I

ზანდაროზაღებული მიმინო მარცხენაზე მიზის, თივთიკის ჩაბალახით თავი მაქვს მეგრულად წაკრული. და უძიროები? ისეთი მსუბუქი _ შვედური თათმანები მცმოდეს.
ახლაც არ ვიცი, იმ საღამოს რა მომივიდა? მარჯვენა თვალი და ხელფეხი დამიბრუჟდა. შუბლზე ოფლმა დამცვარა. მიმინო შეტორტმანდა, ცერზე სახამლავმა შეიკავა. მხარი ამექცა.
მე ენა ვერ დამიძრავს საშინელისა და საკვირველის თქმად… ეს მოხდა სწორედ მაშინ, ორბოძალ გზას რომ მივაღწიე. უძიროს წვეტი ქვას წამოედო, ზედ შუა გზაზე უკითხავად გდებულს. წავბორძიკდი.
წელში გავსწორდი, მიმინოს გადავხედე გვერდულად, ცალი თვალიც ლანდს მოხვდა ჩემსას.
სად იყო ლანდი ?
არა, მე ჩემსავე “მე”-ს შევეჩეხე. მას, მეორეს, ნაცრისფერი, ფორეჯიანი, ინგლისური ჰომსპონის კოსტიუმი ეცვა. მაღალი ჩალისფერი ქუდი ეხურა. ქედანისფერ ზორტყშემორტყმული ჟღალი, შვედური ტყავის თათმანი. მრგვალცხვირიან, სქელლანჩებიანი ამერიკული ფეხსაცმელი.
ცალ თვალზე მონოკლი ჰქონდა.
და თხელი, კუხე ზეთისხილისფერი ტუჩების კუთხეებში მე ვიგრძენი საშინელება განუზრახველობისა. შემხვდა. შემომეჩეხა, შეჩქვიფდა. თვალის უპეები გაუგანიერდა. კუხე ზეთისხილისფერი ტუჩები აეხსნა გაცოფებულს. რაღაც უნდოდა ეთქვა. პირში სიტყვა გაეხირა. ერთი ნაბიჯით უკუვდექ. მუხლთ მომეკვეთა. მთელი სხეული მიჟრჟოლავდა. სუნთქვა მოვიპარე. წავბორძიკდი. პენდელივით წინ გავქანდი, მან მრჩოლავ მოზვერსავით შუბლი მომიშვირა და ბენგალის ცეცხლისფერი საოცარი სინათლე ავარვარდა ბუდეშურივით მოგრძო თვალებში, და მონოკლიანი იცინოდა…
ეს არ იყო ისეთი სიცილი, ჩვენ რომ გვჩვევია დიდი ხნის უნახავ მეგობართან შეგუებისას; არც თუ სიცილი პირმოთნისა და მაცთუნებლისა.
წარმოგიდგენიათ. კაცი ვინმე მარტოხელა, უდანაშაულოდ დაემწყვდიოთ კრისტალის სასახლეში, და გაიცინოს მერმე ამ კაცმა, ისე ხმამაღლა და გაშტერებით, რომ მაღალი, კრიალა, უფარდო ფანჯრები აზრიალდნენ და კრისტალის სასახლის თაღებში გაიბნას მარტოხელას ცივი სიცილი, სარკის ზედაპირზე გადაბნეული საპანტივით გაიბნას, თოფის საფანტივით.
თვალი ავარიდე. ჩემს პირდაპირ დავიწყე ცქერა.
არ მივიხედე, არ შევამჩნიე, აინუშადაც არ ჩავაგდე ჩემი აბეზარი მხლებლის სიახლოვე. მაგრამ მაინც ვგრძნობდი: ჩემს გვერდით მოდიოდა. ჩემთან ერთად მიჰყვებოდა ხრეშიან თემშარას. მოსისხარივით მზვერავდა და მითვალთვალებდა.
კიანთობდა ნასამხრალი მზე. ხარის თვალის ოდენა მონოკლში, და ისევ იცინოდა… მარცხნით, ჭალებისაკენ მიმავალ თემშარას მიჰყევით. მე_ჩოხიანი, და მე _ მონოკლიანი. აგუნასავით მოაბოტებდა ჩემს გვერდით. სულგანაბული მივსდევდი ლანდს. რომ არ გათავდა ეს გზა?
მივალაჯებდი…
სივრცეს ვერ ვერეოდი. გერი სათოფეზე დამცილებოდა. და ეს ღობეები, ეს თხრილები, ეს ალვის ხეები, მეწყერიან ნიადაგივით მისრიალებდნენ ულევ სივრცეში.
ათასჯერ გამივლია აქ ჩემ ბავშვობაში, მაინც მეუცხოვა ეს თემშარა. ეს ორღობეები, ეს მჭვარტლით გამურული, ისლით დახურული სახლები. მარჯვნით: სწორმხრებიანი კვადრატები. ძველებური, ბუხრის ქუდის ზეთავივით ამოწეული სახურავები, ყალმუხივით აწოწილი ხულა და მარანი.
ორჩოფეხებზე შემდაგარი ნალიები (დაღვრემილ ჭაობის ფრინველებს რომ წააგავენ) და ეს აყლაყუდა ჭების საქაჩებიც ყელმოღერებულ სირაქლემებს დამსგავსებიან (მახარებდა ოდესღაც მათი ნაღვლიანი ღრიჭინი შეღამებულზე), მთელს ქვეყანაზე უმცირესი, უმოკლესი შუკები, შარაზე გაყოლებით მდორე ტბორებით სავსე თხრილები. ძაღლის მოახლოებაზე მორიგეობით სცვივიან ბაყაყები წყალში. დროგამოშვებით, ჭალებიდან მობრუნებულ საქონელს შეუტევს გერი.
ჭიშკრებზე ჟანგიანი ნალები.კისერგადატყავული, ჯაგარშემოცვეთილი უღლიანი ღორები გულის შემღონებლად ღრიტინებენ და სიბა-კარის ლატანს ძიძგნიან. მესრებს გადაღმა ვიხედები ეზოებისკენ.
სიმინდს ტარო ამოუღია.
მეოთხე თოხი მოხვედრია. კაცის სიმაღლე გამხდარა სიმინდი. უნათლავ ბავშვის თმასავით ნაზი, ხუჭუჭა ფიმფა და ფოჩი ფრიალებს ზოგგან. ხეებზე გასულ ვაზის მოყვითანო ფოთლებში ლალივით კრიალებენ წითელი მტევნები.
ჰმ, აგვისტო შეჰპარვია პირველ ფურცლებს სიმიდებისას! ორლესული სატევარივით ბასრი, მუქლურჯი ფრთები კენწეროშივე გაუყვითლებია _ შემოდგომას თუ გვალვას? და ღობეებზე გაყოლებულ ძეწნების მოვერცხლილ მწვანეში ყვითელი წამალი საეგებიოდ გადაუგდია მარადჟამობის მხატვარს. გადაეფოფრა კოპოტის წვეროკინებს უშველებელი, ოქროს ობობასავით დაფანჩვული მზე და შევყურებ ირიბ სივრცეზე მოვარვარეს, მწვანეში გაბნეულ ქარვის წინწკლებს._ ვკითხულობ:
შემოდგომას თუ გვალვას?
სიზარმარსწამოყოლილივით აღრიალდნენ ძაღლები.
ყური სცვიტა გერიმ. ახლა სულ სხვა მხარეს გამოეხმაურნენ მათ სხვები და კიდევ სხვები და მერმე ისევ გაიშხვართა სიჩუმე თემშარაზე. შორიდან მოისმის ჭიშკრების ჭრიალი. გაუსაპნავი ბორბლების კვნესა და შემოდგომის მამლების ხრინწიანი ყიყლიყო. ნაწისქვილარზე მელიკუდათი და დასიცხული სიმინდით დატვირთული ურმრბი გამოჩნდნენ.
მეცნაურა გლეხების მფოთიანი გნიასი. მოხუცები თავაზიანად სალამს მაძლევენ, მეგრულად შეკრულ ჩაბალახზე ხელს ივლებენ. ახალგაზრდები უბირი თვალებით შემომცქერიან. თეთრ ჭილის ქუდებს აფრიალებენ. ჩემს მიმინოს თვალს აყოლებენ.
ველაზე საოცარი ის იყო, გლეხებიც წყვილად რომ მოდიოდნენ. რეულებს ორეულებისათვის მკლავი მკლავში გაეყარათ, ორეული ორეულს მისდევდა, ორეული ორეულს დასცინოდა: მაგრამ როცა გლეხი გლეხს შეესიტყვებოდა, მოლაპარაკე ანაზდეულად დაცალდებოდა.
მოიზლაზნება თემშარაზე მუცელ-დაბერილი საქონელი. მენახირეები სახრეებს ატკაცუნებენ და ქაქანებენ. მოსდევენ ნახირს ყურებბარტყუნა, კუდდაშვებული ნაგაზები, უშველებელი წითელი ენა გადმოუგდიათ. კისერს იღრეჯენ მეძებრის დანახვაზე, ბოროტ თვალებს უბრიალებენ გერის. მათ დორბლიან, დაღრენილ ლაშებში ამოვიკითხე ის გაცოფ ებული სიძულვილი, ჯიშიანის შეხვედრაზე რომ აღეძვრის ხოლმე უჯიშოსა და გადაგვარებულს.
“მანუჩარს გაუმარჯოს”.
გამიხარდა ნათლიმამას დანახვა. საკითხავი რა მქონდა, მაგრამ მინდოდა ჩემივე ხმა მევე გამეგონა, ის აბეზარი მომშორებოდა. თეთრჩაბალახიანმა ჩაბალახის ცალი ტოტი მარცხნით შეაფრიალა. მშვილდივით მოსდრიკა ფაფარდაბწნილი ცხენის კისერი.
“გამარჯვება ნუ დაგაკლოს წმინდა გიორგ სუჯუნამ”.
“მწყერი სად იქნება, თუ იცი, მანუჩარ?”
“ნაჭყვედისაკენ, ბატონო, წრეულს სულ ბეურია… ნაღომარებზე”.
“შენი მიმინო…” ამბობდი მანუჩარ. ცხენიდან გადმოიხარა, მიმინოს დააცქერდა. წინადადების დამთავრება არ ვაცალე.
“ვერა მყავს კარგად მიმინო, მანუჩარ ჩემო!”
“თვალი ხომ არ ეცა აწი”.
“მე თვალი გავუსწორე”.
“ალბათ ვერ უვლი კარგად, ჩინჩაყვი დაბერილი აქვს. ცოტა ნემსით უნდა მოუჩხვლიტო. ცოტა თრიაქფარუხი ჩააყლაპე, ანდა რევანდის წვენში კომშის თესლი გამოჰხადე. შაქრის ყინულივით მოალბე, არგებს.
ორ დღეში თუ არ გამომჯობინდეს, ნავთის ოყნა გაუკეთე.
მაინც ნაჭყვდისაკენ გაქვს გზა. ნატიე დიაკონი ძველი ბაზიერია, ის უმართავდა მიმინოებს ბაბუაშენს.
კარგი შელოცვები იცის ფილენჯისა და თვალისცემისა. ჩვენს სოფელში არავინ იცის ახლა მიმინოს ამბები, _ ისევ ნაჭვედს წადი, ჩვენს დროში მიმინოსათვის ვის სცხელა“ გულდაწყვეტილი ამბობდა მანუჩარი.

