ბავშვი ვმღერდი: „ჭალაზედა
ამიფრინდა თვალწინ მწყერი.
სახრე ვსტყორცნე, გავაგორე,
წავაწყვიტე თავ-კისერი“.
მაგრამ შენი კალიგულა
სულ სხვანაირ ჰანგით მღერის:
„მთელ მსოფლიოს, ნეტავ წავჭრა,
ერთი ჰქონდეს თავ-კისერი“...
ჭალაზედა არ მივდივარ
და ფიქრები ღელავს ბასრი -
მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოს
ნეტავ ერთი ჰქონდეს აზრი!
შენც შემომხვდი, მშვენიერო,
და ფიქრებიც გაჰქრა ძველი,
მზეს დაბნედდა სილამაზე
და მაღალი შენი ყელი.
მე ვფიქრობდი, მშვენიერო,
როს გკოცნიდი, როგორც ხელი,
მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოს,
ნეტავ ერთი ჰქონდეს ყელი.