I
“პატარა ქაჯანა” გახლავთ მეტი სახელი ერთი სოფლელი პატარა ბიჭისა, რადგანაც ამას ლაპარაკში ხშირად უყვარდა სიტყვა “ქაჯანას” ხმარება, მაგალითებრ: ,,ქაჯან, წავიდეთ მინდორში”, “ქაჯან, ვიმღეროთ,” ,,ქაჯან, ერთი ვაშლი მე მამეცი”, ამის გამო მას სოფლელმა პატარა ამხანაგებმა დაარქვეს ,,ქაჯანა”. წინაპირველად სიმონას, ცოტა არ იყოს, სწყინდა ეს სახელი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შეაჩვია ყური და ბოლოს ისე შეეთვისა, რომ სიმონა რომ დაეძახნა ვისმე მისთვის, ის ყურადღებასაც არ მიაქცევდა ხოლმე; ,,ქაჯანა” კი რომ დაგეძახნა, საჩქაროზედ ან ხმას გაგცემდა, ან არა და ერთს ციბრუტივით შემოტრიალდებოდა და თვალის დახამხამებაზედ შენ წინ დაიბადებოდა. გაუვარდა სიმონას ეს სახელი! მთელი სოფელი: დიდი თუ პატარა, შინაურები თუ მეზობლები სიმონას ეძახოდნენ “ქაჯანას”. - ქაჯან, გაიქე, დედაშენს უთხარი: ერთი პური გვასესხეთქო! - ბიჭო, ქაჯანა, წამო, ე ჩვენ ლომა კამეჩზე შეგსვა.. - ქაჯანა, წავიდეთ, ჩიტის ბუდე ვნახოთ... ეძახოდნენ ხოლმე სიმონას... სიმონა კარგად ხედავდა, რომ ამ სახელით მისი დაცინვა, ან გაჯავრება კი არ უნდოდათ, არამედ მასში იხატებოდა დაყვავება, ალერსი, სიყვარული მისდამი... სიმონა საჩქაროზედ გაჰქანდებოდა შინისაკენ და, თუ სავსეთ არა ჰქონდათ, ხტუნაობით გამოურბენინებდა პურს... მერმე მეორეს აუსრულებდა თხოვნას, შემდეგ მესამისაკენ გაიქცეოდა... დახტოდა, დაცუნცულებდა, მღეროდა და ისეთის სიმარდით და მოხერხებით აკეთებდა საქმეს, რომ განცვიფრებაში მოჰყავდა თავისი მნახველები... უნდა დაგენახათ, როგორის სიცქვიტით ავარდებოდა მსხმოიარე, ან ფრინველის ბუდიან ხეებზედ, როგორ დაჰქანდებოდა იქიდამ და სრიალით ჩამოვიდოდა ძირს; ან კიდევ იმისი მარდი სირბილი, სახრისა და ჯოხის ხმარება, მისი წმინდა კილოიანი ხმა, როდესაც საყდრის კარებთან შეგროვილს თავის ტოლებში ჩაჯდებოდა და დაიძახებდა: ,,დელია, დელია, დელია და ბიჭებო”, ან ,,კურდღელი მოცანცალებდა, ფეხმოტეხილი საწყალი”, მაგრამ ყველაზე კარგა სიმონამ სათამაშო “გოგონას” სიმღერა იცოდა... როდესაც ამას დაიწყებდა, დიდი კაცებიც კი მივიდოდნენ ხოლმე, დადგებოდნენ მათ შორი-ახლო და დაუგდებდნენ ყურსა... მათ დაღვრემილს სახეზედ ღიმილი ჩნდებოდა და კმაყოფილების შუქი გამოდიოდა მათი კეთილი თვალებიდგან... ყველანი მოიმხიარულებდნენ ხოლმე, მაგრამ ყველაზე მეტი სიამოვნება იხატებოდა ერთს ჭაღარაშერთულ, ცოცხალ სახიან და დაბალ ტანიანი გლეხის, კიკოლას, სახეზედ... ,,ოი, შენი გამჩენის ჭირიმე, შვილო, შენი!!” - დაიძახებდა ხოლმე ეს, როდესაც სიმონას ზარივით ხმა უკანასკნელად გაიწკრიალებდა ჰაერში...
- რა ბიჭი გყავს, კიკოლა, რა ბიჭი!.. - მხიარულად მიაძახებდნენ ხოლმე კიკოლას იქ მდგომი გლეხები და შემდეგ მიუბრუნდებოდნენ მის შვილს: “ქაჯანა, ერთი, კიდევ ერთი!..” და ქაჯანას ხმა ხელ-მეორედ გაისმოდა ჰაერში... მას მიჰბანებდნენ სხვები და ხელ-ახლად გაიმართებოდა ბავშვების სიმღერა და თამაში...