II

მეყვსეულად გამაჟროლა ნაჭყვედის ხსენებაზე. სიჭაბუკეში არაოდეს გამივლია ნაჭყვედისაკენ ძაღლითა და მიმინოთი. ეს კიდევ მაშინ, როცა ჩემი სული მითებით იყო დატვირთული.
ნაჭყვედში ცხენით თუ გავყოლივარ ნათურქალისკენ მიმავალ მამას. შეღამებულზე როცა ნაჭყვდს მიუახლოვდებოდით, მამა ცხენს აუჩქარებდა, მე წელზე მოვეხვეოდი მხედარს, ნაბადში თავს ჩავრგავდი.
დაპატარავდნენ ჩვენი სოფლის ალვის ხეები.
ძაღლი ძუნძულით მიჰყვება გვიმრიან ეწერს. მარჯვნით თვალუწვდენი სიმინდის კაპანია. კაშკაშებს ოქრონაფერი სხივი ნასამხრალი მზისა. შარებსა მიჯნებზე მიმავალი თეთრჩაბალახიანი ცხენოსნების თავები ისე დაცოცავენ აქა-იქ, _ მხრებამდის წყალში ჩაფლული მცურავები მოძრაობენო. მარცხით მოტვლეპილი გორმახებია. უდაბური მიდამო.
გვიმრა მიჰყვება ფშალით და ეკლით დატვირთულ კათაბარდებს. მელიკუდითა და რძია-რძიით მოფენილი ტრამალი, ხავსმოდებული ჭოჭი, სამუხლე ლელი და ბაყაყების მწყრობი ორკესტრი.
ოჰ, კარგად მესმის მე მშობლიური მელანქოლია ამ ქვემძრომების ქორალურ მოთქმაში. ქვეყნის გაჩენიდან აქ დგანან ალბათ ეს მწვანე ტბორები.
მიცვალებულის თვალებივით გამოციებული და მოწყენილი, უჟმური და ციება ბინადრობენ ამ ჭაობებში. აქ მიწის კაცი შემხვედრია შებინდულებზე, პირაღმა მწოლარე ცას რომ უშვერდა თავის წითელ, ხორკლიან მუცელს.
და ბაყაყები… ამ გავერანებული მიდამოს ჭირისუფალნი ისევ უნუგეშოდ მოსთქვამენ, როგორც ოცი წლის წინათ, როცა ამ სანახებს ცხოველებსაც არ აკარებდნენ.
უპატრონო, ზურგდაშავებულ, ნამარტალ ჭაკებსაც ვერ შეხვდებოდით ამ მიდამოში, რადგან აქ ცხენებს ძუა და ფაფარი ესკვნებოდათ, მეწველ ძროხებს უჟმური გათოფავდა.
ახლა?
ნასახლარამდის გამოუცეცხლავთ ეწერი.
დაილოცა. ცეცხლო, სახელი შენი!..შავი, ტოტებშემოტრუსული ხეები დარჩენილან აქა-იქ.
ბარი და ნაჯახი ვერ მორევია მუხების ფესვებს (წყევლით წელმოწყვეტილი შავი გველივით გართხმულან ისინი მიწაზე). ფეტვი და ღომი უთესიათ ნასიმინდარზე, მორცხვად დაზნექილ ფეტვის თავთავებს შორის დაბნეული, დაცალებული, სიმინდისა და ფენჯგირეს ღეროები სდგანან ამაყად (მწვანე, მაღალტარიანი შტანდარტები დაპყრობილ სანახებზე მიტოვებული).
ვდგავარ სატურიას სერზე. გასცქერის მიმინო სანავარდოს მალი ფრთებისას. გაკაპასებული თვალით შეჰყურებს სივრცეს დაუგეშელს და საფეხურზე ჭანგს უჭერს. დაცუცქდა ჩემს ფეხთით გერი, ხელის გულზე მიდევს ნასოფლარი. ეწერი ალაგ-ალაგ გაუჩეხიათ, ირმის ბორჯღალივით გამხმარი ხეების ჩონჩხები, შავნაბდიან ალამდარებივით გაბნეულან მაღალ სერებზე.
რუხი, კირშემოცლილი ნანგრევების კედლები სიმინდის ზღვაში იძირებიან და გარუჯული აგურის ბუხრის თავი ისევ იქავე სდგას, როგორც ამ ოცი წლის წინათ.
ვინ იცის, რამდენი ფეოდალური იდილია ახსოვს ამ ბუხარს! ყანებს გადაღმა, ცაცხვების მწვანეში საყდრის გუმბათია. ეკლესიის გვერდით, ახალი ისლით დახურული სახლები.
ერთი,
ორი,
სამი.
სამიც ყავრით გადაფარული ჩელტის ნალია.
ერთიც ახალი ფაცხა. კვამლი სამ ადგილას.
ჰმ, მიწის სივიწროვეს გადმოუსახლებია ეს გლეხები ნაჭყვედში როცა ჩვენი სოფლის ეკლესია უმრევლობის გამო დაიხურა… დიაკონი აიყარა, სოფელს დაემდურა, ნაჭყვედის მიტოვებულ საყდარს თავი შეაფარა.
ბებერი ცაცხვები ძველებურად სდარაჯობენ ნაჭყვედის საყდარს. ამ ცაცხვების ფუღუროებში მეგულებოდა ბუკიოტების, ღამურების და ზღვის მერცხლების ბუდეები. ერთ დროს ისინი მეტად ახელებდნენ ჩემს ბავშურ ფანტაზიას. რამდენჯერ განვიზრახეთ მე და მღვდლის ბიჭმა, ტოლები აგვეყოლებინა და ამ ფუღუროების ბინადართ შევსეოდით.
ნაჭყვედის ბნელმა ლეგენდებმა დასძლიეს ჩვენს გამბედაობას. დაქადნება დაქადნებად დარჩა., მახლას! ისინი, ვინც ოდესღაც ჩემთან ბურთაობდნენ, ჭარკუნსა და მერობიას თამაშობდნენ, დღეს უკვე ცოლშვილს მოჰკიდებიან, საფეთქელთან ჭაღარა გარევიათ. მათ სახეზე მე ვეღარ ვარჩევ მხიარულ ღიმილს, ვერც კი მიცნეს. მშრალი სალამი შემომაგებეს, გვერდს ჩამიარეს.
ოცი წლის შემდეგ კვლავ ვეწვიე ამ გავერანებულ ნასოფლარს და ახლაც მარცხენაზე მიმინო… ეჰ, ვიცი მათი გულის ნადები, მათი ცივი სალამის შინაარსი, და მე… მე რა ხანია, რაც ამ მხარეში არა ვყოფილვარ არც მიბურთავნია, არც სასირეები დამიგია, არც სასროლი და ანკესი მჭერია ხელში, არც ღაჟო დამიჭერია, არც თუ მიმინო გამიმართავს.
ეხლა ჩამოვიარე, მოხუც დიაკონს ვინახულებ და ამიერიდან ჯვარი სწერია ჩემგან ამ უბადურ ეწერსა და ღამის ფრინველებს.
უნდა მენახა საბრალო მოხუცი, მისგან მაქვს ნასწავლი ანბანი და სიზმრის ახსნა, პირმოთნეობად ნუ ჩამომართმევს, და მე ვაკოცებდი მას დამჭკნარ სახეზე. ვეტყოდი მაინც: ძვირფასო მოხუცო! ეს შენ გამიღე ზღაპრებისა და მითების დახშული კარი, შენ მასწავლე მთელს ქვეყანაზე ულამაზესი ქართული ასოების მოხაზვა. შენის წყალობით ვყავ საცნაური ძველი დრო თავისი ბნელი ლეგენდებითა და სასწაულით.
… და თქვენ იცით, რა ძნელია პოეტისათვის კრიზისი? კრიზისი ჩვენი სულის გამოფხიზლებაა ზმანებისა და მითის ჯადოსაგან.
კრიზისი?
უმითოდ ყოფნაა
ჩვენთვის: არ ყოფნა.
დადიხარ ამ ქვეყნად ზედმეტი კაცივით. გაზარმაცდები მელნის სუნი შეგძაგდება. როგორც ნაბახურებზე ღვინო კახური და თვითვე გიკვირს,. _ რომ ოდესღაც სული გედგა მითების მთხზველი და ადამიანების სიტყვიათ დაელექტრონება შეგეძლო.
ამგვარი კრიზისის დროს მე შემიძლია მხოლოდ ვინადირო.

