XXIII
ხუროთმოძღვართუხუცესის სასამართლოში მოწოდებამ დიდი მითქმა-მოთქმა აღძრა მცხეთის სასახლეში. ნამდვილი ვითარება საქმისა სამიოდე პირმა იცოდა მხოლოდ.
მიუხედავად ამისა, ფარსმანის დასჯას მოითხოვდა დიდი და მცირე, განსაკუთრებით მარიამ დედოფლისა და მელქისედეკ კათალიკოსის მემხრენი. ყველას, ყველას სძაგდა ფარსმანი თავისი ყბადაღებული «წარმართობისა» და
მუსლიმური ჩაცმულობის გამოც.
არც დედოფალს მოსწონდა თავიდანვე იგი, მაგრამ მის შემცვლელს ვერავის ხედავდა ეკლესიათა მშენებლობით გატაცებული, ამიტომაც ითმენდა «სახითაბარბაროსს და სჯულითა ტარტაროზს» (როგორც უწოდებდა ხოლმე ეზოსმოძღვარი ფარსმანს).
მარიამ დედოფლის ოცნება ეს იყო: მთელი საქართველო ეკლესიად და მონასტრად ექცია; არა მარტო საქართველო და სომხეთი, მთელი ქვეყანა.
აფხაზეთიდან ახლადჩამოსულს ამბავი დაახვედრეს უფლისციხეში: მეფემ და კათალიკოსმა ახალგაზრდა, ქრისტიანი ლაზი დააწინაურესო. ფრიად გაიხარა დედოფალმა, თუმცა ჯერ არც არსაკიძე ენახა და არც მისი ნახელოვნები.
უფლისციხეშივე ამცნეს: ფანასკერტელის ქალს გამიჯნურებია მოხუცი ფარსმანი. თუმცა ფანასკერტელიც ისევე სძაგდა, როგორც ყოველი ნაშიერი დიდაზნაურთა გვარისა, მაინც მოითხოვდა ფარსმანის დასჯას.
ყველაზე მეტად წმ. გიორგის მცხეთის სასახლიდან «გაპარვამ» დააღონა მარიამი, უდიდესი უბედურების მაცნედ მიიჩნია ეს ამბავი.
მცხეთაში ჩამოსვლისთანავე ითავა და მერმე ის იყო, მეფემ, კათალიკოსმა და ეზოსმოძღვარმა დიდძალი საკლავი წაასხმევინეს ნოკორნას, თაყვანი სცეს ახალ საბრძანისში წმინდანს.
ფხოველნი, წანარნი და ღილღვნი მოაწყდნენ ნოკორნას მონასტერს იმ დღეს.
თავათ კათალიკოსი სწირავდა. ნაწირველს დიდხანს იქადაგა მელქისედეკმა. მეფემ დაიჩოქა და ეამბორა განრისხებულ ღვთაებას. შემდგომ ამისა, დედოფალი მიეახლა ფორთხვით, მდუღარე ცრემლებით დაალტო ხატი, თავის ოჯახზე გულის მობრუნება შესთხოვა წმინდანს.
ამაოდ ეცადა ეზოსმოძღვარი როგორმე წვრილად მოეხსენებინა ფარსმანის დანაშაულის ნამდვილი ვითარება დედოფილისათვის, მაგრამ საამისოდ ისეთი ბიწიერი სიტყვები უნდა ეხმარა, მათი წარმოთქმაც ვერ გაჰბედა შემასმენელმა.
მარიამ დედოფალი სომეხთა მეფის ასული იყო. მან შემოიტანა სასახლეში აფხაზთა მეფეებისათვის სავსებით უცხო, ასკეტური სული.
მარიამი თვალს ადევნებდა არა მარტო რელიგიური რიტუალების სასახლეში შესრულებას, არამედ მონასტრებისა და ეკლესიების ყოფას, მღვდელმთავართა, ეპისკოპოზთა, მოწესეთა ზნეობას.
მისი ყოვლისმხილველი თვალი და ყოვლისმსმენელი ყური ეზოსმოძღვარი ამბროსი იყო, იგი უთვალთვალებდა არა მარტო სამღვდელოთა, არამედ თავათ მეფეს, მის ვაზირებსა და ერისთავებს.
ფარსმანის საქმის გამო დაჟინებით სდუმდა გიორგი, რადგან კარგად იცოდა მეფემ: მის მიერ თუნდაც რაიმე აზრის გამოთქმაც განჩინების წინასწარ გამოტანა იქნებოდა უთუოდ.
ზვიად სპასალარიც თავს იკავებდა. მაინცდამაინც არც მას უყვარდა ფარსმანი,
მაგრამ როგორც ყოველ საქმეში, აქაც სამხედრო მოსაზრება ამოძრავებდა სპასალარს
მხოლოდ.
კარგად ჰხედავდა: დღითი დღე რთულდებოდა ბიზანტიასთან ურთიერთობა.
«კომნინის შეთქმულებას» საშინელი დევნა მოჰყვა, ეს ყოველივე ქართველობას
დაატყდა თავზე.
ცნობილია: ვესტარხების ხარისხს მარტოოდენ ქართველებსა და სომხებს
ანიჭებდნენ ხოლმე ბიზანტიის კეისრები. უკანასკნელ წლებში მხოლოდ სომხებს
მიუბოძა ბასილ კეისარმა ეს ხარისხი.
ბიზანტიონში შეიპყრეს ჯერ კიდევ დავით კურაპალატის დროს სამშობლოდან
გაქცეული კლარჯეთელი აზნაურები, სავსებით უბრალოდ დაუკავშირეს ისინი
«კომნინის საქმეს», მსტოვარების მიერ საგანგებოდ შეთხზულს.ამგვარი ატმოსფერო შეურიგებელ აზრთა სხვაობას იწვევდა გიორგი მეფის
სასახლეში. დედოფალი და კათალიკოსი ისე გაიტაცა ბრმადმორწმუნეობამ, რომ
ისინი საქართველოს მტერს როდი ჰხედავდნენ კეისარში, არამედ ქრისტიანული
სამყაროს უზენაესს არსებას, რომელიც ვითარცა რომის იმპერატორი და «პონტიფექს
მაქსიმუმ», მხოლოდ ღმერთს უთმობდა პირველობას ამქვეყნად.
ბიზანტიასთან სჯულის ერთიანობით დაბრმავებულმა თავისი სამეფო გადასცა
ბასილი კეისარს სენაქერიმმა, სომხეთის მეფემ.
ზვიადი ამჩნევდა: «კომნინის შეთქმულება» საქართველოსაკენ მოღერილი
მახვილის ალესვას მოასწავებდა მხოლოდ.
ასეთ დროში ფარსმანისთვის თვალების დაწვა არც ისე იოლად გადასაწყვეტი
იყო.
ეკლესიათა მშენებელი დიახაც მოიძებნა, მაგრამ მეფისა და სპასალარის გარდა
არავინ უწყოდა, რომ რკინათა მკვეთელ ხმალთა წრთობის საიდუმლო ერთმა
ფარსმანმა იცოდა მხოლოდ.
ამ საიდუმლოს სხვისთვის გადაცემას არც აპირებდა იგი.
გარდა ამისა, არც საქართველოში, არც წინა აზიაში ფარსმანზე უფრო დიდი
მცოდე ციხეთმშენებლობისა ზვიად სპასალარს არ ეგულებოდა.
*
მეფე გიორგი უჩვეულოდ ღელავდა. სამჯერ გადაადებინა საქმე. ბოლოს მარტის
27-ს უნდა წარსდგომოდა სასამართლოს ფარსმანი.
ახმობინა მეფემ მსაჯულთუხუცესი, დედათა მონასტრის წინამდგომი
ვერხაულისძის ქალი და ეზოსმოძღვარი.
გამოუცხადა: ფანასკერტელის ქალის საქმე არავისთვის ემცნოთ მსჯავრის
გამოტანამდის. თვით მარიამ დედოფლისათვის არ გაემხილათ საქმის შინაარსი.
უსასტიკესი სასჯელით დაემუქრა სამთავეს.
შემდგომ ამისა, მსახურთუხუცესი წარგზავნა, მელქისედეკ კათალიკოსი
აწვევინა. სამგზის ეახლა იგი მელქისედეკს, სამგზისვე ლოგინად ჩავარდნილი
დაუხვდა მელქისედეკი მოციქულს.
მეფე თავათ იყო სასამართლოს უზენაესი წინამდგომი. მისთვის დიახ
უხერხული იქნებოდა საქმის მოსპობის, ან ფარსმანის შეწყალების მოთხოვნა, რაკი
მოაჯის – ფანასკერტელის ქალის ძიება საქმეში იყო ჩართული.
ბოლოს თავათ დააპირა კათალიკოსთან წასვლა, მაგრამ ერთიც ვნახოთ,
სადარბაზოდ მოსული მეფე გაეწბილებინა მელქისედეკს?
ეს დიდად საჩინოდ გახდიდა მათ შორის უჩინარად წარმოებულ ბრძოლას.
რაკი კათალიკოსთან სათათბიროდ წარგზავნილისათვის ფრიად დიდი და
იდუმალი საქმენი უნდა გაემხილათ, ზვიად სპასალარმა თავათ შესთავაზა გიორგის:
მე ვეახლებიო კათალიკოსს.
მეფემ
დაათათბირა
ზვიადი,
ყოველივე
წვრილად
უნდა
აეხსნა
მელქისედეკისათვის.
დიდხანს იჩურჩულეს, ბოლოს დააბარა: არავინ დაესწრო ამ საუბრის დროს.
სპასალარმა უგუნებობა შეამჩნია გიორგის, მიზეზი ჰკითხა. წინა ღამის უძინარი
ვარო, მოიმიზეზა.
თათბირი მოთავებული ჰქონდათ, მეფემ თრიაქი გადმოიღო, ნარგილე გააჩაღა
და სწორედ ამ დროს მალემსრბოლი ჩამოვიდა ბიზანტიონიდან.გახსნეს გრაგნილი და ასეთი ამბავი ამოიკითხეს:
ტაოდან იერუსალიმს სალოცავად მიმავალი ბერი ზაქარია შეეპყრო ანტიოქიის
დომესტიკს. ბასილისთვის გადაეგზავნა, კეისარს დილეგში ჩაეგდო იგი.
შესწამეს თურმე ზაქარიას, მას მიეტანოს თითქოს კომნინისათვის გიორგი მეფის
მიერ გაგზავნილი წითელი წაღები, და მისივე სახელით კეისრობა მიელოცნოს
განდგომილისათვის.
დიდხანს
ეწამებინათ
ბერი
ზაქარია,
მისგან
ამას
მოითხოვდნენ,
დაედასტურებინა ოღონდ: მართლაც გაეგზავნოს თითქოს წითელი წაღები
კომნინისათვის გიორგი მეფეს. მყისვე განთავისუფლებას ჰპირდებოდნენ ბერს,
კესარეის საეპისკოპოზო ტახტს აღუთქვამდნენ თურმე.
ზაქარიას მტკიცე უარი განეცხადებინა.
რაკი აღთქმებით ვერ გააწყვეს რა, დილეგში ჩააგდეს კვლავ, ვირთხები მიუსიეს.
როცა დაკითხვებით თავი მოაბეზრეს, სიმუნჯე მოიგონა.
ენა მოსჭრეს თურმე.
რაკი დამუნჯდი, ენა რაღად გინდაო, დასცინოდნენ ღრმად მოხუცებულს.
გიორგი გააცოფა ამ ამბავმა.
წამოვარდა, მუშტებს უშენდა ტაბლას.
«ბასილი კეისარს ეს უნდოდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად
გადასანსლოს როგორმე. სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს
ძაღლთაპირი ბასილი კეისარი»...
ყვიროდა მეფე.
ასეთი სიტყვები არასოდეს სმენოდა მისგან სპასალარს.
ნუთუ ამას ვერ ჰხედავს დაბრმავებული მელქისედეკი? აღარც მარიამ
დედოფალს ესმის ეს საფრთხე».
ზვიადს გაუხარდა ეს ამბავი ერთის მხრით, მიხვდა: დიდად წაადგებოდა იგი
კათალიკოსის სიჯიუტის დასათრგუნველად.
წასვლას დაადგა ზვიადი და სწორედ ამ დროს გაიღო კარი, დედოფალი
შემოვიდა დარბაზში.
სიგამხდრეს უფრო მეტად გაემაღლებინა ისედაც ახოვანი, პირხმელი ქალი.
ფერგამკრთალი სჩანდა და სახეგამშრალი.
ჩინური, შავი ფარჩა ეცვა, დიდრონი ალმასების მანიაკი ირისეს დარად
უთიმთიმებდა ყელის გარშემო. წვრილსა და გრძელ კისერზე უცნაურად დაბერილი,
ენერგიული ძარღვები მოუჩანდა, რისხვიანად უელავდნენ წამოსივებული თვალები.
ზვიადმა თაყვანი სცა.
მშრალად მიესალმა სპასალარს.
ზედ ეტყობოდა: აფხაზეთში მოგზაურობას თუ შინ დახვედრილ უსიამო ამბებს
ფრიად მოექანცა დედოფალი.
როცა სპასალარს სალამითვე მიუგო, ნაძალადევად გაუღიმა. ჭარბად წაცხებულ
უმარულს ვერ დაეფარა ჩიტის ნაფეხურივით წვრილი, წვრილი ნაოჭები, ფართე და
სევდიან თვალების გარშემო მომდგარნი.
უჩვეულო შარიშურით გაიარა საწოლის დარბაზისაკენ. კარის გახურვაზედაც
შეამჩნია ზვიადმა, რაღაც დიდი უსიამოვნება უნდა მოსვლოდა ცოლ-ქმარს.
ზვიადმა თაყვანისცა მეფეს, ღამე ნებისაო, ჩაილუღლუღა.
გიორგი მეფე იჯდა, თრიაქსა სწევდა, არც კი გაუგონია სპასალარის გამოსალმება.
დარბაზის კარამდისაც არ იქნებოდა მიღწეული ზვიადი, როცა გიორგიმ თავი
აიღო და მიაძახა:«შენ გეტყვი, ზვიად, მობრუნდი, აქ დაჯე!»
ზვიადი გაოცდა, გიორგის არა სჩვეოდა უკუხმობა მიმავლისა, არც თუ ოდესმე
დავიწყნია წარგზავნილისათვის დაბარება შესათვლელისა.
როცა ნარგილეს გვერდით მჯდარს თავზე წამოადგა სპასალარი, დიდხანს იყო
გაოგნებული, თითქოს დაავიწყდაო, წეღან რომ უხმობდა ზვიადს.
იდგა გახევებული სპასალარი, ხედავდა, როგორ უსიტყვოდ იტანჯებოდა მეფე,
თმა შუბლზე ჩამოფხატოდა, ღაწვები ჩავარდნოდა, სახე დაგრძელებოდა. თმის
ყოველ ღერზე ეტყობოდა, თუ როგორ აფორიაქებოდა ბუნება საერთოდ გულდინჯსა
და უშიშარ ვაჟკაცს.
სპასალარმა ნელა დახველა. ამით უნდოდა შეეხსენებინა ფიქრით მოცულ
გიორგისათვის: რად მიხმეო წეღან?
თავი აიღო.
თრიაქი თუ გსურსო?
შეეკითხა იგი ზვიადს.
მადლობა მოახსენა: არა, უკვე არ ვწევო თრიაქს.
მეფემ სელზე დაჯდომა ანიშნა თვალით, კიდევ მცირე ხანს სდუმდა... მერმე
ამღვრეული თვალები ჯიქურად მიანათა სპასალარს და ეუბნება:
«შენ გეტყვი, ზვიად, თუ მელქისედეკმა შორენას გამო რაიმე გითხრა, რას მიუგებ
მაშინ?»
ზვიადი აიმღვრა.
«მხოლოდ იმას, რასაც მეფე მიბრძანებს, პატრონი ჩემი».
გიორგიმ თავი ჩაჰქინდრა და გაუმეორა:
«მხოლოდ იმას, რასაც მეფე გიბრძანებს... ჰმ»...
«რადა ბრძანებთ ამას, მეფეთ მეფეო?»
«არა, ისე ვთქვი»...
მცირე დუმილის შემდეგ განაგრძო:
«დედოფალი წამეკიდა წუხელ, სჩანს ეზოსმოძღვარს უჭორავნია... მარიამ
ყოველივეს ამცნობდა კათალიკოსს, ალბათ, თუ მელქისედეკმა შორენას წარგზავნა
მოითხოვა, აფხაზეთს წარგზავნა და ბედიაში მონაზვნად აღკვეცა, არამც და არამც არ
მისცე ჩემის სახელით დასტური.ხოლო»...
აქ ისევ დადუმდა, მცირე ხნის შემდეგ კვლავ განაგრძო: «ხოლო თუ კათალიკოსი
გაჯიქდეს, უთხარი ჩემის სახელით, გირშელს მიათხოვებენ-თქო შორენას,
ყველისციხის პატრონს, დედიჩემის დისწულს.
ეცადე აქამდის არ მიიყვანო საქმე, თუ სხვა ღონე არ იქნეს, დაეთანხმე,
გურანდუხტმა მზითევი გადმოუგზავნა-თქო უკვე, მეფემ დასტური მისცა-თქო.
გირშელს მიათხოვებენ-თქო ყველისციხის პატრონს. ასე უთხარი და ვნახოთ მერმე»...
ხელახლა თაყვანი სცა ზვიადმა მეფეს, მან კვლავ ჩაიდო ნარგილეს მილი პირში,
გააბოლა. მცირე ხანს რეტდასხმული იჯდა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ
მიაძახა მიმავალს:
«წითელი წაღების ამბავი გამოიყენე შენებურად, ზვიად»...
XXIV
ბინდი გადმომდგარიყო სარკინეთის მთებზე, როცა კათალიკოსის ბაღში ფეხი
შესდგა ზვიად სპასალარმა. ღვივოდა მიმავალი სხივის ნამუსრევი ატმების
აყვავებულ შტოებზე. ფარშავანგების ჩხავილი მოისმოდა საიდანღაც.ზვიადს ეს უნდოდა: შეუმჩნევლად შეპარულიყო კათალიკოსის სასახლეში
როგორმე.
შველმა გადაურბინა გზაზე. ყურდაცქვეტილი შესდგა ნუშის ქვეშ. ერთი შეხედა,
შეკუნტრუშდა და შრამელებისკენ გაჰქანდა ჭენებით. უზარმაზარი ნაგაზები
გამოენთნენ ღრიანცელით სტუმარს.
ზვიადს დაცდილი ჰქონდა: საერთოდ არ ერჩოდნენ ძაღლები მას, მაგრამ ესენი
ისე მჭიდროდ შემოესიენ, ქარქაშიანი ხმლით იგერიებდა, უყვიროდა მყეფარებს.
ბოლოს მისჭირდა საქმე, ერიდებოდა ომებში მრავალნაცად მახვილის ამოღებას,
სწორედ ამ დროს გამოსცვივდნენ შრამელებიდან მონები, დატუქსეს ძაღლები.
აივნის კარი გაიღო, ეზოსმოძღვარმა გამოჰყო თავი. ისევ გაუჩინარდა. არ იამა
ზვიადს: რად გადავაწყდიო ამ მელაძუა ხუცესს?
იცოდა: უსიტყვოდ მიხვდებოდა ამბროსი სპასალარის დარბაზობის საგანს.
დღესვე მოახსენებდა დედოფალს.
მეფესა და სპასალარს აგრე ეწადათ: ყოველივე ისე მოეწყოთ, ვითომდაც
მელქისედეკს თავათ განეჭვრიტოს ყოველივე წინასწარ, სახელმწიფური მოსაზრებით
შეეჩერებინოს ფარსმანის საქმე, რაკი ზნეობისა და სჯულის ვითარებანი
კათალიკოსის საუფლოს შეადგენდნენ უპირატესად.
კიბის ხარიხაზე ფეხი შესდგა ზვიადმა თუ არა, ეზოსმოძღვარმა კვლავ გამოჰყო
ტალანიდან თავი.
«მობრძანდით, ზვიად ბატონო», – შემოეგება ღიმილით სტუმარს, მარად
მოღუშული, შეყრილი წარბები არც კი გაუხსნია ზვიადს, ისე მიუგდო «მწუხრი
მშვიდობისა» ხუცესს და ღია კარში შეასწრო ანაზდად.
სამ დარბაზში გაატარა ეზოსმოძღვარმა სტუმარი. საკმეველისა და მურის სუნი
სდიოდა ირგვლივ. თაფლის სანთლები ლიცლიცებდნენ ნიშებში ჩარაზმულ ხატების
წინაშე.
პირჯვრის წერით მიჰყვებოდა სპასალარი ეზოსმოძღვარს, მიფათურობდა
გარეშემო დაფანტულ დგამს შორის.
საწოლი დარბაზის კარი ღია იყო. შიგ შესვლამდის თვალი მოჰკრა ზვიადმა
მელქისედეკის გაფითრებულ სახეს, უზარმაზარ ბალიშზე მთლად დალეულს.
სასთუმალთან უსხდნენ კათალიკოსს მამათა მონასტრის მამაი სტეფანოზ,
მცხეთის მიტროპოლიტი რაჟდენი და გაიოზ ბერი.
სამი მემაშხლე თავზე ადგა სტუმრებს. აქაც უამრავი სანთლები ლიცლიცებდნენ
ხატებისა და ჯვრების წინაშე.
როცა კათალიკოსს თაყვანი სცა ზვიადმა და ხელზე ეამბორა მას, დარწმუნდა:
სრულიადაც არ უნდა ჰქონოდა მელქისედეკს სიცხე. მიხვდა: ეს «ლოგინად ჩავარდნა»
მხოლოდ იმას მოასწავებდა, რომ მელქისედეკს არა სურდა ჯერჯერობით
შეხვედროდა მეფეს.
ზვიადს ისეთი დაფანჩვული წარბები და გრძელი წამწამები ჰქონდა, მძინარე
ეგონებოდა უცხოს. მიუხედავად ამისა, გაუმხელელ ზრახვათა შეცნობის
დიდოსტატიც იყო ზვიად სპასალარი.
ახლა ცხადი იყო, თუ რად გამოსტოვა კათალიკოსმა სამი დღის წინათ
დანიშნული ბჭობა, სვეტიცხოვლისათვის საჭირო ახალი მასალისა და მუშახელის
მოსახვეჭად მოწვეული გიორგის მიერ.
როცა მისალმებანი და ურთიერთის მოკითხვა მოთავდა, ერთბაშად დიდი
უხერხულობა შეიცნო ზვიადმა, ამაოდ ეძებდა კათალიკოსთან გასაუბრების საგანს,
მაგრამ იგი არ აღმოჩნდა ანაზდად.ეზოსმოძღვარი ფეხზე იდგა, პირში შესციცინებდა სპასალარს, თავისი რჩხია,
ცერცვისფერი თვალებით ეუბნებოდა თითქოს: სთქვი ბარემ, რისთვის მოსულხარ?
სულ ერთია, უთქმელადაც ყოველივე ვიციო.
ეკლესიის ყვავებივით დამსხადრიყვნენ დანარჩენი ბერები სარეცელის ირგვლივ.
მათგან ისეთი შთაბეჭდილება მიიღო სტუმარმა, დუმილის მოწესედ დამსხდარანო ეს
შაოსნები ხატებით მორთულ საწოლის დარბაზში.
გაციებული კამეჩივით ქშინავდა შავწვერა გოლიათი მამაი სტეფანოზ,
ასრუტუნებდა ბუკივით მსხვილსა და მეჭეჭიან ცხვირს, წარამარა ხელს ისვამდა
ფაფუკ ღიპამდის მიღწეულ წვერზე.
ძლივს აფახულებდა დიდრონ თვალებს წვერგაბურძგვნილი მიტროპოლიტი
რაჟდენი, თრიაქით მთვრალს მიუგავდა სახე, პირმოკუმული იჯდა თხაწვერა
მოხუცი ბერი გაიოზ, ცხვირმოკლე და ყურკვეთილი მოხუცი.
კათალიკოსმა წამუყო და ეზოსმოძღვარი ციყვივით დაყუნცდა სელის სკამზე.
მის გამოხედვაში ცნაურდებოდა ის ველური სიფხიზლე, მინდვრის ვირთხას რომ
ეტყობა ხოლმე, ველის პირად ახალგამოსულს სოროდან.
ზვიადი უგუნებოდ შეიქმნა, ხელისგული დაისვა წვერით გაჯაგრულ ნიკაპზე
(როგორც ეს მღელვარების დროს მას სჩვევოდა ხოლმე).
აღარ იცოდა რა ეთქვა, რა მოემოქმედნა?!
მოეხსენებინა კათალიკოსისათვის მარტო შენს მეუფებასთან მსურსო საუბარი?
ეს უთუოდ შეურაცხყოფდა თანდამსწრეთა.
ბოლოს, როგორც იქნა, ორიოდე ფრაზას თავი მოუყარა და წაილუღლუღა:
«მეფის დავალებით გეახელით, უნეტარესო. წვივის ტკივილები განუახლდა,
თორემ თავათ გეწვეოდა უთუოდ».
ესა სთქვა, სელიდან წამოიწია და დასძინა:
ხვალ დილას უფლისციხეს მგზავნისო მეფე, და სწორედ ამ დროს თავათ
კათალიკოსმა შეაგება:
მცირე რამ საუბნო მქონდაო, ზვიად ბატონო, შენთან.
სტუმრები აიყარნენ.
ზვიადმა შენიშნა: ეზოსმოძღვარი სხვებს აცილებდა, მაგრამ ჯერ არა სჩანდა,
თავათ იგი თუ წაშავდებოდა აქედან, ვის თანდასწრებითაც საუბარს განსაკუთრებით
გაურბოდა სპასალარი.
მცირე ხანს მონუსხულივით შესცქეროდა მელქისედეკის დაშრეტილ სახეს. ახლა
მიხვდა ზვიადი: არც კათალიკოსს ნებავდა საუბრის დაწყება, ვიდრე სტუმრების
გაცილებას არ მოათავებდა ეზოსმოძღვარი.
სიცოცხლის ნიშანწყალი არ ღიმღამებდა მელქისედეკის სახეზე. მდოგვის
ფესვებივით წვრილი, ცისფერი ძარღვები მიიკლაკნებოდნენ ღაწვის თავებიდან
საფეთქლებისაკენ.
გულზე ხელდაკრეფილი იწვა პირაღმა. მისი გრძელი, ნაოჭიანი ხელები
მიცვალებულისას მიაგავდნენ, დალურჯებოდა თითების ნუნები, ხელის
ზურგზედაც უსუსური ძარღვები სჩანდნენ, როგორც უმწიფარ ფოთოლს თუთუნისას
ატყვია ხოლმე.
საკმარისი იყო წამიერად დაეხუჭა ღილზე უწვრილესი და ღამეზე უშავესი
თვალები, და იგი სამი დღის მიცვალებულს დაემგვანებოდა უცილოდ.
ცხედრის თმას მიაგავდა მისი გამოხუნებული, მგლისფერი წვერი, ნიკაპსა და
ტუჩპირს ოდნავ გაპუტული.
იწვა და სდუმდა მელქისედეკი.უსიცოცხლო ბაგენი ისე მოეკუმა, ზედვე ეტყობოდა: დიდძალ ენერგიას
ხარჯავდა დუმილის დასაცავად.
ზვიადს უხაროდა მემაშხლეთა თანდასწრებით რომ არ აპირებდნენ ეს ტუჩები
ამეტყველებას. ბოლოს შემოვიდა ეზოსმოძღვარი, ხელზე ემთხვია მელქისედეკს და
წაცუნცულდა.
კათალიკოსმა წამუყო მემაშხლეთა. ისინიც გავიდნენ.
მცირე ხანს კიდევ ასე იწვა ხმაგაკმენდილი, აღმოსავლეთის კედელს
მისჩერებოდა, თითქოს მანდ ჩარაზმულ ხატებს ეკითხებაო თათბირს, ბოლოს
ნახევრად ბნელში მწოლარემ დაიწყო ასე:
«ორგზის ვუწვევივარ მეფე გიორგის, მაგრამ ჯანმრთელობამ არ მომცა ნება,
რათა ვხლებოდი როგორმე და თავათ მომეხსენებინა იგი, რასაც გაუწყებ, ზვიად
ბატონო, ახლა».
ზვიადი უხერხულად შეირხა სელზე, ისევ დაისვა ხელისგული ნიკაპზე, სმენა
დაძაბა, რადგან სახის იერიც უმტკიცებდა მელქისედეკს რაღაც უცნაური და უკმეხი
უნდა წარმოეთქვა ამ წუთში:
«ჯანმრთელობა ჩემი ფრიად შერყეულია, ზვიად ბატონო, უფლის ნებაა ეგეც.
არც მე მწადის საქართველოს დაქცევის მოწმე რომ გავხდე. უმალ დამვსებია ეს
თვალნი და ყურნი დამგმანვია, სმენად ბოძებულნი უფლისა მიერ.
რამეთუ ნეტარ არიან იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის
თვალით იხილავდნენ სამშობლოს თვისის იავარყოფას.
ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის
ლანდადქცევას არჩევენ, გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში
ყოფნას.
ვაჲ მათ, ვისაც იერემიასებრი გოდება წილად ხვდეს, სამშობლოის თვისის
დარღვეულ გოდოლთა და ნაციხართა შორის.
უსჯულობა მოძალებული არს საქრისტიანოსა ზედა. ასეთ დროს სჯულის
სიმტკიცე და ზნეობის სისპეტაკე თუ ვერ შევინარჩუნეთ, ვერას გვიშველის ის
ციხეები, რომელთაც მეოხებითა მეფისათა აშენებ, ზვიად ბატონო, შენ.
ქვეყანა თავზე დაგვემხობა, იავარქმნიან საქრისტეანოს და ვეღარც ის ცეცხლის
მფრქვეველი ხმლები გააწყობენ რაიმეს, გიორგი მეფე რომ აწრთობინებს ფარსმანს,
უსჯულოსა და მუცლით მეზღაპრეს.
რადგან ყოველთა დამბადებლისა და ყოვლის მხილველის თვალი სუფევს,
ზვიად ბატონო, ყოველგან და მდოგვის მარცვალიც ვერსად დაეცემა თვინიერ ნებისა
და ხედვისა მისისა»...
ზვიადს აგრე ეგონა: ამ გრძელ წინასიტყვის შემდეგ მაინც მიაღწევსო
სათქმელამდის მელქისედეკი. გონებადაძაბული უსმენდა, მაგრამ ერთბაშად ბაგრატ
კურაპალატი ახსენა მელქისედეკმა და ჩვეულებისამებრ შეუდგა მის ხოტბას.
«ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა სასოება» იყოო ბაგრატი, ამიტომაც
განავრცოვო მან საქართველო, არც თუ ვინმეს აუგიაო ამდენი ეკლესია სხვას, ვახტანგ
გორგასალის შემდეგ.
ყოვლად ქრისტიანი მეფე იყოო ბაგრატი, მიტომაც მიუბოძაო კურაპალატობა მას,
«საქრისტეანოს უზენაესმა მამამ – ბასილი კეისარმან».
გასაგები იყო, თუ ვის ეხებოდა ეს იგავები: გიორგი მეფის ქირდვას მოასწავებდა
ეს ყოველივე.
არც იმას ახსენებდა მელქისედეკი, ბაგრატისძემ – გიორგიმ კურაპალატისა და
ნოველისიმუსის ხარისხებს ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლა რომ არჩია.ბასილის ხსენებისას ხველა აუტყდა მელქისედეკს, ხოლო ზვიადს ბრაზი
წაეკიდა. ბრაზი წაეკდა, რადგან მთელი სიცოცხლის მანძილზე ამას ნანობდა იგი:
ოლთისის ომში რად არ მოვჰკალიო ბასილი?
ცხენდაცხენ შეეჩეხა ხელჩართულ ბრძოლის დროს მას, მაგრამ ვერ შეჰბედა
ქრისტიან კეისარს და მის ნაცვლად პატრიციუსს ბასილისკ კულეიბს აძგერა მახვილი.
ხველებისაგან ღონემიხდილ კათალიკოსს ლაპარაკის უნარი წაერთო და ისევ
მოკუმა მან თავისი ჯიუტი, ლაინისფერი ბაგენი, რათა ანაზდად შეწყვეტილ
საუბრისათვის კვლავ მოეკრიბა ძალა.
სწორედ ამით იდროვა სპასალარმა და ხელისგული ჩამოისვა ნიკაპზე,
მღელვარება ძლივს დაიოკა.
სპასალარი ყოველგვარ ენამზეობას მოკლებული იყო, უბრალო საუბარიც ძლიერ
უჭირდა ბუნებით მდუმარეს. ლაპარაკის დროს სახე ეღრიჯებოდა, ცხვირის
ნესტოები ებერებოდა, მუშტებს იშველიებდა უნებლიეთ, თითქოს ექადნებაო ვისმეს,
წარამარა სიტყვას ეძებდა.
მღელვარების დროს წინადადებას უმატებდა «არა»-ს.
«თუ ბასილი კეისარი მართლაც უზენაესი მამაა სრულიადის საქრისტეანოსი,
როგორც წეღან ბრძანე, უნეტარესო, რად აწამებინა მან სავსებით უბრალოდ ბერი
ზაქარია?.. იგი ხომ ჩვენს მიერ წარგზავნილი მსტოვარი არა ყოფილა?! არა?
არც თუ წითელი წაღები გაუგზავნია მისი მეშვეობით კომნინისათვის მეფე
გიორგის. იერუსალიმს მიდიოდა თურმე ბერი ზაქარია სულის საცხონებლად, არა?»...
კათალიკოსი სახტად დარჩა ამის გამგონე. მცხეთის მიტროპოლიტი ახლად
ჩამოსული იყო ბიზანტიონიდან და სწორედ ზვიადის მოსვლამდის მოახსენებდა
კათალიკოსს ბიზანტიის ქართული ეკლესიების ვითარებას, გაკვრით იხსენიებდა
ვინმე ზაქარია ბერის შეპყრობას.
მელქისედეკი აიმღვრა, ღაწვისთავები შეუწითლდა, მხოლოდ ეს შეაგება
სპასალარს:
«ზაქარია ბერი მართლმორწმუნე როდია, სომეხია იგი».
«სომეხიაო?»
იქედნურად გაიღიმა ზვიადმა.
«ზაქარია ბერი არტანუჯელი აზნაურია, არიშიანის გვარისა და არიშიანის
სომხობა არავის სმენია, უნეტარესო, დღემდის».
ამ ამბავმა სავსებით დათრგუნა კათალიკოსი, მიტროპოლიტი ასე ამბობდა:
ზაქარია დარიშიანი აწამესო ბიზანტიონში. არ ესიამოვნა საკუთარ სამწყსოს მიმართ
გულგრილობაში რომ დაიჭირა იგი, მერმე ვინ?
ზვიად სპასალარმა, რომელსაც, მელქისედეკის აზრით, მცირეოდენი წილი ედო
ოლთისის ეკლესიის დაწვაში.
ბრაზი წაეკიდა კათალიკოსს, რადგან მიტროპოლიტს სწყევლიდა თავის
გუნებაში: ასე რამ გამოაშტერაო ბერიკაცი, დარიშიანი და არიშიანიც რომ ვერ გაერჩია
ურთიერთისაგან?
ამ მარცხის მიუხედავად არ შემკრთალა მელქისედეკი.
მოურიდებლად აღლესა მახვილი მხილებისა და დაიწყო გიორგი მეფის ძაგება
უშიშრად. აქაც შორიდან მოუარა სათქმელს.
იგიც ახსენა, გიორგი რომ მისი ნათესავი იყო მკვიდრი, ნეტარხსენებულმა
ბაგრატ კურაპალატმა ჩამაბარაო თორმეტი წლის ყრმა.
ბოლოს, როგორც იქნა, მიადგა სათქმელს:უწესო დედათა მოყვარულიაო გიორგი. კოლონკელიძეს თვალები დაუბნელა,
მისი მხოლოდშობილი ქალი ხურსისეულ სასახლეში გადაიყვანა და ხარჭადა ჰყავსო.
მეფის მიერ წინასწარ გაფრთხილების მიუხედავად ზვიადი არ მოელოდა ამას
ყოველივეს თუ შეაგებებდა კათალიკოსი.
ფარსმანის ამბავი დაჩრდილა ამ ამბავმა.
ღართისკარიდან შორენას გადმოყვანაც მასთან მოითათბირა გიორგიმ. არც მაშინ
ურჩევდა ზვიადი ამის ჩადენას მეფეს.
ღართისკარის ციხე უნდა შევაკეთოო, მოიმიზეზა მან.
ეს გაახსენდა ზვიადს და სწორედ ამით დააშოშმინა კათალიკოსი.
რაიცა შეეხება ხარჭას, დანამდვილებით ვიცი, გიორგი მეფე აქაც სავსებით
უბრალოა, ავი ენების მოტანილი უნდა იყოსო ეს ყოველივე. კარგს იზამდაო
უნეტარესი, ზოგიერთი სამღვდელო პირის ნათქვამს შეამოწმებდესო წინასწარ
როგორმე.
კათალიკოსს გულზე შემოენთო, მიხვდა: ეზოსმოძღვარს რომ გულისხმობდა
სპასალარი, ბოლოს თავათაც დაფიქრდა: თუ მცხეთის მიტროპოლიტს არიშიანი
დარიშიანად მოეჩვენა, ხომ შესაძლო იყო ეზოსმოძვარსაც არეოდა რაიმე?
ვინ იცის?..
ღართისკარის ციხე რომ შესაკეთებელი იყო, ეგეც მიაგავდა ჭეშმარიტებას.
ზვიადმა რა შენიშნა კათალიკოსი მოლბაო, წელში გაიმართა, თავათაც შორიდან
მოუარა უმთავრესს. დიდსა და იდუმალ საქმეთ აუწყებდა კათალიკოსს, წარამარა
ისვამდა ნიკაპზე ხელისგულს.
...«მაინც დიდი დღე წინ არ უძევს, უნეტარესო, ფარსმან სპარსს. მეფესა და მე,
მიწას მეუფებისა შენისას, გადაწყვეტილი გვაქვს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ მაგ
მუცლით მეზღაპრეს, მაგრამ ვშიშობთ, მცირეოდენი გაგულისება და შესაძლოა,
სარკინოზებთან გაგვექცეს.
არა?
საიდუმლონი ჩვენი სარკინოზებს მისყიდოს.
არა?
და სარკინოზები კარზე გვადგანან, უნეტარესო, არა?»
შესაძლოა, ხურსი აბულელის დარად გაგვექცესო ფარსმანი.
აბულელის ხსენებამ ჟრუანტელი მოჰგვარა მელქისედეკს. «სატანასთან
თანაზიარობისათის» თავათ ჰყავდა შეჩვენებული იგი.
ისევ აუტყდა კათალიკოსს ხველა, კვლავ იდროვა ზვიადმა: «უმთავრესი მაინც
ეგაა, უნეტარესო, – დაიწყო იდუმალი ხმით. მიმოიხედა ირგვლივ, რა დარწმუნდა
ხატების გარდა სხვა არავინ უსმენდა, ხმამაღლა განაგრძო:
«...როგორმე დავსტყუოთ ფარსმანს რკინათა და ძვალთა მკვეთელი ხმლის
საიდუმლო, რომელიღაც უცნობი ბუნების ჰინდურ ფოლადსა ჰხმარობს ის წყეული
და არაბულ ფხვიერს უცნაურს.
ჯერ კიდევ ნეტარხსენებულმა ბაგრატ კურაპალატმა სამგზის აწამა იგი,
დილეგში ჩააგდო, ენის მოჭრას დაემუქრა, ფეხის ფრჩხილები სათითაოდ
დააძრობინა, კრინტი არ დასძრა გაჯიქებულმა».
ზვიადი შესდგა, კათალიკოსს ჩახედა თვალებში, რა დარწმუნდა,
გულმოდგინედ მისმენსო, მხნეობა შეემატა და დასძინა:
«კვეტარიდან ჩამოყვანილი ტყვე დიაცთა შორის მხევალი გვეგულება. ვინმე
ვარდისახარი, კოლონკელიძის ასულის პირისფარეში. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვსბებერ ფარსმანს შევართვევინოთ იგი, უწესო დიაცთა მოყვარულია ეგ უსჯულო, ვინ
იცის, ეგებ ამ დიაცმა დასტყუოს ეს საიდუმლო მას».
მელქისედეკი არც ისე გულუბრყვილო იყო, ჯერ კიდევ სავსებით ვერ
დაარწმუნა იგი სპასალარმა, ხარჭად რომ არა ჰყვდა გიორგის შორენა.
ღართისკარის შეკეთების ამბავი მოსჩანდა მარტოოდენ სარწმუნოდ. ისიც იცოდა
კათალიკოსმა. ჯერ კიდევ ჭიაბერის ორმოცზე ამ «სიძვის დიაცის» საჭვრეტად რომ
წასულა მეფე.
არც ის დაუმალავს ეზოსმოძღვარს მისთვის, მეფე და დედოფალი როგორ
წაეკიდნენ ამ ქალის გამო ურთიერთს.
მარიამ დედოფალს ფრიად აფასებდა მელქისედეკი, «ვითარცა წმიდათასწორსა
და ეკლესიათა დიდს მოამაგეს» (რა ვუყოთ, რომ აზნაურებს სძაგდათ ეს «სომხის
ქალი»?).
მისთვის ცხადი იყო: ღართისკარის ციხეშიაც რომ ჩაეკეტნათ ეს ცდუნებით სავსე
დიაცი, მაინც დიდ საფრთხეს უქადდა იგი როგორც დედოფალს, ისე სამეფოის
ზნეობას. სწორედ ამიტომაც, ხელი ჩასჭიდა მელქისედეკმა ხელმარჯვე შემთხვევას
და ეუბნება ზვიადს.
«მე მივაწვდიდი კარგ თათბირს, ზვიად ბატონო, მეფესა»... სპასალარმა ყური
სცქვიტა:
???
«თუ თქვენ ფარსმანის მოჯადოება გწადიათ მართლა, მე გირჩევდით
კოლონკელიძის ასული შეართვევინოთ მათ უსჯულოსა. თილისმა ქალიაო, აგრე
ამბობენ. ფარსმანზე უფრორე ახალგაზრდათათვის წარუტაცნია მაგ დიაცს გონება».
ზვიადი მიხვდა, გიორგის რომ გულისხმობდა მელქისედეკი შეფარვით, მაინც
არ დაიბნა.
კვლავ შეეცადა კოლონკელიძის ასული გამოეთიშა ამ საქმიდან როგორმე, უფრო
ენერგიულად ჩამოისვა ხელისგული ნიკაპზე და მიუგო:
«რაც არ უნდა იყოს, ერისთავის ქალია, უნეტარესო, ეგ დიაცი, არა? ვიღაც
სარკინოზს თუ ირანელს არ მითხოვდება, არა? გარდა ამისა ვარდისახარი
გრძნეულებით ყოფილა განთქმული, მდაბიორის, მეჯადაგის ქალი, ოვსთა მეფეს
ჰყოლია ხარჭად, მერმე ის იყო ღალატით მოჰკლა ოვსთა მეფე ჭიაბერმა, ციხენი
წარუღო, ეს დიაცი ტყვედ წამოიყვანა და თავის სასძლოს შორენას უბოძა იგი».
მცირე ხნის დუმილის შემდეგ კვლავ მიაშტერა თავისი დიდრონი, მოღუშული
თვალები მელქისედეკს. უსიტყვოდ შეატყო, რომ ვერც ამით შეაჯერა კათალიკოსი.
«რაიცა შეეხება ფანასკერტელის ქალს, ეს საქმეც მოგვარებულია, უნეტარესო,
წინასწარ.
ცხრატბის ცოტა-ერისთავის უმრწემესს ვაჟს, დაჩის, სიცოცხლე აჩუქა მეფემ. ასე
რომ მაგ უბედურს შევართვევინებთ ფანასკერტელის ასულს. უკვე მიღებულია
დაჩისაგან დსტური.
ძიებას რომ მსვლელობა მიეცეს ამჟამად, სახელი გაუტყდება სასძლოს და
ფარსმანის სიკვდილი ვერას უშველის ამ სამწუხრო საქმეს».
კათალიკოსი ყოველგვარი მოკვდინებისა და თვალების დაწვის წინააღმდეგი
იყო. აქამდის ფარსმანის გაძევებას მოითხოვდა იგი, მაგრამ ახლა თავათაც
დარწმუნდა, მისი გაძევება სარკინოზებს გაახარებდა, ამიტომაც სარწმუნოდ მიიჩნია
ეს ყოველივე.
დაეთანხმა სპასალარს: კათალიკოსის შუამდგომლობის მეოხებით მეფე
უბრძანებდა მსაჯულთუხუცესს, საქმეს შეაჩერებდნენ დროებით. მელქისედეკი არაჰკარგავდა იმედს, რომ ასეთი გულმოწყალება ქრისტეს სჯულისაკენ მოახედებდა
ფარსმანს.
ზვიადს აგრე ეგონა, ამით დასრულდაო თათბირი.
გულხელდაკრეფილი იწვა კათალიკოსი, ბაგემოკუმული შესცქეროდა ხატებს.
ერთბაშად სახე მიიდრიკა ზვიადისაკენ:
«ეს ყოველივე ჩინებულია და კეთილი, ზვიად ბატონო, მაგრამ... ერთი და
უმთავრესი უნდა მოგვარდეს მაინც»...
ესა სთქვა მელქისედეკმა ღილზე უწვრილესი და ღამეზე უშავესი თვალები
მიაშტერა სპასალარს:
«გულმეცნიერი ბრძანდები, ზვიად ბატონო, და უჩემოდაც მოგეხსენება, თუ რა
მძიმე ტვირთი დამაკისრა ამ სოფლად უფალმა. დედოფალი მარიამი ბრძანდებოდა
სამი დღის წინათ ჩემთან. იმ სელზე იჯდა და სტიროდა მდღარე ცრემლით.
შემომჩიოდა მეფის გულარძნილობის გამო, გადაწყვეტილი მაქვსო ბედიის
სადედო მონასტერში მონაზვნად აღკვეცა. მოგეხსენება, მარიამ დედოფალს
წმინდანად შეჰრაცხს ეკლესია საქართველოსა ოდესმე, მაგრამ ამჟამად მონაზვნად
აღკვეცა მისი უთუოდ საზიანო იქნებოდა სამეფოისა ჩვენისათვის.