II
ქაჯანას მამა, კიკოლა, იყო ერთი ჩვენი გონიერი და გამოცდილი გლეხთაგანი... საქართველოს რომელ კუთხეს იტყვით, რომ კიკოლა არა ყოფილიყვეს იქ თავის სიყმაწვილეში; ჯერ ოცი წლისაც არ იყო, რომ მას ორჯელ-სამჯერაცა ჰქონდა მოვლილი კავკავის გზები. ოცი წლისა კიკოლა გუმბრის გზაზედ გახდა... ამის შემდეგ თითქმის ყოველ სამს წელიწადში ერთხელ მიდიოდა გუმბრში მარილის მოსატანად... სამი-ოთხი პირობა ორპირშიაც წაიღო ქირა... შემდეგ შეირთო ცოლი და, როდესაც მამა მოუკვდა და მარტოხელი გახდა, დაანება ქირაობას თავი და მიჰყო ხვნა-თესვას ხელი. ამ დროს კიკოლას და მის ცოლს, მართას, მიეცათ პირველი ვაჟი; შემდეგ მეორე, მესამე, ამათ მიჰყვნენ ორი ქალი და დაწვრილშვილდა კიკოლა. რაღაც საცოდავი სამიოდ დღის მიწა ჰქონდა და ერთი პატარა ვენახი... წელებზედ ფეხს იდგამდა, ამ ცისმარე დღე და ღამე სულ განუწყვეტლად მუშაობდა, მაგრამ წლის სარჩო მაინც არ მოსდიოდა. კიკოლა მაინც იხტიბარს არ იტეხდა: ვალს არ იღებდა, კარზედ არავის ადგებოდა სათხოვნელად და ხალხშიაც მუდამ მხიარული გამოდიოდა... მის მოსწრებულ სიტყვა-პასუხს, მის კვიმატ ლაპარაკს, მის მოშაირობას და ხუმრობასა სახელი ჰქონდათ გავარდნილი მთელს იმ ახლომახლო სოფლებში. მაგრამ უცებ ისეთი ამბავი დაატყდა კიკოლას თავსა, რომ დროებით ყველა ესენი სრულიად დაავიწყა და თვით მხიარული კიკოლა გადააქცია სახედაღვრემილ, სულით და გულით დაცემულ ადამიანად. ერთს ზამთარში შეუდგა კიკოლას საოფლე, დაერია იმის პატარა შვილებს და ორჯელ წყვილ-წყვილი კუბო გამოიტანეს იმისი სახლიდამ... სამი ვაჟი და ერთი ქალი სამუდამოდ მოსწყდნენ კიკოლას გულიდან. დარჩა მხოლოდ ერთი უმცროსი ქალი, რომელიც ეხლა თერთმეტი წლისაა... ერთი წლის შემდეგ მიეცა კიკოლას ვაჟი და ამის შემდეგ აღარავინ მიმატებია მის ოჯახს. ეს ვაჟი გახლავთ ჩვენი უკვე გაცნობილი პატარა ქაჯანა. ამნაირად კიკოლას ჰყავდა ორი ზედი-ზედ მიმდევნო შვილი: ქალი და ვაჟი. მთელი თავისი მშობლიური სიყვარული კიკოლამ ამ ორ ბავშვს შემოახვია. მომეტებულად კი უფრო სიმონა უყვარდა და, როგორც კი შეეძლო, უვლიდა და ანებივრებდა მას. უნდა გენახათ, რა მშვენივრად გაკეთებული პატარა გუთანი, პაწაწინა საძნე და საბარო ურემი, ლამაზი პატარა კომბლები და ჯოხები ჰქონდა სიმონას! მინდვრის სამუშაოს რომ მორჩებოდა, სიმონას სათამაშოებს მიჰყობდა ხოლმე კიკოლა ხელსა... ნელ-ნელა სთლიდა პატარა ჩხირებს და თანაც მხიარულად შესცქეროდა თავის საყვარელ შვილს... ბევრჯელ ამ დროს მოაგონდებოდა ხოლმე თავისი პატარა, დაჩიტული შვილები და მისი სახე მსწრაფლად იქცეოდა დატანჯული სულის სარკედ. “რო ი წყეული საოფლე კიდევ გამიტყვრეს საიდგანმე და ესეც მომტაცოს, რაღა მეშველება მაშინ?!” იტყოდა ხოლმე კიკოლა და წარბშეკრული გაჩოჩდებოდა შვილისაკენ. შემდეგ აიღებდა თავს მაღლა, მიიხედ-მოიხედავდა სახლში და, რა დაინახავდა მას, ვისაც ათვალიერებდა, დაიძახებდა:
- შვილო, კატო, მოდი შენც ჩემთან, შენი ჭირიმე!..
კატო მარდად გაჰქანდებოდა და კოპწიად ამოუჯდებოდა ხოლმე თავის მამას მუხლისძირას.
III
საშინელი ეშმაკი და კუდიანი გოგონა იყო ეს კატო! ერთი რომ შეგეხედნათ იმის ცოცხალ, მუდამ აქეთ-იქით მაცქირალ, კუნაპეტივით შავი თვალებისთვის, იმის დაცქვეტილი ყურებისთვის და მაღლა აწეული პატარა წარბებისათვის, უსათუოდ იტყოდით: ,,ამ პატარა გოგოს სწორედ თავის ტოლა კუდი ებმისო”. კუდისა კი რა მოგახსენოთ და ეშმაკი კი ძალიან იყო. იმისგან მოსვენება არა ჰქონდათ მეზობლებს. ვთქვათ, დაინახა, სოფლის რამდენიმე დედაკაცი სხედან ერთად კედელთან, ან ბაკის გვერდზე და გულგახსნით რაღაზედაც ლაპარაკობენ... უცებ გაჩნდებოდა იქ კატო, მიეპარებოდა და ნამდვილის ყვავის ხმით დასჩხავლებდა ზემოდამ... საწყალ დედაკაცებს ენა ჩაუვარდებოდათ ხოლმე; ყოველ მათგანს გული გაუქანდებოდა თავიანთ საყვარელ ქმრისა, შვილებისა, ანუ ძმებისაკენ, მაგრამ საჩქაროზედვე მოაგონდებოდათ კატო და წამოცვივდებოდნენ ფეხზე. კატო ხარხარით გარბოდა ქვემოთკენ.
- უი შენ და შენ თავსა! შე წყეულო, შენა! - მისძახებდნენ ხოლმე უკანიდამ მომღიმარე დედაკაცები.
მერმე მიეპარებოდა სხვებს და ახლა კაჭკაჭის ხმით დაიწყებდა ჭიყჭიყსა...
- კაი ამბავი, კაჭკაჭო, კაი ამბავი... ოქროს ნისკარტი, შენ პირ შაქარი, - მოისმოდა ხმა; მაგრამ ამ ხმას მაშინვე კატოს ხარხარი მიჰყვებოდა და იმათშიაც გაჩნდებოდა სიცილი და ,,უი, ქალოს” ძახილი.
შემდეგ მივიდოდა კატო და აიტუზებოდა რომელიმე გლეხის კარებთან... უცებ გააბამდა ბოხ ხმაზე ყეფას, შემდეგ აურევდა ერთმანეთში ქოფაკი ძაღლების და ლეკვების ხმაზედ ყეფას.
- ე ვისი ოხერ-ტიალები შეგროვილან აქა! - მოისმოდა სახლიდამ გაჯავრებული გლეხის ხმა და ცოტა ხანს უკან გაღებულის კარებიდგან გამოჩნდებოდა ის კეტმოღერებული...
- ერთი პური გვასესხეთო! - წყნარად და დინჯად ეტყოდა მას კატო.
- აი შე გომბიო, შენა!.. შე წყეულო, შენა! - სიცილით წარმოსთქვამდა გლეხი და შებრუნდებოდა შინ პურის გამოსატანად. გამოიტანდა და, სადღაა კატო!..
- აი დასწყევლა ღმერთმა ი გოგოი!.. ერთ წუთში ორჯელ არ მომატყუილა ი თითის ტოლა გომბიომ ამ ხელა კაცი! - წაიბუტბუტებდა გლეხი და შებრუნდებოდა უკანვე...
ერთ ბებერ დედაკაცს კატომ სულ ერთიანად დაახოცინა რაც რომ მამლები და ყვინჩილები ჰყავდა... ბინდბუნდი რომ შეიქმნებოდა, კატო მიიპარებოდა იმ ბებრის საქათმმესთან და დაიძახებდა: ,,ყიყლიყოოო”.
ბებერი გაიგონებდა და ელდა ეცემოდა ხოლმე.