III

… პირველთაგანვე იყო მითი. ამ ქვეყნად ყოველივე მითით შეიქმნა, რაც კი რამ შეიქმნა. მითი წინ უსწრებდა ადამიანის ყოფნას.
მითი იყო უპიოველესი განზრახვა ღმერთკაცისა და ხელოვნებისა. და როცა ყოველივე არარად იქმნება, დარჩება ალბათ: მითი…
თუნდაც სოფელი ნაჭყვედი…_ ათასზე მეტი კომლი ამომწყდარა, ატაზე მეტი კერა ჩანაცრულა.
ფოცხვერები და უკიოტები კივიან ნასახლარებზე. ნაჭყვედის ეკლესია დარჩენილა მხოლოდ. საუკუნოების კოშმარულ სიზმარში გართული. და მთელ საჭყოინდოში უდიდესს სოფლიდან დარჩა მხოლოდ ბნელი მითი და განა ერთი..

IV

შემაგვიანდა ნაღომარზე გადასვლა, ნაწისქვილარზე გზა გადავსჭერი. ნაჯიხვარზე გადავიარე და ნაჭყვეტის ეკლესის ეზოს ჩელტის კარი შევაღე.
ეკლესიის კარზე სეფისკვერის სისხო ბოქლომი დაედოთ. ბნელოდა დიაკვანის ქოხში. განზე დაქანებული, ლინგშემოძიძგნილ სვეტებზე ძველი, დახეული ბადეები გაეფინათ. ორიოდე ტუჩმოტეხილი დოქი იდგა ფანჯრის რაფაზე. მივყევი სასაფლაოს.
ხავსმოდებული, წარწერაგადაშლილი, განზე გადაფერდებული ლოდები, ჯვრები, საფლავის ქვები. მოსხო და მოდიდო ვიღაცას გადაუგორებია. უშველებელი ლოდების ყორე დაუდგამთ ცაცხვის ქვეშ.
ვინა ჰქნა ეს?
რისთვის მოაკლეს ამ საცოდავ, პატარა ადამიანებს უკანასკნელი, საიქიოს თანწაყოლილი ნუგეში?
სურო და სვია დაუფლებია ეკლესიასა და სამრეკლოს. თითქოს ორივე ახლოს მიწეულა ერთიმეორესთან და ეხუტება გუმბათმონგრეული სამრეკლო ეკლესიის გოლიათურ ტანს _ როგორც ნაციები ბალღი თავის დარდიან დედას. ფრინველებს დაუსკინტლავთ გარსშემობზარული ეკლესიის ნავი.
აკლდამებში ყველასაგან განირჩევა მაღალგუმბათიანი, ექვსკუთხიანი აგურის მავზულეუმი _ ჟანგიანი, წვეტგადაზნექილი რკინის მესრებით შემორაგვული (ცოცხლებს უცდიათ ღონე უპატრონო მკვდრების აკლდამის შუბებძე!), რუხი, ხავსგადაკრული ლოდი დავითვალე: ხუთმეტი. უგრძესს, უმაღლესს, უდიდედსს ნუსხა ხუცურით ეწერა _ სიტყვები უფერული და გახუნებული: `სიკუდილმა: უხანომ და დაუნდობელმა: არ დამინდო და გამომასალმა; ძვირფასსა: ჩემსა: ცოლსა და შვილსა: და ვწევარ: ლოდსა: ამასა: ქვეშე: მონა: ხუთისა: აზნ, ლომკაცია ბისკაია: დაიბ, ქრ, შ. ჩღ. წელსა გარდაიცვალა ჩ… წ .
მთლად გავერანებულა იქაურობა! სარტყლამდის მწვდება ლურის გუდა, ლაგვიმარაია და ისიროტა.
მათ შორის დანთქმულან ღვთისა და კაცისაგან მივიჭყებული ლოდები. ღვარძლი და კაჭაჭი მორევია პატარა, უგანო საფლავის ქვებს. ფერადი ხოჭოები ხტიან ძაღლის ფეხის ხმაზე, უფრო დიდი მოძრაობაა ცაცხვებისა და ჭადრების შტოებში.
ჩხიკვები დაფრთხნენ, მაღალ ჟვერში ფართხალებენ, სასოწარკვეთილი ჩხავიან. შავი, გულთეთრა ზღვის მერცხლები უკანასკნელ მარულას უვლიან ეკლესიის გარშემო. მშვიდად მელანქოლიურად იღიმებიან ობობას ქსელით დაბლანდული საყდრის ფანჯრები მკვდრების მზის ჭლექიან შუქზე.
ბინდდება საყდრის ეზოში. ნელ_ნელა შავდებიან მოხუცი ცაცხვების დაგრეხილი, ხავსიანი ტანები, სანახევროდ გამხმარი ტოტები და უცნაური მარტოობა და მწუხარება დაეუფლა ჩემს გაორებულს სულს..
დაფრთხა შაშვი ბროწეულის ჩირგვში. მორთო უნუგეშო კუთვა, გადაეშვა ფშალათი და სუროთი დაბამბულ გალავანზე და აჭაჭახდა…
გადაჰყვა ჩემი თვალი ველებისაკენ გაფრენილს იქითკენ, სადაც სიმინდის ზღვაში იძირებიან ძეწნების მწვანე აბრეშუმის ქოლგები, და ალვისხეები ისე გაბნეულან, როგორც ზღვაში ჩარჭობილი გოლიათური შუბისტარები.
გაღმა, ქედ_გადამწვარ ეწერის შარაზე, ნელა მოღაღავენ ნოშოთი დატვირთული ურმები. მიმავალი სხივის კვიანთი ხოშორი ალმასივით ციმციმებს ტყის პირად _ ეს ოქროცურვილი სხივის არილი ჩაჭრილა ტყის მცველის ქოხის ფანჯარაში. წალიკონს მოაქვს გამოყრუებული ეკლესიის ეზოში მეყანეების შორეული.
“ო, დო, ია, დო, ო, დო, ია დო“.
ვისვენებ გალავანზე გადაყრდნობილი. თვალს ვხუჭავ და ასე მგონია: მთელი ქვეყანა ამხედრებულიყოს ამ გავერანებულ ნაჭყვედის წინააღმდეგ.
იმძლავრა საღამოს ბორიომ. აუჩქარეს მეთოხეებამა და ისმის უფრო მკაფიოდ უფრო ძლიერად.
“ო, დო, ია, დო, ო, დო, ია დო“.
მერე დიდხანს, დიდხანს ვიჯექი აზნ. ლომკაცია ბისკაიას აკლდამის ლოდზე. შესაღამოვდა. მისწყდა ეკლესიის ეზოში ზღვის მერცხლების ნაგვიანევი მარულა. ახლა მღამიომებმა დაიწყეს რიალი. ადგა მიწიდან სილამე და ოსეოფა. მიმნოს ეძინება, მთვრალივით ბარბაცებს საფეხურზე. შინისაკენ გაბრუნებას ვაპირებდი. _ დიაკონის ფანჯარაში მოყვითალო ფერმა იელვა, გაუჩინარდა და ისევ იელვა.

