I

ჩემს პატარა ბიჭობაში, მაშინ, როდესაც შოლტის ხმარება კი არა, სახრის ხეირიანად მოქნევაც არ ვიცოდი, როდესაც საქონელს კი არა, ცალ გოჭსაც არავინ მომაბარებდა მინდორში წასაყვანად, - მახსოვს - მქონდა ერთი გულითადი სურვილი, ნატვრა: მე მინდოდა, მენატრებოდა ტყის ნახვა! ვისაც კი ამ ჩემს სურვილს გამოუხატავდი, ყველანი ხარხარს მოჰყვებოდნენ ხოლმე და დაცინვით და გაოცებით მეუბნებოდნენ: “ბიჭო-და, რა ხაზინები დაგიგულებია ტყეში, ან რა მარგალიტის თვლები დაგითესია შენ იქა, რო აგრე გენატრება მისი ნახვა?” ხაზინები!.. მარგალიტის თვლები!.. მაშინ არც კი მესმოდა, თუ რას ნიშნავდნენ ეს სიტყვები! ჩემი სურვილი ამ გვარ მაღალ სიტყვებიდამ არ მომდინარეობდა. ზამთარში თუ ზაფხულში, როდესაც კი ჩემი მამა-ბიძები ტყიდამ შინ დაბრუნდებოდნენ ხოლმე, უსათუოდ რამე უნდა მოეტანათ ჩემთვის. ხან მომიტანდნენ გვრიტის ლამაზ კვერცხებს, ან გვრიტის ბარტყებს; ხან მომიყვანდნენ პაწაწკინა ჩიტებს, მწყრებს, კურდღლის ბაჭიას და სხვ. ხანაც მოჰქონდათ ლამაზად დაკროლილი გულსავსე თხილი, მოწითალო წვრილი წკეპლები, რომლებითაც მე პატარა ლასტებს ვწნავდი და ვუგებდი ფაცრებს ჩვენი მდინარის პაწაწკინტელა ტოტებში. ყოველ გაზაფხულზე ყველა ამას მშვენივრად გაკეთებული და მომართული ასკილის სტვირიც ემატებოდა. ამ დროს ჩემს თავს მე სრულ ბედნიერადა ვგრძნობდი. ყველა ესენი რომ ავიღოთ, შევაჯგუფოთ ერთად და მივაქციოთ ყურადღება მათ გავლენას იმისთანა პატარა სიმონაზე, როგორიც მე მაშინ გახლდით, განა სასაცილო და გასაოცარი იქნებოდა რამე ჩემს ნატვრაში?! მაშინ, რასაკვირველია, ამგვარ კითხვას ვერც მოვახერხებდი და ვერც გავბედავდი მის წარმოთქმას; მაგრამ იმას კი კარგად ვგრძნობდი, რომ ჩემი დარბაისელი დამცინავნი ვერ მექცეოდნენ სამართლიანად და კარგად. ნაცვლად ჩემი უბრალო სურვილის დაკმაყოფილებისა, ისინი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გაოცებით დამცინოდნენ და ეგონათ, რომ ამ გვარის მოქცევით გააქრობდნენ ჩემში ამ სურვილს! რასაკვირველია, სცდებოდნენ... გაქრობის მაგივრად მათმა მოქმედებამ ეს სურვილი გამიცხოველა და ბოლოს ნატვრად გადამიქცია. ამ ნატვრამ სულ მთლად მოიცვა ჩემი არსება. ბევრჯელ თვით მხიარულ მდგომარეობის დროს მომაგონდებოდა ტყე, ჩემი ნატვრა, და ეს მხიარულება წამს სულ მთლად ჩაიფუშებოდა ხოლმე. ერთხელ გადამჯდარი ჯოხის რაშზედ, შემოხვეული ჩემი ტოლი ბიჭებით მე დავქროლავდი ჩვენს მოედანზე... ამ დროს უცებ მომაგონდა ტყე; ვანებე ჩემს ამხანაგებს თავი და, ვითომც აქ არაფერი ამბავი იყო, ჭენებით გამოვწიე სოფლისაკენ. შიგ შუა სოფელში აქამომდე დგას ღვთისმშობლის დანგრეული ეკლესია, ამ ნანგრევისაკენ მივმართე ჩემი გზა. რამ მაფიქრებინა ესა, სწორედ მოგახსენოთ, არ ვიცი, ის კი კარგად მახსოვს, რომ მე შევედი ამ ნანგრევში, მივედი ღვთისმშობლის ხატთან, დავიჩოქე და ვიწყე გულმხურვალედ ლოცვა: შევთხოვდი, რომ მას მაინც აღესრულებინა ჩემი ნატვრა...

- ბიჭო, სიმონა, შენა? რას მაიმუნობ, შე წუწკო შენა! - მომესმა უცებ უკანიდამ. მე მაშინვე ვიცანი ჩემი ბებერი დიდიდედას ხმა. წამოვხტი ფეხზე და ფაცხა-ფუცხით დავეშვი ორღობეებისაკენ. ასე მეგონა, ერთი რამ საშინელი, სასაცილო საქმე ვქენი მეთქი... და მრცხვენოდა, მრცხვენოდა ისე, რომ გადავწყვიტე ვახშმობამდინ შინ არ შევსულიყავ. მართლაც-და, კარგა ხშირ-ბინდი იყო დაცემული, როდესაც მე ჩვენი ბაკის კარები შევაჭრიალე და ჩუმი ნაბიჯით გავწიე დარბაზის დერეფნისაკენ. მე მინდოდა შემეტყო, იყო შინ ბებიაჩემი თუ არა? ან თუ იყო, ლაპარაკობდა რასმე ჩემზე, თუ კიდეც ელაპარაკნა. ამისათვის მივედი და ავიტუზე კარებთან. დავუგდე ყური, მომესმა ჩვენი აზნაურა დიაკვნის, ზაქარიას ხმა.

- მერწმუნე, გიორგი, - ეუბნებოდა ის მამაჩემს: - მერწმუნე, რომ ესე საყდრის ახლო ცხოვრება შენთვის და შენი ოჯახისათვის არ არის კარგი! მუდამ ღვთის კალთის ქვეშა ხარ; მუდამ ყოველ შენს საქმეს ზედ დასცქერის დიდი მთავარ-მოწამე გიორგი.

- ვენაცვალე მაგის მადლსა და მაგის სახელსა! - გააწყვეტინა მამაჩემმა, - დაგვცქიროს! ღმერთმა ხო იცის, რომ ჩემ ოჯახში კაცი არავის მოუკლავს და ნაქურდალი არავის შემოუტანია!

- ჰეი, გიორგი, გიორგი, - დაიწყო კვალად დიაკვანმა. - ღვთისა წინაშე ვინ არის მართალ? შენ იქნება არ იცოდე შენი და შენი ოჯახის შეცოდებანი; ყოველივე ესე კი წინაშე ღვთისა ცხად არს! ამისათვის გირჩევ, რომ აიყარო აქედამ და აი შენ საბძელთან გადასახლდე...

მამაჩემმა ამაზე რაღაც უთხრა, მაგრამ ვერ გავიგონე; სჩანდა კია, რომ რაღაც გაჯავრებულად უთხრა ჩვენს ეშმაკ და მაცდურ დიაკვანს. დიაკვანი ამის შემდეგ წამოიბარგა და გამოსწია გარეთ; გამომიარა გვერდზე და ცუღლუტურის ბუტბუტით გავიდა ჩვენი სახლიდამ. ამის გამოსვლის შემდეგ შევიცადე ცოტა ხანს კიდევ და შემდეგ შევაღე კარი და შევედი სახლში. აქ იყვნენ სულ ყველანი: ბებიაჩემი, მამაჩემი, დედა და სამი, ჯერ ახალგაზრდა, უცოლშვილო ბიძები. წინაპირველად ამათ თითქო ვერ დამინახეს... თავისუფლად ჩავუარე კერას გვერდით და დედაჩემს ამოვუჯექ მუხლის ძირას.

- ჩვენო ბერო, ჩვენო ბერო! აცხონე სული თუ არა? - დაიძახა უცებ სიცილით უმცროსმა ბიძამ...

- ბერო, ბერო! აბა ერთი გვითხარი, რას ლოცულობდი! - დაიწყეს აქეთ-იქიდამ ყვირილი. ამას მოჰყვა საზოგადო სიცილი. მე ჩავუდე დედაჩემს კალთაში თავი და გავინაბე.

- რას მიჰქარამთ ერთი! ლოცვა რა დასაცინია! - მოისმა მამიჩემის ხმა. ამ ხმამ ცოტა არ იყოს გამათამამა: თავი ავიღე მაღლა.

- აბა, გენაცვალე, შვილო, მითხარი, რას ეხვეწებოდი წეღან ღვთიშობელსა? - მოვიდა ჩემთან და დაყვავებით მითხრა ბებიაჩემმა.

ამ დაყვავებამ უფრო გამათამამა; მაგრამ პასუხის გაცემას მაინც მაგრე რიგად არა ვჩქარობდი.

- ვეხვეწებოდი: - ღმერთო და წმინდა გიორგი, ტყე მაჩვენე მეთქი... - ვსთქვი დაბალის ხმით შემდეგ ცოტაოდენის სიჩუმისა.

ამ სიტყვებმა ხელმეორედ აღძრა მთელ ჩვენს დიდს დარბაზში ერთი საშინელი სიცილი და ხარხარი.

- ბიჭო-და, რა სანახავია ტყე, რო აგრე გენატრება იმის ნახვა? - მითხრა სიცილით უფროსმა ბიძამ .

- შე რა გინდა! ოღონც-კი ერთი ტყეში წამიყვანეთ და, ღმერთმანი, სულ მე მოვუდგები ხარებს, - მივუგე მე.

- კარგი, შვილო, კარგი! აი ამ ორ დღეში ფიჩხისთვის მოგვიხდება ტყეში წასვლა და შენც მაშინ თან წაგიყვანთ, - დამპირდა მამაჩემი.

- წაიყვან კი არა და აის არ უნდა! - წამოიძახა დედაჩემმა. - ეგები აიქ ურმიდგან გადმოგივარდეთ სადმე... ნუ, შვილო ნუ წაჰყვები... იქ ისეთი მგლები და ტურები არიან, რო მაშინვე შეგჭამენ.

- სიმონა, - დაიძახა ახლა ბებიაჩემმა. - არ წახვიდე, შვილო, თორე ტყეში ალი დაგხვდება, წაგიჭერს ყელში ხელსა და დაგახრჩობს.

- ალი პატარა გოგო არ არი?.. ი როგორ მომერევა მერე, - ვთქვი მე.

- ალი, ბიჭო, პატარა გოგო კი არ არი, - დაურთო შუათანა ბიძამ,- ალი ეშმაკების დედაკაცია... ისეთი ლამაზია, ისეთი, რომ მზეთუნახავსა ჰგავს. მშვენიერი წაბლისფერი დალალები აყრია ზურგზედა... ჩაჯდება ხოლმე ტყის წყლებში, გაიშლის თმასა, და ისველებს წყლითა და ოქროს სავარცხლით დაიწყებს ხოლმე ვარცხნასა. თუ ამ დროს ადამიანს თვალი შეასწრო, მაშინვე წამოხტება, ეცემა და დაახრჩობს .

- ი წყეული ძაან ღონიერია თურმე, - დაუმატა უმცროსმა ბიძამ.

ამის შემდეგ გააბეს ალზე ლაპარაკი და თითო რამე ალის ამბავი თითქმის ყველამა თქვა... სიცილი, ხუმრობა ამ დროს სრულიად გაჰქრა. მათი ალაგი ხშირმა პირჯვრის წერამ და წმინდის გიორგის სახელის მოწოდებამ დაიჭირა. ხალხი არა ხუმრობდა! ამან ძალიან, ძალიან შემაფიქრიანა. ვეღარც ვახშამი ვჭამე ხეირიანად და მთელი ღამეც მამლის ყივილამდე არ დამეძინა. ვფიქრობდი ალზე. თვალწინ მეხატებოდა ტყე. ამის შუა ალაგას ვითომ მოჩანდა პატარა, ანკარა, მოჩქრიალე მდინარე, რომელშიაც, ერთს მოფარებულ ალაგას, დიდთმაგაშლილი იჯდა მშვენიერი მზეთუნახავი ქალი - ალი. ალი თავის ჟუჟუნა შავის თვალებით იცქირებოდა აქეთ-იქით. უნდა დაინახოს ვინმე ადამიანი, მივარდეს და დაახრჩოს... ამ გვარი წარმოდგენანი მეხვეოდნენ გარშემო მთელი ის ღამე. პირველ მამლის ყივილის შემდეგ დამეძინა, მაგრამ ვაი ამ დაძინებას! სიზმარში ვნახე ალი და გულგახეთქილმა გავაჭყიტე თვალები. ტყე და ალი ახლა ერთმანეთთან მკვიდრად შეთვისებულ საგნათ გარდიქცნენ ჩემთვის. ერთის ნახვა მენატრებოდა, მეორესი მეშინოდა... როგორ ავცდე ამ უკანასკნელს ისე, რომ მხოლოდ პირველი ვნახო, - აი ჩემი მაშინდელი ფიქრების საგანი! თუმცა ბევრნაირად გავწიე და გამოვწიე ეს საგანი, ბევრი ვიბუტბუტე ამის შესახებ, მაგრამ ერთმანეთზე მაგრა მიკრული ტყე და ალი მაინც ვერ მოვაშორე ერთმანეთს. ბოლოს მაინც ისევ ტყემ აჯობა ალსა! გადავწყვიტე, წავალ ტყეში, მაგრამ ჩემს მამა-ბიძათ ერთს ნაბიჯზედაც არ მოვშორდები-მეთქი. ამ გარდაწყვეტილებით ავდექი დილით. თუმცა ცოტა თავიც მტკიოდა და უხეიროდაც მაზმორებდა, მაგრამ მაინც ხმა არ ამომიღია ამაზედ. გაჩუმებული ვუცდიდი იმ დღეს, როდესაც ჩემი მამა-ბიძანი ფიჩხისთვის ტყეში უნდა წასულიყვნენ.