- ეგ რომელი ყივის ასე უდროვოდ, ეგ ჩემი ცოდვით სავსეი, ეგა! - კვნესით იტყოდა ბებერი, აანთებდა მკვარსა, დაათვალიერებდა მამლებს და, რომელ მათგანსაც თავი მაღლა ჰქონდა აღებული, სტაცებდა მას ხელს, გამოიყვანდა და საჩქაროზედ დააკვლევინებდა... მთელი ერთი კვირა შეუჩნდა ასე კატო ამ ბებრუცუნას და სულ გააჩანაგებინა მამლის სახსენებელი.
რამდენსამე წამს ამნაირად მოირბენდა კატო მთელს თავიანთ პატარა სოფელს და, როდესაც მოიკლავდა თავის კვიმატობის სურვილს, გატკრციალებულის სახით გაიქცეოდა ხოლმე შინისაკენ. შევიდოდა, დაგვიდა, დააკრიალებდა სახლსა; შემდეგ ან წინდას წამოავლებდა ხელს და თავის დედის ჩვენებით, იწყებდა მის ნელ-ნელა ქსოვას, ანაც მოიკეცავდა, დაიდებდა მუხლზე ხარის დიდ თეთრ ბეჭს, დაიჭერდა ხელში ინდაურის, ანუ ბატის კანჭის კალამს და ყაყაჩოს მქრალი მელნით სწერდა მასზედ: ,,უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, სწავლა კეთილად მოუვლინე მხევალსა შენსა კატოსა”.
- ეგ რა ასოა, კატო, ჰაა? - გაისმოდა ხოლმე დის გვერდზე მჯდომი ქაჯანას ხმა... ამ დროს კატო შეაყენებდა კალამს და გულმოდგინებით აძლევდა პასუხს თავის საყვარელ ძმას.
IV
ერთ საღამო ჟამს ასე ერთად ისხდნენ და-ძმა სახლში და რაღაზედაც გაცხარებული ტიკტიკებდნენ. მათ შორიახლო იდგნენ კიკოლა და ამის ცოლი და ესენიც ნელ-ნელა ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ცოტა ხანს უკან კიკოლა მოტრიალდა ბავშვებისკენ და დაიძახა:
- ბიჭო, ქაჯანა, ამაღამ რომ ჭიაკოკონობაა და შენ კი არა გაქ რა?
- როგორ არა მაქ, - დაიძახა ქაჯანამ, - გუშინდელი დღე სულ კაჭაჭი ვაგროვე.
- ი რას გეყოფა, ბიჭო, მერე! - სთქვა კიკოლამ, - ისეთი ჭიაკოკონა უნდა დაანთო, რო ცამდინ ადიოდეს იმისი ალი...
- მაშ გავიქცევი ნაფუძრებში და კიდევ ავკრეფავ კაჭაჭს, - წამოიძახა ქაჯანამ და წამოხტა ფეხზედ.
- არა, შვილო, ეხლა გვიანღაა. მე წავალ და საბძლიდან ერთ კაი კონა ჩალას და ცოტა თივას მოგიტან, - სთქვა კიკოლამ და გასწია კარებისაკენ.
- დილილ მე, დილილ მე, - სიხარულით დაიძახა ქაჯანამ და, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, შეხტა მაღლა და შეიკუნტრუშა.
- შარშან ჭიაკოკონობას რო ჩვენებიანთ საბძელი დაიწვა? ეხლაც რო კიდევ დაიწვას, მერე? - წამოიძახა კატომ.
- მართლა, დედა, რო კიდევ დაიწვას? - განიმეორა ქაჯანამ.
- უნდა ფრთხილათ ვიყვეთ, შვილო, და არაფერი არ დაიწვება, - უპასუხა მართამა.
- ახლა, რა არი დედა, რო ჭიაკოკონა არ დავანთოთ? - დაიძახა კვალად კატომ.
- ჭიაკოკონას რათ ვანთებთ ხოლმე, დედა? -მიაძახა ქაჯანამ.
- ემღამეს, შვილო, უნდა უსათუოდ დაინთოს ჭიაკოკონა ყველა სახლის კარებზედა... ეს იმიტომ რომა, ხო დაგინახავთ, აი ზემოდამ რო მაღალი მთა მოჩანს, იალბუზს რო ეძახიან - იქა, შვილო, ამაღამ ეშმაკები, ქაჯები, ჭინკები შეგროვდებიან ერთად და ქორწილებს გამართავენ ხოლმე. იქიდან გახარებულები გამოფრინდებიან, შვილო, დაერევიან სოფლებსა და, თუ ცეცხლი არ დაინახეს ვისმე სახლის კარებზედ (ცეცხლისა ძლიერ ეშინიათ იმათა), მაშინვე შევლენ იმ სახლში, ან დაახრჩობენ ვისმე, ან გააგიჟებენ, ხანდიხან მოიტაცებენ ხოლმე კიდეცა, მომეტებულად პატარა ბავშვებს, წაიყვანენ იმ იალბუზზედ, დაჰკლამენ და შესჭამენ...
- დედა, - დაიძახა ქაჯანამ, - ე ერდოდამ რომ ჩამოვიდნენ?
- აგერა, შვილო. - უპასუხა დედამ, - აი ჯვარედინად როა ერდოში გადებულ-გამოდებული ეკლიანი ასკილები, იმიტომ გააკეთა წეღან მამაშენმა, რომ ვეღარ ჩამოვიდნენ იქიდანა... ჯვარისა და ეკლისა ძრიელ ეშინიათ კუდიანებსა...
მართა გაჩუმდა; ბავშვებიც სულგანაბულნი ისხდნენ... ასე დარჩნენ ესენი კარგა დიდ ხანსა. მათი სახის გამოხატულება და მოძრაობა ამ სახის ასოებისა ცხადად აჩვენებდნენ, რომ ამ პატარაების პაწაწკინა გულები მოსვენებით არ იყვნენ ეხლა. ორთავენი ფიქრობდნენ, მაგრამ, როგორცა სჩანდა, ერთნაირად კი არა... ქაჯანას ფიქრში შიში იყო ჩარეული, ეს დაღვრემილი სახით თავჩაღუნული იდგა და გაშტერებით დაიცქირებოდა მიწაზე. კატოც ფიქრობდა, მაგრამ მის თვალებს სიცოცხლე კი არ მოჰკლებოდა, თითქო ერთიორად მომატებოდა: თვალებს ხან აქით აცეცებდა, ხან იქით, თითქო ეძებს რასმეო... ბოლოს რაღაც კვიმატური ღიმილი გადაეფინა სახეზედ... და ამ დროს შემოჰკრა ტაში და წამოხტა ფეხზედ... ანება ძმას თავი, ისარივით გავარდა კარზე, ავიდა პატარა წნულზედ და გადახტა სათონეში... მივიდა ვარცლთან და სტაცა ხელი პურის ცომის დიდ ტყავს და საჩქაროზედ გაეხვია მასში... შემდეგ მოტრიალდა, აიღო ერთი პირგანიერი ქოთანი და ჩამოიცვა თავზედ... დაიჭირა ხელში თონის საჩხრეკი და ბურტყუნ-ტორტმანით დაიწყო სათონეში სიარული... უცებ შესდგა, გაიკისკისა ერთი და საჩქაროზე გაიძრო ყველაფერი ტანიდამ...