V
ოცი წლის შემდეგ ნახევრად ბნელ საკანში შევხვდით ერთმანეთს, შეკრთა ჩემს დანახვაზე, უსიტყვოდ შევატყვე: ადამიანების სიახლოეს გადაჩვეულა. მარტოობისა და დარდის დამღა დასტყობია შიმშილისაგან დაწრეტილ, გაყვითლებულ სახეზე. მხრჩოლავი ჭრაქი სახესთან მომიტანა, თავით ფეხამდის დამათვალიერა. ჩემი თვალი ანაზდეულად
მოხვდა დაძველებულ ბამბასავით გაყვითლებულ, გაბურძგვნილ წვერს და სიფრიფანა, კეხიან ცხვირს, საოცარი სიღატაკე მეფობდა მის გარშემო.
კედლის ჭუჭრუტანები ძველი გაზეთების დაწებებული ლურსმნებზე ათას ადგილას კონკილი ძოწნები, თაროზე ყდაშემოცვეთილი ლოცვანები და საკითხავები, კუთხეში სიმინდის ტაროებით სავსე ხიკვები, ტახტზე გაფენილი ჭილობი, საპირეგამოფატრული მუთაქა, და ერთ კუთხეში კიდეშემომწვარი მაცხოვრის ხატი, ძველი საცეცხლური, დამჭკნარი ბზის ტოტები და გახუნებული ოლარი ეკიდა. დიაკონს ახალოხის სახელოები ჯერ კიდევ სველი ჰქონდა.
“გითევზავნია, როგორც სჩანს, ნატი?“
“ჰო, ტყუილა დავსველდი გოლუაფირო. ამ წყეულ დროში თევზიც გაეშმაკდა“.
ჭრუტა თვალებით შემომაშტერდა.
მარცხენა ხელი მარჯვენა მხარზე დამადო.
“აგურისფერი ჩოხა ჩაგიცვამს, გოლუაფირო, და უძიროები. ხელზე მიმინო ბაბუაშენსავით“.
დიაკონი იცინის. სამი გაყვითლებული წინა კბილიღა შერჩენია, წითელი ღრძილები უჩანს.
“აცხონოს ღმერთმა კაციე, პირწავარდნილი კაციე“.
“ბაბუა კაციესაც უყვარდა მიმინო“.
“ჰმ, ბაბუაშენისთანა მიმინოები სხვას ვის ჰყავდა საჭყოინდოში?“- დიაკონმა ჩაბალახი მოიხსნა. ლოგინზე მიაგდო.
“ღმერთო, დაილოცა შენი სახელი, როგორ მეორდება ადამიანი!“
უკვირს ბერიკაცს, თუ როგორ შევეგუე საცვეთების ჩაცმას, ან ღირკილოების მოთმინებით შებნევას. აქებს ძველი კაცების მოთმინებას, სამ კვირას საპნით რომ იცვამდნენ უძიროებს, ლოგინში საცვლების გაუხდელად წვებოდნენ და მიმინოს ისეთის გულმოდგინებით მართავდნენ, როგორითაც შვილს ზრდიან ჩვენს დროში.
კარგი აზნაური თურმე ძუაგამოუსკვნელ დაუდაღავ ლაპშაზე არ შეჯდებოდა, და ის აზნაური არ იყო, ვისაც ათიოდე მიმინო ზამთრობით ძარში არ ჰყავდა. ნატიემ ჩემი მიმინო ცერზე შეისვა. თვალები გაუბრწყინდა.
“კაი ხანია მიმინო არ შემისვამს ხელზე“. ვერაგი ფრინველი ანჩხლი თვალებით მიშტერებოდა მოხუცს.
მისი მაღალი, ჭკვიანი შუბლი ისე დანაოჭებულა, როგორც გაყვითლებული ბუშტის ქისა, ქამარში გარჭობილს რომ ატარებენ ჩვენი სოფლის დროული კაცები. დიაკონი წელში მოდრეკილა, დაკონკილი ახალოხიდან წვეტიანი მხრების თავები მოუჩანს, ღილები მოუჩანს ალაგ-ალაგ. ქამრის ნაცვლად გამურული ჭინჭის ზორტი შეურტყამს და ცერი გარე მოუჩანს ჭვინტმოჭმული სამოგვის ქალამნიდან. გაბრძგვნილ, ჩამოკონკილ პირველ ქრისტიანს დამსგავსებია იგი.
ნატიემ ორი თითით ჩინჩაყვი გაუსიბჯა მიმინოს.
“შენი მიმინო გათვალული უნდა იყოს, გოლუაფირო, ისე მობუზულა.
მერმე სულგანაბული ყურს ვუგდებდი მოხუცის ბუტბუტს : “ჩვენ ვიყავით სამნი ძმანი _ სამებისა წმინდისანი.
გავედით მთასა, სანადიროსა, მივაკვლიეთ კვალნი ნადირისანი, ვერა ვპოვეთ კვალნი ნადირისანი, ავედით აღელესა, მაღელესა, კლდესა სალსა, ხევსა ღრმასა, ვიპოვეთ კვალი ცხვირუკუღმართისა. გზადაქცეულისა, ფილენჯისა, კოლინჯისანი, სამას სამოცდა სალმობისანი. უშალეთ ბადე, რა ბადე ! ბადე, დიდ ბადე !..
ვინაპირეთ, დავყარეთ ველი, თმანი ჰქონდა ალისანი, კბილი ჰქონდა რვალისანი, კოროზ სთქვა : დავამტვრიოთ წვივნი მისნი ჭიქისანი. ფილენჯმან სთქვა : ნუმცა დამამტვრევთ წვივსა ჭიქისასა, ნუმცა დამაჭრით თმასა ალისასა, ნუმცა დამაგლეჯთ კბილსა რვალისასა. წავალ, ჩავვარდები წყალშია, ავწევ ქვასა, შევჭამ ქვიშასა, შევსვამ წყალსა. გიორგიმ და ღმერთმა დაგწეროთ ჯვარი, გილხინოს ეს ლოცვა, სანამდის ეშველებოდეს“.
მოხუცმა სამი თითი ტუჩთან მიიტანა. კიდევ ცოტა ხანს როშავდა ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს, შეეხო სალოკი თითით მიმინოს თავზე, მკერდზე და ფრთაზე და გადმომცა იგი, დიაკონი ირონიული ღიმილით ამბობდა :
“…ესაა, მის მოსვლამდის თავი ნუ გატკინოს სუჯუნის წმინდა გიორგიმ და კაციეს, ბაბუა შენს, ხარის სისხლისფერი ჩოხა ეცვა“.
“ძველად მხოლოდ ასაბიები ატარებდნენ თალხ კაბას ? __ ვეკითხები შავჩოხიანს აკი გველს ეძახოდნენ ოდიშის მხარეში ? ხომ ასეა ნატი ?“
ტუჩებზე ხელი მომაფარა :
“ვაშინერს, მახა, ვაშინერს“.
ვაშინერს ? ამ სიტყვის მნიშვნელობა ვერ მოვიგონე.
“შენ მეგრული დაგვიწყებია, მახა“. დაფიქრდა, ძირს დაიხედა.
“როგორ აგიხსნა? უხსენებელი, უთქმელი, პატოინსქუა“.
“აა, ამას ტაბუ ჰქვია, ნატი“.
“ტაბუ რაღაა?“
“ტაბუ იგივეა, რაც ვამინერს: უთქმელი, უხსენებელი.“ დრაკონი ჩივის, რომ ჩვენს დროში სიტყვას ფასი დაეკარგა.
“ძველად ესმოდათ, რომ თქმა ქმნაზე უფრო დიდია, რომ თქმას დიდი მორიდება უნდა, სიტყვა ბევრ რამეს იწვევს, სიტყვა სულს იწვევს და სულიერს.“ გამაოცა მოხუცის სიტყვებმა. მართლაც სიტყვა ძლიერ საფრთხილოა.
ყოველი საგნის სახელი ჩაფერფლილ ვულკანსა ჰგავს. მიჩქმალულია და იდუმალი მისი შინაგანი ძალა ჟამის მოღწევამდის. მაგრამ უთუოდ არსებობს ბედითი წუთი… და ეს მაშინ ხდება, როცა მისი უჩინარი შინაარსი მიწის გულში დაგუბებული ცეცხლივით გადმსქება.
ჩვენ ხომ უცვლელი გვგონია ჩვენი სული, ჩვენი სხეული დაბადებიდან სიკვდილამდის. ეს მოჩვენებითი უცვლელობაა. ჩვენ მუდმივ ფერისცვალებას განვიცდით და ამას უთუოდ საგნების ხსენება და შეხება იწვევს.
“ძველად ბევრ რამეზე იყო დადებული ის, რასაც შენ ტაბუს ეტყვი, მახარია“.
განაგრძობს ნატიე, თვალი გავუსწორე, ვცდილობ ღრმად ჩავიხედო მის ჭრუტა თვალებში. დავეთანხმე ბერიკაცს. საგანთა შორის მრავალი რამ არხსენებისა და დუმილის წიაღში უნდა დარჩეს _ მეთქი, სამარადჟამოდ.
`ეჰ, ეს არ ესმოდათ ნაჭყვედელებს, მიტომაც დაისაჯენ“…

VI

არ დასცდენოდა ეს სიტყვები მოხოც დიაკონს, ნაჭყვედის ამბები ის ევერ გააღიზიანებდნენ ჩემს ფანტასიას. ყოველთვის, როცა შინაურებს ნაჭყვედის ამბების გამოკითხვას დავუწყებდი, სიტყვას ბანზე ამიგდებდნენ, არავის ეპრიანებოდა ამ ბნელი ამბების გახსენება. არ მოვეშვი ნატიეს, ბევრი იუარა, მაგრამ ბოლოს მაინც დავარღვევინე ტაბუ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

VII

ნაშუაღამეს გამოვეთხოვე დიაკონს. გამოცილება მომინდომა სად მეთრია ბერიკაცი იმ სიბნელეში!.. ძლივს დავაბრუნე. ჭადრების ლანდებს მივეფარე. ცაცხვის ქვეშ ნამორზე ჩამოვჯექი: წითელი მთვარე ღრუბლებიდან გამოსულიყო. ცაცხვის ფოთლები ლითონის ნაჭრებივით პრიალებდნენ. შტოებში გამოპარული სხივი, ვერცხლის წყლისებრ კანკალებდა მონოკლიანის თვალში. აღარ იცინოდა იგი და ჩოხიანმა მიმინო გადასცა და ხმადაბლა უთხრა: მონაკლიანს:
“ორეულო, ჩემო მოსისხარო, მტერო, დუშმანო. მომეწყინა ამ ქვეყნად უმიზნოდ ყიალი. მინდა მატყლივით თეთრი წვერი მქონდეს.
შორს ვიყო ადამიანებისაგან. განუზრახველის გამჟღავნება შემეძლოს და გიამბო ის, რაც მოხუცმა დიაკონმა მომითხრო:

VIII

“ნაჭყვედის სანახებში ჭაობი იყო ატეხილი. ნათურქალის ჭალების ისეთი ხშირი ლელი მისდევდა, დასიცხულ კამეჩებს რქებამდის სწვდებოდა. გველის თავის მპარსველი უჟმურივით დაფარფატებდა.
მდინარის გაღმა-გამოღმა სადები იყო და უსიერო ტევრი თხმელისა. ნადირი იმდენი, რომ სატურიას სერზე უთოფოდ ვერ გაივლიდა მეთევზე და მონადირე. მგლების ხროვები თავს ესხმოდნენ სოფელს წვრილ ვახშმობისას. ზამთრობით სოფლის ბიჭები შვილდისარით დასდევდნენ მთებიდან ჩამოვარდნილ ირმის ჯოგებს. და მერმე გულსაკლავი ბღავილით სცვიოდნენ საცოდავები ნათურქალის სადებში.
… ისე კვირა არ გაივლიდა. ნათურქალის ტყეში ეშვით დაკიდებული ტახი ხიდან არ მოეხსნათ ნანავარდალი. ხოხობი მწყერ-ჩიტაზე უმრავლესი, უთვალავი ჭყიამპო, _ იხვი თუ დურაჯი. ქორითა და მიმინოთი მონადირენი ალაფობას ვერ ასდიოდნენ. ზაფხულობით მუხების ფუღუროებიდან ჩანჩქერივით მოთქრიალებდა ველური თაფლი. ნადირი არ ეკრძვალოდა ადამიანს.
ბუნების გულზვიადობა შინაურ ცხოველებსაც აზულუქებდა. ღორები ისე გაზულუქებული იყვნენ, რომ ფაცხაში უვარდებოდნენ პატრონებს, კეციდან ცხელ ჭადებსა და აკვნიდან თოთო ბავშვებს იტაცებდნენ. ულაყი ცხენები დაუხედნავი კუროები ჯოგიდან გარბოდნენ და მერმე ქამანდით უნდა დაგვეჭირა. ტყეში დიდი იყო დოვლათი, არა ნაკლები შიში და შიბნელე.
შიში ნადირისა, ჭინკისა და ოჩოკოჩის წინაშე. დიდები გვასწავლიდნენ მწყემსებს, როგორ მოვქცეულიყავით, როცა ჭინკა დაგვიძახებდა, ან დათვი შეგვეფეთებოდა, გველის თავის მპარსველი გვერდს ჩაგვივლიდა. მავნე წყალში ქვას გადისროდა, ან ხვითოს მშობიარე გველი სადმე ჭაობში აკაკანდებოდა. ან თუ როგორ უნდა მოგვევლო გაქარჩხლულისა და უჟმურშეყრილისათვის.
ვიცოდით შელოცვები მიწიდან აყოლილისა, წყლიდან ამოყოლილისა, ნოშოდან მირქმულისა და ოსეოფაზე შეხვედრილისა, ნადირის შესაკვრელი.

მგელი მოვა მგლოსანი,
თვალი მოაქვს ცეცხლოსანი,
კბილი მოაქვს კბილოსანი,
მეუფეო. გადმომიგდე
ცხრაკლიტური კლიტოსანი.
ნადირს კბილი შეუკარი,
მეკობრესა ხელი, მხარი.

ვიცოდით, თუ რას მოასწავებდა ყვავის დაჩხავლება, ბოლოქანქალას შემოჯდომა. წითურის შეხვედრა, კურდღლის, მელის და მიწის კაცის ორანი.
ბუკიოტი დაიკივლებდა _ კუდიანი ახლო მოდგებოდა, ყური დაიფარფალებდა _ ცუდს ამბავს გაიგონებდი, მარცხენა თვალი დაიფარფალებდა _ მარჯვენას გაახარებდა, წვივზე მოგეფხანებოდა _ წინ გზა უნდა გდებოდა, ოფოფი შემოგეყრებოდა _ ცუდი ამბავი მოხდებოდა, ცას ვარსკვლავი მოსწყდებოდა _ დიდი კაცი მოკვდებოდა.
ძაღლის ყმუილის ისევე გვეშინოდა, როგორც გველის კაკანისა, მთელს სოფელში ერთმა აზნაურმა იცოდა წერა-კითხვა, თითები თოვლისაგან გვქონდა დამზრალი, მუხლები _ ცეცხლზე შეფიცხებით. ჭადებს რომ დავაცხობდით, მერმე კეცებზე დავასხდებოდით, ზღაპარს მოვყვებოდით დ აიმ დროებს ვიგონებდით, როცა ადამიანს გაჩაღებული ცეცხლისაგან უკან დახევა ძაღლმა ასწავლა.
მავნეს სახელს არასოდეს დავუძახებდით, გვეშინოდა ხსენებას სული არ გამოეწვია. დათვს “უწმინდურს“ ვეძახოდით, ტურას _ “კვალდაწყევლილს“, თაგვს _ “კბილებმოჭედილს“, ჭინჭველას _ “კუზიანს“, ქორს _ “ზემავალს“, ყვავს _ “დუდუჩას“, გველს _“შავჩოხიანს“, მავნეს _“უსახელოს“.
დაუღალავი მზის სახელს ვფიცულობდით. ეგრე იყო ჩვენი მფარველი, მას ექვემდებარებოდნენ ცის მნათობები, ტაროსი და ავდარი. ტყეში რომ წვიმა მოგვისწრებდა, დიდ ცეცხლს დავანთებდით _ “ერგეაშვას“ შემოვძახებდით. ჟამოდან _ ჟამზე ერთხელ ცა იხსნებოდა და ვინც პირველად დაინახავდა, ბედიც მისი სტუმარი იყო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

