I

იდგა მკათათვე. ხართგამოშვების დრო მოტანებული იქნებოდა. მზე დასავლეთისაკენ გადახრილიყო, მაგრამ საშინელ სიცხე-პაპანაქებას კი ამით არაფერი შველებოდა. შემდგარ-შეტბორებულ ჰაერში მხოლოდ ხანდისხან ოდნავ წამოუბერავდა ხოლმე ქვენა (აღმოსავლეთის) ქარი. ჯოჯოხეთს რომ ერთი მუგუზალი აკლდა, სწორედ ამ მუგუზალს წააგავდა ეს ქარი. ზაფხულში ხომ ისედაც ცხელა, მაგრამ თუ ეს ქარიც ზედ დაერთო, სიცხე საშინელება ხდება. იგი ჩნდება აღმოსავლეთის უდაბნოებში, მოჰქრის იქიდან და თან მოაქვს სულის შემხუთავი პაპანაქება, მოსავლის გამაოხრებელი გვალვა, ყოველი ცხოველის შემაწუხებელი ჰავა. მხოლოდ ვენახები არიან ამ დროს კაი ყოფაში: მტევნები მსწრაფლად იზრდებიან, ტკბილი წვენით იჭიკნებიან; ყურძენი საჩქაროზე მწიფდება, ქარვის ფერად ემკრახება მარცვლები. ვისაც ღვინო უყვარს, ან კიდევ - ვისაც მარტო ვენახები აქვს, ისინი ლოცავენ ქვენა ქარსა. მაგრამ ყოველი მხვნელ-მთესველი და, საზოგადოთ, ხალხის უმრავლესობა წყევლა-კრულვით იხსენებს მას. იგი ახდენს და აოხრებს პურსა, სიმინდსა, ქერსა, ლობიოსა, ხილსა და კიდევ სხვა მრავალნაირ მოსავალსა. მინდორში სწვავს და აქრობს ბალახსა. ადამიანებს, საქონელს და შინაურ ფრინველებს აწუხებს და მათ შორის სსვადასხვა გადამდებ და უბრალო სნეულებათა აჩენს და ავრცელებს. ესეთი მავნებელია ზაფხულობით ეს წყეული ქვენა ქარი და, ხომ მოგეხსენებათ ქართული ანდაზა: ავი კაცი აღდგომასაც ავიაო... ქვენა ქარსაც თავის სიავისთვის მოხსენებულ ზაფხულს თუ არ მიემატებინა, არაფერი არ დაეკლო. ამის მეოხებით ჰაერში ისეთი სიცხის ლული ტრიალებდა, რომ კაცს ეგონებოდა გახურებული თონის პირად ვიმყოფებიო. ასეთ სიცხეს ყოველი სულდგმული შეეხუთა. მოძრაობა და ხმაურობა მოესპო. არ ისმოდა არც ფრინველების სასიამოვნო ჭიკჭიკ-გალობა, ვერც მათ სიცოცხლით სავსე ფრენას მოჰკრავდით სადმე თვალსა. ათასში ერთხელ მინდვრიდან მოისმოდა ხოლმე მწყრის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ყუტყუტი და კაკლის დაბურულ ტოტებიდან დაღონებული ღუღუნი გვრიტისა; მაგრამ ერთიცა და მეორეც მალე სწყვეტდნენ თავიანთ დაღლილ-დაქანცულ ხმაურობასა, და ამის შემდეგ უფრო მეტი მდუმარება და უსიცოცხლობა მყარდებოდა გარშემო. ამ საერთო მყუდროებას არ ემორჩილებოდა მხოლოდ პატარა მდინარე. დაბურული ხეების ჩრდილ ქვეშ იგი გაჩქარებული გარბოდა ქვემოთკენ. ქვებიდან ქვებზე მარდად ხტოდა, პაწია ანკარა ტალღებს განუწყვეტლივ აჩქაფუნებდა და ტურფად ახავერდებულ ნაპირებს მარგალიტის წინწკლებით ლხენას და სიხარულს უგზავნიდა. თანაც ხან გაჯავრებით ბუტბუტებდა, თითქოს ქვენა ქარს მუქარას უთვლისო, ხანაც მხიარულად ჩუხჩუხებდა, ცელქი ბავშვივით ხტოდა, ციბრუტივითა ტრიალებდა. კაცს ეგონებოდა: ეს პაწია მდინარე სწორედ ჭკვიანი სულდგმული არსებააო!.. ხედავს მთელი ბუნების დაღონებას და თავისი მხიარული ყოფა-ქცევით ცდილობს მის გამხიარულებასო. აქამომდე მიძინებული ბუნება თითქო მიუხვდა პაწია მდინარეს მის კაცთმოყვარულ განზრახვას. უცებ ჰაერში გაისმა მაღალი და მხიარული ყივილი ბატისა; ამას მისძახა მეორემ, მეორეს - მესამემ და პატარა ხანს უკან წყლისაკენ მომავალ გზაზე გამოჩნდა დიდი მოლურჯო მამალი ბატი. ამას ამაყად აეღო თავი მაღლა და ჩქარის ნაბიჯით მოაბაჯბაჯებდა წყლისაკენ. ამ ბატს უკან მოსდევდა მეორე ამხანაგი. ამას კიდევ მესამე, შემდეგ კიდევ მეოთხე, მეხუთე... ორმოცამდე თეთრი, ლურჯი, შავი, ჭრელი ბატები თითქო განზრახ დამდგარიყვნენ ერთი მეორის უკან და ასე გამწკრივებულნი მიეჩქარებოდნენ მდინარისაკენა. როცა ბატების მწკრივი გათავდა, გზაზე გამოჩნდა ორი პატარა გოგოცა, რომელთაც უკან მოსდევდა ერთი შუათანა ტანის შავი მეძებარი ლეკვი. გოგოები მხარდამხარ უდგნენ ერთმანეთს და გაჩუმებული მოსდევდნენ ბატებსა.

- იცი, მარო, რას გეტყვი? - წამოიძახა უფროსმა გოგომ, - მოდი ჩვენც ბატები გავხდეთ! შენ აი უკანა ბატს მიჰყევ, მე შენ მოგყვები და ისე ვიაროთ ჩვენცა, როგორც ბატები დადიან.

- აგრე იყვეს, ბაბუცი, აგრე! - მიაძახა მხიარულად მეორემ პირველსა.

პატარა გოგოებმა თავიანთი სურვილი საჩქაროზედ აისრულეს: ჩადგნენ ბატების მწკრივში და ლახლახით და ბაჯბაჯით გაჰყვნენ მათ უკან. ამ კუდიანების დანახვაზე დარდიანი ადამიანიც კი ძნელად შეიკავებდა სიცილსა. ორივენი სასაცილოები იყვნენ, მაგრამ მაროს ცქერით სწორედ სიცილით მოკვდებოდა კაცი!.. მარო იყო დაბალი, ჩასუქებული ტანისა, დიდლოყება და დიდთავა. გასაოცრად ჰბაძავდა ბატების ყოველ მოძრაობას. ბაბუცა კი ცოტა გამხდარი, წვრილი და მაღალი ტანის გოგონა იყო, ამის გამო ბატივით აქეთ-იქით ლახლახი ვერ უხდებოდა. სამაგიეროდ, ძახილს, ყივილს ეს უფრო კარგად აჯავრებდა ბატებსა. როცა ეს ყივილს ასტეხდა, უკანა დედაბატი გაოცებით იბრუნებდა თავს გვერდზე, იცქირებოდა უკან და, როდესაც პატარა გოგოს ეშმაკობასა ხვდებოდა, ბაჯბაჯსა და ყივილს უმატებდა და თავის ტოლ-ამხანაგებს თითქოს ხმამაღლა გასძახოდა:

- კაცებო, დედაკაცებო!.. ერთი უკან შემოიხედეთ, რა ამბავია! ჩვენი მწყემსი გოგოებიც ბატებად გადაქცეულან, ჩვენ რიგში ჩამდგარან, ჩვენსავით დადიან, ჩვენებურად ყივიან. - თითქო პასუხად ამ ძახილისა ჰაერში გაისმოდა ხოლმე საერთო მხიარული ჟრიამული მთელი ორმოცი ბატისა. ეჭვი არ უნდა, ამ ჟრიამულსა და სიამოვნებას ბატების გულში წყალთან დაახლოვებაც აჩენდა. ჯერ თვალითაც არ სჩანდა მდინარე, რომ ბატებმა უკვე ფერი იცვალეს. მთელის ტანით, თავიანთ აგებულობის ყოველი სახსრით იგრძნეს წყლის სიახლოვე, იგრძნეს გრილ მორევში ჩაყურჭუმალავების სიამოვნება, ნეტარება. წინა ბატმა მოუმატა ნაბიჯსა, მას აჰყვნენ დანარჩენებიც. პატარა ხანს უკან გამოჩნდა წყალიცა. დარბაისელმა წინამძღვარმა თავი ვეღარ შეიკავა, აბაჯბაჯდა, გაშალა ფრთები, ფეხის წვერებზე შესდგა და ფრენა-სირბილით, აღტაცებული ყივილით გაქანდა წყლისაკენ, თვალის დახამხამების უმალ გადაეშვა მაღალი ნაპირიდან და ზღართა მოიღო წყლის ტალღებზე. წინამძღვრის აღტაცება და სიხარული ელვის უმალ გადაეცა მთელ ბატების გუნდსა. ერთბაშად ახმაურდნენ ყველანი, უმატეს ბაჯბაჯსა და ყივილს და, როცა მდინარეს უახლოვდებოდნენ ესენიც შლიდნენ ფრთებსა და მიწის პირა ფრენით ცვივოდნენ წყალში მძიმე პარტყაპურტყითა. ჩვენი გოგო-ბატებიც არ იდგნენ ერთ ადგილასა. ესენიც ფეხდაფეხ მისდევდნენ ბატებსა და გასაოცარის წამბაძველობით იმეორებდნენ ყოველ მათ მოძრაობა-ხმაურობასა. შეხედეთ, ერთი შეხედეთ, რა სასაცილო რამ არის პატარა მარო! შეხედეთ, როგორ შეუკუმშავს შიგნით თავისი დიდი ლოყები!.. როგორ წაუშვერია წინ კისერი და ტუჩები და რანაირი სასაცილო ყუნცულ-ბაჯბაჯით მისდევს უკანა ბატსა! მინდვრიდან მომავალმა გლეხკაცმა დაინახა ჩვენი გოგოები და შეჩერდა. უწყო ცქერა მათ მაიმუნობას და მორთო გულიანი სიცილ-ხარხარი. მერმე სოფლისაკენ გაიხედა, თვალი მოჰკრა იქითკენ მიმავალ დედაბერს და ხმამაღლა გასძახა:

- სალომე, სალომე... აბა ერთი შემოხედე ე შენ კუდიან შვილიშვილსა!..

მოხუცებული შესდგა, გაშლილი ხელით თვალები დაიჩრდილა და გახედა მომავალ ბატებსა. მალე თავისი გოგონაც გაარჩია და იმავე წამს მთელ მის დანაოჭებულ სახეს სიამოვნების ნათელი გადაეფინა. რამდენსამე წამს ასე უცქეროდა თავის პაწია ,,თვალისჩინსა”. მერმე ხელი ჩამოიღო, ორიოდე ნაბიჯი წასდგა წინა და სიცილით გასძახა:

- მარო, მარო, შე თავლაფიანო, რას ეშმაკობ და მაიმუნობ, შე სასიკვდილე ნუღარვე, შენა!..

