* * *

უწინ მთელი კახეთი, ამპირ – იმპირ, თუშეთით ნუხამდის, წყალს სჭერია, ერთი დიდი ზღვა ყოფილა აქ. ხალხს მაშინ მთებში უცხოვრია, მაგრამ წყალს არც იქ მიუცია საშველი. მაღლა–მაღლა ამოსულა, საცხოვრებლებს მთებშიც მისწვდებია. ცხოვრება გაჭირვებულა; აღარ დარჩენილა არც სახნავი არც სამკალი მიწები.
ხალხს უფიქრია, ასე როგორ იქნება? ასეთუ წავიდა საქმე, წყალი მაღლა მთებსაც დაფარავს, დაგვღუპავსო.
ამ წუხილისა და ვაიშუანის დროს ერთი მენახშირე წამომდგარა წინ, ხალხისათვის უთქვამს:
- შეყრილობას ჩემი გამარჯობა! მაღლა მთებში ნახშირს რომ ვწვავდი, ხშირად ზღვისათვის გადამიხედავს და შემიმჩნევია, რომ მისი წყალი არ დგას, ერთი მხრით მიიწევს, იქითკენ იწურება, გასასვლელს ეძებს. ჩემი ჭკუით, საჭიროა, ეს კარი ვუპოვოთ, გზა გავუჭრათ, წყალი გადავუშვათო.
- ეს ჩვენც გვიფიქრია, მაგრამ საქმეც ის არის, რომ კარის პოვნა არავის ძალუძსო! - უპასუხა ხალხმა.
- მე, აი რას გირჩევთ - კიდევ დაიწყო მენახშირემ - ერთი გოდორი კარგად გავხიზნოთ, ნახშირით ავავსოთ, წყალში ჩავაგდოთ. საითკენაც წყლის სავალია, იქითკენ წაიღებს, კარს მიაყენებს. ის ადგილი გავჭრათ, გავთხაროთ; წყალი თვითონ ჩააღმავებს თავის გასასვლელსო.
ხალხს მოეწონა მენახშირის რჩევა.
ნახშირით სავსე გოდორი წყალში ჩააგდეს.
გოდორი წყალმა პირზე მოიგდო, ატარა, ატარა, წაიღო იქ, სადაც დღეს ალაზნის კალაპოტია. იქ თუშეთით სიღნაღზე მისული მთა შეკრული ყოფილა. ნუხის მთებთან მოგროვებულა მთელი კახეთის ხალხი, გაუჭრიათ მთა, წყლისათვის გასასვლელი მიუციათ, გადაუშვიათ. წყალი დაძრულა, წასულა, გაწურულა, აგრე, რომ ალაზანში ჩაწურულა.
მერე აშენებულა ლამაზი, მშვენიერი კახეთი. აქაური ქართველების ცხოვრება აყვავებულა.


* * *

ერთდროს კახეთი ზღვას სჭერია. ბოჭორმის წმინდა გიორგის ჰყოლია ერთი კურატი,რომელიც დროდადრო იკარგებოდა ხოლმე და უკან დაბრუნებულს თურმე რქები ყოველთვის სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. შემდეგ შეიტყვეს,რომ კურატი ზღვის ნაპირზე მიდიოდა,ზღვიდან გველეშაპი გამოდიოდა და კურატს ებრძოდა. კურატი თავისას ცდილობდა ,მაგრამ გველეშაპის კანს ვერაფერს აკლებდა. მაშინ ადგნენ წმინდა გიორგის ყმები და კურატს რქებზე ალმასები აასხეს. კურატი ისევ გაემართა გველეშაპთან საომრად. გველეშაპიც გამოვიდა ზღვიდან და შეიბნენ.გველეშაპის კანმა ალმასებიანი რქების შეხებაზე დაჰკარგა წინანდელი თვისება. გველეშაპმა იგრნო ეს და შეშინებული ისე ძლიერად შეცურა ზღაში,რომ თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ძალით დაეჯახა იმ გორას,რიმელიც შირაქის ბოლოს, სადაც ახლა ალაზანი და იორი მიედინებიან,იყო გაჭიმული. ზღვა აბობოქრდა, გაანგრია გორა და კახეთი წყლისაგან გათავისუფლდა, გაშრა. ხალხი მაღლობებიდან ძირს ჩამოვიდა და დასახლდა იქ, სადაც ახლა ცხოვრობს.

ბ ო ჭ ო რ მ ა - სოფელი თიანეთის რაიონში, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. აქ შემონახულია X სუკუნის წმ.გიორგის ეკლესია.ბოჭორმის წმ.გიორგის ძალა განთქმულია მთელ აღმოსავლეთ საქართველოში. კ უ რ ა ტ ი - გაუხედნავი ხარი, რომელიც უღელში არ შებმულა,ასეთ ხარებს და მოზვერებს ხატს სწირავენ ხოლმე.