IX

მიმინომ გამახსენა ნაჭყვედის ამბები. ნაჭყვედში ერთადერთი გვარი იყო დასაბამიდან: ხარბედიები, იმ დროს ჭყონდიდელი და დადიანი იბრძოდნენ ნაჭყვედის გამო, ჩოხიანმა ანაფორიანს აჯობა. დადიანმა ეს სოფელი ტყვარჩელიდან მოსულ ლომკაცია ბისკაიას და მის მრავალრიცხოვან ძმებს უბოძა. ბისკაიები მიმინოებს უმართავდნენ დადიანებს, აზნაურობაც ამით მიიღეს.
მიმინო ძველ დროში ფარსაგი რამე როდი იყო. უმალ ცხენ-უნაგირს დაულოცავდა აზნაური აზნაურს, ვიდრე მიმინოს, მიმინოს სათხოვნად მოციქულები იგზავნებოდნენ.
ის ქვის ნანგრევები ბისკაიების სასახლისაგანაა დარჩენილი. ზურგით მოატანიეს ბისკაიებმა ხარბედიებს სასახლის ასაგები ლოდები, ხარბედიები ჭყონდიდელის გლეხები იყვნენ და ბატონის უღელი ეუცხოვათ.
მოზვერიც იუარებს პირველად უღელს, შეხტება, შეკვინტრიშტება. ბოლოს მაინც მიეჩვევა. ადამიანიც ყვეაფერს ეჩვევა ბოლოს და ბოლოს. ბისკაიების და ხარბედიების ბრძოლამ მაინც დიდხანს გასტანა.
ბისკაიები ახლად გააზნაურებული მონადირეები და მეომრები იყვნენ. ხარბედიები _ მეთოხეები დამეჯოგეები. გააზნაურებული გლეხი ხომ გაგლეხებულ აზნაურზე უარესია. სულ მალე შეითვისეს ბისკაიებმა დიდკაცური იერი. გარაბადებზე მიმინოები უსხდათ. ზამთრობით ოცზე მეტი კაპუეტი ძარებში ჰყავდათ. უამრავ მეძებრებს , ყარაბახულ ცხენებს და ავ ძაღლებს ინახავდნენ, და როცა ზაფხულის მიწურულში ბისკაიები ბავლს გაუგდებდნენ მიმინოს, მთელი საჭყოინდოს თავადაზნაურობა ნაჭყვედში ნადირობდა და ნადიმობდა.
ვიდრე ლომკაცია ბისკაია ცოლს მოიყვანდა, ხარბედიების ქალებს მოსვენება არ ჰქონდათ… გათენებისას ბაზიერები და მეითარეები ბუკს დაჰკრავდნენ და ტყეებს შეესეოდნენ მონადირეები. ნასამხრალზე დამშეული მხედრები ტაბაკებს მოუსხდებოდნენ, ხოლო მეძებრები _ სეფასავით გაჭიმულ როფებს.
ღრეობა ნაშუაღამევამდის გასტანდა და როცა კვარის სანთლები შანდლებში ჩაიწვებოდნენ, მთვრალ მეინახეებს, ხარბედიების ფეხშიშველა, მკერდგათქვირული გოგოები ჭრაქებით ხელში შეუძღვებოდნენ დარბაზებში. მერმე ისმოდა ხის საწოლების ჭრაჭუნი და ხარბედიების ქალების უნუგეშო კრუსუნი. როცა ლომკაცია ბისკაიამ პირველ ცოლს სიტყვის შებრუნებისათვის ცხვირი მოსჭრა და მარშანიას ქალი მოიყვანა აფხაზეთიდან, ხუთას ნაბიჯზე გასჭიმეს სეფა.
სამი დღე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სმაში მეგრელები და აფხაზები. ოცი საპალნე ღვინო დაილია. მეოთხე დღეს ბისკაიებმა ჯიხვები იშიშვლეს და აფხაზი მაყრები გასტეხეს, ღვინოში დამარცხებულმა აფხაზებმა ჩოხის კალთები აიკეცეს, ქანდარაზე ყაბახი გაიტანეს და დაუშინეს დამბაჩები მეგრელებმა და აფხაზებმა. ორი დღე ისროდნენ ყაბახს. ვერც ერთმა მაყარმა ვერ ჩაამოაგდო ხიდან თასი.
ჩამოიარა ვიღაც ესვანჯიამ, ცხენდაცხენ ესროლა დამბაჩა ყაბალახს. ბისკაიებმა შეიპყრეს მგზავრი და განუკითხავად გადააგდეს წისქვილის ღარში.
ნადიმს ნადირობა მოჰყვა, სჩანს, ცუდ ფეხზე გამოსულან იმ დღეს ლომკაცია ბისკაია და მისი მაყრები. ნათურქალის ტყეში ვიღაც შავჩოხიანი, წითური კაცი შემოხვდათ ცხენოსნებს მოაფანდურებდა შავს ბედაურს წითელი ჩაბალახით თავწაკრული კაფანდარა კაცი. “გამარჯვებაც“ არ უთქვამს ისე გადაჰკრა თვალი ლომკაცია ბისკაიას მარცხენაზე მჯდარ მიმინოს და ცხენს _ მათრახი.
ელდანაცემებმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს: მეყვსეულად გადავარდა მიმინო ლომკაციას ხელიდან, ფრთა გაისწორა, გაფრინდა ეჟვნის ჟღარუნით და გაუჩინარდა.
ბევრი უწრუწუნა პატრონმა მიმინოს, მაგრამ გაეფრენილს გაქცეული როდის მოსწევია! და შემოაბრუნეს ცხენები აფხაზებმა და ბისკაიებმა. შავჩოხიანის ცხენის კვალმა ზედ ხარბედიების წისქვილამდის მოიყვანა და აქ გაჰქრა. გამძვინვარდა გულ-ღვარძლიანი ლომკაცია ბისკაია, მთელი სოფელი წინ გაიგდო, ნათურქალის ტყეს შეუსია.
დიდი და პატარა დაძრწოდა ტყეში, ხორცის ნაწრითა და ჩიტბადეთი შეიარაღებული ღაჟოებს აფეთქვინებდნენ, უწრუწუნებდნენ, ეძახდნენ ბატონის მიმინოს. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ უყო პირი, ვერც მიმინო იპოვეს, ვერც შავჩოხიანი რაინდი.
შეჰყარეს ხარბედიები დიდ მუხის ძირას, დაჭრილი ლომივით ბრდღვინავდა ლომკაცია ბისკაია, ხელში მათრხს ატკაცუნებდა… ერთი თვის ვადა მისცეს ხარბედიებს, ან მიმინო მოეძებნათ, ან შავჩოხიანი გაეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიანთი ბავშვების აკვნები აეღოთ და ნაჭყვედიდან გადახვეწილიყვნენ, ლომკაცია დარწმუნებული იყო: თავხედი მხედარი რომელიმე ხარბედის უნდა ყოფილიყო.
“წითური კაცი ჩვენს გვარში არ ურევია, ბატონო ლომკაცია“ _ არწმუნებდა მოხუცებული ხახუ ხარბედია გაცოფებულ ბისკაიას.
“ჩვენ შავგვრემანები ვართ და ნუ ინებოს წმინდა გიორგ სუჯუნამ, რომ კაცისობას წითური გაგვერიოს!.. ხარბედიები დასაბამიდან შავგვრემანი ყოფილან, თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ, უხუცესებს ჩვენს შორის ქალებსა და კაცებს.
“მე ამის გამოსაძიებლად არა მცალია, მიწა გაითხარეთ, ან მიმინო… ან შავჩოხიანი“… გაიმეორა ლომკაცია ბისაკიამ და თავისი ამალით გავიდა ნათურქალის ტყიდან.
წინ წამოდგნენ მოხუცები და დროული კაცები, ცალი მხარით ყავარჯენს დაეყრდნენ, ბევრი ითათბირეს, იმსჯელეს, მაგრამ სიტყვა პირში უწყდებოდა ყველას.
თითქოს მიწიდან ამოძვრაო, წამოდგა წითური, წითელი ჩაბალახით თავგახვეული შავჩოხიანი. ჩოხის კალთები შავ დროშასავით ააფრიალა, ქოსა წვერზე ხელი დაისვა და სთქვა:
“ძმებო და ძიძიშვილებო“.
შეჩქვიფდა ხალხი, აჩოჩქოლდა. ნაყარ ფუტკარსავით აზუზუნდა. ასწია მაღლა წითურმა მარცხენა ხელი და ყველამ გატრუნა სული. აბრეშუმივით რბილი, მოშაქრული სიტყვით შეეპარა ხალხს (გველი შეეპარება ასე წითელი, ნავსი თვალებით გათვალულ თრითინას), კიცხავდა სისხლის-მსმელ ბისკაიებს. არწმუნებდა, რომ ბისკაიები ისეთივე გლეხებია, როგორიც ხარბედიები, რომ ბისკაიები აფხაზებია და მოუწოდებდა მარგალებს ერთი მუჭა აბჟუები ამოეწყვიტათ.
“გინდათ, მე ვიძიებ შურს თქვენს მაგიერ, ხარბედიებო, და ეს შურისძიება, უწყალო იქნება.
ქვა-ქვაზე არ დარჩება ბისკაიების დიდი სასახლიდან. ქვიტკირის სასახლის ქვები ისევე გაიბნევა ბალავერზე, როგორც მანამდის, ვიდრე თქვენის ზურგით მოგაზიდვინებდნენ ამ ქვებს რიყიდან. მე მათ საქონელს თურქულას შეუჩენ, მე მათ ორსულებს მუცელს მოვწყვეტ (როგორც აპრილის ყვავილს მოსწყვეტს ხოლმე ვაშლის ყლორტებს ცივი ზღვაური) და ეს უფრო საშინელი იქნება, ვიდრე სიკვდილი. მე მათ მოხუცებს ქარებით დავხუთავ, და მათ ვაჟკაცებს ისე გავთვალავ _ ლომკაცია ბისკაიას მიმინოსავით სცვივოდნენ თავიანთ ბედაურებიდან“.
და ასწია, შავჩოხიანმა თავისი გრძელი, გამხმარი შავი ხელი და დაემუქრა ბისკაიების ქვითკირის სასახლეს.
სამაგიეროდ წითური ხარბედიებისაგან მოითხოვდა ყოველწლიურად თითო უნათლავ ბავშვს.
მოხუცმა ხახუ ხარბედიამ სატევარზე გაივლო ხელი და შეუტია:
“გვარქვი, ვინა ხარ წითურო?“
ხელაკვრით მოიხსნა ჩაბალახი წითურმა და იცნეს: სატანა, შავჩოხაში გამოწყობილი. აბობოქრდა. აზღვავდა. ახმაურდა ხალხი (ასწლოვანი მუხნარი, რომელსაც გრიგალი, თავს დასხმია ნოემბრის ღამეს). პირჯვრის გადასახვა მოასწრეს, ლანდის სისწრაფეზე გაიფანტნენ ხარბედიები (მიმინოსაგან დაფეთებული ბეღურების გუნდი)“.

X

“შიშმა მოიცვა ნაჭყვედი, კვირაობით ეკლესიის გალავანში არავინ მღეროდა “ოხოხოიას“. ქარს არ მოჰქონდა ჭალებიდან მეთოხეების “ო, დოი, ია დოი“, და ტკბილი მეგრული “ნადური“.

სამუხლე ბურჩხა ამოვიდა ნათურქალისკენ მიმავალ თემშარაზე. კაჭაჭი და ქამენია მოერია გაუმარგლავ სიმინდებს. ანწლების ჟვერი ფაცხების კარებამდის მივიდა. მამაკაცები ხელს ვერ ჰკიდებდნენ თოხსა და ნამგალს. ვერც ნათურქალის ტყეში გასვლას ჰბედავდა ვინმე. ვერც სიმინდის ყანებში მარტოკა დარჩენას.
მთვარეულივით დაღოღავდნენ თავჩაქინდრული ხარბედიები. გაივლიდა სოფელში ცხენოსანი მგზავრი, კარს გამოიხურავდნენ, დაშინებულ თვალს გააყოლებდნენ.
ბუკის ხმაზე მოგროვდნენ ცაცხვის ძირში მაღალფაფახიანი, გრძელსატევრიანი ხარბედიები, იჩოჩქოლეს, ილაყბეს, ითათბირეს, და მერმე ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა., ყველას ესმოდა ვით სცვივოდა მიწაზე ცაცხვების ფოთოლი. დედაკაცმა ვერ აიტანა დუმილი.
იცნეს ხვარახმე, ულვაშიანი ქალა-ბიჭა. ქალს ეძახოდნენ ხვარამზეს, მაგრამ ცხენოსნობასა და ნადირობაში ერთი ვაჟკაცი ტოლს ვერ უდებდა. ოჩობედა ქმარი დაჯაბნებული ჰყავდა და ყოველ ვაჟკაცს ისევ, აბუჩად იგდებდა, როგორც თავის თანამეცხედრეს. არ ეშინოდა არც ღვთისა და არც ადამიანისა. სატურიას სერზე არაერთხელ უნახავთ ხვარამზე ჭეჭეთობა ღამეს, მგელს რომ მიაჭენებდა ტაბაკონასაკენ.
… წყალგადასხმულ კირივით აშუშხუნდნენ წიწაკას თესლივით მწარე სიტყვები ხვარამზეს პირში:
“თქვენ მამაკაცები კი არა ყოფილხართ, არამედ დიაცები. მაღალი ფაფახები რაღათ გინდათ“. თქვენივე ცოლების ნიფხვები უნდა გეხუროთ თავზე. რითი სჯობიხართ ტყეში შემოღამებულ ულაყებს უკანა ტორებს მგლებს რომ მიუშვერენ და ასე იფარავენ თავიანთ ჭალებს?! მე წავალ ნათურქალის ტყეში და ბისკაიას მიმინოს მე მოვსძებნი, თქვენ თუ არ შეგრცხვებათ. ფუი თქვენს კაცობას, თქვე თხაწვერებო, ლაფდასხმულებო.
გაუგონარ სიტყვებს ბუზღუნებდნენ მამაკაცები და ერთმანეთს თვალებს ვერ უმართავდნენ. დიაცის უდიერმა სიტყვებმა წელში გასდრიკა მამაკაცები.
შიში გაიზარდა, გახმიანდა, გამძაფრდა.
უძინარი, გამოღამებული თვალებით გასცქეროდნენ ხარბედიები ბისკაიების სასახლეს: მამაკაცები დედაკაცობას ნატრობდნენ. ბავშვი დაიბადებოდა, წამსვე მღვდელთან გარბოდნენ. შეღამებულზე ძაღლებს აუშვებდნენ. კარში გახედვას ვერავინ ბედავდა. მაგრად კეტავდნენ ჭიშკრებსა და მძიმე ურდულებს უგდებდნენ ფაცხის კარებს. ისხდნენ კერიასთან ვაჟკაცები, ნაცარში ვარაუდით ხაზავდნენ ჩხირებს და მერმე თვითონვე ითვლიდნენ… ჰიო, უარი ჰიო, უარი. ეს იყო მათი საქმე. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

