უბედურ მოხუცებულობას შეესწრო მიქელა გიორგაძე. სულ მოკლე ხნის განმავლობაში მიწას მიაბარა თავისი სამი ვაჟი, ერთი ცოლშვილიანად. მრავალრიცხოვან ოჯახიდან მას შერჩა მხოლოდ ორი შვილიშვილი და დაქვრივებული რძალი მაია.

- მადლობა უფალს!.. ყველაფერი მისი ნებით ხდება! ყველა მისი ნების ქვეშ ვიმყოფებით! - ამბობდა მიქელა, როცა მწუხარება გულს მოაწვებოდა ხოლმე.

მოხუცებული ერიდებოდა რაიმე საყვედური წამოსცდენოდა ღვთაების მიმართ. არც შავები ჩაუცვამს, არც თმა და წვერი მოუშვია; არავის ამჩნევინებდა თავის მგლოვიარობას. მორჩილებით და მოთმინებით უზენაესის ნების წინაშე იმედოვნებდა მიქელა ღვთაების გულისმოგებას, მისგან შებრალებასა და შეწყალებას. და სწამდა კიდეც, რომ აგრე იყო; შერჩენილი, ცოცხლად მყოფი ორი შვილიშვილი ღვთისაგან საჩუქრად ჰქონდა მიჩნეული მისი მორჩილად მყოფობისა და მოთმინებისათვის. ღრმად სწამდა ეს მიქელას, მადლობას სწირავდა უფალს და მზად იყო დაევიწყნა უბედურება, რაკი ამათში ხედავდა ოჯახის მომავალ მშვიდობიანობას და თავისი გამწარებული სულის მომვლელთ მისი სიკვდილის შემდეგ.

და სწორედ მაშინ, როცა მიქელა იმედს მიეცა, ამ რწმენით დამშვიდებული იყო. რომ მისი სიკვდილის შემდეგ ესენი ეყოლებოდნენ მისი სულისთვის მზრუნველებად, სწორედ ამ დროს, მოულოდნელად, ავად გახდა უფროსი შვილიშვილი, ოცი წლის ბიჭი, სპიდონა. მოხუცებულს თავზარი დაეცა. მაიამ ხელი დაავლო თავის პატარა ნესტორას და იმავე დღესვე, რა დღესაც ავად გახდა მისი მაზლისწული, მახლობელ სოფელში თავის სახლს გადახიზნა.

ავადმყოფი სპიდონა დღითი დღე უარესად ხდებოდა. ერთ დღეს იგი ისე მოიქცა, რომ მიქელას ეგონა მოკვდაო. გონება არეული მოხუცი მზადებას შეუდგა, ესეც ისე გაეტანა ურმით, როგორც წინანდელი მიცვალებულები. მალე სპიდონამ, მოხუცის სასიხარულოდ, ისევ ამოისუნთქა და თვალიც გაახილა, მაგრამ სიხარული მეტად ხანმოკლე იყო: შვილიშვილმა მიქელას გამოუცხადა, რომ საიქიოს ვიყავიო, მაგრამ რადგან ჩემი იქ წასვლის ბორჯი არ მოსულა, ერთი წლით გამომაბრუნეს უკანაო.

ახლა კი ვეღარ გაუძლო მოხუცებულმა მიქელამ ჯავრს. ყოველივე იმედი, ყოველივე რწმენა, მორჩილებით და მოთმინებით ნაპოვნი ვითომ მშვიდობიანობა, კეთილი მომავალი გაჰქრა, გაქარწყლდა, მოისპო. მოხუცებული აირია, მოუსვენრობას მიეცა.

ჩუმი, ყუჩი, შეხედულებით ბუს მსგავსი მიქელა, რომლისაგანაც ძლივს ორ სიტყვას გაიგონებდა კაცი, რომელიც გულგრილად ეკიდებოდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა, გარდა სამუშაოსი, ეს მოხუცებული ახლა სრულიად გამოიცვალა, სრულიად გადასხვაფერდა. მასში თითქოს გაიღვიძა შიგნით დამალულმა ადამიანმა თავისი გრძნობებითა და წადილებით.

მისი ოჯახის ამომავალი ახლა ისეთ სუსტ ძაფზე ეკიდა, როგორიც იყო მისი უმცროსი შვილიშვილი, პატარა ათი წლის ნესტორა; ამდენი სულის მომვლელ-პატრონად, როგორიც ესაჭიროებოდა ოჯახის მიცვალებულთ და თვითონ მიქელასაც მისი სიკვდილის შემდეგ, რჩებოდა პატარა, უსუსური ბავშვი, ნორჩი, ჯერ კიდევ გასაზრდელი ნესტორა - სუსტი იმედი.

ამოკვეთის, ამოწყვეტის შიშმა, ოჯახის ამოვარდნის შიშმა, შიშმა, რომ ამდენ მიცვალებულთა სულის მოსამსახურედ აღარავინ დარჩება ოჯახში, გაურბინა თავში მიქელას და მოხუცებულს უცნაურად დაცეცხლა. იგი მოისხლიტა, გული ვეღარაფერს საქმეს ვეღარ დაუდვა; მუშაობაზედაც ხელი აიღო. სარჩოს მოყვანა ქვრივ მაიას დააწვა კისერზე და ჯანიანი დედაკაცი მამაკაცივით ეკიდა თოხსა და ურემს. მიქელა კი ეზოს აღარ სცილდებოდა; მორთხმული იჯდა რომელიმე ხის ძირში და დაღონებით იმზირებოდა გაყუჩებული, დადუმებული, ხშირად ოცნებით მოალერსე თავის საიმედო შვილიშვილის, პატარა ნესტორასი, რომლის გამოხატულება თითქმის მუდამ თვალწინ ედგა მოხუცებულს; და მიქელას ხანდახან უცნაურად შეიპყრობდა სურვილი ამ პაწაწინას ცხადად დანახვის, მისი ხმის გაგონების და მასთან ახლოს ყოფნისა.

