ბალღებო, კარი გამიღეთ,
თქვენი დედ-მამის ლხენასა
ლამის გამგუდოს შიმშილმა,
კლიტე დამადოს ენასა!
ტყის ჩიტუნია გახლავართ,
სახელად მქვია მზეწვია;
რადგან წელს მთაში ზამთარი
სხვა დროზე ადრე გვეწვია,
რა ღონე ჰქონდა ჩვენს ოჯახს
ძირს უნდა ჩამოეწია;
ჩიტების მტერი მიმინო
ზედ გზაზე წამოგვეწია.
დედაჩემს კლანჭი დასტაცა,
ცალი ფრთა გაჰკრა მამასა,
ჩვენ ცალკე დაგვაწიოკა,
ნისკარტი დაგვიალმასა.
მაგრამ გაუსხლტით ბოროტსა,
შევეფარენით თელასა
და ისიც მშობლურ გრძნობითა
გულში გვიკრავდა ყველასა.
დიდხანს შიშისგან პაწიებს
გულები გვიფანცქალებდა;
მაგრამ რა, აქაც თრითინა
თურმე არ გვითვალთვალებდა?!
ამოგვეპარა ნელ-ნელა,
როგორც ეშმაკი, მელია,
და-ძმას დამიჭრა ყელები,
მე დავრჩი მარტოხელია.
იმ დღიდან ობლად დავდივარ,
მარტოდმარტოკა ეული;
ვეძებ მეზობლის ტოლებსა
არაქათგამოლეული.
ვერც ნათესავი ვიპოვე,
ვერც ბინა მამისეული;
ზამთარიც ჯიბრში ჩამიდგა,
აღარ ილევა წყეული!
ბალღებო, კარი გამიღეთ,
თქვენი დედ-მამის ლხენასა,
მეც ჩავერევი თქვენს ლხინში,
როს ამოვიდგამ ენასა.


1901 წ.