მაგრამ მარო ისე იყო გატაცებული თავისი ქცევით, რომ მოხუცი დიდი-დედის ძახილისათვის ყურიც არ მოუკრავს. დედაბერმა ქოქოლა მიაყარა შორიდან და მომღიმარე სახით გასწია თავის გზაზე. მარო და ბაბუცა-კი ისევ ისე მისდევდნენ ბატებსა. აგერ უკანასკნელი ბატიც მიადგა ნაპირს, გაშალა ფრთები და გადაეშვა წყალში. მარომაც გაშალა ხელები, რამდენჯერმე დაიქნია ფრთებივით, ხმამაღლა დაიყივლა და მარდად გადახტა მდინარეში. მას მიჰყვა ბაბუცა. ამ დროს წყლის ნაპირზე მოირბინა უკან დარჩენილმა შავმა ცუგრიკამ. იწყო გაცხარებული ყეფა, წკმუტუნი და სირბილი. ეტყობოდა, რომ გულით უნდოდა გოგონებთან ყოფნა, მაგრამ ამასთანავე წყალში შესვლას ერიდებოდა. მალე ერთმა შემთხვევამ ამ მორიდებას ბოლო მოუღო. სირბილის დროს დაქანებულ ნაპირზე ფეხი მოუსხლტა, უნდოდა როგორმე შეჩერებულიყო, მაგრამ ვერა გააწყო რა და თავდაყირა გადავარდა წყალში. გოგოებმა ხელი სტაცეს და საჩქაროზე შეითრიეს შუა მდინარეში. ბატები, ძაღლი, ბავშვები აირივნენ ერთმანეთში. მათი ფართხალი, წყლის ჩქაფა-ჩქუფი, წკმუილი და მაღალი სიცილ-კისკისი ერთმანეთს შეუერთდნენ და, საერთო მხიარულ ჟრიამულად გადაქცეულთ, შვება-ლხენა მოჰფინეს მთელს არემარესა.

II

პატარა ხანს უკან თავით ფეხებამდე ამოზუნზლული ცუგრიკა გამოხტა ნაპირზე, იწყო სირბილი და გორაობა გახურებულ მიწაზედა. ლამაზად დაბანილ-დაბზენილი ცუგრიკა ორიოდე წამის შემდეგ უმსგავსად გაითხუპნა, წუმპეში ნაგდებ ღორს დაემსგავსა. გოგოებს უნდოდათ როგორმე ხელახლა ჩაეტყუებინათ წყალში, მაგრამ ძაღლი მიუხვდა ამ განზრახვას და გოგოებს ახლოც აღარ მიეკარა. კარგა მოშორებით წავიდა და აქ ხან მიწაში გორაობდა, ხანაც ჩაცუცქდებოდა ერთ ადგილას და მოუთმენელის წკმუტუნით გასცქეროდა თავის ორფეხა მეგობრებს. მარო და ბაბუცაც გამოვიდნენ წყლიდან. გაიხედ-გამოიხედეს აქეთ-იქით, ხომ არავინ გვიცქერისო, და გადიძრეს ტანიდან ერთადერთი საცმელი კაბა, გასწურეს და იქვე ბუჩქებზე მიჰფინეს გასაშრობათა. თითონ ხელახლა გაიქცნენ წყლისკენ. ცხვირზე ხელი მოიჭირეს და ჩაიყურყუმელავეს მორევში. ორიოდე წამის შემდეგ ამოჰყვეს თავები და იწყეს ხელ-ფეხის ქნევა, თევზივით ფართხალი და ჭყუმპალაობა წყალში. ნახევარ საათზე მეტი გაატარეს ამნაირად და მხოლოდ მაშინ იკადრეს წყლიდან ამოსვლა, როცა კარგა ძალზე იგრძნეს სიცივე. ჯერ ისევ სველი კაბები გადიცვეს ტანზე და მზის გულად მისხდნენ ერთ გაბარდნულ ბუჩქის ძირში. პირველად ორივენი მთელი ტანით ძაგძაგებდნენ, კბილს კბილზე აცემინებდნენ; მაგრამ ხუთიოდე წამის შემდეგ მზის ცხოველმა სხივებმა, გახურებულმა ჰაერმა და დედამიწამ თავისი გაიტანეს. გოგოებს დასთბათ, ტანი დაუმშვიდდათ, თუმცა მაროს გალურჯებულ ტუჩებს ამ დროს განმავლობაშიაც არაფერი შველებოდა. ამასთანავე, ცხადად სჩანდა, რომ ტანი, მართალია, გასთბობოდა მაროს, მაგრამ შიგნით, გულში კი წინანდებურად გრძნობდა სიცივესა: მალიმალ აზმორებდა და ხანდახან კიდეც შეაკანკალებდა ხოლმე. მაგრამ ბავშვის ამტანი, ცოცხალი ბუნება ამას არაფერს ყურადღებას არ აქცევდა. იჯდა მზის გულად და მხიარულად ეტიკტიკებოდა თავის განუშორებელ მეგობარ ბაბუცასა.

- ბაბუცი, თქვენს სოფელშიაც ასე ბანაობ ხოლმე?

- არა, მარო! ჩვენს სოფელში წყალი არ მოდის, იქ წყაროებია მარტო, ცივცივი, ანკარა წყაროები.

- მაშ ბატები როგორა ბანაობენ იქა?

- ჩვენს სოფელში ბატების ჭაჭანებაც კი არ არი!..

- ქაა, არც წყალი, არც ბატები! როგორი სოფელი ყოფილა, ქალო, ი თქვენი სოფელი?.. ჩვენი სოფელი სჯობნებია!

- ჰო, ამაებში თქვენი სოფელი სჯობიან!.. მაგრამ ზოგში ჩვენი სოფელი უფრო კარგია თქვენს სოფელზე. იქ წყაროებია, თქვენში კი არა!.. იქ სკოლაც არის, რკინიგზაცა... თქვენ კი თვალით არ გინახავთ არც ერთი და არც მეორე.

- როგორ რკინიგზა? რანაირია, ბაბუცი, რკინიგზა?..

-რკინიგზა ისეთია, ქალო, რომა ძირს, დედამიწაზედაც, რკინა არის დაწყობილი და ამ რკინაზედაც რკინის თვალებიანი ოთახები დარბიან.

- ოთახები? გზაზე ოთახები დარბიან?

- მაშა, ქალო, ოთახები და მერე ერთი და ორი ხომ არა. ათი, ოცი, ბევრჯერ უფრო მეტიცა. აი, როგორც ე ჩვენი ბატები არ დამწკრივდებიან ხოლმე, სწორეთ ისე არიან ის ოთახებიც გამწკრივებული. ერთმანეთზე რკინის ჯაჭვებით არიან გადაბმული და წინა რო დაიძვრის, დანარჩენებიც ცუხცუხით გაჰყვებიან ხოლმე უკანა.

- ი წინა ოთახს ხარები უბია თუ ცხენები?

- რას ამბობ, ქალო? რის ცხენები, რის ჯორი, რის აქლემი!.. ოთახებს წინ მაშინა მიუძღვის და მიარბენინებს. მაშინაში გაკეთებულია ერთი დიდი გრძელი ქვაბი, ეს ქვაბი წყლით არის სავსე და დღე და ღამ ქვეშიდან ცეცხლი აქვს შეკეთებული. ქვაბში წყალი ადუღდება თუ არა, მაშინვე ორთქლი ავა და ეს ორთქლი გაიწევს და ბუმბულივით გააქანებს, თუნდაც, რომ ასი ოთახიც იყოს ზედ მიბმული.

- რას ამბობ, ქალო, რის ორთქლი, რის მაშინა!.. ალბათ, ეშმაკი იჯდება იმ ქვაბში. წყალი რო ადუღდება, იმ ეშმაკს დასცხება, გაიწ-გამოიწევს და გააქცუნებს ოთახებსა.

- არა, მარო, არა! ჩვენმა მასწავლებელმა ჩაგვიყვანა ერთხელ ყველა შეგირდები რკინიგზასთან და ყველაფერი დაწვრილებით აგვიხსნა და გვაჩვენა. ეშმაკი კი არა, ნამდვილად ორთქლი ეწევა ოთახებსა. ეშმაკები, ქაჯები, ჭინკები სულ ტყუილია... მასწავლებელმა გვითხრა: ქვეყნიერებაზე არც ერთი ავი სული არ არისო. მშიშარა და უსწავლელი ადამიანის მოგონილია ყველა ესაო!

- მაშ ალიც ტყუილიაო?

- მაშ, ალიც ტყუილია და ალქაჯებიცაო.

- ჩვენებიანთ დემეტრეს რომ ალი ენახა ჭალაში? ქვაბქოთანაანთ ბაბალე შარშან რო კინაღამ გადაეჩეხა ჭინკასა?

- მერე, რა გამოვიდა მანდედან?.. მშიშარა ადამიანს ადვილად მოელანდება ყველა ეგა. ერთხელ მეცა ვნახე ეშმაკი... იცი მერე - რქიანი და დიდ ღრჯოლებიანი ეშმაკი... ესკუპა ერთ ადგილას, პირი დაეღო და კუდი მაღლა აეშვირა ძაღლივითა.

- სად ნახე, ბაბუცი? სადა? როგორა? როგორ გადაურჩი მერე ცოცხალი? უიმეე! მე რო ვყოფილიყავ, იქვე სული ამომძვრებოდა.

- ხა, ხა, ხა! დაიცა გოგო, შე სულელო, რა გაკანკალებს? განა მართლა ეშმაკი ვნახე! ეშმაკი კი არა, კუნძი ეგდო გზაზე და რაკი არა ვიცოდი რა და მშიშარაც ვიყავი, ის კუნძი ავ სულად მომელანდა.

- შენი ჭირიმე, ბაბუცი, კარგა მითხარი - როგორ მოგივიდა ეგ ამბავი!..

- თუკი ეგრე გინდა, ეხლავე გეტყვი.

III

ჩვენი სოფელი მთის ფერდობზეა გაშენებული, ძირს-კი კარგა დიდი მინდორია გაჭიმული. აი ამ მინდორზე მოდის რკინიგზა. ამ გზის ტანცია სწორედ ჩვენი სოფლის ძირშია. აქედან სოფლამდისინ ვენახების გაწრო ორღობე მისდევს. როგორც კი დავინახავდით მინდორზე გამოსულ მაშინას, იმავე წამს წამოვავლებდით ხელს წინადვე მომზადებულ სხვადასხვა ხილეულობით სავსე კალათებს, თეფშებს და დავქანდებოდით ტანციისაკენა. როცა მაშინა მოვიდოდა და რკინიგზის ოთახებიდან ხალხი კარზე გამოლაგდებოდა, ჩვენც მაშინათვე წინ დავხვდებოდით და ეს ხალხიც ფაციფუცით ყიდულობდა ხოლმე ჩვენგან ჩატანილ ხილეულობას. ერთ საღამოს ამნაირად ჩამოვედით ტანციაზე. ვისაც რა გვქონდა, გავყიდეთ და ის იყო სოფლისაკენ ვაპირებდით წასვლას, რომ ამ დროს ტანციის უფროსის ცოლმა დამიძახა, გასაყიდად ჩატანილი ათიოდე ჩურჩხელა იმან იყიდა, ფულის მოსაცემად სახლში შემიყვანა და ერთი ჩაიც დამალევინა. ამათ პატარა ბავშვები ჰყავდათ; ეს ბავშვები შემომეხვივნენ გარშემო, ამათთან ტიკტიკსა და თამაშობაში გავერთე... და როცა სახლში დაბრუნება მომაგონდა და კარზე გამოვედი, იქ აღარც ჩემი ამხანაგები დამხვდნენ და კარგა ლაზათიანადაც ჩამობნელებულიყო.

- თქვენი სოფელი შორს იყო რკინიგზაზე?

- სოფლიდან რო ვუცქეროდით, იქვე ახლო იყო; ტანციიდან კი რო მოვდიოდით, სოფელი კარგა მოშორებით გვეჩვენებოდა.

- უიმე, ბაბუცი, მაშ როგორ უნდა დაბრუნებულიყავი შინ იმ ბნელაში და ისიც მარტოთ მარტოკა?!