XI

“შეიკაზმა ცხენი ხვარამზემ. ქმრის ჩოხა-ახალოხი ჩაიცვა და საცვეთები, საქონეში ტალკვესი ჩაიდო; აბგაში უმი ხორცი და ჩიტ-ბადე. მანდიკურად მოაჯდა ლაფშას, ნათურქალს მიაშურა.
სამხრობამდის იარა ტყეში. ხაჟოს აფეთქინებდა, უძახოდა ლომკაცია ბისკაიას მიმინოს. ბევრი შემოჰხვდა მიმინოცა და კაპუეტიც. სახამლავიანი _ კი არც ერთი. მწყემსების კარავში შეისვენა. დასძინებოდა.
ეზმანა ხვარამზეს სიზმარი უცნაური: უსიერ ტყეში არა სჩანდა არც ბილიკი, არც კაცის კვალი. კატაბარდებში დაბობღავდა. ხელ-ფეხგათოშილს ეკალი სახეს უკაწრავდა.
დიდი მუხის ძირში ცეცხლი ენტო მაღალი. ალი ცასა და მიწას შორის გახიდულიყო. შავი მორიელი პირაღმა ეგდო ღველფზე. უღონოდ ასხმარტალებდა ფეხებს. გულის წამღებ ხმით წივოდა, და ეს წივილი უფრო სასინელი იყო, ვიდრე კაკანი ხვითოს მშობიარე გველისა.
ხვარამზეს დანახვაზე მორიელი გადმობრუნდა. ღველფიდან გამოფორთხდა, გაიზარდა, უარესად გაშავდა, კვერნის ოდენა გახდა. ჩოფიან კატასავით შემოუტია, ალის ქარმა სახე დასწვა ხვარამზეს.
ორიელი ცეცხლიდან გამოვიდა და მიწის ნაპრალში შეძვრა. გულგახეთქილ დიაცს გამოეღვიძა: შავჩოხიანი, წითელ_ჩაბალახიანი კაცი იდგა მის წინაშე. ლანდივით უტყვი და უძრავი. თვალი მიაშტერა ხვარამზემ ამ საოცარ ჩვენებას. ალუნჩდა ცბიერი ღიმილი შავჩოხიანის გალურჯებულ, თხელ ტუჩებზე. Mმერმე მოთაპლული სიტყვები ხშუოდნენ ხვარამზეს ყურებში.
“შენ არც ქალი ხარ და არც კაცი, ხვარამზე მზეთუნახავო, მაგრამ შენი ბეჭები უფრო განიერია, ვიდრე ბისკაიას ვაჟების მხარბეჭი. შენ არც ქალი ხარ და არც ვაჟი, მაგრამ შენი მუცელი უფრო თეთრია, ვიდრე გვირილა, სატურიას სერზე მოსული ხვარამზე მზეთუნახავო“.
აროდეს სმენია ხვარამზეს ეგზომ ტკბილი სიტყვები მამაკაცის პირიდან (იგი აკუმი იყო და მამაკაცისა არა ესმოდა რა, მიტომაც ეტკბილა შავჩოხიანის მოშაქრული ენა).
ლანდივით იდგა წითური, იღიმებოდა. თაგვისებრ კბილებს აჩენდა. წითელ წვერში იჩიჩქნებოდა ობობას ფეხებივით წვრილი, ბალნიანი თითებით. იდგა და იღიმებოდა.
არხევდა ქარი მის წითელ ჩაბალახის ფოჩს. მეორე ხელი მუხლის თავზე დაიყრდნო. ძირს დაიხარა, თვალი თვალში გაუყარა. ხოტბით მოხიბლულ დედაკაცს უდიერდ ეაშიკებოდა:
“შენ არც ქალი ხარ და არც ვაჟი, ხვარამზე მზეთუნახავო. და ჯერ დედის მუცლიდან არ შობილა ჩემს მეტი სხვა მამაკაცი. შენ ჯოჯოხეთურ სიტკბოებას რომ გაგრძნობინებს და დაგიოკებს.
შენ არც ქალი ხარ და არც კაცი და თუ გვერდს მომიწვენ, შენი შვილი შურს იძიებს ბისკაიებზე. ხარბედიების სირცხვილს ის გამოისყიდის და როცა იგი დაიბადება, შენ გაიგონებ ფოცხვერების კივილს ბისკაიების ნასახლარზე, კაჭაჭი და მრავალძარღვა ამოვა ქვითკირის სასახლის ბალავერზე“.
დიაცის სულში იჭვი ჩაინთხა. ერთხელ მაინც ეგემნა ის თავბრუდამსხმელი სიტკბოება, დიაცებისაგან ყურმოკრულად რომ გაეგონა. ერთხელ მაინც გაეგო __ თუ რას ნიშნავდა ვნების ღველფზე პირაღმა წოლა; ან რა იყო დედაკაცობა?
თვალი მილულა ხვარამზემ კარზე მომდგარი ბედნიერების ჟრუანტელით აზვავებულმა. და შავჩოხიანმა წამოღო თავისი შავი, გამხმარი ხელი და მაგრად მოუჭირა ძუძუებზე ხვარამზეს (გახურებული მარწუხი მოსდებოდა თითქოს). მოდგმის ცოდვა ადუღდა ხვარამზეს სისხლში. ჯოჯოხეთის ცეცხლივით მოგიზგიზე თვალები მიანათა წითურმა შავგვრემანს და ხვარამზეს ტუჩი დაიდაღა გესლიან კოცნით.
ათრთოლდა დიაცის სხეული. აჭრიალდნენ ძვლები თასმასავით მოქნილ მკლავებში. ქაფდა დორბლი ტუჩების კუთხეებთან (ასე აქაფებდა ღარის თავზე მოზღვავებული წისქვილის წყალი) და იგრძნო ქალა_ბიჭამ პირველად თავის სიცოცხლეში სულზე უტკბესი სიამტკბილე ჯოჯოხეთისა“.

XII

“მოსართავდაწყვეტილი, ფაფარგასკვნილი ცხენი მოვარდა შუაღამეს მძინარე ნაჭყვედში, თმაგაწეწილი დედაკაცი კივილით მოაქროლებდა დუჟიან ლაფშას (ბედის საზღვარს გადაცდენილი კუდიანი _ ჭეჭეთობა ღამეს). აღმუვდნენ ძაღლები საბრძლების კარებთან, მორთეს გნიასი, სოფელი შიშისაგან შეიკუმშა და გაინაბა, ენა ჩაუვარდა ხვარამზეს ქმარს.
სახეშეშლილი, სამოსებშემოცვეთილი დედაკაცი ცეცხლს ეფიცხებოდა ზაფხულის ღამეს.
ადგა, მიეპარა და ნახა: ბაგეზე მორიელის მსგავსად მომწვარი შავი დაღი.
უკუდგა.
ტანზე ბუსუსები გამოესახა.
პირჯვარი გადაიწერა და შესთხოვა სუჯუნის წმ. გიორგის, მალე გაეთენებინა ეს საშინელი ღამე, ნაბადივით რომ შემოსწოლოდა პატარა ფაცხას და მაკე ძროხასავით ფშვინავდა მოწოლილ ჟვერში.

XIII

“ხმა დავარდა ნაჭყვედში: ხვარამზე მელოგინეაო.
ვის გაეგონა ქალა-ბიჭას ფეხმძიმობა? ელოდნენ სასწაულს და რიდით გვერდს უვლიდნენ ხვარამზეს სახლკარს.
ბებია ქალმა მიწაზე ჩალა დაუგო მელოგინეს. ამოუდო სასთუმალს ქვეშ სატევარი, რკინის სავარცხელი და ხელბადე. გააბა თოკი საწოლის სიგრძეზე.
შემოიყვანა ერთწლიანი ვერძი. აიტაცა ხელში. სამჯერ შემოავლო ავადმყოფს და შესთხოვა ხმამაღლა სუჯუნის წმ. გიორგის ხვარამზის ნაცვლად მიეღო ზვარაკი. სამი წყრთა სანთელი დაუნთო. გამოულოცა.
დამწვარივით ბორგავდა მელოგინე. ჰკიოდა, თმებს იგლეჯდა, უხამსი სიტყვებით ღმერთს არისხებდა. მოვიდა ქმარი, შემოჰკრა ნაჯახი ფაცხას და ააჭრიალა“.

