1
1. სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ
2. თავი ა˜
3. ყოველთა მეუფე კაცთმოყუარე ღმერთი ჩუენი მარადის ისწრაფის ცხორებისათჳს კაცთაჲსა და მიზეზსა სცემს ყოველთავე გულისჴმისსაყოფად საუკუნეთა მათ კეთილთათჳს
4. და უმჯობესისა მიმართ წარმართებად წამის-ყოფითა კაცთმოყუარებისა მისისაჲთა კეთილისა მიმართ მიიზიდავს ხატად თჳსა დაბადებულსა კაცსა, რამეთუ სულსა ბუნებით აქუს სურვილი კეთილისაჲ და უმჯობესისა გულისთქუმისა ისწრაფის მარადის.
5. ხოლო უკეთურებისა იგი მარცხენაჲ კერძი თითო-ფერითა სიმანქნითა უწრფელესთარე და გამოუცდელთა სულთა უცნებითა სიბოროტისაჲთა ისწრაფის,
6. რაჲთამცა დააბნელნა ჭეშმარიტისა კეთილისა საქმისაგან, რომლისა მიერ ქრისტეს სახიერებისა საღმრთოთა წერილთა მიერ გუასწავლი ჩუენ, ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „სიტკბოებაჲ, სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებათა შენთაჲ მრწმენა“.
7. ხოლო უფალსა ჰნებავს, რაჲთა ყოველი მიზეზი სიბოროტისაჲ განვაგდოთ ჩუენგან და რაჲთა განვეყენნეთ ბოროტისა ამისგან და პირუტყუებრივისა სიბრძნისა ჩუენისაგან, რომელი-ესე სასოებითა გულისჴმის-ყოფისაჲთა დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის,
8. რაჲთა წარვემართნეთ ნათლითა ჭეშმარიტისა გულისჴმის-ყოფისაჲთა და ესრეთ შემძლებელ ვიქმნნეთ განდევნად მისა, რაჟამს-იგი გულისჴმა-ვყოთ ჭეშმარიტითა მის ცხორებისა მიზეზი.
9. ამისთჳს თქუენცა, ჵ, სასურველნო ძმანო და საყუარელნო, მრავალგზის ითხოენით ჩუენგან სიტყუანი, რომელთა მიერ გულისჴმა-ჰყოთ, თუ ვითარი ცხორებაჲ უჴმს, რომელნი განშორებულ არიან ჴორციელთა გემოთაგან და მოქალაქობისაგან ამის სოფლისა
10. და, ვითარცა საქმესა შინა მოციქულისასა წერილ არს, ერთგან შეკრებილ არიან და ქმნულ არიან წმიდად შესაკრებელად და ურთიერთას ღმრთისმოშიშებით ყოფაჲ გამოუურჩევია: თუ ვითარ უჴმს, ერთმანერთსა თანა ყოფაჲ, ანუ თუ ვითარი დაწყნარებაჲ წესისაჲ უჴმს ქონებად,
11. ანუ თუ რაჲ არს სახჱ იგი სრულისა სათნოებათა გზისაჲ, ანუ თუ რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილი და სათნოჲ და სრული, ანუ თუ რაჲ არს გზაჲ იგი სისრულედ მიმყვანებელი, რომელნი-იგი ისწრაფიან, რაჲთამცა მისწუთეს საზომსა მას სულიერისა ჰასაკისასა.
12. და რაჲთა არა განვამრავლნე სიტყუანი ჩემნი, ესე ჩემგან ითხოეთ,
13. რაჲთამცა დაგიწერე თქუენ ზედაჲსზედა მოსაჴსენებელად და სულთა სარგებელისა წურთითა, რომელნი-ეგე გულსავსე ხართ წმიდასა მას და მართალსა სარწმუნოებასა ზედა და უწყით,
14. ვითარმედ ერთი არს ღმრთეებაჲ თაყუანისაცემელისა და ნეტარისა სამებისაჲ, ერთარსებაჲ და არსებაჲ, ერთი ნებაჲ და ერთისა დიდებაჲ.
15. და ერთსა თაყუანისცემასა შევსწირავთ ვითარცა წმიდასა მას საიდუმლოსა შინა ნათლის-ღებისასა წინაშე მრავალთა მოწამეთა აღგიარებია.
16. ამისთჳს ჩუენცა ვიხილეთ კეთილი ეგე სათნოებათა მიმართ სიყუარული თქუენი და გულისთქუმაჲ ეგე, რომელი გაქუს სრულთა მიმართ სათნოებათასა, არა უდებ ვიქმნენით მცირედ რაჲმე მოსაჴსენებელად თქუენდა დაწერად.
17. სახჱ წერილისა ჩუენისაჲ საღმრთოთა წერილთაგან მოვიღეთ და წამებანიცა წერილთანი დავწერენით ამას შინა გულსავსე-ყოფად და შეუორგულებელად სარწმუნოებად,
18. რაჲთა არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ თავით ჩუენით რასმე ვიტყჳთ, ანუ თქუას, თუ სიმაღლისაგან ამაოებისა ვქმნენით ჩუენ ესე.
19. ხოლო ყოვლისა უპირატესად ამას ვიტყჳთ: ყოველთა, რომელთა მიუცემიან თავნი თჳსნი ღმრთისადა და ჴორცნი მათნი შეიწირვიან, ვითარცა შესაწირავნი ცხოველნი და ჭეშმარიტნი, წმიდანი და სათნონი ღმრთისა და ისწრაფიან,
20. რაჲთამცა წარმოუდგინეს წმიდად სიტყჳერი იგი მსახურებაჲ მათი და, ამას სახესა კრძალულებისასა ვიტყჳთ, რაჲთა ჰრწმენეს აღთქუმანი იგი წმიდისა სახარებისა და წმიდათა წერილთანი,
21. რაჲთა მისცნენ თავნი მათნი კეთილისა საქმესა და ჰრწმენეს მტკიცედ, ვითარმედ მადლითა ღმრთისაჲთა და ძალითა იქმნების ჩუენ შორის სრულიადი ლხინებაჲ და განწმედაჲ ვნებათაგან უპატიოებისათა, რომელნი-იგი არიან სულთა და ჴორცთა ჩუენთა შორის.
22. რომელი ჩუენგან შეუძლებელ არს, აღმთქუმელისა ჩუენისა ღმრთისაგან ყოველივე შესაძლებელ არს.
23. რამეთუ ვნებანი ესე ცოდვათანი უკუანაჲსკნელ მოვიდეს სულსა ზედა და პირველქმნული იგი კაცი გარდაჰჴდა მცნებასა ღმრთისასა.
24. ხოლო ჯერ-არს, რაჲთა გურწმენეს ყოვლითა გულსავსებითა, ვითარმედ ღირს ვიქმნებით სულისა წმიდისა მოღებასა სრულებით განსაწმედელად სულთა და ჴორცთა,
25. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „სახარებაჲ ჩუენი არა არს თქუენდა მომართ სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითა და ძალითა და სულითა წმიდითა და გულსმოდგინებითა ფრიადითა, ვითარცა უწყით“.
26. და კუალად იტყჳს: „დაცვულმცა არს სული ჩუენი წმიდად და გონებაჲ და ჴორცნი დღესა მას ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა“,
27. რომლისა წინდი იგი ქველისმოქმედებისა მისისაჲ მორწმუნეთა სამგზის სანატრელითა მით ნათლისღებისა სახელისდებითა შეგჳწყნარებია აღორძინებად და წარმატებად სრულისა მკჳდრობისა და განმრავლებად ტალანტისა.
28. დიდი ესე და უხრწნელი საიდუმლოჲ რწმუნებულ არს ჩუენდა, რაჲთა მის მიერ ასი წილი მოვიგოთ, რამეთუ წმიდაჲ იგი და ნუგეშინისმცემელი სული,
29. რომელი მოციქულთა მიეცა და მათ მიერ მხოლოსა და ჭეშმარიტსა ეკლესიასა ღმრთისასა მიეცა, ჟამითგან ნათლისღებისაჲთ საზომისაებრ სარწმუნოებისა,
30. იგი სული თითოფერად და მრავალსახედ მივალს თითოეულისა თანა, სარწმუნოებითა მჴურვალითა მოუჴდეს ნათლისღებასა, რაჲთა მრავალწილად და კეთილად მიიღოს თითოეულმან აღორძინებაჲ ტალანტისაჲ, ვითარცა სახარებაჲ იტყჳს.
31. რამეთუ ვითარცა ჩჩჳლი, რომელი იშვა სოფელსა ამას შინა, არა დგას მარადის ჩჩჳლობისა ჰასაკსა ზედა, და დღითიდღედ აღორძნდების თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა, ვიდრემდე იქმნას კაც სრულ გამოუთქუმელთაებრ წესთა ბუნებისათა,
32. ეგრეთვე, რომელი იშვას ზეცით წყლითა და სულითა, თანა-აც, რაჲთა არა მარადის ეგოს წესსა სიჩჩოჲსასა, რამეთუ უჴმს, რაჲთა დღჱ და ღამჱ მოღუაწებითა და ტკივილითა და მოთმინებითა მრავლითა და სამარადისოჲთა წინააღდგომითა მბრძოლისა ჩუენისაჲთა წარემართოს
33. და აღორძინდეს და მიიწიოს სისრულესა სულიერისა მის ჰასაკისასა, ვითარცა მოციქული იტყჳს: „ვიდრემდე მივსწუთეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და გულისჴმის-ყოფასა ძისა ღმრთისასა კაცად სრულად საზომად ჰასაკისა სავსებისა ქრისტესისა,
34. რაჲთა არღარა ვიყვნეთ ჩჩჳლ და ვიღელვებოდეთ და მიმოვიტაცებოდით ყოვლისა მიერ ქარისა სწავლისა სიმრავლითა ღონეთა მიმართ ცთომისათა, არამედ წარვემართნეთ სიყუარულითა და აღვაორძინოთ მის მიერ ყოველივე, რაჲ–იგი არს ქრისტჱ“.
35. და კუალად იგივე სხუასა ადგილსა იტყჳს: „ნუ თანა-აღერევით სოფელსა ამას, არამედ მიიიცვალენით განახლებითა გონებისა თქუენისაჲთა, რაჲთა გამოიცადოთ თქუენ, თუ რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილი, სათნოჲ და სრული“.
36. ხოლო სრულსა მას ნებასა ღმრთისასა მიწთომასა მათთჳს იტყოდა, რომელნი საზომსა ჰასაკისა და სიტყჳერისა სავსებისა სულისა წმიდისასა მიწთომილ არიან.
37. გარნა ჴორციელსა ამას შობასა თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა შჯული არს ბუნებითი, რაჲთა მცირჱ იგი ყრმაჲ მისწუთეს სრულისა კაცისა ჰასაკსა,
38. რამეთუ არა ნებასა ზედა არს კაცისასა, არამედ დამბადებელსა ესრეთ განუგიეს, რაჲთა გინა თუ უნდეს, გინა თუ არა, აღესრულოს ჴორციელი იგი ჰასაკი.
39. ხოლო ზეცისა სულიერსა მას შობასა ზედა არა ესრეთ განუგია, არამედ ტკივილი და მწუხარებაჲ მოთმინებით უბრძანებია თჳთმფლობელსა მას ზედა ნებასა კაცისასა, ვითარცა თჳთ უფალი იტყჳს: „იღუაწეთ შესლვად იწროსა მას ბჭესა“.
40. და კუალად იტყჳს: „იიძულებდით, რამეთუ იძულებით არს სასუფეველი ცათაჲ“.
41. და „რომელმან მოითმინოს, იგი სრულიად ცხოვნდეს“ და „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“.
42. და მოციქული იტყჳს: „მოთმინებით რბიოდეთ წინამდებარესა მას მოღუაწებასა ღმრთისა მონანი მოთმინებითა მრავლითა...“ და შემდგომი ამისი.
43. რამეთუ ესრეთ განაგო მადლმან ღმრთისამან, რაჲთა თითოეული თჳსითა გონებითა და ტკივილითა და მოღუაწებითა მიიღებდეს სულიერსა აღორძინებასა.
44. რაჲზომცა ჰრწმენეს და რაჲზომცა ისწრაფდეს და რაჲზომცა მოღუაწებითა სულიერითა და ჴორციელითა მისცეს თავი თჳსი საქმესა მცნებათასა, ეგეზომცა არსებასა სულისასა აღორძინებად სულისა და განახლებად გონებისა მოიგებს.
45. მადლითა და ნიჭითა ღმრთისაჲთა მოეცემის ცხორებაჲ, ხოლო წარმართებაჲ და აღორძინებაჲ მომეცემის სარწმუნოებათა სიყუარულითა და მოღუაწებითა თჳთუფლისა მის ნებისა მისისაჲთა სრულსა მას ზედა ჰასაკსა სულიერისა მის საზომისასა,
46. რაჲთა ვითარცა მადლითა, ეგრეთვე სიმართლითა იქმნას მკჳდრ საუკუნოჲსა მის ცხორებისა.
47. ვერცა სრულიად მადლითა ღმრთისაჲთა თჳნიერ კაცისა შეწევნისა და მოსწრაფებისა იქმნების წარმართებაჲ.
48. ვერცავინ კუალად თჳნიერ ღმრთისა შეწევნისა თჳსითა მოსწრაფებითა ძალითა ოდენ შემძლებელ არს მიწთომად სრულსა ნებასა ღმრთისასა და საზომსა მას თავისუფლებისა და სიწმიდისასა.
49. რამეთუ „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი და დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მცველნი და მაშენებელნი“.
50. და კუალად იტყჳს, რამეთუ არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრეს ქვეყანაჲ, არცა მკლავმან მათმან იჴსნნა იგინი, არამედ იგინიცა იბრძოდეს მახჳლითა და მკლავითა და მარჯუენეამან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან იჴსნნა იგინი.
51. ხოლო ამით გამოაჩინა, ვითარმედ ძალი ღმრთისაჲ მათსა მოღუაწებასა შეეწევის და სიტყჳთა ამით წინაწარმეტყუელმან,
52. რომელნი მცირედთა სათნოებათა ზედა იქადიან, მათიცა ამპარტავნებაჲ გარდაჰკუეთა და სარწმუნოებითა და სიყუარულითა მადლისა მიერ ღმრთისა მოსავთა მისთა ცხორებისა პოვნაჲ ასწავა.
53. ხოლო რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ, რომლისა მიმართ მოციქული გუასწავებს გუევედრების, რაჲთა მას მივსწუთეთ, გინა თუ რლ~თა თჳთ უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“.
54. და კუალად იტყჳს: „იქმენით თქუენ სრულ, რამეთუ მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“.
55. და ამათ სიტყუათა მიერ სრულსა მას ცოდვათა განწმედასა აღუთქუამს, რომელი-იგი არს სრულიად განყენებაჲ ვნებათაგან უპატიოებისათა, და სრულსა მას სათნოებათა მიმართ აღმაღლებასა,
56. რომელ-იგი არს განწმედაჲ გულისაჲ მიღებითა მით სრულისა მის და საღმრთოჲსა სულისაჲთა, რომელი-იგი იქმნების გულსავსებითა სულისაჲთა, რამეთუ სარწმუნოებით და სიყუარულით მისცეს ყოვლით კერძოვე თავი თჳსი ღმერთსა.
57. ვითარცა დავითის მიერ გამოაჩინა სულმან წმიდამან სრული იგი ჭეშმარიტებისა სახჱ და გუასწავებს ღმრთისაგან თხოვაჲ მისი, რაჲთა სარწმუნოებით ძედ ნათლისა და მკჳდრ ცხორებისა.
58. და თქუა ესრეთ: „იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რაჲთა არა მრცხუენოდის სირცხჳლითა“.
59. და უპატიოებისა შემოსაჲ მათთჳს თქუა, რომელთა არა მოუგია გული უბიწოჲ ყოვლისაგანვე შეგინებისა და ბაყლისა რამეთუ კუალად იტყჳს: „მაშინ არა მრცხუენოდის მე, რაჟამს ვეკრძალო ყოველთა სამართალთა პირისა შენისათა“.
60. რამეთუ რაჟამს ყოველნივე მცნებანი წარვჰმართნეთ და ყოველთა ბოროტთაგან განვეშორნეთ, მაშინ მოვიგებთ სრულსა კადნიერებასა წინაშე ღმრთისა, ვითარცა სული წმიდაჲ გუასწავლის.
61. და კუალად ილოცვიდა წინაწარმეტყუელი და იტყოდა: „გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა და კუალად სულითა წმიდითა დამამტკიცე მე“.
62. ხოლო კუალად კითხვით იტყჳს: „ვინ აღვიდეს მთასა ღმრთისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?“
63. და კუალადვეცა მიუგებს, თუ ვინ არიან, რომელნი აღვლენან მთასა წმიდასა და იტყჳს: „უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა“.
64. და სიტყჳთა მით გუასწავა სულმან წმიდამან ყოვლისავე ცოდვისა გარდაკუეთაჲ, რომელი იქმნების საქმით ანუ სიტყჳთ გონებით.
65. და რაჲთა მოსწრაფე იყვნენ, რომელნი-იგი ილოცვენ და სარწმუნოებით ესვენ მიწვენად დღითი დღე საღმრთოსა მას სიმდიდრესა,
66. რამეთუ მოციქული ცხადად გუასწავლის, თუ ვითარ თანა-აც ყოფად სულთა, რომელნი ჴორციელთა ზრუნვათა და ქორწინებათაგან განშორებულ არიან ქალწულებისა სურვილისათჳს.
67. და ესრეთ იტყჳს, ვითარმედ – „ქალწული იგი ზრუნავნ უფლისასა, რაჲთა წმიდა იყოს არა ჴორცითა ოდენ, არამედ სულითაცა, საქმითა და გონებითა“.
68. ესე იგი არს, რაჲთა ცხადთაცა და ფარულთა ცოდვათაგან კიდე იყოს, ვითარცა სძალი ქრისტესი და მოსურნე ზეცისა მეუფისაჲ, წმიდაჲ და შეუგინებელი.
69. რამეთუ სულსა, რომელსა სუროდის ქრისტეს თანა ყოფად და რაჲთა იქმნას ერთ სულ, თანა-აც, რაჲთა მიემსგავსოს უბიწოსა მას და უხრწნელსა შეუნიერებასა მისსა, ვითარცა ნეტარი იოვანე იტყჳს,
70. ვითარმედ: „ყოველსა, რომელსა ჰქონდის სასოებაჲ სე, განიწმიდენ თავი თჳსი, ვითარცა იგი წმიდა არს“.
71. და პავლჱ იტყჳს: „მსგავს ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა“.
72. რამეთუ არა ცხადთა ოდენ ცოდვათაგან, ანუ პარვისა, ანუ კაცის კლვისა, ანუ ნაყროვანებისა, ანუ ძჳრის-ზრახვისა, ანუ უკეთურებისა, ანუ ტყუვილისა, ანუ ცუდადმეტყუელებისა,
73. ანუ ჴმამაღლობისა, ანუ ცილისა, ანუ ამპარტავანებისა, ანუ ვეცხლისმოყუარებისა, ანუ ანგაჰრებისაგან უჴმს სულსა წმიდად ყოფაჲ თავისა თჳსისაჲ.
74. რომელსა უარ-ეყოს ზიარებაჲ ჴორციელი და განშორებულ იყოს ამის სოფლისაგან და იღუწიდეს ქალწულებასა და მიეცეს თავი თჳსი შეყოფასა და ზიარებასა უხრწნელისა მის სიძისასა, არამედ უფროჲსღა თანა-აც,
75. რაჲთა ძნიადთა მათ ვნებათა სულისათა ფარულთა ცოდვათაგან დაიცვას თავი თჳსი:
76. გულისთქუმისაგან და ცუდადმზუაობრობისაგან და კაცთმოთნებისაგან და მაჩუენებლობისა, მთავრობისმოყუარებისა და მზაკუვარებისა და სიძულილისა და სიბოროტისა
77. და ურწმუნოებისა და შურისა და სიმაღლისა და ჴდომისა და თავმოთნებისა და ჴორცთმოყუარებისა და ამპარტავანებისა და მსგავსთა ამათთა უხილავთა მათ ვნებათაგან უპატიოებისათა.
78. რამეთუ წერილ არს უჩინოთა ცოდვათა სულისათა სწორადვე გარეგანთა მათ ცოდვათასა იტყჳს, უკუეთუ ვითარ გურწმანან სიტყუანი სულისა წმიდისანი, რამეთუ წერილ არს: უფალმან განაბნინის ძუალნი კაცთა მოთნეთანი“ და „კაცი მოსისხლჱ სძაგს უფალსა“.
79. აჰა ესერა, სიტყუაჲ ზაკუვისა და კაცისკლვისაჲ ერთად ცოდვად შეჰრაცხნა.
80. და კუალად იტყჳს: „რომელნი იტყოდიან მშჳდობასა მოყუსისა თჳსისა ხოლო უკეთურებაჲ არს გულსა მათსა, მიაგე მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ“.
81. და იტყჳან: „რამეთუ გულნი თქუენნი უშჯულოებასა იქმან ქუეყანასა ზედა“.
82. და უფალი რაჟამს აბრალებდა კაცთმოთნეთა, თქუა, ვითარმედ: „ყოველსავე იქმან, რაჲთამცა ეჩუენნეს კაცთა“.
83. ამისთჳსცა გუამცნებს და იტყჳს: „ნუ ჰყოფთ ქველისსაქმესა წინაშე კაცთა, რაჲთა არა წარსწყმიდოთ მადლი თქუენი წინაშე მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“.
84. ესე იგი არს, რაჲთა არა ვეძიებდეთ კაცთაგან პატივსა და დიდებასა კეთილთა საქმეთათჳს, არამედ მხოლოჲსა ღმრთისაგან, რომლისა დიდებაჲ არს ჭეშმარიტი და საუკუნე არს და ტანჯვაჲ მისი ტანჯვაჲ საუკუნოჲ.
85. და კუალად იტყჳს: „ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილად გეტყოდინიან თქუენ ყოველნი კაცნი“.
86. ესე იგი არს, ვითარმედ – ვაჲ თქუენდა რამეთუ, რაჟამს გინდის თქუენ კაცთაგან კეთილისა სმენაჲ და გიხაროდის, რაჟამს გაქებდიან და გადიდებდიან.
87. თუ გამოჩინებაჲ კეთილისაჲ არს ცოდვა, რამეთუ ვითარმცა შესაძლებელ იყო, კეთილისა საქმისა არა გამოჩინებაჲ, ვინაჲთგან უფალი იტყჳს,
88. ვითარმედ: „ესრეთმცა ბრწყინავს ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა ხედვიდენ კეთილთა საქმეთა თქუენთა და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“,
89. არამედ რაჲთა არა თჳსისა დიდებისათჳს იქმოდინ კეთილთა საქმეთა, არამედ დიდებად ღმრთისა და ნუმცა ეძიებთ და გიხარის ქებასა ზედა წარმავალთა და მოკუდავთა კაცთასა, არამედ ეძიებდით დიდებასა და ქებასა მხოლოჲსასა.
90. ვითარცა მოციქული გუასწავებს, რაჲთა ჭამასაცა და სუმასაცა სადიდებელად ღმრთისა ვიქმოდით „გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ სუმიდეთ, გინა თუ რასამე იქმოდით, ყოველსავე დიდებად ღმრთისა იქმოდეთ“.
91. რამეთუ რომელნი ეძიებდენ კაცთაგან დიდებასა და ქებასა, ურწმუნოთა თანა განაჩინნა იგინი უფალმან და თქუა: „ვითარ შემძლებელ ხართ თქუენ მორწმუნე ყოფად, რომელნი დიდებასა ერთმანერთისაგან ეძიებთ და მხოლოჲსა ღმრთისაგან არა ითხოვთ“.
92. ხოლო იოვანე სიძულილსა კაცისკლვასა თანა შეჰრაცხავს და იტყჳს: „რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცისმკლველი არს“ და უწყით, ვითარმედ ყოველსა კაცისმკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
93. იხილეთღა, ვითარ სიძულილსა მას ფარულსა ძმისასა კაცისკლვასა თანა შეჰრაცხავს მოციქული.
94. და კუალად მოციქული პავლე იტყჳს მათთჳს, რომელნი მიეცნეს ვნებათა უპატიოებისათა და აღჰრაცხავს ბოროტთა უგულისჴმოებისთა და ურწმუნოებისა მათისათა და ცხადთა დაფარულთა ცოდვათა ერთად შეჰრაცხავს და იტყჳს.
95. და ვითარცა არა გამოცადეს ღმერთი, რაჲთამცა ჰქონდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროჲსა.
96. სავსე იყვნეს ყოვლითა სიცრუჲთა და უკეთურებითა, ბოროტითა, შურითა, ანგაჰრებითა, კაცის-კლვითა, ბოროტის ჩუენებითა, ცუნდრუკებითა, ძჳრისმეტყუელებითა,
97. ღმრთისშემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, უგულისჴმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო.
98. რომელთა უწყოდეს სამართალი ღმრთისაჲ, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს სიკუდილისა არიან.
99. ხედავა, ვითარ არა ცხადნი ოდენ ცოდვანი აღრაცხნა, რომელნი კაცთა საძაგელ არიან, არამედ ცხადთა მათ თანა ფარულნი ვნებანი სულისანი აღრაცხნა: მზაკუვარებაჲ და ამპარტავანებაჲ და სიძულილი და უგულისჴმოებაჲ და სხუანიცა ესევითარნი.
100. და უფალი იტყჳს: „მაღალი იგი წინაშე კაცთა საძაგელ არს წინაშე ღმრთისა“.
101. და კუალად იტყჳს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“.
102. და სიბრძნესა სოლომონისასა იტყჳს: „არა წმიდა არს წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გულითა“.
103. და ამას ესევითარსა უკუეთუ გამოვეძიებდეთ წერილთაგან, მრავალი ვპოოთ ფარულთა მათ ვნებათათჳს სულისათა თქუმული;
104. რამეთუ სულმან წმიდამან უწყის, რომელ ფარულნი იგი ვნებანი სულისანი ძნელოვან არიან და მაიძულებელ სულისა და განყენებაჲ მათგან გუასწავა ჩუენ დავითის მიერ და იტყჳს:
105. „საჲდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე და უცხოთაგან იცევ მონაჲ შენი“, რამეთუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა და მრავლითა ვედრებითა და სარწმუნოებითა და სურვილითა სიყუარულითა ღმრთისაჲთა მოგუეცემის ჩუენ ჴსნაჲ ვნებათაგან დაფარულთა უპატიოებისათა.
106. რამეთუ ვითარცა გარეგანთა გუამთა ჩუენთა ცხადთა ცოდვათაგან ვიმარხავთ, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი არიან გუამნი ჩუენნი, ვითარცა მოციქული იტყჳს: „რომელმან ტაძარი ჴორცთაჲ განხრწნას, განხრწნას იგი ღმერთმან“,
107. ეგრეთვე ჯერ-არს, რაჲთა შინაგანიცა იგი კაცი, რომელ არს სული, ვისწრაფოთ და ვიღუაწოთ, რაჲთა წმიდა იყოს იგი ყოვლისაგანვე შეგინებისა გულისსიტყუათა ბოროტთაჲსა, ვითარცა სძალი ქრისტესი.
108. რამეთუ წერილ არს: „ყოვლითავე დაცვითა დაიცევ გული შენი, რამეთუ მისნი არიან გამოსლვანი ცხორებისანი“.
109. ხოლო ესე მაშინ წარჰმართოთ, უკუეთუ წინააღუდგებოდით და სიტყუას-უგებდეთ მარადის ბოროტთა გულისსიტყუათა ცუდად მზუაობრობისა და სიძულილისა და სიმაღლისა და მზაკუვარებისა და გულისთქუმისა და ურწმუნოებისა და შურისა და დიდებისმოყუარებისათა
110. და ყოვლითა გამოწულვილვითა გამოვიძიებდეთ და გონებაჲ ჩუენი დავიცვათ შეუშფოთველად ყოველთაგან ვნებათა დაფარულთა სულისათა და მივსცნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისავე კეთილსა საქმესა ჭირითა და ტკივილითა და ღუაწლითა,
111. რამეთუ წინააღმდგომი გუებრძვის, რაჲთამცა დაგუაყენნა კეთილისა ამისთჳს გჳჴმს ბრძოლაჲ მისა ჭირითა და ღუაწლითა ფრიადითა.
112. რამეთუ ნეტარი მოსჱ გუასწავებს სიწრფელესა და გჳჩუენებს სახითა, ვითარმედ არა ჯერ-არს, რაჲთამცა შეუდგა სული ორთა საქმეთა – ბოროტთა და კეთილთა, არამედ კეთილსა ოდენ.
113. და ჯერ-არს, რაჲთა იქმნნენ ჩუენ შორის ორნი ნაყოფნი – კეთილნი და ბოროტნი, არამედ კეთილი ოდენ ვიქმნნეთ და ბოროტისაგან განვეშორნეთ.
114. და იგავით ესრეთ იტყჳს: „ნუ შეაბამ კალოსა შენსა ზედა ერთბამად უცხოთესლთა პირუტყუთა – ჴარსა და კარაულსა, არამედ ერთისა თესლითა პირუტყუნი შეაბენ და ესრეთ განლეწე კალოჲ შენი“.
115. ხოლო ესე იგი არს, რაჲთა კალოსა შინა გულისა ჩუენისასა არა იყვნენ.
116. „ნუ მოჰქსოვ სამოსელსა თანა მატყლისასა სელსა, ნუცა სელისა თანა მატყლსა“.
117. „ქუეყანასა ზედა შენსა ნუ დასთესავ ორსა თესლსა, ნუცა ორჯელ წელიწადსა შინა“.
118. „არა შეჰკრიბნე უცხოთესლნი პირუტყუნი ერთად, არამედ ერთისა თესლისანი შეჰკრიბნე ერთად“.
119. ხოლო ამით ყოვლითა მოასწავებს, რაჲთა არა შევჰრთოთ ერთად სათნოებაჲ და უკეთურებაჲ, არამედ რაჲთა სათნოებათა ოდენ თესლნი გამოვიდენ ჩუენგან და რაჲთა არა შეეყვნენ სულნი ჩუენნი, არცა ეზიარნენ ორთა სულთა – სულსა ღმრთისასა და სულსა ამის სოფლისასა,
120. არამედ რაჲთა შევეყვნეთ ჩუენ სულსა ხოლო ღმრთისასა და მას შევემშჭუალნეთ და ესრეთ გამოვიხუნეთ წმიდანი იგი ნაყოფნი სათნოებათანი,
121. რაჲთა თესლმან მან სულისა წმიდისამან ჩუენ შორის ნაყოფი გამოიღოს და რაჲთა არა ორთა პირთა – კეთილისა და ბოროტისათა თანა ვჰყოფდეთ ვაჭრობასა ჩუენსა, არამედ რაჲთა კეთილი ოდენ ვიჴუმიოთ და ბოროტისაგან უცხო ვიქმნნეთ.
122. და ესრეთ კეთილთა სათნოებათა ოდენ ნაყოფი აღვაორძინოთ სულსა შინა ჩუენსა, ვითარცა წერილ არს: „ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარმემართა და ყოველი გზაჲ სიცრუვისაჲ მოვიძულე და ცოდვაჲ მოვიძაგე“,
123. ხოლო შჯული შენი შევიყუარე, რაჲთა ესრეთ იხილოს უფალმან ღუაწლი იგი სულისა და თჳსითა კაცთმოყუარებითა დიდი იგი ლხინებაჲ ფარულთა ვნებათაჲ ყოს ჩუენ თანა ძალითა სულისა წმიდისაჲთა და გჳსაჯოს ჩუენ სულისა ჩუენისა მტერთაგან,
124. ვითარცა თჳთ უფალი ქურივისა მისთჳს იტყოდა, რომელი-იგი წინააღმდგომისაგან იტანჯებოდა.
125. და მივიდა იგი მსაჯულისა თანა და ითხოვდა მისგან, რაჲთამცა უსაჯა მას.
126. ხოლო მოციქულსა პავლეს ენება, რაჲთამცა გამოაჩინა და გჳჩუენამცა, თუ ვითარსა ღუაწლსა მოითმენდა იგი მოწაფეთა თჳს და თუ ვითარ ისწრაფდა,
127. რაჲთამცა ვიდოდეს იგინი საზომსა სულიერსა და ილოცვიდა მათთჳს ყოვლითა გულითა და სრულსა ქრისტეანობისა სახესა უჩუენებდა ყოველთა, რომელთა ჰნებავს ქრისტესმოყუარებისა გზასა მას საღმრთოსა და ესრეთ იტყჳს,
128. ვითარმედ: „ასწავებდით ყოველსა კაცსა და შეჰრჩულევდით ყოვლითავე სიბრძნითა, რაჲთა წარმოუდგინოთ ყოველივე კაცი სრული წინაშე ქრისტესა, რომლისათჳს მეცა ვიღუწი და ვშურები“.
129. და კუალად, რომელთა-იგი მიეღო ბეჭედი სულისა წმიდისაჲ ნათლისღებისა მიერ, ილოცვის მათთჳს აღორძინებად მადლისა მათ შორის
130. და იტყჳს: „ამისთჳს მეცა, მესმა რაჲ თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ და სიყუარული, რომელი გაქუს ყოველთა წმიდათა მიმართ, არა დავსცხრები თქუენთჳს ლოცვად და თხოვად“.
131. რაჲთა ღმერთმან და მამამან იესუს ქრისტესმან, მამამან დიდებისამან მოგცეს თქუენ სული სიბრძნისაჲ ანუ გამოცხადებისა მისისაჲ, გულისჴმის-ყოფითა მისითა განათლებულნი თუალნი გულისა თქუენისანი უწყებად თქუენდა,
132. თუ რაჲ არს სასოებაჲ იგი წოდებისა თქუენისაჲ და თუ რაჲ არს სიმდიდრე დიდებისა მისისაჲ წმიდათა შორის და თუ რაჲ არს გარდამეტებული იგი სიდიდე ძლიერებისა მისისაჲ ჩუენ ზედა მორწმუნეთა.
133. ხოლო სახჱ იგი არსებისა მისისაჲ და მიღებითა სულისა წმიდისაჲთა გამოწულილვით გჳჩუენა ჩუენ, რომელი-იგი იქმნების გულსავსებით,
134. რამეთუ თქუა საქმისაებრ ძალისა მისისა, რომელ იქმნა ქრისტეს თანა, რაჟამს აღადგინა იგი მკუდრეთით, ესე იგი არს, რაჲთა მის საქმისაებრ სულისა წმიდისა თქუენცა შეიწყნაროთ გულსმოდგინებაჲ.
135. და კუალად მასვე ებისტოლესა შინა მცირედ უკუანაჲს გამოაჩინებს სურვილსა მისსა, რომელი აქუნდა უფროჲსისა წარმართებისა მისისათჳს და მოსლვისა უფროჲსად სისრულესა სულიერსა.
136. და ითხოვს და იტყჳს: „ამისთჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა წინაშე მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა, რომლისაგან ყოველი ნათესავი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-ედების,
137. რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ ძლიერებისა თჳსისა ძალი განძლიერებად სულისა მიერ მისისა, დამკჳდრებად შინაგანსა კაცსა შინა ქრისტჱ სარწმუნოებით და სიყუარულით გულთა შინა თქუენთა დამყარებულად და დაფუძნებულად,
138. რაჲთა შემძლებელ იქმნეთ მიწთომად, თუ რაჲ არს სივრცე და თუ სიგრძჱ, და თუ სიღრმჱ, და თუ სიმაღლჱ და გულისჴმისყოფად გარდამეტებული იგი გულისჴმის-ყოფისა და სიყუარულისა ქრისტესისა, რაჲთა სავსე იყვნეთ ყოველსავე შინა აღვსებასა ღმრთისასა“.
139. ხოლო კუალად სხუასა ებისტოლესა შინა იტყჳს ამისთჳს ასწავებდა გარდამატებულებასა სულიერისა სიმდიდრისასა უჩუენებდა მათ და აწუევდა, რაჲთამცა ისწრაფდეს სულიერსა საზომსა სისრულისასა მიწდომად
140. და იტყოდა: „გშურდინ მადლი იგი უფროჲსი და მერმე უმეტესი გზაჲ გიჩუენო თქუენ: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი და სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, ანუ წინწილაჲ რაჲ ჴმობნ.
141. მაქუნდეს ღათუ წინაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ სარწმუნოებაჲ ვიდრე მთათა ცვალებადმდე და სიყუარული არა მაქუნდეს, არაჲვე რაჲ ვარ.
142. შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად და სიყუარული არა მაქუნდეს, არაჲვე სარგებელ არს ჩემდა“.
143. და კუალად იტყჳს ნაყოფთაცა სიყუარულისათა, თუ ვითარნი არიან და თუ ვითარ, რომელთა მოეგოს სიყუარული, განერებიან იგინი ვნებათაგან ეშმაკისათა და ღაღადებს ესრეთ: „სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ.
144. სიყუარულსა არა შურნ, არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისა თჳსისასა, არა განრისხნის, არა იგონებნ ბოროტსა, არა უხარინ სიცრუესა ზედა,
145. არამედ უხარინ ჭეშმარიტისათჳს ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოვლითა ესავნ, ყოველსა მოითმენნ.
146. სიყუარული არა დავარდების“.
147. ესე იგი არს, ვითარმედ ოდეს ვიყვენით პირველთქუმულთა მათ მადლთა შინა სულიერთა და ჯერეთ ვერ განთავისუფლებულ ვიყვენით სიყუარულისა მიერ ჭეშმარიტისა ვნებათაგან სრულიად,
148. ჯერეთ ღელვათა შინა და შიშსა და ღუაწლსა გჳნებს ყოფაჲ, ვიდრემდე მოვიგოთ სრული იგი საზომი სიყუარულისაჲ.
149. აჰა ესერა, უკუეთუ ოდენ.
150. გუენებოს, გჳჩუენა ჩუენ მოციქულმან საზომი იგი სულიერი, თუ ვითარი არს, რომელ-იგი არღარა ჰმორჩილობს ვნებათა,
151. რამეთუ ენასაცა ანგელოზთასა და წინაწარმეტყუელთასა და სარწმუნოებასა და ყოველსავე გულისჴმის-ყოფასა და მადლსა კურნებისასა და ყოველსავე სათნოებასა უზეშთაესად გამოაჩინა სიყუარული.
152. და ყოველივე მის თანა, ვითარცა არარაჲ აჩუენა, რომელი-იგი არს უზეშთაესად სათნოებათაჲ და საზომი სისრულისაჲ.
153. რამეთუ დაღაცათუ ყოველნი სათნოებანი სულისა წმიდისა მიერ არიან, არამედ რაჲთა არა მაღლოვოდის, რომელი-იგი მათ მადლთა ღირსქმნულ იყოს და რაჲთა არა ჰგონებდეს, ვითარმედ სრულსა საზომსა მიწევნულ არს და არღარაჲ უჴმს.
154. და ესრეთ ამაღლდეს გონებაჲ მისი და მერმე სიმაღლისა მისისათჳს დავარდეს სისრულისაგან.
155. ამისთჳს გჳჩუენა ჩუენ მოციქულმან გზაჲ იგი სისრულისაჲ, რაჲთა ყოველნივე ხედვიდენ სისრულესა ამის სათნოებისასა და უწყოდის თითოეულმან ამისი სიმდიდრჱ საზომისაჲ და ჰქონდის თავი თჳსი,
156. ვითარცა გლახაკი და ესრეთ დაუცხრომელად კეთილსა მას ღუაწლსა იღუწიდეს და სულიერსა სარბიელსა რბიოდის, ვიდრემდის მიიწიოს, ვითარცა წერილ არს: „ესრეთ რბიოდეთ, რაჲთა მიიწინეთ“.
157. აჰა ესერა, იხილეთ ვითარ სისრულისა იგი სახჱ, წესი და კანონი მრავლით კერძო გამოუცხადა ყოველთავე მოწაფეთა თჳსთა და ილოცავს მათთჳს, რაჲთამცა მოსწუდეს იგინი მას საზომსა.
158. რამეთუ იგივე კუალად სხუასა ადგილსა გამოაჩინებს ქრისტესმიერსა მას სიახლესა და ცვალებასა და მორწმუნეთა და მოყუარეთა მისთასა იტყჳს ესრეთ,
159. ვითარმედ: „ვერცა რას წინადაცუეთილებაჲ შემძლებელ არს, ვერცა წინადაუცუეთილებაჲ, არამედ ახალი დაბადებული და რომელთაცა კანონი ესე დაიმჭირონ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ ისრაჱლსა ზედა ღმრთისასა“.
160. და კუალად იტყჳს: „მიერი არს ახალი ქრისტეს მიერ დაბადებული“, რამეთუ პირველი იგი გარდაჰჴდა და აჰა ესერა, გამოაჩინა ერთითა სიტყჳთა სამოციქულოჲ იგი კანონი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ახალი დაბადებული“.
161. ხოლო ახალი დაბადებული სხუაჲ არა რაჲ არს, არამედ ესე ოდენ, ვითარცა-იგი თჳთ სხუასა ადგილსა იტყჳს, რაჲთა წარუდგინოს მან თჳთ თავსა თჳსსა ეკლესიაჲ დიდებულად, რაჲთა არა ჰქონდის ბიწი ანუ ნაოჭი რაჲმე, ანუ სხუაჲ ესევითარი,
162. არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო და განწმედილ ყოვლისაგანვე შეგინებულებისა, რომელ-იგი არს სრულიადი იგი ვნებათაგან განყენებაჲ და სასოჲ სულისა წმიდისა ძალითა გამოუთქუმელი იგი და საიდუმლოჲ სიწმიდით ზიარებაჲ,
163. რომელნი იქმნების გულთა შინა წმიდათასა, რომელნი-იგი ღირს-ქმნულ არიან უზეშთაეს ბუნებისა, სრულთა მათ სათნოებათა.
164. და ამას იტყჳს მოციქული ქრისტეს მიერ ახლად დაბადებულად და კუალად იგიცა სიტყუაჲ მოციქულისაჲ ამასვე სიტყუასა მოასწავებს, რამეთუ იტყჳს: „განწმიდეთ ძუელი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა ხართ უცომო.
165. და ამიერითგან ვზატიკობდეთ ნუ ცომითა მით ძუელითა, ნუცა ცომითა სიბოროტისაჲთა და უკეთურებისაჲთა, არამედ ცომითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა“.
166. და კუალად გუასწავებს ჩუენ, თუ ვითარ თანა-გუაც ჩუენ ბრძოლაჲ მტერისაჲ, მთავრობათა მათ მიმართ და ჴელმწიფებათა და სულთა მათ მიმართ უკეთურთა.
