1

     1.     წიგნი მეორე
    2.     პანტაგრუელი, დიფსოდთა, ანუ წყურვეულთა მეუფე, უტყუვრად წარმოჩენილი მთელი თავისი შესაზარი მექმეობითა და საგმირო ღვაწლითა აღნაქვსი აწ განსვენებულ მაგისტრ ალკოფრიბასისა კვინტესენციისა გამომხდელისა
    3.     ათტაეპედი. მეტრ ჰიუგ სალელისა
    4.     ძღვნად ამა წიგნისა მთხზველსა
    5.     უკეთუ შესხმის ღირსია მთხზველი, ვინ საამოვნოს დაამყნო მარგი, მკითხველმა უნდა ქება თქვას შენი, რადგანც უცხო რამ ხუმრობის ქარგით წიგნად აასხი ამბავი ძველი, რაიც იმოდენ სიმართლეს იტევს, თითქოს უბნობდეს თვით დემოკრიტე, ვისი სიცილიც ბევრს აცახცახებს.
    6.     დაე, დღეს წიგნსა დაადონ კლიტე, ხვალ მოარგებენ სხვანი გასაღებს.


2

    1.     ამა წიგნისა მომღვაწებლისგან
    2.     სახელქებულნო და ლომგმირნო მოსაგრენო, გვარდიდნო და უგვარდიდონო, გულწამტან და ღირსშესაფერ საქმეთა ტრფიალნო, არცათუ ბევრი ხანია, რაცა მოიხილეთ, ჩააბულბულეთ და დაისწავლეთ დიდრონი და სახელდაუდებელნი წელთაღწერანი დევგმირ გარგანტუასი
    3.     და ისეგვარად იწამეთ წიგნი ესე, ვითარცა ღვთისა კეთილმსასოებელთა სწამთ დაბადება და წმინდა ოთხთავი,
    4.     და ოდესცა პატივმოსილნი სეფექალნი თუ კეთილშობილნი ასულნი შეგხვედრიან, სამიჯნურო სიტყვათა უწინ ამა წიგნიდან ამოკრეფილ-ამორიდებულ შესაქცეველ-საკამათებელ და გრძელ-გრძელ ამბავთა თქმითა დაგიტკბიათ იმათი ყურთასმენა,
    5.     რისა გამოც მამა ვაცხონე თქვენი და თავადაც მიცხონებიხართ უკუნითი უკუნისამდე!
    6.     უკეთუ თავისა ჩემისა კითხული ვყოფილიყავ, ავდგებოდი და, საცა ერთი ვინმეა, სულ გადავავიწყებდი სუყველასა თავ-თავისა მოვალეობასა, სულ ფეხთა ზედან დავაკიდებინებდი საქმესაცა და სამუშაკოსაცა, რათა მთელი დრო და ჟამი სრულიად ამა ამბავთათვის შეეძღვნათ,
    7.     სხვა რამ უცხო საგანსა მთქმელთაგან არავინ მოეცდინა, და ესერიგად ახში ზეპირ დაისწავლიდნენ, და თუ ვინიცობაა, წიგნისა ბეჭდვა შეწყდებოდა ანდა, რაც კი დედამიწისა ზურგზედ წიგნია, რაღატომაც მოისპობოდა,
    8.     ყოველნი კაცნი დასტურ სიტყვასიტყვით უამბობდნენ ხსენებულსა მოთხრობასა თავიანთ შვილთაშვილთ, და ვითარცა რელიგიურსა კაბალასა რასმე, ისე გადაულოცავდნენ მემკვიდრეთა და შთამომავალთ,
    9.     რამეთუ ეგ უფრორე მეტად სარგოა, ვინემ ბაქიბუქნი, ანუ თავისა მაქებარნი ჰგონებენ, თავპირნაკენკნი, რომელთ იმოდენადაც კი არა გაეგებათ შესაქცევარი ამბავ-ხაბარი ესე, რაოდენადაც რაკლეს ესმის ინსტიტუციათა ალიანჩალიანი.
    10.     ნაცნობობისა მადლმან, ბევრი დიდკაცი ვიცი მოდარბაზეთაგანი, ვინაც სანადიროდ ანდა სამწყერაოდ წასულა და, როს ნადირფრინველი ბაზიერისგან შეგულებულ ადგილას ვერ უპოვნია, ან არადა შავარდენსა ნანადირევი გაჰქცევია,
    11.     კარგა მოგეხსენებათ, დია შეჭირვებულა, და მიწყივ ისევ გარგანტუას უებრო მექმეობასა განუმხნევებია, და განშორებია ნაღველი.
    12.     ხანაც კიდევ (სულაცა არა ვჩმახავ) მავან და მავან კაცსა კბილთა ტკივილი აკვდინებს, გაგიჟებულია, მთელსა ქონებასა მკურნალთ გადააგებს, საშველი კი მაინც არა არის რა, და თურმე ყოვლისა უებარ წამალსა სხვაგან რასა დაეძებს,
    13.     ზემორეთქმულნი წელთაღწერანი მაგარ ტილოში უნდა გამოკრას, გასაძლისად გააცხელოს, ცოტამატა წივა მოაყაროს და მტკივან ადგილასა დაიდოს.
    14.     ახლა ცუდჭირშეყრილთა და ნიკრისიანთა ამბავსა არ იკითხავთ?
    15.     დღე ერთია და წასმაწაგლესა ათასი, ხან რასა ისვამენ და ხან რასა იგლესენ საწყალნი, თავ-პირი სენისა, ანუ საკუჭნაოს გაქონილ საკლიტურსავით უპრიალებთ, კბილთ, ვითა ორგანისა ანდა სპინეტისა კლავიშთ, ისე არაკუნებენ, და დუჟი სდით, როგორაც ძაღლთაგან დევნილსა ტახსა!
    16.     რა უნდა ქნან, რა წყალში ჩაცვივდნენ?
    17.     ერთადერთ ნუგეშად ისღა დარჩენიათ, ზემორეხსენებული წიგნისა ორიოდ ფურცელსა მიუგდონ ყური, და, უნდა განახვათ, რარიგ იკურთხებიან, უკეთუ ოფლისა სადენ აბანოში შესულთ წაკითხული ცოტაოდენსა შვებასა მაინც არ აგრძნობინებს.
    18.     რაღა ისინი და რაღა მელოგინე დიაცნი, რომელთაცა წმინდა მარგარიტას ცხოვრებასა უკითხავენ ხოლმე!
    19.     თქვენისა ფიქრით, რა, ვითომ ბევრი არაფერი ბედენა წიგნია?
    20.     მაშ, აბა მაპოვნინეთ, რომელ ენაზედაც გნებავთ და რა დარგისაცა გინდა იყვეს, სხვა კიდევ ამგვარისავე თვისებით, თავისებურებითა და უპირატესობით სახედადებული წიგნი, და დანარჩენი მე ვიცი და ჩემმან ქუდოსნობამან.
    21.     ვერა, ვერ მაპოვნინებთ, უმოწყალესნო ხელმწიფენო.
    22.     წიგნი ესე თავისდაკვალად ერთადერთი, სწორუპოვარი და უებარია.
    23.     ფეხითაც რომ დამკიდონ, ამასვე ვიტყვი, და არცა კოცონსა ვუფრთხი, ოღონდ სანამდისა დააგზნებდნენ.
    24.     ისინი კი, ვინცა პირიქით უბნობს, მემარგენი, თავშეუდებელ-გარეწარნი, გამრყვნელნი და მაცდენელნი არიან.
    25.     მართალია, დია ჩინებულ თხზულებათა შიგან, რაგვარიც ფესპენტია, შმაგი როლანია, რობერ სათაელია, ფიერაბრასია, გიიომ გულოვანია, ჰიუონ ბორდოელია, მონტევიე და მატაბრიუნია, ბევრი იდუმალი რამ თვისებაა ჩაწნულ-ჩაქსოვილი,
    26.     მაგრამ ამა წიგნთან ვერცა ერთი ვერა მოვა, რომლისა გამოც აქა ვლაპარაკობ, ზემორედასახელებულ გარგანტუასეულ წელთაღწერათა სიკეთე და სარგოიანობა ქვეყანასა ზედა განფენილია,
    27.     რისა უსაცილო დასტურად წიგნისა გამსყიდველთ ორ თვეში იმოდენი გაასაღეს, რაერთიც ცხრა წლისა განმავლობაში დაბადება არ გასაღებულა.
    28.     და დღეისა წაღმართაც რათა გასართველი არა მოისაკლისოთ, მონა-მორჩილმან თქვენმან აწ სხვა ამდაგვარსავე წიგნსა, თუმცა რამოდენადმე უფრორე სარწმუნოსა და დასაჯერსა, უნდა მივაპყრო გულისყური თქვენი.
    29.     მენდეთ (თუ რომ წინასწარ ჩემზედ ცუდსა რასმე არა ფიქრობთ), არცრასა ისერიგად არ განვმარტავ, რარიგადაც ებრაელნი ღვთისა სჯულსა განმარტავენ.
    30.     ტყუილი არცა ოჯახიშვილობით მომდგამს და არცროდის მიკადრია, უმართლო ჩემსა დღეში მართლად არ მიცნია.
    31.     ვზი და ვწერ, ვითა ისი ზოგ-ზოგნი, მწევართა კი არა, მწერალთა უფროსნი, ანუ პროტონოტარიუსნი, რომელნიცა წმინდა მოწამეთა და სათნომყოფელთა ცხოვრებისა წილ აშიკმაშიკთა სამიჯნურო თავგადასავალთ თხზავენ და, წმინდა იოანესი არ იყოს, ირწმუნებიან: Quod vidimus testamur.
    32.     ქვემორე მოვიხსენიებ პანტაგრუელისა საზარო მექმეობასა და საგმირო ღვაწლსა, რამეთუ იმისი თანამყოფელი ჟამნაახლი ვარ,
    33.     სიყრმითა დღესაქამომდე სულ იმასა ვმსახურებდი და ეხლაღა გამიშვა, წა, გვალე, გვალეო, მოიხილე დედულ-მამული შენი, სად ძუძუ გიწოვიაო, და შეიტყვე, თვისტომთაგან ვინმე შემოგრჩა თუ არაო.
    34.     ესეც ესე, ამა წინათქმასაც მოვრჩი და, ჯანდაბას, ყოველთა უწმინდურთა კერძიმც გავმხდარიყავ სულიან-ხორციანად და ფაშვიან-ფუშიანად ან არადა ტყვია ჩამესხას გულში, თუ ერთი რამ სადმე ნატყუარი წარვთქვი, ოღონდ არცა თავად დაგეყაროთ ხეირი,
    35.     ხორცთა მაძოვარ სენსამც დაუწვიხართ და დაუხრუკიხართ, ბნედასამც დაუგრეხიხართ და დაუკვლანჭიხართ, მეხიმც დაგცემიათ და მიწაში ჩაუტანიხართ, წყლულებასამც შეუჭამიხართ და დაუხრიხართ, ინთილასამც ურბენინებიხართ და მოულენებიხართ.
    36.     ურჩხსამც დააცვამთ ანწუხსა, არ დაილევდეთ საწუხსა, ვერცრა გეპოვნოთ სამალი, ვერცარა კიდევ წამალი.
    37.     და ვითარ სოდომი და გომორი დაინთქა, თქვენცა ისევე ჩაგნთქათ ჩექა-გოგირდმან, ცეცხლმან და უფსკრულმან ზღვისამან, უკეთუ გულითა არა იწამეთ ესე ყოველი, რასაც რომ ამა წელთაღწერასა შინა გაუწყებთ!
    38.     რაიცა ვიხილეთ, იმასა ვმოწმობთო (ლათ.).


3

     1.     I. დიდი პანტაგრუელის მოდგმის დასაბამისა და სიძველისთვის
    2.     რახან მოცლილნი ვართ, არცა გარდამეტებულად მივითვლი, არცა უსარგებლოდ და მოგაგონებთ, ვისი წიბო და ჩამომავალია ქველი პანტაგრუელი,
    3.     რამეთუ ვიცი, დიაღაც ესეგვარად აღწერდნენ ჟამსა მემატიანენი, კეთილად აღმასრულებელნი საქმისა, და მარტო ბერძნელნი, არაბნი და წარმართნი კი არა, თვით საღმრთო წერილისა მთხზველნიც, ვითარ, მაგალითადრე, ყოვლადპატივდებული მახარებელი ლუკა და მახარებელი მათე.
    4.     ჯერ არს უწყებად, რომ ქვეყნიერებისა დასაბამ ჟამსა (შორით ვიწყებ, და თუ რომ ძველთა დრუიდთა წესით დავთვლით, უშტის-უშტი ღამისა უფრორე მეტი ხნისა წინათ მომხდარ ამბავსა ვყვები),
    5.     როგორც კი აბელი თვისისა ძმის კაენისა ხელით შეიმუსრა და დედამიწა ალალმართალი კაცისა სისხლმა გააჟივა, ზღვად გასკდა ყველაგვარი მოსავალი, რასაცა წიაღი მიწისა მოგვანაყოფებს,
    6.     და მეტადრე იმოდენი ზღმარტლი მოვიდა, მარადის მოსაგონებელი წელიწადი ისი გოგრა ზღმარტლისა წელიწადად მონათლეს, ვითარმედ სამად სამი ცალი მთელი ბუასო გამოდიოდა.
    7.     იმა წელიწადსა ბერძენთ დრო-ჟამისა თვლა როდინობით იწყეს, დიდმარხვა მირკანში, ანუ მარტში არ დამდგარა, მარიამობისთვის პირველი ნახევარი კი ვარდობისთვეს დაემთხვა.
    8.     არ ვიცი, ღვინობისთვესა, არ ვიცი, უკეთუ არა მეშლება, ენკენისთვესა (სულ იმისი მეშინის, ემანდ არა შემეშალოს რა- მეთქი) კვირა გამოერია ერთი, რომელსა ჟამთააღწერათა შინა ცხრაპარასკევიანსა უწოდებენ,
    9.     რაკი ნაკიანი უთანაბრობისა მიზეზით ამა კვირაში ცხრა პარასკევი იცის, რისა გამოც მზე მკელობელსავით ოდნავ მარცხნივ გადაექანა, მთვარე თავისა სავალ წრესა ხუთი და კიდევაც მეტი ტუაზით განეშორა,
    10.     და თვალცხადლივ ჩანდა, რარიგ ძლიერ შეირყა უძვრელად სახელდებული გუმბათი ცისა, ის კი არა, ხომლი თანამავალ ცთომილთაგან იჯმნა, სწორდღეობის, ანუ ბუნიობისა სარტყლისკენ წარიზიდა,
    11.     ხოლო თავთავად სახელწოდებულმან ვარსკვლავმან დააგდო ქალწულისა თანავარსკვლავედი და სასწორისკენ დაიძრა, და ყოველივე ესე იმგვარად თავზარდამცემი, ამოუხსნელი და მიუწვდომელი იყო,
    12.     არცვის ვარსკვლავთა მისანთაგან კისერი არ შერჩენია წაუტეხელი და არცვის კბილი მოუკვეთელი, რამეთუ ავად მიტყემლილმოტყემლილთ ნამეტანი ბევრი უყელყელეს და უკირკიტეს ზესკნელსა;
    13.     იმა სიშორეზედ კი გინა კისრისა გაწვდენა თქვი და გინა კბილისა მიწვდენა, სულ ერთია!
    14.     და ვინაიდან ხსენებულსა ზღმარტლსა ფერიც კარგი ჰქონდა და გემოცა, ყოველნი გულიანად მიირთმევდნენ, ოღონდ ნოეს რა საქმეც მოუვიდა, წმინდა კაცსა
    15.     (ვისიცა ესდენ მადლიერნი და სიკეთისა მახსოვარნი ვართ, რადგანაც ვაზი გვიხეირა და გაგვიჩინა ნექტარისა დარი რამ სასმელი, აღმტაცებელი გონებისა, მიმტაცებელი გულისა, მომალხენელი, საოცებელი და ღვთაებრივი, მათრობელად ხმობილი),
    16.     დასტურ იგივ დაემართათ იმჟამინდელ ქუდოსანთა და მანდილოსანთ: ვითარ ნოე მიადგა ყურძნისა ნაწურსა და, რა ეგემა, უზომოდ იგემა,
    17.     რაკიღა ჭაჭანაურისა ძალა და ქეიფი იჭვადაც არა ჰქონია, ისინიც იმისდა მგვანად დააცხრნენ უცხოდ გულმისავალ გოგრა ზღმარტლსა და სუყველასა ეგრევ შავი დღე დაადგა, დასივდნენ და დაჯირჯვდნენ, ზოგსა სად ამოაჯდა შუპილი, ანუ მცირე სიმსივნე ანაზდეული, და ზოგსა კიდევ სადა.
    18.     მავანთა და მავანთ მუცელი უშველებელ რუმბსავით უსქელდებოდათ, სხვა არცრა უჩანდათ, გარდა მუცლისა, და ზედ ორი სიტყვა ეწერათ: Ventrem omnipotentem და მუცლად ქცეულნი უკლებლივ ზნეკეთილნი და დია მოხუმარ-ლაყბიერნი იყვნენ;
    19.     იმათგან შემდგომად ჯერეთ წმინდა ღენდერა იშვა და მერმე პირუმარხველი.
    20.     მავანთა და მავანთ ბეჭი ისერიგად უკუზიანდებოდათ, მონტიფერთ, ანუ მთამოკიდებულთ არქმევდნენ, და მსგავსთა აწ კიდევ მოიხილავთ, ორისავე სქესისანი და სხვადასხვაგვარი შეძლებისანი არიან;
    21.     იმა კუზიანთაგან იშვა ესოპე, რომლისა სამოძღვრო საქმენი და წარმონათქვამნი წიგნად შემდგარია და წაიკითხავთ.
    22.     მავანთა და მავანთ გუთნისთავად შესახელებული სარცხვინელი ებრიქებოდათ, ნამეტურ უგრძელდებოდათ, უმხნევდებოდათ, უბრეგვდებოდათ, უკლდევდებოდათ, უქველდებოდათ, ძველ წესზედ უმხედრდებოდათ,
    23.     და ზოგ-ზოგნი ვითარ სარტყელსა რასმე, ისე ირტყამდნენ წელსა ზედა და, სულ ცოტა, ხუთჯერ ან ექვსჯერ მაინცა იწვდენდნენ.
    24.     ოდეს სარცხვინელი იგი ზე წამოუდგებოდათ, ხოლო ქარი ზურგში სცემდა ქუდოსანთ, ამისა შემხედველი უცილოდ ჰგონებდა, მოდგამობანას, ანუ სახვნელ-ჯილღისა მოზიარეობანასა თამაშობენ და წინ საყევარნი აქვთ დაჭიმულნიო.
    25.     ამა გუთნისდედათა ჯიში და ჯილაგი აწ უკვე ამოწყვეტილია, და აკი ჩივიან კიდეც დედანი, რამეთუ მიწყივ მოთქვამენ, არცავინა ჩანს მხვნელიო, და ა. შ.
    26.     დასტალუღი სიმღერისა კარგად უწყით.
    27.     მავანთა და მავანთ წყვილი ჩამოსდიოდათ და თითო საურვალი, ანუ ყვერი იმსიდიდე ეკიდათ, მიუიდში სამიოდ ცალი თუ ჩავიდოდა.
    28.     ესეგვარი დიდროვანება მოსდგამთ ლოთარინგიულ ყვერთაც, რომელთ დუქან-საბიძალი ვერ იტევს და ამად შარვლისა შიგნიშიგან მკვიდრობენ.
    29.     მავანთა და მავანთ წვივ-კანჭი ეყლარწებოდათ, ტერფნი უბრტყელდებოდათ, და იმათი შემხედვარე ეგრევ იფიქრებდა, ან წერონი არიან, ან ფლამინგონიო, ან არადა ოჩოფეხთა ზედა შემდგარან დაუდგრომელნიო, რომელთა მგვანე კაცსა ადლაბიჯას ეტყვიან ვიეთნი.
    30.     მავანთა და მავანთ ცხვირი იმოდენა უხდებოდათ, საარაყე ქვაბისა ზარფუშსა დაადრიდით, და თითქო უხდებოდათ კიდევაც სულ ერთიანად ბუგრიანი, სხვირპლიანი, აკოკრებულ-ახოხრებული, ჩაჯიგრებული, გაღაჟღაჟებული,
    31.     რომლისთანა საყნოსელსაც მარტო პანზუელ ხუცესსა ანდა კოტიტად ხმობილ ანჟერელ მკურნალსა თუ უნახავდით.
    32.     ამა ცხვირა ხალხისა ზოგ-ზოგნი ნაშიერნი ქერისა თაფლუჭსა მიეძალნენ, მრავალთუმრავლესთ კი ყურძნისა ნაწური შეუყვარდათ.
    33.     იმათი გვარისა და გუჯაბისანი არიან ნაზონი და ოვიდიუსი, აგრევე ყოველნი სხვანი, რომელთა გამოც თქმულა: Ne reminiscaris.
    34.     მავანთა და მავანთ სასმენელნი იმხელა ეზრდებოდათ, ერთი ყურისგან ჯუბაც გამოსდიოდათ, საწმერთულიცა და ახალუხიც;
    35.     ხოლო მეორესა ესპანურ ლაბადასებრ ხმარობდნენ, და თურმე ბურბონეში აქამომდე შემორჩნენ კაცნი, ვისი გამოისობითაც იქაური ყურ-სასმენლისა ამბავი საანდაზოდ ქცეულა.
    36.     ზოგ-ზოგნი კი სიგრძივაც იწევდნენ და განივაც.
    37.     სწორედ იმათგან გაჩნდნენ ბუმბერაზნი, რომელთაგან იშვა პანტაგრუელი;
    38.     და პირველი იყო შალბროთი, რომელმან შვა სარაბროთი.
    39.     სარაბროთმა შვა ფარიბროთი, რომელმან შვა ჰურტალი, ხორცისა წვნისა გიჟი, წარღვნისა ჟამსა რომ მეუფებდა, ჰურტალიმ შვა ნემბროთი, რომელმან შვა ატლასი, ცასა მხრით რომ შეუდგა, რათა არა ჩამოქცეულიყო,
    40.     ატლასმა შვა გოლიათი, რომელმან შვა ერიქსი, თავდაპირველი მაოცარი, ერიქსმა შვა ტიტიოსი, რომელმან შვა ერიონი, ერიონმა შვა პოლიფემუსი, რომელმან შვა კაკუსი, კაკუსმა შვა ეტიონი, ვისაც პირველსა შეჰყრია ცუდი ჭირი,
    41.     რამეთუ ზაფხულში ცივცივ ღვინოსა არა მიირთმევდა, ვითარ ამასა ცხადყოფს ბარტაკიმო.
    42.     ეტიონმა შვა ენკელადუსი, რომელმან შვა კეუსი, კეუსმა შვა ტიფონი, რომელმან შვა ალოევსი, ალოევსმა შვა ოტოსი, რომელმან შვა ეგეონი,
    43.     ეგეონმა შვა ასხელა ბრიარევსი, ბრიარევსმა შვა პორფირიონი, რომელმან შვა ადამასტორი, ადამასტორმა შვა ანტეოსი, რომელმან შვა აგათონი, აგათონმა შვა პოროსი, რომელსა ალექსანდრე დიდი ეომებოდა.
    44.     პოროსმა შვა არანთი, რომელმან შვა გაბარა, შემომღები სმურისა, გაბარამა შვა სეკუნდილელი გოლიათი, რომელმან შვა ოფოტი, გრძელი ცხვირისა წყალობით ლადუკისა ნახვრეტსა ეგრევე რომ ეძაბრებოდა, ოფოტმა შვა არტაქსე, რომელმან შვა ორომედონი,
    45.     ორომედონმა შვა გემაგოგი, ვინცა ჭვინტიანი წუღა მოინარუქა, გემაგოგმა შვა სიზიფე, რომელმან შვა ტიტანნი, ვისგანაც ჰერკულესი იშვა, ჰერკულესმა შვა ენაკი, რომელიცა მარწუხთ დია მარჯვედ იხსნიდა ხელთაგან,
    46.     ენაკმა შვა ფიერაბრასი, ვინცა საფრანგეთისა პერმა ოლივიემ სძლია, როლანისა ოჩხუმმა, ფიერაბრასმა შვა მორგანი, მთელსა დედამიწისა ზურგზედ უპირველესი სათვალიანი ყომარბაზი, მორგანმა შვა ფრაკასი, ვისი ამბავიც მერლინ კოკაიმ აღწერა,
    47.     ფრაკასმა შვა ფერაგუსი, რომელმან შვა ბუზიყლაპია, ვინცა პირველმა გამოიყვანა ბოლში ხარისა ენა, მანამდე კი, ვითარ აპოხტი, მარილში გამოჰყავდათ, ბუზიყლაპიამ შვა ბოლივორაქსი, რომელმან შვა ჯანჯალა,
    48.     ჯანჯალამ შვა გაიოფი, რომელსა ყვერნი ალვისა ჰქონდა, ადრეკილა კი ცირცელისა, გაიოფმა შვა ბელტიყლაპია, რომელმან შვა ცივკვერა, ცივკვერამ შვა ქარიქლაქუნა, რომელმან შვა გალაადი, ღვინისა ჭურჭლისა მომგონი, გალაადმა შვა მირლანგო, რომელმან შვა გალაფრი,
    49.     გალაფრმა შვა დანდრაზა, რომელმან შვა რობოასტრი, რობოასტრმა შვა სორტიბრან კონიმბრიელი, რომელმან შვა ბრუშან მომიერელი, ბრუშანმა შვა ბრიუე, ვინცა ოჟიე დანილემა სძლია, საფრანგეთის პერმა,
    50.     ბრიუემ შვა მაბრენი, რომელმან შვა ალოღლეტია, ალოღლეტიამ შვა ჰაკლებაკი, რომელმან შვა ანაღვლე, ანაღვლემ შვა გრანგუზიე, რომელმან შვა გარგანტუა, გარგანტუამ შვა ქველი პანტაგრუელი, მეფე-ბატონი ჩემი.
    51.     წინდაწინ ვუწყი, ამა ადგილსა წაიკითხავთ თუ არა, დიაღაც სამართლიანად გაკვირდებით და მკითხავთ, წარღვნისა ჟამსა ხო სუყველა დაიღუპა, გარეშე ნოესი და კიდევ შვიდი კაცისა, ვინცა მან კიდობანსა შინა წარიტანაო, მაგრამ იმათში ხსენებული ჰურტალი რომ არ ერიაო?
    52.     რაღა თქმა უნდა, შეკითხვა ესე გონივრული და ბუნებურია, დაღათუმცა ჩემი პასუხიც, ვგონებ, გულსავსედ გაგხდით, არადა დასტურ თავში ბზე მყრია.
    53.     იმჟამად ჯერეთ გაჩენილი არა ვიყავ, ზეპირ-ზეპირად ლაპარაკსა კი სულაც არ ვეპირები, და მასორეტნი თუ მიშველიან, საღმრთო წერილისა ებრაელნი მათარგმანებელნი,
    54.     რომელნიცა გარდაწყვეტილად ამტკიცებენ, ზემორედასახელებული ჰურტალი ნოეს კიდობანსა შინა არცა ყოფილა და ვერც იქნებოდაო, რამეთუ იმოდენა იყო, შიგ რომ ვერ შეეტია, ზედ შემოჯდაო,
    55.     და ფერხთ თურმე ისე იქნევდა, ვითარცა ცხენჯოხთა ზედა შემსხდარნი ყმაწვილნი ანდა ზარბაზანზედ ამხედრებული უშვერად დიდი ბერძნული ხარი, შემდგომად მარინიანოს ომში მოკლული, რომლისთანა ზეაღსაჯდომელ პირუტყვთ დია უცხო და ჩინებული თოხარიკობა მოსდგამთ.
    56.     სწორედ რომ ამისა გამო იქცა ჰურტალი ღვთისა უკან მეორე მხსნელად მოხსენებული კიდობნისა, რადგანაც ღელვისგან დანთქმასა აარიდა იგი:
    57.     ფერხთა ქნევა-ქნევითა თავისა ნებისად დაჰყავდა, საითაც თავად სწადდა, იქით ახვევინებდა, სხვა რამ უკეთეს საჭესა ვერცვინ ვერ ინატრებდა.
    58.     კიდობანსა შიგან მსხდომნი მილითა კმასაყოფლად აწვდიდნენ საჭმელსაზრდელსა, ვინადგან თავიანთ მწყალობლად შეერაცხათ ჰურტალი, და ჟამითი ჟამად სიტყვასაც აწვდენდნენ, ვითარ იკარომენიპე იუპიტერსა, რაიცა ლუკიანემ გვამცნო.
    59.     ჰა, ჩახვდით ჩასახვდომელსა? მაშ, აბა ნუნუა მოგიხდებოდათ, ოღონდ წყალსა ნუ გაურევთ.
    60.     რაღაცა, მგონი, არ უნდა გეჯერებოდეთ, არ გეჯერებათ და, ვითა ჩემსა ნათლი-ჯალაბსა, არცა მე მჯერა.
    61.     ყოვლადძლიერი ფაშვი (ლათ.). ნუ მოიხსენებ (ლათ.)


4

     1.     II. ამბავი პირმედგარი პანტაგრუელის შობისა
    2.     გარგანტუამ ხუთასოცდაოთხწლოვანმა შვა ძე პანტაგრუელი ცოლისგან თვისისა ბადბეკისგან, უტოპიისა მსახლობელ ამავროტელთა მეფისა ასულისგან, რომელიცა მუცელსა გადაჰყვა, რადგანაც ყრმა უცხოდ დიდი და იმსიმძიმე იყო, თუ არა დედისა სიკვდილის ფასად, სხვარიგ ვერ გაჩნდებოდა.
    3.     და რათა სრულად გამოარკვიოთ, რა მიზეზითა და რა საფუძვლით დასდეს ყმაწვილსა ნათლისღების ჟამსა სახელი ესე, უნდა გახსოვდეთ, რომა იმა წელიწადსა მთელსა აფრიკაში დიდი უბედური გვალვა, ანუ სიხმელე დაიჭირა,
    4.     უწვიმრობამ ოცდათექვსმეტი თვე, სამი კვირა, ოთხი დღე და კიდევ თითქმის თორმეტი საათი გასტანა, მზე კი ისე უმოწყალოდ აჭერდა, დედამიწა ავად გამოიგვალა და დასკდა;
    5.     თვით ელიას დროსაც არა მდგარა იმისთანა პაპანაქება, რარიგადაც მაშინ იწვოდა ქვეყანა, რამეთუ მთლად დედამიწისა ზურგზედ ერთი რა არის, ერთი ხეც აღარსად შრიალებდა, ზედ წამლად არცა ფოთოლი შერჩენოდა არც ერთსა და არცა ყვავილი.
    6.     ბალახი დაჭკნა, ჩაიწვა, საცა ერთი მდინარე და წყარო-ბინული იყო, სუყველა დაშრა;
    7.     ღვიძლ სტიქიასა მოკლებულნი საწყალნი თევზნი ხმელზედ ფართხალებდნენ და ფრიად წიოდნენ;
    8.     უცვარნამობისა გამოისობით ფრინველნი ეგრევ ძირსა ცვიოდნენ;
    9.     მგელი, მელა, ირემი, ტახი, შველი, კურდღელი, ბოცვერი, სინდიოფალა, კვერნა, მაჩვი და ბევრი სხვა ცხოველ-ნადირიც სულ მინდორ-ველად ეყარა დახოცილი, ხახადაღებული.
    10.     ადამიანიშვილთა ცქერა დასტურ საცოდაობა იყო.
    11.     ყოველნი ენაგადმოყრილნი ქასქასებდნენ, ვითარცა მწევარნი ექვსჟამიანი ნადირობისა შემდგომ;
    12.     ვიეთნი ჭათა შიგან ხტებოდნენ, ვიეთნი ჩრდილსა ეძებდნენ და ძროხისა ფაშვში იპარავდნენ თავსა, და სხვაგვართ კი არა, ამგვართ უწოდებს ჰომეროსი ალიბანტებსა.
    13.     ქვეყნად სიცოცხლისა ძარღვი ერთბაშად ჩამკვდარიყო.
    14.     დაუღონებლად ვერცვინ უჭვრეტდა, ვითარ ამაოდ მცდელობდნენ კაცნი, ეგების რამე მოვიღონისძიოთ და ამა საშინელ წყურვილსა თავი გამოვაგოთო, სხვა რამ იქით იყოს და, საყდართა შინა, მაგალითადრე, ზედ დაჰკანკალებდნენ ნაკურთხ წყალსა, ემანდ ერთბაშად არ შემოგვეხარჯოსო.
    15.     უფალ კარდინალთა მიერ უწმინდეს მამასთან ერთად შეყრილმა საბჭომ წესად დასდო, დღეში ერთგზისა მეტად ნაკურთხი წყალი არცვის მიეცესო.
    16.     დაღათუმცა, საყდარში მიწყივ მრავლად ირეოდნენ სვეგამწარებულნი წყურვეულნი და, ვინცა წყალსა აწინწილებდა, გარსა ეხვეოდნენ პირდაღებულნი და ერთი წვეთი წყლისა მოიმედენი, ვითა ღურტუმი მდიდარი იგი ლაზარეს არაკისა.
    17.     ნეტარ იყო, ვისაცა გრილი მარანი ჰქონდა და წყალი კარგა ბლომად ედგა!
    18.     ერთი ფილოსოფოსი თავისსავე თავსა უყენებს კითხვასა, რისაგან არის ზღვისა წყალი მლაშეო, და განმარტავს, რისაგანაო და, ოდეს ფებოსმა თავის ნათლიერ ეტლსა ზედა ძე თვისი ფაეტონი დასვაო,
    19.     იმა ფატონსაო, რაკიღა ახალბედა იყო და გამოუცდელი, თავგზა აებნაო და ეკლიპტიკას კი არ გაჰყვა, მზისა სფეროს ტროპიკთა შუა გამავალსაო, არამედ დედამიწასა ისერიგად მოეახლოვა, სულ გამოგვალა, რომელ ქვეყანასაც თავზედ მოექცაო და გადაბუგა ცისა უმეტესი ნაწილიო,
    20.     რომელსა ფილოსოფოსნი via lactea-სა ეტყვიანო, ხოლო ღვინოყლაპია უმეცარნი - იერუსალიმისა გზასაო, თუმცაღა ზოგ-ზოგნი ვირეშმაკა მოლექსენი ირწმუნებიანო, ეგა სწორედ ის ადგილია, სად იუნონასა რძე დაექცა, რაჟამსა ჰერკულესსა ძუძუსა აჭმევდაო;
    21.     და თურმე დედამიწასა ბოტორო სიცხისგან ხვითქი გადასდიოდა და ზღვასა ერთვოდა, რისა გამოცა გამლაშებულა ზღვისა წყალი, რამეთუ ყველაგვარი ოფლი მწუთხეა.
    22.     ამასა ბევრი ფიცი და მტკიცი არ უნდა, ეგრევ ადვილად დაიჯერებთ გულსა, თუ რომ ან თქვენსა საკუთარ ოფლსა გასინჯავთ, ანდა ოფლსა ცუდჭირშეყრილთა, ვისაც მკურნალნი ძალით აოფლიანებინებენ თავსა;
    23.     მე არცრა ჩამეხევა და არცრა ჩამეფხრიწება.
    24.     ესეგვარივე რამ ამბავი მოხდა იმა ჩვენგან აღწერილსა წელიწადსაც, რამეთუ ერთ-ერთ პარასკევსა, რა დღესაც კრძალვითა აღვსილნი მდიდარნი ერისანი სავედრებლად და საოხად ლიტანიობდნენ და შველასა შესთხოვდნენ ყოვლადძლიერსა ღმერთსა,
    25.     კეთილი თვალით გადმოხედე ჩვენსა დიდსა უბედურებასაო, უეცრივ ყოველთა მლოცველთ კაფიეტად მოიხილეს, ვითარ გახვითქულ კაცსაებრ დაილტო სრულად პირმიწა.
    26.     და გაიხარა საწყალმა ხალხმა, ეგ არი და გვეშველაო, რადგან ზოგნი ამტკიცებდნენ, ჰაერში რაკი არცარა ნატამალია ტენისაო, წვიმასაც ნუღა მოველითო, და მიწა აწ ამა ნაკლებულობასა ანაზღაურებსო.
    27.     სწავლულნი კი დარწმუნებით უბნობდნენ, ანტიპოდთა მხარეში მოსულა წვიმაო, რომელ წვიმასაც სენეკაც ახსენებსო Questionum naturalium-ისა მეოთხე წიგნსა შინა, ოდეს ნილოსისა დასაბამისა და სათავეთა გამო ლაპარაკობსო.
    28.     მაგრამ ყველანი დია ცდებოდნენ, ვინაიდან დიდებითა სიარულსა რა მორჩნენ და მიწისა ღვართქლითა წყურვილისა მოკვლა დააპირეს, ფშაწყლისა წილ პირთა მარილწყალი, ანუ წათხი შერჩათ და თანაც კიდევ ზღვისა წყლისა უარესი და უმლაშესი.
    29.     და რახან პანტაგრუელი სწორედ იმა ჭყურტისა დღესა იშვა, მამამაც იმიტომა დასდო სახელი ესე, რამეთუ პანტა ბერძნულად იგივეა, რაიცა ყოვლად, ხოლო გრუელი აგარიელთა ენითა წყურვეულსა ნიშნავს,
    30.     და ესერიგად უწინარეს ის იყო თქმული, რომა იმის დაბადებისა ჟამსა მთელ ქვეყნიერებასა სწყუროდა
    31.     და, მეორეც, მამამან უკვე წინ-წინ თვალცხადლივ განჭვრიტა დღე და საათი იგი, ოდესცა ძე იმისი წყურვეულთა მეუფე შეიქნებოდა, რისა უცდომელ დასტურად მან სხვა უფრორე საჩინო და აშკარა სასწაული იხილა.
    32.     რა სასწაული და, როს ცოლი მისი ბადბეკი შობდა და ამქმელნი ბებიაობდნენ, ბადბეკისა წიაღით წინაპირველად სამოცდარვა მეჯორე დაიძრა და თითოეულსა მარილაკიდებული ჯორი ეჭირა აღვირითა, მერმე ცხრა ნარაქლემი გამოტორტმანდა,
    33.     სუყველა შაშხ-აპოხტსა და ლიფიცხაურსა მოაძუგძუგებდა, მას უკან შვიდი აქლემი გამოიზლაზნა, სულ გველთევზათი დაყათრული,
    34.     უკანასკნელად კი პრასით, ნივრითა და თალიში ხახვით თავშედგმული ოცდახუთი ურემი მოსდევდა ერთმანეთსა, და აღალმა ამან ფრიად დიდი შიში აჭამა ბებიაქალთ, თუმცაღა კი ზოგ-ზოგნი წარიტყოდნენ:
    35.     - ჰეჰეე, რაოდენი ხორაგია! ჩანს, უნდა ვაქოროთ და ვაღოროთ მუცელნი.
    36.     კარგისა მომასწავებელი რამ ნიშანია, ესეგვარი ჭამადი დია მოგვაწყურებს ღვინოსაო.
    37.     და ვინემ ისინი ქაქანებდნენ, თავად პანტაგრუელიც მოევლინა ქვეყანასა, ბანჯგვლიანი, ვითარცა ბრანგვი, და იმისა შემხედველმან დედათ-მოურავმან ერთმან მყის იწინასწარმეტყველა:
    38.     - რაკიღა ფაჩვნიერი იშვა, სასწაულსაც გააკვლადებს, და თუ რომ იცოცხლა, გრძელჟამიერ იცოცხლებსო.
    39.     რძის გზა (ლათ.) - ირმის ნახტომი. „საბუნებისმეტყველო კვლევანი“ (ლათ.).


5

     1.     III. ვითარ მჭმუნვარებდა გარგანტუა თვისისა ცოლის ბადბეკისა სიკვდილის გამო
    2.     ოდესცა პანტაგრუელი იშვა, ვინ გახდა ყოვლისა უფრორე ცერევატი და სხვათა გარდამეტად ვინ გარეტდა?
    3.     ვინა და, გარგანტუა, შემქმნელი მამა იმისი.
    4.     ვინათგან ცალკე ცოლი მოუკვდა ბადბეკი და ცალკე ძე ეყოლა პანტაგრუელი, უცხოდ თვალადი და ტანადი, არღა უწყოდა, ან რა ექნა, ანუ რა ეთქვა, და თავგზააბნეული ქოშიმანში იყო, თანამეცხედრისა სიკვდილი ვიტირო და ვივაგლახოო თუ ძისა დაბადებითა გავიხარო და ვიცინოო.
    5.     და მალე სატირალსაც უპოვნა სოფისტიკური რამ საბუთი და საცინარსაც, რამაც კიდევ უარესად შეაღონა, რადგანაც განსჯითა დია გზიანად კი სჯიდა in modo et figura,
    6.     მაგრამ საგონებელსა თავი მაინც ვერ გამოაგო და სრულად გაშეთებული, ცნობაჩაბინდებული აწყდებოდა აქეთ-იქით, წრიალებდა, ვითა სათაგურში მომწყვდეული თაგვი ანდა გულყოგადაცმული ძელქორი.
    7.     „მაშ, ვიტირო, არა? - განაბჭობდა გულში.
    8.     - კეთილი და პატიოსანი, ოღონდ რათა, რისთვის?
    9.     რისთვის და, ცოლი მომიკვდა, ბატონო, ქვეყნისა უმჯობესი, თანამწოლი, თანამეცხედრე, უღლისა გამწევი, არცა დიდი ცომი უნდოდა, არცა ასი ლიტრა საფანელი.
    10.     დღეისა წაღმართ ვერცა როსღა ვიხილავ და ვერცა სხვასა ვნახავ იმისთანასა;
    11.     დავკარგე და რა დავკარგე!
    12.     ნეტავ რა მიწყინე, უფალო, რისი გულისთვის მტანჯავ ესერიგად?
    13.     უფრო ადრე მე რად არ მომკალ?
    14.     უიმისოდ ცოცხლებში მაინც არღა ვწერივარ.
    15.     ვაიმე, ბადბეკ, ჩემო ცუგრუმელავ, კეკნავ, ნაღიტავ (სიგრძე-სიგანეში, სულ ცოტა, სამი გუთნისა გაშლა ადგილი ეჭირვებოდა), შენ შემოგევლე, ჩემო გვრიტო, ჩემო ჩიტო, სულისა კლიტევ, მარგალიტო, რა დროს დამაგდე, წახველ, გამიფრინდი!
    16.     ვაი საწყალო პანტაგრუელ, აღარა გყავს საყვარელი დედა, ტკბილი მარჩენალი, უმცდარი დამრიგებელი!
    17.     ოო, რა განუკითხავად მომვარდი, შე ოხერო სიკვდილო, რარიგ უდანოდ დამკალ და წარმტაცე, ვინცა სულაც არ უნდა მომკვდარიყო!“.
    18.     გარგანტუა პირველში ძროხასებრ ბღაოდა, მერმე კი, პანტაგრუელი რომ მოაგონდა, კვიცსაებრ ახვიხვინდა.
    19.     „მამა გენაცვალოს შენა, ჩემო მალხაზო ბიჭო!
    20.     - ესიყვარულებოდა ახალშობილსა. - ანცო, ფაცურავ, ონავარო!
    21.     მადლსა გწირავ, უფალო, რახან ესდენ უარაკო ძე მომიბოძე, ლაღი, გულმარიხიანი, თვალტანადი!
    22.     უჰ, რა გავიხარე, რა მეამა! შორს ჩვენგან კაეშანი!
    23.     ყოვლისა უკეთესი ღვინო შემოიტათ, სამწდეურთ წყალი გამოავლეთ, სუფრა დადგით, ძაღლნი მოიშორეთ, ცეცხლსა შეუკეთეთ, კერეონ-სანთელ-კელაპტარი დააბრდღვიალეთ, ბჭენი დარაზეთ.
    24.     პურ-მარილი მოიღეთ, უპოვარნი განიკითხეთ და განუტევეთ!
    25.     ღართი განმძარცვეთ, ახალუხსა შევიმოსავ, მაგარი ძეობა უნდა ვჭამოთ“.
    26.     ამისა თქმა იყო და, გარგანტუასა სულისა მოსახსენებელნი ლოცვანი შეესმა, მიხვდა, თანამწოლსა ჩემსა მღვდელნი ანდერძსა უგებენო, სიტყვა პირზედ შეაშრა და მსწრაფლვე ანაზდეულად გახმამყივარდა:
    27.     - ღმერთო დიდებულო, როდემდის უნდა ვიჭირდიდო?
    28.     ესდენმა ვაებამ სასო წარმიკვეთა.
    29.     პატარა კი აღარა ვარ, უკვე ვბერდები, არცა ტაროსი მწყალობს, ცხროება ამიტანს და ჭკუაზედ შევიშლები.
    30.     ჩემისა თავისა მზემან, ბევრსა ტყებასა და ვიშვიშსა ისევ ბევრისა დალევა მიჯობს! თანამეცხედრე აღარა მყავს?
    31.     რა ვქნა, ღმერთმა უწყის (da jurandi), თავში ცემა წუხილსა არ აქარვებს, ბრალი ჩვენი, თორე იმან მოისვენა, აწ დასტურ სამოთხეში ანდა კიდევ უფრორე უკეთეს რამ ადგილსა მოიხილავდა, ნეტარებს და თავსა ჩვენსა ავედრებს უფალსა, არცრის ჯავრი ჰკლავს, არცრისა დარდი.
    32.     ყოველნი იქ წავალთ, ცოცხალსა კაცსა კი ცოცხლისა თავი ურჩევნია. მარტოობა არ გამომადგება.
    33.     ლოგინი უნდა განვიახლო, აკი თქმულა კიდეც, ვაიმეო და სხვაიმეო.
    34.     ჰეი, მადლცხებულნო დიაცნო, - შეუძახა გარგანტუამ ბებიაქალთ (არიან კი ქვეყნად მადლცხებულნი დიაცნი?
    35.     რაღაც ვერა ვხედავ), - თქვენ წადით, მიწა მიაყარეთ, მე კი აქა ყმაწვილსა მივხედავ;
    36.     დია შეღონებული ვარ და ემანდ არ გავცივდე.
    37.     ოღონდ ჯერეთ თითო კარახანა გადაჰკარით, ღმერთი, რჯული, სულაც არ გაწყენთ.
    38.     ამქმელთ ყურად იღეს რჩევა მეფე-ბატონისა და მიწისა მისაყრელად გასწიეს, ბეჩავი გარგანტუა კი შინ დარჩა.
    39.     და სწორედ მაშინ შეთხზა ქვემორე ლოდწერა:
    40.     აქა ბადბეკი განისვენებს, დამაგდო ქმარი, მუცელს გადაჰყვა, დამეღუპა სინორჩის ხანსა, უცხოდ უსულსა არა ჰყავდა მზის ქვეშე ცალი, შვეიცარიულს პაღვს იხდენდა, ესპანურს ტანსა.
    41.     აწ სამუდამოს დაემკვიდრა ნეტარი ვანსა, მიწყივ მთესველი კეთილისა, ავის მგმობარი, აღსრულდა, სოფელს განერიდა, განვიდა განსა, ნუმც მოჰკლებია ჩვენგან ლოცვა, შესანდობარი.
    42.     შესაბამისად მოდუსისა და ფიგურისა (ლათ.). დავიფიცებ (ლათ.).


6

1.     IV. სიყმაწვილე პანტაგრუელისა
    2.     ძველთაუძველეს ჟამთააღმწერელთაგან და მოლექსეთაგან ვიცი, ბევრადბევრნი ქვეყანაზედ უცნაურად იშვებიან, ოღონდ აწ სიტყვასა არღა გავაგრძელებ.
    3.     უკეთუ მოცლილნი ხართ, პლინიუსის VII წიგნსა ჩახედეთ.
    4.     დაღათუმცა, პანტაგრუელსა უჩვეულო სიყმაწვილისთანა რამ ამბავი, ალბათ, არცრა გაგეგონებათ, რადგან დასაჯერებლადაც კი ძნელია, ისე მალიად მოიზარდა და გაძალუმდა;
    5.     და ტყუილია, იმას თვით ჰერკულესიც ვერ დაედრება, რამეთუ ჯერეთ კიდევ აკვანში ჩაკრულმა ორი გველი რომ მოაკვდინა, ორივ პაწაწა და უღონო ჭაჭუა იყო, ხოლო პანტაგრუელი აკვანშივე უკვე ჭეშმარიტად შესაზარი ღვაწლითა შეიმოსა.
    6.     აქა აღარასა ვიტყვი, ჯერზედ ოთხი ათას ექვსას ძროხას რომ სწოვდა ძუძუსა და ვინცა ანჟეს სომიურში, ნორმანდიისა ვილდიეში თუ ლოთარინგიისა ბრამონში მეღუმელე იყო, სუყველანი იმის საფიაფუე ღუმლისა დადგმასა რომ მოუნდნენ,
    7.     და თვით ფია-ფუასა დია უშვერა ქვაფორეთი მიართმევდნენ, რომელი ქვაფორეც აქამომდე შემონახულა ბურჟში, სრასახლისა ახლორე;
    8.     შემონახვით შემონახულა, მაგრამ პანტაგრუელსა ისე ბასრი და მაგარი კბილ-ღოჯი ჰქონდა, კარგა გვარიანად გატკვირა ხსენებული ქვისა ორე, და აკი თვალცხადლივ ეტყობა კიდეც მონაკვნეტი.
    9.     ერთხელაც პანტაგრუელმა სისხამ დილით ერთსა თავიანთ ფურსა მოგერისება დაუპირა (აკი უბნობენ კიდეც, ძროხათა მეტი სხვა დედამძუძენი არცვინა ჰყოლიაო), როგორც იყო, ამოითათა არტაშან-არტახით გაკრული ცალი ხელი,
    10.     სწვდა ხაფად იმა ფურსა ფეხში, ნახევარი ცურიც გამოსჭამა, სანახევროდა ფაშვიც, ღვიძლ-თირკმელნიც ზედ მიაყოლა, და, ალბათ, ეგრევ შემოეჭმეოდა, მაგრამ ფურმა ერთი იმისთანა დაიბღავლა, თითქოს მგელნი მიუხტნენო,
    11.     და ბღავილზედ ყოვლისა მხრით მოცვივდნენ შინაკაცნი, მყის ეცნენ უფლისწულსა და წარსტაცეს ფური იგი;
    12.     ოღონდ მაინცდამაინც ვერ იმარჯვეს და ისეთნაირად დაებღაუჭნენ, პანტაგრუელსა ხელთ შერჩა ძროხისა ფეხი და ლაზათიანად მოულხინა, რარიგადაც თავად მოულხენდით კუპატსა და ჭიჭნაგურსა;
    13.     ხოლო რაჟამს ძვლისა წართმევასა დაეპირნენ, უმალ ყლაპა უყო, ვითარცა თევზიყლაპია მცირე რამ წყლიერსა უშვრება ხოლმე, და სულ „იფ! იფ! იფ!“ იძახა, რამეთუ ლაპარაკსა ჯერეთ კარგად ვერ ახერხებდა და არღა იცოდა, როგორ ეთქვა, დიახაც გემრიელად გეახელითო.
    14.     ის დღე იყო და, მსახურეულთ იმსისხო ბაგირგვარლით დაშარტეს და ჩააკრეს კაკანაში, რა სისხო ბაგირ-გვარლსაც ტენეში გრეხენ ლიონსა მიმომავალ მარილისა ნავთათვის,
    15.     ან არადა, რა სისხოთიც „ფრანსუაზად“ სახელდებული უზარმაზარი ხომალდი აბია ნორმანდიისა ნავთსაყუდელ გრასსა შინა.
    16.     თუმცაღა კი, ოდეს მამამისისგან ნაპატივარმა დიდმა ბრანგვმა დათვმა აიშვა და თავპირისა ლოშნა დაუწყო (ძიძანი მეძუძურსა არცროს რიგიანად არა სწმენდნენ ბაგე-ტუჩსა),
    17.     პანტაგრუელმა ისე ფიცხლავ მიგლიჯ-მოგლიჯა ის ბაგირ-გვარლი, ვითა ფილისტიმელთა მიერ შებოჭილმა სამსონმა შიშთვილი, და წამერთ ჩრიხვსაებრ გაბდღვნა ყოვლად გაბრანგებული დათუნია ისა, გაბდღვნა და, აქაოდა სადათვეთ-საბრანგვეთი ამოვაგდეო, იქავ კოხტად მიაძღა ნანადირევსა.
    18.     ყრმა ესერიგად დასტურ უბედურებასა რასმე გადაეყრებაო, იფიქრა ამა ამბისა მომხილავმა გარგანტუამ და, ბრძანა, ეხლავ ოთხი ჯაჭვითა ჩააკარითო, სარწებლისა თავზედ კი საიმედო რამ კამარა გამართეთო.
    19.     ერთი ის ჯაჭვი დღესაც ლა-როშელშია და საღამოობით ორ ვეება კოშკსა შუა გააბამენ ხოლმე, მეორე ლიონშია, მესამე - ანჟერში,
    20.     ხოლო მეოთხე ეშმაკთ წაიღეს შესაბორკად ლუციფერისა, რომელმან ზედ იმხანად სულმთლად დაწყვიტა ჯაჭვნი, ვინათგან შემწვარი სული მიერთმია მავანი მოსამართლისა და მუცელსა ჰგვრემდა.
    21.     ამისა შემდგომ უთუოდ უნდა ირწმუნოს კაცმა, რასაც ნიკოლოზ ლირა უბნობს დავითნისა ერთი ადგილისა გამო: Et Og regem Basan, ოგი იგიო სიყრმითვე იმისთანა ძალუმი და შემძლე იყო, აკვანში ჯაჭვითა ჩააკრესო.
    22.     მას უკანით პანტაგრუელსა აღარცა ხელი გაუქნევია და აღარცა ფეხი, რამეთუ რკინისა ჯაჭვთ ეგრერიგად ვეღარ ერეოდა და თანაც კიდევ საძრაობა არა ჰქონდა დაშარტულსა.
    23.     მაგრამ ერთხელობასა მამამან მისმან გარგანტუამ რომელიღაც ბედნიერი დღისა გამო ერთად მიიხმო თავისი ქვეყნისა მთავარნი და დიდი ტაძრობა გაუმართა.
    24.     საქმეში გართულ მსახურთ, როგორცა ჩანს, თავი არღა ახსოვდათ და სულ გადაავიწყდათ საწყალი პანტაგრუელი;
    25.     იმისი დამხედავი აღარავინ იყო. და არ იკითხავთ ახლა, რა ქნა?
    26.     რა ქნა და, ყველაყასა მოგახსენებთ, საყვარელნო.
    27.     წინაპირველად ჯაჭვთა დაწყვეტა სცადა, ორივ მკლავი დაჭიმა, მაგრამ არა გამოუვიდა რა, მეტისმეტად მსხვილი იყო ოთხივ ჯაჭვი.
    28.     მაშინ ფეხი დაუშინა სარწებელსა და იმდენი ურტყა, სანამ შუბლი, ანუ ბოლო არ გააგდებინა, ის შუბლი კი კარგა სქელი ძელისა იყო, სულ ცოტა, შვიდი კვადრატული ამპანი მაინც იქნებოდა;
    29.     გააგდებინა და ჯერეთ ერთი ფეხი გადმოყო, მერმე მეორე, შეახო მიწასა, რაიცა ძალი და ღონე ჰქონდა, გაიჭიფხა, ნელი-ნელ წამოსწია ტანი, ჩაკრულივე წამოდგა, სარწებელიც თან წამოიღო და დაიძრა ტაატ-ტაატ, ზურგზედ აკვანმოკიდებული, თითქო კუ აუყვა კედელსაო;
    30.     ხოლო ვინცა წინ შეეყრებოდა, უცილოდ იფიქრებდა, მთელი ხუთასი კასრი წყალწყვისა ხომალდია ტალღასა ზედა მოქცეულიო.
    31.     ესეგვარად წარუდგა იგი მონადიმეთ, და იმათაც თვალი შეავლეს თუ არა დაქიმითებულსა ყმაწვილსა, სუყველანი შიშმა აიტანა, ემანდ მუცელში არ გადაგვიძახოსო;
    32.     თუმცა შეკრულ-გაკოჭილმან ხელი ვერცრასა დაადო და მარტო ეგ იყო, ენასა თუ აუსვამდა რასმე ნაილაჯევად.
    33.     ერიჰაა, ბალღი უჭმელი დარჩენიათო, გულისხმაში ჩავარდა გარგანტუა და, ჯაჭვისა არტახნი შეხსენითო, ბრძანა, ვითარ მიწვეულ მთავართა და დიდკაცთ შეაგონეს.
    34.     ამავ აზრისანი იყვნენ მეფის კარისა მკურნალნიც, რამეთუ ჰგონებდნენ, გრძელჟამიერად აკვანში წოლა თირკმელთა შიგან შირიმსა აჩენსო.
    35.     ბრძანება და აღსრულება ერთი იყო, და შეხსნეს უფლისწულსა ჯაჭვისა არტაშან-არტახნი, წამოასკუპეს სუფრისა თავში, და გასისინდა, გამოიბუსკნა ძუძუანაწყვეტა იგი,
    36.     გასისინებულფერდამოღებულმან კი ერთი ღონივრად დასცხო მუშტი ზედ შუა ადგილას აკვანსა თვისსა, ათი ათას ნაფოტად აქცია და თანაც სუყველას გასაგონად დააყოლა, მორჩა, სარწებელში ფეხი ჩემი აწ ნურცვინ იხილოთო. და ოგ, მეფე ბასანისა (ლათ.).