საიქიოდან დაბრუნებულ სპიდონას კი მთლად იმ კუთხის დედაკაცები შემოედვნენ. ესენი თვალცრემლიანები ეკითხებოდნენ თავიანთ მიცვალებულთა ამბავს, ეკითხებოდნენ იმათ იქაურ ყოფაზე, კითხულობდნენ, ეგებ რამეს ითვლევინებოდნენ - ან თუ სამსახური მეტი ეჭირვებოდეთ, ან წირვა-ლოცვა, ან აკლდეთ შესაწირი, აკლდეთ აქედან ხელისწყობა და მათი სული წუხდეს და გასაჭირში იმყოფებოდეს უგუნურ და მიუხდომელ ამქვეყნად დარჩენილ მათ პატრონთა გამოისობით.

ბევრი ვერავინ გაახარა სპიდონამ საიქიოდან ჩამოტანილი ამბით. უმეტესობა გულდაწყვეტილი გაბრუნდა, რადგან, სპიდონას თქმით, მოკლე ხანს იქ მყოფობაში ბევრი ვერავინ ენახა და ვინც ნახა, მასთან ლაპარაკი არ დასცალდა.

- წლის ვადით გამომაბრუნეს... ისევ უნდა გავბრუნდე... რასაც დამაბარებთ, რომ მივალ, გადავცემ... - ერთნაირად პირდებოდა იგი ამ მოტირალ, შავებით შემოსილ დედაკაცებს.

ესენი მადლობას სწირავდნენ და დაიმედებულნი მიდიოდნენ, მაგრამ მიქელას კი თითო გამეორება სპიდონასი მის საიქიოს უკან გაბრუნებაზე ლახვარივით გულში ხვდებოდა და მწუხარებას უორკეცებდა. სწორედ ამ დროს სურვილი შორს მყოფ ნესტორას ნახვისა უფრო უცხოველდებოდა, უფრო მეტი სიმძლავრით შემოენთებოდა ხოლმე მიქელას.

ერთ დღეს ამგვარი სურვილი უცნაური სიმძლავრით შემოეჭიდა მოხუცებულს, რომ იგი ერთნაირად შეინძრა. იგი თითქოს გამოცოცხლდაო, გამოფხიზლდაო. უძლეველმა სურვილმა პაწაწინა ნესტორას დანახვისამ მოხუცებული ფეხზე წამოაყენა. აჩქარებით შევიდა იგი სახლში, არც კი გადახედა ყურეში ქვეშაგებთან მიწოლილ, სახეჩაყვითლებულ სპიდონას, გამოიტანა თავისი დაძველებული ჩოხა, შეიკონა თავი ყაბალახით, აიღო თავისი საბიჯგი გრძელი ჯოხი, გადაიარა ჩამოვარდნილ წკნელის ჭიშკრის გადაღმა და დაეშვა შარაგზით.

- მაია!.. მივდივარ მე... ბავშვი უნდა ვნახო! - უთხრა მიქელამ რძალს, როცა ყანაში ჩაუარა.

მცხუნავ მზის სხივების ქვეშ გულგაღეღილმა, თავსაფრის ყურებგახსნილმა, ოფლში გაწურულმა მაიამ თოხი შეაჩერა და მამამთილს თვალი მიაპყრო.

-ბავშვთან მივალ! - გაიმეორა მიქელამ.

- რა ამბავია ეს?.. - წარმოსთქვა შიშით ქალმა.

- არაფერი... არა!... ისე... მინდა ვნახო.

მაია უფრო მიაჩერდა მოხუცებულს.

- ნუ მიმალავთ!.. - მოკლედ წამოიძახა მაიამ.

- მომენატრა, შე ქალო... მომესურვილა ნახვა... ნესტორა ნუ მომიკვდება!.. გადვირბენ ერთ წამში და ამ საღამოსვე გადმოვალ ისევ... ყანაში ნუ დაიგვიანებ... სახლში იმ ბიჭის მეტი არავინაა... ახლავე გადმოვალ ისევ... - თქვა ეს მიქელამ და გაუდგა თავის გზას.

მაიამ უკან თვალი გააყოლა.

- ტანისამოსი დაგებერტყათ, ბატონო!.. არაფერი არ გაგყვეთ! - მიაძახა ქალმა.

-კი, კი, გავიბერტყავ, გავიბერტყავ! - მიუგო მიქელამ, აჩქარებული ფეხით მიმავალმა.

მოხუცებული შვილიშვილის ნახვის სურვილით გატაცებული, თითქმის მირბოდა ამ სიცხე-პაპანაქებაში და არავითარ დაღლილობას არა გრძნობდა. მისი აზრი და გონება მიმართული იყო იმ პატარა არსებისაკენ. იგი მასზე ფიქრობდა და, რაც წინ იწეოდა, ნესტორაც თითქოს უახლოვდებოდა, ეგებებოდა, და ერთ ხანზე მოხუცებული კიდეც თავის გვერდით გრძნობდა მას, ემუსაიფებოდა, ეალერსებოდა, თავისებურად უცინოდა. მიქელას უხაროდა ეს, მოხუცებული ხარობდა ბავშვის ტიტინით, რომელიც მას ესმოდა, და, გამხნევებული, თითქმის მირბოდა წინ მომღიმარი სახით, სანამ რაღაც ხმაურობამ იგი არ გამოაფხიზლა, გონს არ მოიყვანა. მიქელამ მიიხედ-მოიხედა იქით-აქეთ გაოცებით და რა ვერ დაინახა ეს-ეს იყო მასთან მოტიტინე ნესტორა, შეკრთა და შეშინებულმა პირჯვარი გადისახა. ცუდ ნიშნად მიიღო ეს ამბავი მოხუცებულმა, გულჩაწყვეტილი შეჩერდა, გააფურთხა მარჯვნით და მარცხნით, ისევ გადისახა პირჯვარი და განაგრძო გზა.

მძახლის ჭიშკართან მისულ მიქელას გაახსენდა რძლის დანაბარები - ტანისამოსის დაბერტყვა. შეჩერდა, გაიხადა ჩოხა, მოიხსნა ყაბალახი, გაიხადა ქალამნები, გაბერტყა ესენი, ჩაიცვა ხელახლა და მხოლოდ მაშინ შედგა ფეხი მოყვრის ეზოში.