II

ამ დღემაც დიდხანს არ მალოდინა. ორი დღის შემდეგ, საღამო ჟამზე, მამაჩემმა გამოიტანა შინიდამ ცული და საძნე ურემს დაუწყო მართვა. ცოტა ხანს უკან ჩემმა ორმა ბიძამ ბაკის კარებთან ერთი სხვა ურემიც მოაგორეს. უღლებს, აპეურებს და ტაბიკებს დაუწყეს ძებნა და გამართვა. აქედამ ცხადადა სჩანდა რომ ესენი ხვალ ტყეში წასვლას აპირებდნენ. მამაჩემს ღრეჯით მოვაგონე თვისი დაპირება... მან ხელმეორედ განიმეორა თავის აღთქმა. მე მაინც მთლად არ ვენდე ამ დაპირებას: იმ ღამეს უმცროს ბიძასთან კარზე ძარ ქვეშ დავწექი, რომ უფრო კარგად მეყარაულებინა ტყეში მიმავალთათვის. მეორე დღეს, ჯერ მზეც არ იყო ამოსული, რომ მე თვალებდაჭყეტილი ვიწექი ლოგინში და გავცქეროდი კონკილებზე შეყენებულ ურმებს. აგერ მორეკეს საქონელიც და ურმებში დაუწყეს შებმა. მე მსწრაფლად წამოვხტი, გადავიცვი ჩოხა, ჩავიცვი ქალამნები და წინ მივეგებე მამაჩემს, როდესაც ის კალთაში პურებგამოხვეული გამოდიოდა შინიდამ.

- წამოდი, შვილო, წამოდი... - მითხრა მამაჩემმა... და გასწია შებმულ ურმებისაკენ.

მე სიხარულით და ხტუნაობით გამოუდექი უკან. ტყეში მოდიოდნენ სამნი: ორი უფროსი ბიძა და მამაჩემი. ამ უკანასკნელმა დამისვა თავის ურმის თავზე, თვითონ მოუდგა ურემს გვერდზედა და დავძარით ნელ-ნელა ურმები. მუშის სადილობის დრო იქნებოდა, როდესაც ჩვენ ტყეში შევედით. მართალია, ტყე იმისთანა არ მეჩვენა, როგორიც წარმოდგენილი მქონდა ისა, მაგრამ აქაურმა სიგრილემ შემდეგ ტრიალი, გახურებული მინდვრის სიცხისა, მრავალმა დიდმა ხეებმა, მათ ფოთოლთა რაღაც საიდუმლო შრიალმა, ათასგვარ ფრინველთა სხვადასხვა ნაირმა ჭიკჭიკ-გალობამ და კიდევ ბევრმა სხვა რაღაებმაც ისეთ ნაირად იმოქმედეს ჩემზე, რომ ცოტა ხნობით ალიც კი დამავიწყდა. გახარებული გადმოვხტი დაყენებული ურმიდამ და მხიარულად გავქანდი თხილის ბუჩქისაკენ, რომელზედაც კუნწულ-კუნწულად იყო დახუნძლული თხილი. ამ ბუჩქიდამ სხვა ამგვარივე ბუჩქი დავინახე; აქედამ ჩიტის ბუდიანი ბუჩქი; იქითკენ ლამაზი სწორე სასახრე იფნის ყლორტი. ამგვარად, ჩემთვის სრულიად შეუნიშნავად, გადავდიოდი ერთი ალაგიდამ მეორეზე და ამასთანავე უფროდაუფრო ვშორდებოდი ჩემს მამა-ბიძათ. ამ გვარი ჩემი დაშორება ვიგრძენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ერთს პაწაწა მოჩქრიალე მდინარეს წავადექ. ამის დანახვამ რაღაც თავზარი დამცა. კარგა ხანს გამოურკვეველი შიშის მეტს მე ვერაფერს ვერა ვგრძნობდი. შემდეგ ამ არეულმა მდგომარეობამ ნელ-ნელა იწყო გამორკვევა. ჩემს თავში არეულ საგანთა წარმოდგენათ იწყეს ერთმანეთიდამ განცალკევება... ცალკევდებოდნენ თითქო მისთვის, რომ სამუდამოდ მოშორებოდნენ ჩემს მოსაზრებას. სათითაოდ და ნელ-ნელა იწყეს მათ გაქრობა და ჰქრებოდნენ, სანამ ეს საქმე ჩემთვის სასიამოვნო და საშიშარ ორ საგანზე არ შესდგა. აქ მთლად გამოფხიზლებულ გონებას ცხადად წარმოუდგნენ ერთის მხრივ ტყე და მეორეს მხრივ ალი. ,,ვაიმე, დედავ! ეს რა მომივიდა!” წავიბუტბუტე კანკალით და სულგაკმენდილმა მივიხედ-მოვიხედე... სამის მხრივ მე მეხვია თხილისა და ძეძვის ერთმანეთზე გადაბმული ბუჩქები... მაღლიდამ დამცქეროდნენ უზარმაზარი მუხის ტოტები... ისეთი გაშტერებულნი მეჩვენნენ ეს ტოტები, რომ მათი ფოთლების შრიალიც-კი არ მესმოდა. ფრინველებსაც ამ დროს თითქო ყველას ენა ჩავარდნოდა... მათი ხმა კი არა, ფრენაც არ ისმოდა. რაღაც შესაზარავი მკვდარი სიჩუმე იდგა ჩემს გარშემო! დავუგდე ყური ჩემს მამა-ბიძათ; ვერცა-რა იმათი ხმაურობა გავიგონე; მხოლოდ ხანდისხან, თითქო, შორს საიდგანღაც, ცულების კაკა-კუკი გაისმოდა ხოლმე... სხვა არაფერი. ,,შშშრიიი”, მომესმა უცებ წყლიდამ. ცახცახით გავხედე მდინარეს და მომეკვეთა მუხლები: შიგ შუა წყალში მე დავინახე ალი, რომელსაც გაეწეწა თმა და დინჯად ივარცხნიდა მას ოქროს სავარცხლით... ამის შემდეგ მე აღარა მახსოვს-რა. როგორ გამოვტრიალდი უკან, როგორ შევძელი ურმებთან მირბენა და როგორ დავიძახე: “მიშველეთ, ალი” - მე არა ვიცი რა, მახსოვს მხოლოდ მამაჩემის სიტყვები...

- სიმონა, შვილო, სიმონა, - ჩამომძახოდა ის ყურში, როდესაც, თურმე ცოტა მოვსულიერდი; - მითხარი, შვილო, მითხარი: აბა სად არი ალი?..

- პატარა წყალში, აიქითა, - თავის გვერდზე მიღებით წამოვილუღლუღე.

- აბა, ბიჭებო, - დაუძახა თავის ძმებს მამაჩემმა, - ცულები აიღეთ ხელში და ჩქარა გავიქცეთ... ეგებ მოვასწროთ ი წყეულსა და ჩავჩეხოთ წყალში.

აქ ყველანი წამოცვივდნენ ფეხზე და მოღერებული ცულებით გაექანნენ იქით, საიდამაც მე მოვრბოდი. მე მამაჩემს ვეჭირე ხელში. აგერ, ჩემი ბიძები ყვირილითა და კიჟინით მისცვივდნენ მდინარის ნაპირას! აგერ მივედით ჩვენცა, მივედით და დავდექით სწორედ იმ ალაგას, საიდამაც მე ალი დავინახე.

- აბა, სიმონა, სად იყო ალი, სად ? - დამიძახეს ბიძებმა.

მე გავიხედე ალისაკენ, მაგრამ იქ ალი ვეღარ დავინახ; მის ნაცვლად სწორედ მის ალაგას ეხლა წყლიდამ ამოჩანდა ყვითელ ხავსმოკიდებული მუხის დიდი კუნძი.

- ე მაგ კუნძზე იჯდა მგონია, - ვსთქვი მე ცოტა ყოყმანით.

- ეე! შვილოსან, - სთქვა მამაჩემმა, - ჩუმათ უნდა მოვსულიყავით... მოგვეჭრა თმა და მაშინ რაც გვინდოდა, იმას ვუზამდით... მაგრამ, მაინც ეს კუნძი ცუდად არი ამოყუნტული წყლიდამ... ეს სწორედ ალის თმის სავარცხნი ალაგი იქნება! აბა, ცულები მაგას.

აქ მამაჩემმა მე ძირს დამსვა; თვითონ წამოავლო ცულს ხელი და გაექანა კუნძისკენ. მას მიყვნენ ბიძაჩემები... სამთავენი შემოუმწკრივდნენ კუნძს გარშემო და გაცხარებით დაუშინეს ცულები...

- ე კუნძი ცეცხლისთვინაც გამოდგება! - მხიარულად დაიძახა ერთმა ბიძათაგანმა.

უცებ წაიქცა მამაჩემი. უფროსმა ბიძამ დახედა თავის ცულს. ცული ტარზე აღარ იყო... ქნევის დროს მისი ცული გასხლეტილიყო ტარიდამ და პირით შიგ შუბლში მოხვედროდა მამაჩემს.

- მიშველეთ, მიშველეთ! - დაიძახა მამაჩემმა: ბიძაჩემებმა გაჰყარეს ხელიდამ ცულები, ეცნენ და საჩქაროზე თავგახეთქილი თავისი ძმა ნაპირზე გამოიტანეს. გატეხილი შუბლიდამ თქრიალით გადმოსდიოდა სისხლი; ბიძაჩემები ცდილობდნენ, რომ როგორმე შეეყენებინათ ეს სისხლი, მაგრამ მათი ცდილობა დიდხანს ფუჭად რჩებოდა. ბოლოს ახალუხის მთელმა კალთამ ძლივ-ძლივობისას შეაყენა სისხლის დენა.

- ვაიმე, ცოლო და შვილო! - სუსტის ხმით დაიკვნესა მამაჩემმა, - დამდეთ ჩქარა ურემზედა წამიღეთ შინა.

ტირილით და ვაი-ვაგლახით შევაბით ურმები, დავუდეთ ერთ მათგანზე მამაჩემი და საღამოზე, ფიჩხის მაგივრად, შინ მკვდარი მამა მივიტანეთ: შუა გზაზე დალია საწყალმა სული.

ადვილი წარმოსადგენია, თუ რა წიოკობა გაჩნდებოდა ჩვენს ოჯახში ამ უეცარის და საშინელის ამბის დანახვით! მთელი ჩვენი სოფელი ფეხზედ დადგა. საკვირველიც არ არის! ეს სიკვდილი ასე უეცარიც რომ არ ყოფილიყო, მამაჩემი მაინც ისეთი გულკეთილი და საწყლის შემბრალებელი კაცი იყო, რომ მთელი ჩვენი სოფელი მას პატივისცემით და სიყვარულით უცქეროდა. მე მაკვირვებდა მხოლოდ ხალხის ლაპარაკი ამ სიკვდილის მიზეზზედ... ამბობდნენ, ვითომც მამაჩემი პირიანი ქვის სროლით ალს მოეკლას. ამ ხმამ ცოტა კი არ გვაწვალა! ჩვენი მღვდელი მამიჩემის ქრისტიანულად დამარხვას არა სჩადიოდა: ალისაგან არის მკვდარიო. სანამ ერთი წითელი ქაღალდი არ აგვკრა, გვერდზეც არ მოგვიდგა ის ჩვენა. დამარხვის შემდეგ ამ ხმას ბლაღოჩინამდისაც მიეხწია... ახლა ის ჩამოგვიხტა სახლში და დაგვიწყო მუქარა: სუყველას ციმბირში გაგაგზავნინებთო და გვემუქრებოდა, სანამ ამასაც ერთი თუმანი არ მივეცით. ამ პატივცემულ სულიერ მამათა ლაპარაკისა და ჯავრობისა მე მაშინ სრულიად არა მესმოდა რა! ვერ წარმომედგინა, თუ რას ჩემობდნენ იგინი. ამისათვის მიკვირდა და გაკვირვებული ვიყავი მხოლოდ ყველა ამ ზემოთ ნათქვამი ხმების და ლაპარაკის მიზეზით. როგორ, მამაჩემი ალმა როდის მოჰკლა? ვეკითხებოდი ჩემ გულში ჩემ თავს და ზედვე მივადევნებდი ხოლმე ნამდვილ პასუხს: - ალმა კი არა, მამაჩემი ბიძაჩემმა მოჰკლა!..

III

დავმარხეთ მამაჩემი, მაგრამ ამის შემდეგაც არ ჩამოგვეხსნა ის წყეული ალი. ჯერ სასაფლაოზე ენახათ ის ვიღაცა მგზავრებს. შემდეგ გავარდა ხმა - ვითომც მამაჩემი ალს ამოეღოს საფლავიდამ და წაეღოს ტყეში. ეს ამბები ჩვენ შეგვატყობინა ზაქარია დიაკვანმა და გვირჩია, რომ მიცვალებულის სულისთვის გვეწირვინებინა, საფლავი გვეკურთხებინა და შემდეგ საზოგადო წირვა გადაგვეხადა. ყველა ესენი სრულიად აღასრულეს ჩვენებმა; მაგრამ ვაი ამ აღსრულებას! ამან საშინელი დაღი დაასვა მთლად ჩვენს ოჯახობას და მის მომავალ ბედს. აქამომდე უვალო ოჯახს ამ წირვებისა და კურთხევის მეოხებით ათ თუმანზე მეტი ვალი დაგვედო. ეს ვალი შემდეგ გადიდდა, გარდიქცა ორმოც, სამოც თუმნათ: გავხდით ჩვენ დედაბუდიანად ერთის ჩარჩის მონებათ და ყმებათ. მაგრამ ყველა ეს შემდეგ მოხდა; აწმყო ჩვენი უბედურება კი იმაში მდგომარეობდა, რომ თუმცა ეს ფული დავხარჯეთ და ყველა ნათქვამი აღვასრულეთ, მაგრამ ალი მაინც თავიდამ ვერ მოვიშორეთ. სასაფლაოდამ შემდეგ თვით სახლში გვეწვია ის. ერთ ღამეს ყველას ტკბილად გვეძინა. წარსული მწუხარებით და შრომით დაღლილ-დაქანცულთ, ჩვენ, ცოტა არ იყო, იმედიანათ დავუწყეთ მომავალს ცქერა. მაგრამ იმ ღამეს სხვა ვაი-ვაგლახი მოელოდა ჩვენ სახლსა. გათენება მოტანებული იქნებოდა, როდესაც შუა ბანიდან ერთი ვეებერთელა ქვა ჩამოვარდა დარბაზში და რახა-რუხით დაეცა საკიდელას და კერას. ჩვენ ყველანი წამოვცვივდით ფეხზე.

- ვინა ხარ, ვინა, შე ოჯახ და სახლ-კარ დაქცეულო? - შესძახა ქვემოდამ ერთმა ჩემმა ბიძათაგანმა.

- მე ვარ ალი, გამოგზავნილი წმინდის გიორგისაგან... აიყარენით. აიყარენით, თორემ სულ ერთიანად ამოგმუსრავთ! - გარჩევით და ქალურის ხმით მოისმა მაღლიდამ.

ამ სიტყვებმა ყველას შიშის ზარი დასცა. ყველამ ფიცით აღიარა, რომ უსათუოდ და უსათუოდ ავიყრებით აქედამო. მეორე დღეს, სანამ რომელიმე ჩვენგანი კარზე გავიდოდა, ეს შემთხვევა თურმე თელმა ჩვენმა სოფელმა იცოდა კიდეც. გაჩნდა სოფელში ერთი საშინელი ჭორიკანაობა.

