ნეტამც არ დაღამდებოდეს,
ისევ დღე იდგეს მზიანი,
თუ მობრუნდება სიბნელე -
დახვდეს მარცხი და ზიანი;
წინ წყალი, უკან მეწყერი,
თვალჩაუწვდენი გზიანი,
აღარ ეღირსოს ამოსვლა
არც ჩქარი, არცა გვიანი.
უფსკრულს ჩამზერდნენ დედანი,
კრულვას უთვლიდნენ წყეულსა,
ძირ-ფესვიანად მოსპობილს,
ერთის მოქნევით ძლეულსა,
ხელს აღარავინ აწვდიდეს
ძალღონეგამოლეულსა,
ღვარძლის და ბოროტობის თესლს,
სისხლის სმისაგან სნეულსა.
ვინც მიშველება გაბედოს, -
საჭე გაუტყდეს ნავზედა,
ელვამ დასთხაროს თვალები,
ძარღვნი დააწყდეს მკლავზედა,
ცოცხალს ფლეთავდეს არწივი,
ძვლებს ასაღებდეს სვავზედა,
სისხლიან ნისკარტს იწმენდდნენ
წასმა-წამოსმით ზვავზედა...