- ჯერ ადრეა, ჯერ ადრეა კიდევ... - წაიბუტბუტა და გადმოხტა ისევ უკანვე...
ახ, ჩემო საწყალო ქაჯანავ! სად იყავ ამ დროს, რომ ვერ დაინახე სათონეში შენი კუდიანი და!?
V
ჭიაკოკონობა გაჩაღებული იყო: მთელი ის პატარა სოფელი სულ ცეცხლის ალში იჯდა; თითქმის ყოველი სახლის წინ ენთო ჭიაკოკონა, რომელსაც გარშემო ეხვივნენ დიდით პატარამდე წევრნი იმ ოჯახისა. დიდები მომეტებულად სეირს უყურებდნენ; ზოგიერთ მათგანს კი, უფრო ქალებს, სული წასძლევდა ხოლმე, გაექანებოდა და ხტებოდა ანთებულ ცეცხლზედ. ამას მოჰყვებოდა საზოგადო კიჟინა და სიცილი. ახალგაზრდები და პატარები დიდს სიხარულში იყვნენ: ერთი განუწყვეტელი ჟღავიჟღუვით ურბენდნენ ჭიაკოკონას გარშემო, ხტუნაობდნენ მასზედ და ჰყვიროდნენ: ,,ალული კუდიანებსა, ჯვარი აქაურობასა”.
კიკოლას სახლის კარებზედაც ენთო ჭიაკოკონა... სახლის პატრონნი, ცოლ-ქმარი, ძარის ქვეშ ქვებზედ ისხდნენ და ჩუმათ გასცქეროდნენ თავიანთ ქაჯანას... ეს და ახლო მეზობლების რამდენიმე გოგო-ბიჭები ჟივილ-ხივილით უხტოდნენ გარშემო ჭიაკოკონასა და თანაც ნელ-ნელა უმატებდნენ ჩალა-ბულას. კატო იქ არსად არა სჩანდა, მაგრამ იმისი დარდი ვის ექნებოდა მაშინ? ქაჯანა გადგა შორს, გამოჰქანდა იქიდამ, დაჰკრა ფეხი ჭიაკოკონას წინ და მარდად გადაევლო ზედ გაძლიერებულ ცეცხლსა, მაგრამ იქით თავი ვეღარ შეიმაგრა, ტორტმანით წავიდა წინ და ბაკის ღობესთან წაჰყო თავი... წამოიწია, უნდოდა მარდად წამომხტარიყო, მაგრამ იქვე თავის წინ, ბაკის ღობის ჩრდილში, უცებ დაინახა რაღაც ბანჯგვლიანი და უთავო; დიდ კეტზე დაბჯენილი, შეინძრა ის და ბუტბუტით გამოსწია ქაჯანასაკენ. ქაჯანა წამოხტა, უნდოდა დაეყვირა, პირი გააღო, მაგრამ ყელიდან სუსტი ხავილის მეტი აღარა ამოუვიდა-რა. მაინც გამოტრიალდა უკან, გადმოსდგა რამდენიმე ნაბიჯი და უცებ, მოწყვეტილი ყვავილივით, უგრძნობლად დაეცა დედამიწაზედ. კიკოლამ დაინახა ეს, წამოვარდა ქვიდგან და სტაცა თავის შვილს ხელი. მაგრამ რას ხედავს საწყალი ბერი-კაცი? გაფითრებული, პირდაღებული, თვალებდაჭყეტილი და უგრძნობელი შვილი კი შერჩა ხელში.
- ვაიმე, შვილო სიმონა! - დაიღრიალა ერთი კიკოლამ და მუხლმოკვეთილი ჩაჯდა იქვე.
მივარდა დედაც. მიეხვივნენ პატარა ბავშვებიც და გაჩნდა ერთი საშინელი, სულისა და გულის შემაძრწუნებელი წიოკობა. ამ წიოკობაზედ მოსქდა მთელი სოფელი და გრიალით მიაწყდა კიკოლას კარ-მიდამოს....
- რა ამბავია, ქალო, რა ამბავია? - იძახოდენ აქეთ-იქიდან...
- საცოდაობა, გენაცვალეთ, საცოდაობა! - უპასუხებდა რამდენიმე ხმა. - ქაჯანას ავი სული დასცემია!..
- ვაიმე, დედავ, ქაჯანაი, დედავ! - ისმოდა მომტირალი ბავშვების ხმა.
- ოჰ, კაცო რა უბედურება მოუვიდა მა საწყალ კიკოლას!! - ეუბნებოდნენ ერთმანეთს თვალცრემლიანი გლეხები.
- ბარბარე მოდის, ბარბარე, - დაიძახეს... ხალხი გაიყო ორად და შუაში დარჩენილ გზაზედ გამოჩნდა თითქმის მოხუცებული, კარგა ლაზათიანად ჩასუქებული, კეთილსახიანი დედაკაცი, მანდილოსანი ბარბარე, ექიმობით განთქმული მთელს იმ მხარეში. სჩანდა, ძლიერ ერბინა: ოფლის ხვითქი წურწურით ჩამოსდიოდა სახეზედ... ის მივიდა კიკოლასთან, რომელიც არავის არ ანებებდა თავის შვილს, გულდამშვიდებით გამოართვა ბავშვი, მიიკრა ძუძუებთან და ნელ-ნელა გასწია კიკოლას სახლისაკენ... დედა, მამა, ხალხი მიჰყვა მას უკან... ბარბარე დადგა კარებში. შეუშვა ბავშვის დედ-მამა სახლში, შემდეგ რამდენიმე გამოცდილ დედაკაცს დაუძახა, შეიყვანა ესენიც შიგ და სხვებს ჩაუკეტა მაგრა კარები... ბარბარე დაჯდა ჭილობზედ, გადასწერა რამდენჯერმე ქაჯანას პირჯვარი, დაიწყო რაღაც ტუტუნი და თანაც მაგრა უსვამდა ხელს ქაჯანას გულსა და თავზედ. გავიდა ცოტა რამ ხანი და ქაჯანამ პირიც მოკუმა, თვალებიც დახუჭა... დედ-მამამ და იქ მყოფმა დედაკაცებმა ამოუშვეს ქვითქვითი... გარეთ მყოფმა ხალხმა ეს ქაჯანას სიკვდილით ახსნა. უცებ ბანიდამ, კარებიდამ, სანათურიდამ მოისმა ხალხის ტირილი... ბარბარემ დინჯად აიღო თავი მაღლა, მიიხედ-მოიხედა და ერთის საშინელის ჭექის ხმით დაიძახა:
- რას დაგიჟებულხართ, ხალხო, ბავშვი კარგათა ხდება და თქვენ კი ღმერთი გიწყრებათ!..