ამიტომაც მოვითხოვ მეფისაგან, ზვიად ბატონო, კოლონკელიძის ქალი
აღკვეცილ იქნას ბედიის მონასტერში».
ზვიადი სახტად დარჩა, მიხვდა, უკუსაქცევი გზა რომ არ გააჩნდა, ამიტომაც
შებრძოლებაზე ხელი აიღო მყისვე და მეფის დანაბარები უყოყმანოდ ამცნო
კათალიკოსს.
გირშელს, ყველისციხის პატრონს, მიათხოვებსო გურანდუხტი თავის ქალს, მეფე
გიორგის მიუცია დასტური უკვე.
ეგეც კეთილგონიერად იცნო კათალიკოსმა...........................................................
ნაშუაღამევი იყო, როცა სამმა მემაშხალემ კათალიკოსის ბაღიდან გამოაცილეს
სპასალარი.
ზვიადმა მონები დაითხოვა, ვარსკვლავებით მოოჭვილ ცას აჰხედა. მოგვთა
ხიდის სანახებში იყივლა მამალმა ხოხობმა.
XXV
ნააღდგომებს მოუთმენლად მოელოდა მარიამ დედოფალი ყველისციხის
პატრონის სასახლეში ჩამოსვლას. მას არ უყვარდა ქმრის ნათესავები, მით უმეტეს
გირშელი, მაგრამ ამჯერად მასზე იყო დამყარებული უკანასკნელი იმედი.
დედოფალი დარწმუნებული იყო, როგორც კი შორენას დანიშნავდა გირშელი,
გიორგი მყისვე ჩამოეცლებოდა ამ «სიძვის დიაცს» და ავ ენებსაც გამოელეოდათ
საჭორაო საგანი.
ბოლოს დაიწყო მდინარეების საგაზაფხულო დიდროაი, არაგვი, მტკვარი და
ქსანი განსაკუთრებით გაცოფთდნენ იმ წელს, მარიამმა იმედი დაჰკარგა, აღრც სხვანი
მოელოდნენ მოკლე ხანში სტუმრებს.
სიყრმის შემდეგ არავის ენახა ყველისციხის პატრონი მცხეთაში. დიდი და მცირე
მას აქებდა იმ დღეებში. შვიდ წელს ჰყოლოდათ სარკინოზებს გირშელი და მისი სამი
აზნაური ტყვედ, ბოლოს, ბაირამობის დღეს, ხალიფის სასახლეში მიჰყავდათ თურმე
ტყვეები.დასძგერებიან გულიამებს იბერიელები, საჭურველი აუყრიათ, თოროსანი
ცხენები წაურთმევიათ, ბრძოლით გაუკაფავთ გზა, ერთი წლის წამების შემდგ
ყველისციხემდის მიუღწევიათ ძლივს.
სწორედ კვირაცხოვლობის ნაშუაღამევს შვიდი თოროსანი რაინდი მოადგა
დიდი ამალით არაგვის კარის საბრძოლო გოდოლებს.
ქვახვრელთან გადმოელახათ ადიდებული მტკვარი. მდინარეს წარეტაცა
ერისთავის მეაბჯრე ქაჩაბურაისძე, ამაოდ გამოსდგომოდნენ აზნაურები. ბოლოს
თავათ პატრონს გამოედო თავი, ცხენი დახრჩობოდა მეაბჯრეს.
წამოსწეოდა მხარულით გირშელი, ყმაწვილივით გამოეჩრა სულმობრძავი
იღლიაში, ცურვით გამოეტანა გამოღმა, ისევ გაეცურა მტკვარი, ახლა ცხენდაცხენ
გადმოელახა მდინარე.
დიდად გასჭირვებოდათ ქსანზედაც გადმოსვლა.
მეორე დღეს საშვიდობო პარაკლისი გადაიხადა მელქისედეკმა, მთელი მცხეთა
ისევ ალაპარაკდა გირშელის მამაცობის გამო.
ნაშუადღევს მელქისედეკ კათალიკოსი, ჭყონდიდელი და მთელი ტაძრეული
დიდდარბაზში ისხდნენ, როცა ვერცხლის ჯაჭვიანი დევკაცი დეზების ჟღარუნით
შემოვიდა უხმლოდ, შვიდი თოროსანი აზნაურის თანხლებით.
დედოფალს მიეჭრა მყისვე, ცალი მუხლი იატაკს დაჰკრა, თაყვანი სცა და ხელზე
ეამბორა, ხელზე ემთხვია კათალიკოსს, გიორგი მეფე გადაჰკოცნა და, როცა
სპასალარს მიეახლა, მთელი წყრთით მასზე უფრო დაბალი აღმოჩნდა ზვიადი.
დათვური მოუდრეკელობა მჟღავნდებოდა მის მიხვრა-მოხვრაში, ნახმლევით
დაჩეხილი ჰქონდა ღაწვისთავები, ეს ამახინჯებდა მშვენიერ ვაჟკაცს. როხროხა ხმა
ჰქონდა, იშვიათად იცინოდა ფრიად თავმოდრეკილი ქცევაში.
დედოფალი თვალს არ აშორებდა სტუმარს, როცა მეფეს გადაეხვია იგი,
მარიამის მძაფრმა თვალმა შენიშნა: საკმაოდ ცივად შეეგება გიორგი დიდი ხნის
ლოდინის შემდეგ ჩამოსულ ნათესავს.
მტკვარზე გადმოსვლისას გაცივებულიყო გირშელ, ახველებდა, მაინც არად
იმჩნევდა შეუძლოდყოფნას.
გირშელის გამო უცნაური ამბები ჰქონდა გაგონილი დედოფალს: ქალთა სქესს
გაურბისო რატომღაც, ღვინოსა და თრიაქს ეძალებაო.
უმშვენიერესი სეფე-მოახლე მიუჩინა დედოფალმა სტუმარს; როცა ანჩაბაისძის
ქალს წარუდგინეს. გირშელი უცნაურად აიმღვრა, მამლის ბიბილოებივით
გაუწითლდა ნიყვივით ფართე, განზე გამდგარი ყურები.
ორიოდე სიტყვას ძლივს მოუყარა თავი.
დედოფალმა ეს აგრე ახსნა: ალბათ მუსულმანების ტყვეობაში გადასჩვევიაო
მანდილოსნებთან მასლაათს.
პურობა აფხაზთა მეფეების სასახლეებისათვის ჩვეული ცერემონიით დაიწყო.
უცნაური მადა მოსძალებოდა ნამგზავრს, ნერწყვსა ჰგვრიდა ირმის მწვადების,
კეცზე შემწვარი ორაგულების, ორთქლიანი ბეჭისა და მოხრაკულების საამური სუნი.
ბუნებით თავაზიანი და მორიდებული ისე ციცქნიდა საჭმელს, როგორც ირემი
ნეკერს, გაურბოდა ვაჟკაცი მანდილოსანთა სიახლოვეს ჭამას.
ყველა ატყობდა, უხერხულად რომ გრძნობდა თავს პურობის დროს სტუმარი.
თავათ მას აოცებდა მეინახეთა მდუმარება სრული. როგორც მეფე-დედოფალი, ისე
მთელი ტაძრეული ისე სადილობდნენ, თითქოს ამ სუფრაზე ყველა ემდურისო
ურთიერთს.პურობას ნადიმი მოჰყვა. განმგეთუხუცესმა მოართმევინა დიდ-დიდნი
სამწდეურნი ბაგრატეულნი, ატენური, ხიდისთავური და მუხრანული სუფრას არ
აკლდა.
ღვინო ენატრებოდა მაჰმადიან ქვეყანაში დაყოვნებულს, მაგრამ იცოდა:
სასახლეში არ იყო მიღებული ღვინის სმა ჭარბად, ამიტომაც ითმენდა შეძლებისამებრ.
ჩუმად სჭამდა მეფეც, მაგრამ ღვინოს მიეძალა რატომღაც, გირშელსაც
ეპატიჟებოდა – მოსვიო, სთხოვდა ჟამიდან ჟამზე.
შეუძლოდ ვარო, – მოიმიზეზა გირშელმა. ტუჩს მიადებდა სამწდეურს,
შესრუტავდა მართლაც მცირეოდენს, სტკბებოდა ღვინის ჭაშნიკითა და
ნელსურნელებით.
ადრე გათავდა ნადიმი იმ დღეს, ყველაზე მეტად გირშელს გაუხარდა ეს.
სასახლის ბაღში გაიყვანა მეფემ სტუმარი ყოველი ბუჩქი, ყოველი ხე თავის სიყრმეს
აგონებდა გირშელს.
ამ ყველაფერში დასდევდნენ იგი და გიორგი პეპლებს, იმ ხილნარში აგებდნენ
კაკანათებსა და სასირე ბადეებს, იმ ცაცხვების ფუღუროებში უთვალთვალებდნენ
ბუს მართვეებს. ამ მსხლებზე ასულან, ის ატმები გაუკრეფიათ, იმ კაკლების ქვეშ
ელოდნენ მწიფე ნაყოფის ცვენას.
მსხლებს ფითრი მოსდებია, ატმებს შტოები შეხმობია, კაკლებს ფუღურო
შესდგომია, ლეღვები გადაუჭრიათ, მორჩს შეეცვალა ნაცრისფერი ტანები. ძუძუების
დარი კერტები ეგულებოდათ ამ ლეღვებზე, «დედამძუძეებს» უწოდებდნენ მათ.
კაჭკაჭის ბუდეები დაუნგრევიათ იმ ვერხვებზე, იმ ვაშლის ხეებზე ჩამომსხდარ
გვრიტებს გამოსდგომიან ტოლები მშვილდისრით, ამ ცაცხვის ქვეშ ერთ ვირზე
მჯდარან მეფე და ერისთავი ოდესღაც, თოროსან რაინდებად მოჰქონდათ სახრეებით
აღჭურვილებს თავი.
შაშვის მართვეები ჩამოუყვანიათ იმ თუთის ხეებიდან.
ბედნიერი ბალღობა იჭვრიტებოდა ყოველი ხის ფუღუროდან, ყოველი ბუჩქის
ძირიდან. ეს უკვე აღარ იყო მათი სიყრმის ლხენის წალკოტი, არამედ ნაღვლის
მომგვრელი ბაღნარი სევდისა.
საბაზიერო სახლს ჩაუარეს, ქორ-შავარდნები სთვლემდნენ ხარიხებზე,
მენადირეთუხუცესმა მოასხა მეძებრები, მადევრები და მწევრები.
შემოესიენ ძაღლები მეფეს. გირშელს აღტაცება მოჰგვარა ამ სანახაობამ,
მხიარულად ყეფდნენ მადევრები, წკმუტუნებდნენ მეძებრები.
ყვითელწინწკლიანი შავი მწევარი შეახტა გირშელს, ოქსინოს ჯუბაჩა დაუსვარა
თათებით.
გიორგი ყვრიმალებს უსრესდა ძაღლებს, პირში ხელს უყოფდა ყოველ მათგანს,
ფაფუკ ყურებს იღებდა ხელში, თელგამს უწმენდდა თვალწიდოვანებს.
როცა ძაღლები წაასხეს, გირშელი ეკითხება მასპინძელს:
«შენი ავაზა რა უყავი, გიორგი?»
«ჩემი ავაზა გაცოფდა, ბევრი ვუაქიმეთ, ლენცოფის წვენი ვასვით, ბოლოს
ნამეტნავად გაბოროტდა, შემომიტია მეცა.
უნდა გენახა გახელებული, ნაკვერცხლებს ჰყრიდა თვალებიდან, აქოჩრილი,
დუჟმორეული მომეჭრა, ისეთი უცნაური ხმა გაიღო, როგორიც გაბრაზებულ კატას
წამოსცდება ხოლმე. ახლაც სხეულში მაქვს დარჩენილი ის შიში, რომელიც გულში
ჩამეჭრა იმ დღეს. ეს შემემთხვა უჯაჭვოდ, უხმლოდ გამოსულს ამ ბაღში.
მალემსრბოლი უშიშარაისძე მოვარდა, შუბის წვერზე წამოაგო გაცოფებული».
«სადაური იყო ის ავაზა, გიორგი?»«მამაჩემს უთავაზა კეისარმა».
«მაშ ახლა უავაზოდ ნადირობ?»
«ავაზა ერთი კი არა, ორი მყავს.
ერთმა ირანელმა მომგვარა ბოკვერები შარშან».
ორმა მონამ შრამელიდან გამოიყვანა ერთი წყვილი ავაზა. მშვენიერი, ხატულა
ბეწვი ჰქონდა ხვადს. განსაკუთრებით იგი წააგავდა ვეფხს. გამოხამებული, სადოღე
ცხენივით ტანმოქნილი, მაღალ ფეხებზე იდგა იოგებმაგარი მხეცი.
გრძელი, მოხდენილი ტანი ჰქონდა, ტანზე უგრძესი კუდი, სხივისფერი ულვაში
უბრწყინავდა ჩალისფერ ტუჩ-პირის გარშემო.
მიდიოდა თავდაწეული, უნდოდ აფახულებდა ყვითლად დაწინწკლულ
კატისებრ თვალებს.
ძუ შორიახლო შესდგა, გაბზეკილი კუდი გააშეშა, პირდაღრენილი შესცქეროდა
უცხოს.
ხვადმა მეფისაკენ წამოიწია, გაუშვითო, უბრძანა გიორგიმ მონას.
როცა მოეახლათ, გირშელი შედრკა.
ფრთხილად მოსინჯა ხმლის ვადა. გიორგიმ დაამშვიდა სტუმარი. ავაზას
მისწვდა, ყვრიმალები დაუსრისა მხეცს, ნადირმა თვალები განაბა.
გიორგი იცინოდა.
ზურგზე ხელს უსვამდა გატვრინულ ხვადს.
ბოლოს ხელიდან გაუსხლტა იგი პატრონს, გირშელისაკენ გაიწია ღრენით,
მონები მოიჭრნენ, წაიყვანეს გაავებული.
«სადაურია ესენი?»
იკითხა გირშელმა.
«ჰინდუსტანიდან მომგვარეს, ჩიტას უწოდებენ თურმე ამ ნადირს ჰინდონი».
«ალ-ჰაქიმს ჰყავდა თორმეტი ამათზე უფრო მოზრდილი ავაზა. – ამბობს
გირშელი, – ისინი სავსებით დაგეშილნი იყვნენ, ხალიფის ბაღში დასეირნობდნენ,
არას ავნებდნენ გამვლელებს».
«ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ, რაც თვალით არ გენახოს არასდროს».
როცა სასახლის ბაღი გადაიარეს და ირმის საჩიხემდის მიაღწიეს, გირშელი
გაოცდა მართლაც. იგი ირანშიაც იყო ნამყოფი, მაგრამ არც შაჰის სამხეცეში, არც
ფატიმიდების სანადირო პავილიონებში ამდენი ირმები არ ენახა ერთად
თავმოყრილი.
უსაყვედურა გიორგის, ცუდად გყოლიაო მოვლილი.
«ეს ირმები შენი სასძლოს – შორენას მამას წავართვი, კვეტარის ერისთავს» –
მიუგო გიორგიმ, თვალი თვალში გაუყარა სტუმარს. შორენას ხსენებაზე ყურები
შეუწითლდა გირშელს, მღელვარების თუ დარცხვენის დასაფარავად საჩიხეს
მარგილებს მოსჭიდა ხელები, კისერი წაიგრძელა, საჩიხეში თავი გადაჰყო,
თვალიერება დაუწყო ქორბუდიან რქების მთელ ტყეს.
განსაკუთრებით ფურები გამოიყურებოდნენ მთლად საწყალობელად.
ნაზამთრალი ბალანი გასცვენოდათ, ახალი ჯერ არსად სჩანდა, ზოგსაც ისეთი
უსუსური ბეწვი ამოსვლოდა აქა-იქ, როგორიც კორდებს მოედება ხოლმე ბალახი,
დასუსხული, მეჩხერი, თებერვლის გასულს, როცა არც ზამთარია, არც გაზაფხული
და მთებს ჯერ კიდევ ატყვია რილოჭრელო თოვლისა.
ნუკრები მიყუჟულიყვნენ ყორესთან, თავჩაქინდრულნი სთვლემდნენ,
უცნაურად ძაგძაგებდნენ ბედშავენი მზვარეში.«საქმე ისაა, – ამბობს გიორგი, – ნუკრობიდანვე მთაში იყვნენ ეს ირმები
გაზრდილნი, მოვლა კარგი აქვთ, საკვებსაც არ აკლებენ, მაგრამ მცხეთის ჰავას
ცუდად იტანენ».
მენადირეთუხუცესმა ლასტის ფალანგი შეაღო, საჩიხეში შეიყვანა გირშელი
მეფემ.
საქონლისა და სკორის სუნი სდიოდა ირგვლივ.
გირშელმა ნუკრებს გადახედა.
«როგორც სჩანს, აცივებს ბედშავთ!»
ხარები ატორტმანდნენ უცხოს დანახვაზე, უმშვენიერეს ფურს თვალი დაადგა
სტუმარმა.
«ეს არის შორენას საყვარელი, ნებიერა, თავათ გაუზრდია თურმე».
«ახლაც თუ უვლის თავათ?»
იკითხა გირშელმა.
«აქამდის ღართისკარის ციხეში გვყავდა ერისთავის ქალი. ამჟამად ხურსისეულ
სასახლეში ცხოვრობს. როცა შენი სასძლო გახდება, მისი ნებაა, თავის ირემს თუ
მიხედავს თავათ.
ათანასე ბერი მიამბობდა, შორენას მოძღვარი: ძლიერ ენატრებაო თავისი
ნებიერა».
გირშელს ჯერ არ ენახა კოლონკელიძის ქალი, მიშტერებოდა ნებიერას, თითქოს
ეწადა ამ მშვენიერი, ლომისფერი ცხოველის ანაგობაში როგორმე ამოეკითხა თავისი
სასძლოს ბუნება.
მენადირეთუხუცესი და მონები დაითხოვა გიორგიმ. ჩვენ გადავკეტავთო
საჩიხეს.
როცა მარტონი დარჩნენ, მანაც შეხედა ნებიერას, მოაგონდა: ის ორიოდე
ბედნიერი წუთი, კოლონკელიძის სასახლეში გატარებული იმ საშინელ ღამეს, როცა
კვეტარის ციხე აიღეს სამეფოს სპათა.
გირშელს მიუბრუნდა ისევ:
«ჩვეულებრივი აზნაურის ასული არ გეგონოს შორენა, ვაჟკაცი, მონადირე ქალია
იგი».
მონადირეო?
???
თავის მამიდებისაგანაც ბევრი რამ ჰქონდა განაგონი შორენას სილამაზის გამო
გირშელს. ვერც წარმოედგინა ამ უჩვეულო მშვენების პატრონს მოისარობა და
ნადირობა თუ ემარჯვებოდა.
საოცრად მოუნდა საცოლეს ნახვა, უნდოდა ეთქვა სიყრმის მეგობრისათვის,
ბოლოს, მაჩვენეთო ეგ ჩემი სასძლო.
გაახსენდა: გურანდუხტს მოელოდნენ სასახლეში, უმისოდ რომ არ
შეხვედროდნენ შორენას. დაძრული სიტყვა ხორხის არეში გაეჩხირა და ეს უთხრა
გიორგის:
«დედოფალსა და კათალიკოსს მოვერიდე დღეს, თორემ სწორედ გითხრა, სმა
მეწადა პურობის დროს».
გიორგის შერცხვა, ალბათ შეამჩნია, გულცივად რომ მივიღეო სტუმარი, გაუღიმა
გირშელს, მხარზე ხელი დაჰკრა და ეუბნება:
«მაშ კარგი, ძველი დრო მოვიგონოთ ერთი, სმაში გავეჯიბროთ ერთმანეთს».
მცირე ხანს შესდგა, ახედ-დახედა გირშელს და დასძინა: «თუ ნამდვილი ღრეობა
გწადია, უნდა გადავიცვათ როგორმე».გირშელი გაოცდა.
ოქსინოს ჯუბანი ეცვა, ვერცხლის ბექთარნი მასზედ, ვერ გაეგო რა უნდა ჩაეცვა
ამაზე უკეთესი სტუმრად წასულს?
«არა, მდაბიორის სამოსი უნდა გადავიცვათ ორივემ».
გირშელმა გაიღიმა.
კარისკაცთა შორის არავინ ეგულებოდა გიორგის ისეთი, ვისი სამოსიც
მოერგებოდა სტუმარს. ზვიადს სთხოვა სანადირო დიდი ტყავკაბა, არც ეგ გამოადგა
დევკაცს.
ბოლოს მალემსრბოლი უშიშარაისძე მოაგონდა მეფეს, სასაცილო იყო
ნასხვისარში ახმახი გირშელი. უშიშარაისძის ხამლის სამოსი და კურდღლის ტყავის
ჯუბაჩაც მოკლე აღმოჩნდა მისთვის. ბოლოს მამამზეს ტყავკაბა გამოსძებნეს,
მცხეთიდან წასვლისას დარჩენოდა იგი ერისთავს, უკვე გახუნებული და
პეწგადაცლილი საკმაოდ.
XXVI
როცა მეფემ ინით შეიღება წვერი, გაოცებული მიაშტერდა გირშელი.
«იცი, გიორგი, უცნაურად მაგონებ ალ-ჰაქიმს, სწორედ ასეთი წითური წვერი
ჰქონდა ხალიფას, მკვიდრი ძმა ეგონები სარკინოზებს მისი».
«სარკინოზებთან ომებში ეხმარებოდა მამაჩემი კეისარს, დიაცთა მოყვარული
იყო ბაგრატ კურაპალატი თურმე, ვინ იცის, ეგებ ხალიფას დედას გადააწყდა სადმე».
გირშელმა გაიღიმა.
«დამავიწყდა შენთვის მეამბნა: სწორედ იმ ღამეს, როცა გულიამები დავხოცეთ,
ხალიფი ალ-ჰაქიმი სასეირნოდ წასულა და უკვალოდ დაკარგულა თურმე».
გიორგი გაოცდა და გირშელმა დასძინა:
«ასე რომ, შენ შეგიძლია სარკინოზების ღმერთად გამოაცხადო თავი».
იცინოდნენ, აღმა მიჰყვებოდნენ არაგვს.
«ღმერთი არ გაგიწყრეს, გირშელ, არავისთან წამოგცდეს, თორემ ამასაც
მკრეხელობად ჩამომართმევს კათალიკოსი».
შესდგნენ მცირე ხანს.
მოგელავდა გაშმაგებული მდინარე, სოჭის ძელები მოჰქონდა, ყინულის
ხორგები და დამხრჩვალი ცხენები.
უღლიანი კამეჩები მოეტაცნა წყალს. თავ-კისერი მოუჩანდათ ბედშავებს
მხოლოდ, საწყალობლად ყოყინებდნენ, ნაპირისაკენ იცქირებოდნენ.
იძალებდა ორთაგანი ერთი, ზეაისროდა თავის კერძ უღელს, დასძირავდა
მეორეს წყალში.
მოჰქონდა დაუღლებულნი არაგვს, მორიგეობით ყვინთაობდნენ ბედშავნი.
«ასე გადაჰკიდებს ხანდახან ორ კაცს ერთ უღელზე ბედი».
ესა სთქვა გიორგიმ და გირშელმა მიუგო:
«ან ერთს დაახრჩობს, ან მეორეს ბოლოს».
«შესაძლოა, ორივენი მოაშთოს ერთად».
ვიღაც ვაჟები გაშიშვლდნენ რიყეზე, ცურვით გაეკიდნენ წყალწაღებულ
პირუტყვებს.
«სიყრმეში მე და შენაც გადაგვილახავს ასეთ დროს არაგვი, ბიჭი ხარ და ახლა
გადასცურავ».
ეუბნება გირშელი დეიდაშვილს.გიორგის გაახსენდა მუდმივი ჯიბრი სიყრმის მეგობართან.
«რატომაც არა, შენ თუ მტკვარი გადასცურე გუშინწინ, ნუთუ მე არაგვს ვერ
მოვერევი?
«უნდა გითხრა, მტკვარი არ ყოფილა ასე მოდიდებული იმ ღამეს».
მცირე ხნის შემდეგ ამბობს:
«ჩვენ ორივეს გვჯობნიდა ერთი მდაბიორი».
«რომელი?..
«დრუიძე?...
«არა, გაბოი, ვგონებ, რა გვარი იყო გაბოი!»
«კოხრიჭისძეა გაბოი. მის სახლში მივდივართ სწორედ».
ესა სთქვა გიორგიმ, არაგვს მიჰხედა კვლავ. კამეჩებს მისწეოდნენ ბიჭები.
გაუხარდა, რადგან კამეჩები უყვარდა გიორგის.
მუდამ უკვირდა: რად ყოყინებსო ასე ნაღვლიანად ეგზომ ძლიერი ცხოველი?
ახლაც ეს უთხრა მეგობარს.
«შენ რა გგონია, – ამბობს გირშელი, – ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამქვეყნად.
მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხები და ავაზები, ხოლო
თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულობენ.
არაბეთში მომისმენია ლომების ბუხუნი. გამოდგებიან უდაბნოში, შემზარავად
გრგვინავენ, ამაზრზენია მათი უცნაური გლოვა».
მდუმარედ მიჰყვებოდნენ ორივენი ნაპირს.
გირშელი ბანიან სახლს მიაჩერდა ერთს.
– გახსოვს, გიორგი, მზრდელს რომ გავეპარეთ კვირაცხოვლობას. ვიღაც
ლოთებმა ღვინო გვასვეს, აგვეკვიატა ერთი კუზიანი. იმ სახლის სარდაფში ჩაგვიყვანა,
მეძავებთან.
გამოგვიდგნენ ჭარმაგი კაცები, თქვენ რა გინდათო მეძავებთან, ღლაპებო?
დაგვიცაცხანეს, დარცხვენილნი გამოვიპარეთ».
გიორგის გულიანად გაეცინა ამის გამგონეს.
იმ სახლის ბანზე ახლაც ისხდნენ ქალები.
გადასცქეროდნენ მოზღვავებულ არაგვს.
ვიღაც ვაჟებს ბადე ამოჰქონდათ წყლიდან.
გიორგი და გირშელი გადადგნენ კბოდეზე.
ბადე გაშალა მებადურმა თუ არა, ორაგულები, ციმორები და კალმახები
აცეკვდნენ რიყეზე.
თევზი გვიზიარეთო, გადასძახეს გოგონებმა ყმაწვილებს.
გირშელი ათვალიერებდა გზადაგზა ქუჩებს, უთვალთვალებდა ბაღებსა და
ბანებს.
ზედიზედ იგონებდა სიყრმეს.
მამლების, ვერძების ბრძოლას, ბერიკობასა და ჭონას. მთვარიან ღამეში
სასახლიდან გაპარვას, მზრდელის ბუზღუნსა და არაგვში თევზაობას.
ოჩხის ამოღებას, ჩანგლების სროლას, თოვლის გოდოლების აგებას და მათ
შემუსვრას.
ამ საუბარში გართულნი მოსულიყვნენ მთავართა სანათლოის უბანში.
როცა ხურსისეულ სასახლემდის მიაღწიეს, გირშელი ყმაწვილივით ატყდა:
მაინც მდაბიორებს ვგავართ, სასახლის ეზოში შევიჭვრიტოთ, ფხოველი დიაცები
დავლანდოთო შორიდან მაინც.გიორგიც გააყმაწვილა სიყრმის ტკბილმა მოგონებებმა, თავათაც ეწადა ასეთი
რამ მოემოქმედნა, მაგრამ ეს არ უნდოდა გირშელის თანხლებით ექნა.
სტუმარი მაინც არ იშლიდა თავისას. თვალმოკვრით მაინც ვნახოო შორენა.
გიორგი დაფიქრდა: ვაჲთუ სხვარიგად ახსნასო, ხურისისეულ სასახლის ბაღში
შეიყვანა გირშელი.
აივანზე ბნელოდა.
გულით უნდოდა არავინ დახვედროდათ შინ.
ძაღლები აყეფდნენ ანაზდად.
ფხოველი დიაცი გამოეგება ხილნარში შესულებს, ტანმორჩილი, ნაყვავილევი.
«- მწუხრი მშვიდობისა» შეაგება სტუმრებს.
შორენა იკითხეს.
დიაცი შეკრთა.
ათანასე ბერმა წაიყვანაო სალოცავად ზედაზენს შორენა და მოახლეები მისი.
ვარდისახარიღა დარჩა შინ, რაკი შეუძლოდ იყო იმ დღეს.
ვარდისახარს ვუხმობო, თუ გნებავთ.
ამას ამბობდა ჩოფურა დიაცი.
ვარდისახარის ნახვა არავის ეწადა, ამიტომაც გაბრუნდნენ ანაზდად.
ფხოველი დიაცი არ მოეშვა: რომელი სოფლისანი ხართ, ან ეს გვარქვით, რად
იკითხეთო პატრონი ჩვენი?
კლარჯეთელი მწირები ვართო, კოლონკელიძის ნაცნობნი ძველნი.
მაშ მოიცადეთ, სადაცაა მოვლენო, ემუდარა ფხოველი დიაცი.
მცირე ხნის შემდეგ გამოგივლითო კვლავ, დაუბარა გიორგიმ, ქუჩაბანდისკენ
გადაუხვიეს.
როცა სამეფო საჯინიბეს ჩაუარეს, გირშელმა აიჩემა: შენი კვიცების ქება გამიგია,
მაჩვენეო ახლა.
თავლაში შესვლისთანავე ეცათ ის სუნი, რომელიც ცხენისმოყვარულთ არა
სძაგთ ხოლმე.
პატრონის დანახვაზე ჭიხვინი მორთეს საომარმა ცხენებმა.
გიორგის განუზომლად უყვარდა ისინი. ჭირთამთმენნი მრავალთა, მრავალი
ომის თანაზიარნი.
ეს ცხენებიც ისევე დაჩეხილნი იყვნენ, როგორც მათი პატრონის ჯერაც
ახალგაზრდა სხეული.
ხუმრობით იტყოდა ხოლმე გიორგი:
«ეს კარგი, ჩვენ კაცნი რომ ვხოცავთ ურთიერთს, მაგრამ ამ საცოდავ პირუტყვებს
რას ვემართლებით, ნეტავ?»
სათითაოდ მიეახლა თითოეულს, ეფერებოდა, ყურებზე, საოლავებზე ხელს
უსვამდა, თვალებს უკოცნიდა, საალერსო სახელებს ეუბნებოდა სათითოოდ.
ეს მშვენიერი ერთგული ცხენებიც იფერებდნენ ალერსს, ხვიხვინებდნენ,
ფრუტუნებდნენ, ალერსიანად თავს უქნევდნენ პატრონს.
სტუმარს ეუბნება გიორგი:
«შენ გეტყვი, გირშელ, ხვალ რომ ტახტიდან გადამაგდოთ ერისთავებმა,
მეჯინიბედ დავდგები უთუოდ, ცხენებს მოვუვლი და ეს მომგვრიდა უდიდეს
ბედნიერებას».
აღტაცებული
შესცქეროდა
ყველისციხის
პატრონი
ნაომარ
იაბოებს,
მკერდდაჩეხილ ულაყებს, არაბულ კვიცებსა და თექურ ჭაკებს.
სიყრმის მეგობარს მიუბრუნდა:«იცი, გიორგი, ომში ცხენები მეცოდება ყველაზე მეტად, მრავალგზის მინატრია:
ოღონდ ცხენს ნუ გამომიკლავენ ბრძოლაში და მე მზადა ვარ თავათ შევუშვირო
მტრის ისარს მკერდი.
როცა ქაჩაბურაისძე წარმტაცა მტკვარმა, ცხენი შემეცოდა და, ამიტომაც არ
დავიზოგე თავი, მეჯინიბეს მივუგდე ჩემი, მხარულით გავსდიე მეაბჯრეს».
საჯინიბოს ეზო გადაიარეს.
გაბოის სახლში ბჟუტავდა ჭაღი.
ეს იყო ჩვეულებრივი სოფლური დარბაზი უზარმაზარ დედაბოძზე
დაყრდნობილის სახურავითა. ჩაჩხები ეკიდა სხვენზე. მჭვარტლში გამურული
სრულიად.
დაფაცურდა გაბოი.
შუაცეცხლზე ჯაჭვი იყო ჩამოშვებული. ბატი ეკიდა ზედ.
დიაცი კერას უჯდა.
ტრიალებდა ბატი, ძირს დადგმულ ტაფაზე იღვრებოდა ცხიმი.
ფრთას აწობდა დიაცი ცრმელში, უსვამდა ისევ ბატს.
საამური სუნი იდგა ქოხში. ნერწყვი მოადგათ გირშელსა და გიორგის.
ერთადერთი უცხოთაგანი დაუხვდათ მუნ, უნდილაისძე, ჯავახელი მეცხვარე.
«აბა თუ იცნოთ ჩემი სტუმარი?»
ეუბნება სიყრმის მეგობრებს გიორგი.
ვერც გაბრიელმა, ვერც ქიტესამ და ვეღარც ესტატემ ვერ იცვნეს სტუმარი.
მეფეს არ უნდოდა გირშელის ვინაობა შეეცნო მეცხვარეს, ამიტომაც ეუბნება
დამხვდურთ:
«კარგი, დასხედით, ჯერ, დაგვალევინეთ ღვინო, მერმე გაგაცნობთ ამ ვაჟკაცის
ვინაობას».
გაბოი სხვენზე აძვრა, სამწლიანი დუმა ჩამოიღო.
უცნაური სიღატაკე სუფევდა ირგვლივ. ჯვალოს ძონძები ეკიდა კედლებზე,
დაფხრეწილი მუთაქები და დოშაკები ეგდო კუთხეში, სამი აკვანი იდგა საწოლის წინ,
საწყალობლად ღნაოდნენ ბალღები.
უმწეოდ სტიროდა პატარა ბიჭუნა, მერმე სლოკინი აუვარდა, ხველა დააწყებინა,
ყვინჩილასავით ყიოდა თანაც.
დიაცები სუფრის თადარიგით იყვნენ გართულნი, ბალღებისთვის არავის
ცხელოდა.
გიორგი მივიდა, დაუყვავა პატარას.
საჩვენებელი თითი დაადო ნიკაპზე.
ეუბნება:
«ალალი, ალალი!»
დუმა ქვაბში ჩააგდეს, ლოქო მოართვეს სტუმრებს. ქინძის სუნი ეცა დამშეულ
გირშელს, უარესად გაუხელდა მადა.
გიორგი თავათ მიუჯდა კერას. ფრთა გამოართვა დედაკაცს. თავათ აწობდა
ცხიმში, ჯაჭვზე დაკიდებულ ბატს უსვამდა ნელ-ნელა.
«რამდენი შვილი გყავს, ქალო?»
ეკითხება გიორგი დიაცს.
«მენა? მენა, ორი».
«ტყუპები?»
«ტყუპები».
მიუგო დარცხვენით დიაცმა.«გაგიზარდოს, გაგიზარდოს, ქალო».
ისევ ჩააწო გიორგიმ ტაფაში ფრთა, ბატს წასცხო კვლავ და ეკითხება დიაცს:
«ეს მესამე ვისია, ქალო?»
«ჩემი დაი სტუმრადაა ჩვენსას, იმისია ი პატარაი, ყივანა ხველა შეეყარა ბედშავს».
გირშელი ხარბად სჭამდა ლოქოს, ესტატეს სავსე ხელადები მოჰქონდა ჭურიდან.
«ერთ ძმაკაცთან ვიყავი სადილად დღეს, მშიერი დამტოვა მაგ ოჯახქორმა».
ესა სთქვა გირშელმა, ლავაში დაახვია ნიჩაბისებრ ხელით, წვენში ჩააწო და
ჩაიბღუჯა პირში.
ღვინო მოსწყურდა სველი ხელადების დანახვისას გიორგის. გირშელმა მორიგი
ჯამი გადასცა ესტატეს.
ეუბნება:
«ჩვენი გლახუნა ვადღეგრძელოთ ამ ჯამით».
გიორგიმ სასმური გამოართვა მეგობარს. ზეასწია და ამბობს:
«ჯერ ჩემი სტუმარი მიდღეგრძელეთ, იკუნკელისძე».
გირშელმა გაიღიმა და არა სთქვა რა.
«ეგ კაცი ცოლის შესართავადაა მცხეთას ჩამოსული, ადიდებული მტკვარი
გადაულახავს.
ვაჟკაცთა წესია ასეთი: გულისმიჯნურისთვის არ დარიდება საფრთხისა».
გლახუნამ თვალი მოავლო მიწურს, რა დარწმუნდა, დიაცები გაკრებილანო:
«არა, გატყუებთ, ბიჭებო, მას ერთი სიძვის დიაცი ჰყავს მცხეთაში, ამადაც
გაუწირავს თავი».
გაბომ შენიშნა: გლახუნა ეჯიბრებოდა ღვინის სმაში უცხოს. ამიტომაც
უჩურჩულა ესტატეს:
ცოტა არაყი ჩაუსხიო მაგ გოლიათს ყანწში, თორემ დაგვათრობსო ყველას.
გიორგის მოუბრუნდა შემდეგ ამისა:
«საჭმელს მიეძალე, გლახუნა, თორემ ეგ ღვინო მატყუარაა, იცოდე».
გლახუნამ ბარკალი აგლიჯა ბატს. გირშელი უხმოდ ილუკმებოდა,
ნადირისებრი კბილებით გლეჯდა ხორცს, ძვლებს ხრავდა, ილოკავდა ცხიმში
ამოსვრილ ხელებს.
მადიანად შეექცეოდნენ მდაბიორებიც. ამათ შემყურეს გლახუნასაც მოეცა მადა.
როცა მეინახეთა და ოჯახის წევრთა სადღეგრძელოები ჩამოთავდა,
უნდილაისძეს გადახედა გიორგიმ. რა დარწმუნდა, აღარ არისო იგი უკვე ამ სოფელს,
მოზვრის ყანწი ზეასწია და ამბობს:
«ერთი სადღეგრძელო მეც მათქმევინეთ, კაცნო, ხომ გახსოვთ სიყრმის მეგობარი
ჩვენი, დედიჩემის დისწული – გირშელი».
«როგორ არ გვახსოვს, გლახუნავ, გვითევზავნია არაგვში მასთან».
მიაძახეს სამთა.
«ჰოდა... სარკინოზებს გამოჰქცევია, ყველისციხეში ჩასულა აღდგომა დღეს.
ვადღეგრძელოთ, ბიჭებო, გირშელი.
გეხსოვნებათ, ალბათ, ღვინის სმაში გვეჯიბრებოდა ოდესღაც. აქა გვყავდეს,
ვუჩვენებდით სეირს».
«ჰაი, ჰაი, აქა გვყავდეს ნეტა!»
როხროხობს გაბოი.
ნადირისებრი ღოჯები გამოაჩინა გირშელმა, ყანწი დასცალა და ბატის კურტუმს
დაუწყო ღრღნა. ერთ წუთში აელეწა სახე, უცნაური რყევა შეიცნო, ჯამში ჩააგდო
ცხიმიანი ხორცი.გული აერია, მაგრამ თავი შეიკავა, ორივე მკლავით მუხლის თავს მოეჭიდა.
გაბრიელმა ჯიხვი გაავსო კიდემდის.
წესისამებრ ვადღეგრძელოთო მეფე გიორგი.
ჩამოიარა ჯიხვმაც. უხმოდ ჭამას შეუდგნენ მეინახენი კვლავ.
ესტატემ ესა სთქვა მხოლოდ.
«რასა სჭამს ნეტავ ი ბედშავი მეფე გიორგი ახლა?»
«სამი წლის დუმას შეექცევა ალბათ ჩვენსავით, ირმის მწვადები
გამოულეველიაო სასახლეში თურმე».
გაიხუმრა უნდილაისძემ.
მეფე გიორგი მართლაც სჭამდა სამი წლის დუმას იმ წუთში.
გაეცინა.
პეშვით მოიწმინდა ულვაშიდან ცხიმი.
გიორგის შეეშინდა, ჩემი ვინაობა არ შეიცნოსო მეცხვარემ.
წამუყო გაბრიელს:
კიდევ ატაკეო მოზვრის ყანწი უნდილაისძეს.
კიდემდის გაავსო თამადამ ყანწი.
შენი ცოლ-შვილის სადღეგრძელოსა ვსვამთო.
წელი მოსტეხა მუხრანულმა ჯავახელს. თავი ჩაჰკიდა და დაიწყო თვლემა.
გირშელსაც ძლიერ მოეკიდა ღვინო. როგორც ყველაფერში, სმაშიაც ეჯიბრებოდა
თავის ნათესავს.
გამწედ სვამდა თავათ, გიორგის მიერ დაცლილ ყანწებსა და ჯამებს
უთვალთვალებდა თანაც.
«ჩემთან ჯიბრი გადაგიტანს, იკუნკელისძევ».
მიაძახა გლახუნამ, სულმოუთქმელად გამოსცალა უზარმაზარი ჯამი და ისევ
გირშელს გადაულოცა.
გირშელმა მიამიტად შესცინა.
ქიტესა, ესტატე და გაბოი გაოცებულნი იყვნენ.
არაოდეს ენახათ, ასე ხალისიანად რომ ესვა მეფეს.
გირშელმა თრობა შეიცნო უკვე.
აუხირდა გიორგის: დღეს ეს ვიკმაროთ, წამო, ხურსისეულ სასახლეში
შევიჭვრიტოთო.
გიორგიმ იცოდა: სმა რომ შეეწყვიტათ, გირშელი უთუოდ წაათრევდა ფხოველი
დიაცების სანახავად მასაც. თავს ვერ შეიკავებდა სასძლოს დანახვაზე მთვრალი,
მთელი ქვეყანა გაიგებდა ამ ამბავს.
ანიშნა გიორგიმ გაბრიელს: გაეგრძელებინა როგორმე სმა.
მიცვალებულთა შენდობანი მოთავდა.
ომებში დახოცილი მეგობრები მოიგონეს.
ადგილის დედაც ადღეგრძელეს ბოლოს.
წამოდგა ძველი მონადირე, ესტატე.
«ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ მამალ ორაგულს, აღმა რომ მიჰყვება ამაღამ არაგვს,
უფსკრულებში დაეძებდეს თავის დედალს, ვაჟკაცურად მიარღვევდეს ტალღებს,
რათა გუდამაყარში წამოეწიოს და მისწვდეს საწადელს».
გიორგის გულზე ეცა ეს სადღეგრძელო.
გირშელი მოაგონა ამ ორაგულმა რატომღაც.
ბრაზი წაეკიდა, მაგრამ დადუმდა.მოზვრის ყანწმა ჩამოიარა კვლავ. გირშელს სასმური ჩამოართვა გიორგიმ, ცერის
ფრჩხილზე დააპირქვავა.
ახლა ქიტესამ აიღო ყანწი.
«ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ ფურირემს, რომელიც საჩიხეში ჰყავს დამწყვდეული
მეფე გიორგის, მყვირალობის დრო მოდგება თუ არა, აბღავლდება და ეძახის გულის
სწორს».
გირშელს ნებიერა გაახსენა ამ სადღეგრძელომ, ხოლო ნებიერამ – შორენა.
მხარზე დაეყრდნო თავის ნათესავს და უჩურჩულა:
თუ შენ არ წამოხვალ ახლავე, მე წავალ და ვინახულებო ფხოველ დიაცებს.
იჭვნეულობა გულზე წაეკიდა გიორგის.
ცოტა მადროვე, წამოვალო ახლავე.
ესა სთქვა, ჯიხვი გაავსო კიდემდის.
ხელში აიღო და ამბობს:
«ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ ხარირემს, რომელიც საფურცლეს ტყეში დასდევდეს
ამ წუთში თავის ფურს და სხვა ხარი თუ შეეზიარა, რქებით გამოფატრავს მეტოქეს».
ხარირემის სადღეგრძელომ წააქცია გირშელი.
გული აერია თუ არა, წამოვარდა, მაგრამ პურის კიდობანს გადააწყდა ბნელში და
დაყორდა სოხანეზე დევკაცი.
ოთხმა ვაჟკაცმა ძლივს გაათრია გირშელი ფარდულში. ჩალაზე დააწვინეს,
ნაბადი დაახურეს ზედ, მაგრამ გაბრიელის ნაბადი კვირისთავამდისაც არ
მისწვდენია გოლიათს.
გირშელმა ხვრინვა ამოუშვა მყისვე.
გიორგი გამობრუნდა და ეუბნება მეგობრებს:
«იცით, ბიჭებო, ეგ კაცი ვინ არის?
გირშელია, დედიჩემის დისწული».
«შე კაცო, დროზე რომ გეთქვა, არ დავათრობდითო ასე უღმერთოდ».
ამბობს ნაღვლიანად გაბოი.
სამივენი მიეახლნენ გირშელს და გადაჰკოცნეს მძინარე.
«იცით, ბიჭებო, მეცნაურებოდა ეგ კაცი, მაგრამ ნახმლევი მებლანდებოდა
თვალში».
ესა სთქვა ესტატემ.
უკვე შეღამებული იყო, როცა სტუმარი გამოაცილეს სამთა.
საჯინიბოში გავიაროთო, მოისურვა გიორგიმ.
როცა შიგ შევიდნენ, ოქროსფერი ულაყი შემიკაზმეო, ეუბნება გლახუნა
გაბრიელს.
კოხრიჭისძე გაშრა, მხრები აიჩეჩა.
რა დროს შეკაზმვააო ცხენისა?
უჩვეულოდ გაფიცხდა გლახუნა.
მეფე გიორგი გიბრძანებს: ახლავე შეჰკაზმეო ცხენი.
ბუზღუნით დაითრია უნაგირი გაბომ.
გაოგნებული შესცქერიან ესტატე და ქიტესაც მეფეს.
ბუნებით მშვიდსა და თავაზიანს არ სჩვეოდა ამნაირი ჭირვეულობა.
ბოლოს ხნით უფროსმა მოიკრიბა მხნეობა. ქიტესა მიეჭრა და ეუბნება გიორგის:
უკეთუ არ გვამცნობ თუ სად მიდიხარ, შენს ნაბრძანისს არ შევასრულებთო.
«ბევრს ნუ ლაყბობ, შენ გეტყვი, ესტატე, გაიქე, უშიშარაისძე აქ მომგვარე ახლავე,
ზედაზენს უნდა წავიდე ამაღამ».???
«არაგვი გაცოფებულია და ზედაზენს ამაღამ წასვლა?!»
დაუჩოქა ჭაღარა ქიტესამ.