7

     1.     V. ქველი პანტაგრუელისა ნასაქმარნი უასაკობისა ჟამსა
    2.     და დღედადღე ჰყრიდა ტანსა, თვალსაჩენად მოიჩიტა და მოიჩრიხვა პანტაგრუელი,
    3.     რისა გამოც ქუდი ჭერსა ჰკრა დია ბუნებური მამაშვილური გრძნობითა განმსჭვალულმან შემქმნელმან მისმან
    4.     და ესდენ გახარებულმან ჯერეთ ისევ ყმაწვილი ძისთვის გაამართვინა სირ-მართვეთა შესამუსვრელი საკენჭური, ანუ სამალი, რომელიცა აწ დიდროვან შანტელურ სამალად სახელწოდებულა;
    5.     მერმე კი ადგა და ძე თვისი სასწავლებელში მიაბარა, სიყრმითვე განისწავლოსო.
    6.     წავიდა პანტაგრუელიც, მიაშურა პუატიესა და დიდადაც წარემატა;
    7.     მალე თანაც ყველაკა შეამჩნია, რარიგ ცუდაობდნენ სწავლისა მსმენელნი მოცალეობისა ჟამსა და გული მოეწყლა, ერთობ შეებრალნენ ისინი.
    8.     და გულმოწყლული მიადგა ერთხელ პასლურდენად სახელდებულ უზარმაზარსა კლდესა, ჩამოამტვრია დევერხინა ჭაჭი, სიგრძით ლამისა თორმეტი კვადრატული ტუაზი და სიგანით კი რატო თოთხმეტი ამპანი არა, და ეგრევ შუა მინდორში უწვალებლივ ოთხსა საბრჯენსა დააფუძნა,
    9.     რათამც საქმეგამოლეულ შეგირდ-მოწაფეთ ბლომად პურ-მარილი აეტანათ ხოლმე იქა, გულიანად ელხინათ და დანა-ღინწითა სუყველასა თავ-თავისი გვარ-სახელი ამოეჭრა ზედა, და ქვა-ლოდი ისა მოაქჟამამდე ხმობილა აზეულ ლოდად.
    10.     და ამა ამბისა სამახსოვროდ აწ არცვის გახდიან პუატიეს უნივერსიტეტისა მატრიკულისა ღირსად, უკეთუ კრუტელსა შინა ცხენის წყაროსა არ დაეწაფება, პასლურდენსა არ მიმოივლის და აზეულ ლოდსა ზედ არ მოექცევა.
    11.     და მცირე ხნისა შემდგომად, ოდესცა თვისთა წინაპართა უცხოდ მშვენიერი გარდასავლით შეიტყო, ჟოფრუა დე ლუზინიანი, მეტსახელად გორანგო-ღრჯოლა ჟოფრუა,
    12.     ვინცა ჩხიკვისა ყვავი მამიდისა ბარე მეშვიდე ქმრისა გარე ბიძაშვილის ნაგერალ პაპისპაპად ერგებოდა, მაიეზეშია დამარხულიო,
    13.     პანტაგრუელმა თავი გაიშვა და წავიდა, რომა განსვენებული წინაპრისა საფლავი მოეხილა, ვითარცა კაცურსა კაცსა შეჰფერის.
    14.     თან ამხანაგნიც იახლა, ყველანი ერთად გაუდგნენ გზასა, და ლეგუჟეში რომ მივიდნენ, დიდად პატივდებულსა აბატსა არდიონსა შეუარეს;
    15.     მას უკანით ლუზინიანი, სანსე, სელი, კოლონჟი განვლეს, გაიარეს ფონტენე-ლე-კონტი, სად სწავლულ ტირაკოს ერთხმივ მიესალმნენ, და ბოლოს მაიეზესაც მიაღწიეს;
    16.     იქ უმალ ხსენებული გორანგო-ღრჯოლა ჟოფრუას ტაგრუცი მოინახულეს და, წინაპრისა ხატსა შეავლო თუ არა თვალი, პანტაგრუელსა ელდა ეცა, რამეთუ წინაპარი იგი დია მძვინვარე კაცად იყო გამოსახული, ნახევრად ხმალამოზიდული, და მსწრაფლ მიზეზი იკითხა ამისა.
    17.     ადგილისა კანონიკთ პასუხი არ დაუხანებიათ, მიზეზი ერთიაო, მიუთხრეს, რადგანაც Pictoribus atque poetis, და ა. შ.
    18.     ესე იგი, მხატვარნი და მოლექსენი თავისუფალნი არიანო და რაცა სურთ და როგორაც ჭკუაში მოუვათ, ყველაფერსა ისე ხატავენო.
    19.     მაგრამ პანტაგრუელსა ვერაფრად ეჭაშნიკა იმათი ნაუბარი და მიუგო: ესეგვარად უმიზეზოდ არ უნდა იყოს გამოსახულიო.
    20.     ეტყობა, სიკვდილისა წინ უკადრისი რამ უკადრებიათ და თვისტომთაგან ჯავრის ამოყრასა მოითხოვსო.
    21.     გამოვიძიებ და, საქმნელსა არა ეღალატებისო.
    22.     პანტაგრუელი პუატიეში არღა მიბრუნებულა, ადგა და ახლა სხვა დანარჩენ ფრანგულ უნივერსიტეტთა მოსახილველად გასწია.
    23.     ლაროშელსა რა გასცდა, წყალ-წყალ გემითა იარა და ბორდოს მიწევნილსა თვალში მოხვდა, რომა არვის აგრერიგად არ ეპიტნავებოდა წვრთა-ვარჯიში და მარტოდენ მებარგულნი სალაობდნენ ქვიშიან წყლისა პირსა.
    24.     მერე მუნით ტულუზას წარემართა და იქა ჩინებულად ისწავლა ცეკვა-თამაში, აგრევე ორივ ხელით ფარიკაობა, რასაცა ოდითგან მისდევს ადგილობრივი სტუდენტობა;
    25.     თუმცა მალიად გაცლა ამჯობინა და აღარცა ხანი დაუყოვნებია, რაჟამსა დაინახა, ვითარ ცოცხლად სწვავდნენ იგივ სტუდენტნი თავიანთ მოძღვართმოძღვართ, თითქოსდა ქაშაყნი ბოლში გამოჰყავდათ, და ერთი წასვლისა დაიბღუვლა: ღმერთმან მაშოროს ამისთანა სიკვდილიო!
    26.     ისედაც ბუნებით ფიცხი ვარ, რაღა კოცონზედ გაფიცხება მინდაო!
    27.     მას უკან მონპელიეს ეწვია, თავანკარა ჭაჭანურიც უხვად მოიშოვა და მხიარულნი პურისმტენიც არ დაუკლია;
    28.     ერთი თალია ისიც კი იფიქრა, მოდი, სულაც აქა დავრჩები და მედიცინასა შევისწავლიო, მაგრამ მერე არღა ინდომა, ნამეტნავად საშარო და სახათაბალო საქმეაო და მკურნალნი სასაქმებლისა სუნად ყარან, როგორაც დაბერძაღლებულნი მავნე სულნიო.
    29.     მოწადინებით, გაგიხარიათ, რჯულ-სამართლისა შესწავლაც მოიწადინა, მხოლოდ გული ვერ დაჰყარა,
    30.     რაკი გაიგო, მთელ ქალაქსა სამად სამი ქეციანი და ერთიც ქაჩალი სჯულისა მეცნიერი ჰყავსო, და ხაფად გაეჩქარა, ძაღლისა მუხლი გამოიბა და ასასისა ხიდიდან ნიმისა ამფითეატრამდე სამიოდ საათიც არ უვლია, რაიც ზეშთაბუნებრივ უჩვეულო რამ ამბად მოჩანს.
    31.     ავინიონში კი ჯერეთ სამი დღისა მისულიც არ იყო და უკვე გამიჯნურდა, რამეთუ ქალაქი იგი პაპისა სამკვიდრებელია და ამისა გამო იქაურნი დიაცნი დიდისა ხალისით ფეხბუმბულაობენ.
    32.     ერიჰაა, ამა საქმესა ფარსაგი ბოლო არ უჩანსო, გულისხმაში ჩავარდა პანტაგრუელისა მოძღვარი ეპისტემონი და, დოფინეში რომ ვალანსია, ახლა იქ გადაიყვანა ბატონიშვილი,
    33.     თუმცაღა კი არცა ვალანსში იყვნენ სტუდენტნი დიდად სწავლითა გართულნი და თანაც მეშფოთარნი ქალაქელნი იმათ მიწყივ თავში ჩაჩქუნით ატვინებდნენ, რამაც ლამის გულზედ გახეთქა პანტაგრუელი
    34.     და ერთსა კვირა დღესა, ოდეს ყოველნი ქუჩა-ქუჩა როკვითა ვლიდნენ, და საცეკვაოდ გამოსულ მავანსა სტუდენტსა მეშფოთართ გასაქანი არსაით მისცეს,
    35.     პანტაგრუელმა ეგრევე ყიჟინა დასცა, რონასკენ დაიფრინა ისინი და ალბათ ამოახრჩობდა კიდეც შიგა, მაგრამ მეშფოთარნი თხუნელებსავით მიწაში ჩაძვრნენ და მდინარისა ქვეშა მიფანიერდნენ, ნაპირსა ნახევარი მილით განშორებულნი.
    36.     მიწისქვეშეთი, ანუ დარან-ღარღალა ისა მოაქჟამამდეა შემონახული.
    37.     შემდგომ პანტაგრუელმა დააგდო ვალანსი, სამგზის გაალაჯ-გააბოტა, ერთგზის დატრაკა და ანჟერში ამოყო თავი;
    38.     იქაურობა ძალიანაც თვალში მოუვიდა.
    39.     ითნია და ფეხსა არცსად მოიცვლიდა, ჟამიანობასა რომ არ განეფრთხო.
    40.     და სხვა ქალაქთ აწ ბურჟი არჩია, სამართლისმცოდნეობასა დაეწაფა იქა, კარგა ხანსა ირუდუნა და ფრიად წარემატა;
    41.     მერმე ბევრჯერ უთქვამს, რაერთიც კაცთაგან სამართლისა წიგნია შენათხზი, სუყველა უცხო რამ ლამაზ წამოსასხამსა მაგონებსო, ჩიგინ-ოქრომკედით ნაკერსა და ერთიანად სპეკალით მოოჭვილსაო, გარეშემო კი წივა-სკორეთი მკობილსაო,
    42.     და ხანაც წარიტყოდა, ქვეყნად არცა იპოვებაო სხვა უფრორე საჩინო, კაზმული და უაღრესი რამოდენიმე ფურცელი, დაწერილი ან დაბეჭდილი და ერთად შეკრული, ვინემ პანდექტთა ტექსტნიაო,
    43.     ოღონდ შემკობილობა იმათი, ანუ თარგმანება-განმარტებანი აკურსიუსისა, ისერიგად ბინძური, მურტალი და უწმინდურია, რარიგადაც ჩხრინკელი და ჩონჩორიკიო.
    44.     ბურჟიდან პანტაგრუელი ორლეანსა წავიდა;
    45.     ვინაც იქა ეშმაკი და მამაძაღლი სტუდენტი იყო, სუყველა იმისი მასპინძელი გახდა;
    46.     შეიტკბეს, შეითვისეს და სულ მალე ბურთაობაშიც გაწაფეს, რამეთუ ადგილობრივნი სტუდენტნი დასტურ ოსტატნი არიან ამა თამაშობისა, და უკვე გავარჯიშებულ-განარდიშებულსა ის კუნძულ-ჭალაკნიც მრავალგზის მოატარეს, სად არრა ახსოვდათ რა გარეშე კოჭაობისა.
    47.     წიგნთა კითხვა-განხილვით კი პანტაგრუელი მაინცდამაინც თავსა არ იკლავდა, რადგანაც შიშნეულობდა, მხედველობასა დავიზიანებო,
    48.     და აკი მავანი მოძღვართმოძღვარი ჩასჩიჩინებდა კიდეც სწავლისა მსმენელთ, თვალთახედვისა ისარსა სხვა ისე არცრა ამოკლებს რა, როგორაც სენი რამ თვალისაო.
    49.     და ჯერეთ სულ ორიოდე დღისა ნაბოძები ჰქონდა პანტაგრუელსა სამართლისა ლიცენციატის ხარისხი,
    50.     რომ ერთმა იმისმა ძმაკაცმა თანამოსწავლემან, სწავლაში თუ ნაბოლოვარმან, სამაგიეროდ ცეკვა-თამაშსა და ბურთაობაში პირველმან, ლექსად გამოთქვა იქაური უნივერსიტეტისა ლიცენციატთა დევიზი, ანუ ზედწარწერა ესე:
    51.     თუ მოიცემ მკლავში ძალსა, ბურთს უმარჯვებ საბიძალსა, ჩაიყენებ მუხლში ქარსა და გაუსწრებ დავარდნილსა, დოქტორი ხარ სამართლისა. მხატვართა და მგოსანთ (ლათ.).



8

     1.     VI. ვითარ გადაეყარა პანტაგრუელი ფრანგულისა ენისა მღვლარჭნელ მავანსა ლიმუზენელსა
    2.     ერთხელაც, სახელდობრ როდის იყო, ვერ ვიტყვი, ვახშამნაჭამი პანტაგრუელი თავისი პურისმტეთა თანა ქალაქისა კარიბჭისა წინა დატორღიალებდა, სად დასაბამია პარიზისა გზისა.
    3.     და სწორედ იქ წააწყდა ამა გზით მომავალსა ერთსა მაზალო ვინმე სტუდენტსა, თავი დაუკრა და ჰკითხა:
    4.     - სით მოხვალ, ძმავ, ამ ღამეში?
    5.     - სითა და, ლევკოთიად სახელდებული ქალაქისა სახელოვანი და ღირსად ქებული აკადემიით, რომელსა ალმა-მატერსა ვუხმობთ, - მიუგო სტუდენტმა.
    6.     - რაო, რისა თქმა ნებავს? - მიუბრუნდა პანტაგრუელი თანამავალთაგანსა.
    7.     - პარიზით მოვდივარო, - მიუგო თანამეგზავემ.
    8.     - მაშ, პარიზიდანა ხარ? - დაეკითხა სტუდენტსა პანტაგრუელი.
    9.     - რასა იქმთ, რარიგ ატარებთ დროსა უფალნი სტუდენტნი იმა თქვენსა პარიზში?
    10.     სტუდენტმაც არღა დააყოვნა პასუხი და სიტყვა გამოაგო:
    11.     - რარიგ ვატარებთ და, შეთენებისა და შეღამებისა ჟამსა სექვანასა ვატრანსფრეტირებთ, ყოველსა ურბანულსა მებოძირსა ზედა ვდეამბულირებთ,
    12.     ლათინურსა მრავალსიტყვაობასა ვხელოვნობთ და, ვითარცა ჭეშმარიტნი მექალთანენი, ყოვლისა განმკითხველსა, ყოვლისმყოფელსა და ყოვლისდამბადებელსა მდედრსა ვეკურკურ-ვეგლასუნებით.
    13.     ხან ჟამისად ლუპანარიუმთა ვიზიტობასა ვუნდებით, ვერეტრუმთა ჩვენთა დიაღაც ვენერული ექსტაზითა მივართმევთ ყოველთა ფეხბოშ დიაცთ ივთა შიგნიშიგან, ანუ ამიკაბილისუმურ მერეტრიკულთა პენიტისიმურ პუდენდისა რეცესუსსა ეგრევ ვაინკულკირებთ,
    14.     და მერმე, სადაც ერთი სამიკიტნოა, ყველაკა ჩვენია, გინა „ხალცუცა“, გინა ციხე-დარბაზი“, გინა „ღვეძილი“ და გინა „კერძოვირი“, ყოველგანუს სულ მაზამაზა შემწვარ-მოხრაკულუმ წამოვარე ფუნჩისა, თანაც ზედა ოხრახუშ-პეტროსელიმუნუს მოყრილუს.
    15.     ხოლო უკეთუ ჯიბუსფარაგუს ნოსტერ ექსჰაუსტურ მდგომარეუბუს და თეთრი არა ჩხრიალდის, არცარუმ ლიბრისსა გავიჩერებთარებთ, არცარუმ ორნამენტაციასა რასმე და ჩვენთა მამათეულ პენატთაგან და ლართაგან შეწევნისა მოლოდინსა შინა დავშთებითრე.
    16.     პანტაგრუელმა ვეღარ გაუძლო იმის ღიჭინჭიჭინსა და შეუძახა:
    17.     - ეგ რა ქაჯურით ატყაჭუნებ სათქმელსა?
    18.     მწვალებელი ჩანხარ, ღმერთმანი!
    19.     - არა ბატონო, - დაეუარა სტუდენტი, - არამცა ვჩანვარე და არამცა ვარე, ვინათგან თვალნი ავრორისანი რა რომ განიხვნებარე, დია ხალისიმედ მოვიხილვიდე ყოვლისა უფრორე ნაჩუქურთმევსა საყდარუსსა, წამერთუს ვიპკურებ ლუსტრალურსა აკვასა,
    20.     ჩავაბულბულარებ ერთსა რომელსამუს სტიქარონსა, ჩავარაკრაკებ ჟამნობათა ლოცვასა და იქავ განვიწმინდარებ ღამეულისა სიბილწისგან ანიმასა.
    21.     სხვათ კი არა, მიწყივ ვაქებარებ და შევნატრი ოლიმპიკოლთ, განვადიდებარებ უზენაესსა ნათელგამომცემელსა, თანავუგრძნობარებ მოყვასუმსა ჩემსა და სიყვარულისა წილ სიყვარულსავე მივაგებარებ, ვიცავუს ათსავ მცნებუსსა და შეძლებისამებრ ჩემისა არცროდისარე ვყოფ უარსა.
    22.     დაღათუმცა, ვინადგანვე მამონა ზედაც არა უყურებარებს ამიანურსა ჩემსა და ერთსა ბისტსაც არა იმეტებარებს, მეცა ძნელადრე და ღაფლად განვიკითხავრე ყოველთა გლახაკთა და ალქატთა, ვინაცავინა კარ-კარ დავალის ფაფანურისა მოშოებად.
    23.     - ერთი კარგი ჭიტლაყი წამალსავით წაადგებოდა ამ დამთხვეულსა, ამასა! - დაიბაყბაყა პანტაგრუელმა.
    24.     - ნეტაი რასა არახუნებს მოშლილი წისქვილივითა?
    25.     ვგონებ, განგებ მოუგონია უკუღმართი რამ ენა, რა არი მოგვაღოროს და გაგვაბრიყვოს.
    26.     მაშინ ერთმა თანამყოლმა უთხრა:
    27.     - მეუფეო, ჭაბუკი ესა თავისი ჭკუით ვითომ პარიზელთ ამაიმუნებს, ნამდვილად კი ლათინურსა ღვარსლავს და ალათაიურებს, თუმცა კი თავი პინდარეს მიმბაძავი ჰგონია, და, რაკიღა გატყლარჭულად ლაპარაკობს, სრულად დარწმუნებულია, მშვენიერი ფრანგულით ვმეტყველებო.
    28.     - მართლა აგრეა? - ჰკითხა პანტაგრუელმა.
    29.     - სინიორ მისიერ! - მიუგო სტუდენტმა.
    30.     - გენიასა ჩემსა სულაცა არა სჩვევუს ღვარსლაუმ, ვითარ ბრძანებარებს უბადო ყიამყრალუს ეგა, და ჩვენს გალიკურსა ვერნიკულასა ეპიდერმულსა საბურველსა კი არა ვაძრობარებ, ვიცევერსოტივ, იმა დირექციითა ვუდგებარებ, ეგებისა უფრორე გავამდიდრო, რათამცა ჩალათინურხუჭუჭდეს.
    31.     - ღვთივ სახელსა ვფიცავ, კაცურად ამოგადგმევინო ენა! - დაიბღავლა პანტაგრუელმა.
    32.     - ოღონდ ჯერეთ სადაურობა მითხარ შენი.
    33.     და სტუდენტმაც უთხრა:
    34.     - პირველმშობელნი ჩემნი, ანუ მამა-პაპანუს მკვიდრეულნი არიან ლიმუზენისა რეგიონთა, სადაცა განისვენებარებს ნეშტრი მღვდელმთავრუს მარსიალისა.
    35.     - გატყობ, დასტურ ლიმუზენელი ბრძანდები, - წართქვა პანტაგრუელმა, - თავსა კი იპარიზელებ.
    36.     ცოტა ახლოსა მოდექ, ვნახო ერთი, რა ბიჭიცა ხარ!
    37.     ამისა თქმა იყო და, პანტაგრუელი ყელში სწვდა სტუდენტსა, ავად დაემუქრა:
    38.     - შენა თუ ლათინურსა აძრობ ტყავსა, იოანე ნათლისმცემლისა მადლმან, მე ეხლავ სულსა ამოგაძრობ, ოთხში ამოგიღებ!
    39.     და საწყალი ლიმუზენელი ყელგადაგდებით შეენუკვა:
    40.     - ნუ იზამ, ბატონიშვილო! დამიფარე, წმინდაო მარსიალ! დამეხსენი, იწამე ღმერთი!
    41.     - აი აწ გამართულად უბნობ, - ნიშნისმოგებით აღლოფინდა პანტაგრუელი.
    42.     და თავი გაანება, შეეშვა, რამეთუ ბეჩავმა ლიმუზენელმა ზედდატანებით ფრიად ჩაისვარა, საწმერთულსა ძლივსღა ერეოდა, საწმერთული კი უკან ჩასახსნელი და ჩაქიანი ეცვა.
    43.     და პანტაგრუელმა ცხვირზედ იტაცა ხელი:
    44.     - წმინდაო ალიპენტინე, სუნიც ამასა ჰქვია!
    45.     ფუ, აგაყროლოს ეშმაკმა, შე წყეულო, შენა!
    46.     და გაეცალა იქაურობასა, თავსა უშველა ლიმუზენელმა.
    47.     მაგრამ მთელი სიცოცხლე თანა სდევდა ფიქრი ამა შემთხვეულებისა გამო და ზარდაცემულსა ეჩვენებოდა ხოლმე, პანტაგრუელი ყელში უნდა მწვდესო, ხოლო რამოდენიმე წლისა შემდგომ როლანისა სიკვდილით მიიცვალა,
    48.     რაიცა ცხადსა ხდის ღვთის რისხვასა, და ლიმუზენელისა მაგალითი ესე სიწრფოებასა და სიმართლეს ადასტურებს იმა ფილოსოფოსისასა, ვისი პირითაც ავლუს გელიუსი ამტკიცებს, ჯერ არს ერისა საზოგადო ენითა მეტყველებაო,
    49.     და ოქტავიანე ავგუსტუსისა თქმისა არ იყოს, ყოველსა გაუგებარსა სიტყვასა ისევე ბეჯითად უნდა განვერიდოთ, ვითარცა ნავკოსალარი, ანუ ხომალდისა მატარებელი ვრაქიასა და კბოდოვანსა უფრთხის.


9

     1.     VII. ვითარ ჩავიდა პანტაგრუელი პარიზსა, და იმა უცხო წიგნთა გამო, წმ. ვიქტორის მონასტრისა სამწიგნობროში რომ მოიხილა
    2.     რა რომ ორლეანსა ფრიად განისწავლა, პანტაგრუელმა ახლა დიდსა პარიზის უნივერსიტეტსა დაადგა თვალი.
    3.     მაგრამ წასასვლელად აიკრა თუ არა გუდა-ნაბადი, ორლეანელთ ზედდატანებით აუწყეს, ორას თოთხმეტი წლისა უწინ წმ. აგნიანეს ეკლესიისა სამრეკლოით ერთი უზარმაზარი და უშველებელი სეფე-ზარი ჩამოგვივარდაო და იმსიმძიმე რამ არის, ვერცრა სამარჯვით ძვრა ვერა გვიქნიაო,
    4.     თუმცაღა კი ყველაყა ღონე მოვიღონისძიეთო, რასაც ვიტრუვიუსი (De architectura), ალბერტი (De re aedificatoria), ევკლიდე, თეონი, არქიმედე და ჰერონი (De ingeniis) ბრძანებენო.
    5.     პანტაგრუელმა უმალ გულად იღო ხსენებული ქალაქისა მსახლობელთა და მოქალაქეთა კრძალული აჯა და სამრეკლოსა ზედა ზარისა აზიდვასა დაჰპირდა.
    6.     და მართლაც, წავიდა, მიეახლოვა ძირსა ჩამოვარდნილსა ზარსა, დასწვდა ნეკითა და ისე იოლად აზიდა, ვითარცა თავად ზანზალაკსა აიტაცებდით.
    7.     ოღონდ, ვინემ სამრეკლოსა ზედა დაჰკიდებდა, პანტაგრუელმა ჯერეთ დილისა საარისა ჩამორეკვა იზრახა, და ზარი იგი ქუჩა-ქუჩა აატარ-ჩაატარა რეკვა-რეკვითა, რისა გამოც უზომოდ გაიხარეს ქალაქელთ;
    8.     ბოლოში კი საქმე ფარსაგ ვერ გამოვიდა, ვინადგან ზარისა რეკვა-წკრიალში ერთიანად დაჭანგდა და დაჭმახდა თავანკარა ორლეანური ღვინო.
    9.     ხალხმა ყოველივე ესე მხოლოდ საღამოს ჟამსა შეიტყო, რამეთუ დაჭანგებულმა ჭაჭანაურმან კინაღამ დახეთქა და სულ ქოჩორზედ ატრიალა ორლეანელნი.
    10.     - უსიკვდილოდ პანტაგრუელისა ონარია, - ერთმანეთში უბნობდნენ ისინი, - სუყველანი პირგამლაშებულნი დავალთ.
    11.     მალე ამისა უკან პანტაგრუელი თავის ქულფათიანად პარიზსა ჩავიდა, და მთელი ქალაქი წამერთ წინ გამოეგება, რადგანაც პარიზელნი, მოგეხსენებათ, ბუნებით თავფეხიან-ტანისამოსიანად აკარაკნი, ანუ ჭკუამხიარულნი არიან,
    12.     და პანტაგრუელსა დია შეძრწუნებულნი და არცათუ უშიშად უჭვრეტდნენ, ემანდ სასამართლოს შენობა თან არ წარიტანოს და სადმე დასაკარგავში არ გადაგვიღუპოსო, რარიგადაც მამამან მისმან ღვთისმშობლისა ტაძრისა ზარნი წარიტანა, მერმე თავის ფაშატსა კისერზედ რომ დაჰკიდაო.
    13.     და რა მცირედი ჟამი დაჰყო იქა და შვიდსავ თავისუფალ მეცნიერებასა გვარიანად ჩაჰხვდა, პანტაგრუელი სუყველასა იმას უმტკიცებდა, ქალაქსა შინა სიცოცხლე კარგია,
    14.     ხოლო სიკვდილი არ ვარგაო, რამეთუ მაწანწალანი წმ. ინოკენტისა სასაფლაოზედ საჯდომთ მიცვალებულთა ძვალძვულით ითბობენო.
    15.     წმ. ვიქტორისა საწიგნისა გამო კი მეტისმეტად დიდი აზრისა იყო, და კერძოობითად ისი წიგნ-წერილნი ამოიჭრა გულშიგან, რომელთა სიასაც აქვე ვურთავ, და primo:
    16.     Bigua salutis, Bragueta juris, Pantofla Decretorum, Malogranatum vitiorum, გორგალი თეოლოგიისა, ცოცხი მქადაგებლისა, შენათხზი ჭამაკუთილასი, ყვერნი სპილოსი კადნიერთათვის, სამსალა ეპისკოპოსთათვის,
    17.     Marmotretus, De baboinis et cingis, cum commento Dorbellis, Decretum universitatis Parisiensis super gorgiasitate muliercularum ad placitum, ვითარ გამოეცხადა წმინდა გერტრუდა პუასისა მონასტრის მოლოზანსა, ოდეს იგი შობდა,
    18.     Ars honeste pettandi in societate, per M. Ortuinum, ხაჟუჟი სინანულისა, პაჭიჭნი, alias ქოშინი დათმენისა, Formicarium artium, De brodiorum usu et honestate chopinandi, per Silvestrem Prieratem, Jacospinum,
    19.     სამსაჯულო თავსახეთქელი, ხელძარი ნოტარიუსთა, გარდამბმელი რგოლი ჯვარდაწერილთა, ბუდე ჭვრეტისა, ტარაკუჭობა სჯულმდებელთა, აღმძვრელი ძალა ღვინისა, საბაბსუბაბი ყველიჭამიობისა,
    20.     Decrotatorium scholarium, Tartaretus, De modo cacandi, რომაულნი აღლუმნი, ბრიკო, De differentiis soupparum, საჯდომსაჭრელებელი.
    21.     რარიგ ჩავუწიხლოთ კაკალნი დარბაისელთ, ჯორკო კეთილზრახვისა, ლადუკი სულგრძელობისა, მოძღვართა ხრიკიან სამჭედურთა გამო, სამრევლო ხუცესთაგან ერთმანეთისა ცხვირთა ზედა წკიპურტისა ცემისათვის,
    22.     Reverendi Patris Fratris Lubini, Provincialis Bavardiae, De croquendis lardonibus libri tres, Pasquili, Doctoris marmorei, De capreolis cum chardoneta comedendis, tempore Papali ab Ecclesia interdicto,
    23.     მოპოვება საუფლო ჯვრისა, ექვსი მოქმედი პირისათვისა, წარმოდგენილი ცხრა თოკში გამოვლილ გაღლეტილთაგან.
    24.     ჭოგრიტნი რომსა სალოცავად მავალთა, Majoris, De modo faciendi boudinos, პრელატური ჭიანური, ბედა De optimitate triparum,
    25.     ვექილთა წუხილი მიძღვნა-მოძღვნაში რეფორმათა ზედან, რარიგ ჯღაბნიან რწმუნებულნი, დუმიანი ცერცვი, cum commento, მცირედი შემოსავალი ინდულგენციათაგან.
    26.     Praeclarissimi juris utriusque Doctoris Maistre Pilloti Raquedenari, De bobelinandis glosse Accursiane baguenaudis, Repetitio enucidiluculidissima, Stratagemata Francarchieri, ბანიოლესი, Franctopinus, De re militari, cum figuris Tevoti,
    27.     De usu et utilitate escorchandi equos et equas, authore M. nostro de Quebecu, სიბრიყვისა გამო ხუცესთა, M. n. Rostocostojambedanesse, De moustarda post prandium servienda, lib. quatuordecim, apostilati per M. vaurillonis,
    28.     მისაგებელი ხუცესთა მექორწინე თანამწოლთათვის, Quaestio subtilissima, utrum Chimera in vacuo bombinans possit comedere secundas intentiones, et fuit debatuta per decem hebdomadas in concilio Constantiensi,
    29.     განუძღომელობა ვექილთა, Barbouilamenta Scoti, ღამურასებურ პარიკთა გამო კარდინალთა, De calcaribus removendis decades undecim, per M. Albericum de Rosata, Ejusdem, De castrametandis crinibus, lib. tres,
    30.     ანტონიო დე ლეივასგან ომითა შესვლა ბრაზილიისა მიწა-წყალზედ, Marforii bacalarii cubantis Rome, De pelendis mascarendisque Cardinalium mulis,
    31.     იმათ პასუხად თქმული, ვინცა ამტკიცებს, პაპისა ჯორი ზუსტად დაწესებულ ჟამსა მიირთმევსო, წინასწარმეტყველება, que incipit Silvi Triquebille;
    32.     balata per M. n. Songecruyson, Boudarini episcopi, De emulgentiarum profectibus enneades novem, cum privilegio papali ad triennium, et postea non, ხლართ-მანქანება-ხრიკნი ქალწულთა, ვითარ ექუცებათ საჯდომნი ქვრივ დედაკაცთ, ჩაბალახი ბერმონაზვნისა,
    33.     ძმათაგან ცელესტინელთაგან ლოცვათა დუდუნისა უცხო რამ ხერხთათვის, წყალწაღებულ ბერთაგან ხავსისა ჭიდებისათვის, ვითარ ბაბანებენ ყელგადაგდებულნი, სათაგური საღვთისმეტყველო,
    34.     ვითარ ეპრუწ-უვიწროვდებათ მეცნიერებისა მაგისტრთ მავანი და მავანი ხვრეტილი, მცირედ ქოჩორშეკრეჭილნი მზარეულმზურეულნი ოკამისა, Magistri n. Fripesaulcetis, De grabellationibus horarum canonicarum, lib. quadraginta,
    35.     Cullebutatorium confratriarum, incerto authore, თავსარქმელნი მუცელაქორებულ ძმათა, ამბავი ესპანელი ჯახირასი, რომელიცა ძმა ინიგომ წყალზედ ჩაიყვანა და მწყურვალი ამოიყვანა, მუცლისა ჭიისა დასაყრევინებელი შინაკაცთათვის სამზარეულოისა,
    36.     Poiltronismus rerum Italicarum, authore magistro ბრიულფერისა, R. Lullius, De batisfolagiis Principium, Callibistratorium caffardiae, auctore M. Jacobo Hocstratem, hereticometra, მუსუსა,
    37.     De magistro nostrandorum magistro nostratorumque beavetis lib. octo galantissimi, ვითარ უშვებენ ქარსა ბულისტნი, კოპიისტნი, სკრიპტორნი, აბრევიატორნი, რეფერენდარიუსნი და დატარიუსნი აღწერილობითა რეგისისა,
    38.     მუდამი წელიწდეული ნიკრისისა ქარითა სნეულთათვისა და ცუდჭირშეყრილთათვის, Maneries ramonandi fournellos, per M. Eccium, ძმაცვა-ეშმაკობანი დიდვაჭართა.
    39.     ვითარ მოხერხებულია ცხოვრება ბერმონაზვნური, ბუღლამა მუზმუზელისა, ამბავი მავნეულთა, გლახაკობა გადაყენებულ ჯარისკაცთაგან, უშნო ორყაბაზობა ოფიციალთა, ოქროს ქვიშრობნი მოლარეთა, Badinatorium sophistarum,
    40.     Antipericatametanaparbeugedamphicribrationes merdicantium, ლოკოკინა ცუდმოლექსეთა, ცდანი ალქიმიკოსთა, ეშმაკობანი მოკალმასე ბერთა, ნამცეც-ნამცეც მოშოებული ძმისა სერატისისა მიერ, ბორკილნი რელიგიისანი, ვითარ აქანებენ ზარისა მრეკელნი საკუთარ კაკალთ,
    41.     სახსარი სიბერისა, ალიკაპი აზნაურთათვის, ცხვირში ლოცვათა თქმისათვის, ჯაჭვნი ღვთისმოშიშობისა, კოჭობი წელიწადისა ოთხისავე დროისათვის, როდინი საპოლიტიკო ცხოვრებისა,
    42.     სამწერობელი დაყუდებულთა, ჩაბალახი მონანულთა, გასაძრომელ-გამოსაძრომელი გარყვნილ ძმათა, Lourdaudus, De vita et honestate braguardorum, Lyripipii Sorbonici moralisationes, per M.
    43.     Lupoldum, ვითარ მიირთმევენ მწირნი ნაჭამნუჭამსა, ღვინისა სალბუნ-მალამო წყურვეულ მწყემსმთავართათვის, Tarraballationes Doctorum Coloniensium adversus Reuchlin, ზანგალაკნი ბანოვანთათვის, უკან ჩახსნილი საწმერთული ტრაწშეყრილთათვის,
    44.     Virevoustatorum nacquettorum, per F. Pedebilletis, ძირი ალალმართლობისა, ტაბაკელა, ჯერსონი, De anferibilitate papae ab Ecclesia, მარხილნი მეცნიერად ხელდასხმულთათვის,
    45.     Jo. Dytebrodii, de terribiliditate excommunicationum, libellus acephalos, Ingeniositas invocandi diabolos et diabolas, per M. Guingolfum, Doctoris cherubici, De origine patepelutarum et torticollorum ritibus lib. septem.
    46.     სამოცდაცხრა გაქონილ-გაპოხილი კონდაკისა გამო, პაღვიანობა ხუთი უპოვარი ორდენისა, გატყავებისა გამო მწვალებელთა, შესაბამისად „მოწითანო ხამლისა“, რომელიცა ჩართულია Summa angelica-სა შინა,
    47.     მკითხაობა სინდისისა საძნელო შემთხვეულებათა გამო, დიდმუცლიანობისათვისა ბჭეთა, ვირტვინაობა აბატთა.
    48.     Sutoris, Adversus quemdam, qui vocaverat eum fripponatorem et quod fripponatores non sunt damnati ob Ecclesia, Gacatorium medicorum, ასტროლოგიური სასაქმებლისა გამო,
    49.     Campi clysteriorum, per S. C. ქარისა გამოშვება მეწამლეთა ხერხისა შესაბამისად, გამოსაჯდომკურტუმება დასტაქართა ხერხისამებრ, Justinianus, De cagotis Tollendis, Antidotarium animae, Merlinus Coccaius, de patria diabolorum.
    50.     ზოგ-ზოგი ამა წიგნთაგან უკვე დასტამბულია, ზოგიც ჯერეთ ისევ იბეჭდება სახელგანთქმულსა ქალაქსა ტიუბინგენსა.
    51.     „ხუროთმოძღვრებისა გამო“ (ლათ.). „სამშენებლო ხელოვნებისა გამო“ (ლათ.). „მანქანათა განწყობილობისა გამო“ (ლათ.).
    52.     უწინარესად: „ორთაყვირი ცხონებისა“, „საბიძალი სამართლისა“, „ხმალი განჩინებათა“, „ბროწეული ბიწიერებისა“ (შუასაუკ. ლათ.).
    53.     „მამოტრე, პავიანთა და მაიმუნთა გამო“, დ’ორბოს თარგმანებითურთ; „პარიზისა უნივერსიტეტისა წესდებულება გამოისად კოკობზიკობისა ფეხბოშ დიაცთა“ (შუასაუკ. ლათ.).
    54.     „ხელოვნება საზოგადოებაში ზრდილად გაჭაჭუნებისა“, მაგისტრ ორტუინისა (შუასაუკ. ლათ.). ანუ (ლათ.)
    55.     „საბუდარი ხელოვნებათა“, ვითარ უნდა მივირთმევდეთ წვნიანსა და შებრუჟებისა ღირსებულებისათვისა“, ქმნილი სილვესტრ პრიერიელისგან, რომელიცა იყო იაკობიტი (შუასაუკ. ლათ.).
    56.     „საწულე ჯაგრულა მოწაფური“, „ტარტარე, მოსკორვისა ხერხთათვის“ (შუასაუკ. ლათ.).
    57.     „ვითარ სხვაობს შეჭამანდი შეჭამანდისგან“ (შუასაუკ. ლათ.).
    58.     „ღორისა ქონისა ყბორვისათვისა, სამ წიგნად“, თხზულება ღირსადპატივდებული ძმისა ლუბენისა, რომელიცა იყო სალაყბეთისა მამა სულიერი;
    59.     „რაგვარ ვიგემოთ ხაჭიჭორიანი თხისა ხორცი პაპისა თვეებში წინააღმდეგ ეკლესიისგან აღკრძალვისა“, თხზულება პასკვილესი, დრუნგილმარმარილოს დოქტორისა (შუასაუკ. ლათ.).
    60.     მაიორისი, „სისხლიანი ძეხვისა, ანუ ჭიჭნაგურისა მომზადებისა ხერხთათვის“ (შუასაუკ. ლათ.).
    61.     „შიგანურისა ჩინებულ თვისებათათვის“ (შუასაუკ. ლათ.).
    62.     სახელმორჭმული დოქტორი ორთავე სამართლისა, მოძღვარი პილო მღვარსლელი, „აკურსიუსისა თარგმანება-განმარტებათა შინა მოგროვილი ჩმახისა ნასვრეტთა გამო; გასხივ-გაცისკროვნებულ-გაჩახჩახებული განხილვა“; „ორყაბაზობა თავისუფალი მოისრისა“ (შუასაუკ. ლათ.).
    63.     თავისუფალი ერისაგანი, „სამხედრო ხელოვნებათა გამო“. ტევოსაგან ქმნილი ნახატებითურთ; „ულაყთა და ფაშატთა გამოშიგვნისა სარფა-სარგებლიანობისა გამო“, თხზულება ღვთისმეტყველებისა დოქტორისა დე კებეკიუსი (შუასაუკ. ლათ.).
    64.     როსტოკოსტოიამბედანსი, დოქტორი ღვთისმეტყველებისა, - ჭამისა შემდგომ მდოგვის დაყოლებისა გამო. თოთხმეტ წიგნად, მეტრ ვორილონისა აპრობაციითურთ (ლათ.).
    65.     „ორყაბაზული საკითხისათვის შესახებ იმისა, ძალუძს თუ არა ცარიელ სივრცესა შინა მობზუილე ქიმერასა შთანთქმა მეორად ინტენციათა; ათი კვირისა განმავლობაში განიხილებოდა კონხტანცისა კრებისაგან“ (შუასაუკ. ლათ.).
    66.     „სათხუნელი“ სკოტისა (შუასაუკ. ლათ.). „დეზ-საჯგვლემელთა შეხსნისათვის, თერთმეტ ათეულ წიგნად“, მეტრ ალბერიკ დე როზატისა; „ბალანშიგან მეციხოვნე ლაშქართა ჩაყენებისათვის, სამ წიგნად“ იმავე ავტორ-მათქვამისა (შუასაუკ. ლათ.).
    67.     მარფორიო, ბაკალავრი, რომისა მიწასა მიბარებული, „ვითარ ვწმინდოთ და ვთხუნოთ ჯორნი კარდინალთა“ (შუასაუკ. ლათ.).
    68.     რომელიცა იწყება სიტყვებითა „სილვიუსისა წყვილნი“ და ნაპეტელარი ძილიფიცილასი, ღვთისმეტყველებისა დოქტორისა;
    69.     ბუდარენი, ეპისკოპოსი, „ემულგენციათა შემოსავლისათვის, ცხრაჯერ-ცხრა წიგნისაგან შემდგარი, პაპისა უპირატესობითა სამად სამ წელიწადსა, არა უმეტეს ხანსა“ (შუასაუკ. ლათ.).
    70.     დოქტორი ღვთისმეტყველებისა ჭამატაკია, „დაწესებულ ჟამთა გამოლევისათვის, ორმოც წიგნად“, „საყურყუმელაო ძმათათვის“, უცნობი ავტორ-მათქვამისა (შუასაუკ. ლათ.).
    71.     „მცონარება იტალიური“, თხზულება მაგისტრისა (შუასაუკ. ლათ.).
    72.     რ.ლულიუსი, „თავქარიანობა თავადთა“, „შთასადებელი პირმოთნეობისა“, თხზულება მეტრ იაკობ ჰოხშტრატენისა, ერითიკომერისა (შუასაუკ. ლათ.).
    73.     „თუ რაერთი მარაგი აქვთ ღვინისა ღვთისმეტყველებისა დოქტორობისა კანდიდატთ და კიდევ იმათ, ვინცა უკვე გაირტყა აღნიშნული ხარისხი, რვა უაღრესად პიკანტურ წიგნად“ (შუასაუკ. ლათ.).
    74.     „სამზარეულოის საბოლეთა გაწმენდისა ხერხთათვის“ მეტრ ეკისა (შუასაუკ. ლათ.).
    75.     სოფისტიკური შესაქცევარი რამ, „გააბდაუბდებულ-გადასკუპებულ-უკუჯექობა მსკორავთა“ (შუასაუკ. ლათ.).
    76.     ზანტელი, „ცხოვრებისა და ღირსებათა გამო სალუქთა; „სულისა საცხონებელი დარიგებანი სორბონელი ჩაჩიანისა“, თხზულება მეტრ ლუპოლდისა (შუასაუკ. ლათ.).
    77.     „კელნელ დოქტორთა ამტეხ-ამშლელნი სიტყვანი წინააღმდგომ რეიხლინისა“ (შუასაუკ. ლათ.).
    78.     „ვითარ უნდა ტრიალებდნენ, ოდეს ჩოგან-ბურთსა თამაშობენ! ძმისა კუსნაბიჯასი“ (შუასაუკ. ლათ.).
    79.     „ეკლესიისგან პაპისა გადაყენების შესაძლებლობისა გამო“ (შუასაუკ. ლათ.).
    80.     იოანე დიტერ ბროდიუსი, „ეკლესიისაგან მოკვეთისა საშინელებათა გამო, თავფურცელმოგლეჯილი წიგნი“; „ქასქანჯიელთა და ქალატურათა გამოხმობისა მოხერხებისათვის“ მეტრ გიგოლფისა (შუასაუკ. ლათ.).
    81.     „ანგელოზებრი ჯუმლი“ (ლათ.) - თხზულება თომა აქვინელისა.
    82.     ცუდმკერვალუსი, „წინააღმდეგ მავანი და მავანი კაცისა, ვინცა მთხზველსა ურცხვისა სახელი დასდო, და კიდევ შესახებ იმისა, რომ ურცხვნი ეკლესიისგან არა განკიცხულან“; „ფეხისალაგი, ანუ სანეშტე სამედიცინო“ (შუასაუკ. ლათ.).
    83.     „საოყნე სარბიელნი“, თხზულება ს. შ. (შუასაუკ. ლათ.). იუსტინიანე, „მუზმუზელა ხალხისა ფესვიანად მოთხრისა გამო“; „ანტიდოტარიუმი სულისათვის“; მერლინ კოკაი, „ეშმაკეულთა ჭურ-მამულისა გამო“ (შუასაუკ. ლათ.).


10

     1.     VIII. ვითარ მიიღო პარიზსა მყოფმა პანტაგრუელმა მამისა თვისისა გარგანტუას უსტარი, რომლისა პირსაც ქვემორე ვურთავ
    2.     როგორცა იმცნეთ, პანტაგრუელი დია წარემატებოდა სწავლაში, ვინაიდგან ჭკუა თითქოსდა ორმაგძირიანი ჰქონდა, ხოლო დამტევნელობა იმისი მახსოვრობისა თორმეტ ზეითუნისა ზეთისა ლადუკ-კასრსა უდრიდა.
    3.     და ერთხელაც, პარიზსა მყოფმა, ქვემორე წერილი მიიღო მამისაგან თვისისა:
    4.     „უსაყვარლესო ძეო ჩემო! იმა ნიჭთაგან, მადლთაგან და უაღრესობათაგან, რითაც კი ქვეყნისა დამდგენელსა, ყოვლადძლიერსა ღმერთსა დასაბამით ღირსუყვია და შეუმკია ბუნება კაცისა, ყოვლისა უფრორე უცხო და უზენაეს თვისებად იგი მესახვის,
    5.     რომლისა წყალობითაც სიკვდილისა ქვემდებარე მოდგმა ჩვენი ერთგვარად უკვდავდება და წარმავალ წუთისოფელსა შინა ამარადისებს სახელსა და თესლსა თვისასა, და ესე ყოველი ჩვენის სჯულიერისა შეუღლებისგან გაჩენილი ჩამომავლობის გზითა ხდება.
    6.     რაღა თქმა უნდა, რაიცა ჩვენთა პირველ მშობელთა შეცოდებამ დაგვანაკლისა, სამუდამოდ დაკარგულია, რამეთუ იმათ ეუწყათ, შემოქმედისა მცნებათა წინაშე ურჩობისა გულისთვის დაიხოცებითო და სიკვდილი პირველქმნილ ბუნებასა კაცისასა გააბედითებსო;
    7.     მაგრამ თესლი რახანც თესლოვნებს და განივრცობა, შვილში ისა ცოცხლდება, თუ რამ დედ-მამასა დაჰკლებია, შვილიშვილში კი ის იჩენს თავსა, რასაც შვილში გზა ვერ უპოვნია, და ესერიგად იმა დიდ განკითხვამდისა გასტანს,
    8.     ოდესცა იესო ქრისტე თავის საუფლოსა მამაზეციერსა დაუბრუნებს უკვე დაშოშმინებულსა და ყველაგვარ განსაცდელთაგან თუ ცოდო-ბრალთაგან დახსნილსა,
    9.     ვინადგან იმხანად არცაღა შვილიერება იქნება სადმე, არცაღა ზნეობათა ზნევა-ზიანი, არცაღა ნივთ-კავშირთა განუწყვეტელი ცვალება, და ქვეყანასა ზედა ნანინატრი და დაურღვეველი მშვიდობა ჩამოვარდება, ყველაყა თავის დასავალსა და საზღვარსა მიატანს.
    10.     მაშასადამე, დიაღაც საფუძვლიანად და საბუთიანად ვმადლობ მფარველსა ღმერთსა ჩემსა, რადგანცა მან შემაძლებინა თვალითა განცდა, რარიგად ყვავილოვნებს ესდენ ჭაღარა სიბერე ჩემი მაგ შენსა სიყმაწვილეში,
    11.     და რაჟამს მისივ განგებულებისა ძალითა, რომელიცა მართავს და ზომიერჰყოფს ყოველსა მზისა ქვეშე, სული ჩემი დაუტევებს თვისსა კაცობრივსა გვამსა,
    12.     სულმთლად არამც არ მოვკვდები, მართოდენ სამკვიდრებელსა შევიცვლი, გარდავიცვლები, ვითარმედ შენში და შენისა გამოისობით ამა სოფელსა შინა იცოცხლებს ხილული ხატი ჩემი, და კვლავ ვიარსებებ.
    13.     კვალად დავკლევ დასაკვლევსა, კვალად მივირქმევ ყოველთა ჩემთა კეთილ მოყვასთა, ვისაცა გული შესჩვევია;
    14.     აწღა, უნდა გამოვტყდე, არცათუ უცოდველად ვცხოვრობ (რამეთუ ყოველნი ცოდვილნი ვართ და ღმერთსა ნიადაგ ვენუკვით შეცოდებათა ჩვენთა შენდობასა), მაგრამ ღვთისა შეწევნითა და ღვთისავ წყალობითა საყვედური არა დამცდენია რა.
    15.     ამასთანავე, დაღათუმცა შენში ისულდგმულებს ხორციელი ხატი ჩემი, მაგრამ კაცურკაცობა თუ ვერ გამოაბრწყინე, არცვინა დაგდებს თესლტომისა ჩვენისა მოძირისა და მცველ-შემნახველისა პატივსა, და დარდითა დავღამდები,
    16.     რამეთუ უმდარესი ნაწილი ჩემი, ანუ ხორცი, დაშთება შენში, ხოლო უკეთესი, ანუ სული, რომლისა ბარობითაც ყოველნი კაცნი ზეაღამაღლებდნენ მოდგმასა ჩვენსა, დაკნინდება და გაარარავდება.
    17.     სათქმელი ესე იმად როდი მიუბნია, დიდსათნოება არ მეჯერებოდეს შენი, რაიცა მრავალგზის თვალცხადლივ მიწამია;
    18.     არა, ძალიანაც მეჯერება, ოღონდ აწ მწადის, რომე გულისხმაში ჩაგაგდო და შეგაგონო ზეგარდმო მადლი, რათა მიწყივ სრულყოფდე თავსა.
    19.     და ამა უსტარითაც სათნოებისა გზასა ზედა შენი დაყენება იმოდენად არ განმიზრახავს, რაოდენადაც მინდა, რომ თვალნი გულში ჩაგაბრუნებინო და კმაყოფილი გყო, რომ შენცა კაცურად გივლია და დახვალ ქვეყანაზედ, და გაგამხნევო, გაგაგულოვნო საკვლავოდ და სამერმისოდ.
    20.     უკვე თქმულსა იმასღა დავსძენ და მოგაგონებ, რომა შენთვისა აროდეს არა დამიკლია რა და ისერიგად გზრდიდი, თითქო არცრა სიხარული მნდომებოდეს, თვინიერ ერთისა - ჩემსავ სიცოცხლეში მენახე უნაკლულო არა ოდენ სათნოებითა, კეთილზნეობითა და სიბრძნითა,
    21.     არამედ ყველაგვარი შეუვალი და რიგიანი სწავლა-ცოდნითა, რა არის მერმეცა, შემდგომად ჩემისა სიკვდილისა, დარჩენილიყავ ერთგვარ რამ სარკედ და წარმოგეჩინა მამისა შენისა პირადობა, ჩემგან სასურველი უზადობითა და სისრულითა თუ ვერა, შეძლებისამებრ მაინცა.
    22.     მართალია, ნეტარხსენებულმან მამამან ჩემმან გრანგუზიემაც დია ბევრი იღონისძია, რათამც ყოველსავე სახელმწიფოებრივსა საქმეში დავხელოვნებულიყავ,
    23.     და თუმცა ჩემისა გულმოდგინებითა და წარჩინებითა არამცთუ ვუმუხთლე, პირიქით, ცასა ვწიე, გარნა, თავადაც კარგა უწყი, მაშინდელი დროება ესდენ ვერ აყვავილოვნებდა სწავლა-მეცნიერებასა, ვითარცა ამჟამინდელი და ვერცა ბრძენ მოძღვართა სიმრავლესა დავიკვეხნიდი შენებრ.
    24.     ბნელი დროება იყო, ჯერეთ ისევ ბოროტად სავნებელი გავლენა ჰქონდათ გუთებსა, კაზმული სიტყვიერებისა სრულიად აღმომფხვრელთ.
    25.     მაგრამ, ღვთისა შეწევნითა, მოვესწარ, და ჩემთა თვალთა წინარე კვალად პატივი დაედო ყადაღაახსნილსა მეცნიერებასა,
    26.     და იმოდენი კეთილსამყოფელი რამ ცვლილება მოხდა, აწ, ალბათ, ორ ბატსაც არ მომაბარებენ, რომელიცა რომა უპირველეს სწავლულად ვიყავ მოწიფულობისა ჟამსა აღიარებული.
    27.     გულშიაც არ გაივლო, ვითომც თავსა ვიწონებდე და ის მალაპარაკებდეს ამასა, თუმცა შვილსა თანა გამოგზავნილ უსტარშია არცა თავმოწონება მეძრახვის ვინმესგან, რამეთუ ესეგვარად სჯიან მარკუს ტულიუსი წიგნსა შინა, რომლისა სახელია „სიბერისა გამო“,
    28.     და პლუტარქე იმა წიგნში, რომელსაცა ჰქვია „ვითარ უნდა ვიქებდეთ თავსა შურისა აღუძვრელად“, არა, ცუდმედიდობა კი არა, ერთადერთი, თუ რამ მალაპარაკებს, მამაშვილობამან, შენი უზომ-უძირო სიყვარულია.
    29.     აწ ყოველი მეცნიერება აღდგენილია, აღორძინებულია ენა ყოველი: ბერძნული, უცოდნელი რომლისაც სწავლულთა სათვალავში არ ჩაიგდება, ებრაული, ქალდეური, ლათინური.
    30.     აწ შემოღებულია კაზმული და სწორი ტვიფვრა, ნარუქი ჩემისა დროისა, თავად უფლისა შთაგონებითა ნახელოვნები, ქვემეხნი კი, მოგეხსენება, შექმნილია ეშმაკეულისა ჩაგონებითა.
    31.     ქვეყანასა არღა აკლია არცა მეცნიერნი კაცნი, არცა დია განსწავლულნი მოძღვარნი, არცა დიდ-დიდნი საწიგნენი
    32.     და, ვგონებ, თვით პლატონისა, ციცერონისა და პაპინიანეს ჟამსა უფრორე ძნელი იყო სწავლა, ვინემ ეხლა, და ვინცავინ მინერვას სიბრძნითა არ გაწაფულა, მალე ყველა გზა დაეხშობა.
    33.     აწ ავაზაკნი, ქონდაქარ-მეხრმლე-ჯალათნი, მატრაბაზნი და მეჯინიბენი ბევრად სწავლაგამოვლილნი არიან, ვიდრე ჩემსა მოსწრებაში მეცნიერებათა დოქტორნი და მქადაგებელნი იყვნენ.
    34.     სხვა რათ გინდა?
    35.     დედანი და გაუთხოვარნი ქალნიც დიდად ესწრაფებიან ცოდნასა, ამა სახელოვნებისა სათავესა და ციურსა მანანასა.
    36.     ის კი არა, ამდროული კაცი იძულებული ვიქმენ და ხელი მოვკიდე ბერძნულსა ენასა, რომელიცა, განსხვავებით კატონისგან, წინათაც აროდეს მძულებია, მაგრამ ყმაწვილკაცობაში მოუცლელი ვიყავ და ვერ ვისწავლე,
    37.     და აი, როს ცალი ფეხი სამარეში მიდგას და სადაც არის უფალმა ამა ქვეყნითა თვისსა სამყოფელში უნდა მიმიხმოს, ვკითხულობ და შვებასა მგვრის Moralia პლუტარქესი, საუცხოო დიალოგნი პლატონისა, აღწერილობანი პავსანიასი და სიძველენი ათენეოსისა.
    38.     სწორედ ამად გაფიცებ, რაიცა კი საფიცარი გაქვს, ძეო ჩემო, მოახმარე სიჭაბუკე სწავლასა და სათნოებისა სრულყოფასა.
    39.     მანდა, პარიზსა, გვერდითა გყავს მოძღვარი შენი ეპისტემონი;
    40.     ეგა, მიწყივ სიტყვიანი საქმითა და საქმიანი სიტყვითა, გაგანათლებს, ხოლო პარიზი არ მოგიშლის საწვრთნელად ცოცხალსა მაგალითსა.
    41.     ჩემი მიზანი და წადილია - მრავალი იცოდე ჩინებულად ენა: უწინარესად ბერძნული, ვითარ ანდერძად დაგვიგდო კვინტილიანემ, მერე ლათინური, შემდეგ ებრაული, საღვთო წერილისა გულისთვის, და არ გაწყენს არცა ქალდეური, არცა არაბული;
    42.     და ოდეს ბერძნულად შეთხზავ რასმე, უცილოდ უნდა ჰბაძავდე პლატონისა სიტყვასა, ლათინურსა წერილსა კი ციცერონისა ენასა უნდა უფარდებდე.
    43.     არრა ისტორიული ამბავი არამცა და არამც არა იგულმავიწყო, თვალ-ყური მიადევნე ყველაგვარსა კოსმოგრაფიასა.
    44.     თავისუფალნი სწავლანი, სახელდობრივ: გეომეტრია, არითმეტიკა და მუსიკა რამოდენადმე ჯერეთ ისევ პატარაობაში შეგაყვარე, ხუთი-ექვსი წლისა უსუარსა,
    45.     და განაძლიერე კვალად სიყვარული იგი, შეიცან აგრეთვე ყოველი წესი და რიგი ვარსკვლავთმრიცხველობისა, ოღონდ ასტროლოგიურსა მისნობასა და ლულიუსისა ხელოვნებასა გულსა ნუ დაჰყრი, რამეთუ მტკნარი სისულელეა და მიქარვაა.
    46.     რაც კი რამ სადმე იშვიათი სამოქალაქო სამართლისა წიგნია, სუყველა ზეპირ დაისწავლე და ამიხსენ, განმიმარტე.
    47.     უგულისყუროდ ნუ დაუტევებ ნურცრა ბუნებისა მოვლენასა და ყოვლისა მიმართ იცნობისმოყვარულე;
    48.     უნდა შეიძლო აღნუსხვა, რომელ ზღვათა, მდინარეთა და წყალთა შიგან რა თევზი გვარობს, სად რა ფრინველი დაფრენს ციური, სად რომელმან ტყემან რაგვარი ხე, ბუჩქი და ჩირგვი იცის,
    49.     სად რა ბალახი ბიბინებს ხმელსა ზედა, სად რა ლითონია დამარხული დედამიწისა გულში, და უკლისად უნდა უწყოდე აგრეთვე თითოეული თვალი პატიოსანი აღმოსავლეთისა და სამხრეთისა.
    50.     მასუკან ყურადღებითა გარდაიკითხე ბერძენ, არაბ და მოლათინურე მკურნალთა თხზულებანი, ნუ გაარაფრებ ნურცა თალმუდისა და კაბალისა მიმდევართ და მკვდრისა გვამისა გაჭრა-გაკვეთისა წყალობითა სრულად საცნაურყავ მიკროკოსმად სახელდებული სამყარო, ანუ ადამიანი.
    51.     რამოდენიმე ჟამი დღეში საღვთო წერილისა კითხვასა დაუთმე: ჯერეთ ბერძნულად ახალი აღთქმა და მოციქულთა ეპისტოლენი წაიკითხე, მერმეთ, ებრაულად, ძველი აღთქმა.
    52.     მოკლედ, აურაცხელი რამ სიბრძნე მოგელოდება, შემდგომად კი, ოდეს უკვე ასაკსა მოხვალ და დავაჟკაცდები, უწყინარ მეცადინეობასა ხელი შეუშვი, ცხენოსნობა ისწავლე და მოივარგე თოფ-იარაღი,
    53.     რათამცა მტრისა გულისად არ გამიხადო სახლიერება და ყოველნაირად შეეწიო ჩვენთა მოძმეთ, უკეთუ ავაზაკნი და მარზიკნი დაესხმიან.
    54.     მწადს, რომე უახლოეს ხანსა თავი გამოსცადო და შეიტყო, რაოდენად წარმატებულხარ სწავლითა,
    55.     ამისათვისა კი დასტურ მისწრებაა პაექრობა ყოველსავე კაცთან და ყოველი საკითხისა გამო, აგრეთვე სჯა-ბაასი განსწავლულთა თანა, რომელნიცა პარიზსა უფრორე მეტნი არიან, ვინემ კიდევ სადმე.
    56.     მაგრამ, ბრძენთა უბრძნესი სოლომონისა ბრძანებისა არ იყოს, რახანცა სიბრძნე უკეთურ სულში ვერ ეტევა და, თუ სინდისი არ გვახლავს, სწავლა ღუპავს სულსა,
    57.     ხამს - მიწყივ პატივსა მიაგებდე, გიყვარდეს და ეშიშვოდე ღმერთსა, სასოებითა მიანდობდე ზრახვასა გულისასა და კეთილსათნოებითა რუდუნებდე, რა არი ცოდო-ბრალმა ვერცროსა ვერა გაგყაროს ზეციერსა.
    58.     ნუ წარატყვევნინებ თავსა საცდურთა ამქვეყნიურთა.
    59.     ნუ შეისმჭვალავ გულსა შიგან ამაოებასა, ვინაიდან წარმავალია მიწიერი ცხოვრება ჩვენი, ხოლო სიტყვა უფლისა უკუნითი უკუნისამდე მყოფობს.
    60.     ხელი აღუპყარ მოყვასთა და შეიყვარე, ვითარცა საკუთარი თავი.
    61.     პატივი დასდე მოძღვართა შენთა.
    62.     განერიდე იმა კაცთა საზოგადოებასა, რომელთა მგვანებასაც არ ინდომებდი, და ნუ დამარხავ ღვთისგან ბოძებულ ნურა ნიჭსა.
    63.     ოდესცა ირწმენ, რომა მოინაგრე ყოველი, რისა მონაგრებაცა მანდ ყოფნითა ეგებოდა, კვალად დამიბრუნდი, რათა თვალი შეგავლო სიკვდილისა წინა და დაგლოცო. ამინ.
    64.     მამაშენი გარგანტუა. უტოპია, მარტისა ჩვიდმეტსა დღესა“.
    65.     რა მიიღო და წაიკითხა უსტარი ესე, პანტაგრუელსა ცა გაეხსნა, აწ კიდევ უფრორე უკეთ ვისწავლიო, ამოიჭრა გულისა ფიცარზედ,
    66.     და, თუ რომ მოიხილავდით, ვითარ რუდუნებდა და წარემატებოდა, უცილოდ იტყოდით, რაღა წიგნთა შთამნთქმელი ტვინი ამისი და რაღა ხმელსა მანანასა წაკიდებული ცეცხლიო, რამეთუ ისერიგად დაუშრომელი და მოცადი იყო იგი. „ზნეობანი“ (ლათ.).


