირველ ბრკუ არნ ენითა, მიეცის მადლი აღებასა პირისასა და შემძლებელ იქმნის ხარებად, მხილებად და ცნობად, რომელსა ვერ მისწუთეს კაცნი.
21. ყოველსავე სახიერებით აღასრულებენ და დაფარულიცა მისი წამებნ მისთჳს.
22. და არავინ წარემართის წინააღდგომად სიცრუით ჭეშმარიტისა, უკუეთუმცა სიცრუვე მისი წინაჲთვე არა საცნაურ იყო ერსა შორის.
23. და საქმემცა რაჲმე არა ამხილებდა ტყუვილსა მისსა, და მერმე ვერ დამტკიცნების ტყუვილითა სიმართლე და ვერცა სიცრუვე მიზეზ და მომყვანებელ ექმნების კეთილისა საქმისა.
33
1. 33. და განმრავლდა შესლვაჲ ბალაჰვარისი ძესა თანა მეფისასა.
2. ასწავებდა და ამხილებდა მას, ვიდრემდის დაჰკჳრდეს მსახურნი მისნი და განჰკრთეს შესლვისა მისისათჳს უჟამოდ მის ზედა.
3. ხოლო მეფესა ეჩინა მსახურად ძისა თჳსისა და მზრდელად კაცი ვინმე ერ[თ]გული და დასტური წინაშე მისსა, რომელსა სახელი ერქუა ზადან.
4. და ვითარცა ცნა ზადან საქმე იგი ბალაჰვარისი, ეტყოდა ძესა მეფისასა ფარულად: შენ უწყი სადგური ჩემი წინაშე მეფისა და ადგილი ჩემი მის თანა, და არა დამადგინა მსახურებასა შენსა ზედა, გარნა დასტურობისა და ერთგულობისა ჩემისათჳს წინაშე მისა,
5. და ფრიად განკჳრვებულ ვარ საქმესა ზედა ამის კაცისასა, რომელი შემოვალს შენდა ყოველსა ჟამსა, და მეშინის, თუ მათგანი იყოს, რომელთაჲ უმძიმს მამასა შენსა და აყენებს მოსლვასა მათსა.
6. აწ უკუეთუ კეთილისა რაჲსამე საქმისათჳს გზრახავს და არა გიმძიმს ცნობებაჲ მამისა შენისაჲ, ვაცნობო, რამეთუ ფრიად განმკრთალ ვართ და მრავალფერსა ვაგონებთ მისთჳს.
7. ხოლო უკუეთუ საიდუმლოსა რასამე გეტყჳს და არა გნებავს მიწევნაჲ მისი მეფისა, მ[ა]შა სამთაგანი ერთი ყავ ჩემ თანა: ანუ დააცადე ამიერითგან და დავფარო აქამომდისი, ანუ აგუჴადე რისხვაჲ შენი და ნუ გუაბრალებ ჩუენ და მივაწიოთ მეფისა,
8. და შენ განემზადე სიტყჳს გებად მისა და გამოღებად თავისა შენისა, ანუ კუალად განგუაყენენ რისხვითა განცხადებულად და ითხოვე მამისა შენისაგან, რაჲთა ნაცვალად ჩუენსა მოგცნეს მსახურნი სხუანი.
9. მიუგო ძემან მეფისამან და ჰრქუა ზადანს: ყოვლისა პირველად ესე ვყო შენ თანა, ზადან, დაგსუა ჩუენ შორის ფარულად და გესმოდის სიტყუაჲ ჩუენი, რასა-იგი ვზრახავთ, და მერმე გიბრძანო, რაჲ მთნდეს ყოფად.
10. და დასუა იგი შინაგან კრეტსაბმელსა ჟამსა მას, რომელსა მოვიდოდა ბალაჰვარ მისა.
11. და იწყეს სიტყუად ურთიერთას.
12. და ჰკითხვიდა იოდასაფ საწუთროჲსა საქმეთა.
13. ხოლო მან მსგავსად ჩუეულებისა იწყო გამოთქუმად ამაოებასა სოფლისასა და დიდებასა საუკუნოჲსასა, და თქუა: შეუგავს მეძიებელთა საშუებელისათა, რაჲთა აღირჩიონ საუკუნე წუთსასა ამას ნასწრაფევსა ცხორებასა.
14. და ვითარ არა გულისჴმა-ჰყოფენ, რომელნი შეყოფილ არიან საშუებელთა ამის სოფლისათა, ვითარმედ არარაჲ აქუს, ოდეს არა არს მას შინა სიმტკიცე.
15. ანუ ვითარ უმეცარ არიან მეტნობასა წარუვალთა მათ კეთილთასა, ვიდრე მცირედი ესე და შეურაცხი და მსწრაფლ წარმავალი, რამეთუ არავინ ირჩვების სიყუარულითა სოფლისაჲთა, გარნა უგუნური, და არავინ თანა წარჰვალს მას საუკუნესა, გარნა შეცთომილი და დაჭირვებული.
16. და ვითარ არა დაჭირვებულ იყოს, რომელი-იგი შეიკრებს, რამეთუ ჰჴდებიან ურთიერთას საფასეთა ზედა საწუთროჲსათა, რომელსა უეჭუელად ჰხედვენ, რამეთუ განმავალ არს ჴელთაგან მათთა.
17. და იციან, ვითარმედ ყოველი მსწრაფლი საშუებელი მსწრაფლვე მიიცვალების სიახლისაგან სიძუელედ.
18. და არა დადებენ საფასეთა მათთა საუკუნესა, სადა-იგი დაადგრების განურყუნელად.
19. აწ რომელიმე საქმე საწუთროჲსაჲ საქებელ არს, გინა თუ რომელნიმე საფასენი მისნი ჰგიან უხრწნელად.
20. ანუ ვინ კაცთაგანი უსაწყალობელეს არს მათსა, რომელნი ეძიებენ სიმდიდრესა და მთრვალ არიან გულისთქუმითა საფასეთაჲთა, რამეთუ ვითარცა გარდაერიოს აქა სიმდიდრე, ეგრეცა მუნ გარდაემატოს სიგლახაკე.
21. და ვითარცა მოიგონ აქა პატივი, ეგრეცა მუნ შეურაცხებაჲ და ღმრთისაგან განშორებაჲ.
22. და სხუასაცა მრავალსა ზრახვიდეს ამას და ესევითარსა სიტყუასა.
34
1. 34. და ვითარცა განვიდა ბალაჰვარ, უნდა იოდასაფს გამოცდაჲ ზადანისი, უკუეთუ სარგებელ ეყვნესა სიტყუანი ბალაჰვარისნი.
2. და ჰრქუა მას: არა გესმისა, რასა მეტყჳს მტყუვარი ესე და გრძნეული, რომელსა ეგულების შეცთუნებაჲ ჩემი და განრყუნად საშუებელნი ესე საწუთროჲსანი ჩემ ზედა, და მაწუევს წინააღდგომასა მეფისასა?
3. ჰრქუა მას ზადან: არა გიჴმს, ძეო მეფისაო, ზაკულებაჲ ჩემ თანა და არცა არს შენ ზედა სირც[ხ]ჳლი, რამეთუ ზრახვაჲ ესე უცხო და ნათელ არს, და ჩუენ გუასმიეს და ვიცით სიტკ[ბ]ოებაჲ და უმეტესობაჲ მყოფელთა მისთა.
4. ხოლო ოდეს შეაჩუენა მეფემან და დააცადა ქრისტეანობაჲ, მიერითგან არღარა გუასმიეს, და რამეთუ გულნიცა ჩუენნი განეხუმიან და შეიწყნარებენ სიტყუასა ამას.
5. და უწყით რამეთუ სიუცბით დაუტევეთ და გამოვირჩიეთ წუთი ერთი ცხორებაჲ.
6. ხოლო შენ, ძეო მეფისაო, უკუეთუ გთნავს და გამოგირჩევიეს რჩული ქრისტეანობისაჲ
7. და შეიწყნარებ და თავს-იდებ სიმძიმესა მისსა რისხვასა თანა მეფისასა, და წინააღდგომასა ერისასა და იწროებასა მოღუაწეთასა, გიხაროდენ ქრისტეს მიერ პატივსა შინა ზეცისასა და ცხორებასა საუკუნესა!
8. ხოლო მე მიუდრეკივარ სიყუარულსა საწუთროჲსასა და შიშსაცა მამისა შენისასა, არამედ არა უვარ-ვჰყოფ სიდიდესა ამის საქმისასა და ვერცაღა წინააღუდგები ამისთჳს კაცთა.
9. არამედ აწ მიბრძანე, რომლითა ჯერითა შეჰგავს გამოყვანებაჲ ჩემი რისხვისაგან მამისა შენისა, რამეთუ დავფარე აქამომდე საქმე ესე მისგან!
10. ჰრქუა იოდასაფ ზადანს: რამეთუ მე არა გასმინე სი[ტ]ყჳს გებაჲ ესე ჩუენი, გარნა სარგებელისა შენისათჳს, რაჲთამცა შეგაჴსენე სიტყუაჲ ცხორებისაჲ, რომელ-იგი არს სიცოცხლე გონებისაჲ!
11. და ერთგულებისა და სიყუარულისა შენისათჳს ვერარაჲ მოვიგონე უდიდესი მისაგებელი ამისსა, რაჲთა შეგაჴსენო, რომლისათჳს დაბადებულ ხარ და გაუწყო უმჯობესი თავისა შენისაჲ;
12. და შენ მომიგე არა მსგავსი სასოებისა ჩემისაჲ შენდა მიმართ, ხოლო საქმისა ამის დაფარვისათჳს, ვითარცა გნებავს, რამეთუ არა თავისა ჩემისასა ვზრუნავ რისხვისათჳს მეფისა, არამედ მეფისათჳს,
13. რამეთუ დიდად მძიმე არს საქმე ესე წინაშე მისა და შრომასა შეამთხუევ და ბოროტის ყოფად აღსძრავ მართალთა ზედა.
14. დაფარვაჲ საქმისა ამის მებრვე ერთგულებაჲვე არს შენგან მეფისა მიმართ, რამეთუ მოცალე ჰყო გონებაჲ მისი ურვისაგან და არა ძჳრის მახარებელ იქმნე და სასო-წარკუეთილ ჰყო შვილისაგან თჳსისა, და ამას თანა უბრალო ხარ ჩემგან.
35
1. 35. ხოლო ბალაჰვარს უნდა წარსვლის საყოფლად თჳსა და იჯმნიდა ძისაგან მეფისა, ხოლო იგი ფრიად შეწუხნა და ვერ დაითმენდა განშორებასა მისსა.
2. და ჰრქუა მას: ვერ თავს-ვიდებ თჳნიერ შენსა ყოფასა და ვერცა განგიტეობ, არამედ წარმოვიდე შენ თანა და ერთბამად ვიყოფოდით მოყუასთა შენთა თანა.
3. ჰრქუა მას ბალაჰვარ: ისმინე აწ, ძეო მეფისაო, სახე, რომელი მეგულების თხრობად შენდა.
4. რამეთუ მასმიეს, იყო ვინმე კაცი ერთი მდიდართა წარჩინებულთაგანი და ესუა მას ყრმაჲ მცირე.
5. და ყრმასა მას განეზარდა ნუკრი ქურციკისაჲ, და ფრიად შეკუეთებულ იყო ყრმაჲ იგი ნუკრსა მას, ვითარმედ ვერ სთმობდა თჳნიერ მისა ჟამ ერთცა.
6. ხოლო ნუკრი იგი ვითარ განსრულდა, სწადოდა ველად განსლვაჲ, რამეთუ აიძულებდა ბუნებაჲ თჳსისა ველურობისაჲ.
7. და ვითარ განვიდა დღესა ერთსა, იხილა კოლტი ქურციკთაჲ და მივიდა მათ თანა.
8. ხოლო იგინი ჰფრთხებოდეს შინაზრდილობისა მისისათჳს და მერმე შეისუნეს ურთიერთას.
9. და განსლვასა ჰყოფდა ჟამითი-ჟამად, რაჟამს უდებ იქმნიან მისგან.
10. დაეჩჳა მას ზედა და და-ცა-გჳანდის მათ თანა მრავალ გზის.
11. და იგრძნეს შინათა მისთა განველურებაჲ მისი, ჰგონებდეს, ნუუკუე მიიზიდნ[ეს] ბუნებამან ველურობისამან და არღარა მოიქცეს მათდა.
12. ხოლო ქურციკთა მათ იცვალეს უშორესად ადგილი, და იგიცა განჰყვის მათ თანა და უფროჲს დაგჳანდის პირველისა.
13. მაშინ შინათა მისთა მიუდგინეს კაცი, რაჲთა ცნან საქმე მისი და ვიდრე ვიდეს.
14. და მოიქცა კაცი იგი და უთხრა საქმე მისი და შეყოფაჲ ველურთა თანა.
15. ხოლო იგინი ასხდეს და განვიდეს კუალსა მისსა.
16. და ვითარ იხილეს იგი შორით, მაშინ ველურთა მათ დევნა უყვეს, და მოინადირნეს და მოსწყჳდნეს იგინი, და მათ იგი შეიპყრეს და წარიყვანეს და შეაგდეს სახლსა შინა, და ვერღარა ჴელ-ეწიფებოდა გამოსლ[ვაჲ] მიერ.
17. ეგრეცა, ძეო მეფისაო, უკუეთუ გამოხჳდე ჩუენ თანა, მეშინის, ნუუკუე ეგრე სახედ შეგუხუდეს მე და მოყუასთა ჩემთა.
18. ვერცა განვიხაროთ ჩუენ შენ თანა და ვერცა სასოებაჲ ჩუენი სრულ იქმნეს განცოცხლებისათჳს შჯულისა, და ნუუკუე ძჳრიცა შეამთხჳოს მოყუასთა შენთა და ვერ აღასრულო ნებაჲ შენი, რომლისა შემძლებელ ხარ მისა ფარულად და ღონის-ძიებით, ვიდრემდის ჰპოო ადგილი, უფალსა თუ უნდეს.
19. რამეთუ დათმენაჲ შენი ამას შინა უმახლობელეს არს ღმრთისა, ვიდრეღა [ა]რა აღაგზნა გულის წყრომაჲ მეფისაჲ ნეშტთა მათ ზედა, რომელი დაშთომილ არიან მოწყუედად მათდა გამოსლვითა შენითა,
20. და არა თუ ბოროტის ყოფასა მისსა ვევლტით და სიკუდილსა, არამედ არა გუნებავს, თუ მიზეზ ვექმნეთ ბოროტსა მისსა მოყუასთა ჩემთა ზედა განყვანებითა შენითა და არცა შემწე ვიპოვნეთ უშ[ჯ]ულოებასა მისსა ზედა.
36
1. 36. ჰრქუა იოდასაფ: რაჲ არს საზრდელი თქუენი, რომლითა [იზ]რდებით უდაბნოსა მას შინა?
2. ჰრქუა ბალაჰვარ: მწუანვილი ქუეყანისაჲ აღმოცენებული ცუარითა, რომელსა ზედა არავის ვჰხედავთ მაცილობელსა და არცა ვისგან მოველით შფოთსა.
3. ხოლო უკუეთუ მოგუაკლდის, იგიცა მოგუცის ვინმე ძმათა ჩუენთაგანმან მორწმუნეთაგანმან, რომელნი არიან სოფელსა შინა.
4. და უღონოებასა შინა ჩუენსა ჯერ-გჳჩნ მოღებაჲ მათგან.
5. ჰრქუა იოდასაფ: წარიღე საფასე, რომლითა განერნენ მოყუასნი შენნი!
6. ჰრქუა ბალაჰვარ: ვითარ მისცემ მოყუასთა ჩემთა საფასესა, და შენ უმკოდვეს ხარ მათსა, რამეთუ არავინ მისცის გლახაკმან მდიდარსა, არამედ მდიდარმან გლახაკსა,
7. რამეთუ უგლახაკესი მოყუასთა ჩემთაჲ უმდიდრეს არს შენსა, ხოლო მე ვესავ, თუ უფალსა უნდეს, რაჲთა განმსდიდრდე და განმრავლდენ ნაყოფნი შენნი და საფასენი შენნი, და დასძჳრდე და ვერ თავს-იდებდე მიცემად მისგანსა ვისამე.
8. ჰრქუა იოდასაფ: ვითარ იყოს უგლახაკესი მოყუასთა შენთაჲ უმდიდრეს ჩემსა და შენ ფრიადსა უპოარებასა მათსა იტყოდე!
9. ანუ ვითარ დავძჳრდე, რაჟამს განმრავლდენ საფასენი ჩემნი, და მე დღეს უხუ ვარ?!
10. ჰრქუა ბალაჰვარ: არა სიგლახაკე მათი გითხარ, არამედ სიმდიდრე, და ძმანი იგი შენნი დაჯერებულ არიან, რომლითა განერებიან, და ზომი იგი კმა-უყოფია თავთა მათთათჳს და მას შინა დიდი შუებაჲ და სიხარული აქუს დატევებითა შუებათაჲთა უფროჲს ყოველსა სიმდიდრესა სოფლისასა.
11. და შენცა გსუროდენ ეგევითარისა ცხორებისათჳს, რამეთუ მდიდარი იგი არს, რომელსა არა უჴმს საფასე.
12. ხოლო რომელნი ეძიებენ საფასესა და სიმდიდრესა, მდიდარ-ღათუ არიან, არამედ გლახაკვე არიან გონებითა.
13. ხოლო მათ მეტნობაჲ აქუს სიხარულისაჲ, რამეთუ არა არიან ამის სოფლისაგანნი.
14. და საფასენი კეთილთა საქმეთანი დაუსხმან ცათა შინა, რომელსა შენ ვერ მიწუდომილ ხარ, ხოლო მათ ნუგეშინის-ცემაჲ აქუს და სიხარული სოფელსა ამას და სა[ს]ოებაჲ კეთილისაჲ შესუენებულთა მათთათჳს, რომელთა მართლმადიდებლობით წარიმართეს სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ.
15. ხოლო შენცა მისწუთე, ენებოს თუ ქრისტესა, და განმრავლდეს ნაყოფი შენი და იხილნე ძმანი შენნი, რომელთათჳს გსურის, და იხარებდეთ ურთიერთას.
16. და არღარა გაქუნდეს სიუხუე საფასეთა მათ ზედა, რომელნი მოიგნე მუნ.
17. მაშინ ღირს იქმნე სიმდიდრესა და [შე]კრძალვასა მონაგებთასა.
18. ხოლო საფასე ესე, რომელ გეგულების მიცემად მოყუასთა ჩემთა, რომელ არს აღსაშფოთებელი გონებისაჲ, არა ვარ მე მოციქულ.
19. თუმცა მივართჳ კუალად გესლი ამის სოფლისაჲ, რომელსა ბრძოლა-უყვეს და სძლეს ძალითა და სასოებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, და კუალად განუცოცხლემცა მტერი, რომელი მოაკუდინეს.
20. და გულის-თქუმაჲ, რომელი დათრგუნეს, რამეთუ არა კეთილ არს შთაგდებად მტერი შორის მათსა, რომელი აღაზრზენდეს და მოაგონებდეს საშუებელთა ამაოჲსა ამის სოფლისათა, ნუუკუე მიიქცენ და მიაქციონ სიგ[ლ]ახაკედ და წარწყმედად.
21. ანუ ოქროჲ ეგე და ვეცხლი და ანთრაკი და მარგალიტი არს-მე რაჲა, გარნა ტომი მათვე ქვათაჲ, რომელნი უდაბნოსა ჩუენსა სხენან!?
22. ჰრქუა იოდასაფ: ვინაჲთ არს [ს]ამოსელი თქუენი?
23. ჰრქუა წმიდამან ბალაჰვარ: ეგე უმძიმეს არს ჩუენ ზედა ყოველსა ტჳრთსა სოფლისასა, არამედ კმა-ვიყვით სამოსლად ჩუენდა ნაძუელავი იგი ნაკ[რები] სანაგვეთაგან და ოდესმე შეთხზული ჭილისაგან და ფურცელთა, და კმა-ვიყვით სამოსელი ერთი მრავალთა ჟამთა.
24. და ოდეს ვიცვალებდით, ვჰგონებდით, ვითარმედ დასასრული იყოს ჭირისა ჩუენისაჲ სოფელსა ამას შინა.
25. ხოლო უკუეთუ მოიწიის სიკუდილი მას შინა, ვიდრე განლევამდე მისა, განისუენის წარსრულმან მან და მოსალოდებელი იგი დღე მოიწიის, რომელსა შინა აქუნ სასოებაჲ.
26. ხოლო უკუეთუ სამოსელი იგი განილიის და კაცი დაშთის, ეგრევე სახედ ჰყოფნ, ვითარ-იგი პირველ ვთქუ.
27. ხოლო უკუეთუ სანაგვეთაგანცა არღარა ვპოით და შეთხზულიცა დაგუაკლდის, უღონოებით დაბათაგან და ვინაჲცა მოგუცის ღმერთმან, მოვიღოთ გინა მ[ართ]ლისა მიერ, გინა ცრუჲსა.
28. ჰრქუა იოდასაფ: მიიღე ჩემგან სამოსელი მოყუასთა შენთათჳს და განუყავ მათ.
29. ჰრქუა ბალაჰვარ: ესე წინამდებარისა ჟამისათჳს უნჯებაჲ არს, და არა ჯერ-არს, ვითარცა წერილ არს წმიდასა შინა სახარებასა: ნუ ჰზრუნავთ ხვალისა, რ~ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისაჲ;
30. და რამეთუ არავინ ჩუენგანმან იცვალის სამოსელი, გარნა ოდეს არღარა არნ მას შინა სარგებელი, და ვერცაღა იფარავნ ჴორცთა.
31. და არა ჯერ-არს, თუ ზრუნვიდეს დღისა მისთჳს, რომელი არა იცის, თუ მიიწევის მუნ დღემდე ანუ არა.
37
1. 37. ჰრქუა იოდასაფ: და ვინაჲ არს შენდა სამოსელი ეგე, რომელ გმოსია?
2. ჰრქუა ბალაჰვარ: ესე სამოსელი შუა ვყავ, რაჲთა მოვიწიო შენდა, რაჲთა არავინ განიკჳრვოს სახე ჩუენი სამეუფოსა შინა მამისა შენისასა,
3. რამეთუ მსგავს არს სახე კაცსა, რომელსა უვინ თჳსი ტყუეობასა შინა და უნებნ გამოყვანებაჲ მისი მტერთაგან და ვერ ჴელ-ეწიფის შესლვაჲ ქუეყანასა მტერთასა, გარნა შეცვალებითა სახისა და სამოსლისაჲთა, და ეგრეთ ღონისძიებით გამოიტაცის თჳსი იგი მტერთაგან.
4. ამით ღონითა უფრო შემძლებელ იქმნის მიწუთომად საძიებელსა თჳსსა.
5. ხოლო მე რაჟამს მესმა შენთჳს, ვითარმედ გნებავს სიმართლე და ეძიებ ჭეშმარიტსა, – იესუს, მაცხოვარსა ქრისტესა, –და გწადის სმენად ჴმაჲ წმიდისა სახარებისაჲ, და დავინახე სარგებელი სულისა ჩემისაჲ და ვპოვე ადგილი სანაყოფე.
6. და ესე გზაჲ არს ყოველთა მიმართ მსგავსთა შენთა, მაღალთა, გინა თუ მდაბალთა.
7. ხოლო აწ მიჴსნიხარ მტერთაგან ძალითა და შეწევნითა უფლისა ჩუენისა იესუ[ჲ]ს ქრისტესითა და გამოგიტაცე შორის მათსა, რამეთუ გაუწყე მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ და მოციქულთაჲ და წმიდათა მამათა მცნებაჲ.
8. და ყოველი შჯული ქრისტეანობისაჲ გასწავე და გაგაცადე სოფელი ესე და საბრჴენი მისნი,
9. და ვითარ შეიტყუებს საშუებელთა და გულისთქუმათა მისთა მიერ, და განგაკრძალე მანქანებათა მისთაგან და გიჩუენენ აუგნი მისნი, რამეთუ მეძავ არს და სიყუარულსა ერთისა თანა არა დაადგრების.
10. ხოლო მე წარვალ ადგილსა მშჳდობისა ჩემისასა და მუნ აღვიძარცო სახე მტერთაჲ და კუალად შევიმოსო სახე და ხატი ძმათა და მოყუასთა ჩემთაჲ, რომელ უკუეთუმცა მიხილე სახითა და სამოსლითა მოყუასთა ჩემთაჲთა, ვჰგონებ, თუ არღარამცა გწადოდა მისლვად მათ თანა.
11. მაშინ ჰლოცვიდა იოდასაფ, რაჲთა ეჩუენოს სახითა მათითა.
12. ხოლო ბალაჰვარ განიძარცუა სამოსელი იგი, და იყო ყოველი ტყავი მისი ძუალთა მისთა ზედა, ვითარცა ტყავი მკუდრისაჲ გარდართხმული ლერწამთა ზედა წულილთა ფრიადისა მისგან მარხვისა,
13. და არარაჲ ემოსა, გარნა კოტორი ძაძისაჲ, საბლითა შემოედვა უპითგან, ვიდრე მუჴლთამდინ მისწუთებოდა, ვითარცა არს წესი მძოვართაჲ, და კოტორი ნაძუელავთაგან დაკერული ებლარდნა მას ზედა.
14. და ვითარცა იხილა იგი იოდასაფ, აღჩჩუა მას ზედა ფრიად, რამეთუ იხილა დიდი სახე ღმრთის მსახურებისაჲ მას ზედა და საჭურველი იგი წმიდისა სქემისაჲ, რომელ ემოსა წმიდასა ბალაჰვარს.
15. და იწყო ტირილად და სულ-თქუმად.
16. და აღიძრნეს ყოველნი ნაწლევნი მისნი მის[თჳს], ვითარცა ვინ ჰგოდებნ სიკუდილსა თჳსისასა, ეგრეთ მჴურვალედ ტიროდა განშორებისათჳს ბალაჰვარისა.
38
1. 38. და მ[ან] ჰრქუა მას: ოდესღა არა ინებე განყვანებაჲ ჩემი შენ თანა და არცა მოყუასთა შენთათჳს მიიღე სამოსელი გინა თუ საფასე, ბარე მიიღე სამოსელი თავისა შენისათჳს!
2. ჰრქუა ბალაჰვარ: შენ მაწუევ, ძეო მეფისაო, მოყუასთა ჩემთათჳს, და მე არა მთნდა მათთჳს, და არცა იგინი ეძიებენ ეგევითარსა, ვითარ უკუე მივიღო თავისა ჩემისათჳს!?
3. და მათ განვაკრძალებ და თავსა ჩემსა არაა?!
4. და უკუეთუმცა კეთილ იყო, ვირჩიემცა მათთჳს პირველ ჩემსა.
5. ჰრქუა იოდასაფ: მიიღე უკუე საბლარდნელი ახალი და დაუტევე საბლარდნელი ეგე შენი ჩემ თანა, რამეთუ მნებავს, რაჲთა საჴსენებელად შენდა იყოს ეგე ჩემ თანა.
6. ჰრქუა ბალაჰვარ: ვიცვალო ახალი ძუელითა, ნუუკუე ეგევე ზომი სასოებაჲ იყოს ჩემი, რაჲ-იგი არს შორის სიძუელესა და სიახლესა [მათსა, არამედ] რომელსა-იგი მომცემ, იყავნ მსგავს [ჩემისა ამის].
7. მაშინ მოიღო იოდასაფ საბლარდნელი მსახურებული და შეჰმოსა ბალაჰვარს, და წარმოიღო მისი იგი და ჰრქუა მას: უწყოდე, რამეთუ განშორებაჲ შენი დიდ ზრუნვა და ტკივილ არს ჩემდა.
39
1. 39. ჰრქუა ბალაჰვარ: ძეო მეფისაო, მე მონაჲ ვარი და არა თავისუფალი მეუფისა ქრისტესი, რომლისა კეთილნი ფრიად არიან [ჩემ] თანა და სასოებაჲ ჩემი დიდ არს მისა მიმართ.
2. ეგრეთვე შიში მისი განუქარვებელ არს ჩემგან.
3. და ბრძანებაჲ მომიღებიეს მისგან საქმისათჳს, რომელსა შინა ვისწრაფი, და უკუეთუ აღვასრულო რაჲმე მისგანი, და მიძნდეს განშორებისა ჟამსა, დაღაცათუ მძიმე იყოს ჩემ ზედა, არა ერთგულებით ვალ წინაშე მისა.
4. ხოლო მე აღმისრულებიეს სრბაჲ ჩემი შენდამი, რამეთუ შეიწყნარე ჭეშმარიტი, რომელი გაუწყე.
5. და ყოველი, რომელი გაუწყე ერთგულებისა [....], და აწ გარეშე მიყოფია თავი ჩემი ბრძანებისაგან შენთჳს და შენდა მიმითუალავს სიტყჳს გებაჲ [...] თავისა შენისათჳს, რამეთუ სამართალნი მისნი ყოფელნი დაგისხენ წინაშე შენსა.
6. ხოლო აწ მნებავს სრბაჲ ესე სხუათაცა მიმართ და (ძიებად ად)გილსა (ყ)ანისათჳს (სა)ნაყოფოჲსა და თესლისა მიმღებელისა.
7. და აწ განვალ მე და გამცნებ: დაუმარხე ქრისტესა ღმერთსა შჯული მისი, რომელი მოგცა და განემზადე მოღუაწედ, [რ~ა გამოგანდო] საქმე მისი, და გაუწყნა სამართალნი მისნი.
8. ნუ დიდ გიჩნს [მორჩილებაჲ] მისთჳს და ნუ დაშჯერდები თავსა შენსა და ნუცა კაცთა მისთჳს, გარნა [რომელი] ღირს არს მისთჳს.
9. და ყოვლადვე [ეჭუდ] და განიკითხე[ვდ] ნებასა შენსა და დაამჴობდ გულის-თქუმასა შენსა.
10. აღასრულენ დღენი ცხორებისა შენისანი ესრეთ, რაჲთა ყოველსა დღესა მორჩილებასა შინა იპოო ღმრთისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესა, [...] განემზადებოდე შემთხუევად [სიკუდილისა].
11. ეკრძალებოდე საქმესა, რომლისა დასასრული ბოროტსა მოგატყუებდეს და ურვითა დაგიბეჭდვიდეს საქმეთა შენთა.
12. ისარგებლე მოღუაწებაჲ და შრომაჲ დღეთა სიჭაბუკისა შენისათა და ჟამთა სიმრთელისა გუამისა შენისათა, რაჲთა არ[ა] დაგაკლდეს შრომისა მადლი შემოკლებითა დღეთაჲთა გინა შემთხუევითა სენთაჲთა, რომელთა დაგაბრკოლონ შრომისაგან ყოველთა საქმეთა შენთა.
13. სასწორითა აღასრულებდი და სიმდაბლე მოიპოვე მას შინა, და დადევ თავი შენი ადგილსა შეურაცხთასა და საქმესა ზედა უსუსურთასა.
14. ეკრძალე ჩუეულებასა ბოროტსა გულის-თქუმისასა, ნუ დაუტეობ მცირესა კეთილისა საქმესა დღისა მოლოდებისათჳს უდიდესისა.
15. ხვალისა დღე შეაყავ გული შენი ზრუნვასა სათნოება[თა] შენთასა და სინანულსა უჯეროჲსათჳს, რომელ ჰქმენ.