167. და გუასწავებს ჩუენ, აღვიღოთ საჭურველი იგი ღმრთისაჲ და შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ და რაჲთა შევიჭურვნეთ ფერჴნი ჩუენნი განმზადებულებითა სახარებისა მით მშჳდობისაჲთა და რაჲთა მოვირტყნეთ წელნი ჩუენნი ჭეშმარიტებითა ამას.
168. და მას ყოველსა ზედა, რაჲთა აღვიღოთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომელთა მიერ შემძლებელ ვიქმნნეთ ყოველთა ისართა უკეთურებისათა განჴურვებულთა დავსებად,
169. რომელ-იგი არიან საქმენი ბოროტთა ვნებათანი და რაჲთა ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ შევიწყნაროთ და მახჳლი იგი წმიდაჲ სულიერი, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
170. აჰა ესერა, გჳჩუენა ჩუენ მოციქულმან, ვითარმედ სულიერთა ამათ საჭურველთა მიერ შემძლებელ ვიქმნებით ძლევად მტერისა.
171. და კუალად გჳჩუენა, თუ რაჲთა მოციქულთა მოვიგოთ საჭურველი ესევითარი.
172. და იტყჳს ყოვლითავე ლოცვითა და ვედრებითა, მოთმინებითა რაჲთა ილოცვიდეთ ყოველსა ჟამსა სულითა და მას ზედა იღჳძებდით ყოვლითა მოთმინებითა.
173. ამისთჳსცა კუალად ილოცავს ყოველთათჳს და იტყჳს: „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და სიყუარული ღმრთისაჲ და მამასაჲ და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა ამინ“.
174. და კუალად იტყჳს: „უვნებელადმცა დაცვულ არს სული თქუენი და გონებაჲ და ჴორცნი, ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“.
175. აჰა ესერა, ყოვლითავე სახით გამოაცხადა გზაჲ იგი უფლისა მიერ მოცემული, წრფელი სიმართლისაჲ და სისრულე იგი ქრისტეანობისაჲ,
176. რომელსა ხედვენ ყოველნივე ჭეშმარიტებისა მოყუარენი და ყოვლითავე მოღუაწებითა და სარწმუნოებითა სასოებითა და სხჳთა ყოვლითა სახითა სათნოებათაჲთა ისწრაფიან და ჰსურის მუნ მიწევნად,
177. რამეთუ ესევითარნი იგი შემძლებელ არიან მიწდომად ორთა მათ დიდთა მცნებათა, რომელთა ჰკიდვან შჯული და ყოველნი წინაწარმეტყუელნი,
178. რომელ არს სიყუარული ღმრთისაჲ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა სულითა, და მოყუასი – ვითარცა თავისა თჳსი, რაჲთა ყოვლისა უკეთურებისაგან განეშორნენ და ესრეთ შემძლებელ იქმნნენ მოგებად მათდა.
179. ხოლო ჩუენ დაღაცათუ განვაგრძვეთ სიტყუაჲ ესე ჩუენი კეთილისა მოქალაქობისათჳს, ვითარცა ვისწავეთ უფლისაგან არა რაჲ ცთომაჲ გჳქმნია, და უფროჲსად რაჲსაღა სარგებელისათჳს ესე,
180. რაჲთა ყოვლითავე სახითა ვცნათ და უეჭუელად და შეუორგულებელად გულსავსჱ ვიქმნნეთ, და თუ რაჲ არს სასოებაჲ იგი წოდებისა ჩუენისაჲ და თუ რაჲ არს საქმჱ ესე და გზაჲ წინამდებარე ჩუენი,
181. რომელთა-ესე შეგჳმოსია სახჱ მონაზონებისაჲ და დაგჳტევებიან საკრველნი ამის სოფლისანი და ყოველივე ზიარებაჲ ჴორციელი და გამოგჳრჩევია ქალწულებით ცხორებაჲ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა,
182. რაჲთა ესრეთ უწყოდით თითოეულმან, თუ რომელსა საზომსა მიწდომილ არს და თუ სადა თანა-აც მიწდომად, ანუ თუ სადა წოდებულ არს.
183. და ესრეთ არა მაღლოოდინ, არამედ დასცხრენ ამპარტავნებისაგან და ვითარცა არარაჲ უჩნდენ სათნოებანი თჳსნი სიდიდისათჳს საზომისა მის სისრულისა და გამოუკულეველისა მის სიმდიდრისაგან სიყუარულისა ქრისტესისა.
184. და მათ სახითა მისცემდენ თავთა მათთა ყოვლითა ძალითა და ყოვლითა მოსწრაფებითა საქმეთა კეთილთა, გულსმოდგინებით და სიტყჳსაებრ უფლისა, ყოვლისავე სოფლისა თანა სულითაცა უვარ-ჰყოფდენ და ყოველთავე დღეთა აღიღებდენ ჯუარსა
185. და შეუდგებოდიან მას სიხარულით და მხიარულებით და თჳსი უფალი აქუნდინ სახედ და წინამძღუარად, ვითარცა მოციქული იტყჳს: „მემსგავსენით მე, ვითარცა მე ქრისტესა“ და კუალად იტყჳს:
186. „მოთმინებით ვრბიოდით წინამდებარესა მას ღუაწლსა ჩუენსა და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა წინამძღუარსა და სრულმყოფელსა იესუს, რომელმან წინამდებარისა მის დიდებისა მისისათჳს დაითმინა ჯუარცუმაჲ სირცხჳლისაჲ შეურაცხებით და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა“.
187. ხოლო აწ ვისწრაფოთ, ძმანო, რაჲთა რაჟამს გუაქუნდეს მცირედი რაჲმე სიხარული და განსუენებაჲ ღმრთისა მიერ, ნუ ავმაღლდებით, ნუცა ვიტყჳთ, თუ – „აჰა ესერა, მიწევნულ ვართ სისრულისა საზომსა“,
188. რაჲთა არა მოგუკიცხნეს ჩუენ მტერმან მანქანებითა მისითა და დავეცნეთ სიმაღლისაგან სათნოებათაჲსა და წარმართებისაგან სულიერისა.
189. არამედ ვითარცა ქრისტესმოყუარეთა, ვიდრე აღსასრულადმდე ტკივილი ჭირი და ღუაწლი აღვაორძინოთ დღითი დღედ და ყოვლისავე წინამდებარისათჳს გუსუროდის, გარდასრულსა მას დავივიწყებდეთ.
190. გუშიოდენ და გუწყუროდენ მარადის სიმართლისათჳს ბრძანებისაებრ უფლისა და გულნიმცა ჩუენნი შემუსრვილ არიან და რაჲთა გუაქუნდენ თავნი ჩუენნი, ვითარმედ ვერ მიწევნულ ვართ წოდებასა მას, რომლისა მიმართ ვიწოდენით.
191. არცა გჳცნობია სრული იგი საზომი ქრისტეანობისაჲ, არცა მიწევნულ ვართ სრულსა სიყუარულსა ქრისტესსა, რამეთუ რომელთა გული უთქუმიდეს მიწევნად პირველთქუმულსა მას წინამდებარესა საზომსა, იგინი მარადის განგურემულ არიან სურვილითა გამოუთქუმელისა მის სისრულისა
192. და მცირედთა მათ სათნოებათა ზედა არაოდეს გულსავსე იქმნებიან – მარხვასა მცირეთა მათ სათნოებათა, გინა თუ მღჳძარებასა, გინა თუ მოღუაწებასა, გინა სხუასა რასმე მადლსა სულიერსა ვიდრე უკუანაჲსკნელად სულთქუმადმდე,
193. არამედ ყოველსავე სათნოებასა და ყოვლისა კეთილისა საქმესა მისცემენ თავთა მათთა და მარადის გლახაკ არიან სათნოებისათჳს და ესრეთ აქუს, ვითარმედ არა აღუსრულებია შჯული იგი სიბრძნისაჲ.
194. და ესრეთ ვითარცა შეიყუარნეს ნიჭნი იგი გამოუთქუმელთა მათ აღთქუმათანი, ეგრეთცა ეგევითარნი იგი სულნი შემძლებელ არიან სათნოებათა აღსრულებად და ღმრთისა სათნო-ყოფად და სასუფევლისა დამკჳდრებად,
195. რომელნი-იგი არიან გლახაკნი სულითა და შემუსრვლინი გულითა და ჰშიან და სწყურიან მარადის სიმართლისათჳს და სურიან სრულისა მის პატივისათჳს.
196. ამისათჳსცა მოსაგებელად სიყუარულისა მათისა, რომელი აქუს ღმრთისა მიმართ, მოეცნენ მათ ნიჭნი იგი დიდნი და მრავალნი.
197. და აწ სასოებისა მისთჳს მერმისა და თუ ვითარი ცხორებაჲ უჴმს და რომელთა ხატი ესე მონაზონებისაჲ შეუმოსია და ქალწულებაჲ გამოურჩევია ესევითარნი, გჳთქუმან ჯერისაებრ და ძალისა ჩუენისა.
198. ხოლო აწ, რაჲთა ვთქუათ შესაკრებელისათჳს ძმათაჲსა, რომელნი შეკრებულ არიან მონასტერთა შინა და შინა ღმრთისათვის
199. თუ ვითარ თანა-აც ურთიერთას თანა ყოფაჲ და თუ ვითარითა ტკივილითა და ოფლითა და მოთმინებითა, სიმდაბლითა და სიმშჳდითა და თუ რომლითა ღონისძიებითა შემძლებელ იქმნენ პირველთქუმულსა თქუმულსა მოქალაქობასა მიწევნად,
200. რაჲთა ესრეთ ისწაონ მოსწრაფეთა და მჴნეთა გზაჲ ზეცათა ქალაქსა მიმყვანებელი, რაჲთა მას ზედა რბიოდიან, ვიდრემდე მისწუდენ.
201. რომელი რბიოდის მოქალაქობასა მას შინა კეთილსა და ჰსუროდის, რაჲთამცა იწოდა კუალსა უფლისასა და განშორებულ იყოს სოფლისაგან და გემოთაგან ჴორციელთა
202. და მიეცეს თავი თჳსი მორჩილებად ძმათა თანა და უვარ-ეყოს, სიტყჳსაებრ სახარებისა, მამაჲ და დედაჲ, შვილნი და ცოლი, ძმანი, დანი და ნათესავნი და სიმდიდრე და დიდება და მოსრულ იყოს მონასტრად,
203. ამით დაჰბეჭდენინ საქმენი თჳსნი, რაჲთა სულისაჲ თჳსი უვარ-ყოს.
204. ხოლო უვარის-ყოფაჲ სულისა თჳსისაჲ ესე არს, რაჲთა მისცეს თავი თჳსი მორჩილებასა და ნებანი თჳსნი სრულიად მოიკუეთნეს და სიტყუასა ღმრთისასა ეკიდოს და მის მიერ მარადის მცნებათა მისთა გულისჴმის-ყოფითა შეიმკობდეს სულსა თჳსსა
205. და რაჲთა არარაჲ ჰქონდის თჳსსა ჴელმწიფებასა ქუეშე თჳნიერ სამოსლისა მის, რომელი ემოსოს, რაჲთა ყოვლით კერძო იყოს უზრუნველ, და რომელსა უბრძანებდენ, სიხარულით აღასრულებდეს.
206. და ვითარცა სყიდული ერთგულებით ყოველთავე ძმათა და უფროჲსადღა წინამძღუართა, ვითარცა მეუფეთა ერჩდეს და ესრეთ პატივ-სცემდეს სახელისათჳს ქრისტესისა,
207. ვითარცა-იგი თჳთ იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ენების თქუენ შორის დიდ-ყოფაჲ, იყავნ იგი ყოველთა მონა და ყოველთა მსახურ“.
208. და ნუმცა ეძიებს მსახურებისა და მოქალაქობისა მისისათჳს ძმათაგან დიდებასა, გინა თუ პატივსა, ანუ თუ ქებასა.
209. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჰმსახურებდით ყოველთავე ერთგულებითა, ნუ თუალთმაჩუენებლობით, ვითარცა კაცთმოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, რომელთა-ეგე მიგიცემიან თავნი თქნნი ქრისტესდა სლვად იწროსა და საჭიროსა გზასა“.
210. ვითარცა სასუფეველისა ტრფიალსა, რომელსა-ეგე მოგიდრეკია ქედი შენი სიხარულით უღელსა ტკბილსა ქრისტესა, დიდისა კეთილისა წინამძღუარ ექმნები თავსა, უკუეთუ გულსმოდგინებით დაადგრე კეთილსა მას და სულისა სარგებელსა მსახურებასა შინა,
211. რაჲთა ყოველნივე გიჩნდენ, ვითარცა უფალნი და ქრისტეს მონანი და სასუფეველისა მკჳდრნი, რაჲთა ყოველთავე ჰმორჩილობდე და უფროჲსად წინამძღუართა მათ მოღუაწეთა სულიერთა, რომელთა ეტჳრთოს სიმძიმჱ იგი მონასტრისაჲ და ვიდრემდე შეგერაცხოს თავი თჳსი,
212. ვითარცა თანამდები ძმათა სიყუარულითა და მორჩილებითა მსახურებისაჲ, ვითარცა წერილ არს: „ნურაჲ ვისი თანა-გაც, არამედ სიყუარული ოდენ ერთმანერთისაჲ სულიერი“.
213. ხოლო თქუენცა გეტყჳ, წინამძღუარნო ძმათანო, დიდსა საქმესა მიგიყოფია ჴელი.
214. ესრეთ იღუაწეთ სიმდაბლით ბოროტთა მათ მიმართ ღონეთა ეშმაკისათა, რაჲთა არა იძლინეთ ვნებისაგან ამპარტავანებისა და ვითარცა ჴელმწიფებით უბრძანებდეთ დამორჩილებულთა თქუენდა ძმათა და მოატყუათ სულთა თქუენთა დიდისა სარგებელისა წილ დიდი სიმძიმჱ და დაჭირვებაჲ.
215. არამედ მამანი შვილისმოყუარენიმცა ხართ და ესრეთმცა შეგირაცხიან თავნი თქუენნი, მონებად ძმათა და არა უფლად მარადის მათთჳს ზრუნევდით, სულისა და ჴორცთა მათთათჳს და ისწრაფდით,
216. რაჲთა თითოეულისა სულსა არგოთ და იღუწიდით მათ ვითარცა შვილთა ღმრთისათა, რაჲთა ესრეთ წმიდასა მას შესაკრებელსა ძმათასა მარადის სულიერითა სარგებელითა ჰრწყვიდეთ და მოიღოთ მადლი ქრისტესაგან და ცხადად გაქუნდი სახჱ და წესი წინამძღუართაჲ,
217. ვითარ განგებაჲ, ანუ ბრძანებაჲ, ანუ განზრახვაჲ კეთილისაჲ, ანუ შერისხვაჲ ვისიმე, ანუ მხილებაჲ, სადა ჴმდეს, ანუ ნუგეშინისცემაჲ, სადა ჯერ-იყოს სწავლისებრ მოციქულისა,
218. რაჲთა მიზეზითა სიმდაბლისაჲთა და სიმშვიდისაჲთა რაჲთა არა იყვნენ მონასტერნი შფოთებასა შინა უგულისჴმოებისაგან და რაჲთა ეპყრას წესი მოწაფეთა და წინამძღუართაჲ.
219. ხოლო ფარულად გონებათა შინა თქუენთა შეგირაცხიანმცა თავნი თქუენნი მონად ძმათა და ვითარცა მასწავლელნი კეთილისანი, რომელთადა რწმუნებულ იყვნენ შვილნი მეფეთანი სასწავლელად,
220. ეგრეთვე ყოვლითა ერთგულებითა და შიშითა ღმრთისაჲთა ისწრაფდით, რაჲთა თითოეული ძმათა დაამტკიცებდეთ საქმესა ზედა კეთილსა, რაჲთა დიდი და მიუწთომელი კეთილი მოიგოთ ღმრთისაგან ეგევითარისა შრომისა.
221. და ვითარცა მასწავლელნი შვილთა თჳსთა უფალთასა სწავლისათჳს ანუ წესიერებისათჳს მრავალგზის არა ჰრიდებენ მათ,
222. არამედ ჰგუემენ და ესრეთ გამოაჩინებენ ერთგულებასა და მოსწრაფებასა მათსა, რაჲთა ამით სასოებითა იქმან, რაჲთამცა იქმნნეს იგინი ბრძენ ანუ დიდებულ სოფელსა ამას შინა.
223. ეგრეთვე მოღუაწეთა თანა-აც, რაჲთა არა გულისწყრომისა და სიმაღლისა ვნებითა ჰრისხვიდენ უწურთელთა და უსწავლელთა ძმათა, არამედ მოწყალებრითა ქრისტესითა და სახითა სულისა სარგებელისაჲთა და სასოებითა,
224. რაჲთამცა შეიყვანნეს იგინი სასუფეველსა ცათასა, ესევითარითა სახითა ასწავლიდით სიჩჩოსა ძმათასა და თითოეულისა სარგებელისათჳს იქმოდეთ გინა ნუგეშინისცემასა, გინა მხილებასა შურითა საღმრთოჲთა და სიყუარულითა ქრისტესითა ასწავებდით მათ თქუენ, მორწმუნენო სულიერნო.
225. და ნუ ვნებითა უკეთურებისაჲთა, ვითარმცა თავთა თჳსთა განშჯიდით, რაჲთა ესრეთ შრომაჲ ეგე თქუენი, რომლისათჳს ჴელ-გიყოფია, აღასრულოთ და სასუფეველი ცათაჲ დაიმკჳდროთ, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად ანგელოზებრი ცხორებაჲ ქუეყანასა ზედა,
226. რაჟამს ესევითარი მოქალაქობაჲ აქუნდეს წინამძღუართაცა და მოწაფეთაცა და ერთმანერთსა ყოველნივე ძმანი ჰმორჩილობდენ სიხარულით, პატივითა ერთმანერთსა პატივსცემდენ და ურთიერთას ვითარცა უფალთა შეხედვიდენ.
227. სიწრფოებით და უმანკოებით და ერთობით და მშჳდობით და სიმდაბლითა გულისაჲთა უჴმს ძმათა ერთმანეთისა თანა.
228. ნუმცა ვინ მაღლოვის მეორესა ზედა და ნუცამცა ვის ჰყავს თავი თჳსი უკეთეს ანუ უზეშთაეს უდარესისაცა ყოველთაჲსა, არამედ ჰყავსმცა თავი თჳსი თითოეულსა უქუეს ყოველთასა, ვითარცა მოწაფჱ ქრისტესი,
229. რამეთუ იგი თჳთ იტყჳს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“.
230. და კუალად იტყჳს: „რომელსა ჰნებავს თქუენ შორის დიდ-ყოფაჲ, იყავნ ყოველთა მონა და ყოველთა მსახურ და ყოველთა უდარეს.
231. ვითარცა ძჱ კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ რაჲთამცა ჰმსახურა და მისცა თავი თჳსი საჴსრად მრავალთათჳს“.
232. და მოციქული იტყჳს: „რომელი არა თავთა ჩუენთა ვქადაგებთ, არამედ უფალსა იესუს ქრისტეს, ხოლო თავთა ჩუენთა – მონად თქუენდა იესუს მიერ“.
233. ამისთჳს მეცა გევედრები თქუენ, ძმანო საყუარელნო, უკუეთუ გნებავს, რაჲთა მიემსგავსნეთ ქრისტესა, განმზადენით თავნი თჳსნი მორჩილებად და განსუენებად ერთმანერთისა და მსახურებად კეთილად.
234. უკუეთუ შესაძლებელ იყოს, სიკუდილისაცა თავს-დებად ერთმანერთისათჳს განემზადენით შეწევნითა უფლისაჲთა, ვითარცა წერილ არს: „მოყუარეთა ღმრთისათა ყოველივე კეთილად განემარჯოს“,
235. რაჲთა სიყუარულითა და სიწრფოებითა და უშურველობითა და სიმდაბლითა საკლველი იგი ერთობისაჲ ერთითა ჴორცითა და სულითა ქრისტესითა.
236. ხოლო ყოველსა, რომელსა ჰნებავს ამას მოქალაქობასა შინა ყოფაჲ, უწინარეს ყოვლისა მოიგენ სიყუარული წმიდაჲ და შიში ღმრთისაჲ გულსა შინა თჳსსა და ამათმცა ითხოვს ღმრთისაგან,
237. რომელნი-ესე არიან პირველნი და დიდნი მცნებანი და დაუცხრომელითა ჴსენებითა ღმრთისაჲთა და ტრფიალებითა ზეცისაჲთა ამას დღითი დღე აღაორძინებსმცა გულსა შინა თჳსსა.
238. რამეთუ სიყუარულსა ღმრთისასა ვერ მოვიგებთ თჳნიერ მრავლისა მოსწრაფებისა და ტკივილისა და ზრუნვისა.
239. რაჟამს გამობრწყინდეს მადლი და ნიჭი ქრისტესი ჩუენ შორის, ვითარცა სიბრძნესა შინა სოლომონისსა წერილ არს, ვითარმედ: „უკუეთუ ეძიებდე მას, ვითარცა ვეცხლსა და ვითარცა საუნჯესა, გამოიძიო იგი, მაშინ გულისჴმა-ჰყო შიში ღმრთისაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ ღმრთისაჲ ჰპოო შენ“.
240. რამეთუ უკუეთუ ესე მოვიგოთ, მერმე მეორისა მისცა მცნებისაჲ შემძლებელ ვართ ადვილად მოგებად, რომელ არს სიყუარული მოყუსისაჲ, ადვილად შემძლებელ ვართ მოგებად.
241. რამეთუ უკუეთუ პირველი აღვასრულოთ, მეორესა პირველსა მას შეუდგენს.
242. რამეთუ ვითარცა ვინმე უდებ-ყოს დიდი იგი და პირველი მცნებაჲ, რომელ არს სიყუარული ქრისტესი რომელი-იგი იშვების სულისაგან მჴურვალისა და გონებისაგან კეთილისა და გულისსიტყუათაგან საღმრთოთა,
243. ხოლო უკუეთუ ვინმე იგი დაუტეოს და მეორესა მას ებრძოდის გარეგანითა სახითა, შეუძლებელ არს, თუმცა აღასრულა იგი ნებისაებრ ღმრთისა.
244. რამეთუ უკეთურებამან მრავალღონისა ეშმაკისამან პოის გონებაჲ კაცისაჲ გარეგან ჴსენებისაგან ღმრთისა და სიყუარულისა და ძიებისა მისისა.
245. მაშინ დაუმძიმის მას და ძნელად აღუჩინის ყოველივე მცნებაჲ ღმრთისაჲ და აღავსის სული იგი დრტჳნვითა მწუხარებითა და ბრალობითა ძმათაჲთა მსახურებისა მისისათჳს, ანუ ამპარტავანებითა სძლის და აღამაღლის იგი და უჩნ მას თავი თჳსი ვითარცა დიდი და აღმასრულებელი მცნებათაჲ.
246. ხოლო ოდეს კაცისა გონებაჲ ამაღლდეს და თქუას, ვითარმედ: წარმიმართებიან მე მცნებანი, მაშინ უწყოდენ, რამეთუ ცოდა და განსაჯა მან თავი თჳსი რამეთუ არა მოელოდა ჭეშმარიტსა მას მსაჯულსა.
247. რამეთუ ოდეს სული იგი განეყენოს სიყუარულისაგან ღმრთისა და შიშისა და შეეყოს იგი ცთომილებასა ამის სოფლისასა, მაშინ გამოვალს იგი ჭეშმარიტისაგან კეთილისა და შევარდების იგი ბოროტსა მას ტყუვილისასა.
248. რამეთუ ყოველივე საქმჱ, რომელიცა ქმნას კაცმან, ისწრაფის მტერი, რაჲთამცა შეაგინა იგი და დასთესამცა თესლი ცუდად მზუაობრობისაჲ, გინა თუ ამპარტავანებისაჲ, ანუ თუ დრტჳნვისაჲ, ანუ თუ სხუაჲ ესევითარი,
249. და არამცა შეუძლო ქველისსაქმჱსა მათ თანა, რაჲთამცა საქმჱ იგი არა იყო ღმთისათჳს და რაჲთამცა კეთილი იგი არა იყო კეთილი სრულიად, არამედ ბოროტითა აღრეულ.
250. ხოლო რაჲთა არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ თავით ჩუენით რასმე ვიტყჳთ ამას, ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა წმიდათა წერილთაგან წამებაჲ მოვიღოთ: წერილ არს, ვითარმედ: „აბელ შეწირა შესაწირავი სიპოხისა მისისაგან და პირმშოთაგან ცხოვართაჲსა.
251. და კაენ ეგრეთვე შეწირა შესაწირავი ღმრთისა ნაყოფთგან ქუეყანისა“, არამედ არა სწერია თუ პირველისაგან ნაყოფისა.
252. „მოხედნა ღმერთმან შესაწირავსა ზედა აბელისსა, ხოლო ძღუენსა მას ზედა კაენისსა არა მოხედნა“.
253. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ მრავალგზის არნ საქმჱ რაჲმე კეთილი და ქმნის იგი კაცმან უდბებით, ანუ უგულებელს-ყოფითა, ანუ სხჳსა რაჲსამე მიზეზისათჳს და არა ღმრთისათჳს.
254. და ამისთჳს არა სათნო-ეყვის საქმე იგი ღმერთსა.
255. და სხუამან ქმნის საქმე იგი მოსწრაფებით და სიფრთხილით და ნებისაებრ ღმრთისა და სხჳსა არა რაჲსათჳს, და სათნო-ეყვის იგი ღმერთსა, რამეთუ მამათმთავარმანცა(!) აბრაჰამ ნატყუენავისა მის თავთაგან მისცა მღდელსა უფლისასა მელქიზედეკს და ესრეთ მოიღო მისგან კურთხევაჲ.
256. ხოლო ამის სახისა მიერ მოგუესწავების სული წმიდაჲ, თავთა და სიპოხეთა მათ ბუნებისა ჩუენისათა შევსწირვიდეთ ღმრთისა.
257. ესე იგი არს, რაჲთა თჳთ შინაგანი გონებაჲ ჩუენი და გული ჩუენი და მართალი იგი გულისსიტყუაჲ ჩუენი და ძალი იგი სულისა ჩუენისაჲ შევწიროთ ღმრთისა უწინარეს ყოვლისა საქმისა შესაწირავად წმიდად, თავნი იგი გულისა ჩუენისანი და პირმშონი მართალთა გულისსიტყუათა ჩუენთანი,
258. რაჲთა ესრეთ მარადის სული ჩუენი ჴსენებასა ოდენ მისსა შექცეულ იყოს და ამით ესევითარითა სახით შემძლებელ ვიქმნეთ დღითი დღე აღორძინებად ტრფიალებასა შინა და სიყუარულსა საღმრთოსა შეწევნითა და ძალითა ქრისტესითა
259. და ტჳრთი იგი სიმართლისაჲ ადვილ და სუბუქ აღგჳჩნდეს ჩუენ და წმიდად და უბიწოებით ვიტჳრთოთ იგი.
260. რამეთუ უკუეთუ იხილოს უფალმან ჩუენი მისა მიმართ მჴურვალჱ სარწმუნოებაჲ და სიყუარული და გულსმოდგინებაჲ კეთილისა მიმართ, იგი თჳთ მოგუცემს ძალსა აღსრულებად მცნებათა მისთა.
261. ხოლო კეთილისა საქმეთათჳს, უკუეთუ ვინმე იტყოდის, თუ რომელი სათნოებაჲ არს ყოველთა უზეშთაეს, ესე უწყოდეთ, საყუარელნო ძმანო, ვითარმედ ყოველნივე სათნოებანი ერთმანერთსა ჰკიდვან და ურთიერთას შეთხზულ არიან ვითარცა ჯაჭჳ რაჲმე სულიერი და ერთმანერთისაგან იშვებიან:
262. ლოცვაჲ სიყუარულისაგან, სიყუარული სიხარულისაგან, სიხარული სიმშჳდისაგან, სიმშჳდჱ სიმდაბლისაგან, სიმდაბლე მსახურებისაგან, მსახურებაჲ სასოებისაგან, სასოებაჲ სარწმუნოებისაგან, სარწმუნოებაჲ მორჩილებისაგან, მორჩილებაჲ სიწრფოებისაგან.
263. და კუალად მარცხენე კერძი ერთი ერთისაგან იშვების ბოროტი: სიძულილი გულისწყომისაგან, გულისწყრომაჲ ამპარტავანებისაგან, ამპარტავანებაჲ ცუდად მზუაობრობისაგან, ცუდად მზუაობრობაჲ ურწმუნოებისაგან, ურწმუნოებაჲ გულფიცხელობისაგან, გულფიცხელობაჲ უდებებისაგან,
264. უდებებაჲ მცონარეობისაგან მცონარეობაჲ სულმოკლებისაგან, სულმოკლებაჲ მოწყინებისაგან, მოწყინებაჲ უთმინოებისაგან, უთმინოებაჲ გემოჲსმოყუარებისაგან და ყოველნი ვნებანი ერთმანერთსა ჰკიდვან და კუალად სათნოებანი ერთმანერთსა შეთხზნილ არიან.
265. ხოლო თავი ყოვლისა კეთილისაჲ საქმისაჲ და დასაბამი სათნოებათაჲ არს ლოცვაჲ და სიწმიდე,
266. რამეთუ მათ მიერ იშვებიან სხუანიცა სათნოებანი და ყოველივე საქმჱ კეთილისა თხოვითა ღმრთისაჲთა მოგუეცემის ლოცვისა მიერ სიწმიდით ღმრთისა თანა გამოუთქუმელი იგი ზიარებაჲ და გონებისა ჩუენისა ღმრთისა თანა შეყოფაჲ.
267. და ლოცვისა მიერ აღორძნდების სიყუარული ღმრთისაჲ გამოუთქუმელი სულსა შინა ღირსსა და ტრფიალებაჲ საღმრთოჲ და ტკივილი მჴურვალჱ განძლიერდების გულსა შინა წმიდასა,
268. რომელი მჴურვალედ ილოცვიდეს, და სიხარული იგი საღმრთოჲ მოეფინების მას, ვითარცა წერილ არს: „მოეც სიხარული გულსა ჩემსა“.
269. და კუალად იტყჳს უფალი, ვითარმედ: „სასუფეველი ცათაჲ თქუენ შორის არს“.
270. ხოლო სიტყუაჲ ესე მოასწავებს სიხარულსა მას ზეცისასა სილიერსა, რომელი მიეფინების სულთა ზედა ღირსთა.
271. რამეთუ მერმისა მის სიხარულსა და მხიარულებისა, რომელი –იგი ეგულების წმიდათა ქონებად სასუფეველსა შინა ცათასა, მის სიხარულსა და მხიარულებისა წინდსა და დაწყებასა აქაჲთვე მიიღებენ სულნი ღირსნი და წმიდანი ზიარებისა მიერ სულისა წმიდისა, ვითარცა წერილ არს,
272. ვითარმედ: „რომელი-იგი ნუგეშინის-გუცემს ჩუენ ჭირსა შინა ჩუენსა, რაჲთა ჩუენცა ნუგეშინის–ვსცემდეთ, რომელნი იგი ჭირსა შინა არიან, ნუგეშინისცემითა მით, რომლითა ჩუენცა ნუგეშინისცემულ ვიქმნენით ღმრთისა მიერ“.
273. და კუალად სიტყუაჲ, რომელი წერილ არს, ვითარმედ: „სული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებენ ღმრთისა მიმართ ცხოველისა“ და „ვითარცა ცმელითა სიპოხისაჲთა განძღეს სული ჩემი“...
274. და მსგავსნი ამათნი, სიხარულსა და ნუგეშინისცემასა სულისა წმიდისასა მოასწავებენ.
275. ხოლო სხუანი იგი სათნოებანი, ვითარცა არიან ესრეთ ერთმანერთსა შემშჭუალულ და თანა-გუაც მათი ძალისა ჩუენისაებრ აღსრულებაჲ.
276. რამეთუ პირი იგი და სახჱ კეთილისა ცხორებისაჲ წინაშე გჳც ჩუენ, რაჲთა-იგი პირველვე ვთქუათ წამებითა წმიდათა წერილთაჲთა,
277. რაჲთა სარწმუნოებითა და მოსწრაფებითა ჩუენითა ღირს ვიქმნეთ მოღებად სულისა წმიდისა და სიხარულისა ზეცათაჲსა და ესრეთ განვთავისუფლდეთ ყოველთა ვნებათაგან და ვიპოოთ სიწმიდე გულისაჲ განწმედილისა მის და წმიდამყოფელისა სულისა მიერ.
278. ხოლო აწ ვისწრაფოთ, ძმანო, და თითოეულმან მიეცინ კეთილისა საქმესა, რაჲთა სიყუარულიცა ღმრთისაჲ აღორძნდეს ჩუენ შორის, და ჯერ-არს ჩუენდა,
279. რაჲთა მარადის ვილოცვიდეთ, და ვითარცა უფალი იტყჳს, ვითარმედ: „რაჲზომ უფროჲს ყოს მამამან ზეცათამან განშჯაჲ მათი, რომელნი ღაღადებენ დღე და ღამე მისა მიმართ“.
280. ხოლო აწ რომელსა ჰნებავს, რაჲთა მიეცეს ზეცისა იგი საჭურველი, შეუდეგინ იგი სიტყუასა პავლესსა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ლოცვითა და ვედრებითა იყოფებოდეთ მარადის სულითა და მათ ზედა იღჳძებდით მარადის მოთმინებით და სიმჴნითა“.
281. ამისთჳსცა, რომელსა ენებოს ძმათაგანსა, რაჲთამცა შევიდა ღუაწლსა მას ლოცვისასა და სუროდის კეთილთა მათთჳს ზეცისათა, შესაწყნარებელ არს იგი და საქებელ წინაშე ღმრთისა და კაცთა.
282. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა სათნო-იყონ სხუათაცა ძმათა და უხაროდის ძმისა მის წარმატებასა ზედა, ვითარცა თჳსისა ასოჲსასა, რაჲთა მათცა აქუნდეს მადლი სიყუარულისაჲ ღმრთისაგან.
283. ხოლო რომელსა ენებოს თავისა თჳსისა შემშჭუალვაჲ ლოცვასა, არსმცა იგი ფრთხილ მანქანებათა ზედა ეშმაკისათა და აქუსმცა მარადის საურავი და ზრუნვაჲ და მას გამოეძიებსმცა გონებასა თჳსსა,
284. მარადის წინააღუდგებოდენ ნივთსა მას უკეთურებისასა და მრავალთა მათ ბრძოლათა მტერისათა და მარადისმცა გონებაჲ მისი ღმრთისა თანა არს სურვილით და მოელოდენ მის მიერ მადლსა მას ზეცისასა,
285. რაჲთა ესრეთ ნაყოფნი იგი ლოცვისა და მოთმინებისანი გამოიხუნეს და დღითი დღედ აღორძნდებოდინ და ცხად იყვნენ წინაშე ღმრთისა და კაცთა.
286. და უკუეთუ ვინმე იყოს ძმათა შორის, რომელსა აქუნდეს სიმჴურვალჱ და სიყუარული ღმრთისაჲ და ტრფიალებაჲ საღმრთოჲ ლოცვასა შინა და დაღაცათუ არა აქუნდეს, არამედ ისწრაფდეს მოგებად და აიძულებდეს თავსა თჳსსა,
287. რაჲთამცა მოიგო მანცა ეგევითარი საზომი და მიეცეს თავი თჳსი ღმრთისადა და ეძიებდეს ჭეშმარიტსა ლოცვასა, თანა-აც სხუათა მათ ძმათა, რაჲთა სიხარულით მიუშუან მას და ვითარცა შემწენი მისნი უფროჲსად უხაროდის და აწუევდენ მას.
288. და რაჲთა თჳსად სარგებელად შეერაცხოს ძმისა მის მათისა კეთილისა მიმართ წარმართებაჲ და რაჲთა არას იქმოდინ შურით ანუ ჴდომით და რაჲთა არა დაუხრწიონ კეთილი იგი გულისსიტყუაჲ მისი და კეთილისა საქმისა დაწყებაჲ,
289. რაჲთა ესრეთ იხილოს უფალმან ერთმანერთისა მიმართ სიყუარული მათი და მისცეს თითოეულსა თხოვაჲ მათი და გულსავსე-ყოს თითოეული წრფელისა მის და კეთილისა გონებისა მათისათჳს, რომელი აქუს ერთმანერთისა მიმართ.
290. ხოლო ამის საქმისა აღსრულებაჲ თანა-აც უფროჲსად წინამძღუარსა ძმათასა, რაჲთა თავნიცა მათნი რომელნი-იგი მათ თანა არიან, დაამტკიცნენ ესევითარსა განგებასა ზედა, რაჲთა რომელსა ენებოს მოღუაწებაჲ, არა დაიხრწეოდის კეთილისა მის საქმისაგან, რომელცა ჴელ-ყო.
291. ხოლო რომელი შევიდოდის ღუაწლსა შინა ლოცვისასა, ესემცა უწყის ვითარმედ, ვითარცა საქმესა დიდსა ჴელ-უყოფია.
292. ეგრეთვე თანა-აც, რაჲთა დიდი და უმეტესი მოღუაწებაჲ მოიღუაწოს და შრომაჲ ფრიადი და სწრაფაჲ დაუცადებელი, რამეთუ ლოცვასა შინა მრავალნი არიან ღონენი მტერისანი დასახრწეველად მისა:
293. ძილი, მოწყინებაჲ,და სიმძიმე გუამისაჲ, განბნევაჲ გულისსიტყუათაჲ, დაუწყნარებლობაჲ გონებისაჲ, სულმოკლებაჲ, უთმინოებაჲ, დაჴსნილობაჲ და სხუანი იგი საქმენი და ბრძოლანი უკეთურისანი და მერმე ჭირნი და ზედააღდგომანი სულთა მათ ბოროტთანი,
294. რომელნი-იგი გუებრძვიან და წინააღგჳდგებიან, ვიდრე სიკუდილადმდე დააყენებენ სულსა მას, რომელი მიახლებად ღმრთისა ისწრაფდეს.
295. ამისთჳს უჴმს, რომელსა ჰნებავს ლოცვაჲ სიწმიდით, რაჲთა განმჴნდეს ყოვლითა მოღუაწებითა და მოსწრაფებითა და შრომითა ჴორციელითა და სულიერითა და რაჲთა ეგრეთ შეერაცხოს თავი თჳსი, ვითარმედ მარადის ჯუარი ჰკიდავს მას.
296. და რაჲთა იყოს იგი მარადის ჭირსა და ღუაწლსა შინა და ტკივილსა ფრიადსა და გლოვასა და გულისკლებასა დაუცადებელსა სასუფეველისათჳს ცათაჲსა,
297. და რაჲთა არა იყოს დაჴსნილ და არა მისცეს თავი თჳსი დაჴსნილობასადა წარტყუენვასა გულისსიტყუათასა, ანუ ძილსა, ანუ მოწყინებასა, ანუ უთმინოებასა, ანუ დაუწყნარებლობასა, ანუ ჴმათა უშუერთა.
298. რამეთუ უკუეთუ გონებაჲ კაცისაჲ იყოს ესევითართა საქმეთა შინა, არა რაჲ სარგებელ არს ჴორციელი ოდენ მუჴლთა მოდრეკაჲ, რაჟამს-იგი გონებაჲ არნ წარტყუენულ.
299. რამეთუ უკუეთუ გონებაჲ კაცისაჲ არა ფრთხილ იყოს და კრძალულ მას და არა გამოეძიებდეს მარადის გონებასა თჳსსა, დაღაცათუ სურვილი ღმრთისაჲ აქუნდეს მას,
300. არამედ მრავალღონებისა მიერ მტერისა წარიტყუენვის, ანუ აღზუავნების მათ ზედა, რომელნი ვერ მიწთომილ იყვნენ წუთ ესევითარსა ლოცვასა.
301. და ესრეთ მრავლითა მით ღონისძიებითა მტერისაჲთა წარსწყმედს კეთილისა საქმესა თჳსსა და მისცემს მას ბოროტისა ეშმაკისა ჴელთა.
302. ამისთჳს თანა-აც, რაჲთა დიდი საქმე აღუღებია, ეგრეთვე დიდი ტკივილი და ზრუნვაჲ თავს-იდვას, ნუუკუე კეთილი იგი საქმე მისი მოიპაროს უკეთურმან მტერმან.
303. რამეთუ რომელთა ჰნებავს დიდისა შრომისა მოთმინებაჲ და დიდისა ქველისსაქმისა ქმნაჲ, მათ უფროჲსსა და უდიდესსა შრომასა მოუვლენს ეშმაკი.
304. ვისწრაფოთ, ძმანო, გევედრები,ლოცვისა მიერ გამოვიხუნეთ ნაყოფნი სულიერნი, რომელ არიან სიყუარული, და სიმდაბლე, და სიმშჳდე, და სახიერებაჲ, და განკითხვაჲ, და ესე ნაყოფნი დღითი დღედ აღვაორძინნეთ,
305. რაჲთა წარვემართნეთ კეთილსა შინა და ესრეთ ცხად-ვიყვნეთ წინაშე ყოველთ, რაჲთა ჩუენითა მოსწრაფებითა, ოდეს-იგი ნაყოფნი ჩუენნი ცხად იყვნენ, უძლურნიცა,
306. რომელნი გონებით წუთ ჩჩჳლ არიან, იგინი მოვიყვანნეთ შურად საღმრთოდ, რაჲთა მათცა მისცნენ თავნი მათნი მოღუაწებასა მოსწრაფებით.
307. უკუეთუ სიმდაბლემან, და სიყუარულმან, და სიწრფოებამან, და სახიერებამან არა შეამკოს ლოცვაჲ ჩუენი, ესევითარი იგი ლოცვაჲ და არა ლოცვაჲ, არამედ სახჱ იგი ლოცვისაჲ, არარას გუერგების ჩუენ.
308. ხოლო არა ლოცვისათჳს ოდენ ვიტყჳთ ამას, არამედ ყოვლისაჳე შრომისა და მოღუაწებისა, გინა თუ ქალწულებაჲ, გინა თუ მარხვაჲ, გინა თუ მღჳძარებაჲ, გინა თუ ღაღადებაჲ ღმრთისა მიმართ, გინა თუ მსახურებაჲ, გინა თუ სხუაჲ რაჲმე შრომაჲ, რომელსა ვიქმოდით სათნო-ყოფად ღმრთისა.