ხალხმა, გარეთ, თუ შიგნით, ხმა გაკმინდა... მხოლოდ ერთი ვიღაც პატარა გოგო არ ჩუმდებოდა: მას, ფრჩხილებით დაკაწრული, სისხლიანი სახე ჩამოეყო ბანში და გულამოსკვნით საცოდავად ტიროდა...
ნეტა ვინ იყო ის გოგო?
VI
თითქმის ნახევარი წელიწადი გავიდა ამ ამბის შემდეგ... ვგონებ, რაღაც უქმე დღე იყო და ამის გამო კარგა ბლომათ მოეყარა ხალხს თავი ერთს ადგილას და ჰქონდათ ერთი რაღაც ყაყანი... მათ შორიახლო ძირს დაყრილ დიდ ხეებზედ გადამსხდარიყვნენ ათი-თორმეტი პატარა ბიჭი და მხიარულათ მღეროდნენ... ერთი ამ პატარა ბიჭთაგანი ამხანაგებზედ კარგა მოშორებით იჯდა... მისი დაღონებული სახე, მაგრა მოკუმული პირი ცხადათ აჩვენებდნენ, რომ ის არავითარ მონაწილეობას არ იღებდა იმ სიმღერა-მხიარულებაში. პატარაებმა დაიწყეს “გოგონა”, დაჰკრეს ტაში და ერთი პატარა ბიჭი დატრიალდა სათამაშოთ... დაღონებული ბიჭი მობრუნდა მათკენ... თვალები გაუცოცხლდა და თითქო რაღაც კანკალმა აიტანა... უცებ გააღო პირი, ვგონებ სიმღერა უნდა ჩამოერთმია ერთი უხეირო მომღერლისთვის... მაგრამ პირიდამ რაღაცნაირი პირუტყვული ზმუილის მეტი არა ამოუვიდა რა... თითქო თავისი ხმისა თითონვე შეეშინდა... თავში დაკრულსავით დაბარბაცდა და მსწრაფლ მოკუმა ისევ მაგრა პირი... სახე უფრო მომეტებულად დაუღონდა და თვალებიდგან ღაპა-ღუპით წამოუვიდნენ ცრემლები.
- რათა ტირი, შენ გენაცვალე?.. ნუ ტირი, შენი სახელის ჭირიმე! - ალერსით უთხრა მომტირალს ერთმა გოგომ, რომელმაც უცებ საიდგანღაც მოირბინა და მოუჯდა მას გვერდზედ... ბავშვი მიტრიალდა, წაავლო ხელი მის ნიკაპს და მიახედა ის მომღერალი ბიჭებისაკენ... მერე თავის პირზე მიიდო ხელი და თავი მწუხარედ გაიქნ-გამოიქნია... გოგოს თვალები ცრემლებით აევსო... მოეხვია ბავშვს და კვნესით დაიძახა:
- ვაი მე და დიდი ჭირი!.. ოი, შენ გენაცვალე, შენა!..
ეს დაინახეს იქვე მსხდომმა კაცებმა. გაწყვიტეს ლაპარაკი და დაუწყეს ამ ორ ბავშვს ცქერა...
- ოჰ, ოჰ, რა ბავშვი წახდა, რა ბავშვი!! - დაიძახა ერთმა, - ახლა, ეგრე მუნჯად უნდა დარჩეს?!
- ღმერთია შენი თავდები, რო ე გოგო უფრო მეცოდება, - სთქვა მეორემ. - ამ ქალაქ დღე სუ ეგრე უზის, კაცო, გვერდზედ და განუწყვეტლად დასტირის ზედა... საწყალი, როგორ გახდა, ხედამთ?..
- კატების ნათრევს დაემსგავსა საწყალი გოგო, - დაურთო მესამემ, - სადღაა, შვილოსან, მაგისი ხუმრობა და ეშმაკობა!.. საწყალ კიკოლას ორი შვილი ეღუპება, ორივე ერთად.
- კიკოლა დღეს მკითხავთან წავიდა... ვნახოთ, ერთი რას იტყვის ი მკითხავი? - სთქვა მეოთხემ...
ჯერ არც კი გაეთავებინა ამას უკანასკნელი სიტყვა, რომ უცებ უკანიდამ მოისმა ფეხის ხმა... ზოგიერთებმა მიიხედეს უკან და თითქმის ერთხმად დაიძახეს:
- აგერა, კიკოლაც მოდის...
- რა ჰქენი, კიკოლა?.. - დაეკითხა რამდენიმე ერთად ჯერ ისევ მომავალ კიკოლას...
- ძაან იმედი კი მამცა და არ ვიცი! - სთქვა სრულიად გათეთრებულმა და წელში საცოდავად მოხრილმა კიკოლამ. - სათაურას წმინდა გიორგში წაიყვანეთ და ალოცეთო. იქ იმდენ ხანს უნდა დარჩეთ, სანამ თითონ წმინდა გიორგი არ დაგითხოვთო... ვენაცვალე იმის მადლსა და სახელსა!! თუნდ ჩემ სიცოცხლეს სუ იქ დავლევ, ოღონც კი ჩემ სიმონას ეშველოს რამე... ავი სული დასცემია თავზედაო...
- მაშ მალე წადი, კაცო, - უთხრა მას ერთმა გლეხმა, - აი, ძმაო, როცა გინდა, კამეჩები, გინდა ხარები წაიყვანე.
- კიკოლა, - დაიძახა მეორემ, - ჩემი ურემი სუ მზა-მზარეული დგა... თუ გინდა, წაიღე.
- ღმერთმა გადღეგრძელოთ, თქვენი ჭირიმე!.. მაშ დღეს შევემზადები და ხვალ დილა ადრიან გავუდგები გზასა, - სთქვა კიკოლამ და გასწია თავის ბავშვებისაკენ.