რამდენიმე თითქმის ტიტველა ბავშვი, ტალახში ჩამდგარ გვერდზე გადაწეულ საღორესთან, გარს შემოხვეოდა წელში აბზუკულ, გამხდარ ღორს, რომელიც მათ ხითხითში საცოდავად ჭყვიროდა მოგრეხილი დაშენილი წკეპლების ქვეშ. დაინახეს უცხო კაცი თუ არა ბავშვებმა, იმწამს დააგდეს წკეპლები და შიშველა ფეხების ტკაცუნით დაეშვნენ სახლისაკენ, გადავარდნენ დაბალ ღობეს გადაღმა და სახლს ამოფარებულებმა დაუწყეს მზერა მოსულს.

მიქელამ ამათში შეამჩნია პატარა ნესტორა, რომელმაც, ალბათ, ვერ იცნო თავისი ბაბუა.

ბავშვების ხმაურობაზე ჯერ წყრომის ხმა მოისმა სახლიდან, მერე კი კარებში გამოჩნდა მოხუცებული დედაკაცი, რომელმაც თავდაპირველად ვერ გაარჩია მომსვლელში თვისი მძახალი, სანამ დაკვირვებით არ მიაპყრო მას თვისი სუსტი თვალები.

- ღმერთო მომკალი! - წამოიძახა მან და გამოემართა მიქელასკენ. - ვეღარ ვიხედები მე უბედური!.. მობძანდით, ჩემო ბატონო! მობძანდით, თქვენი ჭირიმე!

დედაკაცი შეუძღვა მოხუცებულს სახლში. მიქელა ჩამოჯდა მოწოდებულ დაბალ სამფეხა სკამზე.

- ბავშვის ნახვა მომენატრა... ტუფია ჩემო!.. - ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ თქვა მიქელამ და მძიმედ ამოიხვნეშა.

- კენჭივითაა, ენაცვალა მას ბებიამისი... კენჭივითაა!.. ერთობ მაგარი ბავშვია!.. ტყვილა ფჩხილი არ წამოსტკივებია, რაი აქ არი... ნესტორა, ბებია! - გასძახა კარებიდან ტუფიამ ეზოში, საიდანაც ბავშვების ხმა მოისმოდა. - ნესტორა, მოდი აქ, შვილო! აქ მოდი, შენ გენაცვალე! შემოდი, ბიჭო, შემოდი!..- და ტუფიამ თითქმის შემოათრია კისერმოქცეული, დაგრეხილი, დარცხვენილობისაგან თავჩაქინდრული ბავშვი. - მიდი, შვილო, ბაბუასთან!.. გასწორდი, შენ გენაცვალე! - და დედაკაცმა ძალით მიუთრია ბავშვი მიქელას.

მიქელამ მოხვია შვილიშვილს ათრთოლებული ხელები, მიიწოდა, ჩაიკრა გულში და ჩააშტერა აცრემლებული თვალები.

- რავა ხარ, ბიჭო? ა?.. შენ იცი! - სიტყვებგანცალკევებით წაულაპარაკა მიქელამ და ისევ ჩაჩუმდა. - ვწყდებით ტუფია ჩემო! ვწყდებით!.. თუ ამანაც... მიმტყუნა... ამოვწყდებით...

მოხუცებულმა სიტყვის დათავება ვერ შესძლო, ხელახლა ჩაჩუმდა.

- უიმე!.. რატომ ნებულობთ... მტერი ამოგიწყდათ!.. - მიაძახა ტუფიამ. - ღმერთს ნუ აწყენინებთ?..

- აბა, რაა ჩემს თავზე?

- ყველა ღვთის განგების ქვეშ ვართ, ჩემო ბატონო!.. ვინ მიუხვდება მის განკარგულებას, მის სიბრძნე-სიმართლეს!.. მოთმენა გვჭირია და მორჩილად ყოფნა, ჩემო ბატონო!

- ვითმინე... რა გამივიდა?.. ეს მყავს კიდევ... თუ ამანაც მიღალატა... მირჩიეთ რამე... ბიჭო, ნესტორა... ოჯახი არ გამიცივო, ბაბუა! ა?

ცრემლებმორეულმა მიქელამ მაგრა ჩაიხუტა გულში ბავშვი; ეს კი ყოველ ღონეს ხმარობდა, თავი გაენთავისუფლებინა რამენაირად და ხელიდან დასძრომოდა მოხუცებულს.

მიქელაც მიუხვდა, რაც სწადდა ბავშვს.

- წადი, შვილო... ითამაშე. ბაბუ! - უთხრა მან, გაუშვა იგი და სიამოვნებით გააყოლა თვალი, როცა განთავისუფლებულმა ბავშვმა მარდად დაჰკრა ფეხი მიწას, გადახტა და შეუერთდა მის მოდარაჯე ამხანაგებს, რომელნიც ახლა ჟრიამულით გარ შემოეხვივნენ მას და გაიტაცეს ეზოში.

- ჯვარი სწერია ავი თვალისაგან... და ერთობ მაგარი ბავშვია, საიმედო ბავშვია! - თქვა ტუფიამ და მოჰყვა დაწვრილებით, თუ როგორ თამაშობდა ნესტორა მეზობლის ბავშვებთან, როგორ ერთობოდა, როგორ ატარებდა დღეს დილიდან საღამომდის ხან სირბილში, ხან ჭიდაობაში, ხან მუშაობაშიაც კი.

ამ ამბებმა და თვით ბავშვის ნახვამაც მიქელას გული დაუშოშმინეს, დაუწყნარეს, დაუმშვიდეს. იგი უკან გამომგზავრებას ეპირებოდა, როცა სამუშაოდან დაბრუნებულმა მძახალმაც მოუსწრო. მიქელა საიქიოდან დაბრუნებულ სპიდონას ამბავში იყო.

