...მიუხდა თუთაშხა მას ურჩხულსა პირიდან ცეცხლგადმომდინარეს, შთასცა შუბი ხახასა
შინა, განართხო მიწასა ზედა და მოჰკვეთა თავი იგი. უხაროდის მათ ცოტა კაცთა,
რომელნი იყვნენ ფარულად თაყვანისმცემელნი წესისა თუთაშხასი და ჰგონებდნენ მას
მხსნელად ერისა.
გარნა ფენიქსებრ აღსდგა ურჩხული და მოიბა ერთისა მოკვეთილისა თავისა წილ თავი
შვიდი. აღიძრა თუთაშხა კვალად და შემუსრნა შვიდივე თავი ურჩხულისა. მოვიდა
სისხლისა ღვარი და მდინარე მისი ადიდებული გარდავიდა ნაპირთაგან წალეკვად
ქვეყნისა, წარიღო და დანთქა სისხლმან მონაგარი მამა-პაპათა, არღა დარჩა მხვნელი და
არღა შეიქმნა მოცალება თესვისათვის. კაცთა იწყეს კლვა და მუსრვა, რამეთუ ედოთ
გულსა შიგან:
რომელთამე განზრახვა ესერიგი მიმართ სხვათა; ვიეთნი კლვიდნენ განურჩევლად და
სცემდნენ ნადგურსა, რამეთუ განმდგარ და განყრილ იყვნენ ჭეშმარიტის
დანიშნულებისაგან კაცისა სოფელსა შინა; სძულდათ ყოველი, თუმცა არა უწყიდნენ, რაი
სურდათ, გარდაი კლვისა და მუსრვისა და ჰქონდათ განმართლებად ბოროტებისა თვისისა
მაგალითი თუთაშხასი, რომელმან ძალითა დათრგუნვა იზრახა ურჩხულისა.
ხოლო ურჩხულმან ყოველისა მოკვეთილისა თავისა წილ ამოიყარა შვიდი და ამოდენჯერვე განმრავლდა ბოროტება ერსა შორის.
დაეცა ზარი თუთაშხას ნახულისა გამო და მოიცვა იგი რწმენამ, რამეთუ ვერცა ვინ არგოს
მოდგმასა კაცთა, თუ არ კაცმავე.
განიზრახა თუთაშხამან, სულმა კრებითმა მან, გარდაქცევა ძედ ხორციელად და იქმნა
თუთაშხა განზრახვასა თვისსა შინა ღმერთად!
გრაფი სეგედი
შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ კაცობრიობას ნამდვილი ჭკვიანი კაცები ერთობ
ნაკლებად ურევია. ეს განსაკუთრებით ცხადი და ნათელია მონარქების, პრეზიდენტებისა
და კანცლერებისათვის, რომელთა ენაზე ამას “ჭკვიანი კაცების პრობლემა” ჰქვია, მაგრამ
მათ წინაშე მუდამ დგას მეორე, გაცილებით მძიმე და მარადის გადაუჭრელი
“გონებაშეზღუდული კაცების პრობლემაც” – კაცობრიობის უდიდესი ჭირი.
შემჩნეულია, რომ სახელმწიფოს მართვისათვის დაბადებულად თავის თავს, სწორედ და
უპირველესად ყოვლისა, შეზღუდული და სულიერად ხელმოკლე კაცები სთვლიან. ისინი
გასაოცარი მხნეობითა და შეუპოვრობით მიიწევენ წინ და მათგან უბეჯითესნი აღწევენ
კიდეც მიზანს – მართვის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სადავეებს.
მე ბევრი მიფიქრია ასეთთა წარმატების ბუნებასა და მიზეზებზე; მგონი, არ ევცდები, თუ
ვიტყვი, რომ ყოველივე ეს, ძირითადად, მანიაკობიდან მოდის: როცა კაცს თავისი
უპირატესობა უყოყმანოდ ფანატიკურად სწამს, მაშინ მისი ყოველი ქმედება, ყველა
საქციელი თავხედობამდე გაბედულია. ეს ცნობილია. თავხედობა გოდოლებს მუსრავს,
მაგრამ დაპყრობილის შესანარჩუნებლად არ კმარა, – იქ ჭკუა, განზოგადების უნარი,
შემოქმედებაა საჭირო, რაც ჩვენს შემთხვევაში, თავიდანვეა გამორიცხული, – ჩვენ ხომ
შეზღუდულ კაცებზე გვაქვს საუბარი. ამდენად, გოდოლი შედარებით მალე გადადის
ხოლმე სხვის ხელში და ,,კაცობრიობის უდიდესი ჭირი” ქრონიკულ ხასიათს იღებს. საქმე
ის არის, რომ თუნდ ერთხელ და თუნდ მოკლე ხნით მაღალ თანამდებობაზე ნამყოფი
კაცისა ყველას ეშინია – სხვათა ცოდვები იცის, ესენი იძულებული არიან, წაბორძიკებულს
მხარი დაუჭირონ. ამავე დროს, როგორც უკვე ვთქვით, ჭკვიანი კაცების ნაკლებობის
პრობლემაც ქრონიკულია და ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთი
შეზღუდულის ადგილზე მეორე შეზღუდულმა მოიკალათოს. ასეთ შემთხვევაში მაღალი
თანამდებობის პირებს ცნობილი ცოდვილის შენარჩუნება ურჩევნიათ უცნობი ჭკვიანის
დაწინაურებას. ამიტომ შეზღუდულისთვის რომელიმე სავარძლის დაკარგვა მხოლოდ
სხვა, ხშირად, უმჯობესის მიღებას ნიშნავს.
ასე გრძელდება იქამდე, სანამ ეს კაცი სოფლად გახიზვნასა და სატაცურის მოყვანას
გადაწყვეტდეს ან უმჯობეს სამყაროში გადასახლდებოდეს. მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა,
რაღა თქმა უნდა, ერისა და სახელმწიფოს კისერზე გადადის, მთავარია, რომ სანამ ერთი
მანიაკის წასვლის ჟამი დაჰკრავდეს, სხვა მანიაკების შემოჭრა–დამკვიდრება
ძველებურადვე ხორციელდება. ეს უწყვეტი პროცესია და არა ცალკეული შემთხვევები –
ამაში მდგომარეობს “შეზღუდული კაცების პრობლემა”, – შეზღუდული კაცებისა, თორემ
გულწრფელი ან გაიძვერა კარიერისტების საქმე სხვაა.
დათა თუთაშხიას ხელმეორედ გააბრაგების შემდეგ ყურადღების ღირსი და
მნიშვნელოვანი ბევრი რამ მოხდა. მხედველობაში მაქვს “კილიკიის” გარშემო შექმნილი
ვითარება და სხვა ამბები, რაც შეზღუდული კაცების ქმედებისა და მოღვაწეობის
დასახასიათებლადაც გამოდგება, იმაში გასარკვევადაც, თუ რას ნიშნავს გამოთქმა
“ჭკვიანი კაცი” და, უმთავრესად და პირველ ყოვლისა, იმის სათქმელად, თუ როგორი და
რა გავლენა მოახდინა იმ ამბებმა ჩემს შეხედულებებზე, თვალსაზრისზე და შემდგომში –
პირად ცხოვრებაზე.
სანამ თხრობას შევუდგებოდე, მცირე რამ მოსაზრება მაქვს სათქმელი. ჩემი ღრმა რწმენით,
ზრდადამთავრებული ადამიანი სხვა ადამიანებთან თუ მოვლენებთან ურთიერთობას
წინასწარშეთვისებული სტერეოტიპებით ახორციელებს. იგულისხმება საქციელის
სტერეოტიპი. განვმარტოთ: სტერეოტიპის აღქმა, შეთვისების პროცესი დაბადებიდანვე
იწყება და, ძირითადად, ოცი, ოცდახუთი წლის ასაკისთეის მთავრდება. ამის შემდეგ
მიმდინარეობს მათი დახვეწა-რაფინირება, ანუ თვით სტერეოტიპის ქვესტერეოტიპებად
დანაწევრება და ეს მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. მაგალითისთვის ვიტყვი:
აღქმა–შეთვისების პროცესში შევიძინე სტერეოტიპი – მათხოვარს უნდა ვაჩუქო.
შემდგომში ეს სტერეოტიპი დანაწევრდა: როგორ მათხოვარს, რა პირობებში, რამდენი
უნდა ვაჩუქო თუ არ ვაჩუქო. ან სიჭაბუკის წლებში შევიძინე სტერეოტიპი – უნდა ეცვას
ისე, რომ ჩემმა ჩაცმულობამ არავინ შეაწუხოს. დანაწევრებამ შემაიარაღა
ქვესტერეოტიპებით, რომელთა წყალობით ვახერხებდი ამა თუ იმ წრის ესთეტიკურ
მოთხოვნილებათა დონის დადგენას და ამის მიხედვით ჩაცმულობის მოწესრიგებას.
ყოველივე ამას ხასიათის, ფსიქიკის ცვლილება-განვითარებაც ჰქვია. ჩემი საქციელისა და
ქმედების სტერეოტიპების დანაწევრება, ძირითადად, უცხოეთში განსწავლისა და შემდეგ
საიდუმლო სამსახურის წლებში მოხდა და ეს პროცესი, შეიძლება ითქვას, დღემდე
გრძელდება. ფიგურალურ თქმას თუ გამოვიყენებ, რამდენი მათხოვარიც შემხვედრია,
იმდენი ახალი ნაწევრის შეძენა განუცდია მათხოვრებისთვის განკუთვნილ ჩემს
სტერეოტიპს; რამდენგან ვყოფილვარ მიპატიჟებული ან საქმეზე მისვლა დამჭირვებია,
იმდენჯერ – სტერეოტიპის ძალით და მისგან გამომდინარე – საგანგებოდ მიფიქრია, თუ
რისთვის უნდა მიმექცია ყველაზე მეტი ყურადღება ჩაცმულობაში და ეს კი ახალი
ქვესტერეოტიპის შემუშავებას ნიშნავდა. ძირითადი კი – თუნდ მხოლოდღა
მოთხოვნილების სახით – უცვლელი მრჩებოდა: უნდა ვაჩუქო, ჩაცმულობით არავინ
შევაწუხო და ასე შემდეგ. აქვე აღვნიშნავ, სტერეოტიპი, პირველ რიგში, თანდაყოლილი
თვისებებისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების პროდუქტია და ყველა სტერეოტიპი
ერთად – ის კომპლექსი, რომელიც ქმნის ადამიანის დამოკიდებულებას როგორც
გარემოსადმი, ისე საკუთარი შინასამყაროს მიმართ. ამგვარად, თუ სტერეოტიპი ერთ
რომელიმე მოვლენასთან ურთიერთობის წინასწარ შემუშავებული ხერხია –
დამოკიდებულებას მთელ სამყაროსთან ურთიერთობის პრინციპი შეიძლება ეწოდოს.
ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია, მაგრამ ჩემი მიზანი ჩემს მიერ
ჭეშმარიტებად მიჩნეული მდგომარეობის შედეგების განხილვაა და არა თვით
მდგომარეობის ლოგიკა. ამიტომ, ნათქვამი საკმარისი მგონია. ახლა კი თხრობას მივყვები.
პოლკოვნიკ სახნოვს, ისევე, როგორც მის თანამოლაშქრეთა უმრავლესობას, პირველივე
გოდოლი სხვამ აუღო, ამ სხვამვე დიდი ხნით შეუნარჩუნა ერთხელ ნაბოძები სავარძელი
და ჭეშმარიტად კომიკური მაინც ის იყო, რომ სამინისტროს საგანგებო საბჭოშიც შეიყვანა.
ადრეც ვთქვით, ეს “სხვა” მისი მაღალაღმატებულება დიდი მთავარი გახლდათ. სახნოვის
წინააღმდეგ გადადგმული რაიმე ნაბიჯი უავგუსტესი ოჯახის წინააღმდეგ მოქმედებასთან
იყო გათანაბრებული და გასაგებია, რომ ბატონი პოლკოვნიკის შეუვალობა-
ხელშეუხებლობაც გარანტირებულად ითვლებოდა, მიუხედავად შინაგან საქმეთა
მინისტრის და საიდუმლო ჰოლიციის შეფის ფრიად უარყოფითი დამოკიდებულებისა
თავისი ზურგმაგარი ხელქვეითის მიმართ. სახნოვმა მშვენივრად იცოდა, რომ ხსენებული
კაცები მას სიამოვნებით გამოემშვიდობებოდნენ. ამიტომ თავის უფროსებს მტრობითვე
პასუხობდა და ვინაიდან თავდაცვის საუკეთესო სახე შეტევაა, ჟანდარმთა შეფის
პორტფელის ხელში ჩაგდებაზე არა მარტო ოცნებობდა, არამედ ენერგიულ ზომებსაც
მიმართაედა ამ მხრივ. ყოველივე ამას იგი თავისი სამსახურებრივი ფიასკოების
პარალელურად სჩადიოდა. სწამდა, რომ ძალა აღმართსა ხნავს. იმ დროისთვის, როცა დათა
თუთაშხია ხელმეორედ იყო გააბრაგებული, “კილიკიის” პრაქტიკული შედებები, ორიოდ
სიტყვით, ასე გამოიყურებოდა: ორ და მეტწევრიანი ბანდებიდან ხუთი მთლიანად
შემოვირიგეთ, ოთხი - თითო კაცამდე შეთხელდა; შემორიგებულთა საერთო
რაოდენობიდან თოთხმეტი გადმოვიბირეთ და რვა ურჩი ყაჩაღი მათივე ხელით მოვსპეთ;
ოთხი თუ ხუთი აბრაგი დაგვრჩა და მათი რიგიც კარს იყო მომდგარი; გამოვლინებულ
იქნა ყაჩაღებისა და აბრაგების ორასამდე მფარველი! მათგან თითქმის მეოთხედმა
საიდუმლო თანამშრომლობის ხელწერილი დაგვიდო. ამას გარდა, ხელთ გვქონდა
ინფორმაციის გავრცელებისა და შეკრების მშვენივრად განშტოებული, კარგად
კონსპირირებული ქსელი. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ოპერაციის ხარჯებმა სულ
რაღაც რვა თუცხრა ათასი მანეთი შეადგინა – უპრეცედენტოდ მცირე თანხა. ამაში
შედიოდა ყველაფერი: ჯამაგირი მივლინებების ფული, ფოსტა–ტელეგრაფი, აგენტურა და
სხვა, დავსძენ, რომ ჩვენი ექსპერიმენტი, პოლკოვნიკ სახნოვის დაჟინებისა და გავლენის
წყალობით, სულ მალე მთელი იმპერიის პრაქტიკაში დამკვიდრდა. ჩანაფიქრის მიხედვით,
ახალი სისტემა ტახტისა და სახელმწიფო ინტერესების სხვადასხვა სფეროს უნდა
მომსახურებოდა. იმ დროისთვის ეს გრანდიოზული სიახლე გახლდათ. რამდენადაც ვიცი,
მაშინდელი ევროპის სახელმწიფოთა საიდუმლო პოლიციებს ამგვარი სპეციალიზებული
სამსახურები არ გააჩნდათ. ყოველივე ამის ერთპიროვნულ ავტორად, ორგანიზატორად და
ხელმძღვანელად – სამინისტროში და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის კარზეც
– პოლკოვნიკი სახნოვი ითვლებოდა და კუდიც ფარშავანგივით დაჰქონდა! ზედმეტია
რაიმე განმარტება, თუ როგორი პერსპექტივები ექმნებოდა პოლკოვნიკს თავისი
პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და თანამდებობრივი მიზნების განხორციელებისთვის.
დათა თუთაშხიას გადმობირების თვითნებური ცდის რეზულტატის მიუხედავად,
სახნოვი “კილიკიის” კურატორად დარჩა და ჩვენ მას რეგულარულად ვაწვდიდით
სათანადო პატაკებს საქმეების მსვლელობის შესახებ. მისგან ასევე რეგულარულად
ვიღებდით სხვადასხვა მითითებების შემცველ საპასუხო წერილებს, მაგრამ ის
მითითებები ჩვენს მიერ უკეე ჩატარებული ღონისძიებების გადამღერება იყო ახალი და
საყურადღებო – არაფერი. პეტერბურგში ჩემი ერთერთი ჩასვლისას შევიტყვე და
დავრწმუნდი, რომ სახნოვი ასე მოქმედებდა: მიიღებდა ჩვენს პატაკს, რომელშიც მავანი
საქმის დაგვირგვინება ეწერა, აქვე შეადგენდა წერილს ჩვენს სახელზე, მკაცრი
მითითებით, რომ დაუყოვნებლივ გადაგვეწყვიტა მავანი საქმე, ანუ ის, რომლის
დაგვირგვინება უკვე მოვახსენეთ; შემდეგ თავის წერილს აკითხებდა შეფს ან თვით
მინისტრს – თუ საამისო შემთხვევა მიეცემოდა – და ლუქიანი პაკეტი თბილისში
მოდიოდა. დავრწმუნდი იმაშიც, რომ პოლკოვნიკი მე და მუშნი ზარანდიას
შეძლებისდაგვარად გვიფუჭებდა სამსახურებრივ რეპუტაციას. იქ არავითარი რეაქცია არ
გამიმჟღავნებია, მაგრამ თბილისს დაბრუნებისთანავე მუშნი ზარანდიას ვუამბე
ყველაფერი და ვკითხე:
– რას იტყვით ამაზე, მუშნი .
– ეგ ხომ მოსალოდნელი იყო, თქვენო ბრწყინვალებავ.
– სანამ მე და თქეენ ამ თანამდებობებზე ვიმყოფებით, სახნოვი გამუდმებით ჩვენი
პროტესტის მოლოდინშია, თუ “კილიკიის” ავტორობაზე პრეტენზია განვაცხადეთ, მას
მტკიცება, დავა, თავის მართლება დასჭირდება. ეს კი მის წვლილსა და დამსახურებას ეჭვს
ქვეშ დააყენებს. არა მგონია, პოლკოვნიკმა “კილიკიის” ავტორობაზე ხელი აიღოს და
შექმნილი ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენება არ სცადოს. თუ ეს ასეა, მაშინ
მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, – ვთქვი მე.
დღესაც ისე მგონია, რომ პოლკოვნიკის ხრიკები და ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა
გააზრებული, შეგნებული რამ არ ყოფილა – ინსტინქტურად, ქვეცნობიერად მოქმედებდა,
სხვისი ნაღვაწის მიმთვისებელს შიში ამოძრავებდა, ვაითუ მამხილონ და გამამასხარაონო.
ამიტომ გავიფიქრე, კარგი იქნებოდა, როგორმე დაგვერწმუნებინა, რომ ჩვენი მხრიდან
ჭეშმარიტი ავტორობის საკითხის წამოჭრა გამორიცხული იყო და ზემოთქმულს დავძინე:
– ვერ დავარწმუნებთ, რომ მაგგვარს არაფერს ვაპირებთ?
ზარანდიამ ჩაიცინა და მითხრა:
– პოლკოვნიკი მხილების იდეფიქსით არის შეპყრობილი, გრაფ. მანდ ფსიქიატრების
ჩარევაც კი ვერაფერს გახდება, როგორ ფორმებშიც არ უნდა მივაწოდოთ ეგ აზრი – არ
დაიჯერებს, ეშმაკობად, ცბიერებად ჩამოგვართმევს.
– მაშ, რა ქნას კაცმა? – გამეცინა მეც.
– ამჟამად, ჩემი აზრით, არ არსებობს ისეთი სვლა, რომელიც მაგ პერსონაზე იერიშის
მიტანად არ ჩაგვეთვალოს! მეორე მხრივ, სახნოვთან გვაქვს საქმე და მისგან, როგორც
ბრძანეთ, ყველაფერია მოსალოდნელი, სხვათა შორის – სისულელეც.
– კუნქტატორობას მირჩევთ?
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ.
– ეგრე იყოს. – გავიფიქრე, რომ მუშნი ზარანდია რაღაც ვითარების მომწიფებას ელოდა. –
სხვა გზა, მართლაც, არ ჩანს. ამ საკითხზე ფიქრი კვლავაც საჭიროა, მაგრამ მე გთხოვთ,
ჩემთან შეუთანხმებლად ნურაფერს იღონებთ.
– სიტყვას გაძლევთ გრაფ!
საუბარი დამთავრებული იყო, მაგრამ მუშნი ზარანდია შეყოვნდა, რაღაცაზე ფიქრობდა.
კარგა ხანს იჯდა. მერე თავი ასწია, თვალი თვალში გამიყარა და მკითხა:
– თქვენ ბრძანეთ, ამაზე ფიქრი კვლავაც საჭიროაო. პოზიცია გავარკვიოთ, გრაფ. რა
მიმართულებით უნდა ვიფიქროთ: მხოლოდ იმაზე, რომ სახნოვმა ჩვენს წინააღმდეგ
ვეღარაფერი შესძლოს, თუ იმაზეც, რომ პოლკოვნიკს, ვთქვათ, სახელმწიფო წისქვილების
ან საროსკიპოების ზედამხედველობა ჩააბარონ?
– არჩევანიცა გვაქვს? – გამეცინა, რადგან დასმული საკითხი ჩვენი შესაძლებლობებისა და
კომპეტენციის საზღვრებს, ჩემი აზრით, ძლიერ შორს სცილდებოდა.
– ვითარებაზე ჰკიდია, თქვენო ბრწყინვალებავ.
– თქვენ რას მიიჩნევდით ამოსავალ წერტილად?
– ტახტის, იმპერიის ინტერესებს, როგორც ყოველთვის! შეფის თანამდებობაზე სახნოვის
წამოსკუპება ტრაგიკული შეცდომა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია
იქნებოდა. ეს ჩემი შეხედულებაა, თქვენო ბრწყინვალებავ, და ნათქვამზე მხოლოდ მე ვაგებ
პასუხს.
ფიქრმა წამიღო. მუშნი ზარანდია ჩემს სიტყვას აღარ დალოდებია, თავი დამიკრა და
გავიდა.
იმან დამაფიქრა, რომ ჩემი სამსახურის მანძილზე პირველად, უნებლიეთ და სრულიად
შეუმჩნევლად აღმოვჩნდი ჩემი ღირსებებისთვის შეუფერებელ ურთიერთობებში და ისიც
ჩემს ხელქვეითთან! ჩვენთვის სახნოვი ჯერ ზემდგომი მესვეური იყო და მერეღა ამა თუ იმ
ღირსების ან ნაკლის მქონე პირი. მის წინააღმდეგ რაიმე ფარული ქმედება ან განზრახვა
პროფესიული ეთიკის დარღვევას ნიშნავდა და ფიცის გატეხას ჰგავდა. სახნოვის
მოქმედება გაკიცხვასა და მსჯავრს უდავოდ იმსახურებდა, მაგრამ ამას ჯერ ჩემი ან ვისიმე
წერილობითი პატაკი, ერთი სიტყვით, საქმის აღძვრა სჭირდებოდა, შემდეგ, საჩივარში
დაყენებული საკითხების შესწავლა და ბოლოს – ხელმძღვანელობის სათანადო
გადაწყვეტილება. მომეჩვენა, რომ მუშნი ზარანდიამ სახნოვის წინააღმდეგ აკრძალული
ხერხებით განიზრახა ბრძოლა. ჩემს პირდაპირ, გადაუდებელ მოვალეობას შეადგენდა,
მომეთხოვა მისგან წერილობითი ახსნა–განმარტება, დამედო სასჯელი და, რაც მოხდა,
პატაკით მეცნობებინა შეფისთვის. ასეთი იყო დამკვიდრებული წესი, სხვანაირად არც
მქონდა წარმოდგენილი. ახლაც იგივე დავაპირე და რაღაცამ შემაკავა– ამიტომ იყო,
გამიელვა, იქნებ უკვე შევყევი ჩემს ხელქვეითს შეთქმულებაში და ქვეცნობიერება
საკუთარი დანაშაულის აღიარებას მიკრძალავს–მეთქი. გადავათვალიერე სახნოვ–
ზარანდიას წრის ყველა ურთიერთობები, მეხსიერებაში აღვიდგინე ყველა საუბარი: მე იგი
სახნოვთან ბრძოლისთვის არ ამიქეზებია, არც რაიმე ბიძგი მიმიცია, მხოლოდ ვთხოვე,
ჩვენს უსაფრთხოებაზე ეფიქრა. ეს მარტო ასე იყო და მაინც ვერ ვიგრძენი სურვილი,
ზარანდიასთვის კუთვნNoლი მიმეზღო. მაშინ იმაზე დავიწყე ფიქრი, შეეძლო თუ არა
მუშნი ზარანდიას, სახნოვის თემაზე ჩვენი ბოლო საუბარი ჩემს წინააღმდეგ
გამოეყენებინა? შეეძლო! საკმარისი იყო, შეფისთვის, მინისტრისთვის ან თვით
სახნოვისთვის სათანადო შინაარსის პატაკი ჩემზე ადრე მიეწერა და მაშინ იმის მტკიცება
მომიხდებოდა, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გავხდი, ამ მოსაზრებამ ცოტათი
შემაფუცხუნა, კალამიც კი მოვიმარჯვე და არამცთუ წერა ვერ შევძელი, არამედ
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ზარანდიას წინააღმდეგ ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამდი –
არ მსურდა! ეს უკეე კომპრომისი იყო. სამსახურთან, მოვალეობებთან ურთიერთობის
ერთ–ერთი სტერეოტიპი საპნის ბუშტივით გასკდა. მე ეს დავინახე და არავითარი ზომები
არ მიმიღია. ალბათ, აქ მოხდა პირველი გარდატეხა ჩემს აზროვნებასა და სულიერ
ღირებულებათა მიმართ დამოკიდებულებაში!
რატომ?
ამის განსჯასა და ანალიზს დიდხანს არ მოვშვებივარ. სახნოვის არასოდეს მშინებია. ჯერ
ჩემი ავტორიტეტი და დამსახურება იყო ხელშეუხებლობის გარანტია და მერე ის, რომ
შეძლებული კაცი ვიყავი და სამსახურიდან გადადგომა არაფრად მიღირდა, ზარანდიას
გავლენის ქვეშ მოვექეცი? კატეგორიულად ვაცხადებ: იმ კაცს დიდ პატივს ვცემდი,
ვაფასებდი, მაგრამ მის მიმართ ფხიზელი, ფრთხილი დამოკიდებულება არასოდეს
მომდუნებია. დავრწმუნდი, რომ ხსენებულმა სტერეოტიპმა არსებობა შეწყვიტა...
ტოჩი მიქაშავრია
მე რომ გააბრაგებამ მომიწია, მაშინ სხვები მთავრობას ურიგდებოდნენ და ოჯახში
ბრუნდებოდნენ. გააბრაგებული ბიძაშვილები მყავდა, დედის მხრიდან – ორი ძმები
ჭანტურიები, და მათ შევაფარე თავი. თექვსმეტი წლის ვიყავი მაშინ, მეჩვიდმეტეში. დათა
თუთაშხია შერიგების მერე კიდევ რომ გააბრაგდა, იმ ხანებში იყო ეს.
გააბრაგდა მეორედ, მოვიდა მუხურის მთაში, მოგვნახა ჩვენ... ჩემი ბიძაშვილები მონახა,
თვარა, ბავშვი ვიყავი მე, არაფერი საქმე არ ქონდა ჩემთან მას. გამაგზავნეს სადღაც,
ილაპარაკეს თვითონ და, რომ დავბრუნდი, არ დამხვდა დათა თუთაშხია იქ, წასული იყო
უკვე. კაი ხანი გავიდა, მათი ლაპარაკის შინაარსს და მისი კიდევ გააბრაგების ამბავს
სანამდე გავიგებდი. უკანასკნელი მოსვლა იყო მისი ჩვენთან, აღარ მოგვკარებია მერე.
უთქვამს მას ჩემი ბიძაშვილებისთვის, არ მინდა, ვიცოდე, სად ხართ, ბინა სად გაქვთ და
რას აკეთებთო. არ მეცოდინება თქვენი ამბავი და რომ დაგემართოთ რამე, ვეღარ
გაიფიქრებთ ჩემზე, მისი ნაქნარიაო ეს.
მუხურის მთა და ტყეები იმხელაა, ასი აბრაგი ივლის იქ და ათ წელიწადს ვერ ნახოს,
იქნება, ერთმა აბრაგმა მეორე. წასვლას არ ვაპირებდით იქიდან ჩვენ, არც დათა თუთაშხია
წასულა ერთხანს – რაღაც საქმე ქონდა იქ. ალბათ, ელოდებოდა ვინმეს, იშვიათად და
შორიდან ვხედავდით ერთმანეთს და ვიყავით ასე.
აბრაგობა – იმ წუთში რომ არ მოგდევს არავინ და მიუწვდომელ ადგილებში რომ ხარ –
მაშინაც კია ძნელი: უსაქმობა მოგკლავს ძალიან ბეზრდება კაცს უსაქმობა. ამით ხდება,
რომ ხშირად კარგავს აბრაგი სიფრთხილეს და ებმება მახეში. ჩემი ბიძაშვილები ვაჟკაცები
იყვნენ უკვე, ისინი უფრო უძლებდნენ უქმად ყოფნას. მე, პატარა ბიჭს, რა გამაჩერებდა და
რა მომათმენინებდა ერთ ადგილზე! დავდიოდი ან საით და ხან საით; მოვლილი მქონდა
იქაური მთა, ტყე და კლდე; ყველა ხე და ხევი, ყველა ლოდი და გამოქვაბული ვიცოდი
ზეპირად.
ადგილი იყო ერთი, ბუხუს ნასახლარს ეტყოდნენ იმ მინდორს, გორაკები ერტყა გარშემო
და მყუდრო იყო ძალიან იქაურობა. კაცს არ უნახავს და არ ახსოვს ის ბუხუ, არც მისი
სახლის კვალი ჩანდა მინდორზე, მარა გადმოცემით ისე იყო, რომ ძმა შემოაკვდა, თურმე, –
უცაბედად მოსვლია, როგორღაც. მოუხდია სასჯელი, დაბრუნებულა, მიუტოვებია
სოფელი და იმ უკაცრიელ ადგილში მარტოდმარტოს გაუტარებია სიცოცხლე. წყალი არ
ქონდა მინდორს ახლო და ჭა გაუთხრია ბუხუს. კარჩამოგლეჯილი, მარა სხვაფრივ კარგად
შენახული ჯიხური ედგა ჭას. იმ ჯიხურის მეტი შენობა არ იყო იქ; დანარჩენი, ალბათ,
დაანგრია და გაანადგურა დრომ. ძალიან ღრმა იყო ის ჭა: რომ ჩაიძახებდი შიგ, ლოდინი
უნდოდა, სანამდე ხმა დაგიბრუნდებოდა ძირიდან. თუ მოვხვდებოდი იქით, ჩავდიოდი
მინდორზე, დავჯდებოდი და ვფიქრობდი, სად რა ექნებოდა ბუხუს–მეთქი.
მომბეზრდებოდა ამაზე ფიქრი, ახლა ჭაში ჩაყვირებას დავიწყებდი და ვერთობოდი ასე.
აქეთ–იქით დავდიოდი–მეთქი, რომ ვამბობ, ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ მთლად თავზე
ხელაღებით არ მივლია და არც მაძლევდნენ ამის უფლებას ბიძაშვილები. იმ
ადგილებიდან უახლოეს სოფლებამდე თხუთმეტი–ოცი ვერსია. არავინ ამოდიოდა იმ
სიშორეზე, უხვედრი მთაა ის. ნიშნის აღებაც კაი ვისწავლე; ბავშვს ცინცხალი მეხსიერება
აქვს; ფეხნადგამი ბალახი და ერთი ადგილიდან მეორეზე მტკაველით გადაჩოჩებული ქვა
არ გამომეპარებოდა არასდიდებით.
მივუახლოვდი ერთხელ ბუხუს ნასახლარს, გავჩერდი სათოფემდე, დავათვალიერე
კარგად. შორიდან ვერ შევნიშნე საეჭვო, მარა ახლოს რომ მივედი და გორაკიდან
გადავიხედე ძირს – კაცი დავინახე. კაკლის ძირში იჯდა მოფარებულად, თოფი ეჭირა
გამზადებული და მიყურებდა ქვევიდან. ვიცანი, დათა იყო, თუთაშხია. ერთხანს ჩუმად
ვიყავით ორივე.
– გამარჯვება, თქვენი, დათა ბიძია!
– გაგიმარჯოს, აბრაგო! – სიცილით მითხრა. – მოდი აქ, ჩემთან. ჭას აუქციე და ისე მოდი.
მივედი, დავჯექი მის სიახლოვეს. ვილაპარაკეთ ცოტა. ბიძაშვილები მოიკითხა ჩემი, ხომ
არიან საღად და კარგადო. რომ გამოგველია სათქმელი, ვკითხე:
– დათა ბიძია, ჭას აუქციე და ისე მოდიო, რომ მითხარი, რატომ მითხარი ეგ?
– მესამე დღეა, რომ გელოდები აქ– ჯიხურში შესვლა და ჭაში ჩაძახება გიყვარს შენ.
– კი მიყვარს. რაა მერე?
– აღარ შეიძლება შესვლა, – მღიმარი თვალები გამისწორა დათა თუთაშხიამ.
დავიბენი ჯერ. მერე გავიფიქრე, სამალავი აქვს, ალბათ, ჭაში–მეთქი.
– თქვენ თუ მეტყვით, არ შევალ სულ და ის იქნება, დათა ბიძია.
– მასე არ არის საქმე. წამოდი ჩემთან. ფრთხილად, ოღონდ. ჩემზე წინ ნუ გადადგამ
ნაბიჯს, უკან მომყევი.
შემოუარა დათა თუთაშხიამ ჭის ჯიხურს ზურგიდან– ყავრის იყო ჯიხური – სამი არშინი
სიმაღლე ქონდა თითო ყავარს, ორი თითი – სისქე და მტკაველი – სიგანე. გადაწია ყავრები,
შეძვრა შიგ, შევყევი მეც. თვითონ ჭას ქვის ყორე ერტყა მრგვალად, ქამრამდე რომ მიწვდება
კაცს – იმხელა. ვიყავით ერთხანს ჩაცუცქულნდა რომ მიეჩვია თვალი ბინდბუნდს,
გადამახედა დათა თუთაშხიამ:
– აგერ ყორეში მაუზრის ტარს ხომ ხედავ, ტოჩი, ბიძიკო?
– კი ვხედავ.
– მაგ მაუზრის ლულა შემოსასვლელისკენ იყურება– გარედან არ ჩანს, გვიმშია
მიმალული...
ახლა, ამდენი ხნის მერე, იმის ლაპარაკი არ ღირს, რა ოფლმა დამასხა და გული როგორ
ამიძაგძაგდა ბავშვ კაცს, მარა მშვენიერი კარგად იყო მოწყობილი ყველაფერი: შემოდის
კაცი კარიდან, ხომ? გადმოაბიჯებს ზღურბლზე, დაადგამს ფეხს მიწაზე ჭის გვიმზე,
გავარდება მაუზერი და – სიმაღლეს არ აქვს მნიშვნელობა იმ შემოსული კაცისას –
ლაჯებიდან ყრანტამდე სადმე უეჭველად მოხვდება ტყვია!
– ახლა მისმინე აგერ! ე იმ ბაწარს ხომ ხედავ – გადაჭრი ფრთხილად. ძალიან ფრთხილად
და ძალიან მჭრელი დანით უნდა და აღარ არის საშიში მერე. აქედან უნდა გადაჭრა,
ზურგიდან. თუ მაინც გავარდა, კარისკენ გავარდება და არაფერია. მერე დაშლი ყორეს მაგ
ადგილას და სიკვდილის მაგიერ, საკუთარი მაუზერი დაგრჩება. წავიდეთ, ახლა.
გავძვერით გარეთ.
– დათა ბიძია, ჩვენთვის არის დადგმული ეგ, ხომ?
– შენთვის, ალბათ. გამოცდილი აბრაგისთვის არ არის ეს. გამოცდილი კარიდან არ შევა
ასეთ ადგილში. ვინც ეს ხაფანგი დააყენა, იცოდა მან საიდანღაც, შენ რომ აქ მოსვლა
გიყვარს და დაურიდებლად რომ შედიხარ შიგ.
– საკუთრივ ჩემი მოკვლა დომებია, აბა!..
– კი. მასე მგონია მე. – დათა თუთაშხიამ პატარა ხანს იფიქრა თავისთვის და მითხრა: –
ტოჩი ბიძიკო, უდანაშაულო თუ ხარ და შემოგკრა ვინმემ, საპასუხოდ თუ არ შემოკარი
შენც, წავა ის კაცი თავის გზაზე და უეჭველად ინანეგს იმ საქციელს; არ გყავს მტრად ის
კაცი, იცოდე შენ. მაგრამ თუ შემოარტყამ შენც – მტერია უკვე შენი ის. აბრაგი მიტომ ხარ
ახლა, რომ სამაგიერო გადაუხადო, უსამართლოდ რომ მოგექცა, იმ ადამიანს, და გყავს
მტერი, იცოდე ესაც. მთავრობა და კანონია შენი მტერი. დაუკვირდი კარგად ამ ჭის და
მაუზრის ამბავს. მაშინ იმასაც მიხვდები, მგონია, მტერი რა არის. თუ გამიგე ნათქვამი?
– გავიგე, დათა გიძია. ვიცი ახლა.
– კაი, აბა. მშვიდობა მოგცეს ღმერთმა და მტერზე გამარჯვება. წავალ მე.
ჩამომართვა ხელი დათა თუთაშხიამ და გაბრუნდა ქვევითკენ. მაშინ არ ვიცოდი მე და,
თურმე ორი ამხანაგი ელოდებოდა გორაკს იქით. ჩემს ბიძაშვილებს უთვალთვალიათ
ყველაფერ იმისთვის. იმ ამხანაგებს უცდიდა, ალბათ, დათა თუთაშხია მუხურის ტყეში.
– საით მიდიხარ, დათა ბიძია! – გულუბრყვილობამ მათქმევინა.
თუთაშხიამ გაიცინა.
– ბოსტანი მაქვს გასამარგლი!
გვიანი შემოდგომა იყო.
– რა დროის მარგვლაა! – სიცილით ვუთხარი მე რა ვიცოდი, რას გულისხმობდა ამ
სიტყვებში.
დათა თუთაშხია დაფიქრდა და მითხრა:
– არ არის გვიან. მე რომ ბოსტანი და ყანა მერგო წილად, მისი მარგვლა და თოხნა ზამთარ–
ზაფხულ არის საჭირო... გვიან მივხვდი ამას.
დავცილდით ერთმანეთს.
– ვისი გაკეთებული გგონია ეგ! – კაი შორიდან მივაძახე.
– რაჟა სარჩიმელიას ან პოკო ყაჭავას ნახელავია, უთუოდ. ვირთაგვებია ორივე. სხვა არ
მეგულება მაგისთანა აქ და არც იზამდა ამას ვინმე მათ გარდა. გადაეცი მაქსიმეს და
პლატონს ყველაფერი და იციან მათ...
კაი ხანს მარგლა და თოხნა თუთაშხიამ. არც ჩვენ დაგვიკლია ხელი ამისთვის და არც
სხვას, ვისაც ბოსტანში მუშაობა არ ეზარებოდა. მერე რა ვქენით, იმასაც მოგახსენებთ და
გათავდა ჩემი ლაპარაკი. რა და, მოვუდარაჯეთ რაჟა სარჩიმელიას გზაზე. დავჯექი, დიდი
ტომარა დავიდე წინ, სიმინდით იყო ნახევრამდე მოყრილი. მაქსიმე და პლატონი ბუჩქებში
იყვნენ ჩასაფრებული. გამოჩნდა, როგორც იქნა, სარჩიმელია, მიყურა შორიდან: ზის
პატარა ბიჭი და უდევს ტომარა – რაა მერე? გამისწორდა და ის ვქენით, რასაც თვითონ
აკეთებდა, ხალხს რომ ძარცვავდა უწინ: ავაწევინეთ ხელები, ავყარეთ იარაღი, ჩამოვსვით
ცხენიდან და გადავიყვანეთ ტყეში. პლატონმა უთხრა, ბუხუს ნასახლარზე ჭაში მაუზერი
რომ დაგიყენებია, უნდა წამოგვყვე ახლა და როგორც დააყენე, ისე დაშალე შენ თვითონ ის
მოწყობილობაო. ჩვენ არ გვესმის მისი ამბავი და ჭა გვჭირდება, არ ივარგებს ჩვენი საქმე
უჭოდო. იუარა, არაფერი ვიცი ჭის და მაუზრისო. გავკოჭეთ საიმედოდ და გავიგდეთ წინ.
ვატარეთ დღე და ღამე, მივიყვანეთ ბუხუს ნასახლარზე.
– შედი შენით! – ჭაზე მიუთითა მაქსიმემ რაჟა სარჩიმელიას ჩაგვივარდა მუხლებში და რა
არ ქნა და რას არ შეგვპირდა – ვინ იცის. მაგრად დავდექით ჩვენსაზე და მაინც არ
შედიოდა მისით, მამაძაღლი. შემეცოდა ბოლოს. ვესროლე და ავხადე თავის ქალა. ორი
კვირის მერე პოკო ყაჭავას მოსაკლავად წავედით, ვერ მოვკალით, მოეკლა ვიღაცას ხუთი
თუ ექვსი დღით ადრე.
გრაფი სეგედი
სულ მალე დადასტურდა, რომ ჩვენი საფიქრალი ამაო არ იყო. ერთ–ერთ მოხსენებით
ბარათზე პოლკოვნიკ სახნოვისგან ტუქსვის პასუხი მივიღეთ; ბორჩალოელი აბრაგის –
იახია იბრაგიმ–ოღლის – შემორიგების გამო გვიჯავრდებოდა კურატორი: – ხომ მოგწერეთ,
უნდა მოგესპოთო. მსგავსი არაფერი მოუწერია! მალე მივლინებით ჩამოვიდა
შტაბსკაპიტანი ნარეიკო, რომელმაც საიდუმლოდ აცნობა მუშნის: სახნოვმა მინისტრისა
და შეფის წინაშე რამდენიმეჯერ აღძრა საკითხი, სეგედიმ და ზარანდიამ ჩამიშალეს
თუთაშხიას გადმობირებაო! ცხადი შეიქნა, სახნოვმა დინამიტის შემოზიდვას მიჰყო ხელი.
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ზომების მიღება პოლკოვნიკის ყოველი ცალკეული იერიშის
მოსაგერიებლად, მაგრამ საოცარი თავისებურება აქვს ამას: თითო შეკამათება – თითო
თავის მართლებაა: რამდენიმე შეკამათება – თავის მართლებათა მწკრივია და ეს კი
თავისთავად ნიშნავს, რომ სავსებით თუ არა, ნაწილობრივ მაინც ხარ მტყუანი.
პოლკოვნიკს ასეთი ვითარება ხელს აძლევდა და, ამასთან ერთად, თავის უწარჩინებულეს
მფარველთან ჩივილის საბაბს უქმნიდა: – კავკასიელები მინისტრისა და შეფის წაქეზებით
მებრძვიან და ძირს მითხრიანო. ასეთი შესაძლებლობების მიცემის უფლება არავითარ
შემთხვევაში არ გვქონდა, მაგრამ მოქმედებაც რომ საჭირო იყო და ჩვენ კი
გულხელდაკრეფილი ველოდით საკუთარი ციხის მომავალ აფეთქებას?!
ერთ დღეს ლუქი ავაძრეთ სახნოვის მორიგ პაკეტს, სადაც კურატორი პირდაპირ მდებდა
ბრალს, თუთაშხია დღემდე იმიტომ არის ცოცხალი, რომ მუმნი ზარანდიას გავლენის ქვეშ
მოექეცითო! იგი ამტკიცებდა, ზარანდია ნათესაური ვალდებულებების გამო სამსახურისა
და სახელმწიფოს ინტერესებს უგულებელყოფსო. ამ პერიოდში პეტერბურგში
მივლინებით ყოფნისას, ჩემი ერთ–ერთი მოადგილისთვის ცნობილი გახდა, რომ სახნოვს
სამინისტროს საგანგებო საბჭოს სხდომაზეც სახელდობრ ასე დაუყენებია საკითხი და ჩემი
და მუშნი ზარანდიას სამსახურიდან გადადგომა ან რომელიმე სხვა უწყებაში გადაყვანა
მოუთხოვია. საბჭოს ეს საკითხი განსახილველად, ცხადია, არ მიუღია, მაგრამ
სახნოვისთვის ისიც კმაროდა, რომ თესლის ჩაგდება შეძლო. დანარჩენს იგი მომავალში
გულისხმობდა.
პოლკოვნიკი ჩქარობდა – არჩეული მეთოდისთვის შესაფერ ტემპს არღვევდა! ეს
ნაწილობრივ, ჩვენი გამაღიზიანებელი მოქმედებითაც აიხსნებოდა: სახნოვის
პატივმოყვარეობა ითრგუნებოდა იმით, რომ მის მითითებებსა და საყვედურებზე ცალი
ყბითაც კი არ ვპასუხობდით და მის თანამდებობასა და “კილიკიის” კურატორობას, –
არსებითად, არად ვაგდებდით. ამას გარდა, პოლკოვნიკს შეუძლებელია, არ სცოდნოდა,
რომ მისი დივერსიისა ყველაფერი თუ არა, ნაწილი მაინც ვიცოდით და ამ მიმართებით
ჩვენს პასიურობასაც საკმაოდ უნდა დაეფიქრებინა თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი.
ამის შემდეგ სახნოვმა რამდენიმე წერილში კატეგორიულად მოგვთხოვა, მოგვესპო
თუთაშხია, ვითომ ამას ერთი გასროლის მეტი არაფერი უნდოდა. ამას გარდა, სახნოვმა
ერთობ ვრცელი მოხსენებითი ბარათი მიართვა მინისტრს, სადაც “დეტალებში” იყო
აღწერილი, თუ როგორ და რით ვუწყობდით ხელს დათა თუთაშხიას.
წლინახევრის თუ ორი წლის ხელმეორედ გააბრაგებული იქნებოდა თუთაშხია, როცა
პეტერბურგიდან წერილობითი მითითება მომივიდა მუშნი ზარანდიას სამსახურიდან
დათხოვნის შესახებ. ხელს შეფი და სახნოვი აწერდნენ. გადაწყვეტილება მოტივირებული
იყო თუთაშხიას განადგურებაზე არაერთგზისი ბრძანების შეუსრულებლობით, აბრაგთან
ზარანდიას ნათესაობრივი კავშირით – ვითომ დათა თუთაშხია აქამდეც და ამდენ ხანს
მუშნი ზარანდიას ბიძაშვილი არ ყოფილიყო. წერილს ჰქონდა სამინისტროს კანცელარიის
გრიფი, რაც ნიშნავდა, რომ საკითხი თვით შინაგან საქმეთა მინისტრთან იყო
შეთანხმებული! ეს ფრიად დადებითი მოვლენა გახლდათ და, აი, რატომ: საიმპერიო
სამმართველოში და სამინისტროში ზარანდიას და კიდევ რამდენიმე პერიფერიულ
მოხელეს ფასდაუდებელ კაცებად თვლიდნენ. ზარანდია მინისტრის ოფიციალურ
კონსულტანტადაც კი ირიცხებოდა. მინისტრმა ერთხელ ჩემთან საუბარში იხუმრა, ეგ შენი
აბორიგენი სატანას უფროსი ბიძა, გამზრდელი და ეზოს მოძღვარიაო. მრავალგზის
მთხოვეს, მოგვეციო. ერთთავად უარზე ვიდექი და ბოლოს თავი დამანებეს. მეორე მხრივ,
პოლკოვნიკ სახნოვს უკურნებელი სენის რეპუტაცია ჰქონდა, მისი თავიდან მოშორების
საშუალება ვერავის გამოენახა და სწორედ აქ თვით ქათამმა დაიწყო თავისივე დასაკლავი
დანის გამოქექვა: ისეთი აზრი შემექმნა, რომ სახნოვი ზარანდიას წინააღმდეგ დიდხანს,
დაჟინებით ამუშავეს, მოითადარიგეს საბუთები და მხოლოდ მერე დაჰყვნენ მის ახირებას
ზარანდიას დათხოვნის შესახებ. სხვა სიტყვებით: მინისტრმა და შეფმა თვით სახნოვს
შეაქმნევინეს ისეთი ვითარება, როცა ზარანდიას დათხოვნის შედეგებზე, პირველ რიგში,
სახნოვს უნდა ეგო პასუხი. რაც შეეხება იმას, რომ გაგულისებული ზარანდია სახნოვს
ოპოდელპოკის აბივით გადაყლაპავდა – აქ ეჭვი არც მინისტრს ეპარებოდა და არც შეფს.
ეს ყველაფერი, სახელდობრ, ასე გამოიყურებოდა, მაგრამ შემოწმება მაინც საჭირო იყო.
ამიტომ, მინისტრს ცალკე და შეფს ცალკე, დაშიფრული დეპეშებით ვაცნობე ჩემი
დამოკიდებულება საკითხისადმი: ზარანდიას სამსახურიდან დათხოვნაზე უარს
ვაცხადებ, “კილიკიას” ჩამოვაშორებ, გადავიყვან კონტრდაზვერვის უფროსის ვაკანტურ
თანამდებობაზე! დეპეშებს სიჩუმე მოჰყვა ესე იგი, ხელმძღვანელობას ჩემი
გადაწყვეტილებისა საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მისი სისრულეში მოყვანაც აღარ
დამიყოვნებია: დანიშვნა შევათანხმე როგორც მეფისნაცვალთან, ისე სამხედრო ოლქის
ჯარების სარდალთან და ბრძანებაც გაიცა.
სახნოვი გულში გამარჯვებას ზეიმობდა – ნაწილობრივ. ჩემთვის ყველაფერი სასურველ
ადგილებზე დადგა და ახლა მაინტერესებდა მხოლოდ ის, თუ რას ფიქრობდა და რას
მოიმოქმედებდა “სატანას
უფროსი ბიძა, გამზრდელი და ეზოს მოძღვარი”.
– მუშნი, მინდა, მოგაგონოთ თქვენივე პრინციპი: “არასოდეს გადადო ხვალისთვის ის, რის
გაკეთებაც დღეს შეიძლება”, – გავეხუმრე ერთხელ.
იგი მიხვდა, რომ სახნოვის საქმეს ვგულისხმობდი, გაიღიმა და მითხრა:
– არსებობს მეორე პრინციპიც, გრაფ: “ნუ გააკეთებ დღეს იმას რასაც ხვალ გაკეთება უფრო
მოუხდება!”
შემდგომში ამ მოკლე დიალოგის გახსენება მრავალგზის მომიხდა. რა მამოძრავებდა?
ზარანდიამ დაწინაურება მიიღო, სახნოვის უფლებების სფეროს გარეთ აღმოჩნდა და,
ამდენად, არც რაიმე საშიშროება ელოდა მისგან. ჩემზე უკვე ნათქვამია: სახნოვი ვერ
მომერეოდა, მეტი–მეტი, წრილმანი ინტრიგების მოლოდინი უნდა მქონოდა. ასეთ
ვითარებაში, სტერეოტიპის მიხედვით, მოთმინება მმართებდა – სახნოვები სხვის
დაუხმარებლად იმტვრევენ კისრებს. მაშ, რატომ წავაქეზე ზარანდია? ხომ არ იყო ჩემს
საქციელში თვისებრივად ახალი რაიმე?..
წინასწარ მოფიქრებული და დადგენილი სახნოვსაწინააღმდეგო გეგმა ზარანდიას
იმხანად, მართლაც, არ ჰქონია და ამაზე თავის სატეხად, ალბათ, არც ეცალა; ახალმა
სამსახურმა, იქაური საქმეების შესწავლა–გადახალისებამ, შტატის გადაადგილება–
დაკომპლექტებამ, ქსელისა და კავშირების შემოწმება–განმტკიცებამ კარგა ხნით დანთქა
მისი დრო, მხნეობა და ნიჭი, მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს, ზარანდიას
სახნოვი და მისი ოინები მიავიწყდა...
სახნოვის პრობლემა გადაჭრა ზარანდიას მიერ შედგენილმა საქაღალდემ.
იქნებ არსებობდეს უფრო რაციონალური ფორმა, რომლის წყალობით, ქვემოთ მოყვანილი
ამბების გადმოცემა გაცილებით მოკლედ და დამაჯერებლად შეიძლებოდეს. ვერ მივაგენი.
ისევ ჩვეულებრივი თხრობის ხერხს მივმართავ, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი ფაქტი
სპეციალურ კომენტარს მოითხოვს. საქმე ის არის, რომ არსებობდა სახნოვის
პრობლემებისგან და ერთმანეთისგანაც, თითქოსდა, სრულიად დამოუკიდებელი
გარემოებები. ძნელი საფიქრებელი იყო, რომ ისინი როდისმე და როგორმე ერთად
მოიყრიდნენ თავს, ზვავად წამოვიდოდნენ და გზად სახნოვს დაიტანდნენ. აი, ის
გარემოებებიც.
– სპადოვსკი გახსოვთ, თქვენო ბრწყინვალებავ, ექიმი?.. – მკითხა ერთ დღეს მუშნი
ზარანდიამ. – აი, ამ სამი წლის წინ რომ გადაბარგდა თბილისიდან ვლადიკავკაზში;
თავისი სიმპათიებისა და ურთიერთობების გამო ერთი ორჯერ ჩვენი ყურადღების არეშიც
რომ აღმოჩნდა, გახსოვთ?
– როგორ არა.
ზარანდიამ საქაღალდე გადახსნა და საკანცელარიო ფორმატის ხუთ ფურცელზე
დაწერილი ტექსტი დამიდო წინ;
– ეს მისი პროკლამაციის ასლია, გრაფ.
– საინტერესოა!
– დამაფიქრებელი უფროა!
კითხვას შევუდექი.
სპადოვსკი, საერთო ჯამში, პატიოსანი ინტელიგენტი იყო. მისი სისუსტე მხოლოდ იმაში
მდგომარეობდა, რომ დაუცხრომლად ეტრფოდა ახალ–ახალ პოლიტიკურ მოძღვრებებს და
ამ მხრივ რაიმე თანმიმდევრობას აბსოლუტურად უგულებელყოფდა. იგი ცხოვრობდა და
მოქმედებდა პრინციპით: ყველაფერი კარგია, რაც თვითმპყრობელობას უთხრის ძირს და
რაც რუსეთში ახალი ტიპის სოციალურ–ეკონომიკურ ფორმაციას დაამყარებს! ამიტომ,
ჩრდილის მიმყენებელი და მაკომპრომეტირებელი საგაზეთო მასალების გამოქვეყნების
შემთხვევას ხელიდან არასგზით გაუშვებდა; კლიენტურასა და ნაცნობ–მეგობრებში
არსებული წყობილების საწინააღმდეგოდ ერთპიროვნული პროპაგანდისთვის მჭევრმეტყველებას არ იშურებდა; შესაძლებელ ფულად დახმარებას უწევდა მეამბოხე
ელემენტებს და არც კანონსა და დამსჯელ დაწესებულებებს უქმნიდა საქმის აღძვრისა და
სამართალში მიცემის საკმარის საფუძველს – ფრთხილი, ეშმაკი კაცი იყო. თბილისიდან
მისი გადაბარგება იმან გამოიწვია, რომ თავი მოგვაბეზრა, გართულებები, სკანდალი
ახლოვდებოდა და გარიდება არჩია.
საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სპადოვსკისთვის სრულიადაც არ ნიშნავდა
შეხედულებებისა და ცხოვრების წესების გადასინჯვას. მან ვლადიკავკაზში ისეთივე
მოღვაწეოგა განაგრძო, როგორსაც თბილისში ეწეოდა. ამან იქაური პოლიციისა და
ჟანდარმერიის სათანადო რეაქცია გამოიწვია, – რა თქმა უნდა, გაცილეგით მძაფრი, ვიდრე
თბილისში. ის მხარე მაშინ მონარქისტული განწყობილებების ბუდე იყო. ჩანს, იქ – არც
აციეს, არც აცხელეს, – ახალდაარსებული ინფორმაციის გავრცელების სამსახურის მთელი
სიმძიმით დააწვნენ სპადოვსკის და მიზანსაც მიაღწიეს: მონარქისტულად განწყობილ
თერგის კაბაკებში თითქმის დამკვიდრდა აზრი, რომ იგი გერმანიის ჯაშუში იყო, ხოლო
მცირერიცხოვან თავისუფლად მოაზროვნე წრეებში დაჟინებით იმეორეგდნენ, სპადოვსკი
საიდუმლო პოლიციის აგენტიაო. ვლადიკავკაზში მის გადმოსახლებას აკავშირებდნენ
რომელიღაც სასამართლოს პროცესთან, სადაც სპადოვსკიმ, ვითომდა, პროვოკატორის
როლი შეასრულა. ჩემი მხრივ, უნდა აღვნიშნო, ჩვენი სამსახურის ხელთ არსებული
ინფორმაციის თანახმად, ზემოთ მოყვანილ ვერსიებს რეალური საფუძველი არც ერთს არ
გააჩნდა. ასეა თუ ისე, სპადოვსკი ორმხრივი უნდობლობისა და სიძულვილის გირაგში
მოჰყვა, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ მისცემია – ვითარების შესწავლას მიჰყო ხელი და
მიაგნო კიდეც თავისი კომპრომეტაციის წყაროს.
შემდგომში ამ საკითხის შესასწავლად საგანგებო კომისია დაინიშნა. აღმოჩნდა, რომ
თერგზე ინფორმაციის სამსახურის დაარსებისა და პრაქტიკული მუშაობის საქმეში არც
ერთი ნაბიჯი არ ყოფილა სწორად გადადგმული. დაარსების შესახებ მიღებული, სახნოვის
ინსტრუქციით დაწყებული და თვით სამსახურის ჩამოყალიბებით დამთავრებული,
ყველაფერი დილეტანტური იყო, უნიჭო მოხელეების ხელით კეთდებოდა და
კონსპირაციამ ბზარი პირველსავე საფეხურებზე გაიჩინა. ასეთ ვითარებაში
სპადოვსკისთანა კაცს, ცხადია, არც ჭეშმარიტების ამოცნობა გაუჭირდებოდა და არც
ფაქტობრივი მასალის მოპოვება.
ზარანდიას მიერ მოტანილი დოკუმენტი შეიცავდა ხმების გავრცელების სამსახურის
სტრუქტურის აღწერილობას, მუშაობის მეთოდიკას და რეზიდენტებისა და
ფუნქციონერების ვრცელ და, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, საკმაოდ ზუსტ სიას.
თეორიულ–განმარტებითი ნაწილი შემაგრებული იყო რამდენიმე ცოცხალი მაგალითით.
პროკლამაციას ერქვა: “აი, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ!”, იწყებოდა პასკვილური
პროლოგით და მთავრდებოდა რევოლუციური მოწოდებებით. ბოლოში ჰქონდა მინაწერი:
“პატიოსანო ადამიანებო, ახადეთ ნიღაბი პირსისხლიან ცარიზმს – გადაწერეთ და
გაავრცელეთ ეს დოკუმენტი!” ტექსტი ისე იყო დაწერილი რომ ავტორი არ ჩანდა.
– რა იცით, რომ ეს თხზულება, სახელდობრ, სპადოვსკის კალამს ეკუთვნის?
– დედანი თვით სპადოვსკიმ ამ ორი კვირის წინ ჩამოიტანა თბილისში და ქალბატონ ანა
გილიარევიჩს დაუტოვა გასამრავლებლად.
– ქალბატონი ანა გილიარევიჩი – კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელი?
– დიახ, გრაფ, ექიმ სპადოვსკის ახლო მეგობარი და თანამოაზრე. მან ოცი ასლი უნდა
გადააღებინოს. შემდეგ ბაქოში ჩაიტანენ და წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით
დაგზავნიან ოც მისამართზე.
– ვის უნდა გადააღებინოს ასლები?
– ქალბატონ ელისაბედ ტერეხოვას, დედანი ამჟამად მასთან ინახება. გვაქვს დედნის
ფოტოპირები, ექსპერტიზის დასკვნა ხელწერის იგივეობაზე, მისამართების სიის ასლი და
სხვა საბუთებიც.
– ტერეხოვა... დიახ, დიახ, მაგრამ აღარ მახსოვს, რისთვის დაგვჭირდა ეგ მანდილოსანი.
მგონი, შრიფტის შემოტანასთან დაკავშირებით, არა?
– დიახ, გრაფ. იმ ფუთას ქალბატონ ანა გილიარევიჩის ხელში უნდა გამოევლო, მაგრამ
მოხდა ისე, რომ ფუთა ჩვენს ტერიტორიას ასცდა. ეს ოთხი წლის ამბავია. მას შემდეგ, რაც
კონტრდაზვერვა ჩავიბარე, ქალბატონი ტერეხოვა თითქმის არ გამოგვიყენებია. ახლა
სპადოვსკის ჩამოსვლამ დამაინტერესა... მოგეხსენებათ, ტერეხოვა გილიარევიჩის
მეგობარია...
– გასაგებია, მაგრამ არ მესმის, რა შუაში ხართ თქვენ. ეგ საქმე თქვენი განყოფილების
კომპეტენციაში არ შედის.
– თქვენო ბრწყინვალებავ, ქალბატონი ტერეხოვა მე არავისთვის გადამიცია. თვითონ იყო
წინააღმდეგი. ვერც ახლა გადავცემ, მჭირდება და ეს საქმეც ჩემთან რჩება – თავისთავად
გამოდის ასე.
– რას აპირებთ?
– ჯერჯერობით არაფერს, სხვა მოვლენებს უნდა დაველოდოთ.
– არ გაჟონავს?
– სექტემბრამდე გარანტირებულია; ტერეხოვას ასეთი ვადა აქვს აღებული გამრავლებისთვის.
– სპადოვსკი?
– ჯერჯერობით თავის შეთხელებულ კლიენტურას მკურნალობს. თერგის ოლქმა არც ამ
პროკლამაციისა იცის და არც იმისა, თუ ჩვენს ხელთ არის რამე.
საქმე, ფაქტიურად, გახსნილი იყო და მისი ლოგიკური დასასრული იმაში მდგომარეობდა,
რომ ზარანდიასთვის უნდა მეთქვა, მასალები თერგის ოლქისთვის გადაეგზავნა. დავაპირე
კიდეც, მეთქვა.
არ მითქვამს.
რამ შემაკავა, დასწყევლოს ღმერთმა! ძნელი სათქმელია მაგრამ იმ “პასიურობას” ამჟამად
ისევ ქვეცნობიერ იმპულსს მივაწერ: ერთხელ შემუშავებულ–შეძენილი სტერეოტიპების
რღვევისა და უარყოფის ფაზაში ვიყავი.
საუბარი შეწყდა, ზარანდია წავიდა, მაგრამ დამეუფლა გრძნობა, თითქოს, წვეულებიდან
ვბრუნდებოდი, იქ რაღაც დამრჩა – სათუთუნე, სათვალე ან ხელჯოხი – და ახლა ჯიბეებში
ვიქექებოდი, ყველაფერი თანა მაქვს თუ არა–მეთქი. ვერაფრით გავიხსენე, რის
მოთათბირება დამავიწყდა, გულს რა მაკლდა. მერე ვიფიქრე, მომაგონდება–მეთქი და,
მართლაც მომაგონდა: ზარანდიამ სპადოვსკის საქმის გამო თქვა: “დამაფიქრებელი
უფროაო”. გამომრჩა დამეზუსტებინა, თუ რას გულისხმობდა. შემდგომ ხანებში ამ
საკითხმა ისევ ზარანდიას მეშვეობით ამოყო თავი, მაგრამ ამას უფრო მოგვიანებით
შევეხები...
ბექარა ჯეირანაშვილი
– ერთი სიტყვით, ნელ–ნელა ისე შემავიწროვეს, რომა კახეთსა და ქიზიყში აღარსად
დამედგომებოდა. ცუდი ხმები დამიყარეს. ზოგი ჭორი ისეთი იყო – თავად შემეშინდა!
უნდა იქაურობას გავცლოდი, სხვა გზა აღარაფერი მქონდა. ქაღალდი ვიშოვნე, ვითომ
პანკისელი ქისტი ვიყავი. ქართლში გადავედი, ერთი მაგარი ცხენი ვიყიდე, ქარელს
ზემოდან უღრანი ტყეებია, იქ საშპალე მორის გამოტანაზე დავიწყე მუშაობა. მაშინდელ
დროში თბილისიდან ბათუმამდისინ რაც შპალი იდო, სულ მუხისა იყო. იმ საშპალე მუხას
ვეზიდებოდით.
ორი თუ სამი თვე ვზიდე. არც ვისმე აზრად მოსვლია, ეს კაცი მავანი ყაჩაღი ხომ არ არიო,
გასამრჯელოსაც არა უშავდა რა, მაგრამ ეგ არის, სად – ბექარა ჯეირანაშვილი და სად –
გუთანი და საშპალე მორი. ცხრამეტი წლისა ყაჩაღად გავედი. იმ დროისთვის თერთმეტ
წელიწადს მთა–ბარი ფეხქვეშა მქონდა ამოდებული – ჯაფას გადაჩვეული ვიყავ. წასვლა
მედო გულში და არ კი ვიცოდი – საით. ისევ შემთხვევამ დამაღირებინა თავი,
სამეგრელოსკენ გავწიე, მაგრამ ჯერ ის შემთხვევა უნდა ვთქვა.
ამილახვრებს იმ ადგილებში მამულები ჰქონდათ. მოურავად შალიბაშვილი ეყენათ, ნიკა
ერქვა. თურმე ერთ ოსის ქალს ჰყვარობდა, ქართველი კაცის ქვრივსა. როსტომაანთ
გომურებს ეტყოდნენ, ერთ ღამეს იქ დაებარებინა შალიბაშვილს თავისი საყვარელი.
წვანან, თუ რა ვიცი, რასა სჩადიან – მიწურში სამი შეიარაღებული კაცი შეუვარდათ.
შალიბაშვილს ხელ–ფეხი გაუთოკეს, დედაბოძზე მიაბეს. ქალი წააქციეს, თავისი
საყვარლის თვალწინ გააუპატიურეს. ამ საქმეს რომ მორჩნენ, შესულებში რომელიც
თავკაცი იყო, იმან შალიბაშვილსა სიტყვა დაუგდო, დათა თუთაშხია ვარ, საცა შენი
დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვიო! დაუგდო, მიტრიალდნენ და სდიე შენა!
მაშინ დათა თუთაშხიას სახელი დიდ–პატარას პირში ეჩარა. ხალხის საქმე მოგეხსენება –
ჭორი ათქმევინე და პურს ნუ აჭმევ. ხალხმა თუ რასმე მოჰკრა ყური, იმას ხომ იტყვის და
იტყვის, თუ ვერაფერსა და, თითონაც კარგად გამოიგონებს. ეხლა რა – მე ის
გადმოხვეწილი და მუხის მორს ამოფარებული კაცი – იმის ლაპარაკს ხომ არ მოვყვებოდი,
დათა თუთაშხია ჩემი ძმადნაფიცია, ნამდვილად ვიცი, რომ მაგაების მქნელი არცა
ყოფილა, არც არის და, ესეც ნუ იქნება, შალიბაშვილის ცინგლიანი ქალის გულისთვის
სამეგრელოდან ქართლში რა ბუზანკალი გადმოიყვანდა–მეთქი?! ვთქვათ და, მელაპარაკნა
კიდეცა – ვინ დაგიჯერებს, ხალხს ჭორი ურჩევნია სიმართლესა.
ეს მოხდა და ვიფიქრე, რომ გავრბოდე – ის დროა–მეთქი, მაგრამ არ იქნებოდა,
გამოკითხვას დაიწყებდნენ – ვინ იყო, ეგრე უცბად საით და რატომ წავიდაო! ახლა იმის
ეჭვს შეიტანდნენ, გაუპატიურების მონაწილე ხომ არ იყოო, და დამიწყებდნენ ძებნას. მე
ჩემი საძებარი მაკლდა თუ როგორა? დავრჩი. ამოვიდნენ გორიდან და ხაშურიდან
პოლიცმეისტერი, ჩაფრები, გამომძიებლები. დაიწყეს ქექვა. მუშებსაც სათითაოდ
დაგვიძახეს, შალიბაშვილსა და ოსის ქალს დაანახვეს ჩვენი თავი – ამათგანი ხომ არავინ
იყოო. ცოტა ხანი კიდევ იტრიალეს, ერთი კარგა იქეიფეს და წავიდნენ. ის კი მენიშნა –
ეძებდნენ და არც ეძებდნენ, მაგრამ ამისა მერე ვთქვათ.
ორიოდ კვირას კიდევ ვიცოდვილე, ანგარიში გავასწორებინე, ხაშურში ჩავედი, ის ცხენი
გავყიდე, აბანოში წაველ, ახალი ჩოხა–ახალუხი ჩავიცვი; კარგი იორღა ვიყიდე, შევხტი
ოცდაათ თუმნიან უნაგირზე, გადავიარე ლიხის მთა და ორი კვირის თავზე
სამურზაყანოში მიველ. სამურზაყანოში იმიტომ, რომ დათა იქ მეგულებოდა; ადრევე
გვქონდა დათქმული, თუკი საჭიროება მოიტანდა, ვისთან და როგორ გვეკითხა
ერთმანეთის ადგილსამყოფელი. დათას კაცმა – მჭედელი იყო – ჩვენი ძმადნაფიცობაც
იცოდა და პირობაც. ხუთი დღე დამჭირდა ლოდინი. მოვიდა დათა. ცოტა შებერებული და
დარდიანი მეჩვენა, თორემ სხვაფრივ ისევ ის დათა იყო, რაც უწინა.
წამომყე, ჩვენი მთა და ტყეცა ნახეო, დათამა. წავყე, ავედით. კარგი ადგილებია, მე და ჩემმა
ღმერთმა. აი, როგორ არი, იცი?.. კახეთში, ვთქვათ, სიღნაღიდან ალაზნის ველს გადახედავ
– ისეთი სანახავია, ტიალი, რომ ყელში ჯავრის გორგალს მოგაყენებს, ეგეთი ძალა აქვს
იქაურ ადგილებს, – სულზე ფეხს დაგადგამს, შენ ნაკლები ხარო! ადგები და გულის
მოსაფხანად შენსავე ხარებს პატრონის დედას შეაგინებ და ამაყ სიმღერას იტყვი. მაშა!..
გურია-აჭარაში როგორ არის, რომა იქაურ მთა–ბარისა და ცა–ზღვის შემხედვარეს ფიქრი
ელვასავით დაგირბის, გონებას სისხარტე ემატება, შენი თავი სხვაზე უკეთესი გგონია და,
აკი სიმღერაც ქედმაღალი და თავმომწონე აქვთ. სამეგრელოსა და სამურზაყანოში კიდევა,
სერზე შემოდგები, არემარეს თვალს მოავლებ და რაღაცნაირი მოწიწებული ხდები, კაცოო!
ზრდილობა და თავაზიანობა გწყურია, ლამის უნაგირიდან ჩამოხტე, ცხენს კისერზე
მკლავი გადაჰხვიო, – მეპატიოს, რომ ზურგზე გეჯექიო, – და ღიღინი მოგინდება,
ლაზათიანი, თავმდაბალი, მოკრძალებული ღიღინი! ვითომ სხვადასხვაა ესა, მაგრამ მაინც
ერთია – სილამაზეა და მშვენიერებაა. გასულ კაცს გურია–აჭარაში ფირალს ეტყვიან,
სამეგრელოსა და აფხაზეთში – აბრაგს, სხვაგან საქართველოში – ყაჩაღს, მაგრამ აზრი
ერთია: შენი გონება, შენი მკლავი და კაცური სამართლიანობა. ერთად – ვაჟკაცობა!
როგორი ადგილებიც არის, გასული კაცის ვაჟკაცობაც ისეთია და სხვადასხვა სახელიც
იმიტომა ჰქვია, თორემა ხალხი ერთს რასმე შეარქმევდა. ეხლა, რავი, გასაგებადა ვთქვი თუ
არა, და ის კი ნაღდია, რომ ყაჩაღად გასული კაცისთვის საქართველოში ხომა ყველა
ადგილი მოხერხებულია, მაგრამ სააბრაგოდ იმისთანას მაინც ნურსად და ნურავინ
იტყვის, რაც დათამ მომატარა და მაჩვენა.
ათი დღე თუ ორი კვირა ვიარეთ. ვინადირეთ კიდეც, ვიქეიფეთ კიდეც. დრო მოვიდა და ის
შალიბაშვილის შემთხვევაც ვუთხარი. დაფიქრდა. მერე მომიბრუნდა, ხელები გაშალა, – რა
ვქნა, რას გავხდეო, და ამაზე ორ დღეს არა თქმულა რა. მესამე დღეს შველი მოვკალით,
იმას ვატყავებდი, დათა ცეცხლს უტრიალებდა და მაშინ მითხრა:
– აბა, კაი შორს გამვარდნია მოძალადის სახელი, ბექარ!
ვიცოდი, რომ შალიბაშვილის ამბავი არც იმ ორ დღეს გადასვლია ჭკუიდან და არც სამარის
კარამდის დაავიწყდებოდა დათას – ეგეთი კაცი იყო. კიდევ ორი თუ სამი დღე გავიდა და
მეუბნება:
– წავიდეთ, ბექარ, ძმაო, და ვნახოთ ის შალიბაშვილი ჩვენ.
მართალი გითხრა და, ამას არ ველოდი. პირღია ვუცქირე, მერეღა ვთქვი:
– წავიდეთ და წავიდეთ, რა!
ორი დღით დამტოვა თავის მიწურში... რის მიწური და რა მიწური – მიწურები მე მქონდა
ხოლმე. არა, მიწური იყო, მაგრამ ისეთნაირად მოვლილ–მოწყობილი ბატონის ოთახებიც
ძნელი სანახავია. რაც იყო, ყველაფერს კარგი პატრონის ხელი და ლაზათი ედო. ჰო,
ჩხირკედელაობდა, უვლიდა – დრო არა ჰქონდა თუ რა?
ამობრუნდა, ის ღამე იქ დავიძინეთ. ადრიან დილით გზას დავადექით. იმერეთში ტყე–ტყე
გადმოვედით; იმერეთი ბილიკებით გამოვიარეთ; ქართლში ვის უნდა ვეცანით – გზებით
ვიარეთ. ქვიშხეთში მივედით გუდაძესთან, დათას ძმაკაცი იყო. გრიშა ერქვა. კარგა
გვიმასპინძლა. ცხენები მივაბარეთ და იარაღიც შევანახვინეთ. მხარზე თითო ცელი
გავიდეთ, შუადღის ხანს ხაშურისკენ გამოვწიეთ. დღიური მუშების ყაიდაზე გვეცვა
მაგრამ თითო ნაგანი და ას–ასი ვაზნა გვქონდა თითოსა.
უწინ ძმადნაფიცობის წესი და რიგი ისეთი იყო, თუ ძმადნაფიცი გეტყოდა, წამომყე,
საჭიროება მაქვსო, – უნდა წაჰყოლოდი და სანამ თავად არ გიამბობდა, – ამ და ამ საჭმეზე
მივდივართო, შენ არ უნდა გეკითხა, სად და რისთვის მიგყევარო. ამ წესს სათავედ ისა
ჰქონდა, რომ ძმადნაფიცი ძმადნაფიცს თავზე ხელასაღებ საქმეზე მხოლოდ მაშინ
წაიყვანდა, თუ სხვა გზა მართლაც აღარაფერი ექნებოდა. წაიყვანდა და ტყვიასაც ჯერ
თავად დაუხვდებოდა. შალიბაშვილის სანახავად მივდიოდით – ვიცოდი. სხვა რა ედო
გულში ჩემ ძმადნაფიცს – არა გამეგებოდა რა. არცა ვკითხავდი, მაგრამ დათა ისეთი კაცი
იყო, თავხიფათს თვითონ აიღებდა, მე განზე დამაგდებდა და ფიცვერცხლი თუ ჭირში
თანაზიარობა საითღა მეძებნა?!
– ერთი რამ იცოდე დათა: არაფერში გამომტოვო და დამზოგო, თორემ ძმობაში ცოდო
დამაწვება. გაიგე?
ცოტა გზაც გამოვიარეთ და დათამ მითხრა:
– ეს საქმე, ბექარ, ძმაო, არ უნდა გამოვიდეს, მგონია, მაინცდამაინც საშიში და ხიფათიანი.
ორნი ვართ, აგერ, და რომელსაც რა გვერგოს – ის გავაკეთოთ, შე კაცო!.. ვილაპარაკოთ
ახლა ყველაფერი და მოვიფიქროთ საქნელი.
– მაშინ, ჯერ ისა, რომა – რა გვინდა.
– რა გვინდა და, ხომ ხედავ, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ. დაგვიყარეს და გაგვივრცელეს
ჭორები, ლაფი გადაგვასხეს თავზე და მოგვიჭრეს ყველა გზები. იქამდე მიიყვანეს საქმე,
რომ შენ კახეთიდან ამოგაძუებინეს კუდი და არც მე ვარ შენზე უკეთესად – ფეხი რომ არ
ყოფილა ჩემი აქ, აქაც ჩემი სახელით გააკეთეს ბოროტება. მარტო ეს ხომ არ არის და
ორივეს ასი საქმე გვეცოდინება მაინც, ასეთი და ამაზე უარესი ჩვენთვის თუ სხვისთვის
გაკეთებული! საიდანაც მოდის ეს ამბავი – ვიცი მე. მთავრობიდან მოდის, მაგრამ
მთავრობა მხოლოდ ბრძანებს ამას და შესრულებით ბოროტი კაცები ასრულებენ, ხალხში
რომ არიან გარეული ცხვრის ქურქში გახვეული მგლებივით. კაცი იმ ბოროტების
გამკეთებელი თუა, ჩვენ რომ ვთქვით და ჩვენთვის რომ კეთდება – საერთოდ ბოროტის
მქნელია ის. უამკაცებოდ ვერაფერს გახდებოდა მთავრობა და ეს კაცებიც თავს არიან
გასული – მთავრობა მათ მხარეზეა, კანონი არ მიუდგება, იციან მათ. მე და შენ იმდენი
ძალა სად გვაქვს, ბოროტების სათავე რომ მოვსპოთ, მაგრამ ბოროტებას ხელები რომ
მოვაჭრათ, ხომ შეგვიძლია ეს?..
– შეგვიძლია!
– აგას ვამბობ და მაგას ვაკეთებ მეც. რა გვინდა, რისთვის მოვდივართო, რომ ვთქვით, –
ვიპოვოთ, ახლა, ის ბოროტების მკეთებელი ხელები და, როგორც მოიტანს საქმე, ისე
მოვიქცეთ ჩვენც. ბოსტანი ხომ გაგიმარგლავს, ბექარ, ძმაო?
– ისევ ამოდის ხოლმე სარეველა!
– ამოვა და კიდევ გაიმარგლება ის.
– შე კაი კაცო, ამოდენა მიწა–წყალს ჩვენ ორნი რას გავწვდებით?
– ვერ გავწვდებით, მართალი ხარ შენ, მაგრამ, ჯერ ერთი, გამარგლულზე ამოსულ
სარეველას ის ძალა აღარ ექნება, მის წინ სარეველას რომ ქონდა, და მეორე ის, რომ ჩვენ თუ
ვმარგლეთ, სხვაც მოგვბაძავს, სამართლიანობა თავისას იზამს, მომრავლდება ჩვენისთანა
კაცები და ბევრი რომ ვიქნებით, მაშინ, სათავეში რომ ბოროტებაა, იმაზეც მიგვიწვდება
ხელი და ტყვია.
– ეგრე იყოს და ეხლა ისა ვთქვათ, როგორ მივუდგეთ ამ საქმეს.
– აქ, ხაშურში, ერთი ნაცნობი მეგულება მე. ნაქურდალ-ნაბაცაცარი და ნაციხარ–ნახიშტარი
კაცია ეგ. გითხრა სიმართლე – წუნკალია, მაგრამ ყველა წუნკალი სხვის სიწუნკლეს ეძებს
და იკვლევს, იმისთვის, რომ გლახად თუ წაუვიდა საქმე, იმ სხვა წუნკლებს
გამოახსნევინოს თავი. აქ არის ის კაცი და აქაურობის ყველაფერი უნდა გაეგებოდეს მას,
თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. დასტურიძეა გვარად, კოსტა ქვია. ველაპარაკოთ და
ვნახოთ მერე.
– მაგ დასტურიძესა ადევს რამე?
– ერთი საქმე ვიცი მისი – კატორღა თუ არა, ათი წელი და ალექსანდრეს ცენტრალი ჯიბეში
ედოს ვითომ, – ისეთი საქმეა ის!
– მაშინ ვეღარსად წაგვივა.
სანამ ხაშურში ჩავედით, გზადაგზა მოვიფიქრეთ, საქმე როგორც დაგვეწყო. იმ
დასტურიძეს რკინიგზის სადგურში რესტორანი სჭეროდა. მე უნდა მივსულიყავ ჯერა.
სადგურის წინ, მოედანზე, ხეებქვეშ სკამები იყო, დათა იქ დარჩა ცელებიანათა. აღმა
შემოვუარე, სამზარეულოს ფანჯარაში გადავიხედე. იქითა კედელთან მზარეული
თვლემდა. ჩემკენ, კედელთან, ერთი შუახნის ქალი გობში ჭურჭელსა რეცხავდა. დიდ
მაგიდაზე ბარე ოცდაათი ჯამი ჩანახი იდგა, შესადგმელად გამზადებული. იმდენი ბუზი
იყო, რომა ხაშურში სხვაგან აღარც სადმე იქნებოდა, სულ აქ იყვნენ. ვიდექ და ვუყურებდი
იქაურობას. ის მთვლემარე მზარეული შეიშმუშნა, პირი დააღო, რაღაც უნდოდა ეთქვა და
იმ თქმაზე ვერა სთქვა. მეორე დაღებაზეღა დაიძახა:
– კოსტა, გამოდი თვარა გეივსო ჯამები ბუზებით!
– მოვედი! – იქიდან მოისმა, მაგრამ ამის მთქმელი კარგა ხნის მერეღა მოვიდა.
დასტურიძე იყო, კოსტა იმას ერქვა, სხვა ვინ იქნებოდა. ეგრე, ორმოცისა ჩანდა და
ბოლოქანქალას ჰგავდა. მივიდა და ჩანახის ჯამებს ჩახედა.
– ეს რა გიქნია! აბა, ამოდენა ხორცის ჩადება გაგიგონია?.. ჯამი მოიტა, კაცო!
ჯამს მოტანა არ უნდოდა, მზარეულს ხელში ეჭირა და გაუწოდა კიდეცა. ჩამოუარა
დასტურიძემ მაგიდას, თითო ნაჭერი ხორცი ამოაკლო თითო ჩანახსა. აკლებდა, ცარიელა
ჯამში ყრიდა და ბუტბუტებდა:
– ეს რამოდენა ხორცი გაგიოხრებიათ! აბა ვინ არის ამოდენა ხორცის შემჭმელი, მღუპავთ,
რაღა გინდათ, გამაკოტროთ და ქვეყანაზე მათხოვრად გამიშვათ... აჰა, აბა, რათ უნდა, კაცო
ესა, ჰა?.. რათ უნდა...
ქალი იმავ საქმეს აკეთებდა. მზარეული იდგა, თითქო არც არა ესმოდა რა და ერთხელ
დაამთქნარა კიდეც. დასტურიძე თავის საქმეს მორჩა, ხორცებიან ჯამს ჩახედა და
კვლავინდებურადვე მოჰყვა:
– აჰა, აბა, რათ უნდოდა ამდენი, კაცოოო! ესა სულ სამწვადეა გამომართვი, ყინულში
ჩადგი. იმაზე გიჭირავთ თვალი, რამე მაზარალოთ. გინდათ, რომ გამაკოტროთ, არა?! – კი
არა ბრაზობდა თავისთვის ბუტბუტებდა და მე ისე ვნახე, ეხალისებოდა კიდეცა ეს
ბუტბუტი.
გაათავა ესა. წასასვლელად გაიწია და მივაძახე:
– კოსტა, ერთი, აქეთ მობრძანდი, საქმე მაქვს!
მოვიდა. ფანჯარას მოადგა. კარში გადმოიხედა, დამათვალიერა. რავი, თვალში არ
მოუველ, თუ როგორ იყო – გასწია და გზადაგზა თავის მზარეულს უთხრა:
– ამას ხაშლამის ნახარში დაუსხი. ბლომად დაუსხი. პური მიეცი!
– საქმე მაქვს! ხაშლამა, რა... – მივაძახე.
მომიბრუნდა. მიყურა, მიყურა, არაფერი მითხრა და წავიდა.
ვიდექ პირში ჩალაგამოვლებული.
მზარეულმა ხაშლამის ნახარშით სავსე ჯამი ფანჯარაზე შემოდგა. წავიდა! ახლა პური და
კოვზი მომიტანა.
– იქეთ ჭამე! ე, იქ ჩამოჯექი და ჭამე! – დათასკენ გაიშვირა ხელი.
კინაღამ მართლა დავავლე ხელი ჯამსა, მაგრამ ქალმა ხმა გაიღო, გულისყური მომტაცა.
– კაცო, ცისმარე დღეს მაგას გვეუბნება, ჩემი გაკოტრება გინდათო. ადექი შენცა და
ერთხელ იმდენი ჩადე ეგ ოხრად დასარჩენი ხორცი, რომა ვეღარ ამოიღოს...
– გაჩერდი! ქალო, მაქ შენ! ვცადე ეგ შარშან. არ იცი შენ. ახალი ხარ.
– მერე?
– მერე, გაჯავრდა ნამეტანი.
– დაუმატე ისევა?
– აბა, რას ვიზამდი, შე ქალო.
– მერე?
– ამეიღო ისევე, ის დამატებული... – მერე მე მითხრა მზარეულმა:
– წაიღე ახლა, ჭამე და ჯამი არ გეიყოლო, იცოდე! – ჯამის წამღებიც გამომიყვანეს.
– დაკლება უყვარს და მიტომ სჩადის ასე, – ახლა ქალს უთხრა მზარეულმა, – რომ არ
დააკლოს, არ შეუძლია ისე.
– ეგ რაღა დაკლებაა...
– გაჩერდი, ქალო, მაქ! არ იცი არაფერი.
მზარეული წავიდა. ვიდექი და ვფიქრობდი, ე რანაირი კაცი ყოფილა, დასტურიძეა თუ
ვიღაც ვერანა, რა ვქნა, როგორ მოვიქცე–მეთქი, და ამ დროს ისევ გამოვიდა,
მამაცხონებული. ისევ ფანჯარასთან მოვიდა. ჯერ ჯამ–კოვზსა და პურს დახედა, მერე
ხელახლა დამათვალიერა...
გადადება აღარ ივარგებდა და ვუთხარი:
– ჟუჩოკამ გამომგზავნა. საქმე მაქვს!
ერთი კი შეერხა წარბი დასტურიძეს და მერე ისე გაიკვირვა ჩემი ნათქვამი, რომ ეჭვი
შემეპარა, იქნებ ეს კაცი დასტურიძე არ არის, ანდა დასტურიძეა და ამ საქმისა მართლაც
არა იცის რა–მეთქი.
– რაო... ვინაო?
– ჟუჩოკამა!
– არ ვიცნობ, არ ვიცი, ვინ არი... არ ვიცნობ.! – ხმადაბლა, სხაპასხუპით და ღვარძლიანად
თქვა.
– არ იცნობ, ხომა?!
– არ ვიცნობ–მეთქი! – უფრო ხმადაბლა და უფრო ბრაზიანად მითხრა კოსტამ და
მზარეულს გასძახა: – კოლა წაიღე ეს ჯამი აქედან!.. ხაშლამა, დედის ამისამ!..
გამეცინა და სიცილში ვთქვი:
– რავი, ის შენ კარგად გიცნობს, ჟუჩოკა, და სურამელმა იაკოფამაც მოკითხვა
შემოგითვალა!
– არ ვიცნობ... არც ერთს არ ვიცნობ! – ეხლა ჩურჩულით დამაყარა დასტურიძემ, უცბად
სიტყვა გაუწყდა, დამაცქერდა, კარგა ხანს მიყურა. მერე კოვზს ხელი სტაცა, ხაშლამის
ნახარშს გემო გაუსინჯა და მზარეულს უსაყვედურა: – კოლა უმარილო მოგიტანია, კაცო?
უმარილო ხაშლამა გაგონილა?! მოართვი მარილი!
– აბა, არილიანი ხაშლამა ვის გაუგონია, შე კაცო.
მარილიო!
– ეხლა, ეს დუბელა წაიღე, მაგ შენმა კოლამ მარილი უქნას და ჯანში გაიკეთოს!.. საქმე
მაქვს–მეთქი, კარში გამო, შე ბოტის კურკლო, შენა!
ძალიან დამაკვირდა, მამაძაღლი, ძალიანა.
– მოვედი, – მოწყვეტილად, უილაჯოდ მითხრა და წამოვიდა.
ხეები და სკამები იქაც ბლომად იდგა. სანამ დასტურიძე კარში გამოფრატუნდა, მე უკვე იქ
ვიჯექი. მოვიდა და გვერდზე მომიჯდა.
ის იყო, მე ჩემი უნდა დამეწყო და უმალ იმან დამაყარა:
– კაცო, რა გინდა!.. რას გადამეკიდე და ვინ ხარ... ვინ ოხერი ხარ და რა ჭირი გინდა?.. შენ
მე ვინ გგონივარ... თვალში ხომ არ გეპატარავები! არა, ვინ ოხერი ხარ და რა გინდა!..
განა გაათავა? მიდი და მიდი – სულ ერთი და იგივე. ჩქარა ამბობდა, გადაბმულად,
სულმოუთქმელად. ლაპარაკობდა და სიტყვები აერია. ძალიან გაჯავრებულ კაცად
მაჩვენებდა თავს, სულ დუჟებსა ჰყრიდა, მაგრამ თვალებში ნამდვილი აღელვებისა არა
ეტყობოდა რა... ვითარების გაგებას ცდილობდა, გამოსავალს ეძებდა. ის ქაქანი სულ
ეშმაკობა იყო: ლაყაფსა და გაჯავრებას ამოაფარა თავი. ბოლოს ისე აურ–დაურია
ყველაფერი, რომ სიტყვები აღარ გამოსდიოდა, რაღაცებს როშავდა. ეს იყო და ამასობაში
მხარზე ცელებგადებული დათაც წამოგვადგა თავსა და იმ აბუყბუყებულ დასტურიძეს
უთხრა:
– კოსტა, გამარჯობა შენი!.. – დასტურიძეს ენა ყანყრატოში გადაუვარდა. – კაი ხანია,
ბიძიკო, არ მინახავხარ. ასე, ოთხი წელიწადი იქნება, ხომ?