11

     1.     IX. ვითარ გადაეყარა პანტაგრუელი პანურგსა, რომელიცა სამუდამოდ შეიტკბო
    2.     დღესა ერთსა, ოდეს ქალაქისა გარეთა წმინდა ანტონისა სააბატოსა სიახლოვეს დროსა სეირში ატარებდა, ამხანაგთა და რამოდენიმე სტუდენტთა თანა სჯა-ბაას-ფილოსოფოსობითა გართული, პანტაგრუელსა გზად კაცი ვინმე შემოხვდა, უცხოდ ახოვანი და წარმოსადეგი,
    3.     ოღონდ ისერიგად თავპირდალებებული და შემოგლეჯილ-შემოფლეთილი, რომა უცილოდ ჰგონებდით, ან ძაღლთ უთრევიათო, ან არადა პერშისა მხარეში ვაშლი უკრეფიაო.
    4.     და როგორც კი შორითა თვალი შეავლო, პანტაგრუელი თანამყოლთ მიუბრუნდა:
    5.     - ხედავთ კაცსა, შარანტონისა ხიდზედ მავალსა?
    6.     ძმობისა მადლმან, მართ ბედისმწერალსა გაუმეტებია, თორემა სახისა გამომეტყველებითაც ცხადლივ ეტყობა დიდგვაროვნობა და, ჩანს, ათას რამ თავგადასახადსა ჩაუგდია ამ დღეში, რამეთუ ესეგვარია ბოლო მძიებელთა და მჩხრეკელთა.
    7.     ამისა თქმა იყო და, მგზავრიცა მიუახლოვდათ, პანტაგრუელმაც არღა დააყოვნა და ეგრევ შეუძახა:
    8.     - დაიცა, ძმობილო, ერთსა წამსა შეჩერდი და მიპასუხე, რაღაცა უნდა გკითხო.
    9.     დანანებითა სულაც არა ინანებ, რადგან დია მებრალვი და ერთი სული მაქვს, სანამ რასმე მოვიღონებდე და მაგ სივაგლახესა დაგხსნიდე.
    10.     მაშ, მითხარ, მოყვარე კაცო, ვინა ხარ?
    11.     სითგან მოსულხარ და საით მიხვალ? სახელი რა გქვია?
    12.     მგზავრმა გერმანულად მიუგო: - იუნკერ! გოტტ გებ ეიჰ გლუკ უნდ ჰეილ.
    13.     ცუფორ, ლიბერ იუნკერ, იჰ ლასს ეიჰ ვისსენ, დას და ირ მიჰ ფონ ფრაგტ, ისტ ეინ არმ უნდ ერბარმლიჰ დინგ, უნდ ვერ ფილ დარფონ ცუ ზაგენ, ველჰეს ეიჰ ფერდრუსლიჰ ცუ ჰერენ, უნდ მირ ცუ ერცელენ ვერ,
    14.     ვივოლ დი პოეტენ უნდ ორატორს ფორცეიტენ ჰაბენ გეზაგტ ინ ირენ შპრიუჰენ უნდ ზენტერცენ, დას დი გედეხტნის დას ელენდს უნდ არმუტს ფორლანგსტ ერლიტტენ ისტ ეინ გროსერ ლუსტ.
    15.     პასუხად ამისა პანტაგრუელმა ისიტყვა:
    16.     - შენი ტრაკატრუკისა ვერცრა გამიგია, ძმაილავ, უკეთუ გწადს, რომა რამე შეგვასმინო, სხვა ენითა გვითხარ.
    17.     მაშინ მგზავრი ესერიგად აძრახდა:
    18.     - ალ ბარილდიმ გოტფანო დეშ მინ ბრინ ალაბო ბორდინ ფალბროტ რინგუამ ალბარას.
    19.     ნინ პორტ ზადიკინ ალმუკატინ მილკო პრინ ალ ელმინ ე ნტოტ დალ ჰებენ ენზუიმ;
    20.     კუტხიმ ალ დუმ ალკატიმ ნიმ ბროტ დეკოტ პორტ მინ მიკაის იმ ენდოტ, პრუხ დალ მაიზულუმ ჰოპ მოტ დანსრილრიმ ლუპალდას იმ ვოლდემოტ.
    21.     ნინ ჰურ დიავოსტ მნარბოტიმ დალ გუშ პალფრაპინ დუხ იმ სკოტ პრუხ გალეტ დალ შინონ მინ ფილხრიხ ალ კონინ ბუტატენ დოტ დალ პრიმ.
    22.     - ოდნავადაც თუ მაინც ჩახვდით რასმე? - დაეკითხა თანამყოლთ პანტაგრუელი.
    23.     პასუხად ეპისტემონმა გამოაგო სიტყვა:
    24.     - ვგონებ, ანტიპოდთა ენაა; თავად ეშმაკსაც ფეხსა მოამტვრევინებს.
    25.     მაშინ პანტაგრუელმა მიუთხრო: - ძმობილო! ეგებ ამა კედელთ რამე გაიგონ, ჩვენ კი არც ერთსა არა გვესმის რა.
    26.     და კვალად აძრახდა უცხო კაცი იგი:
    27.     - სინიორ მიო! ვოი ვიდეტე პერ ესემპიო კე ლა კორნამუზა ნონ სუონა მაი, ს’ელა ნონ აილვენტრეპიენო;
    28.     კოზი იო პარიმენტე ნონ ვი საპრეი კონტარე ლე მიე ფორტუნე, სე პრიმა ილ ტრიბულატო ვენტრე ნონ ა ლა სოლიტა რეფექციონე, ალ კუალე ე ადვიზო, კე ლე მანი ელი დენტი აბბიანო პერსო ილ ლორო ორდინე ნატურალე ე დელ ტუტტო ანნიკილლატი.
    29.     ეპისტემონმა ამისა გამო წართქვა: - რაიცა ერთია, ის მეორეა!
    30.     მაშინ პანურგი ესერიგად აძრახდა:
    31.     - ლარდ, გესტ ტოლბ ბი სუა ვერჩუსს ბი ინტელლიჯენს ესს იი ბოდი შარლ ბის ბი ნაჩურელ რელივდ, ტოლბ შუდ ოფ მი პეტი ჰევ, ფორ ნეჩურ ჰესს ეს ეკვალი მედ;
    32.     ბატ ფორჩუნ სამ ეკსალტიტ ჰესს, ენ ოის დეპრევტ.
    33.     ნონ იუ ლესს ვიუს მუ ვერჩუს დეპრევტ ენდ ვერჩუსს მენ დისკრივის, ფორ, ენენ იუ ლედ ენდ, ისს ნონ გუდ.
    34.     - ეს კიდევ უარესია, - ისიტყვა პანტაგრუელმა.
    35.     მაშინ პანურგი ესერიგად აძრახდა:
    36.     - იონა ანდიე, გუაუსა გუსვეტან ბეგარ და ერრემედიო, ბეგარდე, ვერზელა ისსერ ლან და.
    37.     ანბატეს, ოტოიეს ნაუზუ, ეინ ესსასუ გურრ აი პროპოზიან ორდინე დენ.
    38.     ნონ ისვნა ბაიტა ფაშერია ეგაბე, გენგერასსი ბადია სადასსუ, ნურა ასსია.
    39.     არან გონდოვან გუალდე ეიდასსუნაი დასსუნა.
    40.     ესტუ უსსიკ ეგუინან სური გინ, ერ დასტურა ეგუი გარმ, გენიკოა პლაზარ ვადუ.
    41.     - რა დაგიშავეთ, გენიკოა? - ღაღადყო ევდემონმა.
    42.     კარპალიმმა კი წართქვა: - წმინდაო ტრენიან! დაგენიძლავები, შოტლანდიელი ხარ!
    43.     და პანურგი ესერიგად აძრახდა:
    44.     - პრუგ ფრესტ სტრინსტ სორგდმანდ სტროხდტ დარდს პაგგ ბრლედანდ გრავო შავინი პომარდიერ რუსტ პკალდრად დევინიერ ახლორე ნესი, ბკუი კალმუხ ბერი დრუპპ დელმეიპპლისტრიგ დლრნდ დოდელბ უპ ბრენტ ლოხ მინკ სტზრინკვალდ დე ვინს დერს კორდელის ხურ ჯოკსტსზამპერნარდს.
    45.     ეპისტემონმა ვეღარ მოითმინა და ეგრევ პირში მიახალა:
    46.     - ძმობილო! კაცურად უბნობ თუ პატლენისებრ? ნაღდად ქაჯურია.
    47.     მაშინ პანურგი ესერიგად აძრახდა:
    48.     - ჰერრე, ი ენ სპრეკე ანდერს გეენ ტელე დან კერსტენ ტელე;
    49.     მი დონკტ ნოხტან, ალ ენ სეგ იი ვ ნიიტ ეენ ვორდტ, მიუენ ნოოტ ვ კლერტ გენოხ ვატ იი ბეგლერე;
    50.     გეესტ მიონიტ ბერმხერტლი ჰაიტ იეტ ვერ ონ იი გეფუტ მახ ცუნახ.
    51.     პანტაგრუელმა კი მიუგო: - მაინც ვერა გავიგე რა.
    52.     აწღა პანურგი ესერიგად აძრახდა:
    53.     - სენიორ: დე ტანტო აბლარ იო სოი კანსადო.
    54.     პორ კე სუპლიკო ა ვუესა რევერენსია კე მირე ა ლოს პრესეპტოს ევანხელიკოს, პარა კე ელიოს მუევან ვუესა რევარენსია ა ლო კე ეს დე კონსიენსია,
    55.     ი, სი ელიოს ნო ბასტარან პარა მოვერ ვუესა რევერენსია ა პიედად, სუპლიკო კე მირე ა ლა პიედად ნატურალ, ლა კუალ იო კრეო კე ლე მოვრა, კომო ეს დე რა სონ, ი კონ ესტო ნო დიგო მას.
    56.     პანტაგრუელმა კი ამისა გამო მიუთხრო:
    57.     - კმარა ძმობილო! ფრიად მრავალი ენა გცოდნია, ვხედავ.
    58.     რაცა გსურს, გვითხარ, ოღონდ იმ ენითა იუბნე, რომლისა გაგებისაც ძალი შეგვწევს.
    59.     მაშინ მგზავრი ესერიგად აძრახდა:
    60.     - მინ ჰერრე, ენდოგ იეგ მედ ინხენ ტუნგე ტალედე, ლიუგესომ.
    61.     ბუენ ოკ უსკულიგ კრეატუერ, მინე კლეებონ, ოკ მინე ლეგომს მაგერხედ უდვისერ ალლგე კლადიგ ჰუვად ტიუნგ მეგ მეესტ ბეჰოფ გირერებ, სამ ერ სანდერლის მად ოკ ბრიუკკე:
    62.     ჰვარფორ ფორბარმე ტეგ ომსუდერ ოვერმეგ, ოკ ბეფ ელ ატ გიუფუკ მეგ ნოგეტ, აფ ჰვილქეთ იეგ კან სტიურე მინე გრიონდეს მახე, ლიუგერუს სონ მანდ ცერბერო ენ სოპპო ფორსეეტტრ.
    63.     სოო შალ ტუს ლიოვე ლენგ ოკ ლიუკსალიხთ.
    64.     - ეგრე, ვგონებ, გუთნი მეტყველებდნენ, - ჩაურთო ევსთენმა, - და, უფალი თუ ინებებდა, ჩვენცა ავტყაჭუნდებოდით, ოღონდ უკანტანითა.
    65.     მაშინ მგზავრი ესერიგად აძრახდა:
    66.     - ადონი, შოლომ ლეხა, იმ იშარ ჰარობ ჰალ ჰაბდეხა, ბეჰემერა ტიტენ ლი კიკარ ლეჰემ, კაკატუბ: „ლააპ ალ ადონაი ხონენრალ.
    67.     და ეპისტემონმა ამისა გამო თქვა:
    68.     - აი აწღა გავიგე, ებრაულია, და როს ამ ენითა უბნობს, დასტურ მჭევრმეტყველებს.
    69.     მაშინ უცხო კაცი იგი ესერიგად აძრახდა:
    70.     - დესპოტა ტინინ პანაგატე, დიატი სი მი უკ არტოდოტის?
    71.     ჰორას გარ ლიმო ანალისკომენონ ემე ატლიოს, კე ენ ტო მეტაკსი მე უკ ელეის უდამოს; ძეტის დე პარ ემუ ჰა უ ხრე.
    72.     კე ჰომოს ფილოლოგი პანტეს ჰომოლოგუსი ტოტე ლოგუს ტე კე რემატა პერრიტა ჰიპარხინ, გოპოტე პრაგმა აფტო პასი დელონ ესტი.
    73.     ენტა გარ ანანკეი მონონ ლოგი ისინ, ჰინა პრაგმატა, ჰონ პერი ამფისბეტუმენ, მე პროსფოროს ეპიფენეტე.
    74.     - გავიგე! გავიგე! - შესძახა პანტაგრუელისა ფარეშმა კარპალიმმა.
    75.     - ბერძნულად უბნობ! საბერძნეთში მკვიდრობდი განა?
    76.     და მგზავრი ესერიგად აძრახდა: - აგონუ დონტ უსსის ვუ დენაგეზ ალგარუ, ნუ დენ ფარუ ზამისტ ვუს მარისტონ ულბრუ ფუსკეზ ვუ ბროლ, ტამ ბრედაგეზ მუპრეტონ დენ გულ ჰუსტ, დაგეზდაგეზ ნუ კრუპისფოსტ ბარდუნნოფლისტ ნუ გრუ.
    77.     აგუ პასტონ ტოლ ნალპრისის გურტუ ლოს ეკბატანუს პრუ ბუკვი ბროლ პანიგუ დენ ბასკრუ ნუდუს კაგუონს გულ უსტ ტროპასსუ.
    78.     - ცოტ-ცოტას თითქოს ჩავხვდი, - ისიტყვა პანტაგრუელმა, - მგონი, ჩემი სამშობლო ქვეყნისა ენაა, უტოპიური, რაღაცა იმას მაგონებს ხმოვანებითა.
    79.     - ის იყო, კიდევ დაეპირა თქმასა იგი, მაგრამ მგზავრმა გააწყვეტინა:
    80.     - იამ ტოტიეს ვოს პერ საკრა პერკვე დეოს დეასკვე ომნის ობტესტატუს სუმ უტ, სი ქვა ვოს პიეტას პერმოვეტ, ეგესტატემ მე ამ სოლარემინი, ნეკ ჰილუმ პროფიციო კლამანს ეტ ეიულანს.
    81.     სინიტე, კვეზო, სინიტე, ვირი იმპიი, ქვომე ფატა ვოკანტ აბირე, ნეკ ულტრა ვანის ვესტრის ინტერპელლაციონიბუს ოპტუნდატის, მემორეს ველტერის ილლიუს ადაგიი, ქვო ვენტერ ფამელიკუს აურიკულის კარერე დიციტურ.
    82.     - კარგი, ძმავ! - უთხრა პანტაგრუელმა. - ნეტაი ფრანგულსაცა თუ უბნობ?
    83.     - ვუბნობ და ახლა როგორ, ბატონო! - მიუგო მგზავრმა.
    84.     - ფრანგული, მადლობა უფალსა, დედაენაა ჩემი, ტურენელი ვარ, საფრანგეთისა წალკოტისა შვილი.
    85.     - მაშ, აბა გვითხარ, რა გქვია და აქ სითგან მოხველ! - ჩაეძია პანტაგრუელი.
    86.     - ღმერთმან იცის, ისერიგად შემივარდა შენზედ გული, უკეთუ წინა არ აღმიდგები, არცსად არ გაგიშვებ და ჩვენცა განუყრელნი ვიქნებით, ვითა ენეასი და აქატე.
    87.     - სენიორ! - წარმოთქვა მგზავრმა.
    88.     - ჩემი ნამდვილი სახელი თუ გნებავთ, ნათლობისა, პანურგი მქვია, მოსვლით კი თურქეთით მოვსულვარ, სად წარტყვევნილი ვიყავ მიტილენეზედ ავბედითი გალაშქრებისა შემდგომ.
    89.     თავგადანახადსა ჩემსა, იცოცხლე, დიდისა ხალისით გაუწყებდი, რამეთუ იგი ოდისევსისა თავგადასავალზედ უფრორე უჩვეულოა, მაგრამა, რახანცა გწადს, რომა გვერდით მიყოლიო
    90.     (სიხარულითა ვარ ყაბულსა და, ღმერთი, რჯული, მაშინაც კი არ დაგაგდებ მარტოსა, თუ რომ ჯანდაბისა გზასა გაუდგები),
    91.     სალაპარაკო ჟამსა მერმეცა ვნახავთ მოცლილნი და მოვიუბნებთ, აწ კი საჭმლისა მეტი არცრა მახსოვს: კბილნი მიკაწკაწებს, მუცელი მიყმუის, ყელი გამიშრა და მადასა ხო ნუღა იტყვი, ადამიანსა შევჭამ, ისე ვარ.
    92.     და თუკი კვლავ კაცად ქცევა გსურს ჩემი, მაშ, ინებე და მოახდინე ჯეროვანი განკარგულება.
    93.     ღმურძვლა ჩემზედ იყოს, ცქერითა ვერ გაძღები, ისე მოვუქნევ ორსავ ყბასა.
    94.     და პანტაგრუელი შინ წარუძღვა პანურგსა, საზრდელ-სანოვაგე თავსაყრელად მოიღეთო, ბრძანა, და მსწრაფლ აღუსრულეს თქმული:
    95.     პანურგმაც სერისა კუდად აქცია ვახშამი, ვინემ ბოლო მამალმა არ დაიბუდა, დასაძინებლად ფეხი არ მოუცვლია, მეორე დღესა კი ზედ სადილობისა წინ გამოიფხიზლა, და ზოგზოგთ მიხედ-მოხედვა ვერ მოასწრეს, ისა უკვე სუფრისა თავში იჯდა.
    96.     ბატონიშვილო! აგრემც ხატ-ღმერთი შეგქმნის ბედძლიერსა და გაგიმარჯვებს! უწინარესად კი უწყოდე, პირმზე ბატონიშვილო, რომა ყოველივე, რასაცა მკითხავ, სამჭუნვაროა და არცრადა ღირს;
    97.     მოყოლითა, იცოცხლე, ბევრსა რამესაცა მოვყვებოდი, მაგრამ სასმენადაც მძიმე იქნებოდა და საამბობლადაც, დაღათუმცა, უწინდელნი მოლექსენი და ენამჭევრნი ბრძნულ-ბრძნულ ნათქვამ-ნაუბრითა ამტკიცებდნენ, დიაღაცა შვებასა ჰგვრის კაცსა ძველი ჭირ-ვარმისა გახსენებაო (გერმ.).
    98.     არარსებული, მოგონილი ენა.
    99.     ბატონო ჩემო! ალბათ ჭირნახულობითა გეცოდინება, ვითარ უჭირს ძნობა მუცელდაფუკულ გუდა-სტვირსა;
    100.     დასტურ ეგრევე ვერცა მე მათქმევინებთ ჩემსა თავგადასახადსა, უკეთუ ცოტა მაინც არა მოვიღონიერე სტომაქი, რომლისა ჭკუითა არცაღა ხელნი მასხია და არცაღა კბილნი მისხედს (იტალ.).
    101.     მილორდ, უკეთუ გონებითაცა ისეგვარად ძალოვანი ხარ, ვითარცა ბუნებასა ტანოვანი გაუჩენიხარ, მაშ, აბა უნდა შემიწყალო და მეოხ მექმნა, რადგანაცა ყოველნი თანასწორნი შვილნი ვართ ბუნებისა და მხოლოდ ბედისაგან გვჭირს,
    102.     ზოგისა ბამბა რომ ჩხრიალებს და ზოგისა კაკალიცა არა. თუმცა სათნოება მიწყივ აბუებულია, სათნოიანი ხალხი კი ათვალწუნებული, რამეთუ კაცი ოდენ მაშინღა ხდება კაცური, ოდეს განუტევებს უკანასკნელსა სულსა (დამახინჯ. შოტლანდ.).
    103.     დიდო ბატონო, ყოველ სატკივარსა თავისი წამალი აქვს, ყოვლისა უდიდესი ფასი კი ზრდილობასა ადევს. გვედრი, უბრძანე, მომხედონ.
    104.     ბევრი არა მინდა რა, ერთი ჩემებურად გამაძღონ, და მერმე რაოდენსაცა მოინელებთ, იმოდენი მკითხეთ, გინდ ორი კაცისა მაგივრადაც მალაპარაკეთ; სუყველასა გულსავსედ გყოფთ, უკეთუ ღმერთი მოინებებს (ბასკ.).
    105.     პანურგი კვლავ მოგონილი ენით მეტყველებს.
    106.     ბატონო, რომელ ენითაცა გითხრობ, სუყველა ქრისტიანულია. მაგრამა, ვგონებ, კრინტიცა რომ არ დამეძრა, ჩემი ძონძმანძ-ფალასფულასი მაინცა უფრორე უკეთ იუბნებდა, რარიგ შეჭირვებული და უქონელი ვარ. მოიღე მოწყალება და დამანაყრე ბედშავი (ჰოლანდ.).
    107.     სენიორ, გამათავა კაცი ამოდენმა უთავბოლო ლაპარაკმა. ამად შევსთხოვ შენსა აღმატებულებასა, ითვალისწინო სახარებისა სწავლა-დარიგება, რამეთუ იგი აღძრავს აღმატებულებასა შენსა ნებისამებრ სინდისისა.
    108.     ხოლო უკეთუ უკმარია ხსენებული სწავლა-დარიგება შენისა აღმატებულებისა მოწყალებისა აღსაძვრელად, გვედრი, ბუნებურსა გულმტკივნეულობასა ახმარო ყური, და მწამს, ხმა გულისა არანაკლებ შეგაგულიანებს, ვინემ ხმა გონებისა. აწ სათქმელსა მოვრჩი (ესპ.).
    109.     ბატონო, უკეთუ ჩვილთაებრ და პირუტყვთაებრ ვერცა ერთი ენითა ვერა ვიუბნებდი, სამოსი და სიმჭლევე ჩემი მაშინაც კი თვალცხადლივ დაგანახვებდა, რარიგ მეჭირვება სასმელ-საჭმელი.
    110.     მაშ, შემიბრალე და უბრძანე, ეგებ როგორმე დამაცხრობინონ ავად აყეფებული კუჭისა მძვინვარება, ვითარცა ცერბერსა აშოშმინებენ ხოლმე სალაფავიანი ჯამითა, და ღმერთმან გაცოცხლოს და გადღეგრძელოს (დანიური).
    111.     შენამც გაიხარე, ბატონო ჩემო, უკეთუ კეთილისა ქმნა გწადს მსახურისა შენისათვისა, მაშ, ეხლავ მომაწოდე პური, რამეთუ თქმულა: „რაღა უფლისა ხელისა მომნაცვლებელი და რაღა უპოვრისა განმკითხველიო (ებრ.).
    112.     მეუფეთა მეუფევ ჩემო, რად არა დამაპურებ ნეტავ? მხედავ, სიყმილითა სული ამომდის უბედურსა, მაინცა არა გებრალვი და ისეთსა რასმე მკითხავ, რასაცა საქმე სულაცა არა თხოულობს.
    113.     ამხსნელ-მთარგმანებელნი დიაღაც ტყუილად არა ამტკიცებენ, სიტყვაცა ზედმეტია და განსჯაცაო, ოდესცა ყოველივე თავისთავად ცხადიაო. და, მართლაც სიტყვა მხოლოდ იმად არის უცილობელი, განსასჯელი საქმე განანათლოს, უკეთუ უკმარისად ნათელია (ბერძ.)
    114.     უკვე იმოდენჯერ დაგაფიცეთ ხატ-ღმერთი, იმოდენი გევედრეთ და გემუდარეთ, ამა ჭირსა დამხსენით, უკეთუ მცირედი ღვთისმოშიშობა შეგრჩენიათ -მეთქი, რომა შემწენი შემეწეოდით, მაგრამ ვალალითა და ვიშითა ვერცრასა გავხდი.
    115.     მაშ, წავალ, უსჯულო კაცნო, წავალ და, რახანცა აგრეა, გადავიკარგები, სად ეტლი მიხმობს ბოროტი, და ამიერ ნუღა შემაღონებთ ფუჭი გამოკითხვითა, რამეთუ ძველთაგან თქმულა: დამშეულ კაცსა ძაღლისა ყეფაც არ ესმისო (ლათ.).


12

     1.     X. ვითარ მართლად განაბჭო პანტაგრუელმა ერთი ძალზედ გაურკვეველი და მეტად ძნელი ამბავი და, რარიგ დააჭეშმარიტეს ყოველთ განჩინება იმისი
    2.     მამისა უსტარითა ფრიად შეგონებულმან პანტაგრუელმან გულმტკიცედ იზრახა, მოდი ერთი, თავსა გამოვცდი, ვნახო, აბა, რისა მცოდინარე ვარო.
    3.     და მართლაც, ადგა და ყოველსა მებოძირსა გზასა ზედან გაკვრა ბრძანა ცხრა ათას შვიდას სამოცდაოთხი თეზისისა, რომელთაგან უკლებლივ თითოეული ყველაგვარ სწავლა-ცოდნასა მოიცავდა და რაგინდარა მეცნიერებისა უმეტეს საცილობელსა საკითხთ შეეხებოდა.
    4.     პირველში კი ჯერეთ ფუარისა ქუჩა-უბანსა მიადგა, გამოიხმო მაგისტრნი, სტუდენტნი, ორატორნი და სუყველასა ეგრევ სირცხვილი აჭამა,
    5.     მერმე სორბონში ყოველთა ღვთისმეტყველთა წინააღმდგომ გამოვიდა, თვენახევარი ეპაექრა და ეკამათა, დილისა ოთხი საათიდან მოყოლებული ფეხზედ იდგა და საღამოის ექვს ჟამამდისა მხოლოდ ორიოდ საათსა თუ შეისვენებდა, რათა დანაყრებულიყო, ძალ-ღონე მოეკრიბა;
    6.     და ესეგვარი ცილობა-ბაასი სულაც არ უშლიდა სორბონელ ღვთისმეტყველთ ჩვეულებრ გასამხნევებლად ყლურწვა-ღლევასა.
    7.     იქავ მრავლად იყვნენ დიდ-დიდნი ხელისუფალნი სამსაჯულოსი, მომხსენებელნი, ბრჭემსაჯულ-მოსამართლენი, მრჩეველნი, სახაზინო პალატისა წევრნი, მწერალნი, ვექილ-მოსარჩლენი და სხვანი,
    8.     აგრეთვე მამასახლისნი ქალაქისანი და სამკურნალო სწავლისა თუ სჯულ-სამართლისა დარგთა ლექტორნი,
    9.     და თუმცაღა კი ბევრმა უმალ თავი აიშვა, ნემსისა ყუნწშიგან გაძვრა და გამოძვრა, მაგრამ პანტაგრუელმა სუყველასა მაინც კუდი ხელთ დააჭერინა და დაუჭეშმარიტა, თქვენაო ჩემთან ხბორები ხართ შავად მოსილნიო და მეტი არცრაო.
    10.     და ერთპირ აძრახდნენ და აბოჟირდნენ ყოველნი პანტაგრუელისა გასაოცარი მეცნაობა-მცოდნეობისა გამო, ყოველთა შორის კი თვით უაზნო მდაბიო დედაკაცნიც ერივნენ მარაქაში,
    11.     თუ ვინმე ერთი მოსარეცხე, მაჭანკალი, მზარეული ანდა ვაჭრუკანა იყო, და ოდეს სადმე მოიხილავდნენ პანტაგრუელსა, უცილოდ გააგონებდნენ ხოლმე:
    12.     ზედ იმჟამად, უნდა უწყოდეთ, სამსაჯულო სახლსა შინა დიდი დავა და დარაბა ჰქონდა ორსა დიდკაცსა, რომელთაგან ერთსა, ნიშანდობლივ კი მომჩივანსა, სახელად უფალ გავალოკიასა უხმობდნენ,
    13.     ხოლო მეორესა, ანუ მოპასუხესა, უფალ ხაპიას ეძახდნენ ყველანი, და საქმე ესე იმოდენად იყო დახვანჯული და მართლმსაჯულებისა თვალსაზრისით აბურდულ-დაბურდული, რომა დიდი სამსჯავრო ხალხთა საკრებულოსი თავსა ისევე ადვილად ართმევდა, ვითა ძველზემოგერმანულესა ენასა.
    14.     ბოლოს ადგნენ და, მეფისა ბრძანებისამებრ, საბჭოდ უხმეს საფრანგეთისა სხვადასხვა მხრისა საკრებულოთა ოთხსა ყოვლისა უფრორე განსწავლულსა და ყოვლისა უმეტესად ქონმოკიდებულსა წევრსა, მოიწვიეს უზენაესი სათათბირო,
    15.     მიიპატიჟეს, თუ სადმე თავჩენილი მოძღვარი იყო ვინმე არა ოდენ საფრანგეთისა, არამედ ინგლისისა და იტალიისა უნივერსიტეტებისა, ვითარ, მაგალითადრე, იასონი, ფილიპე დეციო, პეტრუს დე პატრონიბუსი და მთელი ჯგრო ძველთა რაბინთა.
    16.     ორმოცდაექვსი კვირა მჯდომარებდნენ ისინი სამსჯავროში, მაგრამ პაჭიჭსა წვერი ვერა და ვერ შემოარღვიეს, ვერცა თავი უპოვნეს გორგალსა, ვერცა ბოლო, ვერცა ერთი მუხლი ვერ მიუყენეს განსასჯელსა საქმესა,
    17.     და ამა გარემოებისა გამო ისეგვარად დაიბოღმნენ, სირცხვილითა სულ ქვეშა გაუვიდათ.
    18.     დაღათუმცა, ერთ-ერთმან, სახელად დიუ დუემ, სხვათა უმეტესად განათლებულმან, გაწაფულმან და გონიერმან, იმარჯვა და ერთხელაც, როს უკლისად სუყველას ტვინი ეღრძო, წარმოთქვა:
    19.     - უფალნო! ნამეტნავად დიდი ხანი დასხდომილნი ვართ აქა და ქვეყნისა ხარჯ-ბორჯი გაგვდის, ამა ჩვენსა საქმესა კი არცა რამ ძირი უჩანს, არცა კიდევ ნაკიდურ-ნაპირი,
    20.     ხოლო რაცა რომა მეტად ჩავკირკიტ-ჩავჩიჩინებთ, მით უფრორე გაუგებარი ხდება ჩვენდა სამარცხვინოდ თუ საძრახისად.
    21.     და, ვგონებ, არცვინ გადავრჩეთ თავლაფდაუსხმელი, რამეთუ ოდენ წყალსა ვნაყავთ ფუჭი ქაქანითა.
    22.     მაგრამ ერთი აი რა ვიაზრიკვალე.
    23.     ალბათ, გაგეგონებათ, დევკაცი რომ არი, მაგისტრი პანტაგრუელი, ვინცა მრავალი დიდი პაექრობა გამართა, რისა გამოცა ჩვენისა დროებისა უგანსწავლულეს კაცად აღიარეს ყოველთ?
    24.     საჭიროდ ვრაცხ, რომ ავდგეთ და ჩვენცა ისა მოვიწვიოთ, ვუთხრათ, რა დღეშიცა ვართ, და განვაბჭობინოთ სამართალი.
    25.     უკეთუ ვერცაღა იმან განსაჯა, მაშ, აბა საშველი არცრა დაგვდგომია და ეგ არი.
    26.     მრჩეველნი და დოქტორნი ერთხმივ თანახმანი გაუხდნენ.
    27.     და მყისიერად აახლეს პანტაგრუელსა კაცი, მიიხმეს და აჯა ჰკადრეს, ეგება გამოაგო დახლართული საქმე ესე, წესისამებრ დაასკვნა უმცდარი დასასკვნელიო,
    28.     და იმოდენი დიდნი და წვრილნი სიგელ-გუჯარნი გადასცეს, სულ ცოტა, ერთი ისეთი ჯაგვა გამოვიდოდა, რომელსაცა ოთხი ჯანიანი ვირი თუ დასძრავდა.
    29.     და პანტაგრუელმა ჰკითხა: - მოდავენი ჯერეთ ცოცხალნი არიან, უფალნო? ყოველთ ჰოობა უთხრეს.
    30.     - მაშ, ამოდენ ქაღალდ-ეტრატსა და ქაღალდისა პირსა რა ეშმაკადღა მაჩეჩებთ?
    31.     - დაეკითხა პანტაგრუელი, - განა თავად ცოცხალ მოდავე კაცთა ყურისგდება არ გვიჯობს, ვინემ კითხვა ამა მაიმუნობისა, რაიცა სხვა არა არის რა, თუ არა მტკნარი ცუდმოჩივრობა, ჩეპოლასებრ ნაეშმაკარ-ნამამაძაღლარი?
    32.     უცილოდ მჯერა, არცა თქვენ დაგიკლიათ ხელი და ათასი რამ ფანდი მოგიგონიათ pro და contra, თავისთავად ცხადი და იოლი საქმე განზრახ დაგიხვლანჯავთ,
    33.     რამეთუ სულ შიგან ჩაგიყრიათ ყველაგვარი ნაჩმახი და აბდაუბდა აკურსიუსისა, ბალდოსი, ბარტოლოსი, კასტროსი, იმოლასი, იპოლიტესი, პანორმასი, ბერტაკინოსი, ალექსანდრესი, კურციუსისა და მრავალთა სხვათა აფრაკთა,
    34.     რომელთაც ვერცროს მოუცლიათ პანდექტებისა კანონთა წასაკითხავად, და აკი ამად უბირნი და უმეცარნიც არიან, ვითარცა სჯულისა მეცნიერნი.
    35.     დანამდვილებით ცნობილი ამბავია, იმათ არცა ბერძნულისა გაეგებოდათ რამე, არცა ლათინურისა, მხოლოდ გუთური და ბარბაროსული უწყოდნენ.
    36.     ყოველნი სჯულ-კანონი კი პირველჟამად ბერძენთაგან გადმოგვიღია, რასაცა მოწმობს ულპიანეს De origine furis (სულ ბოლო წიგნი), და დიაღაცა ამად ურევია სჯულ-კანონთა შიგან ბერძნულნი სიტყვა-გამოთქმანი.
    37.     მერე ყველაგვარი სჯულკანონი უცხოდ მშვენიერი ლათინურითა ენითა შეუდგენიათ, რომელსა ლათინურსაც ვერ დაეტოლმეტება ენა თვით სალუსტიუსისა, ვარონისა, ციცერონისა, სენეკასი, ტიტუს ლივიუსისა და კვინტილიანესი,
    38.     და აბა რა სჯულ-კანონის ტექსტისა გაგებისა თავი ჰქონდათ იმ მართლა უწინდელთა დამთხვეულთ იმათა, როცა არცროს თვალითაც არ ენახათ რიგიანი რამ ლათინური წიგნი,
    39.     რისა უტყუარი დასტურია თვითონ იმათივე საკუთარი სიტყვიერება, უფროისად მებუხრეთა, მზარეულ-მესაჭმელეთა და არა სჯულისა მეცნიერთა სიტყვიერება?
    40.     თანაცა კიდევ, თუ სჯულ-კანონსა ზნეობითი და ბუნებითი ფილოსოფიისა ნიადაგი ასაფუძვლებს, მით უმეტეს, რას ჩახვდებოდნენ ის ბრიყვნი ისინი, რადგანაც ფილოსოფიისა, ღმერთმან იცის, იმოდენიც არა გაეგებათ რა, რაოდენიცა ჩემსა ჯორსა ესმის?
    41.     რაიცა საზოგადოებურ მეცნიერებათა, სიძველეთა და გარდასულ ამბავთა ცოდნასა შეეხება, ცოდნა იგი იმათ ისერიგად ამშვენებს, რარიგადაც გომბეშოსა ფრთანი,
    42.     და ამავე ცოდნასა ისევე ხშირად მიმართავენ, ვითა ლოთმებრუვენი პირჯვრისა წერასა, ყოველნაირი სამართალი კი სწორედ ხსენებული ცოდნითა სამართლობს და უიმისოდ ფრიად მიუწვდომელია, რასაცა ოდესმე მეტი ზედმიწევნილობითა ცხადვყოფ საგანგებო რამ თხზულებაში.
    43.     მაშ, უკეთუ უნდა გამაცნოთ საქმე ესე, ჯერეთ ამა ქაღალდქუღალდსა წაუკიდეთ ცეცხლი, მერმე ორივე მოდავე აზნაური მომგვარეთ აქა და, რომ მოვუსმენ, ჩემსა ნააზრევსაც ეგრევ მოგახსენებთ.
    44.     ზოგ-ზოგნი წამსვე პირში სწვდნენ და შეეპასუხნენ, შენა არ გესწავლება და კარგად უწყი, რომა ყოველსა საზოგადოებაში ცუდა-აჯამნი და მოლაყრუნი მეტნი არიან, ვიდრე გონიერნიო, და უმეტესნი მიწყივ სჯაბნიან უკეთესთაო, ვითარ ტიტუს ლივიუსმა შესახებ კართაგენელთა ბრძანაო.
    45.     დაღათუმცა, ზემორეხსენებული დიუ დუე სიტყვასა არცვისა არჩენდა და უმტკიცებდა, პანტაგრუელი მართალიაო,
    46.     და ეს ერთმანეთში არეულ-დარეულნი ნუსხა-დავთარნი, გამოკითხვისა ფურცელნი, მხარეთა პირველი და ხელმეორე ახსნა-განმარტებანი, განცხადებანი მოწმეთა აცილებისა გამო,
    47.     შესაგებელნი მოწმეთა აცილებისა წინააღმდგომ და მისთანანიო მხოლოდ და მხოლოდ სამართლისა აშკარა დარღვევაა და განბჭობისა განზრახ გაჯანჯლებაო,
    48.     და ეშმაკმაც დაგლახვროთ, თუკი საქმესა სახარებისა და ფილოსოფიური ჭეშმარიტებისა შესაბამისად არ წარმართავთო.
    49.     რაღა ბევრი გავაგრძელო, მთელი ის ქაღალდქუღალდი სულ ერთიანად დაწვეს და ორივ აზნაურსა სამსჯავროში უხმეს.
    50.     პანტაგრუელი მაშინვე იმათ მიუბრუნდა: - თქვენა ხართ მოდავიდარაბენი?
    51.     - დიახ, მოწყალეო ხელმწიფევ, - აძრახდნენ ისინი.
    52.     - მოსარჩელე, ანუ მომჩივარ-მსამართლობელი რომელი ხართ?
    53.     - მე გახლავართ, - მიუგო უფალმა გავალოკიამ.
    54.     - მაშ, აბა, სულ მუხლობრივ ისიტყვე, ძმობილო, საქმე შენი თანახმად ჭეშმარიტებისა,
    55.     რამეთუ, უფლისა გვამსა ვფიცავ, თავსა არ შეგარჩენ ზედა მცირე რამ სიცრუისა გამო და ამითავე შეგასმენ, რომე ოდენ სიმართლესა უნდა ვლაპარაკობდეთ სამსაჯულო სახლსა შინა და წინაშე მართლმსაჯულებისა.
    56.     ნურცრასა მიკიბ-მოკიბავ და ნურცა კიდევ გატყლარჭავ. ბრძანე!
    57.     „სამართლისა წარმოშობისთვის“ (ლათ.).


13

     1.     XI. ვითარ ცილობდნენ უფალნი გავალოკია და ხაპია პანტაგრუელისა წინაშე უვექილ-უმოსარჩლოდ
    2.     და გავალოკია ესეგვარად მოჰყვა:
    3.     - მეუფეო, ჩემთა მხევალთაგან ერთ-ერთმა დასტურ წარიტანა კვერცხი ბაზარში გასაყიდავად...
    4.     - თავსარქმელი დაირქვი, გავალოკიავ, - მიუთხრო პანტაგრუელმა.
    5.     - მადლსა გწირავ, მეუფეო, - ფეხქვეშ გაუგორდა, მიუქასურა გავალოკიამ, - ჰოდა, სულ ტროპიკ-ტროპიკ ვიდოდა ჭიმჭიმამდისა და ეს ამოდენი მანძილი ოდენ ექვსი თეთრისა და კიდევ ორიოდ თეთრისა და კიდევ ორიოდ სპილენძისა გულისთვის ვლო,
    6.     რამეთუ რიფეს მთაგორსა უმწვერვალესად ბერწოვნება სჭირდა წლეულსა, ერთი რიოში თვალი ვერ გავამეტებინეთ
    7.     და ამა გაუმეტებლობისა მიზეზი ის არის, რომა ვიეთნი მოლაზღანდარენი დია გააჯავრა უნაფქვოთა და თავფქვილა მესაფქვავეთა ჩხუბმან, წამერთ ატეხილმან ჯანყისა გამო შვეიცარიელთა,
    8.     რომელნიცა მრავლისა უმრავლესნი მოგროვდნენ ხიდქვეშე საახალწლოდ და, ერთად რა გაითენებდნენ კალანდობასა, მერე ხარ-კამეჩთ საჭამადითა დააძღობდნენ,
    9.     ხოლო ბეღელთა გასაღებთ ჭურჭლისა მრეცხველ გომბიოებსა ჩააბარებდნენ, რათამც იმათა ნაგაზთათვის შვრია დაეყარათ.
    10.     და მთელი ის ღამე კი იდგნენ და, პრაწაპრუწატეხილნი, საგანგებოდ მიწერილ წიგნთ აგზავნიდნენ მავანი და მავანი ქვეითისა თუ ცხენოსნისა ხელითა, რა არი გემთ არ გაესწროთ და შეეყენებინათ, ვითარმედ თერძნი ნაპარავ ნაჭერთაგან უცხო რამ სოლინარსა ხელჩქარად ქოქლავდნენ,
    11.     ანუ ცუდავდნენ და იმითა მთლივ გადახურვასა უპირებდნენ ოკეანურსა ზღვასა, რომლისა უფსკრულ-მორევიცა, თივისა მთიბავთა მოაზრებითა, ზედ იმჟამად დიაღაც კოჭზედ ამოდუღებულიყო,
    12.     რაკიღა შიგან კოჭობი იდგა მახოხისა, გარნა მესნეულენი ირწმუნებოდნენ, წყალთა შესაკრებელი იგი მდოგვიანი ნაჯახნუჯახითა ამოყორილაო, რაიცა თურმე ზღვისავ ფსლითა, შესაძლოა, ისევე ზედმიწევნილად ამოიცნოს კაცმა, რარიგადაც გასავათებული სავათი თვისივ სავალითა იცნობება,
    13.     ოღონდ უფალნი მსაჯულნი ბემოლურ განკარგულებასა თუ არ მოახდენენ და ცუდსა ჭირსა არ აღუკრძალავენ იობისა მატლთა დადუხჭირებასა და საეკლესიო მსახურებისა ჟამსა ტუნტულსა,
    14.     ვინაიდგან ყოვლისა უქონელთ უკვე იწყეს ფერხისული, ანუ ფერხი ფერხსაი, თავი მეხსაო, ვითარ იტყოდა დალოცვილი რაგო.
    15.     ეჰ, უფალნო, ნება ღვთისა მიუწვდომელია, თვალბედითსა კი მეხრისა სახრე ააჭრელებს.
    16.     რასაცა ვუბნობ, ბიკოკისა შემდგომად მოხდა, ოდეს გამოვბრუნდით, და სწორედ იმხანად აჰკიდეს მაგისტრ ანტიტუს დე კროსონიერსა ფრიად უმძიმესი ტვირთი ლიცენციატობისა,
    17.     აჰკიდეს და აკი თავად საეკლესიო სამართლისა მცოდინარნიცა წარიტყვიან: Beati lourdes, quoniam ipsi trebuchaverunt.
    18.     თუმცაღა კი, წმინდა ფიაკრ ბრიელისა მზემან, დიდმარხვასა საგულისგულოდ იმად ვინახავთ, ვითარმედ სამებობა სჭირსაო, უფულობით ვერ ვიყენებთ ხსნილსაო;
    19.     თუ ცასა სწვიმს ცვარიო, ხელდახელვე ჩაუდგება ქარიო.
    20.     უკეთუ პირობასა შევკრავთ, და მანდატური აგრერიგად მაღლა არ დაიჭერს ნიშანსა სასროლ მოედანსა, ანუ სასაგნოსა ზედა, ხოლო მწერალ-მწიგნობარი ფრჩხილთა მრგვლად დაკვნეტასა და მებრვე წესითა ბატისა ფრთისა ღრღნასა მოიშლის,
    21.     უცილოდ თვალცხადლივ მოვიხილავთ, რაგვარ წაივლებენ ცხვირში ხელსა ყოველნი ბრალეულნი, რა არი სახედველ ასოთა მეოხებითა პერსპექტივასა შიგან გასინჯონ ბუხრისა შორიახლო ფლანი და ფსტანი ადგილ-ალაგი,
    22.     სად ორმოცხონჯრიანი ღლევისა ალამი ჰკიდია და ორმოცივ ხონჯარი საჭირო არს საქმისა გადადებისა ოცი მიზეზისა გულისთვისა.
    23.     ასეა თუ ისე, კაცსა ჯერეთ თავი უნდა მოაჭრა და მერმე მუწუკი არ ატკინო, რამეთუ ვისაცა ნიფხავი უკუღმა აცვია, არცარა ჭკუასა იხმარს წაღმა.
    24.     მაშ, ჰფარვიდე, უფალო, ყველაგვარი ბოროტისგან ტიბო მიტენსა!
    25.     მაშინ პანტაგრუელმა მიუთხრო: - ეგრე, ძმობილო, ეგრე დინჯად იუბნე და ნუ აიღელვებ გულსა.
    26.     ყველაყასა მიგიხვდი. მიდი, ხმა ჰყავ!
    27.     - ჰოდა, იმასა ვამბობდი, მეუფეო, - კვალად აძრახდა გავალოკია, - ის ჩემი მხევალი დედაკაცი, წეღან რომ ვახსენე, დია ჯეროვნად მთქმელია და კარგა უწყის Gaude da Audi nos, გარნა ვერცრა ფარ-ვეშაკისა ფარებითა ვერ ამოესაფრება უნივერსიტეტისა განსაკუთრებულ წყალობასა,
    28.     ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც რომ შეეწიოს, უკეთუ ანგელოზებრ წყალში არ ჩაესვენა, თავზედ აგურისა შვიდიანი არ დაიდო და ხმალ-დელამფრითა დასტურ იქ არ მიიჭრა, სადაცა ძველთუძველეს დროშა-ალამთ ჰყიდიან,
    29.     რომელ დროშა-ალამთაც ფლამანდიური სკოლისა ფერმწერალნი წყლისა ნაყვისა ჟამსა იყენებენ, და მიკვირს და დიდად გამკვირვებია, ადამისა შვილნიც რად არა სდებენ კვერცხსა, რახანცა ესდენ ჩინებულად იციან გამოჩეკა.
    30.     ამისა თქმა იყო, და ანაზდად წინ წამოდგა უფალი ხაპია, აწღა მეცა ჩემსასა ვიტყვიო, იფიქრა და ბაგისა გახსნაც დააპირა, მაგრამ პანტაგრუელმა უმალ ბურთი ჩასჩარა პირში:
    31.     - წმინდა ანტონის წიაღსა ვფიცავ, არცვისა გამოუხმიხარ და რად აწყვეტინებ სიტყვასა?
    32.     მხედავ, ისედაც ჭირისა ოფლი მადინა ემაგ შენი მოძულისა ენა-პირმან და დამწვარსა მდუღარესა მასხამ?
    33.     კრინტი არღა დასძრა, კრინტი, თორემ მაცილ-ქასქანჯიელთ დაგახვევ!
    34.     ჯერეთ ეგ მორჩეს სათქმელსა და მერმე შენ გვითხარ შენი.
    35.     მაშ, აბა ნუღა დააგდებ დაწყებულსა, განაგრძე, - მიუბრუნდა პანტაგრუელი გავალოკიასა, - არამცა და არამც არ იჩქარო.
    36.     - ვინაიდან და რადგანაც, - ისევ მოხსნა გუდასა თავი და აჟრიტინდა გავალოკია, - პრაგმატული სანქცია არცრასა გვითხრობს ამა საგნისა გამო და პაპმაც ყოველნი კაცნი მიუშვა ნებასა, აჭაჭუნეთ და იყავითო,
    37.     სიღარიბითა რაც გინდ უკან ბოლი გასდიოდეთ, ტილოსა თუ არ დაჯღაბნიან, ზედა უშვერობასა რასმე მაინცა ნუ მოაწერენ ცაციათი ხელსა, და ნარუქმა მილანურმა ცისა მშვილდმან, ტორუათა საჩეკად აჩენილმან,
    38.     თავისა მხრივ დასტური მისცა ხსენებულსა მხევალსა, ორივ თეძო ეგრევ ამოიგდეო, ვითარ ეძალებოდნენ დია ჩაქვირითებულნი წვრილნი, ქარსალა, ანუ ჭიჭყინა თევზნი, რომელნიცა დიაღაც იმჟამიდგან გახდნენ ძველთა წუღა-მაშიათა კონსტრუქციისა ჩასახვდომად მიუცილებელნი.
    39.     დაღათუმცა, გარე ბიძაშვილისა შვილმან, ჟან ბოჩოლად სახელდებულმან, საკოცონე შეშასა განრიდებულმან, ერთი თალია ურჩია შარატეხილსა დიაცსა, მაგ ხათაბალა საქმეში ნუ ჩაერევიო, დადექ და თეთრეული გაიქათქათე,
    40.     ოღონდ, იმ ერთი ფლანი მოსარეცხესი არ იყოს, ტაბოცი არ გადაგეყლაპოსო, და ნურცა უანგარიშოდ წაუსვამ შაბსა ქაღალდსაო, ძაან არ გააკეწკეწ-გაათახახიანოო, ვინაიდანაო Non de ponte vadit, qui cum sapientia cadit,
    41.     და მხედველობაში უნდა გვქონდესო, რომა სახაზინო პალატისა უფალნი წევრნიო არ აჰყვებიან იმა გერმანულ ფლეიტათა ხმასაო, რომელ ფლეიტათაგანაც ააგესო მერმე ჭოგრიტნი უფლისწულთა და აკი ამას წინათ გამოუშვეს კიდეცა ანტვერპენშიო.
    42.     აი, მეუფენო, რასა ნიშნავს აღრევა აღთვალვისა, სხვა იმოდენად არცრა აძლევს ხელსა მოწინააღმდეგე მხარესა, რაოდენადაც in sacer verbo dotis, რამეთუ ავდექ მეფისა ნებისამებრ ჯაჭვშემოსილ-ჩასილაღებული და წაველ მოსახილავად,
    43.     ვითარ აჭრიდნენ მწვერვალთ თავიანთ წოწოლა ქუდსარქმელთ მერთვლენი ჩემნი, რა არი უფროისად აეხმიანებინათ ზროხაკუდნი და, ვინაიდგან და რადგანცა რთვლობასა ავდრიანი ამინდი დაიჭირა, ყოველთა თვითმდგომარე ჩუბინთ აშა ჰკრეს, არღა ვიასპარეზებთო,
    44.     და მიზეზი ამა უარობისა ის კი არ იყო, რაკი საყვირთ ხაფად ვერ აღებინებდნენ ხმასა, არამეს ისა, რომა ჩვენსა ძმასა და მეგობარსა ბოდიშონსა თურქული და ოფა სჭირს.
    45.     ამისა გამო წლეულსა მთელს არტუაში ზღვად გასკდა სადაფისა მოსავალი, რაიცა მცირედი შეწევნა როდია უფალ მეგოდრეთათვის, ვითარმედ ყელგადაგდებულ-ენაგადმოგდებულნი ვლიან და, ჩიტისა რძე რომ ჩიტისა რძეა, იმასაც უნდომანდოთა ღლევენ და არცა ბუსა კვერცხთ მიირთმევენ.
    46.     მენა კი, ჭირაიმე, ყოველსა კაცსა მოვისულტკბილებ და ხმასაცა ტკბილსა ვუნატრი, რამეთუ ბურთაობისა საქმე მაშინ წამსვე გამოიწაღმართებდა
    47.     და უცხო რამ წმინდა ბუნაკსა, უფრორე მსხვილ ძაფში ჩასაგრეხსა, რომელიცა დია უწყობს ხელსა მაღალქუსლიანი წუღისა ეტიმოლოგიზაციასა, მსწრაფლ სენასა შიგან მეწისქვილეთა იმედად ჩავუშვებდი და კიბორჩხისა მაგიერ მუდმივად მუნ დავამყოფებდი,
    48.     მით უმეტეს, რომა კანარიისა ხელმწიფემან უკვე კარგა ხანია მოახდინა შესახებ ამისა განკარგულება, ოღონდ ჯერეთ ისევ კანცელარიაში უდევთ და ზედ ასხედან.
    49.     ყოველივე ზემორეთქმული, მეუფეო, მაბედვინებს და დაჟინებით ვენუკვი თქვენსა უდიდებულესობასა, რომა თვალუხვავად გააგო სამართალი და გვაუწყო აზრი, ვითარმედ გამინაღდონ სასამართლო ხორჯ-ბორჯი და ამინაზღაურონ ზარალი და წარსაგებელი.
    50.     და პანტაგრუელი დაეკითხა: - სხვა აღარა გაქვს რა სათქმელი, ძმობილო?
    51.     - ყველაყა უკლისად დაგიწიგნარე, მეუფეო, - მიუგო გავალოკიამ, - თავიცა ვთქვი და არცრა ბოლოში tu autem დამვიწყნია, კაცობისა მზემან, პირმართალი ვარ.
    52.     - მაშ, აბა აწი შენი ჯერია, უფალო ხაპიავ, - წართქვა პანტაგრუელმა.
    53.     - გვითხარ, რაიცა სათქმელი გაქვს, თუგინდ მოკლედ იუბნე, სიტყვასა ნუ გააჭიაყელებ, ოღონდ ისეთი არა გამოაკლო რა, განჩინებისა თავკიდედ რომ გამოდგებოდა.
    54.     ნეტარ არიან ტვირთმძიმენი, რამეთუ წაიფორხეს (შუასაუკ. ლათ.).
    55.     „იხარე“ და „ყურად იხვენ“ (ლათ.). უხიდობის ხიდიაო, ვინცა წყალში ჰკიდიაო (ლათ.).
    56.     ნაცვლად in verbo sacerdotis. - პატიოსანი სიტყვა მღვდლისა (ლათ.). შენ, უფალო (ლათ.).


