ზღვამ აგრე იცის,
ქარიშხალი ყალყზე შედგება,
აიჯაგრება და
მრისხანედ დაიგრაგნება,
ამოყრის ყველა სიბინძურეს
სიღრმეში დანთქმულს
და გეგონება
თვითონ ფსკერი ამოტრიალდა.

ზღვამ აგრე იცის,
ქარიშხალი როგორც ჩადგება,
დაცხრება ღელვაც
და გაქრება ტალღებთან ერთად
ქაფი და ჭუჭყი,
ზედაპირზე ბოღმად მომდგარი.

ზღვამ აგრე იცის,
დამშვიდდება ქარიშხლის შემდეგ,
განებივრებულ კატასავით
ფეხქვეშ გაწვება
და განაახლებს მომხიბვლელად
ლაჟვარდი ლივლივს.

და რომ ჩახედავ
გამჭვირვალე, კამკამა სიღრმეს,
ისევ ბავშვივით დაიჯერებ,
რომ ფსკერზე, მართლა,
მარტო მარჯნის და
მარგალიტის საუნჯენია.

ზღვამ აგრე იცის,
თურმე ხალხსაც ასე სცოდნია,
ქარიშხალივით აიშლება;
ყალყზე შედგება,
სულში დალექილ სიბინძურეს
გაცოფებული
ამოყრის მაღლა
შემზარავად, გულისამრევად...

და როცა ნგრევით
გულს იჯერებს, გაოგნებული,
დაცხრება, ისევ
ძველ სიმშვიდეს დაუბრუნდება,
და, რაც მშვენება ჰქონდა ადრე,
ერთიათასად გამოაბრწყინებს
მთელი ქვეყნის თვალგასახარად.

ზღვამ აგრე იცის,
თურმე ხალხსაც ასე სცოდნია...