ვაზის ჭირიმე, ვაზისა,

უფლისგან კურთხეულისა,

წითელი ღვინის დედაა,

გამხარებელი გულისა!..

ვაზო, შვილივით ნაზარდო,

ულვაშებ გადგიგრეხია,

ჩაჰკონებიხარ ჭიგოსა,

შუაზე გადგიტეხია...

თუ დაგიზურგავს ყურძნითა,

ვერ გაუძლია ბეჩავსა...

რად არ ამკიდე, ვზიდავდი,

არ დავზოგავდი მე თავსა!..

ჭირიმე შენი ფესვისა,

მოვკვდები მე შენს ძირშია,

შენით ვარ მხნე და გულადი,

იმედით გასაჭირშია!

შენი ზედაშის მადლს ვფიცავ,

შენ არ მოგაკლო ბარია,

გაგსხლა, შაგყელო, გაგთოხნო.

არც კი ჩნდეს მონათხარია;

გაგფურჩქნო, გაგალამაზო,

როგორც რომ პატარძალია,

აღარ დავზოგო მე შენთვის

ჩემი ღონე და ძალია...

ვაზის ჭირიმე, ვაზისა,

უფლისგან კურთხეულისა,

წითელი ღვინის დედაა,

გამხარებელი გულისა!..


1886 წ.