აღსდეგ გმირთ გმირო, ნუ გძინავს,
მტერთა ისმიან ხმანია,
გრძლად ძილსა ჩვეულ როდი ხარ
მოგვიხმნე უნჯი ყმანია.
არ განახოს მტერმა ძალუნად,
ვსდევნოთ, ვაკვეცნოთ თმანია,
ვართ ბრძოლად მათდა მოსულნი,
ზოგთაგან ოთხი ძმანია.
გაშალე დროშა მძლეველი,
წვერმახვი, მტერთა ზარია,
მოყმეთა ნახონ ფრიადი,
მუნ მოსკდეს მთა და ბარია,
განვფანტოთ მტერნი ჩვეულებრ,
ვასვათ სასმელი მწარია!
ჰქუხდეს მაჟარი, შაშხანა
ვით ზეცით მეხის გვარია.
განაფრთხე ძილი, ზე აღსდეგ,
შთაიცვ წვრილთვალა რკინისა,
აღიღე ხელთა მაჟარი,
მტრისა გამბნევი ტვინისა:
წინ მივალთ შენი მეჭურნი,
ვითა მეგონნი ლხინისა
შევსვათ სისხლსაცა მტერთასა,
უტკბეს კახეთის ღვინისა!
მტერს წინ წარვიგდებ დიაცებრ,
უკუ იხედონ ვეღარა
ყოვლთვის ყოფილა ეს ესე,
ვინც ჩვენზე დაიკვეხა რა.
წარუღებთ სრულად საუნჯეთ,
მთად ვგზავნით, დიაცეხარა,
არ განიღვიძებ, ბატონო,
მოყმეთა რომცღა გვეხარა?
აღვიღოთ ძმანო, ფარ-ხმალნი,
ვისმინოთ ჩაჩქანთ ჩქერანი:
დავსხდეთ, დავიწყოთ ღრეობა,
უყვარდის ჩვენნი მღერანი,
ცხენი მზად უდგას გმირთ-გმირსა,
კაზმული იცხო მერანი,
არ განიღვიძებს, მოსულ არს,
ბედისა ჩვენის წერანი.