- გენაცვალე, ქალო, - იძახოდა ერთი, - მაგ საწყალ არაშენდაანთ ალი ახლა სახლში მისჭრიათ, ბანიდამ ერთი ვეებერთელა ქვა ჩაუხლია და დაუძახია: სულ ყველას დაგახრჩობთ და ცეცხლს წაგიკიდებთ, თუ აქედან არ აიყარენითო.

- ქაა და, ეგ კიდევ რა არის იმასთან, რასაც სხვანი ლაპარაკობენ, - მისძახოდა მას მეორე, - თურმე გენაცვალე, მისულა ალი და ი სულწაწყმენდილი ბებერი მაიასთვის ჩაუძახნია: ჩემო დობილო მაიაო, როგორც აქამდისინ მეხმარებოდი, მამეხმარე ერთი ეხლაცაო: ამომაწყვეტინე ე შენი შვილებიო!

- მერე, გენაცვალე, მერე! ი სულაყეფებულს რა ეთქვა?

- არაფერი, ქალო, იჯდა თურმე ენაჩავარდნილივით და უკუღმა პირჯვარს იწერდა.

- უუუი, ჩვენ ჩაქოლვასა! ტყუილად კი არ იძახოდა ჩვენი მღვდელი: არაშენდაანთ მაია კუდიანიაო.

- გენაცვალე, და მეტი კუდიანობა გინდა: ჭიაკოკონობა ღამეს ერთხელაც არა ყოფილა ისა შინა...

ბევრი ამ გვარი და ბევრიც ამაზე უარესები ისმოდა იმ დღესვე ჩვენს სოფელში მთლად ჩვენს ოჯახზე და კერძოდ - ჩემს საწყალ დიდიდედა მაიაზე. ამ უკანასკნელს ახლო აღარავინ ეკარებოდა. მიმავალი რომ დაენახათ, გარბოდნენ იმისაგან, როგორც გიჟისა, ან საოფლიანი ავადმყოფისაგან. ყველა ეს ამბები ჩვენ საღამოზე გავიგეთ. უნდა დაგენახათ, როგორი ჭირისუფალივით ტიროდა ამ დროს საწყალი ჩვენი მოხუცებული. მთელი ის პირველი ღამე მან სულ “ვაი”-სა და “მე ჩაქოლვილის” ძახილში გაატარა. მეორე დღეს, თუმცა ძველებურად ადრე ადგა ლოგინიდამ, მაგრამ მალე უკანვე მოუხდა მიბრუნება. დაწვა, მისცა საშინელი სიცხე და იწყო გიჟივით როტვა. მთელი დღე სულ როტვაში გაატარა. საღამოზე კი, ცოტა არ იყო, შესწყვიტა ეს უაზრო ლაპარაკი და ცოტა ხანს კიდეც ჩაეძინა. ვჭამეთ ვახშამი და დავწექით ჩვენც. შუაღამე იქნებოდა, რომ უცებ ჩვენმა ავადმყოფმა იწყო ერთი გაბმული და შესაზარი ხრიალი. წამოვცვივდით ფეხზედა შემოვეხვივენით გარშემო ავადმყოფს. ის თვალებდაჭყეტილი, გაყვითლებული და გაშტერებული იწვა. შემდეგ ბევრის ყვირილისა, ცივის წყლის სხმისა, ცხვირისა და ყურების სრესისა, ის ცოტაოდნად მობრუნდა.

- რა იყო, დედა, რაი? - ჩასძახეს აქეთ-იქიდამ.

- ალი, შვილო, ალი... კინაღამ დამახრჩო ი წყეულმა, - წამოიკვნესა ბებიაჩემმა.

- სად იყო ი წმინდა გიორგისაგან დაწყევლილი!.. რა უნდა ი შეჩვენებულს ჩვენგან!.. - დაიძახა უფროსმა ბიძამ.

ამის შემდეგ აანთეს სამი, თუ ოთხი მკვარი, დაუწყეს ძებნა ალსა: გოდორი, კასრი, თარო, თონე სულ გადმოაბრუნეს და გაჩხრიკეს, მაგრამ ალი იქ ვერსად ვერა ნახეს! თუმცა ალი არსა სჩანდა, მაგრამ მაინც ასე გადასწყვიტეს ჩვენებმა:

- ხვალვე უნდა გადავსახლდეთ აქედამ, ხვალვე!.. - ის კი არ იცოდნენ, რომ ხვალ იმისთანა საქმე გამოუჩნდებოდათ, რომელიც ძალა-უნებურად შეაყენებდა ამ განზრახვის აღსრულებას.

მეორე დღეს, სადილობისას, წაიღო თქვენი ჭირი ჩვენმა ბებია მაიამ. ამ სიკვდილის შემდეგ ხომ სულ მთლად გადაირია ჩვენი სოფელი: გარდაცვალებული ისე დავმარხეთ, რომ სამიოდ კაცის მეტი ზედ არავინ მოგვკარებია!..

- გადასახლდით, ხალხო, გადასახლდით აქედამ ... - გვეძახოდა ყველა, ვინც კი ჩვენთან მოვიდოდა, ან ჩვენგანს ვინმეს დაინახავდა.

ჩვენც არა იმათზე ნაკლებ გვინდოდა აქედამ გადასახლება, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ სახლისათვის მასალა სრულიად არა გვქონდა-რა. ღმერთმა უშველოთ ჩვენებურებს! გაიგეს თუ არა ჩვენი გადასახლების დამაბრკოლებელი მიზეზი, მაშინათვე შეგროვდნენ კომლზე კაცი და თავიანთი ურმებით მოგვიზიდეს ბოძები, თავხეები და ჭერი... შემდეგ გვიშველეს მათს დათლასა და გასწორებაზე. ჩვენი საბძლის გვერდზე, ცოტა სოფლის განაპირას, სასაფლაოს გადმოსწვრივ ამოვთხარეთ მიწა: ჩავსხით ბოძები, დავუწყეთ თავხეები და დავხურეთ ჭერი; ეს დახურული მიწური გავყავით შუაზე ლასტით: ერთი ნახევარი დავამზადეთ ჩვენთვის, მეორე - საქონლისათვის. შემდეგ ძველი დარბაზიდამ გადავზიდეთ იქ, რაც კი რამ გვებადა, და გადავყევით მათ ჩვენცა. ღვთის მადლით გვეღირსა გადასახლება!..

IV

ნათქვამია: “კაცს თუ ბედის ჩარხი ერთხელ უკუღმა დაუტრიალდა, სულ უკუღმა იტრიალებსო”. ჩვენც მართლა ასე მოგვივიდა გადავსახლდით, მაგრამ ახალ და ახალ უბედურებათ მაინც კიდე ვერ დავემალენით. ჩვენი გადასახლება მოხდა შემოდგომის დამდეგს. ამ დროს კარგა ლაზათიანად ციოდა და რამდენიც დღე გადიოდა, იმდენი უფრო და უფრო ცივდებოდა; სჩანდა, რომ ამ წელს ზამთარი მალე გვეწვეოდა, იქნებოდა სუსხიანი და, ვინ იცის, ხანგრძლივიც. ჩვენი ახალი მიწური კი სრულებით არ იყო ამისათვის მომზადებული. ჩვენ არ გვქონდა არც ალიზი, არც ფიცრები, და ქვიტკირზე ვინღა იფიქრებდა, რომ ნოტიო, შიშველი მიწის კედლები დაგვეფარა და ამგვარად აგვეშორებინა მათი ცუდი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამის გამო ჩვენს სახლში მუდამ ცუდი შმორის სუნიც იდგა და საშინლად ციოდა კიდეც... მაგრამ ყველა ამას წინაპირველად ყურადღებაც არ მივაქციეთ: ორი თუ სამი კვირა მხიარულად გავატარეთ. ვგონებ, მეოთხე კვირის ერთ საღამოს ჩემ უმცროს ბიძას გააცივა. იმ ღამეს საშინელს თავის ტკივილს და სიცხეს უჩიოდა. მეორე დღეს ლოგინიდამ ვეღარ აახწია! გავიდა კიდევ ერთი დღე და ჩვენს ავადმყოფს ცხადად გამოაჩნდა საოფლის ნიშნები. რასაკვირველია, ამ ამბავმა ავათ აგვირია თავზე ბალანი, მაგრამ სასოებას მაინც არ ვკარგავდით. “რა ვუყოთ! საოფლე, მართალია, ხორველაა ჩვენი სოფლებისათვის, მაგრამ რაც უნდა იყოს, ეს მაინც ადამიანური რამეა! ოღონდ ეშმაკეულობა კი მოგვშორდეს, თორემ საოფლეს როგორ ვერ გავუძლებთ, “ასე ვფიქრობდით ჩვენა და ვიმშვიდებდით გულსა. ავადმყოფი უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა... ერთხელ გულდამშვიდებით ვისხედით ყველანი ცეცხლაპირას და ჩუმად ვლოღნიდით ვახშამს.

- მიშველეთ, მიშველეთ!.. - შეჰყვირა ერთი შესაზარი ხმით ავადმყოფმა და წამოვარდა ზეზედ. ჩვენც წამოვცვივდით ფეხზედა. მაგრამ სინამ ჩვენ ავადმყოფთან მივიდოდით, იმან იშვირა ფეხი, გადმოხტა კერაზე, გაექანა და შეძვრა თაროს ქვეშ. ჩვენ შემოვეხვიენით გარშემო.

- ბიჭო, ძმაო ალექსი, რა იყო, რაი? - დაუძახა მას უფროსმა ბიძამ.

ამ სიტყვებმა, თითქო გამოაფხიზლეს ავადმყოფი: ის წამოხტა უცებ ფეხზედა დაიწყო დინჯად, ჭკვიანურად:

- მიშველეთ, თქვენი ჭირიმე!.. ალი მახრჩობს. ალი!

ალის ხსენება და ჩვენი ენის ჩავარდნა ერთი იყო! სიტყვა ვეღარავინ ვერ მოახერხა... ისმოდა მხოლოდ რაღაცა შესაზარი ჩუმი კვნესა, ყველას სახეზე ცხადათ იხატებოდა სიტყვები: აქაც გადმოგვყვა ის წყეული, დავიღუპენით სულერთიან!..

დიდხანს ვიდექით ჩვენ ასე გაშტერებულნი და, ვგონებ, კიდევ დიდხანს დავრჩებოდით ასე, თუ რომ ჩვენს ავადმყოფსავე არ გამოვეყვანეთ ამ მდგომარეობიდამ. იმან ერთი კიდევ შეჰყვირა: “ალი, ალიო”; შემდეგ დაიწყო მუშტების ქნევა, გადახტა ცეცხლზედა გულგაღეღილი დაეცა თავის ლოგინზედა.

- ნუ გეშინიათ, ადამიანებო, - გვითხრა დედაჩემმა, - ეგ სიცხისაგან როტავს.

- და რაღა ალი წამოაროტვინა სიცხემ! - გულამოსკვნით სთქვა შუათანა ბიძამ.

ეს კითზვა უპასუხოდ დარჩა. ყველანი ჩუმად ვიყავით. ყველანი ამ ჩვენს ახლანდელ უბედურებაზედ ვფიქრობდით. “მართლაც და, - ვამბობდი მე ჩემს გულში, - რაღა ალი წამოროტა! ან კიდევ განა როტვასა ჰგავდა მისი დინჯად და ჭკვიანურად წარმოთქმული სიტყვები? არა, არა, სწორედ თან გადმოგვყვა ალი, სწორედ უნდა ამოგვჟლიტოს ყველანი”. ამ ფიქრების შემდეგ მომაგონდა ტყე და იქ ალის ნახვა, მომაგონდა მამაჩემი და ყველა ის ხმები, რომელნიც კარგა ხანს ტრიალებდნენ ჩვენს სოფელში ალსა და ჩვენზედა... ბოლოს თვალწინ ჩვენი აწმყო მდგომარეობა წარმომიდგა. ყველა ამ მოგონება-წარმოდგენის გამო მე საშინელმა ცახცახმა ამიტანა!..

- მიშველეთ, მიიშველეთ!.. ალი მოდის, ალი! არიქა, აგერ შემოაღო კარები! - დაიღრიალა. კვალად ლოგინზე წამომჯდარმა ავადმყოფმა.

მე მივიხედე კარებისკენ. ყურებმა წივილი დამიწყეს, მუხლები ჩამეკეცა! კარებში მართლა ალი დავინახე.

- ალი , ალი!.. - დავიძახე მე და მოვეხვიე დედაჩემს.

რა მოხდა ამის შემდეგ, გარკვევით აღარა მახსოვს-რა!.. იმ ღამესვე მე მომცემოდა საშინელი სიცხე, დამკარგოდა მაშინვე მოსაზრება და დამეწყო როტვა, რომლის საგანი მომეტებულად, თურმე, “ალი” იყო. მთელი ცამეტი დღე მე ამ გვარ მდგომარეობაში ვყოფილიყავ... მეთოთხმეტე დღეს მომსვლოდა ოფლი და საღამოზედვე პირიქითა ქვეყნისკენ მიქცეული, პირაქეთისკენ მოვბრუნებულიყავ. მეორე დღეს მოსაზრებაც, ცნობაც და გაგებაც კვალად დამიბრუნდნენ. წინაპირველად რომ მოსაზრებით გავახილე თვალები და ჩვენს მიწურში აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, მე კარგა ხანს ვერ მოვიაზრე - სად და როგორ ვიყავი. შემდეგ მომაგონდა ჩვენი გადმოსახლება, მომაგონდა, რომ ამ გადმოსახლებასთანავე ჩვენ საოფლე შეგვიდგა, რომ ამ საოფლით ყველაზედ უწინ გახდა ავად ჩემი უმცროსი ბიძა, ალექსა. მომაგონდა, სადაც ის იწვა, და ნელ-ნელა გადავიხედე იქითკენ. ის ალაგი ეხლა ცარიელი იყო, მაგრამ ცოტა აქეთ კი ვიღაც, ალექსაზე უფრო დიდი, იწვა. დედაჩემი ცეცხლაპირას იჯდა და ქვაბში რაღასაც ხარშავდა... ხამუშ-ხამუშ მისგან ისმოდა დაბალხმიანი ზუზუნი და ამ დროს მის ლოყებზე განუწყვეტლივ მისდევდა ცრემლი ცრემლსა.

- დედა, დედა!.. - დავიძახე სუსტი ხმით.

- რა გინდა, შენ თავშემოგევლე, რაი? - სიხარულით წამოიძახა მან ცეცხლთანვე და ბარბაცით გამოექანა ჩემსკენ.

- ალექსა სად არი, დედა? - დავეკითხე.

- ალექსა, შვილო, კარგა გახდა და ეს არი ეხლა კარზე წავიდა, - მომიგო მან.

- ეს ვიღა წევს ექა? - თვალებით ვუჩვენე მწოლარეზე.