VII
კავკასიის მთის ერთს მაღალ ტოტზედ, მივარდნილ ციცაბო ადგილას არის გაშენებული პატარა სოფელი, სათაურა. ხანგრძლივი ზამთრისა და სიცივის გამოისობით მინდვრისა თუ ხეხილის მოსავალი ძალიან ღარიბად იცის აქ. ვაზი ხომ სრულებით არა ხეირობს აქეთკენ. სიცივესა და ღვინის უქონლობას არყის ხდისათვის წაუვლებინებია ხელი აქაური მცხოვრებლებისათვის... თავიანთ დიდი, უზარმაზარი ტყეებიდან ჩააქვთ ძირს სოფლებში წნელი, ფიჩხი, შეშა, ხე-ტყე, ყავარი... შოულობენ ამითი თითო-ოროლა გროშსა; ან კიდევ, სცვლიან ყველა ამას პურში, სიმინდში და ღვინოში; მოაქვთ შინ: ზოგსა სჭამენ და სმენ, ზოგსაც არყად ხდიან... არაყს, მომეტებულად იქვე ადგილობრივა ჰყიდიან და კაი შემოსავალიც აქვთ აქედან... - თქვენ, იქნება, გაჰკვირდეთ და იკითხოთ: აქვე, იმ მივარდნილ და პატარა, საწყალ სოფელში ვისზედ ჰყიდიან არაყსაო? ამ სოფელს კვლავ, როდისმე, უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ, ჩემო კეთილო! ეხლა კი მხოლოდ თითს მიგიშვერთ ა იმ საყდრისკენ... ხედავთ სოფლის ცოტა ზემოთ მაღალ, კოშკის მსგავს გორაზედ, დიდი დაბურული ხეების ტოტებიდან რომ თეთრი კედელი გამოჩანს ?! ეგ გახლავთ წინა კედელი მთელ საქართველოში განთქმული სათაურას წმიდის გიორგის ეკლესიისა, რომელშიაც, როგორც ამბობენ, ასვენია თავის სარქველი მოხსენებულის წმინდანისა... გაზაფხულდება თუ არა, დაიძვრის ამის მლოცავი და საქართველოს ყოველი კუთხიდან მოდის აქ შესაწირავი... რაკი თვით ეკლესიასთან ურმით არ შეიძლება ასვლა, ამის გამო ყოველი მლოცავი აყენებს ურემს სოფელში, ჰყრის აქ საქონელს და თვით ბარგი-ბარხანით მიდის ზემოთკენ... ამ დროს წინ უხვდებიან მათ აქაური მცხოვრებელნი, მომეტებულად გოგო-ბიჭები, აჩვენებენ ქათმებს, ყველს. უფრო კი არაყს და იმართება მათ შორის ნამდვილი ქალაქური ვაჭრობა... ამ გარემოებას, ცოტა არ არის, ცუდი გავლენა მოუხდენია სათაურელი გლეხის ზნეობაზედ; მასში გახსნილა ვაჭრული სიცრუე, სხვის მოტყუების სურვილი და ცოტა კრიჟანგობაც... ამას, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ სათაურელი გლეხები, ამის გამო მლოცავების მოსვლა ძლიერ სასიამოვნო რამ არის ხოლმე მათთვის... თუ რამდენმამე დღემ გაიარა და მლოცავი არსაიდან არ გამოჩნდა, სათაურელებმა აღარ იციან ხოლმე რა ჰქმნან... მოცლილი გოგო-ბიჭები გადასხდებიან მაღალ ადგილებზედ და გულის ცემით ათვალიერებენ მათკენ მიმავალ გზებს...
ერთს დღეს ამგვარად ისხდნენ ორი აბრანძული, კარგა მოზრდილი გოგოები და გადაიცქირებოდნენ გზებისაკენ... ერთმა მათგანმა უცებ ყურები ცქვიტა და წამოხტა ფეხზედ...
- მოდიან, მოდიან ურმითა, - დაიძახა მან და გაჰქანდა შინისაკენ... მეორეც გამოუდგა მას უკან.
მართლა და, საშინლად ამოღმართ გზაზედ გამოჩნდა ნელ-ნელა ზემოთ მომავალი უჩარდახო ურემი... გავიდა რამდენიმე ხანი და ურემი შემოვიდა სოფელში... ვგონებ, თქვენც მიხვდებოდით, ვინც იქნებოდნენ ამ ურემში... კიკოლა გადმოხტა ურმის თავიდან, გამოუშვა საქონელი და ძირ დაშვებული ურმიდგან გადმოვიდნენ მართა, კატო და ქაჯანა... ურემი და საქონელი ერთმა გლეხმა მიიბარა. ბარგი კი, რაც რამა ჰქონდათ, აიღეს ხელში, გაიგდეს წინ გზაზედ ნაყიდი, კაი დიდი ცხვარი და ნელ-ნელა გასწიეს ეკლესიისკენ... ამათთანა ღარიბი მლოცავები ვერაფრად იამათ სათაურელებს.
VIII
ავიდნენ თუ არა ეკლესიასთან, მაშინვე ჩვენმა მლოცავებმა დაიბარეს მღვდელი, პარაკლისი გადაახდევინეს, დაამწყალობლებინეს თავიანთი ქაჯანა... მუხლის თავებით რამდენჯერმე შემოუარეს გარშემო საყდარს; შემდეგ დაკლეს ცხვარი და ლუკმაც არ აუღიათ თავიანთთვის, სულ სხვებს დაურიგეს... საწყალი კიკოლა საყდრის კარებს აღარა შორდებოდა... უნთებდა ხატებს სანთელს და მაღალის ხმით ევედრებოდა მათ ქაჯანას გასაღებასა... აგრეთვე ცოლიც, მაგრამ კატო აკვირვებდა ყველა თავის მნახველს! წმინდის გიორგის ხატის წინ იდგა მუხლებზედ და თვალცრემლიანი ევედრებოდა: “წმინდაო გიორგი, შენ თეთრ ცხენ ვენაცვალე, ამოადგმევინე ენა ჩემ ქაჯანასა და, თუ გინდა, მე დამამუნჯე”. თვითონ ქაჯანაც არ იყო მოცლილი: ესეც მამის გვერდზედ იდგა, იწერდა მალ-მალ პირჯვარს და თვალებგაშტერებული შესცქეროდა ბრჭყვიალა და ლამაზ ცხენიან წმინდა გიორგის... მაგრამ წმინდა გიორგი ხმას არავის არ სცემდა. ქაჯანას უკეთობა არაფერში არ შეეტყო. მაინც ღვთის ვედრებას არავინ არა სწყვეტდა... გაიარეს დღეებმა, გაიარა კვირამ, და ქაჯანა მაინც ისევ მუნჯი იყო... შემოაკლდათ საგზალი და გაუჭირდათ ცხოვრება... ითმინეს, და როდესაც შიმშილმა ძლიერ შეაწუხა, გაგზავნეს კატო სოფელში პურის სათხოვნელად. პირველ დღეს შვიდი-რვა პური მოიტანა კატომ, მეორეს - ამაზედ ცოტა და მესამეს ერთი ხმიადი ძლივს ეშოვნა, თუმცა მთელი სოფელი კი შემოევლო საწყალ კატოს... დაღონებული მოვიდა და უთხრა თავის მამას: “აღარავინ არას იძლევა, ერთმა ბებერმა დედაკაცმა ჯოხით გამომაგდო თავიანთ დერეფნიდამაო”. კიკოლა დაღონდა; სახლი შორსა ჰქონდა. ეს დალოცვილი წმინდა გიორგიც არც ცხადივ და არც სიზმარში არაფერს არ ეუბნებოდა შინ დაბრუნებაზე.. შესწუხდა კიკოლა... “ამასაც მოვესწარი?!” - სთქვა მან და გაჯავრებით გადააფურთხა სოფლისაკენ... არც სოფელი იყო მისი მადლიერი.