«სამივენი დაგვხოცე, თუ გნებავს, არ გაგიშვებთ ზედაზენს ამაღამ».
გაბრიელმა უნაგირი ძირს დასდო. ფერხთით დაუვარდა გაგულისებულს.
ჩვენ გადავლახავთ შენს მაგივრად არაგვს, რასაც გვიბრძანებ, აგისრულებთო
ახლავე.
«არა, ჩემს მაგივრობას ვერ გასწევთ თქვენ».
«მაშ რაც გენებოს, ის გვიყავი, არ შეგიკაზმავთ, გლახუნავ, ცხენს».
ესა სთქვა გაბომ და უნაგირი კვლავ შეიტანა თვალში.
დაუჩოქა ქიტესამ გიორგის, სიყრმის მეგობრობა მოაგონა, ნუ დაადგამო გაბოის
პურ-მარილს ფეხს!
საქმე რა მისჭირად, დედის სული დააფიცა ბოლოს.
დედა უყვარდა გიორგის ყველაზე მეტად ამქვეყნად. აქ კი მოტყდა უცნაურად
გაჯიქებული.
«მაშ ჩამომეცალეთ სამივენი ახლავე, მარტოობა მომნატრებია».
განაცხადა გლახუნამ მტკიცედ.
სამივენი გადაჰკოცნა მთვრალმა.
«ბატონი ბრძანდები, ვარდი გფენია შენს გზაზე».
მიუგო ქიტესამ..........................................................
XXVII
მიდიოდა გიორგი, გაუგებარ სიტყვებს როშავდა თანაც. მეგობრები შორიდანაც
ატყობდნენ: ვიღაცას ემუქრებოდა იგი.
ყორეებს ეფარებოდნენ, უთვალთვალებდნენ, ერთი ვნახოთ სად წავაო ახლა?
მოედანი გადაიარა გლახუნამ, ხურსისეულ სასახლისკენ გადაუხვია
მხარმარცხნით.
ეზოში შევიდა და შესდგა.
სამივემ ირწმუნა მცხეთაში გავრცელებული ჭორი: კოლონკელიძის ქალს
ყვარობსო მეფე გიორგი.
გადაჰხედეს ურთიერთს, ჩამოსცილდნენ მართლაც.
ხილნარში შევიდა გიორგი, ახედა ზედაზენის მთებიდან გადმომდგარ მთვარეს.
დათოვლილივით მოსჩანდნენ ატმისა და ვაშლის ხეები, მსუბუქი ბორიო ოდნავ
აქანავებდა ხეთა კენწეროებს.
ტოკავდა შტოთა ნაჩრდილევი სითვით ნაქარგივით ამოჩითული მიწაზე, ასე
ეგონა ბილიკზე მიმავალს: ქარცემულივით ტორტმანობსო მთელი ქვეყანა.
მიწის სუნი, ნაზამთრალი ფესვების სუნი, ატმის ყვავილის ნელსურნელება
იკმეოდა ირგვლივ.
სიმთვრალემ მხნეობა შეჰმატა.
არც დედოფლის რიდი ჰქონდა ამ წუთში, აღარც მელქისედეკ კათალიკოსისა.
იგიც სულ ერთი იყო მისთვის, თუ რას იტყოდნენ სასახლეში ავი ენები.
ჭაღები ქათქათებდნენ ხურსისეულ სასახლეში.
ალბათ მობრუნებულაო ზედაზენიდან შორენა.
«გირშელი კი არა, მამაჩემი რომ წამოდგეს, ბაგრატ კურაპალატი, არ შევეპუები
მასაც».ესა სთქვა თითქმის ხმამაღლა გიორგიმ.
ცა ისეთი მაღალი იყო, ვარსკვლავებიც ისე ნაზად აფახულებდნენ იისფერ
წამწამებს, არასოდეს ასეთი ბედნიერება არა უგრძვნია გიორგის.
ჯერ კიდევ ყრმას შეაჩეჩეს დედოფალი მზრდელმა და მელქისედეკმა, ისე
როგორც მდაბიორს მიუგდებენ მეზობლიანთ თხუპნიას. ბოლოს თავი მოაბეზრეს
სეფექალებმაც, რადგანაც სძაგდა მოძალებული დიაცი.
ამის მეტად არ ეგემნა მიუწვდენელი სიყვარულის ტკბილი ბადაგი.
შესცქეროდა თეთრად მოქათქათე ხილნარს. სიყვარული, ღვინო და ყვავილთა
ნელსურნელება შემოგზნებოდა გულზე.
კიდევ შეჰხედა სასახლის სარკმელებს.
დარწმუნდა: ჩამოსულაო შორენა. რადგან ცაც ისეთი მაღალი იყო,
ვარსკვლავებიც ნაზად ნაბავდნენ იისფერ წამწამებს, ოცნებასა და ზმანებას დაებანგა
ქვეყანა სრულად.
სიჭაბუკის შემდეგ ეს პირველად შედიოდა ხურსისეულ ეზოში გიორგი.
საჯინიბო ღია იყო, შრამელები აეღოთ, მხოლოდ უზარმაზარი ქვის კიბე
დარჩენილიყო უცვლელად.
ჰინდური თუთიყუშები ჩხაოდნენ სადღაც. კიბის შუაგულამდის ისე მიაღწია,
არც მონების, არც ძაღლების ჭაჭანება არსად ისმოდა.
«კარგად კი ჰყოლია დაცული ფხოველი ტყვეები გამოყრუებულ ათანასე ბერს!»
გაიფიქრა გიორგიმ. ინანა: აქამდის რად არ შემოვიპარეო გადაცმული ამ
სასახლეში?
სულ რამდენიმე ხარისხი ჰქონდა დარჩენილი კიბისა, ტალანიდან შინაური
ავაზა გამოვარდა და კიბის თავზე შესდგა.
ფოსფორული შუქი ქათქათებდა ნადირის თვალებში.
გაუკვირდა: აქამდის ცოცხალი ყოფილაო ხურსისეული ავაზა?!
კიდევ აიარა ორიოდე ხარისხი. ავაზა დაიძრა დინჯად და წამოვიდა უცხოს
შესახვედრად.
თორი არ ეცვა მეფეს, შეკრთა, ხმლის ვადაზე წაივლო ხელი.
ვიღაცა დიაცმა გამოსდია ავაზას. უცნობის დანახვაზე შეკრთა.
ამასობაში ავაზა მოეახლა გიორგის, მუხლის თავზე უყნოსა ძაღლივით.
მარცხენა ხელი გამოიღო გიორგიმ, უნდა მიალერსებოდა მხეცს, მაგრამ საეჭვოდ
მიიჩნია სტუმართმოყვარეობა მისი.
მარჯვენათი მოზიდა ხმალი.
«ნუ გეშინია, არას გავნებს, ბატონო».
მიაძახა კიბის თავზე შემდგარმა ქალმა.
შერცხვა კიდევაც ოდნავ, დიაცმა რომ შეამჩნია შეკრთომა ვაჟკაცს.
ტალანში შესულს ეცნაურა შინდისფერ მანდილიანი დიაცი.
«მწუხრი მშვიდობისა».
ეუბნება სტუმარი.
«ვინა გნებავთ, ბატონო?»
ხმა გაიღო ქალმა.
«დიასახლისი ამ სახლისა».
მიუგო გიორგიმ.
???
«ამ სახლის დიასახლისი?»
დადუმდა მცირე ხანს და დასძინა:«სარკინოზებთანაა წასული იგი».
«ვინა ცხოვრობს სასახლეში ამჟამად?»
«ფხოველი ტყვეები, ჩვენ».
«შენ ვინ იქნები, ქალავ?»
«პირისფარეში ერისთავის ქალისა».
«თვითონ შორენა სადა ბრძანდება, პატრონი შენი?»
«შორენა და მისი მოახლენი ზედაზენს წაიყვანა ჩვენმა მოძღვარმა».
«შენი სახელი მიბოძე, ქალავ».
«ვარდისახარი, ბატონო ჩემო».
გიორგის მცირე რამ სმენოდა ამ ქალის გამო, დაკვირვებულად ახედ-დახედა
დიაცს.
«შენ თავათ ვინა ბრძანდები, ბატონო?»
«მეფე გიორგის მალემსრბოლი, ავშანისძე ვარ, გლახუნა».
მეფე გიორგის ხსენებაზე ანაზდად შეშფოთდა ქალი.
«მობრძანდით, – ეუბნება მოწიწებით სტუმარს, დიდ დარბაზისკენ გაუძღვა წინ.
ოთხივე კუთხეში კაცის სიმაღლე შანდლები ენთო, ხალასი ვერცხლისა. ნიშებში
თაფლის სანთლები ბჟუტავდნენ.
ირმის რქები და ტყავები ეკიდა კედლებზე, გაშლილი ვაშკარანები, ღია
სკივრები და ზანდუკები ელაგა ირგვლივ.
შუაგულ დარბაზში ვერცხლის ტაბაკი იდგა, გახსნილი გრაგნილი ზედ იდო
გრძელი. სწორედ ამ ტაბაკთან მიიყვანა ვარდისახარმა სტუმარი, სელზე დაჯდომა
შესთავაზა მყისვე.
გიორგიმ მოურიდებლად დახედა გრაგნილს.
ეს რა არისო?
ეკითხება დიაცს.
«მზითვის წიგნია ერისთავის ქალისა».
ვარდისახარმა ახედ-დახედა სტუმარს.
ასე დაასკვნა სამოსის მიხედვით: მდაბიორიაო ვიღაცა, ალბათ, გულახდილად
დაუწყო ამიტომაც მას საუბარი.
მარტოშთენილისათვის აღტაცება მოეგვარა, როგორც სჩანდა, შორენას მზითევს.
სათითაოდ უჩვენებდა ყოველივეს სტუმარს.
დაუზარებლად ეტიკტიკებოდა მეფეს, აქებდა თავის პატრონს თანაც.
გულნაზიაო და პირმშვენიერი შორენა. ურთიერთისაგან არ არჩევსო დიდსა და
მცირეს, მანდილოსანის სინატიფე და რაინდის ლომგულოვნება თანაბრად
შერწყმულიაო მასში.
ბედმა უმუხთლაო ჩემს პატრონს ერთხელ, დააბეზღესო მსტოვარებმა
კოლონკელიძე, მეფის ღალატი შესწამესო უბრალოდ, ზვიად სპასალარს აძაგებდა,
კვეტარის დამქცეველს, თვალები დაუბნელესო უმიზეზოდ ბედკრულ ერისთავს.
ზვიადმა მოუკლაო ერისთავის ქალს საქმრო, ბოლოს თავათ მეფეს უნდოდა
ცოლად შეერთო, მაგრამ მელქისედეკმა და დედოფალმა არ დაანებესო. მაინც
მოხედაო შორენას ღმერთმა...
ახლა თავისი ცხოვრების ამბავიც წამოიწყო ვარდისახარმა.
მეც ვიყავიო ბედნიერი ოდესღაც, ოვსთა მეფე მიგულებდაო სასძლოდ (არ
გაუმხელია, ხარჭად რომ ჰყავდა ოვსთა მეფეს, არც ის უთქვამს, ჭიაბერმა რომ
მოაწამვლინა იგი).
უცებ შესწყვიტა ამგვარი ტიკტიკი.«მაინც რა საქმე გაქვს შორენასთან, კაცო?»
«ნაბრძანები მაქვს პირადად მოვახსენო საუწყებელი».
«მაშ დაიცადე მცირედი, გამოჩნდებიან სადაცაა ალბათ».
გიორგიმ თავათაც არ იცოდა ამ წუთში, მართლაც რომ შემოსულიყო შორენა, რა
უნდა ეთქვა მისთვის მოულოდნელ სტუმარს?
გიორგიმ საუბარში შეატყო: დიაცმა არც კი იცოდა, მოდიდებული რომ იყო
არაგვი.
მთელი კვირაა გარეთ არ გამიხედავს, შორენას მზითევს ვითვლი და ვალაგებ,
გურანდუხტს მოველითო ხვალ.
ესა სთქვა ვარდისახარმა და გახსნილ ვაშკარანებთან მიიყვანა სტუმარი.
საყდრის იარაღებს აჩვენებდა დიდის მოწიწებით. ოქროთი შეჭედილ ხატებს,
ვერცხლის ლუსკუმიან ჯვრებს, დიდრონი იაგუნდებით, ლალებითა და
საფირონებით მოოჭვილთ.
ძელი ჭეშმარიტი გადმოიღო ერთი, ხოშორის მარგალიტებით შემკული,
სახარება და ფსალმუნი ფერადი მინიატჲურებით დამშვენებული, ოქროთი
მოჭედილი ბუდეებიც მათთვის.
სპილოს ძვლის ზანდუკი გახსნა, საყურეები ამოიღო ბადახშანის ლალებითა,
ნიშაბურის ფირუზებით, მურასა ჯაჭვებითა და თითრიმებითა.
შესანიშნავი მანიაკები გადაიცვა ყელზე, ვარდისფერი იაგუნდებითა.
წითელი, ყვითელი და პირისფერი იაგუნდები ისხდნენ ბეჭდის თვლებში.
მიჭვრიტანები ამოალაგა ოქროთი მოზარნიშებულნი, საყურეები ყვრიმალებთან
მიჰქონდა, ბეჭდებს თითებზე იზომავდა.
ასე ეგონა: თვალს მოსჭრისო მათი დანახვა ხამლის სამოსში გამოწყობილ
«მდაბიორს».
როცა პატიოსანი თვლები წამიერად მიეახლებოდნენ ვარდისახარს, ეს ყოველივე
ბრწყინვალებას ჰმატებდა ისედაც პირმშვენიერ დიაცს, მაგრამ მათგან მოგვრილი
აღტაცება თვალსაჩინოდ ჰხდიდა მდაბიორობას მისას.
ახლა დიდი ზანდუკი გახსნა ჯვრის ჩუქურთმებით შემკული. ოქროს ფიალები
ამოალაგა, ვერცხლის ჯამები, ვერცხლნაქანდაკები ლანგარები, წეროსყელიანი
სურები.
ოქროს ფიალა აიღო გიორგიმ. ირმები იყო ზედ გამოსახული, ფური და ხარი
მიჰყვებოდნენ ურთიერთს, წყვილებს წყვილებიდან თიშავდა მგელკაცების უცნაური
ფიგურები.
დიდ სურაზე ნადირობა იყო გამოხატული, ხოხობზე მონადირე მოისარები
მოსჩანდნენ, მაძებრების თავები, გაქცეული ნიამორების გადრეკილი ზურგები. ვაზის
ლერწები და ფოთლები გარს ერტყა სხვათა, უდიდესი გულმოდგინებით
შესრულებულნი ოსტატის მიერ.
ახლა საპირფარეშოს ოქროს გოდოლები გადმოიღო ვარდისახარმა, უმარილის
სალესი ჯამები, თმის საყოფები, ყურისა და კბილის საჩიჩქნი ჩხირები ოქროისანი,
ბროლისტარიანი თმის სახვევები, გველებრ დაგრეხილი ოქროს მარყუჟები
ნაწნავების დასაგრაგნელი.
მოჩვენებითი გულისყურით ათვალიერებდა ამ ნივთებს გიორგი. გამოართმევდა
ვარდისახარს, სინჯავდა, აქებდა სათითაოდ ყველაფერს.
ორხოვის ნოხები ამოალაგა დიაცმა, ხატაური და ჰინდური სტავრა, ოქროთი
ნემსურნი სრულად.ვერცხლის თუნგები აბანოში სახმარი, ფერადად ნაქარგი აბანოს სჲუზანები,
მოვის პერანგები, მარგალიტის თირთიმებითა და ყირმიზი ლალებით
დამშვენებულნი.
საწმერთულებს თვალი წაატანა გიორგიმ, პირისფერს, ბროწეულის ყვავილისა
და სინგურისფერისას.
გულისპირები ამოჰყვა მათ, ფერადი მაშიები, მარგალიტით მოოჭვილი ქოშები.
ერთი საწმერთული აიღო გიორგიმ ხელში, ხოხბისყელისფერი, ტოტებზე ირმის
თავები იყო სითვით ამოქარგული, მეორეზე ვაზის ფოთლები და მტევნები იყო
ოქრომკედით ამოყვანილი.
ხატაური და ირანული დიბის კაბები გადმოიღო ვარდისახარმა, ნარინჯისფერნი,
მზისფერნი და ზღვისფერნი.
ცხრა კაბა ქირმანული ფერადი შალისა, ცხრა საწმერთული გვიმრისფერი,
ენდროსფერი და პირისფერნი.
ოქროს ქამრები, მძიმე სარტყელები ამოალაგა თეთრი, შავი და უნაბისფერნი.
ყვითელი, მწვანე, ჟრუნი და იისფერი ქათიბები, ოქროს სინსილიანნი,
ტყავკაბები, ოქროქსოვილი ზორტებით და მარგალიტის ფოჩვებიანნი.
კვერნის ტყავები მარგალიტის საყბეურებით, ოქროსა და ალმასების ღილებითა.
ქვეშაგებს თვალი მოჰკრა გიორგიმ, დორებს, საფენებს, ვაშკარანებს, მაფრაშებს,
თასებს, ხატაურსა და ირანულ ლანგრებს, ვაზებს და სურებს.
ქირმანული ხალიჩები ეყარა ირგვლივ, ოქრომკედით მოქარგული მუთაქები,
ბალიშები და ნატები.
ახლა ცხენსაკაზმი აჩვენა დიაცმა.
მურასა ოქროთი შეჭედილი უნაგირები, მშვლის ბეწვის თოქალთოები,
ოქრომკედით კიდემოხატულნი, ვერცხლის სამკერდენი, საცხენო თორნი,
ბიზანტიური, ქართული და ირანული, ვერცხლით შეზიკული აღვირები, ლაგამები
და მოსართავები.
მარგალიტის ქუდი ხელში შერჩენოდა ვარდისახარს, თავზე დაიხურა და
გაუღიმა სტუმარს.
«ერთ წუთში მე ვიქნები ერისთავის სასძლო».
ნაღვლიანად დასძინა:
«ეჰ, ერთ დროს მეც გამიღიმა ბედმა, მაგრამ რისხვით მობრუნდა ჩემს თავზე
ცარგვალი!».................................................
გიორგიმ შეჰხედა დიაცს.
გაახსენდა ზვიადის ნაამბობი: მეჯადაგის ქალი ყოფილაო ვარდისახარი.
შესცქეროდა, უკვირდა: როგორ წარმოშვაო მეჯადაგემ ეგზომ მშვენიერი დიაცი!
თვალი შეავლო მარგალიტის ქუდს და მწყრისფერ აბრეშუმის კაბას.
მოაგონდა: ეს ქუდი ეხურა შორენას, როცა კვეტარის ციხის კარებთან შეაგებეს
იგი მეფეს. სწორედ ეგ მწყრისფერი კაბა ემოსა იმ საღამოს.
მართლაც სადედოფლო ქალი იდგა მის წინაშე. შორიახლო იწვა ავაზა, წინა
თათებზე დაედო თავი.
ოდნავ, სულ ოდნავ ჭორფლიანი, მაგრამ თეთრი, ვაშლის ყვავილისფერი სახე
ჰქონდა, ავაზას დარი თვალები.
მწყრისფერი აბრეშუმი დიდად ჰშვენოდა, ნასხვისარობა ეტყობოდა კაბას.
მკვრივად შემოტმასნოდა იგი გათქვირულ ძუძუებსა და სავსე თეძოებს.
ზედა ტანი ოდნავ გაცრეცილი იყო სწორედ იმ ადგილას, სადაც ძუძუს კერტები
ზედმოსდგომოდა მწყრისფერ აბრეშუმს.ახლა დარწმუნდა გიორგი: მართლაც გრძნეული უნდა იყოსო ეს დიაცი.
განზრახ შეეკითხა ვარდისახარს:
ვის მიჰყვებაო ცოლად ერისთავის ასული?
???
ვარდისახარი გაოცდა: როგორ არ სცოდნიაო ეს ამბავი მცხეთელს? მთელი
ქალაქი ამ ქორწინების გამო ჭორაობსო დღენიადაგ.
«მაინც ვის?»
გაუმეორა გიორგიმ კითხვა.
«მეფე გიორგის ბრძანებით, გირშელს, ყველისციხის პატრონს».
მოწიწებით წარმოსთქვა ერისთავის სახელი დიაცმა.
გველცემულივით ზეწამოიჭრა სტუმარი, ამ წუთში ირწმუნა: სამუდამოდ
დავკარგეო შორენა.
სამსჭვალივით ეცა გულზე ეს სახელი «გირშელი».
განზრახ შეეკითხა დიაცს:
«რა კაცია ნეტავ ეგ გირშელი?»
«დიდი ვაჟკაცი, მოისარი ფრიადი, ერისთავი უსაჩინოესი, გიორგი მეფის დედის
დისწული».
კიდევ აპირებდა ვარდისახარი ამ რაინდის სხვა სიქველეთა ჩამოთვლას, მაგრამ
სტუმარმა არ აცალა და სიტყვა ჩაუგდო საუბარში ასეთი:
«ალბათ ბედნიერია ერისთავის ქალი, ჰა?»
«ჩემს პატრონს სხვა უყვარდა, არხეგოსი, ერისთავი ჭიაბერ, მაგრამ რა ჩარა აქვს
ახლა, გიორგი მეფის ტყვეები ვართ ჩვენა, არჩევანის ნება ვინ მოგვცა ბედშავთ?»
«ასე რომ, მეფე გიბრძანებთ, ყოველივეს შეასრულებთ, არა?»
გაეხუმრა გიორგი და მის მკერდს დაადგა თვალი.
ქალმა ეს შემოხედვა დაიჭირა, აიმღვრა, აღარ იცოდა, რა ეპასუხნა.
«აფსუს, რად არა ვარ მეფე გიორგი?!»
ვითომდაც ნაღვლიანად ამბობს სტუმარი. კიდევ შეხედა მის აბორცვილ
ძუძუებს და კვლავ გაუღიმა, ახლა უფრო მოურიდებლად, მრუშად.
«მეფე გიორგი რომ იყვე, რას იზამდი ნეტავი?»
«მეფე გიორგი რომ ვიყვე? ხარჭად აგიყვანდი შენაც».
ეს უთხრა, ახლოს მიეჭრა დიაცს, ავაზისებრ თვალებში ჩააშტერდა, მარჯვენა
ძუძუზე წაუცაცუნა ხელი (ასეთი მშვენიერი ძუძუები არასოდეს ენახა ქალის
სხეულზე გიორგის).
ვარდისახარი აილეწა.
«ხელები დაიმოკლე, ბედშავო!»
შერისხა და მარჯვენა ხელზე წაუტლაშუნა მამაკაცს მარცხენა.
გიორგიმ ხელი მოუნაცვლა, ახლა მარცხენა წაუცაცუნა მარცხენა ძუძუს, მერმე
მარჯვენა გამოიღო სწრაფად, ქედზე შემოჰხვია, მოიზიდა დიაცი.
მკერდზე შემოენთო ქალის სხეულის სილბო და სიტფო.
უარესად აღელდა მთვრალი, თავი გადაუწია მკლავებში ჩაბღუჯულს, უნდოდა
მისწვდენოდა მის წითელსა და ვნებიან ტუჩებს, მაგრამ ლეღვის შტოსავით გადაიკეცა
ქალი.
მარჯვენა გამოიღო, მკერდზე ხელი ჰკრა მამაკაცს და მიახალა:
«თუ მართლაც მეფის მიერ ხარ მოგზავნილი, ისე გაისარჯე, როგორც მეფეთა
მოციქულებს ეს ეკადრება, ბრიყვო».
ასეთი სიტყვა არავის უკადრებია გიორგისათვის ჯერ.ბრაზი, ღვინო და ვნება მოეძალა ერთბაშად, ნაბიჯი წინ წასდგა კვლავ და
ეუბნება დიაცს:
«მე თვითონ ვარ მეფე გიორგი».
იქედნურად გაუღიმა ქალმა:
«მეფე გიორგის მიგიგავს წვერი».
სტუმარმა ჩაიცინა, კვლავ წაეპოტინა იგი ვარდისახარს. მცირე ხანს იბრძოდნენ
დიაცი და მამაცი. მკლავების სალტეებში მომწყვდეული ატირდა.
თუ არ მომეშვები, ვიკივლებო ახლავე.
მკლავები შეუშვა გიორგიმ, ვარდისახარმა იდროვა, ხელი ჰკრა ისევე მკერდზე,
დაბარბაცდა მთვრალი, მუნვე გაწოლილ ავაზას ზედ გადააწყდა. ნადირი განზე
გადაუხტა, თვალები დაუბრიალა უცხოს, შემზარავად ლაშდაღრენილმა.
თავისი გაცოფებული ავაზა მოაგონა გიორგის ფოსფორულმა ელვამ, ხმალს
ხელი მიჰყო, ელვის უსწრაფესად ძირს დასცა მხეცი.
სისხლის დანახვისას შედრკა უცნაურად ქალი. გიორგიმ ხმალი გასწმინდა,
აუღელვებლად ჩააგო ქარქაშში. კვლავ მიეახლა ვარდისახარს.
ასე ეგონა, დავიუფლეო შემკრთალი დიაცი.
გაიბრძოლა ქალმა, ისევ ატირდა, მაგრამ მტკიცე მკლავები შემოჭდობოდა
სხეულზე. გახელებული მთვრალი ჰკოცნიდა ყვრიმალებზე, კისერზე.
საკინძე გაუფხრიწა გიორგიმ და ძუძუზე უკბინა გახელებულმა.
ვაჰმეო, იყვირა ვარდისახარმა და როცა შემკრთალი მამაკაცი მოეშვა კვლავ,
მარჯვენა მკლავი მოუქნია და სტკიცა სილა.
გონს მოვიდა მთვრალი, სიწითლემ იფეთქა მის სახეზე, ავაზას ლეშზე
გადააბოტა და მიმართა ღამეს.
XXVIII
...«ახლა, ქორწინებისათვის კვიმატი
დღეების გამოც უნდა მოგითხროთ მცირეოდენი.
გაზაფხულის სამივე თვეში კურდღლის
დღენი სამივენი ნავსია.
ზაფხულის სამივე თვეში ცხენის
დღენი სამივენი ნავსია»...
ფარსმან სპარსის სამთვარიოდან.
შოშიები მობრუნებულიყვნენ მცხეთაში.
არსაკიძე აივნიდან უთვალთვალებდა; აურაცხელი მშვენიერი ფრინველი
შერეოდა ჭადარს.
ეშვებოდა ბინდი.
არსაკიძე ჯერ კიდევ ჰხედავდა ხოჭოს ჯავშანივით ლაპლაპა ნაკრტენზე ალაგ-
ალაგ სხურვებულ სიშავეს. ერთობლივად ჟიოდა, ჟღურტულებდა სირი.
შოშიები არ აპირებდნენ დაცხრომას. უცხოსა და უცხო ქვეყნების ამბავს
უამბობენო თითქოს ურთიერთს, ერთად ყოფნით გახარებულნი.
დაქანცული იყო დღიურ ჯაფისაგან კონსტანტინე. სვეტს მიყრდნობილი
შესცქეროდა, ყურს უგდებდა ამ სანახაობას.
ასე ეგონა მჭვრეტელს: სადაცაა შევიცნობო მათი იდუმალი ჟღურტულის
შინაარსს.უცნაური სიმარტოვე შეიცნო.
სიყრმე მოაგონდა თავისი.
სწორედ მის სარკმელთან მოდიოდნენ ისინი გაზაფხულზე კვეტარში.
ნეკერჩხლის ხეზე ათევდნენ ღამეს.
შოშიებს მოჰქონდათ გაზაფხულის სიხარული მთაში.
დედა მოაგონა ამ ამბავმა არსაკიძეს.
დაფათურებს ალბათ შაოსანი მთიულური ქვიტკირის ეზოში.
ყორნები შემომსხდარან მახლობელ ნაძვებზე, უხიაგი ყრანტალით უხმობენ
ღამეს. შოშიები ჟივიან ნეკერჩხლის მწვანეში.
თვალნათლივ ჰხედავს კონსტანტინე შავ ცხვრებს.
მოისმის ნერბებისა და ბატკნების ერთობლივი ბღავილი.
გონების თვალი მიაყოლა შავადმოსილ მოხუცის ლანდს.
დაფაცურობს დედა, დასდევს დახუთული ცხვრებს.
ვიდრე ერთს გამოსწველიდეს, რომელიმე თოხლი შეუვარდება ჯიქანში შაქს.
დაიჩოქებს, ურაჯგუნებს გამობერტყილ ძუძუებს.
სიყრმეში თავათ ეხმარებოდა ცხვრის წველისას დედას, საჩიხეში შერეკავდა
ბატკნებს, ხელს წაავლებდა ყურზე, სათითაოდ მოჰგვრიდა ჯირკვზე მჯდარ მოხუცს.
ამ წუთში შემოესმა არსაკიძეს გულგანაწყენი ბღავილი.
დაფაცურობს შუაცეცხლთან დედა.
ჩრაქვით გააღვიძებს ცეცხლს.
რძეს ჩააყენებს...
ილოცავს...
ხატს შეავედრებს თავის ერთადერთ ვაჟს.
დაწვება მოხუცი იმ იმედით: სიზმარში მაინც ვნახოო გადაკარგული შვილი.
«უტა», – მოესმა არსაკიძეს თავისი ლაზური სახელი.
შოშიები დაცხრნენ.
მდუმარებამ დაივანა ბაღში.
მთვარე ჯერაც არ ამოსულიყო.
ქიმერებივით მოსჩანდნენ ცაცხვების, ჭადრების და ფითრიანი მსხლების
სილუეტები.
უყვარდა არსაკიძეს ჭვრეტა ღამისა, როცა ქვეყანა ბნელითაა მოცული და
მხოლოდ ჩქამით შეიცნობა, რომ სიცოცხლე ჯერაც ფეთქავს მიწაზე.
აივანზე მარტო დარჩენილს მოესმის თითქოს დედის ნათქვამი ლაზურად: რძე
დალიეო, უტა!
დასძაბა გონების ძალი თვალდახუჭულმა: სურდა შეეცნო, თუ რას ეტყოდა
შორეული ჩვენება დედისა?
უსუსური აღმოჩნდა გონება.
ახლა ნანობს არსაკიძე: რად არ ვასწავლეო მოხუცებულს წიგნი?
სიტყვიერად უთვლიდა მოკითხვას შორიდან.
ხან წაბლს გამოუგზავნიდა, ხან ზღმარტლს, ხან პანტას, დედის მიერ
ხელშენავლებს. ფხოვურ პაჭიჭებს, ჭრელ წინდებს, კალთებმოქარგულ ფხოვურ ჩოხას.
იმდენი სყვარული და სიტფო თან ჩამოჰყვებოდა ხოლმე ამ საგნებს, დიდხანს,
დიდხანს ყოფნიდა ჯაფისაგან წელში გაწყვეტილ ოსტატს ეს ყოველივე.
უთვლიდა დედა:
დავსნეულდიო, შვილო, მეშინია: არ ამომხდესო უშენოდ სული.
ცნობა მოვიდა კვეტარში: გაუცვნიხარო გიორგი მეფეს.ალბათ მეფესაც ეყოლებაო დედა, ალბათ მეფესაც ეყვარებაო დედა.
დედა დააფიცეო მეფეს, შეევედრეო ჩემს მაგივრად, გამოგიშვასო დედის
სანახავად.
ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც თვალი მოგკრა როგორმე. სიკვდილის წინ
დაგლოცო, შვილო, შემდეგ ამისა ნუ შემრჩება სუნთქვა, შემდეგ ამისა მიმიღოსო
უფალმა.
გზა რომ ვიცოდე, კვალი რომ ვიცოდე, თავათ წამოვიდოდი როგორმე,
პურისმცხობლად დავდგებოდი შენს ახლოს სადმე, თავს არ დავზოგავდი,
წამოვფორთხდებოდი როგორმე, ფეხები დამისივდა, ძველებურად ვეღარ ვჯდებიო
ცხენზე.
ეგეც არ იყოს, ვინღა მიხედავსო მამას, ფხოვურ მიწაში მარტოკა მწოლარეს?
საკლავს ვინ შესწირავსო სულის საცხონებლად, ხუცს ვინ აწირვინებსო
სალხენად მისდა?
ისევ ისა სჯობია თავათ ინახულოო მოხუცი დედა.
ეს შემოუთვალა არსაკიძეს დედამ, კალატოზის ბოდოკიას პირით.
ფხოველი დიაცი ჰყავდა ბოდოკიას, ლაზს.
არა ჰქნა დედაკაცმა ბარში ჩამოსვლა, ვერ მოვშორდებიო წინაპართა საძვალეს.
თავათ მიდიოდა ამიტომაც ბოდოკია სამ თვეში ერთხელ ცოლის სანახავად
ფხოვს.
მას შემდეგ, რაც ფარსმან სპარსს აჰყარეს პატივი, არსაკიძე გახდა
ხუროთმოძღვარი მეფისა.
მეფისათვის უნდა ეთხოვა მას ფხოვს წასვლის ნება.
ერიდებოდა თხოვნას.
თავათაც ენატრებოდა მოხუცის ნახვა, მაგრამ არ იქნა და ვერ მოთავდა
სვეტიცხოველი.
რაც უფრო მაღლა მიიწევდა შენობა, უფრო და უფრო რთულდებოდა ოსტატის
საქმე.
ხარაჩოები ინგრეოდნენ ზამთრობით, მუშახელი ზიანდებოდა.
დაიღუპებოდა რომელიმე ოსტატი, მშენებლობა შეფერხდებოდა.
კაცის მაგივრად კაცის პოვნა ხომ ადვილია, ოსტატის ნაცვლად ოსტატის
გამონახვა ასევე ძნელი.
კარგად იცოდა კონსტანტინემ:
ქმნილების დაწყებაა მთავარი, მაგრამ დასრულება მისი უმთავრესია მაინც.
დიდი მოამაგე იყო მელქისედეკ კათალიკოსი, მაგრამ ჟამიდანჟამზე ხელს
უშლიდა არსაკიძეს. ფარსმანის მაგალითით დაშინებულს, ყოველ წვრილმანში
«წარმართობა» ელანდებოდა, უნებლიეთ ებრძოდა ბერიკაცი ქართულ მოტივებს,
ძველბიზანტიურ მკვდარ სქემებზე შეყვარებული.
თავათ არსაკიძესაც ბერძნული სკოლა ჰქონდა ბიზანტიონში განვლილი. მას
შემდეგ, რაც თავისთავადი გახდა ოსტატი, უღალატა მასწავლებელთა გზას.
(ეს ასე ყოფილა მუდამ: ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი,
ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში).
იჭნეულად შესცქეროდა მელქისედეკი არაქრისტიანთ ოსტატთა შორის. უნიჭო
ქრისტიანს არჩევდა ნიჭიერ ირანელს, ანდა სარკინოზს.
არსაკიძესაც ახელებდა მელქისედეკის უთავჟამო მითითებანი. მუდამ სძაგდა
ისეთი ოსტატები, რომელთაც პირჯვრის წერის მეტი არა ესწავლათ რა.გამოგზავნიდა ხოლმე რომელიმე მეჯადაგეს კათალიკოსი, მართლმორწმუნეაო,
შემოუთვლიდა, გამოიყენეო ეს ოსტატი როგორმე.
სასტიკად ტუქსავდა ამ «მეჯადაგე ოსტატებს» არსაკიძე.
ბრაზმორეულნი
გარბოდნენ
ეზოსმოძღვართან,
ხანაც
კათალიკოსს
დაუხვდებოდნენ წინ, მშენებლობის მოსახილველად მოსულს.
აბეზღებდნენ არსაკიძეს: მართლმორწმუნეებს სდევნისო «წარმართი ფხოველი»,
იბერიელბსა და ქრისტიანებს აქვეითებს, აწინაურებსო ლაზებსა და ფხოველებს.
გასულ წელს ხარაჩოებიდან ჩამოვარდა კალატოზი გარისელისძე, მოქანდაკე
ქველაისძე, მეჩუქურთმე კვირიკაისძე, მეფის მხატვარი ოტობაია, მექანდაკენი:
როსტომაისძე და წვერგრძელისძე.
წრეულს მიწისძვრის დროს, თებერვლის 3-ს, კედელი ჩამოწვა. ასზე მეტი მონა
ხელოსანი გასრისა, სამას ფხოველთაგან მხოლოდ სამოცი გადარჩა.
ცუდი კვება და სახადი მუსრს ავლებდა მუშახელს.
მოაქუჩებდნენ ცხედრებს, დავითნს წაუკითხავდა ხუცესი, დაჰყრიდნენ
ურმებზე და ჩაჰყრიდნენ ქალაქს გარეთ ორმოში (არც კაცს, არც ქვას, არც სიტყვას არ
შემოუნახავს მათი სახელი).
არსაკიძე ჰხედავდა ამას ყოველივეს.
გული სტკიოდა, ვერ ბედავდა ხმის ამოღებას.
ასეთ დროს ტაძრის მიტოვება და ფხოვს წასვლა ღალატი იქნებოდა საქმისა
უთუოდ.
«ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ
სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან».
იტყოდა ხოლმე არსაკიძე.
ღამემ დაივანა რატისეული სასახლის ხილნარში.
ვარსკვლავები აყვავდნენ ცაზე. კალთები შეუწითლდა დასავლეთით ცას.
ჯვარის მონასტერს წამოადგა მთვარე.
ტურების კივილი მოისმოდა შორიდან, კატები ღნაოდნენ ბაღჩაში.
შეკრთა ბნელში მდგომარე უეცრად.
ნონაი ეპოტინებოდა მკლავზე.
შესჭამეო რაიმე, შვილო.
დიდხანს უჯდა შუაცეცხლს ნონაის სამყოფელში ლაზი.
ქუმელი ძლივს შესჭამა მცირედი.
მადლი უძღვნა ნონაის.
ხელის დაბანა მოეწადინა.
ფრჩხილებზე დაიხედა უეცრად.
გაახსენდა: ფეხი რომ დაუცურდა ხარაჩოზე ამ დილით, მოებღაუჭა ძელს.
ფრჩხილები დამსხვრევოდა მარჯვენაზე სრულიად.
დანა გალესა, ქნა დაუწყო ფრჩხილებს.
ადგა ნონაი.
წიგნი მოუტანა ყდაგახუნებული.
ფრჩხილის დაქნისათვის სწერიაო ამ წიგნში რაღაც.
«უკეთუ ურჩხულის დღეს ფრჩხილი დაიქნას ვინმემ, გულის სწორთან
წაკიდებას ელოდეს იგი.
ვინცა ძროხის დღეს დაიქნას, სიხარულია უეცარი მოსალოდნელი.
კურდღლის დღეს – საყვარელთან წაკიდებასა, გველის დღეს – მორიელისაგან
დაკბენას.ცხენის დღეს – ქრთამებსა ფრიადს, ლომის დღეს – საწადელი აუხდეს».
თავი აიღო არსაკიძემ, შესცინა მხევალს.
«ვისია ეს წიგნი, ნონაი?»
«ფარსმან სპარსმა უსახსოვრა განსვენებულს რატის ოდესღაც».
დიდხანს იჯდა არსაკიძე კერასთან.
კითხულობდა სამთვარიოს, ცეცხლის შუქთან მიჰქონდა წიგნი.
ნონაი კუთხეში მიგდებულიყო დათვის ტყავზე.
ბოდავდა ძილში.
კენჭი შემოვარდა სარკმლიდან.
ჩქამი შეიცნო არსაკიძემ, მიიხედ-მოიხედა, კვლავ განაგრძო სამთვარიოს
ფურცვლა.
ახლა მის ფერხთით დაეცა კენჭი.
ადგა, ბაღჩაში გავიდა.
ჭოტის ხმა მოდიოდა მუხოვანიდან.
შინ შებრუნება დააპირა და სწორედ ამ დროს გაიელვა ცაცხვის ქვეშ
თეთრრიდიანმა ლანდმა.
მიეახლა თუ არა, მთვარის შუქზე ვარდისახარი შეიცნო.
დარბაზში აიყვანა სტუმარი.
შემკრთალი ეჩვენა ვარდისახარი, ქუშამომჯდარსავით ქშინავდა დიაცი.
ჭაღები დააქვრეო, ეს იყო პირველი სიტყვა სტუმრისა. შემოგვისწრებსო ვინმე.
ეუცნაურა მისი ნათქვამი არსაკიძეს.
სელი მოუტანა და დასვა დიაცი.
დარბაზს თვალი მოავლო ვარდისახარმა, მიაშტერდა კედელზე დაკიდულ
ფარებსა და რკინის პერანგებს.
ისევ შეევედრა ვაჟს:
შუქი რაღად გინდა, დააქვრეო ჭაღები.
«რად უნდა დავაქრო, ქალავ? ნონაის სძინავს, რატისეულ მხევალს, სხვა ვინღა
მოვა ამ ღამეში ჩემთან?»
თავათაც აიღო სელი, გვერდით მიუჯდა.
უფრო მეტად დამშვენებულიყო ტყვეობაში ვარდისახარი.
მოეწონა წაწალყოფილი.
ქედზე ხელი გადაჰხვია, აკოცა ყვრიმალში.
ნებას დაჰყვა დიაცი, წელზე ხელი მოავლო, მოიზიდა. თავი გადაუწია, დიდხანს,
დიდხანს უწუწნიდა გოლეულივით ტკბილსა და ვნებიან ტუჩებს.
მერმე მოსწყდნენ ერთიმეორეს ვნებისაგან აღრეულნი.
თრიაქით მთვრალს მიუგავდა ვეფხისებრი თვალები დიაცს. ხორბლისფერი
ნაწნავები დაუხსნა არსაკიძემ, თავის გარშემო სამკეცად შემოგრაგნილი.
ადექი, ტახტზე დავჯდეთო, შეევედრა ვაჟი.
აქ მირჩევნიაო, აიჩემა ქალმა.
კიდევ შეევედრა ვაჟი, მაინც გაჯიქდა ვარდისახარი.
მივიდა ვაჟკაცი, ბალღივით აიყვანა გათქვირული დიაცი და ტახტზე დააწვინა
ძალით.
ქალი წამოდგა, ჯდომა სჯობიაო წოლას.
არსაკიძე გვერდით მიუჯდა ისევ.
თავი აარიდა საყვარლის ხვევნას ვარდისახარმა. შერისხა ვაჟმა, დიაცი ადგა,
ტახტის წინ დაიჩოქა, მუხლზე თავი დაადო არსაკიძეს. ბალღივით აქვითინდა.ვაჟმა არა ჰკითხა მიზეზი.
დიდი ხნის გაყრის შემდეგ მოსულს ანაზდად აუჩქროლდაო გული. ალერსითა
და ლაციცობით მოიოხეს ვნება.
წყალი ითხოვა სტუმარმა.
მოიკლა თუ არა წყურვილი, გამხიარულდა, ატიკტიკდა თავისებურად.
შორენა ზედაზენს იყო, გუშინ მობრუნდაო ძლივს, გურანდუხტი შინ დახვდაო.
«ტირილით გადაეხვიენ დედა-შვილი ურთიერთს. ქვა ადუღდებოდა მათი
შემხედვარე.
ნიშნობა იქნება მალე».
აქებდა, ადიდებდა ვარდისახარი გირშელს, ყველისციხის პატრონს.
ქვეშეცნეულად არ მოსწონდა ეს კაცი არსაკიძეს, არც მისი ხსენება იამა ახლა,
მაინც ყურს უგდებდა დიაცის ტიკტიკს.
«გუშინ თვალი მოვჰკარი, – განაგრძო ვარდისახარმა, – ჰშვენოდა ცხენზე ჯდომა
ერისთავს. გიორგი მეფეს მიჰყვებოდა ცხენდაცხენ. სულ რჩეული რაინდები ახლდნენ,
თორ-აბჯარში ჩაჭედილნი სრულად. სახის იერით გიორგი ბრწყინავდა, ახოვნებით
გირშელი – ყველისციხის პატრონი.
მოოქროვილი თორი ეცვა მეფეს, ხოლო ერისთავს მოვერცხლილი სრულად».
იჭვნეული იყო არსაკიძე ფრიად, განსაკუთრებით ვარდისახარის მიმართ.
დღემდის ვერ ეპატიებინა მისთვის ოვსთა მეფის ხარჭად ყოფნა ოდესღაც.
«შენ მაინც რომელი უფრო მოგეწონა, ვარდო, გიორგი მეფე, თუ ერისთავი
გირშელი?»
დამცინავი კილოთი შეეკითხა დიაცს.
კითხულმა ვერ გაიგო დაცინვა.
«მართალი გითხრა, გიორგი მეფე, – მე არ მიყვარს მამაკაცი ახმახი».
არსაკიძე აიმღვრა, მაგრამ დადუმდა.
აივნიდან ჩქამი შემოესმათ.
მასპინძელი გარეთ გავიდა.
ძაღლი დარჩენილიყო ტალანში. ძირს ჩაუშვა, კარი გადარაზა ისევ.
ვარდისახარი ზეზე დაუხვდა. ამბობს:
«შინ უნდა წავიდე, თორემ შორენა არ დაწვება უჩემოდ. ტანზე უნდა გავხადო
ჩემს პატრონს».
«შეიცადე მცირე ხანს».
მიეახლა ვაჟი.
ტახტზე დასვა კვლავ. გვერდით მიუჯდა, თმა გადაუწია და ყურის ბიბილოზე
აკოცა.
ატიკტიკდა ვარდისახარი ისევე.
საიდუმლო უნდა გაგიმხილო ერთი. ფიცის ქვეშ გამანდოვო გურანდუხტმა,
შორენას დედამ.
დაინტერესდა არსაკიძე.
რა გიამბოო გურანდუხტმა ასეთი?
გაჯიუტდა დიაცი.
შეევედრა არსაკიძე კვლავ.
«მაშ შემომფიცე, შორენასაც რომ არ გაუმხელ».
სამკეცი ფიცი დასდო არსაკიძემ.
«თურმე ნუ იტყვი, – იდუმალის ხმით დაიწყო ქალმა, – შორენა როდი ყოფილა
შენი ძუძუმტე».«მაშ ვინა?»
შეაწყვეტინა გაოცებულმა სიტყვა.
«მზექალაი, კოლონკელიძის ხარჭის ნაშობი».
«სადღაა მერმე მზექალაი?»
«აკვანშივე მომკვდარა იგი თურმე».
ვარდისახარი მცირე ხანს შესდგა, ისევ მიმოიხედა და განაგრძო:
«ჰოდა... მზექალაი ყოფილა ძუძუმტე შენი».