- სიბნელისა არც წინათ მეშინოდა აგრე რიგათა, მერე კი როცა მასწავლებელმა დაგვარწმუნა, რომ ქვეყნიერებაზე ეშმაკი არ არიო, მაშინ ხომ სულ გამიქრა სიბნელის შიში. ამიტომ უშიშრად გავწიე ორღობისაკენ. მთვარიანი ღამე იყო და მთელი ორღობე მთვარის შუქით და ხეების ჩრდილებით იყო აჭრელებული. თითქმის ნახევარი ორღობე მქონდა გავლილი, როცა წინ, ცოტა მოშორებით, დავინახე ერთი უცნაური რაღაცა. ორი რქა აქეთ-იქით გაეშვირა, პირი გაეღო და რამდენიმე დიდრონი კბილი თითქოს საკბენლად დაემზადებინა; კუდიც მაღლა ჰქონდა აშვერილი! ეშმაკი ხომ არ არის დედამიწაზედა და სხვა რისა უნდა მეშინოდეს-მეთქი, - ვსთქვი ჩემ გულში და უშიშრად გავწიე წინა. მაგრამ უცებ შევდექ, გულმა დამიწყო საშინლად ცემა: დავინახე, რომ გაღებული პირი მოკუმა, რქები გაიქნია და მიწას გაეკრო, თითქო ჩემსკენ გადმოხტომას აპირებდა. ისე შემეშინდა, ისე შემეშინდა, რომ წამს სუყველაფერი დამავიწყდა... რამდენსამე ხანს გაშეშებული ვიდექ, მერმე გონებაზე მოვედი და ის იყო უკან გაქცევას ვაპირებდი, როცა შემომესმა მამიჩემის ძახილი.

- მიშველე, მამა, მიშველე!.. - შევყვირე, რაც ძალი და ღონე მქონდა.

- ნუ გეშინიან, შვილო, ნუ გეშინიან!.. ეხლავე შენთან მოვალ, ემ წამში... - დამიძახა მამაჩემმა, და მართლაც მაშინათვე მომესმა ზემო ორღობიდან მისი ფეხის ხმა. გაცხარებული მორბოდა თავდაღმართზე და ორიოდე წამის შემდეგ გაჩნდა ჩემთანა.

- რა იყო, შვილო, რამ შეგაშინა? - ხვევნა-ალერსით დამეკითხა მამაჩემი.

- აგერა, აი იმანა! - ვუპასუხე მამილოს და გავუშვირე ხელი იმისკენ, რამაც ანგელოზები დამიფრთხო.

მამამ გაიცინა. მერე გამიჯავრდა: რად დაშორდი ამხანაგებს და ან აქამდის სად დაიგვიანეო?.. წამავლო ხელი და წამიყვანა შინისკენა. ეხლა აღარ მეშინოდა. მივდიოდით პირდაპირ იმ ადგილისაკენ, სადაც ჩემი შემაშინებელი ეყუტა. პირველად მამაჩემი მივიდა და ჯოხი დაარტყა რქებში, მერე მეც მივედი და დავინახე ტოტებიანი გამხმარი კუნძი, რომელიც შუა გზაზე ეგდო. იმღამინდელი ჩემი თავგადასავალი დაწვრილებით ვუამბე მეორე დღეს მასწავლებელსა; იმანაც და ჩემმა ამხანაგებმაც ბევრი იცინეს. ამის შემდეგ უფრო დავრწმუნდი, რომ ეშმაკები არ არიან ქვეყანაზე და თუ ვისმე მოეჩვენა ავი სული, ეს ნამდვილად შიშისაგან იქნება.

- ბაბუცი, სულ აქ, ჩვენთან იქნები, თუ ისევ წახვალ თქვენს სოფელში?

ამ კითხვამ ბაბუცა საგონებელში ჩააგდო, დააფიქრა, დააღონა. მოაგონდა ტკბილი, საყვარელი დედა, მისი ავათმყოფობა, სიკვდილი და თავის დაობლება. თვალები ცრემლით აევსო და თავი ძირს დაჰკიდა.

- რათა ტირი ბაბუცი? ჰა, რათა, შენი ჭირიმე? - დაეკითხა მის ცრემლებით შეწუხებული მარო.

- არაფრათა, მარო, არაფრათა!.. - უპასუხა დაღონებულის ხმით ბაბუცამ. - დედა მომაგონდა... ვიღასთან წავალ, ჩემო მარო... დედა აღარა მყავს, დედინაცვალს ჭირივით ვეჯავრები... პირველ დღესვე რაღაც ცუდ თვალზე დამინახა, ამიჩემა... მწყევლიდა, მაგინებდა, მერე ცემაც დამიწყო. შევეცოდე მამაჩემს და ქალაქს წამიყვანა თავის უფროს დასთანა. იქ ვიყავი, მგონი, ნახევარ წელიწადი... მამიდას არა უშავდარა, მაგრამ ქმარი ჰყავდა რაღაც ღვთის რისხვა ადამიანი. როცა ფხიზელი იყო, წარბგაშლილს ვერავინ ნახავდა, მგელივით იბღვირებოდა, უწმაწური სიტყვებით ილანძღებოდა, ჩხუბობდა! როცა დათვრებოდა, მაშინ, ქალო, სულ მაიმუნათ გადაიქცეოდა ხოლმე: ხტოდა, თამაშობდა, ყირამალა გადადიოდა. დილიდან საღამომდის დაჭრილი დათვივით ღრიალებდა, ყმუოდა; ხან ძაღლივით იყეფებოდა, ხან კატასავით კნაოდა... რო ვეტყოდით: კარგი, გაჩუმდი, შენც მოისვენე და ჩვენც მოგვასვენეო... ის ჯავრობას მოჰყვებოდა: ასე მშვენივრად რო ვმღერი, რატო ყურს არ მიგდებთ თქვე ასეთ-ისეთებოო... ესენი ვუამბე მამაჩემს და იმანაც მაშინათვე წამომიყვანა იქიდგან, ახლა აქ მომიყვანა... ვენაცვალე ჩემ მამიდას! ასე მგონია - დედა გამიცოცხლდა-მეთქი... ისე ვუყვარვარ, როგორც თავისი შვილი. თუ თითონ არ დამითხოვა, თავს მოვიკლავ და იმას კი არ მოვშორდები.

IV

ბავშვები ფეხზე წამოდგნენ, გაიხედეს დასავლეთისაკენ და დაინახეს, რომ მზე უკვე მთებს ეფარებოდა. ბატებიც გამოსულიყვნენ წყლიდან და ბალახის გაჩქარებული წიწკნით ცხვრის ფარასავით მინდორზე გაშლილიყვნენ. ჩვენი გოგოებიც მაშინვე გაჰყვნენ მათ უკან. პირისახე ორივეს დასავლეთისკენა ჰქონდათ მიქცეული. დამავალი მზის ალისფერი შუქი უხვად მოჰფენიდა ამ სახეებს. ბაბუცა ტანწვრილი და შავგვრემანი გოგონა იყო. სახე ფერმკრთალი ჰქონდა, აგრეთვე პაწია ვარდისფერი ტუჩები და სიცოცხლით სავსე დიდი შავი თვალები ცხადად აჩვენებდნენ, რომ მათი პატრონი ჯანითა და ღონით იყო სავსე. ძველი, მსხვილი ჩითის კაბა ეცვა და ეს ჩითის კაბა ისე ლამაზად ადგა კოპწია ტანზე, რომ კაცს ეგონებოდა ეს კაბა რომელსამე გამოჩინებულს მკერვალს გამოუჭრია და შეუკერავს ამ პაწია გოგოსთვისო. როცა ლაპარაკობდა, ხმა ხშირად ეცვლებოდა, ხან ისეთი ნაზი, წმინდა ხმით ლაპარაკობდა, რომ მისი პატრონი ნამდვილად სამი-ოთხი წლის ბაღანა გეგონებოდათ; ხანაც უცებ ბოხ ხმაზე გადადიოდა და გულის სიღრმიდან წამოსული კილო დიდი ადამიანისას ემსგავსებოდა. ამისთანა დროს ფერმკრთალ სახეს ნაზი ვარდისფერი ეფინებოდა, თვალები გრძნობისა და აზრის მადლით ევსებოდა და მთელი არსება ეშხითა და მოხდენილობით უბრწყინავდა. მაღალი კისკისი, ბავშვური ხითხითი თითქო ვერ ეხერხებოდა; სამაგიეროდ, დაბალი გულიანი კუჭკუჭი ისეთნაირად იცოდა, თითქო მტრედი ღუღუნებსო. როცა არ ეჩქარებოდა, ნელ-ნელა, დინჯად იცოდა სიარული, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვდა, ისე გაფრინდებოდა, როგორც მერცხალი. გულკეთილობა შეადგენდა მისი ხასიათის უმთავრეს სათნოებას. ჭირივით სძულდა ავი სიტყვა, თავს მოიკლავდა და ცუდს კი არაფერს ჩაიდენდა. ერთი სიტყვით - ვისაც არ უნახავს ბაჯაღლო ოქრო, ან ობოლი მარგალიტი, მოვიდეს და ნახოს გლეხის ქოხში გაზრდილ-დაბადებული, ძველ ტანისამოსში გამოხვეული ჩემი სოფლელი ბაბუცა, ჩემი ძვირფასი, საყვარელი გოგონა!!. მარო? იქნება ვისმე ეგონოს, რომ ბაბუცაზე ლაპარაკს გავებით და პაწია დუნდრუხა მარო კი დაგვავიწყდა!.. არა, ჩემო ბატონო!.. როგორ დავივიწყებ ჩემ საწყალ, საცოდავ მაროსა!.. მაგრამ უკაცრავად, უკაცრავად!.. რათ იქნება მარო საწყალი და საცოდავი?! დალახვროს ღმერთმა გრძელი ენა და დაუყენებელი პირი!.. არა, არა. მაროც კარგი გოგონაა! ამიტომაც შეუყვარდა ბაბუცას ასეთი გატაცებით. მარო დაბალი ტანის, ლაზათიანად ჩასუქებული გოგო იყო. კუნაპეტივით შავი, სქელი თმა აქეთ-იქით გულზე ჰქონდა გადმოფენილი და ამ შავი თმებიდან მისი თეთრ-წითელი სახე ისე გამოჩანდა, როგორც ღრუბლებიდან ბადრი მთვარე. პაწია მაროს თავის შესაფერად არც ჭკუა აკლდა, არც გონება და არც ზოგიერთა სასარგებლო, ცხოვრებაში გამოსადეგი ნიჭიერებანი. მხოლოდ ერთ რამეზე შეეძლო სამდურავი ეთქვა ბუნებისათვის: არ მიენიჭებინა იმ დალოცვილს უნარი თაოსნობისა. შრომა, საქმის გაკეთება უყვარდა, მხოლოდ თითქმის ვერავითარ საქმის დაწყებას ვერ მოახერხებდა, თუ სხვას მაგალითი არ ეჩვენებინა, ან არ ეთქვა. რომ შეგეხედნათ, უსათუოდ სიამოვნებით წამოიძახებდით: აი ჯანის სისაღეც ასეთი უნდაო! მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი შეხედულება ვერ იქნებოდა სრულიად საფუძვლიანი... საწყალ გოგონას არ ჰქონდა მაგარი აგებულობა, ამის გამო უბრალო სურდოც კი ერთ დიდ რადმე გადაექცეოდა და, სულით ხორცამდე მოშვებულს, ლოგინში ჩააწვენდა ხოლმე. რაღა თქმა უნდა, ყველა ეს კარგად იცოდა ამისმა დედ-მამამ და ამიტომ, შეძლების დაგვარად, უფრთხილდებოდნენ, თითქმის არავითარ საქმეს ოჯახში არ აკეთებინებდნენ. ბატების თვალყურის ჭერა - იქვე მინდორში გარეკა და მერე წყალზე ჩამორეკა - არ იყო საძნელო საქმე. მაროს უსაქმოდ დარჩენა არ უნდოდა და, დედის ჩაგონებით, ამ საქმეს მოჰკიდა ხელი. ამათ სოფელში სულ სამიოდე კომლს ჰყავდა ბატები და აი ამ ბატების მწყემსად დადგა მარო. დილით გარეკავდა ხოლმე ბატებსა, გაშლიდა მინდორში, თითონ დაჯდებოდა სადმე ჩრდილქვეშ და აქედან ადევნებდა თვალყურსა. შუადღისას ჩარეკავდა წყალზე, თითონ კი მიირბენდა სახლში, სჭამდა პურსა და სადილს უკან ისევ გაირეკავდა მინდორში. საღამო ჟამზე ხელახლა ჩარეკავდა ხოლმე წყალზე და აქედან შებინდებისას თითონ ბატები მონახავდნენ თავთავიანთ ბინას. მაროს ცხოვრებაში ის იყო ყველაზე ცუდი, რომ ხშირად მარტოკა რჩებოდა და მოწყენილობის გამო მინდორში ეძინებოდა ხოლმე, მაგრამ ეს ცუდი მხარე მის ცხოვრებას სრულიად მოშორდა მას აქეთ, რაც ამათ სოფელში გაჩნდა ბაბუცა, გაეცნო მაროს და მასთან ერთად იტვირთა ბატების თვალყურის ჭერა. ბაბუცა ორი წლით უფროსი იყო თავის მეგობარზე და რვა წლის მაროც სიამოვნებით მიეგება უფროსი ამხანაგის შეძენას.

