XLI
თავდაპირველად ქვიშისფერნი იყვნენ ღრუბლები, მაგრამ როცა მთვარე თავზე წამოადგა ჯვარის მონასტერს, გაყვითლდნენ ისინი.
მერმე ატყდა სხივთა ლიცლიცი ცაზე. გალურჯდნენ მთები, ხოლო ღრუბლებსა და ცას ქედანისფერმა გადაჰკრა იერმა.
აივნიდან ხედავდა არსაკიძე ამას ყოველივეს, მერმე მის თვალწინ თალხმა ფერებმა დაიჯაბნეს ნათელი.
ნელ-ნელა გაშავდნენ ხეებისა, ეკლესიებისა და ციხეების ზეთავები გარშემო, გამოხურვებულ ოქროსფრად გაიელვა ზეცის კალთებზე დასავლეთისკენ, შორს.
და სწორედ ამ დროს გაისმა ციხეების გოდოლებიდან საყვირის ხმა პირველად.
ეს იყო ნიშანი, მეციხოვნენი სცვლიდნენ ურთიერთს.
ბინდი დაეშვა რატისეულ ხილნარზე. თალხი ფერები გადაანთხია ყვავილებსა და ბალახებს მწუხრმა, ჩრდილისებრ ნახაზებად იქცნენ ხეები და სიგრილე შეიცნო აივანზე მდგომარემ.
ადგა, დარბაზში შევიდა.
ნონაის უკვე აენთო ჭაღები.
სულ პატარა, სულ პაწია პეპლები ცეკვავდნენ შუქის გარშემო დარბაზში.
ბუს მართვე წიოდა ხილნარში.
დიდხანს იჯდა არსაკიძე დარბაზში და უსმენდა მარტოსულის ძახილს.
ახლა მოზრდილი პეპლები შემოპარულიყვნენ დარბაზში, თალხი, სავსებით თალხი ფარფლები ჰქონდათ მათ, კიდე-კიდე დაწინწკლულნი წითლად და ყვითლად, ჭაღებს უვლიდნენ გარშემო.
ვეღარ გაუძლო არსაკიძემ ამის ყურებას, ადგა, ისევ აივანზე გავიდა, სიბნელეში განმარტოება მოენატრა კვლავ.
ატყობდა თავათაც ოსტატი:
სულ მცირე ხანში ხასიათი გამოეცვალა. მოუთმენელი, დაუდგრომელი გახდა იგიცა, როგორც ეროსი - სულწასული დედისა და უჯიათი მამისაგან წარმოშობილი.
დღეს გათენება აგვიანდებოდა, მზეს ბნელში ჩასვლა, ხოლო საღამოს მიმწუხრად ქცევა, ასე გამოდიოდა, თავათ მნათობებსაც შეუცვლიათო ჩვეული ეტლი მის თვალწინ ანაზდად.
უმთავრესი მაინც ის იყო, მარტოობას ვეღარ უძლებდა მარტოობაში გაზრდილი კაცი.
ბნელში დაბადებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში.
მადლობა უფალს, დასასრულს რომ მიეახლა მისი საყვარელი ქმნილება უკვე, თორემ რომელ გულს ეყოფა ძალა, მიჯნურობასა და ხელოვნებას ემსახუროს ორთავეს თანაბრად?
ასე ყოფილა ჟამის დასაბამისიდან, ერთი ბომონი ვერ დაიტევს ვერასოდეს ორ კერპს.
ისევ იცვალა სამყოფელი მოუსვენარმა.
ბაღში ჩავიდა.
ღამე შემოსულიყო რატისეულ სასახლეში, მაინც არ სჩანდა გულისმიჯნური.
სამი საღამო წვიმდა ზედიზედ, დღეს გადაიღო, მაგრამ იგი არ მოდიოდა.
იდგა ცაცხვის ტანს მიყრდნობილი, ყურს მიუგდებდა უმცირეს ჩქამსაც.
სდუმდა ხილნარი, ფოთლები არ იძვროდნენ. მარტოშთენილი ბუს მართვე იძახოდა საწყალობლად. მხოლოდ მისი ხმა მოესმოდა არსაკიძეს, ბნელში მდგომარეს.
თვალებდახუჭულს შორენას ხმა შემოესმა ახლა ანაზდად.
ასე ეგონა: ჩოხის ღირკილოებსაც მისწვდენოდა, ეუბნებოდა თითქოს ჩურჩულით:
“რამ დაგაღონა, აჰა მოვედი, რამ დაგაღონა, უტა?”
თვალი გაახილა, მთვარეს აჰხედა.
ისევ დახუჭა თვალი, ჟამის სრბოლა გადავიწყნოდა ლოდინისგან
გულშეღონებულს.
ნაავდრალი ზღვის ტალღების დარად უკუქცეულან წლები. კვლავ ყრმა
გამხდარა უტა, მობრუნებულან ბავშვობის დღენი.
ის ნეტარი დრო, როცა სჯეროდა გულმართალს მათი: მზე და მთვარე ერთი
დედის ძუძუმტენი რომ ყოფილან თურმე ოდესღაც.
ქალსა და ვაჟს ერთმანეთი შეყვარებოდათ.
დაუტუქსავს ორივენი მშობლებს.
ქალი მზედ იქმნა, ყმაწვილი მთვარედ.
ცეცხლად ქცეულან და აჭრილან ცაში ორივე.
ათასეული წლები გასულან, როგორც თვალის დაფახულება ერთი.
დაეძებენო იმის შემდეგ შეყვარებულნი ძუძუმტენი ერთმანეთს დღემდის.
მზეცა და მთვარეც სიყვარული ყოფილა თურმე.
და ეს ასეა, ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავათ
სიკვდილი.
ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია, ალბათ, ის ღმერთიც.
შეკრთა ერთბაშად.
ქარი ხომ არ არხევდა ხილნარში შტოებს? მარტოობას ხომ არ უჩიოდა ბუს
მართვე სადმე?
ეძინათ ტკბილად ყვავილებსა და ბალახებს, მხოლოდ ფუტკრები გალობდნენ
ძილში, ან სიყვარული თუ მღეროდა ვაჟკაცის გულში?
ჰყვაოდნენ ბნელში ბაღის ვარდები და ხატაური გლიცინიები ისე მკაფიოდ
მოსჩანდნენ კიდევ (ვაზის მტევნები, სვეტიცხოველისა, ოსტატის ხელით ამოჭრილი
თეძამის ქვაზე!).
“სიყვარულია თავათ ღმერთი ამ ქვეყანაზე”.
მოიჩქაროდა მისკენ ლანდი რიდემოსხმული, მთვარის შუქისგან დათოვლილი
მოსჩანდა იგი.
ეს გაიფიქრა არსაკიძემ და ქალის კაბის შარიშური შემოესმა ბალახებიდან.
“აქ რად მიცდიდი, უტა?”
ეს უთხრა ქალმა.
და როცა ცხადლივ შემოესმა მისი ამო ხმა, კვლავ გაიგონა მისივე პირიდან
თავისი ლაზური სახელი, რომელსაც უკვე აღარავინ უძახოდა ამ მარტოობაში. ეს
უნდოდა არსაკიძეს, სველ მდელოზე დაჩოქილიყო, ფერხთით დავარდნოდა
სანატრელს, მას, ვინც არაფერს არ დაერიდა და ეწვია ღარიბ ოსტატს, სიყრმის
მეგობრობის გასაახლებლად.
თავი შეიკავა, საკოცნელად წაეპოტინა მის ხელებს.
დარბაზში შემოსულთ ეს შეამჩნიეს: შავი პეპლები დაფარფატებდნენ ჭაღების
გარშემო, ზედ ეხლებოდნენ ცეცხლს. ფარფლშეტრუსულნი ძირს სცვიოდნენ,
ფართხალებდნენ საწყალობლად.მღამიობებით გავსილიყო მთელი დარბაზი, თავბრუდამხვეველ ფერხულს
უვლიდნენ, დარიალებდნენ წყვილად.
რიდე მოიხსნა შორენამ.
არც მარგალიტის ქუდი ეხურა, არც ალმასების მანიაკი ეკიდა ყელზე.
არც ხატაური აბრეშუმის კაბა ეცვა, არც საწმერთული ხოხბისყელისფერი.
ფხოვური, თალხი სადიაცო ეცვა, ისეთივე სადა, როგორსაც მისი მოახლენი
ატარებდნენ ხოლმე ყოველდღე.
ფერგამკრთალი სჩანდა.
ყინცვისის ანგელოსივით მჭმუნვარე.
მხოღოდ ახლა მიხვდა არსაკიძე, რომ მისი ალმასის ქუდები, დიბის კაბები,
აბრეშუმის საწმერთულები და მარგალიტის სამკაულები, ეს ყოველივე ნიღაბი
ყოფილა თურმე, გიორგი მეფის გარყვნილ სასახლეში სახმარებელი.
და ამას იმისთვის სჩადიოდა, რათა არავის შეეცნო, რომ შორენა თავათ
წააგავდა თავის საყვარელ ნებიერას, მყვირალობის დროს საჩიხეში აწრიალებულს,
ფხოვის მთებსა და მჟავე წყალს მონატრულ ირემს.
ბუნებრივადაც მოეჩვენა თალხი სამოსიც, რადგან ეს გლოვა უფრო ამშვენებდა
მას, ვიდრე ალმასების მანიაკები და ოქსინოს ქათიბები ფერად-ფერადი.
შიშისაგან ცახცახებდა კოლონკელიძის ქალი.
ხომ არავინ არისო შენს მეტი ამ სახლში, უტა?
მიმოიხედა, ვერავინ ნახა, მხოლოდ სურათს დაადგა თვალი.
შეჰხედა, შეკრთა, რა დაინახა ღმერთთან მებრძოლი კოჭლი იაკობი.
“სხვა ვინ იქნება აქ ჩემს გარდა, - ამბობდა ვაჟი, - ნონაის სძინავს თავის
სამყოფელოში დიდი ხანია, მე და ღმერთი ვართ ამ უბედურ, ბნელ სასახლეში”.
“როგორ თუ ღმერთი, რას ამბობ, უტა?”
გაოცებული ეკითხება ვაჟკაცს დიაცი.
ისევ მიჰხედა იაკობის ღმერთს, სანთელი აიღო, ახლოს მიიტანა და მიაშტერდა.
“მელქისედეკ კათალიკოსს მიუგავს ამ ბებერს სახე. მე თავათ ვნახე იმ საღამოს,
როცა იაკობის მიერ ღმერთთან შებრძოლებას შეეხო იგი, ხოლო იაკობ შენა გგავს,
უტა!”
ოსტატი სდუმდა (ასე სჩვევია ეს ნამდვილ ოსტატს, ნიღაბს არ ახდის
არასდროს თავათ, თავის ქმნილების პირველად სახეს).
სტუმარი სელზე დასვა მასპინძელმა. გვერდით მიუჯდა.
“მე ასე მგონია, სიზმრად გხედავდე თითქოს, შორენა. რა დიდი გზა, როგორი
წამების გზა უნდა გაგვევლო თურმე, რათა ერთმანეთი შეგვეცნო ბოლოს!
მთელი ჩემი სიცოცხლე ღმერთის ძიებაში ვიყავი მე შლეგი ფხოვში,
ლაზისტანსა და ბიზანტიონში.
მხოლოდ დღეს მივხვდი, ჩემო, რომ ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ
წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს,
რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.
გჯეროდეს, ჩემო, საპატიო ვალია კაცისა არა გლახურ ღმერთის ძიება, არამედ
თავათ უნდა გახდეს შემომქმედ უფლის მეტოქედ”.
“რას ამბობ, უტა, მე მაშინებს შენი ნათქვამი”.
“შენ ხომ სხვა დიაცებსავით მშიშარა არა ხარ, შენ არავის ჰგავდი შენს სქესში,
შორენა, ამიტომაც უფრო ადრე მიყვარდი, ვიდრე მე შევიცნობდი თუ რა იყო ქალი და
კაცი. შენ რაინდებზე ადრე მიეახლე მეფის ავაზას.
შენ ისეთი წმინდანი ხარ, უმძვინვარესი მხეცებიც ვერ შეგბედავენ. თუსიყვარული ღმერთი ყოფილა, შენა ხარ ჩემი სიყვარული და ღმერთი თავათ.
ამიტომაც გიგულებდი თანამდგომად მარტო ბრძოლაში”.
შორენა იჯდა ტახტის ბოლოში, თავჩაქინდრული უსმენდა ვაჟს.
გაოცების ნიშანიც არ ეტყობოდა მას, ასე ეჩვენა არსაკიძეს, დუმილშიაც
შეუცვნიაო ეს ყოველივე დიდი ხნის წინათ.
მიუახლოვდა, გვერდით მიუჯდა, თავზე ხელი გადაუსვა, როგორც გაბუტულ
ბალღს მიეფერებიან ხოლმე.
ქალმა თავი აიღო მშვიდად, თავისი მჭმუნვარე თვალებით შეხედა ვაჟს.
“მეც შენსავით მარტო ვარ, უტა, - კვნესოდა შორენა, როგორც მარტოხე,
ქარისაგან დაბრიყვებული.
მე მუდამ შენთან ვიყავი, უტა, მაგრამ შენ ვერ ჰხედავდი ამას. ხან შენი
ხელოვნებით იყავი გატაცებული, ხან სიძვის დიაცებს აეკიდებოდი, ხან ნადირობდი”.
“როგორ, მე ხელი გკარი განა ოდესმე?”
“შენ ხომ გახსოვს, უტა, როცა ჭიაბერი კვეტარს მოდიოდა ჩემს დასანიშნავად,
მე გთხოვე მამიჩემის ცხენებზე შევსხდეთ, გავიქცეთ-მეთქი ღამით, ფხოვიდან?!”
“მახსოვს, მაგრამ მე ასე მეგონა, მართლაც ძუძუმტე იყავ ჩემი”.
“ახლა ვინ გითხრა შენ ეს ამბავი?”
“ფიცი მაქვს დადებული, არ გავამხილო”.
“ვიცი, ვინც გეტყოდა, მაგრამ ეს სულ ერთია”.
“შენ თუ იცოდი ეს, მზექალაი რომ ყოფილა ჩემი ძუძუმტე?”
“ვიცოდი, მაგრამ მე ამის თქმით გულის ნადებს გაგიმხელდი, არ ვარგა, როცა
გულწრფელობაში ქალი დაასწრებს ხოლმე ვაჟკაცს”.
“მაშ ჭიაბერი შენ არ გიყვარდა? მე ასე მეგონა ეს ქალწულის შიში იყო
გათხოვების წინაშე, სხვა არაფერი”.
“ქალის გაჩენაში ალბათ ღმერთი არ გარეულა, უტა.
მიჯნურს გული აურჩევს საკუთარი დიაცს, ხოლო საქმროს, მშობლები და
მდგომარეობა. ჩემთვის ორგვარი არჩევანი იყო იმჟამად.
მეფე გიორგი ან ჭიაბერი.
იგიც ვიცოდი, ჩვენი დედებიც მუდამ მათ გაჰყოლიან ცოლად, ვინც არასდროს
ჰყვარებიათ გათხოვებამდის.
მეცოდებოდა დედოფალი, ისე როგორც დიაცთაგანს შეებრალება ხოლმე
მეორე. არც სხვის უბედურებაზე აგებული ბედი მინატრია ოდესმე. სწორედ ამიტომ
შევურიგდი ჭიაბერის ცოლად გახდომას”.
“ახლა?”
სიტყვა ჩააგდო არსაკიძემ გაოგნებულმა.
“ახლა ყველაფერი გვიანაა უკვე, გვიჯობს, ნუ გავაღვიძებთ სიყრმის
სიყვარულს. გირშელი მიამბობდა, მოულოდნელად გაღვიძებული ავაზააო ყველაზე
მეტად საშინელი რამ.
მე კი მგონია, სიყრმის სიყვარულის გაღვიძება მასზე მეტია.
გირშელი თუ გიორგი? მე ვიტყოდი: არც ერთი და არც მეორე. გირშელი
საფრთხობელას მაგონებს, დათვებისათვის ყანაში დადგმულს.
გიორგი მეფემ თვალები დაუბნელა მამაჩემს, უმალ სიკვდილის ცოლი
გავხდები...
ბიძაჩემმა დაჩიმ სწორი თათბირი მითხრა, გიჯობს სადედო მონასტერს
შეეხიზნოო რომელიმეს, და ეს სწორია.
სხვა გზაც არსებობს ერთი, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს ამის თქმა, უტა”.არსაკიძე ფერხთით დაუვარდა, მერმე ქედზე მოხვია მკლავი და აკოცა შორენას.
სიყრმის პირველ ცოდვასავით ტკბილი იყო მისი ტუჩები...
საყვირის ხმა მოისმა მუხნარისას ციხიდან.
ქალი წამოდგა.
ეუბნება ვაჟს:
“ახლა უნდა დაგტოვო მარტო, მშვიდობით, უტა”.
ყელზე შემოეჭდო არსაკიძე ქალს.
ამო იყო მისი სუნთქვა, როგორც მიწის სურნელება ვარდობის თვეში.
“ყველაფერს შენ შეგწირავ, შენ განაცვალებ, შორენა, ჩემს გულის სისხლს, ჩემს
სუნთქვას, უკანასკნელს, ოღონდ ნუ დამტოვებ მარტო”.
ხელი გააშვებინა არსაკიძეს კოლონკელიძის ქალმა.
მტკიცედ ეუბნება:
“საყვირის ხმა ისმის ხელახალი, უკვე გვიანაა, უტა!”
XLII
მიდიოდნენ ვიწრო შუკებში, ეძინათ მთავართა სანათლოის ქოხებს.
ამძუვნებული ძაღლების ხროვა დაჯირითობდა ბნელში, მთვარე გადმოსულიყო
ღრუბლის საფარველიდან მრეში ტალებით დატვიფრული სავსებით.
შორიახლოდან მიჰყვებოდა არსაკიძე ერისთავის ქალს.
ხურსისეულ სასახლემდის რა მიაღწიეს, შესდგა, მიმოიხედა, ადამიანის სული
არ ჭაჭანებდა ირგვლივ, მივიდა, ორივე ხელები დაუკოცნა.
ემუდარა: ნუ დამტოვებო მარტო.
ზეცის რეკვასავით ამო იყო მისი ხმა.
კარგი, ხვალ საღამოს გამოვივლიო, უტა, თუ წვიმა არ იქნა, გამოგივლიო
უთუოდ. უკან ბრუნდებოდა არსაკიძე იმავე შუკებით, ძაღლი დამჯდარიყო მიწურის
ბანზე, თუჯის ქანდაკს მიაგავდა მთვარის შუქზე განჩრდილული მგელ-ძაღლის
ფიგურა, თავაშვერილი შუსცქეროდა მთვარეს, ყმუოდა მარტოსული საბრალოდ.
გააჟრჟოლა შემზარავი ყმუილის გამგონეს.
აუჩქარა ნაბიჯს. თავათაც აჰხედა მთვარეს, თავათაც ინატრა: შემეძლოსო მეც
შევყმუვლო ცას. . . . . . . . .
მთლად იისფერი ბლონდი ზედ შეჰფენოდა მნათობს, მოწითალო სხივების ძნა
ქათქათებდა ზეცის თავანში. ასეთი მთვარე ჯერ არ ენახა მას.
მიფათურებდა არსაკიძე ბნელ ქუჩაბანდში, ქენჯნიდა თავისთავს, მამაკაცური
გულარძნილობის გამო.
ბიზანტიონის სამეძავო სახლების სიბინძურე თვალწინ დაუდგა.
ბერძნის კახპები, თურქის დიაცები, ბიზანტიაში გაყიდული ლაზი გოგონები
მოაგონდა.
ბალღობიდანვე გაკახპებული, უპატრონო დედაკაცები. გული აურიეს ამ
სახეებმა. . .
და დიდი მანძილი იყო ბიზანტიონიდან ფხოვამდის, ვარდისახარი
ასრულებდა ამ სიძვის დიაცების მრავალფეროვან კრიალოსანს.
ყველას მიჰქონდა მისგან ოქროს სოლიდები, ზოგსაც ნამუსრევი სიჭაბუკის
ცეცხლისა, არც ერთი მათგანის ტკბილი მოგონება არ დარჩენია თუნდაც უმცირესიც.
ბოლოს შემოეყარა იგი, ვისაც პირველი სიყვარული უნდა რგებოდა,უკანასკნელი შეაძლიეს უკვე განწირულს და განიკითხეს არსაკიძე თავის ყმაწვილურ
შეცოდებათა გამო.
ასე გამოდის ცხოვრებაში, სიყრმიდანვე იხეტიალებს სიძვის დამრეცილ
ბილიკებზე ვაჟი, მერმე უცილოდ მას უნდა წაეპოტინოს, ვინაც ისე სპეტაკია,
როგორც თოვლი როშკას მწვერვალისა, ვინც ისე შეურყვნელია, როგორც ველის
ყაყაჩოები.
ოჰ! რა სასტიკად განმკითხველია სიცოცხლისა და სიკვდილის უფალი!
კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ, რა ფრთხილად ივლიდა დედის
კალთას მოწყვეტილი ყმაწვილი, მან რომ იცოდეს წინასწარ უმცირესი ვნების გამოც
განიკითხავს ვიღაც იქნება მას.
წვიმის წვეთები გახურებულ შუბლზე დაეცა არსაკიძეს, მიფათურებდა ბნელში,
ლოყებზე მოჟონავდა სისველე.
არა, ეს არ იყო განკითხულის ცრემლი. წვიმა თქორავდა მცირედი, უკვე აღარ
სჩანდა მთვარე, მიწისფრად გამხდარ ღრუბლების ხნულებში მარტოხელა
ვარსკვლავები ელავდნენ აქა-იქ.
მიდიოდა არსაკიძე უქუდოდ, ლოყებზე სილამე ჟონავდა, გული უტიროდა,
თვალის უპეებს უსველებდა ცრემლი კი არა, წვიმა.
“მე ბედი მაქვს ასეთი, ჩემი სიყვარული განწირულს ეკუთვნოდა მუდამ. მე ის
ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც
გადავიწყნიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ
გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება, და ახლა
ბედმა იგი შემაყვარა, ვინც ბედისაგან განწირულია”.
ამას ფიქრობდა არსაკიძე გაოგნებული.
შესდგა.
მხარი აქცეოდა.
გამობრუნდა ქუჩაბანდის ჩიხიდან.
ახლა ის მშვენიერი, ის სანატრელი დაუდგა თვალწინ.
რა ვაჟკაცური შეუდრეკელობით შესცქერის იგი თავის უმწიკვლო ცხოვრების
დასასრულს!
მშვიდი და სათნო, როგორც ქედანი ველისა.
“ერთადერთი გზა დამრჩენია, მონასტრისაკენ მიმავალი გზა, მაგრამ რომელი
მონასტერი მიმიღებს, თუ გიორგი მეფე ამას წინ აღუდგება? არც მონასტერში
დამაყენებენ განწირულს?”
ეს უთხრა შორენამ არსაკიძეს, როცა რატისეული ბაღი გადაიარეს წეღან.
ამას ამბობდა იგი, ვისაც ასეთი ფაქიზი, გული დაჰყოლია, ვისთვისაც ეგზომ
უმწიკვლო სული შთაუბერავს განგებას.
ვისი ფრჩხილის ნამუსრევად არა ჰღირს არც ყველისციხის პატრონი, არც
გიორგი მეფე და არც მისი ხუროთმოძღვარი. კიდევ არის ერთი გზა, ამის გამო
შემდეგ გეტყვიო.
არსაკიძემ კარგად იცის, რომ ეგეც ისევე ბნელია, როგორც მონასტრისაკენ
მიმავალიცა, კარებდახშულ მონასტრისკენ მიმავალი გზა.
რა თანადგომა გაუწიოს ამჟამად არსაკიძემ მას, ვინც უფრო ადრე უყვარდა,
ვიდრე შეიცნობდა თუ რა იყო ქალი ან კაცი? ფხოვში თან გაჰყვეს და მეამბოხეთა
გვერდით იბრძოლონ ორივემ?
მოაგონდა ის საშინელი ღამე კვეტარის ციხეში.
კატის კნუტივით ისროდნენ ციხის ჩარდახიდან ხევისთავებსა და ხევისბერებსზვიადი სპანი.
აქაც უეჭველი დაღუპვა მოელის შორენას.
ახლა სვეტიცხოველი?
ამ მცირე ხანში უნდა აკურთხონ ტაძარი, მეამბოხეებს მიემხოს პატიოსანი
სიტყვით დილეგიდან გამოშვებული კაცი?
თავის ვაჟკაცურ სიტყვას შეარცხვენს, გიორგი მეფე გულმძვინვარეა, თუ
ფარსმანიც შეუჩნდა, შესაძლოა დააქცევინოს კიდევაც ტაძარი.
შორენა ქალია, ყმაწვილი ქალი, მან ეს არ იცის: ომში წასვლაა სახალისო,
მაგრამ ჯერ არც ერთი, თვით გამარჯვებული მეომარი ამავე ხალისით უკან არ
მობრუნებულა.
წვიმამ მოუხშირა, მიდიოდა სავსებით გაზუზული, მაინც ეს ფიქრები
უტრიალებდა თავში.
ბოლოს მოაღწია შინ.
საშინელი გრიგალი ამოვარდა. გაიელვებდა, მოიჭრებოდნენ ცისკიდურზე
აფხორილი მთები, ისევ დაბნელდებოდა ირგვლივ, ხელი დარია ზღვაურმა ხილნარს,
კვნესოდნენ ასწლიანი ცაცხვები, ქარი დაგელავდა ბაღში, აფორიაქებდა მახლობელ
მუხნარს.
პირქვე დამხობილი იწვა არსაკიძე, წვიმა აღარ ხვდებოდა მის ღაწვებს, მაგრამ
ცრემლი, ნამდვილი ცრემლი ალტობდა თვალებსა და ბალიშს.
შეგონება :
მაინც სხვა რაღაა სიყვარული, თუ არა და ღმერთი? ღმერთი კი არა, სიკვდილი.
რადგან მას დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის საფასით
შეუსყიდნია იგი...
*
აგრე უთქვამს ბრძენს: ავაზა ისეთი მხეცია, სიცოცხლეს იოლად რომ
დასთმობს თურმე სიყვარულისთვის.
ბახუსს მან აწოვაო ძუძუ ძევესისა და ზემელეს ძეს, ამიტომაც უყვართო
გამიჯნურებულთ ღვინო, ამადაც ეტანებიანო შეყვარებულნი სისხლსა და ღვინოს,
ავაზასავით.
... და ეს ამბავი ავაზის დღეს მოხდა.
XLIII
კონსტანტინე არსაკიძეს მთელი ღამე არ სძინებია. ყურს უგდებდა წვიმის
შხაპუნს, შიშობდა, ვაჲთუ ხვალაც არ გამოიდაროს, ვჲათუ არ მოვიდესო შორენა.
გაიხარა. როცა საწოლშივე შეაგება ალერსიანი სხივები მზემ.
მშენებლობას მიაშურა უზმოზე, მაგრამ ეს იყო, თვით საყვარელი ქმნილების
დანახვამაც ვეღარ მოჰგვარა ხალისი.
უგუნებოდ აძლევდა პასუხს კალატოზების და მხატვრების შეკითხვებს. ყველა
გაოცებული იყო იმ დღეს მისი დაუდევრობისა და გულგრილობის გამო.
წარამარა ეკითხებოდა ბოდოკია: ავათ ხომ არა ხარ, ოსტატო, ხომ არ იტკივებო
თირკმელებს?
იჯდა ქვის სახელოსნოში ოფლში გაწურული თავხელისძე. თეძამის ქვაზე
სჭრიდა ფრთოსანი ლომის ხატებას.წვალობდა მეჩუქურთმე, უმარჯვოდ ხმარობდა სატეხს. უკანკალებდა ხელი.
ლომის ფიგურა კარგად იყო ამოჭრილი სიბრტყეზე, მაგრამ ოსტატის თვალმა
ეს შეამჩნია, სწორედ ფრთები ვერ გამოჰყავდა “ქრისტიან ოსტატს”.
მოუხეშავად გამოეკვეთა ფრთები, ქვაში არ იყო გამჟღავნებული ის სირბილე,
გაშლილი ფრთისათვის ხელის შეუვლებლად რომ ეცემა ხოლმე კაცის თვალს.
გამოართვა თავხელისძეს საჭრეთელი, დაისვენეო, ძიაკაცო, მცირედი, ეს
უთხრა, თავათ დაჯდა მის ადგილს ხუროთმოძღვარი მეფისა.
სწორედ ის მცირე ღარები უნდა ამოეჭრა ზედ, ზეაშვერილ მხარს ფრთოსნისას
რომ აჩნია ხოლმე.
უცნაურად გაჯიუტდა ქვა, დაარტყამდა საჭრეთელის თავს კვერს, კვნესოდა
ლოდის ნაჭერი, უკანასკნელი ცეცხლით იგერიებდა თავს ოსტატის შემოტევისაგან
გაგულისებული ქვა, ხედავდა ოსტატი, ისეთივე უხეში ხაზები გამოჰყავდა მის
ხელში საჭრეთელს, როგორიც “მეჯადაგე ოსტატებს” სჩვევოდა ეს.
მოხუცი მეჩუქურთმეც ამჩნევდა ქვის ურჩობას და ოსტატის ხელის მოცარვას.
ოფლი გადაასკდა არსაკიძეს შუბლზე, იგიც სახოცით იწმენდდა შუბლს,
მარცხენათი კვერსა სცემდა უმოწყალოდ, მაგრამ საჭრეთელიც ეურჩებოდა მარჯვენას.
ბოდოკია მოვიდა ბედად, ჩუქურთმიანი ლოდი უნდა ჩავდგათო კარიბჭის
თავზე ერთი, კალატოზები გთხოვენო თათბირს.
გაუხარდა არსაკიძეს იდუმალ, სირცხვილს რომ გადაარჩინა ხმობამ.
ლოდი აიტანეს მშვიდობით.
გაეცალა კალატოზებს ხუროთმოძღვარი მეფისა. ნატრობდა: ნეტავ არ
მკითხავდნენ არაფერს, თუნდაც ერთ დღეს, ერთ დღეს მაინც ვეკუთვნოდეო ჩემს
თავს.
დადიოდა დარცხვენილი ოსტატი, ტაძრის გარშემო დაყიალობდა უსაზმნოდ.
ისე ათვალიერებდა კარ-ფანჯრების სამკაულებს, ფასადების ბარელიეფს,
ლავგარდანების ჩუქურთმებს, თითქოს იგინი სხვის მიერ ყოფილიყვნენ
შესრულებულნი.
როგორი უდრეკი ძალმოსილება ჰქონია მათ ოსტატს, რა ძალას
დაუმორჩილებია ლოდების უჯიათობა ასე?!
მარმარილოსთვის სიტფო უსესხებია სულს, გრანიტისათვის ჰარილესებრი
სირბილე.
ჩუქურთმებსა და როზეტებს ისეთი სილბო გადაჰკრავდა ზედ, როგორიც
სალმასურის ჯავშანს გადასდის ხოლმე, ვერცხლის ჯავშანს სამფარეშოსანს, ხანაც
აბრეშუმის ქსოვილებს რბილი და მსხვილი ზეზისაგან შემტკიცულთ.
ჭავლისებრ მღელვარება ეტყობოდა ზოგთა ზედაპირს, ისეთი ჰარმონიული,
კლაკნია ხაზები, როგორიც ვაზის ლერწმებს სჩვევიათ ხოლმე, ხვიარების კლერტოებს,
ნიამორებისა და მშვლების გადრეკილ ზურგებს, ან არადა ზღვაურის სუნთქვით
შეტოკებულ ყანებს, როცა მოდგება საღამოს ბორიო, გადაიჯირითებს ოქროს
თაველებზე, დააუთოვებს თავთუხის ზღვას.
მარყუჟიანი დეტალები, მცენარეულის სახეები ისე ფაქიზად იყვნენ
შესრულებულნი, როგორც ახლადმოსული პწკალები ვაზისა, ან ის უმცირესი, ნატიფი
ხაზები, ვაზის ფოთლებს წაღმართ მხარეზე რომ ამჩნევია (ან არადა თელის მორს,
სწორად გადახერხილსა და ცვილით გასიპულს).
ძლიერად გავლებულ, მომრგვალებულ ნახაზებს მოჩვენებითი დრეკადობა
ირმის რქებისა ზედ ემჩნევოდათ.
თვალისმომჭრელი მიმიკრიით ხიბლავდნენ მნახველს იდეალურად სწორკვადრატების კიდეებზე მიყოლებული წრეები, ყოველი მათგანი თანაბარის
სისწორით იყო შესრულებული, სხვადასხვაგვარი ჩუქურთმებით შემკულნი.
ერთად შეავლებდი თვალს?
ერთნაირი გეგონებოდათ, ხოლო ცალ-ცალკე - სხვადასხვაგვარი როზეტებით
ნაქარგი!
და მთელი მრავალკიდოვანი ბუნება სიბრტყით განფენილი სამყაროისა, ისე
ამოდ, ისე ჰარმონიულად, ისე რბილად გამოთქმულიყო ქვაზე, როგორც თავათ
ღმერთს არ მოჰგონებია მისი მოცემა.
ასე, ცვილივით მორჩილი, ვაზის ლერწივით დრეკადი, ჯეჯილის
ზედაპირივით რბილი იყვნენ ეს ლოდები ოსტატის ხელში ოდესღაც და ახლა
საჭრეთელის მონატრული, უაღრესად ნებისდამყოლი თეძამის ქვაც წინ აღუდგა
ოსტატს, ცეცხლს აფრქვევდა პირიდან და ეურჩებოდა მის მარჯვენას, ვისაც ეროსი
ჩასვლოდა გვამში.
. . . ნურავის გაუკვირდება ეს, რადგან ეროსი ზარმაცების ღვთაებაა, იგი
ნადიმებს უფრო მეტად ეტანება, ვიდრე ქვის სახელოსნოებს.
სიმთვრალეში მიუდგა მამამისი თავის ცოლს, ძევესის ბაღში ნაქურდალ
ნექტარით გალეშილი.
ამიტომაც ხხვის ვენახებსა და სხვის საცოლეებს უთვალთვალებს მუდამ ეროსი,
ნაქურდალი ღვინისა და სიყვარულისაგან გალოთებული.
ასე უკითხავად შეიპარება იგი თავათ ოსტატების გულშიაც, საყვარლისათვის
ოცნებას, ღვინის სმასა და მუსიკობას მოანატრებს გამიჯნურებულს.
*
ბოდოკიას გადააპირა ორიოდე დავალება არსაკიძემ, ჩვეულებრივზე ადრე
წავიდა მშენებლობიდან, გამოიპარა, როგორც ზარმაცი მონა.
მთავართა სანათლოის გარეუბანში, ღვინოს სვამდნენ ერთ ვენახში მეზვრენი,
შეიპატიჟეს, ყველი, მწვანილი, ახალი კიტრები მიართვეს, ხელადით ასვეს წითელი
ღვინო.
მეზვრენი ისევ საქმეს მიუბრუნდნენ, ხოლო შეზარხოშებული არსაკიძე
მცხეთიდან გავიდა, საფურცლისკენ მიჰყვა ტყეებსა და ველებს.
მიიმღეროდა მთვრალი, უცნაურ შაირებს ამბობდა მარტოხელი მგზავრი,
მღეროდა, ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები.
ქარი სცემდა სახეში, მიდიოდა, მიიმღეროდა, უკითხავად მოსული ცრემლი
ღაწვისთავზე ჩამოდიოდა, კარგად არ იცოდა მთვრალმა, ვინ მოჰგვარა ეს ცრემლი?
ქარმა თუ ქალმა?..
*
შეგონება :
ასეთი უგულო ვინმეა ეროსი, იგი მამაც მეფეებს დაალაჩრებს, თრიაქის სმასა
და უსაზმნო ლოთობას შეაჩვევს, ხოლო დიდოსტატებს, რომელნიც მტკიცე ხელით
აქანდაკებდნენ თეძამის ქვაზე როზეტებსა და ყურძნის მტევნებს, მეჯადგე ოსტატებს
დაამსგავსებს და გაახელებს. ბოლოს მინდვრებზე სახეტიალოდ წარგზავნის რათა
საყვარლისათვის აკრეფინოს წარმავალი ყაყაჩოები ველისა.XLIV
საღამომდის იხეტიალა არსაკიძემ ჭალებში, მზვარეში დამწვარი, ქარცემული
მიბრუნდა მწუხრისას მცხეთაში. უამრავი ყაყაჩოები და თავთუხის თაველები
მოიტანა თან.
ისევ დაიწყო წვიმა.
ჯერ ოდნავ, ოდნავ ჟინჟღლავდა, ბოლოს დაიქუხა ცამ, ელვის ლეკურები
გადაამსხვრია მწვერვალებს თავზე. სეტყვამ უწყალოდ შემუსრა ყვავილები და
ხეხილი.
მოუსვენრად დაწრიალებდა არსაკიძე, დაფეთებული უკან დასდევდა ნონაი,
უკვირდა, როგორა ძლებსო უსმელ-უჭმელი ბატონი?
როცა დარბაზში ჭაღების ანთება დაიწყო მხევალმა, არსაკიძემ დაითხოვა, წინა
ღამის უძინარი ვარ, ნუ აანთებო ჭაღებს. თავის სამყოფლოში წარგზავნა მხევალი,
თავათ პირქვე დაემხო ტახტზე, ყურს უგდებდა წვიმის შხაპუნს. ამას ფიქრობდა ამ
წვიმაში თუ მოვაო შორენა?
მოვიდოდა? რა ეთქვა მას თავათ?
ერთ სასწორზე ორი უძვირფასესი ქმნილება დაჰკიდეს.
ეს საღამო გამოარკვევდა რომელი მათგანი გადასწონიდა:
სვეტიცხოველი თუ შორენა?
ორივენი ერთსა და იმავეს მოითხივდნენ მისგან: სიცოცხლეს.
განა მარტო სიცოცხლეს მოითხოვდა ქალი? ვაჟკაცური სიტყვის გატეხას,
პატიოსნების და ოსტატობის ნაყოფს უძვირფასესს.
მხოლოდ ახლა ეკითხებოდა იდუმალ თავისთავს:
ხომ არ ეწადა, წვიმას არ გადაეღო, შორენა არ მოსულიყო, არ მოსულიყო არც
დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს, არც არაფერი ეთქვა მისთვის იმ “მეორე გზის
გამო?”
ხედავდა არსაკიძე, ეს გზა ისევე უიმედო იყო, როგორც ყოველი, შორენას
წინაშე მდებარე გზა.
ვთქვათ, ნებას დაჰყოლოდა არსაკიძე, არც ისე იოლი იქნებოდა მცხეთიდან
გაპარვა.
ფხოვში დაწყებული მოძრაობა ზვიადის მსტოვარებს არ გამოეპარებოდათ.
მეფე გიორგის უთუოდ მიჩენილი ეყოლებოდა ერისთავის ქალისათვის
მზირები.
დღისით ვინ გაუშვებდა ორ ცხენოსანს მცხეთიდან? მწუხრი დადგებოდა თუ
არა, იკეტებოდა ციხეების კარები.
მოაგონდა მცხეთაში განაგონი: გადაცმული მამამზე ერისთავის შეპყრობის
ამბავი.
იგიც იცოდა არსაკიძემ, ფხოველებს შორისაც რომ არ იყო თანხმობა: მუროჩი
ქალუნდაური და უშიშა ღუდუშაური ებრძოდნენ ურთიერთს იდუმალ.
თალაგვა კოლონკელიძეს დროებით უჭერდნენ ხევისბერები მხარს.
დაამარცხებდნენ ზვიადის ლაშქარს? მეორე დღესვე თავს წასჭრიდნენ
თვალდამწვარ ერისთავს, რადგან გიორგი მეფისადმი სიძულვილი აერთებდა
ხევისბერებსა და ხევისთავებს მასთან.
როგორც გამარჯვების, ისე დამარცხების შემდეგ უთუოდ აირეოდა მონასტერი,
ორივე შემთხვევაში უცილო დაღუპვა მოელოდა შორენას.
ძაღლის ყეფა შემოესმა ამ ფიქრში გართულს.წამოვარდა. კიბე ჩაირბინა.
სანადირო ტყავკაბა ეცვა ერისთავის ასულს, კვერნისა. ტარსიკონის წაღებიც
დასველებოდა წვიმაში, სავსებით გაფითრებული შემოვიდა დარბაზში.
გახადა ტყავკაბა, ქუდი მოხადა.
ხატაური შავი აბრეშუმის სამოსზე გადმოიღვარა გამოხურვებული ოქროსფერი
თმა.
მოწყენილი სჩანდა, სავსებით უმწიკვლო ბუნებას ამხელდა მისი უმზაკვრო და
ნათელი თვალები.
გონების წარმღები იყო მისი პირი, ბროწეულის ყვავილის ფერი, ოდნავ, ოდნავ
გაბუტული ზემო ტუჩი საყვარლად აბურცვოდა გულნაწყენ ბავშვის ბაგესავით.
წვიმის წვეთები მიშხეფებოდა ღაწვებზე, მაგრამ ამ მშვენიერი სახის მნახველი
ან როგორ იფიქრებდა ოდესმე, ცრემლებს თუ დაესეტყვა თვალმშვენიერი, ან ეს
ლოყები, ძველთაძველი სპილოსძვლის ფერისანი?
და რა საშინელი იკო არსაკიძისათვის მხოლოდ წარმოდგენა იმისა, რომ ეს
სანატრელი, ეგ ძვირფასი არსება უღვთოდ გაეწირა ბედს.
ეგეც იყო, ეს განწირულება მომეტებულის სხივით მოსავდა არსაკიძის თვალში
მას, რადგან კონსტანტინეს ყოველივე განწირული უყვარდა ბუნებით.
არსაკიძე მიეახლა, აკოცა შუბლზე, მეორე მხარზე შემოხვია მარჯვენა, მაგრად
მიიკრა და აკოცა ყვრიმალში. ჰარილესავით რბილი იყო მისი სხეული, მისი სუნთქვა
ამო, როგორც ზაფხულის ჰაერი ვენახებში, როცა ფშატი ჰყვავის ხოლმე ვაზებსა და
ყაყაჩოებს შორის.
“რა ძლიერი ყოფილხარ, უტა!”
ეუბნება შორენა.
“ძლიერი მანამდის ვიყავ, სანამდის შენი სიყვარული დამათრობდა,
საყვარელო”.
ეს უნდოდა ეთქვა ვაჟს, მაგრამ არა უთხრა რა, რადგან იცოდა, რომ უძლურება
არ უყვართ დიაცებს.
“თუმცა რა, შენ ხომ მოქანდაკე ხარ, უტა, სხვას ვის უნდა ჰქონდეს უფრო
ძლიერი მკლავი, ვიდრე მოქანდაკეს, ქვასთან მებრძოლს!”
“კარგი იქნება, ჩემო, უძლიერესი მკლავი მართლაც ხელოვანისათვის მიეცა
განგებას, მაგრამ ჩვენზე უფრო ძლიერი მკლავები,საუბედუროდ, სხვებს ასხია
მხრებზე”.
მოუწონა ქალს ხატაური ფარჩის სამოსი შავი.
“ვინძლო ხარაჩოდან ჩამოვვარდე, ჩემო, ან მორიელებმა დამგესლონ ამ
უბედურ სახლში, მაშინ ამ შავი კაბით მოდი, ეს დალალები დაიშალე თავთუხის
თავთავების ფერისა და ასე მიტირე, იცოდე”.
“რა მორიელები? რას ამბობ, უტა?”
“არაფერია, ეს ვიხუმრე მხოლოდ - რატისეულ სასახლეში მორიელებს რა
უნდა?!”
ეს უთხრა და დაამშვიდა ქალი.
მერმე ხელახლა შემოხვია მხარზე მარჯვენა, ახლა უფრო სათუთად, ტახტთან
მიიყვანა და დასვა ზედ, აიღო ყაყაჩოებისა და თავთუხის თავთავების კონა, ფეხქვეშ
დაუყარა სანატრელს და უამბო საზმარი.
იგიც უთხრა: როგორც კი სვეტიცხოველს მოვათავებ, ის სიზმარი უნდა
დავხატოო უცილოდ.
“მე ვეღარ ვნახავ, სამწუხაროდ, იმ სურათს! “მშვიდად, ნაღვლიანად ამბობს შორენა.
ახლა ხარაჩოების გამო აწრიალდა ქალი:
“რას დაბობღავ ამ ტიალ ხარაჩოებზე, უტა, ერთხელ ძლივს გადარჩი
სიკვდილს, ხომ დაასრულე ტაძარი, აკი?”