309. უკუეთუ შრომასა მაას თანა არა იყვნენ ნაყოფნი სიყუარულისა, და სიხარულისა, და მშჳდობისა სიმშჳდისა, და სიმდაბლისა, და სიწრფოებისა, და უმანკოებისა, და სარწმუნოებისა, და სულგრძელობისა, და უშურველობისანი
310. და თუ ამათ სათნოებათა ვერ ვჰპოებდეთ ჩუენ თანა, მაშა ცუდად ამაო არს შრომაჲ იგი ჩუენი, რამეთუ ყოველივე საქმჱ და ყოველივე შრომაჲ ჩუენი ამათ ნაყოფთათჳს არს ძმანო,
311. ხოლო ოდეს ნაყოფნი იგი სიყუარულისა და მშჳდობისანი არა იპოებოდინ ჩუენ თანა არამედ, ცუდად ამაო არს შრომაჲ ჩუენი.
312. რომელთა ესე ნაყოფნი არა ჰქონდიან, იგინი ემსგავსებიან ცოფთა მათ ქალწულთა დღესა მას სასჯელისასა, რომელთა-იგი არა აქუნდა ჭურჭელთა შინა გულისათა აქაჲთვე სულიერი იგი ზეთი,
313. რომელ-იგი არს პირველთქუმულთა მათ სათნოებათაჲ სულიერი სიპოხჱ, და ამისთჳს ცოფ ეწოდა მათ და სულიერისა მისგან სასძლოჲსა გარე დარჩეს.
314. და ვინაჲთგან დამჴობილ იყვნეს სათნოებათაგან და სული წმიდაჲ მათ თანა არა დამკჳდრებულ იყო, ამისთჳს შრომაჲ იგი და ღუაწლი ქალწულებისაჲ არად შერაცხილ იქმნა.
315. რამეთუ ვენაჴისა ყოველი შრომაჲ და ზრუნვაჲ ნაყოფისათჳს იქმნების, ხოლო უკუეთუ ვენაჴმან ნაყოფი არა გამოიღოს, ამაოდ წარჴდა ყოველივე იგი შრომაჲ,
316. ეგრეთვე უკუეთუ სულსა შინა არა აღმოეცენნენ ნაყოფნი იგი სიყუარულისნი, და მშჳდობისა, და სიხარულისა, და სიმდაბლისა, და სულგრძელებისა, და სარწმუნოებისანი და სხუათა მათ სათნოებათანი, რომელნი მოციქულმან აჩუენა,
317. მაშა ამაო არს შრომაჲ იგი ქალწულებისა, და ლოცვისჲ, და ღაღადებისა, და მარხვისა, და მღჳძარებისაჲ, რამეთუ თანა-გუაც, რაჲთა ამათ სულიერთა და ჴორციელთა ტკივილთა და შრომათა სასოებისათჳს სულიერთა ნაყოფთაჲსა აღვასრულებდეთ.
318. ხოლო სათნოებათა იგი ნაყოფიერებაჲ განსუენებაჲ არს სულიერი და სიტკბოებაჲ უხრწნელი, რომელი მოვალს სულთა ზედა სარწმუნოთა და მდაბალთა სულისა მიერ წმიდისა.
319. ხოლო აწ განკითხვით და გულიჴმის-ყოფით შრომანი იგი და ჭირნი შრომად ბუნებისადმცა შერაცხილ არიან და ნაყოფნიმცა იგი შერაცხილ არიან ნაყოფად, რომელნი აღმოეცენებიან სულისა მიერ წმიდისა სულთა ღირსთა სარწმუნოებისა მიერ და სასოებისა.
320. ხოლო უკუეთუ ვინმე იყოს უგულისჴმო და ნაყოფნი იგი სულისანი შეჰრაცხნეს თჳსად შრომად და თჳსად საქმედ, ეგევითარსა მას ფრიადი სიმაღლე აქუს ამპარტავანებისაჲ და დაეცემის იგი დიდთა მათ ნაყოფიერებათაგან სულიერთა.
321. რამეთუ ეგევითარი იგი არა ესავს ძალსა სულისა წმიდისასა და არცა იტყჳს, თუ: მის მიერ წარვემართები სათნოებათა შინა,
322. რამეთუ, რომელმან მისცეს სრულიად თავი თჳსი ღმერთსა და შურებოდის ყოვლითავე ძალითა თჳსითა და მოელოდის ღმრთისაგან ჴსნასა სავნებელთაგან და არა ესვიდეს საქმესა თჳსსა, ესევითარი იგი მიიწევის სისრულესა.
323. რამეთუ, ვითარცა კაცმან რაჟამს მისცეს თავი თჳსი სრულიად ცოდვასა, მიერითგან ვნებათა მგან ბოროტთა და ბუნებისა გარეგანთა გემოვნებით აღასრულებს, ვითარცა ბუნებითთსა სიძვასა და მრუშებასა, სიმთრვალესა და ანგაჰრებასა და სხუათა ვნებათა,
324. ეგრეთვე სრული ქრისტიანე, რაჟამს დაუტკბენ მას სათნოებანი, მიერითგან სიტკბოებით აღასრულებს მათ, ვითარცა ბუნებითთა მშჳდობასა, და სულგრძელებასა, სარწმუნოებასა, და სიმდაბლესა და სხუათა მათ სათნოებათა.
325. და მიერითგან უშრომელად აღასრულებნ მათ და არღარა ებრძოდინ მას ვნებანი უპატიოებისანი, რამეთუ მოიღებს იგი გამოჴსნასა უფლისაგან სრულიად და აღასრულებს იგი სათნოებათა შინა და მოიყვანის გულსა მისსა მშჳდობაჲ იგი ქრისტესი წმიდისა მიერ და თაყუანისსაცემელისა სულისა.
326. მიერითგან შეემშჭუალის იგი უფალსა და იქმნის იგი თანა ერთ სულ.
327. რამეთუ სულისა მიერ წმიდისა და სიწმიდისა მიერ სათნოებათაჲსა დაივსების სიმჴურვალჱ ბოროტთა ვნებათაჲ.
328. ესრეთ ისწრაფდით ყოველნი და ესრეთ მჴნე იყვენით და ესრეთ განმზადენით თავნი თჳსნი ყოვლისა კეთილისა მიმართ.
329. და უფროჲს თქუენ, რომელთა გნებავს ლოცვასა და მყუდროებასა შინა ყოფაჲ, რაჲთა თავთაცა თქუენთა და ძმათაცა არგოთ და არა მოატყუათ უდებებითა და უკრძალველობითა ვნებაჲ თავთაცა თქუენნი და სხუათაცა.
330. ხოლო რომელნი ვერ შემძლებელ ხართ დაყუდებად და ლოცვად უძლურებისათჳს, თქუენ განჰმზადენით თავნი თქუენისა მსახურებად და განსუენებად ძმათა სარწმუნოებით და კრძალულებითა და შიშითა ღმრთისაჲთა და ესრეთმცა შეგირაცხია,
331. ვითარმედ არა კაცთა საქმესა იქმთ, არამედ მცნებასა აღასრულებთ და საქმესა სულიერსა იქმთ და ნუვისგან მოელით პატივსა ანუ მადლობასა, არამედ ვითარცა საქმესა ღმრთისასა სიფრთხილით ეკრძალებოდეთ და ვითარცა მონანი ქრისტესნი სიხარულით ჰმსახურებდით.
332. ნუ ადგილ-სცემთ უკეთურებასა კაცთმოთნებით, ანუ დრტჳნვითა, ანუ სიმაღლითა, ანუ დაჴსნილობითა, ანუ უდბებითა, ანუ უგულებელს-ყოფითა,
333. რაჲთა საქმესა შინა თქუენსა არა იპოოს ბიწი და შეგინებულებაჲ, არამედ რაჲთა კრძალულებითა შიშითა და სიყურულითა ღმრთისაჲთა რაჲთა კეთილი იგი საქმჱ თქუენი სრულ იყოს და შესაწყნარებელ ღმრთისა.
334. რამეთუ უფალი ესეზომითა კაცთმოყუარებითა და მიუთხრობელითა სახიერებითა გარდამოჴდა ზეცით ქუეყანად ნათესავისათჳს კაცთაჲსა და მარადის ეწყალის მას ნათესავი ჩუენი და მრავლითა მით სიბრძნითა თჳსითა არავინ დაუტევა უქმად სათნოებათაგან,
335. არამედ თჳთეულსა მისცა მადლი საქმჱ ძალისა მიერ გულსმოდგინებისა მისისა, რაჲთამცა ყოველნივე მიიზიდნა უდიდესთა სათნოებათა მიმართ.
336. რამეთუ თჳთ უფალი იტყჳს: „რომელმან ასუას სასუმელი გრილისა წყლისაჲ სახელისა ჩემისათჳს, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარიწყმიდოს მან მადლი თჳსი ისმინეთ ძმანო“.
337. იხილეთ, ვითარ ადვილ-ყვნა უფალმან მცნებანი მისნი, რაჲთა არავინ დარჩეს გარეგან მცნებისა, დაღაცათუ იყოს უძლურ და უსუსურ გონებითა, რამეთუ კუალად იტყჳს: „რომელიცა ჰქმნეთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, ჩემ თანა ჰქმენით“.
338. ოდენ ღმრთისათჳსმცა არს საქმჱ იგი და ნუმცა არს დიდებისათჳს კაცთაჲსა, არამედ შიშისათჳს და სიყუარულისა ღმრთისა ვიქმოდით კეთილსა საქმესა.
339. რამეთუ მაჩუენებელთა და კაცთმოთნეთა უფალი აბრალებს და ეტყჳს, ვითარმედ: „ყოველსავე იქმან სახილველად კაცთა“ და შემდგომად სიტყჳსა ამის იტყჳს ფიცით, ვითარმედ: „ამენ გეტყჳ თქუენ, მიუღებიეს სასყიდელი მათი“.
340. ამისთჳსცა მოწაფეთა თჳსთა ამცნებს და ეტყჳს: „იხილეთ, ნუ ჰყოფთ ქველისსაქმესა თქუენსა, ანუ მარხვასა, ანუ ლოცვასა წინაშე კაცთა, თუ არა, ვერ მიიღოთ მადლი მამისაგან ზეცათაჲსა“.
341. ამას გევედრები თქუენ, ძმანო, გარე-მიაქციენით კაცთა ქებანი და პატივნი და ყოვლადვე ნუ შეიწყნარებთ მათ, არამედ ღმრთისაგან მხოლოჲსა ეძიებდით ჭეშმარიტსა მას პატივსა და დიდებასა.
342. ხოლო უკუეთუ თჳთ გამოცხადნეს ქველისსაქმჱ იგი, ესე არა ჩუენი საქმე არს.
343. ჩუენ ოდენმცა ნუ ვეძიებთ დიდებასა ძმანო, რამეთუ შეუძლებელ არს, უკუეთუმცა კეთილის საქმჱ არა გამოცხადნა, ვინაჲთგან უფალი იტყჳს: „ესრეთმცა ბრწყინავს ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“.
344. და კუალად მოციქულნი, რაჟამს ქადაგებდეს, დაიდუმნეს მრავალნი და წულილადნი მცნებანი.
345. ოდენ დიდნი იგი საქმენი ამცნეს, რაჲთა განეყენნენ სიძვისაგან და კერპთა ნაზორევისა მშთვარისა და სისხლისაგან.
346. და ესე ქმნეს კაცმოთმოყუარებისათჳს ღმრთისა, რაჲთამცა აღუსუბუქნეს მათ მცნებანი, რამეთუ ხედვიდეს სიჩჩოსა გონებისა მათისასა და ისწრაფდეს, რაჲთა ოდენ კერპთმსახურებისაგან იჴსნენ, რაჲთმცა ესრეთ მცირედ მცირედ ღირს– იქმნეს მიწთომად უზეშთაესთა სათნოებათა.
347. ხოლო უკუეთუ ვინმე ლოცვასა შინა უდებ იყოს და კუალად მსახურებასაცა და განსუენებასა ძმათასა დაჴსნილ და უდებ იყოს და არა განმჴნდებოდის და არა იქმოდის სარწმუნოებით და მორჩილებით,
348. რასაცა უბრძანებდენ, ესევითარსა მას მოციქული უქმად სახელ-სდებს და განაჩინებს, ვითარმედ არცა პურისა ღირს არს ჭამად, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უქმი იგი ნუცა ჭამნ“.
349. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უქმნი იგი და მოცალენი ღმერთსაცა სძულან“ და სიბრძნესა შინა სოლომონისსა წერილ არს, ვითარმედ: „მრავალნი ბოროტნი ქმნნა უქმობამან“.
350. ამისთჳს გევედრები ძმანო: ნუმცა ვინ არს უქმად, ყოველნივე იქმოდეთ კეთილსა, თითოეული ძალისაებრ თჳსისა, რაჲთა არა დაჰრჩეთ სრულიად უნაყოფოდ და განჰვარდეთ საუკუნოჲსა ცხორებისაგან.
351. რამეთუ, ესერა, სახჱ მონაზონთა ცხორებისაჲ წინა-უც ყოველთა, რომელთა ჰნებავს ერთმანერთისა თანა ყოფაჲ ამიერითგან თითოეულიმცა ისწრაფის,
352. რაჲთა იღუაწონ ძალისაებრ თჳსისა და აქუსმცა სასოებაჲ ღმრთისა მიმართ, რაჲთა შემძლებელ იქმნას მიწევნად საზომსა მას სრულისა ქრისტეანობისასა ყოვლითავე კეთილითა მოსწრაფებითა და აღსრულებითა სათნოებათაჲთა.
353. ხოლო უწინარეს ყოვლისა ვისწრაფოთ მოგებად სიწრფოებისა, და უმანკოებისა, და სიყუარულისა, და სიმდაბლისა და ესენიმცა გუქონან, ვითარცა საფუძველნი დასამყარებელად ჩუენდა,
354. რაჲთა არა აღვზუავნებოდით ერთმანერთსა ზედა, ანუ ამპარტავან ვიყვნეთ, ანუ მდრტჳნავ და ესრეთ ცუდად ამაო-ვყოთ შრომაჲ ჩუენი,არამედ უფროჲსღა სიმდაბლით თავნი ჩუენნი უდარესმცა მოყუასთა ჩუენთა შეგჳრაცხიან და ყოველთა, ვითარცა უფალთა, პატივ-ვსცემდეთ და ვჰმორჩილობდეთ.
355. მივემსგავსნეთ ქრისტესა, რომელი ჩუენთჳს დაგლახაკნა.
356. და რომელი-იგი მარადის ილოცვიდეს, ნუმცა აღზუავნების მათ ზედა, რომელნი ვერ შემძლებელ იყვნენ მარადის ლოცვად, რაჲთა ესრეთ საქმჱ მისი წარემართოს წინაშე ღმრთისა და კაცთა.
357. და კუალად, რომელი-იგი მსახურებასა შინა იყოს, ნუმცა დრტჳნავს, ნუცა განიკითხავს მათ, რომელნი დაყუდებასა და ლოცვასა შინ არიან, რაჲთა ესრეთ წინაშე ღმრთისა მადლი პოოს და საქმჱ მისი შეწირულ იყოს.
358. და ვისწრაფოთ, რაჲთა არა რას ვიქმოდით შურით ანუ ცუდად მზუაობრებით, არამედ შევიყუაროთ ერთმანერთი, ვითარცა თჳსნი ასონი, სიტყჳსაებრ მოციქულისა.
359. რამეთუ ვითარცა ასონი გუამისანი ერთსა სულსა ქუეშე არიან და ერთმანერთსა შესწევენ „და ვერ შემძლებელ არს თუალი თქუმად ჴელისა, თუ: არა მიჴმ შენ, და ვერცა თავი რქუმად ფერჴთა, თუ: არა მეჴმარებით თქუენ, არამედ რომელნი არიან უდარესნი ასონი, მათ უმეტეს პატივსცემთ“.
360. ეგრეთვე ჩუენ ერთმანერთს ასოებ ვართ, რომელთა გუმწყსის ერთი იგი სული და ვიზარდებით ერთისა მისგან სიტყჳსა ჭეშმარიტებისა და მისთჳს თანა-გუაც, რაჲთა სიყუარულითა და სიწრფოებითა და სახიერებითა და სიხარულითა შეერთებულ ვიყვნეთ ერთმანერთას თანა,
361. რამეთუ ამისთჳს დაბადებულნი ვართ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „მისნი შქმნულნი ვართ დაბადებულ საქმეთა ზედა კეთილთა, რაჲთა მათ შინა ვიდოდით“.
362. რამეთუ ესრეთ უხარის ღმერთსა, რაჟამს გუხედვიდეს ჩუენ, ვითარმედ ყოველსა საქმესა ჩუენსა მისთჳს ვიქმოდით, და რაჟამს ესევითარი სიყუარული გუაქუნდეს ჩუენ ერთმანერთისა მიმართ.
363. მერმე ნამეტნავი იგი დაყუდებულთაჲ შეემატების ნაკლულევანებასა ზედა მორჩილთასა, რაჲთა იქმნას სიწრფოებაჲ ყოველსავე ზედა, ვითარცა წერილ არს: „ვითარმედ ფრიადსა მას არა გარდაემატა და მცირესა მას არა დააკლდა“.
364. ოდეს ვითარცა პირველად ვთქუ, ძმათა შორის ესენიმცა მტკიცე არიან: სიწრფოებაჲ და სიყუარული და სიმდაბლე და უშურველობაჲ.
365. და ესრეთ თითოეული ძალისაებრ თჳსისა რბიოდენ კეთილსა მას გზასა სათნოებათასა სიხარულითა და იღუწოდით კეთილსა მას ღუაწლსა, რამეთუ შრომისაებრ მისისა და სიყუარულისა და სარწმუნოებისა პოოს დღითი დღედ წარმართებაჲ და ესრეთ ღირს იქმნას სასუფეველსა ცათასა.
366. ესე არს ანგელოზებრი ქუეყანასა ზედა ცხორებაჲ.
367. ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი წერილ არს: „იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“.
368. რამეთუ ესრეთ აღესრულების ნებაჲ მისი ჩუენ შორის, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას, რაჟამს ვიყოფვოდით ერთმანერთსა თანა უშურველობით, და სიწრფოებით, და სიყუარულით, და მშჳდობით და სიხარულით და თითოეულისა წარმატებაჲ თჳსად შეგუერაცხოს,
369. და კუალად მოყუსისა უძლურებაჲ, ანუ ნაკლულევანებაჲ, ანუ ჭირი თჳსად დაჭირვებად შეგუერაცხნენ.
370. რამეთუ წერილ არს: „ნუ თავისა თჳსისა ოდენ ეძიებთ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული“.
371. და ესრეთ, რაჟამს ერთმანერთისათჳს გუელმოდის ერთმანერთისა სიმძიმესა ვიტვირთვიდეთ, უფროჲსად ძლიერნი – უძლურთასა და მჴნენი – უსუსურთასა, მაშინ აღვასრულებთ სწავლასა პავლესსა და მაშინ დავამტკიცებთ შჯულსა ქრისტესსა.
372. ესევითარითა მით სახითა შემძლებელ ვიქმნეთ ჭეშმარიტად დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ძალსა მტერისასა და სიყუარულითა ერთმანერთისაჲთა მადლითა ქრისტესითა შევმუსრნეთ თავნი ვეშაპთანი და ასპიტსა და იქედნესა ზედა ვიდოდით და დავთრგუნოთ ლომი და ვეშაპი.
373. რაჟამს სიყუარულით და ერთობით ვიყოფოდით, მაშინ დიდსა საზომსა მიწთომილნი ურთიერთას უფროჲსად წარემართებიან შეწევნითა ძმათაჲთა და უმცირესი იგი უდიდესთა სიყუარულითა განკეთნების დღითი დღე და განძლიერდების.
374. უკუეთუ არა ესრეთ ვიყვნეთ ერთმანერთისა მიმართ, არამედ დრტჳნვით და ბრალობითა ერთმერთისა და ძჳრისზრახვითა, და ამპარტავანებით, და მზუაობრობით,
375. ვერცა დაყუდებულნი იგი, რომელთა ეგონნენ თავნი მათნი, ვითარმედ ლოცვასა შინა არიან, ვერცა იგინი წარემართებიან, რამეთუ სხუანი იგი არა შესწევენ მათ, არამედ უყუარულ არიან.
376. ვერცა მსახურნი იგი, რომელნი ჴორციელად შურებიან, მოიგებენ მადლსა მსახურებისა სიძულილისა მათისაგან და დრტჳნვისა მათისა.
377. და ესრეთ არა იქმნების ერთობაჲ ჩუენ შორის და ვერცა წარვემართებით ჩუენ სულიერად და ნებაჲ ღმრთისაჲ ჩუენ შორის არღარა აღესრულების არცა დაიმკჳდრებენ ჩუენ შორის მრავალნი იგი მადლნი, რომელთა იტყჳს ნეტარი მოციქული პავლჱ,
378. ვითარმედ: „გუქონან ჩუენ მადლნი თითოსახენი, რომელნიცა მოცემულ არიან ჩუენდა თითოეულისა: გინა თუ წინაწარმეტყუელებაჲ საზომისაებრ სარწმუნოებისა ჩუენისა, ანუ რომელი-იგი ჰმსახურებდეს მსახურებასა შინა,
379. ანუ რომელი-იგი ნუგეშინის-სცემდეს ნუგეშინის-ცემასა შინა მიმცემელი უხუებით, ზედამდგომელი იგი მოსწრაფებით, რომელი სწყალობდეს მხიარულებით სიყუარულითა შეუორგულებელითა“ და შემდგომი ამისი.
380. და კუალად იტყჳს: „თითოეულსა თქუენსა ფდი, გამოცხადებაჲ აქუს, გულისჴმის-ყოფაჲ აქუს, წინაწარმეტყუელებაჲ აქუს, ყოველივემცა აღსაშენებელად სხუათა ექმნების“.
381. ესე იგი არს, რაჲთა სხუათა თითოეული მეორესა შესწევდეთ და მისცემდეთ მადლისა თჳსისაგან და რაჲთა ესრეთ იყვნეთ ერთობით, სიყუარულით,
382. რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფაჲ მონასტერსა შინა, რაჲთა ძლიერნი გუამითა გინა გონებითა ვიტჳრთვიდეთ უძლურთა სიმძიმესა ნეტარისა მისთჳს სასოებისა.
383. და რაჲთა თითოეული ჩუენი შესწევდეს ძმასა თჳსსა, და რომელიცა ვის ბუნებითი კეთილი აქუნდეს, გინა თუ ძალი, გინა თუ გულისჴმის-ყოფაჲ, გინა თუ სიმჴნე, გინა თუ ჴელოვნებაჲ რაჲმე, ანუ თუ მოსწრაფებაჲ,
384. რაჲთა ყოვლისაგანვე ძმათაცა ჩუენთა მივსცემდეთ, გინა თუ ღირს ვიქმნნეთ მადლსა საღმრთოსა უფლისა მიერ,
385. რაჲთა მას შინა ზიარ-ვყოთ ძმაჲ ჩუენი სარგებელად თავისა ჩუენისა და ძმათა ჩუენთა და ყოველთავე კაცთა, რაჲთა ესრეთ აღვასრულოთ შჯული ქრისტესი და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა.
386. ხოლო ესე უწყოდეთ, ვითარმედ საქმჱ ლოცვისა და სწავლისაჲ, უკუეთუ ვინმე იქმოდის, ვითარცა ჯერ-არს, უზეშთაეს არს ყოვლისავე სათნოებისა და ამას უფალი თჳთ წამებს, რამეთუ რაჟამს მოვიდა იგი სახლსა მართაჲსსა და მარიამისსა და მართა უცალო იყო მსახურებისაგან ფრიადისა,
387. ხოლო მარიამ ჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და სიტყუათაგან განათლდებოდა სული მისი, ხოლო მართა აბრალებდა მას და ეტყოდა უფალსა: „უფალო, არქუ დასა ჩემსა,
388. რაჲთა ჴელი აღმიპყრას მე“, მაშინ უფალმან პირველიმეორისა მის უზეშთაეს-ყო და ჰრქუა ესრეთ: „მართა, მართა, იურვი და შფოთებ ხარ მრავალსა შინა, ხოლო ერთი არს საჴმარი, რამეთუ მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია“.
389. და ამით სიტყჳთა გჳჩუენა ჩუენ უფალმან სიდიდჱ სათნოებისაჲ ამის, ვითარმედ ესე უფროჲს არს, ვიდრეღა მსახურებაჲ.
390. არა თუ მსახურებისა იგი საქმჱ არად შეჰრაცხა, რამეთუ უკუეთუმცა არარაჲ იყო იგიმცა, რად მიიღებდა მსახურებისაგან მართაჲსა?
391. და კუალად თჳთცა აღასრულა საქმე ესე, რამეთუ დაჰბანნა ფერჴნი მოწაფეთანი და სწავლით ასწავა
392. და თქუა: „უკუეთუ მე, მოძღუარმან და უფალმან, დაგბანენ ფერჴნი თქუენნი, თანა-გაც თქუენცა ერთმანერთისა ფერჴთა დაბანაჲ, რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა მე ვქმენ, ეგრეთცა თქუენ იქმოდით“.
393. და კუალად იტყჳს: „რომელსა ჰნებავს თქუენ შორის უფალ-ყოფაჲ, იყავნ ყოველთა მსახურ და ყოველთა მონა, ვითარცა ძჱ კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ რაჲთამცა ჰმსახურა და მისცა სული თჳსი მრავლთა წილ“.
394. და კუალად იტყჳს: „რომელიცა ვინ ყოს ერთსა ამას მცირეთაგანსა თანა, ჩემ თანა იქმს“.
395. და კუალად იტყჳს: „რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელსა ზედა მართლისასა, სასყიდელი მართლისაჲ მოიღოს“.
396. და კუალად საქმესა შინა მოციქულთასა წერილ არს, რაჟამს-იგი უცალო იყვნეს მოციქულნი ფრიადისა მსახურებისაგან, უფროჲსად პატივ-სცეს საქმესა ლოცვისა და სწავლასა და თქუეს ესრეთ,
397. ვითარმედ: „არა ჯერ-არს, რაჲთა დაუტეოთ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ვჰმსახურებდეთ ტაბლებსა, არამედ გამოვარჩინეთ კაცნი სავსენი სულითა წმიდითა და დავადგინნეთ საქმესა ამას ზედა, ხოლო ჩუენ მსახურებასა შინა სიტყჳსასა და ლოცვასასა დავადგრეთ“.
398. იხილეთა, ვითარმედ ლოცვასა უფროჲს პატივ-სცეს, ვიდრე მსახურებასა, დაღაცათუ ორნივე ესე ერთისა ძირისა კეთილნი რტონი არიან.
399. ამისთჳს თანა-გუაც, რაჲთა ჩუენცა ლოცვასა პატივ-ვსცემდეთ უფროჲს სხუათა მცნებათასა ოდენ ამას ზედა ვისწრაფოთ, რაჲთა ყოველსა სიყუარულითა ღმრთისაჲთა ვიქმოდით და ამით გულისსიტყჳთა რაჲთამცა მივიწიენით მადლითა ღმრთისაჲთა სიწმიდესა გულისასა.
400. და ნუმცა რას ვიქმთ ჴორციელითა გულისსიტყჳთა სახილველად კაცთა და სახითა გარეგანითა ოდენ ანუ ლოცვისა, ანუ ღაღადებისაჲთა, ანუ მარხვისა, ანუ მსახურებისაჲთა, რომელი-იგი არა იყოს ღმრთისათჳს.
401. და ნუმცა გულსავსე-ვჰყოფთ კაცთა გარეგნითა სახითა შინაგანსა კაცისათჳს, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ შინაგანისა კაცისასა ეძიებს და ნუმცა წარვსწყმედთ მადლსა მას ღმრთისასა მაჩუენებლობითა კაცთაჲთა უგულისჴმოებისაგან ჩუენისა.
402. არამედ გუაქუსმცა სიყუარული ღმრთისაჲ გულითა წმიდითა და მჴურვალითა გონებითა მარტივითა, რომელი არს წმიდათა მცნებათაჲ და ესრეთ ვისწრაფოთ, რაჲთა დაიმკჳდროს მან ჩუენ თანა და გუსუროდენ მარადის სულისათჳს წმიდისა, რაჲთა საყდარ მისა ვიყვნეთ.
403. რაჲთა ესრეთ ლოცვაჲცა და მუჴლთმოდრეკაჲ ჩუენი წმიდა და უბიწო იყოს და ყოველივე სათნოებათაჲ შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა დამკჳდრებულ იყოს ჩუენ შორის.
404. რამეთუ უკუეთუ გნებავს, რაჲთა ვიყვნეთ ძე ღმრთისა და ღირს ვიყვნეთ შვილ მისა ყოფად და მკჳდრ ღმრთისა, და თანამკჳდრ ქრისტესა, და სიძჱ ზეცისა მის სასძლოჲსა,
405. და ძმა ქრისტესა დიდითა მით მადლითა მისითა და აღთქუმითა მით მისითა გამოუთქუმელითა, თჳნიერ საქმეთა ამათ, რომელნი პირველვე ვთქუენით, შეუძლებელ არს.
406. ვითარცა-იგი ვთქუთ ჩუენ და წამებანი წმიდათა წერილთანი მოვიხუნეთ, რაჲთა გულისჴმა-ჰყოთ სრული იგი სახჱ ღმრთისმსახურებისაჲ და ვისწრაფდეთ ყოველსავე სათნოებასა შინა სიყუარულითა და სასოებითა უტყუვარისა და ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა,
407. რაჲთა ღირს ვიქმნეთ კეთილთა მათ აღთქუმულთა ჩუენდა, რომელნი-იგი უზეშთაეს ძალსა და ბუნებასა ჩუენსა არიან.
408. და მოვიღოთ ჩუენ სრულიად სული იგი შვილებისაჲ და აღორძინდეთ ღმრთისა მიერ დღითიდღედ და წარმართებაჲ იგი ჩუენი ცხად იყოს წინაშე ყოველთა კაცთა და ესრეთ განვთავისუფლდეთ სრულიად ვნებათაგან უპატიოებისათა და ცოდვათაგან ცხადთა დაფარულთა.
409. გულისსიტყუათაგან ბოროტთა განვეყენნეთ და მოგებითა გულისა წმიდისაჲთა.
410. და მით ესევითარითა სახითა ვიქმნეთ ჩუენ ძჱ ღმრთისა და ძმა ქრისტესა და შვილ სასუფეველისა შეყოფისა მიერ სულისა წმიდისა და ესრეთ მის თანა საუკუნეთა და უკუნისამდე განვისუენებდეთ და ვსუფევდეთ.
411. არამედ არიან ვიეთნიმე, რომელნი უგულისჴმოებით ჰგონებენ, ფრიად ამაო არიან სიტყუანი ესე ჩუენნი და ვითარმედ შეუძლებელთა საქმეთა ვესავთ და ვიტყჳთ, რომელი-ესე ვთქუთ წამებითა წმიდათა წერილთაჲთა სიწმიდისა მისთჳს, რომელი მოვალს ჭეშმარიტთა მორწმუნეთა ზედა.
412. და იტყჳან იგინი, ვითარმედ: შეუძლებელ არს, თუმცა მისწუთა კაცი საზომსა, რომელსა წერილნი იტყჳან.
413. ვერცა შემძლებელ არს, თუმცა მისწუთა განთავისუფლებასა ვნებათასა, ანუმცა მიიღო სრულიად სული წმიდაჲ, რამეთუ შიშისათჳს კაცთაჲსა თქუა ვითარმედ:
414. „უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლჱ თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთაჲსა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“, და სხუანი იგი ესევითარნი სიტყუანი შესაშინებელად კაცთა აღთქუმულ არიან.
415. უკუეთუ თჳნიერ ესევითართა საქმეთა ვინ შევალს სასუფეველსა ცათასა, მაშ ყოველნივე თურე წარწყმდებიან?
416. რამეთუ კაცობრივისა ბუნებისაგან შეუძლებელ არს ესევითარსა საზომსა მიწთომაჲო.
417. ხოლო აწ მნებავს ესევითარისა სახისათჳს მცირედ რაჲმე თქუმად და გამოჩინებად, თუ ვითარსა ვნებასა შევარდებიან, რომელთა არა ჰრწმენეს წმიდათა წერილთანი, არამედ ირწმუნებენ ამაოთა მათ ზღაპართა თჳსისა გონებისათა.
418. და კუალად, თუ ვითარსა სარგებელსა მოატყუებენ თავთა თჳსთა, რომელნი ირწმუნებდენ სწავლათა სულისა წმიდისათა და ესე აქუნდენ გულთა მათთა,
419. ვითარმედ ყოველივე სიტყუაჲ და მცნებაჲ, წმიდისა სულისა მიერ მოცემული, ჭეშმარიტ არს და ჰრწმენეს, ვითარმედ ყოველთა მორწმუნეთა შეუძლია აღსრულებაჲ მცნებათა ღმრთისათა, უკუეთუ ოდენ ენებოს.
420. პირველად რომელნი გამოეძიებდენ ქრისტეანობასა კეთილად და სრულად, და ენებოს ცნობად, თუ რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ და ყოველივე სწრაფაჲ მათი იყოს აღსრულებად სიტყუათა ღმრთისათა ყოვლითავე სარწმუნოებითა
421. და აქუნდეს მას სასოებაჲ განსუენებასა მიწთომისაჲ და სარწმუნოებითა და მადლითა ქრისტესითა ისწრაფდენ მიწდომად სწავლასა უფლისასა და მოციქულთასა,
422. ეგევითარნი იგი საქმითა მოიგებენ სარგებელსა სულისასა: პირველად, რამეთუ წმიდანი წერილნი და სიტყუანი უფლისანი შეურაცხიან, ვითარცა მონათა ერთგულთა.
423. მეორედ, რამეთუ ჰხედვენ იგინი სრულსა მას სახესა ქრისტეანობისასა და ესრეთ დღითი დღე მჴნე მტკიცე იქმნებიან და დაუცხრომელად იღუწიან და იჭირვიან,
424. რაჲთამცა პოეს მათ ნეტარი იგი სასოებაჲ სისრულისაჲ და არაოდეს განუსუენებენ თავთა თჳსთა სიდიდისა მისთჳს სასოებისა მათისა.
425. მესამედ, რამეთუ თუალთა წინაშე უც მათ სახჱ იგი სისრულისაჲ და ჰრწმანან მათ სიტყუანი უფლისანი და იციან, ვითარმედ ჯერ-არს მიწდომაჲ საზომსა უვნებელობისასა.
426. რამეთუ უფალი ყოვლათვე, რომელნიცა შეუდგეს მას, მუნ მიუწოდს მათ და ეტყჳს: „იქმნენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ“.
427. და კუალად გუასწავებს სრულსა სიწმიდესა და იტყჳს: „მნებავს, რაჲთა, სადა მე ვიყო, ესენიცა მუნ იყოფოდინ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა“.
428. და ვითარცა მოციქული იტყჳს ვითარმედ: „რაჲთა წარუდგინოთ ყოველივე კაცი სრული უფლისა მიერ“ და „ვიდრემდე მივსწუდეთ ყოველნივე კაცსა სრულსა საზომსა ჰასაკისა აღსავსებისა ქრისტესა და ერთობასა მას სარწმუნოებისასა და გულისჴმისყოფასა ძისა ღმრთისასა“.
429. ხოლო ესრეთ იღუწიან მარადის და არად შეურაცხიან თავნი მათნი, რამეთუ ხედვენ სიმაღლესა მას საზომისასა და მდაბალ და გლახაკ უჩან თავნი მათნი და ვითარცა გამოუცდელნი და უბადრუკნი შეურაცხიან და ესრეთ იგონებენ,
430. ვითარმედ ყოვლად ვერარას საზომსა ვერ მიწდომილ არიან და იყვნიან იგინი წმიდა და გამოცდილ და მოღუაწჱ.
431. და სიმდაბლითა მათითა განერნიან იგინი ამპარტავანებისაგან და დაჴსნილობისა.
432. და რაჲზომცა დიდსა საზომსა მისწუთენ, ეგოდენცა უფროჲსთა გულისჴმა-ჰყოფენ და არად შეურაცხიან თავნი თჳსნი და ესრეთ სამითა მით სახითა ირგებენ და შეიძენენ სულთა თჳსთა.
433. ხოლო რომელნი ჰგონებენ საზომსა ქრისტეანობისასა, ვითარმედ მცირე არს და არა გამოეძიებენ სისრულისა საზომსა და თუ რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილი იგი და სათნოჲ, სრულიად შეურაცხიან მათ სიტყუანი იგი უფლისანი,
434. ვითარცა არარანი და თჳსთა გულისსიტყუათა ირწმუნებენ და ჰგონებენ, ვითარმედ სწავლანი სახარებისანი შიშად ოდენ კაცთა დაწერილ არიან და არა ირწმუნებენ სიტყუასა უფლისასა, რომელსა იტყჳს,
435. ვითარმედ: „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ ხოლო“.
436. რომელთა ესე გულისსიტყუანი ამაოებისანი ჰქონან, იგინიცა სამითა სახითა ავნებენ თავთა თჳსთა და წარსწყმედენ სულთა თჳსთა: პირველად, რამეთუ წმიდანი წერილნი არა ჰრწმანან და შეურაცხია ღმერთი, ვითარცა მტყუარად და არაჭეშმარიტად.
437. მეორედ, რამეთუ არა აქუს მათ გულისსიტყუაჲ იგი სისრულისაჲ და იგონებენ, ვითარმედ შეუძლებელ არს მას საზომსა მიწდომაჲ და ამისთჳს ვერ შემძლებელ არიან ჭირისა მცირისა მოთმენად, ვერცა შიმშილისა და წყურილისა მოთმინებად,
438. არამედ სულმოკლებითა მათითა აქუს დაჴსნილობაჲ და უზრუნველობაჲ ამაოჲსა გულსავსებისა მათისაჲ.
439. მესამედ, რამეთუ ჰგონებენ, თუ კეთილად დგანან მცირედთა რათმე სათნოებათათჳს და არა ხედვენ სრულსა მას საზომსა ქრისტეანობისასა, რომლისაგან წარუკუეთა სასოებაჲ და ესრეთ აქუს, ვითარმედ არაოდეს მისწუდებიან მას საზომსა.
440. და ამით გულისსიტყჳთა შემუსრვაჲ გულისასა და სიმდაბლესა და სიგლახაკესა ვეროდეს მოიგებენ;
441. ამისთჳს, რამეთუ გარეგანთა სახეთა ზედა გულსავსე იქმნებიან, ანუ მცირედთა რათმე სათნოებათა ზედა და ამით ესევითარითა სახითა ვერ მისწუთებიან სასოებასა მას ნეტარსა,
442. არამედ გარეგან ქრისტეს სასძლოჲსა დარჩებიან და ვერცა ჰპოებენ განთავისუფლებასა ვნებათაგან და ჰგონებენ, ვითარმედ ჰქონან სათნოებანი რაჲმე და ამისთჳს ვერ ოდეს ჰპოებენ წარმართებასა, რამეთუ არა აქუს მათ გულისკლებაჲ, არცა ჭირი, არცა შემუსრვილობაჲ გულისაჲ.
443. ხოლო რომელსა ღუაწლი და ჭირი და გულისკლებაჲ სასუფეველისათჳს ცათაჲსა არა მოეგოს, შეუძლებელ არს, თუმცა ეგევითარმან პოვა სისრულჱ, ანუ თუმცა ყოვლად მოვიდა იგი წარმართებასა სულისასა.
444. ვითარცა სახლისა უფალმან ვინმე უბრძანის მუშაკთა ვიეთმე, ანუ თუ მონათა თჳსთა, რაჲთა მომკოს თჳთეულმან მათმან სამ-სამი ზჳნი ერთსა დღესა შინა,
445. ხოლო ერთმან აღიღის მცნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და მისცის თავი თჳსი შრომასა ყოვლითავე ძალითა თჳსითა და იღუწინ და იურვინ და ისწრაფინ, თუ ვითარ მომკოს მარტომან სამი ზჳნი.
446. და მეორემან მან შეჰრაცხის საქმჱ იგი შეუძლებელ.
447. დაიდვის გულსა თჳსსა, ვითარმედ მე ამას ვერ აღვასრულებ, და ესრეთ პირველითგანვე დაჴსნილ იქმნის და დღჱ სრულად ბედით გარდაიჴადის, ოდესმე მკის, ხოლო ოდესმე მოეწყინის და დაწვის და განისუენებნ და ამით ესევითარითა სახითა ვერ შეუძლის მეორისა ოდენი.
448. ხოლო ერთმან მან დაღაცათუ ყოველივე ბრძანებული მისდა ვერ აღასრულის, გარნა კულა უეჭუელად მისსა უფროჲსი ქმნის, რომელი-იგი ყოვლადვე არა ისწრაფინ, არცა იურვინ მოსწრაფებისა მისისათჳს.
449. ეგრეთვე პირველთქუმულნი იგი, რომელნი ხედვიდენ სახესა მას წოდებისა მათისასა და ჰრწამდენ სიტყუანი წმიდათა წერილთანი და მარადის იღუწიდენ და ისწრაფდენ მიწდომად საზომსა,
450. თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა მათსა უძლიერეს და უკეთეს იქმნებიან, რომელნი-იგი სასოწარკუეთილ არიან და იტყჳან, ვითარმედ შეუძლებელ არს სისრულისა საზომსა მიწდომაჲ და განთავისუფლებაჲ ვნებათაგან.
451. რამეთუ ეგევითარნი იგი არა იღუწიან მიწთომად სიწმიდესა, არამედ თჳსთა გულისსიტყუათა ირწმუნებენ და წარმართებაჲ მათი არს ამპარტავანებასა შინა.
452. რამეთუ არა ხედვენ იგინი სისრულესა მას შინა სახარებისასა, ვერცა გულისჴმა-ჰყოფენ ძალსა მისსა და არა აქუს მათ შემუსრვილებაჲ გულისაჲ და, არცა მოუგია შიმშილი და წყურილი სიმართლისათჳს და ამისთჳს ვერ შემძლებელ არიან მოღუაწებად და სწრაფად,
453. რამეთუ არა ჰრწმანან მათ სიტყუანი საქმენი და სწავლანი წმიდისა სახარებისანი და ამით ესევითარითა სახითა ვერ ჰპოებენ წარმართებასა, ვერცა შევლენან იგინი სასუფეველსა ცათასა.
454. ხოლო რაჲთა ესეცა ვთქუთ, უკუეთუმცა მინდობითა ძალისა ჩუენისაჲთა ვებრძოდეთ განთავისუფლებასა ვნებათაგან, ანუმცა ვესევდით თჳსსა ძალსა და სიბრძნესა,
455. ანუ გულისჴმის-ყოფასა ჩუენსა და ამისთჳსმცა ვიტყოდეთ მიწდომად სისრულესა, რომელი-იგი შეუძლებელ არს კაცობრივისა ბუნებისაგან.
456. კეთილად და სამართლად იტყჳს თითოეული ჩუენთჳს, რამეთუ ამაო არიან სიტყუანი ესე ჩუენნი და ძალისა უზეშთაეს ვიტყჳთ.