«მაშ რად გვეუბნებოდნენ, ძუძუმტენი ხართო?»
«ალბათ მაშინაც იცოდნენ, ყმაწვილები რომ წაწლობენ ფხოვში, შეშინებია
გურანდუხტს, ამიტომაც დაუთქვამს ძუძუმტეობა თქვენი».
ესა სთქვა ვარდისახარმა. ცბიერად გაუღიმა საყვარელს. თითქოს უსიტყვოდ
ეკითხებოდა თვალებით: ხომ არ გაგიხარდა, რომ არა ხარო შორენას ძუძუმტე?
გაოცდა არსაკიძე ამის გამგონე. დიაცის ღიმილის შინაარსს არც კი ჩასწვდენია.
«მარტოკა იზრდებოდა კვეტარის ციხეში შორენა, აზნაურთაგანი არავინ იყო
ახლომახლო, მონები სად გაუწევდნენ მეგობრობას აზნაურს? სიყრმიდან ერთად
იზრდებოდით ორნი, ამაოდ დაუთქვამთ, ძუძუმტენი ხართო».
ესა სთქვა და კვლავ შეხედა გამომცდელი ღიმილით ვაჟს, გაკვირვების მეტი
ვერაფერი ამოიკითხა მის სახეზე.
ადგა და ისევ დააპირა წასვლა.
«ამდენი ხანია არ შევყრივართ ურთიერთს, რად გეჩქარება შინ წასვლა, ვარდო?»
ეს უთხრა, თვალებში ჩახედა და დასძინა:
«სხვა ვაჟს ხომ არ დაადგი თვალი?»
გაწითლდა ანაზდად დიაცი.
საეჭვოდ ეჩვენა ეს გაწითლება ვაჟს. გაახსენდა: როცა გიორგი მეფეს აქებდა,
უცნაურად ელავდა მის თვალებში ვნება.
ქედზე წაავლო ხელი დიაცს კვლავინდებურად.
«ჭაღები ჩააქრე».
შეევედრა ვარდისახარი კვლავ.
ბრაზმორეული ეუბნება ვაჟი:
«არა, არ ჩავაქრობ ჭაღებს».
მარჯვენა ხელი წელზე შემოარტყა მტკიცედ, მარცხენათი გულისპირი აართვა,
შიშველ ძუძუებზე დაუწყო ლაციცი.
ნუო, შეევედრა ვარდისახარი, ოღონდ დღეს გამიშვი შინ, სხვა დროს გავეპარები
პატრონს, მთელი ღამით მოვალო თუგინდ.
სხვა დროსო?
უარესად გახელდა ვაჟი.
სხვა დროს ეგებ სხვა მომინდესო მეც.
ქალი აილეწა.
ვაჟმა დაუყვავა.
ხელი დაავლო, ნატებით მოგებულ ტახტზე გადააწვინა.
გაიბრძოლა დიაცმა.
მუხლი დააჭირა მკერდზე ვაჟკაცმა, ცალი მკლავით ორივენი შეუკრა, ცალითაც
გაუხსნა მოვის პერანგის საკინძე.
მარგალიტის ღილებს ნუ დამაწყვეტო.
შეევედრა ვარდისახარი.
ვაჟს აღარაფერი ახსოვდა უკვე.................................ყელზე ჰკოცნიდა, შიშველ ძუძუებზე ელაციცებოდა ხელით, წუწნიდა
გოლეულივით ტკბილსა და ვნებიან ტუჩებს.
ხურვებაშეყრილივით უცახცახებდა მთელი სხეული დიაცს. თვალები
უბზინავდა, ნაკოცნი ტუჩები და ბაგეები უნაბისფერი გაუხდა, მაინც ებრძოდა ვაჟს.
ისევ შეუკრა ხელები არსაკიძემ, მარცხენა ძუძუ ამოუღო მოვის პერანგიდან,
დაუკოცნა, დაუსრისა გახელებულმა და როცა მარჯვენა გამოუღო ძალით,
საკოცნელად უნდა მისწვდენოდა, წამოვარდა, ხელი შეუშვა დიაცს.
«ეს რა გატყვია ძუძუზე?»
ქალი გაწითლდა, გაინაბა, ვეღარ წამოდგა.
ვაჟი ისევ დააცქერდა მარჯვენა ძუძუს, ნაკბილარები შეიცნო.
გაცოფებული ზეწამოიჭრა, მიახალა უკმეხად:
«მეძავო, მრუშო, კიდევ არ იშლი ბოზობას? არ გეყო რაც გათრია ოვსების მეფემ?»
ვარდისახარი წამოვარდა, საკინძე გაისწორა. ეუბნება არსაკიძეს:
«მხოლოდ ამასა გთხოვ, ნუ შეურაცხმყოფ უბრალოდ. შენ მზესა ვფიცავ,
არავისთვის გამიყვია შენი სიყვარული».
«ჩემ მზეს ნუ იფიცავ ამაოდ, შენი დაიფიცე, მრუშო».
ეუბნება ვაჟი, ჭირვეული ბალღივით აბაკუნებს ფეხებს.
«დამშვიდდი, დამშვიდდი, – ევედრება ვარდისახარი, – ოღონდ დამშვიდდი,
ყოველივეს გიამბობ წვრილად».
«რას მიამბობ იმაზე მეტს, რაც საკუთარი თვალით ვნახე?»
ქალი ადგა.
საკინძე გაისწორა.
სამი მარგალიტი აეწყვიტა იჭვნეულს.
სად არისო ჩემი მარგალიტები?
სამივენი მოუძებნა არსაკიძემ, ხელში მიაჩეჩა გაწბილებულს.
«ალბათ ახალ კუროს უჩუქნია ესენი შენთვის თან წაიღე, არ დაგავიწყდეს.
საჩუქრებზე ხარბი ხარ, ვიცი».
«შორენამ მაჩუქა მოვის პერანგი, მარგალიტის ღილებიანი, გუშინ».
ვაჟმა გესლიანად გაიღიმა.
ქალმა ეს უთხრა მხოლოდ:
«თუ ჩემს სიტყვას არ ერწმუნები, ისე იფიქრე, როგორც გენებოს».
ქალის სიმშვიდემ უარესად გაახელა ვაჟი.
«სთქვი ახლავე, ვისია ეგ ნაკბილარი, თორემ ცოცხალი ვერ გახვალ აქედან».
ვარდისახარი მიეჭრა, ტუჩებზე დააფარა ხელი.
«იყუჩე, შმაგო, მხევალი არ გააღვიძო, მოითმინე, გიამბობ ახლავე».
«ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას ვეტყვი, ბოზი რომა ხარ და გამტეხელი ფიცისა».
კაბა გაისწორა ვარდისახარმა.
გულხელდაკრეფილი დაჯდა სელზე და უამბო ყოველივე, რაც შეემთხვა სამი
დღის წინათ.
მეფის მალემსრბოლი მოვიდაო ხურსის სასახლეში, იმან მიყოო ეს ყოველივე.
«ის გერჩია, მოეკალი მალემსრბოლს მეფისას».
ქალი იჯდა, სტიროდა საწყალობლად:
თავზე დაადგა არსაკიძე:
«თუ მრუში არა ხარ, რად შეუშვი უცხო კაცი მარტოხელამ შინ?»
«შენ თვითონ იფიქრე, როგორ შემეძლო ტყვეს მეფის მიერ წარმოგზავნილი შინ
არ შემეშო?არც თუ მარტო ვყოფილვარ, მხევალი მელანია შინ იყო, მაგრამ დასძინებია მაგ
ჩემი ცოდვით სავსეს».
«შენ თუ არა სტყუი, მაშ რა ერქვა მაგ მალემსრბოლს მეფისას?»
ქალი დაფიქრდა. თავი აიღო, თვალებში ჩააცქერდა ვაჟს, ყოყმანით ამბობს:
«ავშანისძე გლახუნა».
???
ზეწამოიჭრა არსაკიძე.
«მიტომაც აქებდი მეფე გიორგის, ბოზო?»
ეს უნდოდა ეთქვა, ენისწვერზე დაიჭირა სიტყვა.
გაიფიქრა თავისთვის:
«კიდევ უარესი, გიორგი მეფე ყოფილა თავათ, კბენას არ დაგაჯერებდა იგი».
ახლა სავსებით დარწმუნდა, მიღალატაო წაწალმა უცილოდ.
მიახალა დიაცს:
«აბა ადექი ახლავე, აღარ გნახოს ჩემმა თვალებმა, ბოზო».
აქვითინდა დიაცი, ისევ ფერხთით დაუვარდა. მუხლებს უკოცნიდა:
ნუ გამწირავ, უბრალო ვარო, სავსებით.
თუ შენ არ წახვალ, მე გაგეცლებიო ახლავე, – მიახალა ვაჟმა.
წამოვარდა პირგამეხებული ქალი.
ცრემლები მოიწმინდა, რიდე მოისხა:
«მე წავალ, მაგრამ შურს ვიძიებ, იცოდე».
როცა კიბეზე ჩააცილა არსაკიძემ სტუმარი, მთვარის შუქზედაც ამჩნევდა:
მხრების თავები უტოკავდნენ ვარდისახარს.
ეს ამბავი მოხდა პარასკევს, ურჩხულის დღეს...
XXIX
Pour ètre plus qu’un Roi
tu te crois quelque chose.
თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,
უნდა წარმოადგენდე კიდევაც რაიმეს.
მთელი ღამე არ სძინებია არსაკიძეს.
ძაღლები ყეფდნენ ცაცხვების ქვეშ. ვიღაც აფორიაქებდა რატისეულ სასახლეს.
არსაკიძე ადგა.
ხმალი შეირტყა და ბაღჩაში გავიდა. ხილნარში არავინ აღმოჩნდა. ძაღლები გარს
შემოერტყნენ, კუდს აქიცინებდნენ, თათებს უცაცუნებდნენ, ეალერსებოდნენ ახალ
პატრონს.
ეძინათ ყვავილებსა და ფუტკრებს.
უცნაური ზუნი ისმოდა სკებიდან, ძილში გალობდნენო ეს საყვარელი მწერები
თითქოს.
შორიდან, ძლიერ შორიდან მოდიოდა ხოხბის ყივილი.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.
თეთრი, მთლად თეთრი ღრუბლები ელავდნენ მთებზე, ეს ღრუბლები, ეს
ზეთისხილისფერი მთები ისეთი გამსჭვირვალენი იყვნენ, სადაცაა მოეშვებიან მიწას
და გაიქნებიანო ეთერში.მათ ქვემოთ, არაგვს შეყოლილი ბარი ზღვას მიაგავდა ლაზისტანის ყურეში
მთვლემარეს.
იდგა არსაკიძე, იგონებდა ზღვასა და სიყრმეს..............................................
შინ შებრუნდა.
ხმალი შეიხსნა, ძილი არსად სჩანდა მაინც..............................................
ვარდისახარმა შეაშფოთა მისი გონება.
...ეს ღალატი? იგი არ ყოფილა მოულოდნელი.
ამაზე უფრო უცნაური სხვა რამე იყო: შორენა რომ არ აღმოჩნდა ძუძუმტე მისი!!!
ძუძუმტე!!!
მზექალაო?
ახლა იგონებს არსაკიძე: დედა ახსენებდა წარამარა ამ სახელს ერთხელ აწირვინა
კიდევაც მისდა სალხენად ხუცს.
იწვა ბნელ დარბაზში პირაღმა. ისევ შორენას ეპოტინებოდა ფიქრი.
...და როგორც თიბათვის მიწურულს, სკაში გამოჩნდება თუ არა დედაფუტკარი
ახალი, აიყრებიან, აზვავდებიან მამლები, გამოუდგებიან გაქცეულ დედოფალს, ასე
წამოიშალნენ მისი ფიქრები და გასდიეს შორენას ამ წუთში.
მართალს ამბობს ვარდისახარი.
თავათ იგონებს ყოველივეს წვრილად, მზექალაის სიკვდილის შემდეგ
ლაზისტანს
წავიდა
არსაკიძის
ოჯახი,
ხუთი
წელი
მანდ
დაჰყვეს,
კონსტანტინოპოლში – ათი. ბოლოს კვლავ მიბრუნდნენ ფხოვს.
გუშინდელ დღესავით ახსოვს არსაკიძეს შორენასთან შეხვედრა კვლავ, ახლად
შეღერებული გოგონა იყო, ღაწვისთავებზე სცემდა ქერა კულულები. ხტოდა,
უსტვენდა, ცელქობდა ბიჭსავით, ფაფარზე მოეჭიდებოდა, დააჭენებდა უბელო
ცხენებს.
არსაკიძემ გადასწყვიტა: უთუოდ ენახა ამ დღეებში კოლონკელიძის ქალი. რაკი
გურანდუხტი მცხეთას ჩამოსულა. არ გაძნელდებოდა შორენას ნახვა.
ისევე როგორც ფხოვში, მიუწვევლად შეივლიდა კოლონკელიძიანთ ოჯახში, ისე
უბრალოდ, როგორც ძუძუმტე მივა ხოლმე ძუძუმტეს სახლში. გაახსენდა: ამ კვირას
იმდენი საქმე ჰქონდა, გაძნელდებოდა ასეთი რამ. მარტოკაც რომ შეხვედროდა, მერმე
რა?
თავათ ხომ ვერა ჰკითხავდა არსაკიძე, ფიცი ჩამოართვა ვარდისახარმა (რა
ვუყოთ, რომ თვითონ ფიცისგამტეხელი აღმოჩნდა დიაცი?) როგორმე უნდა გაეგო
არსაკიძეს: შორენამ თუ იცოდა ეს ყოველივე?
უცნაური რამ მოხდა მაინც: ერთის დაკვრით შეიცვალა სიყრმის მეგობარი მის
თვალში.
მოაგონდა ის ღამე, სამთავროს ეკლესიაში, მწუხრის შემდეგ.
ეზოსმოძღვრის ყორნისფერი ანაფორა დალანდა.
რიდემოსხმული, თავჩაქინდრული მიდიოდა შორენა თავის მოახლეთა შორის.
საოცარი ტანჯვის იერი გადასდიოდა სახეზე. თვალს არიდებდა ცნობისმოყვარე
დიაცების ბრბოს.
მჭმუნვარე ფერნამკრთალობა განრთხმულიყო მის სახეზე, მხრებზე, მთელს
ანაგობაზე.
მოურიდებლად უჭვრეტდნენ მლოცველები, მაინც მიდიოდა ქედმაღალი და
გულმართალი, ამაყად მიჰქონდა ბედისაგან დაკისრებული კირთება.
ეს გაიფიქრა არსაკიძემ და წარმოუდგა მარჩბივი ჩვენება. ვარდისახარი ამოუდგა
შორენას გვერდით.კისკისა,
ტიკტიკა,
ფეროვანი, ჭარბვნებიანი, სიცოცხლეზე შეყვარებული, მარად სიმდიდრის
მონატრული და მქირდავი ბედისა.
მხოლოდ ვნებისათვის, მხოლოდ სარეცელისათვის გაჩენილა ეს აშარი დიაცი.
...ეგეც კმაროდა მისგან: საყვარელი ხელიდან ეცლებოდა და სამი ცალი
მარგალიტის დაკარგვას მისტიროდა ხარბი.
ახლა ესეც მოაგონდა არსაკიძეს: როგორ ეკვინტრიშებოდა ვარდისახარი
კვეტარის ერისთავს!.....................
...ავხორცი იყო კოლონკელიძე. მხევლებს, მექათმეებს და ხაბაზებსაც არ
ზოგავდა, ისეთ დიაცებს, თორნის პურის, ხინკლის და საბუდარის სუნი რომ უდისთ
მუდამჟამს.
მისი ბუშების გაბარებისაგან სიცოცხლე ჰქონდა გამწარებული გურანდუხტს,
საბრალოს.
არსაკიძემ თავათ წაუსწრო ერთხელ, სამრეცხაოში მიემწყვდია ვარდისახარი
ერისთავს, გათქვირულ, შიშველ მკლავებზე სჩქმეტდა.
ხტოდა, კისკისებდა ვარდისახარი და ეს კისკისი მოაგონებდა არსაკიძეს
გახელებულ ჭიხვინს იმ ფაშატისას, რომელიც განზრახ გაურბის ხოლმე მოძალებულ
ულაყს, რათა მომეტებულად ააღელვოს მამრი და გაგრილებისას უფრო ხარბად
დააცხრეს ვნებას.
როცა შორენა და ვარდისახარი პირისპირ წარსდგნენ არსაკიძის წარმოდგენაში,
ოვსთა მეფის ხარჭაყოფილი კოლონკელიძის ქალმა დაჩრდილა ანაზდად.
ოდნავ ტლანქი, თითქმის მამაკაცური ხელები ჰქონდა ვარდისახარს, როცა თმას
გადაიწევდა, საკმაოდ მოზრდილი, მოყვითალო ყურები გამოუჩნდებოდა ხოლმე, ხმა
ჰქონდა ბოხი, იგიც მამაკაცური ოდნავ.
ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც
ყინცვისის მჭმუნვარე ანგელოსი.
ყელისმიერი ხმა ჰქონდა, ისეთი წკრიალა, როგორც ვერცხლის ეჟვნები,
ხევისბერების დროშის ბუნზე შებმულნი.
ჰარილესავით რბილი და ტფილი იყო მისი ბუნება სრულად.
კედლისკენ მიბრუნდა არსაკიძე, თვალები დახუჭა, დაძინება სცადა, ადრე უნდა
გასულიყო ხარაჩოებზე.
ზანზალაკების ჟღარუნი ისმოდა შორიდან, შოლტის ტლაშუნი კეპავდა ღამეს,
არაგვის შუილი მოდიოდა მაინც, რომელიღაც ჩიტი აჭიკჭიკდა, ბულბული არ უნდა
ყოფილიყო იგი, გაბმულად უსტვენდა სირი, ასე ეჩვენა არსაკიძეს, გულის მიჯნურს
უხმობსო ბნელში.
ძაღლები აყეფდნენ სადღაც, ისევ დავარდა მყუდროება, ქათმებს დაუქშია
ნონაიმ, ჟრუნი შუქი შემოადგა სარკმლებს და ძილმა გააბა პოტიკი მოლულულ
წამწამებზე ძლივს................................................................................................
....................ეზმანა: შემოდგომის წყნარ დღეს მიდიოდა ვითომც თავთუხის ყანებში.
მუხლისთავებზე სცემდა მწიფე თაველები, ყაყაჩოები ჰყვაოდნენ ირგვლივ. წითელი
ჯახველი და კუნელი ელავდნენ აქა-იქ, მუხა იდგა ველზე, შტომრავალი და დიდი.
ქედნები შემომსხდარიყვნენ ზედ.
ტკბილად, ტკბილად ღუღუნებდნენ ქედნები...
სარწყავი რუები გადმოეშვათ კორდიდან. ხვატისაგან დახეთქილი მიწა ხარბად
სვამდა წყალს.საცეხვავის დარი დათვოულები გაემართათ ამ რუზე. დაქანცულ
აქლემებსავით აკანტურებდნენ ეს ახმახი დათვოულები თავს. დაესხმოდა წყალი
ძელის ბოლოს გამართულ გეჯაზე, აყირავდებოდა ძელი, გადმოიღვრებოდა წყალი,
გაადენდა დათვოული ფიცარზე ბრაგვანს.
კვლავ შეიმართებოდა ძელი, კვლავ ივსებოდა გეჯა, კვლავ იღვრებოდა წყალი
და ისმოდა დათვოულების რახუნი მორებზე.
განა თუ ერთი იყო დათვოული. სანამ თვალი გასწვდებოდა თავთუხის ყანებს,
ყველგან იდგნენ დათვოულები, მთელს ხეობაში გაისმოდა გაბმული რახუნი...
მთლად საოცარი ეს იყო: ამ დათვოულების მიუხედავად, მაინც გავსილიყო
თავთუხის ყანები დათვებით. კოტრიალებდნენ, ღრიალებდნენ მხეცები, ტორებით
თქერავდნენ პურეულს.
მიდის არსაკიძე ყანაში, ხედავს, – შორენა მოადგა გაღმიდან რუს.
ისკუპა ისე მკვირცხლად ქალმა, ისე, როგორც ნადირობის დროს ეს სჩვეოდა
ფხოვში.
მოდის. მოარღვევს თავთავების ზღვას. თოვლივით თეთრი აცვია სამოსი,
სოსანისფერი საწმერთული ზედ.
თავი დახარეს თავთუხის თავთავებმა, ნაზად იზნიქებიან ყაყაჩოებიც.
ერთბაშად მოსწყდნენ მუხის შტოებიდან ქედნები, მხრებზე შეასხდნენ
შორენას და მორთეს ღუღუნი.
აღრიალდა ორი დათვი შორენას დანახვისას. მწიფე წაბლისფერი ერთი,
გვიმრისფერი მეორე.
ზეაღიმართნენ, მოალაჯებენ კაცურად, ღრიალით მიაშურეს ქალს.
მიარღვევს არსაკიძე თავთუხის ზღვას, უნდა მიუსწროს, გაჰკვეთოს ორივენი
ხმლით, გადაარჩინოს გულის სწორი განსაცდელს.
ხმალი მოიზიდა არსაკიძემ, მაგრამ გაუჩხიბავს ვიღაცას ხმალი. მიეშურება, –
თაველების ფხა ედება ფეხებზე, მუხლები ისე დაუმძიმდა, ჩაფლულაო ფისით
გავსილ ზღვაში.
დათვები ღრიალებენ, ტორით თქერავენ ოქროსფერ თავთავებსა და წითელ
ყაყაჩოებს, სადაცაა ეცემიან და გაბდღვნიან შორენას.
«ჰარაი»!
ყვირის არსაკიძე, მაგრამ აღარ ერჩის ხმაც.
«ჰარაი!!!» ყვირის არსაკიძე და მიარღვევს ყანას, ყანას კი არა, ფისის ზღვას,
თავთუხის ფხა ებლანდება ჩოხის კალთებზე, ვერ იძვრის ვაჟკაცი.
დათვები ფერხთით დაუწვნენ შორენას, აღარ ღრიალებენ, აღარ ტორავენ მიწას.
შორენამ თავზე ფეხი დაადო ერთს, საწმერთულის ტოტი გამოუჩნდა, ვაზის
ფურცლებიც, ზედნაქარგი ოქროთი. მერმე დასწვდა ორივეს, ეალერსებოდა ორივეს
ქეჩოზე.
შორიდან შესცქერის გარინდებული არსაკიძე, თუ ვით ეფერება მისი უნაზესი
მეგობარი მხეცებს..............................................................................................
ქედნები შემომსხდარან შორენას მხრებზე, სულზე უტკბესს სძლისპირებს
გალობენ, ნაზად იდრეკენ წითელი ყაყაჩოები კლერტოებს, იზნიქებიან ოქროს
თაველები, თაყვანსა სცემენ სანატრელ სასძლოს. დათვები მის ფერხთით წვანან,
ვნებამორეული აფახულებენ თვალებს................................................
სწორედ ასეთ დროს გააღვიძა არსაკიძე ნონაიმ.
დარბაზში მკრთალი შუქი იდგა.
აბრძანდი, ბატონო, მორიელებმა გამოსტეხესო ქვითკირი.XXX
«ვეფხის დღესაა განსაცდელი მოსალოდნელი».
ფარსმან სპარსის სამთვარიოდან.
შიში უცხო იყო არსაკიძისათვის.
რა დროს მორიელებია? დამაცალეო ძილი.
«თუ არ გჯერა, აგერ გაჩვენებ, ბატონო».
ესა სთქვა, ორი მორიელი აჩვენა ჩხირზე წამოგებული ნონაიმ. არსაკიძე
გაოცდა.
«ერთი ჩემს სამყოფლოში მოვკალი წუხელ, ერთიც ამ დილით, შენი
სასთუმალის გასწვრივ».
არსაკიძე წამოდგა.
ჭაღები აანთეს, გოგირდი დაახრჩოლეს. სჩხრიკეს დიდი დარბაზის კედლები.
სასტუმროს, საწოლის, მხევალთა სამყოფლოის ხვრელები და ჭუჭრუტანები,
ვეღარსად ნახეს სხვა.
ჭაღი აიღო ნონაიმ, ეგებ სარდაფში წავაწყდეთო რაიმეს, ობობის ქსელით
დაბლანდული იყო ირგვლივ ყველაფერი.
ობის სუნი იდგა სარდაფში.
დაჟანგული თორები და ზუჩები ეკიდა კედლებზე. კაცისა და ცხენის
ჯავშანები, უნაგირები, საბარკლენი, სამკლავენი, პოლოტიკნი და ბექთარნი, შუბები,
წათები, ხარჩა და ქიმურჯნი დიდ-დიდნი, საბრძოლო ბოძალნი, ჯიხვისა და ირმის
რქები, ჩუგლუგები, დაჟანგული ხმლები.
ღამურებით გავსილიყო იქაურობა.
თავქვე ეკიდნენ მღამიობები ჭერზე. ჭაღის შუქზე დაფრთხნენ, წრიპინი
ასტეხეს, მორთეს რიალი ირგვლივ. აწყდებოდნენ ჭერსა და კედლებს, ტყაპანით ძირს
სცვივოდნენ ზოგნიც, ფართხალებდნენ საწყალობლად მტვერში.
ერთ კუთხეში ირანული განჯინა იდგა, სადაფებით მოოჭვილი. ძველი
ეტრატები ეყარა ზედ, ხატების ნამუსრევი, ძველებური სამაჯურები, აზარფეშები და
ფიალები.
სიძველეთა მოყვარული იყო არსაკიძე, მორიელების ამბავი გადაავიწყდა.
განჯინას მიადგა, ამ ძველ ნივთებს დაუწყო ჩხრეკა.
სათითაოდ ხელში იღებდა, მტვერს აცლიდა, უჭვრეტდა, თარიღებსა და
წარწერებს უთვალთვალებდა.
ფიალებს შორის სავსებით უცნაური ნივთი იპოვნა ერთი, მტვერსა და
დინგელში ამოგანგლული სრულად.
გასწმინდა, დინგელი შემოაცალა.
ეს აღმოჩნდა ბეჭდისდარი ტვიფარი სპილენძისა, მელის სახე იყო ამოჭრილი
ზედ.
ჭაღთან მიიტანა არსაკიძემ ტვიფარი, არავითარი თარიღი არ აჩნდა მას.
«ეს რაღაა, ნონაი?»
ეკითხება მხევალს.
ნონაი დადუმდა. გაოგნებული შეაშტერდა პატრონს. მუშტით მოიკუმა ბაგე.
არ მოეშვა არსაკიძე მხევალს.
არ არისო მართებული მიცვალებულის აუგად ხსენება, – ამბობდა მხევალი.ისევე შეევედრა არსაკიძე ნონაის, უნდა მამცნო, თუ რას მოასწავებსო ეს
ტვიფარი მელის სახისა?
ბოლოს ვეღარ დაიტია საიდუმლო დიაცის გულმა.
«ეს მოხდა ჟამიანობის წელს, მე ახლად მოყვანილი ვიყავი აფხაზეთიდან ამ
სახლში. ხუთშაბათს, თებერვლის სამს, ნაშუაღამევს, სამჯერ იძრა მიწა.
ღართისკარის ციხე დაზიანდა იმ წელს. სამეფო პალატები ჩამოიქცა
უფლისციხეში.
მეფე გიორგი ომში იყო, აღარ მახსოვს ვის ეომებოდა მაშინ.
სამი კვირის შემდეგ ჟამიანობა დაიწყო, მამათა მონასტერში დიდძალი ბერი
იმსხვერპლა სენმა, ჟამმა მოჰკლა მცხეთის მიტროპოლიტი იოანე.
ბოლოს მეციხოვნე ლაშქარს მისწვდა ის წყეული. ერთ თვეში ათასამდე
მონასპა დაიხოცა არაგვის კარისა და ხუნარისას ციხეებში.
მუცლით მეზღაპრენი მეორედ მოსვლას აუწყებდნენ ხალხს. ქადაგად დავარდა
დაყუდებული ბერი, ანთიმოზ.
ხალხს ამცნო: მწვალებლები არიანო მცხეთაში და ამიტომაც განრისხდაო
უფალი.
შესმენილ იქმნა მელქისედეკ კათალიკოსის წინაშე ხურსი აბულელი და მისი
სახლთუხუცესი რატი.
ხურსი ვერ შეიპყრეს, რადგან ჯერ კიდევ სარკინოზებთან გაქცევამდის,
მთიულებთან იმალებოდა ხურსი. მოგეხსენება, დაბალ ღობეს უმალ მისწვდებიან.
ფიწლებით შეიარაღებული ბრბო შეუცვივდა სასახლეში რატის, მცირე ხანს იმ
კოშკს შეაფარა საცოდავმა თავი, სწორედ მაშინ მოარღვიეს ჩარდახი კოშკს, ცეცხლი
შემოაგზნეს, გამოიყვანეს ძლივს.
ჩაქოლვა უნდოდათ, მაგრამ მელქისედეკმა შეივრდომა. ბოლოს მოვიდა
ეზოსმოძღვარი ამროსი.
მელის ტვიფარით დავდაღოთო ეშმაკის კერძი.
ამ სარდაფში შემოათრიეს ბედკრული.
ეგ ტვიფარი გაახურეს ცეცხლში, მელის სახით დადაღეს, როგორც მწვალებელი
და სატანის თანაზიარი».
«შენ რა გგონია, ნონაი, ახლა, ბრალი თუ მიუძღოდა რაიმე რატის?»
შეეკითხა არსაკიძე.
«მენა? მწვალებლობისა რა მოგახსენო, ბატონო, ერთი ბნელი დიაცი გახლავარ
მენა, ან ამდენი სად გამეგება, მაგრამ ეშმაკი, რაც მას ვემსახურებოდი ათი წლის
მანძილზე, ეშმაკი თვალით არ მინახავს ამ სასახლეში, მენა».......................................
არსაკიძე დადუმდა.
კვლავ აიღო მელის ტვიფარი ხელში. ახლა უფრო დაკვირვებულად დაუწყო
ჭვრეტა.
ნონაიმ ყოველ კუთხეში დაახრჩოლა გოგირდი.

საუზმის დროს ისევ მორიელების გამო ჩამოაგდო ნონაიმ სიტყვა.
რატის ვაჟი, საცოდავი ვაჩე, დაკბინესო ამ სარდაფში მორიელებმა.
«ოდითგანვე წყევლა სდებია რატის ოჯახს, მესამე მუხლის ნაშიერთაგანს
ყოველს მორიელი დაჰგესლავდა თურმე».
გულში გაეღიმა არსაკიძეს ამის გამგონეს, მაინც ბოლომდის მოუსმინა მხევალს.«ნადირობიდან მობრუნებულიყო რატის ვაჟი გვიან, შესულიყო სარდაფში,
აფათურებდა სიბნელეში ხელს და სწორედ ამ დროს მისწვდენოდა მორიელი თურმე.
და ეს მოხდა ურჩხულის დღეს»...
ნაღვლიანად დასძინა ნონაიმ.
ურჩევდა არსაკიძეს მხევალი:
«გიორგი მეფე დიდად გწყალობს, ბატონო, სთხოვე სხვა სასახლე მოგიჩინოს
სადმე, თუ მეც თან წამიყვან, ხომ კარგი, თუ არადა ჯვარი გწერია ჩემის თვალისაგან,
მე მაინც განწირული ვარ, ბატონო, სხვასაც ბევრს შეაძლიეს ეს სასახლე შენამდი,
არავინ დადგა ამ წყეულ სახლში. მხოლოდშობილი ხარ დედიშენისა, მებრალები
ვაჟკაცი, ბატონო».
გაიღიმა არსაკიძემ.
«ეჰ, ჩემო ნონაი, მე ხმლით სიკვდილი დამითქვა მუცლით მეზღაპრემ ერთმა,
ასე რომ მორიელის გესლი ვერას დამაკლებს».
არსაკიძე ადგა, წასვლა დააპირა.
შეევედრა ნონაი, – ცუდი სიზმარი მქონდა, ბატონო, ნუ წახვალო სამუშაოზედ
დღეს.
სამაგიეროდ მე მქონდაო კარგი სიზმრები, – გაიცინა არსაკიძემ.
შინიდან გამოსულმა პირჯვარი გადაიწერა მაინც.
ნისლი დასწოლოდა ხილნარს. გიშრის ორნამენტებივით მოსჩანდნენ ტოტები
და შტოები. ფოთლებს სილურჯე გასცლოდა, მდელოს გახუნებოდა ფერი. ცვარის
ნიჟარები ცახცახებდნენ ყვავილების სათუთ წამწამებზე.
ჯანღს დაებურა მთები.
დაძრულიყო ნისლი კავკასიონის თვალშეუდგამ ქარაფებიდან, ხეობებიდან,
ღრანტებიდან გადმოხვეწილი გამოჰყოლოდა არაგვის ხეობას და აევსო ქვეყანა
არმურით...
თემშარაზე გასულს ზანზალაკების ჟღარუნი მოესმა. ქიმერებივით
მობობღავდნენ აქლემები ნისლში. გამვლელები დალასლასებდნენ ირგვლივ,
როგორც ლანდების უცნაური ბერიკაობა.
აღარა სჩანდნენ მეფისა და კათალიკოსის სასახლეები, მათი მიმდგომი
გალავნები, ციხე-კოშკები, ქვითკირები, ქარვასლები, ფანჩატურები.
ცისკიდურებზე ნაჩრდილევიც აღარსად იყო.
ამ ნისლში ჩაფლულ სასახლეებს, ციხეებს და ფანჩატურებს, ყველას ზედ
დასცქეროდა სვეტიცხოველი.
ნისლს ვერ დაეთრგუნა მისი უცნაური ტანკენარობა და ისეთ წუთებში, როცა
შენობებსა და ხეებს, კაცსა და ცხოველს, ყვავილსა და ფოთოლს, ყველას გასცლოდა
პირველადი მშვენება და ხალისი, იდგა ეს ტაძარი უფრო დიდებული, ვიდრე
ნამდვილად იყო ამ წუთში.
წვრილმანი ზადი ნისლს დაეფარა, ხოლო ანაგობას მისას ვერ მორეოდა იგი,
ასე რომ შორიდან მაცქერალს დასრულებული ეგონებოდა ტაძარი.
ჟამის მანძილიდან შესცქეროდა გახარებული ოსტატი თავის ქმნილებას.
«როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს,
სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც.
მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არ წამიერის მარადჟამულად ქცევა?
სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან?»
გადაელახა ზედაზენისა და არმაზის მთები, ტაშირისა და ტაშისკარისკენ
დაძრულიყო ნისლი.●
ტაძრის კარიბჭესთან უხიაგი ამბავი დაახვედრეს ახალი: გუმბათზე ფიქალის
დაგებისას ფეხი დაუცურდა თურმე კირითხუროს კარაისძეს სტეფანოზს, მიწამდი არ
დაჰყოლია მაგ უბედურს სული.
შემზარავ სანახაობას წააწყდა ხუროთმოძღვარი მეფისა. ტვინი და თმები
ურთიერთში აღრეულიყო. არსაკიძემ ბრძანა და ტაძარში დაასვენეს მისი ადღვებილი
ნეშთი. ტაძრიდან გამოსულს სამცხელი მონები შემოეხვივნენ გარს.
უმი მხალის მეტს არას გვაჭმევენ, აღარ არისო სამუშაო ღონე.
ასისთავმა შემოსჩივლა: ცამეტი მონა გაგვექცაო წუხელ.
«წავალ, ვინახულებ განმგეთუხუცესს, ეგებ საკვები მისცენო რიგიანი მონებს».
ეს გაიფიქრა არსაკიძემ, გამობრუნდა გულარეული.
გალავნის კარებთან კალატოზი შემოეყარა ყბაახვეული. გუშინ საღამოს ბერძენ
მუშებს გვცემესო ლაზებმა.
კირითხუროი ბოდოკია ახმობინა არსაკიძემ, გულმართალი კაცი იყო ბოდოკია,
ლაზი.
დაამოწმა მოხუცმა: მართლაც სცემესო ლაზებმა ბერძნებს, ისიც დასძინა: ჩვენს
ლაზებს მიუძღოდათო ბრალი.
ახალგაზრდა მონა წათაია წასტანებია ბერძნის ულუფა ოსპის წვენს.
აყვირებულა ოსპის პატრონი, წათაიას შემოუკრავს და წაუქცევია ბერძენი.
ბერძენს ბერძნები მიშველებიან, შემოკრებილან ლაზებიც, წასარჩლებიან ლაზს,
ვაგლახად დაუჟეჟავთ ბერძნები.
არსაკიძემ სასტიკად დატუქსა თვისტომნი და გადავიდა ტაძრის ეზოდან.
მზეს ყური ამოეყო უკვე. ჯერაც ისეთი ყვითელი იყო იგი, როგორც კვერცხის
გული რძეში ნახარში.
ნელ-ნელა გაიფანტა ნისლი, ჰაერი ამღვრეული მოსჩანდა მცირე ხანს, როგორც
არაგვის საგაზაფხულო დიდროაის ჟამს.
ციხეების კბილოვანი ქონგურები გამოჩნდნენ ცისკიდურებზე, კოშკების,
სასახლეების, ქარვასლების ზეთავები მოიხატნენ ცაზე.
ჯერ ნახშირისებრ მრუმე ხაზებით გარსმოვლებულნი მოსჩანდნენ ისინი.
გამოხდა ხანი, მუქი სვირინგები გაიცრიცნენ მინისფერ ფონზე.
ლაინისფერი და იისფერი ებრძოდნენ ურთიერთს ცარგვალზე მცირე ხანს,
ენდროსფრად შეიღებნენ დურაჯისფერი ქულები, კრაველებივით მიმობნეულნი
ცაზე, ბოლოს სოსანისფერი წამლებით შეღება ღრუბლები უჩინარმა არსთა მხატვარმა,
იფეთქა ფურცლოვანში სიმწვანემ და აჟღურტულდნენ ჩიტუნები საამოდ.
სასახლის ბაღში ფარშავანგები ჩხაოდნენ უკმეხად.
ნაშუადღევამდის უცადა არსაკიძემ განმგეთუხუცესს, მერმე ასე უთხრეს:
უფლისციხიდან მოველითო. მცირე ხნის შემდეგ თუ შემოივლი, აქ დაგხვდებაო
უცილოდ.
თავი სტკიოდა ღამენათევს.
ასე იფიქრა:
ბაღში გავივლი, გამიაროსო, ვინძლო ტკივილმა.
ალუჩების მწვანეში ბულბულები უსტვენდნენ. წინა ღამით დაწყებულიყო
ხეხილიდან ყვავილების ცვენა.მიწის წვენით დაბერილი კვირტები უღიმოდნენ მზეს. თოვლის ფიფქივით
მოეჩითა ყვავილთა ნამუსრევს მიწა, ახლაც მოციალებდნენ ისინი ჰაერში ამოდ.
მშვლები დაჯირითობდნენ ბაღში.
კოლონკელიძისეულ ირმებს თვალს შევავლებო, ეს გაიფიქრა არსაკიძემ,
საჩიხესკენ მიმავალს დაადგა ბილიკს.
საჩიხეს ფალანგთან სეფე-მოახლენი დაუხვდნენ სამნი. ვერც ერთი ვეღარ იცნო
ლაზმა.
ერისთავის ქალს ვახლავართო, ამბობდა ჭორფლიანი მოახლე.
საჩიხეში შესულიყო თავათ შორენა. ეფერებოდა, თვალებს უკოცნიდა ნებიერას.
გარინდებული იდგა ლომისფერი ირემი, ალერსიანი თვალებით შესცქეროდა თავის
გამზრდელს.
ადამიანსა და ნადირს უსიტყვოდაც ეპოვნათ საერთო ენა.
ნესტოები დაბერვოდა ნებიერას, აპაკუნებდა გიშრისფერ ჭლიკებს. მხოლოდ
მაშინ მოიხედა შორენამ, როცა ირემი შეკრთა უცხო პირის მიახლებისას.
ველის ყაყაჩოსავით შეუწითლდა ღაწვები ქალს. თვალებიდან იელვა
ზღვისფერმა სილურჯემ.
გახარებულმა მიაძახა:
«უტა!»
ეს არ იყო ბავშვობაში შერქმეული უბრალო სახელი, არამედ გაცილებით უფრო
ტკბილი, ვიდრე მოგონება სიყრმისა, დედის ალერსს იტევდა იგი, დაღუპული მამის
გლოვას, ლაზისტანის მშობლიური ზღვის შრიალს, ფხოვში გატარებულ სიჭაბუკის
ლხენას.
ამ სიტყვაში კვლავ განეცხადა მას ის ბედნიერი წუთები, როცა პირველად
შეხვდნენ ისინი ურთიერთს ფხოვში, როცა არც ერთმა მათგანმა იცოდა, თუ რა იყო
მათ შორის ქალი და ვაჟი.
ახლა?
ახლა უკვე დობილის ხმა როდი იყო ეს, არამედ ძახილი ქალისა.
არსაკიძე მიეჭრა, მაგრამ კვლავინდებურად გადახვევა ვეღარ შეჰბედა, ორივე
ხელი დაუკოცნა სახეალეწილმა.
შორენა გაოცდა ანაზდად, მაგრამ არა უთხრა რა, მარჯვენა ლოყაზე აკოცა ვაჟს.
მყისვე შეამჩნია ყვავილის მიერ ოდნავ დაკენკილი სახე. ეკითხება შემკრთალი:
«რა მოგივიდა, უტა?»
არსაკიძეს არც კი ახსოვდა, ნაყვავილევი რომ აჩნდა სახეზე, იფიქრა:
ძველებურად რომ არ მოვეხვიე, ეუცხოვა ქალს, ალბათ.
«რაო, რას იკითხავ, შორენა?»
«რა მოგივიდა სახეზე, უტა?»
«ყვავილი მოვიხადე მცხეთაში».
«ვინ გივლიდა, ბედშავო?»
«გომურში ვეგდე უპატრონოდ, გარეუბანში, მონაზონი მივლიდა სამადლოდ
ერთი».
არსაკიძის თვალი შორენას ანაგობას მისწვდა.
ალმასის ქუდი ეხურა ერისთავის ქალს, კვერნის ქათიბი ზედ ეცვა,
მარგალიტის საყბეურებით და ხოხბისყელისფერი საწმერთული, ოქრომკედით
ტოტებმოქარგული.წინა ღამის სიზმარი მოაგონდა ანაზდად, ყაყაჩოებისა და თაველების
თაყვანისცემა. თავთუხისფერი თმები ჰქონდა შორენას, თვალებში უელავდა
ლაზისტანის ზღვისა სილურჯე.
გაოცდა არსაკიძე: რა მალე ამიხდაო ზმანება.
ფაქიზი იყო ამ დილითაც იგი, როგორც ქერუბიმის ფრთენი, ხმა ჰქონდა
წკრიალა (ვერცხლის ეჟვნები, ხევისბერების დროშას შებმულნი!..). როცა საჩიხედან
გამოვიდნენ, მოახლეების სახეზე გაოცება ამოიკითხა ლაზმა.
სჩანდა უკვირდათ კიდევაც: რად მიესალმაო ასე ტფილად ერისთავის ქალი
ვიღაც «ფხოველს», კირით მოთხუნულ ჩოხაში მორთულს.
დაწინაურდნენ.
მოახლეების ვინაობა იკითხა ვაჟმა.
«დედოფალთან ვიყავი წვეული, სეფექალები თან გამომატანა ნებიერას
სანახავად წამოსულს».
ნეტარების ღიმი ეხატებოდა არსაკიძეს სახეზე.
დაცვარულ მწვანეში მხიარულად უსტვენდნენ სირნი, ჟრიამულით
ეგებებოდნენ ნისლის ზღვიდან მშვიდობით გამოსულ მზეს.
ახლა მოაგონდა არსაკიძეს, მზის დაბნელებას მოელოდნენ ამ დღისათვის
ვარსკვლავთმრიცხველნი. გამტყუნდა ფარსმან სპარსის ვარაუდი ამჯერად.
მიდიოდა არსაკიძე შორენას გვერდით.
ამო იყო მისი სუნთქვა და მისი ხმა, ნაზი და ველური იერი ჰქონდა თავათაც,
უფრო სანუკველი, ვიდრე საგაზაფხულო ნელსურნელება მიწისა.
წარამარა ახსენებდა არსაკიძის ლაზურ სახელს. ძველებურად ეტიკტიკებოდა
«უტას», როგორც ნაძმობს, როგორც ძუძუმტეს.
მხოლოდ ერთმა ამბავმა გააოცა არსაკიძე ფრიად. სიტყვაც არ დაუძრავს თავის
დანიშვნის გამო, არც გირშელი უხსენებია, ყველისციხის პატრონი.
ვარდისახარი მოიგონა რატომღაც.
მომავალ კვირას ვათხოვებთო ვარდისახარს.
არსაკიძემ დაიჭირა გამომცდელი შემოხედვა ქალისა: ყველაფერი ვიციო, რაც
რამ მომხდარა თქვენს შორის ოდესმე.
ეს ამოიკითხა მის მზერაში ვაჟმა.
გულის გარეთ შეეკითხა არსაკიძე:
ვის მიათხოვეთო ვარდისახარი?
«მეფე გიორგის ბრძანებით, ფარსმან სპარსს».
მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა ერისთავის ქალმა: «მხოლოდ ამ
დილით დაითანხმა დედამ, ასე ამბობდა მანამდის: მონაზვნად შევდგები, ან არადა,
არაგვში დავიხრჩობო თავს».
მეფის სასახლემდე მიაცილა კოლონკელიძის ქალი კონსტანტინემ.
გამოთხოვებისას ეუბნება შორენა:
«ხურსისეულ სასახლეში გვინახულე, უტა»....................................
მიდიოდა წაბლების ხეივანში. ყოველ წუთს თვალწინ ედგა შორენა. მისი ხმა,
მისი სუნთქვა ჯერაც არ გაჰყროდა არსაკიძის ცხოვრებას.
ასე ეგონა: გვერდით მომყვებაო კიდევ. ახსენებდა თითქოს მის ლაზურ სახელს,
აგონებდა სიყრმეს, სიჭაბუკის შეწყვეტილ ლხენას, დედას უნაზესს, ფხოვურ მაღალ
ცას და ლაზისტანის კამკამა ზღვას.
ისევ მოესმა სივრცეში შორენას ხმა, ისევ იელვა მის წინაშე ზღვისფერმა
თვალებმა.უმზაკვრო იყო მისი შემოხედვა, ზეცის რეკვასავით ამო − მისი ხმა.
