„ჩემო იარალი!“ - ასე ქადაგებდა
ყაბახის გმირი, მზგავსება ლომის,
ორბელიანი, რომელიც აქებდა
ღვინოს და სალომეს.
ის დრო წავიდა! ტფილისი ძველი
მიინგრ-მოინგრა, სცივათ კახურებს,
და ნარიყალა ცრემლებით სველი,
მატარებლების კივილს გაჰყურებს;
მე ვდგევარ მთაზე, მე ვდგევარ მარტო,
დამთვრალი ახალ სანახავითა,
რითი გაგართო, როგორ გაგართო?
ჩემო იარალი, ის დრო წავიდა!