14

     1.     XII. ვითარ დაობდა უფალი ხაპია პანტაგრუელისა წინაშე
    2.     უფალმა ხაპიამაც ესეგვარად მოხსნა პირი:
    3.     - მოწყალეო ხელმწიფევ და მოწყალენო ხელმწიფენო!
    4.     უკეთუ უმართლობასა ისევე ადვილად ვიმცნევთ და დავდებთ სახელსა კატეგორიულსა, ვითარ ადვილია რძეში მცნევა ბუზისა, მაშინ სამყაროსა, ანუ ოთხსა ხარსა, ისერიგად ვერღა დახრავენ ვირთხანი, რარიგადაც აწ ხრავენ, ჩვენსა დროებაში,
    5.     და ყოველი კაცთაგანი უმალ მიწასა დაადებს ყურსა, დია ვერაგულად გამოხრულ-გამოღრღნილსა, რამეთუ მეორე მხარისა მიერ თქმული, factum’a, იმდაგვარი რამ აღნაქვსია და არა ამდაგვარიო, სიმართლისა ნაკრტენითა შებუმბლულია,
    6.     დაღათუმცა, მოწყალენო ხელმწიფენო, ვარდისა ქოთნისა ქვეშე ზაკვა, ძმაცვა და თვალთახმა დაბუდებულა.
    7.     და განა მოსათმენია, რომა კაცი ოდენ თხილისა შეჭამანდითა იბრუნებდე გულსა, ავსა არცრასა იზრახვიდე, არცრასა უბნობდე და მაინცა ბანსა თავზედ განგრევდნენ, ათასნაირი საცთური როკვა-შუშპარითა თვალშიგან ნაცარსა გაყრიდნენ და თანაცა ჩაგძახოდნენ:
    8.     წვენს ვინც აყოლებს ღვინოსაო, იმან ვერ მოილხინოსაო?
    9.     წვნიანი იქითამც იყოს და, ყოვლადწმინდა ქალწულისა მადლმან, სახელგანთქმულნი ლაშქართმთავარნი რომ არიან, ვინ უწყის, ზედ ბრძოლისა ველზედ რაოდენჯერ მისძღომიან დალოცვილ ბოღლიწოსა,
    10.     რათამცა უფრორე ჯეროვნად ექანავათ ქანიელათი, ობობასებრ ებობღათ ბობღანმომარჯვებულთ ან არადა ებნიანად ებანათ და ბანებულთ მიებანათ თავზედ ბანდაქცეულთათვისა!
    11.     გარნა აწ ადამისა ტომსა ლესტერულმა სკლატ-მაუდმა აურია ჟამკარი: ვინ სმასა მიჰყო ხელი და ღვინოში იხრჩობს თავსა, ვინ კიდევ, ერთისა და ორისა არ იყოს,
    12.     უკეთუ სასამართლომ სათანადო განაჩენი არ შეადგინა, წლეულსაც თავისი დედისა გამომცხვარსა მიირთმევს, და ისიცა ყელზედ დაადგება, ანუ უკვე დამდგარიცა ექნება კუჭდამწვარსა.
    13.     და ბედშავი კაცი ვინმე თუ რომ ოფლისა სადენ აბანოში თავპირსა ნეხვითა იბანს ანდა წუღახამლსა ზამთრისათვისა იპოხავს,
    14.     ხოლო მანდატურნი და მოდარილ-დამზვერავნი ოყნისა მილითა ორნახად ზახრუმალასა წრუპავენ და ზედ უცხოდ შეკმაზულ ნაპრაწაპრუწალსაც ეგრევ აყოლებენ, ნუთუ ამად ხელისა ჭუჭყსა სხვა რამ ჭუჭყი უნდა დავამჯობინოთ?
    15.     კაცნი ვართ და ჟამითი ჟამად ვბჭობთ, ღმერთი კი იცინის, და დაისი თუ სისხლისა ფერია, ხვასტაგიცა სისხლში ცურავს, რასაცა დია სახელმორჭმულნი მოკვდავნი უცილოდ დამიმოწმებენ.
    16.     ოცდათექვსმეტსა წელსა გერმანული ულაყი ვიყიდე თოხარიკმაჭენებელი, ბალანდაწმენდილი, ფეროვნებითა ქურანი, ვითარ ოქრომჭედელნი ირწმუნებოდნენ,
    17.     თუმცაღა კი ნოტარიუსმა არღა დააყოვნა სათქმელი, ყიდვა არ ვარგა კარგისაო, ზედგამოღება სართისაო, და თანაცა კიდევ ჩვეულებრ cetera დაურთო.
    18.     რა ვქნა, მეცნიერობასა დასტურ ბევრი მიკლია, მთვარესა ვერ ვეპოტინები და ვერცა ზეცასა უკიბოდ ავალ, გარნა ავხადე ფირფიტელასა, ჩავხედე გულყვითელასა და ერბოსა დერგში,
    19.     სად ვულკანებრი ქვემეხ-ზარბაზანი ჩაედგათ, ხმა დავარდა, მარილიანი მოზვერი უსანთლოდაც კარგა ლამაზად გვაძებნინებს ღვინოსაო,
    20.     ნამდვილ კი მოზვერი იგი ნახშირისა გულაგში ჩაესვათ და ზედ საშუბლეცა ემოსა, საბარკულიცა, რადგანაც ერთიცა და მეორეცა მიუცილებელია, უკეთუ შებრაწვა გვსურის ხმელი რამ ჭამადისა, ანუ ტაბუხისა და ვირისა თავისა.
    21.     დიაღაცა მართალი თქმულა, თუ გული გულობს, ქადა ორივ ხელითა იჭმევაო.
    22.     ამა ამბისა გამო სრულიად ქვეყანა შევძარ, თავად უფალნი მეცნიერნიცა შევაჭირვე თათბირითა, იმათაც მოივარგეს frisesomorum და განაჩინეს, ერთადერთი რამ, რისი ქმნაცა ეგებისო, ის არის, რომა ნამგალობისა ჟამსა დავდგეთ და ვთიბოთ ჭურ-მარანშიო,
    23.     სად ქაღალდიცა კმასაყოფელია, მელანიცა, ფრთისა კალამიცა, კალმისა დანა-ღინწიცა და მრავალი სხვა ამისთანაო, რადგანაც შებმულსა ცხენსა რაწამს ნივრისა სუნი ამოუვა, გესლი ეგრევ ღვიძლსა შეუჭამსო,
    24.     და მაშინ კი, ვინემ ნასადილევსა დავიძილქუშებდეთ, კაი მაგარი კუკუ უნდა ვუჭიროთო.
    25.     და დოსაც მარილი დასტურ ამად აკლიაო.
    26.     არამცა გეფიქროთ, მოწყალენო ხელმწიფენო, ვითომც ნამდვილ გადაეყლაპოს ხსენებულსა მხევალსა ყანჭყანჭი, ანუ წიბოიანი ფიალა, ეგება მზითევი მომემატოსო, ვითარ სასამართლოს ბოქაული ამტკიცებს, ანდა ჭიჭნაგურსა მევახშისა ქისაში გაევლოს,
    27.     ხოლო ვინცავინა კაცისა მჭამელთ შებმია და ჯავრისა ამოყრა სწადს, სხვა ნურცრა უნდა, დანაყოს ერთი გალა ხახვი, სამასი თავი თალგამი, გაურიოს ცოტამატა მუცლისა ქონი მოცადისა,
    28.     ყოვლისა უკეთესი ოფაზი, როგორიცა კი ალქიმიკოსთ ეპოვებათ, ყველაყა ერთად აზილოს, შეზილოს, გადაზილოს, გადმოზილოს, მოასხას ფოცხისა ნახარშ-ნუხარში,
    29.     მერე შენადგენი ესე წასცხოს კაცისა მჭამელთა ფერხთსაცმელსა, გაპოხოს და შეყაროს სადმე თხუნელისა სოროში, ჩობალსა კი თვალისა უმეტეს გაუფრთხილდეს.
    30.     ანდა უკეთუ დამისა თამაშობაში ხელი არ მოგემართოთ, დამასა წამერთ სკამ-ლოგინსა ზედა წამოაგორებდეთ, ხან სულ არაო, ხან სულ ვარხალალაო, კუჭიან გრძელ წინდაპაიჭსა შიგან depiscando grenoillibus და დია გაიხარებენ ჭუჭულნი ბატისანი.
    31.     მსწრაფლ დააგდებენ ბუდესა და აიტაცებენ დამისა კაცსა, ანუ ძვალსა, რომლითაც მოპირდაპირე არ აიყვანს გასაჭრელსა, ვიდრემდისა კეცი ხურს და ზუმბურ-ლუქი დნება ლუდისა მყვარებელთათვისა.
    32.     ოთხივ ხარი, რომელთა გამოცა აქა სიტყვა ჩამოვარდა, რაცა მართალია, მართალია, რამოდენადმე გულმავიწყი გამოდგა.
    33.     დაღათუმცა, ისერიგად მოლამენი იყვნენ გამათა დასწავლისა, რომა არცარა თევზიყლაპიასა შეუშინდნენ და არცარა სავოიურსა იხვსა და ჩემებურთ კაცურ კაცთ დიდი იმედი ჰქონდათ იმათი.
    34.     „ეგენი იმისთანა ყმაწვილნი ჩანან, უცილოდ წარემატებიან აღრიცხვისა სწავლაშიო, - უბნობდნენ ისინი.
    35.     - მაგათი ამბავი წესდებულებისა მუხლად წაგვადგებაო“.
    36.     მგელი რომ მგელია, ისიცა ვერცროს უნდა გაგვექცეს, ოდეს ტყრუშულსა დავადგამთ მეორე მხარისგან ხსენებულსა ქარისა წისქვილსა.
    37.     გარნა არაწმინდამ შეიშურა ყოველივე ესე და გერმანელთ უკან წასწვდა, იმათ კი, თავად უწყით, ეშმაკიც ვერ დაათრობს, პირიქით დააძალებენ: „Her, tringue, tringue!“ და ეგრევ კოჭთ გაუცვლიან, ვითა ჭადრაკისა ჯვარედად დაკუთხულ ფიცარსა ზედა,
    38.     რამეთუ უსაბუთობისა გამო ვერ მოვყვები მტკიცებასა, პარიზსა შინა კიპორჭისა, ანუ ხიდისა ყურში სოფლისა ქათამთ ჰყიდიან-მეთქი, არადა ქვეყანამ იცის, სიპმა აბუზული შობა, აბუზულმა სიპი,
    39.     და, რაკიღა კურტუკუღმა გამობრუნებულნი მხედარნი იგივ კურტუმგადმობრუნებულნი დედალნი არიან, ვისაცა სად ერთი მეჭეჭი აქვს, ისემც უქნიათ, სულ მრგლოვან-ასომთავრულითა ადუღებულსა მელანში ჩაუყრიათ, ოღონდაც ჭიაჭუამან და მღილმან ვერა დაიბუდოს ყდა-კაბრისა ქვეშე.
    40.     და თუგინდ ცუდმოარულთა ძაღლთა შეპყრობისა და წყვილ-წყვილად გარდაბმისა ამბავი მაიმუნთ მანამ მოსდონ ქვეყანასა, სანამ ნოტარიუსნი კაბალისტიკურსა ხელოვნებასა მოივარგებდნენ და ყველაგვარსა თავიანთ ქაღალდსა ხელდახელ ჩააბარებდნენ,
    41.     სულ ერთია, მაინც არავინ იტყვის (დიამც მომიტევონ პატივდებულთა მსაჯულთ), განივ გადაჭიმული ექვსი არპანი სათიბი სამ კასრ საუმჯობესო მელანსა უდრისო,
    42.     რამეთუ შარლ მეფისა დაკრძალვისა ჟამსა ყოველნი გამატყლიანდნენ, ანუ თითოსა ორკანძნახევარი ნაქცი ერგო, ვინცა კი საწმისისა შოვნა მოინდომა.
    43.     და რაერთიცა კეთილზნიანი სახლეულია, ჩვეულებად მოსდგამთ და ისე ფრინველთა შესაპყრობად არა წავლენ, წინ-წინ ბუხრისა შიგან ცოცხი ორჯერ მაინც თუ არ გაატარ-გამოატარეს და თავი არ გამოიჩინ-გამოისაჯვრეს,
    44.     მერმე კი იჭიფხებიან, საქმისა გასარიგებლად ცდილობენ, ერთიმეორესა უკან უბერავენ, რა არი მალიად გაიგრილონ, და კეგლსა აგორებენ.
    45.     აგრე მოგვიხდება, მიხრა-მოხრანიო, ქალსა დავუბრუნოთ თავის ძროხანიო, დასტურ ესეგვარად განაჩინეს სენ-მარტენშიც საქმისა გამო მავანი და მავანი ლოჟფუჟრიოზელი ქარიფანტიასი, და თავსა მოვალედა ვრაცხ, რო მივაქციო ამასა უფალ მსაჯულთა ყურადღება.
    46.     ოღონდ ისე ნუ ჩამომართმევთ, თითქო სამართლიანობა არა მოითხოვდეს და არცა კანონიერი იყოს,
    47.     უკეთუ ქონებასა ჩამოვართმევდით, ვინცავინ ნაკურთხსა წყალსა სვამს, ვითარ ექცევიან ფეიქრისა წათსა, რომელსა ზედან ურჩთა კაცთ გასვამენ ხოლმე და შეაგონებენ, რისა ღირსნიცა ხართ, ისა მოგეზღოთო.
    48.     Tunc, მოწყალენო ხელმწიფენო, quid juris pro minoribus?
    49.     ჩვეულებაც სალიკური კანონისა დარი და მსგავსია, რომლისა თანახმად, ვინცა პირველი შეჰბედავს ძროხასა და ორსავ რქასა მოამტვრევს, ვინცა ცხვირსა მაშინ მოიხოცავს, ოდეს სხვანი იქავ ცეცხლთანა ცეცხლავენ, უნდა ადგეს კაცი იგი
    50.     და, მუცელსა რა ამოიყორავს, კაცობრივი სისუსტე თვისი იმა ხავსისა შემწეობითა მიაფანიეროს, რომელი ხავსიცა მაშინდელი ნაბოჭია, როს შუაღამისა ჟამნისა ჟამსა ყოველნი მთქნარებითა იხოცებიან,
    51.     რათამცა კალხზედ შეაყენონ თეთრნი ანჟუურნი ჭაჭანაურნი, დამლევთა ისერიგად მწიხლავნი, ვითარცა ბრეტონელნი სწიხლავენ ჩხუბში ერთმანეთსა.
    52.     ამითი მოვრჩი და ვითხოვ, რარიგ წინააღმდგომმსიტყველამაც მოითხოვა, სასამართლოს ხარჯ-ბორჯისა განაღდებასა და ზარალისა თუ წარსაგებლისა ანაზღაურებასა.
    53.     და რაწამსა უფალი ხაპია დადუმდა, პანტაგრუელი უფალ გავალოკიას მიუბრუნდა:
    54.     - შენ არასღა გაუტრიზავებდი, ძმობილო?
    55.     - არცრასღა, მეუფეო, არცრასღა, - მიუგო გავალოკიამ.
    56.     - რაიცა სამსჯავროსა ვაუწყე, ყოველი ჭეშმარიტი სიმართლეა, აწღა თუ ღმერთი გწამს, მოვრჩეთ ამა ჩვენსა დავიდარაბასა და ჯაღადირსა, ორთავენი საკმარისად დავიხარჯენით.
    57.     საქმენი (ლათ.). და სხვა (ლათ.). სილოგიზმის პირველი ფიგურის ერთ-ერთი მოდუსის სახელწოდება. ნემსკავსა წამოაგეთ მყვარნი (შუასაუკ. ლათ.). მეუფეო, ჩაღლიე, ჩაღლიეო! (გერ.).
    58.     მაშ, აბა... რაღა უფლებანი აქვთ უძლურთ?


15

    1.     XIII. ვითარ განაჩინა პანტაგრუელმა ორთა დიდებულთა სარჩლობა
    2.     მაშინ პანტაგრუელი წამოდგა და თანამყოფელ მწიგნობართუხუცესთ, ბრჭეთ და დოქტორთ განუცხადა:
    3.     - რაც რამ მოსასმენი იყო, მოწყალენო ხელმწიფენო, ყოველი მოისმინეთ vive vocis oraculo აწ რასღა წარიტყოდით?
    4.     და იმათ ესერიგად უპასუხეს:
    5.     - მოსმენით კი დიაღაც მოვისმინეთ, მაგრამ ვერცრა გავიგეთ რა.
    6.     ამისა გამო una voce შეგთხოვთ და გენუკვით, რათამცა მეოხ გვექმნა და განაჩინო საცილობელი საქმე ესე, ვითარ თავად მოგეპრიანება, და ex nunc prout ex tunc ერთპირ მოვიწონებთ და დავაჭეშმარიტებთ.
    7.     - უკეთუ აგრეა, მოწყალენო ხელმწიფენო, - განაგრძო პანტაგრუელმა, - მაშ, უნდა შეგისრულოთ აჯა.
    8.     დაღათუმცა, სულაც თქვენებრ საძნელოდ ვერა ვხედავ ამა საქმესა.
    9.     თქვენი პარაგრაფი Caton, კანონი Frater, კანონი Gallus, კანონი Quinque pedum, კანონი Vinum, კანონი Si Dominus, კანონი Mater,
    10.     კანონი Mulier bona, კანონი Si quis, კანონი Pomponius, კანონი Fundi, კანონი Emptor, კანონი Pretor, კანონი Venditor და მრავალნი სხვანი, ჩემისა ფიქრით, უფროისად საძნელონია.
    11.     ესე რა წართქვა, იქავ დარბაზში მიდგამოდგა დია ფიქრმორეული და საგონებელში ჩავარდნილი, რამეთუ ჟამითი ჟამად გადამეტებით მოსართავგაჭერილ ვირსაებრ ყმუყუნებდა;
    12.     ფიქრით კი იმასა ფიქრობდა, რაგვარ გულსავსედ ეყო ორივ მხარე და თან არცა ერთი უმჯობესად არ შეერაცხა;
    13.     მერმე კვალად დაბრძანება ინება და ქვემორე განჩინება გამოაცხადა:
    14.     „როგორცა რიგი და სამართალია, განვაბჭეთ განვსაჯეთ და ყოველი მხრით რა გავსინჯეთ სარჩლობა უფალ გავალოკიასი და ხაპიასი, სასამართლომ ასრე განაჩინა:
    15.     ვინადგან ჟრჟოლაატანილი ღამურა მხნედ განელტვის ზაფხულისა ნაბუნიობსა, რა არი გული შეიჯეროს ოღალოთი, რომელმან ოღალომაც პაიკისა წყალობით დააშამათა იგი უკეთურებისა გამო შუქმოშიშ ღამისა ფრინველთა,
    16.     რომისა ჰავასა შინა რომ მკვიდრობენ ცხენიან ჯვარცმითურთ და თავმდგომარედ მართავენ სამალსა, ამისთვის მოჩივარ-მოსარჩელესა სრულ ხელეწიფებოდა დაგმანვა გალიონისა, რომელ გალიონსაცა გალაჯულ-გაჩაჩხული უბერავდა მხევალი
    17.     და სინდისმოუქრთამავსა მას მსამართლობელსა კი სამუქაფოდ იმოდენსავე ოსპსა უჩხრიალებდა, რაოდენიცა თვრამეტი ძროხისა ნარისევ-ნაპარსია, და ზუზივ ამავ ამარსა, ანუ რაოდენობასა სძღვნიდა ყოვლისა უფრორე მამაძაღლ ხელფუნჩსა.
    18.     დიაღ აგრევე ბრალდებისა კმასაყოფელ საფუძველსა ვერა ხედავს სამსაჯულო და განავალნაკლულობასა ვერა შესწამებს მოჩივარსა, რომელსაცა ვითომც სრულად არა დაეცალოს კუჭნაწლავი თვისი.
    19.     ვითარ ბაზმისა შუქზედ ქართა ქროლითა გასურნელიანებულ იმა წყვილ ხელჯაგთ განუბჭვიათ, მირბალეში რომა ხმარობენ, ოდეს ბულინსა მოაბოშებენ ხოლმე სპილენძისა ბირთვმომარჯვებულნი, და თავად ბირთვთაგან კი მეჯინიბენი ზინდართუხუცესისამებრ შუშავენ ბოსტნეულსა,
    20.     შემდგომ სირთა საფრთხულთ აკაზმინებენ და თითოეულსა საფრთხულსა ზედ სამწყერაო სამფარჩხ-სხარტსა ეჟვან-კუდუნსა აბამენ, სულ ბადე-მაქმანითა შემკულსა,
    21.     რომელი ბადე-მაქმანიცა მსამართლობელისა ცოლისძმასა სამ იკანკლურ ზოლ-სრელად ოქრომკედგაყრილ კალანჩხითა მემორიალურად მიმოჰქონდა კუთხისა მიმდებარე მპარავთა ბუნაგსა შიგან, სად ეგრევ ცოცხ-საგველთ სტყორცნიან ჭიაყელისა მგვან თუთიყუშსა.
    22.     ხოლო მოპასუხესა რომ აბრალებენ, წაღახამლსა აკერებდაო, ყველიჭამიაობდა და კაცთა შემურვილ გვამთ ფისავდაო, საორჭოფო თვალსაზრისითა ყოველივე დაუჯერებელია,
    23.     რაიცა საჯერო გახადა ხსენებულმან მოპასუხემან და ამისა გამო სასამართლო მოსარჩელესა უსჯის სამ პილთუმ ორთომელ ხაჭოსა, შენელებულ-შეზავებულ-შეგემებულსა, როგორიცა ადგილისა ჩვეულებაა,
    24.     და მისჯილი ვალდებულია, რომა ორთომელნი იგინი აგვისტოს მაისისა ნახევარში გადაუხადოს დასახელებულსა მოპასუხესა.
    25.     ზემოხსენებული მოპასუხე კი თავის მხრივ ვალდებულია, რომა თივა და ძენძი მოიშოვოს, ვითარმედ უკლებლივ დაჩურთოს ხორხისა ხვრეტილნი, ხვიმირისა კრიჭაში გატარებულ ხამანწკათაგან დაგრეხილნი.
    26.     მაშ, კვალად მეგობარნი დარჩით, ნურცა ხარჯ-ბორჯისა გასტუმრება გინდათ, და სამსჯავრო მჯდომარებასაც მოვრჩეთ“.
    27.     ნაბჭობისა გამოცხადებისა შემდგომად მოსარჩელეც და მოპასუხეც განშორდნენ იქაურობასა, თანაც ორთავენი გულსავსედ იყვნენ გამოტანილი განჩინებისა გამო,
    28.     და მართლაც რომ გაუგონარი რამ მოხდა: წარღვნისა დროიდან მოკიდებული არცროს არა ყოფილა, და კიდევ ცამეტი საიუბილეო წელიწადი არცა იქნება, რომ მოდავენი ერთნაირად კმაყოფილნი დარჩნენ საბოლოო განაჩენისა.
    29.     რაიცა შეეხება თანამყოფელ ბრჭეთა და დოქტორთ, სულ ცოტა, სამი საათი მაინც ისხდნენ პანტაგრუელისა უებრო სიბრძნისგან აღტყინებულნი და აღმაფრენაშემდგარნი, - ესოდენ საძნელო და საჩოთირო საქმე რარიგ განაჩინაო,
    30.     და იმათი აღტაცება კიდევ მეტხანს გასტანდა, მაგრამ იქავ ბლომად მოიღეს ძმარი და ვარდისა წყალი, რამაც გული უპოვნა ყოველთ და, დიდება უფალსა, გონსა მოვიდნენ და მოიხედეს.
    31.     ამათივე საკუთარ ბაგეთაგან (ლათ.). ერთხმივ (ლათ.). ამიერითგან, ანუ დღეისა წაღმართ (ლათ.).
    32.     „კატონი“, „ძმა“, „გალი“, „ხუთი ფუტი“, „ღვინო“, „უკეთუ ბატონი“, „დედა“, „კეთილი თანამწოლი“, „უკეთუ ვინმე“, „პომპონიუსი“, „ადგილ-მამულნი“, „მსყიდველი“, „პრეტორი“, გამყიდველი“ (ლათ.).


16

    1.     XIV. აქა პანურგი უბნობს, ვითარ დაუსხლტა თურქთ ხელიდან
    2.     პანტაგრუელისა განჩინებისა ამბავი მსწრაფლ ქვეყანამ შეიტყო და გაიგო, ადგნენ და ეგრევ ურიცხვ ცალად დაბეჭდეს განჩინება იგი, საცა ერთი სამსჯავრო წერილთსაცავი იყო, უკლებლივ სუყველას გადასცეს, და მას დღესა აქეთ პანტაგრუელზედ ესერიგად აძრახდნენ:
    3.     - სოლომონმა უბრალო მიხვედრისა წყალობით არგუნა დედასა შვილი, იმასა არცროდის გამოუჩენია პანტაგრუელისაებრ უცხო რამ სიბრძნე.
    4.     რა ბედნიერნი ვართ, რომა პანტაგრუელი ჩვენსა ქვეყანაშია.
    5.     ის კი არა, მომხსენებლად და მწიგნობართუხუცესადაც უნდოდათ პანტაგრუელისა არჩევა, მაგრამ იმან ზრდილად მადლი შესწირა და აშა ჰკრა, დაეუარა:
    6.     - მსგავსი სამსახური და თანამდებობა, - უთხრა, - უაღრეს მონურ მორჩილებასა ითხოვს ადამისა შვილისგან, და უკეთუ განვსჯით, რარიგ გახრწნილია ბუნება კაცისა, არცვის სულისა ცხონება არ უწერია, ვინცავინ ამგვარსა რასმე საურავსა ითანამდებებს;
    7.     და, ვგონებ, ზოგ-ზოგთა განდგომილ ანგელოზთა ცარიელ ადგილთ თუკი მხოლოდ ამა წოდებისა კაცნი დაიჭერენ, განკითხვისა დღე ოცდაჩვიდმეტი საიუბილეო წელიწადისა შემდგომაც არ დადგება, ხოლო ნიკოლოზ კუზანელისა წინასწარმეტყველება სულ საზღაპრო და ტყუილი გამოდგება.
    8.     მე გამიფრთხილებიხართ და დანარჩენი თავად იცით.
    9.     აი ერთი რამდენიმე ლადუკი კარგი ღვინო თუ მოგეძევებათ, სხვა არცრა მინდა რა საჩუქარი.
    10.     ისინიც ადგნენ და ყოვლისა უფრორე უკეთესი ღვინო მოართვეს, როგორიც კი ქალაქში იპოვებოდა, და იმანაც მიირთვა, ჩაიწმინდა ყელი,
    11.     სამაგიეროდ საწყალ პანურგსა უზომოდ მეტი მოუვიდა, რამეთუ გამოყვანილ ქაშაყსაებრ ხმელი იყო, და ღვინო ისე მოერია, მუხლნი წაერთვა, ვითარ გადამღრძვალ ციცასა.
    12.     ოდესცა წითელი ღვინით გალიცლიცებული ჯამფილა უსუნთქებლად დალია, მავანმა და მავანმა ხმა ასმინა:
    13.     - ერიჰაა! რაღაცა ნამეტანსა უტევ, გენაცვალე.
    14.     - ბიჭმა იცის! - მიახალა პანურგმა.
    15.     - შენა აქა, უკაცრაული პასუხი, პარიზელნი ლოთმებრუვენი არ გეგონოთ, ნიბლიასაებრ რომა სვამენ და, ბეღურასი არ იყოს, ჭამად მანამ არ აღებენ პირსა, სანამ უკან არ მოეფერებიან.
    16.     ეჰ, ძმაოსან, ასვლაც თუ რომ აგრე მალიად მეცოდინებოდა, როგორაც მუცელში ღვინისა ჩაშვება ვიცი, იცოცხლე, ემპედოკლესთან ერთად მთვარისა სფეროსა თავზედ მოვექცეოდი!
    17.     ოღონდ, ეშმაკიმც დასწყევლის, ერთი კია, რაცა რომა მეტსა ვსვამ ამ დალოცვილსა ღვინოსა, კიდევ უფრორე მწყურდების.
    18.     ჩანს, უფალ პანტაგრუელისა ჩრდილი ისევე ადვილად აწყურებს კაცსა, ვითარ მთვარე აციებს.
    19.     თანამყოფელნი სიცილისგან ჩაბჟირდნენ.
    20.     პანტაგრუელმა რა დაინახა ესა, შეჰკითხა:
    21.     - რა გაკუჭკუჭებთ მანდა, პანურგ?
    22.     - რა და ისა, ბატონო, რომა, - მოუგო პანურგმა, - იმა მამაძაღლ თურქთა ამბავსა ვუთხრობდი, რა უბედურნიცა არიან, ვინათგან სასმელსა არ ეკარებიან.
    23.     მაჰმადისა ყურანის მთელი სიბოროტე მარტოდენ ესეც თუ იქნებოდა, მაშინაც კი არ გავხდებოდი იმათი რჯულისა.
    24.     - ბრძანე ერთი, რა ჰქმენ, მაინც რარიგ დაუსხლტი? - დაეკითხა პანტაგრუელი.
    25.     - ყოველსავე ზუზივ მოგახსენებთ, ბატონო, - უპასუხა პანურგმა, - ერთსა არასა ვიცრუებ.
    26.     მწვდნენ ის ძაღლიშვილნი თურქნი და ეგრევ შამფურსა მაცვეს, წინ-წინ კი, ვითომ ბოცვერი ვიყავ, ღორისა ქონითა გამომჩურთეს, რამეთუ კბილსა სხვარიგ ვერცა მომკიდებდნენ გაძვალტყავებულსა.
    27.     ამიღეს და ცოცხლივ ცეცხლზედა დამდეს, ხან გადამაბრუნებდნენ, ხან გადმომაბრუნებდნენ, ჰაი დედასა, მწვადად მწვავენ და ეგ არი- მეთქი, გამკრა გულში, და ფიქრითა ღვთაებრივ კეთილმოწყალებასა მივენდე,
    28.     თან წმინდა ლავრენტისა ვახსენებდი და ზენაარსისა იმედსა არა ვკარგავდი, უცილოდ მიხვაიშნებს და დამხსნის ამა წამებასა- მეთქი, და აკი ჭეშმარიტად სასწაულებრივ მიხსნა კიდეც ბოლოსა.
    29.     ჰოდა, ვიდე ეგრე ცეცხლზედ, სულიან-ხორციანად ღვთის ნებასა მინდობილი, და ვგოდებდი: უფალო, შემეწიე! უფალო, მიხსენ! უფალო მომარჩინე ამ ძაღლთა და ავაზაკთ, რამეთუ არა გარდაველ სჯულსა შენსა და იმისთვის მტანჯავენ- მეთქი,
    30.     და მინამ ესრეთ გოდებითა მოვთქვამდი, იმა ჩემსა შემწველდამდაგველსა კაი ლაზათიანი ძილქუში დასწოლოდა, და არ ვიცი, ღვთისა ნებითა მოხდა თუ რომელიღაც კეთილმა სადმე ოტარიდმა მისმინა ქენჯნილსა და მარჯვედ ჩააძინა ის ჩემი ასთვალა არგუსი.
    31.     რაკიღა შამფურსა აღარ ატრიალებდა, გავხედე, ვნახო ერთი, რა მოუვიდა- მეთქი, და იქავ მძინარე მოვიხელე.
    32.     მაშინვე დავწვდი კბილითა მუგუზალსა, დაუმწვარ ბოლოში ჩავავლე, და შიგ საზარდულში ვტყორცნე თურქსა, მეორე კი ბუხრისა მოახლოებით ქვეშა ვუმარჯვე სამგზავრო სკამ-ლოგინსა, რომელზედაც იმ ჩემისა ღრმად პატივცემული შემწველისა ჩალისა დოშაკ-ტაბასტო ეგდო.
    33.     ჩალა თვალისა დახამხამებისა უმალ აბრიალდა, და ცეცხლი იჩქითად სკამ-ლოგინსა მოედო, მას უკანით კი თაღიან ჭერში ფიჭვისა ლამფა-ფიცარსა მისწვდა.
    34.     თუმცა, ჯერეთ სადა ხართ! საზარდულში რომ მუგუზალი ვესროლე, სრულად ბოქვენი დაუწვა ჩემს ბედასლსა გამტანჯველსა, და აწ უკვე კვერცხნი ებუგებოდა.
    35.     უკეთუ ადგილი ესე აგრერიგად მყრალი არა ჰქონოდა, დილამდისინ, ალბათ, ყურსაც არ შეიბერტყავდა, ამხელად კი რეტიან ვაცსაებრ წამოვარდა, სარკმელში თავი გაყო და აღრიალდა: „დალ ბაროთ! დალ ბაროთ!“ რაიცა ჩვენებურადა ნიშნავს: „ხანძარია, ხანძარიაო“.
    36.     მერმე მომვარდა გაკოჭილსა და თოკი ხელთ რომ შემჭრა, ახლა ფეხთ დაუყვა, რა არი ცეცხლში ჩავეგდე.
    37.     მაგრამ თურმე სახლისა უფალსა, რომელიცა იქავ ახლო რამოდენიმე ფაშასთან და მუფთისთან ერთად ქუჩა-ქუჩა შესაქცევად ვიდოდა, ღრიალიც გაეგონა და ბოლისა სუნიცა სცემოდა,
    38.     ესხლიტა ფეხი და გაფოთებული მოიჭრა, ეგება ცეცხლსა ცოტა რამ მონაგარი მაინც გადავარჩინოო: იმა ერთი ანდაზისა არ იყოს, რახან სახლი ეწვოდა, ხელისა მოთბობას ეპირებოდა.
    39.     და ეცა გიჟსაებრ შამფურსა, რომელსა ზედა აცმული ვიყავ, ჰკრა და მყის მოწყლა ჩემი შემწველ-შემბრაწველი იგი, მოწყლა და იმისა გამო, რომ მკურნალად არცვინ შეჰყრია თუ სხვა რამ მიზეზით, ციმციმ აღმოხდა სული განწონილ შემწველსა ჩემსა:
    40.     სახლისა პატრონმა შამფური ცოტა ჭიპზემოთ უგმირა, მარჯვენა ფერდისა უახლოესად და მესამედი ნაწილი ღვიძლისა გაატანინა,
    41.     მერმე შეღმა წასულმა შამფურმა ფარდა-ფალანგში გაუარა, გულისა პერანგი გაუფლითა და წვერი მხრისა სარტყელში ამოყო, ხერხემლისა და მარცხენა ბეჭისა საშუალ.
    42.     რაწამს მან სახლისა უფალმან ისი შამფური გამომაძრო, დაცემით დიაღ მაყლისა ახლორე დავეცი, ოღონდ ტკენითა ბევრი არცრა მტკენია რა, რამეთუ ღორისა ქონმა მიპატივა.
    43.     ჩემმა ფაშამ კი რა დაინახა, სახლ-კარსა ვეღარცრასა ვუშველიო, ყოველიფერი ნანაჯოგიანად მეღუპებაო, ადგა და ეშმაკთ უხმო, შეწევნა შესთხოვა გრილგოთსა, ასტაროტსა, რაპალსა და გრიბუილსა, თითოეულსა ცხრა-ცხრაჯერ მოუწოდა.
    44.     და აწღა ფახადი მომეცა: ეშმაკნი სადაც არის მოცვივიან ამა აბდლისთვის და იქნებ იმოდენად ზრდილნიც გამოდგნენ, მეცა ზედა მიმაყოლონ- მეთქი.
    45.     არაწმინდასა რას გაუგებ კაცი?
    46.     მერე გულიცა მითქმიდა, სანახევროდ შემწვარ-შებრაწულსა ნაღდად ღორისა ქონში ჭუპჭუპი მომიღებდა ბოლოსა, რადგანაც ეშმაკთ ქონისთვის თათანი სჭირთ, რისა გამოც დაურიდებლივ უბნობს ბრძენი იამბლიქე,
    47.     აგრეთვე მიურმო თავის აპოლოგიაში - De bossutis et contrefactis pro Magistros nostros, მაგრამ პირჯვარი გადავიწერე, ხმა ვყავ.
    48.     „Agyos athanatos, ho Theos, - და ეშმაკთაგან არცვინ გამოჩენილა.
    49.     ამისა შემხედველმან იმ ჩემმა ბილწმა ფაშამ თავისა მოკვლა იზრახა, ჩემივ შამფურითა სცადა განგმირვა გულისა.
    50.     აიღო და მკერდსა ზედა მიიბჯინა, რაიცა ძალი და ღონე ჰქონდა, მიიჭირა, აწვალა, ატრიალა და მაინც არა გამოუვიდა რა.
    51.     მაშინ მივეახლე და ვუთხარ: - უფალო ოგეჩავ! ტყუილად ირჯები, ეგრე ვერცროსა მოიკვდინებ თავსა, მარტოდენ დაიკოდავ და მერე სიკვდილამდისინ სულსა ამოგხდიან მკურნალნი;
    52.     უკეთუ ინებებ, აქავ გაგათავებ, დაკვნესებასაც ვერ მოასწრებ;
    53.     ესეგვარად ბევრნი გამიგზავნია საიქიოსა და, მერწმუნე, არცვინ უმადური არა დამრჩენია- მეთქი.
    54.     - უი შენ კი გენაცვალე მაგ ენაპირშიო, - მითხრა ფაშამ.
    55.     - მოდი და მომკალ, გემუდარებიო. აჰა, ეს ჩემი ქისა შენი ფეშქაში იყოსო.
    56.     შიგა ექვსასი სერაფია და, გარეშე ამისა, კიდევ რამოდენიმე წყალწმინდა ბრილიანტი და ლალიო.
    57.     - სად არის, აბა? - პირში სწვდა ეპისტემონი.
    58.     - სად არი და, იოანე წინამორბედისა მზემან, - მიუგო პანურგმა, - აქედან ძალიან შორია იქამდისინ, თუკი ვინმემ უკვე არ გააქრო.
    59.     ის შარშანდელი რა იქნა თოვლი?
    60.     აი, ყოვლისა უფრორე რა აშფოთებდა პარიზელ მგოსანს ვიიონსა.
    61.     - მორჩი, თუ კაცი ხარ, მაგ ლაპარაკსა, - მიუთხრო პანტაგრუელმა.
    62.     - ჩვენა იმისა შეტყობა გვწადს, რაგვარ გაუსწორდი იმ შენსა ფაშასა.
    63.     - პატიოსნებისა მადლმან, ნატყუარსა არცრასა ვიტყვი, - განაგრძო პანურგმა.
    64.     - ავდექ და დამწვარ-დაფლეთილი ნიფხვისა ტოტი წავუჭირე ყელში, ხელ-ფეხი მაგრად შევუკარი, გაძაგრული ვერღა იფართხალებს -მეთქი, მერმე შამფური ყრონჭში გავუყარე, და, იქავ ორ მსხვილსა კავსა შუბნაჯახნი რომ ეკიდა, ისიც შამფურითა იმ კავთ ჩამოვდე და ჩამოვაკონწიალე.
    65.     ქვეშა კაი გვარიანი ცეცხლი შევუნთე, კოცონსა აღარა უკლდა რა, და მილორდი ჩემი ბოლში გამოვიყვანე, ვითარცა ქაშაყი.
    66.     ვტაცე მას უკანით ხელი იმის ნაფეშქაშარსა ქისასა, წავიტანე თანა გეონი, ანუ ხელშუბ-სათხედი, რომელიცა კავსა ეკიდა, და დავიტიშე.
    67.     ერთმა ოდენ ღმერთმა უწყის, რარიგ ვყარდი ფაჩა-ბოტსაებრ შემწვარი.
    68.     გამოველ გარეთა და რასა ვხედავ: ყოველნი იქა მოგროვილან და წყალსა ეზიდებიან ხანძრისა ჩასაქრობად.
    69.     შებრაწული რა მომიხილეს, თურქნი ბუნებური სიბრალულისა გრძნობითა განიმსჭვალნენ და მთელი ის წყალი მე გადამასხეს, რამაცა დიაღ გამაგრილა და მარგო.
    70.     მერმე ნაყრი რამ მოიღეს, მაგრამ პირი ვერცრასა დავაკარე, რამეთუ თავიანთი ჩვეულებისამებრ მარტოოდენ წყალი დამიდგეს დასაყოლებლად.
    71.     სხვა ცუდი არცრა შეუხვედრებიათ რა, კიდეგან იმისა, რომა ერთმა ქეციანმა ბაჯაჯგუნა თურქმან, წინიდან კუზამომჯდარმან, იდუმალ ქონისა მოპარვა დამიპირა, დაღათუმცა, ხელშუბი ისერიგად დავუშვი, ლამისა თითნი დავალეწე და მეორედ აღარ გამკადნიერებია,
    72.     ხოლო მავანმა როსკიპმან დიაცმან, რომელმაცა თავიანთი საყვარელი ნუგბარი კაკლისა მურაბა მომართვა, თვალი ვერ მოსწყვიტა ამ ჩემსა საოხროსა, ვინადგან ცეცხლისგან დაჩამიჩებული დია საწყალობლად მიჩანდა.
    73.     უკეთუ წამოდგებოდა, დიდი-დიდი მუხლებამდისღა მიმეწვდინა.
    74.     ყოვლისა საკვირველი მაინცა ის იყო, მწვადად შეწვა წამლად რომ მექცა: რომელი გვერდითაც გაჭვალული ვიდე ცეცხლზედა, ვინემ ჩემსა მდაგველსა ეძინა, აწ სწორედ იმ გვერდში სულაც არღა მჭვალავდა, მანამდისინ კი სრულად შვიდი წელიწადი შეკლული ვყავდი ტკივილსა.
    75.     ჰოდა, სანამ თურქნი მე მიტრიალებდნენ, ხანძარი მთლად მოედო არემარესა (ნუ მკითხავთ, რაგვარ მოხდა) და, სულ ცოტა, ორი ათას სახლ-კარზედ მეტი გადაბუგა, რასაც ბოლოსა და ბოლოს ერთმა თურქთაგანმა თვალი ჰკიდა და გახმამყივარდა:
    76.     „მაჰმადისა წიაღსა ვფიცავ, ქალაქსა ცეცხლი მოსდებია, ჩვენ კი აქა რაღაცასა მივედ-მოვედებითო!“ ამისა გაგონება იყო და, ყოველნი შინ გაიქც-გამოიქცნენ.
    77.     მეცა ავდექი და ქალაქისა კარიბჭისკენ გავეჩქარე.
    78.     ოდესცა გორაკსა ზედა შევდექ, იქავ კარიბჭიდან გასული, ლოტისა ცოლსაებრ უკან მივიხედე და დავინახე, რომა მთელი ქალაქი ცეცხლში იწვოდა, ვითარცა სოდომი და გომორი,
    79.     და იმწამს ისეთნაირად მომეფხანა გული, ცოტას გაწყდა, არ ჩავისვარე სიხარულშემდგარმა. მაგრამ ღმერთმან დამსაჯა.
    80.     - რარიგ? - დაეკითხა პანტაგრუელი.
    81.     - რარიგ და, - მიუგო პანურგმა, - როს მოღადღადე ალსა აღტაცებულმან გავძახე, ჰაი, თქვე უბადრუკნო რწყილნო, ჰაი, თქვე ბედშავნო თაგვნო, ავი ზამთარი დაგიდგებათ,
    82.     რამეთუ სორო-ბუნაგთა შიგან ცეცხლი შემოგპარვიათ -მეთქი, იმ წუთას ქალაქიდან ცეცხლსა გამოქცეული რატო ექვსასი ნაგაზი მაინც არ გამოვარდა, თუმცა რის ექვსასი, დიდიან-პატარიანად კაი ათას სამას თერთმეტზედ მეტი იყო.
    83.     ძაღლთ ეგრევ სუნი დაიდეს ჩემი ცოდვილი და სანახევროდ შემწვარი ხორცისა, ზედ წამოვიდნენ და დასტურ დამფლეთ-დამგლეჯდნენ კიდეც, თუ რომ ჩემსა მფარველსა ანგელოზსა უცხო რამ საკურნებელი არ შეეგონებინა კბილისა ტკივილისა.
    84.     - კბილისა ტკივილსა ვითომ რაღატომ შიშნეულობდი? - შეჰკითხა პანტაგრუელმა. - ავმა ქარმა განა არ გაგიარა?
    85.     - დიდება შენდა ღმერთო! - ხმა გაიხაფა პანურგმა.
    86.     - სხვა უარესი კბილისა ტკივილი აბა რა უნდა იყოს, ოდეს ძაღლნი ფეხებში წაგწვდებიან?
    87.     კიდევ კარგი, უცებ ის ღორისა ქონი მომაგონდა, ერთბაშად სულ იმათ გადავუყარე და კინაღამ დაჭამეს ერთმანეთი.
    88.     ესეგვარად ჩამომეხსნენ ისინი და მეცა მყის გამოვეცალე, წამოველ მხიარული და ბედქმნილი, დიამც გაუმარჯოს შამფურსა!
    89.     „შესახებ გონჯთა და დუხჭირთა, ღვთისმეტყველებისა დოქტორთა დაცვისთვისა“ (შუასაუკ. ლათ.). წმინდაო ღმერთო, წმინდაო მარად სახსენებელო (ბერძ.).


17

    1.     XV. ვითარ ასწავლიდა პანურგი პარიზისა გარშემო გალავნისა აგების უახლეს ხერხსა
    2.     ადგა ერთხელ პანტაგრუელი, განერიდა საქმესა, ცოტა სული მაინც მოვითქვაო, და შესაქცევად სენ-მარსოს მხარესა გასწია, რათა მიუცილებლად მოეხილა ფოლი-გობელენი.
    3.     წავიდა და თანა პანურგიც იახლა, რომელსა ღართქვეშ მიწყივ მათარაცა ჰქონდა და ლიფიცხაურიცა: არც ერთსა აროდეს იშორებდა და ორთავესა თავის ქეშიკთ, ანუ გვამისა მცველთ თუ თანამცურვალთ უხმობდა.
    4.     სხვა რამ იარაღისა გაგონებაც არა სურდა, და როს პანტაგრუელი დაშნისა ჩუქებასა შეჰპირდა, მან ცივად მიახალა, იმასა ტყირპსა არ გავაგდებინებო.
    5.     - მაშ აბა, უკეთუ მტერი დაგესხა, თავსა რით დაიცავ? - ჰკითხა ეპისტემონმა.
    6.     - რითა და, კაი ლაზათიანი ჭიტლაყითა, - უპასუხა პანურგმა, - ოღონდაც ეგ საჩხვლტელნი აღკრძალონ.
    7.     აქეთობისას პანურგმა მუშტრისებრ შეავლო თვალი პარიზისა თარჯ-გალავანსა და საკიცხველ-საბასრობელი კილოთი ამეტყველდა:
    8.     - შეხეთ ერთი, რა უცხო რამ გალავანია.
    9.     დიაღაც მისწრებაა ახალგამოჩეკილ ბატისა ჭუჭულთა დასაცავად!
    10.     ამა ჩემისა წვერ-ულვაშისა მზემან, ქალაქსა, როგორიცა ეს არის, სულაც არასა არგია ამისთანა კედელი.
    11.     ფურმა ოდენ ერთიც რომ გაუბრახუნოს, ეგრევ ექვსი ბრასისა უმეტესი ჩამოწვება.
    12.     - ძმობილო! - შეეპასუხა პანტაგრუელი - იცი, აგესილაემ რა მიუგო, ოდესცა ჰკითხეს, ლაკედომონისა თავქალაქსა კედელი რად არ არტყიაო?
    13.     რა მიუგო და, გადახედა იქაურ მსახლობელთა და მცხოვრებთ, სულ ერთიანად გაწვრთნილ-დარჩეულ მეომართ, მორჭმულთა და ჩასილაღებულთ, და შესძახა:
    14.     „აი, კედელნი ქალაქისაო!“ ამით ის წართქვა, რომ ყოვლისა შეუვალი გალავანი მოსაგრის ხერხემალია და ქალაქთ უფრორე საიმედო და მტკიცე ზღუდე არცრა აქვს რა, ვინემ თავად მოსახლეთა და მოქალაქეთა სიმხნე-ქველობაა.
    15.     ამა ქალაქსა რომ უყურებ, ესეგვარადვე ძლიერია თავისი ფრიად მრავალი და მებრძოლი ხალხითა და სხვა რამ ზღუდისა არა მექონეა.
    16.     თანაც კიდევ გალავნისა შემორტყმასა თუკი ვინმე დაუპირებდა, მსგავსად სტრასბურგისა, ორლეანისა ანდა ფერარისა, სულ ერთია, ვერცრასა გახდებოდა, ისერიგად დიდძალი ხარჯ-ბორჯი გაუვიდოდა.
    17.     - ბატონი ბრძანდები, - თანახმა გაუხდა პანურგი, - მაგრამა არცა იგია ურიგო, რაჟამსა მტერი მოგადგება კარსა, ქვისა რამ გარესაფარველი აიკრა, თუნდაც იმისთვის, რომ მოასწრო და ჰკითხო: „ვინა ხარ მანდა?“
    18.     ხოლო რაიცა შეეხება იმასა, გალავნისა აგება გარდამეტებით ძვირი დაჯდებაო, სხვა არრა მინდა რა, ქალაქისა თავკაცთ მარტოდენ ღვინო მოიღონ, და კედლისა აშენება მუქთად ვითარ უნდა, მე ვასწავლი უახლეს ხერხსა.
    19.     - მაინც რა ხერხია მაგისთანა? - დაეკითხა პანტაგრუელი.
    20.     - რაიცა ხერხია, ეხლავე გაგანდობ, - მიუთხრო პანურგმა, - ოღონდ სიტყვა არცვისთან დაგცდეს.
    21.     ჩემისა დაკვირვებით, ქალისა დამდაბლება აქა ქვისა უიაფესია.
    22.     ამიტომაც დასტურ ტყუჭთაგან, ანუ დიაცთა სარცხვინელ ივ-ასოთაგან - ტუტუათაგან ეგების აგება გალავნისა.
    23.     წინაპირველად ყოველნი სარცხვინელნი საჭიროა ხუროთმოძღვრებრივი თანშეზომილებისა წესისამებრ, ანუ მალიგორად განალაგოს კაცმა, ესე იგი მოზრდილნი ძირში მოაყოლოს, შუათანანი ოდნავ ცერად შუაში გააყოლოს, მომცრონი კი ზევით მოაქციოს,
    24.     მერმე უნდა ადგეს და, ვითარცა წვეტიანი ჯიბუკ-მანჭვალით ბურჟისა დიდი ქავ-გოდოლია ხუხრუტანებდაჩურთული, მთელი ეს ივ-ტუტუათი ნაგებ-ნაშენიცა იმ დაჯირჯვლებული დაშნადუშნითა დაჩურთოს, მონასტრისა დუქანსაბიძალთა შიგან რომ ჩაბუდებულა.
    25.     აბა, ვინ ეშმაკიღა მოერევა ასეთსა კედელ-გალავანსა?
    26.     ტყუილია, ვერაგვარი ლითონი ვერ დაედრება სიმტკიცითა და ვერცრანაირი კვეთება უზამს რასმე.
    27.     ზარბაზანი რომ ზარბაზანია, ისიც თავსა დაჰკიდებს და თუ ცოტათიც არის, გაეგლასუნგაეხახუნება, წამსვე მოიხილავ (ვენაცვალე ღმერთსა!), რარიგ თქორსაებრ წამოუვათ აგრე კედლად დადგმულ კურთხეულ ცუდი ჭირისა ნაყოფთ წუა-შანარი, და ეშმაკი ფარ-ხმალსა დაჰყრის!
    28.     ის კი არა, მეხიმც აროდეს დაეცემა იქა, და არა იკითხავ, რისა გამო?
    29.     რისა და, იმისა გამო, რომა თითოეული ნაყოფი იგი წმინდაა და დალოცვილია.
    30.     ისე ერთსა უხერხულობასა ვხედავ.
    31.     - ჰოჰოი! ჰა-ჰა-ჰა! რა უხერხულობასა? - გაიოც-გაიკვირვა პანტაგრუელმა.
    32.     - საქმე ის არის, რომა იმა ნაყოფთ ძალიან ეტანებიან ბუზნი.
    33.     წუთში დაასხდებიან, დახსილავენ, და ვაი ჩვენა, უბედურთ, რომისა პაპი მოყივნებულია!
    34.     თუმცა წამალი ამისაც იპოვება: ცალ-ცალკე ყოველსა ნაყოფსა მელისა კუდი ან არადა პროვანსული ვირისა სატიალო უნდა დაჰფარდეს.
    35.     მალე ვახშამსა მოიღებენ, და რახანც სიტყვამ მოიტანა, ერთსა ამბავსა მოგითხრობთ შესაქცევრადა, რომელსაცა frater Lubinus ჰყვება თავის წიგნში - De compotationibus mendicantium.
    36.     ერთხელობასა, ოდეს პირუტყვნი ჯერეთ ისევ მეტყველებდნენ (გუშინდელი ამბავი არ გეგონოთ), მავანი ბედუკეთური ლომი ბიევრისა ტყეში ლოცვა-აჯითა ვიდოდა,
    37.     იქავ ახლოში კი, ერთსა ხეზედა, რომლისა ძირას ლომსა გავლა მოუხდა, ავი მენახშირე შემომჯდარიყო და ნუჟრიანსა გრჯღასა ჰკაფავდა;
    38.     ლომი რა დაინახა, გაუქანა წალდი, შიგ ბარკალში სდო და უბედურად დაკოდა.
    39.     ლომი სამი ფეხითღა მიეცა ტყესა იმედნეული, ვინმე ღვთისნიერი შემეწევაო, და ანაზდად ხურო შემოეყარა.
    40.     ხუროსა დია შეებრალა ლომი, გულდაგულ უნახა, მოჰბანა წყლულ-იარა, მერმე ხავსითა დაუფია, გამოუტენა, დაარიგა, ზედა ბუზნი არ დაგასხდნენ, დაგხსილავენო, და თავად წყლულისა ბალახისა, ანუ ფლომისა მოსატანად წავიდა.
    41.     გამომთელდა ლომი და ერთხელაც, კვალად იმავ ტყეში მავალმა, ვიღაც დედაბერი დაინახა, ფიჩხსა აგროვებდა.
    42.     ლომისა შემხედვარე დედაბერსა ელდა ეცა, ეგრევ გულაღმა გადავარდა და ფეხნი ისერიგად აპლაკა, კაბაპერანგი მხრებამდისინ წამოეხადა.
    43.     სიბრალულითა აღძრული ლომი უმალ თავს დაადგა, ხო არა დაუშავდა რაო, და საკდემელ ადგილსა რა თვალი ჰკიდა, აღრიალდა: „ვაი, შე საბრალო დედაკაცო! აგრერიგად ვინ დაგკოდაო?!“
    44.     მერმე მელასა გასძახა, შორიახლო მორბენალსა, თავისთან უხმო: „მელაკუდა ნათლიმამ! მოდი ერთი, მომხედეო!“ და მელა მივიდა თუ არა, ლომმა შეჰბუხუნა: „ნათლიმამავ და ძმობილო! დედაკაცი ეს დია საკრთოლ-საშიშრად დაჭრილია ლაჯთა შუა და ამა მიზეზითა ცნობა მიჰხდიაო.
    45.     შეხე, რამოდენა ჭრილობა უჩანს, ნაცი ჭიპსა შეერთებია, სულ ცოტა, ოთხი ამპანი მაინც არი, თუმცაღა კი ხუთნახევარიც გამოვაო.
    46.     ეტყობა, ფილთაქვა ჩაუცხია ვიღაცა ოხერსა;
    47.     ვგონებ, ახალი მოწყლულია;
    48.     ერთი რამისა მთხოვნელი ვარო: ზედა ბუზნი რომ არ დაასხდნენ, მაგ შენი ლამაზი გრძელი კუდითა შიგნიშიგაც ჩაუქნიე და გარედანაც მოუქნიეო.
    49.     უქნიე, თუ გიყვარდე, გაუქნიე და გამოუქნიეო, მე წავალ, ამასობაში ხავსსა მოვაგროვებ, იქნებ ნაჭრევი ვითმე ამოვუვსოო;
    50.     აკი უფალიცა ბრძანებს, ხელსა აღუპყრობდეთ ერთმანეთსაო.
    51.     უფროისად მაგრა გაუქნიე! ეგრე, ძმობილო, ეგრეო!
    52.     ესეგვარ ჭრილობასა რასაცა მეტსა უქნევ, ისა სჯობს, თორემ გადარჩენა არ უწერია ამ საწყალ დედაკაცსაო, უქნიე, ნათლიმამ, უქნიე, ბოლოსა ნაქნევარი გამოგივაო!
    53.     უფალსა ტყუილად როდი მოუცია ეგ ბომბორა კუდიო. უქნიე და ნურცა მოიწყენო.
    54.     რომელ საბუზე-სამწერობელსაც ბუზნი უშქრად გაუქშევია, იმასა საქნეველი არცროდისა დაუმშევია და არცა კიდევ აბუზულაო.
    55.     უქნიე, შე ქასქანჯიელო, შენა, უქნიე, თავად გასაქნეველოო!
    56.     აწ წავალ, აღარ შეგიშლი ხელსაო“ და წავიდა ლომი ხავსზედ, ცოტა რომ განეშორა, ისევ გამოსძახა: „უქნიე, უქნიე, ნათლიმამ! უქნიე, შე სვინავ, შენა, და ნუმცა გაბეზრებულხარ ბევრისა ქნევითაო.
    57.     აი ნახავ, ჯამაგირიან მქნეველსა გაგხდი გინდა მარიამ დედოფლისა კარზედ, გინდა დონ პედრო კასტილიელისა სასახლესა შინაო.
    58.     ოღონდ უქნიე, უქნიე, თუ მელა ხარო!“ ბეჩავი მელაკუდაც გულმოდგინედ უქნევდა, ხან ასე გაუქნევდა, ხან ისე გამოუქნევდა, ხან შიგნით ჩაუქნევდა, ხანაც გარედან მოუქნევდა, თავმომკვდარუნებული დედაბერი კი ასი ეშმაკისა ოდენსა აჭაჭუნებდა და აყროლებდა ჰაერსა.
    59.     შავსა დღეში ჩავარდნილმა მელამ აღარ იცოდა, საით ექნა პირი, რათამც დედაბერსა პირდაპირ იმისთვის არ ექშუტუნებინა.
    60.     ოდესცა უკანა მხრიდან დაუდგა, მაშინღა დაუნახა კიდევ ერთი ხვრელი, არცათუ იმასავით დიდი, რომელსაცა კუდსა უქნევდა, მაგრამ სურნელება ამბრისა სწორედ იმა ხვრელიდან სცემდა.
    61.     ბოლოს მობრუნდა ლომი და იმოდენი ხავსი მოიტანა, თვრამეტ ლოგოროდ შეკრა და დედაბერსა ჯოხითა დაუწყო ტენა.
    62.     როს კაი თექვსმეტნახევარი ჩასტენა, განცვიფრდა და გაკვირდა: „რა უბედურებაა!
    63.     რამსიღრმე ნაჭრევია, შიგა ორი ურმისა უმეტესი ხავსი ჩავაო!“ დაღათუმცა მელამ გააჩერა: „ლომო, ძმობილო! სუ მანდ ნუ უჩურთავ, ცოტა დატოვე, მაგასა უკანაცა აქვს ხვრეტილი, მთელი ეს ეშმაკეული სიმყრალე იქიდან მოდის; დავიხრჩე და ეგ არიო!“
    64.     აი რად უნდა ვიცავდეთ ბუზთაგან იმა კედელ-გალავანსა და ამადვე უნდა ვიყოლიოთ ჯამაგირიანნი მებუზე-მქნეველნიცა.
    65.     მაშინ პანტაგრუელმა კითხვა უმარჯვა პანურგსა.
    66.     - რაგვარ მოიგონე, ვითომც დიაცთა სარცხვინელი, ანუ ივი აქა ეგზომ იაფია?
    67.     ქალაქისა ამისა მკვიდრთაგან ფრიად ბევრი ქალია მიუკარებელი, უმანკო და აგრევე აზაპი.
    68.     - Et ubi prenus? - დაეკითხა პანურგი.
    69.     - აწ ჩემსა პირადულსა აზრსა არ გეტყვი, ესეგვარია ნამდვილი ვითარება საქმისა.
    70.     ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ და, რაცა ამა ქალაქში მოველ, უკლისად ოთხას ჩვიდმეტი წამოვაგე ანკესსამჭედურსა, ჯერეთ კი სულ ცხრა დღეა აქა ვარ,
    71.     და აი მხოლოდ დილას შევხვდი ერთსა კეთილსა კაცსა, რომელსაც ესოპეს მანდიკისებრი ხურჯინითა ორი პატარა გოგო მოჰყავდა, ბევრი-ბევრი სამი ანდა ოთხი წლისანი იქნებოდნენ, ერთი წინა თვალში უჯდა, მეორე უკანაში.
    72.     მან კაცმან მოწყალება მთხოვა, მე კი ამისა პასუხად მივუგე, კვერცხნი უფრორე მეტი მაქვს, ვინემ ფული -მეთქი, და ვკითხე: კეთილო კაცო! ეგ პატარა გოგონი უმანკონი თუ არიან -მეთქი?
    73.     - „ძმაო! - მითხრა. - აი უკვე ორი წელიწადია, რაც ამათ დავატარებ, და წინა თვალში რომელიცა მიზის და მუდმისად ზედ დავცქერი, ვგონებ, უმანკოა, მაგრამ თავსა მაინც ვერ გამოვიდებო, ხოლო რაიცა შეეხება უკანასა, გარდაწყვეტილსა ვერცა ვერაფერსა ვიტყვიო“.
    74.     - ბიჭი აბა შენა ყოფილხარ! - შესძახა პანტაგრუელმა.
    75.     - მიბრძანებია ჩემისა გვარისეული ფერისა ლივრეითა შემოსვა შენი.
    76.     და მართლაც ბოლოჟამინდელი მოდისა შესაბამისად გამოაწყვეს იგი, ოღონდ პანურგმა შარვლისა საბიძალი სამი ფუტის სიგრძისა მოისურვა, თანაც მრგვალი კი არა, ოთხკუთხი უნდა იყოსო, რაიცა მაშინვე აღუსრულეს, და ამისა შემდგომ პანურგისა ნახვა ერთ რამედა ღირდა.
    77.     და თავადაც ხშირად უბნობდა, კაცთა მოდგმამ ჯერეთ კიდევ არ იცის გრძელი, ანუ წარზიდული საბიძლისა ყოველგვარი უპირატესობა და სარგებლობაო, მაგრამ ჟამთა ვითარებაში შეიგნებს, რამეთუ ყოველსა გამოსადეგსა საგანსა დროზედ იგონებენ ხოლმეო.
    78.     - ღმერთიმცა ჰფარვიდეს, ვინაცა წარზიდულმა საბიძალმა იხსნა! - გაიძახოდა პანურგი.
    79.     - ღმერთიმცა ჰფარვიდეს, ვისაცა წარზიდულმა საბიძალმა ერთსა დღეში ას სამოცდაცხრა ათასი ეკიუ შესძინა!
    80.     ღმერთიმცა ჰფარვიდეს, ვინაცა თავისი წარზიდული საბიძლისა წყალობითა დაიხსნა და შიმშილსა არ ამოაწყვეტინა მთელი ქალაქი!
    81.     ოდეს უმეტესად მოვიცლი, ღმერთმანი, უცილობლად დავწერ წიგნსა წარზიდულ საბიძალთა ღირსებისა გამო!
    82.     და დიაღაც დაწერა დასურათხატებული ფრიად ჩინებული სქელი წიგნი, მაგრამ რამოდენადაც ვიცი, ჯერხნობითა არ გამოქვეყნებულა.
    83.     თანაძმა ლუბენი (ლათ.). „მთვრალობისა გამო ღატაკთა“ (ლათ.).