«მართლაც, მართლაც ღირსია შორენა ველის ყაყაჩოები თაყვანსა სცემდნენ.
ოქროს თაველები თავს იდრეკდნენ მის წინაშე და უმძვინვარესი მხეცები
ეგებებოდნენ ფერხთით სანატრელს». ასე ეგონა არსაკიძეს ამ წუთში, სავსებით ახალი
ადამიანი შემატებოდა მის ცნობიერებას. აღარა ჰგავდა იგი ფხოველ ძუძუმტეს.
ხელახლად შობილაო ეს ქალი მისთვის, ამ გაზაფხულის მშვენიერ დილას.

სხვა რამეც უკვირდა არსაკიძეს:
«ვარდისახარი... ფარსმან სპარსს?»...
ჯერ კიდევ ამ გაზაფხულზე მსაჯულთუხუცესის მიერ წვეული იყო ფარსმანი,
რაღაც საშინელი ბრალის გამო პასუხის საგებლად.
ახლა ვაზირებს გადაუწყვეტიათ მისი დაოჯახება, თითქოს რომელიმე დიდი
ერისთავი ყოფილიყო ფარსმანი, ისე გულმოდგინედ ეკიდება მის დაქორწინებას
მთელი სასახლე...
«უცილოდ მოსჭორა დიაცმა გლახუნა ავშანისძის გამიჯნურების ამბავი.
სეფექალები რამ გამოლია სასახლეში, ოვსთა მეფის ხარჭაყოფილს რომ არ დასხმოდა
გიორგი მეფე თავს?!»
მხოლოდ ეს იწვევდა ნატამალს იჭვისას: ბებერ ფარსმანს ვინ მისცაო საკბენი
კბილები?
ან გიორგი მეფის შერქმეული სახელი «გლახუნა ავშანისძე» სად გაიგონა
ვარდისახარმა?
ამ წუთში სამუდამოდ შესძაგდა ეს ქალი.
ინანა: ფხოვურ ცის ქვეშ გატარებული ტკბილი ღამეები, ინანა თავისი
პირველი ვნება ამ «უსირცხვილო სიძვის დიაცის მიმართ».
............................................................................
XXXI
განმგეთუხუცესი
უცხვირპირო
კაცი
აღმოჩნდა.
უკმეხად
მიიღო
ხუროთმოძღვარი მეფისა.
კურდღლის ტყავის ჯუბაჩა ეცვა, ზანტად აფახულებდა ლოპინარისფერ
თვალებს. უზარმაზარ სელზე იჯდა სახედაჭმუჭვნილი, უკბილო ბებერი.
იჭვნეულად შესცქეროდა არსაკიძეს თავის დაფანჩვულ, თეთრ წარბებიდან.
ქუშამომჯდარ ცხენსავით ქშინავდა, უსიტყვოდ უსმენდა არსაკიძეს. როცა
მოხსენება მოათავა ლაზმა, თავი აიღო ბერიკაცმა, მკლავი შემოიდგა ყბაზე და
უგუნებოდ შეეკითხა ხუროთმოძღვარს:
«ოსპის წვენის გამო წაკიდებულან ლაზები და ბერძნები?»
დიახო, დაუდასტურა არსაკიძემ იმ იმედით, საზრდოს გამოუცვლიანო მონებს.
«ალბათ გემრიელი ყოფილა ოსპის წვენი, არა?»
ესა სთქვა, ულოსავით დაგრეხილ, თეთრ ულვაშზე ჩამოისვა პეშვი, მერმე
დაასწრო სტუმარს, სელიდან წამოდგა და გესლიანი ღიმილით ეუბნება:
«ეს იცოდე, ჭაბუკო, მაძღარი მონები ვერაფერს შეჰქმნიან კარგს. ეს ციხეები, ეს
ეკლესიები და ეს სასახლეები მშიერების მიერაა აგებული».
სახეში შეაჩერდა არსაკიძეს და ეკითხება:«შენ ლაზი ხარ, ხომ?»
«თუ ლაზი ხარ, ეგეც გეცოდინება, ჭაბუკო, სადოღე ცხენი თუ გააძღე, ჰელოზე
სხვა მიასწრებს უცილოდ, მწევარი თუ გააძღე, კურდღელს ვერ მიეწევა, მგელი, რომ
მგელია, მგელი რომ მშიერი არ დაძრწოდეს, მაკე ცხვარიც გაასწრებდა უთუოდ.
ხალხი თუ გაძღა, ჭაბუკო, ეს იცოდე, ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც, მაშინ
აღარც ციხეები გვექნება და აღარც ეკლესიები»...
«ჰი, ჰი, ჰი», − ჩაიხვიხვინა ბერიკაცმა ნადირისებრი ღოჯი გამოუჩნდა ორი.
იდგა მის წინაშე არსაკიძე მდუმარედ, წასვლა ეჩქარებოდა, მაგრამ ვერ
გაებედნა ნაბიჯის გადადგმა. ახლა ღირკილოებზე წაეპოტინა განმგეთუხუცესი.
«შენ ქრისტიანი ხარ, ხომ?»
ქრისტიანი ვარო, ეგეც დაუდასტურა ლაზმა.
«აბა ერთს კიდევ გეტყვი, ჭაბუკო, განა თუ ჩემი გამონაგონია ის, რაც გითხარი.
უფალი ჩვენი მაცხოვარიც ამას ასწავლიდა ხალხს.
უდაბნოში შიმშილობდა თავათ, შეგირდებსაც აშიმშილებდა. იგიც ხომ
გახსოვს, ჭაბუკო, ხუთი პურითა და შვიდი თევზით რომ გააძღო მან ბევრზე ბევრი?
რაკი ქრისტიანი ხარ, ეგეც მართებულია რომ იცოდე, ჭაბუკო: ხალხს სამი რამ
უნდა ასწავლოს ერის წინამდგომმა ყოველმა: შიმშილი, ლოცვა და შრომა, ხოლო
რაიცა
შეეხება
ომს,
ომში
აზნაურები
წაასხამენ
მონებს»...............................................................
XXXII
სვეტიცხოვლის კარიბჭესთან ბოდოკია შემოეგება არსაკიძეს.
«შენ გიცდიდი, ოსტატო».
ამბობს ბოდოკია.
«ხომ არაფერი მომხდარა კიდევ?»
«ჩუქურთმიანი ლოდია ჩრდილოს კედელზე გასატანი, ოსტატო».
ნაბიჯს აუჩქარა არსაკიძემ, მიხვდა თუ რომელ ლოდს გულისხმობდა ბოდოკია,
ლაზი.
სვეტიცხოვლის ტაძარზე ახლაც დარჩენილია მოდელი ტაძრისა.
სწორედ ამ მოდელის ქვემოთ დატანებულია ეს ჩუქურთმიანი ლოდი,
სამმხარიანი ჯვარია მასზედ და ასომთავრული წარწერა ასეთი:
«ნებითა ღვთისათა განახლდა სამირონე ესე, ბრძანებითა ქრისტეს მიერ
კათალიკოსის მელქისედეკისათა. შეიწყალე უფალო, მონა შენი კალატონი ოთხნი,
ამინ».
დიდხანს ჭირვეულობდა ამ ლოდის გამო კათალიკოსი, სამგზის დაიწუნა
ჩუქურთმიანი ჯვარი, ბოლოს, როგორც იქნა, ეს უკანასკნელი მოიწონა. ამიტომაც
ჰქონდა ნაბრძანები არსაკიძეს: უჩემოდ არ ჩადგათო ლოდი.
ეს ამბავი პარასკევს მოხდა. შაბათს მელქისედეკი აპირებდა მშენებლობის
დასათვალიერებლად მოსვლას, ამიტომაც ეჩქარებოდათ ოსტატებს.
კალატოზებმაც იცოდნენ მელქისედეკის ჭირვეულობის ამბავი, ამიტომაც
ვეღარ ანდეს მისი ატანა მონებს. ხუთივენი ავიდნენ ხარაჩოზე.
როცა საბელით აზიდეს ლოდი, მოხუცი ბოდოკია წაეპოტინა პირველი,
მარყუჟიდან გამოხსნა ლოდი, მაგრამ ვეღარ მოერია თავათ.
სამი დანარჩენი კალატოზი უმარჯვოდ იდგა, ხარაჩოს ძელები გაესიპა ნისლს,
ფეხი ვეღარ მოიმაგრეს, ამიტომაც ვერ მოეშველნენ ბოდოკიას დროზე.ლოდიც გასიპული იყო, ხელი მოეცარა ბოდოკიას, მაგრამ მკერდი მაინც
შეაგება ოსტატმა, ისევ წაეპოტინა, მაგრამ ვეღარ შეიმაგრა ლოდი.
დაწინაურდა კონსტანტინე არსაკიძე, მკლავები შემოაჭდო ლოდს და საოცრად
გაწითლდა მთელს სახეზე. კალატოზებიც დაიძრნენ ადგილიდან, მაგრამ ვერც ერთმა
მოიკიდა სველ ხარაჩოზე ფეხი, კარგა ხანს გაუძლო არსაკიძემ ოთხი კაცის ტვირთს,
ვეღარც მას მიეშველნენ დროზე.
ხელი გაეშვა?
ბოდოკია იქვე იდგა, დაშავდებოდა მოხუცი, ბოლოს ჩუქურთმიანი ლოდიც
დაიმსხვრეოდა უცილოდ.
იმარჯვეს ისევ სამთა, წელმოწყვეტილი ბოდოკიაც მიეშველა. მაჯაგანით
ჩასვეს ჩუქურთმიანი ლოდი, მაგრამ ნირშეცვლილი არსაკიძე შეჰქანდა ხარაჩოზე.
თვალი წაატანა ბოდოკიამ, ლაინისფერმა გადაჰკრა ხუროთმოძღვარს სახეზე.
როცა იგი ძირს ჩამოიყვანეს, წელი ვერ გამართა არსაკიძემ. მშვილდივით
მოკეცილი დაეცა მიწაზე. საკაცეზე დააწვინეს ხუროთმოძღვარი მეფისა, თორმეტმა
კალატოზმა წაიყვანა არსაკიძე რატისეულ სასახლეში.
ატირდა საწყალობლად ნონაი.
«წუხელი ცუდი სიზმარი მქონდა, არ დამიჯერა ბატონმა, მიტომაც შეემთხვა
ხიფათი».
მელქისედეკი უფლისციხეში იყო იმ დღეს, მსახურთუხუცესი წარგზავნა
ავადმყოფის სანახავად გიორგი მეფემ.
ფარსმან სპარსი იხმეს, მაგრამ ავად ვარო, მოიმიზეზა ფარსმანმა,
უფლისციხეში აფრინეს კაცი, თურმანიძე თმოგვს წასულიყო წინა დღეს.
ორი კვირის მანძილზე სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იყო არსაკიძე მისული,
უმწეოდ დაფათურებდა ნონაი, შავ შარბათს, თემრი ჰინდის, უშხულისა და
ბროწეულის წვენს ასმევდა ავადმყოფს, სვინტრისა და თალგამის მხალს აჭმევდა
დღენიადაგ.
არ აპირებდა ავადმყოფი გამობრუნებას.
ბოლოს დარწმუნდა არსაკიძე მომიხდებაო სიცოცხლის დათმობა. ნაღვლობდა
ოსტატი ფრიად, დაუსრულებელი რომ რჩებოდა სვეტიცხოველი.
მთელი სიცოცხლე სხვის ქვეყნებში ყიალსა და უსაზმნო შრომაში დალია,
ცხრაკარსა და ითვალისში აგებული ორიოდე ეკლესია უკვდავებას ვერ მოუხვეჭდა
მის სახელს.
კარგად იცოდა ოსტატმა: მუზები დიახაც მიელტვიან უღრან ტყეებსა და
უკაცურ მთებს, მაგრამ უკეთუ მათი შთაგონების საგანი სატახტო ქალაქებს ვერ
მისწვდა, ვერც ერთი ოსტატი გაითქვამს სახელს.
სვეტიცხოველი იყო მისი სიჭაბუკის, მამაკაცობის უსაჩინოესი ქმნილება,
საქართველოს გულში აგებული საჩინო ადგილზე.
რამდენი შრომა და ტანჯვა შეალია ამ დიდ ქმნილებას და ახლა სიკვდილს
უნდა გადაეჭრა გზა!..
ეცოდებოდა მოხუცი დედა, ფხოვის ცივ მიწაში დარჩენილი მამის ძვლების
ერთგული დარაჯი; ბოდოკია უნდა წარეგზავნა კვეტარს, მაგრამ საქმეს ხომ ვერ
მოაცდენდა ჩინებულ კალატოზს?
ეს კი ეწადა, სულზე მოესწრო როგორმე დედას, ეგებ მისმა ლოცვამ და
სიყვარულმა გადამარჩინოსო სიკვდილს.
ერთი და უსაწყალობლესი დარდიც უნდა გაჰყოლოდა ამ უხეირო
წუთისოფლიდან.ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც კიდევ ენახა შორენა, როგორმე შეევლო საღამო
ჟამს ხურსისეულ სასახლეში და ერთხელ მაინც გაეგონა მისი პირისაგან დედის მიერ
შერქმეული ლაზური სახელი «უტა».
სულზე მოუსწრო თურმანიძემ ავადმყოფს.
მარჯვენა მკლავი გაუხსნა აქიმმა. სისხლი ადინა საგუალის ძარღვიდან.
გრილი შარბათები ასვა, ვარდის კაჭაჭის ფოთლები დაანაყვინა ნონაის, უხვად ასვა
წვენი, ქაფურში გავლებული გრილი ტლეები შემოადგა.
სამ დღეში გამომჯობინდა არსაკიძე.
ასე დააწესა აქიმმა: ორ თვეს მაინც არ გასულიყო ხარაჩოზე ხუროთმოძღვარი
მეფისა.
არც ცხენზე შემჯდარიყო ორ თვეს, ფიცხელი მოძრაობა აღკვეთოდა
ყოველნაირი.
ერთი კვირის შემდეგ თავათ დგებოდა ფეხზე.
მთელი დღე იჯდა რატისეულ სასახლის აივანზე. გულშემოყრილი
გასცქეროდა თავის საყვარელ ქმნილებას შორიდან.
ყოველ დილას მოდიოდა ბოდოკია, მითითებებსა და თათბირებს ღებულობდა
ავადმყოფი ოსტატისაგან.
თითქმის ყოველ დილით ხედავდა აივნიდან არსაკიძე სანადიროდ მიმავალ
შორენას.
გიორგის მეფის ოქროსფერ ულაყზე იჯდა ერისთავის ასული, ორი მოახლე და
ორი დიაკონი მისდევდნენ ცხენდაცხენ, შავარდნიანი ბაზიერებიც თან ახლდნენ.
მხარმარჯვნითა და მხარმარცხნით გიორგი და გირშელ მიჰყვებოდნენ საომარ
ცხენებზე გადამჯდარნი, თორმეტი თოროსანი რაინდი თან ახლდა მეფესა და
ერისთავს.
სულ ბოლოს ურმით მიჰყავდათ გიორგი მეფის ავაზები მონებს, ატლასის
დორი ზედ ეხურათ ავაზებს, საბელის თავი ურმის უკან მიმავალ მონებს ეჭირათ
ხელში.
აივნიდანვე ამჩნევდა არსაკიძე, შორენა მხიარულად ებაასებოდა მეფესა და
ერისთავს.
სანადირო ტყავკაბა ეცვა გირშელის საცოლეს, ოქროქსოვილი ზორტებითა და
მარგალიტების ფოჩვებით შემკული ტარსიკონის ჩექმები ფეხზე, ვერცხლის
უზანგებამდის წვდებოდა ბროწეულის ყვავილისფერი საწმერთულის ტოტები.
XXXIII
«...და წარმომგზავნა ღმერთმა, რათა შევმუსრო
კაცთაგანი სამი ჯურისა: ქედმაღალი, მრავალგვართა
ღვთაებათა
თაყვანისმცემნი
და
მხატვარნი.
უფრთხილდით, კაცნო, უფლისა და ადამიანის
გამოსახვას. ნება გეძლევათ ხატოთ მარტოოდენ ხენი,
ყვავილნი და ქმნილებანი უჰასაკონი...»
როცა მარტოობა გულზე შემოეგზნებოდა, გადმოიღებდა ტილოსა და წამლებს
არსაკიძე, ხატავდა თავისთვის...
ერთ დღეს, ნასადილევს, ტახტზე წამოწოლილიყო ავადმყოფი. სამი ბერი
ამოვიდა რატისეული სასახლის კიბეზე.ხუროთმოძღვარი მეფისა იკითხეს.
შემოფათურდა ნონაი: ვიღაც ბერები გკითხულობენო, ბატონო.
მობრძანდნენო, უთხრა არსაკიძემ.
როცა სტუმრები დარბაზში შემოვიდნენ და თავსაბურავი მოიხსნეს, არსაკიძემ
მელქისედეკ კათალიკოსი შეიცნო.
კონსტატინე შეკრთა, მაგრამ წამოდგომა არ დაანება მელქისედეკმა, თავათ
მოიტანა მის სასთუმალთან სელი.
დაჯდა, ალერსიანად გამოკითხა ჯანმრთელობის ამბავი.
ჯვალოს ჩოხა ეცვა მელქისედეკს, სავსებით გახუნებული. ბერული, ორკაპიანი
არგანი ეჭირა ხელში.
მცირე ხანს დარჩნენ სტუმრები, მწუხრზე მეჩქარებაო, მოიმიზეზა
კათალიკოსმა.
წამოდგა.
ჯვარი გადასწერა ავადმყოფს.
ეუბნება:
«დღეს შევევედრებით უფალს განკურნებისა შენისათვის, შვილო, მალე
გაჯანსაღდები ღვთით, სვეტიცხოველს დაასრულებ მალე, ტაძრის კურთხევაზე
ფრიად საპატიო სტუმრებს მოველით ბიზანტიონიდან».
ეს მოხდა შაბათს საღამოს.
გაოცებული იყო არსაკიძე: როგორი სათნო კაცი ყოფილაო მელქისედეკი!
ტკბილად შესაყრელი და ამოდმოუბარი ეჩვენა საერთოდ ბუზღუნა და ჭირვეული
მოხუცი.
საქმიანობაში აუტანელი იყო მელქისედეკი, წვრილმანი, სასტიკი,
განუზომელად ახირებული ხშირად.
კირითხუროებს, კალატოზებს და მონებს მეხივით ეშინოდათ მისი.
როცა იგი მშენებლობის სათვალყუროდ ჩამოივლიდა, ორ ათასამდე მუშა ისე
გაიტვრინებოდა, ალალმა ჩაუქროლაო ნიბლიების გროვას.
არც არავინ იცოდა არასდროს, რომელ წუთს, რომელი ჭიშკრიდან
შემოვიდოდა იგი სვეტიცხოვლის ეზოში. თავის გახუნებულ ჯვალოს ჩოხაში,
უბრალო ბერისგან ძლივს გაარჩევდა მას კაცი.
როცა ყველა დარწმუნებული იყო, უფლისციხეშიაო მელქისედეკი, იმავე დღეს
მოაკითხავდა ტაძარს.
ხმა დავარდებოდა: ავად გახდაო კათალიკოსი, ბალღებივით გაიხარებდნენ
მონები, სწორედ იმ საღამოს მიადგებოდა ხარაჩოებს.
ყველას ეს აოცებდა: თრითინასავით დაძვრებოდა ზედ მუხლებდასიებული,
ჩია ბერიკაცი.
ნონაი შემოვიდა. წამლები შეასვა ავადმყოფს, ცხელი რძე მოუტანა და
წაფრატუნდა.
სიბნელემ დაივანა დარბაზში. ერთადერთ ვარსკვლავს თვალი ჰკიდა
არსაკიძემ. მერმე დიდხანს იწვა პირაღმა. ისევ მელქისედეკის გამო ფიქრობდა იგი.
როგორი სასტიკი გამომეტყველება ჰქონდა მას ნამწუხრევს, სამთავროს
ეკლესიაში ქადაგების ჟამს, როცა იაკობის მიერ ღმერთთან შერკინებას განუმარტავდა
მრევლს.
სიყრმიდანვე აოცებდა არსაკიძეს ეს უცნაური ადგილი დაბადებისა, ჯერ
კიდევ ადრიან სიჭაბუკეში, კონსტანტინოპოლში, მრავალჯერ უთქვამს: რა თამამად
მოუციაო ამ სტრიქონების ავტორს ადამიანის ჭიდილი ღმერთთან?ახლა უცნაურად აეკვიატა ასეთი განზრახვა: უთუოდ დაეხატა იაკობის
შერკინება უფალთან.
ისე ცოცხლად წარმოუდგა თვალწინ დასახატი საგანი, შეეშინდა, ჩვენებად არ
გადამექცესო ეს ყოველივე.
ორ-სამგზის იცვალა გვერდი. ვეღარ მოისვენა. ღამე არ ყოფილიყო, უთუოდ
ადგებოდა, შეუდგებოდა ხატვას.
წამოდგა. ჯოხი აიღო. ბაღჩაში ჩავიდა.
ეძინა ყოველივეს ირგვლივ.
ოდნავ, სულ ოდნავ იჭვრიტებოდა მოყვითანო ღრუბლის ბლონდიდან მთვარე,
იისფერი რკალი გარს ერტყა მნათობს.
იდგა ცაცხვის ქვეშ არსაკიძე. უხაროდა სასიცოცხლო ღონე რომ შეემატა მის
იოგებს. ათიოდე დღეც და უჯოხოდ ივლიდა, უთუოდ შეივლიდა შორენას სანახავად.
გადაჰხედა მთვლემარე ხილნარს. ასე ეგონა მძინარე ბუნება მღერისო ძილში.
მღეროდნენ ჩრდილადქცეული ხეები, მთვლემარე ყვავილები, დაცვარული ბალახი.
ტკბილის სძლისპირივით მოესმოდა ფუტკრების ზუნი, მღეროდნენ ცისკიდურებზე
გაწოლილი მთებიც, მათ ფერხთით გადაშლილ ზღვისფერ სილურჯეში არაგვი
დვრინავდა ამოდ.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.........................
კვირა დილას უთენია წამოდგა.
სამთვარიო ამ დღისათვის იუწყებოდა:
«დღე კეთილი, ღვინის ძვრა, ვენახის დარგვა, ქორწინი, ნადირობა და
მგზავრობა ყოველივე კეთილი»...
სამთვარიო გადასდო, ჯოხი აიღო, ისევ დააგდო, ადგა და აივნამდის მივიდა
უჯოხოდ.
ბაღს გადაჰხედა.
გახარებული ჭიკჭიკებდა მზეწვია მწვანეში.
სიცოცხლე და შთაგონება შეემატა კვლავ.
შინ შებრუნდა, სამხატვრო ხელსაწყონი მოიმარაგა.
წამლები შეამზადა, ტილო განფინა.
რამდენიმე ხაზი მიმოავლო ტილოზე, უბრალო კონტურები მოხაზა ზედ,
ნაღვარევს გადაღმა მდგარი აქლემების, კარაულების, იაკობის ორი ცოლის, ორი
მხევალის, ათერთმეტი ვაჟის ბანაკი.
ახლა, ნაღვარევს გადმოღმა, ველზე მარტო მდგარი იაკობის ფიგურა მოხაზა
და სწორედ ამ დროს ნონაი შემოვიდა, ვიღაც ჩალმიანი ბერიკაცი მოსდგომია უკანა
კიბეს, ხუროთმოძღვარს მეფისას იკითხავსო.
არსაკიძე მიხვდა ვინც უნდა ყოფილიყო ეს ჩალმიანი მოხუცი.
ისე მოძალებული ჰქონდა შთაგონება, არავის ნახვა ეწადა ამ წუთში.
სახე დაეღმიჭა ბრაზისაგან.
ამპარტავნობაში ჩამომართმევსო, ეს გაიფიქრა და უბრძანა მხევალს:
მობრძანდესო სტუმარი.
არსაკიძე გაოცდა, როცა უკანა კარიდან შემოვიდა ფარსმან სპარსი დარბაზში.
წელში მოდრეკილი, თითქმის ქოსა მოხუცი ისე მოდიოდა, თითქოს ეპარებაო
რაიმეს, გრძელი ყავარჯენი ეჭირა ხელში, ვერცხლით მოჭედილის სახელურითა.
შემოსვლისთანავე მიესალმა მასპინძელს და როცა მოწოდებულ სელზე დაჯდა,
ასეთი რამე შეაგება არსაკიძეს:
«ეს მიბრძანე, ჭაბუკო, ამ სახლის უკან რატისეული კოშკია, არა?»არსაკიძე გააოცა ამ კითხვამ.
ერთი გაიფიქრა: ალბათ თრიაქისაგან თუ დამთვრალაო ამ დილით?
შეაშტერდა სახეზე.
არა.
მთვრალი არ უნდა ყოფილიყო ფარსმანი, თავაზიანად მიუგო მოხუცს:
«დიახ, კოშკია, ბატონო».
«ეჰ, მე კი სახაბაზო მეგონა თავდაპირველად, შვილო».
ყავარჯენს მოეჭიდა ორივე ხელით, იატაკს დაჰხედა და ამბობს:
«ცუდი ყოფილა სიბერე, შვილო, სიცოცხლე აღარა ღირს, როცა სახაბაზოსა და
კოშკს ურთიერთისაგან ვეღარ გაარჩევ».
«ჰო, ჩარდახმორღვეულია ის კოშკი, შესაძლოა, ამიტომაც ვეღარ გაარჩიეთ,
ოსტატო».
«ეჰ, უკვე აღარა ვარ ოსტატი, შვილო, ამჟამად გიორგი მეფის შავარდნებს
რევანდის ოყნას ვუკეთებ. თრიაქ ფარუხს ვასმევ მიმინოებს ფილენჯისაგან
განსაკურნავად.
როცა მეჯადაგეები ოსტატები გახდებიან, ოსტატებმა რევანდის ოყნა უნდა
გაუკეთონ შავარდნებს».
არსაკიძე მიუხვდა ამ იგავების შეფარვულ შინაარს, დაცდილი ჰყავდა ოსტატი
ძველი: ფარსმანი სათქმელს არაოდეს იტყოდა ჯიქურად.
მუდამ ირიბად მიმართავდა სიტყვას, უკუსაქცეველ ხვრელს დაიტოვებდა
თანაც. ორლესილი მახვილივით მძაფრი იყო მისი ნათქვამი, მუდამ, კალმახივით
უსხლტებოდა ხელიდან მსმენელს.
«რად იკითხე, ოსტატო, ამ კოშკის ამბავი წეღან?»
«ალბათ მოგეხსენება, ჭაბუკო, როცა კაცს სიბერე მოუწევს, ბალღს დაემსგავსება
იგი. აკი ასე სჩვევიათ ბალღებსაც. ისეთ რამესაც იკითხავენ ხოლმე, რაც კარგად იციან
თავათაც.
ბალღები და მოხუცები იმითაც ჰგვანან ერთმანეთს, რომ მათ თანაბრად
აეშლებათ ხოლმე საღერღელი ლაპარაკისა.
მხოლოდ ესაა: ბალღს არ ეშინიან სისულელის თქმისა, იგი აგრე ვარაუდობს
ალბათ ქვეშეცნეულად: გავიზრდები, ჭკვიანურსაც ვიტყვიო.
მოხუცებულიც აცუნდრუკდება ხშირად, რადგან გამოცდილებიდანაც კარგად
იცის, მხოლოდ ბრძენკაცებს ემტერებოდნენ მეფეები, და არსად არც ერთ მეფეს, თუ
გინდ სულელსაც, შლეგები არ ჩამოუხრჩვია ჯერ.
რადგან თვით უჭკუო მეფეებსაც მუდამ ესმოდათ: სულელები სათითაოდ რომ
ჩამოახრჩო, მაშინ ვერც ხარკს მოხვეჭავდნენ, ვეღარც მონასპებს იპოვნიდნენ ომში
წასაყვანად.
ეგეც ხომ გსმენია: არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.
მე ვიყავი მუდამ ასეთი შლეგი, სხვათა ომებში მამაცი შლეგი.
რაიცა შეეხება კოშკს, ახლა გამახსენდა: ამ კოშკში ჰყავდა დამწყვდეული მეფე
გიორგის რატი.
ჭკვიანი კაცი იყო სახლთუხუცესი რატი. მან კარგად იცოდა: ვინც მეფეთა
სამსახურისათვის თავს გადასდებს, მას საკუთარი სახლის უკან მზად უნდა ჰქონდეს
დილეგიც.
რადგან ქარის ქროლვასა ემსგავსება მეფეთ წყალობა, ხან აღმა მიჰქრის ეს ნიავი,
ხანაც თავდაღმა».ფარსმანს ყავარჯენი გაუვარდა ხელიდან. დასწვდა, ისევ აიღო და განფენილ
ტილოს შეავლო თვალი.
«ცუდ დროს მოვსულვარ, როგორც სჩანს, ჭაბუკო, სახატავად მოგიცლია,
ვხედავ».
«არაფერია, ოსტატო, მცირე რამ უნდა დამეხატა ჩემთვის. დიდი ხანია
ფერწერაში არ მივარჯიშნია».
«ვინ გასწავლიდა ბიზანტიონში ფერწერას?»
«მხატვართუხუცესი ავრელიოს ალოსტოს».
«ავრელიოს ალოსტოს! როდოსელი ბერძენი, არა? ფერწერაში ნიჭი მოგდგამს,
გეტყობა...
როდოსელი ბერძენი, დიახ».
კვლავ გაიმეორა მხატვართუხუცესის სახელი და გვარი ფარსმანმა. თვალები
მიაშტერა არსაკიძეს, მაგრამ ფარსმანი ისე ხშირად აფახულებდა წითურ წამწამებს,
მისანიც ვერ შეიცნობდა მის გულის ხმას ამ წუთში. თვალებიც ისე უციმციმებდა,
როგორც ვარსკვლავი ბოროტი.
«აბა ერთს გეტყვი, ჭაბუკო, ყველაფერზე უფრო ძვირფასი მხატვრისათვის მაინც
იგია, რაც არც მელქისედეკ კათალიკოსს შეუკვეთია და არც მეფე გიორგის, ის, რასაც
მოცალეობის ჟამს დახატავს იგი თამაშით.
ეგეც იცოდე: მაინც მოცალეობა და ფანტაზიაა შემოქმედების მკვიდრი მშობელი».
მიუხვდა ლაზი ამ შეფარვული აზრის სანიშნოს. არსაკიძეს მხოლოდ რამდენიმე
ხაზი ჰქონდა გავლებული ტილოზე. ამ იგავით ეს უთხრა ფარსმანმა: ეს რამდენიმე
ხაზიც სჯობიაო შენ მიერ აგებულ სვეტიცხოველს.
ან რა ნიჭის გამო შეიძლებოდა ამ მონახაზის მიხედვით მსჯელობა?
ცხადია, დასცინოდა იგი არსაკიძეს.
არსაკიძე აიმღვრა, მაგრამ არა აკადრა რა მოხუცებულ სტუმარს. თავისი
ბერძნული განათლების მიუხედავად, არსაკიძე მაინც ლაზი იყო და არსად ისეთ
პატივში არ არიან მოხუცებულნი, როგორც ოდითგანვე ლაზების ქვეყანაში.
«სამოცდახუთი წელი შემისრულდა გუშინ. თუმცა ახალ ცხოვრებას მოვეკიდე,
მხოლოდ გუშინწინ შევირთე ცოლი. ხელცარიელი მივდივარ სამარეში, შვილო,
რადგან მუდამ იმას ვაკეთებდი, რასაც კეისარი, ხალიფა და აფხაზთა მეფეები
მოისურვებდნენ».
ამ სიტყვებმა ფრიად გააოცა არსაკიძე.
წლების მანძილზე უსაუბრია მასთან და არც ერთხელ კრინტიც არ დაუძრავს
თავისი ცხოვრების გამო ფარსმან სპარსს.
მხოლოდ ერთი რამ ყურმოკვრით ჰქონდა მას განაგონი ამ უცნაური მოხუცის
გამო.
ის ტყირპიანი დედაკაცი თებრონია მხევალი როდი ყოფილა მისი, არამედ
წანარელ მონაზვნის ნაბიჭვარი.
მონასტრიდან გაუგდიათ ფეხმძიმე დიაცი, მონაზონი ძმებთან წასულა,
ტყირპიანი შვილი როგორც კი ჰყოლია, გუდანურში ჩაუსვამთ ბალღი და ფარსმანის
კარებში შემოუდგამთ ღამით.
ფარსმანმა გაზარდა მერმე თავისი ხარჭის ნაშობი და მხევალი თებრონია
შეურქმევია მისთვის.
წამოდგა ფარსმანი, განფენილ ტილოს მიეახლა, ყავარჯენს დაებჯინა, კიდევ
შეჰხედა ნახატებს და ასე სთქვა:«შესაძლოა წინასწარ იცოდე მხატვარმა კიდევაც, რომ შენ სურათს ზედაც არ
შეხედავს არავინ, გული საგულეს უნდა გქონდეს მაინც.
რადგან ეგ ასეა: ჩვენს აზნაურებს მიმინოს სკორე ურჩევნიათ სურათებს, ხოლო
დიდვაჭრებს − ნოხები, ბიზანტიელ პატრიციებს − ცხენები.
ეპისკოპოზები ასე ამბობენ: მკრეხელებიაო მხატვრები, ღმერთს უტოქდებიან
ისინი, უჰასაკო საგნებს შთაბერვენო სულს.
ვერც კონსტანტინოპოლში გაყიდი შენს სურათს, რადგან ბიზანტიელი
აზნაურნი და უაზნონი ამას მოითხოვენ: ბასილი კეისარი უნდა ხატოსო მხატვარმა.
თეთრ რაშზე გადამჯდარი, ჰოროლსა სცემდესო ხახადაბჩენილ ურჩხულს.
არც თუ მუსულმანთაგანი შეიძენს შენს სურათს ვინმე, რადგან
მართლმორწმუნე მაჰმადიანი ფეხსაც არ შესდგამს იმ სახლში, სადაც სურათი ჰკიდია,
ან ძაღლი აბია სადმე.
მე ერთი ჭილის ეტრატი მაქვს შინ და იმ ეტრატში ასე სწერია:
«ვაჲ მას, ვინაც გამოხატოს ცოცხალი არსი. განკითხვის დღეს, მხატვრის მიერ
გამოსახული პირები გაცოცხლდებიან, სურათიდან ჩამოვლენ, მიეჭრებიან
დამხატველს და მოსთხოვენ სულს.
და მხატვარი იგი, რომელიც ვეღარ შესძლებს საკუთარი სულის მიცემას,
უცილოდ დაიწვება უშრეტი ცეცხლით».
დამერწმუნე, ჭაბუკო, ყველაზე კარგი სურათი იგია, რომელსაც არც
უფლისციხეში, არც კონსტანტინოპოლში, არც ქაიროში არ ყიდულობენ ამჟამად,
სწორედ იგი, რომლისთვისაც სულს მოსთხოვენ ერთ დღეს დამხატველს».
ფარსმანმა დილა მშვიდობისა დაუბარა არსაკიძეს, არც ჯანმრთელობისა, არც
სვეტიცხოველის გამო უკითხავს რაიმე.
წასვლის წინ ესა სთქვა მხოლოდ:
მეფე გიორგის შავარდენი გახდომია ავად, რევანდის ოყნა უნდა გავუკეთოვო
შავარდენს.
წავიდა თუ არა ფარსმანი, არსაკიძემ განაგრძო ხატვა.

სრული სამი კვირა მოანდომა არსაკიძემ ამ სურათს, რადგან აქიმი ჯერაც არ
ანებებდა სამუშაოდ წასვლას.
როცა მოათავა, შუა დარბაზში დადგა. სიხარულით აღვსილი შესცქეროდა
თამაშითა და ლაღბობით დაწერილს.
შიდა ფონზე აქლემები და კარაულები მოსჩანდნენ ნახევრად ბნელში, ორნი
ცოლნი, ორნი მხევალნი და ათერთმეტნი ძენი იაკობისნი, ხოლო ნაღვარევს
გადმოღმა იდგა იაკობ მარტოი მუნ და ერკინებოდა მას უზარმაზარი დევკაცის
ლანდი.
წვერი ჰქონდა ირისესავით თიმთიმა და დაფანჩვლული, ბრწყინვალე
შარავანდი ემოსა გარშემო თვისა, თევზის ქერეჭისდარი ჯაჭვი ეცვა იაკობის ღმერთს,
ცეცხლებრ უელავდნენ მგლისფერი თვალები.
XXXIV
აქიმის მიერ დათქმული ყავლი ჯერაც არ იყო გასული, არსაკიძემ მშენებლობას
მიაშურა დილა ადრიან. გაიხარეს მის დანახვაზე კალატოზებმა და მონებმა.ბოდოკია წინ გადაუდგა.
ჯერ ნუ ახვალო ხარაჩოზე, ბატონო!
არა ჰქნა არსაკიძემ, შეჰყვა ხარაჩოებს. ათვალიერებდა ლავგარდანების
ჩუქურთმებს, თაღების მოხატულობას, ფასადების ბარელიეფებს.
ტაძრის გუმბათამდის მიაღწია ძლივს, დოინჯი შემოიდგა თეძოზე.
ბოდოკიამ ფერმკრთალობა შენიშნა მყისვე.
ცუდად ხომ არ ხარო, ოსტატო?
არ გაამხილა თირკმელების ტკივილი.
არაფერიაო, სთქვა, ხელი მოსჭიდა ფიჭვის ძელს.
კალატოზებთან ერთად ისადილა იმ დღეს, მწუხრის მოწევამდის დადიოდა
ხარაჩოებზე.
ძელსა ჰკრეს სამთავროს ეკლესიაში. მონები გაიკრიფნენ მშენებლობიდან.
დადიოდა ტაძრის გარშემო, უთვალთვალებდა თავის საყვარელ ქმნილებას ბინდისას.
წელს იტკივებდა დამაშვრალი, მაგრამ შორენას ნახვის წადილი მოსძალებოდა
მაინც.
წყნარი, წყნარი საღამო იყო, კვიპაროსების წვეროკინები ქანაობდნენ ნელა.
ბეღურები ჟიოდნენ ალვების მწვანეში.
ქუჩებში არავინ სჩანდა.
საგოდებელი გადაიარა, უსიცოცხლო შარიშური გაჰქონდა ლაშქარასა და
შუფხას კლერტოებს.
მზე ეთხოვებოდა კავკასიონს, შაშვი კუთავდა სუროს მწვანეში.
ახლად აფრენილი ბუს მართვეები მიფრინავდნენ მუხოვანისკენ. უმწეონი მათ
შორის სულ დაბლა, სულ ახლოს ჯდებოდნენ ტოტებზე.
სასაცილონი იყვნენ ეს მოღუშული არსებანი. ჯერაც არ გაჰყროდა ქვეყანას
ნათელი. ისინი ვერ ჰხედავდნენ არსაკიძეს. გაფუყული ისხდნენ, უცნაურად
კუსავდნენ ცეცხლისფერ თვალებს.
კაცს ეგონებოდა, ამსოფლიური ჭმუნვა უკვე შეჰყრიათო ახლადმოჩიტულთ.
თემშარაზე გასულს ფეხშიშველა ბალღები შემოეყარნენ არსაკიძეს,
უდარდელად
მოიმღეროდნენ
საკინძეგაღეღილი
ბიჭუნები,
მგალობელ
ანგელოსებსავით აღებდნენ პირს.
სამთავროს მონასტრისაკენ მიდიოდა ბერების ლაშქარი.
რაღაც უცნაურმა სუნმა ჩამოუქროლა არსაკიძეს. ბნელ სენაკებსა და
საოსტიგნოებში რომ სცემია, სწორედ ისეთმა, საკმეველის, სამოგვისა და ოფლის
სუნმა.
უღიმღამოდ, უხალისოდ მიედინებოდა შავჩოხიანების ბრბო, ლანჩების
ერთობლივი ტკაპატკუპი ისმოდა თემშარაზე. ჩრდილებივით მიემართებოდნენ
დასავლეთისკენ ისინი, უზარმაზარი ლანდები რჩებოდათ უკან.
სჩანდა, სამონასტრო ვენახებიდან ბრუნდებოდნენ. ხელში სასხლავი ეჭირათ,
ზოგს ბარი მიჰქონდა, ზოგს წალდი, ზოგსაც წალამის კონები ეკიდა ზურგზე, ჩოხის
ბალთებზე მოსდებოდათ ბირკა და ნარი.
მიიჩქაროდნენ დაღვრემილი, წელში გადრეკილი მოხუცები, საღამოს ბორიო
არხევდა თეთრ წვერებსა და შავ კალთებს ჩოხისას.
უსიხარულოდ გასცქეროდნენ ჩამავალ მზეს, გახუნებული სამოსი ეცვათ, შავი
კრიალოსნები ეკიდათ კისერზე.მიალაჯებდნენ მტკიცედ, შავწვერიანი, მხარგრძელი ვაჟკაცები. ტანზე თორნი,
წელზე ხმალი და ფეხზე დეზი უფრო დაამშვენებდა მათ, ვიდრე ეს გაცრეცილი
ბერული ჩოხანი.
გოდოლების შესამუსვრელად გამოდგებოდნენ ეს მუხლმაგარი და
მხარგრძელი გოლიათები.
ღვიოდნენ ღაჟღაჟა ლოყები, ბიბინებდნენ წამახული ულვაშები და ჭავლივით
მღელვარე წვერები.
მიდიოდნენ თავჩაქინდრულნი, მიალაჯებდნენ გრძელბარკლიან ფეხებს.
ქოსა და დაღრეკილი მამაკაცებიც ერიენ მათ შორის, თავწვრილა, კისერმოკლე,
წვივგადრეკილი ჩიაკაცები, დიაცური წრიპინა ხმა რომ გადაჰყვებათ ხოლმე
ბალღობიდან შუაკაცობაში, ჰერმესსა და აფროდიტეს შორის მარად მერყევთ.
ისეთნი, ვინც დიაცებს ჭირის დღესავით სძაგთ, რაკი მათი მკლავები ხმალს
ვერ მოიქნევენ, ერქვანს ვერ გამართავენ, პურს ვერ მოიწევენ, ჰოროლს ვერ სცემენ,
მტერს ვერ შეუტევენ რისხვით.
ბუნებით ცვედანნი, სახითა ქოსანი, სიყრმეშივე დაბერებულნი, ხოლო
სიბერეში ყრმასავით ცუნდრუკა.
არსაკიძე ზიზღით შესცქეროდა ამ ზლაზვნია, წლაწვნია, წრიპინა,
მკერდჩავარდნილსა და თეძოგანიერ ქალაჩუნებს.
ბოლოს ამ ლაშქარს უკან მიჰყვებოდნენ ყრმანი ჭაბუკთაგანნი, უწვერულნი,
ფერგამკრთალნი,
კისერგრძელნი
და
პირმშვენიერნი,
წარბმოხატულნი,
მკერდგანიერნი და ახოვანნი.
მათაც დაამშვენებდა უთუოდ ჯიშიან, მაღალ ცხენებზე ჯდომა და გამართული
ჰოროლებით იერიშების მიტანა.
სულ პაწია ბიჭუნებიც ერიენ მათ შორის, ხშირკულულიანნი, თმახუჭუჭა და
ლელივით წვრილნი, ცვილისფერი იერი გადაჰკრავდა მოყვითალო სახეებს.
არსაკიძე სათითაოდ აკვირდებოდა მათ, ცვილის, გუნდრუკის და ბნელი
სენაკების დახშული სუნი ასდიოდა ამ ჭაბუკების ჩოხებსაც.
«ქრისტეს მიერ გლახაკნი!»
გახმიანდა ოსტატის გულში ხმამაღალი ფიქრი, შეძრწუნდა ანაზდად. თითქოს
ჯერაც არ ენახა მას ბერების მთელი ლეგიონები უფლისციხესა, ტრაპეზუნდსა და
ბიზანტიონში.
მისწყდა მათი ლანჩების ერთობლივი ტკაპუნი და ერთბაშად ცხენების
თქარუნი მოესმა არსაკიძეს.
მთიდან მოჰყავდათ მწყემსებს გიორგი მეფის ცხენების რემა. ფეხშიშველა
მონები ისხდნენ უბელო ჭაკებზე, ბირკათი ფაფარდახუნძული ულაყები ორ-ორ კაცს
მოჰყავდათ საბელით.
ჭიხვინებდნენ საომარი ულაყები, დუჟმორეულნი ღეჭავდნენ ლაგამს, მათ
ხვიხვინში ისმოდა უცნაური ძახილი სქესისა...
მოკვინტრიშებდნენ
თაფლისფერი
კვიცები,
ცეკვით
მოსდევდნენ
მუცელდაბერილ ჭაკებს.
გამოექცა მგლისფერი აჯილღა ორ ვაჟკაცს, აყიროსავით გადააგდო ერთი
მათგანი მტვერში, უკანა ფეხებზე ზეაღიმართა, ტორები შემოჰხვია ჩალისფერ ფაშატს,
რომელიც თოკით მიჰყავდა მელოტ ბერიკაცს.
ფაშატი შეტოკდა, როგორც მარტოხე გრიგალისაგან შეშფოთებული, მაგრამ
მოხუცს შეებრალა მშვენიერი ულაყი, გააკავა ჭაკი.ერთობლივი ჭიხვინი ასტეხეს საომარმა ულაყებმა და იაბოებმა, შურით
აღვსილი ეროსი ფაფარში მისწვდენოდა ცხენების რემას.
ახლა კამეჩის ურმებმა აამტუტეს გზა.
წყვილ-წყვილად მოედინებოდნენ ქედმოდრეკილი კამეჩები, მოაჭრიალებდნენ
ნაბდებით გადახურულ ურმებს, ნაღვლიანად ქშინავდნენ ბეჰემოტების უკანასკნელი
ნაშიერნი, ურმით მოასვენებენო ციხე-ქალაქში ღამეს...
«მხოლოდ მოცლილებს ემარჯვებათ გამიჯნურება!»
ეს გაიფიქრა არსაკიძემ და უკლო ნაბიჯს.
ხურსისეულ სასახლესთან მისულმა უკან მოიხედა, ორიოდე ლანდი
ღიმღამობდა მოსახვევებთან.
მათაც აცალა ჩავლა და ხილნარში შევიდა ანაზდად.
მღელვარებით აღვსილმა მოათავა კიბის ხარიხები.