- ეგა, შვილო, ბიძაშენი ნინიკაა! დღეს ცოტათი შეამცივნა და წამოწვა.

სამი-ოთხი დღის შემდეგ, როდესაც ცოტა უფრო კარგა გავხდი, თვით დედიჩემისაგანვე შევიტყე, რომ ყველა ეს სიტყვები ჩემს დასამშვიდებლად ყოფილიყო ნათქვამი... სინამდვილე კი მდგომარეობდა შემდეგში: ალექსა ერთი კვირა წოლილიყო ლოგინში და მერე მომკვდარიყო. ამის დამარხვის დღესვე გამხდარიყო ავად შუათანა ბიძა, ნინიკა. ამან, თურმე, ერთი პირველ ღამეს კი დაიყვირა: ალი, ალიო, და შემდეგ მისგან არავითარი სიტყვა არავის არ გაეგონა. მხოლოდ დღისით ხანდისხან წამოჯდება თურმე ლოგინში და რაღაზედაც იღიმება, იცინის; ღამე კი ბევრჯელ გაბმულად და გაურჩევლად ბუტბუტებს და ხან წიხლებსაც იქნევს ხოლმეო.

- ნინიკა, ნინიკა! რასა იქ, როგორა ხარ ? - დავუძახე მას, როდესაც ყველა ეს შევიტყე დედიჩემისაგან.

ამ დაძახებას წინაპირველად ნინიკამ თითქო ყურადღებაც არ მიაქცია: ის კარგა ხანს ჩუმად იყო; შემდეგ ნელ-ნელა წამოიყელყელავა, გადმომხედა და რა კარგა გამარჩია, დაიწყო ჩუმათ სიცილი.

- ნინიკა, გიამა, შვილო, რო შენი სიმონა კარგა გახდა? - დაუძახა მას დედაჩემმა.

- ხა, ხა, ხა, მიამა, მიამა, ხა, ხა, ხა... - ხმამაღლივ დაიწყო მან სიცილი და ძახილი. ამის შემდეგ ისევ წაწვა და თუმცა ბევრი ვუძახეთ, მაგრამ ერთხელაც აღარ გამოგვცა ხმა.

- რათ არის, დედა, ნინიკა, ესრე? - ვკითხე ჩუმად დედაჩემს - ჩვენის ცოდვის კითხვათ არის, შვილო, ჩვენი ცოდვისა, - მამიგო მან. - ავი სული დაეცა ერთ ღამეს თავზე და მასუკან ეგრე გასულელდა. არაფერი არა სტკივა რა, სიცხე არა აქვს და წევს კი ეგე; თუ ვეტყვით ადექიო, ადგება; თუ არა და ეგრე გაჩუმებული წევს... მე დღევანდლამდინ ასე მეგონა - დამუნჯდა-მეთქი ეგ უბედურის შვილი.

- დათუა სადღა არის, დედა? - ვკითხე უფროსს ბიძაზედ.

- ის გაიხიზნა, შვილო, რო ვენახისთვის მოევლო და ჩვენთვისაც გარედამ ეპატრონებინა! - მომიგო დედაჩემმა.

ასე, ოთხი სული დავრჩენილიყავით მარტოკა... ერთმა ამათგანმა თქვენი ჭირი წაიღო, მეორე გასულელდა, მესამემ საოფლე კარგად იხადა, მეოთხე, დედაჩემი კი ისე საღათ დარჩა, როგორც საოფლემდინ იყო. ასე და ამ გვარად გავატარეთ მთელი ორი თვე. შემდეგ რაკი ორმოცი დღე გავიდა და ავად აღარავინ არ გაგვხდომია, მეზობლებმა იწყეს ნელ-ნელა ჩვენთან სიარული... დათუაც ისევ ჩვენთანვე დაბრუნდა. ძველებურადვე გავყავით თავი ჩვენს პირუტყვულ-ადამიანური ცხოვრების უღელში.

V

გაიარა რავდენმამე წელიწადმა ამ საოფლის შემდეგ! ამ დროს განმავლობაში ბევრმა კოკა წყალმა ჩაიარა ჩვენი მდინარის კიდეებს შუა: ბევრნაირად იცვალა ფერი ჩვენი ოჯახის მდგომარეობამაც! ბიძაჩემი ნინიკა დარჩა ისე სულელად. მას თითქოს ამ ქვეყნისა არაფერი არ ესმოდა: დაგლეჯილ ყისინის ჩოხაში გამოხვეული ის მუდამ ტრიალებდა თავის შინაგან ქვეყანაში. სხვას ათასჯერაც რომ დაეძახნა, ის ერთხელაც არ გასცემდა ხმასა. მაგრამ თავისთავს კი თითქმის ყოველ წამს ებაასებოდა... სხვასთან ერთს მცირეოდენად თუ გაიღიმებდა, თორემ სიცილი და ხუმრობა მას სრულიად ეჯავრებოდა; მარტოკასათვის კი რომ გეცქირნათ, ან ყური დაგეგდოთ, თქვენ უსათუოდ არა ერთხელ დაინახავდით მის ხელების ქნევას, არა ერთხელ გაიგონებდით მის სიცილს... ხალხში, ყელიც რომ გამოგეჭრათ, ის თითსაც არ გაიქნევდა; მაგრამ შენი მტერი თუ შემდეგ სადმე მარტოკა შეხვდებოდით! თვისი ღონიერი მკლავებით მაშინვე დაგცემდათ ძირს და სანამ ერთს კარგა დათვურად არ დაგტოტნიდათ, ხელიდამ არ გაგიშვებდათ. კაცი, ქალი, დიდი, პატარა, ერი, მღვდელი - მისთვის სულ ყველა ერთი იყო; ყველას ერთი საზომით ზომავდა, როდესაც ეს საქმე მისთვის საჭირო გახდებოდა. მაგრამ ყველა ამასთან ის იყო საშინელი ბეჯითი მუშა: ზამთარ თუ ზაფხულ მის ხელში საქმე არ გამოილეოდა. მომეტებულად მას უყვარდა ვენახი და იქ მუშაობა. გაზაფხულდებოდა თუ არა, ის მთელ დღეს ვენახში ატარებდა. ჩვენი ოჯახი დღეს თითქმის სულ მთლად მასზე იდგა. უფროსმა ბიძამ - დათუამ, - ცოლი შეირთო, დაწვრილშვილდა და ბოლოს დასნეულდა კიდეც. რაც შეეხება დედაჩემს, ეს სწორედ გასაკვირველი ადამიანი იყო. კარგი ოჯახის ქალი, ის გათხოვების შემდეგაც თავდაპირველად კარგ შემძლე გლეხურ ოჯახში დატრიალდა; ამის გამო მან არ იცოდა, თუ რა იყო სისაწყლე; არ გამოეცადა შიმშილი, სიტიტვლე, ძნელი და გაბმული მუშაობა; მაგრამ დღეს, როდესაც ყველა ესენი თავზე დაატყდნენ, ის თითქო სრულიად შეჩვეული დახვდა ამ ამბავს. მთელი ოჯახის უკუღმა დატრიალებამ და სხვა ათას გვარმა ცუდმა გარემოებამ მასზე თითქო ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინეს. ის მოთმინებით და შრომით უდგა წინ აწმყო გაჭირვებას და რაღაცა გაურკვეველის იმედით შესცქეროდა მომავალს. ესრეთი გახლდათ ჩვენი ოჯახის თვითეულ პირთა აწმყო მდგომარეობა. რაც შეეხება საზოგადოდ მთელი ოჯახის მდგომარეობას ეს უფრო სამწუხარო იყო პირველზე. როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ჩვენი დაძაბუნებული ოჯახი დღეს ერთი ხახამის ყმათ გარდაიქცა. ჩვენს მხარეში ყველამ კარგად იცის ხახამ გაბრიელას სახელი. აქამომდე მისი თამასუქები, რკინის ბადესავით არის გადაშლილი მთელი ჩვენი მხრის გლეხობის შრომასა და ოფლზე. თვისის ეშმაკობით, უღმერთო სარგებლის ართმევით. მოხელეების მოსყიდვით და მათის შემწეობით გლეხთა ტვინის წოვით, ის, უწინ ერთი ღატაკი მეწვრიმალე, რავდენიმე წლის განმავლობაში, გამოჩენილ მდიდარ კაცად გადიქცა. ყველამ კარგად ვიცოდით მისი უღმერთობა; ყველას გაგვეგონა, თუ სამი ლიტრა მარილის ფასი ხუთ წელიწადს როგორ გარდუქცია ოცდაათ თუმნად ერთ გლეხსა! შემდეგ უჩივლა, წაართვა ვენახი, ნაფუძარი და ღვთის ამარა გაუშვა მათი საცოდავი პატრონი. ვიცოდით ყველა ესენი და კიდევ ბევრი სხვა რამე, მაგრამ რა გვექნა?.. გაჭირვების დროს მაინც ისევ მას მივმართავდით ხოლმე, რადგანაც კარგათ ვხედავდით, რომ მის მეტი გზა ჩვენს ბედობაზე სხვა არ იყო გაჩენილი. მივმართეთ კიდეც, როდესაც გაჭირვება დაგვადგა! ათი თუმანი თავნი ვალი ხუთი წლის განმავლობაში სამოც თუმნად გაგვიხადა. დაგვაწერინა სამოცი თუმნის ახალი თამასუქი და შემდეგ წაგვიჭირა ყელში ხელი: - გინდათ თუ არა, მალე უნდა მამცეთ ეს ფულიო. საიდამ მივცემდით? ჩვენს დანიავებულს ოჯახს სად ჰქონდა ან ათი თუმნის გადახდის შეძლება?! მოვიდოდა, გვეჩხუბებოდა, გვლანძღავდა, გვემუქრებოდა და, რა დაიღლებოდა ამ გვარის ყავყავით, მოგვშორდებოდა ხოლმე თავიდან. მაგრამ ამ გვარი მისვლამოსვლა მას ბევრჯერ არ გაუმეორებია. სამიოდ ამ გვარი შემთხვევის შემდეგ ის როგორღაც გაგვიჩუმდა: ორი თვე მეტი გავიდა, მისი სახე აღარ დაგვენახა. ეს, დედიჩემის მეტს ყველას გვამხიარულებდა; დედიჩემის სახე კი სხვა გვარად იცქეროდა! რავდენიც დრო გადიოდა და ხახამ გაბრიელა გვიძვირებდა თავის ნახვას, იმდენად დედიჩემის სახე სევდისა და მწუხარების ნისლებით იფარებოდა.

- ის ურჯულო, უსათუოდ ჩივილს გვიპირებს, მამულს წაგვართმევს!.. - კვნესით იტყოდა ხოლმე დედაჩემი.

VI

იყო გრილი, მშვენიერი გაზაფხული. ამწვანებულ ველ-მინდორს გაჰქონდა მწვანეთ ღაღანი; ზამთრისგან გაყვლეფილი ხეები საამურად იმოსებოდნენ ნორჩი, ლამაზი ფოთლებით. ლურჯი, არა ხშირ ღრუბლიანი ცა რაღაც იმედიანად იცქირებოდა ზემოდამ. ნოტიო, გრილი ჰაერი თითქო კოკისპირულად გვასხავდა საიდგანღაც ძალას, სიხარულს და შრომის სურვილს. ჩვენს შრომისმოყვარე გლეხს ამაზე მეტი რაღა უნდა?.. ჩვენებურმა გლეხებმა, დაინახეს რა ყველა ეს, წამოავლეს ხელი ბარებს, წალდებს, სასხლავებს... ვენახებში გაჩნდა სარის ჩეკვის კაკა-კუკი, გაისმა მხიარული სიმღერა... იწყო გაცხარებული მუშაობა. ჩემი ბიძებიც, რასაკვირველია, არ იყვნენ სხვებზე უკან ჩამორჩენილნი, მათაც ვენახის შემუშავებას მიჰყვეს ხელი. დაბარეს, გასხლეს და შესარეს; ამოუთხარეს გვერდებზე სარუე თხრილები, გაასწორეს ღობე და სადაც საჭირო იყო, დაადგეს ჯალჯი. ერთი სიტყვით: ვენახი ახალი პატარძალივით მორთეს გაიარეს კვირეებმა, თვემ... ვაზი შეიმოსა ფოთლით... ყურძნის მტევნებმა იწყეს შევსება და გადიდება. ეტყობოდა რომ წელს კარგი ღვინის მოსავალი იქნებოდა.

ერთ კვირა დღეს, წირვის დროს, ჩვენებურმა მამასახლისმა შემოაჭრიალა ჩვენი კარები და შემოიძახა სახლში.

- ბიჭო, დათუა! გამოდი ე საყდრის კარებთან, შენზე ცოტა რამ საქმეა.

დათუა მაშინვე ადგა და წავიდა. მის გასვლის შემდეგ ნინიკამაც აიღო წალდი ხელში და გასწია ვენახისაკენ. კარგა შუადღე გადავიდა და ჯერ არც ერთი და არც მეორე ბიძა სახლში არ დაბრუნებულიყვნენ. დედაჩემმა ამოზილა ლობიო, ამოიღო კიდობნიდამ მჭადის ნახორხლები და ნელ-ნელა ჯამებსაც ალაგებდა ხონჩაზე, რომ უცებ დერეფნიდამ მოისმა რავდენიმე ადამიანის ფეხის ხმა და ლაპარაკი. ცოტა ხანს უკან გაიღო კარები და დარბაზში შემოვიდა ბიძაჩემი დათუა; მას შემოჰყვნენ მამასახლისი, ორნი მისნი თანაშემწენი, ხახამ გაბრიელა და ერთი ვიღაც რუსულად ჩაცმული - სასამართლოს ბოქაული - როგორც შემდეგ შევიტყეთ. ათასი წელიწადიც რომ ვიცოცხლო, ვგონებ მაინც არ დამავიწყდეს ბიძაჩემი დათუას მაშინდელი სახის გამომეტყველება! სახისა კი არა მარტო, მთლად მისი არსების მდგომარეობა. ამ ნახევარ დღეს ის, ოცდაათის წლის კაცი, სამოცი წლის მოხუცებულს დამსგავსებოდა. წელში საცოდავად მოკაკულს, გაყვითლებულს, თვალებმიცივებულს, დამპალ ხესავებ გაჰქონდა ძანძარი. წინაპირველად ის თითქო ვერაფერსა ხედავდა: იჩერჩეტა, იჩერჩეტა და კინაღამ კერას გადააწყდა. დედაჩემმა მათ შემოსვლის დროს ერთი ღრმად ამოიკვნესა და მიჯდა თაროსთან. ჩვენ, სხვებს, დათუა მთვრალი გვეგონა.

- კაცო, რა დაგმართვია, შე ოჯახ-დაქცეულო? - დაუძახა მას ცოლმა, - ე კერაზე თავ-პირი არ დაინტვრიო!..