16. ნუ დააცადებ ქველის საქმესა უღირსებისა ვისისათჳსმე და ნუ კადნიერ [...]ამს უჯეროსა ზედა ბაძვაჲ მრავალთაჲ, რომელნი იქმოდიან მას.
17. რ~ არა ჯერ-არს ბრძენთათჳს ბაძვაჲ, გარნა კეთილისა საქმეთაჲ.
18. ეკრძალე თავ-მოთნებასა და ნუ მიენდვები, თუ რაჲმე გთნდეს საქმეთა შენთაგანი.
19. ანუ არა უწყია, ვითარმედ თავ-მოთნებაჲ [ორ]სა პირსა ზედა არს კეთილთა საქმეთა: ერთი მოატყუებს ყოველსა კეთილსა და მეორე შთააგდებს ყოველსა ბოროტსა, რამეთუ კეთილისა მომატყუებელი იგი ესე არს, უკუეთუ უხაროდის კაცსა განმრავლებაჲ ნაყოფთა კეთილთაჲ მის ზედა.
20. და დიდი იგი შრომაჲ მისი დაუმცირდეს წადიერებითა, რომელი უქმნიედ და მოსწრაფე არნ წინამდებარეთა (საქმეთა).
21. ხოლო რომელი მოატყუებს ყოველსა ბოროტსა, ესე არს, უკუეთუ სთნდენ კაცსა საქმენი თჳსნი და გონებაჲ აუმაღლდეს მას შინა და კაცთ-მოთნებასა აწუევდეს და თქუას: კმა არს, რომელი მიქმნიესო, და არღარა იღუწინ წინამდებარეთა საქმეთა.
22. ხოლო აწ განამრავლე ზრუნვაჲ თავისა შენისათჳს გულისჴმის-ყოფად, რაჲთა განერე საბრჴეთა სოფლისათა საშინელთა და მოიპოვო განთავისუფლებაჲ, და შეუდეგ გზასა მას იწროსა, რომელი მიიყვანებს განსუენებად საუკუნოდ!
40
1. 40. ესე არიან მცნებანი ჩემნი შენდამი და ერთგულებაჲ ჩემი შენთჳს და ღმრთისა მიმართ შენ ზედა.
2. და მე ვითხოვ ღმრთისაგან, რაჲთა სრულ-ყოს მადლი მისი შენ ზედა, და მოგეცინ კეთილი სათნოებაჲ მორჩილთა მისთაჲ, და დაგბეჭდენ ცხორებასა და საქმეთა შენთა ყოვლითა კეთილითა,
3. და გაუფლენ ნებასა შენსა არა მიდრეკად სიბოროტედ, და აღიღენ ნება შენი ყოვლისაგან საცთურისა, და დაგიფარენ საფა[რ]ველსა ქუეშე ჯუარისა მისისასა, შეუვალსა და საცოსა უძლეველსა, რომლითა დაგიცვას უცნებათაგან კაცთაჲსა და საეშმაკოთაჲსა.
4. და მოეცინ გულსა შენსა სიძულილი სოფლისაჲ და მოგმადლენ ცხორებაჲ კრძალულებით სუფევასა შინა და ჴსნილებით მერმესა მას ცხორებასა, მშჳდობით და მყუდროებით იყვნენ დღენი შენნი,
5. და ნუმცა მიგანდობს განზრახვასა თავისა შენისასა, ვიდრემდის მიგაწიოს უმეტესსა სადგურსა მართალთასა და უაღრესსა ადგილსა რჩეულთა თანა ჩუენითურთ, ამენ.
6. მიუგო იოდასაფ და ჰრქუა: შენ მხადი ძედ მეფისად და მე არა ვარ ძე მეფისაჲ, არამედ მონაჲ და ძე მონისა უკეთურისაჲ, ხოლო ღმერთმან განადიდა კეთილი მისი შენ მიერ ჩემ თანა და ეგრეთვე სარგებელი შენი ჩემ მიერ,
7. რამეთუ მიზეზ მექმენ მეცნიერებასა უფლისა იესუ ქრისტესა, რომელი იშვა უთესლოდ ქალწულისა მარიამისგან, და მასწავე შჯული წმიდაჲ მისი და დამადგინე გზასა ჭეშმარიტებისასა და აღმძარცუე საბურველი მწუხარებისაჲ და განმარინე საბრჴეთაგან სიკუდილისათა.
8. დიდ არს ჩემ ზედა მისაგებელი კეთილთა შენთაჲ ჩემდამო, და ვერ შემძლებელ ვარ ღირსად მადლისა მიცემად, ვითარ-იგი ჯერ-არს შენდა, არამედ მოგაგოს ჩემ წილ ღმერთმან, რამეთუ მის თანა არს სისრულე მისაგებელთაჲ.
9. ხოლო ღმერთმან სრულ-ყავნ საქმე კეთილისაჲ შენ თანა, ვიდრემდის დაშჯერდეს.
10. უკუეთუ დაადგრე ჩემ თანა, საშუებელი ხარ სულისა ჩემისაჲ, და უკუეთუ წარხჳდე, ნუ განაშორნეს ღმერთმან სლვანი შენნი ნებათაგან მისთა,
11. ხოლო ნაკლულევანი იგი მადლობისა ჩემისაჲ შენდამი აღავსენ ქრისტემან ღმერთმან, სადა-იგი იყოს ქებაჲ კაცად-კაცადისაჲ, და ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თანამავალ გეყავნ ყოველთა გზათა შენთა.
12. და აღდგეს მშჳდობისა დატევებად და მოიკითხნეს, და ტირილით ამბორს უყოფდეს ურთიერთარს.
13. და წარვიდა ბალაჰვარ გზასა თჳსსა სავსე სიხარულითა სულიერითა აღსრულებისათჳს საწადელისა თჳსისა.
14. და ჰმადლობდა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელსა ჰშუენის დიდებაჲ და პატივი, მადლობაჲ და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და ყოვლად წმიდით ცხოველს მყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
41
1. ცხორებაჲ და მოღუაწებაჲ ნეტარისა იოდასაფისი, ძისა მეფისაჲ, რომელი მოაქცია წმიდამან მამამან ბალაჰვარ, და მან მოაქცია მამაჲ თჳსი აბენეს მეფე და ქუეყანაჲ ჰინდოეთისაჲ მონებად ქრისტესა
2. 41. და იწყო მიერითგან იოდასაფ მარხვად და ლოცვად და ღმრთის მსახურებად იდუმალ.
3. რაჟამს კაცნი დაწვიან, მან იწყის ღამის თევად, ვიდრე განთიადადმდე, ტირილითა და სულ-თქუმითა აღასრულებდა შჳდთავე ლოცვათა მისთა ღამე ყოველ.
4. ხოლო ზადან, მსახური იგი, რომელი ეჩინა მეფესა ძისა მისისათჳს, წარვიდა სახედ თჳსა შეურვებული საქმისა მისთჳს და დაისნეულა თავი თჳსი.
5. და უთხრეს მეფესა მისთჳს, და შეწუხნა სნეულებისა მისისათჳს.
6. ხოლო ადგილსა მისსა დაადგინა დასტურთა მისთაგანი.
7. და მიუვლიდა ზადანს მკუ[რ]ნალი თჳსი, რაჲთა ჰკურნოს სენი მისი.
8. ხოლო მკურნალმან მან ვითარცა იხილა იგი, მიიქცა მეფისა და ჰრქუა მას: მე არარას დავჰკჳრდი სენსა კაცისა მის თანა, რამეთუ ყოვლით კერძო განვიხილე და არარაჲ ვპოვე სნეულებაჲ მის თანა,
9. არამედ ვჰგონებ, თუ ურვისა რაჲსაგანმე შეემთხჳა ესოდენი განლევაჲ გუამისა მისისაჲ, რამეთუ ფრიად სუსტ არს ძალი მისი.
10. ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი მისნი, შეეჭუნა და იგრძნა მიზეზი მისი, და ჰგონებდა, ვითარმედ ძესა მისსა დაუმძიმდა მის თანა ყოფაჲ და აჩუენა სიკსუვე და სიძულილი, და ამის მიზეზისათჳს მოჰრიდა მას.
11. ხოლო მეფემან მიუვლინა ზადანს ესრეთ: მესმა სნეულებაჲ შენი და შევწუხენ და დღეს მოვალ ხილვად შენდა.
12. აწ განემზადე მოსლვისა ჩემისათჳს.
13. ხოლო ზადანს ვითარცა ესმა ესე, აღდგა მუნთქუესვე და შეიმოსა სამოსელი თჳსი და წარვიდა მეფისა.
14. და ვითარ მივიდოდა, ემთხჳა მეფე მიმავალი მისა და ჰრქუა: რაჲსათჳს არა დაადგერ სახლსა შინა, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, რაჲთამცა სრულ-მეყო პატივი ჩემი შენდამო?
15. მიუგო ზადან და ჰრქუა მეფესა: სნეულებაჲ ჩემი, მეფე, არა სენისაგან არს, არამედ ურვისაგან გულისა ჩემისა.
16. ამისთჳს არა ვინებე მოშრომაჲ მეფისაჲ თჳნიერ სნეულობისა, რაჲთა არა უგუნურება იყოს ჩემგან წინაშე მეფისა.
17. ჰრქუა მეფემან: და რაჲ არს ურვაჲ ეგე შენი?
18. ჰრქუა ზადან: ურვამან დიდმან შემიპყრა და ძრწოლამან საქმისა საშინელისა და შესაწუხებელისამან.
19. ჰრქუა მეფემან: მოგუალე პალატად, რაჲთა დაწყნარებულად ვისმინო საქმე ეგე შენგან.
20. და ვითარცა მიიწია მეფე პალატად და ზადან მის თანა, უთხრა, რაჲ-იგი იხილა და ესმა ბალაჰვარ მოღუაწისაგან;
21. ვითარ-იგი ასწავებდა ძესა მეფისასა მარადის და ამხილებდა საქმეთა სოფლისათა, და ვითარ-იგი შეიწყნარებდა ძე მეფისაჲ სიტყუათა მისთა, ვიდრემდის განსწავლა იგი და მიაწია სისრულესა მეცნიერებისასა,
22. და ასწავა სიტყჳს-გებაჲ და განწუართა მეცნიერებითა, ვიდრემდის მიაწია საზომსა თჳსსა.
42
1. 42. მაშინ აღივსო მეფე იგი გულის წყრომითა და ტკივილითა დიდითა.
2. და კუალად მოიქცა სულგრძელებად, რამეთუ მით ჰგონებდა მოქცევასა ძისა თჳსისასა ნებასა თჳსსა ღონის ძიებით.
3. და მოუწოდა კაცსა ერთსა, რომელი თანამზრახვალი იყო მისი, რომლისა სახელი რაქის, რამეთუ, რაჟამს მოიწიის მეფესა ზედა საქმე რაჲმე შეურვებული და მძიმე, იგი იყო ნუგეშინის-მცემელი მეფისაი.
4. და უთხრა საქმე ძისა თჳსისაჲ და ჰკითხვიდა გულს-მოდგინედ მისთჳს.
5. ხოლო რაქის ჰრქუა მეფესა: ყოვლისა პირველად ესე ჯერ-არს, რაჲთა გულს-იდგინო შეპყრობაჲ ბალაჰვარისი ყოვლითა ღონითა.
6. და უკუეთუ გაემარჯოს მეფესა შეპყრობაჲ მისი, ვყოთ სიტყჳს-გებაჲ მის თანა და უჩუენოთ ძესა მეფისასა შეცთომილებაჲ მისი და ძაგებაჲ მისი კეთილთა ამათ,
7. რომელნი მოგუცნეს ღმერთთა ჩუენთა საშუებელად ჩუენდა, და ვითარ-იგი განაყენებს კაცთა საშუებელთაგან, რომელ თჳნიერ მათსა არად ჴამს სოფელი ესე.
8. და ვითარ-ესე დავანახვოთ და შე-რაჲთ-უძლოთ, მოიქცეს ძე მეფისაჲ საცთურისა მისისაგან, და ესე იყოს ძლევად ჩუენდა.
9. ხოლო უკუეთუ ამას ვერ მივსწუთეთ, მე მოგგუარო, მეფე, კაცი ერთი, რომელი არავინ იცის ქუეყანასა ამას, წესისა ჩუენისაჲ,
10. რომლისა გამორჩევაჲ ვერ ეგების ბალაჰვარისგან ხატითა და ფერითა და ჰასაკითა და ჴმითა და სიტყჳთა, რომელი იქცევის გარე უდაბნოს, რომლისა სახელი ნაქორ;
11. და ესე მოძღუარი იყო ჩემი.
12. და ჰრქუა მეფემან: ვითარ იყოს ესე?
13. ჰრქუა რაქის: მე განვიდე ღამით უცნაურად და განვაცადო ყოველი ესე საქმე ჩუენი და ვასწაო, რაჲ-იგი გჳჴმს, – ესრეთ, რაჲთა გზად გამოვიდეს სამოსლითა და სახითა მონაზონთაჲთა, და ოდეს სიტ[ყ]უა-უგოთ, მოგჳგოს პასუხი მათი და წინააღგჳდგებოდის შჯულსა ჩუენსა.
14. და ოდეს სახელი ვჰკითხოთ, თქუას: მე ვარ ბალაჰვარ.
15. და რაჟამს დავსხდეთ საშჯელსა წინაშე ძისა მეფისა, მას ეგონოს, ვითარმედ ბალაჰვარ არს, რამეთუ ვერარას დააკჳრებს ყოვლითურთ.
16. და მერმე იწყოს შეწევნად შჯულსა მათსა და ძაგებად ჩუენსა.
17. ხოლო რაჟამს მივიწინეთ დასასრულად, იწყოს მოუძლურებად სიტყუათა და შეიწამოს ცთომილებაჲ მისი და დაასაჯოს ძლევაჲ ჩუენი თავსა თჳსსა.
18. მერმე იგი ვ~ე მაწუეველ ექმნას ძესა მეფისასა მოქცევად საქმეთაგან მისთა და არწმუნოს, ვითარმედ კეთილ არს შენებაჲ ქალაქისაჲ და ქუეყანათაჲ და მოღებაჲ საშუებელთა მისთაჲ,
19. და მაცთურ არს განშორებაჲ სოფლისაჲ და ნებსით მოკუდინებაჲ თავისა თჳსისაჲ და უძიროდ აწყუედაჲ კაცისაჲ, და ვითარ: უკუეთუ ყოველთა კაცთათჳს უმჯობესი არს დატევებაჲ სრულიად სოფლისაჲ და ცხორებაჲ მონაზონებით, მაშა მცირედთა სამე შინა წელთა მოოჴრდეს ქუეყანაჲ.
20. ამით ღონითა ვესავ, რაჲთა განქარდენ ურვანი მეფისანი.
21. ვითარცა ესმნეს მეფესა სიტყუანი რაქისისნი, განიხარა ფრიად, რამეთუ ესვიდა პოვნად ნებასა თჳსსა ზრახვითა რაქისისითა.
22. მაშინ იწყო მეფემან ძიებად ბალაჰვარისა.
43
1. 43. და წარავლინნა დასტურნი თჳსნი მრავალთა გზათა და თჳთ წარემართა გზასა ერთსა, რომელ უფროჲს საგონებელ იყო წევნად ბალაჰვარისა.
2. და ვლნა დღენი მრავალნი და არავინ პოვა, და ფრიად დაშურა და შეშფოთნა, და უნდა გარე-შექცევაჲ.
3. მაშინ იწყო რაქის მარაგებად წინაჲსწარ ცნობისათჳს, თუ განემარჯუებისა, რასა-იგი ეძიებენ, და ჰრქუა მეფესა: აჰა ესერა სათუალავი გუაუწყებს, ვითარმედ არა ვიქ[ც]ეთ თჳნიერ განმარჯუებისა, და პყრობილთაცა ვჰხედავ, რომელნი მოიწევიან ჩუენდა, და ახლოს არს ესე.
4. ხოლო უკუეთუ ინებოს მეფობამან შენმან, რაჲთა დაადგრე დღეს აქა, და მე წარმავლინო.
5. ხოლო მეფე ერჩდა მას და წარავლინა იგი მცირითა სპითა.
6. და იყო მიმწუხრი. და იხილნა გრონი მძო[ვ]ართანი მიმავალნი.
7. და ვითარ მიეახლა, კაცნი ვინმე იყვნეს ღმრთის მსახურნი მეუდაბნოენი, რომელთა ქრისტესთჳს სრულიად დაეტევა საწუთროჲ ესე, და იყო შორის მათსა კაცი ერთი, რომელსა ეკიდა ძუალები მკუდართაჲ საბლითა რაჲთამე ძუელითა, და წინა-უძღოდა გროთა მათ.
8. ხოლო ბალაჰვარ არა იყო მათ თანა, რამეთუ რაქის იცოდა იგი.
9. ჰრქუა მათ რაქის: სადა არს იგი, რომელმან აცთუნა და წარწყმიდა ძე მეფისაჲ?
10. ჰრქუა მას კაცმან მან, რომელსა ეკიდა ძუალები: იგი არა არს ჩუენ თანა და ვერცა ძალ-უც დათმენაჲ ჩუენ შორის, არამედ თქუენდა უმახლობელეს არს იგი.
11. და თქუა წმიდამან მან კაცმან: ვიცი იგი, რომელსა ჰრქჳან რაქის, ეშმაკი არს იგი.
12. ესრე ვჰგონებ, თუ თქუენ შორის არს იგი.
13. ჰრქუა რაქის: მე ბალაჰვარისთჳს გკითხე.
14. ჰრქუა წმიდამან მან კაცმან: რაჲსათჳს უკუე სთქუ, ვითარმედ აცთუნა და წარწყმიდაო?
15. ესრეთ ჯერ-იყო მისთჳს კითხვად: სადა არს, რომელმან ასწავა და აცხოვნაო.
16. ხოლო იგი ძმაჲ და მოყუასი არს ჩუენი და არა გჳნახავს მრავლით ჟამითგან.
17. ჰრქუა რაქის: გჳთხარ უკუე ადგილი მისი, სადა იყოფინ?
18. ჰრქუა კაცმან მან [წმიდამან]: უკუეთუმცა უნდა შემთხუევაჲ თქუენი, მო-მცა-გიძივნა.
19. ხოლო ჩუენ არა მოვატყუებთ, რომელი არა ჰნებავს მას.
20. ჰრქუა რაქის: სიკუდილით მო[გაკ]უდინნეს მეფემან.
21. ჰრქუა კაცმან მან ქრისტეს მოყუარემან: რასა უკუე ჰხედავ ჩუენ თანა საშუებელსა, რომლისათჳსმცა გუეყუარებოდა ყოფაჲ სოფელსა ამას შინა და გჳძნდამცა სიკუდილი ქრისტესთჳს, რომლითა გუაშინებ ჩუენ!?
22. მაშინ წარიქცინა წმიდანი იგი რაქის და მიჰგუარნა მეფესა.
23. და ვითარცა იხილნა იგინი მეფემან, შეუძნდა, რამეთუ ესრეთ ჰგონებდა, ვითარმედ აუწყუედიან ქუეყანით სრულიად.
24. ჰრქუა მეფემან წმიდათა მათ: უკუეთუ გიტჳრთავს ძუალები ესე სიყუარულისა და ტკივილისა მისთჳს უფალთა მათთაჲსა, დღეს უკუე თავებიცა და ძუალები თქუენები შეერთოს რიცხუსა მათსა.
25. ჰრქუა კაცმან მან წმიდამან, რომელსა ეკიდა ძუალები: ჩუენ თავთა ჩუენთა უფრო ვსწყალობთ და ვსტირთ, ვიდრე უფალთა ამის ძუალებისათა, რამეთუ იგინი განსუენებასა არიან და ჩუენ სოფელსაღა შინა წუთ ვტყუვით.
26. ხოლო სურვილითა მათითამათითა გჳტჳრთვან ძუალნი მათნი, რამეთუ დღითი-დღე სიკუდილსაცა მოგუაჴსენებენ.
27. ჰრქუა მეფემან: რაჲთა უკუე ძუალები ესე დამდნარები უფროჲს მოგაჴსენებს სიკუდილსა ბრძენთა, ვიდრე ძუალებსა ამას, რომელი ჴორცთა შინა გიტჳრთავს?
28. ჰრქუა კაცმან მან წმიდამან: ამისთჳს უფრო მამხილებელ არიან, რამეთუ ძუალნი მკუდართანი არიან, ხოლო ძუალნი ჩუენნი ცოცხალ არიან,
29. და უკუეთუ ძუალები მკუდართაჲ და ცოცხალთაჲ სწორ არიან, ვითარ-ესე შენ იტყჳ, რაჲსა უკუე არა მოიჴსენებ სიკუდილსა, რამეთუ ჴორცთაცა შინა შენთა არიან ძუალნი? ანუ ჩუენ რაჲსა მაბრალებ?
30. და მერმე მითხარღა, რაჲსა სდევნი წმიდათა, რომელთა საწუთროჲ ესე დაგიგდეს და არას გეზიარებიან მას შინა, და არა უფროჲს სდევნი მათ, რომელნი გაცილობენ და გეზიარებიან საშუებელთა სოფლისათა?
31. ჰრქუა მეფემან: ამისთჳს, რამეთუ შეცთომილ არიან თავით თჳსით და აცთუნებენ მრავალთა და აყენებენ კეთილთა და საშუებელთაგან, რომელნი დაებადნეს კაცთათჳს.
32. და გულის წყრომაჲ ესე სწავლაჲ არს მათთჳს და ერისა, რაჲთა არა აოჴრდეს ქუეყანაჲ, და ამისთჳს, რამეთუ არა შეიწყნარეს კეთილი ქუეყანისაჲ.
33. ჰრქუა კაცმან მან წმიდამან: უკუეთუ ნანდჳლვე ამისთჳს გუასწავლი, რამეთუ დაუტევეთ საშუებელი ამის სოფლისაჲ და გნებავს ყოვლისა კაცისაჲ საშუებელსა შინა ცხორებაჲ,
34. რაჲსათჳს უკუე არა იზიარენ ყოველნი კაცნი საშუებელთა, რომლითა შენ იშუებ, არამედ მიუშუ კაცთა საშუებელთა ზედა, რომელნი შენ არა გიჴმდეს?
35. ჰრქუა მეფემან: ამისთჳს, რამეთუ არა სწორ არიან მეფე და მონანი, და ერისთავი და ერი, რამეთუ კაცად-კაცადმან საზომისაებრ თჳსისა მიიღოს შუებაჲ და პატივი.
36. ჰრქუა კაცმან მან წმიდამან: აწვე დაჰჴსნი სიტყჳთავე შენითა სიტყუათა შენთა და ჩანს, რამეთუ თავისასა ეძიებ და არა კაცთასა.
37. და თუ გნებავ[ს], გაუწყო, თუ რომლისა ჯერისათჳს შეიწუები შურითა ვითარცა ცეცხლითა, და ბოროტის ჩუენებად განმზადებულ ხარ წმიდათა მიმართ, რომელთა განიძარცუეს სამოსელი ესე საერისკაცოჲ ამისთჳს,
38. ვითარმედ აგიოჴრდეს ქუეყანაჲ განმრავლებითა მონაზონთაჲთა, რამეთუ გნებავს დადგრომაჲ კაცთაჲ უღელსა ქუეშე მონებისასა, რაჲთა ეგოს მეფობაჲ შენი მათ ზედა,
39. და გნებავს დამდაბლებაჲ მათი, რაჲთა ეგოს სიმაღლე შენი, და გნებავს სიგლახაკე მათი, რაჲთა ეგოს სიმდიდრე შენი მსგავსად ნებისა შენისა.
40. და მიუშჳ მათ სოფელსა ამას შინა დიდებისათჳს შენისა, ვითარცა გინდა, და დააკლე მათ ნებაჲ შენი და შუვამდგომელ ჰყავ შორის შენსა და შორის კაცთა ნებაჲ შენი.
41. და გიჴმან კაცნი მონადირედ საქმეთა ზედა სოფლისათა, ვითარცა რაჲ მოიდგნის კაცმან ქორნი გინა ძაღლნი, და დააბნის და ამშიის, რაჲთა უმეტეს განძჳნდენ ნადირთა ზედა.
42. ხოლო რაჟამს განემარჯჳს შეპყრობაჲ ნადირისაჲ, გამოსტაცის იგი პირისაგან მისისა და საბლითა და ჯაჭჳთა ქუე დააბის.
43. მაშინ ძლევაჲ იგი მისი სინანულად გარდაექცის და სიხარული მისი გლოვად, და ნაცვალად ყუავილისა მის და ქებისა პირველისა, დაჴმობაჲ და გარე განძებაჲ მიაგიან.
44. ესრე სახედ შეაკუეთენ კაცნი სოფელსა ამას, რაჲზომ გინდა, და დააყენენ მისგან, ვითარცა გთნდა, და არარას მიუშჳ მას შინა, გარნა რომელი-იგი ძალ არს შენდა საქმეთა შინა სოფლისათა.
45. ამის გამო ჩანს, რამეთუ ეძიებ თავისასა და არა მოყუსისასა.
46. და ამის [პირი]სათჳს გნებავს მიქცევაჲ ჩუენი სოფლად.
47. ჰრქუა მეფემან: მითხარღა, არისა მოყუასთა შენთა შორის უაღრესი შენსა?
48. ჰრქუა კაცმან მან წმიდამან: არავინ არს უაღრესი ჩემსა მათ შორის და არცა ვინ უდარესი ჩემსა მათგანი, რამეთუ ჩუენ ყოველნი ქრისტეს მიერ ერთი ვართ.
49. ხოლო მეტნობაჲ სოფელსა ამას აქუს, ვითარცა შენ და მოყუასთა შენთა, რამეთუ ჩუენ შორის არავინ არს უაღრეს მოყუსისა თჳსისა პატივითა და სიმდიდრითა და სიაზნაურითა, და არცა ვინ უდარეს არს ჩუენ შორის მოყუასსა თჳსსა სიგლახაკითა და ნაკლულევანებითა და შეურაცხებითა.
50. მაშინ ბრძანა მეფემან დაჭრაჲ ჴელთა და ფე[რ]ჴთა მათთაჲ და აღმოჴდაჲ თუალთა მათთაჲ და დაყრაჲ გზასა ზედა არცა მკუდრად და ცოცხლად.
51. და უბრძანა მეფემან რაქისს მოყვანებაჲ ნაქორისი, რომელი-იგი იყო მსგავსი ბალაჰვარისი.
44
1. 44. და განვიდა რა[ქის] მარტოჲ ღამით, და პოვა ნაქორ და უთხრა ყოველი განზრახვაჲ მეფისაჲ და მისი.
2. და აღსუა იგი საჴედარსა ზედა.
3. და ვითარ დაეახლნეს პალატსა მეფისასა, დაუტევა იგი და წარვიდა რაქის მეფისა, და ასწავა, რაჲ-იგი ჴმდა, და ამცნო, ვითარ-იგი განეზრახა, – რაჲთა ეჩუენოს გზასა ზედა სლვასა მეფისასა.
4. და ვითარ განთენა, განვიდა მეფე გარემო ქალაქსა სლვად მსგავსად ჩუეულებისა მისისა და საქმე იგი არავინ იცოდა, გარნა მეფემან და რაქის.
5. და სლვასა მათსა შინა იხილეს, ვითარ ერთ უტევან, კაცი ვინმე მიმავალი.
6. ხოლო იგი ნაქორ იყო, რამეთუ ეჩუენა, ვითარცა მოეღო მცნებაჲ რაქისისგან.
7. და ბრძანა მეფემან: ვინ არს კაცი ისი მიმავალი?
8. და ვითარ მოჰგუარეს მას, იყო კაცი იგი ხატითა მეუდაბნოეთაჲთა და წესითა მონაზონთაჲთა.
9. ჰრქუა მეფემან: რომელი პაჰრაკთაგანი ეშმაკთაჲ ხარი შენ?
10. ჰრქუა კაცმან მან, მე არა ვარ პაჰრაკი ეშმაკისაჲ, ხოლო უკუეთუ მკითხო, თუ რომელთა კაცთაგანი ვარ, გითხრა შენ.
11. ჰრქუა მეფემან: მე ვჰგონებ, ვითარმედ ბალაჰვარ ხარ შენ.
12. ჰრქუა კაცმან მან: უკუეთუ იგი ვარ, არა უკუე მცირე არიან კეთილნი ჩემნი შენ თანა.
13. ჰრქუა მეფემან: რომელსა კეთილსა მაყუედრებ?
14. ხოლო მან ჰრქუა: მას გაყუედრებ, რამეთუ გინდა განსწავლაჲ ძისა შენისაჲ წარსაწყმედელითა თავისა თჳსისაჲ, ხოლო მე ვიღუაწე სწავლითა ჭეშმარიტებისაჲთა, ვიდრემდის იცნა ქრისტე ღმერთი მაცხოვარი ყოველთაჲ და შემოქმედი თჳსი,
15. და რამეთუ ჰრწმენა, რომელი მოგჳთხრეს წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა და წმიდათა მამათა, და რაჲ-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა, და მტერთაცა, რამეთუ მტერ იყო იგი და დავაგე ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
16. და მან შეიწყნარა სწავლაჲ ჩემი და გამოირჩია იგი ყოველსა ზედა უღმრთოებასა თქუენსა.
17. ხოლო მეფემან განაცხადა მხიარულებაჲ თჳსი წინაშე კაცთა, რამეთუ პოვა ბალაჰვარ.
18. და ჰრქუა მას: არა მნებავს მოკლვაჲ შენი, ვიდრემდის სიტყჳს-გებაჲ ვყო შენ თანა;
19. და უკუეთუ მოიქცე, შეგინდო პირველი ცთომაჲ შენი, ხოლო უკუეთუ დაადგრე უგუნურებასავე შენსა, განვაცხადო უგუნურებაჲ შენი წინაშე კაცთა, და უშუერითა განქიქებითა და ბოროტითა სიკუდილითა მოგაკუდინო შენ.
20. და ბრძანა აღსუმაჲ მისი საჴედარსა ზედა, და წარვიდეს.
21. და შევიდა მეფე პალატად თჳსა.
22. და განითქუა, ვითარმედ შეიპყრა მეფემან ბალაჰვარ.
23. და მიიწია საქმე ესე ძისა მეფისა.
24. ხოლო იგი შეწუხნა მწუხარებითა დიდითა ფრიად.
25. ხოლო კაცი ვინმე ერთი წარჩინებულთაგანი, რომელი ფარულად ჰმონებდა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა და იცოდა ჭეშმარიტი, და სახელი მისი ბარაქია. და იყო ტომი ძისა მეფისაჲ.
26. ესე ზედა-მიიწია მანქანებათა მათთა, რამეთუ შე-ოდესმე-მთხუეულ იყო ნაქორისდა და სიტყუაჲ ეყო მის თანა ცილობისათუს შჯულისა.
27. ესე კაცი ღამე მოვიდა ძისა მეფისა და ჰრქუა მას: არა ბალაჰვარ არს კაცი ესე შეპყრობილი, არამედ მსგავსი არს მისი, რომლისაჲ ვერ შესაძლებელ არს გამოცნობაჲ მისი მისგან ხატითა და ფერითა და ჴმითა და სიტყჳთა, და სახელი ჰ[რ]ქჳან ნაქორ.
28. და კაცი ეს[ე] უღმრთოჲ არს და არს იგი შჯულსა ზედა მეფისასა.
29. და განუმარტა ყოველი განზრახვაჲ მეფისაჲ და ვითარ საცთურ[სა] უგებენ მას ამით ჯერითა.