- გამოცდილი კაცი ხარ თვითონ, მიქელა ჩემო, მარა ერთ რამეს გეტყვი, - უთხრა გაბრიელმა. - ტყვილა მიატოვე შენი წინანდელი ნამოსახლი... კარგად იყავით იქ... ამ ახალ სამოსახლოზე ბევრი უბედურება გეიარე... შეიძლება სახლის გადატანაზედაც რამე მავნებლობა შეგეპარათ და დაბუდებული იყვეს შიგ... სახლის გაწმენდა გაგანთავისუფლებს... შენს ადგილზე სახლს გადავდგამდი, თუ არა გავწმენდდი მაინც... დავარღვევდი და ისე გავწმენდდი... უსათუოდ სახლში შეგყვებოდათ, რო გადადიოდით იმ ახალ სამოსახლოზე, რამე მავნეული... აბა რა, კუდიანი თქვენს გვარშიაც არავინ ყოფილა და ბოროტი სული... საიდანაა ამდენი ცოდვა თქვენს თავზე?!

- კუდიანი ვინ გვყოლია... დაწყევლილი?.. არავინ! - წაილაპარაკა მიქელამ.

- ეგერ ჩემს სახლიკაცსაც თედორეს ასე შენსავით ემართებოდა, მოინაცვლა სამოსახლო, გაწმინდა, გაასუფთავა სახლი - ახლა ქე არის კარგად...

- მესამე წელიწადია არავინ მოკვდომია, - დაატანა ტუფიამ.

მიქელამ ამოიოხრა.

- მეც ასე უნდა ვქნა! - წაილაპარაკა მან - ჭკუაზე აღარ ვარ... ვეღარ მოვისაზრე... ასე უნდა ვქნა უსათუოდ!..

რაღაც იმედმოცემული დაბრუნდა მიქელა შინ.

- მაია, სახლი უნდა გავწმინდო და გადავდგა ძველ ნამოსახლზე - უთხრა მიქელამ რძალს, როცა ნესტორას ამბავი მოუთავა - თქვენებმაც ასე მირჩიეს.

- თქვენი ნებაა, - მიუგო მაიამ. მას თვითონაც უნდოდა ამნაირი რჩევა მიეცა მამამთილისათვის, მაგრამ ვერ უბედავდა, ეშინოდა, მოხუცებულს არ სწყენოდა.

- კი, მარა... სანამ ეს ერთი წელიწადი არ გეივლის, რავა მოხერხდება?

- ახლავე უნდა შევუდგე!.. ერთი წელიწადი რას ვუყურო? - წამოიძახა მიქელამ.

- სპიდონას რას უშვები?

- სპიდონას კარავში გევიყვან, კარავს გოვუკეთებ და გევიყვან შიგ...

- სახლის გამწმენდი დაგვჭირდება, ბატონო!.. მეზობლები ახლოც არ გვეკარებიან... გასაწმენდად ვინ გამოიმეტებს თავს...

- ვიცი მე იმისთანა კაცი... ხვალვე გადავალ. საჩხერეში ყოფილა ჟამგამოვლილი ალექსი ბოჭორიძე, იმას გავაწმენდინებ... ეს გათავებული საქმეა! - წამოიძახა მიქელამ.

- კაი დაგემართოთ! - დაატანა სიტყვა მაიამ.

მიქელამ მეორე დღესვე მოიარა საჩხერე, ინახულა ნანიშნი კაცი და დაუსვენებლივ გასწია მთაში ურმით წნელის ჩამოსატანად კარვისათვის. საღამომდის ორჯელ მოიარა მიქელამ შორი მთა, ზიდა შემდეგი დღის განმავლობაშიაც და, როცა საკმაო წნელი ჩამოზიდა, შეუდგა კარვის კეთებას ღობესთან, ეზოს ყურეში. მოწნა პატარა კარავი, ზევიდან ჭოგრები გაუდვა, ზედ ნეშოიანი შტოები გადახლართა სახურავად, შეიტანა შიგ ორი მოკლე ფიცარი, რომელზედაც უნდა დაეწვინა სპიდონა და, რა მოაწყო მის გუნებაში აქაურობა, შვილიშვილთან მივიდა:

- სპიდონა, შენ კარავში უნდა გახვიდე! - რაღაც განსხვავებული კილოთი, გულცივად მიმართა მან ყმაწვილს. - სახლი უნდა გავწმინდო!

სპიდონმა გაოცებით მიაპყრო თავისი ჩავარდნილი თვალები მოხუცებულს.

- კარავში?! - წაილაპარაკა მან.

- ჰო!.. ეგერ გაგიკეთე!.. ადექი... ადექი!.. - ისევ გულცივად ჩასძახა მიქელამ.

ავადმყოფმა წამოიწია, მოაფოთიარა გვერდით დაგდებული ჯოხი, წამოდგა მასზე დანდობილი და გაჩერდა წელში მოხრილი. მიქელამ შეხვია მისი ქვეშაგებელი, ამოიდო იღლიაში და გასწია კარებისაკენ.

- გამომყევი! - უთხრა მან.

სპიდონა იდგა ისევ იმავ ადგილას; მერე უღონოდ მიატრიალ-მოატრიალა თავის გაწვრილებულ კისერზე თავი, სევდიანი თვალი შემოავლო იქაურობას და დასუსტებული ნაბიჯით გაჰყვა ბაბუას; როგორც იქნა, გადაიარა ეზო და მივიდა კარავთან.

მიქელამ შეიტანა კარავში ქვეშაგებელი, გაშალა გდებულ ფიცრებზე იგი და მიმართა კარვის შესავალზე მიყუდებულ სპიდონას:

- აჰა!.. დაწევი ამაზე!.. წყალი აგერ იქნება დოქში!.. თუ რამე დაგჭირდეს, დამიძახე და მოვალ... გესმის?..

ბიჭი ხმას არ იღებდა. როცა მიქელამ მიატოვა იგი, შეფორთხდა შიგნით კარავში და მუხლებმოკვეთილივით მოიკეცა თავის ახალ საწოლზე, სახემწუხარემ, დაღონებულმა. თავად იცოდა, რომ აღარ იყო ამა სოფლისა, მაგრამ მაინც გული ეჩაგრებოდა, რომ უკვე ხელს იღებდნენ მასზე, რომ ოჯახიდან რიცხავდნენ. დაწვა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ წამოიწია, - სული უწუხდა. წამოდგა, გამოვიდა გარეთ და კარავის შესავალთან ჩაკეცილი, ზურგით მიენდო კარავს. ასე იყო სპიდონა საღამომდის. როცა მიქელამ ვახშმად ცოტა ლობიო და ჭადის ნატეხი მოუტანა, ორიოდე ლუკმა გადაყლაპა და, რადგან ის იყო კიდეც ჩამოღამდა, შევიდა ისევ კარავში, დაწვა ფიცრებზე და დიდი ხნის ტრიალის შემდეგ, როგორც იქნა, გაეხვია თავიან-ფეხებიანად თავის თხელ საბანში.