V

მზის ჩასვლისას ჩვენი ბავშვები დაბრუნდნენ თავთავიანთ სახლებში. დაბრუნდნენ ერთსა და იმავე დროს, მაგრამ სხვადასხვა გუნებაზე კი იყვნენ. ბაბუცა მხიარულად შევიდა თავის მამიდის დარბაზში, ცოცხს წამოავლო ხელი და მარდად დაგავა, დააკრიალა, როგორც სახლი, ისე დერეფან-კარ-მიდამო. მერმე ნახირიდან მომავალ ძროხას მიეგება, ხბო ჩამოაცალა და ბაკში დაამწყვდია. პატარა ხანს უკან ბაბუცას მამიდა, ხანში შესული, მაგრამ ჯერ კიდევ ჭარმაგად მყოფი მართაც მოვიდა. ვენახში ყოფილიყო, ერთი კონა ბალახი გაეთიბა და საქონლისათვის წამოეღო. ეს კონა ბაბუცამ ჩამოართვა, გაშალა იქვე კარებ წინ და ზდილობიანი ,,მობრძანდი და მიირთვის” თქმით ძროხა მიიპატიჟა. შემდეგ სახლიდან საწველელი გამოარბეინა, მისცა მამიდას და თითონ კი ხბო გამოუშვა. სანამ დაწვებოდნენ, მთელი საღამო ასე ირჯებოდა, ასე ფეხდაფეხ მისდევდა ყოველ საოჯახო საქმეში თავის მამიდას. უშვილ-უძეო მართას, როგორც სჩანდა, ძლიერ უყვარდა თავისი მარდი, ცქრიალა, ყოველ საქმეში მოხერხებული ობოლი ძმისწული. ალერსიანად, სიამოვნებით იღებდა მცირეოდენ მის დახმარებასაც კი. ისეთი გრძნობით ექცეოდა, როგორც მოსიყვარულე დედა თავის ღვიძლ შვილსა.

პაწია მაროც დაუბრუნდა სახლ-კარს, მაგრამ საშინელ ცუდ გუნებაზე კი იყო საწყალი. თავის ტკივილსა გრძნობდა, აზმორებდა, თვალები ეწვოდა და წამდაუწუმ წყალსა სვამდა, რადგან პირი უშრებოდა. დედამ შენიშნა ესეთი მდგომარეობა მაროსი და გაუჯავრდა: ალბათ, გიბანავნია და ახლა ციებას გაწყებინებსო. საოჯახო საქმეებში გართულმა დიასახლისმა ამჟამად ამაზედ მეტი აღარა უთხრა რა თავის გოგოს. საჭირო იყო საქონლის დაბინავება, ფურ-კამეჩის მოწველა და სხვანი. ამ საქმეებს მიაშურა გამრჯე დედაკაცმა. ციებ-ცხელებას კი აქეთკენ დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან ზაფხულობით მეტად გახშირებულია ხოლმე ეს ავადმყოფობა. მარო შევიდა დერეფანში, ფარდაგის ნაგლეჯი გადმოიღო, გაშალა მიწაზე, თავით მუთაქა დაიდო და მუშტისოდენად მოკუნტული წამოწვა ზედა. პატარა ხანს უკან ძაგძაგი დააწყებინა. მაროს უფროსი ძმა დაბრუნდა მინდვრიდან, ნახა ამ ყოფაში თავისი დაი და უკმაყოფილოდ რაღაცა წაიდუდუნა. მერმე საბანი გადმოიღო და ორკეცად დახურა მწოლარეს. მარო ვერც ამან გაათბო. კანკალმა და თავის ტკივილმა უმატა. ასე გასტანა ვახშმობამდის. ამ დროს კი ავადმყოფს სიცივემ გაუარა და მისი ადგილი საშინელმა სიცხემ დაიჭირა. წეღან თუ სიცივისაგან კბილს კბილზე აცემინებდა, ახლა გახურებულ თორნესა გრძნობდა, როგორც გვამ-მუცელში, ისე თავის გარშემო. შუაღამისას ყველანი დააღვიძა ავადმყოფმა, ხმამაღლა ბოდვა დაიწყო. ,,ბაბუცი, ბაბუცი - იძახოდა ნაწყვეტ-ნაწყვეტად - ამ მზის გულზე რადა ვსხედვართ?.. ოო, რა ცხელაა, რა ცხელაა!.. წავიდეთ, წავიდეთ ჩრდილში, ბაბუცი!” მცირე ხანს გაჩუმდა და შემდეგ ხმა-მაღლა იწყო ბატების გაჯავრება: ყი, ყი, ყი... და თანაც საბან ქვეშ გახურებულ ხელ-ფეხს აფართხალებდა ისე, როგორც ბანაობის დროს იცოდა ხოლმე. მამლის ყივილისას ჩაეძინა, მაგრამ ეძინა მოუსვენრად: წამდაუწუმ იღვიძებდა, კვნესოდა, ბორგავდა, საბანს არ იყენებდა. გათენდა დილა; კარზე მწოლარე მამა სახლში შევიდა, ავადმყოფ შვილთან მივიდა და დააცქერდა, მერე ცოლს დაუძახა და ნაღვლიანად უთხრა:

- ე გოგო ციებით არ არის ავადა; ეტყობა სხვა რაღაც ამბავია ამის თავსა. - შემდეგ მოუჯდა გვერდით ავადმყოფს და გულზე საბანი გადახადა. გლეხი შეკრთა, თავი დაღუნა და დააცქერდა მაროს მკერდსა... ამ დროს დედაც მოვიდა, ამანაც აუწია მკლავები და უწყო სინჯვა; გაუსინჯა ზურგი, მუცელი და მწუხარებით რამდენიმეჯერ შემოიკრა ხელები თავში.

- ახლა კი ნუ გადაირევი, დედაკაცო, - დაყვავებით უთხრა ქმარმა; - ბავშვს ცხადია წითელა შეხვედრია, მოვლა უნდა... ღვთის მადლით ეხლა ზაფხულია და ავადმყოფობა, იმედია, კარგად გაუვლის. - ნინო თავზარდაცემულივით იჯდა. დედის გრძნეულმა გულმა და ტკბილმა, მოამაგე ძუძუებმა თითქოს წინათვე იგრძნეს რაღაც საშინელი უბედურება. წელში ოთხად მოკაკული, ცრემლგამშრალი თვალებით დასცქეროდა თავის გოგონას და სრულიად უგრძნობლად, უნებურად მის კვნესას თავისი კვნესაც ააყოლა. კვნესოდა ერთი მხრით სნეულება, მეორე მხრით დაჭრილ-დასერილი გული დედისა. მწუხარების სასწორი რომ ყოფილიყო სადმე და ეს ორი კვნესა აეწონათ, ცხადია, - რომელი მათგანიც უფრო მძიმე გამოვიდოდა!

VI

ოჯახის უფროსი მაინც თავისას არ იშლიდა:

- ნინო, დედაკაცო, რას გამოშტერებულხარ, შე ოჯახდაქცეულო!.. ადექი, ჩვენებიანთ მართას შეატყობინე, იმან წამლობაც იცის და ჭკვიანი, სარისტიანი ადამიანიც არის: მოგვეშველება, დარიგებას მოგცემს. - ნინომ გაიგონა ეს სიტყვები, ტორტმანით წამოდგა ფეხზე და გასწია ბაბუცას მამიდა მართასთან. ბაბუცა იმავე წამს ფეხზე წამოიჭრა და ელვასავით გაქანდა მაროსთან. ამ დღიდან სამი კვირის განმავლობაში აღარ მოშორებია ავადმყოფის ლოგინს. თითონ ნახადი იყო წითელას და ამიტომაც უშიშრად უვლიდა თავის საყვარელ მეგობარს: უჯდა გვერდზე და ათას რამეებზე ეტიკტიკებოდა, ართობდა, დიდივით უალერსებდა. საუბედუროდ ავადმყოფი უკან და უკან მიდიოდა. საშინელი სიცხისაგან ხშირად გრძნობა ეკარგებოდა, და ამ დროს უსმელ-უჭმელი, თვალებდახუჭული მკვდარივით იყო ხოლმე ლოგინში. როგორცა სჩანდა, ავადმყოფი ყველაზე მომეტებულად თვალების ტკივილით იტანჯებოდა. ორივე თვალი დაუსივდა და მარად დახუჭული ქუთუთოებიდან ხანდახან ჩირქიცა სდიოდა. ასე იყო ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ კი სიცხემ ნელ-ნელა უკლო, უშეღავათა, მაგრამ თვალების ტკივილს არაფერი ეშველა. დღე და ღამ დახუჭული ჰქონდა და ტკივილებისაგან შეწუხებული ხშირად საზარელი ხმით გაჰკიოდა. დედ-მამა და მეზობლები ყოველ საშუალებას ხმარობდნენ პატარა ავადმყოფის საშველად. მართა მკითხავთანაც იყო, ფთილებიც დაუსხა. წმიდა მარინეს და ბარბარეს, რომელნიც წმინდანებში თვალების მკურნალებად მიაჩნია ხალხსა, აღუთქვეს ღამის თევა და ზვარაკის შეწირვა. წმინდა სანთლის ორი, თხილის გულის ტოლი გორგოლა გააკეთეს. აბრეშუმის წითელ ძაფზე აასხეს და ავადმყოფს გულზე ჩამოჰკიდეს. მერმე, როცა მორჩებოდა, წმ. მარინესთვის უნდა შეეწირათ, როგორც ორი თვალის კაკალი. ყველა ამან თითქო გავლენა მოახდინა და სიცხე განელებულ ავადმყოფს თვალების მტეხიარებამაც უკლო, სიმსივნე თვალებისა დაუცხრა და აღარც ჩირქი გამოსდიოდა. ყველას გულზე დარდი და ნაღველი მოეშვა. ცხადად სჩანდა, რომ მარო დღითი-დღე უკეთ ხდებოდა: მადა, ღონე და ფერი უბრუნდებოდა. მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა როგორც მაროს, ისე მის კეთილისმყოფთ - ეს იყო მარად დახუჭული თვალები. დიდი ტკივილების დროს დაეხუჭა თვალები და შემდეგ ზემო წამწამები ისე მიეკვრნენ ქვემოს, რომ უკანასკნელ ხანამდე ვეღარაფრით ვერ მოეშორებინათ ერთმანეთისათვის. ბოლო ჟამს დადგა ის ბედნიერი საათიც, როდესაც თბილი წყლით მობანილი თვალები გაახილა მარომ. ამ ამბავმა მთელ დარბაზში დიდი მხიარულობა გამოიწვია. ბავშვებმა ჟრიამული ასტეხეს და ავადმყოფის ლოგინს გარშემო ცეკვა-სიმღერით ურბენდნენ. საკვირველი მხოლოდ ის იყო, რომ ამ საერთო მხიარულობის დროს მაროს სახეს არავითარი საკეთილო ცვლილება არ ეტყობოდა. ამასთანავე ზოგიერთებმა შენიშნეს, რომ მას თვალები ისე უაზროდ, უგუნურად ჰქონდა დაჭყეტილი, თითქო ვერაფერსა ხედავდა. ამ გარემოებას ყველაზედ უწინ დედამ მიაქცია ყურადღება, შეშფოთებული მიუჯდა თავის გოგონას გვერდზე და აკანკალებული ხმით დაეკითხა:

- შვილო, მარო, ხომ მხედავ, გენაცვალე?

მარო ჩაფიქრდა, მერე თვალები უფრო დააჭყიტა და დაბალი ხმით იკითხა:

- დედა, ეხლა ღამეა, არა?..