457. ხოლო უკუეთუ არა ჩუენისა ძალისა მინდობითა, არამედ სასოებითა ღმრთისაჲთა და ძალითა მისითა და გულისჴმის-ყოფითა საღმრთოჲთა ვიტყჳთ, რომელსაცა ვიტყჳთ, რად ურწმუნო ხართ, რამეთუ ღმერთი შემძლებელ არს შეუძლებელისა საქმისა ქმნად.
458. რამეთუ უკუეთუ ღმერთი მკუდართა აღადგენს, ვნებანი მოსავთა მისთანი, რომელნი მარადის იღუწიან, ვერმცა დაშრიტნაა? და ვერმცა აღმოჰფხურნაა?
459. რამეთუ არაჲ შეუძლებელ უჩნს ღმერთსა და ყოველი სულისა წმიდისა მიერ მოცემული აღთქუმაჲ წმიდათა წერილთაჲ ჰგიეს, ვითარცა უფალი იტყჳს, ვითარმედ: „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“.
460. და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „სიტყუაჲ უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე“, რამეთუ ძალისაგან კაცობრივისა შეუძლებელ არს, თუმცა მოღუაწებითა და სიფიცხლითა მოიკუეთნა ვნებანი იგი ბოროტნი, რომელნი არიან სულსა და ჴორცთა თანა,
461. არამედ ძალითა ღმრთისაჲთა შესაძლებელ არს მოკუეთაჲ მათი სრულიად და აღმოფხურაჲ ბოროტთა მათ ღუარძლთაჲ, რომელნი დაუთესვან მტერსა, ვითარცა წერილ არს,: „აჰა, კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“.
462. და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუასა ზედა ჩემსა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ თქუენ და გულისჴმა-ჰყავთ ჭეშმარიტებაჲ და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ და ღმერთმანცა შემუსროს ეშმაკი ფერჴთა თქუენთა“.
463. და სხუანიცა მსგავსნი ამათნი სიტყუანი სულისა წმიდისა მიერ თქუმულნი გუასწავე შენ ვნებათაგან ჭეშმარიტსა განწმედასა, უკუეთუ მივსცნეთ ღმერთსა თავნი ჩუენნი მოღუაწებით და მოსწრაფებით.
464. რამეთუ რომელნი იტყოდინ, თუ: შეუძლებელ არს მოგებაჲ წმიდისა გულისაჲ მადლითა წმიდისა სულისაჲთა, იგი მსგავს არს მათ, რომელნი ურწმუნოებისა მათისათჳს ვერ ღირს იქმნეს შესლვად ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა პავლჱ ღაღადებს:
465. „რამეთუ მაშინ დასცნა უფალმან შჳდნი წარმართნი და მისცემდა მათ ქუეყანასა აღთქუმისასა“,
466. ხოლო აწ მოგუცემის ჩუენ, უკუეთუ გუენებოს, განთავისუფლებაჲ ვნებათაგან და სიყუარული ღმრთისაჲ წმიდათა გულითა გონებითა კეთილითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა, რომელ არს აღსასრული ყოვლისავე მცნებისაჲ სიტყჳსაებრ მოციქულისა.
467. და ესე არს ჭეშმარიტად ქუეყანაჲ იგი აღთქუმისაჲ.
468. და ამას მოასწავებდა მოსე, რამეთუ დაღაცათუ უდებებისა ჩუენისაგან სრულა მას საზომსა ქრისტეანობისასა ვერ მივსწუდებით, არამედ თანა-გუაც, რაჲთა აღვიარებდეთ და ვქადაგებდეთ მიუწთომელსა სახიერებასა ღმრთისასა, ვითარცა მონანი ერთგულნი,
469. და რაჲთა აღნათქუემნი იგი სარწმუნო და მართალ გჳჩნდენ, რაჲთა არა სრულიად უნაყოფო ვიქმნნეთ, არამედ წყალობაჲ რაჲმე ვპოოთ მართლისა გულისჴმის-ყოფისა ჩუენისათჳს და ნუმცა წინა-აღუდგებით სიტყუათა სულისა წმიდისათა, რაჲთა არა ურწმუნოთა თანა დავისაჯნეთ.
470. რამეთუ ნეტარი პავლჱ განაკრძალებდა მოწაფითა თჳსთა და ეტყოდა: „იხილეთ, ძმანო, ნუუკუჱ იყოს გულსა თქუენსა ურწმუნოებისა სიბოროტჱ განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა“.
471. ხოლო განდგომად არა თუ უარისყოფასა სახელისა მისთასა იტყჳს, არამედ ურწმუნოებასა მცნებათა მისთასა.
472. ამისთჳსცა გჳჩუენებს, ვითარმედ ჰურიათა ზედა სასწაულნი სასწაულად ჩუენდა იქმნეს და იტყჳს: „ვიეთ განამწარეს ღმერთი?
473. არა მათა, რომელნი ეგჳპტით განვიდეს მოსეს მიერ?
474. ანუ ვიეთ გამოცადეს იგი ორმეოც წელ?
475. არა მათა, რომელთა ნაწევარნი მათნი უდაბნოსა ზედა დაცვივეს?
476. ხოლო ვიეთ ეფუცა არა შეყვანებად ქუეყანასა მას აღთქუმისასა?
477. ანუ არა ურწმუნოთა?“
478. „იხილეთ, ნუუკუჱ აგონებდეს ვინმე თქუენგანი, ვითარმედ დამჴობილ ვართ ჩუენ მის აღთქუმისაგან, ხოლო ჩუენცა ხარებულნი ვართ, ვითარცა იგინი, არამედ არაჲ არგო მათ სმენამან ურწმუნოებისა მათისათჳს,
479. რამეთუ მორწმუნენი შევალთ განსასუენებელსა მას“, ხოლო ქრისტეანეთა განსასუენებელი არს ჴსნაჲ ვნებათაგან და სრულიად სულისა წმიდისა მოგებაჲ გულითა წმიდითა.
480. „ამისთჳსცა ვისწრაფოთ, რაჲთა შევიდეთ მას განსასუენებელსა მოღუაწებითა და მოღებითა სულისა წმიდისაჲთა, რაჲთა არა დავეხრწინეთ ჩუენცა“, რამეთუ კუალად მოციქული განგუაძლიერებს და იტყჳს,
481. ვითარმედ: „მოუჴდებით გულითა ჭეშმარიტითა საყდარსა მას მადლისასა, რაჲთა ვპოოთ წყალობაჲ და მადლი გუაქუნდეს შეწევნად ჩუენდა ჟამსა მარჯუესა“.
482. და კუალად იტყჳს: „მოუჴდებით კადნიერებით გულსავსებითა სარწმუნოებისაჲთა პკურებულნი გულითა იჭჳსაგან ბოროტისა“.
483. „ვითარ არა უფროჲსღა სისხლმან თჳსმან განწმიდოს გონებაჲ ჩუენი მკუდართა საქმეთაგან მსახურებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა“.
484. და ესრეთ უკუეთუ ეძიებდეთ, მრავალნი სიტყუანი ჰპოვნეთ წერილისანი ამისვე სახისათჳს.
485. ხოლო აწ, ძმანო, ვიღუაწოთ ჩუენცა, რომელთა გურწმანან სიტყუანი წმიდათა წერილთანი, რამეთუ, რომელთა-ესე მიგჳცემიან თავნი ჩუენნი მსახურებად ღმრთისა, თანა-გუაც,
486. რაჲთა ყოვლითა გულითა ვიღუწიდეთ და დღითი დღე განვახლდებოდით გონებითა და წარვემართებოდით სულიერად, რაჲთა ესრეთ მივსწუდეთ სრულისა სიწმიდისა განსუენებასა და სრულსა მას სიყუარულსა შვილებისასა თაყუანისსაცემელისა მის სულისა,
487. რომლისა მიერ მოვიგოთ სრული განთავისუფლებაჲ ვნებათაჲ, და ესრეთ აქაჲთვე ყოვლითკერძო სულისა წმიდისა მიერ გავიწმიდეთ და უბიწო და შეუგინებელ ვიქმნეთ და საუნჯჱ იგი სრულისა მადლისაჲ კეცის ჭურებითა მით ჴორცთა ჩუენთაჲთა მოვიგოთ სამკჳდრებელი ღმრთისაჲ წმიდა ვიქმნეთ
488. და ესრეთ მერმესა მას აღდგომასა ქრისტეს თანა ვიდიდნეთ და თანამსგავს დიდებისა მისისა ვიქმნეთ და მის თანა გამოუთქუმელსა მას დიდებასა განვისუენოთ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.
2
1. თქუმული მისივე, თავი 2
2. რომელნი ისმენდენ სიტყუათა ღმრთისათა და იქმოდინ ნაყოფსა კეთილსა, სასწაულნი მათ თანა ესე არიან: სულთქუმაჲ, ტირილი, კრძალვაჲ, დუმილი, მჭმუნვარებაჲ, მოთმინებაჲ, გლოვაჲ, სალმობით დაყუდებაჲ, თავის წონაჲ და ტკივილი გულისაჲ შიშისათჳს ღმრთისა,
3. მღჳძარებაჲ, მარხვაჲ, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ, ლოცვაჲ დაუცადებელი, წურთაჲ წმიდათა წერილთაჲ, სარწმუნოებაჲ, სიმდაბლე, ძმათმოყუარებაჲ, ტკივილი, ჭირვეულობაჲ, მორჩილებაჲ, სახიერებაჲ, შუენიერებაჲ და ყოველივე სინათლე, რომელ არს უფალი.
4. ხოლო რომელნი არა იქმოდიან ნაყოფსა ცხორებისა საუკუნოჲსასა, სასწაულნი მათნი თანა ესე არიან: მოწყინებაჲ, განცხრომაჲ, უსმობაჲ, უკრძალველობაჲ, დრტჳნვაჲ, სიფიცხლე, ნაყროვნებაჲ, შეგინებულებაჲ, რისხვაჲ, გულისწყრომაჲ, ძჳრის-ზრახვაჲ,
5. სიფუდულე ამპარტავანებაჲ, ურწმუნოებაჲ, ცუდად მეტყუელებაჲ, დაუწყნარებელობაჲ, დავიწყებაჲ, შფოთი, მოხუეჭაჲ, ვეცხლისმოყურებაჲ, შური და ჴდომაჲ, უჟამოჲ სიცილი, თჳთრჩულობაჲ და ყოველივე სიბნელჱ, რომელ არს ეშმაკი.
6. კითხვაჲ: რაჲ არს ეშმაკი, ანუ რაჲ ოდეს ცოდა და იქმნა ეშმაკ?
7. მიგებაჲ: სული არს სიტყჳერი სოფელსა შინა მზრახვალი ბოროტისაჲ, ხოლო თჳსისა უკეთურებისა და ბნელისა გონებისა მისისაგან ბნელ იქმნა იგი.
8. ხოლო ჯერ-არს, რაჲთა უღრმესადრე გულისჴმა-ვყვნეთ წმიდანი წერილნი, რამეთუ უწინარეს ადამისა გარდაჰჴდა იგი და იქმნა ეშმაკ, რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ არა ყო, ვითარცა წერილ არს: „ვითარმედ გარდამოვარდა ზეცით მთიები იგი“.
9. და მოციქული იტყჳს, რამეთუ: „უწინარეს შჯულისა ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა“.
10. ხოლო ცოდვად უწოდს წინამძღუარსა მას და მომპოვნებელსა ცოდვისასა.
11. და კუალად დაცემისათჳს კაცისა იტყჳს, ვითარმედ: „ცოდვამან მიზეზი პოვა მცნებისა მისგან, რომელი ადამისდა მიცემულ იყო და მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა მე.
12. ამიერითგან შჯული წმიდა არს და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილი.
13. უკუჱ კეთილი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ!
14. არამედ ცოდვაჲ იგი; რაჲთა ჩნდეს ცოდვაჲ კეთილთა მათ, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან“.
15. ამით ყოვლითა საცნაურ არს, ვითარმედ უწინარეს ადამისა იყო ცოდვაჲ სოფელსა შინა, რომელ არს ეშმაკი.
16. და კუალად მტერობითა მით, რომელი აქუნდა კაცისა მიმართ, იქმნა გარდამეტებულად ცოდვილ მზაკუვარებისა და შურისა მისსა, რამეთუ იყო უწინარეს ამისა დიდ ფრიად და დიდებულ და პატივცემულ.
17. იყო იგი დიდებითა ანგელოზთა მთავრობისაჲთა და ინება მან, რაჲთამცა ღმერთ იქმნა და შევიდა იგი წინააღდგომასა ღმრთეებისასა, რაჲთამცა პატივი იგი მოიტაცა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „უსამართლოსა მას მთავარსა ღმერთ-ყოფაჲ ენება“.
18. ამისთჳს გარდამოვარდა იგი ქუეყანად განმზრახთა და მორჩილთა მისთა თანა ეშმაკთა.
19. ხოლო იგი, გარდამოვარდა რაჲ ზეცით, არცაღა სინანულსა შევიდა, რაჲთამცა ევედრა მეუფესა და აღვიდამცა პირველსა მას პატივსა,
20. არამედ ესეცა შესძინა თჳსსა უკეთურებასა შვა შური კაცსა ზედა და შეშურდა მას, რამეთუ ხედვიდა მიწისაგანსა მას ხატად ღმრთისა შექმნულსა, რომელი მეუფებდა ყოველთა ზედა ხილულთა.
21. ამისთჳსცა მოუჴდა მას ზაკუვით და აღუთქუა ღმრთეებაჲ, უკუეთუ ჭამოს ხისა მისგანი, რომლისაგან ღმერთმან დააყენა.
22. და ესრეთ ესევითარითა მით აღთქუმითა გარდამოაგდო კაცი პირველისა მის პატივისაგან და მიიღო იგი ჴელმწიფებასა ქუეშე მისსა ყო იგი ცოდვილ.
23. ხოლო თჳთ გარდარეულად ცოდვილ იქმნა და გამოუჩნდა გონებაჲ იგი მისი ბოროტი და ამპარტავანებაჲ სიმაღლისა მისისაჲ, რამეთუ სიმანქნით ენება მოტაცებაჲ პატივისა მის სამეუფოჲსა, რომელი მოცემულ იყო კაცისადა სოფელსა შინა.
24. ხოლო გარდამოვარდა იგი ზეცით, ვითარცა პირველ ვთქუ, და კუალად კაციცა აცთუნა, რამეთუ იყო იგი დაბადებული მეუფისაჲ, და აწ დატევებულ იქმნა იგი სხჳსა განგებისათჳს.
25. ვითარცა რკინაჲ ფიცხელი და უჴმარი არა იქმნებიან ჭურჭლად, შექმნიან იგი გურდემლად, რაჲთა მიერ სხუანი ჭურჭელნი შეიქმნენ, ეგრეთვე უკეთური იგი არა მეყსეულად დაისაჯა გეჰენიასა შინა,
26. არამედ აცთუნა რაჲ კაცი იგი დაუტევა იგი ღმერთმან ჟამთა რაოდენთამე, რაჲთა გამოიცადოს მის მიერ ნათესავი კაცთაჲ, ვითარცა იობსა შინა წერილ არს მისთჳს,
27. ვითარმედ: „დგას იგი, ვითარცა გურდემლი უქმი“, რაჲთა მის მიერ გამოიცადნენ კაცნი და გამოჩნდენ, რომელთა-იგი შეიყუარეს ღმერთი და არა მიიღეს მის თანა ზიარებაჲ,
28. არამედ ყოველივე განსაცდელი მის მიერ მოწევნული მოითმინეს და ღმერთსა სათნო-ეყვნეს, ვითარცა გამოჩნდეს ყოველნივე წმიდანი, რომელნი სათნო-ეყვნეს უფალსა.
29. ამისთჳსცა პირველადვე ეტყოდა ღმერთი ადამს, ვითარმედ: „ყოვლისაგანვე ხისა, რომელ არს სამოთხესა შინა, შჭამო, ხოლო ხისა მისგან, რომელი არს საცნობელი კეთილისა და ბოროტისაჲ, მისგანი არა შჭამო,
30. რომელსა დღესა შჭამო ხოლო მისგანი, სიკუდილითა მოჰკუდე“, რამეთუ იყო რაჲმე მას შინა, რომლისაგან არა ჯერ-იყო ჭამაჲ.
31. ამისთჳს აყენებდა მისგან ღმერთი და მისცა მცნებაჲ მისი ცხორებისა მისითჳს.
32. ხოლო დაფარულადრე ესრეთ გულისჴმა-იყოფების სიტყუაჲ ესე წერილისაჲ მის, ვითარმედ ხეთა გულის-ჴმისსაყოფელთა იტყჳს სამოთხისა სულიერისათა ძალით თჳსით,
33. და თჳთ ეშმაკსა იტყჳს – ხედ საცნაურად ბოროტისა და კეთილისა, და მისგან დააყენა ღმერთმან, რაჲთა არა ეზიარებოდის საქმეთა მისთა, ხოლო სხუათა მათ რაჲთა იყოს მოყუარე და თანა-ზიარ.
34. კითხვაჲ: მაშა, ვითარ შენ იტყჳ, ხჱ იგი გულისჴმის-ყოფისაჲ ეშმაკი იყო?
35. მიგებაჲ: მრავალსახედ გულისჴმა-იყოფების სიტყუაჲ ესე.
36. რამეთუ ხჱ იგი ხჱ იყო ხილული, ვითარცა სხუანი ხენი და სამოთხე იგი სამოთხე იყო ხილული.
37. არამედ ხილულნი სახე არიან უხილავთა, რამეთუ ვითარცა ხილულსა ჩუენგანსა თანა ორნი კაცნი არიან – ერთი ჴორცთაჲ და მეორე იგი სულისაჲ, ეგრეთვე ხილული იგი კაცი ხილულსა სამოთხესა კაცი გულისაჲ უხილავსა მას საცნაურსა წმიდათა ანგელოზთა სამოთხესა შინა იშუებდა.
38. და ხჱ იგი ხილული იყო, რომლისაჲ უბრძანა უფალმან არა ჭამაჲ მისგანი, რამეთუ ყოვლისავე ხილულისა მეუფედ დაადგინა იგი ღმერთმან და მის ერთისა ხისაჲ ოდენ არა მისცა ჴელმწიფებაჲ განგებულებით,
39. რაჲთა აქუნდეს იგი მოსაჴსენებელად სამეუფოჲსა მის პატივისა და უწყოდის, ვითარმედ არს უზეშთაეს მისსა დამბადებელი მისი და რაჲთა არა მოვიდეს სიმაღლედ თჳთუფლებისა მისისათჳს და ეგონოს ვითარმედ ღმერთი არს.
40. ხოლო მიეცა მას მცნებაჲ იგი ცხორებისათჳს მისისა, ვითარცა წერილ არს, და სიტყუაჲ იგი, რომელმან წარწყმიდა და შეაგდო ურჩებასა ღმრთისასა.
41. ხოლო დაუტევა რაჲ მან სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ისმინნა სიტყუანი იგი მტერისანი და ჭამა ხისა მისგანი და ეუფლა ნაყოფისა მის მიერ, რომელმან აცთუნა გუელისა მიერ შევიდა მის თანა სიკუდილი,
42. რომელ-იგი არს გონებაჲ ჴორციელი, ვითარცა წერილ არს, და ესრეთ ღუარძლი იგი ვნებათაჲ დაითესა მტერისა მიერ სულსა შორის და ჴორცთა.
43. ხოლო აწ მომატყუებელი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ ჴორცი ქრისტესი, პური იგი მადლობისაჲ სიტყჳთა განწმინდების და რომელნი სარწმუნოებით და სიწმიდით მიიღებდენ, ცხოვრება და ჴორც ქრისტესა ექმნების.
44. და ესრეთ განწმდების სული იგი და ჴორცნი და მიეახლების და დაეგების ღმერთსა კაცი იგი.
45. და ვითარცა მაშინ სიტყჳთა მტერისაჲთა კაცი მოკუდა, ეგრეთვე აწ სიტყჳთა ღმრთისაჲთა კულად განახლების და განცხოვლდების გონების, რამეთუ მაშინ უკეთური იგი გუელისა მიერ ეზრახა დედაკაცსა.
46. მე ვითარცა ვჰგონებ, რამეთუ ვერ იკადრებდა მიახლებად ადამისა, არამედ დაარწმუნა უუძლურესსა მას გონებასა დედაკაცისასა და ამის მიერ აცთუნა ადამ და ესრეთ მოვიდა მათ ზედა სიკუდილი ბრძანებისაებრ მეუფისა.
47. რამეთუ უკუეთუმცა არა ესმინა მტერისაჲ, იგიმცა, რომელმან იკადრა ესევითარი საქმეჱ, დაშჯილ იყომცა, ხოლო იგინიმცა შესრულ იყვნეს უმეტესსა დიდებასა.
48. ეგრეთვე აქა სიტყჳთა მეორისა ადამისითა მუცლად-იღო მეორემან ევა – წმიდამან დედოფალმან მარიამ და მისგან იშვა ცხორებაჲ ყოველთა მორწმუნეთაჲ სახელისა მისისათაჲ.
49. ხოლო იყო, ვითარცა პირველ ვთქუ, ცოდვაჲ იგი, რომელ არს ეშმაკი, სოფელსა შინა უწინარეს ადამის გარდასლვისა მცნებისაგან, ვითარცა წერილნი იტყჳან: „და სიფიცხლისათჳს მისისა და შეუნანელისა გულისა“ მისისა მიერითგანვე დაისაჯა, „რაჲთა შევიდეს გეჰენიასა“.
50. არამედ ვინაჲთგან აცთუნა კაცი და განაგდო იგი სამოთხით და ენება ღმერთსა, რაჲთა განაახლოს კუალად დაბადებული თჳსი და მოიყვანოს პირველსავე მას დიდებასა, ამისთჳს დაუტევა იგი,
51. რაჲთა მის მიერ გამოიცადებოდის და არს იგი, ვითარცა შოლტი, გინა თუ კუერთხი სასწავლელად ჩუენდა, რაჲთა, დაღაცათუ მას არა ჰნებავს, არამედ თჳნიერ ნებისა მისისა იქმნას განგებულებაჲ დიდი მის მიერ და გონებაჲ იგი ბოროტი იქმნას შემწჱ კეთილისა.
52. რამეთუ იგი უკეთურისა მის გონებისა მისისაგან ისწრაფის, რაჲთამცა ყოველნი კაცნი წარწყმიდნა და მძლეთა მისთა მიერ იქმნების იგი უმეტესად ცოდვილ და დასასჯელ, ხოლო მართალნი მისისა ბრძოლისა მიერ უმეტესსა პატივსა და დიდებასა მოატყუებენ თავთა თჳსთა.
53. რამეთუ ნებასა მტერისასა ყოველთაჲვე წარწყმედაჲ ჰნებავს, ამისთჳსცა გუბრძავს დაუცადებელად „ყოვლითა ღონისძიებითა ცხორებისათჳს კაცთაჲსა“ ძალითა მადლისა მისისაჲთა სარწმუნოებისაებრ თჳთეულისა.
54. ხოლო ამისთჳს დაუტევა იგი ღმერთმან გამოსაცდელად და საწურთელად კაცთა შემდგომად ადამის ცთომისა, რამეთუ ვინაჲთგან აცთუნა იგი და მიიღო მისგან ჴელმწიფებაჲ მისი და ესრეთ ეუფლა იგი და მაშინ იქმნა მთავარ ამის სოფლისა.
55. რამეთუ მთავარი ამის სოფლისაჲ და მეუფჱ ყოველთა ხილულთაჲ კაცი იყო, რომელი დაედგინა ღმერთსა პირველადვე და ვერცა ცეცხლი რას ავნებდა, ვერცა წყალი მოაშთობდა, არცა მჴეცნი შეეხებოდეს, ვერცა წამლვანნი იგი ქუჱწარმავალნი რაჲ მოაკუდინებდეს, რამეთუ უკუდავ იყო იგი.
56. ხოლო რაჟამს აცთუნნა იგინი მტერმან, მისცა მაცთუნებელსა მას მისსა მთავრობაჲ და ჴელმწიფებაჲ მისი შენდობითა ღმრთისაჲთა.
57. და ამისთჳს მეწამლენი და მსახრვალნი და გრძნეულნი შეწევნითა ეშმაკისაჲთა სასწაულთა იქმან და სძლევენ გუელთა და ღრიაკალსა და ცეცხლსა და წყალსა,
58. ვითარცა იქმოდეს იანე და იანბრე, რომელნი წინააღუდგებოდეს მოსეს და კუალად ვითარ იქმოდა სჳმონ მოგჳ, რომელი-იგი წინააღუდგებოდა პეტრეს მოციქულსა.
59. და ესე ყოველი მიშუებულ არს, რაჲთა იქმნებოდის მორჩილთა მისთა მიერ გამოსაცდელად ბუნებისა კაცთაჲსა.
60. და კუალად სიტყუაჲცა იგი წერილისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ბნელი იყო წყალთა ზედა“, რომელსა-მე ბნელსა იტყჳს?
61. დაღაცათუ ვინმე თქუას, ვითარმედ ჩრდილი ცისაჲ უწინარეს მზისა დაბადებისა იქმოდა ბნელსა მას, არამედ, ვითარცა პირველვე ვთქუ, ყოველნივე ხილულნი და სახენი და მსგავსებანი არიან უხილავთა მათ,
62. რამეთუ ვიცი მე ბნელი ფარული სიტყჳერი სოფლისა უშინაგანესი ცხადისა მის და ხილულისა ბნელისა და აჩრდილისაჲ.
63. და ვიცი კუალად მზჱ ნათლისა გამოუთქუმელისაჲ და უშინაგანესი ამის მზისაჲ.
64. და იგი არს ნათელი, „რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი მას ვერ ეწია“.
65. ესე იგი არს, ვითარმედ ვერცა იხილო, ვერცა იცნა იგი გამოუთქუმელისა მისგან და უხილავისა ნათლისა ღმრთეებისა, რამეთუ წმიდათა, რომელთა ენებოს, მათ ოდენ გამოეცხადების გონებასა შინა, ვითარცა დაიტევდენ ძალისაებრ მათისა.
66. ხოლო, ვითარცა ვთქუ, იყო მაშინ უკეთური იგი დაცემული, რამეთუ იგიცა ყოვლითა დამბადებელისა ღმრთისა სიტყჳსა დაბადებული არს და აქუნდა მას თჳთუფალი ნებაჲ
67. და ესრეთ ამაღლდა სამეუფოსა მას ზედა პატიოსნებასა და აღივსო შურითა კაცისაჲთა და აცთუნა იგი და უმეტესი დაცემაჲ ქმნა და მაშინვე განეგო დაშჯაჲ მისი გეჰენიასა შინა.
68. არამედ, ვითარცა პირველ ვთქუ, მიუტევა იგი ღმერთმან განგებულებით, რაჲთა თჳნიერ ნებისა მისისა დიდებაჲ დიდი მოატყუას წმიდათა და უდიდებულეს იქმნენ იგინი ფრიადისა მის მოთმინებისა მათისათჳს,
69. ხოლო იგი უცოდვილეს და გარდამეტებულად დასაშჯელ – ბოროტთა მათ ღონისძიებათა მისთათჳს და ესრეთ უმეტესსა თანამდებ იყოს
70. „და იქმნა გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მიერ“ და განქიქებულ უკეთურებაჲ მისი და შეჩუენებულ იქმნას ყოველთაგანვე ძალთა საცნაურთა წმიდათა ანგელოზთასა უკეთურებისა მისისათჳს,
71. რომელი-იგი აჩუენა პირველად ევაჲს ზედა და შეაგდო იგი ურჩებასა მცნებისა ღმრთისასა და მის მიერ აცთუნა ადამ მსგავსითა მით ჭურჭლითა, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო, თუმცა შიშუელი მოუჴდა მას დიდებისა მისისათჳს, რომელი აქუნდა ადამს.
72. ამისთჳს დედაკაცისა მიერ აცთუნა იგი და ესრეთ გამოაგდო დიდებისა მისგან.
73. მაშინ იპოვა ადამ შიშუელი და იხილა სირცხჳლი თჳსი, რომელსა-იგი პირველად არა ხედვიდა, რამეთუ გონებაჲ მისი შუენიერებათა მათ შინა ზეცისათა იშუებდა.
74. ხოლო შემდგომად ცთომისა გულისსიტყუანი მისნი ქუეყანად გარდამოჴდეს და მარტივი იგი და კეთილი გონებაჲ მისი შეეთხზნა გონებასა ჴორციელსა
75. და დაიჴშა კარი სამოთხისაჲ და დაიდგინა მუნ მახჳლი იგი ცეცხლისაჲ იქცევისი და ქერობინი მოტყინარჱ სცავს მუნ, რაჲთა არა შევიდეს ადამ და ჭამოს ხისა მისგან და ცხონდეს უკუნისამდე.
76. ხოლო ამას საქმესა ცხადად არა ვირწმუნებთ, თუ ესრეთ ყოფილ არს, ხოლო ფარულად თითოეულისა სულსა შინა იპოების საქმჱ ესე, რამეთუ შემოგარე გულსა ძეს საბურველი იგი ბნელისაჲ და ცეცხლი იგი სულისა ამის სოფლისაჲ,
77. რომელი-იგი არა უტევებს გონებასა მიახლებად ღმრთისა და აყენებს სულსა, რაჲთა ვერ ილოცვიდეს, ვითარცა ჰნებავს და რაჲთა ვერ მოიღოს სარწმუნოებაჲ, ვითარცა ენებოს და რაჲთა ვერ შეიყუაროს ღმერთი, ვითარცა ჯერ-არს.
78. ხოლო ესე გამოცდილებით უწყიან მათ, რომელთა მიუცემიან თავნი მათნი სრულიად ღმრთისადა, რომელნი მარადის ლოცვასა შინა მდგომარე არიან და აღუღებია სრულიადი ბრძოლაჲ წინააღმდგომისა მიმართ.
79. ხოლო ვჰგონებ მე, ვითარმედ პირველი იგი დიდებაჲ ადამისი იხილა მტერმან პირსა ზედა მოსესსა და მოიწყლა გული მისი და გულისჴმა-ყო, ვითარმედ ეგულების დაცემაჲ მეუფებისაგან თჳსისა.
80. და შესაძლებელ არს აქაცა სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „მეუფებდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესამდე უცოდველთაცა ზედა“.
81. რამეთუ რაჟამს იხილა დიდებაჲ იგი მოსესი, მოიწყლა იგი და იჭჳთ და სასოებით დაეცა მეუფებისაგან თჳსისა სიკუდილი.
82. ხოლო რაჟამს მოვიდა უფალი ჭეშმარიტებითა, და მისთჳს (გაცხოველებულია), რამეთუ განათავისუფლა მან კაცი სიკუდილისაგან და აღდგა მკუდრეთით და აღვიდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით დიდებულებასა სავსჱ დიდებითა არა პირითა ოდენ, ვითარცა მოსე,
83. არამედ ყოვლითავე გუამითა და ყოვლითავე თჳთებითა და თჳსითა და დაეცა ჭეშმარიტებით სიკუდილი რამეთუ ვითარცა ვჰგონებ, დიდებაჲ იგი, რომელი აქუნდა მოსეს, სახე იყო პირველისა მის ადამისი, რომელი დაიბადა ჴელითა ღმრთისაჲთა,
84. რომელი-იგი იხილა სიკუდილმან და ვერ ეძლო თუალთა შედგმად მისა და მოიწყლა, რამეთუ ესვიდა დაჴსნასა მეუფებისა თჳსისასა და ეგრეცა იქმნა.
85. ხოლო აწ იგი დიდებაჲ შინაგანსა კაცსა თანა მოუგია ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა და შინაგან მათსა დაეცემის და განქარდების სიკუდილი და ვნებანი იგი უპატიოებისანი მოუძლურდებიან და უჩინო იქმნებიან სრულთა ქრისტიანეთაგან,
86. რამეთუ დიდებაჲ იგი სულისა წმიდისაჲ ბრწყინავს გულსა შინა მათსა და ესრეთ აღდგომასა მას მეორესა განქარდეს სრულიად სიკუდილი გუამთაგან, რომელნი დიდებულ არიან ნათელსა შინა
87. ვითარცა-იგი აქაჲთვე ღირს იქმნებიან და შეიწყნარებენ გულისჴმის-ყოფით და ყოვლითავე გულსავსებითა სულნი წმიდათანი.
88. და ამისთჳს დაიტევა და დაიდვა ეშმაკი, ვითარცა პირველად ვთქუ, გამოსაცდელად კაცთა ბნელი იგი სიტყჳერი და სულიერი, რომლისაცა სახჱ არს ბნელი ესე.
89. და ბნელსა მას შინა მრავალნი ძალნი უკეთურებისანი და მთავრობანი და ჴელმწიფებანი ვლენან და არს მთავარი იგი მათი მბრძოლ ჩუენდა,
90. რაჲთა რომელთა-იგი ღმერთი შეიყუარეს, მოღუაწებითა მათითა სძლონ მანქანებათა მისთა და ყოველივე მის მიერ მოწევნული განსაცდელი მოითმინონ და ესრეთ სრულ იქმნენ და ბრძოლამან მათმან უმეტესი დიდებაჲ მოატყუას თჳნიერ ნებისა მისისა.
91. ხოლო ღმერთი ზის, ვითარცა საბრძოლსა შინა, წმიდათა ძალთა თანა ანგელოზთა და ყოველთავე მჴედრობათა თანა ზეცისათა
92. და ხედავს მოღუაწეთა და მძლეთა და რაჟამს ვინმე ჩუენგანმან სძლოს, სიხარული დიდი იქმნების ცათა შინა და ქებანი და გჳრგჳნნი და დიდნი ნიჭნი სულიერნი და პატივნი ზეცისანი მიეცემიან მათ, რომელნი განერნენ სარწმუნოებით და სიმჴნითა მათითა მახეთაგან ეშმაკისათა.
93. და ამათი ძლევაჲ მათ სირცხჳლსა მოატყუებს, რამეთუ არა კეთილ იყო, რაჲთამცა სიტყჳერნი კაცნი იყვნესმცა უქმად, ვითარცა შეშანი.
94. არამედ ჯერ-იყო, რაჲთამცა პირველად გამოიცადნეს და ესრეთმცა მიიღეს სასყიდელი.
95. რამეთუ ვითარცა ასპარეზსა შინა, გინა თუ საბრძოლელსა რაჟამს ზინ მეფჱ მაღალსა ადგილსა და ხედავნ, თუ ვინ-ძი სძლოს და თითოეულსა ეტლსა ჰქონან ღონენი და მანქანებანი, რაჲთამცა დასცა მეორე და სძლო მას,
96. ეგრეთვე უკეთური იგი მარადის განიმზადებს თავსა თჳსსა დაცემად კაცისა და ყოვლითავე სიჴელოვნითა და სიმანქნითა თჳსითა ისწრაფის,
97. რაჲთამცა სძლო მას და შეიპყრამცა მრავალფერითა მით და თითოსახითა მახითა თჳსითა – გინა თუ სიმდიდრითა, გინა თუ სიბრძნითა ამის სოფლისაჲთა, გინა თუ დიდებითა კაცთაჲთა, ანუ გემოჲთა ჴორცთაჲთა, ანუ მთავრობისმოყუარებითა, ანუ ქებითა კაცთაჲთა,
98. ანუ დაჭირვებითა ჴორციელთა საქმეთაჲთა, ანუ ვნებითა ჴორცთაჲთა, ანუ გულისსიტყჳთა ბოროტითა, ანუ შიშითა ანუ სიყუარულითა დედათა მიმართ და გულისკლებითა, რომელი მათ მიერ აღიძრვის სულსა შინა, რაჲთა რომლითაცა სახითა დასცენ სული იგი.
99. ხოლო ეგრეთვე თანა-აც კაცსა, რაჲთა სული თჳსი დაიცვას (გაცხოველებულია) რომელსა-იგი აქუს ეგევითარი იგი ძალი ღმრთისაჲ,
100. რაჲთა იღუწიდეს და წინააღუდგებოდის ჴელოვნებათა მისთა და ესრეთ შემძლებელ იქმნეს მრავლითა მოღუაწებითა სიფრთხილითა და მოთმინებითა და საწმუნოებითა განრომად მისგან და ძლევისა გჳრგჳნისა მოღებად.
101. რამეთუ საწურთელად ჩუენდა და გამოსაცდელად და ჭირითა სრულ იქმნნეს ყოველნი წმიდანი და დიდსა დიდებასა და უმეტესსა პატივსა მოიგებენ იგინი.
102. ხოლო მას მიეცემის უმეტესი ტანჯვაჲ გეჰენიასა ბოროტისა მის გონებისა მისისათჳს, რამეთუ ვითარცა კუერთხი ცხოველისა ხისაგან მოეკუეთების და შოლტი ცხოველისა პირუტყჳსაგან გამოვალს საწურთელად ჩჩჳლთა,
103. ეგრეთვე უკეთური იგი მოეკუეთა ზეცისა კრებულისაგან ცხოველთაჲსა და მისცა თავი თჳსი გონებასა ჴორციელსა ყოველით კერძოვე და იქცევის ქუეყანასა ზედა,
104. რამეთუ იგიცა დაბადებული არს და მის მიერ დიდი განგებულებაჲ აღესრულების, ვითარცა წერილ არს: „რაჲთა შეეწიოს ბოროტი იგი კეთილსა მას გონებითა არაკეთილითა“.
105. რამეთუ რომელთაცა ჭეშმარიტებით ღმერთი უყუარს და მცნებისაებრ მისისა შედგომაჲ მისი ჰნებავს,
106. რაჟამს-იგი იტანჯებოდიან, მაშინ უფროჲსად გულითა მჴურვალითა მიივლტიან ღმრთისა და ითხოვენ მისმიერსა შეწევნასა და იგი ებრძვის, ხოლო სძლევს ვერკეთილისა მის და მართლისა გონებისა მათისათჳს.
107. და რაჲზომცა მტერი სტანჯვიდეს, ესოდენცა უმაღლესად მიეახლებიან იგინი ღმერთსა.
108. რამეთუ ყოველთავე სულთა, რომელთა აქუს ჭეშმარიტი სიყუარული ღმრთისაჲ, დაღაცათუ გულის საკლებელი რაჲმე მოიწიოს, მათთჳს კეთილად გარდაიქცევის, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „მოყუარეთა ღმრთისათა ყოველივე კეთილად განემარჯოს“.
109. რამეთუ სიმდიდრეცა და სიგლახაკჱ, დიდებაჲ და უპატიოებაჲ და ჭირი და განსუჱნებაჲ მართლისა მის გულისა მათისათჳს, და რამეთუ უყუარს ღმერთი ჭეშმარიტებით, ამისთჳს ყოველივე კეთილად მოიწევის მათ ზედა.
110. ხოლო რომელნი არა შედგომილ არიან უფლისადა ყოვლითა გულითა არცა უვარ-უყოფიან თავნი მათნი სიტყჳსაებრ სახარებისა, არამედ ოდენ გარეგანითა სახითა შედგომილ არიან უფლისადა და უშრომელად ჰნებავს შესლვაჲ სასუფეველსა ცათასა,
111. ეგევითართა მათ, რაჟამს მიიღონ მცირედ რაჲმე ბრძოლაჲ ანუ განსაცდელი, მეყსეულად უკუღმართ იქცევიან და არა ებრძვიან ვნებათა ახოვნად,
112. არამედ შეშინდებიან განსაცდელთაგან და ბრძოლათა ეშმაკისათა და კუალად მიიქცევიან გემოსა ჴორცთასა და ცთომასა ამის სოფლისასა, რამეთუ არა უყუარს მათ ღმერთი ყოვლითა გულითა.
113. ხოლო რაჲთა გამოუჩნდენ იგინი, რომელთა ჰნებავს პოვნად ცხორებისაჲ და მოითმინონ ყოველივე განსაცდელი და ჭირი და ესრეთ მიემთხჳნენ გულისსათქუმელსა მას მათსა და კუალად, რაჲთა გამოჩნდენ იგინი, რომელთა არა ჰნებავს ყოვლითა გულითა ცხორებაჲ მათი,
114. არამედ კუალად იქცევიან უკუღმართ, ამისთჳს მოგუჱცა ეშმაკი, რაჲთა გამოიჴურვნეს ვითარცა ცეცხლითა და მჴნენი იგი გამოცხადნენ მის მიერ, ვითარცა ჭურჭელნი გამოჴურვებულნი და იქმნენ იგინი მაგარ და შეუმუსრველ.
115. ხოლო გამოუცდელნი გამოჩნდენ უჴმარნი იგი, რომელნი ვერ იტჳრთვენ მჴურვალებასა ცეცხლისასა.
116. ხოლო დასამტკიცებელად სიტყუათა ამათ მცირედი რაჲმე წმიდათა წერილთაჲ ვაჴსენოთ: უკუეთუმცა არა მიუშუნეს ღმერთსა გამოსაცდელად სამთა მათ ყრმათა,
117. ვითარმცა ყოფილ იყო ესევითარი სიხარული მათთჳს ცათა შინა და ვითარმცა ქადაგებულ იყო მაშინ ღმერთი ქუეყანასა ზედა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ იგი მხოლოჲ არს ღმერთი ცათა შინა?
118. არამედ მიშუებითა ღმრთისაჲთა აღჰმართა მეუფემან ხატი იგი ოქროჲსაჲ და ყოველნივე ნათესავნი ბრძანებითა მისითა მოვიდოდეს თაყუანის-ცემად ღმრთისა მის.
119. რამეთუ უკეთური უფლებულ-იყო მაშინ ნაბუქოდონოსორისდა და იგი აგონებდა მათ.
120. ხოლო განძლიერდეს რაჲ სამნი იგი ყრმანი სარწმუნეობითა და სასოებითა ღმრთისაჲთა მისცნეს მისთჳს თავნი მათნი ცეცხლად, და საკჳრველთმოქმედებითა ღმრთისაჲთა ხატისა მის წილ ღმერთი თაყუანის-იცემებოდა და ეშმაკსა უფროჲსად ჰრცხუენოდა,
121. რამეთუ ყოველნივე მანქანებანი მისნი დაიჴსნნეს და რომლითა ისწრაფდა, რაჲთამცა წარსაწყმედელად კაცთაჲსა ყო, იგი ექმნას მას დასაცემელ, რამეთუ მაშინ ყოველთავე ცნეს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი ცათა შინა, სიმჴნითა სამთა მათ ყრმათაჲთა.
122. და ღუაწლნიცა მოყუარეთა ღმრთისათანი თითოსახე არიან, რამეთუ რომელნიმე ესვენ ძალსა ღმრთისასა და სასოებისა მისთჳს არა ეშინის კაცთაგან ძალისათჳს სულისა წმიდისა.