30. მაშინ განიხარა იოდასაფ სიხარულითა დიდითა და განიშორა ტკივილი იგი, რომელი აქუნდა წმიდისა ბალაჰვარისთჳს.
31. და განძლიერდა ძლევად საცთურისა მის, რომელი დაურწყეს მას, და უბრძანა, რაჲთა არავის უთხრას ბარაქია საქმე ესე.
45
1. 45. [დ]ა ხვალისაგან აღდგა მეფე და წარვიდა ძისა თჳსისა და ჰრქუა მას: შვილო ჩემო, არავის ზედა მოიწია ესოდენი სიხარული, ვითარ ჩემდა მოიწია შენთჳს, და არცა ვის ესოდენ გარდაექცა სიხარული მწუხარებად და ტკივილად,
2. ვითარცა მე შენ მიერ, რამეთუ წარმიკუეთე იმედი ჩემი შენდამი და დაჰჴსენ სიმტკიცე ზურგისა ჩემისაჲ და დააბნელე სინათლე თუალთა ჩემთაჲ და მოაწიე, რასა-იგი ვეკრძალებოდე შენთჳს.
3. და შეურაცხ-მეყო ცხორებაჲ და კადნიერ ქმნილ ვიყავ სიკუდილსა ზედა, რამეთუ ვჰგონებდი, ვითარმედ ნაცვალი ჩემი ხარ შენ შემდგომად სიკუდილისა ჩემისა.
4. ხოლო ამიერითგან მიყუარს სიცოცხლე და მიძნავს სიკუდილი.
5. რამეთუ განაცრუვე იმედი ჩემი და განამტყუვნე სასოებაჲ ჩემი და მახარე სიურვილე თავისა შენისაჲ სმენითა შენითა ქადაგთაგან სიცრუისათა, რამეთუ შთაჰვარდი საბრჴესა მას, რომელსაცა მეშინოდა შენთჳს, და გაკრძალებდი ყოვლითა ძალითა ჩემითა და განგაშორებდ მისგან.
6. ხოლო შენ სიუცბითა შენითა და სიყრმითა და უმეცრებითა სამართალთა წილ მეფობისათა მოიხადე წარსაწყმედელი თავისა შენისაჲ.
7. ანუ არა მამაჲ და მშობელი შენი ვარა?
8. და შენ დაუტევე შჯული ჩემი და წინააღუდეგ ნებასა ჩემსა თავ-მოთნებით და ეჭუ შჯულსა მამულ[სა] შენსა და შთაუსხენ წინამონი შენნი [ჴელთა] კაცთა ცრუთა და მაცთურთასა, რომელნი მიგიყვანებენ მწუხარებად და შთაგაგდებენ წარსაწყმედელსა.
9. არა შეიკდიმეა განმწარებაჲ სიხარულისა ჩემისაჲ შენთჳს?
10. და არცა თუალ-მახუენ აღძრვად ნაწლევთა ჩემთა ტკივილით შენ ზედა, და ამას თანა შეურაცხ ჰყავ მადლობაჲ ღმერთითაჲ მონიჭებულთა კეთილთა მათთა ზედა,
11. რამეთუ არა შეიწყნარენ იგინი და დაამრწემე მამაჲ შენი, რამეთუ არა შეიწყნარე სწავლაჲ მისი ცხორებასა მისსა და არცა ნაცვალ ექმენ მას შემდგომად სიკუდილისა მისისა.
12. და არა უცხო არს ესე მოწევნადთაგან ჟამთაჲსა და ძლევისაგან ეშმაკისა, და არცა კუალად საკჳრველ არს მოქცევაჲ შენი ნებასა მამისა შენისასა.
13. მიუგო და ჰრქუა იოდასაფ: შენ, მეფეო, გამოაცხადე საქმე ჩემი, რომლისაჲ არ[ღა] მინდა გამოცხადებაჲ მისი წინაშე შენსა, რაჲთამცა მხიარულად შეგენელა საქმე შენი,
14. გამოირჩიე თავისა შენისათჳს და შეიყუარე იგი და მინდა, რაჲთამცა კეთილად გეჩუენე ყოვლითა სახითა გარეშითა, რომელი შენ გიყუარს ჩემთჳს, რაჲთამცა ჟამსა განსლვისა ჩემისასა არა განმწარებით დაუტევე გული შენი ჩემ ზედა.
15. ხოლო უკუეთუმცა განხუედი უწინარეს ჩემსა, არამცა თჳნიერ სასოებისა განხუედ ნაცვალებისაგან ჩემისა შემდგომად შენსა, რაჲთამცა არა მწუხარებით წარვგზავნე სული შენი.
16. და არარამან დამაბრკოლა წუევაჲ შენი ღმრთის მსახურებად და უწყებად შენდა შჯული ქრისტესი, გარნა უზომომან შენმან სიყუარულმან ვნებათა მიმართ და მოძნაურობამან შენმან მცნებათა მიმართ თჳსისა ცხოველისათა,
17. რომლისათჳსცა ვერ შევატყჳ მოქცევად შენდა ჭეშმარიტებად, რამეთუ ფრიად საძულელ არს იგი წინაშე შენსა.
18. და ამისთჳს დავიდევ გონებასა ჩემსა, რაჲთა პატივ-გცე დაფარვითა ამის საქმისაჲთა შენგან, რომელსა-ესე შჯულსა ზედა ქრისტესსა ვდგა მე სარწმუნოებით შეურყეველად და რაჲთა არა შეგამთხჳო ტკივილი და ვნებაჲ,
19. გარნა საქმისა მოწევნამდე, რომელი მაიძულებს გამოცხადებად ჭეშმარიტებისა, რომლისა თანა არღარა ჯერ-იყოს დაფარვაჲ, არამედ განგდებაჲ შიშ[ი]სა და სირცხჳლისა შენისაჲ და განმზადებად წინააღდგომად შენდა.
20. და მე მეგულებოდა აღსრულებაჲ ნებისა შენისაჲ გარეშითა ჩემითა და სმენად შენგან საჴედართა და სამოსელთა და ჭამადთათჳს, რომელი კმა იყო შენდა განკითხვისაგან შინაგანისა ჩემისა.
21. და ესე უწყოდე, მეფე, ვითარმედ გამოძიებაჲ საქმისა ჩემისაჲ შემაწუხებელ არს შენდა აწ, ხოლო შემდგომად იყოს იგი უმეტეს სიხარულ და მხიარულება შენდა საუკუნოდ.
22. და აწ ესე ჯერ-არს შენდა, რაჲთა მაცადო ამას საქმესა ზედა, რომელსა ვდგა, ვიდრე ზარი და სირცხჳლი არს-ღა ქედსა ჩემსა ზედა, და მიითუალე ჩემგან ყოფაჲ ნებისა შენისაჲ ცხადსა ზედა,
23. რაჲთა არა განვაცხადო წინააღდგომაჲ შენი არცარა გებაჲ შჯულისა შენისაჲ და ნუღარას გამოიკითხავ დაფარულთა ჩემთა, რომელი არა სავნო არს ცხორებასა შენსა და არცა შემდგომად სიკუდილისა შენისა.
24. ხოლო მეფესა რაჟამს ესმნეს სიტყუანი ძისა მისისანი, აგინა და იწყო გმობად და სიქადულად მისა,
25. და ჰრქუა მას: შენ ყრმა ხარ და თავ-მოთნე, და [მ]ე გფარევდი შენ კაცთაგან და განგაშორებდ ვნებათაგან დიდებისა და ნუკევისა შენისათჳს, და გცევდი მახეთაგან და გრგენათაგან ეშმაკისათა.
26. და განვპოხე გუამი შენი სიჩჩოებითა და თუალნი და სასმენელნი შენნი სიხარულითა, და დაგიფარენ ყოველნი საქმენი შემაწუხებელნი, რაჲთამცა სარგებელ გეყო.
27. ხოლო შენ, აღგიტაცა სილაღემან შენმან, მოიწყინე შუებაჲ და განსუენებაჲ და მიივლტი ჭირად და იწროებად სიუცბითა შენითა და ეძიებ ცხორებასა,
28. რომელ უკუეთუმცა იხილე გემოჲ მისი და გამოსცადენ ჭირნი და იწროებანი მისნი და მრავალ-ფერნი იგი სულნი მომაწყინებელნი მისნი, სცან-მცა ზომი თავისა შენისაჲ და ჭეშმარიტად ამისგან (უმეტესმცა) ივლტოდე, ვიდრე შუებათა და განსუენებათაგან.
29. ამისთჳსცა სამართლად მითხრეს შენთჳს ვარსკულავთ მრაცხუველთა დღესა შობისა შენისასა, ვითარმედ ყოფად ხარ კაცი უკეთური და უბადრუკი და მოწყინე და მრავალ-ფერი, და არა მიმღებელი კეთილთა ქუეყანისათაჲ.
30. ხოლო მე ვიღუაწე უმჯობესი ცხორებაჲ შენთჳს, რაჲთა შეგრჩეს ჩუეულებაჲ მისი და წარვდევნენ შენგან ყოველნი მაცთურნი და მცბიერნი და წმიდა ვყავ მათგან ქუეყანაჲ ჩემი და დავაცხრვენ ენანი კაცთანი სიტყჳსაგან საცთურებისა მათისა,
31. და გამოუცხადე კაცთა უკეთურებაჲ და სიცრუვე [მათი], რომლისათჳსცა განისხნეს სიძულილით და მოისრნეს ჭეშმარიტებით.
32. მერმე შეიჭურა ჩუენთჳს [ეშმა]კი, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო პოვნად ნებასა მისს[ა] ჩუენ თანა, გარნა შენ მიერ, და არავინ პოვა ჩუენ შორის უფრო ადვილად საძლეველი შენსა.
33. ამისთჳსცა დაგამტკიცა ბოროტსა ზედა გულის სიტყუასა.
34. ხოლო ცვითა მით და ნუკევითა ჩემითა შენდამი უფროჲს ვინაჲ-მე დაგაახლე, რომელსა-იგი მეშინოდა შენთჳს?
35. და უკუეთუმცა მიმეშუა განსაცდელთა და გეჭამამცა ტკბილსა მას თანა მწარე, არამცა უმეცარ იყავ სიმწარესა ჭირისასა და სიტკბოებასა შუებათასა.
36. ხოლო აწ უმეცარ ხარ სიტკბოებასა ამის ცხორებისასა, რამეთუ არღა გიხილავს სიმწარე ცხორებისაჲ მის, რომელსა შენ ეძიებ.
37. მიუგო და ჰრქუა იოდასაფ: არა უწყი, მეფე, თუ რომლისა საქმისათჳს შეწუხებულ ხარ: კეთილისათჳს, რომელ მოვიღე, ანუ წინააღდგომისათჳს ნებისა შენისა.
38. უკუეთუ მოპოვნებისათჳს კეთილისა მრისხავ, თანა-მაც სივლტოლაჲ შენგან და განთავისუფლებაჲ უფლებისაგან შენისა,
39. ხოლო უკუეთუ მაბრალებ წინააღდგომისათჳს ნებისა შენისა და გნებავს წარწმედაჲ ჩემი (რომელი შეაშუს ნებასა შენსა) და არა ცხორებაჲ ჩემი, რომელი წინააღუდგების ნებასა შენსა.
40. ამის გამო ჩანს უზრუნველობაჲ შენი ჩემთჳს და მეცა თანა-მაც, ოდესცღა(!) ესე ესრეთ არს, რაჲთა მაქუნდეს იჭჳ [შ]ენდამი, რამეთუ, ჵ მეფე, არა უფროჲს არს მწუხარებაჲ შენი ჩემდამო კეთილთა ამათთჳს,
41. რომელნი მოვიპოვენ მწუხარებისა მის ჩემისა, რომელი მაქუს დაკლებისათჳს შენისა კეთილთა მათთჳს საუკუნეთა, რამეთუ მე უფროჲსღა თანა-მაც ტკივილი და მწუხარებაჲ საქმისათჳს შენისა, ვიდრეღა შენ ჩემთჳს.
42. ხოლო რომელ-ესე სთქუ, ვითარმედ ყრმა ვარ, ნეტარ თუმცა სიყრმე ესე სიტყჳს მიმგებელ მექმნებოდა დღესა მას საშჯელისასა.
43. ხოლო გინებაჲ, რომელ სთქუ ჩემდამო, ნეტარ თუმცა ყოველთაგან სიბილწეთა განვერი, გარნა გინებისა ჩემისა.
44. ხოლო სიქადული შენი, უკუეთუ საქმით აღასრულო ჩემდამო, ვესავ ღმერთსა, რაჲთა შევერთო რიცხუსა მას წმიდათა მოწამეთასა, [რომელნი]ცა აცხოვნენ ბოროტის ყოფითა შენითა.
45. არამედ რაჲ სარგებელ არს ჩემდა, რამეთუ ყრმით მხადი, და მე მიწევნულ ვარ ჟამსა, რომელსა არღარა მაქუს სიტყჳს-გებაჲ სიყრმისათჳს ჩემისა,
46. ანუ რაჲ მწუხარებაჲ არს ჩემდა გმობისათჳს და ძაგებისა შენ მიერ, რომელნი უფროჲს სახარულ არიან და საქადულ ჩემდა, რომლისათჳს მგმობ და მაბრალებ.
47. ანუ ვითარ მაქადებ სატანჯველთა, და ძირი რისხვისა შენისაჲ ესე არს ჩემ ზედა, რამეთუ თავს-მიდებიეს რაჲმე მცირედი სატანჯველი ამის სოფლისაჲ გინებითა ჩემითა.
48. ხოლო რომელ-ესე იტყჳ კეთილის ყოფათა შენთა ჩემდამო, უწყოდე მეფე, რამეთუ კეთილთა მათ შენთა წარმავალთა აღმძრეს სურვილად კეთილთა მიმართ უკუდავისა მეუფისათა წარუვალთა.
49. ხოლო უკუეთუ მაიძულებ კეთილთა ამათ შენთა განხრწნადთათჳს დატევებასა საშუებელთა მათ საუკუნოჲსათა გამოუთქუმელთა, უწყოდე, რამეთუ არა სწორ არიან განხრწნადნი უხრწნელთა.
50. რამეთუ შენი ესე ანუ მიიღო შენვე მცირედისა რაჲსამე რისხვისათჳს, ანუ ჟამთა ქცევამან მიგჳღოს შენცა და მეცა.
51. ხოლო სიხარულისა მისთჳს ესრე იტყჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე: და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგანო.
52. რამეთუ საქმე ესე და ცხორებაჲ, რომელი შენ გამოირჩიე ჩემთჳს, ტრფიალი და შუენიერი არს, უკუეთუმცა არა ადრე წამავალ იყო.
53. ხოლო უკუეთუ გაქუს სიმტკიცე დადგრომისა მისისათჳს, კეთილი და საწადელ არს ფრიად, არამედ უკუეთუ ვერ გულ-პყ[რ]ობილ ხარ, რაჲსათჳს არა შემინდობ დატევებასა მისსა, რაჲთა მით მოვიპოვო უსაწადელესი ცხორებაჲ.
54. ანუ ვითარ გიკჳრს, მეფე, სურვილი ჩემი კეთილთა მათთჳს წარუვალთა და არა გიკჳრს შეკუთებაჲ თავისა შენისაჲ საშუებელთა ამის სოფლისა წარმავალთა.
55. ხოლო რომელ-იგი სთქუ, ვითარმედ აოტენ ჩემგან მცბიერნი და მაცთურნი და გრძნეულნი და დააცხრვენ ენანი კაცთანი სიტყუათა მიმართ მათთა, ესე უდიდესი ყოველთა კეთილთა შენთასა არს ჩემ თანა.
56. უკუეთუ ოდენ სახელის დებაჲ საქმეთაჲ მიახუედრე, არამედ არა განმაშორენ ჩემგან, გარნა წმიდანი მღდელნი ქრისტესნი და ნეტარნი მამანი და წინამძღუარნი ცხორებისა ჩემისანი,
57. და შთამაგდე ადგილსა უდაბნოსა და ურწყულსა თჳნიერ წინამძღურისა და შესავედრებელისა სულიერისა, შორის გუელთა და ღრიაკალთა, მჴეცთა და ეშმაკთა,
58. რამეთუ წინააღუდეგ ჭეშმარიტსა ქრისტესა ღმერთსა და მოსწყჳდენ წმიდანი მისნი მართალნი და რჩეულნი წინამძღუარნი ცხორებისანი, რომელთა დათრგუნეს სოფელი ესე შიშისა მათისათჳს ჩემ ზედა.
59. და მარტოდ დამაგდე შენ მცბიერთა და მაცთურთა და მტყუვართა.
60. ხოლო ღმერთმან და მამამან უფლისა და მაცხოვრისა ჩემისა იესუ ქრისტესმან, ყოვლად ძლიერმან, სულითა წმიდითა თჳსითა მომცა მე მეცნიერებაჲ ცნობად სამწმიდაარსებისა მისისა.
61. და მერმე სთქუ განწირულებაჲ და უბადრუკებაჲ და მრავალ-ფერობაჲ ჩემთჳს და მოწყინებაჲ სოფლისაჲ და არა დაჯერებაჲ კეთილთა მისთა ზედა, ვითარ არა განწირულ ვიყო, რამეთუ განწირულებაჲ ამის სოფლისაჲ მოატყუებს მშჳდობასა, ნუგეშინის-ცემასა და განსუენებასა.
62. და კეთილ არს ჩემდა უბადრუკებაჲ აქა, რაჲთა მიზეზ მექმნეს ცხორებისა მის საუკუნოჲსა წარუვალისა.
63. ანუ ვითარ არა მოვიწყინო სოფელი ესე, რამეთუ იგი მოიწყინებს მოყუარეთა მისთა.
64. ანუ ვითარ არა ვიქცე მრავალ-ფერად, რამეთუ იგი მრავალ-ფერად ექცევის კაცთა და თჳთ შენ ზედაცა მოწევნად არს მრავალ-ფერობაჲ მისი.
65. ანუ ვითარ დავშჯერდე კეთილთა მისთა, რამეთუ კეთილნი მისნი ბოროტ არიან: დღეს მისცემს და ხვალე მოუღებს და მერმე იზღვევს.
66. აწ, მეფე, კეთილად განიზრახე შენთჳს.
67. დიდ არს კეთილი მისი შენ ზედა და სულგრძელებაჲ მისი სინანულად მოგელის.
68. ხოლო შენ მას უჴდები და წინააღუდგები შჯულსა მისსა და არა ინებენ კეთილის ყოფანი მისნი, რამეთუ ჰნებავს მოქცევაჲ ყოველთაჲ სინანულსა ზედა ჭეშმარიტსა.
69. ამისთჳს მიუშუა ამპარტავნებასა შენსა და არა მიგცა, რომელსა მიეც თავი შენი უდებებასა და ბოროტსა, და არა მოგაგო, რომელი-იგი შენ უყავ მსახურთა მისთა წმიდათა.
70. მაშინ გულისჴმა-ყო მეფემან, ვითარმედ გულის წყრომაჲ მისი უფროჲს აღაგზნებს გულის წყრომასა მისსა.
71. და შე-ცა-ეშინა, ნუუკუე ვერ დაითმინოს სიმქისე სიტყუათა მისთაჲ.
72. და მსწრაფლ აღდგა და წარვიდა პალატად თჳსა დამძიმებული ურვითა და შესულებული ტკივილითა და განცჳბრებული გონებითა.
46
1. 46. და ხვალისა დღე კუალად მოვიდა მეფე ძისა თჳსისა, და შეიტკბო იგი მკერდსა თჳსსა და მოეხჳა ქედსა მისსა, და ეტყოდა: ნუ, შვილო ჩემო, და ნაწლეო მუცლისა ჩემისაო,
2. რამეთუ არა გიღირს ყოველსა შინა შეტ[ყ]უებასა, თუმცა მეჭუდი თავსა ზედა ჩემსა და სთქუმცა, ვითარმედ: ნეფსით დაუტეობ უმჯობესსა და მოვიგებ წარსაწყმედელსა და აღვირჩევ საცთურსა, რამეთუ შენ უწყი სიმტკიცე და შეურყეველობაჲ გონებისა ჩემისაჲ.
3. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: დამძიმდეს ჩემ ზედა წესნი ჭეშმარიტებისანი და ამისთჳს მიმიზიდნეს ნებასა და გულის-თქუმასა, შენ უწყი და ყოველმან კაცმან მოთმინებაბაჲ ჩემი, [სა]მართალსა ზედა შჯულისა ჩემისათა.
4. და მრავალ გზის დავაცარიელენ საგანძურნი ჩემნი ტაძართათჳს კერპთაჲსა და მსახურთა მისთა, და წინა-უყავ ყოველი მონაგები ჩემი, და მრავალ გზის პატივ-[ვ]სცი კაცსა შეურაცხსა ნათესავითი, რაჟამს ვცნი კეთილად სლვაჲ მისი შჯულსა შინა ჩემსა,
5. ვიდრემდის აღუდგი საჯდომთაგან ჩემთა და წინა მივეგები მშჳდობისა მიცემად მისა და დავდგი წინაშე მისსა, ვითარცა მონაჲ, ვითარცა მონაჲ რაჲ დგანნ წინაშე უფლისა თჳსისა.
6. და უკუეთუ საშუებელთა ძიებისათჳს იყო განზრახვაჲ ესე ჩემი, ვითარ-ესე შენ ჰგონებ ჩემთჳს, რაჲსათჳსმცა მოვწყჳდენ მონანულნი კაცნი, რომელთა დაუტევეს სოფელი ესე ჴელთა შინა ჩემთა და არარას მეზიარებოდეს და ა[რ]ცა მაცილობდეს რასამე მას შინა ყოვლადვე?!
7. რამეთუ მოკლვაჲ და ტანჯვაჲ არა იქმნების, გარნა გულის წყრომისა მიერ და გაჴურვებისა გულისა.
8. და გაჴურვებასა შინა შფოთი შეამთხჳეს გულსა და ვნებაჲ სულსა, და მწუხარებაჲ აღიძრვის გონებასა შინა ჟამსა გულის წყრომისასა.
9. ანუ ვინ უბადრუკთაგანი შთავარდა ესევითარსა საცთურსა, რომელსა შენ ჰგონებ მამისა შენისათჳს, რაჲთამცა ესოდენ მიდრიკეს ვნებათა და გულის-თქუმათა, ვიდრემდის შჯულადმცა დააწესნა იგინი,
10. და წარაგნა მონაგებნი მისნი მათ ზედა, რომელნი შეუდგეს მას, და აღლესა მახჳლი მისი მათ ზედა, რომელნი წინა-აღუდგეს მას.
11. და მერმე იცი სამართალი მშჯავრისა ჩემისაჲ და შჯაჲ ქურივთაჲ და ნუგეშინის-ცემაჲ ობოლთაჲ დ[ა] წყალობაჲ გლახაკთაჲ და ხაშმთაჲ და ტჳრთვაჲ უძლურებისა მათისაჲ, და განყოფაჲ საფასეთა ჩემთაჲ მათ შორის,
12. რამეთუ შენ (უწ)ყი, [ვ~დ] მრავალ გზის ოდესმე მივემთხჳი გლახაკთა და ვნებულთა, გინა თუ ობოლთა და ქურივთა, და ვერ შეუძლი თანა – წარსლვაჲ მათგან, ვითარმედ აღვასრული საწადელი მათი ყოველი.
13. აწ რაჲღა ძალ-გიც, შვილო ჩემო, ძაგებად შჯულისა ჩემისა და იჭჳსაჲ მაგის შენისაჲ ჩემდა მომართ?
14. ანუ იტყჳა, ვითარმედ შევსცეთ გზისაგან მართლისა და გამოვირჩიე არა გამოსარჩეველი და ვდგა არა სათნოსა ზედა?
15. ვითარ უკუე ეჭუ განზრახვასა ჩემსა გამოცდილსა, და განგებასა ჩემსა საცნაურსა, და კეთილად გამონახვასა [ჩემ]სა, საქმეთა დაფარულთა, და შეტყუებასა ჩემსა საქმეთა საეჭუელთა და არა უფროჲს ეჭუ განზრახვათა შენთა,
16. რამეთუ მსწრაფლ მიდრიკა გონებაჲ შენი წინამსრბოლმან [ჩ]უევამან და არა გამოიცადე იგი და არცა უჩუენე საქმე შენი წინამძღუარსა ბრძენსა და არცა მოძღუარსა მეცნიერსა და არცა ერთგულსა მტკივანსა, და გინა [თუ] გონიერსა გამოცდილსა.
17. ანუ ვინაჲ ნუგეშინის-ცემულ ხარ, თუ არა იხილა ეშმაკმან შენ თანა სიჩქურე და სისუსტე.
18. და აღგამაღლა, ვითარმცა მეცნიერებასა ღმრთისასა მიგაწია და შეგიმკო საცთური ამის გამო ენითა ბირებულისა მის ბალაჰვარისითა, ანუ ვითარ იტყჳ საქმესა ამას, რომელსა შეგიყვანა შენ უცბებით.
19. და განჰბჭე შენ[თჳს] ჭეშმარიტებაჲ და ჩემთჳს სიცრუვე თჳნიერ გამორჩევისა მართლისა მსაჯულისაჲთა და სარწმუნოჲსა მოწამისაჲთა და საცნაურისა შეტყუებისა, რამეთუ შენცა, შვილო ჩემო, ესრევე ხარ, ვითარცა ერთი ვინმე, რომლისაცა შჯულისა მპყრობელთაგანი,
20. რომელთა სიცრუვემან მიუს[..] [სა]სმენელთა მათთა და შესცთეს ახალ-სახიობითა მით, და მერმე ემხილა ჭეშმარიტი, არამედ მისწრობილი იგი სიცრუვე დანერგულ იყო გულთა შინა მათთა, და სწორებითა მით უჭეშმარიტესად ჰხედვიდეს სიცრუვესა, ვიდრეღა მათისა სიმართლისა.
21. აწ შენცა ეკრძალე, შვილო ჩემო, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ კეთილსა გული-გითქუამს, და ესე უმეტესი მადლი არს მონიჭებული ღმერთთა მიერ შენდა და შენ მიერ ჩუენდა, რამეთუ ძირმან მამათა შენთამან მიგიზიდა.
22. და ყოველთა სახელით მოაჴსენებდა და ნათესავთა მოასწავებდა და ცხორებასა მათსა უთხრობდა.
23. ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმნეს სი[ტ]ყუანი მეფისანი, გულისჴმა-ყო, ვითარმედ ეშმაკსა საბრჴე დაურწყამს მისთჳს და ვითარმედ თჳნიერ ყოვლისა ღონისა უჴმს განმზადებად ბრძოლისა მისისა,
24. და ჰრქუა მეფესა: მეფე, არარაჲ უსაწადელეს არს ჩემდა, ვითარ საქმე ესე, რაჲთამცა შემიკრიბეს უმჯობესი ჩემი და დაჯერებაჲ შენი, ხოლო უკუეთუ დამაკლდეს დაჯერებაჲ შენი თჳნიერ ღონისა, თანა-მაც უმჯობესსა ჩემსა,
25. დაღაცათუ არა გთნდეს შენ, რამეთუ მე ვჰგონებდ, მეფე, ვითარმედ ცოცხლად განმზრახი ხარ თჳნიერ ყოვლისა ცთომისა, დაღაცათუ საქმით აღასრულებ საცთურსა.
26. ხოლო აწ სალმობაჲ გონებისაჲ და განზრახვისა შენისაჲ უბოროტესად და უძჳრესად საკჳრველ არს, ვიდრე სენსა საქმეთა შენთასა.
27. და აწ მე თანა-მაც, მეფე, თჳნიერ ღონისა, რაჲთა შევემთხჳო გონებასა მაგას, რომელსა მიუდრეკიხარ შენ სიბრძნითა, რომელი მახლობელი არს მისი, რამეთუ თანა-მაც ზრუნვაჲ მისთჳს და ძიებაჲ წამლისაჲ მისთჳს.
28. და მე არა მნებავს, მეფე, სიმქისითა მით, რომელსა გაჩუენებ, თჳნიერ პატივი შენი, რამეთუ რომელი ზაკუვით გეტყოდის, იგი არა ერთგული არს შენი.
29. აწ დააცხრვე აღშფოთებაჲ შენი და დაინახე უმჯობესი შენი და უწყოდე, რამეთუ ადრე მოსიკუდიდ ხარ და ყოველსა დიდებასა სოფლისასა დაუტეობ სხუათა, ვითარცა-იგი, რომელნი წარვიდეს და დაუტევეს სხუათა, და მერმე კუალად აღდგომად ხარ და განკითხვად სიტყჳსათჳს და საქმისა.
30. რამეთუ არღავინ დაშთომილ არს სოფელსა ამას შინა, რომელმანცა თქუა და ასწავა კეთილი და საქმითა აღასრულა, გარნა კაცნი ესე მონანი ქრისტეს ღმრთისანი,
31. რომელ არიან მეუდაბნოენი, რომელთა ჰრწამს წმიდაჲ სამებაჲ და შჯული მისი წმიდაჲ, და მისაგებელი უწყიან კაცად-კაცადისაჲ: საშუებელი და სატანჯველი.
32. აწ მოიყვანე, ვინ გნებავს შჯულისა მეცნიერი შენი, და ვყოთ სიტყუაჲ ურთიერთას შჯულისათჳს სიმართლისა საშჯელითა, ვიდრემდის გამოჩნდეს ჭეშმარიტი ცრუჲსაგან.
33. ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი ძისა თჳსისანი, დადუმნა განცჳბრებული.
34. და ვითარ მოეგო ცნობასა თჳსსა, და იწყო გულის სიტყუად და განზრახვად და წინააღდგომად ნებასა თჳსსა.
35. ხოლო ნებაჲ მისი აცილობდა და ებრძოდა და მოაჴსენებდა საშუებელთა და განსუენებათა, რომელ თანა დაჩუეულ (იყო).
36. და ეტყჳნ გულის სიტყუაჲ მისი, ვითარმედ ვერ ძალ-გიც ცხორებაჲ დღე ერთცა თჳნიერ ჩუეულებისა შენისა და ვითარმედ შეწამებაჲ ცთომილებისაჲ და ჯობნაჲ სხუათაჲ [..]რწემე და საყუედრელ არს შენდა.
37. და ყოვლადვე სასოებაჲ წარიკუეთის განშორებისაგან ჩუეულებისა მისისა და ვერარაჲ ღონე მოიგონის, გარნა მსახურებაჲვე და დიდებაჲ კერპთაჲ.
38. მაშინ ჰრქუა მეფემან ძესა თჳსსა: შვილო ჩემო, შემაცთუნა სიტყუამან შენმან და მოვაქციო შენდა.
39. და აწ არღარა დავაცადო გამოძიებაჲ სიტყუათა შენთაჲ და გამონახვაჲ მათი დაწყნარებით.
40. და უკუეთუ ჭეშმარიტ იყვნეს, უფროჲს განათლდენ გამოძიებასა შინა ჩემსა.
41. ხოლო უკუეთუ ცრუ იყვნენ, გამოჩნდეს მას შინა ცთომილებაჲ მათი.
