ფარმაინდუსტრია და მისი ვირუსოლოგები ამჟამად გამჭვირვალე მიზნებით ცდილობენ, მოახდინონ პათოგენი SARS-CoV2-ის, როგორც სტაბილური მტრის, დეფინირება. „ვირუსის წინააღმდეგ ომისთვის“ საჭიროა საფრთხე, რომელსაც ეკლებიანი ბურთულის ფორმა აქვს. ვაქცინაციით შეპყრობილი ბილ გეიტსის და მისი პოლიტიკოსი მეგობრების გახმოვანებული მიზანია „კორონასგან თავისუფალი მსოფლიო“. ისინი, შესაძლო ვაქცინაციის გათვალისწინებითაც კი, ცდილობენ თავს მოგვახვიონ ვირუსების სამყაროში მკაფიოდ დეფინირებადი მოწინააღმდეგის ილუზორული სურათი. იმიტომ, რომ ვაქცინის მწარმოებლებისთვის ეს არის ტესტირების ბიზნესისა და მთელ მსოფლიოში სახელმწიფოებრივად უზრუნველყოფილი სავაქცინო ორგიის მოწყობის წინაპირობა. დღეს, 2020 წლის 4 მაისს, იმართება დონორების ონლაინ-კონფერენცია სახელწოდებით „კორონასგან თავისუფალი მსოფლიოს შექმნა“ (ARD-Tagesschau-ში) და კანცლერი მერკელი გვპირდება ამ მიზნით ჩვენი გადასახადებიდან მილიარდების ინვესტირებას.

მეცნიერული თვალსაზრისით, მთელი ეს მონდომება – რბილად რომ ვთქვათ – სწორი გზიდან საშიში გადახვევაა. მე ჯერ არაფერს ვამბობ ამ სიგიჟით მოხეირეებზე.


სიცოცხლე არ არის ტრივიალური და კალკულირებადი

სრულიად ნათელია, რომ SARS-ვირუსიც მიმდინარეა და დიდი სისწრაფით იცვლება.1 და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს იმის წინააღმდეგ ვაქცინაციას, რამაც უკვე დიდი ხანია ურიცხვჯერ იცვალა სახე?

ჩვენი იმუნური სისტემის რეაგირებაც არაპროგნიზირებადია. ჯვარედინი იმუნიტეტები? იმუნური მეხსიერება? ტესტების სპეციფიკურობა და სანდოობა აქროლვადია. იგივე ეხება ვაქცინას.

ამიტომ არის იმუნიტეტის მოწმობა ფარსი, და თუ ამას კანონის ძალა მიეცემა, ეს იქნება ჯანმრთელობის გაუმართლებელი დაცინვა.

ამავე მიზეზით წარმოადგენს რესპირატორული ვირუსების წინააღმდეგ მასობრივი აცრები სარისკო სიბრიყვეს და, გარკვეულ შემთხვევებში, სხეულის დაზიანების მიზეზს. სწრაფად ცვალებადი პათოგენების შემთხვევაში, აცრის წარმატება, როგორც გრიპზე აცრის შემთხვევაში, გამართლების საქმეა. მხოლოდ აცრის მერე შეიძლება გაირკვეს, გრიპს აცრილები უკეთ გაუმკლავდნენ თუ – აუცრელები. ეს კარგი ბიზნესია, რადგან ეფექტურობის დამაჯერებელი შემოწმება, რა თქმა უნდა, წინასწარ არასდროს იქნება შესაძლებელი. ამას გარდა, აქამდე ასე იყო: იქ, სადაც ვირუსის ერთ რომელიმე სახეობას აცრის მიზეზით სიცოცხლე უძნელდება, სხვა ვირუსები ხარობენ და მრავლდებიან.2


დიდი ხანია, რაც ვუჰანის ვირუსები შარშანდელი თოვლია

საქმე ეხება იმ რნმ-ვირუსების მუტაციის ზედმეტად მაღალ სისწრაფეს, რომლებსაც SARS-CoV2 მიეკუთვნება. შთამბეჭდავად არის დემონსტრირებული ეს სისწრაფე CoV-Glue-ის ვებგვერდზე „Amino acid analysis for the SARS-CoV-2 pandemic“.3 SARS-CoV2-ისთვის ეს სისწრაფე უმოკლესი პერიოდია, დაახლოებით 4 თვეში, 7237 არასინონიმურ, ე. ი. ამინომჟავების შემცვლელ მუტაციას (შენაცვლებადს), 6 ინსერციას (დამატებითი ბაზების ჩართვას) და 87 დელეციას (გენების თანმიმდევრობაში ფუძეების განადგურებას) აღწერს მიგნებული გენების თანმიმდევრობაში.