- მაშ, ვერა მხედავ, შვილო? ვერა მხედავ, გენაცვალე? - დაიღრიალა განწირული ხმით უბედურმა დედამ.

- ვერა, დედა... ვერა გხედავ!.. - გაისმა მომტირალე ხმა პაწია ავადმყოფისა.

დედას გული შეუწუხდა. მხიარულობა უცებ მწუხარებად შეიცვალა. ავადმყოფი მიხვდა თავის უბედურებას და იწყო გულამოსკვნილი ტირილი. ბაბუცამ პირველ ხანად დიდის მწუხარებისაგან თითქო სრულიად დაჰკარგა ჭკუა-გონება: გაშტერებულ-გაშეშებული იდგა და უგუნურად დაჭყეტილი თვალებით ხან მაროს დასცქეროდა, ხანაც მის საბრალო დედასა. რამდენსამე წამის შემდეგ გრძნობას მოვიდა, აზრები მოიკრიფა. საჩქაროზე მიარბევინა მაროსთან წყალი, მოუჯდა გვერდზე, ისველებდა ხელსა და ნელ-ნელა, ფრთხილად ამ სველ ხელს უსვამდა მას თვალებზედა: უგრილებდა, უსუფთავებდა თვალებს და თანაც ალერსიანად ეუბნებოდა:

- ნუ გეშინიან, მარო, ნუ ტირი, შენი ჭირიმე... ნუ ტირი, თორემ თვალები უფრო გეტკინება, გენაცვალე!.. ალბათ, ჯერ კიდევ არა გაქვს კარგად მორჩენილი და ამიტომ ვერა ხედავ... მოგირჩება, გენაცვალე, და მაშინ ყველაფერს დაინახავ, თავს შემოგევლე...

VII

პაწია მარო დაბრმავდა. ძლევამოსილ ავადმყოფობასთან სრულებით ვერა გააწყო რა სხვადასხვა ნაირმა სოფლურ საშუალებათა ხმარებამ. ნაცნობ-ნათესავებმა ესეთი საშუალებანი ბლომად იხმარეს. პაწია უსინათლო წმ. ბარბარეს ეკლესიაში ალოცეს; შემდეგ წმ. მარინეს ზვარაკი დაუკლეს და მის საყდრის ნანგრევებთან ღამე ათიეს, მკითხავის რჩევით მაროს ტანზე ჩააცვეს წითელი კაბა, თავზე მოახვიეს წითელივე თავშალი და ფეხშიშველა ნახევარ დღის სავალ გზას გაუყენეს. ყველგან, ამ სიარულის დროს, ავადმყოფს განუყრელად თან დასდევდა მისი ერთგული მეგობარი ბაბუცა, ეჭირა მაროს ხელი და ფრთხილად გადაჰყავდა ერთი ადგილიდან მეორეზე. როგორც ყველა ბრმას, ამასაც გასაოცარის სისწრაფით გაუფხიზლდა და განუვითარდა გრძნობა სმენისა და შეხებისა. არც ერთი სიტყვა არ გამოეპარებოდა მაროს ყურებს, თუნდაც რომ ეს სიტყვა სრულიად დაბალი ჩურჩულით ყოფილიყო წარმოთქმული. საკმარისი იყო მცირეოდენი განძრევა ბაბუცას რომელიმე თითისა, რომ მის უბედურ მეგობარს მაშინათვე შეეტყო - სად უნდა შემდგარიყო, სად გადაებიჯებინა, ანუ სად გადამხტარიყო. ბაბუცა ფარვანა პეპელასავით თავს ევლებოდა ავადმყოფს, გაფაციცებით შესცქეროდა უსინათლო თვალებში და ხშირად თვით თვალცრემლიანი, ცდილობდა მის გართობას, გამხიარულებას. ლოცვისა და ღამის თევის დროს მთელი საათობით იდგა მუხლის თავებზე და გულმხურვალედ ევედრებოდა ამა თუ იმ წმიდანს მაროს განკურნებასა. ამგვარადვე იქცეოდნენ დედ-მამა, ზოგიერთი მეზობელ-ნათესავები, მაგრამ საცოდავ უსინათლოს ამაებით მხედველობა მაინც ვერ დაუბრუნეს. სასოწარკვეთილებამ მოიცვა ყველას ფიქრი და სამი-ოთხი კვირის ამგვარი მეცადინეობის შემდეგ უნუგეშოდ დაიკრიბეს გულხელი. შეეჩვია თავის საზარელ მდგომარეობას საწყალი მაროც!.. დამშვიდდა და უდრტვინველად დაემორჩილა მწარე ბედსა. არ ემორჩილებოდა ამ ბედს მხოლოდ ერთი, ამოდენა ხალხში მხოლოდ ერთადერთი. სასოწარკვეთილებას გაშმაგებით იშორებდა თავიდან და ორივ ხელით იმედსა და სასოებას ებღაუჭებოდა. ეს იყო ბაბუცა! ეს იყო გრძნობა წმინდა, მაღალი, კურთხეული გრძნობა სიყვარულისა, მეგობრობისა!! სიბრაზისა და მხნეობის ცეცხლით უპრიალებდა თვალები, როცა ესმოდა უსიცოცხლო, უბადრუკი ხმა სასოწარკვეთილებისა. დღედაღამ ერთსა და იმავე საგანზე ფიქრობდა. ერთის გრძნობით, ერთის მისწრაფებით იყო გამსჭვალული მთელი მისი არსება. და, თუმცა მისი ნორჩი, ბავშვური ჭკუა-გონება ბევრს ვერაფერსა ხვდებოდა, მაინც მტკიცედ ადგა ერთ აზრსა და დაჟინებით გაიძახოდა: ,,არა, არ შეიძლება, რომ მარო სამუდამოდ უსინათლო დარჩეს... ეშველება. უსათუოდ ეშველებაო!” რაზე იყო დამყარებული ასეთი რწმენა?.. პირველად, რაღა თქმა უნდა, სიყვარულზე. სიყვარულმა აღძრა ბაბუცას გულში რწმენა და რწმენა ხომ ისეთი ძალია, რომელიც მაცხოვრისა არ იყვეს - უძრავ მთებსაც კი აამოძრავებს, ერთს მეორის ადგილზე გადაიტანს და გადმოიტანს. მეორედ - ზოგიერთა უმნიშვნელო გარემოებაზე, უცაბედად წამოსროლილ სიტყვებზე, რომლებშიც დაუდევარი კაცი ვერაფერს შეამჩნევს, ხოლო მოსიყვარულე გული უკვდავების წყაროს აღმოჩენასაც კი შეეცდება.

ჩვენი გოგოების სოფელზე დიდი შარა გზა გადიოდა, იქვე ახლო ხეობას შესდევდა და მერმე, ბილიკებად დაყოფილ-გადაქცეული, სადღაც მთებში იკარგებოდა. ერთ დღეს მარო და ბაბუცა ამ გზის პირად ისხდნენ და პაწია, წვრილი წკეპლებით პატარა ლასტსა სწნავდნენ. ერთი ჩხირი დააკლდათ და ამის მოსატანად ფეხზე წამოდგა მარო. იცოდა, რომ გზის მეორე ნაპირას ვენახის ღობე იყო და ამ ღობისკენ ხელებგაშლილი ნელ-ნელა წავიდა. სწორედ ამ დროს გზაზე ცხენოსანი მგზავრები გამოჩნდნენ. ერთმა ამათგანმა შენიშნა მაროს მდგომარეობა, ცხენი შეაყენა და ბაბუცას დაელაპარაკა:

- გოგო, ე ბავშვი რად დადის ესრე? ბრმა ხომ არ არის?

- დიახ, უსინათლო გახლავთ!.. - მიუგო ბაბუცამ.

- დაბადებით არის ეგრე, თუ რაიმე ავადმყოფობით მოუვიდა? - კვალად იკითხა გულმტკივნეულმა მგზავრმა.

- დაბადებით არა! ეხლახან მოუვიდა წითელასაგანა.

- აფსუს გოგონა, აფსუს! ამას რო პატრონი ჰყავდეს და ტარსაიძესთან ჩაიყვანოს, დარწმუნებოლი ვარ, საჩქაროზე მოარჩენს.

ამ სიტყვებმა სწორედ სიხარულის თავზარი დასცეს ბაბუცასა. მგზავრი წავიდა, ბაბუცა კი თვალებანთებული, ფერწასული, გაშეშებულივით იდგა ერთ ადგილზე და წამდაუწუმ მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა: ,,ტარსაიძე, ტარსაიძე, ტარსაიძე”... რამდენიმე წამის შემდეგ გარინდებულ მდგომარეობიდან გამოერკვია, გრძნობა დაუმშვიდდა, აზრი დაუწყნარდა. იწყო ფიქრი: ,,ტარსაიძე გვარია, ეჭვი არ უნდა, ადამიანის გვარი!.. ვინ იცის, იქნება ეს ტარსაიძე გამოჩინებული დოხტურიც იყვეს? იქნებ ბრმებს არჩენდეს? იმ კაცმაც აკი ასე სთქვა! ნეტა ვინ არის ეს ტარსაიძე?.. სადაურია?.. სად ცხოვრობს?.. ვაიმე!.. ვაიმე და დიდი ჭირი!.. იმ კაცს ხომ ეცოდინებოდა!.. რატომ არ ვკითხე, რატომა?” ბაბუცამ ფიცხლავ დაჰყარა ხელიდამ პაწია წკეპლები და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოჰკურცხლა გზატკეცილზე. გარბის პაწია გოგონა, მიჰქრის როგორც ის ნიავი, რომელიც მას წინა ხვდებოდა, შავ თმებს უბურძგნიდა, კაბას უფრიალებდა, გახურებულ ოფლიან სახეს უგრილებდა. შორს, ხეობის მოსახვევში დაინახა მიმავალი მგზავრები. შესდგა და ზარივით წკრიალა ხმით გასჭყივლა: ,,კაცო, კაცო!..” მთელი ბუნება ახმაურდა; დიდმა ხეობამ და ტყით დაბურულმა მაღალმა მთებმა თითქო ენა ამოიდგეს: ყოველის მხრიდან მოისმა ბაბუცას ძახილის გამეორება. უსულდგმულო ბუნებამ ხმა მოსცა, ხოლო სულიერი არსებანი კი სდუმდნენ. ბაბუცამ კიდევა სცადა მოწევნა. ღონივრად ამოისუნთქა და ხელახლა გაფრინდა გზაზე. კაი ხანს ირბინა, მაგრამ მგზავრებს თვალიც ვეღარსად მოჰკრა. მაინც ერთი კიდევა სცდა, მოიკრიბა ღონე და გასჭყივლა: “კაცო, კაცო”. მთებმა კვლავ გაიმეორეს ეს ძახილი და შემდეგ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა გარშემო, ბაბუცა გაჯავრდა; წარბები შეიკრა და ლამაზი თვალები მრისხანებით დააბრიალა. ჯერ თითონ შემოიკრა რამდენჯერმე თავში ხელი, მერმე მუშტი მოიღერა და გაბრაზებით გასძახა იქით, საითკენაც დაიმალნენ მგზავრები: ,,დაგაყრუოთ, დაგაყრუოთ მამიჩემის სალოცავებმა!.. მთებმა გაიგონეს ჩემი ხმა და თქვენ რა ღმერთი გაგიწყრათ!” ბაბუცამ ქვითინი მორთო, მაგრამ ტირილი საჩქაროზედვე შესწყვიტა. როგორცა სჩანდა, იმედის მადლმა ხელახლა ჩააშუქა მის უმანკო სულში. ოფლი, ცრემლი მოიწმინდა და ჩქარის ნაბიჯით გამოსწია უკანა. მოდიოდა და თანაც ვიღაცას ელაპარაკებოდა: “ეჭვი არ არის, ეს ტარსაიძე სხვასაც ვისმე ეცოდინება, აჰ, სად არის ეხლა ჩვენი მასწავლებელი?.. იმან ხომ ყველაფერი იცის! ის უსათუოდ მეტყოდა ვინ არის ტარსაიძე”.

