ნეტავ რამ შემქმნა, რისთვის შემქმნა, რა სახმარი ვარ?..
ჩემის ცხოვრების, მარქვით, რა არს დანიშნულება?
მე სიკვდილამდის უსამართლოდ, უღთოდ მკვდარი ვარ,
ეს არის მისი მიუმსგავსი განკარგულება!
უსაზღვრო მისცა სურვილები ამ კრულსა სულსა
და შეძლება კი ერთ ჭიაზედ მეტად ნაკლები,
მარჯვედ სდევს მაინც ის ხვედრისგან გზას დანიშნულსა,
მე კი მგრძნობელი, სიტყვიერი, ფუჭად ვთავდები.
გონების თვალი სულს მიწუხებს თვის მხედველობით,
მიხდომილება ან რათ მინდა საპყრობილეში;
აბა, ბრმა გული მთლად მაგიჟებს გამბედაობით,
ასრე ვიხრჩობი სიყრმიდანვე ჩემ სიცოცხლეში!
მაგრამ, რაც უნდა დამემართოს, რაც უნდა მოხდეს,
ნურვინ მოელის თავმოდრეკით ვსთხოვო შენდობა:
მრწამს, მომავალი შემდეგთათვის ისე არ წახდეს,
რომ ყოველს გულში არ დამკვიდრდეს ეს ჩემი გრძნობა.