XIV

_“უამბო ხვარამზემ ბებიას, რაც თავს გადახდა ნათურქალის ტყეში სიზმრად და ცხადად. ბებიაც კუდიანობაში შემჩნეული იყო. მრავალგზის და ენიშნა, მოკუნტა პანტასავით დამჭკნარი ტუჩები, მუშტით დაიდუმა პირი…
იმ ღამეს ისევ შეძრწუნდა მელოგინე. ქმარი ნაჭყვედიდან გადაიკარგა.
სახე აელეწა ხვარამზეს. შანთით მონაწვავსავით ავარვარდა და ტუჩებზე მორიელის შავი დაღი.
ძვალსა და რბილში, თმასა და ხრტილში აუტანელი ქავილი აუტყდა.
პირაღმა იწვა მელოგინე ჩალაზე. ღველფზე დაგდებულ მორიელივით უმწეოდ ასხმარტალებდა ხელფეხს. სამი დღე-ღამე ებრძოდა ხვარამზე სიკვდილს. გათენდა მეოთხე, უფრო საშინელი, ვიდრე პირველი.
ბებიაქალმა შეასწრო თვალი: მელოგინეს საშო გაიღო ანაზდეულად და ბურღვით დაღვარჭნილი ფეხები გამოჰყო მორგვისოდენა მორიელმა.
უკანასკნელად გაიბრძოლა მელოგინემ, დაავლო ხელი სიგრძეზე გაბმულ თოკს. ერთი ისეთი შეჰკივლა, ცას ვარსკვლავი მოსწყვიტაო. ბუსუსებიანმა, შავმა მორიელმა გადაირბინა უსახსროდ დაგდებულ ფეხზე. მიაშურა თავის დიდ დედას _ ბნელ ღამეს.
და ხვიმრში შეძვრა.“

XV

“გაიქცა კუდიანი ბებია შინისაკენ. თავისი უნათლავი შვილიშვილი ხვარამზეს მოჰგვარა. ჩააწვინა აკვანში და მერვე დღეს მეზობლები დაჰპატიჟა მიწის შეჯერებაზე.
ლოგინი უცვალა ავადმყოფს, იმავე ადგილას, სადაც მელოგინე იწვა, შავტარიანი დანით ამოჩიჩქნა ღრუები. აურია ცომში საკმეველი, ღვინო, ნიგოზი და თაფლის სანთელი.
ლიტანიობდა სულწაწყმენდილი ბებერი და ავსებთა ცომით პატარა ღრუებს. დამჭკნარ, მოკუმულ ტუჩებს აცმაცუნებდა და ასე ლოცულობდა:
“მიწაო, გევედრები, მოანიჭე ჩემს მელოგინეს ხვარამზე ხარბედიას ბედნიერება, მოანიჭე, მიწაო, მელოგინეს ნაყოფიერება სავსებაი და სიხარული. მიწაო, გევედრები, მიწაო,მისმინე“.
მიწის შეჯერების შემდეგ სტუმრები წავიდნენ და მთელს სოფელს მოსდვეს ამბავი, რომ ხვარამზე მორიელით დაუდაღავს ვიღაცასო.
ალაპარაკდა მორიელზე მთელი სოფელი და სადაც უხსენებელს ახსენებდნენ, მორიელიც იქ გაჩნდებოდა, ბებიამ შვილიშვილი შინ წაიყვანა და სოფელი დაარწმუნა: ხვარამზეს შვილი აწყვეტილმა ტახმა შესჭამაო“…

XVI

“მეორე დილას ლომკაცია ბისკაია მკვდარი იპოვნეს თავის ლოგინში, უშველებელი, ბუსუსებიანი, შავი მორიელი მელოტ შუბლზე აჯდა მიცვალებულს. და ღამით მოვიდა ისეთი მერეხი, ცაი ფერხად ჩამოდიოდა.
გადმოლახა მდინარემ ნათურქალის ჭალები, წალეკა წისქვილები, ჯებირები, ხიდები და ბონდები. წალიკონმა ხეზე გაშვებული ვაზები გააოხრა.
შავი მორიელი დაერია ნაჭყვედს. ხარბედიები და ბისკაიები უბედურებამ შეარიგა, მაგრამ უკვე გვიან იყო… მორიელისათვის ხომ წყევლის ნიშნად შხამი მიუცია ღმერთს. არ ზოგავდა არც ადამიანებს, არცა ცხოველებს.
ხუთმეტი კუბო გაიტანეს ბისკაიების სასახლიდან.
ხუთმეტჯერ ხუთმეტი ხარბედიების ფაცხებიდან. დღე და ღამე ისმოდა სოფელში:ვაჰ_ვა, ვაჰ_ვაჰ! ამას ზედ ერთვოდა საქონლის უმწეო ბღავილი და ძაღლების გულსაკლავი ყმუილი. ურჩია ქადაგმა ხახუ ხარბედიამ სოფელს: არ ეხსენებინათ უხსენებელი.
მორიელის ხსენებაზე მოხუცები ტუჩზე ხელს აფარებდნენ ბავშვებს და ქალებს. მაგრამ დიდი და პატარა ისე იყო დაშინებული, რომ ყველას პირზე ეკერა მორიელი, როგორც ხვარამზეს მორიელის შავი დაღი.
ადგილი აღარ დარჩა ნაჭყვედის სასაფლაოზე.
მკვდრების დამარხვას ვერ ასდიოდნენ. იპოვიდნენ ოჯახში მორიელისაგან დაკბენილს, ცოცხლები ფაცხაში გამოჰკეტავდნენ მიცვალებულს და გარბოდნენ. სამიჯნე გზები და შუკები შეჰკრეს სხვა სოფლებმა და არსად უშვებდნენ ნაჭყვედელებს, ხატი გაარისხეს და მიტომაც დაისაჯენო.
არავინ იცოდა, ვინ გაარისხა პირველად ღმერთი. ვისაც მუხლი ერჩოდა, მთაში გაიხიზნა. სოფელში დარჩენილ მოხუცებს ღამღამობით ცეცხლი ენთოთ და მორიგეობით უდარაჯებდნენ ერთიმეორეს..”

XVII

“აყვავდნენ სოფელში ტყემლები და ატმები, როგორ არ შვენოდა იმ საოცარი გაზაფხულის მალხაზ პეირონს, ძაძებით მოსილი ნაჭყვედის არე!.. ძაძა ფრიალებდა ფაცხებისა და ოდების სვეტებზე. შუკებსა და თემშარებზე აღარ თამაშობდნენ ბავშვები ჭარკუნს, აღარ ისმოდა მოზარდების ყიჟინა წისქვილის კარზედ და ჭალებში მხოლოდ ქამრებსა და სამასრეებზე ძაძაგადაკრული მოხუცები დახეტიალობდნენ ეზოებში, უპატრონო საქონელი ბღაოდა ჭიშკრებთან.
ყველა მოუთმენლად მოელოდა 23აპრილს. მოაწია გიორგობამ. აიყვანეს სოფელში დარჩენილები, საქონელი სუჯანს წაასხეს. სულზე ცხრა ხარი დაიკლა იმ ღამეს, უმაგალითო ღამისთევა გაუმართეს წმინდანს.
ხახუ ხარბედია ჩაჰკეტეს საღამოს საყდარში და, ვენაცვალე მის ძალასა დ მადლს, წმინდანი გამოეცხადა და დაარიგა. მეორე დღეს ქადაგად დავარდა ხახუ ხარბედია და აუწყა ნაჭყვედელებს წმინდანის ნება. მლოცველები ნაჭყვედში დაბრუნდნენ. ხელფეხი შეუკრეს ხვარამზეს და მორევში გადააგდეს. წყალმა არ მიიღო ეშმაკის თანააზიარი ხვარმაზე სამგზის დადაღეს. დაანგრიეს ხვარმაზეს სახლი. ბალავერში მორგვის ოდენა შავი მორიელი იპოვნეს.
სუჯუნის გიორგის ბოძალზე ააგეს მორიელი და ეკლესიის ცაცხვზე ლურსმანით მიაჭედეს სამგზის.
და წარსთქვა ლოცვა ხახუ ხარბედიამ ქადაგმა, ბრძენმა:
“სახელთა მამისათა და ძისათა,
და სულითა მამისათა და ძისათა,
და სულითა წმინდისათა.
მონახვენო დედიანო, მონახვენო შვილიანო.
წყლისა ხარ?
ხმელეთისა ხარ?
წყლიდან ამონაყოლი ხარ? რა ხარ?
რა სულიერი ხარ?
ხიდან ჩამოსული ხარ?
ხმელეთზე გაჩენილი ხარ? რა ხარ?
რა სულიერი ხარ?
ჩაგაგდებ სანწალავში, ჩაგაგდებ სახარშავში.
მოგცემ ცეცხლსა რვალისასა, გაგაქარვებ თვალსა წამისასა.
ადუღდები ქოთანსავით, ჩაიქცევი ქონდარსავით.
ხიდან ჩამოვარდნილი ხარ?
ფურცლიდან ანაყოლი ხარ?
რა ხარ? რა მოვანი ხარ?
ჩაგაგდებ ცეცხლსა რვალისასა:
გაგაქარვებ თვალსა წამისასა დაგრჭი ალითა:
მალითა: სუჯუნის ხელბოძალითა.
გამიშვი და გაგიშვებ: გამიშვი და გაგიშვებ: შენ: გეპყრას: და შენ: გებაროს: შენ: შეგეპყრას: და შენ: გეკავოს: მრისხანე ბატონო სუჯუნისაო“.

კარგა ხანია, რაც ნაჭყვედში არა ვყოფილვარ. კიდევ მინდოდა მოხუცი დიაკონისათვის გამომეკითხა, თუ რა ცხოველებსა და არსებებს აძევთ ტაბუ ოდიშის მხარეში, მაგრამ სიკვდილი და დრო ჩადგა ჩვენს შორის, როგორც გარდუვალი ყრუ კედელი.