დათამ ის შეკეცილ–შეკრული ცელები ძირს დაუშვა, ზედ ხელისგულები
გადააჯვარედინა, ხელებს ნიკაპი დაანდო და დასტურიძეს გაუყარა თვალები.
ისე გაოცებული და გაკვირვებული კაცი მეორე არც იქამდის მენახა და არც მერე მინახაეს
სადმე – ჯვარსა და სახარებაზე დამიფიცია, აჰა!.. უყურა, უყურა დასტურიძემ დათას და
თავისთვის თქვა:
– ესა... ეჰე-ჰეეე, დათაა?
– კი. დათა ვარ.
ერთი ხანი კიდევ უცქირა და ახლა მე შემომხედა. ეგრე შემოგვცქეროდა ხან ერთსა და ხან
მეორეს – ესენი ერთად მოვიდნენ თუ ცალ–ცალკეო, ამის დადგენას ლამობდა. ეგ არის, მე
რომ ჟუჩოკა ვუხსენე და რომელ საქმესაც ვგულისხმობდი, დასტურიძის ვარაუდით,
დათას იმაებისა არაფერი უნდა სცოდნოდა. ახლა, ვერც იმისი გაეგო რამე, თუ მე საიდან,
რა შუაში ვიყავი – არც მიცნობდა და არც სადმე ვენახე. გაინაბა ჩვენი მასპინძელი, რა
ხდება და ამათ ყბაში ის საქმე რანაირად უნდა ჩავარდნილიყოო. დროის მოგება ეწადა თუ
რავი, როგორა, და ახლა ცელებს დაუწყო თვალიერება, ფხაც კი გაუსინჯა ხელითა.
– კაცო, ყურს არ მიგდებს ეს კაცი, – დათას ვუთხარი. – ამას ჰგონია, ჩემთვის რამე მინდა.
სულაც არა მინდა რა. აგერა, ნახე, ხაშლამის ნახარშზეც უარი ვთქვი, ერთ რამედ ღირდა, მე
და ჩემმა ღმერთმა. სიტყვა მაქვს დაბარებული და სათქმელი. თუ მათქმევინებს – კარგი,
თუ არადა, ესეც კარგად იყოს და შენც კაი სათიბი მოგცეს ღმერთმა. მათქმევინოს, თორემ
გავჯავრდები და წავალ!
– რა ქნას, ახლა, ამ კაცმა, კოსტა, თქვას თუ გაჯავრდეს და წავიდეს? – დათამ ჰკითხა.
დასტურიძე კვლავინდებურად განაბულიყო, მაგრამ აღარ გვათვალიერებდა, თვალები
მიწაში ჩაემხო, ფიქრობდა.
– აბა, თქვი, მაშინ! – მითხრა დათამ.
– ამანა და ჟუჩოკამ – როსტოველი ქურდია, ერთი, – რუსეთში მდიდარი მონასტერი
დასძრეს. შენი თქმისა არ იყოს და, ამ ოთხი წლის წინათ იყო ესა. მდევარმა კვალი აუღო,
გარეგნობა იცოდნენ ამათი. იარეს, ირბინეს და საქართველოში ჩამოიტანეს ნაქურდალი.
თერთმეტი გირვანქა მარტო ოქრო იყო: ზოგი – ხატის ვარაყი, ზოგიც – სამკაული და
ძეწკვები. თექვსმეტი კენჭი ბრილიანტი – ცალკე. ამათში ერთი გარგლის კურკისტოლა,
ორი – ჭერმის კურკისტოლა, ცამეტი – ალუბლის კურკისტოლა. ნაკლები არ ერია და სხვაც
კიდევ გევრი რამ იყო – ვერცხლეულიო და რა ვიცი... ნაქურდალი შუაზე გაიყვეს, დაჰკრეს
ფეხი, ხაშურში ამოვიდნენ. ჟუჩოკა აქ დასტოეა ამ კოსტამ, თავად სურამში წავიდა,
მყიდველი მყავსო. დაბრუნდა, – ვაჩვენე, რაცა გვაქვს, რვაას–რვაას თუმანს გვაძლევს
თითოსაო. ჟუჩოკამ იფიქრა, ამ გაქცევ–გამოქცევაში მდევარი წამომეწევა, რვაასი თუმანიც
დამეკარგება, ციხეშიც ამოვყოფ თავსაო, და ყაბული თქვა. ახლა, კოსტას რა უქნია, ამ
ტურას, ამასა: სურამელ იაკოფასთან ორივე წილში სამი ათას თუმნად მორიგებულიყო და
ამხანაგს კი რვაასი თუმანი უთხრა. ისე რომ, ჟუჩოკას წილიდან შვიდასი თუმანი
გადაღუნა. არც ეს აკმარა. როგორღაც მოახერხა, სანამ სურამში ავიდნენ, ის გარგლის
კურკისტოლა ბრილიანტი და ერთიც ჭერმის კურკისტოლა მოჰპარა და ჩუმად გადაყლაპა.
მივიდნენ, სადღაა ჟუჩოკას ბრილიანტები! გაჩხრიკა ჟუჩოკამ თავისი ამხანაგი. რას
იპოვნიდა, როცა გადაყლაპული ჰქონდა ამასა. ატყდა ქიშპი და გაწევ–გამოწევა. ბოლოს, ამ
კოსტამ, – შენი ბრილიანტებისა არაფერი გამეგება, აჰა, ჩემი წილიდან ორასი თუმანი წაიღე
და თავი დამანებეო! მოკლედ მოვჭრათ, ის ჟუჩოკა კოსტამა და სურამელმა იაკოფამ ათას
თუმანზე გადაატარეს. ამას ორი ათასი თუმანი და ორი დიდი ბრილიანტი დარჩა.
იაკოფაზე ნუღარას ვიტყვით – ის საქონელი ათი ათასი თუმნისა იყო!
– ვერ ყოფილა მაგარი კაცი, – თქვა დათა.
– ვინა?
– ჟუჩოკა, თუ ვიღაცას რომ ამბობ შენ.
– ჟუჩოკამა, – იაფად იმიტომ მივეცი, რომ მომდევდნენ, მეჩქარებოდა და სხვა გამოსავალი
არაფერი მქონდაო.
– მაგას არ ვამბობ მე. ბრილიანტები რომ ვერ წაართვა თავისი ამას იქ, ამაზე ვლაპარაკობ
მე.
– აგაშენა ღმერთმა, – ვეუბნებოდი ჟუჩოკას, – დაგეკლა ის შენი ამხანაგი, გამოგეშიგნა და
ან კუჭში იპოვნდი და ან ნაწლავებში–მეთქი.
– რა თქვა მან.
– რა თქვა და, მაშინ ქურდად დავდიოდიო! ქურდის სისხლის კაცს ღორის ჩხრინკელში
ქექვა არ მეკადრებოდაო. მაშა!
– სხვა გზა უნდა მოენახა, მაინც.
– ეგეცა ვთქვით, განა არა? უნდა დაგეცადა–მეთქი, სანამ მოინელებდა, თავისი ხელით
გაექექა, ეპოვნა, გაერეცხა და მერეღა გამოგერთვა–მეთქი.
– რა თქვა მან.
– რა თქვა და, ამას უთქვამს – დასტურიძეს, კუჭი შეკრული მაქვს, სანამ რამე იქნება,
მდევარიც დაგვეწევა, თორემ მოცდა აჯობებდა, დარწმუნდებოდი, რომ არც არა მომიპარია
და არც არა გადამიყლაპიაო.
– მართალი უთქვამს ამ კაცს, რას ერჩი?.. ქონდა გადაყლაპული თუ არ ქონდა – მდევარი არ
დაუდევდა ამას.
– ჰოოდე და, რაღა ექნა ჟუჩოკას? დააწვინა, უბაგუნა დასტურიძეს, რომა რუსის ბარაბანს
არ მოხვედრია იმდენი. მერე გატრიალებულა და წასულა.
– კაი, მაგრამ საიდან იცი ეგენი შენ, ნეტავი.
– ცარიცინის ციხიდან. იქ ვიჯექი, ერთი კვირის წამოსული ვარ, ჟუჩოკა ჩემთან ერთად
იყო. სხვა საქმეზეა იქა. არ იციან, თუ მონასტრის დაძვრაში იმასაც ხელი ურევია.
გამომსვლელი ვიყავი, აქეთ მოვდიოდი, მენდო და დამაბარა.
– რა დაგაბარა, კაცო, რა უნდა... არა, ვინ ჟუჩოკაო, რა ჟუჩოკაო, რა ბრილიანტებიო, კაცო,
რა გინდა შენ, ჰა? – ბოქლომი მოხსნა დასტურიძემ.
– რა დამაბარაო?.. კოსტა აქა და აქ არის, მიდი და უთხარიო... ერთი სიტყვით ესე უნდა
მოიქცე შენა: ჟუჩოკამ მისამართი გამომატანა. ას ორმოცდაათი თუმანი იმ მისამართზე
უნდა გადაუგზავნო. ეს იმის დასტური იქნება, რომ რასაც ახლა გეტყვი, იმაზეც ყაბული
ხარ... კარგა გამოვა, დასტურიძე ხარ და დაუდასტურებ კიდეცა. ფულს გაუგზავნი და მერე
ცარიცინში ჩახვალ, გამომძიებელი უნდა მოქრთამო, რომ ჟუჩოკა ციხიდან
გაათავისუფლებინო და გამოვა თუ არა, ხელში ის გარგლის კურკისტოლა ბრილიანტი
უნდა ჩაუდო. ჭერმის კურკისტოლა კოსტასი იყოსო.
– კაი ძალი საქმეები დაუვალებია, ღმერთმანი. რომ არ ქნას კოსტამ მასე, რას იზამს ჟუჩოკა,
ნეტავი?
– ეგრე მოიქეცი, როგორც შემოგითვალე, თორემაო, ცულს მოვიტან ცუნცულასა,
ხელეჩოსა, წალდუნასა, ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა, შენც შეგჭამ და შენ შვილსაცაო! – გყავს
რო შვილები?..
– დახურდავება უნდა მაგას, ვერ მივხვდი მე, – დათამა თქვა.
– კაცო, ისეთ საქმეზე ზის ჟუჩოკა, რომ ოცი წლის კატორღა არა ამინდში არ ასცდება. ეს
თუ ისე არ მოიქცა, როგორც იმან შემოუთვალა, გახსნის მონასტრის საქმესა, თავად არც
რამე მოემატება ამით, მაგრამ დასტურიძეს გვერდზე მოისვამს და ორთავენი მხიარულად
იქნებიან. ჟუჩოკა ქურდად აღარა ზის, გაფუჭებულია, ამისთანაების ჩადენას ვეღარავინ
დაუშლის და დაუწუნებს. თავისუფლად იზამს. ვერც ეხლა მიხვდი, კაცო?!
ხაფანგში გაბმული ტურისთეის მიცქერია, სწორედ იმასა ჰგავდა დასტურიძე. ეხლა, რა
ქნა? ჯერ ჩურჩულით დაიწყო და მერე ხმაზე გადავიდა:
– გარგლის კურკისტოლა ბრილიანტი... ჭერმის კურკისტოლა ბრილიანტი... კურკის
გარგლისტოლა ბრილიანტი... კურკის ჭერმისტოლა ბრილიანტი... ბრილიანტის
კურკისტოლა გარგალი... ბრილიანტის კურკისტოლა ჭერამი... კურკის ბრილიანტისტოლა
გარგალი... კურკის ბრილიანტისტოლა ჭერამი... – იჯდა! ამას ამბობდა, იქნებ, გიჟი
ვეგონო, თავი დამანებონო, თუ რავი, რისთვისა.
შეიძლება, მართლა გაგიჟებულიყო. ვინც გინდა, დაჯდეს, იფიქროს, რამდენიც
მოეხასიათება და, აბა, გაუგოს თავი და ბოლო ამ საქმესა – ვერაფერს გახდება! თითქოს
ყველაფერი ცხადი იყო, მაგრამ მტკიცედ და ნამდვილად დასტურიძემ მაინც არა იცოდა
რა.
– რომ შეუთვალო იმ კაცს, აღარ არის დასტურიძე ამქვეყნად, გარდაიცეალა და
განისვენაო? – მითხრა დათამ და დასტურიძემ ყურები სცქეიტა.
ჭკუაზე იყო!
– სურამელ იაკოფასთან მიმგზავნის; იმას გინდ სახრჩობელაზე გაიყვანე, მაინც ვერაფერს
დააგდებინებ და გაიხსნება საქმე, ნამდვილია ესა!
– ისიც მომკედარა–თქო, კაცო, ისიც მომკვდარა–თქო! – წამოიძახა დასტურიძემ.
– ჰო, მაშა! შენი გულისთვის ნახევარი საქართველო ამომიწყვეტია და ეგ არი. აჰა, და
კიდევაცა – რას დაიჯერებს ჟუჩოკაი!
– გარგლის კურკისტოლა ბრილიანტი... ჭერმის კურკისტოლა ბრილიანტი... – მიჰყვა
თავისას დასტურიძე.
ეხლა უკვე ზოგი რამ ნამდვილად იცოდა. პირეელი ისა, რომ მე და დათა ერთად ეიყავით;
მეორე – აბლაბუდაში გვყავდა და მართლა ჟუჩოკამ მიმგზავნა თუ არა, ვეღარსაით
წაგვივიდოდა. ერთი რამ არ იცოდა: ბრილიანტებისთვის მოვედით, ფულს
დავჯერდებოდით თუ იქნებ, სულაც სხვა საქმე გვქონდა. ხელმეორედ იმიტომ
დაუგარგლისკურკისტოლავა, რომ თან ამაზე ფიქრი მოეხერხებინა.
– აბა, მაიკოპში ბჟალავამ მშიერ–მწყურვალი რომ შეგიკედლა და ორი საბანი რომ მოპარე
და მიიმალე, იმ წელს გაგიძარცვავთ მონასტერი თქვენ, – უთხრა დათამა.
– არა, დათა... არა, კაცო!..
– ოთხი წლის წინათ ყოფილა და ემთხვევა საბნების მოპარვას... მე არ მომიპარავსო, ნუ
დაიჩემებ, თვარა, მომივა გული და, სულ რომ არ ვარ მაგისთვის მოსული, ორასი საბნის
ფასი გადაგახდევინო, იქნება, დამიჯერე შენ!
დასტურიძემ კიდევ დაგვათვალიერა, წარბი შეჰკრა და მართალი კაცივითა თქვა:
– მე არც ჟუჩოკა ვიცი, არც სურამელი იაკოფა, არც მაგ საქმის მონაწილე ვყოფილვარ და
არც ბჟალავას საბნები მომიპარია. მოსულხართ და მოსაცემად ხომ არა, წასაღებად
მოხვედით. პირდაპირ ვამბობ, ქვაზე მაგარი ვარ, არ მეშინია თქვენი, მაგრამ საქმეზე
ლაპარაკისთვის ეს ადგილი არ ვარგა. შიგ შევიდეთ.
– გიმნაზიაში ნასწავლი კაცი ხარ, მე და ჩემმა ღმერთმა!
– მართლაა გიმნაზიაში ნასწავლი, – დამიდასტურა დათამ.
მასპინძელი წინ გაგვიძღვა და სამთავენი რესტორნისკენ დავიძარით. ბრტყელ–
ბრტყელებიც გვითხრა, გაგვეჭიმ–გამოგვეჭიმა კიდეც, მაგრამ გატეხილი იყო და თითონაც
იცოდა ესა. პატარა ოთახი ჰქონდა, დავსხედით, სუფრა გააშლევინა. ტოლუმბაშივით
თავში დაჯდა, პური გაგვატეხინა და უკმეხად გვითხრა:
– აბა, ჭამეთ დროზე, თქვით, რისთვის მობრძანებულხართ და თქვენი გზა ნახეთ!..
ფონს გასვლა თავხედობით დააპირა! მე და დათამ ერთმანეთს გადავხედეთ, გაგვეცინა...
ზეზე წამოვიჭერი, ყბაში მუშტი ვთხლიშე, სკამიანად წავაქციე, მამაძაღლი...
– ადე, დაჯე!
ადგა, სკამი მოიდგა, დაჯდა და ახლა კიდევა ვთხლიშე.
– კაცო, რისთვის მობრძანდით–მეთქი, სხვა ხომ არაფერი მითქვამს!.. – დაიწუწუნა
დასტურიძემ და მკლავი აიფარა, კიდევ გამომიქანებსო.
მესამეც მივართვი და დავაყოლე:
– აი, ამისთვის მოვბრძანდით, სხვა რა უნდა გვინდოდეს.
– ვიყვირებ...
– ვერ იყვირებ ბევრს, – მიუგო დათამ, უბიდან იარაღი გამოაცურა, მასპინძელს ტარი
უჩვენა და ისევ შეინახა.
– კაცო, როდემდის უნდა მცემოთ...
– სანამ ზრდილობას ისწავლი. ამას ყური დაუგდე, სათქმელი რამ აქვს! – დათა ვაჩვენე
– ამდენი ამბავი რა საჭირო იყო, პირდაპირ გეთქვათ... – ჩაილაპარაკა დასტურიძემ და
დათას მიაყურა.
– საჭირო იყო, ბიძიკო, საჭირო, სიმართლე გვინდა ვიცოდეთ ჩვენ. შენისთანა კაცი
სიმართლეს არ იტყვის, სანამ არ მოიღუნება და მიწას არ დაედება შუბლით. გაფრთხილებ,
კოსტა საბნის ქურდო, სიცრუე და ორჭოფობა არ დავინახო და არ გავიგონო აქ! ასე. ახლა,
შალიბაშვილს რომ შეუვარდნენ, ის ამბავი გეცოდინება შენ.
– ვიცი.
– ვისი ჩადენილია მაგ საქმე.
აიწურა დასტურიძე. არ ვიციო, ამის თქმა უნდოდა, მაგრამ ენა დაება. დაებმებოდა, მაშ,
როგორ – ტყუილს ვინ შეარჩენდა!
– ჰააა!.. ხალისით, გაბედულად, მარდად! – სიმხნევე მივეცი.
– ტაბისონაშვილი და ორნიც სხვები იყვნენ.
– რატომ ქნეს ის?
– ყანდურის კაცები არიან, იმის ნებით გაკეთდა.
– ვინ არის ყანდური?
– ყანდური არ იცით?
– არ ვიცით.
დასტურიძემ იყუჩა, იფიქრა, ქეჩო მოიქექა.
– გეტყვით, მაგრამ პირობა დამიდეთ, რომ ჩემი სახელის ხსენება არსად იქნება. რა ვიცი,
რას აპირებთ... ოჯახის პატრონი ვარ, წვრილშვილი მყავს.
– გაუთქმელობის ხელწერილი ხომ არ დავუწეროთ, ბექარ–ბატონო!
– ილაპარაკე, შე ტუტუცო, შენა!
– ყანდური ურბნელი ეპისკოპოსის კარის მოძღვარია. ყანდური უწინ ერქვა, ეხლა მამა
ალექსის ეძახიან, ეგზარქოსის სახელი შეირქვა – ალექსი. მაგის ხელშია მაზრა.
– მაზრის უფროსია?
– მაზრის უფროსი! – დასტურიძემ ჩაიცინა. – მამა ალექსი ეგზარქოსის კაცია, პირდაპირ
იმასთან აქვს საქმე. ეგზარქოსს – მეფისნაცვალთან... ყანდურს აქაურები ყველა
გამოჭერილი ჰყავს: მოსამართლეები, პოლიცია, საბაჟო, საგადასახადო უწყება... გაიგეთ?
– მერე?
– მერე და მერე. რაც მაზრაში ხდება, სულ ყანდურის ხელიდან გამოდის. შალიბაშვილსაც
ყანდურმა მიუგზავნა ის კაცები.
– რას ერჩოდა.
– ფულს არ აძლევს შალიბაშვილი.
– რა ფული უნდა მიცეს და რატომ უნდა მიცეს?
– ყანდურს უჭირავს აქაურობა და უნდა აძლიოს შალიბაშვილმა! ყველანი ეაძლევთ.
– ვინ ყველანი?
– ვინც რამე საქმეზე და საშოვარზე ვდგეეართ , ყველა.
– რამდენს აძლეეთ?
– ვინ როგორ საქმეზე და საშოვარზე ვდგევართ – იმის მიხედვით. შემოგვაწერა და
ვაძლევთ. კაცი ჰყავს, ჩამოივლის ის კაცი თვეში ერთხელ და მიაქვს.
– შენგან რამდენი მიაქვს?
– ათი თუმანი. ცოტას მართმევს, ძველი ნაცნობები ვართ, ციხეში ერთად ვისხედით...
– ეინა და ვინ, კაცო?!
– ყანდური და მე.
– აბა, მაგ ყანდურს უჭირსვს მაზრა, ხომ?..
დასტურიძემ თავი დაიქნია.
– კაცო, თქვენც ადექით და ნურაფერს მისცემთ, რა.
– საშოვარზე ვდგევართ–მეთქი! სადაც საშოვარია, იქ კანონიც ირღვევა. გამომიგზავნის
მთავრობის კაცებს – მეტს დამისვამს. თვეში სამჯერ გამომიგზავნის! ან უნდა გავკოტრდე,
ან უნდა ვაძლიო. მიცემა სჯობს. ვაძლევ, სხვებმა იციან, რომ ვაძლევ და მერიდებიან.
– კარგადა ჰქონია აწყობილი!
– ერთად ვისხედითო, რომ თქვი, შენ რისთვის იჯდებოდი, გასაგებია. ყანდური რისთვის
იჯდა, მაინც?
– ქურდობაზე, წვრიმალ ქურდობაზე.
– რა მოიპარა?
– ადრე ბაზრის ქურდი იყო, ერთთავად მშიერი და ტილიანი დადიოდა, ზოგი ფანდურას
ეძახდა, ზოგი – ჩონგურას. როცა მე და ეგ ერთად ვისხედით, მაშინ სამწლიან ვადას იმაზე
იხდიდა, რომ საკაბე მოჰპარა თავის საცოლეს.
– თავის საცოლესა კაცო?!
– საცოლეს. ის ვადა მოიხადა, ყინწვისის მონასტერში ბერად აღიკვეცა. რამდენიმე
წელიწადი იქ იყო. მერე რაღაცნაირად მოახერხა, შავი მანტია გაიხადა, მღვდლად ეკურთხა
და იქ სწირავდა, სანამ ეგზარქოსად მთავარეპისკოპოს ალექსი ოპოცკის დანიშნავდნენ...
დანარჩენი, როგორც გითხარით! ისეა.
– სად ცხოვრობს, იცი, ალბათ.
დასტურიძემ ხელი ჩაიქნია და სიცილით თქვა:
– სად არ ცხოვრობს, სახლ–კარი ბევრ ადგილას აიშენა. ისე, აქ არის, ხაშურში. დღეს წირვაა
და სამღვდელოების რაღაც თავყრილობა. უყანდუროდ არც ერთი იქნება და არც მეორე. აქ
არის.
– ეხლა ეს მითხარი შენ: რას შვრება! როგორ ცხოვრებას ეწევა ეგ ყანდური, ფანდური,
ჩონგური თუ მამა ალექსია, აქ.
– როგორს გასწევს?! ქალები, ქეიფები, ყომარბაზობა, – რა თქმა უნდა, მალულად. მაგათ
თავისი წრე აქვთ, უცხოებს და პატარა თანამდებობის კაცებს სათოფეზე არ იკარებენ.
– ციხეში ვინ პატრონობდა, როგორ ცხოვრობდა, რას ჭამდა?
– ფაფას! ფაფა უყვარდა. ჩამოუვლიდა ნაჭამ ჯამებს თუ რამე იყო შიგ ჩარჩენილი ან
ჩატოვებული – ერთ ჯამში მოუყრიდა თავს და დაცარიელებულ ჯამებს თითით
ა8ოლოკავდა. მერე მოგროვებულ ფაფას ფსკერამდე დაიყვანდა და იმ ჯამსაც
ამოტლიკავდა. ფაფა ძალიან უყვარდა, მუცელი მუდამ ტიკივით ჰქონდა გაბერილი...
მაინც სულ მშიერი იყო. ციხეში – “კაშკას” ეძახდნენ.
– გასაგებია ეგ. შალიბაშვილის ნახვას სად და როგორ შეძლებს კაცი?
– შალიბაშვილი ცხრამუხელია.
– სად არის ეგ.
– აქვეა, ნახევარი საათის სავალზეა.
– რა ვქნათ ახლა, თუ იცი: წავიდეთ და ვნახოთ ის შალიბაშვილი სამივემ.
– მეც უნდა წამოვიდე? – დასტურიძეს ფერი წაუვიდა.
– კი, კოსტა, შენც. სამივე წავალთ ერთად.
– მე... მე არ ვიცი, სად ცხოვრობს. არა, ცხრამუხაშია, მაგრამ სახლი სად უდგას, არ ვიცი.
– აბა, შენ არც ის გეცოდინება, ყანდურს სად უდგას სახლი!
– არც ყანდურის სახლი ვიცი... კაცს მოგცემთ, ყველაფერი იცის...
მხარზე ხელი დავადე, ხმა გაწყვიტა.
– ჰააა. დაუარე ჩანახის ჯამებსა, ამოაკელი თითო ხორცი?! ამოდენა სახედარი როგორა ხარ,
რომ უბრალო რამეები არ გესმის: შენი სული ჩვენ ხელშია, მაგრამ სანამ ამ ადგილებში
ვართ, უჩვენოდ შენი დარჩენა არ იქნება. საცა წავალთ – იქ უნდა იყო!.. დარჩენა თუ
აიხირე, მძორიღა დარჩები და...
– რა არის ეს, ბექარ–ბატონო, ასე უხიაგი ლაპარაკი რატომ იცი, შე კაცო! მძორი რა
სათქმელია, რა სიტყვაა ეგ? ცხედარი უნდა თქვა, განსვენებული, მიცვალებული და
რამდენი თქმაა მშვენიერი, კიდევ, დალოცვილ ქართულში, რა ვიცი მე...
– ჰოოდე! აი, მიცვალებულად ცხედრად დაგტოვებთ! ცოცხლად – ვერა, თავს გაიფუჭებ.
ეხლა, ჩვენ – რა? არაფერი. ეგ არი, – თავიდან მოვიშორო ესენიო, – და გვიმუხთლებ რასმე.
იზამ მაგასა და გარგლის კურკისტოლა ბრილიანტი აქ დაგრჩება და შენ სახალინის
კატორღაში წახვალ. გვეცოდები, ვერ დაგტოვებთ ცოცხალსა; თავს გაიფუჭებ, თორემ, ჩეენ
– რა? არაფერი.
მიხვდა დასტურიძე, არა გამოვა რაო, დაგვყვა, მაგრამ ერთიცა სინჯა:
– რა გინდათ შალიბაშვილთან? იქნებ მე ვიცი...
– ნამდვილად დათა თუთაშხიას თუ გადააბრალა თავისი ნამოქმედარი იმ მოძალადემ, ის
გვინდა გავიგოთ. არაფერი სხვა.
– ნამდვილად გადააბრალა, ნამდვილად გადააბრალა...
– გაჩერდი, კოსტა, თუ ღმერთი გწამს. მასე სხვისი ნათქვამი ჩვენც ვიცით, შე კაცო...
გაჩუმდა დასტურიძე, ჩამოჰყარა ყურები დაღლილი ვირივითა...
გრაფი სეგედი
კავკასიაში ერთი მუდმივმოქმედი პრობლემა და, მაშასადამე, საიდუმლო პოლიციის
ყოველდღიური სამუშაო არსებობდა; მაჰმადიანთა შორის, განსაკუთრებით, დაღესტნის
ტომებში, თურქეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა. ხსენებულმა
საქმიანობამ მეოცე საუკუნის დასაწყისში თეორიულად დამუშავებული მოძღვრების სახე
მიიღო, პანისლამიზმის სახელწოდებით გახდა ცნობილი. სულთნის რეზიდენტები და
ჯაშუშები აქეზებდნენ, ხელს უმართავდნენ ყველაფერს, რაც კავკასიაში სიმშვიდისა და
რუსეთის იმპერიის სხვა ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამას საგრძნობი
თანხები სჭირდებოდა, – კავკასიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადად, ოქროთი, –
და თურქები იძულებულნი იყვნენ, ამ ოქროს გადმოტანა–გადმოგზავნის ახალი და ახალი
გზები ეძებნათ. აქ მცირე განმარტებაა საჭირო. თურქებისა და ირანელების მხრივ
ქრისტიანული საქართველოს წინააღმდეგ დაღესტნის ტომების გამოყენებას ჯერ კიდევ
იმპერატორ ალექსანდრე პირველის რესკრიპტამდე ჰქონდა რამდენიმე საუკუნის
ისტორია. ამიტომ ქართველები სულთნის ჯაშუშებთან ბრძოლასა და თურქული ოქროთი
სავსე ზანდუკების ხელში ჩაგდებაში კარგად დახელოვნებულები იყვნენ. რა თქმა უნდა,
მეცხრამეტე საუკუნესაც არ ჩაუვლია უქმად – ქართველების გამოცდილებას ჩვენიც
დაემატა და მეოცე საუკუნის მიჯნაზე თურქეთიდან ოქროს შემოტანა–შემოგზავნის
არხები საკმაოდ შესწავლილი და დაკონტროლებული გვქონდა. აქედან, დაბრკოლებებიც,
რომელთა გადალახვა თურქებისთვის ძნელი იყო, მაგრამ საკითხი არც ჩვენთვის
გახლდათ ბოლომდე დაძლეული და გადაწყვეტილი. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით
მიმდინარეობდა. სახელდობრ მაშინ, როცა სახნოვმა “კილიკიის” ავტორობა იკისრა, უკვე
ხუთი, ექვსი წელიწადი სრულდებოდა, რაც თურქებმა იმძლავრეს: აგენტურული
ცნობების მიხედვით, თურქეთის ოქრო მისამართებამდე დაუბრკოლებლად აღწევდა და
ჩვენ კი ვერა და ვერ დაგვედგინა, თუ რა გზებითა და ხერხებით ხორციელდებოდა ეს.
თათბირებზე ზარანდიამ არაერთხელ გამოთქვა აზრი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე
არსებობდა დამკრედიტებელი, რომელიც პანისლამისტთა საიდუმლო ქსელს ოქროთი
ამარაგებდა. მისი აზრით, თურქებს დამკრედიტებლის პირად ანგარიშზე რომელიმე
უცხოურ ბანკში შეჰქონდათ გასაცემი თანხა და ამის შემდეგ რაიმე საშუალებით
აცნობებდნენ ხოლმე: ფული შეტანილია გაეცი ამა და ამ კაცზე ამდენი და ამდენიო.
დამკრედიტებელი მითითებას ასრულებდა. კვლევა და მუშაობა ამ ჰიპოთეზის
შესამოწმებლად განუწყვეტლივ წარმოებდა, მაგრამ
დადებითი შედეგი არ ჩანდა. საქმეს ის გარემოება ართულებდა, რომ ნავთობის ამოღებამ
და მრეწველობის ზრდამ კავკასიაში ერთობ მოამრავლა მდიდარი კაპიტალისტები.
რომელი ერთი უნდა შეგვესწავლა? ესოდენ ფართო თვალყურის განხორციელება,
ყველაფერს თავი დავანებოთ, ფიზიკურად შეუძლებელი იყო. პრობლემის გადაჭრას
ახალი მეთოდიკა სჭირდებოდა, ძველმა ვერ გაამართლა.
ცნობილია, დანაშაულისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა
ცივილიზებულ საზოგადოებათა სამართალს ერთი ძირითადი დეტალი ახლდა და
ახლავს: კანონის მოქმედება იწყება დანაშაულში მხილების შემდეგ. სხვანაირად: სამძებრო
უწყება იქნებ ღრმად დარწმუნებულიც იყოს, რომ ესა და ეს დანაშაული სახელდობრ
მავანი კაცის ჩადენილია, მაგრამ ის კაცი შეუვალობით სარგებლობს იქამდე, სანამ მას
სამძებრო უწყება უკვე ჩადენილის გამო უტყუარ მტკიცებას წარუდგენდეს ან სხვა, ახალ
დანაშაულზე წაასწრებდეს. ასე იყო თურქების პანისლამისტური და სხვა
ძირგამომთხრელი მოქმედების მიმართაც. მაჰმადიანური სარწმუნოება და, მაშასადამე,
ყურანიც, რუსეთის იმპერიაში თავისუფლებით სარგებლობდა. პანისლამიზმის იდეა
თვით ყურანში დევს. მის ქადაგებას სასულიერო პირები და ფანატიკოსები ეწეოდნენ და
ეს პროპაგანდა კანონიერების ფარგლებს არ სცილდებოდა. აქ დანაშაულში მხილება და
კანონის მიყენება საკმაოდ ძნელი იყო. აი, ერთადერთი კითხვა, რომელზეც
პანისლამისტებს უნდა გაეცათ პასუხი: ვისი და როგორი ეგიდით წარმოგიდგენიათ
ისლამური სამყაროს გაერთიანება. ამაზე მქადაგებლები ამბობდნენ: განა რუსეთის
იმპერიის ფარგლებიდან გასვლის მოწოდება ჩვენგან ვისმე და როდისმე გაუგონია?.. ამის
შემდეგ, როგორც იტყვიან, საქმე აღარაფერი იყო, გარდა სეპარატიზმის ცალკეული
გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლისა და ამას მეტ–ნაკლები წარმატებით
ვახორციელებდით კიდეც. მსჯავრის უფლების გამოყენების მხრივ გაცილებით მარტივი
ვითარება იყო ყაჩაღებთან, ბანდებთან, თუ სხვა სახის წინააღმდეგობასთან ან ასეთ
ქმედებათა წამქეზებლებთან ბრძოლაში. აქ დანაშაული ყველა შემთხვევაში სახეზე იყო და
მხოლოდ მისი ჩამდენის გამოაშკარავება და დასჯაღა რჩებოდა. ვებრძოდით, საბოლოო
ჯამში, ვიმარჯვებდით, მაგრამ ამით მხოლოდ ტოტ-ყლორტსა ვსხეპავდით და ჩვენი
ამოცანა კი ხის წაქცევა, მისი ფესვების ამოძირკვა იყო. ეს იქამდე ვერ მოხერხდებოდა,
სანამ პანისლამიზმის ორგანიზმს საკვები არხები არ გადაეჭრებოდა, სულიერ საკვებს, ანუ
თვით იდეას, ქრისტიანული სარწმუნოება უპირისპირდებოდა და ებრძოდა; მატერიალურ
საკვებს, ანუ ფულს, – საიდუმლო პოლიცია და ჟანდარმერიის სამმართველო. ჩვენ
რამდენჯერმე ჩავიგდეთ ხელში შიკრიკები, რომლებსაც რეზიდენტებთან საკმაოდ
მსხვილი თანხები მიჰქო6დათ. ისიც ნამდვილად ვიცოდით, თუ რა დანიშნულება ჰქონდა
იმ ფულს, მაგრამ ყურებზე ხახვიც ვერავის დავაჭერით! მათი პასუხი ერთი იყო – ფული
ჩემია! როცა ვამხილეთ, რომ მავან კაცს მისცა, – მემართა, მივცემდი, მაშ! რას ვიზამდიო,
და ამას ფულის მიმღებიც ადასტურებდა ხოლმე. აი, ასეთი სულელური მდგომარეობის
მონები გახლდით ბოლო ხუთი, ექვსი წელიწადი და თურქების თავმომწონეობასაც ხომ
საზღვარი არ ჰქონდა.
ზემოთქმულის მოყვანა იმისთვის დამჭირდა, რომ მეჩვენებინა, როგორი სიძნელეების
წინაშე იდგა მუშნი ზარანდია სულთნის ოქროს საქმეში და – უნდა საგანგებოდ აღვნიშნო,
ეს აუცილებელია, – ამ პრობლემის გადასაჭრელად მას ხელთ სრულიად არაფერი ჰქონდა.
ჩემი უწყების მუშაკთაგან ამ საქმეს ზარანდიაზე უკეთ რომელი მოუვლიდა და, მართლაც!
მან ახალი განყოფილების მიღებისთანავე სულთნის ოქროს პრობლემას უპირველესი
მნიშვნელობა მიანიჭა. ეგ არის, დრო გადიოდა და მე კი ვერ ვხედავდი, რომ ზარანდიას ამ
მხრივ მოქმედების რაიმე კონკრეტული გზისთვის მიეგნო. ბოლოს ვკითხე, თურქების
მიმართ ზომები ხომ არაფერი მიგიღია–მეთქი.
– მოგეხსენებათ! თქვენო ბრწყინვალებავ, არის ამავე ხასიათის სხვა არანაკლებ
მნიშვნელოვანი საკითხებიც და მათ შორის ურთიერთკავშირი იგრძნობა. ისეთი ხერხის
გამონახვაზე ვფიქრობ, რომ ყველამ თუ არა, რამდენიმე პრობლემამ მაინც მიიღოს
ერთდროული გადაწყვეტა. კიდევ ცოტა უნდა დამაცადოთ, სულ ცოტა, გრაფ, ასე, ერთი
თვე, თვე–ნახევარი.
მონათესავე საკითხები კი მართლაც იყო. აი, ერთი მათგანი.
საგანგებო ან სრულიად მნიშვნელოვანი საქმეების გამო გაცემულ ბრძანებებს ნოლიანი
რიცხვებით ვნომრავდი – ვთქვათ, სამოცდაათი, ას ოცი, ოთხას ათი და ასე შემდეგ. ასეთი
ნომრის მქონე დოკუმენტი სასწრაფო მსვლელობასა და პასუხს მოითხოვდა, მაგრამ ერთია
– ბრძანება გასცე, ხოლო მისი შესრულების საშუალება გამოინახება თუ ვერა – სხვა საქმეა.
თავის ახალ თანამდებობაზე ზარანდიასაც დაუხვდა რამდენიმე შეუსრულებელი
ნოლიანი ბრძანებაერთი მათგანი იმის გამო მქონდა გაცემული, რომ ჩვენი დაზვერვის
ცნობით, ავსტრო–უნგრეთის გენერალური შტაბი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის
ტერიტორიიდან საიდუმლო ინფორმაციას იღებდა. ავსტრიელებისთვის ცნობილი იყო
ამიერკავკასიაში დისლოცირებული საარტილერიო ნაწილების უფროსთა შემადგენლობის
საანკეტო მონაცემები და საბრძოლო ქვემეხთა საერთო რაოდენობა. ამას გარდა, მათ ხელთ
ჰქონდათ ვრცელი ნერილობითი ანგარიში ამიერკავკასიაში განლაგებულ სამხედრო
კონტინგენტებსა და სამოქალაქო მოსახლეობაში პოლიტიკური განწყობილებების
თაობაზე. ეს სამხედრო და სამოქალაქო ხასიათის მასალა არაერთი მაღალი თანამდებობის
ოფიცრისთვის და მოხელისთვის იყო ცნობილი და ხელმისაწვდომი ჩვენს
დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიაზეც, სხვაგანაც და რებუსის ამოხსნას სწორედ ეს
გარემოება აძნელებდა. აქ მარტო კვალზე დადგომისთვის რამდენიმე მონათესავე
დაწესებულების თანამოქმედება, ღონისძიებათა მთელი სისტემის განხორციელება იყო
საჭირო. ზარანდიამ სიძნელეები დაინახა, დაინტერესდა და სხვა გადაუდებელი საქმეების
პარალელურად, ავსტრიის შპიონაჟთან დაკაეშირებულ დოკუმენტსაც დაუყოვნებლივ
მისცა მსვლელობა. მას ამ საქმის გარშემოც სრულიად არაფერი გააჩნდა, გარდა თვით
ნოლიანი ბრძანებისა. ეს კი ნიშნაედა, რომ მის წინაშე იყო უზარმაზარი შრომატევადობის
სამუშაო: ხელახლა! გულდასმით და დაწვრილებით უნდა შეესწაელა უცხოეთთან და
უცხოელებთან კავშირის ყველა ამიერკავკასიური არხი, ანუ ის ტერიტორია, სადაც
ქალაქების მოსახლეობის მეათედი მაინც უცხოელი მოქალაქე იყო. შეესწაელა,
უპირველესად ყოვლისა, საერთოდ – კონტრდაზვერვის სამსახურის ასპექტში და შემდეგ
ჩემი ნოლიანი ბრძანების მხრივ. ამგვარ ამოცანებს სათქმელად ადვილი და დასაძლევად
თითქმის შეუძლებელი ჰქვია.
ზარანდიამ ავსტრიაში მომუშავე ჩვენი აგენტურის ის ცნობა შეისწავლა, რომლის გამოც მე
ნოლიანი ბრძანება გავეცი. ამ დოკუმენტისა და არსებული ვითარების შეჯერებამ იგი
იმაში დაარწმუნა, რომ საქმე ჰქონდა საკმაოდ დახელოვნებულ, განათლებულ
რეზიდენტთან და მის აგენტებთან, რომელთაც ურთიერთობა ჰქონდათ კომპეტენტურ
პირებთან. ზარანდია მართალი იყო, რადგან ასეთი ხასიათის ცნობების ჯერ გადაცემა ვერ
მიეწერებოდა მოყვარულის ენთუზიაზმს და ვერც ავსტრიაში მათი გადაგზაენა
აიხსნებოდა ცარიელა პატრიოტიზმით. ცხადი იყო, რომ არსებობდა გამყიდველი და
მყიდველი, ან იძულებული და მაიძულებელი. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ზარანდიამ
სარწმუნოდ დაადგინა, რომ იგივე ცნობები, რაც ავსტრიელებს ჰქონდათ, თურქებს და
ირანელებსაც ჩავარდნოდათ ხელში! ეს კი ნიშნავდა რომ კავკასიაში სამი სახელმწიფოს
ერთმანეთთან დაკავშირებული ჯაშუშები მოქმედებდნენ ან ჯაშუში ერთი იყო და სამი
სახელმწიფოსთვის კი მუშაობდა.
ახლა იმაზე, თუ რა მეთოდი აირჩია ზარანდიამ საკვლევ–საძიებელ პირთა დასადგენად.
თვით მეთოდი, თავისი არსით, მტკნარ მეტაფიზიკას წარმოადგენდა, მაგრამ გამონაკლისი,
ხშირად, უფრო ქმედითია, ვიდრე სტანდარტი, უფრო საინტერესოც და ამიტომ მოკლედ
ამასაც შევეხები.
უპირველესად ყოვლისა, მუშნი ზარანდიამ განაცხადა – საარტილერიო ტექნიკის აღმწერი
და ანკეტების შემკრები ერთი და იგივე პირია, ხოლო პოლიტიკური ანგარიშის
შემთხზველი – სხვა კაცი არისო. რა თქმა უნდა, იქნებ, სახელდობრ, ასეც გამოსულიყო,
მაგრამ ვინაიდან ამას შემდგომი ძებნის წარსამართავად გადამწყვეტი მნიშვნელობა
ჰქონდა, საჭირო იყო ურყევი მტკიცება, რომ ეს ასეა და არა როგორმე სხვანაირად.
მტკიცება ზარანდიას არ გააჩნდა – ძებნა მაინც ორი ავტორის ვარიანტიდან გამომდინარემ
განაგრძო.
შემდგომი ნაბიჯი მართებული იყო – თუ შეიძლება მართებული იყოს მტკიცებას
მოკლებული, სათუო დებულებიდან ამოსული ნაბიჯი: ზარანდიამ სამი სია შეადგინა –
ერთი იმ პირებისა, ვისაც ქვემეხების რაოდენობაზე უწვდებოდა ხელი და ოფიცრობაში
ფართო ნაცნობობა ჰქონდა. პირებს, ვინც უცხოელთათვის გადაცემული პოლიტიკური
ანგარიშის ინტელექტუალურ დონეზე იდგა – მეორე სიაში მოუყარა თავი. მესამე სია
შესაძლებელი რეზიდენტების გვარებს შეიცავდა– ამის შემდეგ მან კვლავ გადაუხვია
მიღებულ, დაკანონებულ გზას და, ერთი შეხედვით, სრულიად უიმედო საქმეს მოჰკიდა
ხელი,. იმის მაგივრად, რომ შესდგომოდა სიების გაცხრილვას გამორიცხვის წესით და
ამაში კვლევის პირის ხასიათით, საქციელით, ხარჯების ოდენობით ეხელმძღვანელა, –
დაიწყო პირველი ორი სიიდან თითო ისეთი კაცის ამოკრეფა, რომლებსაც ცალ–ცალკე,
ერთ – ზარანდიას აზრით, სარეზიდენტოდ შესაფერ პიროვნებასთან ჰქონდა რაიმე
კავშირი. ასეთი სამკაციანი კომბინაცია ზარანდიამ ოცდახუთი თუ ოცდაათი მიიღო და
გამორიცხვას აქღა მიჰყო ხელი. საბოლოოდ მან მაგიდაზე დამიდო ქაღალდი, რომელზეც
მხოლოდ ექვსი ჯგუფი ეწერა და მითხრა:
– ახლა დაყვანაა საჭირო, თქვენო ბრწყინვალებავ!
ეს იმდენად არარეალური მასალა იყო, რომ ხუმრობას ან შპიონომანიის შეტევას უფრო
ჰგავდა, ვიდრე სერიოზულ საქმეს.
სიცილმა ამიტაცა.
ზარანდიაც ამყვა.
– თქვენ რაღა გაცინებთ, მუშნი?
– მიხარია, გრაფ.
– რა გიხარიათ?
– აქა სხედან, – ზარანდიამ იღლიაში ამოჩრილ საქაღალდეების კონას დაადო ხელი.
– ვინ, მუშნი? – მისი ჯიუტი თავდაჯერება ძარღვებზე მოქმედეგდა.
– ჯაშუშები. ერთ–ერთი – მაინც. დასაწყისისათვის ჩვენ ერთიც გვეყოფა. ეს მაგ ოცი კაცის
დოსიეებია. კარგი იქნებოდა, გრაფ, გასცნობოდით... თავისუფალ დროს, რა თქმა უნდა.
ზარანდიამ საქაღალდეების კონა მაგიდაზე დამიდო. ზემოთა ავიღე, გადავშალე.
ნახევარიც არ მქონდა გადათვალიერებული, რომ კითხვა უნებლიეთ შევწყვიტე და ნაწერს
ჩავაჩერდი... საოცარი რამ არის სამძებრო დაწესებულების დოსიე! არავინ იფიქროს, ვითომ
იგი მავანი ადამიანის მხოლოდ უარყოფითი მონაცემებისა და თვისებების ყულაბა იყოს.
სრულიადაც არა! უმრავლეს შემთხვევაში იქ დამსახურების, ღვაწლის, ჯილდოების,
საუკეთესო ადამიანური და მოქალაქეობრივი ღირსებების აღწერაც არის მოყვანილი,
მაგრამ დოსიე მაინც პიროვნების წინააღმდეგ შექმნილი კრებულია და
უკეთილგანწყობილესი ადამიანიც კი, მისი თვალიერებისას, პირველ რიგში,
მართლწესრიგის დამრღვევს, ზნედაცემულ სუბიექტს და ბოროტმოქმედს ეძებს. ხელთ
მქონია პირადი საქმეები ადამიანებისა, რომელნიც ერისა და საზოგადოების სიამაყედ
ითვლებოდნენ და, ამავე დროს, გამოუცდელ, საქმეში უწვრთნელ კაცზე მათ აუცილებლივ
ნაძირალების, გარეწრებისა და ყულფის კანდიდატების შთაბეჭდილება დაუტოვებიათ. ეს
ოცი ადამიანიც: თამამად, დაუბრკოლებლად შეიძლებოდა დაეჭვება ოცივეზე და ყოველ
მათგანში ერთდროულად ოცი სახელმწიფოს ჯაშუშის დანახვაც, ოც სხვა მომაკვდინებელ
ცოდვაზე რომ აღარა ვთქვათ რა.
– მერე? – თვალი გავუსწორე ზარანდიას.
– ჯერჯერობით არაფერი. ვფიქრობ, მალე რაღაც გვექნება.
– აქედან გამოდიხართ? – ხელისგული დოსიეებს დავადე და იმწამსვე მივხვდი, რომ
დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მივაყენე.
ზარანდიამ არაფერი შეიმჩნია, მშვიდად მითხრა:
– არა, თქვენო ბრწყინვალებავ, მანდ მოვედი.
დაყვანის პროცესმა ოცკაციან სიაში ძირფესვიანი ცვლილებები შეიტანა. მოხდა
გადაადგილებები ჯგუფიდან ჯგუფში და სრულიად ახალი კომბინაციები შედგა.
საბოლოოდ სიას ორი რგოლი შემორჩა. ერთი მათგანი, ოთხკაციანი – ბაქოში იყო. მის
გარშემო არსებული მასალები, სათანადო ინსტრუქტაჟითა და დავალებებით იქაურ
ქვეგანყოფილებას გადაეცა. ამ საქმის წარმოება ზარანდიამ თავის მოადგილეს დაავალა, რა
თქმა უნდა, საკუთარი ხელმძღვანელობითა და კონტროლით. მეორე, ექვსკაციანი –
თბილისში მცხოვრებთაგან შედგებოდა. სწორედ ამ რგოლზე ამყარებდა ზარანდია
ძირითად იმედებს. აი, შემადგენლობა და ზოგიერთი მონაცემი: პოლკოვნიკი ანდრია
ნიკოლოზის ძე გლებიჩი – ორმოცდაცხრა თუ ორმოცდაათი წლისა; ამიერკავკასიის
სამხედრო ოლქის არტილერიის ინსპექტორი; უშველებელი ზომა–წონის კაცი; ექვსი
შვილის მამა, მოქეიფე, ქაღალდის მსხვილად მოთამაშე; ანეკდოტების გუდა,
გულმხიარული, უდარდელი ოფიცერი. მსტისლავ სტარინ–კოვალსკი, პორუჩიკი –
გლებიჩის ადიუტანტი; ენამოსწრებული და გონებამახვილი ცინიკოსი, მკილავი,
მქირდავი; უაღრესად დახელოვნებული მოარშიყე, გულთამპყრობელი, ქალებისა და მათი
საფულეების მუსუსი. კულაგინი – მგონი, პეტრე მიხეილის ძე – სამოცს გადაცილებული
კაცი! თავის დროზე დამთავრებული ჰქონდა სასულიერო აკადემია, მაგრამ ღმრთის
მსახურებას რატომღაც ჩამოშორდა; გაზეთის რედაქტორის მოადგილე; სინოდის
პოლიტიკური კონსულტანტი! ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მრჩეველი სასულიერო
დარგში; ცენზურის შტატგარეშე თანამშრომელი; თბილისის სამხედრო ტაძრის მოხალისე
მამასახლისი; უშვილო, სიტყვაძუნწი, ერთთავად პირქუში სუბიექტი; ახალგაზრდა,
ლამაზი, კოპწიაობის მოყვარული ქალის, ქალბატონ ლარისა კულაგინას მეუღლე. ჰაჯი–
სეიდი, პასპორტით – რასულოვი; თბილისელი სპარსი; საკმაოდ მსხვილი ნეგოციანტი,
მაგრამ იმდენად გაუნათლებელი, რომ ხელმოწერის მეტს ვერაფერს ახერხებდა და
არითმეტიკაშიც გიშრის კრიალოსანს იშველიებდა; იგი კავკასიის ტერიტორიაზე
ხალიჩური ნაკეთობების, ხალხური ოქრომჭედლობის ნიმუშებისა და მხატვრული
ქსოვილების შესყიდვას აწარმოებდა. ეს საქონელი შუამავლებს ევროპის დედაქალაქებში
გაჰქონდათ, იქაურ ანტიკვარებში ბითუმად ასაღებდნენ. თვით ჰაჯი–სეიდი თბილისიდან
ფეხს არსაით სდგამდა: სახლი – მეჩეთი – აბანო, კვირაში ერთხელ; სხვა მარშრუტები არ
გააჩნდა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიესთან იშვიათ
სტუმრობებს, რასაც ერთნი მიჯნურობით ხსნიდნენ და მეორენი საქმეში კომპანიონობით.
ჰაჯი–სეიდმა მოღვაწეობა მექისეობით დაიწყო, მერე მსხემის გუდა აიკიდა, მექა–მედინა
მიიარ–მოიარა, ფულიანი დაბრუნდა! ფირმა დააარსა და გამდიდრდა. ისკანდერ–ეფენდი
იუნუს–ოღლუ. ეს კაცი ჰაჯი–სეიდის პირადი მდივანი და მოლარე გახლდათ. იგი
ფლობდა თითქმის ყველა ენას, რომელიც აზიაში კომერციული მოღვაწეობისათვის იყო
საჭირო. აღმოსავლეთის კვალობაზე კარგი განათლება ჰქონდა. ეს ნაქართველარი თურქი,
თვით ოტომანის იმპერიის გარდა, ირანში, ავღანისტანში, ერაყში, ეგვიპტეში, მოსკოვსა და
პეტერბურგშიც კი იყო ნამსახური და ყველგან – მსხვილი ნეგოციანტების პირად მდივან-
თარჯიმნად ან მონათესავე თანამდებობაზე. უძიროს და უფესვოს, სამოცი წლის ასაკს
მიტანებულს, უიაფეს მეძავთა ნაზი ტრფიალი ჰქონდა. მეჩეთში არ დადიოდა, სასმელს არ
ეტანებოდა, თავისუფალ დროს საჩაიეებში ჯდომა და ფიქრი უყვარდა. სხვა რამ
საყურადღებო ცნობა მის შესახებ ვერაფერი მოვიპოვეთ.
მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიე – ოცდაცამეტ–თოთხმეტი წლის ფრიად მიმზიდველი
გარეგნობის ქალი; წარმოშობით ფრანგი, სატრფიალო რომანტიკის ვარდისფერი
ნისლეულით მოსილი არსება; უახლესი პარიზული მოდების პოპულარიზატორი, მაღალი
საზოგადოების მოყვარული; დინჯი, სასიამოვნო მიხრა–მოხრის ქალბატონი;
კაცობრიობის უმჯობესი ნახევრისთვის საცვალ–თეთრეულის მწარმოებელი ფრანგული
ფირმის თბილისური სახელოსნო–მაღაზიის მეპაიე, მმართველი, მემოდელე და
მემანეკენეც! ეს ბოლო გარემოება მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიესადმი მამაკაცების
ინტერესს საგანგებო ელფერს ანიჭებდა. ბიოგრაფიის ზოგიერთი მომენტი, უცხოეთში
მომუშავე ჩვენი აგენტურის ცნობების თანახმად: დაიბადა გაკოტრებული აზნაურის
ოჯახში; ჩვიდმეტი წლის ასაკამდე მშობლებთან ერთად გამოდიოდა ცირკში; შემდეგ, იყო
კორდებალეტის მოცეკვავე, პარიზის სამკერვალო სახელოსნოების მემანეკენე; მისი
ადგილსამყოფელი ოცდაშვიდიდან ოცდათერთმეტ წლამდე ცნობებში არ ჩანდა:
ოცდათერთმეტისა თბილისში მუდმივ საცხოვრებლად გადმოვიდა და ხსენებულ
სახელოსნო–მაღაზიას ჩაუდგა სათავეში.
ამგვარად, ზარანდიას ხელთ ჰქონდა ჭეშმარიტების დადგენისთვის, იქნებ, აუცილებელი
მასალის ერთი ნაწილი და სთვლიდა, რომ დამნაშავეთა მხილების გასაღები ჯიბეში ედო!
ჩემგან დაუშვებელი იყო იმის გაუთვალისწინებლობა, რომ ადვილად შეიძლებოდა ექვსი
სულ სხვა, არანაკლებ პოტენციური დოსიეს გამონახვა და მათ ერთობლიობაში მძიმე
სახელმწიფო დანაშაულის ძებნა. ასე რომ, ზარანდიას ოპტიმიზმს არცთუ მზადყოფნით
ვინაწილებდი. ჩემს თანამშრომელთაგან ვერც ერთი ვერ მიიღებდა შემდგომი მოქმედების
უფლებას, თუკი ოპერაციის პერსპექტიულობაში ეჭვს შევიტანდი. გამონაკლისს მხოლოდ
მუშნი ზარანდია წარმოადგენდა. ბოლოს და ბოლოს, მთავარი ჯერ საქმისადმი
დამოკიდებულებაა და შემდეგ – რეზულტატი, – მე მუდამ ამ პრინციპით
ვხელმძღვანელობდი. ზარანდიას ყოველთვის და აქაც საქმისადმი ერთადერთი
დამოკიდებულება ჰქონდა – გონივრული და კეთილსინდისიერი! ასეთს კი თაოსნობის
უფლება არ უნდა შეეზღუდოს. ერთი სიტყეით, ხელი ჩავიქნიე, მისდგეს და იმოქმედოს–
მეთქი.
ბექარა ჯეირანაშვილი
ისევ გავიდეთ მხარზე ცელები, წინ დასტურიძე გავიგდეთ და ავედით ცხრამუხაში.
სამხრობა გადასული იყო. ნიკაო, დასტურიძემ გასძახა შალიბაშვილსა. პატარა სახლი
სდგმოდა ამილახვრის მოურავს – ზემოთ ორი ოთახი შუშაბანდითა, ქვემოთ – მარანი და
რავი, რაღაცები კიდევა, მაგრამ გარშემო ხეხილი ედგა – უ–ტა–ტა–ტა!..
ჯაჭვზე ქოფაკი ჰყავდა, ყელზე ბალთებით, ყურებდაჭრილი და მოზვრისტოლა. ისეთი
ღავღავი ატეხა – ყურები წაიღო ერთიანათა. მარნის კარი ღია იყო. დაბალი, შესახედად
ჩათუქესანი კაცი გამოვიდა – შალიბაშვილი. არც შემდგარა, არც ჩვენკენ რიგიანათ
გამოუხედია. მოვიდა, ჭიშკრის კარი გააღო, გზა დაგვიგდო...
– საღამო მშვიდობისა, ნიკა...
– მშვიდობა და გამარჯვება მოგცეთ ღმერთმა! შემოდით რაღას უდგეხართ, კაცო!
– დამაცადე, ნიკა... ყური მიგდე...
– ეგ მერე იყოს, – სიტყვა ჩამოართვა შალიბაშვილმა დასტურიძეს. – შემოდით... შემოდით–
მეთქი, გაგვიძღვა მასპინძელი და მივყეთ ერთმანეთს.
– აქეთ დაიჭით, აქეთა! ეგ ძაღლი ავია რომა... ამ სხვის მამულ–მამულ სიარულში შინ
ძაღლი გამიმგელდა. აღარც მე მინდობს ეგ ოხერტიალი, ეგა... აქეთათ, აქეთათ!.. ჰო, ეხლა
აღარაფერია, ვეღარ მოგწვდებათ. შემოდით შიგა. ეგრე, ეგრე...
მარანში შევედით.
– მშვიდობა და ბარაქა ამ ოჯახს! – დათამ დალოცა თავისი მეგრული კილოთი და ჩვენც
ჩვენი ვთქვით.
– გაგიმარჯოთ და კარგად იყავით! შენ ე მანდ დაჯე... თქვენ – ე მანდა. დასხედით,
დასხედით–მეთქი!.. დედაკაცოო! სტუმრები გვყავს, დედაკაცო, სტუმრები! – ზევით ასძახა
შალიბაშვილმა მარანში შემობრუნდა და დანარჩენი ისეთ ხმაზე თქვა, რომა დედაკაცს
მეორე სართულზე კი არა და, მარანში ჩვენ ძლივს გვესმოდა: – გუდის ყველი არ
დაგავიწყდეს და დოში, დოში – დედაკაცო; ის წუხანდელი ბეჭი ეგრევე მოიტა, ცივათა, აქ
დავჭრით ჩვენა... აკი გეუბნებოდი, გამოაცხვე–მეთქი, ეგრე გინდა. რაც მოგივა, დავითაო,
ისევ შენი თავითაო! ეხლა დადექი და ხუხე პურები... გაუხუხავი არ მოიტანო, თორემა, მე
ვიცი, მე შენა! აი, აჰა, დავაფურთხებ და სანამ გაშრება – აქ უნდა იყო!.. – შალიბაშვილმა
მართლა დააფურთხა, მე მომიტრიალდა და ამის მერე ყველაფერი მაღლა ხმაზე, ლამის
ყვირილითა თქვა: – შენ ისე გეტყობა, ქვევრის ახდა გეცოდინება. – მერე დათასა: – მოდი
აქა შენა, მოდი! – ადგა დათა და მივიდა. ისეთი ქოთქოთი გაჰქონდა მასპინძელსა, რომ
აგვიტაცა და აგვაფოფინა ჩვენცა. ეთქვა, – ეხლა ყველანი ყირაზე უნდა დავდგეთო –
დავდგებოდით.
– აჰა, აი, შენა, ეს აბაზიანი... გამომართვი, კაცო, დაიჭი! ეხლა, ჩაუთქვი ეს ორი ქვევრი და
ააგდე. რომელიც ჩათქმულს დაუჯდეს, ის ქვევრი აჰხადოს ამანა, – ჩემზე ამბობდა. –
ააგდე, რაღას უყურებ!.. – ჩაუთქვა და ააგდო დათამ, – ამას მოჰხვდა, კაცო, ამ ქვევრსა!.. –
შალიბაშვილმა ტაში შემოჰკრა და ძალიან გაიხარა, რომა მეტი აღარ იქნებოდა. კინაღამ
დაუარა და ეგ იყო. – მოდი და აჰხადე, მოდი–მეთქი... თავი ღვინოა, თავი ღვინოა!
მე ქვევრსა ვხდიდი, დათა შალიბაშვილს მისციებოდა, – ეს ვინა ვნახეო შალიბაშვილი
კვლავინდებური სიხარულით ამბობდა:
– აი, მთესველი კაცისა არ იყოს – მიდის, სთესავს და: ეს – ფრინველსაო, ეს – ქვრივ–
ოხერსაო, ეს – ღარიბ–ღატაკსაო, ეს – ავდარსაო, ეს – გვალვასაო, ეს – სტუმარსაო... ხომა?
მეც ისე ვარ, კაცო, მეც ისე ვარ. სამი ქვევრისა ვთქვი, ეს – სტუმარსა–მეთქი, მე და ჩემმა
ღმერთმა! რა ვიცი, კაცო, ისეთი თარსი წელიწადი დადგა – სად არის სტუმარი?! ეჰე–ჰეე!
რანაირი უსტუმრო წელიწადია!..
დიასახლისი შემოვიდა, ხონჩით საჭმელი ემოიტანა. რაც საჭმელი შალიბაშვილმა
თავისთვის იდუდღუნა – ყველაფერი ზედ იყო, აი, დიდება შენთვის, ღმერთო! მე და დათა
ფეხზე წამოვდექით, მივესალმეთ. დასტურიძე იქამდის არ გაინძრა, სანამ უჩუმრად
პანღური არ ამოვკარი. ისეთი კოხტა და პირმშვენიერი ქალი იყო შალიბაშვილის
დედაკაცი, ისეთი, ისეთი, ვიფიქრე, ამ მამაძაღლს, აი, ეს მზეთუნახავი შინა ჰყავს და
საყვარლის გაჩენა რაღა იყო–მეთქი, მაგრამა კაცი – კაცია, ხარბია და გაუმაძღარი.
შალიბაშვილს რა გააჩერებდა ისევ ის ქაქანი გაჰქონდა:
– თქვენ დაიყვირეთ, – ნიკაო, – და, ე მაგაზე ვიჯექი, ვფიქრობდი, რა ღმერთი გაწყრა, რა
ცუდი ნიშანია, რომ ეს ქვევრები მოუხდელი რჩება–მეთქი კაცო! ამ დროს არ დაიძახეთ
სწორეთა? თქვენ გენაცვალეთ და ღვთის მადლის ჭირიმე, რომ ეგრე პირდაპირ დროზე და
ზედ დარდის მალამოდ მოგიყვანათ... კოსტა, ეგ ყანწები გადმოიწოდე შენა! ე მანდ არი, ე
მანდა. წყალი არ გააკარო. ღვინითა, ღვინით გამოვრეცხოთ. ღვინით გამოვლებასა ვაჟკაცის
ხელი უხდება, დედაკაცს ნუ დამაძახებინებ, შენვე გამოავლე... მოიტა, ჩაგისხა... უუჰ, შენი
გულისა... ეს – შენა... ეს – შენა... ეს – შენა... ესეც – მეეე... ფეხდგომელა, ზეზეულათა!.. სამას
სამოცდახუთი წმიდა გიორგის ძალი და ილაჯი მოგვცეს ხოიშნათა! მარიამ ღვთისშობლის
ხელი და მადლი დაგვადგეს შარავანდათა! წმიდა სამება და ოთხივ სახარება შეგვეწიოს.,
აბა, ჰააა...
დავცალეთ ყანწები და შემოვუსხედით ტაბლაკსა.
– ეხლა, ოთხი ყანწი, კაცო, ეს ოთხი სულ ერთნაირი ყანწი!.. უღელი ხარი მყავდა, ამ
ქართლში იმისთანას სად რასა ნახავდა პაცი? იმათი რქებია ესა. ერთნაირად ჩადის
ოთხთავეში. ერთნაირად, არც მეტი, არც ნაკლები. აჰა, და ავრწყათ... კოსტა, ეს კაცები ვინ
არიან, არ უნდა მითხრა?.. ესა ჭამეთ, აი, ესა, კაცო... კაი კაცები ჩანან, მე და ჩემმა
ღმერთმა... ჩანან–მეთქი, თორემა! რა ვიცი...
– როდის დამაცადე! მეთქეა. იქვე მინდოდა, ჭიშკართან, და მერეო, არა თქვი? !
– კიდევაცა, კიდევაცა, მერე იყოს, რა მეჩქარება, სულაც ნუ იქნება, სტუმარი ღვთისაა და...
აი, თითო კიდევა ვთქვათ, ორი იქნება...
– ეეეჰ, აგერა, ის ქოფაკი როსტომაანთ ნასახლარზე გყოლოდა თანა – ვეღარას
შემოგივარდებოდა ტაბისონაშვილი! – ჩავაკერე შალიბაშვილის ქაქანში.
– მართალი სიტყვაა, ვერავინ შემომივარდებოდა... უუ, ეგ ქოფაკი ისეთია, რომა... არა, შენ
რა იცი, ტაბისონაშვილი იყო, ბელტიყლაპიაშვილი იყო თუ ჯირკიგლეჯიაშვილი? ეგა
მთავრობამ არ იცის და შენა, შენ საიდან იცი, ჰა? მაგარი ძაღლია, მაგისთანა არა გვყოლია
არც მე, არც მამაჩემსა, არც პაპაჩემსა... ჰო, ტაბისონაშვილი იყოო, ვინ გითხრა შენა?
– ამანა, – დასტურიძე ვაჩვენე.
– უჰ, ესა მელაა, ამანა ყველაფერი იცის. ესა იმ ვირეშმაკას კაცია, უწინა ორთავენი ბაცაცები
იყვნენ, ეხლა ორთავენი ავაზაკები არიან... მელაო! გუშინსწინ ვესროლე და წამივიდა, ვერ
მოვარტყი, კაცო, შორი იყო.
– მე როდის გითხარი, მე როდის გითხარი... მე სულაც არა ვიცი რა. შალიბაშვილთან
მიგვიყვანეო და მოგიყვანეთ. მე როდის გითხარით, მე როდის გითხარით...
– კოსტა, ბიძიკო, დაწყნარდი და იყავი ჭკუით, თუ კაცი ხარ!
დასტურიძე დაშოშმინდა და რაც მერე იქ მუსაიფი იყო, აღარ აცუნდრუკებულა, ჭკვიანად
იჯდა.
– იმ ვირეშმაკასიო, რომ თქვით, ვინ არის ის? – დათამა ჰკითხა.
– ყანდური. იმან მომიგზავნა ტაბისონაშვილი, ეჰ, რამდენ ფათერაკს გადამყარა, ვინ
მოსთვლის, მაგრამ მე ჩემსაზე ვდგევარ. ჯერ ის ტიკები მომიტანოს თავის ფეხითა, გორის
ბაზარში რომ მომპარა!
– ვინ მოგპარა ტიკები, კაცო?.. ყანდურმა?
– ყანდურმა. ეხლა ანაფორა ჩაუცვამს, გრძელი წვერი მოუშვია და ხალხს სინდის–ნამუსს
ასწავლის... მაგრამ ეგეთი ხასიათის კაცი ვარ! განა სულ ტიკი იყო? ორი რუმბი იყო და
ოთხიც ტიკი– კამეჩის რუმბები იყო. აბა, რომელმა იცით, სულ დიდი რუმბი იყოს,
კამეჩისა.
– ღვინო რამდენი ჩავა შიგ?.. არ იცით, არა?.. გეტყოდით, მაგრამ დამავიწყდა. მას აქეთ
კამეჩის რუმბი აღარა მქონია, თხუთმეტი წელიწადია, რაც მომპარა. არ დამვიწყებოდა,
რათა გკითხავდით, რა!.. დამიჭით დამიჭით ყანწები!
– რომ ქნეს ის უნამუსო საქმე და წასვლა რომ დააპირეს, რა გითხრა ტაბისონაშვილმა?
– იჰ, განა მართლა სულელი ვარ! სიტყვა დამიგდო, ვითომდა გზა ავუბნიოო.
ტაბისონაშვილსა სახინკლედ დაკეპილს ვიცნობ... ამ წინეებზე ველაპარაკე და გამოტყდა, –
ჩემი ნებით ხომ არ მოვსულვარო!.. მენდობა – იცის, მთავრობასთან არ გავამხელ.
ვიჩივლებ და “ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო” ძველთაგან თქმულა... ახლა, მე რომ
ამოდენასა ვლაპარაკობ, ბევრია, ვიცი და, რას ვიზამ, ეგეთი ხასიათი მაქვს, თორემა, განა
არ მესმის, რისთეისაცა ხართ აქა. აჰა, აი, – აქეთ ეს მელა და ბაცაცა; იქით – ტაბისონაშვილი
და ყანდური ისიცა, – დათა თუთაშხია ვარ და საცა შენი თქეა, ჩემიც ნუ დაგავიწყდებაო.
თქვენ იმის ცოდნა გინდათ, ეგ ნათქეამი ჩემი მოგონილია, თუ მართლა ტაბისონაშვილმა
თქვა, თუ მართლა თქვა და, ვისი დარიგებითა თქვა, თუ ვინმემ დაარიგა, ეგრე და ეგრე
თქვიო, იმ დამრიგებელს გულში რა ედო და რა გუმანი ჰქონდა! ამისი ყველაფერი ვთქვი
და ენის ჭარტალით კი არა. ეგ გაწუხებდათ, მიგიხვდით, და იმითა ვთქვი. მე ამათი არცა
მშინებია, არცა მეშინია, – შალიბაშვილმა დასტურიძეს თავში კარგა მაგარი წკიპურტი
ჩაჰკრა. – ეგრეა, მაგრამა რაცა ვთქვი, იმაზე მეტს აღარაფერს ვიტყვი. აგერა, ყანდური
ხაშურში გდია, ტაბისონაშვილიც კარებში უზის. თქვენ იცოდეთ და იმათა, მე, სანამ
ტიკებს არ მოიტანს, იქამდის არა ვიცი რა. მე ქართველი კაცი ვარ. ეს საქართველოი, კარგია
თუ ავია – ჩემმა წინაპრებმა მოიტანეს კისრითა და გონებითა. თავისი საქმე იცოდნენ და
იმიტომა. რას იზამდნენ ჩემს ადგილასა? რასა და - სანამ ყანდური ტიკებს თავისი ფეხით
არ მოიტანდა, იქამდისინ... თავისი საქმე იცოდნენ–მეთქი, იმათი ჩამომავალი ვარ. მორჩა.
ეხლა ლხინი!.. ლხინსა და სადღეგრძელოს სახელის ხსენება უყვარს. შენა კილოზე
გატყობ... – შალიბაშვილი შეჩერდა და თქვა: – რაჭველი ხარ და სიმონიკა გერქვას; შენა... –
ისევ შედგა, – მოხევე ხარ და შიოლა გერქვას... ვინც გაგვაჩინა, სახელისა და ქუდის
ტარების უფლება მოგვცა, ძუძუ გვაწოვა და შინ პური მოგვიტანა – იმათი დღეგრძელობა
ვთქვათ და
გარდაცვლილებისა კიდევ – საუკუნო სასუფეეელი! – შალიბაშვილმა ყანწი დაცალა.
კიდევ კარგა ხანს ვუსხედით სუფრას. შალიბაშვილმა თავის სიტყვას არ გადაუხვია: არც
ყბა დაუყენებია, არც საქმეზე უთქვამს რამე. აღარც ჩვენ მივძალებივართ.
სადღეგრძელოები მოილია, დათამ ჯიბიდან თავისი “პაველ–ბურე” ამოიღო, ათი საათი
სრულდებოდა, წასასვლელად გავიწიეთ. შალიბაშვილმა ჯიხვები გადმოიღო, აავსო და
გამოგვიწოდა. დათამ უთხრა, საქმეზე მივდივართ და ვერ დავლევთო. ეს გაწამაწია კარგა
ხანს გაგრძელდა. მოუვიდა გული შალიბაშვილსა: თავისი ხომ დალია და ჩვენი ჯიხვებიც
სტომაქში ჩაიცალა. მერე კოსტა დასტურიძეს გაუწოდა ყანწი. იმანაც იუარა, მაშინ
შალიბაშვილმა აიღო და ის ვეება ჯიხვი კისერში ჩაუთქრიალა დასტურიძესა.
წამოვედით, დასტურიძე სველი იყო, სციოდა, სულ პატრონის დედას უგინებდა
შალიბაშვილსა. იმ გინების ერთი წილი ჩვენი იყო. დათამ უთხრა, ნუ აგინებ, ეგ
შალიბაშვილი წესიერი კაცი ყოფილა და ჭკვიანიცაო. დასტურიძემა, – დიდი ეშმაკი და
მამაძაღლია, ხონელებმა რომ რწყილი გაატყავეს და გორელებმა რომა თქვეს, ბევრი ხორცი
გაუყოლებიათო – ერთი იმ გორელთაგანი შალიბაშვილის პაპა იყო, ბროწას ეძახდნენო.
– მკლავიც ერჩის და გულიც, ისე მგონია მე, და ტიკების ლოდინი არ უნდა იყოს მაგისი
მოთმინება, – თქვა დათამ.
– ტიკები! – ჩაიფხუკუნა დასტურიძემ, – ყანდური ლამის ფიქრით მოკვდეს, შალიბაშვილი
ჯავრს რატომ არ ყრილობს, გულში რა უდევსო!
– შენ როგორ გგონია ეგ საქმე, კოსტა?
– რა ვიცი, შალიბაშვილს ერთი ანდაზა უყვარს: კამეჩის მარქენალ ხარს რქა არ შერჩებაო!
იცის, ვერ მოერევა ყანდურს და ელის.
– რას ელის!
– სანამ თვითონ არ ჩამოვარდება იშკილებიდან ყანდური. მერე მიაწვება, არ შეარჩენს,
შალიბაშვილი ავმეხსიერია.
– ერთი ანდაზაც არის: აქლემი ისე არ დაეცემა, ვირის ტვირთი ვერ გასწიოსო!
– ეგ ანდაზა შალიბაშვილმა, ალბათ, არ იცის. – თქვა დასტურიძემ.
– არც მასეა საქმე! – უთხრა დათამ და პატარა ხანს მერე დაუმატა: – ახლა, კოსტა, ბიძიკო,
ტაბისონაშვილთან უნდა მიგვიყვანო შენ. გავიგოთ, ვინ დაავალა მას იმ სიტყვის თქმა იქ.
– ვინ დაავალებდა, ვისი კაციც არის, იმან დაავალა.
– კარებში უზისო, შალიბაშვილმა რომ თქვა, ყანდურის კარებს გულისხმობდა, მგონია.
– მცველად ჰყავს, მართლა კარებში უზის ქოფაკივით.
– აბა, მივიდეთ იმ კარებზე ჩვენც.
დასტურიძემ იყუჩა. ხაშურის პირველ სახლებამდის მივედით და მერეღა გვკითხა:
– რას აპირებთ?
– არ ვიცით ჯერ. როგორც დატრიალდება საქმე, ისე მოვიქცევით და შენც ისე უნდა
მოიქცე, ჩვენ რომ გეტყვით!
მოვითათბირეთ, შევთანხმდით, რაზედაც საჭირო იყო და მივადექით ყანდურის სახლს.
შალიბაშვილისას კი არა ჰგავდა – სასახლე იყო. არც ერთი ბატონისა არ მინახავს იმსიგრძე,
იმსიგანე და ისე ლამაზი: ორსართულიანი ერთ კუთხეში მესამე სართულიც ედგა; დიდი
ბაღი ერტყა და ბაღს შელესილ–შეღებილი ქვის გალავანი გასდევდა. გალავანს ეკლიანი
მავთულის სამწყება ღობე მიჰყვებოდა
ზემოდან. მეორე და მესამე სართულებზე ბნელოდა. პირველი სართულის ფანჯრებიდან
სინათლე სცემდა.
ჭიშკარს მივადექით; რკინისა იყო ყრუ, ადგილ–ადგილ ოქროსფრად შეღებილი, მაღალი,
მაგარი, რომა ბაყბაყდევი ვერაფრით გადავიდოდა. ზურგიდან შემოგვატარა კოსტამ, ერთი
პატარა კარი აქვს დატანებული, იქნებ გავაღოთ როგორმეო. ისეთი ხალისით იქცეოდა
დასტურიძე, გამიკვირდა კიდეცა. ვიფიქრე, რახან ამდენზე შემოგვყვა, ეხლა, ალბათ, ხელი
ჩაიქნია და ბედს მიენდო–მეთქი. თურმე ეგრე არ იყო და იმ ხალისიანობის მიზეზიც მალე
გამოჩნდა.
მივაწექით. შიგნიდან იყო დაკეტილი და დიდი ჭიშკრისა არ იყოს, არც ამ კარს ეტყობოდა,
ან კლიტე სადა ჰქონდა, ან როგორ გაიღებოდა...
რაღა გაეწყობოდა, ორი პატარა ჯოხი ვიპოვნე, დასტურიძეს მხრებზე შევადექი, ჯოხები
ეკლიან მავთულს შევუყენე. კარგად აიწია მავთულმა და ჩავხტი ყანდურის ბაღში. კარს
ვეება ურდული ედო. ურდული თავისივე კაუჭით იყო ჩარაზული. გავაღე, შემოვუშვი
ორთავენი და მივხურე.
გავწიეთ ყანდურის სახლისკენ. პირველ სართულს ორი პატარა ფანჯარა ზურგიდანაც
ჰქონდა, სინათლე გამოდიოდა. მივეპარეთ და გადავიხედეთ.
მარანი იყო, მაგრამ, მართალი გითხრა, ისეთი არაფერი მინახავს – ცხენი გაჭენდებოდა.
ერთი დიდი კუთხე ქვევრების, საწნახლისა და ჭურჭლეულისა იყო. ჩვენი
სათვალთვალოდან შორ კუთხეში ბუხარი იდგა – ცალკუზიანი აქლემი საპალნიანად
შეიწვებოდა. ბუხარში მუხის კუნძებს გაუდიოდათ ლივლივი. შუაზე – გრძელი მაგიდა,
რბილი სავარძლებით ჩაყოლებული, ორმოცდაათი–სამოცი კაცი დაჯდებოდა. კიდევ ერთ
კუთხეში თონე იყო, თავზე ოქროსფრად შეღებილი საკვამლე ქოლგითა. კედლები თეძმის
ქვისა ჰქონდა, თეთრი მარმარილოს ნაირ–ნაირი ქანდაკებებით დამშვენებული – ზოგი
ტიტველა დედაკაცები, ზოგი – დედიშობილა გოგო–ბიჭები, ზოგი – ხარის თავი, ზოგი –
გაფხორილი ინდაური თუ არწივი, ზოგიც – რა. ერთი კედელი მთლიანად მეფის სურათს
ეჭირა, ფერადი კენჭებით გამოყვანილს, და იმის პირდაპირ კიდევა – ქრისტე, ჯვარცმული
ქრისტე, ისიც კენჭებითა და შუშებით გამოყვანილი. შუა ჭერში უზარმაზარი ჭაღი ეკიდა,
ხუთასი სასანთლე მაინც იქნებოდა ზედა და დიდი შანდლების დასათვლელად რომელს
გვეცალა! ბუხრის წინ რიკულებიანი ტაბლაკი იდგა, ვერცხლის ჯამ–ჭურჭლით, დოქებითა
და ლანგრებით გაწყობილი. ტაბლაკს ცალი მხრიდან ორი უანაფორო მღვდელი უჯდა,
მეორიდან – ლომისა და ვეფხეის ტყავებზე წამოწოლილი წითელხალათა, გრძელწვერა
კაცი. იმ ლომისა და ვეფხვის ტყავებსა ქვეშიდან ვეება, ფართო და ბუხრისკენ
ჩამოქანებული, სავარძელივით რაღაცა ჰქონდა შედგმული თუ შემარჯვებული. რისი რა
იყო – არა ჩანდა. ტაბლაკს ჭერიდან ჩამოშვებული ორი დიდი ლამპა ანათებდა. ერთსა
ყვითელი შუშა ჰქონდა, მეორეს , მწვანე და ის წითელხალათა კაცი ცალი მხრიდან წითელ–
ყვითელი იყო და მეორიდან – მწვანე–წითელი. თავი სიზმარში მეგონა, მე და ჩემმა
ღმერთმა! კოსტამ წაგვჩურულა, – ყანდური ის წითელხალათა არისო. ტაბისონაშვილი შიგ
მარანში არსად ჩანდა. კოსტამა თქვა, – ან კარში აივანზე ზის, ან დერეფანში თვლემსო.
ვიჩურჩულეთ. დათამ მარჯვნიდან დაუარა სახლსა. მე და დასტურიძემ – მარცხნიდან.
ტაბისონაშვილი მართლაც აივანზე იჯდა. ბნელოდა, თამბაქოს ეწეოდა, თავიდან იმით
შევნიშნეთ. იქითა მხრიდან დათას ლანდი დაირხა, აივანს კედელ–კედელ მოჰყვებოდა.
ეგრე, ათ ნაბიჯზე მივიდა ტაბისონაშვილთანა და მე ცხვირი დავაცემინე. ტაბისონაშვილმა
ჩვენკენ მოიხედა, იყურა – რას დაგვინახავდა, მიწაზე ვიყავით გაშოტილები და კუმეტი
იყო,მეთქი, აკი ვთქვი. ახლა ტაში შემოვკარი. ადგა, ხმაზე წამოვიდა ტაბისონაშვილი ნელი
ნაბიჯით. ხელები ძირს ჰქონდა დაშვებული, თითო ხელში თითო მაუზერი ეჭირა, პირში –
პაპიროსი. დიდი იყო, მამაძაღლი, ატოტებული დათვივით მოიწევდა. ზურგიდან დათა
მოსდევდა ფეხაკრეფითა. დაეწია დათა, კისერში ნაგანის ლულა მიაბჯინა და
დაუჩურჩულა:
– დაყარე ძირს იარაღი!
ტაბისონაშვილს ჯერ პაპიროსი გაუვარდა პირიდან, მერე მაუზერებს შეუშვა ხელი.
რკინებმა ფიცრებზე დაიტანეს ტყაპანი. ავდექი, მაუზრები ავკრიფე. გავჩხრიკე
ტაბისონაშვილი – ხანჯლის მეტი აღარაფერი ჰქონდა. გავიგდეთ წინა. ბაღში ღრმად
გავიყვანეთ, მიწაზე დავსვით.
– რაო, ძაღლები რატომ არა გყავთ, ვითომა?.. ჩამოუშვი ხელები!
ტაბისონაშვილი ცერცვივით იყო დაბნეული, ხმის ამოღების თავიც არ ჰქონდა. კარგა ხანს
არც ფიქრის ილაჯი მოუვიდოდა და თავისივე მაუზრით ნეკნები დავფხანე.
– იყეფებენ, ვეღარ გავიგონებ, საიდან რა ხმა წამოვა... ეხლა, თქვენა რა, მოკვლას
მიპირებთ... უნდა მომკლათ, თუ როგორა, ჰა?
– ხმადაბლა იყავ!
– შალიბაშვილს რომ შეუვარდი შენი კაცებით, ქალი რომ გააუპატიურეთ იქ და
წამოსვლისას დათა თუთაშხიაზე სიტყვა რომ დაუბარე, საიდან იყო ის სიტყვა?
– თუ არ მომკლავთ, გეტყვით მაშინა.
– თუ მოგკალით, როგორღა გვეტყვი? ჯერა თქვი და, იქნება, არც მოგკლათ, ხასიათის
საქმეა.
– ყანდურმა მითხრა, ეგრე თქვიო და ვთქვი.
– პირზე დაადგები?
– თუ არ მომკლავთ, დავადგები, მაშა!
– ჯერ დაადექი და, იქნება, არც მოგკლათ.
დასტურიძემ ხელი ასწია, ახლა მე უნდა ვკითხოო:
– ყანდურს თითებზე დიდთვლიანი ბეჭდები უკეთია?
– უკეთია, მაშა!
– ძალიან დიდი ბრილიანტის ბეჭედი უკეთია?
– ძალიან დიდია და რა ჰქვიან, არ ვიცი.
– შუშასავით თვალია?
– ჰო, შუშასავითა და ძალიანა ბრჭყვიალებს.
– ეხლა უკეთია?
– ამ წუთასა.
– გარგლის კურკისტოლა იქნება?
– იქნება!
დასტურიძემ ტაში შემოჰკრა – სიჩუმეში თოფივით გავარდა... ერთი ტაშიც მე შემოვკარი
ლოყაში და ისევ მიჩუმდა იქაურობა.
– თოკი გაქვს სადმე? – ტაბისონაშვილსა ვკითხე.
– თოკი?.. თოკი!.. თოკი, თოკი, თოკი... ჰო, მაქვს, მაშა! ე მანდ არის – მსხლებშუა საქანელა
ჰკიდია, კაი თოკებია.
მივედი მსხლებთან, ვეება საქანელა ეკიდა, სამი კაცი შეჯდებოდა ზედა. საქანელას
თოკები დავაჭერი და წამოვიღე.
– ოთხზე დადექ!
დადგა ტაბისონაშვილი ოთხზე. გავთოკე. კარგა გამოვიდა – ოთხით მარდად ივლიდა,
მაგრამა ვერც ზეზე ადგებოდა და ვერც სხვას რასმე მოახერხებდა. ალაზანზე ვირებსა
ვთოკავდით ხოლმე ეგრე.
– აბა, გაგვიძეღ წინა და შეგვიყვანე შინა!
დაიძრა დაოთხილი ტაბისონაშვილი და მივყევით ჩვენცა. შეაღო დერეფნის კარი და
შევედით ჩვენცა. შეაღო მარნის კარი და შევედით ჩვენცა. ამოვკარი პანღური, იარა
ტაბისონაშვილმა ოთხითა და შუა მარანში გაჩერდა.
ვიდექით. იქიდან ის სამი დამუნჯებული და პირღია კაცი დაოთხილ ტაბისონაშვილსა და
ჩვენ გვათვალიერებდა. აქედან ჩვენ – იმათა. კოსტა დასტურიძე მაკლდა თვალში და
მივიხედ–მოვიხედე. მარანში როდი შემოგვყოლიყო, კარს უკან იდგა, ღრიჭოში
იჭვრიტებოდა.
– დათვალე, კაცო, დათვალე... ფულსა თვლა უყვარს! – საიდანღაც მოისმა.
ვიფიქრე, ამათ გარდა აქ კიდევ ვინმე არის–მეთქი. თვალები ავაცეცე – თუთიყუში
ყოფილიყო, დიდი გალია ჰქონდა, ისიც ოქროსფერი. მივედი, თვალიერება დავუწყე.
ძალიან ლამაზი იყო, სახეძაღლი!.. ახლა ტაბისონაშვილს გამოვხედე; ისევ ისე იდგა შუა
მარანში ოთხზე და თავი ბებერი ცხენივით ჰქონდა ჩაკიდებული...
– გაეთრიეთ!.. – რომელიც იმ ორ მღვდელში მომსხო იყო, იმან დაიძახა და კარგა
მოზრდილი დორბლი გადმოაყოლა.
– პოლიციას უხმეთ, პოლიციასა! – მეორემ დააყოლა.
განზრახული ისე გვქონდა, რომ, სანამ დათა არ დაიწყებდა, იქამდის არც ხმა უნდა
ამოგვეღო და არც ყურადღება მიგვექცია რისთვისმე. მე იქაურობა უნდა დამევლო და
კარგა დამეთვალიერებინა ყველაფერი. დათას თვალმოუწყვეტლივ იმათთვის უნდა
ეცქირა.
მოვშორდი თუთიყუშს და ქვევრებისკენ წავედი. იქიდან – თონესკენ. დინჯად ვიქცეოდი,
ვითომ ჩემს მეტი იქ არც არავინ იყო.
– გაეთრიეთ!.. – კიდევ დაიძახა მომსხომ.
– პოლიციას უხმეთ, პოლიციასა! – მეორემა, და თუთიყუშმაც თავისი თქვა:
– დათვალე, კაცო, დათვალე... ფულსა თვლა უყვარს!..
თითო მაუზერი ქამარში გვქონდა, თითო ნაგანი – ხელში და გავეთრეოდით, როგორ არა!
ნეტა ვის უნდა ეხმო პოლიციისთვისა – ტაბისონაშვილი, გაგვეშვა კიდეც, ოთხზე
სიარულითა პოლიციამდის დილასღა მივიდოდა და სხვა რომ არავინ იყო?
იმ ხეტიალში ბუხარსაც მივადექი. ჯერ ის ორი მღვდელი გავჩხრიკე. არა ჰქონდათ რა.