18

     1.     XVI. ზნე-ჩვეულებანი პანურგისა
    2.     პანურგი ოცდათხუთმეტი წლის ვაჟკაცი იყო საშუალო ტანისა, არცა მაღალი ჩანდა, არცა დაბალი, კეხიანი ცხვირი საყვინელ-სამართებლისა ტარსა მიუგავდა, სიტყვა მეხიანი უყვარდა, საქმე ხერხიანი, ვინცა ცარიელი მოიკითხავდა, ცარიელზედ დასვამდა,
    3.     თავაზი იმოდენა ჰქონდა, სხვასაც ასესხებდა, სიძვამრუშობითაც არავის ჩამოუვარდებოდა, და დედისა მუცლითა ერთი რამ სატკივარი დაჰყოლოდა, რომლისა გამოცა იმჟამად უბნობდნენ: უფულობა ჭირისა ჭირიაო.
    4.     ამასთანავე ფულისა მოშოებისა სამოცდასამი ფანდი იცოდა, რომელთაგან იდუმლივ პარვა ყოვლისა უფრორე ხელეწიფებოდა და იმისთანა ხიმიწარ-ხიმბიწარი.
    5.     შარიანი, დარდიმანდი, მოლხინე და აძუა-იშკილბაზი პარიზშიაც ცოტა ვინმე თუა. სხვებრ არცრა აკლდა კაცური.
    6.     და მიწყივ თავ-ბედსა აწყევლინებდა ხელჯოხიანთა და მხმილავთ.
    7.     შეჰყრიდა ჟამითი ჟამად სამ-ოთხსა ბიჭსა, საღამომდისინ დააძღობდა ღვინითა, ვითარცა ტამპლიერთ, წაიყვანდა, დააყენებდა წმინდა ჟენევიევას ქუჩისა თავში ანდა ნავარისა კოლეჟისა მხარესა,
    8.     და კერკეტონ-მხმილავნი, ანუ ღამისა მოდარაჯენი ერთი ნაბიჯისა მანძილზედ მოეახლოვებოდნენ თუ არა
    9.     (ამასა პანურგი წინ-წინ იმითი იგებდა, რომა დააგდებდა ხოლმე დაშნა-ჭოლაურსა ძირსა, იქავ ყურსაც დაადებდა მიწასა, და უკეთუ მოკლე ხრმალი იგი გაწკარუნდებოდა, ისინი უცილოდ წუთით-წუთსა უნდა გამოჩენილიყვნენ),
    10.     აბა, ჰეეო, შეუძახებდა ბიჭებსა და ყველანი ერთად ეგრევ ეძგერებოდნენ ღრიჭინასა რასმე, ძალთა-ძალითა დააგორებდნენ თავქვე-დამართ, შიგ ფეხებში მიუმარჯვებდნენ მხმილავთ და ის საბრალონიც ქვაფენილ გზასა ზედა გორავდნენ, ვითა ღორნი,
    11.     ხოლო პანურგი თვისთა ამხანაგთა თანა კურტუკუღმა გარბოდა: მართალია, ჯერხნობით ორი დღეც არ ასთავებოდა, რაცა რომ პარიზში იყო, მაგრამ უკვე ისე უწყოდა იქაურნი კუთხე-კუნჭულნი, როგორადაც Deus det.
    12.     ხანაც წავიდოდა და, რომელ ადგილსაც მხმილავნი გვერდსა ვერ აუვლიდნენ, იმა ადგილას თოფისა წამალსა დაჰყრიდა, მერმე, ზედმომდგარ კერკეტონ-მხმილავთ რა თვალსა შეასწრებდა, წამალსა წამერთ ცეცხლსა წაუკიდებდა,
    13.     მას უკან კი იდგა და გულსავსედ უჭვრეტდა, რარიგ კუნტრუშებდნენ ასასნი - ღამისა მოდარაჯენი, რამეთუ ეგონათ, ფეხთ ანტონისა ცეცხლი, ანუ ხორცისა მძოველი სენი გვიდაგავსო.
    14.     ნამეტურ შავ დღეში იმისგან მაინც უბედურნი მეცნიერებისა მაგისტრნი და ღვთისმეტყველნი იყვნენ.
    15.     უკეთუ სადმე რომელსამე გადააწყდებოდა, უთუოდ გაამაიმუნებდა: ან ქუდზედ ჯაბუნაკსა მიაგდებდა, ან უკანითა მელისა კუდსა მიაბამდა, ანდა კურდღლისა ყურებსა, არადა სხვა უფროისად უარესსა უზამდა.
    16.     მას დღესა, ოდეს ღვთისმეტყველთ ებრძანათ, ყოველნი სორბონში უნდა გამოცხადდეთ განჩინება-კანონთა შესაცნობად და საცნაურადო,
    17.     პანურგმა ესრეთ წოდებული ბურბონული ნაზავი შეამზადა, ნაზავი ნივრისა, დღვილ-ფისისა, ასაფეტიდისა, აბუსალათინისა და ჯერეთ ისევ თბილი ნეხვისა, შიგ მარგულისა, ანუ უმრთებელი წყლულისა თხრამლი გაქნა
    18.     და დილაადრიან ისერიგად გაგლისა მთელი ქვაფენილი გზა იმითა, ეშმაკსაც ფეხი მოუსხლტებოდა, და ღვთისმეტყველთ იმისთანა ღებინება აუტყდათ, დედისა ხსენი არღა შერჩენია არც ერთსა.
    19.     ათსა თუ თერთმეტსა ჟამ-საოფლემ მოუღო მერმე ბოლო, თოთხმეტსა კეთრი შეეყარა, თვრამეტი გამღიერგამუნიანდა, ხოლო ოცდაშვიდზედ მეტმან ეგრევ ცუდი ჭირი აიკიდა.
    20.     დაღათუმცა, პანურგსა ფეხებზედაც არ ეკიდა.
    21.     ლაბადისა ქვეშა კი მუდმისად ტაჯგანალა ეკრა, ტარიანი ცხენთა საწკეპავი, და გზად შეყრილ შინაკაცთ სულ წვივთ უწკეპავდა, უკეთუ ბატონთათვისა ღვინოსა ცქვიტად არ მიარბენინებდნენ.
    22.     ახალუხ-გვაბანაკსა შიგან ოცდაექვსისა უმეტესი დიდი და მცირე ერთჯურა ჯიბე ეკერა, და სუყველა ათასი რამითა ჰქონდა გამოტენილი:
    23.     ერთში ტყვია-ბრპენისა კამათელნი უჩხრიალებდა და კიდევ ჭონისა დანისაებრ ბასრი ციღვი ედო, რომელი ციღვითაც არცვისი ქისა შეუჭრელი არა რჩებოდა;
    24.     მეორეში ჭინჭილა უჭანჭყარებდა, ზედაშიანი, და ვისაც ამვლელსა თუ ჩამვლელსა დაინახავდა, თვალებში აწუწებდა; მესამეში ბირკაწამოგებულ ფრთა-ბუმბულთ ინახავდა.
    25.     ბატისასა და მამლისასა, და ზოგთა კეთილშობილთ ლაბადასა ზედან მიუმიზნებდა, ზოგთაც ქუდსა ზედან.
    26.     და კიდევ დია უყვარდა, ოდესცა სხვათა და სხვათა კაცთ რქებსა გამოასხამდა ხოლმე და ისინი მერმე აგრე რქებგამოსხმულნი ვლიდნენ ქალაქსა ქუჩა-ქუჩა, ზოგჯერ მთელი სიცოცხლეც;
    27.     ბანოვანთ კი უკან თავსარქმელად ჰკიდებდა რასმე, ვითა მამრისა ჩანთა-იარაღსა;
    28.     მეოთხეში მკბენარ-ტილ-რწყილთა გაჭიკნილი უამრავი პარკუჭანა ეწყო, ტილთა და რწყილთ კი წმინდა ინოკენტისა სასაფლაოზედ აგროვებდა, გლახაკთ ჩამოსთხოვდა ხოლმე,
    29.     შემდგომად ლერწმისა ღერსა ანდა ფრთისა კალამსა მოივარგებდა და საყელოსა ზედა აბერტყავდა ყოვლისა უფრორე კოხტაპრუწა ქალწულთ, უპირატესად ეკლესიასა შინა;
    30.     და რახანაც სიტყვამ მოიტანა, აქავე ვიტყვი, რომა ეკლესიაში არცროსა ქანდარაზედ არ ავიდოდა, წირვა იყო, მწუხრისა ლოცვა თუ ქადაგება, დაბლა ყოფნასა რჩეობდა, დიაცთა თანა;
    31.     მეხუთეში მრავალთ უმრავლესი კავი და კაუჭი ეყარა, რომელ კავ-კაუჭთაც ქოჩად შეკრულ ქალ-ვაჟთა გადაბმა უყვარდა, მეტადრე კი მერდინისაკაბიან დიაცთ ეტანებოდა, რამეთუ იმათი განძრევა და კავგამოდებული კაბისა ფხრაწანი ერთი იყო;
    32.     მეექვსეში კროჭი რამ ეგდო და იმა კროჭითა მიწყივ თან დაჰქონდა აბედი, ტალი, კვესი და მისთანანი;
    33.     მეშვიდეში ორ-სამ დამანსა, ანუ გათლილსა ბროლსა მალავდა, ჟამად ამოიღებდა, მიაშვერდა ქუდოსან-მანდილოსანთ, დამართებით მიანათებდა და მზისა სხივთა განჭვირვით იმისთანა ცეცხლსა წაუკიდებდა, სულ დაავიწყებდა, რომ ტაძარში იყვნენ;
    34.     და უბნობდა, უკეთუ დედაკაცი საოხრისკენ გაიწევსო, ცხრაუღელი ხარ-კამეჩი ვეღარ დაიჭერსო.
    35.     მერვეში ძაფი და ნემსი ჰქონდა ბლომად დამარაგებული, რომელი ძაფ-ნემსითა ეშმაკმა უწყის რასღა არა იქმოდა.
    36.     ერთხელ სამსაჯულო სეფე-დარბაზსა შინა მავანი ფრანცისკელი ბერი მოიხილა, წირვასა რომ ეპირებოდა, მსწრაფლ მიეახლა და ჩაცმა-შემოსვაში ხელი შეაშველა, შეშველებაშეშველებაში კი შესამოსელი ისე უჩუმრად მიაკერა ანაფორასა და პერანგსა ზედა, ბერსა არცრა გაუგია რა,
    37.     და სამსჯავროს წევრნი მსახურებისა მოლოდინში დალაგდნენ თუ არა, პანურგმა ბაყაყური მოუსვა, და ოდესცა საწყალობელმა frater-მან Ite, missa est, წარმოთქვა და ანაფორისა გახდა მოინდომა, მას საცმელსა შესამოსელ-პერანგიცა თან მიაყოლა,
    38.     რამეთუ სამივ ერთმანეთზედ იყო მაგრა მიკერებული, და მხრებამდისინ სამოსწამოხდილსა ყოველთა თვალთა წინაშე გამოუმზევდა კაცობისა მოსართავ-სამკაული, რომელიცა, საფიქრებელია, კარგა ბარაქიანი ეკიდა
    39.     და რაც რომ გარდამეტებითა ცდილობდა frater-ი განძარცვასა, მით უფრორე იჩენდა ხორცსა, ვინემ ბოლოს ერთმან სამსჯავროს წევრმან არა ღაღადყო: „ეგება ამა ყოვლად პატიოსანსა მამასა ჰგონია, საჯდომსა ზედა მემთხვევიანო?
    40.     მაშ, აბა ანტონისა ცეცხლსამც ამბორუყვია დუმანი ამისაო!“ ის დღე იყო, და საწყალობელ მამათ განუცხადეს, მხოლოდ და მხოლოდ თქვენთა სამოსელ-საცავთა შინა განიძარცვენითო, არამცა და არამც ხალხი არ შეისწროთო, მეტადრე კი დიაცთ მოერიდენითო.
    41.     ხოლო როს ვინმე იკითხავდა, რისგან არის, რომა ფრატერთ ესდენ დიდრონი ჩოილარ-მორნი ჰკიდიათო, პანურგი ეგრევე მოუჭრიდა ხოლმე:
    42.     „სახედართ დიდრონი ყურნი იმად ასხიათ, რაკი ჩოკინობაში დედავირნი თავზედ ხილაბანდსა არა აკრავენო, ვითარცა De Alliaco ბრძანებს თავის Suppositiones-ად სახელდებულ წიგნშიო.
    43.     წმინდა მამათაც დიდ-დიდნი დასტურ იმიტომ დასთრევთ, ნიფხავ-საცვალთ რომ არა ხმარობენო, რამეთუ უნიფხვობა-უსაცვლობისა გამო საწულონი ულაყლაყებთ და ამა ლაყლაყში კი არ ულაყდებათ, უფროისად ულაღდებათ და უულაყდებათო“.
    44.     Item კიდევ ერთი ჯიბითა შაბსა დაატარებდა, რომელ შაბსაც ყოვლისა უფრორე ძველკობურა დედაკაცთ კისერში აყრიდა, რისა გამოც ზოგ-ზოგნი ეგრევ ხალხისა თვალწინ ტანთ იხდიდნენ იძულებულნი,
    45.     ზოგნიცა სარეკელასებრ ცკმუტავდნენ, სხვანი ბილიარდისა ძვლისა ბურთისებრ გორავდნენ, ვიეთნი ქუჩა-ქუჩა რბოდნენ, პანურგი კი უკანა სდევდა და, ვისაც სამოსგაძარცულსა მოიხილავდა, მივარდებოდა და, ვითა დია ზრდილი და სასურველი მეტრფე, ყარწიკა-ლაბადასა წამოასხამდა.
    46.     Item კიდევ ერთსა ჯიბეში შუშა ედგა ზეითუნისა ზეთითა ლიცლიცი, და თუ მორთულმოპრანჭულსა მანდილოსანსა ანდა ქუდოსანსა გადაეყრებოდა ვისმე, წამერთ იმნაირად წასწვდებოდა, ვითომ ქსოვილსა უსინჯავდა,
    47.     ნამდვილად კი ტალავრისა საჩინო ადგილთ უზეთიანებდა და ულაქავებდა, თანაც უბნობდა: უჰ, რა სკლატია, რა ატლასია, რა დარაიაა, ქალბატონოო! ღმერთიმცა მოგიბოძებს ყოველსა, გინა ახალსა კაბასა, გინა ახალსა ნანდაურსაო! უფალი გფარვიდესო!
    48.     და უბნობა-უბნობაში მანდილოსანსა საყელოსა ზედა დაადებდა ხელსა, დაადებდა და მერმე ეშმაკიცა ვერღა ჩამორეცხავდა, ისერიგად ჩააკვდებოდა მწიკვლი იმის სულსა, ხორცსა და პირწყლიან სახელსა.
    49.     და გამომშვიდობებისა ჟამსა პანურგი უცილოდ წარიტყოდა: „ფრთხილად, ქალბატონო, ემანდ წუმპეა, ფეხი არ ჩაგივარდესო“.
    50.     კიდევ ერთსა ჯიბეში არცროდის არა ილევდა ბურნუთისებრ დაფშვნილ რძიანასა და უცხოდ ნაცურ-ნაქარგსა ხელმანდილსა იდებდა ხოლმე,
    51.     რომელი ხელმანდილიცა პალეს ქულბაქში მავანსა ტურფა ვაჭარ დედაკაცსა ასწაპნა, ოდეს გულმკერდიდან მკბენარსა აცლიდა, თავისგანვე უჩუმრად შესმულსა.
    52.     უკეთუ პატიოსან დედათა წრეში მოხვდებოდა, პანურგი უცილოდ ხელსაქმისა ცოდნითა გამოიდებდა თავსა, დაადებდა რომელსამე ბანოვანსა ძუძუმკერდზედ ხელსა და ჰკითხავდა: „ფლამანდურია ჩიგინი ესე თუ ენოურიო?“ და ამოაფრიალებდა თავის ხელმანდილსა.
    53.     „აი, ქარგვა რაგვარი უნდა, დაიტკბეთ თვალიო! - ეუბნებოდა იგი, - არ ვიცი, პიპინიანურია, არ ვიცი, კაკასონურიო!“ და ბანოვანთ ცხვირწინ უქნევდა იმა ხელმანდილსა, რისა გამოც ისინი ოთხი საათი წართვითა სრუტუნებდნენ.
    54.     თავად კი იდგა და აჯილღასაებრ აპრუწუნებდა, ხოლო დედანი სიცილითა ეკითხებოდნენ: „რაო, პანურგ, რა პრაწაპრუწი აგიტყდაო!“ და პანურგიც მიუგებდა: „პრაწაპრუწი კი არ ამიტყდა, მომიტევეთ და, თქვენთა ცხვირთაგან ნამღერსა ბანსა რასმე ვურჩევო“.
    55.     კიდევ ერთსა ჯიბეში სახრახნ-მარწუხ-გაზნი და სხვა მისთანანი იარაღნი უჩხარუნებდა, რომელ იარაღთაც ვერცრა კარი უძლებდა და ვერცრა ზანდუკი.
    56.     კიდევ ერთსა ჯიბეში მრავალი ჩხირი ჰქონდა ჩაჩხირული და კედელ-კედელ ისერიგად ჩხირკედელაობდა, ვითამც მინერვას თითნი სხმოდა ანდა არაქნესი;
    57.     ის კი არა და, ერთხანად ფოლორც-ფოლორც მაოცრობდა კიდეც, ხოლო ტესტონსა ანდა სხვა რამ ფლურსა თუ ახურდავებინებდა, ზარაფი სიცქვიტითა თავად მუშსა რომც სჯობნებოდა, სულ ერთია, ხუთიექვსი ბლანკი ახში გაუქრებოდა და გულისხმაში არც კი ჩავარდებოდა,
    58.     რამეთუ პანურგსა დია უებრო სიმკვირცხლე მოსდგამდა ხელისა, და სულაც არა ოინბაზობდა.
    59.     ღმერთო ჩვენო (გვაცხოვნენ ჩვენ) (ლათ.). „ძმა“ (ლათ.). მიბრძანდით, წირვა მოთავებულიაო (ლათ.).


19

     1.     XVII. ვითარ იძენდა პანურგი ინდულგენციებსა, რარიგ ათხოვებდა ბერდიაცთ და რაგვარ სარჩლობდა პარიზშია
    2.     ერთხელ პანურგსა ურვა და ქუფრობა რა შევამჩნიე, ვიაზრე, სწორუტყუვრად უფულობისა ბრალია -მეთქი, და პირდაპირ ვუთხარ:
    3.     - პანურგ, რაღაც დაძმარებული იყურები, დასტურ უქეიფოდა ხარ, და გატყობ, რაცა გჭირს: ქესატობა ჰქვია სნებასა შენსა, მაგრამ გული არ გაიტეხო: ჯიბეში ნაგერალა ექვსნახევარი სუ მიგდია და სუ შენად მემეტება -მეთქი.
    4.     პანურგმა ასრე მომიგო: - ფული ხელისა ჭუჭყია! თუ მინდა, თავზედ საყრელსა მოვიშოვებ, ტყუილი მექონე როდი ვარ სიბრძნისმეტყველებისა ქვისაო;
    5.     ქვა იგი სხვათა ქისათაგან ისერიგად იზიდავს თეთრსა, ვითა ანდამატი რკინასაო.
    6.     და თან დამეკითხა, ინდულგენციისა სყიდვა ხო არ განგიზრახავსო.
    7.     - ღმერთი, რჯული, სააქაოსა ცოდვათა მიტევებასა დიდად არა დაგიდევ -მეთქი, - ვეძრახე წრფელად, - საიქიოსა კი, ვნახოთ, რა იქნება, დაღათუმცა, ვიყიდი, ჯანდაბას, ოღონდ პატიოსან სიტყვასა გაძლევ, ერთისა დენიესა მეტსა ვერ მივცემ -მეთქი.
    8.     - მაშ, აბა ერთი დენიეც მე მასესხე ვახშითაო, - მითხრა პანურგმა.
    9.     - არამცა და არამც ვახშითა, ისე გასესხებ -მეთქი, - ვუთხარი.
    10.     - Grates vobis, Dominos, - წართქვა პანურგმა.
    11.     და წინაპირველად წმინდა გერვასისა საყდარსა მივაშურეთ, იქა მართოდენ ერთი ინდულგენცია ვიყიდე, ვითარმედ ღვთისა წყალობისა მხრივ მცირედსაც ვკმარობ,
    12.     და რამოდენიმე მოკლე ლოცვა ვყავ წმინდა ბრიჟიტისათვის, ამ ხანობაში კი პანურგი ყოველთა გამყიდავთაგან ყიდულობდა ინდულგენციებსა და წამერთ უსწორებდა ანგარიშსა.
    13.     მერმე სულ მივიარ-მოვიარეთ ტაძარნი წმინდა ღვთისმშობლისა, წმინდა იოანესი, წმინდა ანტონისი და ბევრნი სხვანიცა, სად ინდულგენციებსა ჰყიდდნენ.
    14.     მე მეტი არღა მიყიდია, ის კი იდგა და, წმინდა ნაწილსა რა დაინახავდა, ეგრევ ზედა ვარდებოდა სამთხვევლად, თანაც კიდევ სუყველგან ფულსა იხდიდა.
    15.     აქეთობასა როს წამოვედით, გზად ერთსა „ციხე-დარბაზად“ სახელდებულსა სამიკიტნოში შევიარეთ, და პანურგმა, არ ვიცი, ათი თუ თორმეტი ჯიბე მაჩვენა, სულ თეთრითა ჰქონდა გამოტენილი, მაშინ გადავიწერე პირჯვარი და ვკითხე:
    16.     - ესრეთ უმალ ეგოდენი ფულიანობა ვითარ შეიძელ -მეთქი?
    17.     და პასუხი არცაღა იმან დააყოვნა: ვითარ შევიძელ და, განზანაკ-სინთაგან ავცინცლე, რომელ განზანაკ-სინთა ზედა იდულგენციები დასტა-დასტა აწყვიაო.
    18.     - პირველივე დენიე სინზედ ისე მარჯვედ დავდე, - გული გადამიშალა პანურგმა, - ფულისა ამკრეფსა ეგონა დიდროვანი თეთრი გაიმეტაო, შემდგომ ერთი ხელითა კაი ათი დენიე თუ არა, სულ ცოტა, ათი ლიარი მაინც ავღლიტე, ათ დუბლზედ რო აღარცა ვიუბნო,
    19.     მეორე ხელითა კი რატო ოცდაათი თუ ორმოცი არ დავბღუჯე, და რომელ ეკლესიაშიდაც ვიყავით, ყოველგან ესეგვარად მოვიქეც.
    20.     - ერიჰაა! - ვუთხარი, - სამუდამოდ წაგიწყმენდია სული და ეგ არი, მპარავი ყოფილხარ და მკრეხელი- მეთქი.
    21.     - შენებურად აგრეა, ჩემებურად კი არა, - შემესიტყვა პანურგი, - ინდულგენციისა გამყიდავნი თავადვე მძღვნიან ამა ფულსა, რამეთუ წმინდა ნაწილთა მთხვევასა რომ მთხოვენ, თანაც მეუბნებიან: „Centuplum accipies“.
    22.     მაშასადამე, ერთსა დენიეში ასი ინებეო, ასი იმად, რომა სიტყვა აცციპიეს აქა ისერიგად უნდა გავიგოთ, რარიგადაც ებრაელნი განმარტავენ, ისინი კი ბრძანებითსა კილოსა მყობადისა ხმარებასა ამჯობინებენ.
    23.     ბარემ მაგალითსაც გეტყვი, ძეგლისწერაში თქმულია: Diliges Dominum და Dilige ამიტომ, გინა „Centuplum accipies“, უთქვამს მეინდულგენციესა, გინა „Centuplum accipe“ სულ ერთია,
    24.     და დიაღაც ესეგვარდავე ხსნიან ამა სიტყვათა მნიშვნელობასა ურიათა მოძღვარნი ქიმხი, იბნ ეზრა, სხვანი მასორეტნი, და არცა ბარტოლუსი აკლებს ibi მსჯელობასა.
    25.     და არა დაგვავიწყდეს, თავად პაპმა სიქსტემ მომიბოძა საეკლესიო შემოსავლიდან ათასნახევარი ფრანკი რენტა იმისათვის, რომა უმრთელებელსა წყლულსა დავხსენ, ანუ მარგულსა, რომლისაგანაც დია შეწუხებულ იყო და შიშნეულობდა, ვაითუ სრულად სიცოცხლეში ფეხნაკლული დავრჩეო.
    26.     ჰოდა, რაღა დაგიმალო, მე თვითონ ვუხდი ჩემივ ხელითა ჩემსა თავსა ამა რენტასა თუ სარგებელსაო.
    27.     აი, შენ რომ ის გაცოდინა, ძმობილო, რარიგ გამოვრჩი ჯვაროსნულ ლაშქრობასაო, გაკვირვება მაშინ გენახაო, ექვსი ათას ფლორინზედ უმეტესი მოვიშოვეო, დასძინა ბოლოსა პანურგმა.
    28.     - მერე რა უყავი, ეშმაკეულო? ფულიანობისა არცრაღა გეტყობა -მეთქი! - შევუძახე.
    29.     - რა ვუყავი და, ქარისა მოტანილი ისევლე ქარსა გავატანე, - განაგრძო პანურგმა.
    30.     - ჯერეთ მარტოდენ სამი ათასი მითხოვება-მოთხოვებასა მოვანდომე, ოღონდ ნორჩ ასულთ კი არ ვათხოვებდი, იმათ ისედაც ეხვევიან საქმრონი, ვიდექ და გადამღრძვალ, უკბილო დედაბერთ ვწერდი ჯვარსა:
    31.     რახანცა ყმაწვილქალობაში პეპლაობა არცროსა დაუკლიათ და მანამ იპეპლავეს, სანამ ეპეპლავებოდათ, ცოტა სიბერეშიაც გაიხარონ, ძველი გაიხსენონ -მეთქი.
    32.     ამისათვის ზოგ-ზოგსა ასსა ფლორინსა ვძღვნიდი, ზოგსა ასოცსა, ზოგსაც სამასსა, იმისდა კვალად, ვინ რაოდენად უბადო, ულამაზო და უგვანო იყო, რამეთუ ყოვლისა უფრორე საზარელსა და საზიზღებელსა მეტსა ვაძლევდი ფულსა, არადა, ისე ეშმაკიც არ მიაფურთხებდა.
    33.     მას უკანით წავიდოდი, მოვიძიებდი ვინმე ვირგლა, ოყრაყ მეკურტნესა და გავარიგებდი ჯვრისწერის ამბავსა;
    34.     მაგრამ ვინემ საბედოსა გავასინჯებდი, წინასწარ ეკიუსა დავანახვებდი და წარვიტყოდი:
    35.     აი, ნათლიმამ, უკეთუ ყოჩაღად იბუქნავებ, შენი იქნება -მეთქი, და გავშლიდი, უცხოდ ავაყვავებდი სუფრასა, თავანკარა ღვინოსაც დავუდგამდი მექორწინეთ წინა და ცხარე-ცხარე ჯერისა თავსაც, რათამც ბერდიაცთ ნდომა და ხურუში მოსვლოდათ.
    36.     ბოლოსა და ბოლოს სხვა ცოდვისშვილთა უარესად არცა ისინი ირჯებოდნენ, ოღონდ ეგ იყო, თანახმად ჩემისა განკარგულებისა, ნამეტურ გონჯთა და პირნავსთ სახეზედ გულაგსა რასმე აფარებდნენ:
    37.     ცოტაოდენი ხარჯ-ბორჯი როდი მოუნდა აგრეთვე სასამართლოში საქმისა ქონასა და დავა-სარჩლობასა.
    38.     - რა დავა-სარჩლობასა -მეთქი? - დავეკითხე, - სახლი შენ არა გაქვს და კარი- მეთქი.
    39.     - რასა და, აქაურნი ცუკია ასულნი, - მომიგო პანურგმა, - ეშმაკმა შეაგულიანა და საყელონი მაღალნი შემოიღეს, კისერიც არღა უჩანდათ, ხელსა ვერსაით ჩაუყოფდი.
    40.     საკინძი უკან დაიყოლეს, ძუძუ-მკერდი სულ ერთიან დახურული ჰქონდათ და, რაღა თქმა უნდა, არცა კურონი იყვნენ ამითა კმაყოფილნი, არცა კიდევ აშიკნი და მჭვრეტელნი.
    41.     წაველ ერთსა მშვენიერსა სამშაბათსა დღესა და ვუჩივლე, სასამართლოში არზა შევიტანე, ლამისა კაცობაზედ ხელი ამაღებინონ -მეთქი, და იქავ წინასწარ ვაუწყებდი, თუ რომ სამართალმა პური ვერა ჭამა, მეცა არცრაღა დამიშლის, ავდგები და საბიძალსა უკან მივიკერებ -მეთქი.
    42.     მაშინ, იცოცხლე, ყოველთა ასულთ მალიად პირი პირსა მისცეს, ათასი რამ მიზეზი აიკრიფეს და სარჩლობა თავიანთ ვექილსა მიანდეს.
    43.     მაგრამა მე ჩემი გავიტანე, და სამსაჯულომ ყველაგვარი მაღალი საყელო აღკრძალა, რომელიცა კი წინიდან მცირედ მაინც არ იყო ჩაჭრილ-ჩახსნილი.
    44.     მერმეც ერთი დია მურტალი და მყრალი სადავო საქმე ავტეხე ვინმე მენეშტე მაგისტრ ფიფისა და მისთა მწვირიან ამფსონთა წინააღმდგომ:
    45.     პირდაპირ დავუწერე, ღამღამ მალვივ ნუ ჩასცქერიან -მეთქი ნეხვისა გოდორსა, ანუ სენტენციათა თაბალასა, თუ რომელიმე ვაჟკაცია, დადგეს და ნათლივ იკითხოს, თანაც სორბონში, ღვთისმეტყველთა წინაშე -მეთქი,
    46.     სასამართლომ კი იმოდენი ქნა, სრულად მე დამაკისრა გადახდა ყოვლისა ხარჯისა და წარსაგებლისა, რადგანაც ბოქაულისა მიმართ რაღაცა ფორმალობისა აღსრულება გულიდან გადამვარდნოდა.
    47.     ერთხელაც მწიგნობართუხუცესთა, ბრჭეთა და სხვათა მავანთა ჯორნი მივეც სამართალში და მოვითხოვე, რომა ბრჭეთა ცოლთ სადორბლენი შეეკერათ იმა ჯორთათვის, რა არი ვერღა მოეთუთხნათ დორბლითა ეზო-კარი სამსჯავროსი,
    48.     სადაც ისინი დილიდან საღამომდისა ლაგამთა სახრავად უყენიათ, არადა მსაჯულთა მსახურთ იქავ ქვაფენილზედ მუხლნი თუ არ მოისვარეს, ისე ვერცა უყომარბაზიათ და ვერცა შიგჭედილა ჩაუბამთ.
    49.     ამხელად საქმე კი მოვიგე, მაგრამ კაი ძალი თეთრი ჩავაყარე.
    50.     აბა ახლა ისიც იანგარიშე, რა მიჯდება დღემუდამ ამა მსახურთა პურ-მარილი.
    51.     - შენცა რას აპურმარილებ -მეთქი? - ვკითხე.
    52.     - ძმობილო! - მომიგო პანურგმა.
    53.     - შენა ვერცრითა შეგიქცევია თავი, მე კი თავად ხელმწიფისა უკეთესად ვიცი გართობა, მოდი პირი შევკრათ და მერე ნახე, რა საქმენი დავატრიალოთ!
    54.     - არამცა და არამც! - მივახალე, - წმინდა ჩიმბურისა მადლმან, ოდესმე ნაღდად ჩამოგკიდებენ!
    55.     - შენ კი ოდესმე ჩაგფლავენ, - მომიჭრა პანურგმა.
    56.     - როგორა ჰგონებ, რა უფრორე საპატიოა, ჰაერი თუ მიწა?
    57.     ჰაი, შე არიფო! განა იესო ქრისტეც ჰაერში არ ეკიდა?
    58.     ჰოდა, ვინემ მსახურნი ჰაერზედ ქეიფ-ხადილში არიან, მე იმათ ჯორებსა ვუდგევარ და ზოგ-ზოგსა ისეგვარად ვაჭრი უზანგისა თასმასა, ძაფზედღა დამყავს.
    59.     გამოვა მერე ფლანი და ფსტანი გაბერილი ბრჭე, ანდა იმისი მგვანი და ფერი, ერთსა შეიკუნტრუშებს ჯორზედ აღსაჯდომელად და წამერთ ღორსაებრ გაგორდება ხალხისა თვალწინ ძირსა,
    60.     და რაცა ამა ამბავსა სიცილი მოსდევს, ასი ფრანკისა უმეტესი მარტო ისა ღირს, ყოვლისა უფრორე ბევრსა კი მე ვიცინი, რამეთუ სირცხვილნაჭამი ბრჭე შინ მივა თუ არა, წამოაქცევინებს თავის ერთგულსა მსახურსა და ზედ კალოსა გაალეწვინებს.
    61.     აი რატომ არცროდის არ მენანება მსახურ-მოჯამაგირეთა საპურმარილოდ ხარჯისა გაწევა.
    62.     რაღა თავი შეგაწყინოთ და, პანურგმა იცოდა არა მარტო ფულისა მოშოებისა სამოცდასამი ფანდი, როგორაც უკვე გაუწყეთ, არამედ დახარჯვისა ორას თოთხმეტი ხერხიცა, უკეთუ შიმშილისა მოსაკლავ ხარჯსა არ ჩავალთ სათვალავში.
    63.     „ერთიასად მოგეზღვება“ (ლათ.). „შეიყვარებ უფალსა“ და „შეიყვარე“ (ლათ.). „ერთიასად მიიზღე“ (ლათ.). შესახებ ამისა (ლათ.).


20

    1.     XVIII. ვითარ მოისურვილა ერთმა ინგლისელმა მრავალმეცნიერმა პანტაგრუელთან პაექრობა, და რარიგ იძლია პანურგისგან
    2.     სწორედ იმ ხანებში ერთი დიდად ნასწავლი კაცი ვინმე, სახელად ტაუმასტი, რომელსაცა პანტაგრუელისა იგავმიუწვდომელი მწიგნობრობისა ამბავი სმენოდა,
    3.     ინგლისიდან მხოლოდ და მხოლოდ იმად ჩამოვიდა, პანტაგრუელი უნდა ვნახოო, კბილი მოვუსინჯოო და დავრწმუნდეო, მართლა ისერიგად განსწავლულია თუ არა, ვითარ უბნობენო.
    4.     პარიზსა ჩამოსულმა დასტურ ეგრევ უყოვნებლად მიაშურა სე-დენისა სადგურსა, სადაც პანტაგრუელსა ბინა დაედო;
    5.     იმჟამად კი პანტაგრუელი პანურგთან ერთად იქავ ბაღნარში სეირნობდა და პერიპატეტიკოსთა წესითა ფილოსოფოსობდა.
    6.     და პირველად, თვალი რა შეავლო, ინგლისელსა შიშისა ზარი დაეცა, ეს რა უშვერა და ტროყი კაცი ყოფილაო;
    7.     მერმე, ვითარ ჯერ არს, მიემშვიდობა, მოიკითხა და თავაზითა მიმართა:
    8.     - ცნობილია, რომა პლატონი, მეუფე ფილოსოფოსთა, ბრძანებდა, სიბრძნე და მეცნიერება რაჟამსა ხორცსა შეისხამენ და ხილულნი შეიქმნებიანო, სრულად მთელი ქვეყნიერება განცვიფრდებაო.
    9.     რადგანაო, რაკი სიბრძნესა ერთი ხმა გაუვარდება, აგრე და აგრეაო, უმალ ძილი და მოსვენება ეკარგვით ყოველთა ცოდნისმოყვარე მჩხრეკელთ, სიბრძნისმეტყველთ რომ უხმობენო,
    10.     და სული მისდით, სანამ იმა ძეხორციელსა მოიხილავდნენ, რომელ ძეხორციელშიაც მეცნიერებასა ტაძარი დაუდგამსო და რომლისა ენა-პირითაც მეტყველებსო.
    11.     დიაღცა ესეგვარად მოიქცა საბაისა დედოფალი, აღმოსავლეთისა კიდით და სპარსეთის ზღვითა რომ მივიდა ნახვად სოლომონისა სახლისა და სმენად სიბრძნისა მისისა;
    12.     აგრეთვე ანაქარსისი, სკვითიიდგან ათენსა სოლონისა მოსაკითხავად რომ ჩავიდა;
    13.     აგრეთვე პითაგორა, მემფისელ ქურუმთ რომ ეწვია;
    14.     აგრეთვე პლატონი, ეგვიპტელნი მოგვნი და არქიტუს ტარენტელი რომ მოინახულა;
    15.     და კიდევ აპოლონიოს ტიანელი, კავკასიონსა რომ მიადგა, განვლო სკვითია, მასაგეტთა ქვეყანა, ინდოეთი და დიდი ფიზონისა წყალი თვით ბრაჰმანებამდისინ სძლია, რათა ჰიარქასი ეხილა,
    16.     მერმე გამოიარა ბაბილონი, ქალდია, მიზია, ასურეთი, პართელთა მხარე, სირია, ფინიკია, არაბეთი, პალესტინა, ალექსანდრია, ვიდრე ეთიოპიამდის, რა არი გიმნოსოფისტნი ენახა.
    17.     აგრევე მიაწყდნენ თანამოსაზღვრე საფრანგეთისა და ესპანეთის მრავალნი მეცნიერნი რომსა ხილვად და ყურისგდებად ტიტუს ლივიუსისა.
    18.     ესდენ სრულქმნილთა ადამისა შვილთა რიცხვსა და რიგსა ვერ მივაკუთვნებ თავსა ჩემსა, გარნა მინდა, რომ სიბრძნისმოყვარე კაცისა სახელი გავიგდო და არა ოდენ მწიგნობრისა, არამედ მწიგნობართა თაყვანისმცემლადაც ვიცნობებოდე.
    19.     რაღა ბევრი გავაგრძელო, შენი ფასდაუდებელი სწავლა-ცოდნისა ამბავმა რომ ჩემამდისაც მოაღწია, დავუტევე მამული, თვისტომნი და სახლ-კარი ჩემი, არცა გზისა სიშორესა შევუშინდი, არცა კიდევ ზღვითა მგზავრობისა მომქანცველობასა
    20.     და მხოლოდ იმად წამოველ ამა ქვეყანასა, თანაც უცნობელსა, რომ მენახე და მოგვემუსაიფა ფილოსოფიისა, გეომანტიისა და კაბალისა ზოგ-ზოგი საკითხისა გამო, რომელ საკითხთაც ვერ ჩავხვედრილვარ და რომელთა წინაშეც გონება ჩემი უძლურია.
    21.     და უკეთუ ამიხსნი, მეცა და სრულად ჩემი შთამომავლობაც ამიერითგან მონანი გაგიხდებით, რადგან სხვებრ ვერცრითა დაგიმადლებ შესაფერად,
    22.     რაიცა რამ შესაკითხი მაქვს, სულ ერთიან კალმისა წვერზედა ავაგებ და ხვალვე ვაუწყებ ყოველთა თქვენებურ მეცნიერთ, რათამცა საჯაროდ, იმათი თანადასწრებით ვიპაექროთ.
    23.     პაექრობასა კი ერთობ სხვარიგად გთავაზობ.
    24.     არა მწადს და pro და contra ნუ ვიპაექრებთ, ვითარცა აქა, თქვენში, და სხვაგანაც პაექრობენ ბრიყვნი სოფისტნი.
    25.     არცაღა აკადემიკოსთა დარად მჭევრმეტყველური პაექრობა მწადს, არცა კიდევ რიცხვთა მომარჯვებითა, რარიგადაც პითაგორა პაექრობდა
    26.     და ვითა პიკო დელა მირანდოლა რომსა აპირებდა პაექრობასა, ჩემი წადილია და მინდა, რო ოდენ ნიშნებითა ვიპაექროთ, ხმაამოუღებლივ, ანუ ხმაუყოფლად, დუმილითა,
    27.     რამეთუ თითოეული საპაექრო საგანი ესე იმოდენად რთულია, ვერავითარი კაცობრივი სიტყვა იმდაგვარად ვერ გამოხატავს, როგორაც ვისურვებდი.
    28.     ამისთვისა დიამც ინებოს უმორჭმულესობამან შენმან მობრძანება საპაექროდ.
    29.     პაექრობა ნავარისა კოლეჟის სეფედარბაზსა შინა მოეწყობა დილისა შვიდსა საათზედ.
    30.     ოდესცა ინგლისელმა სიტყვა გაასრულა, პანტაგრუელმა დიდისა პატივითა მიუგო:
    31.     - მოწყალეო ხელმწიფევ! უკლებლივ სუყველასა გულითა ვუზიარებ, თუკი რამ წყალობა ურგუნებია ჩემთვის უფალსა, რადგან ყოველივე მადლსა ის გვანიჭებს
    32.     და მიწყივ იმისი სურვილია, რომ კეთილმა იმრავლოს კაცთა შორის, ვინცა ღირსეულნი არიან, ძალი შესწევთ და მართალი ცოდნისა ციურსა მანანასა ისთვლიან,
    33.     შენ კი, ვუწყი, აწ უპირველესი ხარ ესევითარ კაცთა სათვალავში, და ამისათვის, იცოდე, რაც გინდ მკითხო, არცროდის დაგზარდები და ჩემი შეძლებისამებრ მოგიხერხებ პასუხსა,
    34.     დაღათუმცა, მე უნდა ვსწავლობდე შენგან და არა შენა ჩემგან, მაგრამ ნება შენია, რახან არ დაგიშლია, მოვიმუსაიფოთ და შენთა მიუწვდომელ კითხვათა ახსნა იმა დაუშრობელ ჭასა შიგან ვეძიოთ, რომლისა ძირზედაც, ვითარ ჰერაკლიტეს უთქვამს, დაფარულია ჭეშმარიტება.
    35.     თანახმა ვარ, რარიგ წესსაც მთავაზობ, დუმილითა ვიპაექროთ, ნიშანთა მომარჯვებით, რამეთუ ისედაც გავუგებთ ერთმანეთსა და არცა ყურთ გავაყრუებინებთ ტაშსა და ვაშას ძახილსა, რაიცა აგრე უყვართ უსაქმურ სოფისტებსა, ოდეს სიტყვისა საბუთიანობასა მოიწონებენ ხოლმე.
    36.     ესრეთ, ხვალ დათქმულ საათზედ უსიკვდილოდ იქა ვარ, სადაცა დამიბარე, ოღონდ წინდაწინვე მოვილაპარაკოთ, რომა არა დავერევით ერთურთსა და მუშტი-კრივზედ არ გადავალთ, ვინათგან არა პატივდებასა და ტაშსა ვეძებთ, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტებასა.
    37.     ტაუმასტმა კი ამისა პასუხად მიუგო:
    38.     - დიდო ბატონო, უფალიმცა გფარვიდეს და უხვად მოგაგებდეს მადლსა, რადგან მორჭმულობამან შენმან წყალობისა თვალითა მოხედა არარაობასა ჩემსა. მაშ, აბა, მშვიდობით, ხვალამდისინ!
    39.     - მშვიდობით! - მიუთხრო პანტაგრუელმა.
    40.     თხზულებათა ჩემთა სასურველნო მკითხველნო!
    41.     ალბათ, წარმოდგენითაც ვერ წარმოიდგენთ, რაგვარ სულისა აღმაფრენასა გრძნობდნენ მთელი ღამე ტაუმასტიც და პანტაგრუელიც.
    42.     და ბოლოს ხსენებულმა ტაუმასტმა, რომელიცა კლუნისა სადგურში იყო ჩამომხდარი, კარისა მცველსა შესჩივლა, წყურვილსა არცროსა ესერიგად არ დავუტანჯივარო.
    43.     - თავსა ისრე ვგრძნობ, ვითომც პანტაგრუელი ყელში მიჭერდეს ხელსა, - უბნობდა ინგლისელი.
    44.     - ჰქმენ სიკეთე, ცოტა ღვინო მოატანინე და ბარემ წყალიცა მოაყოლონ, ყელსა ჩავიწმენდ.
    45.     პანტაგრუელი დია აღტყინებული იყო და გათენებამდისა ფურცლა:
    46.     წიგნი ბედასი, De numeris et signis, წიგნი პლოტინესი, De inenarrabilibus, წიგნი პროკლესი, De magia, წიგნი არტემიდორესი, Peri onirocraticon, ანაქსაგორასი, Pen semion, ინარიუსისა, Peri aphata, არაერთი წიგნი ფილისტიონისა.
    47.     ჰიპონაქტესი, Peri anecphoneton და მრავალნი სხვანი, ვიდრემდის დასასრულ პანურგმა არ მიუთხრო:
    48.     - მეუფეო! გაანებე მაგ ყველაფერსა თავი და დაწექ, დაიძინე.
    49.     ნამეტნავად აღტყინებულხარ და ტვინისა დაღლილობისა გამო ემანდ ხურვებამ არ წამოგიაროს.
    50.     უწინარეს ერთი ოცდახუთჯერ ანდა ოცდაათჯერ მაინც მოიწაფე საღვინე, მერმე კი რაერთიც უნდა გეძინოს, დილაზედ უფალსა ინგლისელსა შენ მაგივრად პაექრობაშია მე შევებმი და, უკეთუ ad metan non loqui.
    51.     ვერ მივიყვანო, სულ გადმომიბრუნე მკვდარიცა და ცოცხალიცა.
    52.     - პანურგ, ძმობილო! - შეესიტყვა პანტაგრუელი.
    53.     - მაგას ნუ იტყვი, უცხოდ განსწავლული კაცია; ვითომ გახდები რამესა?
    54.     - გავხდები რომელია! - იწყინასავით პანურგმა, - ლაპარაკი აღარ უნდა.
    55.     ეს საქმე მე მომანდე. ნეტაი სხვა კიდევ თუა ვინმე უფრორე განსწავლული, ვინემ ეშმაკნი არიან?
    56.     - რასაკვირველია, არცვინ არი თვინიერ თითო-ოროლა კაცისა, ვისაც ღვთისა მადლი სცხია, - წართქვა პანტაგრუელმა.
    57.     - ჰოდა, მეც მანდა ვარ, - განაგრძო პანურგმა.
    58.     - არ მახსოვს, ეშმაკთ შევბმოდი და დედა არ მეტირებინა.
    59.     გულდაჯერებული ბრძანდებოდე, ხვალა იმა სახელგანთქმულსა ინგლისელსა საჯაროდ ჩავასვრევინებ.
    60.     მთელი ღამე პანურგი მსახურთა თანა ლოთობდა და ხან პრიმუს ეტ სეცუნდუს-სა ეთამაშებოდა, ხანაცა ჩხირობანასა, ხოლო წაგებული ფულისა სანაცვლოდ შარვლის დუგმებსა ჩადიოდა.
    61.     ოდეს დანიშნული ჟამი დადგა, პანურგმა თავის ბატონთან ერთად დათქმული ადგილისკენ გასწია, იქა კი, უნდა მერწმუნოთ, დიდიან-პატარიანად მთელსა პარიზსა მოეყარა თავი.
    62.     „ამა ეშმაკეულმა პანტაგრუელმა თუმცაღა ყოველნი ყბედნი და პირტიტველა სოფისტნი მოღალა, - ჰგონებდნენ პარიზელნი, - მაგრამ აწ არცა თავად დაეყრება ხეირი, რამეთუ ინგლისელი პირწავარდნილი ვოვერელი ეშმაა, ვნახოთ, ვინ ვის აჯობებსო“.
    63.     მომსვლელნი უკვე მოსულიყვნენ, ტაუმასტი იმათღა ელოდა, და როს პანტაგრუელი და პანურგი დარბაზსა შევიდნენ, ყრმააკ-სქოლართ, უმცროსთაც და უფროსთაც, თავიანთი სულელური ჩვეულებისამებრ ტაშისკვრა ატეხეს.
    64.     პანტაგრუელმა კი არცა აცია, არცა აცხელა, და ეგრევ ორლულიანი ჩაქალოზისა დარად დასჭექა:
    65.     - წყნარად, დაგწყევლოთ ეშმაკმა, წყნარად!
    66.     უფლისა სახელსა ვფიცავ, არ გამაბრაზოთ, სალავათძაღლნო, თორემ ეხლავ თავებსა დაგაყრევინებთ!
    67.     ამისა გაგონება იყო, და დარბაზსა შეყრილთ ფერფური ეცვალათ, დახველებითაც კი ვერცვისა დაეხველებინა, ისეღა იყვნენ, თითქოს თითოსა თხუთმეტ-თხუთმეტი გირვანქა ბუმბული ჩაეყლაპა,
    68.     და იჩქითად მორეული მწყურვალებისგან ყელგამშრალთ იმისთანა ქასქასი აუტყდათ, კაცი იფიქრებდა, ალბათ, პანტაგრუელმა დაცაცხანება არ აკმარა და ხახაში მარილიც ჩააყარაო.
    69.     და პანურგმა სიტყვა ჰკადრა ინგლისელსა:
    70.     - მოწყალეო ხელმწიფევ! აქა შენგან წამოჭრილ კითხვათა გამო შარიბანისა ასაშლელად მოსულხარ თუ იმად, რომა ისწავლო რამე და ჩასწვდე ჭეშმარიტებასა?
    71.     ტაუმასტმაც არა დაუყოვნა პასუხი:
    72.     - ბატონო, სწორედაც სწავლისა და იმის შეცნობისა უანგარო წადილსა მოვუყვანივარ, რისა შეცნობასაც მთელი სიცოცხლე ვეჭვნეულობ, რამეთუ მოაქჟამამდე ვერცარა წიგნმან და ვერცარა კაცმან ვერ მომარჩინეს ამა ჩემსა ეჭვნეულობასა,
    73.     დავიდარაბისა ატეხა კი არცა მჩვევია და არცა კიდევ ჩემდა საკადრისად მიმიჩნევია,
    74.     ჩხუბსა და კრტიმლობასა არაოდეს ერიდებიან ოდენ ვიგინდარა სოფისტნი, სორბონელსურბუნელნი, სორბონელჯორბონელნი, სორბონელღორბონელნი, სორბონელქორბონელნი, სორბონელმძორბონელნი, სორბონმოსავნი, სორბონრქოსანნი, სორბონქოსანნი, გამოსორბონელებულნი,
    75.     რომელნიცა პაექრობისა ჟამსა ჭეშმარიტებას კი არ მიელტვიან, არამედ მოცილეობასა და უთანხმოებასა.
    76.     - მაშ აბა, - განაგრძო პანურგმა, - ვითარცა მოწაფე მოძღვრისა ჩემისა, უფლისა პანტაგრუელისა, ყოველსა ღონესა ვიღონებ, რათამცა გულსავსედა გყო, და ამიტომ ნუღა შევაწუხებთ იმასა.
    77.     უმჯობესია, ისა ტარუღად დაგვიდგეს, განგვსაჯოს და, უკეთუ იტყვი, რომა ვერ შევიძელ დაკმაყოფილება შენისა ცნობისმოყვარეობისა, თავად მოუღოს ბოლო ეჭვნეულობასა შენსა.
    78.     - ბატონი ბრძანდები, - წართქვა ტაუმასტმა. - დაიწყე.
    79.     აქავ უნდა გაუწყოთ, რომა პანურგსა წარზიდული დუქან-საბიძლისა ბოლოში ფოჩი რამ შვენოდა წითელი, თეთრი, მწვანე და ყვითელი აბრეშუმისა ძაფისა, თვით საბიძალსა შიგან კი დია უშველებელი ფორთოხალი ჩაედო.
    80.     „რიცხვთა და ნიშანთა გამო“ (ლათ.). „იმა საგანთა გამო, რომელთა ახსნაცა არ ხერხდება“ (ლათ.).
    81.     მაგიისა გამო“ (ლათ.). სიზმართა წართქმისა გამო“ (ბერძ.). „ნიშანთა გამო“ (ბერძ.).
    82.     „გამოუთქმელისა გამო“ (ბერძ.). „იმა საგანთა გამო, რომელთაცა დუმილითა უნდა ავუაროთ გვერდი“ (ბერძ.). მდუმარებისა მიჯნამდის (შუასაუკ. ლათ.).


21

    1.     XIX. ვითარ მოაკაკვინა თითი პანურგმა ინგლისელსა, რომელიცა ნიშნებითა ეპაექრებოდა
    2.     ყოველნი შეკრებილნი წამერთ სმენად იქცნენ, და ინგლისელმა ჯერეთ ერთი ხელი აღმართა, მერმე მეორე,
    3.     თითისა წვერნი, ვითარ შინონში იტყვიან, ქათმისა კურტუმსაებრ მოფხუწა და ფრჩხილნი ოთხგზის ზედიზედ აისვ-დაისვა ხან ერთსა ხელსა ზედა, ხან მეორეზედ, შემდგომ გაშალა თითნი და ნები ნებსა სცა ტკრციალითა.
    4.     მას უკანითა კვალად შეაერთა ხელნი, მერე ორგზის ტაში შემოჰკრა და ოთხგზის მომუჭა და გაშალა თითნი;
    5.     შემდეგ ისევ მიატყუპა ხელი ხელსა და, თითქოს ღმერთსა ვედრისო, ზეცად აღაპყრო.
    6.     ანაზდეულად პანურგმა მარჯვენა ხელი ასწია, ცერი მარჯვენავე ნესტოში შეიყო, დანარჩენი ოთხი მიჯრილი თითი ცხვირისა წვერისა გასწვრივ გაიშვირა, მარცხენა თვალი სულ მთლად დახუჭა, ხოლო მარჯვენა მოჭუტა, დაბლა დახარა წარბიცა და ქუთუთოც;
    7.     მერმე მარცხენა აღმართა, ოთხი თითი დაჭიმა და ეგრევ მოხარა, ცერი ზე შეაყენა და ეს ხელიც სწორედ ისეგვარადვე დაიჭირა, როგორაც მარჯვენა ეჭირა, და მანძილი ხელსა და ხელს შუა წყრთანახევარი იყო.
    8.     შემდგომ ორივ ხელი დაუშვა, მერე კი მხრებისა სიმაღლეზედ მოიმარჯვა და თითქოს შიგ ცხვირში მიუმიზნა ინგლისელსა.
    9.     - და თუ მერკური... - წართქვა ინგლისელმა.
    10.     მაგრამ პანურგი პირში სწვდა: - ნიღაბო, ენა ნუ ამოიდგი!
    11.     მაშინ ინგლისელმა ესევითარი რამ ანიშნა: გაშლილი მარცხენა ხელი ასწია, ოთხი თითი მოფხუწა თუ მოკუმშა, ცერი კი გაჭიმა და ცხვირისა წვერზედ მიიდო.
    12.     მერმე იჩქითად ახლა გაშლილი მარჯვენა ხელი აღმართა, არღა მომუჭა, ისევე დაუშვა, ცერა თითი მარცხენა ნეკსა მიადო, ხოლო დანარჩენი ოთხი თითი ნელიად აათამაშა, შემდეგ პირუკუ მოიქცა:
    13.     მარჯვენათი ისა ქნა, რასაცა ადრე მარცხენათი შვრებოდა, ხოლო მარცხენათი - რასაც ადრე მარჯვენათი იქმოდა.
    14.     პანურგი სულაც არ დაბნეულა: მარცხენა ხელით თავისი ვეება დუქან-საბიძალი წამოიწია, მარჯვენათი კი იქიდგან მოზვრისა ფერცხალ-ნეკნისა ნატეხი და ორიცა ერთნაირი ჭოლოკი ამოიღო, ერთი ეკალმუხისა, მეორე ხასყირმიზისა, მსწრაფლ თითებს შუა თანაზომიერად მოივარგა,
    15.     ჰკრა ერთი ერთმანეთსა და იმისთანად აახმიანა, ვითა ბრეტონელი კეთროვანნი ფიფინაურთ აჩხარუნებენ ხოლმე, ის კი არა, კიდევ უფრორე საამოვნო იყო ყურისთვის ხმიანობა იგი.
    16.     თანაც პანურგი თვალსა არ აშორებდა ინგლისელსა და ენასა არხეინად აწკლაპუნებდა.
    17.     ღვთისმეტყველთა, მკურნალთა და დასტაქართა აზრით, ნიშანი ესე მაჩვენებელი იყო იმისა, რომ ინგლისელსა კეთრი სჭირდა.
    18.     ხოლო ბრჭეთა, მერჯულეთა და სჯულისა მეცნიერთა აზრით, პანურგმა ის მიანიშნა ინგლისელსა, რომა ხან კეთროვანნიც არიან ბედნიერნი, ვითარ ოდესღაც ცხადყო უფალმა.
    19.     ინგლისელი შახსა არ იტეხდა: ადგა და ორივ ხელი ასწია, სამ-სამი თითი, ანუ სალოკი, შუათითი და არათითი მარჯვენისაც და მარცხენისაც მოკუმშა, ცერნი სალოკთა და შუათითებისა საშუალ გახლართა,
    20.     მერმე ხელნი ისეთნაირად შეაერთა, რომ მარჯვენისა ცერი მარცხენისა ცერსა მიადო, ხოლო მარცხენა ნეკი - მარჯვენისა ნეკსა.
    21.     პანურგსა ბევრი არ უფიქრია, ხელნი აღმართა და ესეგვარად მიუმუნჯურა: მარცხენა ხელისა სალოკი თითისა ფრჩხილი ცერისა ფრჩხილსა მიადო და მცირე რამ რგოლი მოამრგვალა,
    22.     ხოლო მარჯვენა თითი, გარეშე სალოკისა, მომუჭა, სალოკი თითი კი ხან შეყო ამა რგოლსა შიგან და ხან გამოყო.
    23.     მასუკან მარცხენა სალოკი თითი და შუათითი დაჭიმა, გაბაჯანსა რომ იტყვიან, იმისა განისად გაშალა და ტაუმასტსა მიაშვირა.
    24.     შემდეგ მარცხენა ხელი ჩიტისა ფრთისებრ თუ თევზისა ფარფლისებრ დაიჭირა, ცერი მარცხენა თვალის უპეს მიიბჯინა და მკლავი ნელიად აატოკა;
    25.     მერმე იგივ ქნა ახლა უკვე მარჯვენა ხელითა მარჯვენა თვალის უპეზედ ცერმიდებულმა.
    26.     ტაუმასტსა მიწისა ფერი დაედო, გააჟრჟოლა და ამხელად აი რა ნიშანი გამოაგო: მარჯვენა ხელისა შუათითი იმა ადგილზედ მიირტყა, სადაც ცერისა ძირია,
    27.     შემდგომად კი მარჯვენა ხელისა სალოკი თითი რგოლსა შიგან შეიყო, მარცხენა ხელზედ პანურგისა მაგალითისებრ რომ მოემრგვალებინა, ოღონდ მან რგოლსა ოდენ ზევ-ზევით გაუსვ-გამოუსვა და არა ქვევ-ქვევითა, ვითარ პანურგი შვრებოდა.
    28.     მაშინ პანურგმა ტაში შემოჰკრა, მჯიღში ჩაისტვინა, მერმე მარჯვენისა სალოკი თითი კვალად შეიყო მარცხენისა რგოლსა შიგან და გააქლაქუნ-გამოაქლაქუნა.
    29.     შემდგომ ამისა ნიკაპი წინ წამოსწია და ტაუმასტი კინაღამ თვალებითა შეჭამა.
    30.     იქაველთ მოაქჟამამდის არცრა ესმოდათ, რასა მიანიშნებდნენ მოპაექრენი ერთმანეთსა, მაგრამ ეხლა ყოველნი ჩახვდნენ, რომა პანურგმა მდუმარედ ჰკითხა: აწ რასღა იტყვიო?
    31.     ტაუმასტი კი ოფლში გაიწურა და ცარიელ ჭვრეტადღა ქცეულ კაცსა დაემგვანა.
    32.     მერმე უეცრად გონსა მოეგო და მარცხენა ხელისა ხუთივ ფრჩხილი მარჯვენისა ფრჩხილთ მიადო, შემდეგ თითნი ნახევარწრედ მოხარა და ორივ ხელი რაც შეეძლო მაღლა აიშვირა.
    33.     პასუხად პანურგმა მარჯვენა ხელისა ცერი ყბაზედ მიიბჯინა, მარჯვენავე ნეკი მარცხენა ხელისა რგოლსა შიგან შეიყო და დია შეხმატკბილებულსა კაპუნსა მოჰყვა.
    34.     ტაუმასტმა მეტსა ვერღა გაუძლო, ზე წამოიჭრა ჩაფსმული და ერთი იმისთანა დასძვრა, რაღა ბევრი გავაგრძელო, კედელთ ზანზარი იწყეს, და ალბათ სრულად ქვეყნიერებისა ეშმაკნიც ვერ ააყროლებდნენ ისერიგად ჰაერსა.
    35.     შეკრებილთაგან კაცი არ დარჩენილა, ეგრევ ცხვირზედ რომ არ ეტაცნა ხელი, რამეთუ ფრიად აფორიაქებულსა ინგლისელსა ქვეშაც გასვლოდა.
    36.     მერმე მან მარჯვენა ხელი აღმართა და თითისა წვერნი მოკუმშა, ხოლო მარცხენა გულსა ზედა დაიდო.
    37.     პასუხად პანურგი თავის წარზიდულ ფოჩიან საბიძალსა ჩააფრინდა, წყრთანახევარზედ დაჭიმა და აგრე ეჭირა მარცხენა ხელით მცირე ხანსა, მარჯვენათი კი ფორთოხალი დააძრო და შვიდჯერ შეისროლა,
    38.     მერვეზედ მარჯვენათი ჩამუჭა, ფორთოხლიანი ხელი მაღლა ასწია და ცოტა რამ ჟამსა ჰაერში გააშეშა;
    39.     შემდეგ თავის ტურფა საბიძალსა ნძრევა დაუწყო, რა არი შეეგულისხმებინა ტაუმასტი.
    40.     მაშინ ტაუმასტმა მესტვირისაებრ დაბერა ლოყანი და იმნაირად გამოაქშუტუნა ჰაერი, ვითამც ღორისა ბუშტსა ბერავდა.
    41.     პასუხად პანურგმა მარცხენა ხელისა ერთერთი თითი უკან შეიყო, პირით კი ისერიგად შეისრუტა ჰაერი, თითქოს ხამანწკასა სწუწნის ანდა შეჭამანდსა ხვრიპავსო.
    42.     მერმე ოდნავ აღაღო პირი, მარჯვენა ხელისგული ბაგეთა ზედა მიირტყა და ისრე ღრმად, ისრე ხმიერად ამოისუნთქა, სულთქმა სანამ სასულესა ამოივლიდა, დასტურ ზენა-პირსა მოსწყდა ფარდაფალანგისასა, და ესა თექვსმეტგზის ზედიზედ განიმეორა.
    43.     ტაუმასტი კი ამასობაში ბატსაებრ სუნთქავდა.
    44.     აქა პანურგმა მარჯვენა ხელისა სალოკი თითი პირში ჩაიდო, სრულად დაჭიმა ძარღვნი პირისა და მაგრად მოკუმა,
    45.     მერე ერთბაშად გამოიძრო თითი და იმისთანა ტკაცანი მოაყოლა თანა, როგორი ტკაცანიცა სამღერალმა თოფთოფელამ იცის, ბალღნი ბოლოკთ რომ ისვრიან ხოლმე, და ესა ცხრაგზის ზედიზედ ქნა.
    46.     და ტაუმასტმა მეყსეულად წამოიყვირა: - ეჰა, უფალნო, ჩავხვდი საიდუმლოსა!
    47.     თვითდაკვირვებისა გზასა შესდგომია.
    48.     ამისა თქმა იყო, და ინგლისელმა სატევარი იშიშვლა და ერთხანს ძირსა დახრილი ეჭირა.
    49.     პასუხად პანურგმა ხელი ჩაავლო თავის წარზიდულ საბიძალსა და ხან ერთ ბარკალთან აითამაშა, ხან მეორესთან.
    50.     მასუკან სავარცხლისაებრ თითებგადაჭდობილი ორივ ხელი თავსა ზედა დაიდო, ენა გადმოაგდო და თვალნი გადამღრძვალ თხასაებრ დაატრიალა.
    51.     - აჰა, გულისხმაში ვარ! - წართქვა ტაუტასმა. - აბა, ეს რაღაა?
    52.     და სატევრისა ვადა გულზედ მიიყრდნო, სატევრისა პირთან კი ხელისგული მიიტანა და თითნი ოდნავ მოხარა.
    53.     პასუხად პანურგმა თავი მარცხნივ მიდრიკა, შუათითი მარჯვენა ყურზედ მიიდო, ცერა თითი კი გაჭიმა.
    54.     შემდგომ, გულხელი დაიკრიფა და ხუთგზის ჩაახველა, მეხუთე ჩახველებაზედ ფეხიც დააბაკუნა, მერმე მარცხენა ხელი ასწია, თითნი მომუჭა და ცერა, ანუ უსო თითისა ძირი შუბლსა ზედა მიიბჯინა, ხოლო მარჯვენა ხელი ექვსგზის მკერდში ჩაიბრაგუნა.
    55.     ტაუმასტმა, აშკარად უკმაყოფილომ, მარცხენა ხელისა ცერი ცხვირისა წვერზედ მიიჭირა, დანარჩენი ოთხი თითი კი მოკუმშა.
    56.     მაშინ პანურგმა ორივ შუათითითა რაც ძალი და ღონე ჰქონდა კინაღამ პირი გაიხია და კბილნი დაკრიჭა, ხოლო მას უკანით ცერა თითნი ქუთუთოთა ზედა ღონივრად დაიწოლა და, ვითარ იქა მყოფელთ მოეჩვენათ, მტრისას, იმას რომ სახე დაემანჭა და დაეღრიჯა.