რა უბრალოდ შეუვლია კოლონკელიძიანთ ოჯახში უწინ! თავათაც აოცებდა ეს
მღელვარება ახლა.
დიდი დარბაზი ღია იყო ჯერაც, ორიოდე ჭაღი ლიცლიცებდა შიგ.
ზედ კარის ზღურბლთან დამჯდარიყო მხევალი ხათუთაი.
ჩხირებგაყრილი წინდა გავარდნოდა ხელიდან.
მიესალმა არსაკიძე დედაკაცს, ხმა არ გაუღია სამაგიერო დამხვდურს.
თვალებში ჩაჰხედა დიაცს, მიცვალებულს მიაგავდა მძინარე.
დარბაზში შესულმა დაახველა ნელა, არც აქ შეჰგებებია ვინმე.
ქორბუდიანი ირმისთავები ეკიდა კედლებზე. რაღაც უცნაურ სევდას
დაევანებინა ჩაშავებულ, ჩამქრალ თვალებში.
რკინის ჩაბალახები შენიშნა კაჩხებზე, სამფარეშოსანი თორები, ქეიბურნი და
მშვილდები ირგვლივ.
ფრთხილად გაიარა გაუხსნელი ზანდუკებისა და ვაშკარანების გვერდით,
უკანა კარი ოდნავ იყო გამოღებული.
ზედ ზღურბლთან შეჩერდა სტუმარი.
უნებლიედ შეიჭვრიტა მცირე დარბაზში. აქ კი მოულოდნელ სანახაობას
წააწყდა თვალი.
შვიდი ხევისბერი მოსხდომოდა ტაბლას, ფხოვური იაფუხები ეყარა ზედ.
სათითაოდ შეიცნო არსაკიძემ ფხოველნი: მუროჩი ქალუნდაური, მამუკა ბალაჩაური,
მარტია ბაღათაური, ზეზვაი მისურაული, ბერდია ბებურაული, უშიშა ღუდუშაური
და შიოლა აფხანაური.
სუფრის თავში გურანდუხტი შენიშნა არსაკიძემ.
ისხდნენ წვერგაბურძგვნილი, რკინის ჩაბალახიანი ხევისბერები, ჭაღების
ლიცლიცზე კაშკაშებდნენ ხოჭოსფერი თორნი. თავჩაქინდრულნი უსმენდნენ
შორენას.
...«დიაცი ვარ, მაგრამ მამაჩემის თვალების დაწვას მაინც არ შევარჩენ მეფე
გიორგის. უჩემოდ ნუ დაიწყებთ ამბოხს. წყაროს თვალის წმ. გიორგის ხატობაზე
კვეტარში გავჩნდები.
მამისეულ თორს გადავიცვამ, მის მუზარადს დავიხურავ, მის ხმალს
შევირტყამ, მის საომარ ცხენზე შევჯდები, ლაშქარს გავუძღვები წითელის დროშით.
მაშინ გამოჩნდება ქუდოსანთა სიმამაცე, ფხოველნო!
ჩემი ბედი, თავადიციხე რომ არ დაარღვია მეფე გიორგიმ კვეტარში, საბრძოლო
გოდოლები მოათავეთ როგორმე.
მამაჩემის ბრალი ეს იყო: ფხოვში შემოსვლა რომ აცალა ზვიადის ლაშქარს.მეფე ციხეში შეიპატიჟა, ზვიადის მოსვლამდის არ დასთხარა თვალები.
ამიერიდან არ გავიმეოროთო ასეთი შეცდომა, ფხოველნო, გუდამაყარში
შევეგებოთ ზვიადის ჯარებს».
წამოდგა უხუცესი, მუროჩი ქალუნდაური.
მამამზემ და ტოხაისძემ დაგვაღალატაო იმჯერად. პირობა ჰქონდათო
გუდამაყარში შებმოდნენ ზვიადს.
ესა სთქვა ქალუნდაურმა და არსაკიძე შეშფოთდა ანაზდად. ხედავდა: ცუდ
საქმეში აბამდნენ შორენას.
ვეღარ მოითმინა, კარი შეაღო და დარბაზში შევიდა ჯიქურად.
წამოცვივდნენ თორიანი ხევისბერები.
ცხვრის სუნი ეცა არსაკიძეს. ერბოს სუნში აღრეული ცხვრის სუნი.
მიუალერსა მუროჩი ქალუნდაურმა არსაკიძეს, მარჯვენა მკერდზე აკოცა მანაც.
გამოჰკითხავდა ჯანმრთელობის ამბავსა, ცოლ-შვილს თუ მოეკიდე, ან
მცხეთაში რას აკეთებო?
გურანდუხტი აიმღვრა, მაგრამ მაინც ტკბილად შეეგება სტუმარს.
წამუყო მოახლეს, იაფუხი და ხინკალი მოატანინა მყისვე.
მერმე ადგა, დიდ დარბაზში გავიდა. ღია კარიდან ესმოდა არსაკიძეს, თუ
როგორ დატუქსა ერისთავის ცოლმა მხევალი ხათუთაი.
თუ სტუმრების მოსვლას არ გვაუწყებ, რად დაგსვესო კარის ალაგზე?
ხინკალმა და ხევისბერებმა ფხოვი მოაგონა არსაკიძეს. კოლონკელიძის ციხეში
გატარებული ბედნიერი საღამოები.
გვერდით მიუჯდა შორენა უტას.
«შენი დაშავების ამბავი გუშინწინ გავიგეთ მხოლოდ, ვარდისახარი ასე
გვიამბობდა: კლარჯეთს წარგზავნაო კათალიკოსმა. გუშინ უნდა გამომეარა
რატისეულ სასახლეში შენთან, მოულოდნელად გვეწვიენ ხევისბერები ჩვენი».
ახლა მარტია ბაღათაური მოუჩოჩდა არსაკიძეს.
დედაშენი ვნახეო გასულ კვირას, ხატობას. წვერის ანგელოზთან მოეყვანა
საკლავი, აწირვინაო მამაშენის სულის სალხენად ხუცს.
ბაგისკოცნით მოგიკითხაო დედამ, დღედაღამ გავედრებსო ფუძისანგელოზს,
გმირსა კოპალეს კარატისისას და ფიწალეს ლაშქართ წინამძღოლს.
შემოგევედრაო დედა, როგორმე დაეთხოვე იმ ურჯულო მეფე გიორგის,
თუნდაც ერთხელ ინახულეო დედა.
ნავახშმევს სამმა ჭაღიანმა დიაცმა დასაძინებლად გააცილა ხევისბერები.
მუროჩი ქალუნდაურმა არ ინდომა ჯერ მოსვენება, მაინც არ მეკარებაო ძილი.
გურანდუხტს მიუჯდა და დაიწყეს ჩურჩული.
შორენა ალერსიანად ეტიტინებოდა არსაკიძეს. წარამარა ახსენებდა მის
ლაზურ სახელს, ეფერებოდა, ეხუტებოდა უტას.
როცა მისი ავადობის მიზეზი გაიგო, ჰქირდავდა კიდევაც ნაძმობს:
«ვერ ყოფილხარ ვაჟკაცი, უტა. ოთხი კაცის ტვირთმა როგორ მოგწყვიტა წელი?
შენ ისეთი ლომკაცი მეგონე, მტრის ლაშქარს შეებმის-მეთქი მარტოკა».
სულ ახლოს მიჰქონდა ვაჟის სახესთან პირი. ღელავდა არსაკიძე, როცა მისი
სანუკველი სუნთქვა ეალერსებოდა ღაწვებზე.
მალე ხევისბერი ქალუნდაურიც გაიყვანეს მცირე დარბაზიდან გურანდუხტმა
და ორმა მოახლემ, შორენამ მხარზე ხელი დაადო, არსაკიძეს. ყურის ბიბილოსთან
მიუტანა პირი:«იცი, უტა, ვარდისახარი ფხოვს აპირებს ხატობაზე წასვლას. პირიმზისაც თან
მიჰყავს, ჩვენი მხევალი, გაპარვას აპირებენ ღამით».
ესა სთქვა შორენამ, გამომცდელი მზერით მიაშტერდა არსაკიძეს.
უხიაგად მოიღუშა ლაზი. დუმილით ამცნო: არად ვაგდებო ვარდისახარის
მისვლა-მოსვლას ამიერიდან.
ლოყა დააყრდნო ხელისგულზე შორენამ, ნაღვლიანად ეუბნება არსაკიძეს:
«იცი, უტა, მე ძლიერ მენატრება კვეტარში ჩასვლა. ერთხელ მაინც მაჩვენა
ბედშავი მამაი, ჩვენი ციხის ჩარდახიდან დამანახვა ფხოვეთის მთები»...
კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა შორენას და სწორედ ამ დროს შემობრუნდა
გურანდუხტი დარბაზში.
ლაზისტანის ზღვა ელავდა შორენას ზღვისფერ თვალებში, ისეთი სიყვითლე
გადასდიოდა თავთუხისფერ კულულებს, როგორიც ახლად გამოჩეკილ ხოხბის
ლაპებს გადაჰკრავს ხოლმე.
ცხვრის სუნი, ერბოს სუნი დაეყენებინათ ხევისბერის ტყაპუჭებს დარბაზში,
მაგრამ არსაკიძის სათუთ ყნოსვას მაინც წვდებოდა სანატრელი დიაცის თმის სუნი.
როცა ორმა ჭაღიანმა მხევალმა ხურსისეულ სასახლის ჭიშკართან მიაცილეს
არსაკიძე, ვარსკვლავებით მოოჭვილ ცარგვალს აჰხედა ოსტატმა და მის გულში
გახმიანდა გოლეულივით ტკბილი და მათრობელი სიტყვები.
«ვითარცა სურინ ირემსა წყაროს მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა
შენდამი»...
შუაღამე გადასული იყო უკვე, როცა რატისეულ სასახლეში მიბრუნდა
სევდისაგან გაოგნებული.
ბუს მართვეები იძახოდნენ მუხოვანში სადღაც.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს...
XXXV
მარიამ დედოფალი ბიზანტიონს წასასვლელად ემზადებოდა, ამიტომაც
აფხაზეთს გაემგზავრა სული წმინდის მოფენის დღეს.
გირშელის ნიშნობა წინა კვირას შესდგა. ქორწილს აჭიანურებდა გურანდუხტი
რატომღაც.
ხან ამას მოიმიზეზებდა: შორენას მზითევს მოველიო კვეტარიდან, ხანაც თავის
ძმას უცდიდა დაჩის, ცოტა-ერისთავს ცხრატბისას.
გიორგის ნანახი ჰქონდა შორენას მზითევი, მაგრამ ასე ვარაუდობდა მეფე:
ალბათ სხვა საჭურჭლენიც ექნებაო ერისთავის ქალს გადამალული ფხოვში.
თავათ არა სწუხდა მაინცდამაინც გიორგი, გირშელის ქორწინება რომ
გადასდეს შემოდგომის მიწურულისთვის.
პირიქით, ეს უნდოდა მეფეს: დედოფლის ბიზანტიონს წასვლამდი არ
შემდგარიყო როგორმე იგი. მცირე იმედი ჭიატობდა სადღაც. ხანაც ყოველივე
წაგებულად ეჩვენებოდა წინასწარ.
ეს შემოდგომა არც ისე შორს იყო.
მერმე?
მერმე იწყებოდა საშინელი და გადაუხიდავი უფსკრული. ფიქრიც უმძიმდა
ამის გამო... თრიაქის წევასა და ღვინის სმას უმატა, უცნაურად გამოიცვალა,
ნადირობასა და ქეიფს მიეძალა ბოლოჟამს.
ომის მონატრული იყო მეფე.ისეთი ომი ატეხილიყო სარკინოზებთან, ან ბერძნებთან, ერთად
დაღუპულიყვნენ თუნდაც გირშელი და გიორგი, ისე როგორც დაუღვლილ კამეჩებს
მოაშთობს ხოლმე დიდროაის ჟამს არაგვი.
როცა გირშელი მცხეთაში იყო, გიორგი ყოველ წუთს უთვალთვალებდა მას,
განსაკუთრებით საღამოობით არ აშორებდა თვალს, უცილოდ უნდა სცოდნოდა, თუ
სად იყო ყველისციხის პატრონი ამ დროს?
ერთი რამ იყო სანუგეშო მხოლოდ: თავათ შორენა გულგრილად ეკიდებოდა
თავის საქმროს, გაცილებით უფრო ტფილად ეპყრობოდა გიორგის, ამიტომაც
მოუხშირა წვეულებებს, ნადიმობასა და ნადირობას მეფემ.
არც გურანდუხტი ანებებდა დანიშნულებს პირისპირ შეყრას და ეს ამბავი
განუსაზღვრელად ახარებდა გამიჯნურებულ მეფეს.
თიბათვის პირველს გირშელი ყველისციხეში იხმეს საერისთავოს საქმეების
მოსაგვარებლად.
ორი კვირაც ვეღარ მოითმინა სასიძომ და კვლავ ჩამობრუნდა მცხეთაში.
სწორედ იმ საღამოს, როცა ყველისციხის პატრონი კვლავ ეწვია მეფეს, ზვიად
სპასალარი დაუბარებლად გამოცხადდა სასახლეში.
უცნაურად აღელდა გიორგი, როცა ზვიადის ტლანქი ნაბიჯები შემოესმა დიდ
დარბაზში მარტო მჯდომარეს.
მსახურთუხუცესი
შემოჰყვა
სპასალარს,
სელი
მიაწოდა
სტუმარს.
მოუთმენლად წამოდგა ზვიადი, მისთვის უჩვევი მღელვარებით მოახსენა
გაფითრებულმა მეფეს:
მსტოვარებს უსიამო ამბავი მოეტანათ ფხოვიდან. კვეტარის საბრძოლო
გოდოლების
კვლავ
აგებას
შესდგომიანო
ხევისბერები.
თვალდამწვარი
კოლონკელიძე ვერაფერს ხედავს, მაგრამ ისე იქცევა თურმე, სმენაც წართმევიაო
ვითომდაც.
«კოლონკელიძე წაჰკიდებია მოღალატე მამამზე ერისთავს, − განაგრძო
სპასალარმა, − კიდევაც რომ აჯანყდნენ ფხოველნი, მამამზე და ტოხაისძე არ
მიეშველებიან ერისთავს, არა!
დიდონი და ღალღაიც გადასდგომიან, მეფევ ბატონო, კოლონკელიძეს.
გაზაფხულზე თავს დასხმიან საერთო ჯარით, საცხოვარი და ხვასტაგი
წაუსხამთ კიდევაც.
ერთი უსიამო ამბავიც საჭოჭმანოა ოდნავ, − შემოდგომის დამლევს მამამზის
ქალი, კატაი, უნდა შეირთოს სახლთუხუცესმა ტოხაისძემ თურმე».
კარგად იცნობდა მეფე გიორგი თალაგვა კოლონკელიძეს, თუმცა ცოლ-შვილი
მცხეთაში ჰყავდა მძევლად, მაგრამ თავაწყვეტილი ერისთავი უდიდესი
განსაცდელის წინაშეც უკან არ დაიხევდა, თუ შურისგების საქმე ამას მოითხოვდა
მისგან.
როცა ზვიადმა მოხსენება დაასრულა, მეფე სახეზე მიაჩერდა სპასალარს და
ეუბნება:
«მერმე?»
«მერმე შენი ბრძანებაც თუ იქნება, მე აგრე მგონია, მეფევ ბატონო, ლაშქარი
უნდა წარვგზავნოთ დაუყოვნებლივ ფხოვს, კოლონკელიძე უნდა შევიპყრათ ახლავე.
თავი მოვკვეთოთ მოღალატეს, სანამ მამამზე ერისთავსა და დიდოელებს
შეირიგებდეს, არა?»
მეფე თავჩაქინდრული იჯდა და სდუმდა.
ზვიადმა ეს დუმილი თანხმობის ნიშნად მიიჩნია და განაგრძო უფრო თამამად:«ახალი ამბოხის თავკაცებიც ახლავე შევიპყრათ, შვიდივე ხევისბერი, არა?..
მუროჩი ქალუნდაური, მამუკა ბალაშაური, მარტია ბაღათაური, ზეზვაი
მისურაული, ბედია ბებურაული, უშიშა ღუდუშაური და შიოლა აფხანაური».
ამათაც დავაყრევინოთო დაუყოვნებლივ თავები, ესეც უნდა განეცხადებინა
სპასალარს, მაგრამ როცა ხევისბერების ჩამოთვლა მოათავა, გიორგის თავი არ აუღია,
ზედაც არ შეუხედავს მისთვის, იჯდა და მდუმარებდა კვლავ...
და მაშინ მიხვდა ზვიადი, თანხმობის ნიშანს რომ არ მოასწავებდა დუმილი
მეფისა.
გააოცა და შეაძრწუნა ამ ამბავმა გიორგი.
ომიო?
ომი დიახაც ენატრებოდა, მაგრამ არა შინაური, არამედ გარეშე მტერთან,
შინაური ომები სძაგდა ჟამის დღესავით მეფეს.
გარდა ამისა იგიც იცოდა: შორენა დიდად გამბედავი და თავნება დიაცი იყო,
დაბრმავებულ ერისთავის დალაშქვრა თუ საჭირო შეიქმნებოდა, ვინ იცის, რას
მოიმოქმედებდა თვალებდამწვარი მამის მხოლოდშობილი ქალი?!!
გირშელის ჯვრისწერა საერთოდ არ შესდგებოდა, ალბათ. ეს არ აწუხებდა
გიორგის. მთავარი ის იყო, ომის ატეხამდის ერისთავის ქალი კვლავ ღართისკარის
ციხეში უნდა დაემწყვდიათ უცილოდ.
ესეც იყო, ზვიად სპასალარის სიფრთხილე მუდამ გადაჭარბებულად
ეჩვენებოდა მეფეს. არც მსტოვარების ნაუწყები მართლდებოდა ყოველთვის.
იცოდა: გადაჭარბებულ სიფრთხილეს თან რომ სდევენ მოჩვენებანი.
ამას ეტყოდა ხოლმე ზვიადს:
შენმა მსტოვარებმა თუ მუდამ მართალი სთქვეს, შიმშილისაგან
ამოსწყდებიანო უცილოდ.
ბოლოს თავი აიღო გიორგიმ. სპასალარი დაითხოვა. ასე უთხრა: ხვალ გეტყვიო
პასუხს.
გუნებაში ასე გადასწყვიტა: თავათ წასულიყო უჯაროდ, უამალოდ ფხოვს,
როგორც მონადირე და მოქეიფე ვინმე რაინდი.
თავათ შეემოწმებინა ეს ყოველივე, რათა უსაზმნოდ არ დაღვრილიყო სისხლი.
მხოლოდ ერთი რამ აბრკოლებდა ამ საქმეს: არ უნდოდა გირშელი მარტო
დაეტოვებინა მცხეთაში. გულცივად ექცეოდა თავის საქმროს შორენა, მაგრამ ვინ
იცის, ხვალ ან ზეგ რა მოხდებოდა მათ შორის?!
კანონად ჰქონდა მიჩნეული მეფე გიორგის: მსტოვრებსა და დიაცებს ნურვინ
ენდობაო ბოლომდის.
იმ ღამესვე გაუზიარა ეს ამბავი გირშელს, წასვლას ვაპირებ, მაგრამ როგორ
დაგტოვოო სტუმარი მარტო?
გირშელიც განსაცდელის მოყვარული იყო ბუნებით, მუდამ საფრთხე
ენატრებოდა რაინდს.
ეგეც ეწადა ერისთავს, თავისი მომავალი ცოლოური ენახა, თანაც
ჯიხვებზედაც წაინადირებდნენ გზადაგზა, ხატობაში წაიქეიფებდნენ სადმე.
ერთ დარბაზში მოთავსდნენ ყმაწვილებივით იმ ღამეს, ისევ იგონებდნენ
სიყრმეს, იცინოდნენ, ხუმრობდნენ საწოლში.
იმ ღამესვე გადაწყდა: იდუმალად გაპარულიყვნენ მცხეთიდან, ზვიადის მეტს
არავის სცოდნოდა ფხოვს წასვლის ამბავი.ძველმანები თან წაეღოთ მრავალნაირი, წვერი ინით შეეღებათ, არავითარი
ამალა არ წარეტანათ თან, ეს ყოველივე მართლაც ყმაწვილურ ხალისს ჰგვრიდა ამ
იდუმალი მოგზაურობის გმირებს.
მხოლოდ ორი მხლებელი გააფრთხილეს, მალემსრბოლი უშიშარაისძე პიპა და
კოხრიჭისძე გაბოი, ძველი მეჯინიბე.
აფხაზური სატალახო ცხენებით უნდა ემგზავრათ, რადგან არაბული ან
თექური ულაყები არ გამოდგებოდა მთაში.

უთენია გავიდა ოთხი გადაცმული მხედარი მცხეთიდან. რკინის ჩაბალახები
ეხურათ თავზე, ჟანგისფერნი თორნი ზედ ეცვათ, ღარიბული თექანი მიჰქონდათ
უნაგირების ტახტაზე მიკრულნი.
ლაღბობით დაიწყეს მგზავრობა: მეჯინიბე და მალემსრბოლი წინ გაუშვეს
პირველად.
იცინოდა თავათ ახმახი გირშელი, მალემსრბოლის უშიშარაისძის ანაგობის
გამო.
ტანმორჩილ, სატალახო ცხენზე იჯდა ეს უზარმაზარი დევკაცი, თავზე
ძველთაძველი ჩაფხუტი ეხურა (ბაგრატ კურაპალატის ჟამინდელი). ნახმლევებისაგან
კიდეშელეწილი, ხელში ჰოროლი ეჭირა თოროსანს, ხოლო ფეხები თითქმის
მუხლამდის უწევდა აფხაზურ ცხენს.
(უკანიდან შეეხედა ვისმეს, თავათ გირშელიც ასეთი მოსჩანდა თავის
ცხენზედაც).
«გლახუნა, რა ჰქვია შენს მალემსრბოლს, მუდამ მავიწყდება მისი სახელი?»
«პიპა»,
ეუბნება გიორგი.
«ამხელა კაცს ვინ დაარქვა პიპა!?»
ხარხარებდა გირშელი.
«მე დავარქვი, სიყრმეში. ისე ბერძნული სახელი ჰქვია. ანაქსიმანდრეს,
მცხეთის მიტროპოლიტს, მაქსიმეს მოუნათლავს მას ჟამსა შინა.
შენ კარგად იცი, მე ყველაფერი მეზიზღება ბიზატიური».
ჯერ საფურცლეშიაც არ იყვნენ მისული, საშინელი ხვატი დააცხრა მიწას,
მოფუყულნი სტიროდნენ იფნის, მურყანის და ტირიფის ფოთლები, ხვატისაგან
დახეთქილ მიწაზე მიაჯირითებდნენ დასიცხული მხედრები გაღვარულ ცხენებს.
პიპამ ნეშო აკინძა, მუზარადზე წამოიცვა, გაბოი ხუმრობდა: დათვოულად
გამოდგებაო ყანებში პიპა.
დასიცხული კამეჩები ეყარნენ ჭალების ჭოჭში, ნაღვლიანად ყოყინებდნენ
მხედრების დანახვისას.
ენაგამოვარდნილი ჯოგის ძაღლები ფეხებში უცვიოდნენ ცხენებს.
ღუღუნებდნენ განკერძოებულ მუხებში შეკუჟული ქედნები, დასამწყურვებლად
მიიწევდნენ გზადაგზა ცხენები.
ცას აწყდებოდნენ საირაოზე გადმოსული ქორები, წრეებს ხაზავდნენ
გაკრიალებულ ცარგვალზე, საწყალობლად ყიოდნენ, ცას შესტიროდნენ გადარუჯულ
მიწის სიმძიმილს.
სურათზე ნახატივით მოსჩანდნენ ციხეების, ეკლესიების და ქვითკირების
კონტურები უსაზღვრო სილურჯეში. ხვლიკები გადარბოდნენ გზებზე. ძერასფერქარაფების კიდეებს შეფარვით ეტმასნებოდნენ თავაწეული გველები. არაგვი
მოხტოდა ლოდებზე. კლდეებს აწყდებოდა მდვრინავი ეხო.
არაგვის პირად დაისვენეს, ტიკი გახსნა გაბოიმ, წაიხემსეს, თითო-ოროლა
მოზვრის ყანწი დასცალეს.
დასთქვეს: გუდამაყარს ვუწიოთო საღამოს, და განაგრძეს გზა.
ეკლესიამ იელვა მთაზე, მონასტრის თეთრი კედლები გამოჩნდა შორიდან.
სოფელშიაც არ იყვნენ შესული, ყანებიდან გამოვიდა ფეხშიშველა მონაზვნების
მთელი ლაშქარი.
მიდიოდნენ შავადმოსილი, თავდაბურული დიაცები, მტვერში ამოსვრილი
ძაძები ეცვათ.
«როგორ უძლებენ ამ შავებში ამნაირ ხვატს?»
ეუბნება გირშელი გიორგის.
«სიცხეს დიაცი უფრო იტანს».
მიუგო გიორგიმ.
მეწინავე მონაზონს თეთრ ტილოში გახვეული თიხის ლაზარე მიჰქონდა.
ფქვილის ტომრებსა და თეთრ ტოპრაკებს მიათრევდნენ სხვანი.
მიდიოდნენ ფეხშიშველა მონაზვნები, გალობდნენ:
ლაზარე მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა...
გიორგი და გირშელი მხარმარცხნით მიჰყვებოდნენ გზას. იდუმალ
უჭვრეტდნენ მონაზვნებს.
გადაიხარა გირშელი ცხენიდან, უჩურჩულა გიორგის:
«არაფერი ისე შემზარავი არაა ამქვეყნად, როგორც მახინჯი დიაცები ერთად
შეყრილნი. როგორი მოდრეკილი, კუკუმოქცეული, დაღრეჯილი ანაგობა აქვთ ამ
საცოდავებს!»
მართლაც საშინელი ფიგურები მიფორთხავდნენ მტვერში. თოჯინებსავით
გამოჩორგვილნი, თეძოდაშლილნი, ფეხმოქცეულნი, მენჯბრტყელნი და თავწვრილა,
მხარგანიერნი, გრძელწელიანნი, მოკლეფეხება, დათვოულის ძელივით აყლაყუდანი
ზოგნიც.
«ლამაზებიც არიან შიგადაშიგ, − ეუბნება ხმადაბლა ყველისციხის პატრონს
გიორგი, − აბა დააკვირდი ქარაფის პირად მიმავალთ, აშოლტილი გოგონებია ისინი,
მე დავინახე ჯერ კიდევ მაშინ, როცა მთავარ გზაზე გადმოუხვიეს».
ცხენები ააჩქარეს, გაუსწორდნენ მეწინავეთა. შეფარვით უჭვრეტდნენ ეს
დიაცები თოროსან რაინდებს, შესწითლებოდათ დასიცხული ლოყები.
თავსაფარებიდან ელავდნენ ნაღვლიანი, ღამეზე უშავესი თვალები. სხვანიც
შენიშნა გირშელმა: ქერათმიანი, თეთრყირმიზა დიაცები, ოდნავ ჭორფლიანი,
მკერდსავსენი და თეძოსავსენი, სწორბარკლიანი, დროშის ტარივით აშოლტილი
დედაკაცები.
უთვალთვალებდნენ დასიცხული მეფე და ერისთავი სიმრგვლისა და
სირბილის ტოკას ძაძით შეფარვულს, განიერი თეძოების რყევას.
მტრედის ხუნდივით პაწია და თეთრი ფეხები მიტოპავდნენ მტვერში...
გიორგი კვლავ გადმოიხარა ცხენიდან, გირშელს ეუბნება ჩურჩულით:«ვინ დასწყევლა ეს მშვენიერი დიაცები, მუდამ მგლოვიარენი იყვნენ, ჭკნობას
შეუნახონ მშვენება, რათა ერთ დღეს მოვიდეს სიკვდილი და ისე მოიმკას ისინი, რომ
ერთხელ მაინც არავინ იგემოს მათი მშვენიერი სხეულის სიმწიფე!»
«იცი, გლახუნა, სარკინოზების ქვეყნებში უზომოდ მახელებდა ჩადრიანი
დიაცების მზერა, როგორც ენკენისთვის მიწურულში თეთრ ყურძენს ამოდ
შეაყვითლებს ხოლმე მზვარე, ისე ამშვენებს მუსლიმთა ქვეყანაში ჩადრის ჩრდილი
დიაცის სახეს.
მუდამ მახელებდა ეს უცნაური სიყვითლე, ჩადროსნების ღაწვზე დაჭერილი
შეფარვით.
მაჰმადიანი დიაცებიც კარგი ბოზებია ზოგნი, მიდიხარ ხანდახან ქუჩაბანდში,
მწუხრისას, ზღვაური აფრიალებს კაბებსა და ჩადრებს. ჩამოგიქროლებს ჩადროსანი
პირშებურვილი, თუ მოეწონე, წაეხმარება ნიავს, ხელს აჰკრავს უცაბედად ჩადრს და
გაჩვენებს ირანულ ვარდზე უტურფესს პირს.
მე იმ ვარდს ვგულისხმობ, გლახუნა, ეკბატანას ბაღში რომ ჰყვავის ხოლმე სულ
პირველად, ვარდობის თვეში.
წითელი არ გეგონოს იგი, არამედ ძველთუძველესი სპილოსძვლისფერისა, შენ
რომ სკიპტრა მაჩვენე ერთხელ, ბაგრატეული, სწორედ იმ ფერისა, გლახუნა, გესმის?
სწორედ იმ ფერის დიაცები მიყვარს, გლახუნავ, მე, ჩადრის ჩრდილში
შენახული, იშვიათად, სავსებით იშვიათად თვალნაკრავი, გესმის?»
«მოკლედა სთქვი, გირშელ, სიმოკლე ამშვენებს ხანდახან სათქმელს, შენს
საცოლეს რომა აქვს, კოლონკელიძის ქალს, სწორედ ისეთი, არა?»
თავი დაუქნია გირშელმა ცბიერად მომღიმარე გიორგის და დეზი ჰკრა ცხენს,
რადგან ბოგირზე გადასვლისას გაოჩნდა იგი.
აღმართი მოათავეს, მონაზვნებმა მარჯვნით გადაუხვიეს, ჭილყვავივით
შეესიენ ისინი კალმუხის ქუდივით აწოწილ გორაკს.
დაღმართიდან ოციოდე თოროსანი რაინდი ამოდიოდა, როცა ოთხ მხედარს
გაუსწორდნენ, შესძახეს:
ვინა ხარო?
გიორგი მეფის ყმანი ვართო.
შეაგებეს ოთხთა.
დაქვეითდნენ მხედრები, პატივითა ხილვა მოუწყვეს, ოთხივენი გადაჰკოცნეს
და გაუდგნენ მცხეთისკენ გზას.
გიორგიმ განაგრძო გირშელის მიერ შეწყვეტილი საუბარი.
«თუ შენ ჩადრის ჩრდილში დამშვენებულნი აგრე გყვარებია, არც ის ბეხრეკა
ფარსმანი ყოფილა უჯილაგო».
«მერმე შენ რა ჰქენი, გლახუნავ?»
«რა და ფარსმანი სადედო მონასტერს შეეჩვია მცხეთისას, ულამაზეს გოგონებს
ახადა ნამუსი. შარვაშისძის ქალს ნაბიჭვარი გაუკეთა, მონათა შვილებს ნუღარ
იკითხავ, ბოლოს ფანასკერტელის ქალი მოიგდო ერთი, სწორედ მასაც ჰქონდა ძველი,
ძველი სპილოსძვლისფერი ღაწვები. შენ რომ გყვარებია, სწორედ ისეთი, გირშელ».
«მერმე?» ეკითხება მსუნაგი გირშელი.
«მერმე და ბისტი... შე რა გგონია, ჩვენი კანონები მხოლოდ სულელებისთვისაა
დაწერილი, ჩემო გირშელ. ჭკვიანები ისე აჭახრაკებენ თავიანთ დანაშაულს, მათ
მაგივრად სულელები გაებმებიან ხოლმე მახეში.
მელქისედეკ კათალიკოსი კალიასავით ახტა და დახტა, უსასტიკესად დასჯა
მოითხოვა მისი».მეფე გაუჯავრდა ცხენს, გირშელმა ვეღარ მოითმინა და ისევ იკითხა:
«მერმე შენ რა ჰქენი, გლახუნავ?»
«მე რა უნდა მექნა? ფარსმან სპარსი ციხეთა მშენებელია საუკეთესო მთელს
აღმოსავლეთში, ვიღაც ფანასკერტელის გომბიოს გამო ხომ არ მოვსჭრიდი თავს?
დავაჯილდოვეთ პირიქით ამისთვის, ზვიად სპასალარი შემომიჩნდა:
ფარსმანმა ზოგი რამ საიდუმლო იცის ჩვენი, ეს უნდა დავტყუოთო, ამიტომაც
შევრთეთ, შენ რომ იცოდე ვინ?»...
გირშელმა ცხენი შეაყენა.
ვინაო?
იკითხა.
«ვინა და ვარდისახარი, შენი საცოლეს, შორენას პირისფარეში.
შენი მსუნაგობის ამბავი ვიცი, ეს დიაცი რომ ნახო, შესაძლოა ქორწილი მეორე
შემოდგომამდის გადასდო კიდევაც».
გირშელი დაინტერესდა, გაუღიმა გიორგის, მერმე ყმაწვილურად,
ქარაფშუტულად ეკითხება მეფეს:
«სადაა მერმე ის დიაცი ახლა?
შენ ხომ იცი, ბებრის ცოლი ფრიად ტკბილია».
«მაგის ჟინი მეცა მჭირს, გირშელ, თუ სადმე მოვახელე, შენს წყალობას არ
მოვუცდი, იცოდე».
გიორგიმ ცხენი შეაყენა, რადგან უშიშარაისძე და კოხრიჭისძე აღარსად
სჩანდნენ.
აზღვავებული ხალხი შესეოდა ყანებს. დროშები და ხუცები წინ მიუძღოდნენ
ბრბოებს.
მდინარეებში საბანაოდ მიჰქონდათ ხატები.
ფეხშიშველა დიაცები გალობდნენ ლაზარეს, ორღობეებში ბიჭები წყლით
წუმპავდნენ გოგოებს. ტკარცალებდნენ გაქცეული დიაცები.
გიორგიმ ერთ ხილნარში გადაიხედა:
«ფშატი აყვავებულა ამ სოფელში, გირშელ, გოგოები ათქვირებულან მიტომაც».
ეუბნება ყველისციხის პატრონს.
სიცხისაგან შეჭარხლული გირშელი გაოგნებული იჯდა უნაგირზე, მაინც
უთვალთვალებდა ფეხშიშველა დიაცებს. განზრახ ჩამორჩებოდნენ მეფე და ერისთავი
მხლებლებს, სტკბებოდნენ მრუში ამბების მოყოლითა და ბილწსიტყვაობით.
ქუშამომჯდარი ხვნეშოდა აფხაზური ცხენი გირშელის გოლიათური სხეულის
ზიდვისაგან.
ციხე-სოფელში
შევიდნენ
უკვე.
სახედრები
ღრიალებდნენ
ქედზე
გადმომდგარნი, კოკებით დატვირთულებს მოაჯირითებდნენ სხვათა, მიწამდი
უწევდნენ ფეხებს ვირზე გადამჯდარი ვირგლა ბიჭები.
XXXVI
ძელსა ჰკრეს თეთრგუმბათიან ეკლესიაში. შურისდარ ბილიკებიდან
ბღავილით დაიძრნენ ცხვრის ფარები, მღვრიე ტალღასავით შეესხნენ მთის კალთებს,
კოტრიალით ცვიოდნენ ნერბები და ვერძები წყალში.
ბღაოდნენ
საძოვრებიდან
მობრუნებული
კუროები,
ჭიხვინებდნენ
მუცელდაბერილი ჭაკები, ფეხშიშველა დიაცები დაძრწოდნენ ორღობეებში, თიხის
ლაზარე ეჭირათ ხელში, საწყალობლად გალობდნენ:ლაზარე მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა...
........................................
ღმერთო მოგვეც ტალახიო,
აღარ გვინდა გორახიო.
მდუმარედ
ისხდნენ
მოქანცული
მხედრები
გაღვარულ
ცხენებზე,
უთვალთვალებდნენ ფეხშიშველა დიაცების გათქვირულ ძუძუებსა და მზისგან
დაბრაწულ, შიშველ წვივებს.
ენატრებოდათ სეფექალებისგან თავმობეზრებულებს ქარცემული ლოყების
კოცნა, გომიჯივით მკვრივი ძუძუების სრესა...
შევიდოდნენ ხევში. გზირები დაუხვდებოდათ, გაივლიდნენ ხეობას,
ციხეებიდან უყივლებდნენ.
შემოერტყმოდნენ შუბოსნები გარს, დაზვერავდნენ, ჰკითხავდნენ: ვისნი
ხართო?
გიორგი მეფის ყმანი ვართ, დიდოეთს მივდივართო ცხენების სასყიდლად.
ქრთამებს მიართმევდნენ ციხისთავებსა და ხევისთავებს და მიიწევდნენ
ფხოვის მიწაზე წინ.
ცხენები ძლივს მიფოხრიკობდნენ შემრეცილ ბილიკებზე.
მთების ჩრდილები ტაფობებზე წვებოდნენ, კიოდნენ ტურები, შემოღამებული
არწივები ჰყიოდნენ მთებში. შავი არაგვის პირად ციხე იდგა ოთხგოდოლიანი.
კოხრიჭისძემ აიჩემა:
შევიპაროთო ციხეში, მეჯინიბეებს ვიცნობო იქაურს. გაგვათევინებენო
როგორმე ღამეს.
არა ჰქნა გლახუნამ. სადმე ფიჭვნარში შევუცადოთო ცისკარს.
წიწვიანი ტყეები დაიწყო, ამოდ ქშუოდნენ ქარაფებიდან გადაკიდული
ჩქერალები, სვავები დგებოდნენ უფსკრულებიდან, მთის მგელი ყმუოდა ხევში.
გზა აერიათ მხედრებს, რომელიღაც ხეობაში დაეკარგათ ბილიკი, გლახუნამ
მოითხოვა: თორმუზარადი დავმალოთ, ჰოროლები ხელიდან გავაგდოთ, თორემ
გაძნელდებაო ფხოვის მიწაზე მგზავრობა.
ავაზასფერი კლდეები გამოჩნდნენ გზიდან.
როცა გირშელმა და პიპამ ძველმანები გადაიცვეს, სიცილს ვეღარ იკავებდნენ
გლახუნა და გაბოი, საფრთხობელას მიაგავდნენ ძონძებში გადაცმული მხედრები.
უკვე შეუძლებელი გახდა ცხენით სვლა, მოსართავები წარამარა უწყდებოდათ
გირშელსა და პიპას.
დაქვეითდნენ, ხელით მიათრევდნენ ცხენებს.
გირშელის ტაიჭი სავსებით დავარდა. პიპა უკანიდან აწვებოდა და ასე
მიჰყავდათ ორ ვაჟკაცს ერთი ცხენი.
დეკათი მოფენილ ტაფობს მიადგნენ ერთს, საწყალობლად წიოდნენ როჭოები
ჩირგვებში.
ორიოდე როჭო ძლივს მოინადირეს.
ცეცხლი გააჩაღეს, მწვადები შესწვეს, გაბოს არაყი აღმოაჩნდა ტიკში.
სამი თოროსანი ფხოველი წამოადგათ თავზე.
მათაც ესა ჰკითხეს, რომელი სოფლისანი ხართ, რად მოსულხართო ფხოვს?
გლახუნამ სავსე ყანწი მიაწოდა სამთაგან უხუცესს.«შენ გეტყვი, ძია კაცო, ვინ განაგებს ამჟამად ფხოვს?»
«ერისთავი კოლონკელიძე».
«ჰო, მაგრამ, აკი ბრმაა კოლონკელიძე?»
ბრმაა, მაგრამ მაინც უკეთ ხედავს, ვიდრე იგი, ვინც თოლები დასწვაო
ერისთავს.
ვინ დასწვაო თოლები კოლონკელიძეს?
«მაგ პირძაღლმა მეფე გიორგიმ».
ყველისციხის პატრონმა ძლივს შეიკავა ღიმილი. როჭოს კურტუმი დაითრია
და ღოჯებით დაუწყო ღრღნა.
გაეცალნენ თუ არა ფხოველნი, ერისთავს ეუბნება გიორგი:
«შენ გეტყვი, გირშელ, სხვა მეფეებიც ჩემსავით გადაცმულნი რომ ივლიდნენ,
ქება არ მოაკლდებოდათ დილას და საღამოს».
ბილიკს შეუდგნენ ფიჭვნარში მიმავალს.
ცეცხლი დაანთეს აქაც. ცხენებს თოფრები გაუკეთეს, ქეჩები დააგდეს მიწაზე.
მორიგეობით ეძინათ დაქანცულებს, მორიგეობით ყვინთავდნენ შუაღამემდის.
გუთანი გადავიდა ცაზე.
უცნაური ჩქამი გახმიანდა ტყეში, საშინელი ღნავილი ისმოდა ჩირგვებში,
კატის კნავილის მინაგვარი ხმა.
გირშელმა ხმალი აიღო და შეუვარდა ბუჩქნარში ნადირს.
მცირე ხანს მისდევდა ღიჭიანში ლანდს, მერმე ფოსფორული ნათელის ელვა
შენიშნა, შეუტია ხმლით, ისევ დადუმდა ტყე. ხელცარიელი გამობრუნდა და მიუჯდა
ჩანაცრულ ცეცხლს.
«რა მოგელანდა, გირშელ?»
ეკითხება გლახუნა.
«ავაზა იყო ვგონებ, ხვადები იბრძოდნენ ბნელში».
პიპა და გაბოც გამოფხიზლდნენ ავაზის ხსენებაზე. მიაყურეს, ახლა ხევში
ისმოდა ჩხავილი, ისეთი, როგორიც ამძუვნებულ კატებს სჩვევიათ ხოლმე.
«უსასტიკესი მხეცია ავაზა, − დაიწყო გირშელმა, − ხომ ყოველ ნადირს ეშინია
ადამიანისა; როცა ევიპტიდან გამოვიქეცი, ვეფხი შეგვეფეთა ოაზისებში, არაბთა
სოფელს შესჩვეოდა ერთს, შვიდმა იბერიელმა სამი ვეფხი მოვინადირეთ ერთს
კვირას, ლომი რომ ლომია, იგიც არ შეუტევს უმიზეზოდ კაცს.
ავაზა მოსახლეობას თავს ესხმის ეგვიპტეში, განა თუ ღამით, დღისით, მზისით,
გაიტაცებს ბალღებს და ძროხებს. ერთი ვიროსანი მოლაჰ დაჰგლიჯა ჰალებში».
«ავაზა, ფხოვში?»...
იკითხა გაბომ.
«სწორედ ამ ჩალისფერ კლდეებს ირჩევს თავის სამყოფლოდ ავაზა, სწორედ
ისეთ ქარაფებს, ტაფობის გვერდით რომ ენახეთ წეღან, დალეწილ კლდეებში
დაიდებს ბუნაგს, თუ ბოკვერები ჰყავს აქ სადმე მახლობლად, გამოვეთხოვოთ ჩვენს
ცხენებს ამაღამ».
«როგორ, განა ცხენებსაც შეჰბედავს ავაზა?»
იკითხა პიპამ.
«ცხენსაო? სპილოებს ახტებიან ხანდახან ქედზე. განსაკუთრებით ძუ ავაზაა
საშიში, ცხოველთა შორის ძუ ავაზაა უმამაცესი».
●რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ფხოვში, მით უფრო ძნელდებოდა მოგზაურობა,
ყოველ მთის ცხვირთან ციხე უხვდებოდათ, ყოველი ხევის ყელთან გზირები,
უამრავი საფასი გასცეს ხევისთავების მოსაქრთამავად.
გზირებისა და მსტოვარების დაკითხვას ვეღარ აუდიოდნენ მხედრები.
დიდოეთს მიმავალ ცხენის ვაჭრებად თავის გასაღება უკვე სახიფათო იყო.
გიორგი დარწმუნდა: დიდონი მართლაც მტრად შეერაცხათ ფხოველთა, ერთ-ორ
ადგილას ზვიადის მსტოვარები მოიკითხეს.
უფლისციხეს გაქცეულანო, ამის გაგება მოახერხეს მხოლოდ.
ახლა ქორისფერი კლდეები გამოჩნდნენ...
ერთ გვირაბში გაათიეს მეორე ღამე, ითათბირეს, დასთქვეს: ერთად არ ევლოთ
ოთხთა, სადაურობას თუ ჰკითხავთ ვინმე, სხვადასხვაგვარი პასუხი მიეცა
თითოეულს.
მეფე და ერისთავი ასე ეუბნებოდნენ გზირებს: გიორგი მეფის ყმანი ვართო,
უფლისციხის დილეგიდან გამოქცეულნი.
უბრძანეს მეაბჯრესა და მალემსრბოლს:
დიაცებთან სიახლოესა და ლუდის სმას განრიდებოდნენ.
პურ-მარილზე არავის სწვეოდნენ, საკუთარი საფასით ესაზრდოვათ გზადაგზა.
გაშორდნენ გზაჯვარედინზე ურთიერთს, დასთქვეს: ხატობაზე შევხვდეთო
ერთმანეთს.
თითო ციკანი უნდა წაეყვანათ საკლავად ხატში.
იცოდა გიორგიმ: ხატობაზე მოსულ უცხო «მეზღვნეს» პატივისცემით
ეკიდებოდნენ ფხოველნი.
პიპასა და გაბოს ებრძანათ: როგორც კი სიტყვა მოიტანდა, შეძლებისამებრ
ეგინებინათ გიორგი მეფე და ზვიად სპასალარი, ამ გზით გამოერკვიათ მოსახლეობის
განწყობილება ფხოვში.
ისიც დააბარეს: აუგად ეხსენებინათ მელქისედეკ კათალიკოსი, მამამზე
ერისთავი, დიდონი და ღალღაი.
ხატში მისულთ, მახლობელ ტყეში გადაემალნათ ცხენები.
გირშელი და გიორგი ფეხით დაადგნენ გზას.
ყველისციხის პატრონი არ იყო ფხოვში ნამყოფი. გაოცებული შესცქეროდა
ფხოველთა ხატებს, მათ დეკანოზებს, გზისპირად აღმართულ ქვის ყორეებს,
სალოცავებად მიჩნეულთ.