მცირე ხნის შემდეგ დასძინა:
“მეფე გიორგი და მელქისედეკ კათალიკოსი ისეთი გულბოროტი ადამიანებია,
სულ ერთია, მაინც არ დაგიფასებენ ღვაწლს”.
“განა მეფისა და კათალიკოსის წყალობის მოლოდინში შევალიე
სვეტიცხოველს ჯანი?
მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ჩემო, ამიტომაც
განწირული მაქვს თავი”.
“მაშ შენ სიცოცხლე ქვაზე ნაკლებად გყვარებია, უტა?”
“განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ქვაყოფილია იგი ამჟამად. უფრო უკვდავი,
ვიდრე ასიათასი მოკვდავის სული”.
“მაინც სვეტიცხოველი გირჩევნია შენ ყველაფერს, უტა”.
არსაკიძემ იგრძნო, იჭვნეულობდა ამ ტაძრისადმი ქალი.
ახლა ორივე მკლავი შემოხვია ტანზე მაგრად, მაგრად მიიკრა მკერდზე, აკოცა
კისერზე სწორედ იქ, სადაც მანიაკის მარგალიტები ჰკოცნიდნენ დღენიადაგ შორენას.
ჩურჩულით ეკითხება:
თუ გიყვარვარო, ჩემო?
კოლონკელიძის ქალმა თავისი ზღვისფერი თვალები შეავლო სიყრმის
მეგობარს, ვაჟი შეეცადა ამ კითხვის პასუხი ამოეკითხა მათში, მაგრამ ისე
დაბინდული ეჩვენა ეს თვალები როგორც ნაავდრალი ზღვა.
თავი ჩაჰქინდრა არსაკიძემ. ქალი უსიტყვოდ მიუხვდა მოწყენის შინაარსს,
თავზე ხელი გადაუსვა ვაჟს.
შეკრთა არსაკიძე, მეხის ნაპერწკალივით დაუარა სხეულში ამ ხელისაგან
მოგვრილმა ჟრჟოლამ. ისევ თვალებში ჩაჰხედა შორენას და ეუბნება:
“მე ღირსი არა ვარ ვისმეს რომ ვუყვარდე, ჩემო, შენ მართალი ხარ, სიძვის
დიაცებს დავურიგე შენდამი სიყვარული, გაძარცვული დაგიბრუნდი სხვათა
ქვეყნიდან, სამშობლოშიაც მფლანგველი დავრჩი, უსასტიკესად დამსაჯა ამიტომაც
ბედმა.
მფლანგველებს ასეთი ბედი ეწვევა მუდამ, სხვის საუნჯეთა მპარავნი
საკუთარსაც ვერ შეირჩენენ.
განგებას ასე დაუთქვამს ჩემთვის, თავათ მიყვარდეს, მაგრამ სამაგიეროს არ
ვეღირსო არასოდეს.
შენ რომ კარგად მყავდე, შენი ცხოვრება დაწყობილი მეგულებოდეს, ალბათ
მეყოფოდა სულგრძელობა და ამასაც შევჯერდებოდი, მაგრამ შენ საფრთხეში გიდგას
ფეხი და ამიტომაც მომეძალა შენდამი სიყვარული, ჩემო”.
ქალი აილეწა.
უჩემოდ ვინ გაგაცნოო ჩემი საიდუმლო, უტა? ვარდინახსრი რომ არ ყოფილაო
შენთან?
ვაჟმა დაამშვიდა შეშფოთებული, თვალით არ მინახავსო, რა ხანია,
ვარდისახარი.
“ხომ გახსოვს, თქვენსას რომ ვიყავი იმ საღამოს, დასძინებოდა ხათუთაის,
მხევალს, ამიტომაც, უნებლიედ ვისმინე, რაც ხევისბერებს შენ უთხარი, ჩემო”.
შორენამ თავი ჩაჰქინდრა, მერმე თვალი გაუმართა კონსტანტინეს:“მე ამისთვის არ მოვსულვარ, უტა არც მსხვერპლს მოვითხოვ რაიმეს შენგან.
უთქმელადაც ვიცი. შენ ვერც შესძლებ ამას. მეც უანგარო ვარ ჩემს გრძნობაში მუდამ,
ჯერ არავინ მყვარებია ამქვეყნად იმისთვის, რომ სამაგიერო მოეზღო ვისმეს.
ახდილად გითხრა? ეგეც კარგად მესმის - შენსა და ჩემს შორის რა მაღალი
კედელი აღუმართავს ბედს. შენი სვეტიცხოველის სიმაღლე ქვის კედელი, უტა”.
“მე ასე მგონია, ჩემო, შენმა სიცოცხლემ რომ ეს მოითხოვოს, მე საკუთარს
იოლად დავთმობ, იცოდე”.
ქალმა შეხედა, არსაკიძემ უსიტყვოდ შეატყო: დიაცმა ირწმუნა ეს. “შენმა
ბედნიერებამ თუ მოითხოვა, სვეტიცხოველსაც გავსწირავდი, ალბათ”. ეს “ალბათ”
გულზე ეცა ქალს, ხოლო ამ სიტყვების მთქმელს გულის კუნჭულში, სადღაც გაუელვა
აზრმა: ეს ვერ არისო სავსებით სწორი.
შორენას თვალებშიც იგივე ამოიკითხა ვაჟმა.
“... მაგრამ უმთავრესი მაინც ეგაა, - სხაპა სახუპით წამოაწია სიტყვა უკვე
თქმულს. - ადამიანებს ასე ჰგონიათ, როცა ერთ უსამართლობას მეორეთი ცვლიან,
მდგომარეობის შეცვლა მოუტანდეს თითქოს მათ შვებას.
მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის
მგალობელი. მაგრამ არა მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები
შეჰქმნან ამჟამად, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ.
ჩემდა თავათ მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს
ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავათ. -
ამიტომაც ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს,
მოქანდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.
ყოველი კაცისათვის სანატრელი წყობილება ჯერაც არსად დამყარებულა, ჩემო.
თქვენს ხევისბერებს ჯერაც ცხვრის სუნი უდით და შენ ხომ იცი, ფარას თუ
ყოჩი არ წარუძღვანე, კბოდეზე გადასცვივა სულელი ცხვარი.
შენი სიტყვები მკაფიოდ მესმოდა ღია კარიდან. ჩემისთანანი თუნდაც ათასიც
წამოგეხმარონ და ვაჯობოთ კიდევაც ზვიადის ლაშქარს, მეორე დღესვე იგივე
დატრიალდება ფხოვში, რაც კვეტარის ციხეში მოხდა იმ ღამეს.
ერისთავი უსინათლოა, შენ ქალი ხარ, ხევისბერები და ხევისთავები დაერევიან
ურთიერთს, ამასობაში გზებიც გაიხსნება, ზვიადის ლაშქარი მოვა ხელახლა, დიდსა
და მცირეს გაჟუჟავენ, იცოდე”.
ორივე იდაყვი მუხლზე დაებჯინა, ხელისგულები სახეზე შემოედგა,
ბავშვივით უსმენდა არსაკიძეს დიაცი. მერმე წამოდგა, აუღელვებლად, მშვიდად
ეუბნება ვაჟს:
“შენ ხომ იცი, უტა, ხანდახან გონებაა დახშული, ხანაც გულისკარია ღია. შენი
ნათქვამი სწორი იყოს ეგების, მაგრამ მათთვის ჩემი გული დახურულია.
მე სიტყვა მივეცი ხევისბერებს უკვე, წყაროს თვალის წმ. გიორგის დღეობაზე
ფხოვში ვიქნები და იქ დაველოდები-მეთქი ზვიადის ლაშქარსა და სიკვდილს.
მე არ მოვსულვარ შენთან, რათა თანადგომა რაიმე გთხოვო, დიდი ხანია, რაც
ჩვენი გზები გაჰყარა ცხოვრებამ. არც მე მაქვს უფლება შენგან მოვითხოვო თავდადება,
რადგან არც მე გამიწირავს შენთვის ყველაფერი.
მე რომ ჭიაბერის საცოლე არ გავმხდარიყავ, გონს მოსვლა დამეცლია შენთვის,
მეცადა, ვიდრე შემთხვევის ძალით, შენც გაიგებდი, რომ არა ხარ ჩემი ძუძუმტე, მაშინ
უფლება მექნებოდა შეთვის მეთქვა: ადექი, გავიპაროთ მცხეთიდან და ჩავუდგეთ-
მეთქი სათავეში ფხოველთა ამბოხს.
მეც იგივე მომიზღო განგებამ, არც მე შემძლებია ყოველივე გამეწირასიყვარულისათვის, და ამიტომაც მეც შენსავით დავისაჯე, უტა:
ეგეც იცოდე, არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც
ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს.
ასეთნი მუდამ მარტოკანი დარჩებიან ამ ქვეყანაზედ და არავინ ისე საცოდავი
არაა, როგორც მარტოსული, უტა”.
გააოცა ამ სიტყვებმა არსაკიძე.
წამოდგა, ისევ შეჰხედა შორენას.ქალი კი არა, ღმერთი მეტყველებდა მის
მშვენიერ, ბროწეულის ყვავილისფერ, ბავშვურ ტუჩებიდან...
მერმე მოეხვიენ ურთიერთს, დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს, კოცნიდნენ
კვეტარში გატარებული სიყმაწვილის მოსაგონებლად, გაცდენილი ბედნიერების,
დაკარგული დღეების, უსიყვარულოდ გატარებული წლების, სხვისთვის
გაფლანგული ტანჯვის სამაგიეროდ, მერმე ისევ შემოესმათ საყვირის ხმები
მუხნარისას ციხიდან. და შორენა ეუბნება:
“ახლა უკვე გვიანაა, უტა”.
ისევ გადაიარეს ბაღი, განცალკევებულად მიჰყვნენ ბნელ შუკებს, ხურსისეული
სასახლის ჭიშკართან რა მიაღწიეს, შორენამ ეს უთხრა კონსტანტინეს:
“წასვლის წინა დღეს კიდევ გნახავ, უტა”.
როცა შინმობრუნებულმა ჭაღები ჩააქრო არსაკიძემ, გაახსენდა მღამიობების
გამოდენა რომ დაავიწყდა.
მოუსვენრად ტრიალებდა იგი საწოლში, წრიპინებდნენ მღამიობები,
კუთხეებში ფაჩუნობდა რაღაც.
ძილი არ ეკარებოდა ვაჟს, გვერდს იცვლიდა, ხანაც ბალიშს, პირქვედამხობილი
იწვა ბნელში და ნატრობდა:
“სად დაიკარგნენ ის წყეულები, გამოძვრნენ ბნელი ნაპრალებიდან და
დამგესლონ ცეცხლისფერმა მორიელებმა ბარემ”.
XLV
ნასმურევზე ირმის ბღავილმა გამოაღვიძა მეფე. მესაწოლემ იდროვა, ახალი
ამბავი ამცნო.
ეზოსმოძღვარი ამროსი კვდებაო.
წარბები მოღუშა უჟმურად. წაიბუტბუტა მხოლოდ:
“აღხოცენინ უფალმან ბაგენი მზაკვარნი და ენა დიდად მეტყველი!”
ეს სთქვა, კედლისკენ პირი იბრუნა და განაგრძო თვლემა.
გირშელს ფილადელფოს ბერი მკურნალობდა. ყოველ დილით ტლეებს
ადებდა წყლულზე, სწორედ მისგან გაიგო: ჟამმა იმსხვერპლაო ეზოსმოძღვარი.
შეშფოთდა ყველისციხის პატრონი ფრიად.
მას ეგვიპტეში ტყვედყოფნის დროს ორგზის ჰქონდა ჟამიანობა განცდილი:
პირველად ქარავნებმა გაავრცელეს იგი ქაიროში, ხოლო მეორე ჯერ,
ჰინდუსტანის გემებიდან გადმოცვენილმა ვირთხებმა მოსდვეს ჭირი ხალიფატის
ქალაქებს.
მათვე შეიტანეს ჟამი იმ ციხეში, სადაც სამი ათასი ბერძენი და ხუთასი
იბერიელი ტყვედ ჰყავდა ხალიფას.
ამ ციხეში სახვეტად იყო რწყილი. სიცოცხლე ჰქონდათ მობეზრებული ტყვეებს.
რწყილებმა აითვისეს ჟამი. ერთ თვეში სავსებით მოისრნენ ბერძნები, ხოლოიბერიელთაგან მხოლოდ ცხრა კაცი გადაურჩა სიკვდილს.
მერმე ის იყო ჯარები და მალემსრბოლები შეენაცვლნენ რწყილებსა და
ვირთხებს, ანტიოქიას, სირიასა და ირანში გადატყორცნეს ჟამი.
ამჯერად ასე ვარაუდობდა გირშელი: ალბათ ტფილისის საამიროში
წარმოგზავნილი არაბული ჯარები შემოიტანდნენო საქართველოში ამ სენს.
თუმცა ავაზის მიერ დაკბილული მხარი ჯერაც არა ჰქონდა მოშუშებული,
მაინც უთენია წამოვარდა ერისთავი, გულმოდგინედ დაჰკითხავდა ბერს:
“რწყილს ხომ არ უკბენია ამროსისათვის, მამაო ფილადელფოს?”
“რა მოგახსენო, არ ვიცი, ერისთავო ბატონო”.
“გულისრევა ხომ არა ჰქონია, თუ იცი?”
“არც ეგ ვიცი, ერისთავთ-ერისთავო, ბატონო”.
“სად გაუჩნდა სვირინგები თავდაპირველად?”
“იღლიის ქვეშ, თუ არ ვცდები, ბატონო”.
შეშფოთდა ამის გამგონე გირშელი:
“ჟამი ყოფილა უეჭველად, ფილადელფოს მამაო, რამოდენა იყო პირველი
სვირინგი?”
“დაფნის ფოთლისოდენა, ბატონო”.
“შენ ხომ არ მოგინახულებია ავადმყოფობის დროს ხუცესი?”
“ერთხელ ვინახულე, ერისთავო ბატონო”.
ეს გაიგონა თუ არა გირშელმა, დაცოფილივით უკუიქცა, ეუბნება ბერს:
“აწი არ შემოხვიდე, მამაო ფილადელფოს, ჩემთან”.
კარებამდის მიღწეულს მიაძახა გირშელმა: მერემეთუხუცესი აქ მოვიდესო
ახლავე.
მერემეთუხუცესმა ვეღარ იცნო ყველისციხის პატრონი.
საერთოდ დინჯი და უშიშარი რაინდი უცნაურად აეცუნდრუკებინა შიშს.
თავჩაქინდრული დაწრიალებდა დარბაზში. დაბაჯბაჯებდა ჯაჭვით დაბმული
დათვივით. უცნაურად ბუყბუყებდა შეშფოთებული.
ჯერ ეს უამბო მერემეთუხუცესს, თუ რა საშინელი სენია ჟამი, ორგზის ბეწვზე
ეკიდა ეგვიპტეში ჩემი სიცოცხლე, ლამის იყო არ მიმსხვერპლა წყეულმა,
სარკინოზებს რომ არ გამოვქცეოდი, უთუოდ მომკლავდაო მეც.
ბოლოს ჭირის ამბავი შესწყვიტა ანაზდად, ასე უბრძანა: დაუყოვნებლივ
მორეკეთო იალაღიდან ცხენები. ახლავე გააღვიძეთ ჩემი აზნაურები, ამ წუთში
მომგვარეთო ჩემი ცხენები.
გიორგი სწორედ იმ დილით უნდა წასულიყო უფლისციხეს დედოფლის
ჩამოსაყვანად მცხეთაში, მაგრამ სამი დღით გადასდო ეს საქმე, რადგან იცოდა:
მცხეთელებს შეაშფოთებდა მისი წასელა უთუოდ.
უწინარეს ყოვლისა შორენას მისწვდა მისი ფიქრი ამ წუთში.
განაგონიდან იცოდა მეფემ თავდაპირველად ღარიბებს დაერეოდა ჟამი,
ხურსისეული სასახლე ღარიბების უბანში იმყოფებოდა სწორედ.
ერთი გაიფიქრა: სასახლეში გადმოეყვანა შორენა და გურანდუხტი დროებით,
მაგრამ დედოფალი და კათალიკოსი გაახსენდა მყისვე, შეუძლებლად მიიჩნია ეს.
მესაწოლე დატუქსა სასტიკად: რად არ მამცნე, ჟამმა თუ მოჰკლაო
ეზოსმოძღვარი?
შეშფოთებული მოსახლეობა ფეხზე დააყენა ჟამმა, სახელოსნოებიდან,
მონასტრებიდან და ციხეებიდან გამოცვივდა ხალხი. მონები, ბერები და მონასპები
მოსდებოდნენ ქუჩებსა და მოედნებს.დროული კაცების რჩევით დიდი და მცირე ნადირობდა ვირთხებზე.
სარდაფებში, ხვიმრებში ასხამდნენ მდუღარეს. რწყილების წამალი არავინ იცოდა,
ამიტომაც ვერაფერი დააკლეს ამ მწერებს.
სადილადაც არ მოიცადა გირშელმა.
ნუ მიხვალო, ემუდარებოდა გიორგი: ჯერ მონებსა და ღატაკებს დაერევა
სახადი, სასახლეში რა უნდაო ჟამს?
გიორგისაც ეს აფიქრებდა სწორეთ: მთავართა სანათლიოს რომ მოელოდა
უმეტესი საფრთხე, სწორედ ამ უბანში შეჰყროდა ვიღაც მეხამლეს იგი. ჟამიანის დედა
გამოვარდნილიყო
ქუჩაში,
ეზოსმოძღვარი
დაულანდავს,
გზადგავლილი
შემთხვევით.
შევედრებია: აზიარეო ჩემი მომაკვდავი შვილი.
შებრალებია ეზოსმოძღვარს მოხუცი.
იმ დღესვე მომკვდარა მეხამლე, მეორე დღეს გააცია თურმე ამროსის. ხურვება
ჰგონებია მკურნალს.
მასპინძლის მოვალეობა მოითხოვდა შეჰპატიჟებოდა გიორგი გირშელს.
გულში უხაროდა კიდევაც მისი წასვლა ამჯერად. განა თუ მარტოოდენ წასვლა?
ყმაწვილივით ხარობდა მეფე, ეს მეორეჯერ რომ აჯობა გამბედაობით თავის
დეიდაშვილს იმ დღეს.
თუ აღრენილ ავაზას ვერ მიეახლა ხმლის გაუშიშვლებლად რაინდი, გასაგები
იყო ეს, მაგრამ მთავართა სანათლიოს რწყილებს რომ გაექცა მრავალნაცადი გმირი, ეს
ღიმილს ჰგვრიდა მეფეს.
ახელებდა ამის გამო ყველისციხის პატრონს გიორგი.
უკვე ხუმრობის გუნებაზე აღარ იყო გირშელი. აღარც საცოლე გახსენებია,
დარწმუნებული იყო, რწყილები იქნება იმ უბანში უთუოდ. მხოლოდ მეფეს
გამოეთხოვა ერისთავი, ამალიანად წავიდა მცხეთიდან.
რა თქმა უნდა, გულისგარეთ მსჯელობდა მეფე გიორგი ასე, ვაჟკაცობის
საქმეში ჩახედული იყო თავათაც ფრიად.
კარგად იცოდა, რომ ამქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე
შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ
ეთქვას.
თავათ მასაც მრავალგზის გაუოცებია ბრძოლის ველებზე მტრებიც, მაგრამ თუ
გირშელს ავაზებისა და რწყილების ეშინოდა, გიორგი ცახცახებდა გველებისა და
ცოფიანი პირუტყვის წინაშე.
გველებისაგან დაშინებულს იფნისა და ხვიარის ფესვებიც აფრთხობდა ხოლმე
ნადირობის დროს, მუდამ გველები ესიზმრებოდა, იტანჯებოდა ამის გამო ძილშიაც.
ცოფიანი ძაღლებისა უფრო მეტად ეშინოდა გიორგის, ვიდრე ბიზანტიურ
ლოდსატყორცნებისა ომში.
უბრალო მყეფარსაც რომ შეეტია მისთვის, მყისეე ხმლის ვადაზე იტაცებღა
ხელს. განა თუ მარტო ძაღლებისა? ცოფიანი პირუტყვისა საერთოდ.
ფარსმან სპარსი ათასგზის ჰყავდა დაკითხული: კამეჩი თუ გაცოფდებაო, ან
ცხენი, ან ხარი, ან მგელი?
ერთხელ ასეთი ხუმრობაც შეაპარა ფარსმანმა მეფეს:
ყველაზე მეტად საშიშარი ცოფიანი ძროხააო ამქვეყნად.
მიუხვდა გიორგი მყისვე: “თევზისფერ ძროხას” რომ გულისხმობდა ფარსმანი,
ცოქალას, ხარჭაყოფილს მეფისას, მაგრამ ეს თავხედობაც აპატია მოხუცს.
როცა სპასალარი შემოვიდა დილა ადრიან, ღიმილით ეუბნება გიორგი:მთავართა სანათლიოს რწყილებს გაექცაო ყველისციხის პატრონი.
“შენ რა გგონია, ზვიად, სარკინოზებს როდი გაქცევია გირშელი, არამედ
ეგვიპტურ რწყილებს”.
ზვიადს არ უყვარდა გირშელი, იქედნურად გაიცინა თავათაც. ესა სთქვა
მხოლოდ:
“მე მუდამ გაზვიადებულად მიმაჩნდა მისი გმირობის ამბები, მეფევ ბატონო,
წინათაც”.
საგანგებო ღონასძიებანი დაადგინეს იმავე დილით მეფემ, მიტროპოლიტმა,
სპასალარმა და განმგეთხუცესმა.
აქიმები და მკურნალები ახმობინეს, მალემსრბოლი უფლისციხეს აფრინეს.
დედოფალს ამცნეს, ჯერჯერობით არ ჩამობრძანდეთო მცხეთაში.
თურმანიძე დაიბარეს თმოგვის ციხიდან სასწრაფოდ.
ფარსმანი აწვევინა მეფემ, მაგრამ არ გამოცხადდა “შანდლების ქურდი”, ავადა
ვარო, შემოთვალა, ქუჩაშიც არ გამოდიოდა გაპანღურების შემდეგ.
ბრძანება გასცეს: ქალაქს გარეთ წაეღოთ, საკირეში დაეწვათ ამროსის ცხედარი.
ციხისთავებს მიუთითეს: დაუყოვნებლივ აღეკვეთათ ჯარების მიმოგზავნა
ციხეებს შორის, არც ქარავნები შემოეშვათ მცხეთში, დღისით და ღამით, დაეგმანათ
ციხეებისა და გოდოლების კარები.
მუხნარისას ციხისთავი დილეგში ჩააგდეს, რადგან სამი დღის წინად ერთი
მონასპა მოეკლა ჟამს, ასისთავს არ გაუმხელია ეს ამბავი, ქრისტეანული წესით
დაუმარხავთ მიცვალებული.
მკურნალებს დაევალათ: სასტიკად ედევნებიათ მოსახლეობისათვის
თვალყური. თუ სადმე ჟამი თავს იჩენდა, მყისვე “ჟამიანების ფარდულში”
გადაეგზავნათ, თუნდაც “საეჭვონი”, მიცვალებულნი სამოს-საგებიანად დაეწვათ
ცეცხლში. ჭირიანის სახლები გამოეკეტნათ, ვირთხები და რწყილები შეემუსრათ
შეძლებისამებრ.
მონასტრების წინამძღოლებს უბრძანეს: მეროჭიკე ბერები არ შეეშვათ
საოსტიგნოებსა და სენაკებში, სხვა მონასტრებთან მისვლა-მოსვლაც აღკვეთილიყო,
სისუფთავე დაეცვათ ყველგან.
ბაზრების უფროსებსა და სავაჭროების მეთვალყურეთ ხილისა და მხალეულის
გაყიდვა ააკრძალვინეს.
თავის ოქროსფერ ულაყზე შეჯდა მეფე, ამალიანად დადიოდა მოედნებზე,
ეჩვენებოდა ცისქვეშ გამოცვენილ ხალხს. ათვალიერებდა ციხეებს, მონასტრებს და
სახელოსნოებს, ამშვიდებდა დიდსა და მცირეს.
ასე არწმუნებდა მოსახლეობას: ვერ მოგვერევაო ჟამიც.
როცა ხურსისეულ სასახლესთან გაიარეს მეფემ და მისმა ამალამ, გიორგიმ
შენიშნა: შეკაზმული ცხენები დაჰყავდათ ეზოში მონებს. “ვისია ეგ ცხენები?”
ეკითხება მერემეთუხუცესს.
“კოლონკელიძეს გამოეგზავნა ექვსი ცხენი ოჯახობისთვის, მეფევ ბატონო”.
აივნისკენ თვალი გაექცა გიორგის. მხევლები დაქოთქოთობდნენ მხოლოდ.
დილა მშვიდობისა უსურვა თავის გულისმიჯნურს იდუმალ, შენს მაგივრად მე
შემეყაროსო ჟამი, ეს გაიფიქრა და დეზი ჰკრა ოქროსფერ ულყს. გადაიჯირითეს
მოედანზე მხედრებმა.
აყმუვლდნენ ბანებზე დაყუნცული ძაღლები მთავართ სანათლოის შუკებში...
XLVIმორიელების წინაშე შიში გადაავიწყა ჟამიანობამ ნონაის. მოსვენებას არ
აძლევდა არსაკიძეს მხევალი. მდუღრავდა დგამს, ნოხებს, ფარდებს და დოშაკებს.
მდუღარეს ასხამდა სარდაფებში, ჭუჭრუტანებში, ღრუებში. ვირთხები და რწყილები
ელანდებოდა ყველგან.
ჩამოეკიდა პატრონს: სამუშაოზე ნუ მიხვალო, ბატონო, ღარიბ ხალხს
ემტერებაო ჟამი, თავს ნუ გადააყოლებ უფლის სახლს, ღმერთს ბევრი აქვს ეკლესიები,
ვენაცვალე მის მადლს, ხოლო საწყალობელ დედაშენს შენზე ამოსდისო მზე.
ბოდოკია გზაზე დაუხვდა არსაკიძეს: სამას ლაზს უარი ეთქვა სამუშაოზე:
ლაზების მაგალითს აჰყოლოდნენ სამცხელები, ბოლნისელები და ბერძნები.
ჟამისაგან მოვისრებით მაინც, ბარემ მოსვენებული შევეგებოთო სიკვდილს.
სახელოსნოები დაეგდოთ, ხარაჩოებიდან ჩამოსულიყვნენ. ტაძრის ჩრდილში
წამოწოლილიყვნენ მონები, ფანდურს უკრავდნენ, მღეროდნენ ზოგნი. მოხუცებს
გარს მოსხდომოდნენ ჭაბუკები. აამბობინებდნენ ჟამიანობის ძველ, ამბებს.
არსაკიძე რა დაინახეს, წამოიშალნენ, მონები, კალატოზები და ზემდეგები
გამხნევდნენ.
ლაზები გარს შემოერტყნენ თვისტომს.
“ლაზებო, - მიმართა არსაკიძემ ბრბოს, - მართალია, ჟამიანობა დაიწყო, მაგრამ
გახსოვდეთ, ჟამის საფრთხე ყველას გვიქადის, ხომ ხედავთ. მეც თქვენთან ვარ
განსაცდელის ჟამს, ლაზებო. სიკვდილი ისეთი რამეა, უჟამოდაც არ აგვცდება,
იცოდეთ, რადგან არავინ იცის, როდის გვეწვევა იგი. ხომ ხედავთ, რა შლეგია
სიკვდილი. ისეთ უგუნურ ცხოველებს თან დაჰყვება, როგორიცაა ვირთხები და
რწყილები.
თქვენ თვითონ განსაჯეთ, ლაზებო, უქნარობაში რომ დავიხოცოთ, იმას არა
სჯობს, ჩვენი მოვალეობის შესრულებისას გვეწვიოს სიკვდილი. ეგეც იცოდეთ, ძმებო,
ზარმაცებსა და მშიშარებს უმალ ეწვევა იგი, ვიდრე მამაცებსა და გამრჯელებს.
რას იტყვიან იბერიელები? მშიშარნი ყოფილანო ლაზები. იცოდეთ, ყველაზე
მეტად ძმების უნდა გერიდებოდეთ, ლაზებო, რადგან არავინ ისე საყვარელი არაა ამ
ქვეყანაზე, როგორც დედა, არავინ ისე მოსარიდებელი, როგორც დედის ხსენის
თანაზიარნი.
საქართველო ჩვენი დედაა, ლაზებო, ხოლო იბერიელები ძმებია ჩვენი.
აბა მოიგონონ უხუცესებმა თქვენ შორის, სარკინოზებთან ან ბერძნებთან
ომებში თუ ოდესმე გიღალატნიათ მათთვის?
ახლა ვირთხებისა და რწყილების მიერ გავრცელებულმა ჟამმა რომ
გვასწავლოს ღალატი, სირცხვილი იქნება უთუოდ, ლაზებო.
ეგეც იცოდეო, ძმებო, არავინ ისე საძაგებელი არაა ამქვეყნად, როგორც ძმების
მოღალატე, მშიშარა ვაჟკაცები, ლაზებო”.
“მართალს ბრძანებს, მართალს ბრძანებს ოსტატი”. მიაძახეს ლაზთა შორის
უხუცესებმა.
არსაკიძე პირველი ავიდა ხარაჩოზე, თუმცა თირკმელებს იტკიებდა ამ დილით.
ბოდოკია უკან მისდევდა ოსტატს, მოხუცი ლაზებიც მათ მიჰყვნენ. ბოლოს შერცხვათ
ახალგაზრდებს. ახლა სამცხელები და ბოლნისელები წამოიშალნენ. ბოლოს
ბერძნებმაც ითაკილეს ჯაბანის სახელი.
სადილობის დრომ მოაწია თუ არა, დაიცალა სახელოსნოები, ხარაჩოებიდან
ძირს ჩამოვიდნენ მუშები.
ტაძრის გალავნის კუთხეებში ფარუდულები იყო ხელოსნების სამყოფლო.კოცონები ენთო ამ ფარდულების წინ, უზარმაზარ ქვაბებში ოსპის წვენი
იხარშებოდა. ქვაბებს გარს მოსდგომოდნენ მონები, ბალღებივით შესციცინებდნენ
მესადილეებს.
შიმშილისგან
ღონემიხდილნი
ფანდურს
უკრავდნენ.
ნაღვლიანად
ღიღინებდნენ ზოგნიც.
ლოდზე ჩამომჯდარიყო წითერი ლაზი, აჩხაკუნებდა ფანდურს, ზედ
ამღერებდა სიყვარულის ლექსს, სიყრმეშივე განაგონი ჰქონდა არსაკიძეს ეს ჰანგი,
ახლა ძლივს არჩევდა ლაზურ სიტყვებს ფანდურის ხმაზე:
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებელ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფლოს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას .
არსაკიძე განზრახ დაყიალობდა ფარდულების წინ, ბრბოში.
ახლა შენიშნა: სიკვდილის საფრთხემ შაირობა და სიმღერა მოანატრა ხალხს.
აჩხაკუნებდა ფანდურს, სევდიანად კვნესოდა წითური ლაზი.
შაირი გრძელი იყო, მიჯნურის მუქარა უსაზღვრო, ყოველი სტროფი ერთი და
იმავე ტაეპით იწყებოდა და თავდებოდა:
ზღვის ფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას.
უცნაურად აეკვიატა ეს ლექსი.
შორენა მოაგონდა. მერმე თვალები გაუშტერდა გაოგნებულს. თავისი სიტყვაც
გადამარცვლა ხსოვნაში.
ახლა დარწმუნდა: ერთი რამ გულისგარედ წამოსცდა წეღან.
განა დედა ყველაზე საყვარელია ამ ქვეყანაზე?
ან ძმა ყველაზე ძვირფასი?
ეგეც არის, ვერც დედობას გაგიწევს სხვა ვინმე, ვეღარც ძმობას.
შორენა მუდამ სწუხდა: რად არა მყავსო ძმები?
ახლა მას ძმები რომ ჰყოლოდა, ხომ არ დასჭირდებოდა ვაჟკაცის საქმე თავათ
ეტვირთა?
ვაჟები გვერდით ამოუდგებოდნენ კოლონკელიძეს, ისინი მიუზღავდნენ მეფე
გიორგის სამაგიეროს. წითური ლაზი აჩხაკუნებდა ფანდურს და მღეროდა:
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას.
მართლაც ზღვასავით მოუსვენარი იყო შორენა.
მაგრამ ახლა გადაუკეტეს ამ ზღვას კიდენი, დარწმუნებული იყო არსაკიძე,
ჟამიც ვერ შეჰბედავდა სანატრელს, შესაძლოა ჟამს გადაერჩინა კიდევაც იგი. დღე და
ღამე დაკეტილი იქნება მცხეთის ზღუდენი, სამი დღის შემდეგ წყაროსთვალის წმ.
გიორგის დღეობაა ფხოვში. ამაოდ მოუცდიან ხატობაზე ხევისბერები მას.
განა მარტო ეს იყო საფრთხე?ყველისციხის პატრონი ისეთი თავაწყვეტილი ვინმეა, ერთიც ვნახოთ მოეწყინა
მცხეთაში მომწყვდეულს და ამ ჟამიანობის დროს ქორწილი მოუნდა?
მაშინ?
წითური ლაზი მღეროდა კვლავ:
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს .
ახლა თავათ დაფიქრდა არსაკიძე.
ყოველი ქალი ზღვასა ჰგავს მართლაც, არავინ იცის, ან ერთი როდის აღელდება,
ან მეორე?
ერთიც ვნახოთ, გირშელს გაჰყოლოდა შორენა, მაშინ?
მას, არსაკიძეს, თუ ეყოფოდა იმდენი გამბედაობა, უბირი ლაზი ჭაბუკის
ვაჟკაცობის შესაბამისი?
“ააა?”...
სწორედ ამ წუთში ბოდოკია ამოუდგა გვერდით.
ამასობაში ორი მონა მიეახლა ოსპით გაფიფინებულ ქვაბს, ხელკეტი გაუყარეს
და პირველი ფარდულისაკენ წაიღეს ხვნეშით.
ისევ მეფანდურეს მიუგდო არსაკიძემ ყური.
უნდოდა გაეგონა, თუ რითი დასრულდებოდა გამიჯნურებული ლაზის
ქადილი ამ შაირში?
ბოდოკიამ ხელი წაუცაცუნა მარჯვენაზე:
კანკელი უკვე დავდგით, ახლა აღსავლის კარების გამო უნდა გეთათბიროთო,
ოსტატო!
უგრეხელისძე, კალატოზი, წამოეწიათ კანკელამდის მისულთ. სახეშეცვლილი,
ფერმკრთალი ეუბნება არსაკიძეს:
პირველ ფარდულში იფეთქაო ჟამმა.
როცა ხუროთმოძღვარმა და სამმა კალატოზმა პირველ ფარდულამდის
მიაღწიეს, თავზარდაცემული მონები გამორბოდნენ თავპირისმტვრევით ეზოში.
მონას, წათაიას, გამოსჩენოდა იღლიაში პირველი სვირინგი.
დამფრთხალიყვნენ ნარებზე მწოლარენი, სწორედ ამ დროს შეეტანათ ოსპით
სავსე ქვაბი ფარდულში.
დასტაკებოდნენ
მზარეულებს
მუშები,
ორივენი
წაექციათ,
ქვაბი
გადმოუყირავებიათ,
ხელფეხდათუთქულნი
მიწაზე
ფართხალებდნენ,
გულისმომკვლელად ყვიროდნენ ბედშავნი.
ფარდულის კარებს აწყდებოდა დაშინებული ბრბო, შიგ შესვლა ვერ გაებედნა
ვერავის.
შემოესმა თუ არა დამდუღრულების ყვირილი, ბრბო გაარღვია არსაკიძემ, გზა
შეუკრეს კალატოზებმა:
ნუ შეხვალ ამ ფარდულში, ოსტატო, ჟამიანი მანდ წევსო ახლაც ბოდოკია
გამოეყო ლაზებს, თან გაჰყვა ხუროთმოძღვარს მეფისას.
აიყვანეს დამდუღრულები, გამოათრიეს სათითაოდ გარეთ. მოატანინეს
მარილი, დამდუღრულებსაც არ გაეკარნენ მონები.
თავათ გახადეს დამწვართ სამოსი, მარილი დააყარეს დათუთქულ სხეულზე
ორთა.
ხელის დაბანაც ვერ მოასწრო არსაკიძემ, გიორგი მეფე, ზვიად სპასალარი,
მცხეთის
მიტროპოლიტი,
ამალითურთ
შემოსულიყვნენ
ეზოში,
ტაძარიდაეთვალიერებინათ, შემდგომ ამისა წინასწარ გამოეკითხა ყოველივე წვრილად.
განმგეთუხუცესი თავზე წამოადგა ხუროთმოძღვარს მეფისას.
ეუბნება, გიხმობსო მეფე.
არსაკიძე ხელს იმშრალებდა იმ წუთში.
მოახსენა: ჟამიანის ფარდულში ვიყავი, ამიტომაც ვერ ვეახლებიო მეფეს.
ხელახლა მივიდა განმგეთუხუცესი:
მეფე გიბრძანებსო მოსვლას.
არსაკიძე მიეახლა, საპატიო მანძილზე შესდგა, თაყვანისცა გიორგის, მეფემ
გაუღიმა, ახლოს მოსვლა უბრძანა.
“შენზე ნაკლებად მამაცი ხომ არ გგონივარ, ლაზო?”
მერმე გაუღიმა, მაგრად ჩამოართვა ხელი და ეს უთხრა:
ხუროთმოძღვრების დიდოსტატი დიდი ვაჟკაციც ყოფილხარო, ლაზო!
XLVII
გამართლდა ფარსმან სპარსის სამთვარიოს წინათქმა, შაბათ საღამოს
მცხეთიდან დასავლეთით გამოჩნდა ერთი სავსებით უცნაური ვარსკვლავი მახვილის
სახისა.
ქარი ჰქროდა, აზანზარებდა ცასა და მყარს.
დიდხანს უთვალთვალებდა სახლის ჩარდახიდან ფარსმან სპარსი ამ
ვარსკვლავს, როცა იგი დასავლეთის კერძო გაჰქრა ისევე, ფარსმანი ძირს ჩამოვიდა.
ვარდისახარი ტანზე იხდიდა სწორედ.
მივიდა, შიშველ მკლავზე უჩქმიტა ცოლს. ეუბნება:
“თუ მეფემ მალემსრბოლი გამოგზავნოს კვლავ, ასე უთხარით: ავდაა-თქო
ფარსმანი”.
“მეფე უფლისციხეს წასულა ამ დილით”.
ამცნო ვარდისახარმა.
“შენ ვინ გითხრა ეგა?”
“სამთავროში ვიყავი, იქ ამბობდნენ ბერები”.
“დღეს წირვა იყო სამთავროში განა?”
“მთავარეპისკოპოზი ილოცავდა, მთელი მცხეთა მანდ იყო”.
“რაო, რა იჩურჩუტა რაჟდენმა?”
“უშჯულოებისა ჩვენისათვის წარმოგვიგზავნაო უფალმა ჟამი, მწვალებელნი
და მკრეხელნი მომრავლდნენო მცხეთაში. საერისთავოებშიაც დაეთრევიან ზოგნი,
აპამპულებენო ქრისტეს შჯულს”.
ფარსმანს ენიშნა რაჟდენის სიტყვები.
“მაინც რას ამბობენო ის მწვალებელნი, როგორა სთქვა მიტროპოლიტმა,
ვარდო?”
შეეკითხა ცოლს.
“ღვთისმშობლის უხრწნელობის ამბავს სათუოდ სთვლიანო ზოგნი, ხანაც ასეთ
კითხვებს აძლევენ მართლმორწმუნე ქრისტეანებს: რამდენი ანგელოსი დაეტევაო
ნემსის წვერზე? “
ფარსმანმა შენიშნა, ვარდისხარიც ამრეზილი იყო ამ “მწვალებლებისა და
მკრეხელების” მიმართ. იგინებოდა, ასე ამბობდა: მე რომ ვიცოდე, ასეთ მკრეხელობას
ვინ ჩადის, პირველი ჩავქოლავდიო ამ სიტყვების წარმომთქმელს.
“განა ასე საჭიროა დიაცისათვის უხრწნელობა? არც შენ ყოფილხარმაინცდამაინც უბიწო, ვარდო, მაგრამ შენ ხომ უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე
რომელიმე, უხრწნელი ქალწული, ხომ?”
ვარდისახარი აპილპილდა.
“თუნდაც ფანასკერტელის ქალი, რუსუდან, არა? ერთი იგი გყავდა
უხრწნელი?”
დაუყვავა ფარსმანმა იჭვნეულ დიაცს.
მიეახლა, შიშველ ქედზე ხელი მოუცაცუნა. ეუბნება იდუმალი ხმით:
“ხვალ ნუ გახვალ ქალაქში, ვარდო. შენ ხომ იცი, სვეტიცხოვლის მშენებლებს
დარევიათ ჟამი, ლაზი მოუკლავს ერთი.
შენ ხომ გაგიხარდება, ეგ ლაზები ერთბაშად რომ გასწყვიტოს ჟამმა, ააა, რას
იტყვი, ვარდო?”
ეს უთხრა ფარსმანმა ცოლს, თვალებში ჩააცქერდა ღიმილით.
სალოკი თითი მიადო ნიკაპზე, სწორედ იქ, სადაც ოდნავ, სულ ოდნავ
ჩაზნექილი იყო კანი (ეს მოსწონდა ბებერ ფარსმანს ფრიად. ეროსის თითით
დატვიფრული აქვსო ნიკაპი, ეროსის თითის მეტი ჯერ არაფერი მოხვედრიაო ჩემს
ცოლს, იხუმრებდა ხოლმე ვარდისახარის თანდასწრებით ფარსმანი).
არად მიიჩნია ეს მოფერებაც ქალმა მშვილდივით მოდრეკილი წარბები
ზეაწკიპა, მოვის პერანგზე მარგალიტის ღილები შეიხსნა და ეუბნება ქმარს:
“მე ფხოველი დიაცი ვარ, იცოდე, არ მიყვარს, როცა ჩემს მაგივრად სხვა იძიებს
ხოლმე ვინმეზე შურს. შენ რომ გულისხმობ, იმ ლაზს, ჟამსაც არ დავანებებ, იცოდე”.
“ჰე, ჰე, ჰე”, - ხითხითებს ბერიკაცი, - ახლა მარჯვენა ძუძუს დაადგა თვალი,
ექილიკება ცოლს:
“ამ ძუძუზე გიკბინა მალემსრბოლმა მეფისამ, ვარდო, არა? რა უცნაურია ეს
მეფე გიორგი, ვარდო, როგორ დაგეშილი ჰყავს ავაზები და მალემსრბოლები? ვისი
დაკბენაც თავათ მოუნდება, სწორედ იმას დაჰკბენენ იგინი. ააა, შენ რას იტყვი,
ვარდო?”
უაღრესად მოიღუშა დიაცი. სანახევროდ გაშიშვლებულ ძუძუებზე ორივე
ხელი დაიფარა და ამრეზილი გაიშოთა საწოლზე.
მცირე ხანს იწვა გაოგნებული. მერმე დაამთქნარა და კედლისაკენ იბრუნა პირი.
თებრონია კარისალაგთან მიგდებულიყო, პირქვე დამხობილი ხვრინავდა
დიაცი.
ფარსმანმა ცას ახედა. თავისი საწოლი სარკმელთან მიაჩოჩა. შემდგომ ამისა,
ზეზეურად წამოწოლილი დიდხანს უთვალთვალებდა ვარსკვლავეთს.
ხელახლა გამოჩნდა ის ვარსკვლავი მახვილის სახისა.
მცირე ხანს უმზირა ფარსმანმა, მერმე უკან მოიხედა ანაზდად.
ვარდისახარი უძრავად იწვა. ტყირპიანი თებრონია ხვრინავდა კვლავ.
“ხომ არ გძინავს, ვარდო, ააა, ვარდო?”
არაო, მიუგო დიაცმა და დაამთქნარა ხელახლა.
“ხვალ ნაშუადღევს დიდი მიწისძვრა იქნება, იცოდე, ნურავის ეტყვი, ნურც შენ
გახვალ ქალაქში, ვარდო, შესაძლოა ქარვასლები წამოიქცნენ, მეფისა და
კათალიკოსის სასახლე გაცამტვერდეს, სვეტიცხოველი აყიროსავით მოაძროს. შენ
ნურსად წახვალ, იცოდე, თებრონია გაგზავნე ბაზარში, ვარდო”.