მერე ყანდურს მოვუსვი ხელი და ჩექმის ყელში ხანჯლის შვილი – ბებუთი ვუპოვნე: კარგი
ბებუთი იყო მას მერე ათი წელიწადი ვიხმარე. თითები გავუსინჯე. მარჯვენა ხელის
ცერზე გარგლის კურკისტოლა ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა,– მარცხენა ხელის შუა თითზე
– ჭერმის კურკისტოლა ბრილიანტისა. დავუთვალიერე ბეჭდები, მივანებე თავი და
ყანდურის ტახტრევანს გარშემო შემოვუარე: იმ ლომისა და ვეფხვის ტყავებს ზევითა
ვწევდი და ქვეშ ვიყურებოდი, რისგან არის აგებული–მეთქი.
სავსე ტომრები იყო – დიდი, პირგაკერილი ტომრები! იმ ტომრებით მოწყობილ
ტახტრევანს ეფარა ლომისა და ვეფხვის ტყავები.
შიგ რაღა არის–მეთქი?! ყანდურის ბებუთი დავუსვი ტომარას და ბრინჯი გადმოიბნა!
მეორეს დავუსვი და ქერის ბურღული წამოვიდა! მესამიდან – წიწიბურა, ამოვიდე ნაგანი
იღლიაში, თითო მუჭა ბრინჯი და ქერის ბურღული წამოვიღე და დათასკენ წამოვედი.
– მიმართეთ სიტყვითა ღმრთისა, რამეთუ “პირველთაგან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო
ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი”. – ეს ყანდურმა უთხრა თავის ამფსონებს.
მამაჩემი მნათე იყო, ბურსაში მიმაბარა. იქიდან ზოგი რამ ეხლაც კარგა მახსოვს. იმიტომ
ვამბობ ეგრე მარდათა.
სანამ დათასთან მივიდოდი, მომსხო მღვდელმა დაიღაღადა:
– “... არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი!..”
მეორემ დააყოლა:
– “... სული უფროს არს საზრდელისა და ხორცნი სამოსლისა!..”
მუჭები გავშალე. დათას ვაჩვენე:
– წიწიბურაც არის.. სხვა ტომრებშია.
დათამ, ჯერ იყო, დაბნეული თვალებით უყურა იმ ბურღულეულსა. მერე უცებ სახე
შეეცვალა, ყანყრატოდან ჰაერი ხიხინით ამოუშვა, ხელი ლოყაზე მიიდო და გაინაბა.
მღვდლები სახარებას რიგრიგობით გაიძახოდნენ.
დასტურიძეს თავისი ღრიჭოდან ის კი დაენახა, რომ ყანდურს თითებს ვუთვალიერებდი,
მაგრამ იმისი არა იცოდა რა, რომ ბეჭდები არ წამიძვრია. თავისი ხასიათით აწონა და
დათას რომ ბურღულს ვაჩვენებდი, იმას ეგონა, ბეჭდები მოიტანაო; გულმა ვეღარ
გაუძლო, მარანში შემოვარდა, ცხვირი ხელისგულებში ჩამიყო:
– ეს რა არის... ეს რა არის... ბეჭდები... ბეჭდები სად არის?.. სად არის ბეჭდები!..
– საცა იყო.
– არ დაიძრა ადგილიდან! – დაუჩურჩულა დათამ – აგერ, ამით სავსე ტომრებზე სუფევს
თქვენი ბელადი, კოსტა!
დასტურიძემ თვალები ააცეცა, ბურღულს დააცქერდა და გაკვირვებითა თქვა:
– ფაფა რომ უყვარდა... “კაშკა” შეარქვეს–მეთქი!.. – ტაში შემოჰკრა დასტურიძემ და სახეზე
უმალ ხელები აიფარა, კიდევ არ შემომკრან სილაო.
მღვდლები თავისას ქადაგებდნენ
გულისყურით უსმენდა.
და
თავჩაკიდებული
ტაბისონაშვილი
დიდი
დათა ბუხრისკენ გაემართა. მე და კოსტაც მივყევით, შორიახლო დავრჩით.
დათა ტაბლაკს მიუჯდა.
– დასხედით! – მაუზრის ტარი ტაბლაკს დაჰკრა.
მღვდლები მოთიბულებივით დაცვივდნენ და სიჩუმე ჩამოვარდა.
– ტაბისონაშვილო, მოდი აქ!
მოვიდა ტაბლასთან ყანდურის მცველი.
– რა სიტყვა დაგაბარა ამან, შალიბაშვილის საყვარლის გასაუპატიურებლად რომ
გაგზავნიდა!
ყანდური დათას დააცქერდა, ლოყები
ტაბისონაშვილმა თქვა, როგორც იყო.
გაულურჯდა, წამოიწია და გაშეშდა.
– რატომ მაინცდამაინც დათა თუთაშხია უთხარი, ნეტავი!..
ამის თქმა იყო – დასტურიძე ყანდურს დააცხრა, ბეჭდებში ეცა... ჭიდაობა ატყდა. ძალს –
ყანდური და ძალს – ესა!..
მომსხო მღვდელი ზეზე წამოიჭრა და დააბულბულა:
– “ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქვენი ყოვლისაგან ანგარებისა!”
ყანდურმა, როგორღაც იყო, ხელები გაითავისუფლა, დასტურიძეს ყბაში მუშტი სთხლიშა,
წიხლი ჰკრა და კატის კნუტივით გაისროლა.
– დაეგდე მანდა! – ზეზე წამოჭრილ მღვდელს დავუთათხანე
პირჯვრის წერა–წერით დაჯდა.
– რა გითხარი, კოსტა, მე შენ! – თქვა დათამ და ყანდურს მიუბრუნდა: – მართალი უნდა
მითხრა, ძამიკო თვარა მოგიწევს კუპრში ბანაობა ამაღამვე და ას წელიწადს კიდევ!
სიჩუმე ჩამოვარდა და თუთიყუშმა დაიძახა:
– გეენიასა შინა... გეენიასა შინა... გეენიასა შინა...
დათამ თავი გალიისკენ გადაიქნია, ყანდურს ანიშნა, გაიგონე, შენი თუთიყუში რას
ამბობსო?!
– შენ თუ თუთაშხია ხარ... შენი სახელით უამრავი ბოროტება კეთდება. არც თავად შენ
აკლებ ხელსა... ხალხი ადვილად დაიჯერებდა და იმიტომ დავაბარე.
– კიდევ რა მიზეზი იყო სხვა?
– მეტი არაფერი.
– სისულელეებს დაანებე თავი, ყანდურო, და თქვი, ვინ დაგავალა ეგ. თანამდებობა და
სახელი მჭირდება მისი მე!
– არავის არ დაუვალებია...
სამი თუ ოთხი ტყვია ზედიზედ გავარდა. ჰაერში ლომისა და ვეფხვის ბურტყლის ტრუსის
სუნი დატრიალდა.
ყანდურმა ბეჭდებიანი ხელებით მოისინჯა მკერდი, მუცელი, თავი – მომხვდა თუ არაო.
– თქვი, თვარა არ დაგინდობ, მამის საფლავს ვფიცავ!
– ეგზარქოსის ერთმა თანაშემწემ!.. მაგრამ იმას ვინ უთხრა, ეგრე და ეგრე გააკეთეთო, არ
ვიცი. მართლა არ ვიცი!
– არ იცი, ხომ?
– არა, ღმერთსა ვფიცავ!
– ადექი!
ყანდური ადგა.
– მიდი თონესთან!
ყანდური წალასლასდა. მღვდლებმა ვიშვიში და პირჯვრისწერა ატეხეს...
ყანდური თონესთან დადგა.
– ზურგი მაჩვენე!
მიტრიალდა.
– თანამდებობა და გვარი!
– არ ვიცი–მეთქი, მართლა არ ვიცი...
დავუმიზნე. კი არ დავუმიზნე, ყალბად მოვიქეცი, ვითომ დავუმიზნე და გავისროლე.
– უნდა გაგხსენებოდა, მგონია!
– ხომ გითხარით... და იმას ვინ უთხრა – არ ვიცი, აჰა!..
კიდევ რამდენიმე გავისროლე და სწორედ ისე გამოვიდა, როგორც ვარაუდი გვქონდა:
ყანდურმა ქეჩოში ხელები იტაცა, თონეში მოადინა ტყაპანი. ჩვენ იმის მოკვლას არ
ვაპირებდით! არც არა გაჰფხაჭნია რა, მაგრამ ის კი წინასწარ გვქონდა ნაანგარიშევი, რომ
თავს მოიმკვდარუნებდა და თონეში გადაეშვებოდა. ისეთი სიჩუმე იყო, ტაბისონაშვილის
ნაწლავების კრიახი ისმოდა. მღვდლები ფეხზე იდგნენ განაბულები. ტაბისონაშვილს თავი
აეღირებინა და იმოდენა პირი დაეღო, რომა კრუხი ჩაიბუდებდა წიწილებიანათა...
დასტურიძე წამოვარდა, ალბათ, ბეჭდების წაძრობა ჰქონდა გულში, თონისკენ გაიქცა,
მაგრამ სანამ მიირბენდა დათამ დაიძახა:
– ესროლე მაგასაც და ჩავაგდოთ შიგ!
გავისროლე. დასტურიძემ თავი ვერ დაიოკა, როგორც გარბოდა, იგრევე შემოურბინა
თონეს და, საიდანაც დაიძრა, იქღა მოახერხა გაჩერება.
დაშოშმინდა ჯალაბი.
დათამ ბუხრის თაროდან სახარება გადმოიღო, რაღაც ეძება, მომსხო მღვდელს გაუწოდა
და უთხრა:
– ხმამაღლა წაიკითხე, ლუკასგან მეთერთმეტე, ორმოცდათორმეტი. მერე მაგას მიეცი და
მაგანაც წაიკითხოს ხმამაღლა გარკვევით!
მღვდელმა აკანკალებული ხელებით გამოართვა სახარება. ჩაახველა... კიდევ ჩაახეელა და
წაიკითხა:
– ვაი თქვენდა, სჯულის მოძღვარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი;
თქვენ შე–არა–ხვალთ და შემავალთა აყენებთ!...
ახლა მეორემ წაიკითხა.
დათამ სახარება დახურა, თაროზე შედო.
– დავმარხოთ ქრისტესთვის აღსრულებული მონა ღვთისა! – თქვა დათამა და, აი, ეს კი არა
გვქონია მოლაპარაძებული, არა ესმოდა რა, რას აპირებდა.
– გადაყარეთ ეგ ტყავები იქით! – დაუძახა დათამ მღვდლებს.
მივიდნენ და გადაყარეს. ბურღულები თორმეტი ტომარა აღმოჩნდა.
– მოკიდეთ ხელი წაიღეთ და დააყარეთ ცხედარს!
მღვდლებმა ერთი ქლოშინითა და ვაი–ვაგლახით მიიტანეს ტომარა თონესთან. პირი
ავურღვიე, ასწიეს მღედლებმა და დააყარეს ყანდურს.
წიწიბურა იყო.
– ყველა ტომარა დააყარეთ. გაინძერით, ცოცხლად! არაფერი უმწეო და ნაზები არა ხართ
თქვენ ჩქარა!
მერვე ტომარაზე დასტურიძემ ისკუპა და თონეში ჩახტა. ბურღულს ხრაშახრუში აუყენა
ჯერ და მერე დასაკლავი მოზვერივით აბღავლდა:
– არ არის!.. არ არის ბეჭდები! გარგლის კურკისტოლა ბრილიანტი... ჭერმის კურკისტოლა
ბრილიანტი... აკი, მეფისნაცვალს – დიდიო და ეგზარქოსს – პატარაო!.. თავად ეკეთა
ხელზე... ხომ ნახეთ, ეკეთა! აღარ არის... სად არის ვინ წაიღო! გარგლის კურკისტოლა
ბრილიანტი... კურკისტოლა გარგალი...
მღვდლებს ბურღული მოჰქონდათ და თონეში ჰყრიდნენ. დასტურიძე ქვევიდან გარგლის
კურკისტოლასა და ჭერმის კურკისტოლას გაიძახოდა.
ყანდურმა, ჩავარდა თუ არა თონეში, ეტყობა, მაშინვე წაიძრო ბეჭდები და საითღაც
გადამალა! იცოდა, დასტურიძე უეჭველად ჩაჰყვებოდა შიგა!
მღვდლებმა უკანასკნელი ტომარა დაცალეს.
გამოვბრუნდით, ქვიშხეთისკენ გავწიეთ.
ცოდვა გამხელილი სჯობს და, დათა რომ არა, იმ ბრილიანტებს იქ არ დავტოვებდი,
ქურდის ქურდი ცხონებულიაო, ძველთაგან თქმულა.
გრაფი სეგედი
ზარანდიას სიაში ერთ–ერთი წამყვანი ადგილი ხომ ჰაჯი–სეიდსა და მის კანტორას
ენიჭებოდა. იგი ირწმუნებოდა, პანისლამისტების დამკრედიტებელი სწორედ ჰაჯი–სეიდი
არისო, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, ამის მამტკიცებელი საბუთი ხელთ ისევე არაფერი
ჰქონდა, როგორც, საერთოდ, ამ საქმეში სხვა რამ საბუთი. ზარანდიამ მუშაობა იმით
დაიწყო, რომ ისკანდერ–ეფენდი იუნუს–ოღლუზე შეაჩერა გულისყური. არ დავმალავ,
პირადად მე და სხვა ჩემს მოადგილეებს თვით ისკანდერ–ეფენდი მიგვაჩნდა საეჭვო
პირად. ზარანდიამ კი ჰაჯი–სეიდის საიდუმლოებებში ჩასახედად სწორედ მისი
გამოყენება განიზრახა. ამისთვის მასთან დაახლოება, მისი გადმობირება იყო საჭირო.
თავის მსხვერპლს ზარანდიამ ცოტა ხანს უთვალთვალა, საჭირო ცნობები შეკრიბა და ერთ
დღეს საჩაიეში მარტო მჯდომი მოიხელთა.
– სალამი, ისკანდერ–ეფენდი! მიცნობთ, ვინ ვარ?
დამხვდურმა შემოსწრებული გულდასმით დაათვალიერა და მიუგო:
– მგონი, ოტენის აფთიაქის პროვიზორი ბრძანდებით... სოლოლაკის ქუჩაზე, ოტენის
აფთიაქში მსახურობთ, არა? თუ ვცდები, მაშინ ბოდიშს ვიხდი... მინახიხართ, მაგრამ
თქვენი ვინაობა და საქმიანობა არ ვიცი.
ზარანდიამ თავისი სადარბაზო ბარათი გაუწოდა.
– მანდ ის არ წერია, რომ კონტრდაზვერვის უფროსი ვარ.
ნაქართველარმა რაღაცნაირად გაიღიმა, სადარბაზო ბარათი დაათვალიერა და დაუბრუნა.
ზარანდიამ ყურადღებით მოსმენა სთხოვა, გულახდილად აუხსნა, რით იყო გამოწვეული
მისი მოსვლა და რა სურდა ჰაჯი–სეიდის მდივან–მოლარისგან. ისიც აცნობა, რომ
საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელობას სწორედ ისკანდერ–ეფენდი იუნუს–ოღლუ
მიაჩნდა თურქების რეზიდენტად, ხოლო თვით ზარანდიას კი ამ მცდარი შეხედულების
გაქარწყლება სურდა და რომ ეს მხოლოდ ისკანდერ–ეფენდისავე დახმარებით იყო
შესაძლებელი.
– ისე მგონია, ისკანდერ–ეფენდი, – დასძინა ზარანდიამ, – რომ თქვენი მოწოდება და ვალი
– სამსახურია და არა ერთგულება. ერთგულება არც ჰაჯი–სეიდისა გმართებთ და არც იმ
მრავალრიცხოვანი პატრონებისა, რომლებიც წარსულში გყავდათ ან მომავალში
გეყოლებათ. ეგ ჩვენთვის უფრო გმართებთ, რადგან თქვენს დღევანდელ პატრონს,
სულერთია, დანაშაულში ვამხელთ და მაშინ თქვენც მისი ხვედრის გაზიარება მოგიწევთ–
დიდი არაფერი, უმნიშვნელო დახმარება გვჭირდება, მაგრამ პასუხის გადადება ხელს არ
მოგვცემს. აი... – ზარანდიამ უბიდან წინასწარ შეთხზული ხელწერილი ამოიღო,
ისკანდერ–ეფენდის დაუდო და ქიმიური ფანქარიც მიართვა, – ან ამაზე მოგვიწერთ ხელს
და შიგ აღნიშნულ დახმარებას აღმოგვიჩენთ, ან აქედანვე ციხეში წამოხვალთ, ყველაფერს
უთქვენოდ მოვახერხებთ და შედეგის გამო ალლაჰს დაემდურეთსს!
ისკანდერ–ეფენდიმ ხელწერილი მშვიდად ჩაიკითხა, იფიქრა და ჩაილაპარაკა:
– “დულკერნაინ ხელახლა გაუდგა გზასა”...
– რა ბრძანეთ?
– ყურანის მეთვრამეტე სურიდან არის. – ისკანდერ–ეფენდიმ კიდევ იყუჩა და დასძინა: –
ბეირუთი და დამასკო! ათენიც კარგი ქალაქია, არც იქ მიცხოვრია, მაგრამ მაინც დამასკო
ჯობს... აბდურაჰმან, მოართვი ბატონ... – ზარანდიამ თვალები დაუბრიალა. ისკანდერ–
ეფენდიმ თანამოსაუბრის გვარი იოგებში ჩაიხშო. – მოართვი ბატონს მაგარი ჩაი,
აბდურაჰმან!.. მიირთმევთ?
ზარანდიამ თავი დაიქნია.
სიჩუმე გაგრძელდა. ჩაი მოიტანეს, ზარანდიამ ლამბაქზე გადმოისხა და ინტერესით
ჰკითხა:
– დამასკო?.. რომში გიცხოვრიათ.
– არ მიცხოვრია.
– რომი ულამაზესი ქალაქია, მშვენიერი გოგონებით სავსე და, უნდა მოგახსენოთ, რომ
იტალიაში სადიზმის საწინააღმდეგო კანონი ჯერჯერობით არ არსებობს. იქ კაცი
გვჭირდება. ენა კარგად იცით – სენიორ მასარისთან ხომ იტალიურზე საუბრობთ ხოლმე!..
ჩინებულად გამოვა.
– “ნათესავი მოვალს და ნათესავი წარვალს და ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე... აღმოხდების
მზე და დახდების მზე და ადგილადვე თვისდა მიიზიდავს...” – ისევ თავისთვის
ჩაილაპარაკა ისკანდერ–ეფენდიმ.
– რა ბრძანეთ?
– ბიბლიიდან არის, ეკლესიასტეს სიტყვებია! – მიუგო მან. – არ მახსოვს, ბატონო
ზარანდია, რომელიმე ქალაქში ჩემი ცხოვრება და სამსახური სხვანაირად
დამთავრებულიყოს. აი! ასე ხდება მუდამ, – ისკანდერ–ეფენდიმ ხელწერილზე დაათითა. –
ნეტავი, რატომ მოდიხართ მაინცდამაინც ჩემთან და თანაც ყველგან და უსათუოდ
მოდიხართ. განა რას ვაშავებ? არაფერს, სრულიად არაფერს!
– ჩვენს დროში სწორედ ეგ არის საეჭვო.
– რომ არაფერს ვაშავებ?
– დიახ.
– დამასკო...
– მაგაზე ლაპარაკი, ისკანდერ–ეფენდი, ამის შემდეგ იყოს! – ზარანდიამაც ხელწერილზე
დაათითა.
– რა თქმა უნდა... მაგრამ ხელწერილი არც ერთ ქალაქში არ დამიდვია. არც აქ დავდებ!
რით შემიძლია გემსახუროთ?
– უცხო ქვეყნების რომელ ქალაქებში და რომელ ბანკებში აქეს გახსნილი მიმდინარე
ანგარიშები ჰაჯი–სეიდს?
– მხოლოდ სტამბოლში. სტინესის ბანკი, ანგარიში #1014, – უმალ მიუგო ისკანდერ–
ეფენდიმ და აქედან მოყოლებული – საჩაიეშიც და მერეც – მხოლოდ სიმართლე
ილაპარაკა.
ალბათ, ბევრი იტყვის, რომ ზარანდიას ესოდენ გაბედული ნაბიჯი პროფესიონალიზმის
შეურაცხყოფა და ავანტიურიზმი იყო, რაც თეორიულად სწორი შეფასება იქნებოდა,
მაგრამ პრაქტიკა ადასტურებს, რომ გადმობირებათა უმრავლესობა, ყველა დროსა და
ქვეყანაში, სახელდობრ, ზემომოყვანილი, ან მსგავსი უხეში ხერხებით ხორციელდებოდა.
წინააღმდეგ ზოგი დეტექტივის შეხედულებისა, გადმოსაბირებელ პირთა მეტი ნაწილი
საიდუმლო პოლიციასთან და კანონთან ურთიერთობის გამწვავებას ერიდება და
საკმარისია ხოლმე, გადმომბირებელმა ამ გამწვავებაზე რამდენადმე კატეგორიულად
მიუთითოს, რომ დაბრკოლებები ისპობა. ზარანდიას და ისკანდერ–ეფენდი იუნუს–
ოღლუს საუბარში მოულოდნელი არაფერი იყო, გარდა ჩემი მოადგილის მიერ
სახელდახელოდ მოგონილი სადიზმის ვერსიისა. ასეთი ცნობები ჩეენ არ გვქონია, ვერც
რასმე ამდაგვარს დავამტკიცებდით, მაგრამ ისკანდერ–ეფენდიმ იფიქრა, რომ
გადმობირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შურის საძიებლად ორ, სამ მეძავს ისეთს
უეჭველად მივუყვანდით, რომლებიც პირზე დაადგებოდნენ, სადისტი ხარო, და ჩათრევას
ჩაყოლა ამჯობინა. ასე ხდება ხოლმე თითქმის ყველა ანალოგიურ შემთხვევაში.
ისკანდერ–ეფენდის მეშვეობით დადგინდა, რომ სტამბოლელ ანტიკვარს, გვარად
ჩოყურსო–ბეის, სტინესის ბანკში ჰაჯი–სეიდის ანგარიშზე წელიწადში ოთხჯერ შეჰქონდა
თანხა თურქული ლირებით. ყოველი შენატანი კურსით რუსულ ორ ათასს უდრიდა. ბანკი,
არსებული წესისამებრ, თავის თბილისელ კლიენტს საშემოსავლო ორდერს უგზავნიდა და
ჰაჯი–სეიდისთვის ცნობილი ხდებოდა, რომ ფული შეტანილი იყო. ისკანდერ–ეფენდიმ
ვერ გვითხრა, თუ ვის უგზავნიდა ჰაჯი–სეიდი ამ ფულს, მაგრამ დაგვისახელა ვინმე ყარა–
ისმაილი – ჰაჯი–სეიდის ფირმისთვის დაღესტანში ლითონის ჭურჭლის შემსყიდველი
პირი, რომელსაც სალაროდან სამ თვეში ერთხელ ორასი ოქროს თუმნიანი გაჰქონდა იმ
თანხის ზევით, რაც საქონლის შესასყიდად ეძლეოდა ანგარიშქვეშ. ყარა–ისმაილი
თემირხანშურაში ცხოვრობდა. ცხადი იყო, მისი მიტანილი კვალის მეშვეობით უნდა
აღმოგვეჩინა დაღესტანში მცხოვრები რეზიდენტები.
ერთხელ მუშნი ზარანდიამ კავკასიური გუბერნიების პოლიციათა ხელმძღვანელი
მოხელეების თათბირზე თავის გამოსვლაში ასეთ დებულებას მიმართა: ყველა დროისა და
ხალხის პოლიცია, თუ მისი ფუნქციების შემსრულებელი სხვა რამ ადმინისტრაცია,
წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს იმისთვის ნავარაუდევ სტრუქტურას, რომ
მმართველ დაწესებულებებს ყოველი ცალკეული მოქალაქის ცხოვრების, საქმიანობისა და
შეხედულებების გარშემო, შეძლებისდაგვარად, ვრცელი ინფორმაცია უნდა მოეპოვებოდეთ. არსებობს კიბე შინაგან საქმეთა მინისტრიდან უბნის ზედამხედველამდე
და უამისოდ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნებოდა, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ
იბოგინებდა. როცა ჩვენ ვხედავთ და მოწმენი ვართ იმისა, რომ მავანი წყობილება დგას და
მას უახლოეს ხანებში დამხობა არ ემუქრება – ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა
კმაყოფილია თავისი წყობილებით, იგი მოქმედი კანონებისა და თავისი პოლიციის
მხარეზეა და, მაშასადამე, საჭირო ინფორმაციაც პოტენციურად არსებობს – მხოლოდ უნდა
შეგვეძლოს, ვიცოდეთ მისი მოპოვებაო. ეს დებულება პარადოქსად ჟღერს და სწორედ
ამაშია მისი სიძლიერე: პარადოქსი მოაზროვნე კაცს ანალიზზე უბიძგებს; ანალიზი კი
უეჭეელად მიიყვანს დასკვნამდე, რომ საქმე პარადოქსთან კი არა, ჭეშმარიტებასთან აქვს.
მუშნი ზარანდიას სამსახურმა ჩემ თვალწინ გაიარა და ვიცი, რომ იგი ყველა შემთხვევაში
ზემომოყვანილი პრინციპით ხელმძღვანელობდა. მას არც დაღესტანში მიუმართავს სხვა
გზებისთვის; ჩავიდა, იქაურ პოლიციას ცნობები შეაკრებინა, თუ სად, ვისთან დაიარებოდა
ყარა–ისმაილი და მათგან ვინ იყო მიჩნეული საეჭვო პირად. ასეთი ინფორმაცია თითქმის
მზამზარეული იდო – საკითხს ამ კუთხიდან დანახვა და აღნუსხვაღა სჭირდებოდა.
ზარანდიამ მასალები შეისწავლა, სიაში ექვსი კაცის გვარ–სახელთან წერტილები დასვა,
ოთხი ამათგანი რეზიდენტიაო – თქვა, შემდგომი მუშაობისა და ძირითადი ოპერაციის
ჩატარების ზუსტი გეგმა დატოვა და თბილისს დაბრუნდა.
ამ საქმეში გასამარჯვებლად მუშნი ზარანდიას მეორე დასაყრდენიც ჰქონდა. ცნობილია,
რომ თურქებს სახელმწიფოებრიობისა და სამსტოვრო საქმის ათასწლოვანი გამოცდილება
აქვთ და, ამასთან ერთად, საკმაოდ ყაირათიანებიც არიან. აქედან გამომდინარე, ჯერ არის
და, ფულს ვისმე თუ გამოუგზავნიდნენ, დანიშნულ პირთა გზავნილების უკლებლივ
მისვლის რაიმე დასტურსაც უეჭველად მოითხოვდნენ. მეორეა და, ამ დასტურის მიღებაში
სხვა კაცებს არასგზით არ ჩარევდნენ, ეს საიდუმლოებაში ჩახედულ პირთა გამრავლება
და, საბოლოო ჯამში, საქმის გამჟღავნება იქნებოდა. ჩვენს შემთხვევაში, თუ თურქები
თავის რეზიდენტებამდე ფულის უკლებლივ მიღწევის დასტურს საერთოდ
თხოულობდნენ და ასეთ დასტურს რაიმე სახით იღებდნენ კიდეც, მიღების გზა მხოლოდ
ერთი იყო: ყარა–ისმაილი – ჰაჯი–სეიდი–ჩოყურსო–ბეი – თურქეთის სამსტოვრო.
ისკანდერ–ეფენდიმ ამის გარშემო ვერაფერი მოგვაწოდა, ეს კვანძი მის თვალს
მიფარებული იყო და ზარანდიაც არცთუ მძიმედ განიცდიდა ამას. იგი თითქმის
დარწმუნებული იყო, რომ რეზიდენტობის დასტური ისევ ყარა–ისმაილის ჯიბეებში
აღმოჩნდებოდა.
დრომ მოაწია, ყარა–ისმაილი ჩამოვიდა. ისკანდერ–ეფენდიმ ჰაჯი–სეიდის მითითებით
სალაროდან ორასი ცალი ოქროს თუმნიანი გასცა და ჩვენ ეს ერთი საათის შემდეგ
ვიცოდით.
მაგრამ ყარა–ისმაილის მიერ ფულის მიღებას, თავისთავად, არავითარი მნიშვნელობა არ
ჰქონდა – ხელმოსაკიდი არაფერი იყო. მიიღო? მერე რა, რომ მიიღო? აკი ზემოთაც ვთქვი,
ფულის მიმტან–მომტანი შიკრიკები ხელშიც კი ჩაგვიგდია, მაგრამ ამას ჩვენთვის საჭირო
შედეგი არ მოუტანია–მეთქი. საჭირო იყო, მიმღებთათვის დაგვემტკიცებინა, რომ ფული,
სახელდობრ, თურქებისგან და, სახელდობრ, ძირგამომთხრელი მუშაობისთვის
ეძლეოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული შედეგი მხოლოდღა ინფორმაციად
რჩებოდა. ამოცანა ნათელი იყო: უნდა მოგვეპოვებინა დანაშაულის მამტკიცებელი
საბუთები, აღიარებები, ჩვენებები! როგორ რა გზით? ამ კითხვას წლების მანძილზე
ვერავინ მოუარა. ზარანდიამ გადაწყვიტა ეს პრობლემა, მაგრამ თუ როგორ და რა ხერხით –
ამის შესახებ ჩემს მეტმა იქამდე არავინ იცოდა, სანამ შედეგი არ იქნა მიღებული; შედეგმა
გაამხილა ხერხი. მე აქ და ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყარა–ისმაილის მიერ ჰაჯი–
სეიდის მდივან–მოლარისგან მიღებული ორასი ცალი ოქროს თუმნიანი ყველა ყალბი იყო!
ზარანდიამ ყარა–ისმაილს კაცები აადევნა და, რა თქმა უნდა, დაღესტნის საიდუმლო
პოლიციას ტელეგრაფით აცნობა ოპერაციის დასაწყისი. თვითონ, დაღესტანში
გამოძახებამდე, თბილისში დარჩა. ავსტრიული შპიონაჟის ირგვლივ სამუშაო ჰქონდა.
– როგორ სქემას ელით? – ვკითხე ზარანდიას ამ საკითხზე ერთ–ერთი საუბრის დროს.
– პრიმიტიულს, გრაფ.
– რატომ?
– როცა ჯაშუში წლების მანძილზე თავის საქმეს აკეთებს და კონტრდაზვერვის ყურადღება
ერთხელაც არ უგრძვნია, როგორი ფრთხილიც უნდა იყოს იგი, ნებივრდება, გულისყური
უდუნდება და კონსპირაციის ელემენტარულ ნორმებსაც კი ღალატობს. მანდ სწორედ ამ
მოვლენასთან გვექნება საქმე.
– ღმერთმა ინებოს, მაგრამ მე მაინც ის მაინტერესებს, თუ როგორ სქემას ელით.
– სამხედრო ხასიათის ინფორმაციას ქალბატონი დე ლამიე პორუჩიკ სტარინ–
კოვალსკისგან უნდა იღებდეს. ეს ახალგაზრდა კაცი ერთთავად ოფიცრების ცოლებში
ტრიალებს, ჭორებს ისმენს, მოსმენის პროცესში ნაამბობს ცინიკური კომენტარებით
ჰკაზმავს და ჭორის შემდეგი გავრცელების მოდელს, როგორც იტყვიან, დახლთანვე
ჰქმნის. ნიჭიერი მოლაყბეა, როცა ვინმეს დასცინის, კილვის ობიექტის ბიოგრაფიას,
ხასიათის თავისებურებებს, ჩვევებსა და გატაცებებს ჟონგლიორივით ათამაშებს.
დაინტერესებული პირისთვის საკმარისია, ყური უგდოს, მერე, თუ საჭირო შეიქნა, ორიოდ
შენიღბული კითხვა დაუსვას და ანკეტა მზად არის. სტარინ–კოვალსკი მადმუაზელ დე
ლამიეს კეთილგანწყობილებითა და საფულეთი იმთავითვე სარგებლობდა, მაგრამ ეს
თავისი ხორციელი და ინტელექტუალური მომსახურების ჰონორარად მიაჩნდა. ასე
ჩაიგდეს ხელში ავსტრიელებმა საანკეტო მონაცემები. ამას, უნდა ვიფიქროთ, მოჰყვა ის,
რომ მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიემ სტარინ–კოვალსკი ჩადენილი სამშობლოს ღალატის
ფაქტის წინაშე დააყენა და ანკესი გადააყლაპა. დანარჩენი დახურდავებას აღარ საჭიროებს.
გამოსარკვევია ისიც, თუ რა როლს თამაშობს საარტილერიო ცნობების გაჟონვაში
პოლკოვნიკი გლებიჩი მგონი, ორში ერთია: ან პოლკოვნიკს მოუბლაგვდა სიფხიზლე, ან
სტარინ–კოვალსკიმ მის სეიფს გასაღები მოარგო. გლებიჩი ფიცისა და სატევრის კაცია.
სამშობლოს ღალატი აქ გამორიცხულია! ასევეა კულაგინის შემთხვევაშიც, მაგრამ
კულაგინი ფანატიკოსია, მანიაკია და ამიტომ თვლის, რომ თუ სათანადო უმაღლეს
დაწესებულებებს წელიწადში ორჯერ მაინც შინაპოლიტიკური მიმოხილვები არ მიართვა
– იმპერია დაინგრევა. ამას დავუმატოთ ის მოხსენებები, კულაგინი სამსახურებრივ
მოვალეობათა გამო რომ სთხზავს და დავინახავთ საწერ მაგიდას, რომელზეც მუდმივად
დევს უცხოური დაზვერვებისთვის საინტერესო დოკუმენტი. მისი ცოლი, ლარისა
კულაგინა, ქალბატონ დე ლამიეს აქტიური მუშტარი და მეგოგარია. დასადგენია,
პოლიტიკური მიმოხილვა ფულად აქვს გაყიდული კულაგინას, საწმერთულებში აქვს
გადაცვლილი, თუ ქალბატონმა დე ლამიემ როგორღაც დრო იხელთა და ბატონ
კულაგინის მაგიდასთან ფოტომოყვარულობის ჟინი მოიკლა?.. რაც შეეხება ჰაჯი–სეიდს –
იგი რთული ფიგურაა, ორმაგ, იქნებ, სამმაგ თამაშსაც ეწევა. გაითვალისწინეთ, გრაფ, რომ
ამ კაცის აგენტები საქონლის შესასყიდად მთელ კავკასიაში დაძრწიან და საჭიროების
შემთხვევაში უმდიდრესი ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ. მეორე მხრივ! ჰაჯი–
სეიდთან ხშირად ჩამოდიან შუამავლები ევროპიდან, საქონელი მიაქვთ. რომელიმე
მათგანის ხელით ნაჯაშუშარის გადაგზავნა ან იქიდან დირექტივების მიღება ძლიერ
მოხერხებული რამ არის, როგორც ჟანეტ დე ლამიესთვის, ისე თვით ჰაჯი–სეიდისთვისაც,
გრაფ. რაღაც ამგვარი რომ ხდება, ეს უკვე დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს. დასასრულ,
არც ის არის გამორიცხული, რომ ჰაჯი–სეიდი და ქალბატონი დე ლამიე მოპოვებული
ინფორმაციის ერთმანეთში ყიდვა–გაყიდვას აწარმოებენ. ეს, მოგეხსენებათ, საკმაოდ
გავრცელებული ფორმაა სხვადასხვა სახელმწიფოს ჯაშუშებს შორის კომერციული
ურთიერთობისა. თვით ჟანეტ დე ლამიეზე არსებობს ერთი საინტერესო ცნობა: იგი სამი–
ოთხი წლის მანძილზე ათენში პატარა სასტუმროს დიასახლისი იყო, მაგრამ იქ ერქვა
მადმუაზელ ზიზი ჟერმენ...
– ეგ საიდან იცით?
– ჩვენმა აგენტმა ეს ცნობა სტამბოლში ერთი გალოთებული ბერძნისგან ოც თურქულ
ლირად იყიდა. აი, ასეთი სქემის მოლოდინი მაქვს და ახალი გარემოებების გამოჩენასაც
ვიმედოვნებ.
– დაგწყევლოთ ღმერთმა, დამანებეთ თავი! – სიცილი ამივარდა ზარანდია გავიდა, თავისი
მრავალრიცხოვანი საქმეები და დაღესტნიდან მისაღები გამოძახების მოლოდინი
განაგრძო.
დაღესტნიდან მოსული გამოძახება კი, გეგმის მიხედვით, ასეთი ხასიათის ცნობით უნდა
ყოფილიყო თანხლებული: რეზიდენტების ოჯახებში ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია
ყალბი ფული, მათი მფლობელები დაპატიმრებული არიან და სხვადასხვა ქალაქების
სატუსაღოებში სხედან ისე, რომ არც ერთმანეთისა იციან რამე და არც რეზიდენტების
ჭირისუფლებმა იციან თავისი პატიმრების ადგილსამყოფელი. ყარა–ისმაილი ვოიაჟის
შემდეგ თემირხანშურიდან ნახევარი საათის სავალზე საგულდაგულოდ არის გაჩხრეკილი
და აყვანილში ისე, რომ ესეც არავინ იცის დაპატიმრებულისა და დამპატიმრებელთა
გარდა.
დიახ, იჯდა და ელოდა, მაგრამ ერთ დღეს, როგორც იტყვიან, რაღაც შეუჩნდა. თითქმის
ყველა შემთხვევასა და ვითარებაში მშვიდმა, მოთმინების დაკარგვა იწყო, აწრიალდა.
შევამჩნიე, მოუთმენლობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც პოლკოვნიკ
სახნოვის უახლოეს ხანებში თბილისს ჩამოსვლა გახდა ცნობილი. მაგრამ, როგორც მალე
გამოირკვა, იმ ორ საღელავს მესამეც დამატებოდა. ეს შტორმი დაახლოებით ერთ კვირას
გაგრძელდა და დამთავრდა იმით, რომ მოვიდა და მითხრა:
– გრაფ, მირჩიეთ, რა ვქნა: მამასთან უნდა ვიყო სოფელში. დათა თუთაშხია, მგონი,
პაემანზე მთანხმდება, მაგრამ არავინ იცის, როდის მოგვადგება სახნოვი და ჩემი ყოფნა
თბილისში აუცილებელია. მთაეარი კი მაინც ის არის, რომ დაღესტანშიც უნდა წავიდე...
– დაღესტნიდან რაიმე ცნობა მიიღეთ?
– არა.
– მაშ, რისთვის მიდიხართ?
ზარანდიამ ხელი გაასავსავა, მხრები აიჩეჩა, გაიღიმა და თქვა:
– არ ვიცი!..
იმწამსვე დავიჯერე და ახლაც დანამდვილებით ვიცი, რომ მისი ახირება სულიერი
იმპულსი იყო, მაგრამ დროებითი წამოფეთება კი არა – დაჟინებული შინაგანი მოთხოვნა,
დაღესტანში ყოფნის გარდუვალი საჭიროების ქვეცნობიერი სიგნალი.
– იმედი გაქვთ, რომ დათა თუთაშხიას დაიყოლიებთ?
– ერთობ უღიმღამო, გრაფ, მაგრამ – ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია.
– მეთოდი?.. რა ფორმებში უნდა მიაწოდოთ ჩვენი წინადადება?
– მხოლოდ სიმართლე და გულახდილობა, თქვენო ბრწყინვალებავ. არ მოტყუვდება. არც
გვეკადრება სიცრუე, რა საჭიროა!
გამეცინა, თავი დავიქნიე, რადგან წამოწყებისა არაფერი მჯეროდა.
– მეც რომ თათბირების ჩასატარებლად მივდივარ?.. – ვთქვი ცოტა ხნის მერე.
– ვიცი, თქვენო ბრწყინვალებავ.
– რაღა გაეწყობა... წადით, მაგრამ...
მინდოდა მეთქვა, ბოლო ხანებში მღელვარებას გამჩნევთ და არაფერში აჩქარდეთ–მეთქი.
თავი შევიკავე, მუშნი ზარანდიასთვის ასეთი რჩევა–დარიგება საჭირო არ იყო.
შეყოყმანების მიზეზს მიმიხვდა, ღიმილით მითხრა:
– დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, გრაფ. გაკეთდება ყველაფერი, რის გაკეთებაც საჭიროა
და შესაძლებელი.
მეორე დღეს ბაქოს გავემგზავრე. კიდევ ორი დღის მერე ზარანდიამ სამეგრელოსკენ
გასწია, ოჯახი და თავისი და მოინახულა. იქიდან წამოსულუმა მცხეთაშივე
ჩრდილოეთისკენ აუხვია, თბილისს არ მოსულა, ისე გადავიდა დაღესტანში.
ორკვირიანი მგზავრობა მელოდა. ვეჭვობდი, ეს დრო, იქნება, არც კი მეყოს–მეთქი – სამ
ქალაქში მქონდა დანიშნული თათბირი, მაგრამ საქმე ისე დატრიალდა, რომ ყველაფერს
ადრე მოვრჩი და წასვლიდან მეათე დღეს თბილისს მოვედი. ზარანდია ჯერ არ
დაბრუნებულიყო.
დიმიტრი კოდაშვილი
სრულიად ახალგაზრდა კაცმა, უწმინდესი და უმართებულესი სინოდის წარგზავნით,
კავკასიონის ფერდობებს მიკრულ სოფელში დავიწყე ღმრთის მსახურება. იმ სოფელში
მეგრელი მეჯოგეები ცხოვრობენ და ლუწი ჰქვია.
იქაური მკვიდრნი რწმენასა შინა სიმტკიცეს ნაკლულ არიან. იმძლავრა ეშმაკმა და ჩემი
მსახურების პირველსავე წელიწადს ლუწში საზარელი ცოდვა დატრიალდა: თოდუების
ოჯახი – დედა და ოთხი ვაჟიშვილი – ერთ ღამეს ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ დოროთე
თოდუა, ოჯახის მამა. დოროთე მთებში ჯოგს აძოვებდა. ბოქაულმა მაცნობა, რომ იმ
ბოროტების ჩამდენი, ღმერთისა და მეფის ურჩი, აბრაგი და მკვლელი, დათა თუთაშხია
იყო. ყაჩაღი მრევლის წინაშე დავწყევლე და შევაჩვენე.
ლუწის ზემოთ საძოვრებიანი მთები და მეჯოგეების კარვებია. მეჯოგეთა კარვები ხშირად
აბრაგების თავშესაფარიც არის. დათა თუთაშხია კარვებში ყოველ ზაფხულს ადიოდა,
გზადაგზა ლუწში ვინმესთან სტუმრობდა. როდესაც ცნობილი გახდა, რომ თოდუები
დათა თუთაშხიამ ამოწყვიტა, მრევლში ჩოჩქოლი და მითქმა–მოთქმა ატყდა. იასონ
ქარჩავამ, სოფლის თავკაცთაგანმა, აბრაგს ხალხის სახელით განუცხადა, ნუღარც ვისმე
გვესტუმრები და ნუღარც ჩვენს სოფელზე გამოივლიო. თუთაშხიამ მიზეზი მშვიდად
მოისმინა, კადნიერად თქვა, მე მაგისთანების ჩამდენი არა ვარო, და თავის გზაზე გასწია.
სტუმრად აღარავისთან მისულა, მაგრამ სოფელზე სიარულს არ იშლიდა და, ვითომც
არაფერიაო, გზად შემოყრილ გამვლელ–გამომვლელს, ჩემს გარდა, ყველას ესალმებოდა.
სალამზე ზოგს წლების მანძილზე არ უპასუხია – დათა თუთაშხია მოკვეთილი იყო და
მთავრობამაც ასე იცოდა.
მოძულებით მოიძულეს, მაგრამ ზოგიერთს გული ეთანაღრებოდა, ბოქაულის სიტყვა რა
დასაჯერებელია, ვაითუ მართალი არ არის და ცოდვა ტყუილად შევწამეთო. ზურგს უკან
მე მკიცხავდნენ. იმასაც მოვკარი ყური, რომ თუთაშხიას ჩემგან შეჩვენება გაეგო, შიში
მქონდა, არაფერი დამმართოს–მეთქი.
დოროთე თოდუა მაგარი ბერიკაცი იყო, მაგრამ დარდმა და ცრემლმა მოტეხა. მალე
იმდენად მოხუცდა, რომ ჯოგის მოვლა–პატრონობა ძალიან გაუჭირდა. ყოველ
შემოდგომაზე ამბობდა, ჯოგს ბარში ჩავიყვან და გავყიდიო.
მეწველი თხა მყავდა, ერთთავად თავის ნებაზე დაეხეტებოდა. ერთ საღამოს შინ აღარ
მობრუნდა. არც დილით გამოჩნდა. შუადღემდე ველოდე და საძებნელად წავედი.
ხევის გამოღმა ბილიკს მივყვებოდი. გაღმა, გზაზე, სამი მგზავრი დავინახე. დოროთე
თოდუა მაშინვე ვიცანი; ზურგზე გუდა ეკიდა და დინჯად მოაბიჯებდა. ადრე გაზაფხული
იდგა, იმ დროს ჯოგებს ჭალებიდან მთაში მოერეკებიან და დოროთე კი ცარიელი
მოდიოდა.
ჯოგი გაუყიდია–მეთქი, გავიფიქრე და მის თანამგზავრებს დავაკვირდი. ერთს შავი ჩოხა
ეცვა, იარაღი ჰქონდა ასხმული. უნაგირზე ნაბადგადადებული ლაფშა წინ მოუძღოდა.
დათა თუთაშხია ვიცანი და ის გამიკვირდა, რომ დოროთე თოდუასთან ერთად მოდიოდა,
თორემ გათავხედებული რომ იყო და არაფრისა ეშინოდა, ეს ისეც ვიცოდი. მეორე აქაურს
არ ჰგავდა. თუთაშხიას დანახვა არ მიამა. არ შემომეყაროს, ჯობია, გავეცალო–მეთქი.
ბილიკმა მარჯვნივ გადაუხვია– ჩემი თხა ამ ხევში მეგულებოდა და მეც გადავუხვიე. ხევი
ციცაბო, ძნელი ასასვლელი იყო; დაღმართებს შევუდექი. ხევის ათავებას კარგა ხანი
მოვანდომე, ძალზე დავიღალე და თხა კი არსად ჩანდა. თხემზე უზარმაზარი რცხილა
იდგა, სამი ვაჟკაცი ვერ შემოსწვდებოდა. სუროთი იყო რცხილა გაბარდული. იმ ხიდან,
ჩემი ვარაუდით, ბუჩქნარიანი ფერდობები თვალსაწიერამდის გამოჩნდებოდა და თეთრი
თხა ადვილი დასანახი იქნებოდა.
რცხილაზე ავედი, ფერდობები რიგიანად დავათვალიერე. არაფერი ჩანდა. ვიჯექი,
ვისვენებდი, ბუჩქნარსა ვჩხიბავდი.
ცხენის ფლოქვის ხმა მომესმა.
მარჯვნივ, ათიოდე ნაბიჯზე, ძალზე ღრმა, ვიწრო და მშრალი ხრამი იყო. ქვევიდან
მომავალი ბილიკი ხრამთან წყდებოდა. ხრამზე საცალფეხო მორი იყო გადებული. ხრამს
აქეთ ისევ იწყებოდა ბილიკი და ტყე–ტყე ლუწისკენ მიიკლაკნებოდა.
ერიჰაა! – გავიფიქრე მე – ალბათ, შეისვენეს სადმე, თორემ, რაც მე იმ კლდე–ღრეში
ვიხეტიალე, ესენი უკვე ლუწს იქით უნდა ყოფილიყვნენ გასული.
რცხილიდან ჩამოსვლა დავიწყე, ჩავხტი, აქაურობას გავერიდო–მეთქი, მაგრამ გვიანღა იყო
და სუროში მივიმალე.
ჯერ დათა თუთაშხიას ლაფშა გამოჩნდა. საცალფეხოდ გადებულ მორთან დადგა, პატრონს
მიხედა. თუთაშხია თავჩაღუნული მოაბიჯებდა. უკან დოროთე თოდუა კომბალს
მოაბაკუნებდა. ბოლოში
უცნობი მოდიოდა. ოცდახუთი–ექვსი წლისა იქნებოდა. დაბალი, სქელი კაცი იყო.
ცხენმა პატრონს უყურა, ნიშანი ვერაფერი მიიღო, მორი ფეხაკრეფით გადმოიარა და ხრამს
გამოღმა ხეების ჩრდილში ბალახის წიწკნას შეუდგა.
დათა თუთაშხია მორს მოადგა, გაჩერდა, თანამგზავრებს დაელოდა. დოროთე თოდუამ
ზურგიდან გუდა მოიხსნა, თუთაშხიას მიაწოდა. აბრაგმა გამოართვა, მორი გადმოიარა,
გუდა მიწაზე დადო. ქისა ამოიღო, ჩიბუხი გატენა. სანამ თუთაშხია აბედს კვესავდა,
დოროთემ მორზე ფეხი შემოდგა, მაგრამ შეყოყმანდა, გადმოსვლა ვერ გაბედა ბერიკაცმა.
მაშინ მორზე უცნობი შემოვიდა, მოხუცს ხელი
გაუწოდა, გადმოდი, ნუ გეშინიაო. მოხუცმა ხელი არ მისცა, კომბალი გამოუშვირა და
დაიძრნენ. უცნობი ნელ–ნელა მოიწევდა – მოხუცი კომბალს მოსდევდა. უცნობმა მორი
გადმოიარა, შუამდე მოსულ მოხუცს კომბალი გამოჰგლიჯა, მკერდში ატაკა.
დოროთე თოდუა ხრამში გადაიჩეხა. ქვებზე დავარდნილი სხეულის ყრუ ჩახანმა მოაწია.
თუთაშხია უმალ იქით მიბრუნდა.
მუხლებზე დაჩოქილი უცნობი ხრამში იყურებოდა. თუთაშხიამ ნაბიჯი წასდგა, სიღრმეში
ჩაიხედა.
უცნობმა წამოიწია, თვალები მიაცეც–მოაცეცა და დოროთე თოდუას გუდას დააცხრა.
ფაციფუცით გახსნა, მიწაზე წამოაპირქვავა, ვაცის ბუშტის ქისა იპოვნა, თასმით შეკრულ
ნასკვს კბილები მიაშველა და წვალებით გახსნა.
ქისაში ფული იყო, ბევრი ფული.
თუთაშხიამ ფული რომ დაინახა, რაღაც ხმა აღმოხდა, ვერა გავიგე რა, გაკვირვებისა იყო,
თუ სიხარულისა.
– ხომ ხედავ, რამდენია აქ?! – უცნობი ერთიანად ცახცახებდა, ფულები ხელიდან ხელში
გადაჰქონდა, წონას უსინჯავდა. შემთხვევით თუთაშხიას თვალებს შეეფეთა და გაინაბა.
უცნობი მუხლებზე იდგა, ყბა ჩამოვარდნოდა, აბრაგს ფინია ძაღლივით აჰყურებდა.
აბრაგი ხმას არ იღებდა, დასცქეროდა. მერე კბილებში გაჩრილი ჩიბუხი მოქაჩა, ბოლი
გამოუშვა. უცნობმა აბრაგს თვალი აარიდა, ფულის გაყოფას შეუდგა. თვლა არ იცოდა,
ორად ჰყოფდა.. ფულებს მარჯვნივ და მარცხნივ ალაგებდა.
– ნახევარი შენ ნახევარი მე... ბევრია აქ! – მოკრძალებით უთხრა უცნობმა თუთაშხიას და
ისევ მის თვალებს შეეფეთა.
შეეფეთა და გაშრა.
– გავიყოთ... – უცნობი დაბნეული, წამხდარი იყო. – შენ დათა არ ხარ?.. დათა თუთაშხია.
ხოლუა ვარ მე ხოლუა!
აბრაგმა კარგა ხნის შემდეგღა ჰკითხა, საიდან იცი, თუთაშხია რომ ვარო.
ხოლუა უარესად დაიბნა, ენა ჩაუვარდა.
აბრაგი პასუხს ელოდა.
ხოლუამ თითი ხრამისკენ გაიშვირა:
– მან. გზაზე დაგინახეთ და თქვა: აგერ, დათა თუთაშხიაო.–– საცოდავიო, ესეც თქვა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
აბრაგმა ხმადაბლა უთხრა, ფული ქისაში ჩააბრუნე, ძირს დადეო.
ხოლუა გაშეშდა, თავზარი დაეცა, შეყოვნდა.
თუთაშხიამ გაუმეორა.
– ჩემია!.. – წამოიძახა ხოლუამ, – სულ ჩემია! ნახევარს გაძლევ, დათა თუთაშხია რომ ხარ,
იმიტომ. მეტი რა გინდა შენ?! სულ გინდა წაიღო, ხომ....
აბრაგს ხმა არ დაუძრავს. არც განძრეულა. ხოლუას სიტყვა გაუწყდა, ფული უხალისოდ,
ძალისძალად მოაქუჩა, ქისაში ჩატენა, გამონასკვა და გაინაბა.
თუთაშხიამ რაღაც დაიღრინა, სიტყვები ვერ გავარჩიე.
ხოლუამ ქისა მიწაზე დადო, აბრაგს თვალებში ახედა და უმალვე გუდის ჩალაგებას
შეუდგა.
ჩაალაგა, ყელი გამოუნასკვა.
– თქვენი იყოს, დათა–ბატონო, მაგრამ ამდენი დღეა, ამას რომ დავდევ მე, ხომ მერგება
წილი...
თუთაშხიამ ბოლი გამოუშვა და უბრძანა, ჩადი, ცხედარი ამოიტანეო.
ხოლუა უყოყმანოდ მიტრიალდა, ხრამის ნაპირს გაჰყვა – ჩასასვლელს ეძებდა. ათი–
თხუთმეტი ნაბიჯი გაიარა. მაშინ აბრაგმა იარაღი იშიშვლა, კვალში მიჰყვა.
ლაფშამ თვალი პატრონს გააყოლა და ბალახობა განაგრძო.
მარტო რომ დავრჩი, გონს მაშინღა მოვეგე: სერს გადაღმა ბავშვები ბატებს აძოვებდნენ!
ხიდან ამოვხოხდი, გავიქეცი, კოკოჩიას ბიჭს ვუამბე, ვიღაც ხოლუამ დოროთე ხრამში
გადაჩეხა, გუდიდან ქისა წაუღო და დათა თუთაშხიამ კი ხოლუას წაართვა ის ფული–
მეთქი. რა ვიცი, რა გაიგო იმ ბავშვმა და რა არა.
უკანვე გამოვბრუნდი, უფრო მოხერხებული ადგილი შევარჩიე, ბუჩქებში ჩავწექი.
დათა თუთაშხია დიდხანს იდგა ხრამის პირას, ხოლუას თვალს არ აშორებდა.
მოწყვეტილი ქვების ჩახანი ისმოდა. ერთი ორჯერ ავაზაკ ხოლუას უშვერი ლანძღვაც
გავიგონე. ხოლუამ დოროთე თოდუას დასახიჩრებული გვამი ზურგით ამოიტანა.
ქლოშინებდა, თან თუთაშხიას შესციცინებდა თვალებში.
აბრაგმა ნიშანი მისცა, ხოლუამ ცხედარი მიწაზე დაასვენა, ხელი გულზე მიიდო. ფეხზე
ძლივსღა იდგა.
გუდა და ქისა აქ მოიტანეო, – ჩაულაპარაკა თუთაშხიამ.
ხოლუა ბარბაცით გაიქცა. გუდაც მიიტანა და ქისაც.
ქისა კბილებით დაიჭირე და გუდა კისერზე ჩამოიკიდეო. ხოლუა შეყოვნდა, მაგრამ
მეორედ აღარ ათქმევინა; ქისას კბილები სჭიდა, გუდა ზურგზე წამოიგდო.
თუთაშხიამ მოაგონა, მე კისერზე გითხარიო.
ხოლუას გაუკვირდა, მაგრამ ესეც შეუსრულა და აბრაგს შეხედა, ახლა რაღას მიბრძანებო.
– აიკიდე ზურგზე! – დათა თუთაშხიამ ცხედარზე მიანიშნა.
ხოლუა გაშეშდა.
– არ ავიკიდებ... მომკალი, თუ გინდა – არ ავიკიდებ! მკვდრების მეშინია მე. იქიდან
ამოვიტანე, ხომ?.. არ მინდა. გულის მანკი მაქვს, გულის მანკი, ვერ ხედავ?! – ქლოშინით,
ნაწყვეტ–ნაწყვეტად ამბობდა.
ორი ტყვია ზედიზედ გავარდა. ერთმა ყურთან გამიწივლა, მეორემ ცხვირ–პირში მიწა
შემომაყარა. სანამ გაქცევას დავაპირებდი, შიშმა მანამდე დამცა დამბლა. როცა თუთაშხიამ
იარაღი ბუდეში ჩააბრუნა, პირჯვარი გადავისახე და ღმერთს თაყვანი ვეცი, რომ
სიკვდილს გადამარჩინა.
გაფითრებულმა, ერთიანად აცახცახებულმა ხოლუამ ჯერ იღლიაში გახვრეტილი
ახალუხი მოისინჯა ხელით, მერე – ლაჯებში ტყვიისგან გაგლეჯილი შარვალი. ხელზე
დაიხედა – სისხლი არ იყო და გიჟივით გაიცინა.
– როგორც მიბრძანებ, დათა–ბატონო... აბა, რა! – ხოლუამ ცხედარი ზურგზე აიკიდა და
ბილიკს გაჰყვა.
თუთაშხიამ ხვნეშით მიმავალ ხოლუას კარგა ხანს უყურა. მერე ხმადაბლა დაუსტვინა –
ცხენს აცნობა, მივდივართო.
წელში მოხრილი ხოლუა მძიმე ნაბიჯით მიდიოდა. კისერზე ჩამოკიდებული გუდა
მუხლებში ეგლანდებოდა, კბილეგში გაჩრილი ქისა სუნთქვას უშლიდა. დოროთე თოდუა
ხოლუას ზურგზე პირაღმა იწვა, წუღიანი ფეხები მიწაზე დასთრევდა, მკლავები
ჩვრებივით ეკიდა. ათიოდ ნაბიჯის მოშორებით. დათა თუთაშხია მოდიოდა და უნაგირზე
ნაბადგადაგდებული ლაფშა პატრონს ნალების ყრუ ბაგუნით მოსდევდა.
ხოლუამ მთვრალი კაცივით, ბარბაცით ჩამიარა. ცოტა ხნის შემდეგ თუთაშხიაც
გამისწორდა.
ხოლუა მიტრიალდა:
– რა გინდა ჩემგან, დათა–ბატონო, სანამდე უნდა ვატარო...
– სანამდე სული გედგმება! – გველივით დაუსისინა დათა თუთაშხიამ და გამცდა.
ხოლუას აღარაფერი უთქვამს, წაფრატუნდა. ბექობთან მოსახვევი იყო – თვალს მიეფარნენ.
მე უბედური ძეძვებში პირქვე ვეგდე და ვფიქრობდი, ეს რა ღმრთის რისხვასა და ეშმაკის
მძვინვარებას შევესწარი–მეთქი! ბიჭი რომ სოფელში ვაფრინე და ის გაცოფებული
მეჯოგეები თუთაშხიასა და ხოლუას რომ წააწყდებიან, მაშინ რაღაც უბედურება
დატრიალდება–მეთქი!
ანაფორა ავიკეცე და ხევ–ხევ აღმართებს სირბილით ავყევი. სანამ თხემზე ავედი, აღარც
ანაფორა შემრჩა, აღარც შარვალი და კანჭნაკუთალიც ჯაგებს შევახიე. ავაღწიე და ისევ
ბუჩქებში ჩავწექი, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამრეცებში ნარბენს არაქათი მქონდა
გამოცლილი, და მეორეც იმიტომ, რომ ლუწის გზა იმ ხევში იდო, ავაზაკებს აქ უნდა
ამოევლოთ.
სული მოვითქვი, გზას გადავხედე, აღმართში ჯერ არავინ ჩანდა, მაგრამ დახეთ საოცრებას,
წინ, სულ ახლოს, ოთხი ჩასაფრებული მეჯოგე დავინახე; თოფები გზისკენ გადაეშვირათ
და ელოდნენ. გავეხმაურე. დაფეთებულებმა თოფები მომიშვირეს, კინაღამ გული
წამივიდა.
სხაპასხუპით ვუამბე, რაც მოხდა და როგორც მოხდა. კიდევ ზოგ რამეს მეკითხებოდნენ და
ვერაფერს მივახვედრე. ვერც ვეუბნებოდი რასმე ნამდვილს, არც მე მესმოდა, რა ხდებოდა.
ამ ქაქანში ვიყავით და აღმართში ცხედარაკიდებული ხოლუა გამოჩნდა. წინანდებურად
კი არ მობარბაცებდა – თავგამოდებით მორბოდა. დათა თუთაშხია ცხენზე იჯდა, ხოლუას
კვალდაკვალ მოსდევდა, ლამის ზედ შესდგომოდა და დროდადრო დაჰყვიროდა, ჩქარა
იარეო!
ხოლუას, ეტყობა, ძალ–ღონე გამოელია და სირბილს უკლო, თუთაშხიამ მათრახი
გადაუჭირა და დასძახა, თავს ნუ იკატუნებო!
მორბოდა ცოდვილი ავაზაკი, ცხედარს მოარბენინებდა.
თითქმის გაგვისწორდნენ. ჩვენ ერთმანეთს შევცქეროდით. რაიმე უნდა გვეღონა, მაგრამ
მაღალი ღმერთი აზრს არაფერს გვაშველებდა. მოულოდნელად თოფი გავარდა – ჩვენი
მხრიდან გავარდა; ხოლუამ ხელი გულზე იტაცა და გატკეპნილ გზაზე პირქვე დაემხო.
იასონ ქარჩავამ გუძა ჯონჯოლიას – ჩვენი სოფლის მედუქნეს – თავში თოფის კონდახი
ჩასცხო და თუთაშხიამაც უნაგირიდანვე კვამლზე ისროლა, ტყვიამ ბუჩქებში გაიწუილა.
დათა თუთაშხიამ უნაგირიდან ისკუპა, ცხენს ამოეფარა, თოფი დაგვიმიზნა. ჩოჩიები,
ორთავე ძმა, სასწაულებრივ გაქრნენ, თვალიც კი ვერ შევასწარი. ღმერთს ცოდვების
მოტევება შევსთხოვე და ჩემ წილ სიკვდილს მორჩილად დავუწყე ლოდინი.
იასონ ქარჩავა ზეზე წამოიჭრა აბრაგს გასძახა:
– არ გვესროლო, დათა!.. ჯონჯოლიამ გესროლა, აგერ გდია, ძაღლის ნაშობი!
სიჩუმე ჩამოვარდა.
როდის–როდის თავი ავწიე, ქვემოთკენ გადავიხედე.
თუთაშხია გზაზე იდგა. მარცხენა ხელზე სისხლი ჰქონდა. მარჯვენაში ხელსახოცი ეჭირა,
ჭრილობის შეხვევას აპირებდა.
– გამოდით გზაზე! ვინ ხართ მანდ... ჯონჯოლია, გამოდი შენც! – ხმამაღლა თქვა
თუთაშხიამ და ხელის შეხვევას შეუდგა.
ჯონჯოლიას ადგომა არც უფიქრია, სანამ იასონ ქარჩავამ წიხლი არ ჩაჰკრა.
გავედით ყველა.
დათა თუთაშხიამ პირქვე მწოლიარე ხოლუას და დოროთე თოდუას გვამს დახედა.
– რატომ მესროლე, ჯონჯოლია, მითხარი ახლავე მართალი, თუ გინდა, ეს სისხლი რომ
გაპატიო!
მედუქნემ თვალები მიწაში წაიღო, თავი ჩაქინდრა.
ხოლუა ისევ ისე იწვა. მომაგონდა, თუთაშხიას რომ უთხრა, გულის მანკი მაქვსო, და ისიც,
სანამ პირქვე დაეცემოდა, ხელი გულზე რომ იტაცა.
მივედი, მაჯა გავუსინჯე, მკერდზე ყური დავადე. მკვდარი იყო.
თბილი ანაორთქლი ასდიოდა, დოროთე თოდუას ქისა ისევ კბილებში ჰქონდა. ლოცვა
წავიბუტბუტე და ცხედარს გავეცალე.
თუთაშხიამ ჯონჯოლიას გაუმეორა:
– რას მერჩოდი!.. თქვი ახლავე, რატომ ქენი ეს!
ჯონჯოლია მოთქმით ატირდა:
– მაპატიე, დათა–ბატონო, გავბრიყვდი... შვილებს ნუ დამიობლებ... სიმართლის თქმა
ჯობია... დავხარბდი...
დათა თუთაშხია გაფითრდა.
– ის ხუთი ათასი, ჩემი მოკვლისთვის რომ დააწესეს, უკან წაიღო მთავრობამ. – გვითხრა
დათა თუთაშხიამ და განზე გადგა.
აბრაგი ხან ხოლუას გვამს შესცქეროდა, ხან მედუქნეს.
დიდხანს იფიქრა.
ბოლოს მე შემომაჩერდა, თვალი თვალში გამიყარა. კრინტი არ დაუძრავს, მაგრამ
ვიგრძენი, რომ ჩემს სიტყვებს ელოდა.
რა უნდა მეთქვა?
– მკვდარია, ცოდვილი... ალბათ, გული გაუსკდა, – ესღა მოვახერხე. ხოლუას
ვგულისხმობდი.
აბრაგმა დამბაჩა იშიშვლა, ჯონჯოლიას დაუმიზნა... შუაში ჩავუდექი და მაღალ ღმერთს
შევევედრე:
– უფალო, დააცხრე სული კვლად აღმდგარი კაცისა და დაუოკე წყრომა გულისა, რამეთუ
დაშთება სიკვდილისგან ერთი ჯონჯოლიასი ხუთი ჯონჯოლია ობოლი, ღატაკი,
მიუსაფარი და ავბედობისა გამო დაადგებიან ხუთნივ გზასა მრუდსა, ცოდვილსა და
საძაგელს!..
– თვითონ თუ დასცალდა, დიმიტრი–მღვდელო, ჯონჯოლიას თავისი შვილების გაზრდა,
მამაზე უკეთესი რატომ გამოვა რომელიმე, ნეტავი?! მისი შვილების ბედი და მომავალი
თუ გალაპარაკებს, მაშინ აქეთ უნდა მეხვეწებოდე, მოკალი ეს ღორის შვილიო.
ფეხებში ჩავუვარდი აბრაგს და კვლავ ზეცას შევღაღადე:
– ღმერთო ჩვენო, შენ განუხსენ თვალი გონებისა და განუღე კარი ჭეშმარიტებისა მონასა
შენსა, თუთაშხიას დათას, რათა აღარ შეგცოდოს. შთააგონე მას, რომ ბოროტების
აღმოფხვრა და აღმოშანთვა ბოროტებითვე არ არის გონიერი და მართებული, რადგან ავსა
საქმეს, თუნდაც სიკეთის სახელით ჩადენილს, სხვა უამრავი ჭირი მოაქვს, რომელნი
უსასრულო და დამღუპველ არიან...
შემისმინა უფალმა ჩვენმა, აბრაგს თავის განზრახვაზე ხელი ააღებინა. იარაღი ბუდეში
ჩააბრუნა.
– ჯონჯოლია! – თქვა თუთაშხიამ. – ხოლუას, შენ რომ ჩაიდინე, იმაზე უარესი არ უქნია,
იცოდე! კი ხარ მოსაკლავი, მაგრამ ჩემი ხელით არ შეიძლება შენი სიკვდილი: იტყვიან, მას
რომ ესროლა, მიტომ მოკლა თუთაშხიამო. მე რომ მესროლე, ამისთვის კი არ ხარ
მოსაკლავი – ფულის გულისთვის კაცის მოკვლა რომ შეგიძლია, ამისთვის ხარ სიკვდილის
ღირსი და დაიხსომე ჩემი სიტყვა, შენი სიხარბე და დაუნდობლობა მალე მოგიღებს
ბოლოს!
თუთაშხია ცხენზე შეჯდა და აღმართში წავიდა.
დოროთე თოდუა გულაღმა იწვა, ღია თვალებში ბოღმა და მრისხანება ედო. მკვიდრად
შეკრული მუშტები ბინდშეპარული ცისთვის მიეღერებინა.
ცალ ხელში ქვა ჰქონდა.
გრაფი სეგედი
იმხანად თბილისის პოლიციაში სისხლის სამართლის სამძებრო დარგს სამოცდაათს
მიტანებული დიდად გამოცდილი დეტექტივი – ივანე მიხეილის ძე უსატოვი – განაგებდა.
ჩამოსვლისავე დღეს მივედი სამსახურში. გულმა გამიწია და მივედი. კაბინეტში ფეხი
შევდგი – ტელეფონმა დაიწკრიალა; უსატოვი მირეკავდა, დაუყოვნებლივ მიღებას
მთხოვდა.
მობრძანდი–მეთქი.
მარდი, ფიცხელი მოხუცი იყო, გადამდები ტემპი ჰქონდა. ფაციფუცით შემოვიდა.
დაჯდომა ვთხოვე, ჯანმრთელობა ვკითხე. რაღაც ეჩქარებოდა და თან თავისი მოჭუტული,
ეშმაკი თვალებით შემომცქეროდა. ვიგრძენი, ლამობდა გაეგო, ვიცოდი თუ არა, რისთვის
იყო მოსული.
არ ვიცოდი და ვკითხე.
– დიდი მოღულის ხალიჩის თაობაზე გეახელით, თქვენო ბრწყინვალებავ, – მითხრა
უსატოვმა პატარა ხნის დუმილის შემდეგ და ისევ თვალებით კირკიტი დამიწყო.
– დიდი მოღულის ხალიჩის გამო... – გავიმეორე ჩემთვის. ერთი წამით მომეჩვენა, რომ
ჯიმშედის ლეგენდარულ სარტყელზე ან მინოტავრის ლაბირინთზე მესაუბრებოდნენ.
მერე მეხსიერებას ძალა დავატანე, დავრწმუნდი, რომ მსგავსი არაფერი ვიცოდი და ვთქვი:
– გისმენთ, ივან მიხაილოვიჩ. – როგორ... ესე იგი... მაშ, თქვენ არაფერი მოგეხსენებათ? –
უსატოვი აფორიაქდა, მეგონა, თავში ხელს წაიშენს–მეთქი. გამეცინა. ახალგაზრდა
ხელქვეითებმა იციან, უფროსებთან საუბარში უმნიშვნელო რაღაცებს შეიცხადებენ ხოლმე.
ამით საქმისადმი თავისი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დემონსტრაცია სურთ,
მხნე და ერთგული მომუშავეების სახელს იმკვიდრებენ. გავიფიქრე, უსატოვს ეს ხრიკი
ჩვეულებად ახალგაზრდობაშივე ექცა და სიბერეშიც შემოჰყვა–მეთქი. ამიტომ გამეცინა. –
არაფერი ვიცი, რაშია საქმე? უსატოვმა ერთი კიდევ შემავლო ეჭვის თვალი, მგონი,
გაიფიქრა, ამ კაცს დიდი მოღულის ხალიჩისა შეიძლება მართლაც არაფერი გაეგებოდესო
და მითხრა: – მაშინ, თქვენო ბრწყინვალებავ, თავიდან უნდა გიამბოთ, ნება მიბოძეთ. –
ბრძანეთ, ბრძანეთ. – ნადირ–შაჰმა ინდოეთში ლაშქრობის შემდეგ თავის თანამოლაშქრეს,
მაშინ ჯერ კიდევ უფლისწულს და შემდგომში ქართლ–კახეთის მეფეს, ერეკლე მეორეს,
დიდი მოღულის ნაქონი ვეებერთელა ცისფერი ხალიჩა უბოძა. მას მერე ხალიჩა
თბილისში, მეტეხის სასახლეში იყო. აღა მაჰმად–ხანმა ეს საოცარი ნაკეთობა თბილისის
აღების შემდეგ, სხვა განძეულთან ერთად, ხელს გააყოლა და, თავის მხრივ, მელიქ
მეჯნუნს
უბოძა ერეკლესგან
განდგომისა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში
ერთგულებისთვის. ხალიჩა მეჯნუნის ჩამომავლებს შემორჩათ. ჯერ ერევანში ჰქონდათ.
მერე თბილისში ჩამოიტანეს. ინგლისელებმა შარშანწინ ხალიჩის მფლობელებს ოცდაათი
ათასი აძლიეს. მიმდინარე წლის დამდეგს ჰაჯი–სეიდის ფირმამ ოცდათხუთმეტი ათასი
შესთავაზა. პატრონი ორმოცდაათს თხოულობდა, ხალიჩა არ გაიყიდა. ერთ მშვენიერ
დღეს, თქვენო ბრწყინვალებავ, ხალიჩა გაქრა. ის მშვენიერი დღე ორი თვის წინ გათენდა.
დაზარალებულმა, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვმართა და ძებნას შევუდექით. ხალიჩის
პატრონს მრავალრიცხოვანი ოჯახი და ნათესაობა ჰყავს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ
მომაბეზრეს თავი! ალყა შემომარტყეს, პოლიციის სამმართველოს კარებთან სადღეღამისო
მორიგეობა ჰქონდათ გამართული, ღმერთს ვფიცავ! ირწმუნებოდნენ, ხალიჩა ან
თბილისში გაიყიდება და ან ბაქოშიო. ამ სამი კვირის წინათ ხალიჩაც ვიპოვნეთ და
ქურდიც ავიყვანეთ. როგორ გგონიათ, თქვენო ბრწყინვალებავ, ვინ?.. – უსატოვი
ნიშნისგებით შემომაჩერდა, ვითომ ის ქურდი ჩემი ნათესავი ან დაახლოებული
ხელქვეითი იყო.
– წარმოდგენა არა მაქვს.
– სპარაპეტა!
– სპარაპეტა? – დავფიქრდი, ნეტა, ვინ უნდა იყოს–მეთქი. – არ მაგონდება... სპარაპეტა... –
ცოტა არ იყოს, შემრცხვა კიდეც, რომ უსატოვის ნათქვამიდან არც ერთი არ ვიცოდი.
– სპარაპეტა, თქვენო ბრწყინვალებავ, ცნობილი თბილისელი ყომარბაზი, შულერი და
ქურდი! ორი წელიწადია, საიმპერიო ძებნა აქვს დანიშნული. ჩემს მეტმა ვერავინ
დაიჭირა!.. – უსატოვის ხმაში
ჯერ სიამაყემ დაიჟღერა და მერე საყვედურმა; – ცნობილი ქურდი და ყომარბაზი, ესე იგი –
შულერი!
ბებერი მაძებარი გაოცებული იყო, რომ ასე ცნობილი ქურდისა არაფერი ვიცოდი.
ჩემმა ცხოვრებამ ისე გაიარა, რომ ბაცაცები, ყომარბაზები და შულერები, როგორღაც იყო,
განზე დამრჩნენ, მათი ასავალ–დასავალი არასოდეს მცოდნია. გარდა ამისა, ჩემოდენა
თანამდებობის კაცს ხველქვეითებთან სიცრუე საერთოდ არ სჭირდებოდა და, თუნდ
პირიქით ყოფილიყო, ბუნებით არ ვიყავი მატყუარა; მიუხედავად ამისა, არ ვიცი,
ვითაკილე, რომ ვიღაც პოლიციელმა სპარაპეტას შესახებ ჩემზე მეტი იცოდა ან იქნებ
თავაზიანობამ ჩამადენინა, – მტკიცედ მივუგე:
– დიახ, გამახსენდა. სპასპეტა!..
– სპასპეტა კი არა, სპარაპეტა, თქვენო ბრწყინვალებავ!.. – უსატოვმა ლამის შემომტირა –
ძალიან უნდოდა, რომ ქურდის მეტსახელი სწორად მცოდნოდა.
– დასწყევლოს ზეცა–უფალმა! – ჩავილაპარაკე და სიცილი ამივარდა.
მოხუცი კაცის წინაშე უხერხული იყო, თავის შეკავებას ვცდილობდი, ლამის
გავგუდულიყავი – ჩემი იდიოტური მდგომარეობა მაცინებდა. უსატოვს კი მოეჩვენა,
ვითომ ხალიჩის ირგვლივ ყველაფერი ვიცი და სერიოზულ ლაპარაკს მასხრობა
ვამჯობინე. ამან ჯერ სიცილის ისტერიკა დამმართა, ცრემლები გადმომცვივდა, მერე
მოკრძალებამ მაინც თავისი გაიტანა, დამამუხრუჭა, უსატოვს ბოდიში მოვუხადე და
ვთხოვე, განეგრძო.
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, სპარაპეტა ხალიჩიანად მოგიყვანეთ, – ყოყმანით დაიწყო
უსატოვმა. – დაკითხვას ვაპირებდი, რომ ბატონი ზარანდია მობრძანდა და ხალიჩიანად
წაიყვანა... მე მეგონა, რომ თქვენ ეს იცოდით! მას დღეს აქეთ აღარც დაზარალებულები
გამოჩენილან, მორიგეობა ჰქონდათ–მეთქი, აკი მოგახსენეთ, შეწყდა მორიგეობა, ალყა
ჰქონდათ–მეთქი, აკი მოგახსენეთ, ალყაც მოიხსნა!
– ქურდიც აიყვანა? – რაღაც მნიშვნელოვანი ვიგრძენი.
– დიახ, სპარაპეტა!.. და ხალიჩაც წაიღო, რა თქმა უნდა. მიბრძანა, არც რაიმე გიპოვნიათ,
არც ვინმე დაგიპატიმრებიათ, არც ვინმე გაგიშვიათ და, საერთოდ, არაფერი მომხდარაო.
გასაგებია, მაგრამ... – უსატოვი დადუმდა და ისევ დამიწყო თავისი მოჭუტული, ეშმაკი
თვალებით კირკიტი.
ცხადი იყო, რომ დაზარალებულებს ფეხი პოლიციიდან ზარანდიამ ამოაკვეთინა. უთუოდ
აღუთქვა, ხალიჩა უეჭველად დაგიბრუნდებათ, აქაურობას მოშორდითო.
– მაგრამ?.. – დაგვიანებით ვკითხე უსატოვს.
– მაგრამ, თქვენო ბრწყინვალებავ, სამი დღის წინ... სამი დღის წინ სპარაპეტამ ხალიჩა
გაყიდა... თორმეტ ათასად, თქვენო ბრწყინვალებავ, და თბილისიდან აორთქლდა!
– იაფად გაუყიდია.
– მოგეხსენებათ, ნაქურდალი საქონელი...
– ვის მიჰყიდა?
– ჰაჯი–სეიდს და თვითონ აორთქლდა!.. შემიძლია, ჰაჯი–სეიდის ფირმას ხალიჩა
ჩამოვართვა, როგორც ნაქურდალი, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგრამ იმაზე ვფიქრობ, ვაითუ
ბატონ ზარანდიას როგორმე სხვანაირად სურს... მეორე მხრივ, ვნახოთ და, ხალიჩაც
აორთქლდეს?
გულზე მომეშვა, რომ უსატოვმა, როგორც იქნა, ჩემთვის ცნობილ განზომილებებს მიმართა
– ჰაჯი–სეიდი, ზარანდია და სხვა ასეთები. დიდი გამჭრიახობა არ უნდოდა, რომ ხალიჩის
მოპარვა ზარანდიას მოწყობილი იყო – რაღაცისთვის სჭირდებოდა.
მოლარეს ვუხმე.
– ზარანდიამ რაიმე თანხა თუ შემოიტანა წასვლის წინ?
– თორმეტი ათასი, ასიგნაციებით, თქვენო ბრწყინვალებავ.
– ხაზინაში ჩასაბარებლად?
– დროებით შესანახად.
– მამაცხონებულს, სპარაპეტასთვის ჰონორარიც კი არ მიუცია. – ჩავილაპარაკე ჩემთვის.
– რა ბრძანეთ, თქვენო ბრწყინვალებავ?
– არაფერი, თავისუფალი ხართ.
მოლარე გავიდა, უსატოვს მივუბრუნდი:
– ზარანდია ამჟამად დაღესტანშია, ივან მიხაილოვიჩ. ერთ კვირაში უნდა დაბრუნდეს.
ჯერჯერობით კი ისე უნდა მოიქცეთ, როგორც გთხოვათ.
– რა თქმა უნდა, თქვენო ბრწყინვალებავ, რა თქმა უნდა, მაგრამ სპარაპეტა... და იქნებ,
ხალიჩაც?!
სპარაპეტას დაბრუნების გარანტიას ვერ მივცემდი, უსატოვს მისი ძებნა–დაპატიმრება
ხელმეორედ მოუხდებოდა, მაგრამ ის კი აღვუთქვი, რომ ხალიჩა ყოველ მიზეზს გარეშე
დაუბრუნდებოდა პატრონს... ამ დროს ერთი მოსაზრება მეწვია: ზარანდიას დიდი
მოღულის ხალიჩა, ცხადია, იმისთვის როდი მოუპარვინებია, რომ ხაზინისთვის შემწეობა
აღმოეჩინა. რახან ხალიჩა ჰაჯი–სეიდს მიეყიდა, რაღა თქმა უნდა, ისიც საჭირო იყო, რომ
იგი ჰაჯი–სეიდთანვე დარჩენილიყო იქამდე მაინც, სანამ თვითონ ზარანდია
დაბრუნდებოდა დაღესტნიდან. აქედან გამომდინარე, უსატოვს ვუბრძანე:
– ივან მიხაილოვიჩ, თქვენი გამოცდილებისა და უნარის იმედი მაქვს, სანამ ზარანდია
დაბრუნდებოდეს, ხალიჩა იქვე უნდა იყოს, სადაც ამჟამად არის, თუ გატანა დააპირეს –
გამტანითურთ პოლიციაში, თქვენთან! გასაგებია?
– არის, გამტანითურთ პოლიციაში, თქვენო ბრწყინვალებავ! – გამომეჭიმა უსატოვი,
დამემშვიდობა და წავიდა.
ხალიჩამ და მის გარშემო შექმნილმა ვითარებამ უსიამოვნო წინათგრძნობა შემომიჩინა.
ცოტა გულმოსულიც გახლდით, რომ ოპერაცია ჩემთან შეუთანხმებლად ჩატარდა. ეგ არის,
ზარანდიას გამართლება ჰქონდა – თბილისიდან ჩემზე ორი დღით გვიან გავიდა და
ვიფიქრე, ხალიჩის ხრიკი, იქნებ, გაუთვალისწინებელმა გარემოებამ მოითხოვა–მეთქი.
ზარანდიას მოადგილეს – შიტოვცევს – ვუხმე.
– რა იცით ამის შესახებ?
– ყველაფერი, თქვენო ბრწყინვალებავ. ბატონ ზარანდიას დეპეშას ველოდებოდი. მივიღე.
დღეს დილით მივიღე.
– მერე?
– ძირითად ოპერაციას წინასწარი შემზადება სჭირდება. ესე იგი, ხალიჩის გაყიდვის ფაქტი
გვჭირდება. ამის შემდეგ უსატოვს ჰაჯი–სეიდთან გავგზავნით, ჩხრეკას მოახდენს,
შეადგენს ოქმს, რომ ჰაჯი–სეიდმა ნაქურდალი საქონელი შეიძინა და გაყიდა... გაყიდვა
აუცილებლად საჭიროა, ასე ბრძანა ბატონმა ზარანდიამ. დიახ, უსატოვი ამ ფაქტს
დაადასტურებს და ვითომ რაღაც დამატებითი გარემოებების გამორკეევამდე, ხალიჩას
იქვე დატოვებს... ცხადია, სათანადო ხელწერილით. ბატონმა ზარანდიამ ბრძანა, ხალიჩა
ჩემს ჩამოსვლამდე ჰაჯი–სეიდთან უნდა იყოსო.
– გასაგებია!
კაცმა რომ თქვას, ბოლომდე გასაგები არაფერი იყო; ვხედავდი, ეს ოპერაცია იმის პირობას
ქმნიდა, რომ ზარანდია ჰაჯი–სეიდთან, როგორც დანაშაულის ჩამდენთან, შესულიყო
კონტაქტში. ასეთი პოზიცია მათ მომავალ ურთიერთობებში ზარანდიას აძლევდა საჭირო
უპირატესობას. ეს ასეა, მაგრამ აქ კიდევ რაღაც იყო და ამაზე ვფიქრობდი, რომ პოლკოვნიკ
სახნოვის ადიუტანტის დეპეშა შემომიტანეს. გვატყობინებდა, პოლკოვნიკი თბილისს ამა
და ამ დღეს გამოემგზავრაო. უნდა ჩამოსულიყო, ვიცოდით, მაგრამ თითქოს დეპეშის
წაკითხვა იყო საჭირო, რომ ერთი საოცარი მიგნება მწვეოდა: რუსეთის დიდგვაროვან
ოჯახებს ტრადიციად ჰქონდათ ქცეული, თითო რამ ქონებით ყოფილიყვნენ სხვებისგან
გამორჩეული. რომანოვები მთელ იმპერიაში და, ალბათ, მსოფლიოშიც ბრილიანტების
საუკეთესო კოლექციას ფლობდნენ; ნარიშკინების გვარის ზოგი წარმომადგენელი
ცხენსაშენებით ჯობდა სხვა ოჯახებს; გოლიცინები ბროლისა და ფაიფურის ნაკეთობებით
იყვნენ განთქმულნი; იუსუპოვებს უნიკალური საათების სიმრავლით მოჰქონდათ თავი და
ასე შემდეგ და შემდეგ. პოლკოვნიკი სახნოვი დედით შერემეტიევთა გვარს ეკუთვნოდა. ამ
არცთუ ხანდაზმულ ქალბატონს მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული ხალიჩების
ზღაპრული კოლექცია, რაც შენახვისა და შემდგომი შევსებისთვის ქალბატონმა
შერემეტიევამ თავის დედისერთა ვაჟს უბოძა ქორწილის დღეს. შვილთაშვილმა
წინაპრების ტრადიცია შესაშური თავგამოდებით განაგრძო. ამბობდნენ, რომელიღაც
ხალიჩების შესაძენად მან პერმის გუბერნიაში ცოლის ნამზითვი ტყეებიც კი გაყიდაო და,
საერთოდ, მთელ შემოსავალს, ძირითადად, თავის კოლექციას ანდომებსო. ეს სავსებით
გასაგებია; მამით საშუალო აზნაურს და, მაშასადამე, თვითონაც აზნაურს, რაიმეთი ხომ
უნდა ეჯობნა უკეთესი წარმოშობის კაცებისთვის... წინათგრძნობა შემომიჩნდა–მეთქი, –
თურმე სახნოვის ამ გატაცებას მკარნახობდა ქვეცნობიერება და ჩემ წინამე ძნელი
თავსატეხი აღიმართა: როგორც უკვე ვთქვი, ზარანდია სახნოვის ამ ჩამოსვლისადმი
საგანგებო ინტერესს იჩენდა! მისი ვიზიტისთვის ხომ არ მოამზადა დიდი მოღულის
ხალიჩა? ყოველ შემთხვევაში, დიდი მოღულის ხალიჩა და სახნოვის ხალიჩების კოლექცია
ერთგვარ უნისონს ქმნიდა...
– ოპერაციის გეგმა მზად გაქვთ? – დავუბრუნდი შეწყვეტილ საუბარს.
– დიახ, – თქვა შიტოვცევმა.
– ვისი მედგენილია?
– ჩემი... ზარანდიას თეზისების საფუძველზე. მიბრძანა, განსახილველად წარმოგიდგინოთ
და მხოლოდ თქვენი დასტურისა და ნებართვის შემდეგ ვიმოქმედო. როდესაც მოიცლით...
საჩქარო კია, მაგრამ თუ არ გცალიათ... მე მზად ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ.
– დააბრუნეთ უსატოვი და მოიტანეთ გეგმა.
ერთი წუთით მოვლენათა მსვლელობის ტემპს გადავახტები და ვიტყვი, რომ ოპერაცია
ჩატარდა და პირადად ჩემთვის, ჩემი სულიერი ცხოვრებისა და ინტერესების ასპექტში,
თითქოს, ყველაფერი რიგზე იყო: დროებით უცნობი დანიშნულების, მაგრამ
კონტრდაზვერვისთვის აუცილებელი გეგმა სისრულეში იქნა მოყვანილი! ეგ არის, როგორ
მოხდა, რომ დიდი მოღულის ხალიჩის ფანდსა და სახნოვის კოლექციონერობას შორის
ინტუიციურად მიგნებულ ხიდს მეტი ყურადღება მაშინვე არ მივაპყრე? მართალია,
ვთქვათ, რამდენიმე წლით ადრეც ოპერაციას სამსახურისთვის საჭირო ღონისძიებად
ჩავთვლიდი, ჩავატარებდი კიდეც, მაგრამ მოსალოდნელ სხვა შედეგებზეც დავფიქრდებოდი, მხოლოდ ჩემი სტერეოტიპებიდან გამომდინარე ვიმოქმედებდი. ახლა კი, ამ მხრივ, არსებითი, გადამწყვეტი არაფერი მიღონია და ეს, უპირველესად ყოვლისა,
ჩემს დამოკიდებულებაში მიმდინარე გარდატეხის ნიშანი იყო. მაგრამ ამაზე – ცოტათი
ქვემოთ.
განვაგრძოთ სათქმელი.
ზარანდიას მიერ დატოვებული თეზისების გაცნობას, მათ საფუძველზე შედგენილი
გეგმის განხილვა–კორექტირებას, შესაძლო ვარიანტების განსჯასა და ოპერაციის
დეტალების დამუშავებას ჩემთვის ახალი არაფერი მოუცია. ზარანდიას ნამდვილი
განზრახვა ბურუსით მოცული დარჩა.
საქმე იმით დაიწყო, რომ ჰაჯი–სეიდს ერთი “მდიდარი ფრანგი” ეწვია. სადარბაზო
ბარათის მიხედვით, იგი ტრანსატლანტიკური სამგზავრო ნაოსნობის ერთ–ერთი
ხელმძღვანელი და იმ კომპანიის მსხვილი აქციონერი იყო. მან ისკანდერ–ეფენდის
მეშვეობით აცნობა ჰაჯი–სეიდს, რომ უნიკალურ ნაკეთობათა შესაძენად მოვიდა. მცირე
ხნის თავაზიანი საუბრის შემდეგ ჰაჯი–სეიდმა ათი, თორმეტი სხვადასხვა საგანი
მოატანინა. მუშტარი თითქმის არ ვაჭრობდა. რაც მოეწონა, უყოყმანოდ იყიდა. რაც ეძვირა
– ნოქარს ხელი აუქნია, წაიღეთ, არ მჭირდებაო. შეძენილი საგნები იქვე შეაფუთვინა,
ფუთებზე თავისი მარსელის მისამართი დააწერინა. მერე ღირებულება დააჯამებინა,
ფირმის პატრონს საკმაოდ დიდი თანხის თამასუქი ადელხანოვის ჩუსტის ფულივით
დაუტოვა და წასვლის სამზადისს შეუდგა – პალტო, ხელთათმანები, კალოშები, ქოლგა და
სხვა.