VIII

მალე ბედმა გაუღიმა ბაბუცასა. მეორე დღესვე ყველაფერი შეიტყო, რაც კი იმის კეთილს სულსა და გულსა სწყუროდა. ბაბუცა და მარო ხელახლა შეუდგნენ ბატების უკან დევნასა. ერთ დღეს, სადილობისას, ბატები წყალში ჩარეკეს, თითონ კი ხის ქვეშ ჩრდილში დასხდნენ და იწყეს რაღაებზედაც ტიკტიკი. დიდი ხანი არ გასულა ამის შემდეგ, რომ უცებ წყლის პირად ჩარიგებული ნერგების ჩრდილ ქვეშ გამოჩნდა მთელი გუნდი მოსეირნე ხალხისა. ესენი იყვნენ ქალაქიდან მოსული სტუმრები აქაური თავადიშვილისა. რამდენიმე ლამაზად ჩაცმულ-დახურული ყმაწვილი ქალ-ვაჟი ერთმანეთში არეულიყვნენ, ხელი ხელს ჰქონდათ გაყრილი და მხიარული ლაპარაკით, სიმღერით და სიცილ-ხარხარით ჩვენი ბავშვებისაკენ მოდიოდნენ. ბაბუცამ შესწყვიტა ლაპარაკი და დაუწყო ამათ ცქერა. მოსეირნე ქალ-ვაჟნი გოგოებს დაუპირისპირდნენ. ერთმა ყმაწვილმა ქალმა ბაბუცას სახეს მიაქცია ყურადღება და ხმამაღლა რუსულად გასძახა ამხანაგებს: - შეხედეთ, ბატონებო, ამ პატარა სოფლის გოგონას, რა მშვენიერი და ლამაზი რამ არის! ყველანი შეჩერდნენ, გოგოებს შემოეხვივნენ გარეშემო და ამ დროს შენიშნეს მაროს მდგომარეობაცა. როცა კითხვა-კითხვით შეიტყეს მისი დაბრმავების მიზეზი, თითქმის ერთხმივ წამოიძახეს: - ტარსაიძესთან რომ ჩაიყვანონ, მაშინვე მოარჩენსო. - აქამომდე ბაბუცა მოკრძალებით თავჩაღუნული იდგა და პასუხს ნაწყვეტ-ნაწყვეტი “ჰოოთი და არათი”, აძლევდა. ტარსაიძის გაგონებაზე გალიიდან განთავისუფლებულ ჩიტუნასავით შეიფრთხიალა, გაცოცხლებული თვალები სიხარულით შეანათა ერთ მის ახლო მდგომ ქალსა და თამამად დაეკითხა:

- ვინ არის, ქალბატონო, ეგ ტარსაიძე?

- ტარსაიძე თვალების ექიმია, ჩემო ლამაზო! - უპასუხა ალერსიანად მოხსენებულმა ქალმა.

- სადაურია ტარსაიძე? - კვალად იკითხა ბაბუცამ.

- ექიმი ტარსაიძე ცხოვრობს თბილისში! - სთქვა სტუმარმა ქალმა და მერე მიუბრუნდა ბაბუცას:

- ყოფილხარ როდესმე, ჩემო გოგონავ, ქალაქში?

- ვყოფილვარ, ქალბატონო... ბარე ორჯერაც.

- მაშ, იქნებ მიხვდე: ტარსაიძე ვერაზე ცხოვრობს!

- ჩემი მამიდაც ვერაზე ცხოვრობს! - წამოიძახა სიხარულით გატკრციალებულმა ბაბუცამ.

ამის შემდეგ მხიარულნი ქალ-ვაჟნი მოშორდნენ ბავშვებს და უდარდელი მხიარულობით გააგრძელეს თავიანთი სეირნობა. ბაბუცამ და მარომ სხვა დროს და სხვა ადგილსაც რამდენჯერმე გაიგონეს ხელახლა მათთვის საყვარელი კაცის გვარი. მაგრამ, ყოველ ამ დროს აუწერელ სიამოვნებასთან ერთად მწარე ფიქრიც გაუჩნდებოდა ხოლმე ბაბუცას თავში: ,,ამ დალოცვილებმა იციან სადაც არის შველა, თითქო კიდეც ებრალებათ მარო, მაგრამ ცარიელ სიტყვებზე ჩერდებიან და საქმით დახმარება თითქო ფიქრადაც არავის მოსდის”. ამაზე უფრო მომეტებულად ბაბუცას შინაურების დაუდევრობა სწყინდა. როგორც მშობლებმა, ისე ნათესავობამ მაროს შესახებ ყოველივე იმედი გადიწყვიტეს. გაუნათლებლობას სიღარიბეც ზედ დაერთო და საწყალი უსინათლო ღვთის ანაბარად მიაგდეს. მაროს დედ-მამასთან რამდენჯერმე ჩამოაგდო ბაბუცამ ლაპარაკი, მაგრამ ყოველ ამისთანა დროს ერთი და იგივე ესმოდა მათგან: ,,სადა გვაქვს შეძლება. ღარიბ-ღატაკები ვართ... სადაც წმიდა მარინე, წმიდა ბარბარე და წმიდა გიორგი ვერას გახდნენ, რას გახდება იქ ადამიანი, თუნდაც, რომ ამ ადამიანს ტარსაიძე ერქვას?” ესმოდა ყველა ეს და გული უსკდებოდა პატარა მეგობარს. ღამე ძილი დაჰკარგა, დღეებს მოუსვენრად ატარებდა, ფიქრობდა და ამ ფიქრების საგანი ყოველ წამს თვალწინ უტრიალებდა. ქვეყნიერებაზე ტარსაიძის მეტი აღარაფერი ახსოვდა. ერთხელ სიზმარშიც ნახა: ღრმად მოხუცებული თეთრწვერა ბერიკაცი იჯდა ტახტზე; მის წინ ჩამწკრივებულიყვნენ დაჩოქილი ბრმები... მოხუცი ნერწყვით ისველებდა თითსა, მერმე ბრმებს უსვამდა თვალებზე და იმავე წამს მხედველობა უბრუნდებოდა ყველასა. ამ სიზმრის შემდეგ ტარსაიძე მან მართლა დიდწვერა მოხუცებულად წარმოიდგინა; და ამ მოხუცს ისე ევედრებოდა მაროს მორჩენას, როგორც ეკლესიაში დახატულ წმიდანებსა. დრო და ჟამი გადიოდა და არც ამ ლოცვასა და ვედრებას მოჰქონდა რამე სახეირო. ბაბუცამ გადასწყვიტა - თვითონ მოევლო საქმისთვის. ,,მე თითონ ვუშველი მაროსა, - გადაწყვეტით ამბობდა ის თავის გულში, - არ მინდა არავისი დახმარება... წავალ და წავიყვან ქალაქში. მაგრამ როდი დამანებებენ, ნამდვილად არ მანდობენ! არ მანდობენ და ჩუმად წავიყვან. ჩვენ სოფლამდე გზა კარგად ვიცი. იქ ჩავიყვან, მერმე რკინიგზაში ჩავსვამ და ორივენი დრიგინ-რიგინით ჩავირბენთ ქალაქში. ხა, ხა, ხა! მოგვდიონ მერე უკან... კამეჩები შეაბან ურემში და ისე გამოგვიდგნენ... ძალიან მალე კი დაგვეწევიან, არა? ხა, ხა, ხა!.. მაგრამ რკინიგზის ფული რომ არა მაქვს?.. საიდგან ვიშოვნო?.. რა ვქნა, რა წყალში ჩავარდე?”

- ფარჩა ივაჭრეთ, ფარჩაა! - გაისმა ამ დროს ცხენით მოსიარულე ურიის ხმა. ბაბუცამ თვალები ჭყიტა, ფიცხლავ ფეხზე წამოხტა, გადუდგა წინ ურიას და უთხრა:

- ბატი იყიდე, არ გინდა?..

ურია ჩაფიქრდა; მერმე ცხენი გამოატრიალა და დაბალი ხმით ყიდვის სურვილი გამოაცხადა. დიდხანს არ უვაჭრიათ. დიდ მამალ ბატში ერთი მანეთი მისცა და აჩქარებით გაუდგა თავის გზასა. ბაბუცამ კი მაროსთან მიირბინა, მოუჯდა გვერდზე და ჰკითხა:

- მარო, გენაცვალე, რამდენი ბატი გვერგება ჩვენ მათ მოვლა-პატრონობაში?

- ორი ბატი, ბაბუცი!.. რა იყო? ვის ელაპარაკებოდი?

- ურიას!.. ერთი ბატი მივყიდე. ეხლა ფული მაქვს და მინდა ტარსაიძესთან წაგიყვანო.

- ჩვენები არ გამომიშვებენ, ბაბუცი!..

- ნუ შევატყობინებთ!.. ამაღამ, დაიძინებენ თუ არა, ადექი, გამოდი კარზე. მეც იქ დაგხვდები და წავიდეთ. გათენებამდე ჩვენ სოფელში ჩავალთ, მერმე ჩავსხდებით რკინიგზაში და ჰაიდაა!..

- უიმე, როგორ იქნება, ქალო? ღამე მეშინიან!

- მთვარიანი ღამეა, მარო, შე სულელო, რისა უნდა გეშინოდეს? მე აქ არა ვარ!.. იცი, მარო, თქვენი ცუგრიკაც წავიყვანოთ.

- მეშინიან, ბაბუცი, მეშინიან!..

- რას ამბობ, რასა, გოგო?! რა დროს შიშია! ტარსაიძე თვალებს აგიხელს, ყველაფერს ისევ ისე დაინახავ, როგორც წინათა. იცი, მარო, ისეთი კარგია რკინიგზა, ისეთი რომ ჰაა!.. ლამაზ ოთახში ზიხარ დიდკაცურად სკამზე ჩამომჯდარი, რკინიგზა კი გარბის, გარბის კუდამოძუებული და თან მიარახრახებს შენ ოთახსაცა, მერმე ტარსაიძესთან მიგიყვან. ისეთი კაი კაცია ტარსაიძე: ისეთი ტკბილი, როგორც ყინვარე შაქარი!..

მაროს სახე გაუცოცხლდა, პირს ღიმილი გადაეფინა. მერმე ხელები მოხვია ბაბუცას, გულში ჩაეკრა და თვალცრემლიანმა უთხრა:

- შენი ჭირიმე, ბაბუცი, შენი!.. შენა ხარ მარტო ჩემი პატრონი!.. წამოვალ, გენაცვალე, წამოვალ...

IX

შემოდგომის მშვენიერი ღამე იყო; გრილი, წყნარი, დამშვიდებული ღამე. მოწმენდილ-მოკრიალებულ ცაზე სავსე მთვარე იდგა და თავის ნაზ შუქს უხვადა ჰფენდა მთას და ბარსა, ცასა და ქვეყანასა. შუა ღამე მოტანებული იქნებოდა, როდესაც ჩვენს, უკვე ნაცნობ, გზატკეცილზე გამოვიდნენ ხელი-ხელ ჩაკიდებული ბაბუცა და მარო. წინ მოუხტოდათ ცუგრიკა. ჭკვიანი პირუტყვი თითქო კარგად გრძნობდა თავის აწინდელ დიდს მოვალეობას: ბავშვებს მალიმალ გარშემო ურბენდა, წამდაუწუმ დგებოდა და გულმოდგინებით აქეთ-იქით იცქირებოდა; ხანდახან გოგოებთანაც მიირბენდა ხოლმე, ხელებს ულოკავდა, ალერსიანი წკმუტუნით მათ წინ ხტუნაობდა. ამის გამო პაწია მეგობრები სრულებითაც არ გრძნობდნენ თავიანთ თავს მარტო მყოფად. რაღა თქმა უნდა, ცხადად ეტყობოდათ გავლენა იმ არაჩვეულებრივი მდგომარეობისა, რომელშიაც ამ ჟამად იმყოფებოდნენ. გულზე რომ ხელი დაგედოთ, მაშინვე იგრძნობდით მის გაცხარებულ ფანცქალსა, ცხადია, რომ ესეთი ფანცქალი შიშისა და შეკრთომის შედეგი იყო. მაინც კი უკან არ იცქირებოდნენ, გაბედვით, კარგად შეგნებული გარდაწყვეტილებით მიეჩქარებოდნენ, მაგრამ ფრთხილად, ფეხაკრეფით. ირგვლივ დამყარებულ მყუდროებას ამის გამო სრულიად არ არღვევდა მათი მოძრაობა. ბაბუცა, რომ იტყვიან, სწორედ ცქერად იყო გადაქცეული. დიდრონი თვალები განივრად დაეჭყიტა და შეშინებული კურდღელივით აქეთ-იქით აცეცებდა. უცებ მარო შესდგა და ხელი გამოსწია ბაბუცასაცა.