123. და ეტყჳნ წინააღმდგომსა მართალი იგი: „ვერ ძალ-გიც ყოფად ჩემდა, რამეთუ შემწედ მყავს მე ღმერთი ჩემი.
124. ვერ შემეხების მე ცეცხლი, არცა მახჳლი, არცა თუ მჴეცნი, ვერცა სხვაჲ რაჲმე ბოროტთაგანი მავნებს მე, რამეთუ მივის ღმერთი ყოველთასა უძლიერესი, რომელმანცა მიჴსნას მე ყოვლისაგან ბოროტისა“.
125. რაჲთა სცნათ, ვითარმედ არს ღმერთი კაცთა შინა ცხოველი და ჭეშმარიტი, ესრეთ შეეწევის ღმერთი მოსავთა თჳსთა, ვითარცა პირველად ვთქუთ.
126. კუალად მიიყვანიან სხუაჲ მართალი წინაშე მსაჯულისა, რომელი აიძულებნ გარდასლვასა შჯულისასა, და მისცის მან თავი თჳსი სიკუდილად ღმრთისათჳს, და უკუეთუ ჴელნი დაჰკუეთნიან, არა გულსა აკლნ, და უკუეთუ თუალნი აღმოუჴუნიან, არა ეშინინ.
127. და ეტყჳნ: „არს ღმერთი, რომელმან მომცეს მე კეთილი საუკუნოჲ და დიდებით მადიდოს მე.“
128. და ესრეთ წამებაჲ სიკუდილისაჲ მოითმინის.
129. იხილეთ, თუ ვითარი სიხარული იქმნების მისთჳს ცათა შინა, ვითარცა იტყჳს მოციქული წმიდათა მათთჳს, რომელთა მოითმინნეს თითოსახენი ღუაწლნი:
130. „რომელნი ერეოდეს მეფეთა, იქმოდეს სიმართლესა, დაუყუნეს პირნი ლომთანი, დაშრიტეს ალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა, განძლიერდეს უძლურებისაგან, იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა, ბანაკები აოტეს უცხოთესლთაჲ, მოიხუნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი“.
131. და ეტყოდეს მათთჳსცა, რომელთა თითოსახედ იღუაწეს, ვითარმედ: „სხუანი ძჳრ-ძჳრად ტანჯვითა აღესრულნეს და არღარა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნნენ და სხუანი ტანჯვითა და გუჱმითა განიცადნეს
132. და მერმე – ბორკილებითა და საპყრობილითა და ქვითა განიტჳნნეს, განიხერხნეს, სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს, ხალენებითა და თხისა ტყავებითა ნაკლულევანნი, ძჳრხილულნი, ჭირვეულნი,
133. რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესჱ, უდაბნოთა ზედა, შეცთომილნი მთათა და ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა“.
134. იხილეთ, ვითარ მოყუარეთა ღმრთისათა ჭირი და მოღუაწებაჲ თითოსახედ იქმნების ერთითა მით სარწმუნოებითა, რაჲთა მათ მიერ იდიდოს ღმერთი
135. და რაჲთა სიტყჳერნი იგი და თჳთუფალნი კაცნი გამოცდით გამოიცადნენ და გამოჩნდენ პატიოსანნი იგი და უპატიონი ჭურჭელნი, რამეთუ მიუშუჱბია ღმერთსა ეშმაკისადა გამოცდად ჩუენდა.
136. ხოლო იგი მონაჲ არს უჴმარი დაბადებული მეუფისაჲ და ვერვის გამოსცდის, რაჲზომცა თჳთ ენებოს, არამედ რაოდენსაცა განგებამან ღმრთისამან შეუნდოს გამოცდად სულისა ამის, რამეთუ უფალმან უწყის ძალი თითოეულისა სულისაჲ,
137. თუ ვითარ მოითმენს, ანუ თუ რაჲზომ და ეგოდენცა მიუშუებს, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა მიტევნეს გამოცდად უფროჲს ძალისა ჩუენისა, არამედ განსაცდელსა თანა ყოს გამოჴსნაჲცა, რაჲთა შემძლებელ ვიქმნნეთ მოთმინებადცა“.
138. და იქმნებიან განსაცდელნი მოღუაწეთა ღმრთისათანი სარცხუჱნელ დასასჯელ მტერისა, ხოლო კაცისა ძლევა და დიდება.
139. და კულად უთმინოთა განსაცდელნი, რომელნი ვერ მოითმინნენ, არამედ უკუღმართ იქცევიან, მათ ექმნების სირცხჳლად და საყუდრელ საუკუნოდ და უკეთურსა მას თანა გეჰჱნიასა შინა დაისჯებიან,
140. რაჲთა თჳთ ეშმაკიცა მორჩილთა თჳსთა თანა, რომელნი ნებასა ღმრთისასა ყოვლითა გულითა არა იქმოდეს, გეჰჱნიასა შინა უმეტესად დაისაჯნენ.
141. ხოლო მართალნი იგი, რომელთა ვნებანი უკეთურისანი დაიმორჩილნეს, იგინი უფროჲსად იდიდენ, რომელთა ახოვნად მოითმინენს მათ ზედა მოწევნული,
142. და კუალად სიმართლეცა ღმრთისაჲ გამოჩნდეს, რომელი „მიაგებს თითოეულთა საქმეთა მათთაებრ“, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ აღეშენა სუფევაჲ მართალთაჲ სრულითა მით მოღუაწებითა მათითა.
143. კითხვაჲ: ვითარ რომელნი მოვლენ მოღუაწებად და ადრე მიიღებენ მადლსა, ხოლო სხუანი დაჰყოფენ მრავალსა ჟამსა და ვერ მიემთხუჱვიან ეგევითარსა მადლსა ძლიერსა?
144. მიგებაჲ: სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჭეშმარიტ არს, რომელსა იტყჳს: „ითხოვდით და მოგეცეს, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს“.
145. ხოლო აწ რომელი ითხოვდეს და ეძიებდეს და ირეკდეს ვიდრე აღსასრულადმდე, არა ჰპოებსა სათხოელსა მას თჳსსა?
146. ჰჱ, გეტყჳ შენ, ვითარმედ უკუეთუ ოდენ აქუნდეს კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა და ყოვლითა გულითა და გონებითა თჳსითა ითხოვოთ და ჴორციელთაცა ჭირთა მოთმინებითა,
147. რაჲთა არა შეყოფილ იყოს ჴორციელთა საქმეთა და არცა ერეოდის ვნებათა უკეთურებისათა და შეუძლებელ არს, თუმცა არა მიემთხჳა იგი ცხორებასა.
148. რამეთუ მართალ არს და ჭეშმარიტ უფალი ჩუენი, რომელმან უტყუველითა მით პირითა თჳსითა თქუა, ვითარმედ: „ყოველნი, რომელიცა სარწმუნოებით ლოცვასა შინა ითხოოთ, მოგეცეს თქუენ“.
149. ხოლო იტყჳან ვინმე: „რომელმან აღასრულნეს ყოველნივე მცნებანი, უკუეთუ აქავე, ამას საწუთროსა არა მოიღოს მადლი, ვერარაჲ ურგია მას“.
150. ხოლო იტყჳან იგინი უგუნურებით და გარეგან წამებისა წერილთაჲსა, რამეთუ უკუეთუ სასუმელიცა წყლისა გრილისაჲ არა ცუდად წარჴდების, მაშა,
151. რომელნი-იგი ღმრთისათჳს განშორებულ არიან სოფლისაგან და განუწმედიან თავნი თჳსნი და ევედრებიან მას დღე და ღამე და სურიან მისა მიმართ და ეძიებენ სურვილითა, ვითარმცა არა მისცნა კეთილნი იგი, რომელნი აღუთქუმან მართლადა?
152. რამეთუ არა უსამართლო არს იგი, თუმცა ჩუენ მისთთჳს ვქმენით მოღუაწებაჲ ძალისაებრ კაცობრივისა და მანმცა უდებ-გუყუნა ჩუენ და არამცა მომცა ჩუენ სიწმიდე იგი სულისაჲ უზეშთაეს ბუნებისაჲ?
153. ხოლო ამისთჳს კადნიერებაჲ გუაქუს ჩუენ ოდენ, რაჟამს ვიწყოთ კეთილისა ყოფად, ვიდრე აღსასრულადმდე დავადგრეთ მას შინა და ნუმცა ვიქცევით უკუმართ.
154. უკუეთუ სიწმიდე ჴორცთაჲ მოვიგოთ, დავიმარხოთ ვიდრე აღსასრულადმდე და ყოველთავე სათნოებათა ცხადად აღსასრული ვქმნეთ, რამეთუ ყოვლისავე დასაბამისა და დასასრული დადებულ არს.
155. ხოლო ესე უწყოდე ვითარმედ: უკუეთუ ისმინო და გრწმენეს და გულისჴმა-ჰყო და განეშორო თჳსთაგან ღმრთისათჳს და დაადგრე ლოცვასა შინა და ყოველთავე სათნოებათა აღსასრულადმდე, არა დაჰრჩები კიდე აღთქუმისაგან.
156. ოდენ ისწრაფე, რაჲთა რაჟამს განვიდოდის სული შენი გუამისა შენისაგან, რაჲთა იპოვო მოსწრაფებასა შინა და მოლოდებასა აღთქუმისასა და მოთმინებასა სარწმუნოებასა და განკითხვით ცხორებასა.
157. და გეტყჳ შენ ვითარმედ, სიხარულით შეწყნარებულ იქმნა და კადნიერებაჲ გაქუნდეს და სასუფეველსა ღირს იქმნა და ანგელოზნი შეგემთხჳნენ შენ და შეგიწყნარონ ცხორებად.
158. რამეთუ ესევითარი იგი ზიარ ღმრთისა გამოჩნდების სარწმუნეობითა და გულსმოდგინებითა.
159. და არს იგი მუშაკი უფლისაჲ, რამეთუ ვითარცა უფალი იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან მოხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, მან იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა“.
160. დაღაცათუ ჴორცთა არა მივიდეს და, არა შეიგინოს მის თანა, არამედ გულისთქუმისათჳს ოდენ შეირაცხვის, ვითარცა მეზუერე.
161. ეგევითარი განეშოროს ყოვლისაგან ბოროტისა და შეუდგეს უფალსა და ეძიებდეს მას სურვილით და იყოფებოდის დაწყნარებითა სათნოებისაჲთა, ზიარ ღმრთისა იქმნების იგი,
162. რამეთუ ესეცა დიდი ნიჭი ღმრთისაჲ არს: დგომაჲ ლოცვასა შინა და მოსწრაფებასა და მოქალაქობასა სათნოსა, რამეთუ უკუეთუ ღმერთმან არა მოგუცეს ჩუენ მოთმინებაჲ, ჩუენ ძალითა ჩუენითა ვერარას შემძლებელ ვართ.
163. კითხვაჲ: ვითარ რომელ მოვალს დღე და მომძულდის ძმაჲ ჩემი, გინა თუ სხუათაცა რათმე ბოროტთა ვნებათაგან ვიძლეოდი, რომელთა ვიქმოდი თჳნიერ ნებისა ჩემისა?
164. მიგებაჲ: თანა-აც კაცსა, რაჲთა ყოს ყოველივე ღუაწლი და ბრძოლაჲ მისი წინააღდგომად მტერისა და ძლევად ბოროტთა ვნებათა,
165. რამეთუ სადა იყოს სიბნელე ვნებათაჲ და სიკუდილი გონებისაჲ მის ჴორციელისაჲ, შეუძლებელ არს, თუმცა არა გამოიღეს ვნებათა თჳსი ნაყოფი, გინა თუ ფარულად, გინა თუ ცხადად.
166. ვითარცა კაცსა, რომელსა აქუნდის წყლული, შეუძლებელ არს, თუმცა არა გამოვიდა მისგან წალაჲ, ვიდრე მცირედიცა იპოებოდის,
167. უკუეთუ უდებ-ყოს, მცირედისა მის წყლულისაგან მოჰლპების ყოველი იგი ასოჲ და იქმნას დაჭირვებაჲ დიდი, ეგრეთვე ვნებანი სულისანი არიან, რაჟამს ენებოს ვიეთმე კურნებაჲ, ვიდრე კუალი მისი იპოებოდის, შჭამს შინაგანსა.
168. ხოლო უკუეთუ ისწრაფოს კაცმან და კრძალულებითა ფრიადითა ჰკურნებდეს, მერმე ძალითა უფლისაჲთა მოვალს სრულსა ლხინებასა.
169. რამეთუ უკუეთუ ქუეყანისა მკურნალი ჰკურნებს უძლურებასა ჴორცთასა, ვითარ უფროჲსღა არა განკურნოს ზეცისა მკურნალმან ქრისტემან ძნიად საკურნებელნი იგი ვნებანი?
170. რამეთუ არს ფარული რაჲმჱ ბიწი და სიბნელე გარეგანი ბუნებისაჲ კაცსა თანა, რომელ-იგი მოვიდა ბუნებასა ზედა კაცთასა გარდასლვითა ადამისითა მცნებისაგან, და იგი არს, რომელი აღამრღუევს და შეაგინებს სულთა და ჴორცთა.
171. არამედ ვითარცა რკინაჲ რაჟამს განაჴურვიან და სციან მას უროჲთა და კუჱრითა, მაშინ იქმნის იგი ჭურჭელ პატიოსან უფლისა თჳსისა.
172. ანუ ვითარცა ოქროჲ აღრეული სპილენძითა, ანუ რკინაჲ ცეცხლითა გამოიცადის და წმიდა იქმნის, ეგრეთვე სული, რაჟამს ზეცისა ჴელოვნისა მიერ ქრისტესა გამოიჴურვის სულითა წმიდითა და დაებეჭდოს ვნებითა უფლისაჲთა, განწმიდების ყოვლისაგან ვნებისა და ყოვლისა ცოდვისა.
173. და ვითარცაღა ზღუასა ზედა, რაჟამს-იგი ქრინ ქარი სასტიკი და აღძრულ იყვნეს ღელვანი და ნავი იგი დაინთქმოდა, შეჰრისხნა უფალი ქარსა მას და დასცხრა,
174. ეგრეთვე ფარულსა მას ზღუასა გულისასა რაჟამს სული ღელვიდეს ბოროტთა გულის-სიტყუათაგან და ვნებათაგან უკეთურებისათა, მაშინ აღდგების უფალი,
175. რაჟამს-იგი ესმეს ვედრებაჲ და შეჰრისხავს სულთა მათ უკეთურთა და ღელვასა მწარისა მის ზღჳსა ცოდვისა და მოვალს მყუდროებაჲ მადლისაჲ სულსა ზედა და გონებასა და ესრეთ შეემშჭუალვის სული იგი დაუყენებელად სიყუარულსა უფლისასა.
176. ხოლო ესე ოდენ დავიმარხოთ, რაჲთა კეთილისა დაწყებისა დასასრულიცა კეთილი იყოს და ნუმცა ვიქცევით უკუღმართ, და ნუცა მივდრკებით გზისა მისგან ჭეშჭმარიტებისა, არამედ ყოვლითა გულითა ვეძიებდეთ უფალსა და მოვითმინოთ ლოცვასა შინა ვიდრე აღსასრულადმდე.
177. და სხუათაცა სათნოებათა ძალისაებრ ჩუენისა აღვასრულებდეთ და ესრეთ ვპოვოთ ცხორებაჲ, რამეთუ „სარწმუნო არს აღმთქუმელი“ იგი ჭეშმარიტთა მეძიებელთა მისთაჲ.
178. კითხვაჲ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, ვითარმედ: „ვითარცა ვარსკულავი ვარსკულავსა შორავს დიდებითა, ეგრეთვე აღდგომაჲ მკუდართაჲ?“
179. მიგებაჲ: რომლითა სახითა გულისჴმა-უყოფიეს სიტყუაჲ ესე: ერთად, ვითარმედ აქაჲთ აღდგებიან სულნი მომკუდარნი ვნებათა მიერ და მიიღებენ ძალითა უფლისაჲთა სიწმიდესა სულისასა,
180. რომლისა მიერ შევლენ სრულსა აღსრულებასა მცნებათა ქრისტესთასა, ხოლო მეორედ, თჳთ აღდგომისათჳს გუამთა მომკუდართაჲსა იტყჳს, რომელნი-იგი აღდგებოდიან თითოსახითა დიდებითა.
181. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: „შორავს დიდებითა“, განყოფილებისათჳს მადლთაჲსა იტყჳს, რამეთუ „რომლისადამე მიცემულ არს – სული სიბრძნისაჲ“ და შემდგომი ამისი.
182. რამეთუ ვითარცა ლამპარნი მრავალნი, რომელნი იყვნიან აღნთებულ ერთითა ზეთითა და აღნთებულ ერთითა ცეცხლითა, ხოლო რომლისაჲმე ნათელი ფრიად არნ და რომლისაჲმე უმცირეს არს და არა სწორ არნ ბრწყინვალებაჲ მათი,
183. ეგრეთვე მადლნი იგი საღმრთონი, აღორძინებულნი სათნოებათა მიერ, განყოფილად აქუს მათ ბრწყინვალებაჲ სულისა წმიდისაჲ.
184. და ვითარცა ქალაქსა შინა მრავალნი არიან მკჳდრნი და ერთითა პურითა და ერთითა წყლითა იზარდებიან იგინი და რომელნიმე მათგანნი იყვნიან ჭაბუკ და რომელნიმე ბერ და რომელნიმე ჩჩჳლ და განყოფილებაჲ ფრიადი არს მათ შორის,
185. და ვითარცა იფქლი დათესული ქუეყანასა ზედა თითოსახედ გამოიღებენ ნაყოფსა, რამეთუ რომელიმე მარცუალი ნაყოფსა უფრო გამოიღებს და რომელიმე – უმცრო, ხოლო ყოველივე იგი ერთსა კალოსა მივალს და ერთსა საუნჯესა შთაისხმის,
186. ეგრეთვე იყოს აღდგომასა მკუდართასა: თითოსახედ დიდებაჲ მიეცემის აღდგომილთა მათ ღირსებისაებრ სათნოებათაჲსა და მადლისაებრ სულისა წმიდისა,
187. რომელი-იგი აქაჲთვე დამკჳდრებულ არნ მათ შორის და ყოველივე იგი ნათელი ერთ არს, ვითარცა-იგი ვარსკულავთაჲ და ერთ არს მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი ბრწყინავს აღდგომილთა ზედა ღირსებისაებრ ცხორებისა.
188. რამეთუ დაღაცათუ უმცირეს არიან ზოგნი ვარსკულავნი, არამედ მითვე ნათლითა ბრწყინვენ, რომლითაცა დიდნი იგი, ოდენ, რაჲთა იშვას კაცი სულისა მიერ წმიდისა და განწმდეს მის თანა დამკჳდრებულისა ცოდვისაგან.
189. რამეთუ ერთითაცა ნაწილითა თჳთ შობასაცა სისრულისა ხატი აქუს ფერითა ოდენ და ასოჲთა და არა ძალითა, არცა გონებითა და, არცა სიმჴნითა, რამეთუ ყოველივე, რომელი მისწუდეს ჰასაკსა სრულსა, დაუტეობს იგი ჰასაკსა სიჩჩოჲსასა და ყოველთავე საქმითა მისითა.
190. და ესე არს, რომელსა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „გინა თუ ენანი განქარდენ, გინა თუ წინაწარმეტყუელებანი“, რამეთუ ვითარცა სრული მამაკაცი არცა უბნობასა ჩჩჳთასა თავს-იდებს და ვერცა საზრდელითა მათითა რაჲთ განერების,
191. არამედ სხუებრ უბნობს და სხუასა საზრდელსა იჴმარებს, ეგრეთვე რომელი აღორძინდებოდის მცნებათა შინა ღმრთისათა, სიჩჩოსა თჳსსა სისრულედ შესცვალებს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ოდეს ვიქმენ ჭაბუკ, დაუტევენ სიჩჩოებისა იგი საქმენი“.
192. და კეთილად თქუმულ არს, ყოველივე დაბადებული შეძრწუნდა: ანგელოზნი უგალობდეს, ვარსკულავი მოასწავებდა, მწყემსნი განცჳბრდეს.
193. ეგრეთვე კუალად, რაჟამს-იგი აღესრულებოდა საჲდუმლოჲ იგი ჯუარისაჲ, დაბადებულნი შეშფოთნეს, მზე დაბნელდა, კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო, საფლავნი აღეხუნეს და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს.
194. იხილე, ვითარ ერთითა ნაწილითა შობაჲ წმიდათა სულთაჲ სისრულე არს?
195. კითხვაჲ: მაშა ვითარ იტყჳ, შობილსა მას არა აქუს ცოდვაჲ, არცა სიბნელჱ ვნებათაჲ?
196. მიგებაჲ: ესე სიბნელჱ, რომელსა იტყოდა, ვნებათა შოლტ და კუერთხ არს ყრმათა;
197. სხუაჲ არს ესე სიტყუაჲ მონასაცა თჳსსა უფალი თჳსი, რაჟამს ჩჩჳლ იყოს, სცემნ მას უმჯობესისათჳს მისისა.
198. არამედ უწყოდე, უკუეთუ უყუარდეს სულსა სული ჭეშმარიტებითა, ყოვლითავე, რომელი ჩანს ვითარცა გულისსაკლებელი და ბრძოლანი იგი ვნებათანი, უმჯობესისათჳს მისისა არიან, რამეთუ მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „მოყუარეთა ღმრთისათა ყოველივე კეთილად განემარჯუების“.
199. და კულად იტყჳს, ვითარმედ: „ჭირი შობს მოთმინებასა“ და შემდგომი ამისი.
200. ხოლო შემძლებელ არს ბოროტიცა შეწევნად კეთილისა გონებითა არაკეთილითა.
201. ესე ოდენ თანა-აც, რაჲთა შეემშჭუალოს სული სიყუარულსა ღმრთისასა.
202. კითხვაჲ: და არა აქუსა ბრძოლაჲ შობილსა მას?
203. მიგებაჲ: მეუფე წუთ ბრძოლად მივალს.
204. დიდ არს შობილი იგი.
205. კითხვაჲ: მაშა, ვითარ შენ იტყჳ, თავისუფალ არს იგი?
206. მიგებაჲ: სხუაჲ არს შობაჲ და სხუაჲ არს მბრძოლი.
207. სხუაჲ არს მძლჱ და სხუაჲ არს თავისუფალი.
208. ჩუენ შობისათჳს ვიტყჳთ, ვითარმედ ერთითა ნაწილითა სრულ არს, ხოლო ჩჳლსაცა ჰქონან ყოველნი ასონი სრულად.
209. ხოლო არა მისცემს უფალი სულსა და მადლსა დასაცემელად, არამედ ჩუენ თჳთ ვექმნებით მიზეზ დაცემისა თავთა ჩუენთა, რამეთუ არა ვიმარხავთ მადლსა მას მოცემულსა ჩუენდა და ამისთჳს დავეცემით,
210. რამეთუ შემძლებელ არს კაცი თჳსისა ბუნებისა გულისსიტყუათაგან დაცემად ანუ უდბებისა, ანუ დაჴსნილობისაგან, ანუ სიქადულისა, ანუ სიმაღლისაგან.
211. და ისმინე, რასა იტჳს პავლჱ, თავისუფალი იგი ვნებათაგან, ვითარმედ: „მომეცა მე საქენჯნელი ჴორცთაჲ ანგელოზი სატანა, რაჲთა მქენჯნიდეს მე, რაჲთა არა ვმაღლოოდი“.
212. იხილეა რომელნი იყვნეს ეგევითარითა მით მადლითა, უჴმდა განკრძალვაჲ?
213. რამეთუ უკუეთუ არა მისცეს კაცმან ეშმაკსა მიზეზი და შეწევნაჲ, ვერ მიიღებს მას ვერცა ეშმაკი, არცა ღმერთი.
214. არამედ უკუეთუ სათნო-იყოს ღმერთსა და მისცეს შეწევნაჲ მადლსა მას, სრულ იქმნების იგი.
215. ხოლო უკუეთუ არა მისცეს შეწევნაჲ მადლსა მას, დაღაცათუ შობილ იყოს, რომელ არს ზიარ-ყოფაჲ სულისა წმიდისაჲ, არამედ თჳთ ექმნების მიზეზ დაცემისა თჳსისა.
216. ხოლო უკუეთუმცა იძულებით მიიღებდეს კაცსა ეშმაკიცა და ღმერთიცა, არამცა საბრალის იყო კაცი, რომელი მივიდოდის სასუფეველსა.
217. კითხვაჲ: რაჲ ყოს კაცმან, რაჟამს სცთებოდის ეშმაკისაგან სიმანქნითა მისითა, ანუ ნათელი გამოუცხადიან მსგავსი ნათლისაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი?
218. მიგებაჲ: ამისთჳს უჴმს კაცსა ფრიადი განკითხვაჲ, რაჲთა განჰყოფდეს ბოროტსა კეთილისაგან და მრავალფერთა მათ სიჴელოვნეთა ეშმაკისათა იცნობდეს, რომელნი-იგი უცნებითა მათითა მრავალთა აცთუნებდენ.
219. ვითარცა, რომელსა ჰნებავნ გამოცდაჲ სიწმიდისა მეუღლისა თჳსისაჲ და მივიდის მისა ღამით, ვითარცა უცხოჲ ქმნად ცოდვისა, ხოლო იგი ჴმობნ და იტყებნ თავსა თჳსსა, მაშინ უხარინ მას, რაჟამს იხილის სიწმიდე იგი მისი, ეგრეთვე შენცა შეიწყნარებდე ზეცისათა მათ.
220. უკუეთუ არა შეიწყნარებ, მათ უხარიან და უფროჲსღა მიგცემენ შენ მადლსა ღმრთისასა და განსუენებასა მას სულიერსა, რაჟამს იხილონ უფლისა მიმართ სიყუარული შენი.
221. ამისთჳს ნუ ხარ სუბუქ და ადრე განმცემელ თავისა შენისა, არამედ იყავ შენ მძიმე და გამოცდილებითა ფრიადითა კეთილსა მას შეიწყნარებდი და ბოროტსა განეშორებოდე და განაგდე შენგან იგი.
222. რამეთუ ესრეთ არს საქმჱ ესე, ვითარმცა გესუა ვინმე მოყუარჱ, ხოლო იყოს მოყუარისა მტერი და მოვიდა იგი შენდა, და უკუეთუ შეიწყნარო მტერი იგი, ვითარცა მოყუარჱ, აგინებ მოყუარესა მას შენსა.
223. ამისთჳსცა თანა-გაც, რაჲთა გულის ჴმა-ჰყოფდე და განიკითხვიდე და ესრეთ ირწმუნებდე, რამეთუ საღმრთოჲსა მადლისა საქმენი ცხად არიან და მათ საქმეთა ეშმაკი ვერ იქმს, დაღაცათუ შეიმოსის ხატი იგი.
224. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: იცის ეშმაკმანცა შეცვალებად სხუად სახედ – ანგელოზად ნათლისა, ამისათჳს რაჲთამცა აცთუნა.
225. არამედ დაღაცათუ ხილვით შეიცვალების და აუცნებს სულსა, გარნა მადლსა საღმრთოსა ვერვის მისცემს და ამისთჳს საცნაურ არს იგი, რამეთუ ვერცა ვის მადლსა, ვერცა სიყუარულსა ღმრთისასა მისცემს, ვერცა ძმათასა, არამედ ზუაობასა და ამპარტავანებასა;
226. ვერცა სიმშჳდესა, ვერცა სიწრფოებასა, ვერცა სიმდაბლესა, ვერცა სიხარულსა, ვერცა მშჳდობასა, ვერცა დაწყნარებულებასა გულისსიტყუათასა, ვერცა სიძულილსა სოფლისასა, ვერცა განსუენებასა სულიერსა, ვერცა სურვილსა ზეცისა კეთილთასა და, არცა დააცხრობს გემოთა ვნებათასა,
227. რომელ-იგი საქმჱ არს მადლისა საღმრთოჲსაჲ, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „ნაყოფნი სულისანი არიან სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ...“ და შემდგომი ამისი.
228. ხოლო რაჟამს გეჩუენოს რაჲმე საქმეთა მისთაგან და ნათლისა, რომელი გამობრწყინდეს მისგან გულისჴმა–ყავ იგი, თუ ღმრთისაჲ არს ანუ ეშმაკისაჲ.
229. და კუალად უკუეთუ სულსა აქუნდეს განკითხვაჲ, მეყსეულად საცნაურითა მით გულისჴმის-ყოფითა გაიგონებს მას, ვითარცა ხავარტი და ველისყრდელი მსგავს არიან ერთმანერთისა, და ძმარი და ღჳნოჲ,
230. არამედ ფერითა ოდენ და გემოჲთა სცნობს სასაჲ თითოეულისა განყოფასა, ეგრეთვე სული შინაგანითა მით გემოჲთა გულისჴმა-ჰყოფს მადლსა საღმრთოსა და უცნებათაცა ეშმაკისათა.
231. კითხვაჲ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, ვითარმედ: „ყოველივე ცოდვაჲ გარეგან ჴორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა ჴორცთა თანა ცოდავს?“.
232. მიგებაჲ: ორითა სახითა გულისჴმა-იყოფების სიტყუაჲ ესე: ერთად, რამეთუ დედაკაცი ჴორც მამაკაცისა ითქუმის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იყვნენ ორნივე ერთ ჴორც“ ხოლო რაჟამს ისიძვოს ვინმე, თჳსთა ჴორცთა თანა ცოდავს.
233. და კუალად ესრეთ უღრმესადრე გულისჴმა-იყოფების სულიერისა კერძოსა, ვითარმედ ქრისტე გამოჩნდა ვითარცა პავლჱ იტყჳს, ვითარმედ: „თქუენ ხართ ჴორცნი მისნი და ასონი ასოთა მისთაგანნი“,
234. რამეთუ ვითარცა ჴორციელად ევა ადამისგან იშვა და უკუეთუმცა არა შეყოფილ იყო მისდა, არა გამოვიდოდა მათგან ნაყოფი შვილებისაჲ,
235. ეგრეთვე უკუეთუ არა შეეყოს სული მადლითა ქრისტესითა ზიარებასა წმიდისა სულისასა, ნაყოფთა სულიერთა და ზეცისათა სრულთა სათნოებათასა ვერ გამოიხუამს.
236. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „იყვნენ ორნივე ერთ ჴორც“, ხოლო მოციქული წერილსა მას სულიერსა კერძოსა ზედა იტყჳს.
237. რამეთუ ესრეთ თქუა, ვითარმედ: „საიდუმლოჲ ესე დიდ არს.
238. ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესა და ეკლესიათა“, რომელ-იგი არიან სულნი მართალნი, ამისთჳს უფალი გამოჩნდა;
239. ხოლო უკუეთუ სული ეზიარებოდის მტერისა საქმეთა ფარულითა ვნებითა, ვითარმცა ეზიარებოდა უცხოსა ქმარსა და „თჳსისა გუამისა მიმართ ცოდავს“, რომელ არს უფალი.
240. კითხვაჲ: რაჲსათჳს რამეთუ გუელი იგი, რომელი ჯუარს-აცუა მოსე უდაბნოსა ზედა, ხატად და სახედ უფლისა არს?
241. რამეთუ თჳთ უფალი იტყჳს: „ვითარმედ აღამაღლა მოსე გუელი უდაბნოსა ზედა, ესრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ“.
242. და სხუაჲ-მე ვერაჲ შემძლებელ იყოა სახედ უფლისა ყოფად გუელისაგან კიდე გესლიანისა მის ქუეწარმავალისა?
243. მიგებაჲ: საიდუმლოჲ დიდი არს გუელი იგი, რომელნი ოდენ შესაძლებელ იყვნენ საიდუმლოთა ღმრთისათა გულისჴმის-ყოფად, ძალისაებრ ჩუენისა, ვითარცა განვიგონოთ, თქუმად არა უდებ ვიქმნეთ.
244. აქუს გუელსა წამალი, რომლისა მიერ მოკუდებიან, რომელთაცა უცეს.
245. და აქუს კუალად წამალი ცხორებისაჲ, რომლისაგან, უკუეთუ მიიღონ ცემულთა გუელისაგან, განიკურნებიან, რამეთუ განქარდების ამათ შორის სიკუდილისა იგი გესლი წამლითა მით ცხორებისაჲთა.
246. ხოლო იტყჳან გამოცდილნი, ვითარმედ ესრეთ გამოიცადებიან ორნივე იგი წამალნი, რაჟამს წამალი იგი ცხოველსმყოფელი მიეახლოს სასიკუდინესა მას წამალსა,
247. მეყსეულად განიბნევის სასიკუდინჱ იგი გესლი და წარწყმდების თავით თჳსით ღჳნისა მისგან შერეულისა და სრულიად უჩინო იქმნების, ვითარმცა იგუემებოდა და ივლტოდა წამლისა მისგან ცხოველმყოფელისა.
248. ეგრეთვე კაცი შევარდა რაჲ სიკუდილისა ქუეშე პირველისა მის გარდასლვისათჳს მცნებისაგან და იქმნა სიკუდილი მის შორის მწარჱ, რამეთუ ურჩებისათჳს ერთისა მის მოკუდა მის თანა ყოველივე ნათესავი კაცთაჲ,
249. რამეთუ იტყჳს პავლჱ ვითარმედ: „ვითარცა ერთისა მის მიერ შემოვიდა ცოდვაჲ სოფლად და ცოდვისა მის მიერ სიკუდილი და ესრეთ ყოველთამდე მოიწია სიკუდილი, რომელსა ზედა ყოველთავე ცოდეს“,
250. რამეთუ დამწარდა გონებაჲ კაცთაჲ და ემსგავსა ცოდვათა და ვნებათა მიერ გესლსა მას ბოროტსა გუელისასა, რომელ არს ეშმაკი.
251. და იქმნა კაცი ვითარცა მჴეცი და ვიდოდა იგი გულისსიტყუათა შინა ქუეყანისთა და ვნებათა შინა ცოდვისათა.
252. და რაჲთა გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ უკეთურებითა კაცი გუელსა მიემსგავსა, ისმინე, რასა ეტყჳს იოვანე ნათლისმცემელი მათ, რომელნი მოვიდოდეს ნათლისღებად,
253. ვითარმედ: „გუელნო და ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ რისხვისა მისგან, ყავთ უკუჱ ღირსი ნაყოფი სინანულისაჲ“.
254. ხოლო რაჟამს მოკუდა კაცი და მიემსგავსა სიკუდილსა, იპოვა მისგან წამალი ცხორებისაჲ – უფალი, რომლისა მიერ მოკუდა სიკუდილი და განქარდა გესლი იგი სასიკუდინჱ ვნებათაჲ, და განცხოველდეს კაცნი.
255. და ესრეთ იყო გუელი იგი სახედ გუამისა უფლისა და სამხილებელად ჰურიათა მათ, რომელთა არა ინებეს რწმუნებაჲ ჯუარცუმულისაჲ მის, რამეთუ ენება ნეტარსა მოსეს, რაჲთა მდაბალი იგი გონებაჲ ერისაჲ სიმაღლედ აღამაღლა და ასწავამცა მარადის ზჱ ხედვაჲ,
256. და ამისთჳს ბრძანებითა ღმრთისაჲთა სპილენძისა იგი გუელი ზე აღამაღლა ძელსა ზედა და გუელისა მიერ ცემულნი იგი მიხედვიდიან სპილენძისა გუელსა მას და ირწმუნებდიან და ცხოვნდიან იგინი ბრძანებისაებრ მეუფისა.
257. რამეთუ წუთ ღმრთისა მიმართ რწმუნებად ვერ შემძლებელ იყვნეს, არამედ გუელსა მას ზჱ დამოკიდებულსა ხედვიდეს და ესრეთ ძალითა ღმრთისაჲთა განიკურნებოდეს.
258. და ესრეთ სახჱ იყო იგი უფლისაჲ, რამეთუ ვითარცა მაშინ ცემულნი იგი გუელისაგან, რომელთა ირწმუნიან მკუდრისაჲ მის გუელისაჲ, ცხონდებოდეს, რამეთუ განქარდებოდა მათ შორის გესლი იგი გუელისაჲ ძალითა ღმრთისაჲთა,
259. რომელი-იგი დამკჳდრებულ იყო გუელსა მას შორის სპილენძისასა, ეგრეთვე ცემულნი იგი სულიერთა მათ გუელთა მიერ უკეთურებისათა და შეპყრობილნი მომაკუდინებელითა მით გესლითა ვნებათაჲთა,
260. რაჲთა მიხედვიდენ და ირწმუნებდენ მომკუდარსა მას გუამსა ჯუარცუმულსა და ცხოვნდებოდიან, რომელ-იგი „ჰურიათა სამე საცთურ და წარმართა სისულელჱ“, ხოლო მორწმუნეთა მათ ჯუარცუმულისა გუამისათა – ქრისტე ღმრთისა ძალი და ღმრთისა სიბრძნჱ.
261. და ვითარცა მაშინ ცხოველნი კაცნი და გურემულნი გუელისაგან მკუდარსა გუელსა ირწმუნებდეს და ცხოვნდებოდეს, ეგრეთვე ცხოველნი კაცნი და გურემულნი გუელისა მისგან ბოროტისა,
262. რომელ არს ეშმაკი და რომელთა-იგი გესლი უკეთურებისაჲ აქუს მათ შორის, რაჲთა ირწმუნებდენ გუამსა მას მომკუდარსა განღმრთობილსა და ესრეთ ცხოვნდებოდინ, და განქარდეს მათგან გესლი იგი მომაკუდინებელი.
263. რამეთუ მომკუდარისა ადამისგან იპოვა წამალი ცხორებისაჲ კაცისათჳს, რომელ არს გუამი უფლისაჲ, რომლისა მიერ ყოველივე გესლი ცოდვისაჲ მორწმუნეთაგან განქარდების.
264. და კუალად ჰურიათაცა ამხილებს სიტყუაჲ ესე: რამეთუ უკუეთუ იგინი მკუდარსა გუელსა ირწმუნებდეს და ცხოვნდებოდეს, რაჲთა ირწმუნებდენ ესენი გუამსა ჯუარცუმულსა, მომკუდარსა და აღდგომილსა და ზეცად აღსრულსა, რაჲთა ცხონდენ?
265. და ამისთჳსცა, ვითარცა ვთქუთ, სახჱ იყო გუელი იგი, რომელი ჯუარს აცუა მოსე, ცხორებისა და სიკუდილისაჲ, ესე იგი არს, ვითარმედ – ცოდვისა და უფლისაჲ.
266. ხოლო აქუს სხუაჲცა საიდუმლოსა მას გუელისასა, რამეთუ ვითარცა დასაბამითგან ეშმაკმან შურითა და უკეთურებითა თჳსითა ხისა და გუელისა მიერ აცთუნა ევა და ადამ და გამოიყვანნა იგინი სამოთხით და პირველისა მის სიწმიდისა და დიდებისაგან
267. და მოიყვანნა იგინი ვნებასა მწარესა და სიკუდილსა და მიერითგან ყოველივე ბუნებაჲ კაცობრივი დაიმორჩილა და შთააგდო იგი ცოდვასა და ვნებასა შინა ბოროტსა, და ვითარცა ცოდვაჲ სოფლად მოვიდა და, რომლისა მიერ ყოველნი შეიგინნეს კერპთმსახურებითა ბოროტითა,
268. ეგრეთვე ღმერთმან კუალად გამოუთქუმელითა სიბრძნითა თჳსითა, რაჟამს-იგი მონაჲ თჳსი მოსე ჴსნად ერისა მიავლინა, ძელისა მიერ, ესე იგი არს კუერთხისა მის მიერ მოსესისა, რომელი-იგი გუელად გარდაიქცეოდა და შთანსთქმიდა კუერთხთა მათ გრძნეულთასა,
269. რომელნი-იგი გუელად გარდაიქცეოდეს, და მის კუერთხისა მიერ იჴსნა უფალმან ერი თჳსი და მის მიერ ქმნნა სასწაულნი დიდნი ეგჳპტეს შინა და მის მიერ განაპო ზღუაჲ.
270. და კუალად უდაბნოსა ზედა ძელისა მიერ და გუელისა მის სპილენძისა მოსცა ჴსნაჲ ერსა თჳსსა, რომელთა მიერ პირველად ეშმაკმან სიკუდილი და წარმოტყუენვაჲ მოაწია, მათ მიერვე ქმნა უფალმან ჴსნაჲ და ცხორებაჲ,
271. რამეთუ ეშმაკმან სიკუდილი და ცოდვაჲ ძელისა მიერ და გუელისა და დედაკაცისა და მამაკაცისა ქმნა.
272. ხოლო მოსეს მიერ ნახევარი იგი ღმრთისმსახურებისაჲ წარემართაჲ და ნახევარი იგი ვნებისაჲ განკურნა ძელისა მიერ და გუელისა, ვითარცა პირველად ვთქუ, არამედ შჯული იგი პირველად ვერ განჰკურნებდა ვნებასა მას.
273. ხოლო რაჟამს მოვიდა უფალი, ყოველივე საიდუმლოჲ აღესრულა და სრული წარმართებაჲ სულთა კაცთასა მოეცა წმიდისა ქალწულისა მარიამის მიერ, რომელი ევაჲს წილ გულისჴმა-იყოფების,
274. რომელმან უშვა სოფელსა ცხორებაჲ, მეორჱ იგი ადამ, რომელმანცა ჩუენთჳს თავი თჳსი სიკუდილად მისცა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „მიეცა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს და კუალად იტყჳს,
275. ვითარმედ: „ერთი ყოველთათჳს მოკუდა“, რაჲთა, რომელთა-იგი ირწმუნონ, ცხოვნდენ და განერნენ საშჯელისა მისგან სიკუდილისა,
276. რომელი ადამისითგან მოიწია ჩუენ ზედა და გურემულნი იგი სულიერთა გუელთაგან უკეთურებისათა მიხედვიდენ მას სარწმუნოებით და ცხონდენ ცხორებად საუკუნოდ.
277. და ყოველივე დაბადებული განთავისუფლდა სიბრძნითა უფლისაჲთა და განიხარა, რამეთუ, წერილ არს, „განწმდების ყოველივე სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა“.
278. რამეთუ რომელნი-იგი იქმნებოდეს პირველად შესაწირავ ეშმაკთა ტაძარსა მას შინა კერპთასა, ხოლო ვიტყჳ ქვათა და შეშათა და ნაყოფთა ქუეყანისათა, რომელნი-იგი მსხუერპლად კერპთა შეიწირვოდეს,
279. ხოლო აწ სახელითა უფლისაჲთა იქმნებიან ეკლესიად და საკურთხეველად და შესაწირავად უფლისა, და რომელთა მიერ პირველად ეშმაკმან შეაგინა სოფელი და სიკუდილი შემოიღო, მათ მიერვე მოსცა უფალმან სოფელსა სიწმიდე და ცხორებაჲ და დაარღჳნა ღონენი მისნი.