სიბრალულით აღვსილი უყურებდა სოფლების ბოლოს, ნაკელით სავსე
სამრელოებში დამწყვდეულთ, მშობიარე დიაცებს.
ბოლოს გამოჩნდა ნანატრი ხატი.
გიორგიმ და გირშელმა ციკნები იყიდეს, ცალ-ცალკე შევიდნენ ხატის ეზოში
«მეზღვნენი»:
გირშელი გაოცებული შესცქეროდა ჯიხვის რქებით შემკულ ხატის დარბაზის
სვეტებს.
შორიდან უმზერდა გიორგის, სცდილობდა საქციელით მიებაძნა მისთვის.
გაკვირვებული უთვალთვალებდა საჯურუმოსთან მიყვანილ გიჟებს.
მედროშენი დროშის ბუნს ადგამდნენ სულით ავადმყოფებს ქედზე, ხუცი ხუცობდა,
აჟღრიალებდა დროშებს, ამწყალობებდა ხელფეხგაკოჭილ გიჟებს.
ეზოში თოროსანი ფხოველები ირეოდნენ.
ხატის დარბაზის წინ დიდი დროშა ესვენა ქვის ტახტზე.
დროშის გვერდით ხუცი იდგა.ხატის დროშის წინ დაიჩოქა მეფე გიორგიმ. ცალ ხელში ციკანი ეჭირა, ცალში
ანთებული კელაპტარი, აღმოსავლეთისკენ პირშექცეულს.
ხუცმა უბრძანა და ცალი მუხლი მიწას დაჰკრა მახვეწარმა.
თვალი ზეასწია ხუცმა, ცარგვალს მოავლო თვალი.
«ააა, ღმერთმა ადიდოს შენი ძალი, წმინდაო გიორგივ, შენს გასამარჯვებლად
მაიხმარი, ავშანისძეი გლახუნა, შენდ სამსახურ არ დაუკლავ, ააა, შენს წყალობას ნუ
დააკლებ, ღმერთ შენს ბატონობას გაუმარჯვებს.
ააა, დიდება ღმერთსა, დიდება მზესა, მზის მიმყოლ ენგელოზთა, გეხვეწები
ლადის მტრისად, მწარის სიკვდილისად»...
მერმე ისეთი იდუმალი ბუტბუტი დაიწყო ხუცმა, არც შორიახლო მდგარ
გირშელს და არც დაჩოქილ მეფეს აღარ ესმოდათ მისი დამწყალობება.
დასტური მივიდა, ციკანი გამოართვა გიორგის, გაჩაჩხა.
ხუცმა ყელი გამოჰღადრა მსხვერპლს.
დასტურმა ჯამი გაავსო ცხელი სისხლით, ხუცმა წამოუყო გიორგის, მანაც
თითები ჩააწო ტფილ სისხლში, ხელი გაინათლა, შუბლზე და ღაწვის თავებზე
წაიცხო.
გიორგი გაეცალა სასანთლო კოშკს, შორიახლოდან უჭვრეტდა გირშელის
«განათვლას».
ისეთი საცოდავი გამომეტყველება ჰქონდა მახვეწარს, გიორგი ძლივს იკავებდა
ღიმილს.
ბოლოს გაბოი და პიპაც გამოჩნდნენ.
ციკანი გაექცა პიპას, დაბობღავდა ახმახი, კიკინებდა ციკანი, ხელიდან
უძვრებოდა მახვეწარს.
გირშელი და გიორგი უმზერდნენ ამ სანახაობას, ეცინებოდათ, ვერ ბედავდნენ
სიცილს.
ბოლოს დასრულდა დამწყალობება. იფნების ჩრდილებში დალაგდნენ
ხატიონები ჯგუფ-ჯგუფად.
ერთად
თავმოყრა
ეწადათ
ოთხთა,
ვერა
ბედავდნენ
ამასაც,
დამდურებულივით გვერდს უქცევდნენ ხატიონების ბრბოში ურთიერთს.
შეწყდა ხატის დროშების ჟღრიალი, საკოდეებიდან გამოჰქონდათ დასტურებს
ნაკურთხი ლუდი, ურიგებდნენ მდელოზე ფეხმორთხმულ ხატიონებს.
მოხარშულ ხორცს პირდაპირ მიწაზე ჰყრიდნენ შულტები.
ვიღაც წითური, სახედაჩეხილი ფხოველი მიეკედლა გიორგის, მხარბეჭიანი,
ჟღალთვალება ვაჟკაცი, ქალუნდაური გოდერძი.
წარამარა უჭვრეტდა მის ხმალს.
ჰკითხავდა ვინაობას, სადაურობას.
ეგეც უთხრა თავაზიანად: ჩვენი ხატების საჭვრეტად ხომ არა ხარო მოსული? ან
მსტოვარი თუ ხარო, მეფე გიორგის მიერ წარმოგზავნილი ფხოვს?
მეფე გიორგის ხსენებაზე ვითომც აილეწა ავშანისძე გლახუნა.
წმ. გიორგიც შეაჩვენებსო მეფე გიორგის და მის მსტოვრებს, მღვდელი
შემომაკვდაო უფლისციხეში ერთი, ამიტომაც სამ წელს ვიჯექიო დილეგში.
გოდერძი ქალუნდაური თანაგრძნობით მოეკიდა სტუმარს, თავისი ცხოვრების
ამბავიც მოუთხრო. მეშუღლენი მყავსო ბევრზე ბევრი.
ხევისბერის, მუროჩი ქალუნდაურის ვაჟი აღმოჩნდა იგი.
ლუდი და ხაშლამა შესთავაზა.ახლა თავათ დაუწყო მეფე გიორგის ძაგება ფხოველმა, არ შევარჩენთო ფხოვის
დალაშქვრას.
ფერხისაის ცეკვა დაიწყეს უკვე.
მკლავებით გადაებნენ მოცეკვავენი ურთიერთს, ქორებივით დაბობღავდნენ
მთვრალი ვაჟკაცები, ქორისფერი თორ-აბჯარი ეცვათ. ორ მწკრივად ცეკვავდნენ,
თანაც ორპირად მღეროდნენ ხატიონები, წამოიწყებდა გამყინავი ხმით გუნდის
მეთაური.
დღესამ დღეობა ვისია,
წმინდისა გიორგისია...
მთელი მწკრივი დვრინავდა, იმეორებდა სიმღერას ერთხმად, ახლა მეორე
გუნდის მეთაური იწყებდა:
ვალი მიკიდავ ქაჯებსა,
რად მკითხავ, ქრისტის დედაო,
ცომს ზელდა ქაჯის ბებერი,
მივასწარ ცხობაზედაო.
ისევ პირველი გუნდის მეთაურმა დაიწყო:
ნუ გაიქცევი, გიორგივ,
სამძიმარ მომდევს ხელაო,
არ გაიქცევის გიორგი,
ჯაჭვი ზედ აქვის ჭრელაო.
ნელ-ნელა, მწკრივად როკავდნენ აბჯრიანი, ზუჩიანი ვაჟკაცები. ფხოვის
ნაძვებივით აშოლტილი ჭაბუკები ხატის კარისკენ მიიწევდნენ ცეკვით.
პირისპირ დაუდგებოდნენ ურთიერთს გუნდები, მარჯვნით ტრიალებდნენ
ხატიონები, მარცხნით ფრიალებდნენ ჩოხის კალთები.
ჟღარუნებდნენ აბჯრები, ომახიანი ხმით დვრინავდნენ წმ. გიორგის ყმები.
მოათავებდნენ ცეკვას, იფნების ქვეშ მიუსხდებოდნენ სუფრას, ახლა სხვანი
დგებოდნენ და ებმოდნენ ფერხულში მწკრივად.
ბოლოს გაიკრიფნენ მამაკაცები, ახლა მშვენიერ ფხოვურ სადიაცოთი
მორთულმა ქალებმა დაიწყეს როკვა, ფრიალებდნენ გრძელფესვიანი, აბრეშუმის
მანდილები, წითელ-ყვითელი შიბებით შემკული კაბები.
გიორგიმ თვალი წაატანა ვარდისახარს ერთ მწკრივში, მეორე მოახლეც
ეცნაურა, პირიმზისა.
ფაშატივით ხტოდა ვარდისახარი, შვენოდა შიბებითა და ჯვრებით მოხატული
სადიაცო ფხოვური სათაურა, უმანდილოდ თავზედადგმული.
ტოკავდნენ მისი მშვენიერი, მაღალი ძუძუები, უცხო თვალიც შეამჩნევდა,
გადაჩვეულიყო ფხოვურ ფერხისაის.
ყანწი გაუვსო ქალუნდაურმა გიორგის, გამოსცალა სტუმარმა და ისევ მიჰხედა
მოცეკვავე დიაცებს.
უნდოდა ენახა, ფერხისაის რა მოათავებდნენ, საით წავიდოდნენ ვარდისახარი
და პირიმზისა?ადრე მოეკიდა გოდერძი ქალუნდაურს ლუდი.
უსაყვედურა სტუმარს:
«ჩვენი დიაცების საჭვრეტლად მოსულხარო, კახო».
გიორგიმ გაუღიმა ქალუნდაურს და ისევ გამოსცალა ყანწი.
გირშელი უკვე სავსებით დამთვრალ ფხოველებს მიჰკედლებოდა. სამი
მოხუცი გარს უჯდა ერისთავს, სამივენი ხმამაღლა ლანძღავდნენ მეფეს.
ფხოვის არწივებისა და ჯიხვებისათვის ვინ გასჭედაო ხუნდები?
არც ერთ მეფეს ეს არ შესძლებია ჯერ, ვერც მეფე გიორგი მოახერხებსო ამას.
გველისფერი წმ. გიორგი − იახსარი მტრად მოიკიდაო გიორგიმ, ვერ
გადაურჩებაო წმინდანის რისხვას, წელს მოსწყვეტსო გველისფერი წმ. გიორგი მას.
თუ ხელში მოვიგდეთ მეფე და ზვიად სპასალარი, სამრეკლოზე დავკიდებთო
თოკით.
გირშელმა თავი აიღო, შენიშნა შორიდან:
გიორგი და წითური ფხოველი გაცხარებულნი ლანძღავდნენ ურთიერთს.
ერთბაშად წამოიჭრნენ და იშიშვლეს ხმლები.
შემოუარეს ნავარდი ურთიერთს.
შეუძახეს.
შეუტიეს და შეიბნენ ხმალდახმალ.
წამოსცვივდნენ ფხოველები და წრე შეჰკრეს წაკიდებულთა გარშემო.
გირშელიც წამოდგა დინჯად, მიმოიხედა: უშიშარაისძე და გაბოიც მწკრივში
იდგნენ გაფითრებულნი.
უყივლა გიორგიმ ქალუნდაურს, ბექთარზე აძგერა ხმალი.
მტკიცე აღმოჩნდა ფხოველის ბექთარი, შემოუქნია ქალუნდაურმა მეფეს, ფარი
იფარა გიორგიმ და ნაპერწკლებმა გაიელვეს ჰაერში.
შეუძახა.
შეუტია და უყივლა ქალუნდაურმა:
გამიმაგრდიო, ჯაბანო კახო.
უკუიქცა გიორგი, ფარი იფარა, კვლავ შეუძახა და შეუტია მედგრად.
განზე გადაუხტა ფხოველი, ფარით აიცდინა ელვასავით მოქნეული ხმალი და
სწორედ ამ დროს მდელოზე დაუცურდა ბანდულიანი ფეხი, ცალი მუხლით
წამოიჩოქა.
შესდგა გიორგი, ანიშნა მოპირდაპირეს: არ გერჩიო ნაბიჯმოცარულს.
ისევ გაიმართა მამაცი ფხოველი წელში, თავს ზევით ასწია ფარი, ცალი ხელით
ხმალი გადაიცდინა, ცალითაც მუზარადს უწია მტრისას.
აბჯრების ჭახანი ისმოდა, მუზარადებს გაჰქონდათ ჟღრიალი, უცნაურად
წკრიალებდნენ ელვარე მახვილები ჰაერში.
გირშელმა თვალი მოავლო გარსმოჯარულ ბრბოს.
მოწყურვებულ
ქორებივით
ტორტმანებდნენ
სისხლში
განათლული
ფხოველები ირგვლივ, ხელები, ღაწვები და შუბლი სისხლით ჰქონდა გათხუნული
ყველას. გაავებული შესცქეროდნენ ფხოველთან მებრძოლ არათვისტომს.
ყივანა ქორებს მოსწყურებოდათ სისხლი!
შემოაკვდებოდა გიორგის ეს წითური ფხოველი, მყისვე გაიშიშვლებდა მთელი
ტომი ხმალს და მაშინ ოთხ ვაჟკაცს მოუხდებოდა მთელ ლაშქართან პირისპირ შებმა.
ადგილი შეინაცვლა გირშელმა. უშიშარაისძესა და კოხრიჭისძეს შორის ჩადგა,
მკლავში უჩქმიტა ორივეს ფრთხილად.
უსიტყვოდ ამცნო: მზად იყავითო ახლა.მიწისფერი გადასდებოდა მეაბჯრესა და მალემსრბოლს.
თავათაც გაფითრებული იდგა გირშელი, ხმლის ვადაზე ხელი წაევლო.
კიდევ ერთი წუთი, ერთი დაფახულება თვალისა, სულ ერთია, გიორგი
წაიქცეოდა, თუ ფხოველს წააცლიდნენ თავს, გირშელი მზად იყო, გაარღვევდა
ფარხმალიან ფხოველების ბრბოს, ხმალზე გაივლებდა ხელს და ისე შეებმებოდა
მთელს ტომს, როგორც გაავებული ავაზა სპილოს.
დაწინაურდა ისევ ფხოველი, დაიჟღრიალა გიორგის ფარმა, ხმლის წვერმა
შელეწა იგი, გიორგის მკლავიდან იფეთქა სისხლმა.
დაიღრიალა გამძვინვარებულმა ბრბომ.
და როგორც ეგვიპტელ ხალიფას ცირკში გამოუშვებენ გალიიდან ავაზას,
მიუსევენ ცხრა შუბოსანს ზედ, აკუწავენ თუ არა ვაჟკაცები მხეცს, გახარებული ბრბო
შემოანგრევს ჭიშკარს, დიდი და მცირე მივარდება სულთმობრძავ ნადირს, რათა
ავაზის სისხლში განათლონ შუბები, ასე ეგონა გირშელსაც:
აჰა, ამ წუთში იშიშვლებენ ფხოველნი ხმალს, რათა უცხოს სისხლში განათლონ
ხმლები.
შეტოკდა გირშელი, წინ გადადგა ერთი ნაბიჯი და ხედავს, ხედავს, მაგრამ
თვალს არ უჯერებს.
მარცხენა მკლავიდან სისხლი მოთქრიალებს გიორგის, ფარი გადააგდო, ხმალი
შემართა კვლავ, უფრო მძვინვარი გაუხდა სახე, შემზარავი ხმით შეუძახა
მოპირდაპირეს, ზედიზედ იფარა ხმალი, დაწინაურდა სწრაფად და სწრაფად
მიიმწყვდია მოპირდაპირე აბჯრიან ფხოველების მწკრივთან და მერმე მთელმა ტომმა
დაიზრიალა...
დაიშალა მწკრივი, ვიღაცეებმა წინ გაუსწრეს გირშელს, ბრბო გაარღვია
შეშფოთებულმა ერისთავმა.
ხმლის გაშიშვლებას აპირებდა ყველაზე ადრე და თვალი წაატანა ამ დროს,
გაფითრებულ ქალუნდაურს ხმლის ვადა ეჭირა ხელში.
გაუღიმა გიორგიმ ფხოველს, უცნაურმა სიკეთემ გაიელვა მის თეთრ კბილებზე.
მიეჭრა უხმლოს, სისხლიანი მარცხენა მხარზე დაადო, ცალითაც ხმალი
გაუწოდა თავისი.
«ნაძმობნი ვიყოთ დღეიდან, გოდერძი».
გადაეხვივნენ მოპირდაპირენი ურთიერთს.
აჩოჩქოლდნენ ფხოველნი, უცხოს მიერ ნაჩუქარ ხმალს მისცვივდა დიდი და
მცირე.
ხევისბერი მუროჩი ქალუნდაური მივიდა დამარცხებულ ვაჟთან პირველი.
ნაჩუქარი ხმალი გამოართვა, ყურადღებით დაუწყო ჭვრეტა.
არაოდეს ენახა ასეთი რამ ხევისბერს.
სისხლში გასვრილი ეგონა, ჩოხის კალთით გასწმინდა, ისევ დახედა ზედ.
მოწითანო და მომწვანო სხივი ცვალებადად ელავდა გამოხურვებულ
ოქროსებრ მოლაპლაპე ხმალზე.
ვადის ქვემოთ თავწაგრაგნილი ჯვრები იყო ზედამოჭრილი, შუაზე ფრთოსანი
ჭაბუკი ერთი, და სახე მგლისა.
წარწერაც შენიშნა ხევისბერმა.
გიორგი შეკრთა, ვაითუ ვინმემ ამოიკითხოსო ზედ წარწერა:
«მეფეთ მეფე გიორგი − მესიის მახვილი».დამშვიდდა გიორგი, როცა წამკითხველი არავინ აღმოჩნდა.
«მგლისსახიანი გორდაი ვინ მოგცა, ჭაბუკო?»
ეკითხება მოხუცი მეფეს.
სარკინოზებთან ნაომარი ვარ, მათი ერისთავი მოვკალი ერთი, მას ავართვიო ეს
ხმალი.
გაუხარდათ ფხოველებს უსჯულოებთან ნაომარი ვაჟკაცის დანახვა.
სათითაოდ აშიშვლებდნენ თავიანთ ხმლებს. გიორგისეულს უსვამდნენ ზედ,
გაოცებულნი ხედავდნენ, ყველივით სჭრიდა ნაჩუქარი «გორდაი» ფხოვურ ხმლებს.
მიიპატიჟა ხევისბერმა ქალუნდაურმა გიორგი.
მკლავი შეუხვიეს, დალოცეს, ლუდი შეასვეს მძივებით შემკული ყანწით.
მივიდა ხუცი, ვერცხლი ჩასთალა ლუდით სავსე ყანწში, ქალუნდაურმა დალია
და დაალევინა ნაძმობს, «ფიცვერცხლი» სჭამეს მეფემ და ფხოველმა.
გირშელი, გაბოი და პიპაც შემოისხეს ქალუნდაურებმა გარს.
უცხონი ხართო თქვენაც, უცხოთაგანნი ერთად დავსხათო სუფრაზე.
ლუდს იპარავდნენ სტუმრები ჩუმჩუმად.
როცა ფხოველები დათვრნენ და იფნების ქვეშ ამოუშვეს ხროტინი, ოთხივენი
სათითაოდ გაეპარნენ მასპინძლებს.
ცხენები მოიკითხეთო, უბრძანეს გაბოსა და პიპას. ხატის ტყეში
დაგველოდეთო.
შულტები და დასტურნიც იფნების ქვეშ ეყარნენ მთვრალნი.
ხატის ეზოდან გამოსულთ ვარდისახარი და პირიმზისა შეეყარათ გირშელსა
და გიორგის.
ვარდისახარმა ავშანისძე იცნო, «მალემსრბოლი მეფისა», მაინც თავაზიანად
მიესალმა ფხოველი სტუმარს.
გირშელი მთვრალი იყო, მეფის ნაამბობი გაახსენდა. თვალი დაადგა
გათქვირულ დიაცს.
ვარდისახარმა იცნო შორენას საქმრო, გააოცა ღარიბულმა სამოსმა მისმა.
ფრიად ნაწყენი იყო თავის პატროზე, ხელაღებით მიმათხოვაო ბებერ ფარსმანს.
ამიტომაც მიიყვავილა გირშელი.
ეკეკლუცებოდა გამიჯნურებულ ერისთავს.
გირშელმა იდროვა, მკლავში ხელი წაავლო დიაცს და ხატისტყისკენ
გაემართნენ ოთხნი.
პირიმზისა მორცხვობდა, უგუნებოდ მიყვებოდა გიორგის. მოეწონა მშვენიერი
ვაჟკაცი, მაგრამ ვარდისახარისა რცხვენოდა ქალწულს, მტრედის ხუნდივით
გატვრინული გვერდზე ეკვროდა მამაცს.
ეკითხება გიორგის:
რად წაგეკიდაო ხევისბერის ვაჟი?
მე და ვარდისახარი შორიდან ვუჭვრეტდითო შუღლობას თქვენსას.
შენ გითვალთვალებდი, ამიტომაც წამეკიდაო ფხოველი.
იცრუა გიორგიმ.
იამა პირიმზისას ეს ამბავი, კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა უცხოსათვის, მაგრამ
პირი უშრებოდა ვნებისაგან აღრეულს.
წიფლის ჩრდილს ქვეშ კოცნა დაუწყო ავშანისძემ დიაცს. ყოველ ხესთან
შეაყენებდა, თავს დაუწევდა, აკოცებდა და განაგრძობდნენ გზას.
წინ მიმავალი წყვილი ტყის სიღრმეში გაუჩინარდა.გირშელმა ბალღივით აიყვანა ვარდისახარი, ჯერ უღონოდ ეწინააღმდეგებოდა
დიაცი. მერმე გაიტვრინა. იამა ესოდენ ძლიერი ვაჟკაცის სუნთქვა.
გვიმრიანში დააწვინა ვარდისახარი გირშელმა. კვლავ შეეცადა ურჩობას დიაცი,
მაგრამ როცა ვაჟკაცის გახურებულმა ტუჩებმა სუნთქვა შეუკრეს, ათრთოლდა
ანაზდად, ბაგეზე დაადნა გირშელს...
გიორგი და პირიმზისა უზარმაზარ წიფლის ქვეშ იწვნენ, ნეტარების ცრემლით
სტიროდა ქალი.
მალემსრბოლის სტვენა შემოესმა გიორგის.
უკანასკნელად აკოცა და ახლა იგრძნო, ცხვრის სუნი უდიოდა ფხოველ
მხევალს.
ჯიხვის რქასავით მოდრეკილი მთვარე ზედ დანათოდა ხატისტყეს.
ცხენების ფრუტუნი ისმოდა შორიდან.
როცა დიაცები სოფლის ბოლომდის მიაცილეს რაინდებმა, ცხენებზე შესხდნენ
და გიორგიმ ეს უთხრა თავის დედის დისწულს:
«ჩემთან ჯიბრი გადაგიტანს, იცოდე, გირშელ».
ყველისციხის პატრონმა გიაღიმა, ახალ მთვარეს გაუსწორა თვალი.
XXXVII
ფხოვში მგზავრობამ დაარწმუნა მეფე, ხელახლა ამბოხი არ უნდა ყოფილიყო
მოკლე ხანში მოსალოდნელი.
«გაავებული ხევისბერის ქადილი გაუზვიადებიათ შენს მსტოვრებს, − ეუბნება
სპასალარს, − ორგზის დავზვერეთ კვეტარის ციხე. გაბოი შევგზავნეთ, ერთი ღამე
თავლაში გაათია კოხრიჭისძემ მეჯინიბეებთან. გოდოლების განახლების ამბავიც
გამოუკითხავს წვრილად.
დიდოელების თავდასხმას მოელიან, ამადაც აპირებენო ციხის განახლებას.
მე ასე მგონია, საჭიროა ერთი მეჯინიბე მოვისყიდოთ როგორმე, ზვიად. ცხენი
ჰყოლია კოლონკელიძეს უცნაური, დაატარებს თურმე ფხოვის თვალშეუდგამ
ქარაფების კიდეზე თავის ბრმა პატრონს.
სწორედ ამ ცხენის მეჯინიბე თუ მოვიქრთამეთ, გვეცოდინება სად რას დადის
ერისთავი კოლონკელიძე».
ზვიადი სდუმდა და მეფემ განაგრძო:
«მე მაინც დარწმუნებული ვარ, ზვიად, მამამზესა და ტოხაისძეს მართლაც
წაჰკიდებია თალაგვა, რაიცა შეეხება დიდოთა, ეს ამბავი განზრახ უნდა იყოს
მოჭორილი, რათა ციხეთა და გოდოლთა განახლება თვალში არ გვეცეს ჩვენ».
ზვიად სპასალარს არა სჯეროდა ნიშანდება მეფისა, ამბოხის საფრთხე კარზე
მომდგარი ეგონა, მაგრამ ვერაფერი შეჰკადრა პატრონს.
XXXVIII
საერისთავოებში მშვიდობა სუფევდა სხვა მხრით.
მარიამ დედოფლის აფხაზეთში დაყოვნებამ და მელქისედეკ კათალიკოსის
კლარჯეთს გამგზავრებამ ფრიად საამური გახადა სასახლეში ცხოვრება.
ეზოსმოძღვარს უცნაური სვირინგები გამოაყარა ტანზე. არა მარტო მეფე,
მთელი სასახლე, მთელი მცხეთა და უფლისციხე ამას ნატრობდა: კეთრი აღმოაჩნდეს
ეზოსმოძღვარს ეგებ და ამ სვირინგებს თან გადაჰყვესო გულბოროტი ხუცესი.გიორგი და გირშელი ხან უფლისციხეში ნადირობდნენ, ხანაც მცხეთაში
ქეიფობდნენ იდუმალ.
ნადიმებს ნადირობა მოჰყვებოდა ხოლმე. ნადირობას ისევ ნადიმი, ჯირითი,
ჰოროლის ტყორცნა და ცხენბურთი.
ბოლოს მოაღწიეს ცხრატბის ერისთავმა დაჩიმ და მისმა მეუღლემ რუსუდანმა.
დაქალებულიყო ფანასკერტელის ასული, მონაზვნური სიყვითლე უკვე
გადასცლოდა სახიდან, მკერდი აბურცვოდა, თეძოები დამრგვალებოდა, ახელებდა
ვაჟკაცებს ბეჭედივით ვიწრო ტუჩპირის ზემოთ ოდნავ, ოდნავ შესამჩნევი ბუსუსები,
ულვაშის დარი.
ვნებიანად აფახულებდა გრძელწამწამიან თვალებს, ურიდოდ დადიოდა
ქალაქში, თრიაქსა სწევდა იდუმალ, კვიცივით უკან დასდევდა მეფე გიორგის.
გიორგი და გირშელი იოლად ათრობდნენ დაჩი ერისთავს, მორიგეობით
დაათრევდნენ სანადიროდ მის ცოლს.
გააშაირეს მცხეთელებმა დიაცი.
ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამეც არ გაუთევიაო ქმართან.
ქმრისათვის თვალის ასახვევად მუდამ ლოცულობდა ერისთავის ცოლი,
ხატებსა და ლოცვას მიანება იგი ქმარმა, გირშელსა და გიორგის აეკიდა თავადაც.
ღვინის სმაში იჯაბნებდნენ მეფე და ერისთავი მას, სამაგიეროდ ჰოროლის
ტყორცნაში სჯობნიდა ორივეს.
დაჩის სრულიადაც არ აწუხებდა თავის დისწულის, შორენას მოსალოდნელი
ქორწილის ამბავი.
სასახლის ჭორები გამოეკითხა წინასწარ, ყურმოკვრით გაეგო:
მეფე გიორგის თვალი უჭირავსო ყველისციხის პატრონის სასძლოზე.
ამიტომაც ურჩია დისწულს: მე ისეთი ამბები მესმის, გათხოვებაზე ხელი აიღე
სრულად, მონაზვნად აღიკვეცეო მცხეთაში.
სასახლეში სტუმრობის დროს მიმინოების ლაზურად გაწვრთნამ გაიტაცა დაჩი,
გულით ეწადა თავის საერისთავოში შემოეღო ეს ახალი დარგი ნადირობისა.
გვიან ღამემდის არა სცხრებოდა ციხეების ჩარდახებზე სტუმრების,
სეფექალების, რაინდების ხარხარი და კისკისი.
უომრად მოწყენილი აზნაურები მოგროვდნენ მცხეთაში, უამრავი სიძვის
დიაცები თან ჩამოჰყვა საერისთავოებიდან მათ, მოხუცებული ერისთავების
ახალგაზრდა ცოლები და აზნაურების ქვრივები.
კათალიკოსისაგან კურთხევის მისაღებად ჩამოსულიყვნენ ისინი მცხეთაში,
რაკი მელქისედეკი მანდ არ დაუხვდათ, ბახუსისა და აფროდიტეს წყალობასაც
დასჯერდნენ ბოლოს.
გიორგისა და გირშელის ყმაწვილურ გართობას ერთიც შეემატა ახლა.
ერთმა ინგილომ ორი ავაზა მოჰგვარა ჰერეთიდან მეფეს.
სწორედ იმ დღეს პირველი ბავლი გაეგდოთ გიორგისა და გირშელს
მიმინოებისათვის სასახლის ბაღში.
კონსტანტინე არსაკიძე მოეწვია საგანგებოდ მეფეს, ლაზურად უნდა
გავაწვრთნევინოთო მიმინოები.
რა დროს ბავლია, ფიქრობდა გულამრეზილი კონსტანტინე, კლარჯეთიდან
მობრუნებულ
მელქისედეკისათვის
მოთავებული
უნდა
დაეხვედრებინა
სვეტიცხოველი.
ბიზანტიელ სტუმრებს თან ჩამოიყვანდა არტანუჯიდან მელქისედეკი, რადგან
რამდენიმე კვირის შემდეგ უნდა ეკურთხებინათ ტაძარი კიდევაც.ესეც არ იყოს, აღარ მოსწონდა ხუროთმოძღვარს ბაზიერობა მეფისა, რადგან ეს
ასეა, დიდი ქმნილების შემოქმედს თავმოყვარეობაც შეუდგება ხოლმე მეფისაზე
აღმატებული ხანდახან.
ავაზების ჩამოყვანის ამბავი ელვასებრ მოედო სასახლეს.
სასახლის ბაღში მოგროვდნენ სტუმრები, სეფექალები და რაინდები.
გიორგი და გირშელიც გამოჩნდნენ, ჯაჭვისფერი მიმინოები უსხდათ
მარცხენაზე ორივეს, ქვიშისფერი ჯაჭვი ეცვათ თავათაც.
არსაკიძეს გადასცა თავისი მიმინო მეფემ, მიეახლა ინგილოს და ეკითხება:
«როგორ დაიჭირე, ძია კაცო, ეს ავაზები?»
«ორმოს ამოვთხრით ხოლმე, მეფევ ბატონო, უკაცრიელ მთებში, წვრილი
წნელებით გადავხურავთ მას, ძაღლის ლეკვს ყურში გავუყრით ანკესს, გრძელ საბელს
მივაბამთ ზედ.
ეს საბელი მონადირეს უჭირავს ხელში. უშიშარ სახუნდარში ჩასაფრულს
მახლობლად.
ზის მთელი ღამე ეს ლეკვი ორმოს თავზე, მეფევ ბატონო, სველი მჩვრებით
პირახვეული მონადირე სახუნდარიდან უთვალთვალებს.
ხანგამოშვებით გამოსწევს საბელს, ანკესი ააყვირებს ლეკვს, ძაღლის ხორცი
ძლიერ უყვარს ავაზას. სუნს აიღებს, ხმას შეიცნობს, მიწაზე გალურსული მიეპარება,
ერთბაშად კამარას გააკეთებს ჰაერში, ისკუპებს, ზედ დააცხრება ლეკვს.
წნელები ვერ შეიმაგრებს მხეცს და ორმოში ამოჰყოფს იგი თავს».
«მერმე?»
ეკითხება მოუთმენლად გიორგი.
«მერმე შევკოჭავთ, წავიყვანთ, თვალს ავუხვევთ, ვცემთ და ვაშიმშილებთ, ისევ
ვაშიმშილებთ, ისევ ვცემთ».
«ეგვიპტეში მახეებით იჭერენ ავაზას».
შენიშნა ყველისციხის პატრონმა.
გირშელმა აიჩემა, ანჩაბაისძის ასული და ცოტა-ერისთავის დაჩის მეუღლე,
რუსუდან, წარგზავნეს შორენას მოსაყვანად.
მეფემ ფარსმანი ახმობინა, ვითარცა ყოვლისმცოდნე და მჩხიბავი.
ინგილო მიწაზე იჯდა, ცალ ხელში ორი საბელი ეჭირა, ცალშიაც შოლტი.
როცა გარსმოჯარულ უცხოთ შეუღრენდნენ ავაზები, ატკაცუნებდა შოლტს
ისევე, როგორც ჩვენი მეურმე აშინებს ხოლმე კამეჩებს ტკაცანით.
სამეფო ბაღში ირანული ვარდები გაშლილიყვნენ, სისხლივით წითელი ზოგნი,
ნუშისგულივით თეთრნი, მოყვითალონი სხვანი, ყვითელი კი არა, ძველთუძველესი
სპილოსძვლის ფერისანი.
ჰყვაოდნენ ბაღის ყაყაჩოებიც. სუსამბარები და ნარგიზები, ნაირ-ნაირი
მიხაკები, რომელთა ფერების ასაწერად წამალი არ ეყოფოდა ადამიანის სიტყვას.
იისფერნი, მზისფერნი, სინგურისფერნი, ჟრუნნი, მოწითანო, მოლურჯო და
სავსებით ლურჯნი, კარაქისფერნი და ხოხბის ყელისფერნი, ფარშავანგის ბოლოსებრ
მოხატულნი, ჰინდური ყვავილები ნაირ-ნაირნი.
ტალავერებზე მიშვებულნი იყვნენ ხატაური გლიცინიები და ხვიარები
სხვადასხვა ჯიშისა.
ერთ ტალავერს ქვეშ თავი მოეყარათ სტუმრებს, რაინდებს, სეფექალებს,
საერისთავოებიდან ჩამოსულ ლამაზმანებს.
აქ იყო თმოგვისციხის პატრონის მხოლოდშობილი ასული დედისიმედი,
პირმშვენიერი, მკერდსავსე ქალწული, რომელსაც მშვილდივით მოდრეკილი წარბებიჰქონდა, ხოლო ხელები რძიარძიასავით თეთრი, და გრძელი თითები, სწორედ ისეთი,
როგორსაც ანგელოზებისას ჰხატავდნენ ხოლმე ფრესკოს ოსტატები იმჟამინდელნი.
შარვაშისძის უმრწემესი ქალი ხათუნა, ლურჯთვალებიანი, ლელივით
რხეული დიაცი.
პირველ ცოდვასავით მღელვარების მომგვრელი თუთაი, ვარდანისძის ქვრივი,
ტანმორჩილი, მაგრამ ეშხიანი დედაკაცი.
ერისთავის, გვარამ აბულელის სამივე ქალი: ერთი ქერა, ერთი შავგვრემანი და
ერთიც «მზისსახიანი» (როგორც ყმაწვილკაცები უწოდებდნენ მას).
ულამაზეს სეფემოახლეთა წრეშიაც ბრწყინავდა ცხვილოსციხის პატრონის
მეუღლე ცოქალა, უზადოდ მშვენიერი სხეული-ჰქონდა მას, მაგრამ თევზისებრ
თვალები უჭკუო გამომეტყველებას აძლევდნენ პატრონს (ამიტომაც «თევზისფერი
ძროხა» შეარქვა მეფე გიორგიმ ცოქალას).
მკერდგათქვირული, მაღალთეძოიანი ფაშფაშა დიაცი იყო იგი, გამომწვევი
გარეგნობის და საქციელისა.
მეორე სახელიც ჰქონდა ცოქალას, ცხვილოსციხის პატრონის მეუღლეს,
«აპოკალიპსური მეძავი» შეარქვა მას ეზოსმოძღვარმა ამბროსიმ.
ფრიად შორეული ნათესავი იყო ცოქალა მეფისა.
ასე ამბობდნენ: იდუმალი ხარჭააო მისი «თევზისფერი ძროხა».
საჭოჭმანო ეს იყო, ცოქალაი სწორედ ისეთ დროს ჩამოდიოდა «სალოცავად»
მცხეთაში, როცა მარიამ დედოფალი აფხაზეთს ან კლარჯეთს გაემგზავრებოდა
მონასტრების მოსახილველად.
«თევზისფერ ძროხას» თან ახლდა უფროსი ქალი, ნათია, ჯეირნის ნუკრივით
მორცხვი, ახლად შეღერებული ქალწული.
სხეული დედისა გამოჰყოლოდა ნათიას, მაგრამ საფირონისფერი თვალები
ჰქონდა.
ისე ნაზად აფახულებდა შავსა და გრძელ წამწამებს, ასე იტყოდი, თალხი
პეპლები არხევენო მის თვალის უპეებზე ფარფლებს.
ამ გოგონას მთვრალი გამოხედვა აქვს, ამიტომაც მომწონსო, წამოსცდენია
თრიაქით მთვრალ მეფე გიორგის ერთხელ.
ეზოსმოძღვარი და სასახლის სხვა ჭორიკანები ასე ფიქრობდნენ:
«თევზისფერი ძროხა» ხარჭად ჰყავდა მეფეს, დედოფლობა ეწადა ცოქალას,
მაგრამ თვალებმა უღალატეს, ახლა თავისი ქალის, ნათიას ტახტზე აყვანას
მიელტვისო ერისთავის ქალი.
როცა ლამაზმანების კრებულს პირმშვენიერი ანჩაბაისძის ქალი, «ულვაშიანი»
რუსუდან − ცხრატბის ერისთავის მეუღლე და კოლონკელიძის ასული მიეახლნენ,
ერთბაშად დაჩრდილა თანადამსწრენი შორენამ.
ოდნავ ნაღვლიანი ეჩვენა კოლონკელიძის ასული მეფეს.
ეკბატანის ვარდივით ბრწყინავდა იგი უმშვენიერესს დიაცებსა და ყვავილებს
შორის.
შორენა მიესალმა თანადამსწრეთა, არც მეფისა, არც გირშელისათვის თვალი არ
გაუმართავს. ზედაც არ შეუხედავს ზეზისა და ოქსინოს ჯუბაჩებში მორთულ
რაინდებისათვის, კონსტანტინე არსაკიძეს შეჰხედა იდუმალ, ბრწყინვალე, თოროსან
ვაჟკაცებს შორის ლანდივით მდგარს.
უბრალო, ფხოვურ ჩოხაში მორთული, არამიწიერ არსებას მიაგავდა იგი
ლოყებღაჟღაჟა, კურატივით ჩასუქებულ მამაკაცთა წრეში.ბოროტი მზერა წაატანა «თევზისფერმა ძროხამ» კოლონკელიძის ასულს,
შემდგომ ამისა გიორგის შეხედა შეფარვით.
მღელვარება შეატყო მეფეს.
არა მარტო მანდილოსნები, რაინდებიც არ გაჰკარებოდნენ ავაზებს ჯერაც.
ხვადი იწვა, ძუ იდგა.
შორენას სახე გაუბრწყინდა. უშიშრად მიეახლა ძუს, სწორედ ამ წუთში
გიორგიმ თვალი შეავლო დიაცსა და მხეცს.
რაღაც საერთო ჰქონდათ ამ ავაზასა და ამ ქალს.
არსაკიძე შეკრთა, არ ავნოსო ნადირმა შორენას.
მოწითალო და მოყვითანო ზოლები გადასდიოდა თხემიდან კუდის
წვეტამდის ძუს, წითლად და ყვითლად სხურვებული ჰქონდა ტყავი, ოქრომკედის
დორივით მოხატულს.
ეს იყო მხოლოდ, ფორეჯები ბეწვისა უფრო წვრილად დაწინწკლული სჩანდა,
ვიდრე ვეფხვისანი.
ყბები, მუცელი და ფეხები ქვედა მხარენი ჩალისფერი, კუდიც უფრო
ჭრელჭრულა, ვიდრე მიწაზე მწოლიარე ხვადს, ფხოვურ შიბებისდარ რკალებს
მოთეთრო რგოლები თიშავდნენ აგრეთვე ჩალისფერ წვეტამდის.
ვეფხისაზე უფრო წვრილი თვალები ჰქონდათ ორივეს და როცა ხვადიც
ზეწამოდგა, შორენამ შენიშნა: იოგებმაგარ, მაღალ ფეხებზე იდგნენ ორივენი.
ზურგზე ხელი გადაუსვა ძუს, თვალები განაბა ავაზამ და ისეთი კრუტუნი
ამოუშვა, როგორიც კატას სჩვევია ხოლმე პატრონის კალთაში მყუდროდ მონებივრეს.
რაინდები აიმღვრნენ, როცა გამბედაობით აჯობა დიაცმა მათ.
ახლა მეფეც მიეახლა ავაზას, გაუხარდა, როცა არც მას შეუღრინეს მხეცებმა.
თავის ძველ ავაზებს არ უმადლოდა გიორგი.
ხუშტურიანნი იყვნენ ისინი, ჟამიდანჟამზე მენადირეთუხუცესსა და
მენადირეებს არ იკარებდნენ ხოლმე.
გაჯიქდებოდნენ, გალიიდან ვეღარ გამოჰყავდათ, ცუდი კვება ჰქონდათ მუდამ
ამრეზილთ.
მოთავდებოდა ნადირობა, ქამანდით უხდებოდათ დაჭერა.
მენადირეთუხუცესი თავს იმართლებდა: დაგვიბერდნენ ავაზები, სიბერეში
უხალისო ხდებიანო ისინი.
როცა ახალი ავაზები მოიყვანა ინგილომ, გიორგის უკვე გადაწყვეტილი
ჰქონდა მენადირეთუხუცესის გადაყენება.
ღელავდა გიორგი, ფარსმან სპარსი რომ არსად სჩანდა.
ეგებ ავად გახდაო ბერიკაცი, მაინცდამაინც დღეს.
არ კი იცოდა, განზრახ რომ იგვიანებდა ფარსმანი.
ხუროთმოძღვართუხუცესის პატივი აჰყარეს, ახლა მენადირეთუხუცესობას
მიელტვოდა იგი.
იცოდა ფარსმანმა: სასახლეში არავინ ჰყავდა ავაზების გამწვრთნელი გიორგის,
ამიტომაც თავპატიჟს იდებდა იგი.
ბოლოს, როგორც იქნა, მოაღწია ფარსმანმა.
მეფეს თაყვანი სცა, სტუმრებს მიესალმა, თამამად მივიდა ავაზებთან.
ყვრიმალები დაუსრისა ხვადს, ზურგზე მოუალერსა ძუს.
მეფეს მიუბრუნდა და მოახსენა:
«სპარსული პალანგებია, მეფევ ბატონო, ესენი, ჰინდონი ჰონიგას უწოდებენ,
ხანაც კერკალს, მეგვიპტელნი გნოს».«თუ არ ვცდები, ჩიტად უხმობენ ჰინდონი, აა?»
სიტყვა ჩაურთო მეფემ.
«დიახ, ჩიტასაც იტყვიან, ავაზები მრავალგვარნი არიან მაინც...»
ფარსმანს ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული ამ მხეცების გამო არაბულად, მათი
წვრთნისათვის მხოლოდ მცირეოდენი სმენოდა ქაიროში. ამიტომაც შეეკითხა
ინგილოს:
«გინადირნია ამ ავაზებით, კაცო?»
«ჯეირნებზე მყოლია, ბატონო».
«მშველზე?»
ინგილომ კეფა მოიფხანა, ყოყმანით უთხრა:
«მშველზე ჯერ არა, ბატონო»...
«ვის დააგეშინე ეს ავაზები, კაცო?»
«დიაცს მივუსვამდი ხოლმე თვალახვეულ ავაზას, ბატონო, მერმე ყურში
უყვიროდა, ან ზღაპრებს უამბობდა ხოლმე დიაცი, ამრიგად ადამიანის ხმას
შეაჩვევდა მხეცს».
მეფეს მიუბრუნდა ფარსმანი ღიმილით.
«ავაზა ერთადერთი ცხოველია, მეფევ ბატონო, დიაცის ლაყბობას რომ უძლებს
ხანგრძლივად».
ესა სთქვა ფანასკერტელის ქალსა და ცხვილოსციხის პატრონის მეუღლეს
შეჰხედა შეფარვით.
«თევზისფერი ძროხა» აიმღვრა, მას დიაცების მოდგმისათვის მესიტყვეობა
ჰქონდა რატომღაც ნაკისრი, მხარზე ხელი დაადო გიორგის, ყვრიმალთან მიუტანა
პირი და უჩურჩულა:
აქამდის რად არ ჩაგიძაღლებიაო ეს ენაჭარტალა ბებერი, გიორგი?
ფანასკერტელის ქალმაც იწყინა, მაგრამ იგი გაიტრუნა, რადგან მისი ქმარი
დაჩი გვერდით ედგა, ფარსმანის ხსენებასაც ერიდებოდა მის სიახლოეს.
მოხუცმა იგრძნო, ცოტა უხეში რომ მოუვიდა ეს ხუმრობა, სხვა
მანდილოსნებსაც შესცინა, ისევე მეფეს გაუმართა თვალი და დასძინა:
«დიაცივით გულბოროტია ავაზა, ტანხატულა და პირმშვენიერი, დიაცივით
რბილი და ტფილი.
კიდევ ერთი ზნე სჭირს დიაცური ამ ნადირს, მაგრამ მეშინია, არ შემრისხონ
ლამაზმანებმა, ამიტომაც სხვა დროს მოგახსენებთ, მეფევ ბატონო, ამას».
გიორგიმ ისევ გაუღიმა ბერიკაცს, მერმე ყველისციხის პატრონს მიუბრუნდა
და ეს უთხრა:
«შენ რას იტყვი, გირშელ, წავიყვანოთ ეს ავაზები სანადიროდ დღესვე?»
გირშელი დაფიქრდა.
ბოლოს ეუბნება მეფეს:
«მე მეშინია, გიორგი, არ გაგვექცნენ მიუჩვეველნი, მოდი, შევიცადოთ,
დავაკვირდეთ ერთ კვირას».
ახლა ინგილო დაჰკითხა გიორგიმ.
«მე წამიყვანეთ, მეფევ, ბატონო, თან, თავი მომჭერით, თუ ჩემს მიერ დაგეშილი
ავაზები გაგვექცნენ».
მაინც გირშელის ნათქვამი უფრო სარწმუნოდ მიიჩნია მეფემ.
●იმ დღესვე შეუდგნენ მშველზე ნადირობის სამზადისს.
გირშელი ამტკიცებდა: ურმით ტარება აბრაზებსო ავაზებს, ეგვიპტეში ეტლით
დაჰყავდათო ეს მხეცები მონადირეებს.