- რა იყო, მარო? რამ შეგაშინა, გენაცვალე?.. - ჩურჩულით ჩაეკითხა უფროსი მეგობარი უმცროსსა.

- გზაზე წინიდგან ურემი მოდის.

- არა, მარო, არაფერი არა სჩანს რა.

- როგორ არა, მეურმის სიმღერა მესმის.

- არც სიმღერა მესმის, ჩემო მარო! თუნდაც რომ მართლა მოდიოდეს ურემი, ჩვენ რა? გზიდან გადავალთ, ბუჩქებს ამოვეფარებით, ურემი გაივლის და ჩვენ ისევ გავაგრძელებთ გზასა. - ბავშვები დაიძრნენ და კვალად შეუდგნენ სიარულსა. ათიოდე წამის შემდეგ მარომ ხელახლა შეაჩერა მეგობარი და ჰკითხა:

- ბაბუცი, არც ეხლა გესმის სიმღერა?

- არა, მარო, არც ეხლა მესმის! ნუ გეშინიან!.. თუ გზაზე მართლა ურემი მოდის, ეგ ჩვენთვის უფრო კარგიც არის: ნადირს დააფრთხობს და ჩვენ ხიფათს გადაგვარჩენს. - მგზავრებმა აუჩქარეს ფეხს. გაიარეს კარგა მანძილი და უცებ ჰაერში გაისმა ნიავისაგან მოტანილი სევდა-ვარამით სავსე ჩვენებური ურმული. ბაბუცამ ყურები ცქვიტა, შეაჩერა მარო და უთხრა:

- მარო, აგერ, მეც გავიგონე სიმღერა!.. გზიდან გადავიდეთ, ბუჩქებში დავიმალოთ!

- არა, ბაბუცა, ურემი ჯერ შორს არის; როცა ახლო მოვა, მაშინა. - ახლა ცუგრიკამაც იგრძნო რაღაცა, კუდი ზურგზე შეიკაუჭა, მოუსვენრად იწყო წკმუტუნი და წინ და უკან გაცხარებული სირბილი. არც ამის პატრონები იდგნენ ერთ ადგილას. კაი ხანს იარეს და მერმე, როცა ურემი მოუახლოვდათ, გზას გადაუხვიეს და გაბარდღნულ ბუჩქებში ჩაიმალნენ. ცუგრიკა დაიჭირეს, შუაში ჩაისვეს და, რომ ყეფა არ დაეწყო, თავზე კაბა გადააფარეს. ურემმა გამოუარა ბავშვებს გვერდზე და ნელ-ნელა წავიდა ზევით. ბავშვები მაშინვე წამოდგნენ ფეხზე და ხელახლა გაუდგნენ გზასა. მალე ჩაუარეს გვერდზე ერთ სოფელსა, საიდანაც შემოესმათ მამლის ყივილი. გაიარეს ამ სოფლის ვენახების ვიწრო ორღობე და მერმე გავიდნენ ფართო ტრიალ მინდორზე.

- აი, მარო, ამ მინდორს რომ გავალთ, ჩვენი სოფელიც იქვე დაგვხვდება. რკინიგზაც იქვე ჩვენი სოფლის ბოლოშია, ჩავსხდებით და გავსწევთ - ბავშვებს, რაღა თქმა უნდა, სული მისდიოდათ ამ რკინიგზის დანახვისათვის, მაგრამ მეტისმეტად გაგრძელდა, გაჭიანურდა წყეული გზა. ჯერ შუა მინდორიც არ ჰქონდათ გავლილი და ჩვენმა პატარა მგზავრებმა დაღალვა იგრძნეს. მაინც კი სიარულს არ იშლიდნენ. უცებ მარო შესდგა და კანკალით უთხრა ბაბუცასა:

- ბაბუცი, ძაღლის ყეფა მესმის, იცი? პატარა ძაღლების კი არა, დიდი ქოფაკებისა.

ბაბუცა შეკრთა, სული განაბა და ყური დაუგდო. კაი ხანი იდგა ასე სმენად გადაქცეული, მაგრამ მის ყურებს სრულიად არაფერი შემოსმენიათ. მაინც გულმა კანკალი დაუწყო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ მინდორში გავლა-გამოვლის დროს, აქ სადღაც, ცხვრის ფარეხი ჰქონდა ნახული. მოაგონდა ისიც, რომ ამ ფარეხის პატრონს ხბოს ტოლა ავი ძაღლები ჰყავდა. ბაბუცამ ჯიბიდან ნახევარი პური ამოიღო, ცოტა ცუგრიკას მიუგდო, ცოტაც მაროს მოუტეხა, დანარჩენი ხელში დაიჭირა და იმედიანად წარმოსთქვა:

- ნუ გეშინიან, მარო! თუ მართლა მეცხვარის ძაღლები გამოგვიდგნენ, ამ პურს გადავუგდებ და თავს დაგვანებებენ. - ამ სიტყვებით დაიმშვიდეს გული და, ცოტაოდენი დასვენების შემდეგ, გასწიეს გზაზე. იარეს და უცებ გზის ცოტა მოშორებით, მარცხნივ მხარეს, დაინახეს კარგა მაღალი გორა, საიდანაც მკაფიოდ მოესმათ ძაღლების ყეფა.

- ბაბუცი, ძაღლები მორბიან ჩვენკენა!.. - დაიძახა მარომ. ბაბუცამაც გაიხედა გორისაკენ და ღამის ბინდბუნდში ცხადად გაარჩია მომავალი ძაღლები. შეშინებულმა გოგომ იწყო აქეთ-იქით ცქერა. არსად ხე, არსად ბუჩქი!.. მაინც წაავლო მაროს ხელი, სირბილით გადიყვანა გზიდამ და ცოტა მოშორებით, ნიაღვრისაგან ჩათხრილ ხრამში, ჩააწვინა და თითონაც გვერდზე მოუწვა. ცუგრიკა გზაზე დარჩა და თავგამოდებით იყეფებოდა. კუდი მამაცურად მოეკაუჭებინა ზურგზე, კისრის ბალანი ყალყზე დაეყენებინა, უკანა ფეხებით გაბრაზებით სთხრიდა მიწას და თანაც შეუჩერებლივ იყეფებოდა. ცხადად სჩანდა, რომ ჩვენი ცუგრიკა რაღაცა საგმირო საქმისათვის ემზადებოდა; თავის შეშინებულ, მარტოხელა მეგობრებისთვის თავდადებასაც კი არ ერიდებოდა. ბაბუცამ ფრთხილად აიღო თავი მაღლა და დაინახა: ცუგრიკამ კიდევ დაიყეფა და მერმე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოუსვა შინისკენ. ბაბუცამ თავი ჩაღუნა და, როცა, ორიოდე წამის შემდეგ, ხელახლა აიხედა, ცხადად გაარჩია შორს, შორს გზაზე ჩიტივით მიჰფრინავდა ცუგრიკა, რომელსაც კარგა მოშორებით ყეფით მისდევდნენ მეცხვარის ძაღლები. ბაბუცამ მაშინვე ხელი დასტაცა მაროსა, ააყენა ფეხზე და უთხრა:

- აბა, მარო, მომეცი ხელი და გავიქცეთ... ცუგრიკამ ზემოთკენ გაიტყუილა ძაღლები. - ორივენი გავიდნენ გზაზე და მოჰკურცხლეს. რადგან გზა ლამაზად იყო გატკეცილი, მარო კარგად ახერხებდა სირბილსა. კაი ხანს ირბინეს ამნაირად, სანამ ქანცგაწყვეტილები არ დაეყარნენ ერთი პატარა ბუჩქის ძირას. ბავშვებმა ოფლი მოიწმინდეს და მხიარულად შესცინეს ერთმანეთს.

- ნეტა, რა მოუვიდა ცუგრიკას? - ნაღვლიანი ხმით იკითხა მარომა.

- ცუგრიკას ვერ დაეწეოდნენ მეცხვარის ძაღლები, - უპასუხა მხიარულად ბაბუცამ. - ძლიერ შორს იყო და ისე გარბოდა, ისე მიფრინავდა, როგორც მერცხალი. მე რომ გავხედე, სწორედ ე ჩემი მუშტისოდენა ჩანდა.

- არ დაიკარგება, არა, ბაბუცი! უკანვე წავა და გათენებამდე სახლში დაბრუნდება.

- ეგ ხომ ეგრე იქნება!.. აბა, რა დაჰკარგავს ჩვენ ცუგრიკასა?.. მე ვიცი, ჭკუა და ეშმაკობა აკლია!..

კარგა ხანს დარჩნენ აქ ბავშვები. დაისვენეს, ცოტა კიდეც შენაყრდნენ, მერმე წამოდგნენ ფეხზე და ყოჩაღად გაუდგნენ გზასა. ამ დროს მტრედის ფრად იყო ნანათლი; შორეული თუ ახლო მდებარე საგნები ჰაერში ლამაზად ირკვეოდნენ. გამოჩნდა ბაბუცას სოფელი და მასთან ერთად თეთრად გალესილი შენობა რკინიგზის სადგურისა. უცებ ჰაერში გაისმა მატარებლის ჭყვირილი. მარო შეკრთა..

- ბაბუცი, რა იყო ესა, გენაცვალე?..

- ეგა, მარო, მაშინის ჭყვირილია. როცა ან წასვლას აპირებს, ან დადგომასა, ეგრე დაიჭყვირებს ხოლმე. - ამის შემდეგ ბავშვებმა გააბეს რკინიგზაზე ლაპარაკი და ამ ლაპარაკში, სრულიად შეუმჩნევლად, მიადგნენ სადგურსა. იყიდეს ორი ბილეთი. პატარა ხანს უკან მოვიდა მატარებელიც. ჩასხდნენ შიგ ჩვენი გოგოები და გასწიეს ქალაქისაკენ.

გზა მშვიდობისა მოგცეთ ღმერთმა, გზა მშვიდობისა, ჩემო პაწიებო!

X

დილის ათი საათი იქნებოდა, როდესაც მატარებელი ქალაქის სადგურის წინ გაჩერდა. ჩვენმა გოგოებმა რკინიგზის ვაგონში ერთი ქალაქში ნამყოფი სოფლელი დედაკაცი გაიცნეს. ეს დედაკაცი გამოუძღვა ბავშვებს წინა, გაიყვანა ,,კონკასთან”, ჩაჯდა შიგა და მოისხა ესენიც გვერდზე. ვერის აღმართით ავიდნენ გოლოვინის პროსპექტზე და გაჩერდნენ. ექიმ ტარსაიძის სახლი იქვე ახლო თითით აჩვენეს და შემკრთალ-შეშინებული ბავშვები მაშინვე წავიდნენ იქითკენ. ნაცნობი დედაკაცი კარებამდის მიჰყვა, უთხრა: ნუ გეშინიათ, ადით მაღლაო და გაბრუნდა უკან. მთელი კიბე და ზემოთ აივანი ავადმყოფებით იყო სავსე. ამის გამო მაღლა ასვლა, როგორც ურჩია სოფლელმა დედაკაცმა, ვერ იყო აგრე რიგად ადვილი აღსასრულებელი. პირველსავე საფეხურთან შესდგა ბაბუცა და ნაღვლიანი თვალებით იწყო აქეთ-იქით ცქერა. იქვე ახლო იჯდა ხანშიშესული მანდილოსანი. ყურადღება მიაქცია ბავშვებს, მათი ღარიბ-ღატაკულ ჩაცმა-დახურვას, მათ დაღონებულ, მაგრამ მაინც ეშხიან და ლამაზ სახეს, შეეცოდა და დედა-შვილური კილოთი ჰკითხა:

- გეტყობათ, გოგოებო, აქაურები არა ხართ.

- არა, ქალბატონო, - მიუგო ბაბუცამ, - სოფლელები ვართ. ეს არის ეხლა ჩამოვედით ქალაქში.

