არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია,
შენ მიყვარდი, მაგრამ კარგი - არაფერია.
ძველისძველი მეგობარი, ღამის მთეველი
ისევ მოვა დანაკარგი... არაფერია.
გაიშლება მწუხარება შეულეველი,
შენის ხელით დანაქარგი... არაფერია.
შორეული ხომალდები, მთა და ტყე-ველი
იყოს ჩემი სულის სარკე... არაფერია.
მომკლას ღვინომ, მომკლას ღამემ, ყოფნა მტვერია,
მეტი ძებნა... მეტი ბარგი... არაფერია.