ამ ხმამ დათუა თითქო ღრმა ძილიდამ გამოაფხიზლა: ის შესდგა კერასთან, მწუხარედ აგვავლ-ჩაგვავლო თვალი და, რა დაინახა დედაჩემი, ერთი საშინელის ხმით დაიძახა:

- ჩემო რძალო, ქეთევან... ვაი ოჯახის დაღუპვასა! ამ ურჯულომ, აკი მართლა დაგვღუპა!.. უჩივლია, უჩივლია!.. ვაი, ცოლო და შვილო დაღუპულო!..

დედაჩემი წამოვარდა ფეხზე, დარეტიანებულსავით ბარბაცით და თავის ცახცახით მოვიდა ცეცხლაპირას...

- მერე, მერე? - ჰკითხა მაზლს.

- ვენახი გაგვიყიდეს, ვენახი, ვენახი... ვაი, ცოლო და შვილო! ნაფუძარი გაგვ...

- აკი წინათვე გული მიტყობდა! ეგ ურჯულო, ეგა!.. - ცრემლით თვალებსავსემ წამოიკვნესა დედაჩემმა.

ამის ცრემლებმა და მომტირალე ხმამ ბავშვებსა თუ დიდებში აღძრა ერთი საშინელი ტირილი და ჯღავილი. კაცს ეგონებოდა ამ ხალხს ცხედარი უძევთ წინაო. ყველანი ვტიროდით, მაგრამ დათუა!.. დათუა!.. ეს საცოდავი კაცი სწორედ დაგლეჯილი დათვივით ღრიალებდა.

- ე რა ამბავია ეე! ჩემი რჯულის მადლმა აქ კაცს არ დაედგომება ეე!.. - სთქვა ხახამ გაბრიელამ და გასწია კარებისაკენ.

დანარჩენთ მისმა მეგობრებმა დათუას დაუწყეს ბრძნულად დარიგება...

- ეგ მაგ ტირილს, შვილოსან, ისა სჯობია, რომ ე დამშეულ ხალხს გვაჭამო რამე!.. - დააბოლავა მამასახლისმა საერთო დარიგება.

- გაჭამოთ კი არა, შავი ქვა არ გინდათ!.. თქვე სულთა-მხუთავებო, თქვე კაცის მკვლელებო, თქვენა! - დაიძახა გამწარებულმა დათუამ...

- ე ჩემი გასამრჯელო მამეცით მალე! - ბრძანების კილოთი წარმოსთქვა სასამართლოს ბოქაულმა. - მარტო თქვენთან ხომ არ მოვსულვარ, სხვაგანაც მაქვს საქმე.

- რამდენი მინანთულია, ბატონო, იოსებ? - ცუღლუტურის თვალების ჭყეტით ჰკითხა მას მამასახლისმა.

- თორმეტი მანეთი და ათშაურნახევარი! - ბრძანა ბოქაულმა.

- თორმეტი გროშიც არ გვაბადია! რა უნდა მოგცეთ!.. ვენახი, ნაფუძარი წაგვართვით და კიდევ ჩვენ უნდა მოგცეთ? ღმერთი მოიგონეთ, თქვე სახლკარდაქცეულებო, ღმერთი! - დაიძახა დედაჩემმა.

- მე შენისთანა დედაკაცებს პასუხს არ ვაძლევ! - ბრძანა ბოქაულმა.

- აბა, ხეპერაანთ ბაბალესავით თურაშაულით სავსე გოდრები მოგართვა, თუ პასუხი არ გამცე მაშინვე! აბა მედუქნე მიხაკასავით ცოცხალ-ცოცხალი კაპოეტები მოგიტანო, თუ მაშინვე მოწყალეს თვალით არ დამიწყო ცქერა? - სთქვა გაცხარებით დედაჩემმა.

- შენ სიტყვებს, დედაკაცო, რა ფასი სძევს!.. ყველამ იცის, რომ მე ქრთამს არ ვიღებ და საწყალი ხალხი მებრალება... - ბრძანა ამაყად ბოქაულმა ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ.

- ჰო, სიტყვით თურმე ეგრე ბრძანებ ყველგან: საწყალი ხალხი მებრალებაო... აბა ერთი ბრძანე - რომელი საწყალი კაცისთვის ერთი ორად არ გამოგირთმევია ფული? - მიუგო დედაჩემმა.

    ამდენ ცილის წამებას მე შენ არ შეგარჩენ! - ბრძანა დაბღვერით ბოქაულმა

და მიუახლოვდა მამასახლისს; წასჩურჩულა მას რაღაც ყურში და დადგა დოინჯშემოყრილი. მამასახლისმა წამოიყელყელავა და მრისხანეთ ბრძანა:

- როგორ თუ არას მისცემთ? მა ე ჩინონიკი კაცი თქვენი მოსამსახურე ყოფილა რაღა?.. ეი, სუდიებო! წადით და ბოსლიდამ ფურ-კამეჩი გამოიყვანეთ...

მამასახლისის თანაშემწენი დაიძრენ კარებისაკენ.

- ფურ-კამეჩი ჩემია და ჩემი ცოცხალი თავით არავის დავანებებ... - დაიძახა დედაჩემმა და გაჰქანდა კარებისაკენ.

ამ დროს ბაკიდამ შემოისმა ჯერ რაღაც ხრიალი და შემდეგ ნაწყვეტ-ნაწყვეტად ყვირილი:

- მიშველეთ ეე. მამკლა... ე... მიშველე...

- არიქა, უშველეთ. - დაიძახა მამასახლისმა, - ალბათ ი გიჟმა ნინიკამ ჩაიგდო ხელში ხახამ გაბრიელა! არიქა, უშველეთ!.. მაგ მამა-ცხონებულს ვენახში აკი ვეუბნებოდი, თავი დაანებე მაგ გიჟსა მეთქი!..

ყეელანი გაცვივდნენ ბაკში. გაბრიელა ზედ ბაკის კარებში იყო გაჭიმული. მას გულზე აჯდა ნინიკა, რომელსაც ცალი ხელით დაებღუჯნა მთლად ყელი და კისერი გაბრიელასი და ახრჩობდა; მეორე ხელი წაევლო წვერში და ისე ღონივრად ახლევინებდა თავს მიწაზე, რომ სამ-ოთხ ალაგიდამ თქრიალით გადმოსდიოდა სისხლი.

მამასახლისი და მისი თანაშემწენი მისცვივდნენ ნინიკას, გადმოაგდეს აქეთ და შეუბრალებლად დაუშინეს ჯოხები. ნინიკა იდგა ჩუმად და მხოლოდ საცოდავად იღრიჯებოდა; ხანაც, როდესაც ძრიელ ეტკინებოდა. რაღაცა პირუტყვსავით შეჰღმუვლებდა ხოლმე. სამი კაცი უღმერთოდა სცემდა მას და სცემეს, სანამ დედაჩემი არ ჩადგა მათსა და მათ მსხვერპლს შუა. დედაჩემი დაინახა თუ არა მამასახლისმა, შესდგა. მიიხედ-მოიხედა და დაიღრიალა:

- გამოიყვანეთ, ბიჭებო, ფურ-კამეჩი, გამოიყვანეთ ჩქარა! - სთქვა მამასახლისმა და თვით გასწია ბოსლისაკენ; თანაშემწენი გამოუდგნენ უკან. დედაჩემმა წამოავლო იქვე ახლო მიყუდებულ ნიჩბის ტარს ხელი და გაექანა ბოსლის კარებისკენ.

- ექ თავს მოვიკლამ და კამეჩს კი არ დაგანებებთ - დაიძახა მან და ჩადგა ბოსლის კარებში.

- ჩამოდექ, ჩამოდექ, დედაკაცო, - დაიყვირა მამასახლისმა და გაიშვირა წინ ხელები, რომ დედაჩემი აქეთ გამოეგდო; მაგრამ დედაჩემი მაგრა იდგა კარებთან.

- რას უყურებთ! - შეუტია მომცინარ თანაშემწეთ მამასახლისმა, - მოდით, გადააგდეთ იქით ე გაკაპასებული დედაკაცი!

სამთავენი მიეხვივნენ დედაჩემს. გაჩნდა ლანძღვა, წყევლა, წივილ-კივილი. ამ ვაი-ვაგლახში უცებ აიმართა ჰაერში დედიჩემის ნიჩბის ტარი და მოსხლეტით დაეშვა მამასახლისის თავს. მამასახლისმა თავზე ხელების სმით იკადრა უკან დაწევა... ნიჩბის ტარმა წამდაუწუმ იწყო ჰაერში ტრიალი. თანაშემწეთ მოუსვეს ბაკის კარებისკენ: მამასახლისი, ბოქაული მიჰყვნენ მათ უკან. დედაჩემიც არ იდგა ერთ ალაგას: ის სრულიად სახეშეშლილი, გამგელებული მისდევდა მათ უკან და კარგი ვაჟკაცივით ატრიალებდა ნიჩბის ტარს მათ თავებ ზემოთ.

- დედა-შვილობას მიშველე, ქეთევან, ეე... მიშველ... - მოისმა უცებ ძახილი.

დედაჩემი გაიქცა გაბრიელასაკენ. როდესაც ყველანი დედაჩემს მიეხვივნენ ბოსლის კარებთან, ხახამ გაბრიელას უცებ სცემოდა ნინიკა და საჩქაროზედ ამოედო ქვეშა... წეღანდლისავით დასჯდომოდა ზემოდამ და წაეჭირა ყელში ხელი.

- აუშვი, აუშვი ეგ თათარი, ეგა... აუშვი, ბიჭო; ექ ცოდვა არა შეგვენთხვეს რა! - დაუძახა დედაჩემმა ნინიკას და წაავლო მას ხელი. ნინიკა ,,ჰე, ჰე” -ს ძახილით ადგა. ხახამი საჩქაროზე წამოხტა ფეხზე და ფაცხა-ფუცხით გავარდა ბაკის კარებში... დედაჩემმა მაგრა ჩაკეტა ბაკის კარები. დაბეჟილი გაბრიელა მიუერთდა თავის პატიოსან ამალას, რომელიც შეჯგუფებული იდგა ბაკის კარების ცოტა შორიახლო. ამ დარბაისელმა ხალხმა ერთმანეთს აავლ-ჩაავლეს თვალი: გაბრიელას და მამასახლისს პირი სისხლითა ჰქონდათ შესვრილი.

- ვაი დედიჩემის ღმერთსა! - იძახოდა მამასახლისი, - ერთმა წუპაკმა დედაკაცმა ე რა გვიყო? ღმერთია შენი თავდები, ხალხში თავი აღარ გაგვეყოფება!..

- აი დასწყევლა ჩემმა გამჩენმა წმინდა გიორგიმ ეგ დედაკაცი!.. - მისძახოდა მამასახლისს ერთი თანაშემწეთაგანი... - ე რა გვიყო, შენი ჭირიმე!? რათ გამოვიქეცით კაცო?! რატო, შვილოსან, ი კარებში არ წავაქციეთ და თავის ლეჩაქით ერთი... არ შე ვაჭამეთ.

- ტყუილად კი არ არი, ძმაო, ნათქვამი: დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრაუღელი კამეჩიც ვერ შეიმაგრებსო! მაგრამ მა დედაკაცში, ძმაო, სწორედ ალი ზის!.. ე, წმინდი გიორგის მადლმა, ალი ზის!.. თავი გამიტეხა მა ოჯახდაქცეულის გამოცემულმა!

- მოდი, ერთი ე თავი შემიხვიე ეე... - დაუძახა მოლაპარაკეს გაბრიელამ: - უნდა უსათუოდ ვიჩივლოთ ეე...

- უნდა ვიჩივლოთ! - დაურთო მამასახლისმა, - მაშ არა და ეგრე გაუშვებთ.

- აკი გითხარით: ფულები გაბრიელამ უნდა მამცეს და არა მაგათა-მეთქი... - სთქვა ბოქაულმა. - აიჩემეთ: არა, იმათაც გამოვართვათო!.. კარგები გამოართვით! ექ, ღმერთი არ გაგიწყრეთ, არ უჩივლოთ, თორემ ეს საქმე სულ მე მამეხვევა თავზე... ისევ ისა სჯობიან: აქვე შინაურულად გადაახდევინოთ.

იყაყანეს კიდევ რაღაებზედაც და შემდეგ ამალა შემოეხვია თავის ბატონს - ხახამ გაბრიელას და დაუწყო გასამრჯელო ფულის თხოვნა. გაბრიელამ ბევრი იყოყმანა: უნდოდა თავიდამ აეცდინა ფულის გაცემა, მაგრამ ვერა გააწყო რა და ბოლოს ამოიღო ქისა: ხუთი მანეთი მამასახლისს მისცა, სამ-სამი მანეთი მის თანაშემწეთ... თხუთმეტი მანეთი სასამართლოს ბოქაულმა ჩაიდო ჯიბეში... და წავიდ-წამოვიდნენ.

VII

გაბრიელასა და მისი ამალის გაცლის შემდეგ დათუას გააცივა. მთელი ერთი კვირა ივახვახა. მეორე კვირას თუმცა წამოდგა ლოგინიდამ, მაგრამ იყო საშინლად დასუსტებული და გაყვითლებული მამაკვდავსავით. ამ გვარ მდგომარეობაში მყოფი დათუა ერთ თბილ საღამოს იჯდა ჩვენი ბაკის კარებთან და ნაღვლიანად გაიცქირებოდა სასაფლაოსაკენ. დათუას სახე ღრმა მწუხარებით იყო დაფარული. ყოველი გამოხატულება და მოძრაობა მისი სახისა ცხადად აჩვენებდა ამ კაცის სულისა და გულის სრულს დაცემას. მისი ჩაცვივნული, მიცივებული თვალები ისე დაღონებით და რაღაც სასოებით იცქირებოდნენ სასაფლაოსაკენ, თითქო მათი პატრონი იქ დამარხულ გვამთ შენატრისო. დიდხანს იჯდა დათუა ესე გაჩუმებული; ბოლოს გაანძრია თავი, სამჯერ-ოთხჯერ გულიანად ამოიკვნესა; შემდეგ ისევ სასაფლაოსაკენ მიიხედა, აავლ-ჩაავლო თვალი იქაურობას და მაღალის ხმით, თითქო უნდოდა ეს სიტყვები გაეგონებინა მათთვის, ვისკენაც იყვნენ მიმართულნი, დაიძახა: ,,ნეტავი თქვენ, ნეტავი თქვენ”. ამის შემდეგ ისევ ჩაღუნა თავი და, როგორც მის ცრემლით სავსე თვალებს ეტყობოდა, გაება ისევ სამწუხარო ფიქრებში.