ერთს საღამოს სათაურელი ახალგაზრდა ბიჭები იდგნენ სათივის ქვეშ და რაღაცას სიცილით ლაპარაკობდნენ.
- ღმერთმანი, ეგრე კარგი იქნება, ძმაო, - სთქვა ერთმა, - ეგენი იძახიან: სანამ წმიდა გიორგი არ გვეტყვის, არ წავალთო... ერთი პატარა ბიჭი გადავაძვრინოთ ფანჯრიდამ საყდარში და დავაძახებინოთ: წადით, დრო არის ეხლა კიო... ისინი ხო სუ კარებში სხედან... გაიგონებენ, შვილოსან, წმიდა გიორგი ეგონებათ და გაგვეცლებიან აქედგან...
- ანგრე იყვეს, ანგრე იყვეს! - დაიძახეს აქეთ-იქიდან. შემდეგ გადასწყვიტეს მაშინვე წასვლა... მართლა და, დაუძახეს დიაკვნის პატარა ბიჭსა, დაარიგეს ის კარგად, წაიყვანეს თანა და გასწიეს ეკლესიისაკენ... კარგა ბინდი იყო დაცემული დედა-მიწაზედ, როდესაც ეს ბიჭები მოფარვით ავიდნენ საყდართან და მიიპარნენ ფანჯარასთან... ერთმა მათგანმა აიყვანა ხელში პატარა ბიჭი და საყდრის უმინო სარკმელში გადააყოფინა ფეხები. პატარამ შეიხედა შიგ და მაგრა მოებღაუჭა ფანჯრის რკინებს...
- ვერა, ვერა, თქვენი ჭირიმე!.. ბნელა, მეშინიან... - დაიძახა მან.
- ბიჭო, ბიჭო, ნუ გეშინიან, ნუ... აქ არა ვართ ჩვენა, - დაუძახა მას ორმა, თუ სამმა ბიჭმა.
- დედა არ მამიკვდება, ისეთ კურდღლებს მოგიყვან, რო შენოდენები იყვნენ, - უთხრა მას ერთმა... პატარა დათანხმდა და შიშის კანკალით ნელ-ნელა ჩაეშვა ძირსა... ამ დროს გაიღო კარი და საყდარში შემოვიდა მართა. მას უკან შემოჰყვა ანთებული წმინდა სანთლით ქაჯანა... პატარა ბიჭს შეეშინდა და რაღაც ნაირის ხმით დაიძახა: ,,წადით, წადით” და მიიკუნჭა კედლის ბნელ კუნჭულში... მართა გამოჰქანდა უკან... ,,ვაიმე, კიდევ!..” დაიყვირა უცებ ქაჯანამ და გაყვითლებული გამოვარდა კარზედ...
- რა იყო, შვილო, რაი, შენი ჭირიმე... - დაიძახა კიკოლამ და მივარდა შვილს.
- წმინდა გიორგი დადის საყდარშიიი! - კანკალით წამოიძახა ქაჯანამ... ამ სიტყვების გაგონება და კიკოლას წაქცევა ერთი იყო... კატო სულ მთლად გიჟს დაემსგავსა... მორთო ერთი საშინელი ხარხარი და ამასთანავე ცრემლის ღვრა... კუტივით იჯდა ერთს ალაგას და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იქნევდა აქეთ-იქით ხელებს... მართა ეცა კიკოლას, დაასხა ცოტაოდენი წყალი და მოასულიერა ის, შემდეგ ჩაისვა ქაჯანა კალთაში და მაგრა მიიკრა ძუძუებთან... კიკოლა წამოჯდა, შეხედა თავის შვილს და დაიძახა:
- შვილო, შვილო, ერთი სიტყვა კიდევ მითხარი, შენი ჭირიმე!..
ქაჯანა გამოუძვრა დედას ხელიდამ და მოეხვია მამას...
- ენა ამამედგა, მამა, ენაი... - სიხარულით დაიძახა მან...
კიკოლა მოეხვია თავის შვილს და მორთო ერთი საშინელი ტირილი... სათაურელმა ბიჭებმა საჩქაროზედ გადაიყვანეს პატარა ბიჭი საყდრიდგან და ფაცხა-ფუცხით დაეშვნენ სოფლისაკენ... კარგა მოშორებით იყვნენ, როდესაც კიკოლას ღრიალი გაიგონეს... დადგნენ და დაიწყეს საყდრისკენ ცქერა...
- ბიჭო, ბიჭო, შეხედეთ, რა ამბავი აქვთ... - დაიძახა ერთმა, ი წმინდი გიორგის მადლმა, სუ დაგიჟებულან...
- წავიდეთ, ძმაო, წავიდეთ, - სთქვა მეორემ, - ემანდ ხათაბალა არა გაჩნდეს რა. - და მართლაც ისევ მოუსვეს სოფლისკენ.
ჩვენმა მლოცველებმა კი ის ღამე, როგორც იყო გაატარეს აქა და მეორე დღეს დილა ადრიან შეაბეს ურემი და სიხარულით გამოსწიეს შინისკენ...
IX
როდესაც გახარებული კიკოლას ურემი შემოდიოდა ჩვენს სოფელში, იმ დროს ქვემო გზით მე გავდიოდი ამ სოფლიდამ... წამოველ და მთელი ერთი წლის განმავლობაში აღარ მიმიხედნია იქითკენ... ჩემი ყური და თვალები ამ ხანებში ქალაქელ ქაჯანებში იყო გართული, ჩემი სოფლელი საყვარელი ქაჯანა არა თუ არ მინახავს, მისი ამბავიც კი არ გამიგონია. ამ ორი-სამი დღის წინათ მარტოკა ვიჯექი ჩემს ოთახში და ვწერდი ამ ამბის მერვე თავის უკანასკნელ სტრიქონებს... ამ დროს გაიღო კარები და ოთახში შემოვიდა ერთი ჩემი ძველი მეგობარი და ამხანაგი - სანდრო.