“ფრანგი” უკვე ზღურბლთან იდგა, თამასუქის განაღდებასა და ამანათების დროულად
გადაგზავნაზე ლაპარაკობდა. ჰაჯი–სეიდს კი “ფრანგის” მისვლისთანავე შეჩენილი კითხვა
აწვალებდა: იყო თუ არა ეს მუშტარი დიდი მოღულის ხალიჩის მყიდველი და ღირდა თუ
არა ამ საგანზე სიტყვის ჩამოგდება?.. მან ერთი ტყვიით ორი კურდღლის მოკვლის
შესაძლებლობა იგრძნო: ნაქურდალი ხალიჩის თავიდან მოშორებისა – ცალკე, და ამ
უცხოელის ხელგაშლილობის ხარჯზე ფულის მოგებისა – ცალკე. ოპერაციის ეს კვანძი
ფსიქოლოგიურად ზუსტი იყო. მუშტარმა ხელი დასამშვიდობებლად გაიშვირა. ჰაჯი–
სეიდს ცთუნებამ სძლია და ისკანდერ–ეფენდის ათარგმნინა – თუ ნამდვილი
დამფასებელი ბრძანდებით და ფინანსური მხარეც ხელს გიწყობთ, მაშინ ერთ
განსაკუთრებულ რამეს გაჩვენებთო. “ფრანგმა” მშვიდად მიუგო, ვნახოთო.
დიდი მოღულის ხალიჩას სიგანე რვა არშინი ჰქონდა, სიგრძე – ოცდაოთხი და მკვდარ
სპილოზე მსუბუტი ოთხიოდ გირვანქით თუ იქნებოდა. დღემდე მიკვირს, სპარაპეტამ
როგორ და რა ტექნიკური საშუალებებით მოახერხა მისი მოპარვა და ერთი ადგილიდან
მეორეზე გადატანა, მაშინ როდესაც, ჰაჯი–სეიდის ფირმის მთელი შტატის მუშაობა, ოფლი
და კრიახი მარტო იმას დასჭირდა, რომ “ფრანგს” ზემო სართულის დიდ დარბაზში
გაშლილი ენახა იგი.
მუშტარმა დიდხანს, დაწვრილებით ათვალიერა და სინჯა ხელოვნების ის, მართლაც,
სწორუპოვარი შედევრი. ამასთან, საქმის ცოდნა და გამოცდილი ფინანსისტის ცივი
თავშეკავებაც გამოიჩინა. შემდეგ ფასი იკითხა, ორმოცდაათი ათასი მანეთიო, გაიგონა.
პორტფელიდან ცნობარი ამოიღო, რაღაც ეძება. შემდეგ დასახელებული თანხა ფრანკებში
გადაიყვანა და ჰაჯი–სეიდს უთხრა:
– ხვალ დილამდე უნდა მადროვოთ. მოფიქრება მჭირდება.
ხალიჩა აგრაგნეს, მისთვის საგანგებოდ გაკეთებულ ვეებერთელა ყუთში ჩააბრუნეს.
“ფრანგი” წავიდა.
ჰაჯი–სეიდს, ცხადია, ერჩივნა, რომ გარიგება იმ დღესვე შემდგარიყო, მაგრამ ისიც კარგად
ესმოდა, რომ ნამდვილი მყიდველი და ფულის ყადრის მცოდნე კაცი ასე, ერთი ნახვით,
საკითხს არ გადაწყვეტდა. სწორედ ამან დაარწმუნა იგი, რომ საქმე სერიოზულ მუშტართან
და ღირსეულ კაცთან ჰქონდა.
ძირითადი ამბები მეორე დღეს მოხდა. “ფრანგი” დანიშნულ დროს მივიდა. ჰაჯი–სეიდს
დიდი მოღულის ხალიჩაში თხუთმეტი ათასი მისთავაზა. ჰაჯი–სეიდს ცივმა ოფლმა
დაასხა: მუშტარმა ხომ არ გაიგო, რომ ხალიჩა ნაქურდალია და ასე ცოტა სწორედ ამიტომ
ხომ არ შემომაძლიაო.
– ეგ ფასი, მოსიე, თვით ხალიჩის წარმოშობას აყენებს შეურაცხყოფას, – უთარგმნა
ისკანდერ–ეფენდიმ “ფრანგს” ჰაჯი–სეიდის პასუხი.
– მიაქციეთ ყურადღება! ასე დაბალ ფასს სწორედ ხალიჩის წარმოშობა კარნახობს! – მიუგო
“ფრანგმა” და ჰაჯი–სეიდის ეჭვი დადასტურდა.
თბილისელი სოვდაგარი კინაღამ ჭკუიდან გადაცდა. რას ელოდა და რა გამოვიდა!..
მხარეების შემდგომი საუბარი გამოძალვასა და შანტაჟს უფრო დაემსგავსა, ვიდრე
ვაჭრობას. ჰაჯი–სეიდმა ერთი დაპირება დააპირა, უარი ეთქვა, აღარ ვყიდი, თავი
დამანებეთო, მაგრამ ხომ შესაძლებელი იყო, რომ ის ამპარტავანი “ფრანგი” ნაქურდალი
ხალიჩის ამბავს პოლიციაში მიიტანდა?.. “ფრანგის” შემდგომი ლაპარაკი სახელდობრ იმას
ნიშნავდა, რომ ან თხუთმეტ ათასად მომყიდი, ან ხალიჩასაც დაკარგავ და ხიფათშიც
გაებმებიო. ეგ არის, არც ჰაჯი–სეიდი იყო მიამიტი და ბედის დამყოლი კაცი; მან დიდხანს
ივაჭრა, მუშტარი ოც ათასზე დაითანხმა, მაგრამ უპირობის ჯარიმისა ხელშეკრულებაში
არაფერი უხსენებია. “ფრანგმა” ოცი ათასი მანეთის თამასუქი დატოვა და ჰაჯი–სეიდმა
იგი იმ ვარაუდით გაისტუმრა, რომ–დიდი მოღულის ხალიჩას მეორე დღესვე ლონდონში
გააპარებდა აუქციონზე გასაყიდად, ხოლო “ფრანგს” თავის თამასუქს მარსელის
მისამართით გადაუგზავნიდა ხელშეკრულებაზე უარის წერილითურთ.
ჰაჯი–სეიდი სთვლიდა, რომ ხაფანგს თავი დააღწია და კმაყოფილი იყო.
ჩვენც კმაყოფილი დავრჩით, რადგან სასურველ ვითარებას მივაღწიეთ: ჰაჯი–სეიდი
მხილებული იყო, როგორც ნაქურდალი საქონლის შემსყიდველი და გამყიდველი და არა,
როგორც მარტო მყიდველი.
შემდგომი ამბების დაწვრილებით აღწერა არ ღირს. ვიტყვი მხოლოდ, რომ ჰაჯი–სეიდმა
ათასნაირად სცადა უსატოვისა და მისი ხელქვეითების ალყიდან თავის დაღწევა, მაგრამ
საქმე მაინც ისე დამთავრდა, როგორც ჩაფიქრებული იყო: ჰაჯი–სეიდის დაპატიმრებისთვის სრულიად საკმარისი მონაცემები და საბუთები ხელთ გვქონდა.
უსატოვმა მას შინაური პატიმრობის ორდერი წაუკითხა, გაუთქმელობის ხელწერილი
ჩამოართვა. დიდი მოღულის ხალიჩა დაილუქა და ფირმის საწყობის გამგეს ჩაბარდა,
როგორც რეკვიზირებული საგანი.
დანარჩენი, ზარანდიას განკარგულების თანახმად, მისი ჩამოსვლის შემდეგ უნდა
გაკეთებულიყო.
იმ ორმა დღემ ოპერაციის ხელმძღვანელობაში, დეტალების განსჯასა და სწრაფი
გადაწყეეტილებების მიღებაში ჩაიარა. ცალკე აზარტმა ამიტანა და კიდევ ერთი
მოულოდნელი ამოცანით ვიყავი დატვირთული: ჩემი გამოცდილებისა და წარსულში
ჩატარებული ოპერაციების პატრონს შიში მქონდა, რომ, ვაითუ, იმ დონეზე, ისეთი
შედეგიანობით ვერ შემესრულებინა ამოცანა, როგორც ამას თვით მუშნი ზარანდია
გააკეთებდა. ეს შინაგანი შეშფოთება და სიფრთხილე ოპერაციის დაგეგმვის პროცესშივე
აღმოვაჩინე და გიჟივით გამეცინა. ხელქვეითები გაკვირვებით შემომაჩერდნენ, რა ხდებაო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეშეცნეული შიშის გაცნობიერება დროზე შევძელი, მაინც ვერ
მოვიშორე თავიდან იგი იქამდე, სანამ საქმე არ დამთავრდა. ასეთ ვითარებაში სხვა
რაიმეზე ან თუნდ ამავე ღონისძიების სხვა მხარეებზე დაფიქრების დრო სად იყო!
ოპერაცია შაბათს დაგვირგვინდა, ასე, დღის სამი საათი იქნებოდა. დამთავრდა თუ არა,
მაშინვე საშინელმა დაღლილობამ და დეპრესიამ დამრია ხელი. რატომღაც აბანო, მექისე,
თბილი გოგირდოვანი წყლის მსუყე სუნი მომინდა. ჩავჯექი ეტლში, დაღმართებს
ჩავუყევი ორბელიანების აბანოსკენ.
ცოტა ხნის მერე მარმარილოს ტახტზე პირქვე ვიწექი, ქიამბიზა მექისე სიქას მაცლიდა.
თავის ქალაში ფიქრების წვერდაკარგული გორგალი მედო, აზროვნების უნარი
მიმყუჩებოდა. კარგა ხანს ვიყავი ასე დამუხრუჭებული და გარინდებული. შეინძრა თუ არა
აზრი, იმწამსვე უდავო ჭეშმარიტებად წარმომიდგა ის, რომ ზარანდიას დიდი მოღულის
ხალიჩა სახნოვის რაღაც მახეში გასაბმელად სჭირ–
დებოდა – სხვა არაფრისთვის. ამაზე ჩემთვის ორი აზრი აღარ არსებობდა და მხოლოდ ის
არ ვიცოდი, თუ, სახელდობრ, რას დამართებდა ზარანდია სახნოვს ასეთი მისატყუარის
გამოყენებით. ცხადი იყო, რაღაც ძლიერ მნიშვნელოვანს, გადამწყვეტს, საბედისწეროს
უმზადებდა ჭკვიანი და ცბიერი კაცი შეზღუდულსა და ვირეშმაკა კაცს. ფიქრი რამდენიმე
წამით გამიწყდა, რადგან ქიამბიზა ზურგზე ფეხით შემდგა, ხერხემლის მალებმა და
სახსრებმა ტკაცატკუცი ატეხეს. ფეხის ტერფმა კისრიდან კუდუსუნამდე წკნელის
ფარცხივით ჩამიარა, სიმსუბუქე ვიგრძენი და... სახნოვის სიბრალული მეწვია.
წარმომიდგა დიდი მთავრის ფეხებში ჩავარდნილი ნათლული და ანაზდად ისიც ცხადი
შეიქნა, რომ დამღუპველი ხრიკი ზარანდიას ჩაფიქრებული, მაგრამ ჩემი შესრულებული
იყო...
– ვაშ სიატელსვ, გაგრილება ნადა? – ჩამესმა ქიამბიზას ხმა.
კვერი დავუკარი. გახურებულ სხეულზე იმავ წამს ქარიშხლის ტალღასავით დამაცხრა
მთელი ზღვა. მექისემ მხრებზე ვეება ზეწარი წამომასხა და გამომეთხოვა. შინისკენ
წამოსულს სინდისის ქენჯნა შემომიჩნდა. მთელი საღამო სავარძელში გავატარე. ლოგინში
ჩავწექი – იმავე ფიქრებმა ბარე სამ საათს შამფურივით მატრიალეს. მერე სისხამ დილით
გამომეღვიძა, შუადღემდე ვიწექი და საფიქრალს კი მაინც ვერ გავართვი თავი. მაშინ
სასწრაფოდ ჩავიცვი, სამსახურისკენ გავწიე, იქნებ მუშაობას გადავაყოლო–მეთქი გული.
ამჟამად მხოლოდ დაახლოებით, საერთო მონახაზში შემიძლია, აღვადგინო ის, რაც მაშინ
მაწვალებდა და ვიტყვი კიდეც, რადგან... რადგან ჩემი მომავალი ცხოვრება აქედან დაიწყო.
ჩემი მეშვიდე წინაპარი, გრაფი ლაიოშ სეგედი, რუსეთის სამხედრო სამსახურში შევიდა,
რუს ქალზე დაქორწინდა და ამის შემდეგ ჩვენს შტოს სხვა ტომის სისხლი აღარ შერევია.
ათას ხუთას ოთხმოცდაცხრა წლიდან მოკიდებული, ჩემმა წინაპრებმა ერთადერთ
სამშობლოდ რუსეთი აღიარეს და ტახტის სამსახურს შეალიეს თავისი ნიჭი, სინდისი და
სიცოცხლე. დაუფასდათ კიდეც – მამულები, თანამდებობები, პატივი, დიდი ჯამაგირები.
მე მათი ერთადერთი მამრობითი სქესის მემკვიდრე ვიყავი და, რა თქმა უნდა,
ჭაბუკობაშივე რწმენად მექცა, რომ სამსახური მხოლოდღა მყარი საზოგადოებრივი
მდგომარეობისა და მატერიალური უზრუნველყოფის საშუალება კი არა, ერთგულების,
პირუთვნელობისა და თავდადების ასპარეზი იყო, რომელსაც ჩემი ადამიანური
ღირსებების შემდგომი რაფინირებისა და ნაკლთა აღმოფხვრის პირობა უნდა შეექმნა.
ვიცოდი, რომ მოვალე ვიყავი, მამულისთვის მიმეცა ყველაფერი, მიმეღო კი მხოლოდ
იმდენი, რამდენიც ყველაფრის მიცემისთვის იყო საკმარისი და, თავის ქებაში თუ არ
ჩამომერთმევა, ვიტყვი – ასეც ვცხოვრობდი. ამის შედეგად დავრჩი მარტოხელა, უშვილო
და სიბერეში მიუსაფარი.
სორბონაში სტუდენტობის დროსაც და შემდეგ კიდევ თერთმეტი წლის მანძილზე
რუსეთის იმპერიის საიდუმლო სამსახურის კაცი ვიყავი ევროპაში. მოვიდა დრო, პირადად
ჩემგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ევროპაში აღარ დამედგომებოდა,
პეტერბურგში გამომიძახეს. სამშობლოში დაბრუნებისას უკვე პოლკოვნიკის ჩინი მქონდა.
ვგონებ, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის შეიარაღებულ ძალებში ჩემზე
უმცროსი ან ჩემი ხნისა და ასეთი ჩინით სულ რამდენიმე ოფიცერი იყო.
საზღვარგარეთულმა ფიასკომაც კი წმ.ალექსანდრე ნეველის ორდენი მარგუნა – იმპერიის
ერთი უმაღლესი ჯილდოთაგანი. ამით კუდის მოქნევა და ტრაბახი კი არ მსურს, არამედ
იმის თქმა მინდა, რომ ყველა გზა ხსნილი მქონდა, მრავალი მნიშვნელოვანი თანამდებობა
ლანგარზე მედო და რომელსაც მოვინდომებდი, იმას ავირჩევდი. ჟანდარმერია,
საიდუმლო პოლიცია ავირჩიე და ამ სამსახურის იმჟამად ერთ–ერთი ურთულესი უბანი –
კავკასია! ვინმემ იქნებ ასეთი არჩევანის ათასი სულიერი და მატერიალური მიზეზი
გამომინახოს. ამაოდ დაშვრება, მიზეზი ერთი იყო: ვიცოდი რომ მაღალი ადამიანური
ღირსებების შენარჩუნება აქ უფრო ძნელია, ვიდრე სხვაგან. ამ სიძნელეებთან პირისპირ
ყოფნის წყურვილმა მიმიყვანა ჟანდარმერიაში. ამით მე განვაგრძე ჩემი საომარი
ურთიერთობები ცთუნებებთან, ჩიხებთან, ზერელესთან და ნაჩქარევთან, უღირსთან და
მცდართან საკუთარ არსებაში. ვცხოვრობდი, ვმსახურობდი, დათა თუთაშხიას ენით რომ
ვთქვა: “ვებრძოდი ჩემს თავს” და მიხაროდა გამარჯვებები. სამსახური იყო წყარო ჩემი
სულიერი კმაყოფილებისა თუ ჯავრისა და უამისოდ სიცოცხლე არ შემეძლო. მქონდა
სტერეოტიპების ვრცელი კომპლექსი, მქონდა ერთხელ და სამუდამოდ შემუშავებული
დამოკიდებულება და არ მქონია, ვფიცავ განგებას, არ მქონია კომპრომისი, სანამ ჩემს
რწმენას სატანასავით არ მოევლინა მუშნი ზარანდია. კომპრომისიც არის და კომპრომისიც;
მე არ ვლაპარაკობ კერძო შემთხვევაზე, როცა, ვთქვათ, პირადი უნდა გაიწიროს
ეროვნულად თუ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანისათვის და ეს ვერ შევძელი ან იმაზე,
რომ მუშნი ზარანდიამ თავისი სანდომიანობითა თუ სულის ძლიერებით, ერთადერთხელ
ჩემი მხრივ, ამა თუ იმ ზნეობრივ დათმობას მიაღწია. არა! აქ ლაპარაკია ჩვევების
ძირფესვიან აღრევაზე, თვისებრივი გარდატეხების უცხადეს ნიშნებზე
დამოკიდებულებაში, ბომონთა მსხვრევაზე... ერთი სიტყვით, გამოვიდა ისე, რომ სწორედ
ამ სამსახურში შემომეფანტა ის, რის შესანარჩუნებლადაც მოვედი.
სახნოვზე ნამოვიკარი ფეხი!
მოქალაქეობისა და სამსახურის ასპექტში ჩემი დამოკიდებულების საძირკველი და
ხერხემალი ის სტერეოტიპი იყო, რომ მთელი კაცობრიობა წარმოდგენილი მყავდა,
როგორც “ჩვენ” და “სხვები”.
“ჩვენ” ვიყავით ყველა, ვინც შეგნებულად იზიარებდა ტახტის ერთგულების, რუსეთის
იმპერიის მთლიანობის, მისი მსოფლიო–ისტორიული როლის ზრდის აუცილებლობას და
ამ იდეას ემსახურებოდა. მოყვანილი პრინციპის ყველა სახის მოწინააღმდეგეები ჩემთვის
“სხვები” იყვნენ. აქვე და საგანგებოდ ნდა გამოვაპირობო: “სხვების” მიმართ რაიმე ზიზღი
ან სიძულვილი არასოდეს მქონია. მქონდა სიფრთხილის გრძნობა. ვიცოდი, რომ
დედამიწის ზურგზე მხოლოდ “ჩვენ” ვერასოდეს ვიქნებოდით, “სხვებიც” აუცილებლად
უნდა ყოფილიყვნენ და, ამასთან, დიდი უმრავლესობის სახით. ასე აღმზარდეს და
აღზრდის მეთოდი, როგორც შემდგომში მივხვდი, ემყარებოდა პრინციპს – “ჩანასახშივე
ჩაიხშოს
სიძულვილის ყოველგვარი გამოვლინება, დაიმყნოს
კეთილგონიერი
მიმტევებლობა და შემუშავდეს თავდავიწყებული სიყვარული ყველაფერ “ჩვენის”
მიმართ”. მაგრამ დავუბრუნდეთ ძირითად თემას. ხსენებული სტერეოტიპიც
ნაწევრებისგან – სამი ქვესტერეოტიპისგან შედგებოდა. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩემი
სამსახურის, პროფესიის სპეციფიკა მაქვს მხედველობაში და განვმარტოთ: “სხვა”
სახელმწიფოებთან თუ მათ მოქალაქეებთან ურთიერთობის მომწესრიგებელ ფაქტორად
საერთაშორისო სამართლის ნორმები, დიპლომატია და სამხედრო ძლიერება მიმაჩნდა.
რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომ, ანუ შინაურ “სხვათა” და “ჩვენს” შორის ბჭედ მქონდა
კანონი და კანონიერება, რომლის წინაშე ყველა, მიუხედავად გონებრივი, წოდებრივი თუ
ქონებრივი მონაცემებისა, თანასწორი იყო. ამ ორი სახის “სხვათა” დანაშაულის
კვლევაძიებისას ცბიერი, ვერაგი ფანდების გამოყენება შესაძლებლად მიმაჩნდა იმიტომ,
რომ ეს იყო ბრძოლა მტერთან, მაშინ, როდესაც “ჩვენს” კაცზე შემოსულ დასმენას (მესამე
ქვესტერეოტიპი) ან ასეთი კაცის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულებრივ ქმედებასაც კი ვუყურებდი, როგორც მოყვასის შეცდომას, კვლევა–ძიების
პროცესში მას ფრაქციონერად ვთვლიდი და მხოლოდ ღირსეული მეთოდებით
ვმოქმედებდი – ცხადია, იქამდე, სანამ მოსისხლე მტრობას დავინახავდი.
პოლკოვნიკი სახნოვი მარტივი ფსიქიკის კაცი იყო, იმდენად მარტივი, რომ “სხვათა”
ბანაკშიც რომ გადაბარგებულიყო და შეურიგებელი მტრობა განეზრახა, ზიანს მაინც ბევრს
ვერაფერს მოიტანდა. ეს ცხადია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არც სადმე გადაბარგებულა
და არც ტახტისა და სახელმწიფოს მტრობა გაუვლია გულში. ყველაფერ იმას, რასაც ჩემი
წინაპრები და მე პირუთვნელად ვემსახურებოდით, სათავეში მისი იმპერატორობითი
უდიდებულესობა და უავგუსტესი ოჯახი ედგა. ეს იყო იმპერიის წმიდათაწმიდა ფუძე და
საწყისი, სახნოვი – მეფის კარის მიერ ნათესავად აღიარებული კაცი და, მაშასადამე,
არამცთუ “ჩვენი”, არამედ იმის განსახიერებაც, რისთვისაც “მოვალე ვიყავი, მიმეცა
ყველაფერი და მიმეღო კი მხოლოდ იმდენი, რამდენიც ყველაფრის მიცემისთვის იყო
საკმარისი”...
მუშნი ზარანდია და მე ვაპირებდით, სახნოვს, ანუ “ჩვენს” კაცს, ისე გავსწორებოდით
როგორც “სხვას”!
ზემოთქმული მხოლოდ ერთი ნაწილი იყო ჩემი დანაშაულისა. მეორე, უფრო მძიმე და
გაცილებით მნიშვნელოვანი, იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა დროისა და ერის
იმპერიათა არსებობის საფუძველთა საფუძველი ხელვყავი, თუ შეიძლება ითქვას, წესდება
დავარღვიე. საქმე ის არის, რომ იმპერიის შემთხვევაში “ჩვენ” ორი შენაკადის –
“მპყრობელი ერის შვილებისა” და “უცხო ტომის კაცების” – პირობითი ერთობლიობაა.
“მპყრობელი ერის შეილები” საკუთარ სახელმწიფოებრიობას ახორციელებენ, ანუ თავისი
ერის აღზევების საქმეს ემსახურებიან; “უცხო ტომის კაცები” სხვის სამსახურში დგანან,
ლანდსკნეხტებისა და კონდოტიერების ყველა იმპერიისთვის აუცილებელ ფენას
შეადგენენ. ისინი, ფორმალურად, მპყრობელს ემსახურებიან და მათი სამსახურის
ფაქტიური მიზანი კი ჯერ თავკერძული და მერე კარგად შენიღბული საკუთარ–
ეროვნული მიზნების განხორციელებაა, რაც, საერთო ჯამში, ეწინააღმდეგება ხოლმე
იმპერიის ინტერესებს.
ისტორიულად ცნობილია კიდევ ერთი რამ: იმპერიის ძნელბედობისა და კატაკლიზმების
დროს მპყრობელი ერის შვილების დიდი უმრავლესობა, მიუხედავად მსოფლმხედველობისა, ურყევად დგას სახელმწიფოს მთლიანობის პოზიციებზე, მაშინ,
როდესაც უცხო ტომის კაცთა დიდი უმრავლესობის ხვედრი განდგომა და სეპარატიზმია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გარეგნულად თუმც ორივე შენაკადი ერთ
პრივილეგირებულ, მმართველ წოდებას შეადგენს, მაინც ორივე მხარემ იცის
თანაარსებობის ჭეშმარიტი პრინციპი: “მპყრობელმა ერმა უცხო ტომის კაცები უნდა
გამოიყენოს, მა–
გრამ ბოლომდე მათი ნდობა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, თუ წარსულში რომელს რა
დამსახურება აქვს ტახტისა და იმპერიის წინაშე”. მპყრობელი ერის შვილსა და უცხო
ტომის “ჩვენს” კაცებს შორის აღმოცენებულ ყველა კონფლიქტში და სახნოვ–ზარანდიას
შემთხვევაშიც, ჩემს მამულიშვილურ მოვალეობას შეადგენდა, მართალია, ერთობ დაბალი,
მაგრამ მაინც მდგრადი ღირებულების, ანუ სახნოვის, მხარი დამეჭირა. მე პირიქით
ვიქცეოდი და სწორედ ეს იყო საფუძველთა საფუძვლის ხელყოფა, წესდეგის დარღვევა!
ზარანდიამ სახნოვის წინააღმდეგ რომ “სხვათათვის” განკუთვნილი ხერხებით დაიწყო
მოქმედება, დავიდებ გულზე ხელს და ვიტყვი – ბუნდოვნად, მაგრამ იმთავითვე
ვგრძნობდი. ახლა დადგა დრო, ჩემთვის ცხადი შეიქნა, სახნოვი ზარანდიას
პროვოკაციების ქსელში რომ ებმებოდა და არამცთუ ვიღონე რამე – ვეშველებოდი!
ვიცოდი ხმა უნდა ამემაღლებინა, სათქმელი მეთქვა, გამოსატანი მზის სინათლეზე
გამომეტანა, მაგრამ ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად არაფერი მქონდა, გარდა შეგნებისა,
რომ სახელდობრ ასე უნდა მოვქცეულიყავი, ხოლო ასე მოქცევის სურვილისა კი
ნატამალიც არ გამაჩნდა. ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ასე იქცევიან, ასე
ცხოვრობენ, ამაში ცუდს არაფერს ხედავენ და თავისი თავის საყვედური აზრადაც არ
მოსდით, მაგრამ ჩემთვის ყოველივე ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. მე ჩემს თავს ვთვლიდი
იმ მოგვად, რომელმაც წმიდა კოცონი გულივერის მეთოდით ჩააქრო. მეტიც, ვგავდი იმ
წესიერ ადამიანს, რომელმაც სრულიად მოულოდნელად მაწანწალობასა და
მემთვრალეობას მიჰყო ხელი, ერთ დილას მთელი სიცხადით აღიქვა თავისი სულიერმ
კატასტროფა და ნებისყოფა კი ვერ გამოიჩინა, რომ წერტილი დაესვა, უწინდელ
კალაპოტში ჩაეყენებინა თავი. ასეთები მემთვრალეობაშივე ეძებენ ხსნას. აღმოვჩნდი
უდიდესი საშიშროების წინაშე: კომპრომისების დამოკიდებულების გამუდმებული
რღვევისა და სინდისის ქენჯნის სამყაროში გადასახლება მელოდა.
ქალბატონი თიკო ო–ნი
...
გამოცდილება მაშინ მოვიდა, როცა საჭირო აღარ იყო. მაგალითად, ორმოცდათხუთმეტი, სამოცი წლისას მამაკაცებთან ურთიერთობის საიდუმლოებათა ცოდნა რაშიღა გამომადგებოდა?! მანამდე კი, როცა მესაჭიროებოდა, ამ მხრივ მყარი და
საიმედო არაფერი გამაჩნდა. რა ვიცი, მესაჭიროებოდა? მერე რა – არც ერთადერთი ვარ,
არც უკანასკნელი და არც გამონაკლისი: ადამიანები უბელო ქიმერებზე სხედან, მათ
ნებაზე დაეხეტებიან; ჰგონიათ კი, თავისი ოცნების რაშებისთვის ცხრა აღვირი აქვთ
ამოდებული და მხოლოდ საკუთარი სურვილით ამორჩეულ გზებსა თელავენ. ერთი
მეგობარი ქალი მყავდა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ძებნაში, შეძენასა და
გამოყენებაში ატარებდა ცხოვრებას. მაინც ოთხი შვილი შობა და კინაღამ მეხუთე
ფეხმძიმობას გადაჰყვა. ასე, სამოცისამ მითხრა – ორსულობის თავიდან აცილების ყველა
ხერხი ზედმიწევნით ვიციო; არც საქმეს ეტყობოდა და არც ის შემინიშნავს, თავისი ცოდნა
ვინმესთვის გაეზიარებინოს. ბავშვობაში ზღაპარს მიამბობდნენ ხოლმე: მიხრწნილმა
ბერიკაცმა სიკვდილის წინ ოქროთი სავსე ზანდუკი კუნაპეტ ღამეში სადღაც წაიღო და ისე
დაფლა, რომ ვეღარავინ იპოვნა იმ ბერიკაცში ორი ბუნება იყო: ერთი აგროვებდა, რომ
რაიმეში გამოეყენებინა; მეორემ ისე დაფლა, რომ საერთოდ ვეღარავინ გამოიყენა! მეც ასე
ვიცოცხლე. თურმე, ორი სული მდგმია, არ ვიცოდი, სიბერეშიღა გავიგე. პირველს ეგონა
და მოქმედებდა; მეორემ სიმართლე იცოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა – როცა საჭირო აღარ
იყო, მერეღა თქვა. პირველი იმ ქათამსა ჰგავს, რომელიც კვერცხის დასადებად ჯდება და
ჰგონია, რომ ამ საქმეს მხოლოდ და მხოლოდ პატრონის საუზმისთვის სჩადის! მეორე –
მრევლს, რომელმაც სიცოცხლეში ერთთავად სანატრელი ფლავი მოლას საფლავში
ჩააყარა... არა, მამაკაცებთან ურთიერთობის გამოცდილება ლოგინიდან, პრაქტიკიდან არ
შემიძენია – დაკვირვებიდან შევიძინე. ლოგინიდან შემეძინა – სანამ რამედ ვვარგოდი, ის
გამოცდილება მანამდე მექნებოდა და არა ორმოცდათხუთმეტ–სამოცისას. უჰ, საით
წავედი!.. საცოდავ მიტო ზურაბიშვილზე დავიწყე, რომ დათა თუთაშხიას ამბავი მეთქვა
და ისევ ჩემ თავთან კი მოვედი. სხვანაირად ლაპარაკი არ ვიცი. როგორც უნდა ვეცადო,
მაინც ისე გამომდის, რომ საცრიდან გავცქერი სამყაროს. საცერი მე თვითონ ვარ, ამიტომ
ჩემს თავზე მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე იმაზე, რაზეც საუბარს დავიწყებ ხოლმე. სხვებიც ასე
არიან, მაგრამ ჰგონიათ, რომ არა. მიკერძოებულობისა და თავის თავზე დაუკვირვებლობის
ბრალია; ეს სულიერი ვითარება ჩემთვის კარგად არის ცნობილი. აი, მიტო ზურაბიშვილი
რომ შემიყვარდა, ასე მეგონა, რევოლუციონერია, ერისა და ხალხისთვის თავდადებული
კაცია და ამისთვის შემიყვარდა–მეთქი. მართალია, ცხრაასიანი წლების დასაწყისისთვის
ადამიანის გონება უკვე რევოლუციის სულით იყო შეპყრობილი, “ხალხი, სამშობლო,
თავისუფლება!” – ამას მაგიური ძალა ჰქონდა და, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური
მრწამსი, იდეა აპირობებდა პიროვნების საქციელს, მაგრამ სიყვარულს მაინც სხვა
პირველმიზეზები და საწყისები აქვს... თუნდაც სოფლის მასწავლებლობა ვთქვათ –
ხალხში ცოდნისა და სიმართლის გავრცელების საშუალება იყო. პოლიცია ამ საქმეს ზოგ
შემთხვევაში პოლიტიკურ მოღვაწეობად თვლიდა. მე რომ სოფლის მასწავლებლობას
მოვკიდე ხელი, ეს ნაბიჯი ბევრმა რევოლუციისა და თავისუფლებისთვის მსხვერპლის
გაღებად ჩამითვალა. სიმართლე რომ ვთქვა, მე თავადაც ასე მეგონა; ვთვლიდი, რომ
ბრძოლის ინტერესების გამო გავიხიზნე თბილისიდან. არა, მაინც რა უფლება მქონდა, ასე
მიმეჩნია?! დამიძახეს – ღმერთო, მერამდენე დაძახება იყო!.. მითხრეს, ან პენზაში თუ
კოსტრომაში გადაგასახლებთ, ან სადაც გეტყვით, იმ სოფელში მასწავლებლად წახვალ და,
ამასთან, ერთ ჩვენს დელიკატურ დავალებასაც შეასრულებო! მაშინვე მივხვდი, რასაც
გულისხმოგდნენ – საიდუმლო აგენტოგას, მაგრამ რა მექნა, დანაშაული მქონდა, მართლა
გადასახლება მემუქრებოდა... ძალიან თავზეხელაღებულ საქმეებში შევყევი მიტოს და
ბოლოს ყველაფერი გამჟღავნდა. როცა მივყვებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რევოლუციას
ასე სჭირდება, ამას იმიტომ ვჩადი–მეთქი. სულ ტყუილი გამოდგა – სიბერემ მომიკაკუნა
და მაშინ ნათლად დავინახე, რისკში სიყვარულმა შემითრია, უგონოდ მიყვარდა მიტო
ზურაბიშვილი. ჩვენი მომავალი ცოლქმრობის ეშხი, თორემ სულაც ვერ ვერკვეოდი,
რამდენად საჭირო იყო ჩემი მონაწილეობა ბრძოლაში და რამდენად – არა... პენზაში თუ
კოსტრომაში რა მინდოდა, როგორ მეარსება, რა სულიერი საზრდო გამეჩინა? მითხრეს თუ
არა, მაშინვე გავიფიქრე, დამავალონ, რა მენაღვლება, დავპირდები, არც რასმე
შევუსრულებ და, ნეტავი, რას მიზამენ–მეთქი.
დავთანხმდი. ხელწერილი ჩამომართვეს. მეტი რა გზა მქონდა... ჰო, ეს უკვე ვთქვი.
ხელწერილი კი იმაზე ჩამომართვეს, რომ მასწავლებლობა იმ სოფელში უნდა დამეწყო,
სადაც დათა თუთაშხიას საყვარელი ცხოვრობდა. მდგმურადაც იქ უნდა დავმდგარიყავი,
თუთაშხიას საყვარლის, ბეჩუნი პერტიას სახლში, თუკი გაქირავებაზე არ იტყოდა უარს...
არ უთქვამს, წინასწარ დაარწმუნეს, – მდგმურის აყვანა გირჩევნია, პოლიცია იფიქრებს,
ბეჩუნი პერტიას, ალბათ, ის უნდა, რომ დათა თუთაშხიამ მასთან სიარულს უკლოს ან
სულაც ამოიკვეთოს ფეხიო.
ჩავედი. მამასახლისმა ჯერ სხვა ბინები მაჩვენა. არ მოვიწონე. მერე ვიღაცამ უთხრა,
ბეჩუნიც გააქირავებსო. მამასახლისმა თვალები დაჭყიტა და აბრაგის საყვარელთან
წამიყვანა, ეს მირჩევნია–მეთქი, ორ ოთახში დავდექი.
ის სოფელი მაშინაც კარგა დიდი იყო, უბანიც მომეწონა; სახლები ერთმანეთისგან
შორიშორ იდგა, მოზრდილი, დაბანილ–დავარცხნილი ეზო–კარი ჰქონდათ. ირგვლივ
კრუხ–წიწილი ჟივჟივებდა, ბავშვების ჟრიამული იდგა. ღამღამობით მახლობელ ჭაობებში
ბაყაყები ერთმანეთს ყიყინში ეჯიბრებოდნენ და აშვებული ძაღლები დაგვიანებულ
მგზავრებს გაბმითა ჰყეფდნენ.
ისიც წინასწარ ვიცოდი, რომ ჩემი სახლის პატრონი ტყის მცველის ქვრივი იყო. უფრო
ხნიერი მეგონა – ოცდარვა–ცხრა წლისა აღმოჩნდა. ბიჭუნა ჰყავდა – ექვსისა, მეშვიდეში. ეს
იყო და ესა მისი ოჯახი. დინჯი, ტანადი, ჩუმი ქალი იყო , იმდენად ჩუმი, რომ ხანდახან
კვირა გაივლიდა და იმის ხმას ვერავინ გაიგონებდა, მაგრამ თვალში თავიდანვე მეცა:
ქვრივის დუმილი ბეჩაეი ადამიანის სიჩუმე ან გლოვის სიმძიმილი როდი იყო – ამაყი
განდგომა იყო. ეს მას ერთგვარ ღირსებას სძენდა და თითქოს მნიშვნელობასაც მატებდა.
მამაკაცებისგან გამიგონია, – ქალი ქალის სალოგინო ღირსებებს ვერ შეაფასებსო. მართალი
არ არის. ჩვენ უფრო ვხედავთ, და ის ბეჩუნი პერტია, ამ მხრივ, დიდი ვერაფერი შვილი
იყო.
მოვაგროვე ბავშვები და საქმეს შევუდექი. რაც დრო გადიოდა, მით მეტად მაცვიფრებდა
მათი ნიჭი, მეხსიერება, ცოდნის წყურვილი და თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლიდი:
კოლხეთის უძველეს მიწაზე ვცხოვრობდი, ჩემს ხალხს ვემსახურებოდი, ბიბლიურ
მეჩირაღდნესავით სინათლე მიმქონდა. თავისუფალ დროს კითხვას, მიწერ–მოწერას და
ჩემი წარსულის თვალიერებას ვანდომებდი. ეს წარსული პატარა და მღელვარე იყო. მაშინ
მე ჩემი დიასახლისივით ოცდამეცხრე წელიწადში ვიდექი. მეგრულს მარდად
ვლაპარაკობდი, რადგან დედით მეგრელი ვარ და ერთხანს გადიაც მეგრელი ქალი მყავდა.
ჩემდა სასირცხვოდ, იქ ეს არასოდეს გამიმხელია. ვიცოდი, ენის დამალვა სხვისი
საიდუმლოს ქურდობას ჰგავს. მაინც დავმალე. ეს დანაშაული, ალბათ, ასაკმა ჩამადენინა.
მომეტევოს – სინდისის ქენჯნა მეყოს სასჯელად.
გავიდა ცოტა ხანი და ჩემი დიასახლისის გარეგანმა იდუმალებამ გარკვეული არსი
შეიძინა, სურვილის წინააღმდეგ საფიქრალში ჩამითრია.
კვირა დღე იყო, შინ ვბრუნდებოდი. ბარდღუნია დამთვრალიყო, ფილთა თოფი გამოეტანა,
ალიაქოთი ედგა. ეს ჭაბუკი მეწისქვილის შვილი გახლდათ, ასე, ოცი წლისა იქნებოდა.
დათვრებოდა, ფილთა თოფს გამოიტანდა, მეზობლების შინაურ ცხოველებს უშვერი
ლანძღვა–გინებით დასდევდა. თოფი მოშლილი იყო, ბარდღუნია თვითონ ღრიალებდა –
ბახ, ბახ, ბახ! და სანამ ღვინო გამონელდებოდა, იქაურობას იკლებდა. მის ასეთ
გამოსვლებს მთელი მეზობლობა ესწრებოდა, ბავშვები ბარდღუნიას გუნდ–გუნდად
დასდევდნენ და მასთან ერთად ყვიროდნენ: – ბახ, ბახ ბახ! ქუჩაზე რომ შემოვუხვიე,
ბარდღუნია ქაჯაიების ბოჩოლას მოსდევდა. უკვე ჩვენს ჭიშკართან ვიყავი მისული, რომ
დამინახა. ბოჩოლას თავი მიანება, მეგრულად დაიძახა: – ბეჩუნიას ინდოური მოვიდაო,
და პირდაპირ ჩემსკენ გამოქანდა. ჭიშკარში ვერ შევასწარი, გზაზე გადამიდგა. ძალიან
შემეშინდა, ძალაუნებურად ღობეს მივენდე და სწორედ ამ დროს ბარდღუნიას ჩემი
დიასახლისის სილა ლოყაში მოხვდა.
იქაურობა მყისვე მიჩუმდა. მოსეირეები ღობეებზე გადმოიხარნენ. ბავშვებმა სალოკი
თითები პირში გააქანეს და გაინაბნენ.
ბარდღუნიას ყელის ძარღვები დაებერა, სახეში სისხლმა აასხა, კბილებიდან გამოსცრა:
– რას გიზამ, თუ იცი!– ხომ არ გგონია, მისი მეშინოდეს მე...
– კი, მგონია! – მშვიდად, ხმადაბლა მიუგო ქვრივმა. – წაეთრიე!
ბარდღუნიამ ვეღარაფერი მოახერხა, ხმა ჩაუვარდა, ერთიანად აცახცახდა. მერე
დაიღრიალა, ფილთა თოფი მოისროლა და თავისივე ტანისამოსის შემოხევას მიჰყო ხელი.
დიასახლისი მკლავში მწვდა, ეზოში შემიყვანა.
ბარდღუნიამ პერანგის ამხანაგამდე ყველაფერი შემოიხია და გადაყარა. ქალებმა ვიშვიში
ატეხეს, კაცებმა გახელებულს მკლავები გადაუგრიხეს, შინისკენ წაიყვანეს.
– სილა როგორ შებედე, რამე რომ ექნა... რომ გაერტყა?! – ვთქვი მე, როცა აივანზე ავედით.
დიასახლისმა ოდნავ მღიმარი თვალები შემომანათა:
– ვერავინ ვერ გამიბედავს ვერაფერს!
– როგორ!
– ისე! – მომიჭრა ქვრივმა, ტოლჩა აიღო და ეზოში აბრუნდა.
მიყუჩებული ქალები ქვრივს გამოჰყურებდნენ. ბეჩუნიმ ეზო დინჯად გაიარა, სამზადთან
ნაწნავი ზურგზე გადაიგდო და კარს მიეფარა.
მოთვალთვალეები უხალისოდ გაიკრიფნენ.
საღამო ხანს ეზოში ორი დედაბერი შემოვიდა. ჩემმა დიასახლისმა სტუმრები კაკლის
ძირას სკამებზე დასხა. ფანჯარა ღია მქონდა, თითქმის ყველაფერი მესმოდა. ისე
გამოდიოდა, რომ ბარდღუნიას საქციელისთვის ბოდიშს იხდიდნენ, ბეჩუნის უხდიდნენ,
ჩემი სახელის ხსენება არსად იყო.
– მასწავლებელს მოუხადოს ბოდიში ხვალ! – უთხრა ბეჩუნიმ დედაბრებს ჭიშკართან.
ვითომ დათა თუთაშხიაზე სათვალთვალოდ გამომგზავნეს და მე კი არც მისი ცხოვრებისა
გამეგებოდა რამე, არც იმისა, თუ რა პიროვნება იყო. ეს გვარ–სახელი და მასთან
დაკავშირებული რაღაც ამბები გაგონილი მქონდა; ვინც საიდუმლო პოლიციაში
ხელწერილი ჩამომართვა – თუ მეხსიერება არა მღალატობს, ვინმე კნიაზევი იყო,
პოლკოვნიკი, – კარგა ბლომა რაღაცები მიამბო თუთაშხიაზე.
ვერც მაშინ შევძელი და ვერც თუთაშხიას გაცნობამდე, რომ იმ კაცზე ერთი რამ დამდგარი
აზრი ჩამომეყალიბებინა. ავიც მოსმენილი მქონდა, კარგიც, მაგრამ არც ერთი არა
მჯეროდა. საერთოდ, მამაკაცის ბუნებასა და ხასიათზე ნათქვამს ვერაფერს ვირწმუნებდი
ხოლმე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახავდი და ამით მის მამაკაცურ ღირსებებზე
წარმოდგენას არ შევიქმნიდი – ასეთი ხასიათისა ვიყავი. რაკიღა ასე იყო, ისიც თავისთავად
გამომდიოდა, რომ სახელიანი მამაკაცების დანახვა და ჩუმ–ჩუმად თვალთვალი
მოთხოვნილებასავით მქონდა ძალიან დიდხანს. დათა თუთაშხიას დანახვის შემთხვევა
არა და არ მომეცა. მოლოდინი სულს მიწვრილებდა, ცნობისმოყვარეობით ვიყავი
შეპყრობილი და ატაცებული, დასწყევლოს ღმერთმა.
ჩემი დიასახლისი ბავშვს რომ დააძინებდა, ხანდახან ხელსაქმეს შემოიტანდა და
გვიანობამდე ჩემთან იჯდა. ლამპა მენთო, ვკითხულობდი ან რვეულებს ვასწორებდი.
ზოგჯერ ჩაიზეც დამეწვეოდა ხოლმე. თავიდან ორთავეს გვეგონა, რომ ბევრი საერთო
აღმოგვაჩნდებოდა, მაგრამ იშვიათად ვსაუბრობდით.
– ბეჩუნი, ამდენ წინდებს ვისთვის ქსოვ? – უნებლიეთ ვკითხე ერთ საღამოს.
– ჩემი დათასთვის.
– დათა ვინ არის?
– ჩემი საყვარელია დათა! – ალბათ, ამ კილოზე ამბობენ: – არ მომეკარო, გესვრიო!
მენიშნა: ეს განწყობილება ჰქონდა ჩემს დიასახლისს სიარულში, მიხრა–მოხრასა და ყელის
ამაყ მოღერებაში. ეს კილო ჰქონდა ბარდღუნიასთვის უშიშრად ნათქვამ სიტყვებში – “კი
მგონია”. ესევე იგრძნობოდა თვით დუმილშიც. მეორე მხრივ, გასაოცარი იყო სოფლელი
ქალის ამგვარი გულახდილობა... გულახდილობა კი არა – სექსუალური თავისუფლებით
ტრაბახი!
თავი ავწიე, შევხედე.
შემართულ სატევარს ჰგავდა!
– რა კაცია? – რაც შეიძლებოდა გულუბრყვილოდ ვკითხე.
ჩემი სტუმარი მყისვე გამოიცვალა, ეჭვი და გაკვირვება მოეფინა სახეზე. მერე თვალები
მოულბა ღიმილით მითხრა:
– დათა?.. აბრაგია! ხომ გაგიგონია... დათა თუთაშხია...
– გამიგონია, როგორ არა! – სიტყვა ჩამოვართვი და ინტერესით დავძინე: – სად გაიცანი?
ქალი გაინაბა, თითქოს დაიბნაო და აილაპარაკა:
– არ გამიცვნია მე ის.
გულში გამეცინა. მინდოდა მეკითხა, იქნებ დღემდე არ იცნობ–მეთქი, მაგრამ ძალიან
მეინტერესებოდა და თავი შევიკავე.
– პირველად სად ნახე, მაინც?
მივდიოდით სადღაც... სადღაც კი არა და, დღეობაზე მივდიოდით მე და ჩემი ქმარი მაშინ.
შეგვხვდა გზაზე. თვალებში შემომხედა. მერე აღარ დამინახავს იქ, ხატში. ქმარმა მითხრა,
დათაა ეგ, აბრაგი თუთაშხიაო.
– მერე, მერე?
– რაი მერე...
– როგორ შემოგხედა, როგორი თვალები ჰქონდა?
– როგორი და... – მოფიქრება დასჭირდა ბეჩუნი პერტიას. – გაკვირვებული! მოვედით
დღეობიდან. ჩემი ქმარი ტყის მცველი იყო და ყანა გვქონდა ტყეში, სათოხნად დავდიოდი
იქ. ერთ კვირას სულ ისე მეჩვენებოდა, სადღაც ბუჩქებში იყო ჩამალული დათა თუთაშხია,
ვითომ. ვუთხარი ქმარს, – მითვალთვალებს, მგონია, ვიღაც და მეშინია–მეთქი. გაიცინა,
საცოდავმა...
ჩემი დიასახლისი ისევ დადუმდა. ახირებული ქალი იყო – ზანტი, უსურველი ლაპარაკი
იცოდა.
– მერე, მერე? – კვლავ შევეკითხე, თორემ შეეძლო, კიდევ ორი საათი მჯდარიყო,
აღარაფერი ეთქვა და დასაძინებლად წასულიყო.
– მართლა გამოვიდა ერთ დღეს ბუჩქებიდან დათა; იმ ბუჩქებიდან გამოვიდა სწორედ, მე
რომ ქმარს ვუთხარი, ვიღაც მითვალთვალებს–მეთქი. იდგა და მიყურებდა ჯერ...
წამოვიდა ჩემსკენ. შევხედე თვალებში და შემეშინდა ძალიან, ავკანკალდი მთლად.
მოვიდა, დადგა ჩემთან. მიყურებდა ასე. მეყვირა, მინდოდა, მარა ვერ დავძარი ხმა,
ჟრუანტელი მივლიდა ტანში და წამერთვა ენა... ისეთი მკლავები ქონდა!.. და მკერდი –
ღონიერი, ბრტყელი, ლამაზი... დამალვა მომინდა. გაშალა მკლავები, ჩავიმალე შიგ და
გადამიარა შიშმა. – ქვრივს თვალებში ალი შეუდგა. – პირველი თოხის დრო იყო მაშინ,
სიმინდი მუხლამდეც ვერ მწვდებოდა. დასანახზე ვიდექით და წასვლა მომინდა საითმე...
კი არ მომინდა, საჭირო იყო და მეძნელებოდა ეს. მოვწყდი, როგორც იქნა, მკერდიდან... –
ქვრივმა ისევ იყუჩა და პატარა ხნის ფიქრის შემდეგ თქვა: – შვიდი წელია მას მერე, რვა
გახდება მალე. არ გამიმხელია არავისთვის ეს... წავალ მე, ქალბატონო თიკო, გვიანია უკვე.
მერე რაც მოხდებოდა, ყველაფერი ნათლად დავინახე: ქალი მიდიოდა წინ. ასე, სამ, ოთხ
ნაბიჯზე მამაკაცი მისდევდა და ქალს ტანს უთვალიერებდა. ქალმა ბუჩქნარს მიაღწია,
მაგრამ არ გაჩერებულა – მიდიოდა და მიდიოდა. სულ ასე ივლიდა... კაცმა მხარზე ხელი
დაადო. ქალი გაჩერდა, სულით ხორცამდე თრთოდა, ცახცახებდა, ძალას ელოდა,
მამაკაცის ღონე უნდა დასცემოდა მეხივით... ღმერთო ჩემო ყველას ყველაფერს აძლევ – მე
რა დაგიშავე?! ვითომ მიხვდა ეს დედაკაცი რამეს?.. ვინ იცის, სიმძიმე ეხამუშებოდა, ტანზე
ბალახისა და ეკლის შეხებას გრძნობდა და ამაზე ფიქრობდა იმ დროს!
წარმოდგენისა და ამა თუ იმ სიტუაციაში დაუსწრებლად ყოფნის სწორედ საოცარი უნარი
მაქვს; მაშინაც მქონდა. მაშინ უფრო მქონდა. ყველაფერი მთელი გზნებით, ვნებით და
ბოლომდე განვიცადე. ბეჩუნი პერტია არ ყოფილა იქ. მე ვიყავი იმ ბუჩქებში! მაგრამ
მოვიდა სიმცხრალე; ჩემი ხვედრი მხოლოდ წარმოდგენა იყო, ნამდვილისთვის მთელი
სიცოცხლის მანძილზე მაკლდა ის, რასაც რეალური, მძაფრი და დახვეწილი მოაქვს...
დიასახლისი დამემშვიდობა, გავიდა. ვათვალიერებდი და მიკვირდა, – განა, რა უნდა
მოსწონებოდა დათა თუთაშხიას ამ ქალისა,მეთქი! ისიც გავიფიქრე, თვითონ თუთაშხია,
ალბათ, ერთი მახინჯი ვინმეა–მეთქი, მაგრამ მსწრაფლ უარვყავი ეს აზრი – მამაკაცი ვერ
გავიმეტე. არა, თავისი წილი წარმოსადეგობა და ჯიში ჩემს დიასახლისს, რა თქმა უნდა,
ჰქონდა, მაგრამ ის, რაც მამაკაცებს აღაგზნებს?.. რას იზამ, ყველანაირ საქონელს თავისი
მუშტარი ჰყავს და ამაზე იმ ღამეს გათენებამდე ვიფიქრე.
ის ქალი აიეტის მოდგმისა იყო – მედეასი და იაზონის სიყვარული მიამბო.
ძალიან დავახლოვდით, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებში სიყალბეც იმთავითვე იყო. ვითომ
რატომ არ უნდა ყოფილიყო! არავინა თქვას, ისეთი ორი ქალი მინახავს, ვისაც ერთმანეთი
გულწრფელი სიყვარულით უყვარდაო. ორი ქალის ურთიერთობაში ყალბი ბევრად
სჭარბობს ალალს, გულმართალს და ეს ყოველთვის, ყველა შემთხვევაში ასეა. მე თვითონ
ქალი ვარ, ვიცი.
მიტოსთაб გადასახლებაში სანახავად რომ მივდიოდი, კუპეში ჩემთან ერთად ორი
ქართველი ოფიცერი მოემგზავრებოდა. ვიწექი ერთ საღამოს, ძილ–ღვიძილში ვიყავი.
ოფიცრებს ეგონათ, რომ მეძინა. ისხდნენ, ხმადაბლა საუბრობდნენ. ერთმა მეორეს ასეთი
რამ უამბო: თურმე, რომელიღაც მიყრუებულ მაზრის პატარა დაბაში მივლინებით
ყოფილა. ორი დღე–ღამით მარტოხელა, ორმოცი თუ მეტი წლის დედაკაცთან დამდგარა.
დამდგარა და თავისი დიასახლისი ალერსზე დაუთანხმებია. ლოგინში საუბრის დროს
ოფიცერს ქათინაურად უთქვამს:
– ახალგაზრდობაში კაი ლამაზმანი გოგო იქნებოდი და მოარშიყეებიც კარგი
გეყოლებოდაო. ქალს ამაყად მიუგია: – Со мноим Шанаев спал, – შანაევი იმ დაბაში
პოლიციელად ყოფილიყო! ამის შემდეგ ვაკვირდებოდი და დავრწმუნდი, რომ ქალები “ამა
ქვეყნისა ძლიერთ” ან, უბრალოდ, სახელიან მამაკაცებს სიყვარულზე ადვილად
დაჰყვებიან ხოლმე და მერე კი, თუ მოხერხებული შემთხვევა მიეცათ, ამ სიყვარულს
ტრაბახობენ კიდეც, – რა თქმა უნდა, მისაღებ ფორმებში.
ეს თვისება ბეჩუნია პერტიასაც შევნიშნე – მწვანე კიტრივით მოჰქონდა თავი, რომ დათა
თუთაშხიას საყვარელი იყო. ეს მე, ერთი მხრივ, მაღიზიანებდა და, მეორე მხრივ, დათა
თუთაშხიას მიმართ ცნობისმოყვარეობას სულ უფრო და უფრო მიმახვილებდა და ამაში
საკუთარი თავის წინაშე გატყდომა კი არ მინდოდა. ერთხელ იყო, კინაღამ წამომცდა და
ბეჩუნი პერტიას ვთხოვე, როგორმე დამანახე ის შენი კაცი–მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე –
ქალები ვიყავით; მერე ბეჩუნიმ თვითონ მითხრა, გული მიგრძნობს, ამაღამ დათა უნდა
მოვიდეს, თუ გინდა, დაგანახებო. საკვირველია, მაგრამ ეს მოთავაზება არ მესიამოვნა.
აღმოჩნდა, რომ დათა თუთაშხიას ნახვის ლაზათი უნებართვობაში იყო. ნებართვიანი არ
მინდოდა.
ადრე შემოდგომის თბილი ამინდები იდგა. ფანჯრები ღია გვქონდა. ლოგინი გავიშალე,
ლამპაც ჩავაქრე და, რატომღაც, ტანისამოსითვე წამოვწექი. არ მეძინებოდა, ვფიქრობდი.
შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, როცა აივნის იატაკმა ჩუმი ჭრიალი გაიღო. თვალი
გავახილე – ჩემი ფანჯრის წინ ლანდმა გაიარა, ბეჩუნის ფანჯრებისკენ წავიდა. სმენად
ვიქეცი. ერთი წუთის შემდეგ ღამის სიჩუმეში კანტიკუნტი ჩურჩული მომესმა.
დრო გადიოდა, კვლავინდებურად ვიწექი და ვიცოდი, რომ არ უნდა ავმდგარიყავი,
აივანზე არ უნდა გადავსულიყავი და ბეჩუნის ფანჯარას არ უნდა მივპარვოდი... დილის
ოთხი საათი იქნებოდა, თვალები გავახილე, ავდექი და აივანზე გადავედი. ბეჩუნის
ფანჯარას ფეხაკრეფით მივუახლოვდი, გავინაბე. ოთახში ბნელოდა, მივაყურე –
მეგრულად საუბრობდნენ, ჩურჩულით. ჯერ სირცხვილის ოფლმა დამასხა – თავი ორმაგ
ბოროტებაში ვამხილე: ერთი, რომ მეგრულის ცოდნას ვმალავდი, საყვარლები, ვინ იცის,
რასა და როგორს ლაპარაკობდნენ. მეორე ისა, რომ მდაბალი, უსინდისო მიმყურადებელი
ვიყავი. ფეხებმა უკანვე გამწიეს, მაგრამ რაღაცა ძალამ დამტოვა. კედელს აკრული ვიდექი,
საკუთარი არასოდეს განმიცდია, სხვისი სიყვარულის ხმებს ვუსმენდი და ჩემი მეგონა.
მერე ფანჯრის იქით ყველაფერი მიწყნარდა და ისეთი გრძნობა დამეუფლა, ვითომ
უდაბნოში გაგიჟებამდე მწყურვალს წყალი მომაწოდეს, მხოლოდ ერთი ყლუპის შესმა
დამაცადეს და ჯამი ხელიდან გამაგდებინეს. კინაღამ კივილი ავტეხე... მუხლები
მეკვეთებოდა, ზეზე ძლივს ვიდექი. ბოღმა მახრჩობდა, ისე გაბრაზებული არასოდეს
ვყოფილვარ. უცბად რაღაცამ გამიელვა და მე უკვე ვხედავდი, როგორ მოვშორდი
ფანჯარას, გადავძვერი აივნიდან, ვირბინე, გავაღვიძე მამასახლისი, ვაცნობე, რომ
თუთაშხია თავის საყვარელთან არის... მოვიდა პოლიცია, სახლს შემოერტყა...
შიგნიდან ისევ ჩურჩული მოისმა:
– სანამდე მოხვიდოდე, ღმერთს ვემუდარები, მომიყვანე–მეთქი. რომ მოხვალ – მავიწყდება
ღმერთი და შენს მეტს ვერ ვხედავ ვერაფერს. უკვე რომ ვუალერსეთ ერთმანეთს, ისევ
მოდის ღმერთი და მეშინია, ძალიან მეშინია, დათუნია, ჩემო დათუნია...
სიმართლეს ვამბობ, მამასახლისთან გაქცევა დანამდვილებით მინდოდა. აღარ გავიქეცი –
სინდისმა არ მომცა მხარი... პოლიციამ ხომ სწორედ ეს დამავალა და სწორედ ამიტომ აღარ
გავიქეცი... ოთახში კი საუბარმა ახალი მიმართულება მიიღო, თავში ნისლი მედგა,
მექანიკურად ვისმენდი, იქ ნალაპარაკევის შინაარსი შემდგომ ხანებში მომწვდა, როცა
გუნებაში იმღამინდელ შთაბეჭდილებებს, ვინ იცის, მერამდენედ ვათვალიერებდი.
– არ ივარგებს, ბეჩუნი, ეგ, – ამბობდა დათა თუთაშხია.
– არ გინდა, რომ უყვარდე?
– მინდა. შვილს რომ უყვარდეს, ყველას უნდა! მისთვის ისე აჯობებს – არ იცოდეს და არც
ვუყვარდე.
– სიმართლე არ უნდა იცოდეს?
– ასეთი სიმართლე რაში გამოადგება მას! დაიჩაგრება, ნაბიჭვარი ვყოფილვარ მეო...
– ნაბიჭვარი? გუდუნას სხვა მამა არ ყოლია, შენ ხარ მისი მამა!
– წესი წესია, ბეჩუნია. გაიზრდება, მიხვდება, უკანონო რომ არის... ცბიერი, ბოროტი კაცი
დადგება.
– ნუ იგონებ რაღაცას...
– ბეჩუნი, თუ შემიყვარა, რომ მომკლან ან გამაციმბირონ – დაიტანჯება, გულში
ბოროტებას ჩაიდებს. ბოროტი კაცი ცოდვაა. ბოროტი კაცი მკვდარ კაცზე უარესია;
მკვდარი არავის არაფერს ერჩის მაინც.
– მამა უნდა ბავშვს. ხომ უნდა უყვარდეს ვინმე!
– კი უნდა უყვარდეს. ასწავლე, ქვეყანა უყვარდეს, მთა უყვარდეს, მინდორი, ადამიანი,
დედა უყვარდეს, მამის საფლავი... სიკეთე უყვარდეს! ეგ ნაფიქრი მაქვს მე, ბეჩუნი. ვის
გვარსაც ატარებს, ხალხს ვისიც გონია, ის კაცი ჩათვალოს მამად, ასე აჯობებს.
ცოტა ხანს სიჩუმე იყო.
– ტირი, ბეჩუნია–მაიმუნო?.. – ისევ მოისმა ჩურჩული. – კაი, ნუ აიშლი ძარღვებს... არ
გაუტყდე ვინმეს, თვარა მთავრობაში გაიგებენ. ხომ არ გაუმხელ არავის, ჩემო ბეჩუნია,
მითხარი.
ბეჩუნიამ ერთი–ორჯერ ამოისლუკუნა და წაიჩურჩულა:
– როგორც მეტყვი, ისე მოვიქცვვი. იყოს, როგორც იყო აქამდე.
– დაიფიცე, ბეჩუნია!
– ჩემი გუდუნას სიცოცხლეს ვფიცავ, ჩემი დათას სიცოცხლეს ვფიცავ...
ისევ კოცნისა და მიფერეგის ფაჩუნმა მოაწია... მეტი აღარ შემეძლო, ჩემს ოთახს მივაშურე.
როგორც იყო დავმშვიდდი და მაშინვე იმ ფიქრმა შემიპყრო, თუ რამ მიმიყვანა იმ
ფანჯარასთან – მარტო ცნოგისმოყვარეოგამ, თუ კიდევ სხვა რამემ?
მეორე საღამოს ჩემი დიასახლისი შემოვიდა. ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე მკითხა, დათას
მოსვლა თუ გაიგონე წუხელისო.
– გავიგონე, – ღიმილით მივუგე.
– რატომ არ შემოხვედი ჩემთან?
– მეუხერხულა, ბეჩუნი... – ვაპირებდი, ყველაფერი ისე მეთქვა, როგორც მოხდა, მაგრამ
რაღაცამ დამაკავა და დავძინე: – ვერ მოვბედე...
ვიგრძენი, ჩვენს შორის თუკი რამ გულწრფელი იყო, ერთიანად აორთქლდა და გაქრა... რას
ვიზამდი, სხვაფრივ თქმა უარესი იქნებოდა.
– ოთახში სიბნელე იყო. კიდეც მოვსულიყავი, მაინც ვერ დავინახავდი წესიერად.
დათა თუთაშხია დღისით სად და რანაირად უნდა დამნახვებოდა?! საერთოდ ვერასოდეს
ვნახავდი! ამ აღმოჩენამ გამიელვა და გული შემიტოკდა.
ბეჩუნი დამაცქერდა. ვიგრძენი, ფიქრობდა: ნუთუ იყავი და მალავ. რატომ მალავ?
შემცივდა. ავდექი, შალი წამოვიხურე. ვერ გავთბი, ფანჯარა დავკეტე – მაინც ვერ გავთბი,
მციოდა.
ქვრივი ცოტა ხანს კიდევ იჯდა. მერე, ჩვეულებისამებრ, თქვა:
– ავალ, ქალბატონო თიკო, მე. გვიანია უკვე, – და წავიდა.
ამ საღამოს შემდეგ ჩემი დიასახლისი სულ უფრო იშვიათად მსტუმრობდა. ეჭვიანობამ
დაისადგურა.
ხანი გავიდა.
ზამთარი იწურებოდა. იქაურ ადგილებში თოვლი თითქმის არ იცის და იმ ზამთარს
წვიმაც ცოტა იყო. ქარს ზღვიდან სინესტე მოჰქონდა, ძვლებში ატანდა. ბუხარი
განუწყვეტლივ მენთო. ერთ ღამეს მკაფიოდ გავიგონე დათა თუთაშხიას ფრთხილი
ნაბიჯების ხმა. ბაღის მხრიდან მოვიდა, ბეჩუნის სარკმელს კენჭი ესროლა; კარის
უჩუმარმა ჭრიალმა მოაწია და ისევ ყველაფერი მიჩუმდა. ჩემი ბინის წინა ოთახში
ჩაწეული ლამპა ბჟუტავდა, კრეტსაბმელში მკრთალი შუქი ატანდა, საწოლ ოთახში
იბნეოდა.
მალე ჩვენი სახლის ირგვლივ რაღაც ხმაური და ჩოჩქოლი ატყდა. ავდექი, ფანჯრიდან
გადავიხედე. აქა–იქ ლანდები შევნიშნე. ბეჩუნის ნახევარში და დერეფანშიც ფეხის ხმასა
და კარის ჭრიალს მოვკარი ყური. ეჭვი აღარ იყო – სახლს ალყა ჰქონდა შემორტყმული და
თუთაშხია, ალბათ, ოთახებში დაიპარებოდა, დასამალ ან გასაქცევ ადგილს ეძებდა...
თავზარი დამეცა, საწოლში ჩავემხე.
– თუთაშხია! – მოისმა გარედან. – ვიცით მანდ რომ ხარ. სახრჩობელას თუ გინდა გადარჩე,
გამოდი და ჩაგვბარდი!
სწორედ ამ დროს გაიხრიალა კარზე მიდგმულმა სკამმა: წინა ოთახიდან დერეფანში
გამავალ კარს რაზა არა ჰქონდა, სკამს მივადგამდი ხოლმე – ვინიცობაა, ვინმე
შემოსულიყო, ხმაურს გავეღვიძებინე... წამოვვარდი, კრეტსაბმელს მივეპარე, წინა ოთახში
გავიჭვრიტე. ჩაწეული ლამპის სინათლეზე კაცი დავინახე: ჩოხა–ახალუხში იყო, ფაყუ
ეხურა. ისე თავით ფეხამდე იარაღში ჩამჯდარი სხვა დროს არავინ მენახა.
შემოსულმა იქაურობას თვალი მოავლო, სკამი ისევ კარს მიადგა, ჩემი ოთახისკენ
გამოსწია. ოდნავ მოღუნული, მაგრამ მძლავრი ფეხები ჰქონდა. მსუბუქად მოდიოდა,
თითქოს იატაკს არც ეხებაო. კრეტსაბმელი გადასწია, თამამად შემოვიდა. აქვე ვიდექი,
პირისპირ შემომეფეთა და დადგა. რა თქმა უნდა, ვიცოდი – დათა თუთაშხია იყო.
დარაიის კრეტსაბმელში მოყვითალო შუქი ჟონავდა, თუთაშხიას ფიგურას გარშემო
ციმციმა ზოლად ევლებოდა. თავს წამომდგომოდა, მისი სუნთქვა საკინძეში ჩამიდიოდა,
მკერდზე მცემდა. პირველი ფიქრი, რომელიც გარინდების შემდეგ მოვიდა, ის იყო, რომ
მამაკაცი მკერდგაღეღილსა და ღამისპერანგიანს დამყურებდა. აი, დასწყევლოს ღმერთმა,
ალყაშემორტყმული აბრაგი კი არა – მამაკაცი! საკინძეზე ვიტაცე ხელი... მამაკაცებს ასეთი
ჟესტი არანაკლებ აღელვებთ, ვიდრე თვით შიშველი მკერდის დანახვაო, – ერთმა ქალმა
მითხრა რამდენიმე წლის შემდეგ...
– ბეჩუნია–კახპავ გამოაგდე სახლიდან მაგ შენი კურო!
ისევ მოისმა გარედან.
დათა თუთაშხია ოდნავ შეტოკდა და კვლავ გაირინდა.
აივანზე ბეჩუნის ფანჯარამ დაიჭრიალა.
– ნიკანდრო ქილია, შე ქათმის ქურდო, შენ! – გადასძახა ჩემმა დიასახლისმა. – დათა
თუთაშხიასი კი არადა, ბარდღუნია–შტერის საყვარლობა ჯობია შენისთანა ღორის
ცოლობას. ამაზე თუ გიფიქრია, უბედურო, შენ! კითხე, სახლში რომ ბატი გიზის, მას და
გეტყვის სიმართლეს.... ვინ ოხერმა მოგატყუა, ბეჩუნისას არის დათაო? შემოიყვანე მაგ
შენი კაზაკები და ჩაფრები და ნახეთ თვითონ.
ფანჯარა ჩაიკეტა.
– Что она сказала? – ჰკითხა იასაულმა ნიკანდრო ქილიას და რაღაც ბრძანებები გასცა.
კაზაკები დაფაცურდნენ, სახლის გარშემო ცეცხლები ააგიზგიზეს, ოთახებში შუქი
შემოვიდა. დათა თუთაშხია გულხელდაკრეფილი იდგა, ხან მე დამცქეროდა, ხან
ფანჯრისკეб იყურებოდა.
თავი მიბჟუოდა, გულს დაგადუგი გაჰქონდა, წარამარა ჟრუანტელი მივლიდა.
– ვინ ხარ და რა გინდა?! – ძალიან ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით შევეკითხე.
აბრაგს ხმა არ დაუძრავს. ცოტა დააყოვნა და ფანჯრისკენ წავიდა. რამდენიმე ნაბიჯი
გადადგა, ცეცხლების შუქში გაიარა. ახლა მე მას უკვე გარკვევით ვხედავდი... ფეხადგმულ
კლდესავით მიიწევდა. ისევ შიშმა ამიტანა, ერთიანად ავცახცახდი, მოვიკუნტე და მივყევი.
ჩემ საწოლთან იდგა, ეზოში იყურებოდა. სულ ახლოს მივედი, გვერდით დავუდექი,
სახეში ავცქეროდი. მშვიდი, ღრმა სუნთქვა, გაშლილი მკერდი და შოღოტივით გრძელი
მკლავები ჰქონდა. მისი სხეული საოცარ სითბოს ასხივებდა, ანდამატივით მიზიდავდა.
კურკისოდენა გავხდი, გულის კოვზში მოვუთავსდებოდი. ერთი ისეთი წამიც კი იყო,
როცა დავაპირე, მკერდში ჩავკროდი, მაგრამ მხოლოდ ერთი წამი...
– ქალბატონო, მე თქვენ არ გიყურებთ... – მითხრა აბრაგმა ხმადაბლა, – შეგცივდებათ, რამე
წამოიხურეთ.
ელდა მეცა, – ღმერთო ჩემო, თურმე არც კი მიყურებდა!
აღარ მახსოვს, დავწექი თუ წავიქეცი. თვალებიდან ცრემლის ნაკადი წამომსკდა. არა
ვტიროდი, არც მეტირებოდა – ცრემლები მდიოდა.
აბრაგმა ეზოს თვალი მოსწყვიტა, დამაცქერდა. მგონი, რაღაცით იყო განცვიფრებული.
ბოლოს გაიცინა, გამოლაპარაკება დააპირა, მაგრამ აივნის თავში ფეხის ხმა მოისმა...
თუთაშხიამ მყისვე ჩაიჩოქა, მაუზერი მოიმარჯვა, მინებს მიაცივდა. სინათლემ უფრო
მძლავრად შემოიხედა, ფანჯარა ბროწეულისფრად აალაპლაპა – ჩირაღდნიანი კაზაკის
ფაფახი გამოჩნდა და კვლავ გაუჩინარდა. მერე კარგა ხანს აღარაფერი გაფაჩუნებულა.
– ერთხელ ზუგდიდის გზაზე გნახეთ, – სახეში შემომჩურჩულა მუხლზე დაჩოქილმა
აბრაგმა. – ულამაზესი ქალბატონი ბრძანდებით!
– სტყუი! – უნებურად მივახალე.
აბრაგმა გაიღიმა:
– სიცრუე შიშმა იცის, ქალბატონო. მე არ ვცრუობ არასდროს. – კიდევ დამაკვირდა და
დასძინა: – ნუ ტირით, ქალბატონო, არაფერი არ არის საშიში აქ.
იქ თუ საშიში არა იყო რა და!..
აივანი ხელახლა აჭრიალდა, უფრო განათდა.
– რას აპირებენ? – ვკითხე და ძალიან გამიკვირდა, რომ სრულიად აღარაფრისა მეშინოდა.
– ჩირაღდნები მოიტანეს და ჩხრეკას დაიწყებენ, ალბათ.
– მერე?
თუთაშხიამ მხრები აიჩეჩა იყუჩა და ჩაილაპარაკა:
– მართალი ყოფილხარ, თოლორაია, შენ. ასე გამოდის, თითქოს!
მინდოდა, მეკითხა, რას ამბობ–მეთქი, და ამ დროს აივანზე, დერეფანში, ოთახებში
კაზაკები შემოცვივდნენ. კარების ბრახაბრუხი ატყდა... ჩემი ბინის კარს ვიღაც მოაწვა,
კარზე მიდგმულმა სკამმა
ისევ დაიხრიალა.
წამოვვარდი, ფეხშიშველი, ღამის პერანგის ამარა გავიქეცი, ლამპას ავუწიე და კარს ვეტაკე.
ოდნავ შემოღებულ კარში კაზაკის წითური სიფათი მოჩანდა, გაფაციცებულ თვალებს
აბრიალებდა.
– Ты чего, мерзавец, подглядываешь!.. – დავიყვირე და კარს ხელი ვკარი.
კარი კაზაკს ცხვირ–პირში მოხვდა, ხმამაღლა შემიკურთხა, გააფთრებით მოაწვა. მომერია,
მაგრამ ვერც იმდენად შემოაღო, რომ იმხელა ნადირი საჭურვლიანად შემოტეულიყო.
– Вон отсюда, свинья, насильник... помогите! – ვყვიროდი და კაზაკს ცხვირ–პირს
ვუკაწრავდი.
– Пусти, говорю... Окаянная!.. – კაზაკი რის ვაი–ვაგლასით მიგერიებდა.
ისე დავკაწრე, დუნდულა ლოყებზე სისხლი დააჩნდა. დაიხია. ის იყო, კარი მივუჯახუნე
რომ ვიღაცის ბოხი ხმა გაისმა:
– Чтი здесь, Пептюк!
– Да вроде–бы.... Баба, Вашброд. Исцарапала, вот...
კარი იმწამსვე გამოვაღე, გაჩირაღდбებულ დერეფანში თავი გავყავი.
– Я тебе, свиное отродье, не баба а княжна! Гიсподин есаул, я требую защиты... Вы объязаны
заступиться, как офицер и мужчина. – შევძახე კაზაკის გვერდით მდგომ იასაულს.
– Да, но... Ваше сиятельство, Вы должны впустить нас...
– Господин есаул! я в таком виде! Я буду жаловаться его превიсхიдительству губернатору. Вы
объязаны заступиться... Я беззащитная женщина!
– Да, но... – შემაწყვეტინა იასაულმა, – В доме бандиты, Ваше сиятельство!..
– Что?.. Как вы изволили сказать?! Аааай!.. – არ მახსოვს, ჩემი სიცოცხლის მანძილზე ასეთი
გაშმაგებით კიდევ სადმე მეკივლოს – Бандиты! – კედლებს ზანზარი გაჰქონდათ.
ერთი კიდევ შევკივლე, მიხსენით–მეთქი, და ოთახებს დამთხვეულივით მოვედე.
დავრბოდი, მაგიდების, ტახტების ქვეშ ვიხედებოდი.
იასაული და კაზაკები ზღურბლს იქით იდგნენ, პირღია შემომცქეროდნენ.
საწოლ ოთახშიც გავვარდი, იქაურობაც წივილ–კივილით მოვირბინე. დათა თუთაშხიას
ორთავ ხელში მაუზრები ეჭირა, თვალს დამაყოლებდა და ისე ეტყობოდა, რომ უნდოდა,
ჩემს დასამშვიდებლად
რაიმე ეღონა და არ კი იცოდა – რა. ცოტა ხანს ვიტრიალე, ისევ წინა ოთახში გამოვვარდი
და ზღურბლზე გადმოსულ იასაულს ავეკარი.
– Помიгите! Они могут влезть через окно! – ერთი ალიაქოთი მქონდა.
– Успокойтесь, Ваше сиятельство, там стража!
მე მაინც ჩემსას გავიძახოდი და შიშისგან ერთიანად აკანკალებული იასაულს მკლავებში
ვებღაუჭებოდი, ზურგს უკან ვეფარებოდი... შილიფად ვიყავი, იასაულის თვალისთვის
ჩემი ქალური ავლადიდება მთლად დასანახზე მქონდა. შევამჩნიე, ჩემი “მხსნელი”
შიგადაშიგ რაღაც–რაღაცებს მითვალიერებდა და ამ აღმოჩენამ, თქვენ წარმოიდგინეთ,
ძალა შემმატა, უფრო გაშმაგებით ავკივლდი. იასაულს ყურის აპკები, ალბათ, დახეთქვაზე
ჰქონდა! ვეღარ აიტანა და დაიგრგვინა:
– Ваше сиательство! Приведите себя в порядок. Вы в полной безопасности! – წასასვლელად
გაიწია.
– Вы не смеете покидать беззащитную женщину благородного происхождения! Я не отпущу
Вас... Вы объязаны остаться! – მკერდით მივეკარი, მივეტმასნე, მგონი, “შუაკაურიც”
გამოვდე.
– Да. Но... Ваше сиятельство, – აყვირდა იასაულიც, შეშინებული თვალები უმწეოდ ააცეცა
და მუდარით მითხრა:
– Мне необходимо идти... Я оставлю Вам человека... Безроднიв!
– Слушаю, Вашброд!
– Останься у дверей, охранять ее сиятельство княжну! – უბრძანა იასაულმა კაზაკს, ძალით
მომიშორა, კარი გაიჯახუნა და დაიყვირა: – Обыскать чердак, к чертовои, матери!.. – ეს “К
чертовой матери” გაცილებით ხმადაბლა თქვა და, – სხვენის ჩხრეკა არაფერ შუამი იყო,
პირადად მე მეხებოდა.
კინაღამ გავაუპატიურე, საცოდავი!
სახლი ისევ ჩექმების ბრაგაბრუგმა მოიცვა.
წყნარ, მშვიდ საქციელზე გადასვლა ძალიან გამიჭირდა. კივილი კბილით მეჭირა, სხეული
კვლავ ბობოქრობას მთხოვდა.
როგორც იყო, მოვერიე თავს, კარს სკამი მივადგი, საწოლი ოთახის კრეტსაბმელი
გადავწიე.
თუთაშხიამ დამინახა, სიცილი ვერ შეიმაგრა, სახე ფაყუში ჩაყო.
საწოლთან მივედი, გული სიხარულითა და უსაზღვრო სიამაყით მქონდა სავსე – ჩემი
გადარჩენილი დათა თუთაშხია ჩემთან, გახდილთან, მწყურვალთან, პირისპირ და მარტო
იყო.
– ვაიმე, როგორი შიში ვჭამე! – რატომღაც წავილუღლუღე.
– ქალბატონო, რომ შეგშინებოდათ, ასე მოხერხებულად ვერ მოიქცეოდით. შიშმა დაბნევა
იცის... – აბრაგმა ჩაიცინა და დასძინა: – მამაკაცი ვერ გააკეთებს მაგას, მაგას ქალი უნდა,
თქვენისთანა ქალი, – ესა თქვა, მკლავებში მომიქცია, სახეში ჩამაცქერდა.
ზურგზე ორი მაუზერი მედო. მეტი ინტიმი წარმოუდგენელია.
– რა ხდება! – სახეში შევჩურჩულე.
დათა თუთაშხიამ თავი დახარა, ტუჩებში ჩამეკრო...
არ ვიცი, როდის დამრია ხელი უარყოფის იმ გრძნობამ, რომელიც ამგვარ სიტუაციაში
ყველა ქალს ეწვევა ხოლმე: მამაკაცს ტუჩებს მოაცილებს და პროტესტს აცხადებს –
გაუმართლებლად გვიან!
– რა იყო ეს! – ძალიან მკაცრად ვთქვი, თითქოს მის კოცნაზე კოცნითვე არ მეპასუხოს.
თუთაშხიამ ჩაიცინა, გამშორდა, სკამზე ჩამოჯდა.
– სიხარულის იყო ეს, ქალბატონო! ხომ გაგხარებიათ, ძალიან კარგი, ცქვიტი და ეშმაკუбა
რომ გინახავთ ვინმე?..
– სხვა არაფერი? – გული მომივიდა, გაწიწმატებით ვთქვი, მაგრამ ამაში სხვა ინტონაციაც
იყო.
– როგორ არა. მადლობის იყო, კიდევ!
ლოგინისკენ გავიქეცი, თუთაშხიას თვალი ვესროლე, ჩავწექი და ავტირდი. აბრაგი
მომიახლოვდა, საწოლთან ჩაიჩოქა, ფერება დამიწყო – თავზე ხელს მისვამდა. მოვლბი,
ყველაფერი ვაპატიე: ისიც რომ, თურმე, არც კი მიყურებდა მკერდგაღეღილსა და
მღელვარეს; ისიც, რომ მხოლოდღა სიხარულის გამო ჩამაფრინდა ტუჩებში; ისიც, რომ
ვნებით ატაცებულსა და გაგიჟებული ალერსის მომლოდინეს მითხრა – მადლობით
გეხვეოდი და გკოცნიდიო...
თავზე ხელს მისვამდა და პირზე მომადგა – “მოდი ჩემთან”. რომ მეთქვა – ჩემი პირველი
მამაკაცი იქნებოდა საქვეყნოდ ცნობილი აბრაგი დათა თუთაშხია!.. სიტყვა თავგამოდებით
ვულკანივით მოიწევდა, მაგრამ შიგნიდან რაღაც უფრო უაზროსა და უხეშად ძლიერს
ეჭირა, არ უშვებდა, პალოზე მიბმულივით ჰყავდა.
ვერა ვთქვი.
განმეორდა ის, რაც ერთხელ მანამდე უკვე იყო და შემდგომშიც რამდენჯერ – ვინ იცის!
სახალინზე ჩემი მგზავრობის მიზანი იმ გადაწყვეტილებასაც შეიცავდა, რომ მიტო
ზურაბიშვილი უნდა გამხდარიყო ჩემი პირველი მამაკაცი – მიუხედავად იმისა,
ვიქნებოდი თუ არა მომავალში მისი მეუღლე. მე მასთან ორი კვირა გავატარე. დღეცისმარე
ვეუბნებოდი ჩემს თავს – “ამაღამ” ხვაშიადის აღსრულებამდე ყოველ ღამე გოჯი მრჩებოდა
და ისე წამოვედი, რომ იმ გოჯს ვერ გადავაბიჯე. რიგიანად აღარ მახსოვს, მიზეზი რა იყო.
მგონი, უეცრად და უადგილოდ გამახსენდა ის ორიოდ სიტყვა თანამგზავრი ოფიცრის
მონაყოლიდან – “Со мноим Шанаев спал!” მუდამ რაიმე ასეთი გამოიძებნებოდა ხოლმე.
დათა თუთაშხიას შემთხვევაში რა იყო – ვერ გეტყვით, მაგრამ ერთხელ, ასე,
ოცდათხუთმეტი წლისა ვიქნებოდი, გადამწყვეტ წამში მომეჩვენა, რომ გულმუცელში
გველი მიხოხდება და იქ სამუდამოდ უნდა დაიბუდოს... პუნქტი მქონდა. პუნქტი, თორემ,
ჩემი დღემდე ქალწულობა მირაჟია. ნამდვილი მეძავი ვიყავი, ვისთან არ ვწოლილვარ!..
საბრალო მამაკაცები; ჰგონიათ, რომ ღალატი ხორციელი რამ არის. კიდევ კარგი,
შინაბერად დავრჩი: კუპრის აბაზანებს რა ამაცდენდა!
... აჰა, ისევ საითღაც წავედი.
ჰო, ვერაფერი ვთქვი–მეთქი, ამას ვამბობდი...
მე ჩემთვის ვფიქრობდი, დათა თუთაშხია – თავისთვის. მე იმაზე ვფიქრობდი, რომ
მამაკაცებს ასეთ სიტუაციაში დაძახება არ სჭირდებათ – თვითონ მოდიან და მერე როგორ!
– მოგერიება ძნელდება ხოლმე... ვერ გამეგო, რატომ არ მოდიოდა?! დათა თუთაშხია კი,
ალბათ, იმაზე ფიქრობდა – ამ ახირებულ არსებას საიდან გადავეყარე, სიკვდილი
გუდასავით მკიდია და რა დროს ვნება და ალერსიაო!..
– ნიკანდრო–ბატონო, ნიკანდრო–ბატონო!.. – ყვირილი მოისმა გარედაб, – საქმე მაქვს
თქვენთან, აუცილებელი საქმე... საჩქარო საქმე მაქვს თქვენთან, ნიკანდრო–ბატონო!
პუსტი, ბატონო, პუსტი! ხაროში ია, ხაროში!
ზეზე წამოვცვივდით.
– ყურუა არის ეგ! – თქვა დათა თუთაშხიამ. – რაა ეს, ნეტავი.
ორმა კაზაკმა ზურგს უკან ხელებგადაგრეხილი ყურუა ყორეს იქით ჩასაფრებულ
პოლიცმეისტერთან პუნღურისცემით მიიყვანა. რაღაც ლაპარაკი იყო, ჩვენ არ გვესმოდა.
მერე კაზაკებმა დაიხიეს, პოლიცმეისტერი ადგა, იასაულიც იქ მივიდა, ორთავემ ერთად
დაუწყო რაღაცების გამოკითხვა ყურუას კიდევ ილაპარაკეს და იასაულმა დაიძახა:
– Снимайсь! – მერე სხვა საჭირო ბრძანებებიც გასცა და ჩვენი სახლისკენ გამოსწია.
ჩირაღდანი ეჭირა, კიბე ამოიარა. დათა თუთაშხიამ ისკუპა, ფანჯრის გასწვრივ კედელს
აეკრო. მინებს იქიდან ჩირაღდანმა დაიბრიალა, იასაულის სახე გამოჩნდა.
– Ваше сиятельство, сведения оказались ложными. Спите спокойно! Мы уходим... – იასაულს
სიტყვა გაუწყდა, თვალები აახამხამა, ვიფიქრე, ხომ არ გაწყრა ღმერთი და ამ ბოლო
წამებში რაიმე ეჭვი ხომ არ ეტაკა–მეთქი... – Ваше сиятельство, осмелюсь... С Вашегი
благословения... Позвольте, так сказать, навестить Вас?..
ორაზროვნად გავუღიმე. მახსოვს! მთელი ჩემი ტალანტი ჩავაქსოვე, რომ ღიმილი, რაც
შეიძლებოდა მომაჯადოებელი ყოფილიყო. იასაული, ვფიქრობ, ძალიან დაიმედებული,
სასოებით აღსავსე გატრიალდა.
– გამოდი, ბეჩუნია–შტერო, და ჩააქრე ცეცხლი, თვარა დაგეწვება სახლი არ გვცალია ჩვენ!
– დაიძახა ნიკანდრო ქილიამ.
ფაცხაფუცხით აიყარნენ და თვალს მიეფარნენ.
ფლოქვების თქარათქური უკვე მიწყვეტაზე იყო, ჩემთვის ვთქვი:
– ნეტავი, რა ბუზანკალი შეუჯდათ, ჰა?
– ხაფანგი დამიგეს, ვითომ?.. თუთაშხიას ეგონოს, წასული ვართ და კაცები დატოვეს
ჩასაფრებული?.. არა, ყურუას რა უნდოდა აქ!
– რა მოხელე–ნაჩალნიკია ეგ ყურუა?
– არაფერი, მეჯოგეა... თვითონ არ უდგას ჯოგს, სხვები ყავს, აგერ რომ სოფელია – ტყვირი,
მანდაურია ეგ.
– უფროსებს რაღაც აცნობა, დაუჯერეს და ალყა მოხსნეს!
– დაუჯერეს, სხვას არ დაუჯერებენ, თავის კაცს დაუჯერებენ მხოლოდ. მართალი ყოფილა
კოშა თოლორაია, მაგათი კაცი ჩანს ყურუა!..
– კოშა თოლორაია ვინ არის?
– ამხანაგია ჩემი; ტატაშ ჩანბას ყურუამ ჩაუყარა საწამლავი და მკვდარი ჩააბარა ქილიასო,
ამბობს. ძნელი დასაჯერებელი იყო ეს. ერთი, რომ ჩანბების დისწულია ყურუა და მეორე
ის, რომ ყურუა და მისი უფროსი ვაჟი კოდორს მიქონდა შარშან – ტატაშმა გამოიყვანა და
გადაარჩინა ორივე. აბრაგი იყო ტატაშ ჩანბა – მაგარი კაცი ძალიან.
– ღმერთო, ღმერთო... რა არის ეს...