ვარდისახარი წამოდგა საწოლზე. საკუთარ ყურებს არ უჯეროდა ამის გამგონე,
ხოლო ფარსმანმა განაგრძო:
“შესაძლოა ამაღამ, ნაშუღამევს შეგვატოკოს სატანამ მცირედ, მაგრამ შენ არ
შეგეშინდეს, ვარდო”.ვარდისახარი ზეწამოიჭრა. “მაგას რას ამბობ, კაცო, სჯობს ტანზე ჩავიცვათ,
არა?”
“ნუ გეშინია, დიაცო, ამაღამ არ უნდა იქნეს ისე ძლიერი, ალბათ”.
ვარდისახარი საწოლიდან წამოვარდა შეშინებული, ფეხშიშველა დარბოდა
აგურის იტაკზე, მერმე კუთხეში დაიჩოქა ხატების წინაშე.
მუშტები დაუშინა თავის მშვენიერ მკერდს, თითქოს ინანიებდა საკუთარ
ხორცისმიერ ცოდვებს, ლიტანიობდა. იატაკს უსწორებდა შუბლს.
ლოცვა მოათავა თუ არა, ფარსმანს წამოადგა თავზე ნახევრად შიშველი დიაცი.
ეუბნება:
“თებრონია არ გავაღვიძოთ?”
“ნუ, ნუ გააღვიძებ თებრონიას ბედშავს, ძილში სიკვდილის მონატრულია
თებრონია, ვარდო”.
დიაცი გააოცა მისმა უგულობამ. ფარსმანი ისევ სარკმლისკენ მიბრუნდა,
დამშვიდებული უთვალთვალებს ცას.
“თებრონია, თებრონია”, - უყვირის დედინაცვალი გერს. თებრონია განაგრძობს
ხვრინვას. ბოლოს წიხლი ჰკრა ვარდისახარმა მძინარეს.
დამდუღრულივით ათუხთუხდა ტყირპიანი დიაცი, თვალებს იფშვნეტს
შეშფოთებული.
რა შემოესმა მიწა იძვრებაო, ნახევრადშიშველი წამოვარდა მყისვე,
დაფათურობდა, ეძებდა ირგვლივ დაყრილ ძონძებს, პირჯვარს იწერდა, ევედრებოდა
ღმერთს: გადაარჩინეო ეს ქვეყანა წარღვნას.
ახლა ვარდისახარსაც გადაედო შიში.
ზანდუკს მივარდა, საჩქაროდ ამოჰყარა თავისი კაბები, შორენას მიერ ნაჩუქარი
ქათიბები, საწმერთულები, პერანგები, მანდილები, ქუდები, ვერცხლის ჭურჭელი,
ზოგი ნაჩუქარი, ზოგიც ნაპარავი, მაგრამ ერთბაშად წარმოიდგინა, ვერ მოვასწრებთო
ყოველივეს გარეთ გატანას.
თებრონია მოიშველია, ისევ ჩაჰყარეს ეს ნივთები, ახლა სავსე ზანდუკს
დაეჭიდნენ დიაცები, მაგრამ ადგილიდან ვერ დასძრეს იგი.
ვარსკვლავებს უთვალთვალებდა ფარსმან სპარსი კვლავ.
ხელახლა ამოჰყარეს ზანდუკიდან საბადებელი. თებრონია დატვირთა
ვარდისახარმა, მერმე თავათ დახვია მკლავები და გარეთ გაათრიეს მზითევი.
ფარსმანი მობრუნდა, ამშვიდებდა ცოლს. ეფიცებოდა: დღეს არ იქნებაო
ძლიერი მიწისძვრა. ყურიც არ ათხოვა შეშფოთებულმა.
ფარსმანი ისევ სარკმელისკენ მიბრუნდა, შესცქეროდა შეწითლებულ ცას.
კვლავ შემოვარდა ვარდისახარი, სპილენძის ჭანგები დავიწყნოდა, თმის
სახვევი, ზანდუკში.
როცა ჭანგები იპოვნა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა მეუღლე.
“ადექი, ბაღში გამოდი, ბატონო”.
ადგილიდანაც არ დაძრულა ფარსმანი, გულში გაეცინა. სპილენძის ჭანგებზე
უფრო გვიან რომ გაახსენდა ცოლს. თვალიც არ მოუცილებია მახვილის სახის
ვარსკვლავისათვის, ისე მიაძახა დიაცს:
“გაეთრიე, დედაკაცო, გარეთ, თორემ თავზე დაგეცემა ჭერი”.
კარის ალაგთანაც არ იყო ვარდისახარი მისული, როცა მაგრად შეტოკდა
ციხისებური სახლი, შეტორტმანდნენ კედლები, ახლა ფარსმანმაც იკადრა წამოხტომა,
ფეხშიშველა გაირბინა ქვითკირის დარბაზი და მიაძახა კიბის თავთან წაქცეულ ცოლს:
“ეგებ დაილეწოს ეს ქვეყანა, ვარდო, ახალში მაინც მიმიწვევენხუროთმოძღვრად”.
“თებრონია, თებრონია!” - კიოდა ვარდისახარი, მაგრამ თებრონია
პირქვედამხობილი ეგდო მიწაზე, ლოცულობდა და სტიროდა.
ქარი აფორიაქებდა ხეებს, ასე რომ, დედინაცვლის ძახილი არც კი მისწვდენია
ამ წუთში მას.
XLV1II
სვეტიცხოველის კედელზე შვიდს უჩვენებდა მზის საათი, როცა პირველად
შეტოკდა მიწა. არსაკიძე ხარაჩოზე იდგა, კალატოზებს უძახდა: აქ ამოვიდესო ერთ-
ერთი.
მან ერთმა შეიცნო ეს. ძირს ჩამოვიდა, კალატოზებს მკერდზე მიადო გაშლილი
მკლავები: ეზოში გავიდეთო, ეუბნება.
გაოცდნენ დამსწრენი.
დასავლეთის კედლის გასწვრივ კატა გასულიყო ხარაჩოზე, იქ დაბუდებულ
მტრედებს ზვერავდა.
ერთბაშად უცნაური კნავილი ასტეხა, საშინელის სისწრაფით დაეშვა ძირს.
არსაკიძემ უყვირა მონებს: დაუყოვნებლივ დასცალეთო ხარაჩოები.
ამ დროს მეორეჯერ შეტოკდა მიწა.
ხოლო მესამეჯერ ისეთი ძალით შეჰქანდა ნიადაგი, არსაკიძემ ტაძარს შეჰხედა,
ასე ეჩვენა: ეკლესია შეტორტმანდა და გადაწვაო განზე.
შემზარავი გრუხუნი გაისმა, სამ ადგილას დაირღვა გალავანი.
ყვირილით გამოცვივდნენ ლაზები და სამცხელები ეზოში, პირქვე
დაემხვნენ,დაიწყეს ლოცვა.
შუკაში დედაკაცი მიელალებოდა ცხვრებს, აბღავლდა პირუტყვი. გაიფანტა
ფარა, ძაღლებმა შემზარავი ყმუილი მორთეს, აზმუვლდნენ ძროხები, დედაკაცები
გაბმულად კიოდნენ.
ქოსსა ჰკრეს არაგვის კარისა და მუხნარისას ციხეებში. მონასპანი გარეთ
გამოსცვივდნენ, მოედნებზე დაფდაფების ცემა ასტეხეს ჯარებმა.
ძელსა სცეს ეკლესიაში ზედიზედ.
ბერებმა და მონაზვნებმა საოსტიგნოები დააგდეს.
ისმოდა ტირილი, ღაღადისი და გალობა:
“შენ გესავ, უფალო”.
*
სვეტიცხოველი გადარჩა, ახლა შორენას მისწვდა არსაკიძის ფიქრი.
მთავართა სანათლომდის ძლივს მიაღწია აქელებულმა.
დიაცები ირეოდნენ ხურსისეული სასახლის ეზოში.
ვიღაც თავმოტვლეპილ მოხუცს ელაპარაკებოდა გურანდუხტი.
არსაკიძემ ზნაურა შეიცნო, კოლონკელიძიანთ კარის ეკლესიის ნადიაკვნარი.
სამი შეკაზმული ცხენი თავლის კარებთან ება. ჩალისფერ ულაყს ყურებზე
ეფერებოდა შორენა. მხოლოდ მას არ ეტყობოდა შეშფოთება სახეზე.
შორენა, გურანდუხტი და ზნაურა ზედაზენს წასვლას აპირებდნენ თურმე ამ
დილით.
გურანდუხტი შეძრწუნებული მოუთხრობდა არსკიძეს დედამიწის მესამეჯერშეტოკების ამბავს. საწოლიდან გადმოვარდნილა. შორენა თავლაში ყოფილიყო, ცხენს
აკაზმვინებდა თურმე ზნაურას.
არსაკიძის დანახვაზე გამოჰქანდა ერისთავის ქალი, სტუმარს მიესალმა,
უამბობდა, საცოდავად აჭიხვინებულანო ცხენები.
სწორედ ამ დროს თავშიშველი ფხოველი მონა შემოვარდა ეზოში, ჯიქურ
მიეჭრა შორენას და ეუბნება:
ლასტის ჯებირი გაარღვიეს ირმებმა, ორი ხარი და ერთი ფური საჩიხიდან
გაგვექცაო. ბევრი ვსდიეთ სასახლის ბაღში, ახლოსაც არ გაგვიკარაო არც ერთი.
“ნებიერა ხომ არ გაქცეულა, თუ იცი, ბაღათურ?”
ეკითხება შორენა.
“სწორედ ნებიერი გადახტა პირველი, ერისთავის ასულო”.
ბაღათურ საჩიხეში ყოფილიყო, როცა მესამეჯერ იძრა მიწა. ქვას აადუღებდაო
ირმების ჯოგის ერთობლივი ბღავილი.
“ცხენები მოგვგვარე, ზნაურა, - ეუბნება შორენა დიაკონს, - მე და უტა
მივყვებით ირმებს, თორემ ბიჭები ვერ დაიჭერენ მათ”.
ბაღათური ასე ამბობდა:
სასახლის ბაღიდან გასულნი არიან უკვე, მუხოვანში სციცქნიდნენო ნეკერს.
ეტყობოდა გურანდუხტს არ უნდოდა მარტოკანი გაეშვა ქალ-ვაჟი.
დიაკონი წარიტანეთო თან, ძველი მონადირეაო ზნაურა.
შორენა მთავარ დარბაზში ავიდა, მშვილდი მოუტანა არსაკიძეს, თავათაც
მხარზე ჰქონდა ერთი.
ხმალი ზედა მაქვს, რად მინდაო მშვილდი?
ესა სთქვა არსაკიძემ, მაინც გამოართვა კაპარჭიანად.
მთავართა სანათლოის ქუჩებზე თავთავიანთი საბადებლები გამოეტანათ
მცხოვრებლებს. დიაცები სტიროდნენ, აკვნიანად გარეთ გამოყვანილი ბალღები
ღნაოდნენ.
ძაღლები ყმუოდნენ, მოხუცები დარღვეული ქვითკირების ბალავარებზე
კრეფდნენ დამსხვრეული დგამისა და ჭურჭლის ნამუსრევებს.
მეფის სასახლეში უთავჟამოდ დაქოთქოთებდნენ კარისკაცები და მსახურები.
საწოლ დარბაზში ჭერი ჩამონგრეულიყო, დაეშავებინა მესაწოლე მეფისა. “
კიბეებზე ჩამოჰქონდათ ნოხები, ფარდაგები, მაფრაშები, ზანდუკები,
საჭურჭლენი.
საყდრის იარაღები, ცხენსაკაზმები, დედოფლის საპირფარეშოს დიდძალი
ხელსაწყონი, მისივე ქათიბები, დიბის კაბები, აურაცხელი სტავრა, ოქსინო და
ხატაური ფარჩა...
სასახლის ბაღიდან მუხოვანში გაიყვანა ბაღათურმა შორენა და მისი
მხლებლები.
უჩვენა ის ადგილი, სადაც ნეკერსა სჭამდნენ ირმები.
ნაწვიმარი იყო და ახალ ნაკვალევს მიჰყვნენ ცხენოსნები. უნაგირი მოჰქონდა
ვიღაც წითურ მონასპას.
ჩიოდა:
ცხენი მომიკლაო მიწისძვრამ. თავლა ჩამოქცეულიყო, ზედ დასცემოდა
პირუტყვს.
ირმების გამო ესა სთქვა წითურმა:
იმ ველს გადახვალთ, წიფლნარს გაივლით, იმ წიფლნარის გადაღმა სამი
უტევანის მანძილზე დაარღვია მიწისძვრამ ქალაქის ზღუდენი, იქ გადავიდნენოირმები, უთუოდ.
შორენა იმედს არა ჰკარგავდა, ბალახს დანატრებულნი არიან ირმები, თუ
სადმე წავუსწარით, ნებიერას მაინც უცილოდ დავიჭერთო.
მე არ გამექცევაო ნებიერა.
ქალაქის ზღუდენი ბალავრიანად დაელეწა მართლაც მიწისძვრას.
გასცდნენ თუ არა დარღვეულ გალავანს, შორენამ ცხენს მათრახი სტკეცა
პირველად.
მშვილდოსან ეროსს მიაგავდა თავათ, სიყვარულის მაცდუნებელ ღმერთს.
არსაკიძეს ღიმილს ჰგვრიდა ირმების დაჭერისათვის ოცნებაც, შინაურებია
ირმები, მაგრამ თავისუფლებას რა იგემებენ, სიახლოეს არ გაგიკარებენო.
მაინც უხაროდა საყვარელის გვერდით ჭენება ცხენისა.
ასე ფიქრობდა: გავივლით მცირეს, გულს გადავაყოლებთ, შორენაც შეიგნებს
უნაყოფობას დევნისას, დროზე შემოვიქცევითო უკან.
მცხეთა ჯერ კიდევ მოსჩანდა ცის კიდურზე. არსაკიძემ თავის საყვარელ
ქმნილებას მიჰხედა და გაჰქუსლა ცხენი.
უხაროდა ორივენი, უძვირფასესნი, რომ გადაურჩნენ საშინელ სტიქიონს.
მეურმე შემოეყარათ ტყის პირად.
ნარეკვავისკენ გარბოდაო წყვილი ირემი.
ახლოს, ძლიერ ახლოს ჩაუარეს ურემს, ხნულები გადაიჯირითეს და მიჰყვნენო,
“ეჰე, იმ საურმე გზას”.
“ხარები თუ ფურები?”
ეკითხება ზნაურა.
“ერთი ფური და ერთიც ხარი, ბატონო”.
მიუგო მეურმემ.
ხნულებზე გადაიყვანეს არსაკიძემ და შორენამ ცხენები.
მიწა დათქერილი იყო, კვალი პირდაპირ მიდიოდა ჩრდილოეთისაკენ.
ხნულები მოთავდა, ნაურმალზე გადასდიეს ნატერფალებს.
ადამიანთა ნაჯაფარის იავარქმნა არც კი შეესმინა ბუნებას.
უკანა ფეხზე დაცუცქულიყო კურდღელი, ქანდაკივით იდგა ველის პირზე,
თათს უცაცუნებდა იქვე მწოლარე ძუს.
ბრაწივით შეემართა ცალიც, პირუტყვული ენით ანიშნებდა: ტყისპირად წამო,
ნეკერი მოვციცქნოთო მცირე.
ცხენების ფეხის ხმაზე დაფრთხნენ ორივენი.
მელიკუდას ზღვაში მიტოპავდნენ, მხოლოდ ოთხი ყური მოუჩანდათ
მორბენალთ.
ლანდებივით გამოეყვნენ მელიები კურდღლისფერ ჯაგებს, ძუ წინ გარბოდა,
გაიცუნცულებდა მცირე მანძილს, მერმე შესდგებოდა, მოხედავდა ქმარს; უსიტყვო
მზერით ეუბნებოდა: წამოჩანჩალდიო, ჩემო კაცო.
შორენა ნაურმალს აცქერდებოდა. ჯერ არც ურემს, არც საქონელს არ გადაეარა
ზედ, ლარივით მისდევდნენ ირმის ჭლიკების ნატერფალნი შარას.
ახოში ქედნების გუნდი წამოიშალა, მუხოვანს მიაშურეს ფარფატით.
გნოლები ჯერ მელიკუდით დაფარულ მინდორზე გარბოდნენ, მერმე იგინიც
აფრინდნენ გუნდად, კაკბები კბოდეებისკენ გაჰქანდნენ, ხევში დაბერვილ ლოდებს
შეეხიზნენ და ასტეხეს კრიახი. გუნდის მეთაურები ლოდებზე ადიოდნენ წინასწარ,
ზვერავდნენ გარემოს, კაკანებდნენ, წყვილ-წყვილად მიჰყვებოდნენ მზვერავებს.
მელიას, ძუს, შიში გადაავიწყა შიმშილმა, კორდზე შესდგა, დაფიქრდანერწყვმორეული.
კარგად არ იცოდა რა მოემოქმედნა?
გნოლებს გამოსდგომოდა, თუ ქარაფებიდან მოეარნა. ბალახში გატვრინულიყო
და მოულოდნელად თავს დასხმოდა კაკბებს?
არსაკიძე ხედავდა, როგორ ნეტარებდნენ ბუნების წიაღში წყვილები, აქ არც
ალერსი იყო დაშლილი და არც სიყვარული. ამ საფირონის ცის ქვეშ დაგებულია
ფოთლების ფარჩა, წყვილად და ერთად ცხოვრობენ ეს საყვარელი ფრინველები და
ნადირები.
ქვეყანა ვრცელია, ყველას თანაბრად ატფობს მზის თვალი, დედალსა და
მამალს, ხვადსა და ძუს, ფურსა და ხარს.
ირმის ნაკვალევმა სავსებით ნორჩ ტყეში შეიყვანა მხედრები.
ტყე მეჩხერი იყო. აქაც აშკარად ამჩნევდნენ წყვილი ირმების ნაკვალევს.
არსაკიძე ასე ამბობდა: ალბათ მესამე ნეკერს შეჰყვებოდაო რომელიმე ტყეში.
მხარმარცხნით მთებია, მხარმარჯვნივ სოფლები, უთუოდ ამ გზას აირჩევდაო
იგიც.
ნორჩი წიფლების წვეროკინები უზანგებამდის სწვდებოდა მხედრებს, ამ
ტყესაც მისწვდენოდა დილანდელი წვიმა, ამიტომაც საწმერთული დაუსველდა
შორენას.
არსაკიძე ნაღვლობდა: ეს საწმერთული, ხოხბისყელისფერი, ნეტავ არ ჩაგეცვაო
ამ დილით.
“განა მე ვიცოდი მიწა იძვრებოდა, ან ნებიერას დევნა მოგვიხდებოდა მე და
შენ?”
“ნეტავ შენ გვერდით მატარა მუდამ, მიუწვდენელის საძებნადაც გადავიხვეწო
ამ ქვეყნიდან თუნდაც”.
ეს უნდოდა ეპასუხა უტას, მაგრამ ნაცვლად ამისა ეუბნება შორენას:
“როგორი უცნაურია ბუნება, ჩემო, ადამიანებს ჭერი დაგვექცა თავზე. აქ კი
ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ზედმეტი”.
შორენამ არა მიუგო რა, იგი კვლავ ირმის ნაკვალევს უთვალთვალებდა.
არსაკიძემ კიდევ შეხედა, შეწითლებოდა ძველი სპილოსძვლისფერი ღაწვები,
ყაყაჩოსავით შეფაკლოდა პატარა, მშვენიერი ყურები.
წიფლნარიდან გავიდნენ თუ არა, პირველად შორენამ მოჰკრა თვალი: ახოში
სძოვდნენ ხარი და ფური. ლომის ფერი ნებიერა იცნო პატრონმა და ადგილიდან
მოსწყვიტა ანაზდად ცხენი.
შემოესმათ თუ არა ცხენების თქარუნი, თავი ააღირა ორივემ, ფური და ხარი
გაჭენდნენ წყვილად.
არსაკიძემ წინასწარ იცოდა, თუნდაც ტრამალზედაც სავსებით ამაო იყო მათი
დევნა ცხენდაცხენ, არც მისძალებია თავდაპირველად ცხენს, ამიტომაც მის ულაყს
გაასწრო შორენას იაბომ.
როცა ათიოდე უტევანის მანძილზე წამოეწიენ ცხენოსნები, კეკლუცად
მოიღერა ლომის ფერმა ნებიერამ ყელი, მკერდი შეუშვირა ჰაერის ქროლვას, ხარმა
ზურგზე გადაიწყო ქორბუდიანი რქები და თვალისმომჭრელი სისწრაფით გაქანდნენ
წყვილად, თითქოს ეროსი ჩასვლოდათ გვამში.
არსაკიძეს უცნაური აღტაცება მოჰგვარა ამ საოცარმა სანახაობამ, ალბათ
გიორგი მეფის საჩიხეში თვალი დაუდგამს ფურისთვის ხარს, ახლა იდროვა, გაიტაცა
მიჯნურმა მიჯნური.
თავათაც უყივლა ცხენს, თავათაც გამოუდგა წინ მიმქროლავ საყვარელს.ველი მოთავდა, ხნულები დაიწყო. ცხენებს უჭირდათ ხნულში ჭენება.
არსაკიძე თრთოდა, ეშინოდა: შორენას ცხენს ფეხი არ ჩავარდნოდა სარწყავ რუში
თუნდაც. ევედრებოდა ერისთავის ქალს, ამაოდ მივსდევთო ირმებს.
ყამირიც მოთავდა, ახლა ჯაგნარი დაიწყო, ხრამმა გადაუჭრა ცხენოსნებს გზა.
შეევედრა არსაკიძე, გავბრუნდეთო მცხეთაში.
სამსჭვალივით გულზე მოხვდა ვაჟის ნათქვამი დიაცს.
“მცხეთაში მიეჩქარები?
როდისღა მოათავებ მაგ შენს სვეტიცხოველს. როგორც ვატყობ, მეორედ
მოსვლა მოუსწრებს მის დასრულებას”.
ვაჟი მიხვდა: იჭვნეულობდა დიაცი.
უნებლიეთ იცრუა: არა, საქმე არაფერი მაქვს ბევრი, მაგრამ ამაოდ
დავშვრებითო მაგ ირმების დევნისგან.
შორენამ ცხენი შეაყენა, უკან მოიხედა. აღარსად სჩანდა ზნაურაი.
ბოლოს დაინახეს შორიდან, ახლა გამოვიდა იგი ტყიდან, ძლივს მობობღავდა
დიაკონი ველზე.
“ოცი, უტა, შენ ნუ მოსცდები საქმეს, თუ გინდა, დაბრუნდი, მე და ზნაურა
ვივლით ასე მცირე ხანს, ეგერ რომ ტყე სჩანს, იმის გადაღმა თუ ვეღარ ვნახეთ სადმე,
გამოვბრუნდებით”.
იწყინა არსაკიძემ:
“როგორა გგონია, ჩემო, ამ ტყეში მიგატოვებ და მარტო წავალ შინ?”
“მეც შენსავით მუდამ შეუძლებელსა და მიუწვდომელს მივეტრფოდი ჩემს
სიცოცხლეში, უტა, შორიელი მუდამ უფრო სანუკველია, ვიდრე მახლობელი. ის, რაც
ხელზე, ახლოა, მუდამ მოსაწყენია, თურმე.
დღენიადაგ ხარაჩოებზე დაბობღავ. მოდი, ეს დღე ჩემთვის დაკარგე, უტა. მე
ისეთი გრძნობა მაქვს და ისეთი სიზმრები... ხათუთას ცუდად ჰქონია ეს სიზმრები
მინიშნებული...
ველს რომ დავინახავ, გზას რომ დავხედავ, უცნაური მღელვარება შემიპყრობს,
მინდა ვიარო, ცის კიდურიდან ცისკიდურამდის ვიარო და აღარ მოვბრუნდე ჩემს
სამყოფლოში არასდროს”.
“შენთვის ერთ დღეს კი არა, მთელ ჩემს სიცოცხლეს დავლევ თუ გინდა,
სანატრელო.
სვეტიცხოველი მოვათავე გუშინწინ, ახლა “სიზმარი” უნდა დავასრულო
როგორმე”.
ეს უნდოდა ეთქვა არსაკიძეს, მაგრამ მოერიდა, ქალაჩუნობად ჩამომართმევსო,
ამიტომაც აგრე უთხრა:
“ერთი დღე? შესაძლოა შენთვის მთელი სიცოცხლეა შევაგდო სასწორზე,
მაგრამ”...
“მაგრამ, რაო? “
ჩაჰკითხავდა ქალი.
“მაგრამ არიან ისეთი სიტყვებიც, რომელნიც გამოთქმისაგან შეიბღალებიან
ხოლმე. მხოლოდ იმ სიტყვასა აქვს წონა, რომელთაც საქმე მოჰყვება და მსხვერპლი.
უმსხვერპლო სიტყვა ისევე ამაოა, როგორც უსურნელო ყვავილი, უნათლო შუქი, გინა
სიტფოს მოკლებული მზეი”.
მცირე ხანს მდუმარედ მიდიოდნენ, მერმე ისევ ქალმა დასძრა სიტყვა:
“მე ასე მგონია, უტა, ნებიერას რომ დავენახე, არ გამექცეოდა. ჩემი ბრალია,
ცხენი არ უნდა გამეჭენებია, ისე მივახლოვებოდი, დავიჭერდი უთუოდ”.ტყის ინდოურები ჯეჯილებიდან ადგნენ. არსაკიძემ ისარი ესროლა, მეწინავე
ინდოური შეტორტმანდა ჰაერში, დაეცა მიწაზე, ზნაურამ აიყვანა ჯერაც ცოცხალი,
თასმით მიიბა ქამარზე.
შეჯდა ისევე ცხენზე, ფართხალებდა ინდოური საწყალობლად. ისედაც
უცნაური ანაგობა ჰქონდა ზნაურას, თავზე ფხოვური ფაფახი ეხურა, ქორის
ბუდისებრ გაბურძგვნილი, წელზე შებმული ნასხვისარი ხმალი მუხლამდის უწევდა
ცხენს, პირუკუშებრუნებული ჯუბაჩა ეცვა ტყავისა, გაწეწილი და დაფხრეწილი. ახლა,
როცა ეს ინდოურიც წელზე მიიბა, შორენამ და კონსტანტინემ ვეღარ შეიკავეს ღიმი.
წამოეწიათ ზნაურა, უჩიოდა თავის ცხენს, გამიოჩნდაო ეს სამგლე.
სვავები წამოიშალნენ დათვის მიერ გაგლეჯილი ძროხის ლეშიდან, მახლობელ
მუხიდან ყვავები უთვალთვალებდნენ მათ, ჯერაც არ ჩაევლოთ ცხენოსნებს, ისე
დაასხდნენ ისინი ლეშს.
ზნაურამ სულ ახლოს ჩაუარა მათ, არც შეპუებიან დიაკონს, არხეინად
განაგრძეს თავხედებმა საუზმე.
მოთავდა ფურცლოვანი.
ჯაგები.
ბარდები.
ველი. ისევ აღმართები, ქარაფები და უფსკრულები, ისევე ველი...
ხარირემი ბღაოდა სადღაც.
სვავები სერავდნენ ცას.
წიწვიანი ტყე დაიწყო. აღარ ისმოდა ირმის ბღავილი. მხოლოდ გულყვითელა
წიოდა საწყალობლად. დედალი სატრფიალოდ უხმობდა მამალს, რადგან დუმილში
გარინდულ ბუნებას მთლად გადავიწყნოდა, რომ მიწა შეირყა ორ-სამ ჯერ,
ადამიანები სადღაც სტიროდნენ. ზოგს ჟამი აწუხებდა, ზოგს მიწისძვრა, ხოლო
ზოგსაც მოსალოდნელი სიმძიმილი სიყვარულისა.
ცხენები ერთად მიდიოდნენ სავსებით მდუმარე ტყეში. გულწითელა იძახდა
მხოლოდ. გახედა არსაკიძემ დიაცს, სისხლი აემღვრა, უნდოდა უფრო მჭიდროდ
მიახლებოდა საყვარელს, თავი გადმოეწია მისთვის და ეკოცნა ყვრიმალში, ველის
ყაყაჩოსავით შეწითლებულ, პატარა ყურს ქვემოდ, მაგრამ შტოების ლიწინი მოესმა.
ეს დიაკონი მოფოხრიკობდა თავისი ჯაგლაგა ცხენით.
არსაკიძემ ცხენი შეაყენა. მშვილდს წაეპოტინა, ნაყოფით დახუნძულ პანტაზე
ადამიანივით შემდგარიყო ორ ფეხზე დათვი.
წინა თათით ხეს მოსჭიდებოდა, ცალითაც ტოტებს ბერტყავდა. იღეჭებოდა
თავათაც.
პანტის ხის ქვეშ ბელები ძიძგნიდნენ პანტას.
მხედრები რა დაინახა, ძირს ჩამოვარდა, აიყოლია ბელები, უკმაყოფილო
ბურტყუნით ქარაფიდან გადაიხვეწა.
სხვებიც აღმოჩნდნენ მახლობელ ხეებზე, ისინი უარესად აბურტყუნდნენ და
გადაეშვნენ კბოდეებიდან.
ტყე გაიარეს, კვლავ ველს გადახედეს მხედრებმა.
ხევს გადაღმა გორმახები იყო. მათ გადაღმა მთები. მთებს გადაღმა
მწვერვალები, კავკასიონის მწვერვალები ერთობლივად შაბიამანის ფერისა.
მიჭრიალებდნენ ურმები, ბავშვის კუბო მიჰქონდათ სამი, სოფელში ორიოდე
ქვითკირი დაენგრია მიწისძვრას, ეკლესიის გუმბათი ეგდო მიწაზე.
სვეტიცხოველი გაახსენდა არსაკიძეს, გამარჯვებული გოლიათი ტაძართაგანი.
ტბას ჩაუარეს ველზე მთვლემარეს, კაშკაშებდა მარტოხელა მზის თვალი მასში.იხვებისა და ბატების ფრთების ბარტყუნი ისმოდა, როგორც ერთობლივი ტაში. ასე
ეგონა არსაკიძეს: ბუნება ტაშს უკრავსო საყვარლის მომტაცებელ ხარირემს.
წამოიშალნენ ჭაობის ფრინველები, დასავლეთისაკენ დაფარეს ცისკიდე
სრულად.
კვალი დაიკარგა ამ ტბასთან, ახლა ირმის ბღავილი მოისმოდა
ჩრდილოეთიდან.
“ნებიერიაა”.
ამბობს შორენა.
“ირმის მყვირალობა დაწყებულია ალბათ, ამ მთებში ირმები სხვაც ბევრი
იქნება, ჩემო”.
თოხარიკზე გადაიყვანეს ცხენები.
ბალღივით ხარობდა შორენა.
“შენ ხომ დააკვირდი იმ სოფელს. ამ ზეგანებზე ნაკლებად უვნია მიწისძვრას
ხალხისთვის”.
ეუბნება კონსტანტინე შორენას.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ ნაღვლიანად ამბობს დიაცი.
“ფხოვში თუ იყო ნეტავ? ვინ იცის, რა დღეშია საცოდავი მამაი?”
აღმართი მოათავეს, ზეგანზე გავიდნენ ოფლში გაღვარული, აქოშინებული
ცხენები.
ჯვარედინ გზას მიადგნენ ბოლოს. მზეს გადაესწრო მწვერვალს გადაღმა,
აფახულებდა სპილენძისფერ წამწამებს.
დაწინაურდა ზნაურა.
მხარმარცხნისაკენ გაიშვირა ხელი:
ამბობს:
“ოვსთა სოფლებია აქეთკენ”.
მხარმარჯვნისკენ აჩვენებს შორენას:
“ფხოვის გზა ეგაა, ერისთავის ასულო”.
“ჩრდილოეთისაკენ?”
შეეკითხა არსაკიძე.
“ქორსატეველას ციხისაკენ მიდის ეს საურმე გზა პირდაპირ”.
მერმე ხელი მიიჩრდილა დიაკვანმა თვალებზე.
“ეჰე, იმ მთაზე დაყორებულ ღრუბლების ქვემოდ ციხე მოსჩანს,
ოთხგოდოლიანი.
სწორედ ეგაა ქორსატეველას ციხე”.
ქორსატეველას ხსენებაზე გული აემღვრა შორენას, თავათაც მიიჩრდილა
შუბლზე ხელი და გაჰხედა ციხეს. მერმე მარჯვნისაკენ შეაბრუნა ცხენი.
მხარმარცხნისაკენ მიმავალ ურმის გზას გაჰხედა არსაკიძემ.
“აქეთკენ ატყვია ირმის ნაკვალევი გზას”.
ეუბნება ღიმილით.
გამოაბრუნა დიაცმა ცხენი.
“მე შენისთანა მონადირე ვერა ვარ, უტა, მაგრამ ირმის ნაჭლიკარს ხარის
ნატერფალიდან კიდევ გავარჩევ როგორმე”.
“რამდენი მანძილი დაგვრჩა ახლა ფხოვამდის?”
იკითხა არსაკიძემ.
“სულ ახლოა, ბატონო, ამ მთის ცხვირს შემოვუვლით, ჩრდილოეთიდან, მერმე
ხევ-ხევ ვივლით მცირეს, მთას გადავლახავთ ერთს, შავ არაგვს მივყვებით დაორბოძალ გზაზე პირველი გოდოლი იქნება ფხოვისა”.
ესა სთქვა დიაკონმა და ექვსი ცხენოსანი მოადგა ჯვარედინა გზას
მხარმარცხნიდან.
აქელებულნი ქშინავდნენ ოფლში გაღვარულნი. თორიანი, ქოსა ვაჟკაცი
მოუძღოდა მხედრებს.
ტახის ეშვივით წვეტიან ღოჯებს ორგზის გაეპო ზემო ჩარბი, უფრო ნადირს
მიაგავდა ეს თვალებგადმოკარკლული ქოსა, ვიდრე კაცთაგანს.
შორენას უსიამოდ გააჟრჟოლა მის დანახვაზე, იცნო: ბოქაი, ჭიაბერის ძუძუმტე
და ხუთივე ძმა მისი: აზარაი, გაბიდაი, ზაზაი, ჯიბრედაი და ცცოი.
შორენას მიაშტერა ბოქაიმ თვალები, ცხენი შეაყენა და დანარჩენებს უყივლა
რაღაც. ქალმა მკაფიოდ გაიგონა ჭიაბერის სახელი ოსურად ნათქვამში.
ამასობაში მხარმარჯვნივ მიმავალ ფხოვის გზას დაადგნენ შორენა და მისი
მხლებლები.
კარგა ხანს იდგნენ გზაჯვარედინზე მხედრები, მათი ჯაჯღანი ესმოდა შორენას.
ახლა არსაკიძემაც მოჰკრა ყური; ჭიაბერს ახსენებდნენ ისინი ხშირად. ყველაზე
ხმამაღლა ბოქაი როხროხობდა. უწყრებოდა უმცროს ძმებს რატომღაც.
ბოლოს ერთობლივ სტკეცეს მათრახი ცხენებს და ჭენებით მიაშურეს
ქორსატეველას ციხეს.
*
წყენის ჩრდილმა გადაირბინა შორენას სახეზე. არსაკიძემ მიზეზი ჰკითხა,
მაგრამ ნამდვილი მიზეზი არ ამცნო, ქალმა, რადგან არ უნდოდა ჭიაბერის ხსენება
კვლავ.
კონსტანტინე მდუმარედ მისდევდა გვერდით, ახლა მასაც მოაგონდა
ეშვებიანი ბოქაი და მისი ძმები, ჭიაბერის ტირილზე ნახუნლი.
საჭოჭმანო ეგ იყო: რაინდთა წესისამებრ არ მისალმებიან ისინი შორენასა და
მის მხლებლებს რატომღაც.
შორენას ცხენი დაწინაურებულიყო. არსაკიძემ დეზი ჰკრა თავის ულაყს.
წამოეწია. ეუბნება ალერსიანად:
“იცი, შორენა, მე მაინც არ გირჩევდი კვეტარის ციხეში ამჟამად ჩასვლას. შენ
ხომ აღკვეთილი გაქვს მეფისაგან ფხოვს გამგზავრება?”.
“განა მარტო მე? შენც აღკვეთილი გაქვს ფხოვს ჩასვლა, უტა. მაგრამ შენ
პირველ გოდოლამდის მიმაცილებ, მერმე მე და ზნაურაი ვივლით მარტონი,
მთვარიანი ღამე იქნება ალბათ, რა გვიშავს?
შენ რომ გულისხმობ, ის საფრთხე უკვე განვლილია, უტა, ასე რომ, მამას
ვინახულებ და ზეგვე გამოვბრუნდები მცხეთას”.
“რომელი საფრთხე, შორენა?”
“ზნაურამ ჩამოგვიტანა ამბავი, შენი იჭვები ზედმიწევნით სწორი აღმოჩნდა.
ხევისბერები გადაუდგნენ მამას. ვგონებ ეს მისი ბრალია, მამას არ უნდოდა
მამამზესთან შერიგება, ხოლო ხევისბერები ამას მიელტვოდნენ სწორედ, საერთო
ძალით გავტეხოთო მეფე გიორგი.
მე მაშინაც ვხედავდი ამ საფრთხეს, მაგრამ სიტყვა მქონდა მიცემული. ჭირის
გაჩენის შემდეგ მცხეთის ციხეები რომ არ ჩაეკეტათ, უთუოდ ჩავიდოდი ფხოვს”.
შორენა დადუმდა და არსაკიძემ სიტყვა ჩაურთო:
“ასეა, ჩემო, ურმით დადის ბედისწერა ამქვეყნად, რაც უნდა ჩქარა ირბინო,მაინც წამოგვეწევა ბოლოს”.
“ეგეც სწორია, უტა, ურმით დადის ბედისწერა თურმე, მეც გადავწყვიტე
შევურიგდე განგების ნებას.
მცირე იმედი მაინც ჭიატობს სადღაც. გირშელი მთავართა სანათლოის
რწყილებმა გააქციეს, ეგებ გიორგი მეფეს თავზე ჩამოენგრა პალატები უფლისციხეში
გუშინ.
დროული კაცებისაგან გამიგონია: სარკინოზებთან ომის დროს დაქცეულაო
უფლისციხის სასახლე ერთხელ”.
გული მოუკლა არსაკიძეს ამ სიტყვებმა.
ისე საწყალობელი და უმწეო სჩანდა შორენა ამ წუთში, ერთი გაიფიქრა:
წავყვები კვეტარში, მთაში გადავმალავ მცირე ხანს, მერმე ლაზისტანში გადავიყვანო
ჩუმად, მაგრამ გაახსენდა გიორგისათვის მიცემული ვაჟკაცური სიტყვა,
სვეტიცხოველიც დაუმთავრებელი იყო და როგორც ქინაქინის შესმისას შეძაგძაგდება
ციებით სნეული, ისე შეირხა ცხენზე და დეზი ჰკრა მას, რათა თავიდან მოეცილებინა
ეს საშინელი ფიქრი.
მდუმარედ მიჰყვებოდა არსაკიძე დამრეცილ ბილიკებს და ნატრობდა
ვაჟკაცობას ხარირემისას.
XLIX
ხუთივე მხედარი დაუცხრომლად მიაჭენებდა ქორსატეველას ციხისაკენ
ცხენებს. როცა ვიწროებს შეუდგნენ, ძლიერ გასჭირდა სწრაფად სვლა. ქორწილზე
ეჩქარებოდათ ჭიაბერის ძუძუმტეებს, მაგრამ ქორწილზე მეტად სხვა რამესაც
მიესწრაფოდა ბოქაი, ამიტომაც არ ზოგავდა თავის ფეხკავშა ულაყს.
ძმათა შორის ახალგაზრდებს ქეიფი უფრო ახალისებდათ, ტოხაისძისა და
კატაის ქორწილში ქეიფი, რადგან კარგი მომღერლები იყვნენ, ხოლო ცცოი, ყველაზე
უმცირესი ძმებში, ჩინებულად უკრავდა ქნარს და საკუთარ შაირებს ზედ ამღერებდა
ტკბილად.
ამიტომაც ისრის მისაწვდენზე მისდევდნენ უმცროსები უფროს ძმას. ყველაზე
ბოლოს ცცოი მიაფენდურებდა თავის თოხარიკ ცხენს.
როცა ქედფიცხელმა ბოქაიმ ცხენი მიაგდო პირველ გოდოლზე, გუშაგებმაც
ციხის კარი გაუღეს, ჩამოხტა ბოქაი მარდად, კოჭლობით წავიდა თავადი ციხისკენ.
ხუთივენი მის მაგალითს მიჰყვნენ. იგინიც ოდნავ კოჭლობდნენ სიარულის
დროს, რადგან ხანგრძლივ ჭენებას ცხენისას ბარძაყები დაებუჟა მათთვისაც.
ეზოში კოცონები ენთო, მთლიანი ხარები, დეკეულები და ხბორები
შეეფიცხებინათ ზედ. თავშიშველა მონები ატრიალებდნენ შამფურებს. კისერს
იღრეჯდნენ. ათვალიერებდნენ ციხის ეზოში შემოსულ ოვსებს.
თავადი ციხის კიბიდან ტოხაისძე მოვიდა სწრაფად, მიეჭრა ბოქაის, მარჯვენა
მხარზე აკოცა, მერმე დანარჩენ ხუთ ვაჟკაცსაც ასევე მიესალმა.
ბოქაიმ ნეკერჩხლის ქვეშ გაიხმო ტოხაისძე.
სამზერიდან ხედავდა კატაი, თუ როგორ დაცუცქდნენ ორივენი ხის ძირას და
იდუმალის გამომეტყველებით ეჩურჩულებოდნენ ურთიერთს დიდხანს.
ისევ ამოვიდა კიბეზე სიძე, ახლა მამამზე ჩამოიყვანა ძირს. მასაც აკოცა
მარჯვენა მხარზე ბოქაიმ. უზარმაზარი მკლავებით დასწვდა მახლობლად გდებულ
ლოდს. მიუჭირვებლად აიღო და ნეკერჩხლის ქვეშ დააგდო.
ლოდზე წამოჯდა მამამზე, ბოქაი და ტოხაისძე ისევ დაცუცქდნენ მიწაზე დაგანაგრძეს ჩურჩული.
"მარტო დიაკვანი ახლდა, ზნაურაი?"
ხმამაღლა შეეკითხა მამამზე ბოქაის.
"არა, ერთი ვაჟიც ფხოვურად ჩაცმული".
"შავგვრემანი? "
"არა, ქერა, მე ვიტყოდი, წითური".
"მაღალი?"
"არა, საშუალო ტანისა" .
"არსაკიძე იქნება, ალბათ".
შენიშნა მამამზემ .
"ჩოფურა, არა?"
იკითხა ტოხაისძემ.
ეს დაადასტურა ბოქაიმ.
"არსაკიძე უთუოდ".
დასძინა ტოხაისძემ.
"შეკოჭეთ და აქ მომგვარეთ სამივენი.
ასე ამბობენ: თავის ძუძუმტეს ყვარობსო კოლონკელიძის ქალი. მე მაგას
ვუჩვენებ როგორი გლოვა ეკადრება ჭიაბერის საცოლეს.
ისეთ დილეგში ჩავაგდებ, სანატრელი გაუხდეს მზის შუქი" .
მტკიცედ სთქვა მამამზემ.
"მეფე გიორგი? " ...
იკითხა როყიოდ ბოქაიმ.
"იცი, ჩემო ბოქაი, მე ასე მჩვეოდა ომებში: მუდამ უნდა ეცადო შენ პირველი
ეძგერო მტერს.
სულ ერთია კატაისა და ტოხაისძის შეუღლებას არ გვაპატიებს მეფე გიორგი.
გარდა ამისა, ეს საბაბი იქნება, ჭიაბერის სისხლის ასაღები საბაბი" .
ესა სთქვა და ტოხაისძეს გადახედა მამამზემ.
L
შავი არაგვი შორს იყო ჯერაც, ზნაურას ცხენი დავარდა სავსებით.
ფეხდაფეხ მისდევდა მხედარი, სახრეს უშენდა, ლანძღავდა პირუტყვს.
ბევრს ეცადა არსაკიძე, მაგრამ უგუნებობა ვერ გადაჰყარა შორენას. რაც უფრო
ახლოს მიიწევდნენ ფხოვის მიწისკენ, უფრო მოუთმენელი ხდებოდა იგი.