მიქელა ახლა ერთ მოუსვენრობაში იყო. იგი გამოცოცხლდა, გამხნევდა, მოღონიერდა, გაჭარმაგდა იმედმოცემული, რომ ამოწყვეტისაგან ოჯახის ხსნა შესაძლებელი ხდებოდა. მან კიდევ ჩამოიტანა რამდენიმე ურემი წნელი და სახლს იქით ამართა მაღალი რაგვი.

რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ჟამგამოვლილი ალექსი, სახე ნაყვავილევი, ცალთვალ წამხდარი კაცი.

- მზათა მაქვს, რაც მითხარი, ალექსი! - უთხრა მიქელამ.

ალექსიმ დაათვალიერა სახლი, გარშემო შემოუარა, გაზომა გაკეთებული რაგვის სიმაღლე და ერთი კარვისკენაც გადაიხედა.

- მომხმარე დამჭირდება, მიქელა!

- მე მოგეხმარები! - წამოიძახა მიქელამ.

- ჰმ!.. შენ რავა შეიძლებ! - ჩაიცინა ალექსიმ. - ამ ძელების გადაზიდვა სად შეგიძლია, შე კაცო!

- კი შევიძლებ!.. რავა ვერ შევიძლებ!.. - გამხნევებულად წამოიძახა მოხუცებულმა; - შენ ოღონდ კარგად გამიწმინდე, არაფერი ჩარჩეს შიგ და ჩემი თავი ნუ გებრალება ამათ გადასაზიდავად! - გულიანად დაატანა მიქელამ.

- შენ იცი!.. სახლს კი ისე გაგიწმენდ, რაღა გითხრა!.. ხიდან ამოვფხეკ, რაც რომ გინდ შიგ იყვეს... არაფერს არ დავერიდები!.. ათას ჭირში ვარ გამოვლილი... არაფრის არ მეშინია! - დაჩემებით წარმოსთქვა ალექსიმ. - აბა, რაკი მზად გაქვს ყველაფერი, ხვალ მოვალ და შევუდგეთ საქმეს... წყალი დაგვჭირდება ბევრი სამდუღრავად... ახლოს თუა?

- ახლოს არაა, მარა მე მოვიტან!.. ყველაფერი იქნება, ხელს არ შეგიშლი. შენ ოღონდ მიშველე!.. ნუღა გამიჩერებ საქმეს!

სპიდონას რომ დილას კარავში გამოეღვიძა, მან იმწამსვე იგრძნო რაღაც ხრაკის სუნი; თვით კარავშიაც რაღაც შავი ბოლივით იდგა. წამოდგა, მივიდა გამოსავალთან და სახლისკენ გამოიხედა. ისლის სახურავგადახდილი სახლი შავ ბურუსში იყო გახვეული, შავად მოჩანდა ზედ მდგარი კაცი, რომელიც ძირს ყრიდა შავ ისლს, რომლისაგან მთელ ეზოში და ეზოს გადაღმა ეფინებოდა დიდრონი შავი, ჭვარტლის ნაფლეთები. მთლად იქაურობა გამურული იყო ამ შერყეული ჭვარტლით, რომელიც უფრო გაძლიერდა, როცა ალექსი შეუდგა გადასაკიდლების აყრას. იგი რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ მიქელას არა ესმოდა რა, ისე იყო გართული მუშაობაში, როცა აწყობდა ერთ ადგილას სახლის ხეებს. დღე ნახევარი მოუნდა ორივე სახლის საძირკვლებამდის სრულიად დარღვევას. როცა აფორიაქებული ჭვარტლი ჩადგა, მომუშავეთ დაიბერტყეს, რაც გაეწყობოდათ, ტანსაცმელი და ალექსი შეუდგა ძელების წმენდას. ღეროიანი შტოებისაგან გაკეთებული ცოცხით იგი სწმენდდა სათითაოდ ძელს, ფხეკდა დანით, შემდეგ გადაჰქონდა რაგვს იქით, სადაც დიდ ქვაბაში აცხელებდნენ წყალს, მდუღრავდა მდუღარით ამ ძელს, რის შემდეგაც მიქელა შეიგდებდა მას ზურგზე და მიაჩიქჩიქებდა თავის ძველ ნამოსახლზე. წელში იზნიქებოდა მიქელა ამ მძიმე ტვირთის ქვეშ, მაგრამ მოხუცებული არაფრად იმჩნევდა ამას. ალექსის უნებურად ეცინებოდა მის შემხედვარეს და ერთხელ კიდევაც უთხრა ღიმილით:

- წელში გაგწყვეტს, მიქელა, რომელიმე ძელი!.. ნამეტანს ეჭიდები!..

- შენ მაგ გამიწმინდე, მაგ, და ეს მე ვიცი! - მიუგო მიქელამ და თავდაუზოგველად განაგრძობდა, ოფლით გაღვარული, სახლის გაწმენდილი ხეების გადაზიდვას.

ამ მუშაობამ თითქმის სრულიად მიავიწყებინა მიქელას კარავში გაყვანილი შვილიშვილი. თანდათან უკლებდა მიხედვას, თვალყურის დევნას; ხშირად მშიერსაც სტოვებდა. თავდაპირველად სპიდონა ითმენდა ასეთ უპატრონობას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მეტად უჭირდებოდა ხოლმე; იმდენად უსაჭმელობა არ აწუხებდა, რამდენადაც უსმელ-უწყლობა. ერთ დღეს მიქელამ სრულიად უწყლოდ დატოვა იგი. ბევრი უძახა კარვის კართან გაჩერებულმა სპიდონამ ბაბუას, მაგრამ თავისი სუსტი, ძლივს გასაგონი ხმა ვერ მიაწვდინა მოხუცებულის ყურებამდის. წყურვილისაგან მეტად შეწუხებულმა, აიღო თუნგულა ხელში და ჯოხის ბიჯგებით წამოვიდა თავისი სუსტი ნაბიჯით რაგვისკენ, რომლის იქიდან მოისმოდა ალექსისა და მიქელას ხმა.