– რომ გააბრაგდა ტატაში, ოთხასი სული საქონელი მიაბარა ყურუას. თუ ისეა, კოშა
თოლორაია რომ ამბობს, დახარბდა საცოდავი ყურუა ქონებას, ალბათ...
– საცოდავი?
– ბოროტი კაცი ყველა საცოდავია, ქალბატონო თინათინ!
– მაგ “საცოდავს” თავისი ნათესავი და მხსნელი საიქიოს გაუსტუმრებია და, თუ გული
სწორად მიგრძნობს, ეს ალყა და ალიაქოთიც მაგისი ნახელავია.
– მაგის ნახელავია, მართალია ეგ, მაგრამ რატომ მოვიდა აქ და მისი ნათქვამით როგორ
მოიხსნებოდა ალყა!..
ეზოში ჩემი დიასახლისი გამოჩნდა, ჭიდან წყალი ამოიღო, ცეცხლის ჩაქრობას შეუდგა.
მეზიზღებოდა ქვრივი და გამარჯვებული ადამიანის გუნებაზე ვიყავი.
რატომ მეგონა ჩემი თავი გამარჯვებული?..
ტუჩებზე მივენდე დათა თუთაშხიას, მკერდში ჩავეხუტე. რამდენ ხანს ვკოცნე და
ვეალერსე! ის თბილი, ნაზი სიტკბო ეხლაც მახსოვს.
ორმოცდარვა წლის წინანდელი ამბავია – დღეს არა მგონია, საჩოთირო იყოს. არ მინდა, ასე
მოვკვდე, ჩემი სიცოცხლის უტკბესი განცდა სამარეში ჩავიყოლო, თორემ, რაც მე
ვილაპარაკე, აბა, რა სათქმელი იყო!..
დათა თუთაშხიამ ფანჯრისკენ მიმატრიალა. მინებს იქით ქვრივის სახე დავინახე. მისი
თვალები სიბნელეში ალისფრად ვარვარებდნენ. გულს შემომეყარა, მუხლმა მიმტყუნა,
დათა რომ არა, წავიქცეოდი. მივბრუნდი, ისევ მივეხუტე – იმ წითლად მოელვარე
თვალების ცქერა აღარ შემეძლო...
– წავიდა! – თქვა დათამ ცოტა ხნის შემდეგ.
იმდენი ხორციელი აღტაცება ჩემთვის აღარავის მოუნიჭებია. კარგა ხანს ვიყავი მის
მკერდზე მირინდებული. ვიცოდი, ჩემთან არ იყო. მკლავებიდან წაუვედი, ლოგინზე
დავეშვი. არაფერი მწყენია, კაცები ხშირად არიან სხვაგან.
დათა იდგა, ფიქრობდა და ბოლოს ჩაილაპარაკა:
– უნდა დაისაჯოს ყურუა და ხალხმა უნდა იცოდეს, რატომ დაისაჯა. ასეა ეს.
აბრაგი მიტრიალდა, სწრაფი ნაბიჯით წავიდა. ზღურბლზე შეჩერდა, მომიბრუნდა და
მითხრა:
– პატიებას გთხოვთ, ქალბატონო, ვერ მოვიქეცი, მგონია, თქვენს და ჩემს ღირსებას რომ
შეშვენის, ისე. ძნელი ვითარება შეიქნა, რთული, და უფრო მეტად ამ სახლში თქვენმა
ბინადრობამ და კაზაკებთან თქვენმა ბრძოლამ ამირია თავგზა... მაინც მოგზავნილი
მგონიხართ... რა ვიცი. ნუ იწყენთ ამას.
– ყველაფერი კარგი იყო და ეგეც! მშვიდობით.
– მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.
შემდგომში იმღამინდელი ამბების მოგონება–თვალიერებამ მაფიქრებინა, რომ დათა
თუთაშხია თავს განზრახ იმდაბიოებდა. რაში სჭირდებოდა?!
ათიოდე წუთის შემდეგ ჩუმი სტვენა მოისმა. მალე შორს, რიყეზე ფლოქვი აკაკანდა.
პირველად მაშინ გამიელვა: ქართველ მამაკაცებს ცხენი იმიტომ უყვართ, რომ ზედ ქალის
შემოგდება შეიძლება.
იმ ღამეს ყურუას სახლ–კარი ერთიანად გადაიბუგა. მერე ხალხში ასეთი ხმა დადიოდა:
დათა თუთაშხიას ყურუასთვის დაუვალებია – ბეჩუნისთან მიდი და უთხარი, მე და შენ
რომ ვიცით, იმის წასაღებად ამა და ამ ღამეს მოვალ, შინ იყავიო. ეს რომ კოშა თოლორაიას
გაუგია, გამწყრალა, ამხანაგისთვის საყვედური უთქვამს, – ეგ ყურუა გამცემია, ნათესავი
არ დაინდო, შენ როგორღა ენდეო. თუთაშხია თავისაზე დამდგარა – შეუძლებელიაო, და
დანიშნულ დროს ბეჩუნისთან მოვიდა. თოლორაია და კიდევ ერთი აბრაგი – ხუხია,
შორიახლოს ჩასაფრებულან. აბრაგებმა რომ ის მოალყეები და ალყა ნახეს, გაქანდნენ,
ტყვირში ყურუას მიუვარდნენ, მის ვაჟებს ხელები გაუთოკეს და ხუხიამ ორივე მძევლად
წაიყვანა საითღაც. კოშა თოლორაიამ ყურუას უთხრა: – თუ არ გინდა, რომ შვილები
დაგიხოცოთ, ეხლავე წადი, ნიკანდრო ქილიას აცნობე, რომ დათა თუთაშხია ბეჩუნისთან
კი არა, ენთან, ყურუასთან იყო და ამ წუთში ჩილუ ველბაიასთან სძინავს–თქო.
ყურუა უსიტყვოდ დათანხმდა. მერე რაც იყო, ზევით ვთქვი. ქილია ჩილუ ველბაიას
დაეცა. ხუხიამ ალყის მოხსნა დაინახა, ყურუას ხელებგათოკილ ვაჟებს დაეხსნა, ტყვირში
ჩაირბინა და გამცემის სახლ–კარს ცეცხლი მისცა. კარგად რომ აგიზგიზდა, აბრაგებმა
ბეჩუნისკენ გამოსწიეს. ის სტვენა იმათი იყო.
იმასაც ამბობდნენ, დათა თუთაშხიას მოგონილი ხრიკიაო, მაგრამ მართალი არ უნდა იყოს
– თუთაშხიამ ყურუას მოსვლის მიზეზი ნამდვილად არ იცოდა.
მეორე დღეს სხვა ბინა შევიგულე, გადავედი.
მეურმეს ბარგი გაჰქონდა, დათას გუდუნა შორიახლოს იდგა და ლამობდა გაეგო, თუ
რატომ მივდიოდი მათი სახლიდან.
გრაფი სეგედი
ზარანდია დაღესტნიდან დაბრუნდა. გამოუძახებლად შემოვიდა. ხალხი მყავდა, შეატყო,
მალე ვერ მოვიცლიდი; ჩემთან ვიქნებიო, მითხრა და გავიდა. ისე კმაყოფილი,
გახარებული და სახეგაბრწყინებული, ჩვენი თანამშრომლობის მანძილზე, სიმართლეს
ვიტყვი, არასოდეს მინახავს. მართალია, ჰქონდა კიდეც სასიხარულო – ჩამოიყვანა ყარა–
ისმაილი და ოთხი მოლა – პანისლამიზმის ხუთი აგენტი, თურქთა ძირგამომთხრელი
მოქმედების ორგანიზატორები. მაგრამ ამაზე გონებამახვილ, უფრო მნიშვნელოვან
საქმეებში გამარჯვებულიც მინახავს მუშნი ზარანდია და ასე ბედნიერი კი – არასოდეს.
ყველა ერთად, ცხვრებივით ჩამორეკა. ხუთივე ერთ საკანში მოათავსა. ეს კი იმას ჰგავდა,
რომ მათი ურთიერთგამხოლოება ან იმთავითვე ვერ მოხერხდა, ანდა უკვე საჭირო აღარ
იყო. დაღესტნური ოპერაციისა ამის მეტი, თითქმის, არა ვიცოდი რა და ვღელავდი. რაღაც
საქმეების მსვლელობაზე ვთათბირობდით. თავიდან ვერ მოვიცილე ფიქრი, თუ რით იყო
გამოწვეული ზარანდიას ესოდენ კარგი გუნება–განწყობილება. როგორც იყო,
განვთავისუფლდი, მუშნი ზარანდიას დაუყოვნებლივ ვუხმე და მოადგილეების
თანდასწრებით მისი მივლინების შედეგები მოვისმინე.
ზევით ვთქვი, ზარანდიამ საეჭვო პირთა სიაში ექვსი კაცის გვარსახელთან წითელი
წერტილები დასვა, ოთხი ამათგანი რეზიდენტიაო, განაცხადა და ასეთი ჰიპოთეზა მთელ
გეგმას დაუდო საფუძვლად. ეს ინტუიციური დასკვნა იყო. თუ გეგმას, როგორც
აუცილებელი პირობა და წესი, რეალური, შემოწმებული, არაერთხელ დადასტურებული
მასალა არ უდევს საფუძვლად, ზედნაშენი როგორღა იქნება საიმედო? მუშნი ზარანდიას
ჰიპოთეზაზე აგებული თუნდაც გენიალური გეგმა და მისი განხორციელება საეჭვო
ღირსების მოქმედებას წარმოადგენდა. ხელმძღვანელობის თათბირზე იმ გეგმის
რეალურობა ერთხმად იყო უარყოფილი, მაგრამ მისი სისრულეში მოყვანა მაინც
სანქცირებულ იქნა სამი მოსაზრებით: ერთი, რომ ყალბი თუმნიანებით ჟონგლიორობა
შესაძლებლობას ქმნიდა თურქეთიდან გამოგზავნილი ფულის მიმღებები
დაგვეპატიმრებინა, როგორც ყალბი მონეტების გამავრცელებლები. ამით ჩვენ, სხვა რომ
არა იყოს რა, ძირგამომთხრელ ქსელში აღრევას შევიტანდით, მის ნაწილობრივ
პარალიზებას მაინც მივაღწევდით. ცოტაოდენი იმის იმედიც იყო, რომ ამ მიზეზით
დაპატიმრებულთაგან ერთ–ერთი მაინც თურქეთთან კავმირშიც გამოტყდებოდა და მაშინ
კი მთელი საქმის გახსნაც უნდა მოხერხებულიყო. მეორე არგუმენტი, რამაც გეგმის
განხორციელების ნებართვა განაპირობა, ის იყო, რომ მუშნი ზარანდიას ურყევი
ავტორიტეტი გვაწვებოდა და გვთრგუნავდა. მართალია, თვით ზარანდიას ჩვენი
თანხმობის მისაღებად თავისი ეს კაპიტალი არასოდეს და არანაირ ვითარებაში არ
გამოუყენებია, მაგრამ კაპიტალი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად არსებობდა,
გვაიძულებდა, ანგარიში გაგვეწია მისთვის. მესამე – სხვა გეგმა არ გაგვაჩნდა და ამოცანის
დაძლევისთვის რაიმე ახალი გასაღების გამოძებნასაც არუჩანდა პირი. ერთი სიტყვით,
გეგმა აგებული იყო ექვსი ეჭვმიტანილი პირიდან ოთხის შესაძლებელ მხილებაზე და
ამიტომ შემდეგნაირად განხორციელდა:
ყოველ მათგანზე მიჩენილ იქნა კაცი, რომლის მეშვეობით ყარა–ისმაილის გამოჩენა და
სტუმრობა სათანადო ოპერატიული ჯგუფისთვის დაუყოვნებლივ ხდებოდა ცნობილი.
შემდეგ, ყარა–ისმაილის წასვლისა და იმ ადგილიდან საგრძნობი მანძილით გაშორების
მერე ეჭვმიტანილი პირის სახლში ეწყობოდა ჩხრეკა და ყალბი ფულის აღმოჩენასთან
დაკავშირებით მის მფლობელს აპატიმრებდნენ. მიღებულ იქნა ზომები იმისთვისაც, რომ
დაპატიმრებულთა ოჯახის წევრები დეზორიენტირებული ყოფილიყვნენ მათი პატიმრის
შემდგომი ადგილსამყოფელის გამო. მაგალითად, აჩხოი–მართანში აყვანილი კაცის ოჯახს
უთხრეს, გროზნოში დასაკითხად მიგვყავს და ხვალ–ზეგ შინ დაბრუნდებაო. ნამდვილად
კი ვლადიკავკაზს წაიყვანეს, იქაურ საპყრობილეში მოათავსეს. ხუნზახტში იმავე ხერხით
დაპატიმრებულზე ითქვა, პეტროვსკპორტში მიგვყავსო. ნამდვილად გროზნოში ჩაიყვანეს
და ასე შემდეგ. თვით ყარა–ისმაილს, რა თქმა უნდა, საკუთრივი და საგანგებო
თვალთვალი მოუწყეს და აქაც არ დარღვეულა გეგმის მსვლელობა: თემირხანშურიდან
ნახევარი საათის სავალზე იგი გაჩხრიკეს, რაც რამ ებადა, ყველაფერს ერთ ტომარაში
მოუყარეს თავი და თემირხანშურისავე საპყრობილეში მიიყვანეს. მან ვერაფრის
გადამალვა ან გადაგდება ვერ შეძლო. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ამგვარად, პროგრამა–მინიმუმი შესრულებული იყო, მაგრამ მუშნი ზარანდიას
დაღესტნისკენ ვადაზე ადრე გულმა სწორედ იმიტომ გაუწია, რომ ალღომ გეგმის მთავარი
ნაწილის ჩაგდების საფრთხე უკარნახა. იგულისხმება რაიმე საბუთი, ნივთიერი მტკიცება
ან მითითება იმაზე, რომ ფულის მიმღებებმა იცოდნენ, რაში მიიღეს და ვისგან მიიღეს ის
ფული. ცხადია, არავინ ელოდა, რომ ასეთი მტკიცება ხელწერილისა თუ თამასუქის სახით
ჩაგვივარდებოდა ხელში და ასე არც მომხდარა, მაგრამ ზარანდიას სწამდა, რომ ყარა–
ისმაილისგან ჩხრეკის შედეგად ჩამორთმეულ საგნებში დასტურის რაიმე კვალი უნდა
უეჭველად აღმოჩენილიყო, თუკი, ვიმეორებ, თურქები საერთოდ მოითხოვდნენ ხოლმე
დასტურს.
თემირხანშურს მისულმა მუშნი ზარანდიამ ოპერაციის ხელმძღვანელის, შტაბსკაპიტან
ლენიოვის ნაამბობი მოისმინა, ზოგი რამ დააზუსტა და ყარა–ისმაილისგან ჩამორთმეული
საგნები მოითხოვა.
– ყველაფერი შემოწმებული და შესწავლილია, თქვენო მაღალკეთილშობილებავ, –
მოახსენა ლენიოვმა და უნტერ–ოფიცერი ყარა–ისმაილის ჩიხომახოიანი ტომრის
მოსატანად გაგზავნა.
– როგორი ამოცანით, რა თვალსაზრისით შეამოწმეთ?
– როგორც თქვენ ბრძანეთ, ისე.
– ანუ?
– ფულის მიღების ნიშანს, დასტურს ვეძებდი.
– რა პრინციპით?
– ნიშანი უნდა როგორმე ამბობდეს, რომ სახელდობრ ამა და ამ კაცის დასტურია...
ხელმოწერასავით რამ უნდა იყოს, რომ თურქებმა თავის ნიმუშს შეადარონ. ვერაფერი
აღმოვაჩინე. მგონი, რომ მანდ მსგავსი არაფერია, – ლენიოვმა იმწუთას შემოტანილ
ტომარას მიათითა.
ზარანდიას ერთი სული ჰქონდა, ხელახლა შეემოწმებინა ლენიოვის მიერ
გადათვალიერებული ნივთები. ეგ იყო, მოერიდა, უნდობლობაში! პროფესიული ტაქტის
დარღვევაში არ ჩამორთმეოდა ეს საქციელი და გაიფიქრა, დროებით თავი უნდა
შევიკავოო.
– წამოყარეთ! – უთხრა მან უნტერ–ოფიცერს.
უნტერ–ოფიცერმა ტომარა მაგიდაზე გადმოცალა.
– რა აცვია დაპატიმრებულს? – იკითხა ზარანდიამ, როცა მაგიდაზე ყარა–ისმაილის
ტანსაცმელს ვერ მოჰკრა თვალი.
– ჩოხა–ახალუხი... საგულდაგულოდ არის გაჩხრეკილი.
ზარანდია დაფიქრდა და ცოტა ხნის შემდეგ ერთი ხელი საცვალი და ქოშები ან სხვა რამ
ფეხსაცმელი მოითხოვა.
უნტერ–ოფიცერი კაპტენარმუსთან წავიდა.
– ფული ჩამოართვით?
– დიახ.
– ქაღალდის კუპიურები არის?
– არის.
– სერგეი ივანიჩ მოდით, ასე მოვიქცეთ: თქვენ ხელახლა გულდასმითა და ყურადღებით
გადაათვალიერეთ ფულები. იქნებ, ზედ რაიმე წარწერები, ნიშნები ან ანაბეჭდები
აღმოჩნდეს. მე ყარა–ისმაილის დამუშავებას შევუდგები. დასწყევლოს ღმერთმა, არ
შეიძლება, სადმე რაიმე კვალი არ არსებობდეს!.. თავისუფალი საკანი არის?.
– როგორ არა. – ლენიოვმა პორტფელიდან ლუპა და ჩამორთმეული ფული ამოიღო, საქმეს
შეუდგა.
საცვალი და ახალთახალი ჩექმები მოიტანეს. ზარანდიამ ვახმისტრს უთხრა:
– გაიხადოს ყველაფერი, მთლად გაშიშვლდეს. ეგ საცვალი და ჩექმა ჩაიცვას. გახდასა და
ჩაცმას არ დაესწროთ; იქნებ, კედლებსა და ჭუჭრუტანებში რაიმეს დამალვა მოისურვოს –
დავაცადოთ. ათიოდე წუთის შემდეგ სხვა საკანში გადაიყვანეთ და მისი ტანისამოსი აქ
მომიტანეთ.
ვახმისტრი და უნტერ–ოფიცერი ბრძანების შესასრულებლად წავიდნენ. ზარანდიამ
გაზეთი გაშალა, კითხვას შეუდგა. შემთხვევებსა და ქრონიკას მორჩა და ყარა–ისმაილის
ტანისამოსიც მოიტანეს.
ყველა გვირისტი და ნაკერი საგულდაგულოდ იქნა შემოწმებული. არაფერი აღმოჩნდა.
– წამოიღეთ მისი ტანისამოსი, წამიყვანეთ მის საკანში, – თქვა ზარანდიამ.
საკანი, რომელიც ყარა–ისმაილს ის იყო დაატოვებინეს, დიდი რუდუნებით და
დაწვრილებით იქნა შესწავლილი, არც იქ აღმოჩნდა რაიმე საგულისხმო. გამოდიოდა, რომ
ყარა–ისმაილზევე იყო საძებნელი.
– ყველაფერი სწორია, – ჩაილაპარაკა ზარანდიამ, როცა საკნის შესწავლას მორჩა, – აქ არც
უნდა იყოს რამე... დაყარეთ ტახტზე მისი ტანისამოსი. ახლა წავიდეთ და ყარა–ისმაილი
ამავე საკანში დავაბრუნოთ, მაგრამ სრულიად შიშველი. უნტერ, დარჩით აქ და სანამ
ჩაცმას შეუდგებოდეს, შიშველი გაჩხრიკეთ. ხომ გესმით, რასაც ნიშნავს შიშველი კაცის
კარგად გაჩხრეკა?
– დიახ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ, როგორ არ უნდა მესმოდეს!
ყარა–ისმაილს უბრძანეს, გაშიშვლებულიყო, საკნიდან დედიშობილა გამოიყვანეს და
ძველი ადგილსამყოფლისკენ გაიგდეს. ასე, სამოცდახუთისა იქნებოდა, ბებრულად
მიდიოდა. ცალ ხელს “შაჰ ჰოსეინ, ვაჰ ჰოსეინის” რიტუალით დასახიჩრებულ–
გამეჩხერებულ თავზე ისვამდა, მეორეში განბანვისთვის განკუთვნილი პატარა სპილენძის
სურა ეჭირა.
მუშნი ზარანდიამ ყურები ცქვიტა ვახმისტრს ყურში ჩასჩურჩულა:
– თავს დაადექით, ისე ჩაიცვას. თვალი არ მოაშოროთ, სანამ მოვალ.
შედეგი არც ახალ საკანში დატოვებული საცვლებისა და ჩექმების გასინჯვამ მოიტანა.
ზარანდიამ ხელი ჩაიქნია, ყარა–ისმაილის ძველ საკანში შევიდა. პატიმარი უკვე ჩაცმული
იყო, ტახტზე იჯდა.
– წამოიყვანეთ დაკითხვაზე! – ბრძანა ზარანდიამ.
პატიმარი ადგა, კარისკენ გამოემართა.
– სურა არ მოგაქვთ? – ჰკითხა ზარანდიამ.
ყარა–ისმაილმა კუთხისკენ გაიხედა და მიუგო:
– იყოს, იქ რაში გამომადგება.
– გამოგადგებათ, წამოიღეთ!
ყარა–ისმაილი წამით გაინაბა, მერე მხრები აიჩეჩა, თავი გადაიქნია, რა მენაღვლებაო, და
სურა წამოიღო.
მუშნი ზარანდია ფეხდაფეხ მიჰყვა, სურას მიჩერებოდა... მან უკვე დანამდვილებით
იცოდა, რომ დასტურის ნიშანი სურაში უნდა ყოფილიყო.
ლენიოვის კაბინეტში შევიდნენ, ზარანდიამ ყარა–ისმაილს სკამი მიუდგა, დაბრძანდითო,
სურა გამოართვა, წყალი ხელსაბანის ნიჟარაში ჩაცალა, დაათვალიერა, რატომღაც თავი
დააქნია, ყარა–ისმაილს დაუბრუნა და უთხრა:
– გახსენით!
სურის პატრონმა ხელები გაასავსავა, – არაფერი გამეგება, რას მეუბნებითო.
– მოხსენით სურას ფსკერი!..
ყარა–ისმაილი გაფითრდა, მკვდრისფერი დაედო.
– მოხსენით! – მშვიდად გაუმეორა ზარანდიამ.
– ვერ ვიცი... ჩემი არ არის...
ზარანდიამ გაიღიმა.
სურას ორმაგი ფსკერი აღმოაჩნდა. სადგამი რგოლი ხრახნილით უერთდებოდა კორპუსს.
ფსკერებს შორის ქაღალდი იყო ჩატანებული. ქაღალდს ერბოში გახსნილი მურით
შესრულებული ოთხი ანაბეჭდი ჰქონდა – დაპატიმრებული რეზიდენტების მარჯვენა
ფეხის ცერის ანაბეჭდები. ლენიოვს რაღაც ხმა აღმოხდა და თავში ისე გამეტებით
ითხლიშა ხელი, რომ დაბუყუნებაზე დერეფნიდან უნტეროფიცერმა შემოიხედა, მაგრამ
საბოლოო ჯამში ლენიოვს ამ ოპერაციამ მაიორის რიგგარეშე ჩინი და ორდენი მოუტანა.
საჭოროდ მიმაჩნია, ერთი მოსაზრება მოვიყვანო. ამ ჩანაწერების დასაწყისში ვიხმარე
გამოთქმა – იღბლის ელემენტი არც ერთ საქმეში არ არის–მეთქი გამორიცხული. განა
შემთხვევითობას უნდა მიეწეროს, რომ მუშნი ზარანდიამ დაღესტნის ჟანდარმერიის
მასალების შესწავლის შემდეგ, ექვს გვარს წითელი წერტილები დაუსვა, ოთხი ამათგანი
თურქეთის რეზიდენტიაო, თქვა და, რომ მართლაც, ასე აღმოჩნდა? ან, იქნებ, იმის გამოც
შეიძლება ითქვას, მე რომ სამი დღით ადრე დავბრუნდი თბილისში და ჰაჯი–სეიდის
საქმეს პირადად მივხედე, ვითარებების დამთხვევა მოხდაო? შემთხვევამ იცოდა, რომ
დანაშაულის ადგილზე ზარანდიას ჩაუსვლელად დაპატიმრებულთა რეზიდენტობა ვერ
დამტკიცდებოდა? ზარანდიას თავი დავანებოთ; ჩემი სამსახურის მანძილზე მრავალჯერ
მქონია შემთხვევა, როცა მავან ზემდგომთან თუ ხელქვეითთან პასუხსაგები საუბარი გეგმა
და მსვლელობა კვირაობით და თვეობითაც კი მიმზადებია... მოსულა დრო, საქმე საქმეზე
მიმდგარა – სულ სხვა მილაპარაკია, სულ სხვაგვარად მოვქცეულვარ და ყველაფერი ისე
გამოსულა, რომ უკეთესზე ვერც კი ვიოცნებებდი. ესეც შემთხვევაა?.. არა, ალღომ მასაუბრა
ასჯერ ისე, როგორი საუბარიც ჩემმა ცნობიერებამ წინასწარ ვერ დასახა. ალღომ წაიყვანა
ზარანდია დაღესტანში და მე კი განზრახულზე სამი დღით ადრე დამაბრუნა თბილისში.
ასიდან ექვსი კაცი ალღომ ამოარჩია და ამ ექვსში ოთხი რეზიდენტიც ალღომ იგრძნო.
ვიცი, ეს განცხადებაა და არა მეცნიერული დასკვნა, მაგრამ ერთ რამეში მეცნიერებაც
საწყალია: რასაც თავისი მეთოდით ვერ წასწვდება, იმას ფიდეიზმად, ცრუ წარმოდგენად
მონათლავს, სანაგვეზე გადააგდებს. ალღოს მნიშვნელობაც გადაგდებული აქვს
მეცნიერებას... ეგ არის, გავა ხოლმე დრო და გადაგდებული კვლავ მზის სინათლეზე
ამოაქვთ, მოლასი და საზამთროსი არ იყოს, – ვინ მე და ვინ ამაზე აუგის მთქმელიო. არ
ვფიქრობ, ვითომ ცნობიერებას ალღოზე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ
საქციელისა თუ იდეის პირველსაწყისად მაინც ალღო მიმაჩნია. შემთხვევითობა და
“იღბლიანი” ადამიანი თუ არსებობს კიდეც, მისი იღბლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ
განგებამ ალღო დააყოლა. ეს ვიგულისხმე, როცა ამ ჩანაწერების დასაწყისში ზარანდიაზე
ვთქვი, იღბლის ელემენტი არც ერთ საქმეში არ გამოირიცხება–მეთქი.
ვიცი, ჩემს ჩანაწერებში ხშირად და ნათლად იგრძნობა ზარანდიას პიროვნებით აღტაცება.
მოულოდნელ მედიტაციებსა და მტკიცებებს, ალბათ, იმიტომ მივმართავ ხოლმე, რომ ჩემი
ეს სისუსტე გავამართლო, საბურველი გადავაფარო მოვლენის გაზვიადებულად აღქმის
ბავშვურ მიდრეკილებას. მეორე მხრივ, იქნებ, მართლაც იყო ის პიროვნება აღტაცების
ღირსი და ამის დამალვა იქნებ უფროა ფილისტერობა, ვიდრე თქმა – გულუბრყვილობა.
მაგრამ დავუბრუნდეთ სათქმელს.
ზარანდიას მოხსენებამ და თხრობამ ორ, სამ საათს გასტანა. თათბირი დაიშალა, მარტონი
დავრჩით.
– დიდი მოღულის ხალიჩის ფოკუსი რაღად დაგჭირდათ, მუშნი? – ვკითხე მე.
ზარანდია წამით შეყოვნდა, თითქოს შეცბა კიდეც, და მითხრა:
– დაღესტნის ოპერაცია რომ ჩაგვშლოდა, მაშინ ყველაფრის თავიდან დაწყება
მოგვიხდებოდა და საწყისი საფეხური ხომ ისევ ჰაჯი–სეიდი უნდა ყოფილიყო. მასთან
ურთიერთობაში უპირატესობა იყო საჭირო... ხალიჩის ფოკუსი იმ შემთხვევაშიც
გამართლებული იქნებოდა, ოპერაციის მხოლოდ ნაწილი რომ გამოგვსვლოდა, ესე იგი,
მხოლოდ მოლების ყალბისმქნელობაში მხილების შესაძლებლობაღა რომ შეგვრჩენოდა
ხელში. ჩვენი საბოლოო მიზანი ხომ ის იყო, რომ სხვა მტკიცებების უქონლობის
შემთხვევაში, როგორმე ჰაჯი–სეიდი გამოგვეტეხა და, იქნებ, გადმოგვებირებინა კიდეც.
ახლა საქმე თითქოს ასე გამოიყურება... დიდი მოღულიდან სპარაპეტამდე ყველა ჩვენს
წინააღმდეგ რომ ადგეს, თურქები მაინც ვეღარსად წაგვივლენ, მაგრამ გული მიგრძნობს,
ხალიჩა თავისას ითამაშებს. ვნახოთ, თქვენო ბრწყინვალებავ, რა ვიცით.
– ვნახოთ, მუშნი, – ჩავილაპარაკე მე და დავძინე: – პოლკოვნიკი სახნოვი დღეს გამოდის
პეტერბურგიდან.
ზარანდიამ ცნობისმოყვარეობით შემომხედა, მაგრამ მე ამ თემაზე ლაპარაკი რატომღაც
აღარ მოვისურვე, თურქების პრობლემას დავუბრუნდი:
– წინასწარ გამოძიებას თქვენ წაიყვანთ თუ შიტოვცევს დაავალებთ?
– ზარანდია გაყუჩებული იჯდა, დაგვიანებით გამომელაპარაკა:
– ერთი წუთი, თქვენო ბრწყინვალებავ, ერთი წუთი!
წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, ქუჩაში ყურებას შეუდგა და კარგა ხნის შემდეგღა
მომიბრუნდა:
– მე მაგათთვის ვერ მოვიცლი. თქვენის ნებართვით და თანდასწრებით ერთ კომედიას
მოვაწყობ. ამის შემდეგ შიტოვცევს საქმე იმდენი აღარაფერი დარჩება, მისდგეს და
გამოიძიოს.
– მარტო აუვა? – ვკითხე მე და ეს “კომედიის” მოწყობის ნებართვასაც ნიშნავდა.
– ვერ აუვა. ორი გამომძიებელი მაინც დასჭირდება, სამუშაო ტევადია... საქმე, რა თქმა
უნდა, ჩვენი თვალყურითა და ზედამხედველობით წავა. რაც შეეხება კომედიას, აღარ
გადავდებ. ამაღამ გცალიათ, გრაფ?
– მოვიცლი, თუკი საჭიროა. – სიცილით მივუგე.
– მაშინ სამზადისს შევუდგები. თერთმეტზე დაგირეკავთ.
ზარანდია წავიდა. მე ისევ დიდი მოღულის ხალიჩას გადავწვდი. ბევრი ვიფიქრე და
დავრწმუნდი, რომ ზარანდიასთან საუბარმა არამცთუ სინათლე შემოიტანა ამ საქმეში,
არამედ უფრო მეტად დამაბნია, რებუსი გამირთულა. გავიფიქრე, – სპეციალურად
გამოვიძახებ და, უნდა თუ არ უნდა, ყველაფერს დავაფქვევინებ–მეთქი, მაგრამ უმალვე
მენიშნა, რომ ასე არ ვიზამდი. არ ვიზამდი იმიტომ, რომ სახნოვის თემაზე საუბარს
რატომღაც გავურბოდი. გამიკვირდა – ნეტავი, რატომ მეშინია თუ მერიდება–მეთქი! ამის
ანალიზს მივყევი შინაც დიდხანს ვიფიქრე. მერე წამთვლიმა და მეძინა, სანამ ზარანდიას
ზარი გამაღვიძებდა.
– გელოდებით, თქვენო ბრწყინვალებავ. ეტლი თქვენს სადარბაზოსთან დგას.
კომედია იმამი გამოიხატა, რომ ზარანდიამ თავის კაბინეტში მოუყარა თავი ჰაჯი–სეიდს,
ყარა–ისმაილს, ოთხ მოლას და ისკანდერ–ეფენდის. აქვე იყვნენ ჩვენი თარჯიმანი, ორი
გამომძიებელი, ზარანდიას მოადგილე – შიტოვცევი, თვით ზარანდია და ჩემი ორი
მოადგილეც. დიდი სივიწროვე იყო და ვიფიქრე, რომ თუ კომედიის მეთოდით
სარგებლობას ზარანდია მომავალშიც აპირებდა, სხვა კაბინეტი უნდა შემერჩია მისთვის.
შევედი, სავარძელში ჩავჯექი. მუშნი ზარანდიამ იქაურობის მოთვალიერება დამაცადა და
დაწყების ნებართვა მთხოვა. თავი დავიქნიე.
ზარანდიამ ასე დაიწყო.,
– თქვენ ღორის სული და ვირის ჭკუა გაქვთ... უთარგმნეთ.
თარჯიმანმა უთარგმნა და მოქმედი პირები საგრძნობლად გამოცოცხლდნენ.
– მის უდიდებულესობას, სრულიად რუსეთის იმპერატორს, თქვენმა მამა–პაპამ ფიცით
აღუთქვა ერთგულება, თქვენ იმ ფიცსაც უღალატეთ, იმპერატორსაც, საკუთარ ხალხსაც და
თურქებს თითბრის თუმნიანებად მიეყიდეთ.
სანამ თარჯიმანი უთარგმნიდა, ერთ–ერთმა გამომძიებელმა თუმნიანი აიღო, ქლიბი
გადაუსვა, გადაფხეკილ ადგილს სიმჟავე დააწვეთა. ლითონმა ფერი იცვალა,
გამომძიებელმა ბრალდებულებს ჩამოუარა, მონეტა ყველას სათითაოდ აჩვენა...
ერთ მოლას ყარა–ისმაილის მისამართით რაღაც წყევლაც კი აღმოხდა.
– თურქები მხდალები, ვერაგები და მექრთამეები არიან. ნამდვილი საქმის კეთების ილაჯი
დიდი ხანია გამოეცალათ, ფონს ტრაბახითა და სიცრუით გადიან. ას ორმოცდაათი
წელიწადია, არც ბრძოლის ველზე გაუმარჯვიათ და არც ჭკუით უჯობნიათ ვინმესთვის.
ღმერთმა განიზრახა, რუსი ხალხისთვის ძლევამოსილების რწმენა ეჩუქებინა და თურქები
ამისთვის მოავლინა მზისა ქვეშე. სხვა მათ არაფერი მიუციათ კაცობრიობისთვის და
ვეღარც რასმე მისცემენ. თქვენ თურქებს ლაქიებად დაუდექით, საკუთარ ხალხში
დრტვინვასა და ამბოხს სთესავთ, წინააღმდეგობისთვის აგულიანებთ, კლდიდან
გადაგდებას უპირებთ.
გაოცებული ვიყავი, ზარანდიასგან ასეთი ტონი და მიმართვის შინაარსი სხვა დროს არსად
გამეგონა.
– თქვენი ბოროტი გული იმისთვის აღმდგარა, – განაგრძო ზარანდიამ, – რომ კავკასიონის
ხალხებსა და მათ სამშობლოს ღმრთის რისხვა დაატეხოთ. წამოვა დამსჯელი ჯარი,
ქართველებსა და სომხებს წინ მეგზურად გამოიგდებს, აულებსა და ქალაქებს
გადაგიბუგავენ, წინააღმდეგობის გამწევთ ამოსწყვეტენ, დედაბუდიანად ციმბირში
გადაგასახლებენ. ვინც სამართლიან შურისგებას ცოცხალი წაუვა და მთასა და კლდე–
ღრეში შეიხიზნება – იქ სიცივით, შიმშილითა და სახადით ამოსძვრება სული. მაგ მიწებზე
კაზაკების სტანიცებს დააარსებენ და თქვენი ერები თუ ოდესმე არსებობდნენ, მომავალ
კაცობრიობას მხოლოდ წიგნებიდან ეცოდინება.
თარჯიმანი ამის თარგმნასაც მორჩა. მაშინ ზარანდია ზეზე წამოდგა რაღაც საბუთი აიღო:
– ახლა კიდევ ერთხელ იმაზე, თუ რაში ხართ უკვე მხილებული!.. – ზარანდიამ
ბრალდებულებს ჩოყურსო–ბეის მიერ სტინესის ბანკში ჰაჯი–სეიდის სახელზე შეტანილი
თანხების ნუსხა და ბანკის მიერ ჰაჯი–სეიდთან გამოგზავნილი საშემოსავლო ორდერები
გააცნო. მერე ყალბი ფულის გავრცელებაზე ელაპარაკა და მათი ჩხრეკისა და ყალბი ოქროს
თუმნიანების აღმოჩენის ოქმების არსებობა მოაგონა. შემდეგ ყარა–ისმაილის
შუამავლობაზე და სპილენძის სურაში ნაპოვნი ანაბეჭდების შესახებ უთხრა და ყოველივე
ეს დაამთავრა სიტყვებით:
– მე უკვე გითხარით, რომ თქვენ ღორის სული და ვირის ჭკუა გაქვთ, მაგრამ ამდენს მაინც
გაიგებთ: ჩვენი იმპერიის კანონი ლმობიერი და შემწყალებელია მათთვის, ვინც
გულწრფელი აღიარებისა და ცოდვების მონანიების გზას დაადგება. მკაცრი და
დაუნდობელია მათ მიმართ, ვინც თავისი რეგვნობისა თუ ვირეშმაკობის გამო სიცრუესა
და ვერაგობას მიმართავს. წადით, სიმართლე ილაპარაკეთ, დამალვა არაფრისა სცადოთ,
თორემ მოვიცლი, მოვალ და მერე, ვაი თქვენი ბრალი!.. გაიყვანეთ! – უბრძანა მან
ზედამხედველებს.
პატიმრები გაიყვანეს. შიტოვცევი და გამომძიებლები წავიდნენ და ზარანდია ისკანდერ–
ეფენდის ეკვეთა. არ ვიცი, რა დავარქვა იმ გულის ჯავრსა და ღვარძლს, რაც მან საკუთარ
აგენტს მიანთხია. ყოველ შემთხვევაში ის, რაც მოლებსა და ყარა–ისმაილს ხვდათ წილად,
ისკანდერ–ეფენდისთვის ნათქვამთან შედარებით დედის ალერსი იყო. ზარანდიას
სიტყვებიდან ისე გამოდიოდა, რომ ჰაჯი–სეიდის, ყარა–ისმაილის, მოლების და
თურქეთის სამსტოვროს საქმიანობისთვისაც ისკანდერ–ეფენდი იუნუს–ოღლუს უნდა ეგო
პასუხი. ეს ქარიშხალი, სულ ცოტა, ოც წუთს გაგრძელდა. ბოლოს ზარანდია მე
მომიბრუნდა და მითხრა:
– თქვენო ბრწყინვალებავ, დაჟინებით მოვითხოვ, მომცეთ უფლება, დავაპატიმრო ეს
ნაძირალა იმ მონაცემების საფუძველზე, რაც ჩვენს ხელთ ჯერჯერობით არის!
დავფიქრდი და მივუგე, რომ კანონის დარღვევის უფლებას ვერ მივცემდი და რომ
დამატებითი გარემოებების გამომჟღავნება იყო საჭირო. მაშინ ზარანდიამ ისკანდერ–
ეფენდის შინაური პატიმრობის ორდერზე მოაწერინა ხელი და კაბინეტიდან კისრისტეხით
გააგდო. ჩემთვის ცხადი იყო, ჰაჯი–სეიდთან ლაპარაკი მხოლოდ ახლა უნდა
დაწყებულიყო. ღმერთმა იცის, რამდენ ხანს გასტანდა და კაბინეტი მოადგილეებითურთ
დავტოვე.
ზარანდიას დილამდე ჰყოლია ჰაჯი–სეიდი – მეორე დღეს სამსახურში ოთხ საათზეღა
მოვიდა. მანამ მოვიდოდა, მისმა მდივანმა მომახსენა, ჰაჯი–სეიდი მესამედ რეკავს, ჩემს
უფროსს კითხულობს, ფრიად მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმე მაქვსო.
– გადაუდებელიო? აცნობეთ ზარანდიას!
ჯერ ჰაჯი–სეიდისა და კონტრდაზვერვის უფროსის ურთიერთდამოკიდებულებები
მენიშნა და შემდეგ ცნობა, რომ ისკანდერ–ეფენდი იუნუს–ოღლუს წუხელ შინ
მისვლისთანავე აუკრეფია თავისი ხელბარგი, საითღაც გაპარულა და უკიდურესად
შეშინებულ ჰაჯი–სეიდს სწორედ ეს უნდოდა, ეცნობებინა ზარანდიასთვის. როდესაც
მოწინააღმდეგე ციხესიმაგრეში გამომწყვდეული და საიმედოდ გარემოცულია, ცხენების,
ძაღლების, კატებისა და ვირთხების სინსილა აქვს გავლებული და წყალიც დაუწყვიტეს,
მაშინ მისი ერთადერთი ოცნება სიცოცხლის შენარჩუნებაღაა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ
მოალყე აღნიშნულ სიტუაციაში არა მარტო ზავსა სთხოვს გარემოცულს, არამედ
მოკავშირეობასა და მესამე სახელმწიფოზე ლაშქრობას სთავაზობს და დიდი ალაფის
გარანტიასაც აძლევს... ჰაჯი–სეიდისათვის სახელდობრ ამგვარი ვითარება შეიქმნა.
ზარანდიამ იგი ჯერ დაარწმუნა, რომ ჯაშუშობაში მხილებულისთვის უიღბლიანესი
გამოსავალი და უახლოესი გეოგრაფიული წერტილი, შესაბამისად, ბორკილები და
სახალინის კატორღაა და ამის შემდეგ სრული კაპიტულაციისა და თანამშრომლობის
ალტერნატივა დაუსახა. ხანგრძლივი, დამღლელი გაწამაწიის შემდეგ ცდის პირმა ხელი
ჩაიქნია, ზარანდიას ყველა პირობა მიიღო. ან სხვა რა გზა ჰქონდა?.. ჰაჯი–სეიდმა
სათანადო ხელწერილები დატოვა, შინისკენ გაეშურა და თან წაიყოლა ღრმა, მყარი და
სამუდამო რწმენა, რომ ზარანდია ის “ფრანგი” როდია, რომელთანაც შეიძლება გარიგების
ხელშეკრულება შეადგინო, ხელიც მოუწერო და მერე კი დატოვებული თამასუქი და უარი
მარსელის მისამართით გაუგზავნო...
შალვა ზარანდია
– მიაქციეთ, ალბათ, ყურადღება, გამეცინა. ეგ რომ მკითხეთ, თავი ვერ შევიკავე. იმიტომ
გამეცინა, ჩემო ბატონო, რომ მე თვითონ წლობით მიფიქრია მაგაზე და, სიმართლე
მოგახსენოთ, ახლაც არ მგონია, სწორი პასუხი თუ მაქვს ნაპოვნი. გრაფ სეგედისთან, მისი
სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, ცხოვრებამ მოიტანა ასე და, კარგი დამოკიდებულება
შემექნა. სულუგუნი და აჯიკა უყვარდა, ცხონებულს. თბილისში არ ჩავსულვარ ისე, რომ
არ მივსულიყავი და მცირედი ძღვენი არ მიმერთმია. რევოლუციამდე ზამთრობით პეტრე
დიდის ქუჩაზე ცხოვრობდა, ზაფხულობით – არმაზში, აგარაკი ჰქონდა იქ. თავმდაბალი
და უაღრესად ზრდილი ადამიანი იყო, მუსაიფი უყვარდა და რაზე და რამდენი
გვისაუბრია – ღმერთმა იცის.
ერთხელ მითხრა, მუშნისთანა უბრალო და სადა გონების კაცი სიცოცხლეში არ
შემხვედრიაო. მართალია ეს. ისეთი წვდომის უნარი ჰქონდა და ისეთი ლოგიკა, რომ
ქვეყანაზე ურთულეს მოვლენას, ინდოურისთვის რომ გასაგები გახდებოდა, იქამდე
დაიყვანდა. დათა პირიქით იყო. ერთობ რთული, გაუგებარი და თითქოს შეუსაბამო
საქციელის კაცი იყო. წარმოიდგინეთ, ადამიანმა სიცოცხლე ისე გაატარა, რომ ხელში ვერც
ერთხელ ვერ ჩაიგდეს მდევრებმა. მერე, ერთ მშვენიერ დღეს, თავისი ფეხით მივიდა და
ჩაჯდა ციხეში. რა არის ეს, რამ მოიტანა ასეთი აუცილებლობა?..
უთქვამთ უკვე თქვენთვის და უნდა დავაზუსტო ზოგი რამ. მე მათი ოჯახის მხოლოდ
გაზრდილი კი არ ვარ, – ძმა ვარ მათი და შვილი ვარ მოხუცი ზარანდიების. ასე ითვლება
ეს და დამოკიდებულებების მიხედვითაც ასეა. მე ზარანდია არ ვარ, გოგნიაშვილი ვარ
გვარად, შავლეგი მრქმევია იმთავით და შალვად გადაკეთდა თავისით თუ როგორ – არ
ვიცი. მამაჩემს წათე ერქვა, ძალიან სახელიანი აბრაგი იყო ქართლში – იქ ყაჩაღს იტყვიან.
ხუთი წლის ვიყავი, მამაჩემი რომ მოკლეს. ორ თვეში დედაჩემიც გარდაცვლილა.
ქართლში ხიზნობა ქვია, შორიდან მოსულ კაცს თავის მიწაზე რომ დაასახლებს მემამულე.
ხიზნები ვიყავით, ნათესავი არ გვყავდა იქ. გადმოვიდა სამურზაყანოდან დათა თუთაშხია,
მამაჩემ წათეს ძმადნაფიცი აბრაგი, წამომიყვანა და თავის გამზრდელ თამარ და მაგალი
ზარანდიებს მიმაბარა აღსაზრდელად და შვილად. ახლაც ხშირია ეს, მარა უწინ
საყოველთაო წესივით იყო: ობოლი ან სნეული დედ–მამის შვილი კი არა–და, უფრო
შეძლებულებს გაჭირვებული ნათესავის შვილებიც კი მიყავდათ აღსაზრდელად.
მიყვანილი ბავშვის პატრონობასაც თავისი წესი ქონდა: საკუთარი შვილების გამორჩევა
სირცხვილი იყო – მეზობელი დაგძრახავდა, მოახლედ და მოჯამაგირედ ხომ არ
მოგიყვანიათო. ზარანდიების ოჯახში რაც მე სითბო და მზრუნველობა მახსოვს, იმდენი
საკუთარი დედ–მამის ხელში სად ქონდათ სხვებს თავის ოჯახებში! მე რომ მიმიყვანეს,
მუშნი თბილისში იყო უკვე და იშვიათად მოდიოდა დედ–მამასთან. მუშნის უფროს ძმას –
კონსტანტინეს, თავისი ოჯახი და სახლ–კარი ქონდა, ცალკე ცხოვრობდა, ელე ხან თავის
სოფელში, მამისეულ სახლში იყო, ხან ჩვენთან და ხან მუშნისთან, – ადრე ქუთაისში და
მერე თბილისში. დათა მოდიოდა, ასე, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გამზრდელი
მამიდის და ბიძის სანახავად, მარა ღამით, და რომ წამოვიზარდე, მერე გავიგე ეს. ერთად–
ერთი ბავშვი ვიყავი ოჯახში იმ დროს. მოხუცები თვითონ ხომ მივლიდნენ და
მანებივრებდნენ, მარა ელეს ვუყვარდი საკუთარი შვილივით. ზედ მაკვდებოდა,
საცოდავი, როცა ჩვენთან იყო. იქედან მუშნი არ მაკლებდა ხელს და დათა ხომ აბრაგი იყო,
თავისთვის რა ქონდა, საწყალს, მარა მალვით მოსული, ისიც კი არ წავიდოდა სახლიდან
ისე, ჩემთვის რომ არ დაეტოვებინა რამე – სათამაშო ან ფული და რა ვიცი კიდევ რა.
კეთილი იყო ხალხი უწინ და ზარანდიების ოჯახი ხომ... “სახლი სათნოებისა და სახლი
სიყვარულისა” – მაგალი ზარანდიას სიტყვებია ეს, ასეთი უნდა იყოს ოჯახიო. მაგალი
ზარანდია,
მოგეხსენებათ, უბრალო დიაკვანი იყო, მარა იმდენად განათლებულ კაცს იშვიათად
შევხვედრივარ. განათლებას აკადემიურს არ ვგულისხმობ. ისეთი გონების იყო, რომ
თვითონ ქონდა მიგნებული ყველანაირი სიბრძნე და რასაც ვერ მიაგნო – ალღოთი ესმოდა
ის. არა, ნაკითხი იყო ძალიან– წიგნი უყვარდა, არ დატოვებდა წაუკითხავს – ახალი
იქნებოდა თუ ძველი და ჩვენც შეგვაყვარა წიგნი, ყველა შვილებს. პირადად მე იმდენი
მასწავლა ცხონებულმა, რომ, მართალია, ათი წლისა მიმიყვანეს სასწავლებელში, მარა
მოსამზადებელ კლასებში ყოფნისას და მერეც გაკვირვებას იყვნენ მასწავლებლები,
ასეთები სიდან იცის ამ ღლაპმაო! გიმნაზიის წლებში იყო და, ჩიტის რძე არ მოუკლიათ.
დავამთავრე, ოთხ წელიწადს ვმასწავლებლობდი ჩვენს სოფელში, მაგალის სურვილი იყო
ეს. მერე გამოჩნდა სხვა მასწავლებელი, გამიძახა მუშნიმ პეტერბურგში, შემიყვანა
უნივერსიტეტში, ვსწავლობდი იქ. გადავედი მეოთხე კურსზე – იურიდიულ
ფაკულტეტზე ვიყავი, წამოვედი საზაფხულო არდადეგებზე საქართველოში და იმ
ზაფხულს დაიღუპა ჩემი ძმა მუშნი ზარანდია, პოლკოვნიკის ჩინი ქონდა და დიდი
გონების კაცი იყო, დიდი გონების! ექიმების დასკვნით, მისი ავადმყოფობა მელანქოლიის
უმძიმესი ფორმით დაიწყო და გარდაცვალება რამ გამოიწვია, ვერ გაიგო ვერავინ
ვერაფერი – საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩამოაყვანინა ხელმწიფე–იმპერატორმა
პროფესორები. ცხრაას ცამეტში მოხდა ეს. მუშნი რომ აღარ იყო, დავიბენი და ვეღარ
დავბრუნდი უნივერსიტეტში. იმ დროისთვის ხუთი შვილიდან კონსტანტინე და მე
ვყავდი ცოცხალი მარტო ჩვენს მოხუცებს. კიდევ წელიწად–ნახევარი გავიდა – დაიღუპა
კონსტანტინე იმპერიალისტურ ომში. მოხუცებს მოვლა–პატრონობა ჭირდებოდა, ოჯახსაც,
ჩემო ბატონო, და დავრჩი ასე. სამხედრო სამსახურმა არ მიწია, ერთი მარჩენალი ვყავდი
ოჯახს. ცხრაას თხუთმეტში მასწავლებლობა დავიწყე ისევ და, აგერ, სამოცდაათის
ვსრულდები, სხვა პროფესია არ მისინჯავს, ბავშვებთან ვარ სულ, ორმოცი წელიწადია
უკვე.
ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის არ მილაპარაკია, რომ გაგეგოთ, რა დამოკიდებულება
მქონდა ზარანდიების ოჯახთან და მათი შვილი რომ ვარ. მინდოდა აღმენიშნა, რომ დათას
ნებაყოფლობითი ჩაჯდომის ნამდვილი მიზეზი ვინმემ თუ იცოდა ჩვენს ოჯახში, მეც
უნდა მცოდნოდა უეჭველად, ჩემი ურთიერთობების პატრონს – ნამდვილ, ჭეშმარიტ
მიზეზს ვგულისხმობ. ნარმოიდგინეთ თქვენ, წესიერად არც მუშნიმ იცოდა ეს. ჩემი
სტუდენტობისას პეტერბურგში მუშნის და მე ამაზე ხშირად გვისაუბრია. საბოლოოდ იმ
აზრის დავრჩით, რომ მუშნისთვის იყო საჭირო დათას ჩაჯდომა და ამიტომ ჩაჯდა, მარა
ორივეს გვესმოდა, მაინც სულ ასე რომ არ იყო საქმე. კაი დრო და ხანი გავიდა მას შემდეგ,
ბევრი რამ გადადუღდა, ამოტივტივდა და დაილექა მეხსიერებაში. რამდენიმე შემთხვევას
მოგახსენებთ, შეიძლება, ცოტაოდენი ნათელი მოეფინოს დათას ციხეში ჩაჯდომის ამბავს,
რა ვიცი.
მივიდა ერთ ღამეს კონსტანტინესთან დუჩა აბრამია, ხობელი კაცი, და უთხრა, – დათა
თუთაშხია, შენი ძმა, ლებარდეში ამ და ამ კაცთან წევს მძიმედ დაჭრილი, ჩემი
წამოსვლისას სამი დღე უგონოდ იყო და აღარც არის იქნებ ცოცხალიო. დააფიცა
კონსტანტინე დუჩა აბრამიამ, – დათამ არ უნდა გაიგოს, მე თუ მოვიტანე ეს ამბავიო.
მეორედ გააბრაგებული იყო დათა მაშინ და კაი მოზრდილი ბიჭი ვიყავი მეც.
კონსტანტინემ – იმ ღამით რაღა მოხერხდებოდა და დილით თავისი ბიჭი – ბოჩია,
გამოგზავნა, ბაბას უთხარი, გადმოვიდეს ჩემთანო. წასვლა დააპირა მაგალიმ და ავეკვიატე,
– მეც წამიყვანე–მეთქი. წამიყვანა, მივედით კონსტანტინესთან. დამითხოვეს, სალაპარაკო
გვაქვსო, მარა ისე მოხდა, რომ გავიგონე ყველაფერი და მათაც გაიგეს, რომ მათი
ლაპარაკის შინაარსი ვიცოდი. თავისთან იმიტომ უხმო კონსტანტინემ მამაჩვენ მაგალის,
რომ დედაჩვენ თამარს არ მოეკრა ყური იმ ამბისთვის. ელეც ჩვენთან იყო მაშინ. რომ
გაეგოთ ქალებს დათას მდგომარეობა, ვაით და ვიშით დააქცევდნენ ქვეყანას. ბევრი იბჭეს
და იფიქრეს მაგალიმ და კონსტანტინემ. წასვლა გადაწყვიტეს ლებარდეში, მარა არც ჩემი
დატოვება შეიძლებოდა, – გაგვთქვამს ქალებთანო. მეორე მხრივ, სამი მამაკაცის ერთად
წასვლაც დიდად საეჭვო იქნებოდა ქალებისთვის. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ თან
წამიყვანდნენ მეც და კონსტანტინეს წასვლა მის ცოლს უნდა ცოდნოდა, ვითომ
სათიბებზეა წასული ზვინების სანახავად. პატიოსანი სიტყვა ჩამომართვეს, სახლში რომ არ
შევიმჩნევდი არაფერს. დავბრუნდით შინ. სადილობისას მაგალიმ თქვა, – ხვალ
დილაადრიან ზუგდიდს მივდივარ, შავლეგი მიმყავს თან, საგზალი მოგვიმზადეთო.
გაჭრა ეშმაკობამ, ვერაფერს მიგვიხვდნენ ქალები. დილის სისხამზე დანიშნულ ადგილას
შევხვდით კონსტანტინეს და დავადექით გზას ლებარდესკენ. აქედან ლებარდემდე
ცხენით სავალი დღენახევრისაა. დათას ადგილსამყოფელამდე რომ მივაღწიეთ, დუჩა
აბრამიას მოსვლიდან მესამე დღე თავდებოდა და მაგალიმ ჯერ ის კითხა მასპინძელს, –
უბედურება ხომ არაფერია ჩვენს თავსო. გაიცინა ანდრო სალაყაიამ, კაი რომ მოხვედით,
თვარა ამაღამ წასვლას აპირებს, სუსტად არის ძალიან და ეგებ დაარწმუნოთ, დარჩეს
კიდევ სამ–ოთხ დღესო. ამოვისუნთქეთ შვებით, გაგვიძღვა ანდრო სალაყაია, შეგვიყვანა
დათასთან.
იჯდა, იარაღს წმენდდა. ათვალიერებდა და ასწორებდა რაღაცას. მკვდრისფერი ედო
სახეზე, სისხლი დაკარგოდა ძალიან ბევრი. ნადირის ჯანმრთელობა ჰქონდა დათას, ვერც
ერთი კაცი ვერ გაუძლებს ქვეყანაზე, რასაც დათა უძლებდა – დარდს, დევნას, ღალატს,
ჭრილობებს და, ღმერთმა იცის, სხვა კიდევ რამდენი სატანჯველი და საწამებელი
ექნებოდა მისი გულის და გონების პატრონს.
განცვიფრდა და განაწყენდა დათა, რომ დაგვინახა, მარა ბაბა იქ რომ იყო, საყვედურები
ვეღარ გაბედა. დამნაშავესავით ჩაქინდრა თავი. გასაგებია, ალბათ, ლაპარაკი, მიკითხვა–
მოკითხვა, სინანული და გულისტკივილი ბევრი იყო იქ, მარა რაც მნიშვნელოვანია, იმას
მოგახსენებთ პირველ ყოვლისა.
ბაბამ კითხა დათას, როგორ მოხდა და ვინ იყო, ტყვია რომ გესროლა და დაგჭრაო.
– ჩემზე მარდი და ჩუბინი იყო, ბაბა, ვინც იყო, და მიტომ მოხდა ასე. – მიუგო დათამ.
– დაბერდიო, რომ გითხრა, არ იქნება სწორი, ორმოცის არ ხარ ჯერ, მარა იმ საქმისთვის,
შენ რომ მიდევ, კაი ხანში შესული ხარ უკვე. – უთხრა კონსტანტინემ. – ახალგაზრდობაში
ერთი წამით ყველას ასწრებდი გასროლას და მწევარივით კაცი იყავი, მთელმა
საქართველომ იცის ეს. წავიდა ის დრო. აღარც მუხლი გერჩის, აღარც მკლავი და აღარც
თვალი გიჭრის იმდენად, აბრაგობას და შენი მდევრის სიმრავლეს რომ ჭირდება.
გადაურჩი, აგერ, მარა წინ ბევრი თოფია შენზე მომიზნებული და გამოგასალმებს
წუთისოფელს, ვიღაც ოხერი იქნება. დაფიქრება გმართებს ამაზე, დათა, ძამიკო, კაი
დაფიქრება.
– რა ქნას, რას ურჩევ შენ? – ჰკითხა მაგალიმ კონსტანტინეს. – ხელახლა დაიბადოს, თუ
უკვდავების წყალი დალიოს, ნეტავი?
– არა, ბაბა, სახუმარო არაფერი მითქვამს მე, – გაცხარებით მიუგო კონსტანტინემ. – არ
ვიცი, გიამბეს თუ არა ის ამბავი... ამ ოთხი–ხუთი წლის წინ იყო, თათარხან ანჩაბაძესთან
სტუმრობდა ერთ საღამოს დათა. მესამე სართულის აივანზე ისხდნენ და ვახშამს
შეექცეოდნენ სტუმარ–მასპინძელი. ხითარიშვილი არის ერთი ნაყაჩაღარი და მერე
ჟანდარმერიის კაცი. გაიგო მან, დათა რომ არის იქ, და აიპარა რაღაცნაირად ზემო
სართულზე, გამოვარდა აივანზე, ორი მაუზერი მიაშვირა დათას, – არ გაინძრე, ხელები
მაღლაო! დათა მოაჯირთან იჯდა და გადაეშვა მესამე სართულიდან, თვალი ვერ შეასწრო
ვერაკაცმა. დიდი კაკალი რომ დგას თათარხანის სახლის წინ – იმ კაკლის კენწეროზე
ჩამოეკიდა დათა. დაუმიზნა ხითარიშვილმა,
მარა სანამ ის მიზანში ამოღებას და სროლას მოასწრებდა, დათამ ხელი გაუშვა ტოტს და
უფრო ძირს, სხვა ტოტზე ჩამოეკიდა. კი გავარდა ტყვია, მარა სადაც გაიარა, იქ აღარ
დახვდა დათა. ახლა ქვევით დაუმიზნა ხითარიშვილმა და ისროლა. კიდევ დაასწრო
ხელების შეშვება და უფრო ქვევით ჩამოკიდება ამან. სამჯერ თუ ოთხჯერ განმეორდა ეს,
მარა ყოველთვის ცარიელი ადგილი გახვრიტა ტყვიამ, ეს აღარ იყო ხოლმე იქ. ბოლოს
ჩახტა მიწაზე დათა. დაუძახა ხითარიშვილს, – არ გკლავ, მასპინძელს ვერ შევკადრებ
ამასო. ერთი ტყვია ესროლა, ფაფახი მოხადა, გადაახტა ღობეს და გაქრა საითღაც.
ოთხი–ხუთი წლის წინ დათა ასეთ ფოკუსებს ახერხებდა კიდევ. დღეს და, მით უმეტეს,
ოთხი–ხუთი წლის შემდეგ – ვეღარ მოახერხებს, სიბერემ მოაკითხა უკვე. აჯობებს ერთ
დღეს ხითარიშვილი თუ სხვა მისთანა ტურა ან თავისით რომ უნდათ ზოგ კაცებს დათას
მოკვლა, რომელიმე ესვრის საფრიდან. უწინ მოყვარე და მფარველი რომ ყავდა დათას,
ახლა მტერი და მდევარი იმაზე ათჯერ მეტი ყავს. ხალხის ამბავი მოგეხსენება, ასი სიკეთე
რომ გაუკეთო და მერე ერთი ავი საქმე – დაგივიწყებს და წყალში გადაგიყრის ყველაფერს
და იმ ერთადერთ ავს დაგიხსომებს მხოლოდ. აბრაგობას ახალგაზრდული ჯანი და გონება
ჭირდება! ამის თქმა მინდა მე, მეტი არაფრის, ბაბა.
– ვისი გამოგყვა ეგ შეფარულ–შეპარული ლაპარაკი, კოსტა. – უთხრა მაგალიმ. – იმის თქმა
გინდა შენ, რომ უნდა გადაყაროს დათამ ეს იარაღი და თოხი აიღოს ხელში, ხომ?.. შეარიგა
მუშნიმ მთავრობასთან ერთხელ, აიღო დათამ თოხი, მარა რა გამოვიდა იქიდან, იცი შენ ეს
კარგად...
– გაჩერებულიყო თავისთვის, კაცი არ ახლებდა ხელს, – შეაწყვეტინა კონსტანტინემ. – იმ
პირობით შეირიგეს, რომ კანონს აღარ დაარღვევდა და იქნებოდა ჭკვიანად. ამან აქეთ –
ჭანტურიებიო, იქით – ვიღაც საეჭვო კაცებთან სიარული და საქმიანობა...
– სამართლიან და წესიერ კაცს თუ უჭირს, კოსტა, კანონი აღარ არსებობს მაშინ. – თქვა
დათამ.
– რა გაგიჭირდა ასეთი?
– მე – არაფერი. მათ გაუჭირდათ და მე ჩემი ვქენი...
– კანონმა თავისი ქნა და გაგააბრაგა ისევ!
დათამ მხრები აიჩეჩა, გაიღიმა, კარაბინს საკეტი დაუყენა, სასხლეტს დააცემინა.
– მაღალმა ღმერთმა, კოსტა, თავისი ხვედრი არგუნა ყველას, – თქვა მაგალიმ. – დათას
ხვედრი და ჩვენი ხვედრი ის არის, როგორც ვართ და როგორც ვცხოვრობთ. მივეჩვიეთ
უკვე ამას და აღარც დათას გადაკეთება მოხერხდება ახლა...
– მთლად მასე არ არის, ბაბა.! – გაცხარდა კონსტანტინე. – კაცი ხელეჩო არ უნდა იყოს,
ხერხი უნდა იყოს, ბირდაბირი ხერხი. დათა ამბობს, ასეთი ცხოვრება მიყვარს მე და ასეც
უნდა ვიყოო. თავისკენ თლის და ჩეხავს მხოლოდ. ჩვენსკენაც ხომ უნდა გადმოაპნიოს
ნახერხი როდისმე?.. საყვედურად და დასაყვედრებლად არ ვამბობ, მარა, აგერ, თვრამეტი
წელიწადი გათავდა, დათა რომ აბრაგობს და ამ ხნის მანძილზე იქით ელე დაიტანჯა და
სამოცი წლის დედაბერს დაემსგავსა ახალგაზრადა ქალი. თქვენ და დედაჩვენი ხართ და –
ცრემლი არ შეგშრობიათ თვალზე, წუხილის მეტი რა იცით დათას საქციელისგან.
რამდენჯერ გაიგონეთ ჭორი, დათა აქ და აქ მოკლესო და რამდენჯერ ვაი და ვიში იყო
ჩვენს ოჯახებში! მუშნი არის და, თოთხმეტი წელიწადია, სულ იმის ეჭვი აქვთ მის
უფროსებს თბილისში და პეტერბურგშიც, რომ ეხმარება თავის ძმას, მისი გამოისობით
არის, ვითომ, ვერასგზით რომ ვერ დაიჭირეს და ვერ გაიყვანეს სახრჩობელაზე დათა
თუთაშხია. ეს რომ არა, რამხელა კაცი იქნებოდა ახლა მუშნი – არ იცის არავინ. აგერ,
შალვაც წამოიზარდა, გიმნაზიას დაამთავრებს სადაცაა, დაადგება თავისი ცხოვრების გზას
და მასაც ბევრჯერ გადაეღობება დათას ბედ–იღბალი. ასეა ეს ყველაფერი. დათას
აბრაგობის მანძილზე კი არადა, ბავშვობიდან რომელმა ჩვენგანმა დავიშურეთ მისთვის
ძმობა, დობა, დედობა თუ მამობა? რომელმა დავიხიეთ ვალდებულებებისგან და რომელმა
დავიწუწუნეთ ერთხელ მაინც – საყვედურზე და შემოწყრომაზე ხომ რაღა სალაპარაკოა?!
ახლა დროა, თვითონ რომ იგრძნოს დათამ, სიმშვიდე გჭირდებათ მოხუცებულობაში
თქვენ და ელესაც, შალვას მომავალი ასაშენებელი აქვს ჯერ, მეც მაქვს ჩემი ოჯახი, ჩემი
წილი მშვიდი ცხოვრება მეც უნდა მარგუნოს ღმერთმა როდისმე, იქით მუშნის უნდა
გავუწიოთ ანგარიში ყველამ ერთად – თავისი გზა აქვს მას და ამაზე უნდა იფიქროს
დათამ.
რაც ხელეჩოზე და ბირდაბირზე მოყვა ლაპარაკს კონსტანტინე, მიაჩერდა დათა და
გულდასმით უგდო ყური ბოლომდე. ისეთი მოსმენა იცოდა დათამ, რომ გეყურებინათ
მისთვის, გაგიკვირდებოდათ პირდაპირ... ერთი შექნევა არ შეექნეოდა სახეზე რამე და
ერთ დახამხამებას არ დაახამხამებდა თვალს – ნახევარი საათი შეეძლო ასე და ნათლად
ჩანდა, რომ კი არ ისმენდა – ყველა სიტყვას სათითაოდ ნთქავდა და ამუშავებდა გონებაში.
მორჩა ლაპარაკს კონსტანტინე. პატარა ხანს სიჩუმე იყო და მაგალიმ თქვა:
– თქვენი ხნის კაცებში მასეთი ლაპარაკი ერთი პირობით შეიძლება მხოლოდ: საქციელს
თუ დაუწუნებ ადამიანს, იქვე და მაშინვე უნდა ითქვას, როგორი საქციელი იქნებოდა
კარგი და მისაღები.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
– არც მე არ ვიცი ეგ, – თქვა ბოლოს კონსტანტინემ. – თბილისს მივდივარ მომავალ კვირას
და თუ დამხვდა მუშნი შინ, მოვილაპარაკებ მასთან, რას იტყვის ნეტავი?
– კოსტა, ძამიკო, მაგის ფიქრის მეტს რას ვაკეთებ მე, მაგრამ არ გამოდის ორივე ერთად.
რომ არ გამოდის, მაშინ ის უნდა აკეთოს კაცმა იმ ორში, რომელიც უფრო ღირებულია! –
წყნარად თქვა დათამ და მაგალის ჰკითხა: – როგორ არის საცოდავი დედაჩვენი, გული თუ
აწუხებს ისევ?..
დილამდე დავრჩით იქ, მარა ამ საგანზე ლაპარაკი აღარ გვქონია.
გვიმასპინძლა და მოგვასვენა ანდრო სალაყაიამ კარგად.
წამოვედით შინისკენ. გათავდა ეს ამბავი ამით.
ისიც უნდა მოგახსენოთ, ჩემო ბატონო, რომ დათა თავისი ცხოვრებით ოჯახის
წევრებისადმი მიყენებულ საწუხარს დიდად განიცდიდა, მარა კონსტანტინეს
ნალაპარაკევმა ფკჩინარი და დამალული სინათლეზე ამოიტანა. უჩინარი და დამალული–
თქვა, იმიტომ ვამბობ, რომ ოჯახში არც ერთ ადამიანს არასდროს არ დაუჩივლია და არ
დაუწუწუნია დათას ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობების თუ უსიამოვნებების
გამო. პირიქით, სულ დათა იყო ჩვენი საფიქრალი და მისი განსაცდელი საკუთარი
განსაცდელისგან არ განგვისხვავებია არასდროს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო ჩვენი
დამოკიდებულების გარეგნული სახე. ეგ კი არადა, მახსოვს, ერთხელ მოვიდა დათა
შუაღამის ხანს, გადაგვეხვია, გადაგვკოცნა ყველა. მოუტანეს ვახშამი, ვილაპარაკეთ ამ
მთის და იმ მთის. თამარმა, დედაჩვენმა, ტირილით უთხრა დათას:
– შენი ტოლები, დათუნა, შვილო, ყველა მოეწია ცხოვრებას. შენი დაშოშმინება,
დამშვიდება და დაოჯახება არ იქნა მარტო!..
მაგალიმ მიუგო ამაზე:
– არც მამა–პაპა ჰყოლია მაგას, გარემოებას რომ ურიგდებოდა, ისეთი, და არც ჩვენ
გაგვიზრდია ეს კაცი დაშოშმინებული და მშვიდი ცხოვრებისთვის. რას არის, რომ ნანობ,
ნეტავი!
სხვა დროსაც გამიგონია მაგალისგან, – ჩვენი ბრალია დათას ბედ–იღბალი, სხვა არავისი
და არაფრის და მისი გაჭირვება ჯერ ჩვენი გაჭირვებაა და მერე მისიო.
დათასთვის მისი ბედ–იღბლისადმი ჩვენი ასეთი დამოკიდებულება ცნობილი იყო, მარა ეს
გარემოება მის სინანულსა და წუხილს, რა თქმა უნდა, ვერ აბათილებდა. ის თავისთვის
დარდობდა იმას, რომ ჩვენ ვწუხდებოდით, ჩვენ ჩვენთვის ვდარდობდით, რომ დათა
უიღბლო გვყავდა და იმასაც, რომ ჩვენზე წუხდა. ასეა თუ ისე, ოჯახის მიმართ
დანაშაულის გრძნობა გამუდმებით აწვალებდა დათას და მისი ნებაყოფლობითი
გატუსაღების ერთ–ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს, ასე მგონია მე, ჩემი აზრით, კიდევ იყო
რამდენიმე მიზეზი. ახლა, როგორ მოგახსენოთ... ორი მიზეზი ვიცი კიდევ, ერთი სიტყვით,
ორი საუბარი იყო იმ წლებში ისეთი კიდევ, რომლებსაც გარკვეული როლი უნდა
შეესრულებინათ დათას ჩაჯდომის საქმეში. პირველი საუბარი ეფემია–წინამძღვარს,
მამაჩვენ მაგალისა და დათას შორის მოხდა... მეც დავესწარი იმას, მარა კიდევ ერთი
ადამიანი იყო იქ – ეფემია–წინამძღვრის მორჩილი, მაშინ – ახალგაზრდა მონაზონი. დედა
ეფემიას გარდაცვალების მერე აღარ დარჩა ის ქალი მონასტერში. ახლაც ცოცხალია და აქ
ცხოვრობს ქალბატონი სალომე ბაზიერაშვილი–ედიშარიასი. საქმე ის არის, რომ საუბრის
დროს ხშირად გავდიოდი მე ხან გარეთ, ხან რაღაცის მოსატანად, ხან სად და ხან სად. არა,
ძირითადი შინაარსი ვიცი მეც, მარა ქალბატონ სალომეს დაწვრილებით და მშვენივრად
ახსოვს ყველაფერი... ჩემზე უკეთესად, რა თქმა უნდა.
შეგახვედრებთ ქალბატონ სალომეს და გავიხსენებთ, უკეთ გავიხსენებთ ერთად. მეორე
საუბარი მამაჩვენს, მუშნისა და დათას შორის იყო. დავესწარი იმასაც და მახსოვს. თუ
გნებავთ, ახლავე მოგიყვებით და ქალბატონ სალომესთან ლაპარაკის შემდეგაც შეიძლება.
როგორც ისურვებთ.
გრაფი სეგედი
მთავარი მაინც ის იყო, რომ ჯერჯერობით ყველაფერი წინასწარ ამოცნობილი სქემის
მიხედვით მიდიოდა. ჰაჯი–სეიდმა მადმუაზელ დე ლამიეს თანამშრომლობა აღიარა და
დაადასტურა, რომ ისინი მოპოვებულ ინფორმაციას ერთმანეთს უცვლიდნენ. ეს კი იმას
ნიშნავდა, რომ ჰაჯი–სეიდი და ჟანეტ დე ლამიე თავ–თავის სამსტოვროების წინაშეც
იყვნენ დამნაშავენი. საკმარისი იყო, ეს გარემოება გარკვეული საშუალებებით
გვეცნობებინა დაინტერესებული სახელმწიფოებისთვის და, დახვრეტა ორივესთვის
გარანტირებული იქნებოდა.
– რა გზას აირჩევთ, მუშნი? – ვკითხე ზარანდიას ამ საკითხზე მსჯელობის დროს. – ჰაჯი–
სეიდის გარშემო ბოლო ხანებში ჩატარებულმა აქციებმა თუ ამ ქალბატონის
ყურთასმენამდე რაიმე ფორმით მიაღწია, მოსალოდნელია, რომ ჩვენი ხელიდან
დასხლტომას შეეცდება და იქნებ შესძლოს კიდეც... მაშინ კულაგინისა და სტარინ–
კოვალსკის რგოლებს როგორღა მოვუვლით?
– თქვენი აზრით, მადმუაზელ დე ლამიეს დაუყოვნებელი აყვანა ჯობს? – მკითხა
ზარანდიამ მცირე დუმილის შემდეგ.
– არ ვიცი, არ მაქვს გარკვეული აზრი მაგ საკითხზე. სწორედ ამისთვის გკითხეთ, რა გზას
აირჩევთ–მეთქი.
– მადმუაზელ დე ლამიეს დაპატიმრებას, თქვენო ბრწყინვალებავ, ორი პოლიციელი უნდა.
იქნებ ერთიც ეყოს, მაგრამ ენას კბილი რომ დააჭიროს, გაჯიუტდეს და ყველა ბრალდება
უარჰყოს, მაშინ ვალდებული ვიქნებით, როგორც უცხოელი მოქალაქე, წინასწარი
პატიმრობის ვადის ამოწურვისთანავე გავათავისუფლოთ, სამშობლოში გამგზავრების
უფლება მივცეთ და ხელში არაფერი შეგვრჩება ევროპის ჟურნალ–გაზეთებში
აყალმაყალისა და დიპლომატიური გართულებების მეტი. მართალია, ისიც არ არის
გამორიცხული, რომ თავიდანვე ყველაფერში გამოტყდეს, მაგრამ ასეთი რამ, ჩემი აზრით,
ვარდისფერ ოცნებათა სფეროს განეკუთვნება. მამაკაცს რომ ეხებოდეს საკითხი... ქალია.
საკანში ისე უნდა შევინახოთ, როგორც კეთილშობილ ასულთა პანსიონში და რაიმე
სპეციალური სანქციების მიყენებაც დაუშვებელია. ვერც მასთან დაკავშირებული
პირებისგან, მისი გარემოცვისგან მივიღებთ ინფორმაციას.
მოგეხსენებათ, დაპატიმრებულთან ურთიერთობებზე ყველა ხელს იბანს, ნაცნობობასაც კი ძნელად თუ
ვისმე აკისრებინებ. გამოდის, რომ მის აყვანას ამჟამად და, იქნებ საერთოდაც, არა აქვს
აზრი...
– საინტერესოა! იქნებ, საერთოდაც?
– იქნებ–მეთქი, თქვენო ბრწყინვალებავ. რა თქმა უნდა, სჭარბობს შემთხვევები, როდესაც
მხილებული ჯაშუშის ერთადერთი გონიერი და ყოველმხრივ გამართლებული მომავალი
სახრჩობელა ან პატიმრობაა. ზოგ შემთხვევაში კი, მე თუ მკითხავს ვინმე, მისი ხელახალი
გამოყენება ჯობს. ათი ასეთიდან ერთმა მაინც თუ მოიკიდა ფეხი და იმედები გაამართლა –
დიდი გამარჯვებაა. მადმუაზელ დე ლამიეს მიმართ ეს საკითხი მომავალში უნდა
გადაწყდეს. ახლა კი, მგონია, რომ ქალბატონს ჯერ უნდა შევაჩეჩოთ და მერე პირდაპირ
ხელში დავუჭიროთ სამხილი. მაშინ შემდგომი რგოლებიც ადვილად და აუცილებლად
გაიხსნება.
– რით გნებავთ დაიწყოთ?
– უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა გაჟონვის არხი: კულაგინა –
მადმუაზელ დე ლამიე და თუ არსებობს, რა ხასიათისაა იგი...
ზარანდიას მსჯელობა მიმდევრული და დამაჯერებელი იყო, მაგრამ მე მაინც დამეუფლა
გრძნობა, რომ მისი თეზების მიღმა კიდევ რაღაც იდო. ამაზე ფიქრის განწყობა არ მქონდა
და ზარანდიას პეტერბურგიდან ახლახან მიღებული ინფორმაციის წაკითხვა მივთავაზე.
საკითხი ეხებოდა არალეგალურ ჯგუფს, რომლის პირდაპირი და, იქნებ, ერთადერთი
ფუნქცია, ჩვენი ხმების გავრცელების სამსახურის ანალოგიური მუშაობა იყო. ესე იგი,
დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენივე მეთოდით დაგვიწყო ბრძოლა. ისინი
მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში ავრცელებდნენ მაკომპრომეტირებელი ხასიათის ხმებს
წყობილებაზე, მეფის ოჯახის წევრებზე და სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის
პირებზე.
ზარანდიამ ინფორმაცია ჩაიკითხა და მითხრა:
– გახსოვთ, თქვენო ბრწყინვალებავ, სპადოვსკის პროკლამაციაზე საუბარში ვთქვი,
დამაფიქრებელია–მეთქი. სწორედ ამას ვგულისხმობდი.
– მახსოვს და რამდენჯერ დავაპირე კიდეც თქვენთან ამ თემაზე ლაპარაკი. რატომღაც ვერა
და ვერ მოხერხდა.
– ეს საქმე ისე გამოვიდა, გრაფ, მაშხალების გასაშვებად გამოგონილი დენთი შემდგომში
ლაღუმად რომ იქცა!
– მაგას საუკუნეები დასჭირდა და მთავარი მაინც ის არის, რომ დენთი სხეულია და არა
სული. ამ საქმეს, – ხელისგული ინფორმაციას დავადე, – განვითარების სულ სხვა ტემპი
აღმოაჩნდა. ვფიქრობ, ხმების გავრცელების სისტემებს ფართო პერსპექტივა აქვთ, სულ
სხვადასხვანაირ ფორმებში მიიღებენ განხორციელებას და მე უკვე ვხედავ გლობალურ
სულიერ დივერსიათა ეპოქას.
– დასწყევლოს ღმერთმა! – ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობის მანძილზე იშვიათად
მინახავს მუშნი ზარანდიას ასე გაღიზიანებული სახე. ხმის ჟღერადობაც კი სხვა ჰქონდა –
იოგებიდან რაღაც ყრუ ტკაცანი აღმოხდა. ამან ჯერ შეაკრთო, მერე თავს დაეუფლა,
ჩაახველა და ჩვეულებრივად განაგრძო: – ჩვენს ხელში ხმების გავრცელების სამსახური
მთელი გეგმის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და თვით გეგმა – გარკვეული
სპეციფიკის მქონე რეგიონისთვის შეთხზული, სახელითა და გვარით წინასწარ ცნობილი
ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ხრიკებისა და ფანდების სისტემა. მას კერძო
გამოყენების დანიშნულება ჰქონდა და უფრო ფართოდ ხმარება არ განგვიზრახავს. გულზე
ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ: ჭორების გავრცელების საყოველთაო გამოყენების
სისტემატიზებული მეთოდის სიმდაბლემდე წმინდა მამათა ინკვიზიციაც კი არ
დაცემულა! ჩვენს მოქმედებას ის ამართლებს, რომ მეთოდი მხოლოდ მოუხელთებელი
მოძალადეების, მძარცველებისა და მკვლელების წინააღმდეგ ვიხმარეთ. გამონაკლისი
დათა თუთაშხია იყო, მაგრამ მის მიმართ ამ მეთოდის გამოუყენებლობა სამსახურებრივ
დანაშაულად ჩამეთვლებოდა. ეს ჩემს სინდისზეა, რა გაეწყობა... პოლკოვნიკ სახნოვს,
იქნებ, ხუთივე კონტინენტიც ეცოტავებოდეს, მაგრამ ჩვენი სამაზრო მასშტაბის დროებითი
სამსახურის მთელ სახელმწიფოში მუდმივ გამოსაყენებლად გადარგვა და კულტივირება
რომ კოშმარული შედეგებით დამთავრდება, ამის განჭვრეტას სინდისი სჭირდება,
უბრალო კეთილგონიერებაზე რომ აღარაფერი ვილაპარაკოთ. სახნოვს არც ერთი გააჩნია,
არც მეორე. როცა სახელმწიფო იძულებული ხდება, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან
ბრძოლაში ასეთი მეთოდები გამოიყენოს, ცხადია, რომ იგი უიმედო ავადმყოფია. სწორედ
ამის დამტკიცებას ცდილობენ იმპერიის მტრები. ამ დროს დგას ვიღაც კონკრეტული თუ
ზოგადი სახნოვი ვეება ლოდით ხელში და დაყუდებული ბერის შუბლზე ბუზის
დასკუპებას მოუთმენლად ელის. კიდევ ერთი რამ, გრაფ... თქვენ მასწავლეთ და
მოგეხსენებათ – არის კანონზომიერება, რომლის ძალითაც საქმე, დაწესებულება ან, თუ
გნებავთ, ადამიანებისგან შემდგარი სხვა რამ ორგანიზმი, თავისი არსებობის ერთ
მოულოდნელ საფეხურზე მორჩილების თვისებას კარგავს, მისი მართვა შეუძლებელი
ხდება იქამდე, სანამ დამბლის მიზეზი დადგინდებოდეს და მართვის ახალი მეთოდიკა
შემუშავდებოდეს. არაფერია, თუ საბაჟო სისტემის მართვის სადავეები აიშვებენ.
გამოუსწორებელი კატასტროფა არც იმას მოჰყვება, თუ საგადასახადო ან საბეგარო სისტემა
დროებით უარს იტყვის მორჩილებაზე, მაგრამ ჭორი ჯერ თავის თავშივეა ქაოსი, მერე
მისი გადაცემა–გავრცელებაა ნგრევისა და ქაოტური მოვლენების მთელი ღრუბელი და
მასებში გასული ჭორი ხომ ის უზარმაზარი ვულკანია, რომელიც არავინ იცის, საით და
როდის გაიფრქვევა. ახლა წარმოვიდგინოთ დღე, როდესაც ხმების გავრცელების
საიმპერიო სისტემა მორჩილების თვისებას დაკარგავს და ვიკითხოთ, რა გადაარჩენს
ამგვარ მდგომარეობაში ჩაყენებულ იმპერიას რღვევისა და ქიმიურ ელემენტებად
დაშლისგან?
– ხალხში ხმაა გავრცელებული, რუსთ ხელმწიფე ყოველდღე კატლეტებს მიირთმევსო, –
შევაწყვეტინე მე. – სასაცილოა? სრულიადაც არა, რადგან ამ ჭორის ამაფეთქებელი ძალის
სიდიდეა უცნობი. კატლეტების ვერსია ტახტის მემკვიდრეს არ შეუთხზავს, ტახტის
მტრებმა გამოიგონეს. ხომ უნდა მივმართოთ კონტრღონისძიებებს? უნდა მივმართოთ, და
ეს განა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი იმპერია, როგორც თქვენ ბრძანეთ, მუშნი, უიმედო
ავადმყოფია?
– არა, თქვენო ბრწყინვალებავ. ეგ ნიშნავს, რომ იმ ზომით არის ავადმყოფი, რა ზომითაც
ვიქნებით იძულებულნი, მივმართოთ მაგ მეთოდს პოლიტიკურ ბრძოლაში. ვართ
იძულებულნი? სრულიადაც არა!
იმპერია რომ ავადმყოფი იყო, ბევრს ესმოდა, მაგრამ ჩვენი სამსახურის კედლებში ამის
ლაპარაკი მკრეხელობად და სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა. მუშნი ზარანდიამ
თქმა გამიბედა. მე ვდუმდი, შენიშვნის მიცემაც არ დამიპირებია!.. ამას გარდა, ნათლად
ვხედავდი, ზარანდიას შესაძლებლობა რომ მისცემოდა, სახნოვის თაოსნობით მთელ
სახელმწიფოში დანერგილ ინფორმაციის სამსახურს ხელის ერთი მოსმით მოსპობდა.
– უკვე დაკანონებული ერთი ინსტიტუტის ლიკვიდაცია უფრო ძნელია, ვიდრე ხუთი
ახალი ინსტიტუტის შემოღება–დაკანონება. არსებულ ვითარებაში, ოფიციალური გზებით
და, კერძოდ, თქვენთვის ხმების გავრცელების სისტემის ლიკვიდაცია დაუძლეველ
ამოცანად მესახება.
ზარანდიამ დაინახა, რომ შესაძლებელ ომში ამხანაგად და თანამებრძოლად შეყოლას არ
ვაპირებდი, უკიდურესი განცვიფრება გამოხატა და მითხრა:
– გრაფ, თქვენ ვერ მიმიხვდით. მაგისთანა საქმეებში ჩარევა რა ჩემოდენა კაცის საქმეა!
– ხვალ პოლკოვნიკი სახნოვი ჩამოდის, მუშნი, – საუბრის თემა შევცვალე და რეაქციას
დაველოდე.
– ვიცი, გრაფ... – უდარდელად მითხრა ზარანდიამ.
პოლკოვნიკი სახნოვი თბილისს ჩამოვიდა და მის გარშემო მყისვე ისეთი ვითარება
შეიქმნა, რომ სიმართლის დადგენა თვით ეშმაკს გაუჭირდებოდა. ორსახოვანი
მოვლენების სამყაროში გადავსახლდი. თუკი რამ ხდებოდა – სტარინ–კოვალსკის
ტრაგიკული ეპიზოდის გარდა, – ყველაფერში ორი შინაარსი იდო, ორივე გონებამახვილი,
დამაჯერებელი, მაგრამ სრულიად სხვადასხვა, საპირისპირო ბუნებისა. ჩემი
გამოცდილებისა და ზარანდიას მუშაობის მეთოდების უაღრესი ცოდნის მიუხედავად,
არაერთგზისი ანალიზი და კარგა ხანი დამჭირდა, რომ იმ აბლაბუდაში გავრკვეულიყავი,
ნამდვილი ყალბისგან განმესხვავებინა. ზარანდია სახნოვს კაკანათების რთული სისტემით
დაუხვდა. ჭეშმარიტება თვალს მიფარებულ ვითარებაში იყო საძებნელი და არა გარეგნულ
ეფექტებში.
საძებნელი–მეთქი, ვამბობ იმიტომ, რომ ჩემი ეჭვები დადასტურდა: ზარანდია სახნოვის
საკითხებში, ჯერ იყო, ჩემთან შეუთანხმებლად მოქმედებდა და როცა ყველაფერი
გათავდა, სრული სიმართლე თავისი პირით არც მერე მითხრა. ზოგ რამეში დღესაც არა
ვარ დარწმუნებული, ეს ჭეშმარიტებაა–მეთქი, ბევრზე ვერაფერზე დავიჟინებ.
ზარანდიას უწინდელი თანამდებობა პოდპოლკოვნიკ კნიაზევს ეჭირა. მისი
განყოფილების კურატორი კვლავინდებურად სახნოვი იყო. კნიაზევი სახნოვს ჩვენთან
ერთად დაუხვდა სადგურში, სტუმრობაზე დაიყოლია და მეორე საღამოს პეტერბურგელი
უფროსის თბილისს მობრძანება და თავისი ახალი თანამდებობა ვახშმით აღნიშნა
ვახშამზე სახნოვს გვერდში მადმუაზელ დე ლამიე მიუსვეს! იგი კულაგინებმა მოიყვანეს,
რა თქმა უნდა, კნიაზევებთან წინასწარი შეთანხმებით. მათი მიწვევით სახნოვისა და
მადმუაზელ დე ლამიეს გაცნობა–დაახლოების პროცესს, უნებლიეთ, თავიდან ბოლომდე
ვადევნე თვალყური – ვესწრებოდი. თავს ხომ არ წავიყრუებდი, და სიმართლეს ვიტყვი,
არც ვცდილვარ, თვალი რისთვისმე ამერიდებინა. ის სამ–ოთხსაათიანი არშიყობა ჟანეტ დე
ლამიემ დიდი ცბიერებითა და უმაღლესი ხელოვნებით ჩაატარა. ვახშამი დამთავრდა;
სახნოვმა ჩემი ეტლით ჯერ კულაგინები მიაცილა სახლამდე და შემდეგ თავისი გულის
ვარდი, მეეტლის ნაამბობის თანახმად, პოლკოვნიკს, როგორც თვით ეტლში, ისე დე
ლამიეს სადარბაზოსთან, უკიდურესი აქტივობა გამოუჩენია. იგი კინაღამ ძალით შეჭრილა
ქალის ბინაში, მაგრამ ჟანეტ დე ლამიეს მტკიცე ხასიათი გამოუმჟღავნებია,
აცუნდრუკებული პოლკოვნიკი როგორღაც დაუმშვიდებია, სამი დღის შემდეგ
კულაგონების ოჯახში ვახშამზე შეხვედრა აღუთქვამს და ბუნდოვანი ავანსის ამარა
გაუსტუმრებია.