საუბარია მხოლოდ ერთ გენომზე, როცა ის დაახლოებით 30.000 ფუძისგან შედგება და უმცირეს დროში განიცდის მუტაციებს, ინსერციებს და დელეციებს. და ეს მხოლოდ რამდენიმე ათასი სეკვენცირებული SARS-CoV2 ვირუსის მონაცემებია. ბუნება კი ბევრად, ბევრად მეტს იცნობს. არასინონიმური მუტაციები იმას იწვევენ, რომ ვირუსის პროტეინებში ამინომჟავები ჩაშენდებიან. როგორც მონაცემები გვიჩვენებს, ეს მუტაციები მხოლოდ კვირების განმავლობაში (!) წარმოიქმნება.

ინსერციებს და დელეციებს განსაკუთრებული მიშვნელობა აქვთ, რადგან მათ, სხვა ყველაფერთან ერთად, შეიძლება გამოიწვიონ ფრეიმშრიფტი (ათვლის ჩარჩოს გადაადგილება), რომლის შედეგადაც მთელი მომდევნო ჯაჭვი სხვაგვარად იკითხება. ამას ემატება სინონიმური მუტაციებიც, რომლებიც SARS-CoV2-ის პირველადი სტრუქტურის პროტეინებს თუმცა კი არ ცვლიან, მაგრამ დიაგნოსტიკაში გარკვეულ როლის თამაში კი შეუძლიათ. ამას გარდა, არსებობს სხვა ბევრი ღია შეკითხვა სინონიმური მუტაციების სხვა ეფექტებთან დაკავშირებით.

პჯრ-ის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) ტესტთან დაკავშირებით ეჭვი თავიდანვე გაჩნდა. ამასთან დაკავშირებით იხილეთ: Li et al., “Stability Issues of RT-PCR Testing of SARS-CoV-2 for Hospitalized Patients Clinically Diagnosed with COVID-19.”, J Med Virol. 2020 Mar 26. doi: 10.1002/jmv.25786.4


დაუსრულებელი ისტორიის მყისიერი ფოტოკადრები

კიდევ ერთი არსებითი საკითხი ის არის, რომ დღემდე სეკვენცირებული SARS-CoV2-ის ვირუსები ბუნების უკიდურესად მცირე ფრაგმენტს გვიჩვენებენ. ეს ფრაგმენტი, ყველა კორონავირუსის საერთო გენომთან პროპორციის თვალსაზრისით, ყველა ადამიანის შემთხვევაში უმნიშვნელოა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს არა მარტო SARS-CoV2, არამედ ჰუმანური სხვა კორონავირუსებიც – და ისინიც მუტირებენ. ასე რომ არ იყოს, ვერც SARS-CoV2-ს გადავეყრებოდით.

SARS-CoV2-ის, მაგალითად მისი გენეალოგიის, კომპიუტერული ანალიზი (ფილოგენეტიკური ანალიზი), ბუნების იმ უკიდურესად მცირე ფრაგმენტის საფუძველზე, რომელიც დღესდღეობით არსებობს, ერთობ პრობლემურია. ბოლო 15 წლის მანძილზე კორონავირუსებს არავინ დაკვირვებია, არც ადამიანებში და არც ცხოველებში. მონაცემთა ბაზებში კორონავირუსის გენური სეკვენციების ბევრად უფრო დიდი ნაწილი ან ბოლო 4 თვის მონაცემებია ან – 15 წლის სიძველის.