მზემ კარგა ხანია რაც ჩაუშვა თვისი “შუბის ტარი” სხივები დასავლეთის მთების უკან; მისი ყვითელ-მოწითალო სხივები მხოლოდ აქა-იქაღა იყვნენ გაწოლილნი დიდი მთების ჩრდილით დაფარულ, ათასფერად აჭრელებულ ველ-მინდორზე. საღამოჟამური ბინდ-ბუნდი ნელ-ნელა ეხვეოდა ბარ ალაგს, თოვლით მოსილი მაღალი მთის წვეროები კი ამ დროს მხიარულად კაშკაშებდნენ; დამავალი მზის სხვადასხვა ფეროვანი სხივები უხვად მოჰფენოდნენ მათ და ჰბადავდნენ რაღაც საოცარს ელვარებას. ყნოსვის დამატკბობი მინდვრის ჰაერი ნელ-ნელა ინძრეოდა და ამ მოძრაობით აჩენდა მწვანე თავთავიან ყანებში ზღვის ტალღების მსგავსს ამაღლებულ და დადაბლებულ ზოლებს. ფრინველთ გალობა-ჭიკჭიკი, საქონლის ბღავილი, ადამიანის სიმღერა-ხმაურობა ერთიორად აცოცხლებდნენ უამისოდაც გაცოცხლებული გაზაფხულის ბუნებას. მაგრამ... ჯანაბას ყველა ესენი!!. რას ნიშნავს ბუნების სიმშვენიერე, თუკი ადამიანის გულსა და სულში აღგზნებული ცეცხლი ანთია! თუ ნამდვილი მშრომელი ადამიანის არსება, ცხოვრების უმსგავს გარემოებათა წყალობით, ისე დატანჯულა და იტანჯება, რომ დამიწებული გვამის მდგომარეობა მისთვის სანატრელი გამხდარა!! ჩვენი დათუა ბუნების ყველა ამ სიმშვენიერეს თითქო ვერც კი ხედავდა. ის მწარედ დაღონებული თავჩაკიდული იჯდა და, ვგონებ, კიდევ დიდს ხანს იჯდებოდა ასე გაუნძრევლად, თუ მოსული ღორ-ხბოს და ნახირის ჭყვირილ-ბღავილს არ გამოეყვანა ამ მდგომარეობიდამ. მან აიღო თავი მაღლა და გახედა სოფლისკენ მომავალ შარაგზას. გზაზედ მოჩანდა ვიღაც კაცი. წინაპირველად ის დათუამ ვერ იცნო, მაგრამ როცა ცოტა ხანი გავიდა და მომავალი მოუახლოვდა, დათუამ გაარჩია, იცნო, რომ ის იყო აზნაურა ზაქარია დიაკვანი. გავიდა კიდევ რამდენიმე წამი და ზაქარია დაღვრემილის სახით, პლუტურის თვალებით და ცხვირის განუწყვეტელის ფრუტუნით დაადგა თავს ჯანგამოცლილ დათუას.

- მობრძანდი, მობრძანდი, ზაქარია! - დაუძახა მას კვნესით დათუამ, - დაბრძანდი, შენი ჭირიმე...

- რა ამბავია, კაცო, თქვენს თავს? - ფლიდურ-ჯავრიანის კილოთი დაუწყო კითხვა დათუას ახლად მოსულმა, როდესაც მანაც ჩამოსაჯდომი ქვა იშოვნა. - ღმერთია მოწმე, რომ თქვენი ესეთი ყოფა ყველასთვის შესაწუხარია! ნათელ-მირონობაც რომ არ იყვეს, ქრისტიანები და მეზობლები ვართ, ვფიქრობ და ვერა მომიფიქრია რა: რა არი და როგორ არი ე თქვენი საქმე?

- რა როგორ არი, ჩემო ზაქარია, - იწყო კვნესით დათუამ, - ვიღუპებით და ეს არი! ვენახი, ნაფუძარი წაგვართვეს! რაღა ოჯახია ჩვენი ოჯახი... ღმერთმა აიღო ჩვენზე ხელი!.. ჩვენი უბედურება ალის გამოჩენიდამ იწყო. ი წყეული ახლა უჩინარადა გვდევნის! ღმერთო, ღმერთო, იდიდოს შენი სახელი!.. გვაპატიე, შენს მადლსა და შენს სახელსა! გვეყო ამდენი ვაი-ვაგლახი.

დათუა გაჩუმდა... მისი ცრემლით სავსე თვალები მიაჩერდა ზეცას... მაგრამ მისი სახის გამომეტყველება ცხადად აჩვენებდა, რომ ამ საცოდავ იმედდაკარგულ კაცს ბევრი რამ ნუგეში აღარც იქიდამ, იმ მაღალი ლურჯი ციდამ, ეძლეოდა.

როგორც მეძებარი ძაღლი აიცქვეტს ხოლმე ყურებს, როცა ნადირის სუნს აიღებს, ან ნადირს დაინახავს, ისე ზაქარია დიაკვანმა ცქვიტა ყურები, როდესაც დათუამ სიტყვა “ალი” წარმოსთქვა, მის ჭყეტია თვალებში უცბად გაიელვა რაღაც სიხარულის და კმაყოფილების შუქმა, მაგრამ პატრონმა დიდხანს არ დასტოვა იგინი ამგვარს ნეტარებაში. თვალებმა ისევ დაღვრემილობა გამოხატეს... მათმა პატრონმა ამოახრანტალა და გაუგრძელა ბაასი დათუას:

- გონიერი და გამოცდილი კაცი ხარ, დათუა! ჩემგან რისამე მოგონება შენთვის საჭირო არ არი. ეხლა სწორედ თქვი, რომ ჩვენი უბედურობა ალის გამოჩენიდამ იწყოვო! მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ ე დღეს ალი რო აღარ ჩანს და მაინც თქვენი ოჯახი სულ უკუღმა და უკუღმა მიდის? ალი, წმინდა გიორგის მადლით, აღარსადა სჩანს, მაგრამ ე თქვენ რო მაინც ვერ გაიმართეთ წელი! ეს რა არი? რისგან არი? აი ეს მინდა გავიგო. - აქ დიაკვანი გაჩუმდა და თვალებდაჭყეტილი, ტუჩებმოკუმული შეაჩერდა დათუას დაღვრემილს სახეს.

- აკი მოგახსენე, რო, იქნება ი წყეული ალი ახლა უჩინრათ გვდევნის-მეთქი!..

- ღმერთ ერწმუნე, დათუა, რო გონიერი კაცი ხარ შენა. შეიძლება, როგორ არ შეიძლება, როგორ არ შეიძლება!.. მე, ცხონებული ბიძაჩემი შალვასაგან გამიგონია, რო წყეული თუ ჩამოეკიდა ვისმე, უჩინრადაც დაუწყებს დევნასო. შენი სიტყვა მართალია. დათუა, მართალი.

დათუამ ამოიკვნესა!.. დიაკვანიც ცოტა ხანს გაჩერდა. შემდეგ უცებ ფეხზე წამოხტ.. დაუდგა წინ დათუას და აღტაცებით უთხრა:

- იცი, დათუა, რას გეტყვი?.. აკითხვინე მკითხავს? ე ეშმაკეული მკითხავი, ხო გაგიგონია, როგორ კარგა მკითხაობს? აკითხვინე შენცა, ჰა!..

- განა არა, მეცა ვფიქრობდი მაგაზე... ძაან კარგი იქნება... ხვალვე გავგზავნი ჩემ რძალს მკითხავთან...

- დათუა, გამიგონე! ეს ჩვენ შუა კი დარჩეს და გირჩევ, შენი ცოლი გაჰგზავნო. რაც უნდა იყვეს, რძალს ისე არ შესტკივ მაზლისთვის გული, როგორც ცოლს ქმრისთვინა!

- მართალი ბრძანებაა, შენი ჭირიმე!.. ჩემი რძალიც ძაან დედაკაცია!.. მაგრამ ისა სჯობია, რომ ჩემი დედაკაცი წავიდეს, - დათუა გაჩუმდა... მაგრამ ცოტა ხანს უკან საჩქაროდ მიიხედა ზაქარიასაკენ და დაეკითხა:

- მართლა, ზაქარია, რა ისმის ი რაღაც ყარაიაა, იმაზე?.. ი ერთი დროს ძაან დაფაცურდა ჩვენი ხალხი და ეხლა კი თითქო აღარ ისმის რა!..

- რა ბრძანებაა! როგორ არა ისმის რა!.. - სიხარულით შესძახა დიაკვანმა. - ვენაცვალე ჩვენ რუს ხემწიფეს!.. დიდ წყალობას უშვრება ჩვენ შევიწროვებულ ხალხსა... გაიგონებდი შენცა, რო ხემწიფემ გასცა ბრძანება: რაც რამ ყარაია არისო, სუ კარგად შეამზადეთო: გაიყვანეთ წყლებიო, შეიმუშავეთ კარგადაო, დადგით ქვითკირის სახლები, მიიტანეთ ყველა სამუშაო იარაღებიო. მიიყვანეთ ბლომად მშვენიერი არჩეული საქონელიო, მერე შეატყობინეთ ქართველ შეუძლებელ გლეხებსაო და უთხარით მათაო: ხემწიფემ ყველა ეს სულ თავის ხარჯით მოგიმზადათ თქვენაო და, ვისაც სურვილი გქონდეთ წადით და დასახლდით იქაო... ხარჯისაგან და ყველა დავიდარაბისაგან განთავისუფლებული იქნებითო. ახლა ისიც უნდა გაიგო, რა მოსავლიანი ადგილია თურმე ი დალოცვილი ყარაია!.. ცხენი რო გააჭენო და იმისგან აჩიჩქნილ მიწაში პური, ან სიმინდი ჩათესო - სულ ზღვათ გასკდება თურმე... სამიოდ კოდი რო დათესო თურმე, რავდენიმე წლის მოსავალი მოგივა... ახლა ტყე თქვი და ისიც იქვე ზურგს უკან... ერთი რამ აკლია თურმე იქაურობას: მუშა კაცი არ არის... ღმერთს ერწმუნე, ე თქვენი ნინიკა რო იქ მოხვდეს, ყოველ წლივ ორას-სამას კოდს წმინდა თავთუხის პურს ჩაყრის ორმოებში... - აქ მობაასე შესდგა და დააშტერდა სმენადგადაქცეულს დათუას.

- მე და ჩემმა ღმერთმა, კაი ღვთის წყალობაა ეგ! ერთი სახემწიფო ხარჯისა და ბეგარისაგან განთავისუფლება ერთ რამეთა ღირს, ძმაო! თუ ეგრეა, მაშ ბევრი ხალხი გაიწევს იქით...

- ეს სულ ესეა... ყველა ეს ჩემმა ძმა ანდუყაფარმა მითხრა და ხო იცი, რო იმას თითონ ხემწიფისაგან მოსდის ახალ-ახალი ამბები... მართალია ყველა ესა და ამისთვინაც დიდძალი ხალხი აპირობს იქ წასვლასა... მაგრამ მომეტებული მათგანი მერმის გაზაფხულზე აპირებს გამგზავრებას... ვინც წრეულსვე წავა, ვთქვათ, შემოდგომაზე, იმისთვის ძაან კარგი იქნება... სახლსაც, მამულსაც, სახნავ-სათეს იარაღსაც, საქონელსაც - სუყველასა ირჩევს და რომელიც მოეწონება, იმას თავისთვინ აიღებს; როცა სხვანი მერმის მივლენ, ის დასახლკარებული დახვდება იმათა...

დიაკვანი გაჩუმდა; დათუაც არ იღებდა ხმას; ეტყობოდა, რომ ის რაღაც სასიამოვნო ოცნებაში იყო გაბმული. ეს შენიშნა დიაკვანმა, ჩაახველა, ულვაშებ ქვეშ გაიღიმა და შემდეგ წამოდგა ფეხზე.

- მშვიდობით, დათუა! ღმერთსა და ე პატიოსან წმინდა გიორგის ვთხოვ, რომ ისევ კარგა გახდე და ვაჟკაცურად მოისვა ისევ თავზე ხელი... ფიქრი ნუ გაქვს, ღმერთია მოწყალე. ხემწიფე ცოცხალი გვყამდეს, თორე რა გაგვიჭირდება? - სთქვა ყველა ეს ზაქარიამ და ნელ-ნელა გაუდგა გზას.

- გადღეგრძელოს ღმერთმა, - მისძახა დათუამ... - შენი ამაგი გადამახდევინოს უფალმა წმინდა გიორგიმა!..

- მკითხავი არ დაივიწყო, მკითხავი... - მოისმა დიაკვნის ხმა.

დიაკვანი დაბრუნდა შინ... ფაცა-ფუცით შეკაზმა ცხენი და კარგა ხშირ ბინდისას დაადგა სოფელ ეშმაკეულას გზას. დათუა კი ისევ გაუნძრევლად იჯდა თავის ალაგზედ და ფიქრობდა, ფიქრობდა ყველა იმაზე, რაც ზაქარია დიაკვნისაგან გაიგონა ეხლა... სიამოვნება და სევდა თითქო ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ მის გულში: ხან ერთი სჩანდა დათუას სახეზედ, ხან მეორე. მას წარმოუდგა თვალწინ თვისი სიყმაწვილე, ის ალაგები, ის ხალხი, სადაც და რომელთა შორის ეტარებინა დრო იმ ნეტარ სიყმაწვილეში... წარმოუდგნენ ნათესავნი, ნაცნობნი, შემდეგ დედა, მამა, ძმები, მათი საფლავნი და მწარედ ამოიკვნესა დათუამ... ,,არა, არა ძმაო, სადაც დაბადებულხარ, იქვე ჩაყარე შენი ძვლები” - სთქვა მან და წამოიწია ზეზე. მიიხედ-მოიხედა და ისევ დაჯდა თავის ალაგას. გაება კვალად ფიქრებში... ახალი ფიქრები დათუას თავში მამიჩემის სიკვდილიდამ გამოებნენ... წარმოუდგა დათუას ალი, მისი გამოჩენა ჩვენს სახლში და ის მისი უნარები, რომელთა მეოხებით დაეცა ჩვენი სავსე ოჯახი. მოაგონდა დედისა და ძმების სიკვდილი და გაგიჟება, ვენახ-ნაფუძრის წართმევა... საქონლის დახოცვა, თვისი დასნეულება და სხვა წვრიმალი უბედური ოჯახური გარემოებანი. ყველა ამათ აუჩქარებლივ და ცხადად გაუარეს დათუას გონების თვალწინ და არა ერთი მწარე წვეთი შხამისა ჩააგდეს მის, უამისოდაც, დატანჯულს გულში... შემდეგ გადიშალა მის წინ ყველა ის, რაც ზაქარია დიაკვანმა დაუხატა ყარაიაზე... ,,ღმერთმანი, ძაან ღვთის წყალობაა ესა!” წაიბუტბუტა თავისთვის დათუამ... ,,მაგრამ”, დაუმატა ცოტა ხნის შემდეგ, ,,ე ავათ რო ვარ!.. ღმერთო, შემიწყალე! ღმერთო და წმინდა გიორგი, შენ წამიმართე გზა... მკითხავი არ დაგავიწყდესო... მართლა:” აქ დათუამ გაწყვიტა ფიქრი... მიიხედ-მოიხედა, თითქო ეძებს რასმესო: შემდეგ დაებჯინა ჯოხზე, ნელ-ნელა წამოდგა და, საოფლე მოხდილ ავადმყოფსავით, ლახლახით გასწია შინისაკენ.