42. და მე მეგულების კრებაჲ და სიტყჳსა ყოფაჲ სიმართლით და არღარა მძლავრებით, და ვბრძანო, რაჲთა ჴმობდეს ქადაგი მიცემად მშჳდობისა ყოველთა ზედა ქრისტეანეთა, რომელნი არიან შჯულსა ზედა შენსა,
43. რაჲთა მოვიდენ კრებასა ამას ჩემსა, რაჲთა სამართალი საშჯელი აღესრულოს მუნ ცხადად წინაშე ყოვლისა ერისა, რაჲთა არავის აქუნდეს მიზეზი რაჲმე და ჰგონებდეს, ვითარმედ მო-რაჲმე-ვიმძლავრეთ,
44. და თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუმცა მე მუნ ყოფილ ვიყავ, კრებასა მას, მაქუნდა სიტყუაჲ ძლევისაჲო, რომლითა უფრო დაჯერებულ იქმნეს ყოველი ერი, რომელსაცა ზედა განწყდეს საქმე ჩუენი.
47
1. 47. და დაჯერებულ იქმნა იოდასაფ სიტყუათა მეფისათა, და ყვეს პაემანი შეკრებისაჲ.
2. და იყო მას დღესა შ[ინა] კრებაჲ დიდი.
3. და გამოვიდეს კერპთ მსახურნი იგი, რაჲთა სიტყუა-უგონ ნაქორ[ს], რომელი საგონებელ იყო, ვითარმედ ბალაჰვარ არს, რომელი-იგი ზემო ვაჴსენეთ, რომელ-იგი მოებირა რაქისს.
4. ხოლო კრებასა მას არავინ დაჰხუდა ქრისტეანეთა მორწმუნეთაგანი, გარნა კაცი ვინმე, რომელსა ფარულად აქუნდა სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს[ი],
5. რომლისა სახელი ბარაქია, ზემოჴსენებული იგი, რომელმან უთხრა იოდასაფს ბირებულობაჲ ნაქორისი, ოდეს-იგი უდაბნოჲთ მოეყვანა სახედ ბალაჰვარისა;
6. და ესე განმზადებულ იყო შეწევნად ბალაჰვარისსა, უკუეთუ სიტყუასა რასამე ზედა შებრკოლდეს.
7. და დაჯდა მეფე საყდართა თჳსთა, ხოლო იოდასაფ ქუეყანასა, რამეთუ არა ინება დაჯდომაჲ საყდართა ზედა.
8. და იწყო მეფემან სიტყუად კერპთ მსახურთა მიმართ და თქუა: აჰა ესერა თქუენ ხართ თავნი ამის წესისანი და ჩუენ თქუენგან მოვიღეთ, და თქუენ ჴმაგეცით.
9. აწ იღუაწეთ დამტკიცებად დღეს, და უკუეთუ გამოჩნდეს და დამტკიცნეს ძლევაჲ თქუენი, იყოს კეთილი მისაგებელი თქუენი ჩემ მიერ ღირსად და უცთომელობისა თქუენისა.
10. ხოლო უკუეთუ გამოჩნდეს ჴმასა ამას თქუენ[სა] სიცრუვე და ტყუვილი, არავინ არს უკადნიერეს ჩემსა თქუენ ზედა და არცა ვინ უფრო შეცოდებულ წინაშე ჩემსა და წინაშე ყოვლისა ერისა, ვითარ თქუენ, წინაშე მდგომელნო კერპთანო.
11. და მე აღთქუმაჲ მიმიცემია ღმერთთადა, უკუეთუ გამოჩნდეს დღეს სიცრუვე სიტყუათა შინა თქუენთა და იძლინეთ სხჳსა რაჲსამე ძალისაგან საშჯელითა სიმართლისაჲთა, დავლეწო გჳრგჳნი ჩემი და დავსცე საყდარი ჩემი და დავიყჳნო თავი ჩემი და შევერთო რიცხუსა მონაზონთასა,
12. და დავწუნე ცეცხლითა ღმერთნი ეგე თქუენნი, და მოგწყჳდნე თქუენ, წინაშე-მდგომელნი მათნი, და იავარ იქმნენ სახლნი თქუენნი, და ტყუედ მიეცნენ შვილნი თქუენნი.
13. და [ძელ]სა დამოვჰკიდნე გუამნი თქუენნი, ხოლო უკუეთუ შეიცვალოს ძლევამან, შეიცვალოს პატიჟმანცა.
14. მიოგო და ჰრქუა იოდასაფ: ჭეშმარიტად საშჯელი სამართალი განაწესე, მეფე, და არავისა ჯერ-არს აღსრულებაჲ სიმართლისაჲ, გარნა მეფისაჲ.
15. ხოლო მე ჯერ-მიჩნს, რაჲთა სახე ვიყო მეფისაჲ, რამეთუ ჭეშმარიტი განჰბჭე.
16. და რქუა იოდასაფ ნაქორს, რომელ-იგი საგონებელ იყო, ვითარმედ ბალაჰვარ არს: აჰა ესერა შენ უწყი ბალაჰვარ, ვითარ სიჩჩოებასა და შუებასა შინა მპოვე და მაწჳე აღებად წესი შენი და სთქუ, ვითარმედ: გაქუს სიმტკიცე მას შინა.
17. და მე დაუტევე სირცხჳლი მეფისაჲ და წინააღუდეგ შიშსა მისსა, და თავს-ვიდევ იწროებაჲ ცხორებისაჲ და ჴმა-გეც სურვილისათჳს სასუფეველისა ცათაჲსა, რომელ მახარე და აღმითქუ წარუვალობაჲ მისი, და კუალად შიშისათჳს დაუსრულებელთა სატანჯველთაჲსა, რომელ მაქადე.
18. და აწ ესერა შემოკრებულ არს სიმრავლე წინააღმდგომთაჲ და არავინ არს მოწამე ჩემდა მათ შორის და გესმის სამართალისა ყოფაჲ და მეცა თავს-ვიდებ სამარათალსა.
19. ხოლო უკუეთუ საცთურ[ი] რაჲმე მიგე და კიდე-მყავ საშუებელთაგან სოფლისათა, რომელნი მოეცნეს კაცთა განსასუენებელად, და შენ ჴელოვნებითა შენითა შთამაგდე წარსაწყმედელსა მერმესა.
20. და აწ უკუეთუ იძლიო სამართლით გინა თუ უძლურებისაგან საქმისა შენისა, მსწრაფლ შურ-ვიძიო გულისა და ენისა შენისაგან, რამეთუ აღმოგჴადნე იგინი ჴელითა ჩემითა და მიუყარნე ძაღლთა, რომელნი-იგი უფროჲ თავს-მდებელ არიან ტყუვილსა და კიცხევასა, ვიდრე შვილნი მეფეთანი.
21. და ამას აღთქუმასა დავსდებ წინაშე ღმრთისა და წინაშე ანგელოზთა მისთა, და ვერ განერე ჭეშმარიტად ჴელსა ჩემსა.
22. ხოლო ნაქორს რაჟამს ესმნეს სიტყუანი ესე იოდასაფისგან, გულისჴმა-ყო, რამეთუ შთავარდა მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა, და იხილა ბოროტი და წარწყმედაჲ თავისა თჳსისაჲ და მოწევნაჲ სიკუდილისაჲ მის ზედა ორ კერძოჲთვე.
23. და ცნა, რამეთუ ვერარაჲთ განერეს საშჯელსა, გარნა შუელითა და შეწევნითა შჯულსა ბალაჰვარისსა ყოვლითა გულითა და ძალითა მისითა, რაჲთა დაამშჳდოს ძე მეფისაჲ მისგან.
24. ხოლო მეფისაგან ჰგონებდა შენდობასა შეთქუმოლებისა მათისათჳს.
25. და აღიღო პირი თჳსი ნაქო[რ] და იწყო ძაგებად კერპთა მიმართ და მსახურთა მათთა, და მერმე ქებად შჯულსა ქრისტეანეთასა და წესთა მათ წმიდათა, რომელსა ვერცა ბალაჰვარ მისწუთებოდა ეგოდენ განმკუეთელთა სიტყუათა და წულილადთა პასუხთა,
26. რამეთუ ვერვეს ჴელ-ეწიფებოდა წინააღდგომად მისა მზორველთაგანსა კერპთასა ერთსაცა ზედა სიტყუასა მისსა.
27. ხოლო იოდასაფ ნეტარი იხარებდა სულითა.
28. და განბრწყინდა პირი მისი მადლითა სულისა წმიდისაჲთა და ჰმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან განაძლიერა შჯული წმიდაჲ მისი პირითა წინააღმდგომთა მისთაჲთა.
29. და განაგრძვეს სიტყჳს-გებაჲ მათ შორის.
30. და აღივსო მეფე გულის წყრომითა წარმატებისათჳს ნაქორისა, და არა უნდა შურის გებაჲ მისგან წინაშე ერისა სირცხჳლისაგან, რაჲთა არა გამოუჩნდეს ერსა მიდრეკაჲ მეფისაჲ სიმართლისაგან.
31. და (თ)ქუა მეფემან გულსა შინა თჳსსა: ეს[ე] ბოროტი მე თჳთ მოვიხადე თავისა ჩემისათჳს.
32. და იწყო თჳთ მეფემან სიტყჳს-გებად და ცილობად ნაქურისა.
33. და ვითარ მისცნა სიტყუანი ფიცხელნი და მას შინა დასცა ზარი მისი, და შეშინდა ნაქორ, ნუუკუე არა თავს-იდვას მეფემან ეგოდენი წარმატებაჲ მისი ცილობასა ზედა მისსა და დააბრკოლა ზოგი სიტყჳს გებაჲ მისი.
34. და განძლიერდეს მას ზედა ჴმანი მზორველთანი, რამეთუ ნებით მოაკლო ნაქორ შიშისათჳს მეფისა.
35. ხოლო მეფე და ყოველი ერი მისი ყოვლითა ძალითა მათითა იღუწ[ი]დეს.
36. და დამწუხრდა დღე მას შინა, და არავის ზედა გამოჩნდა ძლევაჲ განცხადებული.
37. [ხოლო] ძემან მეფისამან ჯერ-იჩინა შენდობაჲ ნაქორისი მოკლებისათჳს წინააღდგომასა მეფისასა და შეშინდა ბოროტის ყოფისათჳს მისისა მას ზედა.
38. და ჰრქუა იოდასაფ მეფესა: შენ, მეფე, დღეს სამართალსა ზედა ჰყავ დასაბამი საქმისა ჩუენისაჲ, ხოლო აღსასრულიცა ეგრევე იყავნ.
39. აწ ყავ ჩემ თანა ერთი ორთაგანი: ანუ მომეც მე მოძღუარი ჩემი, რაჲთა დაადგრეს ჩემ თანა და ვიწურთიდეთ სიტყუათა შჯულისა ჩუენისათა;
40. და ამას თანა უშიშოებაჲცა აქუნდეს, რაჲთა არა შიშისაგან დააკლოს სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ.
41. და შენ წარიყვანენ მოძღუარნი შენნი და ყავ მათ თანა, ვითარცა გნებავს.
42. ანუ კუალად მე მომცენ მოძღუარნი შენნი და შენ წარიყვანე მოძღუარი ჩემი.
43. ხოლო უკუეთუ მოძღუარნი შენნი და ჩემიცა შენ წარიყვანნე და მოძღუარნი შენნი იყვნენ მშჳდობასა და განსუენებასა შინა და ჩემი განწირულ იქმნას ჩემგან, და იყოს შიშსა და კდემასა შინა, ესე დიდი მძლავრებისა ჩუენებაჲ არს და არა სამართალი.
44. ხოლო მეფემან არა ინება მიცემაჲ მზორველთაჲ ძესა მისსა, ნუუკუე მიაქცივნეს კერპთ მსახურებისაგან სიტყუა-მეცნიერებითა მისითა, და რამეთუ ესვიდაცა ნაქორისგან ღონესა და შეთქმულებისა აღსრულებასა იდუმალ.
45. და მი[ს]ცა ნაქორ ძესა თჳსსა, და წარვიდა ძე მეფისაჲ პალატად თჳსა.
46. და წარიყვა(ნა) ნაქორ მის თანა.
47. და ეგონა ყოველსა მას ერსა, ვითარმედ ბალაჰვარ არს იგი.
48. ხოლო იოდასაფ, ძემან მეფისამან ჰრქუა ნაქორს იდუმალ ღამით: მე უწყი, რამეთუ შენ ნაქორ ხარ და არა ბალაჰვარ, და მე დაგიცევ შენ, ნაქორ!
49. და აწ მხიარულ იყავ, რამეთუ დღეს მრავალი კეთილი ჰქმენ და ფრიად შემწე ექმენ შჯულსა წმიდასა ღმრთისასა სიტყჳს-გებითა შენითა.
50. ხოლო მე წარმოგიყვანე, რაჲთა დაგიცვა ბოროტისაგან მეფისა, არამედ არა შევიწყნარებთ შეწევნასა შენსა შჯულისა მიმართ პირითა უნებლობისაჲთა,
51. არამედ გონებასაცა დაიდევ და ჴმა-ეც სახარებასა ძისა ღმრთისასა და მოედ სამართლად აღსაარებითა ქრისტესითა და შჯულისა მისისაჲთა, და მოელოდე მოსაგებელსა და სატანჯველსა მისსა,
52. რამეთუ ადრე წარმავალ ხარ, ვითარცა წარვიდეს უწინარესნი შენსა, და ნუ აღირჩევ საშუებელსა წარმავალსა წარუვალთა მათ კეთილთა წილ ქრისტეს მიერთა.
53. ჰრქუა ნაქორ: შემიწყნარებიეს, ძეო მეფისაო, რომელსა-ესე მაწუევ, და მრწამს ღმერთი და ვწამებ, რამეთუ ყოველივე მის მიერ არს და მიაგებს მისაგებელსა საქმეთაებრ საუკუნესა.
54. და მე შეურდები ღმერთსა ცოდვათა ჩემთათჳს, რამეთუ იგი თავადი მოწყალე არს და უწყი, რამეთუ ერთგულებით მაწჳე საქმე ესე.
55. და აქამომდეცა უწყოდე ჭეშმარიტებაჲ, არამედ შეუდეგ ნებასა ჩემსა და მიძნდა განშორებაჲ მამულთაგან შჯულთა და წესთა ცუდთა.
56. ხოლო შენ, ძეო მეფისაო, გიხაროდენ პატივსა შინა ღმრთისასა და კეთილთა მისთა მოსაგებელთა, უკუეთუ დაადგრე ნებასა ზედა მისსა.
57. და მე გაზრახებ, რაჲთა პატივ-სცე მამასა შენსა და სიმარჯჳთ ჰყო ცხორებაჲ შენი მის თანა, ვიდრემდის გზა-გცეს შენ ღმერთმან.
58. და შენ უწყი, ძეო მეფისაო, ძალი და განზრახვაჲ შეთქუმულობისა ჩუენისაჲ, და ანუ ვითარითა სიტყჳთა შევემთხჳე მეფესა, რომლისაგან თანა-მაც სირცხჳლი პირისაგან მისისა, რამეთუ სხუაჲ იყო სასოებაჲ მისი ჩემდამო და სხუაჲ პირი გამოჩნდა ჩემგან.
59. და აწ გევედრები, რაჲთა მიჯმნე განსლვად და ყოფად უდაბნოსა მონათა მათ თანა ქრისტესთა, და შემდგომად მცირედთა ჟამთა კუალად მოვიქცე შენდა, უფალსა თუ უნდეს.
60. და [ნე]ბა-სცა ძემან მეფისამან, და დაუტევა მშჳდობაჲ და ულოცა და წარვიდა სავსე სარწმუნოებითა ქრისტესითა და ფრიად ინანდა პირველთა მათ მედგრობათა მისთა ზედა.
61. და იყოფოდა მძოართა თანა სახითა და წესითა ჭეშმარიტთა მონაზონთაჲთა.
62. რომელთა ესმა ესე, მისცეს დიდებაჲ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა.
63. და მიიწია ჰამბავი ნაქორისთჳს მეფისა და სასო-წარკუეთილ იქმნა იმედისაგანცა მისისა, რომლითა ჰგონებდა მიქცევასა ძისა თჳსისა მის მიერ.
64. და მიერითგან დააცადა მეფემან ცილობაჲ ძისა თჳსისაჲ და იწყო შეურაცხ-ყოფად საქმესა კერპთასა, და მრავალსა ზედა აჩუენა უდებ-ყოფაჲ საქმისა მათისაჲ და უპატიოებაჲ მზორველთა მათთაჲ, გარნა ვერვე დაიდვა გონებასა თჳსსა დადგრომაჲ წესსა ზედა ღმრთის მსახურებისასა.
65. ხოლო იოდასაფ აჩუენა მეფესა კეთილი მეგობრობაჲ, ვითარცა-იგი ამცნო ნაქორ, და არა ყუედრებაჲ საქმეთა ზედა მისთა.
48
1. 48. და შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია დღესასწაული კერპთაჲ, რომელი დიდად ადიდის მეფემან, ხოლო ქურუმთა მათ ვითარ იხილეს მეფისაგან შეურაცხებაჲ კერპთაჲ და მსახურთა მისთაჲ, შეშინდეს,
2. ნუუკუე არა მივიდეს მეფე დღესასწაულსა მათსა და არა უზოროს კერპთა, და სრულიად შეურაცხ იქმნენ.
3. მაშინ აღდგეს და მივიდეს კაცისა ვისამე, რომელი იყოფოდა უდაბნოთა და მთათა შინა, დაკლებული და კიდე-ქმნული ორთაგანვე ცხორებათა, რომლისა სახელი თედმა.
4. ხოლო კაცი იგი იყო შჯულისა მათისაჲ და ფრიადი სასოებაჲ აქუნდა მეფესა მისა მიმართ და ყოველსა ერსა მისსა, ვიდრემდის ჰგონებდესცა, ვითარმედ წჳმაჲ და [მ]ზეცა მისითა ლოცვითა მოეცემის ქუეყანასა მათსა.
5. და მოიყვანეს კაცი იგი მეფისა, რაჲთა განაძლიეროს და აღმოჰფხურას იჭჳ გულისაგან მისისა.
6. და ვითარცა იხილა მეფემან კაცი-იგი, შე-რაჲ-ვიდოდა იგი წინაშე მისსა, და არარაჲ ემოსა, გარნა ძუელი რაჲმე შემოედვა წელთა ზედა, და კუერთხი აქუნდა ჴელთა მისთა.
7. და მრავლით ჟამითგან არა ეხილვა იგი მეფესა.
8. და ვითარცა იხილა იგი მეფემან, აღდგა მსწრაფლ და დავარდა წინაშე მისსა, თაყუანის-სცა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა.
9. და დადგა წინაშე მისსა, ვითარცა მონაჲ რაჲ დგანნ წინაშე უფლისა თჳსისა, ვიდრემდის უბრძანა თედმა, და დაჯდა მეფე.
10. მიუგო და ჰრქუა თედმა მეფესა: მეფე, ცხოვნდი კერპთა მიერ!
11. მესმა, რამეთუ დიდი ღუაწლი აღასრულე ბრძოლასა ზედა ეშმაკთასა, ხოლო ფრიად განვიხარე, რაჟამს მესმა, ვითარმედ მოგეცა ძლევაჲ.
12. ჰრქუა მეფემან: ჩუენ ძლევაჲ ვერსადაჲთ მოგუეცა და არცა ოდეს სადა საჴმარ ყოფილ არიან ჩუენდა მბრძოლნი და ახოვანნი, ვითარცა-ესე დღეს, აწ რაჲ შეწევნაჲ არს ჩუენი შენგან?
13. მიუგო თედმა: ჵ მეფე, პირველად ჯერ-არს აღსრულებად მოწევნული ესე დიდი დღესასწაული და მიცემად ღმერთთა სამართალი მათი, რომელთა მიერ ყოველი განმარჯუებაჲ და ძლევისა მონიჭებაჲ,
14. და მაშინღა შემთხუევაჲ მტერთაჲ და მოთმინებაჲ ღუაწლთა შინა ყოვლითა საჭურველითა ძლევის მომპოვნებელითა.
15. ჰრქუა მეფემან თედმას: მსგავს არს საქმე ესე ჩემი და შენი, თედმა, მბრძოლსა მას ერად განწესებულსა, რომელსა ესუა ცოლი ფრიად ქმნულ-კეთილი.
16. ხოლო კაცი იგი ფრიად მოშურნე იყო დედათა მიმართ და ეშინოდა, ნუუკუე ვერ მოთმინე იყოს ცოლი მისი და შევარდეს საქმესა სიძვისასა.
17. და ჰრქუა დედაკაცსა მას: მე უწყი სიჩქურე და სისუსტე ბუნებისა დედაკაცობისაჲ და მტერი მივის, რომელი მოვალს აღძრვად შენდა.
18. აწ განეკრძალე და მოთმინე იქმენ, და მე სასწაული მიგცე, რაჲთა ოდეს მოიწიოს შენ ზედა აღძრვაჲ ჴორცთაჲ, დამოუტევენ თმანი შენნი, და მე ვიხილო სასწაული იგი, და ბრძოლა-ვსცე მას, და ვერ შემოვიდეს სიბორგილე მტერისაჲ შენ ზედა და ჰყოფდა დედაკაცი იგი საქმესა ამას.
19. და დაყვეს ჟ[ა]მი მრავალი შეუცთომელად.
20. და დღესა ერთსა მოიწია მტერი და იყო ჴმაჲ და განვიდოდეს მბრძოლნი შემთხუევად მტერისა.
21. და აღდგა ჭაბუკიცა იგი და შთაიცუა საჭურველი თჳსი.
22. და ვითარ შეჰხედნა ცოლმან მისმან საჭურველსა მას შინა, აღიძრა ტრფიალებითა, რამეთუ ახოვანთაგანი იყო ჭაბუკი იგი, და ყო დედაკაცმან სასწაული იგი, რომელი მოეღო ქმრისა თჳსისაგან.
23. ხოლო კაცმან მან ვითარცა იხილა იგი, იქცა სახედ თჳსა, ვიდრემდის განაშორა ვნებაჲ იგი ცოლისაგან თჳსისა.
24. და მერმე განვიდა შემთხუევად მტერთა.
25. და ვიდრე იგი განვიდოდა, მოქცეულ იყო ერი ბრძოლისაგან, და იწყეს ყუედრებად მისა და ეტყოდეს: შიშისაგან ვერ გამოხუედ, ვიდრემდის სცან ოტებაჲ მტერთა [ჩუენთა] მიერ.
26. ხოლო ჭაბუკი იგი ეტყოდა: მე საკუთარი მტერი მეწყო და არა ჯერ-იყო ჩემდა დატევებად იგი და ბრძოლად უცხოთა, რამეთუ უშინაგანესი და უმახლობელესი მტერი იყო, იგი ვაოტე და აწ ესერა ვარ თქუენ თანა.
27. ეგრეცა ჩუენ, თედმა, რამეთუ დღეს მოდგმულ არს საქმე თავთა ჩუენთა ზედა და კერპთაცა ზედა, აწ ჯერ-არს, რაჲთა პირველად ვეწყვნეთ მტერთა, და უკუეთუ დავამტკიცოთ, ვითარმედ კერპნი ღმერთნი არიან, უზოროთცა, ხოლო უკუეთუ ვერ დამტკიცდენ, რაჲ სარგებელ არს არა-არსთა მიმართ?
28. ჰრქუა თედმა: არარაჲ არს უსარგებლესი აბჯარი და უმკუეთელესი მახჳლი მტერთა მიმართ, ვითარცა აღსრულებაჲ დღესასწაულისაჲ, და არა რომლითა ძალითა უმახლობელეს იქმნები ძლევასა, ვითარ ზორვითა კერპთაჲთა, რამეთუ იგი შემწე გექმნენ ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა.
29. ჰრქუა მეფემან: მე ესრე ვჰგონებ და მეშინის, ნუუკუე იგი არს ჭეშმარიტებაჲ, რომელსა ჩუენ წინააღუდგებით.
30. ხოლო უკუეთუ გნებავს შენ, და მე დავადგრე იჭუსა ამას ზედა, ვიდრემდის გამომეცხადოს უმჯობესი, ანუ კუალად გამომიცხადდეს მართალი და რომელი სიმტკიცე არს ჴელთა შინა, და უკუეთუ არაჲთ იღო იჭჳ ესე გულისაგან ჩემისა, შემოგერთო დღესასწაულსა ამას.
31. მაშინ განრისხნა თედმა და დააგდო კუერთხი იგი, რომელი იყო ჴელთა მისთა, და მოიჴსნა ძონძი იგი, რომელი ებლარ[დ]ნა წელთა მისთა, და შეითხზნნა თითნი მისნი, და შიშუელი დადგა წინაშე მეფისა და ჰრქუა მას:
32. უკუეთუ შენ, მეფე, არა გიყუარს მეფობაჲ ესე შენი და მ[ი]იცვალები მონებად და ბრწყინვალებისაგან სიგლახაკედ და შუებისაგან იწროებად, და არა სწყალობ გუამსა ამას შენსა შუებულსა და ნუკვეულსა,
33. და ამას ყოველსა დაუტეობ და თავს-იდებ ჭირსა, რომელ არა დაჩუეულ ხარ და ვერცა დაითმენ, მე უფროჲს მოთმინე ვარ არგანსა ამას და ნაძუელავსა, რომელ განვაგდე,
34. (რამეთუ) არა უტყუვი თავსა ჩემსა და არცა მეშინის გზისაგან მონაზონთაჲსა, რამეთუ არა რომელი ცხორებაჲ უსაჭირველეს და უვიწრეს არს ცხორებისა ამის ჩემისა, რომელი დამითმენიეს,
35. რამეთუ არარაჲ შჭირს ჩემგან სოფელსა ამას, და არცა რაჲ მაქუს სოფლისაგან, გარნა ქუეყანაჲ, რომელსა ზედა ვძურები და მხალი, რომლითა ვიზარდები.
36. აწ მოგუალე, მეფე, რამეთუ კეთილსა გული გითქუამს.
37. ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი იგი თედმაჲსნი, სასო-წარკუეთილ იქმნა მისგანცა და ცნა უძლურებაჲ შჯულისა მათისაჲ.
38. და განმრავლდეს მართუენი იჭჳსანი გულს[ა] შინა მისსა.
39. და აზმნა აღსარებად ღმრთისა, და იწყო განზრახვად და გულის-სიტყუად.
40. და ვითარ განიზრახვიდა გულსა შინა თჳსსა, აღმოჴდა შინაგანით სული სიყუარულისა ამის სოფლისაჲ და მოაჴსენებდა მრავალ-ფერთა გემოთა და საშუებელთა, რომელნი არა ჯერ-იყვნეს შჯულსა შინა ქრისტეანეთასა, და იძლია ჩუეულებისაგან მისისა, რომლითა მარადის ძლეულ იყო.
41. და ბრძანა განმზადებად დღესასწაულისა მსგავსად ჩუეულებისა.
49
1. 49. და ვითარ აღასრულეს დღესასწაული იგი, ჰრქუა მეფემან თედმას: რომლითა ღონითა ჯერ-არს მოქცევაჲ ძისა ჩემისაჲ?
2. ხოლო მან ჰრქუა მას: იძალენ მის ზედა ეშმაკნი დედათა გამო, რამეთუ უგანმკუეთელეს არიან დაწყლვად გონებისა უფროჲს მახჳლისა ორპირისა,
3. რამეთუ მასმიეს მეფ(ისა) ვისიმე, რომელსა ესუა ძე, და ჰრქუეს მეფესა მკურნალთა: უკუეთუ უწინარეს ათისა წლისა იხილოს მზე ყრმამან ამან, მოაკლდეს ნათელი თუალთა[ჲ], რამეთუ სუსტად შეზავებასა ვჰხედავთ გუგათა შინა ამისთა.
4. ხოლო მეფემან გამოუკუეთა ქუაბი ქუეყანასა შინა და მუნ შინა ბრძანა აღზრდაჲ ყრმისაჲ მის მპოხილთა (!) მისთა თანა.
5. და ვითარ აღესრულნეს მის ზედა ათისა წლისა ჟამნი, ბრძანა გამოყვანებაჲ ყრმისაჲ მის, რამეთუ არღა ეხილვა რაჲ დაბადებულთაგანი.
6. და ბრძანა მეფემან დადგინებად ყოველი უხილავი მისგან თითოეულად, რაჲთა რომელი იხილოს, იცოდის, რაჲ არს, და დედანიცა შემკობილნი დაადგინნენ გზასა ზედა მისსა. და მათ ყვეს ეგრე.
7. [ხოლო] ყრმაჲ იგი იკითხვიდა თითოეულსა მათგანსა და იგი[ნი] უთხრობდეს.
8. და იკითხნა დედანიცა იგი. ხოლო მათ ჰრქუეს: ესე ეშმაკნი არიან, რომელნი აღაშფოთებენ და წარსწყმედენ კაცთა.
9. და აღივსო ყრმაჲ იგი სიყუარულითა მათ ეშმაკთაჲთა.
10. და ჰკითხვიდა მამაჲ ყრმასა მას: რომელი უშუენიერესი იხილე სლვასა მას შენსა შინა?
11. ხოლო ყრმამან მან ჰრქუა: არარაჲ ვიხილე უშუენიერესი მათ ეშმაკთასა და არცა რაჲ უსაწადელეს არს ჩემდა მათსა.
12. ეგრეცა შენ, მეფე, არარაჲ უფროჲს შემწე არს შენდა, ვითარ ქალნი შემკობილნი, რაჲთა აკუეთნე მას ყოველსა ჟამსა, რომლითა აღასრულებს ეშმაკი ძალსა თჳსსა.
13. მაშინ ბრძანა მეფემან გამოსხმაჲ პალატისაგან ძისა თჳსისა ყოველთა მსახურთა მისთაჲ და დადგინებად ადგილსა მათსა გამორჩეულნი ყოველთაგან საბრძანებელთა მისთა დედანი შუენიერნი და ქმნულ-კეთილნი მსახურებასა მისსა ზედა.
14. და აღივსო პალატი მისი შფოთითა მათითა.
15. და ფრიად იტანჯებოდა ძე მეფისაჲ საბრჴისა მისგან, რამეთუ არარაჲთ უფრო აღძრა გონებაჲ მისი, ვითარ ამით ჯერითა.
16. და ამცნო მეფემან ქალთა მათ, რაჲთა შეემღერდენ და აზრზენდენ ყოველსავე ჟამსა დღე და ღამე, და იმკვებოდიან და მოაჴსენებდენ ყოველთა სახეთა საცთურისათა, რომლითა შეუძლონ აღძრვაჲ მისი გულის-თქუმად.
17. ხოლო იგინი ფრიად მოსწრაფე იყვნეს აღსრულებად ბრძანებასა მეფისასა.
18. და ოდესმე ეჩუენნიან სამოსლითა და სახითა მამაკაცობრივითა, და ოდესმე საჭურველითა შეიმკვნიან და ვლენედ წინაშე მისსა, და ოდესმე სახითა მონადირეთაჲთა, და ოდესმე ქნარითა და ნესტჳთა და წინწილითა და თითო-პირითა ს[ახიო]ბითა შემკობილნი აწყინებედ,
19. და ოდესმე ებრძვიედ და ზედა მიეჭრებიედ განშიშულებულნი და ეტყჳედ მრავალსა სიტყუასა აღძრვისასა, და მოაჴსენებედ, რაჲთა განვიდენ ნადირობად და მოთხვად სამოთხეთა შინა საშუებელთა.
20. და რაჟამს განვიდის ძე მეფისაჲ, იგინიცა მის თანავე ასხდიან ჰუნეთა და არბევედ გარემო მისსა.
21. და ამას ყოველსა შინა აწუევედ ნებასა მეფისასა და დაუჴსნიედ შჯულსა მისსა უფროჲს სიტყჳსა მამაკაცობრივისა.