ამ კრიტიკაში ახალი არაფერია, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მიგნებული გენური სეკვენციების ერთობ არაჰომოგენურ გეოგრაფიულ განაწილებას. იხილეთ: Mavian et al, “Regaining perspective on SARS-CoV-2 molecular tracing and its implications”, medrxiv, 20.3.2020:5 “ახალ გენეალოგიურ ხეზე, რომელიც მხოლოდ ერთი კვირის მერე იქნა მიღებული, სახეზე იყო გენომების 135 ახალი სრული სეკვენცია GSAID-ზე (სურათი S2), მაგრამ გერმანიასა და იტალიას შორის კავშირი გაქრა პორტუგალიიდან, ბრაზილიიდან, უელსიდან და ჰოლანდიიდან დამატებითი, ადრე არჩატარებული, კლასტერიზაციის გამო (სურათი 2b).”

 
ზოონოზი? ტევადი და საკამათო ცნება, რადგან ადამიანიც ზოონს წარმოადგენს

გამოქვეყნებული ნაშრომების ერთი ნაწილი იმაზე მეტყველებს, რომ SARS-CoV2-ის ჰაპლოტიპები (ე. ი. გენეტიკური ნიმუშები) ისევ გაუჩინარდნენ, ესე იგი, ისინი აღარ მოიპოვებიან ახლად სეკვენცირებულ ფუძეთა მწკრივებში. დიდი ხანია, რაც SARS(1)-იც გაუჩინარებულია. რა აზრი აქვს ორ გენურ სეკვენციას შორის არსებულ გენეტიკურ მანძილს?

თუმცა ვირუსოლოგია იმას იქმს, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში იქმოდა. ის პოულობს ვირუსულ გენურ სეკვენციას, რომელიც მისთვის აქამდე უცნობი იყო, და ახლად აღმოჩენილ ვირუსს განმარტავს, როგორც სასიკვდილო ვირუსს. ამ განმარტებამ რომ იმუშაოს, ვირუსოლოგიას ზოონოზიის ჰიპოთეზა ესაჭიროება. უამისოდ არაფერი გამოვა!

ეს – იმიტომ, რომ მხოლოდ იმ ჰიპოთეზის წყალობით, რომ პათოგენი 2019 წლის მიწურულს, მისი მატარებელი ცხოველიდან ადამიანზე ვუჰანის თევზის ბაზარში ახლად გავრცელდა, მყისიერად შეიძლება მაღალი პათოგენურობის (=დაავადების გავრცელების მაღალი პოტენციალის) დაშვება. რაკი პათოგენი ადამიანისთვის ახალი ყოფილა, თურმე ამიტომაც არ ჰქონიათ ადამიანებს შესაძლებლობა, ვირუსის საწყისი მატარებელი ცხოველების საპირისპიროდ, ამ ახალ პათოგენთან ადაპტირებულიყვნენ. ეს პროცედურა იმიტომაც ფუნქციონირებს წარმატებით, რომ დასკვნებს ყოველთვის მძიმედ ავადმყოფი პაციენტების საფუძველზე აკეთებენ, რომლებიც ასევე ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე სხვა დაავადებას განიცდიან (მულტუმორბიდულნი არიან), ხოლო უსიმპტომო ან სუსტი სიმპტომების მქონე ადამიანებს არ ამოწმებენ. და უმალვე ხელთ აქვთ მოჩვენებითი მტკიცებულება, რომ პოზიტიური ტესტი და სიკვდილი მხარდამხარ დგანან.

ამის მტკიცებულებად დროსტენი, ვილერი & კომპანია ორ სეკვენციას აფრიალებენ, რომელთაგან ერთი ცხოველური კორონავირუსის არის და მეორე – ჰუმანური კორონავირუსის, და დიდ გენეტიკურ მანძილს უთითებენ. ამ მტკიცებულების წამოყენება ასე მარტივად იმიტომ შეიძლება, რომ იმ ყველაფრისთვის, რაც შუალედშია, მონაცემები არ არსებობს. ცხოველური და ჰუმანური კორონავირუსები აუცილებელი სიმჭიდროვით არავის გაუზომავს ბოლო 15 წლის განმავლობაში.