- დედაკაცო, - დაიძახა დათუამ სახლში შესვლის უმალვე, - დედაკაცო, ეგები ხვალ ეშმაკეულში წახვიდე და აკითხვინო... ამბობენ - ძაან ტყობულობსო. ეგები ე ჩვენიც შეიტყოს რამე.

- მე წავალ, ჩემო მაზლო, - უთხრა დედაჩემმა, - სალომეს არ სცალიან: ძუძუ მწოვარი ჰყავს და ე გოგო, მარუასაც გააცივა.

- არა-მეთქი, არა! - დაიყვირა დათუამ, - დაე ე ჩემი ცოლი წავიდეს.

დედაჩემი გაჩუმდა: დათუას ცოლმა, სალომემ, გამოაცხადა სურვილი ეშმაკეულში წასვლისა.

- ხვალ მზე ამოვა თუ არა, - სთქვა მან, - წავიყვან ნინიკასა და წავალ.

ამის შემდეგ ილაპარაკეს მასზე, თუ რის გაგება სურდათ იმ მკითხაობით. დააწყეს, როგორ და რა უნდა ეკითხა სალომეს მკითხავისთვის... რა გაათავეს ლაპარაკი, შევჭამეთ ვახშამი და მივწექ-მოვწექით.

VIII

მეორე დღეს სამხრობამდინ ვუცადეთ სალომეს, მაგრამ კარგა ხშირ ბინდამდის ამაო იყო ჩვენი მოლოდინი. საღამოზე ყველანი ერთად ვისხედით ბაკში ძარის ქვეშ და, ვგონებ, ყველანი სალომეზე ვფიქრობდით... ნახირის მოსვლის შემდეგ ბევრს ხანს არ გაუვლია, როდესაც გარედამ, ბაკის კარებისაკენ, მოისმა ადამიანის ფეხის ხმა, ყველამ ყურები ვცქვიტეთ... “მოდიან მგონი”, სთქვა ვიღამაც. მართლაც-და ამ დროს ბაკის კარებმა გაიჭრიალა და შიგნით ნინიკა და სალომე შემოვიდნენ. წინაპირველად ყველა ჩვენგანს გაეხარდა მათი დანახვა, მაგრამ სალომეს მოწყენილმა სახემ მალე გაჰფანტა ეს სიხარული.

- რა ქენი, ადამიანო? სად იყავი აქამდინ? - გაისმა დათუას ხმა სალომეს გამოჩენისთანავე.

- უბედურებასა და ჯანაბაში, - მოკლედ და ნაღვლიანად სთქვა ჯერ ისევ მომავალმა სალომემ. ამ სიტყვებმა ჩვენ ცივი წყალი გადაგვასხეს თავზე. ცოტა ხანს შორის დაურღვეველი სიჩუმე დამყარდა.

- რა მილეთის ხალხი გინდა, რო დღეს მკითხავთან არ ყოფილიყო, - დაიწყო სალომემ, - ოსი, იმერელი, სომეხი, ურია, ქართველი და ვინ იცის, კიდევ ვინა!.. რო მოვედით, მკითხავის სახლი სულ სავსე იყო ხალხითა... ბევრი წავიწიეთ წინ, მაგრამ არავინ გვიშვებდა... დავსხედით და დავუწყეთ ცდა; სამხრობის დროს ძლივს გვეშველა... შევედით... ტახტზე იჯდა ჯერ ისევ ახალგაზრდა დედაკაცი, ხელში ანთებული სანთლები ეჭირა... წინ ედო ერთი დიდი ხარის თეთრი ბეჭი... ვინ შევიდოდა, უნდა მივსულიყავით იმასთან, თავი დაგვეკრა, მიგვეცა სანთელი და ფული და მერე გვეკითხა, რისი გაგება გვინდოდა... მეც ესე ვქმენი... მაგრამ, გენაცვალე, რეები მითხრა, რეები!..

- რეები, რეები?.. მალე თქვი, ქალო, ერთი და!.. - მიატანა დედაჩემმა.

- რა რეები და ჩვენი უბედურებაები!.. - განაგრძო სალომემ. - ისე დაწვრილებით მითხრა ჩვენი ოჯახის თავგადასავალი, ისე დაწვირილებით რო სულ გამაოცა!.. თქვენაო, მითხრა მკითხავმა, - ამ ათი-თორმეტი წლის წინათ კარგი შემძლე ოჯახიშვილები იყავითო, მაგრამ მერე შემოგეჩვიათ წყეული ალიო; მოგიკლათ ჯერ ოჯახის მეუფროსე კაციო, მერე დედაკაციო, მერე ახალგაზრდა ბიჭიო, გაგისულელათ ერთიცაო. მაგრამ არც ამას დაგჯერდათ ისაო... შეუჯდა ერთ ვიღაც ურჯულოს, ვისიც თქვენ რაღაც ფულები გმართებოდათო, შეუჯდა იმასა, გაადიდებინა ათი თუმანი ორმოც-სამოც თუმნადაო, აჩივლინა მერე და წაგართვათ ვენახ-ნაფუძარიო...

- დიდება შენ სიცხოვლესა, დიდო პატიოსანო წმინდაო გიორგი! - პირჯვრის წერით და ჭერებში თვალების შეჩერებით გააწყვეტინა დათუამ ლაპარაკი სალომესა.

- მაგრამაო, - განაგრძო სალომემ, - თქვენ მაინც ყურს არ იბერტყავდით... ასე გეგონათ, რაკი აღარ გვიყვირის და აღარ გვეჩვენება ალი, ეს არის და ეს, მოგვშორდაო; მოგშორდათ კი არა, იმან თქვენ სახლში დაიბუდაო... დაგისნეულათ ოჯახის მეუფროსი კაციო!.. - ეიპე, ეიპე, რა თვალთმაქცი ყოფილა, შენი ჭირიმე, ი დედაკაცი!... - დაიძახა აღელვებით დათუამ.

- ახლა უნდაო, - განაგრძო ისევ სალომემ, - ბავშვებს და ქალებს მიყოს ხელიო... თქვენი ხსნა ერთი იმაშიღა არისო, რო აიყარნეთ და სადმე შორს გადასახლდეთო. თუ ესე არა ქენით, ალი სულ დედა-ბუდიანად მუსრს გაგადენთო.

აქ სალომე გაჩუმდა. დედაჩემი მკვდარივით გაყვითლებული იჯდა; დათუას სახეს კი აგრე რიგად არა ეტყობოდა რა.

- არა გვშორდება ი წყეული? - სთქვა დინჯად დათუამ, - მაშ ავდგეთ და გადავსახლდეთ!

- რას ამბობ, ჩემო მაზლო, სად უნდა გადავსახლდეთ? - დაიძახა გამწარებით დედაჩემმა, - ვიღაც წუპაკმა, ქვეყნის მატყუარა დედაკაცმა რო რაღაც სხვისგან გაგონილი ილაპარაკოს, განა იმიტომ ჩვენ უნდა ავიყარნეთ და ცხრა მთას იქით გადავცვინდეთ?

- უი, ქალო, ღმერთი იწყენს! წუპაკს როგორ ეუბნები ი ღვთის ადამიანს! ხო გაიგონე რა დაწვრილებით მითხრა ჩვენი ოჯახის თავგადასავალი? - უთხრა წუწუნით სალომემ დედაჩემსა.

- ჩვენი თავგადასავალი, ჩემო სალომე, - მიუგო დედაჩემმა, ეშმაკეულელმა მკითხავმა კი არა, მთელმა ამ მხარემ შეიტყო. ქალაქის პირიდამაც კი მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ ხოლმე ალზედა! მკითხავიც გაიგონებდა და ისე გეტყოდა ყველაფერს!

- ჩემო რძალო - დაიწყო დათუამ, - ერთი ყური დამიგდე აქეთ!.. მკითხავს ბევრი მართალი უთქვამს. თუ მართლა კიდევ ალი არ იყვეს ჩვენზე შემომდგარი, მა რა არის ჩვენი ოჯახის სულ ასე უკუღმართად წასვლა!.. მამული წაგვართვეს, საქონელი თითქმის სულ გაგვიწყდა, მე დავსნეულდი, ე ბავშვები სულ ავად არიან; მა რა არის ესა? ახლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მამული აღარ გვაქვს ჩვენა. ჩვენი ოჯახი თუ ერთხელ ოჯახი იყო, იყო იმითი, რო ოთხი ძმანი ვიყავით, ვიღებდით სხვის მამულს საღალოდ და ამითი სარჩოს ვიძენდით! ჩვენ რა მამული გვქონდა? -ერთი ვენახი, ორი ნაფუძარი, ერთი მინდვრის მიწა და ე სახლ-კარის ალაგი... სხვა ხო არაფერი? ვენახი და ერთი კაი ნაფუძარი წაგვართვეს! რაღა შავი ქვა დაგვრჩა? ღმერთია შენი თავდები, ე ნინიკა რო არ იყვეს, სულ შიმშილით დავიხოცებოდით! ავდგეთ, გადავსახლდეთ სადმე; მოვშორდეთ ამ დაწყევლილ ალაგსაც და ეგება მამულ-დედულიც ვიშოვნოთ რამე.

- უნდა, უნდა გადავსახლდეთ სადმე, თორემ, წმინდა გიორგის მადლმა ე ბავშვები სულ გაგვეჟლიტება! - სთქვა სალომემ.

- სადა, ადამიანებო, სადა, სად უნდა გადავსახლდეთ?! ვინ გიჟი გადმოგიყრის მამულს?! - დაიძახა დედაჩემმა.

- სადა და ყარაიაზე! - მოკლედ მიუგო დათუამ.

- უი, გენაცვალე! დღევანდელი დღე მკითხავის ბაკში სუ მა ყარაიაზე ლაპარაკობდნენ. აქებდნენ, ისეთი აქებდნენ, რო ჰა! ცოტა ცხელაო, მაგრამ რა უშავს! მოსავალი თურმე ზღვათა სკდება. ზღვათა! თითონ მკითხავი ყოფილა როდისღაც იქა... არც აგრე რიგად შორს არისო... მკითხავმა თქვა: ორი დღე კიდეც მიხვალ და კიდეც მოხვალო! - თქვა სხაპა-სხუპით სალომემ.

- მოსავლიანი ადგილი ძაან არი, - დაიწყო დათუამ; - თუმცა ორი დღე კი არა - ოთხი დღე მოუნდება მარტო იქამდინ მისვლასა!.. ხემწიფეს სულ მოუმზადებია ყველაფერი: სახლი, კარი - მიდი და დასახლდი. მაშინვე თურმე მშვენიერ მიწებს დაგიზომავენ და მოგცემენ... მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რო ხარჯისა და ბეგარისაგან განთავისუფლებული იქნები... ამბობენ: იქ არც სუდია-მამასახლისობა იქნებაო!..

- ვინ გითხრა ყველა ეგა? ვინ იცის, მართალია ეგა თუ არა? - უკმაყოფილოდ დაეკითხა დედაჩემი.

- ახირებული დედაკაცი ხარ, მე და ჩემმა ღმერთმა, - შესძახა გაჯავრებით დათუამ, - რა ვინ მითხრა, შვილოსან! ყურები არ მასხია თუ? ეს ერთი წელიწადია, რაც მთელი დუნია მაგაზე ლაპარაკობს. აი ხეპრეთიდამ, ე გაზაფხულის დამდეგს, კიდეც წასულა იქ ორიოდ-სამი სახლობა.

- გადავსახლდეთ, გენაცვალე, გადავსახლდეთ ჩვენც იქა! - მხიარულად დაიძახა სალომემ.

- არა, გენაცვალე, - სთქვა დედაჩემმა. - მე ექედამ ფეხსაც არ მოვიცვლი.

ამის შემდეგ კიდევ კარგა ხანს ილაპარაკეს ამავე საგანზე... დათუას უნდოდა, რომ მე და დედაჩემიც თან წავყოლოდით; დედაჩემი იდგა უარზედ. ბოლოს დაადგნენ შემდეგს გადაწყვეტილებას: დათუა თავის ცოლ-შვილით და ნინიკათი შემოდგომაზე ზამთრის საგძლით უნდა გაუდგეს ყარაიის გზას... ორი კამეჩის საყიდლად და სამგზავრო ფულის საშოვნელად გაჰყიდონ ნაფუძარი... მე და დედაჩემი უნდა დავრჩეთ ჩვენ სოფელშივე... მინდვრის მიწა და კარ-მიდამო გვარგუნეს ჩვენ...

IX

შემოდგომაზე ეს გადაწყვეტილება მართლაც სისრულეში მოიყვანა ჩვენმა უიმისოდაც დაძაბუნებულმა ოჯახმა. ზაქარია დიაკვანმა სწორედ ნახევარ ფასად დასტყუა დათუას ნაფუძარი. ამ ფულით დათუამ ორი კამეჩი იყიდა; მიუერთა მათ ორი შინაური ხარიც, შეაბა ურემი, ჩასხა შიგ ცოლი და შვილი თავიანთ რავდენსამე თვის საგძლით და შემოდგომის ერთ გრილ დღეს დაადგა ქალაქის გზას. მე და დედაჩემი დავრჩით მარტოკანი. აზნაურა დიაკვანი ბევრი ეცადა, რომ ჩვენც მათ თან გავეყოლებინეთ: ხან დაყვავება, ხანაც ჯავრობა, ერთ დღეს მეზობლური, “ნათელ-მირონული” დარიგება, მეორე დღეს მტრული მუქარა; - ყველა ესენი თვითოულად იხმარა აზნაურამ - ჯერ თვითონ და მერე თვისი კუდების მოგზავნით, მაგრამ დედაჩემი მაინც ერთსა და იმავეს ადგა და გაიძახოდა: ,,მე ჩემის ცოცხალის თავით ამ არემარეს არ მოვშორდებიო!” მართლაც არ მოშორდა. დათუა წავიდა; დავრჩით ჩვენ, დედა-შვილი. დედაჩემმა ხელთნაწერის წერა-კითხვა კარგად იცოდა; ამასთანავე საკერავითაც განთქმული იყო ჩვენს სოფელში. შეაგროვა სოფელში გოგო-ბიჭები და წელიწადში ოროლ კოდ პურად დაუწყო მათ თვისის სოფლურის სწავლის გარდაცემა... მეც მენახირეობას ვაპირებდი; ვცხოვრობდით ტკბილად, ჩუმად და მოსვენებით. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდა ჩვენი ესეთი ყოფა!..