- პატრონი არავინ ჩამოგყვათ?

- არა!..

- ობლები ხართ?

- არა!..

- მაშ, რა ამბავია თქვენ თავსა?

- წუხელი შუაღამისას გამოვიპარენით, მთელი ღამე ვიარეთ და გათენებისას ტანციასთან ჩავედით, იქიდან მერმე აქ გიახელით. - ვინც კი ეს სიტყვები გაიგონეს, ყველამ თვალები ჭყიტეს, ფეხზე წამოდგნენ და მომღიმარე სახით ბავშვებს შემოეხვივნენ.

- მერე, რად გამოიპარენით, თქვე ბაიყუშებო, თქვენა?.. ვინ იცის ეხლა, რა ყოფაში არიან თქვენი დედ-მამა! - გაჯავრებით უთხრა ბავშვებს იმავე მანდილოსანმა.

- რა მექნა, ქალბატონო, - წარმოსთქვა ბაბუცამ, - არც თითონ მოჰყავდათ, არც მე მანებებდნენ... ღარიბები ვართო... ტარსაიძე ვინ არისო!... თუ კი წმიდა მარინემ, წმიდა ბარბარემ და წმიდა გიორგიმ ვერა უშველეს რა, რას გააწყობს ი ვიღაც ტარსაიძეა, ისაო?.. - მთელ კიბეზე გაისმა სიცილი..

- მერე, ღამე არ გეშინოდათ, გოგო? - გადმოიძახა ზემოდან ვიღაცამ.

- ცუგრიკა გვყავდა თანა, - დაიძახა თავჩაღუნულმა მარომ.

ხელახლა გაისმა კიბეზე სიცილი.

- ბრმა არის ეგ გოგო, თუ თვალები სტკივა? - იკითხეს კვალად მაღლიდან.

- ბრმა გახლავთ, - უპასუხა ბაბუცამ, -წითელასაგან მოუვიდა.

ბავშვების ამბავი კიბიდან მალე აივანზე ავიდა, აქედან ოთახებს ეწვია და შემდეგ თვით ექიმის კაბინეტამდისაც მიაღწია. გოგოები აიყვანეს მაღლა. დიდი თუ პატარა ცნობისმოყვარეობით ეხვეოდა გარშემო, ალერსიანად აძლევდნენ სხვადასხვა კითხვებს... ბაბუცას აქებდნენ, მაროს უყვავებდნენ. რამდენსამე ხნის შემდეგ გაიღო კაბინეტის კარი, თვით ტარსაიძემ გამოჰყო დერეფანში თავი და დაიძახა:

- ბაბუცა და მარო, მოდით აქა!

ავადმყოფებმა პირღიმილით, სიამოვნებით დაუცალეს გზა ჩვენ გოგოებსა. ექიმი მოეგება კარებში, შეიყვანა შიგნით და კითხვა-კითხვით დაწვრილებით გაიგო მათი თავგადასავალი. მერმე მაროს წაავლო ხელი, თავი აუღო მაღლა და ჩააცქერდა თვალებში.

- ბატონო, შენი ჭირიმე, ტარსაიძესთან მიგვიყვანე!.. - წამოიძახა ამ დროს ბაბუცამ.

ექიმმა გაიცინა, მიუბრუნდა ბაბუცას და უთხრა:

- ვიღასთან უნდა მიგიყვანოთ, გოგონა? აქ არა ვარ!..

ბაბუცამ წარბები შეიკრა, თვალები გაჯავრებით შეაჭყიტა ექიმსა და უკმეხად უთხრა:

- არა, ბატონო, რად გვატყუებ? შენ არა ხარ ტარსაიძე! ტარსაიძე ბერი კაცია, შენ კი ყმაწვილი ხარ!.. ტარსაიძეს დიდი, თეთრი წვერი აქვს, - შენ კი შავი!..

- ხა-ხა-ხა!!! - გადიკისკისა გულკეთილმა ექიმმა... იცინოდა და თან ეკითხებოდა ბაბუცასა:

- ვინ გითხრა, ბავშვო, რომ ტარსაიძე ბერი კაცია, რომ იმას დიდი წვერი აქვსო?

- მე თვითონ ვიცი!.. სიზმარში ვნახე.

- ხა, ხა, ხა! - კვალად გაისმა მაღალი სიცილი ექიმისა.

- სიზმარში ნახე?.. აბა, ერთი მიამბე ის სიზმარი!..

ბაბუცას აღარ დასცალდა თავის სიზმრის გარდაცემა. კაბინეტში შემოვიდა ექიმის ერთი თანაშემწეთაგანი და ცოტა მოკრძალებით წარმოსთქვა:

- მაპატიეთ, რომ წესსა და რიგს ვარღვევ!! ეს არის ეხლა ერთი ყმაწვილი ქალი მოვიდა, თვალი სტკივა და გამწარებით აღარ იცის, რას სჩადის, თუ შეიძლება, შემოვიყვან ეხლავე.

- მოიყვანე, ჩქარა შემოიყვანე! - უთხრა მას ექიმმა. ჩვენი ბავშვები გვერდზე მიაყენა და კარებში მიეგება საცოდავ ავადმყოფს. მარჯვენა თვალი ჩასისხლიანებული ჰქონდა, გმინავდა, კვნესოდა, მომაკვდავის ფერი ედო. ექიმმა დაუყვავა, ძმასავით მიუალერსა, სკამზე დასვა და ავადმყოფ თვალში ცქერა დაუწყო, მერმე ტახტზე დააწვინა და ამ თვალში რამდენიმე წვეთი წამალი ჩააწვეთა. ყინულიანი წყლიდან თეთრი, სუფთა ტილო ამოიღო და ფრთხილად დააფარა თვალზე. ორიოდ წამის შემდეგ ახლა სხვა წამალი ჩააწვეთა და ტილოც გამოუცვალა. გავიდა კიდევ მცირე რამ ხანი და გაოგნებული ავადმყოფი დამშვიდდა, დაწყნარდა, ფერიც მოუვიდა. ბოლოს ექიმმა ფეხზე წამოაყენა, თვალი აუხვია და უთხრა:

- ხვალ და ზეგ კიდევ უნდა მოხვიდე და მერმე, იმედია, თვალი სრულებით მოგირჩება. - ქალი უცებ მივარდა ხელზე, თავი დაღუნა და სასოებით უწყო კოცნა. ექიმი გაწითლდა, ძალით გაინთავისუფლა ხელი და წყენით უთხრა:

- აბა, რას სჩადიხარ? მღვდელი ხომ არა ვარ, რომ ხელზე მკოცნი!!.

- მღვდელი რა სათქმელია, შენი ჭირიმე... იქნება არქიელებშიაც არავინ იყვეს ისეთი, რომელსაც შენისთანა მადლიანი მარჯვენა ჰქონდეს!.. - დაიძახა აღელვებით ყმაწვილმა ქალმა.

არც ერთი სიტყვა ავადმყოფისა, არც ერთი მოძრაობა ექიმისა არ გამოჰპარვია ბაბუცას ანთებულ თვალებს და სმენად გადაქცეულ ყურებსა. ყველა ამის გავლენით ბაბუცას წარმოდგენაში უწინდელი, სიზმრის და ოცნების ტარსაიძე გაჰქრა და მისი ადგილი ნამდვილმა ტარსაიძემ დაიჭირა. როცა ექიმი ხელახლა მაროსკენ მიბრუნდა, ბაბუცა წინ მიეგება და თვალცრემლიანმა უთხრა:

- ეხლა კი დავრწმუნდი, რომ შენა ხარ ტარსაიძე!.. მოარჩინე, შენი მუხლების ჭირიმე, ჩვენი მაროცა!

- კარგი, კარგი, ჩემო გოგონა!.. ჯერ ერთი გავსინჯო ე შენი მარო! - ამის შემდეგ იწყო მისი თვალების სინჯვა. სინჯა კაი ხანს და ბოლოს მხიარულად წარმოსთქვა:

- ორივე აქ უნდა დარჩეთ ერთი თვე, ან ცოტა მეტი: ყოველ დღე წამლობა საჭირო იქნება, შემდეგ კი ვნახოთ... იმედი მაქვს, რომ მორჩება მარო.

იმავე დღეს ბავშვები თავის საავადმყოფოში დააბინავა და მაროს დედ-მამას კი დეპეშა გაუგზავნა: თქვენი გოგოები აქ არიანო.

* * *

აღსრულდა სახელოვან ექიმის წინასწარმეტყველება! სწორედ ერთი თვის შემდეგ მაროს სრულებით მოურჩა თვალები, დაუბრუნდა მხედველობა. დაინახა ყველაფერი ისევე კარგად, როგორც წინათ ხედავდა, დაინახა თავისი ერთგული, საყვარელი ბაბუცა და ის, მაღალი ჭკუისა და პატიოსნების კაცი, რომელმაც დაუბრუნა ეს მხედველობა. დაინახა ყველა ეს და მეტი სიხარულისაგან კინაღამ გაგიჟდა საწყალი!.. ხან ტიროდა, ხან იცინოდა!.. ჯერ ბაბუცას ეცა, მხურვალედ მოეხვია და უწყო კოცნა; მერმე ექიმს მივარდა, დაიჩოქა და მუხლებზე მოხვევნას უპირობდა, მაგრამ თავდაბალმა, კაცთმოყვარე მკურნალმა ხელი დასტაცა, პაწია ბალღივით აიყვანა და მამაშვილურად ჩაიკრა გულში. მაროზედ არანაკლებ გახარებული იყო ბაბუცაც, მაგრამ რაღაც უჩინარი მადლიანი გრძნობის გამო თავს იკავებდა, აღტაცებისა და სიამოვნების თავისუფლად გამოხატვას თითქო ვერ ახერხებდა. დიდი იყო სიხარული დედა-მამა-ნათესაობისა, მთელი სოფლისა, როდესაც ბაბუცას მამამ ჩვენი გოგოები სოფელში მოიყვანა!.. ბაბუცას ქებას, ტარსაიძის დიდებას, მაროს ხვევნა-ალერსს აღარა ჰქონდა დასასრული.

მეცნიერების ძლევამოსილებას საკუთარი თვალითა ხედავდნენ და ეს უბრალო, გაუნათლებელი ხალხი წმინდა გულით კრძალვა-მოწიწებით ლოცავდა მის მადლიან ძალასა.

გადიოდნენ დღეები, თვეები, წელიწადები, და ტარსაიძე და მისგან ჩადენილი მადლი არა თუ არ ავიწყდებოდა არავის, არამედ უფრო ბრწყინვალე სახიერებას იღებდა, ზღაპრული თვისებით იმოსებოდა. ამ დროის და ჟამის ცვლაში იზრდებოდნენ აგრეთვე ჩვენი ბაბუცა და მაროც, გასათხოვარი ქალები ხდებოდნენ, მაგრამ თავიანთ წარსული ამბიდან თვით მცირეოდენ ნამცეცა შემთხვევასაც კი არ ივიწყებდნენ. ხშირად მთელი საათობით ისხდნენ ხოლმე ერთად და პატივისცემით, სიყვარულით იგონებდნენ ექიმის თვითეულ სიტყვას, მოქმედებას და გულის სიღრმიდან წამოსულ სალამს, მადლობას უთვლიდნენ ხოლმე შორიდან. ყველა ამის მიხედვით, ვგონებ, ცხადად წარმოიდგენს მკითხველი, თუ რა მწუხარება ჩამოვარდებოდა ჩვენს გოგოებსა და მთელ სოფელში, როდესაც შარშან, ამ დროს, გაისმა ხმა ტარსაიძის გარდაცვალებისა. დიდი, ენით გამოუთქმელი, იყო ეს მწუხარება!! ბაბუცა და მარო გულამოსკვნით ქვითინებდნენ და ამათ ქვითინს ბანს აძლევდა მთელი მგლოვიარე სოფლის თანაგრძნობა.

ბედნიერია, ჭეშმარიტად ბედნიერია, ის მოღვაწე, რომელიც თავის სიცოცხლით შვება-ლხენასა ჰფენს ტანჯულ, დავრდომილ ხალხსა, ხოლო თავის სიკვდილით მდუღარე ცრემლს აფრქვევინებს მას!!!