ერთობ დიდ რაოდენობას ადამიანებისა, რომელთაც SARS-CoV2 გამოუვლინდათ, ან საერთოდ არ აღენიშნება სიმპტომები ან მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. იმ ასიმპტომატური ადამიანების წილად, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, 50-70% სახელდება. ეს შეუძლებელი იქნებოდა, იმუნური სისტემა ამ ვირუსს მომზადებული რომ არ შეხვედროდა. ეს მიგვითითებს უწყვეტ განვითარებას SARS-CoV2-მდე (და მის ბევრ ვარიანტამდე).


ვინც საწყისზე ლაპარაკობს, ამით მხოლოდ იმას გვიჩვენებს, თუ სად დაიწყო მან აზროვნება

უფრო და უფრო მატულობს ფილოგენეტიკური ანალიზების რაოდენობაც, ურიცხვი ურთიერთგანსხვავებული გენური სეკვენციიდან სხვა გენეალოგიური ხის აგების მცდელობები, საპირისპირო იმ ჰიპოთეზისა, რომ SARS-CoV2 2019 წლის მიწურულს ზოონოზის შედეგად გაჩენილი ახალი ვირუსია.

ამ სახეობის ანალიზები, უმოკლეს დროით შუალედში ჩატარებული შერჩევის გამო, პრობლემურია. მაგრამ დღესდღეობით მეტი არაფერი გაგვაჩნია. ამას ისიც ემატება, რომ ნულოვანი მომენტი, ესე იგი, ეტალონური სეკვენცია, რომლის მიხედვითაც მუტაციებს აფასებენ, ნებისმიერობით არის შერჩეული. ახალი პჯრ-ტესტით გაზომვა მხოლოდ ჩინეთში დაიწყეს და იქ იქნა პირველი გენური სეკვენციები გენერირებული. მხოლოდ ამის მერე დაიწყეს იგივე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ის, თუ რა არის წინმიმართული მუტაცია და რა არის უკუმუტაცია, მხოლოდ ფარდობითი მტკიცებაა ეტალონურ სეკვენციასთან მიმართებით. სავარაუდო გავრცელება მხოლოდ ტესტირების გეოგრაფიულ თანმიმდევრულობას აირეკლავს. ამით სარგებლობენ პანიკის მთესველნი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტშიც, ჩვენთანაც და – სხვაგანაც.


“გენეალოგიური ხის” სურათზე, ბოლოს და ბოლოს, უარი უნდა ითქვას, უფრო შესატყვისი ჩანს რეკურსიული ბადის სურათი

SARS-CoV2-ის მრავალფეროვნება იმდენად მასშტაბურია, რომ ისინი მცირე ნიმუშებშიც კი კლასტერებს ქმნიან. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ მოხვდა ვირუსი ნიუ იორკში. იხილეთ: Gonzalez-Reiche et al., “Introductions and early spread of SARS-CoV-2 in the New York City area”, April 16, 2020., medxriv:5 “SARS-CoV2-ის 84 სხვადასხვა გენომის ფილოგენეტიკური ანალიზი მიუთითებს მრავლობით, დამოუკიდებელ, მაგრამ იზოლირებულ შემოტანაზე ძირითადად ევროპიდან და აშშ-ის სხვადასხვა ნაწილიდან. ამას გარდა, SARS-CoV2-ის ერთობლივი გადატანის დადასტურებასაც ვპოულობთ, ამაზე მეტყველებს ურთიერთდაკავშირებულ ვირუსთა კლასტერები, რომლებიც აღმოაჩნდათ ქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ პაციენტებს”.

ეს კლასტერები აშშ-ში ბოლო 3 თვეში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ესაა SARS-CoV2, და SARS-CoV2-მდე განვითარებული – უფრო ძველი.