დიაკონი და მისი ჯაგლაგა ცხენი ფრიად აყოვნებდნენ მგზავრობას. სიკვდილს
ებრძოდა თავქვე დაკიდული ინდოური, მოეშვებოდა ფეხებზე შებმული თასმა,
დაყუნცდებოდა დიაკონი, ახლა ინდოურს დაუწყებდა გინებას. ისევ შეიბამდა წელზე,
კვლავ ცხენს დაუშენდა სახრეს.
ცხენს შეაყენებდა შორენა, მოხედავდა ზნაურას კი არა, გზას.
ერთხელ ასეთი რამეც უთხრა არსაკიძეს: მოდი, ზნაურა დავტოვოთ, ჩვენ
ორთა ვიაროთო სწრაფად.
გზა არ იცოდა არც ერთმა, კითხვა-კითხვით სვლას ისევ დიაკონთან ერთად
სიარული არჩიეს.
მთის ცხვირს ჩრდილიდან შემოუარეს, მაგრამ გზა აღარ იყო უკვე, ხევ-ხევ
უნდა ეარნათ, რადგან წყალს წაეღო გზა, ხოლო ხევი ისე დახერგილი იყო ლოდებით,
ცხენებს მუცლამდე წვდებოდნენ ისინი.ხევი მოათავეს, ახლა უფსკრულების შემრეცილ კიდეებს მიჰყვა ბილიკი,
მხარმარცხნით მთები იყო, მხარმარჯვნით ქარაფები, ხოლო ქარაფების გადაღმა
დეკათი მოფენილი ტაფობი მისდევდა ბილიკს.
შორენას და არსაკიძესაც ტაატით მიჰყავდათ დაღმართში ცხენები.
"გახსოვს, უტა, ტყეში რომ შემოგვაღამდა ერთხელ, ორი დიდოელი თავს
დაგვესხა, მე გატაცება მომინდომეს, შენ ხმალი გააშიშვლე, ერთი დასჩეხე, ხოლო
მეორე ქარაფიდან გადაიხვეწა. ახლა რომ თავს დაგვესხას ვინმე, ნეტავ, შენ რას იზამ
უტა?"
"მე ამის პასუხი მომიცია შენთვის. არ მიყვარს ქადილი. ჩემო".
სწორედ ამ დროს გაიშხუილა მათრახმა და უკანიდან ყვირილი შემოესმათ.
ჩოხიანებს ზნაურაჲ შეესვათ ცხენზე. ორი მხედარი უკან მოჰყვებოდა, მათრახს
უშენდნენ ხან ცხენსა და ხან კაცს.
ცხენი შეაბრუნა არსაკიძემ, მშვილდი ჩამოიღო მხრიდან.
წინ გადაუდგა შემობრუნებულ მხედარს ბოქაი.
ხმლისამოუღებლად უყივლა:
დაგვნებდიო!
როცა არსაკიძის მიერ გასროლილი ისარი თვალის უპეში მოხვდა,
ჩამოუქროლა, ხმალი ააცდინა და დაუჭრა ცხენი.
გზა ვიწრო იყო. ძლივს იკავებდნენ დუჟმორეულ ულაყებს.
ზნაურაჲ და მისი ჭაკიც გაჩხირულიყვნენ ზედ. ამიტომაც სწრაფად ვერ
შემოუტიეს დანარჩენებმა.
შორენამ ისარი მიაყოლა ბოქაის, იგი უკვე უნაგირიდან გადმოკიდებულიყო,
მიჰქროდა ცხენი, ხელებით მიფოცხავდა პატრონი მტვერს.
არსაკიძე გადმოხტა, იფარა ცხენი.
ორმა ძმამ ჩამოუქროლეს, უმარჯვოდ მოუქნიეს ხმალი. ცხენი მოუკლეს,
დასჭყივლეს. უკან გამოუდგნენ ბოქაის, ორსაც ზნაურა ებღაუჭებოდა; კეტივით
იქნევდა დიაკონი ხმალს.
შორენამ აზარაის დაატაკა მკერდულით ცხენი, რაინდი მოერიდა დიაცთან
შებმას. არსაკიძეს გადაუქნია ხმალი, თავისი დაახვედრა ბარძაყში დაჭრილმა, მაჯის
ქვემოთ წააცალა ხმლიანი მარჯვენა.
ახლა ზაზას გადაუდგა კოლონკელის ასული ცხენდაცხენ, მკლავში სტაცა
ვაჟკაცმა ხელი, ორივეს დაუფრთხა ცხენები, არსაკიძეს ჩაუქროლა ოვსმა, ხმალი
დააცდინა, ვერც ცხენი შეიკავა დროზე.
ზნაურამ იდროვა ამ აურზაურით, ხელიდან გაუძვრა ცცოის და მიჰყვა
ჭენებით შორენას.
ხმალშემართული წამოვიდა ცცოი. ხმალი შეაგება ლაზმა, მაგრამ ასხლეტილი
მახვილი მაინც მოხვდა მარცხენა მხარზე. შეჰქანდა, გადაეშვა ქარაფიდან
უფსკრულში.
ცხენი შემოაბრუნა ცცოიმ, დასჭყივლა მჭახედ, გადმოხტა, მაგრამ ვერსად მიაბა.
ბოლოს მოისაზრა: მოკლულის აღვირზე დაემაგრებინა.
კბოდედან ძირს ჩასვლა დაეზარა, თანაც შეებრალა დაკოდილი ვაჟკაცი, ისევ
შემოახტა ცხენს და გაჰყვა დანარჩენ ძმებს.
დიდხანს იკოტრიალა ორგზის დაჭრილმა თავდაღმართში, დეკას კლერტოებს
ებღაუჭებოდა, მიგორავდა უფსკრულისაკენ. უვნებლად მიაღწია ხევს, მცირე ხანს
იწვა გატვრინული, გრძნობდა, თუ როგორ სდიოდა სისხლი.
ბოლოს წამოდგა არსაკიძე გაოგნებული. ცალი ხელით ჩოხა შეიხსნა, პერანგიგაიძრო, ხმლით დაჰკეპა იგი, მხარი და ბარძაყი შეიხვია ძლივს.
ხმალს დაბჯენილი ამოფორთხდა გზის პირად. ყური მიუგდო ჩქამს.
ადამიანის ჭაჭანება არსაიდან ისმოდა. მხოლოდ ჩხიკვები უხმობდნენ საღამოს, როჭო
წიოდა საწყალობლად დეკაში.
ასე ფიქრობდა კონსტანტინე:
სადმე გადავაწყდებიო ცხენოსნებს, შევაკვდებიო მტერს.
ზნაურას ქუდი და მკვდარი ინდოური ეგდო ბილიკზე. გაუვლიათო, იფიქრა,
ისევ გამობრუნდა უკან.
მიდიოდა ხმალს დაბჯენილი, მიკელანობდა, იცლებოდა სისხლისაგან,
სისხლმოწყურებული.
ცხენების თქარუნი შემოესმა ანაზდად.
კუნელის ბუჩქები შენიშნა ქარაფის კიდეზე. გაინაბა. ხმალშემართული
უცდიდა მტერს.
მწუხრი ეშვებოდა მთების უბეებში. დასავლეთისაკენ ელავდნენ ღრუბლები.
სამი მხედარი ჩამოდიოდა დაღმართში. ორი ცხენი თან მოჰყავდათ მარქაფად.
დააცქერდა: შუბოსნები აღმოჩნდნენ.
ოვსები არ უნდა ყოფილიყვნენ ესენი, ჰოროლები თან არა ჰქონდათ ბოქაისა და
მის ძმებს.
ქართული ლაპარაკი შემოესმა ჩასაფრულს.
ხმალს ზედ დაეყრდნო, წინ გადაუდგა მხედრებს.
ჰკითხავდა: სხვა ცხენოსნები ხომ არ შეგხვედრიათო გზაზე?
ხევს გადაღმა ვნახეთ ცხენოსნები, ქორსატეველასკენ მიდიოდნენო ტაატით.
სამი რაინდი მიათრევდა მკვდარს. ერთ შეცხადებულ დიაცს ძლივს ამაგრებდა
ორი.
მელოტო ბერიკაცი უკან მისდევდაო უქუდო.
შუბოსნები ლარგვისის ციხისთავის წარგზავნილები აღმოჩნდნენ.
როგორც კი გაიგეს, მძიმედ დაუჭრიათო ხუროთმოძღვარი მეფისა, ცხენზე
შესვეს და მცხეთისაკენ გააქროლეს დაუყოვნებლივ.
LI
მახვილო,
მახვილო, აღსდეგ, რათა ელვიდე ხილვას
შენსა ამაოსა და მისნობასა შენსა
ცრუსა.
მეფე გიორგი სავსებით მოულოდნელად ჩამობრუნდა სამშაბათს მცხეთაში.
ზვიადმა საკაცით მოაყვანინა სასახლეში ხუროთმოძღვარი მეფისა, წვრილად
გამოჰკითხეს მას ყოველივე.
ცხადი იყო, ეს გამომწვევი თავხედობა მამამზე ერისთავისა ომის საბაბის ძიება
იყო მხოლოდ.
იმ დილითვე აფრინეს მალემსრბოლი ყველის ციხის პატრონთან.
საღამოს დარბაზის ერნი აწვია მეფემ. ერთხმად გადაწყდა: ერთი კვირიაკეს
მოქცევის შემდეგ ლაშქარი წარეგზავნათ, ბალავრიანად ისე დაერღვიათ
ქორსატეველას ციხე, მესახსოვრეც არ დარჩენილიყო მამამზის ოჯახიდან.
რაღაც ბედად შავი ჭირი მოეშვა ხალხს.მეორე დღეს ახალი ცნობები მოიტანეს ზვიადის მსტოვრებმა: მუროჩი
ქალუნდაური და ხუთი ხევისბერი მამამზეს მიმხრობოდნენ. მხოლოდ უშიშა
ღუდუშაური შერჩენოდა კვეტარის ერისთავს.
ასე რომ, მარტოოდენ წანარნი და ოვსნი როდი უწევდნენ თანადგომას
მამამზეს, არამედ ფხოვის ხევისბერები და მათი ლაშქარიც.
ციხოვანსა და უციხო აზნაურებს წანართა მხარისა ქორსატეველას ბასტიონში
გაეხიზნათ
დედა-წულნი,
საცხოვარი
და
ხვასტაგი.
ციხესთან
მისასვლელი ,,იწროები" გაემაგრებინათ, კოლონკელიძის ასული და დიაკონი
ზნაურაჲ დილეგში ჩაეგდოთ, ხოლო შორენას საწმერთული, ხოხბისყელისფერი,
თავადიციხის ზეთავზე დაეკიდნა ტოხაისძეს.
ხელახლა შეემუსრათ მონასტრები და ეკლესიები, ცხენის ძუაზე გამოებათ
მღვდლები.
იმავე დღეს გზირები წარგზავნა ზვიადმა მთაში, ჩრდილოდან უნდა მოეარნათ
ქორსატეველას ციხისათვის. მამამზეს წარდგომოდნენ, "ვითარცა კალატოზნი,
საშოვარის მაძიებელნი" , რადგან იცოდა გიორგიმ, სწორედ ხელოსნები სჭიროდა
იმჟამად ერისთავს, ციხეების შემკეთებელნი.
უშიშარაისძეს, პიპას, ერთი ქისა ოქრო გაატანეს, დაავალეს: რომელიმე
გოდოლის კლიტენი ჩაეგდო როგორმე ხელში.
შაბათ დილას კახაი მოვიდა ლაშქრითურთ, სამცხის ჯარების პატრონი, ხოლო
ნაშუადღევს გირშელმა მოაწია. ათასი რჩეული მოისარი თან ახლდა ერისთავს, ორი
ათასი შუბოსანი, შავშეთელნი, მხოლოდ მიმწუხრზე შემოვიდნენ მცხეთაში
დაფდაფების ცემით.
მეორე დღეს უთენია გავიდნენ ჯარები.
სეფე დროშა წარუმძღვარეს ლაშქარს, დროშას ჯვარის მტვირთველი და
მთავარეპისკოპოზი მიჰყვებოდა თოროსან ცხენზე შემჯდარი, თავათაც თორი ეცვა
რაჟდენს.
გირშელი მემარჯვენე ლაშქარს უსარდლეს, სამცხის ჯარებს კახაი, ხოლო
მემარცხენეს ზვიად სპასალარი.
მეფე მოგვიანებით გავიდა მცხეთიდან, აფხაზ მოისართა ერთი ათასეული,
ექვსასი შუბოსანი ქართლელი და ლოდსატყორცნები უკან მიჰყვებოდა მეფის ამალას.
თავის ოქროსფერ ულაყზე იჯდა გიორგი, ბაგრატეული მუზარადი ეხურა,
ოქროცურვილი, სალმასურის თორი ეცვა ვერცხლისა.
გირშელი დაუზოგავად მიერეკებოდა ჯარებს, იხოცებოდნენ ქუშამომჯდარი
ცხენები, ყველის ციხის პატრონმა გადაასწრო ზვიადისა და კახაის ათასეულებს.
ბინდდებოდა, როცა ქორსატეველას ციხე გამოჩნდა, ოთხი გზირი შემოეგება
ერისთავის ლაშქარს.
უშიშარაისძე პიპა და სამი მსტოვარი კალატოზებად აეყვანა ტოხაისძეს
მიწისძვრისაგან
დაზიანებული
გოდოლების
შესაკეთებლად,
ვიწროები
საგორავებითა და ხანდაკებით გაამაგრესო.
ტოხაისძე ოვსთა ჯარით დაგიხვდებაო ვიწროების ყელთან. ქორსატეველას
ექვსი ათასი მეომარი იცავსო, წანარნი, ფხოველნი და ოვსნი.
უკვე შეღამებული იყო, როცა ზვიადი წამოეწია გირშელსა და მის ლაშქარს.
ყველის ციხის პატრონი ვეღარ ითმენდა, შეღამებამდის ვეძგეროთო იწროებს.
სპასალარი დილამდის არ აპირებდა შეტევას. წალაპარაკდნენ გირშელი და
ზვიადი, სამცხის ჯარების პატრონი ჩაერია მათ პაექრობაში. როგორც იქნა, დაუჯერა
გირშელმა კახაის, ერისთავთაგანს უხუცესს.ბოლოს მეფემაც მოაწია და ტყეში გაათია სამივე ლაშქარმა ღამე.
გარიჟრაჟზე ნისლი დაეცა ტყეს.
გათენდა, მაგრამ ჯანღი არ აპირებდა გაფანტვას.
გირშელის სპანი გამოვიდნენ პირველად ველზე, აქ კი სავსებით უცნაური
სანახაობა დაუხვდათ შავშეთელებს. იწროების ყელთან შავნაბდიანი მხედრები
იდგნენ, ჯერ ისრები დაუშინეს სპათა. ხმა არ გაიღეს შავით მოსილთა.
მაშინ
შემართული
ჰოროლებით
ეძგერნენ
გირშელის
ცხენოსნები
შავნაბდიანებს მხარმარცხნიდან. მხარმარჯვნიდან ზვიადის ჯარებმა შეუტიეს
მტრებს, მაგრამ სად იყვნენ მტრები?
საომარი ხრიკი ეხმარა ტოხაისძეს, ველზე დარჭობილ ჯოხებისათვის ჩაეცვათ
ნაბდები, მთიულური ქუდები ზედ დაეხურათ.
როცა ეს საფრთხობელები გადალახეს მეწინავე მხედრებმა და სიცილით
მიაშურეს ვიწროებს, ველზე გამართულ ხანდაკებიდან ამოცვივდნენ ოვსები და
ფხოველნი. ჰოროლები აძგერეს სამეფოის სპათა. ცხენები დაუხოცეს მეწინავეებს.
სამი მხრით შეუტიეს გირშელმა, კახაიმ და ზვიადმა. უკუაქციეს მეამბოხენი.
იწროებში შერეკეს მტერი.
იწროებს ქარაფები ახლდა მარჯნითა და მარცხნით, ცხენოსნები ზედ ვერ
ადიოდნენ. ოვსნი და ფხოველნი თხებივით დახტოდნენ, ქვებსა და ისრებს უშენდნენ
ხევში შემოსულ ლაშქარს, ღრიალებდნენ, კვარის ჟინჟღილებს ატრიალებდნენ,
ამგვარად აფრთხობდნენ ცხენებს.
სცეს საყვირები შავშეთელებმა და ეკვეთნენ ოვსებს. მაშინ დაუშვეს
ქარაფებიდან საგორავები, იჟლიტებოდა ცხენი და კაცი, ფრთხებოდნენ გახელებული
ულაყები, კლდეზე ახლიდნენ თავიანთ მხედრებს.
შედრკნენ შავშეთელნი და სამცხელნი, უკუქცევას დაადგნენ წინანი, ხმალი
იშიშვლა სამივე სარდალმა, უყივლეს მონასპებს, შებღავლეს ჯარს: "მზეგრძელი იყოს
მეფე გიორგი!"
ისევ დაუშვეს ქარაფებიდან საგორავები. თვალის დაფახულება ერთი, ცხენსა
და კაცს სისხლის გუბედ აქცევდნენ ლოდები.
ქვის ნამსხვრევებიც თვალებს უვსებდნენ მხედრებს.
ცხენი გამოუკლეს გირშელს, კახაის პირში ეცა კაჟის ნამუსრევი. ბაგეებიდან
გადმომსქდარმა სისხლამა შეღება მისი მშვენიერი, თეთრი წვერი.
გირშელი ქვეითად გაუძღვა თავის ჯარს. წარბიც არ შეუხრია კახაის. ჰოროლსა
სცემდა მოხუცი სარდალი ოვსებს თანაც ამხნევებდა სამცხელ შუბოსნებს .
სისხლში ამოგანგლული მხედრები და ცხენები აქელებულნი მიდიოდნენ
აღმართში, ჰოროლითა და ხმლით ჰკაფავდნენ მტრებით დახერგილ გზას.
ბოლოს, ჭილყვავივით გამოცვივდნენ ხმალშემართული ოვსები. შემზარავი
ყიჟინით შეებნენ მეწინავეთა. შედრკა გირშელის ლაშქარი. უკუიქცნენ დაფეთებული
ცხენები.
რა დაინახეს მეფე გიორგი მოდისო, ისევ შებრუნდნენ ნაგვემი მხედრები.
დაწინაურდნენ აფხაზები და ქართლელები. ომებში მრავალნაცადი მახვილი
გააშიშვლა მეფემ. დეზი ჰკრა თავის ოქროსფერ ულაყს.
სწორედ ამ ადგილას ფართოვდებოდა ხევი. გადმოიჭრნენ ლოდების
საფარიდან ოვსთა და წანართა აზნაურები. ოვსთა თავადი მიუძღოდა მათ თუზარაი.
ყორნისფერ ულაყზე იჯდა ყორანზე უშავესი დევკაცი.
ხმალშემართულმა
მოაშურა
მეფეს.
შემოუქნია
გიორგიმ
მახვილი
სამკლავიანად წააჭრა მკლავი.დაწინაურდნენ აფხაზები და სამცხელები სცეს ჰოროლები წანარებსა და
ოვსებს თხების არვესავით წინ გაირეკეს აზნაურები.
იწროები მოათავეს თუ არა, ტოხაისძე შეება ოვსთა ჯარით გიორგის. ჩალის
ღერებივით დაულეწეს მთეულებს ხმლები სამეფოის სპათა, უკუაქციეს მტერი.
ტოხაისძე დაიჭრა მსუბუქად, სამი აზნაური დასტოვა ველზე, ასიოდე
მხედარი და ერთიც, ხევისბერი, მისურაული ზეზვაი.
ციხეში შებრუნდა ტოხაისძე, დაგმანეს გოდოლის კარები.
მეფემ ბრძანა და ზვიადმა კაცი მიუგზავნა მამამზეს:
ნუ დაგვაღვრევინებო ამაოდ სისხლს მეფის სახელით ჰპირდებოდა: კიდე
ერთხელ გაპატიებთო განდგომას. ბაგრატ კურაპალატის სიყრმის მეგობარს.
თავადიციხეც უვნებლად დაგრჩებათო სიბერისათვის შენ და ბორდოხანს.
შემოთვალეს ციხიდან: დედოფალი მობრძანდესო, თუ მარიამ მაცხოვრის
ხატზე დაგვიფიცავს, მხოლოდ იმას მივენდობითო.
უპასუხა ზვიადმა მოციქულების პირითვე :
ავადააო დედოფალი, უფლისციხეში.
მაშინ მეფემ ბრძანა და საფარები ააგებინა ციხის მისასვლელებთან,
ლოდსატყორცნებიდან დაუშინეს ოთხივე გოდოლს.
ახლა მამამზემ გამოგზავნა შუაკაცები:
მელქისედეკ კათალიკოსი მოვიდეს, უფიცოდ ვენდობითო მღვდელმთავარს.
არტანუჯშიაო მელქისედეკ კათალიკოსი, დააბარა ზვიადმა წარგზავნილს.
მცხეთის მთავარესპიკოპოზი რაჟდენი მოვაო კათალიკოსის ნაცვლად.
კარავი დაადგმევინა პირველი გოდოლის მახლობლად მამამზემ.
თავის კარავიდან უჭვრეტდა გიორგი.
გამოვიდა თეთრწვერა, ახოვანი მამამზე, გაფითრებული სავსებით.
უთოროდ, უმუზარადოდ, ჯვარაპყრობილი მიეახლა რაჟდენი.
დაიჩოქა მამამზემ. ცალი ხელით ხმალს დაებჯინა. ჯვარს წაეპოტინა ცალითაც.
ეამბორა ზედ. შემდგომ ამისა ეპისკოპოსს ემთხვია ხელზე.
მცირე ხანს ისაუბრეს ორთა: ბოლოს ისევ ციხეში შევიდა ერისთავი, და
რაჟდენმა ეს მოახსენა მეფეს:
მამამზე შევრდომებას მოითხოვდა არა მარტო თავისთვის, ოსთა და წანართა
აზნაურებსაც არ უნდა ვნებოდა რაიმე, ქორსატეველას ციხის პატრონად უნდა
შეერაცხა მეფეს ერისთავის ასული კატაი, და მისი ქმარი ტოხაისძე შავლეგ.
კოლონკელიძის ასული ოსთა მეფის უმცროს ვაჟს, ვარაზს უნდა გაჰყოლოდა
ცოლად, კვეტარის ციხე მზითევად უნდა რგებოდა შორენას.
თორი ჩაიცვიო, ეუბნება კათალიკოსის მოსაყდრეს მეფე, უსიტყვოდ გავიდა
კარავიდან, სამასი მონასპა წარგზავნა ქორსატეველას ბასტიონის გარშემო მცველად
გზებისა,ხუთი კალატოზი წყაროების მოსაწყვეტად გაატანა მათ.
გირშელ ერისთავმა აიჩემა: მე ავიღებო პირველ გოდოლს მზის გადახრამდის.
ზვიადს არ ეპრიანა ეს, მაგრამ დადუმდა. მეფემ ბრძანა და სეფე დროშა აიღო დროშის
მტვირთველმა. სცეს საყვირები სამეფოის სპათა და მიუშვეს პირველ გოდოლზე
გირშელის ლაშქარი.
კვლავ გააშიშვლა ყველის ციხის პატრონმა მახვილი, სარკინოზების სისხლით
შესვრილი მრავალგზის.
ჩამოეგებნენ ხმალამოწვდილი აზნაურები ციხიდან, მაგრამ დაწინაურდა
გირშელი, თივასავით დასცელეს მეციხოვნე სპანი შავშეთელთა.
ქოსსა ჰკრეს ქორსატეველას ციხეში. ახალი და ახალი რაზმეულები მოერთვნენპირველი გოდოლის მცველ ფხოველებს. ისევ გამოუკლეს ერისთავს ცხენი, მისწვდა
განრისხებული გირშელ ცხენის მკვლელის ბედაურს უკანა ფეხზე. ბატკანივით
დაითრია იგი და მხედრიანად გადასტყორცნა კბოდედან.
ახალი ცხენი მოართვა მეაბჯრემ, ფიცხლად მოახტა, ისევ უყივლა რისხვიანად
ჯარს, ისე დაერია ოვსებსა და წანარებს, როგორც ავაზა ძუ მწევრებს, ბოკვერების
წარმტაცებელთა.
"მაშინ ჩამოუშვეს გოდოლის ჩარდახიდან საგორავნი ურიცხვნი, დაასხეს ქვა
და შუბი მსგავსი წვიმისა. შე იქმნა სიმრავლე ისრისა, ვითარცა სეტყვა, ზემოდან
ნატყორცნმა ისარმა ფარი და ჯაჭვიანი კაცი გაიარა, სანახევროდ ჩაერჭო მიწაში".
შედრკნენ შავშელები, მაგრამ ისე უყივლა ლაშქარს ერისთავმა, კვლავ
გამართეს ჰოროლები გირშელის სპათა, ცხედრებზე მიაბოტებდნენ მხედრები და
ცხენები, გორგალივით მოგორავდნენ დაღმართში, ზოგნიც ჭიხვინებდნენ და
სცვივოდნენ მხედრიანად უფსკრულში, ილეწებოდნენ ჯაჭვის პერანგები,
გოგრებივით სქდებოდნენ მუზარადები.
მოუთმენლობამ შეიპყრო გიორგი, თრიაქსა სწევდა დაუცხრომელად, აღარ
იცოდა, რომელი უფრო შეაწუხებდა: გირშელის გამარჯვება, თუ დამარცხება?
ზვიადი ნაწყენი იყო გირშელის მიმართ, პირველი გოდოლის შელეწვაც თავათ
ეწადა, იცოდა, არც მეფეს უხაროდა ეს. გულის გარედან ეუბნება გიორგის:
მაშველ ჯარს თხოულობსო ყველის ციხის პატრონი.
ასე ვარაუდობდა მეფე: თუ პირველ გოდოლს გირშელი აიღებდა, თავადიციხე
მას დარჩებოდა, გაახსენდა: მცხეთაშივე დანაქადნები მის მიერ: ქორსატეველა თუ
ავიღე , მეორე დღესვე შევირთავო კოლონკელიძის ასულს.
ბრაზი წაეკიდა ამ ამბის გულში გამვლებელს, ახლა იგიც მოაგონდა:
მოგაცილებო გირშელს, შორენას რომ შეჰპირდა ავაზებით ნადირობისას. ეუბნება
ხმადაბლა სპასალარს:
"მე ასე მგონია, ზვიად, ამაოდ შეაწყვიტა პირველ გოდოლს გირშელმა სპაი".
მერმე ეს უნდოდა ეთქვა: ნუ მიაშველებო ლაშქარს, მაგრამ ბაგენი მოკუმა და
მცირე დუმილის შემდეგ ასე უთხრა:
"უკუიხმე ახლავე ერისთავი, ღამეს შევუცადოთ, ეგებ ციხის კლიტენი
მოგვაწოდოს პიპამ".
"მეც ასე მგონია, მეფევ ბატონო, კარგი ვაჟკაცია ერისთავი გირშელ, მაგრამ
მოქნევას მოზომვა სჭირია წინასწარ. თუ თქვენი ბრძანება იქნება, ინათლებს თუ არა,
მე გავუძღვები აფხაზთა ათასეულს და სამცხის ჯარებს, მზის ამოსვლამდის
ჩაგაბარებ პირველ გოდოლს ".
მოახსენეს თუ არა გირშელს, უკუქცევას გიბრძანებსო მეფე, განრისხდა
ერისთავი. ახლა ჯიბრზე გაუდგა სისხლისმიერ ნათესავს. თანაც გაახსენდა ფხოვში
ნათქვამი მის მიერ: ჩემთან ჯიბრი გადაგიტანსო, გირშელ. მაინც არ შედრკა უჯიათი
ვაჟკაცი, რომელსაც დასცინოდა კიდევაც ხუმრობით მეფე: რწყილებისა და ავაზების
გეშინიაო.
კვლავ შეუზახნა ლაშქარს, სცეს საყვირები შავშეთელებმა ხელახლა,
დაწინაურდა გირშელ, გააალმასა ხმალი და ისე შეება მტერთა სიმრავლეს, როგორც
ავაზა მთელს ქარავანს სპილოებისას.
შედრკნენ ოვსნი და ფხოველნი. ტოხაისძემ ციხის კარებთან დასტოვა
კავკასიონის ნაძვებივით აშოლტილი ვაჟკაცები, მკერდგანგმირულნი, ციხეში
შეასწრო თავათ.
ხელახლა გადაჰკეტეს გოდოლის კარნი.მაშინ უბრძანა ყველისციხის პატრონმა შავშთა ათასეულის უფროსს:
შესტეხეთო ციხის კარები.
როგორც იქნა, შეანგრიეს რკინის ჭიშკარი.
პირველი შეიჭრა გააფთრებული ერისთავი გოდოლში, ხევისბერი მუროჩი
ქალუნდაური შემოეგება ხმალშემართული. შემოუტია მამაცმა ბერიკაცმა გირშელს,
გადმოუქნია ხმალი, აქაც არ შედრკა ერისთავი, ხმლის გამართვა ვეღარ მოასწრო,
ლაჯებში სცა მახვილი მტერს .
წაიქცა ხევისბერი თუ არა, ეძგერა ერისთავს გოდერძი ქალუნდაური, გიორგის
მიერ ნაჩუქარი ხმლით გადაუჭრა მახვილი, მეორეჯერ შემოუქნია, თორიანად გააპო
გირშელ.
ისევ ჩაჰკეტეს გოდოლის კარები, უკუიქცნენ მოზღვავებულნი სპანი.
*
ბინდმა გაჰყარა მებრძოლნი.
ბანაკი დასცეს ციხის გარშემო სამეფოის სპათა, კოცონები აანთეს, გზები
შეჰკრეს და წყაროები მოსწყვიტეს ირგვლივ.
ნაშუაღამევს თითისტარი დაეცა მეწინავე გუშაგების ფერხთით, პირველი
გოდოლის კლიტენი ზედ იყო მიბმული.
ახლა წიგნი დაახვიეს თითისტარზე.
მეფე ეკითხება უშიშარაისძეს, პიპას: რა ბედი ეწია ყველის ციხის პატრონს?
ისევ გადმოაგდეს თითისტარი.
ფხოველმა, გოდერძი ქალუნდაურმა ხმლით აკუწაო გირშელი.
მთელი ღამე არ სძინებია მეფეს. იგონებდა ყრმობას, გირშელთან გატარებულს,
მასთან ალერსსა და მასთან გაჯიბრებას.
ფხოვი მოაგონდა და ძმადნაფიცი ქალუნდაური.
გამოუტყდა თავისთავს: უხაროდა დედის დისწულის სიკვდილი. გუშაგები
ყიოდნენ ბნელში, ცხენები ტკბილად ახრამუნებდნენ თივას, გიორგი პირქვე იწვა
თავის კარავში და ფიქრობდა თვალდახუჭული.
როცა მამლებმა იყივლეს ქორსატეველას ციხეში პირველად, მან გადასწყვიტა
მტკიცედ: თუ შორენას უვნებლად გამოიყვანდა ციხიდან, ერთ კვირაში ცოლად
შეერთო იგი.
ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა საყვირები სცეს სამეფოის სპათა. ციხისთავმა კაცი
გამოუგზავნა, პატიება ითხოვა მამამზემ. პასუხი არ გასცა მეფემ. ლოდსატყორცნები
დაუშინეს ოთხივე გოდოლს.
მაშინ ამოსცვივდნენ თავადიციხისა და გოდოლების ჩარდახებზე მამამზის
სპანი, ჯვრები ეჭირათ ხელში, ყვიროდნენ:
"მზე გრძელი იყოს მეფე გიორგი" .
სამზერებიდან, ქონგურებიდან უჩვენებდნენ გარს მოჯარულ ლაშქარს ხის
ჯვრებს და კვლავ ყვიროდნენ:
"მზე გრძელი იყოს მეფე გიორგი" .
გიორგის აღარ უნდოდა სისხლის ღვრის გაგრძელება, მაგრამ ზვიადი ურჩევდა:
ეგ ტოხაისძის მიერ მოგონილი ხრიკიაო, ახალი, ციხეში შეგვიტყუებენ, საგორავებს
დაგვიშენენ, თავებს წაგვაჭრიანო დიდსა და მცირეს.
მაშინ გაუსია მეფემ ლაშქარი ოთხივე გოდოლს, მხოლოდ მესამე დღეს
შელეწეს თავადიციხის კარები, ციხისთავი შემოეგება მეფეს, სამი გოდოლისკლიტენი მოართვა, ფერხთით დაუვარდა გიორგის.
პირველი გოდოლის კლიტენი რა უყავიო?
ეკითხება მეფე.
მოიპარესო, მეფევ ბატონო.
კარგად იცოდა მეფემ, უშიშარაისძემ პიპამ რომ მოისყიდა ციხისთავი.
ზვიადს მიუბრუნდა: თავი მოსჭერით პატრონის მოღალატეს და მამამზე
ერისთავს მიართვითო ახლავე .
თავადი ციხის მთავარ დარბაზში ჩაკეტილიყო მამამზე, როცა მეფის ძღვენი
მოართვეს, გაოცდა ფრიად.
გიორგი და ზვიადი შეიწვია დარბაზში, ფერხთით დაუვარდა მეფეს, მუხლზე
აკოცა და პატიება ითხოვა.
წარბიც არ შეუხრია გამარჯვებულს.
ეკითხება:
ჩემი ძღვენი თუ მიიღეო?
მადლი მოახსენა ერისთავმა.
"ასე მჩვევია, ერისთავთ-ერისთავო, მე. მოღალატეს არ უნდა შერჩეს თავი
მხრებზე. შენ გინდოდა გაგეგო ძვალთა და რკინათა მკვეთელი რკინის საიდუმლო
როგორმე, ამასაც გამოცდი საკუთარ თავზე ".
გაიყვანეთო, ბრძანა ზვიადმა.
ციხის ზეთავიდან ჩამოიღეს შორენას საწმერთული, მამამზე ერისთავის
ჭაღარა თავი აღმართეს ზედ.
ტოხაისძეს საბელი მარყუჟად მოახვიეს ყელზე, ორ ცხენს მიაბეს საბელის
თავები, სცეს ორთავეთა ამიერ და იმიერ, თავი წაწყვიტეს სახლთუხუცესს.
ოთხი ხევისბერი მოაშთვეს იმ დილით.
ქორსატეველას ციხე ზღუდიანად დაარღვიეს.
შორენა გაჭაღარებულიყო ტყვეობში სრულიად, მაინც ჰშვენოდა მშვენიერი
მხცით შემკული თმა.
მცხეთაში ჩამოიყვანეს ერისთავის ასული, გურანდუხტს ჩააბარეს ისევ.
ძლივს მოჰკრიფეს გირშელის ცხედარი, ასო-ასოდ აკუწული ფხოველთა მიერ.
იტირეს წესისამებრ და სამთავროში დაფლეს, კანკელის წინ, სწორედ იმ ადგილას,
სადაც მეფეებს, კათალიკოსებს და ერისთავებს ასაფლავებდნენ წესისამებრ მაშინ.
LII
მელქისედეკი ცას ეწია სიხარულისაგან, რადგან მის მიერ ჩამოყვანილ
ბიზანტიელ სტუმრებს მოთავებული დაახვედრეს სვეტიცხოველი. ნამგზავრი,
ნაავადმყოფარი ძლივს ჩამოიყვანეს ბერებმა ცხენიდან. იმ საღამოსვე ტაძრის ეზოში
გაჩნდა.
ლოცავდა კალატოზებსა და კირითხუროებს, მაგრამ ფრიად დამწუხრდა, როცა
ამცნეს: მძიმედ დაჭრილი ხუროთმოძღვარი ფეხზე ვეღარ დგება, ამიტომაც ვერ
დაუხვდაო შენს უწმინდესობას.
დიდძალი შეწირულებანი ჩამოიტანა კლარჯეთის, სამცხის და ჯავახეთის
მორწმუნეთა, აზნაურთა და უაზნოთა მიერ მორთმეული.
შეამკო და მოკაზმა ტაძარი ოქროითა და ვერცხლითა. შეჭედა
თავათ ”სვეტიცხოველი", კანკელნი და კარნი საკურთხევლისანი, დაასვენა პატიოსანითვლებით დამშვენებული ხატი, ბასილი კეისრის მიერ გამოგზავნილი, თავათ
გამოიღო ორმოცდახუთი, ოქროითა, ვერცხლითა შემკობილნი, თვალითა და
მარგალიტითა მოოჭვილნი, ოქროს ფორტლითა დაწერილნი.
დიდის ამბით ჩამოასვენეს ნოკორნადან ჯაჭვით ნაბამი წმ. გიორგის ხატი
ოქროისა, უცნობი ქართველი ოსტატის მიერ შესანიშნავად ნაქანდაკები (ურჩხულის
ქერეჭი და სამფარეშოსანი ჯაჭვის თვლები იგავმიუწვდენელი ხელოვნებით იყო ზედ
გამოყვანილი).
მოატანინა საყდრის საკაზმნი, მრავალგვარნი საკითხავნი, მატიანენი,
საკმეველნი, საკელაპტრენი-ოქროითა, ვერცხლითა და პატიოსანი თვლებით
დამშვენებულნი სრულად.
დაჰკიდა ოქსინონი, სკარამანგნი დიდ-დიდნი, კეისრის მიერ ბოძებულნი.
სკარამანგნი სხვანი, უფრო მშვენიერნი, გარშემო ოლვილნი, განსვენებულის, ბაგრატ
კურაპალატის მიერ ნაბოძებნი.
შესწირა სვეტიცხოველს სოფელნი “ძმათა თვისთა განძითა ნასყიდნი",
კლარჯეთს, ჯავახეთს, ტაოს და ქვემო ქართლს.
(მათ გამოც შეუვალობის სიმტკიცე ჰქონდა ნაბოძები თავის გამზრდელის,
ბაგრატ კურაპალატის მიერ).
ბოლოს, თავათ დასწერა სიგელი. ყოველივე საბადებელი ტაძრისა აღნუსხა
წვრილად და გაუგონარის სიმკაცრით დასწყევლა ყველა, "ვინცა რამამანცა კაცმა
რაიცა დააკლოს და შესცვალოს".
. . , :. . . . . . . . .
LIII
ტაძრის კურთხევის დღეს დაიძრა ხალხი ნიკოფსიასა და დარუბანდს შორის
გადაშლილ საერისთავოებიდან. არც ტაძარში, არც მის ეზოში და არც მცხეთაში
ეტეოდნენ სტუმრები.
მელქისედეკ კათალიკოსი სწირავდა, თორმეტი თანამწირველი ეპისკოპოზიც
ქართულად და ბერძნულად.
გიორგის ბერძნული ლაპარაკიც სძაგდა, ამიტომაც დაღვრემილი უსმენდა
ბიზანტიელ არქიელებს. დიდის პათოსით ღაღადებდნენ და ღიღინებდნენ ისინი ამ
მშვენიერ ენაზე.
ნაწირვებს დადგა კანკელის წინ მგლისებრ თვალებიანი, ჩია მოხუცი, ჯერ
ოდნავ უხალისოდ ლაპარაკობდა თითქოს, თავდაპირველად ავლში გახვეული
ნაღვერდალივით ღვივოდნენ სიტყვები.
ათასგზის განაგონ ბიბლიურ მითებს უტრიალებდა მელქისედეკი, მაგრამ ისე
ამოდ ჰყვებოდა ამას ყოველივეს, გატვრინული უსმენდა დიდი და მცირე.
ყოველი მისი სიტყვა მტკიცე იყო, როგორც სპილენძი, და სწორედ ისე,
როგორც თრიაქი შეუმჩნევლად მოედება ხოლმე გულს, ძარღვებში სისხლს
ააჩქროლებს, აზვავდება ოცნება, ქვიშის კიბეს მიადგამს ცას, ასე დაეუფლა იგი
სპილენძივით მტკიცესა და თრიაქივით დამათრობელს, სალმასურის ჯაჭვივით
ელვარე ქართულ სიტყვას და შეატოქა იგი აგრეთვე მშვენიერსა და აგრეთვე
ვაჟკაცურს ბერძნულს.
მელქისედეკის აზრები როდი ხიბლავდა გიორგის, არამედ უცნაურირიტორობა მისი, ამიტომაც პირველად თავის სიცოცხლეში უდიდესის სიყვარულით
უსმენდა კათალიკოსს.
თავის ქადაგებაში ორი რამ საგანგებოდ აღნიშნა მელქისედეკმა. "წმინდათა
სწორი დედოფალი მარიამი", ამ ტაძრის დიდი მოამაგე, ავად გახდაო იერუსალიმს
გამგზავრების კვირაძალში.
ახლა არსაკიძის ხიფათის ხსენება დააპირა, მაგრამ მოერიდა დედოფლის
გვერდით მის მოხსენებას, ერთბაშად ისევ ბიბლიურ მითებს მიუბრუნდა, ებრაელთა
ეგვიპტიდან გამოყვანას შეეხო, ყოველი ერი თავის ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს,
ყოველი ხალხი თავისუფალი უნდა იყოსო, როგორც ღმერთი.
დიდის ტაქტით მიუბრუნდა ანტიოქიის პატრიარქთან ურთიერთობას, აქ
სარკინოზებს გადასწვდა, გზები მოგვიჭრესო მაგ წყეულებმა. არსებითად უხაროდა
კიდევაც გულში, რომ სწორედ ამის გამოც დაჰკარგა ანტიოქიის პატრიარქმა ის ათასი
ოქროს დინარი, ხარკად შეწერილი ათას ქართულ სოფლისათვის.
არ უხსენებია იგიც, როცა გზა გაიხსნა, გიორგი მეფის ხმალმა რომ გადასჭრა
გზა.
ამ ადგილას უფრო გულმოდგინედ მიუგდო გიორგი მეფემ ორატორს ყური,
რადგან მელქისედეკი 1021 წლის ზავს შეეხო. ქვეყანამ იცოდა: სწორედ გიორგის
ხმალმა გაჰკვეთა ის საბელი, რომლითაც ბიზანტიის ეკლესია ბოჭავდა ქართულს.
ბოლოს იგი მოიგონა, ვისი ხსენებაც გულით ეწადა პირველად.
"წყეულმა ოვსებმა" . მძიმედ დაგვიჭრესო სვეტიცხოვლის ამგები, დიდოსტატი
არსაკიძე, კიდევ ერთხელ შეაჩვენა რატომღაც ოვსები, "უსაჩინოესი ერისთავის,
გირშელის მკვლელნი" .
მოათავა თუ არა ქადაგება, საკაცით შემოაყვანინა კონსტანტინე არსაკიძე.
თვალი მოავლო ოსტატმა ოქროითა, ვეცხლითა და პატიოსანი თვლებით
მოკაზმულ ტაძარს, ცრემლი დაიძრა, მაგრამ დაიოკა მღელვარება, ჩუმად, სავსებით
ჩუმად წაიბუტბუტა:
"იქმენინ ნათელი!"
კათალიკოსმა თვალი დაადგა ცვილივით გაყვითლებულ სახეს, მიეახლა,
შუბლზე ეამბორა, მერმე გაბრუნდა, გვერდით ჩაუარა, როგორც კეისრის მიერ
ნაბოძებ ღვთისმშობელს, ისე აურაცხელ წმინდანების ხატებათ, ჯიქურ მივიდა
უცნობი ქართველი ოქრომქანდაკებელის მიერ შესრულებულ წმ. გიორგის ხატთან.
ორივე ხელი მოსჭიდა, ადგილიდან დასძრა და შეჰღაღადა:
განკურნეო დიდოსტატი არსაკიძე .
მერმე მთელმა ერმა, ტაძრის შიგნით და ტაძრის ეზოში შებღავლა ღვთაებას:
"განკურნე დიდოსტატი! "
შორენა და გურანდუხტი ერისთავთა დედაწულებთან იდგნენ, როცა
კოლონკელიძის ასულმა არსაკიძის დალეულ სახეს თვალი ჰკიდა და განკურნეო,
იგრიალა ტაძარმა, მას ხმა ჩაუწყდა ხორხის არეში, დაიჩოქა, ილოცვიდა თავის
სიყრმის
მეგობრის
განკურნებისათვის,
მანდილოსნების
ფარჩის
კაბებს
ამოფარებული სტიროდა, ევედრებოდა წმინდანს.
გურანდუხტმა უკმაყოფილოდ ზეაწკიპა წარბები, შორენას ქვითინი რა
შემოესმა, აცახცახდა.
ვაჲთუ მეფის ყურამდის მიიტანონო ეს ამბავი! რადგან მეფე გიორგიმ პირადად
ამცნო მას, როგორც კი იერუსალიმს გაემგზავრება დედოფალი, მეორე დღესვე
შევირთავო შორენას.
სწორედ ამიტომაც ღელავდა: ,,ვიღაც მდაბიორი კალატოზის, ისიც ლაზის"განკურნებისათვის რად აწუხებსო მომავალი დედოფალი წმ. გიორგის?
