მკათათვე დადგა, ჩამოცხა,

ხმელია ყანა სამკალი;

სიცხისა ლული ტრიალებს,

მუშის მტანჯველი, ტიალი.

ბიჭები მკიან ყანასა,

ნამგლებს გაუდის ჟღრიალი;

ჰაერი აღარ მოძრაობს,

არ ისმის ფოთოლთ შრიალი.

სამკლისა პირსა პანტის ქვეშ

დარბიან გოგო-ბიჭები;

ღორ-ხბო დაყრილა ჭალის პირს,

სიცხით შეჰკვრიათ კრიჭები.

არსად სჩანს კაცის ერთგული

ქოფაკი ძაღლი თოლია,

ჩირგვს ქვეშა წამოწოლილა,

სადაც რომ რბილი მოლია.

მუშა იძახის “ჰოპუნას”,

გადუღეღიათ გულები;

ყანის მკას მწკრივად მისდევენ,

ვით ერთად გადაბმულები.

მზემ გადიხარა, აგრილდა,

მიწყნარდა ნამგლის ტრიალი;

ფრინველთა მორთეს გალობა,

ფოთლებმაც იწყეს შრიალი.

შინ ბრუნდებიან მუშები,

სიმღერას გააქვს გრიალი;

ძნით დადებულმა ურმებმა

უსაპნოდ მორთეს ჭრიალი.

მოდიან გოგო-ბიჭებიც,

უკან მოსდევენ ხბორებსა;

თოლიაც თავის თეთრ კუდსა

მორბის და მოაქროლებსა.


1885