გენების მონაცემთა ბანკებში არსებული იგივე მონაცემების ალტერნატიული ინტერპრეტაციების(!) საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ უკვე 40 წელზე მეტია, რაც SARS-CoV2 ადამიანებში ვრცელდება. იხილეთ: Chaw et al., “The origin and underlying driving forces of the SARS-CoV-2 outbreak”, April 14, 2020, bioxriv: 6

“უნდა აღვნიშნოთ, რომ TMRCA-ის შეფასებაზე ძლიერ გავლენას ახდენს გენომის ნიმუშების შერჩევის სქემა. ვინაიდან ყველაზე ადრე მოპოვებული გენომი შეირჩა 12/12/2019-ში, აფეთქებიდან თითქმის ერთი თვის მერე, ახლანდელი აფეთქების რეალური წარმოშობა სინამდვილეში იმაზე ადრეულია, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობთ”.

“იმ დაშვებიდან გამომდინარე, რომ ჩანაცვლების სინონიმური კოეფიციენტია 2,9X10-3/ადგილი/წელი, შეფასებამ აჩვენა, რომ რეკომბინაცია მოხდა დაახლოებით 40 წლის წინ (95% HPD: 31-69 წელი; გაფანტვის დრო(t) = გაფანტვა(dS) / (ჩანაცვლება). სიჩქარე x 2 x 3), იმის გათვალისწინებით, რომ dS RBD-ში თითოეული გენომის მიხედვით საშუალოზე 3-ჯერ მეტია). მას მერე ორი გენომის RBD-ის სფეროში ამინომჟავები უზრუნველყოფილია ბუნებრივი გადარჩევით, მაშინ, როცა სინონიმური ჩანაცვლებები გროვდება. თუ ეს მართალია, მაშინ SARS-CoV-2, შესაძლოა, ადამიანებს შორის ფარულად ცირკულირებდა მრავალი წლის მანძილზე, ვიდრე მას სულ ახლახან შენიშნავდნენ”.

ეს უაღრესად აქტუალური შეფასებებია და უნდა დაველოდოთ, ეს პრეპრინტი გაივლის თუ არა რეცენზირების იმ სახელგანთქმულ პროცესს, რომლითაც მეცნიერება თავის თავსაც და ცოდნის მდგომარეობასაც “არეგულირებს”.


ადამიანისთვის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები იგივეა, რაც გლიფოსატი – მინდვრებისთვის

ვირუსები, სავარაუდოდ, ისეთივე ძველია, როგორც – ბაქტერიები. ხერხემლიანთა იმუნური სისტემა ერთადერთია, რომელსაც ახალ-ახალი ვირუსული ვარიანტებით ორგანიზმის ჰარმონიზება შეუძლია. სწორედ ეს არის ის, რაც ევოლუციის ჩარჩოებში წარმოიქმნა. ხერხემლიანთა ჯგუფი დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ შეიქმნა, ხოლო იმუნური სისტემის კონცეპცია, შესაძლოა, უფრო ძველიც იყოს. ხერხემლიანთა ის იმუნური სისტემა, რომლის სავარაუდო მწვერვალზე ადამიანი დგას, 500 მილიონი წლის განმავლობაში ვირუსებთან მჭიდრო კონტაქტში ვითარდებოდა. თანამედროვე მედიცინა კი იმუნურ პასუხს კორტიკოსტეროიდებით არეგულირებს და აქვეითებს, როგორც COVID-19-ის მკურნალობის ბევრი პროტოკოლი, განსაკუთრებით აშშ-ში, გვიჩვენებს.

ამასობაში კი მრეწველობა ახალ-ახალ მედიკამენტებს უკეთებს რეკლამას. სად გამოიყენება ისინი? ტესტირების პოზიტიურ შედეგთა 98%-ის შემთხვევაში სიმპტომები ან საერთოდ არ ვლინდება ან სუსტად ვლინდება. მაგრამ მედიასაშუალებები უკრიტიკოდ ურევენ ერთმანეთში ტესტს და ინფექციას, ინფექციას და სიმპტომატურ დაავადებას, სიმპტომატურ დაავადებას და სიკვდილს. მძიმე მიმდინარეობა აღენიშნებათ 80 წლის და უფრო ასაკოვან ადამიანებს და გადამწყვეტი უმრავლესობის შემთხვევაში ინფიცირებულები მძიმე წინასწარ ავადმყოფობებს განიცდიან. ვერავინ იტყვის, მათგან რამდენია ნაჩქარევი ხელოვნური ვენტილაციის შედეგად გარდაცვლილი. ამასობაში ინტენსიური თერაპიის პაციენტების შემთხვევაში, ყველაფერთან ერთად, კვლავაც ფენტანილით სუნთქვის შეჩერებას მიმართავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელოვნური ვენტილაციის ფუნქციონირება არ მოხერხდება. ეს პაციენტები როცა იღვიძებენ, თუ იღვიძებენ საერთოდ, უკვე ბოლო სტადიის ნარკომანებს ჰგვანან. იხილეთ: Katherine Ellen Foley, „Some drugs used to keep coronavirus patients on ventilators are in short supply”, Quartz, March 31, 2020.7