280. ხოლო არიან ქვანიცა პატიოსანნი საჲდუმლოდ დადებულნი, ვითარცა ქვაჲ იგი, რომელსა ჰრქჳან ანდამატი.
281. ესე აჩრდილითა თჳსითა რკინასა სხუასა მოიტაცებს და კუალად მის მიერ.
282. და არს იგი სახჱ წმიდათა მათ და პატიოსანთა ქუათაჲ, რომელთა გუეგულების გორვაჲ ქუეყანასა ზედა და, ხოლო იტყჳს გინა თუ უპირმშოეს მისა და ლოდისა საკიდურისა პატიოსნისა, რომელ არს უფალი, გინა მოციქულთათჳს, რამეთუ აჩრდილმანცა პეტრესმან მკუდარი აღადგინა.
283. და კუალად რაჟამს აჩრდილი გუამისა უფლისაჲ, რომელი ჩუენთჳს მოკუდა, მიეფინა მკუდართა ზედა, მრავალნი აღდგეს.
284. და შთა-რაჲ-ჴდა ჯოჯოხეთად, მრავალნი აღმოიყვანნა და „მრავალნი გუამნი, პირველ დაძინებულთა წმიდათანი, აღდგეს“.
285. და აწცა ფარულად თითოეულსა სულსა ზედა რაჟამს მოვიდეს ძალი გუამისაჲ მის, აღადგინებს მას სიკუდილისგან ვნებათაჲსა.
286. და კუალად აღდგომასა მკუდართასა, რაჟამს მოვიდეს იგი დიდებული ძალითა მისითა, ყოველნივე გუამნი კაცთანი აღდგეს, „რაჲთა მიიღოს თითოეულმან საქმეთა მათთაებრ, რომელნი ექმნნენ გუამითა მით გინა თუ კეთილნი, გინა ბოროტნი“.
287. ხოლო ამას ლოდსა კლდჱ ეწოდა, რომელმან უჩუენა მრავალნი სასწაულნი ერსა ისრაელისასა, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „სუმიდეს სულიერისა მისგან კლდისა, რომელსაცა შეუდგეს.
288. ხოლო კლდჱ იგი იყო ქრისტჱ“ და კლდჱ იგი შეუდგა მათ, რომლისაგან წყალიცა აღმოეცენა.
289. ამან კლდემან განაპო ზღუაჲ, იგივე ექმნა მათ სუეტ ღრუბლისაჲ დღისი და სუეტი ცეცხლისაჲ ღამჱ,ამან მოსცა მათ ზეცით მანანაჲ, იგი უძღოდა მათ და ყოველი ქველის-მოქმედებაჲ მოსცა მათ. ხოლო კლდჱ იყო ქრისტჱ.
290. ამით სახითა კლდჱ იგი ქველისმოქმედებასა უყოფდა მათ.
291. ხოლო სხჳთა სახითა, ვითარცა პირველად ვთქუთ, კლდჱ იგი ძალისა ღმრთისაჲ, რომელი დამკჳდრებულ იყო კუერთხსაცა შინა და კლდესაცა, რაჟამს ეჩუენა მოსეს უდაბნოსა ზედა ჰრქუა მას:
292. „წარვედ ფარაოჲსა და არქუ მას, ვითარმედ გამოავლინე ერი ეგე, რაჲთა მსახურონ მე“, ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: „უფალო, ჴმაწულილ ვარ მე და ენადრკუ და ვერ მივალ მისა, რამეთუ არავინ ისმენს ჩემსა“.
293. ჰრქუა მას უფალმან: „წარვედ და მე განგიმზადო წინაშე შენსა, რაჲთა ისმინოს შენი“.
294. და კუალად უნდა ღმერთსა, რაჲთამცა გულსმოდგინე-ყო იგი და ჰრქუა მას: „რაჲ გიჭირავს ჴელთა შენთა?“ მიუგო და ჰრქუა: „კუერთხი“.
295. ჰრქუა მას ღმერთმან: „დააგდე“ ქუჱ და ვითარ მიაგდო იგი იქმნა იგი ვეშაპ.
296. და შეშინდა მოსჱ და ივლტოდა.
297. ჰრქუა მას ღმერმთან: „ნუ გეშინინ მოსე, არამედ შეუპყარ კუდსა მისსა“.
298. და შეუპყრა რაჲ, იქმნა იგი კუალად კუერთხ.
299. იხილეთ სასწაული: კუერთხი იგი გუელად გარდაიქცა და გუელი კუერთხად შეიცვალა.
300. დიდებაჲ ძლიერებასა ღმრთისასა!
301. რომელმან ესე სასწაულნი ქმნნა, ამანმცა ვერ მოაქცია სული მორწმუნჱ პირველთა მათ ბოროტთა ვნებათაგან და მოიყვანამცა სხუასა ცხორებასა და ბუნებასა კეთილსა?
302. და მერმე, ვითარცა ვთქუთ, კუერთხი იგი მოსცემდა ისრაიტელთა ყოველსა კეთილსა: სცა წყალთა კუერთხითა მით და გარდაიქცეს სისხლად, აღიპყრა ზეცად და მოიყვანა მუმლი და ძაღლისმწერი, „აღიღო ნაცარი და განაბნია იგი ჰაერთა და იქმნა ბუზჳ და“;
303. კუალად მიყო ჴელი მისი მდინარეთა ზედა და მოეგო წყალი თჳსსავე ბუნებასა.
304. ხოლო უკუეთუ კუერთხი გარდააქცევს წყალსა ბუნებისა თჳსისაგან მაშა უფალმან არა გარდააქციოსა სული, მოსავი მორწმუნჱ მისი ბუნებად კეთილად პირველისა მის ბუნებისაგან ბოროტისა ვნებათაჲსა?
305. და მაშა კუერთხი მოსესი იხილა ეგჳპტისა ქუეყანამან და შეძრწუნდა, უკუეთუ რაჟამს სული ღმრთისაჲ მიეფინოს სულსა ზედა მორწმუნესა, ვითარ არა შეძრწუნდეს ქუეყანაჲ სულიერისა მის ეგჳპტისაჲ, რომელი სავსე არს ვნებითა და ცოდვითა?
306. რამეთუ კუერთხი იგი და კლდე დიდსა სიხარულსა მოსცემდეს ისრაიტელთა და ვითარცა სასძლოსა შინა ეგრე ჰფარვიდა მათ და სუეტი ცეცხლისაჲ წინა უძღოდა მათ და განანათლებდა მანანაჲ უწჳმა მათ.
307. „მთანი იხარებდეს ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა კრავნი ჰკრთებოდეს“.
308. ზღუაჲ განიპო და ივლტოდა. იორდანე უკუნ-იქცა.
309. ამან კლდემან მდინარენი გამოადინნა სახედ უფლისა, რომლისაგან გამოვიდეს მდინარენი სულიერნი.
310. და აწცა რომელმან სარწმუნოებით მოიგოს სულიერი იგი კლდჱ და კუერთხი ძლიერებისა მისისაჲ სულსა შინა თჳსსა, ყოველივე განსუენებით გამოუთქუმელი გულსავსებით პოვოს თავისა თჳსისა შორის.
311. ამისათჳს გევედრები, ძმანო, ვისწრაფოთ და მივსცნეთ ყოველთა ყოვლითურთ თავნი ჩუენნი უფალსა და ავმაღლდეთ ყოვლისაგან გულისთქუმისა და განვაჩინნეთ თავნი ჩუენნი სულით და ჴორცით მსახურებასა და სათნო-ყოფასა მისსა,
312. რაჲთა ნიჭი სულისა წმიდისაჲ აქაჲთვე მოვიღოთ და მის მიერ ყოვლისაგანვე ბოროტისა განვერნეთ და ვიქმნეთ სრულიად წმიდა და უბიწო მადლითა მისითა და ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდროთ ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
3
1. თქუმული მისივე, თავი 3
2. სული კაცისაჲ ურჩებითა შორს განდგა ღმრთისაგან, რამეთუ ვითარცა მჴეცნი ივლტიან ნათლისაგან დღისა და შევლენან მაღნართა შინა უდაბნოჲსათა,
3. ეგრეთვე სული განეშორა ნათლისა მისგან ჭეშმარიტისა ნებითა თჳსითა და შემოვიდა სოფელსა ამას, რომელ არს მაღნარი და უდაბნოჲ და სიბნელე და უცნებაჲ სულისაჲ.
4. და შეიყუარა მან ბნელი და დაუტევა ნათელი და განეყენა ცხორებასა და შეიყუარა სიკუდილი, დაუტევა წყაროჲ იგი ცხორებისაჲ და შეიყუარა წყაროჲ იგი სიბნელისა და სიკუდილი და განიძარცა მან სარწმუნოებაჲ და სიყუარული და სიწმიდე, შიმშუდე და მოთმინებაჲ,
5. რამეთუ არა დაადგრა იგი სიტყუასა შინა ღმრთისასა და შეიმოსა მან ურწმუნოებაჲ და რისხვაჲ და გულისწყრომაჲ და უკეთურებაჲ და შური და სილაღე, ვითარცა სამოსელი ნეფსით თჳსით.
6. ამისთჳს ურჩ ექმნა იგი პირველსა მას ჴმასა მტკიცესა და ისმინა მეორე იგი ჴმაჲ ბნელი და არამტკიცე და ესრეთ ნეფსით თჳსით დაუტევა დიდებული იგი და დაუსრულებელი საუკუნე და შეიყუარა სოფელი და განაბნია თავი თჳსი სულმან ყოველსა ამას ქუეყანასა ზედა.
7. ხოლო პირველითგანვე წინაწარმეტყუელნი და მართალნი ისწრაფოდეს, რაჲთამცა შეკრიბეს სული იგი განბნეული და სრულმცა-ყვნეს იგინი და ვერ შეუძლეს.
8. მაშინ სახიერმან და კაცთმოყუარემან მეუფემან, რომელსა ყოველივე უპყრია განზრახვითა თჳსითა, სიტყუაჲ იგი, ცხორებისაჲ ღმერთი ჭეშმარიტი უწინარეს საუკუნეთა, „ესე სიტყუაჲ ჭეშმარიტად კაც იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“,
9. ვითარცა მონადირე, რომელი ნადირსა ინადირობნ, და მან სული იგი განბნეული სოფლისა ამისგან შეკრიბა და ყო იგი სრულ და შეუგინებელ და უბიწო.
10. ხოლო აწ ჩუენცა, რომელთა მოგჳღებია სახჱ სიტყჳსაგან ღმრთისა, მოვნადირნეთ და შევკრიბნეთ გულნი ჩუენნი გამოჩინებითა სიტყჳსაჲთა და ვიქმნნეთ ჩუენ უპოარ და არარას მოვიგებთ ჩუენ ამის საწუთროჲსასა.
11. და ესრეთ განვიმზადნეთ გულნი ჩუენნი, ვითარცა გუასწავლის ჩუენ სული წმიდაჲ დავითის მიერ და იტყჳს: „განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, გაქებდე და გიგალობდე შენ.
12. განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე“.
13. რამეთუ ვითარცა, შეყენებული რომელი არნ სახლსა შინა ბნელსა და ვერ ხედავნ თავსა თჳსა, ეგრეთვე სული ურჩებისათჳს მისისა შეყენებულ იქმნა ცოდვისა მიერ სოფელსა ამას შინა და ვერ იცნობს იგი შუენიერებასა თჳსსა.
14. და ოდესმე განიმზადის გულმან მან თავი თჳსი, რაჲთა კადნიერებით თქუას: „განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო.
15. განმზადებულ არს გული ჩემი, განიღჳძე დიდებაო ჩემო, განიღჳძე“.
16. და მაშინ მოვიდეს სიტყუაჲ იგი ცხოველი და გამოუცხადოს თჳსი იგი დიდებაჲ.
17. რამეთუ ვინაჲთგან განსცა სულმან თავი თჳსი ნეფსით სულთა უკეთურთა, ეუფლებიან მას იგინი და აღიძრვიან მის შორის ვნებანი ბოროტნი.
18. და პირველად სული იგი ნაყროვნებისაჲ მოაგონებს მრავალთა საჭამადთა და სასუმელთა და ფუფუნებასა მრავალნი და მოაჴსენებს წელთა მრავალთა, რაჲთამცა შეიკრიბნა საჴმარნი ფრიადნი.
19. ხოლო ამას ყოველსა ამისთჳს იქმს ეშმაკი, რაჲთა ამით ესევითარითა მიზეზითა ამის საწუთროსა შთააგდოს იგი ზრუნვათა და საუკუნეთა მათ კეთილთა.
20. რამეთუ შუებაჲ და ფუფუნებაჲ, ვითარცა პირველად ვთქუ, მოიყვანებს ვეცხლისმოყუარებასა და ანგაჰრებასა და სხუათა შეგინებულთა გულისსიტყუათა, და ესრეთ თითოეული სული თჳსსა ვნებასა აღსძრავს.
21. ხოლო ესე უწყოდა სიტყუამან ჭეშმარიტებისამან, უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, რომელმან გჳჩუენა ჩუენ გზაჲ კეთილი სახარებისა მიერ და თქუა: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს“, და სიტყჳთა ამით განსდევნის იგი სულთა მათ უკეთურთა ანგაჰრებისათა,
22. რაჲთა არა გულისთქუმითა მივხედვიდეთ საჭამადსა, და არა ვზრუნვიდეთ ჟამთა მრავალთათჳს, არამედ ვიქმოდით სიტყუასა მას უფლისასა, რომელსა იტყჳს სახარებასა შინა,
23. ვითარმედ: „მსგავს არს სასუფეველი ღმრთისაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი აღიღის კაცმან და დასთესის თჳსსა ყანასა“.
24. რამეთუ ვითარცა მფრინველი, რომელი ფრინავნ ქუეყანასა ვაკესა და იდევნებინ იგი სხუათა მფრინველთაგან ველურთა, ხოლო უკუეთუ მიხედნეს მფრინველმან მან და იხილოს ხჱ დიდი და შევიდეს რტოთა მისთა,
25. განერების იგი მდევართა მათ მისთაგან, ეგრეთვე სული განბნეულ არს საწუთროსა ამას შინა და ფრინავს იგი აღმოსავალითგან დასავალამდე და ჩრდილოჲთგან სამხრადმდე.
26. იდევნების იგი ბოროტთა სულთაგან საქმეთა შინა ამის სოფლისათა.
27. ხოლო ოდეს იხილოს სულმან ხჱ იგი ჭეშმარიტებისაჲ და მიივლტოდის მისა და შევი~დს რტოთა მისთა, განერების იგი სულთაგან უკეთურთა და ვერღარა მიეახლებიან მას, არამედ გარეგნით უმზირიან მას, თუ ოდეს-ძი გამოვიდეს ხისა მისგან და შეიპყრან იგი.
28. ხოლო ოდეს მოვიდეს სული რტოთა მათ სიტყჳსათა, ჯერ-არს მოთმინებაჲ, ვიდრემდის განეხუნენ თუალნი გულისანი და გულისჴმა-ყოს ნაყოფი იგი და ჭამოს მისგან, რაჲთა არღარა ვიდოდის გარეგან სიტყჳსა.
29. ხოლო გზაჲ სიტყჳსაჲ ესრეთ გულისჴმა-ვყოთ, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ, ვითარცა კაცი, რომელი ვალნ გზასა სამეუფოსა და ჰნებავნ მისლვაჲ ქალაქად, რომელსა შინა იყოფებინ მეფე და ხედავნ იგი სასწაულთა მის გზისათა და არა მიდრკებინ მარჯუენით, გინა მარცხენით,
30. არამედ უფროჲსღა ისწრაფინ და გულისჴმა-ყოფნ, თუ რაჲზომ შორავნ იგი ქალაქსა მას, რამეთუ ნიშნებითა მის გზისაჲთა გულისჴმა-ჰყოფნ სიშორესა მის ქალაქისასა.
31. ეგრეთვე ჩუენცა გულისჴმა-ვყოთ გზაჲ იგი სულისაჲ, ვითარცა მაცხოვარმან მიჩუენა ჩუენ.
32. ხოლო რომელი იქცეოდის საქმეთა შინა საწუთროჲსათა, შეცთომილ არს იგი და ვალს მაღნართა შინა და ეკალთა და კუროჲსთავსა ზედა.
33. ხოლო ოდეს მოვიდეს გზასა მას სიტყჳსასა, იხილავს ნიშანსა და იცნობს ადგილსა მას, რომელსა მიწევნულ არს გზასა მას ჭეშმარიტებისასა.
34. ხოლო პირველი ნიშანი გზასა შინა სიტყჳსასა ესე არს, რომლისათჳს იტყჳს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“.
35. ესერა, ჰნატრის გლახაკთა სულითა, რომელნი დაგლახაკებულ არიან სულითა ამის საწუთროჲსაგან და არარაჲ მოუგია საქმეთაგან მისთა.
36. ხოლო მდიდარნი არიან იგი სიტყჳთა მით ჭეშმარიტებისაჲთა და უძღებ არიან იგი, ვიდრემდე მისწუთენ იგი სრულსა მას სიმდიდრესა სულისასა და თანა-აც სულსა, რაჲთა ხედვიდეს, უკუეთუ მიწევნულ არს იგი ამას ნიშანსა.
37. რამეთუ ესრეთ წარემართების სული და მიიწევის მეორესა მას ნიშანსა, რომელსა იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“.
38. არა მათ ჰნატრის, რომელმან გულისჴმაყოს, თუ ვინაჲ არს ანუ სადაჲთ, რამეთუ ცხორებასა შინა იყო და ეზიარა იგი სიკუდილსა და შევიდა კუალად გზასა მას ჭეშმარიტებისასა და აქუს ბრძოლაჲ სულთა მიმართ უკეთურებისათა და რაჲთა იგლოვდეს იგი.
39. ამისთჳს ნუუკუჱ დაეცეს კუალად და მოკუდეს, და იყოს იგი გლოვასა შინა და არა მიიღებდეს დიდებასა, გინა სიხარულსა ამის საწუთროჲსასა, არამედ რაჲთა ხედვიდეს დიდებასა მას პირველისა კაცისასა, რომელი აქუნდა უწინარეს ურჩებისა მისისა.
40. და რაჲთა ესრეთ იგლოვდეს მის დიდებისათჳს და ესრეთ ეგოს, ვიდრემდის მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი და ნუგეშინის-სცეს მას.
41. „ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“, რამეთუ ვინაჲთგან თჳსითა ნებითა სულმან მისცა ქუეყანაჲ თჳსი წინააღმდგომსა და სახითა მით ფუფუნებისაჲთა ჰმსახურებს სული ცოდვასა,
42. და არა აქუს ჴელმწიფებაჲ სიმდიდრესა თჳსსა და ვერ შემძლებელ არს იგი თჳსითა ძალითა განდევნად მტერისა.
43. ხოლო უკუეთუ მივიდეს იგი იესუს მიმართ, რჩულისმდებელისა მის სულიერისა, ჰპოებს იგი შეწევნასა.
44. რაჟამს სტანჯვიდეს სულსა მას წინააღმდგომი, ხოლო იგი არა ერჩდეს მას და მიხედავს იგი რჩულისმდებელსა მას.
45. მრავალთა მათ ჭირთა შინა სულგრძელ არს და მოითმენს და ევედრების ღამე და დღე და მოელის, თუ ოდეს დაწეროს შჯულისმდებელმან ქრისტჱ შჯული იგი სულისაჲ გულსა მას შინა მშჳდსა და მყუდროსა.
46. მაშინ განიდევნების წინააღმდგომი იგი მიიღებს სული თჳსსავე ქუეყანასა.
47. ეგევითართა მშჳდთა ჰნატრის უფალი და იგინი დაიმკჳდრებენ ქუეყანასა მას გულისასა.
48. ეგევითარი იგი გული ქებით ადიდებს უფალსა, რომელმან იჴსნა გლახაკი ჴელთაგან მაჭირვებელთა მისთაჲსა.
49. „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ“.
50. რომელსა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, იგი არა მოწყინე არს, არცა განმცხრომელ, არცა განიბნევის გონებაჲ მისი,
51. არამედ ეკრძალების იგი და მტკიცე არს სიტყუასა ჭეშმარიტებისასა და დაფუძნებულ არს იგი და დამყარებულ სარწმუნოებითა და მოელის იგი სიტყუასა, რომელ არს პური ცხორებისაჲ.
52. „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“.
53. რომელსა თავი თჳსი არა ეწყალოდის, იგი ვერ შემძლებელ არს სხჳსა შეწყალებად.
54. რომელი განეყენოს გემოთაგან ამის სოფლისათა, ვალს იგი გზასა მას, მიმყვანებელსა სავანედ წმიდათა.
55. ეგევითარი იგი სული მოწყალე არს და დიდებულითა მით მოქალაქობითა თჳსითა ეწყალის მოყუასიცა თჳსი და სახე კეთილის ექმნების მას.
56. „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“.
57. ეგევითარი იგი გული იხილავს თავსა თჳსსა შორის ორთავე – პირველსაცა სიტყუასა და მეორესა, და იტანჯვინ რაჲ მეორისა მის სიტყჳსაგან, არა ჰმორჩილობნ მას და, აჭირვებნ რაჲ პირველი იგი სიტყუაჲ და მეორესა მას დაუტეობს.
58. და ესრეთ იხილის რაჲ სიტყუამან ღუაწლი იგი სულისაჲ, აღმოუბრწყინვის მის შორის ნათელი იგი სახარებისაჲ და განსდევნის მისგან ყოველსა უცნებასა ბოროტსა.
59. მაშინ ღირს იქმნების სული იგი მიღებად ნაყოფისაგან ხისა მის, რომელი-იგი არს სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ.
60. ეგევითარი გული იქმნების საუნჯესა ზეცისასა კეცის ჭურებითა.
61. ეგევითარი გული თჳთ საუნჯის მის მცველსა მას ქრისტესა მოელის და შეიმოსს იგი სამოსელსა დიდებისასა უხრწნელისა და უხრწნელთა მათ სერაბინთა ინაჴით-იდგამს სრულთა მათ თანა
62. და ჰმსახურებს იგი ეკლესიასა მას შინა პირმშოთასა და თაყვანის-სცემს იგი სულითა მამასა და ჭეშმარიტებითა.
63. ხოლო აწ, ძმანო, ვიხილოთ თითოეულმან გული თჳსი, რაჲზომი-ძი გზაჲ წარუვლია, ანუ თუ რაჲ ზომითა შორავს ქალაქსა მას.
64. ნუუკუჱ გუეგონოს, ვითარმედ გზასა ჭეშმარიტებისასა ვალთ და გუაქუნდეს გარეგანი ხატი პატიოსნებისაჲ და შინაგანი კაცი არა შეგუეკრძალოს,
65. და ესრეთ ვიპოვნეთ ცთომილნი ტყეთა და მაღნართა შინა, რომელ არს საწუთროჲ ესე ბნელი და უცნებაჲ სულისაჲ სავსეჱ ყოვლითა შეგინებულებითა.
66. ამისთჳს თანა-აც სულსა, რომელი ხედვიდეს შინაგანითა თუალითა, რაჲთა არა შთავარდეს მახეთა მათ წინააღმდგომისათა.
67. რამეთუ ვითარცა უკუეთუ ნადირისაჲ ასოჲ შევარდეს მახესა, ყოველივე გუამი მისი შეიპყრობის და ჴელთა მონადირეთასა მივალს, ეგრეთვე გულისჴმა-ვყოთ სულისათჳსცა, ვითარცა სული წმიდაჲ იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ,
68. ვითარმედ: „მახჱ განუმზადეს ფერჴთა ჩემთა, დაამდაბლეს სული ჩემი“, რამეთუ პირველად ეშმაკნი ერთსა რასმე ასოსა შეიპყრობენ და ესრეთ მის მიერ ყოველსავე სულსა ჴელად იგდებენ.
69. და გემოთა მიერ სანოაგეთაჲსა მოვალს სულსა ზედა სიმძიმჱ ჴორცთაჲ.
70. მოიჴსენე სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ცათაჲ ვერ დაიმკჳდრონ“, რამეთუ, რომელსა ენებოს „შესლვაჲ სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელთა მისთა წარტაცებაჲ“, მას არა უყუარს სიმძიმჱ ჴორცთაჲ, არამედ განძლიერდების სულითა.
71. ხოლო ვერვინ განძლიერდეს, გარნა თუ ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სიბრძნჱ ღმრთისაჲ სიცოფე არს სოფლისაჲ წინაშე კაცთა“, ამისთჳს ჯერ-არს პირველად დამდაბლებაჲ და უცხოებაჲ ამის სოფლისაგან,
72. რამეთუ მოვიდა სიტყუაჲ მამისაჲ და გზა-გუექმნა ჩუენ და გჳჩუენა გზაჲ ზეცათაჲსა მის ქალაქისაჲ და გუასწავა ჩუენ, რაჲთა მდაბლითა გულითა ცოფ ვიქმნეთ სოფელსა ამას შინა.
73. ვითარცა წინაწარმეტყუელი ესაიჲ თჳთ იტყჳს უფლისათჳს, ვითარმედ: „ვიხილეთ ძჱ კაცისაჲ და შუენიერებაჲ მისი უპატიო იყო და მოკლებულ უფროჲს ძეთა კაცთასა“.
74. ხოლო აწ თანა-აც ყოველსა, რომელსა ენებოს ძედ ღმრთისა ყოფაჲ, რაჲთა იხილოს თავი თჳსი, უკუეთუ არს შუენიერებაჲ მისი მოკლებულ და უპატიო უფროჲს ყოველთა ძეთა კაცთასა.
75. და უკუეთუ იგინა და არა აღიძრა, და უკუეთუ ზურგი მისი მისცა გუემად და ღაწუნი მისნი ყურიმლის-ცემად და პირი მისი არა გარე-მიიქცია სირცხჳლისაგან და ნერწყჳსა,
76. და უკუეთუ არა უყუარს პატივი ანუ შუენიერებაჲ ამის სოფლისაჲ, არამედ იდევნების და იგუემების ძალისა მისგან წინააღმდგომისა და იყუედრების და შეურაცხ იქმნების ყოველთა მიერ და თავსა თჳსსა დაიმდაბლებდეს.
77. და დაითრგუნვოდის იგი ყოველთა მიერ და „არა აქუნდეს, სადამცა მიიდრიკა თავი თჳსი“ და განისუენა,
78. და რაჲთა იბრძოდის იგი ფარულად და ცხადად, ხილულად და უხილავად, და მრავლითა ჭირითა და ღუაწლითა მოითმენდეს შრომასა მას და გონებასა თჳსსა წინააღუდგებოდის და წარემართებოდის.
79. და უკუეთუ ესე ყოველი მოიგოს, მაშინ იქმნას იგი ძე მაღლისა და ქუეყანასა ზედა ვიდოდის, „და მოქალაქობაჲ მისი აქუნდეს ცათა შინა“ და აიძულებდეს იგი თავსა თჳსსა,
80. რაჲთა იქმნას იგი ბრძენ ქალაქისა მის ზეცათაჲსა და ესრეთ იხილოს უფალმან ღუაწლი და შრომაჲ და ბრძოლაჲ სულისაჲ მის, რამეთუ შეაიწრა თავი თჳსი საწუთროსა ამას.
81. მაშინ ძჱ იგი ჭეშმარიტებისაჲ გამოუჩნდების გულსა შინა მისსა, რომელმან თქუა, ვითარმედ: „დავიმკჳდრო თქუენ თანა და ვიდოდი თქუენ შორის“.
82. მაშინ განძლიერდების სული, მაშინ შეიკრვის ძლიერი იგი მის მიერ და წარიტაცებს იგი ჭურჭელსა მისსა და ნატყუენავსა მას ძლიერისასა მოიტაცებს, რომელნი-იგი არიან, ვითარცა თევზნი ბადესა შინა შეპყრობილნი, სულნი ცოდვისა მიერ.
83. ეგევითარი სული ვალს გუელთა ზედა და ღრიაკალთა და დასთრგუნავს ლომსა და ვეშაპსა და ასპიტსა, და იქედნესა ზედა იქცევის და შევალს იგი ბუდესა მას ვეშაპისასა და წარსტყუენავს შვილთა მისთა ძალითა ფრიადითა.
84. ჵ სულო, პატიოსანო, ჭურჭელო ღმრთისაო, რომელმან თჳსითა განზრახვითა მოატყუ თავსა თჳსსა სიგლახაკე და უპოარებაჲ და ღრუბლისა მიერ ბნელისა დაიფარე და შთაჰჴედ სიღრმესა ზღჳსასა
85. და გემღერიან გუელნი და შეიჭმები მათ მიერ ვითარცა თევზი, გულისჴმა-ყავ თავი შენი, თუ სადა შეპყრობილ ხარ, იცან თავი შენი, თუ სადაჲთ მოხუედ.
86. აჰა ესერა, აღმოგიყვანა, ჵ ჭურჭელო დიდის მეუფისაო, რომელსა ტაძრად ღმრთისა გეწოდა, და იქმენ შენ საყოფელ გუელთა.
87. ხოლო ვითარცა მეკეცემან ქმნის ჴელითა თჳსითა ჭურჭელი პატიოსანი საჴმრად თჳსა და გუელი შევიდის და შეაგინის, ესრეთ გულისჴმა-ყავ თავი თჳსი, ჵ კაცო........
88. ვითარცა სახლისა უფალი მოუწოდს კაცსა მუშაკსა თჳსსა მას ვენაჴსა, რაჲთა ქმნნეს მცნებანი და იცნას თავი თჳსი, მაშინ უკუეთუ მიიხუნეს სულმან მცნებანი ქუეყანასა მას გულისა თჳსისასა,
89. დაასხამს კეთილსა მას ნერგსა და გამოიღის ვენაჴმან ფრიადი ნაყოფი და განეფინის იგი მცნებათა ქუეშე ღმრთისათა და იფარვინ მიერ, არა განჴმის იგი სიცხისაგან, რომელ-იგი არს ძალი წინააღმდგომისაჲ.
90. მაშინ სული იგი შევალს დიდსა სიხარულსა და მოელის თჳსსა მას უფალსა, თუ ოდეს მოვიდეს და იხილოს ნერგი იგი კეთილი და შუებული ქუეყანასა მას შინა გულისასა.
91. მაშინ სახლისა უფალი იგი იხარებნ მუშაკსა მას ზედა და სული იგი განისუენებნ სიტყუასა მას ზედა.
92. ხოლო აწ აღმოჰფხუარ, ძმაო, ფარული იგი კლდჱ ქუეყანისაგან გულისა შენისა და ყოველივე იგი წულილი ქვაჲ, გარე განაგდე „ეკალი და კუროჲსთავი“ და ნუ მოიწყინებ არამედ, რამეთუ არა მარტოჲ ხარ, არამედ ძალი იგი საღმრთოჲ შეგეწევის შენ.
93. ამისთჳსცა ნუ მოიწყინებ, ისწრაფე, რაჲთა მიიწიო და განისუენო და შვილ მაღლისა გეწოდოს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შვილნი ჩემნი სიტყუასა ზედა ჩემსა არიან“.
94. ამისთჳსცა ნეტარ არიან, რომელნი მოსწრაფებით რბიან, რომელნი–იგი მიიწინენ და განისუენონ.
95. ხოლო ვაჲ არს სულისა მისთჳს, რომელმან არა იზრუნოს ქუეყანაჲ იგი გულისა თჳსისაჲ და არა ევედროს მეუფესა, რაჲთამცა მოსცა მას კუერი და მოქლონი რკინისაჲ და გამოაგდომცა ფარული იგი და უნაყოფოჲ კლდჱ
96. და არცა იზრუნა მან ეკალთა და კუროჲსთავთაჲ, არამედ არს ქუეყანაჲ იგი ესრეთ კორდ და უნაყოფჲ და იგი დღითი დღე ადროებს და გარეგანი ოდენ სახჱ დაუმარხავს, ხოლო შინაგანსა არა მიუხედვან.
97. და არს ამპარტავანებით და ზუაობით „ჩუენებად კაცთა“.
98. ხოლო ეგევითარი იგი სული აქავე მიიღებს მადლსა თჳსსა.
99. და რაჲ ყოს, ოდეს იგი განვიდეს ჴორცთაგან?
100. ოდეს თითოეულმან უჩუენოს ვენაჴი თჳსი მეუფესა, რაჲ არქუას სულმან, რაჟამს იხილოს ქვეყანაჲ თჳსი ოჴრად და უნაყოფოდ?
101. და სხუათა მათ სულთა ხედვიდეს, ვითარმედ შურეს ქუეყანაჲ მათი და იყვნენ იგინი ფრიადითა დიდებითა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „განბრწყინდენ პირნი მათნი, ვითარცა მზჱ“.
102. მაშინ გულისჴმა-ყოს სულმან მან, ვითარმედ აცთუნის იგი ამპარტავანებამან და ცუდად მზუაობრობამან.
103. ხოლო უკუეთუ იხილოს და გულისჴმა-ყოს სულმან, ვიდრე ჴორცთა შინა იყოსღა, ვითარმედ ემღერიან მას სულნი იგი უკეთურნი, ჴმა-ყავნ ღმრთისა მიმართ ყოვლითა გულითა და თქუნ: „სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ წყურიელი არს შენდამი.
104. მსთუად შეგესემინ, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა...“ და ეგევითარი იგი, რომელი დაამდაბლებდეს თავსა თჳსსა, ფრიადსა ძალსა შინა არს, ვითარცა იტყჳს,
105. ვითარმედ: „გული შემუსრვილი და სული მდაბალი არა შეურაცხ-ყოს“ და „მსხუერპლ ღმრთისაჲ არს სული მდაბალი, და გული და სული შემუსრვილი და მდაბალი შემძლებელ არს წინააღდგომად სულთა მათ უკეთურთა“ და გამოძიებად არსებისა თჳსისა.
106. ნეტარ არიან, რომელნი მოსწრაფებით რბიან მცნებათა შინა, რამეთუ იგინი მიიწინენ სისრულესა.
107. ამისთჳს მოვიდა უფალი ქუეყანად, რაჲთა ჩუენ ვირწმუნოთ ჭეშმარიტებაჲ და გარდამოჴდა და აღჴდა, რაჲთა ჩუენ შეუდგეთ მას.
108. იქმნა იგი, ვითარცა ჩუენ ვართ, რაჲთამცა ჩუენ ვიქმნეთ, ვითარცა იგი არს.
109. მჴედარი იგი დიდებული, რომელი იქმნ ერთგულებით ნებასა მეუფისასა და უჩუენებნ მას, რაჲთა შევიდეს მწყობრსა შინა უცხოთესლთასა წინააღმდგომად და ბრძოლად და აღჴოცად მტერთა მათ,
110. რაჲთა მიიღოს მან თჳსი იგი ქუეყანაჲ და იხილოს დიდებაჲ თჳსი, რომელი აღუთქუა მას მეუფემან, „რომელი თუალმან არაჲ იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა“.
111. ეგევითარმან შეიმოსოს საჭურველი სიტყჳსაებრ მოციქულისა, რომელსა იტყჳს ვითარმედ: „შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ“ და შემდგომი ამისი.
112. და ესრეთ ჟამსა მას ბრძოლისასა აღჳრ-ასხამს ცხენსა თჳსსა, რაჲთა კუალსა ზედა გონებისასა ვიდოდის ცხენი იგი,
113. ხოლო უკუეთუ მიუშუას ჴელითა მით გონებისაჲთა, მაშინ პოვის ჟამი ცხენმან და უგუნურებისაებრ თჳსისა წარიტაცის ზედამჯდომარჱ იგი თჳსი და დასცის შორის მწყობრსა უცხოთესლთასა.
114. მაშინ იცინოდიან მას უცხოთესლნი იგი, რამეთუ დიდებული იგი მჴედარი შეპყრობილ იქმნა მათ მიერ, მიერითგან იჴმარიან იგი რჩულისაებრ მათისა.
115. ხოლო მჴედრად ვიტყჳ სულსა, რამეთუ იგი არს უფალი ჴორცთაჲ და ჰყვანან მას იგინი, ვითარცა ცხენნი.
116. ამისთჳს თანა-აც სულსა, რაჲთა იპყრას კეთილად ლაგამი იგი ჴორცთაჲ და უძღოდის მას სულისა მიმართ წმიდისა, უკუეთუ კულა დამორჩილდეს სული ნებასა ჴორცთასა და ვიდოდის იგი გულისსიტყჳსაებრ თჳსისა,
117. ეგევითართა სულთა სული წმიდაჲ წინასწარმეტყუელისა მიერ ეტყჳს: „ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომლისა თანა არა არს გულისჴმის–ყოფა“.
118. რამეთუ სული, რომელი ნებასა ჴორცთა თჳსთასა შეუდგეს, იგი არს, ვითარცა ცხენი და ჯორი, და არა არს მის თანა გულისჴმის-ყოფაჲ სიყუარულისაჲ, რამეთუ სადა არს რისხვაჲ და შური და ჴდომაჲ და ამპარტავნებაჲ, მუნ არა არს გულისჴმის-ყოფაჲ სიყუარულისაჲ.
119. ამისთჳს, ვითარცა პირველად ვთქუ, სული, რომელი აღასრულებდეს ნებასა და გემოსა ჴორცთასა, იგი წარიტაცების მათ მიერ და შეურაცხ იქმნების.
120. ხოლო აწ, ძმანო, არა მცირედი ღუაწლი გჳნებს, რაჲთა განვაპოთ სიკუდილი და განვლოთ ცხორებად.
121. წერილ არს, ვითარმედ: „სასუფეველი ცათაჲ თქუენ შორის არს“, განსუენებაჲ და სიხარული.
122. ხოლო აწ ვისწრაფოთ, რაჲთა არა სასუფეველისა წილ იპოვოს ჩუენ თანა სიკუდილი და წარწყმედაჲ სულისაჲ და მბრძოლი და წარმტყუენველი ჩუენი.
123. ამისთჳს თანა-აც სულსა, რაჲთა არა განისუენოს ყოვლადვე, ვიდრემდე დაჰფლას წარმტყუენველი თჳსი, რომელ არს გუამი ესე.
124. „მაშინ დაილიოს ყოველივე სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულთქუმაჲ“, რამეთუ აღმოეცენა წყალი „ქუეყანასა წყურიელსა“ და იქმნა უდაბნოჲ იგი განმამრავლებელ წყალთა, რამეთუ, აჰა ესერა, აღუთქუა უფალმან, რაჲთა გუალული იგი უდაბნოჲ და წყურიელი აღივსოს წყლითა ცხოველითა.
125. პირველად წინაწარმეტყუელისა მიერ იტყჳს: „მე მივსცე წყალი წყურიელთა, რომელნი-იგი ვლენან ურწყულთა შინა“.
126. ხოლო მოვიდა რაჲ უფალი და „ხატად და მსგავს ჩუენდა იქმნა“, რაჲთა გუასუას წყალი იგი ცხოველი და წყურილი იგი სულთაჲ დააცხრვოს, რომლითა შეპყრობილ იყო და ესრეთ იტყჳს უფალი:
127. „რომელმან სუას წყლისა ამისგან, რომელი მე მივსცე, მას არა მოეწყუროს უკუნისამდე“, რამეთუ იყოს იგი მის შორის წყარო წყლისა მდინარისა ცხორებად საუკუნოდ.
128. ხოლო ჯერ-არს, ძმანო, რაჲთა სიტყუაჲცა იგი მოციქულისაჲ გამოვიძიოთ და გულისჴმა-ვყოთ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნას, განხრწნას იგი ღმრთმან.
129. რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ ხართ თქუენ“.
130. არამედ ფრიად გულისჴმა-ვყოთ სიტყუაჲ იგი, რამეთუ თჳთვე კუალად იტყჳს, ვითარმედ: „განიწმიდენით გონებანი თქუენნი და ყოველივე მაღალი, რომელი ამაღლდების გულისჴმის-ყოფასა ზედა ღმრთისასა“.
131. რამეთუ მეფე, რომელმან აღაშენა ქალაქი და ტაძარი მას შინა და დასხნა მუნ საუნჯენი დაფარულნი და მისცა იგი მნესა თჳსსა და ჰრქუა მას: „ამას ყოველსა მოგცემ შენ ჴელმწიფებით, დაჰმარხე ქალაქი ესე და ყოველი რაჲ არს მას შინა,
132. ესე ხოლო გამოგიცხადე შენ, გაქუნდინ საშუებელად შენდა, და ერთი ესე, რომელი გამცენ შენ, ნუ შჭამ მაგისგან, რაჲთა არა სიკუდილითა მოჰკუდე.
133. აჰა ესერა, ზღუდენი ჩემნი მაღალ არიან და ბჭენი ჩემითა სიბრძნითა ქმნილ არიან, რაჲთა ვერვის ძალ-ედვას განღებაჲ მათი, არამედ შენდა ოდენ მოცემულ არს ჴელმწიფებაჲ განღებად და დაჴშვად.
134. ხოლო აწ ნუ ისმენ მძლავრისა მის სიტყუასა, რაჲთა არა წარიტყუენო და იყო მონაჲ მისი და იქმოდი საქმეთა მისითა“.
135. და ესე ამცნო მას და წარვიდა.
136. მაშინ მოუჴდა მას უცხოჲ ვინმე მძლავრი და ჰრქუა მას: „რად არა ხარ შენ ჴელმწიფე ყოველსა ზედა, რომელ არს ქალაქსა მაგას შინა?
137. შემიწყნარე მე და ისმინე განზრახვაჲ და იყო შენ სწორ მეფისა“.
138. ხოლო მნესა ესმა რაჲ ესე, მეყსეულად დაავიწყდა მას მეფე იგი თჳსი და მცნებაჲ იგი და ნებითა თჳსითა განუღო კარი ქალაქისაჲ და შეიწყნარა მძლავრი იგი და მჴედრები მისი.
139. მაშინ აღეძარცუა მნესა მას სამოსელი იგი, რომელი ემოსა და იპოვა იგი მეყსა შინა შიშუელი, რამეთუ აჭირვებდეს და აშრომებდეს მას მჴედარნი იგი მძლავრისაჲ მისნი, რაჲთამცა იქმოდა ბრძანებასა მათსა.
140. ხოლო მეფესა მას აქუნდა ჴელმწიფებაჲ ყოფად, რაჲცა ენებოს.
141. და ესრეთ უშიშად მოიძია მნე იგი თჳსი და იხილა იგი ესევითარსა უპატიოებასა შინა და ჰრქუა მას: „მიგანდვე შენ ქალაქი ჩემი, რად განმეშორე? რაჲსათჳს შეურაცხ-მყავ მე?