LIV
დიდი დროშა კარის ალაგთან იდგა.
მეფესთან სადილად აწვიეს იმავე დღეს ერისთავები დედაწულიანად,
ბიზანტიელნი, პატრიციები, მიტროპოლიტები და ეპისკოპოზები.
მელქისედეკ კათალიკოსი, ზვიად სპასალარი, მთავარეპისკოპოზი რაჟდენი,
ჭყონდიდელი, ანჩელი, მაწყვერელი და მტბევარი თავთავის ალაგას იდგნენ, ხოლო
მხარმარცხნით - ბიზანტიელი დიდებულები; კატეპანი ნიკიფორე კასავილა,
პატრიციუს ქრისტეფორე დელფოს, სევასტოს თეოდორე ლამპროს (სამივენი
ვერცხლის ფორიანნი, უხმლოდ), ამორელი მიტროპოლიტი კამახა, სმირნელი იოანე,
როდესელი არქიელი ეპიფანეს, ტრაპეზუნდელი რომანოზ და თორმეტი
უდაბნოთანი ქართველნი.
მეფემ უბრძანა მანდატურთწინამდგომს და მან არგანი დააგდო.
ამირეჯიბმა აიღო იგი.
მანდატურთწინამდგომი მთავარი ტახტის წინაშე მიდგა.
პური მოიღეთო.
ბრძანა მეფემ.
პურის წინაობა იურვა მანდატურთწინამდგომმა.
კათალიკოსი, სპასალარი, განმგეთუხუცესი, დიდებულები და სტუმრები
ზეწამოდგნენ.
მეფე გიორგიმ კათალიკოსი აწვია პირველად.
სუფრა აკურთხა მელქისედეკმა, ილოცა, პირველად მანვე გასტეხა პური.
ტაბაკი მანდატურთწინამდგომმა და ამირეჯიბმა დასდგეს. მოიტანეს
სამეფოის ტაბლანი ოქროისა და ვერცხლისანი, მოიღეს სამწდეურნი ბაგრატეულნი,
ოქროსანი სრულად.
ოქროს ტაბაკზე მარგალიტით მოოჭვილი კოვზი იყო, ვერცხლისტარიანი,
ერთი.
ახლა მოლარეთუხუცესი წამოდგა, მანდატურთუხუცესი თავის ადგილზე
დაჯდა.
კათალიკოსს, ჭყონდიდელს, ქართველ და ბიზანტიელ დიდებულებსა და
ეპისკოპოზებს ამირეჯიბმა დაუდგა ტაბაკი.
განმგეთუხუცესმა სამ-სამი ჯამი მოართვა თითოთა.
საწოლის უხუცესი მწიგნობართუხუცესის გვერდით მოთავსდა, მათ მიჰყვნენ
ხელოსანნი და ხელისუფალნი, ბოლოს მერემეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი და
მეჯინიბეთუხუცესი.
ლოყებღაჟღაჟა, გრძელულვაშიანი, ნიკაპგამოპუტული ჭაშნაგირი იდგა.
მოჰქონდათ შეჭამადი მრავალნაირი, ხელისგულზე ისხამდა, თავათ სინჯავდა
ყველაფერს. მოიღებდნენ ღვინოს მრავალგვარს, პირველად მოსვამდა ჭაშნიკს.
კატეპანს, ნიკიფორე კასავილას მოვლილი ჰქონდა მთელი მსოფლიო,
ხატაეთიდან ირლანდამდის.
მაინც გაოცებული შესცქეროდა ოქროისა და ვერცხლის ჭაღებს, დიდი
დარბაზის კუთხეებში დადგმულს, ბაგრატეულ სამწდეურებს, ოქროს ლანგარებს,
აზარფეშებს და ფიალებს, ხატაურ და ირანულ ჭურჭელს.უთვალთვალებდა უცნაურ ცერემონიებს საქართველოს მეფის ბრწყინვალე
სასახლისას.
საქართველო მას წარმოდგენილი ჰქონდა როგორც ნახევრად წარმართული
სამეფო.
სარკინოზთა ხალიფების კარზე ელჩად ნამყოფს უკვირდა: მუსლიმების
დარად ხელით როდი ჭამდნენ, არც ყაყანებდნენ პურობის დროს, პირიქით, სავსებით
მდუმარედ შეექცეოდა დიდი და მცირე სადილს.
ბიზანტიელი ეპისკოპოსები მეფის სუფრაზედაც განაგრძობდნენ კამათს
აღდგომის კალენდარის გამო.
(იმჟამინდელ ბიზანტიაში დიდი პოლემიკა ჰქონდათ ღვთის მეტყველებს,
როგორ მოეწყოთ წელთაღრიცხვა ისე, ქრისტეანული აღდგომა ებრაელების პასექს არ
დამთხვეოდა).
მთავარეპისკოპოზი რაჟდენი ვნებიანი პოლემისტი იყო, ახლაც გულით ეწადა
ამ კამათში ჩარეულიყო, მაგრამ იცოდა: გიორგის არ უყვარდა, როცა ქართველნი
ბიზანტიური საქმეების გამო გამართავდნენ კამათს, ამიტომაც ახლად მორთმეულ
ორაგულებზე ამოიყარა ჟინი.
"ვიგრი" დაარქვა ღორმუცელობის გამო გიორგიმ მას, მართლაც წააგავდა იგი
კროკოდილს, გრძელზე უგრძესი ცხვირითა, ფართოდ გაჭრილი პირითა და
ფორეჯიანი, ხორკლიანი სახითა.
ცნობისმოყვარე კატეპანმა დაითვალა ასზე მეტი სხვადასხვაგვარი შეჭამადი
სუფრაზე მოტანილი.
როგორც თავათ კასავილა, ისე დანარჩენი ბიზანტიელი სტუმრები მხოლოდ
დატკბილულ საჭმელებს ეძალებოდნენ, არ იკარებდნენ პილპილიანს, ძმრიანსა და
ნივრიანს, კოლხურ საჭმელებს.
ჩაკურატებული
ბიზანტიელი
არქიელები
სასტიკად
გაეჯიბრნენ
ლოყებღაჟღაჟა ქართველ ეპისკოპოზებს, მუსრს ავლებდნენ არაგვის ორაგულებს,
მტკვრის
მურწასა
და
კარაქისფერ
ციმორს,
გუნებაში
სწყევლიდნენ
მზარეულთუხუცესს, შესანიშნავი ზუთხი და ზურგიელი პილპილითა და ნივრით
რომ "წაეწყმიდა" .
მათაც ვიგრივით შეუტიეს ახალ ქვირითს, მაინც ვერა ძღებოდნენ, შამფურზე
შემწვარ გოჭებისა და შებრაწულ ინდოურებისაკენ იჭვრიტებოდნენ ვნებიანი
თვალებით.
სმირნელი მიტროპოლიტი იოანე ახლად დაბრუნებული იყო ანტიოქიიდან,
სადაც იგი თორ-აბჯარში გადაცმული ებრძოდა სარკინოზებს ხმლით, ახლა მან ისე
შეუტია არაგვის ორაგულებს, თვით ღორმუცელა ,, ვიგრი", იგივე რაჟდენი, ანჩელი
და მტბევარი დაგვიჩაგრა ქართველებს.
ორგზის ფხა გაეჩხირა ყრონტში, ორი ქართველი ეპისკოპოზი უჯდა მას
გვერდით, არც ერთმა იცოდა ბერძნული, მაგრამ წამოეშველა ფარსმანი, რომელიც
თარჯიმანად იყო წვეული იმ დღეს, ხმელი ლავაში მიაწოდა დროზე.
გიორგიმ ბერძნულიც იცოდა და არაბულიცა, მაგრამ არასდროს კრინტი არ
დაუძრავს უცხო ენაზე სასახლეში.
თავათ მეფე უხალისოდ ჭამდა, ეს უგუნებობა შორენასაგან გადაედო. სავსებით
გაფითრებული და მდუმარე იჯდა იგი "თევზისფერ ძროხასა და გურანდუხტს შორის,
ერისთავების ჩაქვირითებულ მეუღლეთა წრეში, არამიწიერი სილამაზით
გაბრწყინებული.
შორენას შინ წასვლა უნდოდა წირვის შემდეგ, თავი სტკიოდა, მარტოკატირილი ერჩია ჭამას, მაგრამ გურანდუხტი დაემუქრა, თუ დღეს არ სწვევიხარ მეფეს,
თმით გათრევო შინ მისულს უთუოდ.
ბერძენი სტუმრების სიახლოვე და მათი ენაც ახელებდა მეფეს,
განსაკუთრებით კასავილას წრესგადასული ცნობისწადილი აბრაზებდა მას.
კატეპანი კასავილა ისე ლუკმას არ ჩაიდებდა პირში, ფარსმანისათვის არ
ეკითხა: ამ საჭმელს როგორ აკეთებენო?
კიბოები ყვარებია სენატორს, როცა კოლხურად შემზადებული კიბოები
მიართვეს, ასე იფიქრა: ამას მაინც არ ექნებაო პილპილი, შესჭამა თუ არა, ათუხთუხდა
პირდამწვარი, მოურიდებლად გადმონერწყვა მარცხენა ხელისგულზე, შემდგომ
ამისა ეკითხება ფარსმანს:
რომელ მდინარეში იჭერენო ამ პილპილიან კიბოებს?
ეს კიბოები კოლხეთის წყლებში მოაშენაო მეფე გიორგიმ, რათა ნამეტნავად
ცნობისმოყვარე სტუმრებს ენა წასწვასო როგორმე.
ასე მიუგო ფარსმანმა.
ბევრი იცინა კასავილამ, როცა მისგანვე გაიგო, რომ ეს კიბოები "პილპილიანად
როდი იბადებიან" თურმე, არამედ ხობოკვერას გამოაცლიან შიგნეულს, ბოლოდან
გამოღებულ ხორცს გაურევენ ნიგოზს, პილპილსა და ნიორს, ისევე დატენიანო
ხობოკვერას კიბოსას.
თავათ კასავილა იძულებული იყო ხელით ეჭამა, რადგან მარჯვენა ხელზე
მხოლოდ ორი თითი ჰქონდა შერჩენილი.
ტრაბახობდა კიდევაც: შარშან რომის პაპთან ვიყავი წვეული, ბენედიქტ VIIΙ-ს
ტრაპეზზედაც ხელით ვჭამდიო.
არსებითად ასე იყო საქმე :
როტა ცეტინიუმთან დამარცხებულ ბულგარებს თვალები დასწვა ბასილი
კეისარმან, სწორედ ნიკიფორე კასავილა ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას.
ერთმა ბულგარელმა ითხოვა: საიდუმლოს გავთქვამო დიდს, თუ სენატორ
კასავილასათვის მათქმევინებთო იდუმალ.
როცა მოუყვანეს მოხალისე ”მსტოვარი" კასავილას, ბულგარელი ეცა მას ყელში,
მარჯვენა მოუქნია სენატორმა, გაცოფებული ტყვე მისწვდა და სამი თითი წასჭამა
ბიზანტიელ დიდებულს.
სწორედ ამ ,,გმირობისათვის" მიიღო კატეპანის ხარისხი კასავილამ, ჩუმ-
ჩუმად სხვას ტრაბახობდა იგი:
ცეტინიუმთან მე დავამარცხე ბულგარელები, თხუთმეტ ათასს დავუბნელეო
თვალები.
LV
მოთავდა თუ არა ნადიმი, მეფეს აეკიდა კატეპანი სასახლის ბაღშიც.
დაუსრულებელი შეკითხვებით თავს აბეზრებდა, ეთამამებოდა, მარჯვენაზე ხელს
ჰკიდებდა.
ძლივს იკავებდა ამრეზილი მასპინძელი თავს.
ეს ყოველივე მით უფრო სამძიმო იყო გიორგისათვის, რომ მას ორგზის უნდა
გაეგონა ნათქვამი იმ დღეს, ბერძნულად და ქართულად.
როცა ციხეებისა და ჯარების გამო ორაზროვანი პასუხი მიიღო ზედიზედ,
ახლა მეფის ცხენების და შავარდნების გამოკითხვა დაიწყო სტუმარმა.ეტყობოდა ეს ამბავიც სათითოოდ სცოდნოდა წინასწარ, თვით |ყურშაის
სახელიც ეცნაურა კასავილას.
"ჰურრახ, პურრახ", აღრიალდა დაცალებული ავაზა ამ დრო.ახლა ავაზების
გამო გაუბა საუბარი კატეპანმა მეფეს.
"თევზისფერ ძროხას" საფირონის თვალებიანი ნათია აეყოლებინა, ბევრი სდია
სასახლის ბაღში გიორგის, ბოლოს ავაზების გალიასთან მიუსწრო მეფესა და კატეპანს.
კასავილა მოეშვა ავაზების გამო ლაყბობას, ჯერ ნათიას შეხედა, მერმე
დედამისს, ბოლოს გიორგის გადახედა და ეუბნება ფარსმანს:
მეფისწული ხომ არააო ეგ მშვენიერი?
თვალისგუგიდან ამოღებულივით მიაგავსო მეფე გიორგის.
როცა ფარსმანმა ეს გადათარგმნა, სახე აელეწა ცოქალას, გიორგიმ შეხედა
ნათიას, მართლაც იპოვნა მსგავსება მის სახეზე, გააჟრჟოლა, რა მოიგონა, სამი თვის
წინად ხარჭად აყვანა რომ უნდოდა მისი.
უცნაურად აიმღვრა მეფე და ეუბნება ქართულად ფარსმანს:
"ამ ორთითა კატეპანს როცა შევსცქერი, მეშინია, არაფერი ამომაცალოს
ჯიბიდან"
ესა სთქვა და ავაზაზე გადაიტანა მზერა, წაიბუტბუტა თავისთვის:
"საერთოდ ქურდებია ბიზანტიელები, სჯული ებრაელებს მოპარეს ენა - ძველ
ბერძნებს, ბულგარელებს - ცეტინიუმი, სომხებს - ანისი, ბასიანს გადაღმა ქვეყნები -
ქართველებს, ხოლო სინდისი ვერავის წაგლიჯეს, რადგან ასეთი რამ არა სჭირიათ
ჯერაც" .
რაო, რა ბრძანაო მეფემ?
ეკითხება ენამრავალი კატეპანი ფარსმანს.
მეფემ ასე მოგახსენათო, მიუგო თარჯიმანმა, როგორც კი ჩემი ვაჟი, ბაგრატი
მშვიდობით დაბრუნდება, ტახტს გადავულოცავ უფლისწულს, კეისარს ვეახლები,
წმინდა ადგილებს მოვილოცავო ბიზანტიისას.
მეფემ ძლივს შეიკავა ღიმილი.
"თევზის ფერმა ძროხამ" კარგად არ იცოდა ბერძნული. ასე იფიქრა: ახლა
დავიღუპე უთუოდ, მეფე დაიჯერებს, თითქოს მისგან მყავდეს ნათია, ამიერიდან
ცოლად არ შეირთავს გიორგი მას, უფლისწული ბაგრატი მალე ჩამოვა და
ბიზანტიონში წაყვებაო დედოფალს მეფე.
მეფემ მოინდომა საუბრის საგანი შეეცვალა როგორმე.
ამიტომაც აკითხვინა კასავილასათვის:
ავაზები თუ ჰყავსო კეისარს?
უკანასკნელიც მოკვდომოდა ბასილის.
უკეთ რომ ვთქვათ, ტახტის მემკვიდრეს, კონსტანტინეს, მის ძმას, რადგან
ბასილი მუდამ ლოცვითა და თვალების დათხრით იყო გართული.
ახლა ავაზების გამო დაიწყო კასავილამ ქაქანი.
ფარაონის თუთმაზის პირამიდაზე ვნახეო ერთი ბარელიეფი შარშან, მუნ
გამოხატულ ქურუმებს მარცხენა მხარზე აქვთო ავაზის ტყავი გადაკიდებული.
ეგვიპტური ღმერთქალი საფეს ასე ატარებდაო ავაზის ტყავს.
ფარსმანი აიმღვრა.
ეგ პირამიდა თავათ არ ენახა, მას ყოვლისმცოდნედ მოჰქონდა თავი.
გაოცდა, როცა ისეთი რამე გაიგონა, რაც მას არა სმენოდა არასდროს.
როცა ირმების საჩიხემდის მიაღწიეს, გიორგიმ ატროკება შეამჩნია კატეპანს,
ახლა ამ ირმების გამო წამჭამსო თავს, შორენა შენიშნა, გურანდუხტის გვერდითგანაბული.
კოლონკელიძის მეუღლემ განზრახ უტია მეფეს, ,,თევზისფერ ძროხას"
მიეახლა, მკლავში გაუყარა ხელი და შეეცადა საუბრით შეექცია როგორმე.
მეფე ამჩნევდა თავისთავს, რაც უფრო ხანი გადიოდა, მომეტებულის
მოკრძალებით ეკიდებოდა შორენას.
დიაცების მიმართ ცინიკურად განწყობილს, უცნაურად ეშინოდა რატომღაც
მისი, მასთან საუბრის დროს ღელავდა, ენა ებმებოდა თითქმის.
ახლა ნაღვინევი იყო ოდნავ, მხნეობა მოიკრიფა და ეუბნება:
"რათ მოგიწყენია, ეკბატანას ვარდო? "
ქალმა არც კი შეიფერა ხოტბა მეფისა, უსიტყვოდ დახარა თავი.
მეფემ მორცხვობას მიაწერა ეგ. ახლა ეს უთხრა ქალს:
"ეგებ ნებიერას გაქცევამ დაგაღონა, არა? "
შორენას აგრე უნდოდა მიეგო: სხვაც ბევრი მაქვსო დარდი, მაგრამ დუმილი
არჩია კვლავ.
კვლავ მოიკრიფა გამიჯნურებულმა მხნეობა.
ეუბნება ალერიანად:
"თუ
ერთ
საწადელს
შემისრულებ,
შორენა,
დღესვე
ვუბრძანებ
მენადირეთუხუცესს, შევაპყრობინებ შენს ნებიერას".
"კიდევ რა გწადია, მეფევ ბატონო, ჩემგან" .
თითქმის ამრეზილად მიუგო შორენამ და ნაღვლიანად გაჰხედა ირმებს.
"შენი სიყვარული" .
იყო პასუხი.
"მე მგონია, რაც წამართვი, იგიც გეყოფა, მეფევ ბატონო, არა? მამაჩემს თვალის
სინათლე წარსტაცე, მე - თავისუფლება, - ხოლო ჩემი გული? სხვას ეკუთვნის დიდი
ხანია იგი".
მეფე აიმღვრა, ბრაზი წაეკიდა, ამ წუთშივე უნდოდა გაეგო, ვინღა დარჩაო სხვა?
ჭიაბერი და გირშელი აღარ იყვნენ ამქვეყნად, ვინ უნდა ყოფილიყო იგი, ვისაც
გაებედანა მეფისათვის გატოლება თავისა?
მღელვარება დაიოკა, აღარ იცოდა, რა მოემოქმედნა. მაგრამ ბედად,
"თევზისფერი ძროხა" ხელიდან დაძრომოდა გურანდუხტს, შორენას მიეჭრა ცოქალა,
ირმების გამო დაუწყო ლაპარაკი.
მეფემ იდროვა, ბოდიში მოიხადა მანდილოსნებთან, გურანდუხტსა და
კასავილას მიეკედლა გაფითრებული.
ახლა ეს აიტეხა კატეპანმა: მაჩვენეთო ის საოცარი ძაღლი "კურშაი" ("ყ"-ს ვერ
გამოსთქვამდა კატეპანი. თავხედურად ხუმრობდა კიდევაც: "ქართულ პილპილსა და
" ყ"-ს ვერ ინელებსო ჩემი ყელი").
თითქმის მდუმარედ იარეს მცირე ხანს ბაღში.
ძაღლების სამყოფ ელოსთან ისეთ ამბავს წააწყდნენ, თავათ გიორგიმ
უხერხულობა იგრძნო, შორენა, გურანდუხტი და ნათია გაწითლდნენ, ფარსმანსა და
კასავილას გაეცინათ, "თევზისფერმა ძროხამ" ძლივს შეიკავა ღიმილი.
ნებივრად იწვა ძუძუებშებერტყილი ყურშაი. სამი ლეკვი სამ ბოკვერს
წაჯდომოდა მგლისას.
ხვადები ისე ტოკავდნენ, როგორც ამძუვნებულ ძაღლებს სჩვევიათ ხოლმე .
კასავილა გაოცდა, როცა შენიშნა მგლის ბოკვერებისა და ლეკვების ალერსი.
ფარსმანმა განუმარტა: ეს ბოკვერები მე მივუსვიო ყურშაის, სამივენი თავათ
გაზარდაო ძაღლმა.ფარსმანს მთელი დღე მოშხამული ჰქონდა სვეტიცხოვლის კურთხევისა და
არსაკიძის დიდოსტატად აღიარების გამო. ბოღმამ თავხედობა გაუათკეცა, გვერდით
ამოუდგა მარტოკა მიმავალ მეფეს, ღიმილით ეუბნება გიორგის:
"ეგ ბოკვერები და ლეკვები ძუძუმტეებია, მეფევ ბატონო" .
გიორგის ენიშნა ქარაგმულად ნათქვამი.
წამსვე მოისაზრა: ალბათ რაიმე იცისო იმ ,, სხვას " გამო მელაძუა ფარსმანმა,
წაეპოტინა ზმას:
" პირდაპირ მითხარი, რისი თქმაც გწადია, ბებერო! "
"მეც გადავწყვიტე არაოდეს მოგახსენო, მეფევ ბატონო, სიმართლე, არც
პირდაპირ და არც ირიბად, რადგან შანდლები კიდევ ბევრი დარჩა სასახლეში,
ვგონებ" .
"დედის სულს გეფიცები, არ დაგსჯი სიმართლის თქმისათვის, ფარსმან" .
იცოდა ფარსმანმა, ამაოდ არ დაიფიცავდა იგი დედას, ახლა ინანა: იმ დღეს
რად არ ჩამოვართვიო ასეთი ფიცი?
"აკი მოგახსენე, მეფევ ბატონო, მშიშარანი არიან-მეთქი შენი ვაზირები. ყველას
ეგ სწადია, მხოლოდ საამური თავათ მოახსენოს მეფეს, ხოლო ცუდ ამბავთა
მაუწყებლად “შანდლების ქურდი" ეგულებათ".
გიორგიმ მკლავში ხელი წაავლო ფარსმანს, ნაბიჯს აუჩქარა, კასავილა არ
წამოსწეოდათ.
"ამაოდ იგულებ, მეფევ ბატონო, სადედოფლოდ ერისთავის ქალს, მთელმა
სასახლემ იცის, არსაკიძე ცხოვრობს დიდიხანია მასთან".
"იცოდე, თავი მხრებზე არ შეგრჩება, ფარსმან, ამის საბუთი თუ არ მოგიტანია
თავათ" .
"უფლისციხეში ბრძანდებოდი მიწისძვრის დროს, მეფევ ბატონო, არა?
ირმის დევნა საბაბი იყო მხოლოდ, შორენა გაიტაცა არსაკიძემ იმ დღეს, ფხოვის
მიწაზე დაიჭირეს მერმე ოვსებმა.
დიდი ხანია, რაც განიკურნა ხუროთმოძღვარი მეფისა, თურმანიძის
მალამოებმა მას არგო ფრიად. მაინც წევს, რადგან ეგეც ხრიკია, კოლონკელიძის
ასულის შემოსაჩვევად" .
მეფე გახელდა, მიწის ფერი დაედო სახეზე .
"არა მგონია თავი გამიტოლოს აგრე რიგად მაგ ლაზმა".
"გატოლებაო? "
გაიღიმა ფარსმანმა.
"მეფეებს არც უტოლებს იგი თავს.
მიწისძვრის მეორე დღეს შევუარე, ავადმყოფი მეგონა, შინ არ დამხვდა ფხოვს
გაქცეული. ერთი სურათი ვნახე მის მიერ ნახატი, იაკობისა და ღმერთის რკინებაა
ზედ გამოსახული.
თანაც იცოდე, ღმერთს მელქისედეკის თვალები აქვს, ხოლო იაკობს -
დამხატველისა.
ეგ კიდევ ცოტაა, მეფევ ბატონო, შორენა დაუხატავს, ერისთავის ასული.
ყაყაჩოების ველზე დგას იგი, მხრებზე ქედნები ასხედან, ხოლო ორი დათვი, ერთი
წმინდა თაფლისფერი, მეორე - წაბლისფერი, ფერხთით დავარდნია დიაცს.
წაბლისფერი ყველის ციხის პატრონს მოგაგონებს ზედმიწევნით, ხოლო
თაფლისფერი თუ ვინ იქნება, ამას თავათაც მიხვდები, მეფევ ბატონო, უთუოდ".
გიორგის ენიშნა ეს ყოველივე , უფრო აუჩქარა ნაბიჯს, ისევ შეეშინდა კატეპანი
არ დაგვეწიოსო."თუ ეგ საბუთებიც გეცოტაოს, მეფევ ბატონო, მე ცნობები მაქვს ეჭვმიუტანელი,
ხანდახან შაბათობით დადის მასთან გვიან ღამით შორენა, თუ კარგად გასჩხრეკენ
რატისეულ დარბაზს, სხვა საბუთებსაც აღმოაჩენს მახვილი თვალი".
კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა ფარსმანისათვის მეფეს, მაგრამ
"თევზის ფერი ძროხა" და კატეპანი წამოეწიენ მათ.
*
მეორე დღეს კატეპანმა დანარჩენი სტუმრები დასტოვა სასახლეში და
ბიზანტიონს წავიდა.
LVI
სიკვდილის მოახლოვება რა შეიცნო კეისარმა ბასილიმ, საქართველოში
გამოისტუმრა საპატიო მძევალი. ბაგრატ გიორგის ძე, კატეპანი დოკიანი გამოაყოლა
დიდძალი ამალით.
ბიზანტიის ტახტის მემკვიდრე, კონსტანტინე აღარსად სჩანდა.
წიგნი მისწერა სასწრაფოდ ძმას, მაგრამ ვაზირებმა გადამალეს უსტარი.
რამდენჯერმე გაიმეორა კეისარმა ბრძანება, არ გაუმხილეს ლოგოთეტებმა
სიმართლე.
ბოლოს თავით შეაკაზმვინა ცხენი. გაემართა ტახტის მემკვიდრის საძებნად.
ვაზირებმა იცოდნენ: სიძვის დიაცებთან ქეიფობდა კონსტანტინე ნიკეაში იმ
დღეს.
მიკიტნის სისხლი უფრო ჭარბად მას გამოჰყოლოდა.
კარგად იცოდა: სახრჩობელა და მოწამვლა კეისრის გვირგვინის ზედნადები
იყო ბიზანტიაში. ამიტომაც ლოთობდა. უწესო ქალებში ატარებდა დროს, მხოლოდ
ხანდახან ვარჯიშობდა თვალების დაწვაში ტახტის მემკვიდრე.
როცა აღმხედრებული ბასილი კონსტანტინოპოლის ქუჩებში გამოჩნდა,
შეძრწმუნებული ხალხი სარდაფებში გადაიმალა. ხოლო ვაზირებს უფრო მეტად
შეეშინდათ, მალემსრბოლები აფრინეს, ძლივს მოათრიეს გალეშილი კონსტანტინე
ბიზანტიონში.
თავათ შეიყვანა ბასილი მთვრალი ქრიზოტრიკლინის ოქროს დარბაზში.
ტახტზე დასვა საკუთარი ძმა, წითელი წაღები გაიხადა და ჩააცვა ფეხზე, გვირგვინი
თავზე დაადგა. მერმე ფერხთით დაუვარდა და თაყვანი სცა კეისარს, უკვე
კონსტანტინე IX-ს.
იმავე კვირას მდევარი გამოაკიდა ახალმა კეისარმა კატეპანსა და ბაგრატს.
მალემსრბოლებმა გზაში მოუსწრო ტაოს საზღვარზე მოსულთ. წიგნი გადასცეს
კატეპანს.
,,განგებითა ღვთისათა გარდაიცვალა სანატრელი ბასილი მეფე, ძმა ჩემი", _
იუწყებოდა კონსტანტინე კეისარი, _ ,,აწ უკვე სადაც მიწევნულ იყოს განსაგებელსა
ჩვენსა, ბაგრატ, ძე გიორგი აფხაზთა ხელმწიფისა, გარეშეაქციეთ და მოიწიოს წინაშე
ჩვენსა".
ლაშქრიანად შეეგებნენ ბაგრატს აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართლელნი,
ძალას მიმართეს ბიზანტიელებმა, მაგრამ შეებრძოლნენ სპანი მეფისანი, კატეპანი
დოკიანი და მისი ჯარი უკუაქციეს, ხოლო უფლისწული მეფე გიორგის მოჰგვარეს.
დიდი ზეიმი გაიმართა უფლისციხეში, მელქისედეკმა სამშვიდობო პარაკლისიგადაიხადა სვეტიცხოველში, გახარებული იყო მთელი საქართველო, კავკასიონიდან
ბასიანამდე.
გიორგი მეფეს ამ ამბავმაც ვერ გადაჰყარა უგუნებობა.
თრიაქის წევას უმატა, ნადირობდა გამუდმებულად. . . .
LVII
არსაკიძეს მართლაც არგო თურმანიძის მალამოებმა. უკვე ჯოხით წამოდგომას
ახერხებდა თავათ.
ხუთშაბათს უთენია ადგა. ნაშუაღამევს მოათავა თავისი "სიზმარი”.
სწორედ იმ დღეს ხათუთიამ მოუტანა შორენასაგან წიგნი. თუ კარგი დარი იქნა,
შაბათ დილას დედა აპირებსო ზედაზენს წასვლას, საღამოს გამოგივლიო უთუოდ.
დიდი ხანია, რაც ეპირებოდა გურანდუხტი ზედაზენს წასვლას, რამდენიმე
შაბათი ისე წავიდა, აღარსად ჩანდა შორენა.
ასე ივარაუდა კონსტანტინემ: გაავებული გურანდუხტი ფხიზლად მწყემსავსო
თავის ქალს.
პირაღმა იწვა დაჭრილი ოსტატი. დარბაზის სარკმელიდან უთვალთვალებდა
ცას. ღრუბლების მოძრაობას აკვირდებოდა. ამას ნატრობდა: გამოიდარებდესო
შაბათამდის, ნეტავ.
ხუთშაბათს, საღამოს ცა მოისარკა, მაგრამ წამოეძალა სულწასულობა ეროსით
შეპყრობილს, ფრჩხილით გადააცალა ბარძაყის ჭრილობას კანი, თუმცა აქიმი
უკრძალავდა, ხელი არ ახლოო იარას.
იმავე საღამოს სიცხე მისცა, ნონაი მკურნალთან გაიქცა, იწვა პირაღმა
უპატრონო ავადმყოფი, პირი უშრებოდა, სწყუროდა წყალი.
შემდგომ ამისა, უცნაურად წაეწყვნენ უბედური ამბები ზედი-ზედ ურთიერთს,
როგორც ეს ხდება ხოლმე ხანდახან.
*
დიდხანს უჩიჩინებდა ფარსმანი ცოლს, ხურსისეულ სასახლეში წადი,
საწმერთული მოპარეო შორენას, მაგრამ ვარდისახარი ყოყმანობდა მაინც.
სწორედ ხუთშაბათს თავის ტკივილმა წამოუარა დიაცს, ასე იფიქრა: ეგებ
გურანდუხტს ექნესო შაკიკის წამალი.
შორენა და მისი მოახლენი სამთავროს წაეყვანა კოლონკელიძის მეუღლეს,
მარტო ხათუთაი დაუხვდა შინ.
წყლის მოსატანად გაგზავნა სტუმარმა ხათუთაი, თავათ, გამოსძებნა შორენას
საწმერთული, ხოხბისყელისფერი, რომლის მცხეთაში ჩამოტანას ერისთავი გირშელ
და ორი ათასი მონასპა შეეწირა.
შეღამებული იყო უკვე, როცა რატისეულ სასახლეში შევიდა ვარდისახარი,
ნონაი არსად სჩანდა, ამიტომაც ჯერაც არ იყო ანთებული ჭაღები.
ფეხაკრეფით შეიპარა და სასთუმალს ქვეშ ამოუდვა სიცხიან ავადმყოფს
შორენას საწმერთული.
არსაკიძე ბოდავდა იმ წუთში, ნონაი ეგონა, ამიტომაც შეეკითხა:
როდის მოვაო მკურნალი?
მოვაო, მოვაო, - წაიბუტბუტა ვარდისახარმა ყრუდ, - ავადმყოფს მიჰხედა,
ლანდზე უსწრაფესად გაჰქრა.*
შაბათ დილას ისევ დაიწყო წვიმა, მაგრამ აღარ შეუმჩნევია ეს, საღამოს
გამოეპარა შორენა დედას.
აქელებულმა შეირბინა ავადმყოფთან, დიდხანს ვერ დარჩა მაინც.
მეფეს გაემჟღავნებია ფარსმანის ჭორები გურანდუხტისათვის, თმით
დაუთრევია შორენა დედას. ,,ბოზი" უძახა თურმე და ,,ვიღაც კალატოზის სიძვის
დიაცი" .
სურათის ამბავი არც შორენას მოჰგონებია, მით უმეტეს არც მის დამხატველს.
შეამჩნია: ცუდად შექმნილიყო მეგობარი მისი სიყრმისა, თვალცრემლიანმა
ჩააბარა ნონაის.
შეევედრა: ბოდოკია გაგზავნეო ფხოვს, მე ამ დღეში ვარ, დედა იხმე,
განკურნოსო მისმა ალერსმა ეგებ.
თუ მოვახერხე, შაბათს შემოვივლიო, გახურვებული ლოყები დაუკოცნა
ავადმყოფს.
ტირილით მოვიდა, ტირილითვე წავიდა უკან.
რატისეული ხილნარიდანაც არ იყო გასული შორენა, როცა ლანდი შემოეხეჩა.
დაზვერა კოლონკელიძის ასული, ფეხაკრეფით ავიდა ქვის კიბეზე ლანდი.
ნონაი მობრუნებულიყო თავის სამყოფლოში, სამკურნალო ბალახებს ხარშავდა.
წყალიო, შეევედრა შემოსულს ავადმყოფი.
წყალი მოუტანა მყისვე, დარბაზი დაათვალიერა, სასთაული გაუჩხრიკა
არსაკიძეს, საწმერთული იპოვნა ხოხბისყელისფერი.
მეფეს მიუტანა მსტოვარმა იგი, თანაც ამცნო ხილნარშივე გადავაწყდიო
კოლონკელიძის ასულს.
ორივე სურათის შინაარსი უამბო წვრილად.
*
ყოველი საგანი მაშინ იწყებს წაქცევას, როცა წონასწორობას დაჰკარგავს იგი.
მეფე გაცოფდა, აზვავდა, წონასწორობა დჰაკარგა ეროსისაგან გახელებულმა.
ეს ყოველივე წაემატა ურთიერთს, მალემსრბოლის მოლოდინში თრიაქით
დამთვრალიყო გიორგი, მელქისედეკი ეწვია იმავე საღამოს.
კათალიკოსმა რა გაიგო, მკრეხელური სურათი დაუხატავსო არსაკიძეს, ლაზს,
მოაგონდა თავისი ქადაგება სამთავროს ტაძარში, წარმართობის შიშმა წამოუარა ისევ
და ხელი აიღო ხუროთმოძღვრის დაცვაზე.
მეორე დღეს მელქისედეკი ბიზანტიონს მიმავალ სტუმრებს გაჰყვა დიდის
ამალით. მეფემ ფარსმანი იხმო, ხუროთმოძღვართუხუცესად დანიშნა კვლავ.
სვეტიცხოვლის დანგრევა მოითხოვა ფარსმანმა, ხოლო განრისხებულმა
გიორგიმ სვეტიცხოველის ,,ცუდად ამგებელს" მკლავის მოკვეთა მიუსაჯა.
როცა დასიცხულ ავადმყოფს მარჯვენა წააცალა ტფილისელმა ჯალათმა, თვით
საღირასაც ცრემლი ჩამოსდიოდა ერთადერთი თვლიდან.
LVIII
მეორე დღესვე, კათალიკოსის მოსაყდრის, რაჟდენის საიდუმლო ბრძანებით,ბაგინეთის სადედო მონასტერში მონაზვნად აღკვეცეს კვეტარის ერისთავის,
კოლონკელიძის ასული, შორენა.
შუშანიკი დაარქვეს მას, რადგან ასეთ შემთხვევაში მხოლოდ პირველ ასოს
სახელისას უცვლელად უტოვებდნენ აღკვეცილს.
შორენასათვის მოულოდნელი არა ყოფილა ეს სასჯელი.
მას ასე ეგონა: ცოლობაზე უარი ვაკადრე მეფეს, განრისხდა და მომიზღოო
სამაგიერო.
ამასაც გულმშვიდად შეეგება იგი, კარგად იცოდა: ხუროთმოძღვარს, ლაზს, არ
მიათხოვებდნენ ერისთავის ასულს.
მცხეთაში მაინც აუტანელი გახდა ცხოვრება. გაბოროტებული გურანდუხტი
გესლავდა დღენიადაგ თავის მხოლოდშობილ ასულს.
მცხეთის ჭორებმა თავი მოაბეზრეს შორენას, ოდესღაც მისი ერთგული
მოახლენიც აჰყვნენ სეფექალებისა და ერისთავთა ცოლების სისინს, სასახლესა და
გურანდუხტს შორის მიმოჰქონდათ ენა.
კოლონკელიძის მეუღლეს სავსებით უღირსად ეჭირა თავი.
დიდხანს ცდილობდა ემაჭანკლა მეფისათვის როგორმე, როცა ვერაფერს გახდა,
დაუზოგავად სცემდა და ლანძღავდა შორენას.
მოეწონა "შუშანიკს" სადედო მონასტრის მდებარეობა, მთელი მცხეთა
ხელისგულზე სჩანდა აქედან.
მონასტრის გარშემო კვიპაროსები იდგნენ. შეღამებისას გიშრის შანდლებივით
შეეჯიბრებოდნენ ისინი ვარსკვლავებით მოოჭვილ ცას.
შორს იყო აქედან სასახლის ჭორები. ერისთავთა ცოლების სისინი, კავკასიონის
მწვერვალები მოსჩანდნენ, მთლად მშვენიერი, საფირონის გოლიათები.
დილას და საღამოს ისეთი სპეტაკი ღრუბლები დაეფინებოდნენ ირგვლივ
მოჯარულ მთებს, როგორც ბავშვების უცოდველი სიზმრები.
ეს დაკრიალებული სენაკებიც მოეწონა შუშანიკს. დიდად მორწმუნე არ იყო
ფხოვში გაზრდილი ქალი, მაგრამ სიამოვნებით ისმენდა სძლისპირებს, თავათაც
გალობდა მწუხრისას.
სხვა დებთან ერთად ამზადებდა საჭმელს, სენაკებს ჰგვიდა, ჭურჭლებს
რეცხავდა, ძონძებს კერავდა, ნუშის გულივით თეთრი ხელებით ხეხავდა ქვაბებს.
ერთხელ მივიდა მასთან ჭაღარა მონაზონი, დაჲ ეფემია, ხელიდან წაჰგლიჯა
სპილენძის ქვაბი, ცოდვააო ეგ ხელები ამ ქვაბების სახეხად.
არ დაანება შუშანიკმა მოხუცებულ მონაზონს, უმცროსი უნდა ემსახუროსო
უფროსს.
რა გახდა, ქალო, შენი უმცროსობა, შენც ჭაღარა ხარ და მეცა, ორივე მხცოვანები
ვართო მე და შენ!
ეს უთხრა ეფემიამ, მოეხვია შუშანიკს, გადაჰკოცნა მისი მშვენიერი, ცვილის
ფერი ლოყები, ცვილისფერი კი არა, ძველთუძველესი სპილოს ძვლის ფერისა.
დაჰკოცნა მისი ნაადრევი ჭაღარა, ბალღივით მიიხუტა მკერდზე.
ნაყვავილევი იყო ეფემია, სახით მახინჯი, მაგრამ სპეტაკი სულითა და
ჭირთამთმენი მრავალთა.
ბედს მოეძულებინა სიყრმიდანვე იგი. კლარჯეთში უყიდნია ვიღაც დიდ
ვაჭარს დიაცი, უფლისციხის მონათა ბაზარზე მიუყიდნია ერთი ირანელისათვის.
ირანში ქართველ მეღვინეს შეუძენია ეფემია, ბოლოს მცხეთაში ჩამოსულა
მხევლის პატრონი, ულოცნია, მეორე დღეს მომკვდარა კიდევაც.
ეფემიას ცხოვრებაც მოთავებული აღმოჩნდა ამ ხეტიალში, ბაგინეთის სადედომონასტერს შეჰკედლებია.
დედის გულარძნილობით დამწუხრებული, შვილივით მოეკიდა ეფემიას
შორენა, ღამით მიიწვენდა მრავალტანჯული დიაცი, ეფერებოდა ბნელში მის
მშვენიერ თავს, ჩუმად სტიროდა შუშანიკ ბალღივით...
კვიცივით უკან დასდევდა "დედა ეფემიას", ხანაც განმარტოვდებოდა
მონასტრის გვერდით, კვიპაროსის ქვეშ, გადასცქეროდა ძირს გადაშლილ მცხეთას.
ამას ნატრობდა მხოლოდ: თავის საყვარელ უტას ჯანმრთელობის ამბავი გაეგო
როგორმე.
ეს იყო ოღონდ, აქაც არ ანებებდნენ მარტო ყოფნას შუშანიკს.
მისი სილამაზის, მისი უდროო ჭაღარის გამო ლაპარაკობდა დიდი და მცირე.
თავათ არავის უმხელდა თავის ვინაობას, მაინც დაიწყეს დიაცებმა ჭორები,
ათასნაირი ზღაპრები შესთხზა მოცლილი ქალების უქმმა ფანტაზიამ.
მდაბიორის ქალი ყოფილაო შუშანიკ. გუთნისდედა ყვარებია ერთი, მოხუც
ერისთავს მიათხოვესო ძალით.
აყირავებულ სახნისზე წამოგებულა გუთნისდედა იგი, გამოქცევიაო ბებერ
ერისთავს შუშანიკ.
აწუხებდნენ მოკრძალებულ მონაზონს გამუდმებული გამოკითხვით დები, და
როგორც მახინჯ ქალებს ეს სჩვევიათ ხოლმე, უკან დასდევდნენ, უჭვრეტდნენ, როცა
მარტოკა მოახელებდნენ. მკერდზე მიიკრავდნენ და ჰკოცნიდნენ.
უფრო მეტად დაამშვენა მისი სახე ჯვალოს სამოსმა, სძლისპირების გალობის
დროს ყინცვისის ანგელოსს მიაგავდა იგი მჭმუნვარეს.
ერთხელ საღამოს ლოცვის შემდეგ, კვიპაროსის ქვეშ ისხდნენ ეფემია და
შუშანიკ.
მოშორებით ალვის ხე იდგა ქარაფის კიდეს, კბოდეს გადაღმა თვალშეუდგამი
უფსკრული იყო.
მდუმარედ შესცქეროდნენ ჩამავალი მზის სხივთა თამაშს სვეტიცხოვლის
გუმბათზე.
ოქროს ფურცლებით იყო გადახურული ტაძრის ზეთავი მაშინ, და ეს სანახაობა
დიახაც ახარებდა თვალს.
ვიღაც ენაჭარტალა მონაზონი უკითხავად მიეკედლა ამ ორთა.
მათ ფერხთით დაცუცქდა, სვეტიცხოველს გადახედა. ამოიოხრა და ეუბნება
უფროს მონაზონს:
"იცი, დედაო ეფემია, რა მომხდარა გუშინ მცხეთაში? "
ეფემიას ყოველივე კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი ამ ცხოვრებასთან,
გულგრილად ეუბნება ცნობისმოყვარეს:
რა მომხდარაო, დაო?
"ამ ტაძრის ხუროთმოძღვარს, ვიღაც ლაზს, შეჰყვარებია ერისთავის ასული,
ძალუმად ლამაზი ყოფილა მაგ დიაცი. ქა. მეფე გიორგის ნდომია იგი საცოლედ,
ხუროთმოძღვრის სიყვარული არჩია თურმე მაგ სულელმა დედოფლობასა.
ეს მეფეს გაუგია, მერმე წაუსწრეს თურმე შეყვარებულებს, ქა, დიაცი გაქცეულა,
მაგრამ საწმერთული დარჩენია ხუროთმოძღვრის სასთაულს ქვეშ. განრისხებულა
მეფე გიორგი, ქა, მკლავი მოუჭრიათ იმ ლაზისათვის ბოლოს" .