22. ხოლო იყო ვინმე მათ შორის ქალი ერთი ასული მეფისა ვისიმე, რომელი ტყუეობით მოწევნულ იყო აბენესე მეფისა.
23. და იყო იგი უშუენიერეს მათ ყოველთასა ხატითა და უგონიერეს სიბრძნითა, და უყუარდა იგი ძესა მეფისასა ქმნულ-კეთილობისა და სიბრძნისა მისისათჳს, რამეთუ იყო იგი ფრიად გონიერ და სიტყუა-პოვნიერ.
24. და მრავალ გზის ამხილებნ ძე მეფისაჲ საქმესა შჯულისასა და განაცდინ განქარვებასა ამის სოფლისასა, და მოაჴსენებნ ღმერთსა და ამხილებნ ცთომასა კერპთ მსახურთასა.
25. ესმა ესე მეფესა და განიხარა სიყუარულისათჳს მის ქალისა მიმართ, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ იძლიოს მის მიერ.
26. ხოლო დღესა ერთსა ჰრქუა დედაკაცმან მან იოდასაფს: უკუეთუ გნებავს, ძეო მეფისაო, რაჲთა ვისმინო შენი, რომელსა-ესე მაწუევ, განმისუენე შენ თანა წელიწადსა ერთსა, და მიგცე აღთქუმაჲ, რაჲთა აღვიარო შჯული შენი და ვჰმონებდეთ ღმერთსა შენსა ორნივე ვიდრე სიკუდილამდე.
27. ჰრქუა იოდასაფ ქალსა მას: და ვინაჲ არს ჩემდა ნუგეშინის-ცემაჲ, უკუეთუ სიკუდილმან წარმიტაცოს უწინარეს ერთისა წელიწდისა?
28. ჰრქუა დედაკაცმან მან: უკუეთუ გეწიოს სიკუდილი, მას შინა სასყიდელი გაქუნდეს მოქცევისა ჩემისათჳს და არა ბრალეულ იყო ნების ყოფისა ჩემისათჳს, რამეთუ იტყჳ შენ, ვითარმედ: ქორწილი წმიდა არს.
29. ჰრქუა იოდასაფ: ეგრეთ არს, არამედ არა მაქუნდეს მადლი მოთმინებისაჲ მათ თანა, რომელთა დაითმინეს და დაშრიტეს საჴუმილი იგი ჴორცთაჲ, და მერმე მეშინის,
30. ნუუკუე მიმიზიდოს გულის-თქუმამან ჩუეულებისამან უდიდესად სხუად საქმედ, და მერმე მეუფლოს ნებაჲ და შთამაგდოს წარსაწყმედელსა, და ვიპოვო მტერ ღმრთისა და მეგობარ ეშმაკისა.
31. ჰრქუა დედაკაცმან მან: თანა-მეყავ თუესა ერთსა, გინა ერთსა ღამესა, და ვყო ბრძანებაჲ და ნებაჲ შენი, რამეთუ ესოდენმან მცირემან ნებამან ვერ დასძლიოს სასყიდელსა შენსა, რამეთუ შეცთომილი სული მიგყავს დაგებად ღმრთისა და განაცხოველებ შემდგომად სიკუდილისა.
32. ხოლო იოდასაფ მიდრკა ყოფად ნებისა მისისა და აღთქუმაჲ მოსთხოვა, რაჲთა აღიაროს ღმერთი, რამეთუ ბუნებაჲცა აიძულებდა ყოფად მას.
33. და გონებაჲ მისი დაიწყლვოდა ზრზენითა მათითა და შეაშფოთებდა გონებაჲ მისი.
34. ხოლო ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე შემწე ეყო ჭირთა შინა მისთა და არა ინება წარწყმედაჲ, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე დავით: მივდერკ იძულებით დაცემად და უფალმან ჴელი აღმიპყრა მე, და არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და და-მცა-იმკჳდრა ჯოჯოხეთს სულმან ჩემმან.
35. რამეთუ ვითარ ამათ ოდენ გულის სიტყუათა შინა იყო, მიეძინა ღამის თევასა შინა, ილოცვიდა რაჲ ღმრთისა მიმართ, რაჲთა შეეწიოს და განუღოს კარი უმჯობესი და კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან ყვის ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ.
36. და იხილა იოდასაფ ძილსა შინა ჩუენებით, ვითარმცა მიიწია სასუფეველსა, და იხილნა მრავალ-ფერნი საშუებელნი და ტაძარნი ოქრო-ლესულნი და ყოველი ფუფუნებაჲ, რომელთაჲ ვერ შესაძლებელ არს ხილვაჲ მათი სოფელსა ამას შინა.
37. და მერმე კიდეგან იხილნა დედანი იგი მაზრზენელნი მისნი, რომელთაგან დაწყლულ იყო გული მისი.
38. და იყვნეს იგინი უუშუერეს და უსაძაგლეს პირთა ძაღლთაჲსა და ღორთაჲსა საშუებელთა მათ თანა სასუფეველისათა.
39. და ჴმაჲ ესმოდა, რომელი ეტყოდა: ესე არს ადგილი განსასუენებელი წმიდათაჲ და მოთმინეთაჲ, უკუნისამდე იშუებდენ ამას შინა.
40. და მერმე მიიტაცეს ჯოჯოხეთად და იხილნა საშინელნი იგი სატანჯველნი პირად-პირადნი, რომელთა ვერვინ შემძლებელ არს აღრაცხუვად, გარნა დამბად[...] მათ.
41. და კუალად ჴმაჲ ესმა: ესე არს მისაგებელი უღმრთოთაჲ და ცოდვილთაჲ, რომელთა დაუტევეს ქრისტე ღმერთი და შეიყუარეს სოფელი, აქა იტანჯებოდიან საუკუნოდ და უკუნისამდე.
42. და ვითარ მოეგო გონებასა თჳსსა და აღიხილნა თუალნი თჳსნი, და იხილნა დედანი იგი, გარე-მოდგომილ იყვნეს მისა და ტიროდეს და ჰგოდებდეს, რამეთუ ეგონა, ვითარმედ მომკუდარ არს განგრძობითა მით ძილისაჲთა.
43. და აღდგა იოდასაფ და იწყო განცდად შუენიერებასა მათსა და განკჳრვებულ იყო, ვითარ შეურაცხ და უშუერ იყვნეს წინაშე თუალთა მისთა საშუებელთა მათ თანა, რომელნი იხილნა ჩუენებით.
44. და მოვიდა მეფე ხილვად ძისა თჳსისა, რამეთუ ესმა საქმე ესე და ჰკითხვიდა მას, თუ რაჲ იხილა და თუ რაჲღა არს გულის სიტყუაჲ მისი.
45. ხოლო იგი უთხრობდა ყოველსა, რომელი-იგი იხილა სასუფეველსა შინა – შუენიერებაჲ საშუებელთა უხილავთაჲ;
46. და მერმე რაჲ-იგი იხილნა ჯოჯოხეთს შინა – დაუთმენელნი იგი და საშინელნი სატანჯველნი, და ჰრქუა მას: მამაო ჩემო, მნებავს განსლვაჲ უდაბნოს და ცხორებაჲ მონაზონებით მძოვართა თანა და მუნ მონებაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ სურვილისა მისთჳს და შიშისა, რომელნი ვიხილენ.
50
1. 50. ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ძისა მისისაგან, დამძიმდა ფრიად ურვითა და აღივსო მწუხარებითა, და ვერღარა უძლო დათმენად, და დაფარვად, და ჴმა-ყო წინაშე ყოვლისა ერისა და თქუა:
2. არარაჲ მოწევნულ არ[ს] ჩემ ზედა და თქუენ ზედა უდიდესი და უსაშინელესი ბოროტი, ვითარცა ესე ძისა ჩემისაჲ.
3. და უკუეთუმცა მეფე ვინმე დიდი, გინა მტერი ძლიერი, მიმიღებდა შვილსა ჩემსა, არამცა თავს-ვიდევით და არცა დავიტიეთ მიშუებად მათდა თჳნიერ სიკუდილისა და ყოვლითა ღონითა თავ-განწირვით,
4. რამეთუ თანა-მაც მე და თქუენ ესე ყოფად შვილისა ჩემისათჳს, ხოლო თქუენ უწყნით ბოროტის ყოფანი ჩემთა წინააღმდგომთა მიმართ რჩულისათა, სიკუდილი და დაწუვაჲ ცეცხლითა.
5. და აწ მეშინის, უკუეთუ განველურდეს ყრმაჲ ესე და იწყოს მიმოსლვად მძოართა თანა სიუცბითა და უგუნურებითა მისითა, ნუუკუე მოკლას ვინმე მტერთა ჩემთაგანმან.
6. და უკუეთუ ძიება-ვყო სისხლი მისი, დამესაჯოს უსამართლოდ, რამეთუ მე მოვსწყჳდენ იგინი და ნეფსით განუტევე შვილი ჩემი მათ თანა.
7. ხოლო უკუეთუ თავს-ვიდვა ყუედრება, და სისუსტე იყოს ჩემდა და თქუენდა უკუნისამდე, და ამას თანა მოსაცხრომელ ვიპოვნეთ მტერთა ჩუენთა, არამედ ვინმე იპოვოს კაცი, რომელსა აქუნდეს ღონე რაჲმე საქმისა ამისთჳს, რომელ შეწუხებულ ვარ და მასწაოს რაჲმე ყრმისა ამისთჳს,
8. და შემწე მექმნეს ჭირთა შინა ჩემთა, და მე მივსცე მას პატივი და დიდებაჲ უფროჲს თავისა ჩემისა, რამეთუ არა ჯერ-არს, თუ უდებ ვყოთ საქმე ესე და არა უფროჲს ვიღუაწოთ ძიებად, ვიდრემდის გამოგუეცხადოს ჭეშმარიტებაჲ მისი, გინა თუ რაჲ ჯერ-არს.
9. მაშინ ჰრქუეს წარჩინებულთა მათ და შერაცხილთა: არა ჯერ-არს საქმე ესე დატევებად ყოვლით კერძოვე, რამეთუ არავინ არს ჩუენსა უფროჲსი სიხარულსა ზედა შენსა, და ეგრეთვე არავინ არს უწინარეს ჩუენსა ურვათა შინა მეფისათა, არამედ ჩუენ ესრეთ ვჰგონებთ,
10. ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს განზოგებაჲ ორთა შჯულთაჲ და ორთა წესთაჲ და ორთა მსაჯულთაჲ ერთსა შინა სამეუფოსა, და არა (ჯე)რ-არს საქმისა ამის წარმატებაჲ, გარნა პირსა ზედა თჳსსა, რომლითა განიკურნოს ძე შენი და შჯული შენი და მეფობაჲ შენი.
11. და განაგრძვეს სიტყუაჲ ამის ჯერისათჳს.
12. და ესე განიზრახეს მეფემან და ყოველთა ერისთავთა მისთა, რაჲთა მისცენ ნახევარი სამეუფოჲსაჲ მის ძესა მეფისასა, რაჲთა მეფობდეს მას ზედა.
13. ხოლო ამას ჰყოფდა მეფე იგი, რაჲთამცა საცთურ უგო მას, და მეფობისა მიზეზითამცა ჴელი შეყო საქმესა სოფლისასა და მიიზიდესმცა სოფლიოთა გულის-თქუმათა.
14. ხოლო იოდასაფ გულისჴმა-ყო ზაკუვით ზრახვაჲ მათი და განიხარა ფრიად, რამეთუ ესვიდა მიზეზითა მით,
15. რაჲთა შეუძლოს განცხოველებად შჯულისა, რომელი მოაკუდინა მამამან მისმან, და განცხადებულად ქადაგებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და შეკრებაჲ ყოველთა მორწმუნეთა მისთაჲ და ცოცხლებით პყრობად ყოველნი წესნი ქრისტეანობისანი.
16. და გულ-პყრობილ იქმნა იოდასაფ ამას ზედა.
17. მიუგო მეფემან და ჰრქუა იოდასაფს: შვილო ჩემო, არა ესე იყო სასოებაჲ ჩემი შენდამი, რამეთუ გეზაობდი შენ სინათლედ ცხორებისა ჩემისა და ნაცვალად ჩემდა შემდგომად სიკუდილისა ჩემისა,
18. ხოლო შენ დაჰჴსენ სასოებაჲ ჩემი და გა[ნა]ცხადე წინააღდგომაჲ ჩემი, და განამწარე სიტკბოებაჲ სიხარულისა ჩემისაჲ შენთჳს და განჰკუეთე ნაწლევი მამობისა ჩემისაჲ შენგან.
19. ხოლო მე ვერვე შეუძლებ წინააღდგომასა შენსა, რამეთუ მომდრეკს შენ ზედა საბელი შვილობისაჲ და მიმიზიდვენ შენდა საქმენი, რომელნი დაახლებენ ნებასა შენსა და განმაშორებენ წინააღდგომასა შენსა,
20. და შენ არა შეინდობ ჩემგან და არცა შეიწუები განშორებისა ჩემისათჳს, ვითარცა მე შენთჳს, არამედ ცოცხლებითმცა ხარ, [სა]დაცა იყო, რამეთუ უწყი, ვითარმედ ნებსით შევამთხუევ აუგსა თავსა ჩემსა მიშუებისა შენისათჳს, და ვაცთუნებ თავსა ჩემსა,
21. რამეთუ აღვასრულებ ნებასა შენსა, რამეთუ სიყუარული შვილობისაჲ მეუფებს სიღრმესა შინა გულთა მამათა მათთასა, რამეთუ დაემორჩილებიან ნებასა შვილთა მათთასა,
22. დაღაცათუ წინა-აღუდგებოდიან ნებასა მათსა, ვითარცა სახედ კაცი, რომელი დაემორჩილოს ნებასა თჳსსა, დაღაცათუ უწყინ, რამეთუ საყუედრელ და ვნება არნ მისა,
23. არამედ კაცთაგან ჰფარავნ და თავსა თჳსსა შეუნდობნ და დაივიწყებნ უკეთურებასა თჳსსა და სთნავნ მცირედი რაჲმე კეთილი მისი.
24. ხოლო მე, შვილო ჩემო, დაღაცათუ მეფე ვარ, კაცივე ვარ და სიჩჩოებაჲ აქუს გულსა ჩემსა შენდამი, ვითარცა ყოველთა კაცთა შვილთა მიმართ მათთა.
25. და ვერ შემძლებელ ვარ წინააღდგომასა შენსა, ვითარცა ნებასა ჩემსა.
26. ხოლო შენ დიდი ბოროტი შემამთხჳე მე და თავსა შენსა, არამედ მნებავს, რაჲთა წარვჰმართო საქმე ესე უმჯობესსა ზედა და რაჲთა ვყო ნებაჲ შენი და ვძებნო განკურნებაჲ შენი და თავისა ჩემისაჲ მყუდროებით და დაწყნარებით.
27. და აწ დაგადგინებ შენ ნახევარსა ზედა სუფევისა ჩემისასა, და თჳთ განაგებდ, ვითარცა გნებავს, რამეთუ არა იყოს მას შინა მოცხრომაჲ მტერთაჲ და არცა სიხარული მოშურნეთაჲ განშორებისა შენისათჳს ჩემგან,
28. და არცა მე სრულიად უნაყოფო ვიპოვო შენგან, და მომატყუას სიკუდილი მოწყუედამან შენმან პირველ მოწევნამდე სიკუდილისა ჩემისა,
29. ხოლო უკუეთუ დაიშუენო სამეუფოჲ შენი და კეთილად განაგო საქმე შენი, არა სრულიად ჴუებულ იყოს სული ჩემი შენგან, და იყვნენ საქმენი შენნი წარმართებულ ცოცხლებით და მშჳდობით და სიმრთელით და კუალად განგებულებით.
51
1. 51. მიუგო და ჰრქუა ყრმამან მან: სიტყუანი შენნი გულისჴმა-[ვ]ყვენ, ჵ მეფე, ხოლო აწ ღმერთმან დაგამტკიცენ სულითა მშჳდობისაჲთა და მიგიძეღჳნ უმჯობესსა ცხორებასა და სუფევასა შენსა, არამედ მე უფლებაჲ ესე, რომელ მომეც, არა თავს-ვიდებ,
2. რამეთუ არა მაქუს ჩუეულებაჲ საქმისაჲ მაგის და არცა სადა გულმან მითქუა დიდებასა წარმავალსა, არამედ მიჯმენ, მეფე, გევედრები,
3. რაჲთა წარვიდე და შევერთო ძმათა ჩემთა, რომელნი მყოფ არიან უდაბნოთა, და ნუ დაავიწრებ საქმეთა თავსა ზედა შენსა, და ნუ დააჭირვებ გულსა შენსა.
4. რაჲ უწყი, ნუუკუე დასასრულსა ამის საქმისასა სიხარული გაქუნდეს უმეტეს მწუხარებისა, რომელი გაქუს დღეს ჩემთჳს, ხოლო ბოროტი რომელ სთქუ, ვითარმედ შეგემთხჳა, ეგრეთ არს ჩუეულებაჲ ბოროტისაჲ, არა ნებისაებრ კაცთაჲსა შეემთხუევის კაცთა;
5. ხოლო უდიდესი ბოროტი იგი არს, რომლისაჲ არაჲ იპოვის ღონე შემდგომად სიკუდილისა, ხოლო რომელსა ღონე ეპოვოს, ჯერ-არს თავს-დებად, უკუეთუ დასასრულსა აქუნდეს მშჳდობაჲ, არამედ არა ვჰხედავ, მეფე,
6. თუმცა ზოგიცა ტკივილისა ჩემისაჲ მოწევნულ იყო შენდა საქმისა ჩემისათჳს, ვითარ ესე ჩემდა საქმისა შენისათჳს, რამეთუ ყოვლადვე ბოროტ არს ჩემდა, ოდესღა შენ არა იცან იესუ ქრისტე ძე ღმრთისაჲ და არა ისმინე ჴმაჲ წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა მისთაჲ.
7. და არა გაქუს ერთიცა მცნებაჲ მისი, და არცა შეიშინე ღმრთისა და არცა დაემორჩილე სიმართლისა საშჯელსა, და არცა შეიკდემ ბრალობისათჳს ჩემისა.
8. ხოლო მე არა მინდა უწყებად და გამოცხადებად საქმე ჩემი, რამეთუ ვჰხედევდ, ვითარმედ არა შემწყნარებელი გონებაჲ დამკჳდრებულ არს შენ თანა ცნობისა ღმრთისაჲ,
9. და არა მინდა შრომისა და ურვისა შემთხუევაჲ შენი, არამედ შენ განმომნახე და მაიძულე სიტყჳს-გებად შენდა და კადნიერ მყავ პატივსა მამობისა შენისასა წინააღდგომად.
10. და რამეთუ მეტყჳ, ვითარმედ ბოროტსა და აუგსა თავს იდებ ნეფსით თჳსით სიყუარულისათჳს და ნებისა ჩემისა.
11. ხოლო მე არას ვჰხედავ, მეფე, თუმცა რას ზედა შეიცვალე ნებისათჳს ჩემისა, რომელსა ზედა აქამომდე სდგა.
12. და რამეთუ ჰსთქუ, ვითარმედ სიჩჩოებაჲ გაქუს შვილთა მიმართ, ვითარცა სხუათა, არამედ ვჰხედავ, ვითარმედ მფრინველთა და პირუტყუთა და მჴეცთაცა უფროჲსი სიჩჩოებაჲ აქუს ნაშობთა მიმართ, ვიდრე შენ,
13. რამეთუ იგინი ჰყუარობედ ნაშობთა მათთა და თავთაცა თჳსთა დასდებენ ნაცვალად მათსა, და არა ამისთჳს, რაჲთამცა ნაცვალად მათსა ჰხედვიდეს, გინა თუმცა ძალად მტერთა მიმართ, გინა ასამაღლებელად თავისა მათისა, არამედ ბუნებისათჳს მამობისა და შვილობისა.
14. ხოლო შენ, მეფე, არა კეთილისა ჩემისათჳს გნებავს დადგრომაჲ ჩემი სოფელსა შინა, არამედ დიდებისათჳს შენისა.
15. და ესე საცნაურ იყავნ წინაშე შენსა, რამეთუ ყუედრებამან განრყუნის კეთილი კეთილის მყოფელთაჲ და დაამრწემის იგი, რამეთუ შენ ფრიად განამრავლენ ყუედრებანი ჩემ ზედა და არაჲ კეთილი ჰყავ ჩემ თანა,
16. რამეთუ სოფელსა ამას წინა-მიყოფ და თავსა შენსა მიმიღებ, არამედ უმჯობეს არს ჩემდა, უკუეთუმცა იცან ღმერთი დამბადაბელი ყოვლ[ისავე], მამაჲ უხილავი და ძე მისი მხოლოდ შობილი იესუ ქრისტე და ყოვლად წმიდაჲ სული მისი,
17. თანა-მფლობელი და თანა-სწორი და თანა-დაუსაბამოჲ, განუყოფელი და შეურევნელი, ერთი ღმრთეებაჲ სამ-გუამოვანი, ვიდრეღა [ა]რა ყოველი სოფელი სავსე ანთრაკითა, და უფროჲს ხოლო ცოდვითა და ყოვლითა უშჯულოებითა.
18. ხოლო მეფესა ვითარცა ესმნეს სიტყუანი ძისა მისისანი, უფროჲს განუკჳრდა და შეუყუარდა ყრმაჲ იგი და ჰრქუა მას: შვილო ჩემო, მე არარაჲ გაყუედრე ვითარცა ზედა ცემით,
19. არამედ ვაჴსენე წინააღდგომაჲ შენი და არა-მორჩილებაჲ ჩემი, რამეთუ არასადა ვინ მეფემან უყო ესევითარი შვილსა თჳსსა და არცა ძმამან ძმასა, ვითარ-ესე მე შენ გიყავ.
20. რამეთუ დაგიმკჳდრე მეფობაჲ ჩემი პირველ სიკუდილისა ჩემისა და გზა-გეც დატევებად შჯულისა ჩემისა და რაჲთა შეგიდგენ, რომელთა აღირჩიონ შჯული შენი, ესე ვაჴსენე და არა გაყუედრე.
21. აწ წარემართე ბრძანებისაებრ ჩემისა, რამეთუ კეთილ არს ჩემდა და შენდა.
22. მიუგო იოდასაფ და ჰრქუა მამასა თჳსსა: უკუეთუ ჰყავ ესე, მეფე, არა საკჳრველ არს, რამეთუ საცნაურ არს ყოველთა ზედა უმეტესობაჲ შენი, ვითარცა-იგი მაღალ არს ყოველთა ზედა საქმე შენი.
23. ხოლო მე არა უმეცარ ვარ კეთილთა შენთა და არცა უვარ-ვჰყოფ მადლობასა შენსა, არამედ მნებავს, რაითა სრულ ჰყო პატივი და კეთილი შენი ჩემდა მომართ და შემინდო საქმე ესე, რომელი არა სთნავს სულსა ჩემსა,
24. და არცა რად შერაცხილ არს ჩემ წინაშე, და გზა-მცე მე მოყუასთა ჩემთა თანა, რომელთა თანა გული მითქუამს და ჰსურის სულსა ჩემსა ადრე მისლვად მათ თანა, რაჲთა არა დავაკლდე სიხარულსა მას, (რომელი) მათთჳს განმზადებულ არს.
25. და არა მნებავს მეფობაჲ წარმავალი სიმარჯჳთა და ღონითა კაცთაჲთა განგებული, რომელი დღე არს და ხვალე უჩინო იქმნას.
26. მაშინ აღდუღნა ჰებენას მეფე ტირილით და ჰრქუა ძესა თჳსსა იოდასაფს: ნუ, შვილო ჩემო, ნუ შეურაცხ-ჰყოფ მამობასა ჩემსა, ნუ, შვილო ჩემო, ნუ წინა-აღმიდგები და დაამდაბლებ მეფობასა ჩემსა, რამეთუ მნებავს კეთილი შენი და დაცვაჲ შენი აუგთაგან.
27. ნუ მაიძულებ, რომელსა ვერ თავს-ვიდებ, და ნუ ეძიებ დამრწემებასა ჩემსა ნებისათჳს შენისა, და ნუცაღა რას მომიგებ წინააღდგომითი, ნუუკუე მეცა აღვიძრა და შევიქცე ყოვლისაგან, რომელი აღგითქჳ, და დავაწესო შენ ზედა რისხვაჲ და შეჩუენებაჲ ჩემი გულის წყრომით.
28. ხოლო ყ[რ]მამან მან იოდასაფ ვითარცა მოისმინნა სიტყუანი მეფისანი, შეეშინა, ნუუკუე უფროჲს ზომისა აღიძრას გულის წყრომად, და რომელიცა იგი ექმნას, შეიქცეს მისგან და გამარჯუებაჲცა გზისაჲ მის დაიჴსნას.
29. და იწყო მიერითგან ნებისა მიცემად მეფისა საქმისა მისთჳს და შეიწყნარა მთავრობაჲ, რომელი მისცა ნახევარსა ზედა მეფობისა მისისასა.
30. ხოლო მარგალიტი იგი, წმიდაჲ სარწმუნოებაჲ ქრისტეს ღმრთისაჲ, მტკიცედ ეპყრა გონებასა შინა თჳსსა და უქცეველად.
52
1. 52. ხოლო მეფემან, ვითარცა იხილა მიშუებაჲ ყრმისა მისგან, განიხარა სიხარულითა დიდითა და ბრძანა განვლინებად ქადაგი, და ჴმობდა შემოკრებად ერისთავთა და ყოველთა წარჩინებულთა ერისათა და ყოვლისავე ერისა.
2. და ვითარ შემოკრბეს ყოველნი იგი წინაშე მისა, ბრძანა დადგმაჲ საყდართაჲ მეფემან ძისა თჳსისათჳს, ვითარცავე მისთჳს, და დასუა მათ ზედა.
3. და იწყო მეფემან სიტყუად და (ჰრქუა): რამეთუ ჩუენ ყოველნი ვიყვენით სხუასა შჯულსა და სხუასა წესსა ზედა თჳნიერ ამის შჯულისა, რომელსა ზედა აწ ვდგათ, და ყოველნი მამანი ჩუენნი, კეთილად მოჴსენებულნი მეფენი, და ყოველი ერი სხჳთა შჯულითა ცხონდებოდეს,
4. ხოლო ჩუენ ესე გამოვირჩიეთ პირველსა მას შჯულსა ზედა, არამედ არა ვეჭუთ წარსრულთა მათ, თუ არა უმჯობესსა გული უთქმიდა პოვნად შემდგომად სიკუდილისა.
5. და მერმე იცით საქმე ჭაბუკისაჲ ამის ყოველთა წარჩინებულთა, და მიწევნულ არს ყოვლისა მიმართ ერისა, და აწ არა ჯერ-არს მძლავრებაჲ ჩუენი ყრმისაჲ ამის წინააღდგომისათჳს ჩუენისა,
6. რამეთუ ჩუენცა ესერა წინა-აღდგომილ ვართ შჯულსა მამათა ჩუენთასა და აწ მიგჳშუებია, რომელი გამოირჩია თავისა თჳსისათჳს.
7. და მერმე ვინებე, რაჲთა ვიზიარო კეთილთა ზედა სუფევისა ჩემისათა, რაჲთა უჩუენოთ ზღვარი თჳთ მეფობად მისა.
8. და რომელსა უნდეს შედგომაჲ მისი, შეუდეგინ სამეუფოდ მისა, რამეთუ არავის ვჰმძლავრობთ ნებასა ზედა თჳსსა ყოფად;
9. სადაცა ენებოს, დაიპყარნ შჯული მისი.
10. ხოლო რომელსა უნდეს შედგომაჲ მისი დიდებისათჳს პატივისა, არა დავაყენებთ, რამეთუ შვილი ჩემი არს და არავინ არს უერთგულეს ჩემთჳს მისა.
11. და აწ მიბრძანებიეს, რაითა მიეცეს ყოვლისაგან, რომელი არს საგანძურთა ჩემ თანა, ნახევარი საფასეთაჲ და აბჯართაჲ და ყოვლისაგან, რაჲცა არს, და რაჲთა სიმდიდრითა შეზაოს მეფობაჲ მისი და შეუძლოს კეთილის ყოფად და ბოროტის ყოფად ღირსთა მისაგებელისათა.
12. და ვითარცა წარასრულნა მეფემან სიტყუანი ესე, მაშინ აღდგეს მაქებელნი და აქეს იგი მეფედ, და მისცეს მორჩილებაჲ მეფობასა მისსა, და ადიდეს განზრახვაჲ მისი.
13. და წარვიდა იოდასაფ პალატად თჳსად.
14. მიუდგა მას სიმრავლე ერისაჲ შესხმითა და ქებითა, და რომელნიმე ულოცვიდეს.
15. და დაადგრა მცირედ ჟამ და განაღო კარი, და ყოველნი მოვიდოდეს უშიშად სმენად სიბრძნესა მისსა.
16. ხოლო იყვნეს ვინმე მათ შორის ნეშტნი ქრისტეანეთაგანნი, რომელნი იფარვიდეს სარწმუნოებასა მათსა და გარეშითა მათითა სათნო-ეყოფოდეს მეფესა შიშისაგან სიკუდილისა,
17. და ვითარცა ესმა მათ საქმე ესე, განიხარეს ფრიად და უშიშ იქმნეს პირველისაგან შიშისა და მივიდეს მძლისა მის ჭაბუკისა იოდასაფისა და მიულოცეს ძლევაჲ, რომელი მოეცა ქრისტე იესუჲს მიერ.
18. და აუწყეს სარწმუნოებაჲ თჳსი და განემზადნეს განსლვად სამეუფოდ მისა.
19. და ვითარცა აღასრულა მეფემან პატივი ძისა თჳსისაჲ და აღჰკაზმა იგი განსვლად სამეუფოდ თჳსად, აღდგა იოდასაფ და მივიდა მეფისა დატევებად მშჳდობისა.
20. და იწყო მადლობად მისა და ჴსენებად კეთილთა მისთა, რომელნი ყვნა მის თანა.
21. და მერმე ევედრა, რაჲთა განუტევნეს ყოველნი, რომელნი არიან საპყრობილესა შინა, რაჲთა ყოს ნებაჲ მისი მათ ზედა.
22. ხოლო მეფემან ისმინა მისი. და ბრძანა იოდასაფ გამოყვანებაჲ პყრობილთაჲ, რომელნი სამეუფოჲსა რაჲსამე ხარკისადა შეპყრობილ იყვნეს.
23. ხოლო რომელნი კაცთა თანანადებისადა შეპყრობილ იყვნეს, ბრძანა მათთჳს გარდაჴდად საფასეთაგან თჳსთა და განტევებაჲ მათი.
24. ხოლო რომელნი შეპყრობილ იყვნე[ს] უნასთათჳს და კაცის-კლვისათჳს, ბრძანა მათთჳს, რაჲთა მიეცეს საჴმარი საფასეთაგან მისთა, რომელი კმა-ეყოს ფართოებით საპყრობილესა შინა, ვიდრემდის მოიწიოს ბ[რ]ძანებაჲ ღმრთისაჲ მათთჳს, რაჲ-იგი ჯერ-არს.
25. და მერმე ბრძანა დიდძალი საფასე განყოფად უძლურთა და გლახაკთა და უღონოთა, და მერმეღა განვიდა სამეუფოდ თჳსად.
26. და განვიდეს მის თანა მრავალნი მით ქალაქით.