142. რომელი-რაჲ იყო ქალაქსა მაგას შინა ყოველი ჴელმწიფებასა ქუეშე შენსა იყოა და რად ურჩ მექმენ მცნებასა ჩემსა და დაემორჩილე მძლავრსა მაგას?
143. და აწ გხედავ შენ, ვითარმედ ხარ შენ მონებასა მისსა.
144. მე დავაფუძნე ქალაქი, რაჲთა ჰსუფევდე ჩემ თანა, ხოლო შენ განმეშორე მე და აწ ვხედავ თავსა შენსა, ვითარმედ ხარ შენ გლახაკ და შიშუელ.
145. ხოლო უკუეთუ გნებავს კუალად პირველსავე მას დიდებასა მოსლვაჲ, ვითარცა-იგი დაუტევენ მცნებანი და ისმინე მძლავრისაჲ მის, ეგრეთვე კუალად დაუტევე სიტყუაჲ მისი და მოიქეც ჩემდავე და ისმინე ჩემი და იქმოდე ნებასა ჩემსა.
146. არამედ ფრიადითა შრომითა და „ოფლითა პირისა შენისაჲთა მიღებად-გიც პირველი დიდებაჲ შენი, მოცემულ იყო შენდა უშრომელად და შენ წარსწყმიდე სამკჳდრებელი შენი“.
147. ხოლო აწ, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ თითოეულმან, თუ რაჲ წარგჳწყმედია და მოვიგოთ ჩუენ გლოვაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რამეთუ „სამკჳდრებელი ჩუენი მიეცა უცხოთა“ ურჩებისათჳს ჩუენისა და აღსრულებისათჳს ნებათა ჩუენთაჲსა.
148. და რამეთუ გუეჰამებიან ჩუენ შეგინებულნი და სოფლისა გულისსიტყუანი, რაჟამს გონებაჲ ღმრთისაგან განეშოროს და მოიცალოს მან მცნებათაგან ღმრთისათა,
149. მაშინ შეექცევის იგი გულისსიტყუათა მათ ბოროტთა, რომელთა მიერცა შეპყრობილ არიან, ამისთჳს, ვითარმედ ფრიად განეშორა სული ღმრთისაგან და ვიქმნენით ჩუენ, ვითარმცა არა გუესუა მამაჲ.
150. ამისთჳს თანა-აც, რომელსა აქუნდეს ტკივილი სულისათჳს თჳსისა, „რაჲთა განიწმიდნეს გულისსიტყუანი თჳსნი და ყოველი სიმართლჱ, რომელი ამაღლდების გულის-ჴმის-ყოფასა ზედა ღმრთისასა“.
151. და უკუეთუ კაცი ესრეთ იღუწიდეს, რაჲთამცა ტაძარი იგი ღმრთისაჲ შეუგინებელად დაჰმარხა, მაშინ მოვალს მისა, რომელმან-იგი თქუა: „დავიმკჳდრო და ვიდოდი თქუენ შორის“.
152. მაშინ მიიღებს სული იგი თჳსსა მას სამკჳდრებელსა და იქმნების ტაძარ ღმრთისა და განაძებს იგი უკეთურსა მას მჴედრობითურთ თჳსით და მიერითგან სუფევს სული იგი.
153. იხილეთ, ვითარ შეიყუარა ღმერთმან და პატივ-სცა მას ხატითა და მსგავსებითა თჳსითა და ადიდა იგი.
154. ხოლო მან უგულებელს-ყო და განარისხა იგი.
155. რამეთუ, ვითარცა დაენერგვის ნერგი მცირე და არს იგი ხატი და მსგავსებაჲ სრულისა ხისაჲ, ეგრეთვე სული ვითარცა ნერგი დაენერგა სამოთხესა შინა, რაჲთა აღორძნდეს და ნაყოფი გამოიღოს.
156. ხოლო ურჩებითა გარდაჰჴდა იგი მცნებასა და ბოროტითა მით გონებითა გამოიღო ნაყოფი იგი ცოდვისაჲ და ვითარცა თჳსითა ნებითა აღორძნდა სიბოროტესა შინა,
157. ეგრეთვე თანა-აც, და თჳსითავე ჴელმწიფებითა აღმოჰფხურას ნერგი იგი სიბოროტისაჲ, დამყნას თჳსსავე ზეთისხილსა ზედა, სიტყჳსა მისებრ მოციქულისა.
158. ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ ღმერთი სულსა ნერგსა მიამსგავსებს, ისმინე, რასა იტყჳს ღმერთი წინაწარმეტყუელისა მიერ, რაჟამს-იგი ნეტარებითა მით გარე-მიაქცევდა სულსა განზრახვისა მისგან უკეთურებისა და აყენებდა დადგრომად გზასა ცოდვილთასა,
159. რაჲთა წარემართოს სული იგი და დღე და ღამჱ შჯულსა მისსა იმარხვიდეს, იწურთიდეს და ესრეთ იტყოდის: „იყოს იგი, ვითარცა ხჱ, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცეს ნაყოფი თჳსი ჟამსა თჳსსა“.
160. ხოლო სული, რომელი გზასა ურჩულოებისასა ვიდოდის და განზრახვათა შინა ბოროტთა, ეგევითარისა მის სულისათჳს იტყჳს: „არა ესრე უღმრთონი, არა ეგრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა“.
161. გულისჴმა-ყავ აწ განყოფანი ორთა მათ სულთანი: რამეთუ რომელი შრომით და მოწყალებით შეყოფილ იყოს მცნებათა ღმრთისათა, მის ზედა მოვალს სიმდიდრჱ სულისა წმიდისაჲ და ესრეთ განძლიერდების სული იგი და მოვალს „საზომსა“, რომელი გჳჩუენა ჩუენ უფალმან.
162. ხოლო სული, რომელი ცოდვასა შინა იყოს და განზრახვასა შინა ბოროტსა და გული უთქმიდეს დადგომად გზასა ცოდვისასა, იგი სუბუქ არს და ვიდრეცა ენებოს მტერსა, წარიტაცებს და ემღერის მას ვითარცა ჰაერთა შინა.
163. რამეთუ წინაშე ღმრთისა ყოველი ცხად არს და მან უწყნის განზრახვანი გულთა ჩუენთანი და გზანი სულთა ჩუენთანი უწყნის.
164. ამისთჳსცა, ძმანო, გევედრები, განვაქარვოთ ვნებაჲ ჩუენი ჴორციელი, და არა ვიტაცებოდით მტერისა მიერ, „ვითარცა მტუერი“ ქარისაგან.
165. არამედ შევეყვნეთ მცნებათა უფლისათა, რაჲთა სიმდიდრე იგი სულიერი მოვიგოთ და ვისწრაფოთ აღორძინებად მსგავსად ნერგისა, რომელი პირველ ვთქუთ.
166. რამეთუ ვითარცა ჩჳლი, რომელი იშვის, არნ იგი ხატ სრულისა კაცისა, ეგრეთვე სულიცა ხატ არს დამბადებელისა.
167. და ვითარცა ჩჳლი, რომელი აღიზარდებოდის, უფროჲს და უფროჲსად მიიღებს სიყუარულსა მამისა თვისისა, ხოლო ოდეს მოვიდეს სრულსა ჰასაკსა, მაშინ იცნობს სრულიად ძჱ მამასა და მამაჲ ძესა და გამოეცხადებიან მას საუნჯენი მამისა თჳსისანი ხოლო,
168. რაჟამს-იგი განისწავლოს სიბრძნითა სულისაჲთა, ეგრეთვე სულსა ეგულებოდა წარმართებაჲ უწინარეს ურჩებისა და მოსლვაჲ საზომსა სრულსა.
169. არამედ ურჩებისაგან სიჩჩოჲსაცა იგი სიყუარული დაფარულ იქმნა და მცირედ რაჲმე დაშთომილ არს მისგან და შევიდა იგი სიღრმესა უგულისჴმოებისასა და უფსკრულსა დავიწყებისასა და მღჳმესა ცთომისასა შთავიდა.
170. და დაიმკჳდრა ბჭეთა ჯოჯოხეთისათა და განეშორა სული ფრიად მცნებისაგან უფლისა და ვერღარა შემძლებელ იყო პოვნად მისა ანუ თუ შემეცნიერებად მისა.
171. არამედ ღმერთი პირველად წინაწარმეტყუელთა მიერ ასწავებდა მას, რაჲთამცა მოიქცა, ხოლო უკანაჲსკნელთა მათ ჟამთა მიუწთომელმან და მოუგონებელმან, რომელსა არცა დასაბამი აქუს, არცა დასასრული, ნეტარმან სამებამან, განუყოფელმან განზრახვითა მიუწთომელი იგი არსებაჲ,
172. ამან ღმერთმან ჩუენმან, მიუთხრობელმან და გამოუთქუმელმან თჳთ თავისა თჳსსა მცნება იქმნა განგებულებით და ჩუენთჳს თჳთ თავი თჳსი მოავლინა.
173. და მო-რაჲ-ვიდა ძჱ მამისა მიერ, რომელმან განაქარვა ცთომაჲ და ბჭენი იგი ჯოჯოხეთისანი განუღებელნი განახუნა და სულისა მიმართ ცთომილისა,
174. რაჲთა თჳთ სულმან სახჱ იპოვოს და შეუდგეს მას, ვიდრე პირველად ხატადმდე და მაშინ შეეყოს მცნებასა მას და შეერთოს მას, რაჲთა ურჩებისა მისგან მოვიდეს სიყურულსა მას პირველსა.
175. ხოლო პირველისა მის სიყუარულისაგან მცნებისა მიერ პოვოს განსუენებაჲ, რომელ არს სრული იგი სიყუარული.
176. აჰა, სიყუარული იგი და მოწყალებაჲ გამოუთქუმელი მეუფისაჲ!
177. თავსა თჳსსა მფრინველსა მიამსგავსებს, რაჲთა შეცთომილი იგი სული მიივლტოდის ფრთეთა ქუეშე მისთა და ესრეთ იტყჳს ცხოველსმყოფელი „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ თქუენი, ვითარცა მფრინველმან რაჲ შეიკრიბნის მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა და არა ინებეთ“.
178. რამეთუ იტყჳს: „რომელსა უყუარდე მე, შეყუარებულ იყოს მამისა მიერ ჩემისა და მეცა შევიყუარო იგი და გამოეცხადოს მას თავი ჩემი“.
179. და სხუასა მრავალსა გუასწავებს ჩუენ და რაჲთა შევიდეთ ფრთეთა ქუეშე დედისა ჩუენისათა, რომელ არიან მცნებანი მისნი, რაჲთა ესრეთ განჴურდეს სული სიტყჳსა მიერ და განძლიერდეს.
180. მაშინ მოეჴადების მას საბურველი იგი და იშვების სულითა, რაჟამს-იგი გამოცხადნის ქრისტე შორის მისსა.
181. და მერმე შეეყოფვის გარეშეუწერელსა მას წყაროსა, დაუსაბამოსა მას გონებასა.
182. აწ გულისჴმა-ყავ, სულო, უკუეთუ ხარ ფრთეთა ქუეშე დედისა შენისათა და ნუ გამოხუალ მიერ, რაჲთა არა წარსწყმდე გუელთა მიერ, რამეთუ მოვიდა მაცხოვარი, რაჲთა გაცხოვნოს და განაახლოს სული და წარწყმიდოს უცხოჲ იგი, რომელ არს ბრმაჲ და ღამისა თესლი.
183. რაჲთა გამოაჩინოს უფალმან თჳსი სიყუარული მის ზედა, რაჲთა განვლნეს სულმან მან „მთავრობანი და ჴელმწიფებანი“ და შეეყოს ნაყოფიერი ნათელი ნათელსა ნეტარსა.
184. ეჰა, ფრთენი იგი განმარტებულნი, ეჰა, მოწყალებაჲ იგი დიდი დედისაჲ. ამენ.
4
1. თქმული მისივე თავი 4
2. რამეთუ ვითარცა სხუაჲ არს იფქლი და სხუაჲ არს ცხრილი და სხუაჲ არს მწმდელი მისი, რომელი წმედნ ცხრილითა მით იფქლსა.
3. აჰა ესერა, იფქლი ცხრილსა შინა კაცისა მიერ დაუცხრომელად იქცევის.
4. ეგრეთვე საქმეთა მიერ ქუეყანისთა ყოველნი შეუკრვან უკეთურსა მას და აღსძრავს მათ და აბრკოლებს გულისსიტყუათა მიერ ამაოთა და ბილწთა და გულისთქუმათა მიერ და საკრველთა ამის სოფლისათა და ესრეთ აცთუნებს და მიმოუტაცია ყოველი ცოდვილი ნათესავი ადამისი,
5. ვითარცა უფალი მოციქულთა ეტყოდა ბრძოლისა მისთჳს ეშმაკისა, რომელი მათ ზედა მომავალ იყო და თქუა,: „რაოდენგზის გამოგითხოვნა თქუენ ეშმაკმან, რაჲთამცა აგცრნა, ვითარმცა იფქლი და მე ვევედრე მამასა ჩემსა, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ თქუენი“.
6. რამეთუ ბრძანებაჲ იგი დამბადებელისაჲ, მიეცა კაენს ცხადად, ვითარმედ – „იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა“, იგი სიტყუაჲ დაფარულად სახე არს ცოდვილთაჲ,
7. რამეთუ ვინაჲთგან გარდაჰჴდა მცნებასა ნათესავი ადამისი და იქმნა იგი ცოდვილ, მისი სახე არს ფარულად და ირყევის იგი თითოსახეთა გულისსიტყუათაგან ძრწოლით და შიშით და ყოვლითავე აღძრვისა,
8. ხოლო უკეთური იგი მძლავრი ამის სოფლისაჲ გულისთქუმითა ბოროტითა და ყოვლითავე ღონითა აჭირვებს ყოველსავე სულსა, რომელი არა შობილ არს ღმრითსაგან, გემოჲთა ჴორცთაჲთა ძრწოლითა და შიშითა აცთუნებს მათ.
9. რამეთუ უფალიცა გამოაჩინებს მათ, რომელნი ცთომასა და ნებასა ეშმაკისასა შედგომილ არიან, გამოაჩინებს მათ რამეთუ მსგავს კაენისა არიან უკეთურებითა.
10. ამხილებდა მათ და ეტყოდა ვითარმედ: „თქუენ ნებასა მამისა თქუენისასა ჰყოფთ კაცისმკლველისასა, რამეთუ იგი კაცისმკლველი არს დასსაბამითგან და ჭეშმარიტებასა შინა არა დაადგრა“.
11. ამისთჳსცა ყოველი ცოდვილი ნათესავი პირველისა ადამისი შიშით და ძრწოლით ეშმაკისა მიერ იქცევინ და საშჯელი იგი კაენისი ფარულად მოუგია.
12. და ვითარცა ერთისა მის ადამისგან ყოველი ნათესავი კაცთაჲ განეფინა ქუეყანასა ზედა, ეგრეთვე ერთი იგი უკეთურებაჲ ყოველსავე ცოდვილსა ზედა ნათესავსა კაცთასა მიეფინა და
13. ერთი იგი მთავარი სიბოროტისაჲ აჭირვებს და სოფლისა გულისსიტყუათა შინა აქცევს, ამაოებათა და შფოთთა შინა.
14. რამეთუ ვითარცა ერთი ქარი კმა-ეყოფვის შერყევად ყოველთავე ხეთა და ნერგთა და მცენარეთა ქუეყანისათა, ანუ ვითარცა ერთი იგი ბნელი ღამისაჲ ყოველსა ქუეყანასა ზედა განეფინების,
15. ეგრეთვე მთავარი იგი უკეთურებისაჲ არნ ბნელი რაჲმე სიტყჳერი სიბოროტისაჲ და სიკუდილისა მომატყუებელი.
16. და არს იგი, ვითარცა ქარი რაჲმე ბოროტი, ფარული და მწარჱ, რომელი აღელვებს ნათესავსა კაცთასა და აქცევს დაუდგრომელთა გულისსიტყუათა შინა და გულისთქუმათა ამის სოფლისაჲთა აცთუნებს გულთა მათთა.
17. და სიბნელითა და უგულისჴმოებითა და გულფიცხელობითა აღავსებს ყოველსა სულსა, რომელი არა ღმრთისაგან შობილ იყოს და სხუასა სოფელსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჩუენი მოქალაქობაჲ ზეცათა შინა არს“...............
18. ხოლო მცირედნი ვინმე არიან ფრიად, რომელთა მოიგეს კეთილსა დაწყებასა ზედა დასასრულიცა კეთილი და განვლეს, ვიდრე აღსასრულადმდე დაუცემელად და ერთი იგი სიყუარული დაიმარხეს ღმრთისა მიმართ და მისთჳს ყოვლისაგან ქუეყანისა მოსწყჳდნენ თავნი მათნი.
19. რამეთუ მრავალნი მიიღებენ მადლსა ზეცისასა და ტრფიალებითა საღმრთოჲთა განიგურიმებიან.
20. არამედ ღუაწლთა მათთჳს და ტკივილთა და განსაცდელთა, რომელთაჲ თანა-აც თავს-დებაჲ უკეთურისა მიერ, ვერ მოითმინიან, არამედ მიდრკიან თითოსახეთა გულისთქუმათა, რამეთუ თითოეულსა მათსა თჳსი ნებაჲ აქუს,
21. რაჲთამცა შეიყუარა რაჲმე ამის სოფლისაჲ და არა მოეკუეთნიან თავნი მათნი ყოვლისაგანვე სიყუარულისა მისისა.
22. და ამისთჳს დაშთეს და დაინთქნეს უფსკრულსა შინა ამის სოფლისასა თჳსისა ნებისა უძლურებისათჳს და დაჴსნილობისა და სიყუარულისათჳს ამაოჲსა.
23. რამეთუ რომელთა ენებოს, რაჲთა ვიდრე აღსასრულამდე კეთილსა მოქალაქობასა შინა იყვნენ, მათ თანა-აც, რაჲთა სიყუარულსა მას თანა ღმთისასა სხუაჲ სიყუარული არა შეჰრიონ ნეფსით მათით, არცა შეიწყნარონ,
24. რაჲთა არა დაეხრწიოს მათ გზაჲ მათი და შეიქცენ უკუღმართ და წარწყმდენ.
25. რამეთუ ვითარცა დიდ და მიუთხრობელ არიან და გამოუთქუმელ კეთილნი იგი ღმრთისა მიერ აღთქუმულნი, ეგრეთვე დიდი სარწმუნოებაჲ და სასოებაჲ და შრომანი და მოღუაწებანი და განსაცდელნი უჴმან, რომელსა ენებოს მათი მოგებაჲ,
26. რამეთუ არამცირედნი რაჲმე კეთილნი არიან, რომელნი-იგი კაცისათჳს განმზადებულ არიან, არამედ მოუგონებელ არიან ყოვლადვე.
27. მითხარღა ჵ კაცო, სასუფეველისათჳს ცათაჲსა გსურიან და ქრისტეს თანა სუფევაჲ უკუე გნებავს, და ჭირთა და განსაცდელთა მცირედისა ამის ჟამისათა ვიდრე სიკუდილადმდე არა თავს-ვიდებთ?
28. არა გესმისა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელსა იტყჳს ვითარმედ: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე?“
29. და კუალად იტყჳს: „უკუეთუ არა მოიძულოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი, ცოლი და შვილნი, ძმანი და დანი და სულიცა თჳსი, ვერ ძალ-უც მოწაფე ჩემდა ყოფად“.
30. ხოლო მრავალთა კაცთა სურის სასუფეველისათჳს და დამკჳდრებაჲ საუკუნოჲსა მის ცხორებისაჲ ჰნებავს და ნებათა მათთა მოკუდინებაჲ არა ჰნებავს,
31. არამედ შედგომითა ნებისა მათისაჲთა და ეშმაკისა, რომელ-იგი არს დამთესველი ამაოებისაჲ, და არა უვარ-ყოფითა მისითა ეგულების ცხორებისა მოგებაჲ.
32. ხოლო ესე შეუძლებელ არს, რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ ჭეშმარიტ არს, ვითარმედ: იგინი დარჩებიან დაუცემელად, რომელთა მცნებისაებრ ღმრთისა უვარ-ყვნეს თავნი მათნი ყოვლითურთ და განაგდეს მათგან ყოველივე ამის სოფლისა საკრველი და გულისთქუმაჲ და განცხრომანი და უცალოებანი,
33. და იგი ოდენ არს მარადის წინაშე თუალთა მათთა და მცნებათა მათთა დაცვისათჳს სურიან.
34. ამისთჳსცა საცნაურ არს, ვითარმედ თჳთეული თჳსითა ნებითა განმოვარდების სასუფევლისაგან, რამეთუ არა უარ-ყვის თავი თჳსი და არცა ინების ყოვლითა გულითა შრომაჲ, არამედ სიყუარულსა მას თანა ღმრთისასა სხუაჲცა რაჲმე სიყუარული შეჰრთის.
35. და არა არნ სიყუარული იგი მართლიად უფლისა მიმართ, არამედ აღრეულ არნ იგი გემოთა და გულისთქუმათა საწუთროჲსათა.
36. და ერთითა სახითა გულისჴმა-ვყოთ ყოველივე, რამეთუ კაცი ყოველსა გულისჴმა-ჰყოფს, ვითარმედ ბოროტ არს, რომელსა-იგი იქმს, არამედ სიყუარულისაგან მისისა იძლევის.
37. და პირველად გულსა შინა კაცისასა იქმნების ბრძოლაჲ და დაიდგმის საზომი იგი და უღელი სიყუარული ღმრთისაჲ და სიყუარული ამის სოფლისაჲ და მერმე გამოვალს გარეშე და გინა თუ შფოთსა დახუდის კაცი, მაშინ განიკითხავნ თავსა თჳსსა და იტყჳნ: „ვთქუა, ანუ არა ვთქუა?“.
38. და იგონებნ ღმერთსა და შიშსა მისსა და კუალად ჰნებავნ თავისა თჳსისაცა დიდებისა მოტყუებაჲ და არა უვარ-ყვის თავი თჳსი.
39. ხოლო უკუეთუ დამძიმდეს სიყუარული სოფლისაჲ უღელსა მას შინა გულისასა, მაშინ მოვალს სიტყუაჲ იგი ბოროტი ბაგეთამდე.
40. მერმე, ვითარცა მშჳლდსა, მოიზიდავნ გონებაჲ ენასა და მის მიერ, ვითარცა ისართა, განუტეობნ სიტყუათა უჯეროთა მოყუსისა მიმართ, რომელნი-იგი იყვნიან გარეშე მცნებისაგან ღმრთისა, რამეთუ დამძიმდის იგი სიყუარულითა ამის სოფლისაჲთა ნეფსით თჳსით და ეძიებნ დიდებასა თჳსა.
41. და ესრეთ ჰგურემნ მოყუასსა თჳსსა სიტყჳთა უჯეროჲთა, ვიდრემდე განეფინის ცოდვაჲ იგი ასოთამდე და ვიდრე ჴელისა მიყოფამდე, ანუ წყლულებამდეცა.
42. და ერთმანერთისა იგი ასოები ურთიერთას იბრძვინ, ნუუკუე სიკუდილამდეცა მივიდის.
43. აწ იხილეთ ძმანო, თუ სადაჲთ დაიწყო და სადა მოჰჴდა აღსასრული მისი, რამეთუ დამძიმდა იგი სიყუარულითა დიდებისა სოფლისაჲთა ნეფსით თჳსით.
44. ხოლო ესე ყოველი ბოროტი წარეკიდების, რამეთუ არა უვარ-ყვის თავი თჳსი, არამედ უყუარნ სოფელი ესე.
45. ხოლო ეგრეთვე მსგავსად გულისჴმა-ყავ ყოველსავე ცოდვასა ზედა, რაჟამს-იგი უკეთურებაჲ გონებასა მისსა მიიზიდავნ მისა მიმართ გულისთქუმითა და სიყუარულითა და გემოვნებითა ამის სოფლისაჲთა და ესრეთ აღესრულების ყოველივე საქმჱ ბოროტი:
46. ესრეთ მრუშებაჲ და პარვაჲ, ესრეთ ანგაჰრებაჲ და სიმაღლე, ესრეთ დიდებისმოყვარებაჲ და ცუდად მზუაობრობაჲ და შური და ვეცხლისმოყუარებაჲ და ყოველივე საქმჱ ცოდვისაჲ.
47. და მრავალგზის კეთილსა რასმე აღასრულებნ დიდებისათჳს ცუდისა კაცთაჲსა, რომელ-იგი შერაცხილ არნ ღმრითსაგან უსამართლოებისა და პატიჟისა სწორად და სხუათა ცოდვათა.
48. „რამეთუ ღმერთმან განაბნინის ძუალნი კაცთა მოთნეთანი“, რამეთუ ეშმაკი მრავალღონე არს და ჰნებავს, რაჲთამცა კეთილიცა ჩუენი ბოროტად გარდააქცია.
49. ერთი რაჲმე სიყუარული, რომელი აქუნ კაცსა შეკრულ არნ ნეფსით თჳსით და იგი ექმნის მას ჯაჭუ და საკრველ და ტჳრთ მძიმე და დამანთქმელ ზღუასა მას შინა ამის სოფლისასა და არა უტევებნ მას ღმრთისა მისლვად, რამეთუ რომელიცა შეიყუარა, მას მიერცა მიიზიდვის.
50. და ამას ჰკიდავს უღელი იგი გულისაჲ დ გამოიცადების ყოველივე ნათესავი კაცთა ქრისტეანეთაჲ, რომელნი ქალაქთა შინა არიან, გინა თუ მთათა, ანუ თუ მონასტერთა, ანუ უდაბნოთა ადგილთა,
51. თუ ღმერთი ოდენ უყუარს, ანუ სხუაჲ რაჲმე შეიყუარის ამის საწუთროჲსა და არა არს სიყუარული მისი სრულიად ღმრთისა მიმართ.
52. რამეთუ შეიყუარნის ვინმე საჴმარნი, სხუამან შეიყუარა ოქროჲ და ვეცხლი, სხუამან შეიყუარა მონებაჲ მუცლისაჲ, სხუამან – გულისთქუმანი ჴორცთანი, სხუამან – სიბრძნჱ სოფლისაჲ დიდებისათჳს კაცთაჲსა,
53. სხუამან შეიყუარა მთავრობაჲ, სხუამან – დიდებაჲ და პატივი კაცთაჲ, სხუამან – რისხვაჲ და ძჳრისჴსენებაჲ, რამეთუ მისცის თავი თჳსი ადრე ვნებასა მას და ამისთჳს უყუარს იგი.
54. სხუამან შეიყუარა ამაოჲ მეუდაბნოებაჲ, სხუამან – შური, სხუაჲ ყოველსავე დღესა და ღამესა განსცხრებინ, სხუასა უყუარს შჯულისა მასწავლელობაჲ დიდებისათჳს კაცთაჲსა, სხუაჲ უდებებით და დაჴსნილობით იყოფების, სხუაჲ შეკრულ არს სიყუარულსა სამოსლისა წმიდისასა,
55. სხუჲამან დედათა მიმართ სიყუარული რომელ არიან მიზეზნი ყოვლისა ბოროტისა, სხუასა მიუცემია თავი თჳსი ზრუნვასა სოფლისასა, სხუასა უყუარს ძილი, ანუ სიცილი, ანუ ცუდად მეტყუელებაჲ, ანუ მცირითა რაჲთმე, ანუ დიდითა ამის სოფლისა ნივთითა უკუეთუ შეკრულ იყოს,
56. არა უტევებს მას იგი ზჱ აღმართებად, რამეთუ რომელსაცა ვნებასა კაცი ახოვნად არა ებრძოდის, იგიცა უყუარს და მის მიერცა შეკრულ არს და იგი ექმნების მას დამახრწეველ და ჯაჭუ შემკრველ,
57. რაჲთა ვერ მივიდეს იგი ღმრთისა და რაჲთა ვერ ჰმსახუროს მას ჯერისაებრ და პოვოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
58. ხოლო სული, რომელსა უფლისა ჰსუროდის, ყოველივე სიყუარული მისი მისა მიმართ ოდენ არნ და მისა შეკრულ არნ გონებაჲ მისა, რაჲზომცა ძალ-უც და მის მიერ მოიგებს შეწევნასა მადლისასა და უვარ-ჰყოფს იგი თავსა თჳსსა და ნებასა გონებისა თჳსისასა არა შეუდგების,
59. რამეთუ იგი ზაკუვით ვალს ჩუენ თანა და სიბოროტისა მისთჳს მაცთუნებელისა ჩუენისა, რომელი-იგი მარადის გუებრძვის ჩუენ, არამედ ყოვლითურთ მისცემს თავსა თჳსსა სიტყუასა და განჰჴსნის თავსა თჳსსა ყოვლისაგანვე ცხადისა და დაფარულისა,
60. რაჲზომცა შემძლებელ იყოს და ესრეთ შეუძლოს ვიდრე აღსასრულამდე წმიდად ყოფად და განრომად ჭირთაგან და ღუაწლთა.
61. რამეთუ რომელიცა ვის უყუარდეს, მის მიერცა მიიღებს შეწევნასა და მის მიერ დამძიმდების, გინა თუ სოფლისაჲ რაჲმე უყუარდეს, რომელი მას არა უჩნდეს, იგი ექმნების მას საკრველ და არა უტევებს ზე აღმართებად ღმრთისა მიმართ.
62. გინა თუ კუალად, უყუარდეს უფალი და მცნებანი მისნი, იგი შეეწევის მას და ადვილ-უჩან ყოველი მცნებანი უფლისანი, რაჲთა სიყუარული მისი მისა მიმართ იყოს და კეთილისა მიმართ მიივლტინ და სუბუქ-უჩნ მას ყოველივე ჭირი და ტკივილი
63. და ძალითა მით საღმრთოჲთა განაპებს სოფელსა და ძალთა მათ უკეთურთა და საბრჴეთა მათთა, რომელთა მოინადირებენ სულთა უფსკრულსა შინა ამის სოფლისასა.
64. და ესრეთ განერის მათგან თჳსითა სარწმუნოებითა და მოსწრაფებითა და უფლისა შეწევნითა, რომელიცა შეიყუარა და მიემთხჳა ცხორებასა საუკუნესა, რომლისათჳსცა ჰსუროდა.
65. ხოლო უკუეთუ გნებავს, სახითა ცხადითა გამოვაჩინოთ, თუ ვითარ მრავალნი ნებითა თჳსითა და სიყუარულითა რაჲთმე ამის სოფლისაჲთა წარიწყმიდნეს, თავნი მათნი ცეცხლითა, გინა თუ ზღჳთა, ანუ წარმართთა მიერ წარიტყუენნეს,
66. გულისჴმა-ყავთ სახლი რაჲმე ანუ აგარაკი, რომელსა შეედვის ცეცხლი და რომელმან ინება თავისა თჳსისა განრინებაჲ, ვითარცა ცნა, მეყსეულად აღდგა და შიშუელი ივლტოდა და ყოველივე დაუტევა, რაჲთამცა სული ოდენ მისი განარინა და ესრეთ განერა.
67. ხოლო სხუასა ვისმე უნდა, რაჲთამცა აღიღო რაჲმე სახლისაგან: თჳსი სამოსელი, ანუ ჭურჭელი რაჲმე, და შევიდა აღებად და ვიდრეღა გამოვიდოდა, ეუფლა ცეცხლი სახლსა მას და დაიპყრა იგი შინაგან და ესრეთ დაიწუა და წარწყმდა.
68. იხილეა, ვითარ თავისა ნებითა სიყუარულისათჳს ამის სოფლისა დაიწუა ცეცხლსა შინა?
69. კუალად ეგრეთვე მსგავსად: ვალნ ნავი ზღუასა შინა და მოიწიის ჭირი მის ზედა და დაიქცის ნავი იგი და, რომელიცა განიძარცჳს და ესრეთ შევიდა წყალსა შინა,
70. რათამცა განარინა თავი თჳსი და იცემებინ იგი ღელვათაგან და ცურავნ მათ ზედა, რამეთუ არნ იგი სუბუქ და ესრეთ განვლის მწარე იგი ზღუაჲ და განარინის სული თჳსი.
71. ხოლო სხუამან ვინმე ინების აღებაჲ სამოსელთაცა თჳსთაჲ და ჰგონებნ მითურთ განრომასა და მათ დაამძიმეს იგი და დაინთქა უფსკრულთაცა ზღჳსათა და მცირედისა ამის შესაძინელისათჳს წარწყმიდა თავიცა თჳსი.
72. იხილეა, რამეთუ ესეცა ნეფსით თჳსით მოკუდა?
73. კუალად ეგრეთვე იქმნა ჴმაჲ უცხოთესლთა და, რომელმან ინება განრომაჲ, ვითარცა ესმა, მეყსეულად აღდგა და შიშუელი ივლტოდა.
74. ხოლო სხუამან არა ირწმუნის, ვითარმედ უცხოთესლნი მოსვლაჲ არს, ანუ ეწყალინ რაჲმე სიმდიდრისა თჳსისაგანი და ინების ჭურჭელისა რაჲსამე თჳსისა თანა აღებაჲ და ესრეთ დაეყოვნის სივლტოლად.
75. მაშინ დაესხნიან მას უცხოთესლნი იგი და წარიყვანიან ტყუედ ქუეყანასა მათსა და ჰმონებნ მათ იძულებით მწარედ.
76. იხილეა, რამეთუ ესეცა დაჴსნილებითა თჳსითა და უგუნურებითა და სიყუარულითა ამის სოფლისაჲთა წარწყმდა?
77. ეგრეთვე რომელნი არა შეუდგენ მცნებათა ღმრთისათა და არა უარყვნენ თავნი მათნი და შეიყუარონ უფალი ოდენ, არამედ შეკრულ იყვნენ საკრველითა სოფლისა სიყუარულისაჲთა, გინა თუ სხჳთა რაჲთამე ჴორციელითა საქმითა,
78. მოვიდეს ცეცხლი იგი საუკუნოჲ და პოვნეს იგინი სიყუარულსა სოფლისასა და ესრეთ დაწუნეს და წარწყმიდნეს იგინი, და დაინთქნენ მწარისა მისგან ბოროტისა ზღჳსა მიერ და წარიტყუენვიან უცხოთესლთა მიერ, რომელ არიან სულნი უკეთურნი, და წარწყმდებიან.
79. ხოლო უკუეთუ გნებავს, რაჲთა იხილო სისრულე ჭეშმარიტისა ღმრთისა სიყუარულისაჲ, საღმრთოთა წერილთაგან გულისჴმა-ყავ.
80. იხილე იობ, ვითარ ყოველივე განიძარცუა, რომელიცა მოეგო: შვილნი, მონაგებნი, მონანი, და ყოველივე სიმდიდრე მისი.
81. და ესრეთ განაშიშულა თავი თჳსა და სამოსელიცა, რომელი ემოსა, დაუტევა და მიუგდო იგი ეშმაკსა და არარაჲ სიტყუაჲ გმობისა თქუა წინაშე უფლისა, არცა პირითა, არცა გულითა, არამედ უფროჲსად აკურთხევდა უფალსა და თქუა: „უფალმანვე მომცა და უფალმანცა მიმიღო.
82. ვითარცა ენება უფალსა, ეგრეცა ქმნა.
83. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე“.
84. იხილე მკჳრცხლი იგი უფლისა სიყუარული, რამეთუ არარაჲ უმეტეს მისსა შეიყუარა, დაღაცათუ იყო მდიდარ ფრიად.
85. ............რომელთა ყოვლითა სულითა შეიყუარონ უფალი და განაშორნენ თავნი მათნი ყოვლისაგანვე სიყუარულისა ჴორციელისა.
86. ხოლო მცირედნი ვინმე იპოებიან, რომელთა ეგევითარი სიყუარული მოიგონ და ყოველნივე გემონი და გულისთქუმანი სოფლისანი გარემიაქცინეს და სულგრძელებით ზედამოსლვანი განსაცდელთანი მითმინნეს, რამეთუ მრავალნი რაჲ განჰვლიდიან მდინარეთა, წარიტაცნის იგინი წყალმან.
87. ხოლო ამისთჳსცა არავინ იპოვა, რომელმანცა ახოვნად განვლო წყალი იგი?
88. ხოლო მდინარედ ეწოდების მრღჳეთა მათ გულისთქუმათა და განსაცდელთა ამის სოფლისა წყალთა სულთა მათ უკეთურთასა.
89. და კუალად ვინაჲთგან მრავალნი ნავნი დაინთქმიან ზღუათა შინა, არამცა იპოვნესა, რომელთამცა მშჳდობით განვლეს და ნავთსაყუდლად მიიწინეს?
90. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა გუაქუნდეს სარწმუნოებაჲ დიდი და სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ, ტკივილი და ღუაწლი, შიმშილი და წყურილი კეთილისათჳს და სიმახჳლე და ურცხჳნელობაჲ თხოვასა შინა და გულისჴმის-ყოფაჲ და განკითხვაჲ.
91. რამეთუ მრავალთა ჰნებავს თჳნიერ ტკივილისა და შრომისა და ოფლისა სასუფეველისა მოგებაჲ, ხოლო ესე შეუძლებელ არს, რამეთუ ვითარცა სოფელსა შინა წარვიდოდიან კაცნი ვიეთნიმე კაცისა ვისსამე მდიდრისა შრომად და აღებად ფასისა,
92. გინა თუ მკად, გინა თუ სხუად რადმე საქმედ და იყვნიან მათგანნი ვიეთნიმე ფიცხელ და დაჴსნილ და ჯეროვნად შურიან და ენების მათ, რაჲთამცა სწორი სასყიდელი მიიღეს მათ, რომელთა-იგი დღე ყოველ ქმნეს ყოვლითა გულსმოდგინებითა.
93. ეგრეთვე ჩუენ ვიკითხავთ წერილთა და გუესმის, თუ ვითარ სათნო-ეყვნეს ღმერთსა.
94. ვითარ აბრაჰამ მოყუარე ღმრთისაჲ იყო და პირისპირ ეუბნებოდა მას.
95. და თუ ვითარ ყოველნივე მამანი მოყუარე და თანამკჳდრ ღმრთისა იქმნნეს.
96. და თუ რავდენნი ჭირნი მოითმინნეს ღმრთისათჳს და ვჰნატრით მათ და გუნებავს სწორთავე მოღუაწებათა მოთმენაჲ და გსურიან მადლთა მათთჳს და ნიჭთა საღმრთოთა,
97. ხოლო შრომათა მათთა თანა-წარვჴდებით და პატივნი იგი მათნი, რომელნი ღმრთისაგან მოუგიან, გჳყუარან და გუნებავს, თუმცა გუაქუნდა ჩუენცა, ხოლო ჭირთა და ტკივილთა და მოღუაწებათა მათთა არა ვიტჳრთავთ.
98. გეტყჳ შენ, ვითარმედ ესე ყოველთავე კაცთა ჰნებავს და სურიან.
99. მეძავთა და მემრუშეთა და უსამართლოთა კაცთა ჰნებავს, რაჲთა თჳნიერ შრომისა და მოღუაწებისა პოეს სასუფეველი ცათაჲ, არამედ ამისთჳს არიან მათ შორის ჭირნი და განსაცდელნი მრავალნი,
100. რაჲთა გამოჩნდენ, თუ რომელთა ჰნებავს ჭეშმარიტად ცხორებაჲ და თუ ვიეთ ჭეშმარიტებით და ყოვლითა გულითა უყუარს უფალი ვიდრე სიკუდილამდე და არარაჲ იყო წინაშე მათსა უფროჲს მის სასურველისა.
101. ამისთჳსცა სამართლად ჰპოებენ სასუფეველსა ცათასა, რამეთუ უარსყვნეს თავნი მათნი სიტყჳსაებრ უფლისა და უფროჲს სულისა მათისა შეიყუარეს ამისთჳს სრულისა მის სიყუარულისა მათისა მოსაგებელად სრულნი ნიჭნი ზეცისანი მიეცნეს.
102. რამეთუ აღთქუმანი იგი ღმრთისანი და ჭირთა შინა და იწროებასა და მოთმინებათა და სარწმუნოებასა დაფარულ არიან და ვითარცა იფქლი, რომელი დაითესის ქუეყანასა ზედა,
103. ანუ ხჱ, რომელი დაიმყნის ხესა ზედა, პირველად უპატიო და შიშუელ იქმნების და დალპების და ესრეთ კუალად დაშუენდების და მრავალნაწილსა ნაყოფსა გამოიღებს.
104. და უკუეთუ პირველ არა მიიღონ უპატიოებაჲ, ვერ მიიღებენ შუენიერებასა მას საუკუნესა, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ – „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ცათასა“,
105. და უფალი იტყჳს, ვითარმედ: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ და კუალად იტყჳს: „სოფელსა ჭირი გაქუნდეს“და ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა მოვიგოთ ტკივილი და მოსწრაფებაჲ და ჭირი და სიფიცხლე და ურცხუენელობაჲ თხოვასა უფლისა მიმართ,
106. რაჲთა შეუძლოთ განრომად გულსითქუმათა და ვნებათაგან და საბრჴეთაგან სოფლისათა და ნიავ-ქართა ბოროტისათა და უკეთურთა მათ სულთა ზედა აღდგომასა მოთმინებითა და სიფიცხლითა და უფროჲსად სიყუარულითა და სრწმუნოებითა უფალთაჲთა,
107. რაჲთა ამათ სათნოებათა მიერ მოვიგოთ ზეცისა იგი საუნჯე, რომელ არს სულისა წმიდისა ძალი, აქავე სულთა შინა ჩუენთა.
108. რამეთუ ნეტარი მოციქული პავლჱ ამის ზეცისა საუნჯისათჳს, რომელ არს სულისა წმიდისა მადლი, გუასწავებს ჩუენ, რაჟამს-იგი ჭირთა თჳსთა სიმრავლესა წარმოიტყჳს და თჳსთა გჳჩუენებდა, თუ რაჲ თანა-აც თითოეულსა თხოვაჲ.
109. და ესრეთ იტყოდა ვითარმედ: „ვიცი, უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი ჩუენი საყოფელი დაირღუეს, აღშენებული გუაქუს ღმრთისა მიერ სახლი ჴელით უქმნელი და საუნჯჱ ცათა შინა“.
110. ამისთჳს თანა-აც, რაჲთა იღუაწოს თითოეულმან და ისწრაფოს მოგებითა სათნოებათაჲთა, რაჲთა გულსავსე იყოს აქაჲთვე, ვითარმედ მოუგია სახლი იგი. რაჲთა რაჟამს დაირღუეს სახლი ესე გუამისა ჩუენისაჲ, ვპოოთ სხუაჲ სახლი ზეცათაჲ, რომელსა შინა დაადგრეს სული ჩუენი.
111. ვითარცა კუალად იგივე იტყჳს: „გან-ღათუ-ვიძარცუნეთ, არავე შიშუელ ვიპოვნეთ“ ზიარებისაგან და შეერთებისა წმიდისა სულისა, რომელსა შინა განისუენებს სარწმუნოჲ სული?
