დილის ცვარი, ია-ვარდი
შევაზავე მელნად ყველა,
საწერელად ცის ლაჟვარდი,
ქაღალდათ თვით ცისარტყელა,
კალმათ მოვჭერ სხივი მზისა,
კალმის ტარად შუქი მთვარის,
მოვიპოვე მადლი ცისა,
ტკბილნი ჰანგნი მხიბლავ ქნარის,
რომ ალბუმში გულ-ამძგერი
ლექსი ტრფობით ჩამეწერა,
რომ ქებითა მშვენიერის
ნორჩი გული ამეძგერა,
არ მოვსტყუვდი - რაც დავსწერე
აღტაცებით წაიკითხა,
მომიბრუნდა პირ-მცინარე,
“გიყვარვარ?”-ის დამეკითხა,
ვერ დავსძარი ენა, ვერა,
ამ კითხვამა გამაოცა,
“გმადლობს-მითხრა-შენი ვერა,”
მომეხვია და მაკოცა!..


1901 წ.