ამ ეპიზოდში ყველაფერი თავის ადგილზეა და ნორმალურად გამოიყურება. ეგ არის,
მანამდე ქალბატონი კნიაზევა მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიეს მხოლოდ მუშტრად
ერგებოდა... ამას გარდა, ესოდენ მნიშვნელოვანი პერსონის პატივსაცემად გამართულ
ვახშამზე და საიდუმლო პოლიციის მესვეურთა შორის კორსეტებით მოვაჭრე დიაცი,
მიუხედავად საკმაოდ რაფინირებული საქციელისა, ანსამბლიდან ამოვარდნილ მსახიობს
ჰგავდა. მე არც ის დამრჩენია გაუთვალისწინებელი, რომ დაეჭვება ჩემი პროფესიიდან
გამომდინარე მოვალეობა და თვისება იყო და მაინც ალღო არ მომეშვა, ზარანდიას ხელს
მკარნახობდა.
დილით მე მას პირდაპირ ვკითხე, წუხანდელი კომბინაცია რისთვის შეადგინეთ–მეთქი.
ზარანდიამ მხრები აიჩეჩა, მაგისი არაფერი ვიციო, ვახშმობის პერიპეტიები მაამბობინა და
თქვა:
– კარგია. ეგ ალიანსი, შეიძლება, რამეში გამოდგეს.
დასწყევლოს ღმერთმა, ისეთი ლაპარაკი იცოდა და ეს ფრაზაც ისე თქვა, რომ დავეჭვდი
კიდეც – იქნებ, მართლა არა იცის რა–მეთქი.
იმის მიხვედრას რა დიდი ჭკუა უნდოდა, რომ დე ლამიე სახნოვზე იყო მიჩენილი. რა თქმა
უნდა, მივხვდი, მაგრამ არც აქ მიმიღია რაიმე ზომები. ესე იგი, პირდაპირ და უყოყმანოდ
გავწირე დიდი თანამდებობის, მეფის ოჯახთან დაახლოებული პირი. ეს მხოლოდ იმას
ნიშნავდა, რომ ღირებულებათა გადაფასების ჟამი დამიდგა, შეთქმულების მონაწილედ
ვიქეცი და, ამასთან ერთად, ჩემი რწმენებისთვის ეს სრულიად უცხო, მიუღებელი,
დიამეტრალურად საწინააღმდეგო ვითარება იმჟამად არცთუ მაინცდამაინც მაღელვებდა.
ხელმძღვანელ მოხელეთა წრეებში იყო (ვგონებ, ამჟამადაც არის და, ალბათ, მომავალშიც
დარჩება) – ერთგვარი ტიპის მესვეურებზე ამბობდნენ – მებრძოლი კაციაო. ეს ტერმინია
და გულისხმობს ადამიანს, რომელსაც გამუდმებით აწვალებს რწმენა: «უკვე მიღწეული
სტატუს კვო, ჩემი ნიჭის შეურაცხყოფა თუ არა, ერთობ მცირე და სათაკილო შეფასება
არისო». აქედან გამომდინარე, აღზევებისთვის ბრძოლა ასეთი ადამიანების პერმანენტულ
მდგომარეობას წარმოადგენს. მებრძოლი კაცები ხშირად აღწევენ იმას, რომ გამჭრიახი,
ენერგიული პიროვნების რეპუტაციას იქმნიან, მაგრამ შემთხვევათა უმრავლესობაში
მოწყვეტილი ვარსკვლავის ხვედრს ინაწილებენ. ასეთი მაგალითები მრავლად მოიპოვება.
ამა თუ იმ პროცესისა თუ ვითარების ანალიზის დროს და განსჯილიდან დასკვნის
გამოტანაში შედეგისოდენა ძალა არც ერთ არგუმენტს არ გააჩნია. ამდენად, დამარცხებულ
მებრძოლ კაცებს, პირადად მე, შეზღუდულთა თუ ნაკლულთა რიცხვს უყოყმანოდ
ვაკუთვნებ ხოლმე. ნიჭიერ, სრულფასოვან მოიერიშეს იმის უნარი მაინც უნდა ჰქონდეს,
რომ მოწინააღმდეგის საკონტრიერიშო შესაძლებლობები სწორად შეაფასოს, – ბრძოლის
პროცესში სიფრთხილის ელემენტარული ნორმების დაცვის აუცილებლობაზე თუ აღარას
ვიტყვით, შეფასების უნარისა და, მით უმეტეს, სიფრთხილის უქონლობა, განა
შეზღუდულობას არ ნიშნავს?
სახნოვმა ცალკე მე, ცალკე მუშნი ზარანდიას, თუ ორთავეს ერთად, პირველმა
გადმოგვიგდო ხელთათმანი. მოველოდი, რომ თბილისში, ესე იგი, მოწინააღმდეგის
ბანაკში, გაფაციცებულს, თვით სიფრთხილედ ქცეულს ვნახავდი სწორედ პირიქით მოხდა:
თავი ისე დაიჭირა, ვითომ უკვე მოგუდული ვყავდით და პეტერბურგში მინისტრის თუ
არა, შეფის სავარძელი მაინც, დაბრუნებისთანავე ჰქონდა განაღდებული. მოწინააღმდეგის
ძალთა შეფასების ცოტაოდენი უნარი და მინიმალური სიფრთხილე რომ გამოეჩინა, იქნებ,
აღარც წაქცეულიყო...
პოლკოვნიკმა კულაგინების ვახშმამდე ვეღარ მოითმინა, ადიუტანტის ხელით
მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიეს ბარათი გაუგზავნა: კნიაზევებთან ყოფნისას უნიკალური
ხალიჩის თაობაზე რომ ელაპარაკეთ და აღმითქვით, მიგიყვანთ, გაჩვენებთ, თუ
მოგეწონებათ, შედარებით იაფადაც გაყიდვინებთო, სიტყვა სიტყვაა და დანაპირები
დღესვე უნდა შემისრულოთო. ჟანეტ დე ლამიემ დასტური შეუთვალა, მაგრამ
დაუყოვნებლივ კი არ იხმო – ხუთ საათზე მობრძანდითო, და ამას ზევით, სანამ ჩაცმა–
დახურვასა და გამოკეკლუცებას მორჩებოდა, კიდევ ერთი საათი თავისი ბინის სასტუმრო
ოთახში აყურყუტა შეყვარებული პოლკოვნიკი.
ადიუტანტის გაგზავნის შემდეგ, ანუ შუადღიდან მოკიდებული, საღამოს შვიდის
ნახევრამდე, სახნოვს ლოდინმა ამოჰხადა სული. ისღა ასულდგმულებდა, რომ ერთი
გასროლით ორ კურდღელს მოინადირებდა – სატრფოს ნახავდა, რაც თავისთავად
ხვაშიადის აღსრულების პერსპექტივა იყო, და, პეტერბურგელი კოლექციონერების
გულგასახეთქად, დიდი მოღულის ხალიჩასაც დაითრევდა.
ჰაჯი–სეიდმა პოლკოვნიკი სახნოვი და მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიე, რა თქმა უნდა,
პირადად მიიღო. ყავის მირთმევისა და მცირედი მუსაიფის შემდეგ დიდი მოღულის
ხალიჩა გაშალეს. ეფექტმა მოლოდინს გადააჭარბა. სახნოვი აფოფინდა, წონასწორობა
დაკარგა. სპარაპეტას მოპარული ნივთი ოცდაათ ათასად იქნა დაფასებული. პოლკოვნიკმა
ვაჭრობას მიჰყო ხელი, მაგრამ, როგორც გამოირკვა, მხოლოდ იმისთვის, რომ ამ საგანთან
ყოველნაირი ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა და, ამასთან ერთად,
სულიმწარედ უნდოდა, სერიოზული მყიდველისა და კოლექციონერის კომპეტენტურობა
გამოემჟღავნებინა, თორემ არც ოცდაათი ათასი ჰქონდა, თურმე, და არც ამ თანხის
მესამედი. ჰაჯი–სეიდმა ხუთი ათასი ჩამოაკლო, აქედან ფეხი აღარ მოიცვალა.
პოლკოვნიკმა თქვა, ხვალ მოვალ, მოლაპარაკება განვაგრძოთო, და უკიდურესად
აღრეულმა დატოვა ფირმა.
მართლაც საშინელ დღეში იყო პოლკოვნიკი: აქედან – ქალი, რომელიც, სახნოვის აზრით,
მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ხელიდან როგორმე დასხლტომოდა და წასულიყო.
იქიდან – დიდი მოღულის ხალიჩა, რომელიც მთელი თავისი გრანდიოზული
მიმზიდველობითა და სიმძიმით დააწვა კოლექციონერის აკაწკაწებულ საღერღელს...
მაგრამ სახნოვს პრიმიტივის ინსტინქტმა უკარნახა, – ორივე დარდის ერთი გასაღები ისევ
მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიესთან დაახლოებაში დევსო, თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ
გულის გადაყოლების საჭიროება იგრძნო. ასე იყო თუ ისე, მიჯნურებმა რესტორანში
მოიკალათეს.
იმ საღამომ, სახნოვის აზრით, თითქმის ფუჭად ჩაიარა, რადგან იგი ამურულ სიახლოვეს
ეძებდა, ხოლო ჟანეტ დე ლამიემ ამას გაამხანაგების, დაძმაკაცების ტაქტიკა
დაუპირისპირა. მართალია, პოლკოვნიკს იმ ღამეს არაფერი ერგო თავისი ქალბატონის
სახლამდე მიცილებისა და გამომშვიდობებისას ხელზე კოცნის მეტი, მაგრამ სასტუმროში
დაბრუნებულს ისეთი გრძნობა ეწვია, რომ კეთილის მსურველი და, იქნებ, ერთგული
მეგობარიც კი შეიძინა, ამასთან დაკავშირებით, მის სულში აკვარიუმის ოქროს თევზის
ფარფლივით შეირხა ბუნდოვანი სასოება. ეს მშვენიერი არსება, ბოლოს და ბოლოს, არა
მარტო სარეცლის განცხრომას მოუტანდა, არამედ დიდი მოღულის ხალიჩის საქმესაც
დააშველებდა თავის მადლიან ხელს... ზემოთქმული მეორე დღეს დილით თვით მუშნი
ზარანდიამ მაცნობა. ისიც დასძინა, რომ სახნოვისა და დე ლამიეს შეხვედრა დღესვე,
შუადღის ხანს კვლავ უნდა შემდგარიყო, მაგრამ აქაც ყველაფერზე დაიბანა ხელი, მე
არაფერ შუაში ვარო.
გამეცინა.
– თქვენო ბრწყინვალებავ, მე მხოლოდ შევქმენი გარემო, რომელშიც ადამიანები საგნებისა
და სიტუაციების მიმართ დამოკიდებულებებს თავისით აყალიბებენ. მიაქციეთ
ყურადღება, გრაფ, მე–მეთქი, ვამბობ, და არა ჩვენ. იმის თქმა მსურს, რომ შედეგებზე
მხოლოდ მე ვაგებ პასუხს, თუ საერთოდ იქნება რაიმეზე პასუხისგება საჭირო.
ახლა ის უნდა გამეანალიზებინა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო, რომ ზარანდიას
მხოლოდ მახეები დაეგო და მის ხელწაუშველებლად იმ “გარემოში” მოქმედ ადამიანებს,
სახელდობრ, ის ეკეთებინათ, რაც ზარანდიას ესაჭიროებოდა.
დასკვნა ასეთი მივიღე: ზარანდიას მხოლოდ ჟანეტ დე ლამიესგან შეეძლო სცოდნოდა, თუ
რა ხდებოდა. მაშასადამე, კონტაქტიც ჰქონდა მასთან. პრინციპში, გამორიცხული არ იყო,
რომ ზარანდია მხოლოდ ისმენდა და არავითარ მითითებებს არ აძლევდა ქალს. მაგრამ რა
აზრი უნდა ჰქონოდა ასეთ ურთიერთობას? თუკი ხელში ჩაიგდე მაშინ აკეთებინე კიდეც!
ზარანდია ის კაცი იყო, რომ ამოდენა შრომის ფასად შექმნილი ვითარება თვითდინებაზე
მიეშვა?..
მახსოვს, ამ ეპიზოდის გამო გავიფიქრე, რომ ზარანდიას სულ მცირე შეცდომას
საერთაშორისო სკანდალი შეიძლებოდა წარმოეშვა, მეფის ოჯახი გასვრისა და გალანძღვის
შესაძლებლობის წინაშე იდგა.
აქაც გაჩუმება ვარჩიე.
იმ საღამოს კულაგინებს ვახშმად უნდა ვწვეოდით. წინადღით, ოთხზე თუ ხუთზე,
ზარანდიამ დამირეკა, მოსვლის უფლება მთხოვა. მობრძანდით–მეთქი.
შემოვიდა და მითხრა:
– თქვენო ბრწყინვალებავ, პოლკოვნიკმა დიდი მოღულის ხალიჩა იყიდა. ოცდახუთი
ათასი მანეთის თამასუქი ჰაჯი–სეიდს მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიემ მისცა!
– რატომ მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიემ.
– სახნოვს ფული არ ჰქონდა, დე ლამიესგან ისესხა.
ის ახირებული ხალიჩა იმთავითვე ძარღვებს მიშლიდა. შემექმნა აზრი, რომ ზარანდია
ვეშაპს ბარჯით კი არა, სათამაშო მშვილდ–ისრით უპირებდა დაკოდვას...
– მუშნი, ნუთუ გგონიათ, რომ ნაქურდალი
სახნოვისთანა ძლიერ კაცს რამეს დააკლებს?
ხალიჩის
შესყიდვის ინკრიმინაცია
– არა მგონია! მაგით უბნის პოლიციელსაც კი ვერაფერს დააკლებს კაცი. სხვათა შორის,
არც მაქვს ამოცანად დასახული, სახნოვს რაიმე დავაკლო. პოლკოვნიკი თვითონ ებრძვის
თავის თავს.
– მაშინ, არ მესმის, რა უნდა მოიტანოს მაგ ხალიჩის გარშემო წამოწყებულმა ფაფხურმა!
– უკვე მოიტანა, გრაფ... – ზარანდიამ ფურცელი გამომიწოდა. – აი, ექსპერტიზის დასკვნაც
ხელწერის იგივეობაზე. ინებეთ.
ექსპერტიზის დასკვნის გამოსართმევად გაწვდილი ხელი ჰაერში გამიშეშდა – ფურცელს
ვეღარ მოვწყვიტე თვალი...
გონს მოვეგე, პირჯვარი გადავისახე, ექსპერტიზის დასკვნას ვეცი, გადავიკითხე; ეს
ინსტინქტური, ქვეცნობიერი ნაბიჯი იყო და ნიშნავდა იმას, რომ ჩემს არსებაში იმედის
ნაპერწკალმა იფეთქა, – იქნებ, არ არის მართალი, იქნებ, ნაყალბევია–მეთქი. ის, რაც
წაკითხვის შემდეგ განვიცადე, ჩემი თავშეკავებისა და თვითფლობის უნარს აღემატებოდა.
– შეუძლებელია!
ზარანდია სდუმდა.
აქღა გამიცნობიერდა სულის რომელიღაც კუნჭულში მიჩქმალული ქვეშეცნეული
აუცილებლობა, რომ, უპირველესად ყოვლისა, დამშვიდება იყო საჭირო. ავდექი, ცოტა
ხანს ვიარე, მაგიდას დავუბრუნდი, ისევ ჩაეიკითხე ტექსტი. გერმანულად ეწერა:
«მივიღე მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიესგან ოცდახუთი ათასი რუსული მანეთი.
პოლკოვნიკი სახნოვი» (თარიღი).
– ჟანდარმერიის პოლკოვნიკმა სახნოვმა, – ჩავილაპარაკე მცირედი დუმილის შემდეგ, –
შეფის მოადგილემ, საგანგებო საბჭოს წევრმა, დიდი მთავრის ნათლულმა მიიღო
ოცდახუთი ათასი რუსული
მანეთი ავსტრო–უნგრეთის ჯაშუშისგან – ფროილაინ ჟანეტ დე ლამიესგან... ღმერთო ჩემო!
ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! ეს სკანდალია, ეს მისი უდიდებულესობის საერთაშორისო
კომპრომეტაციაა!..
მუშნი საიდან გაქვთ ეს ხელწერილი?!
– ჰაჯი–სეიდმა გადმომცა.
– ჰაჯი–სეიდს რატომ უნდა ჰქონოდა ეს?
– მადმუაზელ დე ლამიე ინფორმაციის ვენაში გადასაგზავნად ჰაჯი–სეიდის არხებით
სარგებლობს...
– თავი დაანებეთ ზღაპრებს! თქვენი ინსპირირებულია ყველაფერი რაც სახნოვის გარშემო
ხდება!
– ეგრეც რომ იყოს, მე მაინც ისე უნდა ვილაპარაკო, როგორც ვლაპარაკობ. მაგრამ, გრაფ,
საინტერესო ის არის, რომ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ვლაპარაკობ.
– როგორ, თქვენ დე ლამიესთან პირადი კონტაქტი არ დაგიმყარებიათ?
– ჯერ არა, ზეგ, თქვენო ბრწყინვალებავ, პორუჩიკ სტარინ–კოვალსკისთან მისი
დაპირისპირების წინაღამეს დავამყარებ პირად კონტაქტს. ხვალინდელი დღე, უკეთ
ვთქვათ, კულაგინების ვახშამი მჭირდება. ეს საქმე, ყოველ მიზეზს გარეშე, თექვსმეტამდე
უნდა მორჩეს. ჩვიდმეტში პაემანი მაქვს სამეგრელოში, დათა თუთაშხიასთან...
– მომითმინეთ... საიდან იცით, თუ რა ხდება სახნოვსა და დე ლამიეს შორის, როცა ისინი
მარტონი არიან?
– ჰაჯი–სეიდისგან, თქვენო ბრწყინვალებავ, და ქალბატონ ტერეხოვასგან. ეს მანდილოსანი
მეტად ნიჭიერი აღმოჩნდა.
– ბატონო ზარანდია, მე მსურს და მოვალე ვარ, ვიცოდე ყველაფერი!
– თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენ იცით სწორედ იმდენი, რამდენიც მე. ეს უკვე მომხდარს
ეხება. ხოლო თუ რა არის მოსალოდნელი, ანუ ვარაუდით რა უნდა დაგვრჩეს ჯამის ხაზს
ქვეშ – მზად ვარ, მო–
გახსენოთ.
– ბრძანეთ... და უზღაპრებოდ თუ შეიძლება!
– გრაფ, – სიცილით მითხრა ზარანდიამ, – თქვენ სრული უფლება გაქვთ, დაეჭვდეთ ჩემს
სიმართლესა და გულახდილობაში, მაგრამ არავითარი საფუძველი არ გაგაჩნიათ, ეჭვი
შეიტანოთ ჩემს ერთგულებაში!..
– მუშნი, ადამიანები, ხშირად ხდება, მათგან მოულოდნელ თვისებებს ამჟღავნებენ ხოლმე.
განაგრძეთ!
ზარანდიამ თავი სინანულით დააქიცინა და თქვა:
– ლიკვიდირებული იქნება ავსტრო–უნგრეთის, ირანისა და თურქეთის საჯაშუშო
რეზიდენტურები და ქსელები. აღიკვეთება – ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც,
თურქთა პანისლამისტური მოქმედება ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენს დაზვერვას შეემატა
თითო გამოცდილი აგენტი ჟენევაში, თეირანში, რომში. სამსახურიდან გადადგება
პოლკოვნიკი სახნოვი და გადადგომის ნამდვილი მიზეზი ჩვენ ორის მეტს არავის
ეცოდინება. რეორგანიზებულ იქნება ან სრულიად გაუქმდება ხმების გავრცელების
სამსახური. დიდი მოღულის ხალიჩა პატრონს დაუბრუნდება და პოლკოენიკ გლებიჩს
დაენიშნება ახალი ადიუტანტი... მართალია, ჩემს ნათქვამში ზოგი რამ, ჯერჯერობით,
მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ეს ვარაუდი ფაქტად უნდა იქცეს, თორემ – თქვენ ჯვარი
გწერიათ და, – მე იქნებ, ციმბირშიც ამოვყო თავი, თუ ყარა–ისმაილმა და მოლებმა მეტეხის
ციხეშივე არ მოასწრეს ჩემი დახრჩობა! – ზარანდიამ გულიანად გაიცინა.
ჩემი მოადგილის სიტყვებში, თითქოს, ახალი არაფერი იყო, მაგრამ ამ სრულიად
ფანტასტიკურმა პერსპექტივამ მაინც გამაბრუა – ალბათ, იმიტომ, რომ ასე ერთად და
ყველაფერი ლამის სისრულეში მოყვანილი, მაშინ პირველად წარმოვიდგინე. ეს
გრანდიოზული რამ იყო!
ქალბატონი სალომე ბაზიერაშვილი–ოდიშარიასი. ბატონი შალვა ზარანდია
– მოგეხსენებათ, ჭორს და ახალ ამბავს რაც შეეხება, ამაში ქალები მამაკაცებზე
ცნობისმოყვარენი ვართ. დედათა მონასტერი ხომ – აბა, რა სათქმელია!.. დათა
თუთაშხიასი კი არა, ცხრა მთას იქითა ამბები ვიცოდით; დიდება შენდა, ღმერთო! ალბათ,
ისე მოვკვდები, ჭორის გავრცელების სისწრაფისას ვერაფერს გავიგებ. მონასტერში ჭორის
გამეორება ცოდვად გვეთვლებოდა და თვით ჩვენმა წინამძღვარმა კი სხვადასხვა ახალი
ამბავი მაინც ჩვენზე მეტი იცოდა, ამასთან, ჭორისა და სიმართლის გარჩევის დიდი ნიჭი
ჰქონდა. გვიყვარდა «... დიდება კაცთა, უფრო, ვიდრე დიდება ღმრთისა». იოანე,
თორმეტი, ორმოცდასამი.
ეფემია–წინამძღვარი მამაჩემის უფროსი და გახლდათ, ესე იგი, ბაზიერაშვილის ქალი იყო,
დედა თუთაშხია ჰყავდა – ამათი მოგვარე და არა ნათესავი; საიდან და როგორ – არ ვიცი,
მაგრამ დათა თუთაშხიასთან დიდი ახლობლობა და მეგობრობა ჰქონდა ეფემია–
წინამძღვარს. მე მის მონასტერში იმისთვის ამოვყავი თავი, რომ თოთხმეტი წლის ასაკში
თავდავიწყებული სიყვარული მეწვია – მშობლებმა ცოდვას გამომარიდეს. მამიდაჩემმა
ეფემიამ ერთ წელიწადს მიყურა, რატომღაც დაასკვნა, რომ მომავალში წინამძღერად
გამოვდგებოდი და საგანგებო წვრთნა დამიწყო. მეხსიერება კარგი მქონდა, ოთხივე
სახარება და ძველი აღთქმის საგრძნობი ნაწილი ადვილად გავიზეპირე; თან იმ სიბრძნესაც
მიზიარებდა, ასი თუ მეტი განწირული დედაკაცი მორჩილებაში და ღვთისმოსაობაში რა
საშუალებებით უნდა მყოლოდა. მაგრამ სასულიერო მოღვაწეობისკენ არავითარი
მიდრეკილება არ მქონდა. იმხანად ოცი წლის მხიარული გოგო ვიყავი, სიცილ–კისკისსა
და მასხრობაში გამყავდა დღეები. საცოდავი მამიდაჩემი – აღმზრდელი და მენტორი –
ჩუმ–ჩუმად დაცინვისა და, რაღა დასამალია, პატარა, უბოროტო ეშმაკობების საგნად
მყავდა. ყურთ აკლდა და ცხოვრებას ესაც მიადვილებდა. დიდად განათლებული ქალი
გახლდათ ეფემია–წინამძღვარი – ფრანგულ, ინგლისურსა და რუსულ ენებს ერთნაირ
კარგად ფლობდა და მეც მასწავლიდა. მონასტერში საერო ლიტერატურის შენახვა
აკრძალული გვქონდა. ამიტომ წინამძღვარი უცხოურსა თუ რუსულ ჟურნალ–გაზეთებს
მაგალი ზარანდიას მისამართით იწერდა და ქართულს ხომ წაუკითხავს არაფერს
დასტოვებდა.
ერთ ზამთრის ღამეს, – ასე, თერთმეტი საათი იქნებოდა, – ეფემიას სენაკის კარს ვიღაცამ
მიაკაკუნა. წინამძღვარი პირველზე ადრე არ იძინებდა. გააღო. ზღურბლზე რაღაც
ჩურჩული იყო. მეკარის ხმა ვიცანი. იჩურჩულეს, მეკარე წავიდა, ეფემია ჩემთან შემოვიდა
და მითხრა, – თბილად ჩაიცვი, მივდივართო.
მონასტრის ჭიშკარს იქით შალვა ზარანდია გველოდებოდა, ფარანი ჰქონდა. სანამ ტალახ–
ტალახ სოფელში ჩავედით, სანამ ზარანდიების კიბეებთან ფეხსამოსი დავიფხიკეთ – კაი
ერთი საათი გავიდა...
– ეფემია–წინამძღვარს მაგალი–მამაჩვენისთვის ნათქვამი ჰქონდა, – დათა რომ მოვიდეს,
შალვა აფრინე, გამაგებინე, აუცილებელი საქმე მაქვსო. მოვიდა ერთ ღამეს დათა და
მაგალიმ გადასცა ეფემია–წინამძღვრის სურვილი. გაიცინა დათამ, გაიქნ–გამოიქნია თავი
და მითხრა, – წადი, შეატყობინეო. სანამდი მე ისინი მოვიყვანე, დათა უკვე დაბანილ–
დავარცხნილი იჯდა ბუხართან, ლობიოს ქოთანს ნაკვერჩხალს უმარჯვებდა...
– ოთახში შევედით და მაშინღა მივხვდი, რომ ჩვენი მოულოდნელი წამოსვლის მიზეზი ის
შავხალათა, ყავისფერპაჭიჭებიანი, წუღა–მესტში გამოწყობილი კაცი იყო, რომელსაც
მამიდაჩემმა ხელი გაუწოდა. დამხვდური ეფემია–წინამძღვარს ხელზე ემთხვია, მე
ღიმილით დამიკრა თავი და მასპინძლებმა სუფრასთან მიგვიწვიეს. დიდი მარხვა იყო, ეს
ვახშამსაც ეტყობოდა. შავხალათა დამხვდური დათა თუთაშხია აღმოჩნდა. საშუალო
სილამაზის მამაკაცი იყო, მაგრამ საოცრად წარმოსადეგი და ახოვანი. ეფემიას დადგენილი
საერთო წესის თანახმად, მე ერთთავად თვალებდახრილი უნდა ვმჯდარიყაეი,
მამაკაცისთვის არ უნდა შემეხედა, მაგრამ იქ გულმა ვეღარ მომითმინა, წარამარა დათა
თუთაშხიასკენ ვაცეცებდი თვალებს. ეფემიას კიდევ ერთი ძირითადი წესი იმაში
მდგომარეობდა, რომ მის გვერდით, ხელმარცხნივ უნდა ვყოფილიყავი – ფეხზე თუ
მჯდომარე, სულ ერთია, – მისი საუბრისთვის გულდასმით უნდა მეგდო ყური – ქალთან
იქნებოდა თუ მამაკაცთან – და როცა ეფემია ხელის მტევანს შემართავდა, იმავ წამს,
დაუყოვნებლად, უნდა მეთქვა სახარების ის ნაწყვეტი, რომელიც მის შეხედულებასა თუ
მტკიცებას კვერს დაუკრავდა. ჩვენს წინამძღვარს სუსტი სმენა ჰქონდა, ეს უკვე ვთქვი,
მაგრამ თუ ტუჩებში შემომცქეროდა – ყველაფერი ზუსტად და უცდომლად ესმოდა.
ამიტომ ნაწყვეტების წარმოთქმაში სიცრუე მხოლოდ იმ შემთხვევაში შემრჩებოდა ხოლმე,
თუ ეფემია საითმე სხვა მხარეს იყურებოდა. იყო კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც მე და
ჩემი აღმზრდელი განუწყვეტელი ომის მდგომარეობაში ვყავდით. საქმე ის არის, რომ მე
ჩემი მენტორის დასკვნებსა და შეხედულებებს იშვიათად ვიზიარებდი და ამიტომ მისი
ხელის შემართვა სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ უეჭველად მისთვის საჭირო და
გამოსადეგ ნაწყვეტს ვიტყოდი. პირიქით, უფრო ხშირად საწინააღმდეგო შინაარსის
ნაწყვეტი მომყავდა, რაც წინამძღვრის მძაფრ შენიშვნებსა და გულისწყრომას იწვევდა.
წარბებს აპრეხდა თვალს თვალში გამიყრიდა და მეტყოდა ხოლმე:
– ამ ხნის ადამიანს!.. – დანარჩენი იგულისხმებოდა და ისიც უნდა ვთქვა, რომ მის
შენიშვნებს საომარ ვითარებაში არსებითი ცვლილებები,ვერ შეჰქონდა.
დათა თუთაშხიასი მე ყველაფერი და კიდევ მეტი ვიცოდი – თავად ვავსებდი ხარვეზებს.
ჩემი ცოდნა მარტო მონასტრული ჭორ–ამბავისგან როდი შედგებოდა. თვით ეფემია–
წინამძღვარიც მანათლებდა ამ მხრივ: ხშირად დათა თუთაშხიას რომელიმე საქციელის
მაგალითზე მიმარტავდა ადამიანის ავ–კარგს და ხანდახან – ალბათ, ჩემს გასაგონად –
თავის თავს ესაუბრებოდა ხოლმე ამ თემაზე. ყოველივე ამან, ჯერ კიდევ იმ წლებში
მაფიქრებინა, რომ ის კაცი ეფემია–წინამძღვრისთვის მხოლოდღა აბრაგი არ უნდა
ყოფილიყო – რა თქმა უნდა, ჩემთვის ერთობ შორეულსა და უღრან წარსულში. ჩვენი
წინამძღვარი გამუდმებით წერდა რაღაცას. ეს ნაწერები ერთადერთი რამ იყო, რაზეც
თვალი ვერ მიწვდებოდა – კარადაში ინახავდა ნაწერებს, სამი თუ ოთხი საკეტურით
აღჭურვილ კარადაში.
– ეფემია–წინამძღვარი, ქალბატონო სალომე, კაი ათი წლით იყო დათაზე უფროსი. ძნელი
წარმოსადგენია, მათ შორის ტრფობა და სიყვარული ყოფილიყო როდისმე...
– არ ვიცი, ეგ ჩემთვის დღემდე გაუგებარი რამ არის, მაგრამ დიდი და რაღაც თავისებური
სიყვარული რომ ჰქონდათ ერთმანეთისა, ეს უდავო მგონია... ასეა თუ ისე, ვსხედვართ –
თამარ და მაგალი ზარანდიები, დათა თუთაშხია, აი, შალვა და მე – ჩაის ვსვამთ. მიიწურა
უქმი სალაპარაკო, პატარა ხანს სიჩუმე იყო და ეფემია–წინამძღვარმა დათა თუთაშხიას
მიმართა:
– უსამართლო ცხოვრებას ეწევი დათა!.. ადამიანის ცოდვებს ღმრთის რისხვა მოსდევს და
აკი არც აკლია განსაცდელი კაცთა მოდგმას საერთოდ და საკუთრივ შენი ცოდვების
გამოისობით – ერს, აქ და დღეს. – ეფემიამ მარცხენა ხელი ცისკენ აღაპყრო და ჩემი ჯერი
მოდგა.
– “ყოველმან ხემან! რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა
დაედვას” მათე, სამი, ათი, – მაგრამ ეფემიამ ეს კარგად გაიგონა თვალებში შემომაცქერდა
და მრისხანედ მკითხა:
– რას გულისხმობ, მხევაღიო?!
– “რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს
თავი თვისი, ამაღლდეს”. ლუკა, თოთხმეტი, თერთმეტი, – ვთქვი, რაც ენაზე მომადგა.
ეფემია–წინამძღვარი დაფიქრდა, ეჭვის თვალი მომაბჯინა და თქვა:
– საამშემთხვეოდ ითქმის: “გიყუარდეთ მტერნი თქვენნი და კეთილსა უყოფდით
მოძულეთა თქვენთა”... – ლუკა, ექვსი, ოცდაშვიდი, – ჩავაკერე და ეფემიამ კიდევ
წარმოთქვა:
– “რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ...”
– მარკოზი, ოთხი, ოცდაოთხი! – დავაყოლე უმალ და წინამძღვარმა თავი ჩააქიცინა.
– ყველაფერი ღმრთისგან არის.! – თქვა დათა თუთაშხიამ. ეფემია–წინამძღვარმა დაცინვად
მიიღო ეს და უმალ მოუჭრა:
– არა! ბოსტანი უნდა იმარგლებოდესო, ამ ბოლო წლებში რომ აგიხირებია, ეგ სატანისგან
არის. ბოროტების დათრგუნვა განგიზრახავს, მაგრამ იგი ბოროტებითვე ვერ
დაითრგუნება. როცა ძალადობას ძალადობითვე სპობ, მართალია, ერთ ბოროტებას
ანადგურებ, მაგრამ იმავე ადგილზე რამდენიმე ახალი აღმოცენდება ხოლმე. შენ ამას ვერ
ხედავ ან დანახვა არა გსურს! – ეფემიამ ხელი ისევ შემართა და ყურება დამი ყო.
რაღას ვიზამდი, მიმინოსავით შემომცქეროდა.–
– “წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს, ხოლო თქვენ ჰყავთ იგი ქვაბ ავაზაკთა”
ლუკა, ცხრამეტი, ორმოცდაექვსი. – ეფემიამ თვალი მომაშორა და იქვე ჩავაბულბულე:
“რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ
ჯერ–არს ესე ყოფად” მარკოზი, ცამეტი, შვიდი.
მაგალი ზარანდიამ თავი ვეღარ შეიკავა, გაიცინა. ეფემიამ ისევ ეჭვის თვალით გამოიხედა.
– ბოდიშს ვიხდი, დედაო, – იმავ წამს სახე იცვალა მაგალი ზარანდიამ. – გამიკვირდა, ასე
პატარა გოგომ მშვენივრად რომ იცის სახარება.
– მონა ღმრთისა მხევალი! გოგონა არ არის ეგ, – მკაცრად განმარტა წინამძღვარმა და
დათას მიუბრუნდა: – არ არსებობს მიზანი, რომლისთვისაც იმდენი ცოდვის ჩადენა იყოს
გამართლებული, რამდენიც შენ იტვირთე, ვერც ისე ვიფიქრებ, ვითომ შენი ნამოქმედარის
შედეგებისა არა იცოდე რა. ბეჩუნი პერტიასთან რომ მოგიხელთა ქილიამ და ალყა
შემოგარტყა, მაშინ შენმა ამხანაგებმა ყურუას ბიჭები მძევლებად წაიყვანეს. უმცროსი ბიჭი
ჭკუიდან გადაცდა და დღესაც გიჟია, საცოდავი, – ეფემიამ პირჯვარი გადაისახა, – ყურუას
სახით ბოროტება უნდა დაითრგუნოს? ყურუას შვილმა ვის რა დაუშავა? ხაშურში
ყანდურს შეუვარდით, საკუთარ თონეში საკუთარ დამქაშებს ბურღულ–ღერღილით
დაამარხვინეთ – ვითომ სასაცილოა, არა? არ არის სასაცილო! ყანდურმა, ის დასტურიძე
იყო თუ ვიღაცა, თონეშივე დაახრჩო და თქვენ გადაგაბრალათ. ამილახვრის მოურავი
დღესაც ციხეში ზის, ვერ ამტკიცებს, რომ მისი მიგზავნილები არ იყავით. ვითომ, ბოროტ
კაცსა სძლიეთ და, აგერა, იმავ ადგილზე რამდენმა ბოროტებამ ამოხეთქა! რომელი ერთი
მოვთვალო შენი ნამოქმედარი და ცოდვები. რაც მაგაებს ხელი მოჰკიდე, საქართველოში
შენი სახელით რამდენი ბოროტება მოხდა – ვინ მოთვლის?! არა ის მაინც რა იყო,
თორდუას რომ ქაცარია მოაკვლევინე. იძახა თორდუამ, როგორც დაარიგე, – მე არა, დათა
თუთაშხიამ მოკლაო, მაგრამ არ დაუჯერეს და აკი კატორღაშიც ამოყო თავი...
– ქაცარიამ ცოლი გაუუპატიურა თორდუას, მის თვალწინ ჩაიდინა ეს! გასაკვირია, რომ
მოკლა? – ჩაურთო თუთაშხიამ.
– შენ შეიპყარი ის ყაჩაღი და მოძალადე ქაცარია, შენ მიუყვანე ფაცხაში თორდუას და
იარაღიც შენი იყო. ეგ რომ არ გექნა, ცოდვილ დედამიწაზე ერთი მკვლელობით ნაკლები
იქნებოდა, ოთხი ობლით ნაკლები ეყოლებოდა ღმერთსა და ის უბედური თორდუაც
თავის ოჯახში იქნებოდა, თავის ცოლ–შვილთან და თავის მიწა–წყალზე. ვითომ,
ბოროტება დათრგუნე, არა? მოკვდავი ხარ, ეგრე ცხოვრების ნება შენთვის არავის მოუცია.
“არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა?” ამის უფლება მხოლოდ მესიებს
აქვთ...
– მათე, ათი, ოცდათოთხმეტი, – ჩავაკერე მარდად და ეფემია–წინამძღვარმა განაგრძო:
– მხოლოდ მესიებს! ისიც მაშინ, თუ საამისოდ ვითარება არის მომწიფებული და არა
ყოველთვის, – ეფემია–წინამძღვარმა ხელი შემართა.
– “მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმრთისა ღმერთსა” ლუკა, ოცი, ოცდახუთი –
ჩავაბულბულე და უფრო მაღალ ხმაზე ვთქვი: – “რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე
ვალნ” იოანე, თორმეტი, ოცდათხუთმეტი.
ეფემია–წინამძღვარმა ორივე ნაწყვეტი გაიგონა და არა უთქვამს რა. მაშინ მივხვდი და
შემდგომში სავსებით დავრწმუნდი, რომ ჩემი მენტორი თანდათან თავადაც დაინტერესდა
“სახარების თამაშით”.
იმით დავრწმუნდი, რომ ერთხელ თავისი შეხედულების დამადასტურებელი ნაწყვეტი
მათქმევინა და იქვე მიბრძანა: – აბა, მაგისი საწინააღმდეგოცა თქვიო. ვთქვი და დიდხანს
იფიქრა. მერე მითხრა – ეგენი ეშმაკეულისგან გაქვსო.
– დიდი ცოდვები გაწევს, დათა, დიდი და მრავალრიცხოვანი, – განაგრძობდა ეფემია–
წინამძღვარი. – სანამ ჩემს მთავარ სათქმელს გეტყოდე, მინდა გავერკვე, საიდან შემოგიარა
სატანამ, რა გზითა და ბზარით შემოაღწია შენს სულში და როგორ განაგდო შენგან სიკეთის
მადლი. თქვი რისთვის სჩადი მაგას?!
– გაუგებარია? – იკითხა დათა თუთაშხიამ და თვალი მოგვავლო.
– ფრიად! – მიუგო ეფემია–წინამძღვარმა
დათა თუთაშხიამ პატარა ხანს იფიქრა და მაგალი ზარანდიას ჰკითხა:
– თქვენთვისაც გაუგებარია, ბაბა?
მაგალი ზარანდიამ ჯერ დუმილი არჩია და როცა სიჩუმემ დიდხანს გასტანა, ხმადაბლა
ჩაილაპარაკა:
– ვიცი ეგე, მარა...
– რა იცი? , შეუტია წინამძღვარმა.
– რისთვისაც აკეთებს იმას ეს!
– რისთვის!
– არ შეუძლია სხვაფრად და მისთვის.
– ეგ ლაპარაკი არ გამოდგება! სხვაფრივ რომ არ შეუძლია – ეგ მიზეზია. მე მიზანს
ვკითხულობ... თუმცა, ისიც მაინტერესებს, სხვაფრივ რატომ არ შეუძლია.
– ეკლესია, დედაო, რისთვის ქადაგებს.– “ნუ კაც ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილს სწამებ, ნუ
დააკლებ კეთილის ყოფად, პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა”? – იკითხა მაგალი
ზარანდიამ და მე მის ნათქვამს დავძინე:
– მარკოზი, ათი, ცხრამეტი.
– სიმტკიცისთვის ზნეობისა, აღზევებისთვის სიყვარულისა, დათრგუნვისთვის ბოროტის
საწყისისა ადამიანში, – მიუგო ეფემიამ.
– რა საჭიროა ეგ? – უმალ ჰკითხა დათა თუთაშხიამ.
– ბოროტი კაცი ერის მტერია, მისი განმარღვეველი, დამაკნინებელი ძალაა. კეთილი კაცი
ერის შემწეა, მისი აღმაზევებელი, გამამთლიანებელი ძალაა. უკეთურისგან ერისა და
სამშობლოს სიყვარულს ნუ მოელი. მისი გული ხარბია და სული თავკერძი. მაღალი
ზნეობის კაცი ერისა სამშობლოსი და მოყვასისთვის იღვაწებს უპირველესად და, თუ
საჭირო გახდა, მსხვერპლადაც მივა. ამისთეის არის საჭირო! – თქვა ეფემია.წინამძღეარმა.
– თქვენ რაც ბრძანეთ, დედაო, იქიდან ისე გამოდის, ვითომ მამულიშვილობა და
სამშობლოსთვის თავდადება მაღალი და უმაღლესი ზნეობის კაცთა ხვედრი იყოს
მხოლოდ. – თქვა მაგალი ზარანდიამ. – ხომ აკლავენ მამულისთვის მტერს თავს დაბალი
ზნეობის ადამიანებიც?
– მათ მიერეკებიან, ისინი სასჯელის ან ზურგიდან სიკვდილის შიშით იხოცებიან! – მიუგო
ეფემიამ ხელი შემართა და ვინაიდან მე ამ საკითხში ჩაუხედავი გახლდით, რაც
მეხსიერებამ დაუყოვნებლივ მომაწოდა, ისა ვთქვი:
– “რავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ” ლუკა, თოთხმეტი, ოცდაოთხი.
– მძაფრა, დასჯით, დედაო, – მიუგო მაგალი ზარანდიამ. – ასე აჯობებდა, მგონია,
სათქმელად: თავისი ქვეყნის შვილია ის კაციც; მოთხოვა სამშობლომ ვალის აღსრულება
და შეაკვდა მტერს.
– ერი და მამული! – ჩაილაპარაკა დათა თუთაშხიამ და თამარ ზაანდიას ჰკითხა: – როგორ
გვასწავლიდი დედა, შენ?
თამარმა დააყოვნა და თავისთვის თქვა:
– “სანამ იტყოდე რამეს, სანამ გადადგამდე ნაბიჯს – იფიქრე, თუ გამოადგება ის ერს,
მამულს, მოყვასს”–თქვა. ასე გასწავლიდით, შვილო, ასე გვასწავლიდა მამაჩვენი ჩვენ და
ჩვენი მოდგმის ყველა მამა
და პაპა თავის შვილებს.
– მიზეზიც არის ნათქვამი და მიზანიც! – დაასკვნა მაგალი ზარანდიამ.
– სხვა მიზეზი და სხვა მიზანი არ მქონია არასდროს მე, – თქვა დათა თუთაშხიამ. – მარტო
ქადაგება ვეღარაფერს ხდება, ხედავთ ამას თქვენ. წაიბილწა ერი. ძალაა საჭირო, “შიში
შეიქმს სიყვარულსა”, შიში! ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო სიკეთე არ
კმაროდა არასდროს...
– “რამეთუ უმჯობეს არს ჩვენდა, რათა ერთი კაცი მოკუდეს ერისათვის, და არა ყოველი
ნათესავი წარწყმდეს!” იოანე, თერთმეტი, ორმოცდაათი, – ჩავილაპარაკე, მაგრამ
წინამძღვარმა გაიგონა და თქვა:
– “ეშმაკეულ არს და ცბის!” – ეს, მგონი, დათა თუთაშხიას და მე, ორთავეს გვეხებოდა.
– იოანე, ათი, ოცი. – აღვნიშნე სასწრაფოდ, მაგრამ ჩემი მენტორის გამომეტყველების
მიხედვით, ხვალინდელი დღე მშიერი ვიქნებოდი, ეს ნამდვილი იყო, თუ სასჯელად
უარესს რასმე არ მომიგონებდა.
– ახლა... არ მგონია, მთლად ისე იყოს, დედა–ეფემია რომ ბრძანებს, მარა ერთია საეჭვო... –
უთხრა მაგალიმ დათა თუთაშხიას, ცოტა შეიცადა და განაგრძო: – რასაც შენ აკეთებ,
ბოროტების დასათრგუნად აკეთებ, ასე ჩანს მაგ საქმე. არ გამოდის ეგ, შენი მოქმედებით
ერში ძალადობა მრავლდება უფრო და რომ გინდა, იმის საწინააღმდეგო შედეგი მოაქვს...
თუ გამიგე, რას ვლაპარაკობ... ერთი რომ იყო, ხუთი ბოროტება ამოვიდა იმ ადგილზე და
უფრო გაიხრწნა ერის ზნეობა. უკუღმა გამოდის ყველაფერი!..
– არ არის სხვა გზა და საშველი. ნასინჯია ყველაფერი უკვე, – მტკიცედ, თითქოს ჯიბრით
თქვა დათა თუთაშხიამ.
– არის! – თუთაშხიასეული ჯიბრითვე ბრძანა წინამძღვარმა.
– სად, როგორ და რაშია?! – იკითხა დათამ.
– სათნოებაში, ცოდვილო, სათნოებაში!
დათა თუთაშხიამ ხმით გაიცინა:
– რა არის, დედაო, სათნოება.
– სათნოება?.. საშუალო ნამეტნაობასა და უკმარისობას შორის, უსამართლოდ მოხვეჭასა
და უმართებულოდ მიცემას შორის. როცა ძლიერება განშორებულია სიმართლესა და
სიბრძნეს – იქ სათნოება არ არის. შენ უკიდურესობების კაცი ხარ და სათნოება კი
ზომიერებაა. გესმის?! – განმარტა ეფემია–წინამძღვარმა
– ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ხალხში ზომიერებისა და სათნოების გზით მამულისთვის
სამსახური? შეუძლებელია! – წყნარად მიუგო დათა თუთაშხიამ.
– მაშინ ისეთ ქვეყანაში უნდა გადაბარგდე, სადაც ეგ შესაძლებელია!
– სად არის, ნეტავი, მაგისთანა ქვეყანა, დედაო!
– დიდი ცოდვები გაწევს, დათა, და შენ ის კაცი არა ხარ, რომ შენს ნამოქმედარზე ხელი
ჩაიქნიო, ყველაფერი მიივიწყო და უდარდელად გალიო შენი წილი წუთისოფელი.
დაიტანჯები, სინდისის ქენჯნა მოგკლავს, სული ცოდვების მონანიებას მოგთხოვს, უნდა
ეწამო! – წინამძღვარმა ამ სიტყვას რაღაც განსაკუთრებული აზრი ამოაყოლა. დათა
თუთაშხია თითქოს მიხვდა, რასაც გულისხმობდა მისი თანამოსაუბრე, წამოიწია, სახეზე
ცნობისმოყვარეობა, ინტერესი აუთამაშდა. – ქართველ ხალხს ჰყოლია კაცები, ვისაც
ცხოვრებამ, საჭიროებამ ძალმომრეობა დააკისრა და თავისი ცოდვების მოუნანიებლად
დაიხოცნენ. ხალხმა დაივიწყა ისინი. იყვნენ ისეთებიც, ვინც თავისი ნამოქმედარის
ბოროტება შეიგნო და ნებაყოფლობით ეწამა. ამით იმ კაცებმა საკუთარი სიცოცხლის წრე
შეჰკრეს, თავის არსებობას დასრულებული სახე მისცეს! ავად ნაღვაწი – სიკეთის,
მარტვილობის შარავანდედით შემოსეს და დღეს ისინი ხალხს სათაყვანებელ კერპებად
ჰყავს, თუნდ სიკეთისთვის, ერისავე კეთილდღეობისთვის ჩადენილი, მაგრამ
ძალმომრეობა – მხოლოდ მაშინ ჰპოვებს გამართლებას ხალხის გონებაში, თუ იგი
მოწამებრივი სინანულით დაგვირგვინდება.
– რას მირჩევ, დედაო ეფემია? – ეშმაკური ღიმილით ჰკითხა დათა თუთაშხიამ.
არასოდეს მენახა შემცბარი ეფემია–წინამძღვარი. მოსალოდნელი იყო, რომ იგი, როგორც
ყოველთვის, ყველას და ყველაფრის გამო დაურიდებლად, უყოყმანოდ ეტყოდა სათქმელს,
მაგრამ ასე არ მოხდა. წინამძღვარმა თავი ჩაღუნა, კალთას ჩააცქერდა და ჩაილაპარაკა:
– ნიჭიერი კაცი ხარ, დათა. შენისთანა კაცების მცირე შეცდომაც კი ძალიან ძვირად
უჯდება ერს. უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, როცა მას მაღალი ზნეობა და ღმრთის
მოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა
აქვს. ერისკაცობა აღარ შეიძლება შენი, უნდა აღიკვეცო... ბერად!.. მე მოგიხერხებ, რუსეთის
ერთ–ერთ მონასტერში სხვა გვარით მიგიღებენ...
სიჩუმე ჩამოდგა. თამარ ზარანდიამ წინდის ჩხირებს თავი მიანება, თავჩაქინდრულ
წინამძღვარს მიაჩერდა. შალვა შეშინებული თვალებით შეჰყურებდა დათა თუთაშხიას,
ვაითუ დათანხმდეს და მართლა ბერად შედგესო. მაგალი ზარანდია ოდნავ მღიმარი
თვალებით ათვალიერებდა დათას და წინასწარ იცოდა, რომ ეფემია–წინამძღვარმა
შეუძლებელი მისთავაზა. მე დრო ვიხელთე, დათა თუთაშხიას ცისფერ თვალებსა და
განიერ გულ–მკერდს აშკარად უშიშრად მივჩერებოდი. თვით დათა კი სუფრას
დაჰყურებდა და წყვდიადივით სდუმდა.
ეფემია–წინამძღვარმა ანაზდად გუნება იცვალა, თავი ასწია, მიმინოს თვალები დათა
თუთაშხიას მიაბჯინა და ჩეეული სიმტკიცით თქვა:
– შენ საკუთარი ერისა და მამულის მტრად იქეცი. დარწმუნებული ვარ, ხედავ კიდეც, რომ
ეს ასეა, მაგრამ მაინც შენსას სჩადი, რადგან არ ძალგიძს გულხელდაკრეფილი იჯდე.
ისეთი ბუნების კაცი ხარ, რაიმე უნდა აკეთო, აუცილებლად უნდა აკეთო რაიმე! რა? ეს
ამჟამად არ იცი და ვერც გაიგებ, სანამ საკუთარ სულში არ ჩაღრმავდები, სანამ ახალი
შთაბეჭდილებებისა და ცოდნის ნაკადი არ შემოიჭრება შენს გონებაში... მონასტერი,
ლოცვა, მონანიება, ფიქრი, ჭეშმარიტების ძიება და მიგნება – სხვა გზა არა გაქვს! – ეფემიამ
ხელი შემართა.
– “არავინ შთაასხის ღვინო ახალი თხიერთა ძველთა, რათა არა განხეთქნეს ღვინომან
ახალმან თხიერნი იგი, და ღვინო დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ” ლუკა, ხუთი,
ოცდაჩვიდმეტი, – თამამად და დამარცვლულად ვთქვი, ან დასარიდალი რაღა იყო, როცა
ხვალინდელი შიმშილი განაღდებული მქონდა.
მენტორმა გამომხედა და, ჩემდა მოულოდნელად, ისეთი სიხარულით შემომღიმა,
თითქოს, მადლობას მეუბნებოდა, რომ მისი მოსაზრების საწინააღმდეგო ნაწყვეტი ასე
მარდად და კარგი გამოთქმით
მოვიტანე.
– კაი, დედაო, ვიფიქრებ მაგაზე მე, – ღიმილითვე უთხრა დათა თუთაშხიამ ეფემიას და
საუბარი ამ თემას აღარ დაბრუნებია.
ამის მერე წელიწადი თუ მეტი იყო გასული წინამძღვარს ვკითხე:
– აღიკვეცება დათა თუთაშხია?
– არასოდეს!
– დროთა განმავლობაში მიხვდი მაგას?
– სანამ ვურჩევდი, იქამდე ვიცოდი.
– რატომღა ეუბნებოდი?–
– ვალი მოვიხადე, ვალი – ღმრთის წინაშე და ვალი – თვით დათას წინაშე! მეშინოდა,
მოკლავდნენ. ეხლაც მეშინია, – ეფემიამ ხელი ასწია.
– “მელთა ხვრელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქვს,
სადა თავი მიიღრიკოს!” ლუკა, ცხრა, ორმოცდათვრამეტი, – ვთქვი და ეფემიამ პირჯვარი
გადაისახა.
ერთადერთხელ ვნახე ჩვენი წინამძღვრის მკაცრ ღაწვებზე ცრემლი.
– გათენებას არ უკლდა ბევრი, ფარანი რომ ავანთე და ეფემია–წინამძღვარს და ქალბატონ
სალომეს რომ გავყევი მონასტრამდე. მახსოვს კარგად და, აგერ, ქალბატონი სალომეც
დამემოწმება, ნამეტანი დაფიქრებული იყო დათა მთელ ღამეს იმ ლაპარაკის შემდეგ.
ხდება ზოგჯერ, ტრიალებს ადამიანის გონებაში ფიქრი, მარა სანამდე სხვა არ ეტყვის
პირდაპირ და დალაგებით იმ ფიქრისას, არ აქცევს იმდენ ყურადღებას კაცი. იმ ხანებში ისე
მოეწყო, რომ დათა რამდენჯერმე ზედიზედ მოვიდა ჩვენსას. ახლა ვხედები და ვხედავ,
სულ მძიმე, სევდიან გუნებაზე იყო. დანამდვილებით თქმა ძნელია, მარა იმღამინდელმა –
ჯერ ეფემია–წინამძღვრის და მერე მამაჩვენი მაგალის ნალაპარაკევმა – თავისი წილი
შეიტანა, მგონია, ციხეში დათას თავისი ფეხით მისვლაში. ახლა მეძნელება ზუსტად თქმა,
რამდენი ხანი გავიდა. აგერ, ქალბატონ სალომეს ნაამბობ ლაპარაკის შემდეგ – კაი ხანი
გავიდა, კაი ხანი – და კიდევ ერთი ლაპარაკი მოხდა ჩვენს სახლში, მეც დავესწარი იმას.
გვიანია უკვე, მოისვენეთ ამღამ და იმ საუბრისას ხვალ მოგახსენებთ დღისით, სანამდე
მატარებელზე წასვლის დრო მოგიწევდეთ.
გრაფი სეგედი
კულაგინების ვახშამი სხვა ასეთივე დანიშნულების თავყრილობებისგან შეიძლება
მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ ზომაზე მეტად მოსაწყენი იყო. ისე გამოვიდა, ბარე
ორი საათით დავიგვიანე. ჩემი მისვლის შემდეგ ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა, თუ
არ მივიღებთ მხედველობაში, რომ მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიე უფრო სევდიანი და
მიმზიდველი მეჩვენა, ვიდრე კნიაზევებთან იყო. სახნოვის ორიოდ ისეთი გამოხედვაც
დავიჭირე, თითქოს რაღაცით ნიშანს მიგებდა. ერთი გაფიქრება გავიფიქრე კიდეც,
ზარანდიამ ხომ არ წაიბორძიკა–მეთქი, მაგრამ ალღომ საამისო არაფერი მიკარნახა და ის
გადმობრიალებები მიმავიწყდა. თორმეტის ნახევრამდე ვიჯექი. მერე ბოდიში მოვიხადე,
ვეღარ დავრჩები–მეთქი, ეტლში ჩავჯექი და შინისკენ გავწიე.
ეს იყო და ეს.
დილის თერთმეტ საათზე სამსახურში მივედი. გავიფიქრე, ნეტავი რაში სჭირდებოდა–
მეთქი ზარანდიას კულაგინების ვახშამი, და ამ დროს სახნოვიც მეწვია. ძალიან
უღიმღამოდ მომესალმა, დაჯდა. უბიდან ოთხად მოკეცილი საკანცელარიო ფორმატის
რამდენიმე ფურცელი ამოიღო და ის ქაღალდები, რბილი გამოთქმა რომ გამოვიყენო,
ჩემსკენ გადმოისროლა. ქაღალდებმა ჩემამდე ვერ მოაღწია, მაგიდის კუთხეზე დაეშვა,
შეტორტმანდა, რაღაც ბედად ადგილს შერჩა.
იმავ წამს გამიელვა, რომ სახნოვი უსიამოენებაზე მიწვევდა. კაბინეტში ჩვენ ორნი ვიყავით
და ეს შესაძლებელი წალაპარაკება შემდგომში და საჭირო ადგილას ისე შეეძლო
გაეშუქებინა, როგორც მოესურვებოდა. ბოლო ხანებში ჩამოყალიბებული ვითარება
მოითხოვდა, რომ არც ეს საჭოჭმანო ღირსების საბაბი მიმეცა მისთვის. ამიტომ ყურმილი
ავიღე და პოდპოლკოვნიკ კნიაზევს ვუხმე, დაუყოვნებლივ შემოსულიყო.
შემოვიდა, მოგვესალმა.
– დაბრძანდით, – მივმართე კნიაზევს და ზანზალაკი დავაწკარუნე.
ადიუტანტმა შემოაღო კარი.
– მომაწოდეთ, აგერ, მაგიდის კუთხეზე რომ დაკეცილი ქაღალდებია, როტმისტრო!
ადიუტანტმა სასწრაფოდ მომაწოდა და მერეღა დაიბნა, – ამისთვის მიხმო, თვითონ ვერ
აიღებდაო?
ქაღალდები გავშალე სახნოვს ვკითხე:
– რა არის ეს, ბატონო პოლკოვნიკო?
სანამ პასუხს მომცემდა, ფურცლებს თვალი გადავავლე... მყისვე ვიცანი, სპადოვსკის
პროკლამაციის ასლი იყო.
– თქვენი მუშაობისა და უდიდესი გამოცდილების შედეგი და, იქნებ, ერთგულების
გამოვლინებაც!.. – დაიყვირა სახნოვმა და უკიდურესად შეურაცხმყოფელი ტონისა და
შინაარსის, ასე, ხუთ–ექვსწუთიანი ტირადა მოაყოლა. მისი სიტყვით, მე არა მარტო
დასრულებული და უიმედო იდიოტი ვიყავი, არამედ მაღალი თანამდებობით შენიღბული
მტერიც მისი უდიდებულესობისა.
მე კი – რა საოცარი რამ არის ადამიანი! – მშვიდად ვისმენდი, ცოტა მიხაროდა კიდეც.
თვალი გადავაპარე – პოდპოლკოვნიკ კნიაზევსა და ჩემს ადიუტანტს მკვდრისფერი
ედოთ. სახნოვმა, როგორც იქნა, ამოცალა თავხედობისა და კადნიერების გუდა. გაჩუმდა,
მაგრამ ისეთი გაბრაზებული იჯდა, ვითომ ყველა ის სიბრიყვე მე მეთქვას მისთვის და არა
მას – ჩემთვის.
ალბათ, სიჩუმის ჩამოვარდნა იყო საჭორო, რომ სახნოვის წუხანდელი თვალების
გადმობრიალებები მის ხელში სპადოვსკის პროკლამაციის ჩავარდნით ამეხსნა, ხოლო ამ
ბოლო მომენტთან ზარანდიას სიტყვები დამეკავშირებინა: აკი მითხრა კულაგინების
ვახშამი მჭირდებაო.
– გასაგებია. – უნებლიეთ ჩავილაპარაკე და ჩემთვის გავიფიქრე, რომ ამ პროკლამაციის
სახნოვის ხელში მოხვედრა ზარანდიას ნამუშევარი უნდა ყოფილიყო. ეგ არის, იმას ვეღარ
მივწვდი, რაში სჭირდებოდა ეს და გაურკვევლობა ისევ სიტყვებით გამოვხატე: – კარგი,
მაგრამ, მერე?
– როგორ თუ – მერე! – ისევ აყვირდა სახნოვი – თქვენ, ჟანდარმერიის სამმართველოს
უფროსს, როგორც ჩანს, არაფრად მიგაჩნიათ... – და უკვე ნათქვამის განმეორებას მისდგა.
წუთი იყო თუ ნაკლები – ვუსმინე. ახალს არაფერს ამბობდა, ზანზალაკი კვლავ
დავაწკარუნე. პოლკოვნიკი დამუხრუჭდა. პაუზით ვისარგებლე და ვუთხარი:
– თქვენ თოთხმეტში დილით ქუთაისში გელიან. ბატონო კნიაზევ, მისწერეთ სიმაკინს
დეპეშა, რომ დაუხვდეს ბატონ პოლკოვნიკს. თუ საჭიროდ მიიჩნიოთ – წაჰყევით.
კნიაზევი ადგა.
– არ არის საჭირო, – ისროლა სახნოვმა.
– კეთილი და პატიოსანი, როგორც გენებოთ... ბოდიშს ვიხდი, საქმეები მაქვს. წარმატებას
გისურვებთ, ბატონო პოლკოენიკო, ნახვამდის.!.. როტმისტრო, დაბრძანდით აქ, –
კნიაზევის ადგილზე მივუთითე.
სახნოვი ადგა – ეს მექანიკური მოქმედება იყო. ადგა და ადგილის ტკეპნას მოჰყვა. ალბათ,
ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ აი, ასე კუდამოძუებული გასვლა არ შეიძლებოდა, რაიმე
უნდა ექნა ან ეთქვა, მაგრამ, ჩანს, ხეირიანს ვერაფერს კარნახობდა გონება... ბოლოს,
კარისკენ დაიძრა, ზღურბლთან შედგა და კვლავინდებური ტონით მითხრა:
– მე იძულებული ვარ, პირადად მოვახსენო მინისტრს, მაგ ... შემაძრწუნებელი ფაქტის...
ფაქტზე, დიახ!
სახნოვი და კნიაზევი კაბინეტიდან გავიდნენ.
– ზარანდია მოსულია? – ვკითხე ადიუტანტს.
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ... სძინავს, თავის კაბინეტში.
– სძინავს?
– დიახ– დილის რვაზე თუ ცხრის–ნახევარზე შესულა კაბინეტში და სძინავს.
– გააღვიძეთ და სთხოვეთ, მოვიდეს ჩემთან.
ცოტა ხნის შემდეგ ნამძინარევი ზარანდია ჩემს მახლობლად სავარძელში ჩაეშვა.
– წუხანდელი ამბები მაინტერესებს, მუშნი.
სპადოვსკის პროკლამაციის ეპიზოდის ყველა დეტალი ჩემთვის მაშინღა გახდა ცნობილი,
როცა მთელი საქმე კარგა ხნის დამთავრებული იყო. აღმოჩნდა, ჩემთან ლაპარაკში
ზარანდიამ ზოგი რამ განზრახ გამოტოვა. თხრობის მიმდევრობა მოითხოვს, რომ ის
გამოტოვებული ამბავი ახლავე ჩავწერო და არა მერე და იმის მიხედვით, თუ როდის
გავიგე.
კულაგინმა სპადოვსკის პროკლამაცია ფოსტით მიიღო სახნოვისა და დე ლამიეს
მოსვლამდე, ასე საათნახევრით ადრე, წაიკითხა, აღშფოთდა და პროკლამაცია საკუთარი
კომენტარებითურთ სახნოვს გადასცა. სახნოვმა წაიკითხა და კულაგინთან საერთო ენა
გამონახა იმ საკითხზე, რომ კავკასიაში ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან ბრძოლა ერთობ
უთავბოლოდ და სუსტად სწარმოებს. პოლკოვნიკმა პროკლამაცია მუნდირის ჯიბეში
ჩაიდო. ამასობაში ვახშამიც მოიღეს. სახნოვის თვალების ბრიალის მიზეზს, თუმც
დაახლოებით, მაგრამ მაინც სწორად მივხვედრილვარ – მას აგურის კიკო მუნდირის
ჯიბეში ედო. სტუმრები ჩემი წასვლის შემდეგ მალე აშლილან. სახნოვმა ჟანეტს ხელი
გაუყარა, – გავისეირნოთ, მშვენიერი ღამეაო და აკი თავისი სასტუმროს კარს მიაყენა,
ცხადია, იმ მიზნით, რომ ქალბატონი როგორმე ნომერში შეეტყუებინა.
ჟანეტ დე ლამიემ თავპატიჟი გაიდო და უარზე იდგა იქამდე, სანამ სახნოვი
თვითმკვლელობით არ დაემუქრა. ქალი ნელ, სწორად ორგანიზებულ უკანდახევას
შეუდგა და ასეთი სიტყვების მერე შეჰყვა:
– Сepиoжeнька, я бoюcь за тeбя. Ты тaкoй... Кaк плeмeннoй жepeбчик – гopячинки, гopячинки...
საერთოდ, მადმუაზელ დე ლამიეს იმღამინდელი პერიპეტიები ზარანდიასთვის
პიკანტურ წვრილმანებიანად უამბნია. მათ შორის ასეთი რამეც იყო: აბაზანა
გამზადებული ყოფილა, სახნოვს ქალისთვის მიუთავაზებია, – ჯერ თქვენ შებრძაбდითო.
ჟანეტ დე ლამიეს უთქვამს, – თქვენ მიიღეთ, როცა გამოხვალთ და დაწვებით, მერე მე
შევალ, მიყვარს, როცა მამაკაცი ლოგინში მიმელის და იმაზე ფიქრობს, თუ ბანაობის დროს
როგორი ვარო. ამაზე სახნოვს ფრანგულად უთქვამს..
– A la guerre cიmme a la guerre! (ომში როგორც ომში!) – და დასაბანად შესულა.
ეს, ალბათ, კომენტარს არ საჭიროებს. მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიემ პოლკოვნიკის
მუნდირის უბიდან სპადოვსკის პროკლამაცია ამოიღო, სინათლეზე გაშალა და
პორტატული ფოტოაპარატი ააჩხაკუნა. ხუთიოდე წუთის მერე აპარატიც და
პროკლამაციაც თავ–თავის ადგილებზე იყო.
სხვათა შორის, იმ ფიცხი სიყვარულის ღამეს ქალბატონმა დრო გამონახა და სახნოვს
აცნობა, თოთხმეტში დილით ფოთში უნდა ვიყო, ოდესაში მივემგზავრები,
გადაუდებეღოი საქმეები მაქვსო.
– როგორი საოცარი და სასიამოვნო დამთხვევაა! – წამოიძახა სახნოვმა და მეორე დღეს
მისმა ადიუტანტმა ფოთის მატარებლის სამი ბილეთი შეიძინა ორის ნაცვლად: ორი –
ქუთაისამდე, ერთი – ფოთამდე.
მადმუაზელ დე ლამიემ თავისი საწოლი ოთახის კარი დილის ხუთ საათზე შეაღო. მუშნი
ზარანდია ტახტზე წამოწოლილი დაუხვდა.
ქალმა შეკივლება დააპირა, მაგრამ დამხვდურმა ტუჩებზე თითი მიიდო და სავარძელი
მიუჩოჩა.
– ზარანდია, თქვენი უფროსი აქ და რუსეთის იმპერიის საზღვრებს გარეთ! დრო ცოტაა.
პირდაპირ საქმე!
კონტრდაზვერვის უფროსმა საძილე ოთახში შეხვედრა დაწვრილებით მიამბო, მაგრამ მან
აქაც გამოტოვა ერთი დეტალი: ზარანდია დე ლამიეს ჯერ სახნოვის ნომერში გადაღებული
ფირფიტები გაამჟღავნებინა, გასაშრობად დაალაგებინა და იმ “პირდაპირ საქმეს”, ესე იგი,
რისთვისაც ძირითადად იყო მისული, მერეღა შეუდგა. საუბარი, სიტყვიერი შეთანხმება,
ინსტრუქტაჟი, ფიცის დადება და ვალდებულებრივი ხელწერილების დადასტურება ორ
საათს გაგრძელდა. მერე გამშრალი ფირფიტებიდან მადმუაზელ დე ლამიემ თითო ფოტო
დაბეჭდა, ზარანდიამ ნეგატივები ჯიბეში შეინახა და წამოსვლის წინ კიდევ ერთხელ
შეახსენა დიასახლისს, რომ ამაღამ თორმეტ საათზე სტარინ–კოვალსკისთან
დაპირისპირება უნდა შემდგარიყო, ხოლო მომდევნო ღამით ფოთის მატარებელი დიდი
ხნით, იქნებ, სამუდამოდაც წაიყვანდა თბილისიდან იმპერიის საჭიროებათა გამო მკაცრ
სასჯელს გადარჩენილ პროფესიულ ჯაშუშს.
კიდევ არ იყო გვიან. ყველაფრის გამოსწორება შეიძლებოდა და საჭიროც იყო, რადგან
მოვლენებს მეტი გართულება ელოდა. აქ გრძნობაზე ლაპარაკი უკვე უადგილოა – ვიცოდი,
ყველაფერი უფრო გართულდებოდა და მაინც გავყუჩდი.
ამ თემაზე საუბარს მოვრჩით, ზარანდიას ვაცნობე, რომ სამხედრო ოლქის სარდალმა
სურვილი გამოთქვა, მადმუაზელ დე ლამიეს და, ჯერ კიდევ პორუჩიკის, სტარინ–
კოვალსკის დაპირისპირებას დასწრებოდა.
– ეჭვი ეპარება? – იკითხა ზარანდიამ.
– ალბათ.
– მეთერთმეტე ბინაში ჩავატაროთ, იქ უფრო მოხერხებულია.
– კეთილი.
მეთერთმეტე ბინა ჩვენს ერთ–ერთ ქალაქგარე საიდუმლო სახლს ერქვა.
თორმეტს ხუთი წუთი აკლდა, ყველანი ადგილზე ვიყავით. სტარინ–კოვალსკი და
მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიე ერთმანეთის პირდაპირ მაგიდას უსხდნენ. მაგიდასთანვე
იყვნენ ზარანდია, მისი მოადგილე – შიტოვცევი და სამხედრო ოლქის პროკურორი –
ზვიაგინი. სარდალი, პოლკოვნიკი გლებიჩი და მე ოდნავ მოშორებით სავარძლებში
მოვეწყეთ. ოთახს ორი კარი ჰქონდა, ორთავეს იქით გუშაგები იდგნენ.
დაპირისპირება ჩვეულეგრივი ფორმალობებით დაიწყო და ნახევარი საათის შემდეგ
სარდალი ფეხზე წამოდგა:
– ყველაფერი გასაგებია. გამაცილეთ.
მე და პოლკოვნიკი გლებიჩი ეტლამდე მივყევით სარდალს.
– არ გაახმაუროთ. ყველაფერი რესპექტაბელურად უნდა მოხდეს, – გვიბრძანა მან, ჩაჯდა
და თბილისისკენ გასწია.
დაპირისპირება ცოტა ხანში ოქმზე ხელის მოწერით დამთავრდა. ჟანეტ დე ლამიე თავისი
ეტლით წავიდა. ზარანდია, შიტოვცევი და მე გასამგზავრებლად წამოვიმალეთ.
პოლკოვნიკი გლებიჩი ზეზე წამოდგა, უკვე სამხრეებაყრილ სტარინ–კოვალსკის მიმართა:
– ხომ იცით, რასაც მოითხოვს რუსი ოფიცრის ღირსება... ასეთ შემთხვევაში!
სტარინ–კოვალსკიმ საწერ–კალამი აიღო და დაწერა.. – “Жизнь давно уже не стоит
выеденного яйца. Старин–Ковальский”. გლებიჩმა მაგიდაზე რევოლვერი დააგდო. სტარინ–
კოვალსკიმ აცახცახებული ხელი წამოიღო, მაგრამ პროკურორმა იარაღი გაარიდა და თავი
აგვიქნია, – წაბრძანდითო.
ეტლების დაძვრა იყო – გასროლაც მოისმა...
მეორე დღეს პოლკოვნიკ გლებიჩის გადადგომის პატაკზე სარდალმა თანხმობის ვიზა
დაადო. ამავე დღეს ჰაჯი–სეიდის ფირმის მსახურებმა დიდი მოღულის ხალიჩა
პოლკოვნიკ სახნოვის ადიუტანტის თანდასწრებით რკინიგზას ჩააბარეს პეტერბურგში
გადასაგზავნად. რამდენიმე საათის შემდეგ კი უსატოვმა იგი პატრონს გადასცა,
სამსახურში დაბრუნდა და, ალბათ, სპარაპეტას ხელახალი დაპატიმრების გეგმის
მოფიქრებას შეუდგა.
რჩებოდა მხოლოდ ერთი რამ: საერთაშორისო ეტალონების დონეზე უნდა
გაგვეთამაშებინა ავსტრო–უნგრეთის გაქცეული ჯაშუშის – მადმუაზელ დე ლამიეს ძებნა
და მიუგნებლობა.
ამისთვის გავჩხრიკეთ თბილისში მცხოვრებ ფრანგთა სახლები და სხვა უცხოელთა
ბინებიც; გამოქვეყნდა სათანადო განცხადებები დე ლამიეს პორტრეტით. მეფისნაცვალმა
კატეგორიულად მოსთხოვა უცხო სახელმწიფოთა თბილისურ საკონსულოებს, გადმოეცათ
საშიში დამნაშავე, თუკი მან ვისიმე ექსტერიტორიულობის უფლებით ისარგებლა. ყველა
მიმართულებით გამავალ მატარებელზე მოეწყო არაერთგზისი ძებნა და “საეჭვო”
მგზავრების საბუთების შემოწმება. ბლოკირებულ იქნა საქართველოს ნავსადგურები შავ
ზღვაზე და სანაპირო დაცვის კატარღებმა გაჩხრიკეს ბოლო ორი დღე–ღამის მანძილზე ამ
ნავსადგურებიდან გასული ყველა ხომალდი...
მაგრამ ეს ოპერაცია დაიწყო მხოლოდ იმის შემდეგ, როცა შხუნა “დელფინი” ფოთიდან
სამი საათის გასული იყო, ხოლო ქუთაისში პოლკოვნიკი სახნოვი თავის ადიუტანტს
სალდოფონის იუმორით უყვებოდა ჟანეტ დე ლამიესთან გატარებული დროის
სექსუალურ დეტალებს.
ჩვენ რუსეთის კონტრდაზვერვის “მარცხის” ევროპული პრესის რეზონანსი
გვესაჭიროებოდა და მივიღეთ კიდეც – სენსაციურმა ცნობებმა არ დააყოვნა. შემდეგ
დიპლომატიური არხები ამოქმედდნენ და გაზეთებს სალაყბო ისევ ბლომად ჰქონდათ.
ზარანდიას სასწრაფოდ უხმეს პეტერბურგში. იგი ჯერ კიდევ იქ იყო, როცა, მადმუაზელ
ჟანეტ დე ლამიეს “გაქცევის” დღიდან სამი კვირის შემდეგ, ემიგრანტების ერთ–ერთმა
გაზეთმა სპადოვსკის პროკლამაციის სრული ტექსტი გამოაქვეყნა. ეს უკვე საერთაშორისო
მასშტაბის სკანდალი გახლდათ, მაგრამ პოლკოვნიკ სახნოვის სახელი არსად არავისგან
ხსენებულა. დაახლოებით ორი კვირის მერე ზარანდია, როგორც იტყვიან, საღი და
სალამათი დაბრუნდა.
მხოლოდ ჩამოსვლის შემდეგ მიამბო, თუ როგორ ჩაუვარდა ხელში სპადოვსკის
პროკლამაციის ფოტოპირი მადმუაზელ ჟანეტ დე ლამიეს.
ცხოვრება ისევ თავისი კალაპოტით წარიმართა.
სახნოვი რომ ქუთაისში საქმეებს მორჩა, დასავლეთ– საქართველოდან წამოსულმა
ბორჯომისკენ გადაუხვია – იქ თავისი წრის ხალხი ეგულებოდა, შვებულების გატარება
სურდა მათთან ერთად. ერთი თვე იქაურ წყლებზე დაჰყო და თბილისს მერეღა ჩამოვიდა.
დღის ბოლო იყო, სახნოვმა ადიუტანტი ზარანდიასთან აფრინა, დაუყოვნებლივ
მეახლოსო.
ადიუტანტმა ზარანდიას სულზე მიუსწრო. ჩემმა ხელქვეითმა პოლკოვნიკის სურვილი
მოისმინა და ბინაზე დამირეკა – მაშინ პეტრე დიდის ქუჩაზე ვცხოვრობდი.
– თქვენო ბრწყინვალებავ, ზარანდია ვარ, გადაუდებელი საქმე მაქვს, უნდა მიმიღოთ!
ცხადი იყო, რომ მტკივნეულად თავაზიანი კაცის ასე დაჟინებული მოთხოვნა უსაფუძვლო
არ იქნებოდა. შევნიშნე, მუშნი ზარანდია ღელავდა! უყოყმანოდ დავთანხმდი.
ამის შემდეგ ზარანდიამ სეიფიდან ორი დიდი, უხვად დალუქული პაკეტი გამოიღო.
პაკეტებში საქაღალდეები იდო. ერთი მათგანი მან ადიუტანტს გადასცა და უთხრა:
– მოახსენეთ ბატონ პოლკოვნიკს, რომ ეგ პაკეტი გახსნას, მასალებს გაეცნოს. თუ დღეს
პოლკოვნიკი ჩემთან საუბარს საჭიროდ აღარ მიიჩნევს, ხვალ კვირაა, და იცოდეთ, რომ
საღამოს რვა საათზე გრაფ სეგედის ბინაში ვიქნები, პასუხი თქვენი ხელით გამოგზავნოს.
ადიუტანტმა გზავნილების მიღებაზე ხელი მოაწერა და შეცბუნებულმა დატოვა კაბინეტი.
მეორე პაკეტი ზარანდიამ ჩემთან ამოიტანა, ადიუტანტის მოსვლა, პოლკოვნიკის ბრძანება
და თავისი პასუხი მაცნობა და მითხრა:
– თქვენო ბრწყინვალებავ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სახნოვთან მისვლა აღარ
დამჭირდება და, მაინც, თუ ასეთმა საჭიროებამ იჩინა თავი, თქვენ უნდა იცოდეთ, რა
გავუგზავნე პოლკოვნიკს. ეს ორი პაკეტი ჩემს სეიფში შენახული დედნის დამოწმებული
ასლებია. პაკეტს უაღრესად სასწრაფო და საგანგებოდ საიდუმლო კორესპონდენციის
ნიშნები ჰქონდა. ზარანდიას კიდეც რომ არ ეთხოვნა, ვალდებული ვიყავი, დაუყოვნებლიე
გამეხსნა.
გავხსენი.
საქაღალდის ყდაზე არსებული წარწერის მიხედვით, ეს იყო ჟანდარმერიის პოლკოვნიკ
სახნოვის მიერ ჩადენილ სახელმწიფო, პოლიტიკური, სისხლის სამართლის და ზნეობრივ
დანაშაულთა მამტკიცებელი საბუთების კრებული. საქაღალდის პირველი გვერდი
წარმოადგენდა საქმეში შეტანილი საბუთების ნუსხას. სტრიქონები ჩავათვალიერე და
ბორკილების ყრუ ჟღარუნი შემომესმა. მუშნი ზარანდიას გადავხედე, წამით მომეჩვენა,
რომ ეს ტანხმელი კაცი სკამზე გორგალივით იდო, კისერი ჰქონდა მოღერებული... ნუსხა
გადავფურცლე – ბრალდების წარდგენის ოთხგვერდიანი ოქმი დამიხვდა და შემდეგ კი ამ
ოქმში მოყვანილ ბრალდებათა მამტკიცებელი საბუთები – ასი, ას ოცი გვერდის
რაოდენობით. საქაღალდის ბოლოსწინა გვერდი ზარანდიას პირადი წერილი იყო
სახნოვისადმი. ამ წერილში ეწერა, რომ პატივცემულ პოლკოვნიკს ეძლეოდა ბედნიერი
შემთხვევა, ამოერჩია ერთ–ერთი: ან საქმის გამოძიება სამინისტროს საგანგებო კომისიაში,
ან ნებაყოფლობითი გადადგომა სამსახურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს
უწყებიდან გადაბარგება. ბოლო ფურცელი წარმოადგენდა მინისტრის სახელზე დაწერილ
გადადგომის პატაკს, რომელსაც მხოლოდ სახნოვის ხელმოწერა აკლდა.
რაში სდებდა ბრალს კავკასიის კონტრდაზვერვის უფროსი პოლკოვნიკ სახნოვს!
ბრალდების წაყენების ოქმში დანაშაულობები აღმავალი წესით იყო მოყვანილი:
ნაქურდალი საქონლის შესყიდვა; გარყვნილებითა და სქესობრივი აღვირახსნილობით
თანხლებული მრუშება; პროფესიული უვიცობა და მოვალეობებისადმი გულგრილი
დამოკიდებულება; კავკასიის საიდუმლო პოლიციის და ჟანდარმთა სამმართველოს
ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმართული ინტრიგები; ინფორმაციის სამსახურის
დაარსებაში დაშვებული შეცდომების კატასტროფული რეზულტატების გამო
პასუხისმგებლობა, რაც უცხოეთის პრესაში სათანადო ცნობების გაჟონვის ფაქტით
გვირგვინდებოდა; დასასრულ, უცხო სახელმწიფოთა ჯაშუშებთან დანაშაულებრივი
ურთიერთობა, მათგან ფულადი სახსრების მიღება, ჯაშუშ ჟანეტ დე ლამიეს გაქცევის
ორგანიზება და სხვა.
მასალა ვრცელი და ტევადი იყო, მის შესწავლასა და ანალიზს კარგა ხანი დასჭირდებოდა.
მაგრამ იმ საქაღალდეში თავმოყრილ საკითხებს, ძირითადად, ვიცნობდი და ამიტომ
ზარანდიას აღვუთქვი, რომ ხვალ საღამოს რვა საათამდე საქმე შესწავლილი მექნებოდა.
ზარანდია წავიდა. მე მისთვის მიცემული დაპირების კეთილსინდისიერ აღსრულებას
შევუდექი.
მეორე დღეს იგი ერთი საათით ადრე მოვიდა. არც სახნოვის ადიუტანტს დაუგვიანია –
დანიშნულ დრომდე მოიტანა პოლკოვნიკთან გაგზავნილი საქაღალდე გადადგომის
ხელმოწერილი პატაკითურთ.
ჩანს, სახნოვი მიხვდა, რომ მისი, ერთი შეხედვით, მიამიტი საქციელი ზარანდიამ სხვა,
საბედისწერო კუთხიდან დაინახა, ყელზე ქამანდი იგრძნო, პანიკამ მოიცვა და მასალების
შესწავლის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა – მსჯავრს ვეღარსაით წაუვიდოდა.
სულ მალე მინისტრმა და ჟანდარმთა შეფმა, რამდენიმე რევერანსის შემდეგ, სახნოვის
გადადგომის თხოვნა დააკმაყოფილეს.
ამ ნაწყვეტის დასაწყისში ნათქვამს გავიმეორებ: ძნელი საფიქრებელი იყო, რომ სულ
სხვადასხვა ბუნების მოვლენები და ვითარებები ერთად მოიყრიდნენ თავს, ზვავად
წამოვიდოდნენ და გზად სახნოვს დაიტანდნენ.
დიდი ხნის შემდეგ ჩემს ყურს მოსწვდა ვერსია, თითქოს, სახნოვი გადადგომით კი
გადადგა, მაგრამ თავის გამართლების იმედი კარგა ხანს არ დაუკარგავს – ზარანდიას
ნამოქმედარის გასაბათილებლად, ამგვარ საქმეებში გამოცდილი ადვოკატების
თანადგომითა და დახმარებით, ორი წელიწადი უშრომია. ამან მისთვის სასურველი
შედეგი ვერ მოიტანა. მართალია, კონსულტანტებმა სახნოვს უპოვნეს შესაძლებლობა მის
წინააღმდეგ წამოყენებული ათიდან სამ თუ ოთხ ბრალდებაში ზარანდიას პროვოკაციული
მოქმედება დამტკიცებულიყო, მაგრამ დანარჩენი ექვსი თუ შვიდი მაინც სახნოვის
კისერზე რჩებოდა. ერთი სიტყვით, დუმილი ურჩიეს და დადუმდა. რამდენიმე ხნის
შემდეგ მე იგი გენერალური შტაბის ერთობ მაღალი თანამდებობის ოფიცრად ვიხილე...
ჰოი, განგებავ!
პერმის გუბერნიაში გადასახლებული ერთი პოლიტპატიმარი სამი წლის მანძილზე ყოველ
ორ კვირაში წერდა ათგვერდიან საჩივრებს გამოძიების მსვლელობაში პროცესუალური
ნორმების დარღვევის გამო. მისი საქმე ჩვენ გამოვიძიეთ და ამიტომ ყველა საჩივარი მე
მეგზავნებოდა დასკვნისთვის. მისმა დაჟინებამ მაფიქრებინა, რომ საჩივრები ყურადღების
ღირსი იყო. იქნებ სათქმელს ვერ აყალიბებს და სიმართლე კი, მართლაც, მის მხარეზეა–
მეთქი. ხელახალი გამოძიების დაკით–
ხვას თავადაც დავესწარი. ვესაუბრე, სიტყვამ მოიტანა და ვკითხე:
– რატომ წერდით იმ სიგრძე საჩივრებს? ხომ მოგეხსენებათ, რაც უფრო ვრცელია საჩივარი,
მით მეტი შესაძლებლობა არსებობს, რომ ან უგულისყუროდ იქნას წაკითხული და ან
სულაც წაუკითხავი დარჩეს?
– ჭეშმარიტებას ბრძანებთ, მაგრამ არის საქმეები, რომელთა შესახებ მოკლედ დაწერო,
ნიშნავს, რომ არაფერი დაწერო! ჩემი – სახელდობრ ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება.
მართალი ვარ?
დავფიქრდი და გამეცინა:
– სწორი ბრძანებაა! – მისი საქმე მართლაც, ამ ტიპისა იყო.
ეს შემთხვევა იმიტომ მოვიტანე, რომ შეზღუდული თუ ჭკვიანი კაცების პრობლემაზე ჩემი
შეხედულების გამოსათქმელად ამ სიგრძედ წერა, რა თქმა უნდა, აუცილებელი არ იყო და
არც დავწერდი, ერთი, უკვე აღნიშნული საჭიროება რომ არა: ვიხილავ იმას თუ რა გავლენა
მოახდინა ზემოთ მონათხრობმა ამბებმა ჩემს ფსიქიკასა და მომავალზე. ამისთვის კი უფრო
შემოკლებული ჩანაწერი ამოსავალ მოცულობად, ჩემი აზრით, ვერ იკმარებდა.
შალვა ზარანდია
– მოვიდა ერთხელ დათა, ზამთრის არდადეგები იყო, მახსოვს. ასე, თერთმეტი საათი
იქნებოდა ღამის. მოაკაკუნა მამაჩვენ მაგალის ფანჯარაზე, ნიშანი ჰქონდა. არ მეძინა მე და
კარის გასაღებად
ერთად მივედით მე და ბაბა. შემოვიდა, მოიხადა ნაბადი, – მუშნიმ დამიბარა აქ, დღეს და
ამ დროსო.
ავანთეთ ლამპა. ილაპარაკეს პატარა; ოჯახის და დათას საქმეების თქვეს, დედაჩვენი
თამარიც გამოვიდა. იტირა, საწყალმა, და უხაროდა თან, კაი ხნის უნახავ ვაჟიშვილებს რომ
ნახავდა ერთად. ლიზა გააღვიძა – ობოლი გოგო იზრდებოდა ჩვენთან, ცოცხალია ახლაც,
კარგი ადამიანია ნამეტანი. – ვახშმის სამზადისს შეუდგნენ ქალები.
– რა მინდაო? ხომ არ დაუბარებია მუშნის? – ჰკითხა თამარმა.
– გადაუდებელი საქმე მაქვს, უნდა გნახო უეჭველადო. სხვა არ შემოუთვლია არაფერი, –
მიუგო დათამ.
მაგალიმ გაიცინა, – რა საკითხავია ეგო. მარა დედა იყო, შვილების სიახლოვე უნდოდა და
ამან აკითხვია, საცოდავს. ნახევარი საათი გავიდა დათას მოსვლის მერე და ფლოქვის ხმა
გაისმა ახლოს. გაეგებე, მუშნი იქნება ესო. გავედი და მართლა ჩვენს ჭიშკარს მოადგა
მხედარი. ჩამოხტა მუშნი, გადამეხვია, მომიკითხა. არ დამანება, თვითონ შეიყვანა
თავლაში ცხენი, თვითონ აჰყარა აღვირ–უნაგირი, თივა დაუგო და წყალი მომატანინა
ხელ–პირის დასაბანად. რკინიგზით როდის და რომელ სადგურამდე მოვიდა, არ ვიცი,
მარა იმ კუნაპეტ ღამეში მარტოკინამ როგორ გაბედა მგზავრობა, ის
იყო საქმე. მოგახსენეთ უკვე, სამეგრელოში და, კერძოდ, ჩვენს გზებზე მაშინდელ დროში
შეღამების მერე სიარულს კაი გაბედვა უნდოდა, მაინც ვკითხე პირის ბანის დროს, როგორ
არ მოერიდე მარტო–
ხელ მგზავრობას–თქვა.