22

     1.     XX. ვითარ აქებ-ადიდებდა ტაუმასტი პანურგისა სიქველესა და განსწავლულობასა
    2.     შემდგომად ამისა ჩაბილებული ტაუმასტი ზეზედ წამოდგა, თავსარქმელი მოიხადა და პანურგსა ზრდილად მადლი მოახსენა, მერმე კი შენაკრებართ თვალი მიმოავლო და ხმა გაიმყივარა:
    3.     - უფალნო! აწ დასტურ უპრიანია და კიდევაც უნდა გავიხსენო სიტყვანი სახარებისა: Et ecce plus quam Salomon hic.
    4.     თქვენ წინაშე განძია ფასდაუდებელი: სხვასა ვერცრა სახელსა დავდებ მონსენიორ პანტაგრუელსა, რომლისა დიდებასაც შუაგულ ინგლისიდგან მოვუყვანივარ,
    5.     რამეთუ დია საგონებელსა ვიყავ ჩავარდნილი მაგიისა, ალქიმიისა, კაბალისა, გეომანტიისა, ასტროლოგიისა, აგრეთვე ფილოსოფიისა ამოუხსნელ კითხვათა გამო და ერთი სული მქონდა, სანამ მოვემუსაიფებოდი.
    6.     თუმცაღა ამჟამ გულნაკლული ვარ პანტაგრუელისა დიდებაზედ, რადგან, ვგონებ, სახელოვნებასა შეშურს პატრონისა თვისისა და მეათასედწილადაც ვერ ეთანაბრება ნამდვილობასა.
    7.     რაღა ბევრი ლაპარაკითა თავი შეგაბეზროთ, საკუთარი თვალითა ნახეთ, განაღამცა თვითონ, არამედ მოწაფემან მისმან რარიგ გულსავსედა მყო და უფრორე მეტი მამცნო, ვინემ ვკითხე, თვინიერ ამისა, ათასი რამ ახალი ეჭვნეულობა აღმიძრა და აქვე გამიქარწყლა.
    8.     პირ-პირ ვიტყვი და უნდა მერწმუნოთ, ჭეშმარიტად სხვათა და სხვათა საზოგადო სწავლათა უშრეტსა წყაროსა დამაწაფა და ისევითარი ხერხითა ქმნა ესა, არცა მეგონა, ქვეყანაზედ წარმოდგენაც კი ვისმე თუ ჰქონდა შესახებ ამა ხერხისა:
    9.     ხმაუყოფლად, ოდენ ნიშანთა ენითა გამართულ ჩვენსა პაექრობაზედ მოგახსენებთ.
    10.     უახლოეს ჟამსა, მავანთა და მავანთ რომ არ იფიქრონ, მოგვატყუეს და დაგვცინესო, სულ კალმისა წვერზედა ავაგებ რაცა რამ მოვიმუსაიფეთ და დავადგინეთ,
    11.     მერმე ავდგები და დავსტამბავ, რათამც სხვამაც ჩემებრ ნახოს იმისგან სარგებელი, და, ალბათ, უკვე თავადაც განსჯით, რაგვარ გამოაგებდა სიტყვასა მოძღვარი, უკეთუ ესოდენი სიქველე შესძლებია მოწაფესა მისსა, ვინათგან non est discipulus super magistrum.
    12.     მაშ, აბა ვადიდოთ უფალი, ჩემდა თავად კი უმორჩილესად გწირავთ მადლსა პატივდებისათვის.
    13.     ნურცროდისა გაუწირიხართ ღმერთსა საუკუნო ცხოვრებასა შინა!
    14.     პანტაგრუელმაც ესეგვარადვე დაუმადლა იქა შეყრილ ჯარ-ჯამაათსა და ტაუმასტი სადილად შინ ისტუმრა, მიუსხდნენ ტაბლასა და, მერწმუნეთ, არცა ვინმესა ღვინო მოუპარავს და არცა ჯამფილა აუცდენია, ღლიეს,
    15.     ვითარცა რიგისა გარდახდისა დღესა ძველნი მენოვაგენი, ანუ ჭამასა ზედა სახიობითა მსმელნი ღლევენ, და ერთიცა არ დარჩენილა, მუცელზედ ღილნი რომ არა შეხსნოდა
    16.     (უწინ მუცელსა აწინდელ საყელოსებრ ღილ-კუშტაბანითა იკრავდნენ), გაგება არღა ჰქონდათ და ერთმანეთსა ჰკითხავდნენ: ვინა ხარ, კაცო, შენაო?
    17.     თავად წმინდა ღვთისმშობელია მოწმე, რარიგ სასწაულად ყლურწავდნენ, რარიგ ხელად აშრობდნენ საწდე-ხელადათ და რარიგ იხაფებდნენ ხმასა:
    18.     - ყელი ნუ გაგვიშრე! - დაგვაწაფე წაფასა! - მოიტა, ბიჭო, მალე! - ჩამოასხი, შე ეშმაკის კერძო, შენა!
    19.     და თითოეულმა თავის წილად, სულ ცოტა, ოცდახუთი -ოცდაათი კასრი მაინც ჩაისხა, და ახლა როგორა ღლევდნენ, არ იკითხავთ?
    20.     როგორა და, Sicut terra sine aqua, რამეთუ პაპანაქება იდგა და თანაცა მწყურვალება ჰკლავდათ.
    21.     რაიცა ტაუმასტისა მიერ წამოჭრილ მრავალსა დებულებასა და მოპაექრეთაგან ხმარებულ ნიშანთ შეეხება, ყოველივესა ეხლავ იმათივ საკუთარი სიტყვა-პასუხისა საფუძველზედ აგიხსნიდით და განგიმარტავდით,
    22.     მაგრამ გავიგე, ტაუმასტსა ამისა გამო თურმე კარგა მოზრდილი წიგნი დაუწერია, გამოუცია კიდეც ლონდონშია და ყველაყა უკლებლივ უთარგმანებია, ამისათვის ჯერხნობით თავსა ვიკავებ.
    23.     და აჰა ესერა უდიდეს სოლომონისა არს აქა (ლათ.). არა არს მოწაფე უფროის მოძღვრისა თვისისა (ლათ.). ვითარცა მიწა ურწყული (ლათ.).


23

     1.     XXI. ვითარ დასტრფოდა პანურგი ერთსა მაღალი წრისა პარიზელ ბანოვანსა
    2.     ინგლისელთან გაკამათებაში გამარჯვებულსა პანურგსა მალე სრულად პარიზ-ქალაქსა შინა გაუვარდა სახელი, რისა შემდგომაც მან ღირსეული ფასი დასდო თავის საბიძალსა და რომაულ ყაიდაზედ ბრძანა მოქარგვა იმისი.
    3.     პანურგსა საქვეყნოდ ასხამდნენ ხოტბასა, ის კი არა, სიმღერაც გამოუთქვეს, და მთელი იქაური ბიჭბუჭობა სულ იმა სიმღერასა ღიღინებდა, ოდესცა მდოგვისა საყიდლად აგზავნიდნენ,
    4.     არცაღა კიდევ ბანოვანთაგან და ქალიშვილთაგან აკლდა პატივი, მიწყივ ნანინანატრი სტუმარი იყო იმათი და, რაკი ესოდენ წარემატა, თავბრუც დაეხვა და გაკადნიერებულმან ერთსა დიდგვაროვანსა ბანოვანსა დაადგა თვალი, თავისა თხოვნა დაუპირა.
    5.     და მართლაც, ღობე-ყორესა არ მოსდებია, კოწიაწსა არ მოჰყოლია, სიტყვა არ გაუჭიაყელებია, ვითარ უბადრუკნი მიჯნურნი იქცევიან, შუმი მემარხულენი, ხორცსა რომ არ ეკარებიან, ადგა და დღესა ერთსა პირდაპირ უთხრა სათქმელი:
    6.     - ქალბატონო, თავად სახელმწიფოსაც წაადგება, თქვენცა ისიამოვნებთ, თქვენი მოდგმისთვისაც საპატიოა, ჩემთვისა კი მიუცილებელია, რომა თანახმა გამიხდეთ და მუცლად იღოთ ჩემგან.
    7.     თავსა არამც შევირცხვენ, თორემ დარწმუნდებით.
    8.     ამისა გაგონებაზედ ბანოვანსა პირკატა ეცა და აწიკვინდა:
    9.     - ლირფო, უნაშურო, როგორ მიბედავთ მაგისა თქმასა?
    10.     უწყით თუ არა, ვის ელაპარაკებით? ეხლავ წაეთრიეთ და თვალით არ დამენახოთ!
    11.     აგრერიგად რომ არა მძაგდეთ, ვბრძანებდი, და ხელ-ფეხსა დაგაჭრიდნენ.
    12.     - ხელ-ფეხისა დაჭრასა არა ვჩივი, - მიუგო პანურგმა, - ოღონდაც ცოტა გვენადიმა და გვეპეპლავა.
    13.     აი უფალსა ჟან ჟედისა ხო ხედავთ (მან თავისა წარზიდულ დუქან-საბიძალზედ დაიდო ხელი), იმისთანა შუშპარი იცის, ეგრევ ცეცხლსა შეგინთებთ.
    14.     ლოთიანი ვინმეა, რაც რამ ქვეყნად ილეთ-მილეთია, უკლისად ამის მოგონილია, არცრა მალაყისა სწავლებასა არა დაგამადლით, მხოლოდ ერთი კია: სადაც შესაყოფელსა დაიგულებს და თავსა შერგავს, დია გამოსაკალიფებელ-გამოსაგველსა და მისალაგ-მოსალაგებელსა ხდის იქაურობასა.
    15.     ბანოვანმა ტყვიასებრ მიახალა: - გაეთრიეთ, ლირფო, გაეთრიეთ!
    16.     როგორც კი კიდევ რასმე მკადრებთ, შინაკაცთ მოვუხმობ, და სიკვდილისა პირსა მიგიყვანენ.
    17.     - არა, მაგასა არ იზამთ! - კატასებრ გაუგორდა პანურგი.
    18.     - ან მარტო ენა გაქვთ ეგრეთი მწარე, ანუ თქვენი სახე მატყუებს.
    19.     უწინამც დედამიწა ზესკნელსა შეასკდება, ზეცა კი ქვესკნელსა ჩაიქცევა და მთლად ბუნებაც გამოიცვლება, სანამდის თქვენისთანა მზისდარსა ქალსა თუნდაც მცირეოდენ ბოღმასა ანდა ვერაგობასა შევატყობდე...
    20.     დასტურ ახად თქმულია: ძნელად პოვნილა ქალიო, ტურფა და უწყინარიო.
    21.     მაგრამ აქა ოდენ აშაღლარა ქალისა გატლანქული სილამაზეა ნაგულისხმევი.
    22.     თქვენ კი იმზომ თვალისმომჭრელად, იმზომ უჩვეულოდ, იმზომ ღვთაებრივად ლამაზი ხართ, აშკარაა, თავად ბუნებამ შეგამკოთ აგრე, რათა ჩვენთვის დაენახვებინა, აი რისა შემძლებელი ვარ, ოდეს მთელი ჩემის ძალმოსილებისა და უნარისა გამოჩენა მწადსო.
    23.     თქვენა თაფლი ხართ გოლეული, შაქარი ხართ კუტლეული, მანანა ხართ ციური, პარისსა უცილოდ თქვენთვის უნდა ერგუნებინა ოქროს ვაშლი და არა ვენერასთვის, არა იუნონასთვის და არა მინერვასთვის,
    24.     რამეთუ იუნონა არცროდისა ყოფილა თქვენებრ წარმოსადეგი, მინერვა - თქვენებრ თვალჩინიანი.
    25.     ო, ზეციურნო ღმერთნო და ქალღმერთნო! ნეტავი იმას, ვისაც ამ ქალსა ჩააკონებინებთ, ჩააკოცნინებთ და ჩაატკბარუნებინებთ!
    26.     ის ბედნიერი, გული მითქვამს, მე უნდა გავხდე, რადგანაც, ვხედავ, უკვე შევყვარებივარ.
    27.     ფერიათაგან შელოცვილსა ბედი მწყალობს.
    28.     მაშ, ნუღა ვკარგავთ დროსა, კლიტე-საკლიტე მოვარგოთ ერთმანეთსა, გადაკლიტულნი უფრო კარგნი ვიქნებით.
    29.     პანურგმა წამერთ ჩახვევნა დაუპირა, წაებღლარძუნა ბანოვანსა, მაგრამა იმან ისეთნაირად დაიჭირა თავი, ვითომ ფანჯარა უნდა გამოეღო და ყვირილი აეტეხა, მიშველეთო.
    30.     მაშინ პანურგი კარისკენ გაეჩქარა და ოტებულმა გამოსძახა:
    31.     - ქალბატონო, თავსა ნუ იწუხებთ, მე მოვიყვან, ვინცა მოსაყვანია!
    32.     და უკან არღა მოუხედავს, მოუსვა ბაყაყური, არცათუ დიდად უტკენია გული უარსა, და იმა დღესა ჩვეულებრივზედ ცოტა არ ჩაუღლევია.
    33.     მეორე დილას, ვინემ დიდგვაროვანი ბანოვანი იგი წირვაზედ მივიდოდა, პანურგი უკვე საყდარში იყო დამჭვიტულ-დარჭობილი და, როგორც კი თვალი შეავლო მისულსა, მდაბლად დაუკრა თავი, აიაზმა მიაწოდა და, თითქოს არცრა მომხდარიყოს, იქავ იმისა გვერდით დაიჩოქა და ჩაულაპარაკა:
    34.     - ქალბატონო, უნდა გაცოდინოთ, რომა თქვენმა სიყვარულმა შავსა დღეში ჩამაგდო, ვერცაღა ვშარდავ და ვერცაღა ტანში გავდივარ, წარმოდგენა არა გაქვთ, რარიგ სატანჯველსა ვარ მიცემული.
    35.     თუ რამე მომივიდა, ვის უნდა მოეკითხოს?
    36.     - მომშორდით, მომშორდით, - დაუტატანა ბანოვანმა, - რა ჩემი საქმეა, რა მოგივათ!
    37.     ნუ მაშლევინებთ ლოცვასა.
    38.     - ჯერეთ კაფია ვთქვათ. დავიწყებ და ამყევით... ხვადი დაუვლის ბუქნასა...
    39.     - სულაც არ მეკაფიავება, - კვალად გაუბრაზდა ბანოვანი.
    40.     - ააწკმუტუნებს ძუკნასა... - წარმოთქვა პანურგმა.
    41.     - აწ კი ილოცეთ, ეგების ღმერთმა თქვენი სათნო გულისა გასახარელი რამ მიწყალობოს, და კარგსა იზამთ, ემაგ თქვენსა კრიალოსან-სავარდსა თუ მომიბოძებთ.
    42.     - მომიბოძებია, - მიუგო ბანოვანმა, - ოღონდ დამეხსენით.
    43.     ის-ის იყო ქალსა უნდა შეეხსნა კიდეც მსხვილოქროსმარცვლიანი ცესტრინისა კრიალოსანი, რომ პანურგმა ხელცქვიტად მოივარგა ხანჯლისა შვილი და უმალ შეაჭრა, რა არი მერმე ნაქურდლისა ქულბაქში მიეტანა და შეესყიდვინებინა, თანაც ჰკითხა:
    44.     - სანაცვლოდ იქნებ ამა ჩემსა ხანჯლისა შვილსა ინებებდით?
    45.     - არა, არა, - დაეუარა ბანოვანი.
    46.     - ისე, რომ იცოდეთ, - არ ეშვებოდა პანურგი, - ფრიად მადლიერი გაუხდებოდით, არცროდისა არ გაწყენინებდათ, ფხიანი რამ არის.
    47.     ლოცვად დამდგარსა ბანოვანსა კი უკრიალოსნობა უჭირდა, უიმისოდ ხელებდაჭრილივითღა იყო.
    48.     „თავქარიანი, წარამარა კაცი ჩანს, - ფიქრობდა საგონებელსა ჩავარდნილი.
    49.     - ნამდვილად სხვაქვეყნელია. მორჩა, სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო ჩემსა კრიალოსანსა.
    50.     მერე ქმარი რას მეტყვის? რას მეტყვის და, ცეცხლსა დამანთებს.
    51.     მეც ავდგები და ვეტყვი: საყდარში ქურდმა შემაჭრა- მეთქი, და ისიც ადვილად დამიჯერებს, რაკიღა სარტყელზედ შეჭრილსა ბაბთასა დამინახავს“.
    52.     ნასადილევსა პანურგმა თავის დევერხინა ქისაში კარგა ბლომა ლითონისა ფირფიტელა ჩაიყარა, მერე ქისა სახელოსა შიგან დამალა და წავიდა, მიადგა ბანოვანსა.
    53.     მისვლა და კითხვა ერთი იყო: - ჩვენთა ორთა შორის რომელსა უფრორე გვიყვარს ერთმანეთი: თქვენა მე თუ მე თქვენა?
    54.     ბანოვანმა პასუხი არ დაუყოვნა: - ჩემდათავად უნდა გითხრათ, რომა არა მძულხართ, ადამიანიშვილი სუყველა მიყვარს, ვითარ უფალი გვასწავლის.
    55.     - ბოლოსა და ბოლოს გულისა სატრფიალოდ გეგულვით თუ არა? - პირდაპირ დაეკითხა პანურგი.
    56.     - აღარც კი ვიცი, უკვე რაოდენჯერ გითხარით, აგრე ნუ მელაპარაკებით -მეთქი.
    57.     უკეთუ კვლავაც არ მოიშლით მაგისთანა უტიფარ სიტყვა-პასუხსა, - ქუშ-ქუშად მიუთხრო ბანოვანმა, - მე თქვენ გიჩვენებთ, რარიგ უნდა ჩემთან ლაპარაკი.
    58.     ეხლავ მომწყდით, ოღონდ ჯერეთ ჩემი კრიალოსანი დამიბრუნეთ, თორემ ქმარი მომკითხავს, რა უყავიო, მეტყვის.
    59.     - თქვენა, ქალბატონო, კრიალოსანზედ მეუბნებით, დამიბრუნეო? - წამოიძახა პანურგმა.
    60.     - არა, ვერ დაგიბრუნებთ, ღმერთმანი, ვერ დაგიბრუნებთ, საბადლოდ სხვაგვართ მოგართმევთ, ნაირ-ნაირსა.
    61.     უმეტესად როგორი მოგწონთ? ოქროსმინანქრიანი და დიდმარცვლიანი თუ სამიჯნურო სინსილითა შემკული?
    62.     ანდა ეგება ზოდსაებრ ერთობილი და ვარაყიანი გირჩევნიათ?
    63.     სულაც აბანოზისა ხომ არ მოგართვათ ანდა დიდროვანი იაკინთისა, ან კიდევ დიდროვანივე და უცხოდ წახნაგებული ძოწისა, კარგი პატიოსანი ფირუზითა მოთვალული,
    64.     თუ კარგი და პატიოსანი პაზიონისა, წყალწმინდა საფირონისთვლიანი, თუ კარგი და პატიოსანი ლალ-იაგუნდისა, შიგან რაერთი მომსხო ბრილიანტი რომ ურევია და თითოეული ოცდარვა კარატსა იწონის?
    65.     არა, არა, ნამეტანი მცირე იქნება ესა.
    66.     ერთიც კარგი და პატიოსანი ქვამწვანისა კრიალოსანი უნდა მოგართვათ, სისვი ქარვისთვლიანი, რომელსა შესაკრავ ტატაბოდ, ანუ ღილად ფორთოხლისა ოდენი სპარსული მარგალიტი შვენის.
    67.     სულ ცოტა, ოცდახუთი ათასი დუკატი მაინც ეღირება.
    68.     ჩემგან საჩუქრად გქონდესთ, უარსა ნუ მეტყვით, ფული თავზედ საყრელი მაქვს.
    69.     ამა ლაპარაკში რომ იყო, პანურგი, თანა ლითონისა ფირფიტელათი ამოჩხორილ ქისას აჩხრიალებდა, ვითომ აი რაოდენი ეკიუ მიყრია შიგაო.
    70.     - ან იქნებ სოსანსა ხავერდსა ინებებდით? ანდა მოქარგულსა ატლასსა? ან არადა ალისფერსა სტავრასა?
    71.     ნუთუ არცრა ძეწკვი მოგნდომებიათ, არცრა ოქროული რამ, ყამჩი, ბეჭედი?
    72.     მარტო ბრძანეთ, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი, ორმოცდაათი ათასი დუკატი რა ფულია!
    73.     ბანოვანსა ამისა გაგონებაზედ პირწყალი მოადგა, მაგრამ ახში აშა ჰკრა:
    74.     - არა, მადლობელი ვარ, თქვენგან არაფერი მწადის.
    75.     - მე კი, ღვთისა მადლმან, თქვენგან ერთი რამისა სურვიელი ვარ. - მიუგო პანურგმა.
    76.     - სულ მუქთად გამოხვალთ. არცა კიდევ რამე დაგაკლდებათ.
    77.     იცნობდეთ (მან კვალად თავის წარზიდულ დუქან-საბიძალზედ დაიდო ხელი), უფალი ჟან შუარია, სადგომსა ეძებს.
    78.     და პანურგი ეგრევ ზედ მივარდა, ჩავიხუტებო, იფიქრა, მაგრამ ბანოვანმა შეჰკივლა, თუმცაღა კი მაინცდამაინც ხმამაღლა არ მოსვლია.
    79.     მაშინ პანურგმა ეშმაკურად მიუთხრო:
    80.     - მაშ, აბა ხელსაც არ მაკარებინებთ, არა?
    81.     ეგრე იყოს, ოღონდ გაუცემლობასა, იცოდეთ, არცროდისა ხეირი არ მოსდევს.
    82.     რახან საკაცეთი შეგძულებიათ, ჩემსა ღმერთსა ვფიცავ, საძაღლეთი უნდა დაგხვიოთ თავსა.
    83.     ამისი თქმა იყო და, პანურგმა კუდი ამოიძუა, მოკურცხლა დახელფეხებულმა, რადგან, ბუნებურია, ტყეპასა შიშნეულობდა.


24

    1.     XXII. ვითარ უყო პანურგმა პარიზელ ბანოვანსა ოინი, რასაც კარგი არა დაუყრია რა იმისთვის
    2.     ჯერ არს თქვენგან აქავ უწყება, რომ მეორე დღესა უფლისა გვამის დიდი დღესასწაული იყო, როს ყოველნი დიაცნი უცხოდ იცმენ-იხურვენ, და ხსენებულმა ბანოვანმაც ალისფერი სტავრისა ტურფა კაბა და ფრიად დიდფასი თეთრი ხავერდისა ლაბადა შეიმოსა.
    3.     წინადღით პანურგმა ბევრი ეძება თუ ცოტა ეძება, ბოლოს მაინც იპოვნა ერთი ამძუნებული ძუკნა, მიიბა ქამარზედ, შინ მიიყვანა და სრულად მთელი დღე და ღამე მაძღრისად აჭამა,
    4.     გათენებულზედ კი ადგა და მოაკვდინა, ამოარიდა ისა ერთი რამ, რისა გამოც ბერძნელნი გეომანტნი უბნობენ, დაკუწა, დააქუცმაცა და ყოვლისა უფრორე უძირო ჯიბისა შიგნივ ჩაიკასრიელა;
    5.     მერმე გასწია, მიაშურა საყდარსა და იქა ისეთსა ალაგსა დადგა, სად საუფლო დღისა ერთან ერთად მას ბანოვანსა უნდა გამოევლო, და მოჰკრა თუ არა საყდრისა ჭერქვეშ თვალი, პანურგი წამერთ აეტორღიალა, აიაზმა უთავაზა და დია ზრდილად მიემშვიდობა,
    6.     ხოლო ცოტა ხნისა შემდგომ ბანოვანმა რამოდენიმე მცირე ლოცვა რომ წაიკითხა, მერხზედ გვერდით მიუჯდა და რონდოდ დაწერილი ესეგვარი უსტარი მიუბოძა:
    7.     რონდო. ამხელად ეხლა ნუღა მკრავთ ხელსა, ნუ გამხდით ურვილს ხელახლად ხელსა, იმჟამინდელი მაკმარეთ გმობა, ოდეს წამართვით გონი და ცნობა,
    8.     ოდეს სატანჯველს ჩამაგდეთ ძნელსა, არ განმაშორეთ ღამესა ბნელსა, არ დამაკონეთ ბროლისა ყელსა და არ მითხარით: „დავმალოთ გრძნობა ამხელად, ეხლა“.
    9.     წარუტყვევნივარ ვნებასა მწველსა, არღა მოველი ლხინსა და სთველსა, ვხედავ, ფუჭია ცალკერძი ტრფობა და მალე სიკვდილს დავუწყებ ხმობას, თუ ვერ ვეხვიე მაგ ლერწმის წელსა ამხელად, ეხლა.
    10.     და ვინემ ბანოვანი უსტარისა კითხვაში იყო, პანურგი ცქვიტად მიადგა და რაერთიც იმას კაბისა ნაოჭი თუ ყურთმაჯისა ნაკეცი ჰქონდა, სუყველგან ისა ერთი დაკუწულ-დაქუცმაცებული რამ ჩააყარა ძუკნისა და გული გადაუშალა:
    11.     - მიჯნურნი, ბატონო, მუდამ ჟამსა ბედნიერი არ არიან.
    12.     ჩემდათავად კი მაინც ვიმედოვნებ, რომა სიყვარულისგან ძილდაკარგულსა და გლახგულდაგულსა აწინდელი ვაება განსაწმენდლისა სასჯელსა დამხსნის.
    13.     მაშ, ევედრეთ ღმერთსა, რათამცა მოთმენა არ გამომილიოს.
    14.     პანურგსა სათქმელი ჯერეთ არც დაეთავებინა, საყდარი უკვე ძაღლთა ხრომ აავსო და ყოველნი მყეფარნი პირდაპირ ბანოვანისკენ იწევდნენ, რამეთუ პანურგმა კაბისა ნაოჭ-ნაკეცთა შიგან ისა ერთი რამე რომ ჩააყარა, იმისი სუნი აეღოთ.
    15.     ზოგი ციბა იყო, მჭლე და ტანმორჩილი, ზოგიცა ქონმოკიდებული ქოფაკი და ნაგაზი, იღრინებოდნენ და საფსმურგადმოყრილნი თან სუნავდნენ საცთურშეყრილსა ბანოვანსა, თანაც კიდევ აქეთ-იქიდან ზედ აფსამდნენ.
    16.     დედამიწისა ზურგზედ, ალბათ, აროდეს არ მომხდარა ესევითარი უმსგავსობა!
    17.     წინაპირველად დაუტია პანურგმა მყეფართ, დაუსისტიკინა, მერმე თავი დაუკრა ბანოვანსა, წავიდა, საჟამნოსა შეეფარა და შორით დაუწყო ცქერა სეირსა, ბილწთა ძაღლთ კი ამობაში მთლად გაუბინძურეს კაბა დიაცსა,
    18.     ერთმა ვეება მწევარმა იმდენი ქნა, თავზედ დააფსა, ქოფაკთ სახელონი გაუწუწეს, ნაგაზთ - ზურგი, დანარჩენთ - წუღანი, და იქავ გვერდითა მყოფ სეფექალთ აღარ იცოდნენ, რა ეღონათ, რარიგ ეხსნათ ბანოვანი იგი.
    19.     მაშინ პანურგმა ერთსა დარბაისელსა პარიზელსა სიცილითა უთხრა:
    20.     - დასტურ ახურებულა მანდილოსანი ესა, თუმცაღა კი, ვგონებ, უკვე დააგრილა ხვადმა მწევარმა.
    21.     და, რა დარწმუნდა, მყეფართ ბანოვანი ამძუნებულ ძუკნისგან ვერ გაურჩევიათ და იმად ეკრტიმლებიან ერთმანეთსაო, პანურგი პანტაგრუელისა მოსაყვანად გაეჩქარა.
    22.     გზად შეყრილსა ყოველსა ძაღლსა იგი უცილოდ წიხლსა აზელდა და ეუბნებოდა:
    23.     - შენ რა, არ მიხვალ ქორწილსა?
    24.     შენფერანი უკვე ყველანი იქ არიან, მალე, მალე, შე სამგლევ, შენა!
    25.     და შინ მისულმა პანურგმა მიუთხრო პანტაგრუელსა:
    26.     - მეუფეო, ერთსა ბანოვანსა, ქალაქისა პირველსა მზეთუნახავსა, ყოველგნივ ხვადნი მოაწყდნენ და იმისთანაობასა ეპირებიან, წამობრძანდი, ნახე.
    27.     პანტაგრუელი მყის თანახმა გაუხდა, უყოვნელად გაჰყვა და, როს მოიხილა სახილველი, დია გულისა წამღები და ნარუქი რამ არისო, წართქვა.
    28.     მაგრამ საქმე აქა არ გასრულებულა.
    29.     უმეტესი ამბავი ლიტანიობისა ჟამსა დატრიალდა, ოდეს ბანოვანსა ექვსასი ათას თოთხმეტი მყეფარი აედევნა, რომელ მყეფართაც მრავალთ უმრავლესი უსიამოვნება აწვნევინეს,
    30.     დ საითაც კი იმათ გაექცა, ახლა სხვა ძაღლთ გადაეყარა, და კვალში ჩამდგარნი ქოფაკ-ნაგაზნი უმალ ტბორავდნენ იქაურობასა, ბანოვანი სადაც კაბასა წამოსდებდა რასმე.
    31.     ამასა რასა ვხედავთო, გაიძახოდნენ ყოველნი მჭვრეტელნი და გაოგნებულნი შესცქეროდნენ მყეფართ, რამეთუ ხან ერთნი, ხან მეორენი კისერსა ზედა ახტებოდნენ ბანოვანსა და მთელსა ძვირფას მორთულობასა სულერთიანად უფუჭებდნენ,
    32.     და ანაზდაითად თითქოს გონსა მოეგო ბანოვანი, აწ მარტო ოტებაღა მიხსნისო, იფიქრა და გაიქცა, შინ გაქანდა, მაგრამ არცა ძაღლნი ჩამორჩენიან ოტებულსა, და მსახურნი სიცილითა იფხრიწებოდნენ.
    33.     ირბინა, ირბინა ბანოვანმა და, შინ რომ შევარდა და კარი მიიჯახუნა, სად იყვნენ, სად არა, მყეფარნიც მოცვივდნენ და ცხრამთაგამოვლილთ იმდენი აფსეს ბანოვანისა გამოკეტილსა კარსა, მალე იქა კარგა დიდი ნაკადული გაჩნდა, რომლშიაც ლაღად იცურებდნენ იხვნი,
    34.     და ნაკადული ისი დღესაქამომდე მოჩქეფს წმინდა ვიქტორისა მოახლოვოდ, მოჩხრიალებს და, თუ შიგა გობელენი ქსოვილთ ჭიაფრად ღებავს, დიაღაც ძაღლისა ფსლისა უჩვეულო თვისებითა სარგებლობს, რა თვისებისა შესახებაც ოდესმე ოსტატმა ორიბუსმა გვამცნო.
    35.     ღმერთი ვისაც შეეწეოდა, იმისთანა ნაკადულზედ წისქვილსაც გაამართვინებდა, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, ისეთსა ვერა, ტულუზაში ბაზაკლისა წისქვილი რომ არის.


25

     1.     XXIII. ვითარ დაუტევა პანტაგრუელმა პარიზი, ოდეს ეუწყა, ამავროტთა ქვეყანასა დიფსოდნი ჩაეკარაბაკნენო, და იმა მიზეზისა გამო, თუ რად არის საფრანგეთსა შინა ესოდენ მოკლე ლიე, ანუ ეჯი
    2.     გამოხდა მცირე ხანი და პანტაგრუელსა ემცნო, მამაშენი გარგანტუა ფერია მორგანამ საფერიოში წარიტაცა, ვითარცა ოდესმე, ენოქისა და ილიასი არ იყოს, ოჟიე და არტური წარიტაცნენო,
    3.     და შეიტყვეს თუ არა ესაო, დიფსოდნი საზღვარსა გადავიდნენ, აიალაფეს დიდი უტოპიისა ქვეყანა და ამავროტთა თავქალაქსა ალყა შემოარტყესო.
    4.     ერიჰაა, საქმე საჩქარო ყოფილაო, აჩოჩქოლდა პანტაგრუელი, არცვისა არ დამშვიდობებია, ისე დაუტევა პარიზი და რუანსა ჩავიდა.
    5.     გზად მან ბატონიშვილმან შეამჩნია, რომ საფრანგეთსა შინა ლიე, ანუ ეჯი ბევრად უფრორე მოკლეა, ვიდრე სხვათა მხარეში, და პანურგსა შეჰკითხა, რა არისო მიზეზი და საფუძველი ამისაო,
    6.     პანურგიც ადგა და ის ამბავი მიუთხრო, რომელსაც მაროტუს დიუ ლაკი, monachus, კანარისა მეფეთა მექმეობისა წიგნში ჰყვება, იქა კი თქმულია:
    7.     „წინადროსა დედამიწას თურმე არცა ლიეობრივ ზომავდნენ, არცა მილიარობრივ, სტადიობრივ ანდა ფარასანგობრივ, ვინემ ერთხელ მეფე ფარამონდსა არ შემოუღია ესეგვარი განყოფა, და აი რარიგ მოქცეულა:
    8.     ასი ჩაუქი პარიზელი მზეჭაბუკი და ასიც პიკარდიელი მზეთუნახავი შეურჩევია, სრულად ერთი კვირიაკე უნებივრებია და განცხრომით უცხოვრებია, მერმე მიუხმია, თითო მზეჭაბუკისთვის თითო მზეთუნახავი მიუბოძებია,
    9.     შეუძღვნია სახარჯო ფული და სუყველა წყვილისთვის სხვადასხვა მხარესა წასვლა უბრძანებია, იარეთო და, სადაც რომელმან ჭაბუკმან თავისი მზეთუნახავი წამოაგოროს, ანუ დაამდაბლოსო, მუნ ქვა დადოსო, ხოლო ქვითგან ქვამდისა სავალი ერთ ლიედ, ანუ ეჯად დაითქვასო.
    10.     და წასულან, გულმხიარულად გასდგომიან მზეჭაბუკნი გზასა თავიანთ მზეთუნახავთა თანა და, რაკიღა საქმე არცრა ჰქონდათ რა და სისხლი დია უდუღდათ, იდგნენ თურმე და წამდაუწუმ ყინტრაობდნენ, მალაყსა გადადიოდნენ, რისა გამოც არის ფრანგული ლიე ესდენ მოკლე.
    11.     მაგრამ შემდგომად, როს კარგა მანძილი გაუვლიათ და ქანცგაწყვეტილნი ქასქანჯიელთ დამგვანებიან, ბაზმაში კი ზეთსა აშკარად დაუკლია, უკვე თალიამალიად ვერღა უცელქიათ და დღეში ერთსა (მამრთა ამბავსა ვამბობ) საცოდავ გაფხაკურებასაც დასჯერებიან,
    12.     დასტურ ამა მიზეზით და ამის ბარობით არის ესერიგად გრძელი ლიე ბრეტანსა, ლანდებსა, გერმანიასა და უფროისად შორეულ ქვეყანათა შინა“.
    13.     რომელნიმე კაცნი სხვა აზრსაც გამოთქვამენო, მარამ მე ესა მგონია უმეტესად უტყუარიო, მიატანა სიტყვა ბოლოსა პანურგმა.
    14.     პანტაგრუელი ეგრევ დაჰყაბულდა.
    15.     რუანიდან ისინი ონფლერსა გაესწრაფნენ და იქა პანტაგრუელი, პანურგი, ეპისტემონი, ევსთენი და კარპალიმი გემში ჩასხდნენ.
    16.     და სანამ ზურგისა ქარსა ელოდნენ და ხომალდისა გმანვაში იყვნენ, პანტაგრუელსა უსტარი მოუვიდა ერთი პარიზელი ქალისა (რომელ ქალსაცა ისა კარგა ხანსა არჩენდა) და უსტარსა ესევითარი რამ ეწერა ზედა:
    17.     „ტურფათა გულში ყველაზედ მეტად ძლევაშემოსილსა, და ვაჟკაცთა შორის ყველაზედ ნაკლებად სანდოსა. პ.ნ.ტ.გ.რ.ლ.“


26

     1.     XXIV. აქა უსტარი, რომელიცა პანტაგრუელსა ერთი პარიზელი დიაცისა ფარნადმა მოართვა, და ოქროს ბეჭედზედ წარწერილ სიტყვათა თარგმანება
    2.     უსტარისა ზედნაწერმა ფრიად განაცვიფრა პანტაგრუელი, ვინ გამომიგზავნა, სახელი რა ჰქვიაო, დაეკითხა ფარნადსა და გახსნა უსტარი, ჩახედა და ერთადერთი რამ, რაიცა შიგან ნახა, დიამანტისთვლიანი ოქროს ბეჭედი იყო.
    3.     მაშინ პანტაგრუელმა მოუწოდა პანურგსა და უსტარი აჩვენა.
    4.     პანურგმა ასჯერ აწონ-დაწონა და ერთხელ წართქვა, ჩემი ვარაუდითაო ქაღალდსა ზედა რაღაც უნდა ეწეროსო, მაგრამ დამწერსა ძალიან ეშმაკური ხერხი უხმარია და ასოთა წაკითხვა ჭირსო.
    5.     რათა გაეგო და გაერჩია სიტყვანი, მან ქაღალდი ცეცხლისა ახლო მიიტანა, ეგება უსტარი ნიშადურისა ხსნარით არის ნაწერიო.
    6.     მერმე ადგა და ახლა წყალში ჩადო ქაღალდი, ეგება რძიანისა წვენით არის ნაწერიო.
    7.     მერმე სანთლისა ალზედა მოატარა, ეგება ხახვისა წვენით არის ნაწერიო.
    8.     მერმე ნიგვზისა ზეთითა გაპოხა, ეგება ლეღვისა ლოპოთია ნაწერიო.
    9.     მერმე რძე გადაავლო მეძუძური ქალისა, რომელიცა თავისა სიყრმისა ქალიშვილსა აწოვებდა ძუძუსა, ეგება გომბეშოს სისხლით არის ნაწერიო.
    10.     მერმე ქაღალდისა ერთსა კუთხესა ფერფლი გააგლისა მერცხლისა ბუდისა, ეგება იუდეური ბალღოჯისა წვენით არის ნაწერიო.
    11.     მერმე მეორე კუთხესა ყურისა ზინზლი წასცხო, ეგება ყორნისა ნაღვლით არის ნაწერიო.
    12.     მერმე წამიერ ძმარში გაალაღლაღა ქაღალდი, ეგება აბუსალათინისა ზეთით არის ნაწერიო.
    13.     მერმე მღამიობისა ქონი წაუსვა, ეგება ვეშაპისა თესლით, ანუ ესრეთ წოდებული რუხი ამბრით არის ნაწერიო.
    14.     მერმე ტაშტი მოივარგა და ფრთხილად ამოავლო უსტარი იგი ცივსა წყალში, ეგება შაბით არის ნაწერიო.
    15.     ბოლოსა, რაკი ვერა გააწყო რა, ფარნადსა უხმო და ჰკითხა:
    16.     - შენა, ძმავ, რომელმან ქალმაც გამოგაგზავნა, თანა არგანიც ხო არ გამოგატანა?
    17.     პანურგი ჰგონებდა, აქა დასტურ ის ეშმაკობა იმალვის, რაზედაც ავლუს გელიუსი უბნობსო.
    18.     - არა, ბატონო, არცრა გამოუტანებია, - მიუგო ფარნადმა.
    19.     მაშინ პანურგმა თმისა გადაპარსვა მოუნდომა, ვინ იცის, ეგება საგანგებო რამ მელნით სულაც თმაგარდატევებულ თავზედ დააწერა დიაცმან მოკითხვისა წიგნიო, მაგრამ, ფარნადი გაბურძგნული რახან იყო, იფიქრა, ესდენ მოკლე დროში ამ სიგრძე თმა ვერ წამოეზრდებოდაო, და ხელი ააღო.
    20.     და აწ პანტაგრუელსა მიუბრუნდა პანურგი:
    21.     - ღვთისა სახელსა ვფიცავ, მეუფეო, არღა ვიცი, რარიგ მოვიქცე და რა გითხრა.
    22.     რათამც დავრწმუნებულიყავ, მართლა ეწერა თუ არ ეწერა ქაღალდსა რამე, ავდექ და ზოგ-ზოგი ხერხი მოვიმარჯვე მესერე ფრანჩესკო დი ნიანტოსი, ტოსკანელისა, რომელმან მრავალი წესი აღწერა იდუმალანბანისა კითხვისა,
    23.     ბევრი ვჩხრიკე ზოროასტრისა Peri grammaton acriton და კალფურნიუს ბასუსისა De literis illegibilibus, მაგრამ ვერცრასა გავხდი და, ვგონებ, ხვაშიადი სრულად ბეჭედშია დამალული. მოდით, ერთად ვნახოთ.
    24.     გასინჯ-გამოსინჯეს, ატრიალეს ბეჭედი და შიგნით მხარესა ესევითარი ებრაული წარწერა უნახეს: LAMAH HAZABTHANI
    25.     მაშინ მოუწოდეს ეპისტემონსა და შეეკითხნენ, რასა ნიშნავს ესაო.
    26.     ეპისტემონმა მიუგო, ებრაული სიტყვებიაო და ნიშნავსო: „რისთვისა დამიტევეო?“
    27.     პანურგი მაშინვე ჩასწვდა აზრსა:
    28.     - ყველაყა აშკარაა. ხედავთ ამა დიამანტსა? ყალბი, თაღლითი თვალია.
    29.     აი ეს არის თარგმანება იმისა, რისი თქმაც ენიაზებოდა პარიზელსა დიაცსა:
    30.     ორგულო აშიკო, რაისთვისა დამიტევეო?
    31.     პანტაგრუელი უცბად მიხვდა, გაახსენდა, რომ წამოსვლისა წინ ვერ დაემშვიდობა თავის ხარჭასა, და ამან დია დააღონა;
    32.     ერთი პირობა პარიზსა მიბრუნებაც კი იზრახა, რა არი შერიგებოდა მას დიაცსა.
    33.     მაგრამ ეპისტემონმა ჯერეთ ენეასისა და დიდოს გაყრისა ამბავი მოაგონა, მერმე ახლა ჰერაკლიდე ტარენტელი მოიშველია, იმის რჩევა-დარიგებისა არ იყოსო, უთხრა, ხომალდი თუ ღუზაჩაშვებულიაო,
    34.     ხოლო გამგზავრებისა ყოვნება არ ეგებისო, უმჯობეს არს, რომ ბაგირი გადაიჭრას, ვინემ ღუზისა ამოზიდვაზედ ჟამი დაიხარჯოსო, და ამისათვისაო ეგ აზრი დაივიწყე და ეხლავ შენსა საფრთხედამუქრებულსა სამშობლო ქალაქსა მიაშურეო.
    35.     მართლაც, ერთსა საათსაც არ გაევლო, ამოვარდა ჩრდილოეთ-ჩრდილოდასავლეთისად სახელდებული ქარი და ხომალდი აფრააშვებული შეება გაშლილსა ზღვასა, განვლო პორტო-სანტო, მადერა და რამოდენიმე დღეში კანარისა კუნძულთ მიადგა.
    36.     იქიდან კვალად დაიძრნენ მოგზაურნი, გვერდზედ ჩაუარეს კაპო-ბლანკოსა, სენეგალსა, მწვანე კონცხსა, გამბრიასა, საგრესსა, მელსა, კეთილი იმედის კონცხსა და მელინდისა სამეფოში ჩამოხდნენ.
    37.     იქიდან კი უკვე ჩრდილოეთისა ქარსა, ანუ აპარკტიასა მიანდეს იმათ ხომალდი და ჩაუარეს მედენს, უტის, უდემს, გელასიმს, ფერიის კუნძულსა და აქორიის სამეფოსა,
    38.     ვლეს, ბევრი ვლეს და მიატანეს უტოპიის ნავსაყუდელსა, რომელსაცა სამ ლიეზედ ოდნავ მეტი აშორებდა ამავროტთა თავქალაქსა.
    39.     ხმელეთსა ზედან შემდგართ ცოტა სული რომ მოითქვეს, პანტაგრუელმა წართქვა:
    40.     - ძმობილნო, აქედან ქალაქამდის შორი აღარ არის.
    41.     მაგრამ, სანამ გზასა განვაგრძობდეთ, მოდით, განვაბჭოთ საქნარი და ნუ დავემგვანებით ათენელთ, წინ-წინ რომ საქმობდნენ და მას უკანითღა თათბირობდნენ.
    42.     თანახმანი ხართ თუ არა ჩემთან ერთად სიცოცხლისა და სიკვდილისა?
    43.     - დიახ, ვართ, ბატონო, - მიუგეს ერთხმივ.
    44.     - მუდამ გჯეროდეს ჩვენი და გვერწმუნე, როგორაც საკუთარსა თითებსა.
    45.     - რახან აგრეა, - განაგრძო პანტაგრუელმა, - ერთი საწუხარი და საშფოთარი ისღა დამრჩენია, რომ არცა გაწყობილობა და არცა კიდევ რიცხვი ვიცი ქალაქისა გარშემო მომდგარი მტრისა ლაშქრისა.
    46.     აი ამას თუ ვინმე მაცოდინებდა, გული საგულესა მექნებოდა.
    47.     მაშ, აბა ერთად ვიფიქროთ, რარიგ ვუშველოთ საქმესა.
    48.     და სუყველამ ერთპირ უპასუხა:
    49.     - ჩვენა დასაზვერად გაგვიშვი, თავად კი აქავ დაგვიცადე.
    50.     ყოველნაირსა ამბავსა დღესავე დოსტოღრივ მოგაწვდენთ.
    51.     - მე, - განუცხადა პანურგმა, - მტრისა ბანაკში უჩუმრად შევალ, ვერცა მხმილავნი გაიგებენ რასმე და ვერცა გუშაგნი, ის კი არა, დუშმანსა გვერდზედ მოვისვამ, ერთად წავუქეიფებთ და მუშტი-კრივზეც გადავალ,
    52.     მარამ უცხო არცვისა ვეგონები, სულ დავუთვალიერებ ქვემეხთა და ზარბაზან-დუნყუზანთ, მივივლ-მოვივლი ჯართუფროსთა კარავთ და მოსაგრეთ ისერიგად მოვაჩვენებ თავსა, გულისხმაში ერთიც არ ჩავარდება.
    53.     ეშმაკი რომ ეშმაკია, თავად ისიც ვერ გამაცურებს ყინულზედ, რამეთუ ჩამომავალი ვარ ზოპირისა.
    54.     - მე, - განუცხადა ეპისტემონმა, - ძველი დროისა უმამაცეს ლაშქართმთავართა და მეომართა ყველაგვარი მანქანება და ყველაგვარი გმირობა, სამხედრო სწავლათა ყველაგვარი ეშმაკობა და მამაძაღლობა ვუწყი.
    55.     წავალ, შევერევი მტერსა, და უკეთუ მამხილებენ და გამომააშკარავებენ, მაინც დავუძვრები, მანამ კი ათასნაირსა რასმე შევასმენ და უცილოდ დამიჯერებენ, რამეთუ ჩამომავალი ვარ სინონისა.
    56.     - მე, - განუცხადა ევსთენმა, - არცრა დარაჯთ ვუყურებ, არცარა ებგურთ, სანგარ-სანგარ მივეპარები და, ეშმაკსაებრ ძლიერნი რომც იყვნენ, სულ ერთია, ხელ-ფეხთ შევუმუსრავ და ეგრევ ზედა შევდგები, რამეთუ ჩამომავალი ვარ ჰერკულესისა.
    57.     - მე, - განუცხადა კარპალიმმა, - სუყველგან შევაღწევ, სად მარტო ჩიტი თუ გაიფრენს.
    58.     იმისთანა ცქვიტი ვინმე ვარ, სანამ ისინი თვალსა მომატანდნენ, უკვე სანგართ გადავევლები და სრულად მთელსა იმათსა ბანაკსა გავივლი;
    59.     არცა შუბისა მეშინის, არცა ისრისა და არცა ყოვლისა უფრორე ფერხმალი ცხენისა, გინა პერსევსისა მერანი იყოს და გინა პაკოლეს რაში,
    60.     საღ-სალამათად მისული საღსალამათადვე გავეცლები და მთლად მინდორ-ველიც რომ მოვიარო, ერთსა ყვავილსა არ გავქელავ და ერთსა თაველსა, რამეთუ ჩამომავალი ვარ ამორძალ კამილასი.
    61.     „ასოთა გამო, რომელთა გარჩევაცა შეუძლებელია“ (ბერძ.). „ასოთა გამო, რომელნიცა არა წაიკითხვის“ (ლათ.).


27

    1.     XXV. ვითარ ეშმაკურად ამოჟუჟეს პანურგმა, კარპალიმმა, ევსთენმა და ეპისტემონმა, პანტაგრუელისა თანამდგომთ, ექვსას სამოცი რაინდი
    2.     ისინი ამა ლაპარაკში იყვნენ, რომ გზაზედ ექვსას სამოცი რაინდი გამოჩნდა, სუყველანი წვივმაგარ სინიბთ მოაგელვებდნენ და გვალე, გვალესა იძახდნენ,
    3.     ესეგვარად კი იმისათვის ჩქარობდნენ, მალე გავიგოთ, ნაპირსა ვისი ხომალდი მოადგაო, და თუ მიწისა მგელი დაგვსხმია ვინმე, დრო ვუხელთოთო, ხაფად წარვტყვევნოთო.
    4.     მაშინ პანტაგრუელმა წართქვა: - ძმობილნო, ხომალდსა შეეფარენით. მტერი აღარა ხუმრობს, ავად მოგვტანებია, მაგრამ ათგზის მეტიც რომ მოგვადგეს, სულ სრიმლსა გავავლებ, ვითა ხვასტაგსა.
    5.     თქვენ კი ამაობაში თვალსა მოეფარეთ და ლხინად დასხედით.
    6.     პანურგი ფიცხლივ დაეუარა: - არა, ბატონო, ეგრე არ გამოვა, თუ წასვლაა, თავად წაბრძანდი და ესენიც თან გაიყოლე.
    7.     მტერსა მარტოკა მე მოვუვლი. დაზმა არა ეგების. ეხლავ წაბრძანდი.
    8.     დანარჩენთ ერთპირ აგრე უთხრეს: - სწორი ბრძანებაა, მეუფეო, დასაფრდი სადმე.
    9.     პანურგსა შემწედ ჩვენცა ვეყოფით.
    10.     რისა ძალიცა შეგვწევს, ეხლავ მოიხილავ.
    11.     პანტაგრუელი ყაბულსა გაუხდა: - კარგით, კარგით, წავალ, ოღონდ უცილოდ ხელსა აღგიპყრობთ, უკეთუ დუშმანი მოგერიათ.
    12.     ამხანობაში პანურგმა ორი გრძელი ბაგირსამაგრული შეხსნა ხომალდსა, იქავ კაბესტანსა გამოაბა, და წვერნი დაბლა, მიწაზედ გადმოყარა, მერმე კი ადგა და ორივ წვერი გამოამარყუჟა, ერთი უფროისად დიდი დაიჭირა, მეორე, მომცრო, პირველისა შიგან მოაქცია და მიუთხრო ეპისტემონსა:
    13.     - წა, ხომალდზედ ადი. განიშნებ თუ არა, მალიად დაატრიალე კაბესტანი და ბაგირნი აახვიე.
    14.     მას უკან პანურგი ახლა ევსთენსა და კარპალიმს მიუბრუნდა:
    15.     - თქვენ კი, ძმობილნო, აქავე დარჩით, პირისპირად შეეყარენით, უსიტყვო მორჩილება განუცხადეთ მტერსა, ვითომ დანებდით და ეგ არი, ოღონდ ღმერთი არ გაგიწყრეთ, მარყუჟთა შიგან არ შედგათ ფეხი, შორად იტრიალეთ.
    16.     და პანურგი ხომალდზედ აიჭრა, წამოავლო ხელი ერთსა იღლია ჩალასა და ერთსა გვადრუცსა საზარბაზნე დენთსა, მსწრაფლ ჩამოარბენინა, მოფანტა დენთი დამარყუჟებულ ბაგირთა შიგნივ და ჩლა-პატრუქმომარჯვებული ახლოში დადგა.
    17.     რაინდნი თავქუდმოგლეჯილნი მოცვივდნენ, წინანი ეგრევ ზედ მიაწყდნენ ხომალდსა, თუმცაღა ნაპირი დია მოლიპული იყო, და ორმოცდაოთხნი ძირსა დაეკვეთნენ თვისთა ცხენთა თანა.
    18.     დანარჩენთ იფიქრეს, მომხდურნი დასტურ წინააღმდეგობასა გვიწევენო, და შედგნენ, ქოჩი შეკრეს, საომარი თადარიგი დაიჭირეს, მაგრამ პანურგი უმალ ქვეშ გაუგორდა, ქასური გაჰკრა:
    19.     - უფალნო, გატყობთ, დაშავებულხართ.
    20.     მოგვიტევეთ, მარამ ჩვენი ბრალი სულაც არ არის.
    21.     ყველაყა ცხიმიანობამან გიყოთ ზღვისა წყლისამან. ავსა ნუ იზრახავთ, გნებდებით.
    22.     დანებება წართქვეს აგრეთვე ორთავ მისთა ამხანაგთ და ეპისტემონმა, გემბანსა ზედა შემდგარმა.
    23.     პანურგი ამასობაში ნელ-ნელიად გვერდზედ მიდგა და, როს თვალი შეავლო, რომ ყოველნი მტერნი რაინდნი მარყუჟთა შიგან იდგნენ, ხოლო ამხანაგნი მისნი განაპირებულიყვნენ,
    24.     რამეთუ გზა დაეგდოთ ხომალდ-მეხომალდეთა მოსახილველად დუნდგოდ დაძრულ იმა რაინდთათვის, მყის შეუძახა ეპისტემონსა: - გასწიე! გასწიე!
    25.     და ეპისტემონმა წამერთ დაატრიალა კაბესტანი, დაატრიალა, და ორივ ბაგირი ცხენთ გარშემო შემოეხვია, შემოეჭირა და ისინიცა და იმათი მხედარნიც სულ ყირა-ყირა, კირწი-კორწა გადაატარა.
    26.     მხედართ იჩქითად მახვილნი იშიშვლეს და ის იყო უნდა დაებალთათ ბაგირნი, რომ პანურგმა ცეცხლი წაუკიდა ჩლაპატრუქსა, და სუყველანი ჯოჯოხეთურსა ალში გაეხვნენ, ვითარცა სულნი ცოდვილნი.
    27.     არცვინ წამლად არ გადარჩენილა, არცა კაცი და არცა ცხენი, თვინიერ ოდენ ერთი რაინდისა, რომელიცა არაბულმა ტაიჭმა გაიტაცა.
    28.     მაგრამ კარპალიმმა უმალ დაჰკვლია და ისე მკვირცხლად გამოეკიდა დახელფეხებული, იმასა ჯერეთ ასიოდე ნაბიჯიც არ გაევლო, უკვე დაეწია, შეუხტა ცხენისა გავაზედ, უკანით ხელნი შემოჰხვია და კვალად ხომალდისკენ გამოაბრუნა.
    29.     მტერი სრულად ძლეული რა დაინახა, პანტაგრუელსა ცა გაეხსნა, დია შეუქო ამხანაგთ სიჩაუქე და ბრძანა, ეხლა ზღვისა პირად განისვენეთო, იქივ ჰაერზედ გაშალეთ სუფრაო, ტყვევნილთან ერთად სიამტკბილობისა პური ჭამეთ და არცა სასმელი დაიკლოთო,
    30.     დაღათუმცა, ვაგლახიანსა ტყვექმნილსა მაინცდამაინც არ ეჯერებოდა, რომ პანტაგრუელი ეგრევე არ გადასანსლავდა, არადა იმოდენა ყანყრატო ჰქონდა, ერთსა ყლაპსა უზამდა და ისევე ადვილად გადაუძახებდა, ვითა თქვენა საფანტისა მარცვალსა გადაყლაპავდით,
    31.     და წარტყვევნილი იგი მის პირსა შიგან სულაც არ დაიჭერდა უფრორე მეტსა ადგილსა, ვინემ ფაჩქისა, ანუ ფეტვისა მარცვალი დაიჭერს კარაულისა ხახაში.