უფლისციხის სასახლეში ოდითგანვე ეგდო მწვანე ეტლი, რომელიც ბასილი
კეისარმა მიუბოძა ბაგრატ მესამეს, კურაპალატის ხარისხთან ერთად.
ეს ეტლი ისევე სძაგდა გიორგის, როგორც ბიზანტიის კეისარის სახსენებელი.
სიჭაბუკეში სანადირო ძაღლებს დაათრევდა ამ ეტლით მეფე, ბოლოს
მელქისედეკი აუხირდა: პატივი ეციო ქრისტიან კეისარს, თუ შენ არ ჩაჯდები
კურაპალატისეულ ეტლში, ძაღლებს მაინც ნუ ჩასვამო შიგ.
ახლა სწორედ ეს მწვანე ეტლი მოატანინა მეფემ.
წესისამებრ, წითელი აბრეშუმით აუხვიეს ავაზებს თვალები და ეტლში ჩასვეს.
მონადირენი დაფრთხნენ, უშიშარაისძემ იკისრა მათ გვერდით ჯდომა.
ერთადერთი უსიამო ამბავი ჩრდილავდა მონადირეთა სიხარულს. სწორედ
წინა ღამით საშინელმა ხურვებამ წამოუარა ინგილოს.
შორენას ძლიერ ეწადა ამჯერად სანადიროდ წასვლა, არსაკიძეს სთხოვა,
უთუოდ უნდა წამოხვიდეო მშველზე სანადიროდ.
თანაც დასძინა: მეფე გიორგიმ გთხოვა, მიმინოებიც თან წამოიყვანოო,
ლაზურად გაწვრთნილნი.
თავდაპირველად უარზე იდგა ხუროთმოძღვარი მეფისა.
დღეს თუ ხვალ ტაძარი უნდა მოვათავო, სანადიროდ სად მცალიაო?
«გარდა ამისა, მე არ შემიძლია მლიქვნელისა და კარისკაცის მოვალეობა
ოსტატის
საქმესთან
შევათავსო,
თუ
ხუროთმოძღვრის
ხარისხი
ბაზიერთუხუცესობასაც მოასწავებს, მაშინ იმ ტაძარს დავამთავრებ და ისევ
კირითხურო გავხდები უბრალო».
არსაკიძე ჰხედავდა: ცუდ საქმეს რომ გადაჰკიდა იგი მიმინოების ლაზურად
გაწვრთნამ, მეტი გზა აღარ იყო, ბოლოს დაუთმო შორენას.
უთენია გავიდნენ მცხეთიდან მეფე და მისი ამალა, რაინდები, სეფექალები და
სტუმრები.
მწვანე ეტლში უშიშარაისძე იჯდა, ორი თვალახვეული ავაზა გვერდით ჰყავდა,
მათი საბელები ხელში ეჭირა.
ყვავილებითა და მანეულის შტოებით მორთული იყო მწვანე ეტლი.
მეფე გიორგი, გირშელი, განმგეთუხუცესი, შორენა, არსაკიძე, ცხრატბის
ერისთავი დაჩი და მისი მეუღლე რუსუდანი, «თევზისფერი ძროხა»,
საფირონისთვალებიანი ასული მისი და ფარსმან სპარსი უკან მიჰყვებოდა ეტლს.
ფარსმანი წარამარა დეზს უშენდა აფხაზურ სატალახო ცხენს, რადგან მუდამ
მეფის გვერდით ეწადა სვლა, რათა ავაზების გამო საუბრით ახალი თანამდებობა
ხელში ჩაეგდო როგორმე.
ხან მეფეს ლიქნიდა გზადაგზა, ხანაც საინგილოდან მოყვანილ ავაზებს აქებდა.
სამი ერისთავი, შვიდი თოროსანი რაინდი მათ შორიახლო მოაჯირითებდნენ
არაბულ იაბოებს.
მთლად ბოლოს, ღვინის რუმბებითა და ხორაგეულით დატვირთულ ურმებს
ცხენდაცხენ მოჰყვებოდნენ მენადირეთუხუცესი, მერემეთუხუცესი, ათი მონადირე,
სამი ბაზიერი და ესტატე.
სწორედ ამ ბაზიერებს მიჰყავდათ აბრეშუმის «პერანგში» შეფუთვნილი,
ლაზურად გაწვრთნილი მიმინოები, ერთი მეფისა, ერთი შორენასა და ერთიც
გირშელისათვის.მეფე გიორგი ჩინებულ გუნებაზე იყო, დაუცხრომლად მიაჯირითებდა თავის
ოქროსფერ ულაყს, ფრიად კმაყოფილი იყო იმითაც, კიდევ ერთხელ რომ მოუხერხდა
საქვეყნოდ გაპამპულება კეისრის მიერ ნაბოძებ მწვანე ეტლს.
გირშელსა და მის საცოლეს მოუბრუნდა და ეუბნება:
«როგორც ვატყობ, ნამეტნავი პატივი მოსდის კეისრისეულ მწვანე ეტლს.
აქამდის ძაღლებს სვამდა ბაზიერი ესტატე შიგ, ახლა მეფური სისხლის ნადირები
მგზავრობენ ამ ეტლით. შენ ხომ იცი, გირშელ, ბასილი კეისარს მიკიტნის სისხლი
უდუღს ძარღვებში?!»
გირშელმა გაიღიმა და თავის საცოლეს გადახედა.
ჰშვენოდა ცხენოსნობაც შორენას.
ფარსმან სპარსი უკვე მისწეოდა მეფეს, უკითხავად ჩასჩარა საუბარში სიტყვა:
«დიახაც მეფური სისხლისაა, მეფევ ბატონო, ავაზა.
უფრო მეტს მოგახსენებთ, ბახუსის დედამძუძედ ითვლება იგი, ასეთია
გადმოცემა ბერძნული: ძუძუს აწოვებდა თურმე ძუ ავაზა ბახუსს, ძევესისა და
ზემელეს ძეს».
მეფე გიორგი ისევ შორენას ესაუბრებოდა მწვანე ეტლისა და ბასილი კეისრის
გამო, ასე რომ მას არც კი გაუგონია ფარსმანის ნათქვამი.
ფარსმანმა მიმოიხედა, «თევზისფერი ძროხა» ხელში შერჩა. რადგან იგიც მეფე
გიორგის გვერდით სვლას მიელტვოდა, მაგრამ ცხენოსნობაში გამოუცდელ ცოქალას
წესისამებრ ვერ წარემართნა თავისი თექური იაბო. ამიტომაც მას უამბო ფარსმანმა
მეფისათვის სათქმელი. არც «თევზისფერ ძროხას» გაუგონია მისი ნათქვამი, იგი
შურისაგან ამრეზილი იყო, რაკი ჰხედავდა, რომ მეფე გიორგი არც მასა და არც
საფირონისთვალებიან ნათიას ყურადღებას არ აქცევდა. შორენას ესაუბრებოდა
გზადაგზა.
XXXIX
ლელიანი ჭაობები დაიწყო, ახლა ექვსი მონადირე უკან მიჰყვებოდა მწვანე
ეტლს, ეშველებოდნენ ტლაპოებზე გადასვლისას ცხენებს.
ლაქაშიანი ველებიდან დგებოდნენ ხოხბები, გარეული ტახები ფრთხებოდნენ.
ლიწინლიწინი გაჰქონდა ლელს.
საწყალობლად წიოდნენ ხოხბის ლაპები ღიჭიანებში.
ბოლოს მიადგნენ ლაშქარათი მოფენილ ტაფობს, ზღვის ყურესავით მთების
უბეში შეჭრილს.
სამივე კიდით მთები გარს ერტყა მას, სამხრეთიდან ზედმომდგარიყო
თვალუწვდენელი, შიშველი ტრამალი.
მენადირეთუხუცესი ჭენებით წამოეწია მეფეს.
მარეკები უნდა ავგზავნოთო მთების კალთებზე. დამფრთხალი ნადირი
ტაფობში გადმოვა, მარეკები თან ჩამოჰყვებიან.
ტაფობისა და ველის მიჯნაზე უნდა დავახვედროთო ავაზები მშვლებს.
მენადირეთუხუცესი სწუხდა, მადევრები რომ არ გამოდგებოდნენ მშვლების
გამოსარეკად იმ დღეს, რადგან მოგეხსენება, ავაზას ძაღლის ხორცი უყვარს, როგორც
კი მადევრებს დაინახავს, მშვლებს თავს დაანებებს და ძაღლებზე გამართავსო
ნადირობას იგი.
დიდხანს იყვნენ ხმაგაკმენდილი ცხენოსნები ველის მიჯნაზე, ბოლოს
ჩრდილოეთიდან შემოესმათ დიდი ბუკის ხმა, მთების კალთებზე შემოსულმამარეკებმა ასტეხეს დაფდაფების ცემა.
მამალი ხოხბები დგებოდნენ ლაშქარასა და ანწლის ტევრებიდან.
სტკბებოდნენ მონადირენი ამ მშვენიერი ფრინველების შორიდან მზერით,
გარბოდნენ გოჭებიანი ტახები ტყისკენ.
სრული მყუდროება დამყარდა ტაფობზე, ნიავიც არ იძვროდა ირგვლივ.
მონადირენი უკვე ამჩნევდნენ შორიდან ლაშქარას წვეროკინების ტოკვას, ახლა
გიორგიმ და გირშელმა დაინახეს თუ როგორ მოფრთხიალობდა ტაფობზე ორი
ფრინველი, ფრინველი კი არა, ოთხი ყური ორი მშველისა.
გიორგის შეეშინდა, ვაითუ შეგვნიშნონო, გაიტვრინონო ლაშქარას ჩირგვებში.
გირშელი ასე ამბობდა, რაკი ფერდობებიდან ტაფობში გადმოიხვეწნენ,
უთუოდ გამოვლენო ველისპირზე ისინი.
ბოლოს გიორგიმ თვალი ჰკიდა თუ როგორ ისკუპეს ლაშქარას ზღვიდან
მშველებმა და გაჭენდნენ ტრამალზე.
ასიოდე უტევანიც არა ჰქონდა წინ მიმავალს განვლილი, წითელი აბრეშუმის
რიდე აჰხადა უშიშარაისძემ ავაზებს.
გასაოცარის სისწრაფით გაეკიდნენ ძუ და ხვადი შუნსა და ხარმშველს.
მეფემ, შორენამ, “თევზისფერმა ძროხამ”, მისმა ასულმა, გირშელმა, არსაკიძემ,
დაჩიმ და მისმა მეუღლემ, მთელმა ამალამ მოსწყვიტა ადგილიდან ცხენები.
მხედრები ძლივს ატანდნენ თვალს თუ როგორ ელავდნვნ ცეცხლასფერი
ზოლები მშვლისფერ ტრამალზე.
ორივენი გამალებული მისდევდნენ თითქმის ფრენაზე გადასულ მშველებს.
ელვასებრ მიჰქროდნენ ავაზები ტრამალზე. მათზე უმშვენიერესს არსებას
ჯერაც არ გადაელახა ეს მწვანე ტრამალი.
ისეთი სისწრაფით მიჰქროდნენ ცხენებიც, მუცლით ზედეკვრიანო მინდორს,
მაინც ორიოდე უტევანის მანძილზე უკან რჩებოდნენ ცხენები ავაზებს.
თავდაპირველად გიორგი და გირშელი მიუძღვოდნენ ცხენოსნებს წინ, მალე
მოიღალა გირშელის ცხენი, ახლა შორენას თექური ჭაკი წამოეწია ოქროსფერ ულაყს.
დეზი ჰკრა არაბულ იაბოს არსაკიძემ, მშვლის ნახტომზე წამოეწია ორივეს.
მწკრივად მიგელავდნენ ოქროსფერი ულაყი და შორენას თექური ჭაკი.
უხაროდა გიორგის მის გვერდით რომ მიჰქროდა ეკბატანის ვარდი.
ამ წუთში არც ავაზები ახსოვდა მას და არც გაქცეული მშვლები.
ხვადი მიეწია პირველად ხარს, კიდევ ორიოდე ნახტომი და ზურგზე
დაახტებოდა მსხვერპლს, სწორედ ამ წუთში მხარმარცხნით შემოიქცა მშველი (ისე
როგორც კურდღელი უგანებს ხოლმე მწევარს), ავაზამ თავი ვეღარ შეიკავა და
გაჰქანდა წინ. ვიდრე იგიც მობრუნღებოდა, მანძილი მოიგო მშველმა. განი უქნა
მეორე მშველმა ძუს, მხარმარჯვნისკენ გაიტყუა ავაზა.
ერისთავი დაჩი, განმგეთუხუცესი, მერემეთუხუცესი და ხუთიოდე მხედარი
მხარმარჯვნივ
გაქცეულთ
გამოუდგნენ
უკან,
მეფემ
და
დანარჩენებმა
მხარმარცხნისაკენ გაჰქუსლეს ცხენები.
ორიოდე მანდილოსანი ჩამორჩენოდა მათ.
შურისაგან აღვესო “თევზისფერი ძროხა”, უცნაურად დასჭყივლა დიაცმა ცხენს,
ელვის უსწრაფესად წამოეწია კოლონკელიძის ასულს - შორენას ჭაკმა დაუთმო
ცოქალას იაბოს.
ბრაზი წაეკიდა მეფეს, “თევზისფერ ძროხას” რა წაატანა თვალი, წამოსწეოდა
ხარჭაყოფილი გიორგის, როგორც სიყმაწვილის ცოდვა სიჭარმაგეში გადასულს.
ახლა შორენა და უტა მოჰქროდნენ წყვილად, აგონდებოდათ ფხოვშიგანვლილი სიჭაბუკის ლხენა.
გულში გაუელვა არსაკიძეს უცნაურად, დაეტუქსა თავისი იაბო, ეჩვენებინა
აფხაზთა მეფისათვის თუ როგორ ემარჯვებათ ცხენის მონუსხვა ლაზებს.
ჰაზარტში შესულიც მიხვდა: არ ივარგებდა გადასწრება მეფისა.
ისევ წამოეწია ხვადი ავაზა მშველს, ხელახლა უგანა ხარმა, მაგრამ აქ კი ჭკუა
იხმარა ავაზამ, საშინელის სისწრაფით დასძლია სივრცე, თვალისმომჭრელი კამარა
გააკეთა ჰაერში და ქედზე შეახტა მშველს.
როცა მხედრები დაქვეითდნენ, ავაზა კისერში მისწვდენოდა ნადავლს, ხარბად
ხვრეპდა გამარჯვებული სისხლს, თანაც ღრინავდა გაავებული. დაახლოებით ასე
ისმოდა ეს ღრენა
“ჰურრრაჰხ, ჰურრრაჰხხ”...
მამაკაცებიც ვერ მიეკარნენ ახლოს.
“აბა, მიდი, გირშელ”...
ეუბნება ღიმილით ყველისციხის პატრონს გიორგი. გირშელი შეყოყმანდა და
გაფითრდა სავსებით.
გიორგიმ ისევ გაიღიმა, წინ გაუსწრო თავის დედის დისწულს.
“ჰურრრაჰხხ”, დაიღრიალა მომეტებული სიმძაფრით ავაზამ.
მათრახი დაატკაცუნა გიორგიმ, საშინელის ხმით უყივლა ხვადს.
პირი გაუშვა მტაცებელმა მშველს, ისევ ამოუშვა გასისხლიანებულ პირიდან
“ჰურრრაჰხ”...
გიორგი თამამად მივიდა მშველთან, ხანჯლით გამოფატრა იგი, ჯერაც
ორთქლიანი ნაწლავები მიუგდო ნადირს.
ორი ცხენოსანი მოჰქროდა ტრამალზე.
დაჩი ერისთავი და მენადირეთუხუცესი იცვნეს.
ორივენი ფერმკრთალნი ეჩვენა გიორგის.
“რა მოხდა, ვაჟკაცებო?”
ეკითხება გიორგი რაინდებს.
“ავაზამ შეიპყრო მშველი, მაგრამ მიადგა და თავათ შეექცევა, არავინ გაგვიკარა
ახლოს, დაჩი ერისთავს ლამის არ წასჭამა ბარკალი”.
მოახსენებს მენადირეთუხუცესი მეფეს.
“ვერა ყოფილხართ მამაცები, თუ ერთმა ძუმ დაგიჯაბნათ ამდენი თოროსანი
რაინდი”.
გაიხუმრა გიორგიმ.
“ჩემი ქმარიც დაუშინებია ავაზას!”
გაიხუმრა ფანასკერტელის ქალმა, ძლივს შეიკავა ღიმილი დიაცმა.
გირშელი ჯერ გაწითლდა, მერმე გაფითრდა, სამსჭვალივით გულზე მოხვდა
რუსუდანის ნათქვამი: “ქმარიც” (განსაკუთრებით უკანასკნელი ბგერა “ც”).
არასდროს ჯერ ასეთი შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავის მისთვის.
კვლავ მოასხდნენ მონადირენი ცხენებს.
გუნება გაუფუჭა ამ ერთმა ბგერამ გირშელს.
მეფე და შორენა წინ მიჰქროდნენ, დანარჩენებს ოთხახმით მიჰყავდათ ცხენები
ტრამალზე, რადგან არავის ემეტებოდა გახელებულ ავაზასთვის ბარკალი.
გიორგი გახარებული იყო, მუდამ მოწყენილი შორენა ასე რომ გაერთო
ნადირობით. მეფემ იდროვა ამით, ეუბნება კოლონკელიძის ქალს:
“ერთი რამ მინდა გკითხო, შორენა, ოღონდ არ შემრისხო, გევედრები წინასწარ”.
“მიბრძანეთ, რაც გენებოთ, მეფევ ბატონო, ყმათა წყრომას მეფენი სადერიდებოდნენ?”
“არავინ იცის, რომელია ჩვენს შორის ყმა!”
შორენამ გაიღიმა, დაინტერესდა.
“გულწრფელად მითხარი, შორენა, როგორ მოგწონს შენი საქმრო, გირშელი?”
დაუყოვნებლივ ეს მიუგო ქალმა:
“არა უშავს, კარგი ყმაწვილია გირშელ, ლამიყლაპიას რომ არ წააგავდეს ცოტა”.
მეფეს სახე გაუბრწყინდა, გადახედა გვერდით მომქროლავს, კვლავ უნდოდა
ეკითხა რაღაცა, მაგრამ შორენამ დასძინა ნათქვამს:
“მშიშარაც ყოფილა ყველისციხის პატრონი”.
ცხენი შეაყენა გიორგიმ ერთბაშად, უკან მოიხედა, რა დარწმუნდა შორს არიანო
მხლებლები, ჯიქურ ეუბნება კოლონკელიძის ასულს:
“მოგაცილებ, თუ გნებავს, გირშელს?”
შორენა სდუმდა, მცირე ხნის შემდეგ ეუბნება ხმადაბლა:
“თქვენი ნებაა, მეფევ ბატონო, ეგეც, მაგრამ მე ვიცი მეფეებიც ვერ გადუვლენ
განგების ნებას”.
მეფემ დეზი ჰკრა ცხენს, ზედ წამოადგნენ გვიმრიან ტაფობს.
ქარაფის კიდეზე მიემწყვდიათ შუბოსნებს ავაზა.
გაგლეჯილ მშველის ლეშზე იდგა სისხლში ამოსვრილი მხეცი, გააფთრებული
ბრდღვინავდა:
“ჰურრაჰხ, ჰურრაჰხხ”.
უდაბნოს ცეცხლი ელავდა მის თვალებში.
ფარსმან სპარსიც აქ იყო, ვერც მას გაებედნა ავაზასთან მისვლა.
ფარსმანი მიეჭრა და მოახსენა:
“ღვინო მოვიტანოთ, მეფევ ბატონო, ახლავე, ღვინო სისხლს ურჩევნია ავაზას,
დათვრება თუ არა, ჭუკივით დავიჭერთ ხელით”.
გიორგიმ არა მიუგო რა, ხელი ჩაიქნია და რაინდების გასაგონად ესა სთქვა:
“ახლა ვინც ვაჟკაცია, იგი მივიდეს მასთან”, თვალით აჩვენა ავაზაზე მხედრებს.
გირშელ ერისთავი გამოეყო რაინდებს, ოდნავ გაფითრდა, წითელი აბრეშუმის
საფარველი აიფარა მარცხენა ხელით, მარჯვენათი ხმლის ვადა მოისინჯა
ფრთხილად, გულდაგულ მიეახლა ავაზას.
შემზარავი ხმით ღრიალებდა ნადირი: “ჰურრრაჰხხ”.
უკვე ერთი ნაბიჯი უკლდა მშველის ლეშამდის გირშელს, სწორედ ამ დროს
ისკუპა ავაზამ და მარჯვენა მხარზე ეცა რაინდს.
ერთხმად დაიკივლეს მანდილოსნებმა, რაინდებმა იშიშვლეს ხმლები, ავაზა
მოეშვა დაკბილულს, უცნაური კამარა გააკეთა ჰაერში ძუმ და ქარაფიდან გადაიხვეწა
ლანდივით.
მწვანე ეტლში ჩააწვინეს დაკოდილი გირშელი.
დაცალებული ავაზა ურემზე შესვეს, დაღვრემილი მანდილოსნები და
რაინდები უხმოდ დაადგნენ მცხეთისკენ გზას.
შორენას გუნება გაუფუჭდა, გიორგის ჩამორჩა განზრახ. არსაკიძეს მოჰყვებოდა
ცხენდაცხენ მდუმარე, როცა ხურსისეულ სასახლემდი მიაღწიეს ორთა, შორენამ ეს
უთხრა ვაჟს:
“ხვალ საღამოს შემოგივლი, უტა”.
*
სასახლეში მისვლისთანავე გირშელი დიდ დარბაზში დააწვინეს, თურმანიძემცხეთაში აღმოჩნდა ბედად. ავაზას ნაკბილარები უმნიშვნელოდ მიიჩნია აქიმმა,
ფოლადის ბექთარს გადაურჩენია რაინდი, ორ კვირაში ავაყენებო დაკოდილს.
მეფემ ფარსმანი შეიყვანა საწოლის დარბაზში, მესაწოლე დაითხოვა, სელზე
უჩვენა ფარსმანს.
შიშისგან ცახცახებდა მოხუცი.
ვაჲთუ მე დამაბრალოსო ავაზის გაქცევა მეფემ.
ერთადერთი იმედი ეს იყო, უგუნებობა არ ეტყობოდა პატრონს. მეფე დაჯდა,
ოფლი მოიწმინდა შუბლიდან და ეუბნება:
“შენ გეტყვი, ფარსმან, ახლა მითხარი რაც უნდა გეთქვა სასახლის ბაღში იმ
დღეს? კითხული ვერ მიხვდა გულისთქმას მეფისას.
“შენ ამას ამბობდი, კიდევ ერთი ზნე სჭირსო ავაზას”...
“მე ეს მინდოდა მეთქვა, გაქცევა იცის - მეთქი შემოჩვეულმა ძუმ”.
“როგორ უნდა გავიგო შენი ნათქვამი ახლა?”
“ზოგიერთი დიაცი ამითაც ჰგავს, მეფევ ბატონო, ავაზას”.
ავაზას ხსენებაზე კოლონკელიძის ასული გაახსენდა მეფეს, ფარსმანის იგავის
შინაარსსაც მისწვდა, მაგრამ დადუმდა. დაითხოვა მოხუცი.
LX
ა მ თავში მოთხრობილია, თუ როგორ დასაჯა
“შანდლის ქურდი” მეფემ
გირშელი მართლაც ვერ ადგა ორ კვირას, უმისოდ ფრიად მოეწყინა გიორგის.
აღარც ნადირობანი იმართებოდა, არც ნადიმები.
შავარდნები და მიმინოები ხარიხებზე ამთქნარებდნენ. დაცალებული ავაზა
დღედაღამ ბრდღვინავდა, “ჰურრაჰხ, ჰურრაჰხ” იძახოდა გაავებული, ფარშავანგები
უკმეხად ჩხაოდნენ სასახლის ბაღში, საჩიხეში ბღაოდა ნებიერა, ნატრობდა ფხოვის
მთებსა და მჟავე წალს.
გიორგი ადგებოდა ხოლმე, წავიდოდა, თავათ ნახავდა, რომელი ირემი
ბღავისო ასე საწყალობლად? როცა გაიგებდა, რომელიც იყო, უკვირდა: როგორ
დამსგავსებიაო შვილი დედას, ირმების ჯოგშიც.
და აგონდებოდა კოლონკელიძისეული ფურირემი, რომელმაც ტყვეობაში
სიცოცხლეს თავისუფალი არჩია სიკვდილი.
ხანგრძლივი წვიმები დაიწყო, სავსებით უჩვეულო ამ დროს მცხეთაში.
მარიამ დედოფალი უფლისციხეში ჩამოვიდა აფსაზეთიდან, მელქისედეკმა
წიგნი მოიწერა, ბიზანტიელი სტუმრები მომყავს, ერთი თვის შემდეგ ვიქნებიო
მცხეთაში.
სტუმრები სასახლიდან წავიდნენ, სიძვის დიაცებიც გაიკრიფნენ მცხეთიდან.
ცოქალამ, ანუ “თევზისფერმა ძროხამ”, ნოკორნას წაიყვანა ნათია,
საფირონისთვალებიანი ქალწული, რათა ჯაჭვით ნაბამი წმ. გიორგის შვილიანად
ხლებოდა ახალ საბრძანისში.
დაჩიმ და რუსუდანმა ცხვილოსციხეს მიაშურეს, რადგან ცოქალას დედოფლის
ეშინოდა, ხოლო “ულვაშიან” რუსუდანს მელქისედეკ კათალიკოსისა.
დღისით დაუცხრომლად წვიმდა. ღამე გადაიდარებდა ოდნავ. ციხის
ჩარდახზე ადიოდნენ მეფე და ფარსმანი, უთვალთვალებდნენ მთვარეს, რადგანურჩხულის დარი არმური გარს ეხვეოდა მნათობს, ფარსმანის სამთვარიოც ცუდ
ამბებს იუწყებოდა.
ეზოსმოძღვარის სვირინგებიც ვერ იძლეოდნენ სანუგეშო ნიშანს.
გიორგი დიახაც ნატრობდა, კეთრი აღმოაჩნდესო ეგებ, მაგრამ რაკი ეს
სვირინგები ოდნავ გაშავდნენ, უკვე შიშმა აიტანა უშიშარი გიორგი.
თურმანიძე არტანუჯს წასულიყო, ამიტომაც საღამოსთვის ახმობინა ფარსმანი.
შაბათს მთელი დღე შინ იჯდა გიორგი, ხან ფსალმუნს კითხულობდა, ხან
თრიაქსა სწევდა, ხანაც ფარსმანის ახალ სამთვარიოს ფურცლავდა, უგუნებოდ იყო,
ავაზისაგან გირშელის დაკბენაც ქენჯნიდა მცირედ.
ნასადილევს წვიმამ გადაიღო, მელანქოლიამ წამოუარა, ყიალი მოენატრა ისევე
ველებზე, ისევ მოუნდა წრის გარშემო ტრიალი, მალემსრბოლი უშიშარაისძე
ახმობინა, პიპა.
ასე შეუთვალა ფარსმანს:
ეზოსმოძღვარი ინახულე და მოდიო ახლავე, მამცნე თუ რა სჭირსო ხუცესს?
თავათ მალემსრბოლს უბრძანა: ორი ცხენი მზად გყავდეს მიმწუხრისათვის,
საფურცლესკენ გავისეირნოთო მე და შენ ორთა.
როცა ფარსმანი საწოლის დარბაზში შევიდა, მეფე თვალდახუჭული იწვა
პირაღმა, ხელები მკერდზე დაეკრიფა, ნატანჯი სახე ჰქონდა, ალაგ-ალაგ
დანაოჭებული.
ჭაღარაც მომეტებულად მოუჩანდა გაბურძგვნილ თმიდან.
ვერცხლის შანდალი იდგა სასთუმალთან ორი.
ლიცლიცებდნენ ცვილის სანთლები, ცვილისფერი მისდგომოდა სახეზე მეფეს.
ტაბლაზე ნარგილე იდგა, თრიაქის სუნი დაკმეულიყო დარბაზში.
მეფემ თვალი გაახილა, ფარსმანს ახედა და ამ წუთში შემოესმა დაცალებული
ავაზის: “ჰურრაჰხ, ჰურრაჰხ”...
უშიშარაისძეს უბრძანა:
სელი მოართვიო სტუმარს.
“ინახულე ეზოსმოძღვარი?”
ეკითხება ფარსმანს, ხვნეშით ქვე დამჯდარს.
“ვინახულე ავადმყოფი, მეფევ ბატონო”.
“იცოდე, დღეს მაინც მხოლოდ მართალი უნდა მითხრა, ფარსმან”.
“განა ოდესმე ტყუილი მომიხსენებია, მეფევ ბატონო, შენთვის?”
“მხოლოდ სულელები ეუბნებიან მართალს, ჩემო ფარსმან, მეფეს”.
“ეგეც სწორია, მეფევ ბატონო, მაგრამ ერთი დღე მაინც უნდა გამოურიოს
მართლის თქმისა კაცმა”.
“მაშ ეს საღამო იყოს ასეთი”.
მეფემ გაიცინა და ფარსმანს იამა ფრიად.
“როგორ გგონია, კეთრი ხომ არ სჭირს ხუცესს?”
“არა, ბატონო, არ უნდა იყოს კეთრი”.
“ან ჟამი იყოს ეგების? “
“არა მგონია, ჟამის ნიშანის რომ იყოს ეგ სვირინგები”.
“მაშ შენ მარწმუნებ, ამ საღამოს მხოლოდ სიმართლის სათქმელად ხარ
მოსული, ფარსმან?”
“მხოლოდ სიმართლის მაუწყებლად მატარებენ ჩემი ბებერი იოგები, მეფევ
ბატონო, მუდამჟამს”.
“ისემც რა გითხრა მე შენ, ფარსმან!”“ის მითხარი, რაც გენებოს, მეფევ ბატონო”.
“მაშ სად იყავი ამდენ ხანს? სულ სიმართლეს აუწყებდი დილიდანვე ქვეყანას,
არა?”
“თევზებს ვითვლიდი გუდამაყრისკენ, ღამის მაყრად მიმავალთ”.
“რამდენმა აიარა ამ საღამოს ზევითკენ?”
“იმდენმა, რამდენიც სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. მეფევ ბატონო,
მართალი”.
“მაინც რამდენი იქნება იგინი?”
“რამდენიც კითხვა ექნება ჩემს პატრონს ჩემთვის მოსაცემი”.
“ამ თევზებსავით ხომ არ ჩაივლიან მერმე ის სიტყვები, ბერიკაცო?”
“არა, ჩემი სიტყვები დუმილში დაიძრებიან ნელა, სავსებით ნელა ჩასწვდებიან
მსმენელს და ისე გვიან ეწვეთებიან გულს, როგორც ნარგილეს მილში გავლებული
კვამლი თრიაქისა, გვიან მიაღწევენ მსმენელის გულამდის და გვიან, გვიან მიჩვენებენ
ზემოქმედებას”.
მეფემ თავი აიღო, ორივე შანდალი უჩვენა თვალით და ეუბნება სტუმარს:
“მე ხშირად ჩამძინებია შენი ჯადოსნური საუბრის დროს, ფარსმან, თუ ახლაც
მომეკიდოს რული, ადექი მაშინ, ეს შანდლები აიღე, მცირე დარბაზს რა გასცდები,
მსახურები დაგიხვდებიან ტალანში, დღეს მითხრეს ალყა და ქონი გამოლეულა
სასახლეში, მიუტანე ეს შანდლები მათ.
უბრძანე: არ გამაღვიძონ, სანამ მალემსრბოლი არ მოვიდეს, პიპა”.
ეს უთხრა და დადუმდა მეფე.
მცირე ხნის შემდეგ ეუბნება ბერიკაცს:
“სიტყვისა და თრიაქის მსგავსება კარგად გამოხატე წეღან, ახლა იგიც მამცნე,
რითი არა ჰგავს კაცის სიტყვა ბანგს?”
“რითი არ ჰგავს კაცის სიტყვა ბანგს? “ გაიმეორა ფარსმანმა.
“მხოლოდ იმას ათრობს თრიაქი, ვისაც ასმევენ ხოლმე, მაგრამ სიტყვას ერთს
ეტყვი ხშირად და ათასებს ეძგერება, როგორც ირიბად გასროლილი ქვა”.
“ქვაო? ვისა სმენია ირიბად გასროლილი ქვა?”
“ჩემს ბალღობაში ცალიერი კოკების მსხვრევა დამჩემდა ერთხელ, საჯინიბოს
კედლის გასწვრივ დავამწკრივებდით ცალიერ კოკებს მე და ჩემი ტოლები. მერმე
მივსდგებოდით და კედელს დავუშენდით ქვას. უკუიქცეოდნენ შეტყორცნილი ქვები,
განუკითხავად ამსხვრევდნენ კოკებს.
მოგვისწრებდა განრისხებული მზრდელი, დავიფიცავდით: არ გვისვრიაო
ცალიერი კოკებისათვის ქვები”.
მეფე დადუმდა, შემდგომ ამისა ეკითბება ფარსმანს:
“რად მეჩურჩულები ამ საღამოს, ფარსმან? მე ოდნავ მთვრალი ვარ, მართალია,
თრიაქისაგან, მაგრამ ასე ვგობებ ჯერ შორსაა ძილი, გარდა ამისა, შენ ისე ბრძნულად
მესაუბრები, შესაძლოა, არც დამეძინოს დიდხანს” .
“მე ერთი მწვრთნელი მყავდა, სიბრძნისმეტყველი, ქაიროში, აბუბექრ-ისმაილ-
იბნ-ალი-აშარი ერქვა სახელად იმ ბრძენს, თავათ შლეგივით დაყიალობდა ამ
ქვეყანაზე, სხვებს ურიგებდა სიბრძნეს.
იგი ითვლებოდა იდუმალთა მიმთხრობად და ჩურჩულის ოსტატად ალ-
ჰაქიმის სასახლეში ოდესღაც.
სწორედ მან მასწავლა, მეფევ ბატონო, მეც, დიდი ჭეშმარიტებანი ჩურჩულით
უნდა უთხრაო დიდკაცებს ყურში, ხოლო იგი, რაც დიდ ბაზრებში ყომარბაზობის
დროს უნდა წამოგცდეს, ისე უნდა იყვირო, როგორც წყლისა და თაფლისგამყიდველნი ყვირიან ქაიროში, რათა მეჯადაგეებმა და მეხამლეებმა გაიგონონ,
თაფლი და წყალი შეისყიდონო შენგან”.
“აბა ერთსა გკითხავ და მალე მაინც მომიგე პირდაპირ”.
“მე არასოდეს არ ვლაპარაკობ პირდაპირ, რადგან ირიბად ნათქვამი უფრო
პირდაპირ სჭრის, მეფევ ბატონო, მუდამ.
მე და ჩემ ტოლებს რომ პირდაპირ დაგვეშინა ცალიერ კოკებისათვის ქვები,
უთუოდ ცხვირ-პირს ჩაგვილეწავდა მზრდელი.
ათინაში ერთი ღვთაების კერპი მდგარა თურმე, ის ღვთაებაც იდუმალთა
მიმთხრობლად მიაჩნდათ ბერძნებს, იგი არაფერს იტყოდა პირდაპირ, ყოველივეს
ირიბად ამბობდა, მუდამჟამს ანიშნებდა მხოლოდ”.
მეფემ დაამთქნარა, თვალი დახუჭა, ისევ მიუბრუნდა ფარსმანს:
“ახლა ეს მითხარი, როგორ მოგწონს ხუროთმოძღვარი არსაკიძე, ფარსმან”.
“არა უშავს რა, კარგი ვაჟია არსაკიძე, ლაზი, მაგრამ იგი უკეთ ხატავს, ვიდრე
აშენებს. მელქისედეკის მიერ მისი დანიშვნა მაინც ერთ ამბავს მაგონებს უცნაურს”...
“კათალიკოსს არ დაუნიშნავს იგი, მე თავათ ავარჩიე არსაკიძე, ფარსმან” .
“მოხუცი შეკრთა და დადუმდა.
სახლის ბაღში ღრიალებდა ხვადი ავაზა: “ჰურრახ, ჰურრახ”.
“ნუ გეშინია, ჩემო ფარსმან, რაც არ უნდა მითხრა აწი, იმისათვის არ დაგსჯი
დღეს”.
“მეფეებს ასე გჩვევიათ, თუ მართლის მთქმელი იმ დღეს დაინდეთ, სამი წლის
შემდეგ სამგზის აზღვევინებთ სიმართლისათვის”.
“არც სამი დღისა და არც სამი წლის შემდეგაც... ვფიცავ”.
ფარსმანი ყოყმანობდა და გიორგიმ გაუღიმა.
“მაინც რას გაგონებს არსაკაძის დანიშვნა, ფარსმან?”
“ჯოჯოხეთში მღვდლები გაუწყვეტიათ ეშმაკებს და ყვავი დაუნიშნავსო
თურმე ხუცესად ღმერთს”.
მეფემ გადაიხარხარა და ფარსმანი გამხნევდა.
“სვეტიცხოველი როგორ მოგწონს, ახლადნაგები?”
“ახალი წიგნის გამო არაფერა ითქმის, სანამ ათასჯერ არ გადასწერენ მას სხვანი,
არც ახლადაგებულ ტაძრის გამო ითქმის ამაზე მეტი, სანამ ათასი წლის მიწისძვრები
არ გამოსცდიან ნაგებობას მისას”.
“შენ ისევ ირიბულად ბნელმეტყველებ, ფარსმან”.
“მე მაინც ასე მგონია, მეფევ ბატონო, ახლაც, საუკეთესო წიგნი მაინც იგია,
რომელიც ჯერაც არ დაუწერია არავის. რაიცა შეეხება ტაძართაგანს საუკეთესოს,
ჯერაც არ აგებულა ასეთი მიწაზე”.
“ახლა ჩემი ვაზირების გამოც უნდა მამცნო მცირედი, რომელი უფრო მოგწონს
მათ შორის, ფარსმან? “
“მხოლოდ იგი, რომელიც ერთ დღეს მაინც ეტყვის თავის პატრონს
სიმართლეს”.
“მერმე, რომელია ასეთი?”
“ვგონებ, შენს ვაზირებს ყველას სათითაოდ ეშინია შენი, ჩემზე უკეთ
მოგეხსენება, მლიქვნელების თათბირები არც ერთ მეფეს გამოსდგომია ჯერაც”.
მეფე თავქვე დაწვა, ხარხარებდა, ხელით იწმენდდა სიცილისაგან
გადმოღვრილ ცრემლს.
უფრო და უფრო გამხნევდა ფარსმანი.
“მეფეებს ერთი უბედურება სჭირთ ასეთი: მშიშარანი რომ ვაზირებად არგამოდგებიან, ეს ხომ ისე თვალსაჩინოა, როგორც არაგვის დაღმა დინება?”
“უეჭველად სწორია ეგეც”.
“მაშ თუ ეს სწორია, რა უნდა ჰქნას მეფემ? ჯერ არც ერთი მეფე ჭკვიან ვაზირებს
არ გაუხდიათ ბრძენი. თუ ისეთი ვაზირები გაიჩინა, რომელთაც მეფის შიში აღარ
ექნებათ, მაშინ ისინი თავათ წაეპოტინებიან ტახტს! “
ეგეც დაუმოწმა მეფემ.
ღიმილით ეკითხება ისევ:
“კიდევ რა სენი სჭირთ მეფეებს, ფარსმან?”
ფარსმანი დადუმდა, შეყოყმანდა ოდნავ.
“მე უკვე მიწია ნასადილევს მოწეულმა თრიაქმა, შენი სიტყვების ზეგავლენა
ჯერაც არსად სჩანს, შენ ხომ იცი, სიმთვრალეში ფრიად კეთილი რომ ვარ, ფარსმან?”
“შენ სიფხიზლეშიაც კეთილი ბრძანდები, მეფევ ბატონო, მუდამ”.
მეფემ ყური არ ათხოვა უკანასკნელ სიტყვებს და განაგრძო:
“ერთხელ ვიღაც მთვრალმა მდაბიორმა ცხენი გამომიკლა მცხეთაში, მე
გამიხარდა, თავათ რომ გადავრჩი, გარდა ამისა, მთვრალი ვიყავი, მდაბიორის
სამოსში გადაცმული, ამიტორც არაფერი ვაკადრე მთვრალს”.
“ეგეც მსმენია, მეფევ ბატონო”.
მიუგო ღიმილით ფარსმანმა.
“კიდევ რა ზნე სჭირთ მეფეებს, ეგეც მითხარი ბარემ”.
“ქედმაღლობა მეფეების უდიდესი უბედურებაა. მეფე ყოველ ქვეყანაში
მარტოხელაა და ერთადერთი, იგიც ხომ ცხადია, მარტოსული არასოდეს იქნება
მთელი.
რამდენად უფრო აღმატებულია მარტოსული, მან უფრო კარგად იცის, რომ
ერთი კაცი თავის უდიდეს სიბრძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ”.
“მერმე, მერმე?”
ეკითხება მეფე და შესცქერის თრიაქისაგან აღრეული თვალებით ბერიკაცს.
“მერმე მიმოიხედავს ხოლმე მარტოსული იგი და რაკი თავის მსგავსს ვერავინ
ნახავს სხვას, მას ხელიდან ეცლება უძვირფასესი სამკაული კაცთა მოდგმისა,
თავმდაბლობა”.
ორივენი დადუმდნენ, სასახლის ბაღიდან ისევ მოისმა დაცალებული ავაზის
“ჰურრახ, ჰურრახ”...
“ნამდვილი თავმდაბლობა, - განაგრძო ფარსმანმა, - არასოდეს აურიო მონისა
და მლიქვნელის თავმდაბლობაში, არც იმ გლახაკის თავმოდრეკილებაში, სამოგვის
თასმებს რომ უკოცნის პატრონს.
უდიდესი უბედურება მაშინ ეწვევა კაცს, როცა მას დაავიწყდება, რომ
კაცთაგანი, უფლისწულია ყოველი.
მეფეებსა და შლეგებს ზნედა სჭირთ ხოლმე, სხვაზე უფრო აღმატებულად
შერაცხავენ თავისთავს და ვინც მათ გაუტოლდება, თავს წააცლიან უთუოდ, ხოლო
იგი, ვისაც უმცირესზედაც აღმატებულად თავი მოაქვს, სწორედ იგია ქედმაღალი,
მეფევ ბატონო.
მე რომ მესსია გზაში შემეყაროს და მითხრას, სხვას ჯობიხარო, ასე მივუგებდი:
შენ არ ყოფილხარ-მეთქი მესსია.
მეფეები და ლომები მარტოობაში ხდებიან გულზვიადნი. აზვავდებიან და
მოიწყენენ, მარტოხელნი იღუპებიან კიდევაც”.
ფარსმანმა კვლავ გაიგონა ხვადი ავაზას ღრიალი:
“ჰურრახ, ჰურრახ”მწუხრი უკვე მოსწოლოდა დიდი დარბაზის სარკმელს, დახედა მეფის
სარეცელს.
თვალდახუჭული იწვა მეფე გიორგი. ცვილის სინათლისგან მოფენილი შუქი
უსიცოცხლო სიყვითლეს აძლევდა მის სახეს. იგი მძინარეს როდი მიაგავდა, არამედ
მიცვალებულს.
დასძინებიაო, გაიფიქრა ფარსმანმა.
ადგა, შანდლები თან წაიღო და ფეხაკრეფით გაიპარა სულგანაბული.
მცირე დარბაზის ტალანამდისაც არ იქნებოდა მისული იგი, უშიშარაისძე
შემოვიდა საწოლის დარბაზში.
მეფე წამოდგა და ეუბნება მალემსრბოლს:
“ფარსმან სპარსმა ვერცხლის შანდლები მოიპარა, ერთი წამოეწიე, პიპა, და
ორიოდე პანღური ამო
ჰკარი მაგ ბებერ ძაღლს”.
*
როცა გიორგი და პიპა სასახლის კიბეზე ჩამოდიოდნენ ფარსმან სპარსი იქვე
იჯდა. წამოდგა, მეფეს მიეახლა და მოახსენა:
“შენ აკი დამპირდი, მეფევ ბატონო, არ დაგსჯიო სიმართლის თქმისთვის?”
მეფემ წარბები აწკიპა, გაიკვირვა თითქოს ერთბაშად.
“??? განა სიმართლისათვის გაგაპანღურეს მართლა? ეს შანდლების
მოპარვისათვის დაისაჯე დღეს”.
ფარსმანი გაოცდა.
მეფემ გაუცინა და ეს უთხრა მოხუცს:
“შენ ირიბი ზმები გყვარებია, ჩემო ფარსმან, ხოლო ირიბი პანღურები მეფეებს
სჩვევიათ ხოლმე”.
*
ერთი სიმართლე მაინც დაუმალა ამ საღამოს ფარსმანმა გიორგის, მან შეატყო,
ჟამის სვირინგები რომ აჩნდა ეზოსმოძღვარს, კიდევ ერთი რამ მოახსენა გიორგის
მცდარი ამბავი და ამის გამო წაიკითხე ეს:
შ ე გ ო ნ ე ბ ა:
ერთხელ სამი მუსიკოსი გამოსულიყო მოედანზე საღამოს.
იდგნენ და უკრავდნენ ტკბილად.
გარსმოჯარული ხალხი ფერხულს უვლიდა მათ გარშემო. გაიხარებდნენ
სალამურის, ჭიანურისა და სტვირის შეწყობილ მუსიკობისაგან აღტყინებულნი.
ერთი ყრუ მიეახლა ამ მუსიკოსებს, მას არც ხმა ესმოდა და არც სიტყვა.
რა სულელია ეს ხალხი!
გაიფიქრა ყრუმ.
სამი კაცი ხელს აფათურებს, ერთს ლერწამი გაურჭვია პირში, მეორეს ძელის
ნაჭერი აუღია და ძელისავე წკეპლით უხახუნებს ზედ. ხოლო მესამეს გაბერილი
გუდა პირთან მიუტანია და ეს ამდენი ხალხი შლეგურად როკავს ამ ამბის შემყურე!
როცა ოსტატის მიერ შესრულებული ქმნილების დიდებულებას ვეღარ
ჰხედავს შურისგან აღვსილი, ხელმოცარული ოსტატი ვინმე, იცოდე, მკითხველო, ამყრუს მიაგავს იგი, იმ სამთა ტკბილი მუსიკოსის ვერ შემსმენელსა.