გაიცინა.
– შალვა, ძამიკო, რამდენსაც ლაპარაკობენ, იმდენი ძარცვა–გლეჯვა რომ იყოს მართლა,
ყაჩაღების იქნებოდა ქვეყანა.
– ყაჩაღების არის ქვეყანაო, ბაბამ იცის თქმა.
– სხვა ყაჩაღებს ამბობს ბაბა. გზაზე დედაბერს ხურჯინს რომ წაართმევენ, იმ ყაჩაღებზე არ
ლაპარაკობს. შევიდეთ, ახლა.
დათა და მუშნი იმ ღამეს ერთად პირველად უნდა მენახა და კიბეებზე რომ ავდიოდით,
გული ამიცახცახდა მათი შეხვედრის მოლოდინში. ერთი აბრაგი იყო, მეორე –
კონტრდაზვერვის უფროსი, მარა ძმები იყვნენ ერთმანეთისთვის...
შევედით შინ. ჯერ დედას ემთხვია ხელზე მუშნი და მერე გადაკოცნა ორივე – დედაც და
მამაც. დათა ფეხზე იდგა. ათიოდ წამი ერთმანეთს უყურეს ძმებმა. მერე მუშნი დაიძრა და
დათაც წამოვიდა მისკენ. ხელი ჩამოართვეს, გადაეხვივნენ ერთმანეთს. ისე ვიდექი,
მხოლოდ მუშნის სახეს ვხედავდი. მხარზე თავი დაადო ძმას, ცოტა ხანს განაბული იყო.
მერე ჩაილაპარაკა, – უფრო გამოცვლილხარ და შებერებულხარ, ვიდრე მოველოდიო, და
ცრემლით ატირდა, საცოდავი, ძლივს იკავებდა ქვითინს.
ამ სურათზე თამარმა მოთქმა დაიწყო. ეცა მაგალი დასამშვიდებლად, მეზობლები
გაიგონებენ და გადმოგვაკითხავენ, უბედურება ხომ არ დაატყდათ რამეო.
გაშორდნენ ძმები, მაგიდას შემოუსხდნენ პირისპირ. მუშნის, – ეეჰ–ო, აღმოხდა, ცრემლები
შეიმშრალა და მაგიდას ჩააშტერდა.
– შენ იყავი კარგად, მუშნი... არაფერი მიჭირს მე... – ჩაილაპარაკა დათამ და მომდგარი
ცრემლი ღვინის ყლუპს ჩაატანინა.
ამასობაში ვახშამიც გამზადდა. იქნებ, არც შიოდა ვინმეს, მარა იმ სიჩუმეში ხომ უნდა
გვეკეთებინა რამე! ბაბამ აკურთხა სუფრა პირჯვარი გადავისახეთ ყველამ და შევუდექით
ვახშამს. კაი ხანი გავიდა ასე. მუშნიმ დაარღვია სიჩუმე.
– ვხედავ, პაემანზე მოსვლის ნაცად ხერხს გადაუხვიე, დათა, დანიშნულ დროს მოხვედი,
სწორედ.
– ჯერ არ დაგიმსახურებია ჩემგან შეურაცხყოფა შენ!
– არ მესმის!
– რა დროსაც დამიბარე, მოვედი იმ დროს. ძმის და პატიოსანი კაცის სიტყვა იყო ის და
ჩემგან დროზე მოუსვლელობა შენს ძმობაში და რაინდობაში ეჭვის შეტანა იქნებოდა. ვერ
გაკადრებდი ამას.
მაგალიმ გაიღიმა, დათას პასუხი ეამაყა. თამარმა თავი ჩაღუნა, ხელსაქმეს ჩააცქერდა: ერთ
ვაჟს დაუმალა მეორე ვაჟის ნათქვამით გამოწვეული სიხარული.
– ჩემი სახელით რომ ესარგებლა ვინმეს და ხაფანგი მოეწყო აქ, რას შვრებოდი მაშინ? –
სიცილით ჰკითხა მუშნიმ.
– ელემ გადმომცა შენი დანაბარები მე, – არ მიყვა ხუმრობაზე დათა. – ჩემი პირობა და
დასტურიც მან მოგიტანა, უცხო არ ჩარეულა ჩვენს სიტყვაში. ვის უნდა მოეწყო ხაფანგი,
ნეტავი?
– შემთხვევას. – ისევ სიცილით უთხრა მუშნიმ.
– შემთხვევას? – დათამ მუშნის შეხედა, – საით მიყავს ეს ლაპარაკიო. – შემთხვევისთვის
ყოველთვის მზად უნდა ვიყო მე.
მუშნი გაფაციცდა, პირისკენ წაღებული ლუკმა საინზე დააბრუნა, წამოდგა, ოთახის ყველა
კუთხე და კედელი მოიარა თვალით.
– იარაღი სად არის, შენი, დათა?!
– ამის მეტი არ მაქვს თან, – დათამ ჩოხაზე, მარცხენა უბესთან მიიდო ხელი. – დავმალე
დანარჩენი... იარაღით რატომ უნდა გამოგცხადებოდი, ვითომ? რას იფიქრებდი შენ?
მაგალიმაც მოათვალიერა ოთახი და მხოლოდ ახლა შენიშნა დათას უიარაღოდ მოსვლა.
– უბეში რომ გიდევს, მაგაზე რა ვიფიქრო და როგორ ჩავთვალო ეგ? – მოგვიანებით
გამოელაპარაკა მუშნი.
– ისე უნდა ჩათვალო, რომ დაჩვეული ვარ საჭურველს და შემაწუხებდა მთლად
უიარაღობა.
ვახშამს შევექცეოდით, ულუფას ჩავყურებდით ყველა. მხოლოდ მე გავხედავდი ხოლმე
ჩუმად ხან ძმებს და ხან დედ–მამას.
– რა იარაღი გაქვს მანდ? – თავი არ აუწევია, ისე ჰკითხა მუშნიმ.
– ნაგანია.
დედაჩვენი თამარი იმ დროისთვის ასაკით და დარდით იყო გატეხილი უკვე, მოხრილი
დადიოდა, საცოდავი, მარა ახლა წამოიწია, მხრები გაშალა, ლარივით გაიმართა წელში, –
ასე რატომ გაიჭიმა, ნეტავიო, იტყოდი; ყელი მოიღერა, მკაცრი, შეუპოვარი თვალებით
დაუწყო ყურება უფროს ვაჟებს – ხან ერთს და ხან მეორეს. მისი გაზრდილი ვიყავი და მისი
ასეთი განწყობილება ცნობილი იყო ჩემთვის: მაშინ იცოდა ეს, როცა შეურაცხყოფილად
თვლიდა თავს, ან ოჯახის და შვილების რაიმე განსაცდელს უგრძნობდა გული – სერზე
გადმომდგარ ირემს დაემსგავსებოდა ხოლმე უცებ. კიდევ გაფაციცდა მუშნი, დანა–
ჩანგალი საინს მიუწყო, დათას მიაჩერდა და პატარა ხნის ფიქრის მერე უთხრა:
– გამოიღე, ერთი, მაჩვენე, ვნახო, მინდა.
დათა ვერ მიუხვდა ნათქვამს.
მუშნიმ ანიშნა, – უბეში რომ გიდევს, ისო.
დათა ერთი წამით შეყოვნდა, მერე ჩოხის უბიდან რევოლვერი გამოაცოცა, ხელისგულზე
დადებული მიართვა მუშნის. ამან ერთხანს უყურა რევოლვერს, ხელში აიღო, გადახსნა,
სავაზნეს ჩახედა და იარაღი ჩვენს დასანახად მოაბრუნა.
ცილინდრში ერთადერთი ვაზნა იყო!
– გულჩვილობა შემოგპარვია, ძამია! – თქვა მუშნიმ. რევოლვერი ჩაკეტა და დათას
დაუბრუნა. – სიბერემ იცის ეგ და პატარა ნაადრევი ხომ არ არის შენთვის!
– რა ხდება აქ! – მკაცრად იკითხა მაგალიმ.
– თქვას მაგან, – მიუგო მუშნიმ.
ვერ გამეგო, რას ნიშნავდა ის ყველაფერი, მარა მაინც სუნთქვა შემეკრა! დამცხა და რაღაც
ზუზუნი ვიგრძენი თავში.
– ასე დაგჯაბნა სიკვდილის შიშმა, რომ თავის მოკვლაც შეგიძლია, დათა, შვილო? – თქვა
დედაჩვენმა.
დათამ ჩაიცინა, თავი გაიქნია, – სხვაა აქო.
მუშნის ღაწვის თავები აუცახცახდა, ნიკაპიც მოექცა თითქოს:
– რას... – ხმა მოუწყდა და თავიდან იკითხა.. – რას გულისხმობდი? !
– თქვი შენ უკვე: შემთხვევას! – მშვიდად მიუგო დათამ.
– დაწყნარდით! – ჩაილაპარაკა დედამ და უცებ ჩადგა ყველაფერი თავის პირვანდელ
კალაპოტში. – მასე სიკვდილი მარტო შენი სიკვდილი არ იქნებოდა, დათა, და მუშნიმაც
იცოდეს ეს. სირცხვილით ამოწყვეტას ნიშნავს ოჯახისას ეგ!
დედაჩვენის ნათქვამიდან ისე გამოდიოდა, რომ მუშნისგან ღალატი და ხაფანგი
მოსალოდნელად მიაჩნდა... ამას მიხვდა მუშნი, ისევ იფეთქა, მარა დედას ვერ გაუბედა
უხეში სიტყვა, თავს დროზე მოერია და გაჭირვებით თქვა:
– მე რომ ვიკადრო ის, რაშიც თქვენ, დედა, და დათას ეჭვი შეგპარვიათ... ჩემისთანა
შვილის და ძმის ყოლას და მერე კიდევ სიცოცხლეს, იქნებ მართლაც თავის მოკვლა
ჯობდეს, ღმერთმანი!
– სულ სხვა ლაპარაკია ეგ ლაპარაკი... – თქვა დათამ, მარა დედაჩვენმა არ აცალა:
– თქვენით არ იწყება და თქვენით არ თავდება ჩვენი მოდგმა და ოჯახი, გახსოვდეთ ეს!
შვილები და შვილთაშვილები გვყავს, წინაპრები გვყავდა და მათი საძვალე არის კიდევ;
ნათესაობა გვყავს და შემაცქერალი გვახვევია. ადამიანი ადამიანით არის!
– ორივემ ვიცით ეგ, დედა, – წყნარად მიუგო დათამ. – არც ერთს არ გვიკადრებია
სასირცხვო საქმე და ავი სახელი ოჯახისთვის...
– აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი.! – ცივად მოუჭრა თამარმა, მარა მაგალიმ, – მე მაქვს
სათქმელიო:
– კიდევ თუ დაგიბარა მუშნიმ სადმე და მის ძმობაში ეჭვი შეგეპარა – იარაღით მიდი იქ,
თუ მოხდა მუხთლობა, იარაღი გექნება თან, დააღწიე ხაფანგს თავი – შენი ხელობაა მაგ –
წადი გადასაკარგავში და თუ დარწმუნდი, რომ მუშნის ხელით იყო ის მუხთლობა, ქენი
საქნელი, მარა ისე, რომ მიზეზი ვერ გაიგოს ვერავინ. წესიერ ოჯახში ერთი თუ გამოვიდა
ბოროტი და უხსენებელი, იმ ოჯახის მეორე კაცს არ აქვს უფლება, ერთის ბოროტება
მთელი ოჯახისა და მოდგმის სახელად და სალანძღავად აქციოს. ოჯახის სახელი სუფთა
უნდა დარჩეს ხალხის და მომავლის თვალში. გასწავლიდით მე თქვენ: შენს სამშობლოში
შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი
საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის! სწორად ცხოვრება თუ გინდა – ეს
არის დათა, და შენც გეხება, მუშნი, რაც ვილაპარაკე.
– ვთქვი მე უკვე და ახლა თქვენ ბრძანეთ, ბაბა: ძმასთან პაემანზე საჭურვლით მისვლა ძმის
შეურაცხყოფა ხომ იქნებოდა? – მიმართა დათამ.
– იქნებოდა... – მუშნიმ ჩარევა დააპირა, მარა დათამ ხელი აწია:
– ერთ წამს მაცალე... შემთხვევა რომ თქვა მუშნიმ! ის იქნება თუ სხვა რამ, ხომ შეიძლება
მოხდეს?
– ყველაფერი ხდება, – დაუდასტურა მაგალიმ.
– მოვხვდი ისეთ ვითარებაში, რომ უნდა მეცნენ და გამიკოჭონ ხელები!.. ხალხი
უეჭველად იმას იტყვის, – ძმამ ძმა გაისტუმრა კატორღაში თუ სახრჩობელაზეო, და ასეთ
ამბავში რა ურჩევნია ადამიანობას?..
– ადამიანობას? – შეაწყვეტინა მაგალიმ. – ადამიანობას ის ურჩევნია, რომ გაგიკოჭონ
ხელები და სანამდე სახრჩობელაზე გაგიყვანენ, იძახო ქვეყანაზე და არწმუნო ყველა, – ძმა
არაფერ შუაშია აქ,
ჩემი ძმის მტრების ხელით მოხდა ესო!
– კაი, ბაბა, მაგრამ ჩემი ადგილი! ჩემი გონებისა და გულის ადგილი, სანამდე
ჩამომახრჩობდნენ, იქამდე მაინც, თუა სადმე?
– მასეთი გზა და სავალი გარგუნა მაღალმა ღმერთმა,– წამებაა შენი ადგილი! ცხოვრების
მიზანი გაქვს ისეთი, რომ ღირს წამებად. მაგ საქციელში, – მაგალიმ უბეზე მიანიშნა დათას,
– მხოლოდ შენს თავზე, შენი გონებისა და გულის ადგილზე გაქვს ნაფიქრი, დათა, და
შედეგზე ჩაგიქნევია ხელი...
– თავისი სიკვდილის პატრონიც რომ აღარ იყოს კაცი, რაა ეს? – ჩაიცინა დათამ.
კაი ხანს იყო ამის მერე სიჩუმე.
– ამდენი ხნის უნახავ ძმებს უკეთესი სალაპარაკო რომ აღარ გაქვთ... – ჩაილაპარაკა
თამარმა, იყო ერთხანს ჩუმად და თქვა მერე: – ვერ ჩამიდვია ერთმანეთის სიყვარული
გულში თქვენთვის.
– პირიქით არის, დედა, ეგ, – მიუგო მუშნიმ. – ისეთ გზებზე გაგვიყვანა განგებამ... სხვა
ძმები, ჩვენს ადგილზე, მტრად გადაეკიდებოდნენ ერთმანეთს.
– საქმეზე ვილაპარაკოთ ახლა. ამღამვე უნდა წავიდე მე, – თქვა დათამ.
– მასე აჯობებს, – ყოჩაღად დაუდასტურა მუშნიმ, მარა გაუჭირდა ლაპარაკის დაწყება.
შორიდან უვლიდა, ფრთხილად ეპარებოდა სათქმელს.
ჭკვიანი კაცი იყო მუშნი და რაც დათასთვის ცალ–ცალკე ჰქონდათ ნათქვამი სხვებს, ის
ყველაფერი მარტოს ჰქონდა მოფიქრებული, თავმოყრილი, დასაბუთებული და
სათქმელად მომზადებული. აქეთ – ბერდები, აბრაგობას რომ ჭირდება, ის თვისებები
გიჩლუნგდება და ახლა უფრო ადვილად მოიძებნება შენი მჯობნელი და მკვლელიო. იქეთ
– ძმებს გზაზე გადაუდექი და ოჯახს სული ამოხადე შენზე დარდით და ტირილითო.
ახლა! უსამართლო ცხოვრებას ეწევი, მძიმე ცოდვებს იდებ, სხვები გბაძავენ, ძალადობენ
და აირია ქვეყანაო. მერე, ვინც მოყვარე და მფარველი გყავდა, მტრად გადაიკიდე ყველა და
ერის სიკეთისთვის რომ სჩადიხარ, სწორედ მის წინააღმდეგ შემოტრიალდა ყველაფერიო,
და ვინ იცის, რა არ ილაპარაკა კიდევ მუშნიმ. ისე ემთხვეოდა და ისე ერთნაირი იყო მისი
და სხვისი ნათქვამი, რომ, მუშნის დარიგებული ხომ არ იყვნენ ისინი–თქვა, გავიფიქრე.
დათამაც ასე იფიქრა, შეიძლება, მარა ისეთი მოსმენა იცოდა, იტყოდი, – სხვაზე ფიქრობს
ახლა და არც ესმის, რას ელაპარაკებიანო. რას გაუგებდი? კაი ნახევარი საათი მოუნდა
მუშნი თავისი მოსაზრებების გადმოლაგებას და რომ დაასრულა ჰკითხა დათას:
– ასეა ეს და მითხარი, რას აპირებ მომავალში, რა გაქვს განზრახული?
– მონასტერში მიდის, ბერად აპირებს აღკვეცას, – გაიცინა მაგალიმ. – ეფემია–წინამძღვარი
შეპირდა, მე მოგაწყობ სადმე, რუსეთშიო!
ამაზე დათამ ოდნავ გაიღიმა და სიჩუმე ჩამოვარდა. ისე მეგონა, რომ სულაც არ აპირებდა
პასუხს, მარა მუშნი მიჩერებოდა და ელოდა.
– ეგ, რაც თქვი შენ, ჩემზე იყო სულ. ისიც უნდა თქვა, მუშნი, შენ რა გინდა, და მაშინ იყოს
ჩემი პასუხი თუ უპასუხობა, – უთხრა დათამ.
მუშნიმ დათას თვალი თვალში გაუყარა, გაიცინა, თავი გადაიქნია და თქვა:
– პეტერბურგში გადავყავარ მინისტრს დათა!
ყველა მუშნის მივაჩერდით და ვდუმდით. მარტო დათას ქონდა თვალები ჩახრილი.
– დიდ თანამდებობას გპირდებიან, ალბათ, – სიჩუმე დაარღვია დათამ.
– ძალიან დიდს. პოლკოვნიკ სახნოვს, მამაძაღლს, იცნობ შენ. – დათამ ჩაიცინა. – მის
თანამდებობას დავიკავებ, ასე, ერთი წლით და მერე სხვა ადგილზე გადამიყვანენ. ის
იმხელა ადგილია... მინისტრი არ ვიქნები, მართალია, მაგრამ სახელმწიფოებრივად
მნიშვნელოვან საგარეო საქმეებში ვერც მეფე და ვერც მინისტრები ნაბიჯს ვერ გადადგამენ
უჩემოდ. გონიერ ნაბიჯს ვამბობ.
– პოლკოვნიკს რას უშვრებიან, სად მიყავთ? – ჰკითხა დათამ.
– მოეძებნება საკადრისი ადგილი.
თამარმა ახლაღა მოაცილა თვალი მუშნის. ხელსაქმეს დაუბრუნდა, ცრემლები წამოუვიდა.
მაგალიმ შენიშნა ეს და დაუყვავა:
– ბერდება უკვე ეს ხალხი, თამარ, თავისი გზა აქვს ყველას. არაფერი სატირალი არ არის ეს
ამბავი.
– უფრო დიდი კაცი რომ ვიქნები, დედა, უფრო ადვილად და კარგად არ მოვახერხებ ჩემი
მშობლების შვილობას? – დაამშვიდა მუშნიმაც.
– რას ელი მაგ ცვლილებიდან, მუშნი? – ჩაილაპარაკა დათამ.
– საიდუმლო მრჩევლის ჩინს! – ჩაიცინა მაგალიმ.
– ჩინი თანამდებობას ახლავს, – ცივად თქვა მუშნიმ. – ბევრ რამეს ველი. უპირველესად
ყოვლისა, იმას, რომ მეტი სარგებლობის მოტანას შევძლებ ჩემი ქვეყნისთეის და
ხალხისთვის. პატარა კაცი ვარ, არავინ იცის და არც ვინმეს ანგარიშს წარვუდგენ
გასანაღდებლად, მაგრამ უკვე ბევრი მაქვს გაკეთებული ამ მხრივ. იმ თანამდებობის
სიმაღლიდან მეტი მოხერხდება...
– მაგ განზრახვით და დაპირებით ბევრმა მიაღწია მაღალ თანამდებობას, მარა იქ რომ
მივიდა, მერე ვეღარ შეძლო სურვილისა და დაპირების შესრულება, – სიტყვა ჩამოართვა
მაგალიმ. – ასე იცის სხვის სამსახურში დიდკაცობამ. მეფის სამსახური, მისთვის
სასარგებლო და შენი ერისთვის საზარალო რაც არის, იმას გაგაკეთებინებს მარტო.
– ეგ კაცი არ ვარ მე ბაბა! ტახტს იმიტომ ვემსახურები, რომ არსებულზე უკეთეს აწმყოს და
მომავალს ჩემი სამშობლოსთვის ჯერჯერობით ვერ ვხედავ. აქამდე და დღესაც, თვითონ
რასაც ვთვლიდი ამ მხრივ მიზანშეწონილად, მხოლოდ იმას ვაკეთებ და ასე იქნება სამარის
კარამდე. რევოლუციონერები და პოლიტიკოსები ისეთ დებულებებს თუ წამოაყენებენ,
სადაც ჩემი ერის უკეთეს მომავალს დავინახავ და ვირწმუნებ, მათი მხარის დაჭერას
ვირავინ დამასწრებს. ერთს ველი კიდევ ჩემი მომავალი სამსახურებოივი
მდგომარეობიდან; კაი რთული და ძნელი საქმეების გაკეთება შევძელი უკვე. ჩემს
დღევანდელ სამსახურში მეტის გაკეთება იქნებ შეუძლებელიც იყოს! ასპარეზია მცირე.
ადამიანი ვარ, მეტი მწყურია და მინდა, ვიცოდე, რაზე გადის ჩემი შესაძლებლობების
ზღვარი, გასაქანი მჭირდება.
– სწორად გადაგიწყვეტია, მუშნი, – თქვა დათამ ცოტა ხნის მერე. – მაგრამ რაღაც გიშლის
ხელს, მგონია, და თქვი ეგეც ბარემ.
– უბრალო ამბავია: ერთი ძმა ოცი წელიწადი აბრაგობდეს და მეორეს მეფის კარზე
უზარმაზარი თანამდებობა ეკავოს – არ გამოვა ასე! – ხმამაღლა და გაღიზიანებით იყო
ნათქვამი ეს.
– მერე? – გამოცოცხლდა მაგალი–მამაჩვენი, სუფრაზე შემოდო მკლავები და მუშნის
მიაჩერდა. დათამაც აწია თავი.
– მოსაზრებები ყველა და არაერთხელ არის ნათქვამი, – დაიწყო მუშნიმ. – გამეორებას
აზრი არა აქვს. გამოსავალი არც ერთხელ არ თქმულა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ
ეფემია–წინამძღვრის რჩევას ბერად აღკვეცის შესახებ. მე მაქვს გამოსავალი, შინაგან
საქმეთა მინისტრთან პირადად შეთანხმებული: დათა უნდა თავის ფეხით მოვიდეს,
ჩაგვბარდეს და ციხეში ჩაჯდეს. ჩვენ მას გავასამართლებთ, მივუსჯით ხუთი წლის
პატიმრობას. სასჯელს საქართველოში მოიხდის. განთავისუფლდება, როგორც ყველა
დანაშაულმოხდილი მოქალაქე, რომ ეს, სახელდობრ, ასე იქნება და არა როგორმე
სხვანაირად – ამის პასუხისმგებლობას ოჯახის, ძმის და საკუთარი სინდისის წინაშე, მე
ვიღებ ჩემს თავზე!
მაგალიმ გაიცინა, რაღაცის თქმა დააპირა, მარა მუშნიმ გააჩერა:
– მოითმინეთ, ბაბა!.. ამ საკითხზე ნუღარ ვილაპარაკებთ. თვითონ იფიქროს დათამ. ექვსი
თვე შეუძლია იფიქროს. თუ დაუჯდა ჭკუაში, აგერ ვარ მე. თუ არ მოინდომა – ისევ ის
ვართ ერთმანეთისთვის, რაც აქამდე ვიყავით. გათავებულია ლაპარაკი!
– ასე იყოს. – ჩაილაპარაკა მაგალიმ და მართლა აღარავის ამოუღია ხმა.
ვისხედით კიდევ ათიოდე წუთს. წამოდგა დათა, ჩაიცვა, დაგვემშვიდობა ყველას და
ზღურბლიდან უთხრა მუშნის, – ვიფიქრებ მეო.
იდგა პატარა ხანს ზღურბლზე, მერე მუშნისთან მივიდა, გადაეხვია და აკოცა.
– შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია, მუშნი! –
უთხრა დათამ და წავიდა სიჩუმე იყო, არაკაცს არ ამოუღია ხმა. რამდენი ხანი გავიდა, ვინ
იცის, და მუშნიმ თქვა თავისთვის:
– მართალია!
ასე იყო ეს.
ერთი ის არის, რომ დათას სინდის–ნამუსის კაცს, იქნებ, არც შეეძლო, სხვაფრად
მოქცეულიყო – მივიდა და ჩაჯდა, მარა, მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, კიდევ რაღაც
უნდა მომხდარიყო ისეთი, იმ გადამწყვეტ ნაბიჯზე რომ უბიძგებდა. ამის, რა მოგახსენოთ,
არაფერი ვიცი და არც მუშნის გაეგებოდა რამე, ვთქვი ეს მე უკვე.
გრაფი სეგედი
როგორც იტყვიან, ღრეობა დამთავრებული იყო და ზარხოშის გამონელების, ანგარიშგების
დრო დამიდგა. თვით პოლკოვნიკი სახნოვი და მისი ხვედრი მეორე რიგის საკითხად
მიმაჩნდა, იმ ზომით აღარც ზარანდიას როლი და პოზიცია მაინტერესებდა, როგორც
საქმის მსვლელობის პროცესში იყო. ახლა უკვე ვცდილობდი გამომეტანა საბოლოო,
ნათელი და მკაფიო დასკვნა – რა სულიერი ზარალი განვიცადე და განვიცადე თუ არა,
საერთოდ, ვიდექი თუ არა ჩემი პრინციპების სიმაღლეზე ბოლო წლებში, თუ იაფიან
ოლეოგრაფიებზე დახატულ თაგვთამმუსვრელად ვიქეცი. თავში სრული ქაოსი მქონდა,
ერთი რამ მისაღები, სამართლიანი აზრისთვის ვერაფრით მიმეგნო და ვგრძნობდი, რომ
დიდი გარდატეხის ჟამი მიახლოვდებოდა.
ასეთ სულიერ ვითარებას, თითქოს, დაუყოვნებლივ უნდა გამოეწვია ზარანდიასთან
საუბარი, დამოკიდებულებათა გარკვევა, ფაქტებისა და მოვლენებისთვის ნამდვილი
სახელების
დადგენა–დარქმევა,
მაგრამ ამ
გზაზეც აღმოჩნდა სპეციფიკური
დაბრკოლებები. ჯერ ის, რომ, როცა ორმა ადამიანმა ამა და ამ თემაზე საუბარს ერთხელ
გვერდი აუარა – მომავლისთვის გადადო, მესამედ, ვითომ უადგილოდ ჩათვალა,
დაბოლოს, თვითდინება არჩია, მაშინ, რაც უფრო მეტი დრო გადის, ის საუბარი მით მძიმე,
საჩოთირო და შეუძლებელი ხდება. სტუდენტობაში ერთმა ამხანაგმა უმნიშვნელო თანხა
მთხოვა სესხად. დანიშნულ დროს ვერ დამიბრუნა. მერე თავს მარიდებდა და ვალიც
აღარასდროს დაუბრუნებია – სიტყვის გატეხისა, ვალის ასე დაგვიანებით დაბრუნებისა
რცხვენოდა. ეს მაგალითი ზემოთქმულის ასახსნელად, ვგონებ, ივარგებს. მეორე:
ზარანდიასთან საუბარს შეიძლება ზოგი ისეთი უსიამოვნო რამ დაედასტურებინა, რაც
ჩემს ცნობიერებაში მხოლოდ ჰიპოთეზის სახეს ატარებდა და, ამდენად, არც ისე
მაწვალებდა, როგორც უკვე გამოტანილი დასკვნა, კონსტატირებული ფაქტი
დამტანჯავდა. აქ უკვე ქვეცნობიერება მამუხრუჭებდა. ერთ დღეს ეს ყველაფერი ნათლად
ვიგრძენი, საშინლად აღვშფოთდი – ჩემი თავი მხდალი, დამყაყებული, უსუსური
დავინახე, მაშინვე ყველა საქმე გადავდე და ზარანდიას ვუხმე. იგი პეტერბურგიდან ორი
თუ სამი დღის დაბრუნებული იყო. მოვიდა, დაჯდა. გრძნობდა, რისთვისაც ვუხმე; ამანაც
შემაყოვნა მაგრამ თავს მოვერიე და ვთქვი:
– მუშნი, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სალაპარაკო გვაქვს. მე თქვენგან სრულ
გულწრფელობასა და პირდაპირობას ველი. ამ საუბრის შედეგებზე ბევრი რამ არის
დამოკიდებული ძალიან ბევრი!
– გისმენთ, თქვენო ბრწყინვალებავ, მზად ვარ.
დავფიქრდი, როგორ დავიწყო–მეთქი, და მომეჩვენა, რომ ყველაფერი ცხადია და
სალაპარაკოც აღარა იყო რა.
ამ მოსაზრებამ ღიმილი მომგვარა. ზარანდიას მომლოდინე იერი ჰქონდა. ძალიან
გამიჭირდა საკითხის დასმა. ამაში საუბრის თემის ზუსტად ჩამოყალიბებას არ
ვგულისხმობ. მოვლენათა რთული ხლართიდან მთავარის გამოყოფა ვერ მომეხერხებინა.
ალბათ, ისიც მიქმნიდა დაბრკოლებას, რომ მეშინოდა, სულიერ გასაჭირს, უილაჯობას არ
დამგვანებოდა ჩემი პირველი ფრაზა.
– მე მინდა, გავეცნო თქვენს შეხედულებას იმაზე, თუ რამდენად სწორად ვიმოქმედეთ
პოლკოვნიკ სახნოვის მიმართ!
ზარანდიამ პასუხი დააყოვნა, ფიქრობდა.
რაზე უნდა ეფიქრა? ამ კითხვაზე მას, რა თქმა უნდა, დეტალებში დაზუსტებული პასუხი
იმთავითვე უნდა ჰქონოდა – სხვაფრივ იგი სახნოვის წინააღმდეგ მოქმედებას არ
შეუდგებოდა, ეს ზარანდიასთან ურთიერთობების გამოცდილებით ვიცოდი.
– თქვენო ბრწყინვალებავ, მე მინდა დავაზუსტო, რას გავცე პასუხი: როგორია ჩემი
შეხედულება იმ, ან ისეთ “მოქმედებაზე” ზოგადად, თუ მოქმედებაზე, კერძოდ, სახნოვის
შემთხვევაში?
ძალიან გულიანად გამეცინა, რადგან ზარანდიას შეყოვნებისა და დაფიქრების მიზეზს
მივხვდი.
– მუშნი, ადამიანებთან ურთიერთობის ზოგიერთი ხერხი თქვენი ფსიქიკის განუყოფელ,
აუცილებელ კომპონენტად იქცა. რაღაც მექანიზმი ჩაგერთვებათ ხოლმე, მიუხედავად
იმისა, საჭიროა თუ არა. თქვენი ეგ კონტრშეკითხვა ქვეცნობიერი იყო და მიზნად ისახავდა
საუბარში ინიციატივა თავიდანვე, დაუყოვნებლივ ჩაგეგდოთ ხელში. ამჯერად საუბარი მე
უნდა წავიყვანო. მიპასუხეთ დასმულ კითხვაზე და რაც შეიძლება, მოკლედ.
– იქნებ, მართალიც ბრძანდებით, მაგაზე არ მიფიქრია. მაგრამ არ მგონია, ეგ თვისება
უარყოფითი იყოს. ახლა, პასუხი თქვენს კითხვაზე: ვიმოქმედე მე და არა ჩვენ თქვენო
ბრწყინვალებავ!
– მე არ შეგიშალეთ ხელი, არ შეგაჩერეთ, თუმც კი მთავარი ვიცოდი და მეორეხარისხოვანს
ვგრძნობდი. ვიმოქმედეთ ჩვენ და არა მარტო თქვენ. განაგრძეთ.
– არსებობს მეორე პასუხიც: სახნოვი მოქმედებდა და არა ჩვენ.
– ნუ ვიქნებით სირაქლემები, თავს ქვიშაში ნუ წავყოფთ, მუშნი! მივიღოთ და სადავოდ
ნუღარ გავხდით დებულებას, რომ ორივემ ვიმოქმედეთ.
– თქვენ უარჰყოფთ ვერსიას, რომელიც, ცალკე შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცალკე შეფმა
მიიღეს, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტება?
– მიიღეს თქვენგან და, ამასთან იმიტომ, რომ სხვა ვერსია მათ ხელს არ აძლევს!
– კეთილი და პატიოსანი! მაშინ იმის დასადგენად, სწორი იყო თუ არა ჩვენი მოქმედება,
ჯერ ის აღვნიშნოთ, თუ საიდან გამოვდივართ: სახელმწიფოს და ტახტის ინტერესებიდან,
ხომ?
– დიახ. მაგრამ ერთია – სწორი ამოსავალი პოზიცია და მეორეა, თუ რამდენად სწორია ესა
თუ ის მოქმედება, თუნდ უსწორესი პოზიციიდანაც კი.
– იმ პოზიციიდან, საიდანაც უნდა გამოვდიოდეთ და ყველა შემთხვევაში გამოვდივართ
კიდეც, სახნოვის მიმართ ჩვენი მოქმედება მიზანშეწონილად და სწორად მიმაჩნია! –
მტკიცედ თქვა ზარანდიამ და უფრო მტკიცედ დასძინა: – ყოვლად დაუშვებელი იყო მის
ხელში მართვის სახელმწიფოებრივად დიდმნიშვნელოვანი სადავეების ჩაგდება.
შეზღუდული პიროვნება! ეს თქვენი გამოთქმაა და მე სავსებით ვიზიარებ მაგ კონცეფციას.
ერთადერთი არგუმენტი, გრაფ, რომელიც შეიძლება, გამოგეძებნოთ, ის არის, რომ სხვა,
მიღებული, დაკანონებული ხერხებისთვის უნდა მიგვემართა. ეგ არის, სასურველი
შედეგის მისაღებად, სახელდობრ, როგორ და რა უნდა გვეღონა – არც ერთმა ჩვენგანმა არ
იცის და ვერც გვეცოდინება. რატომ? სხვა გზები არ არსებობდა, იმიტომ. მე, რა თქმა უნდა,
რეალურ გზებზე მოგახსენებთ და არა სათუო ღონისძიებებზე, თუ სანახევრო ზომებზე,
რაიც სახნოვის მდგომარეობას განამტკიცებდა და არა ჩვენსას. ის, რაც მოვიმოქმედეთ,
სახელმწიფოს სჭირდებოდა, გრაფ, და მერე – მე და თქვენ.
– ჩვენ სისაძაგლეები, მუხანათობები, პროვოკაციები გამოვიყენეთ, ბატონო ზარანდია! –
სიტყვა გამიწყდა, რადგან აქ უკვე მუშნი ზარანდიას აუვარდა სიცილი. – რატომ იცინით,
მართალი არ ვარ?..
– როგორ არა, თქვენო ბრწყინვალებავ, ჭეშმარიტებას ბრძანებთ, ჭეშმარიტებას, მაგრამ... ეს
გამოთქმა მეპატიოს, სხვა სავარძელში გადაბრძანება ინებეთ და მაგას იქიდან
ლაპარაკობთ! თქვენი ნათქვამი ჭეშმარიტებაა ზოგადკაცობრიო ზნეობის თვალსაზრისით.
აკი გკითხეთ, როგორ პასუხს თხოულობთ–მეთქი, – ზოგადს თუ კონკრეტულად
სახნოვთან მიმართებაში? Quod licet lovi, non licet Bovi! (რაც შეჰფერoს იუპიტერს, არ
შეჰფერის ხარს. (ლათ)). ზოგადკაცობრიული სამართლიანობისა და ზნეობრივი ნორმების
დაურღვევლად თანამედროვე სახელმწიფოს კეთილდღეობა გამორიცხულია. მეორე
მხრივ, ადამიანთა უმრავლესობამ ხსენებული სამართლიანობა და ზნეობრივი ნორმები
თუ არ დაიცვა – სახელმწიფო კი არა, თვით სიცოცხლეც მოისპობა. ცბიერება და
ბოროტება, იმპერიის შემთხვევაში, სახელმწიფოს ის იარაღია, რომლითაც მან
საზოგადოებას სამართლიანობისა და სიკეთის ნორმები უნდა აღასრულებინოს. მიაქციეთ
ყურადღება, გრაფ, მე ვამბობ უ ნ დ ა ა ღ ა ს რ უ ლ ე ბ ი ნ ო ს–მეთქი.
– ეგ მაკიაველიზმია, ბატონო ზარანდია!
– დიახ, მაკიაველიზმია! ის ბრძენი და კეთილი ადამიანი ბევრს ბოროტ კაცად იმიტომ
მიაჩნია, რომ მან გულახდილად, საქვეყნოდ თქვა ის, რასაც სხვები, სიკეთის ნიღაბს
ამოფარებულნი, ვერაგულად და აკანკალებული ხელებით აკეთებენ. ის, როგორც თქვენ
ბრძანეთ, სისაძაგლეები, მუხანათობები, პროვოკაციები, რაც სახნოვის წინააღმდეგ იქნა
გამოყენებული – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობდა.
– მაშ, სახელმწიფო თქვენც ბოროტ საწყისად მიგაჩნიათ?
– იმპერია! მაგრამ კაცობრიობა დაუცხრომლად მუშაობს იმაზე რომ სახელმწიფო
ნამდვილი სიკეთის წყაროდ აქციოს.
– თქვენ და თქვენი ბიძაშვილის მეგობრებს ერთნაირი შეხედულებები გქონიათ, მუშნი!
– იმ განსხვავებით, თქვენო ბრწყინეალებავ, რომ მათი ნება თუ იქნებოდა, იმპერიას
დღესვე მოსპობდნენ. მე – ლოდინს ვამჯობინებ.
საუბარი შეწყდა. პირველად და ცხადად დავინახე, რომ სახელმწიფოს დანგრევის
მსოფლიო–ისტორიული სული გაღვივების ინტენსიურ პროცესს განიცდიდა. მოვლენების
ცენტრში ვიდექი და ვიცოდი, რომ მსოფლიოში გასაოცრად იმატა იმ ადამიანთა რიცხვმა,
ვინც ყველა და ყოველგვარ საზოგადოებრივ წინააღმდეგობათა პანაცეად ნგრევას
მიიჩნევდა. იგულისხმებოდა არა პრუდონისა და ბაკუნინის რეცეპტურა სახელმწიფოს
ინსტიტუტის გაუქმების შესახებ, არამედ იმპერიის დანგრევა ახალი სახელმწიფოს შექმნის
მიზნით. განსაკუთრებით საყურადღებო ის იყო, რომ ზემოხსენებულმა სულმა ჩვენი
საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა, რაც ერთობ სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვდა. რა
იყო ეს? იმ წმინდად და მხოლოდ რუსული სულის გამოვლინების მოსამზადებელი
პერიოდი, როცა ვიღაც გარეწარი უნდა გამოცხადებულიყო, ეთქვა – დიმიტრი მეფე ვარო,
და რუსეთის მიწა–წყალს შფოთი და არეულობა დაუფლებოდა? ან ახალი ემელკა
პუგაჩოვი იტყოდა, – პეტრე III გოლდშტინელი ბატონიშვილი გავცოცხლდიო, და
მილიონიანი ბრბოები ცელებითა და სამთითებით ზარბაზნებზე მიიტანდნენ იერიშს?
იქნებ, თვისობრივად და ხარისხობრივად სხვა, სრულიად უცნობი რამ მზადდებოდა? თუ
იმპერია საერთოდ და, კერძოდ, ჩვენი იმპერია ბოროტების აქტიურ საწყისად იქცა, მაშინ
მე – მისი ერთგული მსახური – ბოროტების განხორციელებას ვანდომებდი ცოდნას,
გამოცდილებას, ენერგიასა და ნიჭს. მეორე მხრივ, ჩემს ხელში გამოვლილ პოლიტიკურ
პატიმართა დიდი უმრავლესობა, უდავოდ, პატიოსანი, პირუთვნელი და უანგარო
ადამიანებისგან შედგებოდა. სწორედ ესენი ესწრაფოდნენ იმპერქიის დანგრევას და არა
ვიღაც ნაძირალები!
სად იყო ამ ვითარებაში პატიოსანი კაცის, ერთგული მამულიშვილის ადგილი? როგორი
იყო ამოსავალი კონცეფცია? რომელი ზნეობრივი პლატფორმიდან უნდა მომეხდინა
აბსტრაგირება? დღე დღეს მისდევდა, თვე – თვეს და მე აკვიატებული ჰანგივით
ვიმეორებდი ყველა მოსაზრებას, რაც კი ამის თაობაზე წამეკითხა, მსმენოდა თუ ნანახიდან
გამომეტანა. ერთხელ დალაქის სავარძელში მთვლემარეს მეწვია აზრი, რომ საუკეთესო
გამოსავალი სამსახურიდან გადადგომასა და მოვლენათა გარედან ჭვრეტაში იყო.
თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ სანამ განზე არ გავდგებოდი, ვერც მართებულ დასკვნებს
მივაგნებდი, ვერც ღირსეული და მიზანშეწონილი ადგილის პოვნას მოვახერხებდი. ეს
აზრი ფსიქიკაში ლურსმანივით ჩამერჭო და გადადგომის ყოველი გაფიქრება იმ ლურსმანს
ჩაქუჩივით ურტყამდა. ბოლოს ის დღეც გათენდა, როცა გადადგომა გადაწყვეტილი
მქონდა და აღარც დამიყოვნებია. ათას ცხრაას ოთხი წლის ადრე გაზაფხულზე მინისტრს
გადადგომის პატაკი მივართვი და პასუხის მოლოდინში ბუსავით გავინაბე. ვითარების
ლოგიკა მკარნახობდა, რომ ჩემს თხოვნას დააკმაყოფილებდნენ და, აი რატომ: დიდმა
მთავარმა, თურმე, დაუფარავი საყვედურის ტონით ჰკითხა შინაგან საქმეთა მინისტრს, –
ჩემი ნათლული ასე ადვილად როგორ გაიმეტეთო; მინისტრს უთქვამს, – სხვა გამოსავალი
არ იყო, მაგრამ შევეცდები, არც მის მტრებს შევარჩინო რამეო. თუკი გადავდგებოდი,
მინისტრს საშუალება მიეცემოდა დიდი მთავრისთვის ეთქვა: თქვენი ნათლულის
დაბრუნება, მართალია, ვერ ხერხდება, მაგრამ დაპირება შევასრულე, გრაფი სეგედი
სამსახურიდან გადადგაო.
ვერც სამსახურიდან გასვლის გადაწყვეტილებამ მომიტანა სიმშვიდე, ჩემს საფიქრალს
ახალი საღელავიც დაემატა. გამიშვებდნენ თუ არა? მზადყოფნით თუ სინანულით?
ღირსეულად თუ ვაშლის ნაღრღენივით გადამაგდებდნენ? ჩემი ხნის კაცს
ცხოვრებისეული გამოცდილებით, ასაკობრივი სიბრძნით უნდა მეხელმძღვანელა, მაგრამ,
არ დავმალავ, სული მიცმუტავდა. ფრიად გავრცელებული და, თითქმის, საყოველთაო
თვისებაა, რომ ადამიანს თუ გულზე რაიმე სადარდებელი აწევს, მაშინ თავის საწუხარზე
სხვებთან საუბრის მოთხოვნილებაც აწვალებს – უპირატესად ჭკვიან, საქმეში ჩახედულ
კაცებთან საუბრისა. ჩემს წრეში ამ თემაზე თანამოსაუბრე არავინ მყავდა, თუ ზარანდიას
არ მივიღებთ მხედველობაში, და, ღმერთმა ხომ იცის, იმ საწუხარზე სჯა–ბაასის როგორი
ჭიაც მეჯდა; ვიხელთებდი თუ არა განმარტოებას – ფიქრი დამრევდა ხელს, უნებლიეთ
მეხსიერებაში ვიქექებოდი, ისეთ კაცს დავეძებდი, რომელთანაც ორიოდ სიტყვის თქმა და
მოსმენა შეიძლებოდა. ერთი ასეთი დაფიქრების დროს სანდრო კარიძის ფიგურა
ამოტივტივდა. ლანდს ხელი ავუქნიე, უცნობ კაცთან ესოდენ საკუთარ ტკივილებზე რამ
უნდა მასაუბროს–მეთქი, მაგრამ იქვე გაეიფიქრე, რომ ისეთ ადამიანთან, როგორადაც მე
სანდრო კარიძე მყავდა წარმოდგენილი, სიამოვნებით გავატარებდი, ვთქვათ, ერთ ან ორ
საღამოს. გავიდა ცოტა ხანი, ლანდი კვლავ გამომეცხადა, ისევ უკუვაგდე მასთან
ურთიერთობის აღდგენის იდეა და აქ უნებლიეთ დავიწყე იმის გახსენება, თუ სად არიან
ან რას აკეთებენ დათა თუთაშხიას და ქალბატონ ნანოს გარშემო ერთ დროს შემოკრებილი
ადამიანები. ყველა სათითაოდ მოვიგონე. გამოირკვა, რომ ჩემს საფიქრალს არც ერთი
მათგანი არ სჭირდებოდა და, მაინც, ანაზდად, ჩემთვისვე მოულოდნელად თანაშემწეს
ვუხმე, სანდრო კარიძის ადგილსამყოფლის დადგენა ვუბრძანე; უკვე გადიოდა და
მივაძახე, – მისი დოსიეც მომიტანეთ–მეთქი.
ერთი საათის შემდეგ ვიცოდი, რომ სანდრო კარიძე – თავის ერისა და დროის ერთ–ერთი
უგანათლებულესი კაცი – ყოველდღიურ ამაოებას გასცლოდა და შიომღვიმის მონასტერში
აღკვეცილიყო. იქ მას სრულიად არაფერი ევალებოდა. პირიქით, მიჩენილი ჰყავდა
მორჩილი, რომელიც მისი პირადი მდივნის როლს ასრულებდა და სამეურნეო
სამსახურსაც უწევდა. სანდრო კარიძეს თავის ბიბლიოთეკა მონასტერში გადაეტანა –
კითხულობდა, წერდა. რას წერდა? ესეც ცნობილი იყო: სოციალურ–პოლიტიკური
ხასიათის ტრაქტატებს და არა თეოლოგიურ ესეებს იმაზე, თუ ნემსის ყუნწში
ერთდროულად რამდენი ეშმაკი გაეტეოდა აი, მისი ტრაქტატების სათაურებიც:
“ადამიანი, მისი დანიშნულება”, “ისტორია და ზნეობა”, “პიროვნება, ერი, კაცობრიობა”,
“მოქალაქე და სახელმწიფო”, “პოლიტიკოსები და ხალხები” და სხვა. დოსიე შეიცავდა
ჩვენი აგენტის დასკვნასაც: “ბ–ნი კარიძის ნაწერები ძირს უთხრის ქრისტიანულ
სარწმუნოებას და არსებული წყობილების წინააღმდეგ არის მიმართული”. იყო ყოველივე
ამაში ღიმილის მომგვრელი რაღაც, ვინაიდან, დოსიეს მიხედვით, თავისი
მოქალაქეობრივი ცხოვრება სანდრო კარიძეს უკიდურესი მონარქისტობით დაუწყია. რას
იქმს კაცი, აქაც იგივე მომხდარა: Mutantur tempora et nos mutantur in ilis. (დრონი
ცვალებადობენ და, მათთან ერთად ჩვენც ვიცვლებით (ლათ.))
უკვე წაკითხული ხომ საინტერესო იყო, მაგრამ სანდრო კარიძის ურთიერთობების
თაობაზე შეკრებილ ინფორმაციას როცა გავეცანი – სუნთქვა შემეკრა! რამდენიმე
აგენტურული დასმენის ერთად გაანალიზების შედეგად ასეთი რამ გამოდიოდა:
კარიძესთან ოთხჯერ იყო ნამყოფი კაცი, რომლის გარეგნობა, საქციელი, მეგრული კილო
და აღწერილობის სხვა დეტალები უზუსტესად ხატავდა ბატონ დათა თუთაშხიას... ან
ბატონ მუშნი ზარანდიას!..
დასწყევლოს ღმერთმა, ეს სპირიტიზმს ჰგავდა იმ განსხვავებით, რომ სული სააქაოდან,
სინამდვილიდან გამოვიწვიე. მე რომ სანდრო კარიძეს ვნახავდი, ეს, თითქოს, იქვე და
მაშინვე გადავწყვიტე, მაგრამ ჯერ ყოყმანმა და შემდეგ თვით შეხვედრის ხერხების
შერჩევა–დაგეგმვამ კარგა ხანი მოითხოვა. შეხვედრას შემთხვევის ხასიათი უნდა ჰქონოდა.
ამისთვის სანდრო კარიძის დღის წესრიგი იყო შესასწავლი, ანუ მონასტრიდან
გამოსვლების მიმდევრობა, მისვლის ადგილები და სხვაც ბევრი რამ. ამ მზადებას ერთი
თავისებურებაც ჰქონდა – კარიძესთან ჩემი შეხვედრა ზარანდიას არ უნდა სცოდნოდა,
ყოველ შემთხვევაში, შეხვედრამდე მაინც. ეს ასე აიხსნებოდა: ერთი, რომ პირადი
მოტივები მამოძრავებდა და ზარანდიას, ანუ სამსახურს, ამაში არაფერი ესაქმებოდა;
მეორე: ის ეჭვის აღმძვრელი კაცი რომელიც კარიძესთან ოთხგზის იყო, თუ დათა
თუთაშხია აღმოჩნდებოდა, მე, რა თქმა უნდა, შევეცდებოდი, ისიც მენახა, მაგრამ
სასაუბროდ და არა სამსახურებრივ მოვალეობათა აღსასრულებლად. ესე იგი, ზარანდიას
ჩარევა ჩემთვის არც აქ იყო სასურველი. ვერც იმას გამოვრიცხავდი, რომ კარიძესთან
მარტო თუთაშხია როდი დადიოდა. იქნებ ზარანდიაც?! ხომ შეიძლებოდა, აგენტს ერთ და
იგივე პირად მიეჩნია ტყუპებივით დამგვანებული ბიძაშვილ–მამიდაშვილი, მით უმეტეს,
რომ კარიძესთან არც თუთაშხია მივიდოდა ორ–ორი მაუზრით და არც ზარანდია –
ეპოლეტებით; დაახლოებით ერთნაირად იქნებოდნენ ჩაცმული.
დიდი სიფრთხილე და გამჭრიახობა მმართებდა კიდევ იმიტომ, რომ კარიძეზე მიჩენილ
აგენტს შეეძლო, თავისი გადამბირებლისთვის ჩემი მისვლის ფაქტიც ეცნობებინა.
პირველი შეხვედრა მონასტრის გარეთ, სადმე გზაზე ან რკინიგზის სადგურზე უნდა
მომხდარიყო და სასურველი იყო – პირისპირ, ისე, რომ კარიძის მორჩილიც კი არ
დაგვსწრებოდა. ერთი სიტყვით, გეგმის მონახაზი უკვე მქონდა და მოქმედება, ცხადია,
იმით დავიწყე, რომ გავიგე, სახელდობრ, ვისთვის მუშაობდა კარიძეზე მიჩენილი აგენტი.
ზარანდიასთვის!
ყველაფერი ყირამალა დადგა. გავიფიქრე, რომ ზარანდიას ფიგურა, აი, უკვე რამდენი
წელიწადია, აჩრდილივით მდევდა და შეეძლო, შიზოიდური მოვლენები აღეძრა ჩემს
ფსიქიკაში. ეგ არის, მაგარი ნერვები მქონდა და ვთვლიდი, რომ ცხოვრება სწორედ
მოულოდნელობებისგან შედგება.
ასე იყო თუ ისე, იმის მეტი არა მრჩებოდა რა, რომ ან განზრახვაზე ხელი ამეღო, ან
ზარანდიას შესაძლებლობებით მესარგებლა. ამ არჩევანსაც კარგა ხანი მოვანდომე. ბოლოს,
გადავწყვიტე, ჯერ თვით ზარანდიას გამოვლაპარაკებოდი და როცა პირისპირ დავრჩით,
ვკითხე:
– მუშნი, სად არის ცენზურის ყოფილი მოხელე, ბატონ დათა თუთაშხიას მეგობარი –
სანდრო კარიძე?
– შიომღვიმის მონასტერში, თქვენო ბრწყინვალებამ, ბერად შედგა. – ღიმილით მითხრა
ზარანდიამ.
– მეც ასე ვიცი. როგორ გგონიათ, რამ გამოიწვია ეგ მეტამორფოზა?.. ამბობენ, სისხლითა და
ხორცით ერისკაციაო.
– ყველაფერი ცნობილია, გრაფ, კარიძესთან ორი აგენტი მუშაობს ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად. ასე რომ, ცნობების შემოწმების საშუალებაც კი გვაქვს. პოლიტიკურ
ტრაქტატებს წერს და ქრისტიანული სარწმუნოების რეფორმაციის თეორიულ საფუძვლებს
ქმნის. ყოველ შემთხვევაში, ასე უწოდებს ჩვენი ერთ–ერთი აგენტი კარიძის საქმიანობასა
და ნაწერებს. მონასტერსაც, ალბათ, ამისთვის მიაშურა, მაგრამ, მგონი, ოჯახურ
განხეთქილებასაც უნდა ეთამაშა გარკვეული როლი. ბერებს კარიძე არ უყვართ, ზურგს
უკან წურბელასა და მუქთამჭამელს ეძახიან. სამაგიეროდ, წინამძღვარი მფარველობს,
თანამოაზრეები არიან, ყოველმხრივ უწყობს ხელს.
– რატომ დაინტერესდით კარიძეთი?
– შტაბსკაპიტანი ლიამინი დაინტერესდა. სურდა გაეგო, რას აკეთებს კარიძე მონასტერში.
მკითხა, იქ აგენტი ხომ არ გყავსო. არ მყავდა, მაგრამ მე უფრო მიმიწვდებოდა ხელი და
გავიჩინე კიდეც, ჯერ ერთი აგენტი და მერე – მეორე. ლიამინისთვის საინტერესო
საკითხის მოკვლევაში კი შემთხვევით ისიც დადგინდა, რომ კარიძეს დათა
თუთაშხიასთან კავშირი არ გაუწყვეტია.
– თქვენ დარწმუნებული ხართ, მუშნი, რომ ის ოთხჯერ მისული კაცი დათა თუთაშხიაა?
ზარანდიამ გაიცინა და მითხრა:
– ოთხგზის ნამყოფობას დოსიე შეიცავს, თქვენო ბრწყინვალებავ, ისე კი... ისე, იქამდეც
დადიოდა, სანამ ჩვენმა აგენტებმა მუშაობა დაიწყეს. დოსიეში ხსენებული ოთხი
მოსვლიდან ორი დათა თუთაშხიასია და ორი ჩემი. პირველად იმისთვის მივედი, რომ
სანდრო კარიძეს გავსაუბრებოდი და დათა თუთაშხიასთან შუამავლობა მეთხოვა. მეორედ
მივედი, რომ გამეგო, თანახმა იყო თუ არა შეხვედრაზე დათა თუთაშხია.
– თანახმაა?
– არა, თქვენო ბრწყინვალებავ.
– რატომ?
– რაც უნდა მელაპარაკო, ვიციო, და თუ შენი ნახვა მომენატრა, გიპოვი როგორმეო! –
ზარანდიამ გადაიხარხარა.
– მე კარიძის ნახვა და მასთან საუბარი მაინტერესებს.
მუშნი ზარანდია დაფიქრდა ისევ გაიცინა და მითხრა:
– შევუთვლი, გრაფ. დათანხმდება. ოღონდ ერთი პირობით, მეც წამიყვანეთ.
– სიამოვნებით! – უყოყმანოდ დავყევი.
ის შეხვედრა სხალტბაში მოხდა და შემდგომში ჩვენი დაახლოება გამოიწვია. უკვე
პირველი შეხვედრის დროს გადამდგარი ვიყავი. მერე არმაზში აგარაკი ვიყიდე, უმეტესად
იქ ვცხოვრობდი. არმაზიდან შიომღვიმის მონასტრამდე შვიდი, რვა ვერსია და ამ
გარემოებამ მე და სანდრო კარიძე უფრო დაგვაახლოვა. თვე არ გავიდოდა, რომ
ერთმანეთს რამდენჯერმე არ შევხვედროდით. ჯერ – პირველი შეხვედრა.
სხალტბა შიომღვიმის ქარაფებს ზემოდან არის. პირობისამებრ, მამასახლისთან მივედით.
ოროთახიანი პატარა სახლი ედგა.
– მასპინძელო! – დაიძახა ზარანდიამ
მამასახლისის ეზოს საკმაოდ მაღალი ტყრუშული ერტყა, მაგრამ უნაგირის სიმაღლიდან
ყველაფერი ჩანდა. ბაღის ბოლოში, მხარმარჯვნივ, ტოტებგაბარდულ–გადახლართული,
სწორედ ქოლგასავით გაშლილი პანტა იდგა. პანტის ძირში სკამ–მაგიდა იყო გამართული.
ორნი ისხდნენ: ერთი თავად მამასახლისი გახლდათ – ზარანდიას ძახილზე უმალ
ჭიშკრისკენ გამოსწია. მეორე ბერი იყო, სანდრო კარიძის მეტი ვინ იქნებოდა.
მამასახლისი ქარცი კაცი აღმოჩნდა, მოჭუტული თვალებით იყურებოდა, თეთრ წამწამებს
აფახურებდა. ჩამოვხტით, ეზოში შევედით. ცხენები მამასახლისის ბიჭმა წაიყვანა. თვით
მასპინძელი პანტისკენ გაგვიძღვა. კაი ასი ნაბიჯი იყო გასავლელი.
ერთმანეთს ერისკაცურად მივესალმეთ. სანდრო კარიძეს მცირედი მღელვარება ემჩნეოდა.
ალბათ, ჩემი ნახვის გამო. ასეთი თანამდებობის პირის სტუმრობას, თავისთავად ცხადია,
მის გუნება–განწყობილებაში გარკვეული აღრევა უნდა გამოეწვია. დავსხედით. პატარა
ხანს სიჩუმე იყო, უხერხული და მოუხეშავი. ჯერ მამასახლისი დაფაცურდა – ღვინო
დაგვისხა, საჭმელები შემოგვთავაზა, არ მოგვეშვა, სანამ დანა–ჩანგალი არ ავიღეთ. მერე
სანდრო კარიძემ ფერდობებზე აბიბინებულ ყანებს გახედა, მოსავალზე დაიწყო ლაპარაკი.
დაწვრილებით უბნობდა. ესმოდა, რომ სიცარიელეს შევსება ესაჭიროებოდა.
კარიძე ლაპარაკობდა. გამიელვა, – კარგი იქნებოდა, შემთხვევით დათა თუთაშხიაც რომ
მოსულიყო–მეთქი, ბიძაშვილ–მამიდაშვილის... არა, სახელდობრ, მუშნი ზარანდიას და
დათა თუთაშხიას შეხვედრა მაინტერესებდა, პირდაპირ, ცნობისმოყვარეობა მკლავდა.
ერთხელ უკვე ვთქვი, ზარანდიას თავდადებული სიყვარულით უყვარდა დათა თუთაშხია,
ალალ ძმად თვლიდა და ტრაგიკულად განიცდიდა მის ახირებულ ცხოვრებას–მეთქი. ეს
ის გამოვლინება იყო, რითაც ზარანდიას არსებაში ჩვეულებრივი ადამიანი
ხორციელდებოდა, მაგრამ იქვე განცალკევებულად ცოცხლობდა, დამოუკიდებლად
მოქმედებდა საკუთარი რწმენებიდან გამომდინარე ვალდებულების, პასუხისმგებლობის
გრძნობა, მავანი ადამიანის მიმართ დაგუბებული სიძულვილი და ღვარძლი კი არა –
როგორიღაც კონკრეტული დემონი, რომელსაც “სხვარიგად არ ძალედვა”. იგი გასაოცარი
დაჟინებით, აზარტითა და სამკვდროდ ებრძოდა დათა თუთაშხიას... არა! ფენომენს
რომელიც დათა თუთაშხიას სახით არსებობდა. ადამიანური და დემონური ეს ორი
საწყისი პარალელურად მოქმედებდა და სულის გაორებას კი არ ქმნიდა, არამედ მუშნი
ზარანდიას ერთობ თავისებური ნატურის მთლიანობის შედეგი იყო.
მამასახლისმა საქმე მოიმიზეზა, ბოდიში მოგვიხადა და წავიდა. სანდრო კარიძემ ან
ყველაფერი თქვა, მოსავალზე თუკი რამ გაეგებოდა, ან მიიჩნია, რომ ახლა სხვისთვის
უნდა მიეცა ლაპარაკის საშუალება, და დადუმდა. ჩვენც ვდუმდით. მერე ვიგრძენი, რაღაც
უნდა მეთქვა და ვთქვი:
– ამ ტყეებში ნადირი თუ იცის?
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, თოფის ხმა ხშირად ისმის, ნადირობენ, – მაცნობა კარიძემ.
ზარანდიამ ტყეებს გახედა გაიცინა და თქვა:
– სულ ადვილი შესაძლებელია, რომ დათა თუთაშხია მანდ სადმე ხეზეა გასული და
დურბინდით გვზვერავს...
მეც გამეცინა, მაგრამ კარიძის მოღუშული სახე, ზარანდიაზე მიბჯენილი გულმოსული
თვალები შევნიშნე და უნებლიეთ გავფაციცდი.
– თუ ხუმრობით ბრძანეთ, ბატონო ზარანდია, – მიმართა კარიძემ, – შევნიშნავ, უადგილო
ხუმრობაა. თუ სერიოზულად არის ნათქვამი – მკრეხელობაა!
ჩანს, არც მე და არც მუშნი ზარანდია არ ვიყავით მზად იმისათვის, რომ სანდრო კარიძე
მკაცრი სულიერი მამის როლში მოგვვლენოდა, და დავიბენით.
– დათა თუთაშხია იმდენად გამჭრიახი და ფხიზელი კაცია, რომ შეუძლებელია, ჩვენს
დროში – ამ პიროვნული და საყოველთაო სულმოკლეობის პირობებში, – საერთოდ, ვინმეს
და, სახელდობრ, თქვენ, გულწრფელად გენდობოდეთ, – დასძინა კარიძემ და ეს, ცხადია,
ჩვენ ორს გვეხებოდა. – ამასთან, იმდენად სულგრძელიც არის, რომ, სახელდობრ,
თქვენდამი უნდობლობის გამჟღავნებას თავის თავსაც კი არ აკადრებს გამჟღავნებას–
მეთქი!
– უნდა გაცნობოთ, ბატონო სანდრო, – მივმართე მე, – რომ ჩვენ ორივენი ზუსტად მაგ
აზრისანი ვართ.
სიჩუმე ჩამოვარდა, საკმაოდ უხერხული და ხანგრძლივი. დაძაბულობის განმუხტვა იყო
საჭირო და კარიძეს მივმართე:
– თემას ოდნავ გადავუხვევ და შეგეკითხებით: ჩვენს დროში, ანუ, როგორც თქვენ
ბრძანეთ, პიროვნული და საყოველთაო სულმოკლეობის პირობებში, დათა თუთაშხიას
კეთილშობილება და სულგრძელობა ანაქრონიზმად არ მიგაჩნიათ?
– ჰმ, ანაქრონიზმად? – ჩაიქირქილა კარიძემ, ერთხანს ჩუმად იყო და მკითხა: – რას
იტყვით გრაფ, ნოეს დროს ბოთლი და საცობი არსებობდა?
ვერ მივხვდი, რისთვის დამისვა ეს საოცარი კითხვა და გაცინებით ვუშველე თავს.
მუშნიმ შემაშველა:
– ღვინო ნოეს დროსაც იყო, ბატონო სანდრო. ცხადია, საცობიანი ჭურჭლეულიც იქნებოდა.
– იქნებოდა, მართალია... – თავისთვის დაადასტურა კარიძემ. – მაშინ, აი, როგორ
მოხდებოდა ეს საქმე: კიდობანში თავისუფალი ადგილი რომ აღარ აღმოაჩნდა, ნოემ დათა
თუთაშხია დააპატარავა, ბოთლში ჩასვა, საცობი დაუცო და წყალში გადააგდო, რომ
წარღვნის შემდეგ სადმე გარიყულიყო და ხელმეორე ცხოვრება დაეწყო. ღმერთმა ნოეს
ხელით კაცობრიული სულგრძელობა, მაღალი ზნეობა გადაარჩინა!
– თქვენ, ბატონო სანდრო, ღმერთისაგან განსხვავებით, ფრიად აღმატებული აზრი
გქონიათ ნოეს დროინდელი საზოგადოების ზნეობრივ დონეზე, – სიცილით შენიშნა
მუშნი ზარანდიამ. – წერილ არს, წარღვნა კაცთა უკეთურობისა გამო მოუვლინა ღმერთმა
დედამიწას!
– დათა თუთაშხია ნოეს დროინდელი ზნეობის დონეზე რომ მდგარიყო, ღმერთი მას
დანარჩენი კაცობრიობის ხვედრს მიაგებდა. იგი მაშინაც ანაქრონიზმს წარმოადგენდა,
მაგრამ მარადის საჭიროს და აუცილებელს.
– თქვენ იმის თქმა გსურთ, რომ ყველაფერი წარმავალია და მხოლოდ მაღალი ზნეობაა
მარადისი? – ვკითხე კარიძეს.
– დიახ, მიუხედავად იმისა, აღზევებულია ზნეობა, თუ იმდენად დათრგუნვილი, როცა
თითო–ოროლა პიროვნების კუთვნილებასღა შეადგენს – იგი მაინც მარად არის. სხვა
დანარჩენი – ხან არის! ხან არა. რამდენჯერაც უნდა გაირყვნას და დაეცეს კაცთა მოდგმა,
რამდენჯერაც უნდა გაიმეტონ მოსაშთობად ღმერთებმა იგი, იმდენჯერ გადაარჩენს
განგება დათა თუთაშხიას, როგორც კვეთსა და მაწვნის დედას. თქვენი პრაქტიკაც ხომ არ
ადასტურებს ჩემს მოსაზრებას? იმას ვგულისხმობ, რომ დღემდე ვერაფრით
მოგიხელთებიათ.
– თქვენ მისტიკოსი ყოფილხართ, ბატონო სანდრო. – შევნიშნე მე. – ამჟამად მთელი
მსოფლიო ახალ წარღვნაზე ლაპარაკობს! სულის კაწკაწით ელის გლობალურ
კატაკლიზმებს. გამოდის, რომ დათა თუთაშხიას ხელმეორედ ჩააბრუნებენ ბოთლში?
ვიხუმრე, მაგრამ ჩემი ხუმრობა იმის მინიშნებასაც შეიცავდა, რომ სანდრო კარიძის
ნაწერებში არსებული რევოლუციის წინასწარმეტყველება ჩვენთვის ცნობილი იყო.
– წარღვნა კარზეა მომდგარი. ამაში ძველის განადგურება და ახლის წარმოქმნა
იგულისხმება, – მითხრა კარიძემ. – რაიმე სახით ნოეც იქნება და კიდობანიც, როგორც
ანალოგიური მოვლენების აუცილებელი თანმხლები. არც დათა თუთაშხია დარჩება
ბოთლშიჩაუსმელი, ესეც აუცილებელი ატრიბუტია.
– ბატონო სანდრო, მაგ თემაზე დათასთან თუ გისაუბრიათ? – ჰკითხა ზარანდიამ.
– მრავალგზის, როგორც სიტყვას მოყოლილ სალაპარაკოზე. რატომ გაინტერესებთ?
– იმიტომ, რომ ნოე ვარ! ცალ ხელში ბოთლი მიჭირავს მეორეში – საცობი. აგერ, მესამე
წელიწადია დავდევ საკუთარ ბიძაშვილს, ვცდილობ, დაპატარავებაზე და ბოთლში
ჩაჯდომაზე დავიყოლიო.
ჯერჯერობით არაფერი გამოდის.
სანდრო კარიძემ პატარა ხნის ფიქრის შემდეგ სერიოზული ტონით თქვა:
– ვიცი მე ეგ. იქნებ, მართლაც, ნოე ხართ?!
ბოთლისა და საცობის თემა ამოიწურა. კარგა ხანს უმნიშვნელო დიალოგი გვქონდა – ამ
მთისა და იმ მთის. ტრაპეზს მოვრჩით, ბაღვენახი და მარან–საწნახელიც დავათვალიერეთ,
ისევ მაგიდას მივუსხედით და სანდრო კარიძემ წამოიწყო:
– აი, თქვენო ბრწყინვალებავ, ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი ბრძანდებით...
– აღარ ვარ, ბატონო სანდრო... უკეთ რომ ვთქვათ, ერთი კვირის ან ათი დღის შემდეგ აღარ
ვიქნები! – სიტყვა ჩამოვართვი.
ზარანდიაცა და კარიძეც, თითქმის, პირდაღებულები შემომცქეროდნენ.
– ამ თვე–ნახევრის წინ გადადგომა მოვითხოვე, გუშინწინ დასტური მივიღე. ჩამოვლენ,
ბრძანებას ჩამოიტანენ, ახალ მესვეურს მოიყვანენ. საქმეებს გადავაბარებ და თავისუფალი
კაცი ვარ, – განვმარტე მე. – კმარა!
– შეუძლებელია! – ამოღერღა ზარანდიამ. – მინისტრი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო...
ჩემი ყურით მოვისმინე.
– ალბათ, დიდმა მთავარმა დამიჭირა მხარი, – ღიმილით მივუგე.
– ააა! – აღმოხდა ზარანდიას, ფიქრებს მიეცა და კარგა ხანს აღარ ამოუღია ხმა.
კარიძემ განცვიფრებას თავი დააღწია, შეიშმუშნა და დაწყებული საუბარი განაგრძო:
– აი, თქვენო ბრწყინვალებავ, რუსი მამულიშვილი, დახვეწილი ინტელიგენტი, ტახტისა
და არსებული წყობილების უერთგულესი ქვეშევრდომი ბრძანდებით... მოაზროვნე,
მოფიქრალი კაცი. ძალიან მაინტერესებს... რა ვიცი, იქნებ უხერხულიც იყოს...
– ბრძანეთ, ბრძანეთ.
კარიძე შეყოვნდა. ალბათ, კითხვის ჩამოყალიბებას მოანდომა დრო.
– რის აღმოცენებას ისურვებდით რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე? – ისე მკითხა, ვითომ,
თავზე ხელი აიღო.
გამეცინა: მე ხომ ჯერ კიდევ ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი ვიყავი?!
– სრულიად რუსეთის სახელმწიფოს აღმოცენებას!
– მძიმე პრობლემაა, მაგრამ, პირადად მე, მგონია, რომ სწორედ ეგრეც მოხდება.
– პოლიტიკურ მიმდინარეობათა უმრავლესობა ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას,
იმპერიის დანაწევრებას ითვალისწინებს.
– ის პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, რომელიც რუსეთის იმპერიის ხალხებისთვის
თვითგამორკვევის უფლების მინიჭების გზით შეინარჩუნებს სახელმწიფოს მთლიანობას.
– აღნიშნა კარიძემ.
– თვითგამორკვევის უფლება ეროვნულ დამოუკიდებლობას ნიშნავს, ხოლო რუსეთის
იმპერიის ხალხთა ეროვნული დამოუკიდებლობა – იმპერიის დაშლას შემადგენელ
ნაწილებად. ასეთ ვითარებაში სრულიად რუსეთის მთლიანი სახელმწიფოსთვის მხოლოდ
ოცნებაში რჩება ადგილი.
– არა! – კარიძემ თავისი ბანჯგვლიანი თავ–პირი გაბრაზებულივით გაიქნ–გამოიქნია. – ამა
თუ იმ ერისთვის დამოუკიდებლობა საჭიროა იმდენად, რამდენადაც მისი ეროვნული,
მოქალაქეობრივი და კულტურულ–ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა საჭირო
და აუცილებელი. ახლა, წარმოვიდგინოთ პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალი
სრულიად რუსეთის სახელმწიფოს დროშის ქვეშ რუსეთის იმპერიის ჩაგრული
ხალხებისთვის მათი ეროვნული, მოქალაქეობრივი და კულტურულ–ვკონომიკური
ინტერესების სრული დაკმაყოფილების გარანტიებს შექმნის. ვიღას და რაღად ენდომება
დამოუკიდებლობა?
– თქვენ, ბატონო სანდრო, არ გნებავთ, ანგარიში გაუწიოთ რუსეთის იმპერიის ხალხებში
ფესვგადგმულ სეპარატისტულ, ცენტრიდანულ განწყობილეგებს. ეს ობიექტურად
არსებობს.
– ეგ განწყობილებები ეროვნული ბურჟუაზიისა და გაკოტრებული არისტოკრატიის
კუთვნილებაა და არა მასებისა, რომელთაც ისტორიულმა ვითარებამ, განვითარების
მსვლელობამ გადამწყვეტი ძალის როლი არგუნა. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზე
ჰკიდია, შეძლებს თუ არა რუსეთის პოლიტიკური აზროვნება ხალხთა თანაარსებობის
ისეთი მოდუსის შემოთავაზეგას, როდესაც განთავისუფლებული ერები სახელმწიფოს
მთლიანობის შენარჩუნებას ამჯობინებენ!
– გეგულებათ დღევანდელ რუსეთმი ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სახელმწიფოს
მთლიანობის შენარჩუნება ძალედვას?
– თქვენ, გრაფ, Index librorum prohibitorum (აკრძალული წიგნების ნუსხა (ლათ.))–ში
შეტანილი ლიტერატურით არ სარგებლობთ?
– ვსარგებლობ. სამსახურებრივად მოვალე ვარ. ყველაფერს ვიცნობ... ფუნდამენტურად
არა, რა თქმა უნდა.
– სოციალ–დემოკრატების, უფრო ზუსტად – ბოლშევიკების პროგრამაც იცით?
– ულიანოვის ფრთას გულისხმობთ?
– დიახ.
– ბოლშევიკების პოლიტიკური დოქტრინები... ისინი მზად არ არიან ამ პრობლემის
გადაჭრისთვის. – ვთქვი მე.
– ჭეშმარიტებას ბრძანებთ, ჯერჯერობით არ არიან მზად, მაგრამ მანდეთ მიდიან. მათ
კიდევ ათი წელიწადი ან რაღაც, დაახლოებით, ამდენი დრო აქვთ, მაგრამ არა უმეტესი.
მთავარი აქ ის გახლავთ, რომ მხოლოდ ამ პარტიას ესმის: სრულიად რუსეთის ახალი
მთლიანი სახელმწიფოს შექმნა რუსეთის იმპერიის ხალხთა ეროვნული, მოქალაქეობრივი
და კულტურულ–ეკონომიკური მოთხოვნილებების მაქსიმალურად შესაძლებელ
დაკმაყოფილებაზე გადის. სხვაგვარად ეს მიზანი განუხორციელებელი დარჩება.
– პოლიტიკოსები დაპირებებს არასოდეს იშურებდნენ, – ხმა ამოიღო მუშნი ზარანდიამ.
– ბოლშევიკი ხართ? – სიცილით ვკითხე კარიძეს.
– არა. – ისევ გაბრაზებულივით გაიქნია ბანჯგვლიანი თავ–პირი კარიძემ.
– საერთოდ უპარტიო ხართ თუ ჩემსავით ერთკაციანი პარტიის ერთადერთი წევრი? –
თითქოს სერიოზულად ჰკითხა მუშნიმ.
კარიძემ ეჭვით გადმოხედა, ხომ არ მამასხარავებსო, და მიუგო:
– პარტია კონკრეტულობაა!
– ზოგადი მოძღვრება გაქვთ? – მუშნი ზარანდიამ ინტონაციით გაამჟღავნა, რომ ხუმრობის
გუნებაზე დადგა.
– შეხედულებების სისტემა, მომავალი მოძღვრების საფუძვლები! – კვლავინდებური
სერიოზულობით მიუგო სანდრო კარიძემ.
– დევიზი?
– არ მესმის. – მომიბრუნდა კარიძე.
– სოციალ–დემოკრატების დევიზია – “ხალხი”. პირობითად ვამბობ. თქვენი შეხედულებების დევიზი როგორიღაა?
– “ერი!” – მეც პირობითად ვამბობ.
– რა განსხვავებაა – ხალხი, ერი?
– მაგ თემაზე სასაუბროდ მზად არ ვარ. თქვენის ნებართვით, ეგ როდისმე მერე იყოს, თუკი
მერე შეხვედრაც გვიწერია.
ბინდი დაიძრა და სანდრო კარიძემ, ალბათ, ამაზე მიგვითითა. ისიც შესაძლებელია, რომ
დაიღალა ან მუშნი ზარანდიას ხუმრობა ლაზღანდარობად მიიღო და ეწყინა. ასე იყო თუ
ისე, კიდევ თხუთმეტიოდე წუთი უქმ ლაპარაკში გავატარეთ და დავიშალეთ. მინდოდა,
პაემანი დამენიშნა, მაგრამ რაღაცამ შემიშალა ხელი – იქნებ იმან, რომ იმდღევანდელ
საუბარს ჩვენი საამისო დაახლოება არ მოუტანია.
რობერტ პავლეს ძე ხაპლანი
– როგორც ჩანს, საქართველოს საარქივო სამმართველოს თავისი შენობის ვესტიბიულში
გამოკრული აქვს პლაკატი ჩემი ფიზიონომიითა და წარწერით, რომ მე მართლაც
ვიმსახურე კავკასიის ჟანდარმერიის საიდუმლო აგენტად რვა თვის მანძილზე. შესაძლოა,
პლაკატი კი არა, შვეიცრის მაგიდაზე რაიმე დავთარი უდევთ და ჩემი ნამსახურობა იმ
დავთარში წითელი მელნით არის შეტანილი. დიახ, ვიმსახურე და ეს ფაქტი აღნიშნული
მაქვს ყველა ჩემს მიერ შევსებულ ანკეტასა და ავტობიოგრაფიაში. ამას წინათ
ჰელმინთოლოგების მსოფლიო კონგრესზე გახლდით კოსტა–რიკაში. ანკეტაში ჩავწერე,
რომ რვა თვე საიდუმლო აგენტად ვიმსახურე. მითხრეს, – ეს ამოშალეო. არაფრით არ
დავთანხმდი. საქმე წასვლა–არწასვლამდე მივიდა. მაინც არ ამოვშალე. დიახ! ხსენებული
დავთარი თუ მართლაც არსებობს, კარგი იქნებოდა, ისიც ჩაეწერათ, რომ მოსკოვის
უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტიდან რევოლუციური მოღვაწეობისთვის
გამრიცხეს, რომ პირველ მსოფლიო ომამდე ორჯერ ვიყავი დაპატიმრებული და სამი
წელიწადი ორენბურგშიც გახლდით გადასახლებული. არც იმის ჩაწერა იქნებოდა
ზედმეტი, რომ აკადემიის წევრ–კორესპონდენტი ვარ და ჩემს ნაშრომებს მსოფლიოს ყველა
ჰელმინთოლოგი იცნობს. თქვენ ჰელმინთოლოგიისა იცით რამე?.. კეთილი და პატიოსანი.
ახლა ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ ჟანდარმერიაში ნამსახურობის საკითხზე ჩემთან
ბევრჯერ მოსულან და მომავალშიც ველი ვიზიტებს, თუმცა, მართალი გითხრათ, დათა
თუთაშხიასთან ჩემი ურთიერთობების გამოსაძიებლად ჯერ არავინ ყოფილა, თქვენ
პირველი ბრძანდებით. დიახ, იყვნენ და კიდევაც მოვლენ–მეთქი, მოგახსენებთ. რაკიღა
ასეა, მობილიზაციური მზადყოფნით უნდა დაგხვდეთ ხოლმე. დავიწყოთ გენეალოგიიდან. აი, ჩემი გვარტომობის ნუსხა. დედა: მამით – სამადაშვილი, დედით –
თაფლიანიძე... და ზემოთ ყველა ქართველები იყვნენ. აქ იმდენად საინტერესო არაფერია.
აი მამა! მამაჩემი მამით ყაფლანიშვილი იყო, დედით – ფარლაღაშვილი და მამაჩემის
დედის შტოშიც ყველა ქართველია. მიაქციეთ ყურადღება, მამაჩემი ყაფლანიანცად წერია,
მამაჩემის მამა – ყაფლანიშვილად, ხოლო მისი მამა, ანუ პაპაჩემის მამა, – ისევ
ყაფლანიანცად არის აღნიშნული და მის ზემოთ, ყველა ყაფლანიანცები არიან. უდავოდ
სომხები ყოფილან, მაგრამ პაპაჩემს ქართველობა, ყაფლანიშვილობა უსურვებია. მისგან
განსხვავებით, მამაჩემს – სომხობა, ყაფლანიანცობა და მეც ამ გვარზე დამწერეს. ვინაიდან
მე, როგორც ეთნიკური ფენომენი, სამ მეოთხედზე ქართველი ვარ, ყაფლანიშვილობა
გადავწყვიტე და საიდუმლო აგენტად ყოფნის დროს და მერეც ამ გვარზე ვიწერებოდი.
რუსეთში სასწავლებლად ჩამოვედი და მივხვდი, რომ ახალ გარემოში ჩემი ამ სიგრძე და,
ამასთან, ძნელად გამოსათქმელი გვარი ვერაფერი შვილი იყო. დავირქვი ყაფლანი, რაც
რუსულად გამოითქმის: კაპლანი ამ გვარზე ვიყავი, სანამ ის ფანატიკოსი დედაკაცი
რევოლვერს გაისროდა. გაისროლა და მას აქეთ ვარ რობერტ პავლეს ძე ხაპლანი, თუმცა
ერთობ ხშირად მიხდება განვმარტო, რომ იტალიელი არა ვარ და ხაპლანსა და კაპლანს
შორისაც არის არსებითი განსხვავება. ამ მხრივ თუ კიდევ რაიმე გაინტერესებთ, შემიძლია,
ჩემი გვარტომობის ნუსხის ფოტოპირი გაგატანოთ. უფრო დაწვრილებითი ცნობებისთვის
მიმართეთ ჰერალდიკისა და გენეალოგიის სამმართველოს ლონდონში – ბეისუოტერ–
სტრიტ 9, შეიძლება აღმოაჩნდეთ რაიმე დამატებითი მასალა. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას
მოსკოვის უნივერსიტეტში შესვლის დღიდან დღეის
დღემდე – ინებეთ, მანდ ყველაფერი ამომწურავად წერია. წაიღეთ, თქვენი იყოს,
გამრავლებული მაქვს. ახლა ჟანდარმერია!
მამაჩემი პავლე ყაფლანიანცი პროფესიით თერძი იყო, თავისი საკუთარი – მიაქციეთ
ყურადღება – საკუთარი სახელოსნო ჰქონდა თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, ადელხანოვის
მაღაზიის გვერდით. ეხლა რომ მოდების ატელიე ჰქვია, ისეთი ყაიდის რამ იყო. ჰყავდა
როგორც ევროპული, ისე აზიური და სამხედრო ტანსაცმლის საუკეთესო სპეციალისტები.
თბილისის ელიტა და ბომონდი – მთლიანად მამაჩემის მუშტარი იყო. დავამთავრე თუ არა
კლასიკური გიმნაზია, სამხედრო ვალდებულებამ მიწია. მამაჩემი წინააღმდეგი იყო, რომ
მისი ერთადერთი ვაჟი იაპონიის ომში დაღუპულიყო, და ერთ მშვენიერ დღეს
გამომიცხადა, – დროებით ჟანდარმერიაში მოგაწყეო. მართლაც, დროებითი აღმოჩნდა.
ვიმსახურე, გამოვედი და მას შემდეგ სამხედრო ვალდებულებისა აღარაფერი ვიცი,
ჰელმინთოლოგი ვარ. რას წარმოადგენდა ჩემი სამსახური: თვალყურის დევნებას ძველი
პროფესიაა, ძალიან ძველი. აი, დათა თუთაშხიასთან მივედით. სამი რევოლუციის შემსწრე
და მონაწილე ვარ – ცხრაას ხუთის, თებერვლის და ოქტომბრის. დაჟინებით ვიტყვი,
რევოლუცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ყველა, მთელი საზოგადოება, კაცი და
ქალი, ბებერი და ბავშვი, მომხრე და მოწინააღმდეგე – თუ ყველა რევოლუციაზე
ლაპარაკობს. ასე იყო სამივე რევოლუციის წინ, ყოველ ადამიანს თავში ბჟუილი ჰქონდა
ატეხილი სიტყვისგან – “რევოლუცია”. სწორედ იმ პერიოდში ვიმსახურე. საკვირველი ის
არის! რომ თვითონ მე, რა თქმა უნდა, რევოლუციის მომხრე ვიყავი და ჟანდარმერიაში კი
ამოვყავი თავი. სხვა დრო იყო, მამის სურვილს კანონზე მეტი ძალა ჰქონდა,
წინააღმდეგობას ვერ გავწევდი.
ერთი სიტყვით, მივიღე დავალება და წავედი სამტრედიაში. წასვლის წინა ინსტრუქტაჟის
თანახმად, იქიდან მატარებლით თბილისს ერთი მამაკაცი უნდა წამოსულიყო. გვარ–
სახელი არ მითხრეს, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს კაცი დათა თუთაშხია იყო. თვალყური
უნდა მჭეროდა, – ვის შეხვდებოდა სადგურზე და მატარებელში, რას ეტყოდნენ ან რას
იტყოდა. თუთაშხიას თბილისში მისი ძმა, ჩემზე ცოტათი უმცროსი ახალგაზრდა კაცი
უნდა დახვედროდა. თუ ძმები ერთად წავიდოდნენ, ჩემი მისია ამოწურულად
ითვლებოდა. თუ დათა თუთაშხია სადგურიდან საითმე გაუხვევდა – თვალყური უნდა
განმეგრძო. ყოველივე ამასთან ერთად, მე იგი უნდა მეხსნა შესაძლებელი
დაპატიმრებისგან, რისთვისაც სათანადო საბუთი ჩამაბარეს.
სამტრედიაში ბიძა მყავდა. ერთი დღე იმ ოჯახში გავატარე. ხორაგით სავსე კალათი
გამომატანეს და ტომსიკით საგზალიც. ხორაგი და საგზალი ოპერაციის აუცილებელი
კომპონენტი იყო, სტუმრად ნამყოფის შთაბეჭდილება უნდა მომეხდინა. ჩემმა უფროსებმა
იცოდნენ, სამტრედიაში რომ ბიძა მყავდა. – რამეს გამოატანენო, გაითვალისწინეს, და
სახელდობრ მე, ალბათ, ამ ნიშნითაც შემარჩიეს. სადგურში გამოვედი, დათქმულ ადგილას
გავჩერდი. ხედვითი მეხსიერება ეხლაც კარგი მაქვს და მაშინ ხომ მქონდა და მქონდა.
დათა თუთაშხია თუ სადმე გაიჭაჭანებდა, უეჭველად უნდა მეცნო, რადგან ჩემმა უფროსმა
ერთი ვიღაც მაღალი ჩინის მესვეური დამანახვა. – ეს კაცი დაიხსომე, ორი წვეთი
წყალივით ჰგვანან ესა და შენი თვალყურის პირი ერთმანეთსაო. ვიცანი. გამოჩნდა თუ არა,
მაშინვე ვიცანი. არ მეცნო კიდეც, დათქმულ ადგილას ვიდექი, იქაური აგენტი მოვიდა,
საცნობი მითხრა და მანიშნა – აგერ, ის კაცია, ჩამიბარებიაო. თუთაშხიამ ჩამიარა და
სადგურის რესტორანში შევიდა. სექტემბრის ნახევარი იყო, მართალია, ზაფხულივით
თბილოდა, მაგრამ თუთაშხიას მაინც ხალვათად ეცვა. თავზე ფაყუ, მაუდის შარვალ–
ხალათი, პაჭიჭები და წუღა–მესტი. იღლიაში რაღაც გახვეული ჰქონდა. შევიდა, დაჯდა,
საჭმელი მოითხოვა და მე სადგურის უფროსის ოთახს მივაშურე. ისე იყო მოფიქრებული,
რომ მე და დათა თუთაშხიას გვერდიგვერდ უნდა გვემგზავრა, თუკი მოხერხდებოდა, რა
თქმა უნდა.
სადგურის უფროსთან კალათებიანად შევედი და, აი, მაგალითიც იმისა, რომ მაშინ ყველას
და ყველგან რევოლუციის ბჟუილი ჰქონდა ატეხილი, დამპალ წყობილებას ჰელმინთები
ჰყავდა. უფროსი საწერ მაგიდასთან იჯდა, კარის ჭრიალზე გამომხედა და ვითომ არც
არავინ შესულიყო ზურგს უკან ღია კარში ვიღაცას გადაულაპარაკა:
– გაიგე, ბართლომე, რა უქნიათ, მამაძაღლებს, ამათ? გოუტანიათ მახათაზე ზარბაზნები
და, თუ არ მოიშალეთ მიტინგები და მისთანები, მაგ თქვენ თბილისშივე ამოგჟუჟავთ
მატლებივითო!
– ნამეტანი გოუჭირდა თვითმპყრობელობას, ნამეტანი. – მოისმა უკანა ოთახიდან. –
ლენინს უთქვამს, თვითმპყრობელობა, მეფე და ბურჟუაზია თავისით არაკაცს არაფერს
დოუთმობს, ძალით უნდა წაართვა წასართმევი, მარქსმა თქვა ასეო. არ დათმობს და ვნახავ
რუსთ–ხელმწიფეს კედელთან მიყუდებულს. ასე არ ქნეს ფრანგებმა?!