53
1. 53. და ვითარცა მიიწია სამეუფოდ თჳსად, პირველად ჰმადლობდა ღმერთსა და თქუა:
2. დიდებაჲ შენდა, ღმერთო და მამაო უფლისა და განმათავისუფლებელისა ჩუენისა იესუჲს ქრისტესო, ძლიერო და შემძლებელო ყოვლისაო, გაქებ და გადიდებ შენ, წმიდაო სამებაო, რომელმან ყოველივე ადვილად განაგი.
3. და მერმე იწყო სიტყუად ერისა მიმართ და თქუა: არავის უფროჲს უჴმს სიმართლით სლვაჲ, ვითარ მეფესა, და არცა ვინ შემძლებელ არს დაშნთა სიტყუათა თქუმად ერისა მიმართ, ვითარ მეფე, რომელი სიმართლისა მშჯავრითა ვიდოდის ერსა შორის,
4. ხოლო არავის ეჴმარებიან დაშნნი სიტყუანი, ვითარ ორთა კაცთა, უკუეთუ ვინმე იყო[ს] ერსა ზედა უწყალო, მოსისხლე, შემჭამელ, ესევითარსა უჴმან დაშნნი სიტყუანი, რაითა მლევანითა მით ჰფარვიდეს ბოროტსა მას.
5. და მერმე უკუეთუ შევარდეს მეფობასა დღეთა სიუცბისა მისისათა, ამასცა თჳნიერ ღონისა თანა-აც, რაჲთა ჰფარვიდეს თავსა თჳსსა სიუცბესა შინა მისსა, ვიდრემდის განიცადოს საქმე თჳსი.
6. ხოლო რომელსა არა უჴმან დაშნნი სიტყუანი, იგი არს, რომელმან დასთესოს სამართალი ერსა შორის და კეთილად განაგნეს საქმენი მათნი, არა დააკლოს პატივი პატიოსანსა მათსა და არცა სამართალი უძლურსა მათსა, და რაჲთა აღლესოს მახჳლი სიმართლისაჲ ყოვლისა ერისათჳს.
7. ხოლო მე მოვედ თქუენდა, რაჲთა არა გეჩუენო სიტყჳთა მეტნობისაჲთა, არამედ მშჯავრითა სიმართლისაჲთა.
8. და ამისა შემდგომად გამოირჩია ადგილი ერთი შუვაჲ, არცა სამეუფოჲ, არცა საგლახაკოჲ, და უბრძანა განმზადებაჲ საყოფლისა თჳსისაჲ და დადებად ყოველი ჭურჭელი მას შინა – არცა სამეუფოჲ, არცა საგლახაკოჲ.
9. და მაშინ მივიდა [და] დაეშენა [მუნ] ადგილსა მას.
54
1. 54. და ყოველი იგი ჭურჭელი სამეუფოჲ, რომელი გამოსცა მამამან მისმან – საჴედრები გინა თუ სამოსლები, შესამკობელი საჯდომთაჲ და შუენიერებაჲ მრავალ სახე სამეუფოჲ – ბრძანა,
2. რაჲთა წარიღონ ადგილთა უცხოთა სამეუფოთა და განყიდონ იგი და ფასი მისი განუყონ გლახაკთა და უპოვართა და რომელთა არარაჲ აქუნ და სირცხჳლითა კაცთაჲთა ვერ განვიდიან თხოად.
3. და ვითარცა-იგი მეფენი იშუებედ და იხარებედ სამკაულითა მით და სამოსლითა შუენიერითა მრავლითა, და სილაღით და ამპარტავანებით აშუებედ გლახაკთა, აწ (კუალად) ფასითა მისითა ნუგეშინის-ცემულ ი[ქმ]ნენ გლახაკნი და უპოვარნი.
4. და რომელთა ესმეს ესე, ადიდებდენ ქრისტესა ღმერთსა [ჩუენსა].
5. და მერმე ბრძანა, რაჲთა დაწერონ წიგნები ყოველთა მიმართ სამეუფოთა მისთა, ქუეყანად-ქუეყანად, და ჴევად-ჴევად და სოფლად-სოფლად,
6. რაჲთა აღწერნენ მათ შინა ყოველნი გლახაკნი და უპოვარნი, უღონონი და უძლურნი, და კუალად უპოვარნი იგინიცა, რომელნი ვერ ითხოვენ სირცხჳლისაგან და ისაჯებიან შჳდ წილ უფროჲს გლახაკთაჲსა სახელით მათით, და სოფლით და საზომით და თითოე(უ)ლი მათგანი.
7. და ვითარ მოართუეს აღწერილი იგი, ბრძანა დიდძალისა საფასისა განყოფაჲ შორის მათსა თითოეულსა საზომისაებრ თჳსისა და მიცემაჲ ქუეყანათაჲ.
8. და შეეწია შენებასა მათსა ზედა და ყოვლისაგან საჴმრისა მისცა თეს[ლი], ვიდრემდის გამოი[ყვა]ნა მიზეზისაგან გლახაკობისა და უპო[ვ]არებისა.
9. და ღ[ონიერ იქმ]ნნეს ყოველნივე მიერითგან და ერთობით ადიდებდეს ღმერთსა მის მიერ, და არღარავინ იპოებოდა სამეუფოთა შინა მისთა კაცი, რომელიმცა მიადგა კაცსა საჴმრისათჳს და ქველის საქმისა.
10. და მერმე ბრძანა მიწერაჲ ყოველთა სამეფოთა მისთა, რაჲთა ყოველმან სამთავრომან მისმან, გინა თუ საერისთავომან, გამოირჩინენ თავისა მათისათჳს კაცი ჭეშმარიტი და ღირსი და მყოფელი სიმართლისაჲ და მოძულე სიცრუვისაჲ,
11. რაჲთა, რომელი გამოირჩიონ ე[სე]ვითარი თითოეულმან მათგანმან, განაჩინოს იგი მათ ზედა ებისკოპოსად,
12. რაჲთა წინა უძღოდის მათ მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა ქრისტეს ღ[მრთი]სა ჩუენისასა სიმართლით და ღირსებით, და მშჯავრითა სიმართლისაჲთა აძოებდეს და ჰმწყსიდეს სამწყსოთა თჳსთა.
13. და მერმე ბრძანებაჲ დ(აუდვა) მთავართა და ერისთავთა და მეჴელეთა, რაჲთა კეთილად მსახურებითა სიმართლისაჲთა შჯიდენ ერსა, და მოწყალებით და სიმართლით განაგებდენ საქმეთა მათთა,
14. და რაჲთა იყვნენ საშინელ ბოროტის მოქმედთათჳს და მშჳდობა და სიხარულ კეთილის მოქმედთა ზედა, და რაჲთა უბრძანონ ყოველთა, რომელნი იყვნენ ჴელსა ქუეშე მათსა, შენებაჲ ქუეყანისაჲ და მიცემად ხარკი სამართალი მსგავსად ძალისა მათისა.
15. და მერმეღა განაგო სპათათჳს საჴმარი მათი ყოველი დაუკლებელად და დაადგინნა მათ ზედა სპაჲპეტნი და ერისთავნი კაცნი, ღირსნი, მდაბალნი და ღმრთის მოშიშნი, რომელნი ევლტოდეს მთავრობასა, ხოლო რომელნი ეძიებდეს და ჩაიჭრებოდეს, იგინი განაშორნა განსაგებელისაგან მათისა.
16. დ[ა კუალად ბრ]ძანა დიდითა პატივითა დადგინებად ყოველნი მღდელთ მოძღუარნი და მღდელნი ჭეშმარიტნი, და აღაშენნა ეკლესიანი ქუეყანასა შინა თჳსსა,
17. რომელნი სიტყუათა მათთაებრ აღასრულებდეს საქმით მცნებათა ქრისტესთა, და მიცემად მათდა საჴმარი მისი თითოეულსა მათგანსა, შემსგავსებულად კაცად-კაცადსა ა[დ]გილსა თჳსსა.
18. და იყო სიხარული მიუწდომელი ქუეყანასა მას.
19. და თჳთ იოდასაფ მოიცალა თჳნიერ ყოვლისა უდებებისა განგებად საქმეთა ერისათა.
20. პირველად განიკითხვიდა შინაგანსა მათსა სულიერითა საქმითა, ვითარ-ძი ცხონდებიან, და მერმე ჴორციელსა ცხორებასა ზ[ედა].
21. და ეგრეცა თითოეულსა მიაგებ[და] საქმეთა მათთაებრ მოწყალებით და [კეთილად] განგებით.
22. [და] აღიღო მათგან საქმე მძლავრობისაჲ მეფობრივი და (ყლ~დ) მძიმე და შიში უჯერ[ოჲ] [...]ა[.]ისაჲ გამოიღო გულთა მათთაგან.
55
1. 55. და განმრავლდა ჯეროვნებაჲ და სამართალი და სიხარული ერსა შორის, და მოისწრაფდეს ყოველნი კაცნი ყოვლით ქუეყანით და ნათელს-იღებდეს სახელითა წმიდისა სამებისაჲთა, და შეეძინებოდეს შჯულსა ქრისტეანობისასა ერნი ურიცხუნი მარადღე.
2. და გამოჩნდა უმეტესობაჲ კეთილად განგებისა მისისაჲ, და იწყეს შეჩუენებად შჯულსა პირველსა, რომელსა-იგი ზედა დგეს.
3. და აღივსნეს გულნი ყოველთანი სიყუარულითა მისა მიმართ და სასოებითა კეთილითა მეფობისა მისისათჳს.
4. და განცხადნა ერსა შორის საქმე და დიდებაჲ ქრისტეანობისაჲ და ღმრთის მსახურებისაჲ და სიყუარულისაჲ და მშჳდობისაჲ, რამეთუ თავი თჳსი მისცა სახედ ყოველთა: სიმდაბლესა და სიყუარულსა და მოღუაწებასა ზედა.
5. და არღარავინ ი[იპოე]ბოდა ყოველსა სამეუფოსა მისსა, რომელიმცა ჰმონებდა შჯულსა სხუასა, გარნა ღმერთსა, ყოვლისა მპყრობელსა, ერთიცა კაცი.
6. გარნა მცირედნი ვინმე კაცნი წარვიდეს და მიიცვალეს სამეუფოდ აბენესე მეფისა მამისა მისისა, რამეთუ [ი]ყვნეს იგინი კერპთ მსახურ და არა თავს-იდვეს ყოფაჲ მათი შჯულსა შინა ქრისტესსა.
7. და განითქუა ყოველსა ქუეყანასა ჰამბავი ქრისტეს მოყუარისა მის ჭაბუკისაჲ, და სიმდაბლისათჳს და მოთმინებისა მისისა და გარდარეულისა მოწყალებისა მისისა.
8. და ვითარ-იგი ამათ ყოველთა სათნოებათა განჰმზადებდა სიბრძნითა და გონიერებითა, და მოვიდოდეს მისა ყოველთაგან ადგილთა კაცნი მორწმუნენი, რომელნი იფარვიდეს წესსა და სარწმუნოებასა შიშისაგან მეფისა, უშიშად, და სიხარულითა დიდითა დაეშენებოდეს საბრძანებელთა მისთა,
9. და იხარებდეს სულითა და ადიდებდეს განუყოფელსა სამებასა წმიდასა, რომელმან განაცხადა ერთარსებაჲ სამგუამოვნებისა მისისაჲ, და უჩუენა ძალი სარწმუნოებისა მათისაჲ წინაშე ყოველთა უღმრთოთა.
10. და მრავალნი მოვიდოდეს, რომელნი იყვნეს შჯულსა ზედა მამისა მისისასა და დაადგრებოდეს მის თანა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა განცხადებულად, და ვითარცა ყრმანი ჩჩჳლნი ნათელს იღებდეს სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა,
11. და ადიდებდეს ქრისტესა ჭეშმარიტსა ღმერთსა, რომელი იშვა უთესლოდ და უხრწნელად ქალწულისაგან უქორწინებელისა პირველ საუკუნეთა მამისაგან უდედოდ შობილი, თანამოსაყდრე მამისა და სულისა წმიდისაჲ.
56
1. 56. და განცხადნა ჰამბავი ძისა მეფისაჲ.
2. და იყო სიხარული დიდი ყოვლისა ერისაჲ, და აღებაჲ მძლავრობისაჲ მათგან სამეუფოსა შინა მამისა მისისასა.
3. და მრავალნი მოიქცეოდეს და აღიარებდეს შჯულსა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა და აღსაარებასა იოდასაფისსა.
4. და განმრავლდებოდა და განძლიერდებოდა ქადაგებაჲ მათ შორის, ვიდრემდის განმრავლდეს და განძლიერდეს მუნ შინა უფროჲს ყოველთა უღმრთოთა.
5. მაშინ იწყო მოუძლურებად საქმემან მამისა მისისამან და იქცეს გულნი კაცთანი მისგან, და კადნიერ იქმნებოდეს წინა-აღდგომად მისა.
6. და შეურაცხ-ჰყოფდეს მრავალსა ზედა ბრძანებასა მისსა, და მოიჴსენებდეს უწესოებით სლვასა მისსა მათ შორის და მძლავრობათა და ბოროტის ჩუენებათა მათ ზედა.
7. და განეცხადებოდა შეურაცხებაჲ ერისაგან დღითი-დღე და გულისჴმა-ყო, ვითარმედ გულნი კაცთანი მიქცეულ არიან ძისა მისისა კერ[ძო], და შეეშინა,
8. ნუუკუე შფოთიცა აღუდგეს და მოკლას ვინმე და დაიპყრას მეფობაჲ მისი და დიდი შიში და ურვაჲ დაეცა მის ზედა ამის ჯერისათჳს, და არა ხოლო მას ოდენ, არამედ ყოველნი რომელნი იყვნეს წარჩინებულნი და თანამზრახვალნი მისნი.
9. და დიდსა მწუხარებასა და იწროებასა შევარდეს ამის ჯერისათჳს.
10. მაშინ მიწერა აბენესე მეფემან ძისა თჳსისა იოდასაფისა საქმისა ამისთჳს და გა(ნა)ცხადა ყოველი, რომლისათჳს იურვოდა და ჰკითხა, რაჲ-ძი ჯერ-არს ყოფად.
11. ხოლო იოდასაფ მიუწერა ესრეთ: უწყებულ იყავ, მეფე, რამეთუ არარაჲ წარსდევნის შიშსა და იოტებს იჭუსა გულისაგან მეფეთაჲსაჲ, ვითარცა მშჯავრი სამართალი ერისა მიმართ და კეთილად განგებაჲ მოწყალებით საქმეთა მათთაჲ,
12. და არარაჲ უფრო მო[მ]ხ[დ]ელ არს ურვათა და განმრყუნელ ცხორებისა და მომპოვნებელ ბოროტთა იჭუთა ერისა მიმართ, ვითარცა უჯეროჲ თუ კუალი ჩნდეს მეფისაჲ ერსა შორის,
13. რამეთუ დაღაცათუ კეთილნი შენნი განმრავლდენ კაცთა მიმართ, არამედ მცირედმან ბოროტმან განრყუნესვე იგი, უკუეთუ შესზაო მის თანა.
14. ხოლო შენ თანა, მეფე, ცხად არიან საქმენი ესე, რომელთაჲ არღარა ვისი გიჴმს კითხვაჲ ამის ჯერისაათჳს.
15. აწ იხილე ვინაჲ-ძი შეგიჴდა შიში და იჭჳ, ანუ სადაჲთ გაქუს ნუგეშინის-ცემაჲ და იმედი.
16. ხოლო მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ არა არს მიზეზი შიშისა და იჭჳსაჲ, გა[რ]ნა კუალისაგან ბოროტისა, რომელი უკუანა შეუდგს.
17. და არა არს ადგილი ნუგეშინის საცემელი და საიმედო შენთჳს, გარნა კეთილი თუ რაჲ გი[თესავს].
18. აწ დაუტევე მომატყუებელი შიშისაჲ და მოიპოვე მომპოვნებელი მშჳდობისაჲ და მიუსწარ ჭეშმარიტისაგან ზრახვად, ნუუკუე მიგისწრან მტერთა შენთა კეთილსა ზედა.
57
1. 57. და ვითარცა მიიწია მეფისა წიგნი ესე ძისა მისისაჲ, მოუწოდა წარჩინებულთა მათ მისთაჲ და წარუკითხა წიგნი იგი.
2. და იწყეს განზრახვად ამის ჯერისათჳს.
3. მაშინ ჰრქუეს კაცთა მათ მეფესა: მეფე, ცხონდი უკუნისამდე, ჩუენ ესრეთ განგაზრახებთ, რაჲთა ეწიფო საქმესა პირის-პირ, ვიდრე არა ზედა დაგეცეს,
4. და იღუაწე მას შინა მოქცევაჲ, რომლისაჲ შესაძლებელ იყოს მოქცევად, და ნუ წინა აღუდგები, რომელსა ვერ შემძლებელ იყო წინააღდგომად.
5. რამეთუ საქმე მეფობისაჲ შეკრბების შეკრებასა შინა ერისასა, და შენ უწყნი საქმენი შენნი ბოროტნი ერსა შორის, და აწ ჰხედავ მიქცევასა გულთა მათთასა შენგან და მიდრეკასა გონებისა მ(ათისასა) შენგან,
6. და რამეთუ განზრახვაჲ მეფეთათჳს უმჯობესი გამორჩევაჲ არს ნებიერად საქმისაჲ და უმრწამესი მიწყუდევაჲ არს უნებლებით საქმესა, და შენ დღეს ფლობაჲ გაქუს გამორჩევად საქმისა უმჯობესისა თავისა შენისათჳს
7. და არღა მოდგმულ არს საქმე მიმაწყუდეველი უნებლიეთსა ზედა, რამეთუ ნეფსით უპატიოსნეს არს მეფეთათჳს.
8. და ჩუენ ესრეთ გაწუევთ, რაითა ყოველი ესე სამეფოჲ მიუთუალო ძესა შენსა, უკუეთუ ოდენ თავს-იდვას და მორჩილ გექმნას.
9. არამედ პირველად ესრეთ იწყო, რაჲთა ჰბრძანო შემოკრებაჲ ყოველთა მთავართაჲ და ერისთავთაჲ და წარჩინებულთა ერისა შენისათაჲ, და მაშინ ღონის ძიებით ჰყო დადებაჲ ამის ჯერისაჲ მათ თანა, რამეთუ არა ჰშუენის მეფეთა აღსრულებაჲ რაჲსამე საქმისაჲ, გარნა პატიოსნებისა [...].
10. მაშინ ბრძანა მეფემან მსწრაფლ შემოკრებაჲ მათ ყოველთაჲ.
11. და ვითარ შემოკრბეს იგინი წინაშე მისსა, იწყო ღონის ძიებით დადებად წინაშე მათსა საქმისა მის.
12. და თქუა ყოვლისა პირველად მადლობაჲ ღმრთისაჲ ყოველსა შინა, და მერმე აჴსენა სიყუარული მისი ერისა მიმართ, და ვითარ ვიდოდა მათ შორის და ზრუნვიდა ცხორებისა მათისათჳს.
13. და მერმე კუალად აჴსენა, ვითარ-იგი წული შვილი არა ესუა და ეშინოდა აწყუედაჲ ძირისა მათისაჲ, და რამეთუ აღთქუმაჲ მისცა ღმერთთა, რომლისაჲ ვერ ჴელ-ეწიფების დაჴსნაჲ მისი, უკუეთუ მოეცეს წული შვილი,
14. და თჳთ ცხონდესღა ვიდრე აღზრდადმდე ყრმისა მის, ვიდრემდის შემძლებელ იქმნეს (და)პყრობად სამეფოსა, რაჲთა მიუთუალოს ყოველი სამეფოჲ მისი შვილსა თჳსსა და თჳთ ნეფსით დაუტეოს მეფობაჲ
15. და მიჰმადლოს ღ[მერთთა] აღთქუმისა მისთჳს, და რაჲთა დაშჯერდეს ცხორება[სა] ლიტო[ნ]სა [მ]სგავსად სხუათა კაცთაჲსა.
16. და ჰრქუა ყოველსა მას ერსა: თქუენ იცით, ვითარ ჯერ-არს აღსრულებაჲ აღნათქუემთაჲ, და არა ჯერ-არს დაჴსნაჲ მისი.
17. და მე, რაჟამს მივეც ნახევარი სამეფოჲსა ჩემისაჲ შვილსა ჩემსა, ესრე ვჰგონებდ, ვითარმედ აღმესრულების აღნათქუემი ჩემი.
18. და ვითარ ვხედავ არა სრულ არს აღნათქუემი ჩემი.
19. და რამეთუ ცრუ ვიპოვე წინაშე ღმერთთაჲსა, და მეშინის აღნათქუემისა ამის დაკლებისათჳს.
20. რისხვაჲ მათი მოიწიოს ჩემ ზედა, რამეთუ მასმიეს, ვითარმედ შურის-გებით საძიებელ არს აღნათქუემიო.
21. და აწ თანა-მაც თჳნიერ ყოვლისა ღონისა აღსრულებაჲ აღნათქუემისა ჩემისაჲ.
22. და აწ გაუწყებ თქუენ, რაჲთა განმაზრახოთ, რაჲ-იგი ჯერ-არს ჩემთჳს და თქუენთჳს უმჯობესი, განიხილეთ!
23. ხოლო (მათ ჰრქუეს): ვისამცა უფრო ჯერ-იყო აღსრულებაჲ აღნათქუემთაჲ, ვითარ მეფისა, ანუ ვინმცა უფრო დამმარხველ იყო სამართლისა და უმტკიცეს სიტყუათა და უდიდეს ზრახვითა, ვითარ მეფე ჩუენი!
24. ხოლო საქმე ესე, რომელ[ი] იკითხე ჩუენგან, არიან მას შინა ორნი საქმენი: ერთისა მათგანისაჲ უშუერებაჲ არს მეფისაგან, უკუეთუ დააბრკოლოს და მიადროოს იგი მეფემან,
25. რამეთუ კაცსა თუ ვინმე უტყუვის, საყუედრელ არნ იგი მარადის, რავდენ უფროჲს წინაშე ღმერთთა საძაგელ არს ტყუვილი და სიცრუვე აღნათქუემთაჲ მეფისათჳს.
26. და მერმე არა თავს-დებადცა ღმერთთაგან საგონებელ არს ტყუვილისაჲ ჩუენებითა რისხჳსაჲთა, ნუუკუე, რომელსა ნეფსით ზედა ადგრებოდი და გშურდეს, მიგეღოს იგი რისხვითა თჳნიერ მადლისა და ნებისა შენისა.
27. და მეორე, [ესე, რამეთუ] მიავლინებ მეფობასა შენსა ძისა შენისა, რ~ლ არს [ნათელი] თუალთა შენთაჲ და თჳნიერცა აღთქუმისა ყოველნი კაცნი დაუტეობენ შვილთა თჳსთა მონაგებთა მათთა და ამას ზედა დასრულდების სასოებაჲ კაცთაჲ.
28. და უკუეთუმცა უცხოჲსათჳს აღგეთქუა აღთქუმაჲ, ესე თანა-მცა-გედვა აღსრულებად, რავდენ უფროჲს ძისა შენისადა თანა-გაც ორკერძოვე აღსრულებაჲ აღნათქუემისა შენისაჲ!
29. არამედ შენ უწყი, მეფე, რამეთუ ძე შენი არს შჯულსა შინა ქრისტეანეთასა, და შჯულსა თჳსსა სამ[ა]რთალ უჩნს მიღებაჲ სამართლისაჲ და განსწორებაჲ მთავართა და გლახაკთაჲ მას შინა.
30. და შენ უწყი, თუ რაჲ ბოროტის ჩუენებანი აღვასრულენით კაცთა მათ ზედა მონანულთა.
31. აწ უკუე გუეშინის, ნუუკუე ჴელთ იგდოს და გუეუფლოს შჯული მისი და მას [შინა] მოგუედგმის სამართლით თავს-დებაჲ სისხლთაჲ, რომელ დავსთხიენით ბრძანებითა შენითა, და მონაგებნი, რომელნი იავარ-ვყვენით მშჯავრითა, თანა-გუაც გარდაჴდაჲ მათი.
58
1. 58. მაშინ მიწერა მეფემან ძისა თჳსისა ესრეთ: მშჳდობაჲ შენდა, შვილო ჩემო!
2. შენ უწყი პირველად ნუკევით და სიჩჩოებით აღზრდაჲ შენი ჩემ მიერ და მერმე მიშუებაჲ ნებისა შენისაჲ, დაღაცათუ მძიმე იყო ჩემ ზედა ზოგადი სამეუფოჲსა ჩემისაჲ და შეშლაჲ მეფობისა ჩემისაჲ, სიყუარულისათჳს შენისა ვყავ.
3. და აწ მნებავს, რაჲთა სრულ ვყო კეთილი ჩემი შენ თანა, რომელი არავის კაცთაგანსა უყოფია ვის თანამე, და მიგითუალავ ყოველსა სამეფოსა სრულიად, და გარდაგრიდებ დიდებისაგან ჩემისა და მე მეგულების ლიტონსა ცხორებასა შინა ყოფაჲ, ვიდრემდის მოიწიოს აღსასრული ჩემი,
4. რაჲთა სასოებაჲ[ცა] ჩემი სრულ იქმნეს შენთჳს, და სიხარული მეფობისა შენისაჲ ვიხილო ცხორებასა ჩემსა.
5. და ამისა შემდგომად აჴსენა საქმე მონანულთაჲ მათ და რაჲ-იგი უყო ბოროტი თავთა მათთა და მონაგებთა მათთა, და რამეთუ არა უცხო არს მეფეთაგან უდიდესისაცა ამისა ყოფად დამტკიცებისათჳს მეფობისა მისისა წინააღმდგომთა თჳსთა.
6. აწ უკუეთუ აღიღო ჩემ ზედა და რომელნი არიან ჩემ თანა საქმე ბჭობისაჲ მათ შორის, მაშინ მიგითუალო სრული სამეფოჲ, და რაჲთა არა გუაიძულო მე და ჩემთანათაჲ დატეობაჲ შჯულისაჲ.
7. ხოლო იოდასაფ ესრეთ მიუწერა მამასა თჳსსა: გჳრგჳნოსანო დიდებულო მეფეო, შენ უწყი, ვითარმედ არა ჯერ-არს სამართალსა შინა საშჯელსა ერთსა შინა სამეუფოსა ორი წესი და ორი ბჭობაჲ [........]ბული ურთიერთისა წინა[აღმდ]გომი ყოფად,
8. ხოლო ვყო თქუენ თანა საქ[მე სა]მართალი, რომელი შეაშუნდეს გონებასა თქუენსა.
9. აწ მოავლინენით ჩუენდა კაცნი თქუენგანნი, რომელნი ბრძნად საგონებელ იყვნენ და საქმესა შემატყუებელ, რაჲთა სიტყუა-უგოთ ურთიერთას ამის ჯერისათჳს, და მერმე გამოჩნდეს ჭეშმარიტი, რომელმან სამართალსა ზედა შეგუკრიბნეს ყოველნი მას შინა.
10. და ვითარ მიიწია მეფისა წიგნი ძისა მისისაჲ, წარუკითხა მისთანათა მათ.
11. და ყოველთავე შეაშუნდა, რაჲ-იგი მიუწერა, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ თჳნიერ სამართლისა არარას ჰყოფს.
59
1. 59. მაშინ წარავლინნეს კაცნი რჩეულნი მათ შორის ბრძენნი და წურთილნი სწავლულებითა მათითა.
2. და ვითარცა მიიწივნეს წინაშე ძისა მეფისა, ბრძანა სწორადვე მათსა მოყვანებაჲ კაცთა, რჩეულთა მონაზ[ონთა] [ქრისტეან]ეთაჲ, რომელ[თა] აქუნ[და] [....]წმიდისაჲ და ჰრქუა მათ:
3. ნურარას უფროჲს ზომისა ზრახავთ და ნუცა თავთა თჳსთა ესავთ, არამედ ითხოვეთ ქრისტესგან, რაჲთა მოგცეს ძალი ზეცით, ვითარცა წერილ არს წმიდასა შინა სახარებასა, და იტყჳს: ნუ ჰზრუნავთ, რაჲ სთქუათო.
4. და ვითარცა შეკრბეს, მისცეს აღთქუმაჲ ურთიერთას, რაჲთა არა მძლავრებით იყოს, და არცა გარდაწევნაჲ სიტყჳს-გებასა მათსა შინა, არამედ სამართალისა საშჯელითა განიხილნენ ურთიერთას, რაჲთა არა იჴუმიოს ძემან მეფისამან მიმძლავრებაჲ და არცა შურისათჳს ჯობნისა.
5. და ვითარ მისცეს აღთქუმაჲ ამის ჯერისათჳს, იწყეს კერპთმსახურთა მათ და თქუეს, რამეთუ არა ჯერ-არს პირველ კითხვაჲ, გარნა მეძიებელისათჳს საქმესა, რომელსა ეძიებს.
6. და ჩუენ არა გკითხოთ. [....] გაუწყოთ ჩუენ, რომელთა ზედა ვდგათ [...] რამეთუ (ვჰმონებთ) კერპ[თა ოქროჲსათა] და ვეცხლისათა და გამოხატულთა ქვისათა და ძელისათა, არამედ გჳთხრათ ჩუენ: ვინ არს, რომელსა თქუენ ჰმონებთ?
7. მიუგეს მონაზონთა მათ, მონათა ქრისტე ღმრთისათა, და ჰრქუეს: ჩუენ ვჰმონებთ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან დაგუბადნა, და დაჰბადა ოქროჲ და ვეცხლი, ქვანი და ძელნი, რომლისაჲ იცით სახელი მისი,
8. და ვერ უვარ-ჰყო[ფ]თ უფლებასა მისსა, და იგი თავადი არს უდიდეს ყოველთა, და არავინ შემძლებელ არს მიწუთომად ღმრთეებისა მისისა, თუმცა ვინ გამოთქუა სიტყჳთა, გინა თუ იხილა თუალითა.
9. მან დაგუბადნა და მოგუცა მეცნიერებაჲ მისი, ნებათა მისთა ვიქმთ მსგავსად ძალისა ჩუენისა, და რომელი არა ჰნებავს, მას დაუტეობთ.
10. ესე არს მიგებაჲ კითხვისა თქუენისაჲ, ა[რამედ] ვინ [....] არიან ღმერთნი თქუენნი [...]ადეს, გინა თუ რაჲ გამცნეს [ყოფად]?
11. ხოლო უკუეთუ სთქუათ, ვითარმედ არა მათ დაგუბადნეს, არცა რაჲ გუამცნეს და ვერცა შემძლებელ არიან დაბადებად რაჲსამე,
12. რამეთუ არა ჰხედვენ, არცა ესმის, არცა ჴმობენ ჴორჴითა მათითა, არღარაჲ სიტყუაჲ გაქუს მოგებად ჩუენდა მონებისათჳს ურგებთა და უსულოთა, რომელნი ვერ შემძლებელ არიან რგებად გინა თუ ვნებად.
13. და ვითარცა ესმა ესე კერპთ მსახურთა მათ, მოეკუეთნეს ენანი მათნი, რამეთუ არღარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, რაჲმცა მიუგეს ორსავე პირსა ზედა,
14. რამეთუ, უკუეთუ თქუან, ვითარმედ კერპთა მათთა დაჰბადნეს იგინი და მათ ასწავეს, რაჲ-იგი ჯერ-არს ყოფად მათთჳს, ცხად იყო მათ ზედა მტყუვარობაჲ, სამართლით დაესაჯებ[ოდა] სიბრძნისა სიტყჳთა.
