რას შემომცქერი, ძმობილო?
ოფლში ვარ გაწუწულია?
ნუ გიკვირს, მენა ჯაფაში
არ გამტეხია გულია...
რაც ვიყავ, ისევ ისა ვარ,
მიდგას მე კარგი ყანები,
გლეხად დამბადა მე ღმერთმა,
— იმასამც ვეთაყვანები.
რად გიკვირს, ძმაო, შენ ჩემი
დაკორძებული ხელები?
ცულს და ბარს მოვაქნევინე,
ვგრიხე და ვგრიხე წნელები.
ყინვაში, მიწის ბრძოლაში
ზოგჯერ არც დამიბანია,
გინდა შანთს ავაღებინებ,
არც კი ამეწვას კანია.
რად მაძლევ? არას მარგია
მე შენი ხელთათმანები,
საბუხარს არა ვჩვეულვარ,
რას მარგებს მაგისთანები?
რად გიკვირს, ძმაო, შენ ჩემი
დაწყლულებული ფეხები?
ეკლებში დავალ ყოველ დღე
და ტყეში დავეხეტები.
რად გიკვირს ეს ბალნიანი
გადაღეღილი მკერდია?
გუთნით და ნამგლით ვიბრძოდი,
შავს მიწას შევაბერდია.
ქარმა და ყინვამ, მზე-წვიმამ
არ ამიქცია გვერდია,
არ შევეპოვე მეც იმათ,
გულადად გაუჩერდია.
რად გიკვირს, ძმაო, შენ ჩემი
აქეცებული კისერი?
ქედი ამომწვა მზე-ყინვამ,
ლაპლაპებს როგორც გიშერი.
რას შემომცქერი, ძმობილო?
ოფლში ვარ გაწუწულია,
ნუ გიკვირს, მენა ჯაფაში
არ გამტეხია გულია.
რაც ვიყავ ისევ ისა ვარ,
მიდგას მე კარგი ყანები,
გლეხად დამბადა უფალმა,
— იმასამც ვეთაყვანები...
1884 წ.