- ბაბუა! - დაუძახა სპიდონამ, რაგვს რომ მიადგა - ბაბუა! - გაიმეორა მან.

მიქელამ, რომელსაც ის იყო მხარზე გაუწყო ალექსიმ კედლის ძელი, მოიხედა და, რა დაინახა სპიდონა, დააგდო უცბად მიწაზე ხე და გაჯავრებით გამოექანა შვილიშვილისაკენ.

- რა გინდა შენ აქ? - მიაძახა მას, - რა გინდა აქ? წადი!..

- წყალი აღარ მაქვს!.. - და სპიდონამ გამოაწოდა თუნგულა.

- დევიძახებდი და მე მოგიტანდი!

- ვიძახე... მაგრამ ვერ გაგაგონე...

- ვერ გაგაგონე... მოვითმენდი ერთ წამს!.. აქ რა გინდოდა? წადი... წადი!.. წადი შენთვის... მოგიტან ახლავე!.. - მან გამოგლიჯა თუნგულა ხელიდან და ბუტბუტით წავიდა წყლის მოსატანად.

სპიდონა მორჩილად გაბრუნდა და წაფორთხდა თავის კარვისკენ ბანცალით.

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ალექსიმ მოათავა სახლის გაწმენდა და მისი აწყობა მიქელას ნამოსახლზე. მოხუცებულმა თავისუფლად ამოისუნთქა მძიმე მუშაობის შემდეგ, მაგრამ სპიდონას ამით არა თუ მომატებია მისგან მზრუნველობა, ბერმა კაცმა უცნაური საქციელი დაიჭირა ფარღალალა კარავში მარტოდ დარჩენილ ყმაწვილთან. რაკი გადადგმულ სახლში შევიდა მიქელა, მან მორიდება დაუწყო სპიდონას, ახლოს აღარ ეკარებოდა შვილიშვილს. საჭმელს რომ მიუტანდა. გადასაცემად მან გაიკეთა გრძელი ჯოხი, წამოაგებდა ზედ ჭადს, პაწია ქოთანს, რომელშიაც გადაუსხამდა სხვა ქოთნით მოტანილ ლობიოს და ისე მიაწოდებდა ხოლმე; წყლის თუნგულასაც წამოაგებინებდა ხელით ამ ჯოხზე, ჩაუსხამდა მოტანილ წყალს შიგ და ისე გაუწვდენდა; ჯოხი ცალკე ინახებოდა ხეზე იმავე ეზოში.

თავდაპირველად ძლიერ ეოცა ყმაწვილს ასეთი საქციელი ბაბუასი, გული ეჩაგრებოდა - თითქოს იგი ჭირიანი ყოფილიყო; მაგრამ მერე ამასაც შეურიგდა; იგი მიხვდა, რომ მიქელას ეშინოდა, მისგან რამე არ გაჰყოლოდა და გაწმენდილ სახლში ცუდი რამე არ შეეტანა, და მან კიდეც გაამართლა თავის გუნებაში მოხუცი, რომელიც ასეთ შეუბრალებლობის გზას დაადგა იმისათვის, რომ ოჯახი ამოწყვეტისაგან ეხსნა. ყველაფერს ითმენდა სპიდონა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ წლის თავზე საიქიოს გაბრუნდებოდა, ითმენდა ყველაფერს და თან დღითი დღე დნებოდა, ქრებოდა. იგი ზეზე მდგარ მკვდარს უფრო მიემსგავსებოდა, ვიდრე ცოცხალს. მიქელაც ამჩნევდა ამას, მაგრამ არ წუხდა, რადგან იცოდა,- ბიჭი წლის გასულს უსათუოდ საიქიოს გასაბრუნებელი იყო და ვერას უშველიდა, მისი ფიქრით.

შემოდგომა განახევრებული იყო, წვიმებმაც მოუხშირა და სიცივეც თანდათან მატულობდა. წნელის კარავში ყოფნა მეტად ავი გასაძლისი ხდებოდა. წვიმიანში წყალი ზევიდან თავისუფლად ჩამოდიოდა და სპიდონა ეგდო ფიცრებზე თავფეხებიანად გახვეული სველ საბანში. ღამღამობით სიცივე უმოწყალოდ უვლიდა მარტოდ კანგადაკრულ ძვლებამდის; საწყალი იკრუნჩხებოდა, იგრიხებოდა, იშმუშნებოდა სახურავის ქვეშ, მაგრამ გათბობას მაინც ვერ ეღირსებოდა. ერთხელ მიქელამ ფიჩხი შემოუყარა, ნიგუზალიც შეუგდო, რომ ცეცხლი დაენთო, მაგრამ სპიდონმა, რამდენი არ ეწვალა, ვერ მოახერხა ცეცხლის გაღვივება, მოხუცებული კი ახლოს არ ეკარებოდა.

ავადმყოფი ძიგძიგებდა კარავში და ხანდახან ცდილობდა გამოეანგარიშებინა, თუ რამდენი დრო რჩებოდა კიდევ საიქიოს გაბრუნების ვადის მოსვლამდის.

უამინდობა მატულობდა. წვიმიანმა დღეებმა მოუხშირეს. წვიმაც უფრო და უფრო ღონიერი მოდიოდა. მთიან ადგილებში ამ დროს ჩვეული ნიაღვრები თანდათან მეტი ძლიერებით ჩამოდიოდა ქვევითკენ და შემატებული ღონით ხვეტავდა წინ მდებარე ქვებს, ღობეებს, მიწას და მიაგორებდა დაბლისკენ ერთი შხუილითა და ხმაურობით.

ერთ საღამოს ნამეტანი ჩამოღრუბლა და ერთბაშად მძლავრმა წვიმამაც დაუშვა. მაია ვახშმისათვის ჭადებს აცხობდა.

- ძალიან წვიმა მოვა ამაღამ, ეტყობა! - თქვა მან შეწუხებული ხმით. - სპიდონას კარავში რა გააძლებინებს!..