112. რამეთუ ამისთჳს, რომელნი-იგი ჭეშმარიტებითა და ძალითა ქრისტეანე არიან, მინდობილ არიან და უხარის, რაჟამს ჴორცთაგან განვიდოდინ, რამეთუ იციან მათ, ვითარმედ აქუს მათ სახლი იგი ჴელით უქმნელი, რომელ-იგი არს ძალი სულისა წმიდისაჲ, რომელი დამკჳდრებულ არს მათ შორის.
113. დაღაცათუ უკუე დაირღუეს სახლი იგი ჴელით ქმნული ჴორცთაჲ, არა ეშინის მათ, რამეთუ აქუს მათ ზეცისა იგი სულიერი სახლი, დიდებაჲ იგი ზეცისაჲ უხრწნელი და მან დიდებამან დღესა მას აღდგომისასა აღაშენოს და ადიდოს სახლი იგი ჴორცთაჲ, ვითარცა მოციქული იტყჳს,
114. ვითარმედ: „რომელმან აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, მანვე განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი სულისა მისისა მიერ, რომელი დამკჳდრებულ არს თქუენ შორის“.
115. და კუალად იტყჳს: „რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუსი გამოცხადნეს მოკუდავთა ამათ ჴორცთა ჩუენთა შინა“, და კუალად იტყჳს: „რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისა მიერ“.
116. ხოლო აწ, ძმანო, ვიღუაწოთ სარწმუნოებითა და სათნოებით მოქალაქობითა, რაჲთა აქავე მოვიგოთ სამოსელი იგი, რომელი არა ვიპოვნეთ შიშუელ, რაჟამს-იგი ჴორცნი განვიძარცუნეთ და არავინ იყოს, რომელმანცა ადიდა გუამი ჩუენი მას დღესა შინა.
117. რამეთუ თითოეული რაჲზომცა მადლსა ღირს იქმნას სულისა წმიდისა სარწმუნოებითა აქავე და მოსწრაფებითა, ეგოდენცა მას დღესა იდიდოს გუამი მისი და რომელ ვინ აწ დაიუნჯოს სულსა შინა თჳსსა, მაშინ გამოცხადნების და გამოჩნდების გარეგან ჴორცთა მისთა ზედა.
118. და ვითარცა ხეთა რაჲ წარმოვლიან ზამთარი და მოვიდის მათ ზედა ძალი უხილავი გინა თუ მზისაჲ, გინა თუ ქარისაჲ, მაშინ გამოიღიან გარეშე, ვითარცა სამოსელი, ფურცელი და ყუავილი და ნაყოფი,
119. ეგრეთვე მსგავსად ყუავილნი თივისანი მას ჟამსა წიაღთაგან ქუეყანისათა აღმოეცენებიან და დაიფარვის ქუეყანაჲ შროშნებითა მით, რომელთათჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: „არცა თუ სულომონ შეიმოსა ყოველსავე დიდებასა თჳსსა ვითარცა ერთი მათგანი“.
120. ხოლო ესე ყოველნი ხატ და სახე არიან ქრისტეანეთა აღდგომისა.
121. ეგრეთვე ყოველთა ღმრთისმოყუარეთა სულთა და ჭეშმარიტთა ქრისტეანეთაჲ არს პირველი იგი თუჱ გაზაფხულისაჲ, რომელ არს აპრილი.
122. რომელ-იგი არს დღე აღდგომისა ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და ძალითა მზისა მის სიმართლისაჲთა შინაგანით გამოვალს დიდებაჲ იგი წმიდისა სულისაჲ, რომელი ჰფარავს გუამთა წმიდათასა დიდებითა ამით, რომელი აქუნდა აქაჲთვე შინაგან დაფარულად.
123. რამეთუ რაჲცა ვის აქაჲთ აქუნდეს შინაგან, იგი გამოეცხადების მას მას დღესა შინა გარეგან რამეთუ ყოველივე.............
124. რამეთუ ყოველივე სიკეთე შუენიერებისაჲ და ბრწყინვალებისა მის მზისაჲ მაშინ აღესრულების მათ შორის, სული იგი ღმრთეებისაჲ, რომლისა შეწყნარებად აქავე ღირს იქმნნეს.
125. ხოლო ვითარ ვინ იღუაწოს და ვითარ ირწმუნოს და ისწრაფოს ყოვლითა სათნოჲთა მოქალაქობითა და მოელოდის სასოებითა და მოთმინებითა, რაჲთა ღირს იქმნას და მოღებად ძალი იგი ზეცისაჲ და დიდებაჲ იგი სულისა წმიდისაჲ,
126. რაჲთა, მაშინ რაჟამს ყოველივე დაბადებული იცვალებოდის, პოოს მან სამოსელი, რომლისა მიერ ცხოვნდეს, ვითარცა მოციქული იტყჳს:.............
127. ვითარმედ: „ჩუენ განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით.
128. მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად“.
129. ხოლო განცხადებულად პირად შინაგანსა კაცსა იტყჳს...........
130. აღიტაცნეს იგინი და მიერითგან სულით და ჴორცით უკუნისამდე უფლისა თანა სუფევდეს.
131. ამისთჳს თანა-აც თითოეულსა ჩუენგანსა, რაჲთა ისწრაფოს და იღუაწოს ყოველთა სათნოებათა შინა,
132. და რაჲთა ითხოვდეს უფლისაგან, რომელ აქაჲთვე იქმნას თანამდებ დიდებისა მის შინაგანი იგი კაცი და მიიღოს სულმან ზიარებაჲ მის სიწმიდისაჲ, რაჲთა ესრეთ განვწმიდეთ ყოვლისაგან შეგინებისა.
133. და აღდგომასა მას, რაჟამს იყვნენ შიშუელ გუამნი ჩუენნი, ვპოოთ სამოსელი, რომელმან დაფაროს სირცხჳლი ჩუენი და გუაცხოვნნეს და განგჳსოენოს უკუნისამდე სასუფეველსა ცათასა.
134. რამეთუ ეგულების ქრისტესა მოსლვაჲ ზეცით და ყოველნივე თესლნი ადამისნი აღადგინნეს საუკუნითგანი დაძინებულნი მსგავსად წერილისა და განყვნეს ყოველნივე ორად და რომელთა ზედა იყოს სასწაული მისი, რომელ არს საბეჭდავი,
135. მათ მოუწოდოს ვითარცა თჳსთა და მარჯუენით კერძოსა დაადგინნეს, ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ: „ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმენონ“ და „ვიცნობ ჩემთა მათ და მეცნიერ ვარ ჩემთა მიერ“.
136. და მაშინ შეიმოსონ დიდებაჲ ღმრთისაჲ გუამთა მათთა კეთილთა საქმეთა მიერ და პოონ დიდებაჲ იგი სულისაჲ, რომელი აქაჲთვე მათ შორის აქუნდა და ესრეთ განბრწყინდენ საღმრთოჲთა მადლითა და ზეცად აღიტაცნენ შემთხუევად უფლისა ჰაერთა შინა წერილისაებრ
137. და მარადის უფლისა თანა იყვნენ და მის თანა სუფევდენ დაუსრულებელთა კეთილთა საუკუნეთა და უკუნისამდე, ამენ.
5
1. თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისა, თავი 5
2. ..............მიითრევნ იგი სამოსელსა თჳსსა და არა მოიზიდავნ, არამედ მიუტევის იგი ცეცხლსა მას შინა დაწუვად და ეკალთა მიერ დახევად და ესრეთ ადრე წარწყმიდის და განხრწნის იგი სამოსელი და კეთილი იგი წმიდაჲ მისი თჳსითა დაჴსნილობითა და უკრძალველობითა. ხოლო უკუეთუ არა ეკრძალებინ, თჳთცა შებრკოლდინ ანუ ცეცხლსა შთავარდის, ანუ წყალსა და ესრეთ წარწყმდის.
3. ეგრეთვე სულსა ჰმოსიან ჴორცნი, ვითარცა სამოსელი, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲ და განკითხვაჲ მიცემულ არიან მისდა, ვითარცა თუალნი, რომელნი უძღჳან სულსა,
4. რაჟამს-იგი წარჰვლიდეს ეკალთა მათ და კაპანთა და მწჳრესა მას და ცეცხლსა, რომელ არიან გულისთქუმანი და განსაცდელნი ამის სოფლისანი.
5. ხოლო თანა-აც, რაჲთა ყოვლით კერძოვე სიმჴნით და კრძალულებით ვიდოდის, რაჲთა თავიცა თჳსი მშჳდობით დაიცვას და ჴორცნიცა თჳსნი შეუგინებელად,
6. რაჲთა არა მიემთხჳოს იგი ეკალთა და კუროჲსთავთა ამის სოფლისათა, რომელ არიან ზრუნვანი და უცალოებანი საქმეთა შინა ამაოთა და ესრეთ ცეცხლითა მით გულისთქუმათაჲთა დაიწუას.
7. ხოლო ესრეთ ეკრძალებოდის, რაჲთა თუალი მისი არა ხედვიდეს ბოროტსა, ეგრეთვე ყურნი მისნი არა ისმენდენ უჯეროსა.
8. კუალად რაჲთა ფერჴთა თჳსთა აყენებდეს გზასა ბოროტსა სლვად, რამეთუ სულსა აქუს ნებაჲ და უკუეთუ ენებოს,
9. შემძლებელ არს გარემიქცევად ასოთა ჴორცთასა გზისაგან ბოროტთა და სმენისაგან ბოროტისა საქმეთა და საერისკაცოთა და აყენებს თავსა თჳსსა მიმოტაცებისაგან დაიცავს გულსა თჳსსა, რაჲთა არა მიმოიტაცებოდის გულისსიტყუათა შინა სოფლისათა.
10. და უკუეთუ ესრეთ იღუწიდეს და ისწრაფდეს და შეიკრძალნეს ასონი გუამისა თჳსისანი გუილსთქუმათაგან და საქმეთა ამის სოფლისათა, მაშინ დაიცავს სამოსელსაცა თჳსისა გუამისასა განურყუნელად და თავსაცა თჳსსა გულისჴმის-ყოფითა და განკითხვითა განერების მშჳდობით.
11. ხოლო ესე ყოველი შეწევნითა უფალთაჲთა მოეცემის.
12. და უკუეთუ თავსა თჳსსა ყოვლითა ძალითა თჳსითა გარე-მიაქცევდეს გულისთქუმათაგან, მერმე მოეცემის მას უფლისა მიერ შეწევნაჲ, რაჲთა ჭეშმარიტად განერეს საფრჴეთაგან ამის სოფლისა.
13. რაჟამს იხილოს უფალმან სული, ვითარმედ ევლტოდის გემოთა ამის სოფლისათა და ზრუნვათა და უცალოებათა და წარტყუენვასა გონებისასა და ამის ყოვლისაგან დაიცავს თავსა თჳსსა და ჴორცთაცა თჳსთა,
14. მაშინ მოუვლენს მას უფალი თჳსისა მადლისა შეწევნასა და დაჰფარავს, რაჲთა მშჳდობით და უცთომელად განვლოს ბოროტი ესე საწუთროჲ.
15. და ესრეთ ჰპოვებს სული იგი სიხარულსა ზეცისასა, რამეთუ განუხრწნელად დაიცვა სამოსელი ჴორცთა თჳსთაჲ და თავიცა თჳსი, რაჲზომცა შეეძლოს, განარინოს ყოვლისაგანვე გემოჲსა ამის სოფლისა და შეწევნითა მისითა კეთილად განვლოს საბრძანებელი იგი ამის სოფლისაჲ.
16. ხოლო უკუეთუ სული უდებებით და დაჴსნილობით ვიდოდის საწუთროსა ამას და არა ევლტოდის ყოველთა გულისთქუმათა სოფლისათა და არა უფალსა ოდენ სურვილით ეძიებდეს,
17. ეგევითარი იგი განიგუმირის ეკალთაგან ამის სოფლისათა და ცეცხლითა გულისთქუმათაჲთა ამას დაიწუვის სამოსელი გუამისა მისისაჲ და შეიგინის მწჳრითა გემოთმოყუარებისაჲთა და ესრეთ არა აქუნ კადნიერებაჲ დღესა მას საშჯელისასა,
18. რამეთუ არა დაიცვა სამოსელი თჳსი შეუგინებელად, არამედ განხრწნა იგი გულისთქუმათა მიერ და მერმე განვარდის სული იგი სასუფეველისაგან.
19. ხოლო რაჲ უყოს უფალმან სულსა მას, რომელი ნეფსით თჳსით გულისთქუმათა და გემოთა სოფლისათა მისცემდეს თავსა თჳსსა,
20. რამეთუ უფალი მას შეეწევის, რომელი ევლტოდის გემოთა ამის სოფლისათა და აიძულებდეს გონებასა თჳსსა, რაჲთამცა მარადის უფალსა იგონებდა და უვარ-ყოს თავი თჳსი და მას ეძიებდეს.
21. ეგევითარსა მას დაიცავს უფალი რომელი იმარხვიდეს თავსა თჳსსა საბრჴეთაგან სოფლისათა, შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა ეძიებდეს.
22. და არა იყოფებოდის იგი გულისსიტყუათა შინა ბოროტთა, არამედ მარადის თავსა თჳსსა იმარხვიდეს და წყალობასა მისსა ეძიებდეს და ესრეთ მადლითა ცხონდებოდის.
23. რამეთუ, აჰა ეგერა, ხუთნი იგი ქალწულნი ბრძენნი, რომელთა განიფრთხვეს და უვარ-ყვეს უცხოჲ იგი ბუნებაჲ და აღიღეს ზეთი ჭურჭელთა შინა გულისათა, რომელ-იგი არს მადლი სულისა წმიდისაჲ, იგინი შევიდეს სიძისა თანა სასძლოსა მას ზეცისასა.
24. ხოლო სხუანი იგი ცოფნი, რომელნი დაშთეს თჳსსავე ბუნებასა, არა ისწრაფეს, რაჲთამცა მიიღეს ზეთი იგი სიხარულისაჲ ჭურჭელთა შინა გულისა მათისათა, ვიდრეღა იყვნეს ჴორცთა შინა, არამედ მიეძინა უდბებისა და დაჴსნილობისაგან ზუაობითა სიმართლისაჲთა.
25. ამისთჳსცა კარი სასძლოჲსაჲ მის დაეჴშა მათ ზედა, რამეთუ ზეცისა სიძესა მას არა სათნო-ეყვნეს, არამედ შეიკრნეს იგინი სიყუარულითა სოფლისაჲთა და სიყუარული და ტრფიალებაჲ მათი არა იყოს ზეცისა სიძისა მიმართ.
26. რამეთუ სულნი, რომელნი უზეშთაეს ამის ბუნებისა მათისა სიწმიდესა წმიდისა სულისასა ეძიებდენ, ყოველი სიყუარული მათი უფლისა მიმართ არს და მისსა სიყურულსა შინა ვლენან, მას ითხოვენ, მას იგონებენ, მას იწურთიან.
27. ყოველსავე დაუტევებენ სიყუარულისათჳს მისისა.
28. ამისთჳს ღირს იქმნნიან მიღებად ზეთსა მას მადლისასა და განეშორნიან დაუცემელად და სათნო-ეყვნიან სიძესა მას ზეცისასა.
29. ხოლო სულნი, რომელნი თჳსსავე ბუნებასა შინა დაშთენ, მათნი გონებანი ქუეყანასა ზედა ვლენან და ქუეყანისასა იგონებენ.
30. დაღაცათუ იგინი აგონებენ, ვითარმედ სიძისანი არიან და დაღაცათუ ჰგონებენ, ვითარმედ შემკულ არიან ჴორციელითა სიმართლითა, არამედ არა ზეცით შობილ არიან იგინი მამისა მისგან ზეცათაჲსა და ამისთჳს არა აქუს მათ ზეთი იგი სიხარულისაჲ.
31. ხოლო უკუეთუ ხუთთა მათ საცნობელთა სულისათა, რომელ არიან: მეცნიერებაჲ, განკითხვაჲ, გულისჴმის-ყოფაჲ, მოთმინებაჲ და წყალობაჲ, უკუეთუ ამათ მიიღონ ზეცისა იგი მადლი და სიწმიდჱ სულისაჲ, ჭეშმარიტად იყვნენ იგინი ქალწულ ბრძენ.
32. უკუეთუ კულა თჳსსა ბუნებასა შინა დარჩენ, იპოვნენ ცოფ და შვილ სოფლისა, რამეთუ არა აღიძარცუეს მათ სული იგი სოფლისაჲ, დაღაცათუ აგონებენ, ვითარმედ სიძისა მიერ სძალ არიან.
33. და ვითარცა სულნი, რომელნი უფლისა შემშჭუალულ იყვნენ მარადის, მის თანა არიან გონებანი მათნი, ეგრეთვე კუალად სულნი, რომელნი შემშჭუალულ იყვნენ სიყუარულსა ამის სოფლისასა, მარადის გონებაჲ მათი მუნ არს და სიღრმესა მას დანთქმულ არიან.
34. ამისთჳსცა არა მიიცვალებიან იგინი კეთილისა მიმართ.
35. ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა შევზავოთ გონებასა ჩუენსა თანა უცხოჲ იგი ბუნებაჲ ზეცისაჲ, რაჲთა შეუძლოთ შესლვად სასძლოსა მას ზეცისასა ქრისტეს თანა და პოვნად საუკუნოსა მას ცხორებასა.
36. რამეთუ ვითარცა უცხოჲ ბუნებისაგან ჩუენისა უკეთურებაჲ შევიწყნარეთ ურჩებითა პირველქმნულისა ადამისითა და ჟამთა მრავალთაგან უცხოჲ გუექმნა ჩუენ, ვითარცა ბუნებითი, ეგრეთვე კუალად გჳღირს ჩუენ,
37. რაჲთა მოვიგოთ უცხოჲ იგი ჩუენგან მადლი წმიდისა სულისაჲ და ამის მიერ უკეთურებაჲ იგი განვდევნოთ და პირველსავე მას სიწმიდესა მივსწუდეთ.
38. რამეთუ უკუეთუ არა მოვიგოთ ზეცისა იგი წმიდისა სულისა სიყუარული აწვე მრავალითა თხოვითა და ვედრებითა და სარწმუნოებითა და სივლტოლითა სოფლისაჲთა
39. და უკუეთუ არა განწმინდეს უკეთურებითა შეგინებული ესე ბუნებაჲ ჩუენი სიყუარულითა უფლისაჲთა და აღსასრულადმდე მცნებათა შინა მისთა ვიყოფვოდი, სასუფეველსა მისსა ვერ ვჰპოებთ.
40. ხოლო მნებავს წულილისა რაჲსამე და ღრმისა სიტყჳსა თქუმად: ძალისაებრ განაჴორციელა თავი თჳსი მიუწთომელმან მან და უხილავმან და თუალთშეუდგამმან ღმერთმან მიუწთომელისა მის და მოუგონელისა სახიერებისა მისისათჳს.
41. და რაჲთა ესეცა ვქუათ, დაიმცირა თავი თჳსი, რაჲთა შეჰზაოს უხილავთა მათ და საცნაურთა დაბადებულთა თჳსთა, ხოლო ვიტყჳ სულთა წმიდათა და ანგელოზთასა, რაჲთა ესრეთ მიიღონ მათცა ცხორებაჲ უკუდავებისაჲ.
42. რამეთუ თჳთეული ბუნებისაებრ თჳსისა ჴორციელ არს: ანგელოზნიცა და სულიცა კაცისაჲ და ეშმაკიცა.
43. დაღაცათუ წულილ არიან ჴორცნი მათნი, არამედ არსებითა მით და ხატითა წულილითა მის ბუნებისაჲთა ჴორციელ არიან.
44. და ვითარცა გუამი ესე ჩუენი არსებითა ზრქელ არს, ეგრეთვე სული ჴორციელ არს წულილი და შეიმოსიან ასონი ამის გუამისანი, მიიღო თუალი, რომლისა მიერ ხედავს და ყურნი, რომლითა ესმის და ჴელი.
45. და ესრეთ ყოველივე გუამი და ასონი მისნი შეიმოსნა სულმან და შეეზავა ყოვლითურთ ჴელი ჴელსა და ფერჴი ფერჴსა, თუალი თუალსა და ყური ყურს, რომელთა მიერ იქმს ყოველთავე ღონითა.
46. ეგრეთვე სხუად მიუწდომელ და მიუთხრობელ და მოუგონებელ სახიერებაჲ ღმრთისაჲ დაამცირებს თავსა თჳსსა მიუწთომელისა მის დიდებისა მიერ კაცთმოყუარებითა თჳსითა
47. და განჴორციელდების და შეეზავების სარწმუნოთა და ღირსთა მისთა სულთა და შეიტკბობს მათ და იქმნების მათ თანა ერთ სულ, სიტყჳსაებრ პავლესსა, სული სულსა შინა და არსებაჲ არსებასა შინა,
48. რაჲთა შემძლებელ იქმნენ ღმრთეებასა შინა ცხორებად და იხილონ გემოჲ უკუდავისა მის ცხორებისაჲ და უხრწნელისა სიტკბოებისა მისისაჲ და თანამდებ იქმნენ დიდებასა მას გამოუთქუმელსა.
49. რამეთუ უკუეთუ არარაჲსაგან არსად მოიყვანა ხილული ესე სოფელი თითოსახითა განყოფილებითა, რომელი-იგი უწინარეს დაბადებისა არა იყო, ხოლო ინება და ადვილად დაჰბადა არარაჲსაგან და შექმნნა არსებანი მსხჳლნი და ფიცხელნი.
50. ხოლო მსხჳლად ვიტყჳ ქუეყანასა, მთათა, ხეთა.
51. ხედავა სიფიცხლესა ბუნებასა მთათასა?
52. კუალად დაჰბადნა ბუნებანი რომელ არიან წყალნი, და მათგან განაგო გამოსლვაჲ მფრინველთაჲ.
53. და კუალად დაჰბადნა უწულილესნი ბუნებანი, რომელ არიან ჰაერნი და ქარნი, რომელ-იგი დაღაცათუ უხილავ არიან, არამედ ჴორციელ არიან იგინიცა.
54. ფრიად მიუწთომელმან სიბრძნისა მისისა ჴელოვნებამან არარაჲსაგან დაჰბადნა ბუნებანი ფიცხელნი ლბილნი და მსხჳლნი და წურილნი?
55. ხოლო ესე ყოველი ქმნა მან და ოდეს ინებოს სახიერებით, რომელი-იგი თჳთ არს დაუსაბამოჲ, ვერმცა იცვალაა, ვითარცა ენებოს?
56. რამეთუ დაამტკიცებს თავსა თჳსსა და ჴორციელ იქმნების და შეეზავების წმიდათა და ღირსთა სულითა, რაჲთა იხილვოს უხილავი იგი და შეიხოს შეუხებელი იგი ბუნებისაებრ სიწლოჲსა მის სულისა,
57. რაჲთა იხილოს სულმან გემოჲ სიტკბოებისაჲ და ნათლითა მისითა განბრწყინდეს და გამოუთქუმელისა მისგან განსუენებისა გამოცდილებაჲ რაჲმე მოიღოს.
58. ოდეს ენებოს, ცეცხლ ექმნების იგი და დასწუავს ყოველთა ვნებათა სულისათა, რამეთუ წინაწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი ჩუენი ცეცხლ შემწუველ არს“.
59. კუალად, ოდეს ენებოს, იქმნების განსუენება გამოუთქუმელ, რაჲთა განისუენოს სულმან და იშუებდეს ეღმრთეებითა.
60. კუალად, ოდეს ენებოს, იქმნების იგი სიხარულ და მშჳდობა და ჰფარავნ სულსა მას.
61. და უკუეთუ ენებოს, შესცვალებს თავსა თჳსსა და იქმნების ვითარცა ერთი დაბადებულთაგანი სიხარულად და მხიარულებად სულისა, ანუ ქალაქად ნათლისა იერუსალჱმად, ანუ მთად ზეცისად სიონად.
62. შემძლებელ არს ყოფად, ვითარცა ენებოს წერილისაებრ, რომელი იტყჳს: „მოსრულ ხართ თქუენ მთასა სინასა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა იერუსალჱმსა ზეცისასა“.
63. ყოველივე წინაშე მისსა ადვილ არს.
64. ვითარცა ენებოს, შეიცვალების და ეჩუენების წმიდათა და სარწმუნოთა სულთა.
65. ოდენ თანა-აც სულსა ღუწოლაჲ, რაჲთა იქმნას საყუარელ და სათნო მისა და თჳთ რაჟამს მისწუდეს საზომსა მას საქმით, იხილნეს გამოუთქუმელნი კეთილნი ღმრთისანი და შუებაჲ გამოუთარგმანებელი და სიმდიდრე ღმრთეებისაჲ მიუწდომელი.
66. ჭეშმარიტად, „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, გულსა კაცისასა არა მოუჴდა“, ვითარ-იგი სული უფლისაჲ შეიცვალების განსუენებად და სიხარულად ცხორებად საუკუნოდ ღირსისა სულისა,
67. რამეთუ მიამსგავსებს თავსა თჳსსა საჭმელსა სულიერსა და სამოსელსა და შუენიერებასა გამოუთქუმელსა, რაჲთა განუსუენოს გამოუთქუმელად და აღავსოს სიხარულითა სულიერითა ღირსი და სარწმუნოჲ სული.
68. ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან ჭამოს ჴორცი ესე ჩემი, ცხონდეს უკუნისამდე“. და „მე ვარ პური ცხორებისაჲ“.
69. და „რომელი სუმიდეს წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, ექმნას მას წყარო წყლისა მდინარისა ცხორებად საუკუნოდ“.
70. და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „ყოველნივე მითვე სულითა განვნათლდით“.
71. და თითოეულსა წ~ა, ვითარცა ენება, ეჩუენა და ვითარცა ჯერ-იყო: სხჳთა სახითა აბრაჰამსა და სხჳთა – იაკობსა, სხჳთა – ნოეს და დანიელს, დავითს, სოლომონს და იოსებს და თითოეულსა წმიდათა წინაწრმეტყუელთა .................
72. ხოლო სული, რომელი ღირს იქმნას ფრიადითა სურვილითა და სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეწყნარებად ძალისა მიერ ზეცით
73. და რაჟამს შეეზაოს ასოთა მიერ სიყუარული იგი სულისა წმიდისაჲ პოოს ცეცხლი იგი ზეცისაჲ უკუდავისა მის ცხორებისაჲ, მიერითგან განიჴსნების ჭეშმარიტებით ყოვლისაგანვე სოფლისა ამის და განთავისუფლდების ყოვლისაგანვე საკრველისა უკეთურისა.
74. და ვითარცა რკინაჲ ანუ ბრპენი, ანუ რვალი, ანუ ოქროჲ, ანუ ვეცხლი, რომელი ცეცხლსა შთავარდის, მოლბების სიფიცხლისა მისგან თჳსისა.
75. და ვიდრე ცეცხლსა შინა იყოს, ლბილ არნ იგი და უცხო ბუნებისაგან თჳსისა ძალისა მისგან ცეცხლისა, ეგრეთვე სული, რომელმან უვარ-ყოს სოფელი და უფალი ოდენ შეიყუაროს და მას ეძიებდეს ფრიადითა მოსწრაფებითა
76. და შეიწყნაროს ზეცისა იგი ღმრთეებისა სიყუარულისა მის წმიდისა სულისა, მაშინ ჭეშმარიტებით განიჴსნების ყოვლისაგან სიყუარულისა ამის სოფლისა და ყოვლისაგან უკეთურებისა ვნებათაჲსა განთავისუფლდების და ბუნებითისა მისგან სიფიცხლისა ცოდვისა შეიცვალების.
77. და ოდენ განისუენებნ სიძესა მას ზეცისასა თანა, რომლისა შეწყნარებად ღირს იქმნა და იხარებნ სული იგი მჴურვალედ სიყუარულითა მისითა.
78. ხოლო გეტყჳ შენ, ვითარმედ საყუარელნიცა და სასურველნი იგი ძმანი, უკუეთუ დაახრწევდენ მას მისისა სიყუარულისაგან, მათცა განიშორებს, რამეთუ იგი არს ცხორებაჲ მისი და ჭეშმარიტი განსუენებაჲ სულიერი, გამოუთქუმელი იგი ზიარებაჲ სიძისა მის ზეცათაჲსაჲ,
79. რამეთუ უკუეთუ ჴორციელისა ქორწინებისა სიყუარული განაშორებს კაცსა მამისაგან და დედისა და ძმათა და ყოველივე გარეწრადვე უჩნს, მას დაღაცათუ ვინმე უყუარდეს, გარეწარად ხედავნ მას.
80. და იგი ოდენ ჴორციელი ზიარებაჲ ყოველსავე სიყუარულსა დაჰჴსნის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე ერთ ჴორც“.
81. ხოლო უკუეთუ ჴორციელი სიყუარული ესრეთ მოსწყუედს კაცსა ყოვლისაგან სიყუარულისა, მაშა რომელნი ღირს იქმნენ სურვილსა მას ზეცისასა და სიყუარულსა მას წმიდისა სულისასა ზიარებად,
82. ვითარმცა არა უფროჲსად მოსწყუედდა ყოვლისაგან სიყუარულისა ამის სოფლისა და ყოველივე გარეწარად უჩნ მათ.
83. რამეთუ იიძულებიან იგინი და განიგურიმებიან საღმრთოჲთა მით ტრფიალებითა და მას ოდენ იგონებდიან და მას შინა ვიდოდიან და მუნ არნ გონებაჲ მათი, მარადის ძლეული საღმრთოჲთა მით სიყუარულითა.
84. ამისთჳსცა, ჵ საყუარელნო ძმანო, ვინაჲთგან ესოზომნი კეთილნი წინა-გჳსხენ და ესევითარნი აღთქუმანი მოცემულ არიან ჩუენდა, მოვედით და განვაგდოთ ჩუენგან ყოველივე წინააღმდგომი ვნებაჲ
85. და დაუტეოთ ყოველივე სიყუარული სოფლისაჲ და მისა მიმართ ოდენ დავდვათ ყოველი სურვილი ჩუენი, რაჲთა ვპოოთ სიყუარული სულისაჲ გამოუთქუმელი, რომილსათჳს ფრიად გუასწავლის ჩუენ ნეტარი პავლჱ,
86. რაჲთა მას მივსდევდეთ და ესრეთ შემძლებელ ვიქმნნეთ სიფიცხლისა მის ჩუენისაგან შეცვალებად შეცვალებითა მით მარჯუენისა მაღლისაჲთა და სილბილედ სულიერად მოსლვაჲ დაგურემულნი ტრფიალებითა საღმრთოჲთა.
87. რამეთუ, აჰა ესერა, უფალი სულგრძელ გუექმნების ჩუენ და მოელის მოქცევასა ჩუენსა მისა მიმართ.
88. და დაღაცათუ ჩუენ უგულისჴმოებისა ჩუენისაგან და ჩუეულებისაგან ბოროტისა გარე-მოვიქცევით ცხორებისაგან და არა გუნებავს ჭეშმარიტად სინანული,
89. არამედ იგი კაცთმოყუარჱ სულგრძელ არს ჩუენ ზედა და მოელის თუ ოდეს მოუჴდეთ მას, და ჭეშმარიტებით განახლდეს შინაგანი კაცი და არა ჰრცხუენეს პირთა ჩუენთა დღესა მას სასჯელისასა.
90. დაღაცათუ ძნელ-გჳჩნდეს ჩუენ მისლვაჲ მისსა სიფიცხილსათჳს სათნოებათაჲსა უფროჲსად განზრახვისაგან წინააღმდგომისა, რომელი ისწრაფის დახრწევასა ჩუენსა კეთილისაგან, ხოლო უფალი მარადის მოელის სინანულსა ჩუენსა,
91. და დაღაცათუ დავეცნეთ ცოდვითა, არა სირცხჳლ-უჩნს მას კუალად შეწყნარებაჲ ჩუენი, ვითარცა წინაწარმეტყუელისა მიერ იტყჳს: „ნუუკუე რომელი-იგი დაეცის, არა აღდგისა, ანუ რომელი მიიქცის, არღა მოიქცისა?“
92. ოდენ ჩუენ მცირედ განვიფრთხოთ და გულისსიტყუაჲ კეთილი მოვიგოთ და მოვიქცეთ მისა მიმართ და იგი მზა არს ცხორებად ჩუენდა, ოდენ ჩუენ წარვემართნეთ მისა მიმართ ნეფსით ჩუენით სარწმუნოებით და სიყუარულით და გულსმოდგინებით, ხოლო ძალსა თჳთ იგი მოგუცემს ჩუენ.
93. ხოლო აწ ვისწრაფოთ ჩუენ, ჵ შვილნო საყუარელნო, და აღვიძარცოთ ყოველი ჩუეულებაჲ ბოროტი და უდებებაჲ და დაჴსნილობაჲ ახოვნად მზა ვიყვნეთ შედგომად მისა.
94. და ნუმცა ვადროებთ დღითი დღე, რამეთუ არა უწყით, თუ ოდეს იყოს განსლვაჲ ჩუენი ჴორცთაგან.
95. რამეთუ დიდ და გამოუთქუმელ არიან აღთქუმანი იგი ქრისტეანეთანი და ერთისა სულისა მორწმუნისა დიდებასა ვერ შეესწორების ყოველივე შუენიერებაჲ და სამკაული სიმდიდრისაჲ და საშუებელისა ხილულისაჲ.
96. ხოლო ყოვლითა გულითა და მიცემაჲ თავთა ჩუენთა ჴელთა უფლისათა და უვარის-ყოფაჲ ნებათა ჩუენთაჲ სიტყჳსაებრ სახარებისა და დატევებაჲ სულთა ჩუენთაჲ და შეყუარებაჲ იესუსი ოდენ?
97. არამედ, აჰა, ეგეზომი დიდებაჲ აღგჳთქუა უფალმან რავდენი სახიერებაჲ აჩუენა ჩუენ ზედა პირველითგან და უკუანაჲსკნელ თჳთ მოწყალებითა გამოუთქუმელითა მოვიდა და ჯუარსეცუა ღმერთი ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ ცხორებად მოგუაქცინეს.
98. და ამას ყოველსა ზედა ჩუენ არავე დაუტეობთ ნებათა ჩუენთა და სიყუარულსა სოფლისასა და ჩუეულებათა ბოროტთა და ამისთჳს მცირედ მორწმუნე ვიქმნებით ჩუენ, და ნუუკუე სრულიად ურწმუნო.
99. ხოლო იგი სულგრძელებითა უხილავად გუფარავს ჩუენ და არა ცოდვათაებრ მოგუაგებს, რაჲთამცა მიგუცნა სრულიად ცოდვასა.
100. არცა მიგჳშუებს ჩუენ სრულიად წარწყმედად, რამეთუ ელის სინანულსა ჩუენსა.
101. არამედ ვეკრძალნეთ და ნუმცა უგულებელს-ვჰყოფთ სახიერებასა მისსა.
102. თუ არა, მეშინიან, ნუუკუე ესრეთ უდებებითა ვიქცეოდით და დაემტკიცოს ჩუენ ზედა სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, რომელსა იტყჳს: „ანუ სიმდიდრესა სახიერებისა მისისასა უგულებელს-ჰყოფ და არ უწყი, ვითარმედ მაცხოვარებაჲ უფლისა სინანულად მიგიზიდავს ჩუენ“.
103. რამეთუ უკუეთუ იგი სულგრძელ გუექმნებოდის და ჩუენ უფროჲსად ვცოდვიდეთ და შევსძინოთ ძჳრი ძჳრსა ზედა, მაშინ უდებებითა ჩუენითა აღვაორძინებთ საშჯელსა ჩუენსა და მოვალს ჩუენ ზედა შემდგომი იგი სიტყუაჲ მოციქულისაჲ:
104. „ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისასა და გამოჩინებასა სიმართლისა საშჯელისა ღმრთისასა“,
105. რომელი მიაგებს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ, რამეთუ დიდად და გამოუთქუმელად სულგრძელ ექმნების ღმერთი ნათესავსა კაცთასა.
106. ოდენ ჩუენ განვიფრთხოთ და მისა მოვიქცეთ, რაჲთა ვპოოთ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
107. ხოლო უკუეთუ კაცი ხედვიდეს სახიერებასა და სულგრძელებასა ღმრთისასა, რამეთუ არა მიაგებს მას საქმეთაებრ მისთა, არამედ მოელის სინანულსა მისსა,
108. და უფროჲსად შეურაცხ-ჰყოფდეს მცნებათა მისთა შესძინოს ცოდვაჲ ცოდვასა ზედა და დაცემაჲ დაცემასა ზედა, მერმე აღასრულებს საზღვართა ცოდვისათა და გარდაჰვლის მათ.
109. და ეგევითარსა ცთომასა მოვალს, რაჲთა ვერღარა შემძლებელ იყოს მისგან აღდგომად, არამედ შეიმუსრის და მიეცის სრულიად უკეთურსა მას და წარწყმიდის.
110. ესრეთ წარეკიდა სოდომელთა მათ, რამეთუ ცოდეს და არა მოიქცეს.
111. უკუანაჲსკნელ ეგევითარსა მიემთხჳნეს და არღარა აქუნდა მათ სინანული, რამეთუ გარდაჰჴდეს საზღვარსა ცოდვისასა.
112. ამისთჳსცა ღმრთისა მიერ ცეცხლითა დაიწუნეს....................
113. ხოლო ესე, საყუარელნო, მრავალთაგან მცირედი გამოვიღეთ წმიდათა წერილთაჲ, რაჲთა ჩუენცა ვისწრაფოთ და მოვიქცეთ მისსა მიმართ და დაუტეოთ ყოველივე ჩუეულებაჲ ცოდვისაჲ, რამეთუ ელის იგი სინანულსა ჩუენსა.
114. და მო-რაჲ-ვიქცეთ, სიხარულით შეგჳწყნარებს ჩუენ, რაჲთა არა აღორძნდეს უდებებაჲ ჩუენ შორის დღითი დღედ და განმრავლდენ ცოდვანი ჩუენნი და მოიწიოს ჩუენ ზედა რისხვაჲ ღმრთისაჲ.
115. ამისთჳს ვისწრაფოთ და მოუჴდეთ მას ყოვლითა გულითა.
116. და ნუმცა წარვჰკუეთთ სასოებასა ცხორებისა ჩუენისასა, რამეთუ ესეცა უკეთურისა ეშმაკისა ღონჱ არს, რომელი ჴსენებითა პირველქმუნლთა ცოდვათაჲთა სასოწარკუეთილებად მოიყვანებს კაცსა და დაჴსნილობად და უდბობად, თუ არა მოიქცეს უფლისა მიმართ კაცთმოყუარისა და ცხონდეს.
117. ხოლო რაჟამს ესრეთ ეშმაკებისა მანქანებაჲ უცხოდ აგჳჩნდეს ჩუენსა ცხორებასა, რაჲთამცა არა მოვიქეცით უფლისა, რომელ /სა-იგი ჰნებავს ცხორებაჲ ჩუენი.
118. რამეთუ რომელმან ჴორცნი დაჰბადნა, მანვე დაჰბადა სულიცა და მო-რაჲ-ვიდა ქუეყანად, ყოველთავე სენთა განჰკურნებდა და, რაჲცა ვინ ითხოვის, მისცის.
119. ხოლო უკუეთუ განხრწნადთა და მოკუდავთა გუამთა ზედა ეგოდენსა წყალობასა აჩუენებდა და ესრეთ ჰკურნებდა, მაშა, სული უკუდავი იგი უხრწნელი,
120. რომელ-იგი არნ სენსა შინა უგულისჴმოებისასა და ურწმუნოებისა და უშიშოებისასა და იყოფებინ ბნელსა შინა ვნებათასა და ეძიებნ იგი შეწევნასა მისსა და ესავნ წყალობასა მისსა და ითხოვნ მისგან მადლსა მას სულისასა საჴმრად ცხორებად მისისასა,
121. არამცა მალე მოუვლინა სულსა მას შეწევნაჲ თჳსი, რომელმან-იგი თქუა ვითარმედ: „არა უფროჲს ყოს მამამან თქუენმან ზეცათამან ვითარ სასჯელი, რომელნი ღაღადებენ მისა მიმართ ღამჱ და დღჱ?
122. ჰჱ, გეტყჳ, ყოს სასჯელი მისა ადრჱ“.................
123. რამეთუ იგი ცოდვილთათჳს მოვიდა, რაჲთამცა მოაქცინა იგინი სინანულად და განკურნნა მორწმუნენი თჳსნი.
124. და ჩუენ ოდენ თანა-გუაც, რაჲთა თავნი ჩუენნი ბოროტთა გულის-სიტყუათაგან მოვსწყჳდნეთ ძალისაებრ ჩუენისა და მოვიძულნეთ საქმენი ბოროტნი და ნივთნი ამის სოფლისანი და გარე-მივაქცინეთ მოგუნებანი საეშმაკონი და მარადის მისა მივილტოდით.
125. და იგი მზა არს შეწყნარებად ჩუენდა, რამეთუ არს იგი მოწყალე და მაცხოვარ და მკურნალ ძნელოვანთა ვნებათაჲ.
126. და იგი არს მჴსნელი მონანულთაჲ მათ, რამეთუ სული, რომელმან განაშოროს თავი თჳსი ყოვლისაგანვე სიყუარულისა ამის სოფლისა და გონებაჲ მისი,
127. რაჲზომცა ძალ-ედვას, მოსწყჳდოს ქუეყანისაგან და უფლისა წყალობათა ოდენ ეკიდოს, უეჭუელად ჰპოებს იგი შეწევნასა მისსა, რომელი ეძიებდეს მას ყოვლითა გულითა თჳსითა.
128. და არარასა ზედა განისუენებდეს ამის სოფლისა საქმეთაგანსა, არამედ მას ოდენ.
129. ეგევითარითა მათ სარწმუნოებითა პოვის ნიჭი იგი ზეცისაჲ და სურვილი იგი მისი აღესრულის მადლითა უფლისაჲთა და
130. კუალად ჰმონის სულსა წმიდასა და დღითი დღედ წარმემართებინ კეთილსა შინა და ვალნ გზასა მას სიმართლისასა, ვიდრე აღსასრულადმდე არარასა ზედა უკეთურისასა, არცა შეაწუხის მადლი იგი სულისა წმიდისაჲ.
131. და ამით სახითა ღირს იქმნის ცხორებასა საუკუნესა ყოველთა წმიდათა თანა, ვითარცა თანამოზიარე შრომათა მათთა და მსგავსად მათდა ყოფილი სოფელსა შინა.
132. დიდებაჲ სახიერებათა უფლისათა და აურაცხელთა წყალობათა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.