28

     1.     XXVI. ვითარ მოჰყირჭდათ პანტაგრუელსა და იმის ამხანაგთ ყაღი, და რარიგ წავიდა ნადირობად კარპალიმი
    2.     სმა-ჭამისა ეშხში რომ შევიდნენ, კარპალიმმა წართქვა:
    3.     - წმინდა კანჭიყლაპიას ფაშვსა შემოვევლე, ნუთუ ნანადირევსა რასმე გემო ვერ უნდა გავუსინჯოთ?
    4.     ყაღმა უღმერთოდ მოწყურება იცის.
    5.     წავალ და ეხლავ ბარკალსა მოგიტანთ ჩვენგან შემწვარ-შებრაწული ერთ-ერთი ცხენისასა;
    6.     სხვა უკეთესსა ვერცრასა მოინატრებთ.
    7.     და როგორც კი თქმულისა საქმნელად წამოდგა, იქავ ტყისა პირად შველი მოიხილა, დია ზორბა რაიმ იყო, ჯავარიანი, მაღნარიდან, ალბათ, ცეცხლსა გამოეტყუებინა, პანურგისგან ანაზდაითად დაგზნებულსა.
    8.     მოიხილა და, არცა დაფიქრებულა, სამალისა უსწრაფესადა გამოუდგა, ჩქარეულად მიეტანა და წასწვდა, თანაც იმისა დევნაში ეგრევ ხელდახელ შეიპყრო:
    9.     ოთხი დიდროვანი სავათი, შვიდი სარსარაკი, ოცდაექვსი გნოლი, ოცდათორმეტი კაკაბი, თექვსმეტი ხოხობი, ცხრა ჩიბუხა, ცხრამეტი ყანჩა, ოცდათორმეტი ქედანი, გზა-გზა კი ფეხქვეშ მოიყოლა და დახოცა:
    10.     ათიოდე ან ცოტა მეტი კურდღელი თუ კოტორი, სოროთაგან გამოვარდნილნი, თვრამეტი მწყერმარხილი, ანუ ღალღა, წყვილ-წყვილად მოარულნი, თხუთმეტი ეშვი, ორი თოფიხალთა, სამი დიდი მელა.
    11.     შველსა თავში ხელმეხა დაჰკრა და იმწამსვე გაათავა, ციმციმ წამოიკიდა, წამოკრიფა კურდღელნი, მწყერმარხილნი, ეშვნი და, როს თავისიანთ იმოდენზედ მიეახლოვა, რომ იმის ხმასა გაიგონებდნენ, გასძახა:
    12.     - პანურგ, ძმობილო, ძმარი ნახე, ძმარი!
    13.     ქველმა პანტაგრუელმა უმალ იზრახა, კარპალიმსა დასტურ გული ერევაო, და ციხისა ძმრისა ჩამოსხმა ბრძანა.
    14.     თუმცაღა პანურგი მაშინვე გულისხმაში ჩავარდა, აქა რაღაცა კურდღლისა სუნი ტრიალებსო,
    15.     და, მართლაც, ორიოდ წუთისა შემდგომ უკვე დაანახვა ლომგულ პანტაგრუელსა, აგერა, როგორი შველი მოუგდია კარპალიმსაო, კურდღელნიც ბლომად დაუხოცავს, სარტყელ-ფარაგი არღა უჩანს, იმოდენი ჰკიდია ზედაო.
    16.     ეპისტემონსა წუთიც არ დაუზმია, ადგა და ცხრა მუზისა სახელობაზედ ცხრა ხისა შამფური გამოთალა ანტიკური ყაიდისა, ევსთენმა გატყავებასა მიჰყო ხელი,
    17.     პანურგმა ისეგვარად მიადგა ერთმანეთსა ორი ანჩახ-უნაგირი, ადრე რაინდთ კუთვნილნი, რომ ხათრითისა მიმგვანებული გამოიყვანა, მზარეულობა ტყვესა დაეკისრა, და მან ტყვევნილმან იმავ ცეცხლზედ შეწვა ნანადირევი, რომელ ცეცხლშიაც რაინდნი ჩაიბუგნენ.
    18.     და აღორეს კიდეცა, აქორეს კიდეცა მუცელნი, ჭამეს, მაგრამ რა ჭამეს!
    19.     ავსა თვალსა არა ენახვოდა, ისე იღმურძლებოდნენ.
    20.     და პანტაგრუელმა წართქვა: - ნიკაპზედ ყოველნი ორ-ორსა წყვილსა ზანზალაკსა რომ დაიკიდებდეთ, მე კი რენისა და პუატიეს, ტურისა და კამბრეს სამრეკლოთა ზართ ჩამოვიბამდე, ღვთისა მადლმან, ყბებისა ქნევა-ქნევაში დია რეკვა-ლხინებასა მივეცემოდით.
    21.     - სჯობს საქმეზედ ვილაპარაკოთ, - შეესიტყვა პანურგი. - მტერი ჯერხანად დასაძლევი გვყავს.
    22.     - მართალი ბრძანებაა, - კვერი დაუკრა პანტაგრუელმა.
    23.     და მსწრაფლ ტყვევნილსა მიუბრუნდა:
    24.     - ძმობილო, ოდენ სისწორე გვითხარ, არცრა იცრუო, თორე ეგრევ ცოცხალსავე ამოგიღებთ ოთხში, სხვა არ გეგონო, ბალღთ თითო ლუკმად ვყლაპავ.
    25.     სულ წვლილად, დოსტოღრივ გვაუწყე, რაც კი რამ თქვენი ლაშქრისა ამბავი იცი, ნუ დაგვიმალავ ნურცა განლაგებასა, ნურცა ოდენობასა და ნურცა კიდევ შემძლებლობასა.
    26.     პასუხად ტყვევნილმა აგრე მიუგო:
    27.     - მეფეთმეფეო, მხოლოდ მართალსა გკადრებ.
    28.     ჩვენსა ლაშქარში სამასი მარტო ქვისა ზეიდლიან-ჯავშნიანი უშვერად დიდი დევკაცია, ოღონდ იმათ თქვენი გამოკიდებისა თავი არა აქვთ, თვინიერ ერთისა, ვინცა წინამძღვრობს, მგელკაცად სახელდებულისა, და ვისაც ბექთრად ციკლოპთა გრდემლნი აცვია;
    29.     ას სამოცდასამი ათასი ქვევითია, ერთიანად ჭინკისა ტყავითა შემოსილი, და არცვისა შემძლეობა და გულოვნობა არ აკლია;
    30.     თერთმეტი ათას ოთხასი აბჯროსანია;
    31.     სამასი ათას ექვსასი ფილთამეხისა გარდა, დანარჩენ ქვემეხ-ზარბაზანთ და ლოდსატყორცნთ თვლა არა აქვს;
    32.     არცა კიდევ მესანგრენი არიან ცოტანი, ოთხმოცდათოთხმეტი ათასი კაცია და ას ორმოცდაათი ათასიც კახპა, სილამაზითა ღმერთქალთ არ ჩამოუვარდებიან...
    33.     - აი, ეგ კი მეამა, - ენა გააწკლაპუნა პანურგმა.
    34.     - იმათგან ზოგი ამორძალია, ზოგიცა ლიონელი, პარიზელი ანდა ტურენელი, ანჟუელი, პუატუელი, ზოგ-ზოგნი ნორმანდიელნი ურევიან, ზოგნი გერმანელნი, და რაღა ბევრი გავაგრძელო, ყოველი ქვეყნისა და ყოველი კუთხისა ასულთ ნახავთ.
    35.     - კეთილი და პატიოსანი, - დაიბუხუნა პანტაგრუელმა, - ხელმწიფეც რა, თანა ახლავს ლაშქარსა?
    36.     - დიახ, ბატონო, - მიუგო ტყვევნილმა, - პირადად აქა ბრძანდება.
    37.     სახელად ანარქს ვუწოდებთ, დიფსოდთა, ანუ წყურვეულთა მეუფედ ვრაცხთ, რამეთუ ქვეყანასა ზედან არცა სადმე არიან ჩვენებრ ძლიერად წყურვეულნი და ჩვენებრვე ძალუმ ჩამღლევნი, და კარავსა იმისასა დევკაცნი გუშაგობენ.
    38.     - საკმარისია, - წართქვა პანტაგრუელმა, - ჰა, წამოხვალთ, ძმანო? ჩვენებურად შევუტიოთ!
    39.     მაშინ პანურგი ასრე გაეპასუხა: - ღმერთიმც აკოღინებს შენსა მოღალატესა!
    40.     არა მინდა რა, მარტოკასა გამაჟუჟინა ვითა ღორნი.
    41.     ვინმე თუ მრთელი გადამირჩეს, საცა თავისი თქვას, არცა ჩემი დაივიწყოს. ისე, ერთი რამ მაფიქრებს…
    42.     - მაინც რა? - დაეკითხა პანტაგრუელი.
    43.     - რა და, რარიგ რა მოვახერხო, რომ ის კახპანი ერთსა დღეში სულ ოთხზედ დავაყენო და ვერცავინ გამისხლტეს გამოუთოფავი?
    44.     - ჰა-ჰა-ჰა! - გაიცინა პანტაგრუელმა.
    45.     კარპალმა კი წართქვა: - დედას ვუტირებ ეშმაკსა! ერთსა-ორსა საჩემკბილოსა მეც შევაჯდები, ღმერთმანი, შევაჯდები!
    46.     - მე რა, თქვენზედ ნაკლები ვარ? - აძრახდა ახლა ევსთენი.
    47.     - რუანისა მერმე ვმარხულობ, მორტყმასა ვიღა ჩივის, ერთიცა ვეღარ მისვრია ზედა-ზედ ათგზის და თორმეტგზის მსროლელსა.
    48.     - მაშ, აბა ვინცა სქელი და ფაშფაშა იქნება, შენთვის შეგვიხვედრებია, - განსაჯა პანურგმა.
    49.     - როგორ, კაცო? - შეჰყვირა ეპისტემონმა.
    50.     - სუყველამ იბუქნაოთ, მე კი ვირსა ვდიო? მნახეთ რაღა სულელი!
    51.     რაიცა ომიანობისა წესია, ისა ვქანთ: Qui potest capere cariat.
    52.     - არა, დევნა არ გინდა, - მიუთხრო პანურგმა.
    53.     - მიდი, ჯერეთ დააბი ვირი, მერმე დადექი და შენც იბუქნავე.
    54.     ქველი პანტაგრუელი გაპირმღიმარდა და წართქვა:
    55.     - ღვინო არ გიჩანთ და ტიკსა ალბობთ.
    56.     დია ვიშიშვი, ეგ ცელქობისა ხურუში შებინდებამდის არ გაგინელოთ მტერმან, და ვაითუ თავ-ბედსა იწყევლიდეთ შუბ-ისარნაკრავნი.
    57.     - გათავდა! - შეჰყივლა ეპისტემონმა.
    58.     - ეხლავ უკლისად აქა მოგილალავთ, გინდა შეწვით, გინდა მოხარშეთ, ჩახოხბეთ, ჩაამუჟუჟეთ.
    59.     ქსერქსესა უმეტესი ლაშქარი ჰყავდა, ვინემ ამათია, ჰეროდოტესა და პომპეიუს ტროგუსსა თუ დაეჯერებათ, სამას ათასსა მეომარსა ითვლიდა, მაგრამ თემისტოკლემ ერთი მუჭა დასტა შეაბრძოლა და მრე ექმნა.
    60.     ამად, იწამეთ ღმერთი, ნუ მიეცემით ვალალებასა!
    61.     - საიდანაც გამომძვრალან, კვალად იქავ შევაძვრენთ! - წართქვა პანურგმა.
    62.     - მამაცთ მარტოდენ ჩემი საბიძალიცა ეყოფათ, მოვუსვამ და სულ ბურსა ავადენ, დიაცთ კი ამა წმინდა მემღვიმესა მივუსევ, საბიძალსა შიგან რომ მივის, და ესა უზამს საქნელსა.
    63.     - აბა, ჰე, - შეუძახა პანტაგრუელმა, - დავიძრათ ძმანო!
    64.     რომელი შემძლებელ არს მიტაცებისა, მიიტაცოს (ლათ.).


29

     1.     XXVII. ვითარ აღმართა პანტაგრუელმა თავიანთი ღვაწლისა მოსაგონარი ნადავლისა სვეტი, პანურგმა კი კურდღელთა მოსაგონარი,
    2.     და რარიგ იშვნენ პანტაგრუელისა ქართაგან ქონდრისკაცნი, ხოლო ქვეშეთ ბერვისგან ქონდრისქალნი, და რაგვარ გადაამტვრია პანურგმა ორსა ფილჯამსა ზედა გადებული ბუნი, ანუ შუბისა ტარი
    3.     - ვინემ აქაობასა დავაგდებდეთ, - დაიბაყბაყა პანტაგრუელმა, - ჩვენი ამჟამინდელი ღვაწლისა მოსაგონრად ერთი ფარსაგი რამ ნადავლისა სვეტისა ამართვა მისურვებია.
    4.     ამისა თქმა იყო, და ყოველნი სიხარულმან აღიტაცა, ერთსა გლეხურსა გალობისა ჭრელსა მეორე მოაყოლეს, დატრიალდნენ და მალიად ცასა უწვდინეს წვერი სვეტსა, რომელსა ზედან რაღა არ დაჰკიდეს:
    5.     ჰაი ანჩახ-უნაგირიო, ჰაი ბუმბულ-ფრთიანი საშუბლე ცხენისაო, ჰაი უზანგ-ავჟანდნიო, ჰაი დეზნიო, ჰაი ჯავშან-ბექთარიო, ჰაი ბასრისა აბჯარ-თორნიო, ჰაი საბარკულნიო, ფარღულ-გულქანდნიო, სირზაყოლბაღნიო,
    6.     და არცრა კიდევ სხვა დაუკლიათ რა, რაცა კი ძლევისა თაღისა თუ ნადავლისა სვეტისა მოსარგებია.
    7.     მერმე ადგა პანტაგრუელი და, ღვაწლი ესე ბარემღა სამარადისოდ დავამტკიცოო, სვეტსა ქვემორე ძლევისა სიმღერა მიაწერა:
    8.     აქ ერთხელ ოთხნი შეებნენ მტერსა, ჭკუა იხმარეს შუბად და ფარად, ვით სციპიონმა, გარიეს მტვერსა, ფაბიუსისა საგრობდნენ დარად, ექვსას სამოცნი ჩაყარეს არად, ხერხითა სძლიეს და არა ღონით.
    9.     მეფენო, ეტლნო, პაიკნო, მარად გახსოვდეთ - ძალსა სჯობიან გონი;
    10.     ვინათგან ყველას ჩვენ-ჩვენი წერა გვახვედრებს ისარს, და ბრძოლის ველად დაგვარჩენს მრთელად წყალობა ღმრთისა, ძლევასა ნურცვინ მიითვლის თვისად, ომს აგებინებს ლაშქარსა ზენა, ის არის ოდენ იმედი ხსნისა, იმის საქებრად ვაუბნოთ ენა.
    11.     სანამ პანტაგრუელი ზემორეთქმულსა შაირსიტყვასა თხზავდა, პანურგმა თვის ცადაქნილსა ნადავლისა სვეტსა ჯერეთ რქანი, ტყავი და წინარე მარჯვენა ფეხი დაჰკიდა შვლისა,
    12.     მერმე ყურნი სამი ბაცაცა-კოტორ-ბაჭიისა, ბეჭი ბოცვრისა, ყბანი რუხი კურდღლისა, ფრთანი წყვილი სავათისა, ფერხნი ოთხი ქედნისა და კიდევ ძმრიანი შუშა, რქისა სამარილე, ხისა შამფური, ქუბდია,
    13.     ჭოროღ-ხალინჭი, ძველი ძირგავარდნილი კავლონი, საწებლისა ჭურჭელი, ქამალაღო, ანუ ირმის ფეხისგან განაძრობი ტყავისა მათარა, თიხისა უსკურა და ბოვური სირჩა.
    14.     და პანტაგრუელისა ძლევისა სიმღერისდა კვალად ესეგვარი ლათაიური რამ გამოთქვა:
    15.     აქ ერთხელ ოთხნი შეექცნენ სერსა, არცვის ულვაში შეურცხვა არამც, - არ უგემნია ბახუსის ყელსა, რაც იმათ ღვინო ჩაღლიეს ღვარად, კურდღლისა წამერთ გაძიძგნეს მალა, ჩამოიდინეს გულზედა ქონი, სულ ძმარში ავლეს ყურგრძელა ზვარა, ღმურძლავდნენ ვითა მშიერნი ქორნი;
    16.     ვინათგან ხმელად საზრდელი ჯერად არცრად არ ღირსა, გადადის ძნელად, გვრემისა მგვრელად, გემო აქვს ქვისა, ღვინისა ღლევა ეგების მყისად, შემწვარ კურდღელსა ჩაიტანს ხელად;
    17.     არცრას არ აწყენს ზედ მოსხმა ძმრისა, უძმროდ პურობა ვერ იზამს ლხენას.
    18.     მაშინ პანტაგრუელმა ბრძანა: - პურ-მარილი დია კარგია, ძმანო, მაგრამ ვაი რომ დიდთა პურისმტეთ ღვაწლიც დიდრონი არ ხელეწიფებათ.
    19.     ყოვლისა უფრორე უმჯობესი ჩრდილი დროშისაა, ოხშივარი ცხენისა და ხმიერება აბჯრისა.
    20.     ეს რა ესმა, ეპისტემონმა ჭახრაკულად ჩაიღიმილა და წართქვა:
    21.     - ყოვლისა უფრორე უმჯობესი ჩრდილი სამზარეულოსია, ოხშივარი დედოპურისა და ხმიერება სამწდეურ-ფიალ-ჯამისა.
    22.     პანურგმა კი ესრე ისიტყვა: - ყოვლისა უფრორე უმჯობესი ჩრდილი მიჩიგდანისაა, ანუ საწოლისა ფარდისა, ოხშივარი დიაცისა ძუძუ-მკერდისა და ხმიერება ვაჟკაცისა მორ-დელამფრისა.
    23.     ისიტყვა და შეხტა, შემოტრიალდა, ერთი მაგრისა დააგრიალა, თვალნი დააბრიალა, კბილნი დაახრჭიალა, დასჭექა და დასჭეხა:
    24.     - მრავალჟამიერ სიმრთელე პანტაგრუელსა!
    25.     რახან დაგრიალებაა, დაგრიალება იყოსო, იზრახა პანტაგრუელმა და ეგრევ იმისთანა დააძახა, დედამიწასა ცხრა ეჯზედ გარშემო სულ ზანზარი დააწყებინა და აყროლებულსა ჰაერსა ორმოცდაცამეტი ათასისა უმეტესი კაცუნა, ანუ დუხჭირი ქონდრისკაცი გამოაყოლა,
    26.     უჩუმარ ქვეშეთ ბერვა-ბერვაში კი იმოდენივე კუზლარა დედაკაცუნა, ანუ მაიმახი ქონდრისქალი დააგდო, რომელ ქონდრისქალთაც, დიაცმაცუნათ, ყოველგან მოიხილავთ უკლისად ძროხისა კუდისა სიგრძე-სიმაღლისასა და ლიმუზენური თალგამისა სისქე-სიგანისასა.
    27.     - ჰოიპე! - იხმამყივარა პანურგმა.
    28.     - ნუთუ ესერიგად ნაყოფიერნი ქარნი იცი?
    29.     ღმერთმანი, არცა სიმწყაზრე აკლიათ და არცა სიგონჯე, თანაც ფრიად ხურვებულნი ჩანან, ეხლავ უნდა ვაპეპლაოთ, დასტურ ქვეყნისა კოტიზბუზალაკსა დაჰყრიან.
    30.     პანტაგრუელიც ადგა და ჯერეთ ბაჯაჯღანა ხალხისა სახელი დასდო, მერმე იქავ ახლოისად ერთსა ჭალაკზედ დაასახლა, და დღესა უკვე ისე მომრავლდნენ, სულ ფუთფუთი გააქვთ, დაღათუმცა, უანაწერო წერონი სისხლსა უშრობენ, დღენიადაგ ეომებიან, დაკლებით კი მაინც ვერასა აკლებენ,
    31.     რამეთუ იმა დაჯედა-მლივ კაცუნა-დედაკაცუნათ (შოტლანდიასა შინა აკი „ასტამ-საფხეკლისა ტართ“, ანუ კიკნა-კუკნა ერსა უხმობენ) უზომო სიფიცხე მოსდგამთ, ცარიელნი კუჭნი არიან.
    32.     და ბუნებური მიზეზი ამისა, ალბათ, ის არის, რომა გული სუყველასა უკანტანში სჩრია.
    33.     ამაობაში პანურგმა ორი ერთნაირი ფილჯამი მოივარგა, გაალიცლიცა წყლითა, ერთი ერთსა სკამ-ჩიკაზედ დადგა, მეორე მეორეზედ, შუაში კი ხუთი ფუტი მანძილი დააგდო,
    34.     მერმე ხუთფუტნახევრიანი სიგრძისა ბუნი, ანუ შუბისა ტარი აიღო და ზედ ისეგვარად გადო, ბოლონი ბუნისა ოდენ ფილ-ჯამთა კიდე-ნაპირთ ედებოდა.
    35.     მას უკან ერთსა კარგა მსხვილსა მარგილსა დაავლო ხელი, მიუბრუნდა პანტაგრუელსა და მისთა თანამოსაგრეთ და აძრახდა:
    36.     - აი ნახავთ, უფალნო, რა ადვილად ვძლევთ მტერსა.
    37.     ვითარცა აწ ამა ბუნსა გადავამტვრევ და ფილჯამთ არა ევნება რა, ის კი არა, წვეთი წყალიც არ დაიქცევა, დიფსოდთაც სწორედ აგრე გადავუმტვრევთ ხერხემალსა და თავად არცა დავშავდებით, არცა კიდევ ზარალი რაიმ მოგვივა.
    38.     თუ ვინმე ჰგონებს, აქა რაღაც ჯადოსნობისა ამბავიაო, აჰა, შენ გამომართვი მარგილი, - მიმართა პანურგმა ევსთენსა, - და მთელის ძალთაძალით დაჰკარ ზედ კაკალ შუა ადგილასა.
    39.     ევსთენმაც დაჰკრა, და ეგრევ ორ თანაბარ სიგრძისად გადაიმტვრა ბუნი იგი, თანაც, წვეთი რა არის, წვეთი წყალი არ დაღვრილა.
    40.     და პანურგმა სიტყვა გამოაგო: - ჯერეთ სადა ხართ! მომყევით! ჩვენი შემშინებელი არცვინ არ დაბადებულა!


30

    1.     XXVIII. ვითარ უჩვეულო ხერხითა სძლია პანტაგრუელმა დიფსოდნი და ბუმბერაზნი
    2.     ბევრი ილაპარაკეს თუ ცოტა ილაპარაკეს, ბოლოს უხმო პანტაგრუელმა ტყვევნილსა, განუტევა და უთხრა:
    3.     - წა, საიდანაც მოსულხარ, მოიხილე ხელმწიფე შენი, წვლილად ჩაუწიგნე ყოველი, აქა ცნეული, და წინ-წინ აუწყე, ხვალა შუადღისასა სუფრა გაშლილი დამახვედროს,
    4.     რამეთუ კარჭაპნი როგორც კი ჩამომივლენ, არა უგვიანეს დილისა, ამოვიყენებ გვერდში მილიონ რვაას ათას მოლაშქრესა და შვიდ ათასსაც ბუმბერაზსა, სულ დარჩეულთ და ჩემზედ მაღალხროხთ,
    5.     მოვალ და დავუჭეშმარიტებ, რარიგ უგუნურად და უჭკუოდ მოიქცა, ოდეს თავსა დაესხა ქვეყანასა ჩემსა.
    6.     საცაა ზღვითა ჯარი უნდა მომივიდესო, პანტაგრუელმა ეგრევ ტყუილი დააკვეთა.
    7.     ტყვევნილმა კი ჰრქვა, დღეისა წაღმართ მონად მიგულეო, დია ბედნიერი ვიქნებოდი, არცროდისღა შინ არ მივბრუნებულიყავ და, უკეთუ არჩევანსა მაუფლებდიო, მხარში ამოგიდგებოდი, ჩემიანთ შევებმოდიო.
    8.     პანტაგრუელი უმალ დაეუარა და წასვლა უბრძანა წარმავალსა, თანაც ხელთ დერგი რამ მისცა, არაყსა შიგან დამბალი რძიანათი და წითელი წიწაკისა თესლითა ყელამდის მოყრილი,
    9.     მბრძანებელსა შენსა მიმირთვი და უთხარიო, თუ ისე გაუსინჯავ გემოსა, არცრასა სასმელსა არ დააყოლებ-თქო, მაშ, აბა პანტაგრუელისა დახვედრისა თავიცა გქონია- თქო.
    10.     მაშინ ტყვევნილმა ხელნი გაიწოდა პანტაგრუელისკენ და შეევედრა, ბრძოლისა ჟამსა ნუ გამწირავ, შემიბრალეო.
    11.     და პანტაგრუელმა ნუგეშინი სცა: - ყველაყა ჩემგან თქმული ასმინე ხელმწიფესა შენსა, მერმე კი თავი უფალსა მიანდე და არცროდისა დაგიტევებს. რისა შემძლებიცა ვარ, თავად მხედავ.
    12.     სპა-ლაშქარიცა უთვალავი მყავს, გარნა არცა ძალისა მოიმედე ვარ და არცა კიდევ სიჩაუქისა ჩემისა, ერთადერთი სასო და ქომაგი ჩემი უფალია, რამეთუ იგი არცვისა დაუტევებს, ვინაც მიწყივ ესავს და მიელტვის გულსა შინა.
    13.     რა მოისმინა ესა, ტყვევნილმა ხვეწნა დაუწყო პანტაგრუელსა, სახსარ-დასახსნელი ზომიერად გამომართვიო, პანტაგრუელმა კი მიუგო, არაკაცი აროდეს არცა განმიძარცვავს და არცა დამირბევიაო, პირიქით, საჭურჭლე მიმიცია, ხელცუდად არ გამიშვიაო.
    14.     - გასწი, ღმერთი შეგეწიოს, - მიუთხრო პანტაგრუელმა.
    15.     - ოღონდ ავთა კაცთ ერიდე, თორე ბედსა ვერ მოეწევი.
    16.     ტყვევნილი გზასა გაუდგა, და პანტაგრუელმა თანამოსაგრეთ მიმართა:
    17.     - ბალღნო, ტყვესა რომ ვუთხარ, ზღვითა ლაშქარი მოგვივა და ხვალა შუადღისასა დაგესხმით- მეთქი თავსა, განზრახ წარვთქვი, რა არი მართლა ეგონოთ და შიშნეულთ დილისთვის დაიჭირონ საომარი მზადყოფნისა თადარიგი, ნამდვილად კი ამაღამვე უნდა დავეცეთ პირველ მამლისა ყივილზედ.
    18.     მაგრამ მოდით აქა დავაგდოთ პანტაგრუელი თვისთა მოციქულთა თანა და ვიუბნოთ ამბავი ანარქ მეფისა და სპა-ლაშქრისა მისისა.
    19.     მივიდა თუ არა ტყვევნილი დანიშნულებისა ადგილსა, მიეახლა ხელმწიფესა და მოახსენა, ვითარ გადაეყარნენ უშვერად მაღალსა ბუმბერაზსა, სახელად პანტაგრუელსა, და რარიგ დაბუგა იმან ექვსას ორმოცდაცხრამეტნი რაინდნი;
    20.     გადარჩენით მე ერთიღა გადავრჩი ამბისა მთქმელიო, მიუთხრო ტყვევნილმა, და ხსენებულმა ბუმბერაზმა ჩემისა პირითა შემოგითვალა, მოვდივარ და ხვალა შუადღისას სუფრა გაშლილი დამახვედრეო, რამეთუ სწორედ სადილობისას უნდა დაგესხას თავსაო.
    21.     მერმე ტყვევნილმა ისი რძიანიან-წიწაკიანი დერგი მიუბოძა ხელმწიფესა.
    22.     და რაწამს ხელმწიფემან ერთი კოვზისა პირი იგემა, იმწამსვე მთელი ყელი თითქო ცეცხლმა ჩასწვა, ენისა კლიტე დაეფუფქა, ენა კი გაეყვლიფა,
    23.     და ათასგვარი რამ წამალი ახმარეს, მაგრამ არცრა ეწამლა, იდგა და ღლევდა და ღლევდა, როგორაც კი ჯამფილასა ტუჩსა მოაცილებდა, ენაზედ კვალად ცეცხლი ეკიდებოდა.
    24.     ბოლოს, სად იყო, სად არა, ძაბრი მოარბენინეს, ჩაუდგეს ყრონტსა შიგან და ღვინო ისე მიუშვეს.
    25.     თუკი ვინმე იქა იმისი შემხედველი ჯართუფროსი, ფაშა და ქეშიკი, ანუ სენაკაანი თუ გვამისა მცველი იყო, სუყველამ ერთად იზრახა, ვნახოთ ერთი, ჩვენცა გავსინჯოთ, რა არი, ესეგვარად რა აწუხებსო,
    26.     და ვითარ გასინჯეს, იმათაც იგივ დაემართათ, ხელმწიფესა რომ მოუვიდა, და გალეშილთ იმისთანა ჩარბუზანა ჩააბეს, ბანაკსა სრულად ხმა მოედო, მავანსა და მავანსა თავდახსნილსა ტყვე-რაინდსა ამბავი მოუტანია, დილაზედ მტერი დაგვესხმისო,
    27.     და ამად ხელმწიფესა ომისა თადარიგი დაუჭერიაო, ჯართუფროსნი თავისნი შეუყრია, ფილჯამთ სულ მაღლა ისვრიანო.
    28.     სპა-ლაშქარსაც მეტი არ უნდოდა, ყოველნი მეომარნი ეგრევ გამოსკდნენ, გამოთვრნენ და გამოტყვრნენ.
    29.     რაღა სიტყვა გავტყლარჭო, ფეხზედ არცვინ არ იდგა, პირდაპირ ძირსა ეყარნენ, ვითა ღორნი.
    30.     აწ მივხედოთ ისევ ქველსა პანტაგრუელსა და ვიამბოთ, რარიგ მოიქცა აწინდელსა გარემოებაში.
    31.     რაჟამს ნადავლისა სვეტსა განეშორა, პანტაგრუელმა არგნისა წილ თავისი ხომალდისა ანძასა წამოავლო ხელი, ანძისა მარსზედ, ესე იგი ფორზედ, რუანიდან წამოღებული ორას ოცდაჩვიდმეტი ლადუკი, ანუ მცირე კასრი ანჟუიური თეთრი ღვინო დაუდო,
    32.     ქამარზედ მარილიანი კოდი მიიბა, რომლისა ზიდვაც ისერიგად ეადვილებოდა, ვითარცა ლანდსკნეხტთა ჯალაბთ სანოვაგიანი კიშტე-კალათანი დააქვთ, და თვისთა თანამოსაგრეთა თანა გზასა ბარაქა დააყარა.
    33.     ოდესცა მტრისა ბანაკსა მიეახლოვნენ, პანურგმა პანტაგრუელსა მიუთხრო:
    34.     - მადლისა ქმნა გწადს, მეფე-ბატონო?
    35.     მაშ, აბა, ჩამოიღე ფორიდან, მაგ თეთრსა აქავ ბრეტონულად მოვულხინოთ.
    36.     პანტაგრუელი მაშინვე თანახმა გაუხდა, ბევრი ღლიეს თუ ცოტა ღლიეს, ორას ოცდაჩვიდმეტსავე ლადუკსა მსწრაფლიად წირვა გამოუყვანეს, წვეთი რა არის, წვეთიც არღა ჩაარჩინეს შიგან, მარტო ეგ იყო,
    37.     პანურგმა მოასწრო და, ნატისა სასმისი რო ჰქონდა, ჯიხვისა გამოხარშული ტყავისა, რომელსა vade mecum-სა უხმობდა, პირთამდე აავსო მათარა იგი, მერმეც გამომადგებაო, და ცოტამატა კიდევ საძმრედ დურდოღა დარჩა ძირში.
    38.     კარგა მაგრა რომ გამოიპრუწნენ, პანურგმა რაღაცა ეშმაკური წამალი მიუბოძა პანტაგრუელსა, რომელ წამალშიაც შეზავებულ იყო ლიტონტრიპონი, ნეფროკატარტიკონი, ბიისა ნარაჯი, ცოფისა ჭიაჭუანი და სხვაცა შარდისა მომყვანი რამერუმენი.
    39.     მაშინ პანტაგრუელმა სიტყვა უთხრა კარპალიმსა:
    40.     - წა ქალაქსა, ვირთაგვასაებრ აძვერ გალავანზედ, ვითარ გჩვევია, და გადასძახე იქაურთ, ეხლავ გამოდით და შეუტიეთ მტერსა- თქო, მერმე ჩაძვერ, აიღე ანთებული კვარი და ცეცხლსა მიეც მტრისა საჩეხ-კარავნი, მას უკან ერთი შენებრ იხმამყივარე და გამოშორდი იქაობასა.
    41.     - ბატონი ბრძანდები, - მიუგო კარპალამმა, - ვითომ რა, ურიგო იქნება, თანაც ზარბაზანქვემეხნი რომ დავუმოქლონო?
    42.     - არამც და არამც ეგა არა ქნა, - დაეუარა პანტაგრუელი.
    43.     - ისა სჯობს, რო სადენთენი დაუბუგო.
    44.     კარპალიმსა სიტყვა არღა დასცდენია, მალ დაიძრა და უკლისად აღასრულა ყოველი, რაიცა პანტაგრუელმა უბრძანა, რისა შემდგომ მრავალთა ქალაქელთ აისხეს იარაღი და გამოვიდნენ გარემხარესა.
    45.     მტრისა საჩეხ-კარავთ როს ცეცხლსა უკიდებდა, კარპალიმი ისრე ციმციმ ვლიდა მძინარეთა ზედან, ერთსაც არ გაუღვიძნია, ყოველნი უწინდებურად ხვრინავდნენ ძილქუშდაწოლილნი.
    46.     მერმე ახლა ზარბაზან-ქვემეხთ დაადგა თვალი და, რაც რამ მტერსა იქა საომარი მარაგი ჰქონდა, სულ ერთიანად ცეცხლსა მისცა, და ძლივს გადარჩა უბედურებასა.
    47.     წამერთ იმისთანა ალი ავარდა, ცოტას გაწყდა, თავად არ დაიწვა და დაიბუგა საწყალი კარპალიმი, და თუ არ გასაოცებელი სიჩაუქე იმისი, უცილოდ გოჭსაებრ შეიბრაწებოდა;
    48.     სამალისა ისრისა უმალესად გაქროლებამ იხსნა, თორე არცრა უშველიდა.
    49.     ხოლო სანგართ რომ გადაევლო, ერთი იმისთანა იღრიალა, კაცი ჰგონებდა, ეშმაკქასქანჯიელთ აიწყვიტეს და დაზეზდნენო.
    50.     ღრიალმა ამან მტერსა თავზარი დასცა და გამოაღვიძა, ოღონდ არ იკითხავთ, რარიგ დააჭყიტეს ნამთვრალევთ თვალნი?
    51.     რარიგ და, ცისკრისა ზარი რომ დაარეტიანებს კაცსა, ისერიგად იყვნენ თვალდაჭყეტილნი, და ლუსენისა მხარეში ესეგვარსა ზარისა რეკვასა ლაჯნი გამოიფხანე ჰქვიან.
    52.     ამაობაში მოხსნა პანტაგრუელმა პირი თავის მარილიანსა კოდსა, და ვინადგან მტერთ ხახადაღებულთ ეძინათ, ყანყრატონი მარილით ამოუტენა, და საწყალთ ყელგამშრალ ცხვართაებრ მორთეს ბღავილი:
    53.     - ვაჰაიმე, პანტაგრუელო, მთელი გულ-გვამი ჩაგვწვი და ეგ არი!
    54.     და იმწამს პანტაგრუელსა ულამელად ფსლისა დაქცევა მოენება, რამეთუ პანურგისეულმა წამალმა გაჭრა, და იმისთანა ნიაღვარი მიახევა მტრისა ბანაკსა, კაცი არღა დარჩენილა ცოცხალი,
    55.     სუყველანი ეგრევ ამოიხრჩვნენ, და გარშემო ათსა ლიეზედ ლია დადგა, წაირღვნა მთა-ბარი, რისა გამოც ჟამთაღწერასა შინა თქმულია, უკეთუ მუნ მამისა მისისა უშველებელი ფაშატიც შესწრებოდა,
    56.     და იმასაც ერთი ამოდენა წამოეკოკისპირულებინაო, დევკალიონისა ჟამინდელი წარღვნა მოგონილი იქნებოდაო, ვითარმედ ფაშატი იგი თითო მოფსმაზედ რონისა და დუნაის უმეტესსა მდინარესა აყენებდაო.
    57.     ამისა მხილველ ქალაქელთ, გარემხარესა გამოსულთ, წართქვეს:
    58.     - ყოველნი სასტიკი სიკვდილითა აღესრულნენ.
    59.     აგერა, რაოდენი სისხლისა ნიაღვარია!
    60.     დაღათუმცა, მოტყუებულნი იყვნენ, რამეთუ აბრიალებულ საჩეხ-კარავთა შუქზედ და მთოვარისა მიმკრთალებულ ნათებაში პანტაგრუელისა ფსელი მტრისა სისხლად ეჩვენათ.
    61.     ხოლო მტერთ ოდესცა გაიღვიძეს და ერთსა მხარესა ხანძარი მოიხილეს, მეორე მხარესა კი ფსელდიდობა, დია საგონებელში ჩაცვივდნენ, არღა უწყოდნენ, რა ეთქვათ ან რა ექნათ.
    62.     ერთნი უბნობდნენ, ქვეყნის აღსასრული და განკითხვისა ჟამი დაგვიდგაო, ყველაყა დაიწვის და დაიბუგებაო, ვიეთნი ნეპტუნისა, პროტევსისა, ტრიტონისა და სხვათა და სხვათა ზღვიურ ღვთაებათა შურისგებასა აბრალებდნენ, არადა, დასტურ ზღვისა წყალიაო, მლაშეო.
    63.     ო, აწ რა ენა-პირმა იუბნოს, ვითარ გაუმკლავდა პანტაგრუელი სამსა ასეულსა დევკაცსა!
    64.     ო, ჩემო მუზავ, ჩემო კალიოპე, ჩემო თალიავ!
    65.     ნუ მომაკლებ შთაგონებასა, განმიძლიერე სული, თორემ ვერცრა სიტყვასა ვპოვებ აღსაწერად ამა ფიცხელი ომისა, და აი სწორედ აქ არი წყობისად მოაზროვნე კაცისთვის ლოდი შებრკოლებისა, აქ არი ნამდვილი მახე, ძნელობა რამ გარდაუვალი!
    66.     დასტურ მაცხონებდა ეხლა ერთი ჯამფილა ისი თავანკარა ჭაჭანაური, ამა უტყუარი ამბისა წამკითხველთ რომ შეუსვამთ ოდესმე! თანა მდიე (ლათ.).


31

     1.     XXIX. ვითარ შემუსრა პანტაგრუელმა სამასი დევკაცი, სუყველა ქვისა ზეიდლიან-ჯავშნიანი, და წინამძღვარი იმათი მგელკაცი
    2.     დევკაცთ ბანაკი წარღვნილი რა მოიხილეს, მისცვივდნენ ანარქ მეფესა, მხართა ზედან შეისვეს და ციმციმ გამოარიდეს ქავციხესა, ვითა ენეასმა გამოარიდა მამა თვისი ანქისე ცეცხლმოდებულსა ტროასა.
    3.     პანურგმა თვალი მოჰკრა თუ არა იმათ, პანტაგრუელსა მიუთხრო:
    4.     - აგე, დევკაცნი მოდიან, ხელმწიფეო.
    5.     მიდი ერთი, ძველებურსა წესზედ დაუშვი ეგ შენი ანძა, ჩახვდნენ, რა ვაჟკაციცა ხარ, და არცა ჩვენ ჩამოგრჩებით, მარტო მეცა კარგა ბლომად გავჟუჟავ. არა, დავაკლებ!
    6.     უკეთუ დავითმან, ჯერეთ ისევ ღინღლმა ბალღმა, ქვეშაც რომ გასდიოდა, ადვილად მოაკვდინა გოლიათი, როგორ მიყურებ, მე რა, ვითომ ცხრასა დავითისთანასა ვერ შევკრავ?
    7.     მერე ახლა დანდრაზა მემრუშე ესე ევსთენიც არ იგულდედლებს, ოთხი ხარისა ჯანსა ეთამაშება.
    8.     დასცხე, ნუ გეშიშვის, ხასად დაუშინე!
    9.     მაშინ პანტაგრუელმა მიუგო: - ხასობა და ვაჟკაცობა ორმოცდაათისა ფრანკისა უმეტესი მომდგამს, მაგრამ მე კი არა, ორთა წინააღმდგომ შეტევებასა თავად ჰერკულესიც ვერა ბედავდა.
    10.     - მაგისა თქმასა, ქვეშეთ გაგვარდნოდა, ისა სჯობდა, - უთხრა პანურგმა. - ნუთუ ჰერკულესსა ადრი თავსა?
    11.     ღმერთმანი, კბილთა შიგან შენა უფრორე მეტი ძალა გაქვს და ტრაკუცუნსა შიგან უმეტესი გონი, ვინემ ჰერკულესსა მთელსა გვამსა და სულში! კაცი იმადა ღირს, რა ფასსაცა იდებს.
    12.     სანამ ისინი ამისა ლაპარაკში იყვნენ, თვისთა დევკაცთა თანა გამოჩნდა მგელკაცი, და პანტაგრუელსა რა მხოლოსა შეავლო თვალი, უმალ ავად იზრახა, ეხლავ წავასაკლავებ ამა კაცუნასო, და თანამოსაგრე დევკაცთ შეუძახა:
    13.     - ჰეი, ძაღლისშვილნო! მაჰმადსა ვფიცავ, უკეთუ ვინმე შეებმით, ჩემივ ხელითა გაგათავებთ.
    14.     ჩამოდექით, მარტოსა შემაჭიდეთ, დია უცხოსა მოიხილავთ სეირსა.
    15.     აქა ყოველნი დევკაცნი მეფესთან ერთად გოზაურთა მხარესა მიდგნენ, და იგივე ქმნეს პანურგმა და მისთა ამხანაგთ, თანაც პანურგმა ისერიგად დაიჭირა თავი, ვითომც ცუდი ჭირი მჭირსო, კისერი და თითნი აიკანკალა და ხმაჩახრინწული აძრახდა:
    16.     - არღა გეომებით, ძმობილნო, ღმერთი-რჯული, არღა გეომებით!
    17.     დავსხდეთ და, მინამ ჩვენთა ფალავანთ ჩხუბი ექნებათ, ზიარ შევნაწილდეთ.
    18.     მეფემან და დევკაცთ ჰოობა უთხრეს და, მობრძანდითო, სუფრასთან მიიწვიეს ისინი.
    19.     და პანურგსა პირი არ გაუჩერებია, ჭამა-ჭამაში თანა ტურპენისა ამბავთ, მღვდელმთავრისა ნიკოლოზის სასწაულთ და ყარყატისა ზღაპართ ჰყვებოდა.
    20.     ამაობაში მგელკაცმან მან ხალიბური ფოლადისა ჩომახტურითა შემოუტია პანტაგრუელსა, და ფოლადაური ჩომახტური იგი ცხრა ათას შვიდას კვინტალსა და ორსა კვარტერონსა იწონიდა და ცამეტი ალმასისა წვეტითა ელავდა,
    21.     რომელთაგან ყოვლისა უმცირესი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისა დედაზარსა არ ჩამოუვარდებოდა, ხოლო თუ მაინცდამაინც ცოტათი მომცრო იყო, დიდი-დიდი, სისქეში ერთი ფრჩხილისა ოდენი დაჰკლებოდა,
    22.     ანდა, ტყუილი რომ არ გამომივიდეს, ყურსაჭრელად ხმობილი დანისა ყუასაც იკმარებდა, არცა მეტსა, არცა ნაკლებსა!
    23.     თანაც კიდევ ჯადოსნური რამ ჩომახტური იყო, არა ძალასა არ შეეძლო იმისი დალეწვა, პირიქით, თავად ლეწავდა და მუსრავდა ყველაფერსა, რასაცა მოხვდებოდა.
    24.     და ოდეს განარებულ-განძვინებული მგელკაცი გულდაგულ დაიძრა, პანტაგრუელმან თვალნი ზეცად აღაპყრო, სრულად ღვთისა განგებასა მიენდო და ესევითარი აღთქმა აღუვლინა:
    25.     - უფალო ღმერთო, მხსნელო ჩემო და მაცხოვარო, აი, რა დღეში ვარ, აქა ბუნებურმა კაცობრივმა თავგამოდებამ მომიყვანა,
    26.     ვითარმედ გიბრძანებია, ვუწყი, მიწყივ უნდა ვიცავდეთ და ვიფარვიდეთ თავსა ჩვენსა, დედაწულსა ჩვენსა, მამულსა და კერასა, ყველაყასა, თვინიერ იმისა, რაიცა პირადული საქმეა შენი, ვითარ არს სარწმუნოება,
    27.     რამეთუ ამისთანა საქმესა შინა არცრანაირთა სხვათა მწეთ არა უხმობ, გარეშე კათოლიკური სჯულისა და მოძღვრებისა შენისა ერთგულებისა, და აკი აღგვიკრძალე კიდეც ესეგვარსა ვითარებაში ხმევა რამე საჭურველ-იარაღისა და სრულიად უკლებელი ღონისძიება დაცვისა,
    28.     აღგვიკრძალე, ვინადგან ყოვლადძლიერი ხარ და, როს საქმესა შენსა სჯიან ანდა სამართალსა შენსა ხელყოფენ, უფრორე უმჯობესად ვერცავინ დაგიცავდა,
    29.     ისერიგად იცავ თავსა თვითონ შენა, ვისაც მრავალთ უმრავლესნი ანგელოზთა ძალნი გმორჩილებენ, რომელ ანგელოზთაგან უმცირესსა კაცთა სახსენებლისა ამოგდება და შენისა ნებისამებრ ცა-ხმელისა გაერთება ძალუძს,
    30.     დასტურ რაგვარი სასჯელიცა მოუვლინა ერთხელ ანგელოზმან შენმან სენაქერიბისა ბანაკსა!
    31.     და უკეთუ მოინებებ და აწ ხელსა აღმიპყრობ, რადგანაც მართოდენ სასოებასა შენსა ზედა ვესავ, შეგითქვამ და ყოველთა ქვეყანასა შინა, როგორაც უტოპიაში, ისე სხვათა და სხვათა კუთხე-მხარეთა შინა,
    32.     სადაც ვიმთავრებ და ვიმბრძანებლებ, ყველგან უტყუვრად, მარტივად და სიტყვადაუკლებლად ვაქადაგებინებ წმინდასა სახარებასა შენსა,
    33.     ხოლო იმა ვიღაც-ვიღაცა პაპელთა და ცრუწინასწარმეტყველთა მწვალებლობასა, რომელთა ახლად შემოღებულ განჩინებათაგან და ბილწ ჩმახთაგან მოწამლულია სოფელი, არცსად გავაჭაჭანებ.
    34.     ამისა თქმა იყო, და ცითა ხმა ჩამოისმა: „Hoc fac et vinces“, ანუ: „ეგრე ჰქმენ და სძლევ“.
    35.     და პანტაგრუელმა ხახადაღებული მგელკაცი ზედმომდგარი რა დაინახა, წამერთ მამაცურად ეკვეთა და, ლაკედემონელთა სწავლისამებრ, ხმა გაიხაფა, რა არი შიშისა ზარი დაეცა:
    36.     - სასიკვდილო ხარ, შე უკეთურო, სასიკვდილო!
    37.     თანაც ქამარზედ კოდი რომ ეკიდა, იმა კოდიდგან თვრამეტისა უმეტესი ჩანახი და ერთიც ტაგანი მარილი მიაყარა, და სულ მთლად გამოსტენა მგელკაცსა მარილმა პირი, ყია და თვალნი.
    38.     და ცოფი ყარა მგელკაცმან და გააფთრებულმან ისეგვარად მოუქნია პანტაგრუელსა ჩომახტური, რა არი თავისა ქალა გაეხეთქა,
    39.     გარნა დია ცქვიტი იყო პანტაგრუელი, თვალი მახვილი ჰქონდა, მუხლი მალი, მარცხენა ფეხი მსწრაფლ უკან გადადგა და ჩომახტური იმას კი არა, კოდსა მოხვდა,
    40.     რომელი კოდიცა ოთხი ათას ოთხმოცდაექვს ნაფოტად იქცა, და რაცა რამ შიგან მარილი იყო ჩარჩენილი, სულ მთლად ძირსა დაიპნა.
    41.     აწ პანტაგრუელმა ჩუგლუგსაებრ მოივარგა ანძა თვისი და, უფროისად მომსხო ბოლო რომელიცა ჰქონდა, ძუძუსა თავზედ ჯანდაჯან უგმირა მგელკაცსა, მერმე ახლა მარცხნივ უმარჯვა, კისრისა და ჯაჭვკურტაკისა საშუალ გამჭრედ დაუშვა.
    42.     მას უკან მარჯვენა ფეხი წადგა წინა, ანძა იჩქითად შეატრიალა და მეორე ბოლო შიგ საზარდულში აძგერა, ამაობაში კი თან ძირი გააგდებინა ანძისა ფორსა, და დაგორდა ძირსა სამი თუ ოთხი ლადუკი, ჯერეთ ისევ ფორსა შემორჩენილი,
    43.     და დადგა ღვინისა ლიამპარი, რომლისა შემხედველმა მგელკაცმან მყის დაასკვნა, ეგ არი და პანტაგრუელმა ქანთილი გამიხვრიტაო, რამეთუ ღვინისა ლიამპარი იგი თავისი ფსელი ეგონა.
    44.     დაღათუმცა პანტაგრუელი ამითი არ დაკმაყოფილებულა და ის იყო დაეპირა, ერთხელაც ვხეთქავ ანძასაო, რომ მგელკაცი ავად დაუსისწვრივდა ჩომახტურმოღერებული, და მან დიაღაც იმისთანა დაუნიავა, თხემით ელენთამდის გააპობდა კიდეც,
    45.     უკეთუ თავად უფალი ხელსა ააღებდა ქველსა პანტაგრუელსა, გარნა მეოხ ექმნა, და პანტაგრუელმა გვერდზედ გახტომა მოასწრო, იმას აცდენილი მგელკაცისა ჩომახტური კი იქავ მარჯვნივ ფრიალო კლდესა მოხვდა,
    46.     განხეთქა კლდე იგი და სამოცდასამი ფუტისა უმეტესად ჩაჯდა მიწასა შიგან, ხოლო კლდიდგან იმსისხო ალი ამოვარდა, რა სისხოც გვერდიგვერდ მიდგმული ცხრა ათას ექვსასი კასრია.
    47.     და როს პანტაგრუელმა ჩომახტურსა დაჯაჯგურებული მოიხილა მგელკაცი, ეგრევე ეცა და თავისა გაგდებინება მოუნდომა, მაგრამ ანძა, საუბედუროდ, მგელკაცისა ჩომახტურისა ტარსა მოსდო, ის ჩომახტური კი, ვითარ უკვე უწყით, ჯადოქმნილი იყო.
    48.     ამად ხელში შემოატყდა ანძა პანტაგრუელსა, ბოლოღა შერჩა ჩაბღაუჭებული, და მეზარესა ზარი რომ გაუტყდება და პირკატაცემული გაშტერდება, ისეგვარად გაშტერებულმა შესძახა: - ჰეი, პანურგო, სადა ხარ?
    49.     პანურგსა ძახილი რა შეესმა, მეფესა და მისთა დევკაცთ მიმართა:
    50.     - მალე გავაშველოთ, თორემ, ღმერთმანი, დახოცავენ ერთურთსა!
    51.     დევაკაცნი კი კვალად ილხენდნენ, ვითარცა მექორწილენი.
    52.     მაშინ კარპალიმი ზე წამოდგა თავისი ბატონისა მისაშველებლად, მაგრამ დევკაცმან ერთმან წასვლა არ დაანება:
    53.     - გოლფარინსა ვფიცავ, მაჰმადისა ძმისწულსა, უკეთუ ფეხსა მოიცვლი, აგიყვან და უკან ოყნად გაგირჭობ.
    54.     მაინც ყაბზობა მჭირს, კბილნი უნდა ვაკრაჭუნო, ისე ვერ გავდივარ.
    55.     უსაჭურვლოდ დაშთენილმა პანტაგრუელმა კი ხელთ შერჩენილი ანძისა ბოლო მოივარგა და, ერთი თუ ორი, ერთი თუ ორიო, უდო და უდო მგელკაცასა, მაგრამ იმას ისევე სტკიოდა პანტაგრუელისა დაკრული, რარიგადაც გრდემლსა ეტკინებოდა თქვენი ნაწკიპურტალი.
    56.     ბევრი ეჯაჯგურა თუ ცოტა ეჯაჯგურა, ამოაძრო ბოლოსა მგელკაცმა ჩომახტური თვისი და ხან აქედან მოუქნია პანტაგრუელსა, ხან იქიდან, და არცა ისა მდგარა ერთსა ადგილსა გულხელდაკრეფილი, მკვირცხლად იცდენდა მგელკაცისგან დაკრულსა ჩომახტურსა,
    57.     და ოდეს მგელკაცი დაექადნა: „ეხლავ წვრილად აგკეპავ, შე არამზადავ, შენაო!
    58.     გეყო, რაცა რომ საწყალი ხალხი წყურვილით ტანჯეო!“ - პანტაგრუელმა იმისთანა წიხლი ჩააზილა მუცელსა შიგან, რომ ფეხნი მაღლა აქნევინა და თანაც იმოდენზედ ათრია ძირსა, რაოდენ მანძილსაც მშვილდსა მოწყვეტილი ისარი იფრენს.
    59.     მგელკაცსა ყელიდან ტაბასტად წასკდა სისხლი და ღრიალსა ამოაყოლა: „მაჰმადო! მაჰმადო! მაჰმადო!“
    60.     იმისი ხმისა გაგონებაზედ ყოველნი დევკაცნი წამოიშალნენ, მაგრამ პანურგმა შეაჩერა.
    61.     - ნუ წახვალთ, უფალნო! მერწმუნეთ, წინამძღვარი ჩვენი გაგიჟებულა და აღარა უწყის, ვის ურტყამს და რას ურტყამს. ეგა ხეირსა არ დაგაყრით.
    62.     მაგრამ დევკაცთ არ დაუჯერეს პანურგსა, რაკიღა პანტაგრუელი უანძოდ ჩანდა.
    63.     და პანტაგრუელმა რა ზედმოსეულნი დაინახა დევკაცნი, ორსავ ფეხში სწვდა მგელკაცსა, შუბნაჯახსაებრ ამართა, და ვინაიდან მგელკაცისა ბექთარი ზინდან-გრდემლისა იყო, სულ ბაგაბუგი აუყენა იმით ქვისა ზეიდლიან-ჯავშნიან დევკაცთ
    64.     და დალეწა ყოველნი ვითა ქვითხურომან, უმეტესი ჭოჭყისა, ანუ ხურდა ქვის მძებნელმან, ერთი რა არის, ერთმაც ვერავინ გაუძლო,
    65.     და იმათი ქვისა ჯავშან-ზეიდალნი ისეთი გრუხუნითა და ზათქით ტყვრებოდნენ, უნებლიე წმინდა სტეფანეს დიდი ერბოს კოშკი წამომაგონდა, ბურჟესა შინა მზეზედ რომ დადნა.
    66.     პანურგი, კარპალიმი და ევსთენი კი ამხანობაში იდგნენ და სუყველასა ყელსა სჭრიდნენ, ვინცა ძირსა ეგდო და ჯერეთ კიდევ სუნთქავდა.
    67.     გადარჩენით, მენდეთ, არცავინ გადარჩენილა, და პანტაგრუელი დასტურ მთიბავსა ჰგავდა, რომელი მთიბავიცა თავისი სათიბელჭაღვითა (ესე იგი მგელკაცითა) მდელოსა ზედა ბალახსა (ესე იგი დევკაცთ) თიბავდა.
    68.     ბევრი თიბა თუ ცოტა თიბა, ესეგვარ თიბვა-თიბვაში მალე მგელკაცმან ტყავი გაჭიმა,
    69.     და ამბავი ესე სწორედ მაშინ მოხდა, ოდეს პანტაგრუელმა მგელკაცი იგი ერთ-ერთსა დევკაცსა დასცხო, სახელად რიფლანდუი რომ ერქვა და ქვაქვიშისა ჯავშანი ემოსა, და იმა ჯავშნისა ნამუსრევმა ეგრევ თავი წასძმარა ეპისტემონსა;
    70.     აქავ უნდა მოგახსენოთ, რომა დანარჩენ დევკაცთ უმეტესად უფრორე ტუფისა ჯავშანი ეცვათ, ზოგ-ზოგსაც ფიქლისა.
    71.     და რაკი მტერი სრულად გაჟუჟული მოიხილა, მოიქნია პანტაგრუელმა მთელისა ძალისძალით მგელკაცისა ლეში და პირდაპირ ქალაქსა შიგან ჩააგდო,
    72.     თავიდათავი ფოლორცი სადაც იყო, სწორედ იქა ბაყაყსაებრ მუცლითა დაეტყეპა მგელკაცი და ქვეშ დაიტანა გაზუნზლულ-გატრუსული დედალ-მამალნი კატანი, გაბრდღვნილი იხვი და ერთიცა დალაგმული ღერღედი.