შორენას მიწისფერმა გადაჰკრა ამის გამგონეს, სავსებით ჩაეფერფლა თვალები.
მოაგონდა: მართლაც რომ დაიკარგა საწმერთული ხოხბისყელისფერი, ამ ორი
კვირის წინად. მცირე ხანს გატვრინული იჯდა, მერმე წამოდგა, მთვარეულივით
წაბარბაცდა ქარაფისაკენ, ალვის ხემდის რა მიაწია, ეფემიამ მიაძახა:სად მიხვალო, შუშანიკ!
ახლავე მოვალო, დედაო ეფემია.
ესა სთქვა, პირჯვარი გადაიწერა, გარღვეულივით დაბარბაცდა და გადაეშვა
ქარაფიდან შორენა.
ჯერ ისე მხრებგაშლილი წავიდა ძირს, როგორც გაფრენილ ანგელოსებს
ჰხატავდნენ ხოლმე ფრესკის ოსტატები. მერმე, დიდ მანძილზე სრბოლისას ორგზის
გადატრიალდა ჰაერში და როცა კლდის ქიმზე დაეცა თავქვე, მიწამდის არ დაჰყოლია
სული.
LIX
ხელახლა იფეთქა შავმა ჭირმა მცხეთაში, მოკვდა სამთავროს მონასტრის მამაი
სტეფანოზ.
სარკინოზებმა
ჩამოუქროლეს
მტკვარს
გადაღმელ
სოფლებს.
მელქისედეკმა გააშენა ოდესღაც ესენი. სვეტიცხოველს შემოუმტკიცა სიგელით.
ჯარი დაადევნეს, გააქციეს მტერი.
სტეფანოზ ბერის დასაფლავებაზე სიტყვა წარმოსთქვა მთავარეპისკოპოზმა,
რაჟდენმა.
მწვალებლები გვყავსო მცხეთაში, ამიტომაც არ გვშორდებაო ჟამი. ბოლოს
პირუთვნელად ამხილა ფარსმან სპარსი, იგიაო მწვალებელთა მამამთავარი.
გიორგი უფლისციხეში იყო.
გააფთრებული ბრბო შინ მიეჭრა ფარსმანს, ჩაქოლვას უპირებდნენ, მაგრამ
გაიოზ ბერმა მოუსწრო, დავდაღოთო ეშმაკის თანაზიარი.
გაახურეს სპილენძის ტვიფარი, მელის სახისა, შუბლზე დაარტყეს მწვალებელს.
არც უფლისწულს ბაგრატს უყვარდა ფარსმანი. მოშთობა ეწადა მისი, მაგრამ
მიმინოების მეწამლე და მჩხიბავი სხვა არავინ გამოჩნდა.
მცირე საბაბმაც იკმარა ბოლოს: ბაგრატს მიმინო გაუხდა ავად. ფარსმანმა ოყნა
გაუკეთა ფრინველს.
მორჩენის ნაცვლად მოკვდა მიმინო.
განრისხდა ახალგაზრდა ბატონი, დილეგში ჩააგდეთო ”მაგ წარმართი".
ისევ გაგორდა ჭური თვითმოძრავი. . .
დილეგიდან გაიპარა ტუსაღი, სარკინოზებთან გაიქცა იდუმალ.
დიღომთან შეიპყრეს სამეფოს სპათა. დიდხანს აწამეს ფარსმანი. ხელის
ფრჩხილებიც დააძვრეს, ჯავარდენების წრთობის საიდუმლო მაინც არ გასთქვა.
ამ წამების დროს შემოაკვდათ მოხუცი.
ასე რომ, ღვინის ქურდი თხლეს გადააყოლეს.
*
ცუდ ფეხზე მოსულიყო იმ დღეს მცხეთის სასახლეში ვიგრი. წინა ღამეს
წალაპარაკდნენ მეფე და უფლისწული.
ეს ამბავი ასე დაიწყო: წიგნი მოუვიდა ბიზანტიონიდან ბაგრატს.
ნავახშმევს ბიზანტიელების ძაგება დაიწყო გიორგიმ. უფლისწულმა ასეთი რამ
შეჰკადრა მამას:
თავშეკავება გმართებსო საუბრის დროს, მეფევ ბატონო, იმ დღესაც აუგად
გიხსენებია კეისარი და მთელი ბიზანტია.
ფარსმანს სულ სხვა რამ უთარგმნია კასავილასთვის იმ დღეს. ხოლობიზანტიელი სტუმრების წასვლის წინ, წვრილად გადაუცია შენი ნაბრძანები
კატეპანისთვის.
კასავილამ ახალ კეისარს მოახსენა, ამიტომაც გამომაკიდესო თურმე მდევარი.
მეფე გაცხარდა და უყვირა ვაჟს, შენც გაგრყვნესო ბიზანტიელებმა, კარგი უქნია
ფარსმანს, უჩემოდ რომ მიუხლია კასავილასთვის სიმართლე პირში (გულში სხვას
ნატრობდა: ნეტავ შემეძლოს მეორეჯერ მოვკლაო ფარსმანი).
სწორედ მეორე დღეს დიდ დარბაზში შემოვიდა მთავარეპისკოპოზი რაჟდენი.
მეფე ნარგილეს მიჯდომოდა და თრიაქსა სწევდა.
მიმოიხედა ვიგრმა, რა დარწმუნდა არავინ არისო სხვა, ამცნო შორენას
დაღუპვის ამბავი გიორგის.
უსიტყვოდ წამოდგა მეფე, საწოლის დარბაზში შევიდა. მესაწოლე დაითხოვა,
კარები გადაიკეტა თავათ. ინით შეიღება წვერი, მდაბიორის სამოსი ჩაიცვა კვლავ.
საღამოს უშიშარაისძე ახმობინა, პიპა.
შემდგომ ამისა, არც არავინ უნახავს, თუ როგორ გავიდნენ სასახლიდან ორნი,
ან ცხენები როგორ გაიყვანეს საჯინიბოდან.
ერთ კვირას ასე ეგონათ: სანადიროდ წაბრძანდაო საფურცლეს მეფე, მერმე
უფლოსციხეში იგულეს, მალემსრბოლები აფრინეს ორგანვე.
მისი მნახველიც ვერავინ იპოვნეს. ერთადერთი ნუგეში ეს იყო: მადევარი
ძაღლიც აღარსად იყო ყურშაი.
აფხაზეთს შიკრიკები წარგზავნეს, თმოგვში მოიკითხეს, ფანასკერტის
ციხეშიაც აღარ აღნოჩნდა. მტკვარსა და არაგვში აძებნინეს მებადურებს. არც მეფე
სჩანდა სადმე, არც მალემსრბოლი უშიშარაისძე.
მხოლოდ ერთი რამ მოიგონა უფლისწულმა, უკვე ბაგრატ მეოთხემ: იმ
უბედურ ღამეს ვიღაცამ მაკოცაო ძილში. მინდოდა მენახა, მამა თუ იყო-მეთქი.
მაგრამ ძილმა წამართვაო თავი.
ბოლოს ხალიფას ალ-ჰაქიმის იდუმალი გაუჩინარების ამბავი გაახსენდათ,
გამოიგლოვეს სასახლეში მეფე.
LX
ირმის მყვირალობა ჯერ შორს იყო, მაინც დაეხეტებოდნენ თრიალეთის
ტყეებში გლახუნი და პიპა. მეტ ნაწილად მეჯოგეების კარვებში ათევდნენ ღამეს,
ხანაც ერთ ნაპარტახალ ქოხს შეენიზნებოდნენ სოფელ იწროში.
ხმას არავის სცემდნენ, არც ვისმეს უმხელდნენ თავიანთ ვინაობას.
ერთ დილით, მეჯოგის კარავში მწოლარე, ირმის ბღავილმა გამოაღვიძა
ავშანისძე. გლახუნა წინა დღის ნარბენს ისე მაგრად მოჰკიდებოდა ძილი, მცხეთის
სასახლეში ეგონა თავი.
გვერდი იბრუნა და განაგრძო თვლემა.
მეორეჯერ დაიქუხა ირემმა, შეკრთა და წამოვარდა მძინარე.
პიპა გააღვიძა საჩქათოდ, კურშაი აიყოლიეს და მიჰყვნენ ირმის ბღავილს.
უშიშარაისძე უძაღლოდ მიდიოდა. სწორედ იგი გადააწყდა ხარს, ესროლა
ისარი, მაგრამ დააცდინა. გლახუნა ფურს გამოუდგა, ლომის ფერი იყო იგიცა,
ზედმიწევნით ჰგავდა ნებიერას.
ნაშუადღევამდის სდიეს ირემს პატრონმა და ძაღლმა, ორგზის შემოაბრუნა
მადევარმა, ბოლოს დაეცა მძიმედ დაჭრილი ნადირი.
როცა გლახუნა მიეახლა, იგი იწვა წინა მუხლებზე დაჩოქილი, დრუნჩი მიწაზედაედო და საწყალობლად ხვნეშოდა ფური.
მონადირეს უნდა მოეკლა წესისამებრ, სატევარი იძრო, მაგრამ ისეთი
მშვენიერი და უმწეო იყო ცხოველი, ისევ ჩააგო გლახუნამ იარაღი ქარქაშში.
ქარაფზე გადადგა. უძახა უშიშარაისძეს, აღარსად ჩანდა იგი, ახლა ხეზე
გავიდა, უყივლა, უსტვინა, ამაო იყო ყოველივე.
იფიქრა: ავიყვანო ხელში. მოეჭიდა ირემს, მართლაც ატარა მცირე მანძილზე,
ბოლოს ეტკინა ნადირს ჭრილობა, დაიბღავლა, ორივენი დაეცნენ მიწაზე.
სწორედ ამ დროს ნაწლავები გადაესკვნა გლახუნას. წამოდგომა დააპირა,
წელი ვერ გამართა.
თავი მიადო ჯერაც მსუნთქავსა და ტფილ ცხოველს. იამა მისი საამური სუნი.
სიკვდილი მოვიდაო, გაიფიქრა, თანაც იგონებდა შორენას, იმ რამდენიმე
ბედნიერ წუთს, კვეტარის ციხეში გატარებულს.
ბოლოს მოუსწრო პიპამ, ბავშვივით აიყვანა მომაკვდავი მეფე, ირემი ტყეში
დასტოვა და ძლივს მიათრია იწროში.
უშაშარაისძეს აგრე ეგონა: ძარღვი გაესკვნაო უბრალოდ.
გახადა სამოსი, გაოცდა, როცა ნახმლევებისაგან დაჩეხილი სხეული ნახა,
სავსებით ახალგაზრდა ვაჟკაცის სხეული.
უზელდა მუცელს, მაგრამ შენიშნა, უარესად ხდებოდა მეფე.
მკვდრისფერი დაედო სახეზე, თვალები დახუჭა. მერმე ისევ შეუწითლდა
ლოყები, თვალები გაახილა და ეუბნება პირაღმა მწოლარე:
"ამ სახლში ხომ არავინაა შენს მეტი, პიპა?"
"არავინაა, მეფევ ბატონო"
"კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს"
"რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ, მეფევ ბატონო?!"
"არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმიდა გიორგის
რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა. უამბე ჩემი ნათხრობი ვინც მომიკითხოს,
ყველას. ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა.
მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად. როგორც მეფეს. ისე როგორც კაცს.
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი, ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი
და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარას ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი
და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია, პიპა.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ
ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად
ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული,
ნახევარი სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ
გაამარჯვებინებს მას.
ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს,
იცოდე.
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა,
რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს.
სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს"
მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ
ბაგრატოვანს, ლაზს.
დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ
ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და
ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ
ხარისხებს. ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ
კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუექნაობა გვიყვარს, ამიტომაც
მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.
ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს "უცხოს" უწოდებდნენ,
კარგ ქართულ თხილს "ბერძნულს", ხოლო საუკეთესო ცერცვსაც "ბერძნულს" .
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ -
სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო
ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.
მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს
დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს
მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ
გამოგვერია, მას ისე დაგკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე. ისევ
გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალი და ეუბნება უშიშარაისძეს:
"ახლა ადექი, პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა
ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა".
გავიდა უშიშარაისძე, ვიღაც ახმახი დიაკონი გამოსძებნა სოფელში, როცა
გიორგის სამყოფელს მიეახლა, გამოექცა დიაკონს, სვეტს მიეყრდნო და ზლუქუნებდა
ეს ვეება ვაჟკაცი ბნელში.
თავზე წამოადგა დიაკონი მომაკვდავს, ცალ ხელში დავითნი ეჭირა, ცალშიაც
ანთებული კელაპტარი და პუტუნებდა:
ღმერთო სულთა და ყოველთა ხორციელთაო, რადგან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი
დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ უფალო, განუსვენე სულსა მონისა ამის შენისასა
“სახელი და გვარი გამოსტოვა, რადგან არც კი იცოდა, ვის უკითხავდა სულთათანას” ადგილსა
ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობაი,
მწუხარებაი და სულთქმაი და ყოველნი ცოდვანი ამის მიერ ქმნილნი საქმითანი, სიტყვითანი და
მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან შეუნდნენ, რამეთუ არა არს კაცი,
რომელი ცხონდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა ხარ და სიმართლე შენი
სიმართლეა საუკუნო და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
გიორგი იწვა გულზე ხელდაკრეფილი, ხოლო ზემოტუჩი უტოკავდა ნელა,
სულ ნელა, თითქოს ეჩურჩულებაო ვიღაცას.
წაიბუტბუტა:
"მომიცადე, დედა!"
პიპას ზლუქუნი შემოესმა გარედან, თვალი გაახილა, დიაკონი უშიშარაისძე
ეგონა, ხოლო ანთებული კელაპტარი - ცეცხლის მფრქვეველი ხმალი. ეუბნება:
"რა გატირებს! დამკარი, შე უღმერთო, ეგ ხმალი, ბარემ გათავდეს ეს ცხოვრება,
პიპა".
ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები ამქვეყნად.
როცა ქუთაისში ასაფლავებდნენ მის ცხედარს, საშინელი წვიმა იყო და ქარი
ჰქროდა.
პირველად ერთ მესაფლავეს წამოსცდა სიმართლე მისი უთავჟამო და
ბობოქარი ცხოვრების გამო.
როცა მოტირალები, დიდებულები და მოსეირენი წავიდ-წამოვიდნენ, მოხუცმამესაფლავემ ეს უთხრა ახალგაზრდას:
"არც სიკვდილში ჰქონია გიორგი მეფეს ბედი".
LX
ვაი, საშოსა ჩემსა, რამეთუ გშობე,
ვაი, ძუძუთა ჩემთა, რამეთუ გზარდე,
ვაი ბაგეთა ჩემთა, რამეთუ გიძახოდი და არ გამეც ხმაი,
ვაი, თვალთა ჩემთა, რამეთუ გიტირე.
ღამეს ნაბდის კარავი დაედგა ხილნარში, რატისეულ სასახლეში აგზავნიდა
თავის დესპანებს.
აღარ თენდებოდა, აგვისტოს ხვატი ვერ გაენელებინა ბნელსაც.
ერთადერთი ჭაღის გარშემო თვალისმომჭრელი სისწრაფით ცეკვავდნენ
ფრთამოხატული, თალხი პეპლები.
ბორგავდა ავადმყოფი, იგი არც ამ პეპლებს ხედავდა, არც ღამურებს, ჭერს ქვეშ
მორიალეთ, ჩრდილები ლასლასებდნენ ირგვლივ, ჭაღის ალზე იტრუსებოდნენ
პეპლები, ძირს სცვივოდნენ განწირულები, მაგრამ მაინც ახალსა და ახალ ლაშქარს
უშენდა ჭაღის შუქს ღამე, პეპლები ცეკვავდნენ, დალასლასებდნენ ჩრდილები
დარბაზში.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.
თავი აიღო არსაკიძემ, სიცხისაგან გაოგნებულმა. სარკმლიდან მოსჩანდა
ლურჯი, სავსებით ლურჯი ცარგვალი, სწორედ ისეთი, როგორც ნაავდრალი შავი
ზღვა.
ვარსკვლავები მაინც ანათებდნენ ბნელს, აფახულებდნენ ოქროსფერ წამწამებს.
ნონაი ბალახებს ხარშავდა თავის სამყოფლოში და როცა ცრემლი
მოზღვავდებოდა, კაბის კალთით იწმენდდა თვალებს.
წუხდა ნონაი, არც ბოდოკია სჩანდა სადმე, აღარც დედა სულთმობრძავისა.
ისევ აიღო ავადმყოფმა თავი, ასე ეჩვენა კონსტანტინეს:
ბუს მართვე უხმობსო ღამეს. თვალი დახუჭა, ნელი, ნელი ხმით სთქვა:
"წყალი" .
სწყუროდა ავადმყოფს, იქვე იდგა წყალი, მარჯვენა მკლავი აღარ ჰქონდა,
მარცხენას ვეღარ ხმარობდა მხარში დაჭრილი.
ხედავდა: წყალი იქცეოდა ნაპირებიდან. არა, ზღვა იყო ეგ, ლურჯი ზღვა,
ოქროს თევზები ხომ არ თამაშობდნენ შიგ?
ლაზური სოფელი და ეკლესია დალანდა ზღვისპირად, ალვის ხეები, ლაზური
ოდა, ალვის ხეები, ცამდის მაღალნი.
მერმე მთები გამოჩნდნენ, ფხოვის მშვენიერი მთები, აქაც უხვად იღვრებოდა
ქარაფებიდან წყალი, მაინც არავის მოჰქონდა იგი.
ფხოვური ქვითკირის პატარა ეზოში დაფათურობს შავით მოსილა დიაცი,
ფხოვური მანდილი ახურავს შავი.
ცალ ხელში შავ ტარიანი დანა უჭირავს სისხლიანი, შავი ცხვრისთვის
უძგერებია ყელში და მოთქრიალებს წყალი კი არა, სისხლი. მისწვდა არსაკიძე, მაგრამ
გაბოროტდა დედა, ახლოს არ გაიკარა თავისი საყვარელი უტა.
ქარაფებიდან იღვრებოდა წყალი, ჰქუხდნენ მშვენიერი ჩქერალები ფხოვისა,
მაგრამ გაუძლისი სიცხე იდგა მთებში.მოწყურებული ქორები აწყდებოდნენ უწყალო ცას.
წყალიო, დაიძახა არსაკიძემ უძლური ხმით და ბალღივით იტირა, დედამაც
რომ არ მოუტანა წყალი.
შეეშინდა: არავინ ნახოსო ცრემლი. გამოიღო საბნიდან მარცხენა ხელი,
თვალზე წამოიფარა.
გამოეთხოვა მთებსა და ზღვას, გამოეთხოვა თავის ტკბილ სიყრმესა და
სიჭაბუკეს გამწარებულს.
ასე მოესმა ავადმყოფს: რაღაც ფაჩუნობსო კუთხეებში. რაღაც დაეცა სველ
ღაწვზე , უბწკინა. ხოჭო ხომ არ იყო ეს?
ამასაც გრძნობდა: საბნის ქვეშაც ფაჩუნობდა რაღაც, გააჟრჟოლა ანაზდად და
აცახცახდა,მერმე ალასლასდნენ ჩრდილები დარბაზში.
უზარმაზარი ლანდი ჩამოვიდა კედლიდან, მგლისებრმა თვალებმა გაიელვეს
ბნელში.
და ერკინებოდა მხატვარს გრძელწვერა მოხუცი, მერმე მისწვდა იგი
ჭრილობიან ბარკალს და დაუბუშა ვრცელი ბარკლისაი.
მოეძალა ბობღია ლანდი, მგლისებრი თვალები შემოანათა და სთხოვა სული.
არ მისცა სული მგლისებრთვალება მოხუცებულს მხატვარმა.
დიდხანს ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.
.
.
.
.
.
.
.
.
.
*
ბოლოს მოაწია რიჟრაჟმა, ატყდა ნათლის ლიცლიცი გარეთ, ყაყაჩოები
დაათოვა მწვერვალებს ცამ, იფრქვევოდა იისფერი შუქი, როგორც ჩქერალები ფხოვის
მთებიდან.
შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი,ოქროსფერი
თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის
თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს.
დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული.
ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან
სული, რადგან სვეტიცხოველისთვის შეეწირა იგი.
უთენია ჩამოვიდა ფხოვიდან დედა და როცა მორიელებისაგან დაკბენილი
შვილი დაინახა, გაქვავდა თურმე.
...და ეს ამბავიც ავაზის დღეს მომხდარა.
ე პ ი ლ ო გ ი
ათას წელს იწვიმა და იქუხა იმ დღიდან საქართველოს თავზე, ათას წელს
იგორა ქვადქცეულმა სულმა.
ჩემს სიყრმეშიაც მინახავს კაცის სიმაღლე ლოდი, რომლის გამოც აგრე
ამბობდნენ მცხეთაში: კონსტანტინე არსაკიძის დედააო გაქვავებული.
მანდილიან ფხოველ დიაცს მიაგავდა ეს ლოდი მართლაც. შარშანაც ვნახე
ძველ სასაფლაოზე, მცხეთაში.
წრეულსაც მოვიკითხე, ასე მითხრეს: მშენებლობაზე წაიღესო სადღაც.
მას შემდეგ არ მიძებნია იგი, რადგან ამასობაში უკვე დავასწარი მშენებლობისგენიას და ქვაში ჩაკირული საიდუმლო განვაცხადე სიტყვაში.
ტფილისი.
1939 წელი.
ბოლოსიტყვა
ხელახლა გამოცემა ქმნილებისა უთუოდ გამოცდაა მისი. როდესაც რომელიმე
ჩემი რომანის უკანასკნელი ფორმა საროტაციო მანქანიდან ჩამოვა, აგრე მგონია,
სამუდამოდ გავეყარე-მეთქი მას და შენელდება ეს უცნაური მღელვარება, რომელსაც
წიგნის ბეჭდვის პროცესში განვიცდი ხოლმე. შემდგომ ამისა მე აღარ შემიძლია მისი
გადათვალიერება კორექტურული შეცდომების აღმოჩენის შიშისაგან შეძრულს. უკვე
დაბეჭდილი წიგნის გადაკითხვა შემიძლია მხოლოდ ახალი გამოცემის მოლოდინში.
უცნაურია გუტენბერგის გენიოსური გამოგონების ამბავი. დასტამბვამდის მე
დიდი სიყვარულით ვეკიდები ხელნაწერს. დაისტამბება თუ არა წიგნი, მერმე
ყოველივე "ინტერესი მეკარგება მანუსკრიპტის მიმართ. იგივე ბედი ეწვევა გამოცემას
წინანდელს.
კიდევ ერთხელ გადავიკითხე "დიდოსტატის მარჯვენა" და მხოლოდ
რამდენიმე დაბოლოება შევცვალე, რამდენიმე ეტიმოლოგიური ლაპსუსი,
კორექტურელი შეცდომა გავასწორე.
უეჭველად ეს არის სიძაბუნე ჩვენი გულისა. ავტორი მუდამ ღელავს, როცა
წიგნი ხელახლა უნდა მოეფინოს ქვეყანას.
ამგვარი მღელვარება მოიცავს ალბათ იმ ვერფის პატრონის გულს, რომელიც
სახელოსნოდან ახლად გამოშვებულ ხომალდს საცდელად გაუშვებს ხოლმე ოკეანეში,
რათა გრიგალებს გამოაცდევინოს იგი.
ჩვენი უდიდესი სიხარულიც ეგ არის: თვალნათლივ, ვუცქიროთ, თუ როგორ
უძლებს ჩვენი სულის ნაშიერი დროის ცვალებადობათა ზღვაურს, ან რა ზეგავლენას
ახდენს იგი თანადროულ ლიტერატურასა და ადამიანებზე.
შესაძლოა, ჩემს მკითხველს ზედმეტად არ მოეჩვენოს ორიოდე სიტყვა
"დიდოსტატის მარჯვენას" წარმოშობისათვის აქ წარმოდგენილი.
სიჭაბუკიდანვე ისე ძალოვანად მქონდა მოძალებული ინტერესი დასავლეთ
ევროპულ ხალხთა ენებისა, ისტორიისა და საერთოდ კულტურისადმი, არც კი მეგონა
აზიისკენ თუ გამოვიხედავდი ოდესმე.
ადამიანის სული ერთ რამეში ჰგავს ზეასროლილ ტყვიას: იგი ცაში აიჭრება და
ბოლოს იმავე ნიადაგს უბრუნდება, საიდანაც ატყორცნეს იგი.
მოგზაურობათა და განსწავლის პერიოდში ფრიად გამიტაცა იტალიის
შუასაუკუნეთა ისტორიამ. ამას ყოველივეს წინ უძღოდა ჰინდური ლიტერატურისა
და საერთოდ ბუდიზმისადმი აღძრული ინტერესი.
ბოლის იტალიაში ორგზის მოგზაურობისას საგანგებოდ დამაინტერესა
დანტემ და იტალიური რენესანსის პრობლემებმა. საამისო ნიადაგიც მზად მქონდა,
რამდენადაც მარავალი წლის მანძილზე მე მიხდებოდა იტალიური ფეოდალიზმისა
და პაპიზმის იატორიის შესწავლა. ბუნებრივად ამ ინტერესთა ფოკუსში აღმოჩნდნენ
არაბული, საერთოდ აღმოსავლურ კულტურათა საკითხებიცა.
უცნაური ამბავი შემემთხვა ამ ჯერად.
თუ ძველი დროის ქართველი მწერალი უშუალოდ ეწაფებოდა ირანის,
ბიზანტიისა და არაბეთის კულტურათა მიღწევებს, მე დამჭირდა დიდი და ვრცელიზიგზაგების განვლა, რათა მივდგომოდი იმ სათავეებს, რომელნიც სულიერ საზრდოს
აწვდიდნენ ხოლმე ჩვენს წინაპრებს ოდესღაც. იმავე ხანებში მე მომიხდა საბერძნეთსა
და აწინდელ ოსმალეთში მოგზაურობა და ამან გააღვივა ჩემი ინტერესი ბიზანტიის
მიმართ.
ანაციონალური ბიზანტიის ოდესღაც მოძულე, ბოლოს და ბოლოს
დავრწმუნდი, რომ ბიზანტია იყო არსებითად ნამდვილი ფორპოსტი დასავლეთური
დიდი ცივილიზაციისა. მეტსაც ვიტყოდი: იგი იყო გაცილებით უფრო დიდი და
ნათელი კერა კულტურისა, ვიდრე მისი თანადროული ევროპა.
ბიზანტიას უწოდებდნენ აღმოსავლურ იმპერიას რომისას და უნდა ითქვას,
რამდენიმე პანევროპელ ისტორიკოსს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, თვით
უდიდესი ევროპელი ბიზანტიოლოგები მას გაცილებით უფრო მაღლა აყენებდნენ,
ვიდრე დასავლურ იმპერიას რომისას ან უფრო ნაგვიანებ ფორმაციას სახელმწიფურს,
რომის იმპერიას გერმანული ნაციისას.
ამას თვით ევროპელებიც ცხადლივ აღიარებენ, რომ XI, XII, XIII საუკუნეთა
კონსტანტინოპოლში ჩამოსული ინგლისელი, ფრანგი და გერმანელი არისტოკრატი
რაინდები ისეთ ველურ მანერებს ამჟღავნებდნენ, როგორც სატახტო ქალაქებში
შემთხვევით ჩამოხეტებულნი მთიელნი.
ის დიდი ათინათი ბრწყინვალებისა, რომელიც ასდიოდა ამ შესანიშნავ
ქვეყანას, ანათებდა მთელს წინა-აზიას, საქართველოსა და სომხეთს.
უთოდ ეგ იყო გარდაუვალი კაპრიზი ისტორიის ნემეზისისა, რომ ეს
შესანიშნავი სამეფო დაამხეს აღმოსავლეთიდან გადმოხვეწილმა ველურმა
ტარტარებმა და უფრო გვიან მონღოლმა მეჯოგეებმა.
თუმცა ქართველები და სომხები ცალკეულ პერიოდში ებრძოდნენ კიდევაც
ბიზანტიურ იმპერიალიზმს, განსაკუთრებით მაკედონური დინასტიის პერიოდებში,
იგივე ბიზანტია იყო ოდესღაც დიდი ასპარეზი ამ ორი ერის საუკეთესო შვილთა
პოლიტიკური, კულტურული და სტრატეგიული უნარის გამოსაჩენი,რამდენადაც
ბიზანტიის იმპერია მარტოოდენ ბერძენთა ტალანტის მეოხებით წარმომდგარი
სახელმწიფო არა ყოფილა.
კომნენების პერიოდში დავითისა და თამარის საქართველო შეეცადა კიდევაც
ბიზანტიისათვის ჩამოერთმია ქრისტიანული იმპერიის დიდი მისია. სხვა გზაც არა
ჰქონდათ ბერძნებს; არაბთა ხალიფატისა და სელჯუკიანთა სასულტანოს
იერიშებისაგან შევიწროებული იმპერია ისე დაეცა, რომ მას მხოლოდ
კონსტანტინიპოლის და ბალკანეთის პროვინციები დარჩა.
ცხადია, რუსუდანის საქართველოს რომ როგორმე მოეგერიებინა მონღოლთა
შემოტევის ქარბორბალა, თამარისეული იმპერია ნიკოფსიდან დარუბანდამდის
უთუოდ თავათ იკისრებდა გაგრძელებას იმ შესანიშნავი როლისას, რომელსაც
ასრულებდა ბიზანტია ოდითგანვე.
ნურავის ჰგონია გელათის, ვარძიისა და ბეთანიის ფრესკებზე გამოსახულთ,
დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეს მხატვართა კაპრიზის მეოხებით ცმოდეთ
წითელი წაღები. წითელი წაღები ეს გახლავთ რეგალიები ბიზანტიის კეისრებისა.
ცნობილია, არცერთს არაფერი შეუქმნია მნიშვნელოვანი, თუ მას ოდესმე
რომელიმე დიდი კულტურულ - ისტორიული მისიის მეურვედ არ უცვნია თავი. ამის
გარეშე ყოველივე ეპიგონობაა და მსოფლიო პროვინციის უნიათო ლუღლუღი.
სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ შუა-საუკუნეთა ქართველობამ
ყველაზე დიდი და შესანიშნავი სიტყვა სთქვა სწორედ XI - XII საუკუნეთა მანძილზე.
ამ ეპოქაში განვითარების ზენიტს მიაღწია როგორც სახელმწიფომ ჩვენმა, ისე ენამქართულმა.
"დიდოსტატის მარჯვენა" ეგ იყო ჩემთვის ორმაგი წყურვილის მოკვლა.
უწინარეს ყოვლისა, ფიგურალურად რომ ვთქვათი, რომანის ფორმებში გავამჟღავნე
ჩემი L’art poetique.
გარდა ამისა დიდი საქართველოს ჩვენება განვაცხადე თანადროული რომანის
მიხედვით.
მე სულ თორმეტიოდე წლისა ვიყავი, როცა "ქართლის ცხოვრება" მომაჩეჩა
ხელში შემთხვევამ თუ ბედმა, ჩემი გარდაცვლილი ძმის, ბესარიონის ბიბლიოთეკაში
ნაპოვნი. ბალღობიდანვე მიყვარდა და მაოცებდა აფხაზთა მეფე გიორგი პირველი.
სიჭაბუკეში მომემატა პატივისცემა მისდამი, როცა გავიგე, თუ რამოდენა ვეშაპს
შებმია ეს შესანიშნავი რაინდი.
მიყვარდა იგი ორ კურაპალატს შორის გამოსრესილი მეფე (აქ იგულისხმება
მამა გიორგისა, ბაგრატ III კურაპალატი და ძე გიორგისა, ბაგრატ IV, აგრეთვე
კურაპალატი.
ვინც დაახლოებით მაინც წარმოიდგენს, თუ რა დიდი მხეცი იყო ბასილი II,
ბულგართამმუსვრელი,
რომლის
იმპერია
განფენილი
იყო
აპენინის
ნახევარკუნძულიდან ბასიანამდის, ბალკანეთის უკიდურესი სამანებიდან არაბეთის
უდაბნოს კიდემდის, მისთვის გასაგები იქნება, თუ რა კოლოსალური ძალის
მატარებელი ყოფილა იმჟამინდელი საქართველოს მეფე გიორგი პირველი,
რომელმაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაამარცხა კეისარი ბიზანტიისა, და ამ უბადლო
ვაჟკაცს, რომელსაც მატიანე უწოდებს ”უშიშოს, ვითარცა უხორცოს", ქართულ
ქორონიკებში მხოლოდ ორიოდე გვერდი აქვს მიძღვნილი.
მე შემძრა ამ უსამართლობამ და ამ მიჩქმალული გმირის აპოლოგიას ვუძღვენი
დიდი მდუღარება ჩემი სულისა. აპოლოგია ამ შემთხვევაში უხეირო სიტყვაა. მე არ
ვეწევი ხელაღებით აპოლოგიას ნაციონალური ისტორიისა, რადგან საამისოდ
საკმაოდ მომწიფებულ მსოფლიო მოქალაქედ წარმომიდგენია თავი და ეგეც ვიცი,
არაფერი ნაციონალური საყურადღებო არაა, რასაც უნივერსალური მნიშვნელობა არ
მიერწყვება.
კიდევ ერთი მომენტიც უნდა ვახსენო აქვე: ოდითგანვე ქართული მწერლობის
უმთავრესი ტემები იყო: მამულის დაცვა, ომი, მიჯნურობა და ნადირობა, ახალ
დროში გლეხისა და ბატონის ურთიერთობანი და სხვა.
ოცზე მეტი საუკუნის მანძილზე არსებითად სამ რამეში ისახელა ქართველმა
კაცმა თავი: ომში, მწერლობასა და ხუროთმოძღვრებაში.
ხომ უცილოდ დიდია რუსთაველი და თანავარსკვლავედი მისი, მაგრამ არა
ნაკლებად საამაყოა ჩვენთვის ბოლნისის, ჯვარის, სვეტიცხოველის, წრომის, ბედიას,
მარტვილის, თიღვას და გელათის დიდოსტატები. მე ვწუხდი, რომ ასეთი
შედევრების ხუროთმოძღვრებს დავიწყების ჩრდილი მიჰფენოდათ სახეზე.
ამიტომაც წავატანე ხელი კონსტანტინე არსაკიძისათვის მკლავის მოკვეთის
მშვენიერ ლეგენდას.
ჩვენს დროში, შრომის აპოლოგიის საუკუნეში, შევასხი ხოტბა დიდი
ხელოვანის ჯაფას და მის თავდადებას.
ზოგიერთ კრიტიკოსს აგრე მოეჩვენა, თითქოს მთავარი გმირი ამ რომანისა
გიორგი პირველი იყოს და არა კონსტანტინე არსაკიძე.
გმირების გალერეაში იერარქიის ძებნა ნაკლებად საგულისხმო ამბავია. ამ
შემთხვევაში სათაურს უნდა დაუკვირდეს მკითხველი. მოვლენათა ფოკუსში
მოქცეულია მკლავის წარკვეთის ამბავი, ე. ი. განწირული ბედი დიდი ხელოვანისატირანულ სახელმწიფოში.
ზოგს ეგ უკვირდა: რად არ ავსახე გარე პოლიტიკური ომები "დიდოსტატის
მარჯვენაში", ან რად დავუთმე მომეტებული ყურადღება შინაურ ამბოხებათა
ჩაქრობის მომენტებს?
უნდა ვაღიარო: ეგ შეგნებულად მაქვს ჩადენილი. შინაპოლიტიკური
ვითარებანი სწყვეტენ ყოველი ნაციის, ყოველი სახელმწიფოს ბედს. მსოფლიო
ისტორიაა ამის მოწმე თავათ.
არც ერთი ნაციონალური გაერთიანება, არც ერთი სახელმწიფო მარტოოდენ
გარეპოლიტიკური ინვაზიების შედეგად არ დარღვეულა.
შინაური გათიშვისა და ზნეობრივი დეგრადაციის მეოხებით დაიღუპა ძველი
საბერძნეთი, ძველი რომი, საკეისრო ბიზანტიისა, რუსუდანისა და ლაშა გიორგის
სახელმწიფოცა.
ამადაც აქცენტი გავუკეთე ჩემს რომანში გიორგი პირველისეულ საქართველოს
ვითარებას შინაურს.
ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვიეს ფარსმან სპარსის პარადოქსებმა. უწინარეს
ყოვლისა უნდა განვაცხადო, რომ ფარსმან სპარსი წინაპარია საქართველოს ისტორიის
მანძილზე წარმოშობილ უსამშობლო კონდოტიერებისა.
მე არა მგონია, კონდოტიერის, ავანტჲურისტის იდეალიზირება რაიმეს
წაადგებოდეს ნაციონალურ კულტურას. რა თქმა უნდა, თუ მწერლობას გოეტესებურ
პედაგოგიურ პროვინციად ვიგულისხმებთ, ეს საზიანოც არის კიდევაც.
ფარსმან სპარსისათვის კონსტანტინე არსაკიძის დაპირისპირება გაგებულ
უნდა იქნას, როგორც ერთგვარი ტეზა და ანტიტეზა რომანში.
ერთის მხრით, დიდად ტალანტიანი ფარსმანი, უპრინციპო და გაყიდული,
უსამშობლო კაცი, მეორე მხრით, აგრეთვე ტალანტიანი არსაკიძე, მისი შეგირდი:
ფარსმანი გადაეგება, როგორც ხელმოცარული კაცი, ხოლო არსაკიძის
შემოქმედების
ნაყოფი-სვეტიცხოველი
დარჩება
როგორც
წარმავლობასთან
მებრძოლი, უკვდავი ქმნილება ხელოვნებისა.
ფარსმანის სოფისტურმა პარადოქსებმა საბაბი მისცა ზოგიერთს, ჩემთვის
დაებრალებინა, თითქოს საბჭოურ სინამდვილეში მეკისროს სახელმწიფური
შეკვეთის უარყოფა საერთოდ, უთუოდ სასაცილოა ამგვარი მტკიცება.
ან ვინ დაიჯერებს, მე არა მცოდნოდეს, რომ სახელმწიფური შეკვეთის შედეგია
ყველაზე უფრო მონუმენტური ქმნილებანი მსოფლიო კულტურისა, ეგვიპტური
პირამიდები, ანტიური სახელმწიფოს ურბანისტური ხელოვნება, ფიდიასისა და
პრაქსიტელესის სკულპტურა, რომის, ფლორენციის, რავენას ხუროთმოძღვრება,
რაფაელის სტანცები და ლეონარდო და ვინჩის იგავმიუწვდენელი ფრესკები, ბოლოს,
უდიდესი ძეგლები ფრანგული გოტიკისა.
შორს რომ არ წავიდეთ, სახელმწიფური შეკვეთის შედეგადაა წარმოშობილი
ჩვენი საამაყო ბოლნისი, ჯვარის მონასტერი, სვეტიცხოველი, ვარძია, გელათი,
ქუთათური, ბაგრატისეული ტაძარი და ნიკორწმინდა.
აზრთა სხვაობანი აღძრა "დიდოსტატში" აღებულმა ენობრივმა გეზმა. უნდა
ვაღიარო: არც მომეტებული პოპულარობის წყურვილი, არც ჩემი ლიტერატურული
ოპოზიციის შეძახილი არაოდეს მაიძულებს მდარე გემოვნების ხარისხზე ჩამოსვლას.
თუ ჩემი რომანების ხელახალ გამოცემებს ლექსიკონს დავურთავ ხოლმე, ამას
ჩავდივარ მარტოოდენ იმის გამო, რათა ჩემს მიერ გაცოცხლებულ სიტყვებს ნებსით
თუ უნებლიეთ უმართებულო განმარტება არ მისცეს მკითხველმა. იმასაც ვიღებ
მხედველობაში, რომ ჩვენი შესანიშნავი საბა ორბელიანი ვეღარა წვდება გაზრდილ მოთხოვნილებას თანამედროვე მწერლისას.
კონსტანტინე გამხახურდია.
ტფილისი, 1939 წელს.

XXVII
მიდიოდა გიორგი, გაუგებარ სიტყვებს როშავდა თანაც. მეგობრები შორიდანაც
ატყობდნენ: ვიღაცას ემუქრებოდა იგი.
ყორეებს ეფარებოდნენ, უთვალთვალებდნენ, ერთი ვნახოთ სად წავაო ახლა?
მოედანი გადაიარა გლახუნამ, ხურსისეულ სასახლისკენ გადაუხვია
მხარმარცხნით.
ეზოში შევიდა და შესდგა.
სამივემ ირწმუნა მცხეთაში გავრცელებული ჭორი: კოლონკელიძის ქალს
ყვარობსო მეფე გიორგი.
გადაჰხედეს ურთიერთს, ჩამოსცილდნენ მართლაც.
ხილნარში შევიდა გიორგი, ახედა ზედაზენის მთებიდან გადმომდგარ მთვარეს.
დათოვლილივით მოსჩანდნენ ატმისა და ვაშლის ხეები, მსუბუქი ბორიო ოდნავ
აქანავებდა ხეთა კენწეროებს.
ტოკავდა შტოთა ნაჩრდილევი სითვით ნაქარგივით ამოჩითული მიწაზე, ასე
ეგონა ბილიკზე მიმავალს: ქარცემულივით ტორტმანობსო მთელი ქვეყანა.
მიწის სუნი, ნაზამთრალი ფესვების სუნი, ატმის ყვავილის ნელსურნელება
იკმეოდა ირგვლივ.
სიმთვრალემ მხნეობა შეჰმატა.
არც დედოფლის რიდი ჰქონდა ამ წუთში, აღარც მელქისედეკ კათალიკოსისა.
იგიც სულ ერთი იყო მისთვის, თუ რას იტყოდნენ სასახლეში ავი ენები.
ჭაღები ქათქათებდნენ ხურსისეულ სასახლეში.
ალბათ მობრუნებულაო ზედაზენიდან შორენა.
«გირშელი კი არა, მამაჩემი რომ წამოდგეს, ბაგრატ კურაპალატი, არ შევეპუები
მასაც».ესა სთქვა თითქმის ხმამაღლა გიორგიმ.
ცა ისეთი მაღალი იყო, ვარსკვლავებიც ისე ნაზად აფახულებდნენ იისფერ
წამწამებს, არასოდეს ასეთი ბედნიერება არა უგრძვნია გიორგის.
ჯერ კიდევ ყრმას შეაჩეჩეს დედოფალი მზრდელმა და მელქისედეკმა, ისე
როგორც მდაბიორს მიუგდებენ მეზობლიანთ თხუპნიას. ბოლოს თავი მოაბეზრეს
სეფექალებმაც, რადგანაც სძაგდა მოძალებული დიაცი.
ამის მეტად არ ეგემნა მიუწვდენელი სიყვარულის ტკბილი ბადაგი.
შესცქეროდა თეთრად მოქათქათე ხილნარს. სიყვარული, ღვინო და ყვავილთა
ნელსურნელება შემოგზნებოდა გულზე.
კიდევ შეჰხედა სასახლის სარკმელებს.
დარწმუნდა: ჩამოსულაო შორენა. რადგან ცაც ისეთი მაღალი იყო,
ვარსკვლავებიც ნაზად ნაბავდნენ იისფერ წამწამებს, ოცნებასა და ზმანებას დაებანგა
ქვეყანა სრულად.
სიჭაბუკის შემდეგ ეს პირველად შედიოდა ხურსისეულ ეზოში გიორგი.
საჯინიბო ღია იყო, შრამელები აეღოთ, მხოლოდ უზარმაზარი ქვის კიბე
დარჩენილიყო უცვლელად.
ჰინდური თუთიყუშები ჩხაოდნენ სადღაც. კიბის შუაგულამდის ისე მიაღწია,
არც მონების, არც ძაღლების ჭაჭანება არსად ისმოდა.
«კარგად კი ჰყოლია დაცული ფხოველი ტყვეები გამოყრუებულ ათანასე ბერს!»
გაიფიქრა გიორგიმ. ინანა: აქამდის რად არ შემოვიპარეო გადაცმული ამ
სასახლეში?
სულ რამდენიმე ხარისხი ჰქონდა დარჩენილი კიბისა, ტალანიდან შინაური
ავაზა გამოვარდა და კიბის თავზე შესდგა.
ფოსფორული შუქი ქათქათებდა ნადირის თვალებში.
გაუკვირდა: აქამდის ცოცხალი ყოფილაო ხურსისეული ავაზა?!
