ძვირფას მეგობარს, თანამებრძოლს, თანამოკალმეს,
ვის სიტყვას ვადრი სივრცეებში ანთებულ ალმასს,
გაკრიალებულს, უბრწყინვალესს ელვარე მზეზე - რომ ვუძღვნი ამ ლექსს, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
ძვირფას მეომარს, ძვირფას მესხის სიმთ მიმოჟღერას,
შეუდარებლად მოყვარულს და თანამომღერალს - შემდგომ თაობათ ბედ-იღბლისთვის უმახვილესი
რომ შექმნა ლექსი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
მოუსყიდველი, მომავალის შემგრძნობი სვეტის,
ბრძოლებში იყო ბევრის მთმენი გული პოეტის,
ლითონზე უფრო უმძლავრესი და უმტკიცესი -
აი, მიზეზი გამარჯვების, აი, მიზეზი!
ამ საუკუნის ზვიად წელთა პირველ ათეულს
ვიგონებ, როგორც აღტაცებას, ზღვად ვერ დატეულს
ცხრაასის, კიდევ ცხრაას ხუთის მხნე იგი გეზი
რომ გაღელვებს შენ, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
დღეს მოვიგონებ იმ პირველი ოცნების სახელს
და მოლოდინთა მშვენიერთა სპეტაკ სიახლეს,
რაც მგზნებარებდა და ჰმატებდა სიბრძნეს სიბრძნეზე
აი, მიზეზი გამარჯვების, აი, მიზეზი!
ჩანგო, შენ ჩემო გულის ძგერავ და იარაღო,
იმ კარგ წარსულით, მითხარ, როგორ არ ვიამაყო?!
ვით არ ვადიდო შუქი ყრმობის მოგიზგიზესი -
მედგრად რომ იყავ, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
ჩანგო, აღსავსევ სამშობლოზე მრავალ ზმანებით,
მაოცებ შენი მაშინდელი აღფრთოვანებით.
შენ შენი გქონდა და სხვას კიდევ - თავისი წესი,
წრფელი რომ იყავ, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
ვინაც მებრძოლთა უშიშართა რიგებში ჩადგა,
კიდევ ცოცხალი ახლაც ჩვენში ბევრია მათგან.
მათ რომ იხსენებ, ვისიც მარად მძლავრობს ძირ-ფესვი
ეს მიზეზია სიმხნევისა, დიდი მიზეზი!
ვინაც პირველად უწრფელესი დროშა აღმართა,
ბრწყინავს მათ მიერ თვით ზეცამდე ახდილი ფარდა,
წარვიდა, განქრა დაფიქრება სხვა რაიმეზე -
აი, მიზეზი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
და, ჰა, კარები გაბედულად რომ შემოაღო
ცხრაას ჩვიდმეტმა, მითხარ, როგორ არ ვიამაყო?!
რომ თავდადებით შეიმოსა გზა უწმინდესი -
აი, მიზეზი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
იმ ათას ცხრაას ჩვიდმეტი წლის ალური გზნებით,
დიდი ლენინის მიერ ნათლად ნაჩვენებ გზებით,
დედამიწის ერთ მეექვსედის გაშლილ სივრცეზე
ძმობის დროშა რომ აფრიალდა - აი, მიზეზი!
წელნი ილტვიან და სულ მაღლა, მაღლა ადიან.
იშლება თვალწინ ოციან და ოცდაათიან
წლების ეპოქა, უმძლავრესი და უმკვიდრესი -
აი, მიზეზი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
დაუვიწყართა წელთა ხანა, ეპოქა ჩვენი,
უდარებელის და გადამწყვეტ დიდების მჩენი,
შემოქმედებით მოალერსე-მოფაქიზესი -
აი, მიზეზი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
იმ გარდატეხათ სიმძაფრეებს ოდეს გიგონებ,
ძლიერაც მსურდეს, უკეთესს ვერ გამოგიგონებ,
ავწიოთ თასი ისევ დროშის მომაისესი -
აი, მიზეზი, მეგობრებო, აი, მიზეზი!
სახე წავიდა - წინათ უცხო, მაინც უსახო,
და სხვა მოვლენით, მითხარ, როგორ არ ვიამაყო?!
გმირთა გმირების სჯობს ხანა თუ თათქარიძესი? -
აი, მიზეზი განსხვავების, აი, მიზეზი!
უცებ მოვარდნილ სამამულო, მსოფლიო ომის
საშიშროება, ველურობა მომხდურთა ტომის.
რა იყო ქვეყნად უფრო მძლავრი ჩვენს სიმტკიცეზე?
აი, მიზეზი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
ო, ჩემო ჩანგო, ო, სულისდგმავ და იარაღო,
იმ გამარჯვებით, მითხარ, როგორ არ ვიამაყო?!
გაისმოდა ხმა სიმართლის და სინათლის მთესი -
აი, მიზეზი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
ჩანგო, აღსავსევ კვლავ მტრისადმი მკაცრ მრისხანებით.
გმადლობ, იმ შენი მაშინდელი ახმოვანებით.
სამშობლოს თვისას დარაჯობდეს ერთგული მწყემსი.
თუ უნდობარი კვლავ თავდასხმის იქნა მიზეზი.
სადღეგრძელო ვთქვათ ჩვენი ჯარის და ჯამაათის -
თენდება ღამე ათას ცხრაას ორმოცდაათის!
რომ თენდება და იბადება ლექსიდან ლექსი -
აი, მიზეზი, მეგობრებო, აი, მიზეზი!
დიდებულია საუკუნის ეს ნახევარი,
საძირკვლის ჩაყრა, ფუძემდებელ დღეთა მრხევარი,
და რომ მეორე ნახევარის ვდგავართ კიდეზე -
აი, მიზეზი აღტაცების, აი, მიზეზი!
ასე ბრწყინვალე, ასე ლაღი, ასე სახალხო,
დღე რომ თენდება, გულო, როგორ არ ვიამაყო?!
ჩვენია იგი მომავალი, უუდიდესი -
აი, მიზეზთა მიზეზი და კიდევ მიზეზი!