- რა ვუყო ახლა მე!.. - წაილაპარაკა ცეცხლის პირას მჯდომმა მიქელამ. - ეგებ გადიკაროს! - ცოტა ხნის შემდეგ დაატანა მან. - სულ რავა გოუწყრება ღმერთი... სულ წვიმა რავა იქნება!

წვიმა კი მატულობდა, თორემ არ კლებულობდა. გარედან საშინელი ხმა ისმოდა წყლისა.

-მიქელა!.. მიქელა! - დაიძახა ვიღაცამ გარედან.

- ვინ ხარ? ეი! - მიაძახა მიქელამ წამოუდგომლად.

- მიქელა ანთიმოზა ვარ, ანთიმოზა!.. იმ თქვენ კარავთან ჩამოვიარე ეს არის და წყალი მოდის ზევიდან... ნამეტანი დიდი წყალი აწვება გზის ნაპირს, კარვისკენ არ გახეთქოს... მიეშველე რაცხა რიგათ!..

ხმა შეწყდა. მიქელა გაუნძრევლად იდგა კარებთან...

- რა ვუყო ახლა მე! - წაილაპარაკა მან.

- გოუკეთეთ წყალს სავალი... მართლა არ გადვიდეს კარვისკენ! - უთხრა მორიდებით რძალმა.

- გოუკეთე!.. ქე გოვუკეთე ამას წინათ! - წაიბუტბუტა მიქელამ, მერე ამოიკაპიწა შარვლის ბოლოები, წამოიხურა თავზე ცალი ყურით ტომარა, ზედ ძველი ჩოხა, მონახა თოხი და გავიდა სახლიდან.

წვიმა საოცრად ასხამდა. ატეხილი ნიაღვრები ერთი შხუილით მიექანებოდნენ ყოველი მხრიდან. გზებში მთელი მდინარეები მოქუხავდნენ. მიქელა ძლივს იმაგრებდა ფეხს, ისე ღონივრად სცემდა მას წყალი. კარავთან, ღობის დაყოლება, თავშეყრილ ნიაღვრებს წყალსავალი გაეთხარა და ხმაურობით მომდინარეს მოეყარა ქვა, ფიჩხი, მიწის ნაგლეჯები, წაქცეულ ღობის სარები და გიჟურად ეხეთქებოდა და ძალას ატანდა, რომ რამე რიგად წინ გაეგორებინა ისინი და თავისუფალი გზა ეშოვნა ქვევითკენ დასაშვებად. მიქელა მივიდა, როგორც იქნა, ბნელაში მიაგნო ამოყორებულ ადგილს და თოხით დაუწყო ქვებს იქით-აქეთ მიყრა-მოყრა; დაგუბებული წყალი გიჟურად გაექანა ქვევით და აახრიალა თან წაღებული წვრილი ქვები.

მიქელა მივიდა ღობესთან და, რაც ხმა ჰქონდა, აქედან გასძახა:

- ბიჭო!.. სპიდონა!.. არ შეგეშინდეს, ბიჭო... არ შეგეშინდეს!.. მალე გადიკარებს... არ შეგეშინდეს, ბიჭო!..

კარვიდან არაფერი ისმოდა. სპიდონა, საბანში გახვეული, მორგვივით იდვა ფიცრებზე და ზევიდან უმოწყალოდ ესხმოდა სახურავიდან ჩამომავალი წვიმა. მას არც კი შეეძლო გაეგონა მიქელას ძახილი.

დასველებული მოხუცებული, სიცივისაგან მოკაკული, სახლისკენ გაემართა. შინ მისული ცეცხლს მიეცხუნა, რომ გამთბარიყო და თან სველი, გაწუწული ტანისამოსიც შეემშრალებინა.

წვიმა უფრო ღონიერდებოდა; თითქოს წარღვნას ეპირებოდა, ისეთი სხმა იწყო. შემკრთალი მაია ვახშამსაც არ მიჰკარებია, პირჯვარს იწერდა და თან ამბობდა:

- ღმერთო, შეგვიწყალე!.. ღმერთო, შეგვიწყალე!.. ღმერთო, ნუ შეგვრისხავ!..

- ბატონო, იმ ბოვშვს დახედვა უნდა კიდევ... არაფერი ცოდვა დაგვედვას! - ვეღარ მოუთმინა მაიას გულმა და უთხრა მამამთილს.

- რა ცოდვა უნდა დაგვედვას?! ამ ღამის წერა ყოფილა თუ რამ მოუვიდა და ისაა! - უკმაყოფილოდ წაიბუტბუტა მოხუცებულმა.

- წავალ მე... მე დავხედავ! - გადაწყვეტით თქვა მაიამ.

- შენ სად წახვალ?! - წამოიძახა მიქელამ. - მაცალე ერთი, თუ ღმერთი გწამს! - და ცოტა ხნის შემდეგ მიქელამ ჩამოიცო თავზე სველი ტომარა და ჩოხა და გასწია კარვისკენ.

აქ, ამ თავდაღმართში, თითქმის კარვის სწორა, უშველებელი კედელი ამართულიყო ჩამოგორებული ქვებისა და ჩამოტანილი მიწისაგან. ბევრს ეწვალა მიქელა თოხით იმის გარღვევას და იქით-აქეთ გადაყრა-გადმოყრას, მაგრამ ბერმა კაცმა ვერა გააწყო რა, ზევიდან ქვები თანდათან ემატებოდა და უფრო ამაგრებდა ამართულ წყლის საკავს, რომელსაც გამძვინვარებით ეხეთქებოდა წყალი და გაგიჟებით სცემდა, რომ როგორმე გაერღვია იგი და თავისუფლად სავალი გზა ეშოვნა. დაგუბებული წყალი ირეოდა, ბობოქრობდა. გარშემო ისმოდა მხოლოდ წვიმის თხლეშა, ზევიდან წყალთან მომგორავი ქვების ხმა და ჩამოხეთქილი წყლის ბრძოლა მისგანვე ამართულ ყორესთან.