შიში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებიდან ვრცელდება, მაგრამ მაინც რა ხდება იქ ასეთი?

ინტენსიური თერაპიის მედიცინა იმას გვიჩვენებს, რაც მას შეუძლია. ამას ემატება ისეთი მედიკამენტები, როგორიც არის, მაგალითად, რემდესივირი, რომელიც ებოლას თერაპიის დროს ზემდეტად ტოქსიკური იყო და შემდგომი ტესტირება ვერ გაიარა. Josh Farkas. „PulmCrit – Eleven reasons the NEJM paper on remdesivir reveals nothing”, April 11, 2020.8

ვერც ერთმა ეჭვმა ხელი ვერ შეუშალა იმას, რომ სწორედ რემდესივირი ელვის სისწრაფით ჩაერთოთ საქმეში.

იგივე ეხება ქლოროქინით და აზიტრომიცინით კომბინირებულ თერაპიას, რამაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებში შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს. ან: ქლოროქინით მონოთერაპია, რაც გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზის დეფიციტის9 მქონე ადამიანებში ერითროციტების დაზიანებას იწვევს. გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზის დეფიციტი მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული მემკვიდრული გენური დეფექტია, მათ შორის, აფრიკაში 20-დან 30%-მდე სიხშირით. ამ პრობლემას განსაკუთრებით სწორედ აფრიკული წარმომავლობის ადამიანები განიცდიან.


არასწორი პრიორიტეტები და შეცდომაში შემყვანი რიცხვები

ყველაფერი ინიცირებულია არაფრისმომცემი ტესტით, ნაჩქარევი ღონისძიებებით და ბუნების ევოლუციური მანქანის იმ უმცირესი ფრაგმენტის მიმართ გაუმართლებელი ნდობით, რომელიც გენეტიკურ მონაცემთა ბანკებში ინახება.

მეცნიერება და მის რჩევას დაქვემდებარებული პოლიტიკა, მათივე მიერ გამოწვეული კრიზისის მერეც, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ იმავე ტემპით სვლას. თუმცა დიდად საეჭვოა, რომ ვირუსი, რომელიც ინფიცირებულთა 50-70%-ის შემთხვევაში უსიმპტომოდ მოქმედებს(!), სწორედ მაშინ ეწვია ევროპას, როცა ტესტირება დაიწყეს, როგორც ზოგიერთებს ჩვენი დარწმუნება სურთ სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მრუდის დახმარებით. და ეს – იმ ავადმყოფების პოპულაციისას, რომელთა 40%, მათი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხუცთა თავშესაფრებიდან პირდაპირ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოხვდნენ. იხილეთ: მათიას თიონსი, „Sehr falsche Prioritäten gesetzt und alle ethischen Prinzipien verletzt“, Deutschlandfunk, 11.4.2020:10 „და ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე ავადმყოფების შემთხვევაში, როგორც ამ დაავადებას უწოდებენ, მათი 40 პროცენტი გადაუდებელ ჩარევის საჭიროებით მოჰყავთ მოხუცთა თავშესაფრებიდან, და იტალიაში სიკვდილის 2003 შემთხვევიდან მხოლოდ სამს არ აღენიშნებოდა მძიმე წინასწარი დაავადებები. ამგვარად, ეს არის ჯგუფი, რომელსაც, ძირითადად, მანამდე ბევრად მეტი პალიატიური სამედიცინო დახმარება ჰქონდა მიღებული, ვიდრე – ინტენსიური სამედიცინო დახმარება, ახლა კი მათ ახალი ავადმყოფობის დიაგნოზს უსვამენ და ყველა ამ პაციენტს ინტენსიური თერაპიის პაციენტად აქცევენ.“