15. და უკუეთუ [თქუან, ვითარმედ] უძლურ არიან და ვერ ჴელ-ეწიფ[ების] დაბადებად და რგებად, გინათუ ვნებად, იძლივნენ სამართლისა მშჯავრითა და მიედგას მათ ზედა საქმე ჯობნისაჲ.
16. და ვითარ ვერარაჲ პოვეს ღონე, რომელიმცა შემწე იყვეს, მაშინ შეიწყნარეს უმეტესობაჲ შჯულისაჲ და აღსაარებაჲ ქრისტეს ღმრთისაჲ ყოველსა ზედა წესსა ამის სოფლისასა,
17. რამეთუ კეთილად სლვასაცა შინა იოდასაფისსა და გარდარეულსა მისსა სიმდაბლესა და მოწყალებასა შინა მისსა მრავალი მადლი იხილეს, რამეთუ დიდი მშჳდობაჲ და სიხარული იყო სამეფოსა შინა მის მიერ.
18. მიუგეს და ჰრქუეს კერპთ მსახურთა მათ: ძეო მეფისაო, ვითარ იყოს მშჯავრი შენი ჩუენ ზედა საქმეთათჳს პირველთა, რომელნი ვქმნენით ბრძანებითა მამისა შენისაჲთა და მეფისა ჩუენისაჲთა, და სისხლნი, რომელნი დავსთხიენით უმეცრებითა [...].
19. ჰრქუა მათ ნეტარმან იოდასაფ: რამეთუ (ვ~ა-იგი) რაჟამს განაგდოთ შჯული თქუენი, მის თანაცა განაგდო[თ] იჭჳ, რომელი გაქუს მაგის ჯერისათჳს.
20. და ვითარცა შეხჳდეთ შჯულსა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ[ჲს] ქრისტესსა, მის თანავე შეხჳდეთ მშჳდობასა და სიხარულსა, რამეთუ ღმერთი მშჳდობისა და სიყუარულისაჲ არს და არა თუ მანკიერებისა და შურის-გებისაჲ.
21. მაშინ მოიქცეს კაცნი იგი წინაშე მეფისა და აუწყეს ყოველი, რომელი ესმა და იხილეს.
22. ხოლო მეფემან და ყოველმან ერმან მისმან განიზრახეს, რაჲთა შეუდგენ შჯულსა იოდასაფისსა.
23. და შეიწყნარეს წმიდაჲ ნათლის-ღებაჲ მათი სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
24. გარნა კაცი იგი მძოვარი რომელი პირველ ზემო ვახსენეთ, რომელმან აზრახა მეფესა, რაჲთა ბრძოლა-უყოს ძესა თჳსსა ეშმა[კითა], რომელსა ერქუა თედმა, ამან არა შე[ი]წყნარა ქრისტეანობაჲ.
60
1. 60. და მიწერეს წიგნი ძისა მეფისა აღსაარებისა და სარწმუნოებისათჳს მამისა და ძისა და სულისა წმიდისა ერთობით მეფემან და ყოველმან ერმან.
2. და ვითარცა მიიწინეს მოციქულნი იოდასაფისა, და ეუწყა ბრძანებაჲ მეფისაჲ და ყოვლისა ერისაჲ, მაშინ აღივსო უმეტესითა სიხარულითა და აღდგა და აღიპყრნა ჴელნი ზეცად მიმართ და შეწირა მადლობაჲ ქრისტეს მიმართ, რომელმან ყვის ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ.
3. და წინა-უყო მოციქულთა მათ პატივი და ნიჭი დიდი და ადრე განუტევნა.
4. და მიწერა წიგნი მამისა თჳსისა ესრე სახედ: დიდსა და მორწმუნესა მეფესა და კეთილად მოსრულსა მორჩილებად ღმრთისა მე, მონაჲ და გლახაკი იოდასაფ, უფლისა მიერ გიკითხავ!
5. პირველად ვჰმადლობ ქრისტესა, ძესა ღმრთისასა, რომელი განკაცნა კაცთა ცხორებისათჳს და გჳჴსნა მონებისაგან და საცთურისა კერპთაჲსა და მოგჳყიდნა უბიწოჲთა მით და პატიოსნითა სისხლითა თჳსითა, რომელი ჯუარსა ზედა გარდამოადინა;
6. ვაქებ და ვადიდებ სახიერებასა მისსა, რომელმან წყალობით მომხედნა და არა ჴუებულ მყო საწადელისაგან ჩემისა და ღირს მყო ხილვად ჭეშმარიტისა მეფობისა შენისა,
7. რამეთუ აწღა იქმენ შენ მეფედ, ხოლო პირველ ამისა არცა თუ იყავ მონა შეწყნარებულ, და მერმე, რამეთუ დიდ არიან მადლნი შენნი ჩემ თანა და მე ვერ შემძლებელ ვარ ჯეროვნად მადლისა მიცემად შენდა ყოვლისავეთჳს, რომელი ჰყავ ჩემ თანა.
8. არამედ უფროჲს და უდიდეს დღეს ახარე სულსა ჩემსა: ყოველი, რომელი-იგი მომეც, ვითარცა არარაჲ იყო წინაშე თუალთა ჩემთა.
9. ხოლო აწ ცნობითა შენითა ჭეშმარიტებისაჲთა წმიდაჲ სამებაჲ იდიდების და აღსაარებითა შენითა შჯული მისი განბრწყინდების, და აწ სრულიად განადიდე ყოფაჲ შენი ჩემ თანა.
10. ხოლო ესე უწყი, რამეთუ არავინ განეშორის მეგობარი თჳსი და არამცა აქუნდა ბრძოლაჲ ჩუეულებისაჲ მისა მიმართ და საეჭუელცა არნ მიქცევად მისა, უკუეთუ არა პირველად მიზეზი იგი მიდრეკისა მისისაჲ აღმოჰფხურის.
11. და აწ ამით საცნაურ არს ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა შენთაჲ და განწმედაჲ გულისა შენისაჲ ღმრთისა მიმართ, რომლითა ჩუენ თანა მსახურებასა ღმრთისასა და ლოცვისა მოდგამობასა მოხჳდე,
12. რაჲთა დაარღჳნე საკერპონი და დასწუნე კერპნი ცეცხლითა ღმრთისათჳს, რაჲთა მიეგოს მისაგებელი მათი, რომელ მათ მოაგეს ერთა ურიცხუთა.
13. და დაწუვითა მათითა დაეგო ღმერთსა, ვითარცა-იგი პირველ დაწუვითა წმიდათაჲთა განუდეგ ღმერთსა.
14. და რაჟამს ჰყო ესე, მაშინ დაჰჴსნა შუვა კედელი ზღუდისაჲ მის მტერობაჲ და ჭეშმარიტი და უქცეველი ნუგეშინის-ცემაჲ მოიღო ღმრთისაგან ცხოველისა და ჩუენ მონათა მისთაგან.
15. და ვითარცა მიიწია მეფისა წიგნი ესე და აღმოიკითხეს, მაშინ აღდგეს თჳთ მეფე და ყოველი ერი მისი მის თანა და იწყეს დარღუევად და დაწუვად კერპთა და ტაძართა საკერპოთა, ვიდრემდე არღა(რ)ა საცნაურ იყო ადგილიცა მათი.
16. და ამისა შემდგომად წარვიდა მეფე და ყოველი ერი მისი სამეფოდ იოდასაფისა, ძისა თჳსისა, და ყოველი იგი სუფევაჲ მისცა მას, გარნა თედმა მძოვარი, რომელი იტანჯებოდა ორითავე ცხორებითა, არა მოიქცა მას ჟამსა.
17. ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმა, ვითარმედ მეფე და ყოველი ერი მისი მივალს მისა, აღდგა და მიეგება სიხარულითა დიდითა, და დავარდა წინაშე მისსა იგი და ყოველი სიმრავლე ქრისტეს მორწმუნეთაჲ, რომელნი-იგი მიეგებვოდეს მის თანა მეფესა.
18. მაშინ მეფე იგი დიდითა სურვილითა მოეხჳა ქედსა იოდასაფისსა და ტირილითა ამბორს-უყოფდამას.
19. და მიიყვანა იოდასაფ მამაჲ თჳსი დიდითა და გარდარეულითა პატივითა და ყოველი იგი დიდებაჲ მისი წინა-უყო მას, რომელსაცა იგი არა იჴუმევდა.
61
1. 61. და ვითარცა ჯდა იოდასაფ დღესა ერთსა წინაშე მამისა თჳსისა, შევიდა თედმა წინაშე მათსა სავსე გულის წყრომითა, რაჲთა სიტყუა-უგოს იოდასაფს შჯულისათჳს, და ჰრქუა მას:
2. მითხარღა, ძეო მეფისაო, რომლისა მიზეზისათჳს ჰყავ საქმე ესე, ანუ რაჲ ბოროტი შეგამთხჳეს კერპთა, რომელნი ესრე[თ] შეურაცხ-ჰყვენ, არა პირველად ადიდნესა მამანი შენნი მეფენი?
3. ანუ არა უმეტესი შარავანდედობაჲ მისცესა მამასა შენსა, ჰებენას მეფესა, და უმაღლეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა დაადგინეს იგი, და უშვილოებისაცა იგი ჴუებულობაჲ განაშორეს სულისაგან მისისა?!
4. და შენ მათ მიერ მიემადლე, რომელიცა- ეგე გარდამაქცეველ ექმენ შჯულსა და მაცთურ მამისა შენისა.
5. აწ რაჲსათჳს განეშორები მონებისაგან მათისა და განაშორე მამაჲ შენი, და ყოველნი კეთილად მსახურნი მეფენი, მამანი შენნი, განაცრუვენ დასძაგენ გარდაქცევითა შენითა?!
6. მიუგო მას და ჰრქუა იოდასაფ მეფემან: ისმინე, ჵ მეტყუელო სიცრუვისაო და მტერო ჭეშმარიტებისაო, რომელმან მოიპოვე განცოფებული ეგე სიბრძნე ამის სოფლისაჲ და თანა-წარჰჴედ თავსა მას სიბრძნისასა, რომელ არს შიში უფლისაჲ,
7. და ჰგონებ თავსა თჳსსა ბრძნად და განცოფებულ ხარ, რამეთუ კერპნი ესე, რომელთა ჰმონებთ, ოქროჲ და ვეცხლი და რვალი და ქვაჲ და ძელი არიან და ვერ შემძლებელ არიან ჩუენდა და არცა სხუათა კეთილის ყოფად, გინა თუ ბოროტისა,
8. ანუ ვითარ შემძლებელ იყვნენ რაჲსამე, რამეთუ თჳთ მკ[უ]დარ არიან: არცა ესმის, არცა ჰხედვენ და არცა რას სცნობენ.
9. აწ განიფრთხვე ძილისა მაგის შენისაგან, უკუეთუ არს- ღა შენ თანა სული სიცოცხლისაჲ.
10. ხოლო სოფელი ესე აღსრულებადი არს და ჩუენ კაცნი და პირუტყუნი ყოველნი და ფრინველნი და ხენი და პირად-პირადნი ნაყოფნი მათნი ჟამად-ჟამად მომწიფდებიან კაცთათჳს.
11. და ესე ყოველი დიდებული ღმრთისაჲ არს, რომლისა არავინ არს მსგავს მისა [.~]თთა შორის და არარაჲ არს ს[ჯულთ]ა მისთაებრ, რომელმან დაგუბადნა ძალითა თჳსითა დიდებად მისა.
12. და ყოველი ესე შუ[ე]ნიერებაჲ მოგუცა საშუებელად ჩუენდა, რაჲთა რაჟამს ვიხილნეთ კეთილნი ესე საშუებელნი, გურწმენეს წარუვალიცა იგი საშუებელი საუკუნოჲ,
13. რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა მომგონებელისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა მოთმინეთა მონათა მისთა.
14. ესე გუაუწყეს რჩეულთა მონათა მისთა წინაწარმეტყუელთა და დიდებულთა მოციქულთა მისთა.
15. და რამეთუ საშუებელნი ესე არა დაგჳბადნა ღმერთმან, რაჲთა მათ ხოლო შევექცეთ და უდებ ვიქმნნეთ მორჩილებად მცნებათა მისთა, არამედ,
16. რაჲთა ვიჴუმიოთ მათგან საჴმარი ზომით, რომელი შემწე გუექმნეს მსახურებასა ზედა მისსა, და არა შევაპყრნეთ გულნი ჩუენნი, რომლითა დავაკლდეთ მცნებათაგან მისთა.
17. და უკუეთუ სოფელი ესე ამისთჳს განმარტებული ძეს წინაშე კაცთა, რაჲთა ჭამონ და სუან და იშუებდენ და ესვიდენ დადგრომასა მისსა მათთჳს,
18. მცირე უკუე ნაწილი მიგიღებიეს თავისა შენისათჳს ამის სოფლისაგან, ძონძი ეგე, რომელ გარე შეგირტყამს და არგანი, რომელ არს ჴელთა შენთა, რამეთუ არა დასაჯერებელითა დაჯერებულ ხარ საწუთროჲსა ამისგან, რომელსა აქებ და ესავ.
19. და უკუეთუ კეთილ არ[ს] სასოებაჲ ამის სოფლისაჲ, რაჲსა არა იღუწი თავისა შენისათჳს?
20. ხოლო უკუეთუ ამისთჳს დაებადნეს საშუებელნი ესე, რაჲთა მათ მიერ გუსუროდის დაუსრულებელისა მისთჳს საშუებელისა, რაჲთა გურწმენეს და აღვიღოთ საგზალი ამიერ სოფლით და სამკჳდროსა მას სოფელსა ეგრეთ მივიწინეთ [დ]ამბადებელისა და ღმრთისა ჩუენისა, [ჩანს],
21. რამეთუ უჯეროჲ საშჯელი სწამე, რამეთუ არა იცი, ვისთჳს აჭირვებ თავსა შენსა და ვისა მიხუალ და ვის ესავ მოგებად შრომათათჳს შენთა, უკუეთუ მუნი სასოებაჲ არა გაქუს და არცა რაჲ სოფლისა ამისგან.
22. და ვითარ ესმნეს თედმას სიტყუანი ესე იოდასაფისნი, დადუმნა მყოვარ ჟამ და განიზრახვიდა გულსა შინა თჳსსა სიტყუათა მათთჳს მეფისა იოდასაფისთა და არარას ჰპოებდა, რაჲმცა მიუგო.
23. და მერმე მიუგო და ჰრქუა მას: სიტყჳთა მაგით შენითა განაწონე გული ჩემი, რამეთუ ვითარცა მახჳლმან განვლო სული ჩემი, და აწ მნებავს, რაჲთა (მო)აცალნე სასმენელნი შენნი სმენად ჩემდა და განკითხვად უგანცხადებულესადრე საქმისა ამისთჳს.
24. ჰრქუა მეფემან იოდასაფ: აჰა ესერა მზა ვარ სასმენელითა და გონებითა სიტყჳს-ყოფად შენ თანა.
25. აწ იკითხე, რომლისათჳსცა გნებავს.
26. მიუგო და ჰრქუა თედმა: უკუეთუ კერპნი ესე, რომელთა ჩუენ ვჰმონებთ, არა არიან ღმერთ, ვინ უკუე არს ღმერთი შენი?
27. ჰრქუა მას იოდასაფ: ღმერთი ჩემი არს მამაჲ უფლისა ჩემისა იესუჲს ქრისტესი, დამბადებელი ცისა და ქუეყანისაჲ და ყოვლისაჲვე, რომელი დამკჳდრებულ არს მათ შორის სულიერნი და გუამნი.
28. ჰრქუა თედმა: და ვინაჲ უწყი, თუ ცაჲ და ქუეყანაჲ დაბადებულნი არიან?
29. ჰრქუა მას იოდასაფ: ამის გამო უწყი, რამეთუ სახე და ნიშანი შესაქმისა მათისაჲ წამებს, რამეთუ შექმნულ არიან, რამეთუ გონებასა შინა საცნაურ არს,
30. ვითარმედ არა არიან იგინი თჳნიერ ანუ შეერთებულნი, ანუ განყოფილნი, ანუ იძრვისნი, ანუ მდგომარენი და ვჰხედავთ, ვითარმედ ყოველნი დაბადებულნი მოიყვანებიან შეერთება[სა], [ვიდრემდის] განთჳსებით, ძრვით გინა დაყუდებით.
31. ამის გამო ვცან, რამეთუ ვითარცა ესენი, ეგრეცა იგინი არიან, რ~ ვერ ჴელ-ეწიფების, თუმცა რასა ჰმატის დიდებითა სხუათა დაბადებულთა.
32. ჰრქუა თედმა: ვინაჲ დაამტკიცებ მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა, შენ არა გიხილვან?
33. ჰრქუა მას იოდასაფ: ამით დავამტკიცებ, რამეთუ ყოველთა ადგილთა შეიწყნარნეს იგინი განშორებულთა ურთიერთას და მეფეთა დაწვალებულთა, რომელნი მტერ იყვნეს ურთიერთას, რომელთა შორის არა იყო შეთქმულებაჲ,
34. რომელნი მე არა მიხილვან და ჰამბავთაგან დაუწყუედელთა და განუქარვებელთა, რომელთა შინა ვერ ეგების შეთქუმულებაჲ სიშორისაგან ადგილთაჲსა,
35. რამეთუ აღმოსავალით და დასავალით, სამხრით და ჩრდილოჲთ იდიდების მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ და წმიდაჲ შჯული მისი, რომელი ქადაგეს წმიდათა და (რჩეულ)თა მისთა მოციქულთა.
36. უკუეთუ არა(ვინაჲ) უკუე შესაძლებელ არს შეთქუმულებაჲ შორის მათსა?!
37. მიუგო და ჰრქუა თედმა: და ვინაჲ უწყი, თუ ჭეშმარიტსა იტყჳან წინაწარმეტყუელნი, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოვლინებულ არიან?
38. ჰრქუა მეფემან იოდასაფ: ამის გამო უწყი, ვითარმედ ჭეშმარიტსა იტყჳან, რამეთუ აჩუენეს სოფელსა შინა ნიშები და სასწაულები, რომელი ვერვის დაბადებულთაგანსა ჴელ-ეწიფების ეგევითარისა ძალისა ჩუენებად,
39. რამეთუ ძალითა ღმრთისაჲთა იქმოდეს, რაჲთა ჰრწმენეს სოფელსა და ცნან ყოველთა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სარწმუნოებაჲ მათი და ვითარმედ იგინი არიან რჩეულნი მისნი შორის ყოველთა თესლთა.
40. და განაგრძო თედმა გამოძიებაჲ და კითხვაჲ იოდასაფისგან წინაშე მამისა მისისა, ვიდრემდის იცნა და ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ვითარმედ: ჭეშმარიტსა [იტყჳს] [და თქუენ] ცუდსა შრომასა აღასრულებთ კერპთა მიმართ.
41. მაშინ აღიარა ჴმითა მაღლითა თედმა და თქუა: არავინ არს ღმერთ ქუეყანასა ზედა, გარნა მამაჲ მხოლოჲ და ძე მისი მხოლოდ შობილი და ყოვლად წმიდაჲ სული, თანაარსი, ღმერთი სამგუამოვანი, ერთარსი, დამბადებელი ცათაჲ და ქუეყანისაჲ.
42. და ყოველი წესი ქრისტეანობისაჲ აღიარა და ჰრწმენა და შეიწყნარა წმიდაჲ ნათლის-ღებაჲ, და მიერითგან იწყო დამარხვად მცნებათა ქრისტესთა და გულს-მოდგინედ ევედრებოდა ღმერთსა და ადიდებდა სახელსა მისსა.
62
1. 63. ხოლო ჰებენას მეფე ფრიად გულ-პყრობილ იქმნა სიმართლისათჳს, რომელი შეიწყნარა ძისაგან თჳსისა, და სათნოჲ სინანული აჩუენა პირველთა მათ უკეთურებათა მისთათჳს, ხოლო რაჟამს მოიწია აღსასრული მისი, ფრიად შეშინდა და მოუჴდა ძწოლაჲ, და შიში დიდი დაეცა მას ზედა.
2. [მ]აშ[ინ] ჰრქუა იოდასაფ: ჵ მამაო, რომელი საქმისა ამის სოფლისათჳს შეძრწუნებულ ხარ, უკუეთუ ესე[ვ]დ, რაჲთა დაადგრე სოფელსა შინა უკუნისამდე, ესე არავის ჴელეწიფების.
3. ანუ გთნავსა, რაჲთა მოიწიო საზომსა სიბერისასა გარდარეულსა, რომელსა შინა მრავალნი უშუერნი სენნი და [ძ]რწოლაჲ თავისაჲ და ჴელთაჲ მოგიჴდეს, რამეთუ არარაჲ საწადელი ჰრთავს ესევითარსა ცხორებასა?
4. ანუ ჰგონებ-მეა, თუ ახალი სიჭაბუკე და ცხორებაჲ მომავალი მოგეცეს კუალად გარეშე ამისსა, რომელსა თანა წარსრულ ხარ?
5. ესეცა ვერ შესაძლებელ არს კაცთა მიერ ყოფად.
6. ანუ-მე ვერ გულ-პყრობილ ხარ მოწყალებათა მიმართ უფლისათა და გიძნავს მისლვაჲ წოდებასა მისსა, რომლითა რისხვასა მოატყუებ თავსა შენსა?
7. აწ მადლობით ჯერ-არს შეწყნარებაჲ მოვლინებულსა წოდებასა ღმრთისა მიერსა, რამეთუ პირველითგანვე უწყი, ვითარმედ მოკუდავ ხარ ამიერ სოფლით, ვითარცა-იგი პირველ შენსა ყოფილნი ყოველნი მამანი შენნი.
8. მიუგო ჰებენას მეფემან და ჰრქუა იოდასაფს: არა, შვილო ჩემო, არა ამათ მიზეზთათჳს შეწუხებულ არს სული ჩემი, ვითარ-ეგე შენ სთქუ,
9. არამედ ბუნებით თანა-აც ყოველსა სულსა მწუხარებაჲ განშორებისათჳს ჴორცთაჲსა და დატევებისათჳს ამის აერისა და ნათლისა, და მისლვად ადგილად უცხოდ და იწროდ, სადა-იგი არა ვიცი, ვითარსა იწროებასა მიმთხუევად არს სული ჩემი,
10. რამეთუ მე ფრიად განვარისხე ღმერთი შემოქმედი ჩემი და მრავალნი მოსაჯულნი წარვავლინენ წინა ჩემსა, რომელნი შურის-გებასა ითხოვენ ღმრთისაგან ჩემ ზედა.
11. და ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა ვჰგმობდი ღმერთსა და ვაქებდი კერპთა.
12. არცა მსაჯული მოვიმადლე და ვერცა მოსაჯული დავაჯერე.
13. ვინაჲ მაქუნდეს ნუგეშინის-ცემაჲ თავისა ჩემისათჳს წინაშე ქრისტესა!
14. რამეთუ ჟამიცა შეწყნარებისაჲ შემოკლდა ჩემ ზედა და ვერარაჲ ღირსი სინანული ვაჩუენე ღმერთსა.
15. მიუგო ნეტარმან იოდასაფ და ჰრქუა მამასა თჳსსა: ნუ ჰზრუნავ, მეფე, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მიხუალ მეუფისა სახიერისა და მრავალ მოწყალისა, რომელმან-იგი მეათერთმეტისა ჟამისათა სწორად მისცა სასყიდელი მათი პირველთა მათ თანა,
16. მანვე შეიწყნაროს დაგებაჲ ესე შენი უკუანაჲსკნელსა ცხორებისა შენისასა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოწყალებათა შინა ღმრთისათა და არცა კაცთაებრ შჯის თავადი იგი, რამეთუ მოწყალებანი მისნი დასწონენ სოფელსა ამას სავსესა ცოდვითა.
17. შენ ვითარ დააკნინებ, რამეთუ სხუაჲ არს ზრახვაჲ უფლისაჲ და სხუაჲ არს კაც[თაჲ].
18. და მერმე არა სწორავს ნათელი ესე ამის ოფლისაჲ და აერი ესე საწადელი კაცთაჲ ნათელსა პირისა მისისასა და აერსა დიდებისა მისისასა, რომელსა ღირს იქმნებიან მორწმუნენი სასუმელისა მაგის შესუმისა შემდგომად, რომლისაგან შენ შეძრწუნებულ ხარ,
19. რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების შემოსად სამოსად სამოსელი იგი უხრწნელებისაჲ, ვიდრე არა შევარდეს ხრწნილებასა ჴორცთასა.
20. და ესრე სახედ იწროება უჩნს სულსა მართალსა აქაჲ ესე ცხორებაჲ მერმისა მის თანა დიდებისა, ვითარცა ყრმამან რაჲ დაუტევის სიიწრე საშოჲსაჲ და იხილის ფართოებაჲ და ნათელი სოფლისაჲ.
21. და აწ ნუ ჰზრუნავ და იტყჳ, ვითარმედ მრავლითა საქმითა ფრიად შევსცოდე ღმერთსა და ვინანე მცირედ, უწყოდე, რამეთუ მცირედი სინანული დასძლევს წინაშე ღმრთისა მრავალთა და დიდთა შეცოდებათა,
22. რამეთუ განზავის იგი მოწყალებითა თჳს[ი]თა და განამრავლის ნაყოფი მისი და უხარინ სულსა ფრიად.
23. მაშინ გულს-მოდგინე იქმნა ჰებენას მეფე და განიხარა სიტყჳთა მისითა, და ელხინა სულისა მისგან მაურვებელისა, და ჰრქუა იოდასაფს: მოგაგენ უფალმან, შვილო ჩემო, უმეტესი მისაგებელი კეთილისაჲ უფროჲს სასოებისა შენისა,
24. რამეთუ წარწყმედულ ვიყავ და მომიძიე, განწირულ ვიყავ და მიჴსენ, მტერ ვიყავ და დამაგე ღმერთსა, მომწყდარ ვიყავ და მაცხოვნე.
25. აწ გამცნებ, შვილო ჩემო, რაჲთა კეთილად ხჳდოდი წინაშე ღმრთისა და მოშიშებით აღასრულნე დღენი შენნი, და ნუ შეგაქცევნ დიდებაჲ მეფობისაჲ სიყუარულისაგან ქრისტესისა, რამეთუ ყოველი ესე ხილული აჩრდილ და წარმავალ არს, ხოლო შენ მარადღე ეძიებდ უხილავსა მას.
26. და იხილე აწ, თუ სადა არს საშინელი იგი მეფობაჲ ჩემი და სიმრავლე ერისაჲ და სიმჴნე იგი ახოვანთა მჴედართა ჩემთაჲ, ანუ აურაცხელნი იგი საფასენი ჩემნი, რომელ შევკრიბენ, რაჲთამცა მოვიდეს და მიჴსნეს მე დღეს წარმყვანებელისაგან ჩემისა.
27. აწ მეცა გამცნებ, შვილო ჩემო, ვითარ-იგი პირველ მამცნებდი მე, და გამხილებ, ვითარ-იგი შენ მამხილებდი, რაჲთა შეურაცხ-ჰყო სოფელი ესე და ყოველი დიდებაჲ მისი, და ღმერთი მხოლოჲ მოიპოვო,
28. რამეთუ უმჯობეს არს თავადი იგი, ვიდრე სოფელი ესე სავსებითურთ თჳსით, ხოლო ლოცვასამცა შენსა ჴსენებულ ვარ, შვილო ჩემო.
29. და [ვითარცა] წარასრულნა ჰებენას მეფემან სიტყუანი ესე, ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და აღმოუტევა სული.
63
1. 64. და წარიღო იოდასაფ გუამი მისი და დადვა გუამთა თანა მორწმუნეთასა არა დიდებით, ვითარცა მეფეთაჲ, არამედ ლიტონად, ვითარცა სხუათა კაცთაჲ.
2. მაშინ იოდასაფ აღიპყრნა ჴელნი და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად მიმართ და თქუა:
3. გადიდებ და გმადლობ შენ, ღმერთო და მამაო უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუჲს ქრისტესო, მეუფეო დიდებისაო, დიდო და ძლიერო, მიუწდომელო და გამოუკულეველო, უხილავო და გამოუთქუმელო და გარე-შემოუწერელო, დამბადებელო ყოვლისაო,
4. რომელმან არა ჴუებულ ჰყავ სული ჩემი და მოაქციე მონაჲ ესე შენი შეცთომილი, რომელმან ჟამსა ამას უკანაჲსკნელსა გიცნა შენ, ღმერთი მაღალი, და აღიარა ძე შენი უწინარეს საუკუნეთა შობილი და ყოვლად წმიდაჲ სული შენი, და ჰრწმენა მას სამწმიდაარსობაჲ შენი.
5. ღირს ყავ იგი ნათელსა პირისა შენისასა და ადგილსა განსასუენებელსა სუფევისა შენისასა ყოველთა თანა წმიდათა შენთა, რომელთა ყვეს ნებაჲ შენი.
6. და ნუ მოიჴსენებ უშჯულოებათა მისთა პირველთა, არამედ მოწყალებითა შენითა და მრავლითა სახიერებითა შენითა შეუნდვენ შეცოდებანი მისნი და თანანადები, რომელი თანა-აც უღმრთოებისა მისისათჳს, მიჰმადლე მას, და წმიდათა მათგან და რჩეულთა მონათა შენთაგან იჴსენ,
7. რომელნი-იგი ცეცხლითა და მახჳლითა აღასრულნა, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც და ყოველივე შენ მიერ შესაძლებელ არს, გარნა ხოლო არა ძალ-გიც უწყალოებაჲ, რომელნი ცრემლით და სულთქუმით ითხოვდენ შენგან.
8. ამას და მრავალსა ესევითარსა ვედრებასა შესწირვიდა ღმრთისა ცრემლითა მამისათჳს მისისა.
9. და მერმე დავარდა პირსა ზედა თჳსსა და დასხნა ჴელნი სამარესა ზედა მამისა თჳსისასა და თქუა: ქრისტე ღმერთო, რომელმან დაჰბადე მშობელი ესე ჩემი უწინარეს ჩემსა, და მე დამბადე წყვილთა შინა მისთა,
10. და მახარე თანა-ყოფითა მისითა, ვიდრემდის გინდა, და შემაწუხე განშორებითა მისითა, ოდეს ინებე.
11. აწ, უფალო, იყავ ამის თანა ნუგეშინის-მცემელ უცხოებასა შინა მისსა, და იყავ მცველ და მფარველ შემდგომად მისა ჩემდა.
12. და მიმიძეღუ უმჯობესსა ნებასა შენსა, ვითარცა სეხიერ ხარ და კეთილის მყოფელ.
13. და დაადგრა მუნ ვიდრე მეშჳდედ დღემდე და ლოცვასა ჰყოფდა მისთჳს.
14. და იწყო უწყალოდ ჴელისა შეხებაჲ საფასეთაჲ და მისცემდა გლახაკთა და უღონოთა და სნეულთა.
64
1. 65. და დღესა მერვესა გამოვიდა და ჯდა ერსა შორის ჩუეულებისაებრ თჳსისა და ყოველნი წარჩინებულნი მისნი მის თანა, და თქუა: აჰა ესერა შეისუენა აბენესე მეფემან, მამამან ჩემმან, ვითარცა ერთმან გლახაკთაგანმან,
2. და ვერვეს ჴელ-ეწიფა შეწევნად და ჴსნად მისა, ვერცა მე და ვერცა თქუენ.
3. და დღე ესე ყოველთა ზედა მოიწევის და თქუენ უწყით, რაჲ იგი იყო წადიერებაჲ ჩემი პირველითგანვე, არამედ ვერ წინა-აღუდეგ მამასა ჩემსა.