მოღალულმა, მოქანცულმა მიქელამ რომ ვერა გააწყო რა თავის მეცადინეობით და წყალს სავალი ვერ მისცა, მიანება თავი ყორეს, მივიდა ისევ ღობესთან და გადაიძახა კიდევ:

- სპიდონა!.. ეი, ბიჭო!.. სპიდონა! არ შეგეშინდეს, ბიჭო!.. ახლავე მოვალ კიდევ... ახლავე, ბიჭო-ო!.. - გადაიძახა და თოხით მხარზე წათხლაშუნდა სახლისკენ.

წყალი კი ისევ მოჰქროდა ზევიდან, მოთხლიშინებდა და გაგიჟებით სცემდა ყორეს, გადარევით ასკდებოდა, ზედ ეხეთქებოდა. გულმოსულმა რომ ვერა დააკლო რა მას, ვერ გაარღვია, ვერ მოერია თავისგანვე ამართულ მოწინააღმდეგეს - ერთი იღრიალა უეცრად და ამოდენა წყალი ვაებითა და შხუილით გადაეშვა ღობისკენ, ეძგერა მას საოცარი ძალით, ჩაამტვრია იგი და მიებდღვნა კარავს; მოისმა მხოლოდ ლაწა-ლუწი და წყლის ჩხრიალი ქვევითისკენ.

კარგა გათენებული არ იყო კიდევ, მიქელა რომ მივიდა კარვის დასახედავად. კარავი აღარსად იყო; აქა-იქ ეყარა კარვის ბორჯგები, არეული ღობის ნამტვრევებთან. ქვის კედელი ამაყად იდგა; შემწყდარი წვიმის წყალი უღონოდ ეცემოდა მას და გატეხილ ღობისკენ მოიწრიტებოდა. მოხუცებულმა შვილიშვილს დაუწყო ძებნა. სადაც კარავი იყო, იმის ქვევით რაღაც შავად დარგვალებულს მოჰკრა თვალი მიქელამ. მივიდა. ეს საბანი იყო სპიდონასი, რომელსაც მხოლოდ თავი შერჩენოდა შიგ.

- ბიჭო!.. სპიდონა!.. სპიდონა!.. ბაბუა! - ჩასძახა მიქელამ.

ხმას არავინ იღებდა.

- სპიდონა... ბაბუა!.. გესმის?.. აკანკალებული ხმით ჩასძახა უფრო ხმამაღლა მოხუცებულმა. მაგრამ სპიდონა ეგდო გაუნძრევლად.

იგი მკვდარი იყო.

პირჯვარი გადაისახა მოხუცებულმა და კარგა ხანს ადგა თავს მიცვალებულს ხმაგაკმენდილი. მერე გადააფარა სველი საბანი მკვდარს და აჩქარებით გადაიარა ნაეზოვარი.

- ი ბიჭი... სპიდონა... მომკვდარა... - უთხრა მან მაიას და ორი კურცხალი თვალთაგან გადმოუვარდა.

- მომკვდარა?! - გაოცებით შესძახა მაიამ. - წელიწადი რომ არ შესრულებულა?

- ალბათ შემცდარი იყო... კარგად ვერ გაუგონია, რა ვადა დაუნიშნეს...

- ღმერთო, ნუ შეგვრისხავ!.. ნუ გვიწყენ! პირჯვრის წერით გაიძახოდა შიშს მიცემული მაია.

იმავე დღეს მეზობლებმა კუბო შეუკრეს დამსკდარი ფიცრებისაგან და მღვდელსაც შეატყობინეს ბიჭის გარდაცვალების ამბავი. მღვდელი ძლიერ შეუწყრა მიქელას შვილიშვილის დატანჯვისათვის და ემუქრებოდა პასუხისგებაში მიცემას.

- თავათ ამბობდა, რომ ვადით იყო გამობრუნებული, შენი ჭირიმე... მაინც ეს დღე მოელოდა ამ მოკლე ხანში... ხელიდან წასული იყო... ამოწყვეტის კარზე ვარ მიყენებული - ერთი ბაღანა დამრჩა, ის უნდა იყვეს ჩემი პატრონიც და სულის მაცხონებელიც... გოუწმენდელ სახლში რავა შემომეყვანა... რა ვიცი, იმასაც რომ შემთხვევოდა რამე!.. ცხრამთას იქით მყავს გადამალული შიშით, არაფერი გადადებოდა და ისიც არ დამკარგვიყო!.. რა ხანია, თვალით არ დამინახავს! შედით ჩემს მდგომარეობაში!.. - მიუგო პასუხად მიქელამ.

წესის აგების შემდეგ მოხუცებულმა კუბო ურემზე დაუდო და დიდი წვალებით, მარტოდმარტომ, მიაბარა მიწას სპიდონაც. სასაფლაოდან ჩამობრუნებულმა ნაეზოვარში გადააგდო კუბოს ნადგამი ურმის ზესადგარი, გამოიცვალა ახალუხი და შარვალი. დაბანა ხარები და მხოლოდ მაშინ შევიდა სახლში.

ახლა იგი უფრო მოსვენებულსა ჰგავდა. გულდამშვიდებულს. იჯდა ცეცხლის პირას და სულ თავის პაწია ნესტორაზე ჰქონდა მიმართული აზრი და ფიქრი.

- მაია! - მიმართა მან ერთხელ რძალს. - მაია! გადმოვიყვანოთ ი ბავში... აწი აღარაფერი უჭირს... თვალწინ გვეყოლება.

- მოითმინეთ, ბატონო! - მიუგო მაიამ. - იყოს იქ... ამ ზამთარში ყველაფერი გეიწმინდება, გასუფთავდება... გაზაფხულზე საშიშარი აღარაფერი იქნება, ღვთის მადლით, მაშინ გადმოვიყვანოთ... კი, ბატონო, ასე აჯობებს!

მიქელამ ჯერ არაფერი თქვა ამაზე, მერე ღრმად ამოიოხრა და დაატანა დამძიმებული ხმით:

- იყვეს!.. იყვეს!.. ის კარგად მეყოლოს და მე მისი ჭირი წამიღია!.. მისი ჭირი წამიღია!.. ჩემი სულის მაცხონებლის... იყვეს - და მოხუცებულმა ისევ ღრმად ამოიოხრა. - მისი ჭირის სანაცვლო ვიყვე, ჩვენი სულის მაცხონებლის!..


1904 წ.