ეს ახალგაზრდა კაცი ჯერ ისევ ყმაწვილი იყო, როდესაც მას ჩაენერგა გულში გლეხკაცის სიბრალული და ძმური სიყვარული. იტანჯებოდა და უნდოდა შეეტყო, გაეგო, რად არიან გლეხკაცნი მწუხარებაში და რით შეიძლებოდა გაქრობა ამ მდგომარეობისა. მას ამ დროს ჩაუვარდა ხელში რამდენიმე, ამ საგანზედ დაწერილი წიგნი, გულმოდგინებით დაიწყო მათი კითხვა... მაგრამ, უცებ ერთხელ თავს წაადგა მას ჩვენი სკოლის უფროსი, რომელმაც მაშინათვე გამოარიცხვინა ის სკოლიდან. ობოლი, ღარიბი და საწყალი გამოუცდელი სემინარიელი გაუყენეს შარა გზას. ამის გამო, მეორე დღესვე დაანება თბილისს თავი და გასწია თავისი საწყალი მოხუცებული დედისაკენ... ეს იყო და ეს! მოგვეფარა თვალიდან და მას აქეთ აღარაფერი არ გაგვიგონია მასზედ. წარმოიდგინეთ, როგორ გამეხარდებოდა, როდესაც ის უცებ ჩემს ოთახში დავინახე... წამოვარდი და, შემდეგ სალამ-მოკითხვისა, დავსხედით ერთადა...
- როგორა ხარ, სანდრო? სად იყავი აქამდისინ და ან ეხლა სადა ხარ? - უთხარი მას.
- ხომ გახსოვს, ჩემო ძმაო, მე ჩემ თავზედ ლაპარაკი არ მიყვარს... - მითხრა მან, - ამიტომ არაფერს არ გეტყვი ეხლა ჩემს წარსულზედ... ჩემი აწმყო კი სამიოდ სიტყვით გამოიხატება: მე დღეს ვარ თქვენებური სკოლის მასწავლებელი. მართალია, სიღარიბე ბევრნაირად მაწუხებს, მაგრამ რაკი ჩემს მიზანს ვემსახურები, მასთან სიტკბოებასაც ბევრსა ვგრძნობ. შენის თვალით რომ ხედავდე შენი შრომის კეთილ ნაყოფს, განა ეს ბედნიერება არ არის?! უნდა შემოხვიდე როდესმე ჩემს სკოლაში და დაინახო, როგორის მოსაზრებით და სიცოცხლით იძენენ და ამბობენ ყველა მას, რასაც კი იგონებენ ჩემგან! იცი? ორმოცამდის შეგირდი მყავს, ორი განყოფილება არის: ერთი ვაჟებისა და მეორე ქალებისა... ერთმანეთის მიხედვით ისეთნაირად არიან წახალისებულნი, რომ თქმა გაგიჭირდება: რომლები სჯობიან, ბიჭები თუ ქალები!..
- დაიცა, დაიცა, შენი ჭირიმე, - გავაწყვეტინე მე, - კიკოლას ქალ-ვაჟი არ დადიან სკოლაში?
- ოჰ, რას ამბობ, კაცო! - დაიძახა სანდრომ, - კიდეც ისინი არიან და!.. და ქალებშია პირველი, ძმა - ვაჟებში... უნდა დაგანახვა ეს და-ძმა რომ გაუჯიბრდებიან ხოლმე ერთმანეთს არითმეტიკაში... ღმერთმანი, სიხარულისაგან ბევრჯერ ცრემლები მომივა ხოლმე თვალებში... მაგრამ ცრემლები ბევრჯერ უილაჯობისაგანაც კი მომსვლია!!.. ერთი მითხარი: რა უნდა ჰქნან, სად უნდა წავიდნენ ეს ნიჭიერი ბავშვები, როდესაც ჩვენს სკოლაში გაათავებენ სწავლას!! მე დარწმუნებული ვარ, იმათ რომ სწავლა გააგრძელონ, სახელოვანი შვილები გამოუვლენ ჩვენ დაცემულ ქვეყანას... მაგრამ რითი? ამ ერთი ძველი ჩოხის მეტი არა მაბადია რა! - სთქვა და მწუხარეთ დაჰკიდა თავი ძირსა.
- იცი, ძმაო, ჩამომგვარე ქაჯანა აქა...
- კარგი, - სიხარულით წამოიძახა სანდრომ. - ქაჯანა შენ, კატო მე... უკანასკნელ ტყავს გავიძრობ და კატოს კი სწავლას გავაგრძელებინებ.
- ძალიან, ძალიან კარგი, მაგრამ ერთი ესეც მითხარი, სანდრო, - კიკოლა როგორ არის, კიკოლა?
- კიკოლას რა უშავს, კაცო! რამდენიც დრო გადის ის უფრო ყმაწვილდება. სადაც კი ქორწილი გაჩნდება, კიკოლა უსათუოდ იქ მაყრად არის მიწვეული... წლეულ მამასახლისად ამოირჩიეს ის, მაგრამ უარი სთქვა; ვაი თუ ან ჩემ სულს დაუმძიმო და ან მეზობელს ვაწყენინო ვისმეო. მეც ბევრი ვეხვეწე, მაგრამ არ დათანხმდა: ცუდი ხელობაა ძიელაო.
- ქაჯანა და კატო ხომ კარგად იყვნენ, რომ წამოხვედი?
- კარგად... ძლიერ კარგად, მაგრამ ქაჯანა ცოტა მშიშარაა... მომეტებულად ტყავისა ეშინიან: ტყავიანი კაცი რომ დაინახოს, სულ ელეთ-მელეთი მოსდის ხოლმე. არ ვიცი, იცი შენ თუ არა?.. ერთხელ, ამ ერთი წლის წინათ, კატოს ტყავი წამოესხა და იმითი ისე შეეშინებინა ქაჯანა, რომ ამ უკანასკნელს ენაც კი ჩავარდნოდა... შემდეგ ეთქვა კატოს ყველა ეს, მაგრამ ქაჯანას შიში მაინც არ ამოფხვრილიყო ამითი... კატოზედ ამბობენ, წინათ ძლიერ ეშმაკი იყოო... თუმცა სიცოცხლე და კუდიანობა არც ეხლა აკლია, მაგრამ უფრო დინჯი, უფრო მოფიქრებული ყოფა-ქცევა აქვს.
ამის შემდეგ კარგა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენ შუა. შემდეგ ლაპარაკის საგანი გამოიცვალა, გავებით ხუმრობა-ლაზღანდარაობაში... სანდრო გუშინ დაბრუნდა თავის საყვარელ სკოლაში და აღმითქვა ქაჯანას მალე გამოგზავნა.
დღე-დღეზედ ველი ჩემ სოფლელ, პატარა ქაჯანას; მაგრამ, ვინ იცის, რამდენი ,,ქაჯანები” დარჩებიან კიდევ ჩვენ საცოდავ სოფლებში?!