ცხორი ავდენე შირაქით
თრიალეთისა მთაზედა,
მეც მოქანცული, მოღლილი,
ჩამოვჯე ჩემდა ქვაზედა,
თვალ გადავავლე მინდვრებსა,
თვალ არ გადასწვდა განზედა,
ტურფად სჩანს აქით მთა-ველი
უკეთ სხვა ქვეყანაზედა...
გალაღდა გული, გალაღდა,
ჩოლი ბარისგან სნეული,
აქებდნენ თრიალეთის მთას,
კარგი ყოფილა, წყეული,
აქ მწვანედ ღელავს ბალახი,
ჰჭრელავს ყვავილი რჩეული,
ხმაც ისმის ხარი-ირმისა,
გაჰყვირის გადარეული!..
ცოტათ მცხა, მაგრამ ნიავი
მეხვევა, მკოცნის გულშია,
ბროლივით წყარო წყურვილს ჰკლავს,
მზეს ჰფერავს ნაკადულშია,
ცხორი მაძღარი დაყრილა,
იცოხნის, პაწა რულშია,
ნავარდობს ბიჭა-ბატკანი...
მიყვარს, ჩავისომ სულშია!..
აღარ მწადს, აღარ, შირაქი,
არ მიყვარს მე იქ ტრიალი,
მინდვრები იქაც ბევრია,
მაგრამ ჩოლია ტიალი,
ბალახს ხან თოვლი წასთელავს,
ხან ზედ ცეცხლს გააქვს პრიალი.
მაშინ უყურე მწყემსის ჭირს,
ცხვარმა რომ შექმნას ზრიალი!..
არ მინდ შირაქის შავი ხე,
ქარქვეტა, ბროწეულია,
წიწმატ-ბოლოკი, კაპარი,
თუთუბო მოწეულია,
გინდ მომცე ხირიმის თოფი,
ქამარზე მოწეულია,
თუ ჩემზედ ბედი მუშაობს,
ყისმათი მოწეულია...
რა მმართებს იორ-ალაზნის!
მათ ჩემი ცოდვა ჰკიდია:
ჩემი ბატკნები რამდენჯერ
მტკვრისათვის ჩაუზიდია;
ვერსად გაუხვალ იმ ოხრებს,
არსად არ უჩანთ ხიდია;
არც მეზობლები უვარგან, —
ბევრი ქურდი და ფლიდია!..
ჭირიმე თრიალეთისა,
ეს არის ჩემი სულია,
კალმახი იცის ოქროსი,
დაწინწკლულ-დაჩითულია,
ყველს მაძლევს, მატყლსა საჩოხეს,
რად მეჭირვების ფულია?..
მე უფულოდაც დღე და ღამ
მიმღერის ლაღი გულია!..
1886 წ.