კიდევ აიარა ორიოდე ხარისხი. ავაზა დაიძრა დინჯად და წამოვიდა უცხოს
შესახვედრად.
თორი არ ეცვა მეფეს, შეკრთა, ხმლის ვადაზე წაივლო ხელი.
ვიღაცა დიაცმა გამოსდია ავაზას. უცნობის დანახვაზე შეკრთა.
ამასობაში ავაზა მოეახლა გიორგის, მუხლის თავზე უყნოსა ძაღლივით.
მარცხენა ხელი გამოიღო გიორგიმ, უნდა მიალერსებოდა მხეცს, მაგრამ საეჭვოდ
მიიჩნია სტუმართმოყვარეობა მისი.
მარჯვენათი მოზიდა ხმალი.
«ნუ გეშინია, არას გავნებს, ბატონო».
მიაძახა კიბის თავზე შემდგარმა ქალმა.
შერცხვა კიდევაც ოდნავ, დიაცმა რომ შეამჩნია შეკრთომა ვაჟკაცს.
ტალანში შესულს ეცნაურა შინდისფერ მანდილიანი დიაცი.
«მწუხრი მშვიდობისა».
ეუბნება სტუმარი.
«ვინა გნებავთ, ბატონო?»
ხმა გაიღო ქალმა.
«დიასახლისი ამ სახლისა».
მიუგო გიორგიმ.
???
«ამ სახლის დიასახლისი?»
დადუმდა მცირე ხანს და დასძინა:«სარკინოზებთანაა წასული იგი».
«ვინა ცხოვრობს სასახლეში ამჟამად?»
«ფხოველი ტყვეები, ჩვენ».
«შენ ვინ იქნები, ქალავ?»
«პირისფარეში ერისთავის ქალისა».
«თვითონ შორენა სადა ბრძანდება, პატრონი შენი?»
«შორენა და მისი მოახლენი ზედაზენს წაიყვანა ჩვენმა მოძღვარმა».
«შენი სახელი მიბოძე, ქალავ».
«ვარდისახარი, ბატონო ჩემო».
გიორგის მცირე რამ სმენოდა ამ ქალის გამო, დაკვირვებულად ახედ-დახედა
დიაცს.
«შენ თავათ ვინა ბრძანდები, ბატონო?»
«მეფე გიორგის მალემსრბოლი, ავშანისძე ვარ, გლახუნა».
მეფე გიორგის ხსენებაზე ანაზდად შეშფოთდა ქალი.
«მობრძანდით, – ეუბნება მოწიწებით სტუმარს, დიდ დარბაზისკენ გაუძღვა წინ.
ოთხივე კუთხეში კაცის სიმაღლე შანდლები ენთო, ხალასი ვერცხლისა. ნიშებში
თაფლის სანთლები ბჟუტავდნენ.
ირმის რქები და ტყავები ეკიდა კედლებზე, გაშლილი ვაშკარანები, ღია
სკივრები და ზანდუკები ელაგა ირგვლივ.
შუაგულ დარბაზში ვერცხლის ტაბაკი იდგა, გახსნილი გრაგნილი ზედ იდო
გრძელი. სწორედ ამ ტაბაკთან მიიყვანა ვარდისახარმა სტუმარი, სელზე დაჯდომა
შესთავაზა მყისვე.
გიორგიმ მოურიდებლად დახედა გრაგნილს.
ეს რა არისო?
ეკითხება დიაცს.
«მზითვის წიგნია ერისთავის ქალისა».
ვარდისახარმა ახედ-დახედა სტუმარს.
ასე დაასკვნა სამოსის მიხედვით: მდაბიორიაო ვიღაცა, ალბათ, გულახდილად
დაუწყო ამიტომაც მას საუბარი.
მარტოშთენილისათვის აღტაცება მოეგვარა, როგორც სჩანდა, შორენას მზითევს.
სათითაოდ უჩვენებდა ყოველივეს სტუმარს.
დაუზარებლად ეტიკტიკებოდა მეფეს, აქებდა თავის პატრონს თანაც.
გულნაზიაო და პირმშვენიერი შორენა. ურთიერთისაგან არ არჩევსო დიდსა და
მცირეს, მანდილოსანის სინატიფე და რაინდის ლომგულოვნება თანაბრად
შერწყმულიაო მასში.
ბედმა უმუხთლაო ჩემს პატრონს ერთხელ, დააბეზღესო მსტოვარებმა
კოლონკელიძე, მეფის ღალატი შესწამესო უბრალოდ, ზვიად სპასალარს აძაგებდა,
კვეტარის დამქცეველს, თვალები დაუბნელესო უმიზეზოდ ბედკრულ ერისთავს.
ზვიადმა მოუკლაო ერისთავის ქალს საქმრო, ბოლოს თავათ მეფეს უნდოდა
ცოლად შეერთო, მაგრამ მელქისედეკმა და დედოფალმა არ დაანებესო. მაინც
მოხედაო შორენას ღმერთმა...
ახლა თავისი ცხოვრების ამბავიც წამოიწყო ვარდისახარმა.
მეც ვიყავიო ბედნიერი ოდესღაც, ოვსთა მეფე მიგულებდაო სასძლოდ (არ
გაუმხელია, ხარჭად რომ ჰყავდა ოვსთა მეფეს, არც ის უთქვამს, ჭიაბერმა რომ
მოაწამვლინა იგი).
უცებ შესწყვიტა ამგვარი ტიკტიკი.«მაინც რა საქმე გაქვს შორენასთან, კაცო?»
«ნაბრძანები მაქვს პირადად მოვახსენო საუწყებელი».
«მაშ დაიცადე მცირედი, გამოჩნდებიან სადაცაა ალბათ».
გიორგიმ თავათაც არ იცოდა ამ წუთში, მართლაც რომ შემოსულიყო შორენა, რა
უნდა ეთქვა მისთვის მოულოდნელ სტუმარს?
გიორგიმ საუბარში შეატყო: დიაცმა არც კი იცოდა, მოდიდებული რომ იყო
არაგვი.
მთელი კვირაა გარეთ არ გამიხედავს, შორენას მზითევს ვითვლი და ვალაგებ,
გურანდუხტს მოველითო ხვალ.
ესა სთქვა ვარდისახარმა და გახსნილ ვაშკარანებთან მიიყვანა სტუმარი.
საყდრის იარაღებს აჩვენებდა დიდის მოწიწებით. ოქროთი შეჭედილ ხატებს,
ვერცხლის ლუსკუმიან ჯვრებს, დიდრონი იაგუნდებით, ლალებითა და
საფირონებით მოოჭვილთ.
ძელი ჭეშმარიტი გადმოიღო ერთი, ხოშორის მარგალიტებით შემკული,
სახარება და ფსალმუნი ფერადი მინიატჲურებით დამშვენებული, ოქროთი
მოჭედილი ბუდეებიც მათთვის.
სპილოს ძვლის ზანდუკი გახსნა, საყურეები ამოიღო ბადახშანის ლალებითა,
ნიშაბურის ფირუზებით, მურასა ჯაჭვებითა და თითრიმებითა.
შესანიშნავი მანიაკები გადაიცვა ყელზე, ვარდისფერი იაგუნდებითა.
წითელი, ყვითელი და პირისფერი იაგუნდები ისხდნენ ბეჭდის თვლებში.
მიჭვრიტანები ამოალაგა ოქროთი მოზარნიშებულნი, საყურეები ყვრიმალებთან
მიჰქონდა, ბეჭდებს თითებზე იზომავდა.
ასე ეგონა: თვალს მოსჭრისო მათი დანახვა ხამლის სამოსში გამოწყობილ
«მდაბიორს».
როცა პატიოსანი თვლები წამიერად მიეახლებოდნენ ვარდისახარს, ეს ყოველივე
ბრწყინვალებას ჰმატებდა ისედაც პირმშვენიერ დიაცს, მაგრამ მათგან მოგვრილი
აღტაცება თვალსაჩინოდ ჰხდიდა მდაბიორობას მისას.
ახლა დიდი ზანდუკი გახსნა ჯვრის ჩუქურთმებით შემკული. ოქროს ფიალები
ამოალაგა, ვერცხლის ჯამები, ვერცხლნაქანდაკები ლანგარები, წეროსყელიანი
სურები.
ოქროს ფიალა აიღო გიორგიმ. ირმები იყო ზედ გამოსახული, ფური და ხარი
მიჰყვებოდნენ ურთიერთს, წყვილებს წყვილებიდან თიშავდა მგელკაცების უცნაური
ფიგურები.
დიდ სურაზე ნადირობა იყო გამოხატული, ხოხობზე მონადირე მოისარები
მოსჩანდნენ, მაძებრების თავები, გაქცეული ნიამორების გადრეკილი ზურგები. ვაზის
ლერწები და ფოთლები გარს ერტყა სხვათა, უდიდესი გულმოდგინებით
შესრულებულნი ოსტატის მიერ.
ახლა საპირფარეშოს ოქროს გოდოლები გადმოიღო ვარდისახარმა, უმარილის
სალესი ჯამები, თმის საყოფები, ყურისა და კბილის საჩიჩქნი ჩხირები ოქროისანი,
ბროლისტარიანი თმის სახვევები, გველებრ დაგრეხილი ოქროს მარყუჟები
ნაწნავების დასაგრაგნელი.
მოჩვენებითი გულისყურით ათვალიერებდა ამ ნივთებს გიორგი. გამოართმევდა
ვარდისახარს, სინჯავდა, აქებდა სათითაოდ ყველაფერს.
ორხოვის ნოხები ამოალაგა დიაცმა, ხატაური და ჰინდური სტავრა, ოქროთი
ნემსურნი სრულად.ვერცხლის თუნგები აბანოში სახმარი, ფერადად ნაქარგი აბანოს სჲუზანები,
მოვის პერანგები, მარგალიტის თირთიმებითა და ყირმიზი ლალებით
დამშვენებულნი.
საწმერთულებს თვალი წაატანა გიორგიმ, პირისფერს, ბროწეულის ყვავილისა
და სინგურისფერისას.
გულისპირები ამოჰყვა მათ, ფერადი მაშიები, მარგალიტით მოოჭვილი ქოშები.
ერთი საწმერთული აიღო გიორგიმ ხელში, ხოხბისყელისფერი, ტოტებზე ირმის
თავები იყო სითვით ამოქარგული, მეორეზე ვაზის ფოთლები და მტევნები იყო
ოქრომკედით ამოყვანილი.
ხატაური და ირანული დიბის კაბები გადმოიღო ვარდისახარმა, ნარინჯისფერნი,
მზისფერნი და ზღვისფერნი.
ცხრა კაბა ქირმანული ფერადი შალისა, ცხრა საწმერთული გვიმრისფერი,
ენდროსფერი და პირისფერნი.
ოქროს ქამრები, მძიმე სარტყელები ამოალაგა თეთრი, შავი და უნაბისფერნი.
ყვითელი, მწვანე, ჟრუნი და იისფერი ქათიბები, ოქროს სინსილიანნი,
ტყავკაბები, ოქროქსოვილი ზორტებით და მარგალიტის ფოჩვებიანნი.
კვერნის ტყავები მარგალიტის საყბეურებით, ოქროსა და ალმასების ღილებითა.
ქვეშაგებს თვალი მოჰკრა გიორგიმ, დორებს, საფენებს, ვაშკარანებს, მაფრაშებს,
თასებს, ხატაურსა და ირანულ ლანგრებს, ვაზებს და სურებს.
ქირმანული ხალიჩები ეყარა ირგვლივ, ოქრომკედით მოქარგული მუთაქები,
ბალიშები და ნატები.
ახლა ცხენსაკაზმი აჩვენა დიაცმა.
მურასა ოქროთი შეჭედილი უნაგირები, მშვლის ბეწვის თოქალთოები,
ოქრომკედით კიდემოხატულნი, ვერცხლის სამკერდენი, საცხენო თორნი,
ბიზანტიური, ქართული და ირანული, ვერცხლით შეზიკული აღვირები, ლაგამები
და მოსართავები.
მარგალიტის ქუდი ხელში შერჩენოდა ვარდისახარს, თავზე დაიხურა და
გაუღიმა სტუმარს.
«ერთ წუთში მე ვიქნები ერისთავის სასძლო».
ნაღვლიანად დასძინა:
«ეჰ, ერთ დროს მეც გამიღიმა ბედმა, მაგრამ რისხვით მობრუნდა ჩემს თავზე
ცარგვალი!».................................................
გიორგიმ შეჰხედა დიაცს.
გაახსენდა ზვიადის ნაამბობი: მეჯადაგის ქალი ყოფილაო ვარდისახარი.
შესცქეროდა, უკვირდა: როგორ წარმოშვაო მეჯადაგემ ეგზომ მშვენიერი დიაცი!
თვალი შეავლო მარგალიტის ქუდს და მწყრისფერ აბრეშუმის კაბას.
მოაგონდა: ეს ქუდი ეხურა შორენას, როცა კვეტარის ციხის კარებთან შეაგებეს
იგი მეფეს. სწორედ ეგ მწყრისფერი კაბა ემოსა იმ საღამოს.
მართლაც სადედოფლო ქალი იდგა მის წინაშე. შორიახლო იწვა ავაზა, წინა
თათებზე დაედო თავი.
ოდნავ, სულ ოდნავ ჭორფლიანი, მაგრამ თეთრი, ვაშლის ყვავილისფერი სახე
ჰქონდა, ავაზას დარი თვალები.
მწყრისფერი აბრეშუმი დიდად ჰშვენოდა, ნასხვისარობა ეტყობოდა კაბას.
მკვრივად შემოტმასნოდა იგი გათქვირულ ძუძუებსა და სავსე თეძოებს.
ზედა ტანი ოდნავ გაცრეცილი იყო სწორედ იმ ადგილას, სადაც ძუძუს კერტები
ზედმოსდგომოდა მწყრისფერ აბრეშუმს.ახლა დარწმუნდა გიორგი: მართლაც გრძნეული უნდა იყოსო ეს დიაცი.
განზრახ შეეკითხა ვარდისახარს:
ვის მიჰყვებაო ცოლად ერისთავის ასული?
???
ვარდისახარი გაოცდა: როგორ არ სცოდნიაო ეს ამბავი მცხეთელს? მთელი
ქალაქი ამ ქორწინების გამო ჭორაობსო დღენიადაგ.
«მაინც ვის?»
გაუმეორა გიორგიმ კითხვა.
«მეფე გიორგის ბრძანებით, გირშელს, ყველისციხის პატრონს».
მოწიწებით წარმოსთქვა ერისთავის სახელი დიაცმა.
გველცემულივით ზეწამოიჭრა სტუმარი, ამ წუთში ირწმუნა: სამუდამოდ
დავკარგეო შორენა.
სამსჭვალივით ეცა გულზე ეს სახელი «გირშელი».
განზრახ შეეკითხა დიაცს:
«რა კაცია ნეტავ ეგ გირშელი?»
«დიდი ვაჟკაცი, მოისარი ფრიადი, ერისთავი უსაჩინოესი, გიორგი მეფის დედის
დისწული».
კიდევ აპირებდა ვარდისახარი ამ რაინდის სხვა სიქველეთა ჩამოთვლას, მაგრამ
სტუმარმა არ აცალა და სიტყვა ჩაუგდო საუბარში ასეთი:
«ალბათ ბედნიერია ერისთავის ქალი, ჰა?»
«ჩემს პატრონს სხვა უყვარდა, არხეგოსი, ერისთავი ჭიაბერ, მაგრამ რა ჩარა აქვს
ახლა, გიორგი მეფის ტყვეები ვართ ჩვენა, არჩევანის ნება ვინ მოგვცა ბედშავთ?»
«ასე რომ, მეფე გიბრძანებთ, ყოველივეს შეასრულებთ, არა?»
გაეხუმრა გიორგი და მის მკერდს დაადგა თვალი.
ქალმა ეს შემოხედვა დაიჭირა, აიმღვრა, აღარ იცოდა, რა ეპასუხნა.
«აფსუს, რად არა ვარ მეფე გიორგი?!»
ვითომდაც ნაღვლიანად ამბობს სტუმარი. კიდევ შეხედა მის აბორცვილ
ძუძუებს და კვლავ გაუღიმა, ახლა უფრო მოურიდებლად, მრუშად.
«მეფე გიორგი რომ იყვე, რას იზამდი ნეტავი?»
«მეფე გიორგი რომ ვიყვე? ხარჭად აგიყვანდი შენაც».
ეს უთხრა, ახლოს მიეჭრა დიაცს, ავაზისებრ თვალებში ჩააშტერდა, მარჯვენა
ძუძუზე წაუცაცუნა ხელი (ასეთი მშვენიერი ძუძუები არასოდეს ენახა ქალის
სხეულზე გიორგის).
ვარდისახარი აილეწა.
«ხელები დაიმოკლე, ბედშავო!»
შერისხა და მარჯვენა ხელზე წაუტლაშუნა მამაკაცს მარცხენა.
გიორგიმ ხელი მოუნაცვლა, ახლა მარცხენა წაუცაცუნა მარცხენა ძუძუს, მერმე
მარჯვენა გამოიღო სწრაფად, ქედზე შემოჰხვია, მოიზიდა დიაცი.
მკერდზე შემოენთო ქალის სხეულის სილბო და სიტფო.
უარესად აღელდა მთვრალი, თავი გადაუწია მკლავებში ჩაბღუჯულს, უნდოდა
მისწვდენოდა მის წითელსა და ვნებიან ტუჩებს, მაგრამ ლეღვის შტოსავით გადაიკეცა
ქალი.
მარჯვენა გამოიღო, მკერდზე ხელი ჰკრა მამაკაცს და მიახალა:
«თუ მართლაც მეფის მიერ ხარ მოგზავნილი, ისე გაისარჯე, როგორც მეფეთა
მოციქულებს ეს ეკადრება, ბრიყვო».
ასეთი სიტყვა არავის უკადრებია გიორგისათვის ჯერ.ბრაზი, ღვინო და ვნება მოეძალა ერთბაშად, ნაბიჯი წინ წასდგა კვლავ და
ეუბნება დიაცს:
«მე თვითონ ვარ მეფე გიორგი».
იქედნურად გაუღიმა ქალმა:
«მეფე გიორგის მიგიგავს წვერი».
სტუმარმა ჩაიცინა, კვლავ წაეპოტინა იგი ვარდისახარს. მცირე ხანს იბრძოდნენ
დიაცი და მამაცი. მკლავების სალტეებში მომწყვდეული ატირდა.
თუ არ მომეშვები, ვიკივლებო ახლავე.
მკლავები შეუშვა გიორგიმ, ვარდისახარმა იდროვა, ხელი ჰკრა ისევე მკერდზე,
დაბარბაცდა მთვრალი, მუნვე გაწოლილ ავაზას ზედ გადააწყდა. ნადირი განზე
გადაუხტა, თვალები დაუბრიალა უცხოს, შემზარავად ლაშდაღრენილმა.
თავისი გაცოფებული ავაზა მოაგონა გიორგის ფოსფორულმა ელვამ, ხმალს
ხელი მიჰყო, ელვის უსწრაფესად ძირს დასცა მხეცი.
სისხლის დანახვისას შედრკა უცნაურად ქალი. გიორგიმ ხმალი გასწმინდა,
აუღელვებლად ჩააგო ქარქაშში. კვლავ მიეახლა ვარდისახარს.
ასე ეგონა, დავიუფლეო შემკრთალი დიაცი.
გაიბრძოლა ქალმა, ისევ ატირდა, მაგრამ მტკიცე მკლავები შემოჭდობოდა
სხეულზე. გახელებული მთვრალი ჰკოცნიდა ყვრიმალებზე, კისერზე.
საკინძე გაუფხრიწა გიორგიმ და ძუძუზე უკბინა გახელებულმა.
ვაჰმეო, იყვირა ვარდისახარმა და როცა შემკრთალი მამაკაცი მოეშვა კვლავ,
მარჯვენა მკლავი მოუქნია და სტკიცა სილა.
გონს მოვიდა მთვრალი, სიწითლემ იფეთქა მის სახეზე, ავაზას ლეშზე
გადააბოტა და მიმართა ღამეს.
XXVIII
...«ახლა, ქორწინებისათვის კვიმატი
დღეების გამოც უნდა მოგითხროთ მცირეოდენი.
გაზაფხულის სამივე თვეში კურდღლის
დღენი სამივენი ნავსია.
ზაფხულის სამივე თვეში ცხენის
დღენი სამივენი ნავსია»...
ფარსმან სპარსის სამთვარიოდან.
შოშიები მობრუნებულიყვნენ მცხეთაში.
არსაკიძე აივნიდან უთვალთვალებდა; აურაცხელი მშვენიერი ფრინველი
შერეოდა ჭადარს.
ეშვებოდა ბინდი.
არსაკიძე ჯერ კიდევ ჰხედავდა ხოჭოს ჯავშანივით ლაპლაპა ნაკრტენზე ალაგ-
ალაგ სხურვებულ სიშავეს. ერთობლივად ჟიოდა, ჟღურტულებდა სირი.
შოშიები არ აპირებდნენ დაცხრომას. უცხოსა და უცხო ქვეყნების ამბავს
უამბობენო თითქოს ურთიერთს, ერთად ყოფნით გახარებულნი.
დაქანცული იყო დღიურ ჯაფისაგან კონსტანტინე. სვეტს მიყრდნობილი
შესცქეროდა, ყურს უგდებდა ამ სანახაობას.
ასე ეგონა მჭვრეტელს: სადაცაა შევიცნობო მათი იდუმალი ჟღურტულის
შინაარსს.უცნაური სიმარტოვე შეიცნო.
სიყრმე მოაგონდა თავისი.
სწორედ მის სარკმელთან მოდიოდნენ ისინი გაზაფხულზე კვეტარში.
ნეკერჩხლის ხეზე ათევდნენ ღამეს.
შოშიებს მოჰქონდათ გაზაფხულის სიხარული მთაში.
დედა მოაგონა ამ ამბავმა არსაკიძეს.
დაფათურებს ალბათ შაოსანი მთიულური ქვიტკირის ეზოში.
ყორნები შემომსხდარან მახლობელ ნაძვებზე, უხიაგი ყრანტალით უხმობენ
ღამეს. შოშიები ჟივიან ნეკერჩხლის მწვანეში.
თვალნათლივ ჰხედავს კონსტანტინე შავ ცხვრებს.
მოისმის ნერბებისა და ბატკნების ერთობლივი ბღავილი.
გონების თვალი მიაყოლა შავადმოსილ მოხუცის ლანდს.
დაფაცურობს დედა, დასდევს დახუთული ცხვრებს.
ვიდრე ერთს გამოსწველიდეს, რომელიმე თოხლი შეუვარდება ჯიქანში შაქს.
დაიჩოქებს, ურაჯგუნებს გამობერტყილ ძუძუებს.
სიყრმეში თავათ ეხმარებოდა ცხვრის წველისას დედას, საჩიხეში შერეკავდა
ბატკნებს, ხელს წაავლებდა ყურზე, სათითაოდ მოჰგვრიდა ჯირკვზე მჯდარ მოხუცს.
ამ წუთში შემოესმა არსაკიძეს გულგანაწყენი ბღავილი.
დაფაცურობს შუაცეცხლთან დედა.
ჩრაქვით გააღვიძებს ცეცხლს.
რძეს ჩააყენებს...
ილოცავს...
ხატს შეავედრებს თავის ერთადერთ ვაჟს.
დაწვება მოხუცი იმ იმედით: სიზმარში მაინც ვნახოო გადაკარგული შვილი.
«უტა», – მოესმა არსაკიძეს თავისი ლაზური სახელი.
შოშიები დაცხრნენ.
მდუმარებამ დაივანა ბაღში.
მთვარე ჯერაც არ ამოსულიყო.
ქიმერებივით მოსჩანდნენ ცაცხვების, ჭადრების და ფითრიანი მსხლების
სილუეტები.
უყვარდა არსაკიძეს ჭვრეტა ღამისა, როცა ქვეყანა ბნელითაა მოცული და
მხოლოდ ჩქამით შეიცნობა, რომ სიცოცხლე ჯერაც ფეთქავს მიწაზე.
აივანზე მარტო დარჩენილს მოესმის თითქოს დედის ნათქვამი ლაზურად: რძე
დალიეო, უტა!
დასძაბა გონების ძალი თვალდახუჭულმა: სურდა შეეცნო, თუ რას ეტყოდა
შორეული ჩვენება დედისა?
უსუსური აღმოჩნდა გონება.
ახლა ნანობს არსაკიძე: რად არ ვასწავლეო მოხუცებულს წიგნი?
სიტყვიერად უთვლიდა მოკითხვას შორიდან.
ხან წაბლს გამოუგზავნიდა, ხან ზღმარტლს, ხან პანტას, დედის მიერ
ხელშენავლებს. ფხოვურ პაჭიჭებს, ჭრელ წინდებს, კალთებმოქარგულ ფხოვურ ჩოხას.
იმდენი სყვარული და სიტფო თან ჩამოჰყვებოდა ხოლმე ამ საგნებს, დიდხანს,
დიდხანს ყოფნიდა ჯაფისაგან წელში გაწყვეტილ ოსტატს ეს ყოველივე.
უთვლიდა დედა:
დავსნეულდიო, შვილო, მეშინია: არ ამომხდესო უშენოდ სული.
ცნობა მოვიდა კვეტარში: გაუცვნიხარო გიორგი მეფეს.ალბათ მეფესაც ეყოლებაო დედა, ალბათ მეფესაც ეყვარებაო დედა.
დედა დააფიცეო მეფეს, შეევედრეო ჩემს მაგივრად, გამოგიშვასო დედის
სანახავად.
ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც თვალი მოგკრა როგორმე. სიკვდილის წინ
დაგლოცო, შვილო, შემდეგ ამისა ნუ შემრჩება სუნთქვა, შემდეგ ამისა მიმიღოსო
უფალმა.
გზა რომ ვიცოდე, კვალი რომ ვიცოდე, თავათ წამოვიდოდი როგორმე,
პურისმცხობლად დავდგებოდი შენს ახლოს სადმე, თავს არ დავზოგავდი,
წამოვფორთხდებოდი როგორმე, ფეხები დამისივდა, ძველებურად ვეღარ ვჯდებიო
ცხენზე.
ეგეც არ იყოს, ვინღა მიხედავსო მამას, ფხოვურ მიწაში მარტოკა მწოლარეს?
საკლავს ვინ შესწირავსო სულის საცხონებლად, ხუცს ვინ აწირვინებსო
სალხენად მისდა?
ისევ ისა სჯობია თავათ ინახულოო მოხუცი დედა.
ეს შემოუთვალა არსაკიძეს დედამ, კალატოზის ბოდოკიას პირით.
ფხოველი დიაცი ჰყავდა ბოდოკიას, ლაზს.
არა ჰქნა დედაკაცმა ბარში ჩამოსვლა, ვერ მოვშორდებიო წინაპართა საძვალეს.
თავათ მიდიოდა ამიტომაც ბოდოკია სამ თვეში ერთხელ ცოლის სანახავად
ფხოვს.
მას შემდეგ, რაც ფარსმან სპარსს აჰყარეს პატივი, არსაკიძე გახდა
ხუროთმოძღვარი მეფისა.
მეფისათვის უნდა ეთხოვა მას ფხოვს წასვლის ნება.
ერიდებოდა თხოვნას.
თავათაც ენატრებოდა მოხუცის ნახვა, მაგრამ არ იქნა და ვერ მოთავდა
სვეტიცხოველი.
რაც უფრო მაღლა მიიწევდა შენობა, უფრო და უფრო რთულდებოდა ოსტატის
საქმე.
ხარაჩოები ინგრეოდნენ ზამთრობით, მუშახელი ზიანდებოდა.
დაიღუპებოდა რომელიმე ოსტატი, მშენებლობა შეფერხდებოდა.
კაცის მაგივრად კაცის პოვნა ხომ ადვილია, ოსტატის ნაცვლად ოსტატის
გამონახვა ასევე ძნელი.
კარგად იცოდა კონსტანტინემ:
ქმნილების დაწყებაა მთავარი, მაგრამ დასრულება მისი უმთავრესია მაინც.
დიდი მოამაგე იყო მელქისედეკ კათალიკოსი, მაგრამ ჟამიდანჟამზე ხელს
უშლიდა არსაკიძეს. ფარსმანის მაგალითით დაშინებულს, ყოველ წვრილმანში
«წარმართობა» ელანდებოდა, უნებლიეთ ებრძოდა ბერიკაცი ქართულ მოტივებს,
ძველბიზანტიურ მკვდარ სქემებზე შეყვარებული.
თავათ არსაკიძესაც ბერძნული სკოლა ჰქონდა ბიზანტიონში განვლილი. მას
შემდეგ, რაც თავისთავადი გახდა ოსტატი, უღალატა მასწავლებელთა გზას.
(ეს ასე ყოფილა მუდამ: ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი,
ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში).
იჭნეულად შესცქეროდა მელქისედეკი არაქრისტიანთ ოსტატთა შორის. უნიჭო
ქრისტიანს არჩევდა ნიჭიერ ირანელს, ანდა სარკინოზს.
არსაკიძესაც ახელებდა მელქისედეკის უთავჟამო მითითებანი. მუდამ სძაგდა
ისეთი ოსტატები, რომელთაც პირჯვრის წერის მეტი არა ესწავლათ რა.გამოგზავნიდა ხოლმე რომელიმე მეჯადაგეს კათალიკოსი, მართლმორწმუნეაო,
შემოუთვლიდა, გამოიყენეო ეს ოსტატი როგორმე.
სასტიკად ტუქსავდა ამ «მეჯადაგე ოსტატებს» არსაკიძე.
ბრაზმორეულნი
გარბოდნენ
ეზოსმოძღვართან,
ხანაც
კათალიკოსს
დაუხვდებოდნენ წინ, მშენებლობის მოსახილველად მოსულს.
აბეზღებდნენ არსაკიძეს: მართლმორწმუნეებს სდევნისო «წარმართი ფხოველი»,
იბერიელბსა და ქრისტიანებს აქვეითებს, აწინაურებსო ლაზებსა და ფხოველებს.
გასულ წელს ხარაჩოებიდან ჩამოვარდა კალატოზი გარისელისძე, მოქანდაკე
ქველაისძე, მეჩუქურთმე კვირიკაისძე, მეფის მხატვარი ოტობაია, მექანდაკენი:
როსტომაისძე და წვერგრძელისძე.
წრეულს მიწისძვრის დროს, თებერვლის 3-ს, კედელი ჩამოწვა. ასზე მეტი მონა
ხელოსანი გასრისა, სამას ფხოველთაგან მხოლოდ სამოცი გადარჩა.
ცუდი კვება და სახადი მუსრს ავლებდა მუშახელს.
მოაქუჩებდნენ ცხედრებს, დავითნს წაუკითხავდა ხუცესი, დაჰყრიდნენ
ურმებზე და ჩაჰყრიდნენ ქალაქს გარეთ ორმოში (არც კაცს, არც ქვას, არც სიტყვას არ
შემოუნახავს მათი სახელი).
არსაკიძე ჰხედავდა ამას ყოველივეს.
გული სტკიოდა, ვერ ბედავდა ხმის ამოღებას.
ასეთ დროს ტაძრის მიტოვება და ფხოვს წასვლა ღალატი იქნებოდა საქმისა
უთუოდ.
«ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ
სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან».
იტყოდა ხოლმე არსაკიძე.
ღამემ დაივანა რატისეული სასახლის ხილნარში.
ვარსკვლავები აყვავდნენ ცაზე. კალთები შეუწითლდა დასავლეთით ცას.
ჯვარის მონასტერს წამოადგა მთვარე.
ტურების კივილი მოისმოდა შორიდან, კატები ღნაოდნენ ბაღჩაში.
შეკრთა ბნელში მდგომარე უეცრად.
ნონაი ეპოტინებოდა მკლავზე.
შესჭამეო რაიმე, შვილო.
დიდხანს უჯდა შუაცეცხლს ნონაის სამყოფელში ლაზი.
ქუმელი ძლივს შესჭამა მცირედი.
მადლი უძღვნა ნონაის.
ხელის დაბანა მოეწადინა.
ფრჩხილებზე დაიხედა უეცრად.
გაახსენდა: ფეხი რომ დაუცურდა ხარაჩოზე ამ დილით, მოებღაუჭა ძელს.
ფრჩხილები დამსხვრევოდა მარჯვენაზე სრულიად.
დანა გალესა, ქნა დაუწყო ფრჩხილებს.
ადგა ნონაი.
წიგნი მოუტანა ყდაგახუნებული.
ფრჩხილის დაქნისათვის სწერიაო ამ წიგნში რაღაც.
«უკეთუ ურჩხულის დღეს ფრჩხილი დაიქნას ვინმემ, გულის სწორთან
წაკიდებას ელოდეს იგი.
ვინცა ძროხის დღეს დაიქნას, სიხარულია უეცარი მოსალოდნელი.
კურდღლის დღეს – საყვარელთან წაკიდებასა, გველის დღეს – მორიელისაგან
დაკბენას.ცხენის დღეს – ქრთამებსა ფრიადს, ლომის დღეს – საწადელი აუხდეს».
თავი აიღო არსაკიძემ, შესცინა მხევალს.
«ვისია ეს წიგნი, ნონაი?»
«ფარსმან სპარსმა უსახსოვრა განსვენებულს რატის ოდესღაც».
დიდხანს იჯდა არსაკიძე კერასთან.
კითხულობდა სამთვარიოს, ცეცხლის შუქთან მიჰქონდა წიგნი.
ნონაი კუთხეში მიგდებულიყო დათვის ტყავზე.
ბოდავდა ძილში.
კენჭი შემოვარდა სარკმლიდან.
ჩქამი შეიცნო არსაკიძემ, მიიხედ-მოიხედა, კვლავ განაგრძო სამთვარიოს
ფურცვლა.
ახლა მის ფერხთით დაეცა კენჭი.
ადგა, ბაღჩაში გავიდა.
ჭოტის ხმა მოდიოდა მუხოვანიდან.
შინ შებრუნება დააპირა და სწორედ ამ დროს გაიელვა ცაცხვის ქვეშ
თეთრრიდიანმა ლანდმა.
მიეახლა თუ არა, მთვარის შუქზე ვარდისახარი შეიცნო.
დარბაზში აიყვანა სტუმარი.
შემკრთალი ეჩვენა ვარდისახარი, ქუშამომჯდარსავით ქშინავდა დიაცი.
ჭაღები დააქვრეო, ეს იყო პირველი სიტყვა სტუმრისა. შემოგვისწრებსო ვინმე.
ეუცნაურა მისი ნათქვამი არსაკიძეს.
სელი მოუტანა და დასვა დიაცი.
დარბაზს თვალი მოავლო ვარდისახარმა, მიაშტერდა კედელზე დაკიდულ
ფარებსა და რკინის პერანგებს.
ისევ შეევედრა ვაჟს:
შუქი რაღად გინდა, დააქვრეო ჭაღები.
«რად უნდა დავაქრო, ქალავ? ნონაის სძინავს, რატისეულ მხევალს, სხვა ვინღა
მოვა ამ ღამეში ჩემთან?»
თავათაც აიღო სელი, გვერდით მიუჯდა.
უფრო მეტად დამშვენებულიყო ტყვეობაში ვარდისახარი.
მოეწონა წაწალყოფილი.
ქედზე ხელი გადაჰხვია, აკოცა ყვრიმალში.
ნებას დაჰყვა დიაცი, წელზე ხელი მოავლო, მოიზიდა. თავი გადაუწია, დიდხანს,
დიდხანს უწუწნიდა გოლეულივით ტკბილსა და ვნებიან ტუჩებს.
მერმე მოსწყდნენ ერთიმეორეს ვნებისაგან აღრეულნი.
თრიაქით მთვრალს მიუგავდა ვეფხისებრი თვალები დიაცს. ხორბლისფერი
ნაწნავები დაუხსნა არსაკიძემ, თავის გარშემო სამკეცად შემოგრაგნილი.
ადექი, ტახტზე დავჯდეთო, შეევედრა ვაჟი.
აქ მირჩევნიაო, აიჩემა ქალმა.
კიდევ შეევედრა ვაჟი, მაინც გაჯიქდა ვარდისახარი.
მივიდა ვაჟკაცი, ბალღივით აიყვანა გათქვირული დიაცი და ტახტზე დააწვინა
ძალით.
ქალი წამოდგა, ჯდომა სჯობიაო წოლას.
არსაკიძე გვერდით მიუჯდა ისევ.
თავი აარიდა საყვარლის ხვევნას ვარდისახარმა. შერისხა ვაჟმა, დიაცი ადგა,
ტახტის წინ დაიჩოქა, მუხლზე თავი დაადო არსაკიძეს. ბალღივით აქვითინდა.ვაჟმა არა ჰკითხა მიზეზი.
დიდი ხნის გაყრის შემდეგ მოსულს ანაზდად აუჩქროლდაო გული. ალერსითა
და ლაციცობით მოიოხეს ვნება.
წყალი ითხოვა სტუმარმა.
მოიკლა თუ არა წყურვილი, გამხიარულდა, ატიკტიკდა თავისებურად.
შორენა ზედაზენს იყო, გუშინ მობრუნდაო ძლივს, გურანდუხტი შინ დახვდაო.
«ტირილით გადაეხვიენ დედა-შვილი ურთიერთს. ქვა ადუღდებოდა მათი
შემხედვარე.
ნიშნობა იქნება მალე».
აქებდა, ადიდებდა ვარდისახარი გირშელს, ყველისციხის პატრონს.
ქვეშეცნეულად არ მოსწონდა ეს კაცი არსაკიძეს, არც მისი ხსენება იამა ახლა,
მაინც ყურს უგდებდა დიაცის ტიკტიკს.
«გუშინ თვალი მოვჰკარი, – განაგრძო ვარდისახარმა, – ჰშვენოდა ცხენზე ჯდომა
ერისთავს. გიორგი მეფეს მიჰყვებოდა ცხენდაცხენ. სულ რჩეული რაინდები ახლდნენ,
თორ-აბჯარში ჩაჭედილნი სრულად. სახის იერით გიორგი ბრწყინავდა, ახოვნებით
გირშელი – ყველისციხის პატრონი.
მოოქროვილი თორი ეცვა მეფეს, ხოლო ერისთავს მოვერცხლილი სრულად».
იჭვნეული იყო არსაკიძე ფრიად, განსაკუთრებით ვარდისახარის მიმართ.
დღემდის ვერ ეპატიებინა მისთვის ოვსთა მეფის ხარჭად ყოფნა ოდესღაც.
«შენ მაინც რომელი უფრო მოგეწონა, ვარდო, გიორგი მეფე, თუ ერისთავი
გირშელი?»
დამცინავი კილოთი შეეკითხა დიაცს.
კითხულმა ვერ გაიგო დაცინვა.
«მართალი გითხრა, გიორგი მეფე, – მე არ მიყვარს მამაკაცი ახმახი».
არსაკიძე აიმღვრა, მაგრამ დადუმდა.
აივნიდან ჩქამი შემოესმათ.
მასპინძელი გარეთ გავიდა.
ძაღლი დარჩენილიყო ტალანში. ძირს ჩაუშვა, კარი გადარაზა ისევ.
ვარდისახარი ზეზე დაუხვდა. ამბობს:
«შინ უნდა წავიდე, თორემ შორენა არ დაწვება უჩემოდ. ტანზე უნდა გავხადო
ჩემს პატრონს».
«შეიცადე მცირე ხანს».
მიეახლა ვაჟი.
ტახტზე დასვა კვლავ. გვერდით მიუჯდა, თმა გადაუწია და ყურის ბიბილოზე
აკოცა.
ატიკტიკდა ვარდისახარი ისევე.
საიდუმლო უნდა გაგიმხილო ერთი. ფიცის ქვეშ გამანდოვო გურანდუხტმა,
შორენას დედამ.
დაინტერესდა არსაკიძე.
რა გიამბოო გურანდუხტმა ასეთი?
გაჯიუტდა დიაცი.
შეევედრა არსაკიძე კვლავ.
«მაშ შემომფიცე, შორენასაც რომ არ გაუმხელ».
სამკეცი ფიცი დასდო არსაკიძემ.
«თურმე ნუ იტყვი, – იდუმალის ხმით დაიწყო ქალმა, – შორენა როდი ყოფილა
შენი ძუძუმტე».«მაშ ვინა?»
შეაწყვეტინა გაოცებულმა სიტყვა.
«მზექალაი, კოლონკელიძის ხარჭის ნაშობი».
«სადღაა მერმე მზექალაი?»
«აკვანშივე მომკვდარა იგი თურმე».
ვარდისახარი მცირე ხანს შესდგა, ისევ მიმოიხედა და განაგრძო:
«ჰოდა... მზექალაი ყოფილა ძუძუმტე შენი».
«მაშ რად გვეუბნებოდნენ, ძუძუმტენი ხართო?»
«ალბათ მაშინაც იცოდნენ, ყმაწვილები რომ წაწლობენ ფხოვში, შეშინებია
გურანდუხტს, ამიტომაც დაუთქვამს ძუძუმტეობა თქვენი».
ესა სთქვა ვარდისახარმა. ცბიერად გაუღიმა საყვარელს. თითქოს უსიტყვოდ
ეკითხებოდა თვალებით: ხომ არ გაგიხარდა, რომ არა ხარო შორენას ძუძუმტე?
გაოცდა არსაკიძე ამის გამგონე. დიაცის ღიმილის შინაარსს არც კი ჩასწვდენია.
«მარტოკა იზრდებოდა კვეტარის ციხეში შორენა, აზნაურთაგანი არავინ იყო
ახლომახლო, მონები სად გაუწევდნენ მეგობრობას აზნაურს? სიყრმიდან ერთად
იზრდებოდით ორნი, ამაოდ დაუთქვამთ, ძუძუმტენი ხართო».
ესა სთქვა და კვლავ შეხედა გამომცდელი ღიმილით ვაჟს, გაკვირვების მეტი
ვერაფერი ამოიკითხა მის სახეზე.
ადგა და ისევ დააპირა წასვლა.
«ამდენი ხანია არ შევყრივართ ურთიერთს, რად გეჩქარება შინ წასვლა, ვარდო?»
ეს უთხრა, თვალებში ჩახედა და დასძინა:
«სხვა ვაჟს ხომ არ დაადგი თვალი?»
გაწითლდა ანაზდად დიაცი.
საეჭვოდ ეჩვენა ეს გაწითლება ვაჟს. გაახსენდა: როცა გიორგი მეფეს აქებდა,
უცნაურად ელავდა მის თვალებში ვნება.
ქედზე წაავლო ხელი დიაცს კვლავინდებურად.
«ჭაღები ჩააქრე».
შეევედრა ვარდისახარი კვლავ.
ბრაზმორეული ეუბნება ვაჟი:
«არა, არ ჩავაქრობ ჭაღებს».
მარჯვენა ხელი წელზე შემოარტყა მტკიცედ, მარცხენათი გულისპირი აართვა,
შიშველ ძუძუებზე დაუწყო ლაციცი.
ნუო, შეევედრა ვარდისახარი, ოღონდ დღეს გამიშვი შინ, სხვა დროს გავეპარები
პატრონს, მთელი ღამით მოვალო თუგინდ.
სხვა დროსო?
უარესად გახელდა ვაჟი.
სხვა დროს ეგებ სხვა მომინდესო მეც.
ქალი აილეწა.
ვაჟმა დაუყვავა.
ხელი დაავლო, ნატებით მოგებულ ტახტზე გადააწვინა.
გაიბრძოლა დიაცმა.
მუხლი დააჭირა მკერდზე ვაჟკაცმა, ცალი მკლავით ორივენი შეუკრა, ცალითაც
გაუხსნა მოვის პერანგის საკინძე.
მარგალიტის ღილებს ნუ დამაწყვეტო.
შეევედრა ვარდისახარი.
ვაჟს აღარაფერი ახსოვდა უკვე.................................ყელზე ჰკოცნიდა, შიშველ ძუძუებზე ელაციცებოდა ხელით, წუწნიდა
გოლეულივით ტკბილსა და ვნებიან ტუჩებს.
ხურვებაშეყრილივით უცახცახებდა მთელი სხეული დიაცს. თვალები
უბზინავდა, ნაკოცნი ტუჩები და ბაგეები უნაბისფერი გაუხდა, მაინც ებრძოდა ვაჟს.
ისევ შეუკრა ხელები არსაკიძემ, მარცხენა ძუძუ ამოუღო მოვის პერანგიდან,
დაუკოცნა, დაუსრისა გახელებულმა და როცა მარჯვენა გამოუღო ძალით,
საკოცნელად უნდა მისწვდენოდა, წამოვარდა, ხელი შეუშვა დიაცს.