4. და აწ არღარა მაქუს მიზეზი წინაშე ღმრთისა აღთქუმისათჳს ჩემისა, რაჲთა შევერთო რიცხუსა მონაზონთასა და თავს-ვიდვა ცხორებაჲ მათი.
5. ხოლო თქუენ გამოირჩიეთ თავისა თქუენისათჳს მეფე, რომელი გიძღოდის ნებასა შინა ღმრთისასა.
6. და დღეს არცაღა ვინ არს მაცილობელ ჭეშმარიტებისა მადლითა ღმრთისაჲთა და ამას ყოველნი მეცნიერ ხართ.
7. ხოლო ერსა მას ვითარცა ესმა ესე, ყოველნივე იგი აღდგეს და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა: ნუ იყოფინ ეგე, მეფე, და ნუცა ასმენ სასმენელთა ჩუენთა ეგევითარსა მაგას, რამეთუ ვიდრე ჩუენ ყოველნი არა მოვსწყდეთ, არა იყოს ესე.
8. და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი, ვიდრემდე შფოთიცა აღდგებოდა ქალაქსა შინა ჴმისაგან მათისა.
9. ხოლო იოდასაფ ვითარცა იხილა, ვითარმედ არა ნება-სცემენ, ღონისძიებით ფარულად განიზრახა განსლვაჲ.
10. და მოიყვანა კაცი იგი, რომელი პირველად მოვიჴსენეთ, რომელი შეწევნად განმზადებულ იყო ბალაჰვარისა დღესა მას, რაჟამს იგი მეფე სიტყუა-უგებდა ნაქორს, რომელი-იგი საგონებელ იყო, ვითარმედ ბალაჰვარ არს იგი.
11. რამეთუ კაცი ესე იყო ნათესავი მათი სახლისაგან სამეუფოჲსა და სახელი მისი ბარაქია, და ჰრქუა მას: ყოველი კაცი დღისა ჭირისათჳს მოიგის კაცმან, და შენ ნათესავი ჩემი ხარ, და მე გაუწყებ საქმესა ჩემსა და საიდუმლოსა და საქმესაცა დიდსა მოგატყუებ, უფალსა თუ უნდეს.
12. აწ მიიღე ჴელით წერილი ჩემგან ერისა მიმართ და მთავართა ჩუენთა მეფობისათჳს შენისა, და მე განვიდე ძმათა ჩემთა თანა და მათ თანა ვჰმონებდე ქრისტესა ღმერთსა.
13. და უკუეთუ არა ჰყო ესე შენ ჩემ თანა, არა იყო ნათესავი ჩემი.
14. მიუგო ბარაქია და ჰრქუა მას: არა მართალი ჰსაჯე, მეფე, რამეთუ წერილ არს: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
15. ხოლო შენ აღირჩიე უმჯობესი თავისა შენისაჲ და ჩემი გნებავს წარწყმედაჲ.
16. და უკუეთუ კეთილ არს მეფობაჲ, რაჲსა არა დაადგრები შენ?
17. რამეთუ ვითარცა შვილი რაჲ წარსტირნ დედასა, ეგრეთ ტირან წინაშე შენსა ყოველნი სამწყსონი შენნი.
18. ხოლო უკუეთუ უმჯობეს არს დატევებაჲ მისი და ძიებაჲ საუკუნოჲსაჲ, რაჲსა აღირჩევ თავისა შენისასა და შთამაგდებ მე წარსაწყმედელსა, და წარწყმედითა ჩემითა გნებავს ცხორებაჲ შენი?!
19. არამედ ორნივე გუალე და წარვიდეთ!
65
1. 66. ხოლო იოდასაფს ვითარცა ესმნეს სიტყუანი ბარაქიაჲსნი, ემხილა სამართალი საშჯელი მის მიერ და არღარაჲ მიუგო, და აღდგა ღამესა ერთსა და წარვიდა, და ჴელით წერილი დაუტევა საგებელთა თჳსთა ზედა ერისა მიმართ,
2. რომელსა შინა წერილ იყო, ვითარმედ: ბარაქია ღირს არს მეფედ, იგი დაადგინეთ.
3. და ამის ჯერისათჳს ყო ესე, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის მეფობასა ზედა.
4. ხოლო ბარაქია იგრძნა, რაჲ-იგი ეგულებოდა იოდასაფს ყოფად, ოდეს-იგი არღარა მისცა პასუხი სიტყჳსა მისისაჲ, განვიდა და შეიკრიბნა მთავარ[ნი] და შერაცხილნი და უთხრა, რაჲ-იგი ჰრქუა იოდასაფ.
5. და ამხილა, ვითარმედ ეგულების იდუმალ წარსლვაჲ.
6. ხოლო იგინი მსწრაფლ აღდგეს და დევნა-უყვეს მრავალთა გზათა.
7. და პოვეს ნეტარი იგი ერთსა შინა ჴევსა, რამეთუ განეპყრნეს ჴელნი თჳსნი ჯუარის სახედ და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ.
8. და ვითარცა იხილნა მიმავალნი მის ზედა, ჰრქუა მათ: რაჲსათჳს აშრომებთ თავთა თქუენთა, და მე არღარა ვარ ამიერითგან მეფე თქუენი.
9. ხოლო კაცთა მათ შეაქციეს იგი არა ნეფსით, არამედ ტირილითა, და დაალტობდეს ცრემლითა ფერჴთა მისთა.
10. და ვითარ მოიყვანეს ქალაქად თჳსად, მაშინ შემოკრბა ყოველი ერი, დიდითგან ვიდრე მცირემდე, და დედებიცა და ყრმებიცა, და გარე მოადგეს მას და ევედრებოდეს ტირილითა და ეტყოდეს: სისხლნი ჩუენნი შენგან იძიენ (ღმერთმან).
11. და უკუეთუ არა დაადგრე ჩუენ თანა, კუალად აღვჰმართნეთ კერპნი, და შენ მიეც სიტყუაჲ ღმერთსა.
12. ხოლო იოდასაფ ჰრქუა მათ: ქრისტემან, რომელმან გიჴსნა მწუხარებისაგან უგუნურებისა და გიჩუენა ნათელი ჭეშმარიტი ღმრთის მეცნიერებისაჲ, მანვე იღუაწოს დამტკიცებაჲ თქუენი, ხოლო მე გიჩუენე, რაჲ-იგი ჯერ-არს, და თქუენ შეიწყნარეთ და ნაყოფი შრომისა ჩემისაჲ გიჭამიეს.
13. ამიერითგან არღარაჲ თანა-მაც სიტყჳსაებრ წმიდისა პავლე მოციქულისა, რამეთუ სრბაჲ ჩემი აღმისრულებიეს, და აწ მოცალებაჲ ჯერ-არს ჩემდა.
14. და გაგრძვეს საქმე ესე ვიდრე მეშჳდედ დღედმდე.
15. მერმე ფიცით იწყო იოდასაფ, ვითარმედ არა დაადგრეს, არამედ განვიდეს უდაბნოდ.
16. ხოლო ერსა მას ვითარცა ესმა ფიცი მისი, ცნეს, რამეთუ არღარაჲ ერგების, რამეთუ იცოდეს დამტკიცებაჲ მისი, უკუეთუ რაჲმე აღუთქჳს.
17. მაშინ ტირილით ყოველნი იგი მოვიდოდეს და შეუვრდებოდეს ფერჴთა მისთა და ამბორს-უყოფდეს და ჰკითხეს მეფობისათჳს.
18. ხოლო მან ჰრქუა მათ: ბარაქია ჯერ-არს მეფედ თქუენდა.
19. ხოლო ბარაქია იწყო ტირილად და არა უნდა ყოფად ესე, არამედ ვერღარა შემძლებელ იყო წინააღდგომად ერისა და უფროჲსღა იოდასაფისა.
20. ხოლო იოდასაფ მოიღო ბეჭედი იგი სამეფოჲ და შეაცუა ჴელსა ბარაქიაჲსსა.
21. და აღიხილნა თუალნი ზეცად წინაშე ყოვლისა ერისა და თქუა: შენ, უფალო იესუ ქრისტე, რომელი გარდამოჰჴედ წიაღთაგან მამისათა განუშორებელად და კაც იქმენ ჩუენ კაცთათჳს, და ხატი მონებისაჲ შეიმოსე უქორწინებელისაგან სძლისა
22. და ჲხსნენ კაცნი მონებისაგან ეშმაკისა, გაქებ და გადიდებ შენ, უფალო კაცთ მოყუარეო, ვითარცა მიჴსენ მე, მონაჲ ესე შენი უღირსი, და მომეც მე გულისჴმის-ყოფაჲ ცნობისა შენისაჲ და არა ნაკლულევან ჰყავ სული ჩემი სიხარულისაგან მოქცევისათჳს მამისა ჩემისა
23. და მომეც ძალი, რომლითა იდიდების სახელი წმიდაჲ შენი, აწცა აჩუენე კაცთმოყუარებაჲ შენი და შეეწიე ბარაქიას, ძმასა ამას ჩემსა, რაითა ღირსად და სათნოდ ვიდოდის წინაშე შენსა, და რაითა სიყუარულითა შენითა ვიდოდის წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა.
24. ესევითარი ვედრებაჲ განამრავლა ღმრთისა მიმართ და ჴელნი მისნი დაესხნეს მჴართა ზედა ბარაქიაჲსთა.
25. და მერმე მიექცა და ჰრქუა ბარაქიას: აჰა ესერა გამცნებ ბარაქია და მიგცემ აღთქუმასა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა, ნუმცა ბრალეულ ვარ საქმითა შენითა,
26. რამეთუ ვითარცა უწინარეს ჩემსა იცან ღმერთი და ჰმონებდი მას სულითა მით უსიტყუელითა, აწცა უფროჲს ჩემსა იღუაწე, რაჲთა აჩუენო ღმერთსა სათნოებაჲ შენი სრული.
27. ნუ ვისთჳს ძჳრსა იჴსენებ, ნუცა ავლინებ სიტყუათა შენთა, გარნა საღმრთოთა მიმართ ზრუნვათა;
28. ნუცა ჰყვები ჟამთა ქცეულებასა, ნუცა განაპებ შჯულსა ქრისტესსა, ნუმცა წარიტყუენვის გონებაჲ შენი სიმაღლითა საყდართა შენთაჲთა, ნუცა ვის ესავ შემწედ შენდა, გარნა მხოლოსა ღმერთსა.
29. ნუ აჰმაღლდები, უკუეთუ მოიღო ღმრთისაგან საწადელი შენი, ნუცა განჰმარტებ ჴელსა შენსა გულის-თქუმითა, რომელი არა შენი იყოს.
30. ნუცა მოუძლურდები საწადელსა შინა ღმრთისასა, ნუცა განჰბჭობ რას თჳნიერ სამართლისა საშჯელისა, ნუცა მიიღებ ძღუენსა უსამართლოსა ზედა ბჭობასა, [ნუ] დაჰჴსნი უკეთურთა, თუ ვინმე მოიქცეოდიან მძიმითა უღლითა.
31. ნუცა დაამონებ გონებასა შენთა ჴორცთა შენთა, ნუ უტეობ ენასა შენსა თჳნიერ ხრატუკისა, ნუცა განიხარებ ჭირსა ზედა მტერისასა, დაღაცათუ იყოს იგი უკეთურ.
32. ნუცამცა განცოფნების გონებაჲ შენი რისხვასა შინა შენსა.
33. ნუ ვის მიჰხედავ თუალითა ზაკულითა, ნუცა ვის მოიძულებ თჳნიერ სამართლისა.
34. ნუცა ვის ბოროტსა მიაგებ თავისა შენისათჳს, გარნა შურისათჳს საღმრთოჲსა.
35. ნუცა ცარიელსა მიაქცევ გლახაკსა კარისაგან შენისა.
36. ნუ განუტეობ გონებასა წყურიელსა სიტყჳთა ზეგარდამოჲთა.
37. ამას გამცნებ წინაშე ღმრთისა, უკუეთუ დაიმარხო, სცხონდე, და უკუეთუ თანა-წარჰჴდე, ღმერთი იყავნ მიმჴდელ აღნათქუემისა შენისა.
38. ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა განგიხილოს უფროჲს ძალისა შენისა და მერმე ჰრქუა: იყავნ ღმერთი უფალი იესუ ქრისტე დასაბამ ყოვლისა საქმისა შენისა და იგივე დასასრულ.
39. გამოიცადე ყოველი და გამოირჩიე უმჯობესი.
40. ბოროტ არს სიგლახაკე უთმინოებით და უბოროტეს არს სიმდიდრე განლაღებით.
41. ეძიებდი კეთილსა ღმრთისაგან, რამეთუ იგი თავადი არს ყოვლადვე კეთილი.
42. კრულ ყავ ყოველი გუამი შენი და მოიკრძალე შიშითა ღმრთისაჲთა.
43. აღჳრ-ასხენ გულის-თქუმასა შენსა, რაჲთა არა გარეშე გონებისა განჰვარდე.
44. იყავნ მეცნიერებაჲ შენი გონიერებით, რაჲთა არა შთაჰვარდე სილა(ღე)სა, იყავნ სწავლულებაჲ შენი სანთელ ცხორებისა შენისა და ნუ ჰგონებ თავსა შენსა თჳნიერ, რაჲ-იგი ხარ.
45. [გ]ანიხილე ყოველი და იქმოდე, რომელი-იგი ჯერ-არს.
46. უცხოდ ჰხედევდ თავსა შენსა და უცხოთა შეიწყნარებდი.
47. მოიახლე საჯდომი მოშიშთა ღმრთისათაჲ და განეშორე საჯდომელსა უშჯულოთასა.
48. ნუ იხარებ ჭირსა ზედა მოყუსისასა, ნუკუე მოშურნე და მომცხრომელ იპოვო, და უფროჲსღა წარიწირე თავი თჳსი ღმრთისათჳს, ვიდრე სიკუდილამდე.
49. უკუეთუ ესე დაიმარხო, აცხოვნო თავი შენი და ერი შენი, და ვითარცა მსხუერპლნი სულიერნი მიუპყრენ იგინი ღმერთსა და იგი თავად ქრისტე მზრუნველ და განმგებელ გექმნეს ყოველთა ზედა საქმეთა შენთა.
50. უკუეთუ იცი, ვითარმედ უცოდველ ხარ წინაშე ღმრთისა, ნუ შეუნდობ შეცოდებასა კაცთასა;
51. ხოლო უკუეთუ კულა იცი, ვითარმედ განიკითხვი, შენცა თანა-გაც მიტევებაჲ.
52. ვითარცა ვაჭარმან ახლად მომცემელმან წარიძძღუანე მოწყალებაჲ, რამეთუ ღმერთი მოწყალებისა წილ მოწყალებასა მიაგებს.
53. არავის მიეცემის უფროჲს, რომელი-იგი გონებასა აქუს, და შენვე რას შემძლებელ ხარ წარძღუანებად უფროჲს მოწყალებისა!
54. ამისთჳს მისცემდ გლახაკსა მისაცემელსა.
55. იყავნ სოფელი ესე სავაჭრო შენდა და უკუეთუ ჰვაჭრობდე, შეიძინო, რამეთუ მცირედ მისცემ და ფრიად გამოგაქუს, წარმავალსა წარაგებ და წარუვალსა მოიგებ.
56. ხოლო უკუეთუ აქა არა იღუაწო, თანა-წარჰვალ სავაჭროსა, რამეთუ წარმატებაჲ კეთილისაჲ უმჯობეს არს, ვიდრე დაკლებაჲ მისი.
57. ამაღლდებოდე გონებითა და ნუ გულის სიტყჳთა, რამეთუ ერთი იგი აღამაღლებს ღმრთისა, ხოლო მეორე იგი დააკუეთებს ქუესკნელად, რამეთუ დაღაცათუ ვინმე ჰგონებდეს სრულ-ყოფასა, იგი ქუემოღა არს მცნებათა ქრისტესთა.
58. უმჯობეს არს სმენაჲ უშუერისაჲ, ვიდრეღა თჳთ იტყოდი.
59. ნუ მიენდვები დაყუდებით სლვასა ნავისა შენისასა, ვიდრემდის მიიწიო ნავთსადგურსა, რამეთუ მრავალთა დაექცა ნავი დაყუდებასა შინა და მრავალნი თანა-წარჰჴდეს მშჳდობით აღტეხასა ღელვათასა და საშინელთაგან ნიავ-ქართა.
60. ნუ გულპყრობილ იქმნები ფრიად და ნუცა სასო-წარკუეთილ იქმნები ფრიად.
61. განყიდე ყოველი მონაგები შენი და მოიყიდე ქრისტე ღმერთი უსასყიდლოჲ, რამეთუ მონაგები იგი მცირედ ჟამ შენი არს, ხოლო უკუეთუ ყოვლისა მიცემაჲ გიმძიმდეს, ზოგი მიეც.
62. მოჰპარე მღილსა და მპარავსა და მოვალე ყავ მით ღმერთი, რამეთუ უმეტესი მოგაგოს, კოტრითა და ნაძუელავითა მოიღე ქებაჲ ღმრთისაგან.
63. არავინ არს უდასტურეს კაცისა მთხოველისა, რამეთუ არავინ აქუს, გარ[ნ]ა ღმერთი, ამისთჳს მოიყიდე იგი წყალობითა.
64. ნუ გრცხუენოდენ, თუ ვინმე გრქუას: უკეთუროო, რამეთუ უმჯობეს არს, უკუეთუ თჳთ იყოს სახიერი, ვიდრე ძე იყოს სახიერისაჲ და თჳთ იყოს უკეთურ. ესე ვნება არს.
65. იყავ ყოვლისა კაცისათჳს და ყოვლისა ერისათჳს, ვითარცა გნებავს ყოფაჲ მათი შენთჳს;
66. ეკრძალე მეგობართა ცრუთა, რამეთუ იგი არს მეგობარი სარწმუნოჲ, რომელი არა ჭიქამან მოიგოს, არამედ გამოცდილებამან ჟამთა შინა, რომელი არა მას გეტყოდის, რომელი შენ გაშუნდეს, არამედ რომელი-იგი სულსა გერგებოდის შენდა ერსა შენსა.
67. ესევითარსა ნუ ვინ ესწორებინ შენ თანა, და სიყუარულისა მისისაჲ ნუმცა არს დასასრულ გულსა შინა შენსა, რამეთუ თქუმულ არს: სახარკოსა ხარკი, საზუერესა ზუერი და მოვალესა ფასი მისი.
68. ხოლო სიყუარულსა არა აქუს საზღვარი, რამეთუ თუალსა უჴმს თუალი, რომელი-იგი ყოველსავე ჰხედავს და თავსა თჳსსა ვერ ჰხედავს, ეგრეთვე ჴელსა – ჴელი და ფერჴსა – ფერჴი, და მეფესა უჴმს სარწმუნოჲ თანამზრახვალი.
69. ამისთჳს ყოველსავე შინა იჴუმიე განკითხვაჲ, ვითარცა-იგი მე განვიკითხე ბალაჰვარის მიერ, რამეთუ არარაჲ ჴორციელი მომცა მცნებაჲ, არამედ სულიერისა მიერ მცნებისა მომე(მადლა) [ღმრთ]ისაგან განგებაჲ ჴორციელიცა, ვითარცა-ესე ჰხედავ.
70. აწ ეგრეცა მე მიგცემ პირველად სულიერსა და მერმეღა მშუმინვიერსა.
71. ხოლო უკუეთუ სული იგი უშუერისა მაწუეველი მოიწიოს შენ ზედა, თქუ გონებასა შინა შენსა, ვითარმედ: ესე ყოველსა კაცსა უცნობიეს.
72. და მერმე თავისაგანცა შენისა გრცხუენოდ(ენ), რამეთუ არა ჴელ-ეწიფების მიქცევად გზისაგან სიმართლისა, გარნა თუ დასნეულებულ იყოს ვინმე სულითა დავიწყებისა ღმრთისაჲთა, ვიდრემდის კაცი ცოდავნ ცოდვასა საკურნებელად, შესაძლებელ არნ იგი ჴელოვნებითა მკურნალთაჲთა,
73. და განიკურნის შეწევნითა ზეგარდამოჲთა, ხოლო რაჟამს გარდაჰმატის სენმან წამალსა, ჯერ-არნ მოკუეთაჲ ასოჲსაჲ მის განრყუნილისაჲ და განგდებაჲ, ნუუკუე განეზაოს ტანსა და მოიწიოს სასიკუდინესა სულისასა.
74. ყოველი სული სუსტი და დაწუნებული მცირედ მორწმუნე ღმრთისა მიმართ შევარდის ურვასა და გულის სიტყუასა უჯეროსა, რამეთუ ვითარცა მღილი არა ეკუეთის ხესა მაგარსა, არამედ ლბილსა და [ჩ]ჩჳლსა;
75. ყოველსა რომელსა ჰსუროდის მერმეთა მიმართ [კე]თილთა, მას ესრეთ შეურაცხიეს ყოფაჲ ჴორცთა შინა, ვითარცა იწროსა დილეგსა.
76. ვერ ღირს ვიქმნეთ მოღებად ნიჭსა ღმრთისასა, უკუეთუ არა პირველად თავნი თჳსნი განვიწმიდნეთ, ვითარცა საკუმეველნი სულნელნი და ნელსაცხებელნი პატიოსანნი არავინ შთ[ა]ასხნის ჭურჭელსა ღნიოშსა.
77. მარხვაჲ ჭეშმარიტი იგი არს – განშორებაჲ ყოვლისაგან ბოროტისა და პყრობაჲ ენისაჲ და დაყუდებაჲ გულის წყრომისაჲ, მოთმენაჲ გულის-თქუმათაჲ, განყენებაჲ ენოვნებისაჲ და ტყუვილისა და ფიცისაგან სახელსა ღმრთისასა, და მოთმინებაჲ ყოვლისაგან ბიწისა,
78. რამეთუ მოთმინებაჲ ჴორცთა ნებისაჲ მოხუცებულებისა ჟამსა არა მოთმინებაჲ არს, და არცა საქებელ არს ბოროტისა დატევებაჲ, რომელი არა ნეფსით იყოს, არამედ რომელი წარჰმატებდეს კეთილსა შინა.
79. მსაჯული სიმართლისაჲ ჯერ-არს, რაითა ემსგავსოს მოისარსა, რომელმან უფროჲს ზომისა არა მოჰზიდნის მშჳლდსა, ნუუკუე გარდაავლოს განსა, და არცა უმცრო ზომისა, ნუუკუე დააკლდეს და ვერ მიაწინეს, და არცა მრუდად,
80. ნუუკუე აჰჴადოს გარე, არამედ ზომით ყვის და მართლ თუალი მიაყვანის, რაჲთა განემარჯოს მიმთხუევაჲ განისაჲ.
81. ვიცით წიგნთაგან, ვითარმედ სოფელსა ამას ზღუა ეწოდების, რამეთუ ცხორება-გულარძნილებაჲ მისი მსგავს არს ღელვა[თა] ზღჳსათა.
82. რამეთუ მონაგები და სიმდიდრე დაუდგრომელ არს და ეგრეთვე სიგლახაკე, არამედ ორნივე ცერსა ზედა დგანან გარდაქცევად, ვითარცა-იგი ზღუაჲ მსწრაფლ შეიცვალებს დაყუდებასა [აღ]ტეხითა ღელვათაჲთა და მას შინა გარდაიქცის დაყუდებადვე, ეგრეთვე არიან საქმენი ამის სოფლისანი.
83. ამით თანა გაც, რაჲთა იყო ვითარცა მენავე ბრძენი, რომელი არა მიენდვის დაყუდებასა ზღჳსასა და არცა მოუძლურდის აღშფოთებასა შინა მისსა და სასო-წარკუეთილ იქმნის.
84. ამას გამცნებ და შეგვედრებ შენ ღმერთსა, და მიგითუალავ, და ღმერთი მშჳდობისაჲ, მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუჲს ქრისტესი, გიძღოდენ ყოველსა ნებასა მისსა, და სული წმიდაჲ მოძღუარ და მასწავლელ გეყავნ, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
66
1. 67. და ვითარცა დაასრულნა სიტყუანი ესე სამ გზის სანატრელმან იოდასაფ, განვიდა მკჳრცხ და მოიბლარდნა სამოსელი იგი ძუელი, რომელი მოეღო ბალაჰვარისგან.
2. და ერი იგი მისდევდეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი, ვიდრე ღამედმდე, და გოდებდეს მწარედ ჴმითა მაღლითა, ვითარცა შვილნი მამასა თჳსსა.
3. და წარვიდა ნეტარი იოდასაფ ქუეყანასა სარანდიბისასა ძიებად წმიდისა ბალაჰვარისა.
4. და შემდგომად ორისა წლისა პოვა იგი ერთსა შინა მთათაგანსა და საბლარდნელი იგი, რომელი წარეღო იოდასაფისგან, იხილა მის ზედა.
5. და ვითარცა იხილა იგი, მიეგება და შეიტკბნეს ურთიერთარს და ამბორს-უყვეს ტირილით, და სიხარულითა დიდითა ადიდებდეს ღმერთსა.
6. და ჰკითხვიდა ბალაჰვარ, რაჲ-იგი გარდაჰჴდა მას ზედა.
7. ხოლო ნეტარმან იოდასაფ ყოველი იგი ყოფილი აუწყა მას, ვიდრე დასასრულადმდე.
8. და ჰმადლობდეს ღმერთსა სამებით ცნობილსა და ერთარსებით დიდებულსა, რომელმან ესევითარი ძლევაჲ მოანიჭა ორთავე, ვიდრემდე აცხოვნნეს თავნი თჳსნი და სხუანი ურიცხუნი.
67
1. 68. და შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია აღსასრული სანატრელისა ბალაჰვარისი.
2. და ვითარცა იხილა იოდასაფ მოწევნული სიკუდილი მის ზედა, იწყო ურვად და გულის სიტყუად, და სული მწუხარებისაჲ მოიწია მის ზედა და ჰრქუა მას: ჵ მამაო ბალაჰვარ, არა ჰყავ სრული სიყუარული ჩემ თანა,
3. რამეთუ შენ მიხუალ განსუენებად ჭირთაგან ამის სოფლისათა და მე დამიტევებ მარტოსა უცხოებასა და მწუხარებასა შინა დიდსა, და არა უწყი, ვითარ ჯერ-არს ცხორებაჲ ჩემი შემდგომად შენსა,
4. რამეთუ თხრობით ოდენ მესმინა შენგან ამის ცხორებისათჳს, არამედ საქმით არა თავს-მედვა და არცაღა მნებავს ცხორებაჲ შემდგომად შენსა.
5. მიუგო ყოვლად სანატრელმან წმიდამან ბალაჰვარ და ჰრქუა: ნუ გეშინინ იოდ[ას]აფ, რამეთუ ქრისტე ღმერთი შემწე არს შენდა.
6. ნუ მწუხარე ხარ განსლვისათჳს ჩემისა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ დავაკლდი წინამდებარეთაგან ცოდვათა.
7. გიხაროდენ იოდასაფ, რამეთუ ქუეყანაჲ განჰყიდე და ცანი მოიყიდენ;
8. გიხაროდენ იოდასაფ, რამეთუ ღირს იქმენ მადლსა მოციქულთასა;
9. გიხაროდენ იოდასაფ, რამეთუ მრავალნი გჳრგჳნნი მოიტაცენ მოწამებისა და მოღუაწებისანი მსგავსად შრომათა და მოთმინებათა შენთა.
10. არამედ ნუმცა მწუხარე იპოები ჟამსა ამას შეწყნარებისასა და ჭამასა ნაყოფისა დასხმულისა შენისასა.
11. ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან ნუგეშინის-გცეს და არა ჴუებულ გყოს ადრე ხილვისაგან ჩემისა.
12. და ამით აუწყა, ვითარმედ ახლოს არს ჟამიცა მისი.
13. და შეისუენა წმიდამან მამამან ბალაჰვარ და მივიდა წინაშე ქრისტესსა.
14. ხოლო იოდასაფ დადვა გუამი მისი შრომითა მონაზონებისაჲთა განკაფული ქრისტესთჳს ჴურელსა მას გამოკუეთილსა, რომელსა შინა იყოფვინ.
15. და შევარდა მწუხარებასა შინა დიდსა და მიეძინა მას ურვისა მისგან.
16. და იხილნა ჩუენებასა შინა კაცნი ვინმე ნათლისანი მომავალნი მისა.
17. და აქუნდა მათ სიმრავლე გჳრგჳნთა შემკობილთაჲ ანთრაკითა და თუალითა პატიოსნითა, რომელთა არა იყო რიცხჳ.
18. ხოლო ერთსა მათგანსა აქუნდეს გჳრგჳნნი ორნი, რომელნი უბრწყინვალეს იყვნეს უფროჲს კუერსა მზის თუალისასა.
19. და ეტყოდეს: ესენი შენდა, იოდასაფ, მრავალთა მათთჳს სულთა, რომელნი წარუდგინენ ღმერთსა.
20. და ჰრქუა, რომელსა-იგი აქუნდეს ორნი გჳრგჳნნი: ერთი ესე შენდა, იოდასაფ, ღუაწლისა მაგისთჳს, რომელი მოიღუაწე;
21. ხოლო ერთი ესე მამისა შენისათჳს, რამეთუ მოიქცა და შეინანა.
22. ხოლო იოდასაფ მწუხარებით ეტყოდა მათ: რაჲ სწორებაჲ არს, რომელმან შეინანოს ოდენ მოღუაწისა თანა?
23. მაშინ გამოუჩნდა ბალაჰვარ და ეტყოდა მას: მოიჴსენე, ძეო მეფისაო, რომელსა-იგი გეტყოდე, რამეთუ აწვე სამე განჰმსდიდრდი სიმდიდრითა მით, რამეთუ გშურს მამისათჳს შენისა.
24. და ვითარცა განიღჳძა ძილისაგან თჳსისა, განმტკიცებულ იქმნა სულითა.
68
1. 69. და შემდგომად მცირედისა ჟამისა შეისუენა იოდასაფცა, და მივიდა ქრისტესა ფრთოვან-ქმნული სულითა.
2. და იყო მახლობელად მათსა კაცი ვინმე წმიდათაგანი, და მოვიდა და დადვა გუამი მისი გუამსა თანა ბალაჰვარისსა;
3. და წარვიდა იგი ქუეყანად შოლაიტად და უთხრა ბარაქია მეფესა ყოველი იგი, რაჲცა იხილა.
4. ხოლო მეფე იგი აღდგა ერითა დიდითა მთავართა მისთა თანა და მოვიდა ადგილსა მას და მოიხუნა გუამნი იგი ორთავე მათ წმიდათანი, და დაჰკრძალნა ლუსკუმათა შინა ოქრო-შეძერწულთა.
5. და დადგნა იგინი წმიდასა შინა ეკლესიასა თაყუანის-საცემელსა წმიდისა სამებისასა, და ადიდნა იგინი ყოვლითა დიდებითა.
6. და მრავალნი უძლურნი სენთაგან ბოროტთა განთავისუფლდებოდეს მათ მიერ და ყოვლადვე იქმან სასწაულთა.
7. და იხილეს ესე მეფემან და ყოველმან ერმან და ადიდებდეს ქრისტესა ღმერთსა, რომელმან ყოველივე ადვილად განუმარჯჳს მოყუარეთა მისთა,
8. რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ და პატივი, მადლობაჲ და თაყუანის-ცემაჲ თანა დაუსაბამოჲთ მამით და ცხოველს მყოფელით სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.