32

     1.     XXX. აქა თქმულია, ვითარ მარჯვედ მოარჩინა პანურგმა ეპისტემონი, რომელსა თავი წასლეკილ-წაცლილი ჰქონდა, და აგრეთვე ქაჯთა და საუკუნოდ ჯაჯამისჯილ სულთა ამბავი
    2.     დევკაცთა მუსვრასა რომ მორჩა, პანტაგრუელი იმა ადგილსა მიახლოვდა, სად გოზაურნი ეწყო, მიუხმო პანურგსა და სხვათა,
    3.     და ყოველნი მრთელნი და უზნევ-უვნებელნი მოეახლნენ, გარეშე ევსთენისა, რომლისთვისაც ერთ-ერთსა გაძალიანებულს დევკაცსა ოდნავ გაეკაწრა თავ-პირი (ოდეს ევსთენი ყელსა სჭრიდა), და ეპისტემონისა, ვინაც სულ არ გამოჩენილა,
    4.     რისა გამოც ისერიგად შეწუხდა პანტაგრუელი, რომ თავის მოკვლაც კი გადაწყვიტა, მაგრამ პანურგი გადაეღობა და უთხრა:
    5.     - ნუ აჩქარდები, ხელმწიფეო, დახოცილთა შორის მოვიძიებთ და ვნახავთ, რარიგ არის საქმე.
    6.     ეძებეს, ეძებეს და, ბოლოს, მიაგნეს: მკვდარსა ეპისტემონსა ხელთ ეპყრა თვისივ გასისხლიანებული თავი.
    7.     ამისა შემხედველმა ევსთენმა ეგრევ შეჰყვირა:
    8.     - ო, შე ოხერო სიკვდილო, რად წაგვართვი ყოვლისა უფრორე უკეთესი კაცი?
    9.     ამისი თქმა იყო და იმისთანა მჭმუნვარე და ჭუვნიერი წამოდგა პანტაგრუელი, ვითარ ქვეყნად ჯერთ არცვის უმჭმუნვარია, და მიუთხრო პანურგსა:
    10.     - ეეჰ, ძმობილო, არცა იმა შენი ორი ჯამფილისა და ბუნისა ამბავი გამართლდა.
    11.     მაშინ პანურგმა მიუგო: - ნუ სტირით, ძმანო, ჯერხანად ისევ თბილია.
    12.     ეხლავ მოვარჩენ და ისეთსა საღ-სალამათსა გავხდი, როგორიცა არცროდისა ყოფილა.
    13.     და დასწვდა უმალ პანურგი ეპისტემონისა თავსა და, ემანდ არ გაცივდესო, ზედ საბიძალზედ მიითბუნა.
    14.     ევსთენსა და კარპალიმსა, მართალია, იმედი არღა ჰქონდათ, ეპისტემონი გაცოცხლდებაო, მაგრამ მაინც ადგნენ და გვამი იმისი იქ მიიტანეს, სადაც ღვინოსა სვამდნენ, რა არი პანტაგრუელსა თვალი შეევლო.
    15.     პანურგმა კი კვალად ნუგეში სცა:
    16.     - უკეთუ ვერ მოვარჩინო, თავი ნურცა მბია (ჩვეულებისად დამთხვეულთა სანაძლეოა), შეეშვით მაგ ცრემლისა ღვრასა და მომეშველენით.
    17.     წინაპირველად პანურგმა კისერი განუბანა მოკლულსა თავანკარა თეთრი ღვინითა, მერმე თავი, მიაყარ-მოაყარა უცხო რამ საკურნებელი ფხვნილი, რომელიცა მიწყივ ჯიბესა შიგან ჰქონდა გადამალული,
    18.     შემდგომ რაღაც სამრთელებელი ცნდალი, ანუ მალამო წასცხო და, არ დავღუპო, კისერა არ გამოვიყვანოო (ესეგვარნი კი სიკვდილსაებრ სძაგდა პანურგსა), თავი ისე მოარგო ტანსა, ძარღვი ძარღვსა მიება, მყესი მყესსა, მალა მალასა.
    19.     მას უკან თხუთმეტ-თექვსმეტ ადგილას დაუბლანდა კისერი, თავი დაუმაგრდეს, არ ჩამოუვარდესო, და ნაკერსა ისი სალბუნი დასდო, რომელსა სალბუნსაც მკვდრეთით აღმადგინებელსა ეძახდა.
    20.     და ამოიხვნეშა უეცრივ ეპისტემონმა, მერმე თვალნი განეხვნა, მერმე დაამთქნარა, მერმე ცხვირი დააცემინა, მერმე კი ერთი მაგრისა დააძახა.
    21.     - აი, აწ უკვე ჯანი გამოუსაღდა, - განაცხადა მაშინ პანურგმა და ერთი ჯამფილა თოფივით ღვინო შეასვა ეპისტემონსა, თანაც ზედა ტკბილი ორცხობილა დააყოლებინა.
    22.     ესე ხერხიანად მორჩა ეპისტემონი;
    23.     ოღონდ ეგ იყო, სამიოდე კვირიაკე ცოტასა ხიხინებდა, ყელი ჩახრინწული ჰქონდა, მხველარებდა, მაგრამ იმოდენი სვა და ღლია, ბოლოსა და ბოლოს ამანაც გაუარა.
    24.     და წამერთ ამოიდგა ენა, ენაამოდგმულმა ეპისტემონმა კი ჯერეთ ის წართქვა, ეშმაკნი თვალცხადლივ მოვიხილეო, ლუციფერსა პირისპირ ველაპარაკეო, ჯოჯოხეთსა და ელისეს მინდორთა შინა კაი პური ვჭამეო, და გადაწყვეტილად დასძინა, ბიჭობა დიაღაც ეშმაკთ უნდა დაიტრაბახონო.
    25.     მერმე ახლა ცოდვილნი სულნი ახსენა და სინანული დაიწყო, პანურგმა ნამეტანი ადრე გამაცოცხლაო.
    26.     - დია გულსა მომხვდა იმათი ხილვა, - განაცხადა ეპისტემონმა.
    27.     - არა, მართლა? - აღმოხდა პანტაგრუელსა.
    28.     - თქვენ როგორცა ჰგონებთ, არცა ისე ურიგოდა აქვთ საქმე, - განაგრძო ეპისტემონმა.
    29.     - დაღათუმცა, ისინი არღა არიან, რანიც იყვნენ. მდგომარეობა გამოსცვლიათ.
    30.     ალექსანდრე დიდი, მაგალითადრე, ძველთა საწმერთულთ აკერებს და იმითი შოულობს ერთ ლუკმა პურსა.
    31.     ქსერქსე ქუჩაში აღებმიცემობს, მდოგვსა ჰყიდის, რომელუსი - მარილსა, ნუმა - ლურსმან-სამსჭვალსა, ტარკვინიუსი ქვასა ხარშავს, პიზონი გუთნისდედობს, სულა მებორნეა, კიროსი მენახირეა, თემისტოკლე მეშუშეა, ეპამინონდი მესარკეა, ბრუტუსი და კასიუსი მიწისა მზომელნი არიან,
    32.     დემოსთენე სირაჯია, ციცერონი მეცეცხლურია, ფაბიუსი მეკრიალოსნეა, არტაქსერქსე მესაბლეა, ენეასი მეწისქვილეა, აქილევსი გაქეციანებულია, აგამემნონი ჯამლოკია გამხდარა, ოდისევსი მთიბველია, ნესტორი მადანსა თხრის, დარიუსი მეზარულეა, კაცთა სკორე გააქვს.
    33.     ანკუს მარციუსი მჩურთავ-მგმანავია, კამილუსი მეწაღეა, ხისა ძირზედ კერავს, მარცელუსი ლობიოსა ცეხვავს, დრუზუსი ნუშსა ამტვრევს, სციპიონ აფრიკელსა ცალი ჩექმა აცვია და ქუჩაში თხლესა ჰყიდის, აზდრუბალი ლიფლიფათი ვაჭრობს, ჰანიბალი - კვერცხითა,
    34.     პრიამოსი მეძონძეა, მატრაბაზობს, ლანსელოტი, ტბისა რაინდი - დავარდნილ ცხენთ ტყავსა აძრობს, ყოველნი რაინდნი მრგვალნი მაგიდისანი საწყალნი მედღეურნი არიან, მენიჩბეობასა მისდევენ, საითმხერხვალობენ,
    35.     სერავენ კოციტსა, ფლეგეტონსა, სტიქსსა, აქერონსა, ლეთესა და უფალ ეშმაკ-მღალავთ წინ და უკან დაასეირნებენ, რაღა ისინი და რაღა ლიონელნი მენავენი ანდა ვენეციელნი გონდოლიერნი,
    36.     განსხვავება მხოლოდ ის არის, რომა გადაყვან-გადმოყვანისთვის ეშმაკნი ცხვირზედ წკიპურტსა ურტყამენ, საღამოთი კი ობიანი პურისა ყუასა აჭმევენ, ტრაიანე ბაყაყთ დასდევს, ანტონინე მსახურია, კომოდუსი ქარვისა ოსტატია, ათას რამ ნივთსა ახელოვნებს.
    37.     პერტინაქსე ტყისა თხილსა ამტვრევს.
    38.     ლუკულუსი მზარეულია, იუსტინე სათამაშოთა გამსყიდველია, ჰექტორი სამზარეულოსა შინა ტრიალებს, პარისი შიშველ-ტიტველი დაძრწის, ყელგადაგდებულია, აქილევსი თივასა აბულულებს,
    39.     კამბისე ჯორთ დასდევს, არტაქსერქსე მკალავია, ნერონი ჭიანურსა უკრავს, ფიერაბრასი კი მსახურად უდგას და მიწყივ აცურებს: პურსა უვარგისსა აჭმევს და ღვინოსაცა ჭანგიანსა ასმევს, ხოლო თვითონ არცრასა კარგსა არა იკლებს.
    40.     იულიუს კეისარი და პომპეუსი გემთ ფისავენ, ვალენტინი და ორსონი ჯოჯოხეთისა აბანოთა შინა მსახურებენ და დიაცთ სახეზედ ნიღაბთ ადებენ.
    41.     გინგლენი და გოვენი მეღორენი არიან, ჟოფრუა გორანგო-ღრჯოლა ხილინდრიან კვეს-აბედითა ვაჭრობს, გოტფრიდ ბულონელი მეჩუქურთმეა, იაზონი ზართა მრეკავია, დონ პედრო კასტილიელი მეწვრილმანეა, შეშუდი დააქვს, მორგანი ლუდისა გამომხდელია, ჰიუონ ბორდოელი მეკასრეა,
    42.     პიროსი ჯამ-ჭურჭელსა რეცხავს, ანტიოქე ბუხრისა მწმენდავია, რომულუსი მეხამლეა, წაღაწუღასა აკერებს, ოქტავიანე ეტრატისა მფხეკელია, ნერვა მეჯინიბეა, პაპი იულიუსი ღვეზლითა ვაჭრობს, თაბახზედ უწყვია, და ის თავისი გრძელი წვერი აღარა აქვს,
    43.     ჟან პარიზელი ფეხსამოსთ აპრიალებს, არტურ ბრეტონელი თავსაბურავთ ბაყამ-ლაქასა და ბრყვილსა აცლის, პერსფორე მეკურტნეა, პაპი ბონიფაციუს მერვე თასმითა ვაჭრობს, პაპი ნიკოლოზ მესამე ქაღალდსა ჰყიდის, პაპი ალექსანდრე თაგვთ იჭერს, პაპი სიქსტე ცუდსა ჭირსა სწამლობს,
    44.     - რაო? - დაეკითხა პანტაგრუელი. - იქაც არის ცუდი ჭირი?
    45.     - არის კი არა, - მიუგო ეპისტემონმა, - იმოდენი ცუდჭირშეყრილი ჯერეთ არცსად არ მინახავს: მრავალთ უმრავლესნი არიან.
    46.     აბა რა იქნება, ვისაც სააქაოში არა სჭირებია, საიქიოში სუყველასა ხვდება.
    47.     მაშ, მადლობა ღმერთსა, გადავრჩენილვარ, - ჩაურთო პანურგმა.
    48.     - მრავალგზის უკვე შეხვედრილიცა მაქვს და შეყრილიც.
    49.     - ჰოდა, იმას მოგახსენებდით, - განაგრძო ეპისტემონმა, - ოჟიე დანიელი მეუნაგირეა, ტიგრან მეფე მესართულეა, ანუ სართულისა დამხურველია,
    50.     გალიენ აღმადგინებელი თხუნელათა ძებნა-ჭერაშია, ემონისა ოთხნი ვაჟნი კბილთა მძრობელნი არიან, პაპი კალიქსტე სარცხვინო ადგილთა მპარსველია, პაპი ურბინუსი მუქთაყლაპიაა.
    51.     მელუზინა ჯამ-ჭურჭლისა მრეცხავია, მატაბრიუნა მოსარეცხეა, დღენიადაგ მურკნის, კლეოპატრა ხახვითა ვაჭრობს, ელენე მხევალთა ქმართშემყრელია,
    52.     სემირამიდა დგას და, ვისაც ტილ-მკბენარი ახვევია, იმათა ხილავს და ტიზნავს, დიდო მესოკოეა, პანთესილეა მეწიწმატეა, ლუკრეცია მეფუნდუკეა, ჰორტენზია მსთველია, ლიბიე ჟანგაროსა ამზადებს.
    53.     ესრეთ, ვინაც აქა ყოვლისა ბატონ-პატრონი იყო, იმასა იქა ძლივს გააქვს თავი, სიღატაკეშია ჩავარდნილი.
    54.     და, პირიქით: სიბრძნისმეტყველნი და მრავალნი სხვანი, რომელნიცა ამქვეყნად გაჭირვებულნი იყვნენ, იმა სოფლად ყოვლისა ბატონ-პატრონად შექმნილან.
    55.     დიოგენესა, ვნახე, მეწამული ტოგა ემოსა, ხელთ სკიპტრა ეპყრა და თავისი საჩინოებითა თვალსა უბნელებდა ალექსანდრე დიდსა, თანაც ჯოხსა სცემდა, საწმერთული აგრე ცუდად რატომ დამიკემსეო.
    56.     ეპიქტეტეც ვნახე, მოხდენილად ეცვა, ფრანგულსა ყაიდაზედ, დაბურული კორომი შეერჩია, ირგვლივ დიაცნი უსხდნენ, მიწყივ ღლევდა, ცეკვავდა, სულ აღებ-ღამე ედგა, იქავ შორიახლო კი მზეგამოხატული ეკიუ მუხლზედ ეყარა.
    57.     და თავსა ზედან გადმოხურული ვაზისა დია უცხო თალარ-ფანჩატური ესევითარი ზედწარწერით დაემშვენებინა:
    58.     ეს ქვეყანა, მომე თასი, ღიღინ-ღიღინ მათლევინე, არცრა მინდა, ოღონდ მასვი, ოღონდ ოქრო მათვლევინე.
    59.     დამინახა თუ არა, მიმიპატიჟა, ერთად დავლიოთო, მეცა თანახმა გავუხდი და უღმერთოდ ჩავღლიეთ.
    60.     ზედდატანებაზედ კიროსი მოადგა და შესთხოვა, მერკურისა ხათრისთვის, ერთი დენიე მომიბოძეო, ცოტა ხახვსა ვიყიდი, თორემ არცრა მაქვს სერ-ვახშმად საჭმელიო.
    61.     „არამც და არამცაო, - უთხრა ეპიქტეტემ. - დენიესა არ ვიძლევიო, აჰა, ეკიუსა შეგძღვნი, შე თაღლითო, შენა, ვინძლო ბოლოსა და ბოლოს კაცური კაცი დადგეო“.
    62.     დიაღაც გაახარა კიროსი ესდენმა ნაშოვნნაპოვნმა, მაგრამ მრავალთა რისხვეულთა და ოხერთ, ვინცავინ იქა ჰყუდია, ვითა, მაგალითადრე, ალექსანდრე დიდია, დარიუსია და სხვანი არიან, იმავ ღამესა ერთი ბისტიც აღარ შეარჩინეს.
    63.     პატლენიცა ვნახე, რადამანტისა მოლარე, პაპ იულიუსსა ღვეზილსა ევაჭრებოდა.
    64.     „ათ ცალში რა უნდა მოგცეო?“ - ჰკითხა პატლენმა.
    65.     „სამი ბლანკიო“, - მიუგო პაპმა.
    66.     „სამჯერ ჯოხისა დაკვრა არ გინდაო? - მიუთხრო პატლენმა.
    67.     - რაცა გაქვს, ეგ მე მომეცი, არამზადავ, შენ წადი, სხვა მოიტანეო“.
    68.     საწყალ პაპსა ცრემლი წასკდა და წავიდა.
    69.     ატირებული მიადგა თავის მეღვეზილე პატრონსა, ესე და ესე იყო, ღვეზილი სულ მთლად წარმტაცესო, და იმან კი იმდენი ურტყა ტაჯგანალი, ცხრაპირი ტყავი ააძრო.
    70.     მოძღვარი ჟან ლემერიცა ვნახე, პაპსა განასახოვნებდა, იდგა და ყოველთა ნამეფართა და ნაპაპართ ფეხთ აკოცნინებდა, მერმე კატასაებრ ზურგი აიკუხა, დაამწყალობნა ისინი და ჰრქვა:
    71.     „ინდულგენციისთვის ფულსა ნუ დაინანებთო, იყიდეთ, თქვე სულაყეფებულნო, თქვენა, ჩალისა ფასად ვიძლევიო.
    72.     შემინდვია ბოდვანიო, უფრორე სწორად ცოდვანიო, ჯანდაბას თქვენი თავი, კაცობა თუ არ გინდათ, იყავით არაკაცნი და ეყარენითო“.
    73.     მას უკან კაიეტსა ტრიბულესთან ერთად მიუხმო და უთხრა:
    74.     „უფალნო კარდინალნო, ამათ თითო-თითო ბულაწამოცმული ქოჩაბური არ აწყენთ, დაჰკარით, წელი აათრევინეთო“. თქმა და ქმნა ერთი იყო.
    75.     მე ჩემის ყურითა გავიგონე, ვითარ ჰკითხავდა ოსტატი ფრანსუა ვიიონი ქსერქსესა: „რა ღირს შენი მდოგვიო?“
    76.     „ერთი დენიეო“, - მიუგო ქსერქსემ.
    77.     მაშინ ვიიონმა დაუცაცხანა: „ციებ-ცხელებასამც გაუტანიხარ, შე სულკატიანო, შენაო, დიდი მეძვირე ყოფილხარ, სანოვაგესა ცეცხლსა უკიდებო“.
    78.     და ეგრევ მდოგვისა დერგში ჩაუთხია ფსელი.
    79.     ვითარ მემდოგვენი შვრებიან პარიზსა შინა.
    80.     მავანი და მავანი აზატი ბანიონელი მოისარიცა ვნახე.
    81.     მწვალებელთა საქმეთა ინკვიზიტორია.
    82.     ერთხელ პერსფორესა სწორედ მაშინ წაადგა, ოდეს იგი კედელსა აფსამდა, რომელ კედელსაც ანტონისა ცეცხლი, ანუ ხორცისა მძოველი სენი ეხატა.
    83.     და მოისარმა მან მწვალებლად შერაცხა პერსფორე, ის იყო უნდა დაეწვა კიდეც, მაგრამ მორგანმა არ აკმარა ოდენ კუთვნილი proficial’a, არცარა სხვა წვრილი რამ სანიჭარი, და მთელი ათი კასრლადუკი ლუდი მოუბოძა.
    84.     ზოგიცა მერმე გვიამბე, - შეაწყვეტინა პანტაგრუელმა. - აწღა ისი უფროისად გვეყურადღებება, რა დღეში არიან იქა მევახშენი.
    85.     - რა დღეში და, შავსა დღეში არიან, - უპასუხა ეპისტემონმა, - უკლისად ყოველნი ტალახსა შიგან იჩიჩქნებიან, ჟანგიან ქინძისთავთ და ძველ სამსჭვალთ აგროვებენ, ვითა აქა, დედამიწაზედ, ათასნაირნი ნიფხავგამოხეულნი შვრებიან,
    86.     მაგრამ ერთი კვინტალი ესეგვარი ჯართისთვის პატარა პურის ნატეხისა მეტსა არცრასა აძლევენ, და საერთოდ ღმერთსა არ უქნია იქაური აღებმიცემობა.
    87.     ამად არის, რომა ხან მთელი სამი კვირიაკე და ხანაც უფრორე გრძელჟამიერად უნაწილონი ვლიან ის საწყალნი, ჯაფა კი დილით საღამომდისა არ აკლიათ და სულ იმედნეულობენ, მალე ჩვენცა გვეშველებაო.
    88.     არცა დაღლა იციან შეჩვენებულთ, არცა ძალ-ღონესა ზოგავენ, არცაღა თავიანთ გაუძლის მდგომარეობასა დაგიდევენ, ოღონდაც წლისა ბოლოსთვის რამოდენიმე საცოდავი დენიე მოიშოვონ.
    89.     - კმარა, ეხლა კი ჭამა-სმასა მივყოთ ხელი, - წართქვა პანტაგრუელმა.
    90.     - მობრძანდით, ძმანო, მთელი ეს თვე ლხინში გავატაროთ.
    91.     სიტყვასა მყის თან საქმე მოაყოლეს, ჩამოამწკრივეს გოზაურნი, მოიძიეს ნუზლი, და ნადიმსა ხელი წაეყარა, დაღათუმცა, ბედშავმან ანარქ მეფემან მაინც ვერ მოილხინა, რისა გამოც პანურგმა სიტყვა გამოაგო:
    92.     - რა ვქნათ, რა ხელობა ვასწავლოთ აქა მეფე-ბატონსა?
    93.     იმა ჟამისთვის, ოდესცა ეშმაკთ წერილსა წაუღებს, უკვე კარგა გაწაფული უნდა ჰქონდეს მარჯვენა.
    94.     - მართალი ბრძანებაა, - განსაჯა პანტაგრუელმა, - რაიცა გინდა, ისა უყავ, შენი ფეშქაში იყოს.
    95.     - მადლი მომიხსენებია, - მიუგო პანურგმა. - ვერცრა საბოძვარზედ უარსა ვერ ვიტყვი, მეტადრე შენსაზედა. ეპისკოპისისა ძღვენი (ლათ.).


33

    1.     XXXI. ვითარ შევიდა პანტაგრუელი ამავროტთა თავქალაქსა, რარიგ შერთო პანურგმა ქალი ანარქ მეფესა და რაგვარ გახადა იგი ხირხიტონისა გამსყიდველი
    2.     შემდგომად ამა საარაკო გამარჯვებისა ადგა პანტაგრუელი და ამავროტთა თავქალაქსა წარგზავნა კარპალიმი, წა და ამცნე იქაურთ, რომ ანარქ მეფე წარტყვევნილია და მტერი სრულად განაცარმტვერებულიაო.
    3.     ამბავი ესე რა იუწყეს, ყოველნი ქალაქელნი დია აღტაცებულნი დაეწყვნენ და, ვითარ ამგვარსა ზარზეიმსა შეჰფეროდა, დასტურ ისე გამოეგებნენ პანტაგრუელსა და შეაბრძანეს ქალაქსა,
    4.     ქალაქში კი ყოველგან ჭიაკოკონა ენთო და უცხოდ შემკობილი მრავალი ტაბლა იდგა სასიხარულო შემთხვეულობისა გამო.
    5.     საითაც გაიხედავდი, ხალხსა იმისთანა ზეიმ-ხიდილი ჰქონდა გამართული, თითქოსდა კვალად სატურნისა დროება დამდგარიყო.
    6.     დაღათუმცა, პანტაგრუელმა შეკრებილთ განუცხადა:
    7.     - უფალნო, რკინა მანამ უნდა გამოვჭედოთ, სანამ ცხელია, მაშ ვიდრე არ მოვლეშილვართ, ეხლავ ეგების ჩემგან ხელთ გდება დიფსოდთა მთელი სამეფოსი.
    8.     გალაშქრებასა ხვალა ღრეობისა მერმე ვეპირები, და ვინაც ჩემთან ერთად წამომსვლელნი ხართ, განემზადენით.
    9.     საქმისთვის ჩემი ხალხიცა კმარის, მეტი არ მეჭირვება, გარნა ვხედავ ქალაქი თქვენი არღა გყოფნით, ზიმზიმი გაგაქვთ.
    10.     ამად მინდა, რომა მნდომელნი დიფსოდიასა შინა დაგასახლოთ ვითარცა ახალმოშენენი და კიდით-კიდე მოგიბოძოთ ქვეყანა იგი, იქაურ მიწა-წყალსა კი წუნი არ დაედების:
    11.     სახნავ-სათესი პოხიერია, ჰაერი - მაცხოვნებელი, მდებარეობა - წამტანი გულისა, სხვა იმნაირი კურთხეული მხარე არცა არის დედამიწისა ზურგზედ, ვისაც როსმე მოგიხილავთ, უწყით, რასაც ვუბნობ.
    12.     ამა განჩინება-გარდაწყვეტილებისა ამბავი მალიად მთელსა ქალაქსა მოედო, და მეორე დღესა სასახლისა ფორ-მოედანზედ უშქარი და კიდევ რვაას ორმოცდათექვსმეტი ათას თერთმეტი კაცი შეკრბა, დიაც-ყმაწვილთ უკეთუ არა ჩავთვლით.
    13.     და სუყველანი ისეგვარად დაწყობილნი გაუდგნენ დიფსოდიისა გზასა, ვინაც დაინახავდა, შესაძლოა, შვილნი ჰგონებოდნენ ისრაელისანი, ეგვიპტისა დატევებისა მერმედ ზღვასა მეწამულსა მავალნი.
    14.     თუმცაღა კი, ვინემ ლაშქრობასა ამას აღვწერდე, ჯერეთ ის უნდა გიამბოთ, რაგვარ მოექცა პანურგი ტყვევნილსა თვისსა, ანარქ მეფესა.
    15.     იფიქრა, იფიქრა, რა ვუყო, რა საქმე გამოვუჩინოო, და ეპისტემონისა თქმული წამოაგონდა, ნამეფარ-ნაბატონარნი ელისეს მინდორთა შინა აგრე და აგრე არიანო.
    16.     ერთი ლუკმა პურისა გულისთვის სუყველა რაღაცა საკდემელსა და სააუგო ხელობასა მისდევსო.
    17.     წამოაგონდა და, არცა აცია, არცა აცხელა, ადგა და ეგრევ მოკლე ახალუხი ჩააცვა მეფესა, ცისფერი ატლასისა, ალბანურ ქუდსაებრ ჩაქიანი, მერმე ზღვაზედ სახმარი საწმერთული მოარგო, საფსმელად საადვილო, ფეხნი კი შეუმოსავნი დაუტოვა,
    18.     არ მოგიხდებაო, უთხრა და კიდევ ლურჯი თავსაბურავი დაადგა, ყვერულისა დიდი ფრთითა გაწყობილი, უნდა მომიტევოთ, ამერია, ერთი კი არა, მგონი, ორი ფრთა ამშვენებდა, და მწვანე სრელ-ზოლიანი ლურჯივ ქამარი შემოარტყა.
    19.     ესეგვარად გამოკანკლული მეფე მიჰგვარა პანურგმა პანტაგრუელსა და დაეკითხა: - იცნობ ბრანგვსა ამასა?
    20.     - არცროდის არა მიხილავს, - მიუგო პანტაგრუელმა.
    21.     - თქვენთა თვალთა წინარე უპირველესი გვირგვინოსანია.
    22.     უკეთუ დამყვა, რიგიან კაცად ვაქცევ.
    23.     ეს ვირიშვილნი, ესენი, სააქაოში, დედამიწაზედ, პირწავარდნილნი მუტრუკნი არიან, არცრა იციან და არცრად უქნია ღმერთსა,
    24.     ერთადერთი, რაიცა ხელეწიფებათ, ის არის, რომა უბედურ ქვეშევრდომთ სისხლსა უშრობენ და, როცა კი მოეპრიანებათ, ოღონდაც თავიანთი უსამართლო და ბილწი ჟინი მოიკლან, ჩხუბსა ჩამოაგდებენ ხოლმე ქვეყნიერებაზედ.
    25.     უნდა საქმესა რასმე მივაჩვიო, სულაც ხირხიტონისა გამსყიდველსა გავხდი.
    26.     აბა, ერთი შეჰყვირე: „ვის გინდათ ხირხიტონი, ვის გინდათ- თქო?“ და იმა საცოდავმაც შეჰყვირა.
    27.     - ხმადაბლა მოგივიდა, - მიუთხრო პანურგმა და ყურში სწვდა, სწავლება დაუწყო: - უფრორე ხმამაღლა წართქვი, სოლ- რე- დო მისწრება იქნება! ეგრე, ეგრე!
    28.     მე შენ გეტყვი, ყანყრატო არ გივარგა!
    29.     სვიანსა ცხოვრებასა აწღა მოეწევი, რამეთუ მეფე აღარა ხარ.
    30.     პანტაგრუელსა ამან დია კმაყოფილება მოჰგვარა, რადგანც, გავბედავ და დაგარწმუნებთ, დიდი გულკეთილი ვინმე იყო.
    31.     აგრე და ამგვარად დადგა ანარქისგან ფარსაგი გამსყიდველი ხირხიტონისა.
    32.     ორიოდ დღისა შემდგომ პანურგმა მავანი და მავანი ძველი კახპა შერთო მეფესა და ქორწილიც თავადვე გარდაუხადა,
    33.     ქორწილსა კი არა აკლდა არცა ცხვრისა თავ-ფეხი, არცა შემწვარი ღორისა ხორცი, თავისი მდოგვითა, და არცა კიდევ დანივრული შიგანური, თანაც ხუთი ურემი ეგევე ჭამადი პანურგმა პანტაგრუელსა აახლა, და იმასაც ისერიგად ეგემრიელა, ყველაყა მიირთვა;
    34.     ღლევითა მექორწილენი მსხლისა და ცირცელისა იყსა ღლევდნენ, და იყო ერთი როკვა-შუშპარი, დამკვრელად უშტარი ვინმე მეჭიანურე ჰყავდა პანურგსა დაქირავებული.
    35.     სუფრიდან ამდგარნი ახალჯვარდაწერილნი პანურგმა სასახლესა შინა მიიყვანა, მიჰგვარა პანტაგრუელსა და პატარძალზედ მიუთხრო: - აი ესა უკვე არღა გატყვრება!
    36.     - ვითომ რადაო? - დაეკითხა პანტაგრუელი.
    37.     - რადა და, მრავალგზის ნაჩხვლეტია, - მიუგო პანურგმა.
    38.     - რასა მიმანიშნებ? - ჩაეძია პანტაგრუელი.
    39.     - დასტურ უნდა უწყოდე, - განაგრძო პანურგმა, - წაბლსა ოდესცა ცეცხლში მთელ-მთელსა სწვავენ, მეხსაებრ ტყვრება, და რათა არ გატყვრეს, წინ-წინ ჩხვლეტენ.
    40.     ეს ჩვენი პატარძალიცა ძირშიგან გვარიანად ტუტუა-დანაჩხვლეტია და ამად არცროდისღა გატყვრება.
    41.     მაშინ ადგა პანტაგრუელი და ახალნაქორწილევთ ერთი ქუჩაბანდისა ბოლოს პატარა სახლი რამ მიუბოძა და ზედ ფილთაქვაც მიაყოლა, დადექით და სახირხიტონე ნიგოზი ნაყეთო.
    42.     და ისინიც მიდგნენ-მოდგნენ, ოჯახი ნელ-ნელა მოაღონიერეს, და თუ ვინმე იყო უტოპიასა მართლა ყოჩაღი მეხირხიტონე, ანარქ ნამეფარი არცვისა არ ჩამოუვარდებოდა,
    43.     თუმცაღა კი შემდგომად ამბავი მომივიდა, ცოლი შავსა დღესა აყრის, თავში უჩაჩქუნებსო, მაგრამ ის უბედური იმისთანა აბუეტია, თავდასაცველად ხელი ვერ გამოუღიაო.


34

    1.     XXXII. ვითარ გადააფარა პანტაგრუელმა ენა სრულად ლაშქარსა, და რა დაუნახა იმას პირშიგან ამა წიგნისა მთხზველმა
    2.     ოდეს პანტაგრუელი დიფსოდთა ქვეყანასა შინა შეუძღვა თავის სპასა, მუნებურთ დია გაიხარეს და დანებებასა დაეჩქარნენ;
    3.     რომელ ქალაქთანაც კი მოიხილავდნენ პანტაგრუელსა, მიდიოდნენ და თავადვე აბარებდნენ იმა ქალაქის გასაღებსა.
    4.     ერთნი ოდენ ალმიროდნი გაჯიუტდნენ, ეშმაკისა ცხენზედ შემსხდარნი დაუხვდნენ პანტაგრუელისა შუაკაცთ და მიუთხრეს, მხოლოდ და მხოლოდ მაშინღა დაგნებდებით, უკეთუ ჩვენთვის ფრიად ხელსაყრელსა პირობასა არ წაუხვალთო.
    5.     - რა პირობა, რის პირობა! - შეჰყვირა პანტაგრუელმა, - თავი ხომ არ მოჰბეზრებიათ?
    6.     რახან აგრეა, მაშ, ეხლავ იავარვყოთ!
    7.     ბრძანება და ლაშქრისა დაწყობა-დაძვრა ერთი იყო.
    8.     დაღათუმცა, გზად ტრიალსა მინდორში დელგმამ მოუსწროთ, და მოლაშქრენი სიცივემ ისერიგად შეაჭირვა, ერთმანეთსღა ეკვროდნენ, ეგების ცოტა გავთბეთო.
    9.     პანტაგრუელმა მხედრობა შეცივნული რა დაინახა, ჯართუფროსთა პირით ხმა მიაწვდინა, ნუ გეშინიათ, არაფერიაო, ღრუბელსა ცხადლივ ვატყობ, სადაც არის, ჩამოიჟურებაო, მაგრამ მაინც მწკრივ-მწკრივ დაეწყეთ და შეგიფარებთო.
    10.     ლაშქარიც წამერთ დამწკრივდა, პანტაგრუელმა მხოლოდ ნახევრად გამოყო ენა და ყველანი შეიფარა, ვითარცა კრუხმა წიწილნი.
    11.     ამაობაში ავდექი მეცა, ამა უტყუარ ამბავთა მათქვამი, და იქავ ახლორე ოროვანდისა ფოთოლსა შევეფარე, რომელი ფოთოლიცა არცათუ ნაკლებად განიერი იყო, ვინემ მონტრიბლის ხიდისა თაღია.
    12.     და როს იმათ უფროისად უკეთ თავშეფარებულთ შევავლე თვალი, წაველ, ვიფიქრე, შევეკედლები -მეთქი, გარნა ზედიზედ მიწყობილთ მისადგომი ვერ მოვუკვლიე.
    13.     ბევრი ვუარე თუ ცოტა ვუარე, ბოლოს პანტაგრუელსა ენაზედ შევაცოცდი, ორიოდ ეჯი გავიარე და პირშიგან შევუბრძანდი.
    14.     შევუბრძანდი და, ჰოი, ღმერთნო და ქალღმერთნო, არ იტყვით ახლა, რა დავუნახე?
    15.     დიამც მუშთარმან განმგმიროს თავისი მეხმფრქვეველი სამკაპითა, უკეთუ ნაცილსა ვუბნობდე!
    16.     ვითომც კონსტანტინოპოლში სოფიასა შინა ვყოფილიყავ, ისე ვიდოდი და აქეთ-იქით სულ კლდეთა ვჭვრეტდი, მაღალთა, ვითა დანიაში მთანია, როგორცა ჩანს, კბილ-ღოჯთა შუა მოვხვდი,
    17.     და მრავალი ჩანდა აგრეთვე თვალუწვდენელი ველ-მინდორიცა, ღურღუმი ტყეცა და ბევრი მოვიხილე დიდ-დიდი გამაგრებული ციხე-ქალაქიც, ჩვენი ლიონისა და პუატიეს დარი.
    18.     პირველსა ვისაც შევხვდი, ერთი ვინმე გულკეთილი კაცი იყო, კომბოსტოს ჩითილსა რგავდა.
    19.     ამან ძალიან გამაკვირვა და დავეკითხე:
    20.     - შენა, ძმავ, რასა შვრები- მეთქი?
    21.     - რასა ვშვრები და, კომბოსტოსა ვრგავო.
    22.     - მერედა, რად გინდა- მეთქი?
    23.     - ეჰ, ჩემო ბატონო, ყოველნი კაცნი პოვნიერნი არ არიანო, - მომიგო, - სუყველა თუ გამოძღა, პურიც გამოილევაო.
    24.     მე ამა კომბოსტოთი ვშოულობ ლუკმა-პურსაო, აგერა უკან რომ ქალაქი მოჩანს, ბაზარი ადგილია და იქ დამაქვს გასასყიდადო.
    25.     - დიდება შენდა, ღმერთო! - წამოვიყვირე.
    26.     - აქა მთელი ახალი ქვეყანა ყოფილა- მეთქი.
    27.     - არამც და არამც ახალი არ არისო, - პირში მწვდა კაცი იგი.
    28.     - ვითარ უბნობენ, ახალი მზიან-მთვარიანი ქვეყანა სადღაც ახლორე მდებარეობს და იქა თურმე ათასი რამ დიდი ამბავი ხდება, სოფელი ესე ჩვენი უფროისად ძველიაო.
    29.     - კეთილი და პატიოსანი, ძმავ, - ვუთხარი.
    30.     - სახელსა ხო ვერ მეტყვი იმა ქალაქისასა, სადაც კომბოსტო დაგაქვს გასასყიდადა- მეთქი?
    31.     - რატომაც ვერ გეტყვი, ასფარაგი ჰქვიანო, იქა სულ ქრისტიანები სახლობენ, დია კარგი ხალხია, თუკი მიხვალ, არცა სასმელსა დაგიჭერენ, არცა საჭმელსაო.
    32.     რაღა თავი შეგაწყინოთ, ბარემ წავალ- მეთქი, გარდავწყვიტე და ავიკარ გუდა-ნაბადი.
    33.     გზად მავანსა და მავანსა ყრმასა გადავეყარე, მტრედთა სდევდა დასაჭერად, და შევეკითხე:
    34.     - ძმავ, აქა მტრედნი საიდან სადა- მეთქი?
    35.     - საიდანა, ბატონო, და საიქიოდანაო, - მომიგო.
    36.     ვიფიქრე, ალბათ, პანტაგრუელი ოდესცა ამთქნარებს, მტრედთ ხახა მისი სამტრედე ჰგონიათ და შიგან გუნდ-გუნდ უფრინდებიან- მეთქი.
    37.     მერმე ქალაქსა შეველ და ქალაქი ისა ფრიად გამაგრებული მეჩვენა, მდებარეობაც უზადო ჰქონდა, და გუშაგთ, ჩემდა გასაკვირად, ჭიშკართან მიმდგარსა ჯანისა სიმრთელისა ქაღალდი მომთხოვეს.
    38.     - აქა უფალნო, ჟამიანობა ხო არ არის- მეთქი? - ვიკითხე.
    39.     - ეჰ, ბატონო, - მითხრეს, - ჩვენსა მხარეში იმოდენი ხალხი იხოცება, სულ ურმითა ვეზიდებით და მაინც ვერ გაგვიტანიაო.
    40.     - ღმერთო კი მომკალი, სადა, რა ადგილას ხდება ეგა- მეთქი?
    41.     სადა და, თურმე ლარინგსა და ფარინგში ხდებოდა, რუანსაებრ და ნანატსაებრ დიდთა და მდიდარ სავაჭრო ქალაქთა შინა,
    42.     ჟამიანობისა მიზეზი კი ისი მყრალი და მავნე ოხშივარი იყო, ბოლო ჟამსა უფსკრულთაგან რომ ამოდიოდა, რისა გამოც ერთსა კვირაში ორი მილიონ ორას სამოცი ათას თექვსმეტ კაცზედ მეტსა დაჰყროდა ვალალა.
    43.     ვიფიქრე, ვიფიქრე, ჭკუასა ძალა დავატანე და, როგორც იყო, ჩავხვდი, რომ პანტაგრუელსა უყარდა სტომაქი, რამეთუ დანივრული შიგანური ჰქონდა მირთმეული, და თუ როდის მიირთვა, უკვე მოგახსენეთ.
    44.     შემდგომ ჭიუხ-ჭიუხ ვიარე და როს ერთერთსა თავზედ მოვექეცი, ირგვლივ ყოვლისა უფრორე ლამაზი ადგილი დავკვლიე: არ აკლდა არცა უცხოდ გამართული საბურთალი მოედანი, არცა გალერეა, არც მდელო, არცა ბაგა-ვენახი,
    45.     საცა ერთი ლამაზი კორდიანი იყო, ყოველგან კოკროჭინა ოდა-სახლები იდგა, იტალიური ყაიდისა, და დავრჩი ოთხი თვე, ვიყავი და ისე მაძღრისად, როგორცა იქა ვჭამდი, ჯერეთ არცსად არ მიჭამია.
    46.     მას უკან ქვედა ლაშისკენ დავეშვი და ის იყო საძირისა კბილთ გავცდი, რომა გზად ერთსა უღრანსა და ყურთამდის ატეხილსა ტყეში ყაჩაღთ გამძარცვეს.
    47.     მერმე რომელიღაც სოფელში მიველ, ფერდობზედ იყო შეფენილი, სახელი არღა მახსომს;
    48.     ჭამა-სმა აბა იქა მქონდა, თუ მქონდა და თანაც კიდევ ცოტა ფულიც მოვიშოვე. თუ იცით, რითა?
    49.     რითა და, ძილითა, იმსოფლელნი დიაღაც საძინებლად ქირაობენ ხალხსა, ფულსა დღიურ უხდიან და დღეში, სულ ცოტა, ხუთი-ექვსი სუს შოვნა შეიძლება, ვინაც ძალიან ხვრინვა იცის, იმასა შვიდნახევარი სუ ეგრევე ზედა აქვს.
    50.     სენატორთ რომ ვუამბე, ესე და ესე იყო, გზაში გამღვარსლეს- მეთქი, იმათ მაშინვე ის მითხრეს, კბილთიქითელნი დასტურ ყაჩაღნი და ბოროტისა მყოფელნი არიანო, და ჩავვარდი გულისხმასა:
    51.     ვითარ ჩვენში უბნობენ, პირიქითელნი და პირაქეთელნიო, იქა კბილთიქითელნი და კბილთაქეთელნი იციან, და „კბილთაქეთა“ ქვეყანასა შინა გულსაც უფრორე უხარის, ჰაერიც უმჯობესია.
    52.     და აწღა ვირწმუნე, რაოდენ მართალნი არიან ისინი, ვინაცა უბნობს, კაცთა მოდგმისა ნახევარმა არცრა უწყის მეორე ნახევრისაო, რამეთუ ჯერეთ არცვისა აღუწერია „კბილთაქეთა“ ქვეყანა, იქა კი, უდაბნოთა და დიდროვანსა სრუტესა თუ არ ჩავთვლით, ოცდახუთი კაცრიელი სამეფოა.
    53.     და აი ამას წინათ დავჯექ და დავწერე კარგა მოსქელო წიგნი, რომელ წიგნსაცა აქა ამბავი ყიელთა დავარქვი, და მუნებურთ ყიელნი იმად ვუწოდე, რაკიღა ისინი ჩემისა ბატონისა, ანუ პანტაგრუელისა ყიასა შინაგან სახლობენ.
    54.     ბოლოსა და ბოლოსა კვალად უკან წამოსვლა მომინდა და წინაპირველად პირისა თმასა ჩამოვყევი პანტაგრუელისასა, მერმე მხარზედ დავახტი, იქიდან კი ძირსა ჩამოვცურდი და ფეხთა ქვეშე ჩავუვარდი.
    55.     - საიდგან გაჩნდი, ალკოფრიბას, აქაო? - დამეკითხა პანტაგრუელი, ოდესცა შემამჩნია.
    56.     - საიდან, ბატონო, და შენი ყრონტიდანა- მეთქი, - მივუგე.
    57.     - მერედა, რაოდენი ხანი იყავი იქაო?
    58.     - რაცა რომ ალმაროდთ შეუტიე, იმჟამიდან იქა ვარ- მეთქი, - ვუთხარი.
    59.     - მაშ აბა, ნახევარ წელიწადზედ მეტი ყოფილხარო, - წართქვა პანტაგრუელმა.
    60.     - რასა ღლევდი? რასა მიირთმევდიო?
    61.     - რასაც შენა ღლევდი და მიირთმევდი, მეფე-ბატონო, მეცა იმასა გეახლებოდი- მეთქი, - ვუთხარი.
    62.     - რაოდენიც ყელშიგან გემრიელი ლუკმა ჩაგსვლია, ყველასა ბაჟსა ვადებდი- მეთქი.
    63.     - სკორესა რასღა უშვრებოდიო? - მკითხა.
    64.     - რასა და, პირდაპირ ყრონტსა შიგან გიშვრებოდი- მეთქი, - მივუგე.
    65.     - ჰა-ჰა-ჰა! - გადაიხარხარა პანტაგრუელმა. - კარგა ცოტამატა ჩანხარო.
    66.     ღვთისა შეწევნითა ჩვენა უკვე მთელი დიფსოდთა ქვეყანა დავიპყარითო, შენთვის სამადოს ციხისთავობა მომიბოძებიაო.
    67.     - მადლსა გწირავ, მეფე-ბატონო, - ვუთხარი.
    68.     - ეგევითარი წყალობა სულაც არ დამიმსახურებია- მეთქი.


35

     1.     XXXIII. ვითარ გასატკივარდა პანტაგრუელი და რარიგ გამოიავადმყოფა
    2.     მცირე ჟამისა შემდგომ ქველი პანტაგრუელი სალმობიერ იქმნა, გვრემა აუტყდა მუცლისა, და ვერცაღა იხმია, ვერცაღა ჭამა.
    3.     და რადგანაც ერთსა ჭირსა მეორე მოსდევს, ზედა შარდისა ხუთვა დაერთო, და წარმოდგენაც არა გაქვთ, რაგვარ იტანჯებოდა, დაღათუმცა, მკურნალთა ათასი რამ საფაღარათო და საშარდველი წამალი შეასვეს, და წამლობა ესე ფრიად მოუხდა: ფსმად იქცა, ფსა, ფსა, და ტკივილიც დაუცხრა.
    4.     ოღონდ შარდი იმისთანა ქაფქაფა ჰქონდა, დღესაქამომდის არ განელებულა, და სადაც კი იდინა და იმდინარა, იქა ალაგ-ალაგ ცხელმან ფშა-წყარომან ამოხეთქა, მაგალითადრე, საფრანგეთსა შინა: კოდრეში, ლომონსში, დასტში, ბალრუკში, ნერიკში, ბურბონ-ლანსიში და სხვაგანაცა.
    5.     იტალიასა შინა: მონტო-გროტოში, აპონოში, სან-პიეტრო-დი-პადუაში, სანტა-ელენაში, კაზანოვაში, სან-ბართოლომეოში.
    6.     ბოლონიისა საგრაფოსა შინა: პორეტაში, და კიდევ ბევრსა სხვა ადგილასა.
    7.     და მიკვირს და დია გამკვირვებია, რატომ არის, რომა მრავალნი ცალტვინა ფილოსოფოსნი და მკურნალნი დროსა იმის ცილობაში ჰკარგავენ, არა ბორაკი ანიჭებს ზემორეჩამოთვლილ ფშა-წყაროთ სითბოსა, არა გოგორდიო, ვიეთნი შაბსაც ასახელებენ, ვიეთნი კიდევ წიაღისეულსა გვარჯილასა,
    8.     და სხვასაც ათას რასმე მიედ-მოედებიან, უფრორე უმჯობესი კი ის იქნებოდა, ენისა ნაცვლად სასკორენი ეფხანათ და რისა წარმომავლობისა ამბავიც არა უწყიან, იმაზედ დავაში დრო არცა დაეკარგათ, რამეთუ საქმისა ახსნა სულ ადვილად ეგების:
    9.     ზემორეხსენებულნი ფშა-წყარონი ცხელნი იმად არიან, ვინადგან ქველისა პანტაგრუელისა ცხელისა შარდისა გაჩენილია.
    10.     აწღა ბარემ იმასაც გაუწყებთ, რაგვარ განიკურნა თვისისა უმთავრესისა სატკივრისგან პანტაგრუელი, და აქავ ჩაგიწიგნავთ, რომ მარტოოდენ ტანში გასაყვანად მიირთვა:
    11.     ოთხი კვინტალი კოლოფონური სკამონიუმი.
    12.     ას ოცდათვრამეტი ურემი ფუთფუთა, თერთმეტი ათას ცხრაასი გირვანქა რევანდი, დანარჩენ წამალწუმალზედ რო აღარა ვთქვათ რა.
    13.     მაგრამ საშველი მაინც არ დაადგა, და მკურნალთ კვალად ისიბრძნეს, ფაშვი სრულად უნდა განეწმინდოს და გვრემაც მაშინღა გაუვლისო.
    14.     ამა ამბისთვის მალიად თექვსმეტი დიდრონი ქობინი დაამზადეს სპილენძისა, იმაზედ უფრორე მოზრდილნი, რომსა შინა ვერგილიუსისა ძეგლსა რომ ამშვენებს, და ყოველსა ზამბარიანი ბჭე დააყოლეს, რომელი ბჭეცა შიგნიდან იღებოდა და იხურებოდა.
    15.     ერთსა ქობინსა შიგან ხელჭრაქიან-კერეონიანი კაცი შევიდა, და დასწვდა პანტაგრუელი მას ქობინსა, გადაყლაპა, ვითარცა ქაშთაჯი.
    16.     ხუთსა სხვა ქობინსა შიგან ხუთნი ვაჟკაცნი შევიდნენ, ბარებგადებულნი.
    17.     სამსა სხვა ქობინსა შიგან სამნი გლეხკაცნი შევიდნენ, ნიჩბებგადებულნი.
    18.     დარჩენილ შვიდსა ქობინსა შიგან მეგოდრენი შევიდნენ, გიდელებმოკიდებულნი, და სუყველანი პანტაგრუელისა ყლაპმან ჩაიტანა, ვითა აბნი.
    19.     და ფაშვში რა თავი ამოყვეს, განახვნეს ყოველთ ბჭენი და გადმოვიდნენ თავ-თავიანთ ხულათგან;
    20.     პირველი ჯერ ხელჭრაქიანი გადმოვიდა, მერმე სხვანი მოჰყვნენ და, პირდაპირ თვალჩაუწვდენელსა უფსკრულსა ჩაცვივდნენ, უფროისღა მყრალსა და სნებოვანსა, ვინემ მეფიტისია, კამარინისა ჭაობნი და აშმორებული სორბონისა ტბაა, რომელსა სტრაბონი აღწერს,
    21.     და კიდევ კარგი, ჩაშვებისა წინარე სიმაგრისა წამალი მიაშველეს გულსა, სტომაქსა და ხაპირსა (იგივ გოგრასა), თორემ აუცილებლივ გაიგუდებოდნენ, ისეთგვარი ხაშმიანი ოხშივარი ტრიალებდა იქა.
    22.     ნეტავი ერთი, ღმერთმა ქნას, ჩვენთა ტურფა ასულთა პირბადენი აესუნებინა იმისთანა უცხო რამ სურნელება-ფშვიერობასა!
    23.     ბევრი ვლეს თუ ცოტა ვლეს, ცეცებ-ცეცებითა და ყნოსვა-ყნოსვით ერთსა დიდსა სკორისა მთასა მიადგნენ უფსკრულსა მოარულნი,
    24.     და მესკორეთ მას მთასა მალე ძირი გამოუთხარეს, სხვათ კი ნიჩაბნი მოივარგეს და გიდელნი ფუნითა პირთამდის დაავსეს, და ოდესცა იქაობა გულდაგულ მიწმინდ-მოწმინდეს, ყველა კვლავ თავ-თავის ქობინსა შინა მიბრუნდა.
    25.     მას უკან პანტაგრუელმა გული აირია და ყოველნი კაცნი ეგრევე ამოაღებინა, რამეთუ იმის ყიასა შიგან იმათ იმდენივე ადგილი ეჭირათ, რაოდენსაცა თქვენსაში ერთი, ამობოყინება დაიჭერდა,
    26.     და როს ამოღებინებულნი უკლებლივ მხიარულნი მოვიხილე, ბერძენთაგან ტროელთა ცხენისა დატევების ამბავი მომაგონდა.
    27.     აი, აგრე გამოიავადმყოფა პანტაგრუელმა და გამოსაღდა.
    28.     და ერთ-ერთსა იმა სპილენძისა ქობინსა, ანუ ქაშთაჯსა დღესაც ჯერეთ კიდევ ნახავთ ორლეანსა შინა წმინდა ჯვრის ტაძრისა სამრეკლოსა ზედა.


36

     1.     XXXIV. დანასკვნი ამა წიგნისა და ავტორისა, ანუ მათქვამისა ბოდიშობა
    2.     ესრეთ და ამრიგად, უფალნო, ესმა ყურთა თქვენთა დასაბამი ჩემის ხელმწიფისა და მბრძანებლის პანტაგრუელის შესაზარი ჟამთააღწერისა.
    3.     აქა აწ ვასრულებ იმაზედ შეთხზულსა ამა პირველსა წიგნსა, რამეთუ ჭაჭანურმა თავისი მიყო, ცოტა თავი მტკივა.
    4.     ოხჭანსა, ანუ დაბოლოებას ჟამთააღწერისასა უახლოესი ფრანკფურტის ბაზრობისთვის მიიღებთ და იმცნობთ: ვითარ შეუღლდა პანურგი და ქორწილისა შემდგომ პირველსავ თვესა რაგვარ გამოასხა ცოლმან რქანი;
    5.     ვითარ აღმოაჩინა პანტაგრუელმა სიბრძნისა ქვა და რარიგ ეგების პოვნა-მოხმარება იმისი, ვითარ დალახნა პანტაგრუელმა მთანი კასპიისანი, ვითარ შეეჭიდა ატლანტიკისა წყალთა შესაკრებელსა, ვითარ სძლია კანიბალთ და ვით დაიპყრო მარგალიტისა ჭალაკნი;
    6.     ვითარ შეირთო ასული ინდოეთის მეფისა, პრესვიტერ იოანედ სახელდებულისა;
    7.     და კიდევ იმასაც იუწყებთ, როგორ შეება იგი ეშმაკთ, როგორ განძარცვა ჯოჯოხეთისავ სეფე-დარბაზი, როგორ მისცა პროზერპინა ცეცხლსა, როგორ ჩაუმტვრია ლუციფერსა ოთხნი კბილნი და როგორ მოატეხა უკანალისა რქა;
    8.     შეიტყობთ, რაგვარ იმოგზაურა მან მთვარესა ზედა, რათა გაეგო, მართლა დიაცთა თავსა შიგან იბუდებს ხოლმე თუ არა მცხრალი მთვარისა სამი მეოთხედი, და კიდევ ბევრსა მოგიყვებით დია დასაჯერსა და შესაქცევარ ამბავ-ხაბარსა.
    9.     სუყველა დასტურ საიშვიათო რამ ტექსტია ფრანგული სახარებისა.
    10.     მშვიდობით გნახეთ, მოწყალენო ხელმწიფენო, pardonnante my.
    11.     და შეცდომილებათა ჩემთა განსაკუთრებულად ნუ გამოედევნებით, რამეთუ თქვენთა საკუთართ, ალბათ, არცრად აგდებთ.
    12.     და თუ მეტყვით: „ოსტატო, გეტყობა, დიდი ჭკუისა პატრონი ვერ ბრძანებულხარ, თორემ ემაგ გულისა საფხან არაკმარაკთ და იგავმიგავთ არცა აღგვითქვამდიო“, ავდგები და, მეტი რა ჩარაა, გიპასუხებთ, სათქვენჭკუოდ თქმულსა უნდა დასჯერდეთ, იკითხოთ და ისიამოვნოთ- მეთქი.
    13.     ისე, კაცმან რომ თქვას, შენდობისა ღირსნი უფრორე ჩვენა ვართ - თქვენ, ვინაც დროისა გასატარებლად ღიღინ-ღიღინ იცით კითხვა და მე, ვინაც დროებისავ ტარებისთვისა ვთხზავ,
    14.     ვიდრე დუნდგო და დუნდგო ფარისეველნი, ტრელნი, მოთნენი, თაღლითნი, მატრაბაზნი, ლოთ-მებრუვენი, მუსუსნი, ლირფნი, ლირწნი და სხვანიც მრავალნი მამაძაღლნი სექტელნი, რომელთაც ათასნაირი ნიღაბი აქვთ აფარებულნი, რა არი თვალი აუხვიონ ხალხსა.
    15.     ისინი ოდენ იმის ფიცილში არიან, არცარა გვახსოვს თვინიერ ლოცვისა, მარხვისა და გვემისაო, ხოლო საზრდელსა თუ გემოსა ვუსინჯავთ, ვითმე უნდა გავაძლებინოთ ცოდვილსა ნასხამსა ჩვენსაო, სინამდვილეში, ღმერთმან უწყის, რაგვარ ღორმუცელაობენ.
    16.     Et Curios simulant, sed bacchanalia vivunt.
    17.     და ბევრიც რომ დააბოლონ გოგირდი, ყოველივე ესა ცხადლივ აწერიათ ჩაჯიგრებულ თავ-პირთა და ღიპ-ღენდერთა ზედა.
    18.     გონებასა კი პანტაგრუელურ წიგნთა კითხვასა ავარჯიშებინებენ, თუმცაღა, უფრორე იმად კითხულობენ, ვის რა უხიმანონ და რა ავნონ ნამალევად, ვინემ იმისთვის, რომ დრო გაატარონ და შვებასა მიეცნენ,
    19.     რამეთუ დროებისა ტარებასა მიწყივ ენისა ტარება ურჩევნიათ, უკლებლივ მედროვენი, მჩურჩნელნი, მოყურიადენი, ანუ მაბეზღებელნი და სხვათა სასკორავთა შიგან მაცქერალნი არიან და აი ამას უხმობენ თავიანთ განსწავლულობასა.
    20.     და ყოველნი იმა უპოვარ კაცთ მიაგვანან, ალუბლობასა ყმაწვილთა სკორესა რომ ქექავენ ხოლმე და რაერთსა კურკასაც პოულობენ, მიარბენინებენ და ბალღოჯისა ზეთისა გამომხდელთ ასყიდებენ.
    21.     განერიდენით, ახლორე არ გაიკაროთ ისინი, ჩემებრ შეიძულეთ და შეიძაგეთ თვალისა დასანახავად, და პატიოსანი პანტაგრუელელობა, ანუ სიამტკბილობა, დალხინებული ყოფნა, ჯანისა სიმრთელე და თარიარალე თუ გსურთ, მსტოვართ ნუ მიენდობით.
    22.     მომიტევეთ (იტალ.). კურიუსნი ვართო, ბახუსისა მიმდევარნი უბნობენ (ლათ.).
    23.     აქა დასრულდა ქრონიკა, ანუ წელთაღწერა ესე პანტაგრუელისა, დიფსოდთა მეუფისა, მთელი თავისი შესაზარი მექმეობითა და საგმირო ღვაწლით უტყუვრად წარმოჩენილისა, რაიცა აწ განსვენებულმა მაგისტრმა ალკოფრიბასმა შეთხზა, კვინტესენციისა გამომხდელმან.