«ეს რა გატყვია ძუძუზე?»
ქალი გაწითლდა, გაინაბა, ვეღარ წამოდგა.
ვაჟი ისევ დააცქერდა მარჯვენა ძუძუს, ნაკბილარები შეიცნო.
გაცოფებული ზეწამოიჭრა, მიახალა უკმეხად:
«მეძავო, მრუშო, კიდევ არ იშლი ბოზობას? არ გეყო რაც გათრია ოვსების მეფემ?»
ვარდისახარი წამოვარდა, საკინძე გაისწორა. ეუბნება არსაკიძეს:
«მხოლოდ ამასა გთხოვ, ნუ შეურაცხმყოფ უბრალოდ. შენ მზესა ვფიცავ,
არავისთვის გამიყვია შენი სიყვარული».
«ჩემ მზეს ნუ იფიცავ ამაოდ, შენი დაიფიცე, მრუშო».
ეუბნება ვაჟი, ჭირვეული ბალღივით აბაკუნებს ფეხებს.
«დამშვიდდი, დამშვიდდი, – ევედრება ვარდისახარი, – ოღონდ დამშვიდდი,
ყოველივეს გიამბობ წვრილად».
«რას მიამბობ იმაზე მეტს, რაც საკუთარი თვალით ვნახე?»
ქალი ადგა.
საკინძე გაისწორა.
სამი მარგალიტი აეწყვიტა იჭვნეულს.
სად არისო ჩემი მარგალიტები?
სამივენი მოუძებნა არსაკიძემ, ხელში მიაჩეჩა გაწბილებულს.
«ალბათ ახალ კუროს უჩუქნია ესენი შენთვის თან წაიღე, არ დაგავიწყდეს.
საჩუქრებზე ხარბი ხარ, ვიცი».
«შორენამ მაჩუქა მოვის პერანგი, მარგალიტის ღილებიანი, გუშინ».
ვაჟმა გესლიანად გაიღიმა.
ქალმა ეს უთხრა მხოლოდ:
«თუ ჩემს სიტყვას არ ერწმუნები, ისე იფიქრე, როგორც გენებოს».
ქალის სიმშვიდემ უარესად გაახელა ვაჟი.
«სთქვი ახლავე, ვისია ეგ ნაკბილარი, თორემ ცოცხალი ვერ გახვალ აქედან».
ვარდისახარი მიეჭრა, ტუჩებზე დააფარა ხელი.
«იყუჩე, შმაგო, მხევალი არ გააღვიძო, მოითმინე, გიამბობ ახლავე».
«ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას ვეტყვი, ბოზი რომა ხარ და გამტეხელი ფიცისა».
კაბა გაისწორა ვარდისახარმა.
გულხელდაკრეფილი დაჯდა სელზე და უამბო ყოველივე, რაც შეემთხვა სამი
დღის წინათ.
მეფის მალემსრბოლი მოვიდაო ხურსის სასახლეში, იმან მიყოო ეს ყოველივე.
«ის გერჩია, მოეკალი მალემსრბოლს მეფისას».
ქალი იჯდა, სტიროდა საწყალობლად:
თავზე დაადგა არსაკიძე:
«თუ მრუში არა ხარ, რად შეუშვი უცხო კაცი მარტოხელამ შინ?»
«შენ თვითონ იფიქრე, როგორ შემეძლო ტყვეს მეფის მიერ წარმოგზავნილი შინ
არ შემეშო?არც თუ მარტო ვყოფილვარ, მხევალი მელანია შინ იყო, მაგრამ დასძინებია მაგ
ჩემი ცოდვით სავსეს».
«შენ თუ არა სტყუი, მაშ რა ერქვა მაგ მალემსრბოლს მეფისას?»
ქალი დაფიქრდა. თავი აიღო, თვალებში ჩააცქერდა ვაჟს, ყოყმანით ამბობს:
«ავშანისძე გლახუნა».
???
ზეწამოიჭრა არსაკიძე.
«მიტომაც აქებდი მეფე გიორგის, ბოზო?»
ეს უნდოდა ეთქვა, ენისწვერზე დაიჭირა სიტყვა.
გაიფიქრა თავისთვის:
«კიდევ უარესი, გიორგი მეფე ყოფილა თავათ, კბენას არ დაგაჯერებდა იგი».
ახლა სავსებით დარწმუნდა, მიღალატაო წაწალმა უცილოდ.
მიახალა დიაცს:
«აბა ადექი ახლავე, აღარ გნახოს ჩემმა თვალებმა, ბოზო».
აქვითინდა დიაცი, ისევ ფერხთით დაუვარდა. მუხლებს უკოცნიდა:
ნუ გამწირავ, უბრალო ვარო, სავსებით.
თუ შენ არ წახვალ, მე გაგეცლებიო ახლავე, – მიახალა ვაჟმა.
წამოვარდა პირგამეხებული ქალი.
ცრემლები მოიწმინდა, რიდე მოისხა:
«მე წავალ, მაგრამ შურს ვიძიებ, იცოდე».
როცა კიბეზე ჩააცილა არსაკიძემ სტუმარი, მთვარის შუქზედაც ამჩნევდა:
მხრების თავები უტოკავდნენ ვარდისახარს.
ეს ამბავი მოხდა პარასკევს, ურჩხულის დღეს...
XXIX
Pour ètre plus qu’un Roi
tu te crois quelque chose.
თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,
უნდა წარმოადგენდე კიდევაც რაიმეს.
მთელი ღამე არ სძინებია არსაკიძეს.
ძაღლები ყეფდნენ ცაცხვების ქვეშ. ვიღაც აფორიაქებდა რატისეულ სასახლეს.
არსაკიძე ადგა.
ხმალი შეირტყა და ბაღჩაში გავიდა. ხილნარში არავინ აღმოჩნდა. ძაღლები გარს
შემოერტყნენ, კუდს აქიცინებდნენ, თათებს უცაცუნებდნენ, ეალერსებოდნენ ახალ
პატრონს.
ეძინათ ყვავილებსა და ფუტკრებს.
უცნაური ზუნი ისმოდა სკებიდან, ძილში გალობდნენო ეს საყვარელი მწერები
თითქოს.
შორიდან, ძლიერ შორიდან მოდიოდა ხოხბის ყივილი.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.
თეთრი, მთლად თეთრი ღრუბლები ელავდნენ მთებზე, ეს ღრუბლები, ეს
ზეთისხილისფერი მთები ისეთი გამსჭვირვალენი იყვნენ, სადაცაა მოეშვებიან მიწას
და გაიქნებიანო ეთერში.მათ ქვემოთ, არაგვს შეყოლილი ბარი ზღვას მიაგავდა ლაზისტანის ყურეში
მთვლემარეს.
იდგა არსაკიძე, იგონებდა ზღვასა და სიყრმეს..............................................
შინ შებრუნდა.
ხმალი შეიხსნა, ძილი არსად სჩანდა მაინც..............................................
ვარდისახარმა შეაშფოთა მისი გონება.
...ეს ღალატი? იგი არ ყოფილა მოულოდნელი.
ამაზე უფრო უცნაური სხვა რამე იყო: შორენა რომ არ აღმოჩნდა ძუძუმტე მისი!!!
ძუძუმტე!!!
მზექალაო?
ახლა იგონებს არსაკიძე: დედა ახსენებდა წარამარა ამ სახელს ერთხელ აწირვინა
კიდევაც მისდა სალხენად ხუცს.
იწვა ბნელ დარბაზში პირაღმა. ისევ შორენას ეპოტინებოდა ფიქრი.
...და როგორც თიბათვის მიწურულს, სკაში გამოჩნდება თუ არა დედაფუტკარი
ახალი, აიყრებიან, აზვავდებიან მამლები, გამოუდგებიან გაქცეულ დედოფალს, ასე
წამოიშალნენ მისი ფიქრები და გასდიეს შორენას ამ წუთში.
მართალს ამბობს ვარდისახარი.
თავათ იგონებს ყოველივეს წვრილად, მზექალაის სიკვდილის შემდეგ
ლაზისტანს
წავიდა
არსაკიძის
ოჯახი,
ხუთი
წელი
მანდ
დაჰყვეს,
კონსტანტინოპოლში – ათი. ბოლოს კვლავ მიბრუნდნენ ფხოვს.
გუშინდელ დღესავით ახსოვს არსაკიძეს შორენასთან შეხვედრა კვლავ, ახლად
შეღერებული გოგონა იყო, ღაწვისთავებზე სცემდა ქერა კულულები. ხტოდა,
უსტვენდა, ცელქობდა ბიჭსავით, ფაფარზე მოეჭიდებოდა, დააჭენებდა უბელო
ცხენებს.
არსაკიძემ გადასწყვიტა: უთუოდ ენახა ამ დღეებში კოლონკელიძის ქალი. რაკი
გურანდუხტი მცხეთას ჩამოსულა. არ გაძნელდებოდა შორენას ნახვა.
ისევე როგორც ფხოვში, მიუწვევლად შეივლიდა კოლონკელიძიანთ ოჯახში, ისე
უბრალოდ, როგორც ძუძუმტე მივა ხოლმე ძუძუმტეს სახლში. გაახსენდა: ამ კვირას
იმდენი საქმე ჰქონდა, გაძნელდებოდა ასეთი რამ. მარტოკაც რომ შეხვედროდა, მერმე
რა?
თავათ ხომ ვერა ჰკითხავდა არსაკიძე, ფიცი ჩამოართვა ვარდისახარმა (რა
ვუყოთ, რომ თვითონ ფიცისგამტეხელი აღმოჩნდა დიაცი?) როგორმე უნდა გაეგო
არსაკიძეს: შორენამ თუ იცოდა ეს ყოველივე?
უცნაური რამ მოხდა მაინც: ერთის დაკვრით შეიცვალა სიყრმის მეგობარი მის
თვალში.
მოაგონდა ის ღამე, სამთავროს ეკლესიაში, მწუხრის შემდეგ.
ეზოსმოძღვრის ყორნისფერი ანაფორა დალანდა.
რიდემოსხმული, თავჩაქინდრული მიდიოდა შორენა თავის მოახლეთა შორის.
საოცარი ტანჯვის იერი გადასდიოდა სახეზე. თვალს არიდებდა ცნობისმოყვარე
დიაცების ბრბოს.
მჭმუნვარე ფერნამკრთალობა განრთხმულიყო მის სახეზე, მხრებზე, მთელს
ანაგობაზე.
მოურიდებლად უჭვრეტდნენ მლოცველები, მაინც მიდიოდა ქედმაღალი და
გულმართალი, ამაყად მიჰქონდა ბედისაგან დაკისრებული კირთება.
ეს გაიფიქრა არსაკიძემ და წარმოუდგა მარჩბივი ჩვენება. ვარდისახარი ამოუდგა
შორენას გვერდით.კისკისა,
ტიკტიკა,
ფეროვანი, ჭარბვნებიანი, სიცოცხლეზე შეყვარებული, მარად სიმდიდრის
მონატრული და მქირდავი ბედისა.
მხოლოდ ვნებისათვის, მხოლოდ სარეცელისათვის გაჩენილა ეს აშარი დიაცი.
...ეგეც კმაროდა მისგან: საყვარელი ხელიდან ეცლებოდა და სამი ცალი
მარგალიტის დაკარგვას მისტიროდა ხარბი.
ახლა ესეც მოაგონდა არსაკიძეს: როგორ ეკვინტრიშებოდა ვარდისახარი
კვეტარის ერისთავს!.....................
...ავხორცი იყო კოლონკელიძე. მხევლებს, მექათმეებს და ხაბაზებსაც არ
ზოგავდა, ისეთ დიაცებს, თორნის პურის, ხინკლის და საბუდარის სუნი რომ უდისთ
მუდამჟამს.
მისი ბუშების გაბარებისაგან სიცოცხლე ჰქონდა გამწარებული გურანდუხტს,
საბრალოს.
არსაკიძემ თავათ წაუსწრო ერთხელ, სამრეცხაოში მიემწყვდია ვარდისახარი
ერისთავს, გათქვირულ, შიშველ მკლავებზე სჩქმეტდა.
ხტოდა, კისკისებდა ვარდისახარი და ეს კისკისი მოაგონებდა არსაკიძეს
გახელებულ ჭიხვინს იმ ფაშატისას, რომელიც განზრახ გაურბის ხოლმე მოძალებულ
ულაყს, რათა მომეტებულად ააღელვოს მამრი და გაგრილებისას უფრო ხარბად
დააცხრეს ვნებას.
როცა შორენა და ვარდისახარი პირისპირ წარსდგნენ არსაკიძის წარმოდგენაში,
ოვსთა მეფის ხარჭაყოფილი კოლონკელიძის ქალმა დაჩრდილა ანაზდად.
ოდნავ ტლანქი, თითქმის მამაკაცური ხელები ჰქონდა ვარდისახარს, როცა თმას
გადაიწევდა, საკმაოდ მოზრდილი, მოყვითალო ყურები გამოუჩნდებოდა ხოლმე, ხმა
ჰქონდა ბოხი, იგიც მამაკაცური ოდნავ.
ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც
ყინცვისის მჭმუნვარე ანგელოსი.
ყელისმიერი ხმა ჰქონდა, ისეთი წკრიალა, როგორც ვერცხლის ეჟვნები,
ხევისბერების დროშის ბუნზე შებმულნი.
ჰარილესავით რბილი და ტფილი იყო მისი ბუნება სრულად.
კედლისკენ მიბრუნდა არსაკიძე, თვალები დახუჭა, დაძინება სცადა, ადრე უნდა
გასულიყო ხარაჩოებზე.
ზანზალაკების ჟღარუნი ისმოდა შორიდან, შოლტის ტლაშუნი კეპავდა ღამეს,
არაგვის შუილი მოდიოდა მაინც, რომელიღაც ჩიტი აჭიკჭიკდა, ბულბული არ უნდა
ყოფილიყო იგი, გაბმულად უსტვენდა სირი, ასე ეჩვენა არსაკიძეს, გულის მიჯნურს
უხმობსო ბნელში.
ძაღლები აყეფდნენ სადღაც, ისევ დავარდა მყუდროება, ქათმებს დაუქშია
ნონაიმ, ჟრუნი შუქი შემოადგა სარკმლებს და ძილმა გააბა პოტიკი მოლულულ
წამწამებზე ძლივს................................................................................................
....................ეზმანა: შემოდგომის წყნარ დღეს მიდიოდა ვითომც თავთუხის ყანებში.
მუხლისთავებზე სცემდა მწიფე თაველები, ყაყაჩოები ჰყვაოდნენ ირგვლივ. წითელი
ჯახველი და კუნელი ელავდნენ აქა-იქ, მუხა იდგა ველზე, შტომრავალი და დიდი.
ქედნები შემომსხდარიყვნენ ზედ.
ტკბილად, ტკბილად ღუღუნებდნენ ქედნები...
სარწყავი რუები გადმოეშვათ კორდიდან. ხვატისაგან დახეთქილი მიწა ხარბად
სვამდა წყალს.საცეხვავის დარი დათვოულები გაემართათ ამ რუზე. დაქანცულ
აქლემებსავით აკანტურებდნენ ეს ახმახი დათვოულები თავს. დაესხმოდა წყალი
ძელის ბოლოს გამართულ გეჯაზე, აყირავდებოდა ძელი, გადმოიღვრებოდა წყალი,
გაადენდა დათვოული ფიცარზე ბრაგვანს.
კვლავ შეიმართებოდა ძელი, კვლავ ივსებოდა გეჯა, კვლავ იღვრებოდა წყალი
და ისმოდა დათვოულების რახუნი მორებზე.
განა თუ ერთი იყო დათვოული. სანამ თვალი გასწვდებოდა თავთუხის ყანებს,
ყველგან იდგნენ დათვოულები, მთელს ხეობაში გაისმოდა გაბმული რახუნი...
მთლად საოცარი ეს იყო: ამ დათვოულების მიუხედავად, მაინც გავსილიყო
თავთუხის ყანები დათვებით. კოტრიალებდნენ, ღრიალებდნენ მხეცები, ტორებით
თქერავდნენ პურეულს.
მიდის არსაკიძე ყანაში, ხედავს, – შორენა მოადგა გაღმიდან რუს.
ისკუპა ისე მკვირცხლად ქალმა, ისე, როგორც ნადირობის დროს ეს სჩვეოდა
ფხოვში.
მოდის. მოარღვევს თავთავების ზღვას. თოვლივით თეთრი აცვია სამოსი,
სოსანისფერი საწმერთული ზედ.
თავი დახარეს თავთუხის თავთავებმა, ნაზად იზნიქებიან ყაყაჩოებიც.
ერთბაშად მოსწყდნენ მუხის შტოებიდან ქედნები, მხრებზე შეასხდნენ
შორენას და მორთეს ღუღუნი.
აღრიალდა ორი დათვი შორენას დანახვისას. მწიფე წაბლისფერი ერთი,
გვიმრისფერი მეორე.
ზეაღიმართნენ, მოალაჯებენ კაცურად, ღრიალით მიაშურეს ქალს.
მიარღვევს არსაკიძე თავთუხის ზღვას, უნდა მიუსწროს, გაჰკვეთოს ორივენი
ხმლით, გადაარჩინოს გულის სწორი განსაცდელს.
ხმალი მოიზიდა არსაკიძემ, მაგრამ გაუჩხიბავს ვიღაცას ხმალი. მიეშურება, –
თაველების ფხა ედება ფეხებზე, მუხლები ისე დაუმძიმდა, ჩაფლულაო ფისით
გავსილ ზღვაში.
დათვები ღრიალებენ, ტორით თქერავენ ოქროსფერ თავთავებსა და წითელ
ყაყაჩოებს, სადაცაა ეცემიან და გაბდღვნიან შორენას.
«ჰარაი»!
ყვირის არსაკიძე, მაგრამ აღარ ერჩის ხმაც.
«ჰარაი!!!» ყვირის არსაკიძე და მიარღვევს ყანას, ყანას კი არა, ფისის ზღვას,
თავთუხის ფხა ებლანდება ჩოხის კალთებზე, ვერ იძვრის ვაჟკაცი.
დათვები ფერხთით დაუწვნენ შორენას, აღარ ღრიალებენ, აღარ ტორავენ მიწას.
შორენამ თავზე ფეხი დაადო ერთს, საწმერთულის ტოტი გამოუჩნდა, ვაზის
ფურცლებიც, ზედნაქარგი ოქროთი. მერმე დასწვდა ორივეს, ეალერსებოდა ორივეს
ქეჩოზე.
შორიდან შესცქერის გარინდებული არსაკიძე, თუ ვით ეფერება მისი უნაზესი
მეგობარი მხეცებს..............................................................................................
ქედნები შემომსხდარან შორენას მხრებზე, სულზე უტკბესს სძლისპირებს
გალობენ, ნაზად იდრეკენ წითელი ყაყაჩოები კლერტოებს, იზნიქებიან ოქროს
თაველები, თაყვანსა სცემენ სანატრელ სასძლოს. დათვები მის ფერხთით წვანან,
ვნებამორეული აფახულებენ თვალებს................................................
სწორედ ასეთ დროს გააღვიძა არსაკიძე ნონაიმ.
დარბაზში მკრთალი შუქი იდგა.
აბრძანდი, ბატონო, მორიელებმა გამოსტეხესო ქვითკირი.XXX
«ვეფხის დღესაა განსაცდელი მოსალოდნელი».
ფარსმან სპარსის სამთვარიოდან.
შიში უცხო იყო არსაკიძისათვის.
რა დროს მორიელებია? დამაცალეო ძილი.
«თუ არ გჯერა, აგერ გაჩვენებ, ბატონო».
ესა სთქვა, ორი მორიელი აჩვენა ჩხირზე წამოგებული ნონაიმ. არსაკიძე
გაოცდა.
«ერთი ჩემს სამყოფლოში მოვკალი წუხელ, ერთიც ამ დილით, შენი
სასთუმალის გასწვრივ».
არსაკიძე წამოდგა.
ჭაღები აანთეს, გოგირდი დაახრჩოლეს. სჩხრიკეს დიდი დარბაზის კედლები.
სასტუმროს, საწოლის, მხევალთა სამყოფლოის ხვრელები და ჭუჭრუტანები,
ვეღარსად ნახეს სხვა.
ჭაღი აიღო ნონაიმ, ეგებ სარდაფში წავაწყდეთო რაიმეს, ობობის ქსელით
დაბლანდული იყო ირგვლივ ყველაფერი.
ობის სუნი იდგა სარდაფში.
დაჟანგული თორები და ზუჩები ეკიდა კედლებზე. კაცისა და ცხენის
ჯავშანები, უნაგირები, საბარკლენი, სამკლავენი, პოლოტიკნი და ბექთარნი, შუბები,
წათები, ხარჩა და ქიმურჯნი დიდ-დიდნი, საბრძოლო ბოძალნი, ჯიხვისა და ირმის
რქები, ჩუგლუგები, დაჟანგული ხმლები.
ღამურებით გავსილიყო იქაურობა.
თავქვე ეკიდნენ მღამიობები ჭერზე. ჭაღის შუქზე დაფრთხნენ, წრიპინი
ასტეხეს, მორთეს რიალი ირგვლივ. აწყდებოდნენ ჭერსა და კედლებს, ტყაპანით ძირს
სცვივოდნენ ზოგნიც, ფართხალებდნენ საწყალობლად მტვერში.
ერთ კუთხეში ირანული განჯინა იდგა, სადაფებით მოოჭვილი. ძველი
ეტრატები ეყარა ზედ, ხატების ნამუსრევი, ძველებური სამაჯურები, აზარფეშები და
ფიალები.
სიძველეთა მოყვარული იყო არსაკიძე, მორიელების ამბავი გადაავიწყდა.
განჯინას მიადგა, ამ ძველ ნივთებს დაუწყო ჩხრეკა.
სათითაოდ ხელში იღებდა, მტვერს აცლიდა, უჭვრეტდა, თარიღებსა და
წარწერებს უთვალთვალებდა.
ფიალებს შორის სავსებით უცნაური ნივთი იპოვნა ერთი, მტვერსა და
დინგელში ამოგანგლული სრულად.
გასწმინდა, დინგელი შემოაცალა.
ეს აღმოჩნდა ბეჭდისდარი ტვიფარი სპილენძისა, მელის სახე იყო ამოჭრილი
ზედ.
ჭაღთან მიიტანა არსაკიძემ ტვიფარი, არავითარი თარიღი არ აჩნდა მას.
«ეს რაღაა, ნონაი?»
ეკითხება მხევალს.
ნონაი დადუმდა. გაოგნებული შეაშტერდა პატრონს. მუშტით მოიკუმა ბაგე.
არ მოეშვა არსაკიძე მხევალს.
არ არისო მართებული მიცვალებულის აუგად ხსენება, – ამბობდა მხევალი.ისევე შეევედრა არსაკიძე ნონაის, უნდა მამცნო, თუ რას მოასწავებსო ეს
ტვიფარი მელის სახისა?
ბოლოს ვეღარ დაიტია საიდუმლო დიაცის გულმა.
«ეს მოხდა ჟამიანობის წელს, მე ახლად მოყვანილი ვიყავი აფხაზეთიდან ამ
სახლში. ხუთშაბათს, თებერვლის სამს, ნაშუაღამევს, სამჯერ იძრა მიწა.
ღართისკარის ციხე დაზიანდა იმ წელს. სამეფო პალატები ჩამოიქცა
უფლისციხეში.
მეფე გიორგი ომში იყო, აღარ მახსოვს ვის ეომებოდა მაშინ.
სამი კვირის შემდეგ ჟამიანობა დაიწყო, მამათა მონასტერში დიდძალი ბერი
იმსხვერპლა სენმა, ჟამმა მოჰკლა მცხეთის მიტროპოლიტი იოანე.
ბოლოს მეციხოვნე ლაშქარს მისწვდა ის წყეული. ერთ თვეში ათასამდე
მონასპა დაიხოცა არაგვის კარისა და ხუნარისას ციხეებში.
მუცლით მეზღაპრენი მეორედ მოსვლას აუწყებდნენ ხალხს. ქადაგად დავარდა
დაყუდებული ბერი, ანთიმოზ.
ხალხს ამცნო: მწვალებლები არიანო მცხეთაში და ამიტომაც განრისხდაო
უფალი.
შესმენილ იქმნა მელქისედეკ კათალიკოსის წინაშე ხურსი აბულელი და მისი
სახლთუხუცესი რატი.
ხურსი ვერ შეიპყრეს, რადგან ჯერ კიდევ სარკინოზებთან გაქცევამდის,
მთიულებთან იმალებოდა ხურსი. მოგეხსენება, დაბალ ღობეს უმალ მისწვდებიან.
ფიწლებით შეიარაღებული ბრბო შეუცვივდა სასახლეში რატის, მცირე ხანს იმ
კოშკს შეაფარა საცოდავმა თავი, სწორედ მაშინ მოარღვიეს ჩარდახი კოშკს, ცეცხლი
შემოაგზნეს, გამოიყვანეს ძლივს.
ჩაქოლვა უნდოდათ, მაგრამ მელქისედეკმა შეივრდომა. ბოლოს მოვიდა
ეზოსმოძღვარი ამროსი.
მელის ტვიფარით დავდაღოთო ეშმაკის კერძი.
ამ სარდაფში შემოათრიეს ბედკრული.
ეგ ტვიფარი გაახურეს ცეცხლში, მელის სახით დადაღეს, როგორც მწვალებელი
და სატანის თანაზიარი».
«შენ რა გგონია, ნონაი, ახლა, ბრალი თუ მიუძღოდა რაიმე რატის?»
შეეკითხა არსაკიძე.
«მენა? მწვალებლობისა რა მოგახსენო, ბატონო, ერთი ბნელი დიაცი გახლავარ
მენა, ან ამდენი სად გამეგება, მაგრამ ეშმაკი, რაც მას ვემსახურებოდი ათი წლის
მანძილზე, ეშმაკი თვალით არ მინახავს ამ სასახლეში, მენა».......................................
არსაკიძე დადუმდა.
კვლავ აიღო მელის ტვიფარი ხელში. ახლა უფრო დაკვირვებულად დაუწყო
ჭვრეტა.
ნონაიმ ყოველ კუთხეში დაახრჩოლა გოგირდი.

საუზმის დროს ისევ მორიელების გამო ჩამოაგდო ნონაიმ სიტყვა.
რატის ვაჟი, საცოდავი ვაჩე, დაკბინესო ამ სარდაფში მორიელებმა.
«ოდითგანვე წყევლა სდებია რატის ოჯახს, მესამე მუხლის ნაშიერთაგანს
ყოველს მორიელი დაჰგესლავდა თურმე».
გულში გაეღიმა არსაკიძეს ამის გამგონეს, მაინც ბოლომდის მოუსმინა მხევალს.«ნადირობიდან მობრუნებულიყო რატის ვაჟი გვიან, შესულიყო სარდაფში,
აფათურებდა სიბნელეში ხელს და სწორედ ამ დროს მისწვდენოდა მორიელი თურმე.
და ეს მოხდა ურჩხულის დღეს»...
ნაღვლიანად დასძინა ნონაიმ.
ურჩევდა არსაკიძეს მხევალი:
«გიორგი მეფე დიდად გწყალობს, ბატონო, სთხოვე სხვა სასახლე მოგიჩინოს
სადმე, თუ მეც თან წამიყვან, ხომ კარგი, თუ არადა ჯვარი გწერია ჩემის თვალისაგან,
მე მაინც განწირული ვარ, ბატონო, სხვასაც ბევრს შეაძლიეს ეს სასახლე შენამდი,
არავინ დადგა ამ წყეულ სახლში. მხოლოდშობილი ხარ დედიშენისა, მებრალები
ვაჟკაცი, ბატონო».
გაიღიმა არსაკიძემ.
«ეჰ, ჩემო ნონაი, მე ხმლით სიკვდილი დამითქვა მუცლით მეზღაპრემ ერთმა,
ასე რომ მორიელის გესლი ვერას დამაკლებს».
არსაკიძე ადგა, წასვლა დააპირა.
შეევედრა ნონაი, – ცუდი სიზმარი მქონდა, ბატონო, ნუ წახვალო სამუშაოზედ
დღეს.
სამაგიეროდ მე მქონდაო კარგი სიზმრები, – გაიცინა არსაკიძემ.
შინიდან გამოსულმა პირჯვარი გადაიწერა მაინც.
ნისლი დასწოლოდა ხილნარს. გიშრის ორნამენტებივით მოსჩანდნენ ტოტები
და შტოები. ფოთლებს სილურჯე გასცლოდა, მდელოს გახუნებოდა ფერი. ცვარის
ნიჟარები ცახცახებდნენ ყვავილების სათუთ წამწამებზე.
ჯანღს დაებურა მთები.
დაძრულიყო ნისლი კავკასიონის თვალშეუდგამ ქარაფებიდან, ხეობებიდან,
ღრანტებიდან გადმოხვეწილი გამოჰყოლოდა არაგვის ხეობას და აევსო ქვეყანა
არმურით...
თემშარაზე გასულს ზანზალაკების ჟღარუნი მოესმა. ქიმერებივით
მობობღავდნენ აქლემები ნისლში. გამვლელები დალასლასებდნენ ირგვლივ,
როგორც ლანდების უცნაური ბერიკაობა.
აღარა სჩანდნენ მეფისა და კათალიკოსის სასახლეები, მათი მიმდგომი
გალავნები, ციხე-კოშკები, ქვითკირები, ქარვასლები, ფანჩატურები.
ცისკიდურებზე ნაჩრდილევიც აღარსად იყო.
ამ ნისლში ჩაფლულ სასახლეებს, ციხეებს და ფანჩატურებს, ყველას ზედ
დასცქეროდა სვეტიცხოველი.
ნისლს ვერ დაეთრგუნა მისი უცნაური ტანკენარობა და ისეთ წუთებში, როცა
შენობებსა და ხეებს, კაცსა და ცხოველს, ყვავილსა და ფოთოლს, ყველას გასცლოდა
პირველადი მშვენება და ხალისი, იდგა ეს ტაძარი უფრო დიდებული, ვიდრე
ნამდვილად იყო ამ წუთში.
წვრილმანი ზადი ნისლს დაეფარა, ხოლო ანაგობას მისას ვერ მორეოდა იგი,
ასე რომ შორიდან მაცქერალს დასრულებული ეგონებოდა ტაძარი.
ჟამის მანძილიდან შესცქეროდა გახარებული ოსტატი თავის ქმნილებას.
«როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს,
სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც.
მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არ წამიერის მარადჟამულად ქცევა?
სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან?»
გადაელახა ზედაზენისა და არმაზის მთები, ტაშირისა და ტაშისკარისკენ
დაძრულიყო ნისლი.●
ტაძრის კარიბჭესთან უხიაგი ამბავი დაახვედრეს ახალი: გუმბათზე ფიქალის
დაგებისას ფეხი დაუცურდა თურმე კირითხუროს კარაისძეს სტეფანოზს, მიწამდი არ
დაჰყოლია მაგ უბედურს სული.
შემზარავ სანახაობას წააწყდა ხუროთმოძღვარი მეფისა. ტვინი და თმები
ურთიერთში აღრეულიყო. არსაკიძემ ბრძანა და ტაძარში დაასვენეს მისი ადღვებილი
ნეშთი. ტაძრიდან გამოსულს სამცხელი მონები შემოეხვივნენ გარს.
უმი მხალის მეტს არას გვაჭმევენ, აღარ არისო სამუშაო ღონე.
ასისთავმა შემოსჩივლა: ცამეტი მონა გაგვექცაო წუხელ.
«წავალ, ვინახულებ განმგეთუხუცესს, ეგებ საკვები მისცენო რიგიანი მონებს».
ეს გაიფიქრა არსაკიძემ, გამობრუნდა გულარეული.
გალავნის კარებთან კალატოზი შემოეყარა ყბაახვეული. გუშინ საღამოს ბერძენ
მუშებს გვცემესო ლაზებმა.
კირითხუროი ბოდოკია ახმობინა არსაკიძემ, გულმართალი კაცი იყო ბოდოკია,
ლაზი.
დაამოწმა მოხუცმა: მართლაც სცემესო ლაზებმა ბერძნებს, ისიც დასძინა: ჩვენს
ლაზებს მიუძღოდათო ბრალი.
ახალგაზრდა მონა წათაია წასტანებია ბერძნის ულუფა ოსპის წვენს.
აყვირებულა ოსპის პატრონი, წათაიას შემოუკრავს და წაუქცევია ბერძენი.
ბერძენს ბერძნები მიშველებიან, შემოკრებილან ლაზებიც, წასარჩლებიან ლაზს,
ვაგლახად დაუჟეჟავთ ბერძნები.
არსაკიძემ სასტიკად დატუქსა თვისტომნი და გადავიდა ტაძრის ეზოდან.
მზეს ყური ამოეყო უკვე. ჯერაც ისეთი ყვითელი იყო იგი, როგორც კვერცხის
გული რძეში ნახარში.
ნელ-ნელა გაიფანტა ნისლი, ჰაერი ამღვრეული მოსჩანდა მცირე ხანს, როგორც
არაგვის საგაზაფხულო დიდროაის ჟამს.
ციხეების კბილოვანი ქონგურები გამოჩნდნენ ცისკიდურებზე, კოშკების,
სასახლეების, ქარვასლების ზეთავები მოიხატნენ ცაზე.
ჯერ ნახშირისებრ მრუმე ხაზებით გარსმოვლებულნი მოსჩანდნენ ისინი.
გამოხდა ხანი, მუქი სვირინგები გაიცრიცნენ მინისფერ ფონზე.
ლაინისფერი და იისფერი ებრძოდნენ ურთიერთს ცარგვალზე მცირე ხანს,
ენდროსფრად შეიღებნენ დურაჯისფერი ქულები, კრაველებივით მიმობნეულნი
ცაზე, ბოლოს სოსანისფერი წამლებით შეღება ღრუბლები უჩინარმა არსთა მხატვარმა,
იფეთქა ფურცლოვანში სიმწვანემ და აჟღურტულდნენ ჩიტუნები საამოდ.
სასახლის ბაღში ფარშავანგები ჩხაოდნენ უკმეხად.
ნაშუადღევამდის უცადა არსაკიძემ განმგეთუხუცესს, მერმე ასე უთხრეს:
უფლისციხიდან მოველითო. მცირე ხნის შემდეგ თუ შემოივლი, აქ დაგხვდებაო
უცილოდ.
თავი სტკიოდა ღამენათევს.
ასე იფიქრა:
ბაღში გავივლი, გამიაროსო, ვინძლო ტკივილმა.
ალუჩების მწვანეში ბულბულები უსტვენდნენ. წინა ღამით დაწყებულიყო
ხეხილიდან ყვავილების ცვენა.მიწის წვენით დაბერილი კვირტები უღიმოდნენ მზეს. თოვლის ფიფქივით
მოეჩითა ყვავილთა ნამუსრევს მიწა, ახლაც მოციალებდნენ ისინი ჰაერში ამოდ.
მშვლები დაჯირითობდნენ ბაღში.
კოლონკელიძისეულ ირმებს თვალს შევავლებო, ეს გაიფიქრა არსაკიძემ,
საჩიხესკენ მიმავალს დაადგა ბილიკს.
საჩიხეს ფალანგთან სეფე-მოახლენი დაუხვდნენ სამნი. ვერც ერთი ვეღარ იცნო
ლაზმა.
ერისთავის ქალს ვახლავართო, ამბობდა ჭორფლიანი მოახლე.
საჩიხეში შესულიყო თავათ შორენა. ეფერებოდა, თვალებს უკოცნიდა ნებიერას.
გარინდებული იდგა ლომისფერი ირემი, ალერსიანი თვალებით შესცქეროდა თავის
გამზრდელს.
ადამიანსა და ნადირს უსიტყვოდაც ეპოვნათ საერთო ენა.
ნესტოები დაბერვოდა ნებიერას, აპაკუნებდა გიშრისფერ ჭლიკებს. მხოლოდ
მაშინ მოიხედა შორენამ, როცა ირემი შეკრთა უცხო პირის მიახლებისას.
ველის ყაყაჩოსავით შეუწითლდა ღაწვები ქალს. თვალებიდან იელვა
ზღვისფერმა სილურჯემ.
გახარებულმა მიაძახა:
«უტა!»
ეს არ იყო ბავშვობაში შერქმეული უბრალო სახელი, არამედ გაცილებით უფრო
ტკბილი, ვიდრე მოგონება სიყრმისა, დედის ალერსს იტევდა იგი, დაღუპული მამის
გლოვას, ლაზისტანის მშობლიური ზღვის შრიალს, ფხოვში გატარებულ სიჭაბუკის
ლხენას.
ამ სიტყვაში კვლავ განეცხადა მას ის ბედნიერი წუთები, როცა პირველად
შეხვდნენ ისინი ურთიერთს ფხოვში, როცა არც ერთმა მათგანმა იცოდა, თუ რა იყო
მათ შორის ქალი და ვაჟი.
ახლა?
ახლა უკვე დობილის ხმა როდი იყო ეს, არამედ ძახილი ქალისა.
არსაკიძე მიეჭრა, მაგრამ კვლავინდებურად გადახვევა ვეღარ შეჰბედა, ორივე
ხელი დაუკოცნა სახეალეწილმა.
შორენა გაოცდა ანაზდად, მაგრამ არა უთხრა რა, მარჯვენა ლოყაზე აკოცა ვაჟს.
მყისვე შეამჩნია ყვავილის მიერ ოდნავ დაკენკილი სახე. ეკითხება შემკრთალი:
«რა მოგივიდა, უტა?»
არსაკიძეს არც კი ახსოვდა, ნაყვავილევი რომ აჩნდა სახეზე, იფიქრა:
ძველებურად რომ არ მოვეხვიე, ეუცხოვა ქალს, ალბათ.
«რაო, რას იკითხავ, შორენა?»
«რა მოგივიდა სახეზე, უტა?»
«ყვავილი მოვიხადე მცხეთაში».
«ვინ გივლიდა, ბედშავო?»
«გომურში ვეგდე უპატრონოდ, გარეუბანში, მონაზონი მივლიდა სამადლოდ
ერთი».
არსაკიძის თვალი შორენას ანაგობას მისწვდა.
ალმასის ქუდი ეხურა ერისთავის ქალს, კვერნის ქათიბი ზედ ეცვა,
მარგალიტის საყბეურებით და ხოხბისყელისფერი საწმერთული, ოქრომკედით
ტოტებმოქარგული.წინა ღამის სიზმარი მოაგონდა ანაზდად, ყაყაჩოებისა და თაველების
თაყვანისცემა. თავთუხისფერი თმები ჰქონდა შორენას, თვალებში უელავდა
ლაზისტანის ზღვისა სილურჯე.
გაოცდა არსაკიძე: რა მალე ამიხდაო ზმანება.
ფაქიზი იყო ამ დილითაც იგი, როგორც ქერუბიმის ფრთენი, ხმა ჰქონდა
წკრიალა (ვერცხლის ეჟვნები, ხევისბერების დროშას შებმულნი!..). როცა საჩიხედან
გამოვიდნენ, მოახლეების სახეზე გაოცება ამოიკითხა ლაზმა.
სჩანდა უკვირდათ კიდევაც: რად მიესალმაო ასე ტფილად ერისთავის ქალი
ვიღაც «ფხოველს», კირით მოთხუნულ ჩოხაში მორთულს.
დაწინაურდნენ.
მოახლეების ვინაობა იკითხა ვაჟმა.
«დედოფალთან ვიყავი წვეული, სეფექალები თან გამომატანა ნებიერას
სანახავად წამოსულს».
ნეტარების ღიმი ეხატებოდა არსაკიძეს სახეზე.
დაცვარულ მწვანეში მხიარულად უსტვენდნენ სირნი, ჟრიამულით
ეგებებოდნენ ნისლის ზღვიდან მშვიდობით გამოსულ მზეს.
ახლა მოაგონდა არსაკიძეს, მზის დაბნელებას მოელოდნენ ამ დღისათვის
ვარსკვლავთმრიცხველნი. გამტყუნდა ფარსმან სპარსის ვარაუდი ამჯერად.
მიდიოდა არსაკიძე შორენას გვერდით.
ამო იყო მისი სუნთქვა და მისი ხმა, ნაზი და ველური იერი ჰქონდა თავათაც,
უფრო სანუკველი, ვიდრე საგაზაფხულო ნელსურნელება მიწისა.
წარამარა ახსენებდა არსაკიძის ლაზურ სახელს. ძველებურად ეტიკტიკებოდა
«უტას», როგორც ნაძმობს, როგორც ძუძუმტეს.
მხოლოდ ერთმა ამბავმა გააოცა არსაკიძე ფრიად. სიტყვაც არ დაუძრავს თავის
დანიშვნის გამო, არც გირშელი უხსენებია, ყველისციხის პატრონი.
ვარდისახარი მოიგონა რატომღაც.
მომავალ კვირას ვათხოვებთო ვარდისახარს.
არსაკიძემ დაიჭირა გამომცდელი შემოხედვა ქალისა: ყველაფერი ვიციო, რაც
რამ მომხდარა თქვენს შორის ოდესმე.
ეს ამოიკითხა მის მზერაში ვაჟმა.
გულის გარეთ შეეკითხა არსაკიძე:
ვის მიათხოვეთო ვარდისახარი?
«მეფე გიორგის ბრძანებით, ფარსმან სპარსს».
მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა ერისთავის ქალმა: «მხოლოდ ამ
დილით დაითანხმა დედამ, ასე ამბობდა მანამდის: მონაზვნად შევდგები, ან არადა,
არაგვში დავიხრჩობო თავს».
მეფის სასახლემდე მიაცილა კოლონკელიძის ქალი კონსტანტინემ.
გამოთხოვებისას ეუბნება შორენა:
«ხურსისეულ სასახლეში გვინახულე, უტა»....................................
მიდიოდა წაბლების ხეივანში. ყოველ წუთს თვალწინ ედგა შორენა. მისი ხმა,
მისი სუნთქვა ჯერაც არ გაჰყროდა არსაკიძის ცხოვრებას.
ასე ეგონა: გვერდით მომყვებაო კიდევ. ახსენებდა თითქოს მის ლაზურ სახელს,
აგონებდა სიყრმეს, სიჭაბუკის შეწყვეტილ ლხენას, დედას უნაზესს, ფხოვურ მაღალ
ცას და ლაზისტანის კამკამა ზღვას.
ისევ მოესმა სივრცეში შორენას ხმა, ისევ იელვა მის წინაშე ზღვისფერმა
თვალებმა.უმზაკვრო იყო მისი შემოხედვა, ზეცის რეკვასავით ამო − მისი ხმა.
«მართლაც, მართლაც ღირსია შორენა ველის ყაყაჩოები თაყვანსა სცემდნენ.
ოქროს თაველები თავს იდრეკდნენ მის წინაშე და უმძვინვარესი მხეცები
ეგებებოდნენ ფერხთით სანატრელს». ასე ეგონა არსაკიძეს ამ წუთში, სავსებით ახალი
ადამიანი შემატებოდა მის ცნობიერებას. აღარა ჰგავდა იგი ფხოველ ძუძუმტეს.
ხელახლად შობილაო ეს ქალი მისთვის, ამ გაზაფხულის მშვენიერ დილას.

სხვა რამეც უკვირდა არსაკიძეს:
«ვარდისახარი... ფარსმან სპარსს?»...
ჯერ კიდევ ამ გაზაფხულზე მსაჯულთუხუცესის მიერ წვეული იყო ფარსმანი,
რაღაც საშინელი ბრალის გამო პასუხის საგებლად.
ახლა ვაზირებს გადაუწყვეტიათ მისი დაოჯახება, თითქოს რომელიმე დიდი
ერისთავი ყოფილიყო ფარსმანი, ისე გულმოდგინედ ეკიდება მის დაქორწინებას
მთელი სასახლე...
«უცილოდ მოსჭორა დიაცმა გლახუნა ავშანისძის გამიჯნურების ამბავი.
სეფექალები რამ გამოლია სასახლეში, ოვსთა მეფის ხარჭაყოფილს რომ არ დასხმოდა
გიორგი მეფე თავს?!»
მხოლოდ ეს იწვევდა ნატამალს იჭვისას: ბებერ ფარსმანს ვინ მისცაო საკბენი
კბილები?
ან გიორგი მეფის შერქმეული სახელი «გლახუნა ავშანისძე» სად გაიგონა
ვარდისახარმა?
ამ წუთში სამუდამოდ შესძაგდა ეს ქალი.
ინანა: ფხოვურ ცის ქვეშ გატარებული ტკბილი ღამეები, ინანა თავისი
პირველი ვნება ამ «უსირცხვილო სიძვის დიაცის მიმართ».
............................................................................