– კი, მარა, ამ სახელმწიფო სათათბიროს რომ ლაპარაკობენ...
– სახელმწიფო სათათბირო ქიმერაა! – ჩამოვართვი სიტყვა სადგურის უფროსს. –
სახელმწიფო სათათბიროში მეფე და მისი დამქაშები თავის ხალხს შეიყვანენ.
ამას რომ ვამბობდი, სადგურის უფროსს საიდუმლო აგენტის წიგნაკი დავანახვე.
სათქმელი ჯერ დამთავრებულიც არა მქონდა, რომ უფროსს ქაღალდისფერი დაედო.
– არც მასე იქნება მაგ საქმე, ბიძიკო, ვინ და რომელი ხარ, ვერ გიცანი, – მოისმა უკანა
ოთახიდან. – მარა სახელმწიფო სათათბირო...
– მართალს ამბობს ეს კაცი, მართალს! – გამომესარჩლა სადგურის უფროსი, უმალვე
მიხვდა, რომ ჟანდარმის წინაშე ბოლშევიკების პოზიცია დაადასტურა და ახლა ნიკაპი
აუცახცახდა.
გავუღიმე, ხელი ჩავიქნიე, – არაფერია–მეთქი, და ჩურჩულით ავუხსენი, რაც
მესაჭიროებოდა. იმწამსვე ადგა, გამომყვა. სანამ კარი ჯახანს გაიღებდა, უკანა ოთახიდან
განუწყვეტლად ისმოდა მოსაზრებები და შეხედულებები, რომელთა გამო მაშინ, იმ
სიტუაციაში, ენისეიზე თუ ლენაზე გამგზავრება დიდ იღბლიანობად ჩაითვლებოდა.
ბილეთების საქმე ადვილად მოგვარდა. პლაცკარტიანი ვაგონის მეჩვიდმეტე ადგილი მე
ავიღე, მეცხრამეტე ადგილის ბილეთი სადგურის უფროსმა გვერდზე გადმოდო და
სალაროში დარჩა, სანამ დათა თუთაშხია მოვიდოდა. მოვიდა, თბილისის ბილეთი
მოითხოვა, მეცხრამეტე ადგილი მისცეს. მე ჯერ დეპეშა გავგზავნე, ამა და ამ ვაგონით
მოვდივარ–მეთქი, და მერე ისევ თვალყური განვაგრძე. დათა თუთაშხია მოსაცდელ
დარბაზში შესულიყო, განმარტოებით იჯდა, მაგრამ ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ
მის გვერდით ვიღაცამ მოიკალათა. ცოტა ხნის მერე ირგვლივ უკვე მგზავრების
მოზრდილი ჯგუფი იჯდა და, რაღა თქმა უნდა, რევოლუციაზე ლაპარაკი გახურდა.
საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდნენ, მაგრამ მოშორებით ვიყავი, რიგიანად არ მეყურებოდა.
წავიღე ჩემი კალათები და მეც იმათ მივუჯექი.
– რაო მერე, ის სანებლიძე თუ ვიღაც რომ მოსულა თქვენს სოფელში, არ თქვა, ქარხნები
მუშებს და მიწა–გლეხებსო?
– რავა არ იტყოდა, მაგას არ ლაპარაკობენ სულ?!
– თქვა, აბა, არ თქვა? მიდით და დაისაკუთრეთ თავადაზნაურობის მამულებიო!.. რა
მიწები აქვს ნამაშევში ქაიხოსრო წულუკიძეს, ხო ხო ხო!
– მიდით და დაისაკუთრეთ, თქვენც.
– მართალია, მართალი, მიდით და დაისაკუთრეთ.
– ჯერ მუშებმა ქნან თავისი.
– რატომ, ჯერ მუშებმა, შე კაცო?!
– რატომ და, დასაკარგი არაფერი აბადიათ მათ. მე რომ მივიდე და წულუკიძის მიწებს
დავეპატრონო, რა ვიცი, შებრუნდეს ეგებ და, რაცხა ექვსი ქცევა საყანე მაქვს, წამართმევენ
იმასაც.
– გევიგოთ, რუსეთში რაფრა მოიქცევა გლეხობა და ისე ვქნათ ჩვენც.
– ვინც მოითმენს, ის მოიგებსო, ნათქვამია.
– მთელი სიცოცხლე ითმენ, შე კაცო, და ქე გატყვია, რაცხა მოგებაში ხარ.
– ახლა, რაფრაა ამათი საქმე, თუ იცი? ნამაშევის მიწები ქე უნდათ, აპა არა?! მარა, ვინმე
რომ მიართმევდეს თავისით, ე, ის იქნება ნამეტანი კაი, ხა, ხა, ხა!
– გლეხები მოახდენთ რევოლუციას, მეტი არ იქნა თქვენი მტერი!
დათა თუთაშხია ამ ლაპარაკს გულდასმით უსმენდა, მაგრამ არ ჩარეულა, ხმა არ
დაუძრავს. მხოლოდ ერთხელ გაიღიმა, როცა ვიღაცამ ბრძანა:
– გვითხრან, ბატონო, რამდენს მომცემენ ნამაშევის მიწებიდან და თუ დამიჯდა ჭკუაში,
მივალ და წოუკიდებ ცეცხლს ქაიხოსრო წულუკიძის სახლ–კარს. გლეხი კაცი ვარ მე,
დღევანდელი კვერცხი მირჩეენია ხვალინდელ ქათამს!
– ის საკუთარი კვერცხი რომ გაქვს, იმიტომ არ ვარგიხარ რევოლუციისთვის, – ვთქვი და ამ
დროს ორი ზარიც ჩამოჰკრეს, მატარებელი გამოვიდაო.
ხალხი წამოიშალა, ბაქანზე გავედით.
ნახევარი საათის შემდეგ დათა თუთაშხია და მე ერთმანეთის პირდაპირ ვისხედით.
ვაგონი რევოლუციაზე, გამოსვლებზე, თბილისისა და რუსეთის, ნამდვილსა თუ მოგონილ
ამბებს ლაპარაკობდა.
– სიტყვის თავისუფლებაზე, რაო, სიტყვის თავისუფლებაზე? – ჩვენგან მეორე თუ მესამე
განყოფილებაში იკითხა ვიღაცამ ხმამაღლა და ატყდა ალიაქოთი;
– რა გაქვს სათქმელი, ნეტავი, და თუ გაქვს, რას გაჩუმებულხარ, შე კაცო!
– რა აქვს სათქმელი და, თუ არ მოეწონება კაცს რამე, უნდა ქონდეს იმის უფლება, რომ
თქვას და გაუგონონ მთავრობის კაცებმა. შეხედულებები მართავენ ქვეყნიერებას,
შეხედულებები!
– სად ნახავ ისეთ მთავრობას, რომ იტყვი და გაგიგონებს?!
– აუუუ! სად წავიდა ის კაცი?! საფრანგეთის რევოლუციაში წავიდა, საფრანგეთის
ბურჟუაზიულ რევოლუციაში, შეხედულებები მართავენო, კაცო!
– თავისუფლება თუ იქნა, მთავრობაში ისეთ კაცებს ავირჩევთ, რომ გაგვიგონონ და ჩვენს
გასაჭირზე იზრუნონ. აბა?!
– შენ რომ კაცს აირჩევ და სახელმწიფო სათათბიროში რომ გამოიჭიმება, აღარ იქნება ის
კაცი შენი. ექნება სიტყვის თავისუფლება, მარა შენს გასაჭირზე არ ილაპარაკებს ის, თავის
თავს მიხედავს, თავის თავს!
– აგერ, ჩამოყალიბდება სახელმწიფო სათათბირო და მოგვცემენ თავისუფლებას, აბა, რას
იზამენ, კაცმა რომ თქვას!
– კი, ხონჩით მოგართმევენ ხონჩით!
– თავისუფლებას ბრძოლით უნდა მოპოვება. ვიღაცის მოცემული თავისუფლების იმედი
ნუ ექნება ნურავის! – დავიძახე მე და დათა თუთაშხიას შევეკითხე: – ასე არ არის?
მხრები ოდნავ აიჩეჩა, პატარა ხანს იფიქრა და მითხრა:
– თავისუფლება, ბიძიკო, თვითონ უნდა მიცეს ადამიანმა თავის თავს.
– როგორ ეგ? – გამოელაპარაკა მეზობელი.
– სხვას ნუ შეაწუხებ, ერს ზარალს ნუ მიაყენებ და ისე, იყავი, როგორც გინდოდეს და
იცხოვრე, როგორც მოგეხასიათოს. – მიუგო დათა თუთაშხიამ.
– ყველა მასე რომ იქცეოდეს!.. ვინ მიცა მაგის შეგნება ხალხს?! – ჩაერია მეორე მეზობელი.
– აბა, მთავრობა მოგვცა ისეთი, მანდეთ რომ იყოს მიმართული და ხალხიც გაიყოლიოს
მანდეთ, ყველა... ვნახავდით მაშინ, ექნებოდა თუ არა შეგნება ხალხს! – გვერდის
ადგილიდან თქვა ვიღაცამ.
– მაგას სხვა სოციალური გარემო სჭირდება, – გადაველაპარაკე თუთაშხიას.
– კი ჭირდება, მართალია ეგ, – უყოყმანოდ დამიდასტურა.
– მთავრობაში! ბატონო, მემამულეები და ბურჟუაზიაა მოკალათებული. ღარიბი და
ღატაკი რაში ეპიტნავება მას, – მოისმა ტიხრს იქიდან.
დათა თუთაშხიას ზემოდან ვიღაც იწვა, მანამდე კრინტი არ დაუძრავს. ამის გაგონებაზე
გადმობრუნდა და გასძახა:
– მაშ, ვინ გინდა მთავრობაში! ჰა? – კახურ კილოზე გასძახა.
– ვინ მინდა და, ღარიბებისგან უნდა შედგებოდეს მთავრობა! მუშურ–გლეხური უნდა
იყოს.
– ის ღარიბი იზრუნებს სხვა ღარიბისთვისა, არა?
– იზრუნებს, აპა, არ იზრუნებს?!
– შე კაი კაცო, მდიდრები არიან, აქვთ კიდეცა და თავზეც გადასდით, შეუძლიათ და არ კი
ზრუნავენ. ღარიბსა თავისთვის არაფერი აბადია და რითი და რანაირად იზრუნებს, ჰა?..
თუ იშოვნა რამე იმ შე–
ნმა ღარიბმა მთავრობის კაცმა, წაიღებს და შინ მიიტანს, შინა, შინაა! მოკლე ხანში
გამდიდრდება და რაზეც დაგიკიდებს, ზეით აიხედამ და ნახამ. – გადაბრუნდა კახელი და
იმისი ხმა აღარავის გაუგონია.
– ამხანაგებო, ასეა თუ ისე, საშინელი აღსასრული ჯობს გაუთავებელ საშინელებას.
ცარიზმი უნდა დაემხოს!
– მაგ კია მასე, მარა!...
– სწორია სწორი.
– დაემხობა, აპა, არ დაემხაობა?!
– მაშა, გიცხონდებათ თქვენ! კი, აბა, დაემხობა! თავისით დაემხობა, თავისით. დეიძინებს
ამეღამ და აღა გამოიღვიძებს ხვალ!
ხალხმა გული იჯერა, ვაგონი მიწყნარდა, მშვიდ საუბარზე გადავიდა. გადმოვიღე
საგზლიანი ტომსიკა, გავშალე საჭმელ–სასმელი, მივიპატიჟე დათა თუთაშხია. კიდევ ორი
მგზავრი დაგვეწვია და ზესტაფონამდე სულ რევოლუციური სადღეგრძელოები
ვილაპარაკეთ – იმ ორმა მგზავრმა და მე, თორემ დათა სიტყვაძუნწი კაცი აღმოჩნდა. თავის
დამოკიდებულებას ჩვენი აზრების მიმართ მხოლოდ ღიმილითა და ჟესტით გამოხატავდა
ხოლმე და ერთსაც და მეორესაც მუდამ ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა. ვერ გაიგებდი,
თანახმა იყო თუ წინააღმდეგი. პროკოფი ჩილაჩავად გამეცნო და მხოლოდ ერთხელ
ჩაგვერია საუბარში როცა საიდანღაც მოისმა:
– ხალხებს თავისუფლება სწყურიათ. რუსეთის იმპერია საპყრობილეა. ციხე შიგნიდან
უნდა აფეთქდეს!
დათამაც გაიგონა ეს წამოძახება და გვითხრა:
– ეგერ, იმ კაცს შეხედეთ.
გასასვლელში, ჩვენს საწოლ მერხებთან, ერთი ვეება, დონდროხა კაცი იდგა. ტანსაცმელი
თავის ზომაზე გაცილებით პატარა, ტანზე შემოტმასნილი ეცვა, შარვლის ტოტები და
ხალათის სახელოები ერთობ მოკლე ჰქონდა. ბარძაყზე უხეიროდ გაკერილი ნარღვევი
ეტყობოდა, შიგნიდან მოძალებული სისქის ნარღვევი.
– მაგ დღეშია გლეხობა, რობერტ–ბიძიკო. თვითონ – გაიზარდა, მადა და მოთხოვნილება
მოემატა, მარა უფლებები, სარჩო და საბადებელი, წინათ რომ ქონდა, იმდენი აქვს ისევ.
თავისუფლებაო, რომ ეუბნებიან – გლეხი თავისუფლებაში მიწას გულისხმობს.
რევოლუცია და გადატრიალება მისთვის საწებელი და მისაჭმელია, არაფერი სხვა. ახლა,
საქმე ის არის, ეგერ იმ კაცს მისი ზომის შარვალ–ხალათი რომ მიცეს ვინმემ, როგორც კაცი
და როგორც ადამიანი უკეთესი თუ გახდება იმით? ესაა საკითხავი. დავწვავდი მეც იმ
ქაიხოსრო წულუკიძის სახლ–კარს, ვიცოდე ოღონდ, რომ უკეთესი გახდება ვინმე ამით.
ზესტაფონს რომ გავცდით, ღამის სამი საათი იყო. დავწექით და დავიძინეთ. ჭაჭის არაყი
გვქონდა ნასვამი. გვიან გამოვიღვიძეთ. მატარებელი, თურმე! დიდი დაგვიანებით
მიდიოდა. ძლივსღა მოვასწარით პირის დაბანა, რომ თბილისის სადგურში ამოვყავით
თავი. შემადგენლობა გაჩერდა და ჯარისკაცების მჭიდრო ალყაში აღმოჩნდა. გადაცმული
თუ ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები ჩამოსულებს აჩერებდნენ, საბუთებს
თხოვდნენ. ზოგს უშვებდნენ, საეჭვოდ მიჩნეულებi განზე გაჰყავდათ, ჯგუფად
აგროვებდნენ.
დათა თუთაშხიას თავისი კაცი დაუხვდა – უმცროსი ძმა, მე ჩემი – შემცვლელი აგენტი.
ურთიერთობები უმალ გავარკვიეთ. ვინიცობაა დათა თუთაშხია ძმას არ წაჰყვებოდა და
საითმე დაადებდა თავს, ისევ მე უნდა გავყოლოდი, როგორც ნაცნობი. თუ თავიდან
მომიშორებდა, მაშინ მესამე აგენტი გააგრძელებდა თვალთვალს, იქვე იყო, ხალხში
გარეული. მაგრამ ყველაფერი ისე დატრიალდა, რომ იმ ამბავის არც ერთ მონაწილეს აღარ
აღმოგვაჩნდა არჩევანი.
დათა თუთაშხია და მე ვაგონიდან ერთად ჩამოვხტით. შემცვლელი აგენტი იქვე მომეგება,
შინაურული გამარჯვება მითხრა, კალათი და ტომსიკა გამომართვა. ის იყო, დათა
თუთაშხია და აგენტი ერთმანეთს გავაცანი, – ეს ჩემი თანამგზავრი და ეს ჩემი ბიძა–მეთქი,
ვთქვი და ამ დროს თუთაშხიას ძმაც მოვიდა. შუა ტანის გიმნაზისტი იყო, ალბათ,
მერვეკლასელი. თუთაშხიამაც გაგვაცნო თავისი ძმა. დროა, დავიძრათ, ქალაქში
გასასვლელისკენ გავწიოთ. თუთაშხია კი დგას, იქაურობას ძალიან გულდასმით
ათვალიერებს,
– რა ხდება, ნეტავი, აქ? – იკითხა მან.
– ძაღლები თარეშობენ, – თქვა ჩემმა “ბიძამ”.
– ყველგან ასეა, დიდი არეულობაა ქალაქში, – დაადასტურა “ბიძაჩემის” ნათქვამი
თუთაშხიას უმცროსმა ძმამ. – მომეცი მაგ ფუთა, მე წამოვიღებ, – იმ რაღაც გახვეულზე
უთხრა, თუთაშხიას რომ იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი.
– იყოს აქ, – მიუგო დათა თუთაშხიამ. – ძალიან საინტერესოა აქაურობა, – დააყოლა და
სწორედ ამ დროს ორი აყლაყუდა პოლიციელი მოგვადგა.
– მოგვყევით! – გვიბრძანა ერთ–ერთმა და სრული დარწმუნებული იმაSი, რომ მის
წინადადებას ულაპარაკოდ შევასრულებდით, ზურგიც კი იბრუნა.
“ბიძაჩემი” აყაყანდა, – რა გინდათ, რა დაგიშავეთო. პოლიციელები თავისაზე დადგნენ,
ხელების გადაგრეხვა და ძალით წაყვანა დაუპირეს.
“ბიძაჩემს” თუთაშხიას ძმა გამოექომაგა, შუაში ჩაუვარდა. ამაზე ჯარისკაცები
მოცვივდნენ. დათა თუთაშხიას ნიდაყვზე ხელი მოვუცაცუნე და თვალებით ვანიშნე, –
თავი გავარდიოთ–მეთქი. იმწამსვე დამყვა. ზურგი ვიბრუნეთ, მოპირდაპირე მხარეს
წავედით. შემადგენლობას ალყა ერტყა, უკვე ვთქვი, გასვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი
იყო. არც ვაციე, არც ვაცხელე – დაცლილ ვაგონში ავედი და დათა თუთაშხიაც ამომყვა.
ერთობ საინტერესო ვითარება ჩამოყალიბდა. მე და “ბიძაჩემი” ინსტრუქტაჟის თანახმად
ვმოქმედებდით და ჩვენი საქციელი სავსებით გამართლებული იყო. თუთაშხიას უმცროსი
ძმა ინსტინქტურად, უნებლიეთ ჩაერია საქმეში. თვით თუთაშხიამ, ბუნებრივია, თავის
გარიდება არჩია, მაგრამ როცა უმცროსი ძმა უფროსს ესარჩლება – უფროსიც ხომ უნდა
გამოსარჩლებოდა უმცროსს, მით უმეტეს, რომ ხელებგადაგრეხილი ჩვენს თვალწინ
წაათრიეს ჯარისკაცებმა! ამ მიგნებამ რაღაც ეჭვი შემომიჩინა. მართალია, მაშინვე
გავიფიქრე, – ამ კაცს რომ პოლიციასთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონდეს, მაშინ არც
თვალთვალს დაუნიშნავდნენ და რა გასაკვირია, რომ ასე მოიქცა–მეთქი, მაგრამ ის
დაეჭვება ვერც ამ მოსაზრებამ მომაშორა.
– რას უზამენ ახლა მაგათ? – თუთაშხია დაკავებულებს გულისხმობდა.
– ეგენი ვიღაცას ეძებენ, შეიძლება, რამდენიმე კაცსაც, – მივუგე მე. – საეჭვოებს და ვინც
წინააღმდეგობა გაუწია, პოლიციაში წაიყვანენ. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა
გამოცხადებული – ზოგიერთი, შეიძლება, გაასამართლონ კიდეც.
დათა თუთაშხიამ გაიცინა:
– ბიძაშენს და ჩემ ძმას ვერაფერს დააკლებენ მაგენი, ასე მგონია მე. აგერ გამოჩნდება.
ფანჯარაში ვიჭვრიტებოდით. ანაზდად თავით ფეხამდე ჟრუანტელმა დამიარა. სულ
ადვილად შეიძლებოდა, რომ ჩვენი საიდუმლოება გამჟღავნებულიყო და ასეც მოხდა.
დაკავებულთა ალყაშემორტყმული ჯგუფიდან ჯარისკაცებს ორ–ორი კაცი გამოჰყავდათ,
ჩხრეკდნენ, საბუთებს უსინჯავდნენ. შემდეგ უმრავლესობას უშვებდნენ და სხვები კი
განზე გაჰყავდათ, სხვა დატოვებულებთან ერთად პირდაპირ ქვაფენილზე სხამდნენ. ჩვენი
მესამე აგენტი შორიახლო ტრიალებდა. მივხვდი, ჩვენ გვეძებდა. იმ დავიდარაბაში
როგორღაც გამორჩენოდა, რომ ვაგონს შევაფარეთ თავი. ამ მხრივ სადარდებელი არაფერი
უნდა ჰქონოდა, რადგან ასე იყო თუ ისე, თვალთვალის პირთან, ანუ დათა თუთაშხიასთან
ერთად ხომ აგენტიც გაქრა – მე, მაგრამ, ალბათ, ჩვენი ასავალ–დასავალი მაინც
აინტერესებდა და წარამარა აქეთ–იქით აცეცებდა თვალებს. ამასთან, მას მეორე
საზრუნავიც ჰქონდა: “ბიძაჩემი” და დათა თუთაშხიას ძმა მახეში იყვნენ გაბმული, მათი
გამოხსნა იყო საჭირო. მოქმედების პირველი საფეხური მან სწორად ჩაატარა – იდგა და
ელოდა, თუ რას იზამდნენ პოლიციელები. ხომ შეიძლებოდა, ორივენი გაეშვათ? მაშინ
ოპერაციის წამყვან ოფიცერთან მისვლა, ვინაობის გამხელა და, ამდენად, კონსპირაციის
წესების დარღვევაც აღარ დასჭირდებოდა. კაცმა რომ თქვას, აგენტმა თავისი მოქმედების
მეორე საფეხურიც სწორად ჩაატარა, მაგრამ რა იცოდა, რომ დათა თუთაშხია ყველაფერს
დაინახავდა.
ჯარისკაცებმა «ბიძაჩემი» და თუთაშხიას ძმა ერთად გამოიყვანეს, უმალ იცნეს – ესენი
იყვნენ, წინააღმდეგობა რომ გაგვიწიესო. ხელები მიუსვ–მოუსვეს, იარაღი არ აღმოაჩნდათ
და მაინც კონდახების ცემით შეაგდეს გადარჩეულ–დატოვებულთა ჯგუფში. მესამე
აგენტმა კიდევ ცოტა ხანს მოიცადა, ოპერაციის წამყვან ოფიცერთან მივიდა, საბუთი აჩვენა
და ლაპარაკი დაუწყო – ცხადია, მდგომარეობა აუხსნა. შემდეგ ოფიცერმა “ბიძაჩემი”
გამოიყვანა, საბუთი გაუსინჯა. ილაპარაკეს და დათა თუთაშხიას ძმასაც დაუძახეს.
ოფიცერმა რაღაც ჰკითხა, ბიძამ უპასუხა და სამთავენი ერთად წავიდნენ ქალაქში
გასასვლელისკენ.
დათა თუთაშხიამ ხმამაღლა გაიცინა, რაღაცნაირად თვალი თვალში გამიყარა. მე
იხტიბარი არ გავიტეხე და ვთქვი:
– ის კაცი, ალბათ ბიძაჩემის ნაცნობი იყო!
– კი, მასეა! – დამიდასტურა დათა თუთაშხიამ.
პირისპირ ვისხედით, ფანჯარაში ვიჭვრიტებოდით, იმ ალიაქოთის დამთავრებას
ველოდით. მე ჩემსას ვფიქრობდი, ის – თავისას და ორთავე, დაახლოებით, ერთსა და
იმავეზე. ჩემი საფიქრალი ის იყო, რომ გარემოებამ მამხილა, მაგრამ ეს არასგზით არ უნდა
დამედასტურებინა, თუ კიდეც შეეცდებოდა დათა თუთაშხია ამას. იმაზეც ვფიქრობდი,
რომ პოლიცია საცაა თავის დავიდარაბას მორჩებოდა და მაშინ როგორღა მოვქცეულიყავი?
დავხსნოდი? ამის უფლება არ მქონდა. სიმართლე მეთქვა და თუთაშხიასთან
ვყოფილიყავი, სანამ სადმე მივიდოდა? სიმართლის თქმის უფლება არ მქონდა. რაც იქ
მაშინ მამაჩემს ჩემი ლანძღვა–გინება ერგო! ჟანდარმერიის მხილებულ აგენტს დათა
თუთაშხიას შიში უნდა მწვევოდა. საკვირველია, მაგრამ ამდაგვარს არაფერს ვგრძნობდი.
საიდანღაც ვიცოდი, რომ ეს კაცი არაფერს დამიშავებდა. ახლა ის ფიქრი შემიჩნდა – დათა
თუთაშხია რას ფიქრობს, როგორ მოიქცევა–მეთქი, და ამ დროს ჩვენი შემადგენლობა
დაძრეს, მალაკნების ბაზრისკენ წააჩანჩალეს. გარემოცვა უკვე იხსნებოდა, მაგრამ მაინც
კარგი იყო, რომ ჯარისკაცებს გავცდით.
ჩვენი ვაგონი მაზუთის შესახვევს გაუსწორდა და შემადგენლობა დადგა. იქაურობა
მოვათვალიერეთ, საეჭვო და მოსარიდალი არაფერი ჩანდა. ჩამოვხტით.
– ეხლა როგორა ვქნათ, პროკოფ–ბიძია?.. – ვკითხე და როდესაც ჩემმა თანამგზავრმა
შეკითხვის თვალით შემომხედა! დავძინე: – გზა საითა გაქვთ, თვითონ გააგნებთ, თუ
წამოგყვეთ?
დათა თუთაშხიამ საათი ამოიღო, დახედა. შეინახა, დაფიქრდა, ისევ შემომხედა და
მითხრა:
– ქალაქში მინდა გავლა, უნდა ვნახო, რა ხდება და რა როგორ არის აქ. თუ გეჩქარება, წადი,
ბიძიკო, შენ. გავაგნებ თვითონ.
– არსაით არ მეჩქარება.
– აბა, თუ არ გეჩქარება, ვიყოთ ერთად პატარა ხანს. ისე ვხედავ საქმეს, რომ ვჭირდებით
ერთმანეთს. ხომ ასეა? – ეშმაკური ღიმილით მითხრა დათა თუთაშხიამ და უკვე სრულიად
ცხადი გახდა, რომ ჩემი კონსპირაცია სავსებით და უიმედოდ ჩაიფუშა.
– აგერ, იმ კედელზე რომ გადავძვრეთ, უკვე ქალაქში ვიქნებით, ჩერქეზიშვილის ქუჩაზე, –
ვთქვი მე.
– გადავძვრეთ, მაშინ.
იქვე გადახტომა არ ივარგებდა, ადვილი შესაძლებელი იყო, რომ ჩერქეზიშვილის ქუჩისა
და მაზუთის შესახვევის კუთხეში კაზაკები ან პოლიციის პატრული მდგარიყო და მაშინვე
გვტაცებდნენ ხელს. ცოტა ზემოთ, ჩუღურეთისკენ, სახლებსა და კედელს შორის ვიწრო,
გრძელი გასავალი მეგულებოდა, ის გასავალი კედელს იქით წამომდგარი სახლების
ეზოებიც იყო. იქ მივედით.
– აქ გადავძვრეთ პროკოფი–ბატონო, მოფარებულია, – მივთავაზე.
– აქ იყოს, – დამეთანხმა დათა თუთაშხია მიაყურა და თქვა: – რაღაც ამბავია კედელს იქით!
მეც მივაყურე.
მართლაც, ჩუმი, ხმადაბალი ჟრიამული ისმოდა.
კაი ორმოცი წლისა იქნებოდა დათა თუთაშხია მაშინ, მაგრამ ისე სხარტად ავიდა
გალავანზე, რომ შემშურდა. ავიდა, გადაიხედა. ერთხანს ათვალიერა იქაურობა. მერე ხელი
ჩამომაწოდა და მეც ამიყვანა. ასამდე კაცი იყო მოქუჩებული. ჯგუფებად იდგნენ,
საუბრობდნენ, კამათობდნენ. ჩერქეზიშვილის ქუჩიდან ახალ–ახალი ხალხი შემოდიოდა.
აგრაგნილი ტრანსპარანტები ჰქონდათ, ზოგს კედელზე მიეყუდებინა, ზოგს იღლიაში
ამოეჩარა.
გალავანზე ჩამოვსხედით. ძირს, ცოტა მარცხნივ, რამდენიმე კაცი იდგა. ერთმა მათგანმა –
ქერა იყო, ოცდაათისა იქნებოდა, – ჯიბის საათი ამოიღო, დახედა, თავი გადაიქნია და
თქვა, – ხალხს ვთხოვოთ, ახლო მოვიდნენო. სხვები იმავ წამს ხალხში გაერივნენ, – აქეთ
წამოდითო. მოგროვდნენ. ქერამ დაბალი ხმით აცნობა, რომ გოლოვინის პროსპექტზე
სობოროში თავს იყრიდნენ შავრაზმელები, ძირითადად, “მიხეილ მთავარანგელოზლები”.
ისინი თორმეტ საათზე უნდა გამოსულიყვნენ და მანიფესტაცია მოეწყოთ. წინ
სამღვდელოება გამოუძღვებოდა. პოლიციისა და მონარქისტების ჩანაფიქრით, ეს უნდა
ყოფილიყო თბილისისა და მთელი კავკასიის მოსახლეობის სოლიდარობის გამოხატვა
მეფის რეჟიმის მიმართ.
– ასე ძალიან თუ უყვართ მეფე და მისი სატრაპები, – დაიძახა ვიღაცამ, – იყოლიონ, ვინ
უშლის, მარა ჩვენ, დაგვანებონ თავი, ჩვენ და ნამეტანი კარგად მოეწყვება საქმე...
– გაჩერდი მანდ, დაანებე სისულელეების ლაპარაკს თავი! – შეუძახეს აქეთ–იქიდან.
– სისულელე კი არა, პროვოკაციაა, რუსეთის მუშათა კლასს ემიჯნება. ეგ ლოზუნგია,
გამთიშველი ლოზუნგი!
– ყურადღება, ამხანაგებო, განვაგრძობ!.. – დაიძახა ქერამ და ხალხს აცნობა, რომ
ნაძალადევის, ისნის, ნავთლუღის, ორთაჭალის, დიდუბის, მთაწმინდის – მთელი
თბილისის – მუშათა კლასისა და რევოლუციურად განწყობილი სხვა ფენების
წარმომადგენლებს ალექსანდრეს ბაღში უნდა მოეყარათ თავი.
– გაგვიშვებენ, ვითომ?
– კი, ეტლით მიგიყვანენ ეტლით!
– გავარღვევთ და გავალთ!
– ალექსანდრეს ბაღსაც ალყას შემოარტყამენ.
– შემოარტყან, შემოარტყან!..
– ყურადღება, ამხანაგებო, დრო ცოტაღაა, განვაგრძობ, – ისევ ძლივს დააწყნარა ხალხი
ორატორმა. – ჩვენ ყველა ერთად გავალთ ალექსანდრეს ბაღიდან დემონსტრაციით და
კიდევ ერთხელ დავანახვებთ თვითმპყრობელობას რომ მისი აღსასრული დადგა! ცხადია,
შავრაზმელები პოლიციისა და ჯარის დახმარებით გაფანტვას დაგვიპირებენ. ცარიზმს და
მის დასაყრდენს – რელიგიის ბანგით გაბრუებულ, არყით გამოლეშილ მკვლელებს უნდა
ვაჩვენოთ, რომ რუსეთის იმპერიის რევოლუციური მუშათა კლასი, გლეხობა, ყველა
ჩაგრული ერი მჭიდროდ არის დარაზმული და მისი დამარცხება შეუძლებელია!
ამხანაგებო, რევოლუციამ მტკიცედ იცის, რაც სურს, და ჩვენ უნდა გავიტანოთ ჩაგრული
მასების მისწრაფებათა მკაფიოდ გამომხატველი ლოზუნგები...
– ლოზუნგები ვნახოთ ლოზუნგები! – იყვირა ვიღაცამ.
– ლოზუნგებს რა ნახვა უნდა!
– უნდა, ბატონო უნდა! ზოგი ისეთი ლოზუნგია, რომ პირდაპირ სახრჩობელაზე
გაგიყვანენ...
აი, აქ, რომ იტყვიან, აირია მონასტერიო, სწორედ ის მოხდა. უმრავლესობამ სიფრთხილის
გრძნობა დაკარგა, კაზაკებსა და პოლიციაზე აღარავინ ფიქრობდა. ჯგუფებად დაიყვნენ,
ერთმანეთს თავის შეხედულებებს ყვირილით უმტკიცებდნენ, ზოგმა გაწევ–გამოწევაც კი
სცადა. ქერა ორატორი და კიდევ რამდენიმე კაცი ხალხს ამშვიდებდნენ, წესრიგის
დამყარებას ცდილობდნენ, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო, სანამ ერთმა, უკვე კარგა
მოხუცებულმა კაცმა, მოულოდნელი პაუზით არ ისარგებლა:
– ამხანაგებო სად არის თქვენი რევოლუციური შეგნება! – დაიძახა მან რეაქციას აღარ
დაელოდა და წინადადება შეიტანა: – ჩვენ კიდევ მთელი საათი გვაქვს. თუ აუცილებლად
მიგაჩნიათ, მაშინ გამოვთქვათ აზრი, მაგრამ წესიერად და ორგანიზებულად. ხუთი
ორატორი, რეგლამენტი – ხუთი წუთი თითოს. თანახმა ხართ?
– კარგია! – დაიძახეს აქეთ–იქიდან.
ქერა ორატორმა ქეჩო მოიფხანა, გაიღიმა თავი გააქიცი ა და თქვა:
– ერთი პირობით: ვლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, თუ ვის რა ლოზუნგები მიგვაქვს.
წყნარად, არავითარი ყვირილი და ხმამაღალი რეპლიკები. ვისა აქვს სიტყვა?
სანამ პირველი ორატორი აივნის კიბეზე ადგილს დაიკავებდა, დათა თუთაშხია სიცილით
გადმომელაპარაკა:
– ერთმანეთს რომ ეჩხუბებიან ესენი, იმდენი ჩხუბი ხელმწიფეს და მის წყობილებას რომ
უქნან, ჩვენში კი არა და, დედამიწაზე არ დარჩეს, იქნება, მეფეების სახსენებელი...
– ჩვენ მოვიტანეთ, ამხანაგებო, ტრანსპარანტი: “პური მიწა და რვასაათიანი სამუშაო დღე!”
– განაცხადა “ტრიბუნაზე” გასულმა.
– კი! გაშლი თუ არა მაგ ტრანსპარატს, იმ წუთში მოგართმევენ შემწვარ–მოხრაკულს!
– ვეღარ მოიშალეს ამათ პურ–მარილის მათხოვრობა!
– ხმელა პური რაღა სათხოვნელია, შე კაი კაცო! ღვინოც მიაწერეთ, ბარემა. რვასაათიანი
სამუშაო დღის შემდეგ ბლომად დრო დაგრჩებათ ჭამეთ, დალიეთ და წამოწექით მეფისგან
ნაბოძებ მიწაზედა!
ის მოხუცებული კაცი, რომელმაც აზრის გამოთქმის წინადადება წამოაყენა, ახლა
ორატორს გვერდში ამოუდგა, ხელი ასწია, სმენა იყოსო და თქვა:
– აქ სასაცილო არაფერია! პური განაგებს ქვეყნიერებას!
მაგრამ უმალ შეაწყვეტინეს:
– ამხანაგო, ეგ რევოლუციის პირველ საფეხურზე, საწყის პოზიციებზე დაბრუნებას
ნიშნავს!
– რევოლუცია უნდა გაღრმავდეს განვითარდეს!
– სთხოვონ კაცო! ეგება აძლევს პურსა მეფეი, რა იცით თქვენა?
– მეფეს უნდა გამოვგლიჯოთ უფლებამოსილი სახელმწიფო სათათბირო, რომელიც,
მშრომელი მასების შხარდაჭერით, რუსეთში დემოკრატიულ წყობილებას დაამყარებს.
“გაუმარჯოს სრულიად რუსეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას!” – აი, ჩვენი ლოზუნგი. –
დაიყვირა ერთმა, უზომოდ მძლავრი იოგების პატრონმა.
– ფეოდალური მონარქიის ხახას ბურჟუაზიული დემოკრატიის სტომაქზე სცვლით? –
ხმამაღლა იკითხა “პურის, მიწისა და რვასაათიანი სამუშაო დღის” ლოზუნგით
გამოსულმა.
– შენ გაჩერდი თუ ძმა ხარ! თქვენი ადგილი ხიდის ყურშია და არა ბარიკადებზე.
ჩამოჯექით და იმათხოვრეთ! – შეუძახეს საიდანღაც.
– რეგლამენტი რეგლამენტი! – გაისმა ხალხში. კიბეზე მესამე ორატორი ავიდა და
განაცხადა:
– “თვითგამორკვევისა და ეროვნული დამოუკიდებლობის უფლება!” – ეს არის ჩეენი
ლოზუნგი, ამით მივდივართ გოლოვინის პროსპექტზე!
– ჩვენი ეკონომიკური ჩამორჩენილობის პირობებში ეროვნული დამოუკიდებლობა?! –
შეედავა მძლავრი იოგების პატრონი, რომელმაც “სრულიად რუსეთის დემოკრატიული
რესპუბლიკის” შექმნა მოითხოვა. – ჩვენ საკუთარი ბურჟუაზიაც კი არ გვყავს, არამცთუ
დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი, კარგად განვითარებული ეკონომიკა!
– კმარა, კმარა!
– რეგლამენტი!
– ვისა გაქვთ კიდევ ლოზუნგები?! – გამოაცხადა ქერამ.
მთელი ამ მიტინგისა თუ შეკრების მანძილზე – უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენი კედელზე
შემოსკუპებიდან მოყოლებული – შუაში, მაგრამ განცალკევებულად იდგა რვა, ათკაციანი
ჯგუფი. იდგა და ჩუმად იყო, გულდასმით ადევნებდა თვალს ყველასა და ყველაფერს.
როცა ქერამ “ტრიბუნა” დაცალა და გამოაცხადა, – კიდევ ვის რა გაქვთ სათქმელიო, ამ
ჯგუფს ერთი კაცი გამოეყო, კიბეზე გავიდა და დინჯად თქვა:
– “საყოველთაო შეიარაღებული აჯანყება!” “გაუმარჯოს პროლეტარიატის დიქტატურას!”
“ყველა – ბარიკადებზე!” მხოლოდ ამ ლოზუნგებს შეუძლია მოუტანოს გამარჯვება
ჩაგრულ ხალხებსა და ექსპლოატირებულ კლასებს! მე დავამთავრე.
– ლოზუნგები სწორია, მაგრამ რუსეთი ჯერ არ არის მზად საყოველთაო და ერთდროული
მოქმედებისთვის. პროლეტარიატისა და სხვა რევოლუციური კლასების ცალკეული
რაზმების შეუთანხმებელ გამოსვლებს მეფის სატრაპები ადვილად ახშობენ. თქვენ,
ამხანაგებო, ფაქტიურად უაზრო, გაუმართლებელი სისხლის ღვრისკენ მოუწოდებთ
მასებს!..
– დღეს დაღვრილი სისხლი მომავალ ბრძოლებში გამარჯვების საწინდარია!
– სამართლიანი საქმისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვი დაღვრილი სისხლი უქმად
არასოდეს ჩაივლის!
– მაგ იმედით იყავით.
– ვერ გამიგია, მშვიდობიან დემონსტრაციაზე მივდივართ, თუ სასაკლაოზე?!
– ასე ხელცარიელი და ლოზუნგების ამარა საყოველთაო შეიარაღებული აჯანყება ვინ თქვა
და სად გაგიგონიათ, ნეტავი!
– ჩირგვებში გარბიხართ რენეგატებო?!
– ვინ არის რენეგატი?.. თქვენ პროვოკაციაზე უბიძგებთ ხალხს!
ისეთი ყაყანი ატყდა, რომ ერთმანეთისა აღარავის აღარაფერი ესმოდა და დაძაბულობამ იმ
დონეს მიაღწია, როცა გამშველებელს ყველა მოდავე მხარე თავის მოსისხლე მტრად
თვლის. დათა თუთაშხია ჩემკენ გადმოიხარა, ყურში ჩამძახა:
– კაცო, მე ვიცი მათი ლოზუნგები ყველასი ზეპირად და ამათ ერთმანეთის არ იციან,
ნეტავი?.. ახლა, რა აჩხუბებთ, თუ იცი? იმდენი მაგარი ამათში არც ერთი არ არის,
ჯერჯერობით, სხვებს რომ გაუძღვეს. ერკემალი არ ყავთ. ერკემალი ყველაფერშია საჭირო.
ისე, კარგია ეს. იჩხუბებენ, დაჭამენ ერთმანეთს, ამ ჭიდაობაში გაძლიერდება, ვიღაცა
იქნება და როცა იქნება, და მაშინ უკეთ წავა მათი საქმე!
– ჩვენ ვტოვებთ აქაურობას! – გამოაცხადა მძლავრი იოგების პატრონმა, ჩერქე იშვილის
ქუჩისკენ გასწია და ათი, თორმეტი კაცი მიჰყვა.
– ნუ დავაკავებთ, წავიდნენ!
– ვენც მივდივართ, ამხანაგებო, მომყევით! – დაიძახა მოხუცმაც, ვინც აზრის გამოთქმის
წინადადება შემოიტანა და პირველი ორატორის გამოსარჩლებისას თქვა: “პური განაგებს
ქვეყნიერებასო”.
მოხუცსაც ოცამდე კაცი გაჰყვა.
სწორედ ამ აყალმაყალსა და ღრიალში სრულიად გაუთვალისწინებელი რამ მოხდა:
რკინიგზის ლიანდაგების მხრიდან დათა თუთაშხიას ისე მაგრად გადაუჭირეს ზურგზე
მათრახი, რომ შეჰყვირა კიდეც, შეჰყვირებდა, მაშ, რას იზამდა, მარტო ტყლაშანი ღირდა
ერთ რამედ! მეორედაც შემოუქნიეს მაგრამ ჩაასწრო, ძირს ჩახტა. მიხედვაღა მოვასწარი,
ოთხი ცხენოსანი კაცი დავინახე და თუთაშხიას მივბაძე. ის იყო, მიწას ფეხი დავაკარე,
ჩერქეზიშვილის ქუჩის მხრიდან სტვენა მოისმა, დაიძახეს – კაზაკებიო! ჯგუფები
რომლებმაც მიტინგი დატოვეს, უკვე ქუჩას იყვნენ მიტანებული, რომ ისევ პირი იბრუნეს,
უკანვე გამოიქცნენ. კიდევ რამდენიმე წამის შემდეგ მაზუთის შესახვევშიც შემოცვივდნენ
კაზაკები – ხუთი მხედარი, და მათრახები აამოქმედეს. მერე რაც მოხდა, უფრო
დაწვრილებით აღწერის ღირსია.
მაზუთის შესახვევს, თბილისელი კაცი ხართ და მოგეხსენებათ, შესახვევი ჰქვია და
ნამდვილად კი ჩიხია – რკინიგზის ლიანდაგების მაღალ კედელთან წყდება. კაზაკებმა
ჩერქეზიშვილის ქუჩიდან შესახვევში რომ შემოაჭენეს და წასასვლელად გამზადებული
ჯგუფები წინ გამოირეკეს, სადემონსტრაციოდ მოსული ხალხი ცნობისმოყვარეობითა თუ
წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ეზოდან შესახვევში გამოცვივდა, მაგრამ ცხენების
მოწოლის შედეგად სხვებთან ერთად კედელს მიაწყდა. ზოგი კედელზეც გავიდა, მაგრამ
ლიანდაგებზეც რომ კაზაკები დაინახეს, ჩემი და დათა თუთაშხიასი არ იყოს, ისევ ძირს
ჩამოხტნენ. კაზაკების რკალის გარღვევასა და ჩერქეზიშვილის ქუჩისკენ გასვლას აზრი არ
ჰქონდა, რადგან იქიდან, ასე ვთქვათ, მეორე ეშელონის სახით ქვეითი პოლიციელები
მოიწევდნენ. ერთი თუ ორი წუთის მანძილზე ძლიერ მძიმე და, თითქოს, გამოუვალი
ვითარება იყო. კედელზე მირეკილ–მიქუჩებული ხალხის თავ–პირსა, მხრებსა და
ზურგებზე კაზაკების მათრახებს გაუდიოდა ტყლაშატყლუში. მე და დათა თუთაშხიასაც
კარგებისა გვერგო, იმდენად კარგებისა, რომ დათა თუთაშხიას ტკივილისგან სახეც კი
გადაებრიცა და იღლიაში ამოდებულ ფუთაზე იტაცა ხელი. რა დროის ფიქრი, თვალყური
და მოსაზრება იყო, მაგრამ მაინც მენიშნა და ადრე აღებული ეჭვიც დამიდასტურდა, რომ
ფუთაში იარაღი ჰქონდა. არ უხმარია. ჩვენი მხრიდან ერთი ტყვიაც რომ გავარდნილიყო,
კაზაკები კურდღლებივით ამოგვჟუჟავდნენ. ასე იყო თუ ისე, იმ უმძიმესი ერთი თუ ორი
წუთის შემდეგ მოხდა ის, რაც გადაულახავი ჯებირით დაგუბებულ ღვარცოფს ემართება –
სადღაც სხვაგან, განზე გაარღვევს დაბრკოლებას, ახალ კალაპოტს გაიკვალავს და გავა.
ზემოთაც ვთქვი, რკინიგზის გალავანსა და სახლებს შორის ვიწრო გასავალი იყო
მეთქი – იგივე ერთიმეორეზე მიყოლებული ვიწრო ეზოები – რომელთაგან უახლოესში
კაზაკების გამოჩენამდე დემონსტრაციაზე მიმავალი ხალხის ბჭობა–კამათი
მიმდინარეობდა. როგორღაც მოხერხდა, ხალხი ისევ იმ გასავალს მიაწყდა, განაპირა
კაზაკსა და მის ცხენს გვერდი აუქცია, ეზოში გაიჭრა და ერთ მთლიან ნაკადად,
ძუნძულით, შემობრუნებებით, ქვების სროლით გაემართა ჩუღურეთისკენ. ჩვენც იქ
აღმოვჩნდით, ნაკადის, დაახლოებით, ბოლო რიგებში. ჩვენც სხვებთან ერთად
მივძუნძულებდით და მეც სხვებივით ვესროდი კაზაკებს დიდი გაჭირვებით ნაპოვნ ქვებს.
ის ჯგუფები, ვინც დემონსტრაციაზე უარი თქვა და წასვლა დააპირა, ახლა ნაკადის თავში
გარბოდნენ. მიაწიეს თუ არა ჩერქეზიშვილის ქუჩაზე გამსვლელ პირველსავე ჩასახვევს,
იქით წასვლა დააპირეს, მაგრამ ქუჩა ჯარისკაცებს შეეკრათ და ისევ პირდაპირ გაქცევა
ამჯობინეს – სხვა გზა არც იყო, კვლავინდებურად რკინიგზის გალავანს მიჰყვნენ. ნაკადს
ბოლოდან ის ჯგუფი ჰკრავდა, რომელმაც საყოველთაო შეიარაღებული აჯანყებისა და
ბარიკადებზე გასვლის ლოზუნგები წამოაყენა და, სიმართლეს ვიტყვი, უიარაღო,
ხელცარიელი ხალხის კვალობაზე საკმაოდ ყოჩაღადაც ირჯებოდნენ. ისინი რომ არა,
კაზაკები ცხენის ჩლიქით ჩაგვთელავდნენ. ერთი სიტყვით, გავრბივართ და, როგორღაც
იყო, დათა თუთაშხიას მხარდამხარ აღმოვჩნდი. მიძუნძულებდა, სიცილს ძლივს იკავებდა
დამინახა და მითხრა:
– კარგად გავრბივართ, რობერტ–ბიძიკო, ძალიან კარგად, არა, როგორი აყოლიება ცოდნია
ამ საქმეს, თუ უყურებ შენ?!
– რომ აღარც გვეშვებიან, მამაძაღლები! – ვთქვი მე – როდემდის უნდა გვდიონ?!
– ურია წყალს მიქონდა – გზაც იქით ქონდაო, ნათქვამია, – ისევ სიცილით გადმომძახა
დათა თუთაშხიამ. – თუ გავუძელით და ათი წუთი ასე ვირბინეთ კიდევ, ალექსანდრეს
ბაღში ამოვყოფთ თავს.
მართლაც რაღაცნაირად გამოდიოდა:
რაც მეტს მივრბოდით, მით უფრო
ვუახლოვდებოდით ადგილს, საითაც დემონსტრანტებს ბრძოლითა და დიდი
დანაკარგებით უნდა ევლოთ. ჯარისკაცებსა და პოლიციას ყველა გზა შეკრული ჰქონდა,
გარდა იმ ქუჩისა, რომელსაც ვორონცოვის მოედნისკენ, ანუ ალექსანდრეს ბაღისკენ
მივყავდით.
გალავანი ჩათავდა, რკინიგზის მხრიდან მოიერიშე კაზაკებმა თავი მოიკლეს – მარცხნივ,
სვანეთის უბნისკენ არავინ აუშვეს. მოგვდევდნენ და მათრახებითა გვცემდნენ. ზემო
ჩუღურეთამდე სულ ამ დღეში ვიყავით. იქ ვორონცოვის მოედნისკენ დაქანებული ერთი
ქუჩა შეუკრავი აღმოჩნდა. მეწინავეებმა ჩაუხვიეს, უკანა ხალხიც მივყევით და, აკი
მექოთნეების ქუჩაზე ამოვყავით თავი. კაზაკები ძველებურადვე გვაწვებოდნენ. კონკის
ლიანდაგი გადავჭერით, ვორონცოვის მოედანი ქარივით გადავიქროლეთ, ხიდიც
გადავიარეთ და მადათოვის კუნძულზე არიერგარდმა დაიძახა, – დადგნენ, აღარ
მოგვდევენო!
მივიხედე. კაზაკები ხიდის გაღმა იდგნენ, გამოგვცქეროდნენ. ალექსანდრეს ბაღს გავხედე,
ზღვა ხალხი იყო წითელი დროშებით, ლოზუნგებით, ტრანსპარანტებით. ჩანს, კაზაკებმა
ის რამდენიმე ათასკაციანი მასა დაინახეს და შედრკნენ. არც არავის ბრძანება გაუცია, არც
ვისმე ხმა დაუძრავს, გაშალა ჩვენმა ხალხმა თავისი ტრანსპარანტები – პურიდან
მოყოღიებული – ბარიკადებზე გასვლის მოწოდებით გათავებული, ყველა – და, მაზუთის
შესახვევიდან კისრისტეხით და მათრახების ცემით მორეკილები – ზუსტად დანიშნულ
დროს ალექსანდრეს ბაღში თავმოყრილ ხალხს შეერივნენ.
დათა თუთაშხია და მე აფთიაქის წინ ვიდექით, სულს ვითქვამდით. ახლომახლო
პოლიციისა და კაზაკების ჭაჭანება არსად იყო. სადემონსტრაციოდ მოსულმა ხალხმა
ალექსანდრეს ბაღის ზემო ნაწილისკენ აიწია და ქუჩა ისეთი მშვიდი იყო, როგორც ადრიან
დილით, მეეზოვეების გამოსვლამდე.
– წავიდეთ და ვნახოთ ჩვენც, რა მოხდება ზევით, ჰა? – თქვა დათა თუთაშხიამ –
გოლოვინის პროსპექტზე ავიდეთ!
ძალიან ნელა მივდიოდით. რამდენჯერმე ავუჩქარე ნაბიჯს, მაგრამ ისევ ვუკელი, რადგან
დათა თუთაშხია სიარულის ნელ ტემპს რაღაც ხაზგასმით მთავაზობდა და სიდინჯეზე
მიყოლიებდა. მე ისევ ძუნძულისა და კაზაკების ცხენების თქარათქურით ვიყავი
შეპყრობილი, ის ტემპი ჯერაც არ გამომნელებოდა და ბარიატინსკის დაცარიელებული,
უხალისო, ჩამკვდარი ქუჩა გულზე ლოდივით მაწვებოდა. დათა თუთაშხია ფეხს
ითრევდა. მე ერთი სული მქონდა, მენახა, ზევით რა მოხდებოდა და ვთქვი:
– ჩქარა ვიაროთ, პროკოფი–ბატონო.
– არ უნდა ვიაროთ ჩქარა.
– რატომ?..
– რატომ და, ყველა რომ ჩქარობს და ჩოჩქოლია შენს გარშემო, თუ აყევი შენც, ვერ გაიგებ,
რა ხდება. ცხენზე რომ ზიხარ და მიაჭენებ, ცხენის ყურებს ხედავ მხოლოდ. რომ ჩამოხვალ,
მაშინ ყველაფერს ხედავ ცხენისას, ხომ ასეა?
– ეგრეა. – დავადასტურე და ოციოდე ნაბიჯიც არ გვქონდა გავლილი, რომ მართლაც
სიმშვიდე ვიგრძენი. აზრი ისევ იმას დაუბრუნდა, თუ როგორ მოგვიყვანა პოლიციამ
ალექსანდრეს ბაღში და გაოცებითა ვთქვი:
– ეს რა საკვირველი რამე მოხდა! არა, საიდან გამოიცანი, პროკოფი–ბატონო, ალექსანდრეს
ბაღში ამოგვაყოფინებენ თავსაო?!
– არ გამომიცნია, სამასხროდ ვთქვი, მაგრამ ისე გამოვიდა სწორედ და ამაზე არის, რომ
ვფიქრობ ახლა.
– მგონი რომ განზრახ მოგერეკეს! რაღაც დიდი მუხანათობა აქვთ მომზადებული, ჰა? –
მართლა ასეთი აზრისა ვიყავი.
დათა თუთაშხიამ იყუჩა და თქვა:
– არ ჰგავს განზრახ გაკეთებულს... ან რა მნიშვნელობა აქვს, რობერტ–ბიძიკო, მაგას. იმ
ზომამდეა დამპალი ეს ქვეყანა, რომ რასაც იღონებს, ყველაფერი მის წინააღმდეგ
მოტრიალდეს უნდა. მითხარი, თუ კაცი ხარ, მეფისნაცვალი ხარ, ვითომ, და რას იზამდი
აქ, ახლა... ამას ვგულისხმობ, აგერ–აგერ შეტაკება რომ არის მოსალოდნელი?
– ცხადია, რასაც იზამს მეფისნაცვალი. მიაშველებს პოლიციასა და ჯარს, დაარბევენ
შავრაზმელები დემონსტრანტებს. დაჭრილიც ბლომად იქნება, მოკლულიც, დაპატიმრებული და გაციმბირებულიც...
– რა გამოვა საბოლოოდ მანდედან?
– რა ვიცი...
– მე გეტყვი, რაც გამოვა. ხალხი მეტ სიძულვილს ჩაიდებს გულში მთავრობისას, უფრო
გაეშმაკდება და მომავალში უკეთესი ჭკუით მიუდგება თავის საქმეს. მეფე და მისი
მთავრობა დარჩება წაგებული საბოლოოდ. ახლა, უკუღმა ვთქვათ და ხალხმა დაარბია
შავრაზმელები და პოლიცია. გული მიეცემა ხალხს, ჩვენს ხელში ყოფილა გამარჯვების
საქმეო. ხალხს თუ გული მიეცა, ძლევამოსილების რწმენა თუ გაუჩნდა, წინ ვეღარაფერი
დაუდგება მერე. ამ შემთხვევაშიც მეფეა წაგებული. კაი, ბატონო. ახლა, მეფე ხარ, ვითომ,
შენ, დაატყვე საქმეს, ძალით რომ ვერ ხდები ვერაფერს, და რას იზამ, ნეტავი?
– დავუარსებ სახელმწიფო სათათბიროს, დადგნენ! ირჩიონ და ილაყბონ!
– თვითონ თუ აირჩია ხალხმა იმ სათათბიროს, თუ რაცხა მაიმუნობა იქნება, იმის წევრები
– ილაპარაკებენ ის კაცები იქ და წელიწადიც არ მოუნდება ხალხში სიმართლის
გავრცელებას. რას შვრები მერე, მეფე რომ ხარ, გაშიშვლებული და ნიღაბჩამოგლეჯილი
მეფე? არც ეს ივარგებს, თუ ატყობ შენ.
– ავდგები და... სულაც არაფერს დავუარსებ...
– არ დაუარსებ და ამ ხალხს ვერ მოუხერხებ ვერაფერს და დაწყნარებას გადაყვე იქნება
ზედ. ისიც დავუშვათ, რომ აჯობა მთავრობამ გამოსვლებს და აჯანყებებს. რაი, მერე?
გაითვალისწინებენ პოლიტიკოსები შეცდომებს. გაინაბება ხალხი ერთხანს. უპოვის მერე
შესაფერ დროს, დაცხებს ისევ და მოგჭამა ჭირი მეფემ და იმპერიამ. მომაკვდავს,
რობერტ,ბიძიკო, აღსარების და სანთლების მეტი არ
შველის არაფერი!
ბარიატინსკის ქუჩა თითქმის ათავებული გვქონდა, პროსპექტზე უნდა გავსულიყავით.
დამაინტერესა, დათა თუთაშხია ამაზე რას მეტყოდა:
– შენ რას იზამდი, პროკოფი–ბატონო, როგორ მოიქცეოდი?
– მეფის ადგილზე? მივატოვებდი ტახტს, თუ მოვერეოდი საკუთარ თავს. წავიდოდი,
საზღვარგარეთ ვიცხოვრებდი სადმე... მაგრამ ოხუნჯობაა ეს.
– ხალხის ადგილზე?
– ხალხი რასაც შვრება – იმას! დაველოდებოდი.
– ვის.
– ერკემალს, დანარჩენ ერკემლებს რომ აჯობებდა, ისეთს. ყველაზე სამართლიანს და
ყველაზე მეტს ვინც შემპირდებოდა, ისეთს.
– მერე? იმ ერკემალს გაყვები?
– ხალხი გაყვება. ყოველთვის მიყვება ხალხი.
– შენ თუ გაჰყვებოდი, ბატონო პროკოფი, მე ეს მაინტერესებს.
– გავყვებოდი, მაგრამ ორი პირობა აქვს ამას, – უნდა დავრწმუნდე, რომ ის კაცი, ვინც
ძველს გადააგდებს, იმასვე რომ არ გააკეთებს ისევ, ახლა რაც არის. ხალხი ქათმის ხორცია
და საცივად არ ივარგა, მაგრამ ჩახოხბილად იქნება ნამეტანი კარგი დედას გეფიცებიო! მე
თუ მკითხავს ვინმე, ძნელია ძალიან მთლად ახლის გაკეთება და საჭირო თუა, ისიც
საკითხავია. ახლა, მეორე და მთავარი. გახსოვს, ალბათ: შეხედულებები განაგებენ
ქვეყნიერებასო, მატარებელში თქვა ვიღაცამ და მაზუთის შესახვევში სხვამ: – პური
განაგებს ქვეყნიერებასო. მე თუ მკითხავს ვინმე, ჯერჯერობით ისეა საქმე, რომ შური და
სიხარბე განაგებს ქვეყნიერებას. ცუდები ვართ, ჯერ კიდევ, ადამიანები, და იმიტომ არის
ასე. დამარწმუნოს ვინმემ, რომ ძველს გადავაგდებთ, ახალს ავაშენებთ და ის ახალი
ადამიანს გააუკეთესებსო – გავყვები და გამოვადგები, მგონია, სხვა რომ გამოადგება, ისე ან
უკეთესად.
გოლოვინის პროსპექტზე ხალხმრავლობა იყო. ჩანდა, მოსახლეობასაც გაეგო,
მანიფესტაცია იქნებაო, ზოგი სეირნობდა, ზოგი იდგა და საუბრობდა. ყოველ ათ,
თხუთმეტ ნაბიჯზე პოლიციელები დაიზლაზნებოდნენ, კაზაკების ცხენების თქარათქური
აყრუებდა იქაურობას.
სასტუმროსთან ვიდექით. ვიღაცამ დაიძახა, – გამოვიდნენო! დათა თუთამხიამ საათი
ამოიღო, დახედა, ხალხს თვალიერება დაუწყო, თითქოს ვიღაცას ეძებდა.
ჯერ სამღვდელოება გამოჩნდა. წინ მიხეილ მთავარანგელოზის ვეებერთელა ხატი
მოჰქონდათ. მერე ნიკოლოზ I პორტრეტი, შემდეგ დროშები და ყოველივე ამას ზღვა
ხალხი მოჰყვებოდა. მარცხნივ გამოუხვიეს, ოპერისკენ. ალექსანდრეს ბაღს გაუსწორდნენ,
მაგრამ სადემონსტრაციოდ თავმოყრილ ხალხს არც ხმა დაუძრავს, არც ფეხი
გადმოუდგამს ბაღიდან. იდგნენ, რაღაცას ელოდნენ.
მანიფესტაციას ორთავ მხრიდან ძეწკვად გადაბმული კაზაკების რიგები მოჰყვებოდა.
მძიმე, ნელი ნაბიჯით მოემართებოდნენ და “Боже царя храни!”-ს მღეროდნენ. ამათაცა
ჰქონდათ ლოზუნგები და ტრანსპარანტები: “За царя и отечество”, “Долой бунтовщиков”,
“Вера, надежда, любовь” და სხვა ასეთები. ზოგი მანიფესტანტი ცოლ–შვილით
გამოსულიყო, ბავშვები მხრებზე შემოესვათ. ბარე, სამი ათასი კაცი იქნებოდა.
გაგვისწორდნენ. დათა თუთაშხიამ მითხრა:
– სიმყრალეს თუ გრძნობ, სუნს!
საკმევლის, მოუნელებელი არყისა და ცხენის ოფლის სიმყრალე დადგა. მანიფესტაციის
სათავეში კათედრალური ტაძრის პატრონიკეზე გამოწვრთნილი გუნდი მღეროდა და
საკმაოდ კარგადაც, მაგრამ შუაწელში და ბოლოში, ჯერ იყო, გუნდის გალობა ცუდად
ისმოდა, მერე, უმრავლესობას ან ხმა არ უვარგოდა, ან სმენა და, ერთი სიტყვით, ისეთი
ღრიანცელი იდგა, იფიქრებდით, ხელახალი წარღვნა იწყება და ეს ამოდენა ბრბო
სიკვდილის შიშსა ღრიალებსო. გუნდი სიმღერას მორჩა, შუა რიგებში გარმონი აჭვიტინდა,
ქალებმა ცეკვა–თამაში წამოიწყეს, მაგრამ სათავე ისევ მღეროდა და მოცეკვავეებს ბრძანება
მოუვიდათ – შეწყვიტეთო!
შეწყვიტეს და ისევ აღრიალდნენ.
მანიფესტაცია სასტუმროს გასცდა. კაზაკების ბოლო ცხენებმა ჩვენს ცხვირწინ ბლომად
ჩონჩორიკი გადმოაფრქვიეს და ალექსანდრეს ბაღიდან დემონსტრანტებიც დაიძრნენ.
რატომღაც მეგონა, რომ ესენიც ოპერისკენ გასწევდნენ. არა, გამოვიდნენ. გაშალეს
ტრანსპარანტები, მარცხნივ გაუხვიეს, მეფისნაცვლის სასახლისკენ აიღეს გეზი.
მოულოდნელი ვითარება შეიქმნა. შავრაზმელები თავისი ბადრაგითურთ ზევით
მიდიოდნენ, დემონსტრანტები – მოპირდაპირე მხარეს. კაცმა რომ თქვას, ყველაფერი
სწორად წარიმართა: მანიფესტანტებ ქალაქის მოსახლეობის წინაშე სურდათ თავისი
გრძნობების გამოხატვა, დემონსტრანტებს – წყობილების უმაღლესი წარმომადგენლის,
ანუ მეფისნაცვლის წინაშე. ჩემი არ იყოს, ამგვარ შემოტრიალებას, ალბათ, არც
შავრაზმელები მოელოდნენ. მანიფესტაცია გაჩერდა, პირით დემონსტრანტებისკენ
შემობრუნდა. ალექსანდრეს ბაღიდან კი ხალხი უწყვეტ, მძლავრ ნაკადად გამოდიოდა.
ჩვენს გვერდით ახალგაზრდა ქალ–ვაჟი იდგა. ვაჟი ქართველი იყო, გოგო – რუსი,
ჩვენსავით სეირს უყურებდნენ.
– ერთი ამათ შეხედე, ამათ! – თქვა ვაჟმა სიცილით.
მანიფესტაციის სათავიდან ანაფორააკაპიწებული მღვდლები ქოშინით მოცვივდნენ,
ხელისგულები თეძოებზე შემოილაგეს და განცვიფრებული სიფათებით მიაშტერდნენ
ბაღიდან გამომავალი დემონსტრანტების ბოლო ჯგუფებს. მანიფესტაცია სრულიად
დაბნეული იყო და არც რაიმე განკარგულება ისმოდა.
– საით ანტიქრისტენო! – დაიძახა ერთ–ერთმა მღვდელმა.
იმავ წამს გაისმა:
– Бей их! – და მანიფესტაცია ადგილს მოწყდა, დემონსტრანტებისკენ გამოქანდა.
მღვდლებმა ხალხის შეკავება სცადეს, მაგრამ უკანიდან მოწოლილმა მასამ წინა რიგები
ღვდლებიანად წააქცია, ფეხით ჩათელა და გაშმაგებით ეკვეთა დემონსტრაციის
არიერგარდს.
ნამდვილი ომი ატყდა. დემონსტრანტებს ქვები და კეტები აღმოაჩნდათ. პირველივე
ბათქის შედეგად კარგა ბლომა შავრაზმელებს დაუსკდა თავ–პირი, მაგრამ ის
გამოსროლილი ქვები ახლა ავრაზმელებმა აკრიფეს და არანაკლებ ეფექტურად
გამოიყენეს. საარტილერიო მომზადება გათავდა, მხარეები ხელჩართულზე გადავიდნენ.
დიდი დაკადაკა იყო სასტიკი! კაზაკები, ჯარი და პოლიცია საქმეში ჯერჯერობით არ
ერეოდა, რადგან დემონსტრანტები, მართალია, ბრძოლით, მაგრამ მაინც ხომ უკან
იხევდნენ – მეფისნაცვლის სასახლისკენ. ეს, რატომღაც, გამარჯვებად შავრაზმელებს
ეთვლებოდათ და “წესრიგის დამცველნი” ასეთი ვითარებით კმაყოფილი იყვნენ.
დემონსტრანტებმა მიზანს მიაღწიეს – მეფისნაცვლის სასახლის წინ გაჩერდნენ, თავისი
ტრანსპარანტები მეფის ნაცვალს მიაშვირეს, ორიოდე წუთს ასე იდგნენ და ამ დროს
უთვალავი შაშხანა ერთდროულად გავარდა... იმავ წამს ერმოლოვის ქუჩიდან, სასახლის
ეზოდან და ერევნის მოედნის მხრიდან ცხენოსანი თუ ქვეითი ჯარის მთელი პოლკი
გამოცვივდა და დემონსტრანტებს ეტაკა. გაჭირვება მაჩვენე – გაქცევას გაჩვენებო,
ნათქვამია... ესეც ნუ იქნება. მეფისნაცვლის სასახლის საიერიშოდ იქ არავინ მისულა
სადემონსტრაციოდ მივიდა ხალხი: დემონსტრაცია უკვე ჩატარებული იყო, და იქამდის
ხომ არ იდგებოდნენ, სანამ ნიკოლოზი პეტერბურგიდან ტახტის დატოვების დეპეშას
გამოგზავნიდა?! დემონსტრაციის თავკაცებმა დაიძახეს, – ვისაც საით შეგეძლოთო!
ოციოდ წამში სასახლის წინა მოედანი ცარიელი იყო. ვინც მოასწრო, ლომბარდისკენ
ჩაუხვია და მოუსვა. ზოგმა კალოუბანთან უგვერდა და სალდათის ბაზრისკენ დაეშვა.
ძირითადმა მასამ ისევ ალექსანდრეს ბაღისკენ აიღო გეზი, მაგრამ გეზის აღებაც არის და
გეზის აღებაც: ის იმოდენა ხალხი უზარმაზარი ზვავივით მოწყდა, არიერგარდთან
მორკინალ “მთავარანგელოზლებს” ეკვეთა. ვინც ჩაითელა – ჩაითელა, ვინც არა – უკან
დახევას შეუდგა და დემონსტრანტების ძირითადმა მასამ წყალვარდნილივით ჩაიტანა
გრიალი ალექსანდრეს ბაღში. გოლოვინის პროსპექტზე ერთი წუთის შემდეგ სეირის
საყურებლად გამოსული ხალხისა და შავრაზმელების გარდა აღარავინ იყო, პოლიციას,
ჯარსა და კაზაკებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში. აქაც იგივე მოხდა, რაც აქამდე
ორჯერ უკვე იყო. დემონსტრაციის ჩასაშლელად მოწოდებულმა ძალამ სწორედ მათ
სასარგებლოდ იმოქმედა – დემონსტრაცია ჩატარდა. ხალხი სამშვიდობოს თითქმის
უდანაკარგოდ გავიდა და შავრაზმელები კი გამარჯვებას ზეიმობდნენ – კუდით ქვა
ვასროლინეთო, არ დაშლილან, იქვე ტრიალებდნენ, ძლევამოსილი ფიზიონომიები
ჰქონდათ, ჯგუფ–ჯგუფად, ჩასუნთქულები დადიოდნენ და მოსეირნეებსა თუ გამვლელ–
გამომვლელს შარსა სდებდნენ, – დემონსტრაციის მონაწილე ხარო! იყო ერთი თავის
მართლება და უშვერი სიტყვის ბორიალი.
ჩვენს გვერდით, ახლოს, ქალ–ვაჟი იდგა–მეთქი, ადრეცა ვთქვი...
– ერთი შეხედეო! – ანაფორააკაპიწებულ მღვდლებზე თავის გოგონას რომ მიანიშნა, ხომ
გახსოვთ?.. იმ ქალ–ვაჟთან სამი “მთავარანგელოზელი” მიიჭრა, – რას დაყუდებულხართო!
– რა თქვენი საქმეა, სად დავდგებით და საით წავალთ?! – დამცინავი ღიმილით,
რუსულადვე მიუგო ვაჟმა.
ერთ–ერთმა მომხდურმა – არც აცია, არც აცხელა – ვაჟს გაუქანა და სახეში სთხლიშა. ვაჟი
წაბარბაცდა, მაგრამ იმავ წამს დაუბრუნა სამაგიერო. გაწევ–გამოწევა ატყდა. ვიღაცეები
ჩაუვარდნენ გასაშველებლად, ორმა შავრაზმელმა საიდანღაც შაშხანის ხიშტები დააძრო.
ხიშტებს მოკლე ტარები ჰქონდათ მირგებული. იმ შავრაზმელს, რომელმაც ვაჟს გაარტყა,
ჩანს, სამანიფესტაციოდ ცოლიც ჰყავდა გამოყვანილი. ის დედაკაცი ვაჟის გოგოს მიეპარა,
სილა გააწნა. გოგო რუსულად მოთქმას მოჰყვა, თავის ვაჟს მკლავზე ჩამოეკიდა, –
აქაურობას გავშორდეთო. ვაჟი დაჰყვა, გამშველებლების მოსარჩლეობით ისარგებლეს,
ზევითკენ წავიდნენ. შავრაზმელები მაინც იწევდნენ. მაშინ ქალ–ვაჟმა უახლოეს
სადარბაზოს შეაფარა თავი და მალე გამშველებლებმაც მონახეს გზა. უხიშტო შავრაზმელი
თავისმა დედაკაცმა წაიყვანა. თითქოს, ყველაფერი მორჩა. ხიშტიანი შავრაზმელები
ჩვენგან ათიოდე ნაბიჯზე იდგნენ, ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, ისე ეტყობოდათ, რომ
ესენიც თავის გზას უნდა გასდგომოდნენ და გაუდგნენ კიდეც, ყოველ შემთხვევაში, მე ასე
მეგონა.
ვიდექი, საითღაც ვიყურებოდი. დათა თუთაშხიამ მკლავი გამკრა:
– იქ შევიდნენ ისინიც, – მითხრა ხმადაბლა.
– ვინ? სად?
– ის ხიშტიანები. სადაც ქალ–ვაჟი შევიდა, იქ.
– ჰა? – რაღაცამ შემაფიქრიანა.
– გამოლეშილებია და გულზე არიან მოსული მაგენი... – დათა დაიძრა და მეც მივყევი.
სადარბაზოში შევდიოდით, იმ დროს ვიღაცამ დაიყვირა:
– დათა.
დათა თუთაშხია უკვე სადარბაზოში იყო. არ ვიცი, ვერ გაიგონა, თუ ჩემი თანდასწრებით
ძახილზე პასუხს მოერიდა – არ გაჩერებულა. ზღურბლზე შევჩერდი, ხმაზე გავიხედე.
– დათა, დათა! – დაიძახა ისევ მამაკაცმა, რომელსაც გვერდით
ტანადი გიმნაზიელი მოსდევდა და ხელით მანიშნა, მანდ რომ კაცი შევიდა, იმას ვეძახიო.
ბრგე კაცი იყო, ასე, ოცდათხუთმეტისა თუ მეტის. ნელა მოდიოდა, კოჭლობით,
ხისფეხიანივით.
– პროკოფი–ბატონო, ვიღაც გეძახის!..
დათა თუთაშხია წამით შედგა, მომხედა, დამაკვირდა და თქვა:
– ვინ დამიძახებს აქ, ვის ვიცნობ მე?! მოვალ ახლავე. – გზა განაგრძო და ეც უნებლიეთ
მივყევი.
გრძელი, ბნელი დერეფანი იყო. მერე მარცხნივ კიბეები ჩადიოდა. კიდევ ერთი მოკლე
დერეფანიც და აივანზე გავედით. ოთხივ მხრიდან შენობებით შეჭოსალტული ეზოდან ეს
აივანი მეორე სართულისა იყო. ჩვენს ქვეშ, მარცხნივ, კედლის ძირში ვეებერთელა სანაგვე
ყუთი იდგა. ახლაც არ ვიცი, ნაგავი როგორ გაჰქონდათ, ალაყაფი არსად ჩანდა. სანაგვე
ყუთზე ის ორი ხიშტიანი შავრაზმელი იდგა და
ნაგავს გაშმაგებით ხიშტავდა.
– Стой, ни с места, сукины дети! – დაიყვირა დათამ იღლიაში ამოჩრილ ფუთას თითი
რაღაცნაირად გამოჰკრა და მის ხელში ახალთახალმა ნაგანმა გაიბრჭყვიალა.
ხიშტიანებმა ისკუპეს, გაქცევა დააპირეს, მაგრამ დათა თუთაშხიამ ორი ტყვია ზედიზედ
ისროლა.
მე, საერთოდ, გაფიქრება ვერაფრისა მოვასწარი – შავრაზმელები ორთავენი ძირს ეყარნენ
და დათა თუთაშხიას რკინის კიბეებზე ჩაჰქონდა რიალი. მეც დავეშვი, არც ამისთვის
დამიყოლებია აზრი პირველი სართულის აივანზე ჩასულმა, რატომღაც, სანაგვეში
ჩავიხედე. ეს, ალბათ, ქვეცნობიერებაში შემორჩენილი იმპულსი იყო ჯერ ხომ არ ვიცოდი,
რატომ ხიშტავდნენ შავრაზმელები ნაგავს ისე
თავგამოდებით? ჩავიხედე და უნებლიეთ რაღაც დავიღრიალე, სიტყვა არ ყოფილა, ხმა
აღმომხდა, საშინელი ხმა!
სანაგვე ყუთში მოკუნტული, სისხლში ამოსვრილი ქალ–ვაჟი იწვა, ორთავე პირქვე და
ოდნავ გვერდულად – ერთმანეთისგან შორიშორ.
ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი გაოგნება. ის კი ვიცი, იმ საზარელ სურათს
უმალ მოვწყვიტე თვალი და სიარული განვაგრძე. ეზოში ჩავედი, დათას სიახლოვეს, მის
პირდაპირ დავდექი, მიწაზე გაშოტილ შავრაზმელებს დავაჩერდი.
ერთი ფეხში იყო დაჭრილი, მეორე – დუნდულში. ეს იქიდან ვიცი, რომ დათა თუთაშხიამ
თავად მოუძებნა ჭრილობები. ცოტა ხანს იდგა, ჩემსავით დასცქეროდა თავის
ნამოქმედარს. მერე ცივი, გაბზარული ხმით უთხრა მწოლიარეებს:
– Кто из вас жить хочет?!
დაჭრილები განაბული იწვნენ, თვალებში ამოგვცქეროდნენ.
– Один из вас останется жить. Кто хочет жить?!
ფეხში დაჭრილს აზროვნების უნარი სავსებით ჰქონდა დაკარგული, ვერც ენით თქვა რამე
და ვერც თვალებით. მეორეს, ალბათ, თავდაცვის ინსტინქტი აუმოძრავდა, გაცოცდა, დათა
თუთაშხიას ფეხზე მკლავები შემოჰხვია, აქვითინდა. ტიროდა და ფეხებს უკოცნიდა.
დათა თუთაშხიამ ფეხი გამოითავისუფლა.
– Встань, скотина!
შავრაზმელმა ხიშტი დაიშველია, წამოდგა.
დათა თუთაშხიამ ფეხით მეორე შავრაზმელის მარცხენა ბეჭი აჩვენა და თავის აქნევით
ანიშნა, – ამ ადგილას ჩაჰკარი ეგ ხიშტიო!
ზეზე მდგომი შავრაზმელი გაშრა, თვალები ააფახურა.
– Давай быстрей! – შეუძახა დათამ და ფეხებთან კიდევ წყვილი ტყვია მიახალა.
მსხვერპლი პირქვე ემხო, თვალები აივნებისკენ ჰქონდა, მაგრამ როცა მისმა
თანამებრძოლმა ხიშტი შემართა, მწოლიარე ელვის სისწრაფით პირაღმა ამოტრიალდა...
ხიშტი მკერდზე დააცხრა, გული გაიარა, ვადამდე ჩავიდა და მიწას მიალურსმა სხეული.
– Теперь иди, живи! – ხაზგასმით, თითქმის დამარცვლულად ჩაილაპარაკა დათა
თუთაშხიამ.
მკვლელს ვერაფერი გაეგო – უშვებდნენ, თუ დასცინოდნენ.
– Иди, говорю... Живи!
მკვლელი მიტრიალდა, ორიოდ ნაბიჯი გადადგა, დუნდულზე ხელი მოივლო. წამით
შეჩერდა. ისევ გადადგა ნაბიჯი და საიდანღაც გამოსროლილმა ტყვიამ თავის ქალა
კოლოფის სახურავივით ახადა.
შიგ შუა შუბლში მოხვედროდა. ქალამ საოცარი ხმა გაიღო, ვერაფერს ვერ შევადარებ, არ
ვიცი, მსგავს ხმას რა გამოიღებს ხოლმე.
აივნისკენ ავიხედე.
ის კოჭლი, ხისფეხა კაცი იდგა და ტანმაღალი გიმნაზიელი რევოლვერს კიტელის შიდა
ჯიბეში იდებდა.
დათა თუთაშხიამ კარგპ ხანს უყურა აივანზე გადმომდგარ მსროლელს, მერე რევოლვერი
ჯიბეში ჩაიდო, სანაგვეში ჩაიხედა.
– გამოვა ვინმე, ამოასვენებენ საცოდავებს, ამათ, – ჩაილაპარაკა და კიბეებისკენ გაემართა.
– დათა თუთაშხია ნელი ნაბიჯით, თავჩაქინდრული მიდიოდა.
მეორე სართულის აივანზე ავედით. ხისფეხიანი და გიმნაზიელი იქ აღარ დაგვხვდნენ,
დერეფანში შესულიყვნენ, იქ გველოდებოდნენ.
ხისფეხიანი ზურგით კედელს მინდობოდა, იატაკს ჩაჰყურებდა, ცალი ხელით პატარა
ულვაშს იწვალებდა. გიმნაზიელი დიდი ცისფერი თვალებით გვიცქეროდა. მისი იერი
უსაზღვრო ცნობისმოყვარეობასა და განცვიფრებას გამოხატავდა.
ერთმანეთისთვის სალამი არ მიუციათ, ალბათ, არ იყო საამისო განწყობილება.
– ამდენი სისხლი?! – ამოიოხრა დათა თუთაშხიამ, იყუჩა და უფრო ხმამაღლა ბოღმითა
თქვა: – არ მინდა ასეთ ქეეყანაში ცხოვრება, ყელში ამოვიდა უკვე...
– ხედავ, რამდენნი ვართ?.. აღარავის აღარუნდა, – მიუგო ხისფეხამ.
დათა თუთაშხიამ მოგვიანებით უთხრა:
– კი, ბევრი ხართ, ვიცი მე!.. არ უნდა გესროლა, ევლო ქვეყანაზე!
– მე არ მისვრია, ამან დამასწრო, – ხისფეხამ გიმნაზიელზე მიანიშნა... – შემაგვიანდა... ამ
აყალმაყალში.
– დროზე კი არა და... აქეთ თუ გამოვწევდი საერთოდ, არ მეგონა, – თქვა დათა თუთაშხიამ
ჭაბუკს თვალი შეავლო და ხისფეხას უთხრა:
– შენს ნასროლს გავდა ის.
– გავდა.
დავიძარით. დერეფანი გავიარეთ, დიდ კიბეებს შევუდექით.
– გადაწყვიტე? – ჰკითხა ხისფეხამ დათა თუთაშხიას.
თუთაშხია გაჩერდა იყუჩა და მიუგო:
– კი, გადავწყვიტე.
უკვე ავათავეთ კიბეები, სადარბაზოში უნდა გავსულიყავით და დათა თუთაშხია ისევ
შეჩერდა, ხისფეხას დაუწყო ყურება. ეს იყო უსიტყვო შეკითხვა. ხისფეხამ მიუგო:
– თუ შენიშნე, მე კაი ხუთი წელია აღარ გამომითქვამს ჩემი შეხედულება მაგაზე, სიჩუმეს
ვარჩევდი ხოლმე ახლა გაგიმეორებ: სწორი გადაწყვეტილებაა!
ხისფეხა გაჩუმდა და, ჩანს, თქმა აღარაფრისა უნდოდა. მაშინ დათა თუთაშხიამ უთხრა:
– მაშინ ისიც თქვი, რატომ მიგაჩნია სწორად ეს გადაწყვეტილება, დამავიწყდა, რას
მელაპარაკებოდი.
ხისფეხამ ქეჩო მოიქექა ოდნავ გაიღიმა და მიუგო:
– კაი, გაგიმეორებ. შენ ადამიანებს აკვირდვბი, ცალ–ცალკე პიროვნებებს აღიქვამ. ხედავ,
რომ არ ვარგა კაცი და ამიტომ ხალხზეც აგიცრუვდა გული. მაპატიე, მაგრამ შენ ერთი,
მთავარი რამ არ იცი. ადამიანი, პიროვნება, თითქმის ყოველთვის ტყუის, ხალხი, ერი –
ყოველთვის მართალია. ხალხი უნდა გაიცნო და უეჭველად შეგიყვარდება. მაშინ
პიროვნებასაც სხვა თვალით შეხედავ. კაცი საზიზღარი კი არ არის – საცოდავი და
საბრალოა. ხალხი უნდა ნახო, ხალხში ცხოვრებაა აუცილებელი შენთვის, რომ ადამიანი
შეგიყვარდეს.
– მაშინ ბაზარში წავალ, ბევრი ხალხია ბაზარში მუდამ.
– ბაზარი ადამიანების დაპირისპირების, ურთიერთშერკინების ადგილია. იგი ადამიანებს
თიშავს. ის ადგილი კი, სადაც შენ მიდიხარ, მოწინააღმდეგეებსაც კი აკავშირებს და
იქაური ცხოვრება მუშტად შეკრული ხალხის ბრძოლაა ძალადობისა და უსამართლობის
წინააღმდეგ. იქ უნდა ნახო, რა არის სიტყვა “ხალხი”. – ხისფეხა ანაზდად უხერხულობამ
დაამუხრუჭა. დავინახე, რომ რაღაცის შერცხვა, ალბათ, უნებლიეთ აღებული მენტორული,
ნოტაციური ტონისა.
ცოტა ხანს სიჩუმე იყო.
– რა არ მელაპარაკეს! მიზეზი აღარ დარჩა, მგონია, იმის სამტკიცებელი, რომ უნდა
ჩავჯდე, მაგრამ შენ რაც მითხარი, ეგ არ უთქვამს არც ერთს არასდროს და შენ რომ გქონდა
ნათქვამი, დამავიწყდა, თითქოს. კაი, ბატონო! მივუმატებ მაგასაც და წავალ, სადაც
მივდიოდი, – ხუმრობის ტონით თქვა დათა თუთაშხიამ, ჯიბიდან რევოლვერი ამოიღო,
ხისფეხას გადასცა. მეორე ჯიბიდან – მუჭით ვაზნები – ესეც ხელში ჩაუჩხრიალა.
გიმნაზიელს შეხედა, დააკვირდა და უთხრა: – თქვენ გააკეთოთ, იქნება, ჩვენ რომ ვერ
შევძელით, ის... წავიდეთ, რობერტ–ბიძიკო. ერთსა და იმავე ადგილას მივდივართ ორივე.
დათამ ორთავეს ხელი ჩამოართვა და ისევ პროსპექტზე გავედით.
– საით მიდიხარ, პროკოფი–ბატონო? – ვკითხე.
– ჟანდარმერიის სამმართველოში. ზევით უნდა იყოს, მგონია, მთაწმინდის უბანში, – თქვა
დათა თუთაშხიამ და პროსპექტის მოპირდაპირე ქვაფენილისკენ გასწია.
ჟანდარმერიის სამმართველომდე აღმართ–აღმართ ათიოდ წუთის სავალი იყო. ხმა არც
ერთს არ დაგვიძრავს. დათა წინ მიდიოდა, მე კვალში მივდევდი, როგორც კვიცი – ფაშატს.
ბოლომდე ასე ვდიე. სადარბაზოსთან მომიბრუნდა, ეშმაკურად გამიღიმა.
– კაი, აბა. წავალ მე, მშვიდობით იყავი!
ხელი არ ჩამოურთმევია, შევიდა და კარისკაცს რაღაც უთხრა. გარედან ვადევნებდი
თვალს. ორი, სამი წუთიც არ იყო გასული, რომ ის დიდი თანამდებობის კაცი ჩამოვიდა,
რომელიც სამტრედიაში წასვლის წინ დამანახვეს, – აი, ამის გარეგნობა დაიხსომე,
ერთმანეთს წყლის წვეთებივითა ჰგვანანო.
იმ კაცმა მკლავი გაუყარა და წაიყვანა.
მართლაც, საოცრად ჰგვანდნენ ერთმანეთს.
მას აქეთ აღარ მინახავს დათა თუთაშხია.
მეც შევედი და ჩემს უფროსს გამოვეცხადე, პატაკი და მოხსენება დავაპირე, არ დამაცადა.
მითხრა, – წადი, დაისვენე და ხვალ დილის ათ საათზე გამოცხადდიო.
წავედი, დავისვენე, – იმ დღის შთაბეჭდილებების გადამუშავებას დასვენება თუ შეიძლება
დაერქვას, – და დილით დანიშნულ დროს მივედი. არც ახლა დამაცადა ჩემმა უფროსმა.
ვიღაცას დაურეკა, საითღაც წამიყვანა, სხვა განყოფილებაში. მითხრა, ზარანდიასთან
მივდივართ, იმას მოახსენეო.
ზარანდია, როგორც გვარი, ჩემთვის, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო. გარეგნობით ვერ
ვცნობდი, რომელია. სამტრედიაში წასვლის წინ რომ უფროსი დამანახვეს, ის ადრეც
შენიშნული მყავდა, მახსოვდა, მაგრამ იმისა არა გამეგებოდა რა, თუ ეს კაცი იყო
ზარანდია. ჩემმა უფროსმა უცხო კაბინეტში შემიყვანა და, სავარძელში რომ კაცი დავინახე,
აი, მაშინღა გავაერთიანე დახსომებული გარეგნობა და ცნობილი გვარი. დაბრძანდითო,
მითხრა. ჩამოვჯექი. ჩემი უფროსიც დაჯდა. ზარანდიამ შეხედა და – თქვენ თავისუფალი
ხართო!
წავიდა ჩემი უფროსი კუდამოძუებული.
ჯერ ყველაფერი თავიდან ბოლომდე დაწვრილებით მაამბობინა, მერე ოჯახის, გვარისა და
წინაპრების ამბავი გამომკითხა. შემდეგ იმის გამორკვევას მიჰყო ხელი, თუ ჟანდარმერიაში
რა გზებით მოვხვდი. როცა გამოარკვია, რომ მოწოდებამ კი არა, სამხედრო
ვალდებულებიდან თავის დაღწევის სურვილმა მიმიყვანა, პირდაპირ მკითხა, –
სამსახურის დატოვება ხომ არ გინდაო. მინდა–მეთქი. მერე რა საქმეს მოჰკიდებ ხელსაო.
სწავლა უნდა განვაგრძო, მოსკოვის უნივერსიტეტში მინდა შესვლა–მეთქი. ეს იდეა
ძალიან მომიწონა. მითხრა, ხვალ მამაშენი მომიყვანეო, და გამიშვა. რა თქმა უნდა,
მივხვდი, თავიდან მიშორებდა, მაგრამ გზაც იქითა მქონდა და ამით ზარანდიამ კარგად
ისარგებლა. სამი დღის შემდეგ თავისუფალი ვიყავი.
კიდევ ერთი კვირა და მატარებელი მოსკოვისკენ მიმაქროლებდა. ახლა უკვე ბევრი დრო
მქონდა, რიგიანად გადამევლო თვალი შვიდი თვისა და ოცდასამი დღის მანძილზე
ჟანდარმერიაში ჩემი სამსახურისთვის. შეკითხვები თუ აღარა გაქვთ, მშვიდობით
ბრძანდებოდეთ!