ერთ ღამეს, გათენებისას, უცებ ვიღამაც ასტეხა ჩვენი კარების ერთი საშინელი კაკა-კუკი. წამოვცვივდით ფეხზე .

- ვინა ხარ, ვინ? - დავუძახეთ შინიდამ.

კაკუნი შეწყდა, მაგრამ ხმა არავინ არ გაგვცა.

ჩავწექით ისევ ლოგინში და როგორც ჩაგვთვლიმა, ასტყდა ხელახლად ჩვენი კარების ბრახა-ბრუხი. წამოვცვივდით ისივ ფეხზე, დავუყვირეთ... ბრახუნი შეწყდა, პასუხი კი არავინ მოგვცა.

- მოდი გავაღოთ კარები და გავიდეთ კარზე!.. - ვუთხარი დედაჩემს. ის დამთანხმდა. მე ცულს, დედაჩემმა კეტს წამოვავლეთ ხელი და გავწიეთ კარებისაკენ. როდესაც კარებს ღება დავუწყეთ, შემოგვესმა ადამიანის ჩქარი ფეხის ხმა... გავაღეთ კარები; დავინახეთ - ვიღაც, კარგა დიდი კაცი, ავარდა ბაკის ღობეზე, გადახტა იქით და დაეშვა სოფლისაკენ.

- ნეტა ვინ არის, რა არის ეგა? - ვკითხე დედაჩემს, როდესაც ისევ ლოგინში ჩავწექით.

- ეგ თუ არი, შვილო, - მითხრა დედამ, - ი სულაყეფებული დიაკვანია.

ამ შემთხვევამ ცუდად აგვირია თავზე ბალანი. მეორე დღეს მთელმა სოფელმა იცოდა ჩვენი ეს შემთხვევა. გავარდა ხმა, რო არაშენდაანთ ალი კიდევ მისჭრომიათო. გაჩნდა ჩვეულებრივი ჭორიკანაობა. უბედურება იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ჭორებს ცოტაოდენ რამ საფუძველი ჰქონდა. მთელი ერთი კვირა ყოველ შუაღამისას ჩვენს კარებს და შემდეგ ერდოს არა ჰქონდა მოსვენება. ეს კიდევ არაფერი! ზაქარია დიაკვანმა იწყო გამოაშკარავებით ჩვენი ლანძღვა, მტრობა და ხანდისხან იქამდინ მიდიოდა მისი საძაგლობა, რომ ხმამაღლა იტყოდა ხოლმე ხალხში: მივუგზავნი ერთ ორიოდ ოსს და მა ჯიუტი დედაკაცის თვალ-წინვე დავაკვლევინებ იმის შვილსაო. ეს ჩუმად გადმოგვცეს მეზობლებმა და გვირჩიეს ფრთხილად ყოფნა. სხვაც ბევრი რამ გავიგეთ, მაგრამ რას ვიზამდით? თავის დღეში უბატონო ჩვენს სოფელს დღეს ეს აზნაურა გაუხდა ბატონად. სოფელში კაცი არ იყო, რომ მის წინააღმდეგ გაებედნა რამე: ყველანი მას ფეხქვეშ უძვრებოდნენ. აბა, ერთს ქვრივ დედაკაცს რა უნდა ექმნა ამისთანა თავგასული კაცისათვის? დედაჩემი შეშინდა.

- უნდა რამე მოვახერხოთ, შვილო, - მითხრა მან ერთ დღეს, თორემ ეგ თვალსისხლიანი კაცი ხიფათს შეგვამთხვევს რასმე.

- აბა რა მოვახერხოთ, ჩემო დედა, - მივუგე მე, - დათუასთან წავიდეთ თუ ?

- არა, შვილო! დათუასთან კი არა, ამ სახლს მოვშორდეთ. შენ ბიძაჩემთან გაგგზავნი; მე ე ჩემ ნათლიმამა თევდორესთან გადავალ... მე აქ უნდა დავრჩე, თორემ ეგ ბოროტი კაცი იზამს რასმე... დაიქცეს ეხლანდელი კანონები!.. თუ სამიოდ თვე თითონ იხმარა რამე ჩვენი მამული, მერე სულ დაიჩემებს და დაგვყრის სხვისა ამარაზედ.

მე დედიჩემის ბიძები ძლიერ მიყვარდნენ; ამისათვის მათთან წასვლის იმედმა საშინლად გამახარა... გახარებულმა, წამოვედი და თითქმის ყველა ჩემ ტოლ ბიჭებს გარდავეც მიზეზი ამ სიხარულისა... მალე მთელმა სოფელმა შეიტყო თუ რას აპირებდა დედაჩემი. მაგრამ ეს განზრახვა განზრახვათავე დარჩა... ჩვენდა სასიხარულოდ, შეწყდა ჩვენი კარების ბრახა-ბრუხი... გავიდა კვირა, თვე... ღამე ხმა აღარავისი არ გვესმოდა... აზნაურაც თითქო დაგვიტკბა. დედაჩემი წინაპირველად გაკვირვებული იყო ამ ამბით: ამ სიჩუმიდამ ის რაღაც ვაი-ვაგლახს მოელოდა; მაგრამ რა კვირა, თვე გავიდა და ჩვენს მყუდროებას არავინ არღვევდა, დედაჩემიც დამშვიდდა, ძველებურად გამხიარულდა. ჩვენმა ცხოვრებამ გასწია ისევ ტკბილად, თანასწორად.

ამ დროს ერთი ქალაქელი დურგალი თავისი ცოლ-შვილით ჩვენ სოფელში სალოცავად მოვიდა. ერთ საღამოს საყდრის კარებზე დამინახა ამ დურგალმა და სთქვა: “აფსუსი არ არის, რომ ემისთანა ბიჭი ექ სოფელში ტყუილად იჯდეს და რამე ხელობას არ სწავლობდესო?..” ეს სიტყვები დედაჩემს გადავეცი... მას ძლიერ გაეხარდა.

- იქნება, შვილო, თითონ იმანვე აგიყვანოს შეგირდათ? - მითხრა დედაჩემმა.

- იქნება!.. აბა წავიდეთ და ვთხოვოთ! - მივუგე მე.

მართლა წავედით. ახალი ლობიო, კიტრები და კიდევ რაღაებიც მივართვით და ვთხოვეთ დურგალს ჩემი აყვანა თვის შეგირდად... დურგალს გაეხარდა, ამიყვანა და იმავ დღიდამ თავის შეგირდს მეძახოდა. ამის შემდეგ ორი დღე კიდევ დარჩა ის ჩვენ სოფელში... ამ დღეების განმავლობაში, როგორც შეეძლო, მომამზადა დედაჩემმა და როდესაც დურგალი დაადგა ქალაქის გზას, გამოვეთხოვე დედას და დურგლის ურემს გავყევი თან. გავყევი, მაგრამ ცრემლით სავსე თვალები კი სულ დედიჩემისაკენ მრჩებოდა. გულმა თითქო მაშინვე მიგრძნო, რომ ჩემ საყვარელ, საცოდავ, დატანჯულ დედას იმ დღეს სამუდამოდ ვეთხოვებოდი.

X

ორი წელიწადი ვიცხოვრე დურგალთან ისე, რომ ჩვენ სოფელში არ მივბრუნებულვარ. ამ დროს განმავლობაში დედიჩემისაგან მალ-მალე მომდიოდა წერილები. ის თვის-თავზე სულ ერთსა და იმავესა მწერდა: “აზნაურა ჩამომეკიდა, აღარ მისვენებსო, საცა დამინახავს, უშვერის პირითა მლანძღავსო, იმის შიშით მეზობლები პურის სასესხებლად ვეღარ მოსულან ჩემთანაო და სხვ.” აუკანასკნელ თავის წერილშიაც ამავესა მწერდა. გავიდა ორი თუ სამი თვე ამ უკანასკნელი წერილის შემდეგ და დედიჩემის წერილი აღარ მიმიღია. მეოთხე თვეს დავეთხოვე ოსტატს და გავწიე ჩვენი სოფლისაკენ. კარგა ხშირ-ბინდი იყო დედამიწაზე დაცემული, როდესაც ჩემს თვალწინ და ფეხქვეშ გაიშალა ჩვენი სოფლის ველ-მინდორი, ჭალა, ადგილ-მამული; ის ალაგები, სადაც, ღვთის ამარაზე მიგდებულ სოფლის ბიჭს, იმავე თავითვე დევნილს ათასგვარ ოჯახურ და სოფლურ სამწუხარო და უბედურ გარემოებათაგან, მე გამეტარებინა ჩემი სიყმაწვილე! გულმა მიწყო სხვადასხვანაირად ცემა! სასიამოვნო და მწარე ფიქრები გროვ-გროვად დგებოდნენ ჩემ თავში და რაღაცა გაცხარებულის სისწრაფით მიერეკებოდნენ ერთი-ერთმანეთს. რამდენსამე წამს ჩემს თვალწინ მთელმა ჩემმა სიყმაწვილემ გაირბინა. აი ჩვენი მუდამ ტალახიანი, ვიწრო, მაგრამ ჩემი საყვარელი ორღობე!.. გამარჯვება, გამარჯვება თქვენ, ჩემო დაუვიწყარო ტყემლებო, ქვებო, ღობეებო, ჩიტებო და ჩიტის ბუდეებო!! ვესალმებოდი ამ გვარად ჩვენს ორღობეს და ნელ-ნელა მივდიოდი მის ჩრდილისაგან უფრო დაბნელებულ გზაზე!.. გავედი ორღობიდამ: დავინახე ჩვენი ძველი ნასახლარი!.. ეხლა აქ ნასახლარობაც აღარ ეტყობოდა: ეს ალაგი ზაქარია დიაკვანს მიემატებინა თავისი ბაკისათვის და ამნაირად სამ კუნჭულიან უშნო ვენახისათვის გამოება მეოთხე კუნჭულიც. ავუარე ამას გვერდზე და გავწიე პირდაპირ ჩვენი სახლისაკენ... მივდიოდი და ვიდგენდი ცეცხლაპირას მჯდომარე და ნელ-ნელა წინდის მქსოვ დედაჩემს!.. აი , ის გაჩუმებული ზის კერასთან, ქსოვს წინდას და თან რაღაზედაც ჯავრიანად ზუზუნებს... აი, შევაღე კარები: დედაჩემმა გაიგონა კარების ჭრიალი, მაგრამ სახლში შესულს კი ჯერ ვერ ხედავს... ,,ვინ ხარ!.. გოგო, კატუა, შენა?” - იძახის დედაჩემი... მე ხმას არ ვიღებ, მივდივარ და უცებ თავზე კი წავადექი ჩემს ტკბილს, ძვირფას დედიკოს... ,,უი, შენ შემოგევლე, შვილო!” იძახის დედაჩემი და ბარბაცით მორბის ჩემთან. ვიდგენდი ყველა ამას და მივდიოდი შინისაკენ. აი ჩვენი ბაკიც!.. აგერ სახლის კარებიც... მაგრამ ეს რა არევ-დარეულია აქაურობა... თითქო დედაჩემს სუფთაობა და რიგი უყვარდა! კარები? კარები მაგრაა დაკეტილი. აქ რაღაც იჭვნეულობამ გამირბინა თავში... გულმა, თითქო სრულებით ჩემს უნებურად, მიწყო კვნესა და დრო გამოშვებითი ფანცქალი. უცებ ცრემლები ამერია თვალებში... ,,არა, რას ვტირი?'' - ვუთხარი დაცინვით ჩემს თავს, - ალბათ დედაჩემი აქ მეზობლისას იქნება ვისთანმე!.. “ვსთქვი ეს და გავწიე ახლო მეზობლის სახლისაკენ, შევედი ბაკში... ჩემს წინ გამოჩნდა ჯოხზე დაბჯენილი და ნელ-ნელა კარზე მომავალი მოხუცებული თალია. მან სიბერის გამო ვერ მიცნო წინაპირველად.

- ვინ ხარ, შვილო, შენა? - დამეკითხა ის.

- ვეღარ მიცან დიდიდედა? - ვუპასუხე მე, - მე არაშენდაანთ სიმონა ვარ.

- ოი, შენ კი გენაცვალე, შვილო, - დაიძახა მწუხარე ხმით მოხუცებულმა, - დამიდგეს მე თვალები!.. მე კი ქვეყნად უნდა დავწოწავდე და შენი კარგი დედა კი მიწაში იდვეს!.. დაიქცეს, სიკვდილო, შენი სამართალი - თალიამ გააბა მოთქმა. ამ ხმაზე გამოცვივდნენ სახლიდამ თალიას შვილები და რძლები და ორთავენი შეგვიყვანეს შინა. მე ქვასავით გავხდი, ვგრძნობდი, რომ ჩემს თავს რაღაც დიდი უბედურება იყო, მაგრამ რა? ამ დროს ვერ წარმომედგინა. არც ტირილი, არც კვნესა!.. ვიდექ სარივით გაშეშებული და გიჟივით ვიცქირებოდი თურმე აქეთ-იქით. გაიარა ღამემ. მეორე დღეს მოვისაზრე ჩემი აწმყო მდგომარეობა და დავიწყე გამოკითხვა თუ რითი მოკვდა დედაჩემი. მომეტებული იძახოდა - ალისაგანაო. ზოგიერთები კი მეუბნებოდნენ, დედაშენი ზაქარია დიაკვანმა მოსწამლაო!..

- დათუას ამბავი ხომ არა იცით რა? - ვკითხე ერთს ჩვენს მონათესავეს.

- როგორ არა, - მომიგო მან: - ლამის უბედურათ გადაიაროს იმ კაცმა! აქედან რომ ჩასულიყვნენ, არაფერი არა დახვედროდათ რა იქა... ედოს იმის ცოდო ჩვენ ზაქარია დიაკვანსა!.. რაღაც ქოხმახში გაეტარებინათ მთელი ზამთარი... გაზაფხულზე გამხდარიყო ავად დათუა და ვეღარც აეხწია!.. ორი კვირის შემდეგ მომკვდარიყო... ორი პატარა ბავშვი ისევ მამაზე უწინ დახოცილიყვნენ... დასცადა ჰავამა თურმე... ერთ კახელ მადლიან თავადიშვილს ენახა ი საცოდავები, შებრალებოდა და თავისთან წაესხა. ეხლა თურმე ნინიკა მოჯამაგირედ უდგია იმ თავადიშვილს, სალომე პურისმცხობლად... ორი უფროსი ბიჭი კი იქიდამ გამოქცეულიყვნენ და ქალაქში ჩამოსულიყვნენ... ჩვენებიანთ გიგოლამ სთქვა: ქალაქში ჰყრიან და “რაზბონიკობით” ირჩენენ თავსაო...