ცრუ განგაში – სოციალური ავტოიმუნური ავადმყოფობა

ახლანდელი მედიაკლიმატის და უძლიერესი პოლიტიკური ზეწოლის პირობებში, რათა მოგვიანებითაც გაამართლონ ახლანდელი დრაკონული ღონისძიებები და მათი შედეგები, ერთობ საეჭვოა, რომ ზოონოზიური ჰიპოთეზის რისკების ფრთხილი შეფასების მერე კიდევ ერთი დამოუკიდებელი სამეცნიერო დისკუსია გაიმართოს. მაინც რომელი კვლევითი წინადადებები დაფინანსდება?

მილიონობით წელია, რაც ევოლუცია მიმდინარეობს და ვირუსოლოგები ბოლო 20 წლის მანძილზე ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ რა ჯადოსნობით გამოჩხრეკენ ხოლმე ახალ მომაკვდინებელ ვირუსებს, რომლებიც ადამიანებს უნდა დაემუქრონ? მერსი, სარსი(1), სარსი(2), ღორის გრიპი, ფრინველის გრიპი? მართლა ასეთი ბრმები ვართ? თუ უკვე ვხედავთ, რომ მეფე შიშველია?


1 http://cov-glue.cvr.gla.ac.uk/#/home

2 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28931240

3 http://cov-glue.cvr.gla.ac.uk/#/home

4 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32219885

5 https://www.medrxiv.org/content/10.1101/2020.04.08.20056929v2

6 https://www.biorxiv.org/content/10.1101/2020.04.12.038554v1.full

7 https://qz.com/1827177/some-drugs-used-to-keep-people-on-ventilators-are-in-short-supply/

8 https://emcrit.org/pulmcrit/pulmcrit-eleven-reasons-the-nejm-paper-on-remdesivir-reveals-nothing/

9 https://www.wodarg.com/covid-19-medical-detectives/

10 https://www.deutschlandfunk.de/palliativmediziner-zu-covid-19-behandlungen-sehr-falsche.694.de.html?dram:article_id=474488

04.05.2020
 

ავტორის შესახებ: ვოლფგანგ ვოდარგი (დ. 1947) გერმანელი ექიმი, ეპიდემიოლოგი და პოლიტიკოსია. მრავალი წლის განმავლობაში იყო  უსაფრთხოების, მედიცინის და ჯანმრთელობის საკითხებში გერმანიის ბუნდესთაგის და ევროპის საბჭოს წევრი. სწორედ ის იყო ღორის გრიპის პანდემიაში ვაქცინის მწარმოებელთა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლის გამოძიების ინიციატორი. გერმანიაში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში მისი როლი განუზომელია და მის, როგორც უმაღლესი რანგის ექიმისა და შეულახავი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსის, ავტორიტეტს მისი იდეური მოწინააღმდეგეებიც კი უპირობოდ აღიარებენ. საერთაშორისო აღიარების მქონე პროფესიონალებს შორის ვოდარგი  ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ალტერნატიულ გერმანულ მედიაში ხმა აიმაღლა კორონავირუსის დემონიზაციის წინააღმდეგ. მაგალითად:

https://www.youtube.com/watch?v=BrBuv6kq6Rc (ინგლისურად)

https://www.youtube.com/watch?v=XnlT3rPNUp0 (გერმანულად)

https://www.youtube.com/watch?v=hW4qzAPP5pU (გერმანულად)

https://www.youtube.com/watch?v=NJwltqiIISc (გერმანულად)

https://www.youtube.com/watch?v=YxJ9SJGcNj8 (გერმანულად)


გერმანულიდან თარგმნა ვახტანგ იმედაძემ

წყარო:

https://www.wodarg.com/2020/05/04/corona-was-always-here/

demo.ge